სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
12 აგვისტო, სამშაბათი, 2025

სელიას სიმართლე

0

სელია ცხრა წლის გოგოა, ავსტრალიაში, მელბურნის გარეუბანში ცხოვრობს. გასული საუკუნის 50-იანი წლებია, კომუნიზმი და კომუნისტური საკითხავი საფრთხედ აღიქმება, გაუგონარი ბავშვების დასჯის ყველაზე გავრცელებული ხერხი კი ჯერ კიდევ ქამრით ცემაა. სელია ცელქი, მხიარული გოგოა, ბრწყინვალე წარმოსახვით – რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, რომ მაშინვე თამაშად არ აქციოს. ეს კი, ცხადია, საშიშია…

ფილმი, რომელზეც ვწერ, 1989 წელს გადაიღო ავსტრალიელმა რეჟისორმა ენ ტერნერმა. მას მთავარი გმირის სახელი ჰქვია და, პირველ რიგში, იმით არის გამორჩეული, რომ თვალშისაცემად განსხვავდება ბავშვებსა და ბავშვობაზე გადაღებული სხვა ფილმებისგან – ვერც ერთს ვერ მიუახლოებ, ჟანრის განსაზღვრის მცდელობაც მარცხით დამთავრდება.

ერთი შეხედვით, სელია ტრავმირებულის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს: ბავშვებთან ერთად სირბილი, გართობა, ქვეყნის დაქცევა უხარია, არც სიახლეების ეშინია – მეზობლად გადმოსულ ოჯახს მარტივად უახლოვდება და უმეგობრდება კიდეც, პატიებაც იოლად შეუძლია – მამაზე გაჯავრებული კია, მაგრამ გული მალე უბრუნდება… თითქოს ისეთიც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში, რამაც სიზმრების ქვეყანა ურჩხულებით უნდა აუვსოს – იმ შემზარავი არსებებით, დროდადრო ცხადშიც რომ იპარებიან და გულს უხეთქავენ.

ჰობიები იმ წიგნის გმირები არიან, სკოლაში მასწავლებელი მთელ კლასს რომ უკითხავს. თუმცა ისინი მხოლოდ გოგონას წარმოსახვაში ცოცხლდებიან, სხვა  ბავშვების თვალში კი, საშიში არც არაფერი აქვთ – მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრის უარყოფით პერსონაჟებს წარმოადგენენ. სელიას შემთხვევაში, საქმე ასე მარტივად არ არის და ძნელია, ზუსტად განსაზღვრო – რატომ?

საყვარელი ბებიის გარდაცვალება, საგრძნობი დაძაბულობა მშობლებს შორის, ყურმოკრული საუბრები საყოველთაო საფრთხის შესახებ, დიდების სამყაროს გაუგებარი წესები და კანონები, ბავშვების სამყაროს ბუნებრივი სისასტიკე, საყვარელ ცხოველთან განშორება, საყვარელი ცხოველის სიკვდილი… კი, ძნელად ასატანია. ფილმის ყურებისას ხვდები, რომ ცხრა წლის გოგო მართლაც ბევრს უძლებს, თუმცა, მეორე მხრივ, საკუთარი ბავშვობის სურათებიც გახსენდება – განა ჩვენ ნაკლებს ვუძლებდით? სელიასაც უცებ ეცვლება ხოლმე განწყობა – ისევ მხიარული გოგოა, ისევ სათამაშოდ მიუწევს გული…

ამიტომაც აღმოჩნდება სრულიად მოულოდნელი ის მიმართულება, რომელსაც ენ ტერნერი ირჩევს თავისი სადებიუტო ფილმის დასასრულს. ფინალზე არაფერს ვიტყვი – ალბათ, ისედაც საკმარისზე მეტი ვთქვი ამ უცნაური სურათის შესახებ. მოკლედ, თავად უნდა ნახოთ და ვარაუდების მართებულობა-უმართებულობაშიც თავადვე გაერკვეთ. სელია პირველივე წუთებიდან გვიყვარდება, მერე კი რას აღარ ვაკეთებთ, რომ ეს სიყვარული არ დავთმოთ.

მე ყველაფერი მშობლებს გადავაბრალე – ყველაზე მარტივი იყო და ამიტომ. ცხადზე უცხადესია, რომ არაფერი იციან იმაზე, რაც გოგონას უცნაური არსებებით დასახლებულ სამყაროში ხდება, ვერ ხვდებიან, რომ მისი პატარა კუნძულისგან წარმოუდგენლად დიდი მანძილით დაშორებულ მიწაზე დგანან. არც კითხვები უჩნდებათ და არც პასუხებს ეძებენ. თითქოს ის, რომ უპირობოდ უყვართ მშობლის სიყვარულით, საკმარისი იყოს… შესაძლოა სწორედ ამ არსებითი დაშორების, მეტისმეტი განსხვავების გამომხატველია ისიც, რომ ფილმის მთავარი გმირი გარეგნულად ძალიან განსხვავდება დედ-მამისაგან – ვერც კი იფიქრებ, რომ მათი შვილია.

გამახსენდა ჩემი თამაშებიც, წარმოსახვით გაცოცხლებული წიგნის გმირები, საყვარელი წიგნების გაგრძელებების წერა, სცენები ფილმებიდან, რომლებსაც შეპყრობილივით ვუყურებდი ხოლმე – ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი დამემახსოვრებინა და თავიდან გამეთამაშებინა. მახსოვს საშინელი საფრთხის განცდაც, ჩემი მაშინდელი წარმოდგენით, ამერიკიდან რომ გვემუქრებოდა – ამაზე ტელევიზორში საუბრობდნენ, გაზეთებში წერდნენ, ეზოებში ლაპარაკობდნენ. ისეთი მოგონებებიც მაქვს, რომლებსაც სინამდვილესთან ვეღარაფრით ვაკავშირებ – წმინდა წყლის ჰალუცინაციები უნდა იყოს.

რა გამოდის და ის, რომ სელიას სიმართლე სხვების სიმართლეცაა – მისნაირების, შეშინებულებისა და გულგამაგრებულების, ბევრის გადამტანებისა და დროდადრო ძალიან დაბნეულების. ამ ავსტრალიურ ფილმში იმაზე მეტიც ჩნდება, ვიდრე თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით უნდა გამოჩენილიყო – ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა დამიტოვა ენ ტერნერის სურათმა, რომელზე საუბარიც ადვილი ნამდვილად არ არის. მე კი უფრო იმიტომ გავბედე, რომ მშობლები გამეფრთხილებინა: მხოლოდ უპირობო სიყვარულის იმედად ნუ იქნებით-მეთქი.

ის, რაც ბავშვის წარმოსახვაში ხდება, იმაზე მეტად მნიშვნელოვნია, ვიდრე გვინდა, ვირწმუნოთ. ნანახი და გაგონილი ხშირად რაღაც სხვად გარდაისახება, უძილობის წუთები და ღამის ხმები კი თავისას უმატებს წარმოსახულს. ღია ფანჯარაში ლურჯი ხელი ჩნდება – ეს ყველაზე გამბედავი ჰობიაა, მოვიდა, რომ დაგხედოს და მერეც სხვებიც მოიხმოს…

უცხო ენაში ცოდნის აგების ხელშემწყობი ფაქტორები

0

უცხო ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეთა განსხვავებული თავისებურებებისა თუ გარემოებების გამო სხვადასხვა პრობლემებს ვხვდებით. ენების შესწავლის უმნიშვნელოვანესი თავისებურება ტრადიციული თუ არატრადიციული მიდგომებით ლექსიკური ფონდის დასწავლაა, რაც მათგან მოითხოვს საკითხზე მობილიზებას, კონცენტრირების გამო აუცილებლობით მოეთხოვებათ, უარი თქვან გართობაზე და მთელი დრო დაუთმონ სასწავლო პროცესს. ამგვარი სასწავლო გარემოს განტივირთვისა და მათთვის საინტერესო გარემოს შექმნაში ნიშანდობლივია თანამედროვე მიდგომები. უცხო ენის შესწავლის პროცესში განმტვირთველი ფუნქციით ეფექტურია კონსტრუქტივიზმი.

შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს თეორიის მიხედვით ,,კონსტრუქტივიზმი“–ის ცნების განმარტება მარტივი არ არის, რადგან ის სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება.  ცნების დედააზრი მომდინარეობს სიტყვა აშენებიდან და ამ შინაარსითვე გამოიყენება ხშირ შემთხვევაში. კერძოდ, ახალი ცოდნა იგება უკვე მოპოვებული ცოდნის ბაზაზე.  თეორიის მიხედვით მოსწავლე არ არის  დავალებების პასიური  შემსრულებელი, ის აქტიურად მონაწილეობს მის შერჩევაში, ინტერპრეტირებაში და ირჩევს იმ ვარიანტს, რომელიც უკვე მის მიერ მიღებული ცოდნის სქემაში მოიაზრება. კონსტრუქტივისტული თეორიის ორი ძირითადი ცნება–ასიმილაცია და აკომოდაცია  უცხოური ენის შესწავლის პროცესისათვის, როგორც სხვა საგნების შესწავლისას, შემდეგნაირად განიმარტება. ასიმილაცია –ეს ისეთი კოგნიტური პროცესია, როცა მოსწავლე ინფორმაციას იღებს წინასწარ მიღებული ცოდნის კონსტრუქციის ინტერპრეტაციით და ახალ გამოცდილებას ამატებს თავის ცოდნას. ამ შემთხვევაში  მოსწავლე უცხოური ენის შესწავლას იწყებს საერთაშორისოდ ცნობილი და ყოველდღიურობაში აქტიურად გამოყენებული ლექსიკის შეთვისებით, სადაც ის მარტივად აღიქვამს როგორც სიტყვას, აგრეთვე მის მნიშვნელობას და უჩნდება სურვილი მასთან დაკავშირებული სხვა ტერმინოლოგიაც შეისწავლოს. პროცესი გაცილებით  საინტერესოა, თუ ეს სახალისო აქტივობებით ხორციელდება, სიმღერით ან თამაშის სხვადასხვა სახეობით.  აკომოდაციის პროცესი უცხო ენის შესწავლის დროს ეფუძნება მოსწავლის მიერ უკვე აგებული ცოდნის კონსტრუქციაში ცვლილებას. ის მაშინ იჩენს თავს, როცა ახალი ინფორმაცია და უკვე არსებული სქემის კომპონენტები წინააღმდეგობაში მოდიან და არ ინტეგრირდებიან ერთობლიობად. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს უწევს დაისწავლოს ლექსიკის გარკვეული ნაწილი და ეს ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე ასოციაციური კავშირების გარეშე სწავლება. თუ აკომოდაციის პროცესში პედაგოგი აქტიურად იყენებს მოსწავლის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით აგებულ თვალსაჩინო მასალას, მაშინ დასწავლის პროცესის სირთულე კიდევ უფრო მსუბუქდება და სახალისო ხდება.

ზოგადად  უცხოურ ენის სწავლებაში ხშირად შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც სასწავლო პროცესს პედაგოგი ტვირთავს გადამეტებული დავალებებით და მოსწავლის  მეცადინეობა შეიძლება გავიგოთ, როგორც პედაგოგის მიერ მოსწავლისათვის შედგენილი დავალების შესრულება. ვინაიდან უცხოური ენის სწავლებში დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურ კომუნიკაციაზე აგებულ მეთდიკას.  ამ მიდგომასთან წინააღმდეგობაში მოდის მასწავლებელთა დამოკიდებულება დავალებების ოდენობასთან დაკავშირებით. ამიტომ მნიშვნელოვანია როლების  შეცვლა და აქტიურ კომუნიკაციაზე აგებული ინტერაქტივზე აქცენტი, რომლის დროსაც   პედაგოგი გამოდის სასწავლო პროცესის  ფასილიტატორის როლში და მისი დახმარება ხელმისაწვდომია საჭიროებისამებრ. ამდენად, პედაგოგის დავალებას წარმოადგენს სასწავლო პროცესის ინტერაქცია, მოსწავლეთა ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში,  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მხარდაჭერა და მოსწავლისათვის საჭირო დახმარების გაწევა, შესაბამისად სწავლის სწავლება.

სასწავლო პროცესის წარმართვაში დიდ როლს თამაშობს სასწავლო გარემო. სასწავლო გარემოში მოიაზრება საერთო საგაკვეთილო კონტექსტი, კერძოდ, საგაკვეთილო რესურსები, მედია საშუალებები, ისეთი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა საკლასო ოთახი და სასკოლო სქემა. კონსტრუქტივისტების მოსაზრებით სასწავლო გარემო უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მდიდარი და ავთენტური სასწავლო მასალით აღჭურვილი, იმისათვის რომ მოსწავლეებს დიდი სივრცე ჰქონდეთ საკუთარი ცოდნის ასაგებად და მიეცეთ საშუალება, საკუთარ სუბიექტურ გამოცდილებას დაუკავშირონ სიახლე. სწორედ ასეთი გარემოს მოწყობა წარმოადგენს პედაგოგისათვის უპირველეს დავალებას. პედაგოგმა მოსწავლის ამგვარ გარემოში მუშაობის პროცესზე დაკვირვებით უნდა შეისწავლოს მისი მახასიათებლები და  უზრუნველყოს აღსაზრდელის ცოდნისა და კომპტენციების გამდიდრება– განვითარება, ისე რომ ისინი მოსწავლეთა საჭიროებებს შეესაბამებოდეს. სასწავლო გარემო უნდა იყოს მრავალფეროვანი და დამაჯერებელი, რომ ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური ცოდნის დონეს, ერთად მუშაობის მნიშვნელობას და ამავდროულად პრობლემის გადაჭრის კომპონენტს. სასწავლო პროცესის განსხვავებული შედეგების გამო კოოპერაციასა და სოციალურ ინტერაქციას სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან სასწავლო შედეგები იდენტური არასოდეს არ შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომაა შესაძლებელი ჯგუფური თუ წყვილური მუშაობის პირობებში ცოდნის მიღება აზრთა გაცვლა–გამოცვლის გზით, ამდენად ასეთი ცოდნა ზოგადად ჯგუფის წევრთა ცოდნად იქცევა.

სასწავლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია  სიტუაცია და კულტურა.  სასწავლო პროცესი ყოველთვის არის სიტუაციასა და კულტურასთან დაკავშირებული. სიტუაციასთან კავშირს დიდი ზეგავლენა აქვს გაკვეთილის დაგეგმვაზე: ამა თუ იმ კონტექსტში მიღებული ცოდნა მარტივად არ გადაიტანება სხვა კონტექსტში. უცხოური ენის გაკვეთილზე ეს ასპექტი კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს. ამდენად, სასწავლო კონტექსტი, გარემო და სიტუაცია ისე უნდა მოეწყოს, რომ ახალი ცოდნა (უცხო ენის ახალი ელემენტები) მარტივად გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში. კერძოდ, მარტივად მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი. როცა ენობრივი მახასიათებლები თვალსაჩინოა და მისი სიმართლე სასწავლო რესურსებითაა შემცირებული, იზრდება მოტივაცია და სასწავლო შინაარსის აღქმის შესაძლებლობა. ავთენტურობა შესაძლებელია აგრეთვე ბევრნაირად განიმარტოს. ის შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოს გვერდით გამოყენებადი დამატებითი რესურსი, რომელიც ენობრივად რეალური, ავთენტურია. ამგვარი სასწავლო მასალის ნიმუშებია: მენიუები, ღია ბარათები, ბილეთები, საგაზეთო სტატიები, განცხადებები, მულტფილმები.

