ორშაბათი, მაისი 12, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

სკოლა თუ თანამედროვე არ იქნება

0

საზოგადო შეთანხმება ასეთია – სკოლა არის ადგილი, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიებისთვის ამზადებს. თუმცა, ამავდროულად გაჩნდა და განვითარდა აზრი, რომელიც კონსენსუსად იქცა და რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლების უმრავლესობა ამ მისიას ვერ ერგება, ვერ ამართლებს. ბოლოდროინდელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ორგანიზაციები დამოუკიდებლად, თავიანთი რესურსით, დიდ შრომას დებენ, რათა დაქირავებულ თანამშრომლებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის არსებული სიცარიელე ამოავსონ, თანამშრომლებს ის საჭირო უნარები შესძინონ, რომლებიც სკოლამ ვერ მისცა.

 

რვა ყველაზე მთავარ უნარ-ჩვევას, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე სამუშაო ადგილებისთვის ამზადებს, არაფერი ესაქმებათ ამჟამინდელ სკოლებში. შესაბამისად, ჩნდება კითხვის ნიშანი – უნდა შეიცვალოს თუ არა „21-ე საუკუნის სწავლება”, რომელიც უკვე ძველმოდურია, და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირდეს?!

 

2016 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი „მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასა” და მის გავლენას მსოფლიოზე ამგვარად აღწერდა:

 

  • ბიზნესმოდელების სწრაფი ცვლილებები ძირეულ გავლენას იქონიებს დასაქმების ბაზარზე. დასაქმების ლანდშაფტი მომდევნო წლებში სინათლის სისწრაფით შეიცვლება. უამრავი ამჟამინდელი მთავარი ტრანსფორმატორი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ინდუსტრიებზე, სავარაუდოდ, ასევე, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დასაქმებაზე, შექმნის არაერთ ახალ, აქამდე უცნობ სამუშაო ადგილს, გააქრობს ძველს და ადამიანებს ძალაუნებურად მოუწევთ, შეცვლილი თამაშის წესებისთვის სასწრაფოდ ფეხის აწყობა, სწრაფი განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ათი ან სულაც ხუთი წლის წინ ეს ახალი პროფესიები არ არსებობდა. შესაბამისად, ცვლილების პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდება.

ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული შეფასების თანახმად, 65% პირველკლასელებისა, ისეთ პროფესიებს აირჩევს და ისეთ ფაკულტეტებზე დარეგისტრირდება, რომლებიც ამჟამად არც კი არსებობს. შესაბამისად, დღეს წინასწარ განჭვრეტის უნარი და სამომავლო უნარ-ჩვევების პროგნოზირება, სამუშაო ადგილის კონტენტის განსაზღვრა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მთავრობისა და ინდივიდუალურად, ადამიანებისთვის, რათა მათ სათანადოდ შეაფასონ შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგი.

 

Pew Research Center-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „სამუშაო ადგილებისა და ტრენინგების მომავალი” ვკითხულობთ:

 

„თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები ანადგურებენ ადამიანების შესაძლებლობებს. ეს არ ეხება მხოლოდ მათ სამუშაო ადგილებსა და უნარ-ჩვევებს. ავტომატიზაციამ, რობოტებმა, ალგორითმებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო დროს აჩვენეს, რომ ისინი მინიმუმ თანაბრად და ხშირად უკეთესად ასრულებენ კონკრეტულ სამუშაოს. მაგალითად, ისინი უკეთესი დერმატოლოგები, იურისტები, სეისმოლოგები, სპორტული ჟურნალისტები, ფინანსისტები, მენეჯერები, ფსიქოლოგები და აგენტები არიან.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ხანგრძლივი, დამღლელი მოლოდინის შემდეგ, Microsoft-მა, Linux-მა და კიდევ რამდენიმე კომპანიამ, edX-თან და ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თავად აიღეს პასუხისმგებლობა, შესაბამისი განათლება მისცენ მომავალ დასაქმებულებს და სპეციალურად შექმნეს ონლაინსწავლების კურსი, რომლის მეშვეობითაც მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტს ერთდროულად ასწავლიან. კურსის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლები მხოლოდ უნარ-ჩვევებს არ სწავლობენ, არამედ თავად იგონებენ და ამუშავებენ მომავლის საგნებს, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის ჩათვლით. სტუდენტებს, რომლებიც ამ კურსს გადიან, სამუშაოდ Microsoft-ში, Amazon-ში,  Google-სა და სხვა, მსგავს ორგანიზაციებში ელიან.

 

ამ საკითხებზე, ცხადია, ბევრი კითხვა არსებობს და გაჩნდება. მათ შორის პოტენციურად მსგავსი კითხევბიც:

 

რატომ უნდა იზრუნოს სკოლამ მოსწავლეების განვითარებაზე სპეციალურად იმ მიზნით, რომ მათ Apple-ში ან Amazon-ში დასაქმება შეძლონ? განა სკოლები ამისთვის არსებობს?!

 

ნუთუ ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ სკოლა ფუნქციას დაკარგავს, თუ სწრაფ სოციალურ ცვლილებებს ფეხს ვერ აუწყობს?  ნუთუ სკოლამ თავად არ უნდა იპოვოს საყრდენი წერტილი და განათლების მიღება კვლავ დაუბრუნდეს პირვანდელ იდეას – განათლების ზოგად გადაცემას სხვადასხვა მეცნიერების მიმართულებით?

 

არის თუ არა თავად განათლების სისტემა მზად მსგავსი ცვლილებისთვის? თუ ასეა, რა უშლის მას ხელს განვითარებისთვის? თუ არა – როგორ უნდა წავიდეს წინ?

იქნებ სკოლა წინ უნდა აღუდგეს მსგავს დამპყრობლურ, გამანადგურებელ ევოლუციას. და მერე რა მოხდება? რა რისკია?

 

 

  აუტიზმი და დამოუკიდებლობა კლასში

0

სულ ახლახანს, 35 წლის ასაკში მივხვდი, რომ ბევრი რამ, რისი გაკეთებაც არ ვიცი ან არ შემიძლია, იმის ბრალია, რომ არასდროს დამიყენებია საკუთარი თავის გამოწვევების წინაშე. ამიტომ არ ვიცი ცურვა, სუსტი ვარ სპორტის ყველა სახეობაში და, ზოგადად, რომ ჩამოვთვალო ყველაფერი, რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ძალიან შორს წავალ.

როდესაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ან მოსწავლე გყავს, ძნელია, გაუძლო ცდუნებასა და სურვილს, ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთო.  საერთოდ, მგონია, რომ ეს ტიპური განვითარების ბავშვების ქართველი მშობლების სენიცაა.  ძნელია შეგუება, რომ ბავშვი გაიზარდა, უკვე ისეთი დოზით აღარ სჭირდები, როგორც ადრე.

ჰოდა, მეც აქ ვარ,  ჯგუფურ ფსიქოლოგიურ სეანსზე რომ სხედან ხოლმე და ბოლოს და ბოლოს აღიარებენ, ისე გიმხელთ:

-გამარჯობა, მე დიანა ანფიმიადი ვარ და მე ხშირად მიჭმევია ჩემი შვილისთვის ხელით, ხშირად ჩამიცმევია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მის ნაცვლად ჩამომიღია სათამაშო შედარებით მაღალი თაროდან, სადაც სკამის მიდგმა მშვენივრად შეიძლება, მის ნაცვლად ამილაგებია მისი მიყრილ-მოყრილი სათამაშოები, მის ნაცვლად ჩამილაგებია მისი სასკოლო ჩანთა და მოკლედ, ბევრ რამეს ვაკეთებ მის ნაცვლად.

ამას წინათ, ერთ-ერთი კვლევისას ბავშვთა ფსიქოლოგმა მკითხა, შეუძლია თუ არა ჩემს შვიდი წლის შვილს მაღაზიაში დამოუკიდებლად შესვლა, დაბარებული პროდუქტის ყიდვა და გამყიდველისთვის  ხურდის გამორთმევა. გავოცდი, არასდროს მიფიქრია, რომ შვილი წლის ბავშვი საერთოდ შეიძლებოდა ასეთი გამოწვევის წინაშე დამეყენებინა. ჰოდა, მივხვდი, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენი შვილები, ტიპური თუ არატიპური განვითარებით, გაცილებით გვიან იზრდებიან, ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო რთულად უმკლავდებიან და დიდი ხნის განმავლობაში უფრთხიან დამოუკიდებლობას.

გადმოვიტანოთ ეს სიტუაცია კლასში.

მე მასწავლებელი ვარ და კლასში მყავს აუტისტური სპექტის მქონე მოსწავლე.

როგორ ვიქცევი, ვცდილობ, რომ ისე, რომ სხვა კლასში მისი ავტორიტეტი არ დავამცირო, გამოწვევების წინაშე დავაყენო თუ პირიქით, მსურს, რომ ნაკლები პრობლემა ჰქონდეს და მის ნაცვლად ხშირად მე ვმოქმედებ?

როგორ გავხადოთ აუტიზმის მქონე მოსწავლე უფრო დამოუკიდებელი? მოდით, ერთად ჩამოვთვალოთ ის კონკრეტული დეტალები, რაც დაგვეხმარება:

 

  1. მივაჩვიოთ თავის მოვლას. რასაკვირველია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მითუმეტეს, თუ საქმე პირველკლასელ მოსწავლეს ეხება. ერთხელ ან ორჯერ შეიძლება გავყვეთ საპირფარეშოში და ხელის დაბანაშიც მოვეხმაროთ, მაგრამ მერე, თანდათან მივაჩვიოთ, რომ მარტო წავიდეს. პირველ ეტაპზე ტუალეტის კაბინის გარეთ ველოდებით და ვახსენებთ, რომ ხელი უნდა დაიბანოს. მეორე ეტაპზე ტუალეტის გარეთ, დერეფანში ველოდებით და ვეკითხებით, ხომ ნამდვილად დაიბანა ხელები და მოიწესრიგა თავი? მესამე ეტაპზე უკვე კლასთან ველოდებით, ბოლოს კი მარტო ვუშვებთ საპირფარეშოში. გააკონტროლეთ, რომ ტუალეტის კარის ჩაკეტვა და გახსნა ისწავლოს, ასევე, აუტიზმის მქონე პატარებს ხშირად ღილის ან ელვა-შესაკრავის შეკვრა და გახსნა უჭირთ, ამიტომ, პირველ ეტაპზე მშობელს სთხოვეთ, ისეთი სამოსი ჩააცვას, რომელსაც ღილის და ელვა-შესაკრავის გასხნა და შეკვრა არ სჭირდება.
  2. მიაჩვიეთ ხელის აწევას და რვეულში დავალების ჩაწერას, თუნდაც ეს მთლად იდეალურად ვერ მოახერხოს.
  3. მიაჩვიეთ და მოსთხოვეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს თავისი წიგნები, ნივთები და  სასკოლო ჩანთა.
  4. ეცადეთ, საკლასო სამუშაოს დროს დამოუკიდებლად იმუშაოს, თუნდაც ნაწილობრივ მაინც
  5. ეზოში გასვლისას თავად მოძებნოს საკუთარი ქურთუკი თუ ქუდი, თავიდან გაუჭირდება, მაგრამ ბოლოს მიეჩვევა
  6. ჯგუფური აქტივობის დროს მასაც აუცილებლად გაუნაწილეთ მოვალეობა და უთხარით, რომ ის პასუხისმგებელია დავალების შესრულებაზე.
  7. თუ წიგნში სასურველ ტექსტს ვერ პოულობს, არ მოძებნოთ მის ნაცვლად, სხვაგვარად მიანიშნეთ.
  8. თუ დავალების შესრულება უჭირს, მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ, გაუმარტივეთ და რამდენჯერმე გაუმეორეთ ინსტრუქცია.
  9. თუ ვერბალური ინსტრუქციის გაგება გაჭირდა, ეცადეთ ვიზუალურად ანახოთ დავალების არსი.
  10. სცადეთ თვითონაც იყოს მასწავლებლის ან მოსწავლის დამხმარე, მისი ძლიერი მხარეების საშუალებით შექმენით ისეთი სიტუაცია, სადაც ის მასწავლებელს ან კლასელს დაეხმარება. ეს მას კლასში ავტორიტეტს აუმაღლებს და საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს, ეს კი დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია.

 

 

„რკინაი“

0

რკინის შესახებ წლების წინ დავწერე. შესავალში მკითხველის შესაყოლიებლად გალაკტიონის სტრიქონებს მივმართე – „მომკლავს მე უშენობა“-მეთქი. იქვე ვაგრძელებდი, ნამდვილად მოვკვდები, გავფითრდები, ვეღარ დავიძინებ, ხშირად დავიღლები, მერე რაც დამემართება, მაგაზე ფიქრიც კი აღარ მსურს-მეთქი. თუმცა, უკვე მეორე აბზაციდანვე ირკვეოდა, რომ ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები, რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები იყო. მე კი გალაკტიონი ძალიან მორიდებით  მოვიშველიე  და ინტერესის გამოსაწვევად მისივე ლექსის სიტყვებით „ვითამაშე“. პოტენციური მკითხველის დაინტერესება მსურდა, მასწავლებელმა კი მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ინტერესია ყველაზე მთავარი, შემდეგ ჩნდება განწყობა და საქმის კეთების სურვილი. თორემ სულ იოლია გაკვეთილი ისე უინტერესოდ, დუნედ და მოსაწყენად გადააქციო, რომ უკვე მზა მოტივაციით მოსული, ჩამოყალიბებული  ადამიანიც კი დააფრთხო და აფიქრებინო, ნეტავ აქ არ მატარა და თავად ვისწავლი ყველაფერსო.

