კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

მშობელთა ჩართულობა: ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?

0

„შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, რადგან არ ვაპირებ

თქვენთვის იმის თქმას, როგორ მოიქცეთ“[1]

დონალდ ვინიკოტი

 

მშობლებთან ურთიერთობა, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და განათლების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ხშირად საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას უმცირესობების და სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების მშობლების შემთხვევაში, როდესაც ენობრივი, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები დამატებით ბარიერს წარმოშობს მშობელთა ჩართულობისთვის. ამასთან ერთად მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული დომინანტური სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს გვიშლის, შემოქმედებითად ვიფიქროთ სტრატეგიებზე ყველა მშობლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, დასაქმებულ მშობელზე, რომელიც ექიმი, მასწავლებელი ან თანამდებობის პირია და ხშირად ვერ მოდის მშობლებთან შეხვედრებზე და არ პასუხობს ჩვენს თხოვნებს (მაგ. რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება), მეტი შემწყნარებლობით ვუდგებით, ვიდრე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ან სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებს, რომლებზეც ხშირად შეიძლება ისიც კი გავიფიქროთ, რომ ‘მათ თავიანთი ბავშვების განათლება სულაც არ აინტერესებთ!“

მაგრამ….

ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მშობელს სურს საუკეთესო საკუთარი შვილისთვის. მათი ოცნებები და იმედები სწორედ შვილებს უკავშირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში ეს იმედები და მოლოდინებიც განსხვავებულია[2]. რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში წარმატებული იყოს? უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თუ უფროსების პატივისცემის ნიშნად მდუმარედ უსმინოს უკვე დადგენილ ჭეშმარიტებებს? შაბლონის მიხედვით დახატოს პეპელა თუ ისე, როგორც მოუნდება? გაიხსენოს დაზეპირებული ლექსები თუ წაკითხული ისტორიებიდან მისთვის საინტერესო დეტალები? კლასელებთან ერთად იმუშაოს პროექტზე თუ შეეჯიბროს მათ დავალების შესრულებაში – რომელი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს? ამ კითხვებს უნივერსალური პასუხები არ აქვს, რადგან სხვადასხვა კონტექსტში სწორედ განსხვავებული მიდგომები მიიჩნევა ღირებულად. საქართველოში პედაგოგები ხშირად ხვდებიან მშობელთა დამოკიდებულებას, რომელიც აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების კოგნიტურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს, ხოლო სოციალურ-ემოციური უნარებსა და პიროვნულ თვისებებს მეორეხარისხოვნად (საკმაოდ უსამართლოდ) მიიჩნევს. ასეთ დროს, სანამ მშობელთა „მოძღვრებას“ დავიწყებთ, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ – რატომ? შესაძლოა მშობელთა უმრავლესობა ასე სწორედ იმიტომ მიიჩნევს, რომ ჩვენ საზოგადოებაში (და არამარტო) გაბატონებულია ხედვა, რომ საზოგადოებაში დაფასებული წარმატება მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე გადის, ხოლო ნაკლებად „ხელშესახებ“ ცოდნასა და უნარებზე დახარჯული დრო – ფუჭია; ხედვა კი სოციალურ-კულტურული კონტექსტითა და არსებული სისტემებით (მაგ. ტესტირება და საგამოცდო სისტემა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია დაზეპირებულ ცოდნაზე) არის გამყარებული.

მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება, პატივისცემა და მათზე რეფლექსიაა. მნიშვნელოვანია, რეფლექსიის პროცესი  დიალოგის ნაწილი იყოს – ვკითხოთ მშობლებს, რატომ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სწორედ ასე და არა სხვანაიარად? ავუხსნათ, ჩვენ რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად? როდესაც ჩვენსა და მშობლის ხედვას შორის დიდი განსხვავებებია, შესაძლებელია მოიძებნოს გადაკვეთის წერტილი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება? რა არის მთავარი რასაც ჩვენ, როგორც პროფესიონალი ვერ გადავუხვევთ? სად გადის წითელი ხაზი ბავშვის ინტერესების დასაცავად?

რეფლექსიის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია გავაცნობიეროთ, რომ ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი შვილის განვითარებას, სწავლასა და წარმატებას. ბავშვის ხელშეწყობა ოჯახურ გარემოში ბუნებრივია, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე მეცადინეობის დროს დახმარებას. შესაძლოა, რთულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის შესაძლებლობების შემჩნევა და წახალისება ბავშვის ერთობლივი აღზრდისა და განათლების პროცესში. იყო მასწავლებელი, გარკვეულწილად ნიშნავს იყო სოციალური აქტივისტი, რომელსაც სჯერა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების და პოტენციალის, ინდივიდების გაძლიერების გზით უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის და მისგან ყველაზე განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან ცდილობს დიალოგსა და ერთობლივი მშვიდობიანი სამოქმედო ველის შექმნას. ამიტომ, მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მშობლის თანასწორ პარტნიორად მიღება. მშობლების მონაწილეობა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას/ბაღს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას/ბაღს შორის, სკოლას/ბაღსა და ადგილობრივ თემს შორის. დაბოლოს, მშობლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, პრინციპულია გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი, როგორც პროფესიონალების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ მშობელთან შეიძლება კონტაქტი „რთული“ აღმოჩნდეს, მიუხედვად მშობლის სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ოჯახური მდგომარეობისა, განათლებისა და შემოსავლისა.  მასწავლებლის მოვალეობაა თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად კავშირის დამყარება.

რატომ არის მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი?

ფორმალურ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე არგუმენტები უხეშად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ინსტრუმენტული და უფლებრივი. ინსტრუმენტული ხედვა მშობლის მონაწილეობას მნიშვნელვნად მიიჩნევს, ვინაიდან ეს ემსახურება ბავშვის განვითარებისა და სწავლის უკეთესი შედეგების მიღწევას. ამ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „მშობელთა პედაგოგიზაციის“ ცნებაც, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნის არმქონე მშობლების განათლებას ბავშვის აღზრდისა და სწავლის „მეცნიერულ ჭეშმარიტებებზე“. უფლებრივი პერსპექტივა მშობელს თანაბარ მონაწილე მხარედ მიიჩნევს და მშობელთა ჩართულობას მოიაზრებს როგორც დემოკრატიული მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხიანი განათლების განუყოფელ ნაწილს. გთავაზობთ ძირითად არგუმენტებს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:

  • მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული მახასიათებლები.
  • ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეში – ოჯახში, თემში, სკოლამდელ დაწესებულებაში/სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან სიბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა „სივრცეს“ აერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
  • მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
  • ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, ბაღის/სკოლის ადმინისტრაციაზე და თემზე; ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.
  • მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას შინ (აღზრდა, ზრუნვა, განათლება) და განათლების პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებას საბავშვო ბაღში/სკოლაში. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
  • მშობლების/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცეში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიის და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს არა მხოლოდ მიკრო დონეზე (ბაღი, სკოლა), არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?

ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად როგორც წესი მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლება – მეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მშობლებსა და მასწავლებლებში მეორე მხარის მიმართ არსებული გავრცელებული შეხედულებები[3].

მშობლები მასწავლებლები (და ბაღის/სკოლის სხვა თანამშრომლები)
მორგებული აქვს მშობლის ტრადიციული როლი – „მიჰყევი პროფესიონალების მითითებებს“ მორგებული აქვს მასწავლებლის ტრადიციული როლი – „პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ ყველაფერს“
შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მასწავლებლის და ზოგადად განათლების შესახებ შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მშობლისა და ზოგადად განათლების შესახებ
ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის პრობლემებში ადანაშაულებს მშობლებს ბავშვის პრობლემებში
მიაჩნია, რომ მასწავლებლები გულწრფელად არ ზრუნავენ მის შვილზე მიაჩნია, რომ მშობლებს არ აღელვებთ განათლება
ინიციატივას, მიწვევას და მონაწილეობისთვის შესაძლებლობების შექმნას ელის მასწავლებლებისგან მოლოდინი აქვს, რომ მშობელი მას შემდეგ ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში, როდესაც  მოპატიჟების მიიღებს ბაღიდან/სკოლიდან და მონაწილეობას მიიღებს იმ ფორმით, როგორც ბაღი/სკოლა მოელის მისგან.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი პროფესიონალია, ამიტომ ემპათიას არ ავლენს მასთან სურს, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ამიტომ არ ავლენს ემპათიას ბავშვებსა და მშობლებთან
არ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებ არ ახდენს მოლოდინების ნათლად ჩამოყალიბებას; მოელის, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და არ დასვან კითხვები ქცევის წესების შესახებ
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე
ეშინია უკუკავშირის მიწოდება მასწავლებლისთვის ეშინია უკუკავშირის მიწოდება ზოგიერთი მშობლისთვის
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი შეუძლია, აკლია საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების რწმენა მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი სჭირდება, არ ენდობა მშობლის კომპეტენციებს

 

მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები

მშობელთა ჩართულობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ[4]: კომუნიკაცია, მოხალისეობა, ოჯახის ჩართვა სასწავლო აქტივობებში, მშობლობის მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობა, თემთან თანამშრომლობა, დისტანციური ჩართულობა (მაგ. ონლაინ სოციალური ქსელებით და სხვა პლატფორმები). თითოეული სტრატეგიის სპეციფიკის განხილვა ცალკე სტატიის თემაა, თუმცა შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასდევდეს მშობლების ჩართულობის ხელშეწყობას ნებისმიერ სიტუაციაში:

  • გარემოს შექმნა, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის
  • ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში
  • ფოკუსირება როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე
  • ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების აღიარება და პატივისცემა
  • ინდივიდუალური შეხედულებების, გამოცდილებისა და კულტურის პატივისცემა
  • თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა
  • აქტიური მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
  • თანამონაწილეობა არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ემპათია
  • დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
  • მშობლების, როგორც ნახევრად-პროფესიონალების მხარდაჭერა.

 

 

[1] Winnincot, D. W. (1992). The child, the family and the outside world. Cambridge. Perseus.

[2] Henderson, A.T., Mapp. K. L., Johnson, V.R., & D. Davies. (2007). Beyond the Bake Sale. The essential guide to family-school partnerships. New York, London. The New Press.

[3] Trikic, Z. (2017). Parental involvement – two sinking boats sending SOS (unpublished presentation).

[4] Desforges, C. & A. Abouchaar. (2003). The impact of parental involvement, parental support and family education on pupil achievement and adjustment: a review of literature.

5 Department of Children, Schools and Families. (2008). The impact of Parental Involvement on Children’s Education. https://www.ucy.ac.cy/nursery/documents/ThemaVdomadas/DCSF-Parental_Involvement_1.pdf

6 Trikic, Z. (2012) Building Opportunities in Early Childhood from the Start. A teacher’s guide to good practices in inclusive early childhood services. International Step by Step Association, Roma Education Fund.

7 Watkins, A. & S. Ebersold. (2016) Efficiency, effectiveness and equity within inclusive education systems. In Implementing Inclusive Education: Issues in Bridging the Policy-Practice Gap, pp.229-253.

კარგი წიგნების საიდუმლო

0

ცოტა ხნის წინ,  მორიგი „წიგნების დალაგების“ რიტუალის დროს, ედიშერ ყიფიანის პროზაული კრებული აღმოვაჩინე. კრებულში მისი რომანი „ცაში ასროლილი ქუდებიცაა“ შესული. ამ მწერლის რამდენიმე მოთხრობა ალაგ-ალაგ, სხვადასხვა პერიოდიკაში კი მაქვს წაკითხული, მაგრამ „ცაში ასროლილმა ქუდებმა“ ისეთი ბუნებრივი სიხარული მაგრძნობინა, რაც მხოლოდ ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს ახლავს ხოლმე. თითქოს უკვე წაკითხული მქონდა, უფრო სწორედ _ რაღაც ძალიან ნაცნობზე, მშობლიურზე მიყვებოდა ავტორი.

ედიშერ ყიფიანი გასული საუკუნის 50-60-იანელთა თაობას ეკუთვნის და მის შესახებ ახალგაზრდებმა შესაძლოა ბევრი არც არაფერი იცოდნენ. ის კი არა, ხომ გამხელილი ცოდვასავით ვთქვი _ აქამდე მეც ზერელე შთაბეჭდილება მქონდა და ჩემთვისაც უცნობი ავტორი იყო.  „ცაში ასროლილი“ ქუდები დაბეჭდვისთანავე გახმაურდა თურმე და მერეც, როცა იქმნება ხოლმე ეპოქის აღმბეჭდი ანთოლოგიები, ამ რომანს (ვრცელი მოთხრობაც შეგვიძლია ვუწოდოთ) არ ივიწყებენ.

ეს ისეთი ტექსტია, საიდანაც ძალიან გამჭვირვალედ და მკაფიოდ _ ავტორი ჩანს, და რაც მთავარია _ ჩანს მთელი თავისი კეთილშობილებით. დღეს, როცა ლიტერატურისმცოდნეობა შეარყია იმ აზრმა, რომ „ავტორი მოკვდა“ და საერთოდ, მწერლებისგან რას, რას და, კეთილშობილებას ყველაზე ნაკლებადღა ითხოვენ, შესაძლოა მეტისმეტად გულუბრყვილოდ, რომანტიკულად და ნაივურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია რომ ამ რომანს ერთ ღირსებას სწორედ ეს ფაქტი სძენს _ ავტორის გამჭვირვალე „ბექ-გრაუნდი“, რომელიც თავისი ზნეობრივი კანონით აწესრიგებს ტექსტში ატეხილ კონფლიქტებს.

რომანის მთავარი გმირი, ზაალ ანჯაფარიძე საბჭოთა გამომძიებელია, რომელსაც თავის კარიერაში დებიუტი აქვს _ ერთი მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ამბავი უნდა გამოიძიოს. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ისაა, რომ საქმე ერთ თინეიჯერს, პაატას ეხება. სწორედ ისაა მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მსხვერპლი.

დავიწყოთ იმით, რომ ზაალ ანჯაფარიძე  „საბჭოთა გამომძიებელი“ მხოლოდ იმიტომაა, რომ საბჭოთა სისტემის წარმომადგენელია, თორემ თავისი ქცევით, პოზიციით, დამოკიდებულებებით, რომანტიკული და გმირული ბუნებით სრულიად ანგრევს „საბჭოთა მოხელის (მით უფრო, ძალოვანის)“ სტერეოტიპს.

ხოლო ის კი, რაც ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება ამ ტექსტში, სწორედ მოზარდის თემა გახლავთ, მისი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა-გადმოგდების შემზარავი ამბავი.

ესაც „ანტისაბჭოთა“ თემად მიმაჩნია, რადგან, უკიდურესად იდეოლოგიზირებულ და სიყალბით გაჟღენთილ სისტემაში „უბედური“, მით უფრო თვითმკვლელი და მით უფრო _ ბავშვი _ არ არსებობდა და ასეთი რომც ყოფილიყო, სასტიკად უნდა დაეგმოთ ან მიეჩქმალათ საზოგადოებისგან.

ედიშერ ყიფიანის გმირი კი სწორედ მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს იძიებს და ამ პროცესში ჩართულია ყველა ადამიანური, ცხოვრებისეული (მათ შორის, სისტემური) ნიუანსი _ ზაალ ანჯაფარიძისთვის არაფერია ამ ფაქტზე უფრო დიდი ბოროტება, და ვერც ვერაფერი დაუოკებს შეძრწუნებულ სინდისს („დამნაშავეს“ ის ყველგან ეძებს _ მთელ საზოგადოებაში, მათ შორის საკუთარ თავშიც _ რამ მიიყვანა ბიჭი ამ ნაბიჯამდე?), ვიდრე არ გაარკვევს სიმართლეს, რომელიც, მასავით, სამწუხაროდ, გარშემო არავის აწუხებს, არც არავის სჭირდება, მოზარდის დედის გარდა.

