კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

„მზე“

0

2012 წელს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სამეცნიერო კონფერენციაზე გავემგზავრე. ამ ქალაქზე სხვა სტატიებშიც დამიწერია. მანჩესტერის ვიწრო, ძველ ქუჩებში პრისტლი სეირნობდა. ამოჩემებული ვეგეტარიანული კაფეც ჰქონდა, სადაც ყველაფერი ძველებურადაა. არაფერი შეუცვლიათ და პრისტლის საყვარელი მაგიდაც კვლავ ფანჯარასთან დგას.

მოკლედ, სასტუმროში მოვეწყვე თუ არა, უნივერსიტეტის იმ კორპუსისკენ გავეშურე, რომელშიც ჯერ რეგისტრაცია უნდა გამევლო, შემდეგ კი მონაწილეთათვის პატარა მიღება-ფურშეტი იმართებოდა.

სხვა ადამიანების გაცნობის დიდი უნარით ვერ გამოვირჩევი. არა, არც „ქოჩორზე დავიწყებ ხელის სმას“ (გახსოვთ ალბათ, ფილმ „რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ“-ში, სიძე ბატონი, უხერხულობისგან რომ ისვამდა თავზე ხელს), თუმცა, ვერც ვერავისთან მივიჭრები, გაუმარჯოს, შენი ჭირიმე, როგორ ხარ, რას საქიანობ-მეთქი. მოკლედ, ვიდექი, წვენს ვაგემოვნებდი და გარეული ცხოველების ფიტულებს ვათვალიერებდი, რომლითაც ინტერიერი გაეფორმებინათ.

ერთი საშუალო ასაკს გადაცილებული ქალი მომიახლოვდა. ისე შემომცინა, ერთი წამით ვიფიქრე კიდეც, რომ უკვე მრავალი წელია ერთმანეთს ვიცნობდით. ხომ ხდება ხოლმე ასე, ადამიანს პირველად ნახავ, მაგრამ განცდა გიჩნდება, რომ თვალი გაახილე თუ არა, სწორედ ის დაინახე.

– რა გქვიათ? – პირდაპირ გაცნობაზე გადმოვიდა.

– ქეთევანი, მოკლე ვერსია ქეთი, – მეც შევცინე – თქვენ?

– გუნეში, ანუ მზე, – მხიარულად ჩაიხითხითა, – ვგიჟდები ჩემს სახელზე.

– გუნეში…

– ჰო, თურქული სახელია, თურქი ვარ, ოღონდ აქ, მანჩესტერში ვცხოვრობ და ლაბორატორიაში  ვმუშაობ.

– აა, გასაგებია, ანუ, „მზე“ ხართ. დედაჩემსაც „მზე“ ჰქვია, ოღონდ სახელი ცოტა გართულებულია და ასე ჟღერს: „მზისადარი“.

სასაცილოდ იმეორებს და შემდეგ მეკითხება, თქვენებურად ამხელა სიტყვა „მზეს“ ნიშნავსო?

– ეს ნიშნავს, რომ მზის დარიაო, მზის შესაფერიო, – ღიმილით  ვუხსნი.

– მოიცა, პარაცელსივით ყოფილა საქმე. ოღონდ, პარაცელსი „ცელსზე“ აღმატებული იყო და დედათქვენი მზის სადარი ყოფილა. ასე გამოდის.

ორივე მშვენივრად გავმხიარულდით და საუბარი გავნაგრძეთ.

ვუხსნი, რომ გაშიფვრა სხვაგვარადაც შეიძლება. მაგ. „მზე სად არის“?

გუნეშს მომდევნო დღეებშიც შევხვდი. ერთსა და იმავე სესიებზე დავდიოდით ორივე. ერთხელაც არ შევთანხმებულვართ, უბრალოდ ემთხვეოდა.

წამოსვლის დღეს თავისი ნახელავი ნიგვზიანი ღვეზლები მომიტანა, ბედნიერება მისურვა, გადამეხვია და დამემშვიდობა. მე თბილისში გამოვფრინდი, ის მანჩესტერში დარჩა.

მერე კვლავ გამოჩნდა, ოღონდ სოციალურ ქსელში. მას შემდეგ ყოველდღე რაღაცას მაინც მწერდა ხოლმე. თან, როცა მომწერდა, ეტყობა სიტყვებს კარგ აურასაც ატანდა თან, რადგან… რადგან, რაიმე იღბალი კი არ მოდიოდა, უბრალოდ ეს კარგი აურა იგრძნობოდა და მორჩა.

ცოტა ხნის წინ გუნეში ავად გახდა…

ცუდი რაღაცები უთხრეს ექიმებმა. ვიდეო ზარით დამირეკა და რომ მითხრა, ორივენი ვტიროდით. სენტიმენტალობა არ მჩვევია, მაგრამ პატარა ბავშვივით მოვრთე ღრიალი. იმდენი ვქენი, რომ ისევ გუნეშის დასამშვიდებელი გავხდი.

დამენანა რაღაცნაირად…

მერე ვინანე… რატომ ავაფოქრიაქე ეს ქალი. ჩემთან დასამშვიდებლად დარეკა, მე კიდევ, რა გავაკეთე-მეთქი. „ქეთო გოგო“ (ასე მეძახდა), მომცესო დრო, მომცესო…

– რამდენი გუნეშ, რამდენი მოგცეს? – მოლოდინით შევაჩერდი.

– მომცეს, მომცემს , – რაც შეეძლო სასაცილოდ დამანჭა სახე, რომ მე გამცინებოდა.

რა ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ თავად გჭირდებოდეს დამშვიდება და სხვას ამშვიდებდე.

მანჩესტერში ყოფნისას, ერთ დღეს გუნეშმა „შეშლილი ქიმიკოსის“ მაღაზიაში წამიყვანა. ქიმიკოსები, სხვათა შორის, ყველაზე ჭკვიანი და მოწესრიგებული ხალხია და თუ სადმე ცოტა თავს იგიჟიანებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ თაობას ქიმია შეაყვარონ და ქიმიით გაართონ.

ჰოდა, რას აღარ ნახავდით ამ მაღაზიაში. ერთ თაროზე სასაჩუქრედ შეფუთული  ჩაის  ულამაზესი კოვზები იდო. ოღონდ… გალიუმისგან იყო დამზადებული.

– ჰაჰაჰა, გაიცინა გუნეშმა, ეს რომ ვინმეს ჩემს მშობლიურ ქალაქში ვაჩუქო… აუჰ, მაგრად გაბრაზდებიან. წარმოიდგინე, ჩაის მორევამდე ხელში ჩაუდნებათ.

– ჩემთანაც, გუნეშ, მეც ყველას გავაბრაზებ ამ კოვზებით. ისე, მშვენიერი ხუმრობაა, კოვზს იღებ და… ხელში დნება.

ჩაგადნება აბა  რა,  მასალა ხომ გალიუმია, მეტალი, რომელიც ხელის გულზე დნება.

გალიუმი 1875 წელს ლეკოკ დე ბუაბოდრანმა აღმოაჩინა. თუთიის მადნების სპექტრული ანალიზის შედეგად, რაღაც უცნობი ელემენტის ზოლი შენიშნა. ახლად აღმოჩენილ ელემენტს საფრანგეთის სახელი – გალიუმი (გალია  საფრანგეთის ლათინური სახელწოდებაა) უწოდა. გალიუმის არსებობა და მისი ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები ჯერ კიდევ 1870 წელს პერიოდულობის კანონზე დაყრდნობით დ. მენდელეევმა იწინასწარმეტყველა და მას ეკაალუმინი დაარქვა.

ლეკოკ დე ბუაბოდრანის მიერ აღმოჩენილი ელემენტის – გალიუმის თვისებები სრულად დაემთხვა მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ეკაალუმინის თვისებებს.

გალიუმი გაბნეულ ელემენტებს მიეკუთვნება. ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება. მცირე რაოდენობით, სხვადასხვა მეტალების, თუთიის, ალუმინის, რკინის, ტყვიის, გერმანიუმის, სპილენძის მადნებში მოიპოვება. ასევე არის მინერალურ და ზღვის წყლებში, ქვანახშირის საბადოებში.

გალიუმის შემცველ მთავარ მადანს გალიტი GaCuS2 წარმოადგენს. ძირითადად, სწორედ მისგან ღებულობენ გალიუმს. მადანში მისი შემცველობაა 34%. გალიუმს ასევე ღებულობენ  ალუმინის მრეწველობის ნარჩენებისგანაც.

გალიუმი ვერცხლისფერი თეთრი, რბილი, მსხვრევადი მეტალია. მისი ლღობის ტემპერატურა 29 გრადუსია. ამიტომ, ოთახის ტემპერატურაზეც კი თხევად მდგომარეობაშია.

მყარ მდგომარეობაში გალიუმის სიმკვრივე 5,907გ/სმ3-ია. მისი ელექტროგამტარობა თითქმის ორჯერ მეტია ვერცხლისწყლის ელექტროგამტარობაზე. გალიუმი კარგად ეკვრის მინის ზედაპირს და მაღალი ხარისხის სარკე მიიღება.

მეტალებთან: Al, Bi, Pb, Sn,Zn,Mn წარმოქმნის დაბალი ლღობის ტემპერატურის მქონე შენადნობებს.

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე გალიუმი შეიძლება მინის ჭურჭელში შევინახოთ. მაღალ ტემპერატურაზე კი – კვარცის ან გრანიტის ჭურჭელში.

გალიუმს, ვერცხლისწყლის მსგავსად, ამალგამების წარმოქმნა შეუძლია. ამალგამას წარმოქმნის ალუმინთან ან რკინასთან. გალიუმი ალუმინის კრისტალურ მესერში შეაღწევს და მის სტრუქტურას არღვევს. თავად ალუმინი მინასავით  მყიფე ხდება. თუ ალუმინის ფოლგას ძალიან წვრილად დავაქუცმაცებთ, ფაიფურის როდინში ჩავყრით და დაახლოებით 2-3 გ გალიუმს დავამატებთ, მინის წკირით მუდმივი მორევის პირობებში ალუმინი გალიუმში გაიხსნება. წარმოიქმნება ვერცხლისფერი ფაფისებრი მასა, რომელიც ალუმინის და გალიუმის ამალგამას წარმოადგენს. თუ ამალგამას წყალში ჩავაგდებთ, დიდი რაოდენობით გამოიყოფა წყალბადი. ეს, ჟანგვისგან დამცავი ფენის გარეშე დარჩენილი ალუმინი ურთიერთქმედებს წყალთან ალუმინის ოქსიდის და წყალბადის წარმოქმნით. გალიუმი ამ რეაქციაში არ იხარჯება. ეს რეაქცია ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დააპატენტა და მისი მეშვეობით წყალბადის წარმოება განიზრახა. თუმცა, გალიუმის სიძვირის გამო პროექტი არ შედგა. მართალია, გალიუმი რეაქციაში არ იხარჯება, მაგრამ მაინც ძვირი პროექტი გამოდგა.

გალიუმს ახასიათებს ზოგიერთი ისეთი თვისება, რომელიც განაპირობებს მის ფართოდ გამოყენებას. ამ თვისებათა შორის აღსანიშნავია მისი გამყარების ტემპერატურა და დუღილის მაღალი ტემპერატურა (2237გრადუსი). ამ ტემპერატურათა დიაპაზონში გალიუმი თხევად მდგომარეობაში იმყოფება, ის ინერტულია ცოცხალი ორგანიზმების მიმართ და  ნახევრად გამტარია.

მისი შენადნობები კვარცის თერმომეტრებში მაღალი ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება.

როგორ ფიქრობთ, სუფთა გალიუმის გამოყენება მინის თერმომეტრებში შეიძლება?

–         არა, რადგან ის მინის კედელს დაასველებს და ტემპერატურის დადგენა შეუძლებელი გახდება.

გალიუმის არსენიდი, როგორც ნახევრად გამტარი, მზის ელემენტებში გამოიყენება.

 

გუნეშს დღესაც ვესაუბრე. ოპტიმისტურადაა და თვლის, რომ ადამიანმა მხოლოდ კარგზე უნდა იფიქროს, რათა სამყარომაც კარგი დაუბრუნოს უკან. ცუდზე იფიქრებ და ცუდი მოვაო.

– კი მაგრამ, გუნეშ (ვეკამათები), ეგ როგორღაა, როცა მართლა კარგზე ფიქრობ, კარგს აკეთებ  და უკან არც თუ მთლად კარგი რაღაცები ბრუნდება?

– ჰმ, რა გითხრა აბა. ფრანგული ანდაზა ამბობს: ახალი ამბების არქონა, კარგი ახალი ამბავიაო.

– ეგ როგორ?

– როგორ და კარგი ამბავი არ არის, მაგრამ ცუდიც ხომ არ არის? მზესავით ხარ გამოკიდებული „კარგსა“ და „ცუდს“  შორის და გულში იმედი მაინც გაქვს, რომ წონასწორობის ისარი „კარგისკენ“ გადაიხრება.

– აუცილებლად გადაიხრება, გუნეშ, აი, ნახავ!

 

 

მტკიცე ხასიათის ბავშვი

0

დოქტორი ლორა მარკჰემი AhaParenting.com-ის დამფუძნებელი და რამდენიმე საინტერესო წიგნის ავტორია. მათ შორისაა: „მშვიდობიანი მშობელი, ბედნიერი შვილი: როგორ შევწყვიტოთ ყვირილი და დავიწყოთ ურთიერთობა“; „მშვიდობიანი მშობელი, ბედნიერი და-ძმა: როგორ დავასრულოთ ომი და აღვზარდოთ მეგობრები“.

 

ზნეობრიობა სწორად მოქცევაა, იმის მიუხედავად, რას გეუბნებიან. მორჩილება კი იმის კეთებაა, რასაც გეუბნებიან, იმის მიუხედავად, სწორია თუ არა (.. მენკენი). 

 

მტკიცე ხასიათის შვილი გყავთ? როგორ გაგიმართლათ! ასეთ ბავშვთან ურთიერთობა ადვილი არ არის, თუმცა, მგრძნობიარე მშობლის ხელში არაჩვეულებრივ მოზარდად და ზრდასრულად იქცევა. ის, თვითმოტივირებული და შინაგანი მიმართულების მქონე, დასახულ მიზანს მიჰყვება და თანატოლთა ზეწოლასაც არ განიცდის. თუკი მშობელი არ დანებდება შვილის „მორჯულების“ იმპულსს, შესაძლოა მის ლიდერად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

რას ნიშნავს ზუსტად მტკიცე ხასიათის მქონე ბავშვი? ზოგიერთი მშობელი მას „რთულ“ ან „“ჯიუტ“ ადამიანად მოიხსენიებს, თუმცა, ის პატიოსანი და პრინციპული ბავშვია, რომლის აზრის შეცვლა იოლი საქმე არ არის.

მტკიცე ხასიათის ბავშვი ენერგიული და გამბედავია, ურჩევნია სამყარო დამოუკიდებლად შეისწავლოს, ვიდრე სხვების მოსაზრება გაიზიაროს, ამიტომ არის, რომ ის გამუდმებით ამოწმებს საზღვრებს. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის დაუოკებელი სურვილი აქვს და ხშირად ყველაზე მეტად ის სურს, რომ „მართალი იყოს“.

თუკი რაიმეზე გული შეუვარდა, მისი გონება უარს ამბობს გადართვაზე. მას ძლიერი, მწველი გრძნობები აქვს და სიცოცხლით ტკბება, საქმეში სულსა და გულს დებს.

