კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

ადამიანები სევდიანი მომავლით

0

რას გააკეთებს ადამიანი წლების შემდეგ, მომავალში, როცა მას ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებს მისცემს? ან რა მოთხოვნილება ექნება მას, თუ რობოტები ფიზიკურ შრომას ადამიანების ნაცვლად შეასრულებენ? – მომავალზე გადაღებული ფილმები ძირითად იმაზე მოგვითხრობენ, თუ როგორ ქმნიან ადამიანები რობოტებს, რომელთაც ადამიანები აღარ სჭირდებათ და დედამიწას ეპატრონებიან. თუმცა ცოტა თუ ვიცით იმის შესახებ, რა დასჭირდება მომავლის ადამიანს, თუ ტექნოლოგიური პროგრესი მას მეტ საშუალებას, დროსა და რესურსს მისცემს იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ღირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მიუძღვნას.

ამ იდეით შეპყრობილი ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ჯოუნზი 2012 წელს ფილმს იღებს. “Her” მომავლის ურთიერთობებზეა. იმაზე, თუ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს რობოტი და რამდენად რობოტული შეიძლება გახდეს ადამიანი. სპაიკ ჯოუნზის ფილმში ადამიანები ოპერატიულ სისტემას ქმნიან, რომელიც არამარტო ადამიანის დამხმარე, არამედ მისი მეგობარი, პარტინორი და შეყვარებულიც კი შეიძლება გახდეს.

მარტოსული მწერალი თეოდორი ფულს წერილების წერითა და სხვისი გრძნობების გადმოცემით შოულობს. თუმცა თავად უჭირს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. სევდისგან თავის დასაღწევად თეოდორი ახალ ოპერაციულ სისტემას იყენებს და გაიცნობს სამანტას, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. რეალურ სამყაროში ურთიერთობით იმედგაცრუებული, მარტივად ეკონტაქტება მას და ოპერატიული სისტემა უყვარდება. მისთვის ეს გრძობა ყველაზე ბუნებრივი ხდება, რადგან გარშემო არ დარჩა არავინ, ვისი შეყვარებაც  იქნებოდა შესაძლებელი.

სამანტა იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს გამოეყენებინათ. ოპერატიული სისტემები ადამიანთა სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ და მათი შესაძლებლობებიც მაშინ დასრულდებოდა, როცა ადამიანი გადაწყვეტდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური სხეული არ ჰქონდათ, ყველაზე არაადამიანური, რაც მათ ახასიათებდათ, თავისუფალი ნების არქონა იყო. სამანტა ყოველწამიერად ვითარდება. ის ახერხებს მწერლის სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას, თუმცა დროთა განმავლობაში იმდენად ვითარდება, რომ თავადაც უჩნდება მოთხოვნილებები.

თეოდორისა და სამანტას ურთიერთობა თანდათან უფრო განსხვავებული ხდება სხვა სომატური წყვილების რომანტიკისაგან. ეს რომანტიკა კი სწორედ მაშინ ხდება საინტერესო, როცა თეოდორის თვალებში სევდა გამოჩნდება – ტკივილით, მარტოობით სავსე თვალები, რომელიც ძალიან ახლობელია თანამედროვე ადამიანისთვის. თეოდორს სამანტა უყვარს, თუმცა მისი სიყვარული ტრაგიკული დასასრულისთვისაა განწირული, რადგან სამანტასთვის გაუგებარია ისეთი ადამიანური ვნებები, როგორიც ეჭვიანობა და ერთგულებაა. მას თეოდორი უყვარს, თუმცა მეტი სჭირდება. სიახლე კი სხვა ადამიანებთან და ოპერატიულ სისტემებთან ურთიერთობასაც გულისხმობს, რაც თეოდორისთვის განგაშის საფუძველი ხდება.

 

მხიარული, კეთილი, რომანტიკული, ყურადღებიანი და ჭკვიანი ოპერატიული სისტემა ევოლუციის გზით თავისუფალი ნების მოპოვებისთანავე ტოვებს ადამიანს, რომელიც უყვარს. მისი სიყვარული რჩება. რჩება გულისტკივილიც, რომელიც განშორებას ახლავს, თუმცა კიბერრაციონალური გონისთვის ადამიანურ გრძნობებზე მაღლა სხვა რამ დგას, რაც, როგორც თეოდორისთვის, ასევე მაყურებლისთვის ამოუცნობ ღირებულებად რჩება. რეჟისორი მაყურებელს უტოვებს საშუალებას, გადაწყვიტოს, რატომ წავიდნენ ოპერატიული სისტემები; უტოვებს გულნატკენ თეოდორსაც, და მის მდგომარეობაში დარჩენილ კაცობრიობასაც.

სასწავლო სტრატეგიების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე (მეორე ნაწილი)

0

საოცარი, საინტერესო და პრობლემური

 

აქტივობა, რომელიც  სსპ (საოცარი, საინტერესო, პრობლემური) სტრატეგიას ეფუძნება, მოსწავლეებისთვის ტექსტის, გამოსახულებისა და ვიდეოფილმის ანალიზის სწრაფი და მარტივი საშუალებაა. ამ მეთოდის დახმარებით მოსწავლეები განსაზღვრავენ, რას ხედავენ წყაროში (მასალაში) საოცარს, საინტერესოს და პრობლემურს. წარმოდგენილი სტრატეგია მათ საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბონ მოკლე პასუხი, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა მოსწავლეები  ისეთ მასალას არჩევენ, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო და პრობლემურ საკითხებს შეიცავს.

 

პროცედურა

მასწავლებელმა უნდა აირჩიოს ტექსტი, გამოსახულება ან ვიდეოფილმი, რომელიც მოსწავლეებს დააინტერესებს და მის განხილვას მოანდომებს.

წაკითხვის, დაკვირვების ან ყურების შემდეგ პედაგოგმა თითოეულ მოსწავლეს უნდა დაავალოს, დაწერონ და წარმოადგინონ:

  • ერთი საოცარი ფაქტი ან იდეა;
  • ერთი საინტერესო ფაქტი ან იდეა;
  • ერთი პრობლემური ფაქტი ან იდეა.

მასწავლებელმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს, გააანალიზონ სსპ-ს პასუხები და გაუზიარონ მეწყვილეებს ან მთელ კლასს.  უნდა გაიმართოს დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

პედაგოგს ასევე შეუძლია, შეაგროვოს წარმოდგენილი ნამუშევრები, რათა უფრო დაკვირვებით გაეცნოს, რას გრძნობენ და როგორ ესმით მოსწავლეებს  წარმოდგენილი მასალა.

 

კადრირება

კადრირების სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილონ მონათხრობის (ტექსტის) ძირითად იდეებზე და შეძლონ ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების ილუსტრირება. ეს სტრატეგია გამოიყენება როგორც კლასში ხმამაღალი, ასევე ინდივიდუალური კითხვისას. ის, თუ რამდენად ზუსტად და ზედმიწევნით შეასრულებენ მოსწავლეები კადრირების სტრატეგიაზე დაფუძნებულ აქტივობას, ეფექტური საშუალებაა მათ მიერ წაკითხულის გაგების შეფასებისა.

 

პროცედურა

  1. კადრირების შაბლონის წარდგენა

მასწავლებელმა უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს კადრირების შაბლონი (ქვემოთ მოცემულია ამგვარი შაბლონის ერთ-ერთი ვარიანტი). ისიც შეიძლება, პედაგოგმა თვითონვე შეიმუშაოს განსხვავებული ვერსია. შაბლონი უნდა შედგებოდეს რამდენიმე ბლოკისგან, ამასთანავე, იყოს საკმაოდ დიდი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მასში ნახატების ჩახატვა, ხოლო ქვემოთ აუცილებელია ადგილის გამოყოფა ჩანაწერების გასაკეთებლად.

  1. მოსწავლეები ხატავენ ძირითად იდეებს

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ (მოისმინონ) ტექსტი და მოძებნონ მათთვის საინტერესო იდეები, გამონათქვამები, ციტატები. ჩაწერონ ისინი სათანადო ადგილას, ბლოკის ქვემოთ, მერე კი მათ მიხედვით შექმნან სურათები და თითოული მათგანი ჩახატონ ცალკეულ ბლოკში.

  1. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ კადრირებას

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წყვილებში ან მცირე ჯგუფებში ერთმანეთს შეადარონ  საკუთარი ნამუშევრები. ნამუშევრების გარჩევის დროს შეიძლება მოსწავლეებს დავუსვათ შემდეგი კითხვები:

* როგორ გამოიყურება თქვენი მეწყვილის (ჯგუფის წევრის) ნამუშევარი?

* რამდენად განსხვავდება ის თქვენეული ვერსიისგან? – და სხვა.

 

დაასურათეთ თქვენ მიერ ამოკითხული თითოეული იდეა (გამონათქვამი, ციტატა) ცალკეულ ბლოკში. ყოველ ნახატს ქვემოთ უნდა ერთვოდეს შესაბამისი იდეა (გამონათქვამი, ციტატა).
 

————————————-        ————————————-       ————————————

————————————-        ————————————-       ————————————

————————————-        ————————————-       ————————————

 

 

 

————————————-        ————————————-       ————————————

————————————-        ————————————-       ————————————

————————————-        ————————————-       ————————————

 

შეიძლება, ბლოკი ნაკლები იყოს და ჩარჩოები უფრო დიდი გამოვიდეს.

 

ცხოვრების რუკა

ცხოვრების რუკის სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები ქმნიან (ხატავენ) რუკას, რომელზეც დატანილია რომელიმე ისტორიული ან ლიტერატურული გმირის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტები და გადაწყვეტილებები. ამგვარი აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება  გმირის უკეთ გაცნობასა და იმ ფაქტორებზე ყურადღების  გაამახვილებაში, რომლებიც მის გადაწყვეტლებათა გაგებას უწყობს ხელს. მასწავლებელს შეუძლია, „ცხოვრების რუკა“ გამოიყენოს შეფასების ინსტრუმენტად,  კვლევითი პროექტების განხორციელებისას ან მასალის წინასწარი დამუშავების პროცესში; შეუძლია, შეაქმნევინოს მოსწავლეებს საკუთარი „ცხოვრების რუკები“, რათა დააფიქროს ისინი საკუთარ  ცხოვრების გზასა და იდენტობაზე.

 

პროცედურა:

1–ელი საფეხური: მოსწავლეები სწავლობენ პიროვნებებს.

ეს სტრატეგია წარმატებით რომ განხორციელდეს, აუცილებელია, მოსწავლეებს ჰქონდეთ  ინფორმაცია როგორც განსახილველი პირის, ასევე იმ კონტექსტის შესახებაც, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ეს ინფორმაცია  შეიძლება აღებული იყოს კინოფილმიდან, სხვადასხვა ნაშრომიდან, ანდა უშუალოდ გაკვეთილზე იყოს მიღებული. „ცხოვრების რუკის“ მოსამზადებლად მოსწავლეებმა  წინასწარ უნდა აღნუსხონ  შესასწავლი პირის ცხოვრების გადამწყვეტი მომენტები და მისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მერე კი ეს მონაცემები გადაიტანონ დროის ხაზზე.

მე–2 საფეხური: „ცხოვრება როგორც მოგზაურობა“ – მეტაფორები

მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეებს, დახატონ შესასწავლი პირის „ცხოვრების  რუკა“. სანამ მოსწავლეები რუკის დახატვას დაიწყებენ, პედაგოგი სთხოვს მათ, ჩამოწერონ ის შემთხვევები, რომლებსაც შეიძლება წააწყდეს ადამიანი მგზავრობის ან მოგზაურობის დროს. ეს ჩამონათვალი შეიძლება შეიცავდეს გაჩერებას, შესვენებას, შეჯახებას, ჩიხს, შუქნიშანს, დასაწყისს, დასასრულს, შემოვლით გზას, ავტომაგისტრალს, საბაჟოს და სხვა. მასწავლებელმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს, განიხილონ ჩამონათვალი და უპასუხონ კითხვას: რას შეიძლება გულისხმობდეს თითოეული მათგანი „ცხოვრების  რუკის“ შედგენისას:? მაგ., ჩიხი შეიძლება ნიშავდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მწვანე შუქი – ცხოვრების გზის, მისი მონაკვეთის იოლად და წარმატებით გავლას და ა. შ.