დღეს კვლავ რკინაზე სასაუბროდ გიწვევთ. ოღონდ, ამჯერად წარსულში გავიხედოთ – იყო თუ არა რკინა საინტერესოჩვენი ძველი წინაპრებისთვის.

რკინის აღმოჩენა შეიძლება ოქროს, ვერცხლის და სპილენძის აღმოჩენას შევადაროთ. ეგენი როგორღა აღმოაჩინა ადამიანმაო, იკითხავთ. ისტორიულ წიგნებში მოსაზრება არსებობს, რომ  პირველად თვითნაბადი სახით ნახა. მიუხედავად იმისა, რომ რკინა შედარებით იოლად იჟანგება და მისი თავისუფალი სახით ბუნებაში არსებობა თითქოს შეუძლებელია, მეცნიერება თვითნაბად რკინას მაინც იცნობს.

ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს დედამიწის წიაღში თვითნაბადი, დედამიწური, ტელურიკული წარმოშობის რკინის არსებობა. ტელურიკული რკინა, მეცნიერთა აზრით, შეიძლებოდა წარმოქმნილიყო დედამიწის წიაღში მისი ისტორიის იმ შორეულ წარსულში, როდესაც დედამიწა ან მისი ნაწილი ჯერ კიდევ მაგმატურ, გამდნარ მდგომარეობაში იყო. ასეთ მაღალ ტემპერატურულ პირობებში რკინის რომელიმე ჟანგბადშემცველ ნაერთს შეეძლო, რეაქციაში შესულიყო ნახშირბადთან ან ნახშირჟანგთან და ამ პირობებში აღდგენა განეცადა. საეჭვოა ძველ ადამიანს, რომელსაც არანაირი იარაღი არ ჰქონდა, ასეთ რკინას სადმე გადაწყდომოდა. უფრო მოსალოდნელია, ადამიანი კოსმოსური წარმოშობის (მეტეორიტულ) რკინას გაცნობოდა. მეტეორიტები სამგვარია: ზოგი მხოლოდ რკინას და მცირე მინარევების სახით ნიკელსა და კობალტს შეიცავს, ზოგიერთი რკინისა და სხვადასხვა ქანებისგან შედგება, ზოგი კი – მხოლოდ ქანებისგან არის წარმომდგარი.

რკინის სახელწოდებაც  ძალიან საინტერესოა. საერთოდაც, ძველ საქართველოში ლითონებისთვის სახელების მინიჭებაა საინტერესო. ივ. ჯავახიშვილი წერდა, რომ კალის გარდა, ქართველმა ტომებმა ძველად ლითონების სახელები თავად შექმნეს და ისინი უცხო ენიდან ნასესხები არ არის. მაგ: 1. ოქრო – მეგრულად – ორქო; სვანურად – ვქრე; შესაძლებელია ოქრო წარმოქმნილია ქართული სიტყვიდან „უქრობი“, იმის გამო, რომ ლითონის ბზინვარება არ ქრება, ზედაპირი არ მქრქალდება. 2. ვერცხლი – მეგრულად – ვარჩხილი, სვანურად – ვარჩხილ. 3. სპილენძი – ქართული ტომი სპინერები, მათი მადნები – სპირენძ – სპილენძი, სვანურად – სპილენძ, მეგრულად – ლინჯ. 4. ტყვია – ტყვივი, ბრპენი, ანუ პრპენი. 5. მხოლოდ სახელწოდება კალა თითქოს ნახევარკუნძულ მალაკას ქალაქის კალაჰიდან მომდინარეობს, საიდანაც ძველად კალის მადნები გამოჰქონდათ. ეს ლითონი ჯერ ირანში – თავრიზში შემოდიოდა, რომელსაც ძველად კალი – კალა ეწოდებოდა და აქედან ის საქართველოში შემოჰქონდათ. 6. თითბერი-სპილენძის და თუთიის შენადნობი – მეგრულ თუთაფერიდანაა წარმოქმნილი; „თუთა“ მეგრულად მთვარეა. რკინას რაც შეეხება… სავარაუდოა, რომ ჩვენმა წინაპრებმა რკინის სახელწოდება ცის სახელწოდებიდან „რკინაი“-დან წარმოქმნეს. იდგა ადამიანი თავისთვის, გაიხედა და რაღაც ჩამოვარდა ციდან. ეს რაღაც მეტეორიტი აღმოჩნდა. ხელით შეეხეო, დააკვირდა და დაასკვნა, რომ შიგნით  ლითონი იყო. იფიქრა, ცა ამ ლითონისგან შედგებაო და სახელიც მოუფიქრა „რკინაი“.

ამგვარი მაგალითები სხვა ენებშიც მოიპოვება. ძველი ეგვიპტის, შუა და მცირე აზიის, საბერძნეთისა და სომხეთის მოსახლეობა რკინას ასევე „ციურ ლითონად“ აღიარებდა. ძველ ეგვიპტურად რკინის სახელი „ბი-ნი-პეტ“ „ციურ მადანს“ ან „ციურ ლითონს“ ნიშნავს. ძველ მესოპოტამიაში რკინას „ან-მარს“ უწოდებდნენ. რკინის ძველი ბერძნული სახელი „სიდეროს“ და აგრეთვე კავკასიური „ზიდოს“ უძველესი სიტყვიდან „sidereus”-დან მოდის და „ვარსკვლოვანს“ ნიშნავს. ანუ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანი პირველად მეტეორიტულ რკინას გაეცნო და ის გამოიყენა, შემდეგ კი მისგან საჭირო საგნების დამზადებაც შეძლო, რადგან იმხანად სპილენძის მაგალითზე, მჭედლის ხელობას უკვე ფლობდა. თუმცა, მეტეორიტული რკინა მცირე რაოდენობით იყო და ყველა მოთხოვნილებას ვერ დააკმაყიფილებდა. საჭირო გახდა მისი მადნებიდან მიღება. ერთ არქეოლოგიურ კვლევაში წერია: „საქართველოში ქვემო ქართლის ფოლადაური სამთო საქმისა და მეტალურგიის უძველესი კერაა. უახლესი არქეოლოგიური მასალების მიხედვით, შეიძლება წამოყენებული იქნეს მოსაზრება, რომ ამ თემის ბინადარმა მოსახლეობამ სპილენძის მადნების (მალაქიტის და აზურიტის) დამუშავება და მისგან ლითონის გამოდნობა ენეოლითში დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ რკინის საბადოს დამუშავება XI საუკუნეზე ადრეც წარმოებულა. ამის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს რკინის მადნის (ჰემატიტის) ნატეხების მოზრდილი გროვის აღმოჩენა ქვემო ბოლნისის რკინის გამოსადნობი სახელოსნოს ნაშთების გათხრის დროს, რომელიც ძვ.წელთაღარიცხვის II ათასწლეულის ბოლო საუკუნეების ბოლო წლებს ეკუთვნის“. რკინის გამოსადნობი ქურები აღმოჩენილია ასევე სვანეთში, სადაც ქურები თიხისგან ყოფილა გაკეთებული, აჭარისა და სხვა ადგილების არქეოლოგიური გათხრების დროს წიდის დიდი რაოდენობა იქნა მიკვლეული, რაც მოწმობს ამ რაიონებში ძველად რკინის გამოდნობის წარმოებას.

რკინის საწარმოო კერა ანტიკურ ხანაში იყო მცხეთის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც სარკინეთი ეწოდებოდა. აქ მცხეთის საწარმო, რკინის სახელოსნო უბანი იყო. გათხრებისას  დიდი ქურები აღმოჩენილა, რომლებშიც ხდებოდა რკინის გამოდნობა მადნიდან. ამ ფაქტს „დოდოსტატის მარჯვენაში“ ამოკითხული დრაზაც ადასტურებს: „რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ“. ანუ ფოლადის წრთობა ნამდვილად იცოდნენ.

ძველად მადნებიდან რკინის მიღების ტექნოლოგია დაახლოებით შემდეგი უნდა ყოფილიყო. გამოდნობას წინ უძღოდა მადნის გამდიდრება, ფუჭი ქანების მოცილება, ხშირად დაფხვნა, გარეცხვა, წინასწარი გამოწვა აქროლად ნივთიერებათა მოსაცილებლად. ამ გზით შესაძლებელია, მადანს გოგირდსაც აცლიდნენ.

ქურას ჯერ შეშით გაახურებდნენ, შემდეგ ხის ნახშირით ავსებდნენ და ჰაერის შებერვას შეუდგებოდნენ. როდესაც ნახშირი გავარვარდებოდა და მისი დონე დაიწევდა 2-3 კგ. მადანს ჩატვირთავდნენ და ზემოდან ნახშირით დაფარავდნენ. ასე მეორდებოდა 5-6-ჯერ, შედეგად ქურაში დაახლოებით 20კგ. მადანი გროვდებოდა.

როდესაც ნახშირი ქურის შუაწელამდე გამოიწვებოდა, წიდას გამოუშვებდნენ და პროცესს ნახშირის საბოლოო დაწვამდე განაგრძობდნენ. ამის შემდეგ გავარვარებულ, დარბილებულ რკინას გამოიღებდნენ და გამკვრივების, წიდის მოცილების მიზნით, უროებით ჭედავდნენ. ამ გზით მიღებული რკინა ნახშირბადის მცირე რაოდენობას შეიცავდა. ასეთი რკინა რბილი იყო, არ იწრთობოდა, ამიტომ იარაღების დასამზადებლად არ გამოდგებოდა. საჭირო იყო მისი ნახშირბადით გამდიდრება. ამას რკინის და ნახშირის ერთად გახურებით აღწევდნენ, შემდეგ კი გამოჭედავდნენ. პროცესს რამდენჯერმე იმეორებდნენ, ასე ხდებოდა რკინისგან ფოლადის მიღება.

ლითონის სადნობი სპეციალური ღუმელი აღმოჩენილია ახალციხის ახლოს, ამირანის გორას ნასახლარში.

საქართველოში რკინის მადნების საბადოებია: ძამის ხეობაში, ჩახათში, რომელიც უძველესი დროიდან სარკინეთის სახელით იყო ცნობილი და XIX საუკუნის შუა ხანებამდეც კი მუშავდებოდა.

რკინის გამოსადნობად გამოყენებული ყოფილა: 1) მაგნიტური რკინაქვა (კოლხიდაში, ნატანებსა და სუფსას შორის); 2) ჰემატიტი-Fe2O3 (ბოლნისი); 3) მურა რკინაქვა -2Fe2O3•3H2O (საწირე-იმერეთი); 4) რკინის და შავიქვის ნარევი (ძველი ბოგვი). აღსანიშნავია, რომ ანტიკურ ხანაში ჩვენი წინაპრები ისე დაოსტატებულან, რომ უჟანგავი რკინის მიღებაც კი შეძლეს თურმე. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა რკინა-ქრომის შენადნობი, არამედ მინარევებისგან განთავისუფლებული დიდი სიწმინდის რკინა. ასეთი უჟანგავი რკინის ობელისკი ინდოეთის დედაქალაქ დელიში დგას. 2000 წლის წინათ არის დადგმული, დაჟანგვის ნიშნები კი ახლაც არ ეტყობა.

ფოლადზე დაკვირვება გაკვეთილზეც  შეიძლება. ამისთვის ფოლადის ფირფიტა გაწითლებამდე გავაცხელოთ და პინცეტით სწრაფად ჩავდოთ ცივ წყალში. შემდეგ ვცადოთ მისი მოღუნვა. ფირფიტიდან ნაწილი მოტყდება, რადგან ფოლადი მყიფე და მაგარი გახდა. ის მინას კაწრავს. თუ ფოლადის ფირფიტას კვლავ გავახურებთ და ნელა გავაციებთ, ფოლადი „მოეშვება“, რბილი გახდება და სიმყიფეს დაკარგავს.

