შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

როგორ დავუკავშიროთ საკლასო გარემოს თბილისის წიგნის დღეები

0

საკლასო ოთახის კედლებზე ასახული ყოველდღიური საგაკვეთილო ფუსფუსი წიგნიერების ხელშემწყობი მთავარი პირობაა.  ჩვენს სკოლაში მშვენიერი ბიბლიოთეკაა, სადაც ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ, თუმცა საკლასო ოთახის წიგნიერი გარემო უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მისი გამრავალფეროვნებისთვის ბევრს ვფიქრობ. საინტერესოა, მაინც რა შეგვიძლია ქართულის მასწავლებლებსა თუ დამრიგებლებს?

თბილისის წიგნის დღეები კარს მოგვადგა, რომელიც 8-11 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გაიმართება. გადავწყვიტე, საგამოფენო დარბაზს ჩემს მოსწავლეებთან  ერთად ვესტუმრო, მიზნად კი დავისახე:

  • კლასის ბიბლიოთეკის შექმნა;
  • საერთო საკითხავი წიგნის ყიდვა;
  • წიგნიერი გარემოს ნახვა;
  • პიკნიკი;
  • ბლოგისთვის პოსტების მომზადება.

სასურველია, წინასწარ ავაგოთ პრეზენტაცია, რითაც გავაცნობთ  მოსალოდნელ სიტუაციას და შევუქმნით განწყობას. მოვამზადოთ წიგნის ფესტივალის ამსახველი ფოტომასალა, ან ვაჩვენოთ წიგნზე შეყვარებული მეგობრების ვიდეომომართვები.  მეგობრის ოთახის კედელი კი, რომელიც წერილებით, სამახსოვრო ბარათებით, საყვარელი მწერლებისა და მსახიობების პლაკატებითაა აჭრელებული, ბოლო ლუკმად შემოვიტოვოთ. პირადი მაგალითი იქნება იმისა, როგორ შეგვიძლია ჩვენი ამბებით საინტერესო გავხადოთ კლასის ერთი კუთხე. წიგნის დღეების ამსახველი ფოტომასალა, წიგნების პოსტერები, მწერლების სურათები, კადრები საყვარელი ფილმებიდან და ანიმაციებიდან – მულტიმედიური სამყაროს საკლასო ოთახში შემოტანა, ბავშვების მოტივაციას აამაღლებს და „შინ“ მყოფობის განცდას შექმნის. წინასწარი განწყობის შექმნა პირველი ნაბიჯია, შემდეგ სამოქმედო გეგმის ჯერი დგება.

კლასის ბიბლიოთეკა

ჩვენ ასე შევთანხმდით: სურვილისამებრ ვიკრიბებით კვირა დღეს, ვადგენ სასურველი წიგნების სიას და შემთხვევითი წესით თითოეულს გვხვდება ერთი ავტორი. ვეძებთ და ვყიდულობთ. ათი წიგნიც რომ შეგვიგროვდეს, მშვენიერი იქნება. საკლასო ოთახში გამოვყოფთ პატარა კუთხეს, სადაც ერთად შეძენილ წიგნებს საგულდაგულოდ მოვათავსებთ. ცხადია, წიგნების გამომზეურებით არ უნდა დასრულდეს წამოწყებული აქტივობა. პირიქით, ნაყიდი წიგნების საგაკვეთილო პროცესში  ჩაბმა პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

საერთო წიგნი

ორი თვეა მე და ჩემი 41 მეექვსეკლასელი  მოსწავლე თეა თოფურიას წიგნს  – „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ – ვკითხულობთ. ყოველ პარასკევს შეფასებისგან თავისუფალი გაკვეთილი გვაქვს და კვირის განმავლობაში წაკითხული ნაწილის ირგვლივ ვსაუბრობთ.  ამ წამოწყების შესახებ შემდეგ სტატიაში დაწვრილებით გიამბობთ. ახლა კი იმას გეტყვით, რომ თეას წიგნს მალე დავასრულებთ და გადავწყვიტე, კიდევ ერთი ქართველი ავტორის გიორგი მასხარაშვილის წიგნი –  „14 კრისტალის თეორია“ –  წავიკითხოთ. წიგნის დღეები კი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველა შევიძენთ და მოვემზადებით ზამთრის დღეებისთვის.

წიგნის ერთად წაკითხვა მრავალმხრივ საინტერესო აქტივობაა: ერთმანეთის უკეთესად გაცნობისთვის, ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის, სასწავლო პროცესის გახალისებისთვის, მკითხველის უნარ-ჩვევების შეძენისთვის.

 

წიგნიერი გარემო

ასეთი დღეებისთვის საგანგებოდ ქმნიან გარემოს, სადაც ყველაფერი წიგნებს უკავშირდება. სადღესასწაულო განწყობა გადამდებია. დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რათა მასწავლებლებმა  მოსწავლეებს ვანახოთ თავისუფალი გარემო, სადაც შეხვდებიან მწერლებს, რედაქტორებს, გამომცემლებს, პოეტებს, მკითხველებს. ნახავენ როგორ ეძებენ წიგნებს ხელები, როგორ ფურცლავენ სასურველ წიგნს თითები, როგორ არჩევენ თვალები. საინტერესოა ადამიანების თვალთავლი ასეთ დროს. სხვისი არჩევანი და გადაწყვეტილებები უნებურად შენც გათამამებს, ძიებისკენ გიბიძგებს.

 

ფოკუსი დეტალებზე

წერითი აქტივობებისთვის იდეები შემოგაკლდათ? წიგნის დღეები ამ დანაკლისსაც შეგვივსებთ. მთავარია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, რომ თვალებზე გამადიდებელი შუშა მოირგონ და ფოკუსი დეტალებზე გაასწორონ. როგორც ჩემი საყვარელი ენათმეცნიერი, ჯონ ვარინერი, ამბობდა, საკუთარი გამოცდილება ნაწერს განსხვავებულს ხდისო. ეს კი სწორედ დეტალების შემჩნევით  იწყება – მე რასაც ვამჩნევ, განმასხავებს სხვისგან და ეს მხდის საინტერესოს. დავალების მიზანია ფოკუსის მაკრო რეჟიმში გადმორთვა და გარესამყაროს წერილობით აღქმა. ჩანახატებისთვისაც მოიძებნება ადგილი – საკლასო ოთახის კედლებზე ან ბლოგის სივრცეში. თემის შერჩევისას ჩვენი დახმარებაც დასჭირდებათ: სამი მყიდველი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია; ჩანახატი წიგნის დღეების შესახებ; წიგნი, რომელმაც დამიძახა და ა.შ.

 

პიკნიკი

წინასწარ პიკნიკისთვის მომზადებაც შეიძლება: თბილი პლედები და წასახემსებლად მცირე საგზალი საკმარისი იქნება ახალი წიგნების ნება-ნება დასათვალიერებლად, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. საგამოფენო პავილიონის დიდი, მყუდრო ეზო კი პიკნიკისთვის  შესაფერისი ადგილია.

 

მართალია, თბილისის წიგნის დღეები ხვალ იწყება და შეიძლება იფიქროთ, ამ სტატიას გამოქვეყნება დააგვიანდა, მე კი თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობას შეგახსენებთ, რომელიც ყოველწლიურად დეკემბრის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. რაც მთავარია, მოსწავლეებთან ერთად  წიგნიერ გარემოში მოგზაურობა დაუვიწყარ დღეებად გვექცევა და ამ დღის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას უკვე დაიმუხტებით ბავშვების სიხარულით.

 

 

 

 

 

 

ოდეს „სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ“-როგორ ვასწავლოთ ანა კალანდაძის „ფეხი დამადგით“

0

2012 წელს ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და მხატვრული ტექსტების სწავლების მეთოდიკის ნაწილში, მახსოვს, ავირჩიე დავალება „როგორ ვასწავლოთ ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით“. არჩევანში არ შევმცდარვარ. მაქსიმალური 20 ქულიდან 20 მივიღე და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმაც გამსწორებლად სწორედ ამ ნაშრომის წყალობით შემარჩია. ეს შემთხვევა რომ არა, ეს ლექსი მაინც გამორჩევით მეყვარებოდა მუდამ, რადგან, თავი რომ დავანებოთ ანა კალანდაძის ჯადოქრულ პოეტურ ენას და საოცარ ემოციებს, მისი ტექსტები რომ აღგვიძრავენ, ამ ლექსში გაცოცხლებული ლირიკული გმირი ნამდვილად უკვდავი მოვლენაა ქართულ პოეზიაში.

მეცხრე კლასში ანას ამ ლექსთან ერთად ვასწავლით დავით აღმაშენებლის ეპიტაფიას, რომლის იდეაც ისეთივე მრავლისმთქმელი და გამომსახველია, როგორიც დიდი მეფე დავითის საქმენი. ეპიტაფია ისედაც უაღრესად საინტერესო ჟანრია. მან მოკლედ და ხატოვნად უნდა გადმოსცეს იმიერსოფელში გარდასული ადამიანის ღვაწლი და მისი სახე ნათლად დაანახოს მკითხველს, რაც იოლი ამოცანა როდია. როგორ გინდა, ოთხ ტაეპში ჩატიო მეფე დავითის ღვაწლი? თუმცა ამ ეპიტაფიის ავტორმა ეს ნამდვილად მოახერხა:

„ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამისა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს“.

ეპიტაფიამ გვითხრა დავით მეფის უმთავრესი დამსახურებები: რომ ის მეფეთმეფე და გამაერთიანებელი იყო, რომ უსჯულო დამპყრობელთაგან იხსნა ქვეყანა, რომ ამერ-იმერი მტკიცე სულიერი ერთობით შეკრა და ახლა, როგორც დიდი აკაკი იტყოდა, შეუძლია „ხელდაკრეფით განისვენოს მარადის“.

თუ ეპიტაფიის ტექსტში ძლევამოსილი მეფის მონუმენტური პორტრეტი იძერწება, ანა კალანდაძის ლექსში ვხვდებით მონანიე, თავმდაბალ, ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრებულ ლირიკულ გმირს, რომელიც საკუთარი თავისთვის მხოლოდ იმას იმეტებს, რომ „ფეხქვეშ გაცვითონ“ მისი საფლავის ლოდები…

პოეტური სიტყვის მაგია უპირველესად სწორედ იმაშია, რომ მას შეუძლია, თავის ლირიკულ-ემოციურ სამყაროში ისეთი რაკურსით გააცოცხლოს ლირიკული სახე, როგორიც მანამდე არასდროს არავის წარმოედგინა.