წავიკითხე ეს რომანი და ჩემი ცხოვრების ის დრო გამახსენდა, აი, დაახლოებით წიგნის გმირის _ პაატასხელა რომ ვიყავი და სამყაროსეული აღქმები და შეგრძნებები ნერვული დაბოლოებებით რომ ნაწილდებოდა ჩემს ანატომიაში და ყველაფერი იმაზე უფრო მძაფრი და მტკივნეული იყო, ვიდრე თავად მისი შინაარსი და დანიშნულება. ამას დაუმატეთ დრამატულ-ტრაგიკული მოვლენები ჩვენს საზოგადო სინამდვილეში და, მოზარდი თაობის იმგვარ სურათს მიიღებთ, როგორიც ნებისმიერი წიგნის თუ ფილმის ნედლ მასალად გამოდგება, „უტყუარ ტექსტად“, სადაც სიცოცხლე თავის საიდუმლოს ამოგაკითხებს. თვითმკვლელობაზე (როგორც სამედიცინო ტერმინით უყვართ ხოლმე ჩანაცვლება _ სუიციდზე) საუბარი არც არავის სიამოვნებს და არც დიდად სასარგებლო მგონია, მისი აღმოფხვრის პრევენციისთვის მაინც. მაგრამ ეს ის სინამდვილეა, რომელიც, იმ საბჭოთა გამომძიებელივით, ფაქტის წინაშე დააყენებს ხოლმე მთელ საზოგადოებას და ყველანაირ განსჯას აზრს უკარგავს.

არც თვითმკვლელობის რომანტიზაცია მიმაჩნია „კარგ საქმედ“, მით უფრო მაშინ, როცა ამას ხელოვნება აკეთებს. მაგრამ რამდენი ლიტერატურული პერსონაჟი ვიცით, რამდენი ფილმის გმირი, ვინც ეს არჩევანი გააკეთა და მკითხველიც და მაყურებელიც, ბოლო წუთამდე იყო მისი თანამგრძნობელი, მოზიარე.

მაგრამ, როცა თავს ბავშვები იკლავენ!.. რა ხდება ამ დროს? სად იბზარება სამყარო ისეთი ჭახანით, რომელიც დიდხანს ჩამოამწყვდევს ხოლმე დედამიწაზე სიჩუმის მეუფებას?!.. ერთი დიდი თვითმკვლელი გამახსენა ედიშერ ყიფიანის რომანმა, თვითმკვლელი ბავშვი _ მზია ბათარეკას ასული ჭინჭარაული, გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის გმირი. ჩემთვის ეს ნოველა განუმეორებელი და აუხსნელი ელდა იყო, დიდი თავზარი და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვეძებდი პასუხებს კითხვებზე _ რატომ?.. როგორ?.. საერთოდ, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების ცხოვრებასთან სიახლოვეზე, მის „ახალ რეალიზმზე“, უმთავრესი მაინც სათქმელი დაგვრჩება _ გურამ რჩეულიშვილი სწორედ იმიტომაა დიდი მწერალი, რომ ამ ერთი შეხედვით რეალურ ცხოვრებაშიც რაღაც დიდი საიდუმლო დააუნჯა, ყველაფერს ამ საიდუმლოს ძალა გამსჭვალავს და თუ რაიმე ზემოქმედებს,  _ სწორედ ის, იდუმალი, შეუცნობელი ძალა, საიდუმლო.

„მზია ბათარეკას ასულიც“ საიდუმლოებით მოცული ნოველაა, ერთ ამოსუნთქვაში ჩატეული ვეებერთელა ტრაგიზმი და სიცოცხლის სასწაული. მზიასავით თუ ოცნებობ, მზიასავით თუ გიყვარს, მზიასავით თუ გრძნობ სამყაროს… _ ეს იმხელა ბედისწერაა, ისეთი ბეწვის ხიდზე სიარულია, რომ თუ გადარჩი და მშვიდობით გაიარე, მაშინ დიდხანს, დიდხანს იცოცხლებ და ცხოვრება ვერაფერს დაგაკლებს. ხოლო თუ ეგ ხიდი აქ, ბავშვობაში ჩაწყდა!.. (როგორც რომეოს და ჯულიეტას სიყვარულის ზღაპარი, რომელიც ლეგენდად მხოლოდ იმან აქცია, რომ სწორედ ბავშვობაშივე ჩაუწყდათ ხიდი, თორემ, აბა ეცოცხლათ, გადარჩენილიყვნენ, აბა გაეტანათ ხიდის მეორე მხარეს სიყვარული!..)

მზია ჭინჭარაულის თვითმკვლელობის მიზეზი, ცოტათი მაინც თუ ავხსნით,  სიამაყეა ალბათ. იმ სამყაროს სხვისგან დაუნახაობა (მეტიც, შებღალვა!), რომელიც ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ნამდვილი ჰგონია მას. რამდენი ასეთი დიდებული სული ჩაუწეწკვავს ცხოვრებას, რამდენი ასეთი მეოცნებე გული და სილამაზეზე დაგეშილი თვალი ჩაუძირავს ცხოვრების სიმახინჯეს, ყოფის ნაკუწებით რომ მბრძანებლობს ჩვენზე!.. გურამ რჩეულიშვილმა ერთ, განსაკუთრებულ მზიაზე დაწერა, მაგრამ ყველა ამ სულს უძღვნა სადიდებელი, ყველა ამ სულს დაუნთო სანთელი, ქედი მოუდრიკა და უფრო მეტიც _ ყველა ასეთი სული გააფრთხილა, წინასწარ შეამზადა ცხოვრების სიმკაცრეებისთვის, უთხრა ამ სულებს, რომ _ ისინი არიან სოფლის მარილი, უმაგათოდ მარტო ფონია ეს სამყარო, ხან თოვლ-და ხან ქარ-წვიმა მიხატული ფონი.

„ცაში ასროლილი ქუდების“ გმირ მოზარდსაც სიამაყის ტკივილი ტანჯავს, ტექსტი ისეა გაშლილი, რომ ბოლომდე ვერ ხვდება მკითხველი, ბოლოს და ბოლოს, რა იყო მიზეზი, ან იყო თუ არა ეს საერთოდ თვითმკვლელობა, ვიდრე ამას გაიგებს, სწორედ იმ დარდით უნდა ევნოს, იმ სინდისით უნდა შეწუხდეს, რაზეც მწერალი სხვადასხვა მოვლენებით თუ გმირებით ელაპარაკება; ბოლომდე ვერ უნდა გაიგოს, გადარჩება თუ არა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაატა, ამას ავტორი ვერ ეტყვის, ეს დასკვნა მკითხველმა თვითონ უნდა გამოიტანოს, პასუხამდე თავად უნდა მივიდეს!..

ამ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტის შედარება ჩემი მხრიდან, ცხადია, ღრმა ლიტერატურულ ანალიზს მოკლებულია. მე მხოლოდ თვითმკვლელი მოზარდების ორ ამბავზე დავფიქრდი. ამ და კიდევ ბევრ თემას კარგი კვლევა და მსჯელობა სჭირდება და ეს ლიტერატურათმცოდნეების საქმეა.

თუმცა, მკითხველების საქმეც ხომ წიგნებზე ლაპარაკია. ბავშვობიდან გულწრფელად მჯერა, რომ კარგი მკითხველი კარგ ადამიანს ნიშნავს. მით უფრო, თუ ის კარგ მწერალზე საუბრობს და ისეთ წიგნებზე, საიდანაც ავტორის კეთილშობილება გამჭვირვალე შუქივით იღვრება.

ასეთი წიგნების წაკითხვის მერე, ფიქრობ, რომ სიკვდილიც სადღაც უკან იხევს. ზოგადად, სიკვდილი _ ტკივილების უკანასკნელი თავშესაფარი.

როგორ ვიპოვოთ ბავშვი მეტროში

0

კითხვა ასეც შეგვეძლო დაგვესვა: როგორ ვიპოვოთ დაკარგული შვილი მილიონიან ქალაქში? ზრდასრულ შშმ ბიჭს სახლში რომ ვერ გამოკეტავ, ფაქტია. მან უეცრად შეიძლება ისარგებლოს სტუმრების ყოფნით, გააღოს ჩარაზული კარი და უკანმოუხედავად გაიქცეს. აუტიზმის მქონე პირებს ხშირად აქვთ გაქცევის სურვილი, ახლის აღმოჩენის, შეცნობის… შესაძლოა ამას თავისუფლების, დამოუკიდებლობის შეგრძნების წადილი ან ერთგვარი პროტესტიც ვუწოდოთ, ე. წ. „ღია კარის სინდრომი“, როდესაც ადამიანი მუდმივად ეძიებს ახალ კარს, რათა ნახოს, რა ხდება მის მიღმა.

ამის მერე იწყება დიდი თავგადასავალი როგორც 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭისთვის, ისე მისი ახლობლებისთვის. სუფრის წევრები სხვადასხვა მიმართულებით გარბიან „ბავშვის“ მოსაძებნად მაშინ, როდესაც უკვე 10-15 წუთის წინ სეირს მაცქერალმა მეზობლებმა აივნებიდან ქუჩაში შენიშნეს სახლის „შლოპანცებით“ მორბენალი „ის ბიჭი, რომელმაც ლაპარაკი არ იცის“ და არც კი შეატყობინეს ოჯახს. ლოგიკურად კვანძი იკვრება მეტროს ერთ-ერთ უახლოეს სადგურთან. მატარებლების მოყვარული ბიჭი დიდი ალბათობით სწორედ იქ უნდა აღმოჩენილიყო. ოჯახის წევრების ინტუიცია უტყუარია, მეტროს პერსონალის, კერძოდ კონტროლიორის, ქმედება კი, რბილად რომ ვთქვათ, უგუნური, არაპროფესიონალური – ის უცნაური ქცევების მქონე ბიჭს უფასოდ ატარებს ესკალატორზე, დადევნებულ, აღელვებულ ხალხს კი ბილეთის გარეშე არ უშვებს. იკარგება ძვირფასი დრო.

ოჯახმა ბიჭის გაქცევიდან ნახევარ სააათში განაცხადა მომხდარის შესახებ პოლიციაში. თავდაპირველად, გაქცევის მიზეზის ძებნისას, დაინტერესდნენ, ხომ არ ძალადობდნენ შვილზე მშობლები. ეჭვების გაქარწყლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შშმ პირის მოსაძებნი ერთადერთი გზა მეტროსადგურებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები იყო, რომელთა ფაილებს კრიმინალისტის გარეშე ვერ მოიპოვებდნენ. ჩანაწერების ნელი კადრების ყურება ოჯახის წევრებისათვის იოლი არ აღმოჩნდა: ხედავდნენ, როგორ გამოდიოდა ერთი ვაგონიდან ინტერესიანი ბიჭი და როგორ შედიოდა მეორეში ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, კარგად უნდა დაკვირვებოდნენ, მისი არც ერთი მოძრაობა არ უნდა გამოპარვოდათ… ვიდეო ფაილების ერთსაათიანი თვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ოთხი, თბილისის ცენტრალური მეტროსადგურის კამერები არ მუშაობდა! შესაბამისად დაიკარგა ბიჭის კვალიც…  არადა საქართველოს დედაქალაქში უკვე დაბნელებულიყო…

სტანდარტულად თითოეულ სადგურზე პატრულის ორი თანამშრომელი მეტროს შესასვლელში, ორი კი ბაქანზე დგას. ნათესავების ნაწილი მეტროსადგურებთან მივდიოდით და ბიჭს ვეძებდით. ინფორმაცია ჰქონდათ როგორც ქუჩაში, მანქანაში მსხდომ პატრულებს, ისე მეტროში მყოფ პოლიციელებსაც. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის სადგურიდან სადგურამდე მახინჯდებოდა. აღწერილობიდან ყველას კარგად ახსოვდა ლურჯი მაისური, თუმცა ეძებდნენ არა 18 წლის 180 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭს, არამედ 14 წლის მოზარდს. რომ არაფერი ვქვათ არასწორ ტერმინზე: იცოდნენ, რომ დაიკარგა „აუტიზმით დაავადებული“ ბიჭი, რომელსაც „შლოპანცები“ აცვია.

და მაინც: როგორ ვიპოვოთ დაკარგული შშმ პირი მეტროში?

  1. სასწრაფოდ მოითხოვეთ კრიმინალისტის მოსვლა განყოფილებაში, რათა მან დაუყოვნებლივ გასცეს ბრძანება ვიდეო ფაილების გასახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საღამოს პიკის საათის მომიზეზებით, შესაძლოა დილამდე მოთმინება გირჩიონ.
  2. დაურეკეთ ახლობლებს, რომ გადანაწილდნენ ქალაქში, ეძებონ მეტროსთან ახლომდებარე ტროტუარებზე, გამოკითხონ გარემოვაჭრეები თუ მაღაზიების გამყიდველები, რადგან ადრე თუ გვიან დაკარგული ბიჭი შიმშილის დასაკმაყოფილებლად სავარაუდოდ პროდუქტების უახლოეს მაღაზიას მიაკითხავს. პატრულის თანამშრომლებმა შესაძლოა ხალხის დიდ ნაკადში ბიჭი ვერ შენიშნონ, ახლობლები კი დაკარგულს უმალ იცნობენ. გაგიკვირდებათ და, რიგითი მოქალაქეებიც შესაძლოა სულაც არ დააეჭვოს სამი საათის განმავლობაში მეტროში მოსეირნე ტანმაღალმა ბიჭმა, რომელიც ხშირად სიხარულისგან დახტის და ტაშსაც უკრავს.

 

მაგრამ რას ვაკეთებთ მაშინ, როცა მიყოლებით ოთხ მეტროსადგურში არ მუშაობს ვიდეოკამერა? როცა არ ვიცით, ბიჭი ისევ მეტროშია თუ უკვე ამოვიდა და ბნელ ქალაქში უმეთვალყუროდ დაიარება? მივდივართ რამდენჯერმე მის საყვარელ, ჩაბნელებულ სკოლასთან – იქნებ ნაცნობ გზას არ უღალატა და თავად მივიდა მონატრებულ სასწავლებელში, სადაც ზრდასრული ასაკის შესრულებისთანავე დაემშვიდობნენ და მას მერე იძულებულია სახლში იყოს. თუ იქაც არ დაგხვდათ, რა უნდა მოიმოქმედოთ?

ფაქტია, ასეთ დროს რიგითი შშმ მოქალაქის ბედი ღმერთისა და რამდენიმე კეთილსინდისიერი, ყურადღებიანი პატრულის ანაბარა რჩება. ღამის ათ საათზე, მეტროს ბოლო გაჩერებაზე – ვარკეთილში – ბიჭი ამოდის ესკალატორზე, წყლის ბოთლს აჯანჯღარებს ყურთან და ისევ იმავე კიბით აპირებს ბაქანზე დაბრუნებას. ეს საეჭვო ქცევა და მისი უკვე გადმოცემული ჩაცმულობა პატრულს არწმუნებს, რომ ეს სწორედ ის ბიჭია, რომელსაც სამ საათზე მეტია ეძებენ.

ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ბევრ სფეროშია გასატარებელი რეფორმები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომუშავეებისათვის სპეციალური ტრეინინგებია ჩასატარებელი. ამით უგზოუკვლოდ დაკარგულთა საგანგაშო სტატისტიკაც მკვეთრად შემცირდებოდა. შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლაშივე უნდა ხდებოდეს – მოსწავლე არ უნდა დაიბნეს უცნაური ბიჭის დანახვისას და უნდა მიმართოს პატრულის თანამშრომელს, რომლის მოძებნაც არ უნდა გაჭირდეს თავშეყრის ადგილებში. ვიმედოვნებ, რომ მეტი მოქალაქე დაინტერესდებოდა მეტროში მოხეტიალე ბიჭით, ის მცირეწლოვანი რომ ყოფილიყო. პასუხს თუ ვერ მიიღებდნენ მისგან, პატრულს მაინც გაუზიარებდნენ ეჭვს – შესაძლოა ბავშვი დაკარგულია და ამას თავადაც ვერ ხვდებაო. სამწუხაროა, რომ გულგრილობას ვაწყდებით ნაცნობების (მეზობლების) მხრიდანაც კი. ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ დაკარგულის ფოტოც გადააგზავნა პოლიციამ ყველა პუნქტში ინტერნეტით. შესაძლოა მხოლოდ რაციით გადასცეს ინფორმაცია, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჭორის დონეზე გავრცელებულ ამბავს უფრო ჰგავდა.

ამ შემთხვევამ გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა – ზრდასრული შშმ პირების დასაქმებისა და დღის ცენტრების საკითხი, რომელიც დღემდე დეფიციტურია საქართველოში. ბიჭი რომ რეალიზებული იყოს – სწავლით, ხელსაქმითა თუ სპორტით დაკავებული, სახლში გამოკეტილიც არ იქნება და მრავალფეროვანი, სრულფასოვანი ცხოვრების მქონეს მისი თვალსაზრისით „გასეირნების“, ჩვენი გადმოსახედიდან კი „გაქცევის“ სურვილიც ნაკლებად გაუჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთ ბიჭებსა და გოგონებზე ნაკლებად ფიქრობენ, ისევე როგორც „ქუჩის ბავშვებზე“. საზოგადოებაც ინდიფერენტული და გაუთვითცნობიერებულია: გავიხსენოთ, ბოლოს როდის დავრეკეთ ცხელ ხაზზე, პატრულში ან სასწრაფოში მათხოვარი ბავშვის, უცნაური ტიპის ან ქუჩაში მძინარე კაცის დანახვაზე?..

 როცა სახლში თინეიჯერია

0

ფსიქოლოგი ნაიჯელ ლატტა მისთვის ჩვეული ენაკვიმატობით ურჩევს მეამბოხე მოზარდების მშობლებს, დაიჯერონ, რომ ცოტა ხანში, როდესაც ასაკობრივი ტორნადო გადაივლის, მათი შვილები კვლავ გადაიქცევიან დამჯერ და სათუთ  ადამიანებად. თავის წიგნში „ვიდრე თქვენმა მოზარდმა ჭკუიდან არ შეგშალათ“ გამოცდილი ფსიქოლოგი უამრავ საინტერესო რჩევას იძლევა: როგორ უნდა დაიბრუნონ მშობლებმა დაკარგული ავტორიტეტი; რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შვილმა ნარკოტიკი არ გასინჯოს; როგორ უნდა აღზარდოს მარტოხელა დედამ მოზარდი; რაზე უნდა დახუჭონ თვალი და რაზე – არა. წიგნი არ გვასწავლის, როგორ გავხდეთ იდეალური მშობელი, არამედ გვიყვება, როგორი უნდა იყოს კარგი დედ-მამა.

ფსიქოლოგის აზრით, მოზარდების (13-დან 19 წლამდე) ქცევა ბანკის ძარცვას ჰგავს. ვიღაც ბავშვობას ნელ-ნელა და თავაზიანად ემშვიდობება, დაახლოებით ასე: მძარცველი თავის სათხოვარს ფურცელზე წერს და მოკრძალებით, უხმაუროდ გადასცემს მოლარეს, რათა მან ტკიცინა კუპიურები გადაულოცოს. სხვა მძარცველი კი ისეთ ამბავს ტეხს, თითქოს ვიღაც კედლის განგრევას სატვირთო მანქანით ცდილობდეს და კვალად სასტიკ ნანგრევებს ტოვებდეს.

ნაიჯელ ლატტა ურჩევს მშობლებს, გააცნობიერონ, რომ მოზარდობა დაავადების მსგავსია, დროებითი შეშლილობაა, რომელიც აუცილებლად გაივლის. მანამდე კი მშობლები უნდა ეცადონ, გულთან ახლოს არაფერი მიიტანონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მოზარდების ცუდ ქცევას უნდა გაუძლონ. არა, ეს მათ არ მოეთხოვებათ.

„მათი მეთოდები: როგორ გადავყავართ მოზარდებს ჭკუიდან

მშობლების ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც თინეიჯერი შვილები ნორმალურები ჰგონიათ მიაჩნიათ. დიახ, ისინი ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ ასეთები არ არიან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოზარდის შეცვლა შეგვიძლია, სინამდვილეში კი ეს წარმოუდგენელია. ამის გააზრება ძალზე მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ტყუილად დავკარგავთ უამრავ დროს და ძალისხმევას იმაში, რომ ჩვენი ვაჟიშვილი ან ქალიშვილი ვაქციოთ ადამიანად, რომელსაც ის არ წარმოადგენს. თქვენ არა მხოლოდ თავს დაიტანჯავთ ამით, არამედ შვილსაც ბევრ ტკივილს მიანიჭებთ.

ყველაფერი, რაც სისტემის შესაცვლელად დაგჭირდებათ, ერთი ადამიანის ქცევის შეცვლაა და ეს ადამიანი თქვენ ხართ.

მოზარდის სისხლი სავსეა ზრდისა და სტრესის ჰორმონებით. ჰორმონების სიჭარბე მოზარდის ბიოლოგიურ საათს თავდაყირა აყენებს. ამიტომ ისინი ღამე ფხიზლობენ, დღისით კი სულ ეძინებათ.

მოზარდებს სჩვევიათ მათთვის უსიამოვნო თემიდან გადახვევა. ისინი ამას ყველაზე მოხერხებულად კამათის დროს აკეთებენ. მათი მეორე ხრიკი მშობლებში დაბნეულობის გამოწვევაა. მოზარდები შედიან მშობლებთან კამათში, შემდეგ კითხვებს იგერიებენ და უკან უბრუნებენ ისე, რომ ახსნა-განმარტებების მოცემა მშობლებს უწევთ და არა მოზარდს. კიდევ ერთი მშობლებზე ზემოქმედების ნაცადი მეთოდი მათი შეშინებაა. მაგალითად, მოზარდები იმუქრებიან, რომ სახლიდან ღამის ორ საათზე შეყვარებულთან ერთად გაიქცევიან, სკოლას მიატოვებენ და სხვა. გარდა იმისა, რომ მშობლებს მართლაც აშინებთ ბავშვების მუქარა, ისინი თავს დამნაშავეებად თვლიან. ასეთ დროს მშობელს არ შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამაში ხელს დანაშაულის შეგრძნება უშლის.

ახლა რჩევები მოზარდებს: მშობლები ვერ იტანენ, როდესაც შვილები იტანჯებიან. თუ მოზარდი ხართ, ამ ტაქტიკის გამოყენება მაშინ შეგიძლიათ, როცა რამეს გიკრძალავენ ან აპირებენ მკაცრად დაგსაჯონ. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ მშობლებს, რომ ძალიან უბედური ხართ და სხვა არჩევანი არ დარჩებათ, შეშინდებიან, რათა თქვენ ემოციური ტრავმა არ მიიღოთ.

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მშობლებისგან რაიმე ნებართვის აღება მოგიწევთ ან, პირიქით, როგორც კი სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენთ, აჩვენეთ, რომ „გამოსწორდებით“, გამოთქვით სურვილი, რომ „კარგი” გახდებით, თხოვეთ კიდევ ერთი შანსი მოგცენ. მშობლებს ყოველთვის უნდათ დაიჯერონ, რომ თქვენ უკეთეს გზას დაადგებით.

მთავარია, თქვენი თხოვნა ისეთი იყოს, რომ მშობლებმა ის უგუნურებაში არ ჩაგითვალონ. ენერგიულად დაიცავით ის, სანამ არ დაიღლებიან და კომპრომისზე არ წავლენ. მშობლების დასათანხმებლად შეგიძლიათ სულ სხვა მოთხოვნით დაიწყოთ, მაგალითად, ნება დაგრთონ უქმეებზე მეგობარ ბიჭთან ერთად ტატუების ფესტივალზე წახვიდეთ. რა თქმა უნდა, ამაზე უარს მიიღებთ. მაინც იმდენ ხანს ედავეთ, რამდენ ხანსაც შეძლებთ, დაქანცეთ თქვენი თხოვნით და სადღაც მეთეტრთმეტე ცდაზე აჩვენეთ, რომ ფარ-ხმალს ყრით, შემდეგ კი… იმედგაცრუებული ხმით სთხოვეთ, მერისთან დარჩენის ნება მაინც დაგრთონ. ეს ხომ ტატუების ფესტივალთან შედარებით არაფერია. ჩვეულებრივ მშობლები მერისთანაც არ გაგიშვებდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ტატუების ფესტივალის ფონზე, მერი უფრთო ანგელოზად მოეჩვენებათ.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები

მოზარდის აღზრდაში სამი უმნიშვნელოვანესი რამ არსებობს: ურთიერთობები, ურთიერთობები და ურთიერთობები. ნებისმიერ სისტემაში დისციპლინა მყარ ურთიერთობას ეფუძნება. ამის გარეშე მშობლებს გავლენის ბერკეტები არ ექნებათ. ვიდრე მითითებებს გასცემდეთ, თქვენი ქმედებები ურთიერთობებით უნდა იყოს მხარდაჭერილი.

  1. არც ეცადოთ ბრძოლას ახალგაზრდულ კულტურასთან. ამ ბრძოლას აუცილებლად წააგებთ. აღიარეთ მოზარდის ძირითადი უფლება – ინდივიდუალობის ძიების პროცესი.

ჩვენ არ ვიცით, რა არის საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის, ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, არა ყოველთვის. უნდა დავიჯეროთ, რომ აუცილებლად იპოვიან თავის ადგილს სამყაროში. შეიძლება ამას გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც მივლენ აქამდე, თუნდაც ორმოცდაათი წლის ასაკში. მშობლების ამოცანაა ბავშვმა იპოვოს ჰობი, გატაცება და ის განავითაროს. სიცოცხლე არაპროგნოზირებადია და ჩვენ არ ვიცით, სადამდე მივა ეს გატაცება. კარგია და სასარგებლო ახალგაზრდების (და ნებისმიერი ადამიანის) წახალისება. წახალისება და ჯილდო არის ძლიერი მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ქცევაზე.

უბრალოდ იყავით მოზარდის გვერდით.

  1. გამოიყენეთ თქვენი მოზარდის პრაგმატული მიდგომა. ის რაღაცას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ სათავისო სარგებელს დაინახავს. თუ გინდათ, რომ ის გააკეთოს, რასაც სთავაზობთ, დარწმუნდით, რომ ამაში ნამდვილად დევს რაღაც აზრი (მაგალითად, ამის სანაცვლოდ აცდება სასჯელს). მოზარდი სხვადასხვა სპექტრის ემოციებს განიცდის, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ რისხვას გვიჩვენებს.

არ გააკეთოთ არასწორი დასკვნები: როცა ის ბრაზობს – ეს არ არის ყველაფერი, რასაც სინამდვილეში გრძნობს.

ბიჭებიც გოგოებივით მგრძნობიარენი არიან. ისინიც განიცდიან ტკივილს, წუხილს, შიშს, დაუცველობას – ყველაფერს. გოგონები გრძნობებს უფრო ადვილად აჩვენებენ, რადგან არ არიან იმ მითების მსხვერპლი არიან, რომელთა თანახმად რაღაც უნდა აკეთონ და რაღაც – არა (მაგალითად, ბიჭებმა არ უნდა იტირონ).

არ არის საჭირო ზედმეტი ზრუნვა მოზარდებზე. ეს მათ აღიზიანებს და კონფლიქტს აღვივებს.

  1. არ გაუკეთოთ ბუტერბროდები სკოლაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამაა, რითაც შეგიძლიათ მისი დამოუკიდებლობის განვითარება. თუ მოზარდი უფროსკლასელია, ლანჩის პრობლემის გადაწყვეტა თავად უნდა შეძლოს.
  2. ნუ გააღიზიანებთ წვრილმანებით. ნუ ედავებით უმნიშვნელო წვრილმანების გამო. არ არის აუცილებელი მოზარდებთან საუბარი, საუბარი და საუბარი. ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოკლედ განუმარტოთ. ნებისმიერი.
  3. აუცილებლად უთხარით ხოლმე, რომ ის გიყვართ. ამის პასუხად ის თვალებს ამოატრიალებს, იხვნეშებს და შეწუხებულ სახეს მიიღებს, მაგრამ არ დანებდეთ, მაინც უთხარით, რომ გიყვართ.

მიიღეთ მოზარდი ისეთი, როგორც არის. თქვენი შვილი შეიძლება არ იყოს სპორტით დაინტერესებული, უყვარდეს პოეზია, სასაცილოდ ჩაცმა, უსმენდეს ხმაურიან მუსიკას, ჰყავდეს უცნაური მეგობრები, იყოს გეი და როგორიც არ უნდა იყოს ის, მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ ის ძალიან გიყვართ.

  1. გაატარეთ მასთან ერთად დრო. თქვენი ქალიშვილი შეიძლება ზრდასრულს ჰგავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ზრდასრულია. გახსოვდეთ, რომ სრული მოწიფულობა ხშირ შემთხვევაში 20 წლის შემდეგ მოდის.
  2. იყავით „ღუზა რეალობაში“. ბევრი თინეიჯერი გოგონა შეპყრობილია თავისი გარეგნობით. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ის, რომ ყველაფერი კარგად არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება ის.

დედებო, იყავით თქვენი შვილებისთვის სამაგალითონი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენ ჩამოაყალიბოთ თქვენი ქალიშვილის სწორი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ. თუკი ყოველდღე დაიჩივლებთ, რომ მსუქანი ხართ ან კიდევ უარესი, ეტყვით მოზარდს, რომ ის მსუქანია, საშიშ გზას დაადგებით.

მამებო, თქვენი ურთიერთობა ცოლებთან თქვენი ქალიშვილისთვის პირველი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა კაცსა და ქალს შორის. თქვენ უნდა აჩვენოთ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც გსურთ, რომ მას ჰქონდეს თავის მეუღლესთან.

მშობლების მთავარი შეცდომა

მოზარდის უხეშ ან ცუდ საქციელს გამართლება არ აქვს, რადგან ის შეგნებული არჩევნის შედეგია. ამის გათვალისწინებით, მშობლები უფრო გონიერი უნდა იყვნენ და შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც მშობლებს ყველაზე მეტად უჭირთ პასუხის გაცემა არის: რას აკეთებ ისეთს, რომ საქმეს უფრო მეტად აფუჭებ? თუკი ღმერთმა არ დაგაჯილდოვათ ანგელოზის მოთმინებით (რაც, ასე გვაკლია რიგით მოკვდავებს) მოზარდთან ურთიერთობა აუცილებლად გაფუჭდება. როგორც წესი, რაც უფრო მეტი კონფლიქტი არსებობს, მით უფრო რთულია მშობლებისთვის იმის აღიარება, რომ ისინი თავად ართულებენ სიტუაციას.

მოზარდებს ნაკლებად სჭირდებათ მეგობარი მშობელი. ეს წამოწყება მოზარდობაში თითქმის ყოველთვის კრახით მთავრდება. სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებთანაც თქვენი შვილები იმეგობრებენ, მაგრამ დედა და მამა მხოლოდ ერთი ჰყავთ. მშობლებს შვილისთვის იმის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მეგობრები არასდროს გაუკეთებენ. მშობლებს შეუძლიათ მიიღონ რთული გადაწყვეტილება და თქვან – „არა“. კი, მაქსიმალურად გაერთეთ მოზარდებთან ერთად, უბრალოდ, დარჩით მათ მშობლებად.