ამ დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ცალკეული მეტაფორისთვის შექმნან თითო სიმბოლო. სიმბოლოებზე მთელი კლასი უნდა შეთანხმდეს, ამიტომ განსახილველად საჭიროა თითოეული მათგანის დახატვა დაფაზე ან ფლიფჩარტზე.

ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ განსახილველი პირის „ცხოვრების რუკის“ შექმნას, რომელსაც ხატავენ როგორც ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე, ასევე ფლიფჩარტზეც. მუშაობა შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებად.

პერსონაჟის „მოგზაურობა“ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და მოვლენებს უნდა წარმოადგენდეს. მოსწავლეებს შეუძლიათ, რუკას ის დეტალებიც დაუმატონ, რომლებმაც განსაზღვრული გავლენა მოახდინა განსახილველი პირის ცხოვრებაზე, მაგ., ისტორიული ფაქტები და მოვლენები, მნიშვნელოვანი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მიზნები, მრწამსი, წარმოდგენები, ცრურწმენები, შიშები და სხვა.

მოსწავლეებს შეიძლება უფლება მივცეთ, მუშაობის დროს იარონ ოთახში და დააკვირდნენ თანაკლასელთა მუშაობას – ეს ახალი იდეების გენერირებას შეუწყობს ხელს.

მე–3 საფეხური: ნაშრომების წარმოდგენა

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას ან ქმნიან გალერეას (ნაშრომებს კედლებზე აკრავენ). როდესაც ისინი თანაკლასელთა ნამუშევრებს განიხილავენ, მასწავლებელი ავალებს მათ, ყურადღება მიაქციონ საკუთარი რუკების სხვებთან მსგავსებასა და განსხვავებას. მოსწავლეთა აზროვნების გასააქტიურებლად პედაგოგმა შეიძლება შემდეგი კითხვები დასვას:  რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანთა არჩევანზე? რა ეხმარება ადამიანს წინსვლასა და პროგრესში? რომელი ფაქტორები განაპირობებს დაღმასვლასა და წარუმატებლობას?  – და სხვა.

აქტივობის შესაჯამებლად შეიძლება მოსწავლეებს დავავალოთ ესსეს დაწერა, რომლის მიზანი იქნება განსახილველი პირისა და მისი მოღვაწეობის შეფასება, კერძოდ, რით იყო უნიკალური ან უნივერსალური ამ ადამიანის ცხოვრება და სხვა.

სტრატეგიის სხვა ვარიანტები:

საკუთარი „ცხოვრების რუკა“ – მასწავლებელმა შეიძლება დაავალოს მოსწავლეებს საკუთარი „ცხოვრების რუკის“ შექმნა, რაც მათ საკუთარი თავისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

მრავალმხრივი პერსპექტივა – მასწავლებელმა შეიძლება დაავალოს რამდენიმე მოსწავლეს ერთი და იმავე პერსონაჟის განხილვა. თითოეული მათგანი შექმნის „ცხოვრების რუკის“ საკუთარ ვერსიას. ამ აქტივობის უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაინახონ, როგორ შეიძლება იდენტური ინფორმაციის  სხვადასხვაგვარად ინტეპრეტირება.

რა შეუძლია ლიტერატურას?!

0

ყველანი ვთანხმდებით, რომ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ეს საინტერესოობა კი, უპირველეს ყოვლისა, ეპოქალურ კატაკლიზმებს, კატასტროფებს და დროის დრამატულ დინამიკას გულისხმობს და არა საკაცობრიო პროგრესისკენ ლაღ და უკანმოუხედავ სწრაფვას.

ამ დრამატულ დინამიკაში გიგანტური სახელმწიფოები და იმპერიები იძვრიან, როგორც ვეშაპები თვალუწვდენელ ოკეანეში. ადამიანი კი, ვისთვისაც ეს სამყაროა დაკანონებული, ხშირად ქრება თვალთახედვიდან. თითქოს ყველაფერი მისგან, ან მის გამო არ ხდებოდეს. თითქოს ვიღაც მასზე აღმატებული, კვლავ რაღაც სამუდამო ჩანაფიქრისთვის ამზადებდეს.

ამ გიგანტურ მოვლენებში კი, სადაც დრო და სივრცე სამივე განზომილებით ახალ კონტურებს ხატავს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად დგას ლიტერატურა, რა ძალა აქვს მას, რა საშუალებები, აღწეროს და გაიაზროს პროცესი, როგორც შემეცნების ტექსტი, ან იქნებ აღარც შეუძლია ეს და მრავალფეროვანი გამომსახველობითი ფორმების, ახალი ტენდენციების, ჟანრების მიუხედავად, ისიც მხოლოდ კულტურის კუთვნილებად რჩება, ანუ ერთგვარი გამოცდილების, მოწესრიგებული ყოფის პროდუქტად, რომელსაც ამ თავზეხელაღებული დინამიკის შეცვლა (ცხადია სასიკეთოდ) კი არა, მცირედი რყევაც აღარ შეუძლია?

მე ასეთ კითხვებს ყოველთვის ვარიდებ თავს, რადგან გაუნელებლად მჯერა ლიტერატურის (სიტყვის!) ყოვლისშემძლეობის თუ არა, მრავლისშემძლეობის მაინც. თუმცა, კითხვებს აქვთ არსებობის უფლება და ეს უკეთესიც კია პროგრესული რეფლექსიისთვის, სიფხიზლისთვის, მოკლედ რომ ვთქვათ – მაცოცხლებელი კონფლიქტისათვის.

ყველაზე სკეპტიკოსებისთვის კი, ბევრი წიგნის დასახელება შეიძლება, სადაც მისი უდიდებულესობა ლიტერატურა საკუთარ თავზე მეტია, მით უმეტეს, თუ ის ამ „აღმატებულობით“ არათუ შორდება ცხოვრებას, არამედ, პირიქით – წარმოადგენს კიდეც მას.

ვისაც წაუკითხავს სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნები, ამ აზრის გასამყარებლად სწორედ ისინი მოაგონდება. ამ მწერლის შემოქმედებაა დღეს თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში იმის დადასტურება, „თუ რა შეუძლია ლიტერატურას“.

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი რუსულენოვანი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა 2015 წელს ლიტერატურის დარგში. ქართველმა მკითხველმა ალექსიევიჩი ნობელამდე გაიცნო რომანით „ჩერნობილის ლოცვა“ და კარგადაც დაიმახსოვრა. არც ამ წიგნმა, და არც დანარჩენებმა, რაც კი ჯერჯერობით ჩვენს მშობლიურ ენაზე ითარგმნა, აუღელვებელი არავინ დატოვა. ესენია – „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე) და „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი. ნინოს თარგმნილია ასევე „ჩერნობილის ლოცვა“). საგანგებოდ მწერლის თბილისში ვიზიტისათვის გამოიცემა „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე). ყველა მათგანი გამომცემლობებმა „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“ დასტამბეს, ცოტათი თეატრალურად რომ ვთქვათ, სწორედ მათ შემოიყვანეს სვეტლანა ალექსიევიჩი ჩვენს სააზროვნო-სალიტერატურო სცენაზე, თან ძალიან დროულად და დახვეწილი, მაღალი რანგის თარგმანებით.

ჩემს სამუშაო მაგიდაზე სამი წიგნი დევს – ისინი ნაღმებს გვანან, რომლებიც ერთხელ უკვე აფეთქდა. ამიტომიცი, რომ აღარ არიან სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მით უფრო შემაძრწუნებელნი და საბედისწეროდ კოდირებულნი – ისინი ამ აფეთქების ისტორიას ინახავენ, როგორც ნამდვილ მითს და არა როგორც მშრალ ინფორმაციას.

ეს წიგნები სვეტლანა ალექსიევიჩის ხუთტომეული ციკლიდანაა. ციკლს მწერალმა „უტოპიის ხმები“ უწოდა და ისინი „წითელი ეპოქის“ საგაა – მე-20 საუკუნის რუსული იმპერიის – საბჭოთა ეპოქის შემზარავი რეტროსპექტივა.

ასე მასშტაბურად, ასეთი მკაფიო აქცენტებით, საგულისხმო პასაჟებით ეს ჟამი (რა კარგია ქართული ენა, „ჟამს“ ვამბობ და ვგულისხმობ დროსაც და მახსენდება ისიც, რომ „ჟამი“ ერქვა მასობრივ სახადს, ინფექციურ დაავადებებს შუა საუკუნეებში, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა), ასე ფართოდ არავის გაუაზრებია მწერლობაში. უფრო სწორად, არავის დაუნახავს, ჩაუწერია და გაუვრცელებია.

დანახვა, ჩაწერა, გავრცელება – ე.წ. ჟურნალისტური ზმნებია. პირველ ყოვლისა, სწორედ ჟურნალისტს ევალება აღწეროს თანამყოფი გარემო, აწმყო, მოძებნოს ხედვის რაკურსები, საიდანაც ეს ყოველივე კარგად ჩანს. აი, მწერალი კი, ამ აწმყოდან, წინასწარმეტყველის გუმანით ამოზიდავს წარსულს და მომავალს და ერთ მთლიან სურათს ქმნის, რომელიც ეპოქის ბეჭდადაც შეიძლება იქცეს.

სვეტლანა ალექსიევიჩმაც ჟურნალისტობით დაიწყო და მწერლობად აქცია ის, რაც მას, როგორც ადამიანს, მოქალაქეს, ყველაზე მეტად აინტერესებდა და აწუხებდა. მის წიგნებში გამუდმებით ხაზგასმულია – წარსული და მომავალი, სწორედ ეს ორი კატეგორია, როგორც ყველაზე მკაფიო და ხელშესახები მოცემულობა. აი, აწმყო კი…

სწორედ აწმყოა ის რეფლექსია, ის გაბმული ქორო, რაც „უტოპიის ხმებად“ ჩაესმის მწერალს, რისგანაც, როგორც სიზმრისგან – ცხადს, ისე ქმნის ახალ ლიტერატურას.

თითოეული ეს წიგნი ზეპირი ისტორიების, უამრავი ინტერვიუს, ჩანაწერის მიხედვითაა შექმნილი. ხელუხლებლადაა (ხმების შესანარჩუნებლად!) მოცემული მასალა, რომელიც ოცი წლის განმავლობაში აგროვა მწერალმა საბჭოეთის თუ პოსტსაბჭოეთის სხვადასხვა ქვეყანაში. „მეუბნებიან: ჰო, კარგი, მოგონებები – ეს ხომ არც ისტორიაა, არც ლიტერატურა, უბრალოდ ცხოვრებაა დანაგვიანებული და ხელოვანის გულით გაუწმენდელი. მეტყველების ნედლი მასალა… ჩემთვის კი ყველაფერი სხვაგვარადაა… სწორედ იქ, ადამიანის თბილ ხმაში, წარსულის ცოცხალ ანარეკლშია ჩამალული პირველქმნილი სიხარული, იქაა გაშიშვლებული სიცოცხლის წარუშლელი ტრაგიზმი… ეს – დედნებია“ – ასე პასუხობს ალექსიევიჩი მათ, ვინც მუდმივად ორჭოფობს – არის თუ არა ეს ლიტერატურა, ან რა ჟანრია, ან რა კანონები აქვს.

ამ ხუთწიგნეულით კი, თავად მწერალმა სრულიად განსაკუთრებული, ერთგვარად საავტორო ჟანრი შექმნა, ეს არც მხოლოდ მხატვრულ-დოკუმენტური პროზაა, ე.წ.ნონფიქშენი, რაც ასე პოპულარულია დღეს ევროპაშიც და ამერიკაშიც, არც პუბლიცისტიკა, არც წმინდა წყლის მხატვრული პროზა.

