ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი

0

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში იწყებს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თორმეტივე რეგიონში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება, რომელთაც საკუთარი ვებ გვერდი ექნებათ ნორჩ ქიმიკოსთა პორტალზე. პროექტში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირებმა  უნდა  გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია  და დაესწრონ სამ სამუშაო შეხვედრას.

დაინტერესებულ მასწავლებლებს მიმდინარე პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ პროექტის ვებ გვერდზე: https://chemistry.ge/projects/chemclub/index.html.

რეგისტრაცია დასრულდება 15 იანვარს.

რეგისტრაციის ბმული:  https://chemistry.ge/projects/chemclub/chem_club_reg.html

ცა სტოკჰოლმის თავზე

0

შვედეთი ბავშვებისთვის შეიქმნა.

ერთი ქვეყანა ხომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, სადაც ყველა მათი უფლება, სურვილი, სიგიჟე და სიხარული კეთილი ნებითაა შესმენილი და ახდენილი. ჰოდა, ასეთი ქვეყანაა შვედეთი და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ საბავშვო ლიტერატურის ქურუმებიც სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადნენ.

ასტრიდ ლინდგრენი პანთეონის თავშია. მე ვიტყოდი, კიდევ ბევრი სხვა კატეგორიის და შინაარსის პანთეონის თავში. მაგრამ ახლა მხოლოდ ლინდგრენზე არ ვსაუბრობ.

მინდა, იმ დამოკიდებულებასა და გამოცდილებზე გიამბოთ, რაც ამ ქვეყანას საბავშვო ლიტერატურის მიმართ აქვს.

ათი წლის წინ, როცა შვედეთის საბავშვო წიგნის ინსტიტუტის მიწვევით ჩემმა მეგობრებმა, საბავშვო მწერლებმა მარიამ წიკლაურმა და ირმა მალაციძემ სტოკჰოლმში იმოგზაურეს, პირველად მათი მონაყოლიდან გავიგე ამ დამოკიდებულების, საზოგადოდ, აკადემიურ დონეზე განვითარებული ამ დიდი ტრადიციის შესახებ.

მარიამი და ირმა დღემდე გაუნელებელი შთაბეჭდილებით ჰყვებიან „შვედეთის ამბებს“ და, ამ მონათხრობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ასეთ ხარისხშია მათი განათლების, გნებავთ, ყოფის, სოციალური და შემეცნებითი კულტურა – საზოგადოება ხომ ბავშვიდან იწყება. ეს დასაწყისი წესრიგშია, ამ დასაწყისზე დიდები/უფროსები ბევრს და სერიოზულად ფიქრობენ.

მთავარი ცენტრი კი შვედეთის წიგნის საბავშვო ინსტიტუტია, რომელიც სტოკჰოლმში 1965 წელს შეიქმნა. მას განათლების სამინისტრო აფინანსებს.

ინსტიტუტში, დღეის მონაცემებით, 95 000 წიგნია დაცული, რომლებიც საბავშვო ლიტერატურას ეხება. ესაა სამეცნიერო ნაშრომები, ესეები, კრიტიკა – ანუ მრავალწლიანი დისკურსი საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი საბავშვო წიგნი შვედურ ენაზე 1601 წელს გამოიცა, ადვილია იმ დინამიკის წარმოდგენაც, რაც ამ მრავალსაუკუნოვან ტენდენციას გასდევს.

ინსტიტუტის ცენტრალურ დარბაზში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ერთი მხიარულღიმილიანი, ულვაშა და კეთილთვალება კაცის ფოტო ჰკიდია. ეს ლეონარდ ჰელსინკია – ცნობილი შვედი საბავშვო პოეტი, აბსურდისტი, მოაზროვნე და დიდი ბავშვი, რომელმაც 90 წელი იცოცხლა და თავისი ბიბლიოგრაფია, 2500 წიგნი, სიცოცხლეშივე საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტს გადასცა. ჰელსინკზე ამბობენ, რომ ის ინსტიტუტის კეთილი სულია, ყველაფერი მისი იდუმალი და კეთილშობილი ენერგიითაა გაჟღენთილი და დღემდე ეხმარება თანამშრომლებს ახალი იდეებისა და ინიციატივების მოფიქრებაში.

ინსტიტუტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკას – აღრიცხავენ არათუ წიგნებს, არამედ ნორმატიულ მონაცემებსაც, მაგალითად, რამდენი გოგონაა და რამდენი ბიჭი წიგნში, როგორია ოჯახი, არიან თუ არა წიგნში შშმ ბავშვები, რა ადგილი უჭირავს იდენტობის, დიასპორის, ბულინგის თემებს და ა.შ

ეს შედეგებიც იმ სტატისტიკის კვალდაკვალ უნდა მივითვალოთ, რომელიც შვედეთში საბავშვო წიგნების ბეჭდვის პროცესს ახლავს – მარტო 2017 წელს 2532 საბავშო წიგნი გამოიცა (შვედურ ენაზე).

ინსტიტუტი გამოსცემს საკუთარ ჟურნალს. მასშიც საბავშვო ლიტერატურის შესახებ დაწერილი კრიტიკული ნაშრომები, რეცენზიები და სხვადასხვა ტიპის წერილებია თავმოყრილი.

შვედი საბავშვო ავტორები ამ ინსტიტუტს ხშირად აკითხავენ, ეცნობიან უახლეს ტენდენციებს, შეხედულებებს, კითხულობენ რეცენზიებს და კრიტიკულ წერილებს საკუთარ წიგნებზეც. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, უფრო სწორედ – როგორც მწერალსაც და გამომცემელსაც საუკეთესო ხარისხის პროდუქციის შექმნაში დაეხმარება.

„დიდების“ამხელა ყურადღება და დარგზე გულწრფელი ზრუნვა, ცხადია, ბავშვებში წიგნის პოპულარობაზეც აისახება. მართალია, შვედეთშიც, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, წიგნში თავჩარგულ ბავშვებზე მეტად აიფონში, აიპადში ან ლეპტოპებში შემძვრალ ბავშვებს ნახავთ, მაგრამ ამბობენ, რომ მკითხველების რაოდენობის მხრივ შვედეთი კვლავ მოწინავე ადგილზეა.

ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ასტრიდ ლინდგრენი, ტუვე იანსონი, ლეონარდ ჰელსინკი და კიდევ ბევრი ჩახჩახა ავტორი ჰყავთ, რომლებიც მხოლოდ საბავშვო მწერლებად კი არა, კეთილ ანგელოზებად ექცნენ მათ ბავშვურ, ყველაზე წრფელ და მართალ სამყაროს.

ამ ანგელოზების პოვნა კი მხოლოდ წიგნის თაროებზე კი არა, ცოტათი უფრო ზემოთ, სახურავებსა და ღრუბლებს შორის, სტოკჰოლმის ფერადად განათებულ ცაზეც შეიძლება – ვინ იცის, იქნებ ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც თავიანთ სიზმრებში ოდესღაც სწორედ მათ ჩაიფიქრეს.

იდეების მოედანი  – საინტერესო მეთოდი სკოლის საჭიროებების კვლევისთვის

0

იდეების მოედანი – ეს სიტყვები პირველად სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე გავიგონე. დღის ბოლოს კი მისი მონაწილეც გავხდი. იმ დღეს ეს აქტივობა სამ სხვადასხვა თემაზე გაიმართა და სამივე იმდენად საინტერესო იყო, კარგა ხანს ვფიქრობდი, რომელ ჯგუფს შევერთებოდი. იმავე დღის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ ამ აქტივობას სკოლის სივრცეში გადავიტანდი. წარმოვიდგინე კიდეც ადგილი, სადაც დავსხდებოდით, თემებიც კი მიტრიალებდა თავში. მოკლედ ასეთი აღფრთოვანებული და სავსე დავბრუნდი კონფერენციიდან.

დავიწყე ფიქრი გეგმაზე, რომლითაც განვახორციელებდი იდეას. უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც წამყვანი მასწავლებელი, სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროებების კვლევასაც ვახორციელებ თანასწორობის საკითხებზე. ეს თემა პირდაპირი გამოძახილი იყო ჩემი კვლევის.

მოსამზადებელი პერიოდი:

პირველ რიგში იდეა გავაჟღერე ჩემს მასწავლებლებთან და რამდენიმე დაინტერესებულმა ადამიანმა ერთად განვაგრძეთ ფიქრი. დაახლოებით წარმოვიდგინეთ ადგილიც, თემებიც და მსჯელობაში უკვე მივხვდით, რომ ახლა ჩვენს თავზე ბევრს ვიღებდით. სჯობდა აზრი ბავშვებისთვის გვეკითხა.

გავაკარით განცხადება, რომ სკოლაში იგეგმებოდა ახალი აქტივობა „იდეების მოედანი“ და დაინტერესებულ პირებს ვთხოვდით შეკრებილიყვნენ კონკრეტულ დროს. ყოველგვარი განმარტების გარეშე მოსწავლეთა საკმაო რაოდენობა შეიკრიბა. ბავშვებს ავუხსენით, რომ ვიწვევდით მსჯელობისთვის. ვაპირებდით გაგვეხსნა ნებისმიერი თემა, რომელიც მათ დააინტერესებდათ. უნდა ვაღიარო, რომ თემები, რომლებიც მათ დაასახელეს მეტად დამაფიქრებელი იყო. საბოლოოდ ბავშვები შეჯერდნენ კონფლიქტებზე. მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა სასკოლო კონფლიქტები. მეორე თემის შერჩევა ძალიან გაჭირდა. იმდენად აჟიტირებული იყვნენ ამ თემით, რომ სხვა თემაზე არ ეფიქრებოდათ. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ეფიქრათ კონფლიქტის პრევენციულ თემაზე. ასე დაიბადა თანამშრომლობის იდეა. იმ დღეს გადაწყდა, რომ მოსწავლეები იფიქრებდნენ ორ თემაზე: „კონფლიქტები და მისი მოგვარების გზები“ და „თანამშრომლობა, როგორც კონფლიქტის პრევენცია“.

პარალელურად შევხვდით ქართული ენის მასწავლებლებს. მათაც გავაცანით იდეა და ვთხოვეთ, ეს თემები დაემუშავებინათ იმ თემატიკის ჭრილში, რომელსაც კონკრეტულ დროს ასწავლიდნენ.

ასევე შევხვდით დამრიგებლებს. მათაც იდეის გაცნობის შემდეგ ვთხოვეთ აღნიშნული თემები შეეტანათ მიმდინარე კვირის სადამრიგებლო საათის თემად.

პროცესი დაიძრა. საჭირო იყო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, რომლისთვისაც ისევ მოსწავლეებს ვთხოვეთ შეკრება. მომდევნო შეკრებაზე გადაწყდა, რომ ბავშვებს არ სურდათ სკოლის დერეფანში დასხდომა და სკოლის ეზოს ირჩევდნენ. ასევე არ სურდათ საფეხურების მიხედვით გადარჩევა. განაცხადეს, რომ ეს პრობლემები ყველასია, ამიტომ საბაზო და საშუალო საფეხურის ბავშვებს უნდა ემსჯელათ ერთად. მათ აიღეს პასუხისმგებლობა თავიანთ კლასებში იდეის შესახებ ინფორმირებაზე და მონაწილეთა რაოდენობების დაზუსტებაზე.

ასე ნელ-ნელა გამოვეთიშეთ უფროსები პროცესს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე  გავაკეთე, იყო ის, რომ შევხვდი მოდერატორებს, ვნახე მათი ფლიპჩარტები, დავსვით აქცენტები, გავიარეთ თემები ბოლომდე. ერთმანეთის აზრებიც გაითვალისწინეს და კიდევ უფრო სრულყოფილად მოემზადნენ  შერჩეული დღისთვის.

