შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

„ყრმა იშვა ჩვენ თანა“, ანუ გერტ რობერტ გრიუნერტის პოეზია და ჰანა არენდტის ფილოსოფია

0

ტექსტი არასდროს აღიქმება განყენებულად, მას ყოველთვის აქვს გარკვეული კონტექსტი. ალბათ ყველას შეგინიშნავთ ის უცნაური თანხვედრა აზრისა და მოვლენებისა, რომელიც კოსმოსს ქმნის ხოლმე ჩვენ გარშემო, როდესაც რაღაც იდეაზე ვფიქრობთ… სამუშაო მაგიდაზე 10 სხვადასხვა წიგნი სრულიად შემთხვევით რომ გადავშალო, თითქოს  ყველგან ერთი აზრია გაშლილი სხვადასხვა ასპექტით. და არა მხოლოდ ტექსტებს შორის კავშირია ასე თვალსაჩინო… აღქმაში მონაწილეობს ჩვენი შინაგანი განწყობა და გარეგანი ამინდიც კი… ის ხმაური თუ სიჩუმე, რომელიც ახლა ქუჩაშია და რომელიც ჩემი კლავიატურის ხმას ერთვის; ის მესიჯი, რომელიც მეგობრისგან მივიღე ამ ტექსტის წერის პროცესში… ყველაფერი ერთად ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს ტექსტის აღქმისთვის, გაგებისა და შემეცნებისთვის.  და ასეთი აღქმა ყოველთვის უნიკალურია. ტექსტი არასდროს არ არის მკითხველისა და კონტექსტისგან განყენებული, ტექსტი – ეს არის ცნობიერების დიალოგი და ამ დიალოგში ყველაფერი მონაწილეობს და ყველაფერი ნიშანია…

ეს დღეები გერტ გრიუნერტის შემოქმედებას რომ ვეცნობი და ვუღრმავდები, ექოსავით სხვადასხვა ტექსტებიდან მსგავსი ხმები მესმის.  დილიდან  არაერთხელ წავიკითხე ნინო პოპიაშვილის მიერ თარგმნილი გერტის „იდოლოპოლია“. ეს არის ლექსი თანამედროვე სამყაროს ტრაგიკულობაზე, უსამართლოდ მკვდარ ადამიანებზე… გერტი ამ დახოცილების მედიუმი ხდება და მიცვალებულებს ალაპარაკებს… სულისშემძვრელია ომის მსხვერპლი უბრალო ადამიანების  ღაღადი:

ორი წელია დამტეხეს და დამანაკუწეს

კასრივით ბომბმა დამიმსხვრია მღელვარე ღამე

გათენებას ვეღარ მოვესწარ

და სიკვდილსაც ვერ გადავურჩი

ჩემი სისხლი მზის სხივმა შესვა

აქ საბერძნეთში სხვა აკვანში

სადაც კულტურამ სასწორის პინა

ჰუმანიზმსა და სიცრუეს შორის გაათანაბრა…

(მკითხველებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ გერტის ლექსებში სასვენი ნიშნები სტილისტურად არის უარყოფილი).

ლექსი კონკრეტული ფაქტების სიმძაფრიდან ერთგვარ მითოსში გადადის… ბერძნული სოფელი იდომენი… ლტოლვილთა ბანაკები… გაქცეული ადამიანები, დაღუპული ადამიანები…

ტროასეულ ცხენს ტროასა და სპარტას შორის მიაჭენებენ…

ისევე როგორც ჩრდილოელ ღმერთებს მიერეკება ზევსი სულსწრაფად

ჩვენს სულთანს მსხვერპლი გადავუხადეთ…

მსაჯულიცა და დამნაშავეც ერთად არიან… ნუ დაგვაშორებთ…

თანამედროვე სამყაროს ჰუმანიზმსა და სიცრუეს შორის ტოლობას წერს…

ახლა სრულიად შემთხვევით სამუშაო მაგიდაზე რომელიღაც წიგნს მივწვდი და გადავშალე… ვკითხულობ და ბარემ აქვე ჰანა არენდტის ამ აზრს გაგიზიარებთ, რომელიც, ვფიქრობ გერტ გრიუნერტის ფაქტის აღწერას ფილოსოფიურად განაზოგადებს „…შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ბოროტება მოგვევლინა იმ სისტემასთან კავშირში, რომელშიც ყველა ადამიანი თანაბრად ზედმეტი გახდა. ამ სისტემის მანიპულატორებს ისევე სჯერათ საკუთარი „ზედმეტობისა“, როგორც ყველა სხვას, ხოლო ტოტალიტარული მკვლელები კიდევ უფრო საშიშნი ხდებიან, რადგანაც არად დაგიდევენ, თვითონ ისინი ცოცხალნი იქნებიან თუ მკვდარნი… ოდესმე უცხოვრიათ ან დაბადებულან თუ არა. გვამების ქარხნებისა და დავიწყების ხვრელების საშიშროება ისაა, რომ დღეს მოსახლეობისა და უსახლკარობის ზრდის პირობებში, ხალხთა მასები სულ უფრო ზედმეტი ხდება, თუკი ჩვენი სამყაროს უტილიტარიზმის ჩარჩოებში გააზრებას გავაგრძელებთ. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ხდომილებები ყველგან იდუმალ შეთქმულებაშია იმ ტოტალიტარულ ინსტრუმენტებთან, რომლებიც ადამიანის ზედმეტად ქცევისთვისაა შექმნილი“ (იულია კრისტევა – „ჰანა არენდტი, სიცოცხლე ნარატივია“, გვ.4).

გერტ რობერტის შემოქმედების მთავარი იდეა პოეზიაშიც და დრამატურგიაშიც არის სწორედ დიალოგურობის პრინციპი, როდესაც მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი ურთიერთქმედებაში შედის ტექსტთან და ამით ტექსტი გავლენას ახდენს ცნობიერებაზე. ასე წაკითხული ყოველი ტექსტის შემდეგ ადამიანი ის აღარ არის, რაც წაკითხვამდე იყო.

ადამიანის საკუთარ თავთან გაუცხოებას ეძღვნება ჩემი ახლახან დაწერილი ლექსიც, რომელიც ახლა შემთხვევით გავხსენი და ლოგიკურად გააგრძელა პრობლემა:

დაყრუვდა ადამიანი ხმაურიან დედამიწაზე

მას აღარ ესმის საკუთარი გულის ხმა

და ჩემს ხმას როგორ გავა…გონებ,

როცა გონებაში სხვა ხმებია…

როცა (გო)ნებაში სხვა ხმებია…

ხმები-ა(ნ) და ჭკნებიან ადამიანები.

ის ახლაც ზის და ფიქრობს: ნეტა რა ხმებია,

ნეტა რა ხმებია…

ან რატომ ხმებია(ნ) ამ ხმებისგან….

მან აღარ იცის,

რა ი-გულის-ხმება სიცოცხ…ლეში,

ნუთუ მხოლოდ ლეში,

ნუთუ მხოლოდ ლეში

და სხვა არაფერი….

სად არის გულის ხმა,

რატომ აღარ ისმის?

 

აგრესია, ომები, ხოცვა-ჟლეტვა – ეს გარედან მოსული მოვლენა არ არის, არამედ ადამიანთა დაცარიელებული სულიდან, რომელმაც ცხოვრება უაზრო ბრძოლად აქცია, რომელიც ჩაიკეტა ვიწრო ცნობიერებაში, რომელმაც გააძლიერა ეგო და მოკლა სული, იქცა მხოლოდ მატერიად ანუ ლეშად…

და, რა თქმა უნდა, ამ ტექსტების წაკითხვის შემდეგ მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: სად არის გამოსავალი? არის კი გამოსავალი? შეწყვეტს კი კაცობრიობა თვითგანადგურებას, უსამართლობას, მკვლელობას, ომებს…?

უცნაურია, მაგრამ სწორედ ახლა, გერტის ლექსებში პასუხს რომ ვეძებდი ამ კითხვაზე და ვიპოვე კიდეც, ეს პასუხი დაემთხვა ჰანა არენდტის მეცნიერულ თეორიას. ორივეს იდეა „შობაში“ მდგომარეობს.

გერტ რობერტ გრიუნეტრი ლირიკულ ლექსში, რომელსაც „შობა“ ჰქვია, გადარჩენის იდეას ასე გამოხატავს:

შობა

ჩანასახივით მოლურჯოა სანთლის ალები

ადამიანიც ასეა სწორედ მარტოა თუ ვინმესთან ერთად

სიყვარული გამოზრდის ნაყოფს

ყოველ ნათქვამს ყოველ დუმილს აქცევს ქმედებად

მანამდეც ვიდრე  ვიარსებებდით

იმ ალის ოქროსფერი კვირტის გარეშე.

