შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

„ფიშბოუნის“  გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

ინფორმაციის გრაფიკული სტრუქტურირება მასწავლებელს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს თვალსაჩინოდ წარუდგინოს სასწავლო მასალა ცალკეული თემის მიხედვით და ამავე დროს შეამციროს ინფორმაციის მოცულობა მხოლოდ ძირითადი ცნებებისა და მათ შორის ლოგიკური კავშირების გადმოცემის გზით.

მოსწავლეების მიერ  გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებით ინფორმაციის დამუშავებისას მასწავლებელი იგებს, როგორ ესმით და აღიქვამენ მოსწავლეები ინფორმაციას.

სისტემატური და მიზანმიმართული მუშაობა სასწავლო ინფორმაციის გრაფიკული ორგანიზატორების სახით წარმოსადგენად უადვილებს მოსწავლეებს სწავლის პროცესს.

რა არის „ფიშბოუნი“?

მეთოდი „ფიშბოუნი“ სწორედ გრაფიკული ორგანიზატორის ერთ-ერთი ფორმაა. თვითონ სიტყვა თარგმანში „თევზის ფხას“ ან „თევზის ჩონჩხს“ ნიშნავს და მიმართულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისაკენ თვალსაჩინოებრივ-შინაარსობრივი ფორმით. ამ მეთოდის არსი გასაანალიზებელ ობიექტსა და მასზე მოქმედ ფაქტორებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და არგუმენტირებული არჩევნის გაკეთებაა. მეთოდი ასევე ავითარებს ინფორმაციაზე მუშაობის, პრობლემის  იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების უნარებს.

ფიშბოუნის საფუძველი თევზის ჩონჩხის ფორმის სქემატური დიაგრამაა.  ბევრ ქვეყანაში ეს დიაგრამა ცნობილია იაპონელი პროფესორის იშიკავის (ისიკავის) სახელით, რომელიც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სტრუქტურული ანალიზის მეთოდის ავტორია. ფუშბოუნის სქემა გრაფიკული გამოსახულებაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია თვალსაჩინოდ  წარმოვადგინოთ და დავინახოთ  ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენის, პრობლემის ანალიზის პროცესში  მისი  გამომწვევი მიზეზები და  შესაბამისი  შედეგები.

მეთოდის დადებითი მხარეები:

ფიშბოუნის სქემაზე მუშაობა შესაძლებელია როგორც ჯგუფებში, ისე წყვილებში ან მთელ კლასთან ერთად.

ის ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას;

ხდება  მიზეზებსა და შედეგებს შორის არსებული კავშირების ვიზუალიზაცია;

შესაძლებელია ფაქტორების რანჟირება მათი მნიშვნელობის დონის მიხედვით.

სქემის დახმარებით შესაძლებელია  განსახილველი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, ამასთან  ყოველ ჯერზე ჩნდება ახალი იდეები.

როგორ შევადგინოთ ფიშბოუნის დიაგრამა?

მასწავლებელმა სქემა შეიძლება წინასწარ  დახაზოს  ფლიფჩარტზე  ფერადი მარკერებით ან დაფაზე ფერადი ცარცის გამოყენებით.  სქემა შეიძლება დაიხაზოს როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად.

დაწყებით კლასებში  უფრო მოსახერხებელია სქემას ჰორიზონტალური ფორმა ჰქონდეს, ხოლო  მისი შევსების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ეს ოქროს თევზია და  სთხოვონ მას დახმარება სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.

სქემა  4 ძირითადი ნაწილისგან  შედგება. ესენია თევზის თავი, კუდი, ზედა და ქვედა (ან  მარჯვენა და მარცხენა) ფხები. დამაკავშირებელი რგოლია თევზის ხერხემალი.  თავი – ესაა პრობლემა, კითხვა, თემა, რომლის ანალიზი, განხილვაა საჭირო.

ზედა (მარჯვენა)  ფხებზე იწერება თემის ძირითადი ცნებები, მიზეზები, რამაც  წარმოქმნა პრობლემა. ქვედა (მარცხენა) ფხებზე იწერება ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ  ზედა  ფხებზე დაწერილ მიზეზებს. თევზის კუდთან იწერება დაყენებული პრობლემის პასუხი, დასკვნა, განზოგადება.

სქემის შევსებისას მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ  მიზეზების რანჟირებაც, ანუ უნდა დაალაგონ ისინი მნიშვნელობის მიხედვით: ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები იწერება  თავთან ახლოს. ჩანაწერები უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და ასახავდეს მხოლოდ არსს.

როგორ გამოვიყენოთ სქემა?

ფიშბოუნის სქემა  გაკვეთილზე შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც  ერთი აქტივობა ამა თუ იმ სიტუაციის, პრობლემის ანალიზისას, ან როგორც მთელი გაკვეთილის სტრატეგია. მეტად ეფექტიანია მისი გამოყენება ცოდნის სისტემატიზაციისა და განზოგადების დროს, როცა  მასალა  თემის ირგვლივ უკვე გავლილია და აუცილებელია მისი სისტემაში მოყვანა, თემის ნაწილებს შორის კავშირებისა და დამოკიდებულებების დადგენა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გააცნოს პრობლემური შინაარსის ინფორმაცია ტექსტის, ვიდეოფილმის, რუკებისა და სხვა სახით.

სქემაზე მუშაობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალიურად, ასევე წყვილებსა და ჯგუფებში.  მეტად მნიშვნლოვანია სქემის პრეზენტაციის მომენტი. იგი უნდა ასახავდეს პრობლემის შინაარსს მისი გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების ურთიერთკავშირით.

გამოყენების მაგალითი

გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილზე „ფიშბოუნის“  გამოყენების   ნიმუშს:

თემა: ტყის რესურსები

  • წაიკითხეთ ტექსტი „ტყის რესურსები“ (https://mastsavlebeli.ge/?p=18337 )
  • უპასუხეთ კითხვას და შეავსეთ სქემა „ფიშბიოუნი“. ( იხ. სქემა)

– რა მოჰყვება ტყეების მასიურ გაჩეხვას (ეკოლოგიური პრობლემა);

– რა  მიზეზების  გამო წარმოიქმნება ეს პრობლემა? (ამის მიზეზია ის, რომ ტყე მზის ენერგიის მძლავრი აკუმულატორია; გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე, ბუნებაში წყლის წრებრუნვასა და ატმოსფეროში აირგაცვლაზე;  გამოყოფს ჟანგბადს,  ასუფთავებს ჰაერს მტვრისაგან;  აქვს წყალდაცვითი ფუნქცია; იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს; არის მრავალფეროვანი ფაუნის ადგილი; აქვს  რეკრეაციული და ტურისტული მნიშვნელობა).

– რა ეკოლოგიური პრობლემები წარმოიქმნება ტყეების გაჩეხვის შედეგად?  (ნიადაგის ეროზია, სტიქიური მოვლენების გააქტიურება, ცხოველების საბინადრო გარემოს განადგურება და სხვ.).

– მოიყვანეთ მაგალითები.

– რა ღონისძიებები ტარდება ამ პრობლემების გადასაჭრელად?  (წითელი წიგნი, დაცული ტერიტორიების შექმნა, ტყის დაცვის კანონების შემოღება სამთავრობო დონეზე, ტყის დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა და სხვ.).

მიღებული ინფორმაციის მიხედვით მოსწავლეები ავსებენ  სქემას და  წარმოადგენენ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით.

განათლება ნამდვილად თავისუფლებაა, ოღონდ ეს გზა პასუხისმგებლობაზე გადის

0

„ერთხელ, დილით, სამსახურში მიმავალს, ლიფტში მეზობლის ბიჭი დამემგზავრა, სკოლაში მიდიოდა. გამოველაპარაკე, ვკითხე, უხაროდა თუ არა სკოლაში წასვლა, მოსწონდა თუ არა სკოლა. მან ბავშვური გულწრფელობით შემომიბრუნა კითხვა: „თქვენ გგონიათ, არსებობს ბავშვი, რომელსაც სკოლაში წასვლა უხარია?“ მისი ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის და გამუდმებით მახსენებს თავს“.

 

საუბრის ასეთი დასაწყისის შემდეგ პირველი კითხვა მინისტრისთვის თითქოს აღარც კი უნდა დამესვა, მაგრამ მაინც ვკითხე:

 

– ბატონო მინისტრო, საზოგადოებამ მოისმინა თქვენი წარდგინება განათლების თითოეულ საფეხურზე განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით გასცნობოდნენ თქვენს პოზიციას, ასე რომ, მათ ალბათ უკვე აქვთ წარმოდგენა იმის თაობაზე, რას ითვალისწინებს თქვენ მიერ წარდგენილი რეფორმა და რას ველოდოთ მისგან.  ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს მინისტრის დამოკიდებულება, მოდი, ოდნავ უკან დავიხიოთ: მეტ-ნაკლებად ხომ იცნობდით განათლების სისტემას და მის პრობლემებს; რატომ დათანხმდით მინისტრობას?

 

გადამწყვეტი როლი სწორედ იმ გამოცდილებამ შეასრულა, რომელიც განათლების სფეროსთან მაკავშირებდა. სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები ჩემთვის მართლაც არ ყოფილა უცხო. როცა გარედან აკვირდები საქმიანობას, რომელიც შენს ინტერესებთანაა გადაჯაჭვული, ხარვეზები უკეთ ჩანს. თანამოაზრეებთან და უცხოელ კოლეგებთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ საკითხებზე და როცა მინისტრის თანამდებობა შემომთავაზეს, ვიფიქრე, რომ მართლაც მინდოდა, თავად მიმეღო მონაწილეობა იმ ცვლილებებში, რომლებიც განათლების სისტემას სჭირდებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ როცა რაღაც არ მოგწონს და გეძლევა ამის გამოსწორების შანსი, არ უნდა ელოდო, როდის აიღებს პასუხისმგებლობას სხვა. პრობლემები არის სწავლების ყველა საფეხურზე და ამას ყველა ვაღიარებთ.

 „განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია“ – ეს სიტყვები ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ადგენენ, რა თანხა უნდა გამოიყოს ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რას ნიშნავს თქვენთვის განათლების პრიორიტეტულობა?

 

განათლების პრიორიტეტულობაა ის, რომ სახელმწიფო აღიარებს მის უპირობო მნიშვნელობას, მხარს უჭერს რეფორმას, გამოყოფს ამისთვის თანხას თუ ადამიანურ რესურსებს და არამხოლოდ. პრიორიტეტულობაა ის, რომ განათლებას საზოგადოების თვალში სათანადო ფასი დაედოს, განათლებამ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მოგცეს, გჯეროდეს, რომ ცოდნა და უნარები, რომლებსაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში იძენ, მომავალში თვითრეალიზაციაში დაგეხმარება და შენს კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

განათლების პრიორიტეტულობა  გამოიხატება იმითაც, რომ ვაცნობიერებთ: შეცდომების დრო აღარ გვაქვს, ამიტომ ბევრი ფიქრის, კამათის და განხილვის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო მეტად არ დააზიანებს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ხედვა შეჯერებულია, თითოეული საქმიანობა – დროში გაწერილი. ახლა დაშვებული ერთი შეცდომის გამოსწორებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ჩვენი თითოეული ნაბიჯის უკან გააზრებული, კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა იდგეს.

არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები. ერთი მათგანია სახელმძღვანელოების გრიფირება. ბევრი ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ პროცესს ახლდა, ვესაუბრეთ სახელმძღვანელოების ავტორებს, გამომცემლებს, ექსპერტებს, გავითვალისწინეთ ყველა შენიშვნა და კარგი ის არის, რომ თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია შედგა. გავაანალიზეთ შეცდომები და სამომავლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებში მსგავსი ხარვეზები აღარ იქნება. ავტორებს და გამომცემლებს გონივრული დრო უნდა ჰქონდეთ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ.

 

წარდგინებას დავუბრუნდეთ, ოღონდ არა იმას, რაც საპრეზენტაციო სლაიდებზე ჩანდა – მინდა, კულისებში შეუძღვეთ ჩვენს მკითხველს.მოსალოდნელი ცვლილებების თქვენეული ხედვა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ცხადია, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, როგორ განხორციელდება რეფორმა და როდის.  საინტერესოა, როგორ ხედავს მინისტრი მოსწავლეზე ორიენტირებულ სკოლას – სკოლას, სადაც მოსწავლეს მიუხარია, მის ფიზიკურ გარემოს, მის შინაარსს… ავიღოთ თუნდაც უსაფრთხოება. რას გააკეთებთ ამისთვის? საკმარისია თუ არა ვიდეოკამერები, პოლიციელი სკოლასთან ან მანდატური სკოლაში?