პროცესი:

და ეს დღეც დადგა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად მოაწყვეს სივრცე. დანიშნულ დროს ყველა ადგილზე იყო. ჩვენ, უფროსები პროცესს ვაკვირდებოდით გარედან, სკოლის  ეზოს ის ნაწილი, რომელიც მათ შეარჩიეს, შენობებით შემოსაზღვრული შიდა ეზოა. ამიტომ ჩვენ ისღა გვრჩებოდა, რომ ფანჯრებიდან გვედევნებინა თვალი მიმდინარეობისათვის.

აღმოჩნდა, რომ 40 წუთზე გათვლილი აქტივობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კი ბავშვები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

პროცესის შემდეგ

ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რა პრობლემები დასახელდა მოსწავლეების მიერ. პირველ რიგში მოსწავლეები ამბობენ, რომ კონფლიქტები სკოლაში თანატოლებს შორისაა. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია უფროსსა და მოსწავლეს შორის და ისიც ადვილად გვარდება. ამის მიზეზად ბავშვები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მათ  არ იციან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები და ადვილად ურთულდებათ სიტუაცია.

ბავშვები ითხოვენ კლასის დამრიგებლების მეტად გააქტიურებას. მიაჩნიათ, რომ კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს ოჯახური პრობლემებიც და უნდა გაითვალისწინოს ის.

კონფლიქტის დროს ამჯობინებენ არ ჩაერიოს მესამე პირი. ეს კი ყველამ ვიცით სადაც მიგვიყვანს. პრინციპში ამ უნდობლობის შედეგებს ყოველდღე ვიმკით.

ფლიფჩარტზე მინაწერებში ისინი ითხოვენ მეტ სახალისო აქტივობებს. ამბობენ, რომ საკლასო აქტივობები კარგია, მაგრამ ერთი სკოლა ვართ და მეტი სასკოლო აქტივობა სჭირდებათ.

და მათი გზავნილია ამოვიღოთ ხმარებიდან „მე მართალი ვარ“. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს გასათვალისწინებელია.

რა მოხდა შემდეგ?

დამეთანხმებით ალბათ, რომ სკოლის საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტად აღნიშნული აქტივობა სწორედაც რომ გამოდგა. ახლა მთავარია იმ გამოწვევებს გაეცეს პასუხი, რომლებიც ასე ხელშესახები გახდა. ახლა სასწრაფოდ უნდა შევძლოთ პრობლემების გამოსწორება. ამ მხრივ უკვე დაგეგმილია რიგი აქტივობები. მაგალითად სადამრიგებლო პროგრამებში უკვე შევიტანეთ საკითხები კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ. დაგეგმილია ამ კუთხით დამრიგებელთა გადამზადება. სკოლაში ისედაც დამკვიდრებული იყო ფილმების ნახვა და დისკუსიები. ამჯერად ისინი გადაირჩა. შეირჩა სპეციალურად ამ პრობლემების შემცველი ფილმები.

მსოფლიო კალენდრის მიხედვით დაგეგმილია საერთო სასკოლო აქტივობები.

დაბოლოს:

აღნიშნულ თემებზე პროფესიულ წრეებში საუბრისას ყოველთვის მრჩებოდა შინაგანი განცდა, რომ ჩემს სკოლაში ეს პრობლემები არ იდგა მწვავედ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ თემებზე. იდეების მოედანი კარგი სარკე აღმოჩნდა ხარვეზების დასანახად. ხელთათმანი ნასროლია. გამოწვევა მიღებული. ჩვენ ვიწყებთ!

 

ნონა ჩუბინიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის

მათემატიკის მასწავლებელი,

სკოლის დირექტორი

მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარება –  თამაში – ტექსტის რედაქტორი

0

დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა. მე, როგორც მასწავლებელი მუდმივად ვცდილობ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებმა შესრულებული აქტივობებისას შეიგრძნონ, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ თემის შესწავლის შემდეგ გარკვეულ საკითხში კომპეტენტურობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსწავლეებს არ უყვართ გრამატიკის საკითხების შესწავლა. არადა, ეს აუცილებელია ნებისმიერი ენის დაუფლებისთვის. მინდა, გაგიზიაროთ მარტივი თამაში, რომლის გამოყენებითაც შევძელი მოსწავლეებისთვის გრამატიკის წესების შესწავლა სახალისო პროცესად მექცია. გთავაზოთ მასალას ამ თამაშის შესახებ.

გაკვეთილის დაწყებამდე – მასწავლებელი გარკვეული გრამატიკული საკითხების შესწავლის შემდეგ ადგენს მარტივ, კლასის პროგრამულ მასალაზე გათვლილ ტექსტს, რომელშიც  დაშვებულია ის შეცდომები, რომელთა აღმოჩენა მოსწავლეებმა განვლილ მასალაზე დაყრდნობით უნდა შეძლონ. ტექსტთან ერთად მასწავლებელი ადგენს შესავსებ სამსვეტიან ცხრილს (შეცდომა, სწორი ფორმა, არგუმენტი).

გაკვეთილის მსვლელობისას – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს თამაშს „ტექსტის რედაქტორი“. რისთვისაც ურიგებს მასალებს, აძლევს გარკვეულ დროს და აცნობს წესებს. დავალების შესრულების შემდეგ ხდება აღმოჩენილი შეცდომების პრეზენტაცია და თითოეულ „რედაქტორს“ უფლება აქვს, სრულყოს მის მიერ გარედაქტირებული ტექსტი, თუ მისი თანაკლასელი პრეზენტატორი მყარი არგუმენტებით ასაბუთებს, რომ ტექსტში მართლაცაა ეს შეცდომა, ამ დროს მოსწავლეს შეუძლია ცხრილში დაამატოს აღმოჩენილი შეცდომა.

თამაშის წესები ასეთია:

  1. ტექსტის რედაქტორმა ყველა შეცდომა უნდა აღნიშნოს ხაზის გასმით და დანომროს (როგორც ეს ნიმუშშია მოცემული);
  2. მოსწავლეს უფლება აქვს მოცემული ტექსტის რედაქტირებისთვის გამოიყენოს: გრამატიკის სახელმძღვანელო, სხვადასხვა ლექსიკონი და ინტერნეტლექსიკონი, ასევე ზოგიერთი საკითხი დააზუსტოს მასწავლებელთან. მთავარია, აღმოაჩინოს ყველა შეცდომა და მოახდინოს ტექსტის რედაქტირება;
  3. „ტექსტის რედაქტორმა“ თამაშის დროს უნდა შეავსოს სქემა, რომელსაც მასწავლებელი ტექსტთან ერთად აძლევს მას;
  4. უნდა ეცადოს და ჩაეტიოს რედაქტირებისთვის გამოყოფილ დროში;
  5. თუ რედაქტირების პროცესში ამა თუ იმ მოსწავლეს გამორჩება რაიმე, მისი თანაკლასელების პრეზენტაციისას ვალდებულია, ეს ხარვეზები გამოასწოროს და სქემაში შეცდომების ნუმერაცია გააგრძელოს. (შენიშვნა – გაკვეთილის შემდგომ მასწავლებელი თითოეული მოსწავლის ნამუშევრების გაცნობისას მასწავლებელი იგებს რომელ „რედაქტორს“ რა პრობლემა აქვს და რომელი საკითხის გაგება უჭირს უმეტესობას. ის მას ითვალისწინებს შემდეგ გაკვეთილებზე და შემდეგი ტექსტის შედგენისასაც ამოწმებს რამდენად შეიძინეს მოსწავლეებმა საკმარისი კომპეტენცია).

 

ნიმუშის სახით გთავაზობთ ერთ მაგალითს

გასარედაქტირებელი ტექსტი

„თეთრ საწოლში დიდხანს იწვა ბალიშშითავჩარგული1 კატო. მერე ფანჯარასთან მიირბინა და მის ბაღს2 გადახედა. მოგონებები არ შორდებოდა. ენატრებოდა მისი ძველი სახლი3. სურათი ახსენდებოდა, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა. ფიქრებით ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომელიც4  ბავშობაში5 ეთამაშებოდენ6.

თავისი სათამაშო დედოფლის7 სახე აგონდებოდა, რომელსაც კაბებს უკერავდა. იხსენებდა როგორ აკეთებდა ენძელის8 თაიგულს9 რომელიც დედასთან მიჰქონდა. თვალწინ მაღალი მთები ედგნენ10 რამდენჯერ დაუხატია11 ეს მთები. მოგონებები ისევ ბავშობაში აბრუნებდა მას. გული აუჩუყდა, სტიროდა12 ...მერე თვლები შეიმშრალა და დამშვიდდა.

ჩამოირბინა კიბეზე, თითქოს ცდილობდა ამ ფიქრების მოშორებას. ბაღში ჩავიდა, ვარდის კოკორები მოწყვიტა13, სამ-სამი ერთად შეკრა, თუმცა ამ დროს გააცივ გააცხელა.14 მერე მისი ყურადღება პეპელას15 წრიულმა მოძრაობამ მიიპყრო, ცოტა ხასიათზე მოვიდა, მაგრამ მთელი ქვეყანის დარდი ტვირთათ16 აწვა მხრებზე. კატოს მისი ამბის გამო ყველა იცნობდა სოფელში“.

სქემა შეცდომების არგუმენტირებულად გასწორებისთვის

მცდარი

 

სწორი ფორმა არგუმენტი
1.ბალიშშითავჩარგული

 

ბალიშში თავჩარგული თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულის ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში უნდა დავწეროთ ორი სიტყვა.
2.მის ბაღს

 

თავის ბაღს კუთვნილებითი ნაცვალსახელები თავისი და მისი ორივე გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებაა, ითქმის ,,თავისი“, თუ სხვისი – ,,მისი“ ან ,,იმისი“.
3.მისი ძველი სახლი

 

თავისი ძველი სახლი კუთვნილებითი ნაცვალსახელები – თავისი და მისი – ორივე გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას, მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებაა, ითქმის ,,თავისი“, თუ სხვისი – ,,მისი“ ან ,,იმისი“.
4.ბავშვებს, რომელიც

 

ბავშვებს, რომლებიც როცა მისამართი სახელი (სულიერი თუ უსულო) მრავლობითშია (-ებიანსა თუ ნართანიანში), ,,რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში უნდა ვიხმაროთ.
5.ბავშობაში

 

ბავშვობაში ,,ო“ასო-ბგერა გავლენას ახდენს ,,ვ“-ზე და ამიტომაც ზეპირ მეტყველებაში ხშირად იკარგება.
6. ეთამაშებოდენ

 

ეთამაშებოდნენ წარსულ დროში (წყვეტილში) მესამე სუბ.პირის ნიშნად უნდა გამოვიყენოთ -ნენ ფორმა.
7.დედოფლის სახე

 

დედოფალას სახე უკვეცელია: ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში (ტოროლა, ენძელა, ბიცოლა, დედოფალა…), მაგრამ ისინი მრავლობით რიცხვში მაინც მოიკვეცენ ფუძისეულ ხმოვანს
8.ენძელის

 

ენძელას უკვეცელია: ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში (ტოროლა, ენძელა, ბიცოლა, დედოფალა…), მაგრამ ისინი მრავლობით რიცხვში მაინც მოიკვეცენ ფუძისეულ ხმოვანს
9. თაიგულს რომელიც

 