კონსტრუქტივისტულ მიდგომებში არსებითია ის, რომ პედაგოგი უნდა იყოს არა მხოლოდ საგნის კარგი მცოდნე, მას აგრეთვე უნდა შეეძლოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის აღმოჩენა, თუ რა საჭიროება აქვს ამა თუ იმ მოსწავლეს და შეეძლოს მისთვის სათანადო დახმარების გაწევა. მოსაზრება იმის შესახებ რომ პედაგოგმა ყველა მოსწავლის საჭიროებები ძალიან კარგად უნდა იცოდეს უცხოელი განათლების ექსპერტების მიხედვით შეუძლებელია, თუმცა არც ისეთი სასწავლოა პროცესია მისაღები, სადაც მოსწავლეები ერთდროულად ერთი და იმავე საკითხს ერთ დონეზე ერთად სწავლობენ, რაც დღევანდელი გადასახედიდან ძალიან მოძველებული მეთოდია. იმისათვის რომ კონსტრუქტივისტული მიდგომებით სწავლა გახდეს შესაძლებელი აუცილებელია ინდივიდუალიზებული სწავლების პირობების შექმნა, რათა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და წინაპირობები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

სწავლა დამოკიდებულია მოსწავლის მოტივაციაზე. მოტივაციაც არ არის სტატიკური მდგომარეობა, არამედ დინამიური თავისუბურებით ხასიათდება. მის ცვალებად ბუნებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს.  როცა მოსწავლე უცხოურ ენას სწავლობს იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს გაეცნოს, ასეთ შემთხვევაში ის შინაგანად მოტივირებულია, ხოლო თუ უცხო ენის სწავლის პროცესი, ფულით, საჩუქრით ან სხვა გარეგანი განმამტკიცებლებითაა წახალისებული მოსწავლეები ნაკლებად აცნობიერებენ სასწავლო შინაარსს.  აუცილებელია მასწავლებელმა რანჟირება გაუკეთოს მოტივატორებს და დააკავშიროს სწავლა-სწავლების პროცესთან,   როგორც აქტივობამდე, ასევე აქტივობის პროცესში და აქტივობის შემდეგ. ანუ ადეკვატურად გამოიყენოს მოტივატორები, რომლებიც აღუძრავენ მოსწავლეს სწავლის სურვილს, მოტივატორები რომლებიც აძლევენ მიმართულებას სწავლის პროცესს და მოტივატორები, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის შეგრძნებას გაუჩენს მოსწავლეებს. მასწავლებლებს სჭირდებათ დახმარება, რათა მათ შეძლონ ცვლილებები შეიტანონ საკუთარ პრაქტიკაში და ადეკვატურად გამოიყენონ შესაბამისი სტიმულები.

თანამედროვე პედაგოგიკურ დისკუსიებში ისმის შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს მოსწავლე? ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰომოგენური სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტებული მსგავსი ნიჭითა და სასწავლო უნარებით ფიქციაა და დარჩება ფიქციად. საგანმანათლებლო სივრცისთვის ბუნებრივია განსხვავებული თავისებურებები და მოთხოვნები სასწავლო პროცესში, რომელებიც სათანადოდ უნდა შეაფასოს პედაგოგმა და მიღებული მონაცემებით დაგეგმოს სასწავლო პროცესი. მოსწავლეთა ჰეტეროგენურ ბუნებაში გასათვალისწინებელი ფაქტორებია სწავლის სტილები, როგორც სწავლის, აგრეთვე სწავლების სტრატეგიები, ენობრივი კომპეტენციები.

ამ ნიუანსთა მაქსიმალური გათვალისწინებით შესაძლებელია პედაგოგიკური პრაქტიკის გაუმჯობესება და  სასწავლო მიზანზე ორიენტირებული სასწავლო შედეგების მიღება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ჯანაშია, ნ, იმედაძე, ნ, გორგოძე ს, განვითარებისა და სწავლების თეორიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008
  • Mccart, Luise Prior, Fünf Thesen des radikalen Konstruktivismus. In: Virteljahresschrift für wissenschaftliche Pädagogik, Stangl, 2019
  1. Siebert, Horts, Pädagogischer Konstruqtivismus –Eine Bilanz der Konstruqtivismusdiskussion für die Bildungspraxis. Neuwied: Luchterhand, 1999

 

 

 

თუ კი თქვენი მოსწავლე გაკვეთილზე მუდმივად ხატავს…

0

წლების წინ, მასწავლებლობა  ახალი დაყეწებული რომ  მქონდა, ერთი მოსწავლე მყავდა, მესამე კლასში, გოგო, რომელიც გამუდმებით ხატავდა და ჭრიდა გაკვეთილზე – ქართულზე, მათემატიკაზე, ხატვაზე, ბუნებისმეტყველებაზე. ხატავდა, აფერადებდა, ქაღალდისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა, აფორმებდა, აწებებდა.  იყო საშინლად არაორგანიზებული, არააკურატული, დაბნეული, უჭირდა ყურადღების მოკრება და კონცენტრაცია, თუმცაღა საოცარი რამეები გამოსდიოდა. ქაღალდისგან ნამდვილ შედევრებს ქმნიდა  – ულამაზეს ყვავილებს, ყუთებს, ადამიანებს, ცხოველებს, ხატავდა ისე, რომ გაოცებას ვერ დამალავდით. მისი ნახატები გამოირჩეოდა დეტალებისადმი ყურადღებით, ემოციურობით, ფერებით. ელენეს პერსონაჟებს საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ, სადღაც ჩვენი რეალობის მიღმა,  მათემატიკის რვეულის ბოლო გვერდიდან დაწყებულ სიცოცხლეს ქართულის რვეულში აგრძელებდნენ, ჰქონდათ თავგადასავლები, ჰყავდათ მეგობრები, ერქვათ სახელები.

თავიდან შევშფოთდი, რატომღაც ვღელავდი და მიმართული ვიყავი იქითკენ, რომ ყველა ბავშვს ჩემს გაკვეთილზე  ჩემთვის გაფაციცებით ესმინა და  ბოლომდე ჩართულიყვნენ აქტივობებში.

ვაძლევდი შენიშვნებს, ვუშლიდი ხატვას, ერთხელ სახატავი რვეული, ფურცლები, წებოები და მაკრატელი ავაცალე და ჩემს მაგიდაზე გადმოვაწყვე, რაც გოგონასთვის სტრესული აღმოჩნდა. გამებუტა, და ის გაკვეთილი ჩემთან ზურგშექცევით გაატარა.

შემდეგი ნაბიჯი მშობლების ჩართულობა იყო, ვესაუბრე მშობლებს და ვთხოვე ამ პრობლემის გადაჭრაში დამხმარებოდნენ. მშობლების საუბრის და ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ გაკვეთილზე ხელოვნებით არ დაკავებულიყო, ელენემ შეწყვიტა ხატვა, თუმცა გახდა სევდიანი, ნერვიული და, მართალი გითხრათ, არც აქტიურობითა და ჩართულობით არ გამორჩეულა. უფრო მეტიც, შევატყვე, რომ სკამს აწვალებდა, ტანსაცმელს ისრესდა და ბოლოს ქაღალდის დაქუცმაცება დაიწყო.

მოკლედ მივხვდი, რომ არ ვიქცეოდი სწორად, რაღაცას ვაშავებდი და შესაძლოა, ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოჩენილიყო როგორც ელენესთვის, ასევე ჩემთვისაც.

იმაზე დავფიქრდი, რომ ხშირად ჩვენს ქმედებას საფუძვლად ჩვენივე შიშები და მოლოდინი უდევს, წარუმატებლობას გავურბივართ და გვგონია, რომ თუ მოსწავლე გაკვეთილზე  ბევრად საინტერესო რამითაა დაკავებული, ვიდრე გაკვეთილია, მაშინვე განგაშის სიგნალი გვერთვება, ესე იგი, უინტერესო გაკვეთილი გვაქვს, ვერ დავგეგმეთ კარგად, პრობლემა ჩვენშია, არაკომპეტენტური ვართ, რაღაც შეგვეშალა და ასე შემდეგ. ამგვარი ფიქრები კი გარს ბნელი საბურველივით გვეხვევა, გონებას გვიბინდავს,  წარსულში დაშვებული ყველა პროფესიული შეცდომა ზედაპირზე ამოტივტივდება და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის ჩვენი თავისუფალი ნების შედეგი, არამედ შიშებისგან და ცრუ მოლოდინებისგან ნასაზრდოები გაუბედავი ქმედებებია.

გვეშინია, რომ ვიღაცების თვალში სუსტ მასწავლებლად არ ვიქცეთ;

ავტორიტეტი არ შეგველახოს;

არ გვისაყვედურონ წესების დარღვევის გამო;

თეორიების ჩარჩოებიდან არ ამოვვარდეთ და არ გავირიყოთ;

გვეშინია ქაოსის, ხმაურის, ჩურჩულისაც კი;

გვეშინია, რომ არათანმიმდევრული და უპრინციპო მასწავლებლის იარლიყს მოგვაწებებენ.

ვიღაცამ, სადღაც ჩვენ ზემოთ მდგომმა ან მჯდომმა, ფრიად სერიოზულმა და განათლების თეორიების უბადლო მცოდნემ არ მოგვახალოს: იცით, თქვენ ვერ მართავთ კლასს, ავტორიტეტს კარგავთ, იქნებ მეტი პრინციპულობა გამოგეჩინათ.

ან რომელიღაც მოსწავლის რომელიღაც მშობელმა არ გვისაყვედუროს, რომ მის შვილს წესრიგს ვერ აჩვევთ, რომ უფრო მეტი აკადემიურობა გვმართებს.

მასწავლებლის შიშები უსაზღვროა, ხანდახან მგონია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვეღარ ვზიდავ და მინდა, ამ პასუხისმგებლობისგან გავთავისუფლდე, სადღაც ჩამოვიფერთხო და ამოვისუნთქო.

ამ შიშებისგან თავის დასაღწევად ბევრი დრო არ დამჭირდა. ერთხელ როდესაც, ელენეს ტანჯვას ვუყურე, როგორ ცდილობდა გაკვეთილზე ჩუმად ეხატა, მივხვდი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი. ნელ-ნელა იმ რაღაცად ვიქცეოდი, რის აჩრდილსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი, და რის გამოც გადავწყვიტე მასწავლებელი გამოვსულიყავი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი, მივხვდი, რომ შიშები მართავდა ჩემს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.

ამიტომ, მივედი ელენესთან და ყურში ჩავჩურჩულე:  რა ლამაზად ხატავდა და რა ნიჭიერი იყო. გოგონას გაუკვირდა, შერცხვა. ვთხოვე, რომ იქნებ იმის ილუსტრაცია დაეხატა, რასაც ახლა ვკითხულობდით. ელენე დამთანხმდა და დიდი სიხარულით შეუდგა მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს კი გასაოცარი ნამუშევარი მაჩვენა, ორიგინალური ხედვითა და ფერებით შესრულებული.

ასეთი დიდი მასწავლებლური ბედნიერება მე არ მახსოვს, როდესაც საკუთარ თავთან და სინდისთან პირნათელი ვიყავი. გადავწყვიტე, ბოლომდე შემეცვალა ელენესთან მიდგომა. მათემატიკის გაკვეთილზე ვთხოვდი, რომ ამოცანები დაეხატა, ქართულზე ილუსტრაციებსა და კომიქსებს მიხატავდა, დავალებებსაც ინდივიდუალურს ვურჩევდი და მოთხრობების გაგრძელებებს ან ხატავდა ან ქაღალდებისგან დიორამებს ქმნიდა. შემდეგ კი კლასის წინაშე წარადგენდა ხოლმე. საუბრობდა, რატომ დახატა რომელიღაც პერსონაჟი ქერათმიანი, რატომ გადაწყვიტა კაბის მაგივრად შარვალი ჩაეცვა, როგორ ასახავდა პეიზაჟი პერსონაჟის განწყობას და ასე შემდეგ. ამგვარმა მიდგომებმა მე და ელენეს შორის, საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. რატომღაც თავს ვალდებულად თვლიდა ჩემთვისაც გაეგო და ზოგიერთი ისეთი დავალება შეესრულებინა, რომელიც თავად დიდად არ მოსწონდა. საბოლოოდ სემესტრის ბოლოს მისი ნამუშევრების გამოფენა მოვაწყვეთ და მშობლებს უკვე პირდაპირ ვურჩიე ეზრუნათ ელენეს ნიჭის განვითარებაზე, რომ ის ნამდვილი შემოქმედი იყო და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებდა. მშობლებმაც მგონი თავიდან აღმოაჩინეს საკუთარი შვილი, უხაროდათ და სიყვარულით უცქერდნენ მის ნახატებს. რომლებიც შემდეგ ჩარჩოში ჩასვეს და სახლში, საპატიო ადგილზე გამოფინეს, რითაც ელენე ძალიან ამაყობდა.

ამ ამბავმა, ელენეს პრობლემური ქცევები საბოლოოდ აღმოფხვრა და სულ რაღაც ერთ წელიწადში სულ სხვა ადამიანად აქცია, თავისუფალ, კრეატიულ და ზრდილობიან გოგონად, რომელიც მუდამ თვალებში შემომციცინებდა და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. გარდა ამისა, ელენე საკუთარ ნამუშევრებს გულუხვად ურიგებდა კლასელებს, თუკი ვინმეს სასაჩუქრე ყუთი ან ბარათი დასჭირდებოდა, გოგონა მუდამ მზად იყო, დაემზადებინა  მისთვის.

მზამზარეული თეორიებითა და წესებით შედეგს ვერ მივაღწევთ, თუკი ეს ყველაფერი ჩვენი გულიდან არ მომდინარეობს. ხანდახან წესების დარღვევით ბევრად მნიშვნელოვან რამეს ვუდებთ საფუძველს, ვიდრე ყოველდღიური რუტინა და მოწესრიგებულობაა. მთავარია, გავაცნობიეროთ, რა გვინდა ჩვენ, როგორები გვინდა ვიყოთ ჩვენ და როგორი მოსწავლეები გვყავდეს.

ახლა, თქვენ თავად დაფიქრდით, რა მოხდებოდა, მე რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ მიმეღო. უკვე გარდატეხის ასაკში ალბათ ელენე მძაფრად გააპროტესტებდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ ძალიან ბევრ ადამიანს ეტკინებოდა გული. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც ჩვენ მასწავლებლები დაწყებით საფეხურზე სწავლებისას ვიღებთ, წარმოიდგინეთ რამდენი რამის შეცვლა შეგვიძლია და რამხელა ძალაუფლებაა ჩვენს ხელში. განვსაზღვრავთ და ვქმნით მომავალს, ვაყალიბებთ ადამიანებს და ვანიჭებთ, ყველაზე დიდ ბედნიერებას – საკუთარი თავის შეცნობას, ვაძლევთ განათლებას და უფრო მეტსაც: თავისუფლებას – განათლება ხომ თავისუფლებაა.

 

 

მუზეუმში გადატანილი მეცნიერება

0

რამდენიმე წლის წინ მანჩესტერში სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფნისას, მონაწილეები  ორ ღონისძიებაზე ერთდროულად  მიგვიწვიეს.  ეს  ცუდიც იყო და კარგიც. კარგი იყო, რადგან ორივე ქიმიას ეხებოდა. ცუდი კი ის გახლდათ, რომ ღონისძიებები  ერთმანეთს ემთხვეოდა. ერთი ლუდის ქიმიური კუთხით განხილვა იყო,  განსახილველი პროდუქტის უამრავჯერ დაგემოვნებით. მეორე კი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაგეგმილი „ქიმიური შოუ“. ლუდის მოყვარულებთან უკაცრავად და პირდაპირ შოუსკენ გავემართე.

ქიმიის, ე.წ. შოუდ ქცევის იდეა ჰამფრი დევის და მაიკლ ფარადეის დროიდან მოდის. დიახ, სწორედ ეს ორნი თავის სტუდენტებთან ერთად საღამოობით ოპერის თეატრში საჯარო ექსპერიმენტებს მართავდნენ. ბილეთები ამ წარმოდგენაზე საკმაოდ ძვირი ღირებულა, დარბაზში კი ტევა არ ყოფილა. შემდეგ, ქიმიკოსებს უფიქრიათ, რომ ქიმიის მშვენიერება მხოლოდ რჩეულთა (ანუ, ბილეთის მყიდველთა) ხვედრი არ უნდა ყოფილიყო და რამდენიმე თვეში ერთხელ წარმოდგენებს პირდაპირ ქუჩაშიც აჩვენებდნენ, სადაც ყველას შეეძლო დასწრება და სადაც ასევე არ იყო ტევა.

დროის შემდეგ პერიოდში რა ხდებოდა, არ ვიცი. თუმცა მეოცე საუკუნეში ეს ტრადიცია გაიხსენეს და ვარშავაში 1997 წლის 14 ივნისს პირველი სამეცნიერო პიკნიკი მოაწყვეს, რომელიც დამკვიდრდა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მათ შორის საქართველოშიც, სადაც ბოლო წლებია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით პიკნიკი იმართება და უამრავი მონაწილე და დამთვარიელებელი ჰყავს.

