კვირა, აგვისტო 10, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს  ზღაპრები

0

 

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი, ვისაც ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, გაიზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ პატარას, განურჩევლად ასაკისა, ძალიან უყვარს ზღაპრების მოსმენა. როგორც წესი, მათი პირველი საყვარელი წიგნი სწორედ ზღაპრების წიგნია. როგორი სისწრაფითაც არ უნდა ვითარდებოდეს საზოგადოება, როგორც არ უნდა შეიცვალოს ღირებულებები, განწყობები, შეხედულებები აღზრდაზე, ბავშვობის წარმოდგენა ზღაპრების გარეშე შეუძლებელია.

     რატომ არის მნიშვნელოვანი ზღაპარი ბავშვისთვის და რას აძლევს ის მას:

  • ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისთვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მათი მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარისთვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან. ზღაპრის დახმარებით ბავშვს უყალიბდება ზოგადი წარმოდგენა რეალობაზე, იღებს საწყის ცოდნას ცხოვრებაზე;
  • ზღაპრები, განსაკუთრებით წაკითხულის ერთობლივად განხილვის, გააზრების და გაანალიზების შემთხვევაში წარმოსახვის, ფანტაზიის, მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების განვითარების და ბავშვში ლექსიკური მარაგის გამდიდრების კარგ საშუალებას იძლევა;
  • ეცნობა რა ზღაპრის სიუჟეტს, პერსონაჟების ცხოვრებას, ბავშვი ვითარდება ემოციურად, სწავლობს თანაგანცდას – უხარია და წუხს ზღაპრის გმირებთან ერთად, ეძებს გამოსავალს პრობლემური სიტუაციიდან. ასე რომ, ზღაპრის კითხვა ბავშვისთვის უბრალოდ დასვენება კი არ არის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა;
  • ზღაპარი ხშირად ბავშვში ხასიათის ამა თუ იმ თვისების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება. მისი გავლენით პატარა შეიძლება გახდეს უფრო თამამი, გამბედავი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, კეთილი, მზრუნველი;
  • როგორც წესი, ზღაპრის კითხვისას ბავშვი გაუცნობიერებლად საკუთარ თავს ზღაპრის გმირთან აიგივებს, ამიტომ, აღმზრდელობითი შინაარსის მქონე ზღაპრების კითხვა სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ფორმირებაზე. ჩვეულებრივ, ის ბევრად უკეთეს და სწრაფ შედეგს იძლევა, ვიდრე ბავშვისთვის მომაბეზრებელი უფროსის აღმზრდელობითი, ჭკუისდამრიგებლური საუბრები, რომლებიც ძალიან ღლის მას და ხშირად არც კი ისმენს;
  • ზღაპრები ბავშვებში გარკვეულ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს თამაშობს. მათი საშუალებით ბავშვი ადვილად სწავლობს ისეთ ცნებებში გარკვევას, როგორიცაა: სიკეთე და ბოროტება, თანაგრძნობა და გულგრილობა, გულუხვობა და სიძუნწე და ა. შ. ზღაპარი ეს არის იძულების გარეშე სწავლების ძალიან კარგი და უძლიერესი ხერხი, რადგანაც ბავშვისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია მასში, როგორც წესი, გასაგები და მისაწვდომი ფორმით არის წარმოდგენილი;
  • ზღაპარი იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე, რომ ის შეიძლება ბავშვთან დაკავშირებული მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების კარგი საშუალება აღმოჩნდეს საკორექციო მუშაობის პროცესში. “ზღაპართერაპია“ გვეხმარება ვასწავლოთ ბავშვს ძლიერ ემოციებთან, შიშებთან, წყენასთან გამკლავება და თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება;
  • ზღაპრებს აქვთ უძლიერესი ენერგეტიკა და დიდ გავლენას ახდენენ პატარებზე; ამდენად, ძილის წინ ზღაპრის კითხვა ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის დასამშვიდებლად, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და ძილისთვის მოსამზადებლად.

იმისათვის, რომ ზღაპრების საშუალებით ზემოაღნიშნულ შედეგებს მივაღწიოთ, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ზღაპრების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. მართალია, ზღაპარი ნებისმიერი ასაკის, მათ შორის მუცლადმყოფ ბავშვსაც კი შეიძლება წავუკითხოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ რას და როგორ წავუკითხავთ პატარას. ბავშვისთვის განკუთვნილი პირველი ზღაპრები უნდა იყოს მარტივი და მოკლე, აზრი ადვილად დასაჭერი, სიტყვები უბრალო და გასაგები, ერთი და იგივე ფრაზები ხშირად უნდა მეორდებოდეს; ეს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს ზღაპრის სიუჟეტის აღქმასა და გაგებაში. გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ ზღაპრებში პერსონაჟები მისთვის ნაცნობი ცხოველები, ბავშვები და მოზრდილები უნდა იყვნენ. სკოლამდელი პერიოდის (3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უფრო მეტი ესმით და ზღაპრებიც მათთვის უფრო რთული უნდა იყოს. თუმცა, ზღაპრის შერჩევის კრიტერიუმები ამ პერიოდში თითქმის უცვლელი რჩება – გასაგები სიუჟეტი, ბავშვისთვის ნაცნობი პერსონაჟები, მარტივი სიტყვები და სიტყვათწარმონაქმნები. გამონაკლისს წარმოადგენს ის, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრები ჭკუის სასწავლებელი და გარკვეული მორალის შემცველი უნდა იყოს, ის უნდა აიძულებდეს პატარას იაზროვნოს, გააანალიზოს მოსმენილი. კარგი იქნება, თუ წაკითხვის შემდეგ ვისაუბრებთ ბავშვთან იმის შესახებ, როგორ გაიგო მან ზღაპარი და რა შეკითხვები გაუჩნდა. აუცილებლად ვუპასუხოთ მის ყველა შეკითხვას და მივაქციოთ ყურადღება ყველაფერ იმას, რაც მას აინტერესებს. ამ ასაკის ბავშვებისთვის ზღაპრები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად არის მათში ნაჩვენები პერსონაჟების გრძნობები და განცდები. გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში ზღაპრების დახმარებით პატარა ეცნობა ადამიანთა გრძნობად სამყაროს, ზღაპრული პერსონაჟების მაგალითზე აკვირდება, როგორ ყალიბდება დამოკიდებულებები რეალურ სამყაროში. უმცროსკლასელებს უკვე შეუძლიათ ზღაპრების კითხვა დამოუკიდებლად. მათთვის საინტერესოა ისეთი საბავშვო ზღაპრები, რომლებშიც მთავარი გმირები მათ საკუთარ თავს ახსენებენ. ამ ასაკში ბავშვი ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს ზღაპრის პერსონაჟების სახეები და იფანტაზიოროს თავგადასავლებსა და მოგზაურობებზე;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხმის ტონს, ინტონაციას, იმას, თუ რამდენად იქნება დატვირთული კითხვის პროცესი ადეკვატური ემოციებით. პატარებს მოსწონთ, როცა ვუკითხავთ ნელა, ღიღინით, გამომხატველობითი მოძრაობების (ჟესტიკულაცია, მიმიკა, პოზა) თანხლებით, რადგანაც ყოველივე ეს ეხმარება მათ ნათლად წარმოიდგინონ ზღაპრის ყველა პერსონაჟი. ჩვენი მთავარი ამოცანა კითხვის პროცესში უნდა იყოს ბავშვის დაინტერესება კითხვით და წიგნისადმი სიყვარულის ჩამოყალიბება მასში;
  • ბავშვებისთვის ზღაპრების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზღაპრების წიგნსაც, მასში ჭარბად უნდა იყოს მრავალფეროვანი, ნათელი, ფერადი ილუსტრაციები;
  • ბავშვის ასაკთან ერთად ზღაპრის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ხასიათის თავისებურებები და ტემპერამენტი. ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის ნამდვილად არ იქნება შესაფერისი ზღაპრები სწრაფი, აქტიური, დინამიკური სიუჟეტით; იმისათვის, რომ ასეთი ბავშვი ზღაპრის მოსმენის ან კითხვის პროცესში არ გახდეს უმართავი, შევარჩიოთ უფრო მშვიდი ზღაპარი. თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა, შეიძლება ზოგიერთმა ზღაპარმა ის ცრემლებამდე და ისტერიკებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ, ასეთი ბავშვისთვის ზღაპარი ისე შევარჩიოთ, რომ მისთვის საინტერესო იყოს და არც შეაშინოს;
  • როდესაც ბავშვს ზღაპარს ვუკითხავთ, აუცილებლად თვალყური ვადევნოთ მის რეაქციებს. მათზე დაკვირვებით ჩვენ ადვილად მივხვდებით მოეწონა მას ზღაპარი თუ არა, რა ემოცია გამოიწვია მასში მოსმენილმა;
  • თუ ბავშვს პრობლემები აქვს ძილთან დაკავშირებით, უპირატესობა მივანიჭოთ მშვიდ ზღაპრებს კარგი დასასრულით, ისეთებს, რომლებიც პოზიტიურ განწყობას შეუქმნის პატარას;
  • ზღაპრის კითხვა ბავშვებისთვის ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გადავაქციოთ ერთგვარ გასართობ თამაშად – წავუკითხოთ მათ უკვე ცნობილი ზღაპარი, დასრულებამდე გავჩერდეთ და შევთავაზოთ მოიფიქრონ მოვლენების შემდგომი განვითარება. ეს მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება „ზღაპართერაპიაში“, კარგი საშუალებაა ბავშვის პრობლემების და თავისებურებების გამოსავლენად;
  • რაც შეეხება „საშიშ“ ზღაპრებს, ის ყველაფრის მიუხედავად საჭირო და სასარგელოც კია ბავშვისთვის. თუ პატარას ყოველდღიურად ისეთ ზღაპრებს წავუკითხავთ, სადაც აღწერილია კეთილშობილი პერსონაჟების მშვიდობიანი თანაარსებობა, ის შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრებისეულ რეალობასთან შესახვედრად. თუმცა, „საშიში“ ზღაპრების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და შიშის ის დოზა, რომელიც შეიძლება მისთვის ასატანი და უსაფრთხო აღმოჩნდეს. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი სერიოზულობით სჯერათ, რომ ჯადოქრობა არსებობს, ჯადოქრები კი ჩვენს შორის ცხოვრობენ. ამასთან დაკავშირებით, რეალობისა და გამოგონილის აღრევის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჯადოსნური და „საშიში“ ზღაპრების  კითხვა ბავშვისთვის უმჯობესია დავიწყოთ დაახლოებით 6 წლიდან;
  • იმისათვის, რომ ზღაპარს სათანადო ეფექტი ჰქონდეს, საჭიროა მისი არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ განხილვაც, განსაკუთრებით ეს „საშიში“ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ არის საჭირო. ასეთი ზღაპრების წაკითხვა ან მოყოლა კომენტარების გარეშე ნიშნავს „საშიში თემის“ ღიად, დაუსრულებლად დატოვებას. ფაქტობრივად ჩვენ ბავშვს თავის განცდებთან მარტო ვტოვებთ. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ წაკითხულის განხილვის შემთხვევაში, საჭირო იქნება მივცეთ ბავშვს საკუთარი ემოციების, შეხედულებების, აზრების გამოხატვის საშუალება. შეიძლება განხილული იქნეს პერსონაჟების ქცევა, მათი თვისებები – რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე, რამ მიგვიყვანა სიუჟეტის ასეთ განვითარებამდე. ასევე შეიძლება სიუჟეტის თემაზე ფანტაზიორობა – რა მოხდებოდა, თუ ზღაპრის გმირი სხვაგვარად მოიქცეოდა. ზღაპრები შეიძლება თავადაც შევთხზათ, მოვიფიქროთ განსაკუთრებული სიუჟეტი, საფუძვლად ავიღოთ სიტუაცია ბავშვის ცხოვრებიდან, ზღაპრის გმირი არაორაზროვნად უნდა ჰგავდეს მას. ზღაპარი კი, უპირველეს ყოვლისა, გასაგები უნდა იყოს ბავშვისთვის;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას გავითვალისწინოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა – ნებისმიერი ზღაპარი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად კარგად უნდა მთავრდებოდეს, სიკეთე უნდა იმარჯვებდეს ბოროტებაზე, ბავშვებს უყვართ ზღაპრები ბედნიერი დასასრულით;
  • იმისათვის, რომ გავიგოთ, შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული ზღაპარი იმ ბავშვს, ვისთვისაც მის წაკითხვას ვაპირებთ, ჯერ თავად ჩვენ წავიკითხოთ ის, ამასთან, შევხედოთ მას ბავშვის თვალით. თუ წაკითხულში რაიმე ბავშვის ასაკისათვის ან მისი პიროვნული თავისებურებებისათვის შეუფერებლად მოგვეჩვენება, აჯობებს გადავდოთ ის იმ დროისთვის, როცა ბავშვს ასაკი მოემატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა მომავალში მას წიგნის სამყაროსკენ მიმავალ გზას გაუხსნის. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ  ზღაპრების კითხვა ბავშვს მომავალში კარგ ადამიანად ჩამოაყალიბებს. ზღაპრებში ჩადებულია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცხოვრებისეული სიბრძნე. ბავშვისთვის წასაკითხი ზღაპრის სწორად შერჩევა და მისი გასაგები ენით და სწორად წაკითხვა ამ სიბრძნის ბავშვებამდე მიტანის საშუალებას მოგვცემს.

 

ქეთევან ოსიაშვილი

დავით გურამიშვილის პორტრეტი – სამოთხისა და ჯოჯოხეთის სარკეებში არეკლილი

0

დავით გურამიშვილზე ბევრი შესანიშნავი წერილია დაწერილი და კიდევ არაერთი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე თუ პოეზიის მოყვარული დაწერს, მაგრამ ამჯერად გამოვარჩევთ ქართველი სიმბოლისტი მწერლის, დახვეწილი ინტელექტისა და ფეიერვერკული ასოციაციური  აზროვნების შემოქმედს, ვალერიან გაფრინდაშვილს, რომლის ესეები მოდერნისტული მწერლობის ერთგვარი გზამკვლევებია. მან სიღრმისეულად გაიაზრა  ახალი ხელოვნების თავისებურებანი, გამოკვეთა კავშირები ტრადიციასთან და გააანალიზა ის ნოვატორული ექსპერიმენტები, რომელთა საშუალებითაც ლიტერატურამ სამყაროსა და ადამიანის მხატვრულ ტექსტში გამოსახვის პრინციპები შეცვალა.

ის  მეგობარ ცისფერყანწელებთან ერთად ცდილობდა „ევროპის რადიუსით გაემართა“ ქართული მწერლობა, ამიტომ თამამად და ხანდახან ეპატაჟურადაც ქმნიდა მოულოდნელსა და უცნაურ,  გაბედულ მხატვრულ სახეებს, მკითხველს ბოდლერის, რემბოს, მალარმესა და ვერლენის სახელებს აჩვევდა, ქართულ კლასიკურსა თუ თანამედროვე  პოეზიას ახლებურად გაიაზრებდა, ევროპული კონტექსტები შემოჰქონდა და ცდილობდა ქართველი მკითხველისთვის თვალსაწიერი გაეფართოებინა, ეხმარებოდა,  განსხვავებულად შეეხედა საკუთარი თავისა თუ სამყაროსთვის და, ერთი შეხედვით, ბუნდოვან და გაუგებარ პოეტურ სიმბოლოთა მიღმა მრავალმნიშვნელოვანი  სათქმელი აღმოეჩინა.