თაიგულს, რომელიც დამოკიდებულ წინადადებას მაქვემდებარებელი კავშირები და წევრკავშირები აერთებენ მთავართან და გამოყოფენ მძიმით.
10.მთები ედგნენ

 

მთები ედგა თუ ქვემდებარე უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელია და დასმულია -ებიან მრავლობითში შემასმენელი მხოლობით რიცხვში ეწყობა.
11.დაუხატია

 

დაუხატავს პირველ თურმეობითში (რა უქნია?)ზმნებს გადაჰყვება -ავ თემის ნიშანი.
12.სტიროდა

 

ტიროდა და პრეფიქსები არ იწერება ერთპირიან ზმნებში (გამონაკლისი: თუ ერთპირიან ზმნას შეეწყობა ნაცვალსახელი მას, მაშინ ზმნა ინვერსიულია და ან ნიშანი უნდა დაიწეროს).
13.კოკორები მოწყვიტა

 

კოკრები დაკრიფა კოკორი არის კუმშვადი სახელი, მხოლობითი რიცხვის ნათ., მოქ., ვით. ბრუნვებსა და -ებიან მრავლობითში კარგავს ფუძისეულ ხმოვანს; ზოგიერთი ზმნა მხოლობითში სხვა ფორმას იყენებს, მრავლობითში – სხვას, ასეთ ზმნებს რიცხვში მონაცვლე ზმნები ეწოდება.
14.გააცივ გააცხელა

 

გააცივ-გააცხელა დეფისით იწერება: ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებული რთული ზმნები ან სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებული ზმნები.
15.პეპელას

 

პეპლის რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება, კუმშვად-კვეცადია: ქვეყანა, ქარხანა, ტომარა, პეპელა…
16.ტვირთათ

 

ტვირთად ვით.ბრუნვაში ხმოვანფუძიან სახელებს ბოლოში დაერთვის -დ, თანხმოვანფუძიანებს-ად.

 

გასწორებული ვარიანტი

„თეთრ საწოლში დიდხანს იწვა ბალიშში თავჩარგული კატო. მერე ფანჯარასთან მიირბინა და ბაღს გადახედა. მოგონებები არ შორდებოდა. ენატრებოდა თავისი ძველი სახლი. ახსენდებოდა სურათი, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა. ფიქრებით ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომლებიც ბავშვობაში ეთამაშებოდენ.

თავისი სათამაშო დედოფალას სახე აგონდებოდა, რომელსაც კაბებს უკერავდა. იხსენებდა, როგორ აკეთებდა ენძელას თაიგულს, რომელიც დედასთან მიჰქონდა. თვალწინ მაღალი მთები ედგა… რამდენჯერ დაუხატავს ეს მთები… მოგონებები ისევ ბავშვობაში აბრუნებდა მას. გული აუჩუყდა, ტიროდა… მერე თვლები შეიმშრალა და დამშვიდდა.

ჩამოირბინა კიბეზე, თითქოს ცდილობდა ამ ფიქრების მოშორებას. ბაღში ჩავიდა, ვარდის კოკრები დაკრიფა, სამ-სამი ერთად შეკრა, თუმცა ამ დროს გააცივ-გააცხელა. მერე მისი ყურადღება პეპლის წრიულმა მოძრაობამ მიიპყრო, ცოტა ხასიათზე მოვიდა, მაგრამ მთელი ქვეყნის დარდი ტვირთად აწვა მხრებზე. კატოს მისი ამბის გამო ყველა იცნობდა სოფელში“.

ასეთი სტილის «თამაში“ ეხმარება მოსწავლეებს  ისწავლონ გრამატიკული საკითხები და არ დაუშვან მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტური ხარვეზები და მავე დროს ჰქონდეთ  საკუთარი კომპეტენციის შეგრძნება.

სასწავლო  პროექტი  – სპექტაკლი „ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

0

პროექტით სწავლება წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად  მუშაობენ ფორმულირებულ  პრობლემაზე,  რომლის დასამუშავებლადაც  განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ქმნიან საერთო პროდუქტს.

პროექტით სწავლება ეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს კომპეტენციის შეძენაში. პროექტზე მუშაობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს და მიმართულებას აძლევს მოსწავლეებს.

პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა უნდა იყოს მნიშვნელოვანი და აქტუალური. პროექტი უნდა ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა ვერ ხერხდება  საგაკვეთილო პროცესის დროს. საპროექტო თემა უნდა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

მასწავლებელი – ნესტან მიქაძე

პროექტის სახელწოდება –  სპექტაკლი: ,,ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

პრობლემის ანალიზი – მოსწავლეებს უჭირთ სხეულზე მოქმედი ძალების ფიზიკური შინაარსის გააზრება და მოძრაობის პირობების დადგენა.

მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა, წარმოსახვა და შემოქმედებითად აზროვნება.

მიზანი:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხეულზე მოქმედი ძალების, მათ შორის ხახუნის ძალის შესახებ მსჯელობა და გაიაზრონ  ნიუტონის მეორე კანონის ფიზიკური შინაარსი.

გრძელვადიანი მიზანი –

დაკვირვების, აღწერის, მონაცემების ინტერპრეტაციის, ანალიზის, პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის უნარების განვითარება; შემოქმედებითი უნარების  განვითარების,  თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობა.

წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების,  ციფრული წიგნიერების, სწავლის  სწავლის კომპეტენციების უნარების განვითარება. ცოდნის ტრანსფერი.

მისაღწევი  შედეგი:

მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში. სიღრმისეულად გაერკვევიან სხეულზე მოქმედი ძალების შინაარსში;  გაარკვევენ ხახუნის ძალის წარმოქმნის მიზეზებს, მის  სახეებს,  ასევე სასარგებლო და საზიანო მოქმედებას.

გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მოწყობა).

განუვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება და უნარები.

ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობისა და ურთიერთქმედების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

პროექტის ამოცანები:

მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას  სხეულზე მოქმედი ძალების შესახებ;  მოსწავლეებს განუვითარდებათ მოვლენათა  და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა.

სპექტაკლი ,,ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

 

სცენარი:

მოქმედი პირები: მოსამართლე,  სასამართლოს მდივანი,  პროკურორი,  ადვოკატი,  ნაფიცი მსაჯულები,  ექსპერტი – ბუნების ძალები,  ექსპერტი – ხახუნის ძალა, ექიმები,   მსოფლიო მიზიდულობის ძალა, დრეკადობის ძალა, ისააკ  ნიუტონი, დაზარალებული,  ბრალდებული – ხახუნის ძალა.

ღონისძიების მსვლელობა:

მდივანი: „სასამართლო მოდის! გთხოვთ, ადგეთ! “ (შემოდიან  მოსამართლე, პროკურორი).

მოსამართლე: „დაბრძანდით! დღეს ისმინება საქმე  „ხახუნის ძალის დანაშაული კაცობრიობის წინაშე!”. უამრავი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ადამიანები საყვედურს გამოთქვამენ ხახუნის ძალისა და მისი მუშაობის შესახებ. არაერთი საჩივარი შესულა სასამართლო უწყებებში, სადაც დაზარალებულები ხახუნის ძალის მუშაობას დანაშაულებრივად აფასებენ. ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება.

სიტყვა ეძლევა დაზარალებულს”.

დაზარალებული: „მე გახლავართ დაზარალებული და მივმართავ სასამართლოს   –   ამ რამდენიმე დღის წინ მივდიოდი თოვლიან და მოყინულ გზაზე და მოულოდნელად ფეხი დამიცდა. კიდევ კარგი თავი შევიკავე, რომ რამე სერიოზულად არ დამიზიანდა, თუმცა ვიტკინე ხელი და თაბაშირის დადება დამჭირდა. რატომ უნდა იყოს საშიში ქუჩაში სიარული? სად იყო ამ დროს ხახუნის ძალა? რატომ დროულად არ იმუშავა? რათა ასეთ სტრესულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავი?!

ხშირია შემთხვევა, როცა ხახუნის ძალა თავის სამუშაოს წესიერად არ ასრულებს და ადამიანებს არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს, როცა საჭიროა, მაშინ არ არის.  მაგალითად, მოლიპულ გზაზე ვერ დავდივართ, ნაწვიმარზე  მანქანისა და საზიდრის ბორბლები სრიალებს და  კიდევ  რომელი ერთი ჩამოვთვალო.

გთხოვთ, განიხილოთ ხახუნის ძალის მუშაობის საკითხი და მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება“.

მოსამართლე: ,,თქვენი ჩვენებებიდან ჩანს, რომ ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირებთ ხახუნის ძალის მუშაობის გაუმართობას“.

დაზარალებული: „დიახ თქვენო აღმატებულებავ!“

მოსამართლე: „სასამართლო პროცესზე მობრძანებულ ექიმებს ვთხოვ, სასამართლოს წარუდგინონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“.

ექიმი-ტრავმატოლოგი: „ჩვენს სამედიცინო კლინიკას მიმართა მოქალაქემ სხეულის მსუბუქი დაზიანებებით. აღნიშნული დაზიანებები გამოიწვია მოლიპულ გზაზე ფეხის დაცურებამ. კერძოდ, დაზიანებული აქვს იდაყვის  სახსარი და სახეზე აღენიშნება რამდენიმე ნაკაწრი. ავადმყოფს გავუწიეთ შესაბამისი დახმარება, ჩაუტარდა კვალიფიციური მკურნალობა. ახლა თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, მაგრამ სტრესული სიტუაციის გამო საჭიროებდა ნევროლოგის კონსულტაციასაც“.

მოსამართლე: „დაბრძანდით. აზრის გამოთქმას ვთხოვ ექიმ-ნევროლოგს“.

ექიმი-ნევროლოგი:  ,,მოქალაქეს  აღნიშნული შემთხვევის გამო აღენიშნებოდა პოსტტრავმული სტრესის სინდრომი, ჩავუტარეთ მედიკამენტოზური მკურნალობა. ავადმყოფი საჭიროებს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს“.

მოსამართლე: ,,დაბრძანდით. აქ გამოცხადდა ორი მოწმე, სიტყვა ეძლევა მოწმეებს“:

მოწმე 1.:   ,, ბატონო მოსამართლევ, მე გახლავართ დაზარალებულის მეგობარი. მე ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილზე, როდესაც  ჩემმა მეგობარმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანებები. რომ არა მე და კიდევ ერთი მეგობარი, შეიძლება უფრო ცუდი შედეგი დამდგარიყო. ჩვენ ხელი შევაშველეთ დაზარალებულს, რამაც  თავიდან აგვაცილა უფრო სავალალო შედეგი“.

მოწმე2.:  ,,თქვენო აღმატებულებავ, მე ვადასტურებ პირველი მოწმის ჩვენებას, ჩვენ ერთად თავიდან ავიცილეთ საერთო მეგობრის სერიოზული დაზიანება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ის რომ ამ შემთხვევის დროს  მარტო ყოფილიყო“.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ  ბუნების ძალების, ხახუნის ძალის, ასევე  მსოფლიო მიზიდულობის ძალის და დრეკადობის ძალის  ექსპერტები.

ამის შემდეგ მოსამართლემ სიტყვა მისცა პროკურორს.

პროკურორი: ,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ მეტად სერიოზული მიზეზით. მართალია, საჩივარი შემოიტანა ერთმა პიროვნებამ, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ ასეთი დაზარალებული ჩვენ ირგვლივ უამრავია. ვერც კი ჩამოვთვლი ყველა იმ შემთხვევას, როცა ხახუნის ძალა არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სწორედ ხახუნია იმის, მიზეზი, რომ ადამიანებს უდიდესი ენერგიის დახარჯვა უწევთ ამა თუ იმ სხეულის ერთიდან მეორე ადგილზე გადასატანად. ამას ხომ ჩვენი შრომა ეწირება?!