ხშირად მშობლებთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ებმება, თუმცა, მოგეხსენებათ, ძალაუფლებისთვის ბრძოლას ორი მხარე სჭირდება. აუცილებელი არ არის, ყოველ ჯერზე დაიცვათ საკუთარი არგუმენტები. ბრძოლის დაწყების შემდეგაც შეგიძლიათ ღრმად ჩაისუნთქოთ და საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ სასურველის მიღებას იმ შემთხვევაშიც შეძლებთ, თუკი შვილს საკუთარი ღირსების შენარჩუნების საშუალებას მისცემთ და არც თქვენ მოიქცევით უღირსად. შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ აიცილოთ ძალაუფლებისთვის შერკინებები.

მითითებები არავის უყვარს, მტკიცე ხასიათის მქონე ბავშვისთვის კი ეს სრულიად აუტანელია. მშობელს შეუძლია თავი დააღწიოს ძალაუფლებისთვის ორთაბრძოლას, თუკი აგრძნობინებს, რომ მისი ესმის, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების დამწესებელია. ეცადეთ, გაუგოთ, არჩევანი მისცეთ და აგრძნობინოთ, რომ პატივისცემა ორმხრივია. ორივე მხარისათვის მომგებიანი გადაწყვეტილების ძებნა და არა უბრალოდ კანონების დაწესება, ბავშვს „აფეთქების“ სურვილს უნელებს და მოლაპარაკებისა და კომპრომისის მნიშვნელოვან უნარებს ასწავლის.

მტკიცე ხასიათის ბავშვი რთული ბავშვი არ არის. ის მიიჩნევს, რომ მისი პატიოსნება და პრინციპები იბღალება, თუკი იძულებულია სხვა ადამიანის ნებას დაემორჩილოს. თუ არჩევანის საშუალებას მივცემთ, თანამშრომლობაზე სიამოვნებით თანხმდება. თუკი მიიჩნევთ, რომ მორჩილება მნიშვნელოვანი თვისებაა ბავშვისთვის, გთხოვთ, საკუთარ შეხედულებებს გადახედოთ. ცხადია, პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიანი, ანგარიშის გამწევი შვილის აღზრდა გსურთ, რომელიც მაშინაც კი სწორად იქცევა, როდესაც სწორად მოქცევა რთულია. ეს არ გულისხმობს მორჩილებას, ეს მშობლის გულისმოსაგებ ქცევას ნიშნავს. თუმცა, იმიტომ, რომ ბავშვი მორჩილია, ყოველთვის ისე არ უნდა მოიქცეს, როგორც უფროსი ეუბნება. თქვენებურად იმიტომ გსურთ მოიქცეს, რომ გენდობათ; იმიტომ რომ ისწავლა: შეუძლებელია ყოველთვის ეთანხმებოდეთ მის სურვილებს, თუმცა, ყოველთვის ანგარიშს უწევთ მის ინტერესებს. გსურთ, თვითდისციპლინის პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველი შვილი გყავდეთ და, რაც მთავარია, არჩევდეს, ვის ენდოს და როდის მოექცეს სხვისი ზეგავლენის ქვეშ. დამეთანხმებით, ეს ზრდასრულებსაც გვიჭირს.

აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ სიმტკიცის გატეხვით ბავშვი მოწყვლადი ხდება იმ გავლენების მიმართ, რომლებიც ხშირად იქნება თანხმობაში მის საუკეთესო ინტერესებთან. მეტიც, ეს იმ სულიერი შეთანხმების ღალატია, რომელსაც ვდებთ, როგორც მშობლები.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ძლიერი ხასიათის ბავშვები ზღვა ენერგიის, რთული, საინტერესო, მტკიცე ადამიანები არიან. როგორ დავიცვათ მათი საუკეთესო თვისებები და წავახალისოთ მათთან თანამშრომლობა?

გთავაზობთ მშვიდობიანი მშობლობის 12 რჩევას თქვენი მტკიცე ხასიათის მქონე ენერგიული შვილისთვის:

  1. თქვენი შვილი გამოცდილებით სწავლობს. თუკი რაიმე სერიოზული საფრთხე არ მოელის, უფრო ეფექტური იქნება გამოცდილებით სწავლის ნება მისცეთ, ვიდრე მის კონტროლს ეცადოთ. თქვენ მიერ დაწესებულ საზღვრებს მრავალჯერ შეამოწმებს, რადგან სწორედ ასე სწავლობს. თუკი ეს გეცოდინებათ, გაგიადვილდებათ სიმშვიდე, რაც ურთიერთობებისა და ნერვების დაზოგვაში დაგეხმარებათ.
  2. ყველაზე მეტად საკუთარი თავის მართვა სურს. ნება მიეცით, აიღოს პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მეტ ქმედებაზე. ნუ წაუკითხავთ გრძელ და უსარგებლო მონოლოგს კბილების გამოხეხვაზე. უმჯობესია ჰკითხოთ: „კიდევ რა უნდა გააკეთო სკოლაში წასვლამდე?“ პასუხს ჯიუტად ნუ დაელოდებით, მოკლე ჩამონათვალი გაახსენეთ: „ყოველ დილით ვსაუზმობთ, კბილებს ვიხეხავთ, საპირფარეშოში შევდივართ და ჩანთას ვილაგებთ. ვხედავ ჩანთა ჩაგილაგებია. არაჩვეულებრივია! კიდევ რა უნდა გააკეთო წასვლამდე?“

თუკი ბავშვი დამოუკიდებლობასა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას გრძნობს, დაპირისპირების მიზეზიც უქრება. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ის პატარაობიდანვე სწავლობს პასუხისმგებლობას.

  1. მიეცით არჩევანი. თუ ბრძანებებს გასცემთ, დიდი ალბათობით, შვილი „აიჯაგრება“. თუკი არჩევანს შესთავაზებთ, საკუთარი ბედის ბატონ–პატრონად იგრძნობს თავს. ცხადია, ისეთი არჩევანი უნდა შესთავაზოთ, რომელიც ცხოვრების ხალისს არ დაგაკარგვინებთ და ძალაუფლების გადაცემის გამო საკუთარ თავზე არ გაგაბრაზებთ. თუკი მაღაზიაში წასვლა განხილვას არ ექვემდებარება, ხოლო მას თამაშის გაგრძელება სურს, კარგი არჩევანი იქნება, თუ ჰკითხავთ: „ახლა გინდა წასვლა, თუ 10 წუთის შემდეგ? კარგი, 10 წუთი და არავითარი წუწუნი! შევთანხმდით… ვიცი, როგორი ძნელია 10 წუთში მორჩე თამაშს, შემიძლია რამით დაგეხმარო?“
  2. დაუთმეთ საკუთარ სხეულზე ზრუნვის უფლება. „მესმის, ჟაკეტის ჩაცმა არ გინდა… მგონი, დღეს ცივა და მეც მაცვია ჟაკეტი. რა თქმა უნდა, საკუთარ სხეულზე პასუხისმგებელი თავად ხარ და გადარდებს საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტო, ჩაიცვა თუ არა ჟაკეტი. უბრალოდ, ვშიშობ გარეთ რომ გავალთ, შეგცივდება და არ მინდა, მალევე დავბრუნდეთ სახლში. რას იტყვი, ჟაკეტი რომ ჩანთაში ჩავდოთ იმ შემთხვევისთვის, თუ გადაიფიქრებ?“

შვილს პნევმონია არ დაემართება, თუკი თქვენ გამარჯვებულის როლით არ მოიხიბლებით, როცა ის ჟაკეტის ჩაცმას მოგთხოვთ. საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება არ შეებღალება და აუცილებლად გთხოვთ ჟაკეტს, როგორც კი შესცივდება. მისთვის ძნელია წარმოიდგინოს, როგორ ცივა გარეთ, როცა სახლში ასე თბილა და ჟაკეტი სრულიად ზედმეტ და უსარგებლო ტვირთად ეჩვენება. დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში – სხეულიც ამას კარნახობს და ბუნებრივია, რომ გეწინააღმდეგებათ. ცხადია, არ გსურთ მისი თავდაჯერებულობის შერყევა, ამიტომ უნდა ასწავლოთ, რომ სულაც არ არის სამარცხვინო, თუკი ახალი ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას შეიცვლის.

  1. რუტინისა და წესების გამოყენებით თავიდან აიცილეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ცხადია, არ ხართ ის უხეირო „მეფე“, რომელიც მხოლოდ ბრძანებებს იძლევა: „წესია, რომ საპირფარეშოში ყოველი ჭამის შემდეგ შევიდეთ“; „განრიგის მიხედვით, შუქს საღამოს 20:00 საათზე ვანთებთ, თუკი იჩქარებ წიგნის წაკითხვას დღის შუქზე მოასწრებ“; „საშინაო დავალებებს ტელევიზორის ყურებამდე ვრჩებით“.
  2. ნუ ჰკრავთ ხელს მოწინააღმდეგის ბანაკში. ნებისმიერი ასაკის ადამიანი ძალადობას ეწინააღმდეგება. თუკი შეუვალი იქნებით, შესაძლოა შვილი ძალიან ადვილად აღმოჩნდეს „მოწინააღმდეგე მხარეს“ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სიმართლე დაიცვას. მშვენივრად შეგიძლიათ გამოიცნოთ, როდის ილახება საზღვარი და იწყება ძალაუფლებისთვის ბრძოლა. უბრალოდ შეჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ თქვენი ურთიერთობები შვილთან ბრძოლის მოგებას ეწირება.

მშვიდად უთხარით: „კარგი, გადაწყვიტე, როგორც გსურს“. თუკი ის ვერ პოულობს გზას და ვერ წყვეტს, აუხსენით, რა „პორციაზეა“ პასუხისმგებელი ან მოძებნეთ სხვა გზა, რომ ავტონომიის მოთხოვნილება საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარჯზე არ დაიკმაყოფილოს.

  1. განზე გადექით ძალაუფლებისთვის ბრძოლისას და შვილს ღირსების შენარჩუნების საშუალება მიეცით. არ გჭირდებათ იმის მტკიცება, რომ მართალი ხართ. თქვენ შეგიძლიათ და უნდა დასახოთ გონივრული მოლოდინი და უზრუნველყოთ მისი გამართლება. მაგრამ არანაირ გარემოებებში არ უნდა ეცადოთ შვილის ნებისყოფის გატეხვა ან მისთვის თქვენი შეხედულებების თავს მოხვევა. უნდა გააკეთოს ის, რასაც სთხოვთ, მაგრამ დაუტოვეთ უფლება, ამის შესახებ საკუთარი აზრი და ემოციები ჰქონდეს.
  2. მოუსმინეთ. ალბათ, გონივრული იქნებოდა, გეფიქრათ, რომ როგორც ზრდასრულმა ეს უკეთ იცით. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი შვილის მტკიცე ნებისყოფას, ნაწილობრივ, მისივე სიმართლე და მტკიცე ზნეობრივი პრინციპები განაპირობებს. მას საკუთარი შეხედულება აქვს, და ცდილობს დაიცვას ის, რაც მნიშვნელოვნად ეჩვენება. მხოლოდ მშვიდად მოსმენითა და მისი სიტყვების გააზრებით შეძლებთ გაიგოთ, რატომ გეწინააღმდეგებათ.

ეცადეთ მიუკერძოებელი იყოთ და განსჯის ნაცვლად გაუგოთ – „ვიცი, აბაზანაში შესვლა არ გინდა. შეგიძლია მითხრა, რატომ?“ იქნებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოაჩინოთ, მაგალითად, აბაზანაში მარტო ყოფნის შიში. შესაძლოა, ეს თქვენთვის არა, მაგრამ მისთვის წონიანი მიზეზი იყოს. ამას ვერასოდეს გაიგებთ, თუკი შვილთან ცხარე დაპირისპირებას აირჩევთ და აბაზანაში შესვლას უბრძანებთ.

  1. დაინახეთ მისი თვალებით. შესაძლოა შვილი ბრაზობს იმის გამო, რომ სუპერმენის მოსასხამის გარეცხვას შეჰპირდით და დაგავიწყდათ. თქვენი აზრით, ის გაჯიუტებულია. მისი აზრით, სამართლიანად არის განაწყენებული – ფარისეველი ხართ, რადგან მას არ პატიობთ პირობის შეუსრულებლობას, თავად კი, ადვილად არღვევთ.

როგორ უნდა გამოძვრეთ სიტუაციიდან? გულწრფელად ებოდიშებით პირობის შეუსრულებლობის გამო, არწმუნებთ, რომ ძალიან ეცდებით სიტყვის შესრულებას და ერთად რეცხავთ მოსასხამს. შეიძლება საკუთარი ტანსაცმლის გარეცხვაც კი ასწავლოთ მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და რეცხვის უფლებამოსილების მისთვის გადასაცემად. ისე მოექეცით შვილს, როგორც გსურთ გექცეოდნენ თქვენ.

  1. ასწავლეთ ურთიერთობებით და არა დასჯით. ბავშვები ვერ სწავლობენ „საომარ ვითარებაში“. როცა ადრენალინი მძლავრობს, სწავლისთვის ადგილი არ რჩება. ბავშვს სურს, საკუთარი ქცევით უფროსი გაახაროს. რაც უფრო ხშირად გაუმართავთ ორთაბრძოლას და დასჯით, მით უფრო შეასუსტებთ მის ამ კეთილშობილურ სურვილს.

თუ განაწყენებულია, დაეხმარეთ, გამოხატოს ტკივილი, შიში ან იმედგაცრუება და დაძლიოს ეს გრძნობები. ისიც მზად იქნება მოგისმინოთ, როცა შეახსენებთ, რომ თქვენს ოჯახში ერთმანეთს თავაზიანად ეპყრობიან. (ცხადია, მაგალითი თქვენ უნდა იყოთ. შვილი ყოველთვის იმას არ გააკეთებს, რასაც ეუბნებით, თუმცა გააკეთებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.)

  1. აჩვენეთ მას პატივისცემა და თანაგანცდა. მტკიცე ხასიათის ბავშვების უმრავლესობა პატივისცემისთვის იბრძვის. თუკი პატივისცემით მოეპყრობით საბრძოლველად მიზეზი აღარ ექნება. ნებისმიერი ჩვენგანის მსგავსად, მათთვისაც მნიშვნელოვანია გრძნობდნენ, რომ უგებენ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ მისი მოსაზრება არასწორია, მაგალითად, თუ მას სუპერმენის მოსასხამით სურს ეკლესიაში წასვლა – ნაწილობრივ თანაუგრძნობთ და იმავდროულად საზღვრებს უწესებთ: „ეს მოსასხამი მოგწონს და გინდა სულ გეცვას, არა? მაგრამ, როცა ეკლესიაში მივდივართ, ჩაცმულობითაც გამოვხატავთ პატივისცემას, ამიტომ მოსასხამს იქ ვერ ჩაიცვამ. რას იტყვი, ჩანთით რომ წამოიღო და გზაში ჩაიცვა?“
  2. ფაქიზი ძაფები. თუკი შვილი ვერ გრძნობს ფაქიზ კავშირებს, ის არც მშობლის მზრუნველობას აღიარებს. ეს განსაკუთრებით მტკიცე ხასიათის ბავშვებს ეხებათ. 21 წლის ასაკში ჩემმა გოგონამ მითხრა, ჩემი მშობელი სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა დამნაშავე გავმხდარიყავიო. არა მგონია, მართალი იყოს, თუმცა მისი მშობლობა მარტივი ნამდვილად არ იყო. ის მხოლოდ „ცივილიზებულ“ გავლენას ემორჩილებოდა, რადგან ვუყვარდი და პატივს მცემდა. ვფიქრობ, ურთიერთობა მუდამ ყველაზე ეფექტური გზაა მტკიცე ხასიათის ბავშვზე ზემოქმედებისათვის.