ჰანა არენდტი კი სამყაროში ზემოაღწერილი საშიშროების საპირისპიროდ სიცოცხლის დაცვის მძლავრ კონსტრუქციას აფუძნებს „შობაზე“ და მოქმედებაზე, თითოეული ადამიანის უნიკალურობაზე მექანიკური და ავტომატური ადამიანის საპირწონედ. ამას იგი უწოდებს „სიცოცხლის სასწაულს“:

„სასწაული, რომელიც მსოფლიოს, ადამიანთა მოღვაწეობის სამყაროს იხსნის მისი ნორმალური, „ბუნებრივი“ ნგრევისაგან, არის „დაბადების ფაქტი“, რომელშიც ონტოლოგიურად არის ფესვგადგმული მოქმედების უნარი. ეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის ახალი ადამიანის დაბადება და ახალი დასაწყისი მოქმედებისა, რომლის უნარიც მას შესწევს დაბადების წყალობით… სამყაროსადმი რწმენა და იმედია ის, რამაც თავისი უბრწყინვალესი და მრავლისმეტყველი გამოხატულება ჰპოვა იმ რამდენიმე სიტყვაში, რომლებითაც „სახარებები“ გვამცნობენ „მხიარულ უწყებას“: „ყრმა იშვა ჩვენ შინა“.

გერტის ფრაზა „სიყვარული გამოზრდის ნაყოფს ყოველ ნათქვამს ყოველ დუმილს აქცევს ქმედებად“ და ჰანას – „ახალი ადამიანის დაბადება და ახალი დასაწყისი მოქმედებისა“ – ერთი და იგივე აზრია. მოქმედება ერთთან ეფუძნება სიყვარულს, მეორესთან – რწმენას, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ორივეს აერთიანებს უფრო დიდი იდეა: თანამედროვე ახალი ცნობიერების ადამიანი ეს არის ახალადშობილი და (შე)მოქმედი ადამიანი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავადასტუროთ, რომ: „ყრმა იშვა ჩვენ თანა“ და ვიმოქმედოთ იმ ძალებით, რომლის საფუძველი რწმენა და სიყვარულია…

 

 

 

 

 

ტყის ხანძრების გეოგრაფია

0

ხანძარი სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მის ქონებას, ხშირ შემთხვევაში, ბუნებას. ხანძარი შეიძლება განზრახ ან ბუნებრივად წარმოიქმნას. ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებს და სხვა მწვანე მცენარეებს – ბუჩქებს, ბალახს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და მიტოვებული ადგილების მახლობლად.

ტყის ხანძარი ჩნდება ბუნებრივი და ანთროპოლოგიური მიზეზებით. ბუნებრივი მიზეზებია – ელვა და გვალვა; ანთროპოგენური კი – ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება.

როდესაც ტყეში ხანძარი ჩნდება, მისი გამწვავება ქარს, ფერდობის დახრილობას ან ადვილად აალებად მასალას (მაგალითად, გამხმარ, გამომშრალ მცენარეებს) შეუძლია.

სიტუაცია მაშინ უარსდება, თუ ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა. ამის გამო ათასობით ჰექტარი ტყეც კი შეიძლება გადაიწვას.

ტყის ხანძრები, ისევე როგორც ტყე,  გეოგრაფიული მოვლენაა, რადგან ტროპიკული ტყეები მაღალი ტემპერატურის  ზონებში, ხოლო ბორეალური ტყეები ზომიერ კლიმატურ ზონებში მდებარეობენ.

ევროპის, ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის  ტყეებში ხანძრები ძირითადად  გაზაფხულ-ზაფხულის და ზაფხულ-შემოდგომის პერიოდებში ხდება. ქვეყნებში კი , სადაც თბილი და მშრალი ზამთარია, ე.წ. „ზამთრის“ ხანძრებია გავრცელებული. ასეთი ხანძრები ხშირია აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

ყველაზე დიდი ტყის ხანძარი კაცობრიობის ისტორიაში  1982 წლის სექტემბერში ინდონეზიაში , კუნძულ კალიმანტანზე დაიწყო  და თითქმის 10 თვე გაგრძელდა. ხანძრის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა და ინდონეზიური მიწათმოქმედების მეთოდი, ე.წ. მიწის მოწვაა. შედეგად  8 ათასი კვ. კმ. ტყე განადგურდა, მთლიანად ხანძრისგან  კი 36 ათასი კვ.კმ.  ფართობი დაზარალდა.  განადგურდა ფლორა-ფაუნის რამდენიმე სახეობა, დაიღუპნენ ცხოველები. ხანძრის შედეგად საგრძნობლად შეიცვალა მიკროკლიმატი.

მსხვილი სატყეო ხანძრები რეგულარულად ჩნდება ავსტრალიის კონტინენტზე. უძლიერესი ხანძრები დაფიქსირდა 1851, 1898, 1926, 1939, 1983 წლებში, რომლებსაც ტრაგიკული შედეგები ჰქონდათ. მაგალითად: 1939 წელს შტატ ვიქტორიაში ხანძარმა  1, 4 მილიონი ჰექტარი ტყე მოიცვა, რის შედეგად  1300 შენობა განადგურდა და   71 ადამიანი დაიღუპა. 1983 წლის თებერვალში სამხრეთ ავსტრალიაში  43 გრადუსი სიცხის, გვალვის და 100 კმ/სთ სიჩქარის ქარის შემდეგ 160 ათასი ჰექტარი ტყე და 400 სახლი განადგურდა, განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა 16 თებერვალი განადგურდა 2000 სახლი, დაიღუპა 76 ადამიანი, მათ შორის 16 მეხანძრე.

ხანძრები ხშირია აშშ-ში. 2008 წელს, 21 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ტყის ხანძარმა  კალიფორნიის შტატში (აშშ)  1300 კვადრატული მილი ტერიტორია გაანადგურა. შედეგად 250 ათასი ჰექტარი ტყის მასივი და 100 შენობა დაიწვა. 2009 წლის მაისში ხანძარმა სანტა-ბარბარას მახლობლად  33 კვ.კმ. ტერიტორია გაანადგურა: დაიწვა 88 სახლი, ხოლო  30 000 ადამიანი ევაკუირებული იყო.

2016 წელს 1 მაისს კანადაში ალბერტის პროვინციაში, ფორტ-მაკმკურეიში დაწყებულმა ხანძარმა  580 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა და 80 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

საბერძნეთში, 2007 წელს  ტყის ხანძრის გამო  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიას  9000 მეხანძრე და 500 ჯარისკაცი ებრძოდა, ხანძრის ჩაქრობაში მსოფლიოს 19 ქვეყნიდან საერთაშორისო ძალები ჩაერთნენ. ხანძრის შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი, განადგურდა 200 ათასი ჰექტარი მიწა და დაიწვა 1500 სახლი. 2017 წელს  საბერძნეთში 141 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა. შედარებისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საბერძნეთში ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ცეცხლის პირისპირ აღმოჩენილმა საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა.

2005 წელს ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა  პორტუგალიაში. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 3500 მეხანძრე, 30 თვითმფრინავი და 987 სახანძრო მანქანა. დაიღუპა 11 ადამიანი. პოლიციამ დააკავა 108 პირი, რომლებიც ხანძრის განზრახ გაჩენაში იყვნენ ეჭვმიტანილი.

პორტუგალიაში 2017 წლის დასაწყისიდან 140 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც გასული წლების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. მეხანძრეებს ცეცხლის 10 ათასზე მეტ კერასთან მოუწიათ გამკლავება. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2500-ჯერ მეტია. ევროკომისიამ პორტუგალიას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დახმარების სახით 45 მილიონი ევროს გამოყოფას შეჰპირდა. ივნისში პორტუგალიაში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პორტუგალიას ცეცხლის ჩაქრობაში მეზობელი ესპანეთი ეხმარება, რომელსაც ამავე დროს, თავად უწევს ცეცხლოვან სტიქიასთან ბრძოლა. ესპანეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს ესპანეთში 75 ათასი ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, რაც ბოლო ხუთწლიანი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ესპანეთის ტერიტორიის 0,28%-ია.  2017 წელს ქვეყანაში მეხანძრეებს უკვე 20-ზე მეტ  მასშტაბურ ხანძართან (500 ჰექტარზე მეტი ფართობის) მოუწიათ გამკლავება. 2016 წელს ასეთი ძლიერი ხანძარი 10 იყო, 2015 წელს – 13, 2014 წელს კი მხოლოდ ექვსი. თუმცა მიმდინარე წელზე გაცილებით რთული ესპანეთისთვის 2012 წელი აღმოჩნდა, როდესაც დაიწვა ქვეყნის ტერიტორიის 0,6%.

ხანძარს ვერც საქართველო გადაურჩა.  2017 წლის აგვისტოს  თვის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკვე 30-მდე ხანძარი დაფიქსირდა.  მათ შორის კი ყველაზე ძლიერი 20 აგვისტოს  ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

 

ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.  ხანძრის შედეგად  100 ჰექტარზე მეტი ფართობის საფარი მთლიანად განადგურდა.

დაბოლოს რამდენიმე  საჭირო რეკომენდაცია, რომლის ცოდნა აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის.

როგორ  ავიცლოთ თავიდან ტყის ხანძრები:

არ გადავაგდოთ  ჩაუმქრალი  სიგარეტი და არ დავტოვოთ  ჩაუმქრალი კოცონი;

არ დავწვათ ბალახი ან ნაგავი ქუჩაში, გამწვანების ზოლში, მინდვრებში და ტყის სიახლოვეს;

არ დავანთოთ  ცეცხლი ტყის, გამხმარი ბალახის ან ტოტების სიახლოვეს.

არ დავტოვოთ ნაგავი ტყეში, რადგან არსებობს მისი თვითაალების საშიშროება.