რამ შთააგონა ანა კალანდაძეს მონანიე მეფის ესოდენ ემოციური პორტრეტის შექმნა? დარწმუნებული ვარ, უპირველესად საამისო ინსპირაციას მას მისცემდა დავით მეფის საოცარი ფსალმუნი „გალობანი სინანულისანი“. დავით ბაგრატიონი აქ ნამდვილად არ ჩამოუვარდება ბიბლიურ დავით ფსალმუნთმეტყველს…

ეს ფსალმუნი ყოველთა ქართველთა სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. გაოცებას იწვევს მორჭმული და ძლევამოსილი მეფის თავმდაბლობა და სინანული. რად ღირს მისი ეს სიტყვები: „ბუნებითსა რაი პორფირსა თვითმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი, რამეთუ „რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ“… კაენის მკვლელებრი ცნობაი, სეითის ძეთა ლირწებაი, გმირთა სიღოდით მავალობაი, ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწვირე, უფროის ვამრავალწილე, ვითარცა რაი აღმართ-მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან“…

საკვირველი ის არის, რომ ესოდენ ძლიერი და ახალგაზრდა მეფე ელოდება ჟამს, როცა შეიძლება დაკარგოს ძალაუფლება, ის აცნობიერებს, რომ ყოველივე წარმავალი და ამაოა და მას აძლიერებს ტახტი, სხვა მხრივ კი ჩვეულებრივი მოკვდავია, როგრიც ყველა სხვა, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ადამიანური უმწეობით… ეს ჟამი კი მას ასე წარმოუდგენია:

„ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,

ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,

შუებაჲ უქმ იქმნნენ,

ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,

სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,

სხუასა შეუდგენ სპანი, –

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

მეფემ კარგად იცის, რომ მარადიული არაფერია, მას სხვა შეცვლის, ხოლო უფლის წინაშე ის უნდა წარდგეს განწმენდილი, თავდადრეკილი, მას არ ღალატობს რწმენა, რომ სამართლიანობა იზეიმებს და ამ დროს თავად, ვითარცა უსამართლო და მძლავრი, მზადაა პასუხისმგებლობისთვის. „პატიჟისათვის მეშინისო!“ – გვახსენდება წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელის სიტყვები…

„გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,

მსაჯული მართლ სჯიდე,

მსახურთა რისხვაჲ ქროდის,

მართალნი ნეტარებდენ,

ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, –

მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!“ –

მეფის ეს სიტყვები მის ადამიანურ სიმაღლეს და სისადავეს საოცარი სიწრფელით წარმოაჩენს.

დავით აღმაშენებლის ადამიანური თვისებების მომხიბვლელობა განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძნო პოეტმა და თავის ლექსში სწორედ ამ მომენტისკენ მიმართა ლირიკული ემოცია. აუცილებელია, მოსწავლეებში სწორედ ეს ემოცია აღვძრათ და ცხადად დავანახოთ მათ ლირიკული გმირის მრავალშრიანი, ღრმა ფსიქოლოგიზმით დახატული პორტრეტი. საამისოდ მასწავლებელმა სკაფოლდინგის მეთოდი უნდა მოიშველიოს და ეპიტაფიის ტექსტთან ერთად „გალობანი სინანულისანი“ გააცნოს მოსწავლეებს. მართალია, ძველი ქართული, არქაული ენა იოლი აღსაქმელი არ არის, მაგრამ მეცხრე კლასში მოსწავლეებს უკვე ნასწავლი აქვთ „ვეფხისტყაოსნის“ არაერთი თავი და მათთვის ეს დაუძლეველი სირთულე არ იქნება. წარმოუდგენელია, ბუნებრივად არ გაჩნდეს კლასში ამ ტექსტისადმი ინტერესი. სკაფოლდინგის პრინციპით შექმნილი დამხმარე რესურსი, დავით მეფის ფსალმუნებთან ერთად, სასურველია მოიცავდეს მეფის ცხოვრების საინტერესო დეტალებს ისტორიული ნარკვევებიდან, ასევე – სინანულის საიდუმლოს შესახებ ქრისტიანული თვალსაზრისის ამხსნელ მასალას.

ტექსტზე მუშაობის დროს ეფექტური იქნება დისკუსიის ტიპის გაკვეთილის ჩატარება თემაზე „მაღალთა თავმდაბლობა“. გონივრული იქნება საშინაო დავალებად არგუმენტირებული ლიტერატურული ესეს მომზადება. აქ მრავალგვარი ვარიაცია შესაძლებელი, თუმცა პრობლემა გააზრებული უნდა იყოს შემდეგი კითხვების შესაბამისად:

  • რა არის სინანული?
  • განიცდიან თუ არა სინანულს ძლიერნი ამა ქვეყნისანი?
  • რაზე მეტყველებს დავით მეფის სინანული?
  • მიეტევება თუ არა ადამიანური ცოდვილი ვნებები დიდი დამსახურების მქონე ერისკაცს?
  • რას გვასწავლის დავით მეფის ანდერძი?

მოცემული ეპიტაფია, ანა კალანდაძის ლექსი და დავით მეფის ფსალმუნი საუკეთესო მასალაა მხატვრული ტექსტების სინთეზირების უნარების დასახვეწად. ეს თემა მოსწავლეებს განუვითარებს ლირიკული ტექსტებისადმი მიმართების, ემოციური აღქმის, პოეტურ ტექსტში ადამიანური ვნებების ამოცნობის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები უღრმავდებიან ტექსტების იდეებს, ხდებიან მკვლევრები, გამოაქვთ დასკვნები, ხშირად – ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც საინტერესო მასალაა დისკუსიისთვის, აზრთა შეჯერებისთვის. მეცხრე კლასში ვსწავლობთ ასევე „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილის ანდერძს, რომელიც მორგებულ ლიტერატურულ პარალელად გამოგვადგება, რადგან საკუთარი ადამიანური მისიისადმი დავით მეფისა და ავთანდილის მიმართება დიდად ენათესავება ერთმანეთს. შეგვიძლია, ვენური დიაგრამის ტიპის კოგნიტიური სქემით გამოვსახოთ დავითისა და ავთანდილის ლირიკული აღსარებები.

ანა კალანდაძის პოეზია ყოველთვის იძლევა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას. მის ტექსტებში გაცოცხლებულია არაერთი ისტორიული გმირის უკვდავი ლირიკული პორტრეტი და შეგვიძლია სინთეზირებისთვის გამოვიყენოთ ამავე ავტორის ამ ტიპის სხვა ტექსტები. როგორიცაა: „საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?“ „ასპინძას მიდის მეფე ერეკლე“, „აღმაშენებელს“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ბოდბედან ნინოწმინდამდე“, „დავით გურამიშვილი“, „ქეთევან დედოფალი“ და სხვები.

„წერილები წეროს ბუდიდან“ და ორი მწერლის ორიგინალური ტანდემი“

0

ცოტა ხნის წინ, წიგნის მაღაზიებში „წერილები წეროს ბუდიდან“ გამოჩნდა – ახალი საბავშვო წიგნი, რომლის ავტორი ბონდო მაცაბერიძე საართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარადგინა. გამოცემა იმ მხრივაც გახლავთ საინტერესო, რომ მწერალმა და ილუსტრატორმა ლელა ცუცქირიძემ გააფორმა.

ცოტა ხნის წინ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის  ნომინანტებიც დასახელდა და მათ შორის აღმოჩნდა ორივე ავტორი. ბონდო მაცაბერიძის „წერილები წეროს ბუდიდან“ და ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი და სხვები“  საუკეთესო პროზაული წიგნისა და საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის ნომინაციებშია წარდგენილი.

ამსეთი ორიგინალური ტანდემის შემოთავაზებული საბავშვო წიგნი, ბუნებრივია, ინტერესს იწვევს,  მითუეტეს, რომ თითოეული გამოცემა სასაჩუქრე ეგზემპლარია: პირველსავე გვერდზე კონვერტი დაგხვდებათ, რომელშიც წერილი უნდა ჩადოთ და დაბეჭდოთ, (ვის და რა შინაარსის წერლს მისწერთ, ზღაპრის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტთ), მეორე გვერდზე კი მიუთითებთ როდის და ვისთვის შეიძინეთ ეს წიგნი, – ასეთი გახლავთ ავტორის პირობები და ფონს რომ გახვიდეთ, უფრო სწორად წეროს ბუდეში რომ მოხვდეთ, შესრულება მოგიწევთ.

***

„წერილები წეროს ბუდიდან“ მხოლოდ გარეგნული ორიგინლობით როდი გამოირჩევა. შემეცნებითი ზღაპარი პატარა მკითხველის ყურადღებას არაერთ საინტერესო თემაზე ამახვილებს. კითხის პროცესში ბავშვები ფრინველებისა და ცხოველების ცხოვრებისა და ქცევის თავისებურებებზე შეაგროვებენ ინფორმაციას.

უპირველეს ყოვლისა შეტყობენ, წეროები თავიანთი ვეებერთელა ბუდეების მშენებლობისას რომელ ხეებს და როგორ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, სად ცხოვრობენ წელიწადის სხვა და სხვა დროს, რომელ ქვეყნებში უწევთ მოგზაურობა, „რა სილამაზითა და როგორი სიყვარულით აწყობენ თავიანთ ბუდეებს,“ როგორი სანიმუშო ინჟინერ-მშენებელია მამა წერო (გათვლილი აქვს ქარისა და წვიმისაგან დაცვისა თუ ბუდის სურნელოვნებაზე ზრუნვის მხარეები), რამდენ კვერცხს დებს დედა წერო,რამდენ ხანს გრძელდება მისი კვერცხბუდობა და სხვა ფრინველებისგან განსხვავებით შთამომავლობას (ბჟიტებს) როგორ უვლიან.

ზღაპარი სტრუქტურულადაც თავისებურია: შემოდგომასა და ზამთარში ჩვენსკენ წეროები არ ჩანან და ავტორი „დროის გასაყვანად“ რამდენიმე ზღაპარს სთავზობს პატარებს – უამბობს დედა ღორზე, ხოჭო ხოჭოჭინაზე, სოფლის წყაროზე, ბეღელსა თუ ბაღ-ბოსტნებში მომხდარ ამბებზე. ამასაბაში კი „გაიზაფხულებს, მიწას ამოუძღვება ბალახი-ჟინჟარი, წერო, მწერი თუ მერცხალი ყველა ჩვენსკენ იჩქარის“ და წეროების ამბებიც გაგრძელდება…

შესაძლოა იფიქროთ, რაში გვჭირდება წეროს ბუდის შესხებ ამდენი ინფორმაციაო. მაგრამ მეზღაპრე ხომ ტყუილად არასოდეს წამოიწყებს საუბარს. მას მშვენივრად აქვს გათვლილი და წარმოდგენილი ის მოულოდნელობები თუ ხიფათები ბავშვობას თან რომ ახლავს. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, დახუჭობანას თამაშის დროს ბუდეში ამოჰყოთ თავი, შესაძლოა სახლიდან გარკვეული მიზეზებით გამოქცეულებს იმავე ბუდეში ღამის გათევაც მოგიხდეთ – არ უნდა იცოდეთ ვისი ბუდე გაგიწევთ მასპინძლობას?

ბავსვობაში მსგავსი თვგადასავალი ჩვენს კეთილ მეზღაპრესაც გადახდა, რატომ მოხვდა წეროს ბუდეში და რა იპოვა იქ, აჯობებს ამ წიგნის ფერწერული გვერდებიდან ამოიკითხოთ. მე მხოლოდ გაგაფრთხილებთ, რომ წინ ბევრი საინტერესო წერილის გახსნა და წაკითხვა გელით. ფერად-ფერადი კონვერტებიდან ფერად-ფერადი ამბები ამოფრინდება: გარეულ იხვზე, მარიამსა და თათოზე, იმ კაცზე, არა რომ ერქვა. ზოგს შვილიშვილისგან ბებია-ბაბუასთვის მიწერილი მოეწონება, ზოგს საქათმიდან თოფისთვის გაგზავნილი თხოვნა მოხიბლავს, ზოგს სახადიანი დათვისთვის ბეითლების მოგონილი რეცეპტები დააინტერესებს, ზოგს კი ნერწყვს მოჰგვრის ტრაბახა მელიას მენიუ:

„ტყის ქათამი – საწებლით,

ბატი – ცივად,

იხვი – მწვანით,

ხბოს არტალა – არჯაკელით,

ქამა სოკო – უგრეხელით,

ცხელკეცური – იმერული,

ბოსტნეული,

ფახლეული…“

ზღაპარი თავშესაქცევი გათვლებით დასრულდება, ბოლო გვერდებზე კი იმ მივიწყებული ქართული სიტყვების განმარტებას იხილავთ, უხვად რომ იყენებს ავტორი თავის ტექსტებში. საბოლოოდ კი თავადაც დადგებით წერილის დაწერის ხასიათზე.