ვალერიან გაფრინდაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შეეცადა დავით გურამიშვილის პიროვნება და შემოქმედება  თანამედროვე ევროპული ლიტერატურის კონტექსტში გაეაზრებინა. მისი  ახლებური წაკითხვის მცდელობანი, თავბრუდამხვევი ასოციაციები, რომელთა საშუალებითაც ის გარკვეულ ჩარჩოში მოქცეულ ქართველ შემოქმედს ინტერტექსტუალურ კავშირებს უძებნიდა თანამედროვე სამყაროსთან,  დღესაც გვაკვირვებს თამამი მიგნებებით.

ვალერიან გაფრინდაშვილმა გადახედა კლასიკური პოეზიის მიმართ მეოცე საუკუნის  პირველი ოცწლეულის ახალი თაობის ამგვარ მოდურ დამოკიდებულებას:  „როდესაც წარსულისკენ ვიხედები, რუსთაველამდე ვერავის ვხედავ“  და ორი სახელი: გურამიშვილი და ბარათაშვილი გამოარჩია, რომელთა შესწავლაც რუსთველის გაგების აუცილებელ პირობად მიიჩნია. ამგვარად, ძველსა და ახალს შორის ის კანონზომიერი კავშირები  დაინახა, რომელთა გააზრება-გაცნობიერების გარეშე მკითხველი რუსთველის „დაკეტილი სასახლის“ მიღმა დარჩებოდა. ცისფერყანწელებმა  შემდეგ წარსულსა და აწმყოს პოეტურ გამოცდილებას შორის კიდევ ერთი ხიდი გამოარჩიეს _ ეს იყო ბესიკ გაბაშვილი, რომელიც სიმბოლისტების ქართველ წინაპრადაც მიიჩნიეს, ისევე როგორც რონსარი აღიარეს „მამამთავრად“ ფრანგმა სიმბოლისტებმა.

ვალერიან გაფრინდაშვილი მსჯელობის ჩვეული მეტაფორულობით, ესესთვის დამახასიათებელი თავისუფალი ინტერპრეტაციებით ცდილობს დავით გურამიშვილის გათანამედროვებას, მისი შემოქმედების სრულიად განსხვავებული კუთხით წაკითხვას, „დავითიანის“ ღირებულების ახლებურად გააზრებას და ამგვარად ქართული კულტურის ევროპულ კულტურასთან იდენტობის აღმოჩენას კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას უძებნის.

გურამიშვილის დაკავშირებით თანამედროვე პოეტურ სამყაროსთან ავტორი მიზნად ორ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ისახავდა: ერთი მხრივ, ევროპულ ლიტერატურის შესწავლის ინტერესს აჩენდა, მეორე მხრივ, გურამიშვილის შემოქმედებას ახალ სოცოცხლეს შთაბერავდა და მკითხველს არწმუნებდა ქართული პოეზიის მსოფლიო მასშტაბის ღირებულებაში.

ამ წერილში მან თეზისურად იმგვარი პარალელები გამოკვეთა, რომელთა კვლევა შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომის შექმნის იმპულსადაც იქცეს. უპირველეს ყოვლისა, მან „დავითიანის“ გასააზრებელი სივრცე გააფართოვა და მის პოეტურ სახე-სიმბოლოთა გასაგებად ბიბლიასთან ერთად თანამედროვე უცხოელ პოეტთა შემოქმედებაც მიიჩნია. მისი აზრით, გურამიშვილი იყო სპარსული გავლენისაგან თავისუფალი „პირველი ნაციონალური პოეტი“.  გურამიშვილის  დამოკიდებულება რეალობასთან,  დროსთან, სიკვდილთან, სიცოცხლესთან, ერთი სიტყვით, იმ ეგზისტენციალურ თემებთან, რომლებიც ადამიანის სულიერ-მატერიალურ არსებობას განსაზღვრავენ, გადაძახილს პოულობდა ევროპელ სიმბოლისტებთან, ფრანგ დეკადენტებთან. მისი აზრით:   „რემბომ სინამდვილე გადაიტანა პირამიდებში, ვერლენმა კალეიდოსკოპში, გურამიშვილმა აირჩია საიქიოს ორი ვეებერთელა სარკე _ ჯოჯოხეთი და სამოთხე. ამ ორ სარკეს შუა მისტიკურ საქანელაზე ქანაობს _ ჯოჯოხეთის შავი სარკე აღელვებს, როგორც სამოთხის თეთრი სარკე“.  ამგვარად, გაფრინდაშვილმა ზუსტად და მეტაფორულად მონიშნა ის ორი მთავარი წარმოსახვითი განზომილება, რომელთა სარკეებში არეკლილ ორეულები წარმოაჩენენ პოეტის მთავარ საფიქრალს, სწრაფვას მარადისობისკენ, საკუთარი თავის მტანჯველი ძიებისკენ. სამოთხე და ჯოჯოხეთი, მართლაც, ის ორი სარკეა, რომელთა სიღრმიდანაც მოჩანს გურამიშვილი, როგორც მარადიული მგზავრი. ამ თვალსაზრისით, ის დაუნათესავა სერვანტესის მწუხარე სახის რაინდსაც: „გურამიშვილი დონ კიხოტია, რომელიც დაბრუნდა მგზავრობიდან და კვდება ლოგინში“.

გაფრინდაშვილმა „ახალი პოეზიის მღვდელმთავრს“, ბოდლერს შეადარა გურამიშვილი გამძაფრებული პოეტური სახეებით, „სიკვდილის ესთეტიკის“ შექმნით. მან განსაკუთრებული მსგავსება დაინახა  „დავითიანის“ იმ თავთან, რომელსაც „სიკვდილისა და  კაცის შელაპარაკება და ცილობა“ ჰქვია.  აქ პოეტი ბოდლერივით ცინიკურია სიკვდილის მიმართ, რომელსაც ისე ლაღად და გადამდებად დასცინის, მკითხველსაც საოცარი სიმსუბუქის განცდა ეუფლება და მის თვალში გადაულახავი საშინელება კომიკურ თეატრალურ ნიღბად გადაიქცევა. ამ თვალსაზრისით, ავტორს პოეტი ედგარ პოს წინამორბედადაც მიაჩნია, მასზე ადრე შექმნა „საშინელების პოეზიაო“. მან „დავითიანის“ სრულიად განსხვავებული სულისკვეთების ამბავი „ქაცვია მწყემსისა“_  „ეროტიკულ იდილიად“ მიიჩნია და ამ თვალსაზრისითაც გამოკვეთა გურამიშვილის კავშირი თანამედროვეობასთან.

ვალერიან გაფრინდაშვილის დაკვირვებული თვალი შენიშნავდა საგულისხმო, ერთი შეხედვით, შორეულ ნათესაობას, მაგალითად, ვერლენთან. მისი აზრით, პოეტი ვერლენივით მიმართავდა  ქრისტესა თუ ღვთისმშობელს, თავი არ ეღირსებოდა ამ „ურთიერთობისთვის“. ვერლენი წერდა: „ჩემი პირი, შებილწული ღვინით და გინებით, ვერ ბედავს თქვენს ქება-დიდებას“, გურამიშვილი: „მე ვით ვიტყვი შენს ქებათა, ნამწვართი ვარ, ვით პირუტყვი“.  მან პირველმა გაავლო პარალელი გურამიშვილსა და  ფრანსუა ვიიონს შორის და მათი ანდერძებს შორის ინტერტექსტუალური გადაძახილები დაინახა.

მან გურამიშვილი მიამსგავსა:

  • ალფრედ მიუსეს, „აბსენტით დასნეულებულს“.
  • სერვანტესს, ტყვეობებით, ხეტიალითა დაღლილს;
  • ვერლენს, „ბოჰემური მსოფლმხედველობით“, შემოქმედების მუსიკალურობითა და ცხოვრებისეული გატანჯულობით; ასევე, „ცხოვრებისაგან დაქვრივებულობით“;
  • ფრანსის ჟამესს, მასავით სამოთხეზე აღტყინებით მეოცნებეს.
  • ჟერარ დე ნერვალს, რომელმაც დაწერა „ეპიტაფია საკუთარ თავს“ და მასავით თავს წარმოიდგენდა კუბოში;
  • შატობრიანს, რომელმაც ღმერთი უცოლო კაცს შეადარა, ლაფორგსაც კაცობრიობის ისტორია უცოლო კაცის აღსარებას აგონებდა, გაფრინდაშვილმა გურამიშვილის ლირიკაშიც დაინახა ამგვარი პათოსი;
  • ჰამლეტს, ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრებულსა და განმარტოებულს;
  • მისი აზრით, ის იყო „პრინცი და მათხოვარი“, რომელიც უცხოეთში ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელივით მოთქვამდა;
  • დოსტოევსკის ჰგავს „ნიჭის ავხორცობით“, ისიც მისტიკური აღტაცებით ეძლევა დამცირებას, მუწუკებს სიამოვნებით გვიჩვენებსო.

მან ყურადღება მიაქცია  იმასაც, რომ გურამიშვილი, როგორც რითმათა და რიტმთა, ალიტერაციათა მაძიებელ-ექსპერმენტატორი მეოცე საუკუნ პოეტებს ენათესავებოდა. საინტერესოა მისი ასეთი დაკვირვებაც: „ასო „მ“-ს  ხშირად იყენებს, რომელიც ღმუილის, კივილის ასოციაციას იწვევს და სასოწარკვეთილებას გამოხატავსო. „ის ქვითინებს უდაბნოში, როგორც მეფე ლირი. დროა, კორდელია ნუგეშით მივიდეს მასთან და დაუბრუნოს დაკარგული სამეფო“. იგი ფიქრობდა, რომ გურამიშვილმა „წამების კულტი“ შექმნა და ყველა სხვა პოეტი „სევდის დილეტანტია“.  ის მოაგონებდა ფოროსმანსაც ბოჰემურობით, ხოლო გურამიშვილის მემკვიდრედ ბარათაშვილი მიაჩნდა და ამას განსაკუთრებით საწუთროსთან დამოკიდებულებაში ხედავდა.

ვალერიან გაფრინდაშვილი ბორხესივით ფიქრობდა, როცა წერდა, რომ: „პოეზიის და ლიტერატურის გმირებს  შეუძლიათ დააარსონ თავიანთი ლანდური სამეფო და სრულიად მოგვატოვონ ჩვენ“.

ექსპრომტად დაწერილ ერთ მცირე მოზაიკურ ესეში „პოეტები წერის დროს“ საკუთარ პორტრეტსაც ასე ჩახატავს: „ვალერიან გაფრინდაშვილი. არასდროს არ სწერს წვიმიან ამინდში, რომ კიდევ უფრო არ დაამძიმოს თავისი ლექსი. ლექსის დაწერისთვის სჭირდება მზის სითბო და რამდენიმეთ დაისის სიწითლეც. თუ ღამეა, სარკეს გადააბრუნებს, რომ ორეულმა არ შეაშინოს. ხანდახან ლექსის გათავებას დილისთვის გადადებს. წერის დროს მარტოა, თუ მარტო არ არის, მისი ძმა დავითი არ უშლის ხელს. კიდევ აფასებს პოეტის სახელს, ვით აზნაური გვარიშვილობას“.

ამგვარად, ვალერიან გაფრინდაშვილის ამ ესეს გახსენება მკითხველსაც მხატვრული სიტყვის თავისუფალი, ლაღი ინტერპრეტაციის  სურვილს უჩენს და ძველი ტექსტების ახლებური წაკითხვისაკენ უბიძგებს.

 

წიგნის შექმნა – წიგნიერების ხელშეწყობისთვის

0

წიგნიერება პიროვნული განვითარებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  იმისათვის, რომ მოზარდებს კითხვის სიყვარული  მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ, საჭიროა ამაზე  ბავშვობიდანვე ვიზრუნოთ.

კითხვისა და წერის ფუნდამენტურ უნარებს  საფუძველი დაწყებითი კლასებიდან ეყრება.

მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, უყალიბდება მხატვრული გემოვნება. წიგნიერება მოიცავს ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარებს. არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, რომელშიც მოსწავლე ხალისით  ერთვება  და   კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი უჩნდება.

ეს ხდება  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ ქმნის, აკეთებს, აღმოაჩენს. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული.

გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. მოსწავლეებს სწავლის სურვილი მაშინ უჩნდებათ, როდესაც მყარდება კავშირი  სწავლასა და გართობას შორის.

გართობაც ადამიანის ერთ-ერთი შინაგანი მოტივაციის ფორმაა, ამიტომ სასწავლო აქტივობები უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, რაც მათ  სათანადო   განწყობას და მონდომებას უნდა განაპირობებდეს.

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ როგორ დამეგეგმა სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოსწავლეებს გასჩენოდათ კითხვისა და წერის  სურვილი. ვახორციელებდი წერა-კითხვის მრავალფეროვან აქტივობებს:

  1. ,,ერთობლივი კითხვა და მისი ვარიაციები“,
  2. ,,ერთობლივი წერა“,
  3. ,,სიტყვების გარითმვა“,
  4. ,,RAFT”,
  5. ,,ხუთსაფეხურიანი წერა“,
  6. ,,წერა ილუსტრაციების მიხედვით“,
  7. ,,მოთხრობის ჩარჩო“(G-PRIED-ის მეთოდები და აქტივობები)
  8. და ა. შ.

როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც ნათელი გახდა, რომ აღნიშნულ აქტივობებზე მუშაობის შემდეგ უკეთ წერდნენ, კითხულობდნენ, თხზავდნენ. შევამჩნიე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ინტერესი წიგნის მიმართ. ისინი უკვე მზად იყვნენ, თავად გამხდარიყვნენ ,,მწერლები და პოეტები“, გაუჩნდათ სურვილი , შეექმნათ წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის  გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

,,ჩვენ ვართ მწერლები“ – ეს არის სლოგანი, რომელიც გაკრულია ჩვენს საკლასო ოთახში და პერიოდულად გადმოინაცვლებს ხოლმე დაფაზე, რაც იმას მიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ საავტორო ტექსტზე მუშაობას, ზოგჯერ ჯგუფურად, ზოგჯერ კი – ინდივიდუალურად.

გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან – ,,ჩვენ ვართ მწერლები“.

მოსწავლეები ინდივიდუალურად ქმნიან საავტორო ტექსტებს, რომლებიც ერთ დიდ წიგნში აიკინძება.

ამ პროცესის მიმდინარეობა შემდეგნაირია:

თავდაპირველად შეარჩევენ ტექსტის თემას, შემდეგ ჟანრს (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი). მასწავლებელი ურიგებს ფურცლებს, რომელზეც მოცემულია შეკითხვები, რომელთა დახმარებით მოსწავლეები იწყებენ ტექსტების შექმნას:

  • სად და როდის ხდება მოქმედება?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟი?
  • როგორ გამოიყურება ის?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟის მეგობარი?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე?
  • რა მოხდა?
  • როგორ განვითარდა მოვლენები?
  • რას გრძნობენ პერსონაჟები?
  • როგორ დასრულდა ამბავი?

მოსწავლეები იწყებენ წერას.  შეკითხვების დახმარებით გადმოსცემენ საკუთარი თხზულების შინაარსს.