გეჩვენებათ, რომ ეს დამთმობი მშობლის ქცევაა? ასე არ არის. თქვენ აწესებთ საზღვრებს, თუმცა ითვალისწინებთ შვილის შეხედულებას და ამით თქვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებთ. უხეშობის მიზეზი უბრალოდ არ არსებობს. დალაი ლამა ამბობს: „იყავი კეთილი, როცა შესაძლებელია. ეს კი ყოველთვის შესაძლებელია“.

 

წყარო: https://www.ahaparenting.com/parenting-tools/positive-discipline/Parenting-Strong-Willed-Child

 

„მტკიცე ხასიათი“ ინგლისური strong-willed-ის შესატყვისად ითარგმნა, ძალიან ყურადღებიან კოლეგასთან რუსუდან აფციაურთან შეთანხმებით. ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო რამდენიმე სხვა ვარიანტიც (ძლიერი ნებისყოფის, მტკიცე ნებისყოფის, თავისნათქვამა, თავნება, თავდაჯერებული, პრინციპული), თუმცა, არჩევანი „მტკიცე ხასიათზე“ შევაჩერეთ, იმ მოტივით, რომ უკეთ გამოხატავდა ავტორის სათქმელს.

როგორ განვამტკიცოთ ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდები – ლიტერატურული კაფე

0

ლიტერატურული კაფე  არის არაფორმალური გარემო, სადაც მოსწავლეები ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდების  განმტკიცებას ახერხებენ. პატარა ადამიანები თავისუფლდებიან განმსაზღვრელი შეფასების მოლოდინისგან, აქვთ სადღესასწაულო განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური სწავლებისათვის.

ლიტერატურული კაფე არ უნდა გავაიგივოთ უმართავ თავისუფლებასთან. მას აქვს განსაზღვრული ჩარჩო, მიზნები, დრო.  სამზადისს საკმაოდ დიდი შრომა, გულმოდგინება  და დაგეგმვა სჭირდება.

ოთხი წლის წინ სოფლის სკოლის გამრავალფეროვნებისთვის გამოგონებული ლიტერატურული კაფე დროთა განმავლობაში გრძელვადიან პროექტად იქცა, რომელიც ასევე წარმატებით მოერგო ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლას. ამასობაში, სოფელში თოთხმეტი ლიტერატურული კაფე დაგვიგროვდა, ხოლო ქალაქში მესამე თავყრილობისთვის ვემზადებით.

გადავწყვიტე, ამჯერად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ, როგორია მზადების პროცესი, რა აქტივობებისგან არის აკინძული, რა მიზნებს ვარგებთ  და შედეგად რას ვიღებთ.

 

მიზანი

როგორც უკვე აღვნიშნე, ლიტერატურული კაფეს მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის გახალისება და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობაა. მოსწავლეები სწავლობენ აუდიტორიის წინაშე საუბარს, ყალიბდებიან აქტიურ მსმენელებად, უვითარდებათ შემეცნებითი სამყარო, ეუფლებათ მნიშვნელოვნების განცდა, რაც აუცილებელია მათი თვითრწმენის გასაღვივებლად.

წინმოსამზადებელი პროცესი

მოსამზადებელი პროცესი ხშირად არანაკლებ საინტერესო და სახალისოა. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს და მუდმივობის განცდა შეუქმნას ბავშვებს. შუალედისთვის ორი-სამი თვე იდეალური ვარიანტია. ამ დროის განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს, ფიქრობენ წარსადგენი ავტორისა და სათაურის შესახებ. ერთი კვირით ადრე ვიწყებთ ოთახის ინტერიერის შეცვლას, ვამზადებთ წიგნს შესაბამისი ფორმატით, სკოლის ადმინისტრაციასთან ვათანხმებთ თარიღსა და დროს, შემდეგ ვატყობინებთ მოწვეულ სტუმრებს, მშობლებს, მეგობრებს. რამდენიმე დღით ადრე ვაგროვებ წიგნებს და „გემრიელი ვიქტორინისთვის“ ვარჩევ ფრაზებს. ერთმანეთზე ახუნძლული წიგნების ფოტო, მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალიზმით, ყოველი კაფესთვის დამახასიათებელი ნიუანსია,  რადგან ავტორები და სათაურები მუდმივად იცვლებიან. საგანგებოდ ვარჩევთ ტანისამოსს. ზოგჯერ ჩვენი ხელით მოხატული მაისურები გვაცვია, ზოგჯერ უბრალოდ ახალი პერანგი ან დედის სტუდენტობის დროინდელი კაბა შეიძლება მოირგონ. მთავარია, სადღესასწაულო განწყობა შევიქმნათ.

წინამოსამზადებელი პროცესი საუკეთესო დროა მოსწავლის უკეთ გასაცნობად, მასთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებულ ნდობას იწვევს იმის დანახვა, რომ მისთვის ფუსფუსებ, მისთვის ფიქრობ, მის აზრს ითვალისწინებ, მისი თანამონაწილეობით ქმნი სასწავლო რესურსს.

ნამდვილი კაფე – სახელი, მენიუ, საფირმო ტკბილეული

როგორც ყველა კაფეს, ლიტერატურულსაც თავისი სახელი სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ სახელის შერჩევა სულაც არაა ადვილი.

სახელთან ერთად აუცილებელია მენიუს შემადგენლობაზე ზრუნვა, რომელიც შეგიძლიათ, თქვენი გამომცხვარი კექსით, ორცხობილითა და ღვეზელით გაამდიდროთ. ბავშვებიც სიხარულით შემოგიერთდებიან.

სასურველია, ცივ ამინდში სტუმრებისთვის მოამზადოთ ცხელ-ცხელი და არომატული გლინტვეინი, გაზაფხულის ბოლოს კი შეგიძლიათ  გლინტვეინი მილქშეიქითა და პიტნის კოქტეილით შეცვალოთ.

წიგნების შერჩევა

წიგნების არჩევა თავისუფალ ნებაზე დგას. მთავარია, მასწავლებელმა იცოდეს, რას კითხულობენ მოსწავლეები, თვალი ადევნოს, რას ირჩევენ. არჩევნის გაკეთების პროცესიც ძალიან საინტერესოა: ზოგჯერ ერთმანეთის გავლენა, ზოგჯერ მშობლის რჩევა, ზოგჯერ კი სოციალურ სივრცეში ამოკითხული ინფორმაცია ხდება ახალი ავტორით დაინტერესების მიზეზი. ლიტერატურულ კაფეში ყურადღებიანი მსმენელი ხშირად პოულობს ახალ წიგნს და ერთმანეთის წიგნები ხელიდან ხელში გადადის. აუცილებელი მოთხოვნაა, ბოლო ორი თვის განმავლობაში წაკითხული ავტორი გავაცნოთ აუდიტორიას, რაც ხელს უწყობს მუდმივ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესს.

რაც შეეხება ჟანრის შერჩევას, ესეც ინდივიდუალურია: კითხულობენ როგორც თანამედროვე ლიტერატურას, ფენტეზისა თუ სათავგადასავლო ჟანრის რომანებს, ასევე – კლასიკურ ნაწარმოებებს, აინტერესებთ ქართველი და უცხოელი ავტორები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მასწავლებელს შეუძლია გარკვეული მიმართულების მიცემა, თუმცა სასურველი იქნება, თუ ბავშვების გემოვნებას სხვადასხვა მიმართულებას მივცემთ და დროთა განმავლობაში მათ პატარა მაძიებლებად ვაქცევთ.

აქტივობები

წინასწარ ვადგენ აქტივობების გეგმას, რომელიც პროცესის წარმართვაში მეხმარება. თავს ვიყრით დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე, ვაწყობთ ინტერიერს და თანდათან ქაოსიდან წესრიგი იქმნება. შეკრებილ აუდიტორიას ვაცნობ მიზნებს და  სტიმულის მისაცემად ხშირად მე ვიწყებ წაკითხული წიგნის შესახებ საუბარს. აუცილებელია დროის ლიმიტის დაცვა. შემდეგ მონაწილეები სურვილსამებრ გამოდიან სასაუბროდ. რაღაც დროის შემდეგ „გემრიელ შესვენებას“ ვაცხადებთ და სახლში გამომცხვარი თუ ნაყიდი ტკბილეულით ვუმასპინძლდებით სტუმრებსა და ერთმანეთს. განწყობისთვის ვრთავთ მუსიკას. 10-15 წუთის მერე ვაგრძელებთ წიგნებზე საუბარს. აუცილებელია მოსწავლეებს მთელი გულისყურით მოვუსმინოთ, საუბრის დაწყებამდე შფოთვის მოსახსნელად შევუქმნათ განწყობა, ყურადღება გავამახვილოთ მათ ინდივიდუალურ ხასიათსა და თვისებებზე, ზოგჯერ  საუბრისას შევეხიდოთ კიდეც. წიგნებზე საუბარს რომ მოვათავებთ, ვთამაშობთ „გემრიელ ვიქტორინას“. ეს არის ერთგვარი რეფლექსია, როდესაც მოსმენილი და განცდილი ერთიანდება. ბოლოს შთაბეჭდილებების დაწერის, სტუმრებთან უკუკავშირისა და სურათების გადაღების დრო დგება. ოთახის დალაგება და მოწესრიგება დღის განუყოფელი და ცოტა სევდიანი ნაწილია.

ეს არის აქტივობების ძირითადი ჩამონათვალი, თუმცა დროდადრო მას სხვადასხვა აქტივობით ვამრავალფეროვნებთ ხოლმე. შეგიძლიათ, შეიმუშაოთ თქვენებური დღის განრიგი.

წიგნის წარდგენის ფორმა

ყოველ ჯერზე ვცდილობ, მოსწავლეებს წიგნის წარდგენის განსხვავებული ფორმა შევთავაზო: პლაკატი, პოსტერი, ლიტერატურული დღიური, დიორამა, სლაიდშოუ, ერთი ეპიზოდის მიხედვით ნახატის შექმნა.

ხანდახან ხელნაკეთ ბალიშებზე, თმის სამაგრებზე, მაისურებსა და ჩანთებზე პერსონაჟებს ვხატავთ და ამგვარად ვაცნობთ სხვებს წაკითხულ წიგნებს.

საუბრისას ყურადღება შეიძლება მრავალმხრივ გავამახვილოთ: ერთ ეპიზოდზე, ახალ სიტყვებზე, ჩვენ მიერ დაწერილ რეცენზიაზე, პერსონაჟებზე, ქუჩებზე, სათაურზე, ავტორზე, სიუჟეტზე, მთავარი იდეებსა თუ წიგნის აღმოჩენის ისტორიაზე.

გემრიელი ვიქტორინა

ეს არის თამაში, რომელიც  ყველას ხიბლავს და  რომელშიც მოსწავლეებიცა და მოწვეული სტუმრებიც სიხარულით ებმებიან. მის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია – „გემრიელი ვიქტორინა – აქტივობა, რომელიც გამოცდილია“ (https://mastsavlebeli.ge/?p=13707).

მონაწილეობა

ლიტერატურულ კაფეში მონაწილეობა თავისუფალ ნებაზე დგას, თუმცა ჩემი მიზანია, ყველა მოსწავლე იყოს მონაწილე, რაც საკმაოდ რთულია. ჩემი დაკვირვებით, ლიტერატურულ კაფეში მონაწილეობისგან თავს იკავებენ ის მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ გაწაფული კითხვა. ამიტომ ამგვარი პრობლემის აღმოჩენისას საჭიროა დამატებითი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რომ პატარა მკითხველს თავდაჯერებულობა შეემატოს და კითხვის სირთულე მისთვის ბარიერი არ აღმოჩნდეს. ეს ადვილია დაწყებით საფეხურზე, შემდეგ კი სიტუაცია რთულდება და დიდი სიფრთხილე, გამბედაობა და ძალისხმევაა საჭირო მოსწავლეთა დაინტერესებისთვის. ხშირად ვთავაზობ საპროგრამო მასალიდან ამოირჩიონ რომელიმე საყვარელი მოთხრობა და მის შესახებ ისაუბრონ. მთავარია, მონაწილეობა მიიღონ, აუდიტორიის წინაშე ისაუბრონ, მეგობრებს მოუსმინონ.

სტუმრები

სტუმრები შეიძლება იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია. ვფიქრობ, მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი: მათით დაინტერესება, მათთვის მოსმენა და უკუკავშირი სარკესავით აირეკლება და დროთა განმავლობაში  დადებით საქციელად გვიბრუნდება.

ადგილი

ლიტერატურული თავყრილობისთვის შეიძლება გამოიყენოთ სკოლის სააქტო დარბაზი, მედიათეკა, ბიბლიოთეკა, სკოლის ეზო. დროდადრო აუცილებელია განსხვავებულ გარემოში გადაინაცვლოთ: ტყეში, მინდვრად, რომელიმე კაფეში ან სულაც სხვა ქალაქში გაემგზავროთ, მაგალითად, ჩვენ ერთხელ რაჭიდან ბათუმში წავედით და ლიტერატურული კაფე იქ წიგნის მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ მოვაწყვეთ.

ინტერიერის გაფორმება

ყოველ ჯერზე ვცვლით გარემოს და ამაზე ფიქრს ნაადრევად ვიწყებთ. თავდაპირველად მეშინოდა, როგორ გავართმევდი თავს მუდმივად სიახლეების მოფიქრებას და შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მეგონა. შთაგონების წყაროდ შეიძლება მექცეს რომელიმე წიგნი, კაფეში ნანახი გამხმარი ყვავილების კედელი, ინტერნეტრესურსი pinteres.com ან ინტერნეტში თვალმოკრული ფერადი ძაფების ბუშტები. მთავარია, ხშირად ვცვალოთ გარემო. თავდაპირველად თქვენ მოგიწევთ ზრუნვა. მერე ბავშვებიც შეგეხიდებიან და ახალი იდეებით აგავსებენ.

მუსიკა

წინასწარ ვარჩევ მუსიკას. მისი ჟანრის მრავალფეროვნება ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას.

სტუმრად მოსულ უფროს მეგობრებს ვიოლინოთი, კლავიშებითა და გიტარით გაულამაზებიათ ჩვენი დღე.

პირადი მაგალითი

ისეთი მასშტაბური და გრძელვადიანი ღონისძიების დაგეგმვისას, როგორიც ლიტერატურული კაფეა, პირადი მაგალითი  ის მთავარი იარაღია, რომელიც მის წარმატებულობას განაპირობებს, ასულიერებს და მისდამი ინტერესს აღვივებს.