 

სხვაგან დანერგილი, თუნდაც წარმატებული სასკოლო მოდელის პირდაპირ გადმოღება შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი სინამდვილის გათვალისწინება მოგვიწევს. სკოლის შინაარსი და გარემო მოსწავლისა და მასწავლებლისთვის სასურველი უნდა იყოს. მშობელს უნდა სჯეროდეს, რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოშია. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი აუცილებელია როგორც სკოლის მანდატურის, ასევე სკოლის ფსიქოლოგის როლის გათვალისწინება და, რაც მთავარია, მშობლის, მოსწავლისა და სკოლის ურთიერთანამშრომლობა.

როცა ეს კავშირი არსებობს, როცა პროცესში მისი ყველა მონაწილე თანაბრადაა  ჩართული, ფორმის პოვნა უფრო ადვილია. შესაძლოა, შედეგი გამოიღოს საკლუბო მუშაობამ, ცნობილი და წარმატებული ადამიანების მაგალითმა და მათმა ჩართულობამ, სპორტულმა ღონისძიებებმა, კინოფილმების ჩვენებამ და განხილვამ, მწერლების მოწვევამ და მათთან საუბარმა, სხვადასხვა ტიპის სასკოლო ღონისძიებებმა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ხედვის და სასკოლო რეფორმის ერთი მოდელის თბილისის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში დანერგვა. ნოემბერში უკვე შეგვეძლება პირველი შედეგების გაზომვა, ვნახავთ, რამ იმუშავა კარგად, სად იყო შეფერხება, გავაანალიზებთ მონაცემებს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, დავნერგოთ თუ არა ეს მოდელი სხვა სკოლებშიც, ან, თუ დავნერგავთ – რამდენში. მოდელი ითვალისწინებს როგორც საგაკვეთილო პროცესში ცვლილებების შეტანას, ისე თანამშრომლობას, ერთი მხრივ, კოლეგებს, მეორე მხრივ კი მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. თუ თანამშრომლობა არ შედგა, ცალკეული რგოლების თუნდაც სწორი ფუნქციონირება უსაფრთხო სასკოლო გარემოს ვერაფრით შექმნის.

საპილოტე სკოლა შემთხვევითი პრინციპით შევარჩიეთ, განსაკუთრებული არ გვიძებნია, რადგან იქ მიღებული შედეგები სხვა სკოლებზეც უნდა განვაზოგადოთ. წლის ბოლოს უკვე გვექნება მეტ-ნაკლებად მკაფიო სურათი და ამ მოდელის დეტალებს და შედეგებს საჯაროდ განვიხილავთ. თუ ისინი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, რეფორმა 2023 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს.

 

როგორ დაახასიათებს მინისტრი მასწავლებელს, რომლის ხილვაც სურს საკლასო ოთაში თუ მის მიღმა? რას გააკეთებს იმისთვის, რომ მასწავლებლობის მსურველ ადამიანებს გაუადვილდეთ პროფესიაში მოსვლა? ისიც საინტერესოა, სისტემაში არსებულ რომელ რეგულაციას უნდა დავემშვიდობოთ.

 

იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს. შემთხვევითი ადამიანები მასწავლებლის პროფესიას არ უნდა ირჩევდნენ; ამ პროფესიას არ უნდა ირჩევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სამსახური არ აქვთ. როცა შენ თვითონ გიხარია, რასაც აკეთებ, ამ სიხარულს სხვასაც გადასდებ. მასწავლებლობა ძალიან რთული პროფესიაა, ამიტომ არჩევანი ზედმიწევნით გააზრებული უნდა იყოს. ბუნებრივია, ეს რთული საქმიანობა სათანადოდაც უნდა დაფასდეს – ანაზღაურებით, მასწავლებლის სოციალური სტატუსით... ჩვენ ვთქვით, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 1500 ლარი უნდა გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიაში ახალი ადამიანების მოზიდვაც, რომლებსაც გადაულახავ ბარიერებს არ უნდა ვახვედრებდეთ – რეგულაციები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვერავითარი სასკოლო გარემო, ვერავითარი თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ საგანმანათლებლო სისტემა ღირებულებებისგან დაიცალა. მასწავლებელი უნდა იყოს ის, ვინც საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს ამ ღირებულებებსაც გადასცემს პირადი მაგალითით თუ სხვადასხვა უნარის განვითარებით. მესმის, რთულია, მაგრამ სხვაგვარად უკეთეს საზოგადოებას ვერ აღვზრდით.

 

როგორ დავეხმარებით მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში? საზოგადოდ, როგორი იქნება მათი პროფესიული განვითარების გზა და რა ელით მათ ამ გზაზე?

 

მასწავლებლობა სწავლებასთან ერთად სწავლაცაა, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს თავის პროფესიულ განვითარებაზე და ამისთვის მას დრო და რესურსები უნდა ჰქონდეს. მასწავლებლის სახლი ამ პროფესიის ადამიანებს უნდა სთავაზობდეს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, რომელთა ფორმატი და შინაარსი ასევე მოითხოვს ცვლილებებს. აუცილებელია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით მათი უზრუნველყოფა, მეტი დისკუსია პრობლემების გარშემო, კოლეგების მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარება. მასწავლებლებს რეგულაციების საპირწონე სერვისები უნდა შევთავაზოთ და დავარწმუნოთ, რომ თუ კარიერული წინსვლის სქემაში რაიმე რეგულაცია არსებობს, ეს მათივე პროფესიული განვითარებისთვისაა.

 

რეფორმის წარდგენისას აქცენტი „ხარისხიან განათლებასა“ და „განათლების ხელმისაწვდომობაზე“ დასვით. რას გულისხმობს ეს განაცხადი?

რეფორმა არ გახლავთ ცალკეული პრობლემების ფრაგმენტული მოწესრიგება – ეს არის მთელი სისტემის გარდაქმნა და მასში არსებული ხარვეზების თანმიმდევრული აღმოფხვრა. სკოლები ეტაპობრივად უნდა გადავიდეს ელექტრონულ მართვაზე. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული რაოდენობაზე და ამით თავის მოწონებას არ ვაპირებთ – ხარისხზე ვფიქრობთ. რეფორმა ცოცხალი პროცესია, გზადაგზა თავს იჩენს ახალი საჭიროებები და სისტემა სათანადოდ მოქნილი უნდა იყოს ამ გამოწვევების დასაძლევად.

უპირველეს ყოვლისა – მოწესრიგებულ, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურას, რომლის შექმნა ადვილი არ არის და ვერც სწრაფად მოხერხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაორმაგდება. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.

 

აუცილებლად უნდა გკითხოთ: თქვენი რეფორმის ფარგლებში როგორი უნდა გახდეს სკოლის დირექტორი?

 

დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იცნობს განათლების სისტემას და მის გამოწვევებს; აქვს მენეჯერის უნარ-ჩვევები; შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხი აგოს მასზე; ლიდერია და შეუძლია მოსალოდნელი შედეგების გათვლა. დირექტორი უნდა იყოს თავისუფალი, იკისროს პასუხისმგებლობა სკოლის შიდა რეფორმაზე და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს იოლი არ არის, მაგრამ მეტი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პირობებში შესაძლებელია.

 

რატომ უნდა ენდოს ჩვენი ჟურნალის მკითხველი დაპირებას, რომ თქვენი საქმიანობა  ეფექტური და მდგრადი იქნება? და აქვე – რა არის თქვენი მთავარი გზავნილი „მასწავლებლის“  მკითხველისთვის?

 

ამ კითხვას პასუხს ჩვენ მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა გასცემს. რეფორმის მდგრადობა და ეფექტურობა ცალკეულ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული და მათი შეცვლა ცვლილებებს ვერ შეაფერხებს.

მთავარი გზავნილი კი განათლებას და ღირებულებას უკავშირდება: განათლება ნამდვილად თავისუფლებაა, ოღონდ ეს გზა პასუხისმგებლობაზე გადის.

სკოლა + ოჯახი = მეგობრებს

0

წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ მანქანით ზოლში მოძრაობა მოგთხოვოთ, მაგრამ ქუჩები არ დახაზოს! საღებავიც კი არ დახარჯოს ზოლების გავლებაზე. თქვენ კი უხილავი საზღვრების დაცვა მოგეთხოვებოდეთ! ანუ იმ წესების დაცვა, რომელიც არ არსებობს! თქვენ მოძრაობის დროს ქაოსს ქმნიდეთ, ამის გამო კი გსაყვედურობდნენ.

დაახლოებით ასე მიდის სკოლებში მშობელთა ჩართულობის საქმე. საგანმანათლებლო პროცესებში მშობელთა მონაწილების არც ერთიანი ცენტრალიზებული სტანდარტი არსებობს და არც თავად სკოლებს გაუწერიათ ოჯახის მონაწილეობის პროგრამები. ასობით სკოლის კარი მშობლებისთვის კვლავ დახურულია და მხოლოდ პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ერთი ან ორი საათით იღება.

ოჯახის  მონაწილეობა  სასწავლო პროცესში მოსწავლეზე რომ დადებითად აისახება, მეტ-ნაკლებად ყველამ გაიგო, მაგრამ როგორ უნდა ჩაერთონ, ვინ უნდა ჩართოს ან რას ნიშნავს ჩართულობა, მაინც გაურკვეველი რჩება. უყურებენ მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთს გაყინული თვალებით. იციან, რომ ერთობლივი საქმე აქვთ, ერთ ქვაბში უნდა მოამზადონ სადილი, მაგრამ ორივეს თავისი რეცეპტი აქვს და არცერთი არ თმობს დროს ნაცადი ინგრედიენტების გადასახედად.

ყინულის ლღობას დრო სჭირდება!

ხიდის აშენებასაც დრო უნდა!

წესით და რიგით, სკოლა უნდა იყოს  მთელი ამ აქტივობების ინიციატორი და პროაქტიულად მაუწყებელი. სკოლამ უნდა შეიმუშაოს პროგრამები, მოიწვიოს მშობლები, სთხოვოს თანამშრომლობა, გადაამზადოს პედაგოგები, მაგრამ რაკი დრო გადის და ასე არ ხდება, ინიციატივების გამოთქმა მშობლებს თავადაც შეუძლიათ. არ ღირს ლოდინი, როდის შემოგთავაზებენ ჩართულობას. თუ ასეთი იდეები გაქვთ, სჯობს, თავად იაქტიუროთ, გაუზიაროთ სკოლას, დამრიგებელს, ადმინისტრაციას.

სანამ თანამშრომლობა უფრო მაღალ სტანდარტებზე გადავა, ურთიერთობა მარტივი აქტივობებით უნდა დაიწყოს.

ზოგადი წესი: ნებისმიერი ინიციატივის არსებობისას, რომელიც კლასს ეხება, უმჯობესია, მშობელმა ჯერ სხვა მშობლებს მიმართოს და მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. თანამოაზრეებთან ერთად კი სკოლის ადმინისტრაციას და კლასის დამრიგებელს დაელაპარაკოს. სასურველია, პირველადი შეხვედრა ვერბალური კომუნიკაციით შემოიფარგლებოდეს, ანუ მშობლებმა ორიოდე სიტყვით აუხსნან სკოლას და მასწავლებელს, რატომ და რა სახის ჩართულობა სურთ. მიზანი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

მშობლების ინიციატივების მიზანია: მეტი საერთო ინტერესი გაუჩნდეთ მშობლებს, შვილებსა და სკოლას. განიმტკიცონ ურთიერთობები და გაუმჯობესდეს მშობლების პოზიტიური ჩართულობის ხარისხი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის ხარისხსა და მოსწავლეთა მიღწევებზე.

 

ან ასე: მშობლების ინიციატივების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას; ასევე, სკოლასა და ოჯახს შორის მოკავშირის და მეგობრის დანახვას.

ან უფრო მარტივად: მშობლების მიზანია, აჩვენონ შვილებს, რომ ერთმანეთთან მეგობრობენ და ამით დაამარცხონ კლასში გავრცელებული ბულინგი.

 

შემდეგ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, მშობლებმა მარტივი ინიციატივების კრებული, რომელთა გაკეთებაც მაინცდამაინც დიდ ხარჯებს და ბევრი ადამიანის თავისუფალ დრო არ მოითხოვს, წერილობით წარუდგინონ სკოლას. გასათვალისწინებელია, რომ მშობელთა ჩართულობის პროექტი ხელს არ უნდა უშლიდეს საგაკვეთილო საათების მიმდინარეობას.

