ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

,,მიხშეული წედეგების ანგარიწი“, ანუ ძნელად აღსაზრდელი საზოგადოების შესახებ

0

 

ამ ბოლო დროს, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გახშირდა დამნაშავეების უჩვეულო გზით გამართლების შემთხვევები. ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა? – მსხვერპლია დამნაშავე. მოკლეს ვინმე? – ალბათ მკვლელს მიზეზი ჰქონდა. საბავშვო ბაღის ფანჯრიდან აღსაზრდელი გადახტა? – აუტისტი იყო და ხომ იცით, როგორც ,,ასეთებს“ სჩვევიათ, ჩანაფიქრი წარმატებით ,,დააგვირგვინა“…

 

სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე საქართველოში საკმაოდ ბევრს წერენ, ითარგმნება მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. აღნიშნულ თემას ხშირად აშუქებს მედია სივრცე და მაინც, როცა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში აუტისტური სპექტრის აშლილობის, დაუნის სინდრომის, გონებრივი ჩამორჩენილობის თუ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს ვხვდებით, არ ვიცით, როგორ ვიურთიერთოთ მათთან და მიზანმიმართულად თუ ძალაუნებურად თავს ვარიდებთ.

 

ფაქტია, ინკლუზიური განათლება ზოგიერთ სკოლაში ჯერ კიდევ ლამაზი ფასადია, რომლის მიღმაც სიცარიელე იმალება. ან როგორ შეიძლება ასწავლო სხვას განსხვავებულობის მიმღებლობა, როცა თავადაც ვერ უსწორებ თვალს ნაიარევ სხეულს თუ სულს.

 

ჩემი აზრით, მოტივირებული მასწავლებელი აუცილებლად შეძლებს, თავის აღსაზრდელებს განსხვავებული შესაძლებლობები მრავალფეროვანი სიცოცხლის ერთ-ერთ ფორმად აღაქმევინოს და უმცირესობის წარმომადგენლებად  შერაცხული თანატოლების პატივისცემა ასწავლოს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და რომელიმე მოსწავლემ თავად ჩაგიტაროს გაკვეთილი თემაზე – ,,ძნელად აღსაზრდელი საზოგადოება“. ერთი ასეთი გაკვეთილი ჩემი მოგონებების სკივრშიც ინახება.

 

ამას წინათ შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე მერხის ქვეშ ხშირად აპარებდა თვალს. როცა მიხვდა, რომ გამოიჭირეს, დარცხვენილმა სამალავიდან ავგუსტ პულმანის საოცარი ისტორია ამოაცოცა. მოგვიანებით ამ წიგნმა კლასის ყველა მერხის სამალავი მოიარა. აღსანიშნავია, რომ ,,უსახო ბიჭის“ მონათხრობი ჩემი აღსაზრდელებისთვის გასაქილიკებელ თემად კი არა, მათ დამაკავშირებელ რგოლად იქცა. წიგნის რიგში ბოლო ადგილი დავიკავე და მალევე მივხვდი, რატომ გახდა ,,საოცრება“ კლასის ფავორიტი. ავგუსტ პულმანის თავგადასავალი ფანტაზიის ფარდის მიღმა არსებულ სამყაროს კი არ აღწერს, არამედ რეალურ დროში, თანამედროვე მკითხველის მსგავსი მოზარდების თავს გადახდენილ ამბებს გვიყვება. ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც საზოგადოება განხვავებული ინდივიდების მიმართ უშვებს, სიბრალულია. ამიტომაც, ,,საოცრების“ ავტორი ბავშვებს სიბრალულის ნაცვლად მეტი სიკეთის გამომჟღავნებისკენ მოუწოდებს, თან საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ სიმახინჯე პირობითი ცნებაა და ხშირად ვიზუალურ მხარეს სულაც არ უკავშირდება. კვაზიმოდოს გაკვეთილები მკითხველს დიდი ხანია მიავიწყდა. იმედია, თანამედროვე საზოგადოების გამოცოცხლებას ,,ჩვენი დროის გმირი“ ავგუსტ პულმანი მაინც შეძლებს.

 

 

მოგვიანებით, კიდევ ერთ შესანიშნავ ნამუშევარს გავეცანი. ,,რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ (მარკ ჰედონი) სსსმ პირების შესახებ დაწერილი წიგნებიდან ყველაზე დამაჯერებელ ისტორიად აღვიქვი, რადგან ქრისტოფერ ბუნი ისეთი პერსონაჟია, არასდროს რომ არაფერს ამლაშებს. მწერალი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას მაქსიმალურად იყენებს და ასპერგერის სინდრომის მქონე ბიჭის ცხოვრების სტილს მაქსიმალური სიზუსტით აღწერს.

 

კრიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოზარდებს ზემოაღნიშნულ ტექსტში დასმული პრობლემის აღქმა გაუჭირდებათ. მე კი ვფიქრობ, რომ წიგნის მთავარ აუდიტორიას სწორედ მოზარდები უნდა წარმოადგენდნენ, რადგან კომუნიკაციის სირთულეებსა თუ სამყაროს განსხვავებულად აღქმის შემთხვევებს ყველაზე ხშირად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვხვდებით.

 

კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნი მათემატიკური ნიჭით და ბრწყინვალე მეხსიერებით დაჯილდოებული ბიჭია, თუმცა ვერ იტანს ტყუილს, ხმაურს, შეხებას და ყვითელ ფერს. მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო გამოძიებას ბიჭი ძვირფასი ადამიანის მიერ ჩახლართულ ადამიანურ ტყუილთან მიჰყავს, ის ნელ-ნელა სწავლობს ,,სუპერ ცუდ“ დღეებთან, ანუ რეალურ პრობლემებთან შეჭიდებას და ყველაზე მთავარი – ადამიანური გამოცდის ჩაბარებასაც ახერხებს. ბუნის მიერ განცდილი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, ადამიანური ტკივილები, თითქოს რადიო ტალღებს სუსტად იჭერსო, შიში(ნი)ს ფონზე იწერება და მკითხველი მხოლოდ ქრისტოფერისთვის გასაგებ, უჩვეულო აღქმის სამყაროში გადაყავს.

 

 

ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას გრძნობენ ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები. ზემოაღნიშნული განვითარების დარღვევა პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ჰანს ასპერგერმა აღწერა. ამ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაციის დამყარება და გამოირჩევიან ექსცენტრიული ქცევით, თუმცა მათი ინტელექტურალური შესაძლებლობები ხშირად საშუალოზე მაღალია. შემთხვევითი არც ისაა, რომ ასპერგერის სინდრომის მქონე პერსონაჟები ხშირად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რადგან აღნიშნული სინდრომი უმეტესად მამაკაცებში გვხვდება.

 

ქრისტოფერ ბუმის მსგავსად, ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობის გაბმა და შენარჩუნება. მათ არ შეუძლიათ დიალოგის წარმართვა, რადგან ვერ ახერხებენ სხვისი აზრებისა და ემოციების აღქმას. ასევე უძნელდებათ წაკითხულის გააზრება, მსჯელობა და დასკვნის გამოტანა. ცვლილებებისადმი შეუგუებლობა იწვევს ყოველდღიური რიტუალის ზედმიწევნით დაცვის მოთხოვნილებას, რაც ადამიანის პიროვნულ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამას გარდა, უჭირთ მეტყველების უნარის მიზნობრივად, სიტუაციის შესაბამისად გამოყენება, თუმცა მათთვის საინტერესო, აკვიატებულ საკითხებზე გაუთავებლად ლაპარაკობენ.

 

გააზრებული სამეტყველო კომუნიკაციის გარდა, ხარვეზები შეინიშნება მოტორული უნარების განვითარებაში. ამიტომაც, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს არ უყვართ მოტორული თამაშები და წერითი სავარჯიშოები. ასევე ძნელად აღიქვამენ ,,ჟესტების ენას“ და თავს არიდებენ არავერბალურ კომუნიკაციას, რაც გამოიხატება თვალებით კონტაქტის არარსებობით, სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით და სხვ.

 

აუტიზმს და ასპერგერს ხშირად ერთმანეთს ადარებენ, რადგან ორივე მათგანს სოციალური ურთიერთობების დეფიციტი ახასიათებს. მეცნიერთა ნაწილი ასპერგერს ფუნქციონირების მაღალი დონის აუტიზმს უთანაბრებს, თუმცა მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი განმასხვავებელი ნიშნებიდან გამომდინარე, სინდრომთა იგივეობაზე საუბარი არამიზანშეწონილია. მაგალითისთვის, ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს აქვთ მაღალი ვერბალური IQ, აუტისტებს კი – არავერბალური.  ორივე შემთხვევაში აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა, რათა აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებმაც გაიაზრონ, თუ როგორ მუშაობს მათი ტვინი და ახლობლებმაც სწორი რჩევები მიიღონ მათთან კომუნიკაციის ეფექტურად დასამყარებლად.

 

ეჭვი მეპარება, მოზარდებმა სინდრომის ზემოაღნიშნული განმარტების საფუძვლიანად გააზრება შეძლონ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა დაიწეროს  კრისტოფერ ბუნის მსგავსი ადამიანების შესახებ. ასეთი წიგნები განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.