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ  ხანძრის დროს:

საჭიროა დროული ევაკუაცია ხანძრის მიმდებარე რაიონებიდან;

მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს ცეცხლის გავრცელების პერპენდიკულარული მიმართულებით.

ხანძრის კერის სიახლოვეს დარჩენილმა მოსახლეობამ ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე  სველი დოლბანდით, პირსახოცით ან ცხვირსახოცით უნდა დაიფაროს ცხვირ-პირი;  უნდა გათიშოს ელექტროენერგია;

მოსახლეობა უნდა გადაადგილდეს  მდინარეებისკენ, ტბებისა და წყაროებისკენ.

 

 

 

 

 

 

ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე გამოვლინდა!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა,  ჟურნალ  “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს,  ფარგლებში, ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი  მწერლებისთვის: საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობა მიიღო 62 ავტორმა   საკონკურსო მოთხრობებიდან,   კონკურსის  ჟიურიმ შეარჩია  10  საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

 

საუკეთესო ათეული:

  1.  თორნიკე ჭელიძე–  ჯავახეთის დღიური
  2. დიანა ანფიმიადი – კავშირი
  3. ეკა ქევანიშვილი– მე არ ვარ, მასწ
  4. ზურა აბაშიძე– საშტატო ერთეულები
  5. ლევან ლორია -კურუმ, კურუმ
  6. ლუკა ბაქანიძე- ისროდნენ, მასწ
  7. ნათია როსტიაშვილი– ჩემი საქმე წასულია, მარუს
  8. ცოტნე ცხვედიანი– ცხენების გაშვება
  9. მიშა ბახსოლიანი- ჯართულის მასწავლებელი
  10. ინა არჩუაშვილი– დედუკა ბექაური.

 

კონკურსის სამი  (I,II,III ადგილი)  გამარჯვებული დაჯილდოვდება  2 ოქტომბერს,  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდიანრეობისას,  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ ფულადი პრიზი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საჩუქარი  პერსონალური პორტატიული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

 

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი  700 ლარი;

III ადგილი  500 ლარი;

 

კონკურსის პარტნიორებია:    გამომცემლობა „ინტელექტი,“ გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც  დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!

რა სურთ შვილებს

0

მყარად მჯერა, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრი რამ ეტაპობრივად შეიცვლება, თუ მათზე გამუდმებით ვისაუბრებთ. სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ვხვდებით თანამედროვე ქართველ მამებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული შვილების აღზრდის პროცესში. თუმცა ვაწყდებით არასახარბიელო შემთხვევებსაც. ოჯახებზე დაკვირვება განსაკუთრებით ადვილდება ზაფხულში, კურორტზე. ჩემს შთაბეჭდილებებსაც მოგახსენებთ და საერთაშორისო გამოცდილებასაც მოვიხმობ.

სულ ახლახან ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ უმამობა არა მხოლოდ ბავშვის ქცევაზე აისახება, არამედ ცვლის მისი ტვინის სტრუქტურას. კვლევის შედეგი კანადის ერთ-ერთმა უძველესმა, მაკგილის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ცენტრმა ჟურნალ Cerebral Cortex-ში გამოაქვეყნა. (ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ირმა კახურაშვილის სტატია: https://mastsavlebeli.ge/?p=10209 )

მამის დეფიციტის ავკარგიანობაზე საუბრისას, ვფიქრობ, საკმარისია ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს დააკვირდეთ, როცა დასასვენეებლად მყოფს მამა ჩამოაკითხავს ქალაქიდან, როცა ეთამაშება, მეგობრულად ესაუბრება და არ ტუქსავს.

ზოგი ახერხებს ოჯახან ერთად დასვენებას, ზოგი – ვერა. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ჯობს ბავშვთან გავატაროთ 1 საათი „ხარისხიანად“, ვიდრე მათთან ერთად ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში და დიდად არ ვკონტაქტობდეთ.

მამის აქტიური მონაწილეობა აღზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა. ასეთ დროს მამების ნაწილი ამჯობინებს, არ აღიაროს ბავშვის მდგომარეობა და საკუთარი სტრესის გამო კიდევ უფრო ცოტა დრო დაუთმოს მას. მეტიც, ის შინაგანად მიიჩნევს, რომ შვილს დედამ უნდა მიხედოს, თვითონ დასასვენებლადაა ჩამოსული კურორტზე. არადა პასუხისმგებლობა ბავშვის განვითარებაზე ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. ერთი შემთხვევა მახსენდება: წარმოიდგინეთ იმდენად პატარა ბიჭუნა, რომ ჯერ დიაგნოზი არ აქვს (პერვაზიული აშლილობის თუ ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზს ექიმები 3 წლამდე არ სვამენ), თუმცა მისი ქცევის დარღვევები, უმეტყველობა და თვითდამაზიანებელი ქცევა აშკარაა. მას უჭირს სხვა ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, სენსორული შიმშილი აქვს – ურჩევნია ფეხზე გაიხადოს და ისე ითამაშოს ქვიშაში, უყვარს ბატუტზე ხტომა. დედა სულ მასთანაა, უგებს. მამა კი გამოსაძინებლადაა ჩამოსული. ბავშვს მხოლოდ მამა უნდა. ჰკიდებს ხელს და ანიშნებს, მეთამაშეო. არადა ჭამის დროა, საწოლიდან შუადღეზე ამდგარი მამა აჩვევს ბავშვს რეჟიმს: ახლა უნდა ისადილონ. მაგრამ ბიჭუნა ეზოსკენ იწევს, რის გამოც დაუმორჩილებელ შვილს კაცი ყურს უწევს. პატარა ისტერიკაში ვარდება – თავში  მუშტებს იშენს… დედების უმეტესობას შეუძლია შვილის ქცევა მართოს და არ მიიყვანოს სიუჟეტი ასეთ მძიმე კადრებამდე. მაშ, რატომ არ შეუძლიათ იგივე მამებს? საქმე ისაა, რომ არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს, არ ვიცით როგორ მივუდგეთ რთულ მომენტებში, არ გვცალია მათთან დასამეგობრებლად… ზემოხსენებულ მამიკოს, ვერ მოვითმინე და, შენიშვნა მივეცი. ავუხსენი, რომ ძალადობა კიდევ უფრო აგრესიულს გახდის მის პაწაწუნა შვილს, რომელსაც ყველაფერი წინა აქვს, ბიჭს, რომელსაც თვალები უციმციმებს მამის დანახვისას… დაყვავება, თვალით კონტაქტი და საუბარი უფრო შედეგიანია, ძალადობა კი ბავშვსაც ძალადობისკენ უბიძგებს. ვფიქრობ, შშმ ბავშვების მშობლებს ფსიქოლოგი თავადაც სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად – ადამიანი, სპეციალისტი, რომელიც ასწავლის შვილთან მიახლოების გზებს, საკუთარი სტრესის მართვას… ზოგადად, ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ შშმ მოზარდებზე ის განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს.

მოძალადე დედაც შემხვედრია და მამაც, თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ მამაზე მეტ დედას შეხვდებით სკვერში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, ბაღსა თუ სკოლაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კურორტზე სასიამოვნო ფაქტებსაც შეესწრებით. წააწყდებით ახალაგაზრდა მამიკოებს, რომლებსაც შეუძლიათ პატარა, წუნია ქალიშვილებს საათობით ესხდნენ სასადილო მაგიდასთან და დაყვავებით აჭამონ ულუფა, ეთამაშონ ვაჟებს ფეხბურთი და სხვ. მაშინ, როცა დედებს ამგვარი ურთიერთობისთვის მოთმინება არ ჰყოფნით.

ვფიქრობ, ბევრი მამა საქართველოში საკუთარ შვილს კარგად არ იცნობს. მოზარდის ინტერესების შესახებ რომ გაიგო, უნდა ესაუბრო, ტელეფონსა და კომპიუტერს არ უნდა ჩასცქეროდე გამუდმებით. დეკრეტული შვებულებაც მხოლოდ რამდენიმე მამას თუ გამოუყენებია შვილის შეძენისას, არადა ქართული კანონმდებლობა მშობლებს სქესის მიხედვით არ ზღუდავს. შვილს თუ პატარა ასაკშივე არ დაუმეგობრდი, მერე მისი გაუცხოებაც არ უნდა გაგიკვირდეს. სასურველია ორივე მშობელმა გაინაწილოს განათლების საკითხიც: თითოეულმა ბავშვი იმ საგანში ამეცადინოს, რაშიც თავადაა ძლიერი. მე პირადად არასდროს დამავიწყდება მამაჩემის მიერ ახსნილი ფიზიკის გაკვეთილები, არაფერი შეცვლის მის სიხარულს, ამოცანას კარგად რომ ამოვხსნიდი. ასეთ დროს ეყრება საფუძველი მეგობრობას, აზრთა გაზიარებას… მიზანიც საერთოა – რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღება და წარმატების მიღწევა.

და მაინც, რა სურთ შვილებს? ჩემი პასუხი ასეთია: მზრუნველობა, ცოტაოდენი თავისუფლება, გამხნევება და… თანაბარი დრო დედებთან და მამებთან.

გონების მიღმა

0

სასწავლო წლის პირველი დღე ასეთი ამბით დაიწყო:  „აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც წელს პირველად  მივიდა სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა”.