რა გამოდის? სამეცნიერო პიკნიკი დევის და ფარადეის ქუჩის ქიმიური ჩვენებების გაგრძელებაა. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ აქ თითქმის ყველა მეცნიერებაა წარმოდგენილი.

კიდევ უფრო ადრე, 1986 წელს იტალიაში La Sapiensa-ს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კორპუსში ქიმიის მუზეუმი დაარსდა. ძველი აპარატურა, ჭურჭელი, 50-60-იანი წლების რეაქტივები ძალიან საინტერესო დიზაინის ფლაკონებში. ამავე წლების პერიოდული ტაბულა და უამრავი ქიმიური შინაარსის პლაკატი, ყველაფერი აქ არის თავმოყრილი. სწორედ, ამ ძველ პლაკატებში აღმოვაჩინე წიგნი, სადაც Storm glass-ის, იგივე ფიცროის ბარომეტრის დამზადება ეწერა (იხ. https://mastsavlebeli.ge/?p=4134). მუზეუმის დანიშნულებაა, აჩვენოს მეცნიერების განვითარების გზა. კვირაში სამჯერ აქ სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობენ, რომლებსაც სხვადასხვა თემაზე საგანმანათლებლო ლექციებს უკითხავენ.

თემები თვეში ორჯერ იცვლება. მუზეუმის შემდეგ მოსწავლეები ზედა სართულებზე ულტრა თანამედროვე ლაბორატორიებში გადაყავთ, რათა უფრო მკვეთრად აჩვენონ ქიმიის განვითარების გზა. დღეს იტალიაში ასეთი მუზეუმების მთელი ქსელი არსებობს.

თუმცა…

მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოდნავ სხვანაირი მუზეუმებიც გამოჩნდა. აქ ყველაფერი ერთად არის: სახალისო ექსპონატები, ქიმიური შოუები, შემეცნებითი ლექციები, კვლევაზე დაფუძნებული მასტერ-კლასები და უბრალოდ კედელზე მიწერილი სახალისო ინფორმაციები. როგორც დავწერე, ასეთი ბევრ ქვეყანაშია, მაგ. ბერლინის „სპექტრუმი“, სადაც უზარმაზარ შენობაში რამდენიმე სართული სახალისო მეცნიერების ექსპონატებს უჭირავს. თუ ჩვეულებრივ მუზეუმში ხელით არაფერს უნდა შეეხო, აქ შეგიძლია ყველაფერი აბზრიალო და თავად გამოსცადო შენი ცოდნა მათზე. მიმართულება ფიზიკა-ინჟინერია გახლავთ. ვარშავის „კოპერნიკის ცენტრი“ – ესეც უზარმაზარი შენობაა და აქაც სახალისო მეცნიერება უამრავ სართულზე გადაჭიმულა. სახელდახელოდ მოწყობილ  სივრცეებში ქიმიურ შოუებსაც დაესწრებით, ხოლო ქიმიის სპეციალურ ლაბორატორიაში კვლევითი სამუშაოს დაგეგმვაშიც დაგეხმარებიან და… იქვე შენი ხელით გაზომავ, აღმოაჩენ, გამოთვლი…

მეზობელი თურქეთის  თითქმის ყველა ქალაქში სახალისო მეცნიერების მუზეუმია, თუმცა სახელი განსხვავებული აქვს: მეცნიერების და ექსპერიმენტების ცენტრი. ცენტრებს ქალაქის მუნიციპალიტეტი პატრონობს  და აფინანსებს. გარდა ამისა, უამრავი დონორი ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც აქ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. თითოეულ ქალაქში არსებული ცენტრი სპეციფიკურია. ზოგან ფიზიკაა მთავარი, ზოგან ქიმია, სხვაგან ბიოლოგია. თუმცა, ყველგან მაინც აქტივობებს ყველა მეცნიერებიდან ატარებენ. საერთო ის აქვთ, რომ ცენტრებთან ყოველთვის  ფუნქციონირებს, ე.წ. კოსმოსის სახლი.

საქართველოში რა ხდებაო, გაიფიქრებთ…

საქართველოში ასევე არის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი და სხვებისგან განსხვავებული სახელი – ექსპერიმენტორიუმი ჰქვია. აქ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იდეა ერთდროულად ხორციელდება. მუზეუმია და ექსპონატები აქვთ, ოღონდ სახალისო-სამეცნიერო.  სხვა, ჩვეულებრივი მუზეუმებისგან განსხვავებით, აქ ხელით უნდა შეეხოთ ყველაფერს, თუ საჭიროა გაეთამაშოთ და სულაც ერთი კარგად შეუყვიროთ, რომ თქვენივე ხმის სიძლიერე გაზომოთ.

კედლები ინფორმაციას გვაწვდიან? დიახ, უბრალოდ წაკითხვა არ უნდა დაიზაროთ. ყველგან წარწერებია, რომ თურმე…

– დედამიწის ქანების 0.67% მარსული წარმოშობისაა…

– ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს…

– ადამიანის დნმ 50% იმეორებს ბანანის დნმ-ს.

ჰამფრი დევის და მაიკლ ფარადეის იდეა, „ქიმიური შოუ ქიმიის პოპულარიზაციისთვის“, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცენტრსა თუ მუზეუმშია. შოუებს ესქპერიმენტორიუმშიც ნახავთ. როგორ შოუს? ცხელს, ამაღელვებელს, ოდნავ ჯადოსნურს, დამახასიათებელი სუნით, მომნუსხველს და დამაფიქრებელს. დიახ, ყველაფერი დევის სიტყვებს ემთხვევა:

„- ქიმია როგორია? ცხელი, ამაღელვებელი, ჯადოსნური, სუნიც იგრძნობა… თუმცა, გნუსხავს და გაფიქრებს!…“ (ჰამფრი დევი).

მესამე კომპონენტი დარჩა – „სწავლა კეთებით“  ან „მეცნიერება კეთებით“. ეს, ე.წ. მასტერ-კლასებით ხორციელდება. ასეთი მასტერ-კლასები ყველა მსგავს ცენტრსა თუ მუზეუმშია. აზრი ის გახლავთ, რომ სანახაობა გხიბლავს, გიზიდავს, მაგრამ შესწავლისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, სანახაობას აზრიც უნდა მიაყოლო. კოლბაში რატომ წარმოიქმნა ლურჯი და არა იისფერი. აი, ჩაი, რომ დიდხანს დააყოვნოთ, შეიმღვრევა… რატომ?

ჩაიზე გამახსენდა. სწორედ ამ სასმელს ეძღვნებოდა მასტერ-კლასი, რომელიც ორი ქვეყნის მასწავლებლებისთვის ჩატარდა. ერთი თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირის მეცნიერების ცენტრში, მეორე კი ექსპერიმენტორიუმში. შეხვედრები სწორედ მასწავლებლებისთვის იყო, რათა შემდეგ შეთავაზებული ცდები უკვე გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად გაეკეთებინათ და მოსწავლეებს აღმოეჩინათ, რომ ქიმია ყველგან, მათ შორის, ჩვენს სამზარეულოშიც არის. თემის სახელწოდებაც ამასვე ამბობდა -„ქიმია ჩვენი სამზარეულოდან“.

ჰო, ჩაი დაყოვნების შემდეგ ტანინის შემცველობის გამო მუქდება. უფრო ქიმიურად, რომ ვთქვათ, ტანინის დაჟანგვის გამო. ჩაიში ტანინი როგორ აღმოვაჩინოთ?

კონტრასტისთვის ავიღოთ მწვანე და შავი ჩაი. დავამატოთ რკინის (III) ქლორიდის  ნაჯერი ხსნარი. ჩაიში მუქი ლურჯი შეფერილობა განვითარდება, რაც განსაკუთრებით მწვანე ჩაიში შეინიშნება კარგად.

იგივე ტანინი ინდიკატორიც არის. შესაბამისად, ჩაი ინდიკატორის თვისებებსაც ითავსებს. ახლა ოთხი ჭიქა ავიღოთ – ორი შავი და ორიც მწვანე ჩაის ნაყენით. შავ და მწვანე ჩაიში ჩავწუროთ ლიმონი, მეორე ორ ჭიქაში კი  ნატრიუმის კარბონატის მცირე რაოდენობა ჩავყაროთ. ლიმონის შემთხვევაში, თავადაც იცით, ჩაი გაღიავდება. რატომ? ლიმონში ლიმონმჟავაა, მჟავა არეში კი ტანინი ღიავდება. იქ, სადაც საჭმელი სოდაა ჩაყრილი, ჩაი გამუქდება. რატომ? ტუტე არეში ტანინი მუქდება.

ტანინისგან ადრე მელანს ამზადებდნენ. ეს რეცეპტი ჯერ კიდევ ავიცენას აღუწერია თავის სამედიცინო ტრაქტატში. ოღონდ, ავიცენა ჰალის კაკლებს (იგივე რკოს) იყენებდა ტანინის გამოსაყოფად და მასზე FeSO4-ის დამატებით  მელანს ამზადებდა. რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არ იყო. მელნის დამზადება საფეხურებრივი და შრომატევადი პროცესი გახლდათ. თუმცა, თუ ჩაის FeSO4-ს ჩვენც დავამატებთ, წარმოქმნილი მუქი ფერი გვამცნობს, რომ მელნის დამზადების სწორ გზაზე ვდგავართ.

კიდევ ერთი მასტერკლასი წყალს შეეხებოდა. არც არის გასაკვირი, რადგან 21-ე საუკუნეში, ის რასაც ლეონარდო და ვინჩი „სიცოცხლის საწყისს“ უწოდებდა, უმოწყალოდ ბინძურდება. გარემოს ქიმიის მკვლევარმა გარი ვანლოონმა წყალს „დედამიწის სისხლი“  უწოდა.

სხვა აქტივობებთან ერთად, “დედამიწის სისხლში” რამდენიმე მეტალის იონის აღმოჩენაც  ვცადეთ:

რკინა (II) აღმოჩენა

კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატი მჟავა არეში რკინის იონთან წარმოქმნის ცისფერიდან – მუქ ლურჯამდე შეფერილობას.

5 მლ. საკვლევ წყალს დაამატეთ გოგირდმჟავას 2-3 წვეთი და რეაქტივის 2-3 წვეთი.

 

ბარიუმ (II) აღმოჩენა

5 მლ. საკვლევ წყალს ვამატებთ კალიუმის ბიქრომატის ხსნარის  2-3 წვეთს.  ბარიუმით დაბინძურების შემთხვევაში, წარმოიქმნება მოყვითალო შეფერილობა.

ტყვიის იონების აღმომჩენი რეაქცია

5 მლ. საკვლევ წყალს  ვამატებთ რამდენიმე წვეთ ძმარმჟავას და  კალიუმის იოდიდის ხსნარს. განვითარდება ყვითელი შეფერილობა.

 

 

ვერცხლის იონების აღმოჩენა

აღმომჩენად გამოიყენება კალიუმის დიქრომატი; წარმოიქმნება აგურისფერი ნალექი Ag2CrO4. ნალექი აზოტმჟავასთან და ძმარმჟავასთან სხვადასხვა შეფერილობას წარმოქმნის.

ამჯერადაც, ყველაფერი ჰამფრი დევის „სცენარით“ წავიდა და ჩვენი ქიმია იყო ცხელი, ამაღელვებელი, ჯადოსნური, სუნიც იგრძნობოდა… თუმცა, გვნუსხავდა  და გვაფიქრებდა…

 

 

 

სათარიღო(დ) ლექსები

0

წერილი პირველი – 25 თებერვალი

წინასწარმეტყველება სულ არ გვჭირდება და არც ნიჭი და მონაცემები არ არის საჭირო, რომ გამოვიცნოთ, ამა თუ იმ თარიღს როგორ შეხვდება ქართველი ფეისბუქმომხმარებელი. ასეთ დღეებში სოციალური ქსელების მოყვარულნი დიდიან-პატარიანად ერთსა და იმავე ლექსებიდან ერთსა და იმავე სტრიქონებს აზიარებს. მაგრამ ყველაზე თანმიმდევრული საზოგადოება მაინც ორ დღესაა და, შესაბამისად, ამ ორ დღეს უმეტესად ორი ლექსი ზიარდება: გაზაფხულის შემოსვლას მურმან ლებანიძის სტრიქონები გვამცნობს, ხან სხვადასხვა მომღერლისა თუ ანსამბლის ნამღერით და ხანაც მუსიკის გარეშე დადებულ ლექსად, ხოლო 25 თებერვლის გათენებას კოლაუ ნადირაძის ლექსად ამოთქმული სიტყვები არ გვავიწყებს. გასახარია, როცა ხედავ, როგორი წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშაა ერი, როგორ ჩაბეჭდვია მას გონებაში დაუვიწყარი სტრიქონები, რამდენად იზიარებს პოეტთა სულისკვეთებას და ადეკვატურად ეხმიანება ისტორიულ თუ სხვამხრივ გამორჩეულ თარიღებს. მაგრამ დასანანია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ ახსოვს ან არც კი იცის, რომ მარტო ეს პოეტები არ ეხმაურებოდნენ ღირსშესანიშნავ მოვლენებს და ამა თუ იმ ამბავს სხვა არანაკლებ საინტერესო სტრიქონებიც მიეძღვნა. ამიტომაც, მგონი, კარგი იქნება, თუკი ლიტერატურის მასწავლებლები გამოვიყენებთ ისტორიულ თარიღებს და თითო გაკვეთილს დავუთმობთ იმ ლექსების მიმოხილვას, რომლებიც კონკრეტული ისტორიული ფაქტის გამოძახილია. რატომ არ უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა, რომ 1921 წლის თებერვლის დღეებს გულგრილად არ უყურებდნენ ჩვენი პოეტები და წავუკითხავთ შემდეგ ლექსებს: საბედისწერო დღე გვაუწყა სიონის ზარმა /, ჰამლეტ, ჰამლეტ, გადააგდე ხმალი სასწორში. /მუზების პარნასს მე ვარჩიე ბნელი ყაზარმა, /გუშაგად მივალთ, ერო ჩემო, შენს ველმინდორში. /თოფის წამალი მომენატრა მუშკის მოყვარულს, /ვინ ნახეთ ხმალი ამომეღოს ერთხელ ქარქაშით. /გულში ვატარებ სასოებას სხვისთვის, დაფარულს, /მივდივართ ბრძოლად განწირული ყორნისფერ რაშით. /და მელანდება მე ასპინძა, კრწანისის ველი, /„ჰაუ“ მივჰყივი მამაპაპათ უკვდავ აჩრდილებს, /„დიდ ბატონო“, მოგვაშველე ეგ მკვდარი ხელი, /ნუთუ დასტოვებ უპატრონოდ შენ ერთგულ შვილებს? /მინდა მოვუხმო ამერიმერთ, ერთგულ ხევსურებს, /ამიშვით, ძმებო, ჩამოვრეკო მეტეხზე ზარი, /დღეს ჩვენთან მოვა, ქართლის დაცვას ვინც მოისურვებს, /სადღაა, ვამბობ, სააკაძე ქართლის ცეზარი? /ჰხამს მომაკვდავი მამულისთვის ცეცხლს ეზიაროს. /ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს! /სჯობს მტრად მოსულმა ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს, /ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს!  ეს ლექსი 1921 წლის 18 თებერვალს დაწერა კონსტანტინე გამსახურდიამ და მიუძღვნა ქართულ არტილერიას. მასში უამრავი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული, დახუნძლულია ალუზიებით და მათი გახსნა გაკვეთილზე საინტერესო დისკუსიის წინაპირობაა. 1921 წელსაა დაწერილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „25 თებერვალი“: რა საჭიროა რყევა და მოცდა, /ტფილისო, აღსდგა შენს სამტროდ ხალხი, /და იალღუჯის მთით ჩამოცოცდა, /რომ თეთრ გიორგებს ჩააცვას თალხი. /ამ გიაურებს, მშიერთა ურდოს, /ვაჭამოთ ტყვია ნაჭიკჭიკარი, /და რომ არავინ აღარ გაგვქურდოს, /მკვდრებით ავავსოთ ქალაქის კარი. /იბრძვიან ჩვენი ცეცხლის მხედრები, /ახალგაზრდებო, დროშას შეჰფიცეთ, /რომ ერთი რიგირ თუ დამარცხდება, / მეორე სიკვდილს დაუცდის მტკიცედ. თუ არა ვცდები, სწორედ ამ ლექსში შემოიტანა თალხით შემოსილი წმინდანის სახე პირველად პოეტმა, გადაიყვანა მოწამე წმინდანთა რიგებში ბრძოლის ველზე დაცემული გმირები და ამით საფუძველი ჩაუყარა ხაზს, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს 1921 წლის თემატიკაზე შექმნილ პოეზიას, ისევე, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ დადუმებული ზარების ჩამორეკვის და განგაშის ატეხვის მოტივი აახმიანა ამ ციკლის ლექსებში. 1921 წელსაა დაწერილი გიორგი ლეონიძის ეს უსათაურო ლექსიც: გახსოვს, ტაბახმელავ, /ბრძოლები გმირული, /და მკერდი მრავალის /შენთვის განგმირული. /ქალებო, შეამკეთ /მათი საფლავები, /საქართველოსათვის /ვინც დადეს თავები.  იოსებ მჭედლიშვილის ლექსიც „არ დაგვივიწყოთ“: თუ ჩვენი დროშა ძირს არ დაეცა. /მთის მწვერვალს შეჰრჩა ქებად მაღალთა /და საუკუნო ძღვნად გადაეცა /თავისუფლების მომავალ ძალთა; /თუ შეგეღიმოთ ბედით ბაგენი, /ახალი მზის ქვეშ ცხოვრება იწყოთ, – /ჩვენც მოგვიგონეთ მის მოწამენი /არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ! /თავისუფლების ტკბილ გაზაფხულზე, /ფშატმა რო გასცეს ნაზი სურნელი, /როს ნორჩმა მწვანემ საფლავთა გულზე /განკურნოს სევდა განუკურნელი; /როს დაგემკვიდროთ სითამამენი, /თავისუფლება უხვად მიიწყოთ, /ჩვენც მოგვიგონეთ მის მოწამენი /არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ! /არ დაგვივიწყოთ და თან იცოდეთ, /არც თქვენზე ნაკლებ ვეტრფოდით მზესა /და თუ სიცოცხლეს სიკვდილით ვცოდეთ, /თავისუფლება გვთხოვდა იმ დღესა. /და თუ შეგემკოთ ღიმით ბაგენი, ახალი მზის ქვეშ ცხოვრება იწყოთ, /ჩვენც მოგვგონეთ მის მოწამენი /არ დაგვივიწყოთ! არ დაგვივიწყოთ!  (ყველა ეს ლექსი ამ საიტიდან გადმოვიტანე:  https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=809&fbclid=IwAR2LWz8Ahax9ux5fvH3dx-YATNR4uJBo5SiW15nZVhZIjDcwt9lVM5mz498 )

