დედაჩემთან მარტივი ურთიერთობა არასოდეს მქონია. მისი აღზრდის წესი მკაცრ დათქმებს გულისხმობდა, ჩემი მისწრაფებები – ამ დათქმების დარღვევას. ჯიუტი ვიყავი და ვარ. თუმცა, მგონი, მაშინ უფრო ვიყავი, ბავშვობაში. აი, ვთქვათ, გაუგებრად ვითხოვდი: „მეზობლის თხა დამიბით და მომიყვანეთ! ახლავე!“ იოლი ამბავი არ იყო. ჯერ – თხის დაჭერა, და რომც შეეპყროთ, მერე მეზობელი გახდებოდა დასაბმელი. თუ არა, თავს ჩამოვიხრჩობ–მეთქი. ბოლო საქმე სად შევიტყვე, აღარ მახსოვს, მაგრამ ვიმეორებდი კი. ეს სცენა მახსოვს. სხვა ბევრი – სხვებს და მიყვებიან ხოლმე. მერე სკოლაში ჩემს კალიგრაფიას, ლექსების დაზეპირებას, რუსულს, გერმანულს დააყოლა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. მე ვიზრდებოდი. იზრდებოდა განსხვავებაც ჩვენს აზრებს შორის. თხის დაჭერას აღარ ვითხოვდი და, კაცმა რომ თქვას, 14 წლიდან – არც არაფერს. 16 წლისამ საერთოდაც თბილისს მოვაშურე. თუმცა რაზეც ახლა გიყვებით, მანამდე დაიწყო. დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადმე ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს სწერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით: „ქათმები შუუშვი საკარიაში“, – და გრძელდებოდა ზოგადით: „რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით“. ეს წერილები ყველგან ეწყო: კართან – „ფეხზე გეიწმინდე“, ფანჯარასთან – „პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს“, – და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც. მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპისტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით აზიანებდნენ ნაწერს და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა. მისტიკა და სხვანი. მოკლედ, ახლაც იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში, გვიან შევირბენ და აი, ეს წერილი მხვდება აივანზე პირსახოცში გახვეულ „რაღაცასთან“ ერთად – „მჭადი არის, თბილად რომ იყოს“ – და მერე უკვე სხვა წერილები მიჰყვებიან ქვევით საფეხურ–საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ თითო ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიანი და მოღლილღუმელიანი საღამოების ამოკითხვა, და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით უფრო ღრმა, რაც უფრო ცოტანი ვრჩებით. ცოტანი რა – სულ ორნი: მე და დედაჩემი.
სიმარტივის სირთულეები ანუ მთავარი აქცენტები ლიტერატურის სწავლებაში
ერთი შეხედვით მარტივია ბავშვს მიაწოდო ინფორმაცია, შესძინო ცოდნა, გაუღრმავო ინტერესი. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. რატომ? მხოლოდ მასწავლებლის ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე გაანათლოს. მასწავლებლობა მუდმივი ძიების გზაა და ხშირად გვაქვს განცდა, რომ ათასობით თეორიასა და პრაქტიკულ საქმიანობას ხშირად არ მოაქვს სასურველი შედეგი. იქნებ ყველაფერს ვართულებთ? ჩვენც შევდივართ ლაბირინთში, საიდანაც თავს ვერ ვაღწევთ?
დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მთლიანპიროვნული განწყობა და მზაობა, მოსწავლის გონებამ ავტომატურად უნდა გასცეს ბრძანება ცოდნის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. ეს ასე მოხდება, თუ მან ზუსტად იცის, რომ სტაბილურად ტარდება გაკვეთილი და ახსნის პროცესი პირდაპირ კავშირშია შეფასებასთან, მხოლოდ ხვალ, სახლში ნასწავლი კი არ დაფასდება, არამედ დღესვე მიიღებს შედეგს(შემდგომ, შესაძლოა ყოველდღე არ მივმართოთ ამ ხერხს) . ახალი მასალის გამოკითხვა- შეფასება, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს განწყობის შექმნის რთულ პროცესს. ამასთან, საინტერესო ამბები, სხვადასხვა ტექნოლოგიები, გონების გასააქტიურებელი მეთოდები გააძლიერებს და სრულყოფს გაკვეთილის პირველ ეტაპს.
თანმიმდევრობა არის ის საძირკველი, რომელზეც დგას განათლება, არაერთი თეორეტიკოსი გვირჩევს საფეხურებრივ წინსვლას, ძველ ცოდნაზე ახლის დაშენებას, თუმცა ხშირად თავად მასწავლებელი კარგავს ამ თვისებას, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვებელია მერვე კლასში „ბაში-აჩუკის“ ახსნისას ვაჟა ფშაველას „ბახტრიონზე“ ისაუბრო სიღრმისეულად, რადგან ამ შემთხვევაში, მოსწავლე ვერც აკაკის სათქმელს გაიგებს და რა თქმა უნდა, ვერც ვაჟას მიუხვდება სიხარულს, დაიტვირთება და ორივეს ერთდროულად დაივიწყებს ან იმედგაცრუება დაეუფლება, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. მეთერთმეტე კლასში კი პირიქით, „ბახტრიონის“ ახსნისას რამდენიც გნებავთ, ვისაუბროთ „ბაში-აჩუკზე“.
არათანმიმდევრული სწავლება აზიანებს ბავშვს, ამავე პრობლემებს ქმნის დიდი რაოდენობით უსარგებლო ინფორმაციის მიწოდება, იძულება ისწავლოს ის, რაც მას არ გამოადგება, ან ტექსტის გასაანალიზებლად არ სჭირდება. მძიმე იქნება შედეგები, რადგან 21-ე საუკუნეში თაობა პრაგმატულია, გამოუსადეგარ ცოდნას არ მიიღებს და შესაძლოა საერთოდ აიღოს ხელი სწავლაზე ან მოსწავლე ვერ დაძლევს აურაცხელი რაოდენობის მასალას და თვითშეფასება დაეცემა.
გაურკვევლობა, ბუნდოვანი შეფასების სქემები, გაუგებარი მოთხოვნები კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მოსწავლემ შესაძლოა არასამართლიან გარემოში იგრძნოს თავი და სწავლისადმი განწყობა დაკარგოს. რისთვის? _ ამ შეკითხვას მუდმივად უნდა პასუხობდეს გაკვეთილისა და შემაჯამებელი დავალების შეფასება.
მაგალითად, მასწავლებელი გაკვეთილის გამოკითხვისას არ აკონკრეტებს რა კუთხით შეაფასებს მოსწავლეს, მოისმენს და მხოლოდ კარგია, ცუდია ან სწორია, არასწორიათი იფარგლება ან ასწორებს ნამუშევარს და მხოლოდ წითელი ხაზებით აღნიშნავს შეცდომას, რა თქმა უნდა, აღსაზრდელი ვერ იგებს, კონკრეტულად რაში დაუშვა შეცდომა, რატომ დაუწერეს ესა თუ ის ნიშანი, ასეთი შეფასება ზედაპირული და ბუნდოვანია, შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ შედეგების გაუმჯობესებას.
მაგალითისთვის მოვიყვან შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუშს, სადაც წერით დავალებასთან ერთად მითითებულია შეფასების კრიტერიუმები:
- წერითი დავალება: ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან „წინასწარმეტყველება“ წაიკითხეთ ნაწყვეტი „შვილები“, რომელზეც ცნობილმა კრიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჯიბრანმა სწორად დაინახა მშობელთა არასწორი ხედვა, რაც შვილებთან პრობლემებს ქმნის.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით აღნიშნული მოსაზრება.
- გაითვალისწინეთ შეფასების კრიტერიუმები:
1.დაცულია მსჯელობის თანმიმდევრობა, ნაშრომი ორგანიზებულია __ 2 ქულა;
- მსჯელობა არგუმენტირებულია __2 ქულა;
- დავალება ადეკვატურად არის გაგებული, გაანალიზებული __ 1 ქულა;
- .გამოთქმულია საკუთარი, დამოუკიდებელი მოსაზრება, ჩანს ზოგადი განათლება __ 2 ქულა;
- არ არის ორზე მეტი ენობრივ-სტილისტური ხარვეზი __1 ქულა;
- არ არის დაშვებული ხუთზე მეტი სინტაქსური, მორფოლოგიური, პუნქტუაციური შეცდომა __ 2 ქულა.
ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია ურთიერთობის დასაწყისშივე ცხადი გავხადოთ მოთხოვნები, შევადგინოთ სწორი შეფასების სქემები და აუცილებლად გავაცნოთ მოსწავლეებს, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები, მოვარგოთ საკუთარი ხედვა მათ მოთხოვნებს. მარტივი კრიტერიუმები კითხვის ტექნიკის განსავითარებლად შეიძლება ამ ტიპის იყოს:
- კითხულობს უშეცდომოდ _ 1 ქულა;
- კითხულობს შესაბამისი ინტონაციით, ითვალისწინებს სასვენ ნიშნებს, საჭირო ადგილას აკეთებს პაუზას _ 3 ქულა;
- კითხვისას ჩანს პერსონაჟის ხასიათი, ემოცია _ 3 ქულა;
- მეტყველება გამართულია, მკაფიოდ გამოთქვამს სიტყვებსა და ბგერებს _ 3 ქულა;
ყველაფერი ნათელი და შედეგიანი იქნება, თუ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში დააკონკრეტებს რა კუთხით აფასებს მოსწავლეს, მაგალითად, შეფასდება
- ცოდნა — ტექსტის თხრობა -3 ქულა;
- გამართული მეტყველება–2 ქულა;
- გაგება-გააზრების კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები–3 ქულა;
- ტექსტის ინტერპრეტაცია, ორიგინალური, დამოუკიდებელი მოსაზრებები ნაწარმოების მთავარ სათქმელზე–2 ქულა.