ცხელი სექტემბრის დღეებს   შერონ მ.დრეიპერის „გონების მიღმა”-ს კითხვაში  ვატარებ. ეს წიგნი  ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე, თერთმეტი წლის მელოდი ბრუკსზეა, რომელიც  თავისი უბნის სკოლაში სწავლობს. მისი სასკოლო ცხოვრება იმის მუდმივი მტკიცებაა, რომ იგი გაცილებით უფრო ჭკვიანი და საზრიანია,  ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ამის დაჯერება სხვებისთვის მარტივი არ არის. მელოდი ცდილობს, თავის კლასელებს, მასწავლებლებს და სხვა გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ ისიც „ნორმალურია”, მასაც შეუძლია სწავლა და წარმატების მოპოვება, თუ მოინდომებს. მასაც შეუძლია ტესტებში მაქსიმალური ქულის აღება, თუმცა მის მცდელობებს მისთვის ტკივილი მოაქვს, უფრო მეტად ირიყება  კლასელებისგან და ხშირად მათი დაცინვის მსხვერპლიც ხდება.

„ჩვენმა სკოლამ, ეგრეთ წოდებული, „ინკლუზიური კლასი” დაუშვა. რაც, თურმე ზოგად სასწავლო პროცესში ჩვენს ჩართვას ითვალისწინებს. ჰმ, საინტერესოა, აქამდე არაფერში ვყოფილვარ ჩართული. მაგრამ ეს გაკვეთილები იმას ნიშნავს, რომ ჩემისთანა ბავშვებს „ნორმალურ” მოსწავლეებთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ. მაინც რა არის „ნორმალური” ნეტავ?” – ფიქრობს მელოდი.

თერთმეტი წლის  გოგო  ვარდისფერ ეტლსაა მიჯაჭვული და მისი სამყარო სიტყვებად იშლება, თუმცა მას სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ უთქვამს და თავისი ნააზრევის გაგონებას მხოლოდ სამეტყველო დაფის საშუალებით ახერხებს. ეს გოგონა შეძლებს  ყველას დაუმტკიცოს, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენები ადამიანებზე, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, მცდარი და ლოგიკას მოკლებულია. იგი ოცნებობს ილაპარაკოს, მარტივი სიტყვების წარმოთქმა შეძლოს. სურს თავისი ნაფიქრი სხვებსაც გააგებინოს და ზოგჯერ მისი მცდელობები წარმატებულია.

ის წარმატებები, რასაც მელოდი აღწევს,  მხოლოდ მისი დამსახურებაც არ არის. ამ საქმეში, ან ამ ბრძოლაში მელოდისთან ერთად  მისთვის სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩართულნი, რომელთაც სწამთ, რომ „ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე მის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერილი დიაგნოზი” და თავიანთ ღრმა რწმენას მელოდისაც გადასცემენ; აჯერებენ, რომ თუ მოინდომებს, გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელიც მის გარშემოა. ეს მისი ოჯახია, დედა, მამა და მომვლელი მისის ვი, რომელსაც შეუძლია ეტლს მიჯაჭვულ გოგოში, რომელიც ვერ ლაპარაკობს, გააღვივოს სწავლის ინტერესი, ზოგჯერ მაგრად შეაჯანჯღაროს, გამოაფხიზლოს, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოს. ეს ზორბა ქალი არის ერთ-ერთი მასწავლებელი მელოდისთვის, რომელიც მასში ჩვეულებრივ ბავშვს ხედავს და დარწმუნებულია, რომ მელოდის სწავლა და განვითარება შეუძლია. „მოდით, არ გვინდა  ინვალიდ ბავშვებზე წიგნებიდან ნასესხები სენტიმენტალური ფრაზები. მელოდი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც შეუძლია სწავლა და ჩემს ხელში ისწავლის კიდეც”, – ასე ამბობს  მისის ვი და მას ვერავინ ეწინააღმდეგება. პირიქით, მისი ენერგია ყველასთვის გადამდებია: მელოდის მშობლებისთვის და თავად მელოდისთვისაც. ამ ურთიერთობათა ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი სკოლის მასწავლებლები არიან, თავიანთი შეცდომებითა და  მიღწევებით, რომლის არდანახვა შეუძლებელია. „სწავლისთვის მათმა ასეთმა შემართებამ გამაკვირვა. მასწავლებელმა ნამდვილი ფეხბურთის მწვრთნელივით გაუღვივა ყველას სულისკვეთება”, – წერს მელოდი ისტორიის მასწავლებელ მისტერ დიმინგზე, რომელიც მთელ კლასს სწავლისადმი საბრძოლო შემართებით განაწყობს.

 

ზაფხულის გამოყოლილ  საკითხავებს ამ წიგნით მოვრჩი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიტერატურა ემპათიისა და თანაგრძნობის უშრეტი წყაროა. ის ხან შეფარვით, ხანაც პირდაპირ თვალში თითის კვრით გვეუბნება, სად ვცდებით.

 

 

 

 

ლოუტონი და ბუტაფორია

0

როცა დიდი ინგლისელი მსახიობი ჩარლზ ლოუტონი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს, გაოცებული იყო სტუდიის თანამშრომლების განათლებით. რეჟისორიდან დაწყებული და გამნათებლით  დამთავრებული, ყველა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, თუ რა ფილმი უნდა გადაეღოთ შემდეგი, მოჰყავდათ კლასიკური ლიტერატურული ტექსტების სიუჟეტები და იმოწმებდნენ ცნობილ პერსონაჟებს.

როცა ლოუტონმა სტუდიის საწყობში უშველებელი თაროები ნახა, რომლებიც ცნობილი წიგნების ანოტაციებით იყო გამოტენილი, მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს საყოველთაო „ინტელექტი“ მხოლოდ მოჩვენებით იყო, მათ მხოლოდ ამ ანოტაციებიდან იცოდნენ წიგნების შინაარსი და წაკითხული კი ცოტას თუ ჰქონდა.

რა აზრი აქვს ლიტერატურული ტექსტის ასეთ ცოდნას?! ცხადია, არანაირი. ხელოვნების სხვა ჟანრებთან შედარებით ლიტერატურას გააჩნია გადამწყვეტი – შემეცნებითი  უპირატესობა, რომელიც მას ხელოვნების სხვა ყველა ჟანრის საფუძველთა საფუძვლად აქცევს. გონების განვითარებისთვის მთავარი წიგნის კითხვის პროცესია, და არა მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ლიტერატურის დასაბამიდან დღემდე მხოლოდ სამ ათეულამდე სიუჟეტია თავისი განშტოებებით. კარგი მკითხველი წიგნს სიუჟეტის გამო არ კითხულობს, შინაარს გამოკიდებული მკითხველი ცუდი მკითხველია.

მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სრულიად კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მეგობარმა წიგნის შინაარსი მოუყვა და წაკითხვა აზრადაც არ მოსვლიათ. ისე ჩაერთვებოდნენ საუბარში, ვერც მიხვდებოდი, რომ კონკრეტული წიგნი წაკითხული არ ჰქონდათ. ამით ადამიანები უარს ამბობენ უმთავრესზე: გონებრივ ვარჯიშზე, სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე და, ბოლოს და ბოლოს, ესთეტიკურ ტკბობაზე. ბევრი მუსიკის მოსმენა, ბევრი სპექტაკლის, ფილმის და სურათის ნახვა ინტელექტუალად ვერ გაქცევს. სწორედ ასეთივეა მოსმენით მიღებული ინფორმაცია ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ის არაფრის მომცემია, ბუტაფორიული ცოდნაა.

იგივე შეიძლება ითქვას აუდიოწიგნებზე, აუდიო წიგნებით მხოლოდ სიუჟეტს იგებ და  ლიტერატურის მთავარ დანიშნულებას მოკლებული ხარ.

კლასიკად აღიარებული წიგნების სიუჟეტები თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ აქვს წაკითხული. მე მინახავს ხალხი, რომლებიც კარგი მკითხველები არიან, ყოველდღიურად კითხულობენ, მაგრამ კითხულობენ მხოლოდ თანამედროვე ან უკიდურეს შემთხვევაში მეოცე საუკუნის ლიტერატურას. მათ ვერაფრით წააკითხებ ვთქვათ „გარგანტუა და პანტაგრუელს“ ან „დონ კიხოტს“. ეს განსაკუთრებით დამწყები მწერლების პრობლემაა, რადგან წერის სწავლა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის ცოდნითაა შესაძლებელი.

ცალკე ამბავია ცნობილი წიგნების ცოდნა ეკრანიზაციების საშუალებით. ეკრანიზაცია, ამ კუთხით, წიგნის პირველი მტერია. მახსოვს ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ერთხელ პარლამენტში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვის ჰქონდა წაკითხული „დათა თუთაშხია“, აღმოჩნდა, რომ ოთხმოც პროცენტს მხოლოდ ეკრანიზაცია ჰქონდა ნანახი.