გაწვიმდება და თუ მიწაზე გინდა გაიარო, ტალახში ეფლობი და გიჭირს გადაადგილება. ადამიანს მოლიპულ გზაზე ფეხი რომ არ დაუცურდეს, ქვიშას ყრიან.

ასფალტზე გაივლი, თან თუ ავტომობილით გადაადგილდები, ოდნავ უზუსტო მოძრაობა და მაშინვე ავარიული მდგომარეობა შეიქმნება – მანქანის ბორბლები სრიალებს. ხახუნის გასაზრდელად ავტომობილების საბურავებს ჭდეებიანი ზედაპირი უნდა გაუკეთდეს.

ხახუნი როცა საჭიროა, მაშინ არ არის  და როცა ზედმეტია – ხელს გვიშლის და გვაბეზრებს თავს.

ზედმეტი ხახუნის გამო ცხელდება და ცვთება ისედაც ძვირადღირებული მანქანების ნაწილები. აქ კიდე დამატებითი ხარჯებია საჭირო საპოხის შესაძენად.

კიდე უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რამდენ უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ხახუნის ძალა.

მივმართავ სასამართლოს, გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი და ხახუნმა გააუმჯობესოს მუშაობის ხარისხი“.

მოსამართლე: „სიტყვა ეძლევა დაცვის მხარეს. რა შეგიძლია გვითხრა დამნაშავის გასამართლებლად?“

ადვოკატი: „თქვენო ღირსებავ, მე გახლავართ ხახუნის ძალის დამცველი და აქ მოვედი იმ მიზნით, კიდევ ერთხელ აგიხნათ და დაგანახოთ მის მიერ კაცობრიობის წინაშე გაწეული  ღვაწლი და დამსახურება.

აბა, უბრალოდ დაფიქრდით – ამხელა აუდიტორია შეიკრიბა ამ სასამართლო პროცესზე და მიპასუხეთ, რომელი თქვენთაგანი შეძლებდა აქ მოსვლას, რომ არა ხახუნი…  არა თუ გადაადგილებას, ფეხზე დგომასაც ვერ შევძლებდით.  ვერც იმ ლამაზ მანქანებს დავძრავდით ადგილიდან და  ვერც გავაჩერებდით სასამართლოს კართან.  აღმართზე ვერ ავიდოდით, ვერც ფეხით და ვერც მანქანით.  იმ პატარა ფურცელსაც, მე რომ ხელში მიჭირავს ვერც  მე დავიჭერდი და ვერც ერთი თქვენთაგანი, მათ შორის დაზარალებულიც, საჩივრის ქაღალდით რომ გამოცხადდა და ჩაიკითხა მისი გულისტკივილი.

მივმართავ სასამართლოს, გამოიჩინოს სამართლიანი მიდგომა და ცივი გონებით განსაჯოს დღეს ყველაფერი.

იყავით გონიერნი და ხახუნის ძალას გამოუცხადეთ მადლობა იმ უდიდესი შრომისთვის, რომ დღემდე მშვიდობით და წარმატებით მოიყვანა ადამიანი“.

მოსამართლე:  ,,დღეს დიდი პატივი დაგვდო ბატონმა ისააკ ნიუტონმა, რომელიც თავად მობრძანდა სასამართლო პროცესზე.

სიტყვა ეძლევა ბატონ ისააკ ნიუტონს“.

ისააკ ნიუტონი:,,მოგესალმებით ყველას, მივესალმები სასამართლოს!

მე გაოცებული ვარ, რომ ასეთ სასამართლო პროცესზე მიწევს გამოსვლა, მაგრამ ეს გადამაწყვეტინა იმ უსამართლობის შეგრძნებამ, რასაც ახლა ხახუნის ძალა განიცდის.

კაცობრიობას დავუტოვე ჩემ მიერ აღმოჩენილი და ყველასთვის გასაგებ ენაზე ფორმულირებული კანონები. ამ კანონების გაცნობისა და გააზრების შემდეგ  აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დასმულიყო ხახუნის მიმართ და არც სასამართლო პროცესი იყო საჭირო, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწორო და კიდევ ერთხელ მოკლედ განვმარტავ ჩემს პირველ და მეორე კანონს:

  1. პირველი კანონი:

არსებობენ ისეთი ათვლის სისტემები, რომელთა  მიმართაც სხეული უძრავია, ან წრფივად და თანაბრად მოძრაობს, თუ მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს ან მათი მოქმედება კომპენსირებულია.

რა მოხდება, თუ ეს წონასწორობა დაირღვევა, ანუ უძრავ ან წრფივად და თანაბრად მოძრავ სხეულზე იმოქმედებს  სხვა სხეული, რომლის მოქმედება კომპენსირებული არ იქნება?

რა თქმა უნდა შეიცვლება სიჩქარე.  თუ სხეულზე სხვა სხეული მოქმედებს, მაშინ ვამბობთ, რომ  ,,სხეულზე მოქმედებს ძალა” ან  ,,სხეულზე მოდებულია ძალა”.

სწორედ ძალის მოქმედების შედეგად იწყებს უძრავი სხეული მოძრაობას, მცირდება ან იზრდება სხეულის სიჩქარე, იცვლება სხეულის მოძრაობის მიმართულება, ანუ სხეულზე ძალის მოქმედების შედეგად იცვლება სხეულის სიჩქარე.

ასე რომ, ძალა არის აჩქარების გამომწვევი მიზეზი.

  1. მეორე კანონი:

სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია აჩქარების გამომწვევი ძალისა და უკუპროპორციულია სხეულის მასისა:

a = F /m

სადაც     a     სხეულის აჩქარებაა, F  აჩქარების გამომწვევი ძალა,  m კი მასა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი:

რას ნიშნავს აჩქარების გამომწვევი ძალა?!

შეიძლება სხეულზე მოქმედებდეს ძალა და შედეგი არ ქონდეს?  –   რა თქმა უნდა, არა.

აქ იგულისხმება ყველა ძალის ჯამური მოქმედება, ანუ ტოლქმედი.

ალბათ მიმიხვდით, რის თქმაც მინდა,  რა შუაშია მარტო ხახუნის ძალა?  სხეულზე ხომ კიდევ სხვა ძალებიც მოქმედენ და მათი უმრავლესობა გამოცხადდა კიდეც სასამართლო პროცესზე.

ხახუნის ძალა  ყველა სიტუაციაში შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. უბრალოდ, მასთან ერთად მოქმედებენ სხვა ძალებიც და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

თქვენო აღმატებულებავ,  მოგმართავთ, ბოლომდე გაიაზროთ რეალობა და მიიღოთ სამართლიანი  გადაწყვეტილება“.

მოსამართლე: ,,სიტყვა ეძლევა თავად ბრალდებულს ხახუნის ძალას“.

ხახუნის ძალა: ,,მივესალმები სასამართლოს და აქ მობრძანებულ ყველა ადამიანს, ჩემს მეგობრებს, დამცველს, ბრალმდებელს, ექსპერტებს და დაზარალებულს. ვღელავ და არ ვიცი, რომელი ერთი ჩემი დამსახურება ჩამოვთვალო…

არ მეგონა, თუ ჩემი დაუღალავი შრომა სასამართლოს კართან მომიყვანდა…

მე ყოველთვის იქ ვჩნდები, სადაც საჭირო ვარ…

სწორედ ხახუნის ძალის მოქმედებით იწყება და წყდება ყველა მექანიკური მოძრაობა.

ყოველთვის ვცდილობ სხვა ძალების მოქმედების კომპენსირებას.  ჩემი მუშაობა სამ ნაწილად გავყავი, უძრაობის ხახუნი, სრიალის ხახუნი, გორვის ხახუნი…  და ყოველთვის საჭირო ზომით ვცდილობ გამოვადგე სხვადასხვა საგნებსა და კაცობრიობას.

საქმე ისაა, რომ მე მარტო არ ვარ და, ჩემ გარდა, სხვა ძალებსაც თავიანთი ფუნქციები აკისრიათ. როცა მე საქმეს კარგად ვაკეთებ, ამას ვერც გრძნობენ, არაა სამართლიანი, რომ პრობლემურ სიტუაციაში ვახსენდები ყველას. ამიტომ უნდა მოინახოს გამოსავალი – ხახუნის გაზრდის და შემცირების გზები.

– მანქანის ნაწილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოვიყენოთ შეზეთვის მეთოდი.

– თუ გზა მოლიპულია, ქვიშა ან მარილი დავყაროთ, ბორბალს ჭდეები და სპეციალური ჯაჭვები გავუკეთოთ…

არსად მავიწყდება ჩემი საქმე, არც წყალში და არც ჰაერში…

მიმართავ სასამართლოს, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მე ხომ მომავალშიც უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ“.

მდივანი:

,,სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად“.

მდივანი:

„გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, ცხადდება განაჩენი“.

მოსამართლე:

„უამრავ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხახუნის ძალა ცნოს უდანაშაულოდ და უფრო მეტიც, გამოეცხადოს მადლობა მას საუკუნეების მანძილზე გაწეული შრომისთვის.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ხახუნისა და სხვა ძალები ერთობლივად ახერხებენ  მუშაობას და აღწევენ წარმატებებს სამყაროს საკეთილდღეოდ. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, ადამიანთა და ბუნებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეების ერთად კეთება და  ერთობლივად ვაკეთოთ ადამიანისა და ბუნებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეები.

ჩვენ უნდა მოვუაროთ ადამიანს და პლანეტას, ჩვენი ვალია, ამ მიმართულებით  განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები!

პროექტის წარმატება განაპირობა საკითხის შემოქმედებითად გააზრებამ და სპექტაკლის დადგმამ. მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლეს ბუნებაში არსებული ძალები, დრეკადობის ძალა, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ხახუნის ძალა  და ნიუტონის კანონები.   წარმოადგინეს ბუნების ძალების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები. სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ ათვისებული მასალის ღრმად გააზრებას. ამ კონკრეტული პროექტით მოსწავლეებმა  გაითავისეს პრობლემა, დაინახეს კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის. სახელმძღვანელოში ნასწავლი მასალა ფიზიკიდან შეივსეს და განამტკიცეს დამოუკიდებელი მუშაობით და დამხმარე ლიტერატურით.

 

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის”

კონსულტანტ-მასწავლებელი ნესტან მიქაძე

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტი  წალკის პირველი საჯარო სკოლა

 

პიტერ კერი – როგორ იწერება წიგნი

0

 

„ძვირფასო მწერალო,

წერა ყველაზე ადვილი რამ არის მსოფლიოში. ყველას რომ შეუძლია, ისეთი. თითქოს ჩოგბურთის ბურთს კედელს ესროდე. თითქოს მდინარეში ცურავდე. ყველას შეუძლია ამის სწავლა. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. არც ის არის აუცილებელი, სხვებს გაეჯიბრო. მეორე მხრივ, შეიძლება გულით მოგინდეს, რომ კაშკაშა ვარსკვლავი გახდე, საქვეყნოდ აღიარებული.