შეფასების კრიტერიუმები შესაძლებელია მოერგოს გაკვეთილის ტიპსა თუ თემას.
მაგალითად, როცა სწავლების მიზანი არის ანალიტიკური უნარების განვითარება, გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები შეგვიძლია ასე გადავანაწილოთ:
- თემა _ აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავი“ VI თავი;
- მიზანი – მოსწავლემ შეძლოს შესასწავლი ლიტერატურული ნაწარმოების გაანალიზება- შედარებითი ანალიზის, ანალოგიების, მეტაფორების, ანალიტიკური მსჯელობის და პერსონაჟთა შეფასების, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, წინარე ცოდნის ტრანსფერის და მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით.
- აქტივობები _ ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია;
- შეფასების კრიტერიუმები:
- არსენისა და თორნიკეს პიროვნებების შედარებისას მოსწავლეს მოჰყავს სამი მსგავსი და სამი განმასხვავებელი მაგალითი; (მაგ: მსგავსება _ არსენსაც და თორნიკესაც უყვართ სამშობლო, უფალი, ზრუნავენ ერზე; განსხვავება _ თორნიკე ლოცვით ცდილობს ერის თანადგომას, არჩეული გზის ერთგულია, უფლისადმი მსახურებად საერო საქმიდან განდგომა მიაჩნია, არსენისთვის არასაკმარისია მხოლოდ ლოცვა, ერის ხმა უფლის ხმაა, ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად ღვთის მოწოდებად მიაჩნია.) ___ 3 ქულა;
- მოსწავლეს გააჩნია საკუთარი მოსაზრება, რაც გამყარებულია არგუმენტებით (მაგ: არსენის შეხედულებები მართებულია, რადგან თავად იესომ გადადგა რეალური ნაბიჯები ადამიანთა დასახმარებლად და მხოლოდ ლოცვით არ შემოიფარგლა და სხვ.) ___ 3 ქულა;
- მოსწავლეს აქვს პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები: გამართული მეტყველება, ორიგინალური საპრეზენტაციო ფორმატი ან სხვ. და შეუძლია მოვლენათა ადეკვატური შეფასება ___ 3 ქულა;
- დისკუსიის წარმართვისას მოსწავლე ფლობს სადისკუსიო უნარებს, ავლენს ზოგად განათლებას ___ 1 ქულა;
ასეთი კონკრეტიკა მოსწავლისთვის თვალნათელს გახდის შეფასებას, კარგად აღიქვამს, რა ვერ შეძლო და რაში იყო ძლიერი, რა კუთხით უნდა იმუშაოს მეტი, გაჩნდება სამართლიანობის განცდა, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებასა და წინსვლას.
კარგი იქნება გავითვალისწინოთ თეორეტიკოსების კვლევები, მაგალითად მოვიყვან კოლბერგს, რომელიც ცოდნას ყველაზე დაბალ საფეხურზე აყენებს, შემდგომ გაგება, გააზრება, სინთეზი……. ვფიქრობ, მშობელი თქვენც ხშირად გისვამთ კითხვას: რატომ მიიღო დაბალი ქულა ჩემმა შვილმა, როცა ლექსი კარგად იცოდა ზეპირად? თუ ბავშვს და მშობელს ზემოთ მოყვანილ შეფასების კრიტერიუმებს უჩვენებთ, თუ აუხსნით, რომ ლექსის ზეპირად ცოდნა ყველაზე დაბალი საფეხურია და უფრო მნიშვნელოვანი მისი გაგება-გაანალიზება, საკუთარი პოზიციის ქონა, არგუმენტებით გამყარება, ორიგინალური აღქმა, ზოგადი განათლება, დამოუკიდებელი აზროვნებაა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მერწმუნეთ, აღარ მოეჩვენებათ უსამართლოდ თქვენ მიერ დაწერილი შეფასება. ან როგორ შეიძლება გვერდი აუაროს თანამედროვე მასწავლებელმა კოლბერგის ნააზრევს, როცა თანამედროვე ეპოქის უპირველესი მოთხოვნა აზროვნების განვითარებაა?
დაბოლოს, ამ მარტივი საკითხების მოგვარება გადაჭრის საკმაოდ რთულ პრობლემას, მოსწავლე მეტად მოტივირებული, მობილიზებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გახდება, რაც მთავარია, მას ექნება განწყობა მიიღოს ცოდნა.
როგორ დავსახოთ სასწავლო მიზნები და როგორ შევარჩიოთ სწავლების მეთოდები ისე, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს კონცეპტუალური, დინამიური და ტრანსფერული ცოდნის მიღებაში? შემდეგ სტატიაში შევეცდები სწორედ ამ კითხვებს გავცე პასუხი.
განზოგადება და დავიწროება
ამა თუ იმ თემაზე საუბრის, ფიქრის, მსჯელობის დროს მასშტაბები იცვლება, ხან ზოგადი, ხან კი ვიწროა საკითხი. განსხვავებულია პრობლემა დაწყებით, საბაზისო და მაღალ საფეხურებზე, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წარვმართოთ სწავლება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვიწრო, ხელშესახებ ფაქტებს უკეთ აღიქვამენ, მაქსიმალურად თვალსაჩინო უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით. გაგებისა და გაანალიზებისთვის აუცილებელია ყველაფერი გავხადოთ რეალური და „მე“-თი განცდილ-დანახული, მაგრამ ასევე მათ აქვთ ფანტაზია და შეუძლიათ საკუთარი თავი სხვადასხვა გარემოში, უცხო პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინონ, ამიტომ ეს უნარი საჭიროა სწორად გამოვიყენოთ. ძირითადი კითხვები „მე“-ზე უნდა იყოს ორიენტირებული: როგორ მოვიქცევი მე? მყავს თუ არა მეგობარი? როგორი მინდა ვიყო? და ა. შ. მასალის ახსნისას და გაგებისთვის, ასევე პერსონაჟის ადგილას საკუთარი თავის წარმოსადგენად, ეფექტიანი ხერხია ნახატების შექმნა, ეს რეალურს გახდის წარმოსახვით ამბებსა და აზრებს. მათი განვითარება ნერგის ზრდას ჰგავს, ჯერ მხოლოდ ღეროა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება ყლორტები, იტოტება…. ღერო კი „მე“, ინდივიდია, ამიტომ თუ გვსურს დედამიწაზე ვისაუბროთ და ეს ბავშვმა აღიქვას, საუბარი უნდა დავიწყოთ „მე“-თი, შემდეგ გადავიდეთ დედაზე, ოჯახზე, კუთხეზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ასე, ეტაპობრივად მივიდეთ უფრო გლობალურ საკითხამდე. ვფიქრობ, საკუთარი პიროვნების აღქმა ის საძირკველია, რომელზეც ინდივიდი ყალიბდება, მხოლოდ ამ გზით შეიძლება განვითარდეს და განათლება მიიღოს ადამიანმა. დაწყებითი საფეხური კი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს.
საბაზისო საფეხურზე მოსწავლეს ნაწილობრივ ჩამოყალიბებული აქვს პიროვნული თვისებები, მათი ფანტაზია უკან იხევს, ხოლო რეალობის შეცნობის სურვილი მძაფრდება, ახლა მან იცის, ვინ არის, მაგრამ ეძებს თვითდამკვიდრების გზებს, ამიტომ პრინციპების ჩამოყალიბებაში სჭირდება ხელშეწყობა. ფასეულობათა კონკრეტიზება და მათი გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით, მათი ინტერესის მთავარი ნაწილია. პრაგმატული აზროვნების გაჩენა ხელს უწყობს სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლას, თუ აქამდე „მე“ იყო ამოსავალი წერტილი, ახლა მას საზოგადოება ჩაანაცვლებს, ამიტომ „ჩვენ“ ხდება მთავარი.
სწავლებისას ერთი და იგივე მოთხრობა, გოდერძი ჩოხელის „ხუჭუჭულა“ გამოვიყენე მე-5 და მე-8 კლასებში. მე-5 კლასის მოსწავლეების ხედვა აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ისინი მზად არ აღმოჩნდნენ დაენახათ საზოგადოება, ვერ გაიაზრეს მნიშვნელოვანი საკითხები ბრბოს წესების, უგუნური ტრადიციების, ინდივიდების უგულებელყოფის, რაც მათთვის ჯერ კიდევ შეუმეცნებელი იყო, სამაგიეროდ, შეძლეს საკუთარი თავი ბერდიას (ხუჭუჭულას) ადგილას დაეყენებინათ და საკუთარი თავიდან გამომდინარე, ემსჯელათ ამ პერსონაჟზე, შემდეგ მის ძმაზე, ოჯახზე. მე-8 კლასში კი მსჯელობა საზოგადოების პრობლემებიდან დაიწყეს და შემდეგ მივიდნენ პიროვნების ღირებულებებამდე.
დაწყებით საფეხურზე, ალბათ, ყველა მასწავლებელს აუხსნია იგავი, ამ ეტაპზე მოსწავლე „მეზეა“ ორიენტირებული, სწორედ ამიტომ ორბელიანის „ ორი ძმის“ განსახილველად საჭირო იქნება დავსვათ კითხვა: ვინ ვარ მე? რა არის ჩემთვის მთავარი? დედმამიშვილი თუ საჭმელი? მე როგორ მოვიქცევი? და ა. შ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ საზოგადოებაზე. მე-8 კლასში კი საწყისი კითხვები განსხვავებულია: როგორია დღევანდელი საზოგადოება? როგორია ჩვენი დამოკიდებულება მატერიალური და აბსტრაქტული ფასეულობებისადმი? ჩვენთვის ნაცნობი რომელი პიროვნება (ლიტერატურული პერსონაჟი ან ისტორიული პირი, საზოგადო მოღვაწე) მოიქცეოდა იგავის გმირების მსგავსად? ჩვენ რომ გადავრჩეთ , რა უფრო მნიშვნელოვანია? და ა. შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათ პიროვნულ ხედვას შევეხოთ.