კელტების ლეგენდებში ერთი ჯადოქარი ბიჭია, მერლინი ქვია. ლოგრესის და კამელოტის მმართველის მეფე არტურის მსახური, მეგობარი და მრჩეველია. მანამდე, არტურტის მამას უტერს ემსახურებოდა. სავარაუდოდ, პატარა ბიჭი სულაც არ არის, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება, ალბათ იმიტომ, რომ ჯადოქარია და დროის შეჩერება შეუძლია. მისი ჯადოქრობის ამბავი არც უტერმა და არც არტურმა არ იციან. ჯადოქრებს და მაგიას ვერ იტანენ და ღრმად სწამთ, რომ ამ ტიპის ხალხი ავაზაკი და შურიანია, ამიტომ მათგან კარგს არაფერს ელიან. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მერლინი სხვანაირია და მაგიასაც მხოლოდ ბოროტი ჯადოქრების წინააღმდეგ იყენებს, კამელოტის უსაფრთხოება რომ დაიცვას. თუმცა, თავის მაგიურ ცოდნას მეფისგან მალავს. ადრე, სანამ გამოცდილი მაგი გახდებოდა, ბეჯითად მეცადინეობდა. ალქიმიის მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ალქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე მოსაწყენი და არაეფექტურიაო. უჟანგავი ფოლადისგან  მერლინს ხმალი გამოუჭედა, რომელსაც პატრონი ბოროტებისგან უნდა დაეცვა.

ქიმიის თითოეულ მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ასეთი ხმლის გამოჭედვა შეუძლია. ხმალს „ქიმიის ცოდნა“ ერქმევა და მფლობელს მთელი ცხოვრება ბოროტებისგან დაიცავს.

 

 

არაფრით სავსე ჩანთა

0

საკუთარი პრაქტიკის შესახებ წერილებს თქვენთვის რაჭიდან ვწერდი. სოფლის პატარა სკოლაში ყოველდღიურად ათამდე მოსწავლეს ვასწავლიდი, თუმცა თითქმის ყველა მოსწავლესთან ვურთიერთობდი სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის დროს. სამწლიანმა პრაქტიკამ უზარმაზარი გამოცდილება შემძინა, საკუთარი შესაძლებლობები აღმომაჩენინა. სურვილსა და მოქმედებას სოფლის მონოტონური რიტმი, ბევრი თავისუფალი დრო და მოსწავლეთა მცირე რაოდენობა დაერთო, ყოველივე ამან კი მე და ჩემს მოსწავლეებს ნაყოფიერი სამი წელი გვაჩუქა.

ახლა ქალაქის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობ. ყოველდღიურად სამოცამდე ბავშვს ვასწავლი, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარული მოვიდა და პროფესიული თვითკმაყოფილებაც დამიბრუნდა.

ქალაქელ ბავშვებს რაჭველებზე ვუამბობ, რაჭველებს კი წერილებს ვწერ და ქალაქელებს ვაცნობ. ასე ვქსოვ ურთიერთობებს და თბილისელმა გოგო-ბიჭებმა რაჭაში გამგზავრების სურვილი რომ გამოთქვეს, უზომოდ გამიხარდა. ლიტერატურული პროცესები არც უწერაში შეწყვეტილა და ახალ გარემოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ბავშვების აქტიურ მკითხველებად გადაქცევამდე დიდი და რთული გზაა. პირველ ნაბიჯად ხმამაღალი კითხვა და მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ ავირჩიე, პარალელურად ვგეგმავ როლურ თამაშებს. ვმუშაობთ მრავალი კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთეკლასელების ცხოვრებაში პირველად ჩნდება ქულები და დიდი სიფრთხილეა საჭირო განმსაზღვრელი შეფასების რთულ სამყაროში გზის გასაკვლევად. ასტრიდის დაბადების დღეც გვიახლოვდება, მერე გალაკტიონის ლექსებს წავიკითხავთ კლასიკური მუსიკის ფონზე და სილუეტურ თეატრს გავეცნობით. ამასობაში პირველი ლიტერატურული კაფეს დროც მოვა.

 

საინტერესო გაკვეთილისთვის იდეა ლურჯ ავტობუსში დაიბადა. ოქტომბრის მზიან შაბათ დღეს ლექციაზე მივდიოდი, გზაში მეგობრის რჩევით წიგნს „თევზი ხეზე“ ვკითხულობდი. წიგნის მთავარ გმირს, ელის, დისლექსია აქვს, რის გამოც მისი ყოველდღიურობა სკოლაში მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს უკავშირდება. მერე ელის ცხოვრებაში ახალი მასწავლებელი – მისტერ დენიელსი ჩნდება და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ერთ-ერთ ეპიზოდზე ცრემლები ვერ შევიკავე და როცა მივხვდი, სად ვიყავი: ხალხით სავსე ავტობუსში, გვერდით ჩემი რვა წლის გოგო მეჯდა, ხელში ჭრელყდიანი წიგნი მეკავა და წიგნის სიუჟეტით მთელი არსებით მოცულს არაადეკვატური სახე მამხელდა, – საკუთარ თავზე გამეცინა, მერე სურვილი გამიჩნდა, მისტერ დენიელის მსგავსად, მეც დამევალებინა მეხუთეკლასელებისთვის საყვარელი ნივთების მოტანა, რათა ჩვენც უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. მცირეოდენი მასწავლებლური გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვირტუალურად წარმომედგინა მოვლენების სავარაუდო განვითარება და ასე დაიგეგმა ქალაქის ტრანსპორტში მეორე დღის გაკვეთილი.

 

პირადი მაგალითი

შემიმჩნევია, როცა მოსწავლეებთან ერთად თავადაც ვაკეთებ იმას, რასაც მათ ვავალებ, საოცარ შედეგს ვიღებ, ამიტომ გადავწყვიტე, მეც გამეცნო მათთვის საყვარელი ნივთი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სკოლაში წასაღებად ჩემი პატარა გოგოს ნაჭრის თოჯინა შევარჩიე. ერთი ქართული საწარმოა – „სოკომორო“, ბავშვების ნახატებს აცოცხლებენ, თეკლას მერვე დაბადების დღის აღნიშვნა უჩემოდ მოუწია, საჩუქრად თბილისიდან რაჭაში გავუგზავნე „სოკომოროს“ მიერ გაცოცხლებული თავისივე ნახატი. რამდენიმე თვის წინ სახლის ფარდაზე მე დამხატა. სწორედ ეს ნახატი „გავაცოცხლეთ“ და ფიზიკურად ვერ, მაგრამ წარმოსახვით შექმნილი დედა ესტუმრა პატარა გოგოს ნაძვების სამყაროში. ამ ყოველივეს მეხუთეკლასელებს ვუამბობ, ნივთებისადმი დამოკიდებულებასა და პირადი ამბების მოგროვებაზე ვსაუბრობთ, მერე „თევზს ხეზე“ ვაცნობ და მეცხრე თავს, სახელად „არაფრით სავსე ჩანთას“, ვუკითხავ.

„- მე მჯერა, რომ ის, რასაც რიცხვებით განვსაზღვრავთ, შესაძლოა, სულაც არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ გაზომავ იმას, რაც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“, – ეუბნება მისტერ დენიელსი ერთ-ერთ მოსწავლეს. აბა, როგორია?! შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ეს თავი ელის სიტყვებით მთავრდება, მას (მისტერ დენიელსს), მგონი, ჩემი განსხვავებულობაც მოსწონსო.

ათი წლის ადამიანებს ვეუბნები, რომ მათი განსხვავებულობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ ვუმეორებ დავალების ინსტრუქციას და ერთმანეთს ვემშვიდობებით. არ ვიცი, რა მელის მეორე დღეს, რა და როგორ მივიდა მათ გულებამდე.

 

ბუცები, ცეკვის ჩუსტები, საყვარელი ძაღლის სურათი

საყვარელ ნივთებზე სასაუბროდ პრეზენტაციის ფორმა ავირჩიეთ, ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები, განვსაზღვრეთ დრო და აქტიურ მსმენელად გადავიქეცი.

გაკვეთილი ძალიან ემოციური გამოვიდა. რა აღარ მოიტანეს: ბუცები, წიგნები, ცეკვის ჩუსტები, თოჯინები, სიგელები, სოფლის სახლის ჭიშკრის გასაღები, საყვარელი ძაღლის სურათები, ერთცენტიანი, დაბადების დღის მისალოცი ბარათები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორმოცი ზომის ბოტასები და სანდროს განმარტება, კალათბურთელობაზე ვოცნებობ, ერთხელ ცნობილი კალათბურთელი მესტუმრა სახლში, რომელი ფირმის ბოტასებიც მირჩია, მაღაზიაში მხოლოდ სამი ზომით დიდი დამხვდა, მაინც ვიყიდე, თავიდან ფეხი მისრიალებდა, მაგრამ მაინც გაუხდელად მეცვაო.

მერე ზეპირად მოყოლილი ამბები  დაწერეს, ერთმანეთი შეაფასეს, უკვირდათ და უხაროდათ, როგორ აღმოაჩინეს კლასელებში მოცეკვავეები, ფეხბურთელები, კარატის მოყვარულები, მკითხველები.

პირადად ჩემთვის გაკვეთილი მაშინ შედგა, როცა  საკლასო ოთახში დადებითი ემოციების მოზღვავება  ვიგრძენი და გაკვეთილის ბოლოს დაფასთან ჩამწკრივებული ნივთებისთვის სურათების  გადაღების ნებართვა  მთხოვეს. რაღაც დროის მერე მეკითხებოდნენ, კიდევ ჩაუტარდებოდათ თუ არა „ასეთი“ გაკვეთილი. ვეთანხმები ბავშვებს,  დროდადრო საგაკვეთილო პროცესის მსგავსი როლური თამაშებით გახალისება სასკოლო რუტინას ამრავალფეროვნებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვან ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. კერძოდ, ის, რომ მცირერიცხოვან საკლასო ოთახში სწავლა-სწავლება მეტად ეფექტურია, ვიდრე – მრავალრიცხოვანში, რადგან ქალაქის აჩქარებულ რიტმში დრო არ რჩება მოსწავლე-მასწავლებელს პირადი ურთიერთობისთვის. არადა, სკოლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ რომ ჯანსაღ დამოკიდებულებებსა და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა მგონია, ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის ინტერესების გაცნობა  ათბობს სიტუაციას და როცა ამგვარი დადებითი განცდებითაა გაჯერებული მათი სასწავლო ცხოვრება, სკოლის შესაყვარებლად განსაკუთრებული მიზეზი  უჩნდებათ. ჩემ მიერ აღწერილმა აქტივობამ კი საშუალება მოგვცა უფრო ახლოს გაგვეცნო და შეგვეყვარებინა ერთმანეთი, სიამოვნებასთან ერთად შევეჭიდეთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებზე ფიქრს, დროის მართვას, შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობას, განმავითარებელი კომენტარების წერასა და ურთიერთშეფასებას.

წერილის ბოლოს ისევ წიგნს დავუბრუნდები, ძალიან მინდა, საყვარელი ნივთების შესახებ ჩატარებული გაკვეთილის მერე თითოეულმა მოსწავლემ  ელის მსგავსად იფიქროს, მგონი, ლელა მასწავლებელს ჩემი განსხვავებულობა მოსწონსო.

 

უბანი და აჩრდილები

0

პირველ სექტემბერს შავი შარვალ-კოსტიუმითა და ბაფთით მოვიდა. ეს გარდასახვა უჩვეულო იყო მისთვის. იქამდე მხოლოდ ეზოსთვის განკუთვნილი საგარეო ტანსაცმლითა და ხელში ხის ხმლით მყავდა ნანახი. შორიდან ვიცნობდი. მე-14 კორპუსის, ჩვენსაზე გაცილებით ძლიერი დაჯგუფების წევრი იყო. წევრი კი არა, ბელადის მარჯვენა ხელიც ეთქმოდა. ჩვენზე მეტი იყვნენ, უკეთესი შეიარაღება ჰქონდათ და ჭიაკოკონასთვის ჩვენზე გაცილებით მეტ საბურავს აგროვებდნენ. მათი გვშურდა. გვშურდა არა საბურავების რაოდენობის ან ხის ხმლების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენზე უშიშრები ჩანდნენ – შეეძლოთ, ხევის ბოლომდე ჩასულიყვნენ და იქიდან შტაბის ასაშენებლად საჭირო ხარახურა ამოეზიდათ. შეეძლოთ უბნის იმ უხილავი საზღვრების გადაკვეთა, რომლებსაც მშობლები გვიწესებდნენ ხოლმე.

გაკვეთილზე ჩუმად იჯდა. ეტყობოდა, რომ სხვაგან დაფრინავდა, სხვა თავგადასავლებში იყო. ვინ იცის, იქნებ ხის ცხენს დააჭენებდა ხევის ფერდობზე ან იმაზე ფიქრობდა, რა ფორმა მიეცა ძველი აკუმულატორიდან ამოღებული განძისთვის, კალას რომ ვეძახდით. ენერგიას, რომელსაც მისი ორგანიზმი ათვინიერებდა, ვერაფერს უხერხებდნენ მისი თვალები, რომლებშიც რაღაც ამოუხსნელი ეშმაკობა სქრინსეივერივით ბრუნავდა ხოლმე. გაკვეთილის მოუმზადებლობის დროს, როდესაც ჩვენ შიშისგან ვძრწოდით, მას თამამად შეეძლო მასწავლებლისთვის ეთქვა, რომ გაკვეთილი არ იცოდა. არა, ამას არ აკეთებდა სიამაყით, – ამაში ვერავითარ თრობას ვერ ხედავდა. უბრალოდ, არ ეშინოდა. ფიზკულტურის გაკვეთილიც კი – ურჩი მოსწავლეების სამოთხე – არავითარ ვნებას არ აღუძრავდა. სკოლა მისთვის ერთგვარი სავალდებულო სამხედრო სამსახური იყო, რომელსაც პატიოსნად იხდიდა – არ აცდენდა, არ აგვიანებდა, გაკვეთილებიდან არ იპარებოდა. სამაგიეროდ, როცა დღის ბოლო ზარი დაირეკებოდა, ის ხდებოდა ყველაზე თავისუფალი ადამიანი თავისუფალ ადამიანებს შორის. თუმცა უყაირათოდ დახარჯულ თავისუფლებას შურისძიება შეუძლია.