ჩემს წიგნში, პირველი გვერდის კონვერტში უკვე დევს წერილი, დაბეჭდილია და ზედ საჭირო თარიღებიც გახლავთ დატანილი. ახლა ჯერი თქვენზეა, დიდ-პატარამ ერთად გადაწყვიტეთ, აჰყვებით თუ არა მეზღაპრესა და მხატვარს შემოთავაზებულ თავგადასვალში: „არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდა არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი…“

 

 

 

 

კლასტერების გამოყენება გაკვეთილზე

0

თანამედროვე განათლების სისტემა ორიენტირებულია მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების ფორმირებაზე. კრიტიკული აზროვნება სტიმულს აძლევს მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებას.

მინდა, შემოგთავაზოთ მეთოდი კლასტერი, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო მასალის სისტემატიზაციასა და სინთეზს. სწორედ ამიტომ მომინდა საუბარი გეოგრაფიის გაკვეთილზე ამ მეთოდის გამოყენების მნიშვნელობაზე.

კლასტერი არის ორგანიზაციის გრაფიკული ფორმა, როდესაც ხდება ძირითადი სემანტიკური ერთეულების განსაზღვრა, რომლებიც დაფიქსირებულია დიაგრამის სახით, მათ შორის ყველა კავშირის აღნიშვნით.

გეოგრაფიის გაკვეთილზე ინდივიდუალურად ქვეყნების ან კონტინენტების გეოგრაფიის განხილვისას მოსწავლეები ხშირად იყენებენ “კლასტერებს”. მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება. პირველი – თუ არ ვზღუდავთ საგნის არსის არეალს, საიდანაც მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ, ისინი იწყებენ მონაცემების მოგროვებას ცოდნის სრულიად განსხვავებული სფეროდან. ქვეყნის შესწავლისას ეს “გარე ინფორმაცია” ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეხება საზოგადოების მახასიათებლებს, მაგრამ თუ მოსწავლეები, ძირითადად, გეოგრაფიულ ინფორმაციას კითხულობენ, ისინი იმედგაცრუებულიც  კი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სავალდებულო თემები, ხშირად შორს არის იმ პრობლემებისგან, რომლებსაც ისინი საკვანძოდ მიიჩნევენ  და მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. საგნის საბაზისო ცოდნა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამიტომ საჭიროა ხშირად ვცვალოთ მეთოდები, რათა შევინარჩუნოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი.

მეორე პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით კლასტერების შექმნისას, არის ინფორმაციის გაგება და ანალიზი. ქვეყნის შესწავლა ჩვეულებრივ მოითხოვს გარკვეულ ლოგიკურ წესრიგს: ადგილმდებარეობა, ბუნებრივი რესურსების ანალიზი, მოსახლეობა და ტერიტორიული ერთეულები, შემდეგ კი – სახელმწიფოს ეკონომიკის მახასიათებლები. თუ პედაგოგებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ, ისინი ხანდახან ჩამოთვლიან ყველა ინფორმაციას კლასტერული ფორმით – წესრიგითა და ფორმით, სადაც მოსწავლეები გამოხატავენ აზრებს გამოწვევის ფაზაში,  ანუ იდეების ნებისმიერი სისტემატიზაციის ან ორგანიზაციის გარეშე. თუმცა, გეოგრაფიის შესწავლა გულისხმობს გარკვეულ მეცნიერულ წესრიგს და კლასტერი იქმნება არა მხოლოდ მოსწავლეების მიერ უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე, არამედ ამ მეცნიერების პრინციპების შესაბამისად.

პედაგოგმა პირველად შეიძლება ჩამოაყალიბოს კლასტერი იმ ფორმით, რომელსაც მოსწავლეები სთავაზობენ. სახელმძღვანელოს ტექსტის წაკითხვის ან პედაგოგის კომენტარების მოსმენის ანალიზის შედეგად ბევრად ადვილი იქნება მათთვის  ლოგიკური კლასტერის შესრულება. უნდა აღინიშნოს, რომ თემაზე მუშაობის დასაწყისში ეს მეთოდი – იდეების ორგანიზაცია კლასტერში – რთულია. მაგალითად, კონტინენტის, ქვეყნების, ცალკეული რეგიონების შესწავლისას, უკეთესია გეოგრაფიული ადგილმდებარეობით დაწყება. სწორედ გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ყველა დანარჩენი კომპონენტის (მახასიათებლის) ხასიათს. თუმცა, თუ ჩვენ მაინც შევარჩიეთ კლასტერის ჩვეულებრივი, “არასისტემატური” ვარიანტი, შესაძლებელია მოსწავლეებს შემდეგ შევთავაზოთ  სისტემატიზება, როგორც შეთანხმებული მოდელი საკლასო სამუშაოდ ან საშინაო დავალებად.

 

რამდენად დიდი შეიძლება იყოს კლასტერი? ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ თუ მოსწავლეები ქმნიან კლასტერს, ის არ უნდა შეიცავდეს სამ ან ოთხ ელემენტზე მეტს. კლასტერის გადაჭარბებული გაფართოება ძალიან დიდ დროს მოითხოვს და შეიძლება თვითონ იყოს დეფორმირებული ან გაიჭიმოს ერთი მიმართულებით. როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით პრობლემას, სამეცნიერო თვალსაზრისით, ჩვენ რეალურად ვამზადებთ კლასტერის განვითარებას გარკვეულ მიმართულებებით და ვეხმარებით ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებს მნიშვნელოვანი ფაქტების, პროცესების, მახასიათებლების გაგება-გაანალიზებაში. ზოგიერთი წინადადება კი მოსწავლეების ცნობიერების მიღმა რჩება უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით მყარ კლასტერულ ფორმას.

ერთი შეხედვით ყველაზე „მარტივი“  სტრატეგია ფაქტობრივად მოსწავლეებს შეუზღუდავ შესაძლებლობებს სთავაზობს. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ. მაგალითად, კლასეტერით მუშაობის პროცესში კარგი იქნება მითითება: “გამოხატეთ ეს ნათლად და მოკლედ”, “გამოიყენეთ ნაკლები სიტყვები”. თუ მოსწავლეები ინფორმაციის მხოლოდ პერეფრაზირებას ახდენენ, მაშინ მათ უნდა დავუსვათ კითხვები: “სად?”, “როდის?”, “რატომ?” იმისათვის, რომ მათ “გეოგრაფიულად” წარმოადგინონ მოცემული ტექსტი. ამ გზით მივდივართ აღწერითი მოდელიდან გეოგრაფიული აზროვნების ანალიტიკურ და სინთეზურ აზროვნებამდე. სისტემური კლასტერის ღირებულება, რომელშიც არის კომპონენტებს შორის დამყარებული ურთიერთკავშირი, აშკარად აღემატება კლასტერულ ღირებულებას, რომელიც შემთხვევით უსისტემოდ შეიქმნა.

არსებობს კიდევ ერთი აქტუალური საკითხი: რამდენად საფუძვლიანი და სრულყოფილია ცოდნა, რომელსაც მოსწავლეები იძენენ კლასტერის მეშვეობით და ჯგუფებში ინფორმაციის თავისუფალი გაზიარებით? კლასტერი შეიცავს კომპლექსურ არსებულ და შეუსაბამო ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეკრიბეს ადრე – განზრახ ან შემთხვევით. შესაძლოა, ნაწილისთვის ეს ინფორმაცია აუთვისებელი დარჩა. ძალიან ხშირად, ვხედავთ, რომ მოსწავლე გაკვეთილს ტოვებს იმავე იდეებით, რომლითაც ის მოვიდა. რატომ ხდება ეს? გაკვეთილის მიმდინარეობისას – დროის ნაკლებობის ან ორგანიზაციული შეცდომების გამო – გააზრებისა და ანალიზისთვის არსებობს რამდენიმე წუთი, რის გამოც მოსწავლეებს არ აქვთ საკუთარი რიტმით მუშაობის, ცოდნის შევსების დრო.

კლასტერის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა თემის შესწავლისას თითქმის ყველა გაკვეთილზე.

ამ მეთოდის გამოყენებისას სამუშაოს ფორმა შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური; განისაზღვრება სასწავლო მიზნებისა და ამოცანების, მასწავლებლისა და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით. დასაშვებია ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა. მაგალითად, გამოწვევის ეტაპზე, ეს იქნება ინდივიდუალური სამუშაო, სადაც თითოეული მოსწავლე შექმნის საკუთარ კლასტერს. ახალი ცოდნის მიღების პროცესში, როდესაც ხდება ახალი მასალის ერთობლივი განხილვა, პირადი ნახაზების საფუძველზე და გაკვეთილში მიღებული ცოდნის გათვალისწინებით, იქმნება ზოგადი გრაფიკული სქემა. კლასტერების გამოყენება შეიძლება, როგორც საკლასო ოთახში მუშაობისას, ასევე საშინაო დავალებაშიც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მისი შედგენის გარკვეული გამოცდილება.

კლასტერების გამოყენებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • ეს საშუალებას გაძლევთ, დაფაროთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია;
  • სასწავლო პროცესში ჩართულია ყველა წევრი, ისინი დაინტერესებულნი არიან;
  • მოსწავლეები აქტიური არიან, რადგან მათ არ აქვთ შეცდომის შიში.

კლასტერული მუშაობისას მოსწავლეს უყალიბდება შემდეგი უნარები:

  • კითხვების დასმის უნარი;
  • მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების გამოყოფის უნარი;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • პრობლემის მთლიანობაში აღქმის უნარი;
  • შედარებისა და ანალიზის უნარი;
  • ანალოგიების შექმნის უნარი.

რას აძლევს მოსწავლეს კლასტერული მეთოდის გამოყენება? იგი ავითარებს სისტემებურ აზროვნებას, ასწავლის ბავშვებს ორგანიზებას არა მხოლოდ სასწავლო მასალის, არამედ მისი მსჯელობის, ასწავლის მოსწავლეებს დაკვირვების საფუძველზე საკუთარი აზრის გამოხატვას, შემოქმედებითად ინფორმაციის გადამუშავებას.

კლასტერული მეთოდის გამოყენებით გაკვეთილები ბავშვებს აძლევს შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას. ზოგადად, საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული არატრადიციული ტექნოლოგიები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, ქმნის თანამშრომლობით გარემოს და მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი ღირსების განმტკიცებაში, ქმნის შემოქმედებითი თავისუფლების განცდას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://mastsavlebeli.ge/?p=10921; https://lib.1september.ru/2003/16/1.htm .

კოგნიტური სქემა – ძვლის დიაგრამა

0

პიაჟემ შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და  გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.

ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას.

მინდა გაგიზიაროთ  ჩემი გამოცდილება კოგნიტური სქემის „ძვლის დიაგრამა“ შესახებ. ამ სქემას ინტენსიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში, რაც მოსწავლეებს ეხმარება შესასწავლი საკითხის გააზრებაში და მათთვის არის სახალისო.

 ძვლის დიაგრამა მრავალფუნქციური კოგნიტური სქემაა, მისი გამოყენებით მოსწავლეები ახერხებენ  შესასწავლ საკითხში კარგად გარკვევას. კერძოდ ­ არსებული სიტუაციის დაფიქსირებას, სასურველი სიტუაციის აღწერას, მასალაში მოცემული ფაქტორების დახარისხებას ხელისშემწყობ და ხელისშემსლელ კატეგორიებად და მასზე დაყრდნობით პრობლემის გადაჭრას.