მასწავლებლისგან პატარა უზუსტობასა და შენიშვნას მოსწავლე მძიმედ განიცდის, სწორედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სხვათა (ავტორიტეტთა, თანატოლთა, საზოგადოების) მოსაზრებებია.
მასალის მიწოდებისას, მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი და საკითხი ორ ჭრილში განვიხილოთ _ რა გვსურს ჩვენ, საზოგადოებას და რა მსურს მე? სად იკვეთება ინტერესები და სად იყრება? დიდ როლს ასრულებს ბიოგრაფიების, რეალური ფაქტებისა და ისტორიის უტყუარი მაგალითების გაცნობა. დისკუსიები და მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა სწორი განვითარების ხელშესაწყობად საბაზისო ეტაპისთვის ყველაზე მისაღები ფორმაა. ამ საფეხურზე მასწავლებელს ზომიერების ოქროს ხიდზე მოუწევს გავლა.
მე-7, მე-8, მე-9 კლასში ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის და სხვა მოღვაწეთა რეალური ცხოვრების მაგალითი ასეულობით გამოგონილ ამბავზე, მოთხრობაზე მეტს შესძენს მოსწავლეს, მეტად დაეხმარება სამომავლო პრინციპების, ღირებულებების შენებასა და ჩამოყალიბებაში, ამასთან, ავტორიტეტთა სია მართლაც ძვირფასი ადამიანებით დაკომპლექტდება.
მწერლის ბიოგრაფიების შესწავლისას ეფექტიანი იქნება რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება:
- მწერლის რეალური ცხოვრება;
- მწერლის ირეალური სამყარო(ნაწარმოებებში არსებული სიტუაცია, პერსონაჟები);
- ნამდვილი და გამოგონილი ცხოვრების შედარება;
- ანალიზი: რეალური ცხოვრება არის თუ არა ხელისშემშლელი სასურველი ნაბიჯების გადადგმისას.
- დამოუკიდებელი, ორიგინალური მოსაზრებების გამოსავლენად შეიძლება არგუმენტირებული ესეს დაწერა (მაგ: რეალური და ირეალური ცხოვრება) ან დისკუსიის წარმართვა (მაგ: 1. ადამიანს არ ძალუძს წუთისოფელს გაუმკლავდეს; 2. ძლიერი პიროვნება თავად ქმნის წუთისოფელს.)
ვფიქრობ, ამ ჭრილში დანახული რეალური მაგალითები მოსწავლეს დაეხმარება აღიქვას სამყაროს მოთხოვნები და მომზადებული შეხვდეს გამოწვევებს.
მაღალი საფეხური მეტად საინტერესოა, რადგან აჯამებს განვლილს და ამასთან, ახალ მიდგომებს საჭიროებს. ეს არის ეტაპი, როცა საზოგადოებაში ადგილი ნაწილობრივ დამკვიდრებულია, პრინციპების მონახაზიც არსებობს, თუმცა ვიწრო ნიშიდან გამოსული პიროვნება მასშტაბური, გლობალური, ზოგადსაკაცობრიო თემებით ინტერესდება და ახლა უკვე აქ ეძებს საკუთარ თავს. პიროვნებას სწორედ ამ ასაკში უდგება მომენტი, როცა ზოგადსაკაცობრიო იდეების მისაღებად მზად არის.
სწავლების თვალსაზრისით, მასწავლებელმა უკუპროცესი უნდა აწარმოოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაწყებით საფეხურზე „მე“-დან გავდიოდით გალაქტიკაზე, ახლა სამყაროსეული გაგება უნდა მოვიყვანოთ „მე“-მდე. ყველა ნაწარმოები, მასალა, ჯერ უნდა განვიხილოთ მასშტაბური ხედვით, ხოლო შემდგომ დავავიწროოთ და მოვარგოთ კონკრეტულ პიროვნებას.
მარადიული ღირებულებები აბსტრაქტულია, თუმცა ამასთან, კონკრეტული, რადგან თითოეულ ჩვენგანში დევს. „შუშანიკის წამების“ შესწავლისას თუ მოსწავლემ იფიქრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ ასეთი რამ რეალობაში არ ხდება, რა თქმა უნდა, ის ცხოვრებაში ვერ შეძლებს მისი მაგალითის გამოყენებას, პარალელის გავლებაშიც კი ხელს შეუშლის მსგავსი მიდგომა, მაგრამ თუ ის მიხვდება, რომ მის საკუთარ დედასაც კი შეუძლია მსგავსი თავგანწირვა, თუნდაც შვილისთვის, თუ მიხვდება, რომ არაერთ ავადმყოფ ადამიანს უდრტვინველად აუტანია უდიდესი ტკივილი, მაშინ სამუდამოდ დაიმახსოვრებს, შეეცდება ღირებულებების საკუთარ სისტემას წმინდა დედოფლის მაგალითიც მიუმატოს.
საკითხის ე. წ. „დავიწროების“ მეთოდი ასე გამოიყურება:
- მასწავლებელი, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, საუბრობს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე (მაგ: იდეისთვის თავგანწირვის მნიშვნელობა);
- საარგუმენტაციოდ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ იდეისთვის, პრინციპებისთვის მსხვერპლად შეწირული ლიტერატურული გმირები;
- მოსწავლეები იხსენებენ რეალურ, ისტორიულად ცნობილ გმირებს;
- მოსწავლეები თავიანთი თვალით ნანახ, ნაცნობ ადამიანებს იხსენებენ, რომელთაც შეუძლიათ იდეისთვის მსგავსი თავდადება;
- საუბრობენ, მსჯელობენ, ისინი როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში, ჩამოთვლიან სასურველ და მოსალოდნელ ქმედებებს, გმირების ადგილას დააყენებენ საკუთარ თავს.
ამ აქტივობებით ნამდვილად იზრდება მოტივაცია და რაც მთავარია, ანალიზის უნარი, ყალიბდება მყარი მორალურ-ზნეობრივი ხედვა.
გამომდინარე აქედან, ზოგადი საკითხის ვიწრო ჭრილში განხილვა აუცილებელი და ეფექტიანია, რა თქმა უნდა, ამავე პრინციპით უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და მთელი მწერლობა, თუნდაც სახარებისეული იგავები. ვეთანხმები რეზო ყარალაშვილის მოსაზრებას, კარგი მკითხველი ფსიქოლოგიურ კოდს უნდა ხსნიდეს, რომ მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომა შეძლოს.
ეს მიდგომა გაურკვევლობას ფანტავს, მარადიულ ღირებულებებს ლიტონი სიტყვიდან რეალურ და ხელშესახებ ცნებებად აქცევს, ყველა პერსონაჟი თითქოს ცოცხლდება და უკეთ ასრულებს საკუთარ მისიას, უკეთესს ხდის ახალგაზრდა მკითხველს – მომავალ თაობას.
ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი იყენებს სასწავლო პროცესში, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდისა და კონცეპტუალური ცოდნის დინამიურ, ტრანსფერულ ცოდნად ქცევისთვის. ამ მისიის შესრულება კიდევ ბევრ ფიქრს, შრომას, მიგნებებს მოითხოვს.
გამოყენებული ლიტერატურა
- ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016წ;
- რეზო ყარალაშვილი _ მხატვრული ნაწარმოების აღქმა;
- თამაზ ნატროშვილი _ მხატვრული ნაწარმოების აღქმა;
- ლევან ცაგარელი _ მხატვრული ტექსტის ანალიზი“;
- ნინო შარაშენიძე _ სტილისტური ანალიზი;
- რამაზ და სერგი ჭილაიები _ ლიტერატურული თეორიის საკითხები;
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი nplg.gov.ge
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი https://mes.gov.ge/
- დიმიტრი უზნაძე _ „სწავლების თეორიები“
ჰუმანიზაციის პერიმეტრში
ქართული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებისათვის ახალი კანონპროექტი განხილვას ელის. ცვლილებების პაკეტი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით მომზადდა. პლატფორმა ორმოცდაერთი ქართული ორგანიზაციის ერთობაა, რომელიც ადამიანის უფლებების, მათი ცხოვრების და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.
რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი? საუბარია თუ არა აქ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე?
პლატფორმის მიმართვაში ნათქვამია: „ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირდებოდა ადამიანების დასჯასა და იზოლაციაზე, რამაც უკიდურესად დააზიანა ათასობით მოქალაქის, მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნარკოპოლიტიკა იქცა ადამიანებთან ბრძოლის და ტოტალური საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტად… კრიმინალიზების და იზოლაციის ტენდენცია დამატებით მარგინალიზებას უწევს ამ ჯგუფს და ზრდის მათი და მათი ოჯახების სოციალურ მოწყვლადობას“.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, სადაც საბოლოოდ გაირკვევა იპოვის თუ არა ახალი ნარკოპოლიტიკა საკუთარ ნიშას ჰუმანიზაციის მსოფლიო პერიმეტრში.
კანონშემქმნელთა განცხადებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო გაააქტიურებს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების თემას, ეფექტიან პრევენციულ პოლიტიკას, აქცენტირებული იქნება ადამიანის უფლებების შემზღუდავი რეპრესიული მექანიზმების ლიბერალურ ჩარჩოებში მოქცევაზე.
კანონპროექტის არსი დეკრიმინალიზაციაა და არა ნარკოტიკების ლეგალიზაცია. ადამიანი ვერ შეძლებს ნარკოტიკების ლეგალურად შეძენას და მოხმარებას, მაგრამ მათი მოხმარებისა და მცირეოდენობით ფლობის შემთხვევაში, აღარ დაისჯება ციხით. მაგალითად, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, შეიცვლება მცირე და დიდი ოდენობით მარიხუანას დოზები. 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მომხმარებელს, დამამზადებელს ან გამავრცელებელს საპატიმრო სასჯელი აღარ შეეხება და მას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი თითქმის განახევრდება.