1921 წლის თებერვლის მოვლენებზე დაწერილი ანტისაბჭოური ლექსების პარალელურად, კარგი იქნება, თუკი ჩვენს მოსწავლეებს მეორე მხარესაც დავანახებთ, ანუ იმ პოეტთა ლექსებსაც გავაცნობთ, რომლებიც აღფრთვანებულები იყვნენ საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლით, მაგალითად, ნოე ზომლეთელის („საქართველო 25 თებერვლით“) და სანდრო ეულის ლექსებს: წითელი ჩოხით /შეიმოსე, /ბეჭში დამშვენდი /და ოქტომბრის მზის /მიდამოზე /ჯავშანს აფენდი… /შენს მკლავში /სულ სხვა ძალა ჩადგა, /უკმეხი, ურჩი, /ხელში /სხვა ძლევით არაკრაკდა /გრდემლზე ჩაქუჩი, /და გაიჭედა, /გაიკვართა /სულ სხვა ნამგალი: /სათიბმა, /ხნულმა გაიმატა, /ზღვად სდგას /სამკალი!.. /ცაც სხვა გადმოდგა, /საკვირველი, /უკიდეგანო… /ძმად შეგეფიცა, /ხელში ხელით, /ყველა ბოგანო. /ჯავშნის რიგებად /დაირაზმეთ, /დუღაბის ზღუდეთ, /გზებს უკრავთ წარსულს /და თავს აღწევთ, /რაც კია მრუდეთ!.. /და ევლინებით /ამ ქვეყანას, /ვით სასწაული! /მზის სიხალისე /შრომა ყანას, /ქოხს სამკაული; /ქალაქს ზაჰესი, /რიონჰესი, /სოფელს /ტრაქტორი! /გაქვს ხელში /მტკიცედ ყოფნის წესი, /მისი სასწორი, /რომ დაჰკრა /ძველის ღობეყორეს /და გააუქმო!… /-მშრომელთ დიდება! /მუქთახორებს /არც ერთი ლუკმა!… „თებერვლის ღამე და გათენება“ (სანდრო ეული): ჩრდილოეთიდან ოქტომბერი დიდხანს გვიმზერდა /და თორმეტ თვეში არჩევანი ერგო თებერვალს, /რომ წითელ დროშით, ხელში თოფით აოქტომბერდა /და ხელი მისცა თბილისიდან მოსკოვს, ლენინგრადს.

როდესაც 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე შექმნილ პოეზიას გავიხსენებთ, არ უნდა დავივიწყოთ იოსებ გრიშაშვილის ლექსის საინტერესო ბიოგრაფიაც. რამდენ ჩვენგანს აქვს  არასწორად გაზეპირებული ეს სტრიქონები: სიზმრად ვნახე, საქართველო /სისხლის ზღვაში ბანაობდა, /დაფლეთილი ჩვენი დროშა /კოჯრის თავზე ქანაობდა… ან კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა, /კვინიტაძის ზარბაზნები / ისროდა და გრიალებდა… მოასმენინეთ მოსწავლეებს ამ ძნელადდასავიწყებელ სტრიქონებზე აჟღერებული არაჩვეულებრივი სიმღერა youtube-ზე და აუხსენით, რომ სინამდვილეში ლექსი იოსებ გრიშაშვილმა ბევრად უფრო ადრე დაწერა და ის სხვანაირად ჟღერდა, იქვე არც პაატა ნაცვლიშვილის წერილი დაგავიწყდეთ, რომელსაც დაუდგენია ლექსის შექმნის თარიღი – 1912 წელი (https://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=4295&fbclid=IwAR1oBHgDFzZxj0TrXwq_HtNhQC0ibtEdAc61GzBnim-QVrVLmm85ZuNIZR0 ). რა უცნაურია, რომ 1912 წელს დაწერილი ლექსი-სიზმარი არაერთხელ აუხდა წინასწარმეტყველებასავით ქართველ ერს. გრიშაშვილი ლექსში არც კოჯორს ახსენებს და არც კვინიტაძეს, მაგრამ ის ტრაგიზმი, ის შემზარავი განცდა და სულისკვეთება თითქოს იდეალურად ასახავდა 1921 წლის მოვლენებს და ამიტომაც ხალხმა ბუნებრივად შეცვალა მასში სიტყვები და ასე გაჩნდა ლექსში სულ სხვა სიტყვები: სიზმრად ვნახე საქართველო /სისხლის ზღვაში ბანაობდა /და დროშა კი დაფლეთილი /ქარის ფრთებზე ქანაობდა. /და მეც ვითომ ღრუბლებიდან /დავყურებდი იმ ნაპირებს, /სადაც ნაშთი ჩაჰხვეოდა /მკერდგაპობილ მებრძოლ გმირებს; /დავყურებდი ძველ მონასტრებს, /ძველ აკლდამებს წინაპართა, /სადაც ერმა ივერიის სისხლის /დროშა ზე აღმართა, /და ვფიქრობდი: ნუთუ ხალხი /ისე დაჭკნა და დაკნინდა, /რომ სხვას მიაქვს ჩვენი სულის /სიამაყე, წმიდათ წმიდა?!  იმეორებს ქართული პოეზიის ტრადიციას – სიზმრად ნახვას და სიზმრებით წინასწარმეტყველებას. გავიხსენოთ სიზმრები აკაკისთან „თორნიკე ერისთავში“, ვაჟასთან „ბახტრიონში“… შემდეგ უკვე ისტორიულმა რომანმაც აითვისა და დაამუშავა სიზმრების თემა (მაგ. გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელა“). სიზმარს მოლოდინის და განწყობის შექმნა შეუძლია, თუმცა ისიც ვიცით, რომ სიზმარი პოეტური ფანტაზიაა და ხშირად მასში უკვე მომხდარი ალეგორიულადაა ასახული. იოსებ გრიშაშვილის ლექს-სიზმარში რამდენიმე ათეული სიტყვაა, მაგრამ ის ძალზედ შთამბეჭდავია, განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს. თითქოს სტრიქონები არც ისე დატვირთულია მხატვრული სახეებით, მაგრამ ის, რაც არის, საკმარისია უძლიერესი გრძნობების გამოსაწვევად: სისხლის ზღვაში მობანავე საქართველო და დაფლეთილი დროშა მარტოდ დარჩენილი ქვეყნის სიმბოლოა, თუკი მანამდე მობანავე ქალის სახეებს ქმნიდა მითოლოგია და ლიტერატურა, ამ ლექსში პოეტმა მას ჩაანაცვლა ქვეყანა, რომელიც, როგორც ჩანს, ტრადიციის თანახმად, მდედრობითი სქესის უნდა იყოს. ქალი, რომელიც წყალში ბანაობს დაუცველია, ასევე დაუცველია სამშობლოც, მაგრამ შემდეგი სტრიქონებიდან ჩანს, რომ ის მაინც ამაღლებულია, დროშა, რომელიც სამშობლოს სიმბოლოს წარმოადგენს, ძირს კი არა, ზევით ფრიალებს, ამიტომაც ქვეყანა დამარცხებულიც კი ამაღლებულია. ამ ამაღლებულის განწყობას ქმნის თუნდაც დაფლეთილი, მაგრამ მაინც ზეაღმართული დროშა. მიუხედავად იმისა, რომ ლექსში ერთხელაც არ არის ნახსენები წმინდა გიორგი ან ღვთისმშობელი, არ შეიძლება, მკითხველს თვალწინ არ დაუდგეს ისინი. ერთიც და მეორეც, მკითხველის გონებაში ამოტივტივდება, როგორც მფარველები, როგორც დროებით დასაცავები და დროებით დამარცხებულები, მაგრამ იმავდროულად, როგორც სიკვდილით სიკვდილზე გამარჯვებულები.

ახლა, რაც შეეხება ჩვენში პოპულარულ კოლაუ ნადირაძის ლექსს. „25 თებერვალი“ ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას ჩვენგან და არა იმიტომ, რომ ის ყველაზე ხშირად ზიარდება ფეისბუქის საშუალებით, არამედ იმიტომ, რომ ის დახუნძლულია მხატვრული საშუალებებით და ის, როგორც უცხო ტექსტი, შესანიშნავად დაგვეხმარება მოსწავლეების მომზადების თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტგაზეთში შარშან ნონა კევლიშვილის ნამდვილად კარგი წერილი დაიბეჭდა, მაინც საჭიროდ მივიჩნიე, კიდევ ერთხელ საგანგებოდ განვიხილო კოლაუ ნადირაძის შედევრი, რადგან მიმაჩნია, რომ მასზე კიდევ უფრო მეტის თქმა შეიძლება.

როდესაც გაკვეთილზე ისტორიული თარიღის აღსანიშნავად გასაანალიზებლად შევიტანე ე.წ. სათარიღო ლექსი „25 თებერვალი“, დისკუსიისას რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა. სანამ ავტორის მთავარ სათქმელამდე მივიდოდით, შეკითხვების საშუალებით გეზს ვაძლევდი მოსწავლეებს. შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, ჯერ კი გავიხსენოთ ლექსი: თოვდა და თბილისს ებურა თალხი, /დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, /ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი, /საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი /ისევ გოლგოთა და ისევ ცრემლი! /მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, /ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, /არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! /თოვდა და თბილისს ებურა თალხი, /დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. /დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, /მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, /ეფინებოდა გმირების გვამებს /განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს /და უძრავ იყო თებერვლის ღამე. /თოვდა და თბილისს ებურა თალხი /დუმდა სიონი და დუმდა ხალხი /იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები, /სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, /სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, /მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი. /სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, /თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, /წითელი დროშით, მოღერილ ყელით, /თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით /შემოდიოდა სიკვდილი ცელით! /თოვდა და თბილისს ებურა თალხი, /დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

პირველი, რაც ლექსის ანალიზისას უნდა ვკითხოთ მოსწავლეებს, არის ის, შენიშნეს თუ არა, რომელი სტრიქონები მეორდება რამდენჯერმე. მათ უნდა დაინახონ, რომ რვა ტაეპიდან პირველი ორი გამეორებულია ჯერ ექვსი, შემდეგ ხუთი და ბოლოს ცხრა ტაეპის შემდეგ, შესაბამისად, ლექსს კრავს ორი სტრიქონი, რომელიც შუა ნაწილშიც ორჯერაა. ცხადია, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის და ლექსში გამეორებულ სტრიქონებს გარკვეული დანიშნულება აქვს.

ცხადია, როგორც კი ამოიცნობენ გამეორებულ ტაეპებს, მოსწავლეებს უნდა განემარტოთ, თუ რა არის რეფრენი, მაგრამ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ. უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ, რომელი სიტყვები აირჩია პოეტმა რეფრენად და რატომ, რის თქმას ცდილობს ავტორი და რაზე გაჰყავს მას რეფრენის საშუალებით მკითხველი? რა აზრი აქვს რამის ამოცნობას, თუკი შემდგომ არ დავსვამთ კითხვას „რატომ?“. თუკი მოსწავლეებს პასუხის გაცემა გაუჭირდებათ, მათ შემდეგი შეკითხვები უნდა დავუსვათ: რა ფერია თოვლი? რას ნიშნავს თალხი? როგორ დაუპირისპირდა ეს ორი სიტყვა ერთმანეთს? ვის ახურავს თალხი ცხოვრებაში? ამ ლექსში? როგორ უნდა დავაკავშიროთ მგლოვიარე ქალი თბილისს და თუ დავაკავშირებთ, ვინ იქნება ეკლესიის დადუმებული ზარების ფონზე ეს თალხითმოსილი ქალი? თოვლით დაფარვა რისი მომასწავებელია? დაფარავს თუ არა თოვლი კვალს? რა თვისება აქვს თოვლს? როცა გადნება, ისევ გაშიშვლებდა თუ არა ის, რაც მან მანამდე დაფარა? რას უნდა ნიშნავდეს, რომ თოვლი გაყინავს იმას, რასაც დაედება (პასუხში ყველა „ის“ „იმას“ და სხვა ნაცვალსახელი უნდა შეიცვალოს კონკრეტული არსებითი სახელით)? იგრძნობა თუ არა რეფრენში ოპტიმიზმი? რომელი სიტყვები ქმნის მცირე ოპტიმიზმის საფუძველს? რას გვამცნობს დუმილი? როდის დუმდება ეკლესიის ზარი? როდის უნდა რეკდეს ზარი და სად რეკს ზარი, რის ნიშნად? თუკი ხალხის დუმილი გაოგნების, უძრაობის და გაქვავების ნიშანია, რას უკავშირდება ეს გაოგნება? როგორ დააკავშირებენ ერთმანეთს სიტყვებს „ზარი“ და „თავზარი“ (ცხადია, ურიგო არ იქნება, თუკი წინ ჩამოთვლილი ლექსების ალუზიებსაც დავადგენთ)? თავზარი აწმყომ გამოიწვია თუ მომავლის სურათის წინსწრებით წამოდგენამ? როდესაც კითხვებს პასუხი გაეცემა და რეფრენის როლს გაიაზრებენ მოსწავლეები, გადავიდეთ შემდეგზე. მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, ლექსი დაყონ სამ ნაწილად. ამის შემდეგ მათ აღარ გაუჭირდებათ იმის ახსნა, რომ ლექსის თითოეული ნაწილი მეტნაკლებად უკავშირდება წარსულს, აწმყოს და მომავალს. აქვე ყურადღება გავუმახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ლექსის სამ ნაწილად დასაყოფად სავსებით საკმარისი იქნებოდა თითოეული ნაწილის შემდეგ ყოფილიყო წარმოდგენილი რეფრენი, ანუ ორი გამეორებული სტრიქონი ოთხჯერ კი არა, სამჯერ გამეორებულიყო. მაშ, რა ფუნქცია აქვს რეფრენს, როცა პირველ ორ სტრიქონადაცაა გატანილი? ალბათ ბუნებრივი პასუხი ისაა, რომ ამ შემთხვევაში იმდენ ყურადღებას არ მივაქცევდით რეფრენში გამოთქმულ გზავნილებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და რომლებიც მეტნაკლებად ამზადებს მკითხველს.