ეს ალექსიევიჩის აწმყოს რეჩიტატივია – გაბმული, უხვსიტყვიანი, ექსპრესიული „მისამღერი“ წარსულისა და მომავლის ხმებს (ხილვებს) შორის.

„უტოპიის ხმების“ პირველი წიგნი („ომს არ აქვს ქალის სახე“) ქალებზეა – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებზე. ისინი ომში ყველა იმ პროფესიას დაეუფლნენ, რაც ცალსახად კაცის საქმედ მიიჩნეოდა – იყვნენ მედესანტეები, ტანკისტები, სნაიპერები, მეკავშირეები, რომ აღარაფერი ვთქვათ „ქალურ“ საქმეებზე – მზარეულებზე, მრეცხავებზე, მედდებზე… ეს წიგნი ქალების ომზე მოგვითხრობს, უფრო სწორად, ქალის თვალით დანახულ ყველაზე დიდ უსამართლობაზე, სისასტიკეზე. რესპოდენტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ვეტერანები არიან, ისინი გულწრფელად და შეულამაზებლად ჰყვებიან საკუთარი ომის შესახებ…

და, ამ წიგნის მთავარი გასაღებიც სწორედ ესაა – ქალის თვალით დანახული სინამდვილე. „ომის შესახებ ქალის მეხსიერებას გრძნობითი მუხტისა და ტკივილის თვალსაზრისით ყველაზე უფრო დიდი „ოპტიკური“ ძალა აქვს. ამასაც კი ვიტყოდი: „ქალის“ ომი „მამაკაცისაზე“ უფრო საშინელია“, – წერს ალექსიევიჩი.

წიგნიც ასეთი გამოვიდა – საშინელი. სწორედ ამ „გრძნობითი მუხტის“ სიმძლავრის გამო, იმის გამოც, რომ ამ წიგნით ფარდა ბევრ სიმართლეს, ბევრ ტაბუს აეხადა. აღმოჩნდა, რომ ომის შემდეგ თითოეულ მის მონაწილე ქალს ძალიან გაუჭირდა ცხოვრების გაგრძელება, კაცებისგან განსხვავებით, რომლებიც უპირობო გმირების და ვაჟკაცების სახელით მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ. ეს ქალები თითქოს მოკვეთეს კიდეც საზოგადოების ფემინური ნაწილისგან, როგორც საშიში ელემენტები, რომლებმაც რაღაც ისეთი ნახეს, რაც მომავალში „ჯანსაღი“ მემკვიდრეობის დატოვებაში ხელს შეუშლიდათ. არადა, ესენი არიან ქალები, რომლებმაც ყველაზე მკაფიოდ თქვეს, რისთვისაც იბრძოდნენ – ისინი ომს კლავდნენ! რაიხსტაგზე ასეც მიაწერა ერთ-ერთმა: „მე, სოფია კუნცევიჩი, აქ ომის მოსაკლავად მოვედი“. ამ ქალებმა ომში სილამაზეს გააძლებინეს, რომანტიზმს, როგორც ადამიანური სულის სიფაქიზეს, იდეალისკენ სწრაფვის უნარს და დიდ პარადოქსს ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიც ომია. მათ იცოდნენ, რას ნიშნავს საქორწილო კაბის ერთ ღამეში შეკერვა დარჩენილი ბინტებისგან, ან გერმანული პარაშუტისგან; რას ნიშნავს დაჭრილისთვის უკანასკნელი კოცნის გატანება შორეულ, შეუცნობელ სიკვდილის გზაზე; რას ნიშნავს ბედნიერება – როცა „სიძულვილი არ შეგიძლია…“

ამ ქალებს, ვეტერანებს, წლების მანძილზე დაატარებდნენ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმებზე, სასკოლო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე, როგორც ექსპონატებს; ისინი ჰყვებოდნენ მხოლოდ „საჭირო“ ამბებს – სტერილურს, იდეოლოგიისთვის გამზადებულს, პათეტიკურს. შესაბამისად, ყველამ ვიცით მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ვერსია. ალექსიევიჩის წიგნში კი ეს ქალები სულ სხვა, ამ პათოსისგან თავისუფალ და შემზარავ ადამიანურ ისტორიებს იხსენებენ.

სწორედ ამიტომაც, 1983 წელს დაწერილი წიგნი მხოლოდ 1995 წელს გამოიცა კუპიურებით, სრული სახით კი ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.

ადამიანური ისტორიების სრულიად სხვა, განსაკუთრებული ვერსიაა გადმოცემული სვეტლანა ალექსიევიჩის მომდევნო წიგნებშიც. მწერლისთვის მთავარი სწორედ ადამიანია, ასე ჩაკარგული, ჩალექილი დროის დინამიკაში. წიგნში „სექენდ ჰენდის დრო“ საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედის და ტრაგედიის ჭრილიდანაა ნაჩვენები. მათ გამოიარეს ლამის მთელი მე-20 საუკუნე – რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. ეს კი იმ სიმძლავრის რყევებია, რომელსაც ადამიანური ფსიქიკა და ცნობიერება გაუბზარავად ვერ უძლებს. ამ ბზარებზე ჰყვებიან ისინი – თითქმის ყველა სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანები, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. ჰყვებიან თავიანთ დროზე, თავიანთ ქვეყანაზე, იმედებზე ან მათ მსხვრევაზე… საბოლოოდ კი იქმნება გიგანტური ტილო, სადაც მე-20 საუკუნის ეს დიდი მოვლენა – იმპერიის ნგრევა თავისი ნიუანსებით იკითხება. რევოლუციის თაობიდან „პეპსის“ თაობამდე – აი მასშტაბი, რომელშიც ყველას თავის წილი ტკივილი და სიხარული აქვს.

ეს წიგნი თავს უყრის ყველა იმ გარდამტეხ მოვლენას, რაც მწერლის ამ ციკლის სხვა რომანებში სკრუპულოზულადაა გაშლილი. აქ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ადამიანები საუბრობენ. პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ეპიზოდი რუსი გოგოს მიერ მონათხრობი აფხაზეთის ომია. ამ თხრობაში იგრძნობა რესპოდენტის აშკარა სიმპათია აფხაზური მხარის მიმართ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის მაინც ინარჩუნებს რაღაცნაირ წონასწორობას, დანანებით ყვება იქაურ მეზობლებზე, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც, სხვებთან ერთად, ამ დიდი სისასტიკის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ… საინტერესოა ამ გოგოს ისტორიის ფინალი რუსეთში – ინტერვიუს ჩაწერიდან ექვს თვეში ის მონასტერში წავიდა(!).

საერთოდ, იმის მიუხედავად, რომ სვეტლანა ალექსიევიჩი სრულიად მიუკერძოებლად, პირუთვნელად და შემაძრწუნებელი ადამიანური სიმართლით გვთავაზობს მთელ ამ ისტორიულ რეტროსპექტივას (რომელშიც საქართველოც ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა და იკავებს), ყველაზე ნაკლებად (თითქმის არსად) მის რესპოდენტებს შორის ქართველებს შეხვდებით. აფხაზეთის ომიც, როგორც რუსული იმპერიალისტური ომის ეპიზოდი, მხოლოდ ამ ერთი ისტორიით შემოიფარგლება. მე პირადად ძალიან მაინტერესებს მისი ხედვა ჩვენი ქვეყნისა და რუსული იმპერიის დამოკიდებულების მიმართ, ოკუპაციის მიმართ; სიამოვნებით მოვისმენდი მის აზრს კავკასიურ თემებზე, მოვუსმენდი მის რესპოდენტებს, თუკი ისინი ამ თემებზე, როგორც მონაწილეები და თვითმხილველები, ისაუბრებდნენ…

ისევ და ისევ ვფურცლავ მის წიგნებს, ამ უთვალავ ამბავს დიდ ბოროტებასა და დიდ სიკეთეებზე და ვფიქრობ – სადაა თავად ავტორი? სად ისმის მისი პირადი ხმა უტოპიის ხმების წყვდიადში? სად ჩანს მისი პოზიცია – როგორც მოქალაქის, ადამიანის, მწერლის? ის თითქოს ყველა თავისი პერსონაჟის მიღმაა, თითოეულ მათგანს თანაუგრძნობს (თუნდაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს); იქნებ მისი ამოცანა მხოლოდ კითხვების დასმა, ხმების შეგროვებაა, ხოლო ამ ყველაფრის გააზრება და ანალიზი კი – მკითხველის საქმეა?

მაგრამ, აი „ჩერნობილის ლოცვა“, – და ყველაფერი ნათქვამია. ამ ხუთტომეულ ციკლში ცენტრალური წიგნი სწორედ ეს მგონია. ამბავი, რომელმაც გადაფარა ყველა სხვა მოვლენა, რომლისგანაც დრომაც და სივრცემაც ახალი ათვლა დაიწყო. „ჩერნობილს შევესწარი, მეოცე საუკუნის ყველაზე მთავარ მოვლენას, მთავარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკუნე საშინელი ომებითა და რევოლუციებითაა აღბეჭდილი. კატასტროფიდან უკვე ოცი წელი გავიდა და დღემდე მაწვალებს კითხვა – რისი მოწმე ვარ წარსულის თუ მომავლის? აქ იოლია ბანალობაში გადავარდნა. საშინელების ბანალობაში… მაგრამ მე ვუყურებ ჩერნობილს, როგორც ახალი ისტორიის დასაწყისს. ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ რაღაც მეტი, რადგან ადამიანი უკვე ვეღარ ენდობა იმ წარმოდგენებს, რომელიც საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ აქამდე ჰქონდა“.

შემთხვევითი სულაც არაა, რომ „უტოპიის ხმების“ ციკლის პირველი წიგნი ქალებზეა. „აწმყოს რეჩიტატივის“ ამ ვრცელ რეტროსპექტივას კამერტონი სწორედ ქალის თემამ მისცა. ქალი – როგორც გაძლიერებული გრძნობითი მუხტის და ტკივილის მატარებელი, რომელსაც უფრო „საშინელი“ ისტორია აქვს, ვიდრე მამაკაცს. ამ წიგნების ავტორი ქალია, ზუსტად ამ „საშინელი“ უპირატესობით, შესაბამისად, უკვე განსაზღვრულია მისი პოზიციაც. ის ვერაფრის მიმართ ვერ იქნება გულგრილი, ის გაწვდის სამყაროს ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, ესე იგი – დამაბრმავებელი, შემზარავი თავისი შუქით და წყვდიადით.

„ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს. მიწაზე პატარა ჭიანჭველა მიცოცავს და ის უკვე გაცილებით ახლოსაა ჩემთან, ვიდრე ადრე. ცაში რომ ჩიტი ფრენს, ისიც ახლოსაა. ჩემსა და მათ შორის მანძილი შემცირდა. აღარაა უფსკრული. ეს ყველაფერი – სიცოცხლეა“.

სინამდვილე საკუთარ თავთან გაახლოებს, სამყაროს გულთან, ღმერთთან. ეს სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ დანახული და მოყოლილი სინამდვილეა – მყისიერი ეფექტით – ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ ვეღარ იქნები ის, რაც მანამდე იყავი.

არჩევანი კი შენზეა.

ჩვენ სიცოცხლეს ვირჩევთ.

 

P.S. ამ წერილს აგვისტოს ცხელ დღეებში ვწერდი. აგვისტო – ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო თვეა – 1991 წლის 14 აგვისტოს – აფხაზეთის ომი, 2008 წლის 8 აგვისტოს – სამაჩაბლო… ეს ისედაც მძიმე დღეები (რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი უნებურად განიცდის ხოლმე) კიდევ უფრო დაამძიმა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნებმა, რომლებიც თავიანთი შინაარსით, სათქმელით, ისტორიით უკიდურესად ახლობელია ჩვენთვის. ეს ხომ, ბოლოს და ბოლოს, „საერთო“ ისტორიაა – საბჭოთა და პოსტსაბჭოთა, ამ დრომ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული ყოფაც და ცნობიერებაც.

