პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ახალგაზრდებისათვის სამაგალითო სპორტსმენი

0

როდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის დროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი, როგორიც, მაგალითად, კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკელობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.

გალში დაბადებული და გაზრდილი თემურ ქეცბაია საფეხბურთო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მის მშობლიურ აფხაზეთში ომი დაიწყო და ქვეყანას უბრალოდ არ ეფეხბურთებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ქეცბაიამ ევროპისკენ მაინც გაჭრა სულ ციცქნა „ფანჯარა“ და საბერძნეთის საშუალო დონის კლუბ „აეკში“ გარჯითაც და პარალელურად საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თამაშითაც, მალე მოიპოვა მებრძოლი და შეუდრეკელი ფეხბურთელის სახელი.

90-იანი წლების ფეხბურთის ქომაგებს აბა რა დაავიწყებს მთელ რიგ თამაშებსა და მომენტებს, როდესაც საქართველოს ნაკრები უკვე დამარცხებული, გატეხილი და ბედს შეგუებული იყო და ერთადერთი ადამიანი, ვინც თავს არ ზოგავდა, ბოლომდე იბრძოდა, სიმწრის ოფლს ღვრიდა და მარცხის შემთხვევაში ცრემლსაც გვარიანად იდენდა – სწორედ თემურ ქეცბაია იყო.

ჩვენებური გულშემატკივრები ყოველთვის იხსენებენ და მუდამ გაიხსენებენ ქართველი ფეხბურთელების მიერ მიცემულ მშვენიერ პასებს, გატანილ ლამაზ გოლებს და ეს ბუნებრივიცაა. თემურ ქეცბაიას მაგარი გოლებიც გაუტანია და არც პასი დაუყვედრებია ვინმესთვის, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს თხრობითი წინადადებებით გადმოსცეს ქეცბაიას უმთავრესი ღირსება – ალალი ბრძოლის სიყვარული და ჟინი, რომელიც ამ კაცს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არ განელებია. სწორედ ამიტომაცაა თემურ ქეცბაია რიგითი ქომაგებისათვის ყველაზე ნათელი და კეთილმოსაგონარი მოთამაშე. ქომაგები ადვილად არჩევენ ყალბ და ნამდვილ გმირებს, მინდორზე მოზოზინე ნიჭიერ ვარსკვლავებს და მხოლოდ საკუთარი ფეხებისა და ილაჯის იმედად მყოფ ფეხბურთელებს. მწვანე მინდორზე, როგორც წესი, ყველაფერი ხელის გულზეა ხოლმე.

დღეს რაც ქართულ სპორტს და ჩვენი ქვეყნის სპორტულ განათლებას აკლია, არის სწორედ ის ყველაფერი, რაც თემურ ქეცბაიას ჰქონდა – ახალგაზრდებისათვის შეუპოვრობისა და მებრძოლი სულის ჩანერგვა. დღეს სპორტში და არამხოლოდ სპორტში ხშირად ვხედავთ იმედდაკარგულ და მომავალზე ხელჩაქნეულ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „მაინც არაფერი გამოვა და აზრი არა აქვს ტყულად ბრძოლას“. ამ საშინელი უილაჯობის სენის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია თემურ ქეცბაია და იმედია ამ კაცს მომავალ თაობებში არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდება.

„საბერძენთში დიდი ხანი ვითამაშე და ბევრი ფიქრობდა, რომ ტოპკლასის ჩემპიონატში ჩემი გადასვლა უკვე დაგვიანებული იყო. მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ცხოვრების ოცნება ამესრულებინა და ინგლისის პრემიერლიგაში მეთამაშა. ჩემს ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, სწორედ ეს მიზანდასახულობა აკლიათ“ – თქვა ერთხელ თემურმა მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. იმ დროს თემურ ქეცბაიას სიტყვებს ჩვენი ნაკრების არცთუ გულმისავალი თამაში ფარავდა. მაგრამ ამ ყველაფერით გულიან, მებრძოლ და სიმართლის მთქმელ კაცს არაფერი დაკლებია. არც უნდა დააკლდეს!

 

ვონეგუტის წერილი მოსწავლეებს  

0

ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ამ წერილს – სკოლის მოსწავლეებისადმი დიდი გულწრფელობით მიწერილს – შემთხვევით გადავაწყდი. შემეძლო დამეწერა, დიდი ამერიკელი მწერლის-მეთქი და არც შევცდებოდი. კურტ ვონეგუტის წიგნები ქართულად ნათარგმნიცაა და გამოცემულიც; იმ მკითხველებსაც ვიცნობ, მწერლის ყველა წიგნის წაკითხვა რომ გულით სურთ და გამოცემებს ერთმანეთს უცვლიან. სწორედ ერთმა ასეთმა მკითხველმა მათხოვა რუსულად ნათარგმნი „სარწეველა ფისოსათვის“ საუკუნის დასაწყისში. მერე ესე ვთარგმნე ლიტერატურული ჟურნალისთვის და მწერლის სტილმა თუ მეტად თავისებურმა იუმორმა კიდევ უფრო მომხიბლა. ამ წერილის კითხვისასაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ავტორი კურტ ვონეგუტია – კაცი, რომელსაც შეეძლო ყველაზე მწარე სიმართლე სიცილით ეთქვა.

2006 წელს ნიუიორკელმა ინგლისურის მასწავლებელმა, ვინმე ლოკვუდმა მოსწავლეებს სთხოვა, წერილები მიეწერათ საყვარელი მწერლისთვის და დაერწმუნებინათ ის, რომ მათ სკოლას სწვეოდა. ხუთმა მოსწავლემ სწორედ კურტ ვონეგუტს მისწერა. მართალია, მწერალმა მათი სურვილის შესრულება ვერ შეძლო, მაგრამ საპასუხო წერილი გაუგზავნა მოსწავლეებს.

„5 ნოემბერი, 2006

ძვირფასო ქსავიერის სკოლავ, მის ლოკვუდ, მისტერ პერინ, მისტერ მაკფილი, მისტერ ბეტენ, მისტერ მორერ და მისტერ კენჯიუსტა,

მადლობას გიხდით გულთბილი წერილებისთვის. კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გაამხნევოთ 84 წლის ბერიკაცი, რომელსაც წინ დიდი გზა აღარ უდევს. საზოგადოებაში უკვე აღარ ვჩნდები, იმიტომ რომ ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, იგუანას ვგავარ.

თანაც, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, დიდ დროს არ მოითხოვს: მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. აირჩიეთ, რაც გსურთ: მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა, მსახიობობა, ლექსების წერა, მოთხრობების წერა, ესეების წერა, რეპორტაჟების მომზადება… სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ. მთავარია, ვიღაც სხვად იქცეთ, აღმოაჩინოთ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაიზარდოთ.

მაშ, მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. დიახ, სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ, არამედ იმის აღმოსაჩენად, რაც თქვენშია დაფარული.

სერიოზულად! ამწუთასვე დაიწყეთ, შეუდექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე გზიდან არ გადაუხვიოთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეს მოახმარეთ. ადექით და მის ლოკვუდი დახატეთ – გინდა ლამაზად, გინდა სასაცილოდ – მერე კი ეს ნახატი მასვე გადაეცით. სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ცეკვა დაიწყეთ, სააბაზანოში იმღერეთ და ასე. კარტოფილის პიურე კაცის სახეს დაამსგავსეთ. გრაფი დრაკულა განასახიერეთ.

აი, დღევანდელი დავალებაც (იმედი მაქვს, მის ლოკვუდი ქულას არ დაგიწერთ, თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ): დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი – რაზეც გინდათ, იმაზე. ოღონდ აუცილებლად გარითმეთ. აბა, რა აზრი აქვს ჩოგბურთის თამაშს, თუ მაგიდაზე ბადე არ იქნება გაბმული. ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი ლექსი დაწეროთ. მაგრამ ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეთ. არავის აჩვენოთ ეს ლექსი, არც ვინმეს წაუკითხოთ – არც შეყვარებულს, არც დედას, არც მამას, არც ვინმე სხვას, მის ლოკვუდსაც კი არა. გასაგებია?

მერე პაწაწინა ნაკუწებად დახიეთ და ერთმანეთისგან კარგა მანძილით დაშორებულ ნაგვის ურნებში ჩაყარეთ. მიხვდებით, რომ უკვე მიგიღიათ დიდებული ჯილდო სწორედ ამ ლექსისათვის: ვიღაც სხვად ქცეულხართ, ბევრი რამ შეგიტყვიათ იმის შესახებ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაზრდილხართ.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

კურტ ვონეგუტი“

მის ლოკვუდის ადგილას, ქულას მართლაც არ დავუწერდი მოსწავლეს, რომელიც არ დამხატავდა და ექვსსტრიქონიან ლექსს არ დაწერდა, უფრო სწორად, ამ ლექსის დაწერისა და ნაკუწებად ქცევის ამბავს წვრილად არ მომიყვებოდა. ჩემი მხრივ, ვეტყოდი, ეს რობერტ ფროსტმა შეადარა ურითმო ლექსების წერა ბადის გარეშე ჩოგბურთის თამაშს-მეთქი და ამ დიდი პოეტის ლექსების კითხვასაც მოვყვებოდი.

დავბრუნდეთ ნიუ-იორკიდან.

კარტოფილის პიურედან კაცის სახის გამოძერწვასა და სააბაზანოში ამღერებას ჩვენს ქვეყანაშიც წინ არაფერი უდგას. ფული, დიდება – გარჯად არ ღირს. დავუჯეროთ ვონეგუტს: ყველაზე მნიშვნელოვანი ის აღმოჩენებია, რომლებამდეც საკუთარ თავზე დაკვირვებას მივყავართ, ყველაზე დიდი ჯილდო კი – ის, რომელსაც მაშინ ვიღებთ, როცა მასზე წამითაც კი არ ვფიქრობთ.

 

ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის…

0

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. ვცდილობ, მისი თვალით ვუყურო სამყაროს.

თაობები იცვლებიან… ჩვენ ვრჩებით…

დამეთანხმებით, როცა „კარგი კლასი“ გყავს, ხალისით მუშაობ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ბევრ აქტივობას გეგმავ და ახორციელებ. წარმატებით გახარებულს, ხშირად მიფიქრი: „რა მეშველება, ესენი რომ წავლენ? ვინ გამიკეთებს ასეთ პროექტს? ვინ დაწერს ისე, რომ შენი სტატიისა თუ იდეის თანაავტორი გახდეს?“ ასეთი სინანულით გავაცილე სხვადასხვა დროს გიორგი, ქეთი, ლუკა, სალომე, გოგა, პაატა, დიანა… ესენი ჩემი სტატიების გმირები და თანაავტორები არიან.

ყოველი ახალი სასწავლო წელი სიხარულთან ერთად სინანულითაც იწყება. ჩემი გმირები სკოლაში აღარ არიან, ან მათთან აღარ შევდივარ (მე-12 კლასში გეოგრაფია აღარ ისწავლება). ხანდახან სინანული მაბრაზებს კიდეც. მასწავლებლობის პირველ წლებში განსაკუთრებით გამიჭირდა. მეგონა, გიორგის, პაატას, გვანცას, კახას, გუგას… ვერავინ შემიცვლიდა. ასე არც არავინ შემიყვარდებოდა და ვერც ვერავინ გამიგებდა. ახლა ისინი უკვე წარმატებული ადამიანები არიან, მათი სიხარული და ბედნიერება მახარებს.

ასე შევდივარ ახალ კლასში და ყველაფერი თავიდან იწყება.

ვიწყებ ჩემი გმირების ძებნას… ძებნას და შექმნას…

ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო… ჩვენც ერთად ვაშენებთ… ვკამათობთ, ვხუმრობთ, შენებით ვტკბებით…

გაკვეთილებსაც კი მათთან ერთად ვგეგმავ. სამოდელო გაკვეთილებიც მათ „მიკარნახეს“.

საერთაშორისო ტენდენცია ასეთია: ტრადიციული, „მასწავლებელზე ორიენტირებული“ მიდგომიდან განათლება „მოსწავლეზე ორიენტირებულ“ მიდგომაზე გადადის. ეს მოდელი ფოკუსირებულია იმაზე, რისი გაკეთება შეეძლება მოსწავლეს მოდულის ან პროგრამის დასრულების შემდეგ.

ჩვენი თაობა ვასწავლით, როგორც ვიცით და შეგვიძლია. ვსწავლობთ (ტრენინგებს გავდივართ, გამოცდებს ვაბარებთ…) და ვასწავლით.

ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ენერგიას, ძალასა და ემოციას არ ვიშურებთ. ვშრომობთ, ვიბრძვით, ვბრაზობთ, როცა არ სწავლობენ, ვხარობთ, როცა წარმატებას აღწევენ. ახალგაზრდა თაობას სკოლაში მუშაობა არ უნდაო. არადა არიან მსურველები. სწორედ მათზე მინდა მოგითხროთ. მათზე და მოსწავლეებზე, რომლებიც მათთან თანამშრომლობით სხვადასხვა უნარ-ჩვევებს იძენენ. თუმცა არა მარტო ისინი – მეც გამუდმებით ვსწავლობ ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისგან.

ბედმა მარგუნა, მონაწილეობა მიმეღო მასწავლებლის სახლის პროგრამებში, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებლებთან მუშაობას ითვალისწინებდა. მაძიებლობის პროგრამის შემდეგ დამწყები მასწავლებლის მომზადების პროგრამაში მოვხვდი. ახალგაზრდებმა ახალი სიცოცხლე შემოიტანეს სკოლაში. სწავლებასთან ერთად მუდამ იმის ცდაში ვიყავი, დადებითი კუთხით დაენახათ ჩვენი პროფესია. თავად მე ხომ ამაზე უკეთესი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება.

მათთან დღესაც მაქვს ურთიერთობა. მიხარია მათი წარმატება. ყოფილი მაძიებლები თეონა, ნინი და თამარი უკვე წარმატებული მასწავლებლები არიან.

ძალიან მომწონს ახლაგაზრდებთან მუშაობა. დამწყები მასწვლებლების პროგრამიდან ყველაზე უფროსი 27 წლის იყო. დღეს ყველა სკოლაში ასწავლის. ჩემი საყვარელი გოგო-ბიჭები… თუმცა ბიჭი ერთი გვყავდა. ისიც უპირობოდ ლიდერად ვაღიარეთ.

„თემო მაგარია“, – ვამბობდით ერთხმად. თუმცა თითოეული მათგანი გამორჩეული იყო. სოფოს, რომელიც განსხვავებული მენტალობის ბავშვებს ასწავლის, შინიდან სკოლამდე და უკან არცთუ უსაფრთხო გზაზე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. არადა სკოლამდე რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და აღფრთოვანებული გვიყვებოდა, როგორ იპოვა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, რომ მასწავლებლობა მისთვის სიამოვნებაა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ბავშვები სკოლაში მიიზიდოს და არ დაკარგოს. მშვენიერი ანუკი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა სამსახურის პოვნა, მაგრამ თავისი პირველკლასელები (ახლა უკვე მესამეკლასელები) ყველაფერს ურჩევნია. ნათია და თინიკო უკვე დედები არიან და მშობლის პოზიციიდან აფასებდნენ საკუთარ ქმედებებს. თინიკომ, რომელსაც უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, მაინც მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, რადგან უნდოდა, გაძლიერებულიყო (მისი სიტყვებია).

თემო კი, ჩვენი ჯგუფის ლიდერი, არაქართულენოვან ბავშვებს ქართულ ენას და ბუნებისმეტყველებას ასწავლის. მისი ყოველი გაკვეთილი სიახლისა და კრეატიულობის ზეიმი იყო. სკოლაშიც გაუმართლა, მოვიხიბლე დირექტორითა და კოლეგებით.

მერე იყო სტუდენტების კონსულტირება. სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი პრაქტიკას ჩვენს სკოლაში გადიოდა. ორი სალომე, ორი ახალგაზრდა, რომლებსაც უამრავი იდეა და გეგმა აქვთ. სკოლაში მათმა მოსვლამ ხალისი შემოიტანა. მეც და ჩემი მოსწავლეებიც გამუდმებით ვცდილობდით გვეჩვენებინა მათთვის, რომ არჩევანში არ შემცდარან, რომ სკოლა საუკეთესო ადგილია ამქვეყნად (ეს ჩემი სიტყვებია).

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კრედიტების დაგროვება არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ხშირად გაიგონებთ, რომ მოსწავლე აღარავის ახსოვს და მასწავლებლები მხოლოდ კრედიტებს ითვლიან, რომ სამოდელო გაკვეთილი თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც კრედიტით ფასდება, მხოლოდ მასწავლებელზეა ორიენტირებული.

სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისა და შეფასების ტრენინგზე ასეთი აქტივობა გვქონდა: მონაწილეებს უნდა ჩამოეყალიბებინათ, რა მნიშვნელობა აქვს სამოდელო გაკვეთილს მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. ტრენინგზე ვთანხმდებოდით, რომ მოსწავლე ამ დროს არაერთ უნარ-ჩვევას იძენს. მართალიც არის. სტუდენტების დასწრებამ ჩემი ბავშვები სხვა კუთხით დამანახა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დამოუკიდებლად ჩაატარეს გაკვეთილები. ჩემი გადარეულები ისეთი მობილიზებულები იყვნენ, ისე ჩაატარებინეს გაკვეთილი გამოუცდელ მასწავლებლებს, რომ მათი ხელმძღვანელი აღფრთოვანებული დარჩა. ისეთი თანადგომა ვიგრძენით, რომ ჩვენ, უფროსებიც დავფიქრდით ჩვენს ურთიერთობებზე. ახლა უკვე მე-10 კლასში არიან, მსოფლიოს გეოგრაფიის შესწავლას ერთად შევუდექით. კვლავ ერთად ვგეგმავთ მუშაობის პროცესს, ვიკვლევთ, ვაანალიზებთ, დასკვნები გამოგვაქვს. მხიარულად და საინტერესოდ მიედინება ჩვენი ცხოვრება. მე ისევ მყავს სალომე, მაკინე, დიმიტრი, მარიამი, ლუკა… ახლა ისინი არიან ჩემი გმირები, სტატიების თანაავტორები… ცოტა ხანში მათი კვლევის შედეგებს შემოგთავაზებთ.

პარალელურად კი მეშვიდეკლასელებთან მიხდება თავიდან დაწყება, გეოგრაფიის ანბანის სწავლება. ვიცი, რომ მალე ახალი გმირები მეყოლება: ბარბარე, ანანო, თეგი, ანა, ნუცა, ნიკა, ელო… ცოტა დრო გვჭირდება, ცოტაც „ბრძოლა“ და ჩემი გმირები მზად იქნებიან.

ვწერ სიყვარულზე, წარმატებაზე… გგონიათ, მე არ მაქვს პრობლემები? მე არ მიგრძნია იმედგაცრუება და არ მქონია ჩავარდნილი გაკვეთილი? არ მითქვამს, რომ ჩემი ადგილი აქ არა არის? მიგრძნია, მითქვამს, მაგრამ მერე ისევ სიყვარული მძლავრობს და ვიწყებ ბრძოლას სიყვარულისთვის, სიმართლისთვის… ჩემმა მეგობარმა თქვა: „სიყვარული აღარ მყოფნის, რომ ვაპატიოო“. მომეწონა, დამაფიქრა… ახლა ვიცი, როცა სიყვარული მყოფნის. ვუგებ და ვპატიობ, წარმატებასაც ვაღწევ და ბედნიერიც ვარ და ვმარცხდები იქ, სადაც სიყვარული აღარ მყოფნის.

ამიტომ მინდა სიყვარულზე წერა და საუბარი. მინდა, ჩემს ბავშვებს სიყვარული ვასწავლო, დავანახო, რომ როცა გიყვარს, ბედნიერი ხარ, რომ სიყვარულით ყველა დაბრკოლებას გადალახავ, რომ მაშინ მარცხდები, როცა სიყვარული გელევა.

ჩვენც გვიყვარს და ვიბრძვით… ცხოვრებას, პატიებას და ურთიერთპატივისცემას ვსწავლობთ.

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. მე მისი თვალით ვუყურებ სამყაროს.

 როგორ  გამოვიყენოთ  არავერბალური კომუნიკაცია

0

მსოფლიოში  მრავალი ჟესტი არსებობს. სხვადასხვა კულტურა და სხვადასხვა სფერო განსხვავებულ ჟესტებს გამოიყენებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სხეულის ენა, რადგან კომუნიკაციის 55% მისი საშუალებით გამოიხატება.  ჩვენ  იმ მოსაზრებასაც ვეთანხმებით, რომ ეს ადამიანში დაფარული ჭეშმარიტი ემოციების წვდომის გზაა. ხელოვნების ისეთი დარგები, როგორებიცაა ბალეტი, ხატვა, მუსიკა, მთლიანად არავერბალურ კომუნიკაციას ეფუძნება, ანუ მათში ასახული ემოციები აღიქმება არავერბალური გზით. ჩვენ სიტყვების გარეშე ვგრძნობთ  სიმშვიდეს, ნაღველს, სიყვარულს, ჰარმონიას და შესაძლოა – უფრო მძაფრადაც კი, ვიდრე სიტყვების საშუალებით.

1872 წელს ჩარლზ დარვინის კვლევების შედეგად  არავერბალურ კომუნიკაციას ჩაეყარა საფუძველი და იგი ადამიანებსა და ცხოველებში ემოციების გამოხატვას დაეფუძნა. დარვინის კვლევებმა გასაქანი მისცა წარმოდგენას არავერბალური კომუნიკაციის გავლენაზე, გამოხატვასა და სიგნალებზე. ჟესტები ესაა ურთიერთობა სიტყვების გარეშე, მხოლოდ მანერით, გარეგნობით, სახის გამომეტყველებით, მზერით და სხვა. ესაა საუკეთესო გზა, ამოვიცნოთ სხვა ადამიანთა გრძნობები, ემოციები. არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ყველაფერს სიტყვების გარეშე ვგრძნობთ. ზოგჯერ არავერბალური კომუნიკაცია უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე ვერბალური. არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის ყველაზე სანდო გზაა. მკვლევრები იმასაც კი ამბობენ, რომ ის მოკლებულია სიყალბეს.

მასწავლებლებს კლასის უკეთ სამართავად  განსაკუთრებით ძლიერი საკომუნიკაციო  უნარები გვჭირდება.

არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის წამყვანია. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ  სხეულის ენა. ისინი ადვილად ხვდებიან ჩვენს ემოციებს, შემოდიან კონტაქტში და ზუსტად გრძნობენ მასწავლებლის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

საკლასო ოთახში ყველაფერი მეტყველებს – მატერიალური საგნებიდან დაწყებული  სიჩუმით  დამთავრებული. არავერბალურ კომუნიკაციას ბავშვები  ვერბალურ კომუნიკაციამდე სწავლობენ. ამიტომ მას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ უფრო მეტი რამ იციან, ვიდრე სიტყვებით გადმოგვცემენ. ვერბალური კომუნიკაცია მათთვის ლიმიტირებულია, არავერბალური კი უფრო ფართოა და  ცოცხალი, რადგან იგი:

  1. სანდოა და მრავლისმთქმელი;
  2. სიტყვები ლიმიტირებულია;
  3. არავერბალური სიგნალები უფრო ძლიერია;
  4. უფრო საიმედო და სანდოა.

 

არავერბალური კომუნიკაციის  კატეგორიებია:

  1. ფიზიკური;
  2. სიმბოლოები, ნიშნები;
  3. სიგნალები;
  4. ესთეტიური.

ამ ოთხივე კატეგორიის გაკვეთილზე გამოყენება უთუოდ ეფექტური იქნება.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

  1. ფიზიკური კომუნიკაცია – სიცილი, წარბების პოზა, თვალის კონტაქტი და სხვა სახის სხვადასხვა მიმიკით გამოიხატება. მისი გამოყენება ნებისმიერ გაკვეთილზე ეფექტურია.

 

  1. სიმბოლოები, ნიშნები: ვიზუალური მასალის გამოყენება გაკვეთილს ეფექტურს ხდის, სიმბოლოები მეტყველებენ, იზრდება მოსწავლეების ჩართულობაც და მოტივაციაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიზუალური მასალა გაკვეთილის თემასთან იყოს კავშირში, მოსწავლეების ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით.

ქვემოთ წარმოდგენილია  სიმბოლოები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დადებითი და უარყოფითი პასუხების დროს.

 

მოსწავლეთა შეფასებისას, კომენტარების გარდა, ჩვენ შეგვიძლია არავერბალური მეთოდიც გამოვიყენოთ. მაგალითად, სურათზე გამოსახული მეთოდი ეფექტურია შეფასების დროს და იგი მეტი სწორი პასუხის შემთხვევას ასახავს. სურათთან ის მოსწავლე შეგვიძლია დავაყენოთ, ვისაც უფრო დიდი კუნთები აქვს.

  1. როცა მოსწავლემ იცის სწორი პასუხი, შეგვიძლია გამოვიყვანოთ დაფასთან და ასეთ ნახატის გვერდით მდგარს გავაცემინოთ პასუხი.