ასეთი აქტივობები კი მრავალია. მაგალითად:

  1.  „მკითხველთა კლუბი“ – აქტივობას ორი მიზანი აქვს. ა) ბავშვებმა შეიყვარონ კითხვა; ბ) წიგნებში აღწერილ რთულ და დელიკატურ საკითხებზე ღიად და თავისუფლად ისაუბრონ უფროსებთან ერთად.

 

ამ აქტივობაში აუცილებელია, ჩაერთოს ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც სემესტრში ერთხელ მაინც მოაწყობს „მკითხველთა კლუბს“. ამ კლუბის ფარგლებში კლასის გამოწვევების საპასუხოდ ქართულის პედაგოგთან ერთად შეარჩიეთ წიგნი, რომელსაც მშობლები და შვილები ერთად წაიკითხავენ. შემდეგ კი მოაწყობთ შეხვედრას, სადაც ასევე, ერთად განიხილავთ წაკითხულ წიგნს/მოთხრობას. სასურველია, განხილვები გასვლით შეხვედრებზე მოაწყოთ და მისი ფასილიტაცია მასწავლებელმა უზრუნველყოს. შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, მედიათეკა, მწვანე გარემო ან რომელიმე მოსწავლის სახლი.

 

  1. გასვლითი ღონისძიებები, რომელიც სკოლის კედლებში ბავშვების რუტინულ ყოფას გაამრავალფეროვნებს. მასწავლებელს დრო იშვიათად რჩება არაფორმალური განათლებისთვის. ასეთ დროს მშობლებს ადვილად შეუძლიათ ბავშვებისთვის იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე სკოლის ფანჯრებიდან ჩანს. ამისთვის კი შენობიდან მათი ერთობლივი გაყვანა საუკეთესო გამოსავალია. სად შეიძლება კლასის წაყვანა:

 

  • მშობელი ერთგვარი რესურსია. ყველა მშობელს განსხვავებული სოციალური კავშირები აქვს. შესაძლოა, რომელიმე მათგანს საინტერესო სამსახური ჰქონდეს. კარგი იქნებოდა, შვილის კლასელების დაპატიჟება და მათთვის მისი სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა;
  • ექსკურსიის ორგანიზება შოკოლადის ან ლიმონათის საწარმოში. ინფორმაცია ბავშვთა ექსკურსიების შესახებ მოძებნეთ ქართული წარმოების პროდუქტების ვებგვერდებზე;
  • სემესტრში ერთხელ მაინც თეატრში/ოპერაში/მუზეუმში/კონცერტზე ერთობლივი გასვლა, რომლის შემდეგაც გაიმართება ნანახის განხილვა. მართალია, ზოგიერთი მშობელი თავად ზრუნავს შვილის სულიერ აღზრდაზე, მაგრამ, როცა საქმე კლასში საერთო ინტერესების გამომუშავებას ეხება, სახელოვნებო ექსკურსიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სასურველია, განხილვა ისე დაიგეგმოს, რომ მშობლებმა და ბავშვებმა ერთმანეთთან აზრის გაზიარება შეძლონ.

 

  1. ღირებულებითი განათლების პროექტი

 

ბულინგის და რელიგიური თუ პოლიტიკური ომების ეპოქაში მნიშვნელოვანია, ბავშვებს თანამედროვე განვითარებული მსოფლიოს აღიარებულ ჭეშმარიტებებზე გავუმახვილოთ ყურადღება. იქნება ეს ადამიანის უფლებები, კონფლიქტების მართვა, მოლაპარაკების ხელოვნება თუ სხვა. კარგი იქნება, თუ მშობლები თავიანთი სოციალური კავშირების გამოყენებით მოახერხებენ ბავშვების შეხვედრას:

 

  • სახალხო დამცველს ან მისი აპარატის წარმომადგენელთან, რომელიც ისაუბრებს ადამიანის უფლებათა შესახებ;

 

  • დიპლომატებთან, რომლებიც ისაუბრებენ მოლაპარაკების ხელოვნებაზე და კონფლიქტების დიალოგით გადაჭრის შესახებ;

 

  • რაგბის კავშირის წევრთან, რომელიც ისაუბრებს, რატომ გამოდის ეროვნული გუნდი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;

 

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რომელიც გააცნობს პირადი სივრცის დაცვის აუცილებლობას.

 

 

 

  1.  ექსკურსია, პიკნიკი და გასვლითი გაკვეთილი მშობლების მონაწილეობით

 

ექსკურსია ის გამონაკლისია, რომლის ორგანიზებასაც სკოლა მშობლებს ანდობს. თუმცა ფორმა, რომელსაც დღეს ვხედავთ, ცალკე ბავშვები ანიმატორებთან ერთად და მასწავლებლები-მშობლები – სუფრასთან, წყალში ყრის და ანადგურებს ექსკურსიის არსს. მშობლის მონაწილეობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს დაფინანსებით, ავტობუსის მოყვანითა და მწვადების შეწვით. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მშობლები, შვილები და მასწავლებლები ერთად გაერთობიან. ამისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ შედგეს გეგმა, გაიწეროს თამაშები-აქტივობები, გადანაწილდეს როლები, შედგეს მუსიკის “play list” და რაც მთავარია, ყველამ ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ, რომ ზრდასრულები ვართ. ვირბინოთ, ვიხტუნოთ, ვიმღეროთ, ვიხმაუროთ – ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ, მათი მშობლები, ერთმანეთთან ვმეგობრობთ, რომ მათაც აიღონ მაგალითი. ამასთან, ისტორიული ძეგლის მოლოცვის, მონახულების, მნიშვნელობის გაცნობის გარდა, ექსკურსიას შეიძლება ჰქონდეს უბრალოდ პიკნიკის სახე. მაგალითად, ასეთი სათაურით „სკოლა + ოჯახი = მეგობრებს“.

 

 

ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება დაგეხმარებათ, მოიხსნათ სკოლასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მეგობრული დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია.

მშობლებო, ღრმად ამოისუნთქეთ, გათავისუფლდით და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენ! ეს თქვენს შვილებს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე სისტემის დაქირავებულ რომელიმე თანამშრომელს!

 

 

 

ახლო მომავლის 10 პროფესია და უნარ-ჩვევები

0

თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე სამყაროში, აქტიურად იპყრობენ სამუშაო ადგილებს და შესასრულებელ სამუშაოს გაცილებით ეფექტიანად აკეთებენ. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ პროფესიას ემუქრება განადგურება, უფრო სწორად – ბევრ სამუშაოს ადამიანების ნაცვლად ტექნოლოგიები გასწევენ. თუმცა, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ახალი პროფესია გაჩნდება.

 

ამ პროცესში ყველაზე რელევანტური კითხვები შემდეგია – რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს შეუქცევადი პროცესი მართონ? რომელია ის პროფესიები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ემუქრებათ ავტომატიზაციის საფრთხე? რა უნარ-ჩვევებია საჭირო იმისათვის, რომ ასეთ პირობებში ადამიანები პროფესიონალებად დარჩნენ?

 

10 უნარ-ჩვევა, რომელიც 2020 წლისთვის პროფესიული წარმატებისთვის საჭირო იქნება:

 

  1. კომპლექსური პრობლემის გადაჭრა;
  2. კრიტიკული აზროვნება;
  3. შემოქმედებითობა;
  4. ადამიანების მენეჯმენტი – მართალია რობოტებს ანალიტიკისა და მათემატიკური აზროვნების უნარი აქვთ, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ლიდერული უნარ-ჩვევები და არ შეუძლიათ ადამიანების მართვა;
  5. სხვებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უნარი;
  6. ემოციური ინტელექტი;
  7. შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;
  8. სერვისის ორიენტაცია;
  9. მოლაპარაკების წარმართვა;
  10. კოგნიტური მოქნილობა.

 

2020 წლისთვის ათი ყველაზე აქტუალური სფეროები იქნება:

 

  1. მონაცემთა ანალიზი;
  2. სამედიცინო ტექნიკოსი, ფსიქოთერაპია;
  3. გაყიდვებისა და მარკეტინგის სფერო;
  4. მომხმარებელთა მომსახურების სფერო;
  5. მართვის ანალიტიკა;
  6. სოფთვეარის ინჟინერია და კომპიუტერული პროგრამირება;
  7. ვეტერინარია;
  8. პროდუქტის დიზაინერი;
  9. სწავლება და ტრენინგი;
  10. ბუღალტერია და აუდიტი.

 

აქვე, ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოიკვლია, თუ რომელ ამჟამად აქტუალურ პროფესიებს ემუქრება ავტომატიზაციის საფრთხე და რამდენი პროცენტით:

 

ტელემარკეტერი – 99%;

მბეჭდავი – 99%;

სადაზღვეო აგენტი – 99%;

კლერკი – 98%;

მდივანი – 98%;

კრედიტის ანალიტიკოსი – 98%;

სესხის ოფიცერი – 98%;

უძრავი ქონების ბროკერი – 97%;

ბიუჯეტის ანალიტიკოსი – 97%;

ფარმაციის ტექნიკოსი – 92%;

ფიზიკოსი – 0.4%;

კბილის ექიმი – 0.4%;

კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი – 0.7%;

ექთანი – 0.9%;

მასწავლებელი – 1.0%;

მიკრობიოლოგი – 1.2%;

ფარმაცევტი – 1.2%;

გაყიდვების მენეჯერი – 1.3%;

ინჟინერი – 1.4%;

ceo – 1.5%;

პიარ მენეჯერი – 1.5%;

არქიტექტორი – 1.8%.

 

 

მითები აღზრდის შესახებ (გაგრძელება)

0

მითი: ბავშვები არ იტყუებიან, ისინი მხოლოდ ფანტაზიორობენ.

როგორ გავიგოთ, იტყუებიან თუ არა ბავშვები? როგორც კანადელი მკვლევარი ვიქტორია ტალვარი (ვიქტორია ტალვარი გახლავთ ბავშვთა ფსიქოლოგი. ის არის წამყვანი მკვლევარი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იკვლევს ტყუილებს ბავშვთა ასაკში) ამბობს – საბოლოო ჯამში ეს სრული ლატარიაა, ზუსტად ვერასდროს განსაზღვრავ იტყუება თუ არა ბავშვი. უნდა ითქვას, რომ ზრდასრული ადამიანების გარკვეული ნაწილი დარწმუნებულია, რომ გოგონები გაცილებით ნაკლებად იტყუებიან, ვიდრე ვაჟები, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ასევე, არსებობს შეხედულება, რომ მცირე ასაკის ბავშვები უფრო მეტად იტყუებიან, ვიდრე შედარებით მოზრდილები. აქაც, რეალობა სრულიად საპირისპიროა. და კიდევ ერთი, ადამიანები რატომღაც ნაკლებად ენდობიან ინტროვერტული ტემპერამენტის მქონე პატარებს, რომლებიც გაცილებით იშვიათად ცრუობენ, რადგან მათ ნაკლებად აქვთ განვითარებული ის სოციალური უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ტყუილის წარმატებით შესანიღბავად.

ყველას მოეხსენება, რომ არსებობს უამრავი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზრდასრულ ადამიანებში სიცრუის დადგენა, თუნდაც ხმის ტემბრის, გაფართოებული თვალების გუგების, თვალების მოძრაობის, თხრობაში სენსორული დეტალების არარსებობის და თხრობის ქრონოლოგიის მიხედვით. თუმცა ბავშვების შემთხვევაში ამ კრიტერიუმების გამოყენება იგივეა, რაც ქვიშაზე მკითხაობა.

მშობლები, როგორც წესი, დარწმუნებული არიან, რომ შესანიშნავად გრძნობენ, როდის იტყუება მათი პატარა. ვიქტორია ტალვარმა კი კვლევების საშუალებით დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, მშობლებს ძალიან უჭირთ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი შვილები ხშირად ცრუობენ. „ჩვენ არასოდეს მოგვისმენია ნიკას რაიმე ტყუილი ეთქვას“; ან „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა არ იტყუება, მაგრამ თუ რამე ამის საწინააღმდეგოს მოვისმენთ, ძალიან გაგვიკვირდება“ – ვფიქრობთ, ნებისმიერი მშობელისთვის ნაცნობი ფრაზებია.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მეცნიერებმა ათასამდე ბავშვს ჩაუტარეს, ე.წ. „ცდუნების პარადიგმის ტესტის“  სხვადასხვა ვარიანტი. ამ კვლევების შედეგებმა თავდაყირა დააყენა ჩვენი შეხედულებები. პირველ რიგში, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვები სწავლობენ ტყუილების თქმას გაცილებით ადრეული ასაკიდან, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. ვიქტორია ტალვარის მიერ შემუშავებული თამაში, რომელსაც მკვლევარმა „თვალთვალი“ დაარქვა, სამი წლის ასაკის პატარებთან ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების მესამედი აუცილებლად დაიწყებს თვალთვალს, მაგრამ აუცილებლად გულწრფელად „აღიარებს“ ამ ცუღლუტობას. მაგრამ უკვე ოთხი წლის ასაკიდან, პატარების 80% სრულიად დაუბრკოლებლად მიადევნებს თვალს აკრძალულ გარემოებას და თანაც ისე, რომ არ აღიარებს „ცოდვას“. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ უფროსი და-ძმა, ოთხი წლის ასაკზე ადრეც კი იწყებენ ცრუპენტელობას.