მშობელთა „ნაირსახეობა“

წუწუნა მშობლები – მიიჩნევენ, რომ ისინი არ იმსახურებენ იმ პრობლემებს, რომლებსაც შვილები უქმნიან;

ბუტიები – ივიწყებენ, რომ დიდები არიან და მათი წყენა, რომელსაც გულში ინახავენ, წარამარა გარეთ ჟონავს;

ჰიპებს – სურთ, რომ შვილები სულით თავისუფალი ჰყავდეთ, სძულთ წესები და შეზღუდვები, უყვართ თავისუფლება და პატივს სცემენ „მეს“ გამოვლინებას, ამიტომ ითმენენ მოზარდების მიუღებელ ქცევას, მერე კი უკვირთ, რომ ისინი არასდროს ასრულებენ მათ თხოვნებს;

მშიშრებს – იმდენად ეშინიათ სამყაროსი, რომ ბავშვებს ყველაფერს უკრძალავენ. მუდმივად თავს დასტრიალებენ და ცდილობენ, დაიცვან ისინი, შემდეგ კი უკვირთ, რომ ბავშვები მათ მიმართ სიძულვილს გამოხატავენ;

შეუმჩნეველნი – ძალიან დაკავებულნი არიან კარიერით ან ინტერნეტით. ამიტომ ბავშვების აღზრდა არ აინტერესებთ. მათ არ აკვირვებთ, როდესაც შვილები უსიამოვნო ისტორიებში ეხვევიან, რადგან ამას არც კი ამჩნევენ;

უძირო საფულეები – ცდილობენ მოზრდის კარგი ქცევა „იყიდონ“ სხვადასხვა სახის ტანსაცმელითა და საჩუქრით;

იდიოტებს – ბრმად სჯერათ ყველაფრის, რასაც ბავშვები ამბობენ;

აბეზარი მშობლები – ზედმეტად აქტიურად არიან ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და არ უტოვებენ მათ თავისუფალ სივრცეს;

ყრუები – არასდროს უსმენენ მოსაუბრე ბავშვებს, არ იციან რა სურთ მათ.

ბევრ მშობელს არ ესმის, რომ თუ მოზარდს წესებს არ დაუდგენს, მოზარდები მას თვითონ მოიგონებს. თუ თქვენ არ დაუშვებთ კომენდანტის საათს, მოზარდი თავად დანიშნავს მას და ეს არ იქნება თქვენთვის მისაღები ამბავი.

სქესობრივი სიმწიფე და მნიშვნელოვანი საუბარი

ბავშვები სულ უფრო სწრაფად იზრდებიან. დღეს გოგონების სქესობრივი მომწიფების საშუალო ასაკი ათი წლიდან, ბიჭების კი თერთმეტი-თორმეტი წლიდან იწყება. ბავშვებს უკვე შვილები ჰყავთ. ჩნდება კითხვა: როგორ დავაზღვიოთ ჩვენი შვილები ამისგან?

ზოგი ამჯობინებს პრობლემის იგნორირებას იმ იმედით, რომ ის თავისით გადაწყდება. ეს ცუდი სტრატეგიაა. თუ სახლში მოზარდები გყავთ, უმჯობესია სწორი ინფორმაცია თქვენგან მიიღონ, რადგან მეგობრებისგან მიღებული ინსტრუქციების ხარისხი საეჭვოა.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ სექსსა და კონტრაცეფციაზე საუბრები მოზარდებს ამ ყველაფრის დაგემოვნებისკენ უბიძგებს. სინამდვილეში ეს ცრუ შეხედულებაა. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ მოზარდები, რომელთანაც მშობლები სექსზე საუბრობენ, პირველ ინტიმურ გამოცდილებას არცთუ მალე ეზიარებიან და კონტრაცეპტივებსაც აქტიურად იყენებენ.

ყველაზე მარტივი, რაც ხელგეწიფებათ, ის არის, რომ მტკიცედ გადაწყვიტოთ, რის ნებას რთავთ შვილებს და რისას – არა. ზუსტად უნდა იცოდეთ, რომელ ჟურნალებს კითხულობს თქვენი ქალიშვილი და რას უყურებს ტელევიზიის საშუალებით. ნუ შეუძენთ გოგონას თეთრეულს წარწერით „ტკბილი“. თუ არ გინდათ, რომ ისინი ვულგარულად გამოიყურებოდნენ, ნუ უყიდით ვულგარულ ტანსაცმელს.

დასჯა

არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა „სასჯელი“ ახალგაზრდების თანდასწრებით. ამის ნაცვლად, გამოვიყენოთ სიტყვა „შედეგი“.

არსებობს ორი სახის სასჯელი. ან რაღაც კარგი უნდა დაათმობინოთ, ან  „ცუდად“ მოექცეთ (შინაპატიმრობა, ჯიბის ფულის აღკვეთა, კომპიუტერების გამოყენების აკრძალვა, მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა) ეს არის პირველი ტიპის სასჯელი.

მეორე ტიპის სასჯელია: დამატებითი შრომატევადი, მოსაწყენი და უსიამოვნო საოჯახო საქმის კეთება  (აბაზანის გახეხვა, მტვერსასრუტით დალაგება, სადარბაზოს მორეცხვა, ფანჯრების წმენდა და სხვ.). თუ ისინი სკოლაში ცუდად იქცევიან, მიაცილეთ საკლასო ოთახის კარამდე.

ჩვენ ვხარჯავთ საშინლად ბევრ დროს იმაზე ფიქრში,  როგორ მივცეთ მოზარდებს „კარგებად“ ყოფნის საბაბი, მაგრამ არ ვუფიქრდებით იმას, როგორ უნდა მივცეთ საბაბი, არ იყვნენ „ცუდები“.

ეფექტიანი არის არა სადამსჯელო, არამედ გონივრული, სამართლიანი, ცუდი ყოფაქცევის შესაფერისი სასჯელი. მხოლოდ ასეთი სასჯელის საშუალებით მოზარდისთვის თვალსაჩინო ხდება კავშირი ქცევასა და მისგან მიღებულ შედეგებს შორის.

ფსიქოლოგის დახმარებაში არაფერია სასირცხვო. ბევრი მშობელი პერიოდულად აწყდება ისეთ სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს.

მოამზდა ირმა კახურაშვილმა

კლინიკა როგორც სახლი

0

მადლობა მას იმისთვის, რომ სულ პატარა გოგოს ტოლ-სწორივით სახელით

მიმართვის უფლება მომცა და ამით ყველაზე ამაყ პაციენტად მაქცია

სტუმრად

კვირა დღეა. ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკაში ჩემს მეგობარ ექიმთან, ზურასთან მივდივარ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არც მე ვუჩივი ჯანმრთელობას  და არც ვინმე ახლობელი მახლავს თან, რომელსაც მისი რჩევა ან დახმარება სჭირდება. უბრალოდ, მომენატრა და მივდივარ – სასაუბროდ, სითბოს, სიყვარულის, სიმშვიდის მისაღებად, და,  ალბათ, ყოველდღიური პრობლემებისგან გასაქცევად და სულის მოსათქმელადაც. ზურასთან ხომ, მისი იშვიათი კაცთმოყვარე ბუნებიდან, უბრალოებიდან, ინტელექტიდან და მუდამ თანამედროვე აზროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერ თემაზე ლაპარაკის ფუფუნება და მოდუნების საშუალება გაქვს!

მოვლენები ახლაც იმ თანმიმდევრობით განვითარდება, როგორც ყოველთვის: ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ შევაღებ მისი კაბინეტის კარს და სანამ მე ნაბიჯს გადავდგამ, ის უკვე სკამიდან პატარა ბიჭივით სხარტად წამომდგარი, თეთრი ხალათის ფრიალით და ფართოდ გაშლილი  ხელებით, ჩემ წინ გაჩნდება ჩვენი მრავალწლიანი „ჩახუტების“ რიტუალის შესასრულებლად. მერე მე მისი სამუშაო მაგიდის წინ სტუმარ-პაციენტისთვის დადგმულ კომფორტულ სავარძელში მოვთავსდები და საუბარსაც ყოველგვარი შესავლებისა და უხერხულობის გარეშე გავაბამთ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ  სულ ცოტა ხნით პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, უფო სწორად, ჩვენს ქვეყანაზე, რომლის საშველიც, ვერ დავადგინეთ, არის თუ არა; მერე პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე – ჩემსაზე უფრო, რომელზეც ზურა ოჯახის წევრივით წუხს; მერე ხელოვნებაზე, სადაც მწერლობას, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდ დროს დავუთმობთ; საუბრისას შიგადაშიგ აუცილებლად გავიხუმრებთ, თვალსა და ხელს შუა გასულ წლებსა  და საერთო მეგობრებსაც გავიხსენებთ, გარდაცვლილებზე საუბრისას ერთმანეთის უჩუმრად ამოვიწმენდთ ცრემლებს თვალებიდან – განსაკუთრებით, ზაურ ჩანტლაძის გახსენებისას – ბოლოს კი, როცა ზურას მორთმეულ ფინჯან ჩაის, ხანაც ჭიქა ღვინოს, ძირამდე ჩავიყვან, წამოვდგები და ისევ მალე შეხვედრის იმედით, მეექვსე სართულზე  ზურას იმ კიბის თავში ჩავეხუტები კიდევ ერთხელ, რომლის არცთუ მოხერხებულ, მაღალ და ვიწრო საფეხურებსაც უკვე ბედნიერი მივუყვები ზემოთ. ასეთი განცდა მქონდა წლების წინ იქ, მეცხრეშიც, სადაც გავიცანი ზურა, და ასეა აქაც. და ვიცი, რატომაც: კლინიკა, სადაც ზურაა, არასოდეს არის ჩვეულებრივი კლინიკა, ის სახლია, სადაც მეც და  მასთან მისულ ნებისმიერ ადამიანს ზურა იმედს და სიხარულს ახვედრებს.

თბილისი

დაბადების წელი არ ვიცი და არც არასოდეს ვკითხავ. ვიცი ის, რომ დაიბადა ვერაზე, ექიმების ოჯახში, შემდეგ კი ელბაქიძეზე გადავიდნენ საცხოვრებლად. უნდა ნახოთ, როგორ გატაცებით ყვება  თავის თბილისურ ბავშვობასა და მაშინდელ თბილისზე: „ფეხბურთს ყაზბეგის ქუჩაზე ვთამაშობდით, საჩხუბრად „დარტყმის ქუჩაზე“ მივდიოდით – ასე ვეძახდით მაშინ, ახლა, მგონი, ზანდუკელის ჩიხი ჰქვია. ვჩხუბობდით და მერე იქვე ვართმევდით ხელს ბიჭები ერთმანეთს. შეურიგებლად არასოდეს მივდიოდით სახლებში. ელბაქიძეზე რომ გადავედით, ჯავახიშვილის ქუჩით ავდიოდი სკოლაში. მეგობრები – ისევ ზაურ ჩანტლაძეს ახსენებს პირველს და ისევ უცრემლიანდება თვალები – ხშირად ვსეირნობდით ერთად,  ხან  კიროვის პარკში, ხან რუსთაველზე. რუსთაველზე სიარული ერთგვარი რიტუალი იყო. მაქსიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გევლო, ოღონდ მარტო მარჯვენა მხარეს. მაშინ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყოველ ხუთ წუთში გამარჯობას ამბობდი. ჭავჭავაძისა და რუსთაველის გადაკვეთაზე კარგი წიგნის მაღაზია იყო და იქაც ხშირად შევდიოდით. კვირაში ერთხელ „ ველიამინოვზე“ ხინკალი უნდა გვეჭამა, ლაღიძეში – ხაჭაპური, წყალი ხომ თავისთავად უნდა დაგველია. იქვე იყიდებოდა ბორჯომი – ჩამოსასხმელიც და ბოთლისაც. ტრამვაი უხდებოდა თბილისს ძალიან. ტრაგედიაა, რომ ეს საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ტრანსპორტი დღეს აღარ არსებობს. ვერელები, მთაწმინდელები, ჩუღურეთელები, ერთმანეთს მიხრა-მოხრით და სიარულით ვცნობდით.  თბილისის და თბილისელების ფსიქოლოგია შეიცვალა. ქალაქი, სადაც მე გავიზარდე და სადაც ბევრი სომეხი, თათარი, ქურთი, რუსი, იეზიდი ცხოვრობდა, თბილისი იყო; ახლა ქართველი უფრო მეტი ცხოვრობს, მაგრამ თბილისი აღარ არის.

თლუღი

სამუშაო მაგიდის უკან, კედელზე „რაჭის მაზრის“ რუკაა გაკრული. ამბროლაურს ვხედავ. თლუღს ვერა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, თვითონ იცის, რომ იმ პატარა შავ წერტილთან ძალიან ახლოსაა მისი მშობლიური სოფელი, სადაც, თითქმის ყოველ ზაფხულს ჩადის და როგორც მაშინ,  ბავშვობაში, როცა ბაბუას ეხმარებოდა, დღესაც  სიამოვნებით ბარავს და თოხნის. სიყვარულით ლაპარაკობს მშობლიურ კუთხესა და რაჭველებზე. იცი, ღიმილით მითხრა, ერთი წიგნი გამოვიდა, სადაც მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომ რუსთაველი რაჭველია. რატომაც არა, ისურვებდა, როგორც ნამდვილი რაჭველი და გულითაც გაიხარებდა.

რაჭველების და რაჭის სიყვარულს იტევს მის კაბინეტში ორი ერთნაირი  ფოტო – სამი თავშლიანი შაოსანი ბებო ქართული ხალხური საკრავებით ხელში; ასევე „ცნობილი რაჭველების“ ფოტო, სადაც მამა, შამშე ქევანიშვილი სხვა რაჭველებთან ერთად არის გადაღებული. მათ შორისაა პედაგოგი, პუბლიცისტი და მწერალი, სიმონიკა სხირტლაძეც. ეს ფოტოც ორი აქვს – ერთი ე.წ. სამზარეულოში უკიდია, მეორე – ოთახში; თივით სავსე ურემში შებმული ხარებიც რაჭას ახსენებს და ამიტომ მიუჩინა მასაც ადგილი „ბებოების“ გვერდით, თორემ ისე, ფოტო სლოვაკეთშია გადაღებული. მაგიდაზე უწყვია გაზეთ „რაჭის“ ნომრები, რომელთაც უკანასკნელ სტრიქონამდე კითხულობს; და ამავე განწყობას ემსახურება სამზარეულოს ღია კარიდან დანახული ჩუქურთმებიანი მაგიდის ქვეშ გაშლილი ჟანგისფერნაჭუჭიანი თხილიც, რომელიც შეხედვისთანავე შემოდგომის რაჭულ სოფლის სითბოს აფრქვევს.

მამა

მამაზე ასეთი ისტორია მიამბო:

„მამაჩემი, შამშე ქევანიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე იყო. მახსოვს, ერთხელ ცეკას ერთ-ერთმა მდივანმა სახლში დაურეკა და უთხრა, შამშე ივანოვიჩ, ამა და ამ სტუდენტს სამიანი უნდა დაუწეროო. უარი ვერ უთხრა, ცეკას მდივანი იყო, მაგრამ საკუთარ სინდისთან რომ მართალი ყოფილიყო, ასეთი რამ მოიფიქრა: მეორე დღიდან იმ სტუდენტს ლექციების შემდეგ კათედრაზე იბარებდა და ორი კვირის განმავლობაში ამეცადინებდა. გამოცდამდე კი ისე შეასწავლა საგანი, რომ სტუდენტმა დამსახურებული 4-იანი მიიღო“.