უნარ-ჩვევები

ყოველი ლიტერატურული კაფე არის ახალი შესაძლებლობების ფოიერვერკი, სადაც ბავშვები იძენენ უზარმაზარ გამოცდილებას, სწავლობენ სოციალურ სივრცეში თავდაჭერას, საუბარს, საკუთარი თავის წარმოჩენას და ყოველივე ეს წიგნების მეშვეობით ხდება. განსხვავებულ გარემოში ეცნობიან და გულშემატკივრობენ ერთმანეთს, სწავლობენ პრობლემების მართვას, გაკვეთილზე კი სადღესასწაულო განწყობა მოჰყვებათ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურული კაფე მასწავლებლის განვითარების არაჩვეულებრივი საშუალებაცაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად გავხდი დაკვირვებული მკითხველი და ბევრი რამ ვისწავლე: კომპიუტერული პროგრამები, დიორამა, დროის მართვა, ხატვა. გამომიმუშავდა საპრეზენტაციო უნარები და დამიგროვდა უზარმაზარი გამოცდილება. შემიძლია, თამამად ვისაუბრო წიგნიერების განვითარების გზებსა და პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბების პრობლემებზე. ლიტერატურული კაფე საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დააკვირდეს მოსწავლეთა სწავლის დინამიკას, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს და, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს სასწავლო პროცესში.

პროცესის ფასილიტატორობა

ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს ორი-სამი საათი სჭირდება. პროცესის ფასილიტატორობა  უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. აუცილებელია დროის კონტროლი, ყურადღების გადანაწილება, სიტუაციის მართვა. სახლში დაბრუნებულს ხშირად მიდარდია თუნდაც ერთი დავიწყებული მადლობის გამო, თუმცა  პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა სასწავლო პროცესის თანდათან მართვასაც აადვილებს. მაგალითად, მეთოთხმეტე ლიტერატურული კაფე თბილისიდან დავგეგმეთ და ბავშვებმა დამოუკიდებლად გააფორმეს ინტერიერი, მოხატეს ფანჯრები, თვითონ მოამზადეს „გემრიელი ვიქტორინა“, ანუ პირველ ეტაპზე მასწავლებელი აკეთებს, მოსწავლე უყურებს, შემდეგ ერთად მოქმედებენ, მერე  კი მასწავლებელი მაყურებლის როლს ირგებს და ყველაფერს, რასაც მანამდე თვითონ აკეთებდა, ახლა მოსწავლეები აკეთებენ.

შთაბეჭდილებების წერილები

რიტუალის ნაწილია დღის ბოლოს შთაბეჭდილებების დაწერა, რომელსაც სახლში დაბრუნებული ვკითხულობ და ახალი ძალებით ვივსები.

შთაბეჭდილებების წერილების ფორმასაც ვცლით ხოლმე, რაც წერილობითი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს: ხან წერილებს ლიტერატურულ პერსონაჟებს წერენ და უამბობენ დღის ამბებს, ხან ჩანახატის ან მინიატურის ფორმას ვირჩევთ, ხანაც ნინასწარ მომზადებული შაბლონის მიხედვით პირად წერილებს მწერენ.

 

როგორც უკვე მიხვდით, ლიტერატურული კაფე საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებაა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვლილ საგანმანათლებლო პრინციპებს ითვალისწინებს. უმთავრესი კი ის სიხარულია, რომ პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბების ისტორიას ქმნი, თვალს ადევნებ, აჩრდილივით თან მიჰყვები, გარკვეული დროის შემდეგ კი ხელს უშვებ, რათა თვითონ დაიწყონ ახალი წიგნების აღმოჩენა და ძიება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშვის ავადმყოფობა და მისი მართვა

0

ბავშვები არც იმდენად სუსტი არსებები არიან, როგორც ზოგიერთ დედას ჰგონია. თუმცა ბავშვობის ასაკში ისინი ხშირად დგებიან „ბავშვთა დაავადებების“ სახელით ცნობილი სნეულებების საფრთხის ქვეშ. თანამედროვე მედიცინამ შეძლო მრავალ მათგანთან გამკლავება.

ბავშვთა დაავადებები დღევანდელ დღეს ისე საშიში აღარაა, როგორც წინათ. ჩვენს დროში მათ უყურებენ, როგორც ბავშვთა ფსიქიკური განვითარების შემაფერხებელს და არა როგორც საფრთხეს ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. დადგენილია, რომ, როცა ბავშვი ავადმყოფობის შემდეგ სკოლაში ბრუნდება, უჭირს მეგობრებთან ურთიერთობის განახლება. ავადმყოფობის დროს ისინი უფრო ინფანტილურები არიან, ვიდრე სხვა დროს. 5 თუ 6 თვის განმავლობაში შეძენილი საუკეთესო თვისებების ნაწილი ქრება და ბავშვი უბრუნდება ფსიქიკური განვითარების ქვედა საფეხურს. ეს ავადმყოფობის ყველაზე აშკარა შედეგია, რასაც, სამწუხაროდ, უმნიშვნელოდ მივიჩნევთ.

ექიმის ვიზიტების, წამლებისა და შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, ბავშვს შეიძლება ავადმყოფობა მოეწონოს, როგორც ზოგიერთ მოზრდილსაც ემართება ხოლმე. არაჰარმონიულ ოჯახში ალერსით განებივრებული ბავშვი ცდილობს, რომ ავადმყოფობა იმისთვის გამოიყენოს, რომ მშობლებისაგან მეტი ალერსი და ყურადღება მიიღოს. ჩვენ, მშობლებმა ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენმა შვილებმა საკუთარი ჯანმრთელობის შეფასება ისწავლონ და ავადმყოფობის მიმართ გააზრებული, გულგრილი და მტრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ.

რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი ავად ხდება?

  1. პირველეს ყოვლისა, მეტი სიყვარული და ყურადღება უწილადეთ პატარას. ეცადეთ, რაც შეიძლება, მეტი დრო გაატაროთ მის სასთუმალთან;
  2. მეორემხრივ, მზადყოფნით უნდა შეხვდეთ იმას, რომ ავადმყოფი ბავშვი უფრო ინფანტილურია, ვიდრე ჯანმრთელი და ამისთვის ნუ გაკიცხავთ მას;
  3. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ ბავშვის ქცევის საპასუხოდ თქვენი რეაქციის შეკავება. თუ ბავშვს მაღალი სიცხე ან შემაწუხებელი ტკივილი აქვს, ძველებურად მშვიდად გეჭიროთ თავი, არ შეიმჩნიოთ შეშფოთება, ნუ შეუქმნით ბავშვს წარმოდგენას, რომ მისი ავადმყოფობით ქვეყანა იქცევა. თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის და არ გაიძულებთ ცხოვრების წესის შეცვლას, აკეთეთ თქვენი საქმეებიც;
  4. ელაპარაკეთ იმ პერიოდზე, როცა გამოჯანმრთელდება, როგორც ჯადოსნურ დროზე. შეჰპირდით მრავალ გასართობს, საინტერესო საქმიანობას, რომლებსაც ერთად გააკეთებთ. აღუწერეთ ის საჩუქარი, რომელსაც გამოჯანმრთელების აღსანიშნავად მიიღებს;
  5. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი უსაქმოდ არ დარჩეს. გაუჩინეთ ისეთი საქმე, რომელსაც მარტო გაართმევს თავს. მაგალითად, მასთან ერთად დაიწყეთ სურათების გაფერადება, შემდეგ კი სთხოვეთ, თვითონ დაასრულოს;
  6. შეზღუდეთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან კონტაქტი, თუმცა ეს კარგად ართობს ბავშვს. სამწუხაროდ, ეს აყალიბებს ჩვევებს, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება;
  7. კონკრეტული ფაქტებით აღუწერეთ მისი მეგობრების საქმიანობა. ამით აღუძრავთ სურვილს, მალე შეუერთდეს მათ;
  8. არ დაუთმოთ, თუ წამლების მიღების შეწყვეტას მოგთხოვთ. იყავით ალერსიანი, მაგრამ მტკიცე;
  9. როცა ბავშვი შეძლებს საწოლიდან ადგომას, აღფრთოვანებით აღნიშნეთ, თუ რა მალე გამოჯანმრთელდა, რა ძლიერი ორგანიზმი აქვს და რა სწრაფად დაამარცხა ავადმყოფობა.

ბავშვის ქცევაში გამოიხატება ბავშვის ხასიათი. ზრდილი ბავშვი ავადმყოფობის დროსაც კარგად იქცევა. ბავშვი, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს გარშემომყოფებთან და თავს მიტოვებულად, დაჩაგრულად, უბედურად გრძნობს, ავადმყოფობის დროს მეტ ყურადღებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ასეთი ბავშვი ზოგჯერ მშვენივრად იყენებს თავის მდგომარეობას. სავარაუდოდ, ის ავადმყოფობის გახანგრძლივებასაც კი შეეცდება (მსგავსი ტენდენცია მოზრდილებშიც შეიმჩნევა).

ავადმყოფ ბავშვთან ურთიერთობისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მათთან სწორი ურთიერთობა, როცა ის ჯანმრთელია. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს აზრი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ვაკეთებთ, შედეგს მოიტანს მაშინაც, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით.

 

მე – მეგზური ევროპისკენ

0

ჩემს განვითარებად სამშობლოში, სადაც რუსეთის იმპერიის 190-წლიანი მონობიდან გამოგლეჯილი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ჩემი, სრულიად უმნიშვნელო ადამიანის, ბრძოლითა და მონაწილეობითაც არის ალბათ მოპოვებული მეოცე საუკუნის მიწურულს, რა არ მინახავს: ეთნოკონფლიქტები, სამოქალაქო ომები, კრიმინალური მოძრაობები, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, კულტურული დეკადანსი, ფსიქოლოგიური ტერორი და მსხვრევა, სიკვდილი და ცრემლები, დასახიჩრებული სულები და სხეულები, სიღარიბე და უსამართლობა, მაგრამ 1991 წლის მერე გამოვლილი ყველა განსაცდელი მაინც მირჩევნია ჩემს რუხ, საშინელ, სულისშემხუთველ საბჭოთა ბავშვობას. როცა არ გვშიოდა და ფულიც ჯიბეში სულ გვქონდა, მაგრამ აუტანელი მდუმარება და სიმახინჯე მეფობდა ყველგან, ყველაფერში…

ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე, დედაქალაქიდან მოშორებულ პროვინციაში… პატივს ვცემდი და ვცემ ჩვენს ჯანსაღ  ეროვნულ ტრადიციებს. ვგრძნობდი, რომ საბჭოთა რეალობა, სადაც ვცხოვრობდი, არ მსურდა, მიუღებელი, პირქუში და ბუნდოვანი იყო ჩემთვის. არავის უთქვამს, რომ ევროპული ცივილიზაციაა კარგი ან ამაზე უპირატესი და მე ის უნდა მომწონდეს. პირიქით: ყოველივე დასავლურის საწინააღმდეგო პროპაგანდა მესმოდა მუდამ. მაგრამ ევროპა თავისით მოვიდა ჩემთან ჩემს მიყრუებულ სოფელში ინგმარ ბერგმანის კინოსცენარების კრებულით ”სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან”… მანამდე სხვა უამრავი ევროპელი მწერლის ტექსტი მქონდა წაკითხული, მაგრამ ასე ცხადად განსხვავება ჩვენსა და ევროპას შორის არ განმიცდია. დასავლური ფილმებიც უხვად მქონდა ნანახი, ჰოლივუდი, ჩინეჩიტა და ფრანგული კინემატოგრაფი ჩემი სულის ოაზისი ისედაც იყო, მაგრამ ბერგმანის ამ წიგნმა პატარა გოგონა უცებ მაქცია ევროპელად! სიყვარული და თვითგამოხატვა ევროპულად! – ეს ახალი კოსმოსი იყო ჩემთვის!

მერე კი დაიწყო ჩემთვის ორ ნაწილად გახლეჩილ სამყაროზე დაკვირვებები… მე მინახავს სოფლებში ძველებური გლეხური ქოხების ნაშთები, ჩვენი ეროვნული ეთნოგრაფიის უამრავი სურათი, რომელთაც ახლა დედაქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხილავთ ერთად თავმოყრილს… ეს ქოხები ერთოთახიანი იყო და ხალხი ახერხებდა, რომ საოცარი კულტურით, საკვირველი აკურატულობით განეთავსებინა ამ პაწაწინა სივრცეში სამზარეულო, მისაღები, საძინებელი, შემოქმედებითი კუთხე, სადაც ვიღაც რაღაცას ქმნიდა…

მაწვალებდა კითხვები: როგორ იმყოფინებდა ხოლმე ძველი ეპოქის ადამიანი ასე ცოტას? ნეტა ევროპელი როგორ ცხოვრობდა ამ დროს?

მერე ევროპელმა მწერალმა, პროსპერ მერიმემ, აღმიწერა მატეო ფალკონეს ქოხი და მომითხრო, რომ კორსიკელი მწყემსებიც ზუსტად ასეთსავე სივრცეში, ზუსტად ამგვარივე ყოფის წესებით ცხოვრობდნენ.

აფხაზეთის მეზობლად დავიბადე და გავიზარდე, სამეგრელოში. სოხუმი და ბიჭვინთა ჩემი ქალაქები იყო, ხშირად მიწევდა სიარული ნათესავების მოსანახულებლად, ბიძასთან, დეიდასთან… მერე კი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ტანკები ჩემს სხეულზე გადადიოდნენ თითქოს…

ახლა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ეს სკოლა ნომერ პირველია საქართველოში თავისი ისტორიით, ტრადიცებით, გარემოთი. ის ქართული კულტურისა და სულიერების ძეგლია. დაცულია საქართველოს უდიდეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სწავლის ან მასწავლებლობის ამსახველი მასალები, არის დარბაზი, რომელიც პირველი ქართული თეატრალური წარმოდგენის მასპინძელი იყო 1850 წელს, გვაქვს ე.წ. ტატოს კიბე, სადაც ქართული ლირიკის ჯორჯ ბაირონმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ფეხი მოიტეხა და ეს მისი ცხოვრების ბედისწერად იქცა. აქვე არის უნიკალური მუზეუმი და მემორიალური დაფები, სადაც ოქროს ასოებით გამოყვანილია ჩვენი ქვეყნის  სასიქადულო მამულიშვილთა სახელები.

2017 წლის ნოემბერში მონაწილეობა მივიღე ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში „ენა და მდგრადი განვითარების მიზნები“, რომელიც შორეულ აფრიკის კონტიტეტზე, სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდა და მულტილინგვურ გარემოში ლოკალური ენების პრობლემებს მიეძღვნა. კონფერენციაზე გავემგზავრეთ ხუთი მონაწილე საქართველოდან. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასევე 9 აფხაზმა მონაწილემ, რომლებიც სოხუმიდან მოსკოვი-სტამბული-დაკარის გავლით ჩამოფრინდნენ დანიშნულების ადგილზე. ჩემს მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩვენს აფხაზ კოლეგებს შევხვდი. ვფიქრობდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ენაზე: ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად, კომუნიკაციას შევძლებდით, მაგრამ ჰოი, საოცრებავ: ისინი უბრად იყვნენ! ვცხოვრობდით ერთ სასტუმროში. ყოველ დილით ერთად ვემზადებოდით „მეფე ფადის სასახლის“ საკონფერენციო დარბაზებში წასასვლელად, მაგრამ… ჩვენი „Good morning“ ყოველ დილას უპასუხოდ რჩებოდა. ჩვენ, საქართველოს კუთხეების შვილები, ვისაც ჩვენს სახლებს შორის მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრი გვაშორებს და ახლა ბედმა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე შეგვყარა, ეგზოტიკურ ქვეყანაში, სადაც უამრავი ფერი, მზე, ოკეანის ბრიზი და ულამაზესი ფერადკანიანი ადამიანები ხალისით გვავსებენ, ერთმანეთს მდუმარედ ვუვლით გვერდს… საკონფერენციო დარბაზებში, ლანჩებსა თუ ვახშმებზე ვეცნობით ადამიანებს ევროპის, ამერიკის, აფრიკის, ევრაზიის კონტინენტებიდან, აქ უამრავი კანის ფერი, ენა, კულტურა და გემოვნება ირევა ერთმანეთში, ყველას უხარია ერთმანეთის გაცნობა, ყველა თვალებგაფართოებული ისმენს უამრავ ახალ ინფორმაციას, სამეცნიერო დაკვირვებას, შეფასებებს და ამ დროს ერთმანეთს ზედაც არ ვუყურებთ ჩვენ, ვისაც მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრის მომიჯნავედ გვიწევს ცხოვრება, ჩვენ, ვისზეც ქართველი პოეტი წერდა:

„რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)

და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.

მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,

აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.

ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები

და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.

ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,

ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში…

ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,

ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს“…

ეს ჩვენი უბრადყოფნა აუტანლად მტკივნეული იყო. დაკარში დღიურებს ვწერდი და ფეისბუქზე ვაქვეყნებდი. აი, რა ჩამიწერია პირველ დღეს: „საუზმეზე რომ ამოვედით ოუშენ ბიჩიდან, აფხაზი კოლეგების დელეგაციის მხლებელი, ბრიტანეთის საკონსულოს წარმომადგენელი, ნატალია გავიცანით. ცხრანი არიან აფხაზები. ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ. რანაირად არ ვცადეთ მათი ყურადღების მიპყრობა, მაგრამ ზედაც არ გვიყურებენ. ნატალიას ინგლისურად რომ დაველაპარაკეთ, გვკითხა: მათთან რუსულად საუბარი ხომ შეგიძლიათო? რუსულად საუბარი ყველას შეგვიძლია, მაგრამ ოკუპანტის ენაზე მათთან საუბარი არ გვინდა. ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ენას, თუკი ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია სურთ და რომელიმე ერთ ენაზე საუბარი შეუძლიათ? არ ვიცი, როდემდე ვუყურებთ ასე შორიდან ერთმანეთს, როცა აფრიკის ქვეყნებიდან უამრავი საოცარი მონაწილე გავიცანით და დავმეგობრდით“…

კონფერენციაზე ფოტოებს ვუღებდი სახეებს… ან სად ვნახავდი ამდენ განსხვავებულ კანის ფერსა და იმიჯს ერთად თავმოყრილს? აფხაზ კოლეგებსაც გადავუღე რამდენიმე ფოტო… ჩვენი მოწვევის ფურცელში რომ მათი სახელები ეწერა, სულ იმას დავყურებდი, რომ დამემახსოვრებინა, ან ფეისბუქზე დამემეგობრებინა… საერთო მოსაწვევზე ჩვენი სახელების გვერდით ეს სახელები ამოვიკითხე: რუსტამ ანშბა, ნატალია არლან, თამილა არშბა, ალხას ძოფუა, რუსლან ძოფუა, ასლან ქუთელია, ადა კარვარჩელია, ირინა კვეკვისკირი, გუნდა კვიწინია, საიდა ჟვანია, ნალა არგუნ… ვცდილობდი დამემახსოვრებინა ეს სახელები…

როცა კონფერენციის გახსნაზე ბრიტანეთის საკონსულოს სენეგალის ოფისის დირექტორი, ქალბატონი დაუნ ლონგი სიტყვით გამოდიოდა, განსაკუთრებით მკვეთრად მესმოდა მის მიერ ომახიანად წარმოთქმული სინტაგმა – Here, in Senegal… ჰია ინ სენეგოულ… აქ, სენეგალში… იმდენ ასოციაციას აღმიძრავდა ეს ფრაზა, დამატარებდა კონტინენტიდან კონტინენტზე… აქ მესმოდა ჩემი უსაყვარლესი რომანის, თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ცნობილი „იქ, ზევით“… ჩემი საყვარელი გმირის, ჰანს კასტორპის სამყაროში…  Here მესმოდა როგორც Hear (მოსმენა, გაგება), ხოლო სენე-გოულ, როგორც Goal (მიზანი, თუნდაც ის მიზანი, რომელიც საუკუნეების მანძილზე განვითარებულ ევროპას ამოძრავებდა აფრიკისადმი), სენე-გოულ, მესმოდა, როგორც გოლი, ჩვენი, განვითარებადი ქვეყნების კარში გატანილი… ან გოულზ, როგორც განვითარებადი ქვეყნების მიზნები, რომ გამოვიდეთ ამ წყეული მესამე სამყაროდან, მოვიშოროთ განვითარებადი ქვეყნის საზიზღარი იარლიყი თუ სტიგმა და შევუდგეთ ცივილიზებული, დემოკრატიული ევროპის გზას… ახლა, ამ დღეებში, როცა ფრანკფურტის ცნობილ ბუხმესსეზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა და ევროპელები გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ ფარავენ ქართული კულტურის, ლიტერატურის, ეგზოტიკის მიმართ, გამიმძაფრდა განცდა, რომ დაუოკებელი წყურვილი გვაქვს ქართველებს, გავხდეთ ევროპის თანასწორი, მათნაირი, მათთან მყოფი…

როცა კონფერენციის დასრულების შემდეგ აეროპორტში ვიდექით აფხაზებთან ერთად, ისევ ვცადე მათთან გამოლაპარაკება… ორიოდე სიტყვით ნალა არგუნი გამომელაპარაკა… გული მწყდებოდა, რომ სტამბულიდან ისინი მოსკოვში უნდა გაფრენილიყვნენ და მოსკოვიდან – სოხუმში. არ ჰქონდათ შესაძლებლობა სტამბულიდან საათნახევარში თბილისში ჩაფრენილიყვნენ და თბილისიდან სულ რაღაც 460 კილომეტრში სოხუმში ჩასულიყვნენ…

ახალგაზრდა აფხაზ მასწავლებელს ვკითხე:

  • რას ასწავლით?
  • მშობლიურ ენას! – მიპასუხა მან რაღაცნაირი ნიშნისმოგებით… ეტყობოდა, რომ ჩემთან საუბრის გაგრძელება არ სურდა…

ხოლო თამილამ, რომელიც დაახლოებით ჩემი ასაკისა იყო, რაღაცნაირი შიშით, ქურდულად მითხრა, რომ მან იცის ქართული, რადგან თბილისში ექვსი წელი ცხოვრობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჩემითაც დაინტერესდა… რამდენიმე ფრაზა გავცვალეთ რუსულად… ემოციები მახრჩობდა, პულსი, მგონი, ორასამდე ამივიდა, მაჯაზე ხელს ვიჭერდი და ცრემლები თავისით მომდიოდა… აფხაზური ენის მასწავლებელი ბიჭი და თამილა გააოგნა ჩემმა ცრემლებმა, სახეზე დაკვირვებით შემომხედეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, მართლა ვტიროდი თუ არა… როგორც კი ტელეფონი და ინტერნეტი ჩავრთე თბილისის აეროპორტში, ნალა არგუნი ვიპოვე ფეისბუქზე და ფრენდ რიქვესტი გავუგზავნე, მან არ დამიდასტურა და მხოლოდ ფოლოვინგის უფლება მომცა ფეისბუქმა… ნალას მოსაკითხი მესიჯიც მივწერე: Hi, Nala, glad to meet you on facebook. Hope we can make a good friendship…  მაგრამ ნალას ჩემი მესიჯი არც კი „დაუსინავს“, როგორც თანამედროვე თინეიჯერები ამბობენ… ზოგჯერ გადავხედავ ხოლმე მის კედელს ფეისბუქზე… ულამაზესია ნალა, ფოტოებზე მისი სილამაზით მოხიბლული მეგობრები აღტაცებულ კომენტარებს უწერენ… როგორ მინდა, რომ მეც მქონდეს ამის საშუალება, ვუთხრა, რომ ძალიან ლამაზია, რომ ჩვენს შორის კონფლიქტი რაღაც გაუგებრობაა და შეგვიძლია ვხარობდეთ ერთმანეთით… იშვიათად რომ ქართველმა მოახერხოს სოხუმის კადრების გადაღება, იქ მოგზაურობა… რაც კი მინახავს ვიდეოები, ყველგან ეს თვალხატულა აფხაზეთი გამოიყურება, როგორც უკიდურესად განუვითარებელი სამყარო, დანგრეული ინფრასტრუქტურით… და ამ ვიდეოებს ყოველთვის ახლავს სახლებწართმეული, დევნილი ქართველი სოხუმელების ცრემლები, გულები, სევდით გაჯერებული კომენტარები…

საზღვარი არა აქვს ქართველთა მონატრებას, სევდას და ტკივილს და საზღვარი არა აქვს არც აფხაზთა რისხვას ჩვენდამი… ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი სხეულის ნაწილი მოგვაჭრეს, საიდანაც დღემდე სისხლი გვდის და ველოდებით ჟამს, როცა ეს ჭრილობა შეხორცდება… მას კი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, ამ ხალხის საკუთარ სახლებში დაბრუნება თუ განკურნავს, აფხაზებს კი ეჩვენებათ, რომ მათი განუვითარებლობა, თვითგამოცხადებული სახელმწიფოს უღიარებლობა, ეკონომიკური კრახი და სამყაროსგან სრული იზოლაცია ქართველების დამსახურებაა… ჩვენ ვერ გაგვიგია, როგორ შეიძლება წაგვართვან ჩვენი ისტორიული მიწა, ხოლო მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება, რომ სამყარომ უარი უთხრას დამოუკიდებელ განვითარებაზე…

არ ვიცი, რა პოლიტიკური გზა არსებობს ეთნოკონფლიქტების რეგულირებისთვის, მაგრამ მგონია, რომ ყოველგვარი კონფლიქტი დედამიწაზე ჩვენი უვიცობის, უსულგულობის, მიუხვედრელობის პირდაპირპროპორციულია… რომ შეუძლებელია არ არსებობდეს ალტერნატიული გზები… რომ ზეციდან ეს მიწები თანასწორი, დაუყოფელი, თავისუფალია და რომ პოლიტიკური საზღვრების რეგულირება, სახელმწიფო მოწყობა ყოველთვის შეიძლება იყოს ისეთი, ამ მიწაზე მაცხოვრებელი არცერთი მოქალაქე არ დააზიანოს, არავის წაართვას საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება, არავისთვის იყოს აუცილებელი იარაღის აღება…

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მხოლოდ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, სულხან-საბას ევროპაში ელჩობის ამბიდან იწყება… ზუსტად 305 წლის წინ დაიძრა ერთი ბრძენი კაცი და ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ”მეთხუთმეტე კაცად მიიღეს”… თუმცა მან მაშინ ”რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან”, მაგრამ დღეს სამყარო ღიაა, ქართულ-ევროპული ურთიერთობები სულ სხვა ფაზაშია…

ქართველები ხშირად ვღიზიანდებით, რატომ იწელება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მაგრამ გვიჭირს მწარე სინამდვილის აღიარება, რომ საქართველო არ არის ევროპული სტანდარტების ადეკვატური… ბევრჯერ მომისმენია, რომ ევროკავშირი არის არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გაერთიანება, რომ ამ კავშირის უძლიერეს სახელმწიფოებს ნაკლებად სჭირდებათ პოლიტიკური ალიანსები, უფრო ეკონომიკური განვითარების მიმართულებითაა საჭირო თანამშრომლობა, რათა კაცობრიობამ მიაღწიოს მიზანს, რომელიც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნის ქართველმა პოეტმა, მსოფლიო რენესანსის სათავეებთან მდგომმა რუსთველმა გააცხადა თავისი გმირის, ავთანდილის პირით, როცა მან მეფე როსტევანს მიმართა: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები“… „რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად“… ადამიანთა კეთილდღეობის იდეას ბევრი მწერალი შეხმიანებია, მაგრამ საოცარი ფილოსოფიური ლირიზმით თუ ლირიკული ფილოსოფიით გადმოსცა ეს იდეა მეოცე საუკუნის უდიდესმა ქართველმა მწერალმა ოთარ ჭილაძემ ლექსში „ადამიანი გაზეთის სვეტში“:

„ჯარი სამშობლოს მტრისაგან იცავს და სიცოცხლესაც

მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს.

ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის უარს, თუ აქვს და იცის საკუთარ ჭერის და პურის გემო,

თუ მზეს აფასებს და თუ კუსავით ყოველთვის თან არ დაათრევს ჯავშანს“…

ამ სიტყვებით სახელმწიფო მოწყობის მთელ ფილოსოფიას ნათელი ეფინება: ჯარისკაცს სიცოცხლეს სამშობლო მხოლოდ იმ შემთხვევაში მოსთხოვს, თუკი მას უპუროდ და უჭეროდ არ ამყოფებს, თუ თავისუფლებას არ უზღუდავს და თუ სამყაროს შემეცნების, ესთეტიკური ტკბობის უნარსაც შეარჩენს…

2016 წელს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა მიმიწვია სემინარზე ”მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”… მომდევნო სასწავლო წელს კი ისე დაემთხვა, რომ ქართული ლიტერატურის პარალელურად სკოლაში ვასწავლიდი არჩევით საგანს ”XIX-XX საუკუნეების დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ლიტერატურა”… მეათეკლასელებთან ერთად იმდენი რამ გავიაზრეთ ქართული და დასავლური მწერლობების საერთო პარადიგმებზე, რომელთა ასახვა ლიტერატურას, როგორც ყოფის პროექციას,  ყველაზე ეფექტურად ძალუძს… გავიაზრეთ ქართული მწერლობა დასავლური ლიტერატურის გზაჯვარედინზე, რუსთველი, როგორც  მსოფლიო რენესანსის მამამთავარი, ლიტერატურული მიმდინარეობების სტილური და იდეური ერთობა, მუდმივმა სინთეზირებამ უამრავ აღმოჩენამდე მიგვიყვანა…

როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ბევრი ვალდებულება მაქვს და მიმაჩნია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მისიაც უნდა ვიტვირთოთ მასწავლებლებმა ჩვენი ახალი თაობების წინაშე, მაგრამ აღნიშნულ სემინარზე დასწრების შემდეგ განმიმტკიცდა განცდა, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის ვარ მეგზური ევროპისკენ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ისეთი თაობების აღზრდას, რომელთათვისაც ევროპული ღირებულებები: უფლებათა დაცვა, თანასწორობა, სამართლიანობა, კეთილდღეობა, კულტურული განვითარება უმთავრესია… რომ მხოლოდ სკოლის მისიის დოკუმენტად შედგენილ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს თანამედროვე განათლების ეს მიზნები…

ამასწინათ ვკითხულობდი რომენ გარის შესანიშნავ რომანს „ევროპული აღზრდა“, სადაც პოლონეთის ოკუპაციის საშინელი სცენებია აღწერილი. ეს ამ ავტორის პირველი რომანია, 1945 წელს გამოქვეყნდა და ფრანგი კრიტიკოსების ლიტერატურული პრემიაც დაიმსახურა. რომანის გმირი, 14 წლის არაჩვეულებრივი ბიჭი იანეკ ტვარდოვსკი, რომელსაც ფაშიზმმა ოჯახი გაუნადგურა და თვითგადარჩენისთვის იბრძვის, ნათლად ხედავს, რომ არსებობს ორი ევროპა: ფაშისტური და მაღალცივილიზებული, მსოფლიო კულტურას ნაზიარები, ვისაც ხელოვნება უყვარს და სიმშვიდეში ცხოვრება ურჩევნია.