მისი გამოყენება ხელს უწყობს შემდეგი უნარების განვითარებას:

*             ანალიზის;

*             სინთეზის;

*             შეფასების;

*             კომუნიკაციის უნარის;

*             ვიზუალიზაციის უნარის;

*             კრიტიკული აზროვნების უნარის;

*             პრობლემის გადაჭრის უნარის.

დიაგრამის გამოყენების ეტაპებია:

პირველი ეტაპი ­ მოსამზადებელი

ამ ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შესასწავლ საკითხს, თემას თუ მასალას, რომელიც პრობლემის მოგვარების აუცილებლობის შემცველია. მაგალითად საკითხს „რაში მდგომარეობს მკვდარი ზღვის პრობლემა?“

მეორე ეტაპი ­ სქემის შევსება

მასწავლებელი დაფაზე, ფორმატის ფურცელზე ხაზავს დიაგრამას და შესწავლილი  ტექსტის გამოყენებით თანმიმდევრულად ავსებს სქემას

მესამეტაპი ­ სქემის გამოყენება

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს აღნიშნულ სქემაზე დაყრდნობით მოძებნონ პრობლემის გადაჭრის/მოგვარების გზა. ანუ რა გზით შეიძლება გადაიჭრას მკვდარი ზღვის პრობლემა.

მოსწავლეები სქემის გამოყენებით შესაძლოა პასუხობდნენ:

ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ნაწილს კალაპოტი შეუცვალეს და შიგ აღარ ჩაედინებიან. ამასთანავე მისგან მდინარეების გასავლელები ჩაკეტეს ამის გამო დამლაშდა. თუ ამ ფაქტორებს პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ. ზღვის დამლაშება შეწყდება.

 

დასამუშავებელი ტექსტი

მკვდარი ზღვის მსგავსს დედამიწაზე  ვერაფერს ნახავთ. სახელის მიუხედავად, იგი ულამაზესია. ეს ზღვა ისრაელში, იუდეის უდაბნოში, მდებარეობს. მოქცეულია კლდოვან მთებს შორის. მკვდარი ზღვა ერთ-ერთი დაბალი წერტილია ხმელეთზე. იგი ზღვის დონიდან 422 მეტრით დაბლა მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე 378 მ-ია, სიგრძეში კი 67 კმ-ია. .მკვდარი ზღვა უამრავ ტურისტს იზიდავს თავისი უცნაური შესაძლებლობით – ხალხს აინტერესებს იხილოს ბუნების ეს უცნაური ქმნილება, ზღვა, რომელშიც ისინი არ იძირებიან. ასევე საინტერესოა ზღვის სახელიც, ცნობილია, რომ მკვდარი ზღვა დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს, რის გამოც   ადამიანი მასში არ იძირება. მისი 1 ლიტრი წყალი შეიცავს 270 გრამზე მეტ მარილს, ხოლო სხვა დანარჩენ წყალსაცავებში ეს ციფრი იშვიათად აჭარბებს 35 გრამს. ასეთი დიდი რაოდენობის მარილის შემცველობის გამო წყალში ძალიან იშვიათად მრავლდებიან და ცოცხლობენ ცოცხალი ორგანიზმები, სწორედ ამ ყველაფერში მდგომარეობს მკვდარი ზღვის ეს სახელწოდებაც.

წყალში ცოცხლობენ იშვიათი ჯიშები მიკროორგანიზმებისა. თევზებს, მოლუსკებს და წყალმცენარეებს აქ სიცოცხლე არ შეუძლიათ. თევზები როგორც კი ხვდებიან ზღვაში ტკივილსაც კი ვერ გრძნობენ ისე იღუპებიან. დაღუპული თევზები კი ზღვას ნაპირზე გამოაქვს.
ასე, რომ რომ მკვდარი ზღვა გვევლინება მკვლელად ცოცხალი ორგანიზმებისა.  ებრაულად ამ ზღვას ეწოდება „Yam ha Maved“,  რაც ნიშნავს „ზღვა-მკვლელი“.
რატომ არის ამ ზღვაში ასე ბევრი მარილი?  ამაზე პასუხის გაცემაც ასევე ადვილია, ისე მოხდა, რომ მკვდარ ზღვაში ხვდება ყველა მდინარე და წყლის ნაკადი, რომელიც შემდეგ ვეღარსად მიდის, წყლის გაქრობის ერთადერთი საშუალება ეს არის აორთქლება. მარილი კი არ ორთქლდება და ის წყალში რჩება. ამიტომაც მრავალი წლის განმავლობაში ამ ზღვაში თავი მოიყარა უამრავმა მარილმა. როგორც ხედავთ, ჩვენს გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დაერქვა ამ ზღვას „მკვდარი ზღვა“ და ამ სახელის ფუძემდებელი სწორედ წყალში სიცოცხლის არარსებობა იყო.

ბედნიერება შესაძლებელია

0

ნათია როსტიაშვილის კრებულის „სუნთქვის შემგროვებელი“–ს გამო

 

ისე მოხდა, რომ თითქმის ყველაფერს ვკითხულობ, რაც კი ამ ბოლო დროს წიგნებად გამოდის. ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ვგულისხმობ. ეს არც კარგია და არც ცუდი და საერთოდაც, ამის განხილვას ახლა არც ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ჭარბ ბიბლიოგრაფიაში სულ უფრო იშვიათად ჩნდება ისეთ წიგნები (ტექსტები), რომლებიც თავს დაგამახსოვრებენ იმის მერეც კი, რა დროც წიგნის კითხვისგან მოგვრილი ნებისმიერი შთაბეჭდილების განქარვებას სჭირდება. სადღაც უნებლიეთ ამოგიტივტივდება ერთი პასაჟი, ან პერსონაჟი, ან ემოცია, გაგიყოლიებს ფიქრი და ხელახლა შედგება თქვენი დიალოგი, ვინ იცის, რა ახალი შთაბეჭდილებების მისაგნებად. თქვენი – შენი და წიგნის; შენი და ავტორის.

სხვა რა უნდა იყოს ამაზე ხანგრძლივი, გნებავთ – მუდმივი ეფექტი, რასაც ლიტერატურისგან ველოდებით?!

ნათია როსტიაშვილის მოთხრობების ახალი კრებული „სუნთქვის შემგროვებელი“ ამგვარი, ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის მქონე წიგნია.

კრებული გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. მასში თავმოყრილი ათი მოთხრობიდან რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ტექსტია, რომლებსაც მკითხველი წიგნის გამოსვლამდე უკვე კარგად იცნობდა და შეიყვარა კიდეც.

საერთოდაც, ნათია როსტიაშვილის შემოქმედებას ეს იღბალი სულ დაჰყვება – მკითხველის სიყვარული. იღბალს ვამბობ, მაგრამ დაუმსახურებელ ზებუნებრივ ძღვენს კი არ ვგულისხმობ, პირიქით – ძალიანაც დამსახურებული, შრომის და ნიჭიერების საპასუხო სიყვარულს.

რა ბადებს ამ სიყვარულს და რა ახანგრძლივებს? – იკითხავს ვინმე. პასუხი არაერთია. მათგან ერთ–ერთი უპირველესი კი, ალბათ მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, ატმოსფერო, რომელიც მკითხველისთვის მშობლიური და ახლობელი ხდება – კეთილშობილი, ნუგეშიანი, ნათელი არსით. ანუ ის, რაც, შესაძლოა, ცხოვრების სინამდვილეს არ ემთხვეოდეს, რაც ასე ძალიან სანატრელი იყოს, ხანდახან – შეუძლებელიც. სიკეთე ხომ ყველას გვენატრება, ადამიანური ბუნება უამისოდ აბა როგორ იქნება! და ხშირად, მის ნაკლულობას სწორედ წიგნებით ვივსებთ.

თუმცა, ნათიას მოთხრობებში ეს სიკეთე გამოგონილი და ძალდატანებული კი არაა, არამედ – ძალიან ბუნებრივი. როგორც დაშვებული შესაძლებლობა, რომელიც გადამდებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. თხრობის მსუბუქი ტონები, ლამის ბავშვური გულწრფელობა და სილაღე, ზომიერი ემოცია, თავგადასავლის ტემპერამენტი – ეს ნათია როსტიაშვილის პროზის მთავარი შტრიხებია. ასე იქმნება მისი შემოქმედებითი სამყარო, მისი „შემგროვებლური“ საქმიანობა.

პირველივე მოთხრობას „დურგლის ბიჭი, არაცაცხვის გოგო და მე“ (კონკურს „წეროს“ მეორე ადგილის მფლობელი) ამ სამყაროში შეყავხართ. მოთხრობაში, ე.წ. შშმ პირის პრობლემა ძალიან ფრთხილად, დელიკატურად და არაგამაღიზიანებლად შემოდის. ეს პრობლემა სხვა ტექსტებშიც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებით დაისმება. ავტორისთვის მთავარი პრობლემის ხაზგასმა კი არა (და ამით ერთგვარი საზოგადო ტონისთვის ანგარიშის გაწევა), არამედ ნამდვილი ადამიანური თანაგრძნობაა; ამბავი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ბავშვობაში გადახდენოდა. ნინველობის ასაკის გოგო-ბიჭების საზაფხულო თავგადასავალი საუკეთესო ფონია იმისთვის, რომ ხელოვნური აქცენტები ჩაქრეს და ადამიანური ურთიერთობების ბუნებრივ შუქზე მწერლის ნამდვილი განზრახვა წარმოჩნდეს – ეს მოთხრობა არა შშმ პირზე (თუმცა, თავისთავად არც ამაშია არაფერი დასაძრახი, ვგულისხმობ ბოლო დროის ტენდენციას – ერთგვარ კონიუნქტურად აქციონ თემები, რომლების მიმართ არა არსობრივი, არამედ სწორედ ამ საზოგადო მოცემულობიდან გამომდინარე პრაგმატული  კავშირი აქვთ),  არამედ სიყვარულის ნაკლულოვანებაზეა, უფრო სწორედ იმაზე, თუ როგორი ემბრიონის ბედისწერით ისახება ადამიანში (მოზარდში) სიყვარული, რა ნიუანსებია, რამაც შესაძლოა დაახეიბროს ან გააჯანსაღოს ის.

სიყვარულის თემა კამერტონად გასდევს მთელ კრებულს და ტექსტებში სხვადასხვა ვარიაციით იშლება. ერთ–ერთი ყველაზე ღონიერი მოთხრობა, რომლის სათაურიც წიგნის სახელწოდებადაა გატანილი („სუნთქვის შემგროვებელი“) ამ სიყვარულის იდუმალ, მისტიკურ მხარეებზე მოგვითხრობს. ეს მოთხრობაც ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული და წარმატებული აღმოჩნდა და მკითხველებმაც გულწრფელად შეიყვარეს. ის დედაშვილობის უცნაურ ამბავზეა, საიდანაც ბევრი სხვა დამაჯერებელი თუ დაუჯერებელი თავგადასავალი იწყება. როგორც ცხოვრებაში, სამყაროში – ყველაფერი იწყება დედის და შვილის მტკივნეულ და გულისგახეთქვამდე მშობლიურ საზღვართან. სევდაც, რომელიც „მესამე პლანის“ მოთამაშეა ნათიას ტექსტებში, გაუსაძლისი გახდებოდა, რომ არა მსუბუქი და კეთილი იუმორი, რომლითაც თითოეული მათგანია გაჯერებული.