სკოლის ცხოვრებიდან მილიონი ეპიზოდი მახსოვს, მაგრამ რომ მთხოვონ, სამი საყვარელი მომენტი გამოარჩიეო, ერთ–ერთი აუცილებლად ის ეპიზოდი იქნება, ქართულში ოთხიანი რომ მიიღო. ლამაზი გაზაფხული იდგა. ბალახისა და ნუშის სურნელი საკლასო ოთახშიც კი შემოდიოდა, რომ არაფერი ვთქვა მუშმულას ხის სიმწვანეზე, რომელიც თითქოს სახეში გვეფეთებოდა ბოლო გაკვეთილის დროს, ხელ-ფეხზე გვეხვეოდა და გარეთ გვექაჩებოდა. მაშინ, როცა ამ მომენტით ვტკბებოდით, ზოგი მერხზე ხატავდა რაღაცას, ზოგი კი მეგობრობის დღიურს ავსებდა, მასწავლებელმა დაფასთან გაიძახა. ამ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიგვიქცევია. ჟანრის კანონიდან გამომდინარე, გვეგონა, ეპიზოდი სტანდარტულად დამთავრდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში მასწავლებლის ხმა გაისმა და ეს ხმა, როგორც მიშა ქვლივიძის ლექსშია, გასროლას ჰგავდა: „დაჯექი, ოთხიანი“. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, დრო გაჩერდაო, იფიქრებდი.

იმ დღეს არმენ ავაქიანი ყველაზე ბოლოს გამოვიდა კლასიდან. მე თვალი არ მომიშორებია მისთვის, სანამ სახლებისკენ მიმავალი გზები არ გაიყო. ის მოდიოდა გამარჯვებით გაბრუებული. არ ვიცი, რა ხდებოდა მაშინ მის გონებაში, მაგრამ ასეთი სევდიანი არმენა სხვა დროს არ მინახავს. მაშინაც კი, როცა წლების შემდეგ, ვაზისუბნური გარჩევის დროს, გამშველებლის პოზიციაში მყოფმა, ტყვიის ანასხლეტისგან თვალი დაკარგა.

არმენამ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა და ადრე გავიდა სკოლიდან. ჩვენ, როგორც იტყვიან, საკონტაქტოზე გავაგრძელეთ. ის უბნის უღრანებში შევიდა. უბნის გზები ბევრად უფრო გრძელი, ჩიხური და უსწორმასწოროა, ვიდრე მაშინ მეგონა. იქაურმა ჭაობებმა ჩათრევა იცის და იქ აღმოჩენილისთვის, რაგინდ ნელა იმოძრაო, რა მსხვილი ბაწარიც არ უნდა ჩამოგიგდონ, ამოსვლა ძნელია. ეს დიდი სამყაროა პატარა უბნის შიგნით, სადაც მოხვედრა იოლია, იქიდან გამოსვლა კი ძალიან ძნელი – ნელა-ნელა ეს სამყარო ორგანიზმში გეზრდება და მისი ნაწილი ხდები, უფრო სწორად, მისი აჩრდილი. უბნის აჩრდილები კი თან ყველგან არიან და თან არსად. მაღაზიასთანაც ხედავ, აფთიაქთანაც, ბირჟაზეც, სკოლასთანაც, მაგრამ ვერასოდეს მალავენ იმ მარტოსულობის განცდას, რომელიც ალესილი ხანჯალივით ადევთ კისერზე.

არმენას ხელზე რამდენიმე სვირინგი ჰქონდა, მაგრამ ორ მათგანზე განსაკუთრებული მოწიწებით ლაპარაკობდა ხოლმე. ერთი ძმის სახელი იყო – გოგა, მეორე – მამის, გაგო. არმენას ნაადრევად მოუწია მათი იმქვეყნად გაცილება. ის კიდევ უფრო გულჩათხრობილი და მარტოსული გახდა, მაგრამ ამ ტკივილმა საკუთარ თავში აპოვნინა ძალა, რომლის დახმარებითაც უბნის კეთილ აჩარდილად იქცა და, როგორც უბნის კეთილ არსებებს სჩვევიათ ხოლმე, ასწრებდა, ერთდროულად ყველას დახმარებოდა: მოხუცებს – მაღაზიიდან მძიმე ტვირთის წაღებაში, ზრდასრულებს – ხელსაქმეში. ახალგაზრდებს კი დილაადრიან ისეთ გულიან სალამს ეტყოდა, შეუძლებელია, ის დღე ცუდი ყოფილიყო. შუშის თვალი, ლურჯად რომ მოუჩანდა, შავგვრემან, გამხდარ, ტანმორჩილ ბიჭს უცხო გარეგნობას სძენდა და ისეთს გაჩვენებდა, როგორიც შინაგანად იყო – უშიშარს, გამბედავსა და გულკეთილს. მის უანგარო დახმარებას ხშირად იხსენებდა ბებიაჩემი, რომელიც ყოველ საღამოს მიყვებოდა, რაში დაეხმარა არმენა. თუმცა არმენას არც ერთი ამ ფაქტის შესახებ კრინტი არ დაუძრავს.

ერთი წლის წინ, სკოლის დამთავრების მეათე წლისთავზე, აივანზე ვიდექით და ვეწეოდით. სიჩუმე იყო. ორივენი მთვრალები ვიყავით. უცებ არმენამ სიტყვა დაძრა:

– გორგილჯან, გახსოვს ოთხიანი რო მივიღე?

– მახსოვს, არმენ, როგორ არ მახსოვს, მაგარი იყო.

– იცი, როგორ იყო? ვცადე, თუ გამომივიდოდა და გამოვიდა, რა.

– გამოგივიდა და კიდევ გამოგივა. კიდევ სცადე, რა, – ვთხოვე.

არმენას პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ცალ თვალში აუთამაშდა მიძინებული სქრინსეივერი.

– მოყევი, რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?

– წასვლა მინდა. ჩემები წავლენ და მალე მეც ჩავალ.

უბნის აჩრდილები, როგორც წესი, ვერსადაც ვერ მიდიან. ვერც არმენა წავიდა. გუშინ ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – უბნის უღრანებმა კიდევ ერთი სიცოცხლე შეიწოვა და ღრმად ამოისუნთქა.

 

იმ დღეს, როცა არმენამ ოთხიანი მიიღო, გაზაფხული იდგა. ეზოდან ბავშვების ყიჟინა და ფიზკულტურის მასწავლებლის სასტვენის ხმა ისმოდა, ფანჯრიდან კი მუშმულას ფოთლების ხასხასა სიმწვანე იღვრებოდა. ხვალ არმენას დაკრძალვაა. იმედია, არ მოთოვს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.

მეკობრეებსა და ბრძოლის დიდებულებაზე

0

ისტორიის გაკვეთილი შიდა ქართლის ერთ-ერთი სკოლის მეხუთე კლასში დაიწყო და იამაიკაზე დამთავრდა – იმ დღიდან სამუდამოდ დამახსოვრებულ კუნძულზე. კარიბის ზღვაში როგორ აღმოვჩნდით და კაპიტან ბლადის კვალს გავყევით – მამაცი ირლანდიელი ექიმის, რომელმაც ბედისწერასთან შებრძოლება გადაწყვიტა და ეს მეტისმეტად მომხიბლავად და დახვეწილად გამოუვიდა. ამდენი წლის შემდეგ ბევრს ვერაფერს გავიხსენებ, აი, ეს კი ნათლად მახსოვს: გაკვეთილის დასრულება არც ერთს არ გაგვხარებია – თითქოს დიდძალი ნადავლის სხვისთვის დათმობა, მეკობრეთა გემის დაუყოვნებლივ დატოვება ებრძანებინოთ.

ვინ იცის, არჩილ მიხანაშვილი – ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგიური პრაქტიკა დიდი ხნის დაწყებული არ უნდა ჰქონოდა – ხმამაღლა ფიქრის რომელმა ძაფმა მიიყვანა პიტერ ბლადის ხსენების აუცილებლობასთან. ერთი კია: უმალვე მოვინუსხეთ და მთელი წიგნის მოყოლისკენ ვუბიძგეთ. შინაარსის ცოდნას ხელი სულაც არ შეუშლია იმაში, რომ იტალიური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის, რაფაელ საბატინის წიგნი იმავე დღეს გამოგვეტანა სასკოლო ბიბლიოთეკიდან და რიგრიგობით წაგვეკითხა  ყველაზე მონდომებულებს. ასე იყო: კარგა ხანს მომიწია რიგის ლოდინი და მტანჯველ მოუთმენლობასთან ბრძოლა.

იმ დაუვიწყარ გაკვეთილზე, სხვა გასაოგნებელ სიტყვებთან ერთად, პირველად გავიგონე სიტყვა „აბორდაჟი“ – როგორ მომწონდა ჟღერადობაც და ისიც, რასაც აღნიშნავდა… მომწონდა მეკობრეების ცხოვრების წესი – დიდებულ საქმიანობად მესახებოდა სავაჭრო გემების ძარცვა, ნადავლის სამართლიანად განაწილება, გაშლილ ზღვაში უთავბოლოდ ხეტიალი. ჩემს ფიქრებში დიდად არავინ ზარალდებოდა: დამარცხებულებს მეკობრეები დიდსულოვნად ექცეოდნენ და ჭრილობებსაც საიმედოდ უხვევდნენ, დატყვევებულ ქალიშვილებს კომფორტულ კაიუტებს სთავაზობდნენ, ბოლოს ზედმეტ მგზავრებს იამაიკაზე ან ბარბადოსზე გადმოსხამდნენ და ახალ-ახალი ფათერაკების საძებნელად გზას აგრძელებდნენ.

მაშინ გორის თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა კი ერთხანს კინაღამ გადავიფიქრე – ისე მომხიბლა კაპიტან ბლადის თავგადასავალმა და კარიბის წყლებში მოხეტიალე „არაბელამ“, სულ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი მეკობრეობაზე. ოღონდ ის კი აღარ ვიცოდი, როგორ უნდა გამემხილა ეს არჩევანი ჩემი კეთილგონიერების მოიმედე მშობლებისა და ახლობლებისთვის.

ისტორიის მასწავლებელი – მაღალი, შავთმიანი ახალგაზრდა კაცი, უცნაურად მოელვარე თვალებით და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით – თავადაც იმ წიგნის მთავარ გმირს წააგავდა, რომელზეც ასეთი გატაცებით გვესაუბრებოდა. მისმა ნაამბობმა რამდენიმე წამში გააქრო დაფა, მერხები, ჩვენი ჩანთები და სხვა სასკოლო ნივთები, ოთახის ოთხივე კედელი და ამ კედლებში დატანებული ფანჯრები, მოლურჯო-მომწვანო ფარდებით. ეს სასწაული კი მხოლოდ იმიტომ გამოუვიდა, თავგადასავლების მაძიებლის თვალით რომ შეხედა ყოველდღიურ სამუშაოს, გათელილ შარაგზას თავი აარიდა, გულის ხმას მოუსმინა და ბოლომდე ენდო.

სხვა გაკვეთილზე გიგანტურ ანაკონდებზე გვესაუბრა და იმ უშიშარ მონადირეებზე, მათ შეპყრობას რომ ახერხებენ. მაშინაც ისე ცოცხლად გვიხატავდა ნადირობის სცენებს, მთელი კლასი ტროპიკული სამხრეთ ამერიკის ცხელ ჰაერს ვსუნთქავდით. მახსოვს, შინ დაბრუნებული, როგორ ვყვებოდი ათმეტრიან ანაკონდებზე, როგორ ვცდილობდი, უმცირესი წვრილმანიც კი არ გამომრჩენოდა…

ამასწინათ რაფაელ საბატინის „კაპიტან ბლადის ოდისეას“ წიგნის მაღაზიის იმ თაროზე გადავაწყდი, სადაც ფასდაკლებული წიგნები ეწყო. მოზარდებისთვის განკუთვნილი, რბილყდიანი გამოცემა აღმოჩნდა. ვიყიდე და კითხვას ერთგვარი სიფრთხილით შევუდექი: არაერთხელ მინანია იმ წიგნების გადაკითხვა, რომლებიც მოზარდობისას გულისცემას მიჩქარებდა და წარმოსახვას მიფორიაქებდა. მეხუთე კლასში წაკითხულიდან თითქმის აღარაფერი მახსოვდა, მთავარი გმირების სახელებისა და ერთი-ორი საზღვაო ტერმინის გარდა. კაპიტანი ბლადი. „არაბელა“ – არაბელა ბიშოპის პატივსაცემად მეკობრეთა გემისთვის დარქმეული სახელი. აბორდაჟი, ბუშპრიტი, ტაკელაჟი…

„პიტერ ბლადმა, მედიცინის ბაკალავრმა, ჩიბუხი გააბოლა და იმ საყვავილე ქოთნისკენ დაიხარა, ნემსიწვერა რომ იყო დარგული. ქოთანი ფანჯრის რაფაზე იდო. სარკმლიდან მოჩანდა პატარა ქალაქ ბრიჯუოტერის ერთ-ერთი ქუჩა – უოტერ ლეინი“. როგორი დასაწყისია?