წერის დასრულების შემდეგ ჩუმად კითხულობენ საკუთარ ნაწერს. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ გაუმართავი წინადადებების  რედაქტირებას. ნაწერებს აბარებენ მასწავლებელს, რომელიც  საბოლოო  კორექტირების  შემდეგ –  მეორე დღეს ნამუშევრებს უბრუნებს მოსწავლეებს.

მოსწავლეები ტექსტს სუფთად გადაწერენ ახალ ფურცელზე, ითვალისწინებენ ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს. (აბზაცი, სტრიქონი).

შემდეგი ეტაპი არის ილუსტრაციების შექმნა  საკუთარი საავტორო ტექსტისთვის.

ამის შემდეგ  თითოეული მოსწავლე  ჩუმად  კითხულობს  საკუთარ ნაწერს, ემზადება საავტორო ტექსტის პრეზენტაციისთვის, რომელიც ამ აქტივობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, დამაგვირგვინებელი ეტაპია.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრებს. მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს კარგად ან  რისი  გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.

მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად,  აკინძავს ნამუშევრებს და აქცევს წიგნად ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით: ყდა, თავფურცელი, სარჩევი და ა. შ.

შექმნილი წიგნი საბოლოოდ განთავსდება საკლასო ბიბლიოთეკაში და პერიოდულად, თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება, წაიღოს შინ და წაიკითხოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თანაკლასელთა  მიერ შექმნილი თხზულებები.

აღნიშნული აქტივობა შესაძლებელია განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულმა მოსწავლემ თხზულებისა და ილუსტრაციების შექმნისა და  ტექსტის გასწორების შემდეგ თავად აკინძოს ფურცლები, სუფთად გადაწეროს ტექსტი, გააფორმოს შესაბამისად წიგნის ყველა მახასიათებლისა და ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტების  გათვალისწინებით და ამგვარად, თავად შექმნას თავისი საავტორო წიგნი.

განხორციელებული აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს:

  • წერა-კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარებს;  
  • ტექსტის დამოუკიდებლად შექმნის უნარს;
  •  ტექსტის სტრუქტურული ელემენტების შერჩევის უნარს;
  • ლიტერატურული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნის უნარს;
  • შემოქმედებითი, წარმოსახვითი, ფანტაზიისა და თვითგამოხატვის უნარებს;
  • პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარს;
  • საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შეფასების უნარს;

განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის.

ვფიქრობ, აქტივობა – ,,ჩვენ ვართ მწერლები“ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია წიგნიერების განვითარებისთვის.

როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს მწერლის ამპლუაში დაინახავს, ის სხვა მწერლების ნაწარმოებების კითხვას და გააზრებას  უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – G-PRIED 2015.
  2. წიგნიერება – გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2008 წელი.

სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი ფიზიკაში

0

თანამედროვე ეპოქის  განვითარების ტემპი საგანმანათლებლო სისტემას  უწყვეტ სწავლა-სწავლების საჭიროებას უკვეთავს. ეს გამოწვევა დგას მთელი მსოფლიოს წინაშე და განსაკუთრებული სიმწვავით ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაზე აისახება. საერთაშორისო კვლევების (TIMSS  Trends in Mathematics and Science Study, PISA Programme for International Student Assessment) თანახმად, საქართველოში, ბოლო წლების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მოსწავლეთა ცოდნის დონე საბუნებისმეტყველო საგნებისა და, განსაკუთრებით, ფიზიკის შედეგების მიმართულებით, საერთაშორისო საშუალო ნიშნულსაც კი ვერ აღწევს. მეტიც, უფრო დაბლა მიექანება.

სურათზე წარმოდგენილია საქართველოსა და სხვა ქვეყნების მე-8 კლასელთა მიღწევის საფეხურის აღწერა TIMSS კვლევის მიხედვით (2007-15წელი).

ასეთი დაბალი მაჩვენებლის მიზეზად, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, სწავლებაში, როგორც საგნობრივი, ასევე მეთოდოლოგიური სიახლეების დეფიციტი მიმაჩნია. ფიზიკა საინტერესო საგანია და თუ მას მოსწავლეებს მივაწვდით ისე, რომ მათ დაინახონ საგნის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება. ფიზიკაში სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი ამ თვალსაზრისით კარგ შესაძლებლობა იძლევა.

როგორც ცნობილია, ახლო მომავალში დამტკიცდება „მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების წესი“ და შესაბამისად, 2019-20 სასწავლო წლიდან მასწავლებლების კრედიტების დაგროვების სისტემა გაუქმდება. იმ პედაგოგებმა, რომლებიც გეგმავენ სტატუსის შეცვლას, 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრში უნდა მოასწრონ შესაბამისი კრედიტების დაგროვება. ამ ფაქტის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც ფიზიკაში ჩემ მიერ ჩატარებულ სამოდელო ინოვაციურ გაკვეთილს უკავშირდება.

მე-8 კლასში ელექტროობის ნაწილში ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით ისწავლება გამტართა მიმდევრობითი და პარალელური შეერთება.  ინოვაციური გაკვეთილის თემაც სწორედ ფიზიკის ამ ნაწილიდან შევარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის სტანდარტით სამაკეტო დაფები არ ისწავლება, დღეს რობოტექნიკის დაუფლება ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელია. ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე საგნობრივ სიახლედ გადავწყვიტე გამომეყენებინა სამაკეტო დაფა, რომელზეც მოსწავლეები ელექტრულ წრედს ააწყობდნენ. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ასევე მეთოდური ინოვაციის დანერგვა – მოსწავლე ასისტენტების აქტიური გამოყენება საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას. ინოვაციური გაკვეთილის დაგეგმვა განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტის აქტიური ჩართულობით, რომელიც შეფასების ჯგუფთან ერთად ესწრებოდა გაკვეთილს. გაკვეთილის დაგეგმისას შევარჩიე ისეთი აქტივობები, მეთოდები და კოგნიტური სტრატეგიები, რომ გაკვეთილის მთავარი მიზანი მიღწევადი, ხოლო სწავლების შედეგი ეფექტური ყოფილიყო.

გაკვეთილის წარმართვისას გამოვიყენე კლასის ორგანიზების ფორმები: ინდივიდულალური, ჯგუფები, ხოლო სწავლების სტრატეგია – კოგნიტური.

წინასწარ შერჩეული აქტივობებით განხორციელდა ესგ-ის სტანდარტით განსაზღრული შედეგების მიღწევა, რაც შესაბამისი ინდიკატორებით დადასტურდა.

გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს:

  • წინარე ცოდნის გააქტიურება;
  • თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ საქმიანობაში: კონკრეტული ამოცანის პირობების მიხედვით სქემის დახაზვა, PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში შესაბამისი სქემის აწყობა, ვირტუალური ვოლტმეტრით და ამპერმეტრით დენის ძალის, ძაბვის გაზომვა და შედარება მათ თეორიულ მნიშვნელობთან;
  • მოსწავლე-ასისტენტების დახმარებით ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებული მიმდევრობით და პარალელური შეერთების შესაბამისად, თანამედროვე სამაკეტო დაფის, დიოდური ნათურების, რეზისტორების, გამტარებისა და ღილაკების გამოყენებით წრედების აწყობა.

ყველა აქტივობა განხორციელდა დაგეგმილი თანმიმდევრობით: გამოწვევის ფაზაში მოსწავლე-ასისტენტმა სამაკეტო დაფაზე ფერადი შუქდიოდებით აწყობილი წრედით მოსწავლეებს აღუძრა მეტი ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ – მათ გაკვეთილის ბოლოს ასეთივე უნდა აეწყოთ წრედები.

სიღრმისეული წვდომის ფაზის საწყის ეტაპზე მოხდა წინარე ცოდნის გააქტიურება თემატური ფრონტალური შეკითხვებით. ასევე ცოდნის გააქტიურების მიზანს ემსახურებოდა შემდგომი აქტივობა: კლასი დაიყო ჯგუფებად და საპრეზენტაციო ეკრანზე გამოტანილი თითოეული ჯგუფისთვის განკუთვნილი ამოცანის მიხედვით განხორციელდა მოსწავლეების მიერ სქემის დახაზვა, PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში შესაბამისი წრედების აწყობა. ასევე მოხდა დენის ძალის, ძაბვის გაზომვა და  შედარება მათ თეორიულ მნიშვნელობასთან. შემდგომ, გაკვეთილის ინოვაციური კომპონენტის ნაწილში, უფროსკლასელმა და თანაკლასელმა მოსწავლე-ასისტენტებმა კლასს გააცნეს შუქდიოდების და სამაკეტო დაფის  მოქმედების პრინციპი. ამის შემდგომ კი მოცემული სქემების მიხედვით ასისტენტების დახმარებით მოსწავლეთა ჯგუფების მიერ მოხდა სამაკეტო დაფებზე შუქდიოდებით, წინაღობებითა და ღილაკებით წრედების აწყობა. ამ სიახლესთან ერთად განსაკუთრებულად სახალისო გამოვიდა გაკვეთილის მეთოდოლოგიური ინოვაცია. ასისტენტებისთვისაც და მოსწავლეებისთვის თანამშრომლობის ასეთი სახე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის რეფლექსიის ფაზაში მოხდა უკუკავშირი კლასთან, განხორციელდა თვითშეფასება და შეფასება.

აღწერილი მასალის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმას.

 

ფიზიკაში სამოდელო ინოვაციური გაკვეთილის გეგმა

კლასი : VIII

მოსწავლეთა რაოდენობა: 30.

კლასის ორგანიზების ფორმა:   ინდივიდუალური, ჯგუფები.

სასწავლო რესურსები: თეთრი დაფა, მარკერი,  კომპიუტერები, პროექტორი, ლაზერი, PHET ვირტუალური ლაბორატორია.  ექსპერიმენტებისთვის:  სამაკეტო დაფები, ელემენტები, გამტარები, წინაღობები, შუქდიოდები, ღილაკები.

სწავლების მეთოდები:  კონსტრუქტივისტული მეთოდი (კეთებით სწავლა),  ჯგუფური სადემონსტრაციო ექსპერიმენტები.

სწავლების სტრატეგიები: კოგნიტური.

შეფასების მეთოდი: შეფასება (განმსაზღვრელი, განმავითარებელი).

გაკვეთილის თემა: გამტართა მიმდევრობითი და პარალელური შეერთება.

სასწავლო მიზნები:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • წინა გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის გააქტიურება: გაიხსენონ რაოდენობრივი კავშირები ელექტრული წრედის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის გამტართა მიმდევრობითი და პარალელური შეერთებისას;
  • თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ საქმიანობაში: კონკრეტული ამოცანის პირობების მიხედვით სქემის დახაზვა, PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში შესაბამისი სქემის აწყობა, ვირტუალური ვოლტმეტრითა და ამპერმეტრით დენის ძალის, ძაბვის გაზომვა და შედარება მათ თეორიულ მნიშვნელობთან.
  • მოსწავლე-ასისტენტების დახმარებით ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებული მიმდევრობითი და პარალელური შეერთების შესაბამისად, თანამედროვე სამაკეტო დაფის, დიოდური ნათურების, რეზისტორების, გამტარებისა და ღილაკების გამოყენებით წრედების აწყობა.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტთან კავშირი

 

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

შედეგი

ფიზ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.

 

ინდიკატორი

  • რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
  • აგებს ელექტრულ წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელექტრული წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის;
  • ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს.

 

 

აქტივობების აღწერა

საორგანიზაციო საკითხები, კლასისთვის საწავლო მიზნების და შეფასების სქემის გაცნობა (შეფასების სქემა იხ. დანართი 1). (2წთ) .               

გამოწვევის ფაზა

აქტ.1     კლასის ერთ-ერთი მოსწავლე (მოსწავლე-ასისტენტი), რომელსაც რობოტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, საკუთარ თანაკლასელებს წარუდგენს სამაკეტო დაფაზე შუქდიოდებით და სხვა საჭირო კომპონენტებით თავის მიერ აწყობილ წრედს. მოკლედ გააცნობს მოსწავლეებს წრედის თითოეულ ელემენტს (2 წთ).

         

 

სიღრმისეული წვდომის ფაზა

 

აქტ. 2.  წინარე თეორიული ცოდნის გააქტიურება: კლასში მიმდინარე ფრონტალური შეკითხვების ფონზე ორი მოსწავლე ერთდროულად დაფაზე ხაზავს გამტართა მიმდევრობით და პარალელურ შეერთების შესაბამის ელექტრულ წრედებს და ამყარებს რაოდენობრივ კავშირებს წრედის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის  (6წთ).

 

აქტ. 3. თეორიული ცოდნის ტრანსფერი ვირტუალურ ლაბორატორიაში: მოსწავლეები წყვილებში მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ამოცანების (დანართი.2, ამოცანები საპრეზენტაციო პროგრამით წარმოდგენილია ეკრანზე) პირობების მიხედვით PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებენ მიმდევრობით და პარალელური შეერთების შესაბამის სქემებს. დენის ძალისა და ძაბვის სიდიდეებს გაზომავენ ვირტუალური ამპერმეტრის და ვოლტმეტრის საშუალებით (წყვილებს მინიჭებული აქვთ ნომრები, კენტი ნომრები აგებენ N1. ამოცანას, ლუწი ნომრები  – N2. ამოცანას. (დანართი 2.) (10 წთ).

აქტ.4.  თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ გარემოში: კლასის მოსწავლე-ასისტენტი  მასწავლებლის დახმარებით, ეკრანზე წარმოდგენილი სლაიდების მეშვეობით აუხსნის კლასს სამაკეტო დაფის შინაგან სტრუქტურას, ასევე სამაკეტო დაფის  და დიოდური ნათურების გამოყენების თავისებურებებს, გააცნობს კლასს დიოდური ნათურების სქემატურ აღნიშვნებს.

ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებული მიმდევრობითა და პარალელური შეერთების შესაბამისად  მოსწავლეები, მასწავლებლის მკაფიო ინსტრუქციის შემდეგ, მოსწავლე- ასისტენტების დახმარებით,  ჯგუფებში სამაკეტო დაფაზე რეალურ გარემოში აწყობენ წრედებს (დანართი.3, სქემები საპრეზენტაციო პროგრამით წარმოდგენილია ეკრანზე). დენის წყაროს, დიოდური ნათურების, წინაღობების, გამტარებისა და ღილაკების საშუალებით. ჯგუფებს მინიჭებული აქვს ნომრები (კენტი ნომრები აგებენ N1. სქემას, ლუწი ნომრები  – N2.სქემას.დანართი 3.). აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს ორი მოსწავლე-ასისტენტის: ერთი ამავე კლასისა და მეორე – უფროსკლასელის დახმარებით (20 წთ).

 

 

რეფლექსიის და  შეჯამების ფაზა

 

გაკვეთილის შეჯამება უკუკავშირი –  რა ვისწავლეთ ახალი? (2 წთ).

შეფასება – (განმავითარებელი, განმსაზღვრელი)  (1+1 წთ).

საშინაო დავალება  – დავალებაში ამოცანებთან ერთად, გაკვეთილზე განხილული სიმულაციის უკეთ გაცნობის მიზნით, სლაიდზე მითითებულია PHET -ის ვირტუალური ლაბორატორიის შესაბამისი სამუშაოს  ბმული (დანართი.4) (1 წთ)

 

 

დანართი. 1.