მშობლები, უმეტეს შემთხვევაში არ იბრძვიან ამ პრობლემის გამოსასწორებლად, რადგან თვლიან, რომ მსგავსი ტყუილები სრულიად უცოდველია. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვი ძალიან პატარაა და სერიოზულად არ ღირს მსგავსი რამეებისათვის ყურადღების მიქცევა. უფროსებს მიაჩნიათ, რომ ამ ასაკის პატარას, ჯერ არ ესმის, რა არის ტყუილი, მით უმეტეს არ ესმის ის, რომ ტყუილის თქმა არ არის კარგი. „გაიზრდება, თავად მიხვდება ყველაფერს და ტყუილების თქმასაც თავს დაანებებს“… აი, სწორედ ასეთი შეხედულებაა მცდარი, მიაჩნია გამოცდილ მკვლევარს.

რაც უფრო კარგად შეუძლია ბავშვს, გაარჩიოს ტყუილი და ჭეშმარიტება, მით მეტია ალბათობა, რომ ის გაცილებით ხშირად იცრუებს. მკვლევრებმა დაადგინეს,  რომ ის ბავშვები, რომლებიც ადვილად არჩევენ სხვების ტყუილებს, თავადაც ადვილად იტყუებიან. ბავშვთა აღზრდის შესახებ მრავალ პოპულისტურ სტატიაში შეხვდებით ისეთ მოსაზრებას, რომ ასაკთან ერთად ბავშვები თავადვე გადაეჩვევიან ტყუილების თქმას. ჩვენ გვსურს დავამსხვრიოთ ეს მითი და დაგარწმუნოთ, რომ თუ არაფერს არ იღონებს მშობელი მისი ცრუპენტელა პატარას მავნე ჩვევასთან საბრძოლველად, მომავალში მისი ბავშვი სულ უფრო მეტად მიეჩვევა ტყუილებს. აქვე მცირე სტატისტიკას მოვიშველიებთ თანამედროვე კვლევებიდან: ოთხი წლის ასაკის პატარები სახლში დაახლოებით ორ საათში ერთხელ იტყუებიან, ხოლო უკვე ექვსი წლის ასაკისათვის – საათში ერთხელ.

ბავშვების 96 პროცენტი იმ შემთხვევაში ამბობს ტყუილს, როდესაც სურს დამალოს საკუთარი ურჩობა. ანუ, როდესაც პატარა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს – ცდილობს დამალოს საკუთარი საქციელი სიცრუის მეშვეობით. ეს ყველაფერი იმდენად ხშირად ხდება, რომ მშობლები პრაქტიკულად ყურადღებას აღარ აქცევენ ასეთ წვრილმანებს. ვფიქრობთ, მშობლების ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს ბავშვებს ასწავლოს, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ასეთი მშობლებიც კი მხოლოდ პატარას მიერ ჩადენილ არასწორ ქცევაზე მიუთითებენ და არა ტყუილის მეშვეობით ამ ქცევის დამალვის სრულიად მახინჯ ჩვევაზე. ამიტომ პატარა ფიქრობს, რომ: „ცუდი საქციელი ისჯება და არა მის დასაფარად ნათქვამი ტყუილი“.

ამდენად ბავშვები სწავლობენ ტყუილების თქმას და შემდეგ მის დამალვას. პატარები ეჩვევიან აგრეთვე, რომ მათაც ეუბნებიან ტყუილებს. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველად პატარები დარწმუნებული არიან სიცრუის არამართებულობაში, ისინი გაცილებით უარყოფითად არიან სიცრუის მიმართ განწყობილი, ვიდრე უფროსები. პატარებს დიდწილად მიაჩნიათ, რომ მატყუარა – ცუდი ადამიანია, სიცრუე – ამორალური საქციელია.

კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარი – პოლ ეკმანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბავშვთა ასაკის ტყუილების კვლევა, ასეთ მაგალითს ჰყვება: სამშაბათს საბავშვო ბაღიდან შინ მომავალმა მამამ, ხუთი წლის ვაჟიშვილს უთხრა, რომ შაბათს ისინი აუცილებლად წავიდოდნენ კალათბურთის მატჩის სანახავად. სახლში დაბრუნებისას მამამ შეიტყო, რომ ამავე დღეს და ამავე საათზე დედამ პატარა ცურვის გაკვეთილზე ჩაწერა და ამას ვერაფრით ვეღარ შეცვლიდნენ. ბიჭი, რომლის მამაც ცდილობს განუმარტოს მას  არსებული ვითარება, ძალიან ბრაზობს და მიიჩნევს, რომ ის მამამ მოატყუა. პატარები ნებისმიერ არასწორ დაპირებას ტყუილად აღიქვამენ. და ხშირად ისე ხდება, რომ უფროსები, უნებურად ისეთ სიტუაციებს ქმნიან, რომ ბავშვების თვალში მათ მიერ ნათქვამ ტყუილს გამართლებას უძებნიან. უფრო მეტიც, პატარები თანდათანობით „ხვდებიან“, რომ ტყუილის გარკვეული ფორმები მაინც მისაღებია.

უფროსები შესაძლოა კეთილსინდისიერებას უმთავრეს ღირსებად მივიჩნევდეთ, მაგრამ ბავშვის თვალში სწორედ ტყუილი არის ის, რაც უმაღლეს უნარ-ჩვევებს საჭიროებს. ბავშვი, რომელიც აპირებს ტყუილის თქმას, სინამდვილეში იცის სიმართლე. ის საკუთარ თავში ქმნის ალტერნატიულ რეალობას და ცდილობს, მასში სხვაც დაარწმუნოს. ესე იგი გამოდის, რომ  სიცრუის წარმატებული „გასაღებისთვის“ საჭიროა კოგნიტური უნარების განვითარების მაღალი დონე და პლუს სოციალური ურთიერთობების კარგად ფლობა. „ანუ გამოდის, რომ ეს ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია“ – ასკვნის ვიქტორია ტალვარი. და კიდევ: „ტყუილი დაკავშირებულია ინტელექტთან, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ვებრძოლოთ“.

ბავშვები ცრუობენ, რათა თავიდან აიცილონ სასჯელი ცუდი საქციელისათვის. სამი წლის ბავშვი არწმუნებს დედას, რომ მას არ გაულახავს პატარა დაიკო და ამას ამტკიცებს მაშინაც კი, როცა ბებომ „ფაქტზე მიუსწრო“. ექვსი წლის ასაკისათვის იგივე ბიჭი მხოლოდ მაშინ იცრუებს, როცა დარწმუნებულია, რომ მის ცუდ საქციელს თვითმხილველები არ ჰყოლია.

ასაკის მატებასთან ერთად დასჯის თავიდან არიდების სურვილი ტყუილის თქმის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად რჩება. მაგრამ ბავშვებს თანდათან უჩნდებათ ემპათიის განცდა და უფრო მეტად იაზრებენ სოციალურ ურთიერთობებს და ამიტომ ტყუილის თქმისას შედარებით მეტად ითვალისწინებენ სხვების ინტერესებს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება იცრუოს, რომ არ აწყენინოს მეგობარს.

თანდათან ტყუილი ახალ ფუნქციებს იძენს: მისი მეშვეობით ბავშვმა შესაძლოა მოიპოვოს ძალაუფლება და მეგობრების მანიპულირების უნარი. შესაძლოა აბრაზებდეს ვინმეს ან ტრაბახობდეს, რათა აიმაღლოს საკუთარი სტატუსი. დაწყებით საფეხურზე ბევრი ბავშვი იწყებს თანატოლების მოტყუებას სხვების მიბაძვით. ეს შესაძლოა ბავშვს სჭირდებოდეს ყურადღების მისაქცევად, „ორთქლის გამოსაშვებად“, თვითდამკვიდრებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გრძნობს, რომ რაღაცით ჩამორჩება თანატოლებს.

ტყუილის თქმის შემთხვევების მკვეთრი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და ის ამას ძალიან განიცდის. ტყუილი – შესაძლოა რაიმე სხვა უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს. „ტყუილი – ბავშვებისათვის თავის გადარჩენის სტრატეგიაა“.  ასე ფიქრობს  ვიქტორია ტალვარი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ექვსი წლის ასაკის ბავშვი, რომელიც ხშირად იტყუება, შესაძლებელია ასაკის მატებასთან ერთად გადაეჩვიოს ამ მავნე საქციელს. მაგრამ თუ ტყუილი ტაქტიკურ სვლად ჩამოყალიბდა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი რთული სოციალური სიტუაციებიდან გამოსავალს პოულობს, შესაძლოა ბავშვმა დიდი ხნის განმავლობაში განაგრძოს სიცრუის მეშვეობით ცხოვრება. აქვე, გვინდა შევნიშნოთ, რომ თუ ბავშვი შვიდი წლის ასაკში ხშირად იტყუება, ის, სავარაუდოდ, უფრო დიდ ასაკშიც არ მოერიდება ტყუილს.

იმისათვის, რომ ბავშვებმა მაღალი მორალური კატეგორიები შეითვისონ, წლებია საჭირო. მხოლოდ თერთმეტი წლის ასაკს მიღწეულ ბავშვებს შეუძლიათ გააცნობიერონ სიცრუის დამანგრეველი ეფექტი. ამ ასაკის ბავშვების 48% მიიჩნევს, რომ ტყუილი ანგრევს ნდობას, 22%-ს მიაჩნია, რომ სიცრუე დანაშაულის განცდას აჩენს. დანარჩენებს, ამ ასაკშიც კი, ტყუილის ნეგატიურ შედეგად მხოლოდ ის მიაჩნიათ, რომ მის გამო დაისჯებიან.

დასჯის შიში არანაირად არ ამცირებს ბავშვის მატყუარობას, ზოგ შემთხვევაში პირიქითაც კი ხდება – რაც უფრო მეტად ეშინია ბავშვს დასჯის, მით უფრო ვირტუოზულ მატყუარად ყალიბდება.

ახლა შეგახსენებთ ერთ ცნობილ ჭეშმარიტებას: ბავშვები იტყუებიან იმიტომ, რომ ისინი ამას ჩვენგან სწავლობენ. იმედია, ეს მცირე ამონარიდი ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის  და ეშლი მერიმენის წიგნიდან – „მითები აღზრდის შესახებ“ – დაგეხმარებათ და დაგაფიქრებთ იმაზე, როგორ იქცევით თქვენ, როგორც მშობელი, როგორც აღმზრდელი და უბრალოდ როგორც ზრდასრული ადამიანი.

სიცოცხლე და მესაფლავეები

0

ოდესმე გინახავთ წვიმაში, მიცვალებულის მომლოდინე სასაფლაო? შორიდან ამოთხრილი მიწა მოჩანს. თქვენ გგონიათ ცარიელია და ამ დროს გამზადებულ სამარეში ოთხი მესაფლავე ზის – გოგილო, ომარიე, ზურიე და ბუგატა. მაღალი რეზინის ფეხსაცმელებით. გაქექილი ბუშლატებით. დახეთქილი ხელებით. აქვთ პომიდვრის მჟავე. ყველი. პური. არაყი. თავზე დიდი ცისფერი ცელოფანი ახურავს ამოთხრილ საფლავს, დაბრეცილ ჯოხებზე გაფენილი.