კარგი მკითხველები დამეთანხმებიან, რომ არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა სახლში მიდიხარ და იცი, რომ კარგი წიგნის წაკითხვის ბედნიერება გელოდება. მკითხველთა ორი კატეგორია არსებობს: პირველი – რომელსაც წლების შემდეგაც ახსოვს ყველაფერი, რაც წაიკითხა; და მეორე, რომელსაც წაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, პატრიკ ზიუსკინდის არ იყოს, „ლიტერატურული ამნეზია“ მჭირს – მხოლოდ ის ემოცია მახსოვს, რასაც წიგნის კითხვის დროს განვიცდიდი და თვეების და წლების მერე ამით ვიხსენებ, მომწონდა თუ არა წიგნი. ყოველ ჯერზე წიგნს პირველად ვკითხულობ და, ერთი მხრივ, ეს სულაც არაა ცუდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრჯერ უხერხულობაც მიგრძნია, რადგან ძალიან ცნობილი წიგნების საკვანძო სიუჟეტები და პერსონაჟების სახელებიც ვერ გამიხსენებია, თუმცა ეს არაა მთავარი, მთავარი ის ფსიქოლოგიური სიძლიერის შეგრძნებაა, რომელიც ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლება; შეგრძნება, როცა აცნობიერებ, რომ შენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.

რიცხვების სემიოტიკა

0

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოშვა ვიზუალური კულტურის ეპოქა, რომელშიც ვერბალურ ინფორმაციაზე დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ ინფორმაციას ენიჭება. ვიზუალური სახის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს კი ციფრებითა და რიცხვებით გადმოცემული ინფორმაცია შეადგენს.

ციფრების საშუალებით ინფორმაციის ვიზუალიზების საკითხს მრავალი მკვლევარი შეეხო. ჯერ კიდევ 1970 წელს სამეცნიერო ჟურნალის „Communications” ფურცლებზე დაიბეჭდა ჟაკ დურანის ნაშრომი „რიცხვის რიტორიკა“ („Rhétorique du nombre“). ავტორი  განიხილავდა  იმ დროისთვის დამკვიდრებულ ორ ძირითად მოსაზრებას: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რიცხვი არაფერს აღნიშნავდა და ამგვარად, მეტყველების ნაწილს არ წარმოადგენდა; მეორეთა აზრით, რიცხვი იყო ნიშანი, რომელსაც მხოლოდ დენოტაციურ დონეზე ჰქონდა მნიშვნელობა და ამდენად, არ წარმოადგენდა რიტორიკის შესწავლის საგანს. ჟ. დურანი კი თვლიდა, რომ განსაკუთრებით მასკომუნიკაციაში გამოყენებულ რიცხვს გააჩნდა მრავალი ექსპრესიული ნიშან-თვისება. ამ მოსაზრების თანახმად, ციფრებითა თუ რიცხვებით გადმოცემულ ინფორმაციას მართებულად მიიჩნევდა რიტორიკული ანალიზის წყაროდ.

იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების კვლევის საფუძველზე ჟ. დურანმა დაასკვნა, რომ რიცხვების გამოყენებით მედიატექსტი, მოცემულ შემთხვევაში ბეჭდვითი მედიატექსტი, მიმართავს ისეთ სპეციფიკურ რიტორიკულ ხერხებს, როგორებიცაა:

  • გამეორება – მაგალითად „5 დღე: 555 ფრანკი“ (განცხადება ეარაფრიკა. 1967), რომელმაც მკითხველში უნდა მოახდინოს „ბედისწერის იდეის“ გენერირება;
  • ანტითეზა („დაპირისპირება“) – რომელიც მხატვრულ ლიტერატურასა და ორატორულ ხელოვნებაში სტილისტიკური ხერხია, რაც მდგომარეობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებათა შეპირისპირებაში და გამოიყენება შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, უმეტესწილად, ხდება მცირე და დიდი რიცხვების შეპირისპირება;
  • პლეონაზმი ვიზუალური ხერხებით ილუსტრირებული რიცხვი (მაგალითად, პერსონაჟი თითებით გამოსახავს რიცხვს). (Durand, 1970, 128-129)

დასასრულ, ავტორი აღნიშნავს, რომ რიცხვითი სახელი, ციფრებით თუ სიტყვით გამოსახული, როგორც მეტყველების ნაწილი, წარმოადგენს კოდს, რომელიც არის ნაწილობრივ ექსპლიცისტური, ხოლო იმპლიცისტური კოდები დატვირთულია კონოტაციური აღსანიშნით.

თანამედროვე ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე ხშირად ვხვდებით ისეთ კრეოლიზებულ მედიატექსტებს, რომელშიც არავერბალური კომპონენტი გადმოცემულია დიაგრამის  გრაფიკული მრავალსახეობით, როგორიცაა: ცხრილი, სფერო, სქემა, დიაგრამა, რუკა… ინფორმაციის ვიზუალიზების აღნიშნული სახის არსებობა, რა თქმა უნდა, განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით.

ინფორმაციის ციფრებით გადმოცემას თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით, თუმცა მაინც უნდა გამოვყოთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სპორტული დისკურსი, რადგან მეტი აქტიურობით სწორედ აღნიშნულ დარგებში გამოიყენება სტატისტიკური მონაცემები. მკვლევრები პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  ნაშრომში „პოლიტიკაში ციფრების მეტყველება“ („Le langage des Chiffres en politique“), რომელიც 2012 წელს  სამეცნიერო ჟურნალის „Mots. Les langages du politique” მეასე ნომერში დაიბეჭდა და სრულად მიეძღვნა პოლიტიკურ დისკურსში ციფრებისა და რიცხვების შესწავლას, აღნიშნავდნენ: „სადაც არის სტატისტიკა, იქ სახელმწიფოცაა“ (ბაკო, et al., 2012, 5). ამიტომაც, მათ საკითხის შესწავლა დაიწყეს შემდეგ კითხვაზე: ყოველთვის რატომ არის პოლიტიკურ დისკურსში წარმოდგენილი რიცხვები? –  პასუხის მოძიებით.

თუკი ციფრები და რიცხვები წარმოადგენს ისეთი დისციპლინის საბაზისო კონცეფციას, როგორიც არის მათემატიკა, მათი გამომხატველი სიტყვები და სიმბოლოები გვხვდება ნებისმიერი სახის დისკურსში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ციფრებს აქვს ერთდროულად დენოტაციური და კონოტაციური ღირებულება.

ხოლო რაც შეეხება მათი გამოხატვის  მრავალფეროვან ვიზუალურ ხერხებს, (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, სფერო…), ზემოთ დასახელებული მკვლევრების თანახმად, ისინი სემიოტიკური ტრანსფორმაციის მეორე დონეს მიეკუთვნებიან. რადგანაც თავად ციფრი ქმნის ინფორმაციის იკონურ გამოსახვას, სემიოტიკური ტრანსფორმაციის პირველ დონეს.  გრაფიკულად გამოსახული ციფრული მონაცემის გასაფორმებლად უმეტესწილად მიმართავენ ფერებს, რაც ავტორთა აზრით, რეალობის შემცირების დამატებით  დონეს წარმოადგენს, ხოლო ამ დასკვნამდე საკითხის შემდეგი  კუთხით გაშუქებით მივიდნენ.

პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  სტატისტიკურ მონაცემებს შემდეგნაირად განიხილავენ: „რიცხვებით გამოსახულ რაოდენობრივ ინფორმაციას ქმნიან ექსპერტები, სოციოლოგები, დარგის სპეციალისტები. თუმცა,  მონაცემთა საზოგადოებაში გავრცელებას თავად იშვიათად ეწევიან.  აღნიშნულ ინფორმაციას,   პირველწყაროსთან მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულს, ავრცელებენ სხვადასხვა ინსტიტუციები: პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, კულტურულ-სპორტული, რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო და სხვა მრავალი. მათ მიერ გავრცელებული რაოდენობრივი ინფორმაცია მრავალმხრივ ფორმაშეცვლილი და მედიატიზებულია“ ( ბაკო, et al.,  2012, 9). ერთგვარად პარადოქსულია, რომ ციფრები, რომლებიც მიჩნეულია ზუსტ, ობიექტურ და ნეიტრალურ ინფორმაციად, მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, ამიტომაც მას ხშირად მიმართავენ რიტორიკული, არგუმენტაციური და პოლემიკური ხასიათის პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მიზანი მსმენელის დარწმუნებაა.  

მსგავსი ტიპის ინფორმაცია განსაკუთრებულად მატულობს წინასაარჩევნო პერიოდში.  ციფრების, როგორც „ზუსტი და ობიექტური“ ინფორმაციის, მოხმობა ხელს უწყობს პოლიტიკოსის დადებითი იმიჯის შექმნას. არისტოტელესეული დარწმუნების სამი ხერხიდან პირველი – ეთოსი, ანუ სანდოობის მოპოვება ორატორის პიროვნულ თვისებებზე  აპელირებით – სრულად ვლინდება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრისას. საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, რიცხვებით გადმოცემული რაოდენობრივი ინფორმაცია ხელს უწყობს ადრესანტს, შეიქმნას სერიოზული,  არაზედაპირული, საკითხის ზედმიწევნით მცოდნის იმიჯი.

ამრიგად, ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე  სტატისტიკური მონაცემების ხშირი  გამოჩენა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად მედიასაშუალების იმიჯის შექმნასაც ემსახურება.