მოსწავლეთა შეფასების სქემა

ჯგუფური მუშაობა 1 ჯგუფში სწორად აქვს ნაპოვნი ფუნქცია 0-2 10
  2 თანამშრომლობს ჯგუფთან 0-2
  3 ჯგუფის მუშაობაში შეაქვს თავის წვლილი 0-2
  4 მუშაობს მხოლოდ საკითხის ირგვლივ 0-2
  5 იცავს დროის ლიმიტს 0-2

 

დანართი.2.

ამოცანა.1.   PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში ააწყვეთ წრედი: დენის წყაროს, ჩამრთველის, გამტარების, ორი მიმდევრობით შეერთებული ნათურის საშუალებით. გაზომეთ  ძაბვა  (თითოეულ ნათურის  ბოლოზე და სრული) ვოლტმეტრის საშუალებით. გაზომეთ დენის ძალა (თითოეულ ნათურაში გამავალი და სრული) ამპერმეტრის საშუალებით.

 

ამოცანა.2.   PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში ააწყვეთ წრედი: დენის წყაროს, ჩამრთველის, გამტარების, ორი პარალელურად შეერთებული ნათურის საშუალებით. გაზომეთ  ძაბვა  (თითოეულ ნათურის  ბოლოზე და სრული) ვოლტმეტრის საშუალებით. გაზომეთ დენის ძალა (თითოეულ ნათურაში გამავალი და სრული) ამპერმეტრის საშუალებით.

დანართი. 3.

სქემა N 1

სქემა N 2

დანართი. 4

საშინაო დავალება:

 

 

  1. ამოცანები – ფიზიკა, ამოცანების და ტესტების კრებული, რ. ქანთარია, ლ. ჩიჩუა, გვ.45, ## 318, 321
  2. მიმდევრობითი და პარალელური შეერთებების კვლევა PHET ვირტუალური ლაბორატორიაში

 

https://phet.colorado.edu/sims/html/circuit-construction-kit-dc-virtual-lab/latest/circuit-construction-kit-dc-virtual-lab_en.html

 

ლიტერატურა

 

  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი – II ნაწილი;
  2. საბუნებისმეტყველო სწავლა-სწავლების შესაძლებლობები და შედეგები.TIMSS 2007-2015;
  3. ნატო ქობულაძე. უწყვეტი განათლების მნიშვნელობა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში.

https://atsu.edu.ge/EJournal/HENTI2015/eJournal/Papers/KobuladzeNato.pdf;

  1. PHET– ის ვირტუალური ლაბორატორია https://phet.colorado.edu.

 

სკოლა და პასუხისმგებლობის ფასი

0

 „ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა“

ლუკა 20, 17

გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ ამერიკაში ორი წლის სმენადაქვეითებული გოგოს გამო სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა[1]. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც „პასუხისმგებლობა“, როგორც საგანი  სასწავლო საგნობრივ ბადეში ჯერ კიდევ დეკადების წინ იძებნებოდა. ჩვენთანაც ბევრი ვიფიქრეთ, ვიდავეთ, მსგავსი საგანი შემოვიტანეთ, „მე და საზოგადოება“ ვუწოდეთ, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. ჩვენ მეტად კოდური ტერმინები გვჭირდება, ის, რაც ადრეული წლებიდან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანების ცნობიერებაზე და ქვეყნის ცხოვრებაზეც მალევე აისახება პოზიტიურად.

თითოეული ჩვენგანის ღირებულება პასუხისმგებლობით განისაზღვრება, იმით, რასაც ადამიანად ყოფნა ერთნაირად გვავალდებულებს საკუთარი თავის, ოჯახის წევრის, მეზობლის, მეგობარ-ამხანაგის, მოწაფე-მასწავლებლის თუ, ზოგადად,  მთელი საზოგადოების წინაშე. ამდენად, პასუხისმგებლობა კოდური სიტყვა-ტერმინია, ჩვენი არსებობის, განათლების, საქმიანობის ქვაკუთხედია და სწორედ ისეთივე  არსებობა, საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო გაგვაჩნია, როგორი ქვაკუთხედითაც ვამყარებთ მის საძირკველსა თუ უკვე აშენებულ კედლებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებსა და საგანმანათლებლო პრინციპებში პასუხისმგებლობის ამგვარი გააზრება მხოლოდ საშუალო საფეხურის მოთხოვნაში ჩნდება. ეს, წესით, კოდური და უმნიშვნელოვანესი სიტყვა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მისიათა ჩამონათვალში წამლადაც არ იძებნება. მას მხოლოდ ბოლო, საშუალო საფეხურის მისიის მე-2 პუნქტში, რამდენიმე სხვა პოსტულატის შემდეგ დაუდევს ბინა (ეროვნული სასწავლო გეგმა, კარი I, თავი II, მუხლი VI).

გამოდის, სკოლა მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეს აყალიბებს „მოაზროვნე, მაძიებელ, ახლის შემოქმედ, წიგნიერ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქედ“. არადა, ჩვენს საჯარო სკოლებში  ცალი თვალით რომ ჩაიხედო, მაშინვე იგრძნობა, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებს „ჭედავს“ ჩვენი განათლების სისტემა. მაგალითად, მე-12 კლასებში სწორედ „მაღალი პასუხისმგებლობით“ ცდება საგაკვეთილო პროცესი, მერე საგულდაგულოდ დგება გამამართლებელ მიზეზთა ჩამონათვალი ცალკე მოსწავლეებისა და იმათი მშობლებისთვის, ცალკე მასწავლებლებისთვის, ცალკე დირექციის წარმომადგენლებისთვის და ასე ზემოთ და ზემოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდაც საკითხავი და გასაკვირია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე რა მოტივებით აღწევენ ჩვენი მოსწავლეები მეთორმეტე კლასამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, იწყებენ მუშაობას, კარიერაში უფრო და უფრო წინ მიიწევენ და მალე კანონმდებლებადაც კი გვევლინებიან. მერე კანონებში სიტყვა „პასუხისმგებლობის“ კოდურ სიტყვად ქვევა ავიწყდებათ, თუმცა ეს ხომ მათი კი არა, იმ აღზრდის ბრალია, რომელიც მათ სახელმწიფომ ოდესღაც შესთავაზა და ამაში ფულიც კი დახარჯა, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლოდ!

ამიტომაც ქცეულა ჩვენს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობა ნორმად და ხმის ამომღებიც ნაკლებად უყვართ. ამიტომაც იხარჯება მუდამ უშედეგოდ ბევრი დრო და ფული განათლების რეფორმებზე, მასწავლებლების სერტიფიცირებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე, „პროფესიული განვითარებისა და წინსვლის“ ფარისევლურ სქემებსა და თუნდაც მანდატურების ხელფასებზე. რადგან, ფაქტია, პრობლემები მოუგვარებელი რჩება და ასეც იქნება, ვიდრე აქცენტები ფორმაზე მოვა და არა შინაარსზე, ვიდრე განვითარების მოსურნე მასწავლებლებს წიგნებისთვის არც ფული ეყოფათ და არც დრო, ვიდრე იძალადებენ: ბავშვები ბავშვებსა და მასწავლებლებზე, მასწავლებლები და დირექცია – მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებზე, მშობლები – ბავშვებზე, ძალადობის ფაქტებს კი სიღრმისეულად არ და ვერ სწავლობენ მანდატურები, სოციალური მუშაკებიც კი, რადგან მათ ჯერ ვერავინ ენდობა, რადგან სოცსამსახური იმთავითვე პატრულის სამსახურთან ასოცირდება. ამიტომაცაა, რომ ხშირად დირექციები რეპუტაციის შენარჩუნებისა თუ სხვა მიზეზთა გამო სკოლაში მათ გამოჩენას ძალიან უფრთხიან. ურჩევნიათ, მიჩქმალონ ძალადობის შემთხვევები და ამ საქმეში მანდატურები დაიხმარონ. სხვა შემთხვევებში დამსჯელობითი ფუნქცია დააკისრონ, კანონდამრღვევი ბავშვებისთვის ოქმები აწერინონ ისე, რომ მათი უმრავლესობა თავადაც ვერ გრძნობს, ბავშვებისათვის რა გამოუსწორებელი ტრამვების, ხოლო საზოგადოებისთვის უარესი შედეგების მიზეზებად შეიძლება იქცნენ.

საანალიზოდ გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას:

შემთხვევა 1. მერვეკლასელი ლიკა  კარგად უკრავს, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსიც კი მოიგო. თუმცა რაც ოჯახში მეოთხე პატარა გაჩნდა, ლიკას ყურადღება მოაკლდა, სწავლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩა. მრავალშვილიანი ოჯახი ვერ აუთავდა სამუსიკო და სასკოლო საგნებში ბავშვის თანაბარ განვითარებაზე ზრუნვას მით უფრო, როცა ჩვენში ორივე მათგანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. აკადემიურმა ჩამორჩენამ სკოლაში ლიკას ქცევითი სირთულეები შეუქმნა. მას აღარ აინტერებს სასკოლო საგნები და უჭირს გაკვეთილებზე (მათ შორის, მუსიკის გაკვეთილზეც) გაჩერება. ხშირად ესაუბრება თანაკლასელებს, რაც მასწავლებლების გაღიზიანებას იწვევს. ლიკა არ მალავს თავის ემოციებს, კლასში მასწავლებლებისთვის პირდაპირაც უთქვამს, რომ არ აინტერესებს,  რომ ისინი საინტერესოდ ვერ ასწავლიან… ამის გამო ლიკა ხშირადაა გარეთ – ან კლასიდან აგდებენ, ან თავად გამოდის და ზარის დარეკვამდე სპეციალურ ლიფტში ჩამჯდარი იმალება. ამის გამო მანდატურებმა იგი რამდენჯერმე გამოიჭირეს და ოქმიც კი დაუწერეს. 3 ოქმის დაწერის შემდეგ დირექტორმა მშობელი დაიბარა და სკოლიდან ლიკას გადაყვანა მოსთხოვა. მოვიდა მამა, რადგან დედა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. მან დირექტორს აუხსნა, რომ ლიკა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსისთვის ემზადება და ამ მოტივით ბავშვისთვის ერთი შანსის მიცემა სთხოვა. დირექტორი დასთანხმდა, თუმცა ლიკას მდგომარეობა კლასში გაუსაძლისია.

 შემთხვევა 2. მეცხრეკლასელი ნიკა, გაგა და ლევანი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს საუკეთესოდ ფლობენ. ისინი საჯარო სკოლის ხმაურიან კლასში სწავლობენ და თვლიან, რომ სკოლა განათლების მიღებაში უშლით ხელს. ამიტომ მე-9 კლასიდან სკოლიდან გასვლას და სწავლის პროფესიულ სასწავლებელში გაგრძელებას აპირებენ. კლასში ხმაურის გამოწვევის გამო მასწავლების მითითებით მანდატურებმა მათ ორი ოქმი უკვე ამოუწერეს. მესამე შემთხვევაზე ლევანის მამა მოვიდა და ბოდიშების სანაცვლოდ ბავშვის სკოლაში დატოვება ითხოვა. ლევანი ამის გამო თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან თვლის, რომ საბოდიშო არაფერი ჩაუდენია. მას ერთი „ფსევდოათოსანი“ გოგონა დაესხა თავს, თავში წიგნი ჩასცხო, მერე ყველაფერი ლევანს გადააბრალა, თუმცა იგი დაუსჯელი დატოვეს. აღნიშნული ფაქტი დამრიგებელთან ვიდეომასალით დაადასტურა გაგამ, რომელიც საგაკვეთილო პროცესს ჩუმად იღებდა. დამრიგებელმა გაგას ტელეფონი წაართვა, ვიდეო თავის მობილურში გადაიწერა, ბავშვის მობილურიდან კი წაშალა. მან თქვა, რომ იმ ხმაურსა და ორომტრიალში რაიმეს გარჩევა მაინც შეუძლებელი იყო. დამრიგებელმა გაგას  ინტრიგანობაში დასდო ბრალი და მანდატურის მორიგი ოქმით დაემუქრა.

შემთხვევა 3.

გაბი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს.  მე-9 კლასამდე წარჩინენებული მოსწავლე იყო. მერე კლასში სხვებთან ერთად მანაც აურია. ოჯახში ერთადერთი შვილია და მშობლები ძალიან ნერვიულობენ, თუმცა არ იციან, რა იღონონ.  მათთვის გასაკვირია, რატომ ეპასუხებიან და უყვირიან ერთ დროს წყნარი და დამჯერე მოსწავლეები მასწავლებლებს, რომლებიც წონასწორობიდანაც კი გამოჰყავთ. მაგალითად, დიდი ხანი არაა, რაც გაბის ქიმიის მასწავლებელმა სახეში სილა უთავაზა. გაბიმ ეს მანდატურს უთხრა. გაბი გააკვირვა მანდატურის ინერტულობამ და  დირექტორს მიმართა. დირექტორმა ნიშანი მოუგო, – აბა რა გეგონაო. გაბი ვერ ეგუება უსამართლობას, თუმცა არ იცის, რა გააკეთოს. იცის, მშობლები დირექტორის მხარს დაიჭერენ. იგი ხომ სკოლისთვის ბევრს აკეთებს, მისი პოპულარიზაციის მიზნით საკმაოდ მაღალჩინოსან სტუმრებს იწვევს. რჩევისთვის გაბიმ მიმართა მათემატიკის ყოფილ მასწავლებელს, რომელიც მე-5 კლასში ასწავლიდა, მერე კი სხვა სკოლაში გადავიდა, თუმცა კონტაქტი არასდროს შეუწყვეტიათ.

შემთხვევა 4.

ლელამ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლების კონკურსში მონაწილეობა მიიღო. სკოლაში თავად ახლად მოსულმა დირექტორმა ჯერი მასზე შეაჩერა, 20 კვირობრივი საათით დატვირთა. ლელა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამუშაოს,  მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობდა გაკვეთილების ჩატარებას. მოსწავლეებს ძალიან შეაყვარა თავი, სიმპათიით განეწყვნენ კოლეგებიც, თუმცა რამდენიმე მათგანს ახალი მასწავლებლისთვის 20 საათი ებევრებოდა. სასწავლო ნაწილის გამგე ვერ ფარავდა ლელას შედეგებით აღფრთოვანებას, როდესაც ურთულეს კლასებში მის გაკვეთილებს ესწრებოდა. შენიშვნების მიცემისას მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ თან „არ უნდა დაესვა“ ან „უნდა დაესვა“ „ცუდი ყოფაქცევის“ მოსწავლე კომპიუტერთან სლაიდების გაშუქებისას. მალე ლელას წარმატება თვალშისაცემი გახდა. მისი საგაკვეთილო სტრატეგიები ძალიან განსხვავდებოდა კოლეგების აქტივობებისაგან. სასწავლო ნაწილის გამგემ ერთ დღეს ლელას დაურეკა და უთხრა, რომ მე-8 კლასელებს მისი გაშვება უნდოდათ და ამიტომ სჯობდა, კლასი  (5 საათი) რუსოსთვის დაეთმო.