– ე, გამოჩდენ აღმრათზე, ამეიყვანენ საწყალს უკვე – ამბობს, ომარა, წვერიანი, გაბურძგნული კაცი, მუდამ გაფუჭებული თევზის სუნი რომ ამოსდის პირიდან.
– მუვასწრებთ ვორ-ვორს – პასუხობს გოგილო. ცოტა ენა ებმება და მეზღვაურის მაისური აცვია. ჭუჭყიანი და სველი.
– აბა, გუუმარჯოს საცხა წავა და იქნება!
– გუუმარჯოს, გუუმარჯოს – იმეორებს ყველა.
– უფ, რაფერი ენამოსწრებული კაცი იყო საწყალი – ამომარცვლავს დალევის შემდეგ ომარა, არაყის სიმჟავისგან დაჭყანული და აგრძელებს. – აბა, უცბათ ვახსენოთ ყოვლადწმინდა და მივასუფთაოთ აქოურობა, თვარა ამეიყვანეს მკტარი. აქანე თუ დავხდით, აღარ მოგვცემს ნათელიე არც საროჩკას და აღარც ნასკებს და ჩაატანს ჟორაიას.
ნათელიე გარდაცვლილის ცოლია. საროჩკა და ნასკები – სავარაუდო საჩუქარი მესაფლავეებისთვის. და ალაგებენ. და სანამ მიცვალებულს მოასვენებენ, სადღაც ქრებიან. ასე იოლად და მსუბუქად უთმობს ადგილს სიცოცხლე სიკვდილს და მერე პირიქით. ოდესმე ბუგატასაც დამარხავენ და ომარიასაც. მათ საფლავშიც იჯდება ვინმე. და რატომღაც ასე მგონია, რომ სანამ ვინმე იჯდება საფლავში, სადღაც, რომელიმე სოფელში მაინც, მანამდე დაამარცხებს სიცოცხლე სიკვდილს. რატომ მგონია, არ ვიცი. მაგრამ მგონია.

 

პირველი სიზმარი

 

ცოტა ვიარე თუ ბევრი, მამაჩემიც გამოჩნდა. ის ეზოც ძალიან ჰგავდა ჩვენსას, სურებისას, მაგრამ ღობე არ ჰქონდა. არც სახლი ჩანდა. ხეები ჰგავდნენ და ჩრდილები. ქარი ჰგავდა. მამა დაღლილი იყო, ოფლიანი და არ ჩამეხუტა. ასე იცოდა – დაგსვრიო.
მე სიგარეტი ამოვიღე. ოთხი ბლოკი. მივეცი.
– კაი, რათ გინდოდა ახლა მაი, მაგდენი, რეიზა ხარჯავდი ფულს! აბდალი ხარ შენ! თქვა მამაჩემმა და იქვე, ხის ძირას ჩამოჯდა. ისე, როგორც ადრე აკეთებდა, თითქოს, პირიქით, დგებაო – ჰოოოპა! და ჩამოჯდა.
– აიღე კაცო, ერთი თვე გეყოფა.
– არ ვარგა მაი. კაი რო ყოფილიყო, ხომ მოვწევდი იქინეც. წეიღე უკან
იცრუა მამაჩემმა. იქაც უყვარდა. თუ რამე უყვარდა, ეს და ლუდი. მაგრამ ჩუმად და იშვიათად ეწეოდა, თითქოს თავისთავს ემალებოდა. გაჭირვებებისას დაანება თავი. მერე, უფრო აქეთ, დედაჩემს მღვდელმა უთხრა ეგ ეშმაკის საკმეველიაო. ეგ – სიგარეტიო. დედაჩემმა მამაჩემს გადმოსცა. მამაჩემმა ან დაიჯერა, ან არა, მაგრამ საკუთარი „მარხვა’’ ამითაც გაამყარა. თუმცა ხანდახან, მე ჩამქონდა და მერე ვხედავდი, როგორ ეწეოდა, სადღაც შორს, თვალმოფარებული – მალულად და რიტუალის განცდით. ამიტომ ახლაც ასე ვუთხარი:
– დაიტოვე და მიეცი ვინმეს, თუ არ გინდა შენ!
– აკრძალეს აქანე მოწევა. რაცხა ადგილები დატიეს მოსაწევად მარტო.
– ვაჰ – გამიკვირდა მე – იქაც აკრძალეს. მაგრამ ასე ღია ადგილებში შეიძლება.
– აქანე მარტო ღია ადგილებია – თქვა მამაჩემმა და გაიცინა.
მერე რაღაც დრო ვდუმდით. მერე უკან მიიხედა და ასე, კეფით მითხრა:
– წაი ახლა, მეესწრები აქანე მოსვლას.
– კარგი, წავალ – ვუთხარი მე – მაგრამ ეს სიგარეტები მაინც დაიტოვე. დღეს შენი დაბადების დღეა.
– უი, მაი სულ არ მახსოვდა – თქვა მამაჩემმა. ან იმ ხემ თქვა. ან არ ვიცი. რადგან ხმა გავიგონე და ვეღარავის ვხედავდი. ეს ცოტა ხანი. ძალიან ცოტა. მერე ვხედავდი ჩემს ჭერს. და მესმოდა მეზობლის გინება, რომ ვერ გაურკვევია, სად მოიწიოს, რადგან ყველა ორმოცდაათ მეტრში ახალი საგანმანთლებლო დაწესებულება ხვდება.

მამაჩემი სამი წლის წინ გარდაიცვალა.  მეზობელი ცოცხალია.
 

 

მუსიკალური სამკაულები

0

მუსიკა ბგერის სილამაზის ხელოვნებაა, ხოლო მელიზმები – მუსიკალური სამკაულები.

 

არცთუ იშვიათი შემთხვევაა, როცა შემსრულებელი სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს ორნამენტიკის მიმართ და ამგვარად ნაწარმოებს ხასიათსა და მომხიბვლელობას უკარგავს. ზოგიერთი უბრალოდ თავს არ იწუხებს სხვადასხვა სახის ორნამენტის დამახსოვრებით.

„მუსიკალური მორთულობის“ – მელიზმების შესრულება ყოველთვის უნდა ამართლებდეს შინაარსს. როცა მას მელოდიური ან ჰარმონიული დანიშნულება არ აქვს, სმენის ზედმეტად დატვირთვის ასაცილებლად, სჯობს სწრაფად და მსუბუქად შესრულდეს. თუკი შემსრულებელს მოქნილობა აკლია და თითები არ ემორჩილება, შესაძლებელია მელოდიური ფიგურაციების გამარტივება; უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, არც დაიკრას.

 

ორნამენტიკა

ადამიანს მუსიკის ჩასახვისთანავე სხვადასხვა საინტერესო საქცევით მოტივის გამრავალფეროვნების სურვილი გაუჩნდა. ორნამენტიკის ისტორიის ათვლა მაშინ დაიწყო, როდესაც სანოტო დამწერლობა დამკვიდრდა.

 

მუსიკაში ორნამენტიკა შედარებით მცირე გრძლიობების ბგერების საშუალებით ძირითადი მელოდიური ხაზის გალამაზება-შემკობას ემსახურება. მასში შეაქვს სიმკვეთრე, რელიეფურობა და მოხდენილობა. მუსიკალური ნაწარმოებების უმეტესობაში აკომპანემენტს მელოდია ჭარბობს. მელოდიური ხაზის გამომსახველობა ნაწარმოებში სიმდორითა და ნახტომებით გამოიხატება, ხოლო ტემბრი – ხასიათითა და ხატოვნებით. ორნამენტები მელოდიას ექსპრესიას მატებს და ბგერათა გადასვლებს უფრო გამომსახველს ხდის.

 

თავდაპირველად მელიზმები სიმღერაში აღმოცენდა. მელიზმების გამოყენებამ, როგორც ინსტრუმენტულ, ისე ვოკალურ მუსიკაში განსაკუთრებული პოპულარობა ბაროკოს ეპოქაში მოიპოვა. XVI-XVIII საუკუნეების პერიოდის მუსიკა შემკული იყო ნატიფი „მუსიკალური ჩუქურთმებით“. ალბათ გახსოვთ, რომ ბახის ნაწარმოებებში არაერთი მორდენტი და ტრელი შეგვხვედრია. მელიზმების გონივრულად გამოყენება მუსიკას განსაკუთრებულ გამომსახველობას მატებდა.

ვოკალურ მუსიკაში, განსაკუთრებით იტალიურ ოპერაში, ორნამენტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმღერაში სიმსუბუქის მისაღწევად აუცილებელი იყო ფიორიტურების ფლობა. მომღერლები მელიზმებს დიდი სიამოვნებით იყენებდნენ თავიანთ ვირტუოზულ არიებში.

 

ორნამენტებით შემკული და დახვეწილი ნაწარმოებები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება როკოკოს ეპოქაში. მელიზმების სიუხვეს ფრანგი კლავესინისტების ფრანსუა კუპერენისა და ფილიპ რამოს შემოქმედებაში ვხდებით.

 

მელიზმატიკამ აქტიური გამოყენება რომანტიკოსების მუსიკაშიც ჰპოვა. ძველ კლასიკოსებში ორნამენტიკა თუ ფორმალური გვეჩვენება, რომანტიკოსების მუსიკალურ ნაწარმოებში ის ემოციურ შინაარსს იძენს. ფერენც ლისტისა და ფრიდერიკ შოპენის საფორტეპიანო მინიატურებში მელიზმებმა მელოდია გაცილებით მეტყველი, ამაღელვებელი და ახლებური აზრობრივი შინაარსით დატვირთა. უფრო მეტიც, მელიზმები მელოდიის მხოლოდ ნატიფი გაფორმებით კი არ შემოიფარგლა, ის ნაწარმოების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი გახდა.

მელიზმები გვხვდება თანამედროვე მუსიკაშიც. ეს „მორთულობა“ განსაკუთრებით იმპროვიზაციებმა მოიხდინა.

 

მუსიკაში ორნამენტიკა იმ სხვადასხვა ხერხით მიიღწევა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მელოდია დამხმარე ბგერით „გაგვიფერადოს“. თავისუფალ-იმპროვიზაციული ბუნებისაა:

ფიგურაცია – მუსიკალური მასალის ფაქტურული დამუშავების ხერხი, ვარიაციული განვითარების მეთოდი;

ფიორიტურა – ვირტუოზული პასაჟები წვრილი გრძლიობებით;

პასაჟი – გამისებრი მოძრაობა.

 

მელიზმი მოკლე მუსიკალურ სამკაულებს აერთიანებს. მათ ჟღერადობის ხანგრძლივობითა და შესრულების სირთულით განვასხვავებთ. მელიზმის გრძლიობა ტაქტის საერთო გრძლიობაში ჯდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას გრძლიობის თვალსაზრისით ტაქტში ცვლილება არ შეაქვს.

მოგეხსენებათ, მუსიკას თავისებური ენა აქვს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მელიზმები ერთგვარ გასაშიფრ აბრევიატურას წარმოადგენს. დროის ეკონომიის აუცილებლობამ სპეციალური სიმბოლოების შექმნა და მასთან ერთად მცირე ზომის ნოტებით აღნიშვნა მოითხოვა. გადავხედოთ ყოველ მათგანს:

ფორშლაგი (მოკლე, გრძელი) – ეს მელოდიური სამკაული – „დარტყმა ნოტის წინ“ შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ბგერისაგან. როგორც წესი, ფორშლაგი წინ უძღვის მელოდიის ერთ-ერთ ბგერას. რაც შეეხება რიტმს, გრძლიობის თვალსაზრისით მას ცვლილება არ შემოაქვს. ის იმ გრძლიობის თვლაში ჯდება, რომელსაც „ებმის“. ფორშლაგი აღინიშნება მცირე ზომის ნოტით ან ნოტებით, რომელიც დასმულია მელოდიის ან აკორდის წინ და ზევით.

გრძლიობის მიხედვით განვასხვავებთ ორი სახის ფორშლაგს: მოკლესა და გრძელს. მოკლე ფორშლაგი თუ ერთი ბგერისაგან შედგება, გადახაზული მერვედით აღინიშნება. რამდენიმე ნოტისგან შემდგარი მოკლე ფორშლაგი გადაუხაზავი წვრილი მეთექვსმეტედებით შემოიფარგლება.

გრძელი, ანუ ხანგრძლივი ფორშლაგი ყოველთვის ერთი ნოტით გამოისახება და წვრილი გადაუხაზავი ნოტით აღინიშნება. მოკლესაგან განსხვავებით გრძელი ფორშლაგის გრძლიობა, პრაქტიკულად, ჩვეულებრივ ძირითადი ნოტის ნახევარია.

ფორშლაგის დაკვრის წესი:

  • იკვრება სწრაფად;
  • აპლიკატურა სწორად უნდა იყო შერჩეული;
  • სასურველია მეზობელი თითების გამოყენება;
  • მოძრაობა მდორე და მცურავი უნდა იყოს;
  • საყრდენად უნდა მივიჩნიოთ ძირითადი ნოტი.

 

მორდენტი (ცალმაგი და ორმაგი) – ძირითადი და მომიჯნავე (ზევით და ქვევით) ბგერების სწრაფი მონაცვლეობით ხასიათდება. მელიზმების სახეობაში მორდენტი ენათესავება ტრელს. შედგება სამი ბგერისაგან: ძირითადი, დამხმარე, ძირითადი.