რეგალიები

ზურაბ ქევანიშვილი – აუდიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დრეზდენის საპატიო მოქალაქე, სიმონ ხეჩინაშვილთან ერთად, საქართველოში აუდიოლოგიის დარგის დამაარსებელი. მრავალი წლის განმავლობაში  მუშაობდა დრეზდენის, მაგდებურგის, მიუნხენის კლინიკებში. გერმანელ მეცნიერებთან ერთად არის 170 ნაშრომის ავტორი, სამი პრემირებული წიგნის თანაავტორი, არის 14 დისერტაციის ხელმძღვანელი, თანახელმძღვანელი ან კონსულტატი, მისი 200-ზე მეტი  ნაშრომი დაბეჭდილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში, მის მე-60 და 65-ე წლისთავს  მაგდებურგსა და დრეზდენში მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენციები.

პატრიოტიზმი

საქართველოსთვის უმძიმეს 90-იან წლებში, გერმანიულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა გერმანიის მოქალაქეობის მიღება. პირდებოდნენ  ბინით და მანქანით უზრუნველყოფას და ყველა იმ სიკეთეს, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის იყო საჭირო, მაგრამ ზურამ უარი თქვა ამ ყველაფერზე და დარჩა თავისი ქვეყნის ერთგულ მოქალაქედ.

ზურას უმწიკვლო ავტორიტეტისა  და პირადი კონტაქტების შედეგია, რომ მარტინ ქინდმა, სასმენი აპარატების ფირმის პრეზიდენტმა, ყოველგვარი საფასურისა და ფინანსური წილის მოთხოვნის გარეშე, საქართველოში თავისი ფირმის ფილიალი დააარსა, რომელიც დღესდღეობით უამრავ სმენადაქვეითებულ ადამიანს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში სასმენი აპარატებით და თან 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

„სმენადაქვეითებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიცხვშია, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მოწევაა. „მოწევა  რომ  სიყრუეს და  იმპოტენციას იწვევს,  ქართველების უმრავლესობას ამის ჯერ კიდევ არ სჯერა, არადა, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და თუ ამას დროულად არ გავაცნობიერებთ, უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ“, – წუხილით ამბობს ზურა.

კაბინეტი

კაბინეტში შესული ყველაფერს იფიქრებ, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში ხარ. აღწერას იმ ფანჯრიდან დავიწყებ, რომლის განიერი რაფა და მის წინ მდგარი მომცრო მაგიდაც ქოთნის ყვავილებითაა  დაფარული: ბეგონიები,  კაქტუსები, ალოე, ბალბა, დეკორატიული ბროწეულის ხე შარშანდელი ზედ შერჩენილი ხმელი ნაყოფით, და კიდევ არაერთი ყვავილი. მეცხრეშიც ასე იყო – მაღალ ჭერამდე ასულ ხვიარა მცენარეებს ნახევარ ოთახზე მეტი ეკავათ და მე მინახავს, როგორ მზრუნველად უწმენდდა ზურა მათ სათითაო ფოთოლს. შეიძლება ამათგან ზოგიერთი  იმათი შვილიშვილები ან შვილთა შვილებიც არიან.

ოთახში რამდენიმე კარადა დგას და ყველა წიგნებით არის სავსე. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სამედიცინო ლიტერატურაა. აი, მაგალითად, ჩემს წინ ვიტრინაში ყვითელგარეკანიანი ორი სქელი წიგნი რომ მოჩანს, იქიდან ერთ-ერთი, მარკესის „მარტოობის ასი წელიწადია“ ინგლისურ ენაზე, მეორეც მარკესია, მაგრამ ნაწარმოების სათაურს ვეღარ ვხედავ. ქვედა თაროზე  ლექსიკონებია ჩამწკრივებული – სინონიმთა ლექსიკონით და სიტყვის კონით დაწყებული, რუსული და ინგლისური ენის განმარტებითი, ასევე ქართულ-ინგლისური და ქართულ-გერმანული ლექსიკონებით  დამთავრებული. მეორე მაღალ კარადაშიც წიგნები, ძველი თუ ახალი სამედიცინო ჟურნალ-გაზეთები, თანამედროვე ლიტერატურული პერიოდიკის ახალ-ახალი ნომრები და ქართველი თუ უცხოელი ცნობილი მხატვრების ალბომები აწყვია. სამუშაო მაგიდა, როგორც ყოველთვის, გერმანულ, ინლისურ და ქართულ ენებზე ზურას რედაქტირებული თაბახის ფურცლებითაა სავსე. კომპუტერის ეკრანზეც რაღაც პროფესიული ტექსტია გახსნილი.

ეს კაბინეტი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ წიგნების გარდა აქ ძალიან ბევრი საათი,  კედლის კალენდარი, ვიმპელი, სიგელი, კარიკატურა, ფოტო და  ქართველი თუ უცხოელი, ცნობილი თუ უცნობი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრებია გამოფენილი. ამ ყველაფერს კი კიდევ ის უცნაურობა ახლავს თან, რომ ზოგიერთ ფოტოს, მაგალითად, ჯოისის, კედელზე სამ ადგილას დაინახავთ. გაოცებული იყურები აქეთ-იქით, მოხიბლული ხარზურა ექიმის სამყაროთი, მისი გემოვნებით. „ნახატები და ფოტოები იმიტომ მიყვარს, რომ ისინი არასოდეს იტყუებიან“, – ამბობს ზურა.

დრო

დროის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. უყვარს მისი „თვალთვალი და  დევნა“. ამ მოცუცქნულ კაბინეტში 14 დიდ-პატარა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის საათია.  „მიყვარს, როცა მე ვმართავ დროს, როცა მე ვაწესებ საზღვრებს დროსთან მიმართებაში. ჩემს რიტმს და დროს აუცილებლად უნდა ვფლობდე და ვარეგულირებდე. საუკუნეა ასეთი, დაჩქარდა ყველაფრი. ჩემი აზრით, რიტმი და ტემპი ყველა სფეროშია შესაცვლელი. ყველა პროფესიის ადამიანი უნდა გრძნობდეს დროს, დროსთან  მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. აი, თუნდაც ლიტერატურა ავიღოთ: 400-500-გვერდიანი წიგნები უკვე ძნელად იკითხება.  ახლა თავისი სათქმელის თქმა 100-150 გვერდში უნდა მოახერხოს მწერალმა. ჩემი აზრით, ეს არის დროისადმი ადამიანის სწორი დამოკიდებულება. სხვანაირად ჩამოვრჩებით თანამედროვე სამყაროს, ის ჩვენ არ დაგველოდება. ასეა კინოში, ასე უნდა იყოს ტელე-რადიო გადაცემებშიც. მაგალითად, გერმანული საინფორმაციო გადაცემა Tagesschau, ქვეყანა რომ დაიქცეს, რევოლუციაც რომ მოხდეს, 22 წუთზე მეტხანს არასოდეს გრძელდება.

ლიტერატურას მოვიშველიებ და გავიხსენებ, გალაკტიონი როგორ აკონტროლებდა დროს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში: „რომელი საათია, რომელი საათია“, ან „დრო, დრო აღნიშნე გალაკტიონ“, და ამიტომაც გაასწრო დროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო თანამედროვე, ამისთვის კი, ვფიქრობ, დროის კონტროლი აუცილებელია. გაჩერება არ შეძლება. დროსთან ერთად ყველაფერი უნდა იცვლებოდეს როგორც ხელოვნებაში, ისე მეცნიერების ნებისმიერ სფეროში და ყოველდღიურ ყოფაშიც“.

სიკეთე

თავად ვარ მომსწრე, როგორ ჩამოუტანა გერმანიიდან აუდიოლოგიის ცენტრის მოხუც დამლაგებელს  სასმენი აპარატი უფასოდ. მერე კი, როცა ის გარდაიცვალა, რაიონიდან ჩამოსული მისი ქალიშვილი მიიღო სამსახურში; ასევე პირადად ვიცნობდი მის თანამშრომელს – ობიექტური აუდიომეტრიის სფეროში მოღვაწე ნიჭიერ მეცნიერს და მორიდებულ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მოულოდნელად მხედველობა დაკარგა. ზურას წყალობით ის დღემდე ინარჩუნებს ნახევარ შტატს აუდიოლოგიის ცენტრში, ზეპირ სატელეფონო კონსულტაციებს გასცემს  და თავს ადამიანებისგან გარიყულად არ გრძნობს.  ჩემთვის გაკეთებული დაუთვლელი „სიკეთეებიდანაც“ მოვყვები ერთ-ერთს:

23 წლის წინ რთულ ოპერაციას ვიკეთებდი, ზურა სწორედ მაშინ, გერმანული მხარის მოწვევით მაგდებურგში მიემგზავრებოდა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე – ახლაც მაშინდელივით განვიცდი ამ ამბავს – მორიდებით ჩამიკუჭა ხელში 20 მარკა და მითხრა: ძალიან ცოტაა, მაგრამ იქნებ რამეში გამოგადგესო. და ეს მაშინ და იმ დროში, როცა  რედაქციაში ჩემი ხელფასი 7 დოლარის ეკვივალენტი იყო კუპონში, ხოლო მარკა, პირველად მეჭირა ხელში. და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ ჩვენ კარგად არც ვიცნობდით ერთმანეთს,  მე მისთვის ძალზე ჩვეულებრივი, რიგითი პაციენტი ვიყავი.

როდესაც ზურასთან სამუშაო დღეებში მივდივარ და ვხედავ, როგორ დაუღალავად, ჯარისკაცივით დააბიჯებს კლინიკის დერეფნებში გაღიმებული სახით, როგორ  ეთამაშება  სმენადაქვეითებულ ბავშვებს, როგორ უმსუბუქებს თავისი იუმორით მდგომარეობას შეშინებულ ავადმყოფებს, გულში გავიფიქრებ ხოლმე: ღმერთო, როგორ ჰგავს რობინ უილიამსის პერსონაჟს ფილმიდან „მკურნალი ადამსი“, რომელმაც სიცილის თერაპიით მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა, ხოლო კლინიკა პაციენტებისთვის სახლად აქცია.

 

 

 

 

         დიალოგის ხელოვნება  _ მხატვრული ხერხების სწავლების მეთოდიკა

0

ნებისმიერი მწერლის მხატვრული სამყაროს შესწავლისას, სტილისტური თავისებურებების ანალიზისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება დიალოგებზე, რომელთაც ავტორი სხვადასხვა ფუნქციით იყენებს. მათი საშუალებით გამოხატავს;

  • პერსონაჟთა ხასიათს;
  • პერსონაჟთა შეხედულებებს;
  • პერსონაჟთა ერთმანეთთან დამოკიდებულებას;
  • პერსონაჟთა დამოკიდებულებას სხვებთან _ოჯახი, მეგობრები, გარემო და სხვ;
  • პერსონაჟთა დამოკიდებულებას დროსთან: აწმყოსა, წარსულსა თუ მომავალთან;
  • პერსონაჟთა დამოკიდებულებას სივრცესთან (სოფელი, ქალაქი, ტყე, ველი და სხვ);
  • პერსონაჟთა დამოკიდებულებას ღმერთთან, სიკვდილ-სიცოცხლესა და სხვა უნივერსალურ, ყოფიერების განმსაზღვრელ-განმაპირობებელ უნივერსალურ მოვლენებთან.

უმბერტო ეკო თავისი რომანის „ვარდის სახელისთვის“ დაწერილ ბოლოთქმაში კარგად აანალიზებს დიალოგის შექმნის სხვადასხვა მეთოდს. იგი წერს: „მარკო ფერერიმ ერთხელ მითხრა, შენი დიალოგები კინემატოგრაფიულია, რადგან ზუსტად კინოსთვის შესაფერისი ხანგრძლივობა აქვთო. ცხადია: როცა სატრაპეზოდან გამოსულ ორ პერსონაჟს გზაში ვალაპარაკებდი, დიალოგის წერისას მონასტრის გეგმა მედო წინ, როცა შიგა ეზოს გადაჭრიდნენ და დანიშნულების ადგილამდე მივიდოდნენ, საუბარს ვამთავრებდი“. აქედან ჩანს, რა დიდ ყურადღებას აქცევს მწერალი დიალოგის არა მხოლოდ შინაარსს, არამედ დროში ხანგრძლივობასაც, რამდენად ერთვება ის გამოგონილი სამყაროს განზომილებაში, სწორედ ამისტომაც აღწევს იმ დამაჯერებლობას, რომელიც ამ რომანშია. მკითხველი პერსონაჟებთან ერთად თავისუფლად  დახეტიალობს რომანში ასახული ბიბლიოთეკის ლაბირინთებში და მათთან ერთად ეძიებს სიმართლეს.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ დიალოგების თავისებურებანი და მხატვრული ფუნქცია, კარგი იქნება, თუ პლატონის რომელიმე ნაწარმოების, მაგალითად, „სახელმწიფოს“ ფრაგმენტს გავაცნობთ. მისი ტექსტები ხომ მთლიანდ დიალოგებზეა აგებული.

მოსწავლეებმა რომ სიღრმისეულად გაარკვიონ დიალოგის სტრუქტურის ელემენტები, კარგი იქნება, თუ უმბერტო ეკოსეული შემოთავაზებული სქემით (ან მისი მოდიფიცირებული ვარიანტებით) ამუშავებთ. ყველაფერი პედაგოგის შემოქმედებით უნარებზეა დამოკიდებული. ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში უხვი მასალაა დიალოგებზე დასაკვირვებლად.

უმბერტო ეკო დიალოგის ხუთ სახეობაზე ამახვილებს ყურადღებას :

  1. როგორ ხარ?

არა მიშავს, შენ?

—–

  1. როგორ ხარ? – თქვა ჯოვანიმ.

არა მიშავს, შენ? – თქვა პიერომ.

—–

  1. როგორ, – თქვა ჯოვანიმ, – როგორ ხარ?

პიერომაც მაშინვე: – არა მიშავს, შენ?

—–

 

  1. როგორ ხარ? – დაინტერესდა ჯოვანი.

არა მიშავს, შენ? – გაუცინა პიერომ.

—–

 

  1. ჯოვანიმ ჰკითხა: – როგორ ხარ?

არა მიშავს, – უპასუხა პიერომ ჩამქრალი ხმით.

და მერე უგერგილოდ გაუღიმა: – შენ?

 

ეკოს აზრით, ბოლო სამი დიალოგი მაგალითია იმისა, რასაც რემარკას, ანუ ავტორისეულ ჩარევას, ვუწოდებთ: ავტორი საკუთარი კომენტარით ერევა და მოსაუბრეთა სიტყვების შესაძლო შინაარსს გვკარნახობს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას არ ცდილობს პირველ ორ შემთხვევაშიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია? მართლა უფრო თავისუფალია მკითხველი პირველ ორ ვარიანტში, როცა ისე შეიძლება განიცადოს გარკვეული ემოციური ზეწოლა, რომ ვერც გააცნობიეროს ეს (გავიხსენოთ ჰემინგუეის დიალოგის მოჩვენებითი ნეიტრალურობა!), თუ უფრო თავისუფალი ის სწორედ დანარჩენ სამ შემთხვევაშია, როცა ის მაინც იცის, რა უნდა ავტორს?

ამ კითხვებზე საპასუხოდ შეიძლება დისკუსიის გამართვაც.

თავდაპირველად კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს სლაიდებით აჩვენოს დიალოგების ნიმუშები მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიდან, მაგალითად, ჰემინგუეის, დოსტოესკის, ჩეხოვის, მარკესის და სხვათა ნაწერებიდან. ნიმუშებად მოიყვანოს, აგრეთვე, დიალოგები ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას,  მიხელ ჯავახიშვილის, დავით კლდიაშვილის და მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის მწერალთა შემოქმედებიდან.  ცალკე უნდა გამხვილდეს ყურადღება, რა თქმა უნდა, დიალოგზე პიესის ჟანრში (კარგი იქნება შექსპირისა და იბსენის მაგალითები და სხვ.)