 

 

ალბათ ერთხელ მაინც შეხვედრიხართ უბნის, სოფლის თუ ქალაქის ე.წ. კოლორიტებს – ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩევიან. თანამედროვე ,,ჩანჩურებს“ უჭირთ საკუთარი საზოგადოებრივი მდგომარეობის სრულფასოვნად აღქმა და მაინც, მთელი ძალით ცდილობენ, არსებულ სოციუმში რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო ადგილი დაიკავონ.

გონებრივი ჩამორჩენილობა (ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმა) ადრეულ ასაკში ვლინდება და ადამიანის განვითარებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენ გავლენას. მათი ინტელექტის კოეფიციენტი ნორმაზე დაბალია (70-ზე დაბალი IQ). გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიხატება, როგორც სწავლის უნარის, ასევე პიროვნული დამოუკიდებლობისა და სოციალურ პასუხისმგებლობის შეზღუდვით.

 

დღეს მოზარდები საკმაოდ ხშირად მიმართავენ ერთმანეთს სიტყვებით, –  ,,რა ვერ გაიგე, დებილი ხარ?!“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართვის ადრესატებად უმეტესად ნორმალური განვითარების ინდივიდები გვევლინებიან, მოზარდების უმეტესობამ არც კი იცის, რომ მართლა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც,  ერთი შეხედვით, უმარტივესი ცნებები გაუვალი ბურუსითაა მოცული. ასეთ დროს ძალიან მინდა ბავშვებს დენიელ კიზის ჩარლი გორდონი (,,ყვავილები ელჯერნონისთვის“) გავაცნო. ჩარლი, რომლის მსგავსი ადამიანების ერთადერთ  ოცნებასაც გონებრივი ჩამორჩენილობიდან აზროვნების უმაღლესი მწვერვალისკენ სწრაფვა წარმოადგენს. თამამი ექსპერიმენტი და თვითგანვითარების დაუცხრომელი სურვილი მაინც ვერ აჩერებს შეუქცევად პროცესს და აღმართს დაღმართი მოსდევს. თუმცა დაბინდული გონება ელჯერნონის ერთადერთი მეგობრის პიროვნულ ღირსებებს მაინც ვერ ჩრდილავს. დაბალი IQ-ს მიუხედავად, ჩარლის დამცირებაზე მეტად ადამიანთა სიბრალული სტკივა და ,,თავისნაირების“ საზოგადოებაში ეძებს სიმშვიდეს. მე კი – მკითხველი, გულმოკლული დავჩერებივარ წიგნის ბოლო გვერდს და ვცდილობ, წარმოდგენის ძალით  მაინც დავანგრიო ყველა ,,განსაკუთრებული საჭიროების“ დაწესებულება და მის ნაცვლად ამოვიკითხო ,,ერთიანი საზოგადოება“, ყოველგვარი იარლიყის გარეშე.

 

 

 

 

 

მოსახლეობის რაოდენობა, განათლება და დასაქმება

0

ის არნახული ნახტომი, რომელსაც ჩვენი თაობა მოესწრო და რომლის შედეგადაც დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდს გადააჭარბა, დიდ გავლენას მოახდენს განათლებასა და სამუშაო ძალაზე და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ახალგაზრდა თაობების შესაძლებლობებს.

დღევანდელი დემოგრაფიული ტენდენცია – კლებადი მოკვდავობისა და კლებადი შობადობის გლობალური კომბინაცია – ქვეყნებს უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდების მზარდი რაოდენობით, რომლებმაც შეიძლება განათლება მიიღონ და შემდგომში დასაქმდნენ.

სახელმწიფოს ეფექტური პოლიტიკისა და ინვესტიციების მეშვეობით ეს ტენდენცია შესაძლოა ეკონომიკური ზრდის ძრავად გადაიქცეს.

ინდივიდუალურ დონეზე, განათლება, დასაქმება და ქალთა ფერტილობა (ნაყოფიერების კოეფიციენტი) ასევე კავშირშია ერთმანეთთან – ოჯახის სიმცირე ხელს უწყობს გოგონების მიერ განათლების მიღებას. განათლებულ ქალებს, მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, უფრო პატარა ოჯახები აქვთ და უფრო ჯანმრთელი შვილები ჰყავთ.

იქ, სადაც ოჯახის დაგეგმვის სერვისები ხელმიუწვდომელია, ადრეულ ორსულობას შეუძლია შეამციროს ქალის განათლების შესაძლებლობები და მისი ეკონომიკური პოტენციალი.

 

განათლება და დასაქმება

განათლება აუცილებელია ეროვნული ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის ზრდას ინდივიდების ცოდნისა და უნარების გაძლიერებით.

იმ ქვეყნებში, რომლებშიც ახალგაზრდები მთლიანი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ, უნივერსალური პირველადი განათლება და მეორე საფეხურის (იგულისხმება დასავლური სასკოლო სიტემის მე-9-12 კლასები, ე.წ. ჰაი-სქული,  – ლ.ა.) ხელმისაწვდომი განათლება შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდეს.

ასეთ ქვეყნებში, თუ მოხერხდება, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს რაიმე სახის მეორე საფეხურის განათლება ჰქონდეს, ეს შესაძლოა საფუძვლად დაედოს წლიური ეკონომიკური ზრდის გაორმაგებას.

1960-იან წლებში სამხრეთ კორეის მოსახლეობაში განათლების ფართო გავრცელებამ დიდი როლი შეასრულა ზრდის იმ არნახული ტემპის მიღწევაში, რომელსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

საზოგადოდ, მსოფლიო მასშტაბით, ახლაგაზრდებს შორის უმუშევრობის წილი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მოწიფული ასაკის პირებს შორის. ბოლო წლებში უმუშევრობის პროპორციამ ახალგაზრდებში კვლავ იმატა. რეგიონულად ამ წილმა ყველაზე მეტად (20%-ით) მოიმატა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რაც დაუყოვნებლივ გამოიხატა ამ რეგიონებიდან ევროპის მდიდარი ქვეყნებისკენ მიგრაციის უკონტროლო ზრდით.

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობას რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი აქვს: იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჭარბი ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავთ, არ შეუძლიათ სამუშაოს მძებნელთა რაოდენობის დაკმაყოფილება. როგორც წესი, ახალგაზრდები დროებით ან არასრულ სამუშაოზე აჰყავთ და მათ ჯერ არ აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დამქირავებლებს სჭირდებათ. გარდა ამისა, პერსონალის შემცირებისას დამსაქმებელი ახალგაზრდებს უფრო ხშირად ათავისუფლებს, ვიდრე უფრო ასაკოვან და გამოცდილ თანამშრომლებს.

გარდა, საზოგადოდ, ახალგაზრდების დასაქმებისა, დღეს არსებულმა განათლების ინფრასტრუქტურამ უკვე გააჩინა მუშაობის შესაძლებლობლობა ქალებისთვის, რომელთა გარეშე დასაქმების ბაზრის სურათი არასრული იქნება. 2008 წლისთვის ქალები უკვე იკავებდნენ მსოფლიოს სამუშაო ადგილების 40%-ს. ამავე დროს, ისინი მსოფლიოს სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის 49%-ს წარმოადგენდნენ.

თუმცა სამუშაო ასაკში მყოფი მომუშავე ქალების წილი ყველგან საგრძნობლად ჩამორჩება მამაკაცებისას. მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცების დასაქმება ქალებისას 25%-ით აჭარბებს.

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – დასაქმებულია სამუშაო ასაკში მყოფი ქალების მხოლოდ მეოთხედი, მაშინ როცა სამუშაო ასაკში მყოფ მამაკაცებს შორის დასაქმება თითქმის 75%-ს შეადგენს. სქესობრივი განსხვავება დასაქმებაში (დასაქმება შედარებული მოსახლეობის რაოდენობასთან) ყველაზე მცირეა აღმოსავლეთ აზიაში.

 

კავშირი მოსახლეობასა და დასაქმებას შორის

უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოხერხდა მაღალი მოკვდავობისა და მაღალი შობადობის კოეფიციენტების შეცვლა და სიკვდილიანობის კლებასთან ერთად, მოგვიანებით შემცირდა ოჯახების ზომაც.

ამ ტენდენციის საწყის და ბოლო ეტაპებზე მოსახლეობის რაოდენობა სტაბილური იყო, რადგან სიკვდილიანობისა და შობადობის მაღალი/შემცირებული მაჩვენებლები ერთმანეთს ასწონასწორებდა, მაგრამ ამ ტენდენციის ადრეულ ეტაპებზე, სიკვდილიანობის წილის შემცირების მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩებოდა შობადობა, რამაც საბოლოოდ, ამ პერიოდის მაღალი დემოგრაფიული აღწარმოების გამო, გამოიწვია ახალგაზრდების რაოდენობისა და წილის ზრდა მთელ მოსახლეობასთან შედარებით.

მოგვიანებით, როდესაც შობადობის მაჩვენებლებმა კლება იწყო, გაჩნდა მოკლე, ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯარა“, როდესაც მთლიან მოსახლეობაში ჭარბია სამუშაო ასაკის ადამიანთა რაოდენობა და მცირეა ბავშვებისა და მოხუცთა, ანუ სხვებზე დამოკიდებულთა წილი.

სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიჭარბესა და „დამოკიდებულთა“ სიმცირეს შეეძლო გამოეწვია დანაზოგებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა, მაგრამ ეს რომ რეალობად იქცეს, აუცილებელია განათლება და დასაქმების სტაბილურად ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

ამ სცენარისთვის აუცილებელია სხვა, არადემოგრაფიული ფაქტორები, როგორებიცაა მრავალფეროვანი ეკონომიკა, ინვესტიციები და კრედიტის ხელმისაწვდომობა.

ამავე დროს, გარდამავალი პერიოდის დასაწყისში და დასასრულს მაღალი იყო იმ ახალგაზრდებისა და მოხუცების რაოდენობა, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ სამუშაო ასაკში მყოფ თითოეულ ადამიანზე.

ოჯახში სხვაზე დამოკიდებული ადამიანების დიდ რაოდენობას შეუძლია შეამციროს ოჯახის კეთილდღეობა, განსაკუთრებით – ღარიბებში, რადგან საოჯახო შემოსავლიდან დიდი სახსრები იხარჯება ბავშვებისა და მოხუცების უზრუნველყოფაზე.

როდესაც დასაქმების ბაზარს არ შეუძლია დააკმაყოფილოს სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის მზარდი რაოდენობა დემოგრაფიული ცვლილების ადრეულ ეტაპებზე, უმუშევრობა შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს.

მაგალითად, თუ ნაყოფიერების კოეფიციენტი უგანდაში ერთ ქალზე ექვს ბავშვი ან მეტი იქნება, 2037 წლისათვის უგანდის ეკონომიკას ყოველწლიურად 1.5 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დასჭირდება, თუმცა 2009 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკაში მხოლოდ 100 000 სამუშაო ადგილი იყო ხელმისაწვდომი.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქალების მცირე დასაქმებას იწვევს, არის ოჯახის დაგეგმვის არარსებობა.

დაუგეგმავ ორსულობათა პრევენციას, ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობას, შეუძლია გაზარდოს მათი განათლების შესაძლებლობა და შემდგომ – დასაქმება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მათ ფინანსურ მონაწილეობას ოჯახისა და თემის ეკონომიკაში.

სამუშაო ბაზარზე ქალების სრულყოფილ მონაწილეობას შეუძლია მათი გაზრდა და განვითარება: ქალს, რომელსაც თავისი შემოსავალი აქვს და ხელი მიუწვდება კრედიტზე, უფრო მეტი ეთქმის საოჯახო გადაწყვეტილებების მიღებისას, აქვს მეტი აქტივი და გამოცდილება, ეს ყველაფერი კი შესამჩნევად ამცირებს ოჯახური ძალადობის შესაძლებლობას.

 

კავშირი მოსახლეობის რაოდენობასა და განათლებას შორის

ოჯახის მცირე ზომა მეტი ბავშვის განათლების საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს გოგონების განათლებას.

ოჯახის ზომას დიდი გავლენა აქვს განათლების მიღების შესაძლებლობაზე ისეთ ოჯახებში, რომლებისთვისაც სასკოლო განათლება ხელმისაწვდომია, მაგრამ ძვირი.

კავშირი სიღარიბესა და განათლებას შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა გოგონებისთვის. გოგონებს შეზღუდული რესურსების მქონე დიდი ოჯახებიდან სასკოლო განათლების მიღების განსაკუთრებით მცირე შანსი აქვთ. ამავე დროს, ფაქტია ისიც, რომ განათლებულ ქალებს, როგორც წესი, ცოტა შვილი ჰყავთ.

წყვილებს განათლება ეხმარება, ჰქონდეთ სასურველი ზომის ოჯახი, გამოიყენონ კონტრაცეპტივები და უკეთესად იზრუნონ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

განათლებული დედა, დიდი ალბათობით, შვილებს სკოლაში გაგზავნის სასწავლად. გარდა ამისა, განათლებულ ქალებს უმეტესწილად სამუშაოც აქვთ, რაც ნიშნავს მეტ რესურსს, რომლის ინვესტირებაც შესაძლებელია განათლებაში.

როდესაც ახალგაზრდა ქალს ხელი არ მიუწვდება სქესობრივ ინფორმაციაზე ან ოჯახის დაგეგმვის წესებზე, მეტი ალბათობით, ადრე დაორსულდება და შედეგად, ასევე დიდი ალბათობით, მიატოვებს სწავლას. აღწერილი სიტუაცია რეალობასთან ახლოსაა აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც ბევრ ქვეყანაში 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალების თითქმის 10% თავს ანებებს სწავლას, ძირითადად – ორსულობის მიზეზით.

კვლევები მოწმობს, რომ განათლების არმქონე ქალებს უფრო დიდი ოჯახის ყოლის სურვილი აქვთ, ვიდრე ქალების განათლებულ ნაწილს.

კენიასა და უგანდაში, მაგალითად, განათლების არმქონე ქალებს ურჩევნიათ, ორი ან სამი შვილით მეტი ჰყავდეთ, ვიდრე ქალებს, რომლებმაც მეორე საფეხურის განათლება მიიღეს.

 

მოსაზრებები განათლების პოლიტიკისა და დემოგრაფიის შესახებ

ახალგაზრდა თაობა, რომელიც დასაქმების ბაზარზე შედის, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ეკონომიკის მძლავრი აქტივი ან, ღარიბი ქვეყნებისთვის, მზარდი უმუშევრობის მიზეზი.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ახლგაზრდებს ადეკვატურად მოამზადებს დასაქმების ბაზრისთვის, ხოლო ოჯახის დაგეგმვის მიმართულება ხელს უნდა უწყობდეს უფრო მცირე ზომის ოჯახების შექმნას.

ახლგაზრდა ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს მათ სკოლაში დარჩენას და გლობალური დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.

ოჯახის დაგეგმვის სერვისები, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ხელს უწყობს სქესთა უთანასწორობის შემცირებას და უზრუნველყოფს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის განათლებისა და დასაქმების ისეთსავე ხელმისაწვდომობას, როგორიც ბიჭებისა და ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არსებობს.

ასევე მნიშვნელოვანია ოჯახში პატარა ბავშვებისა და მოხუცთა მომვლელების ტვირთის შემსუბუქება, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა ქალები არიან.  ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უმეტესწილად ბავშვებსა და მოხუცებულ ნათესავებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არსებობდეს ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის მზრუნველობის სერვისები, რათა მათაც შეძლონ იმ შესაძლებლობების გამოყენება-მოხმარება, რომლებსაც ადამიანს განათლება და დასაქმება სთავაზობს.

ახალგაზრდა, განათლებულ მოსახლეობას, როგორც წესი, განსაკუთრებით კონკურენტული პოზიცია აქვს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ტიპის წარმოებისთვის საჭირო დასაქმების ბაზრებზე, თუმცა ამის განსახორციელებლად სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, განათლებაში ინვესტიციებისა და აუცილებელი გადამზადება-ტრეინინგების სახით.

ვინაიდან კლებადი შობადობის გამო პირველი საფეხურის განათლებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად იკლებს, პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ, გამოთავისუფლებული სახსრები მეორე და მესამე საფეხურის განათლებისკენ მიმართონ და ხელი შეუწყონ უკეთ განათლებული და ნასწავლი შრომითი ძალის შექმნას.

როდესაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა მიაღწევს საპენსიო ასაკს, პოლიტიკის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ შემცირებული შრომითი რესურსების რაოდენობა და ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდა, რაც, თავის მხრივ, მეტ თანხებს მოითხოვს ადეკვატური პენსიებისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებისათვის.

მოსახლეობის საშუალო ასაკის მატება გლობალური მასშტაბით, შემცირებული შობადობისა და ნაყოფიერების კოეფიციენტების ფონზე, მთავრობებისგან დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს.

ამ დიდი მასშტაბის პრობლემის შესამსუბუქებლად შეთავაზებულ იქნა რამდენიმე პოლიტიკის კურსი, როგორებიც იყო საპენსიო ასაკის გაზრდა, უცხოური ძალის მოზიდვა იმიგრაციის მეშვეობით, დაბალი შობადობის მიზეზებთან ბრძოლა და ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემების მოდიფიცირება–რეფორმირება.

მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი რეაქცია და შეთავაზება არასაკმარისია. შემცირებული და დაბალი შობადობის პირობებში არსებული პოლიტიკა და ნორმები ქალებს საშუალებას არ აძლევენ, დააბალანსონ კარიერა და საოჯახო პასუხისმგებლობა, რაც იწვევს მათ გამოთიშვას განათლებისა და დასაქმების სისტემებიდან.

 

წყარო: Population Action International: https://pai.org/wp-content/uploads/2012/02/PAI-1293-EDUCATION_compressed.pdf

ფოთოლი იძირება, ქვა მიცურავს

0

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ იძირება ზოგჯერ ფოთოლი, ქვა კი ზედაპირზე მიცურავს?  არ შეგინიშნავთ? მდინარეში კი არა, ცხოვრებაში… ადამიანი წვალობს, შრომობს, ნიჭიც და ცოდნაც მოსდევს და არაფერი… სრულიად არაფერი… ფოთოლივით იძირება… აი, ვიღაც მავანი კი, რომელიც არც არაფრით გამოირჩევა, ტალღებზე ყოჩაღად ტივტივებს, ამისთვის ხელსაც კი არ აპარტყუნებს და, რაც მთავარია, ნელ-ნელა იფერებს ზედაპირზე ყურყუმელაობას.