ძირითადი ბგერის სიმაღლე ფიგურაციის, ანუ შემამკობელი ბგერის სიმაღლეს ემთხვევა. დამხმარე ბგერა ძირითად ბგერას ზევით და ქვევით ტონით ან ნახევარი ტონით ჩამორჩება. ისევ ძირითად, საწყის ბგერას უბრუნდება.

შეიძლება შეგვხვდეს გადახაზული და გადაუხაზავი მორდენტი. გადახაზული ელვის ფორმისაა და ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს. ცალმაგი მორდენტი ძირითადი ბგერის ზევიდან გამღერებას ემსახურება, ანუ დამხმარე ბგერა ძირითადის ზევით ექცევა. ამასთან ერთად, გრძლიობა ნაწევრდება. გადახაზული ცალმაგი მორდენტი კი ძირითადი ბგერის ქვევიდან გამღერებას ახდენს, ანუ დამხმარე ბგერა ძირითადის ქვევით ექცევა.

არსებობს ორმაგი მორდენტი, რომელიც ცალმაგზე ორჯერ გრძელია. შეიძლება ითქვას, რომ ხუთბგერიანი მორდენტი ორგზის მონაცვლეობს ძირითადი და ზედა დამხმარე ბგერებით. ამავდროულად, ის უნდა შესრულდეს ძირითადი ნოტის ხარჯზე, ანუ არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ გრძლიობას.

რაც შეეხება ორმაგ გადახაზულ მორდენტს, აგებულებით ის გადაუხაზავ მორდენტს ჰგავს, მაგრამ დამხმარედ აქ ქვედა ბგერა გვევლინება.

 

გრუპეტო იშიფრება, როგორც ნოტების ჯგუფი, რომელიც ძირითადი ბგერის საფეხურებრივ გამღერებას ემსახურება. თუ გრუპეტო მოცემულია „დო“ ნოტის თავზე, ის გაიშიფრება, როგორც „რე“ – „დო“ – „სი“ – „დო“, სადაც „რე“ და „სი“ შემავალ ბგერებად მოგვევლინება. ერთი სიტყვით, ძირითადი ბგერა ზედა და ქვედა დამხმარე ბგერებით ივსება. მოცემული ფიგურა სრულდება ძირითადი გრძლიობის საზღვრებში. გრუპეტოში შემავალი ნოტების თანმიმდევრობა, როგორც წესი, საკმაოდ სწრაფ ტემპში იკვრება.

გრუპეტო აღინიშნება ხვეული სიმბოლოთი და მათემატიკური უსასრულობის ნიშანს მოგვაგონებს. გვხვდება სიმბოლო ორი სახის: ზევიდან და ქვევიდან დაკლაკნილი. პირველ შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა დაუკრას ზედა დამხმარე ბგერიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ქვედა ბგერიდან.

 

ტრელი – ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე ვირტუოზული და რთული შესასრულებელია. მეზობელი (ძირითადი და ზედა დამხმარე) ნოტების სწრაფი მონაცვლეობა ბულბულების ტრელებს მოგვაგონებს. მათ შორის მანძილი ტონი ან ნახევარი ტონია. ტრელის ხანგრძლივობა ძირითადი ბგერის გრძლიობის ტოლია.

ტრელის დაკვრის წესი:

  • მივაღწიოთ თანაბარ ჟღერადობას;
  • აუჩქარებლად დავუკრათ, სანამ მოძრაობაში თავისუფლებას არ ვიგრძნობთ;
  • ტემპი თანდათან ისე ავაჩქაროთ, რომ კომპოზიციის საერთო მეტრ-რიტმიდან არ ამოვვარდეთ.

არპეჯიო იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „დაკვრა არფაზე“. არფას საშუალებით უპირველესად აკორდები, ხოლო იშვიათად ინტერვალები სრულდება. დანაწევრებული აკორდების ბგერები ნებისმიერ საკრავზე ერთმანეთის მიმდევრობით ქვევიდან ზევით იკვრება. ყველაზე ხშირად კი ფორტეპიანოს, არფას, გიტარის ან სიმებიანი საკრავებისათვის გამოიყენება. აღინიშნება ფიგურული ვერტიკალური ხაზით მთელი აკორდის წინ და გასწვრივ. ამ დროს ბგერები ქვევიდან ზევით სწრაფი თანმიმდევრული მოძრაობით სრულდება. არპეჯირების სისწრაფეს ნაწარმოების ხასიათი განსაზღვრავს.

არპეჯიოს დაკვრის წესი:

  • ვარჩევთ მოხერხებულ აპლიკატურას;
  • ნელა ვუკრავთ აკორდების ბგერათა თანმიმდევრობას;
  • ზუსტად ვიცავთ რიტმს. ტემპს თანდათან ვუმატებთ, ისე, რომ რიტმიდან არ ვვარდებით;
  • ყურადღება უნდა მივაქციოთ მხრებს. მათი უნებლიე აწევა დაძაბულობაზე მიუთითებს, რაც არასასურველია;
  • მაქსიმალურად თავისუფალი და აკორდის ზედა ბგერისკენ მიმართული უნდა იყოს მაჯაც, ხოლო მოძრაობა სწრაფი და მოქნილი.

ზრდასრულთა განათლება – გარდატეხა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

0

მადონა ოქროპირიძე ახლა სამოცი წლისაა და კოდის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ცხოვრობს. სახლ-კარის მიტოვება მას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აიძულა. 2008 წლამდე ის დისევში, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა. იმ დროს ქმარი უკვე ათი წლის გარდაცვლილი ჰყავდა და სამი შვილის მომავალზე მარტო ზრუნავდა.

თავისი სოფელი უკანასკნელად 2008 წლის 11 აგვისტოს ნახა. ახსოვს, როგორ ფეთქდებოდა და ერთბაშად ეკიდებოდა სახლებს ცეცხლი… მისი სახლიც მაშინ დაიწვა.

ასე დაიწყო მისი დევნილობის ისტორია. 50 წლისა, ცხოვრების ახალ სირთულეებს უნდა შეჭიდებოდა, ისევ მარტოს ეზიდა ახლა უკვე დევნილობის მძიმე ტვირთი, უცხო გარემოს შეგუებოდა, შვილების დაბინავებაზე ეზრუნა, ომის აჩრდილს თუ ვერ ჩამოიშორებდა, მასთან ერთად ცხოვრება მაინც ესწავლა…

 

კოდის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სათემო განათლების ცენტრს ნებისმიერი შემხვედრი მიგასწავლით. დასახლებაში დევნილთა 450 ოჯახი ცხოვრობს. ოცი მათგანი კოდორის ხეობიდანაა, დანარჩენები – ცხინვალის რეგიონიდან. სამუშაო დღეა. საცხოვრებელი კორპუსების წინ კაცები ჭარბობენ: ეწევიან, საუბრობენ… ღრუბლიან ამინდში აქ ფერები უფრო მეტად მუქდება, დევნილთა ხუთსართულიანი კორპუსებიც უსახურდება, მიუხედავად ლურჯ-ყვითელი საღებავისა, ჭრელაჭრულა სარეცხისა…

 

ათი წლის წინ კოდაში ჩამოსახლებულ პირებს, გარდა იმისა, რომ ახალ გარემოში ცხოვრება უნდა ესწავლათ, საარსებო სახსარიც უნდა ეპოვათ; უნდა შეგუებოდნენ, რომ უხვმოსავლიანი მიწები დაკარგეს და ახლა სხვა ცოდნა, სხვა უნარ-ჩვევები დასჭირდებოდათ ოჯახების გამოსაკვებად. ბევრმა ეს მოახერხა მას შემდეგ, რაც კოდის დევნილთა დასახლებაში ახალი სივრცე გაჩნდა.

 

DVV International-ის მხარდაჭერით არაფორმალური განათლების ხელშემწყობი პირველი ცენტრები საქართველოში 2006 წელს გაიხსნა, 2014 წელს კი შეიქმნა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, რომელიც საქართველოს შვიდ რეგიონში ზრდასრულთა განათლების ათ ცენტრს აერთიანებს. ერთი მათგანია კოდის სათემო განათლების ცენტრი. დღემდე აქ უკვე 20 000–მა ბენეფიციარმა გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები – როგორც დევნილებმა, ისე ადგილობრივმა მოსახლეობამ.

კოდის სათემო განათლების ცენტრის კურსები თემში მოთხოვნად პროფესიებზეა ორიენტირებული: კაცები აქ სწავლობენ წყალგაყვანილობისა და ელექტროგაყვანილობის  მონტაჟს და შეკეთებას, მშენებლობას, კაფელ-მეტლახისა თუ ლამინატის დაგებას, შელესვა-შეღებვას, ავეჯის აწყობას, ქალები – თექის სათამაშოებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ცენტრში ფუნქციონირებს ორი სოციალური საწარმო, ინგლისურის კურსები ბავშვებისთვის, გიდების გადამზადების კურსები და ტიხრული მინანქრის სახელოსნო.

 

მადონა ოქროპირიძე კოდის სათემო განათლების ცენტრს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. იქ მუშაობა იმ დროს დაიწყო, როცა მომავლის ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდა. „კოდაში ჩასახლების პირველ წელს დღიური მუშა ვიყავი. იალურჯაზე დავდიოდით ქალები. დიდი მთაა, რუსთავს გადასცქერის. ეზოს რომ გვიან, იმ ცოცხებს ვკრავდით. მივდიოდით, გაუსაძლის სიცხეში ვამტვრევდით ტოტებს, ვკრავდით და ვაბარებდით. თითო ცოცხში 80 თეთრს გვაძლევდნენ და ასე ვაგროვებდი შვილების სარჩენ ფულს“.

მერე მეზობელმა სთხოვა, ვაკანსიების სანახავად გაჰყოლოდა იქ, სადაც ახლა სათემო განათლების ცენტრია. ვაკანსიებს თვითონაც გადაავლო თვალი და ბიზნესკონსულტირება და პროექტების წერის ტრენერობა აირჩია, რადგან პროფესიით ეკონომისტი იყო და ბიზნესპროექტების წერის გამოცდილება ჰქონდა. განაცხადის შეტანიდან ერთ კვირაში დაიბარეს. მერე ტრენინგებიც გაიარა             და ოფისმენეჯერად დაასაქმეს, თუმცა პროექტების წერის ტრენერობასაც ითავსებდა.

„ცხოვრების ახალ რელსებზე გადავედი. ბევრი რამ არის დამოკიდებული მიდგომაზე და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ახალი ცოდნის მისაღებად“, – ამბობს მადონა და ახლა თვითონვე ცდილობს, ხელი შეუწყოს დევნილთა თემის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სადაც ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა. სათემო განათლების ცენტრში მისულ ბენეფიციარებს ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრება და არწმუნებს, რომ განათლება ცხოვრებას ცვლის, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რომ ასაკი მეორეხარისხოვანია.

ახლა, როდესაც საკუთარ ცხოვრებას აანალიზებს, ამბობს, რომ უწყვეტი განათლების კონცეფცია მას ყველაზე რთულ პერიოდში დაეხმარა, ფარ-ხმალი არ დაეყარა. ცოდნა, რომელიც 50 წლამდე დააგროვა, ახლა უფრო პრაქტიკულად გამოიყენა და სხვა ტიპის საქმიანობად გარდაქმნა. ახალმა ცოდნამ და უნარებმა ის უფრო გამბედავი და პიროვნულ განვითარებაზე უფრო მეტად ორიენტირებული გახადა. არაფორმალური განათლება გახდა მისი სურვილების ხორცშესხმის იარაღი და ორიენტირი, სამყარო და საკუთარი თავი ახალი კუთხით დაანახა და პიროვნული შესაძლებლობის უკეთ გამოვლენის საშუალება მისცა.

 

ზრდასრულთა განათლება უწყვეტ სწავლას, უწყვეტ განვითარებას ნიშნავს. განათლების მიღების ეს უწყვეტი პროცესი კი მადონა ოქრიპირიძისთვის ნებისმიერ ვითარებაში ამოსავალი წერტილია. კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი ახლა ბევრ და სხვადასხვა საქმეს ხელმძღვანელობს, ცდილობს, სხვა ბენეფიციარებისთვისაც ეძებოს ნათელი წერტილები, რომ მათაც შეძლონ თავიანთი თავის რეალიზაცია. მადონა ოქროპირიძე ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, უკეთესი და უფრო წარმატებული გახადო საკუთარი ცხოვრება უწყვეტი განათლებით, შემეცნების უწყვეტი პროცესით, როდესაც ამაში ათასი რამ გიშლის ხელს. მადონა ოქროპირიძისთვის დევნილობა იქცა გამოწვევად, რომელმაც სწორედ მაშინ მოახდინა გარდატეხა მის ცხოვრებაში, როცა ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

გენდერულად მგრძნობიარე ასტრიდ ლინდგრენი 

0

მაშინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, კითხვა ახალი დაწყებული მქონდა და ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ერთიმეორის მიყოლებით ვყლაპავდი, იმდენად მოხიბლული ვიყავი მისი გმირების ისტორიებით, არ მიფიქრია, პარალელი გამევლო ამ პატარა გოგო-ბიჭებისა და ჩემს ცხოვრებას შორის.