საინტერესოა ქალების პალიტრაც – ამალია, მარუსა, ნია, არაცაცხვის გოგო… ისინი ნამდვილი ქალები არიან – თან ნაზი და ფაქიზი ნატურით, თან ძლიერი და მებრძოლი, შინაგანი თავისუფლებისკენ მიდრეკილი. ისინი ძველმოდურებიც არიან და თანამედროვეებიც, მათი აქსესუარებიც კი მათი პირადი დროის (ეპოქის) შლეიფია – იქნება ეს ძველებური, ძვირად ღირებული მუნდშტუკი („ამალიას ზარი“) თუ ფერადი ბუშტები („სუნთქვის შემგროვებელი“); ეს ქალები ნივთებს განსაკუთრებულად ექცევიან – ცოტათი ჯადოქრობენ, მათი საშუალებით დროის ლაბირინთებში მკითხაობენ და უცნაურ რეალობასაც იზიდავენ. შესაძლოა იმიტომ, რომ უკვე არსებული და ყველას მიერ აღიარებული სინამდვილე აუტანელია, მასში გადარჩენა გაცილებით რთულია, ვიდრე იმ ახალში – მათ მიერ მიზიდულსა თუ გამოგონილში.

მოკლედ, ეს ქალები მაგიურ რეალიზმს ქმნიან და მარტოობაც, როგორც ადამიანის საზოგადო ხვედრი, ბევრად უფრო მსუბუქი ხდება, თუნდაც ასი წელი გავიდეს და თუნდაც გადაუღებლად წვიმდეს სხვების მიერ უკვე გამოგონილ ქალაქებში…

შესაძლოა, სწორედ ეს შტრიხები გახდა ინსპირაცია წიგნის დიზაინერისთვის – თეონა ჭანიშვილისთვის, რომელმაც კონცეპტუალურად შეუხამა კრებულის გარეკანს ფერიც და სილუეტიც – ცოტათი სამხრეთ ამერიკულ სტილში, ნახევრად ზღაპრული განწყობით. წიგნი მკაფიოდ შესამჩნევია თაროებზე ჩამწკრივებულ მეზობლებს შორის და საბოლოო ჯამში, გარეკანიან-შიგთავსიანად ერთი იღბლიანი მთლიანობაა, რაც ავტორის, დიზაინერისა და საგამომცემლო ჯგუფის პროფესიონალურ ტანდემზე მეტყველებს.

შემგროვებლობა ნათია როსტიაშვილის მთავარი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნებაა, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებებიც. რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?

ამ კითხვებზე პასუხებს იოლად იპოვით. თამაშის წესებშიც ადვილად ჩაებმებით. ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია; როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ.

განათლება და კულტურული სენსიტივობა

0

შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მოახერხოს და შეიცნოს მითის პრინციპი.  შესაძლოა, ამ შეცნობის გზაზე ბევრი გაიხლართოს ვერცხლისფერ ბადეში. მნიშვნელობა მარტო იმას აქვს, გადადგამთ თუ არა ნაბიჯს დაუფიქრებლად, მოისურვებთ თუ არა ამოხვიდეთ ჩარჩოდან, რომელიც მითმა თავისი თითებით შექმნა. არჩევანი დიდი არაა, თუ თქვენ ამოსვლას გადაწყვეტთ, გახდებით მოჭრილი თითი. თუ არადა, ის დარჩებით, რაც იყავით. აქ ცუდი არაფერია, ბოლოს და ბოლოს მითი თვითონ წყვეტს, რომელი თითი მოიჭრას და რომელი –  არა. შეეგუეთ:  თქვენი არჩევანი, სინამდვილეში, არაა არჩევანი, რადგან ასარჩევი არაფერია”…

/გიორგი უგრეხელიძე, მარადისობის მსახური/

 

სკოლაში მუშაობის არც ისე დიდი ხნის გამოცდილებით, სასწავლო წლის მიწურულს, დროებით მასწავლებლად მე-8 კლასში შემიშვეს. სიაში ერთი უცნაური სახელი ამოვიკითხე: – „ნვარდ“, „ – ვარდო“, – შემისწორეს ბავშვებმა,  „– ჩვენ ვარდოს ვეძახით და თქვენც ასე დაუძახეთ“, – ახალ მასწავლებელს საქმე გამიიოლეს. „ – რას ნიშნავს შენი სახელი?“ – მივმართე ნვარდს. „ – საჩუქარს“…

ნვარდი ყოველთვის ბოლო მერხზე მარტოკა იჯდა და, თხოვნის მიუხედავად, წინ არ გადმოდიოდა. არც არავინ იჩენდა მასთან დაჯდომის სურვილს იქამდე, ვიდრე თავად არ ვცადე და გვერდით მივუჯექი. ქართულად ვერ კითხულობდა, ვერც სომხურად, ვერც სხვა ენაზე. სკოლას ხშირად აცდენდა. სულ მალე სემესტრიც დამთავრდა და სწავლაში ჩამორჩენის გამო სკოლიდან გაუშვეს. დირექციის თქმით, მამა სვამდა და შინიდან გამოსვლის გამო გოგონას ხშირად ცემდა. ვიფიქრე, მიმეკითხა, თუმცა მისამართი ვერვისგან გავიგე და მეც საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე.

მას შემდეგ ნვარდი ხშირად მახსენდება. იქნებ ეთიკა კიდეც ითხოვდა მისი შემთხვევის განზოგადებას და მკითხველამდე ისე მიტანას, მაგრამ – მისი სახელის მეტაფორა?! ბედი გვჩუქნის, ჩვენ კი მის საჩუქრებს ვკარგავთ, ხელიდან დაუდევრობით ვუშვებთ, არ ვიცით, როგორ მოვეპყროთ. არ გვყოფნის გამოცდილება, ტოლერანტობა, ემპათია, პატივისცემა და დაფასება, ჩვენი უნარების სხვებისა და, საბოლოოდ, ჩვენთვისაც სასარგებლოდ გამოყენება, ერთი სიტყვით,  ყველაფერი, რასაც  კულტურული სენსიტივობის ცნება მოიცავს. ამ ტერმინის მიღმა კი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, აუცილებლად მოიაზრება მრავალფეროვნება, ცოდნა, გამოცდილება და ალღო, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რომლებიც ეფექტურ შედეგებთან  ეფექტიანი ჩარევის გზით მიგვიყვანს და აუცილებლად ახლავს კმაყოფილება. დაბალი კულტურული სენსიტივობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა – ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ, ფსიქო-ფიზიოლოგიურ, ღირებულებით, სუბკულტურულ  და სხვა დონეებზე.

კულტურული მგრძნობელობის საკითხებს უცხოეთში მთელი რიგი ინსტიტუციები სწავლობენ. განირჩევა სენსიტივობის სიღრმისა და ზედაპირის დონეებიც.  პირველის სტრუქტურა მოიაზრებს კულტურულ, სოციალურ, ისტორიულ, გარემოს ფაქტორებსა და ფსიქოლოგიურ ტექნიკებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათლებაში, სოციალურ მარკეტინგსა და ჯანმრთელობის კომუნიკაციის თეორიებში. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბავშვის განვითარების ტრაექტორიების ზრდის მიზნით ოჯახის ინსტიტუტის  არსებითი როლის წინ წამოწევასა და გაძლიერებას ეხმარება, რადგან სწორედ საოჯახო ჩარევა/ინტერვენციები მოიაზრება კრიტიკულ ინგრედიენტებად პრევენციის პროგრამებში. კვლევები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფებისადმი კულტურულად ადაპტური პროგრამების დანერგვით ძლიერდება მრავალმხრივი შედეგიანობა და ქრება რისკები. ამგვარი პროგრამების მიზნებს შეადგენს:

  • კულტურული საკითხების შესწავლა (სწავლა-სწავლება);
  • მშობელთა ტრენინგები;
  • საოჯახო თერაპია;
  • ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრევენცია;
  • კვლევების წარმოება.

რეკომენდაციები, რომლებიც ამგვარი ტიპის კვლევებს ახლავს, ისევ და ისევ აღნიშნული მიმართულებით კვლევის გაძლიერებაა. ეს ყველაფერი საბოლოოდ  ძლიერი ოჯახის ინსტიტუტის შექმნისა და მშობლების განათლების ხელშეწყობისთვის კეთდება. ძლიერი ოჯახი და ბრძენი მშობლები პროსოციალური, სოციალური კომპონენტის ზრდის და ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე შვილების არსებობის წინაპირობად და  საგასაღებო კონცეპტებად  მოიაზრება.

კულტურული საკითხების შესწავლა

როგორ შევისწავლოთ/შევასწავლოთ კულტურული სენსიტივობა? ლიტერატურული თუ სხვა მაგალითებით იმის ჩვენება ნამდვილად შეიძლება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანგანცდას, ტოლერანტობას, ემპათიას, პატივისცემას და დაფასებას, ჩვენი უნარების სხვებისა და, საბოლოოდ, ჩვენთვისაც სასარგებლოდ გამოყენებას, მრავალფეროვნებას, ცოდნას, გამოცდილებასა და ალღოს, ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, რომლებიც ეფექტურ შედეგებთან  ეფექტიანი ჩარევის გზით მიგვიყვანს და პოზიტიური შედეგებით დაგვაკმაყოფილებს.

მაგალითები ლიტერატურაში უამრავია. მთავარია, სწორად შეირჩეს აქტივობები და აქცენტები სათანადო მაგალითებითურთ. შეიძლება არაერთი გონივრული შაბლონის მოფიქრება, რომელზე დაყრდნობითაც კულტურული საკითხების შესწავლას გავაიოლებთ და მისაწვდომს გავხდით. ქვემოთ წარმოდგენილი შაბლონი პირობითია, თუმცა საკითხთან მიზნის შესაბამისობასა და მისაღწევი შედეგების ანალიზის საშუალებას რამდენადმე იძლევა.

                                                    მიზნები:

  • ანალიზისა და სწორი შეფასებითი დამოკიდებულებების, პრობლემისადმი მართებული მიდგომებისა და სწორი სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მუშაობა;
  • თანამშრომლობის, ემპათიის, მრავალფეროვნების ცნებების სიღრმისეულად გააზრება;
  • სამართლიანობის გრძნობის გაღვივება;
  • სამართლიანი მიდგომების გამომუშავებაზე ფიქრი;
  • სწორი სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.

                               გამოწვევა:

“– გამარჯობა, ნინა ივანოვნა!

– გაგიმარჯოს! – მოკლედ უპასუხა დეიდამ.

– კოკა სადაა? – ჰკითხა იანგულიმ.

– კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! – უპასუხა დეიდამ.

– ეგ ვინღაა?

– შენი საქმე არ არის! – თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო”, – ვკითხულობთ ამონარიდს ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან “Hellados”.

კითხვები ვარაუდისთვის: 

– რა დამოკიდებულებები გამოიკვეთა?

– თქვენი აზრით, რატომ?

– რა შეიძლება მოჰყვეს უფროსების ამგვარ პასუხებს?

– შეიძლება თუ არა მოსალოდნელი შედეგების დიაპაზონისა და ტრაექტორიის გაზომვა?

                საკვანძო სიტყვების გამოკვეთა:

ლაწირაკი, ქამი, წუწკი ბერძენი, წირპლიანი, პატარების ყოჩი, ვირის მწყემსი, გოგოების მაჩალკა, თბილისელი ჰარიფი, სამშობლო, ეღო აღაპო იმანა სუ, გაცილება, ცრემლი, გვამი…

დისკუსია

ტექსტის გააზრება და ფილმის ჩვენება https://www.youtube.com/watch?v=5m2ZU6aquzk

შედეგების განხილვა

დებატები:

რა ვიცით კულტურებზე? სუბკულტურებზე? რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებზე?