მე ბევრჯერ მინახავს… ეტყობა, იაპონელებმა ჩემზე ადრე შენიშნეს და ანდაზაც  შეთხზეს: ზოგჯერ ფოთოლი იძირება, ქვა კი მიცურავსო.

სხვა ანდაზაც აქვთ – მოღიმარ  სახეს ძნელია ისარი ესროლოო… ანუ, თუ ადამიანი იღიმის და კეთილგანწყობას გიჩვენებს, როგორ უნდა მოგიტრიალდეს ხელი ისრის სასროლადო?

ღიმილი რამდენიმენაირია. ერთი მართლაც გულწრფელია და ეს ანდაზაც ალბათ, სწორედ მასზეა. ასე ბავშვები, დედები  და ცხოველები იღიმებიან, კიდევ სუფთა გულის ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ – ხომ არიან.

სხვა ღიმილი ყალბია, სერიიდან „თეთრი კბილი და შავი გული“, თუმცა, ამ შემთხვევაში „თეთრ კბილზეც“ მადლობლები უნდა ვიყოთ და ჰქონდეთ „შავი გული“. მთავარია, ეს „სიშავე“ გარეთ არ გამოიპაროს და მოქმედებაში არ მოვიდეს.

ხელოვნური, ე.წ. დაყენებული ღიმილიც არსებობს. ამ შემთხვევაში არავითარი შავი გული არ არის, გულში არც არის იმ ადამიანის ადგილი, ვისაც უღიმიან. უბრალოდ, გზად შეხვდათ, ხელოვნურად, მექანიკურად გაუღიმეს, გზა განაგრძეს და უკვე გადაავიწყდათ, ვინ შეხვდათ ან ვის გაუღიმეს. ასეთ ღიმილებს  უცხოელების სემინარებზე შეხვდებით. ერთხელ ამერიკელმა ტრენერებმა დანახვისთანავე  ხელები გამიშალეს, მთელი სახე ღიმილად აქციეს და ჩემს გულში ჩაკვრას არაფერი დააკლდათ. კინაღამ ვიფიქრე, ჩემი ნახვით ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება აიხდინეს-მეთქი.

თუმცა, ღიმილებს დავუბრუნდეთ.

ზოგჯერ ადამიანი ღიმილით ან სიცილით რაიმეს დამალვას ცდილობს, მაგალითად, ცუდი განწყობის, დარდის ან თუნდაც დანაკარგის. ამიტომ, ყოველ ჯერზე შეიძლება გაღიმებულს კი არა, მოკისკისესაც გადააწყდე. ამაზე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ათიდან რვას სულაც არ ეცინება, დარჩენილ ორს კი შეიძლება მართლაც სასაცილოდ ჰქონდეს საქმე.

ასეა თუ ისე, სიცილი ტირილს ყოველთვის სჯობს. დაე, სულ გაცინებულ ადამიანებს შევხვდეთ, სიცილის ხარისხი კი თავადვე განვსაზღვროთ და, შესაბამისად, მოვიქცეთ, ანუ ჩვენც გავუცინოთ.

ღიმილზე, სიცილზე და მათ დახარისხებაზე ტყუილად არ დამიწყია საუბარი. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე ღიმილის დიდოსტატი ყოფილა. მის  დახარისხებასაც კარგად ფლობდა და პრაქტიკაშიც წარმატებით იყენებდა. ეს კაცი ვინ იყო და რა უნდოდა, ადრე სტატიაში დავწერე  (იხ. ტერმინალში დაწერილი ამბავი https://mastsavlebeli.ge/?p=3950). აქ უბრალოდ, კვლავ გავიმეორებ, რომ მეფე იყო, ალქიმია აინტერესებდა, დიდი ალქიმიური აკადემია შექმნა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა ალქიმიკოსებს, რათა ოქრო და ელექსირი მიეღოთ. ცდებს თავადაც აკეთებდა და უპირველეს ელექსირად გამოხდილი წყალი მიაჩნდა. სიცილ-ღიმილის დიდოსტატი იყო-მეთქი და ერთ-ერთი კატეგორიის ღიმილით თავის გასაჭირსაც  მალავდა.

პოდაგრა სტანჯავდა, რაც შეეძლო ებრძოდა და მთელი იმედები ვარდის ფურცლებჩაყრილი გამოხდილი წყლის სმაზე ჰქონდა დამყარებული. მისი აზრით, ეს იყო ელექსირი. ვერ უშველა…

სახელწოდება „პოდაგრა“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან: pous-ფეხი,  agrios – მკაცრი, საშინელი. დაავადება უძველესი დროიდან ცნობილია. მის განვითარებას უკავშირებენ კვების გარკვეული პირობების შედეგად პურინნუკლეოტიდების მოშლას. მიიჩნევდნენ, რომ პოდაგრას იწვევდა დიდი ხნის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება, რომელიც პურინის შემცველი ნუკლეოტიდებით არის მდიდარი (ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგად წარმოიქმნებიან). ასეთ საკვებად მიაჩნდათ ხორცეული, ღვიძლი, თირკმელი, პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა. ამჟამად, კვებითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პოდაგრის გამომწვევ მიზეზად. იგი მხოლოდ მიდრეკილების შემთხვევაში მის გამოვლინებას უწყობს ხელს. პოდაგრა X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის მიზეზია პურინნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გენეტიკური დეფექტი, რის გამოც ადგილი აქვს პურინნუკლეოტიდების de novo (ხელახალი) სინთეზის გაძლიერებას.

საკვებზე ჩამოვარდა სიტყვა, „კილკა“, „ანჩოუსი“, იგივე ქაფშია, პურინების შემცველობის მწვერვალია. ამიტომ მისი გადაჭარბებული მიღება, პოდაგრის გამოვლინებასაც ხელს შეუწყობს და ზედმეტი პურინებისგან წარმოქმნილი შარდმჟავას კრისტალების სახსრებში დაგროვებით მათ ტკივილსაც გამოიწვევს. ჩვეულებრივ, სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციაა 0,18-0,24 მმოლი/ლ (3-4მგ %), პოდაგრის დროს კი-0,36 მმოლი/ლ (6 მგ %). სახსრებში დაგროვილი კრისტალების გარშემო ანთებითი პროცესები მიდის და, ე.წ. პოდაგრული კვანძები წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ პოდაგრული შეტევის დროს შარდში შარდმჟავას რაოდენობა ნორმალური რჩება და მხოლოდ შეტევის შემდეგ მატულობს. შარდმჟავას მარილების დაგროვება თირკმელებშიც ხდება, რაც კენჭების წარმოქმნას იწვევს.

სახსრების, ტკივილისა და საკვების თემას თუ გავაგრძელებთ, თურმე, მზესუმზირის ზედმეტი კნატუნიც სახიფათო  ყოფილა.

მზესუმზირა ცუდი სულაც არ არის და მის 100 გრამში E ვიტამინის სამი დღის ნორმის მარაგი შედის. თუმცა… მზესუმზირის 100 გრამი ასევე შეიცავს ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავას 75 მგ-ს, ის კი სახსრების ზედაპირზე  ლაგდება და მათ ანთებას, შესაბამისად, ტკივილს იწვევს.

ტერმინმა „ომეგა“, არ დაგაბნიოთ. ომეგა-3 მჟავები ძალიან გვჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით ომეგა-6-ზე. ის პოლიუჯერი მჟავების კლასს წარმოადგენს, სადაც ათი სხვადასხვა მჟავა შედის. მათგან უფრო მნიშვნელოვანი ლინოლენ და არაქიდონმჟავებია და ომეგა-3 მჟავებთან ერთად ეფექტურად მოქმედებენ.  ომეგა-3 და ომეგა-6 ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. მათი მეშვეობით რეგულირდება ქოლესტეროლის დონე სისხლში, რაც ათეროსკლეროზს აგვარიდებს. აუმჯობესებენ კანისა და თმების მდგომარეობასა და გარეგნულ იერს. მონაწილეობენ ქსოვილების რეგენერაციაში. თუმცა ეს ყველაფერი მეტწილად ომეგა-3-ზე უფრო ითქმის. ის კი არა, 2009 წელს გამოიცა რობერტ ბრაუნის წიგნი, რომელსაც ავტორმა კითხვის შემცველი სათაური დაარქვა- „ომეგა-6 – ეშმაკეული მჟავა?“.

თუმცა, აქ დასკვნა ერთია და ის ჯერ კიდევ ავიცენამ დაწერა თავის „სამედიცინო ტრაქტატში“ – აკრძალული საკვები არ არსებობს, მხოლოდ ნორმის დაცვაა აუცილებელი. ჰოდა, ჩვენც გადაბმულად ნუ გავაკნატუნებთ მზესუმზირას, დოზირებულად მივირთვათ.