რაც შეეხება ნარკოტიკების გამსაღებელს, მას საკმაოდ მკაცრი სადამსჯელო სანქციები ელის.
ახალი კანონმდებლობა ცვლის იმ წესს, რომელიც საფუძვლად ედება ქუჩის ნარკოტესტირების სამარცხვინო პრაქტიკას. თუმცა ფაქტს, არის თუ არა ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, კვლავ კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნა დაადასტურებს. შემდგომში, რეფორმის ფარგლებში, იგეგმება ნარკოლოგიური დაწესებულებების შს სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადანაცვლება.
ამჟამად საქართველოში 50 ათასამდე საინექციო ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია, რომელთა შორის საკმაოდ გავრცელებულია ჰეპატიტები და აივ ინფექცია. სახელმწიფო ამ ადამიანებს არ სთავაზობს მკურნალობა-რეაბილიტაციის მრავალფეროვან სერვისებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები კი მწირია ან არაეფექტიანი.
მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკების მომხმარებლის „გამოსწორებას“ სახელმწიფო ციხით ცდილობს, ასეთი მიდგომით არ მცირდება არც ინფექციების გავრცელების რისკი, არც პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა და არც ნარკოტიკების ნაირსახეობა. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ წარმატებული სტარტი აიღო.
ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს დროული პროფესიული დახმარება როგორც მკურნალობის, ისე რესოციალიზაციის კუთხით.
როგორ და რით დაისჯება ნარკოტიკების მომხმარებელი?
დასჯადი იქნება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (300 ლარამდე ჯარიმა) მაღალი რისკის მქონე, საგანმანათლებლო ან არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასევე, ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება მოხმარება სტადიონზე, პარკში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით (200 ლარამდე ჯარიმა).
შედარებით ნაკლები სიმკაცრით დაისჯება კომერციული მიზნის გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელება.
ამ ცვლილებების გარდა, რეფორმატორები ხელისუფლებას სთავაზობენ სამუშაო დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია პირველადი პრევენციის სისტემის გამართვა.
პლატფორმის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ითვალისწინებს ახალ კომპონენტებს, როგორიცაა: მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის დანერგვა – სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმის მიხედვით სასკოლო ასაკიდან მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკის მოხმარების მძიმე შედეგებზე. აგრეთვე, სისტემური საინფორმაციო კამპანია მოხმარების პრევენციაზე; შეფასების და გადამისამართების კომისიების შექმნა – კომისიები იქნებიან ის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკის მომხმარებლის ჩართვას ქვეყანაში არსებულ სარეაბილიტაციო/ზიანის შემცირების თუ სოციალურ პროგრამებში; კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება – ეს გულისხმობს სპეციალური ცენტრების შექმნას, რომლებიც განსხვავებული ტიპის ფსიქო-სოციალურ სერვისებს შესთავაზებენ ნარკოტიკის მომხმარებლებს.
***
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ი ნარკოტიკებს მოიხმარს, ნარკოტიკული დამოკიდებულება კი 30 მლნ ადამიანს აღენიშნება.
12 მლნ ადამიანი უკანონოდ მოიხმარს ინექციურ ნარკოტიკებს, მათ შორის 1,6 მლნ აივ-ით, 6,1 მლნ ადამიანი კი C ჰეპატიტითაა ინფიცირებული. ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის მიმართულებით ლიდერობს ოპიოიდური ნარკოტიკები, მეორე ადგილზე ამფეტამინებია, მესამეზე კი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები („დიზაინერული ნარკოტიკები“).
ბამბაზიის სამოთხის შიში და იმედი
ესმა კოკოსკერიას, პირველ აფხაზ ქალს, ვინც გავიცანი ომის შემდეგ
„იქნება იმის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა…“
ლექსი ვეფხისა და მოყმისა
აფხაზეთი დედაჩემის ფოტოებში მაქვს ნანახი _ სტუდენტობის და იმის მერე ცხოვრების ყველა ზაფხულს სოხუმში, ახალ ათონში ატარებდა და ის ადგილებია იმ ფოტოებზე აღბეჭდილი _ სოხუმის სანაპირო, რამდენიმე ქუჩა, რიწის ტბის შავ-თეთრი, თუმცა ბუნების თუ განგების ჯადოსნობის გამო, მაინც მომწვანო-ზურმუხტისფერი ხედები, პალმების და ე.წ. ბათუმური ვარდების მწკრივები და, ბოლოს, სამახსოვრო და ლამის აუცილებელი ფოტო-სესია დათვის ფიტულთან, რომელიც, ჩემს ბავშვურ თვალში ძალიან საშიშად კი გამოიყურებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ფოტო მიზიდავდა _ გახევებული ვეებერთელა მხეცის აწეული თათის ქვეშ მომღიმარი დედაჩემი, თან უცნაურად მხიარული და თან აშკარად სევდიანი, უფრო კი იდუმალი წამი _ ერთ კადრში მოხელთებული.
ჩემმა მშობლებმა ვერ მოასწრეს და ვერასდროს წამიყვანეს აფხაზეთში, ვიდრე ის საშინელი ომი დაიწყებოდა. ხოლო როცა ომი დაიწყო, მე უკვე 12 წლისა ვიყავი და, ეს კი ის დრო აღმოჩნდა ჩემთვის, როცა ისედაც ყველაფერი თავზე მემხობოდა _ ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მქონდა, სამყაროს ამოტრიალების, გიგანტური ნგრევის და ზანზარის, რომელშიც ეკლიანი ყვავილივით ამოიზარდა ეს ახალი, სისხლით და სიცოცხლით სავსე სიტყვა _ ომი.
მალე ამ სიტყვამ ყველაფერი სხვა დაჩრდილა, სათითაოდ ყველა კარი შეაღო და შინაურის სრული უფლებით დაიკავა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენივე სიცოცხლით და სისხლით სავსემ, ამორფულმა, მახინჯმა, მაგრამ მუდმივმა, და ამ მუდმივობით გამაძღარმა და წელგამართულმა…
1992 წლის 1 დეკემბერს ბიძაჩემი ჩაეწერა თბილისის ბატალიონში და იმავე დღეს წავიდა აფხაზეთში. 7 დეკემბერს 7 ტყვიით დაფლეთილი ჩამოასვენეს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ აფხაზეთთან მეც ჩემი წილი სამუდამო ძაფი გავაბი, მთელი ძალ-ღონით ამ ძაფს ჩავეჭიდე და, ისედაც ხომ გული მიკანკალებდა, ისე მინდოდა ამ ჩემი უჭკუო თავით სანიტრად მაინც ფრონტის ხაზზე მოხვედრა, ჰოდა, გავყევი ბიძაჩემის შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალს წარმოსახული ბრძოლის ველზე, ოღონდ არა აფხაზების, არამედ ჩვენი საერთო მტრისთვის, იმ დიდი და ვერაგი მტრისთვის პასუხის გასაცემად…
სინამდვილეში, ეს ძაფის გორგალი ჩემს ოთახში იწყებოდა და იქვე ბოლოვდებოდა _ საჯაროდ გადავკეტე ყველა სხვა შესასვლელ-გამოსასვლელი. ჩემს იზოლირებულ, ნებაყოფლობით კარცერში, სადაც ყველაზე მეტად იმ დღეებში და იმ წლებში გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მამხნევებდა, უნებართვოდ შემოსვლა არავის შეეძლო.
სამყარო, თავის ომებიანად, ჩემს ფიქრში განაგრძობდა ზანზარს და სუნთქვაშეკრული ველოდი ამ ფიქრშივე დაძრულ ახალ ამბავს აფხაზეთიდან, იმედის, ნუგეშის, გამარჯვების ამბავს, როგორც მე მაშინ ეს იმედი და ეს გამარჯვება წარმომედგინა…
და ერთ დღესაც, ჩემი კარცერის კარზე მამამ დააკაკუნა. ამასობაში წვერი მოეშვა და ბარე ათი წლით დაბერებულიყო. შემოვიდა. წინ დამიჯდა. თვალებით მუხლებამდე ძლივს ამომწვდა, თავი არც აუწევია, ისე მითხრა: ბოდიში რომ მე ვერ წავედი ომში. თქვენ გამო ვერ წავედი. გაიზრდები და გაიგებ.
ეს სიტყვასიტყვით ამას ნიშნავდა: ბოდიში, რომ მე ვერ მოვკვდი ომში. ცოცხალი რომ ვარ, ბოდიში.
და ახლა, როცა მამას ამ ბოდიშს ვიხსენებ, როცა იმ ომიდანაც ლამის ოცდაათი წელია გასული და მამაც აღარაა ამ სამყაროში, უფრო და უფრო მედრიკება თავი მისი იმდღევანდელი პასუხისმგებლობის გრძნობის, მისი უწყინარი სისუსტის თუ უძლურების, მისი კარგიკაცობის წინაშე. და როცა ჩვენს საბჭოთა დროში ნაცხოვრებ მამებს ხელაღებით ამუნათებენ ხოლმე, ლანძღავენ და ყველა ტიპის კონფორმიზმში ადანაშაულებენ, მინდა რომ ვუყვირო მათ: ყველა დანაშაული, რაც ჩვენს მამებს, ნებით თუ უნებლიეთ, ჰქონიათ, თავიანთი სიცოცხლით უკვე გამოისყიდეს _ ამ მამებს ნემსით დახვრეტილი ბუშტებივით დაუსკდათ გულები, ომშიც და იმის მერეც, სულ ერთმანეთის მიყოლებით, ბათქაბუთქით გადაფრინდნენ სხვა სამყაროში, ვერმიღწეულის თუ ვერშემდგარის თუ ვერშემქნილის დარდით გულგახეთქილები, რადგან მათ სწორედ ის აღმოაჩნდათ ყველაზე მეტი და საბედისწერო, რაც სიცოცხლეს ამხელა ძალას სძენს _ არტერიებსაც უხეთქავს _ პასუხისმგებლობა!