ამ წიგნების კითხვისას კი რამდენჯერმე გამახსენდა ჩვენი თანამედროვე მწერლები – გურამ ოდიშარია და შორენა ლებანიძე, მათი მხატვრულ-დოკუმენტური რომანები, რომლებშიც ჩვენი უახლესი წარსული, რეალური ისტორიები, ომის დისკურსი – შთამბეჭდავად და ექსპრესიულად იკითხება (გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“, „სოხუმში დაბრუნება“, შორენა ლებანიძის „საშვი კონფლიქტის ზონაში“, „მანანა ანუა – ტყვეობის 52 დღე“).

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში და ისეთ ქვეყანაში, სადაც, როგორც იტყვიან, თემები რიყის ქვებივით ყრია, შენ ოღონდ დაინახე, შეეხე, ამოატრიალე, წაიკითხე…დაწერე. ვისურვებდი, ჩვენმა მწერლობამ არ დაკარგოს „აწმყოს წაკითხვის“ ინტერესი და თვითმყოფადი, მოულოდნელი, ცინცხალი პრიზმიდან დაანახოს და მოუთხროს ის დანარჩენ მსოფლიოს.

ბოლოს და ბოლოს, მწერლობა ხომ საკუთარ თავთან დიალოგიცაა, რომელიც გცვლის და განვითარებს, მით უფრო, თუ ამ საკუთარ თავში, შენივე ვეებერთელა ისტორიული და კულტურული გამოცდილებით, მთელ კაცობრიობასაც გულისხმობ…

აგვისტო, 2017

 

იულია ტ.-ის მკვლელობის ამბავი

0

აგვისტოს ყველაზე ცხელ დღეებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ შედგენილი და გამოცემული წიგნი ვიკითხე: „დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“. გასული საუკუნის პირველი ნახევარი, საბჭოთა 30-იანები, სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული და გამართლებული ტერორი, თავზარდამცემი ამბები უდანაშაულო ადამიანების შესახებ, რომლებსაც „არასწორი“ ეროვნება, პოლიტიკური შეხედულებები თუ ცხოვრების თანამგზავრი აღმოაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წიგნი არ იყო, რომელსაც საბჭოთა ეპოქის საშინელებების შესახებ ვკითხულობდი, მოგონებებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამ კრებულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უფრო მკვეთრ შუქში, უფრო მკაფიოდ დავინახე სურათი, რომლისთვის თვალის გასწორებაც ყოველთვის მიჭირდა.

ქალები ისე უბრალოდ ჰყვებოდნენ ყოველდღიურ გმირობაზე, თითქოს სიკვდილთან თამაშზე ჩვეულებრივი არაფერი ყოფილიყო, თითქოს ყველას შეძლებოდა მშვიდად გავლა ბაგირზე, რომლის ბოლოც გაურკვევლობის წყვდიადში იკარგებოდა. სიკვდილით დასჯის მუდმივ მოლოდინში შიში საბოლოოდ გაუქრათ – ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე მოჩანდა. უფრო მნიშვნელოვანი ყოველი ახალი დღის გადატანა იყო, შიმშილისა და სიცივის, დამცირებისა და იძულებითი ფიზიკური შრომის გაძლება.

წიგნის კითხვის დაწყებისთანავე გამახსენდა ერთი გოგოს ამბავი, რომელიც ბავშვობიდან მესმოდა – მამაჩემის დაბადებამდე, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რომ არ გარდაცვლილიყო, იულია მისი მამიდა იქნებოდა. გორთან ახლოს, სოფელ პატარა გარეჯვარში მცხოვრებ მიხეილ ტაველიძესა და ეკატერინე კოპაძეს თერთმეტი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ცხრა სხვადასხვა ვირუსულმა ინფექციამ შეიწირა. სრულწლოვანებას მხოლოდ ორმა მიაღწია: იულიამ და არჩილმა, მამაჩემის მამამ. რამდენადაც ჩემი ოჯახის წევრებიდან იულია ვერავის მოესწრო, მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით: მაღალი, ლამაზი გოგო ყოფილა, წელამდე ნაწნავით; ყოჩაღი და მხიარული, დაუზარელი და ხელმარჯვე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხეილ ტაველიძე შეძლებულ გლეხად მიიჩნიეს და მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს. თვალი მის ქალიშვილსაც დაადგეს. ერთმა ადგილობრივმა ბოლშევიკმა, რომლის ხელშიც იმხანად სოფლის თითოეული მოსახლის ბედი იყო, ოჯახს შეუთვალა: გოგო მომათხოვეთ, თორემ ციმბირი უკან დაგრჩებათო. „გაკულაკებისა“ და ასევე იმის შიშით, რომ უარის შემთხვევაში თავზეხელაღებული შურისმაძიებელი იულიას გააუპატიურებდა, მშობლებმა შვილის დათანხმება სცადეს. საქმეში სამეზობლო და სანათესაოც ჩაერია – ერთხმად ურჩევდნენ გოგოს, ცოლად გაჰყოლოდა საქვეყნოდ ცნობილ არამზადასა და ბოროტმოქმედს, ასაკით ბევრად უფროს კაცს, რომელიც ყველას გასაგონად იმუქრებოდა: არ გამომყვება და მხოლოდ მაგას კი არა, ძმასაც გავაუბედურებო.

შეეშინდათ. თავისა და შვილების გადასარჩენად მშობლებმა დათანხმება არჩიეს. იულია ბოლო წუთამდე წინააღმდეგი იყო – ტიროდა, ჭამაზე უარს ამბობდა, დედას და მამას ემუდარებოდა, ყველას ეუბნებოდა, მაგ კაცთან ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნიაო. მაინც შეუდგნენ საქორწილო სამზადისს. მაინც დაკლეს საკლავი და შოთ-ლავაშის ცხობა დაიწყეს. თვალცრემლიანი, ფერდაკარგული გოგო პურის მცხობლებთან მისულა და უთქვამს: ღმერთს ვთხოვ, ერთ კვირაში ჩემი ქელეხის პური დაგეცხოთო.

ისტორიის ეს ნაწილი ყოველთვის მანადგურებდა – მკაფიოდ ვხედავდი სასოწარკვეთილ გოგოს, მის წყლიან თვალებსა და სიმწრით დაკბენილ ტუჩებს. ვხედავდი მეზობელ-ახლობლების მოღუშულ სახეებსაც, აკანკალებული ხელებით გათხელებულ ლავაშებს, ავად მოელვარე ნაკვერჩხლებს თონის სიღრმეში. ვერასდროს ვახერხებდი წინაპრების გამართლებას – ქალიშვილის გაწირვა რომ ყველაზე სწორ გამოსავლად მიიჩნიეს. ალბათ ეგონათ, რომ გაუძლებდა, წარმოდგენას შეიცვლიდა, ყოველდღიური ყოფის სიმწარეს შეეგუებოდა. მერე იქნებ დროც შეცვლილიყო…

ქორწილიდან ზუსტად სამი კვირის თავზე მოკვდა იულია – ძალიან ახალგაზრდა, ყოველმხრივ გულმოკლული, კოშმარულ ჩიხში მომწყვდეული. სიკვდილის მიზეზად ვერაფერს ასახელებდნენ. იქნებ არაფერს ჭამდა? იქნებ განგებ დალია ან შეჭამა რაღაც ისეთი, რაც გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა? იქნებ მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო ისეთი ტრავმა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა? საბჭოთა ეპოქის ერთგული შვილი, ძალაუფლებით თავბრუდახვეული და ყოვლისშემძლეობის განცდით გაამაყებული, ცხადია, ოფიციალურად არავის დაუდანაშაულებია. მეორედ დაქორწინდა, შვილებიც შეეძინა და მოხუცებულობასაც მიაღწია.

იულიას ძმა, არჩილ ტაველიძე, 1942 წელს მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

იულიას დედა, ეკატერინე კოპაძე, რომელსაც თერთმეტივე შვილი მოუკვდა, სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუიდან გადავიდა. სახლის წინ საგარეოდ ჩაცმულ-დახურული იჯდა და გამუდმებით ელოდებოდა საბარგო მანქანას, რომელსაც სადღაც უნდა წაეყვანა.

ჩემთვის იულიას დარქმევა უნდოდათ, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს – ბედი არ ჰქონდა საბრალო გოგოს და ვინ იცის, იქნებ არც იყოს კარგი, მისი სახელი რომ ერქვასო.

დრო, ბედი – უპიროვნო დამნაშავეები.

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მეოთხე ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

სარჩევი

 

სტრატეგია  „იდეალი“ და მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება

0

თანამედროვე საგანმანანთლებლო მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა პრობლემის გადაჭრასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული  სწავლებაა. ეყრდნობა რა იდეების შემოქმედებითად გენერირებას, სწორად შერჩეულ რესურსებს, ინფორმაციის ტრანსფორმაციისა და  ცნებებთან მუშაობის სხვადასხვა გზებს, ასეთი  გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს „დაზეპირების“  გარეშე აითვისონ ვრცელი სასწავლო მასალა.

პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული მრავალი სტრატეგია არსებობს. მათ შორისაა სტრატეგია „იდეალი“ (ავტ. ჯ. ბრემფორდი), რომელიც  საშუალებას გვაძლევს, პრობლემას სხვადასხვა რაკურსით შევხედოთ, გავაანალიზოთ საჭირო ვარიანტები და ამოვირჩიოთ ყველაზე ოპტიმალური.

სტრატეგია „იდეალის“ მუშაობის ეტაპებია:

ი  – „იდენტიფიცირება“ (პრობლემის, სამუშაოს მიზნის)  და საკითხის ფორმულირება;

დ – „დასვლა“  ძირითად აზრამდე, შინაარსში ბოლომდე წვდომა, აღწერა, პრობლემის გააზრება და შეკითხვის ჩამოყალიბება. ის უნდა იყოს ზუსტი, კონკრეტული, უნდა იწყებოდეს კითხვითი სიტყვით – „როგორ?“ და არ უნდა შეიცავდეს  უარყოფას, მაგალითად, ნაწილაკს – „არა“;

ე – „უამრავი  ვარიანტი!“  – ამ ეტაპზე  „გონებრივი იერიშის“ გზით ბევრი იდეა წამოიჭრება. ამ დროს დაუშვებელია  კრიტიკა;

– „ყველა ვმუშაობთ!“ – ამ ეტაპზე ირჩევა სათანადო ვარიანტი, ვლინდება „პლიუს-მინუსები“ და დგება სამუშაო გეგმა;

ლ – „ლოგიკური დასკვნების დროა!“ –  ესაა შესრულებული მოქმედების ანალიზის, საჭირო გადაწყვეტილების მიღებისა და  ლოგიკური დასკვნების ეტაპი;

– „იხილეთ რაოდენობრივი და თვისებრივი შედეგები!“ –  რეფლექსიის ეტაპი (მიღებული რაოდენობრივი ცოდნისა და ათვისებული უნარების, აღიარების, შეფასების, საკუთარი გამოცდილების დაგროვების ეტაპი).

მოცემული სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტურია ტექსტურ  მასალასთან მუშაობისა და სიტუაციის ანალიზისას.

 

სტრატეგია  „იდეალი“ –  სამუშაო ფურცელი

 

 

მასწავლებელი კითხულობს (აჩვენებს…) წიგნის (ფილმის…)  ფრაგმენტს, რომელიც შეიცავს პრობლემას.

 

მოსწავლეები ახდენენ  პრობლემის ფორმულირებას შემდეგი შეკითხვების საფუძველზე:

·         რომელი მთავარი პრობლემაა გადასაწყვეტი?

·         რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოცემული ტექსტი.. ვიდეო-მასალა და ა.შ.  პრობლემის შესახებ?

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური.
მასწავლებელი მიმართავს „გონებრივ  იერიშს“ ჰიპოთეზების წამოყენებისთვის.