ახლა ჩემი შვილები არიან პატარა გოგოები და მათთვის ვკითხულობ ძველ და ახალ გამოცემებს. ამჯერად  ზრდასრულ გმირებს ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს წიგნები ბავშვებს არა მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულებად, სამართლიანობისთვის მებრძოლ, გენდერულად მგრძნობიარე ადამიანებად ჩამოყალიბებაშიც ეხმარება, რეალობისთვის თვალის გასწორებას ასწავლის.

გახსოვთ ემილის მამა, რომელიც შვილს ყველა ოინის შემდეგ ფარდულში კეტავს; და დედა, რომელიც გარდა იმისა, რომ შვილების თავგადასავლებს ლურჯყდიან რვეულში იწერს და მტკიცედ სჯერა, რომ ისინი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან, ყოველ ჯერზე ცდილობს გადაარჩინოს ემილი მამის რისხვას. კი, იქვე წერია, ემილი მშვენივრად ერთობა ფარდულში, ხის კაცუნებს თლის და ზოგჯერ გემრიელ ძეხვებსაც გეახლებათო, მაგრამ, ნორმალურია პატარა ბიჭის ფარდულში გამომწყვდევა ყოველდღიური ფათერაკების გამო? ამაზე წიგნში თვითონ ემილიც ხშირად ფიქრობს და ყოველთვის ბედნიერიც არ არის, როცა ასე სჯიან. მისი თოფუკა და კეპუკაც არ არის შემთხვევითად ამოჩემებული საყვარელი ნივთები. ასე ცდილობს თავის დაჯერებას, რომ როცა უნდა დაიმალება, როცა უნდა ბოროტებას შეებრძოლება.

მიმიხვდით? იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ძუნწი და ჯუჯღუნა კაცი ისეთი ქალის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელმაც იცის, რომ, როცა ქალებს დახმარება სჭირდებათ, მეზობელი მოხუცი ქალი მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ზოგიერთი კაცი  და ასეთი კაცები თავიანთ სიძლიერეში დასარწმუნებლად სჯიან ბავშვებს, ქალებს დასახარჯ ფულს უთვლიან; დარწმუნებული არიან, რომ ბავშვების აღზრდა მხოლოდ დედების საქმეა  და მათ ჩადენილ შეცდომებზეც დედები არიან პასუხისმგებელი;  თვლიან, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვითონ გადაწყვეტენ, რადგან ოჯახის თავები არიან. ასეთი კაცების შვილები სხვა დიდ ბიჭებთან უფრო კარგად ერთობიან და მეგობრობენ (როგორც მაგალითად, ემილი ალფრედთან), ვიდრე მამასთან. ეს კაცები ბევრს კარგავენ.  ისე ცხოვრობენ, ვერ ხვდებიან, რა კარგია, როცა ცოლს ყოველდღიურ ტვირთს უმსუბუქებ, როცა შვილებთან ერთად ეხვევი მხიარულ თავგადასავლებში, როცა ამაყობ შენი ოჯახის წევრებით, როცა შენი არსებობა სხვებს არ ამძიმებს.

მალინი? სტოკჰოლმელი გოგონა კუნძულ სალტკროკაზე, რომელსაც ოჯახის ყველა წევრზე ზრუნვა უწევს და ეს საზრუნავი იმდენად ბევრია, ზოგჯერ იმ ბიჭთან შეხვედრაც კი არ გამოსდის, რომელიც მოსწონს.  გახსოვთ ხომ? მალინს მამა და სამი ძმა ყავს, ორი შედარებით დიდი, ერთი პატარა. მამა დიდი მოუხერხებელი ვინმეა, ბიჭები კი, ცხადია – ონავრები. მალინი ზრუნავს მათ კვებაზე, სისუფთავეზე, უსაფრთხოებასა და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. სალტკროკაზე სხვა ამბებიც ხდება, ისეთები, რაც ზაფხულის არდადეგებზე ხდება ხოლმე:  ახალი ნაცნობები, მეგობრები, ზღვა და თავგადასავლები, მაგრამ ისეა დაწერილი ეს ყველაფერი, ხვდები, რომ ასეთი ამბები იმიტომ ხდება, რომ არსებობენ მალინი, სხვა ქალები და გოგოები, რომლებიც ყოველდღიურ სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებენ და სხვებს, დიდებსა და პატარებს საშუალებას აძლევენ, გაერთონ, იჭირვეულონ, იკინკლაონ, იცხოვრონ და ისიამოვნონ. თვითონ კი თავიანთი სურვილები და ამბები გვიან ღამით, როცა უკვე ყველა მოვლილია და სძინავთ, დღიურებში წერონ. დღეები ისე გადის, ამ გოგოებს არავინ ეკითხება, ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ გინდა მოგვიყვე, გაგვიზიარო, იქნებ დაიღალე, იქნებ შენც გინდა, თავს მიხედოო.

მადიკენი და იუნიბაკელი კუდრაჭა წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ძია ნილსონისნაირ კაცებს მრავლად ვიცნობ. ძია ნილსონივით მათაც ჰქონდათ პრობლემები ალკოჰოლთან, არ მუშაობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებდნენ ოჯახის წევრების ბედნიერებისთვის. ამ კაცების ცოლები იძულებული იყვნენ დღე და ღამე ემუშავათ, ნამცხვრები გამოეცხოთ, კაბები შეეკერათ, მურაბები ეხარშათ, ბოსტანსა და ხეხილის ბაღებში მოსული ხილ-ბოსტნეული გაეყიდათ და ათასი რამ მოეფიქრებინათ შვილების გამოსაკვებად. ბავშვები კი ცდილობდნენ, თან დედებს დახმარებოდნენ, თან მამების მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ დაკარგვოდათ და თან არ შეემჩნიათ უხერხულობა, რომელიც ასეთ სიტუაციაში ცხოვრებას ახლავს ხოლმე თან, როცა ყველამ იცის, რა ხდება შენს ოჯახში და რაღაცნაირი, შემაწუხებელი სიბრალული ახლავს თან შენთან ურთიერთობას.

და ფრეკენ ბოკი? – საშინელი ძიძა, რომელიც არად დაგიდევთ ბავშვების ინტერესებს, სურვილებს და ინტერესებს.

ბიულერბიუელი ბავშვები? – პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, რა უნდა აკეთონ გოგონებმა და რა – ბიჭებმა?

ყაჩაღის ასული რონია? – პატარა გოგონა,  რომელიც ახერხებს პატარა ბიჭ ბირკასთან ერთად უფროსების დარწმუნებას, რომ მტრობას და სიძულვილს მეგობრობა და მშვიდად თანაცხოვრება სჯობს და რომ ადამიანებს უფრო მეტი რამ აქვთ საერთო, ვიდრე განმასხვავებელი?

როცა იმის ძებნა დავიწყე, რას ფიქრობდნენ სხვები ასტრიდის და გენდერული საკითხების კავშირის შესახებ, აღმოჩნდა, რომ უმეტესობა პეპის მიიჩნევს მის თანასწორობისთვის შექმნილ ყველაზე ძლიერ პერსონაჟად. პეპი პირველი ამბავი იყო, რომელიც დაიბეჭდა. ამ წითელთმიანი გოგოს ცხოვრება, რომელიც არცერთი ჩვენი ნაცნობი ბავშვის ამბებს არ ჰგავს, ასტრიდმა თავისი შვილისთვის მოიფიქრა და მერე, როცა ერთ ცივ ზამთარში ქუჩაში ფეხი მოიტეხა და იძულებული გახდა ცოტა ხნით პასიურად ეცხოვრა, ადგა და წიგნად აქცია, სხვა ბავშვებისთვის გასაზიარებლად.

იმ დროს, როცა მომავალში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი თავისი პირველი წიგნისთვის გამომცემელს ეძებდა, ისინი კი შიშით უყურებდნენ მაიმუნთან და ცხენთან მარტო მცხოვრები გოგოს ამბებს, რომელიც მარტო უმკლავდებოდა ყაჩაღებს, უვლიდა თავს და სკოლაში სიარულს საჭიროდ არ მიიჩნევდა, ასტრიდს, ორი შვილის დედას, უკვე იმდენი სირთულე ჰქონდა გადატანილი, იცოდა, რომ მკაცრ და ხშირად უსამართლო სამყაროში გადარჩენისთვის გოგონა ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო, ყოჩაღი და სამართლიანი, დამოუკიდებელი. მას უნდა შეძლებოდა ეიძულებინა სხვები, პატივი ეცათ მისი თუნდაც განსხვავებული ცხოვრების წესისთვის და თუ გვინდოდა ასეთი გოგონების გაზრდა, ასეთი ამბები უნდა მოგვეყოლა, ნაპოვნ თავისუფლებაზე და არა შესასრულებელ მოვალეობებსა და ქალების აუცილებლად სატარებელ მძიმე ტვირთებზე.

თვითონაც ასე იცხოვრა: სკოლაში სიარული 16 წლისამ იმის გამო შეწყვიტა, რომ ადგილობრივ გაზეთში დაეწყო მუშაობა.  ისე მოხდა, რომ 17 წლისა ამ გაზეთის მფლობელისგან, 50 წლის კაცისგან დაორსულდა, რომელსაც სახლში ცოლი და 7 შვილი ჰყავდა.  მარტოხელა არასრულწლოვანი ორსული ოჯახიდან წავიდა და სტოკჰოლმში გადავიდა საცხოვრებლად. უნდოდა ოჯახისთვისაც და ბავშვის მამისთვისაც ეჩვენებინა, რომ მარტოს შეეძლო ამ ტვირთის ზიდვა. მარტივი არ აღმოჩნდა.  მშობიარობის შემდეგ იძულებული გახდა შვილი გასაზრდელად სხვა ოჯახისთვის მიებარებინა და  მეტი ემუშავა, რომ მისი გაზრდისთვის საჭირო ფული გამოემუშავებინა.

3 წლის იყო მისი ბიჭი, როცა მისი დაბრუნება შეძლო, თუმცა მის გარეშე გატარებულმა წლებმა და პირველ ხანებში გაუცხოებამ, ცხადია, უკვალოდ არ ჩაიარა. პეპის ამბები მან მეორე შვილთან ერთად მოიგონა, რომელიც მოგვიანებით, მეორე ქორწინებიდან ეყოლა. თითქმის ერთი საუკუნე იცხოვრა და ამ დროის განმავლობაში უამრავ ბავშვთან შეძლო  თავისი ამბების მიტანა. ახლა ჯერი ჩვენზეა, რაზე გავაკეთებთ აქცენტს მისი წიგნების კითხვისას, რას ვისწავლით მისგან და სხვა ასეთივე ყოჩაღი ქალებისგან, როგორ მივაჩვევთ ბავშვებს, გაუსწორონ თვალი სინამდვილეს და იბრძოლონ მათ გარშემო არსებული უსამართლობის წინააღმდეგ.

 

ნასტასია არაბული

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ და გზის მეტაფორა

0

ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანში“ გასაანალიზებელი უამრავი საკითხია. დღევანდელ წერილში ლექსის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე და ამ მონაკვეთში წამოწეულ საკითხზე შევჩერდები, რადგან მისი განხილვა და მსოფლიო ლიტერატურის აღიარებულ შედევრებთან დაკავშირება, ჩემი აზრით, საინტერესოც იქნება მოსწავლეებისთვის და დამაფიქრებელიც.