მხატვრულ ტექსტს კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლე, რომ დიალოგებზე დაკვირვებაც შეძლოს და სიღრმისეულად გაარკვიოს მათი მხატვრული ფუნქცია.  ეს ფუნქცია კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, „შუშანიკის წამების“ ეს დიალოგი განვიხილოთ ამ სქემის მიხედვით:

დიალოგის განხილვამდე შეიძლება დავსვათ კითხვები:

  1. რა ვიცით დიალოგში მონაწილე პერსონაჟთა შესახებ?
  2. რა ვითარებაში იმართება დიალოგი? (დროსივრცული არეალი).
  3. რა მოვლენები უძღვის წინ ამ დიალოგს?

რა თქმა უნდა, კითხვები შეიძლება მასწავლებელმა შეცვალოს და გაამრავალფეროვნოს.

„ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“

ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“.

და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“ (იაკობ ხუცესი).

დიალოგის წაკითხვის შემდეგ კი შეიძლება დაისვას კითხვები:

  1. ამ დიალოგმა რა შეცვალა მონაწილე პერსონაჟთა ცხოვრებაში?
  2. დიალოგმა დაახლოვა თუ დააშორა მოსაუბრენი?
  3. რა ახალი ინფორმაცია მიიღო დიალოგის მონაწილემ?
  4. დიალოგის მიხედვით რა გაარკვია, გაიგო მკითხველმა?
  5. დიალოგი გვაძლევს თუ არა საშუალებას განვსაზღვროთ შემდგომი მოვლენები?
  6. მოახდინა თუ არა გავლენა ამ დიალოგმა პერსონაჟათ შეხედულებებზე? ცხოვრებაზე?
  7. პერსონაჟთა ხასიათის რომელი თვისებები წარმოჩნდა ამ დიალოგში?
  8. როგორია დიალოგში მონაწილე პერსონაჟთა ლექსიკა?
  9. მონაწილეთა როგორი განწყობილებები წარმოაჩინა ამ დიალოგმა?

და სხვა.

ახლა იგივე სქემა  გურამ რჩეულიშვილის  „ნელი ტანგოს“ (ან სხვა რომელიმე მწერლის) დიალოგზე  დაკვირვებისას გამოვიყენოთ:

„ბიჭს სახე აუმეტყველდა, მერე თითქმის ჩურჩულით დაიწყო:

ბიჭი:  იყავით დღეს საცურაოზე?

გოგო: რა თქმა უნდა, დღეს საუცხოოდ დამწვა მზემ.

ბიჭი : გეტყობათ, კარგადა ხართ გაშავებული; მართლა, დაესწარით იმ ამბავს?

გოგო:  ჰო, ჰო, იშვიათი შემთხვევაა, დედა-შვილს აუარებელი წყალი უყლაპავთ, მაგრამ გადარჩნენ.

ბიჭი: აბა, საწყალი მამა, იმან გამოათრია. ნეტა იმასაც წყალი ეყლაპა.

გოგო:  მაშინ გადარჩებოდა, ექიმმა თქვა, ზედ ნაპირთან აქვსო გული გახეთქილი უბედურს.

ბიჭი:  საცოდავი, კარგი ვაჟკაცი კი ყოფილა.

გოგო: რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მელოდიურ ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი:

ბიჭი:  მაგრამ მენდეთ, მაინც არიან.

ქალი აილეწა, მერე ვაჟკაცს ახედა, მოეწონა მისი ლამაზი, მზისგან გარუჯული სახე და მთლიანად მინებდა ნელ ტანგოს“.

ამ დიალოგში ნოველის მთავარი სათქმელია გადმოცემული ცოცხლად და შთამბეჭდავად. ბიჭის პასუხი: „მენდეთ, მაინც არიან“ _ წარმოაჩენს მწერლისეულ რწმენას, რომ თავგანწირული ადამიანები ყოველთვის იარსებებენ, როგორც სახარებისეული „ქვეყნის მარილნი“.

იმის ნიმუშად, რომ დიალოგს შეიძლება, პირდაპირი თუ სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობით, ნულოვანი შედეგი ჰქონდეს, მოვიყვანოთ სულხან-საბას იგავ-არაკი „ოთხი ყრუ“:

„ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა. ვირი თუ შენია, საპოვნელა მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა.

ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან მისი ვირისა. თურე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა: დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა

ვერა გაიგეს რა.

ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვეს. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგეს რა“.

ამ შემთხვევაში, ყურადღება შეიძლება გავამახვილოთ პოლილოგზეც (როდესაც საუბარში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს).

მიხაილ ბახტინის აზრით, დიალოგში უხილავად მონაწილობს „მესამე“- ეს არის მკითხველი. ამ „სასწაულზე“ ამახვილებს ყურადღებას გურამ დოჩანაშვილი: „იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“ („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).

სასურველია  დიალოგის სხვადასხვა ფორმაზე დაკვირვევბა:

  1. პროზაში,
  2. პოეზიაში ( პოემა, ლექსი).

მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში: „ღამე ყაბახზედ“ ვხვდებით ასეთ დიალოგს:

„ამან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინა

და ასე ვუთხარ: “ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად

სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!”

“გმადლობთ, — მითხრა მან, — რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:

ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ”.

— “დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები

ვერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”

ამ დიალოგის ერთგვარი ირონიული ტონალობა სხვა ელფერს ანიჭებს დიალოგის შინაარსაც და უკეთესად გვაცნობს მონაწილეთა ბუნებას.

დიალოგს ლექსში, ისევე როგორც პროზაში,  სხვადასხვა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, შემოაქვს ყოფითი ინტონაცია, ცა და მიწა თითქოს ერთმანეთს უახლოვდება ხორციელი და სულიერი სწრაფვანი ერთმანეთს გადაეწვნება, მაგალითად, გალაკტიონის ლექსში „ქალავ“:

„გულო, ოცნებას მალავ!

ცაო, ლურჯდება ზოლი!

ვაჟი: – დაიცა, ქალავ!

ქალი: – დაგიბრმა თოლი!

შორით ბრუნდება წყალი,

ნისლი იცრება მთაში.

– არა! – ჩურჩულებს ქალი.

– კარგი! – ამშვიდებს ვაჟი“.

გულო, ოცნებას მალავ,ცაო, ლურჯდება ზოლი.

ისევ: – დაიცა, ქალავ!

ისევ: – დაგიბრმა თოლი!“

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ _ მხატვრული ტექსტისა და მკითხველის ურთიერთობაც დიალოგის რეჟიმში ვითარდება: „ტექსტი მკითხველს ესაუბრება და ამ დიალოგში ავტორი არ მონაწილეობს. შექმნის პროცესში კი დიალოგი ორმაგია: ერთია დიალოგი მოცემულ ტექსტსა და მასზე ადრე დაწერილ ყველა სხვა ტექსტს შორის (წიგნები მხოლოდ უკვე დაწერილი წიგნების შესახებ იწერება) და მეორე – დიალოგი ავტორსა და მისთვის სასურველ მკითხველს შორის“ (უმბერტო ეკო).

 

 

ფროიდი  ბავშვებისათვის

0

მისი დეპრესიის მიზეზი არცთუ ბედნიერი ბავშვობა და ქმრის ღალატი იყო. ფროიდის მოსწავლესთან მკურნალობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ფროიდის თეორია ბავშვებზეც მოესინჯა. მელანი კლაინმა ბავშვთა ფსიქოანალიზის საფუძვლები შეიმუშავა. პატარა პაციენტებს ის თამაშებით ეხმარებოდა. თუმცა მსოფლიო მასშტაბით პატივცემული ფსიქოანალიტიკოსის სტატუსმა ვერ დაამეგობრა საკუთარ შვილებთან: მისმა ვაჟიშვილმა თავი მოიკლა, ქალიშვილს კი დედა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სძულდა.

მელანი კლაინი ამბობდა, რომ ზიგმუნდ ფროიდმა ადამიანის სული აღმოაჩინა, მან კი მისი ყველაზე ღრმა და საიდუმლო წახნაგების შესწავლა მოახერხა.

ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსის, მელანი კლაინის ყველა კვლევა ბავშვობას უკავშირდება, უფრო ზუსტად, ჩვილობას. ის დარწმუნებული იყო, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არა 5-6 წლის ასაკში ფორმირდებოდა, როგორც ეს ფროიდს სჯეროდა, არამედ გაცილებით ადრე, სიცოცხლის პირველ წელს. სწორედ ამ დროს ივსებოდა ჩვილის სული შფოთვით, სევდით, დეპრესიული განწყობით. შესაძლოა მელანი ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდა, რომ მის  ბავშვობას ძნელად თუ უწოდებდი ბედნიერს.

მისი ოჯახის საკმაოდ მძიმე პრობლემები, როგორც ჩანს, წინა თაობებიდან დაიწყო. მელანი კლაინის მამა, მორიც რაიცესი, ვენელ ებრაელთა ღრმად რელიგიურ ოჯახში დაიბადა, მიიღო კარგი განათლება. ყველას ეგონა, რომ რაბინი გახდებოდა. თუმცა, უკვე ახალგაზრდობაში, ის რელიგიით იმედგაცრუებული დარჩა, გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო და ამით მთელი ოჯახი გააწბილა.

სამწუხაროდ, მორიცი, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ათი ენა იცოდა, შეცდა პროფესიულ არჩევანში. მისგან ჩვეულებრივი ექიმი გამოვიდა. პირველი ქორწინებაც ტრაგიკული ჰქონდა. მან ნაადრევად იქორწინა, როგორც ეს მაშინდელ მორწმუნე ოჯახებში ხდებოდა, უკვე ასაკში კი 19 წლით უმცროსი გოგონა, ლიბიუზო დოჩი შეიყვარა.

პირველ ცოლთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, მაინც შეძლო, შეექმნა ძლიერი ოჯახი. ოთხი შვილი შეეძინა და რადგან მედიცინის მიმართულებით ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, მისმა ახალგაზრდა ცოლმა გადაწყვიტა ოჯახის ბიუჯეტში საკუთარი წვლილი შეეტანა. მან მცენარეებით და ცხოველებით დაიწყო ვაჭრობა, ეს საქმე კარგად წაუვიდა და როდესაც ქმარმა მუშაობა ვეღარ შეძლო, ოჯახის ერთადერთი მარჩენალის როლი შეითავსა.

მელანი უმცროსი შვილი იყო. როცა დაიბადა, მამამისი 50-ზე მეტის იყო. ნაბოლარა თითქოს ყველაზე მეტად უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მელანი დაუგეგმავი შვილი იყო. ცოლ-ქმარს ბავშვი აღარ უნდოდა, მამამისი თავს მოხუცად თვლიდა და ახალშობილის აღზრდა აღარ სურდა. თან, ყველაზე მეტად თავისი უფროსი ქალიშვილი, სიდონია უყვარდა.

ბავშვობაში სიდონიასთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, მელანი კლაინისთვის სტრესული იყო. ამის შესახებ ის მთელი დარჩენილი ცხოვრება წუხდა და წერდა კიდეც. ერთი მხრივ – ბავშვი მამაზე ეჭვიანობდა; მეორე მხრივ – დებს შორის გულწრფელი, უჩვეულოდ სათუთი სიყვარული არსებობდა; მესამეც – ყველაზე დიდი საშინელება – სიდონია უიმედოდ იყო დაავადებული. ეს პატარა სიდონიასაც ესმოდა და ცდილობდა დისთვის ყველაფერი ესწავლებინა, რაც თვითონ იცოდა. ის 9 წლის გარდაიცვალა. რამდენიმე წლის მერე კი მას ძმა, ემანუელიც მიჰყვა.

არც ბავშვების მამას უცხოვრია დიდხანს. მელანი 18 წლის იყო, როცა მამა სამუდამოდ დაემშვიდობა. ცოტა ხანში კი დედაც მოკვდა. მელანი დედაზე გიჟდებოდა და ეს მისთვის მძიმე დანაკარგი იყო. ამ გარდაცვალებათა წყებამ მომავალი ფსიქოანალიტიკოსის ხასიათზე ცუდად იმოქმედა და მოუშუშებელი იარა დაუტოვა. მელანი კლაინი მთელი სიცოცხლე ურთულესი ადამიანი იყო, რაც გამუდმებით აისახებოდა კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაზე.

ახალგაზრდობაში მელანი მედიცინის შესწავლას გეგმავდა, ორი წელი უნივერსიტეტშიც ისწავლა, მაგრამ ინჟინერ არტურ კლეინზე ქორწინების შემდეგ იძულებული გახდა, უარი ეთქვა სწავლაზე და ქმართან ერთად მის ხშირ მივლინებებში ევლო. ქორწინება აშკარად უიღბლო იყო. არტური ცოლს განუწყვეტლივ ატყუებდა და ღალატობდა, მელანი კი პროვინციულ ქალაქებში მოგზაურობისას უიმედოდ ოცნებობდა მეგაპოლისების ბრწყინვალებაზე და სულ უფრო მეტად იძირებოდა დეპრესიაში.

თუმცა არტურის მივლინებებმა და იმან, რომ მელანიმ უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, უჩვეულოდ სასიკეთო შედეგი გამოიღო. 1914 წელს ოჯახი ბუდაპეშტში გადასახლდა, სადაც მელანი კლაინი პრაქტიკაში გაეცნო ფსიქოანალიზს – მან ფროიდის მოსწავლესთან, შანდორ ფერენცისთან, დეპრესიის სამკურნალო კურსი გაიარა. სესიების დროს, როგორც მელანი, ისე მისი მკურნალი ექიმი, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნიჭიერი პაციენტისთვის ფსიქოანალიზი შეიძლებოდა პროფესიად ქცეულიყო.

მელანი კლაინმა საკუთარი პატარა ვაჟის ფსიქოანალიზი ჩაატარა და ამის შესახებ ცნობილი მოხსენება – „ერთი ბავშვის განვითარება“ გამოაქვეყნა. კვლევის საფუძველზე 1919 წელს ის უნგრეთის ფსიქოანალიზმის საზოგადოებაში გააწევრიანეს. ორი წლის შემდეგ, 38 წლის მელანი კლაინი ბერლინში გადავიდა ადრეული ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ლიდერის, კარლ აბრაჰამის მოწვევით. იმ პერიოდში მისი მეუღლე არტური შვედეთში დიდი ხნით წავიდა და წყვილი დაიშალა, მაგრამ მელანის ეს აღარ აშფოთებდა.

1925 წელს მელანი კლაინმა საბოლოოდ გააფორმა თავისი თეორია ბავშვთა ფსიქოანალიზის შესახებ. პირველად საზოგადოებამ ეს ინფორმაცია სამკვირიანი ლექციების კურსით შეიტყო.  მომავალში ამ სამ კვირას მელანი ყველაზე ბედნიერ დროდ მოიხსენიებს. ორი წლის შემდეგ კი ის ლონდონში გადადის. მაშინ არც კი ეჭვობდა, რომ ეს ნაბიჯი მას და მის შვილებს იმ ისტორიული კატასტროფისგან გადაარჩენდა, რომელიც ევროპის ებრაელებს წამოეწია…

ფსიქოანალიტიკოსი მელანი კლაინი ფროიდის იდეების ერთგული დარჩა. ფროიდის ნავარაუდევი ზრდასრულთა ნევროზების ფორმირების სტადიების თაობაზე კლაინმა ბავშვების განვითარების ეტაპებს შეუსაბამა. ნამდვილ აღმოჩენად ბავშვთა ანალიზში (მას დღესაც ფართოდ იყენებენ) დასახელდა თამაშის მეთოდი – ანალიტიკოსის ოთახში თამაშის დროს ბავშვი ისევე ავლენს თავს, როგორც ზრდასრული ავლენს თავს თავისუფალი ასოციაციის ანალიზის მეთოდის გამოყენებისას.