როგორც ცურვასა თუ ჩოგბურთში, აქაც თანრიგებია – ყველა თანრიგის მწერალს ნახავ. თუ მხოლოდ ის გინდა, შაბათ-კვირას წერით გაერთო, კი ბატონო, წერე და წერე. თუ რომანის სახელდახელოდ გამოცხობა გადაგიწყვეტია, აბა, სხვა რა უნდა გირჩიო: წერე და წერე…“

ასე იწყება ავსტრალიელი მწერლის, ბუკერის პრემიით ორჯერ დაჯილდოებული პიტერ კერის წერილი. მისი დაწერის თარიღიდან ცხრა წელზე ცოტა მეტია გასული და ალბათ მათ, ვისაც მაშინ მიმართავდა, უკვე იპოვეს თავიანთი ხმაც და მოწოდებაც, ან საბოლოოდ აიღეს ხელი ძველ განზრახვაზე – რაღაც უფრო თვალგასახარმა და პატივმოყვარეობის მარტივად დამაკმაყოფილებელმა მიიზიდათ. 2009 წელს ისინი ერთი სახალისო ლიტერატურული წამოწყების მონაწილეები იყვნენ, რომელმაც, მრავალი განსხვავების მიუხედავად, ქართული „პენმარათონი“ გამახსენა. 1-დან 30 ნოემბრამდე ათასობით მსურველი წერდა ორმოცდაათიათასსიტყვიან რომანს ლიტერატურული პროექტისთვის „რომანის წერის ეროვნული თვე“.

პიტერ კერიმ სწორედ მათ მისწერა წერილი, რომელსაც ორი დღის წინ გადავაწყდი ერთ ლიტერატურულ ვებგვერდზე. სჯობს, სიმართლე იმთავითვე ითქვას, დასაწყისშივე გაიფანტოს მწერლობაზე მეოცნების ძვირფასი ილუზია თუ განუსჯელი მოლოდინი. მარტივზე მარტივი წესებიც, ალბათ, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. ვისთვისაც წერა სასიცოცხლო აუცილებლობაა, მაინც დაწერს – პიტერ კერიმ და მისმა მეგობრებმა სულაც ხელები რომ გადაუგრიხონ ზურგსუკან.

წერილს დავუბრუნდეთ: „თუ რაღაც მართლაც განსხვავებულის, მშვენიერის, ჭეშმარიტის შექმნა გინდათ, თუ წარმოგიდგენიათ, როგორ დაინახავთ თქვენს წიგნს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ან მასზე დაწერილ რეცენზიებს – ჟურნალ-გაზეთებში, მაშინ თქვენ, არც მეტი, არც ნაკლები, ამბიციურ მოცურავეს ჰგავხართ – ძალიან დიდი წვრთნა დაგჭირდებათ, უამრავი კუნთის განვითარება, უამრავი ჩვევის ჩამოყალიბება. ახლავე უნდა დაიწყოთ, დღესვე.

თუ უკვე იცით, რომელ კარგ სამწერლო ჩვევებს ვგულისხმობ, დასამატებელი აღარაფერი მაქვს. ალბათ ისიც იცით, რაც ახლა უნდა გითხრათ: გამუდმებით უნდა წეროთ, ყოველდღე. ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანს. საერთოდ არ გჭირდებათ ინსპირაცია ან რაღაც ასეთი. მხოლოდ გამუდმებით წერის მტკიცე ჩვევაც საკმარისი იქნება. მაშინაც კი უნდა წეროთ, როცა ავად ხართ, ან სევდა შემოგაწვათ, ან გულს აღარაფერი გიხარებთ. ვერაფერმა უნდა შეგაჩეროთ […]

მოდი, (ჩუმად, საიდუმლოდ) ვთქვათ, რომ გენიოსობა გინდათ. მაშინ უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა იყოთ თვითკრიტიკული. მენდეთ, თქვენი ეჭვნარევი შეხედულებები ასჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე თქვენი მეგობრების შეფასებები. მეგობრებს უყვარხართ. შეიძლება ისინი ძალიანაც გონიერნი არიან, მაგრამ ვერ წარმოიდგენენ იმას, რაც თქვენი წარმოსადგენია. მაშ, ნუ აჩვენებთ მათ ისეთ ნაწერებს, რომლების გამოჩენაც არ ღირს.

თუ იმედგაცრუებული ხართ საკუთარი ნამუშევრით, ესე იგი, ამის მიზეზიც გქონიათ. ენდეთ თქვენსავე განსჯასა და შეფასებას. თავიდან დაწერეთ. მერე ისევ თავიდან… აი, ასეთ ძალასა და სიმტკიცეს უნდა მიაღწიოთ – მარტოდმარტომ უნდა იმუშაოთ, ყველასა და ყველაფერს მოშორებულმა, უნდა დაწეროთ და გადაწეროთ, გადაწეროთ, გადაწეროთ… მაშინაც კი, თუ საბოლოოდ ისეთ რამეს დაწერთ – ჭეშმარიტად გამორჩეულს – როგორიც ყოველთვის გინდოდათ, ეჭვებსა და დაუკმაყოფილებლობის განცდას თავს მაინც ვერ დააღწევთ. ყველა მწერალი სწავლობს, როგორ იცხოვროს ამ განცდით. ამ მხრივ, მე და თქვენ ერთსა და იმავეს ვგრძნობთ ახლა.

თუ ჩემი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, იმედი მაქვს, იფიქრებდით, რა ადვილად იკითხება – ამის დაწერას რა უნდაო. სინამდვილეში კი თითოეული თავი ოცჯერ მაინც გადავწერე. და თუ გინდათ, რომ კარგად წერდეთ, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ“.

ამ წერილში პიტერ კერი იმაზეც საუბრობს, როგორი მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა მათთვის, ვისაც მწერლობის სურვილი მოსვენებას უკარგავს. თუ ყოველდღე არ კითხულობთ, ხელიდან ბევრი ვერაფერი გამოგივათო, არწმუნებს. კითხვის დროს ლექსიკონში ჩახედვაც არ უნდა დაგეზაროთ, მე ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა უცხო სიტყვას გადავაწყდები, ეგ კი არა, ფურცელზეც ვიწერ – ასე უკეთესად ვიმახსოვრებო.

თითქოს ჩოგბურთის ბურთს კედელს ესროდე.

თითქოს მდინარეში ცურავდე.

 

 

როგორ წავიკითხოთ ლექსები

0

გალაკტიონ ტაბიძის „მერი“

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსიმერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კიალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

გალაკტიონ ტაბიძე.

 

მერი – პოეტის შინაგანი მარტოობისა და სევდის მეტაფორაა, რომელიც ლექსში ტრანსფორმირდა თითქოს კონკრეტული, მაგრამ ბუნდოვანი ქალის სახით… მიუწვდომელისა და არარეალურის განცდა აირეკლა რეალურ ქალზე, მაგრამ ისეთ ქალზე, რომელთანაც ურთიერთობა პოეტს არასდროს არ ჰქონია. იქნებ სწორედ ეს მიუწვდომლობა იყო ლექსში ასე მძაფრად შინაგანი სამყაროს გამოვლენის მიზეზი? ვინ იცის…

როგორც პოეტი წერს დღიურებში, სახელი „მერი“ მას ნამდვილად არ გამოუგონებია… მერი ნამდვილად არსებობდა, თუმცა მისი არსებობა პოეტისთვის იყო იმდენად აბსტრაქტული, რომ მან ასეთივე აბსტრაქტული სიუჟეტი შექმნა და გამოიგონა მასზე…

„სახელი „მერი“ მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში, მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არცერთი „მერი“ ერთმანეთს არ ჰგავს. ასე ალექსანდრ ბლოკის „მერი“ – სიმბოლური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარასებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია“.

ბაბო დადიანის გადმოცემით, ლექსის გამოქვეყნების შემდეგ საქრთველოში რამდენიმე ქალი იჩემებდა, გალაკტიონმა „მერი“ მე მომიძღვნაო. ამის შესახებ ბაბო დადიანს უკითხავს გალაკტიონისთვის, რომელსაც უპასუხია, რომ იმდენად მომაბეზრეს ქალებმა „მერიზე“ შეკითხვებით, რომ ყველას ვეუბნებოდი, შენ მოგიძღვენიო…

ლექსს ალბათ ჰყავს კონკრეტული ადრესატი, მუზა… რომელმაც პოეტის სულიდან განცდათა ის ფოიერვერკი ამოაფრქვია, რაც ამ ლექსს განუმეორებლობას ანიჭებს. ამიტომ იყო, რომ ლექსის გამოქვეყნების შემდეგ მას ყველა იზეპირებდა.

მერი შერვაშიძის გადმოცემით, იგი არ იცნობდა გალაკტიონ ტაბიძეს, ბაბო დადიანისადმი გამოგზავნილ წერილში იგი წერდა: „დაიბეჭდა თუ არა ლექსი „მერი“, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია… და ბოლოს, მე 1918 წელს დავქორწინდი…“ მერის ამით იმის თქმა უნდოდა, რომ გალაკტიონმა ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა და მასში მერის ჯვრისწერაზე იყო საუბარი, სინამდვილეში კი, მერი იმ დროს გათხოვილი არ იყო…

ამ ამბის შესახებ ფაქტები და ლოგიკა იმას ადასტურებს, რომ პოეზია ფაქტებისა და ლოგიკის მიღმაა და პოეტისთვის აუცილებელი არ იყო ფაქტი, მას შეეძლო ემოციურად გამოეგონებინა და გამოგონილი ისე გადმოეცა, როგორც რეალური… პოეზიის მთავარი შემადგენელი ყოველთვის შინაგანი განცდები და გრძნობებია და არა ის, რაც ხდება გარეთ.

კითხვები, რომლებიც ჩემს სტუდენტებს დავუსი ამ ლექსზე, შეგიძლიათ მოსწავლეებსაც დაუსვათ და მისცეთ თავისუფალი ინტერპრეტაციის და ესეს დაწერის შესაძლებლობა.

  • თქვენი აზრით, რომელი და როგორი გრძნობის მეტაფორიზებას ახდენს „მერის“ სახე ლექსში?
  • რომელია ყველაზე ემოციური სახე თქვენთვის ამ ლექსში და რატომ?
  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტები ლექსის ავტორისთვის და და რა მიმართებაა პოეტისთვის ფაქტებსა და გამონაგონს შორის?

 

ნათია კაპანაძე – სტუდენტი

მარტოობა ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალება იყოს, მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავსაც და ცხოვრებასაც ასე თუ ისე იცნობს და ნაფიქრიც აქვს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, მისთვის მარტოობა ტანჯვაა, თუმცა რაკი შეუძლებელია ბოლომდე თავის შეცნობა, შესაბამისად, ტანჯვა და მარტოობაც შეიძლება უსასრულო იყოს.

სიყვარული არ შეიძლება რაიმე ცუდთან ასოცირდებოდეს, თუმცა მან შეიძლება ტანჯვით ძალიან ბევრი რამ გასწავლოს. რისიც გჯეროდა და გწამდა, რაც შენთვის ღირებული იყო, შესაძლოა  ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერმა ფასი დაკარგოს, თუკი იმ რწმენას ჩაგიკლავენ, რისიც გწამდა.

მერი ჩემთვის იმედგაცრუების მეტაფორაა… ყოველთვის ასეა, ვინც გიყვარს, ყველაზე მეტად ის გტკენს. სიყვარული არასდროს გამორიცხავს ტკივილს, პირიქით, ვფიქრობ, რომ მისი თანმდევი ნაწილია. გალაკტიონის „მერის“ შემთხვევაში კი ეს იმედგაცრუება და სიყვარულიც ორივე გამოგონილია, თუმცა ეს ფაქტი ლექსის ემოციას სულაც არ ანელებს… და რა გამოდის? ჩვენ შეიძლება გვტკიოდეს ის, რაც არასდროს ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაც ყოველთვის არსებობს შესაძლებლობაში.