 

                    სხვა, არალიტერატურული შემთხვევების მიმოხილვა:

(შემთხვევა 1)

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასში ნიდერლანდებიდან  ქართველი მოსწავლე გადმოვიდა. იგი ამავე კლასის ისტორიის მასწავლებლის ძმისშვილი იყო. მასწავლებლისადმი ბავშვები ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდნენ. გადმოსვლიდან მესამე დღეს ახალი მოსწავლე სკოლაში საყურით გამოცხადდა. თანაკლასელებმა საყურის მოხსნა მოსთხოვეს, ასერტულობის გამო კი სასტიკად ცემეს. მასწავლებელს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე მისმა ავტორიტეტმა გავლენა ვერ იქონია.

 კითხვები ვარაუდისთვის: 

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?

 

(შემთხვევა 2)

დედაქალაქის 78 ნომერი ავტობუსით, რომელიც სადგურიდან ვერის მიმართულებით დადის, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მგზავრობს აფრიკელი სილვანო. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი გადაჭედილია და ხალხი ფეხზე ძლივს დგას, ის გვერდით ადგილი მუდამ ცარიელია და არავინ ჯდება. ერთხელ სილვანო ავტობუსში ამოვიდა და ქართველმა გოგონამ, ანიმ, მის გვერდით მდებარე თავისუფალ ადგილას დასვა. სილვანომ ანის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ თბილისში ცხოვრების მეორე წლის მანძილზე პირველად დაჯდა თეთრკანიანი ადამიანის გვერდით. სილვანო უნივერსიტეტის დოქტორანტი აღმოჩნდა, თუმცა იგი ვერაზე მანქანებსაც რეცხავდა. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ანის ერთ-ერთმა ვერელმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ფერადკანიან მამაკაცს ადგილი დაუთმო და გაესაუბრა.

კითხვები ვარაუდისთვის: 

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?

 

(შემთხვევა 3)

საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი სკოლაში საყურით და გრძელი, თუმცა შეკრული თმა-წვერით დადის. მისი განსხვავებული გარეგნობა კოლეგების უმრავლესობას აღიზიანებს და თავიანთ შეხედულებებს  მოსწავლეებსაც  უზიარებენ. ამიტომ უკვე მოსწავლეების ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ მათი მასწავლებელი მწვალებელი, სატანისტი, ჰომოსექსუალი, ქართველების გამრყვნელი და საშიში ადამიანია. არადა, მასწავლებელი, თავისი სასკოლო საქმის გარდა, ბევრ საინტერესო რამეს აკეთებს: თარგმნის და ქმნის მხატვულ ლიტერატურას, უკრავს არაერთ იშვიათ მუსიკალურ საკრავზე და თხზავს განსხვავებულ მუსიკას. ჰყავს საინტერესო ქართველი და არაქართველი მეგობრები, რომლებიც მის შემოქმედებას აღიარებენ, თუმცა ისინი ცოტანი არიან.  მასწავლებელს ახალმა დირექტორმა ისედაც მცირე საათების რაოდენობა გაუნახევრა და მენეჯერის პოზიციაც სხვას მისცა. სკოლაში ახლა მისი ხელფასი საარსებო მინიმუმის ნახევარია, სხვა სამსახური არ აქვს.

კითხვები ვარაუდისთვის:

– გვეცნო თუ არა დამოკიდებულებები?

– მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით?

– რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქცევებს?

– როგორ გავზომოთ შედეგები?..

 

მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოვლენა

რამდენად მიემართება ან  იწვევს დაბალი კულტურული სენსიტივობა

  • აგრესიას?
  • ძალადობას?
  • ჩაგვრას?

             რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად?

უცხოეთში დანერგილია საოჯახო მიმართულებების სასკოლო თუ სათემო აქტივობები, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ რთულია ეთნიკურ უმცირესობათა ოჯახის წარმომადგენელთა გაწევრება. მაგალითად, ზოგადი პროგრამები, როგორიცაა – Generic Universal Parenting Programmes,  მშობლების მხოლოდ  33%-ს ხიბლავს [Weinberger et al., 1990]. სხვა კვლევებში [Coie 1991; Biglan & Metzler, 1999] ეს ციფრი 20-იდან 10%-მდე მერყეობს. გამოწვევას ქმნის ბევრი კულტურული ქვეჯგუფის არსებობა, განსხვავებული დიალექტებისა და ენების არსებობა რასებთან ერთად. არსებობს 50-ზე მეტი ესპანური/ლათინო ჯგუფი, 60 განსხვავებული აზიური თუ წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობის ჯგუფი, 500-ზე მეტი ამერიკული ინდიელების ტომი და ქვეკლანი, და ბევრი შერეული ფერი, რასა თეთრ კულტურებთან განსხვავებული დონითა და კულტურული ასიმილაციით. კულტურულად ადაპტურ ან სპეციფიკურ პროგრამათა შორის ყველაზე ეფექტურად მოიაზრებენ ოჯახზე ზრუნვის პროგრამებს, რომლებიც ეფუძნება ტრადიციებს, რიტუალებს, ღირებულებებსა და რელიგიებს. “კულტურული სენსიტივობის” ტერმინის ჩანაცვლება ეთნიკური თუ რასის სენსიტივობით არ ხერხდება, რადგან ეთნიკურობა მოიაზრებს პიროვნების იდენტიფიკაციას ჯგუფსა თუ რასასთან ბიოლოგიური თუ წარმომავლობის ნიშნით [Turner 2000]. შესაბამისად, დისკუსიის ფოკუსი უნდა იყოს კულტურა და არა ეთნიკურობა ან რასა. თითოეულ კულტურას თავისი ტრადიციული მსოფლაღქმა ახასიათებს. „კულტურა“ ლათინურად საიდუმლოს ნიშნავს. კულტურა მართლაც ერთგვარი საიდუმლოა, რომელიც ინტელექტუალობის, ესთეტიკურობისა და ზნეობრიობის ასპექტებს შეიცავს.

კანტი თვლიდა, რომ კულტურა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი აზროვნების შედეგი, ცხოველურ ინსტინქტთა გონებით სახეცვლა და აკრძალვათა სისტემაა. კვლევების უმეტესობაც ამ ტრადიციულ სიბრძნეს უჭერს მხარს.    კულტურულ პროგრამებში ინდივიდუალურ ცვლილებებზე  პრიორიტეტულად სწორედ ოჯახის კულტურაზე ზრუნვა მოიაზრება, ურთიერთკავშირების, ორმხრივობის, პასუხისმგებლობების დანაწილების დასწავლის უპირატესობის მოტივებით.  მეტაანალიზი ცხადყოფს, რომ ოჯახის კულტურის ამაღლების მიდგომები 9-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ახალგაზრდებისკენ მიმართული ინტერვენციები როგორც ტრადიციული, ისე შერეული კუტურების უმცირესობათა ოჯახებში [Tobler &Kumpfer, 2000; Tobler & Stratton, 1997]. ბავშვებში არაფერი შეიცვლება, თუ ოჯახური სისტემები ეთნიკური ორიენტაციის მიმართ უცვლელი დარჩება. ზოგიერთი აზრის თანახმად, [Mock 2001], ტრადიციულ ეთნიკურ ოჯახებში ინდივიდუალური ცვლილება სირცხვილის, დანაშაულის, მოვალეობებზე აქცენტების, უფროსი წევრების პატივისცემის ზღვარზე გადის. ამიტომ პროგრამებში ოჯახის ჩართულობის პოპულარიზება მეტ შედეგებს მოიტანს, მით უფრო, რომ კოლექტიური „ჩვენ“ საოჯახო იდენტობისა და ინდივიდუალური „მეს” იდენტობის დაპირისპირება ბევრ დასავლურ კულტურაში სტრესებს იწვევს, ხოლო საოჯახო ჩარევები კულტურულად შესაფერის სერვისებსა და მოდელებს გვთავაზობს [Boyd-Franklin 2001].

გამოწვევა (2) სხვა შეხვედრისთვის

რა გქვია, სახელი მითხარ,

ხევსური სჩანხარ იერით.

ნუნუა მქვია, ძმისაო,

გადმოხვეწილი ჭიელით,

იცრუა ზვიადაურმა,

თვისი სახელი დამალა,

რა ქნას? მის სახელს იცნობენ,

ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;

ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,

უდროდ საფლავში ჩალალა”.

(ვაჟა, “სტუმარ-მასპინძელი”)

გამოწვევა (3) სხვა შეხვედრისთვის

მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,

იტყოდა: ცოდვა არიო,

ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,

ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო,

მკლავზედაც გებას მარჯვენა,

შენზედ ალალი არიო,

შენ ხელ შენ გულზედ დამიწდეს,

ნუმც ხარობს ქავის კარიო,

კარგი გყოლია გამზრდელი,

ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო”…

(ვაჟა, “ალუდა ქეთელაური”)

გამოწვევა (4)

– ესენი ცალკე სკოლაში უნდა სწავლობდნენ!

გაიყვენთ აქედან, აუშენეთ სპეცსკოლები, ინკლუზია არა ის, თავზე დაგვამხეს სისტემა, სხვა ბავშვებმა რა დააშავეს?!

– მეტი კულტურული სენსიტივობა გვმართებს,  Z მას.

– კულტურული სენსიტივობა! თურმე მე კულტურული სენსიტივობა მაკლია და ამან უნდა მასწავლოს…

კულტურა ადამიანის გონით და  ემოციებით ყალიბდება. ოდესღაც ტაბუც, აკრძალვაც და კაცთშეწირვაც კულტურის ნაწილი იყო,  თუმცა ისინი დრომ ისევე წაშალა, როგორც მათ თავად მოსრეს არაერთი სიცოცხლე. ღირებულებებზე დაფუძნებულმა სენსიტივობამ კი დროს გაუძლო და  დღემდე მოგვდევს. ახლა ჯერი განათლებაზეა, რათა კულტურის ნარჩენები, როგორც ბედის საჩუქარი, ახალ ნიადაგში გადავიტანოთ და მისი ახალი სიცოცხლით საკუთარ თავს და ყველას კმაყოფილება თუ ბედნიერება ვარგუნოთ!

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Cynthia L. Foronda, A Concept Analysis of Cultural Sensitivity, MSN, RN, First Published April 10, 2008 https://doi.org/10.1177/1043659608317093

 

დაბარებული ამბავი

0

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიახლეების საბადოაო, ეს ოდესღაც ჟურნალისტიკის შესავალშივე  მასწავლეს… მართლაც, ბორჯომის მატარებლით მგზავრობამ რამდენი ამბავი ამომიშალა.

აღმოვაჩინე ,,ჩქაროსნულით“ მგზავრობისას თვალიდან გაპარული ხედები და გავიცანი ცხოვრებას შეჭიდებული ადამიანები.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: გორთან, სოფლის გაჩერებაზე ბებია-შვილიშვილი ამოვიდნენ. ბებიამ  ბიჭი დააბინავა და მერე ჩემ გვერდით დაჯდა. ბიჭი 14-15-ის იქნებოდა, ტანად დიდი იყო, მაღალი, სრული. ბებია გამხდარი, ბიჭს მხრებამდე სწვდებოდა. საით მიდიხართო, დაინტერესდა და გავაბით ბებიურად. მასწავლებლებსაც კიდევ სწავლა სჭირდებათო, ბულინგიო?! ჩამეძია და ჩამეძია… ჩაფიქრდა და მერე ხმადაბლა, განდობასავით მომიყვა:

_ ჩემს ბიჭს ხომ უყურებთ, რაღაცნაირია, გულუბრყვილო. ტანი აქვს დიდი, თორემ პატარასავით არის, სწავლაშიც ვერ ყოჩაღობს. სკოლაში ზედმეტსახელი შეარქვეს ,,ლონდრე“. მასწავლებელს დაუძახია ერთხელ და მერე ბავშვებსაც აუტაციათ. ერთად მოვდიოდით იმ დღეს და მეც არ მომერიდნენ. გავმწარდი და დავერიე… სკოლაში სიარული არ უყვარს. დედ-მამა სულ ეჩხუბება. მერე მოიწყენს ხოლმე.