კვლევების თანახმად, კიდევ ერთი პროდუქტი,  რომელიც სახსრების ტკივილის პროვოცირებას იწვევს, ყველი „პარმიზანი“ ყოფილა. ამ ტიპის ყველში ყველაზე დიდი რაოდენობითაა კალციუმის იონები, რომლებიც ნორმაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, გადამეტებული რაოდენობით კი – სახსრებში ლაგდება. ზოგადად, ის კუნთის შეკუმშვაში მონაწილეობს, მაგრამ გადაჭარბებული კონცენტრაციისას მის სპაზმს იწვევს. სხვათა შორის, ლობიოსა და პარკოსნებშიც ასევე მომატებული რაოდენობითაა.

პირადად მე პარმიზანს არ გეახლებით, უფრო მეტიც, არც კი გამისინჯავს. თუმცა დავინტერესდი და ვიცი, რომ მისი წარმოება ყოველწლიურად პირველ აპრილს იწყება და სადღაც 11 ნოემბერს სრულდება. ამის შემდეგ, ყველი 12-36 თვე მწიფდება და როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ტყის კაკლის სურნელი ახლავს თან. 1 კგ ყველის დასამზადებლად 16ლ რძე ყოფილა საჭირო. ერთი თავი ყველის საწარმოებლად კი – 550 ლიტრი რძე. თავად რძეს იტალიის პროვინცია პარმაში აწარმოებენ. ყველი მომწიფდა თუ არა, ამას სპეციალური „ყურის“ მქონე ადამიანები ამოწმებენ. ვერცხლის პატარა ჩაქუჩებით ყველის თავს დაუკაკუნებენ და მიაყურადებენ. თუ ხმა მოეწონებათ, ყველიც მომწიფებულად ჩაითვლება. თუმცა, ამის შემდეგ, ყველი კიდევ ერთი წელი არ უნდა გაიჭრას. პარმიზანზე ინფორმაციის კითხვისას, გავიგე, რომ მოლიერს ჰყვარებია ძალიან და დიდი რაოდენობით მიირთმევდა. მაშინვე დავინტერესდი, სახსრები თუ აწუხებდა, მაგრამ ამ ამბავს ვეღარსად  მივაგენი და ძებნისთვის აღარ გადამიდია თავი.

ბავშვობაში დედასთან ერთად ლიკანში დავდიოდი. მაშინდელი ლიკანი სხვა იყო, კამკამა ჰაერით და სუფთა წყლით… სანატორიუმიდან  მუდმივად  ექსკურსიები იმართებოდა. ჩვენც სულ დავდიოდით და ხან საფარისკენ გვქონდა გეზი, ხან ვარძიისკენ, ერთხელ ქუთაისსაც ვესტუმრეთ. სანატორიუმს თავისი ფოტოგრაფი ჰყავდა – სახელად ვიტალი. ბულგარელი იყო, მაგრამ ოჯახთან ერთად საქართველოში ბავშვი ჩამოსულა და ასეც შემორჩენილა ჩვენთან. ყველა ექსკურსიას თან დაჰყვებოდა და სულ იცინოდა. სიცილი ოდნავ დაყენებული ექნებოდა. აბა, დაბღვერილი ფოტოგრაფი ვის რად უნდოდა. თავადაც „უშნოდ“ იცოდა გადაკიდება:

  • „აბა, გავიცინოთ, გავიცინოთ. გოგო, შენ მაინც გაიღიმე…“, შეუტევდა ვინმე სერიოზული გამომეტყველების მქონეს.

ჰო, ვიტალი ფოტოებს ყველას გვიღებდა. შემდეგ მას, ბუნებრივია, ვყიდულობდით. ეს ახლა ვაჩხაკუნებთ  დაუზარებლად ტელეფონ-პლანშეტ-ფოტო აპარატებს, თორემ მაშინ, ფოტოებს მხოლოდ ვიტალი იღებდა.

ერთხელ, ვარძიაში ყოფნისას ერთ ქალბატონს წელი ასტკივდა, ოხრავდა, ამდენმა მოხრილმა სიარულმა მომსპოო (ვარძიის გამოქვაბულებში სიარულს გულისხმობდა). ჯერი ჯგუფურ სურათზე მიდგა და ვიტალიც აყვირდა:

  • „ვიღიმებით, ვიცინიით, ყველანი ვიცინიით“.

ეტყობა, ეს ქალი სერიოზული სახით იდგა და ვიტალიმაც არ დააყოვნა:

  • „ქალბატონო, ყველაფერს გაფიცებთ, ძალიანაც, რომ გტკიოდეთ ეგ წელი, ახლავე გაიცინეთო“…

ჰოდა, ვიტალის პერიფრაზს გავაკეთებ:

  • „ამდენი მზესუმზირის კნაწუნით, სახსრებიც, რომ გტკიოდეთ, ყველაფერს გაფიცებთ, გაიცინეთ!“

 

 

 

 

 

 

 

 

ლადო აფხაზავა- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია!

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” ულოცავს  ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს!!

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი “mascavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

აბოს თავისუფალი ნება

0

ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ნაწარმოებები ეპოქების კი არა, თემების, პრობლემების მიხედვით ისწავლებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეს ნაწარმოებთა ასეთი თემატურ-პრობლემატური კავშირები ბევრად მეტს მისცემს, ვიდრე ქრონოლოგიური ხაზის მიყოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ ეპოქის ნაწარმოები არ დარჩეს მოსწავლისთვის მხოლოდ იმ ეპოქის ნაწილად, პრობლემად, საფიქრალად. აუცილებლად უნდა გავაცნობიერებინოთ მოსწავლეს, რომ ესა თუ ის ნაწარმოები იმიტომ უძლებს დროს, რომ ყოველთვის აქვს სათქმელი ყველაზე თანამედროვე მკითხველისთვისაც კი.

იმ სტატიაში თამაზ ვასაძის შედგენილი სახელძღვანელოებიც ვახსენე, რომლებიც ზუსტად ამ პრინციპითაა აწყობილი და არა ქრონოლოგიის მიხედვით. ამ ავტორის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში ,,წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“ შესულია თავში ,, ადამიანი საზოგადოების პირისპირ“. იმავე თავში შედის ვაჟა- ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“, ,,სტუმარ- მასპინძელი“, ქარჩხაძის ,,იგი“, კლდიაშვილის ,,შერისხვა“ და სხვები.

სწორედ ამ თემის ერთგვარი გამოხმაურებაა ეს ჩემი წერილიც. ოღონდ მინდა ვისაუბრო, არა პიროვნებასა და საზოგადოებაზე, არამედ თავისუფალი ნების, შინაგანი თავისუფლების ჩამოყალიბებაზე ადამიანში, გზაზე, რომელსაც გადის ადამიანი,რომ საკუთარი მე, საკუთარი თავისუფლება მოიპოვოს. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩანს ეს ,, აბოს ცხოვრებაში“ და ყველაფერი ალუდათი არ დაწყებულა.

,, გაგება თავისუფლებისა მნიშვნელობათა საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ სამს აღვნიშნავთ. პირველი – მეტაფიზიკურია, როცა თავისუფლებაში იგულისხმება კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება – ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე. ნების თავისუფლება ისეთ თვისებას წარმოადგენს, რომლის დაკარგვას პიროვნება სრულ დეგრადაციამდე მიჰყავს. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.

მაგრამ, როცა პიროვნების ნების აქტის „მატერიალიზება“, განხორციელება გარეთ, სოციალურ გარემოში უნდა მოხდეს, იგი უამრავ შეზღუდვას აწყდება. ასე წარმოიქმნება ადამიანის გარეგანი თავისუფლებისა და უფლებათა პრობლემა, ანუ პრობლემა (კანონით, ჩვეულებებით, საზოგადოებრივი მორალით) ნებადართული საქციელისა გარემომცველ სამყაროში, საზოგადოებაში.

და მესამე კატეგორია – ეს არის სულიერი თავისუფლება. იგი ნიშნავს ადამიანის უფლობას თავის ეგოიზმზე, თავის ვნებებზე, ცოდვილ გრძნობებზე, სურვილებზე – თავისსავე თავზე. ასეთი თავისუფლება მოიპოვება მხოლოდ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, რომლითაც ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობის უნარი ენიჭება, ამიტომაც წერს მოციქული პავლე: … სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17).“( ალექსი ოსიპოვი – ,,თავისუფლება ქრისტიანისა, თავისუფლება ეკლესიისა და რელიგიური თავისუფლება“)

ამ სამივე ტიპის თავისუფლების მომპოვებელი და მფლობელი გახდა აბო.

თავიდან სწორედ ძიებითა და თვითგამორკვევით დაიწყო.

17 წლის ბიჭის ურთულესი გზა მარტივად, სიყვარულითა და ინტერესით, დაიწყო. ეს უცნაურხელობიანი (მენელსაცხებლე) და სათუთხელებიანი ( ალბათ) ბიჭი ადგა და გამოჰყვა ვიღაც გადამთიელს ,, ქრისტჱს სიყუარულისათჳს“. ეს რელიგიურად რომანტიკული ავანტიურა მალე გვეცლება ხელიდან და თვალს ვადევნებთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, სრულიად გაწონასწორებულად და გააზრებულად შეიცნობს ეს ბიჭი საკუთარ თავსა და ქრისტეს ერთდროულად.

თავისი განსაკუთრებული თვისებებით თავიდანვე თავი შეაყვარა უცხოტომელმა, ალბათ, მაშინაც უცხოთმოძულე ქართველებს.