ეს ხომ ევროპის უახლოესი წარსულის ამბებია… იანეკი ოცნებობს, რომ შეიქმნას „ახალი სამყარო… ერთიანი… შრომასა და სიხარულში ნაშენი“… სადაც იქნება „ მუსიკა და წიგნები, პური და ძმური სითბო ყველასთვის… არანაირი ომები… არანაირი სიძულვილი“… რომ „ჩვენ სინათლისკენ მივდივართ“, რომ „მნიშვნელოვანი არაფერი კვდება… მხოლოდ ადამიანები და პეპლები“…

რომანის ფინალში გმირის გამგმირავი კითხვა: „რისი გულისთვის უნდა იბრძოლო, ილოცო? რაში გარგია ეს იმედები, ან რატომ უნდა გწმადეს? სამყარო, სადაც ადამიანები იტანჯებიან და კვდებიან, არაფრით განსხვავდება იმ სამყაროსგან, სადაც ჭიანჭველები იტანჯებიან და კვდებიან“… და თუკი ეს ფერადი სამყარო საოცარი წესრიგით გაუჩენია უფალს, სადაც ჭიანჭველებსა და  ფუტკრებსაც კი აქვთ საკვირველი წესები, შრომობენ, ქმნიან და ცდილობენ კეთილდღეობა მოიპოვონ, რატომ უნდა უჭირდეთ ამის მიღწევა ადამიანებს?

ევროპული აღზრდა… მე – მეგზური ევროპისკენ… ჩემი მოსწავლეები შორს ჰომოფობიისგან… ტოლერანტობა… სოლიდარობა… თანამშრომლობა… შემოქმედებითი განვითარება… თავისუფლება… სილაღე… ეს ის სამყაროა, სადაც მინდა, რომ თქვენთან ერთად ვცხოვრობდე, ადამიანებო… ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა იყოთ და როგორებიც არ უნდა იყოთ თქვენ…

 

შარდოვანა

0

ქიმიკოსებმა იციან. ვინც ქიმია არ იცის, მაგრამ მიცნობს – მიხვდება. მინდა, მივმართო მათ, ვინც არც ქიმია იცის და არც მიცნობს – სკაბრეზულობა არ მახასიათებს, „შარდოვანა“ ნივთიერების სახელია, ისტორიული, თუმცა IUPAC-ის, ქიმიკოსთა „გაეროს“ მიერ აღიარებულ-დამტკიცებული.

საიდან მოვიდა ეს სახელი? სწორედ იქიდან, რა ასოციაციაც გამოიწვია წაკითხვისას. წინათ ქიმიკოსები ნაერთებს რამესთან მსგავსების ან მოპოვების ადგილისა თუ მასალის მიხედვით არქმევდნენ სახელებს (ამაზე წინა ბლოგშიც ვწერდი). შარდოვანასაც ისევე დაენათლა ეს სახელი, როგორც ახლა ვარქმევთ შვილებს დიდი წინაპრების სასახელოდ და არ ვკითხულობთ, მოსწონს თუ არა ან უხერხულობას ხომ არ შეუქმნის. არც დანიელი ქიმიკოსი ჰერმან ბურჰავე შემცბარა, როცა ნივთიერებას მისი წინამორბედის სახელი დაარქვა – აზრადაც არ მოსვლია, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ის „უხერხული“ სიტყვების სიაში მოხვდებოდა. ისეთებისა, მთლად თამამადაც რომ ვერ იტყვი, ან, თუ იტყვი, უნდა გაწითლდე, ჩაახველო ან სულაც წინასწარ ბოდიში მოიხადო.

რატომ გახდა მაინცდამაინც ეს ნაერთი ჩემი ინტერესის საგანი? იმიტომ, რომ ის პირველია! უფრო მეტიც – სიამოვნებით დავუდგამდი მას ძეგლს ისეთ ადგილას, რომელიც სამყაროს ყველა წერტილიდან ჩანს და სახელსაც დიდი ასოებით დავაწერდი.

როგორც ყველას და ყველაფერს, ქიმიასაც ოდესღაც ცუდი დროება ედგა. გვდევნიდნენ ქიმიკოსებს. არაერთმა ჩვენმა კოლეგამ დაასრულა სიცოცხლე ეშაფოტზე. შემდეგ არორგანულმა ქიმიამ არსებობის უფლება მოიპოვა, ორგანულ ქიმიაში მომუშავეებს კი ისევ ჯოჯოხეთის ქურუმებად აღიქვამდნენ. მიზეზი გაბატონებული ვიტალიზმის თეორია იყო. ცოცხალ სამყაროში ქიმიური მეთოდებით ჩარევას ერთნაირი შემართებით ებრძოდნენ კათოლიციზმიც, ბუდიზმიც და სხვა მსოფლიო რელიგიებიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ ცოცხალ სამყაროში ყველაფერს ზებუნებრივი ძალები მართავდნენ. ეს მოძღვრება არისტოტელეს კლასიციზმზე ადრე ჩაისახა და საზოგადოებაში ფესვი მყარად ჰქონდა გადგმული. ძნელი იყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წინააღმდეგ გალაშქრება, მით უფრო მაშინ, როცა მას მრავალრიცხოვანი,  თანამედროვე ტერმინს თუ გამოვიყენებთ, „ადმინისტრაციული რესურსი“ უჭერდა მხარს. მაგრამ შარდოვანამ თავი არ დამალა.

ისტორია გვამცნობს, რომ პირველად ის ჰერმან ბურჰავემ გამოყო ბუნებრივი წყაროდან 1727 წელს. ის იღებდა შარდს და დიდხანს ადუღებდა ე.წ. ფრანგული კრემის კონსისტენციამდე. მერე დარჩენილი სითხის მოსაცილებლად ფილტრავდა და მიღებულ ზეთოვან მასას მთელი წელი ინახავდა დაკრისტალებამდე. მერე კიდევ ერთხელ ფილტრავდა და მიღებულ ნალექს საბოლოო გაწმენდის მიზნით გადაკრისტალებას უტარებდა. ასეთი შრომატევადი პროცესის შედეგად იღებდა შარდოვანას. ვინც ზემოთ ჩამოთვლილ საფეხურებში ერკვევით, მიხვდებით, რომ ბურჰავე ქიმიურ რეაქციებს არ ატარებდა – ის შარდოვანას მისაღებად გამოყოფის მეთოდს იყენებდა და არა სინთეზისას, ამიტომაც მისი საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოებში ჯდებოდა და ბურჰავე ინკვიზიციას გადაურჩა.

ამ ამბიდან კიდევ ერთი საუკუნე გაძლო არაორგანულ და ორგანულ ქიმიას შორის აღმართულმა ვიტალიზმის კედელმა. მის ბზარებს პირველი ურო გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა უთავაზა. ფრიდრიხს ეყო გაბედულება და ცოცხალ სამყაროში „ჩვეულებრივი“ ქიმიური მეთოდებით ჩაერია – ვერცხლის ციანატზე ამონიუმის ქლორიდით იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, რეაქციის შედეგით ალბათ თავადაც გაოგნდა და დაიზაფრა, როცა კოლბიდან შარდოვანას კრისტალება გაუღიმეს – მისთვის ეს შესაძლოა სასიკვდილო ღიმილის ტოლფასი გამხდარიყო. საბედნიეროდ, ვიტალიზმის კედელი ისე იყო მორყეული, რომ ადვილად ჩამოიშალა.

ასე გამოვიდა ორგანული ქიმია დღის სინათლეზე და დღეს ას მილიონზე მეტი ნაერთის შემსწავლელ მეცნიერებას წარმოადგენს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქიმიური გზით არის მიღებული და მრავალ მათგანს უამრავი სასიკეთო ფუნქცია აკისრია.

აი, ასეთი დიდი როლი შეასრულა შარდოვანამ ქიმიის განვითარებაში და სულაც არ ვგრძნობ თავს უხერხულად, როცა ლექციაზე ახალგაზრდებთან მის სახელს ვახსენებ.

ერთი მასწავლებლის ისტორია

0

გერმანიაში მასწავლებლები იშვიათად ტოვებენ სამსახურს, ისიც მხოლოდ დიდი დატვირთვის გამო

 

ქცევის მენეჯმენტიდან კვირაში სამოცდაათ სამუშაო საათამდე – ვისბადენელი მასწავლებელი მარაიკა ჰაშემერი „გარდიანის“ ავტორს ჰოლი ველჰემს ესაუბრა:

 

– მასწავლებელი, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გავხდი. მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლების ნაკლებობა იყო. შესაბამისად, მთელ კურსს რეკომენდაცია მოგვცეს, მასწავლებლობა დაგვეწყო. ჩემი თანაკურსელების თითქმის ნახევარმა იმ წელს მასწავლებლობა არჩია.

გერმანიაში, წესისამებრ, არჩეული სპეციალობის შესასწავლად ხუთწლიან კურსს გადიხარ. ჩემს შემთხვევაში ეს ინგლისური და გერმანული ენები იყო. ამას მოჰყვა სწავლების მეთოდების ორწლიანი კურსი.

დღეს, როგორც მასწავლებელს, კვირაში სამოცდაათიდან ოთხმოც საათამდე მიწევს მუშაობა.

სწავლის პერიოდში ადგილობრივ გაზეთში ვწერდი. ამან თეატრალურ საქმიანობამდე მიმიყვანა.

ერთ დღეს კონცერტის შემდეგ ინტერვიუს ვართმევდი ერთ-ერთ თეატრალურ ჯგუფს. მათ მითხრეს, რომ ხალხს ეძებდნენ მიუზიკლისთვის. მე ვუთხარი, რომ ვმღეროდი და მათაც მოსმენაზე დამიბარეს.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ თეატრალურ პროექტში მიმიწვიეს. ამას მოჰყვა სხვა წარმოდგენებიც. საბოლოოდ მე თვითონ დავიწყე სპექტაკლების დადგმა. მასწავლებლის დიპლომის აღების შემდეგ დრამის კურსებზე ჩავეწერე და დრამის სწავლების სერტიფიკატიც ავიღე.

სკოლაში სწავლების პირველ წლებში კლასში შესვლისა მეშინოდა. სწავლების ჩემეული იდეალი რეალობას არ დაემთხვა.

მიუხედავად მოსწავლეთა სწავლების პროცესში ჩართვის შესახებ წაკითხული სტატიებისა თუ გავლილი ტრენინგებისა, თითქმის არაფერი გამომდიოდა – მოსწავლეები დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებდნენ.

იმედი გამიცრუვდა, მაგრამ არ დავნებდი. შთაგონება და იდეალისტური განწყობა აუცილებელია, თუმცა რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი – შეუძლებელია, ყველა მოსწავლეს აღუძრა მოტივაცია.

სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, განსაკუთრებით – დასავლურ სამყაროში, დიდ შესაძლებლობად განიხილება და მეც, მთელი ეს ხანია, ვცდილობ, ერთ ადგილზე არ ვიდგე. იცვლება სწავლების პროცესისადმი ჩემი დამოკიდებულებაც – ფოკუსირებას ვახდენ იმ მიმართულებებზე, რომლებიც წარმატებულია.

აქვე უნდა ვაღიარო, რომ დიდ ბრიტანეთში ერთწლიანი სტაჟირების დროს გაკვირვებული დავრჩი იმ ტერმინოლოგიით, რომელსაც ინგლისის სკოლებში იყენებენ.

გამაკვირვა მოსწავლეების დაყოფამ „მოწინავეებად“ და „ჩამორჩენილებად“. მგონია, რომ შეუსაბამო ტერმინებია ბავშვებთან სამუშაოდ. ასევე გამაკვირვა რთული ყოფაქცევის მოსწავლეთა კლასიდან იზოლირებამ და თანაკლასელებთან საუბრის აკრძალვამ – ეს მათ „კარცერში“ ჩასმას ჰგავდა.

გერმანიაში მოსწავლეებს ფორმა არ აცვიათ. ინგლისში გასაოცრად ბევრი დრო მიაქვს მოსწავლებისადმი მასწავლებლების შენიშვნებს პიჯაკის ჩაცმისა თუ პერანგის გასწორების თაობაზე.

ბუნებრივია, ყველა ბავშვი ცდილობს, რაღაცნაირად განსხვავდებოდეს დანარჩენებისგან, რაც ინგლისში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პაექრობას ემსგავსება.

სამაგიეროდ, მომეწონა ნათელი და მკაფიოდ გაწერილი სასკოლო წესები და სასკოლო პოლიტიკა. გერმანიაში სხვაგვარადაა – ყველა მასწავლებელი თვითონვე აყალიბებს კლასში წესებს – ან ინდივიდუალურად, ან კოლეგებთან შეთანხმებით.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სულ უფრო ვცილდებით „დასჯას“ და მსგავს მეთოდებს.

მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ მეორეს ჩაარტყა, ორივეს სამედიაციო კლასში ვგზავნით, ან ორივეს ვაწერინებთ, როგორი გრძნობაა, როდესაც ვინმე გირტყამს. ეს იმისთვის,  რომ ბავშვებმა აღიქვან ის ზიანი, რომელსაც ერთმანეთს აყენებენ.

გერმანიაში მასწავლებელი კვირაში საშუალოდ სამოცდაათი-ოთხმოცი საათი მუშაობს. ამასთან, ძალიან იშვიათია, რომ მასწავლებელმა სკოლა მიატოვოს. თუ მაინც მოხდა ასე, ვფიქრობ, მიზეზი მხოლოდ დიდი დატვირთვა შეიძლება იყოს.

ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროში დავიწყე მუშაობა არასრული განაკვეთით. უნდა ვაღიარო, რომ ეს ნამდვილი შვება აღმოჩნდა, რადგან საკლასო ოთახში თუ დავალებების გასწორებაში გატარებული საათები ნამდვილად არ უწყობს ხელს მასწავლებლის ჯანმრთელობას.

ოცდახუთ საათს, ჩვეულებრივ, სკოლაში ვატარებთ, დანარჩენ დროს კი გაკვეთილისთვის მომზადებასა და დავალებების გასწორება-შეფასებებს ვუთმობთ, რაც ჯამში ორმოც საათზე მეტს მოითხოვს.

ფაქტობრივად შეუძლებელია, გამონახო დრო არასასკოლო საქმეებისა თუ აქტივობებისთვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიის ნაწილია.

გერმანიაში განათლების სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მოქმედი მასწავლებლები სამინისტროს დეპარტამენტებში. ამჟამად ვმუშაობ ევროპულ და საერთაშორისო განყოფილებაში მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებსა და eTwinning-ზე (eTwinning – ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც მასწავლებლებს, ბიბლიოთეკარებსა და სკოლის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთობლივი პროექტები სხვადახვა ქვეყანასა და სკოლაში – ლ. ა.).