ეს კი ისეთი რამეა, ისეთი კონკრეტულიც და თან მრავალფესვგადგმული _ ცნობიერშიც და ყოფაშიც, რომ თავისთავად განაპირობებს სამყაროს წესრიგს, ცხოვრების კანონებს.
ეს პასუხისმგებლობაა, რომლის ნაკლებობამ თავის დროზე აფხაზეთი და აფხაზები დაგვაკარგვინა, რომლის ნაკლებობის გამოც, ასეთი მუდმივია ეს საზარელი სიტყვა: ომი…
არადა, ერთი შეხედვით როგორი მარტივია თუ მოინდომებ _ შენდობა და სხვისი შენდობის მიღება, მით უფრო, თუ ეს სხვა შენივე სისხლი და ხორცია, საუკუნეებით, კულტურით, ტრადიციებით, მიწით ხარ გადაჯაჭვული, ახლა კი სხვა რეალობას იცოხნით ორივე, უდაბნოს ხვატში გარინდებული აქლემებივით და ერთმანეთის ნათქვამი ყოველი სიტყვა ყალბად გეჩვენებათ, მორიგ სპეკულაციურ მონაჩმახად, ტყუილი ემოციით გატენილ გულზემჯიღისბრაგუნად…
პირველი ეთნიკური აფხაზი, ვინც ცოცხლად ვნახე და გავიცანი, ესმა კოკოსკერია იყო, 2007 წელს, ჩემი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხეზე“ მუშაობისას.
ეს სპექტაკლიც ჩემთვის იმ შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალის გაგრძელება აღმოჩნდა, 1992 წელს სამუდამოდ რომ დამაკავშირა აფხაზეთთან და თავის ნებაზე შეცვალა ჩემი წილი ცხოვრების რამდენიმე კანონი.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რეჟისორმა (მაშინ მსახიობიც იყო) იოანე ხუციშვილმა, „ბამბაზიის სამოთხე“ რომ წაიკითხეს, სურვილი გაუჩნდათ, პიესად გადაეკეთებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში აფხაზეთის თემა მთავარი თემა არც ყოფილა. მოთხრობა ერთ მარტოხელა მასწავლებელზეა, რომელსაც შვილი აფხაზეთში მოუკვდა და ახლა მის სახლსაც და სულსაც, რომ იტყვიან, ეშმაკები დაპატრონებიან.
გიორგი სიხარულიძე ახალი დანიშნული იყო ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და, მისი პირველი პრემიერაც, საუკუნენახევრის ტრადიციების მქონე თეატრში, სწორედ ამ პიესით შედგა.
2007 წლის 26 მაისს ვითამაშეთ პირველი სპექტაკლი და მას შემდეგ, ყოველი ახალი თატრალური სეზონი, ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ბამბაზიის სამოთხით“ იხსნება. ყველა ჩენებაზე დღემდე ანშლაგია და უკვე ათასჯერ ნანახ სპექტაკლს ისევ მდუღარე ცრემლით უყურებენ ხოლმე, რაც, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ის აფხაზეთს ეძღვნება, ადამიანებს კი ისევ ენატრებათ და, რაც მთავარია, სტკივათ აფხაზეთი.
„ბამბაზიის სამოთხის“ მთავარი გმირები ქართველი და აფხაზი დედები არიან, ქართველს შვილის საფლავი იქ, აფხაზეთში დარჩა, ოღონდ არ იცის სად, მთელი ეს წლები მის ძებნას შეალია. და აი, იპოვის კიდეც, მიაგნებს ერთი მიცვალებულებით მოვაჭრე აფხაზის წყალობით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი შვილი მისგანვე მოკლული აფხაზი ბიჭის დედას დაუმარხავს, თავისი შვილის გვერდით და ასე, წლებია უვლის ორ საფლავს _ თავისი შვილისას და მისი მკვლელისას და ელოდება დღეს, როცა იპოვის ამ მკვლელის დედას, დააყენებს ამ საფლავებთან და ყველაფრისთვის პასუხს მას მოსთხოვს…
სპექტაკლი რომ ემოციური იქნებოდა, ეს თავიდანვე ჩანდა, რადგან ის რეალურ ფაქტებზეა აგებული და გულწრფელ განცდას ნამდვილი ამბავი უფრო იწვევს, ვიდრე გამოგონილი. თუმცა, ჩვენი მიზანი არც ვინმეს დამატებითი ემოციით დამუხტვა და გულაჩუყება ყოფილა, არც ერთგვარი სამოქალაქო რევერანსი „კარგად გაყიდვადი“ და მუდმივად აქტუალური თემის _ აფხაზეთის მიმართ. ძალიან გულახდილად რომ ვთქვა, ჩვენი მიზანი იყო ისეთი სიმართლის თქმა, რომლის ჩვენებაც აფხაზებისთვის იქნებოდა შესაძლებელი. ეს გამოგონილი სიმართლე არ იყო, ეს ჩვენს გულებში დიდი ხნის წინ დაძირკვული სიმართლე იყო და არის დღემდე, და რა უნდა მოხდეს, რომ რამემ ან ვინმემ გადაგვარწმუნოს _ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნება კი არა, აფხაზების დაბრუნება გვინდ(ოდ)ა!
ესმა კოკოსკერია თბილისში ცხოვრობს, ქართველი ქმარ-შვილი ჰყავს, ომის დროს დედამისს ძალით გამოუგდია ალმოდებული ქალაქიდან ორ ცეცხლს შუა მყოფი შვილი _ სადაც შენი ქმარ-შვილია, შენი სახლიც იქ უნდა იყოსო. თუმცა, დღემდე შეუძლია წელიწადში ერთხელ სოხუმს ესტუმროს და თავისები მოინახულოს. ესმა არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ადამიანია _ ღრმა, ნამდვილი, პროგრესული, ცინცხალი და პრინციპული, და რაც მთავარია, სულ ხუთი თითივით იცის, რას ფიქრობენ მისი (ჩვენი) აფხაზები მის ქართველებზე, რა მოსწონთ და რა ვერ აუტანიათ. ესმა დაგვეხმარა „ბამბაზიის სამოთხის“ აფხაზურად თარგმნაში, მე ის დღეებიც მახსენდება, როცა აფხაზის როლისთვის საჭირო ფრაზებს მთელი მონდომებით სწავლობდა მისგან მსახიობი გიორგი ზანგური და ისე მოიხიბლა ესმას მოყოლილი, ესმას მიერ დახასიათებული აფხაზური ხასიათით, ტრადიციებით, მოკლედ _ ესმას აფხაზეთით, რომ ლამის ტირილით ეხვეწებოდა, გადამიყვანე როგორღაც აფხაზეთში, ჩემი თვალით მაჩვენე იქაურობაო.
გიორგი ვერა, მაგრამ ესმა კოკოსკერიამ მოახერხა და, სპექტაკლის ვიდეო-ვერსია, დვდ-დისკით, სოხუმში მართლა გადაიტანა. ორი კვირით იყო წასული. ეს ორი კვირა გულისკანკალით ველოდით _ რას იტყოდა, რა ამბავს ჩამოიტანდა.
ჩამოვიდა და მოგვიყვა _ შევკრიბე დედაჩემის სახლში 30-მდე აფხაზიო, აი, ისეთები, სიტყვა რომ ეთქმით და აზრი მოეკითხებათო, ჩავურთე ეს დისკიო. თავიდან ყველა ამრეზით იყო _ მორიგი სპეკულაცია ჩამოვიდა თბილისიდან, ისევ ცრემლები და ვაიუშველებელიო ამბობდნენ (უკვე ძალიან აღიზიანებთ მსგავსი რაღაცები და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ქართველების მიმართ ნდობას უფრო აკარგვინებთო, ესმამ), დაიწყო სპექტაკლი და დაიწყეს თურმე ამათაც ყურება, ჯერ ზრდილობის გამო, მერე ინტერესის, მერე, ცოტა შუაგულისკენ, ესმამ შეამჩნია, რომ ერთმა ფრთხილად და ფარულად საჩვენებელი თითის ზურგით ცრემლი შეიკავა თვალში, მერე მეორემ და, იფიქრა ესმამ _ აჰა, გაჭრა გულწრფელმა სათქმელმა და გალღვა ამათი გულებიც და, ეს ზუსტად ის ენაა, რა ენაზეც ამის მერე მოგვიწევს დიალოგი, რომ… ფინალი! ფინალში, შვილის და შვილის მკვლელის საფლავთან მდგომი ქართველი დედა, ამდენი წელი მხოლოდ იმაზე რომ ოცნებობდა, თავისი შვილის ძვლები ეპოვა, წამოეღო და სადმე თავისთან ახლოს დაემარხა, უარს ამბობს შვილის საფლავის გათხრაზე და ძვირფას ძვლებს აფხაზ ქალს უტოვებს _ ეს რატის მიწაა, ისევ შენ მოუარე, ვიდრე მე დავბრუნდებიო… ჰოდა, ეს ფინალი, სამწუხაროდ, ჯერაც მიუღებელი აღმოჩნდა იმ 30 აფხაზი მაყურებლისთვის. დაბრუნება _ ეს სიტყვა და მისი წარმოდგენა, როგორც ჩანს, ჯერ ისევ გადაულახავ შიშს ბადებს მათში, პანიკურ შიშს და, ამ შიშს ვერაფერი ერევა…
ესმამ სიმართლე გვითხრა _ რაც არის და როგორც არის _ შეულამაზებელი, გაუყალბებელი. ჩვენ ის მივიღეთ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი წილი იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. არც ჩემი ძაფის გორგალი გაჩერებულა და ისევ გორავს ამ სიმართლის, ამ ფიქრების, ამ ოცნებების გავლით და მათ მიღმა ერთდროულად…
სად არის აფხაზეთი, მოჭრილი კიდურივით რომ გვაკლია და დღემდე არასრულყოფილების მწარე განცდით გვაცხოვრებს?! სად არიან ის აფხაზები, ვისი დაბრუნებაც გვინდა, თვალის გასწორება, ყველაფრის მოსმენა და ყველაფრის თქმა, ვინც მოგვენატრა და ვინც ჩვენს ძმებად მიგვაჩნია, დღემდე ჯიუტად არ ვუშვებთ ხელს და გვინდა ვანიშნოთ, დავიფაროთ, რომ ისინიც არ შთანთქას დიდმა და ვერაგმა იმპერიამ, არ ჩაყლაპოს ამ უთვალავ ფერად შექმნილი სამყაროს ერთი ფერი _ აფხაზები?!..