მერე ქართულის სწავლა დაიწყო, წერა-კითხვა ისწავლა და დაუბრკოლებლად საუბრობდაო.

მერე შეცნობის სხვა ეტაპი დადგა: ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შესწავლა დაიწყო,        ,, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას“. მერე ეკლესიაში დაიწყო სიარული, სახარებასა და სამოციქულოებს უსმენდა. რჯულის მცოდნეებს ელაპარაკებოდა.შემეცნების უცნაური გზა ჰქონდა არჩეული: განგებ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე ზოგიერთს, კამათი უფრო ეხმარებოდა უცხო რჯულის შეცნობასა და გათავისებაში ( „მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცათუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას“). ასე სრულყო საკუთარი თავიც და ქრისტიანული მოძღვრების ცოდნაც.

მხოლოდ მერე უარყო ის რჯული (რომელიც ასევე ძალიან კარგად იცოდა) და თავიდან ფარულად ლოცვა იწყო. ნების თავისუფლების ერთგვარი გვირგვინი მისი მონათვლა იყო. თითქოს ესღა იყო საჭირო, მეორე გარეგანი თავისუფლებისთვის ანუ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლა. ეს ის გარეგანი თავისუფლებაა, აბოს რომ შეაცნობინებს, ის არდასამალი ნათელის მფლობელია და სხვებსაც უნდა მოჰფინოს.ლეონს ახსენებს მაცხოვრის სიტყვებს: არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთაო და მიდის უფლებების მოსაპოვებლად.

აბოს უფლება აქვს, უყვარდეს ყველა თავის გარშემო და თვითონაც უანგარო სიყვარულს იმსახურებდეს.

აბოს უფლება აქვს, აღფრთოვანდეს თავისი „ნაპოვნი“ ჭეშმარიტებით  და ამ პოვნის სიხარული სხვასაც გადასდოს, ამიტომაც არ იმალება, როცა აფრთხილებენ კეთილისმყოფელნი.

აბოს უფლება აქვს, არ ეშინოდეს არც გინების, არც მუქარის, არც მაცდურად ტკბილი სიტყვების.

აბოს უფლება აქვს, უარი თქვას ყველაზე არაძვირფას ოქრო-ვერცხლზე და იყოს სახიფათოდ თამამი მსაჯულის წინაშე.

აბოს უფლება აქვს, იყოს იმდენად მართალი და თავისუფალი თავის რწმენაში, რომ ცრუ მოძღვარნი იქმნენ ,,სირცხვილეულნი“.

აბოს უფლება აქვს და უნდა, მოკვდეს ქრისტესთვის, თუკი ქრისტესთვის სიცოცხლის უფლებას ჩამოართმევენ.

და სწორედ აქ ერწყმის აბოს გარეგანი თავისუფლება  მესამე, სულიერ თავისუფლებას, როცა ადამიანის სხეული დაცლილია ვნებებისაგან, სურვილებისაგან, ცდუნებებისაგან. და სულიერი თავისუფლების საოცარ გამოხატულებას აღწერს იოანე საბანისძე: ,, ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა…“

აღესრულა აბო თავისუფალი და დაიმსახურა ნათელი ღვთისგან, ქება იოანე საბანიძისგან და ხსოვნა ქართველი ხალხისგან.

 

***

დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს არ უჩნდებათ კითხვა: აბო რომ ქართველი ყოფილიყო, მოღალატე ხომ იქნებოდაო. პირველად რომ დამისვეს, მახსოვს, შევკრთი. ახლა ისე დარწმუნებით ვპასუხობ ხოლმე, იქით აკრთობთ ჩემი თავდაჯერება. არა, არ იქნებოდა! რადგან მოღალატეები რჯულს იცვლიდნენ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ძლიერთა ამა ქვეყნისათა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუნდაც საკუთარი ტყავის გადასარჩენად (მოღალატე იყო ვარსქენი, რომელმაც მაზდეანობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, ,, რაითამცა სათნო ეყო მეფესა“ და ამით თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა). როგორ მოექცეოდნენ ქართველები? ზუსტად ისე, როგორც არაბები მოექცნენ აბოს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები იქნებოდნენ. არც მაშინ და მით უმეტეს, ჩვენს ეპოქაში. მაშინ, როცა ჩვენი თანამედროვეობის, დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებია და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

დიახ, აბომ მოიპოვა უფლება, 21-ე საუკუნეშიც ვკითხულობდეთ, ვფიქრობდეთ და განვიცდიდეთ მისი თავისუფლების ამბავს.

 

 

ქართული ხელოვნება Google-ის ვირტუალურ მუზეუმში   

0

Google-მა 2011 წელს ინტერმეტმომხმარებლებს ხელოვნების ყველაზე მასშტაბური, და როგორც მერე აღმოჩნდა, პოპულარული პლატფორმა შესთავაზა – ციფრული მუზეუმი, რომელიც საწყის ეტაპზე 17 საერთაშორისო მუზეუმში დაცულ კოლექციებს აერთიანებდა. ეს რიცხვი 2012 წელს 151-მდე გაიზარდა, დღეს კი 1000-ზე მეტი პარტნიორი გალერეა, მუზეუმი და არქივი ჰყავს.  მუზეუმი ღიაა ნებისმიერ სახელოვნებო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის. ერთგვარი საგამოფენო სივრცე სხვადასხვა ტიპის მასალებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან – აქ შეგიძლიათ ნახოთ ისტორიული კადრები, ეროვნული კოსტიუმები, ილუსტრაციები, ნახატები, არქიტექტურული ძეგლები, სკულპტურები და ა.შ. თითოეულ აქ „დაცულ ექსპონატს”, ცხადია, მოჰყვება ინფორმაციაც, რომელიც ამ რესურსს საგანმანათლებლო ფუნქციასაც მატებს. რესურსის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის თავისუფლად შეუძლიათ როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად, ასევე მასწავლებლებსა და ლექტორებს სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებისთვის. სასწავლო მისია მუზეუმს დეკლარირებულიც აქვს და მომხმარებლებს, გარდა ექსპოზიციებისა, სთავაზობს ვიდეოგაკვეთილებს, ლაბორატორიას, აუდიოგიდებს და ტურებს მუზეუმებში. Google-ის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი კოლექციების წყობაა. აქ ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და შინაარსის მიხედვით საინტერესო ფორმით არის დაწყობილი და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს უმარტივებს ზღვა მასალაში ორიენტირების პროცესს. გარდა ამისა, კურატორებისთვის არის საინტერესო სამუშაო – სხვადასხვა ინსტიტუციებში დაცული მასალების ერთ სივრცეში ნახვა და საერთო კონტექსტების ძიება. ონლაინმუზეუმი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რომ ინტერნეტში აღარაფერს აღარ აქვს საზღვრები და ყველაფერი შენს ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, იცოდე, როგორ გამოიყენო ესა თუ ის მასალა.

 

Google-ის ხელოვნების მუზეუმში ქართული ხელოვნების ინტეგრირება  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა – ხელოვნების სასახლემ (https://bit.ly/2heqtbZ ) დაიწყო და ამ დროისთვის 300-ზე მეტი ექსპონატით არის წარმოდგენილი. დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, პეტრე ოცხელი – ეს ის სახელებია, რომლებიც საერთაშორისო პლატფორმაზე საკმაოდ ფართო მასშტაბით არიან წარმოდგენილი. აქვეა თბილისის შესახებ ნამუშევრები, ქართული სამოსი, ტექსტილი, სცენის მხატვრობა და სამკაულები.

 

ქართული ხელოვნების მუზეუმში განთავსება ცხადია, ძალიან კარგი პრეცედენტია. ვისურვებდი, ერთი მუზეუმის პრაქტიკა სხვებსაც გაეზიარებინათ; გლობალურ პლატფორმებზე გაეტანათ ის, რითაც ასე ვამაყობთ, რაც გვგონია, რომ ყველამ უნდა ნახოს. თუმცა თუ გუგლის მუზეუმს დროებით დავხურავთ და საძიებო სისტემებში იმ ხელოვანების გვარ-სახელებს ჩავწერთ, რომლებიც პირველად გაგვახსენდებიან, შესაბამისად, ყველაზე პოპულარულები არიან, მივხვდებით, რომ წინ დიდი შრომა გვაქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ გვაქვს თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც სამინისტრო, მუზეუმები და სხვა ინსტიტუციები გაჰყვებოდნენ და ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებოდნენ, ქართული ხელოვნება უფრო პრეზენტაბელური ყოფილიყო ონლაინსამყაროში, რაც მას კონკრეტული დაწესებულებების კედლებს მიღმა სრულფასოვნად და ღირსეულად ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

 

 

Google-ის მუზეუმის განხილვა რამდენიმე ასპექტით არის ჩვენთვის საინტერესო და თუ მის გამოყენებას სასწავლო პროცესში გადაწყვეტთ, შეგიძლიათ თხოვოთ მოსწავლეებს, მოძებნონ მსგავსი რესურსები და გააკეთონ ანალიზი, რომელი ქვეყანა როგორ და რა ფორმით, რა მასშტაბით არის წარმოდგენილი თითოეულ მათგანზე. შესაძლოა იმაზეც ვიფიქროთ, როგორ დავალაგებთ თანმიმდევრობას, ვის დავაყენებთ პირველ ადგილზე და რა მოტივით, ჩვენს ხელში რომ იყოს ვირტუალურ არქივებსა და მუზეუმებში ქართული კულტურის გატანა. რა პრინციპით ვიხელმძღვანელებდით თანმიმდევრობის დადგენისას. ცხადია, შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმაზეც, ჩვენთვის საინტერესო რა კონტექსტები შეგვიძლია ვეძებოთ და ვიკვლიოთ გლობალურ ვირტუალურ საცავებში. ბევრი კუთხის მოძებნა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, კრიტიკულად შევხედოთ ჩვენს ქმედებებს კულტურის შესწავლის, ხელოვნების პოპულარიზაციის, მიმდინარე პროცესების ანალიზისას, რომ არ აღმოვჩნდეთ თამაშგარე ვითარებაში იქ, სადაც ყველაზე მარტივია იყო პროცესის ნაწილი – თანამედროვე გლობალიზაციისა და დიგიტალიზაციის ეპოქაში.