ვკითხულობდი და სულ უფრო მეტად ვიხიბლებოდი როგორც ირლანდიელი ექიმისა და კარიბის ზღვის მეკობრის შეუპოვრობით, გონიერებითა და კეთილშობილებით, ასევე ჩემი მასწავლებლის სიმამაცითა და შეუმცდარი ალღოთი – ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეხუთე კლასში. ამიტომაც გვიხაროდა ისტორიის გაკვეთილის დაწყება: ჩვენი მოლოდინი უპასუხოდ არ რჩებოდა, რაღაც ჯადოქრობით დრო-სივრცის ყველა ნიშანი ქრებოდა და ვიჯერებდით, რომ სამყარო სწორედ ისეთი იყო, როგორსაც იმწამს ვხედავდით – მრავალი განსაცდელის გამოვლის შემდეგ მამაცი და კეთილი გმირი უთუოდ გაიმარჯვებდა, უკეთურს თავისი მიეზღვებოდა, ისტორიის გეზის შეცვლა შესაძლებელი იყო, ბრძოლას აზრი ჰქონდა, ბრძოლის დიდებულებას ცოტა რამ შეედრებოდა…

როგორ ვიმოქმედოთ ადამიანის განწყობა-დამოკიდებულებებზე

0

სწავლა-სწავლების პროცესი, განურჩევლად იმისა, რა ასაკის ადამიანის სწავლებასთან გვაქვს საქმე, სამი პროდუქტის მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული: ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები, რასაც უნდა იძლეოდეს სწორად და ეფექტიანად წარმართული სასწავლო პროცესი. ვფიქრობ, ამ სამიდან შედარებით უფრო ადვილია ცოდნის გადაცემა, ბევრად რთული უნარების გამომუშავება. ხოლო რაც შეეხება განწყობა-დამოკიდებულებებს, როგორც წესი, ის ძალიან ბევრი სირთულის წინაშე აყენებს პედაგოგს და მასზე ზემოქმედების  მცდელობა ხშირად მარცხითაც კი მთავრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენამდე მოსწავლეები უკვე ჩამოყალიბებული განწყობა-დამოკიდებულებებით, მათი განმსაზღვრელი ღირებულებებით, ფასეულობებით, მრწამსით მოდიან და ჩვენ ამ დამოკიდებულებებზე ზემოქმედება და მათი კორექცია გვიწევს, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა სერიოზული სირთულეების წინაშე შეიძლება იდგეს პედაგოგი მოვლენების, ადამიანების, საგნების მიმართ მოზარდის დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენის ან შეცვლის პროცესში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდისათვის ჩვენთვის სასურველი აზრის უხეშად თავსმოხვევის ყოველგვარი მცდელობა მხოლოდ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან ის ყოველთვის წინააღმდეგობას უწევს მისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას, მაშინაც, თუ ის პროტესტს აშკარად არ გამოხატავს. ადამიანზე ყოველგვარი ზემოქმედება საკუთარ  თავში მოიცავს შთაგონების და დარწმუნების ელემენტებს. დარწმუნება ცნობიერებაზე ზემოქმედების მეთოდს წარმოადგენს. მისი გამოყენების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ადამიანთან დამარწმუნებელი კომუნიკაციის დამყარებას. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით იქნება შესაძლებელი:

  1. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის დარწმუნების და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე საუბრის პროცესში ყველანაირად მოვერიდოთ მისი პოზიციისაგან სრულიად განსხვავებული, პოლარულად საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებასა და მის დემონსტრირებას. მოვძებნოთ ჩვენს შეხედულებებში ის, რაც გვაახლოებს, რაც საერთო გვაქვს, რაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. გარკვეული დროის განმავლობაში მოვერიდოთ აქცენტების გაკეთებას იმაზე, რაც დაგვაპირისპირებს და დაგვაშორებს ერთმანეთს. ადამიანის დარწმუნების და მასზე ზემოქმედების პროცესში, ლოგიკური არგუმენტების დახმარებით თავდაპირველად უნდა მივაღწიოთ მასთან შინაგან თანხმობას. შემდეგ კი, ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ და განვამტკიცოთ ახალი, დასახული მიზნის შესაბამისი განწყობა-დამოკიდებულებები, ან ტრანსფორმირება გავუკეთოთ ძველს;
  2. დარწმუნების ლოგიკა იმ ადამიანის ინტელექტუალური განვითარების შესაბამისი უნდა იყოს, ვის დარწმუნებასაც ვაპირებთ. თუ ჩვენი აზროვნება, მსჯელობა, ლოგიკა მისთვის გაუგებარი და მიუწვდომელია, ძალიან გაგვიჭირდება მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედება;
  3. ადამიანის დარწმუნება და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენა ბევრად უფრო ადვილია მტკიცებულებებითა და იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც მისთვისაც ცნობილია;
  4. გარდა კონკრეტული ფაქტებისა და მაგალითებისა, რომელთა გარეშეც ძალიან გაგვიჭირდება არასათანადოდ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნების უნარის მქონე ადამიანის დარწმუნება, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს განზოგადებულ დებულებებს, იდეებს, პრინციპებს;
  5. წარმატების მისაღწევად დამარწმუნებელი ინფორმაცია რეალურად დამაჯერებლად და სარწმუნოდ უნდა გამოიყურებოდეს იმისათვის, რომ ადამიანს ეჭვები არ გაუჩნდეს და ჩვენ მიმართ ნდობა არ დაკარგოს;
  6. ადამიანის დარწმუნებისა და მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედების პროცესში მიწოდებული ფაქტები და ზოგადი დებულებები ისეთი უნდა იყოს, რომ მასში ემოციური რეაქციები გამოიწვიოს;
  7. დამარწმუნებელი კომუნიკაციის დასამყარებლად და ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე დროის ზუსტად შერჩევა და დარწმუნების ობიექტის მდგომარეობის გათვალისწინებაც. თუ მას გარკვეული მიზეზების გამო (გადაღლა, ავადმყოფობა, დეპრესია, გაღიზიანება და ა.შ.) არ შეუძლია მიღებული ინფორმაციის აღქმა, აჯობებს უარი ვთქვათ ჩვენს განზრახვაზე;
  8. დამარწმუნებელი ზემოქმედება ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, რომლის დარწმუნებას და რომლის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენასაც ვცდილობთ, შეუძლია კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის მოსმენა, გაანალიზება და მსჯელობა სათანადო არგუმენტების მოშველიებით;
  9. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის დარწმუნება და მის შეხედულებებზე, დამოკიდებულებებზე ზეგავლენა გარკვეულ დროს მოითხოვს. ცვლილებები ადამიანის რაციონალური აზროვნების სფეროში შეიძლება მხოლოდ ფაქტების, მოვლენების, აზრების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გაანალიზებისა და შეფასების საფუძველზე განხორციელდეს. ამასთან ერთად, დამარწმუნებელი ზემოქმედების მრავალფეროვანი შინაარსი საჭიროებს მრავალჯერად განმეორებას სხვადასხვა არგუმენტითა და ფაქტებით, რაც ასევე გაახანგრძლივებს პროცესს;
  10. ადამიანზე ზეგავლენას და მის დარწმუნებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინფორმაციის წყაროს ზემოქმედება. დარწმუნების ეფექტიანობა, გარკვეული აზრით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დამოკიდებულებაშია დარწმუნების ობიექტი ინფორმაციის წყაროსთან. თუ ეს უკანასკნელი მისთვის სანდო არ არის და მოკლებულია ყოველგვარ ღირებულებას, ძალიან ძნელი იქნება მასზე დამარწმუნებელი ზეგავლენის მოხდენა და მის განწყობა-დამოკიდებულებებში რაიმე ცვლილების შეტანა;
  11. ადამიანის დასარწმუნებლად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსსაც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა მიეწოდება მას, ვისი განწყობა-დამოკიდებულების შეცვლაც გვაქვს მიზნად დასახული, არამედ ისიც, თუ როგორ, რა სახით ხდება ეს. მიწოდებული საინფორმაციო მასალის შინაარსი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული და შეესაბამებოდეს ფორმალური ლოგიკის კანონებს. საინფორმაციო გზავნილის შინაარსში კონკრეტული ფაქტები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე აბსტრაქტული მტკიცებულებები:
  • რაც უფრო დინამიკურია ტექსტი, რაც უფრო ცხადი, ნათელი და მრავალფეროვანია მასში მოყვანილი ფაქტები, მით უფრო მეტად იპყრობს ის ყურადღებას;
  • უკეთესად აღიქმება ის, რაც ახლოსაა ზემოქმედების ობიექტის ინტერესებთან და მოთხოვნილებებთან;
  • ადამიანისთვის უფრო ადვილია მცირე ზომის აზრობრივ ნაწილებად, ბლოკებად დაყოფილი ინფორმაციის გააზრება;
  • ზემოქმედების ობიექტი უკეთესად ითვისებს და იაზრებს იმას, რაც მასზე ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს.
  1. ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად და მისი განწყობა-დამოკიდებულებების შესაცვლელად მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება იყოს „ცალმხრივი“ ან „ორმხრივი“:
  • ჩვენი გზავნილი „ცალმხრივი“ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის წყაროს არგუმენტებს. ასეთი ინფორმაცია უფრო ეფექტურია მაშინ, როცა ფსიქოლოგიური ზემოქმედების ობიექტს არ აქვს მტრული გრძნობები ინფორმაციის წყაროს მიმართ და ამასთან ერთად გამოირჩევა განათლების მაღალი დონით. ამ შემთხვევაში ის შეძლებს ინფორმაციის წყაროს თვალსაზრისის შედარებით ადვილად მიღებას;
  • „ორმხრივი“ შეტყობინება მოიცავს, როგორც ინფორმაციის წყაროს არგუმენტებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის კონტრარგუმენტებსაც, რომლის დაძლევაც მოუწევს ზემოქმედების ობიექტს. ტექსტის ამგვარად აგება ემსახურება აქტიური სააზროვნო მოქმედების აღძვრას, რის შედეგადაც ხდება ადრე ჩამოყალიბებული მტკიცებულებებისა და თვალსაზრისების გადახედვა. „ორმხრივი“ შეტყობინება ორიენტირებულია უპირატესად განათლების მაღალი დონის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა შეხედულებების, თვალსაზრისების, აზრებისა და შეხედულებების შეპირისპირების, გაანალიზებისა და შეჯერების უნარი;

13 ადამიანზე, მის განწყობა-დამოკიდებულებებზე ზემოქმედების სურვილის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ზემოქმედების ობიექტის ტიპიც – როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე. გაცილებით ადვილია ადამიანის დარწმუნება, თუ მას აქვს კარგი წარმოსახვის უნარი, ორიენტირებულია უფრო სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე,  აქვს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. და პირიქით, რთულია ადამიანის დარწმუნება და მასზე ზემოქმედება, თუ ის ხასიათდება აშკარად გამოხატული მტრული დამოკიდებულებით სხვა ადამიანების მიმართ. მისი მხრიდან გამოვლენილი წინააღმდეგობა ხშირად არის გარშემომყოფებზე დომინირების სურვილის შედეგი. ზედმეტად კრიტიკული ადამიანი ასევე რთულად ექვემდებარება ზემოქმედებასა და ცვლილებებს.

დაბოლოს, თუ გვსურს ადამიანებმა მოგვისმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი შეხედულებები, ვიპოვოთ ის, რაც საერთო გვაქვს და ნუ გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, რაც ძალიან განგვასხვავებს ერთმანეთისაგან. პატივი ვცეთ მათ აზრებს, შეხედულებებს და ამასთან ერთად ვეცადოთ სხვა მხრიდანაც დავანახოთ მოვლენები და ადამიანები.