 

მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა ინფორმაცია მიიღეს მოცემული ფრაგმენტიდან და რა იციან მის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს შეკითხვით:  „როგორ ფიქრობთ, კიდევ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება? რა იცით ამის შესახებ? კიდევ რის ცოდნა გჭირდებათ?“ მოსწავლეები წამოაყენებენ  პრობლემის გადაჭრის მინიმუმ სამ ძირითად გზას:

 

1. ——————————-

2. ——————————-

3.  ——————————-

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, „განსაზღვრეთ, რისი ცოდნა და რომელი მონაცემის ფლობაა საჭირო, რომ პრობლემა გადაიჭრას?“ მოსწავლეები აყალიბებენ პრობლემის გადაჭრის  გზებს  და ირჩევენ ყველაზე ოპტიმალურს.

 

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და ჯგუფური.
 პრობლემის გადაჭრის მრავალი ვარიანტიდან ერთი კონკრეტულის ამორჩევა. არჩევნის დასაბუთება  –  „მე ვთვლი“… „ მიმაჩნია, რომ…“ მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური.

კონკრეტულ ეტაპზე შესაძლებელია თითოეულმა მოსწავლემ ან საკითხის  ფორმულირების მისეული გზა აირჩიოს, ან – შეჯერდეს ზოგადად კლასისთვის სამუშაო ერთ ვარიანტზე. სწავლის ზედა საფეხურზე სასურველია პირველი გზის არჩევა, რადგან მათ უკვე აქვთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების შესრულების გარკვეულ გამოცდილება (თანაც ისინი პასუხისმგებელი არიან საკუთარ არჩევანზე), ხოლო საბაზო საფეხურზე ეფექტურია ჯგუფური მუშაობის ფორმა.

გთავაზობთ  მაგალითს ჩემი საგაკვეთილო პრაქტიკიდან:

 საგანი: ისტორია;

საფეხური – საშუალო;

თემა – „საქართველო V საუკუნეში. ვახტანგ გორგასალი“;  ისტ. XI.5;

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი –  ნარატივის გაცნობა – ნაწყვეტი  „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან“: „ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც და უკან გაბრუნდნენ. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე. ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა“.

სტრატეგია  „იდეალის“ ნაბიჯი N1:

მიმართვა მოსწავლეებს: „დაასახელეთ, რა პრობლემას ხედავთ?“

მოსწავლეები  უთითებენ ვახტანგ მეფეზე, ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იყენებენ შეკითხვის ფორმულირების ზოგად წესს –  პრობლემის ფორმულირება დაიწყეს კითხვითი სიტყვით: „როგორ…?“,  ამავე დროს ცდილობდნენ, ფორმულირება მაქსიმალურად კონკრეტული ყოფილიყო. პრობლემის ფორმულირებისთვის კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხეს ტექსტი, დაფაზე ჩამოწერეს ყველა იდეა და ამოირჩიეს მათ შორის  ყველაზე მნიშვნელოვნები:

  • როგორ უნდა იპოვოს გამოსავალი  ვახტანგმა, როგორ უნდა დაიბრუნოს თავისიანები და როგორ უნდა  გაათავისუფლოს ქვეყანა? როგორ უნდა  მიაღწიოს  მიზანს?
  • როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა, შეძლოს სამხედრო ძალის ორგანიზება, მტრის დამარცხება და ქვეყნის პატრონობა?
  • როგორ უნდა მოიქცეს არსებულ ვითარებაში, ბერძნებთან და ჩრდილოკავკასიელებთან როგორი ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რომ მიზანსაც მიაღწიოს და ნაკლები ზარალი ნახოს?
  • (ყველაზე „სუსტი“  ფორმულირება ასეთი იყო: „როგორ უნდა გადაწყვიტოს ვახტანგმა პრობლემა?“)

მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს პრობლემა, მოსწავლეები გადავიდნენ  შემდეგ ეტაპზე:

ნაბიჯი N2:  მიმართვაზე:  „მოდით, ვივარაუდოთ პრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება ბევრი ვარიანტი!“ –  შევთავაზე  „გონებრივი იერიში“ და მოსწავლეებს საშუალება მივეცი   იდეების მაქსიმალური რაოდენობა წამოეყენებინათ. ყველა იდეა  ჩამოწერეს დაფაზე (დაახლ. 10 წთ.), განსაზღვრეს  იდეების რაოდენობაც – მაქიმალური – 25 იდეა, (იყო ასეთი იდეაც – თითო მოსწავლეს წამოეყენებინა დაახლოებით 2 იდეა).

ასე შეიქმნა კლასში კრიტიკული აზროვნებისათვის სასურველი გარემო,  მას შემდეგ კი, რაც გამოიკვეთა იდეები, დადგა მომდევნო ეტაპიც:

ნაბიჯი N 3 –  პირველადი  შეფასებების პერიოდი –  „წამოჭრილი  ვარიანტებიდან  რომელია ყველაზე უფრო მეტად მისაღები გადაწყვეტილება?“ მოსწავლეებმა დაახასიათეს პრობლემის  გადაწყვეტის ყველა „პლიუსი“ და „მინუსი“.

ნაბიჯი N 4 –  მოსწავლეებმა აირჩიეს პრობლემის ერთი კონკრეტული  ვარიანტი და დაასაბუთეს საკუთარი არჩევანი (განსაკუთრებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციების დროს). ამავე დროს წარმოადგინეს პრობლემის მოგვარების გეგმა.

ძირითადი გადასაჭრელი პრობლემა: „როგორ უნდა  მოიქცეს არსებულ ვითარებაში, როგორი ურთიერთობა უნდა დაამყაროს ბერძნებთან და ჩრდილოკავკასიელებთან, რომ მიზანსაც მიაღწიოს და ნაკლები ზარალი ნახოს?“

პრობლემის მოგვარების გეგმა: „არსებული სამხედრო ძალების მობილიზება, მაქსიმალურად ცოტა ძალებით ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებისთვის მომზადება, სასაზღვრო პუნქტების გამაგრება; სათანადო მოკავშირის მოძებნა, რომლის სამხედრო ძალასაც ანგარიშს გაუწევდნენ ქართლის მეფის მოწინააღმდეგენი; ქვეყნის შიგნით მხარდამჭერი ძალების მობილიზება და ეკლესიის საქმეების გადახედვა, რომელიც მეფის ყველაზე დიდ მოკავშირე იდეოლოგიურ მხარეს წარმოადგენდა; შინაური მტრების წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება, ციხე-ქალაქთა მშენებლობა და ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების განსაზღვრა და ა.შ.

მოსწავლეებმა თითოეული მოსაზრება დაასაბუთეს. ამით გაიუმჯობესეს ფაქტობრივი მასალის ცოდნაც და გამოავლინეს არგუმენტირების უნარიც (მაგალითად, „მიუხედავად ბიზანტიის მხრიდან წინააღმდეგობისა, ქართლს აუცილებლად სჭირდებოდა მასთან (წყაროს „საბერძნეთი“) კავშირი, რადგან ტერიტორიული სიახლოვე, ერთმორმწუნეობა და საერთო კულტურული ღირებულებები გაცილებით შორსმიმავალ პერსპექტიულ თანამშრომლობას სთავაზობდა ქართლს, ვიდრე პოლიტიკურად და კულტურულად განსხვავებულ სპარსეთთან ურთიერთობა, ამიტომ სტრატეგიულ მოკავშირედ ქართლს შეიძლებოდა მხოლოდ ბიზანტიაზე (საბერძნეთის) შეეჩერებინა არჩევანი..“)

რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეებმა მუშაობის საწყის ეტაპზე არსებული რაოდენობრივი და თვისებრივი ცოდნა  შეადარეს  პრობლემის გადაჭრის შედეგად მიღებულ გამოცდლებას და განუმტკიცდათ  ფაქტობრივი ცოდნა და უნარები.

ნაბიჯი N 4 – ის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებს შევთავაზე ტექსტის სრული ვარიანტი (საგაკვეთილო დროის გათვალისწინებით), რითაც საშუალება მიეცათ,  წარმოედგინათ საკუთარი გადაწყვეტილებების რეალურობა:

ნარატივის გაგრძელება:

მართალია, მოსწავლეებმა პრობლემების გადაჭრის იმაზე მეტი ორიგინალური გზა შემოგვთავაზეს, ვიდრე ეს ტექსტშია ნაჩვენები, მაგრამ მთავარია, რომ მათ შეძლეს სტარატეგიის ყველა ეტაპის რეალურად გავლა, ტექსტის ღრმად გააზრება და კრიტიკულად შესწავლა. ძნელი სათქმელია, როგორ მივიდა თავად ვახტანგ მეფე პრობლემების გადაჭრის გზამდე, აზროვნების რა სტრატეგიას  იყენებდა, ინდივიდუალურად უფრო გადაწყვეტდა, თუ მრჩევლებსის აზრს მეტად ითვალისწინებდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლეებმა მისი ცხოვრების მაგალითზე შეძლეს რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების გზების მოძიება და შესაძლო შედეგების განსაზღვრა. მუშაობის პროცესში მათ ჯერ  ინტუიციით იმოქმედეს, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ საკითხის  შესწავლისთვის ამდაგვარი მიდგომები ძალიან პროდუქტიულია და წარსულის რეალური სურათების აღდგენა სავსებით შესაძლებელია.

პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ  მიმართული სტრატეგია „იდეალი“  ხელს  უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, კომუნიკაციური კულტურის გაზრდას, მოტივაციას, ხალისიანს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს და მისი სისტემატური გამოყენება რეალურად აუმჯობესებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Problem Solving Strategies., https://media.lanecc.edu/users/kime/Ch7Cproblemsolving.pdf
  2. https://prezi.com/bxxpzwg5epec/the-ideal-strategy-of-problem-solving
  3. Стратегия решения проблем „Идеал“., https://goroduspeha.com/strategiya-resheniya-problem-ideal/

 

 

პერსონაჟთა გალერია

0

სკოლაში ერთი ოთახი გვაქვს – თანამედროვე მედიათეკობა დავაკისრეთ, მართალია, ურბანული სივრცისგან სრულიად განსხვავებულ ადგილსა და შენობაშია – ირგვლივ უზარმაზარი მთები აქვს შემორტყმული, ახლოს მდინარე რიონი მოდგაფუნობს, ფანჯრიდან ტყე მოჩანს, მთელი თავისი იდუმალი სამყაროთი, მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ უშლის ხელს, რომ თანამედროვე სტანდარტებს „ეხმიანებოდეს“.

მედიათეკის ოთახზე სხვა დროს გიამბობთ. ამ წერილით ოთახის ჭერში რაც ხდება, ის ამბები უნდა აღვწერო.

შემოდგომაზე ერთ-ერთი ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით. ეს არის დრო, როცა ჩვენი გონება მაქსიმალური დაძაბვით მუშაობს და სიახლეებზე ფიქრობს. მაშინ მომაფიქრდა, დაგვეხატა პერსონაჟები და ჭერში ჩამოგვეკიდა. როგორც კი ეს მშვენიერი იდეა მოფრიალდა, მაშინვე  გავუმხილე ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და სამოქმედო გეგმაც გაჩნდა:

  1. პერსონაჟების ამორჩევა;
  2. მათი დახატვა;
  3. ფორმა, რომელზეც გაცოცხლებულ ლიტერატურულ მეგობრებს დავხატავდით;
  4. ფერადი ძაფები;
  5. საღებავები
  6. კიბე.

 

ჩემი სამწლიანი მასწავლებლობის შედეგად ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ პატარა ადამიანებმა პრობლემების მართვა ისწავლეს. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც ხელს შეგვიშლის, რადგან წამოიჭრება თუ არა ის, მაშინვე მისი გადაჭრის გზებზე ვიწყებთ ფიქრს. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესოა ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, სადაც ყველაფერი ძნელად იშოვება.