პარადოქსულია, მაგრამ ფროიდის იდეების ერთგულებამ თავად ფროიდისა და მის მხარდამჭერთა უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ მელანისეული ბავშვთა ფსიქოანალიზი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ბავშვთა ფსიქოანალიზის უკვე არსებულ  შტოს, რომლის ინიციატორი ფროიდის ქალიშვილი, ანა გახლდათ. ანას მოსაზრებით, ზრდასრული პიროვნების ფორმირების ეტაპები არ შეიძლებოდა სარკისებური ყოფილიყო   ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ჩვილებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან – ამ დროს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის საზღვარი ძალიან მყიფეაო, წერდა ანა. აქედან გამომდინარე, ბავშვის ქცევაც ორაზროვანია, აუხსნელი.

ასე იყო თუ ისე, ობიექტი – ურთიერთობის თეორია მელანი კლაინის თეორიული ნაშრომებიდან და მოსაზრებებიდან იღებს სათავეს. კლაინი, რომელიც კლასიკურ ფსიქოანალიზში ცვლილების საჭიროებას ხედავდა, კვლავ არ ეთანხმებოდა ფროიდის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ოიდიპოსის კომპლექსის როლის შესახებ ფსიქოპათოლოგიის აღმოცენებაში. ამ აზრთა სხვადასხვაობამ კლაინი საბოლოოდ იმ იდეამდე მიიყვანა, რომ სამყაროს ჩვენეულ განცდასა და აღქმას ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებთან – ობიექტებთან ურთიერთობა ქმნის, რომელთა მიმართაც, თავის მხრივ, შესაძლოა სიყვარულს ან სიძულვილს განვიცდიდეთ. სწორედ აქედან დაიბადა მისეული ობიექტი – ურთიერთობის თეორია.

მიუხედავად იმისა, რომ მელანი კლაინის ავტორიტეტი ბავშვთა ფსიქოანალიზში ძალიან მაღალი იყო, ეს მას არ დახმარებია შვილებთან ურთიერთობაში. შემთხვევითი როდი იყო, მისი თეორიის ერთ-ერთი წამყვანი თემა დედასა და შვილს შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთობების პერიპეტიები – სიყვარულ-სიძულვილია. მელანის ქალიშვილი, მელიტა შმიდბერგიც ასევე ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი გახდა, მაგრამ ამან ის დედასთან არ დააახლოვა. პირიქით, უფრო დააშორა. მელიტა ფსიქოანალიზს ედვარდ გლოვერთან გადიოდა, ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკოსთან, საზოგადოების იდეების კრიტიკოსთან და კერძოდ მელანი კლაინის თაეორიების მოწინააღმდეგესთან. მელიტამ სრულიად შეწყვიტა ურთიერთობა დედასთან და გარკვეული დროით ლონდონიდან ნიუ-იორკში გადასახლდა.

მელანის ვაჟიშვილი, ჰანსი, ის, ვისაც დედა ბავშვობაში აანალიზებდა და ვისზეც თავისი პირველი მოხსენება გააკეთა, 27 წლის ასაკში, მთებში დაიღუპა. ერთ-ერთი საჯარო მოხსენების დროს მელიტამ განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალება ნამდვილი თვითმკვლელობა იყო, და რომ ამ თვითმკვლელობამდე ის საკუთარმა დედამ თავისი აუტანელი ხასიათით მიიყვანა, ასევე იმით, რომ ოდესღაც დედა მის ფსიქოანალიზს ატარებდა. შესაძლოა ამ ყველაფერში იყო სიმართლის მარცვალი  – დღეს ფსიქოანალიზში უხეშ შეცდომად მიიჩნევა ცდები და დაკვირვებები ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, მით უფრო შვილებზე.

1960 წელს, როდესაც დედა გარდაიცვალა, მელიტა შმიდბერგი ლონდონში იმყოფებოდა და მის დაკრძალვას არ დასწრებია.

მელანის იდეებს ევროპის ფსიქოანალიტიკურ წრეებში კრიტიკულად უყურებდნენ, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაში მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. მიუხედავად ამ თეორიების წინააღმდეგობრიობისა, მელანი კლეინი ბავშვთა ფსიქოანალიზის სფეროში დღემდე რჩება კლასიკოსად.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

საუკუნის ძრავა

0

მესამე დღეა, წვიმს. წვიმს გადაუღებლად. ცა მოქუფრულა და მზის სხივებს ჩვენამდე არ უშვებს. ამინდი განწყობაზეც მოქმედებს. მუშაობა გეზარება. არ აქვს მნიშვნელობა, კაბინეტში მუშაობ თუ ყანაში…

მთელი დღე ფანჯარას ვარ მიჯაჭვული და ქუჩას გავცქერი. წვიმა მანქანების ნაკადსაც აფერხებს. ზლაზვნით მიიწევენ წინ. თითქოს რაღაც პროცესიას მიჰყვებიან. დროდადრო ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და სიგნალს იძლევა – ისე, თავისთვის, გულს იოხებს, თორემ კარგად იცის, მის წინ და იმის წინ მიმავალ მგზავრებსაც მასავით ეჩქარებათ.

წვიმას ციდან ფიქრიც ჩამოაქვს. ფიქრებიც წვეთებივით ხტიან, ადგილიდან ადგილზე, ამბიდან ამბავზე, რეალურიდან ირეალურზე და პირიქით…

ვუცქერი ქუჩის მთელ სიგრძეზე გაჭიმულ მანქანების კოლონას და ფიქრი საუკუნის წინ გამირბის. ნეტავი როგორი იქნებოდა ეს ქუჩა, ადამიანს ბორბალი რომ არ გამოეგონებინა? ალბათ მათ ადგილს ცხენები დაიკავებდნენ. ყველა ოჯახს საკუთარი ეყოლებოდა დღევანდელივით და ქუჩაში მოძრაობის წესებიც ოდნავ განსხვავებული იქნებოდა. ნეტავი შუქნიშანი თუ გახდებოდა საჭირო? ან როგორი ფორმა ექნებოდა? საერთოდ, იარსებებდა კი მოძრაობის წესები? ალბათ, იარსებებდა. ასიათასობით მოძრავ ობიექტს აუცილებლად დასჭიდებოდა რეგულაცია.

და კიდევ… ჰაერი, ერთი შეხედვით, უფრო სუფთა იქნებოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. თბილისის ქუჩებს დიდი ხანია დაავიწყდა ფლოქვების ხმა, მაგრამ ვენაში, ზალცბურგსა თუ ევროპის სხვა ისტორიული ქალაქების ცენტრში მძაფრად იგრძნობა ცხენის ოფლის სუნი, რომელსაც ვერ ფარავს ყავისა თუ „შანელის“ ნელსაცხებლების არომატი, ასე უხვად რომ ტრიალებს იმავე ცენტრალური ქუჩების შემოგარენში. და ამ ყველაფერს დღეს მხოლოდ ისტორიის პატივისცემითა და ეგზოტიკის სიყვარულით ვიტანთ…

ბორბალმა შეცვალა ისტორიის დინება, ხოლო მასზე მიმაგრებულმა ძრავამ მოძრაობას არნახული სისწრაფე შესძინა. ორივე იმ თითებზე ჩამოსათვლელ აღმოჩენათაგანია, რომლებსაც კი კაცობრიობას ოდესმე გაუკეთებია. სხვა ყველაფერი, მთელი ჩვენი ვნებათა ღელვა ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე, ამ აღმოჩენათა თანამდევია. ჩვენ ჩვენივე ხელით მივიჯაჭვეთ თავი ბორბალზე, ვინაიდან სხვა ვერაფრით შევუცვალეთ მიმართულება ჩვენს ყოფას, და ასე ბორბალზე გაკრულნი ვივლით, სანამ არ ვისწავლით „ამოსვლას იმ წუმპიდან, მიწა რომ ჰქვია“, ანუ არ შევქმნით ცათმფრენს, მანქანასავით პატარას, ცხენივით თვინიერს, ფეხსაცმელივით კომფორტულს.

თუმცა ძრავას ვერაფერი შეცვლის. ბორბლის დატრიალებასაც და ფრთების მოქნევასაც სჭირდება აგრეგატი, სახელად ძრავა. მას ავტომანქანის გულს უწოდებენ, თუმცა „გული“ ძრავის მხოლოდ ერთი პატარა დეტალია…

ძრავის დანიშნულებაა, ენერგია მექანიკურ მუშაობად გარდაქმნას. ენერგიის წყარო კი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მასალა იყო, ამიტომაც ძრავას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია დაუგროვდა.

პირველ ძრავას ორთქლისა ერქვა, თუმცა საწვავად შეშასა და ქვანახშირს იყენებდა. დახშულ ჭურჭელში ადუღებული წყლის ორთქლი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს პოულობდა გამოსავალს. ორთქლის მოლეკულების კინეტიკური ენერგია დგუშის მექანიზმს მოძრაობად გარდაქმნიდა და თბომავალი ხვნეშითა და ვიშვიშით მიუყვებოდა ლიანდაგებს, მდინარეებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. ორთქლის ძრავაზე მომუშავე „მობილეების“ სამართავად მესაჭე-მემანქანე და მათი მართვის ბერკეტები არ კმაროდა. ძრავის ღუმელს ნიჩაბმომარჯვებული მუშა დარაჯობდა და დროდადრო შეშისა თუ ქვანახშირის შეკეთებით მოგიზგიზე ცეცხლს მინავლების საშუალებას არ აძლევდა.

„ცეცხლოვანი“ ძრავების განვითარების მომდევნო ეტაპი დიზელისა და შიდაწვის ძრავებია. მათ დაბადებას წინ უძღვოდა ნავთობის აღმოჩენა და ნავთობპროდუქტების ტექნოლოგიის შემუშავება. ბენზინმა, ნავთმა და გაზოილმა (ე.წ. დიზელის საწვავმა) მნიშვნელოვნად შეცვლა ძრავების ტიპი და, საზოგადოდ, ავტო-მოტო ინდუსტრია. ასეთი ძრავები უკვე საუკუნოვან ისტორია ითვლის და ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა. ორთქლის ძრავებიდან მათ მხოლოდ წვის რეაქცია ერგოთ მემკვიდრეობად, თუმცა შეშისა თუ ქვანახშირის მდორე წვის რეაქცია ნავთობპროდუქტის აფეთქებით წვამ ჩაანაცვლა, ამიტომ მუშაობის შესრულებაც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირების მყისიერად გაფართოებამ იტვირთა და წყლის ორთქლის საჭიროება გამოირიცხა. ძრავა უფრო პატარა, მძლავრი და ადვილად სამართავი გახდა. ნიჩაბმომარჯვებული მუშა ერთმა პატარა ბერკეტმა შეცვალა. მასზე ტერფის მსუბუქი დაჭერა საკმარისია, რომ სპეციალური მექანიზმი მიხვდეს, რამდენი საწვავი უნდა „შეუკეთოს“ წვის კამერას. შეშისა თუ ქვანახშირის რონოდა რამდენიმე ლიტრი ტევადობის საწვავის ავზმა შეცვალა. ნავთობი უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას მალავს. 54 ავტოგასამართი სადგურს ერთ წამში იმდენივე ენერგიის მოცემა შეუძლია, რამდენსაც დროის იმავე მონაკვეთში იძლევა ენგურჰესი.

მაგრამ ნავთობი წარმავალია. გეოლოგები გვამცნობენ, რომ მისი მარაგი მალე ამოიწურება. ამიტომ უკვე კარგა ხანია დავიწყეთ ალტერნატიული საწვავის შექმნა-მოძიებაზე ფიქრი. ასეთია, მაგალითად, ბიოეთანოლი და ბიოდიზელი, რომელიც ნავთობისაგან არსებითად მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ განახლებად რესურსს წარმოადენს. წვის რეაქციაზე მომუშავე ძრავებისთვის საწვავის კიდევ ერთი ალტერნატივაა წყალბადი, თუმცა ამ ნივთიერებაზე მომუშავე ძრავა მიზეზთა გამო საკონსტრუქტორო ბიუროებს ჯერჯერობით ვერ გასცდა.

ელექტროენერგია, მართალია, დიდი ხანია გამოიყენება ენერგიის წყაროდ, მაგრამ მასობრივად – მხოლოდ სადენებიან ტრანსპორტში. დღეისათვის მხოლოდ ერთეული ელექტრომობილია შექმნილი და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ძირითად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს დამუხტვის დაბალი სიჩქარე. აჩქარებული მსოფლიო ვერ ეგუება, რომ ელექტრომობილის ენერგიით შევსებას რამდენიმე საათი სჭირდება, მაშინ როცა ბენზინით ავზის ასავსებად სულ რამდენიმე წუთია საკმარისი. ამიტომ ბაზარზე ჰიბრიდულმა ძრავებმა უფრო მოიკიდა ფეხი, ვიდრე ელექტრომობილებმა.

ჩატვირთული ენერგიის რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წყაროდ ატომური ენერგიის გამოყენებასაც კი მივყავით ხელი, მაგრამ რადიაციული ფონის ჩახშობის აუცილებლობის გამო ძრავები მეტისმეტად დიდია და მხოლოდ დიდ სანაოსნო (უფრო – სამხედრო წყალქვეშა) ხომალდებზე ვიყენებთ ჯერჯერობით. თუმცა ბოლო დროს ისევ გააქტიურდა თორიუმის ძრავების ტექნოლოგიაზე ფიქრი. თორიუმი ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ყველაზე უსაფრთხო რადიაქტიური ელემენტია. გამოსხივების ეკრანირებისთვის არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, ამიტომ შესაძლებელია, მისი ძრავა საკმაოდ კომპაქტური იყოს. დღევანდელი თეორიული დათვლებით, 8 გრამი საწვავი ავტომობილს 100 წელიწადს ეყოფა! ფანტასტიკას ჰგავს? რა თქმა უნდა, მაგრამ თავის დროზე მფრინავი ხალიჩები და ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდიც ლეგენდები და მხატვრული ლიტერატურა იყო. ვნახოთ, გახდება თუ არა თორიუმის ძრავა „საუკუნის ძრავა“.

„ფრანგი მშობლები არ ნებდებიან“ (პირველი ნაწილი)

0

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი პამელა დრუკერმანი 3 შვილის დედაა. მის ბესტსელერს „ფრანგი ბავშვები საჭმელს არ აფურთხებენ“ მკითხველი უკვე იცნობს. ახლა გაგაცნობთ რამდენიმე ნაწყვეტს მისი წიგნიდან „ფრანგი მშობლები არ ნებდებიან“.

 

შესავალი

აღზრდის ფრანგული სტილი ლოგიკური და გასაგებია. ფრანგებს სჯერათ, რომ ბავშვები გონიერი არსებები არიან. მათთან ურთიერთობისას აუცილებელია, ერთმანეთს შეერწყას ცოტა სიმკაცრე და ბევრი, ბევრი თვაისუფლება. აუცილებელია, ყურადღებით ვუსმინოთ შვილებს, მაგრამ სულაც არ არის სავალდებულო, ყველა თხოვნა შევუსრულოთ. შემოქმედებითობა და მოთმინება ორი მთავარი იარაღია. და კიდევ: ფრანგებს მიაჩნით, რომ საუკეთესო მშობელი მშვიდი მშობელია. რატომ არის დღეს აქტუალური აღზრდის ფრანგული სისტემა? იმიტომ, რომ ის არის ერთგვარი სარკე იმისა, რაც ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში ამ მხრივ.

ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კითხვის უნარი, ფრანგები კი ცდილობენ, პატარებს „რბილი“ კომუნიკაციის უნარი განუვითარონ. ამერიკელი მშობლები გამუდმებით ცდილობენ, ბავშვებს აქტიური ქმედებისკენ უბიძგონ, ფრანგებს სჯერათ, რომ „უმოქმედობა“ (უსაქმოდ ყოფნა) არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამერიკელები ცდილობენ, არაფერზე უთხრან უარი თავიანთ პატარებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით ტრავმას მიაყენებენ შვილებს, ფრანგ მშობლებს კი სჯერათ, რომ ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია, გაღიზიანებას გაუმკლავდეს, ზრდასრულ ასაკში ვერასდროს იქნება ბედნიერი.