როგორც წესი, „მერანს“ ადამ მიცკევიჩის და ედგარ ალან პოს ცნობილ ლექსებს ადარებენ. ზოგი მკვლევარი კიდევ უფრო შორს მიდის და შედარებისას ბაირონის „მაზეპასაც“ განიხილავს, რადგან ეს უკანასკნელი უდავოდ წარმოადგენდა მიცკევიჩის ლექსის შთაგონების წყაროს. „მაზეპასთან“ ნაკლებად, მაგრამ ბარათაშვილის ლექსთან ორივე ლექსის, „ფარისის“ და „ყორანის“ მსგავსება იმდენად თვალშისაცემია და ამაზე იმდენი დაწერილა, მკითხველს ჩემი დამოკიდებულების ჩვენებით აღარ მოვაცდენ და სხვა ანალოგიურ ნიმუშებზე შევჩერდები. ისევე როგორც პოს და მიცკევიჩის შემთხვევაში, ჩემ მიერ შესადარებლად მოხმობილ ლექსებში და ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანში“ არსებული დამთხვევები მხოლოდ ტიპოლოგიურ ხასიათს ატარებს (თუმცა, როგორც იონა მეუნარგია იხსენებს, გიმნაზიაში ისწავლებოდა ადამ მიცკევიჩის ლექსის რუსული თარგმანი და ამის გამოა, რომ „ფარისის“ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ტიპოლოგიურ მსგავსებებზე ვერ იქნება), მაგრამ მაინც საყურადღებოდ მიმაჩნია მათი განხილვა, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ ლექსში წამოწეული პრობლემა და თავად ლექსის იდეურ-მხატვრული მხარე (ცხადია, ქვემოთ მოყვანილ პოეტურ ქმნილებებთან ამოსავალი ლექსის შედარებას სამეცნიერო კვლევის პრეტენზია არ გააჩნია, რაც უდავოდ დიდი შეცდომა იქნება). ჩვენი მოსწავლეებისთვის, ლექსის გაგების პარალელურად, ასევე სასარგებლო უნდა იყოს, ადრეულ ასაკში გაეცნონ, როგორ უყურებდნენ, როგორ განიხილავდნენ, როგორ ასახავდნენ სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე დიდი მოაზროვნეები ერთსადაიმავე პრობლემასა თუ საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ „მერანი“ იმავე სტროფით მთავრდება, რომლითაც იწყება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლექსის ლოგიკური და აზრობრივი დასასრული ბოლოს წინა კუპლეტშია გადმოცემული:

„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის, ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შემგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“

ის სტრიქონები კი, რომლებიც ლექსს რეფრენად გასდევს და ხან სრულად, ხანაც ნაწილობრივ მეორდება, ერთგვარი დრაივია – მას გავყავართ დასაწყისიდან დასასრულამდე, ხოლო გამოყენებული სიტყვები ქმნიან რიტმს, რომელიც ფლოქვების ხმასავით გასდევს მთლიან ლექსს და გადაეცემა მკითხველსაც. „მირბის“ და „მიმაფრენს“ გრადაციაა, რომლითაც ავტორი ცდილობს, აჩქარებული ტემპის განცდა შექმნას: ცხენის რბოლა კარგია, მაგრამ დასახული მიზნის მისაღწევად ეს არაა საკმარისი, რბოლა როცა გაძლიერდება, მაყურებელსაც, მსმენელსაც, მკითხველსაც და მხედარსაც ფრენის შთაბეჭდილება დარჩება. მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც არაა საკმარისი, რადგან „გაფრენილი“ ცხენი შეიძლება დაიღალოს. ამიტომაც პოეტი შეუძახებს მერანს, შეძახილით ამხნევებს მას, ლექსს კი ნელ-ნელა ემატება ისეთი სიტყვები, რომლებიც სათანადო განცდას იწვევს მკითხველში.

დავუბრუნდეთ სტრიქონებს, რომლებშიც ლექსის მთავარი სათქმელია გადმოცემული, ე.ი. ბოლოს წინა სტროფს. ამ სტრიქონებში ჩვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სიტყვა „გზა“, რომელიც დახასიათებულია ეპითეტით „უვალი“. გაუვალ ადგილებს პრინციპში ვერც ვუწოდებთ გზას, სანამ ვიღაც არ გაკვალავს მას. მაგრამ, თუკი წინამორბედის მიერ ერთხელ გაკვალულ გზას მგზავრები აღარ დაადგებიან, მასზე კვლავ გაიზრდება ბალახი, ალბათ ეკალ-ბარდებიც და იშვიათი მგზავრისთვის ძნელი მოსაძებნი გახდება იგი. ბარათაშვილის სტრიქონებიდან ვხვდებით, რომ უვალი გზა, რომელსაც გაუთელავი ბალახი ფარავს, პოტენციური გზაა და, როგორც კი მას მერანი გაივლის, მიმართულებაც უკეთ გამოჩნდება.

გზა რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმავდროულად უძველესი მეტაფორაა, ამას მტკიცებაც არ სჭირდება. ჯადოსნურ, ძირითადად სამი ძმის მოტივზე შექმნილ ზღაპრებში, პროტაგონისტი გზის გასაყართან აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: მარჯვნივ წახვალ, ცხენს დაკარგავ; მარცხნივ წახვალ, ხმალს დაკარგავ; წინ წახვალ და თავს დაკარგავო. ეს გაფრთხილება სხვადასხვა ზღაპარში სხვადასხვანაირად ჟღერს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ის პერსონაჟი, რომელზეც ზღაპარია და რომელიც დასასრულს ან მეფის ასულს შეირთავს ან სამეფოს მოიპოვებს, ყოველთვის სასიკვდილო გზას დაადგება, ხოლო მისი ძმები თუ ამხანაგები პირველ და მეორე გზას ირჩევენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზღაპრის პროტაგონისტი ამ გზაზე არათუ ცოცხალი გადარჩება, არამედ, იმდენად კარგ ბედს ეწევა, მანამდე ოცნებებშიც რომ ვერ წარმოედგინა. ხშირად ეს, თურმე ბედის ნებიერა პერსონაჟი, გარშემომყოფებს სულელი ჰგონიათ. არადა, მის მიერ ამ, ერთი შეხედვით, სახიფათო, მაგრამ იღბლის მომტანი გზის არჩევა გვიჩვენებს, რომ ის სხვებზე გამჭრიახია. თუკი მასთან ერთად გზის გასაყარზე აღმოჩენილმა სხვა მგზავრებმა გზის დასაფარად მსხვერპლი გაიღეს (თუნდაც ხმლის, ცხენის ან სხვა რამის სახით), მას, ზღაპრის პროტაგონისტს, ასეთი მსხვერპლის გაღება არ დასჭირვებია – სიკვდილი, რომელიც საშიში მესამე გზის ამრჩევს ელის, მხოლოდ ერთი გზის დასასრულში კი არა, სამივე გზის ბოლოსაა ჩასაფრებული. უბრალოდ ხანდახან გასავლელი გზა მოკლეა, ხანაც – გრძელი. ერთის და მეორის, მოკლე და გრძელი გზის დაფარვას მთელი ცხოვრება სჭირდება, უბრალოდ სწორედ ეს ცხოვრება გამოდგება ხოლმე მოკლე ან გრძელი. ცხოვრების გზა  გასავლელია და არა აქვს მნიშვნელობა, სახლში რჩები თუ სახლიდან გაუსვლელად ფარავ მას. უმოქმედოდ მყოფი პერსონაჟიც კი თავის გასავლელ გზას მაინც გადის, რადგან გზა, როგორც მეტაფორა, ცხოვრების მხატვრულ სახეს წარმოადგენს, ხოლო გზაგასაყარზე მგზავრის აღმოჩენა ცხოვრების გარდამტეხ მომენტებს უკავშირდება და გავრცელებული ალეგორიაა. ის იმდენად კარგად მორგებული აღმოჩნდა აღსაწერი მოვლენისთვის, რომ ენებში იდიომების სახითაც დამკვიდრდა.

როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც, ყველაზე რთული გზიდან გადაცდენა და გზის დაკარგვაა. გავიხსენოთ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ პირველის შვიდი სტრიქონი, რომელიც სწორედ ამ თემაზეა:

„უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე

ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.

ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი

უკაცრიელი, დაბურული და გაუვალი.

თვით მოგონებაც წამიერი ერთხელ ხილულის

საშინელია ამჟამადაც და შემზარავი.

ეს მოგონება თვით სიკვდილზე უმწარესია…“ (კ. გამსახურდიას პწკარედების მიხედვით თარგმნა კ. ჭიჭინაძემ)

სულისშემძვრელია ამ სტრიქონების წაკითხვა და გააზრება ემოციების გარეშე. გზადაკარგული ლირიკული გმირის შეგრძნებას ემთხვევა მკითხველის განცდებიც, რადგან მეტაფორები, რომლებსაც იყენებს პოეტი, ზუსტად ასახავს სათქმელს და გულგრილს ვერ ტოვებს ვერავის. უკაცრიელი, დაბურული და გაუვალი ტყე ხომ საშიშია, მაგრამ სუნთქვა გვეკვრება, როგორც კი აღმოვაჩენთ, რომ ეს უსიერი ტევრი ცხოვრებაა და გზა, რომელსაც სამშვიდობოს უნდა გაეყვანა მგზავრი, სადღაც ჩაკარგულა.

როდესაც გზის მეტაფორაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია, არ გაგვახსენდეს რობერტ ფროსტის ლექსი „არარჩეული გზა“ (ინგლისურად “The Road Not Taken”):

„ორი გზა ტყეში, ყვითელ ფოთლებში,

თითქოს თანაბრად, მიიწევს მაღლა.

მომიწევს გავლა თუნდაც ერთ-ერთის.

თვალით მოვნიშნე ერთი და მივდევ,

ვცდილობ გავიგო, სად მიწევს დაღლა.

მერე მეორეს შევხედე. თითქოს

ის უკეთესად მოპყრობას ითხოვს.

ბალახი იქცევს ჩემს ყურადღებას;

კიდევ მწვანეა. ვფიქრობ, მოელის,

რომ ამ შარაზე წავა ყოველი.

ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვნენ

და ერთნაირად მიხმობდნენ დილით.

მეორეს გავლა გადავავადე,

თუმცა ვიცოდი, ეს გზა ხვალამდე

არ დარჩებოდა უსიერ ტყეში.

და ამოოხვრით ვიტყვი, როდესაც

წლების სისრულის ვიგრძნობ რაობას:

მე ავირჩიე ნაკლებ ნავალი

იმ ორი გზიდან, ტყეში რომ შემხვდა.

და მხოლოდ ამან შექმნა სხვაობა.“ (გ. თევზაძის თარგმანი)

ფროსტის ლექსის ამ ქართულ თარგმანში არ ჩანს, თუმცა დედანში წაკითხულიდან გამოგვაქვს ის აზრი, რომ ერთი მგზავრი ერთდროულად ორ გზას ვერ დაადგება („sorry I could not travel both and be one traveler”), ამიტომ მას არჩევანის გაკეთება უხდება და ცდილობს, იქამდე მიაწვდინოს თვალი ორივე გზას, სადამდეც ამის საშუალება მიეცემა. ერთი გზა, გაუვალი და ნაკლებად გათელილია და ამიტომაც ლირიკული გმირი მის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, თუმცა მან იცის, რომ, თუკი შუა გზაზე აღმოაჩენს, რომ არასწორი არჩევანი გაუკეთებია, უკან დაბრუნების დრო აღარ ექნება და ბოლომდე მისი გავლა მოუწევს. თანაც, რომელ გზასაც არ უნდა დაადგეს მგზავრი, ის ვერ გაიგებს, რა ელოდა მეორე, არარჩეულ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ გზებს შორის სხვაობა მხოლოდ გათელილ და გაუთელავ ბალახში იყო, მხოლოდ მომავლის გადმოსახედიდან შეიძლება ამ სხვაობაზე საუბარი. როგორც ვხედავთ, რობერტ ფროსტის ლექსშიც ტყეში გადაშლილი გზები მეტაფორას წარმოადგენს და ის ცხოვრებაში გასაკეთებელ სწორ არჩევანს უკავშირდება. არავინ იცის, რომელ გზაზე დადგომაა უფრო მართებული, ამას მხოლოდ გზის ბოლო ან ცხოვრების დასასრული გვიჩვენებს.

ალბათ აქვე უნდა გავიხსენოთ ჰეროდოტესთან მოთხრობილი ამბავიც. ფილოსოფოსმა სოლონმა, ლიდიის მეფე კროისოსს რომ ეწვია, დააღონა მასპინძელი, როდესაც შეკითხვას, თუ ვინ იყო უბედნიერესი ადამიანი, ის კი არ უპასუხა, რომ ლიდიის მბრძანებელი იყო ასეთი, არამედ აუხსნა, რომ ვერავინ უწოდებდა ადამიანს უბედნიერესს, სანამ ცხოვრებას გზის დასასრულიდან არ გადაავლებდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ სოლონის ამ პასუხმა მეფე გაანაწყენა, ყველა მიახვედრა, რომ ფოლოსოფოსი მართალი იყო.

როგორც ვხედავთ, გზის მეტაფორა და მასთან დაკავშირებული ალეგორიები მეტად გავრცელებულია, ამიტომაც აუცილებელია, მასზე ვიმსჯელოთ, როდესაც მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“ შევასწავლით.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...