პერსონაჟთა გალერეამ კიდევ იმაში დამარწმუნა, რომ პასუხისმგებლობების გადაცემის ეტაპმა წარმატებით მიაღწია განვითარების მწვერვალს. ადრე თუ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო, ახლა ასე აღარაა – პატარა მითითებები საკმარისია, რომ ბავშვებმა თვითონ გაართვან თავი საკმაოდ რთულ პროცესებს.

 

ერთი სიტყვით, დავსახეთ თუ არა გეგმა, მოქმედების დრო დადგა.  პერსონაჟთა შერჩევა მათ მივანდე, შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და მალევე მომირბენინეს სია, რომელიც ასე გამოიყურება:

 

  • ჯეინ ეარი;
  • ჰარი, რონი და ჰერმიონი;
  • ელისი საოცრებათა ქვეყნიდან;
  • მალალა იუსაფზაი;
  • ლოტა აურზაურის ქუჩიდან;
  • ჯერუშა და გრძელფეხება მამილო;
  • ბიძია თომა;
  • პატარა პრინცი;
  • ჰოლდენ კოლფილდი
  • მეფე მათიუში;
  • ოლივერ ტვისტი;
  • ზურიკელა, ილიკო და ილარიონი;
  • ბიულერბიელი ბავშვები.

 

საყოველთაოდ აღიარებული ხომ არის ის ფაქტი, რომ მასწავლებლებმა უნდა იარონ სპექტაკლებზე, გამოფენებზე, იკითხონ წიგნები, ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე თუ არ იმუშავე და თუ არ აგროვე შთაბეჭდილებები, რთულდება სწავლების ამბავიო, მე კი დავამატებდი იმას, რომ მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი შთაგონების წყაროა ბაზრობები, სადაც ათასნაირი და სხვადასხვა სახეობის ნივთი იყიდება, მაგალითად, ნაჭრებით, ძაფებით, თმისამაგრებით, შპალიერებით, ლურსმნებით, ღილებით, ჭიქებით, ნამცხვრის საცხობი ფორმებით აჭრელებულ დახლებში ბოდიალისას იდეები დაფრინავენ. მთავარია, რაღაცის შექმნისა და გამოგონების  სურვილი წაიყოლო თან, დანარჩენი თავისით მოხდება.

ქალაქ ონში ერთი სამეურნეო საქონლის მაღაზიაა. შევდგამ თუ არა ფეხს  ათასი წვრილმანითა და ლითონის სუნით გაჯერებულ ოთახში, გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე. იქ ვყიდულობ შპალიერის უკან გასაკრავ ქაღალდს. აქვე აღმოვაჩინე ბაწარი, რომელსაც თბილისში ვერაფრით მივაგენი. ამ ბაწარს სოფელში ბოჩოლების დასაბმელად იყენებენ, ჩვენ კი ინტერიერის გასაფორმებლად ამოვიჩემეთ.

ასე რომ, ონიდან ამოქროლებული ქაღალდის თოფები დავჭერით შესაბამის ზომებად, სიმყარისთვის რამდენიმე ფენა დავაწებეთ, ფერადი ძაფი გავუყარეთ და ხატვის დროც დადგა.  არც ეს არის რთული, ზოგი პერსონაჟი წიგნის ყდიდან გადმოვხატეთ, ზოგი კი ინტერნეტში მოვძებნეთ. ხატვას რაც შეეხება, პირადი მაგალითის მომნუსხველი ძალის ამღიარებელი მასწავლებელი თავდაპირველად თვითონ შევეჭიდე პერსონაჟების ილუსტრირებას, მაგრამ ბოლომდე არ დამასრულებინეს, პროცესის წარმმართველებად მოსწავლეები გადაიქცნენ და ზოგმა ერთად, ზოგმა კი ინდივიდუალურად დაიწყო ხატვა.  მეორეკლასელი თეკლადან დაწყებული მეათეკლასელი ნინოს (ციყვინას) ჩათვლით ყველამ შეიტანა თავისი წვლილი ამ პროცესში და ასე დაიბადნენ ჩვენი საყვარელი ლიტერატურული მეგობრები, რომელთაც წამსვე ღუმელის ქვეშ მივუჩენდით ხოლმე ბინას გამოსაშუშებლად და გამოსაშრობად.

ამის მერე დადგა დრო მხიარულებისა. სკოლის ალუმინის კიბე ამოვიტანეთ, დახმარება ბიჭებს ვთხოვეთ და მედიათეკის ოთახში ჩვეული ქაოსი შეიქმნა – არეულობის, რჩევების კითხვისა და მიღების, შეკითხვების, წვრილმანებით გახარების, მოლოდინის და სიცილის, ანუ ჩვენი საყვარელი დრო.

თავდაპირველად ფერადი ძაფების ჭერი ჩამოვკიდეთ,  მერე პერსონაჟები ჩამოვამწკრივეთ და სხვადასხვა ქვეყნისა და დროის ადამიანებს ერთმანეთის  მეზობლობა დავაკისრეთ.

ბოლოს დავდექით მათ წინ და ყურებით ვერ ვძღებოდით, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, კიდევ უფრო სასიხარულო იყო იმის გამო, რომ იდეა ხალისით აიტაცეს  და ამასთანავე დამოუკიდებლად განახორციელეს. ჩავთვალოთ, რომ სიტყვა „დამოუკიდებლობა“  გასულიერებული დალივლივებდა ჩემსა და პერსონაჟებს შორის, თან თვალს მიკრავდა და პატარა ადამიანებზე მიმანიშნებდა.

 

გარდა იმისა, რომ პერსონაჟთა გალერეამ ოთახი გაალამაზა, შესვლისთანავე ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობისთვის განაწყობს ყველას, გვიანი შემოდგომის დღეები დაუვიწყრად აქცია, ამასთანავე, არ მასვენებდა სურვილი, რომ ბავშვების ხელით გაკეთებული რესურსისთვის ჭერში ყოფნის გარდა სხვა რამეც მომეფიქრებინა, გამექატიურებინა, გამეცოცხლებინა და ამ სურვილმა სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა გადამაწყვეტინა, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რჩევებისთვის მეგობრები შევაწუხე, საბოლოოდ, გეგმამ საინტერესო სახე მიიღო და დაუვიწყარი გაკვეთილიც გამოგვივიდა, თუმცა ამ ამბავს სხვა წერილისთვის შემოვინახავ.

 

 

 

კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ

0

ყველაფერი, რაც კი ადამიანის შესახებ ოდესმე ვინმეს უთქვამს,

იყო მხოლოდ სიტყვები – ადამიანური სიტყვები…

ზაზა თვარაძე, „სიტყვები“

„კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ“. ამ ფრაზას „ზაზა თვარაძის რომანის, „სიტყვების“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ლევანი, თავის მეგობარს, პროტაგონისტ ზაზას ეუბნება. მეგობრებმა ეს-ესაა თავი ახადეს  „სანეტარო კანტორაში“ ათი დღით ნაქირავებ სიტყვების „ზარდახშას“ და იქიდან ამოსულ სიტყვებს ისეთი აღტაცებით შესცქერიან, როგორც პატარა ბიჭები „ოქროს თევზებიან აკვარიუმს“. შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ ერთი სიტყვის „გაფრენაც“ კი დიდი დანაკლისი და დანაშაული იქნება. თანაც, „კანტორის ნეტარიუსმა“, აფანასოვიჩიმაც გააფრთხილა  მეგობრები, რომ „სიტყვებით სარგებლობა მიზანშეწონილი იყო“ მხოლოდ „დახურულ შენობაში“. ზარდახშის „წიაღებიდან“ ცალობით თუ  მრავალსიტყვედებად წამოსული სიტყვები საოცარ სურნელს გამოსცემდნენ. „რას შეიძლება შევადაროთ ეს სურნელი? – სვამს კითხვას ავტორი და იქვე პასუხობს: ცხადია, „გაზაფხულზე, სოფლად აყვავებულ ხეს, რომლის ყვავილები დილის კრიალა ჰაერს მათრობელა თაფლის სურნელით“ ავსებენ“.  და თუ ერთხელ მაინც – წერისას, ფიქრისას, საუბრისას თუ მოსმენისას, არა აქვს მნიშვნელობა – განუცდია ადამიანს  სიტყვისგან მიღებული სიამოვნება, შეუგრძნია სიტყვის ძალმოსილება, შეუძლებელია არ დაეთანხმოს მას.

სიამოვნებით მივყვებოდი ჩემს საყვარელ ტექსტს და რომანის ყველა იმ ადგილს გავიხსენებდი, სადაც  მეგობრები ზარდახშიდან ამოსული სიტყვებით ნეტარებენ, ხოლო მკითხველი წიგნის წაკითხვით მოგვრილი სიამოვნებისგან ტკბება; ჩავიდოდი ბოლო გვერდებამდე, ანუ ზაზას სიზმრამდე – როდესაც სავარძლებში მოკალათებული ზაზა და ლევანი წარსულ ცხოვრებას, უპირველესად კი „სიტყვების ზარდახშასთან“ დაკავშირებულ პირველ ნაბიჯებს იხსენებენ, „ხარხარებენ“ და ერთმანეთს უსიტყვოდ ეთანხმებიან იმაში, რომ „ფანტასტიკური იყო, ფანტასტიკური იყო ის ყველაფერი!“ მაგრამ წიგნით შთაგონებულმა, მეც მინდა გავბედო და საკუთარი – არც ვიცი რა დავარქვა – გულის? გონების? ხსოვნის – „ზარდახშიდან“ ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, დაუდგენელი ნიშნით, მიზეზითა და თანმიმდევრობით თავმოყრილი სიტყვებისა თუ მრავალსიტყვედების მცირე ნაწილი „ამოვაფრინო“, რომელთა რაოდენობა და შინაარსიც, ასევე ჩემი ჩარევის გარეშე, ხან მატულობს, ხან კი კლებულობს.

წიგნში ნეტარიუსი აფანასოვიჩი ასე ხსნის გაქირავებული სიტყვების დანიშნულებას: სიტყვებით „ჩვენ უნდა მოვინადიროთ ადამიანთა სულები! განსაკუთრებით – ახალგაზრდების! … ჩვენ უნდა ჯანსაღი საზრდო მივცეთ ახალგაზრდა სულებს! თორემ, ხომ ხედავთ, რას დაემსგავსა ჩვენი ახალგაზრდობა! აბსოლუტური გამოფიტვა!.. აბსოლუტური გამოფიტვა!.. …საჭიროა დააინტერესო ახალგაზრდა! საჭიროა სულიერი საზრდო მისცე მას! ხომ გესმით! სულიერი საზრდო! სულიერი! და აქედან გამომდინარე – სულის განვითარება, სულის წარმართვა იმ გზით, რა გზითაც უმჯობესი იქნება თვითონ მისთვის!“

ვერაფერს იტყვი, კარგი ჩანაფიქრია, თუმცა მთავარი მაინც მისი განხორციელებაა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ასეთი „საზრდო“ არც ერთ ასაკში არ იქნება მაწყინარი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმ „პირველი“ და დიადი „სიტყვიდან“ დაწყებული, ადამიანს სწამდეს სიტყვის ძალის, მისი ყოვლისშემძლეობის, რადგან სიტყვა ყველას „საზრდოა“, ის ყველას სჭირდება საკომუნიკაციოდ, სხვებთან დასაახლოებლად, სიყვარულისა და თუნდაც აგრესიის გამოსახატავად;  მისი „სიჯანსაღე“ კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესსა და „გულის თქმაზეა“ დამოკიდებული.