სად და, პასუხისმგებლობაშია ეს აფხაზეთი, თავისი ადამიანებით, ამ ძალიან კონკრეტულ და უმასშტაბურეს სიტყვაში, ცხოვრების ამ კანონში, სამყაროს ამ წესრიგში _ პასუხისმგებლობაში: რომ ყოველი ადამიანის, ყველა ეთნოსის თავისუფლება ხელშეუხებელია, და ჭეშმარიტი თავისუფლებაც იქ იწყება, სადაც შენი მოყვასის თავისუფლების საზღვარი ძევს; რომ სიცოცხლე ყველაზე მშვენიერი თვისებაა ადამიანში და, ადამიანი კი იცნობა მის ყველა გამოვლინებაში _ ენაში, კულტურაში, ყოფაში, რწმენაში; რომ ეს ქვეყანა, ეს ბებერი და ყველა კბილივით მარადისობამოცვლილი ქვეყანა მხოლოდ პირადი მისწრაფების კი არა, რაღაც უფრო ბევრის და მნიშვნელოვანის ასპარეზია, საკუთარი თავის შეცნობიდან რომ იწყება და სამყაროს შეცნობამდე იგრძელებს გზას, და თუ ამაში ისტორიაც ჩაერია და თავის წიგნში ჩაგწერა!…
მჯერა, რომ ერთ დღეს, მე და ესმა კოკოსკერია ერთად ჩავალთ სოხუმში და ესმა დაწვრილებით ამიხსნის ყველაფერს _ აქ ეს ქუჩაა, აქ ეს სახლი დგას, აქ ის ცხოვრობდა… დავლევთ ქვიშაზე მოდუღებულ ოქროსფერ ყავას ზღვის სანაპიროზე, გავიცნობ ესმას ნათესავებს და მეგობრებს და სიტყვასაც არ დავძრავ „ბამბაზიის სამოთხეზე“, პირიქით, აღარც არასდროს გავიხსენებ მას, როგორც ივიწყებენ ხოლმე დროებითი ეფექტის მქონე წამლებს, ერთ კონკრეტულ კრიზისულ მომენტში რომ უშველათ ოდესღაც… ერთადერთ რამეს ვკითხავ მხოლოდ ჩემს ახლადგაცნობილ აფხაზ მეგობარს, გოგოს ან ბიჭს: იცი, ყველაზე მეტად რით ვგავართ ერთმანეთს? და თუ ვერ მიპასუხა, მე თვითონ ვეტყვი: გამძლეობით.
თქვენ ასე არ მოიქცევით
მეც, ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, რეგისტრირებული ვარ სხვადასხვა საიტზე. თითქმის ყოველდღე მიგზავნიან უამრავ საინფორმაციო, შემეცნებით, პოპულარულ თუ სარეკლამო შეტყობინებას. მინდა, ერთი მათგანი გაგაცნოთ. შესაძლოა, ზოგ თქვენგანს ის წაკითხულიც ჰქონდეს. მისი ავტორია სვეტლანა ხმელი. სტატიის სათაურია „მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ“.
„ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდან ხშირ-ხშირად ვეტყვი, რომ არ არის ვალდებული, გამოვიდეს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ გამოვა, როდესაც გაიზრდება. ასე გავა 30 წელი და ჩემი ვაჟი, უკვე სიმელოტეშეპარული, სახეზე საღებავგადღაბნილი სავაჭრო ცენტრის კლოუნი, მოვა და მეტყვის: „დედა, მე უკვე ოცდაათი წლის ვარ, შემომხედე – განა ასეთი ცხოვრება გინდოდა ჩემთვის? რაზე ფიქრობდი, როდესაც მეუბნებოდი, რომ უმაღლესი განათლება სულაც არ არის სავალდებულო? რაზე ფიქრობდი, როდესაც ბავშვობაში მათემატიკის სწავლის ნაცვლად მეგობრებთან სათამაშოდ მიშვებდი?“ მე კი ვეტყვი: „ძვირფასო, არ მინდოდა, თავს მომეხვია შენთვის ჩემი სურვილები. შენ მათემატიკა არ გიყვარდა, თანატოლებთან თამაში გერჩივნა“… „კი მაგრამ, დედა, მე ხომ პატარა ვიყავი, არ მესმოდა, ჩემი სურვილები სადამდე მიმიყვანდა, შენ კი, შენ, შენ ცხოვრება დამინგრიე“. აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. ის იტყვის: „ეჰ“, – და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.
ან იქნებ ასე: ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდანვე დავუწყებ ჩიჩინს: „შვილო, ნუ იქნები იდიოტი, მომავალზე იფიქრე, მათემატიკა ისწავლე, თორემ მთელი ცხოვრება ქოლცენტრის ოპერატორად მოგიწევს მუშაობა“. და აი, ერთ დღესაც ჩემთან მოვა სიმელოტეშეპარული, სახედანაოჭებული პროგრამისტი და მეტყვის: „დედა! მე უკვე ოცდაათი წლის ვარ, „გუგლში“ ვმუშაობ, დღე-ღამეში თითქმის 20 საათს, საკუთარი ოჯახი არ მაქვს. რაზ ფიქრობდი, როდესაც მეუბნებოდი, რომ ცხოვრებაში მთავარი კარგი სამსახურია და რომ ის ბედნიერებას მომიტანს? დედა, რისი მიღწევა გინდოდა, როდესაც მათემატიკის სწავლას მაიძულებდი?“ მე კი ვეტყვი: „მსურდა, კარგი განათლება მიგეღო და ყოვლგვარი შესაძლებლობა გქონოდა ძვირფასო“. „კი მაგრამ, დედა, რა თავში ვიხლი ასეთ შესაძლებლობებს, როცა უბედური ვარ? როდესაც სავაჭრო ცენტრში კლოუნებს ვხედავ, მშურს მათი, რადგან ისინი ბედნიერები არიან. მეც ხომ შემეძლო, მათ ადგილას ვყოფილიყავი? შენ კი, შენ, შენ ცხოვრება დამინგრიე, დედა!“ აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. პასუხად ის იტყვის: „ეჰ“, – და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.
ან კიდევ ასე: ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდან მოყოლებული, გამუდმებით ამის ჩიჩინში ვიქნები: „მე იმისთვის ვარსებობს, რომ მიყვარდე და სულაც არ ვაპირებ, რაღაცები დაგარიგო, ჭკუა გსწავლო. თუ რამე დაგჭირდება, მამასთან მიდი და ის გიპასუხებს, მე არ მინდა, უკიდურესობები ვამტკიცო“. და აი, ერთ დღესაც ჩემთან მოვა სიმელოტეშეპარული, თვალებში სევდაჩამდგარი რეჟისორი და მეტყვის: „დედა, მე უკვე ოცდაათი წლის ვარ და მთელი ეს ხანია, შენი ყურადღების მიპყრობას ვცდილობ. მე შენ მოგიძღვენი ათი ფილმი, შენს პატივსაცემად ხუთი სპექტაკლი დავდგი, წიგნიც კი დავწერე შენზე, დედა. და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მეჩვენება, რომ შენთვის სულერთია. რატომ არასდროს გამოთქვამდი აზრს? ყოველთვის, როცა რამე მნიშვნელოვანი კითხვა მქონდა, მამასთან რატომ მგზავნიდი?“ მე კი ვეტყვი: „კი მაგრამ, ძვირფასო, მე ხომ არ მინდოდა შენს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება! მე მხოლოდ შენი სიყვარული მევალებოდა, რჩევა-დარიგებებისათვის ხომ მამა გვყავს“. ის კი აღშფოთებული გააპროტესტებს: „მე შენი რჩევები მჭირდებოდა და არა მამაჩემის. მთელი ცხოვრება იმისთვის ვიბრძვი, რომ გავარკვიო, რას ფიქრობ ჩემზე. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ კი ეს გავიგო. შენი სიჩუმით და შენი განზე მდგომის პოზიციით ცხოვრება დამინგრიე, დედა!“ აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. პასუხად ის იტყვის: „ეჰ“ და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება“.
ტექსტის დასასრულს ავტორი წერს, რომ „ეს არის კარგი პროფილაქტიკა ჩვენი დედობრივი პერფექციონიზმის წინააღმდეგ“, ანუ იდეალური დედობისკენ სწრაფვის მოსათოკავად. „ნუ დაიძაბებით, რადგან როგორც არ უნდა ვეცადოთ, გავხდეთ კარგი დედები, ჩვენს შვილებს მაინც ბევრი რამ ექნებათ ფსიქოთერაპევტისთვის მოსაყოლი“.
ერთმა მეგობარმა, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან კარგი, უკვე ზრდასრული შვილები ჰყავს, გასულ კვირას მითხრა: „იცი, რას გეტყვი? ძალიან ვცდილობდი, კარგი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვცდილობდი, მით უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდი“.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი და ძალიან ცუდი დედა შემხვედრია, მაინც იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ დედების უმრავლესობას შვილებისთვის საუკეთესო სურს. ზოგი მშობელი დისციპლინასა და პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული, ზოგი – განათლებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგი მთელ დროს შვილებთან ატარებს, რომ ყურადღება და სიყვარული არ მოაკლოს. ჩვენი მკითხველების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ყველაფერს ერთდროულად „ახერხებს“ და თან მუდმივ შიშსა და დაძაბულობაშია, რომ რამე არ შეეშალოს და მერე ამ „შეცდომის“ გამოსწორება ვეღარ მოასწროს.