 

 

 

საკონფერენციო თემების ეპოქა

0

ახლა არ ვიცი, მაგრამ ჩვენს დროს – მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი – საკონფერენციო თემების მომზადება ერთობ აზარტული და თავმოსაწონებელი საქმე იყო. ვერ გეტყვით, რომ ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდით და თემების/მასალის არჩევის ფიქრში ღამეები გვათენდებოდა, მაგრამ წლის ბოლოების სახელდახელო ფაციფუცი და წარამარა ბიბლიოთეკებში სირბილი ახლაც ნეტარებით მახსენდება. რასაც ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ვერ აუდიოდა, ახლობელ-ნათესავებში ექსკლუზიური რეკომენდაციებით გვარდებოდა. ერთხელ ისე მოხდა, ისტორიაში მორიგი თემის წერისას ჩემმა მასწავლებელმა მანანა კაკულიამ ქალაქში ცნობილ ისტორიკოსთან – აბესალომ ტუღუშთან გამგზავნა „ქართლის ცხოვრების“ IV ტომის წამოსაღებად. პატარა მოყვითალო პარკი, რომელშიც წიგნის ჩადებას ვაპირებდი, ვეებერთელა გამოცემას ვერ გაწვდა და სხვა გზა აღარ დამრჩა, მანცხვარკარის გორიდან სახლამდე საჭირო საგანი შიშვლად, დაუფარავად უნდა წამომეღო. ეს ზემოთ ხსენებული გზა კი სამაიას ბაღთან გადიოდა. მაშინ გამხდარი, გაწლიკული მეცხრეკლასელი ბიჭი ვიყავი და სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემულ ყველაზე დიდტანიან „ქართლის ცხოვრებას“ დაჭიდებული, ბაღთან ჩაცუცქული ბიჭების ირონიულ ღიმილს გამოვიწვევდი უცილობლად, მაგრამ ჩემდა ბედად, იქ კაციშვილი არ ჭაჭანებდა ალბათ იმიტომ, რომ წუთიწუთზე წვიმას უნდა დაეშვა. როგორც კი ხოსე დიასის (ამჟამინდელი ეგრისის) ქუჩის შუაწელს ვუწიე, ისეთი დასცხო, ერთი პირობა გავიფიქრე, გზადშემხვედრი რომელიმე სახლისთვის ხომ არ შემეფარებინა თავი ნაუცბათევად. ეს აზრი არ მომეწონა, მაგრამ თავ-პირზეც დაუნდობლად მასხამდა, ამიტომ „ქართლის ცხოვრება“ თავზემოთ ავღმართე და ყოვლისწამლეკავ სტიქიას შევუშვირე. თუმცა იმწამსვე თვალწინ დამიდგა შეშფოთებული სახე აბესალომ ტუღუშისა, რომელმაც წიგნის გადმოცემისას გამაფრთხილა, თვალის ჩინივით გაუფრთხილდი და ერთ კვირაში დამიბრუნეო. ბოლოს, სხვა გზა/სხვა ხსნა არ იყო და ისე მოვიქეცი, როგორც ბეჯითი მოწაფე და ჭეშმარიტი ბიბლიოფილი მოიქცეოდა: წიგნი კუბოკრულ პერანგქვეშ ამოვიტარე და ისტორიული ანალებით დაფეხმძიმებულმა გავირბინე ხოსე დიასისა და ნინოშვილის ქუჩების საკვანძო მონაკვეთები.

გენდერული ამბებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საკონფერენციო თემების მომზადება-წარდგენის პროცესში გოგოები შეუდარებლად მიზანდასახულები იყვნენ. ჩემმა ერთმა თანატოლმა, მგონი თინა თუ თამთა ერქვა, ერთ სეზონზე ექვს სხვადასხვა საგანში დაწერა თემა და რადგან ბიჭებისგან კითხვის დასმის გამბედაობა არავის აღმოაჩნდა, დღემდე გაურკვევლად რჩება, როგორ შეძლო ეს.

ზონური საკონფერენციო შეკრებები სენაკში იმართებოდა. ერთი დიდი ავტობუსი დავიტვირთებოდით და ვინც ამ წლების განმავლობაში ახლო ვიყავით ერთმანეთთან, ბოლო რიგებს გავავსებდით, რომ უფრო თავისუფლად გველაყბა ყველაფერზე, ყველაფრის ცოდნაზე თავი გამოგვედო და შიგადაშიგ მეგრული ფოლკლორის უკეთესი ნიმუშებიც დაგვემღერებინა. ანეკდოტებსა და პაროდიებში გოგა ჯორბენაძისთვის აყოლა ადვილი არ იყო, მაგრამ ალაგ-ალაგ ჩვენც გამოგვდიოდა, თან თუ უკანა გზაზე წარმატებით გამხნევებული და ამჩატებული გახლდით.

ანა ლოლუამ რომ შემოქმედთა სექციაზე ლექსები წაიკითხა, ვიფიქრე, წყალსაც წაუღია ჩემი ნოველები და მინიატურები, საჭირო ოთახს მოვიმიზეზებ და სახლისკენ დავახვევ-მეთქი. ისეთი მაგარი იყო, ავტორი და მისი ლექსები ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, სიცოცხლესა და სიკვდილზე დაწერილი ჩემი ოპუსების დეკლარირება უაზრობად მეჩვენა. ბოლოს მაინც გავრისკე და მეთერთმეტე კლასში, თბილისში, რესპუბლიკურ კონფერენციაზე მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მაშინ ჩემთვის უცნობმა და ახლა კი ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მიშა გოგუაძემ მშვიდად, ხმადაბლა მითხრა: „ზვიად, მომეწონა შენი ექსპერიმენტები, სიტყვასთან ურთიერთობა. საინტერესოა“. ერთ მომცრო ოთახში ვისხედით და უამრავი ბავშვის თვალწინ ჩემს დაფარულ და გაუმხელელ სურვილს ჩაავლო – უნდა მეწერა. უნდა მეცადა. ყოველ დღე, ყოველ საჭირო მომენტში. ოდესღაც ეგებ კიდეც გამომსვლოდა რამე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზის სცენაზე გადმოცემული დიპლომი თბილისი-ზუგდიდის მატარებელში კინაღამ დამეკარგა. უფრო სწორად, გზაში მესიზმრა, რომ დამეკარგა და ინგირის სადგურში აღმოვაჩინე, რომ ხელჩანთაში ესვენა მშვიდად თანდართული დოკუმენტებითურთ. იყო დრო (მგონი ახლაც ასეა), ბოლო სადგურის – ინგირი-ზუგდიდი – დაძლევას მატარებელი იმდენ ხანს ანდომებდა, მ/ფ „ნათლიას“ პირველი ნაწილის ნახევრის ნახვას უეჭველად მოასწრებდი. ჩანთა გადავდე, თვალი მივლულე და მამაჩემის სიტყვები ჩამესმა, სამი წლის წინ, გაბრაზებულ გულზე თქმული:

– არ გინდოდა, ბიძია, დიდი ფეხბურთის თამაში და წერე ახლა კლდეკარის ერისთავებზე!

გასაღვიძებელი ზღაპრები

0

თეა თოფურიას გასაღვიძებელი ზღაპრები

აილუროფობია. ლოგიკური იქნება,  ყველაფერი თავდაყირა – ბოლო ზღაპრიდან დავიწყოთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ზღაპრები გასაღვიძებელია და არა დასაძინებელი, გარდა ამისა, ჟანრის კანონიც ამ წესს მისდევს.

გიფიქრიათ იმაზე, რატომ შეიძლება ქვეყანას ტოტალურად სტანჯავდეს აილუროფობია? ალბათ, არა, რადგან არ იცით, სინამდვილეში რა არის აილუროფობია. მეც ახლახან გავიგე – კატების პანიკური შიში ყოფილა.

„ეშმაკია, ცბიერია, ბოროტია“ – ასე იტყვიან კატებზე ძრწოლით ერთ ძალიან პატარა, თითქმის სამზარეულოსხელა ქვეყანაში, სადაც, სხვათა შორის ზღვისაც ძალიან ეშინიათ. იმდენად ეშინიათ, რომ ამ ქვეყნის გასტრონომიაში ვერ იპოვით ვერც  მადისაღმძვრელ მიდიებს ქინძმარში და ვერც მჭადის ფქვილში ამოვლებულ ლიპლიპა კრევეტებს.

საქმე ისაა, ამ მიწათმოქმედ ქვეყანას თაგვები გვარიან ეკონომიკურ ზიანს აყენებენ. ეგეც არ იყოს, სად არის თაგვის ადგილი სამზარეულოსხელა სახელმწიფოში, სადაც წრუწუნა კუდსაც კი ვერ მოიქნევს ხეირიანად?!

მაგრამ არაო, ისევ „ეშმაკია, ცბიერიას“ იმეორებენ მანტრასავით.

ასეთ სიტუაციაში, ერთი მართლაც ტეტია კაცის, ტეტეროს ოჯახში, მისი ცოლის დაჟინებული თხოვნით თავს ამოჰყოფს კატა ჟან-სებასტიანი – დარბაისელი და  არცთუ ცუდი გვარიშვილი ვინმე. ეს ოფიციალური ვერსიით, თორემ რა ვიცით, ამ ამბავში მასონების ხელი არ ურევია. თაგვების თავგასულობით შეღონებული დიასახლისი ჟან-სებასტიანს მხსნელად დაიგულებს, თუმცა ტეტერო, რის ტეტეროა, სოფლელების, მეზობლების, ნაცნობების, ყვავი-ჩხიკვის მამიდების წაძახებას არ აჰყვეს, ღვთივკურთხეულ ქვეყანაში, ჯვარი აქაურობას და, კატას სახლში რომელი კაცური კაცი გააპარპაშებსო.

ეს კიდევ არაფერი. ტეტეროს ღამით კოშმარები დაეწყება. ხან ესიზმრება, ვითომ ეს ჩანერგილი კატა სახლ-კარს გაუყიდის, ხან – ვალებს დაადებს და ქვეყნის ხალხს გადაჰკიდებს, ბოლოს  საერთოდ გამოთაყვანდება და ჰგონია, ჟან-სებასტიანი ცოლს წამგვრისო. გამოღვიძებული სიზმარს და ცხადს ვეღარ არჩევს. ამ დროს მეზობლები, მეგობრები და ყვავი-ჩხიკვის მამიდები, იმის მაგივრად, რაიმე აზრიანი ურჩიონ, ან ის უთხრან, კატა ქალს როგორ წაგართმევს, ან ბინას როგორ გაგიყიდისო, ვიშვიშით უკანტურებენ თავს. ჟან-სებასტიანს, რა თქმა უნდა, ჩამოხრჩობის განაჩენს გამოუტანენ და ის თავს დაიხსნის. ესეც ჟანრის კანონია.

არავინ იცის, ვეჭვობ, არც ამ წიგნის ავტორმა, საიდან ასეთი ზიზღი და შიში. შეიძლება, ცრუმორწმუნეობის ბრალია, ანდა ტრავმული მეხსიერების ან იმის, რომ კატას, როგორც რომელიმე პანთეონის ცრუ ღმერთს, შესაძლოა ძველ დროში მართლაც ეთაყვანებოდნენ. ამ საკითხზე ფემინისტებსაც ექნებათ თავიანთი ურყევი პოზიცია, რასაც ფუნდამენტური მეცნიერებების მკლევარნი უთუოდ, გააბათილებენ – პრობლემის ერთ სიბრტყეზე დანახვა ზედაპირულია, მისი გენეზისი უთუოდ ანთროპოლოგიურ  ფაქტორებშია დასაძებნიო.

ვინ იცის.

როგორ იბადებიან ბავშვები. ცოტა მეხამუშა, ჩემს 6 წლის შვილთან ერთად რიხით დაწყებული წიგნის მეორე თუ მესამე ქვეთავად რომ ასეთ უხერხულ სათაურს წავაწყდი. ვინ იცის, რამდენ არაკანონიკურ კითხვას აშლის ეს ტექსტი  პროვოკაციულად მოციმციმე თვალების მიღმა, ვიფიქრე. კითხვა რომ ლეგიტიმურია, ამაზე ხომ არავინ ვდაობთ. როგორ იბადებიან ბავშვები – ერთ-ერთი პირველი ეგზისტენციური კითხვაა, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უჩნდებათ.

საერთოდ, მთელი წიგნი და კონკრეტულად ეს ქვეთავი ონტოლოგიური კითხვებითაა სავსე – როგორ ვიბადებით, რა არის დაბადება, ანუ როდის ვითვლებით დაბადებულად, რა არის შინაური და გარეული, ჩემი და სხვა, რა დროა? რა კავშირია ენობრივ აღმნიშვნელებსა და აღსანიშნებს შორის.

ქრისტინეს ვერ გაურკვევია, დაიბადა თუ არა, ან საერთოდ როდის და როგორ დაიბადება. მას სულ რამდენიმე სიტყვა გაუგია, მაგალითად, ქათამი და მეტრო – და ამ სიტყვებს ერთმანეთს ადარებს. მისი წარმოდგენით, ქათამი მეტროზე დიდი უნდა იყოს, რადგან უფრო გრძელი სიტყვაა. საერთოდ, „გასაღვიძებელ ზღაპრებში“ ბავშვებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ სიტყვების აგებულების, განსაკუთრებით კი მისი აკუსტიკური ფორმის მიმართ. მაგალითად, ქრისტინეს ძალიან აშინებს ასო „ზ“. ამიტომ ყველა იმ სიტყვის გამოყენებას, სადაც ავბედითად შეიძლება ზ-მ გაიჟღეროს, თავს არიდებს.