ყველაფერი ღირებული, რაც კი შექმნილა, უმეტესად ტკივილების და იმედგაცრუების ნაზავია, ეს არის შედეგი შინაგანი განცდების. იმის, რასაც ადამიანთა ნაწილი საკუთარ თავში იკლავს, ნაწილი ვერ უძლებს, უმეტესობა კი სხვადასხვა გზით ცდილობს გამოხატოს. გალაკტიონი კი იტყვის:

“ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.”

ეს ტაეპი ჩემთვის ყველაზე ემოციურია ამ ლექსში და ყველაზე მეტად ასოცირდება რეალობასთან. ადამიანები მუდმივად ვფიქრობთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიმსახურებთ, თუმცა იმის მისაღებად რაც გვსურს,  არაფერს ვაკეთებთ. გული გვწყდება, როცა რაც ჩვენ გვინდა, სხვას უსრულდება და ამას „ბედისწერას“ ვარქმევთ, ცხოვრებას ვაბრალებთ… რეალურად კი -ყველაფერი ჩვენი ბრალია, ადამიანების! ჩვენ ვართ საკუთარი ცხოვრების წამმართველნი და შეუძლებელია, ცდამ რაიმე შედეგი არ გამოიღოს. რუსთაველიც ხომ ამას გვეუბნება: „ბედი – ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდებისო!“

ფაქტებს დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, რეალურად ფაქტი ერთადერთია, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ. თუმცა, გალაკტიონი უფრო საკუთარ გრძნობებს და ემოციებს ეყრდნობა, იმას, რაც ეგონა და არა იმას, რაც სინამდვილეში იყო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეალობის არასწორი აღქმაა. რაღაცამ, რაც ძალიან გვინდა, შესაძლოა არასწორ შეხედულებებამდე მიგვიყვანოს და იმაზე მეტი ტკივილი მოგვაყენოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

გალაკტიონის ყველა ლექსი ჩემში ღრმა შინაგან ემოციას იწვევს, მაგრამ ამ ლექსში მისი განცდები ჩემთვის სულიერ ტკივილზე მეტად იმედგაცრუებით გამოწვეულ ტანჯვას უფრო გამოხატავს.

 

აზა ბარქაძე – სტუდენტი

გალაკტიონის „მერი“… ხშირად მიფიქრია, ყოველ ჯერზე ამ ლექსის წაკითხვისას რატომ ვხვდები სხვადასხვა სამყაროში, რატომ ჩამესმის განსხვავებული მუსიკა, როგორ ხდება ისე, რომ ან თავი ჯვარცმული მგონია, ანდა – ჯვარმცმელი. ამეკვიატება ხოლმე სხვადასხვა გრძნობა: მწუხარების, შიშის, იდუმალების, მარტოსულობის, უსამართლობის, უსუსურობის და მაინც… ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ღირდა, რომ ამ ლექსის თავიდან წასაკითხად მომეკრიბა ძალა.

ჩემთვის ყველაზე ემოციური ფრაზა კი ესაა ამ ლექსში:

,,ბედი რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’.

თუმცა ყოფილა ისეც, რომ პარალელი ვერ მიპოვნია ლექსით გამოწვეულ შეგრძნებებსა და ჩემს გამოცდილებებში, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, რომ ლექსი არ განმეცადოს.  მე არც მერი მყოლია და არც მერის მსგავსი ვინმე, მაგრამ მაინც  მრჩება ამ ლექსიდან მარტოსულობის, გამოუთქმელობის განცდა. სწორედ ეს წარმოადგენს პოეზიის ძალას.

ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდება ახლა, რომ ,,პოეზია აიძულებს ადამიანს, ამაღლდეს ყოველდღიური ყოფის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს უსასრულობა.’’ ვფიქრობ, პოეტის შემთხვევაშიც სრულიად დასაშვებია ის ფაქტი, რომ განიცადოს, რაც თავს არ გადახდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტებს… პოეტი  ხომ თან მიწიერი არსებაა, თან – არამიწიერი… ასე რომ ვთქვათ: „არც მიწისაა, არც ცისა“, შეუძლია, ერთნაირად განიცადოს  ფაქტიც და  ფანტაზიაც.

,,ჯერ არნახული განცდით,

და არგანვლილი გზით,

მე ყველა საზღვარს გავცდი,

რომელიც თავში ზის,

მე  რეაქციას ვიწვევ და რეაქცია  მშობს…’’

ირაკლი ჩარკვინის ამ ლექსის გახსენებისას ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენჯერ მომიწია ფიქრით გადავვარდნილიყავი იმ მორევში, რომელიც რეალურ ცხვოვრებაში არ გამომიცდია…

 

 

 

 

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, –

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და… მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

 

ბავშვი და საჩუქრები.

0

ყველა ჩვენგანს უხდება ხანდახან ბავშვისთვის საჩუქრის გაკეთება იმის სანაცვლოდ, რომ ის კარგად მოიქცეს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა აღმოვაჩენთ, რომ სხვაგვარად მოქცევა აღარ შეგვიძლია. ასე ხდება მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვცალია, ან სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, მდგომარეობიდან გამოსვლის ძებნის დროს ვიწყებთ ბავშვისთვის რაღაცის უხვად დაპირებას.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტუმრად ხართ ნაცნობთან, ემზადებით წამოსასვლელად და აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს არავითარ შემთხვევაში არ სურს დატოვოს ლამაზი ალბომი, დასათვალიერებლად რომ მისცეს. პატარას არანაირი დასაბუთების მოსმენაც კი არ უნდა. გრძნობთ, რომ ახლოვდება ჭექა-ქუხილი. ყველა თქვენ შემოგყურებთ, როგორ მოიქცევით? იხრებით პატარისკენ და უჩურჩულებთ, რომ სახლში მას რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ელოდება. ორივე ბედნიერი და კმაყოფილი მიდიხართ ვიზიტიდან. თქვენ სწრაფად აღწევთ მიზანს, მაგრამ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ უნდა გაგიჩნდეთ კითხვა: მოვიქეცი კი სწორად?

აღმზრდელთაგან მხოლოდ ნაკლებად მოქნილს შეეძლო ეპასუხა უარყოფითად – არასწორია.  ამას გარდა, მშობლებიც ადამიანები არიან, ჩვენი განწყობილება ბევრს ნიშნავს და უეჭველია, ხშირად ხდება, რომ არ გვსურს გარშემომყოფებთან „სპექტაკლის“ მოწყობა. პრობლემას წარმოადგენს თვითონ პრინციპი და არა ის, რომ ზოგჯერ შეიძლება ბავშვის განებივრება. ბავშვისთვის გაკეთებული საჩუქრის სანაცვლოდ ნურასოდეს მოითხოვ, ის დამჯერე იყოს.

საჩუქრები დისციპლინას არ ამტკიცებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი სურვილების გაკონტროლება. ვასწავლოთ თვითკონტროლი, რომ ავიცილოთ შესაძლო კონფლიქტი საკუთარ „მე“-სა და ახლობლებთან.  ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთებით ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ იმას, რომ ერთი არასწორი სურვილიდან მეორეზე გადაგვაქვს მისი ყურადღება, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებ ბოროტებად გვეჩვენება. ვაწყნარებთ ბავშვს, მაგრამ სინამდვილეში ვამწვავებთ მათ სურვილს. იგი ვერ სწავლობს თავისი გრძნობების გაკონტროლებას. ეს ცოტაა, ჩვენ უნებურად ვაქეზებთ მას, გამოხატოს ეს გრძნობები დიდი ახირებებით: პატარას ესმის, რომ საკმარისია გაჭირვეულდეს და ის მიაღწევს იმას, რაც სურს.

ბოლოს და ბოლოს ასეთი დასაჩუქრების მეთოდი არ მოგვცემს კარგ შედეგებს: გარდა ახლობლებისა, არავინ გამოიჩენს ამგვარ დიდსულოვნებასა და დათმობას.  მშობლებიც, ადრე თუ გვიან, შეწყვეტენ ბავშვის იმედების გამართლებას, რომლებსაც ადრე ამგვარად ანებივრებდნენ.  მაგალითად, ქალბატონი ლ. ფიქრობდა, რომ საჩუქრების დახმარებით გადალახავდა ქალიშვილის ნებისმიერ წინააღმდეგობას, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე ვეღარ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება.  დაპირებების შესრულება გართულდა. ზოგჯერ, როცა დედას კიდევაც შეეძლო დაპირებების შესრულება, მისთვის მეტად უსიამოვნო იყო ეს.  ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 5 წლის გოგონა, ნებისმიერი საჩუქრის მიუხედავად, აღარ ემორჩილებოდა მას და დისციპლინის პრობლემა იმდენად მწვავედ დადგა, რომ ქალბატონ ლ.-ს თავად  აღარ შეეძლო  მისი გადაწყვეტა.

ის მშობლები, რომლებიც ჩვეულებრივ საჩუქრებით მოისყიდიან ხოლმე შვილებს, როგორც წესი, განსაკუთრებით მკაცრად სჯიან მათ. თვით ბავშვის დასაჩუქრების ფაქტში არსებითად იმალება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს – გარეგნულად დიდსულოვნებას ვიჩენთ, საქმით კი ბავშვისგან გათავისუფლების საფასურს ვიხდით.  ეს სურვილი კი სხვა არაფერია, თუ არა უარყოფა.  კიდევ კარგი, პატარა ამას ვერ ამჩნევს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როცა ასეთი სურვილი გვიჩნდება, ასე თუ ისე, აუცილებლად ვავლენთ ამ გრძნობას ათასი სხვა ხერხით.

ნერვოზულობისა და მოუთმენლობის უკანაც იმალება ბავშვის უარყოფის სურვილი. ზოგჯერ მეტისმეტად ძლიერ ვღიზიანდებით და ბავშვს იმაზე მკაცრად ვსჯით, ვიდრე იმსახურებს. ეს, რა თქმა უნდა, აფუჭებს ჩვენს დამოკიდებულებას  ბავშვთან და იგი უკვე ისეთი ნდობით აღარ აღიქვამს ახსნა-განმარტებებს, როგორც ამას სხვა შემთხვევაში გააკეთებდა.

ბავშვისათვის თვითდისციპლინის სწავლება ძნელია, როცა მშობლებსა და შვილებს შორის არ მყარდება კეთილი დამოკიდებულება. ამიტომ გადაჭარბებულ დასჯას უნდა ვერიდოთ, ისევე, როგორც მეტისმეტ შემწყნარებლობას, თუნდაც საბოლოო შედეგმა დაიგვიანოს. მუდმივი საჩუქრები ბავშვს თავისი სურვილების მონად აქცევს. ასეთ შემთხვევაში ამა თუ იმ საქციელისკენ ბავშვს უბიძგებს არა სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენები, რაც ბავშვს განვითარების კვალობაზე უყალიბდება, არამედ მისთვის დანაპირები საჩუქრები. მას გაუჭირდება გაზრდა, თუ ვერ შეძლებს თავისი სურვილების მართვას, მათგან თავშეკავებას ან შეზღუდვას. დავეხმაროთ შვილებს ფსიქოლოგიურად მომწიფებაში ისე, რომ არ მივმართოთ საჩუქრებს. თუ მომადლიერება ნორმად ჩამოყალიბდება და ჩვევად იქცევა, სასურველია ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ ის. რამდენიმე ხანს მოგვიხდება მოვითმინოთ ბავშვის მძვინვარე რეაქცია. მაგრამ ამავე დროს, რაღაცაზე უარის თქმისას ეცადეთ, მაინც ალერსიან და კეთილ დედად დარჩეთ, რომელიც მთელი სამყაროს ჩუქებას არ შეპირდება იმისთვის, რომ არ იფიქროს, რომ ის ნამდვილად უყვართ.