 

სიგნალები – დროშები, ფერები, ზარის რეკვა – ეს ის სიგნალებია, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობითაა დატვირთული. მათი რაოდენობა  ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ. მაგალითად, კლასში გვქონდეს პატარა ზარი და მას, გარდა გაკვეთილის დაწყებისა და დასრულებისა, მივანიჭოთ დამატებითი ფუნქციაც. როცა მოსწავლე გვპასუხობს და პასუხი საკმარისია, მას ზარის რეკვით, ანდა წითელი და მწვანე დროშებით ვანიშნოთ, რომ შეჩერდეს. მოსწავლეს, რომელიც სწორად გასცემს პასუხს, მას მწვანე დროშა გადავცეთ და ვისი პასუხიც არ იქნება დამაკმაყოფილებელი –  წითელი.

  1. ესთეტიური კომუნიკაცია შეიძლება გამოიხატოს მუსიკაში, ცეკვაში ხელოვნებაში, სადაც სიტყვების ნაცვლად მეტყველებენ კოსტიუმები, ბგერები, პოზები, ნახატები.

სურათების შერწყმა ტექსტთან ეს ის მეთოდია, რომლითაც  შეგვიძლია მოსწავლეებს გავუღრმავოთ კითხვის, შინაარსის ღრმად წვდომისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. თუ მოსწავლე ვიზუალური მასალის გამოყენებით ტექსტის შინაარსთან გაავლებს პარალელს, ეს ის ფუნდამენტი იქნება, რომელსაც ეყრდნობა კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება. ვიზუალური მასალა ეხმარება მათ, დაახარისხონ ინფორმაცია, განავითარონ ტექსტი და შექმნან ახალი იდეა.

უნდა გვახსოვდეს, რომ არავერბალური კომუნიკაცია ვერ მალავს გრძნობებს, ვერ აყალბებს მათ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ  სიმართლეს ამბობენ!

დაბოლოს, არავერბალური კომუნიკაცია ძლიერი იარაღია მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და მაღალი სააზროვნო უნარების გამოსამუშავებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://en.wikipedia.org/wiki/Nonverbal_communication

https://www.education.gov.gy/web/index.php/teachers/tips-for-teaching/item/1696-verbal-non-verbal-communications-in-the-classroom

https://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.572.4060&rep=rep1&type=pdf

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კიბერბულინგთან გამკლავებაში

0

15 წლის გოგონას სთხოვენ, სოციალურ ქსელში წელს ზევით შიშველი ფოტო გააზიაროს. შინაგანი ინსტინქტი მას კარნახობს, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. ორი ახლო მეგობარი ურჩევს, რომ უარი თქვას შეთავაზებაზე. მაგრამ შეთავაზებები მეორდება და მას მოსწონს ბიჭი, რომელიც ამას სთავაზობს. ამასთან ერთად გოგონების სხვა ჯგუფი ახალისებს მას ფოტოს გასაგზავნად. ისინი უხსნიან, რომ ეს მიღებულია თანამედროვე ურთიერთობებში. ის ვერ იძინებს რამდენიმე ღამის განმავლობაში და იმდენად ხშირად საუბრობს ამაზე თავის მეგობრებთან, რომ ისინი მასთან შეხვედრას და საუბარს გაურბიან.

 

ბოლოს გოგონა უარს ამბობს სურათის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ბიჭს უგზავნის მგრძნობიარე შეტყობინებას, თუ როგორ მოსწონს ის, მაგრამ არ სურს ასეთი სურათის გაგზავნა. ბიჭი ფოტოს უღებს (ასკრინშოტებს) ამ შეტყობინებას და იყენებს მას სოციალურ ქსელებში გოგონას საწვალებლად. გოგონები, რომლებიც ურჩევდნენ მას სურათის გაგზავნას, ასევე ერთვებიან ამაში. ყოველივე ამით გამოწვეული სტრესის შემდეგ გოგონას ეწყება  თავისა და მუცლის ტკივილი, აცდენს სკოლას და  უარს ამბობს ხალხთან ურთიერთობაზე.

 

ბავშვების მიერ ტექნოლოგიების თითქმის მუდმივი გამოყენების გამო ბევრი მშობელი უფრთხის კიბერბულინგს. მასთან დაკავშირებული ჰედლაინების სიმრავლე მშობლებს თავს დაუცველად  აგრძნობინებს. შესაძლოა კი ამ ონლაინსამყაროში კიბერბულინგის პრევენცია?

 

StopBullying.gov-ის მიერ წარმოებული ბოლო სტატისტიკის თანახმად, 6-12 კლასის მოსწავლეების 9 პროცენტს და high school-ის მოსწავლეების 15 პროცენტს გამოუცდია კიბერბულინგი. LGBTQ მოსწავლეების 55.2 პროცენტს გამოუცდია კუბერბულინგი.

 

რა არის კიბერბულინგი

 

კიბერბულინგი არის ბულინგის სახეობა, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება, როგორიცაა ტელეფონები, პლანშეტები ან კომპიუტერები. ის შეიძლება განხორციელდეს sms-ის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის, ფორუმების და სათამაშო სისტემების საშუალებითაც კი. კიბერბულინგად მიიჩნევა:

 

. ვინმეს შესახებ საზიანო, უარყოფითი ან ყალბი ინფორმაციის ან კონტენტის გაგზავნა, გაზიარება ან გამოქვეყნება;

. ფოტოების ან „სკრინშოტების” გაზიარება, რაც შეიძლება საზიანო, შეურაცხმყოფელი ან სამარცხვინო  იყოს ვინმესთვის;

. პერსონალური  ინფორმაციის გაზიარება ვინმეს შეურაცხყოფის ან რეპუტაციის შელახვის მიზნით.

 

სოციალური მედიის საჯარო ბუნებისა და მრავალი არხით ციფრული ინფორმაციის სწრაფი გაზიარების შესაძლებლობის გამო, კიბერბულინგის გავრცელების არეალი უსაზღვროა.  ვიდრე ბავშვი დახმარებას ეძებს, დამაზიანებელი ფოტოები და კონტენტი შეიძლება იოლად გაზიარდეს სკოლებს შორის და უფრო ფართოდაც. კიბერბულინგთან გამკლავება ძნელია, რადგან ონლაინ განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მუდმივია (ან ძნელად წასაშლელი) და ამის გააზრება ძნელია. მასწავლებლებს და მშობლებს არ შეუძლიათ კიბერბულინგის შემჩნევა ისე, როგორც ბულინგის სხვა ფორმებისა.

 

კიბერბულინგის საზღვრები

 

კიბერბულინგი ნებისმიერ დროს შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდზე, რომლებიც კომუნიკაციისათვის ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ.
ყველა, ვინც კომუნიკაციისათვის, კონტენტის გაზიარებისათვის ან ვინმესთან დასაკავშირებლად იყენებს ციფრულ მოწყობილობებს, შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მშობლებს შეუძლიათ ციფრულ სამყაროში ჩართული მოზარდებისათვის, არის ხშირი, ღია და გულწრფელი საუბარი მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში.
როგორ გავუმკლავდეთ კიბერბულინგს?
კვლევები გვიჩვენებს, რომ კიბერბულინგი სოციალურ მედიაში დაკავშირებულია მოზარდების დეპრესიასთან. იგულისხმება, რომ მშობლები ინარჩუნებენ კავშირს თავიანთ შვილებთან და საუბრობენ დახმარების ძიების გზებზე.
ნუ განსჯით: მოზარდებს სჭირდებათ, რომ მშობლებმა განსჯის გარეშე მოუსმინონ მათ. მათ ასევე არ სურთ, რომ მშობლებმა მაშინვე დაიწყონ სხვა მშობლებთან რეკვა. საუკეთესო დასაწყისია მოსმენა და შესაბამისი კითხვების დასმა კიბერბულინგის მასშტაბის დასადგენად. მთავარია, უპირობო მხარდაჭერა. თუკი უსმენთ, გულისხმიერი ხართ და ერთად მუშაობთ, თქვენი შვილი აგრძელებს თქვენი დახმარების ძებნას.

 

აღნუსხეთ  ყველაფერი: გადაუღეთ ფოტო (სკრინშოტი) ყველაფერს, რასაც მოწყობილობებზე კიბერბულინგთან დაკავშირებით იპოვით და გადაგზავნეთ თქვენს ტელეფონზე. აღნუსხეთ თქვენი საუბრებიც. სკოლის პერსონალისა და სხვა შესაბამისი პირებისათვის კიბერბულინგის შესახებ მოყოლამ შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს. ნაამბობს შეიძლება დეტალები აკლდეს ან განსხვავებული ჩანდეს, როდესაც მოზარდები ზეწოლის ქვეშ არიან. თქვენი საუბრების ჩაწერა დაეხმარება თქვენს შვილს მომხდარის შესახებ საუბარში.
გამოავლინეთ  უსაფრთხო ადამიანი სკოლაში:  მოზარდებს სჭირდებათ ვინმე, ვისთანაც მივა კიბერბულინგის შედეგად გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გასაზიარებლად ან იმწუთიერი დახმარების მისაღებად.
უპასუხეთ გააზრებულად: თავი შეიკავეთ თქვენი საკუთარი სოციალური მედიაკავშირების გამოყენებისაგან. ეს არ დაეხმარება თქვენს შვილს და შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს კიდეც.
ერთად შეიმუშავეთ გეგმა: თქვენს შვილს დახმარება სჭირდება, მაგრამ მას ასევე სჭირდება ავტონომია პრობლემის გადაჭრის ქმედითი უნარების გამოყენებისას. გონებრივი შტურმის მეშვეობით იპოვეთ გადაწყვეტის შესაძლო გზები, გამოავლინეთ ასევე შესაბამისი პიროვნება სკოლაში (მრჩეველი, ადმინისტრაციის წევრი ან სხვა) და იმუშავეთ ერთად.
გამოიყენეთ აპლიკაციებში არსებული ხელსაწყოები: შესაძლებელია, თქვენმა შვილმა იცის მომხმარებლების დაბლოკვის ან პაროლების დაცვის გზები, მაგრამ არაფერი დაშავდება უსაფრთხოების პარამეტრების გადახედვით, მეგობრების სიის შემოწმებითა და პოტენციურად ყალბი  ანგარიშების გამოვლენით, მათი, შეურაცხმყოფელი კომენტარების ან შეუსაბამო ფოტოების გასაჩივრებით.
ისაუბრეთ საკუთარი სიმართლის დამცველებზე: ისაუბრეთ ბულინგის ან შეუსაბამო კონტენტის გასაჩივრების აუცილებლობაზე მაშინაც, თუკი ეს უშუალოდ თქვენს შვილს არ ეხება, დატოვოს პოზიტიური გამოხმაურებები მაშინ, როცა სხვები ნეგატიურს ტოვებენ. როცა ბავშვები წახალისდებიან, დაეხმარონ სხვებს, ისინი სწავლობენ, რომ აქვთ ძალა, ებრძოლონ ონლაინნეგატიურობას სიკეთისა და მხარდაჭერის გამოვლინებით.
კიბერბულინგმა შეიძლება დატოვოს ხანგრძლივი ეფექტი, მათ შორის დეპრესია და შფოთვა. თუკი ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლია, გაესაუბრეთ მას და დასახეთ დახმარების ძიების გზა.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/worry-free-kids/201711/how-help-teens-cope-cyberbullying

მუსიკალური ანბანი – მოსწავლეებისთვის აუცილებელი ცოდნა

0

მუსიკალური პედაგოგიკის მისამართით დღემდე გაისმის ორჭოფული კითხვები: რამდენად აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის, მით უფრო – სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მუსიკალური ანბანის, კერძოდ, სანოტო ნიშნების, დამწერლობის, მუსიკალური ტერმინების შესწავლა, ან თუნდაც იმპროვიზაციის, მუსიკის შექმნისადმი ინტერესის გაღვიძება, თუ ყოველივე ეს მხოლოდ მუსიკალური სკოლის კედლებში უნდა ისწავლებოდეს? ჩემი აზრით, სასურველი შედეგის მისაღებად ყოველმა მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვების შესაძლებლობებზე დაკვირვებით უნდა წარმართოს მუშაობის ფორმის ძიების, დაგეგმვის, დოზირების, რეპერტუარის შედგენის, სწავლების მთელი ეს რთული პროცესი.

უნდა ვიცოდეთ, რომ მუსიკის შესასწავლად საჭირო ყველა კომპონენტი მუსიკალური კულტურის, გემოვნების განვითარებას ემსახურება. ბავშვებს ასეთ გაკვეთილებზე სასიმღერო ხმის სწორად ჩამოყალიბებასთან ერთად ბგერის სიმაღლებრივი, მელოდიურ-ჰარმონიული, მეტრ-რიტმული, ტემბრული, დინამიკური სმენაც უვითარდებათ.