ლელამ არ იცოდა, რომ რუსო სასწავლო ნაწილის გამგის ძმისწული იყო და ვერც იმას მიხვდა, რა ხდებოდა. დირექტორმა პირადი საუბრისას ლელას უთხრა, რომ თითქოს ყველას ჰგონია, ქრთამი აეღოს ან ლელა მისი ნათესავი იყოს, რომ არ ღირს კოლეგებს შორის კონფრონტაცია… და ლელას 5 საათი დაათმობინეს. მალე მან გახანგრძლივებული ჯგუფისთვის ახალი პედაგოგი აიყვანა. პედაგოგი ლელას თანაკურსელი და ძველი მეგობარი აღმოჩნდა. მას არც დაუმალავს, რომ სკოლაში მოსახვედრად ხალხიც ჩარია და ფულიც დახარჯა.

ლელას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. წარმატებებისთვის ჯილდოებსაც იმსახურებდა. თუმცა რამდენიმე თვეში ფეხმძიმედ აღმოჩნდა. როცა დირექტორმა ამის შესახებ გაიგო, ლელას ირიბად, საკუთარი მაგალითით აბორტზე მიანიშნა. აბორტების საკუთარი, „სევდიანი“ ისტორია უამბო სასწავლო ნაწილის გამგემაც. რამდენიმე დღეში დირექტორმა ლელა ისევ დაიბარა და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ უთხრა, რომ არდადეგების შემდეგ სკოლაში ვეღარ იმუშავებდა.

ლელამ სარჩელი მოამზადა. საფრთხის პირისპირ აღმოჩენილი დირექცია  ლელას ევედრებოდა, სარჩელი უკან გამოეთხოვა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მათ სხვა გზების ძიება დაიწყეს. იცოდნენ, რომელ სკოლაში ასწავლიდა ლელას ასაკოვანი დედა. ისინი ყოველდღე დედაქალაქიდან ლელას მშობლიურ ქალაქში, დირექტორის კაბინეტში რეკავდნენ. დირექტორს აბარებინებდნენ ლელას დედას და „სთხოვდნენ“, მის შვილს განცხადება გაეტანა. ლელას დედას იგივე მოსთხოვა საკუთარი სკოლის დირექტორმაც, რომელიც დაემუქრა, რომ „ინტრიგანი“ შვილის დედა სამსახურში არ სჭირდებოდა და სხვა ასკოვან პედაგოგებთან ერთად მასაც მალე გაათავისუფლებდა. საბოლოოდ, ლელას დედა შეებრალა და, უკვე 8 თვის ორსულმა, სარჩელი თავად გამოითხოვა. მის ადგილზე ახლა მისი თანაკურსელი მუშაობს. ლელა, მიუხედავად გულისწყვეტისა, ბედნიერია. იგი 6 წლის შემდეგაც საკუთარი მოსწავლეებისგან სიყვარულით სავსე მადლობის წერილებს იღებს, რაც ძალიან ახარებს. ბედნიერია ყოფილი დირექტორიც, რომელმაც საქმე ასე იოლად მოაგვარა. მერე რა, რომ იგი ბავშვების ნაწილს სძულს, რადგან მოძალადე მასწავლებლებს იცავს. მერე რა, რომ სკოლაში განუკითხაობაა, მოსწავლეები ქოთნებში მარიხუანას ახარებენ და ზოგჯერ გაკვეთილებზეც ეწევიან… რაც მთავარია, იგი დედაქალაქის ერთ-ერთ წარმატებულ დირექტორთა შორის დაასახელეს და სათათბიროშიც მიიწვიეს. ეს კი სახუმარო საქმე როდია?!

 

ჯონ დიუი წერდა: თუკი ბავშვებს ზუსტად ისევე ვასწავლით დღეს, როგორც ამას გუშინ ვაკეთებდით, მაშინ მათ აუცილებლად წავართმევთ მომავალს.

 პასუხისმგებლობა მაღალი სააზროვნო (მეტაკოგნიტური) უნარია. იგი ითხოვს საკუთარი სურვილებისა თუ ქცევის შეფასებას და კონტროლს. ამისთვის კი მოითხოვს კარგის პრიმიტივებზე დაფუძნებული არანივთიერი ფასეულობების ცოდნას და გამორჩევას ცუდის პრიმიტივზე დაფუძნებული ანტითეზებისაგან, მათ გააზრებას, ცხოვრების წესად დანერგვისთვის მუდმივ ანალიზს, შედარებასა და შეფასებას.

კარგის პრიმიტივზე დაფუძნებული არანივთიერი ფასეულობებია: 

  • სიკეთე,
  • თანადგომა,
  • სამართლიანობა,
  • შრომისმოყვარეობა,
  • პატიოსნება,
  • დაფასება,
  • გამბედაობა,
  • მიუკერძოებლობა,
  • წესიერება,
  • სიყვარული,
  • სიმშვიდე,
  • სილამაზე,
  • ენთუზიაზმი
  • გატანა
  • თავგანწირვა…

 

ცუდის პრიმიტივზე დაფუძნებული ანტიფასეულობებია:

  • შიში
  • სიძუნწე,
  • სიხარბე
  • ანგარება
  • ბოროტება,
  • სიცრუე,
  • უსამართლობა,
  • სიზარმაცე,
  • მუხანათობა,
  • უმადურობა,
  • თვალთმაქცობა,
  • უდისციპლინობა
  • სიძულვილი,
  • მრისხანება,
  • გაუტანლობა,
  • სიავე…

წესით, ამ ფასეულობების შესწავლას უნდა ეთმობოდეს მთელი საგაკვეთილო დრო ლიტერატურაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, ბუნებისმცოდნეობაში, სამოქალაქო თავდაცვასა თუ „მე და საზოგადოებაში“, მაგრამ,  მხოლოდ იმ ერთეული მასწავლებლების დრო და შრომა იღებს ეფექტურ შედეგს, რომლებიც პირადი მაგალითით აჩვენებენ მოსწავლეს, რა არის მზრუნველობა, სიკეთე, თანადგომა, სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, დაფასება, გამბედაობა, მიუკერძოებლობა, წესიერება, სიყვარული, სიმშვიდე, ენთუზიაზმი, თავგანწირვა და ამ ყველაფრის ნაერთი პასუხისმგებლობა…

 

სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებისა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერა იქნებოდა, გადაეჭრა სკოლის ეს მემკვიდრეობითი პრობლემა, რომელიც ქართველებს მოქალაქეობრივ, სამართლიან აზროვნებასა და, საბოლოოდ, სახელმწიფოს შექმნაში გვიშლის ხელს, არა საგამოცდო რეფორმებში დროისა და ფულის არამიზნობრივი ხარჯვით, არამედ, უპირველეს ყოვლისა:

  • კოდური სიტყვა –„პასუხისმგებლობის“ სწავლების ყველა საფეხურის მისიაში ჩასმით,
  • სკოლების აღჭურვით სათანადო ლიტერატურითა და ტექნოლოგიებით,
  • მასწავლებლებისთვის წიგნების და არა მხოლოდ ტრენინგების გზით განვითარების საშუალების მიცემით,
  • სკოლაში სავალდებულო ჯგუფური და საწრეო შეხვედრების დანერგვით,
  • ბავშვებისათვის სკოლაშივე პასუხისმგებლობის მაგალითის ჩვენებით,

რადგან სწორედ სკოლაა ცხოვრება, და არა – იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ აკადემიურ ცოდნას ეუფლებიან. სკოლაში  შეუძლიათ მოსწავლეებს გაეცნონ რეალურ ცხოვრებას. სკოლა მიკროთემია, მთლიანი საზოგადოების მოდელი. მეტი პასუხისმგებლობებით კი იგი უკეთესი, უფრო დემოკრატიული საზოგადოების მოდელად უნდა ვაქციოთ. ამისთვის აუცილებელია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის სწავლა დავიწყოთ „პასუხისმგებლობების გააზრებით”. სკოლა საზოგადოებაა ემბრიონულ სტადიაში[2], პატარა სახელმწიფოა[3], რომელშიც სწორედ პასუხისმგებლობის საშუალებით უნდა გავათავისებინოთ  სწავლება ბავშვებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. ჩვენ მიერ მომზადებული სხვა ყველა გზა შეიძლება მალევე დაირღვეს და ჩამოიშალოს, ბავშვები კი მათზე სიარულისთვის მზად აღარ იყვნენ.

 

 

 

 

 

[1] https://www.tabula.ge/ge/story/144689-amerikashi-2-tslis-smenadaqveitebuli-gogos-gamo-samezoblom-zhestebis-ena-istsavla

[2] ჯონ დიუი

[3] დიმიტრი უზნაძე

 

როგორ შევქმნათ რეკლამის ტექსტი გაკვეთილზე

0

ჩვენ ინფორმაციით გადატვირთულ საუკუნეში ვცხოვრობთ… ყველა, ჩვენ გარშემო, ისწრაფვის მხოლოდ ერთისკენ: როგორმე დაიპყროს ჩვენი ყურადღება; გამოდის რომ, ყველაზე დიდი სივრცე, რომელსაც ვფლობთ, ჩვენი ყურადღებით კონტროლდება. ენაშიც ამაოდ არ ჩნდება ფრაზეოლოგიზმები: ყურადღების დაპყრობა, ყურადღების გაფანტვა, ყურადღების მიქცევა, ყურადღების დათმობა, ყურადღების მოდუნება და ასე შემდეგ; გამოდის რომ, როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, მაშინვე შემოიჭრება უცხო ინფორმაცია და დაუცველი სივრცის ოკუპაციას მოახდენს; ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვაძლევთ ნებართვას და ვეუბნებით (არაცნობიერად ან ცნობიერად): თანახმა ვარ, მოდი, დამიპყარი… უმეტესად კი, მოდუნებული ყურადღების დროს, ინფორმაცია „ძალადობს“ და იჭრება ჩვენში… ჩვენ გვეზარება, კარის გადაკეტვა და ვტოვებთ ათასგვარ არასაჭირო ტექსტებს ჩვენში, რომლებიც განაგრძობენ ჩვენი ყურადღებით კვებას და გვასუსტებენ!

როგორც დავინახეთ, საკუთარი და სხვების ყურადღების კონტროლი მნიშვნელოვანი ფენომენია. კონტროლის დროს ჩვენ ვაცნობიერებთ, რას უნდა დავუთმოთ ყურადღება და რატომ? მაგრამ მანამდე, ვიდრე გავაცნობიერებთ, რა გვჭირდება და რა – არა, ყურადღებას ვაქცევთ რაიმე ინფორმაციას, რომელიც მიგვანიშნებს მოვლენაზე.

აი, სწორედ ეს არის რეკლამა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის პროდუქტის რეკლამა, თუ, უბრალოდ, ვინმე ცდილობს, რომ თავისი აზრი მოგახვიოთ თავზე. ყველა შემთხვევაში, გავლენის მცდელობა, უკვე სარეკლამო ტაქტიკაა. ამას აკეთებს ყველა: მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მღვდელი, ბიზნესმენი, მშობელი, მეგობარი, შეყვარებული… ყველა ცდილობს ყურადღების მიპყრობას (დაპყრობას), თუმცა მიზანი განსხვავებული აქვთ.

რეკლამა – reclamo – ლათინურია და ქართულად „წამოყვირებას“ ნიშნავს.  ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.

ახლა ალბათ მიხვდებით, რატომ ყვირიან ხანდახან მასწავლებლები? დიახ, მათ თქვენი ყურადღების მიქცევა სურთ, მაგრამ როდესაც სიტყვებით გავლენა უსუსტდებათ, მაშინ ყვირილზე გადადიან. წესით, მათ უნდა შეეძლოთ ისე იმეტყველონ, რომ სიტყვებს ჰქონდეთ გავლენის ძალა. ისინი ხომ ქუჩებში არ დადიან მაუწყებლებივით?

სხვათა შორის, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუ გაიგებენ, რომ XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა . მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად, მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობლიანობას;

 

რას ნიშნავს AIDA-ს მოდელი?

ახლა წარმოიდგინეთ გაკვეთილი, როდესაც მოსწავლეები კითხულობენ რომელიმე მხატვრული ლიტერატურის ტექსტს, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანს“ (ან სხვა ნებისმიერს)  და მასწავლებელი მისცემს დავალებას, რომ მათ შექმნან ამ ტექსტის რეკლამა. ამისათვის კი თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ მარკეტინგში ცნობილი რეკლამის შექმნის ერთ-ერთი ეფექტური მოდელი და მას ეწოდება AIDA-ს მოდელი.

AIDA-ს მოდელი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

  • ყურადღება,
  • ინტერესი,
  • სურვილი,
  • მოქმედება.

 

 

 

ყურადღება… ყურადღება!

წიგნის (ან მოთხრობის, ლექსის, პოემის…) რეკლამის შემთხვევაშიც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მივიქციოთ ყურადღება! ამას მოვახერხებთ პირველი წინადადებით, რომელიც ისეთი უნდა იყოს, როგორც „მასწავლებლის წამოყვირება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეტაფორად ვიყენებ მასწავლებლის ყვირილს, ანუ, ეფექტი უნდა ჰქონდეს, როგორც მასწავლებლის ყვირილის შედეგს, ოღონდ ამას სიტყვებით ვაკეთებთ. ძლიერი სათაური, მიმართვის ფრაზა შესაბამისი ვიზულური ეფექტით, -აი, რა იქცევს პირველ რიგში ყურადღებას. ეს ტაშის შემოკვრასავით არის: მეგობრებო, აბა, სწრაფად მოდით აქ, რა უნდა გითხრათ! – ამ ქვეტექსტს ატარებს სათაური, რომელიც ათასგვარი ვარიაციით შეიძლება გაფორმდეს!

 

ინტერესის აღძვრა

მას შემდეგ, რაც „ტაში შემოვკარით“ და მივიქციეთ ყურადღება, გადავდივართ მეორე საფეხურზე და ეს არის ინტერესის აღძვრა. აქ უნდა ჩამოვთვალოთ არგუმენტები, ფაქტები, სარგებლიანობა, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის ტექსტი; რაზეა ეს წიგნი? როდესაც საკმარისად დავაინტერესებთ აუდიტორიას, გადავდივართ უფრო რთულ ნაწილზე.

სურვილის გაღვივება

ინტერესის აღძვრა საკმარისი არ არის ქმედებისთვის და აუცილებელია, ინტერესთან ერთად სურვილიც გავაღვივოთ. როგორ უნდა გავაღვივოთ ეს სურვილი? აი, აქ კი მეტი ძალიასხმევაა საჭირო, რადგან ეს ნაწილი შეიცავს ემოციურ ელემენტებს; თუ ინტერესის აღძვრაში ლოგიკა და არგუმენტები გეხმარებოდათ, ახლა უკვე ემოცია უნდა გამოიწვიოთ. როგორ შეიძლება გამოვიწვიოთ ემოცია? პირადი გამოცდილებით, მაგალითად, რა განიცადეთ, როდესაც ამა თუ იმ ფრაგმენტს კითხულობდით წიგნში, რა იგრძენით? როგორ და რატომ შეგეხოთ ტექსტი? რაზე დაგაფიქრათ? ასეთი გამოცდილებები ინდივიდუალურია და არასდროს იმეორებს სხვის განცდილს, ამიტომ ემოციურ ნაწილზე ფიქრი მოსწავლეებს ძალიან სასარგებლო თვითგახსნისკენ და ემოციური გამოვლენისაკენ წაიყვანს.