 

მეამბოხე გოგონები სალომე ბენიძის თარგმანში

0

მათემატიკოსი, მოდელი, ბალერინა, ველოსიპედისტი, მფრინავი, პრეზიდენტი, მეცნიერი, ძალოსანი, ჟურნალისტი, მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი, აქტივისტი, რეჟისორი, მეკობრე, იმპერატორი, დედოფალი, გამომგონებელი, მოტომრბოლელი, ათლეტი, არქიტექტორი, ხელოვანი, ომის გმირი, მოცურავე, პარტიზანი, ფარაონი, დიზაინერი, პოეტი, მცხობელი, სერფერი, ასტროფიზიკოსი, ოპერის მომღერალი, ექიმი, განმანათლებელი, არქეოლოგი, ნატურალისტი, პრემიერ-მინისტრი, ასტრონავტი, ტრომბონისტი, პალეონტოლოგი, მოკრივე, მუსიკოსი, იურისტი, ბიოკეანოლოგი, ტატუს მხატვარი, ჟურნალისტი, ჯაშუში, გენეტიკოსი, მოსამართლე, მკვლევარი, ჩოგბურთელი, დირიჟორი, ტანმოვარჯიშე, რეპერი, სუფრაჟისტი, ალპნისტი, პრიმატოლოგი, მეზღვაური, როკვარსკვლავი, მზარეული, ფილოსოფოსი, – ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან დღემდე მსოფლიოს ხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მეამბოხე გოგონები რომ ეუფლებოდნენ, ის წოდებებია, ისინი ღირსეულად რომ ატარებდნენ. სწორედ ამ ადამიანებზე, მათ სურვილებზე, მიზნებზე, გამოცდილებებზე, გამოწვევებსა თუ წარმატებებზე მოგვითხრობს ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის.“

წიგნი 2016 წელს გამოიცა და მაშინვე პოპულარული გახდა – 47 ენაზე ითარგმნა და გაყიდვის არაერთი რეკორდი მოხსნა. ქართველ ბავშვებამდეც საკმაოდ სწრაფად მოაღწია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ძალისხმევით.

***

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ორიგინალური ფორმატის გამო გადაშლისთანავე იმსახურებს პატარებისა თუ მოზარდების აღფრთოვანებასა და ინტერესს. თითოეული მეამბოხე გოგონას ცხოვრება ერთგვერდიან ზღაპარშია გადმოცემული. დიახ, ამბები „იყო და არა იყო რათი“ იწყება, თუმცა დისნეისეული პრინცესებისთვის „გამოჭრილი“ თარგის მიხედვით როდი „იკერება.“ ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში მიიკვლევენ გზას და თავდაუზოგავი შრომით, წინააღმდეგობებთან შეურიგებლობით, სტერეოტიპების მსხვრევით ახდენენ სასწაულებს. წიგნის ორიგინალურობა არც ამით ამოიწურება – მეამბოხე გოგონების პორტრეტებზე მსოფლიოში ცნობილი 60 მხატვარი ქალი მუშაობდა. მათი ილუსტრაციები წიგნს არა მხოლოდ ალამაზებს, მსუბუქად წასაკითხსაც ხდის.

მაშ ასე – თითოეულ მეამბოხე გოგონას ორი გვერდი ერგო: პირველზე მათი თავგადასავალი განთავსდა, მეორეზე – პორტრეტი. აქვე ამოიკითხავთ ლათინური სენტენციებივით ლაკონურ, ღრმა და დამაფიქრებელ ფრაზებს, რომლებითაც  წიგნის გმირები თანამდროვე ახალგაზრდებს მიმართავენ:

„ფიქრი შენი უფლებაა და ეს უფლება უნდა დაიცვა, რადგან უმჯობესია ფიქრობდე არასწორად, ვიდრე საერთოდ არ ფიქრობდე;“

„რადგან ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მისთვის;“

“თუკი გავუგებთ, ვიზრუნებთ, თუკი ვიზრუნებთ, დავეხმარებით, თუკი დავეხმარებით, გადავარჩენთ;“

„თუ კარგი იდეა გაქვს, უკან არ დაიხიო, ხორცი შეასხი;“

„მას ვინც უდანაშაულოა და სინდისი სუფთა აქვს, არაფრის  ეშინია;“

„თუ ცოცხალი ხარ, სინათლესაც გამოიმუშავებ;“

 „როცა მშვენიერება შიგნიდან ანათებს, მისი უარყოფა შეუძლებელია;“

„თავგადასავალი თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა;“

„როცა ქალი გადაწყვეტს ცვლილებებისკენ ნაბიჯი გადადგას, მის გარშემო მთელი სამყარო იცვლება;“

„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ;“

„შიშზე ძლიერი ყოველთვის თავისუფლების წყურვილია;“

„ყოველთვის იყავი მართალი საკუთარ თავთან და არასოდეს მისცე უფლება სხვის ნათქვამს, შენს მიზნებს დაგაშოროს!“

მსგავსი მოწოდება უამრავია და მკითხველი აუცილებლად გამოარჩევს თავისთვის სასარგებლოს. მრავალფეროვანია ასი მეამბოხე გოგონას შესახებ დაწერილი ამბებიც. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წიგნმა გამოსვლის დღიდან განსხვავებული გემოვნების ბავშვი თუ მოზარდი დააინტერესა და ფართო აუდიტორია შემოიკრიბა გარშემო.

***

ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს თითოეული პერსონაჟი მართლაც უნიკალურია:

ზოგიერთს მექანიზმები უყვარდა ან ფრენაზე ფიქრი იტაცებდა, ცეკვის უნიკალური სტილი ჰქონდა ან მეამბოხე სულით გამოირჩეოდა, რისკი საკუთარი პროფესიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა ან ჩარჩოების გარღვევა აღაფრთოვანებდა; სურდა ყველაფერი სცოდნოდა მცენარეების შესახებ ან აინტერესებდა როგორ მუშაობდა მაღვიძარა და საათებს შლიდა.

იყვნენ ისეთებიც, ტირანის დამხობა რომ მოახერხეს ან გამოგონებამდე აღწერეს თანამედროვე კომპიუტერები; შინაპატიმრობაში ოცდაერთი წელი რომ გაატარეს ან ნავით შეუჩერებლად შემოიარეს მსოფლიო; მილიონობით მკითხვლის სიყვარული რომ დაიმსახურეს ან ქვეყნის სულიერ ლიდერებად იქცნენ; მშვიდობის დარგში ნობელის პერმია რომ მიიღეს ან მილიონობით დოლარად შეფასებული ნახატები დაგვიტოვეს;

ერთი უსინათლო გოგონა ცნობილი ბალერინა გახდა და საკუთარი საბალეტო სკოლა დააარსა, მეორე გოგონა პროფესიამ თავად იპოვა, მესამე სიჩუმემ დაღალა, მეოთხე  ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც მშობლებს უფლება აქვთ შვილები ჯერ კიდევ ბავშვობაში დააქორწინონ, მეხუთეს დაწერილი პროგრამით კი სამხედრო ძალებმა მტრის გზავნილის საიდუმლო შეტყობინებები გაშიფრეს…

მრავალფეროვენ გალერეაში აღმოაჩენთ პირველ ქალს, ატლანტის ოკეანეს მარტომ რომ გადაუფრინა, პირველ ქალს, რომლის რეკორდსაც ველორბოლაში 26 წელი ვერავინ ხსნიდა, პირველ ქალს, რომელმაც ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის ოქროს მედალი მიიღო ან უბრალოდ ისეთ ქალებს, რომლებსაც ხალხი დღემდე სიმეღერებით ადიდებს! 

ბოლო გვერდები სავსეა იმ რეალური ადამიანების სახელებისა და გვარების ჩამონათვალით, რომლებმაც ამ წიგნის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს: ეს გახლავთ „მეამბოხეთა დიდების დარბაზი,“ მადლობის ადრესატები, ილუსტრატორები და თავად ავტორები. თუ დაინტერესდებით, მათ შესახებ უამრავ ცნობასა და საინტერესო ისტორიას მოიპოვებთ ინტერნეტში. არც ის აბზაცები გამოტოვოთ, „ლაბორატორია ტიმბუქტუს“ შესახებ რომ მოგითხრობთ (რატომ? – ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია). ასე რომ, „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ერთგვარი გზამკვლევიც გახლავთ აქამდე უცნობი გმირების აღმოსაჩენად.

გარდა ამისა, წიგნის თითოეულ მფლობელს (თავის სახელსა და გვარს პირველსავე გვერდზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას რომ ჩაწერს) საკუთარი ისტორიის დაწერა და პორტრეტის დახატვაც „ევალება.“ ამისათვის 202-ე და 203-ე გვერდები ცარიელი დაუტოვებიათ ავტორებს. ორ უნიჭიერეს და წარმატებულ  ქალბატონს, რომლებიც ძილისპირულ ამბებს მთელი მსოფლიოს მეამბოხე გოგონებისთვის წერდნენ და ამ წიგნის მომავალ მკითხველებს მოუწოდებენ იოცნებონ თამამად, იბრძოლონ უფრო მედგრად და არ დაეჭვდნენ საკუთარ თავში დიადი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

***

დარწმუნებული ვარ, განსხვავებული ასაკის, ეროვნების, იდეოლოგიის, რელიგიის, პროფესიის მეამბოხე გოგონებს შორის ბევრ ახალგაზრდას გამოუჩნდება ახალი ფავორიტი. საყვარელი პერსონაჟები ამ წიგნის მთარგმნელს, სალომე ბენიძესაც ჰყავს, რომლისთვისაც ამ პროექტზე მუშაობა არა მარტო სასიხარულო ფაქტი, უდიდესი გამოწვევაც გახლდათ. აქედან გამომდინარე, წერილს სწორედ მისი მიმართვით დავასრულებ:

„ჩემს სამ ფავორიტ გოგოს ერთი ისტორია აერთიანებს. ისინი დები მირაბალები არიან, გაბედული და ჭკვიანი ქალები, რომლებიც ტრუხილიოს რეჟიმს ებრძოდნენ და შეეწირნენ კიდეც ამ ბრძოლას, მაგრამ მილიონობით ქალს მისცეს მაგალითი მთელ მსოფლიოში. 25 ნოემბერი, რომელიც არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღე, სწორედ მათი მკვლელობის თარიღია. ყოვლეწლიურად ამ დღეს იწყება თექვსმეტ დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.“

მასწავლებლის თვალით დანახული ფილმები და ლიტერატურა

0

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, პოეზიაზე კი თქვა რუსთაველმა, მაგრამ იმდენ კონტექსტს, გარემოებას ერგება ეს სიტყვები, ახლა ჩემს სათქმელსაც რომ მოვარგო, არც არავის გაუკვირდება, არც ორიგინალურობის მცდელობაში ჩამითვლის ვინმე. ერგება და მორჩა- მოკლე ფილმებით რეჟისორები დიდ სათქმელს გადმოსცემენ. განსაკუთრებით მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მისწრებაა: არ იღლებიან ყურებით, საფიქრალ -ამოსაცნობ-კადრს მიღმა დასანახი უამრავი რამ რჩებათ  და სალაპარაკო დროც საკმარისი აქვთ ხოლმე.