დღეისთვის მუსიკალური ანბანიდან ერთ-ერთი წამყვანი საკითხი – გრძლიობა შევარჩიე.

უნდა ითქვას, რომ დამწყები მუსიკოსები, განსაკუთრებით კი თვითნასწავლები, სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ რიტმს. მათ მუსიკაში უმთავრესი ლამაზად აჟღერებული ბგერები ჰგონიათ. სინამდვილეში ერთმნიშვნელოვნად წამყვანია ორივე კომპონენტი: ბგერაც და რიტმიც. ისინი ერთმანეთიდან გამომდინარეობენ და ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. სწორედ ბგერისა და რიტმის ერთობლიობა ქმნის მუსიკას.

რიტმთან მუშაობა ყოველ მუსიკოსს დაბნევის და შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოს. ერთ-ერთ წინა წერილში: „მუსიკალური ენის საიდუმლო“, – დაწვრილებით ვისაუბრე რიტმის მნიშვნელობაზე, მეტრსა და ტემპზე. ამჯერად ყურადღება გრძლიობაზე გავამახვილოთ.

ის, ვისაც მუსიკასთან შეხება გქონიათ, შეამჩნევდა, რომ საკუთარი დროის საზომი ერთეული მუსიკასაც აქვს. ეს პულსის დარტყმაა. „პულსი მუსიკასაც ესინჯება“ და მისი დარტყმები მუდამ თანაბარია. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ სიმწყობრე სხვადასხვა სიჩქარისა შეიძლება იყოს: ნელი, ზომიერი, ჩქარი. ყოველივე ეს კი ნაწარმოების ტემპზეა დამოკიდებული.

საინტერესოა, რა არის ბგერის გრძლიობა. ის ბგერის ხმოვანების ხანგრძლივობაა, ხოლო რიტმს სხვადასხვა გრძლიობის ჯგუფებად გაერთიანება ევალება.

ყოველ მუსიკალურ ბგერას თავისი გრძლიობა აქვს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბგერა შეიძლება იყოს არა მხოლოდ მაღალი ან დაბალი, არამედ გრძელი ან მოკლეც. მუსიკაში ბგერის ამ თვისებას გრძლიობას უწოდებენ. სანოტო სისტემაზე (დგამზე) ნოტები ხაზებსა და ხაზებს შორის განლაგდება და, ამასთან ერთად, სხვადასხვანაირადაც გამოიყურება. ზოგი თეთრია, ზოგი – შავი. ზოგს შტილი აქვს, ზოგს კი – შტილზე კუდი. სწორედ ეს ნიშნები განასხვავებს გრძლიობებს ერთმანეთისგან.

თავდაპირველად ძირითადი მუსიკალური გრძლიობების აღნიშვნები დავიმახსოვროთ, მერე კი მათი დათვლა ვისწავლოთ.

ბგერის გრძლიობა რიტმულად რომ გამოვსახოთ, აი, რას მივიღებთ:

მთელი ნოტი – ყველაზე ხანგრძლივია. ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა სხვა გრძლიობის ნოტი მასთან შეფარდებით იზომება ანუ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. გამოისახება ოვალით, გნებავთ, თეთრი წრით და გრძლიობებს შორის ერთადერთია, რომელსაც არ აქვს შტილი.

არ გამოგვრჩეს ერთი დეტალი: მთელი ნოტის ხანგრძლივობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რა ტემპში სრულდება ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები. ამ შემთხვევაში გრძლიობები დამოკიდებული ხდება ნაწარმოების ტემპზე. მთელი გრძლიობის ნოტი, რომელიც ყოველთვის ოთხს ითვლის, ნელ ტემპში ნელა დაითვლება, ზომიერში აჩქარდება, ხოლო სწრაფში უფრო მეტად აჩქარდება. რომ არ დავიბნეთ, ტემპს თავი დავანებოთ და ერთ სიჩქარეში მყოფ გრძლიობებს დავაკვირდეთ.

ნახევარი ნოტი – მთელზე ზუსტად ორჯერ მოკლეა და ითვლის ორს. მაგალითად, თუ მთელ გრძლიობას 4 წამით შევაჩერებთ, ნახევრის გადასათვლელად 2 წამი დაგვჭირდება (ამ შემთხვევაში უკეთ გასაგებად წამს პირობით ერთეულად ვიღებ). ნახევარი გრძლიობა მთელს თეთრი ოვალით ჰგავს, ოღონდ დამატებული აქვს შტილი.

მეოთხედი ნოტი მთელზე ოთხჯერ მოკლეა, ნახევარზე კი ორჯერ მოკლე და ითვლის ერთს. ის ხომ მთელის ¼ ნაწილია. ე. ი. თუ მთელი ნოტის ხანგრძლივობა 4 წამია, ხოლო ნახევრისა – 2 წამი, მეოთხედი მხოლოდ 1 წამის განმავლობაში დაიკვრება. გამოისახება შავად შეფერადებული ოვალით და შტილით.

უფრო მცირე გრძლიობები შტილზე ეგრეთ წოდებული „კუდებით“ გამოისახება. მაგ.: მერვედი, მეთექვსმეტედი, ოცდამეთორმეტედი და ა.შ. რაც უფრო მცირეა გრძლიობა, მით მეტია კუდი.

მერვედი ნოტი – მთელზე რვაჯერ მოკლეა, ნახევარზე ოთხჯერ მოკლე, ხოლო მეოთხედზე ორჯერ მოკლე და ერთის ნახევარს ითვლის. იმისთვის, რომ მთელი გრძლიობა (დრო) შეივსოს, რვა მერვედი გრძლიობის ნოტი დაგვჭირდება, ნახევარი გრძლიობის შესავსებად – ოთხი მერვედი, ხოლო მეოთხედისთვის – ორი მერვედი.

მერვედი გამოისახება შავი რგოლით, შტილით და ერთი კუდით. მერვედი გრძლიობები ანუ გვერდიგვერდ მყოფი ორი ან მეტი მერვედი ნოტი ხშირად კუდების საშუალებით ჯგუფდება და საერთო „ზურგით“ ერთიანდება. ზურგების რაოდენობა ყოველთვის კუდების რაოდენობას შეესაბამება.

მეთექვსმეტედი ნოტი – მთელზე თექვსმეტჯერ მოკლეა და ერთის მეოთხედს ითვლის, ანუ მთელი გრძლიობის შესავსებად 16 მეთექვსმეტედი ნოტი დაგვჭირდება. მეთექვსმეტედი რვაჯერ მოკლეა ნახევარზე, ოთხჯერ მოკლე მეოთხედზე და ორჯერ მოკლე მერვედზე. მეთექვსმეტედი ნოტი ძალიან ჰგავს მერვედს, ოღონდ ერთი კუდის ნაცვლად ორი აქვს. მერვედისგან განსხვავებით, გვერდიგვერდ მყოფი ორი ან მეტი მეთექვსმეტედი ერთმანეთს ორმაგი ზურგით ებმება.

დათვლის მთავარი პრინციპი გრძლიობების განახევრებაა ანუ ძირითადი დაყოფა „ორი ერთთან“ პრინციპს ექვემდებარება. ე.ი. ყოველი წინა ნოტი მომდევნოზე ორჯერ გრძელია, სხვაგვარად – ყოველი მომდევნო წინაზე ორჯერ მოკლეა.

გვხვდება კიდევ უფრო მცირე გრძლიობები: ოცდამეთორმეტედი, სამოცდამეოთხედი და ა.შ. თეორიულად გრძლიობების დაყოფა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მათი პრაქტიკული გამოყენება შეუძლებელი იქნება.

არსებობს მთელ ნოტზე დიდი გრძლიობაც. ის ორ მთელ ნოტს უდრის, ანუ ორი მთელი ნოტის ჯამია და ბრევისი (ორმაგი მთელი) ეწოდება.

ბაჭია პიტერი, ბატი ტასიკო (იგივე ჯემაიმა) და … ჩვენ

0

თუ მასწავლებელი ხართ და თქვენს მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლების დადგმა გიყვართ, ბეატრიქს პოტერის ნამცეცა ამბები თქვენთვის ნამდვილად მიგნება იქნება. მრავალფეროვანი სიუჟეტები დაწყებითი კლასების (ან საბავშვო ბაღების) მოსწავლეებს არა მხოლოდ გაახალისებს, დაანახვებს კიდეც რა მოსდევს ცელქობას და გაუმაძღრობას (ბაჭია პიტერისა და ციყვ ტიმი თიფთოუს მაგალითზე), მიახვედრებს როგორ არ უნდა მოიქცნენ სტუმრებთან (ანუ ფისუნია ტომის კნუტებს არ მიბაძონ), თანაგრძნობით აავსებს გულუბრყვილო ჯემაიმა ტყაპუნას მიმართ, მოხიბლავს ტინკლი-ვინკლის სანიმუშო სისუფთავით, გლოსტერელი მკერავისა და მისი მეგობარი თაგვების ამბავი კი გაჭირვებაში თანადგომასა და დახმარებას ასწავლის.

 

დახატული ამბები

კლასიკური საბავშვო ლიტერატურის თარგმანებს თვალყურს თუ ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ზღაპრების ავტორისა და ილუსტრატორის ბეატრიქს პოტერის ზღაპრები უკვე ერთი წელია რაც ქართულ ენაზე ითარგმნა.  წიგნი ცხრა ზღაპარს აერთიანებს და ავტორისეული ილუსტრაციებიც ერთვის. ეს ნახატები ტექსტის განუყოფელი ნაწილია და ამბებს უფრო თავშესაქცევს ხდის.

დარწმუნებული ვარ, დიდი თუ პატარა გაცნობისთანავე უზომოდ შეიყვარებთ ბაჭია პიტერსა და მისი და-ძმებს (ფლოპსის, მოპსისა და კუდფუმფულას), ქვიშიან სანაპიროზე, მაღალი ნაძვის ქვეშ გათხრილ სოროში რომ ცხოვრობენ. არც ბატონი ჯერიმი ფიშერის მიმართ დარჩებით გულგრილი – ეს სევდიანი მეთევზე ბაყაყი პატარა ნესტიან სახლში ბინადრობს, შესასვლელსა და საკუჭნაოში მუდამ წყალი ჩასდის, მაგრამ ეს სულაც არა აწუხებს. თავის სტუმრებს (ხვლიკ ისააკ ნიუტონსა და ლუ პტოლემეოსს) კი ჭიამაიების სოუსში შემწვარი კალიებით (ბაყყების დელიკატესით) უმასპინძლდება.

ტანსაცმლის დაკარგვა პოტერის გმირების უცნაური ახირებაა: ბაჭია პიტერი თავისი დაუდევრობით ორ კვირაში ორ წყვილი ქურთუკსა და ორ წყვილ ფეხსაცმელს კარგავს, ფისუნია ტომის კნუტების ტანსაცმლის ბედი აჯობებს თავად გამოიკვლიოთ, პატარა გოგონა ლუსის კაბებისა და ცხვირსახოცების კვალსაც  გაჰყევით, ოღონდ გაფრთხილებთ, მრეცხავ ზღარბს ჩაჩიდან და კაბიდან ეკლები გამოსჩრია და თუ გადაეყრებით, ჩაის სმის დროს მოშორებით დაუჯექით.

მოგზაურობა თუ გიყვართ,  ჯონისა და ტიმის ამბავი არ გამოტოვოთ. ჯონი ქალაქელი თაგვია, ტიმი კი სოფელში დაიბადა. ჯონი კარგად აღზრდილია და არ იმჩნევს, როდესაც ტიმს ჭამის დროს თეფში უვარდება ან დელიკატესებს ვერ ანსხვავებს. თაგვები ქალაქიდან სოფლისკენ თუ პირიქით მოწნულ კალათას დაჰყვებიან და არკვევენ სად ყოფნა ჯობს და ვის რა შეეფერება.

ჯემაიმა ტყაპუნას ამბავი ჩვენთვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმის, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს“ ფაბულა გახლავთ. წაიკითხეთ, ფილმიც გაიხსენეთ, მერე კი განსხვავებასა და მსგავსებაზე იმსჯელეთ.

 

ბეატრიქს პოტერი

პოტერმა ზღაპრების წერა და ხატვა ბაყაყების სიყვარულით დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს მისმა ექსტრავაგანტურმა და ხელოვნებით გატაცებულმა მამამ ლონდონის სახვითი ხელოვნების გალერეაში ნაყიდი, რენდოლფ კოლდეკოტის ორი მცირე ზომის ესკიზი, კალმითა და მელნით დახატული ბაყაყები სახლში მიიტანა. გოგონა მოიხიბლა და მას მერე მოუთმენლად ელოდა და ყიდულობდა კოდელკოტის ილუსტრირებულ წიგნებს. მომავალში კი თავისი “სევდიანი მეთევზე” სწორედ კოლდეკოტის ჯენტელმენი ბაყაყის მიხედვით შექმნა.