ჩემი სკოლა მრავალეროვანი და მულტიკულტურულია. სკოლის თეტრალური წრე ფართო შესაძლებლობას გვაძლევს, შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ ეს მრავალფეროვნება. მე ვეხმარები მოსწავლეებს იმ რეალობის დანახვაში, რომელიც გერმანიაშია და იმ ცრურწმენების გააზრებაში, რომლებიც უცხოელებისადმი არსებობს – ჩვენ ხშირად იმ ადამიანებთან ვმეგობრობთ, რომლებიც გვგვანან და გაუცნობიერებლად ვიზიარებთ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. თეატრალურ წრეში მოსწავლეებს ვურჩევ როლებს და ვავალებ ინტერვიუებს, რომლებიც დაეხმარება მათ, მეტი გაიგონ არაგერმანელების კულტურისა და ცხოვრების წესის შესახებ; ვეხმარები, იპოვონ მეგობრები მთელ მსოფლიოში (სკაიპის ან ფეისბუქის დახმარებით), გაიგონ, როგორც ცხოვრობენ და სწავლობენ ისინი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაიჯერონ ერთი რამ: რასაც აკეთებენ, შედეგის მომტანია. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მათი საქმიანობა უმნიშვნელოა. არ მინდა, ჩემი მოსწავლეებიც ასე ფიქრობდნენ. ბევრს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მოსწავლეები საზოგადოებისთვის არაფერს ქმნიან. მე კი მჯერა, რომ ბავშვებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

ერთ-ერთი პროექტის მიმიდნარეობისას ვკითხე კლასს, რას ფიქრობდნენ – შეეძლოთ თუ არა მსოფლიოში რამის შეცვლა. უმეტესობამ მიპასუხა, არაო. ბავშვების აზრით, მსოფლიო სულელური სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ.

ამის შემდეგ მათ გავახსენე ახალგაზრდა კაცი, სახელად კრეიგ კილბურგერი (კანადელი აქტივისტი, რომელმაც 1995 წელს, 12 წლისამ, წმ. კალაბრინის კათოლიკურ სკოლაში თანაკლასელებთან ერთად დაიწყო საპროტესო კამპანია აზიაში არასრულწლოვანთა შრომის წინააღმდეგ. კამპანიამ მსოფლიოს უფლებადამცველთა და კანადის პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიიპყრო და სათავე დაუდო უფლებაცვითი ორგანიზაციის Free The Children-ის შექმნას, რომელსაც კრეიგი და მისი ძმა მარკი ჩაუდგნენ სათავეში – ლ.ა.). მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ კილბურგერის ამბავი, მაგრამ მაინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი: „ისინი ცნობილი ხალხია“, „მათ უამარავი ფული აქვთ“.

მე კი ვუთხარი, რომ შეეძლოთ გაეკეთებინათ, რაც სურდათ, შეეძლოთ ეცადათ შერკინებოდნენ საკითხებს, რომლებიც, მათი აზრით, მოსაწესრიგებელი იყო მათ სკოლაში, სამეზობლოსა თუ ქალაქში. ამისთვის მოსწავლეებს სამი კვირა მივეცი.

ამ ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვებს არაერთი პრობლემა აწუხებდათ: უსახლკაროებისა, ადამიანები, რომლებსაც საჭმელი აკლდათ, სამეცნიერო წრის არარსებობისა და სხვა. რამდენიმე პროექტი მართლაც დამაფიქრებელი აღმოჩნდა.

იქნებ ყველამ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც სურს, მაგრამ ასეთი პროექტები მათ დაეხმარება, გააცნობიერონ მთავარი – ძალისხმევას ყოველთვის მოჰყვება შედეგი!

ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ მასწავლებლის მსოფლიო პრიზის (Global Teacher Prize) ნომინანტთა სიაში შემიყვანეს.

ამ კონფერენციაზე გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებლობა!

შეუძლებელია სიღარიბეზე, ომზე, რასიზმზე ან ტერორიზმზე საუბარი განათლებაზე საუბრის გარეშე. განათლება უშუალოდ უკავშირდება მსოფლიოში არსებულ უამრავ პრობლემას და, ამავე დროს, მათი მოგვარების გასაღებია.

წინათ მეც სკეპტიკურად განვეწყობოდი ხოლმე, როდესაც მესმოდა: „შევცვალოთ ეს!“ ვფიქრობდი: „კარგი, გავაკეთებ, რაც შემიძლია“. დღეს კი ამისი მჯერა. რად გვინდა პომპეზური ფრაზები? მე უბრალოდ ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვისაც სჯერა, რომ „ჩვენ შევცვლით!“

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

თავისი ეპოქის მუსიკალური გენია

0

ის მთელი სიცოცხლე საყვირზე უკრავდა და ჩახლეჩილი ხმით მღეროდა პოპულარულ სიმღერებს ღამის კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში. მსოფლიოს დამპყრობელი ლუი არმსტრონგი ჯაზის ხელოვნების ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა. ადამიანთა ცნობიერებაში „არმსტრონგი“ და „ჯაზი“ სინონიმებია. რაღა თქმა უნდა, ლუის შესახებ საუბარი ჯაზზე საუბარს ნიშნავს.

ლუიმ მძიმე გზა სტორივილის ჯურღმულებიდან დიდების მწვერვალამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა. მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ატმოსფერო შემაძრწუნებელია – სიღარიბე, რასობრივი ჩაგვრა, განგსტერები, ნარკომანია, ლოთობა და გარყვნილება. ის,  ფაქტობრივად, შავკანიანთა გეტოში – ამერიკული საზოგადოების ფსკერზე ცხოვრობდა. ადამიანები კი ადამიანებად რჩებოდნენ, გაჭირვების ჟამს ერთმანეთს მხარში ედგნენ და უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფოდნენ.

სტორივილის უსწავლელ, ღატაკ ბინადრებს ნამდვილ კულტურასთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ ჰქონდათ მუსიკა, რომელიც მათ ყველაფრის მაგივრობას უწევდა. ჯაზი სწორედ ასეთ გარემოში ჩაისახა. ახალგაზრდა არმსტრონგის გასაოცარი ნიჭიც ამ ნიადაგზე გაღვივდა.

არმსტრონგის ცხოვრებაში ახალმა ორლეანმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ის შეერთებული შტატების ყველაზე მუსიკალური ქალაქი იყო, შეიძლება ითქვას, მთელი დასავლეთ ნახევარსფეროსიც კი. აქ მუსიკა ყოველ ქუჩაზე ისმოდა. ყოველდღე საცეკვაო მოედნებზე ათეულობით ანსამბლი გამოდიოდა. ქალაქს საკუთარი სიმფონიური ორკესტრებიც ჰყავდა. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ქალაქში ერთდროულად მღეროდა სამი საოპერო დასი. არსებობდა შავკანიანთა ფილარმონიული საზოგადოება, რომლის ორკესტრი რეგულარულად მართავდა კონცერტებს.

მუსიკა, რომელიც ყოველი მხრიდან გამუდმებით ჟღერდა, ლუისთვის ურთიერთობის ისეთივე ბუნებრივი საშუალება გახდა, როგორიც მეტყველება.

ლუი დენიელ არმსტრონგს ჯაზის მუსიკოსობა ალბათ თვით ბედმა არგუნა – ის ხომ ახალ ორლეანში, ამერიკული ჯაზის სამშობლოში დაიბადა 1901 წლის 4 აგვისტოს. ბავშვობა ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ კვარტალში გაატარა. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა, ამიტომ ბიჭუნა პრაქტიკულად ქუჩაში გაიზარდა. რა სამწუხაროა, რომ ლუის დაბადების დღე ბავშვობაში არასდროს აღუნიშნავთ. მისთვის არავის უჩუქებია ველოსიპედი ან ბეისბოლის ხელთათმანი.

ბიჭი უმამოდ კი გაიზარდა, მაგრამ გულისხმიერი და მოყვარული დედა ჰყავდა. მის გარშემო ტრიალებდნენ ადამიანები, რომლებიც „პატარა ლუის“ თავისიანად მიიჩნევდნენ და გაჭირვების ჟამს ხელს უმართავდნენ. თუმცა თავადაც არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა: მუშაობდა ნავსადგურში მტვირთავად, დაატარებდა ნახშირს, ყიდიდა გაზეთებს… დროდადრო თანატოლებთანაც თამაშობდა. და რაც არ უნდა ეკეთებინა, გასართობი ადგილებიდან – საცეკვაო დარბაზებიდან თუ ბორდელებიდან – გამუდმებით ესმოდა მუსიკა – ჯაზი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ ჯაზს.

არმსტრონგს განსაკუთრებით მოსწონდა პიტ ლალას ორკესტრი, რომელშიც უდიდესი კორნეტისტი ჯო კინგ ოლივერი უკრავდა. ლუის პირველი მასწავლებლის ვინაობა ძნელი სათქმელია. კორნეტისტი ბანკ ჯონსონი ამტკიცებდა, რომ პირველი ნაბიჯები არმსტრონგმა მუსიკაში მისი ხელმძღვანელობით გადადგა, მაგრამ თავად ლუი ამბობდა, რომ მას უდიდესი კინგ ოლივერი ასწავლიდა.

ერთი მუსიკათმცოდნე წერს: „ერთ მშვენიერ დღესაც გაუბედავი ახალგაზრდა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი სიმღერა საზოგადოებას მოსწონს. იმ წუთიდან ლუი სცენაზე მოსახვედრად ყოველგვარ შესაძლებლობას იყენებს. ეს გარდამტეხი მომენტი იყო მის მუსიკალურ კარიერაში. მას შემდეგ საზოგადოება ლუი არმსტრონგს აღიქვამდა არა მხოლოდ ჯაზის შესანიშნავ იმპროვიზატორად, არამედ მომღერლად, რომელიც სიმღერას საყვირს აყოლებდა“.

ჯაზის წინაშე ლუი არმსტრონგის დამსახურება ამ ჟანრის აღმოჩენასა და ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. იგი ძერწავდა ჯაზის ორიგინალურ ენასა და ფორმას, ამკვიდრებდა დღემდე არსებულ უმნიშვნელოვანეს კანონებს. სწორედ არმსტრონგმა განსაზღვრა ჯაზის მხატვრული ორიენტირები, მოახდინა მისი პირველადი მარტივი ფორმების რეკონსტრუქცია, აღმოაჩინა ახალი იმპულსები, მანამდე შეუმჩნეველი გამომსახველობითი საშუალებები.

არმსტრონგმა მსოფლიოს ჯაზის ხელოვნების იმდენად ფართო შესაძლებლობები დაანახა, რომ მისი შესრულება და შესწავლა დაუსრულებლად შეიძლება. მან ჯაზი ხარისხობრივად განსხვავებულ დონეზე აიყვანა და ამით გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებზე. უდავოა – არმსტრონგი რომ არა, თანამედროვე მუსიკალური სამყარო სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ჯელი როლ მორტონს შესაძლოა სამართლიანად მიეწეროს ჯაზის გამოგონება (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევდა), მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი გამომგონებელი, ჯაზის ჭეშმარიტი მეფე ლუი არმსტრონგი გახლდათ. ის ავანსცენაზე პირველი გამოვიდა, შეცვალა ორკესტრის ჩვეული ჟღერადობა და უცვლელ სოლისტად იქცა.

1928 წლის ჩანაწერი „West End Blues“ არმსტრონგისა და პიანისტ ერლ ჰაინსის შესრულებით ყველაზე ცნობილ იმპროვიზაციად მიიჩნევა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე.

ერთი სიტყვით, როგორც ხშირად ამბობენ, არმსტრონგი ჯაზის არა მხოლოდ მეფეა, არამედ სულიც.

 

***

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა 1971 წლის ბოლო კონცერტის შემდეგ წერდა: „ლუი სუსტად იყო, ძლიერ სუსტად. ის ჯერ კიდევ ვერ გამოკეთებულიყო ავადმყოფობის შემდეგ. სცენაზე ასვლასა და ჩამოსვლაში მომსახურე პერსონალი ეხმარებოდა. დახმარება მხოლოდ სცენაზე არ სჭირდებოდა.

იმ საღამოს არმსტრონგი ბევრს მღეროდა. ფილტვებს ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაგრამ განუმეორებელი ხმა მაინც ძველებურად ჟღერდა. მღეროდა ძლიერი, მრავალფეროვანი, სეისმური ვიბრატოთი, რომლისგანაც გამოვიდნენ ბლუზის დედოფლები: ელა ფიცჯერალდი და ბილი ჰოლიდეი, ჰეროინისგან ნაადრევად დაღუპული ნახევრად გიჟი და ნახევრად გენიოსი, ნიუ-იორკის ჰარლემის მუსიკალური ჯუნგლების ტარზანი ჯიმი ჰენდრიქსი.

მეორე განყოფილებაში ლუი უფრო მეტად საყვირზე უკრავდა… ისეთი გააფთრებით ჩაბერავდა ხოლმე, თითქოს ბოლოს და ბოლოს საიდუმლო ამოიცნოო… როგორ შეიძლება ჟანგბადის გარეშე ისე ცხოვრება, რომ არ ჩაისუნთქო და მსმენელთა სულებში მხოლოდ შემოქმედებითი ტანჯვით ამოისუნთქო.

გამოსვლის დასასრულს არმსტრონგი ბროდვეის მიუზიკლიდან თავის უკანასკნელ ჰიტს „ჰელოუ, დოლის“ მღერის, და როდესაც ხედავ რამპების ჩირაღდნების ქვეშ მის ეულ სილუეტს, ჩამოშვებულ მხრებს, გაოფლილ სახეს, მოულოდნელად გაიაზრებ, რომ ეს ადამიანი სცენაზე არა „ჰელოუ დოლის“, არამედ „გუდ ბაი, სეჩმოს“ მღეროდა“.

უდიდესი მუსიკოსი და მთელი მსოფლიოს მუსიკის ელჩი 1971 წლის 6 ივლისს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

„არმსტრონგის გარეშე ამერიკული მუსიკა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც არის“.

პროფესია – მასწავლებელი- მერაბ ბერიძე

0

„მასწავლებლობა თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი. ბავშობიდანვე ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი მასწავლებელი.  მადლობა ღმერთს, რომ შემისრულდა ოცნება და 41 წელი დავასრულე უკვე, რომ ამ სკოლაში ვმუშაობ“

 

მერაბ ბერიძე, დერცელის საშუალო და კიკიბოს დაწყებითი სკოლების დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი, საუბარს ამ ფრაზით იწყებს. მასთან მცირეხნიანი ურთიერთობაც საკმარისია, რომ დაინახო – ეს ადამიანი მთელი მონდომებით, შემართებით აკეთებს საქმეს. თვალები სიხარულით უბრწყინავს, როდესაც მოსწავლეების წარმატებებზე ყვება, იმედით უყურებს მომავალს, გადასაჭრელ პრობლემებსა და სირთულეებზეც ისეთი გადამდები ოპტიმიზმით საუბრობს, გულით გჯერა, რომ ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.

19 წლისამ საშუალო განათლებით დაიწყო მუშაობა სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. იმ პერიოდისთვის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი იყო არამარტო რაიონში, არამედ მთელ საქართველოშიც. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ჯერ თბილისში, ზოგადტექნიკური დისციპლინისა და შრომის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ბათუმის კორპორაციული ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა.

1977 წლიდან დღემდე დერცელის საჯარო სკოლაში მუშაობს. მაშინ სწავლა რვაწლიანი იყო, შემდეგ სკოლა არასრულ საშუალოდ გადაკეთდა, დღეს საჯარო სკოლაა. 2014 წლის სექტემბრიდან იყო დირექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი, ამავე წლის დეკემბრიდან კი უკვე დირექტორად დაინიშნა.