ბიბლიოგრაფია

Bacot, P. Desmarchelier, D. et Remi-Giraud, S. (2016 წლის 23 05). Mots. Les langages du politique.მოპოვებული Le langage des chiffres en politique: https://mots.revues.org/20977-დან

Durand, J. (1970). Rhétorique du nombre. Communications.

 

 

 

საბჭოთა მრავალფეროვნება

0

ბევრს გაუკვირდება, როდესაც საბჭოთა სისტემის მრავალფეროვნების ფენომენთან დაკავშირების მცდელობას აღმოაჩენს. თითქმის ყველა თანხმდება, რომ ბოლშევიკური რეჟიმების მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთგვაროვნება გახლდათ. ისინი ვერ იტანდნენ განსხვავებულ ადამიანებსა თუ იდეებს, მიდგომებსა თუ სტრუქტურებს. ისნის საფეიქრო მრეწველობის ფაბრიკაც კი ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ ორმოცდაერთ ნომერ ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუ განსხვავებული ზომის ფეხი გქონდათ, საჭირო საქონელი ჟიგულის მთებს გადაღმა უნდა მოგეძებნათ. თუმცა, დრო ყველაზე მყარ სისტემებსაც კი თავის დაღს ამჩნევს. მრავალფეროვნებას სივრცის უზომოდ გაფართოებაც განაპირობებს.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კომუნისტური ბლოკის გავლენა თითქმის ნახევარ დედამიწაზე გავრცელდა. მოსკოვის ჰეგემონიას დაექვემდებარნენ უმდიდრესი გამოცდილების მქონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიც და სამხრეთ აზიის ფეოდალურ ეპოქაში ჩარჩენილი ტერიტორიებიც. ცხადია, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირი ტიპის კომუნისტური მმართველობის დამყარება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე განსხვავებული საბჭოთა სისტემები აღმოცენდნენ. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების ზოგიერთ მასწავლებელს შეიძლება გამოადგეს ცნობები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმების მრავალფეროვნებაზე მიანიშნებენ. აღნიშნული მრავალფეროვნება შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე: რატომ განვითარდნენ კავკასიურ სახელმწიფოებზე მეტად ბალტიის ქვეყნები? რას ეფუძნება ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უპირატესობა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან შედარებით?

თავდაპირველად, ისტორიულ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იარსება, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მალევე აღმოჩნდა ოკუპაციის მსხვერპლი. პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიის ქვეყნები კი ომთაშორის პერიოდში თავისუფლად ცხოვრობდნენ, ატარებდნენ კენჭისყრებს, ირჩევდნენ მრავალპარტიულ მთავრობებს, გამოსცემდნენ ათასგვარი მიმართულების გაზეთებს და ა.შ. ისინი „წითელ საპყრობილეში“ მხოლოდ ომის შემდგომ გამოამწყვდიეს. ბუნებრივია, სხვადასხვა საბჭოთა რეჟიმს შორის არსებული ოცწლიანი „ჩამორჩენის“ აღმოფხვრა სტალინისტური წყობისთვისაც კი დაუძლეველ ამოცანას წარმოადგენდა. შესაბამისად, კომუნისტურ ბანაკში მოგვიანებით გაწევრიანებული რესპუბლიკები ავტორიტარიზმითა და ჩაგვრის ხარისხით ვერასდროს გაუთანაბრდნენ მოწინავეებს.

რეჟიმთა მრავალგვარობა დაკავშირებული გახლდათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონესთანაც. ბოლშევიკური წესრიგი ძნელად დასამკვიდრებელი აღმოჩნდა იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალებამდე უკვე არსებობდა გამართული სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსი, მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა ქალაქის მოსახლეობა, მაღალი იყო ინდუსტრიალიზაციის დონე, მოწოდების სიმაღლეზე იდგა სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი. ბოროტმოქმედთა პოპულიზმმა ადვილად მოიკიდა ფეხი განუვითარებელ, ღარიბ სოფლებად დაქუცმაცებულ, ერთიანი და გამართული ადმინისტრაციის არმქონე საზოგადოებებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის შინაარსს განსაზღვრავდა, თავად კომუნისტთა პოლიტიკური წონა გახლდათ. ზოგიერთ სახელმწიფოში კომუნისტები კარგად ორგანიზებულ და მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილების მქონე ძალას წარმოადგენდნენ. ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუნდობლად გაუსწორდნენ თავიანთ ძველ ოპონენტებს. რამდენიმე ქვეყანაში მოულოდნელად ხელისუფლებაში მოსულმა, სუსტად ორგანიზებულმა კომუნისტებმა ოპოზიციონერებთან შეთანხმება გადაწყვიტეს და მოწინააღმდეგეთა გადაბირებით გავიდნენ ფონს. ძველი აგრარული ქვეყნები სამოქალაქო ომებსაც კი ვერ გადაურჩნენ.

საბოლოოდ, მეცნიერებმა საბჭოთა რეჟიმის სამი ძირითადი ზოგადი ფორმა გამოარჩიეს.

პატრიმონალური კომუნიზმის პირობებში ძალაუფლება ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ისინი ძლიერი და კარგად ორგანიზებული იერარქიის საშუალებით აკონტროლებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. წარმატების შანსი მხოლოდ ვერტიკალის სათავეში აღმოჩენილ პირებთან დაახლოებულ მოქალაქეებს აქვთ. ბიუროკრატია მთლიანად და უპირობოდ შეზრდილია ერთადერთ პარტიასთან. დისიდენტების დევნა და რეპრესიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პატრიმონალური კომუნიზმის საუკეთესო მაგალითად საბჭოთა კავშირს, რუმინეთსა და ბულგარეთს მიიჩნევდნენ.

გამოყოფენ განსაკუთრებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე საბჭოთა სისტემებსაც (ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც national-accommodative communism-ს). ამგვარი სისტემა პარტიისა და ბიუროკრატიის, კომუნისტებისა და ადმინისტრაციული მოხელეების ერთმანეთისგან გამიჯვნას უზრუნველყოფს. სისტემა თავისუფალია მოსკოვის სრული და ყოვლისმომცველი კონტროლისაგან. ასეთი ქვეყნების პარლამენტებში ხშირად მრავალპარტიულობის პრინციპიც კი გახლდათ დაცული, გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფილი იყო ადამიანის უფლებების რეალიზების შესაძლებლობაც. უნგრეთსა და პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიაში სხვა საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით რბილი გახლდათ რეპრესიებიც. დროდადრო,  თავისუფლებისკენ მიდრეკილი სატელიტების დამორჩილების მიზნით, კომუნისტურ ბლოკში მათ დასატოვებლად კრემლს სამხედრო ინტერვენციების განხორციელებაც უწევდა.

საუბრობენ ბიუროკრატიულ-ავტორიტარულ საბჭოთა სახელმწიფოზეც, სადაც ეკონომიკის სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, ტექნიკურ ინტელიგენციას და პროფესიონალებს ეთქმოდათ. სანამ კომუნისტები ქვეყანაში პარტიული „რკინის დისციპლინის“ საფუძველზე სრულ სიმშვიდესა და ერთფეროვნებას ამკვიდრებდნენ, ექსპერტები საბჭოთა ქვეყნებს შორის მოწინავე ეკონომიკას აშენებდნენ, სადაც „ფუფუნების საგნებიც“ კი ხელმისაწვდომი იყო. ბებიაჩემი ყოველთვის ოცნებობდა „გედეერის ავეჯზე“ და წლები იდგა რიგში, რათა აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოწერილი უბრალო, მაგრამ სხვებთან შედარებით ხარისხიანი, ავეჯი მოეპოვებინა.

ჩვენ საბჭოთა სისტემაშიც კი არ გაგვიმართლა, სამოცდაათი წლის განმავლობაში სამიდან მმართველობის უარეს ფორმას ვუძლებდით.

 

 

                   საქართველოს მყინვარები – კრიოსფერო

0

გეოკრიოლოგია (მზრალობის მცოდნეობა, ბერძნ. gē– მიწა, kryos – სიცივე,  logos  – მოძღვრება) — გეოლოგიურ მეცნიერებათა დარგი მზრალი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) შესახებ შეისწავლის დედამიწის ქერქში დამზრალი შრეების წარმოქმნას, განვითარებასა და არსებობის პირობებს; მზრალი ან გაყინვისა და ლღობის პროცესში მყოფი ქანების (ნიადაგის, გრუნტის) აგებულებას, შედგენილობას, თვისებებს და მათთან დაკავშირებულ გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ მოვლენებს.

კრიოსფერო, რომელიც მოიცავს დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის ყველა სახეობას, დედამიწის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის განსაკუთრებულად მგრძნობიარეა გლობალური დათბობის მიმართ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყინულის საფარის საერთო მოცულობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პროცესს ბუნებრივ ფაქტორთან ერთად, ანთროპოგენური გავლენაც ამძაფრებს. მყინვარული საფარის ფართობის ცვლილება გავლენას ახდენს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ კლიმატზე, ეკოსისტემაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

საქართველოსათვის, რომელსაც კავკასიის რეგიონში სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, როგორც ეკონომიკური, ისე გეოეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მყინვარული რესურსის შესწავლასა და მის მრავალწლიურ მონიტორინგს.