ბეატრიქს პოტერმა სულ 23 “პატარა წიგნი” დაწერა და დაასურათა. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და დღემდე პოპულარულია. თუმცა, წარმატებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა. ვიქტორიანული ეპოქის ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა და შესაბამისად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ძიძების გარემოცვაში იზრდებოდა და თანატოლებს არ იცნობდა. ხატვა პატარაობიდან მისი უსაყვარლესი თავშესაქცევი გახლდათ, რვა წლისას რამდენიმე სახატავი ალბომი ჰქონდა შევსებული ცხოველების და მცენარეების ნახატებით. მისი საუკეთესო მეგობარი კი დღიური იყო, რომელსაც მინიატურული საიდუმლო კოდის გამოყენებით წერდა. ეს უცნაური ჩვევა პოტერს 30 წლამდე გაჰყვა. დღიური მისი გარდაცვალების შემდეგაც საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ იგი 1958 წელს არ ამოხსნეს.

ბეატრიქს პოტერი საკმაოდ ნიჭიერი ნატურალისტი და მიკოლოგიც ყოფილა და არაერთი საინტერესო აღმოჩენის საფუძველზე სამეცნიერო ნაშრომებიც დაუწერია, თუმცა იმის გამო რომ ქალი იყო სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, არც მოხსენების წაკითხვის უფლება მისცეს, სამეცნიერო სხდომაზე დასწრების უფლებით მაშინ მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ. წლების შემდეგ, როდესაც ქალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მეცნიერთა საზოგადოებამ ბეატრიქს პოტერის წინაშე ბოდიში ოფიციალურად მოიხადა.

ბაჭია პიტერიდან გოჭუნა რობინსონამდე

მეცნიერებაში წარუმატებლობის გამო პოტერი მხატვრობას დაუბრუნდა და თანდათან წიგნების გამოცემა საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც აქცია. მისი პირველი ზღაპარი ბაჭია პიტერზე (The Tale of Peter Rabbit) ექვსმა გამომცემლობამ დაიწუნა. გაბრაზებულმა პოტერმა საკუთარი, ხელნაკეთი ეგზემპლარი შექმნა, რომლის ნახვის შემდეგაც გამომცემლობამ Frederick Warne & Co წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა. კომპანიას სამი ძმა მართავდა. The Tale of Peter Rabbit უმცროსს, ნორმან უორნს ჩააბარეს. წიგნს წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა: მკითხველის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, ტირაჟი ექვსჯერ გაიმეორეს, საბოლოოდ კი 20 000 ეგზემპლარი გაყიდეს.

1905 წელს ნორმან უორნმა ბიატრიქს პოტერს ხელი სთხოვა, რასაც პოტერის მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა (უორნების სოციალური სტატუსი არ აკმაყოფილებდათ), თუმცა ქალიშვილს უარი ვერ უთხრეს, სამაგიეროდ ნიშნობა არ გაახმაურეს და მხოლოდ ახლო ნათესავები მიიწვიეს. სამწუხაროდ ბეატრიქსი და ნორმანი მაინც ვერ დაოჯახდნენ, საქმრო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, სისხლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ბეატრიქსმა დიდი ტრავმა მიიღო, სტრესიდან გამოსასვლელად რამდენიმე წელი დასჭირდა. საბოლოდ კი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, წელიწადში ერთ ან ორ წიგნს გამოსცემდა, პარალელურად კი ფერმის მართვას სწავლობდა.

1909 წელს პოტერმა კამბრიაში ფერმა შეიძინა, მშობლების სახლი დატოვა და “ტბების მხარეში” დასახლდა. ფერმერობა სიცოცხლის ბოლომდე მის საყვარელ საქმედ დარჩა. სიამოვნებდა ყოველდღიური ფიზიკური შრომა, შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა. ჰერდვიკის ჯიშის ცხვრების გამრავლებაში ექსპერტიც კი გახდა და სწორედ მისი დამსახურებაა რომ ეს ჯიში გადაშენებას გადურჩა. მხედველობის გაუარესებასთან ერთად პოტერი ნაკლებს ხატავდა. მისი ახალი წიგნები ადრე დახატული ესკიზების გამოყენებით გამოდიოდა. ბოლო სერიოზული ნამუშევარი 1930 წელს, გოჭუნა რობინსონის შესახებ დაწერილი წიგნი The Tale of Little Pig Robinson გახლდათ.

ბუნების დამცველი მწერალი

წიგნების გაყიდვით მიღებული ფულით ბეატრიქს პოტერმა უნიკალური ლანდშაფტები შეიძინა და გაჩეხვისგან გადაარჩინა. თავისი ქონება (14 ფერმა და 4000 აკრი მიწა) საბოლოოდ ბრიტანეთის ნაციონალურ ფონდს დაუტოვა. ამ მიწებს დღემდე იცავენ მშენებლობებისგან და იქ ჰერდვიკის ჯიშის ცხვრებს ამრავლებენ. სავტორო უფლებები პოტერის წიგნებსა და ნახატებზე კი, გამომცემლობის F. Warne & Co საკუთრებაა.

დღესდღეობით, არავინ იცის სადაა ბეატრიქს პოტერის საფლავი. 1943 წელს შობის დღესასწაულზე პოტერის მეუღლე თავიანთ ერთგულ მწყემსს ტომ სტორის ეწვია, გადასცა ურნა თავისი ცოლის ფერფლით და წერილით: “აი ფერფლი, თქვენ იცით როგორ უნდა მოიქცეთ.” ტომ სტორიმ ურნა დაიტოვა და ტბების მხარეში, ერთ საიდუმლო ადგილას მოაფრქვია. პოტერს არ სურდა იმ ადგილის შესახებ ვინმეს გაეგო, ვინაიდან განსაკუთრებით უფრთხილდებოდა იქაურობის პირველქმნილ სილამაზეს და ტურისტების სანახაობად არ ემეტებოდა. ტომ სტორი კი უეცრად გარდაიცვალა, საკუთარ შვილსაც ვერ მიასწავლა ის ულამაზესი ადგილი, რომელიც ალბათ დღესაც ისეთივე მშვენიერია, როგორც ასი წლის წინ, ტბების მხარე კი კვლავ აღაფრთოვანებს მნახველს, როგორც ბაჭია პიტერზე გამოცემული წიგნები.

P.S ამ საოცარი ავტორისა და ილუსტრატორის შესახებ 2006 წელს რეჟისორმა კრის ნუნანმა გადაიღო ბიოგრაფიული დრამა „მის პოტერი.“ ფილმში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და იუენ მაკგრეგორი ასრულებენ.

 

პრაქტიკული წერა: სამოტივაციო წერილი

0

სკოლაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებში წერითი აზროვნების კულტურის გამომუშავებას. თუმცა ნაკლები ყურადღება ექცევა წერითი უნარების იმ მიმართულებით დახვეწას, რაც გარესამყაროს მოთხოვნებს მიესადაგება. მაგალითისთვის,  მასწავლებლების დიდ ნაწილს უჭირს ისეთი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა, როგორიცაა, წლიური გეგმა (კურიკულუმი, სილაბუსი), გაკვეთილის სცენარი, შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი, კათედრის სემესტრული ანგარიში, რეზიუმე, სამოტივაციო ესე, განცხადება და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ მრავლად მოიძებნება ერთგვარი გზამკვლევები, თუ რომელ კრიტერიუმებს უნდა ერგებოდეს აკადემიური წერის ესა თუ ის მიმართულება, არ არსებობს ერთიანი საგანმანათლებლო ხედვა, როგორ უნდა ვისწავლოთ და/ან ვასწავლოთ ზემოაღნიშნული დოკუმენტების მსგავსი მიზნობრივი ტექსტების წერა.

 

აკადემიური წერის ელემენტებით გაჯერებული წერითი დავალებები მოითხოვს, რომ მოზარდებმა შეძლონ არგუმენტირებული ესეს, შედარებითი ანალიზის, რეფლექსიის და სხვა მსგავსი წერითი ნაშრომის შექმნა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, სწავლების მეთოდები არაერთგვაროვანი და დამაბნეველია, რადგან ზემოაღნიშნული ნამუშევრების სტრუქტურა და შინაარსი სცდება წინა საუკუნისთვის დამახასიათებელი ე.წ. თემების ნიშას და ამის გააზრება მოსწავლეებთან ერთად მათ აღმზრდელებსაც სჭირდებათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცე სავსეა რჩევებით, თუ როგორ უნდა შევადგინოთ სამოტივაციო ბარათი, ელექტრონული წერილის ტექსტი და რეზიუმე (CV), ზემოაღნიშნული დოკუმენტების შედგენა მაინც ბევრს უჭირს. სამოტივაციო წერილის გაგზავნა მარტო სასურველ ვაკანტურ სამუშაო ადგილზე კი არა, პროფესიული განვითარების პროცესშიც ( უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (საზღვარგარეთ), სტიპენდიის მისაღებად, სტაჟირების გასავლელად, ე.წ. სტუდენტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად, სამაგისტრო საფეხურზე საგამოცდო კომისიისთვის წარსადგენად და ა.შ.) გვიწევს. მისი დახმარებით დამკვეთს შეუძლია პოტენციური თანამშრომლის დისტანციურად გაცნობა, მასზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა, რის საშუალებასაც რეზიუმე (განათლებისა და საქმიანობის მოკლე აღწერა) ნაკლებად იძლევა.

 

პირველად სამოტივაციო ბარათი ერთ-ერთი საკმაოდ პრესტიჟული ორგანიზაციისთვის შევადგინე. სამწუხაროდ, აღნიშნულ ვაკანსიაზე არ ამიყვანეს, თუმცა უამრავი რჩევის მოსმენისა თუ სანიმუშო წერილის გადაკითხვის შედეგად მიღებული გამოცდილება მორიგი ნაბიჯების გადადგმის პროცესში ნამდვილად დამეხმარა. რაღაც დროის განმავლობაში  სამოტივაციო ბარათების წერა ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ყოველი იმედგაცრუების შემდეგ უფრო ხარისხიანი (ლაკონური, დახვეწილი, ენამოსწრებული…) სამოტივაციო ბარათი იწერებოდა, თუმცა მასში უფრო გარკვევით  მოჩანდა მოტივაციის ძირგამძვრალი ფიალა. ბოლოს ისე ,,გავლაღდი“, რომ  ერთ-ერთ მეტნაკლებად შემოქმედებით ვაკანსიაზე ლექსად შეთხზული სამოტივაციო წერილი გადავაგზავნე:

 

სამოტივაციო ბარათი

 

დღეს ვიწონები:

არაფრისმთქმელ, სუფთა ფურცელზე

გადმოვცალე ჩემი ხურჯინი (მძიმე არ იყო)

და ვახარისხებ:

მოკლე გზებს და მძიმე ნაბიჯებს,

ტალახში ჯერვერგადგმულ ფესვებს

(მიწას ვინ ჩივის),

ხმამაღლობას და ხმის ჩაწყვეტებს…

ამ გზაზე ყველა ჩამვლელს ვაჩერებ,

ვეკითხები,

ისიც მარიგებს:

წესი პირველი:

ვერ(გა)მოსავლის მძიმე ზვავი

გამოცდილი სიტყვათმსვლელივით ავირიდო,

გზა გავაგრძელო!

დახრილ მზერასთან -კორექტურა: დაგიჯერებენ!

მოტივაცია მოტივია,

ყურს თუ დაუგდებს,

საკუთარ თავს, ხმას ააყოლებ.

წესი მეორე:

თუ გაგეპარა ემოცია, სითბო, სირბილე,

შეკვეც-შეკუმშე, სხვა ფურცელზე გადაანაცვლე.

მწვანილივით შეაწყვიტე შემჭკნარი სიტყვა

და სუნელივით მოაყარე

მუდამ მზადყოფნის, მონდომების, პუნქტუალობის

პუნქტუაცია.

წესი მესამე:

სწორად, გამოთქმით გამოკვეთე შენი სახელი,

არ დაგეფანტოს!

თანხმოვნების კაუჭი მოსდე ორხმოვანებას

და მისამართის კანტით შეფუთე.

მერე აწონე, რამდენ კილო-მეგა-ბაიტებს

იწონის შენი ფარატინა,

სუნთქვის ოცდაათ წელიწადზე

გამრავლებული.

 

გაგიკვირდებათ და, გასაუბრებაზე დამიბარეს. მართალია, საბოლოო ჯამში, ისევ სამსახურის გარეშე დავრჩი, რადგან გარკვეულ დეტალებზე ვერ შევთანხმდით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად გასაუბრებაზე სწორედ ამ უჩვეულო სამოტივაციო ბარათის წყალობით მოვხვდი.