მოქმედება

მას შემდეგ, რაც გამოიწვიეთ ინტერესი და აღძარით სურვილი, თქვენს მსმენელს ისღა დარჩენია, რომ სახლში მისვლისთანავე, ხელში აიღოს ის, წიგნი, რომელზეც თქვენ ესაუბრეთ და წაიკითხოს! აი, ამას ჰქვია – მოქმედება!

მარკეტინგში ეს პროდუქტის შეძენაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, წიგნს არეკლამებ თუ პროდუქტს, როდესაც შედეგად უნდა გამოიწვიო ერთი და იგივე – მოქმედება,  სტრატეგიები კი მსგავსია!

Stop Motion – ანდროიდ აპლიკაციის გამოყენება  გაკვეთილზე

0

თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობის გარეშე არსებობა.  უკვე დიდი ხანია იგი აღარ არის მხოლოდ სასაუბრო და ადამიანების კომუნიკაციის საშუალება. მას შემდეგ, რაც ტელეფონს ინტერნეტთან წვდომაც აქვს, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამ აპარატს მიეჯაჭვა.

ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგები კი მასზე მიჯაჭვულობაზე საუბრობენ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.   სმარტფონები, მობილურები,  ელ.წიგნები, პლანშეტები ეს ის ნივთებია, რომლებითაც თითქმის ყველა ვსარგებლობთ. ისინი კომფორტული და მოსახერხებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მობილური მოწყობილობის სწორად გამოყენება ვასწავლოთ, ამისათვის კი აუცილებელია მობილურის  გამოყენებით სასწავლო პროცესის პროდუქტიულობის  გაზრდის შესაძლებლობა  დავანახოთ. გარდა იმისა რომ, მობილურის ინტერნეტის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება,  არსებობს ანდროიდის აპლიკაციები, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს  ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას  და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას..

მიმაჩნია რომ, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება  პროდუქტიული შეიძლება გახადოს მასწავლებელმა. ვფიქრობ, რომ წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად. მასწავლებელს ესაჭიროება უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეთა წახალისება, მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროების სამყაროში,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგი არ აქვს. მოსწავლეთა უნარების განსავითარებლად ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჯერად, მინდა მობილური ტელეფონის  სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობაზე ჩემი გამოცდილება და შეხედულება გაგიზიაროთ. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით,  მათი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია  სასწავლო პროექტის განხორციელება.  ამისთვის შემდეგ ეტაპებს გამოვყოფდი:

  1. მოსწავლეებს შევთავაზოთ, აირჩიონ თემა და მასალები;
  2. მოემზადონ მობილურის გამოყენებით მულტფილმის გადასაღებად;
  3. ჩამოტვირთონ Stop motion  ანდროიდ აპლიკაცია;
  4. მულტფილმის შესაქმნელად, პირველ რიგში შეარჩიონ თემა და ტექნიკა;
  5. მულტფილმის  ეპიზოდები დაამზადონ მათთვის სასურველი  მეთოდით: ხატვა, აპლიკაცია, ძერწვა.

გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც გამოგადგებათ ამ აპლიკაციის პრაქტიკულად გამოყენებაში.

 

მოსწავლეთათვის ახალი  საგანმანათლებლო აპლიკაციების აღმოჩენას  მათ მოტივაციაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის  მოახდენა   შეუძლია და, რაც მთავარია, ეს შესაძლებელია  მასწავლებლის დახმარების გარეშე, მათ დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ მულტფილმის თემა, შექმნან  სიუჟეტები, გადაიღონ ფოტოები და დაამზადონ  მულტფილმები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს  ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარის განვითარებას.

ვფიქრობ, ყოველი ახალი  აქტივობის ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საკითხით დაინტერესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით მუშაობა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილს უფრო   სახალისოს  და შედეგიანს გახდის.

და ბოლოს, დასკვნის სახით შევეცდები ჩემი მცირედი გამოცდილების საფუძველზე შევაჯამო თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტების გამოყენების ეფექტი სასწავლო პროცესში, როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლის პერსპექტივით/ხედვით:

  • მოსწავლეებისათვის პასუხისმგებლობის დელეგირებით, გაიზრდება მოსწავლეთ მოტივაცია;
  • მულტფილმის გადაღებაზე მუშაობის დროს განუვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ასევე მოხდება ჯგუფური, ინდივიდუალური,  თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეები მოახერხებენ ტექნოლოგიების– ანდროიდის სასწავლო პროცესში  აქტიური და ეფექტურ  გამოყენებას;
  • გაიზრდება მოსწავლეთა მხრიდან  ზოგადი ინტერესის  და მაღალი მოლოდინების(ახალი აქტივობების დაგეგმვის სურვილის არსებობა, რაც, ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ერთგვარი გამოწვევაა) არსებობა;
  • განუვითარდათ ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი და  სხვისი აზრის პატივისცემისა და ფუნქციების გადანაწილების უნარი.

პროექტის განხორციელებისას მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება:

  • უკეთ დაიანახოს  მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები , მათი ინტერესები  და მიდრეკილებები;
  • მოახდინოს საგაკვეთილო დროის გადანაწილებისას ხშირი ცვალებადობა პრიორიტეტული აქტივობების შესაბამისად;
  • განსხვავებული აქტივობების განხორციელების ინიცირება; თავისუფალი, თვითრეგულირებადი ატმოსფეროს შექმნა საკლასო სივრცეში;

ასევე მსგავსი პროექტის განხორცილებით  გაიზრდება:

  • მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან მეტი ჩართულობა, ნდობისა და პატივისცემის გამოვლენა მასწავლებლისადმი;
  • მოხდება კრეატიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და სიახლეებისადმი მიმღებლობა.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.youtube.com/watch?v=URQTSwNj6Dg

 

შიში, როგორც პერსონაჟი

0

„სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ შიშს მონად გაუხდე“,_წერს  ჯემალ ქარჩხაძე. არ ღირს, მაგრამ სწორედაც შიშს ემონებიან ადამიანები ყველაზე მეტად. ათასგვარ შიშთაგან სიკვდილის შიში რთულად დასაძლევია, რომელსაც დიდი ნებისყოფის ადამიანები,  გაღვიძებულნი, სინათლეს ზიარებულნი თუ ახერხებენ. შიში ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელ-განმაპირობებელია. ამქვეყნად მოსვლასა თუ წასვლასაც უპირველესად შიში ახლავს თან. იგი ეგზისტენციალური ფენომენია, ამიტომაც მრავალგზის და მრავალგვარად ახსნილ-დახასიათებული ფილოსოფიაში, რელიგიაში, ფსიქოლოგიასა თუ ხელოვნებაში. შიში ჩრდილივით დაჰყვება ადამიანს და მის ქცევას, განზრახვასა თუ ფიქრს განაპირობებს. შიში, თავისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფილოსოფიური კონტექსტებით, მწერალთა საყვარელი თემაა. თამაზ ბიბილურსაც აინტერესებს, რა ემართება შეშინებულ ადამიანს,  როგორ კარგავს თავისუფლებას და ქვენა გრძნობებისა თუ სურვილების მონად იქცევა. შიში მწერლისთვის სიბნელეა და იგი მხოლოდ სინათლით, რწმენით დაიძლევა. ადამიანმა სიყვარულით უნდა გადალახოს შიში და გათავისუფლდეს, მხოლოდ მაშინ თუ შეიგრძნობს ღვთაებრივს.

თამაზ ბიბილური რომანში „ჟამი კითხულისა“ მოგვითხრობს შიშის ლაბირინთში ჩაკარგულ ადამიანებზე, რომელთაც დახშვიათ სულიერი თვალ-ყური  და მატერიალურ სამყაროს მიჯაჭვულნი ბრმად მიჰყვებიან გზას უფსკრულისაკენ. „გზაი მშვიდობისაი არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მათთა“(რომ. 3. 10_18). ძველი აღთქმის (დაბადება, სოლომონის იგავნი, ფსალმუნები) წიგნებიდან გამოკრებილი ციტატებით  პავლე მოციქული წარმოაჩენს ადამიანებს, რომელთაც ღვთის შიში დაუკარგავთ. ეს იწვევს არა მხოლოდ მათ სულიერ გაპარტახებას, არამედ ქვეყნის (და სამყაროს)  დაშლასა და დანგრევას. ღვთის შიში „სიცოცხლის წყაროა“(იგავნი, 10. 27), სიცოცხლე კი გამუდმებული სწრაფვაა სულის სისრულისა და სრულყოფილებისაკენ. ღვთის შიში ღვთის სიყვარულს წარმოშობს და ათავისუფლებს ადამიანს კერპების (ხორციელი თუ სულიერი) მონობისაგან. თუ არ არის ეს შიში და სიყვარული, მაშინ ადამიანი დაიკარგება სხვაგვარი შიშის ლაბირინთში. ამ შიშს ახლავს არა სიყვარული, არამედ ბოროტება, სულიერი სიძაბუნე, სიცარიელე და სიკვდილი.

ამ რომანში „ჟამი კითხულისა“ შიში ყველაზე ძლიერი და სახიერი პერსონაჟია, რადგან იგი ცალკეც, ხორცშესხმული სახითაც იხატება, როგორც ხირჩლა ან ხეჩინა და თან ყველა გმირს თან ახლავს, როგორც ჩრდილი. მწერალი ქმნის მთხრობლის ნიღაბს _ ეს არის გარეჯელი ბერი ზოსიმე (ერობაში მათე), რომელიც გვიყვება ერთ სოფელში (სიმბოლურად, რა თქმა უნდა, წუთისოფელში) მომხდარ ამბებს. რომანის დრო  ჰორიზონტალზე მაქსიმალურად შეზღუდულია. ზოსიმე ბერი, სოფლიდან დიდი ხნის წინათ წასული, შინ ბრუნდება, სოფელში კი ჟამია გაჩენილი. ხალხი სოფლის კითხულს უპირისპირდება, რადგან აღარ სჯერა მისი   და მის ჩაქოლვას მოიწადინებს. ზოსიმე ბერი გიორგი ბალიაურს, თავის ბავშვობისდროინდელ მეგობარს, წინ გადაეფარება. ხალხი ქვებს დაყრის. კითხული კი, ხალხისაგან ზურგშექცეული, სოფელს ხმაამოუღებლად ტოვებს.  ამ მოკლე დროით ჰორიზონტალს აქვს „ვერტიკალური ჩაღრმავებები“. ზოსიმე ბერი იხსენებს ამბებს, რომლებიც თავს გადახდენია  მეგობართან ერთად. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანი ღვთის წინაშე ბოლოს მაინც „შიშველი“ წარსდგება. სწორედ ამაზე მიანიშნებს რომანის ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები დავით აღმაშენებლის ჰიმნიდან: „გალობანი სინანულისანი“: „ჟამი რაი წუხილთაი და ავთა აღმოფშვნათაი წარმოდგეს, /ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, /შუებანი უქმ იქმნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, /სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგნენ სპანი,/ მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“.

ზეციურ სამსჯავროზე წარდგომამდე კი ადამიანს დიდი გზა აქვს გასავლელი. გზა შიშის ტყვეობისა და მისი დაძლევისა. ეშინიათ რომანის პერსონაჟებს, მაგრამ ყველას შიში განსხვავებულია, რადგან სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. სოფელს ერთიანად თავისი შიში ამოძრავებს, ცალკეულ ადამიანს და, მათ შორის, კითხულსაც _ თავისი. თვითონ მწერალიც „აღიარებს“, რომ „ფიქრში შეთხზული ამბავი უფრო ძვირფასია, ვიდრე თავად სინამდვილე, როცა შეთხზული ამბავი გვამშვიდებს, სინამდვილე კი გვაშინებს“, რადგან „შიში, რომელსაც არც ფერი  აქვს, არც ხორცი, მაგრამ ძეხორციელზე უფრო დიდხანს ცოცხლობს, დაძრწის, კუთხე-კუნჭულებს ეფარება“.

სულხან_საბა ორბელიანი შიშს თავისებური გამოწვლილვით ამგვარად განმარტავდა: „ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად“. მწერალი  ყოველ „შიშს“ ცალ-ცალკე ახასიათებს: „მცონარება, ვიდრემდე არს შიში ყოფადისა მოქმედებისა, ხოლო კდემულება _ შიში მოლოდებითა ძაგებისათა და კეთილ არს ესე ვნებაი. ხოლო სირცხვილი _ შიში ბილწებისა რასამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არის ცხოვრებისაგან, და განკვირვება _ შიში დიდისა ოცნებისაგან, ეგრეთვე განცვიფრება _ შიში უჩვეულოსა საოცისაგან, ხოლო უღონოება _ შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაი, ხვებულ ყოფასა უღონოებითა“.

რომანში ექვსივე სახის შიში გვხვდება, სხვადასხვა ვითარებაში განსხვავებულად გამოვლენილი. უპირველეს ყოვლისა, კი იხატება თავზარდამცემი შიში კითხულისა, რომელსაც სოფლის წინაშე პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ უცნაურ სიტყვა „კითხულს“ მწერალმა შემთხვევით მიაგნო. ამის შესახებ აღნიშნავს იგი ერთ ინტერვიუში: „ეს სიტყვა ვიპოვე ექიმ თევდორაძის წიგნში, რომელიც ავტორმა ოციან წლებში გამოსცა და ხევსურეთში მის დასტაქრობას აღწერს. ამ წიგნში ერთადერთი, სულ ერთაბზაციანი ეპიზოდია, ვინმე კითხულ კაცზე, რომელიც სოფლის ბედ-იღბალს განაგებდა, იყო ყველას მრჩეველი და განმკითხავი, მოსამართლე და მოწყალე“. შემთხვევით ნაპოვნი სიტყვა მარჯვე და ზუსტი აღმოჩნდა სოფლის თავკაცის ზედწოდებად. ამ სიტყვას თითქოს ქვეტექსტური ინფორმაცია ახლავს თან, რაც მკითხველს თავიდანვე განაწყობს ამ კაცის მიმართ, რომელიც რაღაც იდუმალების ბურუსშიც ეხვევა, იმავდროულად. მწერალს ნაკლებად აინტერესებს გარეთ მომხდარი ამბები. უფრო ზუსტად, მხოლოდ ის, რაც ადამიანის სულში ტოვებს კვალს. ამიტომაც არის, რომ ზოსიმეს ბავშვობიდან მხოლოდ ის ახსენდება, თანაც ძალიან მძაფრად და დეტალურად, როდესაც გიორგისთან ერთად პირველად გასცდა სოფელს და თავისუფლება შეიგრძნო, თანვე, შიში მშობლიურ სანახებს დაშორებისა.

რომანში იმდენი შიშია, რომ უნებურდა ფიქრობ მასზე, როგორც ყველაზე არსებითზე. სოფელს შიში ეუფლება ჟამის გამო. კითხულის კოშკიდან შიში იმზირება და სოფელში დაბრუნებულ ზოსიმესაც შიში იპყრობს. მონასტრის სენაკში განმარტოებული ბერი ზოსიმე განვლილ ცხოვრებას იხსენებს და სჯერა, რომ ერთი პატარა სოფლის ამბების გახსენებით მთელ სამყაროს კანონზომიერებას განსჯის, რადგან „ერთ პატარა სოფელში თავს იყრის მთელი ქვეყნიერების ვნებათაღელვა. სოფელი ერთ მუჭად შეკრული და დაპატარავებული ქვეყნიერებაა _ თავისი ხალხითა და ჯამაათით, ერითა და ბერით. მეფით და ერისკაცებით, აღზევებულნით და დამცირებულნიც, სიკეთითა და ბოროტებით… გაუხსენ ხელ_ფეხი, გაუფანტე სიპატარავის შიში, მიანიჭე თვითრწმენა და იგი ერთ მუჭად შეკრული, თითქოსდა ერთი ბეწო, განივრცობა, უკიდეგანო ქვეყნიერება გახდება“.