ახალგაზრდა დედებისგან ხშირად გამიგონია, რომ ზოგჯერ თავს ვერ იკავებენ და შვილებს უყვირიან, მერე კი დიდხანს ნერვიულობენ, რომ ცუდი დედები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შვილებს რაღაცას დააკლებენ და ამის გამო ისინი „ისეთები ვერ გაიზრდებიან, როგორიც საჭიროა“.
მშობელი უდავოდ უნდა ეცადოს, საუკეთესო და უშეცდომო იყოს, მაგრამ აქ ისევ ოქროს შუალედის პოვნის საჭიროებას მივადექით. არც უგულებელყოფა და არც ზემზრუნველობა. უმეტესად ისე ხდება, რომ მშობლები გაზვიადებით აფასებენ შვილების ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობას. ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ბავშვობის დროინდელი მოგონებები, როდესაც მშობლები ზედმეტად შფოთავდნენ და გვაკონტროლებდნენ – „სიფრთხილეს ხომ თავი არ სტკივა“. ასეთი აღზრდა, ერთგვარად მკაცრი, ზოგჯერ ავტორიტარული, გამორიცხავს ალტერნატივას, ეჭვს, შინაგან ძიებას. აღზრდა, რომელიც ბავშვში ინიციატივას ახშობს, ცდილობს მის შეცდომისაგან დაცვას, გზას უჭრის ადამიანს, როცა გაიზრდება, თავად გამოასწოროს საკუთარი შეცდომები.
ელენე შევჩენკოს ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ „მშობლები ღმერთები არ არიან და ამიტომ ისინი ყველაფერზე პასუხს ვერ აგებენ. ბავშვი ხომ ცალკე პიროვნებაა, ამიტომ მშობლებს არ შეუძლიათ მათი და მათი ბედის გამოძერწვა. სამაგიეროდ, შეუძლიათ, ხელი არ შეუშალონ შვილების ბუნებრივი განვითარების მიმდინარეობას“. ეს ციტატა იმიტომ გამახსენდა, რომ ხშირად მიფიქრია მშობლებზე, რომლებიც შვილებს „ცუდად იცნობენ“. დიახ, არ შემშლია, სწორედ ამის თქმა მინდოდა – მშობლები ზოგჯერ საერთოდ არ იცნობენ შვილებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უფროსები არც მათ უსმენენ და არც უსმენენ საკუთარ მშობლურ ინტუიცას, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში საუკეთესო მრჩეველია.
დასასრულ კი მინდა გისურვოთ, ყველაფერი „წაღმა გააკეთოთ“.
ამბები და წერილები თეა ლომაძესგან
2005 წელს წიგნის მაღაზიაში თეა ლომაძის „ქარის მოტანილი ამბები“ აღმოვაჩინე: ყდიდან თმაგაჩეჩილი გოგონა და ბიჭუნა ეშმაკურად შემომცქეროდნენ, მათ უკან, ცაზე სახლის სახურავები თავდაყირა არეკლილიყო, წიგნი სამ ამბავს „ერთ პატარა სასწაულს,“ „ჩანო-ჩეასა“ და „ქარის მოტანილი ამბებს“ აერთიანებდა. თეა ლომაძის შესახებ მანამდე არაფერი გამეგო, არც ის ვიცოდი, ჩვენი თანამედროვე ავტორი რომ იყო. და აი, პირველივე წიგნის მერე მისი სახელი და გვარი ჩემთვის ისეთი ავტორიტეტული გახდა, ანოტაციებსაც აღარ ვკითხულობდი, მათ გარეშეც მჯეროდა მე და ჩემს შვილებს თავისი წიგნების გვერდებზე საუკეთესო ამბებს რომ შემოგვთავაზებდა. ასე შევიძინეთ და წავიკითხეთ „წერილი ბოთლში,“ „პალომა – უცნაური მეფის ასული.“ მოლოდინი არასდროს გამტყუნებია, ამიტომ თეასეული ამბები (თუ წერილები) დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს და მავსებს.
დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ქართული ლტერატურის გულშემატკივარი მკითხველი კარგად იცნობს ამ ავტორს. მათ კი ვისაც ჯერ არ გაუცვნია, „ჩანო-ჩეას“ დასაწყისს დავესესხები და ისე მივმართავ: „თუ შენ ასე თერთმეტი-თორმეტი წლის ხარ, მაშინ შეიძლება ამ ამბებმა დაგაინტერესოს.“ იმასაც დავამატებ, რომ ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა თეას წიგნებით თავშესაქცევად. უფროსებმა კი, პატარებისთვის მოსაყოლი თუ გამოგელევათ, თამამად გადაშალეთ „ქარის მოტანილი ამბები“ – ისეთი დახუნძლული სიუჟეტებია, ერთი ამბისგან ორ-სამ ზღაპარს გამოაცხობთ.
„ქარის მოტაილი ამბები“
თეა წერს ამბებს, რომლებიც ჩვენს ან მეზობელ ეზოში, კორპუსში, ბინაში მოხდა, ხდება ან მოხდება. ამბები მართალია ზღაპრული ელემენტებითაა შეზავებული, მაგრამ იმდენად ჩვეულებრივ, ყოფით ვითარებაშია გადმოცემული, სულაც არ გვიკვირს როდესაც ვანჩო სასწაულებრივად განიკურბნება, მწერალს ძველი სიყვარული დაუბრუნდება, თეა უცხო ენაზე ალაპარაკდება ან ისეთ საფულეს იპოვის, ყოველ გახსნაზე ხუთლარიანი რომ ხვდება და აშ. უცნაურ ფაქტებზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, როგორ მოიხმარენ გმირები ჯადოსნურ ნივთებს, გამოიყენებენ იშვიათ შესაძლებლობებს, გამოხატავენ მადლიერებას და განაჩენს გამოუტანენ გარშემომყოფებსა თუ საკუთარ თავს. თეას, როგორც საბავშვო მწერლის დამსახურება სწორედ იმაშია, რომ ფანტასტიკურ გარემოებაშიც კი თავის მკითხველს რეალურ საფიქრალს უჩენს, მის ზნეობაზე ზრუნავს და საუკეთესო გამოსავალს სთავაზობს.
„ნუ მისცემ ბოროტებს უფლებას შენში შემოვიდეს და გაბატონდეს,“ „უნდა იკითხო ყველა ბიბლიოთეკის შენობაში გახსნილი სუპერმარკეტის ჯინაზე,“ – უამრავი მსგავსი ფრაზა აგეკვიატებათ და გამოგყვებათ კრებულიდან „ქარის მოტანილი ამბები“ რომ ჰქვია. გარდა ამისა ავტორი საკუთარ თავზე გვერდიდან დაკვირვების საშუალებასაც მოგცემთ და უნებლიედ აღმოაჩენთ როგორი ანატომიური პროცესია სინდისის ქენჯნა, დაფიქრდებით მარტოდმარტო დარჩენილებს რატომ გვრცხვენია ხოლმე საკუთარი თავის, რატომ არ ვაფასებთ ახლობელი ადამიანების ზრუნვასა და სითბოს, სანამ მათ არ მოვშორდებით.
საინტერესო ამბები დროის უმცირეს მონაკვეთში ხდება (იწერება): ერთ ქალბატონს სახლის გასაღები დარჩება, თავისი კორპუსის ეზოში მოუწევს ლოდინი, პატარა გოგონას გაიცნობს, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ პრველად გამოუშვეს გარეთ და სირბილი აკრძალული აქვს. სკამზე ტყუილად ხომ არ ისხდებიან და… საუკეთესო მოგონებები თავშესაქცევ ამბებად იქცევა; აღელვებული გმირის აჩქარებულ ნაბიჯებს თუ ავყვებით, თვალის დახამხამებაში თბილისიდან ერთ აზიურ, „დედისერთების სოფელში“ აღმოვჩნდებით; იმაშიც დავრწმუნდებით, რომ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვას ერთი მარტივი და გაბედული მოქმედებითაც შევძლებთ, ვინაიდან ზღაპრული ადამიანები სწორედ ჩვენს მეზობლად ბინადრობენ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „ქარის მოტანილი ამბები“ 2005 წელს გამოცემული კრებულია, თუმცა შესაძლოა კიდევ მიაგნოთ წიგნის მაღაზიებში ან ბიბლიოთეკებს მიაკითხეთ, თეა ლომაძის უდიდესი სურვილიც ხომ ეს გახლავთ – ისევ არსებობდეს უბნის ბიბლიოთეკები და იქ უმცროსი თაობა დადიოდეს. სწორედ ის პატარა და მყუდრო ბიბლიოთეკები, კატერინას (ბიბლიოთეკარი „ერთ პატარა სასწაულში“) მსაგვსი ქალბატონები რომ ბინადრობენ. დიახ, „ბინადრობენ,“ ვინაიდან ბავშვებს ვერ წარმოუდგენიათ ჰაეროვანი და რომანტიკული კატერინა „სხვა ქალებივით ხახვსა და ნორს თუ ჭრის ან ოთახებში მტვერს წმენდს.“ რატომ? იმის გამო რომ ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ადამიანებისგან განსხვავებით კატერინას სჯერა (და პატარა მკითხველსაც არწმუნებს), რომ წიგნებს ჯადოსნური ძალა აქვთ და „გულის კუნჭულში შეყუჟული გმირებით ავსებენ ადამიანებს.“
არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა გაიცნოთ კატერინა, მისი პატარა და დიდი მეგობრები, ასევე თერთმეტი წლის თეა (იგივე ჩეა), თოთხმეტი წლის ჩანო და პატარა ჩაჩია (იგივე თათია), პუტკუ და გამხდარი ბებიები, მამა, რომელსაც სამჯერ თუ არ გაუმეორებ ერთსა და იმავეს, ვერაფერს გააგებინებ, საჩუქრებიანი ბიცოლა და მუდამშარვლიანი დეიდა, ბაბუა და შვილიშვილი ხილის ხეებს სახელები რომ დაარქვეს (ქლიავს უკარება, ვაშლს კეთილი, ალუბალს მეტიჩარა, ბროწეულს პრანჭია, დიდი გულაბს ბრძენი)… და დარწმუნდებით, რომ თეას წიგნები ნამდვილად “ჯადოსნურია ანუ ისეთი, ადამიანს კითხვას რომ აყვარებს.“
„წერილი ბოთლში“
თეა ლომაძეზე საუბრისას ერი წიგნით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლები. მითუმეტეს, რომ „წერილი ბოთლში“ არა მარტო შინაარსით, გარეგნობითაც ისეთია, კითხვის ხასიათზე დაგაყენებთ: ცალხაზიან რვეულს ჰგავს, რომელშიც ულამაზესი კალიგრაფიით ჩაუწერიათ ტექსტი, მინდვრებში თუ მათ მიღმა კი გაკრული ხელით ილუსტრაციები მიუხატავთ.