როცა რეფრენის თემას ამოვწურავთ, გადავიდეთ საკუთრივ ლექსის ნაწილების გარჩევაზე. პირველ ნაწილს პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ აწმყო და აწმყოში მომავლის სურათების გამოჭედვა წარსულის გახსენებით. თავის მხრივ, აზრობრივად პირველი ნაწილი არა ექვს, არამედ ორ სამტაეპიან ნაწილად იყოფა. პირველ სამ ტაეპში სხვა გზავნილია, ხოლო მეორე სამ ტაეპში – სხვა. დავსვათ შემდეგი შეკითხვები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს: რატომ საუბრობს პოეტი თბილისზე და არა სხვა ქალაქზე? როგორ ახასიათებს თბილისს პოეტი? ლექსიდან ჩანს, რომ თბილისს ძინავავს თუმცა არა ღრმა ძილით. ეს ქალაქი, რამდენადაც შეუძლია, ფხიზლადაა, რადგან იცის, რომ გაფრთხილებული უნდა იყოს და დადარაჯებულია. სამწუხაროდ, მისი ყველაზე ცუდი მოლოდინი მართლდება. საუკუნეებია, ამ ცუდს უპირისპირდება არა მარტო თბილისი, არამედ სრულიად საქართველო. ეს ცუდი რამაა ღალატი და გაყიდვა. სწორედ ამ ცუდმა ღალატმა დაადუმა თბილისი და დუმილში იხატება მომავლის სურათები, რომელიც თითქოს აწმყოში იჭედება. აწმყოში წარმოდგენილის შედეგი დადგება მომავალში. საშინელებას, რომელსაც აწმყოში ჭედავს გრდემლი, მომავალში განხორციელდება. ლექსის ამ ნაწილში უნდა გამოვყოთ რამდენიმე სიტყვა და საგანგებოდ შევჩერდეთ მათზე. პირველი სიტყვაა „ისევ“, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი პირველად არ ხდება, სამშობლო არაერთხელ გაუყიდიათ მოღალატეებს და მათი სახელები ისტორიამ არ დაივიწყა. შესაძლოა, გმირი უსახელო იყოს, მაგრამ მოღალატეს ყოველთვის აქვს სახელი. ადამიანები რომ ისტორიის გაკვეთილებს სწავლობდნენ, ადამიანები რომ ისტორიას აანალიზებდნენ, ხომ აღარ მოინდომებდნენ ღალატის ჩადენას თუნდაც თავიანთი შვილების და შვილიშვილების ხათრით, რომელთაც გაუჭირდებათ წინაპრების სასირცხვილო ლაქის ჩამოშორება. სიტყვა „ისევ“ რამდენჯერმე გამეორებას ნიშნავს და მასთან ერთად დროის კავშირსაც, იმას, რომ წარსული, აწმყო და, სამწუხაროდ, უახლოესი მომავალიც გადაჯაჭვულია და მეორდება უსასრულოდ ბევრჯერ. მეორე ყურადღებამისაქცევი სიტყვაა „გაგყიდეს“. გაყიდვა არ გულისხმობს საქართველოს მთავრობას, ქართველ ერს, არამედ გულისხმობს სერგო ორჯონიკიძის სამარცხვინო გარიგებას მტერთან და იმ ქართველებს, რომლებიც შემოუძღვნენ სამშობლოში სიკვდილს და კარი გაუღეს მომავალ სამოცდაათ წელს (ცხადია, არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში მოსწავლეები და უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სამოცდაათ წელიწადზე, მაგრამ კოლაუ ნადირაძეს ვერ ეცოდინებოდა, რომ საშინელება სამოცდაათი წელი გაგრძელდებოდა. არაფერი დაშავდება, თუკი ჩვენ ვახსენებთ სამოცდაათ წელს, მაგრამ სწორად უნდა ვიხმაროთ ეს სიტყვა). შემდეგი სიტყვა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ლექსში არის სიტყვა „გრდემლი“. გრდემლი პირველ რიგში მეტაფორა არის და, სავარაუდოდ, ის ჭედავს ხანას, ეპოქას. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, გრდემლი ერითმება ცრემლს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ემოციას. ყველაზე ნიშნადობლივი კი მაინც ის არის, რომ გრდემლმა“ და ცრემლმა“ მკითხველს ერთი სიტყვა უნდა გაახსენოს. კარგი იქნება, თუკი დაფაზე ერთმანეთის ქვევით დაწერთ ამ ორ სიტყვას, გამოყოფთ ბოლო ორ მარცვალს და თხოვთ მოსწავლეებს, მოძებნონ სიტყვა, რომელიც გაერითმება მათ. ეს სიტყვა უნდა იყოს კრემლი“. როგორც კი მას ამოიცნობენ მოსწავლეები, ისინი მიხვდებიან, რომ მეტაფორის გარდა, გრდემლი ალეგორიაცაა და ის რუსეთის მთავრობას აღნიშნავს, რომელიც პოეტის აზრით, საშინელებას ჭედავდა. სიტყვა „კრემლი“ დაფარულია ლექსში, მაგრამ სხვადასხვა სიტყვის დახმარებით დაფარულის აღდგენაა შესაძლებელი. საუბედუროდ, კრემლი კიდევ არაერთხელ გამოჭედავს სხვა საშინელებებსაც.

ლექსის პირობით მეორე ნაწილში აწმყოა დახატული. რას ვხედავთ ბრძოლის ველზე? დაცემულთა ცხედრებს, რომელთაც ედება თოვლი. რა თქმა უნდა, ხვალ იქნება თუ ზეგ,  ეს თოვლი დადნება და როცა დადნება,  დავიწყება ხსოვნით შეიცვლება. უიმედო აწმყოს, რომელიც დახატულია ლექსის ამ ნაწილში, მაინც მომავლის იმედის ნაპერწკალი ათბობს. მეორე ნაწილში დაღუპულთა ცხედრები დადუმებულან და დადუმებულან მათი ჭირისუფალნიც, ეს დუმილი რამდენიმე ათეულ წელს გასტანს, თუმცა ამგვარი დადუმება მარადიული არაა და ოდესმე ხმა მაინც ამოხეთქავს. თებერვლის უძრავმა ღამემ დააღამა მრავალი მომავალი დღე. მაგრამ დღე-ღამის უძრაობაც მარადიული არაა, ღამე ბოლობოლო მაინც შეიცვლება დღით, უძრაობას მოძრაობა ჩაენაცვლება. ეს სიტყვები „უძრავი“, „ღამე“, ნელი თოვა – არაჩვეულებრივ მხატვრულ სახეებს წარმოადგენს და მათი უგულვებელყოფა გარჩევისას დანაშაული იქნება.

მესამე ნაწილი წარსულის გახსენებაცაა, აწმყოს აღწერაც და მომავლის წინასწარმეტყველებაც: უახლოესი წარსულის სიმბოლო დაშვებული ალამია. როგორც ვიცით, 1921 წელს დროშა სამფერი იყო. ამ სამ ფერს ლექსის სიტყვები აცოცხლებს. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მოძებნონ სამივე ფერი, რომლებიც პირდაპირ არაა ნახსენები ლექსში. მათ არ უნდა გაუჭირდეთ თოვლის სითეთრის, თალხის სიშავის და სისხლის სიწითლის ამოცნობა. ეს სამი ფერი სამ დროს – მომავალს, აწმყოსა და წარსულსაც ასახავს. საინტერესოა, რომ მომავალი ლექსში ორია და ორივე მომავალი თეთრია. ერთი მომავალი, რომელიც თოვლის სითეთრითაა წარმოდგენილი, ოპტიმისტურია, რადგან თოვლი აუცილებლად დადნება ადრე თუ გვიან. მეორე მომავალი მოღალატის თეთრი ცხენითაა წარმოდგენილი. ამ თეთრ ცხენზე შემომჯდარ ყელმოღერებულ „რაინდს“ სიკვდილი მოაქვს ცელით, ანუ პოეტი ხატავს მომავალი წლების სისხლით გაჟღენთილ დღეებს – რეპრესიებს, შიმშილს, გადასახლებას, დახვრეტას, დაჩოქებას… სიტყვა „ცელს“ ისევ ერითმება ის სამი სიტყვა, რომელიც ზევით ვახსენეთ, ანუ თეთრი ცხენით გამარჯვებული სიკვდილი მოდის ხელში ცელით. მასთან ერთად კი ეპოქა (გრდემლი), გოდება და ტირილი (ცრემლი) და არდაწერილი, მაგრამ ნაგულისხმევი რუსეთიც (კრემლი) შემოდის საქართველოში.

როდესაც დავასრულებთ ლექსის სამივე ნაწილის ანალიზს და ამოვიცნობთ პოეტის სათქმელს, დავუბრუნდეთ თალხიანი თბილისის სახეს. რომელი ქალი იგულისხმება ამ მხატვრულ სახეში? პასუხი ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სიტყვა „გოლგოთას“ დავუბრუნდებით ლექსის პირველი ნაწილის მეორე ტერცინაში. სიტყვა გოლგოთამ უნდა გაახსენოს მკითხველს გამყიდველი იუდაც. იუდა განზოგადებული სახეა ყველა მოღალატის, არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რა ერქმევა მას, სერგო თუ ფილიპე, იოსები თუ გიგლა, ქაიხოსრო თუ იასე… მოღალატე მოღალატეა, მას სხვადასხვა სახელი ჰქვია, მოღალატე ბევრი იყო და ბევრი არის და, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი იქნება. მოღალატეების სახელებს ისტორია არ დაივიწყებს, როგორი ხვავრიელი თოვლითაც არ უნდა დაიფაროს უსახელო გმირთა ცხედრები და სისხლით გაპოხილი ნიადაგი, როგორც არ უნდა გაჩერდეს დრო და დაისადგუროს ღამემ.

ამგვარი ანალიზის შედეგად მოსწავლეებს უკვე შეეძლებათ, მოკლედ შეაჯამონ ლექსად დაწერილი პოეტის სათქმელი, რომელიც იმავდროულად მრავალი საბჭოთა ადამიანის სათქმელიც იყო. როგორც ღვთისმშობელმა წინასწარ იცოდა თავისი პირმშოს ხვედრის შესახებ, ასევე თბილისმაც წინსწრებით იცის, რა მოელის სრულიად საქართველოს. მისი მოლოდინია, რომ სამშობლოს იუდა გაყიდის და შემოუძღვება კრემლს, რომელიც მილიონობით ადამიანის ცრემლის, სისხლისა და დუმილის – უამრავი საშინელების მიზეზი გახდება.

 

 

 

 

 

 

რატომ არ ვდგავართ ქართველები ესკალატორზე მარჯვნივ

0

ნიუ-იორკში ყოფნისას ვიფიქრე, რომ ამ წერილს აუცილებლად დავწერდი, ეს კი ნაღდად კაი 5 თვის წინ იყო.

ამ უცნაურ მეგაპოლისში, რომელსაც თანამედროვეობის უდიდესი ნიუ-იორკელი მწერალი პოლ ოსტერი ბაბილონს ეძახის, რთულია გაარკვიო, ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი. მეტიც, აქ მასპინძლის ცნება ალბათ არც არსებობს, ან სხვაგვარად რომ შევხედოთ, ყველა ახალჩამოსულიც მასპინძელია, რადგან JFK-დან მანჰეტენზე ტაქსით მისული, 64-ე ქუჩისა და მესამე ავენიუს კვეთაზე რომ ყავას დალევ და სასტუმროში დარეკავ, იქნებ ცოტა ადრე შემომიშვათო, ისინი კი გეტყვიან – ნეტა შენა, მოგცლიაო, ხვდები, რომ იგივე ამბავი შეიძლება ურეკშიც გადაგხდეს და ბრიუგეშიც.

რამდენიმე თვე ვიცხოვრე ამ მართლაც საოცარ ქალაქში, რომელიც, რომ არა ლინკონის ვაშინგტონური ქანდაკება, თავისი ოდნავ წინ წამოწეული მარჯვენა ფეხით, სრულიად უსამართლოდ არ იქნებოდა ამერიკის დედაქალაქი.

ნიუ-იორკი, ან როგორც მას შინაურულად ეძახიან „ენვაი“ კონტრასტების ქალაქია. შუა მანჰეტენზე გაჩერებულ იმ წლის გამოშვება 3-მილიონიან Aston Martin Valkyrie-ს საბურავთან, Shack Shack ბურგერის ნამუსრევის ცუცქვნით გართული ვირთხაც ჩამოგიცუცქდება და ოდნავ ზევით, ჯერსისკენ, ირმებიც გადაგიჭრიან გზას.

აქ რთულია გაარკვიო, ვინ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის, რადგან შეიძლება ზემოთ ნახსენები ასტონ მარტინის პატრონი იმავე საბურგერეში მიმტანად მუშაობდეს, რომლის წინაც მანქანა ჰყავს გაჩერებული.

ამ ქალაქის მთავარი ამბავი კი მაინც მეტროა. რომ არა ნიუ-იორკის მეტრო, „ენვაი“ ის ქალაქი აღარ იქნებოდა, რაც ახლაა, რადგან სწორედ მეტროა აქაურობის უმთავრესი, მიწისქვეშა თავგადასავალი.

რაკი საქმე ბევრი არც არაფერი მქონდა და ჩემი მთავარი ამბავი დროის ისე დახარჯვა იყო, რომ რამე ნორმალური მენახა და დამეწერა, ძირითად დროს მუზეუმებში ხეტიალსა და სასაფლაოების თვალიერებაში ვატარებდი. აქაური სასაფლაოები მართლაც რომ დასათვალიერებელია, მუზეუმები კი სახეტიალო, რადგან იმ, უკვე თქმული ეკლექტიკისა არ იყოს, შეიძლება ისეთები ნახო ერთგანაც და მეორეგანაც, მოსაყოლი ბევრი და ბევრნაირი ამბავი დაგიგროვდეს.

„ენვაი“ კი არაა პატარა ქალაქი, სწრაფი და მოწესრიგებული მეტროთიც კი, თუ ვინმე მოანაკარენინო თვითმკვლელი ან დაუდევარი ლიანდაგზე არ ჩავარდა და მოძრაობა არ შეფერხდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მისასვლელად კაი 1.5-2 საათი გჭირდება.

მეც როგორ თბილისურად ვთქვი – ერთი ბოლოდან მეორეში, თითქოს ბრონქსი და ბრუკლინი ან მანჰეტენი და ლონგ აილენდი ქალაქის თავები ან ბოლოები ყოფილიყოს.

მოკლედ, როგორცაა, მეტრო დიდია და გზაც კაი შორი გიდევს სანამ ერთი მუზეუმიდან მეორეს მიუსწრებ.

ძირითადად დილით ვიწყებდი სიარულს – ასე ადვილია, საქმიანი იერი გაქვს და რაც მთავარია, მეტის ნახვას ასწრებ, იმდენისას, ერთი სრული დღისთვის საკმარისზე მეტი რომ იყოს, ჰოდა, დილაადრიან ვჯდებოდი ხოლმე ვაგონში და ჰაიდა, რომელიმე თანამედროვე ან Native American, ან Historical მუზეუმში მივდიოდი.

დილა ნიუ-იორკში ის დილა არაა, ჩვენ რომ ვიცით, შუადღეს რომ დილას ვეძახით. „ენვაის“ დილა უთენია იწყება, როგორც კაი ბარაქიანი და ნამდვილი ქართველი გლეხკაცის განთიადი, მზეზე ადრე ადგომას რომ გაღვიძებას ეძახის, ისეთი. ამ დროს მეტრო რაღაცნაირი ჩქარია. მუშები და დიპლომატები, მუსიკოსები და მაღაზიის კონსულტანტები, სტუდენტები და ჩემნაირი მოხეტიალეები საქმიანად, ჩქარად და რაც მთავარია, ყავით ხელში მიდიან დანიშნულების ადგილას.