ერთ ზღაპარში შეყვარებული გოგონა, რომელიც აფრიკულ ენას გატაცებით სწავლობს, ამტკიცებს, აფრიკულად „მე შენ მიყვარხარ“ ასე გამოითქმისო – „ჩხრაკ“, რადგან სიყვარულიც სწორედ ასე მოულოდნელად შეგემთხვევაო. სხვაგან ეს გოგო სიმღერასაც მღერის ფრინველის შესახებ, რომელმაც მირაჟი ნახა – „დულუმბა, დულუმბა, ვარაგურა გუგურა გუგურა.“

უაზრო სიტყვათა თხზვა, ან პირიქით – ფონეტიკური ანალიზი საბავშვო ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული მე-19 საუკუნიდან ხდება და ამ ტექნიკას დღემდე ბევრი მწერალი იყენებს. მაგალითად, ძალიან პოპულარული ამერიკელი ავტორი, კარლ სენდბურგი თავის „თალგამურა ამბებში“. ჯეისონ სქუიფი ერთ დღესაც სახლში ბატიბუტის ფეხსაცმელებით, ხელთათმანებითა და ქუდით მივა. როგორც ზღაპრიდან ირკვევა, ის მოჯადოებულია, რადგან მის გვარში ასო ქ ურევია. გრაფიკულ-ფონოლოგიური ასოციაციური თამაშების შედეგად იბადება აბსურდული და სიურრეალისტური ამბები ვან ალსბურგის ილუსტრირებულ წიგნშიც „ზ დაბრიდეს“ და უოლტერ კრეინის „ანაბანას აბსურდში“, რომელიც, თავის მხრივ, დიდად არის დავალებული, ერთი მხრივ, ფოლკლორული ნონსენსიდან, მეორე მხრივ კი – მაგრიტის, დიუშამის, დალის სიურრეალისტური ნამუშევრებიდან.

შედარებით მომდევნო თაობის მწერლებიდან აბსურდული ენობრივი თამაშებით განთქმულია სპაიკ მილიგანი. მისი რამდენიმე ლექსი ბოლო წლებში პოეტმა მარიამ წიკლაურმა თარგმნა. ამ ტექნიკას იყენებდა ბრიტანელი მსახიობი და საბავშვო მწერალი, დონალდ ბისეტიც. მისი „ყველაფერი ყირამალა“, რომელიც რევაზ ინანიშვილმა გადმოაქართულა, აქაურ მკითხველთა შორის შეიძლება უფრო მეტი პოპულარობითაც კი სარგებლობდა, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ამ წიგნიდან ყველას გვახსოვს ზღაპარი დაკარგულ შ-ზე, სადაც ჩაიდანი, ორთქლმავალი, პატარა ბიჭუნა შ-ს დანიშნულებისამებრ ვეღარ ახმოვანებენ. ქართული საბავშვო წიგნებიდან ენობრივი თამაშებით გამორჩეულია ნაირა გელაშვილის ფენტეზი – „წინწკლების ქოხი“. ამასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი პუბლიკაცია – „წინწკლების ქოხი. სიტყვები და საგნები“.

ბავშვებისთვის საკითხავად განკუთვნილი ლიტერატურა მოვლენებს ბავშვის თვალით უნდა ხედავდეს. ამ თვალსაზრისით ეპიკურია საბავშვო ლიტერატურის დღემდე ყველაზე დიდი რეფორმატორის – ლუის კეროლის საოცრებათა ქვეყნისა და სარკისმიღმეთის რომანები. თუმცა კეროლის შემოქმედებამდე იყო ედუარდ ლირი თავისი ლიმერიკებით „ნონსენსის წიგნიდან“, რომელიც, ფაქტობრივად, ჟანრის პიონერად ითვლება.

ბავშვი საგნებსა და მოვლენებს წიგნიერი ცოდნისა და კონვენციური დამოკიდებულებების გარეშე შეიმეცნებს. ამიტომ ლუის კეროლიცა და მისი მომდევნო თაობის მწერლებიც – ფრენკ ბაუმი, ნორტონ ჯასტერი, მორის სენდაკი, როალდ დალი, კრის ვან ალსბურგი ცდილობენ, უარი თქვან ვიქტორიანული პერიოდის საბავშვო ლიტერატურის კონვენციურ ფორმებსა და დიდაქტიკაზე. ისინი პირიქით ცდილობენ, შეაღწიონ ბავშვის ფანტაზიისა და მისი პერცეფციის კუთხე-კუნჭულებში, დაშალონ ყველა კონვენციური მექანიზმი, ითამაშონ ნებისმიერი იდეითა თუ ენობრივი მასალით. ასე იქმნება ლიტერატურული ნონსენსი, ფენტეზი და სიურრეალიზმი საბავშვო წიგნსა და მის ილუსტრაციაში.

საერთოდ, ეს თამაში – სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის შესაძლებლობების გამოცდა, ბავშვური ჭვრეტის, მისი აზროვნების სტილის მოსახელთებლად – მოდერნიზმის არტისტულ სკოლებს მალევე მოედო. ყველას გვსმენია პიკასოს სიტყვები, ოთხი წელი დამჭირდა, დამეხატა რაფაელივით, მაგრამ მთელი ცხოვრება დავუთმე, ბავშვივით ხატვა რომ მესწავლაო.

„გასაღვიძებელი ზღაპრებიც“, მართალია, მესამე პირშია ნაამბობი, მაგრამ მწერალი ბავშვის აღქმისა და თხრობის სტილს ბაძავს. ძირითადი სიუჟეტური ხაზის გვერდით ათასი პატარ-პატარა ამბავი ამოჰყოფს თავს. მთხრობელიც, ჩვეული სილაღით, ერთი ამბიდან მეორეზე, თითქოს, ასკინკილათი დახტის. ეს ამბები ზოგჯერ გადაიკვეთება, რადგან ერთი ზღაპრის გმირები მოულოდნელად სულ სხვაგან აღმოჩნდებიან, ან რომელიმე პატარა ამბავი გვევლინება ცენტრალური სიუჟეტის მოულოდნელ და აბსურდულ განვითარებად.

წიგნში დროისა და სივრცის (/გარემოს) რაობის გარშემო დასმულ კითხვებსაც აბსურდული პასუხები გაეცემა – ერთ-ერთ ზღაპარში მთელი ქალაქი შეყვარებული გოგონას დადარდიანების დროზე, ზუსტად რვაზე ასწორებს საათს. რომელია „შინ“ და „გარეთ“ / „შინაური“ და „გარეული“ – ეს კი  „გასაღვიძებელი ზღაპრების“ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. წიგნში შინაური და გარეული ცხოველები ადგილებს ცვლიან. დილით სოფელში მამლის ყივილის ნაცვლად ბეჰემოთის ფეხების ბრაგუნი აღვიძებთ, ბოსელში ძროხის მოსაწველად შესულებს – ჟირაფი დაუხვდებათ, სახლებს ძაღლების მაგივრად ყვავები სდარაჯობენ, საბუდარში კი კუს კვერცხები აწყვია. შინაური და გარეული გარემოების ადგილების შეცვლა მორის სენდაკის მაქსის თავგადასავალსაც მოგვაგონებს, როგორ მოეშლება ბიჭუნას ოთახს საზღვრები მგლის კოსტუმის მორგების შემდეგ და როგორ აღმოჩნდება გმირი ეგზოტიკურ ჯუნგლებში („სად ბინადრობენ გარეულები“).

სახელმწიფოს აბსურდი. რაკი წესრიგის, დროისა და სივრცის (გარემოს) ცნებებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც თავად წიგნში დიდი ადგილი ეთმობა – რა არის სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით საინტერესო და ძლიერი სოციოკულტურული ჟღერადობის ტექსტია „ნინიკა და მაგნიტური ღრუბლები“.

ძალიან პატარა, მტერთა სიმრავლით განთქმულ ქვეყანას, სადაც ნინიკა ცხოვრობს, პ ჰქვია. ის გაქცეული დინოზავრის ტყავზეა გაშენებული. პ-ს როგორც კი ვინმე ომს გამოუცხადებს, ის თავისი უძრავ-მოძრავი ქონებიანა და მოქალაქეებიანა, თავქუდმოგლეჯილი გარბის და უსაფრთხო თავშესაფარს ეძებს. პ-ს მაცხოვრებლებიც ყოველ წამს მორალურად მზად არიან გაქცევისთვის და მუდმივად აქვთ განსხვავებულ კლიმატთან და ლანდშაფტთან ადაპტაციის მზაობა. ეს აბსურდული სიუჟეტი კიდევ უფრო პაროდიულ სახეს იღებს, როცა ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს მშვიდობიანობის დროსაც გადაწყვეტს გაქცევას. ამჯერად ის საკუთარ ხალხს გაურბის, მათი უსაქციელო ღრიანცელისა და ცეკვა-თამაშისგან დაშინებული.

სიუჟეტის კულმინაცია მას შემდეგ იწყება, რაც მამასახლისი ქვეყანაში ხმაურიან ნადიმებს აკრძალავს, ქვეყნის ერთ-ერთი მაცხოვრებელი კი ქორწილის გადახდას მეზობელ სახელმწიფოში გადაწყვეტს. უკან დაბრუნებული შეზარხოშებული მაყრიონი საკუთარი ქვეყნის დანახვაზე კვლავ თავს ვერ შეიკავებს და ისეთ ყიჟინას დასცემს, რომ ძლივს შემორიგებული პ კვლავ უკანმოუხედავად მოკურცხლავს.  საყვარელ სამშობლოს მთელი ერი უკან გამოენთება, თავისი კაბადაკაპიწებული პატარძალიანად. ეს ამბავი თვით ისტორიკოსისა და ცნობილი მოგზაურის – კასტილანო კასტილანის (შდრ კასტელი – ქ.ნ.) ჩანაწერებშიც კი მოხვდება. პ-სა და ცრუმორწმუნეთა ქვეყნების ალუზიები, რა თქმა უნდა, სრულიად მკაფიო ეთნოკულტურულ ასოციაციებს იწვევს იმ ქვეყნისა, რომელიც უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში თრობითა და მოლხენით გამორჩეული საარაკო ქვეყნების რიცხვში მუდამ საპატიო ადგილს იმკვიდრებდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ომი პ-ს არსებობის ისტორიის თანამდევია. საინტერესოა, „როგორ იწყება ომი“. ამავე სახელწოდების ქვეთავში სიუჟეტი  კვლავ უჩვეულოდ ვითარდება – ნინიკას ქვეყანაში კერძის მოსახარშად უზარმაზარ ქვაბს შემოდგამენ. ოხშივარს, რომელიც უკვე ცამდე აიჭრა, მეზობელ ქვეყანაშიც შენიშნავენ. აქ საკმაოდ ეკლექტურ ღირებულებებზე აღზრდილი ხელმწიფე ჰყავთ, რომელსაც მამა მუდამ ჩასჩიჩინებდა, ცხოვრება ბრძოლის გარეშე არაფერიაო, დედა კი ასწავლიდა, ცხოვრებაში ყველაზე საამო ნაყინიაო. რაკი მეზობელი ქვეყნიდან ავარდნილ კვამლსა და ოხშივარს ხელმწიფე ნაყინთან ვერასგზით ვერ დააკავშირებს, გადაწყვეტს, რომ ისღა დარჩენია, ქვეყანა დაიპყროს.

ერთადერთი დანაკლისი, რისი შეგრძნებაც ტექსტის კითხვისას არ გტოვებს, ილუსტრაციების სტილისტიკაა. ვფიქრობ, წიგნის ვიზუალურ მხარესა და ზღაპრების აბსურდულ-სიურრეალისტურ ეპიზოდებს შორის, ცოტა არ იყოს, აცდენაა. წიგნი, ფაქტობრივად მზა ხატოვან მასალას იძლევა სიურრეალისტური ტექნიკით შესასრულებელი ილუსტრაციებისთვის, რაც თავად ტექსტის სწორ კონტექსტში გააზრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. აბა, წარმოიდგინეთ დაჩიავებულ-დაჭმუჭნული, გაქცეული ქვეყანა, კაბადაკაპიწებული პატარძალი რომ მისდევს, ან გრანდიოზული, მოთუხთუხე ქვაბი (გიგანტური საცივის სტილში), მჭმუნვარე სამხედროებით შემოჯარული, ქალაქის თავზე მოგორავე კლეპტომან-ღორმუცელა ღრუბელი და მრავალი სხვა. ამჯერად ტექსტის ეს ღირსება სიბრტყეზე განფენილ, ზღაპრის ორდინარულ ილუსტრაციებში იკარგება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ წიგნის ორიგინალური და ნათარგმნი ხელახალი გამოცემები წიგნს გაცილებით სერიოზულ სახეს მისცემს.