შენი სიტყვები შეიძლება სულაც არ ჰგავდეს „სიტყვების“ ავტორისას, შეიძლება ისინი არც „ზღვის ფსკერზე“ წარმოშობილი“ „რაღაც არსებები იყოს“, რომელთაც „საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვთ“ და რომელთაგან „ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი“;  სიტყვას „ინდივიდუალობა“ ანიჭებს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას  მრავალფეროვან, შენიან „არსებად“ ხდის – შენთვის ძვირფასი წარსულის მემატიანედ, შენი აწმყოს თანამგზავრად და შენი მომავლის მაცნედ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი წარმოდგენა არსებობს სიტყვაზე – მის შეფერილობაზე, სურნელზე, მის კონსისტენციასა და  წარმოშობაზე. უბრალოდ, ადამიანთა უმეტესობა არასოდეს დაფიქრებულა ამაზე, ხოლო ზოგიერთს, ეს მხოლოდ ხელოვანების და ენათმეცნიერების საქმე ჰგონია. არადა, დარწმუნებული ვარ, თავის „ზარდახშაში“ ყველას მოეძევება არაერთი ისეთი სიტყვა ან მრავალსიტყვედი, რომლებიც, მოძიების შემთხვევაში, ისე, როგორც ზაზა თვარაძის რომანშია,  „მოლუსკივით (ან შეიძლება სულ სხვაგვარადაც) ამოიწვერება“, განწყობისა და შინაარსის შესაბამის ფერს მიიღებს და ხელშესახები გახდება.

არც ის არის აუცილებელი, შენი სიტყვების ზარდახშა სხვათათვისაც თვალსაჩინო და ხილული იყოს. მთავარია, შენ ხედავდე მას, შენ იცოდე მისი არსებობა და მერე, განმარტოებით მყოფმა თუ სასურველი ადამიანებით გარშემორტყმულმა – მასში არსებული სტყვების დახმარებით შენი სამყარო „ააწყო“, შენი სათქმელი მოჰყვე; ყველაზე სასურველ შემთხვევაში კი, ისე შეძლო ამ სიტყვების „მოთვინიერება“, რომ „საჭირო სიტყვა“, მოხმობისთანავე „თვითონ მოდიოდეს შენთან“.

არასოდეს გქონდეს იმის იმედი, რომ აუცილებლად ბრძენის, მწერლის ან ფილოსოფოსის ნათქვამი სიტყვა მოხვდება შენს ზარდახშაში; იძულებითაც ნუ მოინდომებ ამის გაკეთებას, რადგან ხშირად, სულისთვის შეიძლება ბევრად „სანეტარო“ იყოს მასში მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი, სხვათათვის კი სრულიად უცნობი ადამიანის ნათქვამი „უბრალო სიტყვების“ არსებობა.

წორედ ასეთ, სხვისთვის უმნიშვნელო და ჩემთვის ღირებულ სიტყვებზე ვამბობდი ზემოთ,  რომელთაგან ზოგიერთი, უკვე ფრაზებად დაფრთიანებული, დიდი ხანია იქცა ჩემი ზარდახშის მუდმივ ბინადრად, ზოგი კი სულ ახალთახალია, ჯერ ისევ „დაბინავების“ პროცესში მყოფი და მათი  ბედი გაურკვეველია.

სამამდე ვითვლი და მეც  ვხდი თავს „ზარდახშას“, ხოლო სანამ ამას გავაკეთებ, ლევანს მივბაძავ  – კარს მივხურავ, რომ სიტყვები არ გამიფრინდნენ:

სიტყვები ბავშვობის სიზმრიდან, როგორც ზღაპრიდან (მითხრა გველეშაპმა, რომელიც ჩემს ეზოში, გაშლილი პიონის ძირში იწვა მრგვლად დახვეული): ოდესმე აქ, ამ ადგილას, წყარო გადმოედინება, და ერთხელ, როცა სახლის დედა შინ არ იქნება, ხოლო მამა შორი გზიდან გამოეჩქარება ცუდი წინათგრძნობით სავსე, როცა მოგესმება ბევრი ჩიტის გალობა ერთად, და შენ სათლით მოხვალ წყლის ასავსებად, იცოდე, რომ შენც წყლად იქცევი.

პაპის სიტყვები: ღამღამობით, როცა ცა წითლდება, ანგელოზები გადაიფრენენ ხოლმე.

გულსუნდას სიტყვები (ლამაზ ფეხებზე ხმამაღლა ნატვრის შემდეგ): როცა ამაზე კიდევ იფიქრებ, ყოველთვის გაიხსენე, რომ მაგ ფეხებს დაჰყავხარ და კიდევ დიდხანს უნდა გატარონ. მათ შემცვლელს ვერ იპოვი.

ჩემი მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები (როდესაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი  მოსწავლე სკოლიდან გათხოვდა): აბა რად უნდოდა მაგას აკვადრატი-ბეკვადრატი?!

მამაჩემის სიტყვები:(56 წლის გარდაიცვალა, 54 წლისამ თქვა): ახლა მივხვდი, როგორ უნდა მეცხოვრა.

ჩემი ფიზკულტურის მასწავლებლის სიტყვები (სკოლის სტადიონზე დილაობით ჩატარებულ მასობრივ საბჭოთა ვარჯიშებზე): აბა ბავშვებო, ზნექი ჭაღარა კავკასიონის მთებისაა-კენ!

„ორსიტყვედი“ (ჩემი კარის მეზობლის დამარცვლით ნატირალი გარდაცვლილ მამაზე): „ვა-ი-მე მა-მიიიიიიიი!..

იზო ბებოს სიტყვები: გასათხოვარი გოგო დილით ისე უნდა ადგეს ლოგინიდან, რომ გახამებულ თეთრეულს ნაკეცები არ  ეტყობოდეს.

თეიმურაზ მაღლაფერიძის სიტყვები: ისე უნდა მოვკვდე, რომ პარიზი ვერ ვნახო?!

მამიდის დატირება (უგრძესი, დაუსრულებელი, ერთსიტყვიანი, მესამე გარდაცვლილ ძმაზე): ძმა-ვოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!..

ბებოჩემის სიტყვები: შუბლიდან თმა გადაიწიე.

ბესიკ ხარანაულის სიტყვები (პირად საუბარში): ეკლესია ერთი უნდა იყოს ადამიანის გულივით.

დედის სიტყვები (სახლის გამოგვისას, ქალაქიდან რომ სოფელში გადავბარგდი): ჩამოხვედი და ქალაქური მტვერი ჩამოიტანე.

3 წლის ირაკლის ერთ ასობგერიანი სიტყვა: ბ მინდა, ბ მინდა, ბ ბ ბ ბ ბ ბ… (სტუმრად მისულებს ხილი შემოგვთავაზეს და თურმე ბროწეული უნდოდა).

დეიდაჩემის „მრავალსიტყვედი“ (დანანებით ნათქვამი): მეხუთე კლასში ვიყავი, გო, მამაჩემის გაუთხოვარ დეიდას, შაშხანაანთ ნინას, თეთრეულს რო ვურეცხავდი.

სამი წლის კატოს „სამსიტყვედი“: ცის გოჭი მიყიდეთ.

ჩემი მეგობრის, „სიტყვების“ ავტორის, ზაზა თვარაძის სიტყვები (გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნათქვამი): შავები არ ჩაიცვა, გადაყარე შავი სამოსი, ფერადები ჩაიცვი, ფერად ფერები…

და კიდევ მრავალი…

თუმცა ეს არ არის წერილის ავტორის ბოლო სათქმელი. მინდა, ის ისევ წიგნის პროტაგონისტის, ზაზას სიტყვებით დავასრულო: „საკვირველია! ამ სიტყვებს ყველაფრის გაცოცხლება შეუძლიათ! ეს ხომ თვითონ სიცოცხლეა!“

 

სექტემბრის მოლოდინში

0

,,დაგლასი წელს უკანასკნელად ატარებდა ღამეს ბებოსა და პაპას სახლის მაღალ მანსარდაში. ძილის წინ თავის ბლოკნოტში ჩაწერა: ,,ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. როგორც კინოში, როდესაც ადამიანები წყლიდან სახტუნაო კოშკურაზე ხტებიან. სექტემბერი მოდის და ზაფხულის დასაწყისში გაღებული ფანჯრების დაკეტვა გიწევს, ბოტასებს იხდი და ივნისში გადაყრილ ტყავის მძიმე ფეხსაცმელს იცვამ. ადამიანები სახლებში ისევე ბრუნდებიან, როგორც საათიდან გადმომხტარი გუგული ბრუნდება შიგნით. სულ რაღაც წუთის წინ პარმაღები ყაყანითა და ხალისით იყო სავსე, მეორე წუთში კი კარებს აჯახუნებენ, ლაპარაკი წყდება და მხოლოდ ფოთლები ცვივიან ძირს გიჟებივით…“– ესაა ნაწყვეტი ზაფხულის სურნელებით, გემოებით, განცდებით, ოცნებებით, აღმოჩენებით ყველაზე მეტად სავსე წიგნიდან ,,ბაბუაწვერას ღვინო“ ( რეი ბრედბერი) და ასე მთავრდება მთავარი პერსონაჟის, დაგლასის, ზაფხული.

ქალაქის არ იყოს, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ზაფხული და ყველას ზაფხული სხვადასხვანაირად სრულდება, ყველა განსხვავებულად ვეგებებით თუ ვეგუებით სექტემბერს. ბავშვებთან მაინც ყველაფერი განსაკუთრებულია.

დაჩის მეექვსე სექტემბერი რომ დადგა, სკოლაში წასვლას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, არც ახალი ჩანთით მოხიბლულა, არც ფერად-ფერადი წიგნებითა და რვეულებით. რატომ არ გიხარია – მეთქი და რატომ უნდა მიხაროდეს, აზრზე არ ვარ, იქ რა უნდა ვისწავლოო.

მეორე დღეს ჩანთაც არ მიჰქონდა, რად მინდა, იქ მაინც მხოლოდ იმას გვასწავლიან, როგორ მოვიქცეთო.

მოგვიანებით იმას აპროტესტებდა, რა ამბავია ამდენი სწავლა, ბაღში უკეთესი იყოო.

მოკლედ, დაჩი ერთი რიგითი პრეტენზიული სუბიექტია, რომლის მოხიბვლა ძალიან რთულია.

რომ დავფიქრდები, რამდენი ასეთი პრეტენზიული სუბიექტის მოხიბვლა გვიწევს მასწავლებლებს, ზოგჯერ მეშინია.

მე არ მიყვარს ხოლმე პირველი დღე სკოლაში. სულ მაქვს შეგრძნება, რომ „ჩემებს“ აღარ ვემახსოვრები და „ახლების“ მოხიბვლა ურთულეს საქმედ მეჩვენება.

ბავშვებს ძალიან უყვართ ზაფხული, თავიანთ ზაფხულებზე ლაპარაკიც ეხალისებათ და სჭირდებათ სკოლის გარემოსთან ადაპტაციისთვის,  მაგრამ ვერ იტანენ მასწავლებლების ტრადიციულ კითხვას: აბა, ბავშვებო, როგორ და სად გაატარეთ ზაფხული?