შეიძლება ისეც იყოს, რომელიმე მათგანი ბრაიტონიდან ზემო მანჰეტენისკენ მიდიოდეს, სამუშაო დილა 8-ზე ეწყებოდეს და სახლიდან 6-ზე იყოს გამოსული, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მაგრად ეჩქარებოდეს, მაგრამ არაფრის, არაფრის დიდებით ის ესკალატორის წინ მდგარ უზარმაზარ რიგში მარცხენა ხაზს არ დაიჭერს, თუ ბოლომდე ფეხით ასვლას არ აპირებს.

ამას ჩემი იქ ყოფნის მეოთხე კვირას დავაკვირდი, როცა ვცდილობდი ხოლმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები რაიმე ფორმით ამომეცნო. ერთხელაც მეტროში ქართველი კაცი გავიცანი, გვერდით მომიჯდა და ქართულენოვანი წიგნი რომ დაინახა, გამომელაპარაკა. გზაში იქეთურები და აქეთურები ვილაპარაკეთ. საათს აკვირდებოდა, სულ მაგვიანდება ხოლმე და ხელფასს დამიქვითავენო. ამერიკელებზეც ვილაპარაკეთ, არ მიყვარს აქაურები, აქაურობა მიყვარს, მაგრამ აქაურები არა, რაღაცნაირები არიან, ძალიან გამოუქექავები და ხისთავიანები. თავიანთი სიმართლე აქვთ და არასოდეს გადაუხვევენ გზასო.

ამ ლაპარაკისას ერთ გაჩერებაზე ჩამოვედით და ესკალატორთან მისულებს გაგვინათდა, მე ნაღდად გამინათდა როგორ ამომეცნო პოსტსაბჭოთა (სიმართლე ვთქვათ, არც აღმოსავლეთის ქვეყნები აკლებენ) ადამიანი.

მოკლედ, იმას ეჩქარებოდა, მე ნაღდად არა, მაგრამ ესკალატორთან მისულებმა გრძელ, უგრძეს რიგს ჩავუარეთ და თავისუფალ მარცხენა ზოლში 2-3 ნაბიჯი გავიარეთ და ამაყად ჩავდექით. ჯერ ერთი გვეუბნება – Sorry-იო, მერე მეორე – აქ რას დამდგარხართ, თუ არ ადიხართო, მესამემ – მუჯლუგუნიც გვითავაზა და ისევ „მასპინძლურად“ მითხრა იმ ჩემმა თანამემამულემ, ამათთან ასეთი წესია – თუ დგახარ მარჯვენა ზოლს იკავებ, თუ არადა უნდა იაროო. რიგის კულტურა ბევრ ქვეყანაში მინახავს, არც მე ვარ სხვაზე თავზეგადამხტომი კაცი, მაგრამ აი, ამდენი ადამიანი რომ ერთბაშად ერთ სივრცეში გხვდება, მაშინ ხვდები, რომ ამ თავისუფალ, ქაოსურ, კონტრასტებიან ქალაქშიც კი არის რაღაც წესები, რასაც უსიტყვოდ და შეუმჩნევლად ყველა ემორჩილება. ალბათ სხვანაირად რთულია და სხვანაირად ვერ დალაგდება. თუ სამტრედიის ქუჩაში გინდა, მარცხნივ ივლი, გინდაც მარჯვნივ. „ენვაიში“ დიდი დომხალიზაცია მოხდებოდა, რამდენიმე ათას კაცს ერთდროულად ისე რომ ევლო, აგერ, ჩვენთან, თავისუფლების მოედანზე რომ დავხეტიალობთ ხოლმე და ხან ნაყინიან კაცს შეასკდები, ხან ხელი-ხელჩაჭიდებულ დედა, მამა, რვა ბავშვს რომ უნდა გადაახტე თავზე მთელ ტროტუარზე რომ მითვალსეირნობენ ხელჩაჭიდებული.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაგალითად, შენ შეიძლება ძირს დააგდო ნაგავი, იმგზავრო ავტობუსში უბილეთოდ, გაყიდო 20 დოლარიანი ბილეთი ზედ სალაროსთან სამჯერ ძვირად, მაგრამ აი, რიგში ურიგოდ წასვლა? – ნურას უკაცრავად.

განა მარტო რიგებზე და ურიგობაზეა ეს ამბავი? ქუჩაში ხეტიალისას და ამის მეტი იქ რა მიკეთებია, ყოველთვის შეფერხებით ვმოძრაობდი. მიდიხარ – წინ კაცი აგესვეტება, მიდიხარ ახლა ქალი, რომელიც კი გიღიმის, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მანაც იცის – ჰომო სოვიეტიკუსი ხარ, შენთვის არავის უსწავლებია ან დაჟინებით არ უსწავლებია, უფრო სწორად, განმეორებითად არ უსწავლებია, რომ როგორც მანქანებს, ადამიანებსაც მოეთხოვებათ დაიცვან მოძრაობის წესი (გოგა ჩანადირი გამახსენდა, კულტურულად რომ უხსნიდა ერთ საერთო ნაცნობს, მხოლოდ მანქანებს კი არა, ადამიანებსაც ევალებათ მარჯვენა ზოლში სიარული ფეხითმოსიარულეთა ნაწილზეო); რომ გაჩერებულ ავტობუსთან, შუა ქუჩაში ზედახორით კი არ უნდა შევარდე, სულ რომ ოცდამეხუთე იყო, წინ მდგომის ზურგი კარგად უნდა გქონდეს შესწავლილი, რომ მატარებლიდან და სხვა ნებისმიერი ტრანსპორტიდან ჯერ გამოდიან და მერეღა შედიან ადამიანები; რომ ფეხმძიმეს, ასაკოვანს, სპეციალური შესაძლებლობების ადამიანებს ადგილი უნდა დაუთმო (სხვათა შორის, სტერეოტიპი, თითქოს „დასავლური“ ცივილიზაცია ეგოისტურია, სწორედ აქ მარცხდება, რადგან სკოლებში, ტრანსპორტში, დიქტორის ხმა ყოველთვის შეგახსენებს მარტივ წესს, რომ მგზავრობის ფული კი გადახდილი გაქვს, მაგრამ პრიორიტეტული ადგილები არსებობს).

ეს ამბავი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ მაშინ დავინახე, როცა დავაკვირდი, როდის აცხადებდა მეტროს ვატმანი თავისი აფროამერიკული დამახასიათებლად დაბალი ხმით „გთხოვთ, ადგილი დაუთმოთ ასაკოვან, ფეხმძიმე და ისეთ ადამიანებს, ვისაც გარკვეული Disability აქვთო. როდის და როცა ვაგონში შესვლამდე, ვატმანი თავს გამოყოფდა ხოლმე და ბაქანზე მოტრიალე ხალხს შეათვალიერებდა, აქაოდა არავინ  გამომეპაროსო.

მე არ ვიცი როგორ ხდება თანამედროვე სკოლაში, ასეთ დეტალებს ვასწავლით თუ არა ბავშვებს, ვუხსნით თუ არა მათ, რომ შუქნიშანის სამი ფერი შემთხვევით არ ინთება, რომ ზებრახაზი ასფალტზე დაწუწული თეთრი საღებავი არაა, რომ მოძრაობას, ფეხით მოძრაობასაც აქვს თავისი წესები, რომ რიგის დაცვას ხელზე მარკირება, ციფრული აღრიცხვა და სატელიტიდან დაკვირვება არ სჭირდება.

თუ არ ვასწავლით და მაინც ვთხოვთ, გამოდის, რომ ასეთი ზნე კი არ გვაქვს, როგორც ჩემს ამერიკაში გაცნობილ ქართველ თანამემამულეს ეგონა, ჩვენი ბობოქარი ხასიათის და ამერიკელების მონური აღზრდის (ასევე მისი ციტატა) ბრალი კი არაა, ჩვენი აღმოსავლური ანგლობის პრობლემა კი არ იჩენს თავს (ეს ნაღდად მე გავიფიქრე), არამედ, უბრალოდ არ გვასწავლეს, არ აგვიხსნეს, არ დაგვაზეპირებინეს რაღაცები და იმიტომ.

არადა, ხომ მარტივად შეიძლებოდა, რომ სკოლაშივე, მანამდე კი საბავშვო ბაღში, ჯერ ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ კიბეზე ამომსვლელს ერთგვარი უპირატესობა აქვს და რომც არ ჰქონდეს, მისი მხარე ნამდვილად მარჯვენა ნაწილია და რა გინდ გვეჩქარებოდეს, ზედ არ უნდა შევდგეთ ფეხებით.

ამას რომ ავუხსნიდით და დაავიწყდებოდათ და, ცხადია, დაავიწყდებოდათ, ის ძველი უშნო კიბეები რომ ლამაზად მოგვეხატა ზედ მინაწერით: ჩავდივართ-ავდივართ და სიმბოლური ხაზებითაც გამოგვეყო ეს დალოცვილი კიბე, იქნებ მერე სადღაც ზედ შუა რუსთაველზე, ან იმავე სამტრედიაში, ისედაც ვიწრო საფეხმავლო ბილიკზე შუახაზელი რაგბისტივით კი არ ვერიდებოდეთ შემხვედრს, ტრამვაივით მშვიდად და სწრაფად მივაბიჯებდეთ.

გავუმეოროთ, გავუმეოროთ, გავუმეოროთ.

გამეორებისა და ცოდნის ნათესაობის ამბავი კიდევ კი იცით, ისედაც.

საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე მუშაობა

0

სტატიაში მოცემულია გაკვეთილის გეგმა, რომელიც დაეხმარება კოლეგებს არამხატვრული ტექსტების სწავლებისას, გაითვალისწინონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ახლავს ამ ტიპის ტექსტთა გაგება/გააზრებას, რამეთუ ეს უკანასკნელი  მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური, მედიაწიგნიერებისა და სხვა ოცდამეერთე საუკუნის უნარების განვითარებისათვის.

ოცდამეერთე საუკუნე უსიტყვო ტექსტების გაგების უნარსაც ითხოვს. რაც შეეხება ენობრივი ნიშნებით დატვირთულ ტექსტებს, მხატვრულ ტექსტებთან ერთად გვიწევს საგაზეთო სტატიების, ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მათემატიკურ პირობებთან, ყოფით ტექსტებთან და ა.შ. ურთიერთობა, რომლებიც ჩვენგან მნიშვნელოვან კითხვით უნარებს ითხოვს. მეოთხე კლასამდე მოსწავლე სწავლობს კითხვას, ხოლო შემდეგ წლებში კი კითხვით უწევს მრავალი საკითხის ათვისება, ამიტომ კითხვის უნარებზე მუშობის ხარისხი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოსწავლეთა არა მარტო წიგნიერების დონეს, არამედ დარგობრივ ცოდნასაც.

სასწავლო პროცესში დაწყებითი კლასიდანვე მნიშვნელოვანია, რომ არამხატვრული ტექსტები მრავალმხრივ, გამოწვლილვით დამუშავდეს, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ პრაგმატულ, ინფორმაციულ, შემეცნებით, დაშიფრულ ტექსტებთან ურთიერთობის უნარები.

ეროვნული სასწავლო გეგმით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვნახავთ, რომ ,,საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია როგორც ბეჭდური, ისე მულტიმედიური და მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს“. (ესგ. 2017-2014).

იმისათვის, რომ შემოგვეთავაზებინა საინფორმაციო – შემეცნებითი ტექსტის დამუშავების პრაქტიკული (ერთი) გზა,  შევარჩიეთ ის გაზეთ ,,კითხვის დროს“ ერთ-ერთი რუბრიკიდან. გაზეთი გამოცემულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში და მისი ელექტრონული ვერსია ყველა მასწავლებელს შეუძლია ნახოს www.kargiskola.ge -ზე.

ამ ტიპის ტექსტებთან სამუშაოდ მასწავლებელმა, ვფიქრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს:

  • მასწავლებელმა არსებითი მნიშვნელობის ლექსიკაზე დააკვირვოს და დაამუშვებინოს მოსწავლეებს;
  • მასწავლებელი ნათლად უნდა ხედავდეს რა ცოდნისა და რა უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი კონკრეტული გაკვეთილით, რათა მხოლოდ დეკლარატიული ცოდნით არ შემოიფარგლოს და პირობისეულამდე მიიყვანოს მოსწავლეების ცოდნა;
  • დაფიქრდეს, არის თუ არა შესაბამისობაში უკვე ახალ სტანდარტთან (რომელიც ასევე ყურადღებით უნდა შეისწავლოს მან);
  • მასწავლებელმა აუცილებელია მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარები გაითვალისწინოს და დაფიქრდეს, მოსწავლის რომელ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს ტექსტის გასაგებად და როგორ მოახერხებს ამას;
  • გაითვალისწინოს, რა მასალა აქვს ხელთ მას (რესურსი);

წარმოგიდგენთ გაკვეთილს, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება იმ ტიპის საგაზეთო და ისტორიულ ტექსტებთან მუშაობისას, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პიროვნებებს, თარიღებსა და მოვლენებს მოიცავს.

ტექსტი: ,,ქალები სპორტში“ მარიამ წიკლაური

მიზნები:

მოსწავლეები:

  • დაიმახსოვრებენ სპორტული შინაარსის ლექსიკურ ერთეულებს.
  • დაიმახსოვრებენ სპორტსმენი ქალების სახელებსა და მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  • მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
  • გაიგებენ და გაიაზრებენ საინფორმაციო ტიპის ტექსტს.
  • ამოიღებენ ტექსტიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  • შეძლებენ წინასწარ მომზადებული ჩარჩოს მიხედვით ინფორმაციის დახარისხებას / ვარაუდების გადამოწმებას / მთავარი მიზნის ამოცნობას და გამოყენებას.

წაკითხვამდე:

ძალიან მნიშვნელოვანია წაკითხვამდე აქტივობების მოფიქრება და წარმართვა, რათა  მასწავლებელმა მოახერხოს უკვე არსებული ცოდნის გააქტიურება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოწვევის ფაზაზე, შედეგის მისაღწევად, უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა გვიწევს.

  1. მიზნების გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოტივაციის აღძვრის მიზნით საუბარს მოსწავლეთა საყვარელი სპორტით იწყებს. (ეს აქტივობა ხელს უწყობს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის რუტინული დასაწყისიდან განსხვავებულობის განცდისა და ხალისის აღძვრას მოსწავლეებში). აქტივობა წარიმართება კითხვა – პასუხის რეჟიმში. მოსწავლეები ასახელებენ სპორტის საყვარელ სახეობას. თავად რომელი სპორტით არიან დაკავებულნი. (მასწავლებელი თუ აღმოაჩენს, რომ გოგონებს აინტერესებთ სპორტის ის სახეობები, რომლებითაც უმეტესად ბიჭები კავდებიან, მაშინ ეს კიდევ ერთი გამოწვევაა პედაგოგისთვის, რათა მან დაიცვას გენდერული ბალანსი კომენტარებში). ამ აქტივობის რესურსი, ძირითადად, ადამიანურია.

 

  1. სპორტის სახეობათა კვლავ გახსენების მიზნით, მასწავლებელი ჩამოათვლევინებს მოსწავლეებს, კიდევ რომელი სახეობები იციან სპორტის და ჩამოწერს დაფაზე/ფლიპჩარტზე. აქტივობა გონებრივი იერიშით წარიმართება.

 

  1. პროვოცირების მიზნით, მასწავლებელი სხვადასხვა სპორტსმენი ქალის სურათებს(რომლებიც ამ კონკრეტულ აქტივობამდე დაფარული იყო), აჩვენებს მოსწავლეებს, მათი დახმარებით სურათებზე მოცემულ სპორტის სახეობებს გამოარჩევს და/ან მიამატებს დაფაზე აქამდე ჩამოწერილ სპორტის სახეობებს. ფოტოებზე დაკვირვებით მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ საერთო მახასიათებელი (ყველა სურათზე ქალია).