 

ზემოაღნიშნული შემთხვევის მიუხედავად, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავს ,,გადახვევებს“, რადგან სამოტივაციო წერილი ოფიციალური დოკუმენტია. ისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე და არ განაზოგადოთ სათქმელი. ბარათი არ უნდა წარმოადგენდეს რეზიუმეში მოცემული ინფორმაციის მხატვრულ ვარიანტს, თუმცა აუცილებელია ტექსტის რამდენიმე აზრობრივ აბზაცად დაყოფა.

 

ხშირად ორგანიზაციები ვაკანსიას თან ურთავენ სპეციალურ ბლანკს ან მითითებებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ სამოტივაციო წერილის შედგენის დროს.  გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული რჩევების ერთგვარ რეზიუმეს:

 

I ნაბიჯი

განმარტეთ, საიდან მიიღეთ ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის/კურსის/სემინარის შესახებ, ანუ რაზე აკეთებთ განაცხადს (აუცილებლად უნდა ჩანდეს, რომ კარგად იცნობთ იმ სივრცეს, რომლის ნაწილად ქცევაც გსურთ). შემდეგ არგუმენტებით გაამყარეთ თქვენი დაინტერესების მიზეზები და შესაძლებლობები, რაც პოტენციურ დამსაქმებელს თუ საგანმანათლებლო ინტანციას ,,აიძულებს“ თქვენით დაინტერესდეს. სამოტივაციო წერილი საკუთარი თავის რეკლამირების ერთგვარი საშუალებაა. ამისათვის საჭიროა, ხაზი გაუსვათ თქვენს სამუშაო გამოცდილებას ან პოტენციალს. წარმოიდგინეთ თავი დამქირავებლის/ დამფინანსებლის ადგილას და ივარაუდეთ, რა მოხიბლავს მას ვაკანური სამუშაო ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურის ძიების პროცესში. ამისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ორგანიზაციის/ მისი მმართველის შესახებ.

 

საკუთარ თავზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიცვათ ზომიერება, იყოთ გულწრფელი და თქვენი მონათხრობი ზღაპარს არ დაემსგავსოს. შეგიძლიათ ახსენოთ დადებითი თვისებები, ოღონდ მხოლოდ პროფესიული საჭიროების ჭრილში. მაგალითად, ხაზი გაუსვათ გუნდური მუშაობის უნარს, რაც, კონკრეტული ვაკანსიის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს და არა – თავის ქებას. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ სუსტ მხარეებზეც. თუმცა მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების სურვილი კი არ უნდა დააფიქსიროთ, არამედ იქონიოთ ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის ამოქმედებასაც აღნიშნული ვაკანსია შეუწყობდა ხელს.

 

II ნაბიჯი

სამოტივაციო წერილში აუცილებლად უნდა ჩანდეს, რატომ დაინტერესდით N ორგანიზაციით და მის მიერ გამოცხადებული ვაკანსიით. თქვენი ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული განვითარების, გამოცდილების შეძენისა და კარიერული წინსვლის სურვილმა, ასევე – მატერიალურმა მხარემ ან ყველაფერმა ერთად. არ მოგერიდოთ დაინტერესების მიზეზის გამჟღავნება, მთავარია თქვენი მოტივაცია ლამაზად ,,შეფუთოთ“ და კომპანიის ხედვას ისე მოარგოთ, რომ თქვენი მიზანდასახულობა არსებული საქმის ხარისხიანად შესრულების წინაპირობას წარმოადგენდეს.

 

III ნაბიჯი

შეიძლება ფიქრობთ, რომ გამოცდილებისა და უნარების მიხედვით, თქვენ იდეალურად ერგებით აღნიშნულ ვაკანსიას, მაგრამ მაინც არ აგიყვანონ. ამისათვის საჭიროა დამქირავებელს კარგად დაანახოთ, თუ კონკრეტულად რას შეჰმატებს თქვენი პოტენციალი მის ორგანიზაციას, ანუ წარმოადგინოთ იდეები, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებდა არა მარტო თქვენს, არამედ კომპანიის მომავალსაც.

 

ბოლო აბზაცში სამომავლოდ თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობეთ თქვენი წერილის ადრესატს (ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას) და გამოხატეთ პატივისცემა მის მიმართ, როგორც ამას ჩვეულებრივ წერილის ფორმატი ითვალისწინებს.

 

ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო წერილის ვიზუალურ მხარესაც. აღნიშნული დოკუმენტის ბეჭდური ვერსია არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ერთ, ცალკეულ შემთხვევებში, ორ გვერდს. აუცილებელია ტექსტის თანმიმდევრულ, აზრობრივ აბზაცებად დაყოფა და კორექტირება, ავტორის ხელმოწერა (თუ ბეჭდურ ვერსიას ვაგზავნით და არა – ელექტრონულს), ავტორისა და ადრესატის მისამართების სრულად, უშეცდომოდ მითითება და ა.შ. გამოიყენეთ ერთი ფონტი (ყველაზე მისაღები ვარიანტია ,,Sylfaen“). რაც შეეხება შრიფტის ზომას, ოფიციალური დოკუმენტების უმრავლესობა იბეჭდება 11 ზომის შრიფტით. ამას გარდა, თუ ინფორმაციის წყაროდ მოიხმობთ ფიზიკურ პირს, მიუთითეთ მისი პროფესიული სტატუსი (სამუშაო ადგილი, თანამდებობა), რათა მეორე მხარემ ადვილად შეძლოს წყაროს სანდოობის გადამოწმება.

 

ვრცელი (400-450 სიტყვა) მოტივაციო ბარათი, აკადემიურ ნაშრომთან და რეზიუმესთან ერთად, მაგისტრანტობის კანდიდატის პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილია. გავბედავ და ნიმუშად შემოგთავაზებთ ჩემ მიერ შედგენილ სამაგისტრო პროგრამაზე წარსადგენ სამოტივაციო ესეს, რომელმაც N უნივერსიტეტის საგამოცდო კომიისიისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა:

 

 

 

სამოტივაციო წერილი

სახელი, გვარი: თამთა დოლიძე

პირადი ნომერი: ………………………………………..

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: ………………………………………………….

მისამართი (ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერი)

ტელეფონის ნომერი: …………………………………

თარიღი:

 

N უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დავინტერესდი. აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადის შემოტანამდე ვაწარმოე ერთგვარი კვლევა და დავასკვენი, რომ პროფესიული ზრდისა და ახალ საგანმანათლებლო გამოწვევებთან გამკლავებისთვის საჭირო ცოდნასა და აკადემიურ უნარ-ჩვევებს სწორედ ზემოხსენებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩემ მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამის დახმარებით შევიძენ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ აქ ურთიერთთანამშრომლობითი და მუდმივად განვითარებადი საგანმანათლებლო გარემო დამხვდება.

პროფესიით ფილოლოგი (ლიტერატორი) განათლების სფეროში უკვე შვიდი წელია ვმოღვაწეობ. ამჟამად ვასწავლი ,,ათასწლეულის სკოლაში“, ვხელმძღვანელობ საგნობრივ კათედრას და ვთანამშრომლობ საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთთან ,,მასწავლებელი.ჯი“. რამდენიმე წლის წინ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის სპეციალისტის სტატუსით ვაკვირდებოდი განათლების სამინისტროსა და აღნიშნული ცენტრის მიერ განხორციელებული თანამედროვე სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს, რამაც ჩემი საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესება გამოიწვია.

ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურმა ჩართულობამ გარკვეული გამოცდილება შემძინა. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე უკვე ბევრი რამ ვიცოდი ინოვანიური სასწავლო მეთოდების, დოკუმენტაციის წარმოებისა თუ კლასის მართვასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ და სასკოლო სისტემასაც ადვილად მოვერგე.  საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილებას კოლეგებსაც ვუზიარებ, მათ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ვეხმარები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროცესების ეფექტურად წარმართვას შევძლებ.

განათლების  ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში ჩართვის სურვილი დიდი ხანია მაქვს, თუმცა, სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორის გამო, ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება მხოლოდ ახლა მომეცა. ვფიქრობ, ჩემი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები დააკმაყოფილებს სკოლის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტანდარტს.

იმედი მაქვს, N უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მივიღებ სისტემურ ცოდნას განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებული თეორიებისა და კონცეფციების შესახებ; დავეუფლები ლიდერობისთვის საჭირო თანამედროვე ტენდენციების შესაბამის მენეჯერულ უნარებს; საჭიროების შემთხვევაში, შევძლებ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, საგანმანათლებლო პრობლემების დროულად შემჩნევასა და ეფექტური გზით მათ გადაჭრას, ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს შექმნას, საჭირო კადრების მოზიდვასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას,  სოციალური თუ აკადემიური პროექტების მხარდაჭერას და სასკოლო საჭიროებებზე ფინანსური რესურსის ეფექტურად გადანაწილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებას.

მჯერა, რომ სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ, სასკოლო სისტემის მართვისა და გაუმჯობესების პროცესში საკუთარი წვლილს შევიტან. ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკადემიური სირთულეების დაძლევა, მაგალითად: მოსწავლეთა ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული, აკადემიური უნარების თანაბარ განვითარებაზე აქცენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ინკლუზიური სასწავლო სივრცისა და პროგრამების შექმნა; თვითრეგულირებადი სწავლის მთავარი პრინციპების დანერგვა; ფორმალურ გარემოში არაფორმალური სწავლის ცალკეული მიმართულებების (დისტანციური სწავლა, კლუბური სისტემა, შემოქმედებითი/სოციალური აქტივობები) პოპულარიზაცია; წიგნიერების ხელშეწყობა (სამკითხველო სივრცის მედიაწიგნიერების განვითარებისთვის საჭირო ტექნიკური რესურსითა და მრავალფეროვანი ბეჭდური გამოცემებით მომარაგება, ამავე გარემოში თემატური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება…) და სხვ.

იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ თქვენს უნივერსიტეტში მივიღებ სასურველ პროფესიულ განათლებას და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს საფუძვლიანი ცოდნით შეიარაღებული დავხვდები.

 

 

 

მე ახლა არავის ველოდები…

0

რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ხან მონატრების გამო, ხანაც სპონტანურად,  ჩემს ძველისძველ მოწნულ კალათში ჩაწყობილ ბარათებს ვამზეურებ. მოვიდგამ კალათს გვერდით, ამოვიღებ თაბახის გაყვითლებულ თუ ჯერ კიდევ სისპეტაკეშენარჩუნებულ, ცალხაზიან თუ უჯრიან რვეულის ფურცლებზე დაწერილ წერილებს და  მანამდე ვკითხულობ, სანამ ემოციურად გავუძლებ. მათ შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვა, არ არის ადვილი იმასთან მიახლება, რაც უკვე დასრულდა, რაც აღარასდროს განმეორდება.  არადა, თითქოს გუშინ იყო ის დრო, როცა ერთმანეთს ხელით დაწერილ ბარათებს  ვუგზავნიდით.

ბარათი #1

ჩემთვის გამოგზავნილი ბარათებიდან ყველაზე ხალისიანები და ფერადები ჩემს პატარა მოსწავლეებს –  დღეს უკვე დიდ, ლამაზ და ჭკვიან გოგო-ბიჭებს – ეკუთვნით, რომელთაც მე-6 გიმნაზიაში, დაწყებით კლასებში ვასწავლიდი. ვიცი, ასეთ ბარათებს უამრავი ბავშვი წერს და მათი მსგავსი ბევრი სხვა მასწავლებლის „კალათშიც“ მოიძებნება, მაგრამ მე ჩემები მიყვარს და მეძვირფასება. ის  ბრჭყვიალა გულებით და ყვავილებით გაფორმებული ბარათის სტრიქონები კი, რომელთაც ახლა ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, ჯერ კიდევ განმაცდევინებს სინდისის ქენჯნასაც, მით უფრო, რომ ვერასდროს ვეღარაფერს შევცვლი:

 „ირმა მასწავლებელო! რატომ მიგვატოვეთ?

ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარდით! გთხოვთ, დაბრუნდით!“

თქვენი III კლასის ბავშვები.

როგორ გინდა, რომ ამ „დანაშაულის შეგრძნებით“ იარო მთელი ცხოვრება?!

ბარათი #2

მომდევნო ასევე პატარა ბარათი „კალათიდან“, მწერალს, ჩემს მასწავლებელს და უფროს მეგობარს, თეიმურაზ მაღლაფერიძეს ეკუთვნის. მე ის 1987 წლის აგვისტოში გადმომცეს მაღლივი კორპუსის ეზოში (ოღონდ არ მახსოვს – ვინ), როდესაც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდას ვაბარებდი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

 „ირმა!