ამერიკელების მთავარი საზრუნავი ბავშვის მიღწევებია, ხოლო ფრანგებისა – შვილებთან გატარებული წლები. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ბრაზის შეტევები, ცუდი ძილი, ჭირვეულობა საჭმლის არჩევისას გარდაუვალია. გაგიკვირდებათ და ფრანგებისთვის ყველა ეს „სიამოვნება“უცხოა.

მე ჟურნალისტი ვარ და არა აღზრდის ექსპერტი, ამიტომ მინდა, ეს წიგნი მკითხველისთვის შთაგონების წყარო გახდეს და არა დოქტრინა. საფრანგეთში ამბობენ: „საჭიროა, გამუდმებით ვცვალოთ მიდგომა, რადგან ბავშვები ელვის უსწრაფესად იცვლებიან. მშობლებს შეუძლიათ, ნებისმიერ ასაკში იხელმძღვანელონ ძირითადი პრინციპებით, მაგრამ ისინი სხვადასხვანაირად გამოიყენონ.

დაბოლოს, არა მგონია, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღზრდის ფრანგულ სისტემას დანერგავთ. მე მხოლოდ იდეებს გაწვდით და წარმატებას გისურვებთ.

 

ბავშვი – აინშტაინი

ბავშვები, ახალშობილებიც კი, ფრანგებს უსუსურ არსებებად არ მიაჩნიათ. ისინი ჩვილებს ეპყრობიან როგორც რაციონალურ არსებებს, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც-რაღაცების სწავლა, რა თქმა უნდა, თუ რბილად და ძალდაუტანებლად, ასაკის შესაფერისად ვასწავლით. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც პატარას ვესაუბრებით, ის გვისმენს და, სავარაუდოდ, ხვდება კიდეც, რას ვეუბნებით.

 

მუდმივად დააკვირდით პატარას

თუ ახალგაზრდა ფრანგ დედას ჰკითხავთ, როგორია მისი აღმზრდელობითი სისტემის არსი, ის გაკვირვებული აიჩეჩავს მხრებს და გიპასუხებთ: „უბრალოდ, გამუდმებით ვაკვირდები ჩემს პატარას“. დედა ცდილობს, ამოიცნოს შვილის მინიშნებები და ისე იმოქმედოს. ყოველთვის დაუჭირეთ მხარი ბავშვს, განსაკუთრებით – როცა სჭირდებით, მაგრამ თუ მშვიდად წევს და თავისთვის ღუღუნებს, ჯობს, თვითგამოხატვაში ხელი არ შეუშალოთ.

 

უთხარით ბავშვს სიმართლე

ცნობილი ფრანგი პედიატრი და ფსიქოანალიტიკოსი ფრანსუაზ დოლტო ამბობს, რომ ბავშვისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ოჯახში სრული ჰარმონია სუფევდეს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, აუხსნან ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. დოლტოს მიაჩნია, რომ პატარას უნდა მოვუყვეთ განქორწინების შესახებ, ბებიის გარდაცვალების შესახებ. ის კი არა, დაკრძალვაზეც კი უნდა წავიყვანოთ. ფრანგებს სჯერათ, რომ ბავშვს გაცილებით გავუადვილებთ სამყაროს აღქმას, თუ მარტივად მოვუყვებით იმ მოვლენებზე, რაც ოჯახში ხდება.

 

ხანდახან უსაქმოდ ყოფნაც აუცილებელია

ფრანგები ფიქრობენ, რომ ბავშვს უნდა ვესაუბროთ, ვათვალიერებინოთ გარემო, ვუკითხოთ წიგნები, მაგრამ მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ზოგჯერ სჭირდება უსაქმოდ ყოფნა. ეს აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ პატარამ შეიმეცნოს ინფორმაცია, რომელიც მანამდე მივაწოდეთ. მშობლები უნდა ეცადონ, შვილთან ურთიერთობა ბუნებრივ რიტმში წარიმართოს. აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს პირადი დრო და სივრცე, რათა თავისუფლება შეიგრძნოს.

 

ძილი სასარგებლოა არამხოლოდ ბავშვისათვის

ფრანგი მშობლები ჩვილს დაძინებას ასწავლიან არა მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის, არამედ მისივე სიამოვნებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვი, რომელსაც ცუდად სძინავს, შესაძლოა ჰიპერაქტიური და გაღიზიანებული გახდეს, შემდგომში შეეჯახოს სირთულეებს სწავლის დროს, გაუფუჭდეს მეხსიერება და ტრავმების მიმართაც მეტად მგრძნობიარე გახდეს. პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ითქმის იმ მშობლებზე, რომლებიც მუდმივად გამოუძინებლები არიან. როდესაც ბავშვები „ძილს“ სწავლობენ, ისინი სწავლობენ, როგორ გახდნენ  ოჯახის ნაწილი, შეეგუონ მისი სხვა წევრების საჭიროებებს. სამი თვე ის ასაკია, როდესაც ფრანგი ბავშვების  უმეტესობას მთელი ღამე გადაბმულად სძინავს და, ამასთან, ეს დედების დეკრეტული შვებულების მაქსიმალური ვადაა.

 

მყისიერი შედეგის იმედი ნუ გექნებათ

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცდელობას თავი უნდა მიანებოთ. გაუზიარეთ თქვენი აზრები პატარებს. თუ შვილს მშვიდად და თანმიმდევრულად ასწავლით ძილს, შედეგს იმაზე სწრაფად დაინახავთ, ვიდრე საბოლოდ გამოიფიტებით ხანგრძლივი უძილობისგან.

 

ბავშვი – გურმანი

წარმოიდგინეთ პლანეტა, სადაც კვება დიდი სიამოვნებაა. ბავშვებიც იმავე საჭმელს ჭამენ, რასაც დიდები და ზედმეტი წონისგან არ იტანჯებიან. ამ პლანეტას საფრანგეთი ჰქვია. მაგრამ თავისთავად არაფერი ხდება. ფრანგი მშობლები, შეიძლება ითქვას, ჩვილობიდანვე ასწავლიან შვილებს სწორ კვებას. ამას ისინი მთელი სერიოზულობით ეკიდებიან. ფრანგული კვების სისტემის არსი მარტივია: მოექეცით შვილს როგორც პატარა გურმანს და თანდათან ის მართლაც იქცევა გურმანად.

 

„საბავშვო საკვები“ არ არსებობს

დიახ, საფრანგეთში ქათმის ნაგეტსებსაც იპოვით, თევზის ჩხირებსაც და პიცასაც, მაგრამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, შემთხვევითი საკვებია, ბავშვების ყოველდღიურ მენიუში მათ ვერ ნახავთ, ისევე როგორც, მაგალითად, ფრის. ფრანგი მშობლები დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ მათი შვილები არ იქცნენ ჭირვეულ მჭამელებად, რომლებიც მხოლოდ სპეციფიკურ საბავშვო საკვებს ჭამენ. ფრანგი ბავშვები მცირე ასაკიდანვე მიირთმევენ იმავე საჭმელს, რასაც მათი მშობლები.

 

პრობლემის ორცხობილათი მოგვარებას ნუ ეცდებით

როდესაც თქვენი პატარა წამოიტირებს, დასამშვიდებლად ტკბილ ორცხობილას ნუ მიაჩეჩებთ – ნუ უბიძგებთ, კიდევ და კიდევ გააკეთოს იგივე. რაც მთავარია, ნუ „ასწავლით“, უგუნებობა ორცხობილათი გაიქარწყლოს. როდესაც გაიზრდება, ამას აუცილებლად დაგიფასებთ (განსაკუთრებით გოგონა, რომელიც ოცდაათი წლის ასაკშიც კი მოახერხებს ქალიშვილობის დროინდელი შარვლის ჩაცმას.

 

მიეცით ბავშვებს საჭმლის მომზადების უფლება

ჩვენი ფრანგი მეზობლის ხუთი წლის გოგონა სალათისთვის დამოუკიდებლად ამზადებს სოუსს, რომელსაც განსაზღვრული რაოდენობის ზეთის, ძმრისა და მდოგვის შერევა სჭირდება. და არ არის გასაკვირი, რომ სალათა მასაც ისევე უყვარს, როგორც მთელ მის ოჯახს. ვიცნობ ორი წლის ფრაგ ბავშვებს, რომლებიც სამზარეულოს მაგიდასთან სხედან და სალათის ფურცლებს აქუცმაცებენ, და სამი წლის ბავშვებს, რომლებიც ბლინებისთვის ცომს ზელენ. მშობლები, რა თქმა უნდა, აკონტროლებენ ამ პროცესს, მაგრამ სამზარეულოში მოწყობილ პატარა არეულობას არ აპროტესტებენ. მათ იციან, რომ ასეთი წუთები საუკეთესოა შვილებთან „გულახდილი“ საუბრისთვის.

 

მრავალფეროვნება და კიდევ ერთხელ მრავალფეროვნება

ფრანგი მშობლები მუდმივად სთავაზობენ შვილებს მრავალფეროვან საკვებს. რას გვაძლევს ასეთი მიდგომა?

  • მრავალფეროვანი მენიუ უზრუნველყოფს ბავშვის დაბალანსებულ კვებას;
  • როდესაც ბავშვები ეჩვევიან „ყველაფრის ჭამას, მშობლებს მათი ჭირვეულობის ატანა აღარ უწევთ;
  • მნიშვნელოვანია სოციალური ასპექტიც: სტუმრად ბავშვი აუცილებლად იპოვის სუფრაზე თავის მოსაწონ საკვებს და დედასაც აღარ მოუწევს გამუდმებით ბოდიშის ხდა შვილის უსაქციელობის გამო;
  • ახალი კერძის გასინჯვისას ბავშვის წინაშე ახალი სამყარო იშლება;
  • როდესაც დედა შვილს ახალი კერძის გასინჯვას სთავაზობს, ბავშვს საკუთარი თავის რწმენა ემატება.

 

მიირთვით შოკოლადი

ნუ შეაზიზღებთ შვილს ტკბილეულს – ადრე თუ გვიან ის მაინც გასინჯავს შოკოლადს და ეჭვით დაგიწყებთ ყურებას. უმჯობესია აუხსნათ, რომ ტკბილეული გემრიელია, მაგრამ ზომიერად უნდა ვჭამოთ. ფრანგი ბავშვები ყოველდღე მიირთმევენ შოკოლადს, უქმე დღეებში მათ ცოტოდენ ტორტსაც აჭმევენ, დღესასწაულებსა და დაბადების დღეებზე კი ყველაფრის ჭამა ნებადართულია – წესების დარღვევა ხანდახან ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება.

 

ჭამის პროცესი ხანმოკლე და კომფორტული უნდა იყოს

პატარა ბავშვებს მაგიდასთან დიდხანს ჯდომა უჭირთ, ნახევარი საათის შემდეგ წრიალს იწყებენ და ადგომას ითხოვენ. თამამად „გაათავისუფლეთ“ ისინი. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებენ მაგიდასთან.

როდესაც შვილები კაფეში ან რესტორანში მიგყავთ, აუხსენით, რომ ასეთ ადგილებში განსხვავებული წესები მოქმედებს. უთხარით ისიც, რომ აქ შეიძლება სასურველი კერძი თვითონვე აირჩიო. ეს საუკეთესო საშუალებაა, პატარას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ჩვევა გამოვუმუშაოთ.

წარსული ახლაც ხდება

0

ჩვენი ავტორებიდან ალბათ ბევრი დაწერს ამ თემაზე, მაგრამ ყველა ხომ სხვადასხვა ამბავს მოვყვებით. თბილისში ნობელიანტი მწერალი ჩამოვიდა, სვეტლანა ალექსიევიჩი. პირველ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო მასთან შეხვედრა, მეორე დღეს – რუსთაველის თეატრში.

ორივე დღეს ვიჯექი და ვუსმენდი ადამიანს, რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი იცის საბჭოთა სამყაროზე, მეორე მსოფლიო ომზე, ადამიანებზე, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც გადაასახლეს, დახვრიტეს და ა.შ. არა მხოლოდ ფაქტები – ამ მოვლენათა სული იცის, როგორც თვითონ ამბობს.
მე საბჭოთა კავშირში არ მიცხოვრია, 1990 წელს დავიბადე, თუმცა ამ მიჯნაზე, როცა თითქოს ახალი სამყარო იქმნებოდა პოსტსაბჭოთა რუკაზე, ჩვენ მაინც იმავე რეალობაში ვიზრდებოდით. გარეგნულად ყველაფერი სხვაგვარი იყო, შინაგანად – არა. ალექსიევიჩი ჰყვებოდა ამბებს ადამიანებზე, მათ დამოკიდებულებებზე, ფიქრებზე, სოციოკულტურულ ვითარებაზე, რომელიც კავშირის დაშლამდე ათეული წლით ადრე ხდებოდა, თუმცა ნაწილობრივ დღევანდელობაზე ლაპარაკობდა თითქოს.

რუსთაველის თეატრში მაღალი სიცხით მივედი. მეშინოდა, გული არ წამსვლოდა დარბაზში, სადაც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვუსმენდი ამ ჭკვიან ქალს. ხომ არის მომენტები, როცა უფრო ადვილია, უსმინო სულელს, ვიდრე ჭკვიანს. ზუსტად ასე ვიყავი. ზედმეტი ინფორმაცია მღლიდა და თან ყურადღებას ძალას ვატანდი, რომ ყველა სიტყვა გამეგო, ყველა ამბავი, ყველა შედარება.

ღონისძიების დასასრულს დარბაზში მსხდომებს შესაძლებლობა მოგვეცა, კითხვები დაგვესვა ალექსიევიჩისთვის და ძალიან ვინანე, რომ სახლიდან ჩემი E არ წავიღე. E ბრტყელი, სიფრიფანა რკინაა, რომელიც 90-იან წლებში ყველგან ეყარა. ქუჩებში, სკოლის ეზოებში, სადარბაზოებში, სკვერებში. წამეღო და მეკითხა, სვეტლანა ალექსანდროვნა, თქვენ ხომ არ იცით, ეს რა ჯანდაბაა-მეთქი. რა თქმა უნდა, არ ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა. მე კი გამარჯვებულის ღიმილით ნამდვილად არ დავუბრუნდებოდი ჩემს ადგილს; პირიქით, დარწმუნებული იმაში, რასაც მანამდეც ვფიქრობდი, იქვე ჩამოვჯდებოდი ჩემთვის.

დარწმუნებული, რომ ერთი სვეტლანა ალექსიევიჩი შესაძლოა მილიონების ცნობიერებას ანათებდეს, თუმცა ყველა სიბნელეს არ ჰყოფნის. მთელი ეს წყვდიადი რომ განათდეს, კარგი სკოლაა საჭირო და არა გარეგნულად განახლებული, ხოლო არსით კვლავ საბჭოთა სკოლა. მანამდე კი, ვიდრე განათლების სისტემა ყველას მისცემს შესაძლებლობას, სკოლაში შეიმეცნოს, გაიგოს, გამოიყენოს სწორი და საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც დაცლილი იქნება ყველა კერპისგან, დემონისგან, მონობისგან, მსახურებისგან, ბატონობისგან, პათეტიკისგან, ყველაფერი ისეთივე ტრაგიკულ პანთეონად დარჩება, როგორსაც ალექსიევიჩი აღწერს თავის წიგნებში და ისეთივე გაურკვეველ მომავლად, როგორცი ის სიფრიფანა რკინის ნაჭერია, რომელიც ყველგან ეყარა ჩემს ბავშვობაში როგორც ტოტალური ბურუსისა და გზააბნეულობის მეტაფორა ან სიმბოლო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...