მე რა გამეგება, მაგრამ ზოგადი კანონზომიერების მიხედვით, უფრო რთული უნდა იყოს, მოკლე დროში, შეზღუდულ ფორმატში ჩაატიო ღირებული სათქმელი. ალბათ, ამიტომაც ძალიან ძნელია კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პოვნა.

ვეცდები, ამ სტატიაში თავი მოვუყარო რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლებიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად მინახავს და ლიტერატურასთან დაგვიკავშირებია,  ერთად გვიმსჯელია, გვიფიქრია. ისინიც დამხმარებიან კარგი ფილმების მოძებნაში, არაერთხელ კი არა, მილიონჯერ!

ჯერ, უბრალოდ, სასიამოვნო ფილმითა და მოთხრობით დავიწყებ.

ბავშვობიდან მახსოვს ერთი კადრი ძალიან კარგად:  დახვეულ კიბეზე პატარა, მხიარული გოგო მიცქრიალებს, უკან გაბრაზებული, სასაცილო გარეგნობის, თმააბურძგნილი ბიჭი მისდევს… რაღაც მომენტში გოგო ჩერდება, ზემოდან დასცქერის აქოშინებულ ბიჭს და ჭინკებიანი ხმით ჩასძახის: ზღარბო, ზღარბო, ზღარბუნიააა!!!

ასეც ჰქვია ფილმს ,,ზღარბი“ (რეჟ. ალეკო ნინუა)

ძალიან ტკბილად მახსენდება ეს 25 წუთიანი, საყვარელი ფილმი და წლები გავიდა, სანამ არჩილ სულაკაურის ასევე ძალიან საყვარელ და სასიამოვნოდ წასაკითხ მოთხრობას ,,ზევით და ქვევით“ წავიკითხავდი და მერე კიდევ წლები, სანამ ორივეს ერთად, მოთხრობასაც და ფილმსაც, მოსწავლეებს გავაცნობდი. ბევრი მსჯელობა არ დაგვიწყია, უბრალოდ დავსხედით, ერთად წავიკითხეთ და მერე ერთად ვუყურეთ ფილმს. ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნა.

ამ ბოლოს ჩვენს ,,ლიტერატურულ ბანაკში“ სულ სხვა ხასიათის, ერთ უცნაურ ფილმს ვუყურეთ – ,, შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“ (რეჟ. რობერტ ენრიკო). ფილმს არაერთი ჯილდო აქვს აღებული (1962 წელს – კანის კინოფესტივალის, 1963 წელს- ამერიკის კინოაკადემიის)

https://vimeo.com/163730099?fbclid=IwAR2Au2FJIK1SiSa5nBRWCxKOsMmUHl94S14cSL_aXjZhilIXpCa6m3ER5Ag

კაცი, რომელსაც ყულფში თავი გააყოფინეს, ხუჭავს თვალებს და წარმოიდგენს, როგორ ითავისუფლებს თავს და გარბის, ემოციურია მისი გაქცევა, დაძაბული და სასოწარკვეთილი. მაყურებელი მთლიანად ერთვება პროცესში და მხოლოდ ფილმის დასასრულს ხვდება, რომ ეს სიკვდილისწინა წარმოდგენაა, ოცნებაა და არა რეალობა.

ეს ფილმსაც ლიტერატურული ნაწარმოები დაედო საფუძვლად. ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ამბროს ბირსის, მოთხრობა, რომელსაც იგივე სათაური აქვს. აკა მორჩილაძე ერთ თავს უთმობს ამ მწერალსა და ამ მოთხრობას თავის წიგნში ,, მწერლებსა და წიგნებზე“ და გატაცებით საუბრობს მის ოსტატობაზე, გამორჩეულობაზე… ,, ჰოდა, მეც ბავშვობიდან მჯერა მისის გამონაგონის. რამდენი ხანია, მჯერა და არასდროს დამვიწყებია ბირსი. მწერლობაც ეგ არის, ალბათ, როცა წამკითხველს არ ავიწყდები და რაღაც უცნაური, ჩამოუქნელი, ფერადი სივრცე ამოუტივტივდება ხოლმე თავში შენი სახელის გაგონებაზე.

ამბროს ბირსი. კაი მაგარი იყო იმ თხელ წიგნაკში“.

ქართულად ადრეც გამოიცა და უახლოეს წარსულშიც: ,,ამერიკული მოთხრობების ანთოლოგია“ ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მართალია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი კი არა, სატელევიზიო სპექტაკლია, პირველი ქართული სატელევიზიო დადგმა, უკვე დაძველებული და საკმაოდ შელახული ხარისხით, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და მომნუსხველი. მართლა ლეგენდარული მსახიობები, სესილია თაყაიშვილი და სერგო ჟორჟოლიანი, ბავშვებისთვის უბრალოდ გულისამაჩუყებლად საყვარელი მოხუცები არიან, რომლებიც ზედმეტი დრამატიზმის, ცრემლთა დენის, სიბერეზე ვიშვიშის გარეშე იგონებენ თავიანთ ახალგაზრდობას, თვითონაც თბებიან ამით და მაყურებელსაც უსაზღვრო სითბოთი ავსებენ.

არ ვიცი, ვინ უნდა დაბადებულიყო, უფრო შესაფერისი რომ ყოფილიყო და უფრო საინტერესოდ რომ გაეცოცხლებინა მართლა გენიალური კლასიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძის, მინიატურა ,,ბებრები“ ( რეჟ.მერაბ ჯალიაშვილი)

რა თქმა უნდა, ისეთ ფილმებსაც ვუყურებთ, რომელიც უშუალოდ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით არაა გადაღებული, მაგრამ რაღაცით მაინც უკავშირდება მწერალს ან მწერლობას.

ერთ ასეთ ფილმზე ოდესღაც სხვა სტატიაში ვისაუბრე, მაგრამ ახლა გვერდი რომ ავუარო, ვიცი, სინდისი შემაწუხებს, არ მომასვენებს. თუ რაიმე წაუკითხავთ ჩემებს მათთვის სრულიად ახალი, განსხვავებული, უცნაური და შთამბეჭდავი, ეს ერლომ ახვლედიანის შემოქმედებაა. ,,არასერიოზული კაციც“ ძალიან უყვართ, რომლის სცენარის ავტორი სწორედ ერლომია. ოდესღაც შემთხვევით გადავაწყდი ისევ ერლომის სცენარის მიხედვით გადაღებულ, სახალისო, უცნაურ, თავისამტვრევ, ჭეშმარიტად ერლომურ ფილმს ,,საერთო კედელი“ ( რეჟ.ოთარ მანაგაძე). ისე მოვიხიბლე, ბევრი არ მიფიქრია, მალევე ვაჩვენე ბავშვებს და ბევრიც ვისაუბრეთ დეტალებსა თუ იდეაზე.

ვუყურებთ ისეთ ფილმებსაც, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ლიტერატურას, მაგრამ იმ საკითხებს ეხება, რომლებზეც არაერთხელ გვიმსჯელია ლიტერატურის დახმარებით. ასეთი ფილმების ნახვა ხშირად მათ წერის სურვილსაც უღვივებს ანუ თვითონვე ქმნიან ლიტერატურას.

ადამიანური ღირებულებები და მათი უფლებები – ეს ის თემაა, რომელზედაც ყოველთვის ვსაუბრობთ, ვფიქრობთ და რომელიც ყოველთვის აინტერესებთ.

ამ თემაზე ერთი ქართული და ორი უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმი მახსენდება, რომლებიც ბავშვებთან ერთად მინახავს. ქართული, მგონი, ყველასთვის ნაცნობია და შედარებით უმცროსკლასელებისთვისაა შესაფერისი ,,სუფთა დაფა“( რეჟ.ოთარ შამათავა).

ეს შავ-თეთრი, პიონერობის დროინდელი ფილმი გვიჩვენებს, როგორი ღირსეულები და ამავდროულად სასტიკებიც შეიძლება იყვნენ ბავშვები და ზოგჯერ როგორი სავალალოა უფროსების შეცდომები მათთვის.

რაც შეეხება უცხოურ ფილმებს, ერთი ფილმზე ადრეც აღვნიშნე სულ სხვა კონტექსტში, ძალიან საინტერესო ფილმი ლამაზი სათაურით, მსოფლიოში სახელგანთქმული, ძალიან საინტერესო ადამიანის, ნიკ ვუიჩიჩის, მონაწილეობით – ,,პეპლების ცირკი“.

ეს ფილმი ხომ საიტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ბავშვებისთვის ნიკ ვუიჩიჩისთანა ადამიანის რეალობაში არსებობა. ადამიანის, რომლის ცხოვრება დაუჯერებელს დაგაჯერებს, გაუგონარს გაგაგონებს, შეუძლებლის შეძლებაში დაგარწმუნებს.

მეორე ფილმი 5 წუთიანია, ადამიანთა უფლებების თემაზე გადაღებული მოკლე ისტორია.

,,ჩიხი“  ჰქვია ამ 5 წუთიან ,,მინიატურას“, რომელშიც არც ერთი სიტყვა, არ ერთი ფრაზა არ ისმის, სათქმელი სიმბოლოებით, მსახიობთა მიმიკებითა და ქცევითაა გამჟღავნებული. უფროსკლასელების რეაქციაც პირველ ჩვენებაზე ერთნაირი იყო: ,,ეს რა იყო, ჰა?!“ მეორედაც ვაჩვენე, სათაურიც შევახსენე, აი, მაშინ კი აეშალათ ფიქრები და ლაპარაკის საღერღელი ერთდროულად.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც, როგორც წესი, ბევრ მასწავლებელს აწუხებს, არის ის, რომ ბავშვებმა ლამის ყურმოკვრით იციან ძალიან მნიშვნელოვანი უახლესი ისტორია. ვფიქრობ, ამ თემაზე შექმნილი ფილმების ნახვა, საუკეთესო გამოსავალაია ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გათავისებისთვის. ასეთი ფილმია თორნიკე ბზიავას ,,აპრილის სუსხი“

ერთდროულად გაშიშვლებული და გამხატვრულებული რეალობა ბევრ ემოციას იწვევს ერთად. ბავშვები გაფაციცებით უყურებენ და დაუსრულებლად ლაპარაკობენ ამ შთამბეჭდავ ფილმზე.

ერთი – ორჯერ ექსპერიმენტიც ჩავატარე: მე პირადად იშვიათად ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს, უფრო იშვიათად მომწონს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვების გულის მოგებაც შეიძლებოდა დოკუმენტალისტიკით. ერთ დღესაც გავრისკე და ისინი მართლა მოიხიბლნენ კინონოველით ,, ეს იყო სიზმარი“ ( რეჟ. ლევან კიტია), რომელიც ქართველ ჯაზმომღერალს, გიული ჩოხელს, ეძღვნება. ეს არის ერთი საინტერესო ადამიანის ძალიან ლამაზი, მომნუსხველი, გულისამაჩუყებელი, საინტერესო ცხოვრების ისტორია, რომელიც შეუძლებელია არ გაითავისო. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ არც ამ მომღერალზე იცოდნენ რაიმე და ბევრი არაფერი არც იმ ეპოქაზე, რომელშიც ეს ადამიანი მოღვაწეობდა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა – ყოველმხრივ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

მე მგონი, აი,  აქ უნდა გავჩერდე.

სტატია თავისთავად ერთგვარი რეგლამენტია, თორემ კიდევ ბევრი ფილმის გახსენება შეიძლებოდა, „კინომანური“ ან „კინომცოდნურით“ კი არა, მასწავლებლური თვალით დანახული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...