საქართველოს მყინვარებზე მონიტორინგი და მათ დინამიკაზე დაკვირვება აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიოს იმ მთიან ქვეყანათა რიცხვს, სადაც თანამედროვე მყინვარები საკმაოდ დიდ ფართობზეა წარმოდგენილი და ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. გარდა ამისა, საქართველოს მთის მდინარეების კალაპოტებში წყლის ნაკადების ზრდა ზოგიერთ შემთხვევაში უშუალო კავშირშია მყინვარების აბლაციის ზრდასთან. ასევე, საქართველოს დიდ მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს მყინვარული წყლების ჩამონადენი. მყინვარების ნადნობი წყალი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისათვის სასმელი წყლით მომარაგების კუთხით. გარდა ამისა, მაღალმთიან ზონებში (სვანეთი, ყაზბეგი, რაჭა, აფხაზეთი) ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი როლი სწორედ მყინვარულ პეიზაჟებს ეკუთვნის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მყინვარული ზვავები და ღვარცოფები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის (მაგ. 2014 წლის მყინვარ დევდორაკის სტიქია) ასევე კავკასიის სხვა მთიანი რეგიონებისათვის (მაგ. 2002 წლის მყინვარ კოლკას სტიქია).

საქართველოს მყინვარების წარმოქმნას განსაზღვარვს მისი ტერიტორიის კლიმატური პირობები, შავი ზღვის გავლენა, გეოლოგიური აგებულება და რელიეფის მორფომეტრიული და მორფოლოგიური თავისებურებები.

თანამედროვე მყინვარების რაოდენობისა და ფართობის მიხედვით მდ. ენგურის აუზი უდიდესია საქართველოში. იგი აღემატება ერთად აღებულს ყველა დანარჩენ აუზს.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1911-1960 წლებში მყინვარების ფართობი საქართველოში 9.3±6.0%-ით შემცირდა, ხოლო მათმა რაოდენობამ 52.6±9.0%- ით მოიმატა. ამ პერიოდში ფართობის შემცირების პარალელურად მყინვარების რაოდენობის მატება გამოწვეული იყო იმით, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ხეობის რთული ტიპის მყინვარების საერთო ფართობი 200 კმ2-ზე მეტი იყო.

სწორედ აღნიშნული მყინვარების დეგრადაციის შედეგად გაჩნდა შედარებით მცირე ზომის ხეობის მარტივი ტიპის მყინვარები და კიდევ უფრო მცირე ზომის კარული ტიპის მყინვარები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მყინვარების რაოდენობის გაზრდა სწორედ ხეობის რთული ტიპის მყინვარების დაყოფამ გამოიწვია.

რაც შეეხება 1960-2014 წლებს, ამ პერიოდში ადგილი აქვს მყინვარების როგორც რაოდენობის, ასევე ფართობის შემცირებას. შესაბამისად, 19.0±5.0% და 36.0±2.0%. მყინვარების რაოდენობის ასეთი მკვეთრი შემცირება გამოწვეულია იმით, რომ 1960-1970-იანი წლებისათვის საქართველოში მყინვარების ძირითად რაოდენობას წარმოადგენდა მცირე ზომის კარული ტიპის მყინვარები, რომლებიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საერთოდ გაქრა.

ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში, მყინვარების ფართობის ყველაზე დიდი შემცირება პროცენტულად აღმოსავლეთ კავკასიონზე, კერძოდ კი მდ. თერგის აუზში ფიქსირდება. 1911-1960 წლებში თერგის აუზში მყინვარების ფართობი 24.6%-ით შემცირდა, ხოლო 1960-2014 წლებში 47.1%-ით. საერთო ჯამში კი 1911-2014 წლებში მყინვარების ფართობი 60.1%-ით შემცირდა. მყინვარების შემცირების პარალელურად ჯვრის უღელტეხილისა და ყაზბეგის მეტეოსადგურის 1961-2009 წლების ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურზე 0.3 და 0.20-ით მაღალი ფიქსირდება. აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარების ასეთი ტემპით დნობა განპირობებულია არა მარტო კლიმატური პირობებით, არამედ რელიეფის მორფოლოგიური თავისებურებებით. ზოგიერთი მდინარის აუზის რელიეფი აგებულია იურული დანალექი ქანებით, რომლებიც ძლიერ დენუდაციას განიცდიან. სწორედ ამიტომ პლეისტოცენური გამყინვარების ფორმები, სადაც ყველაზე კარგად ინახება და გროვდება თოვლი, და შესაბამისად მყინვარების არსებობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, აქ ცუდად არის შემონახული.

ცენტრალურ კავკასიონზე გამყინვარების მთავარ კერას ენგურისა და რიონის აუზები წარმოადგენს. 1911-1960 წლებში მდ. რიონის აუზის მყინვარების ფართობი მხოლოდ 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ენგურის აუზის მყინვარების ფართობმა მხოლოდ 3.7%-ით მოიკლო. აღნიშნული მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან რიონისა და ენგურის აუზის გარკვეული მყინვარები ძნელად მისადგომია მენზუალური აგეგმვისთვის. შესაბამისად, როდესაც შედგა კავკასიის პირველი ტოპოგრაფიული აგეგმვა, აღნიშნული მყინვარების ფირნის კონტურები არასწორად იქნა დატანილი. ზოგიერთი პატარა მყინვარი კი საერთოდ გამორჩენილია. კ. პოდოზერსკის 1911 წლის კატალოგი, რომელიც აღნიშნული რუკების საფუძველზეა შედგენილი, ამ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზებით გამოირჩევა. რადგან იგივე 1911-1960 წლების პერიოდში რიონისა და ენგურის აუზში ადგილი აქვს მყინვარების საკმაოდ დიდი რაოდენობით მატებას. კერძოდ: რიონის აუზში 27-ით მეტი მყინვარი, ენგურის აუზში – 125-ით მეტი მყინვარი. ბუნებრივია, რომ მყინვარების ფართობის ასეთი მცირედი შემცირებით მათი რაოდენობა ასე მკვეთრად ვერ გაიზრდებოდა. რაც შეეხება 1960-2014 წლებს, რიონისა და ენგურის აუზებში მყინვარების ფართობის საკმაოდ დიდ კლებასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, 37.8% და 32.8%.

ბეზენგის კედელი

 

რაც შეეხება დასავლეთ კავკასიონს, ბზიფის და კელასურის აუზები საქართველოში ერთადერთია, სადაც 1960 წლის შემდეგ მყინვარების რაოდენობა არ შემცირებულა. ამ ფაქტის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ისაა, რომ ზამთრის პერიოდში დასავლეთ კავკასიონზე (აფხაზეთის მონაკვეთი), განსხვავებით ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიონისგან, უფრო მეტი მყარი ატმოსფერული ნალექი მოდის. რაც მყინვარების არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ხეობის ტიპის მყინვარების ფართობი 1820-2014 წლებში 25-35%-ით შემცირდა, ხოლო მათმა ენებმა საშუალოდ 2.1 კმ-ით დაიხია უკან. მცირე გამყინვარების მაქსიმუმის შემდეგ ენების ჰიფსომეტრიულად მაღლა გადაადგილება სხვადასხვა მაჩვენებლით ხასიათდება. აქ ძირითად როლს თამაშობს მყინვარქვეშა ხეობის ფსკერის მორფოლოგიური პირობები და მორფომეტრიული მაჩვენებლები. ჰიფსომეტრიულად ყველაზე მაღლა აიწია იმ მყინვარებმა რომელთაც ენის წინ მაღალი რიგელი აქვთ (წანერი, უშბა, დოლრა, სუათისი, კირტიშო, დიდი ედენა და სხვ.) და ადრე მყინვართა ენები სწორედ ამ რიგელებზე იყო გადმოკიდებული.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 24 მყინვარზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უკან დახევის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ხეობის რთული ტიპის მყინვარებზე ფიქსირდება (ქვიში, ტვიბერი, ლეხზირი და სხვ.), რომელთა ფართობი (თითოეულის) მცირე გამყინვარების მაქსიმუმის დროს 40.0-50.0 კმ2-ს აღემატებოდა, ხოლო მათი ენები დღევანდელთან შედარებით 400-500 მეტრით დაბალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულზე ჩამოდიოდა. შესაბამისად, დნობაც უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. მათი დაყოფის შემდეგ (1900-1960 წწ) კი უკან დახევის ტემპი შენელებულია.

გვიან პლეისტოცენში კავკასიონზე უპირატესად ადგილი ჰქონდა მთა-ხეობათა ტიპის გამყინვარებას, ხოლო ხეობის ტიპის მყინვარები ორ-სამჯერ აღემატებოდა თანამედროვეს. სამხრეთ მთიანეთში ვიურმულ გამყინვარებას დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც დღეს აღმოსავლეთ კავკასიონზეა. იმ დროისათვის მყინვარი პტიში (კოდორის აუზი) ზ.დ. 600 მეტრზე ჩამოდიოდა, ასეთ დაბალ სიმაღლეზე საქართველოში არცერთი მყინვარი არ ჩამოსულა. ხოლო მყინვარი ნენსკრა ზ.დ. 650 მეტრამდე ჩამოდიოდა და ყველაზე გრძელი მყინვარი იყო (36 კმ) არამარტო მდინარე ენგურის აუზში, არამედ მთელ საქართველოში.