ზოსიმეს ფიქრებში შიშს ყველაზე დიდი ადგილი უკავია. ის პატარაობიდანვე თან სდევს. ხშირად ახსენდება შიში, რომელიც მონასტერში შესვლისთანავე დაეუფლა: „შიში ყველაფრისა! პირქუში კედლებისა, ჯვარზე გაკრული ქრისტესი, მარიამ ღვთისმშობლის გაქვავებული თვალებისა. ნესტიანი სენაკისა, სამლოცველოს ჩაბნელებული კუნჭულებისა, შიში ადამიანებისა“. და  ჩნდება უცნაური პიროვნება ხეჩინა_შემდეგ ხირჩლა, ერთი „სახის“ ორი ნიღაბი, იგივე ეშმაკისა.

შიში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანში განსახიერდება და სწორედ ამ „მარადიულ“ შიშს სცნობს ბერი ზოსიმე, როდესაც დროში ერთმანეთისაგან დაშორებული ამბები ახსნდება. ზოსიმე ერთ დღეს, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში, შეესწრო, სოფელი როგორ დევნიდა, ლანძღავდა და ამათრახებდა ობოლ გოგოს, რომელსაც შიმშილის გამო პური მოეპარა. მონასტრიდან ხმაურზე გამოვარდნილ  ზოსიმეს თვალწინ შემზარავი სურათი გადაეშლება. ერთი მხრივ, ჩამოკონკილი, სიფრიფანა გოგო, მეორე მხრივ, დუჟმორეული, ჯან-ღონით სავსე სოფელი, სამართლიანი განმსჯელისა და უცოდველის ნიღბით. უნებურად სახარებისეული ეპიზოდი გვახსენდება, მეძავის ჩასაქოლად გამზადებულ ხალხს ქრისტე რომ შეაჩერებს, თქვენ შორის უცოდველმა პირველმა ესროლოს ქვაო. იმ ძველი ამბიდან კი ზოსიმეს განსაკუთრებით ის ბიჭი დაამახსოვრდა, თვალამღვრეული რომ იძახდა საცოდავ გოგოზე, გაატიტვლეთო. სოფელს, როგორც თამაზ ბიბილური წერს: „თავის გამოჩენის, სხვისი დამცირების და ამ დამცირების ხარჯზე საკუთარ წვრილმან ცოდავთაგან  განწმენდის დაუფარავი სურვილი ჰკლავდა. ეს იყო შურისძიებით აცახცახებული სოფელი, მღვრიე მდინარე სიძულვილისა“. იმ ბიჭში დანახულ სივერაგეს კიდევ ერთხელ შეხვდა ზოსიმე, როდესაც სალაშქროდ მიმავალ გაავებულ სოფელს განუდგა, სწორედ მაშინ მისი სახლის გალავანზე ამოხტა ის ბიჭი, „უდაბნოს ხვატიდან წამოსული, ლაშქარს ადევნებული, დამშეული და გაავებული“. თუ მაშინ უმწეო გოგოს გატიტვლებას მოითხოვდა, ახლა მღვდელს უყვიროდა, ანაფორა გაიხადეო. „ბიჭის თვალებში კვლავ დავინახე ის გატანჯული და დამშეული ვნება“. ზოსიმემ ამჯერად „ხელი გამოიღო“ და თავხედ ბიჭს სილა გააწნა. ბიჭის სახით მთელმა სოფელმა უკან დაიხია. სახეზე ხელებაფარებული მღვდელი ზოსიმე ელის გაცოფებული სოფლის შურისძიებას, თანვე „შიში არფრისა მქონდა, მე აღარ ვიცოდი, რა იყო შიში. საკუთარი თავის გარდა უკვე აღარავისა მეშინოდა და ახლაც მხოლოდ ჩემი თავისა შემეშინდა“. ზოსიმემ იცის, რომ მან ბიჭის თვალებში „ბოროტისაკენ მიდრეკილ ვნებას გაარტყა“. სოფელი ვერ ითმენდა, რომ ვიღაცა, ამ შემთხვევაში, მღვდელი, „ყველას წინააღმდეგ ფიქრს ბედავდა“. სოფელს სატანა დაპატრონებოდა და ხეჩინას ხელით ბოროტებას ამრავლებდა. ამიტომაც იყო, რომ სოფელს ეშინოდა ფიქრისა, მის ნაცვლად კითხულს უნდა ეფიქრა, მაგრამ კითხულსაც ეშინოდა. ეშინოდა ამ თავზეხელაღებული სოფლისა, რომელიც ცოდვას ცოდვაზე ამრავლებდა. სოფელი საკუთარ შიშს სხვათა დალაშქვრითა და აწიოკებით თრგუნავდა, მაგრამ ის მაინც აქვე იყო, დაძრწოდა და უნდობლობასა და სიძულვილს თესავდა.

სოფლის შიშით კითხულმა კარგად დაცული კოშკი ააგებინა, მაგრამ შიშმა აქაც შემოაღწია, ციდან ჩამოვარდნილი, არსაიდან მოსული ხირჩლა მის გარშემო „ერთგულების სახელით წრეს ავიწროებდა. ერთ დღეს კითხულს ცოლმა გაუბედა და უთხრა: „მე მეშინია მაგ კაცისა… ხირჩლაა თუ ვიღაცა“. თუმცა, ეს გაბედული გამხელა ქალს თვითმკვლელობად დაუჯდა. შიშმა სოფელში მოღალატე გააჩინა, მოღალატეს კი დამნაშავეთა ძიება და მათი დასჯა მოჰყვა. ასე დასაჯეს სოფელში და ჩაქოლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთის დამარხვას ვერ ბედავდა მოხუცი და უკვირდა ზოსიმეს: „ნუთუ შიში თრგუნავს ადამიანს, დაგვაკნინებს, გაგვაცამტვერებს და არარობად გვაქცევს? რატომ ვერ ჯაბნის სიკვდილის შიშს არარაობად ქცევის შიში?“. კითხულ გიორგი ბალიაურს „ჯიუტად არ სურდა ხირჩლას სულში სადღაც ზესკნელიდან მოსული სატანა დაენახა“, რადგან იგი გვერდში ედგა და ხელს უწყობდა, შიშით ემართა სოფელი. ხოლო როდესაც ხირჩლა თვით კითხულს აუმხედრდა, გვიან  იყო. „მოხუცი კითხული უკვე ზედმეტი გახდა და სწორედ ზედმეტი კაცის ჩამოშორების დღე დადმდგარიყო: ეს დღე დიდი ხანი მზადდებოდა, ან სწორედ იმ დღიდან, რა დღესაც ეს კაცი არსაიდან აქ ჩამოსახლდა, ან უფრო ადრეც, როცა ხირჩლას სულსა და ხორცში მანამდე უთვალავ სულსა და ხორცში გამოვლილი და გამოწრთობილი სატანა ჩასახლდა: სატანა არ ისვენებდა, ბორგავდა, ძალას იკრებდა“. და სწორედ იგი აქცევს ხალხს ბრბოდ, რომელიც მზადაა, ცხოველური ინსტიქტით შეპყრობილმა, დაგლიჯოს, დაფლითოს და გააცამტვეროს ყოველივე, რაც მის ბნელ განზრახვას წინ გადაეღობება. ბრბოდ გადაქცეულმა ხალხმა კითხულის შიში დაკარგა. თუ აქამდე მრავალსახოვანი სოფლისთვის მუდმივი მხოლოდ შიში იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. შიშმა თვითონ კითხული შეიპყრო და მიხვდა: „ადამიანებს თურმე მარტო სიყვარული კი არ აახლოვებდა, არამედ სიძულვილიც. ამ სიძულვილით იყო დაახლოებული ხირჩლასთანაც“. მის წინააღმდეგ შემართულმა სოფელმა ქვები დაყარა. რა მოხდა? ზოსიმე ფიქრობს. რომ „მაშინ, ალბათ, მე და ჩემი მეგობარიც სოფელი ვიყავით და სოფელს საკუთარი თავისა შეეშინდა“. სოფელმა კითხული გასწირა, სოფელმა ხირჩლა ირჩია, მაგრამ ყმაწვილ გიორგი ბალიაურის ტყვიამ მას სიცოცხლე მოუსწრაფა. იმ ადგილზე, სადაც ხირჩლა მოკვდა, „ნახშირსა და ნაცარში, განგმირული გვამის ნაცვლად ერთი ნაბდისძველა ეგდო… ხირჩლა თითქოს არცა ყოფილა. და თითქოს მის ნაცვლად სატანა დაძრწოდა აჩრდილივით და იქაურობას თავის ნებაზე დაატარებდა, თითქოს არც სახე ჰქონდა, არც ფერი, არც წარსული, არც მომავალი, ეს არსაითგან მოსული აჩრდილი ისე გაქრა, როგორც მოვიდა“. ჟამმა თითქოს სოფელი განწმინდა. კითხული კი სიკვდილის შესახვედრად გაემართა,

ზოსიმე მღვდელი, როგორც სინათლის სიმბოლო, ერთადერთია,  სოფლისგან გამორჩეული და განმარტოებული. მას ზეციური დაცვა სჭირდება და ამჯერად მოევლინება კიდევაც წმ. გიორგი ყმაწვილი გიორგი ბალიაურის სახით. ამიტომაც არის, რომ „გიორგი ბალიაური და ზოსიმე მღვდელი დღესაც მიდიან წუთისოფლის გზაზე, დღესაც ეძებენ ერთმანეთს და ვერ უპოვიათ. ხირჩლა სადღაც არის მიმალული და არავინ უწყის, ხვალ რომელ სოფელში გამოჩნდება, ან ვის სულში ჩასახლდება…“.

ეს არის მარადგანახლებადი წარსული, მითოლოგიური ციკლური დრო. წარსული, მწერლის აზრით, „მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ამ გუგუნისა, რადგან ის ერთადერთია, რომელიც მათ არსებობას ამართლებს და აზრს ანიჭებს.

 

როგორ გავამარტივოთ რთული საკითხების სწავლება

0

მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა სწავლების პროცესში ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მასალის უკეთ ათვისებას და დასწავლას. მასწავლებელი ყოველთვის ორიენტირებულია შედეგზე და შედეგი მიღწევადი რომ გავხადოთ გაკვეთილი  დატვირთული  უნდა იყოს ისეთი აქტივობებით, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს სწავლებას. თემის შესაბამისი აქტივობების შერჩევა კი  სასწავლო მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი კომპონენტია,  და ასევე ზუსტად უნდა განისაზღვროს, გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობა.

საგნობრივი სტანდარტით მნიშვნელოვანია ცილის ბიოსინთეზის  შესწავლა.

 

ბიოლ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;
  • ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;

 

ცილის ბიოსინთეზის გაგება მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას, მოსწავლემ უნდა იცოდეს:

  • დნმ-ს აგებულება;
  • სატ-რნმ-ის აგებულება;
  • ი-რნმ-ს აგებულება;
  • რიბოსომის აგებულება და ფუნქცია;
  • ცილის მოლეკულის აგებულება;
  • რა არის გენი;
  • რა არის ქრომოსომა;
  • რა არის ტრანსკრიფცია;
  • გენეტიკური კოდი, კოდონი და ანტიკოდონი;
  • ტრანსლაცია;

ამ საკითხების გაგება, გააზრება მოსწავლისთვის სირთულეს წარმოადგენს, ამისათვის საჭიროა, რთული საკითხების სწავლებაში ინტერაქტიური და დინამიური თვალსაჩინოების გამოყენება

 

ასევე  მნიშვნელოვანია მასალის სხვადასხვა ხერხით, მეთოდით და მიდგომით  გამარტივება , რათა ცოდნა მიღწევადი გახდეს ყველა მოსწავლესთვის.  ჩემი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიაროთ  „სიტუაციური ამოცანა“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თემის უკეთ შესწავლაში, ამასთანავე საინტერესო და სახალისო იქნება მათთვის.

ქვემოთ მოცემული დავალება  უმჯობესია შესრულდეს ჯგუფური მუშაობისას, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ცოდნის ურთიერთგაზიარება. სამუშაოს შესასრულებელი დრო არის 10 წუთი, სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ სწორი პასუხების ფურცელი და შეცდომებსაც თავად ასწორებენ.(5წუთი)

დავალება  ( დრო15წთ)

 ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი და აზრობრივად დააკავშირე მასში აღწერილი ვითარება შენთვის უკვე ნაცნობ თემასცილის სინთეზიდა გამოიცანი სიტყვების მეტაფორული მნიშვნელობა

 სიტუაციური ამოცანა

 

ქალაქის ცენტრში არის ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ძალიან მნიშვნელოვანი უძველესი წიგნები არქიტექტურის შესახებ. წიგნებში შეტანილია ულამაზესი შენობების პროექტები. ქალაქის ერთ-ერთ პერიფერიულ ადგილზე გადაწყვიტეს შენობის აგება, რისთვისაც საჭირო გახდა პროექტის გამოტანა ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მშენებლობის ორგანიზატორებს უარი უთხრეს წიგნის გატანაზე, მაგრამ ნება დართეს გადაეღოთ წიგნიდან მხოლოდ ის პროექტი, რომელიც კონკრეტულად სჭირდებოდათ.  ასლის გადაღების შემდეგ იმ ადგილას, სადაც შენობა უნდა აგებულიყო, მოიმარაგეს აგურები (სამშენებლო მასალები), რომელიც დანიშნულების ადგილამდე სატვირთო მანქანით მიიტანეს და მუშების დახმარებით აიგო ულამაზესი ნაგებობა.

 

ტექსტის სიტყვები სიტყვების მეტაფორული ახსნა
ქალაქი  
ბიბლიოთეკა  
წიგნები  
პროექტები  
ასლის გადაღება  
ასლი  
პერიფერიული ადგილი  
აგურები  
სატვირთო მანქანა  
მუშები  
შენობის აშენება  
ულამაზესი შენობა  

პასუხები შესაბამისობის მიხედვით:

ქალაქი —– უჯრედი

ბიბლიოთეკა —- ბირთვი

წიგნები —– ქრომოსომები

პროექტები ——გენები

ასლის გადაღება —– ტრანსკრიფცია

.ასლი —-  ი-რნმ

პერიფერიული ადგილი —– ციტოპლაზმა

აგურები —— ამინომჟავები

სატვირთო მანქანა ——ტ-რნმ

მუშები —– რიბოსომები

შენობის აშენება —– ტრანსლაცია

ულამაზესი შენობა —– ცილის მოლეკულა

ამგვარად,  წარმოდგენილი აქტივობა მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ცოდნის განმტკიცების მიზნით. თუ  მასწავლებლები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას გაამდიდრებენ სხვადასხვა ტიპის  რესურსით, ეს  მათ მუშაობას მაღალეფექტურს გახდის, სასწავლო პროცესში კი მათი დანერგვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მაღალ შედეგს იძლევა.

როგორ დავხატო მზე?