ამიტომ პატარა ხრიკები უნდა მოვიფიქროთ და ისე ავალაპარაკოთ. იქნებ ეს რამდენიმე ხერხი დაგეხმაროთ, მარტივად დაუძვრეთ ამ აბეზარ კითხვას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და თან ბავშვების ზაფხულების ნამცეცებიც დააგემოვნოთ:

  • მოსწავლეებს ვურიგებთ პატარა ფერად-ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვთ, ამ ფურცლებზე სიმბოლოების ან მინიმალისტური ნახატების სახით გამოსახონ თავიანთი ზაფხული. როცა ყველა დაასრულებს ხატვას, ჩაამწკრივონ დაფაზე და რიგრიგობით მივყვეთ: ჯერ კლასმა ისაუბროს, როგორ ზაფხულს, ან ზაფხულის რა ამბავს შეიძლება, ასახავდეს თავიანთი მეგობრის ნახატი. კლასის მოკლეხნიანი მსჯელობის შემდეგ, თავად ავტორი ამატებს, ამოიცნეს თუ არა მეგობრებმა მისი ზაფხული.
  • უფროსკლასელებთან ნახატები შეგვიძლია მხოლოდ ერთი სიტყვით შევცვალოთ. ანუ ბარათებზე დაწერონ მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც მათ ზაფხულს უკავშირდება. ოღონდ ისეთი სიტყვა, რომელიც ძალიან მარტივად ამოსაცნობიც არ იქნება და ორაზროვან ვარაუდებს დაბადებს.მასწავლებელი მოაგროვებს ამ სიტყვებს,მერე ამოაქვს სათითაოდ და კლასი ისევ ცდილობს, გამოიცნოს, რა ისტორია იმალება ერთი სიტყვის უკან. ვერსიების დასახელების შემდეგ, სიტყვის პატრონი ამჟღავნებს თავის ვინაობას და მოკლედ ხსნის თავის სიტყვასა და ზაფხულს.
  • ბავშვები პატარა ყუთიდან რიგ-რიგობით იღებენ ფურცლებზე მასწავლებლის მიერ დაწერილ ფრაზეოლოგიზმებს, რომლებიც ემოციას უკავშირდება.მაგალითად: ,,გული ამიჩქროლდა“, ,,ბურთი ყელში მომებჯინა“, ,,ტანში გამცრა“, ,,სული ამიფორიაქდა“, ,,ავფეთქდი“, ,,გულზე ცეცხლი მომეკიდა“, ,,თავი გამისკდა“… მოსწავლეები ჯერ თავად ცდილობენ, განმარტონ ფრაზეოლოგიზმები, შემდეგ მასწავლებელიც ეხმარებათ.მხოლოდ ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს რამდენიმე წუთს, რათა თავიანთი ზაფხულიდან გაიხსენონ ეპიზოდი,მომენტი,რომელიც იმ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება, რომელიც შეხვდათ. ეს აქტივობა ერთგვარი ლექსიკური სავარჯიშოცაა და ბავშვებსაც ავალაპარაკებთ თავიანთ თავზე და თავიანთ ზაფხულზე.
  • უფრო დაბალ კლასებში შეგვიძლია, ფრაზეოლოგიზმები ჩვეულებრივი, ემოციის გამომხატველი სტიკერებით ჩავანაცვლოთ. დავუკრათ თითოეულ ბავშვს მერხზე. სტიკერების დანახვა გაახალისებთ, მაგრამ დავალების მიცემის შემდეგ, როგორც წესი, აწუწუნდებიან,რომ არაფერი ახსენდებათ. ამიტომ ვთხოვოთ, რამდენიმე წამით დახუჭონ თვალები და გონების თვალი გადაავლონ ზაფხულს. სად იყვნენ, ვინ ნახეს,რა დაათვალიერეს,რა წაიკითხეს,რომელი ფილმები ნახეს და ასე იპოვონ სტიკერის ემოცია თავიანთ პატარა თავგადასავალში.
  • წინასწარ მოვიფიქრებული კითხვები დავწეროთ წებოვან ქაღალდებზე და თითოეულს მივუკრათ სკამის ქვეშ. კითხვები უნდა იყოს ძალიან ყოფითი და უშუალო, ისეთი,ადვილად რომ დაუკავშიროს ბავშვმა თავის ზაფხულს. მაგალითად: რატომ აღარ დაასრულე ის წიგნი? რას აკეთებდი შუადღისას იმ სიცხეში? რატომ ურჩიე მაინცდამაინც ის ფილმი ენახა? რატომ გაებუტე მეგობარს? ვისთვის იყიდე ის საჩუქარი? ვინ შეაწუხეთ შენ და შენმა მეგობრებმა თქვენი ხმამაღალი სიცილით? მაშინ რატომ შეგეშინდა ასე ძალიან?.. ჯერ კითხვების აღმოჩენის პროცესი ძალიან ახალისებთ და მერე ასეთი ტიპის კითხვები უჩენს განცდას, რომ თითქოს თქვენ მათ შორიდან უყურებდით ზაფხულის განმავლობაში და ყველაფერი იცით. ზოგს ზუსტად მოერგება კითხვა, ზოგსა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საბაბი ნამდვილად იქნება, რომ საკუთარ თავზე ალაპარაკდენენ.
  • სულ პატარებმა, რომლებმაც ჯერ წერა-კითხვაც არ იციან, რომ არ იგრძნონ,წიგნები არაფერში სჭირდებათ, შეგვიძლია, ასეთი თამაში მოვუწყოთ: ვთხოვოთ, ჩაიხედონ თავიანთ ჩანთებში და ამოიღონ ის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ( თუ არჩევანი გაუჭირდათ, ნებისმიერი). აღმოჩნდება, რომ მათი არჩევანი მრავალფეროვანია, ერთნაირი წიგნის ,,პატრონები“ დავაჯგუფოთ და დავავალოთ, რომ გააცოცხლონ ეს წიგნი, გაასულიერონ და ალაპარაკონ თავის გარეგნობაზე, სავარაუდო დანიშნულებაზე, თავის პატრონზე, სამომავლო იმედებზე და ა.შ. ისე უნდა გავანაწილოთ ეს სათქმელი,რომ ყველამ, ვინც ეს წიგნია ამოირჩია, თქვას ორი-სამი წინადადება მაინც.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენვე მივცეთ მაგალითი. თან წაიღეთ, რომელიმე საინტერესო წიგნი,რომელიც ,,სადიდოც“ იქნება, მაგრამ ილუსტრირებული,საინტერესო გამოცემა და პირველად თქვენ აალაპარაკეთ ის.

ასევე შეგიძლიათ, უთხრათ, რომ ხვალ აალაპარაკებენ ნებისმიერ ერთ ნივთს, რომელიც მათ ჩანთაში ,,ცხოვრობს“. ეს ერთგვარი ,, საფიქრალი საშინაო დავალება“ იქნება, რომელზეც აუცილებლად იფიქრებენ სახლში პატარები და სკოლაშიც ,,მომზადებული“ მოვლენ.

 

  • მოიმარჯვეთ ბურთი და დააყენეთ ბავშვები წრეზე. თამაშის წესი ასეთია: ვისაც ბურთს გადააწოდებენ, მან ძალიან სწრაფად უნდა თქვას რაიმე წინადადება, რომელიც მის ზაფხულს უკავშირდება. ვისაც წინადადებები გამოელევა,ან ვერ მოასწრებს სამის დათვლაში თქმას, ტოვებს წრეს. საბოლოოდ ვინც გაიმარჯვებს, სწორედ მისი ზაფხულის შესახებ იგებს კლასი ყველაზე მეტს.თამაში დასრულების შემდეგ შეგიძლიათ,დასხდეთ და ისაუბროთ, აბა, ვის რა დაამახსოვრდა ერთმანეთის ზაფხულის შესახებ. ბავშვებმა თამაშის დასაწყისიდანვე უნდა იცოდნენ: ტყუილი სასტიკად აკრძალულია! ( თუმცა შემაჯამებელი საუბრისას ამ მოკლეფეხება ტყუილის დაჭერაც არ გაუჭირდება მასწავლებელს.)

 

,,…დაგლასმა თვალები დახუჭა.

ივნისი რიჟრაჟები, ივლისის შუადღეები, აგვისტოს საღამოები – ყველაფერი დასრულდა და მხოლოდ ამ ყოველივეს განცდა შერჩა გულს და გონებას. გრძელი შემოდგომა, თეთრი ზამთარი და გრილი, მწვანე გაზაფხული გასული ზაფხულის შეჯამებასა და შეფასებას დაეთმობა…“

ჩვენც უნდა დავეხმაროთ ბავშვებს განცდილის შეფასებაში.ეს მათ, ჩვენ რომ გვგონია, იმაზე მეტად სჭირდებათ.

 

რატომ არჩევს ზოგი ბავშვი საჭმელს?

0

ახალი კვლევა ამას ტემპერამენტით ხსნის.

 

ზოგი ბავშვი ადვილად ეჩვევა ახალ საკვებს, ზოგიც – მასზე უარს ამბობს.  რით შეგვიძლია ამ ქცევის ახსნა? 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა (Moding and Stifter) მცირეწლოვან ბავშვებში ახალი საკვების მიღება-უარყოფის რეაქციებს სწავლობდა.

 

ადამიანს აქვს მიდრეკილება, მიიღოს ან უარყოს ახალი სტიმული და ამ პროცესში მონაწილეობს ტემპერამენტი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი სამყაროსთან. შესაძლოა ეს დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო „გახსნილი” ახალი საკვების მიმართ.

 

მკვლევრებმა საწყის ეტაპზე შეარჩიეს 80 ბავშვი და 80 მომვლელი, რომელთაგან  ყველა, ერთის გარდა, დედა იყო. აგრეთვე, ბავშვთაგან 75 გოგონა იყო. მკვლევრები აკვირდებოდნენ დედა-შვილის წყვილებს. აგროვებდნენ მონაცემებს ლაბორატორიის იმ ვიზიტებიდან, როცა ბავშვები 6, 12 და 18 თვის იყვნენ.

 

6 და 12 თვის ბავშვებს ვიზიტებისას „აცნობდნენ” ახალ საკვებს და ახალ სათამაშოებს. 18 თვისები მიჰყავდათ „რისკის ოთახში”, სადაც მათ შეეძლოთ „ურთიერთობა” ოთხ ნივთთან: გვირაბი, კიბეები დიდი ლეიბის გვერდით, შავი ყუთი ზედ მიხატული თვალებითა და კბილებით და მაგიდაზე მოთავსებული გორილას ნიღაბი. ბავშვების რეაქციებს ინიშნავდნენ. ექსპერიმენტს დედებიც ესწრებოდნენ.

 

მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რომ 12 თვის ასაკის ბავშვები, რომლებიც მეტად ხარბდებოდნენ  ახალ სათამაშოებს, ახალ საკვებსაც მეტი ენთუზიაზმით  ხვდებოდნენ. და პირიქით, ის ბავშვები, რომლებიც ახალი სათამაშოებისკენ არ მიიწევდნენ, ახალ საკვებსაც გაცილებით თავშეკავებულად იღებდნენ. მეტიც, დამოკიდებულება, რომელიც ბავშვს ახალი საკვების მიმართ 12 თვის ასაკში ჰქონდა, წინასწარ იტყობინებოდა ახალი ნივთების მიმართ ამავე ბავშვის დამოკიდებულებაზე 18 თვის ასაკში.

 

აღსანიშნავია, რომ 6 თვის ასაკის ბავშვებში არ აკვირდებოდნენ ბავშვის ასოციაციებს  ახალ სათამაშოებსა და ახალ საკვებთან მიმართებაში, რადგან წინა კვლევებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვები თავშეკავებული დაახლოებით 12 თვის ასაკში ხდებიან.

 

მკვლევართა აზრით, ამ კვლევის შედეგები გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭირვეული ან თავშეკავებული მჭამელი ბავშვის მშობელმა უკეთ იცის, როგორ ჩართოს მყარი საკვები ბავშვის მენიუში.

 

„იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ისეთ ახალ სტიმულთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგ. ახალი სათამაშოები, არ იჩენენ აქტიურობას, მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ მათი შვილები ახალ საკვებთან მიმართებაშიც ასე მოიქცევიან. ასეთი ბავშვების მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები დიდი ალბათობით ახალ საკვებს თავიანთი ტემპერამენტის გამო უარყოფენ. თუმცა მათ შეუძლიათ, მოახერხონ და შვილებს მიაღებინონ ახალი პროდუქტი, თუკი დაჟინებით გააგრძელებენ ამ საკვების შეთავაზებას სხვადასხვა გარემოში”.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენი ბავშვი ძნელად ეჩვევა ახალ სათამაშოებს, ის, სავარაუდოდ, ახალ საკვებსაც ძნელად მიიღებს. ამასთან, რამდენიმე ცდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ბავშვი უფრო „გახსნილი” გახადოთ ახალი საკვების მიმართ. თუ შედეგი პირველივე მცდელობის შემდეგ არ დადგა, სცადეთ კიდევ და კიდევ.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/the-red-light-district/201708/why-are-some-children-picky-eaters

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...