ზოგადად აუცილებელია, რომ ტარდებოდეს მუდმივი და დეტალური დაკვირვებები მყინვარების „ქცევაზე” სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის კავკასიაში, სადაც მყინვარები მტკნარი წყლის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთვის კი ის მდინარეები, რომლებიც მყინვარული წყლებით იკვებება (კოდორი, ენგური, რიონი, ცხენისწყალი, თერგი და სხვ.) ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ჰიდროელექტრორესურსს წარმოადგენს.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://www.tsu.ge

 

 

 

„ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა…“ (ორმაგი უარყოფის შესახებ)

0

 

მხატვრული ლიტერატურის შესწავლის პროცესში გრამატიკულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება ხშირად გვიწევს ხოლმე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ამჯერად ორმაგი და ერთმაგი უარყოფის შესახებ გთავაზობთ მასალას. როდის და როგორ ავუხსნათ მოსწავლეებს ეს საორჭოფო საკითხები? რა ნორმა არსებობს და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი შეცდომებისგან?

ამ კითხვებზე პასუხების  გასაცემად უპრიანი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ მცირე კვლევის ჩატარებას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამუშავების პროცესში.

რატომ „ვეფხისტყაოსანი“?

ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში, დაწერილ თუ გადაწერილ ტექსტებში, ორმაგი უარყოფის ნიმუშები თითქმის არ გვხვდება. ამ საკითხს საგანგებო კვლევა მიუძღვნა ვარლამ თოფურიამ. ნაშრომში „ორმაგი უარყოფა ქართულში“ ( შრომები, II, თბილისი, 2002)მეცნიერი აღნიშნავს, რომ „ ქართული ენის ბუნებას ორმაგი უარყოფა არ ახასიათებდა, ამიტომ მას ადგილი არ ჰქონდა თვით ბერძნულისგან დამოკიდებულ სახარებაშიც კი ( ბერძნულისთვის ორმაგი უარყოფაა დამახასიათებელი)“…ამავე შრომაში ვარლამ თოფურია აცხადებს: „ თუ ერთი უარყოფითი ნაცვალსახელი ან ზმნიზედა რომელსამე სინტაქსურ ორგანიზაციაში ამოყოფდა თავის, იქ მეორე უარყოფითი ნაწილაკი საჭირო არ იყო და იგი არც იხმარებოდა. გვქონდა მუდამ ერთმაგი უარყოფა“. მკვლევარს ნათქვამის დასადასტურებლად მოჰყავს ამონარიდები ჯრუჭის, პარხლის, ტბეთის სახარებებიდან. მოცემულ ნიმუშებში უარყოფა ყველგან ერთმაგია ( ვერავინ შემძლებელ არს…ნუვინ უარმყოფთ მე…არასადა ეხილვა…ვერასადა წარემართოს…ნუსადა თქუან…).

მაშასადამე, მეათე-მეთერთმეტე საუკუნემდე დაწერილ და გადაწერილ, თარგმნილ თუ ორიგინალურ ტექსტებში ორმაგი უარყოფა არ გვხვდება.

მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ დაწერილ ტექსტებში, ვარლამ თოფურიას თქმით, „ პირველ შემადგენელ ნაწილს უარყოფითობის ძალა დაეკარგა და ენა იძულებეული გახდა მეორე უარყოფითი ნაწილაკის ხმარებისთვის მიემართა“. ამ მხრივ ჩვენი ძვირფასი „ვეფხისტყაოსანი“ განსაკუთრებით საინტერესო საკვლევია, რადგან აქ ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ფორმები პარალელურადაა გამოყენებული. შოთა რუსთველის პოემა საპროგრამო ტექსტია, ამიტომ მასზე დაკვირვებით ამ საკითხის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის. მათ საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ტექსტს და თავადვე გამოიტანონ დასკვნები.

პოემის ტექსტი, მოგეხსენებათ, ვრცელია. ტექსტის ლექსიკურ და შინაარსობრივ დონეზე დამუშავების პროცესში მასწავლებელმა, სასურველია, სთხოვოს მოსწავლეებს იმ სტრიქონების ამოწერა, სადაც უარყოფითი ნაწილაკები, ზმნიზედები და ნაცვალსახელები გვხვდება.  სხვა შემთხვევაში, მთლიანი ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია თავად წარმოუდგინოს მოსწავლეებს მასალა, სადაც თავმოყრილი იქნება ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ნიმუშები. სანიმუშოდ გთავაზობთ ჩვენ მიერ ამოკრებილ სტროფებს ( ცხადია, აქ მხოლოდ მცირე ნაწილია ტექსტში წარმოდგენილი ერთმაგი და ორმაგი უარყოფის ნიმუშებისა)

პროლოგიდან:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად “ჰაი-ჰაი”-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდე

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა:

მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა:

ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა…

ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან

ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასერე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
და ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

და სხვა…

როგორც ცნობილია, გარდა გრამატიკული ასპექტებისა, ორმაგი უარყოფის წარმოშობა და განვითარება ფსიქოლოგიური ფაქტორებითაცაა განპირობებული. უარყოფითი ნაწილაკის დამატება აძლიერებს უარყოფის ფსიქოლოგიურ ეფექტს. დავაკვირდეთ ფრაზებს: „ვერაფერს გეტყვი“  და „ ვერაფერსაც ვერ გეტყვი“, „ნურავინ გაბედავს“ და „ნურავინ ნუ გაბედავს“ – ფრაზების ემოციური ელფერის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ მსმენელზე უფრო მძლავრი ეფექტის მოსახდენად  მთქმელი ცდილობს, დამატებით „სიგნალი“ ( უარყოფითი ნაწილაკი)გამოიყენოს.

ვთხოვოთ მოსწავლეებს მოცემულ ნიმუშებზე დაკვირვებით თავად გამოიტანონ დასკვნები. რა შემთხვევაში იყენებს პერსონაჟი ორმაგ უარყოფას? არის თუ არა ორმაგი უარყოფა ფსიქოლოგიურად და ემოციურად განპირობებული? ამ კითხვებზე პასუხების მოძიების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ პერსონაჟის სულიერ-ემოციურ განწყობაზე. მაგალითად, ასმათის ნათქვამი ფრაზა „ ვერასათვის ვერ გიამბობ“ ქალის მტკიცე გადაწყვეტილებას კარგად გამოხატავს, როსტევანის განკარგულება „ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა” კი მეფის გულუხვობასა და მეფურ ბუნებას ერთდროულად წარმოაჩენს.

დასახელებულ ნიმუშებში ერთმაგი და ორმაგი უარყოფის მონაცვლეობა თავისუფალია და გრამატიკული თვალსაზრისითაც სავსებით გამართლებულია, თუმცა თანამედროვე მოზარდების მეტყველებაში ხშირად გვხვდება უარყოფის გამოხატვისას მცდარი ფორმები. ამ მხრივ მედიასაშუალებებიც სცოდავენ. როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო თუ ონლაინ სივრცეში ხშირად გვხვდება შეცდომები უარყოფითი ნაწილაკის გამოყენების ( ან გამოუყენებლობის) კუთხით. უფრო ხშირია ერთმაგი უარყოფის მცდარი ფორმები. ამ მიმართულებით სამუშაოდ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ ბეჭდურ, ტელე თუ ონლაინ მედიაში იმგვარი ნიმუშების ამოკრებას, სადაც დარღვეულია ორმაგი უარყოფის სავალდებულოდ გამოყენების წესები.

დაშვებული შეცდომების გაანალიზების შემდეგ ისინი თავად შეიმუშავებენ წესებს, როდესაც ორმაგი უარყოფის გამოყენება სავალდებულოა.

სანიმუშოდ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

ორმხრივი მოლაპარაკების შედეგებს არც ერთი მხარე ახმაურებს.

…მედიის წარმომადგენლებს არც სტუმართან მიეცა გასაუბრების საშუალება.

პოლიტიკოსებმა ვერავითარი გავლენა მოახდინეს.

მოცემულ მაგალითებში დარღვეულია ორმაგი უარყოფის გამოყენების წესები (ა)როცა უარყოფითი ნაცვალსახელი ან ბ)ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკისგან ან გ)როცა მათ დაერთვს ნაწილაკი -ც(ა), აგრეთვე როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელი წევრია  – ორმაგი უარყოფა აუცილებელია!).

ამ და მსგავსი მაგალითების გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან ორმაგი უარყოფის გამოყენების სავალდებულო წესებს ( მასწავლებელს შეუძლია იხელმძღვანელოს ავთანდილ არაბულის სახელმძღვანელოთი „ქართული მეტყველების კულტურა“ ან ამავე ავტორის წიგნით „ქართული ენა – ტექსტების ანალიზი და მოდელირება. მართლწერის საკითხები“), სადაც ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც ორმაგი უარყოფა აუცილებელია და აღნიშნულია, რომ გარდა ამ შემთხვევებისა ცალმაგი და ორმაგი უარყოფის ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება.

გამოყენებული ლიტერატურა

ვარლამ თოფურია – „ორმაგი უარყოფა ქართულში“

ავთანდილ არაბული – „ქართული მეტყველების კულტურა“

ლეილა გეგუჩაძე – „ერთმაგი უარყოფის ფორმათა შესახებ თანამედროვე ქართულში“

შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...