 

  1. ტექსტის საკვანძო ლექსიკური ერთეულების დამუშავების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებით დაიწყებს სქემის – სიტყვების გამომძიებლის შევსებას. ივსება მხოლოდ ვარაუდების გრაფა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს და წინასწარ მოამზადოს ის ლექსიკური ერთეულები, რომლებსაც დაამუშავებს ტექსტის წაკითხვამდე/კითხვისას/წაკითხვის შემდეგ. ამასთან აუცილებელია ცალკე ჰქონდეს მომზადებული მათი სალექსიკონო მნიშვნელობანი. აქ აუცილებელია, მასწავლებელმა ოსტატურად გადაანაწილოს შესავსები გრაფები გაკვეთილის ეტაპებზე. ხშირია, როცა მასწავლებლები ვერ ითვალისწინებენ ამ სქემის მნიშვნელოვან თავისებურებას და გაკვეთილიც არათანმიმდევრულად წარიმართება

 

  1. შემდეგი ეტაპია ტექსტის წარდგენა. მოსწავლეები გამოათქვამენ ვარაუდებს: რას შეეხება ტექსტი სათაურზე დაყრდნობით. მიმოიხილავენ საინფორმაციოა თუ მხატვრული. რა კარნახობთ, რომ საგაზეთო სტატიაა. ყურადღებას გაამახვილებინებს მთავარ მინიშნებაზე: გაზეთის სახელი, N, სტატიის განლაგება.

 

  1. ბოლოს მასწავლებელი, მოდელირების გზით, შეახსენებს მოსწავლეებს სტატიის დამუშავების სტრატეგიას.

კითხვის დროს

  1. ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვებისა და გაგების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წაიკითხონ მხოლოდ მითითებული ნაწილი და ხაზი გაუსვან გამოსაძიებელ სიტყვებს; შეავსონ სქემის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც გულისხმობს კონტექსტზე დაყრდნობით სიტყვის მნიშვნელობის დადგენას. აქ აუცილებელია მასწავლებელმა თავიდანვე ის სიტყვები ამოარჩიოს, რომელთა მნიშვნელობის ამოცნობაც ხერხდება კონტექსტზე დაკვირვებით.
  2. მიუხედევად იმისა, რომ ძირითადი მიზანი ტექტის გაგება/გაარებაა, ერთი აქტივობა გამართული/გაწაფული კითხვის უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სწორედ გაგების სამსახუში მისი ჩაყენების მიზნით. მასწავლებელი ტექსტის ამ ნაწილს ხმამაღლა წააკითხებს მოსწავლეებს და გადაამომწმებს, რა საყრდენებს მიმართეს მოსწავლეებმა, როცა სიტყვებზე იმუშავეს. ეს აქტივობა განმავითარებელი შეფასების სამსახურში ჩადგება, სწორედ იმისთვის, მასწავლებელმა გაიგოს, თუ რომელ სიტყვებს, ფრაზებს დაეყრდნენ მოსწავლეები სიტყვების განმარტებისას. მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ სთავაზობს მასწავლებელი სალექსიკონო მნიშვნელობებს, რომლებიც მას წინასწარა აქვს მომზადებული.
  3. შესაძლებელია ტექსტში აღმოჩნდეს კომპოზიტები უხვად, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობისანი იყვნენ. ამიტომ მასწავლებელმა ისინიც უნდა დაამუშავებინოს მათზე დაკვირვების გზით. აქ შეიძლება სიტყვათა გათვალსაჩინოვება იკმაროს მასწავლებელმა.
  4. ამის შემდეგ წარუდგენს მოსწავლეებს მეორე სქემას ტექსტის მეორე ნაწილის დასამუშავებლად, რომელიც მაქსიმალურად გაათვალსაჩინოვებინებს მოსწავლეებს წაკითხულ ინფორმაციას. სქემა მოთხოვს მათგან ამოკრიბონ (ვინ?, სად?, როდის? მიიღო მონაწილეობა). მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოდელირებით მათივე დახმარებით უჩვენოს (შეახსენოს), როგორ შეავსონ ეს სქემა. მოსწავლეები ამ აქტივობას ჯგუფებში ასრულებინებს.
  5. მოსწავლეები დაასრულებენ სამუშაოს და თითოეული ჯგუფი წარადგენს თითო სპორტსმენს. აქ მასწავლებელს შეუძლია პრეზენტაციის უნარი შეაფასოს რუბრიკით.

წაკითხვის შემდეგ

 

  1. მასწავლებელმა აუცილებლად კითხვა- პასუხით უნდა ამოწუროს და გაიგოს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი. დასაბუთების მიზნით სასურველია, კვლავ დააბრუნოს ტექსტთან.
  2. შეჯამების მიზნით გადაამოწმებინებს მოსწავლეებს ვარაუდებს, გაუჭირდათ თუ არა ტექსტის გაგება? რა მიზანი აქვს მის დამწერს? განსაკუთრებულ ყურადღებას  ითხოვს ტექსტის დასასრული.
  3. იმისათვის, რომ ცოდნა/უნარები პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პირობისეული ცოდნა საკითხთან მიმართებით, მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, წერილობით სთხოვონ სკოლის დირექტორს ფეხბურთის გუნდის გოგონებით დაკომპლექტება.  მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ სამი არგუმენტი უკვე წაკითხული ტექსტიდან და დაუსაბუთონ გუნდის არსებობის აუცილებლობა. ბუნებრივია, არგუმენტირების უნარის განვითარებას საწყის ეტაპებზე სჭირდება ინტენსიური მოდელირება და პრაქტიკული სავარჯიშო. ამისათვის  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს  შეახსენოს უკვე განხილული და დამუშავებული ტექსტი. შეიძლება გამოიყენოს ენობრივი კონსტრუქცია, რათა მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ აზრის  გასიტყვება.
  4. მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ცხადად დაინახონ აქტივობათა თანმიმდევრობა, მათი აუცილებლობა და განხორციელების ფორმა, მასწავლებელი სთავაზობს სქემას: რა გავაკეთეთ? რატომ გავაკეთეთ? და როგორ გავაკეთეთ? ვფიქრობ, რეფლექსიისთვის ამგვარ ფორმას ხშირად უნდა მივმართოთ მასწავლებლებმა, რათა მოსწავლეებმა სწავლის პროცესს მიადევნონ თვალი და სწავლის უნარი განივითარონ.
  5. ბოლოს, მოსწავლეები ავსებენ გასვლის ბარათებს, რომლებზეც ტექსტთან მუშაობით გამოწვეულ ემოციებს აფიქსირებენ.

ჩვენ შეგნებულად თავი ავარიდეთ აქტივობებისთვის კონკრეტული დროის განსაზღვრას, რადგან, ვფიქრობთ, სხვადასხვა კლასში, სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარების მქონე მოსწავლეები სხედან და ამდენად, აქტივობას შესაძლოა სხვადასხვა დრო დასჭირდეს.

დანართი:

https://kargiskola.ge/teachers/gazeti/N2_2014%20(V-VI%20class).pdf

სიტყვების გამომძიებელი

სიტყვა ჩემი ვარაუდი ტექსტის მიხედვით ლექსიკონი
ამორძალი

ჯომოლუნგმა

მითოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპოზიტები:

მთამსვლელი, ვიცეჩემპიონი, ტანმოვარჯიშე, ორთაბრძოლა, საერთაშორისო.

ჯგუფებში შესავსები ცხრილი:

ვინ? რა? როდის? განსაკუთრებული მახასიათებელი
       

 

 

რეფლექსიისთვის  განკუთვნილი სქემა:

რა გავაკეთეთ?

აქტივობა

როგორ გავაკეთეთ?

აღწერა

რატომ გავაკეთეთ?

მიზანი

     

 

 

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი

0

მასწავლებელს მუდმივად სჭირდება  აქტივობების შემუშავება, რომელიც  ცოდნას სახალისოდ მიგვაწოდებინებს ბავშვებისთვის, რომ ინფორმაციის მიწოდება არ იყოს მხოლოდ ცოდნა მიწოდებისთვის.

დღეს ძალიან აქტუალურია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება. მეც გავიზიარე ეს სიახლე და დავგეგმე IX კლასში გაკვეთილი ისტორიაში  თემაზე ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“.

რატომ იყო ეს გაკვეთილი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული?

გაკვეთილი საჭიროებდა შემდეგი უნარების განვითარებას:

1.წიგნიერებას – ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარების განვითარებას იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;

  1. ემიოტიკური კომპეტენციას – ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით ინფორმაციის გააზრებასა და ინტეპრეტირებას, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარების განვითარებას;
  2. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის უნარების განვითარებას– კერძოდ, სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

აქტივობები შესაბამისად გამომდინარეობდა გაკვეთილის შერჩეული ტიპიდან და ბუნებრივია მიზნიდან.

გაკვეთილის მიზანი :

1.მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ;

  1. დაახასიათებენ დეტალურად პირველ რესპუბლიკას;

3.განივითარებენ ინფორმაციის მოძიების, ინფორმაციის დახარისხების, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევას.

აქტივობა 1: გონებრივი იერიში რუკის შევსება.

კითხვა 1: რა არის დემოკრატია?

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ცოდნა დემოკრატიის შესახებ, მათ დავავალე ნახატის ან ჩანახატის შექმნა დემოკრატიის შესახებ. დრო განვუსაზღვრე 10 წუთი. შესანიშნავად გაართვეს თავი   დავალებას, ჯგუფებმა წარმოადგინეს ნახატები( თან ახლავს აქტივობის ამსახველი ფოტო-მასალა)

კითხვა 2: გაიხსენეთ საქართველოს ისტორიაში არსებული მმართველობის ფორმები.

კითხვა 3: რა გახდა მიზეზი საქართველოში პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა?

 

აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება- მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ რესურსს, ფოტოებს,  რომლებიც მმართველობის ფორმებს ასახავენ. მოსწავლეებს ევალებათ  ფოტოების მიხედვით მოიფიქრონ პასუხები  და შეუსაბამონ მმართველობის ფორმებს.  მოსწავლეთა პასუხის შესაბამისად ჩემ მიერ მომზადებულ რესურსში გამოდის პასუხების შესაბამისი ღიმილაკი.

 

აქტივობა 4: საშინაო დავალების გამოკითხვა

მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით წინასწარ გადავანაწილე  4 ჯგუფებად და მივეცი დავალებები, მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

I ჯგუფი-  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკისა და დროშის შესახებ;

II ჯგუფი-   პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკისა და გერბის შესახებ;

III- ჯგუფი-პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკისა და ჰიმნის შესახებ ( საინტერესო იყო ამ ჯგუფის პრეზენტაცია იმითაც, რომ მოსწავლემ ჰიმნი შეასრულა გაკვეთილზე);

IV-  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  შესახებ.

(კლასი  სიმბოლურად ფორმირებულია წითელ, შავ და თეთრ მაისურებში-დროშის ფერები).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 5: საკუთარი პოზიციის შემუშავება , კრიტიკა და დაცვა

თქვენი აზრით, არსებობდნენ თუ არა საქართველოში ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის მანკიერ მხარეებს ამჩნევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და როგორ გამოხატავდნენ პროტესტს?

აქტივობა 6:  არგუმენტირებული მსჯელობა

ჯგუფებს ვაძლევ დავალებას- შეადარონ ერთმანეთს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცალკეული კომპონენტი ( საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა, დროშა, გერბი, განათლება და კულტურა) თანამედროვე საქართველოს ცალკეულ კომპონენტს.

დავალებები უნდა დაწერონ ფერად ფურცლებზე და ჯგუფის ლიდერებმა შექმნან რესურსი- ,,საქართველო დღეს“

აქტივობა 7: საშინაო დავალების მიცემა

გამოყავით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერები და შეაფასეთ ისინი- არგუმენტირებული დასაბუთება.

გაკვეთილზე გამოვიყენე შეფასების სხვადასხვა მეთოდი- თვითშეფასება, ურთიერთშეფასება,  განმსაზღვრელი შეფასება.

გაკვეთილმა სრულად წარმოაჩინა გამჭოლი კომპეტენციების განვითარების  ისეთი ასპექტები, როგორიცაა  წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენციები.    გაკვეთილის შედეგი იყო კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, გააზრების და ინფორმაციის სხვადასხვა სახით წარმოდგენის, პრობლემის მოგვარების უნარების განვითარება. გაკვეთილზე შევძელით კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება,  სხვისი უფლებების პატივისცემა და  დემოკრატიული პრინციპების აღიარება.

 

საინტერესო პროექტები ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის მუშაობისთვის

0

მინდა გაგაცნოთ ჩემი გამოცდილება და გაგიზიაროთ საბუნებისმეტყველო საგნების, მათ შორის ქიმიის სწავლების წამყვანი მიმართულება–  კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, თუ სასწავლო პროცესში სისტემატიურად მიმდინარეობს  კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო რეჟიმით, თამამად შეიძლება ითქვას , რომ სახეზეა  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა, თანამედროვე ზოგადი განათლების მთავარი გამოწვევა და მიზანი. სწორედ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიზნით შევქმენი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ  ფარცხანაყანების N1 საჯარო სკოლაში ქიმიის კლუბი  „ ნორჩი ქიმიკოსი“,   სადაც თავისუფალი  სააზროვნო სივრცეა,  რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს , სრულად შეიგრძნონ  შემეცნებისა  და ურთიერთობის სიამოვნება,  ჩემი მიზანია,  მოსწავლეებმა მეგობრებთან ერთად  აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე.  მე მხოლოდ მათი გზის მკვლევარი ვარ,  ვაჩვენებ მათ,  როგორ წარმართონ   სამუშაო პროცესი, როგორ მოიქცენ წარმატება /წარუმატებლობის შემთხვევაში,  ერთად გააანალიზონ  მიღწეული შედეგები,  იპოვონ შეცდომები და ამ შეცდომების გაანალიზებით,  დაგეგმონ გამოსწორების გზები და  ახალი კვლევითი სამუშაოები .

კლუბის წევრებთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ჩვენი სოფლის წყალი,  რომელიც მიეწოდება არა მარტო ჩვენს სოფელს , არამედ ქუთაისის მოსახლეობას და მის გარშემო სოფლებს, დავინტერსდით სოფლის წყალსადენის ისტორიით, გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენს პირობებში შეგვემოწმებინა  წყლის სისუფთავის ხარისხი და ნახევრად მიკრო მეთოდით გაგვეკეთებინა წყლის ანალიზი.

გავარკვიეთ რომ 1936–1940 წლებში სოფელ ფარცხანაყანებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჰიდროლოგიური კვლევაძიებითი   სამუშაოების შედეგად   მოკვლეული იქნა გრუნტის წყალი,  წყალსადენის მშენებლობა 1945 წელს დაწყებულა.

ბუნებრივი საშუალება წყლის ხარისხის დადგენისა ეს არის ვიზუალური მხარე,  გემოთი და ყნოსვითი შეგრძნება. წყალსადენში სტუმრობისას დავათვალიერეთ და გავეცანით წლის გასუფთავების პროცესს- რა ეტაპებს გადის წყალი, სანამ ის მომხმარებელს მიეწოდება–წყლის გაფილტვრა, ქიმიური დამუშავება, სამომხმარებლო რეზერვუარებში გაწმენდილი წყლის შენახვა, ლაბორატორიული ანალიზი.  ინფექციური დავადებების თავიდან აცილების მიზნით წყალს უმატებენ ქლორს, ამ დროს ხდება წყალში გახსნილი მიკროორგანიზმების მოსპობა, წყლის დეზინფექცია.

წყლის თვისებითი ქიმიური ანალიზის ჩატარებისთვის შევაგროვეთ მიკროსინჯარები, ქილები, პლანშეტები, მინის წკირები, საზომი ცილინდრი, საწვეთური, სპირტქურა გასაფილტრი მოწყობილობა, ინდიკატორის ქაღალდები, მჟავა , ტუტე და მარილის ხსნარები .

ნახევრად მიკრო მეთოდით წყლის ხარისხის დადგენისთვის პირველ რიგში დავათვალიერეთ წყლის გამჭირვალობა,  PH ინდიკატორის მეშვეობით დავადგინეთ მისი სარეაქციო არე, მინის წკირით , ნიმუშის სპირტქურის ალში შეტანით გამოვიკვლიეთ მასში იონების არსებობა.

ცდის მიზანი – წყლის ნიმუშში კალციუმის იონების დადგენა.

საჭირო რესურსები – საათის მინა, მინის წკირი, საანალიზე წყალი, გოგირდმჟავა, მიკროსკოპი

ცდის მსვლელობა:

ავიღეთ საათის მინა, მასზე  მოვათავსეთ ორი წვეთი წყლის ნიმუში და ორი წვეთი გოგირდმჟავას ხსნარი და მინის ფრთხილი შეთბობით მივიღეთ კალციუმის სულფატის ნემსისებრი კრისტალები, შემდეგ ეს კრისტალები მიკროსკოპით დავათვალიერეთ.