0

ლუდოვიკო  მე-14-ე ბურბონს მეფე-მზეს ადარებენ. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგიერთი ამბობს, მის დროს საფრანგეთი ფინანსურად აყვავდა და ამიტომო. ზოგის აზრით, ხალხმა კარგი ცხოვრების ვერაფერი იგრძნო, მაგრამ თავად ქვეყანა გალამაზდა და მაგიტომო. ორივე ვერსია სიმართლესთან ახლოს არის. თუმცა, მესამე ვარაუდიც არსებობს-მეფე მზეს თავადვე შეედარა. დაიჩემა და მორჩა, მზე ვარ და თაყვანი მეცითო. ამბობენ, ბავშვობის კომპლექსი ჰქონდაო. პატარა ლუდოვიკო დედასთან, დედოფალ ანა ავსტრიელთან ერთად სამშობლოდან გააძევეს. მამამისი, მეფე ლუდოვიკო  მეცამეტე კი მოკლეს.

ეს ამბავი ოდნავ ადრე იწყება. ჰუგენოტი ჰენრიხ ნავარელის და მარგარიტა მედიჩის ქორწინებიდან. სწორედ ამ დროს  მოხდა ცნობილი „ბართლომეს ღამე“. ქორწინება პოლიტიკური გახლდათ, ჰუგენოტების და პროტესტანტების ვითომ შესარიგებლად მოწყობილი. შედეგად კი, ერთ-ერთი ფართომაშტაბიანი ხოცვა-ჟლეტა მიიღეს. დრო გავიდა და ჰენრიხ ნავარელი საფრანგეთის ტახტზე ავიდა. შემდეგ, მისი ვაჟი ლუდოვიკო მეცამეტე გამეფდა. თუმცა, ვითომ მოგვარებულმა პრობლემამ მაინც იჩინა თავი  და მეფე მოკლეს… გარკვეული დროის შემდეგ ტახტს კვლავ მისი ვაჟი ლუდოვიკო  მე-14-ე დაუბრუნდა და თქვა: „სახელმწიფო, ეს მე ვარ“.

ლუვრის სასახლეს მანამდეც აქეთ-იქედან ახალ ნაგებობებს უშენებდნენ. „მეფე-მზემაც“ მიაშენა რამდენიმე ფლიგელი. თუმცა, მალე ლუვრი ეპატარავა და ვერსალში ახალი მშენებლობა წამოიწყო. სასახლის დასრულებას ბოლომდე მგონი არც დაელოდა. მთელი სამეფო კარი აყარა და ოფიციალური რეზიდენცია ვერსალში გადაიტანა.

დარჩა ლუვრი ცარიელი… თუმცა, აქ ნელ-ნელა პატარა სალონები გაჩნდა, სადაც მხატვრები ნახატებს ფენდნენ. ყველა მსურველს მისვლა და დათვალიერება შეეძლო. შემდეგ ხელოვნების მოყვარულებისთვის უკვე წესებიც დაწესდა. მაგ., ნუ შეეხებით ნახატს ხელებით, ნუ დააცემინებთ ნახატის ახლოს, ნუ დაყნოსავთ ნახატს და ა.შ.

დღეს ლუვრი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია, რომლის ნახვის პატივი პირველად წლების წინ მერგო. თუმცა, ეს ის ადგილია, სადაც პარიზში ყოველი ჩასვლისას კვლავ უნდა მიხვიდე და  ლუვრის ახალი ნაწილი აღმოაჩინო.

სანამ ლუვრი მუზეუმი გახდებოდა, მხატვრები მანამდეც ხატავდნენ და ყველა მხატვარი ფაქტობრივად  ქიმიკოსი იყო.

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანები სხვადასხვა მინერალებს ფხვნილის წარმოქმნამდე სრესდნენ, რაღაცებს ამატებდნენ და ხატავდნენ. მაგალითად, ყავისფერი საღებავის მისაღებად ჩვეულებრივ თიხას იყენებდნენ.

ჩვენც შეგვიძლია…

ავიღოთ ფაიფურის როდინი, შიგნით თიხა დავსრისოთ და კვერცხის გული დავამატოთ. მივიღებთ ყავისფერ საღებავს. მწვანე საღებავისთვის ქრომის მწვანე ოქსიდია საჭირო- Cr2O3. თუ ლაბორატორიაში არ გაქვთ, ამონიუმის ბიქრომატის დაწვით („ვულკანის“ რეაქცია) მიიღებთ. აქვე, საგანგებოდ უნდა დავწერო, რადგან შემდეგ მეკითხებიან ხოლმე, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ესა და ეს რეაქტივი არ მაქვს, რა გავაკეთოო? უნდა იყიდოთ, ან თქვენ, ან სკოლამ…ან, პროექტის ფარგლებში, ან პირდაპირ საკუთარი სახსრებით.

თემას დავუბრუნდეთ და ბარემ ლურჯი საღებავიც მივიღოთ. ამისთვის, სინჯარაში ჩავყაროთ რკინის ნაქლიბი. დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. გამოიყოფა წყალბადი და წარმოიქმნება რკინის ქლორიდი. თუ  სისხლის წითელ მარილს დავამატებთ, სითხე ლურჯად შეიფერება. გავფილტროთ. ფილტრის ქაღალდზე ლურჯი ფხვნილი-„ბერლინის ლაჟვარდი“ დარჩება. ესეც ასე, გვაქვს სამი ფხვნილი: ყავისფერი თიხა, მწვანე ქრომის ოქსიდი და ლურჯი „ბერლინის ლაჟვარდი“. სამივე მათგანს კვერცხის გული დავამატე. რატომ? კვერცხის გული ძირითადად ოლეინ მჟავას შეიცავს, რომელიც წყალს არ ერევა. შესაბამისად, მის საფუძველზე დამზადებული საღებავით დახატულ სურათს ნესტი ვერ  შეაშინებს.

თუმცა, კარგი ნახატის საწყისი ხარისხიანი გრუნტია. შუა საუკუნეებში ქარიყლაპიას კანს, ლაყუჩებს და ფხებს ხარშავდნენ. ფხები, ძვლები, ხრტილი შეიცავს ცილა კოლაგენს. წყლის გაცხელებისას კოლაგენი ჰიდროლიზდება და წარმოიქმნება გლუტინი. ბუნებრივი ცხოველური წებოსებრი ნივთიერებაა. მოხარშულ  თევზის ნაჭერს ხომ ყველა შევხებივართ? თითები რაღაცნაირი წებოვანი რატომ  ხდება? გლუტინს ვეხებით და იმიტომ. გლუტინს სხვა სახელიც აქვს-ჟელატინი. ჟელატინი ყველა მაღაზიაში იყიდება. თუ წყალში გავხსნით და გავათბობთ, თხევად  ჟელესმაგვარ ნივთიერებას მივიღებთ.  შიგნით ცარცი, ანუ კალციუმის კარბონატი უნდა ჩავყაროთ. კარგად მოვურიოთ. შემდეგ ეს მასა სახატავ ქაღალდს (ტილოს) სამჯერ  წავუსვათ, იმ პირობით, რომ ყოველ ჯერზე კარგად გავაშრობთ. ასეთ გრუნტს „ლევკასის“ ტექნიკა ეწოდებოდა. სიტყვა „ლევკასი“ ბერძნულიდან იღებს სათავეს (leukos) და ნიშნავს თეთრს.

შექმნილ  სურათს უნდა გაეძლო, სინათლისთვის, ჰაერისთვის, სინესტისთვის, დროისთვის.  ამიტომ ნახატს ოლიფას (ლაქს) უსვამდნენ. ის ზეთის ბაზაზე მზადდებოდა.  მცენარეული ზეთები ორ ჯგუფად იყოფა: ერთი ტიპის იოლად  შრება, სხვა ტიპის  არ შრება. მაგ. ზეითუნის ზეთი არ შრება და ოლიფას მოსამზადებლად არ ვარგა. მზესუმზირის ზეთი ნახევრად გაშრობადია. მხატვრისთვის ყველაზე საუკეთესო  სელის ზეთია. ის ნახატზე მდგრად აფსკს წარმოქმნის. თუმცა, როცა გაშრება, მუქი ყავისფერი ხდება.  ამიტომ, ძველად სელის ზეთს დღის შუქზე ორი წელი ინახავდნენ. ამ პერიოდისთვის ის თეთრდებოდა. შემდეგ, მცირე რაოდენობით ტყვიის თეთრას უმატებდნენ. ხარშავდნენ  250 გრადუსზე. ამ დროს მასში ის ნივთიერებები იშლებოდა, რომლებიც ლინოლინის მჟავას გამყარებას უშლის ხელს. შემდეგ ზეთს გაფილტრავდნენ და უმატებდნენ ქარვას. ასეთ ოლიფას ხატწერის პროცესშიც იყენებდნენ.

ტყვიის თეთრა ვახსენე – 2PbCO3•Pb(OH)2. მის შემცველ  საღებავს მაღალი დამფარავი თვისება ახასიათებს.  უარყოფითი  მხარე ის არის, რომ მასთან თუნდაც ძლიერ მცირე  რაოდენობის გოგირდწყალბადის მოქმედებით წარმოიქმნება შავი ფერის PbS.  თეთრი საღებავებისთვის BaSO4-ბარიუმის თეთრას, ბარიტსაც იყენებდნენ. წითელი პიგმენტებისთვის რკინის მინერალები გამოიყენებოდა: Fe2(SO4)3; Fe(OH)3; Fe3O4; ყავისფერისთვის თიხის გარდა იყენებდნენ Fe3O4•Al2O3•SiO2; მწვანე საღებავისთვის ქრომის ოქსიდის გარდა იყენებდნენ მალაქიტს CuCO3•Cu(OH)2; შავი საღებავისთვის კი გრაფიტს და ჭვარტლს.

მხატვრები სხვადასხვა ტექნიკით ხატავდნენ. მხატვრობის ძირითადი ტექნიკა: ენკაუსტიკა, ტემპერა, ფრესკა, აკვარელი, გუაში, პასტელი ყოფილა.   ენკაუსტიკის დროს იყენებენ გამლღვალ მყარ საღებავებს, რომლის ბაზასაც ცვილი წარმოადგენს. სამწუხაროდ, ამ ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებების უმრავლესობა განადგურებული იქნა, ზოგი ხანძრების, ზოგიც ადამიანების ბარბაროსობის  შედეგად. ტემპერას ტექნიკა ხატწერის პროცესშიც გამოიყენებოდა.

ფრესკა (იტალიურიდან Fresco ახალს, საღს ნიშნავს) წყალში გახსნილი, ახლად დამზადებული  საღებავებით იქმნებოდა. ძირითადად, კედლების მოსახატად იყენებდნენ. ამ ტექნიკის ნიმუშია ლეონარდო და ვინჩის „მადონა კლდეზე“ https://en.wikipedia.org/wiki/Virgin_of_the_Rocks#/media/File:Leonardo_Da_Vinci_-_Vergine_delle_Rocce_(Louvre).jpg

ან, რაფაელის „ჰელიოდორეს გაძევება“ https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%B7%D0%B3%D0%BD%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%AD%D0%BB%D0%B8%D0%BE%D0%B4%D0%BE%D1%80%D0%B0#/media/File:Raphael_Heliodorus.jpg

აკვარელის საღებავების წყალში გახსნით თხელი გამჭვირვალე პიგმენტური აფსკი წარმოიქმნებოდა. ამის შედეგად, საოცარი სიმსუბუქის და სინატიფის ეფექტის მიღწევა შეიძლებოდა.

აკვარელი პირველად ძველი ჩინეთიდან გავრცელებულა. ფერადი პიგმენტების გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა გლიცერინი და შაქარი. აკვარელით დასახატად შესაფერისი ბაზაა აუცილებელი. ტილო, ხის ზედაპირი, ქვა აკვარელისთვის არ გამოდგება, რადგან მათ ზედაპირზე საღებავი კარგად ვერ დაიდება. ამიტომ აკვარელის საღებავებისთვის დღესაც  მხოლოდ ქაღალდს იყენებენ. სხვათა შორის, ქაღალდის წარმოებაც ჩინეთიდან იღებს სათავეს.

გუაში დეკორატიული მხატვრობის დროს გამოიყენებოდა. გუაშით ხატვისას დეტალების შესწორების შესაძლებლობა იყო, რადგან საღებავის ფენა, ჰაერის ტენიანობის მიხედვით, 30 წუთიდან 3 საათამდე შრებოდა.  პასტელი ფერად ცარცს წარმოადგენდა, რომელიც ფაქტიურად დაპრესილი პიგმენტი გახლდათ. საღებავების ბაზას სწორედ ზემოთ ნახსენები პიგმენტები წარმოადგენენ.

შუა საუკუნეებში ზეთის საღებავების შექმნამ მხატვრობის ტექნიკა გააუმჯობესა. მათ ბაზად ბუნებრივ ზეთებს, კერძოდ, ნიგვზის და სელის ზეთს იყენებდნენ. ზოგი ოსტატი პიგმენტებს კვერცხის გულში ხსნიდა, ზოგიც რძის ცილა კაზეინში. სხვათა შორის, ამ ე.წ. „ქიმიურმა ქაოსმა“ უკვალოდ არ ჩაიარა. ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობამ“ მხატვრის სიცოცხლეშივე დაიწყო დაშლა. შედევრი ზეთის საღებავებით არის შექმნილი. ზოგი მათგანი წყალში განზავებულ კვერცხის ცილაში იყო გახსნილი, ზოგიც უშუალოდ ცხიმში. ჰოდა, ასეთი საღებავების შერევამ ქიმიური რეაქციების დაწყება გამოიწვია, რამაც ნახატის მდგრადობაზე ცუდად იმოქმედა.

მეთვრამეტე საუკუნიდან მდგომარეობა  გამოსწორდა. გერმანელმა ქიმიკოსმა დისბახმა ერთი წითელი საღებავის ხარისხის გაუმჯობესება გადაწყვიტა. თუმცა, მოსალოდნელი ალისფერი საღებავის ნაცვლად ულტრამარინის, იმავე ლაპის ლაზურის (სტატია ლაპის ლაზურიზე შეგიძლიათ ნახოთ https://mastsavlebeli.ge/?p=3808  მსგავსი ლურჯი ფერი მიიღო. ახალ საღებავს „ბერლინის ლაჟვარდი“ დაარქვეს (პრუსიულ ლურჯსაც უწოდებენ) და ის ულტრამარინზე გაცილებით იაფი იყო. ამ ამბიდან ერთი საუკუნის შემდეგ საფრანგეთში „კობალტის ლურჯი“ გამოჩნდა. „ბერლინის ლაჟვარდზე“ გაცილებით კაშკაშა და პრიალა იყო და ბუნებრივ ლაპის-ლაზურისთან ყველაზე ახლოს მდგომი.

მე მზე მინდა დავხატო.  ყვითელ ოქრას, რკინის ოქსიჰიდროქსიდს, იგივე ლიმონიტს ავიღებ და მასაც კვერცხის გულთან ერთად ავურევ. ნახატებისთვის უძველესი დროიდან იყენებენ.  მოვამზადებ ქაღალდს, ფუნჯს და მზის ხატვას დავიწყებ…

თუმცა, სანამ ხატვას შევუდგები მეფე-მზის ამბებს კიდევ გადავავლებ  თვალს. შეიძლება კითხვის დროს უფრო წარმოვიდგინო მომავალში დასახატი მზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...