არდადეგები რომ დაიწყო, ვიფიქრე, ბავშვს ერთხელ მაინც გავატარებ სადმე მეთქი, და ბორჯომში წავიყვანე ამ მატარებლით. დილით წავედით და საღამოს უკან დავბრუნდით. იქ ბიჭმა თვალი გამოახილა, გახალისდა, ყველაფერს აკვირდებოდა. არა, კარუსელებს და ეგეთებს კი არა, მოვაჭრეებს აკვირდებოდა და ამიტყდა, ბებო, ჩვენც ვატაროთ ხილი გასაყიდად ბორჯომშიო…თავიდან ვიუარე, გაყიდვა რომ მინდა, აქვე, გორის ბაზარში მიმაქვს ხოლმე რაღაცები… მერე დავფიქრდი, ამ ბავშვს ასე არაფერი უთხოვია, თან სხვანაირად მოხალისდა და ხათრით წავედი… თვენახევარია დავდივართ, კვირაში ოთხჯერ… ხან მეზარება, მაგრამ რომ გამახსენდება, იქ როგორ იცვლება ჩემი ბიჭი, ხალისიანი და დაუზარელი ხდება, თან სარფიანადაც ვყიდით ჩვენს ხილს, ავაგდებ ხოლმე, ჩემს თავს და მერე, მივყვები დღეს… ახალ-ახალი აზრები მოსდის, ახლა მეუბნება, მოდი ბანანებიც ვიყიდოთ და იქ გავყიდოთო. მე ვუარობ, რომ გამიფუჭდეს, ჩემი მოყვანილი ხილი სხვა არის, ფულს არ ვიხდი…

…სულ ჯაფაში ვარ, ამ გაზაფხულზე 54 დღე სხვების ბოსტანი ვთოხნე. იცი, თოხნა რა ძნელია?! ინტერნატში გავიზარდე, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ რაში გამოვიყენე? გავთხოვდი და შევები… კიდევ უფრო დაუწია ხმას: უხასიათო გამოდგა ჩემი ქმარი, მადლობა ღმერთს,  ბიჭები მაგას არ ჰგვანან, ცოლებს პატივს სცემენ. ახლა კი არის მოკატუნებული, შვილების რიდი აქვს.

ჩემი დარდი ეს ბავშვია, მეშინია, სოფელმა არ აიგდოს. თან სწავლაც რომ არ უნდა? ჩემსავით თოხსა და ბარზე უნდა დარჩეს? დიდი კი არის, მაგრამ არ არის ჯანიანი. ცხოვრებას თავი ხომ უნდა გაართვას და ამიტომ ვახალისებ. ამის დედ-მამას თითქოს ჩემზე მეტი განათლება აქვს, მაგრამ ვერ გაუგიათ ბავშვის დარდი. ამიტომ დავდივარ მის ჭკუაზე, თორემ შვილიშვილები კიდევ ხუთი მყავს, ისინი არ დაიკარგებიან, ღმერთმა კარგად მიმყოფოს.

როგორც  ჩვენს სოფელს გავცილდებით, თითქოს იცვლება, ხასიათზე მოდის. გაუხმეთ ენა, ერთი-ორმა – ,,ქალოიაო“, დაუძახა, დააღონეს ბიჭი. რა ვიცი, რისი ბრალია, ასეთი რომ არის, ლამაზი სახე აქვს, ენაცვალოს ბებო. ხან ჩემს რძალზე ვჯავრობ, პირველი ორიც ბიჭი ჰყავს… აიჩემა გოგო მინდა, გოგო მინდაო. გაჩნდა ესეც ბიჭი. პატარა რომ იყო, ჩააცმევდა კაბას, გამოპრანჭავდა და თვითონ ერთობოდა… სკოლაში რომ წავიდა აღარ უქნია ესა… მაგრამ რა ვიცი… დაფიქრება მართებს ადამიანს… ბოდიშით, შეგაწუხეთ, მაგრამ დარდი  ლოდივით მაწევს გულზე და შინაურებთან უფრო ვერ ვლაპარაკობ…

დადუმდა ჩემი მეზობელი, ფიქრებში წავიდა… ლამაზი პირისახის ქალი იყო. სწორნაკვთებიანი. თხელ სახეზე ნაოჭები გასჩენოდა, ტუჩები მკაცრად ჰქონდა მოკუმული, იქაც ნაოჭები ასხმოდა და  რომ დაილაპარაკებდა მზემოკიდებულ სახეზე ნაოჭებსშუა ადგილები სხივებივით თეთრ ზოლებად ჩნდებოდა.

ცოტა დავიბენი, დავძაბე გონება, სათქმელის თავმოყრა გამიჭირდა. არადა, შარშან სამდღიან ტრენინგს ვესწრებოდი, სადაც ანალოგიურ პრობლემებზე გველაპარაკებოდნენ სპეციალისტები.  აუცილებლად კარგ ფსიქოლოგთან მიიყვანეთ  და ყველაფერი მოგვარდება მეთქი, ჩავულაპარაკე ვალის მოხდასავით.

მერე ვეღარ გავაგრძლეთ საუბარი… სიჩუმე მოგვინდა. გასცქეროდა შვილიშვილს… ჩამოსვლისთვის რომ მოვემზადე,  ხუმრობასავით მომაყოლა: მასწავლებლები მომიკითხეთ, უთხარით, ჩემი გიოსნაირ ბავშვებსაც სახელები აქვთო.

 

 

 

მასწავლებლები, რომელიც დღემდე ახსოვთ

0

როცა მასწავლებელი იღლება და გამხნევებასა და შთაგონებას საჭიროებს, შეუძლია გაიხსენოს იმ პედაგოგების ისტორიები, რომლებმაც შეცვალეს განათლების  სისტემა და წარმოდგენები მის შესახებ.

 

  • ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი ემა უილარდია, აშშ-ში ქალთა სკოლის პირველი დამაარსებელი. ემა სკოლაში 15 წლის ასაკში შევიდა, 17 წლის კი უკვე სხვებს ასწავლიდა. ის ერთმანეთს ადარებდა ქალებისა და ვაჟებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს და სურდა, რომ მათ შორის ნაკლები განსხვავება ყოფილიყო. ემას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ გოგონებსაც შეეძლოთ ზუსტი მეცნიერებების სწავლა. მან საკუთარი სახლში სემინარია გახსნა. ემას შთააგონებდა თავისი მოსწავლეების წარმატებები. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკანონმდებლო ორგანოს ქალთა განათლების დაფინანსების თხოვნით მიმართა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. ბოლოს შტატის გუბერნატორმა შესთავაზა დახმარება. 1821 წელს ემამ გახსნა ქალთა სემინარია, პირველი ამერიკული სკოლა, სადაც ქალებს უმაღლეს განათლების მიღება შეეძლოთ.

 

  • მირტილა მაინერმა კი აშშ-ში პირველმა გახსნა სკოლა აფროამერიკელი გოგონებისთვის. მე-19 საუკუნეში, ზოგიერთ შტატში, ჯერ კიდევ დანაშაულად მიაჩნდათ შავკანიან ბავშვთა სწავლება. ამ კანონის დამრღვევი ბევრი პედაგოგი ციხეში ხვდებოდა. მიუხედავად ამისა, მირტილა მაინერმა სკოლის გახსნა გადაწყვიტა. ახალგაზრდა ქალი გოგონებს არა მხოლოდ წერა-კითხვასა და თვლას ასწავლიდა, არამედ ცდილობდა ისინი მომავალ მასწავლებლებად აღეზარდა, რათა შეძლებოდათ თავიანთი ნათესავებისა და მეგობრების განათლება. მირტილას მხარდამჭერი იყო მწერალი გარიეტა ბიჩერ-სტოუ, რომელმაც 1851 წელს თავისი ჰონორარი სკოლის გახსნას დაახარჯა. სკოლის იდეას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ბოლოს მისი შენობა დაწვეს. სირთულეების მიუხედავად, სკოლა მაინც არ დახურულა და მოგვიანებით ვაშინგტონის განათლების სისტემის ნაწილად იქცა. დღეს ქალაქში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლა მირტილა მაინერის სახელს ატარებს.

 

  • ენ სალივანი უსინათლო და უსმენო გოგონას უმაღლესი განათლების მიღებაში დაეხმარა. თავად ენი 5 წლის ასაკში დაავადდა, რის შედეგადაც მხედველობა დაუქვეითდა. მას რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთდა. ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, დაემთავრებინა უმაღლესი სასწავლებელი და გამხდარიყო მასწავლებელი. ენი უსინათლო ბავშვებს სპეციალური ანბანით ასწავლიდა. 20 წლის ასაკში სკოლაში უსინათლო და უსმენო ჰელენ კელერი მოუყვანეს, რაც მე-19 საუკუნისთვის უჩვეულო ამბავი იყო, რადგან ასეთ ბავშვებს განათლებას საერთოდ არ აძლევდნენ. ენიმ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ უიმედო მიდგომა არასწორი იყო. ის ჰელენს ცალ ხელში ვაშლს უდებდა, მეორე ხელზე კი თითის მოძრაობით აწერდა, რომ ეს ვაშლი იყო. ასე ასწავლიდა ასოებს. მაგრამ ყველაზე რთული ლაპარაკის სწავლება იყო. ჰელენი მასწავლებლის ყელს ეხებოდა და ცდილობდა ეგრძნო მისი ვიბრაცია, რათა წარმოთქმული სიტყვა გაემეორებინა. ენ სალივანი გოგონას ისტორიაშიც დაუზარელად ამეცადინებდა, ასწავლიდა უცხო ენასა და ზუსტ მეცნიერებებს. ჰელენმა შეძლო ჩაებარებინა რაიტ-ჰიუმანსონის უსმენოთა სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰარვარდთან არსებულ ქალთა სკოლაში და რედკლიფის კოლეჯში. მასწავლებლის დამსახურებით, ის გახდა პირველი უსინათლო და უსმენო ადამიანი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო.

 

  • მარია სკლოდოვსკაია-კიური სორბონაში პირველი ქალი მასწავლებელი იყო. ფიზიკაში ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატობამდე ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში მსახურად მუშაობდა. მე -19 საუკუნის შუა პერიოდში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღება პრობლემა იყო, ამიტომ მარიას სწავლისათვის შემოსავალი სჭირდებოდა. ის დილის 6 საათზე იღვიძებდა, ფიზიკასა და მათემატიკაში მეცადინეობდა, დღის მეორე ნახევარში კი მდიდარი ოჯახის შვილებს ასწავლიდა. ასევე ახერხებდა ღარიბების შვილებთან მეცადინეობას – ასწავლიდა პოლონურ წერა-კითხვას. ბოლოს, თავის ჩანაფიქრს მიაღწია და სორბონის უნივერსიტეტში ჩააბარა. შუადღეზე ლექციებს ესწრებოდა, საღამოობით კი კვლავ ბავშვებს ასწავლიდა, რათა ქირის ფული დაეფარა. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ქალების უმეტესობა ვერც იოცნებებდა უმაღლეს განათლებაზე, მარიას ორი დიპლომი ჰქონდა და ფიზიკის კათედრაზე მუშაობდა.