„არც დერცელის და არც კიკიბოს სკოლები არ იყო რეგისტრირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ორივე ადგილობრივი გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა. არც ნაკვეთები ყოფილა რეგისტრირებული, გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამეკანონებინა და  სამინისტროსთვის გადაცემულიყო სკოლები. ამის შემდეგ ორი ტენდერი  გამოცხადდა, დღეს კი უკვე სპორტული მოედანი აქვს სკოლას“.

ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი განსაკუთრებით ახარებს სოფლის მოსახლეობას და ჟრიამული აქ არდადეგების დროსაც არ წყდება. 70 მოსწავლეზე გათვლილი სპორტული მოედანია, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის:

„რაც მოედანი გაკეთდა და ბავშვებს თამაშის და ვარჯიშის საშუალება მიეცათ, ისეთი გატაცებით თამაშობენ, არ არის გამორიცხული რომელიმე სასახელო ფეხბურთელიც იყოს მათ შორის. ცუდი ისაა, რომ ჩვენს მაღალმთიან სოფელში  ზამთარი ექვსთვე-ნახევარი გრძელდება. სპორტის გაკვეთილები ამ თვეების განმავლობაში გარეთ ვერ ჩატარდება. არადა, იქნებ რამდენი კარგი მოჭიდავე ან რომელიმე სხვა სპორტის მომავალი ვარსკვლავია აქ და ჩვენ კიდევ საშუალება არ გვაქვს, სავარჯიშო სივრცე მაინც შევთავაზოთ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. გარემო და ბუნებრივი პირობები ყველანაირად ხელს გვიწყობს, სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო, მაგრამ ინფრასტრუქტურაც თუ წაგვეშველება, ძალიან კარგი იქნება. მაქვს არაერთი წერილი მიწერილი სპორტული დარბაზის მშენებლობაზეც, თუმცა პასუხს ჯერაც ველოდები. ძალიან მადლიერი ვიქნები თუ ამითი დაინტერესდებიან, რესურსცენტრი ნამდვილად მხარში მიდგას, ნებისმიერ თხოვნას და წერილს ყურადღებით ეკიდებიან. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის“.

სკოლა ულამაზესი სოფლის, დერცელის ცენტრშია. ხის ფინური სტილის კოტეჯი ერთი შეხედვით, მყუდრო და სასიამოვნო სანახავია, თუმცა…

„16 კვადრატული მეტრია ჩვენი სკოლის თითო საკლასო ოთახი. ერთადერთია 20 კვადრატი, ესეც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, ბავშვებს სივრცე არ აქვთ. ფინური სტილის ხის შენობაა და თუ სკოლის ერთ ბოლოში მოსწავლე გაკვეთილს ომახიანად ჰყვება, მეორე ბოლოში ესმით. ნათელია, თუ როგორ პირობებში გვიწევს მუშაობა. ძალიან კარგი იქნება, რომ მქონდეს ფართი სკოლაში. ამ ეტაპზე თანხა იმისთვის, რომ შევიძინოთ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ლაბორატორიები ბიუჯეტში გვაქვს. ეს საშუალებას მოგვცემდა ჩატარებული გაკვეთილი  შემდეგ ცდების საფუძველზე განგვემტკიცებინა. თვალსაჩინოებები ხომ უმნიშვნელოვანესია ამ საგნების სწავლებისას, მაგრამ საკმარისი ფართი არ გაგვაჩნია“.

სივრცე სკოლაში მართლაც არ არის საკმარისი. ბატონ მერაბს ერთ ოთახში შევყავართ –

„ამ ოთახში გვაქვს ბიბლიოთეკა, აქვეა კომპიუტერები, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ხომ უნდა ჰქონდეთ წვდომა ბავშვებს და ყველაფერი, რაც ზეიმებისთვის გვჭირდება, მთელი ინვენტარი, ინსტრუმენტები – აქვე გვაქვს განთავსებული. არ არის შესაძლებლობა რომ მოსწავლე შევიდეს ბიბლიოთეკაში, დაჯდეს, წაიკითხოს, იმუშაოს“…

მოუხედავად ფართის სიმცირისა, როგორღაც ახერხებს სასწავლო რესურსების, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შემოტანას…

„ვუკავშირდები სხვადასხვა კომპანიას, გამომცემლობებს,შეძლებისდაგვარად შემოგვაქვს ლიტერატურა. წელს შემოვიტანე ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიებისთვის საჭირო მცირე ინვენტარიც. ეს ძალიან ეხმარება მოსწავლეს ნასწავლის გაგებასა და გააზრებაში. მოტივაციასაც უმაღლებს“.

სკოლის მოსწავლეების წარმატებებსა და მიღწევებზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს:

„ჩვენი სკოლიდან 1965 წლის 9 სექტემბერს არის დაწერილი ნომერ პირველი ბრძანება, რომელსაც ბეჭედიც არ აქვს დასმული, რადგან არ ჰქონდათ, ალბათ. იმ დღიდან 2015 წლამდე ჩვენი სკოლის მოსწავლეები მხოლოდ მხატვრულ-შემოქმედებითი წრის მუშაობაში იღებდნენ მონაწილეობას. რამდენი ოლიმპიადა ტარდება, კონკურსები, შეხვედრები – ძალიან დიდი ძალისმხევა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილი წრე გარღვეულიყო. ყველაზე რთული მშობლების ნდობის მოპოვება იყო. არ უშვებდნენ შვილებს, ეგონათ, არასათანადოდ იყვნენ ბავშვები მომზადებულნი, არადა თბილისში ვიყავით, მე ვხელმძღვალნელობდი ამ გასვლას და შვიდი ოქროს მედალი მოვიპოვეთ.

მეშვიდე კლასის მოსწავლე მერაბ ბერიძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე ფინალში მოხვდა და მოიგო კიდეც,

მეოთხე კლასის მოსწავლე რაულ ირემაძე ინგლისურის ოლიმპიადის ფინალისტი და გამარჯვებულია.

ერთი გოგონა, რომელიც ფინალში უმაღლესი ქულებით მოხვდა, მშობელმა აღარ გაუშვა ფინალურ შეხვედრაზე, თორემ ეს მესამე გამარჯვებულიც გვეყოლებოდა.

სხვა ბევრ ღონისძიებაშიც გვაქვს მონაწილეობა მიღებული ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ არა, მაგრამ იმდენად გამარჯვება და მედლებიც არ არის ჩემი მიზანი. მინდა ამ ბავშვებმა თვალსაწიერი გაიფართოვონ, მოტივაცია აიმაღლონ, ინტერესი გაუჩნდეთ, ახალი ადგილები მოინახულონ, მეგობრები შეიძინონ, გამოცდილება დააგროვონ“.

სოფელი დერცელი 23 კილომეტრითაა დაშორებული რაინულ ცენტრს. დაახლოებით 10 კილომეტრი აქედან უასფალტო გზაა. სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, მედპუნქტი, სადაც თუნდაც პირველადი დახმარების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ მიზეზების გამო სოფლიდან მოსახლეობის გადინება გასაკვირი არც არის. ამავე მიზეზების გამო ჭირს სპეციალისტების მიზიდვა და დასაქმებაც:

„როდესაც დავიწყე მუშაობა 33 მოსწავლე იყო. 43 მოსწავლე გვეყოლება წელს. ყველა საგნის სპეციალისტი რომ მყავდეს სკოლაში, მოსწავლეც მეტი მოვა. ცხადია, მიჭირს სპეციალისტი კადრების მოწვევა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მოვიწვიე დაწყებითების სპეციალისტი, ინგლისურის მასწავლებელი, გვყავს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილე და დღემდე მაქვს მცდელობა მასწავლებელთა სახლიდან მოვიწვიო სერტიფიცირებული სპეციალისტები, მაგრამ საბოლოოდ მასწავლებელი მაინც უარს ამბობს და არ მოდის. სოფელი მაღალმთიანია და ეს სახელფასო დანამატიც არსებობს, მაგრამ მაინც უღირთ აქ მუშაობა და ცხოვრება…გასაგებიცაა მიზეზი… ხშირად მასწავლებელს ტაქსიც დაუქირავებია, რომ გაკვეთილზე მოსულიყო. ამის საშუალება ხომ ყოველთვის არ არის, მთელი ხელფასი გზას დაახარჯო.“

დერცელის სკოლაში განსაკუთრებით მწვავედ დგას ქიმიისა და ფიზიკის საგნების სწავლების საკითხი. არ ჰყავთ არც რუსული ენის, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი, არც ბილოგიის სპეციალისტი. საათები გადაეცა არასპეციალისტს, რომელსაც უმაღლესი განათლება კი აქვს, მაგრამ არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია.

„ეს პრობლემაა, რადგან ასე ჩატარებული გაკვეთილი, მიუხედავად მასწავლებლის მონდომებისა, სათანადო ცოდნას ვერ გადასცემს მოსწავლეს. ისევ ის ზარალდება. თუ სამინისტრო და მასწავლებელთა სახლი გაგვიწევს სათანადო დახმარებას, კარგი იქნება“.

მერაბ ბერიძე სოფელ კიკიბოს დაწყებით სკოლასაც კურირებს. კიკიბო 5 კილომეტრითაა დაშორებული დერცელს.

„იქაც საჭიროა ყურადღება, მონიტორინგი. დღის განმავლობაში იქით რომ გავიდე და უკან დავბრუნდე, იმდენად ცუდი გზაა, მთელი დღე მეკარგება თითქმის. ტრანსპორტირება განაკუთრებით ჭირს ზამთარში. კიკიბოც და დერცელიც რაიონის ცენტრიდან ყველაზე შორს მყოფი სოფლებია. მოსწავლები კილომეტრებს დადიან ფეხით. ივნისის თვეშიც მოსახლეობა მთაში გადის და ბავშვებიც თან მიჰყავთ. რამდენიმეჯერ ავსულვარ თვითონ და ბავშვები დამიბრუნებია სკოლაში, რომ სასწავლო პროცესს არ ჩამოშორებოდნენ“.

ინტერვიუ ივლისში ჩავიწერეთ.  ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი სკოლაში სასექტემბრო სამზადისი შეინიშნებოდა. იქ სკოლის შემორაგვა იგეგმებოდა, აქ ეზოს კეთილმოწყობა…როდესაც მასალის გამოქვეყნებამდე ჩვენს რესპონდენტს დავუკავშირდით, გვაცნობა, რომ სკოლა უკვე შემოღობილია, ეზოც კეთილმოეწყო და ახლა საფრენბურთო მოედნის მოწყობაც იგეგმება…

ამ ადამიანის პორტრეტი სრული არ იქნება, თუ მის „არასასკოლო“ ინტერესებსა და საფიქრალზეც არ ვისაუბრებთ. დერცელში სტუმრობისას მასთან ერთად ფეხით შემოვიარეთ სოფლის შემოგარენი და არაერთი საინტერესო, ისტორიული ადგილიც მოვინახულეთ.

„ჩვენს სოფელში არის 15-მდე ისტორიულ-კულტურული ძეგლი, მე ეს დასურათებულიც მაქვს. არავინ იცის რა დანიშნულებისაა ეს ძეგლები, შეუსწავლეელია უამრავი ობიექტი. ჩვენმა მომავლებმა უნდა იცოდნენ, რას ინახავს ეს მხარე, რა საიდუმლოა ჩამარხული ამ ძეგლებში. დღეს არ ვიცით, რას ემსახურებოდა ეს შენობა-ნაგებობები, ეს ჩემი ინტერესია. ფეხით მაქვს მოვლილი თითოეული მათგანი და ხუთი-ექვსი წლის წინ სულ სხვა სურათი იყო. ნებისმიერი განვლილი ზამთარი თავის დაღს ადებს ამ ძეგლებს. ნადგურდება ეს ისტორია და კარგი იქნება თუ ვინმე დაინტერესდება, იქნებ აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყოს. არქეოლოგებისთვის ნამდვილი  საბადოა აქაურობა“.

სადაც მუშაობაა, იქ პრობლემებს რა გამოლევს, მოუგვარებელი არაფერია – იმედიანად გვეუბნება  მასპინძელი და ჩვენც იმედით ვუზიარებთ მკითხველს ამ მასალას.

იქნებ, „კარგი გამგონე“ გამოუჩნდეს ნათქვამს.

იქნებ მცირედი მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ…

ფოტოები – თომას ვან ჰეიმერთი

 

წვიმები და სექტემბერი

0

ოცი სექტემებრის მერე მოდიოდა წვიმა. წვიმა ნიშნავდა ტილოზე ზაფხულის მობერებული საღებავით შემორჩენილი ფერების ჩამორეცხვას და სხვა დროს – თხილის და სიმინდის რჩევის დროს, ფეჩის შენთების მოსინჯვის დროს, ადესის დაწურვის დროს და საღამოობით მივიწყებული ლაპარაკების გახსენების დროს. თითქოს ყველა სიტყვა, რაც ზაფხულის სიჩქარეებმა ჩაყლაპეს ერთად უნდა გვეთქვა სევდიან სახლში, ლამპის დაღლილი ნათლის თანხლებით, როგორც გარდაუვალი ლოცვა დიდი ღამეების შეგებებისას.

წვიმდა ყველგან და ყველაფერს წვიმა ერქვა. ანუ ნაცნობი ადგილები სხვაფერდებოდნენ. ჩეჩმამდე მისასვლელი გზაც მავთულის თანმდევი ღობით, სადაც კვახის ჯერ კიდევ მწვანე ფოთლები დუმფარებივით იგუბებდნენ წყლის წვეთებს და წამით ყოველთვის შევჩერდებოდი ხოლმე. ხელს ვკრავდი, ჩამოვფერთხავდი და გზას გავაგრძელდები თავზე მოხურული ბუშლატით. ეგ იყო შემოდგომის შესავლისას ტუალეტში წასვლის აუცილებელი რიტუალი.

აწვიმდა ღამეებსაც და ხანდახან წვიმა სიზმრებში გამოუარდა, როგორც სახლის მოძველებულ სახურავში. სიზმრის წვიმა დიდად გასაკვირი ვერ იქნება – არ მასველებდა, სახლში შემოპარულისთვის კი აუცილებლად უნდა შეგედგა რამე და მერე გეცვალა. ტაშტი, ვედრო ან ლახანკა. როგორც წესი, ეს საქმე სხვენში ხდებოდა და მანდ ასვლა ტაშტის გამოცვლა კილიმანჯაროზე ასვლისოდენა რიტუალი იყო, ეგ იყო – ლეოპარდი არ გვხვდებოდა.

აწვიმდა დენის კაცსაც, რომელიც სიმბოლურად მიდიოდა ნემსით გაჩერებულ მრიცხველთან, მერე მიდიოდა მაგიდასთან, აიღებდა კარალიოკს, ერთ რონკა ოტკას გადაკრავდა და მერე საერთოდ მიდიოდა.

აწვიმდა გელა კიკვაძესაც და სველი გელა კიკვაძე ბრძნული სახით ამბობდა, რომ კაცმა ქოლგა არ უნდა დაიფაროს. გელა ადრე გარდაიცვალა. ცეროზით. მერე გელა გაასვენეს. და იმ დღეს გაწვიმდა. მივდიოთ აღმართზე და მიგვყავდა გელა მოყავისფრო კუბოთი. ვიღაცას ხელში ქოლგა ეჭირა და აფარებდა. გელა ქოლგის ქვეშ პირველად და უკანასკნელად იყო. შეიძლება ამიტომაც ხუჭავდა თვალებს. არ უნდოდა ქოლგის დანახვა.

ოქტომბერზე სხვა დროს მოგიყვებით.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...