ხელმწიფეების, მათი ვაჟებისა და რაინდული ეთიკის პაროდიას სხვა ზღაპარშიც ვხვდებით. სულელი უფლისწული ცოლის მოყვანას გადაწყვეტს. რადგანაც მას უფლისწულობის წესი ავალდებულებს,  საცოლე ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს მოსტაცოს, ამ მისიის შესასრულებლად გაუდგება გზას. თუმცა რადგან სიტყვა ცეცხლისმრქვევლიდან მხოლოდ ასო ც-ს გაიხსენებს, უცხო ქვეყნიდან ყველაფერს გამოიყოლებს, რაშიც ასო ც ურევია. მათ შორის მოხვდება გოგონა, სახელად ცი-ჩი. იმისათვის, რომ გოგონა მზეთუნახავად აღიარონ, უნდა დადასტურდეს, რომ ის მზეთუნახავობის მოთხოვნებიდან ყველას აკმაყოფილებს – არ დადის თმაგაჩეჩილი, არ ჭამს ბევრს, არ ლაპარაკობს სწრაფად, არ ამთქნარებს, არ რთავს სახლს პლასტმასის ყვავილებით და ა.შ. ტესტის დადებითად გავლის შემდეგ უფლისწული და მზეთუნახავი დაქორწინდებიან და ზღაპარიც ბედნიერად სრულდება.

ეს აბსურდული სიუჟეტები და გმირები, თავისთავად, ძალიან სახალისოა, მით უმეტეს, თუ არ დაგვავიწყდება, რომ საბავშვო ლიტერატურაზე ვმსჯელობთ. მაგრამ აბსურდი ხომ სცდება საბავშვო ლიტერატურის, ზოგადად, ლიტერატურისა და საერთოდ, ხელოვნების თვითკმარ ჩარჩოებს. თეა თოფურიას მამაცი პროტაგონისტი გოგოების სასაცილო ამბებსაც მხოლოდ ერთ განზომილებაში ვერ დავინახავთ. ამიტომ ეგზისტენციურ კითხვებზე – რა არის ომი, სახელმწიფო, წესრიგი, დრო, ყოფიერება – ერთადერთი რელევანტური პასუხი ისევ და ისევ აბსურდული და სიურრეალისტური მეტაფორები, სიუჟეტური ინვერსიები, ფონოლოგიური და ლექსიკური ჟონგლიორობა, ენობრივი ნონსენსი – ყველა ის საშუალება შეიძლება იყოს, რომელიც ამ ღრმად სერიოზულ კითხვებზე თავისთავად პასუხების მოძიების შეუძლებლობას წარმოაჩენს.

ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლება

0

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. ვცდილობ, მისი თვალით ვუყურო სამყაროს.

თაობები იცვლებიან… ჩვენ ვრჩებით…

დამეთანხმებით, როცა „კარგი კლასი“ გყავს, ხალისით მუშაობ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ბევრ აქტივობას გეგმავ და ახორციელებ. წარმატებით გახარებულს, ხშირად მიფიქრი: „რა მეშველება, ესენი რომ წავლენ? ვინ გამიკეთებს ასეთ პროექტს? ვინ დაწერს ისე, რომ შენი სტატიისა თუ იდეის თანაავტორი გახდეს?“ ასეთი სინანულით გავაცილე სხვადასხვა დროს გიორგი, ქეთი, ლუკა, სალომე, გოგა, პაატა, დიანა… ესენი ჩემი სტატიების გმირები და თანაავტორები არიან.

ყოველი ახალი სასწავლო წელი სიხარულთან ერთად სინანულითაც იწყება. ჩემი გმირები სკოლაში აღარ არიან, ან მათთან აღარ შევდივარ (მე-12 კლასში გეოგრაფია აღარ ისწავლება). ხანდახან სინანული მაბრაზებს კიდეც. მასწავლებლობის პირველ წლებში განსაკუთრებით გამიჭირდა. მეგონა, გიორგის, პაატას, გვანცას, კახას, გუგას… ვერავინ შემიცვლიდა. ასე არც არავინ შემიყვარდებოდა და ვერც ვერავინ გამიგებდა. ახლა ისინი უკვე წარმატებული ადამიანები არიან, მათი სიხარული და ბედნიერება მახარებს.

ასე შევდივარ ახალ კლასში და ყველაფერი თავიდან იწყება.

ვიწყებ ჩემი გმირების ძებნას… ძებნას და შექმნას…

ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო… ჩვენც ერთად ვაშენებთ… ვკამათობთ, ვხუმრობთ, შენებით ვტკბებით…

გაკვეთილებსაც კი მათთან ერთად ვგეგმავ. სამოდელო გაკვეთილებიც მათ „მიკარნახეს“.

საერთაშორისო ტენდენცია ასეთია: ტრადიციული, „მასწავლებელზე ორიენტირებული“ მიდგომიდან განათლება „მოსწავლეზე ორიენტირებულ“ მიდგომაზე გადადის. ეს მოდელი ფოკუსირებულია იმაზე, რისი გაკეთება შეეძლება მოსწავლეს მოდულის ან პროგრამის დასრულების შემდეგ.

ჩვენი თაობა ვასწავლით, როგორც ვიცით და შეგვიძლია. ვსწავლობთ (ტრენინგებს გავდივართ, გამოცდებს ვაბარებთ…) და ვასწავლით.

ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ენერგიას, ძალასა და ემოციას არ ვიშურებთ. ვშრომობთ, ვიბრძვით, ვბრაზობთ, როცა არ სწავლობენ, ვხარობთ, როცა წარმატებას აღწევენ. ახალგაზრდა თაობას სკოლაში მუშაობა არ უნდაო. არადა არიან მსურველები. სწორედ მათზე მინდა მოგითხროთ. მათზე და მოსწავლეებზე, რომლებიც მათთან თანამშრომლობით სხვადასხვა უნარ-ჩვევებს იძენენ. თუმცა არა მარტო ისინი – მეც გამუდმებით ვსწავლობ ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისგან.

ბედმა მარგუნა, მონაწილეობა მიმეღო მასწავლებლის სახლის პროგრამებში, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებლებთან მუშაობას ითვალისწინებდა. მაძიებლობის პროგრამის შემდეგ დამწყები მასწავლებლის მომზადების პროგრამაში მოვხვდი. ახალგაზრდებმა ახალი სიცოცხლე შემოიტანეს სკოლაში. სწავლებასთან ერთად მუდამ იმის ცდაში ვიყავი, დადებითი კუთხით დაენახათ ჩვენი პროფესია. თავად მე ხომ ამაზე უკეთესი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება.

მათთან დღესაც მაქვს ურთიერთობა. მიხარია მათი წარმატება. ყოფილი მაძიებლები თეონა, ნინი და თამარი უკვე წარმატებული მასწავლებლები არიან.

ძალიან მომწონს ახლაგაზრდებთან მუშაობა. დამწყები მასწვლებლების პროგრამიდან ყველაზე უფროსი 27 წლის იყო. დღეს ყველა სკოლაში ასწავლის. ჩემი საყვარელი გოგო-ბიჭები… თუმცა ბიჭი ერთი გვყავდა. ისიც უპირობოდ ლიდერად ვაღიარეთ.

„თემო მაგარია“, – ვამბობდით ერთხმად. თუმცა თითოეული მათგანი გამორჩეული იყო. სოფოს, რომელიც განსხვავებული მენტალობის ბავშვებს ასწავლის, შინიდან სკოლამდე და უკან არცთუ უსაფრთხო გზაზე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. არადა სკოლამდე რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და აღფრთოვანებული გვიყვებოდა, როგორ იპოვა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, რომ მასწავლებლობა მისთვის სიამოვნებაა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ბავშვები სკოლაში მიიზიდოს და არ დაკარგოს. მშვენიერი ანუკი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა სამსახურის პოვნა, მაგრამ თავისი პირველკლასელები (ახლა უკვე მესამეკლასელები) ყველაფერს ურჩევნია. ნათია და თინიკო უკვე დედები არიან და მშობლის პოზიციიდან აფასებდნენ საკუთარ ქმედებებს. თინიკომ, რომელსაც უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, მაინც მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, რადგან უნდოდა, გაძლიერებულიყო (მისი სიტყვებია).

თემო კი, ჩვენი ჯგუფის ლიდერი, არაქართულენოვან ბავშვებს ქართულ ენას და ბუნებისმეტყველებას ასწავლის. მისი ყოველი გაკვეთილი სიახლისა და კრეატიულობის ზეიმი იყო. სკოლაშიც გაუმართლა, მოვიხიბლე დირექტორითა და კოლეგებით.

მერე იყო სტუდენტების კონსულტირება. სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი პრაქტიკას ჩვენს სკოლაში გადიოდა. ორი სალომე, ორი ახალგაზრდა, რომლებსაც უამრავი იდეა და გეგმა აქვთ. სკოლაში მათმა მოსვლამ ხალისი შემოიტანა. მეც და ჩემი მოსწავლეებიც გამუდმებით ვცდილობდით გვეჩვენებინა მათთვის, რომ არჩევანში არ შემცდარან, რომ სკოლა საუკეთესო ადგილია ამქვეყნად (ეს ჩემი სიტყვებია).

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კრედიტების დაგროვება არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ხშირად გაიგონებთ, რომ მოსწავლე აღარავის ახსოვს და მასწავლებლები მხოლოდ კრედიტებს ითვლიან, რომ სამოდელო გაკვეთილი თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც კრედიტით ფასდება, მხოლოდ მასწავლებელზეა ორიენტირებული.

სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისა და შეფასების ტრენინგზე ასეთი აქტივობა გვქონდა: მონაწილეებს უნდა ჩამოეყალიბებინათ, რა მნიშვნელობა აქვს სამოდელო გაკვეთილს მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. ტრენინგზე ვთანხმდებოდით, რომ მოსწავლე ამ დროს არაერთ უნარ-ჩვევას იძენს. მართალიც არის. სტუდენტების დასწრებამ ჩემი ბავშვები სხვა კუთხით დამანახა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დამოუკიდებლად ჩაატარეს გაკვეთილები. ჩემი გადარეულები ისეთი მობილიზებულები იყვნენ, ისე ჩაატარებინეს გაკვეთილი გამოუცდელ მასწავლებლებს, რომ მათი ხელმძღვანელი აღფრთოვანებული დარჩა. ისეთი თანადგომა ვიგრძენით, რომ ჩვენ, უფროსებიც დავფიქრდით ჩვენს ურთიერთობებზე. ახლა უკვე მე-10 კლასში არიან, მსოფლიოს გეოგრაფიის შესწავლას ერთად შევუდექით. კვლავ ერთად ვგეგმავთ მუშაობის პროცესს, ვიკვლევთ, ვაანალიზებთ, დასკვნები გამოგვაქვს. მხიარულად და საინტერესოდ მიედინება ჩვენი ცხოვრება. მე ისევ მყავს სალომე, მაკინე, დიმიტრი, მარიამი, ლუკა… ახლა ისინი არიან ჩემი გმირები, სტატიების თანაავტორები… ცოტა ხანში მათი კვლევის შედეგებს შემოგთავაზებთ.

პარალელურად კი მეშვიდეკლასელებთან მიხდება თავიდან დაწყება, გეოგრაფიის ანბანის სწავლება. ვიცი, რომ მალე ახალი გმირები მეყოლება: ბარბარე, ანანო, თეგი, ანა, ნუცა, ნიკა, ელო… ცოტა დრო გვჭირდება, ცოტაც „ბრძოლა“ და ჩემი გმირები მზად იქნებიან.

ვწერ სიყვარულზე, წარმატებაზე… გგონიათ, მე არ მაქვს პრობლემები? მე არ მიგრძნია იმედგაცრუება და არ მქონია ჩავარდნილი გაკვეთილი? არ მითქვამს, რომ ჩემი ადგილი აქ არა არის? მიგრძნია, მითქვამს, მაგრამ მერე ისევ სიყვარული მძლავრობს და ვიწყებ ბრძოლას სიყვარულისთვის, სიმართლისთვის… ჩემმა მეგობარმა თქვა: „სიყვარული აღარ მყოფნის, რომ ვაპატიოო“. მომეწონა, დამაფიქრა… ახლა ვიცი, როცა სიყვარული მყოფნის. ვუგებ და ვპატიობ, წარმატებასაც ვაღწევ და ბედნიერიც ვარ და ვმარცხდები იქ, სადაც სიყვარული აღარ მყოფნის.

ამიტომ მინდა სიყვარულზე წერა და საუბარი. მინდა, ჩემს ბავშვებს სიყვარული ვასწავლო, დავანახო, რომ როცა გიყვარს, ბედნიერი ხარ, რომ სიყვარულით ყველა დაბრკოლებას გადალახავ, რომ მაშინ მარცხდები, როცა სიყვარული გელევა.

ჩვენც გვიყვარს და ვიბრძვით… ცხოვრებას, პატიებას და ურთიერთპატივისცემას ვსწავლობთ.

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. მე მისი თვალით ვუყურებ სამყაროს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...