არ შეშინდე, თამამად გადი, მოითხოვე თავმჯდომარე. აბა შენ იცი! გამოცდის შემდეგ აუცილებლად გამაგებინე რა ჰქენი.

                                                                                                                         თ. მ.“

გავაგებინე, რა თქმა უნდა, და მახსოვს, მასთან მიმავალს ის სიხარული უფრო მიხაროდა, რომ იმედები გავუმართლე, ვიდრე საკუთარი, გამოცდის წარმატებით ჩაბარების სიხარული.

ბარათი #3

მომდევნო ბარათიც ჩემთვის ძვირფას კიდევ ერთ ადამიანს და მასწავლებელს, ვახტანგ როდონაიას, ანუ, როგორც მას ყველა მიმართავდა, ბატონ ვატას ეკუთვნის. „გაზეთ „კავკასიონში“ ერთად რომ ვმუშაობდით, მერხზე (სკოლის მერხები გვედგა მაშინ რედაქციაში) დაუტოვებია ჩემთვის (ვერც აქ ვიხსენებ, რომელ წერილზეა საუბარი):

„ირმა!

წერილს გავეცანი. აქა-იქ ჩავასწორე. უკვე შეიძლება მისი კომპიუტერში შეტანა. ავტორიც იყო და ვესაუბრე. შენ იცი აბა!

                                                               კეთლი სურვილებით,  ვ. როდონაია“

მქონდა ბედნიერება, იმავე „კავკასიონის“ რედაქციაში მომესმინა თეიმურაზ მაღლაფერიძის, ვატა როდონაიასა და რეზო სირაძის მშვენივრად ნამღერი ხალხური სიმღერები და მათთვის ხმა ამეყოლებინა.

ბარათი #4

ეს ბარათი კი საბერძნეთში საცხოვრებლად წასულმა სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა მომწერა, მართალია, უკვე 21-ე საუკუნეში, მაგრამ ის მაინც ხელითაა ნაწერი:

„ჩემო მეგობარო! როგორ მეშინია, რომ ვეღარ გამიხსენებ. რაც საქართველოდან წავედი, ეს შიში სულ თან დამდევს.  …თმა როგორ გაქვს, მე რომ მიყვარს, ისე, ძალიან მოკლედ შეჭრილი თუ… მაპატიე ასეთი დეპეშური ბარათისთვის. მომავალში, თუ გახსოვარ და დაინტერსდები, ვრცლად მოგწერ.

                                                                                          მ. კვირიკაშვილი, ათენი. 27.10. 02.

პატარა, სიფრიფანა, ლურჯთვალება გოგო იყო ჩემი მეგობარი და გასაოცარი გამძლეობა და ნებისყოფა ჰქონდა.  ჩვენ ურთიერთობა განვაახლეთ, მაგრამ საუკუნის შესაბამისი – ვირტუალური. მე მას დღემდე „ლურჯ ღილს“ ვეძახი.

ბარათი #5

ესეც პატარ-პატარა ამონარიდები სტუდენტობის დასრულების შემდეგ თბილისიდან მშობლიურ ბათუმში დაბრუნებული მეგობრის წერილიდან, რომელიც წლების შემდეგ, ოჯახით, ბევრად უფრო შორს, ამერიკაში გაემგზავრა, და ალბათ, როგორც ჩვენი მეგობრების უმრავლესობა, აღარც ის  დაბრუნდება საქართველოში საცხოვრებლად. წერილებს ისევ ვწერთ ერთმანეთს, ელექტრონულს, მაგრამ ამ წერილებს სიშორის, გაუცხოების ხელწერა ატყვია. ისეთი სითბო აღარ მოდის მათგან, როგორც ამ 21 წლის წინ გამოგზავნილი წერილიდან:

„ჩემო უსაყვარლესო, სულზე უტკბესო მეგობარო! რომ იცოდე, როგორ მომენატრე, როგორ ვწუხდი შენი ამბების არცოდნის გამო. …დავდივარ სამსახურში. ვბეჭდავ. შენ კი იცი, რაოდენ ძლიერ მიყვარს მე ბეჭდვა. სისულელეებს გწერ ვიცი, იმიტომ, რომ მახრჩობს ამ ქალაქში დაბუდებული ჭაობის შმორი, სიმყრალე. თბილისი კი ორივემ ვიცით, რას დაემსგავსა, მაგრამ აქ რაც ხდება, ენით ვერ აღწერს ადამიანი.

…სათქმელი უამრავი მაქვს, არც ვიცი, საიდან დავიწყო. …მარისკა უკვე დიდი გოგოა, ისეთი კულულები აქვს, როგორიც ხათუს ჰქონდა ბავშვობაში.

…ძალიან მენატრები იქნებ შენ მოახერხო და ჩამოხვიდე აქ? თუმცა ვიცი, რომ ბათუმის ჰავა შენთვის მავნებელია, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩამოხვალ.

გემშვიდობები, გკოცნი, გეხვევი. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!

შენი ნინო. 6. 08. 96 წ. დასაწვავი ბათუმი.

ბარათი #6

მე ბარათს ვეძახი ამ შუაზე გაკეცილ, გაყვითლებულ თაბახის ფურცელზე დაწერილ პატარა ტექსტს ნახაზთან –  ჩემს დასაკვალიანებლად სახელდახელოდ შედგენილი რუკასთან – ერთად, რომელიც ახლა ამოვიღე კალათიდან. ნახაზი  სამედიცინო რადიოლოგიის  ინსტიტუტში, ИМР-ში მისასვლელ გზას მასწავლის ვნუკოვოს აეროპორტიდან ობნინსკში, კალუგის ოლქში, სადაც სულ მარტო, თვითმფრინავით, თანაც პირველად და დამთრგუნველი დიაგნოზით მივდიოდი ჯერ თბილისსაც კი შეუჩვეველი სოფლელი გოგო. ტექსტი კი ასეთია:

„ვნუკოვოდან ობნინსკამდე „ელექტრიჩკა“ დადის. (ეს „ელექტრიჩკა“ მოდის მოსკოვიდან, გაივლის რამდენიმე დასახლ. პუნქტს. ბოლო გაჩერება აღარ მახსოვს, მგონი, მალოაროსალავეცია). ვნუკოვოდან „ელექტრიჩკა“ გაივლის ობნინსკს და აგრძელებს გზას“.

                                                        ნანა ყანჩაველი – კეკელიძის 19,  ტელ: 22-41-39.

ქალბატონი ნანა მე მაშინ ვნახე პირველად და უკანასკნელადაც. მერე აღარ მინახავს. მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ მისი, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, არც ერთხელ აზრად არ მომსვლია დამერეკა, მომეკითხა, მადლობა გადამეხადა და ჩემი ამბავიც მეთქვა. ვფიქრობ, იქნებ ახლა გავაკეთო ეს, მაგრამ იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ, იმდენი, რომ…

ბარათი #7

ამ წერილს მეშვიდეს პირობითად ვარქმევ, რადგან ის ერთი ბარათი არ არის, ციკლია – „წერილები მეგობარს“,  რომელთა უმეტესობა 90-იან წლებში ფშავიდან გამომიგზავნა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ირმა ბერიძემ  (იმავე ი.ბ.-მ. უყვარდა ირმას ინიციალებით მოწერა). ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების წერილების შემდეგ (მათ გადაკითხვას სხვა დროისთვის გადავდებ) ყველაზე უხვად, სწორედ მისი წერილები მაქვს კალათში. რომელიღაც ძველი წიგნიდან ამოხეულ ფურცლებზე დაუწერია, მხოლოდ ცალ მხარეს, იმიტომ, რომ მეორე მხარეს დაახლ. ასეთი შინაარსის ნაბეჭდი ტექსტია: „…შეეშინდათ რა მართვის სფეროში სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისა, ამ წინადადებაზე უარი თქვეს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ორგანოები ხშირად გაუმართლებლად გულუხვად აძლევენ სუფსიდიებს სახელმწიფო საწარმოებს…“ .  აქვე, ნაბეჭდზე მიუწერია: „სუფთა ფურცლები არ მქონდა, ნახე, რაზე ვწერდი“… ყველაზე უცნაური აქ ისაა, რომ ეს ფურცლები სულ ერთი და იგივე – 21-ე გვერდებია, ჩვენი რიცხვი, ჩემი და ირმას დაბადების დღის რიცხვი (ეს ნამდვილად ახლა აღმოვაჩინე, ამ წაკითხვაზე!).

მისი წერილები კი 20-21 წლის რომანტიკოსი, სამყაროზე, მთაზე და პოეზიაზე სულით ხორცამდე შეყვარებული, თავადაც პოეტი გოგოს ემოციებითაა სავსე, სადაც ის  ხან  უზომოდ ბედნიერია, ხან კი ყველასგან გარიყულად გრძნობს თავს (მათ შორის ჩემგანაც).

„ინო,

…თივის ბულულასთან ვზივარ. წინ, ჩემგან ორიოდ ნაბიჯში არაგვია და მთები. გული მტკივა, რომ ერთად ვერ ვუყურებთ ამ სილამაზეს. აი, ახლა, ჩემ თვალწინ, მთებმა ფერი მწვანიდან ლურჯისკენ იცვალეს, ლილვლივა სილურჯე  გადაიკრეს მხრებზე. აი, ეს არის „დაბინდული ქლიავისფერი“, გალაკტიონი რომ ამბობს, ეს, ეს… და „მე მინახავს“, ვაშა, ვაშა!

…მეზობლის ქალი, ნინო ბებო, ძროხას წველის გომურში. წეღან სველი, გაკრიალებული ვედროთი გაიარა. ვერ ვხედავ, როგორ წველის. მარტო ხმა მესმის. რძე ვთხოვეთ, მაგრამ, არ მოგვცა. არაო. მკითხავს უთქვამს, გათვალული ხარ, რძეს არიგებ და კარაქს ამიტომ ვერ დღვებო. …აქაურ ქალებს ძალიან მოვწონვარ. კაცები არ ჰყავთ.

…ნელ-ნელა ბინდდება. მუქდებიან მთები. სიჩუმეა. მარტო არაგვის ხმაღა ისმის. არა ჩერდება ეს დალოცვილი.

ი.ბ. ფშავი. ბუსნიჭალა.

მკათათვის 12. 1993 წელი.

ინო,

დღეს ისეთი დარი დაიჭირა, მზემ შეგვისრუტა ლამის. იცი რა ვქენი, დედიშობილა დავწექი არაგვის ჭალაში. ხო სიგიჟეა? აქ მზეა ყველაფერში. მზეზე ფიცხდები და  მერე არაგვში ჭყუმპალაობ. კიდევ და კიდევ… ცხელ მიწაზე წოლისას რაღაც უცნაური შევიგრძენი. მიწასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ. წარმართივით ვლოცულობ: მზეო, შემიერთე,  შემისრუტე, როგორც შენი წილი და ნაწილი.

ირმისა, ფშავი, ბუსნიჭალა.

მკათათვე, სამშაბათი.

ინო,

ჩემთან ყველაფერი იმგვარად ხდება, მე თვითონ რომ ვერაფერი გამიგია.  მე ვარ ქარი, ბორიალა, უსახლკარო… ქარს ტკივილები ამოაქვს სხეულიდან და მზეზე ჰფენს…

ი.ბ. გიორგობისთვე, უნივერსიტეტი.

ეს კიდევ მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ მოწერილი წერილი იმაზე, თუ როგორ მელოდა ჩემი მეგობარი ტრამვაის ხაზთან 2 საათი წვიმაში. მელოდა იმ ადგილას, სადაც ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მე ამ დროს სოფელში ვცხოვრობდი უკვე. ის კი თურმე მაინც მელოდა. ხოლო შინ მისული, მწერდა:

„გამიჭირდა შენი დათმობა, შენი გაშვება. თითქოს რაღაც შუაზე გაიპო, ჩაიქცა, ჩაიშალა… მე მარტო დავრჩი.

მე ახლა არავის ველოდები…

შენი ი.ბ. 21 თებერვალი, 1995 წ.“.

 

 

ზაზა აბზიანიძის „ბაბთა“ – ორი დისკურსის კოლიზია

0

გლობალურ მოვლენებზე პატარა გმირების მსჯელობა ყველა დროის ლიტერატურაში სასაცილოდ ჟღერდა. პროვინციულ ყოფასა და შესაბამის ენობრივ-ლოგიკურ სტრუქტურებზე დიდი იდეოლოგიების, მოვლენების პროეცირებით მწერლები თითქოს გლობალურსა და ლოკალურს, თეორიასა და რეალიებს შორის არსებული ნაპრალის გროტესკული ფორმით ჩვენებას ცდილობენ. ასე იქცევიან ჩეხოვი, კლდიაშვილი, დუმბაძე.