 

  • ნიკოლაი კიუნგმა ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში არალეგალური სკოლის ორგანიზება შეძლო. 9 წლის ასაკში ის უკვე მასწავლებლობდა – ცდილობდა, გლეხის შვილებისთვის რუსული ენა ესწავლებინა. მოგვიანებით დაამთავრა ვიაზმის პედაგოგიური ტექნკუმი, 20 წლის ასაკში კი ჯარში გაიწვიეს. კიუნგი დასავლეთ ბელორუსიისა და აღმოსავლეთ პოლონეთის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. 1943 წელს დააპატიმრეს და გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკონცენტრაციო ბანაკ ბუჰენვალდში აღმოჩნდა. ბანაკში ბევრი ბავშვი იყო და კიუნგმა მიწისქვეშა სკოლის შექმნა გადაწყვიტა. 1944 წლის 1 სექტემბერს ერთ-ერთ ბარაკში სწავლება დაიწყო.  პატიმრებმა საიდანღაც შეძლეს ქაღალდის, ფანქრების, კალმების, ცარცის, დაფისა და რამდენიმე რუსული სახელმძღვანელოს მოპოვება. სკოლამ 8 თვის განმავლობაში ისე იმუშავა, რომ მის შესახებ გერმანელმა ჯარისკაცებმა ვერაფერი გაიგეს. ომის შემდეგ კიუნგი მრავალი წელი მუშაობდა სოფელ შჩერბინკის მეოთხე სკოლაში, რომელიც მისივე ძალისხმევით გაიხსნა.

 

  • ბრედ კოენი მასწავლებელი მხოლოდ 25-ე  მცდელობაზე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიური კოლეჯი ფრიადებზე ჰქონდა დამთავრებული. ამის მიზეზი  ტურტრეტის სინდრომი იყო. ბავშვობიდან, ბრედი ვერ აკონტროლებდა თავს, ჰქონდა წიკები და უნებურად უცნაურ ხმებს გამოსცემდა. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ბიჭი უბრალოდ ოხუნჯობდა და ამიტომ ხშირად მთელი კლასის წინაშე ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ. კოენმა პედაგოგების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და გადაწყვიტა, გახდარიყო ისეთი მასწავლებელი, როგორიც თვითონ არასოდეს ჰყოლია. ის მართლაც გახდა მასწავლებელი და მოსწავლეებს არა მარტო მათემატიკასა და კითხვას ასწავლიდა, არამედ ისეთებად იღებდა მათ, როგორებიც იყვნენ. მან შეძლო საერთო ენის გამონახვა იმ მოსწავლეებთან, ვისაც სხვა პედაგოგები ვერ უგებდნენ. 1997 წელს ბრედ კოენი შტატ ჯორჯიის დაწყებითი სკოლის საუკეთესო მასწავლებლად გამოაცხადეს.

 

  • ჰაიმე ესკალანტემ დაამტკიცა, რომ მათემატიკის სწავლა ყველას შეეძლო. უკეთესი ცხოვრების ძიებაში ის ბოლივიიდან აშშ-ში მოხვდა და აღმოჩნდა სკოლაში, სადაც ძალიან რთული ბავშვები იყვნენ. მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მათთვის საუკეთესოდ ესწავლებინა მათემატიკა. მან უარი თქვა სტანდარტულ, მოსაწყენ ბროშურებსა და მეთოდებზე. ამის ნაცვლად მაგალითები რეალური ცხოვრებიდან მოჰყავდა. ესკალანტეს მოსწავლეებმა შესანიშნავად ჩააბარეს მათემატიკის ტესტები. ქვეყნის მასშტაბით მისმა სკოლამ მათემატიკაში მეოთხე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკის ორი ელიტარული სკოლის შემდეგ, სადაც ამ საგანს გაძლიერებულად ასწავლიდნენ. თუმცა, ბავშვების მიერ დაშვებული მსგავსი შეცდომის გამო ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთისგან გადაიწერეს და პირვანდელი შედეგები გააუქმეს. კომისიამ საშუალება მისცა ბავშვებს გადაებარებინათ საგანი, რის შედეგადაც ბავშვების წარმატებული შედეგები დადასტურდა.

 

 

 

როგორ  წავიკითხოთ ლექსები – სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

0

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, ლექსის წაკითხვის სავარჯიშო, არც ერთადერთია და არც საყოველთაო, მაგრამ შემოთავაზებულ კითხვებზე პასუხი და დისკუსია მოსწავლეებს დაეხმარება ლექსი აღიქვან მრავალფეროვან ემოციურ გამოვლინებებში,

გაჰყვნენ ლექსის ემოციით გამოწვეულ ასოციაციებს და მიიღონ და შეიგრძნონ განსხვავებულ აღქმათა არომატი.

მე კი ამ კითხვებზე ისევ ჩემი სტუდენტების პასუხებს შემოგთავაზებთ.

 

  • ლექსის ისტორიისაგან დამოუკიდებლად, როგორ ემოციას იწვევს ეს ლექსი თქვენში?

 

  • როგორი ასოციაციური კავშირი გიჩნდებათ „სილაჟვარდესა“ და „სილაში ვარდთან“?
  • რომელი მუსიკალური ნაწარმოები გახსენდებათ ამ ლექსზე და რატომ?
  • რომელ ნახატს შეადარებდით ამ ლექსის განწყობას?
  • როგორია „ოცნების ბაღით დაჭრილი გედი?“
  • თქვენი ფრაზა ამ ლექსიდან?
  • შეგიძლიათ დაწეროთ თავისუფალი ესეი, გამოტოვოთ ან დაამატოთ ნებისმიერი შეკითხვა.

 

სოფია სამხარაძე

 

ყოველთვის, როცა გალაკტიონ ტაბიძის ამ ლექსს ვკითხულობ, მეკარგება სხეულისა და სულის ერთობა და ვერაფრით  ვერ გეტყვით, ცალკე აღებული რომელი უფრო მავსებს ან მაწუხებს. მასევდიანებს სხეული, რომელიც დავამძიმე სულის მოუსვენრობით და მასთან წინააღმდეგობით, თუ პირიქით – სული, რომელიც სურვილებსაყოლილ სხეულში გამოვკეტე?

სწორედ  ამ ლექსის საშუალებით, ერთდროულად შემიძლია საკუთარ თავს გარედანაც ვუყურო და, ამავდროულად, ყველა შინაგანი, ღრმად მიძინებული შეგრძნებაც ფხიზელივით განვიცადო!

„სილაჟვარდეზე“ პირველ რიგში რატომღაც ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღები მახსენდება.  სანაპირო.  ტალღების მშვიდის ლიცლიცი და კამკამა წყალი, რომელიც ოქროსფერ ქვიშას ეფერება.

„ვარდი სილაში“ კი უკვე სურათია – მოხუცი ქალი ტალღებით დასველებულ ქვიშაზე ზის და მაგონებს  სველ სილაზე  დაგდებულ  შემჭკნარ ვარდს.

პეიზაჟი სულაც არ არის სევდიანი, მაგრამ საკმაოდ სევდიან სიუჟეტს, ასეთივე მელანქოლიური  მელოდია გასდევს თან – იოჰან სებასტიან ბახის „ადაჯო“ (იტალ. Adagio) ნელი, დინჯი მუსიკა, რომელიც უფრო ხმამაღლა მესმის, რაც უფრო ჩუმად ვკითხულობ ლექსს. ზოგჯერ  მელოდია იმდენად მძაფრია, ტექტს მიკარგავს და უაზროდ და გულწრფელად, ლოცვასავით ვბუტბუტებ ლექსს.

„ოცნების ბაღით დაჭრილი გედი“ – ჩემი მოხუცი ქალბატონის სულია, რომელსაც, შესაძლოა, მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში აქვს სქესი, რომ ჩემს მოცემულობას დაემთხვეს და მანუგეშოს – არ  ვარ მარტო! ეს მეტაფორა ჩემთვის მცდელობებით დაუღალავი ადამიანის საზოგადო ხატია, შეუპოვარი ადამიანის, რომელიც ყველა იმედგაცრუებაზე „იკოდება“ მაგრამ არ კვდება და ის თავისივე ლამაზი მისწრაფებებით, მშვენიერ, ამაყ მაგრამ დაჭრილ გედს მომაგონებს. სულ მგონია, რომ გალაკტიონის გედი ის ღვთაებრივი არსებაა, რომელსაც  ჭრილობის მოშუშება ნებისმიერ დროს  საკუთარი ცრემლით შეუძლია, მაგრამ ტკივილს იხანგრძლივებს და რატომღაც მისით ტკბება!

მთელი მისი პათეტიკითა და გულწრფელობით ლექსში ჩემი საყვარელი მონაკვეთია: „შეხედე,  დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!“ – სადაც ლირიკული გმირი ერთდროულად საკუთარ სისუსტეს და დაღლასაც გამოხატავს, თუმცა ჯერ კიდევ შესწევს ძალა, დაიტოვოს ხმაში საყვედურისა და ბრაზის კილო, თუმცა შესწაევს უნარი, ასეთ მდგომარეობაში მყოფი დაეხმაროს საკუთარ თავს! ლირიკულ პერსონაჟზე გითხარით, მაგრამ სინამდვილეში, ის ალბათ მე ვარ…

 

მარიამ სოხაძე

 

ახლა, როცა ეს ლექსი გადავიკითხე, ემოცია, რომელიც ჩემში შემოვიდა, მინდა ცნობიერების ნაკადს გამოვაყოლო… ხვალ შეიძლება სხვანაირად დამეწერა… გუშინაც სხვა რამეს ვიტყოდი… თუმცა ახლა მხოლოდ სიტყვებად გარდაქმნილ ემოციებს გავყვები…

სილიანი წვიმის გუბეები ჩამოდგა.. და სულისა თუ თვალის მზერისაგან შორს, შეუხსენებლად იცი, რომ ჯერ კიდევ ამაყად დგას ოცნება ბაობაბზე… უკანასკნელი ეკალი მიაბარა ცხელ ქვიშას თავნება ვარდმა და ჩამქრალი ვულკანის ნაწვიმარ სილაში ყველაზე ვიწრო ქიმიდან გა’დაეშვა…!

დაეშვა ზეცა გალაქტიკიდან…

და ეშვა ტკივილი-ტკივილითვე-ტკივილისათ’ვის…

ვის სხეულს ატარებენ ახლა ცხოვრებანათევი სულის ფიტულები…?!

უსიმფონიო დუმილს ვღიღინებ და ვფიქრობ ღმერთზე…

გაცვეთილი ფილოსოფია – ‘მზე ქმნის ჰორიზონტის სიშორეს თუ ჰორიზონტი გვაშორებს მზ’ეს…?!

ეს – ჯერ კიდევ იდეის შობამდე 2000 წლით ად’რე!

რე- მი’ყ’ ვარდი….

ვარდი კი… ახლა ის სულ მარტოა, უზარმაზარი ბაობაბის სქელ ფესვებზე  შემოხვეული…. მაგრამ აქვს ნება, ოცნება და დაუწერელი მცნება იმისა, რომ შეუძლია გა’დარჩეს…

დარჩეს ჯერ არდაბადებულ, ჯერ არამონასუნთქ  ნახშირო’ჟანგად…. ჟანგად მეკიდება ფიქრები სულზე…

და სულზე მომისწარი შენი სიზმრების რეინკარნა’ციით..

ცით არ მთავრდება არსებობა, ჩემო მეგობარო….

ეჰ… ნეტავ არასდროს ჩაგეხედა სილაჟვარდის ხავსიან ფსკერზე..!

არასოდეს დაგენახა მშვენიერი თვითმკვლელი ვარდი, ყველაზე მაღალი და ყველაზე ვიწრო ქიმიდან როგორ სწყდება, როგორ ეშვება,  ვერამომსკდარი, ნაწვიმარი სილის გუბიდან…

ნეტავ არასდროს, მარიამ….

 

 

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

 

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა –
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, –
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...