 

 

 

 

სულ სხვა მოზარდები

0

მათი ცხოვრება უწყვეტი რეპორტაჟი, მათი რელიგია კი ურთიერთობაა. როგორ ცხოვრობენ დღევანდელი მოზარდები? რა განასხვავებს მათ წინა თაობისაგან?

 

თანამედროვე მოზარდები დარწმუნებული არიან თავიანთ უნიკალურობაში – თუკი ადრე ბავშვს ლამის დაბადებიდანვე შთააგონებდნენ, რომ ის საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს, ეს მიდგომა შეიცვალა. თანამედროვე მოზარდს უნდა ჰქონდეს თავისი გზა, თავისი არჩევანი, არავის აქვს უფლება, მას საკუთარი აზრი მოახვიოს, მათ შორის მშობლებს, რადგან ამით ინდივიდუალურობას დაუკარგავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზარდი აღარ იქნება განსხვავებული, ვერასოდეს გახდება კაშკაშა ვარსკვლავი, ვერ განვითარდება, ვერ წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც მოზარდი, რომელსაც არ სურს, გაითვალისწინოს სხვისი გამოცდილება, საკუთარი შეცდომების დაშვებით ერთობა და საბოლოოდ, თავს ვერ ართმევს დასახულ მიზანს, არც ის იცის, რაში გამოიყენოს პროტესტით მოპოვებული თავისუფლება.

 

მოზარდები ფიქრობენ, რომ პოპულარული მაშინ ხარ, თუკი ურთიერთობის ანა-ბანა გესმის – თხუთმეტი წლის წინ „კარგ ტიპად“ სხვა მოზარდებს მიიჩნევდნენ: მათ, ვის მშობელსაც ბევრი ფული ჰქონდა ან „მოძველბიჭო ელემენტებს“. „კარგი ტიპობის“ ფენომენს ნეგატიური ელფერი დაჰკრავდა. ახლანდელ თაობას აღარ აინტერესებს „კაი ტიპობა“ და მას  პოპულარობასთან არ აიგივებს. ახლანდელ მოზარდს რომ ჰკითხო, სურს თუ არა „კაი ტიპობა“, გულწრფელად გაოცდება და დაახლოებით ასე გიპასუხებთ: იმისათვის, რომ პოპულარული იყო, უნდა გეხერხებოდეს ნებისმიერ „თემაში ჩართვა“, რამდენიმე სფეროთი დაინტერესება და ამის აფიშირება საჭირო დროს და ადგილას“. თანამედროვე მოზარდები იოლად ურთიერთობენ ერთმანეთთან – უშუალოდ თუ სოციალურ ქსელებში უცბად პოულობენ საერთო ენას.  მათთვის ურთიერთობა რელიგიაა. მოზარდს მოსწონს სხვა მოზარდი რომელიც გახსნილია, მხიარული, პოზიტიური, სწრაფად პასუხობს ყველა კითხვას. ასეთი „ტიპი“ შეიძლება გახდეს პოპულარული, გაიფართოვოს ნაცნობების წრე. ნაცნობები კი სოციალური კაპიტალია. რაც უფრო ბევრი ხელმომწერი გყავს, მით უკეთესი. მოზარდთა თანამედროვე ხატი ბლოგერია, მოზარდის ყველაზე ხშირი სურვილი კი – გახდეს ცნობადი, თავისუფალი და მდიდარი.

 

მოზარდები ცხოვრობენ პრინციპით „ვპოსტავ, ე.ი. ვარსებობ“ – მოზარდის ცხოვრება უწყვეტი რეპორტაჟია. ის ფოტოს უღებს ყველაფერს: მოკბეჩილ ფუნთუშას,  სარკეში ანარეკლს, მეზობლის ძაღლს, ქუდების გამყიდველს. თუ არ გადაიღე, ძვირფასი მომენტი  გაშვებულად ჩაითვლება. არცერთი წამი არ დაბრუნდება. ამიტომ მოზარდისთვის აუცილებელია ყველაფერის ნახვა, დაგემოვნება, გრძნობა.

მოზარდებს არ შეუძლიათ ვრცელი ინფორმაციის აღქმა – უმეტესობისთვის დიდი ტექსტის კითხვა რთული და მოსაწყენია. ისინი ამბობენ: „აუ, რამდენი სიტყვაა“. მათ აქვთ იეროგლიფური ცნობიერება: სურათი და პატარა მინაწერი. მაშინაც კი, როდესაც კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან, სიმბოლოების ნაკრებს იყენებენ. მათი ამოცანა არ არის გრძნობების სიტყვებით აღწერა. ამას ისინი „ლაიქებითაც“ ახერხებენ.

 

შეიძლება თუ არა ასეთ მიდგომას ერთგვარი დეგრადაცია ვუწოდოთ? რაღაც კუთხით, კი. ამერიკულმა კომპანია „სტატისტიკ ბრეინმა“ 2016 წელს ადამიანების ყურადღების კონცენტრაცია გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ 2000 წელს ის 12-წამიანი იყო, 2015 წელს კი 8,25-წამიანი გახდა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვეღარ შევძლებთ ყურადღების გამახვილებას ერთ კონკრეტულ ამბავზე. წუთის განმავლობაში ჩვენ 25 „სნეპჩათი“ მოგვდის და ყველაფერზე რეაქციას გამოვხატავთ და პასუხებს ვიძლევით.

 

საკუთარი თავის მუდმივ ძიებაში – ბევრი მშობელი შვილს სხვადასხვა წრეზე ატარებს, რათა მან საკუთარი თავი იპოვოს. მოზარდი მუსიკალური სკოლიდან ცეკვაზე გარბის, შემდეგ ძერწვაზე, ჭადრაკსა და ფეხბურთზე, შაბათ-კვირას – ცურვაზე, მშობელი ზის და ელის: „აი, ახლა-ახლა ამოარჩევს რამეს“. ბავშვს კი ესეც მოსწონს, ისიც, აქაც არაუშავს-რა და იქაც…

 

ადრე ასეთ წრეებზე ბავშვს დაღლამდე აშრომებდნენ და ის გრძნობოდა, რომ მისგან ვიღაცის აღზრდა უნდოდათ. მაგალითად, ფეხბურთის სექციაში – ფეხბურთელის. ახლა სხვაგვარი წრეებია – ბევრგან ბავშვებს ართობენ, არ ასწავლიან ან თამაშით ასწავლიან, მშობლები ამაში ფულს იხდიან.

 

მაშინაც კი, როცა ბავშვი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ხატვა მოსწონს, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მან თავისი ცხოვრების საყვარელი საქმე იპოვა. დიახ, ხატვაზე სიარული ახარებს, მას იქ ართობენ, მაგრამ როდესაც ამ პროფესიით იწყებს მუშაობას, ხვდება, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ახლა ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობას იწყებენ  და რამე არ გამოსდით, ამბობენ: „ეს ჩემი საქმე არ არის, ასე არ უნდა ხდებოდეს, კარგად უნდა გამომდიოდეს. მე კიდევ სიამოვნებას საერთოდ ვერ ვიღებ და ანაზღაურებაც დაბალი მაქვს“.

 

სინამდვილეში კი ბავშვს ბრძოლა არ ასწავლეს და გამძლეობა ვერ გამოუმუშავეს. დასაქმებული ახალგაზრდა ხშირად ამბობს, რომ საკუთარი თავი ვერ იპოვა და ძიებას აგრძელებს. ადრე სხვა სისტემა იყო: სწავლობდი, მერე პროფესიით იწყებდი მუშაობას და ცდილობდი იქ გეპოვა საკუთარი თავი.