ალბათ, გვახსოვს ერთი ძალიან სახასიათო ეპიზოდი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ – „ზოსიმე ჩიყვიანის“ სიტყვა კოლმეურნეობის კრებაზე:

„დგას ორი კაცი, ორი ქვეყანა, წითელი და თეთრი, წითელი და შავი, ვარსკვლავი და არწივი, დგას და უშენს ერთმანეთს ტყვიას. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ჩაქუჩი და ნამგალი, ესე იგი, ვარსკვლავი, ისინი? ისინი ჯოჯოხეთი, სკვარამი, უკუნეთი, ბნელეთი, შავი ქვა და არგადარჩენა. რას შვება ჰიტლერი? ჰიტლერი მოდის წინ, ჰიტლერი მოსულია მჟავე წყალზე, – კისლოვოდსკ! – თარგმნა მან რუსულად. – უჭირს ხალხს, უჭირს მთავრობას, უჭირს ჯარს. ჩვენ არ გვიჭირს? ჩვენც გვიჭირს, გვშია, გვწყურია, ტანზე არ გვაცვია და ფეხზე“.

ერთი მხრივ, კომიკურია მეორე მსოფლიო ომის როგორც პოლიტიკური და სოციოკულტურული ფაქტის ხალხურ დისკურსში რეპრეზენტაცია, არქეტიპთა პრიმიტიული, ბინარული ოპოზიციითა (ბოროტი–კეთილი, ნათელი–ბნელი) და შესაბამისი ლინგვისტური პარალელიზმით (ჩვენ–ისინი, ვარსკვლავი–არწივი, წითელი–თეთრი/შავი). მეორე მხრივ, საკუთარ მდგომარეობაზე ამაღლებულ სიცილში ადამიანთა პერსონალური ტრაგედიები იკითხება. სასაცილოსა და ცრემლიანის დიალექტიკა ნოდარ დუმბაძის არა მხოლოდ ამ მოთხრობის, არამედ მეორე მსოფლიო ომის ციკლის სხვა ტექსტების მთავარი ყალიბიცაა.

ზაზა აბზიანიძის „ბაბთაც“ ამავე პრინციპზეა აგებული: გლობალური, სამოქალაქო, ძალზე სერიოზული პრობლემის – ბავშვთა უფლებების – პროეცირება კონტრასტულ დისკურსზე – ხალხურ, კარნავალურ, არაპოლიტკორექტულ და სასაცილო საუბრებზე. თუმცა ამ შემთხვევაში მწერლის ინტერესის საგანია არა თავისთავად სიცილისა და ცრემლის ანტინომია, არამედ პრობლემის განძარცვა დისკურსიული კლიშეებისგან და ამ „გაშიშვლებული“ იდეების გამოკვლევა განსხვავებული ენობრივ-ლოგიკური და ეთიკური კატეგორიებით.

„ბაბთაში“ კომიკურია ხასიათებიცა და სიუჟეტიც. ინფანტილური და საყვარელი ცხოველები, ბუსუნსულები, არც მეტი, არც ნაკლები, ბავშვთა უფლებების კონვენციას განიხილავენ. ისინი ერთმანეთს განუმარტავენ დოკუმენტის ტერმინებისა თუ პრინციპების არსს, მსჯელობენ და ცხარედ კამათობენ წესების მართებულობაზე – „სამართლიანისა“ და „ეთიკურის“ კატეგორიების ჭრილში. თანამედროვე სამოქალაქო დისკურსის ენობრივი ფაქტურა განსაკუთრებით გროტესკულად ერგება კურკაძეების ოჯახის ამბებს – პროვინციულ ჭორებს, რომლებსაც ბუსუნსულები ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპების განსჯისას იშველიებენ.

ხასიათებიც ძალიან დინამიკურია, ცხადია, სოციალურად და ეთნოკულტურულად შეფერილი. ბუსუნსულების საერთო კრებაში გაერთიანებულან: ქარიზმატული, საჯიშე და პერსპექტიული ნაგაზი ბუსო, რომლის კარიერული გზა კურკაძეების ოჯახში დაფასებული მსახურობიდან გაეროს შტაბბინის მცველის პოსტამდე მიდის; ფრთხილი და მოზომილი სიტყვის პატრონი, ირონიული კატა აგნესა; ვარდისფერი, თვინიერი და აზიზი, მგრძნობიარე გოჭი მეცნიერი სოკრატი; გრაფომანი იხვი ჭიჭიკო, რომელიც მუდამ იგავურად, ნართაულად საუბრობს; საზრიანი და გამჭრიახი, პროფესიონალი იურისტი, წრუწუნა ამბაკო; მრავლისმნახველი, ათასი აფორიზმის მთხზველი კუ ზიგლინდა; მოძველბიჭო, ღირებულებებში დაკარგული, გზასაცდენილი თუთიყუში პაკო და სხვები.

ხასიათების ესკიზების შექმნისას ავტორი არ იყენებს კომიკურ ან კარიკატურულ კლიშეებს – ჰიპერბოლას, ლიტოტესს, გროტესკს. პირიქით, მისი მანერა მინიმალისტურია – ხასიათი იქმნება ექსპოზიციის ეტაპზევე ორიოდე ეპითეტის ან ლაკონური პასაჟის საშუალებით. შედეგად „ბაბთას“ გმირები ძალიან სრულყოფილები და კოლორიტულები არიან. ვთანხმდებით იმაზეც, რომ კეთილი, ემოციური და ამბიციური ბუსუნსულების გნიასი და კამათი არაპირდაპირ შესაძლოა მოგვაგონებდეს ასეთივე გულმხურვალე, მაგრამ ინფანტილური საზოგადოების ფუსფუსს.

საერთოდ, ხასიათები, მათი უნიკალურობის, მშვენიერებისა და თუნდაც ახირებულობის კვლევა ზაზა აბზიანიძის დიდი გატაცებაა. ეს ინტერესი გასდევს მთელ მის ლიტერატურათმცოდნეობით და საგამომცემლო საქმიანობას – მწერალთა პორტრეტებიდან ბიოგრაფიულ ლიტერატურამდე. ამიტომ არის, რომ ცხოველებისგან ის არ ქმნის სქემატურ რეალისტურ ტიპებს დიდაქტიკური ნარატივით, რისი დიდი გამოცდილებაც აქვს ქართულ საბავშვო ლიტერატურას. ხასიათი და იუმორი ქართულ საბავშვო ტექსტში მას სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს. სამოქალაქო ტერმინებისა და წესების ზედმიწევნით ანალიზში, „დაღეჭვაში“, მისი პოზიცია თითქოს ასე იკითხება: ბავშვებს დიდივით ესაუბროს, დიდებს კი – ბავშვივით, ენის მოჩლექით. აკი მის ამ ტექსტზე არაერთხელ ითქვა, რომ ლიტერატურული ზღაპარი „ბაბთა“ საბავშვო და ზრდასრულთა ლიტერატურის მიჯნაზეა.

„ბაბთას“ ზედაპირული, სიუჟეტური პლასტი აწყობილია ბუსუნსულების მსჯელობაზე. ისინი ამა თუ იმ საკითხს ეთიკურობისა და სამართლიანობის კატეგორიების ჭრილში განიხილავენ. თუკი მათ კამათს კომიკური ელემენტებისგან გავათავისუფლებთ, დავინახავთ, რომ ტექსტი ფორმითა და შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა დიალოგი. სოკრატესეული დიალოგური მეთოდის პაროდიის გვირგვინად კი „ბაბთას“ გმირი – მეცნიერი გოჭი სოკრატი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ენობრივი თამაშებით, ჟანრობრივი ეკლექტურობით (ამ სიტყვის პოსტმოდერნისტული გაგებით), ინტერტექსტუალობითა და ორმაგი კოდირების მეთოდით, ნახატებიანი ლიტერატურული ზღაპარი „ბაბთა“ უდავოდ ქართული საბავშვო ლიტერატურის პოსტმოდერნის ნიმუშია.

„ბაბთაში“ მთავარ კონფლიქტს, შეიძლება ითქვას, თავად ენა ქმნის. მხიარული ცხოველების კოლორიტული საუბრების ფონზე სპეციფიკური სამოქალაქო ტერმინები: დეკლარაცია, ასოციაცია, დისკრიმინაცია, – მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაიელვებს. თუმცა ავტორი, რომელსაც სანიმუშოდ შეუძლია სტილის გადმოცემა, ამ შემთხვევაში არ ცდილობს ტერმინთა „მოშინაურებას“. შესაძლოა იმიტომ, რომ ტერმინები ბოლომდე არც ბუსუნსულებს ესმით. არც უბირებს – ვისთვისაც „დისკრიმინაცია“ და „კონვენცია“ საშიში ენობრივი სიგნალებია და არც განდობილებს – ვინც ამ ცოდნას რიგით წევრებს გადასცემს. მაგალითად, ნაგაზი ბუსო, რომელიც ბუსუნსუნლებს გაეროს ცენტრალური ოფისის დარაჯობისას ყურმოკრულ ინფორმაციას უზიარებს, დისკრიმინაციას ხსნის როგორც ფიზიკურ ჩაგვრას; მეორე მხრივ, ბუსო უკიდურესად ამაყობს საკუთარი წმინდა სისხლით და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, როცა უჯიშოდ მოიხსენიებენ.

აქ კი „ბაბთა“ თითქოს იგავური ენით გვიხსნის: უცოდინრობის, გაუცნობიერებლობის ბრალია, რომ ეს ცნებები ასეთი თვითკმარი, განყენებული და ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება; რომ თანამედროვე სამოქალაქო ღირებულებებისგან „შორს დავიჭირეთ ჩვენი ანბანი“ (ილია ჭავჭავაძე), ესე იგი ჩვენი ენობრივი და ეთიკური სისტემები; რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან გავაიგივეთ და ტერმინებს: „გენდერი“, „ლიბერალიზმი“, „იდენტობა“, – ნეგატიური კონოტაცია შევძინეთ.

ბავშვთა პრობლემებს ქართულმა საყმაწვილო და ზრდასრულთა ლიტერატურამ მე-19 საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მიუგდო ყური. ჟურნალების: „ნაკადულის“, „ჯეჯილის“, „ნობათის“, – ფურცლებზე იბეჭდება ეკატერინე გაბაშვილის, მარიამ დემურიას, დომინიკა ერისთავისა და სხვათა ტექსტები, სადაც უკვე ჩნდებიან პროტაგონისტი ბავშვები თავიანთი პრობლემებით, წუხილებითა და ტრაგედიებით.

უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში საბავშვო პროზას უმეტესად ქალი ავტორები ქმნიან. მათ როგორც დედებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებული ემპათია გამოარჩევთ ბავშვების გასაჭირის მიმართ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართულ ლიტერატურაში საყმაწვილო პრობლემატიკამ ლიგიტიმაცია მოიპოვა. ამ ლიტერატურამ განსაკუთრებით მწვავედ წარმოაჩინა ბავშვთა შრომის ბოროტად გამოყენება, არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობა, ბავშვთა განათლების უფლების საყოველთაოობა და სხვა ფუნდამენტური საკითხები. ზაზა აბზიანიძის ლიტერატურული ზღაპარიც ამ ტექსტის შორეული გამოძახილია, ცხადია, არა რეალისტური, არამედ პოსტმოდერნისტული მეთოდით შესრულებული.

16 წელია, რაც „ბაბთა“ გამოქვეყნდა და UNICEF-ის ბავშვის უფლებათა კონვენციის თემატიკისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. ვფიქრობ, საკმარისი დრო იყო, ტექსტით დაინტერესებულიყვნენ ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა ჯგუფები და თხზულებას, რომელიც ბავშვის უფლებათა გარშემო არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა შეგნების განვითარებას ისახავს მიზნად, ქართული ლიტერატურის კურიკულუმში ადგილი დაემკვიდრებინა. არადა, ამგვარი ტექსტები საუკეთესო სტიმული იქნება საკლასო დებატების წარმართვისთვის, მოქალაქეობრივ ღირებულებებზე უფრო ღრმა ცოდნის მიღებისა და ამ ფასეულობათა გააზრებისთვის. ჯერჯერობით კი ჩვენი ყოველდღიურობის მოწმენდილ ცას ისევე უსიამოვნოდ სერავს ტერმინები „დეკლარაცია“, „დისკრიმინაცია“, „უფლებები“, რა დისონანსურადაც გაისმის ისინი ზაზა აბზიანიძის ლიტერატურული ზღაპრის სახალისო პროვინციულ დიალოგებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...