წიგნი იმ ქალაქზეა, რომელსაც „უცნაურობა სჭირს, მისი მოქალაქეები ორ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეებად იყოფიან, ერთმანეთთან საკონტაქტოდ კი მესამე ენას იყენებენ, რომელსაც გაძლიერებულად ასწავლიან სკოლებში.“ წიგნის მთავარ გმირ გოგონებს უფროსებისგან განსხვავაებით მშვენივრად ესმით, დღეში ერთი სიტყვა რომ ესწავლათ, ახლა თვისუფლად ისაუბრებდნენ ერთმანეთის ენებზე. თუმცა, სანამ ამას უფროსებიც მიხვდებიან, „ცხოვრება მათემატიკის მშრალ კანონებს დაემორჩილება,“ გამყოფი ღობის სიმაღლე კი მუხანათურად გაიზრდება.
ავტორი გეოგრაფიულ სახელებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი ქართულ-აფხაზიურ კონფლიქტზეა. საინტერესო გახლავთ ისიც, რომ ამ კონფლიქტის დასაწყისი, მნიშვნელობა და შედეგები სწორედ ბავშვების თვალით არის დანახული და შეფასებული. „წერილი ბოთლში“ სავსეა მტკივნეული და აქტუალური შეკითხვებით, უფროსებს ბევრ რამეზე რომ დაგვაფიქრებს. ამ კითხვებს პუტკუ მარიამი „ზღაპრული კუნძულიდან“ გვიგზავნის. როგორ აღოჩნდება იქ მთავარი გმირი, ამას წიგნიდან შეიტყობთ, მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ იქიდან კარგად მოჩანს „უცნაური ქალაქი“ და „განსაკუთრებით კარგად ცურვას“ თუ ვისწავლით, იქნებ მეტადაც მივუახლოვდეთ.
დავითვალოთ ათამდე
„როცა ტელევიზორი დუმს, სიჩუმეს აფეთქებს ქვედა სართულიდან ამომავალი ყვირილი და ლანძღვა. ეს რატი ბარბაროსაა, ჩემი მეზობელი. ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცი, ქართული ჯარის ოფიცერი. ბარბაროსა მე შევარქვი. შინ სმენადაქვეითებული დედა, ენერგიული ცოლი და ტყუპი ბიჭი ჰყავს. ვერ ვიხსენებ, როდის დაიწყო ყვირილი. ისე, ყვირილი მამამისმაც იცოდა, ახლა ცოცხალი აღარ არის. დედამისიც, ცოტა ხანს სკოლაში მასწავლიდა. სულ ჩხუბით გველაპარაკებოდა. მოკლედ, რატი თავის ტყუპებს უყვირის და აგინებს. რაღაც დღეებში სახლში არ არის და კორპუსიც წყნარდება. თითქოს ბიჭებიც უფრო ხალისიანები ხდებიან. ჯარისგან თავისუფალ დროს სიტუაცია იძაბება. ამ ბავშვების ცუდი ქცევა არც სახლში მინახავს და არც სკოლაში. ჩემს სკოლაში დადიან, მეხუთეში გადავიდნენ. კარგად სწავლობენ, ზრდილობიანად იქცევიან, ჭიდაობენ კიდეც. როცა ცხელა, სადარბაზოში სხედან, კიბეზე, და წიგნებს კითხულობენ.
მე მამა არ მყავს და ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი ეს არის. არ მახსოვს როგორი იყო მამაჩემი, მხოლოდ ფოტოებით და სხვების ნაამბობით ვიცნობ. რატი ბარბაროსა მეუბნება, კარგი მამა გყავდა, ვმეგობრობდითო. როცა ყვირის, ვფიქრობ, მამაჩემი თუ მართლა მაგის მეგობარი იყო და ,,მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი…“ მართალია… იქნებ, ასე სჯობს? უმამობა საშინელებაა, მაგრამ არ მინდა, მე ან დედაჩემს ვინმე ასე დაგვყვიროდეს და გვაგინებდეს. მერე სხვა მამებზე ვიწყებ ფიქრს და ისევ ძალიან მინდა, მამა ჩვენთან იყოს.
ბარბაროსა ჩემს მეორე ოცნებაშიც შემოიჭრა. პატარაობაში ჯარისკაცობა მინდოდა. ორ-სამ წელიწადში სკოლას დავამთავრებ, სულაც აღარ მინდა იმ ჯარში წასვლა, სადაც ასე დამიწყებენ ყვირილს და ლანძღვას. დარწმუნებული ვარ, ხელქვეითებსაც ასე ექცევა. ალბათ, მანამდე მაგასაც უყვიროდნენ. ჩემს შვილებს ასე ნამდვილად არ მოვექცევი. იმაზეც ვფიქრობ, ტყუპები როგორები გაიზრდებიან. თვითონ ხომ არ მოსწონთ, რომ მათზე ძალადობენ, რატომ უნდა გაიმეორონ იგივე საქციელი?
არადა, ტრენინგზე გვითხრეს, ძალადობის მსხვერპლიც პოტენციური მოძალადეაო… არ ვიცი, როგორ დავეხმარო ტყუპებს, დედაჩემმა, შენი საქმე არ არისო… ტელევიზორი ჩართე და ვეღარ გაიგონებო…“
ეს ნამუშევარი ძალადობის თემაზე გამოცხადებულ მოსწავლეთა კონკურსზე წარმოადგინა მეცხრეკლასელმა ბიჭმა და ერთხელ კიდევ დაგვაფიქრა მშობლისა თუ პედაგოგის მხრივ გამოხატული ძალადობის ამ ფორმაზე.
ყველა მშობელს აღზრდის თავისი წესები აქვს. როგორც სატისტიკა აჩვენებს, ამ წესებს უმეტესწილად შეგნებულად კი არ ირჩევენ, არამედ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით იღებენ.
ინოვაციები აღზრდის სფეროში ძალიან ნელა აღწევს, ისიც – ცნობილი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების წყალობით, მაგრამ თუ ბავშვი უფროსებსა და თანატოლებს ხშირად ეჩხუბება, ეუხეშება ან ეუზრდელება, დროა დავფიქრდეთ, რა შეგვეშალა და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.
„ბავშვები ცხოვრების ყვავილები არიან“ – ეს ფრაზა გაცვდა, მაგრამ შინაარსს ინარჩუნებს. შესაფერი პირობების გარეშე ყვავილი ვერ გაიზრდება და გაიფურჩქნება და ეს მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას არ გულისხმობს. მთავარი, რისი მიცემაც შეგვიძლია ბავშვებისთვის, ის არის, რაც პირდაპირ ცნობიერებაში ილექება.
„არ უყვირო ბავშვს!“ – ესეც ძველი, ნაცადი და სასარგებლო რჩევაა. ბავშვი ღრუბელივით ისუტავს მთელ აგრესიას და განსაზღვრული ხნის შემდეგ ის აუცილებლად გამოჟონავს ზედაპირზე.
ფსიქოლოგების რჩევა მყვირალა მშობლებისთვის: სანამ უარყოფით ენერგიას შვილს დაატეხდეთ თავს, შეეცადეთ დამშვიდდეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით იმაზე, რის მიმართაც ასეთი აგრესიული დამოკიდებულება გიჩნდებათ. შეეცადეთ, მოემზადოთ არასასიამოვნო სიტუაციისთვის და როცა დრო მოვა, თქვენი უკმაყოფილება ჩვეულებრივი კილოთი გამოხატეთ. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს აღზრდის პროცესს.
თავის შეკავებას ვერ ახერხებთ? დიახ, ეს უდავოდ რთულია. აი, ფასდაუდებელი რეკომენდაცია, რომელიც უკვე უამრავ ზრდასრულ ადამიანს დაეხმარა ემოციების მართვაში. უპირველეს ყოვლისა, გააანალიზეთ, რა იწვევს თქვენში გაღიზიანებას, რა გაიძლებთ ყვირილს – ხმამაღალი მუსიკა? ცუდი ნიშნები? აპარსული თმა? ყოველივე ამასთან შესახვედრად მუდამ მზად იყავით. მსგავს სიტუაციას ხომ უკვე ბევრჯერ შეჯახებიხართ და უკვე უნდა შეგეძლოთ მასთან ყვირილის გარეშე გამკლავება. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის უფროსი სწორედ თქვენ ხართ!
დაითვალეთ ათამდე. როცა თვლას დაასრულებთ, სავარაუდოდ, საკმაოდ მშვიდად იქნებით და უკვე შეგრცხვებათ ყვირილის.
დღესაც ვფიქრობ, რა ვურჩიო ბარბაროსას მეზობელ ბიჭს, როგორ დაეხმაროს ტყუპს? თქვენი რჩევებიც საინტერესო იქნება.