 

ცდილობენ რჩევისთვის მეგობრებს მიმართონ, რადგან მშობლები უბრალოდ ვერაფერს ურჩევენ – ვერ ეხმარებიან იმაში, რაც მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება – საკუთარი თავის და გზის პოვნაში. ახლანდელ მოზარდს დიდი არჩევანი აქვს. მშობლებს კი ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მიუღია: საკუთარი გზის არჩევისას არანაირი მრავალფეროვნება არ ჰქონია. იყო მხოლოდ ორი-სამი ბილიკი და ერთხელაც ერთ-ერთს დაადგა და მთელი ცხოვრება ტკეპნა…

ახლანდელი ბავშვი კი მშობელს ეკითხება: „დედა, მამა, რა გავაკეთო, საით წავიდე?“ ისინი პასუხობენ: „მომისმინე, შვილო, შენ შენით უნდა გაერკვე. ჩვენ არ გვაქვს უფლება თავზე რამე მოგახვიოთ“. სინამდვილეში კი, მათ უბრალოდ არ იციან, საით უნდა წავიდეს მათი შვილი, მათ იქ არასდროს გაუვლიათ. ამიტომ ისინი ამბობენ: „ჩვენ შენი გვჯერა. შენ ყველაზე კარგი და მაგარი ხარ! შენ ყველას მოუგებ, საკუთარ თავს იპოვი!“ სინამდვილეში კი ეს უფრო იმ მომენტს ჰგავს, როდესაც სტარტზე დგახარ და ყველა გიყვირის, რომ აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა გახვიდე. მშობლები ფიქრობენ: „თუ მე არ შემიძლია დავეხმარო ბავშვს გზის პოვნაში, მაშინ რის გაკეთება შემიძლია? ბავშვი ერთობა, უხარია, მოდი, მეც ასე მოვიქცევი. მე ხომ მისი მეგობარი ვარ, მეც ვიმხიარულებ“. ხოლო როცა ბავშვს რაიმე სერიოზულ თემაზე რჩევა დასჭირდება, ის მშობელთან კი არა, თანატოლთან წავა…

 

ისინი უფროსებთან ლიბერალურ ურთიერთობას მიეჩვივნენ – საზოგადოება ბავშვებზე „მორგებული“ გახდა. მშობლები ცდილობენ მოუსმინონ ბავშვს, გაუგონ, გაითვალისწინონ მისი ინტერესები, საუბრისას ყველაფერი განუმარტონ, ერთად იმსჯელონ. ახლა ნაკლებად ჭრის ასეთი მიმართვის სისტემა: „ეი, შენ! აქ მოდი, ის მოიტანე, დაჯექი, ადექი“. კი, ასეთებიც ხდება „ტრადიციულ“ ოჯახებში, სადაც უფროსი თაობის იერარქია მძლავრობს. თუმცა, ძირითადად, ბავშვებთან ლიბერალური ურთიერთობის ტენდენცია ჭარბობს.

 

ბავშვებსაც სურთ მშობლებთან კომუნიკაცია. აღარ აქვთ იმის განცდა, რომ მათგან რაღაცას ითხოვენ. პირიქით, ხვდებიან, რომ მათ თანასწორი ადამიანებივით ეპყრობიან და ეს მშვენიერია. თუ ასეთი დამოკიდებულება ბავშვობიდანვე იწყება, მოზარდობაში გადასვლისას, შვილი მშობლებთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მიენდობა და გაუზიარებს თავის პრობლემებს.

 

მოზარდი მშობელთან ურთიერთობაში სარგებელს ეძებს – ასეთი ლიბერალური ურთიერთობები ბაშვებისთვის ხელსაყრელია, მათ შორის მატერიალური თვალსაზრისით. შესაძლოა ბავშვები ამას ხშირად ვერც ხვდებოდნენ, მაგრამ თეორიულად, მათთვის ხელსაყრელია მშობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ყველაფერი საუკეთესო ხშირ შემთხვევაში უფროსებთან ერთად ხდება: ისინი ერთად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ერთად დადიან საინტერესო ღონისძიებებზე, ერთად ყიდულობენ იმ ტელეფონებს, რომელიც ბავშვს უნდა ჰქონდეს.

 

ისინი უკეთ გაუგებენ საკუთარ შვილებს – არა იმიტომ, რომ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მიეჩვივნენ გზის გაკვალვას. თანამედროვე მშობლების პრობლემა ის არის, რომ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას არ ცდილობენ. მაგალითად, არ ცდილობენ, გაიგონ რა არის „ჩატბოტი“. სამაგიეროდ, მოზარდები (მომავალი მშობლები) მუდამ ეცდებიან სიახლეების დაგემოვნებას.

 

სამეცნიერო კონფერენციის “განათლება და ღირებულებები” თეზისების კრებული

0

„ღირებულებები და განათლება,“ ამ თემაზე პირველი სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის ფარგლებში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის კვირეულში   ჩატარა. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში – “განათლების მეცნიერება”- https://www.jes.org.ge.

კოფერენციის თეზისების კრებულის გაცნობა  შესაძლებელია ამ ბმულზე:

 

კონფერენციის თეზისები

მუსან იზმაილი  – მილიონერი ადვოკატი, რომელიც მასწავლებელი გახდა

0

ადვოკატი, რომელიც თავის ექვსნიშნა ანაზღაურებას იმის გამო შეელია რომ მასწავლებელი გამხდარიყო, თავისი მოსწავლეების 95%-ს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად აგზავნის. ამ შემთხვევაში გაგზავნა დაფინანსებას არ გულისხმობს – მუსანის მოსწავლეები გამოცდების ჩაბარების შედეგად, თავად ხვდებიან საუკეთესო უნივერსიტეტებში.

მუსან იზმაილმა სამსახური ნორტონ როუზ ფულბრაითში დატოვა და საკლასო ოთახს მიაშურა. ამჟამად ის აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ნიუჰემის კოლეჯის დირექტორია. ერთწლიანი მუშაობის შედეგად, მისი 200 მოსწავლიდან 190-მა წარმატებით ჩააბარა Russell Group-ის უნივერსიტეტებში. Russell Group-ში მოხვედრა ბრიტანეთში არსებული უნივერსიტეტებსთვის მეტისმეტად პრესტუჟულია. საქმე ისაა, რომ ყოველწლიურად ამ ქვეყანაში პროფესორები 24 უნივერსიტეტს გამოარჩევენ, კვლევის, სწავლების, გამოცდების შედეგებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით და საუკეთესო შედეგის მქონეებს Russell Group-ის სიაში ათავსებენ. მაგალითად, 2017 წელს ამ ჯგუფის სათავეში ბირმინგემის უნივერსიტეტი მოექცა, რომელსაც მიჰყვა ბრისტოლის, კემბრიჯის, კარდიფის უნივერსიტეტები და სხვა კიდევ ოცი სასწავლებელი.

38 წლის მუსან იზმაილმა სამსახური იმის გამო დატოვა, რომ გამოცდილება მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა, მათთვის მეტი ცოდნა გადაეცა, რომ მათაც მასწავლებლის მსგავსი წარმატებისთვის მიეღწიათ.

  • მგონია, ხალხმა გააანალიზა, რომ მოსწავლეებსა და ზოგადად, ადამიანებს აღმოსავლეთ ლონდონიდან ნამდვილად არ ჰქონდათ საჭირო უნარები და კულტურული კაპიტალი იმისთვის, რომ მათ ისეთივე წარმატებისთვის მიეღწიათ ბრიტანეთის კომპანიებში, როგორც ცენტრალურ ლონდონში მაცხოვრებლებს – ამბობს იზმაილი The Independent-თან საუბრისას.
  • მშობლებს დაუოკებელი სურვილი აქვთ, შვილებმა კარგად ისწავლონ, პროფესიული განათლება მიიღონ და დასაქმდნენ, თუმცა, ვერ აანალიზებენ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ საჭირო კონტაქტები, არ იციან როგორ მოხვდნენ საჭირო ადგილზე. და მე, როდესაც დავფიქრდი, რომ პროფესიულ მაქსიმუმს მივაღწიე, საკუთარ თავს ვკითხე – რას აკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეხმარო? – და მასწავლებელი გავხდი. ეს საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს დავეხმარო. ჩემი მოტივაცია და მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს შევუწყო ხელი ჩააბარონ და ისწავლონ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. საზოგადო აზრი ისაა, რომ თუ ღატაკი ქალაქიდან ხარ, ნაკლები შანსი გაქვს ის აკეთო, რაც გინდა. თუმცა, აქ იმდენი ჭკვიანი და შრომისმოყვარე სტუდენტია, ვიცი, რომ მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ, მოტივაციის ბიძგი – მიზნის მისაღწევად.

 

მუსანის სკოლის მოსწავლეები ზაფხულობით ადრეული ასაკიდანვე გადიან სტაჟირებას პრესტიჟულ კომპანიებში გამოცდილების მისაღებად. ასევე, ყოველკვირეულად აქვთ საშუალება მოუსმინონ პროფესიონალი ექსპერტების ტუტორიალებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იქმნება.

  • ამას მხოლოდ აკადემიური წარმატებისთვის არ ვაკეთებ. ეს კორპორაციული მსოფლიოს, სამყაროს აღქმას ეხება, რომ მათ იცოდნენ საუკეთესო მაგალითები, იცნობდნენ ექსპერტებს, მომავალ კოლეგებს, მარტივად შეეძლოთ კომუნიკაციის დამყარება და თანმიმდევრულად, საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ზოგჯერ უკეთესია მოსწავლეს წინასწარ უჩვენო მოსალოდნელი საფრთხეები და ასწავლო მათი ამოხსნა, ვიდრე იჯდე და ელოდო როდის დაუშვებს შეცდომას – ამბობს იზმაილი.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...