შედეგი – მივიღეთ კალციუმის ნემსისებრი კრისტალები.

შედეგების ანალიზი – ეს კრისტალები მიკროსკოპით დავათვალიერეთ.

დასკვნა – წყალი შეიცავს კალციუმის იონებს.

ჰალოგენიდ იონის აღმოსაჩენად კი ვერცხლის ნიტრატის ხსნარი გამოვიყენეთ, რეაქციის შედეგად მივიღეთ ვერცხლის ქლორიდის  თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არ გაიხსნა არც წყალში და არც მჟავაში,  მისი გახსნა მოვახდინეთ ჭარბ ამიაკურ ხსნარში, რომლის შედეგად წარმოიქმნა ლურჯი კაშკაშა ხსნარი,  ჩვენი სოფლის  წყალი შეიცავს ასევე  ქიმიურ ელემენტ იოდს, რომლის არსებობა დავადასტურეთ ქლორიანი წყალით(ჩვენს სოფელში იშვიათად უჩივიან ენდოკრინულ დაავადებას)

ნიტრატ იონების არსებობა კი დავადასტურეთ შემდეგი ექსპერიმენტით:

ცდის მიზანი: წყალში ნიტრათ იონების აღმოჩენა.

საჭირო მასალები–საათის მინა, მინის წკირი, საანალიზე წყალი, გოგირდმჟავა, დიფელამინის ხსნარი

ცდის მსვლელობა:

  1. საათის მინაზე დავაწვეთეთ საანალიზო წყლის ორი წვეთი,
  2. დავუმატეთ სამი წვეთი დიფელამინის ხსნარი,
  3. მოვურიეთ მინის წკირით.

შედეგი: ხსნარმა მიიღო ინტენსიური ლურჯი ფერი.

დასკვნა: წყალი შეიცავს  ნიტრატ იონებს.

კვლევის დაწყებამდე შემუშავებული გვქონდა კვლევის მეთოდი, რომელიც შედგებოდა შემდეგი კითხვებისაგან:

  1. დავაკონკრეტოთ საკვლევი საკითხი
  2. რა მეთოდს გამოვიყენებთ საკვლევი საკითხის შესწავლისას?
  3. აღვწეროთ კვლევის ეტაპები
  4. რა მონაცემები დაგვჭირდება საკვლევი საკითხის შესასწავლად?
  5. როგორ მოვახდენთ მონაცემების შეგროვებას?
  6. როგორ დავამუშავებთ მონაცემებს?

     7.როგორ გამოვიყენებთ მიღებულ შედეგებს?

ჩვენი საკვლევი პირობების გათვალისწინებით  შეუძლებელია  დავადგინოთ და გამოვიკვლიოთ,   წყალი შეიცავდა თუ არა სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს, როგორიცაა ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, აღნიშნული მეთოდით  შეემოწმებინათ   ჩვენი სოფლის  ყველა უბნის ჭის წყლები. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ საკითხით, მეთოდმა, რომელსაც პროექტის მიმდინარეობისას ვიყენებდი გაამართლა. ვცდილობდი , მოსწავლეები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული კვლევაში, ჯგუფური მუშაობის ფორმა  აქტივობის  სტრუქტურირების  საშუალებას მაძლევდა.  ეს კი  ხელს უწყობდა მათ,  გარკვეულიყვნენ და გადაეჭრათ  კვლევა ძიების პროცესში  წამოჭრილი პრობლემები.

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს  ზღაპრები

0

 

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი, ვისაც ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, გაიზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ პატარას, განურჩევლად ასაკისა, ძალიან უყვარს ზღაპრების მოსმენა. როგორც წესი, მათი პირველი საყვარელი წიგნი სწორედ ზღაპრების წიგნია. როგორი სისწრაფითაც არ უნდა ვითარდებოდეს საზოგადოება, როგორც არ უნდა შეიცვალოს ღირებულებები, განწყობები, შეხედულებები აღზრდაზე, ბავშვობის წარმოდგენა ზღაპრების გარეშე შეუძლებელია.

     რატომ არის მნიშვნელოვანი ზღაპარი ბავშვისთვის და რას აძლევს ის მას:

  • ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისთვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მათი მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარისთვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან. ზღაპრის დახმარებით ბავშვს უყალიბდება ზოგადი წარმოდგენა რეალობაზე, იღებს საწყის ცოდნას ცხოვრებაზე;
  • ზღაპრები, განსაკუთრებით წაკითხულის ერთობლივად განხილვის, გააზრების და გაანალიზების შემთხვევაში წარმოსახვის, ფანტაზიის, მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების განვითარების და ბავშვში ლექსიკური მარაგის გამდიდრების კარგ საშუალებას იძლევა;
  • ეცნობა რა ზღაპრის სიუჟეტს, პერსონაჟების ცხოვრებას, ბავშვი ვითარდება ემოციურად, სწავლობს თანაგანცდას – უხარია და წუხს ზღაპრის გმირებთან ერთად, ეძებს გამოსავალს პრობლემური სიტუაციიდან. ასე რომ, ზღაპრის კითხვა ბავშვისთვის უბრალოდ დასვენება კი არ არის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა;
  • ზღაპარი ხშირად ბავშვში ხასიათის ამა თუ იმ თვისების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება. მისი გავლენით პატარა შეიძლება გახდეს უფრო თამამი, გამბედავი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, კეთილი, მზრუნველი;
  • როგორც წესი, ზღაპრის კითხვისას ბავშვი გაუცნობიერებლად საკუთარ თავს ზღაპრის გმირთან აიგივებს, ამიტომ, აღმზრდელობითი შინაარსის მქონე ზღაპრების კითხვა სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ფორმირებაზე. ჩვეულებრივ, ის ბევრად უკეთეს და სწრაფ შედეგს იძლევა, ვიდრე ბავშვისთვის მომაბეზრებელი უფროსის აღმზრდელობითი, ჭკუისდამრიგებლური საუბრები, რომლებიც ძალიან ღლის მას და ხშირად არც კი ისმენს;
  • ზღაპრები ბავშვებში გარკვეულ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს თამაშობს. მათი საშუალებით ბავშვი ადვილად სწავლობს ისეთ ცნებებში გარკვევას, როგორიცაა: სიკეთე და ბოროტება, თანაგრძნობა და გულგრილობა, გულუხვობა და სიძუნწე და ა. შ. ზღაპარი ეს არის იძულების გარეშე სწავლების ძალიან კარგი და უძლიერესი ხერხი, რადგანაც ბავშვისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია მასში, როგორც წესი, გასაგები და მისაწვდომი ფორმით არის წარმოდგენილი;
  • ზღაპარი იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე, რომ ის შეიძლება ბავშვთან დაკავშირებული მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების კარგი საშუალება აღმოჩნდეს საკორექციო მუშაობის პროცესში. “ზღაპართერაპია“ გვეხმარება ვასწავლოთ ბავშვს ძლიერ ემოციებთან, შიშებთან, წყენასთან გამკლავება და თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება;
  • ზღაპრებს აქვთ უძლიერესი ენერგეტიკა და დიდ გავლენას ახდენენ პატარებზე; ამდენად, ძილის წინ ზღაპრის კითხვა ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის დასამშვიდებლად, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და ძილისთვის მოსამზადებლად.

იმისათვის, რომ ზღაპრების საშუალებით ზემოაღნიშნულ შედეგებს მივაღწიოთ, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ზღაპრების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. მართალია, ზღაპარი ნებისმიერი ასაკის, მათ შორის მუცლადმყოფ ბავშვსაც კი შეიძლება წავუკითხოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ რას და როგორ წავუკითხავთ პატარას. ბავშვისთვის განკუთვნილი პირველი ზღაპრები უნდა იყოს მარტივი და მოკლე, აზრი ადვილად დასაჭერი, სიტყვები უბრალო და გასაგები, ერთი და იგივე ფრაზები ხშირად უნდა მეორდებოდეს; ეს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს ზღაპრის სიუჟეტის აღქმასა და გაგებაში. გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ ზღაპრებში პერსონაჟები მისთვის ნაცნობი ცხოველები, ბავშვები და მოზრდილები უნდა იყვნენ. სკოლამდელი პერიოდის (3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უფრო მეტი ესმით და ზღაპრებიც მათთვის უფრო რთული უნდა იყოს. თუმცა, ზღაპრის შერჩევის კრიტერიუმები ამ პერიოდში თითქმის უცვლელი რჩება – გასაგები სიუჟეტი, ბავშვისთვის ნაცნობი პერსონაჟები, მარტივი სიტყვები და სიტყვათწარმონაქმნები. გამონაკლისს წარმოადგენს ის, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრები ჭკუის სასწავლებელი და გარკვეული მორალის შემცველი უნდა იყოს, ის უნდა აიძულებდეს პატარას იაზროვნოს, გააანალიზოს მოსმენილი. კარგი იქნება, თუ წაკითხვის შემდეგ ვისაუბრებთ ბავშვთან იმის შესახებ, როგორ გაიგო მან ზღაპარი და რა შეკითხვები გაუჩნდა. აუცილებლად ვუპასუხოთ მის ყველა შეკითხვას და მივაქციოთ ყურადღება ყველაფერ იმას, რაც მას აინტერესებს. ამ ასაკის ბავშვებისთვის ზღაპრები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად არის მათში ნაჩვენები პერსონაჟების გრძნობები და განცდები. გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში ზღაპრების დახმარებით პატარა ეცნობა ადამიანთა გრძნობად სამყაროს, ზღაპრული პერსონაჟების მაგალითზე აკვირდება, როგორ ყალიბდება დამოკიდებულებები რეალურ სამყაროში. უმცროსკლასელებს უკვე შეუძლიათ ზღაპრების კითხვა დამოუკიდებლად. მათთვის საინტერესოა ისეთი საბავშვო ზღაპრები, რომლებშიც მთავარი გმირები მათ საკუთარ თავს ახსენებენ. ამ ასაკში ბავშვი ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს ზღაპრის პერსონაჟების სახეები და იფანტაზიოროს თავგადასავლებსა და მოგზაურობებზე;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხმის ტონს, ინტონაციას, იმას, თუ რამდენად იქნება დატვირთული კითხვის პროცესი ადეკვატური ემოციებით. პატარებს მოსწონთ, როცა ვუკითხავთ ნელა, ღიღინით, გამომხატველობითი მოძრაობების (ჟესტიკულაცია, მიმიკა, პოზა) თანხლებით, რადგანაც ყოველივე ეს ეხმარება მათ ნათლად წარმოიდგინონ ზღაპრის ყველა პერსონაჟი. ჩვენი მთავარი ამოცანა კითხვის პროცესში უნდა იყოს ბავშვის დაინტერესება კითხვით და წიგნისადმი სიყვარულის ჩამოყალიბება მასში;
  • ბავშვებისთვის ზღაპრების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზღაპრების წიგნსაც, მასში ჭარბად უნდა იყოს მრავალფეროვანი, ნათელი, ფერადი ილუსტრაციები;
  • ბავშვის ასაკთან ერთად ზღაპრის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ხასიათის თავისებურებები და ტემპერამენტი. ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის ნამდვილად არ იქნება შესაფერისი ზღაპრები სწრაფი, აქტიური, დინამიკური სიუჟეტით; იმისათვის, რომ ასეთი ბავშვი ზღაპრის მოსმენის ან კითხვის პროცესში არ გახდეს უმართავი, შევარჩიოთ უფრო მშვიდი ზღაპარი. თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა, შეიძლება ზოგიერთმა ზღაპარმა ის ცრემლებამდე და ისტერიკებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ, ასეთი ბავშვისთვის ზღაპარი ისე შევარჩიოთ, რომ მისთვის საინტერესო იყოს და არც შეაშინოს;
  • როდესაც ბავშვს ზღაპარს ვუკითხავთ, აუცილებლად თვალყური ვადევნოთ მის რეაქციებს. მათზე დაკვირვებით ჩვენ ადვილად მივხვდებით მოეწონა მას ზღაპარი თუ არა, რა ემოცია გამოიწვია მასში მოსმენილმა;
  • თუ ბავშვს პრობლემები აქვს ძილთან დაკავშირებით, უპირატესობა მივანიჭოთ მშვიდ ზღაპრებს კარგი დასასრულით, ისეთებს, რომლებიც პოზიტიურ განწყობას შეუქმნის პატარას;
  • ზღაპრის კითხვა ბავშვებისთვის ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გადავაქციოთ ერთგვარ გასართობ თამაშად – წავუკითხოთ მათ უკვე ცნობილი ზღაპარი, დასრულებამდე გავჩერდეთ და შევთავაზოთ მოიფიქრონ მოვლენების შემდგომი განვითარება. ეს მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება „ზღაპართერაპიაში“, კარგი საშუალებაა ბავშვის პრობლემების და თავისებურებების გამოსავლენად;
  • რაც შეეხება „საშიშ“ ზღაპრებს, ის ყველაფრის მიუხედავად საჭირო და სასარგელოც კია ბავშვისთვის. თუ პატარას ყოველდღიურად ისეთ ზღაპრებს წავუკითხავთ, სადაც აღწერილია კეთილშობილი პერსონაჟების მშვიდობიანი თანაარსებობა, ის შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრებისეულ რეალობასთან შესახვედრად. თუმცა, „საშიში“ ზღაპრების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და შიშის ის დოზა, რომელიც შეიძლება მისთვის ასატანი და უსაფრთხო აღმოჩნდეს. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი სერიოზულობით სჯერათ, რომ ჯადოქრობა არსებობს, ჯადოქრები კი ჩვენს შორის ცხოვრობენ. ამასთან დაკავშირებით, რეალობისა და გამოგონილის აღრევის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჯადოსნური და „საშიში“ ზღაპრების  კითხვა ბავშვისთვის უმჯობესია დავიწყოთ დაახლოებით 6 წლიდან;
  • იმისათვის, რომ ზღაპარს სათანადო ეფექტი ჰქონდეს, საჭიროა მისი არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ განხილვაც, განსაკუთრებით ეს „საშიში“ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ არის საჭირო. ასეთი ზღაპრების წაკითხვა ან მოყოლა კომენტარების გარეშე ნიშნავს „საშიში თემის“ ღიად, დაუსრულებლად დატოვებას. ფაქტობრივად ჩვენ ბავშვს თავის განცდებთან მარტო ვტოვებთ. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ წაკითხულის განხილვის შემთხვევაში, საჭირო იქნება მივცეთ ბავშვს საკუთარი ემოციების, შეხედულებების, აზრების გამოხატვის საშუალება. შეიძლება განხილული იქნეს პერსონაჟების ქცევა, მათი თვისებები – რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე, რამ მიგვიყვანა სიუჟეტის ასეთ განვითარებამდე. ასევე შეიძლება სიუჟეტის თემაზე ფანტაზიორობა – რა მოხდებოდა, თუ ზღაპრის გმირი სხვაგვარად მოიქცეოდა. ზღაპრები შეიძლება თავადაც შევთხზათ, მოვიფიქროთ განსაკუთრებული სიუჟეტი, საფუძვლად ავიღოთ სიტუაცია ბავშვის ცხოვრებიდან, ზღაპრის გმირი არაორაზროვნად უნდა ჰგავდეს მას. ზღაპარი კი, უპირველეს ყოვლისა, გასაგები უნდა იყოს ბავშვისთვის;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას გავითვალისწინოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა – ნებისმიერი ზღაპარი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად კარგად უნდა მთავრდებოდეს, სიკეთე უნდა იმარჯვებდეს ბოროტებაზე, ბავშვებს უყვართ ზღაპრები ბედნიერი დასასრულით;
  • იმისათვის, რომ გავიგოთ, შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული ზღაპარი იმ ბავშვს, ვისთვისაც მის წაკითხვას ვაპირებთ, ჯერ თავად ჩვენ წავიკითხოთ ის, ამასთან, შევხედოთ მას ბავშვის თვალით. თუ წაკითხულში რაიმე ბავშვის ასაკისათვის ან მისი პიროვნული თავისებურებებისათვის შეუფერებლად მოგვეჩვენება, აჯობებს გადავდოთ ის იმ დროისთვის, როცა ბავშვს ასაკი მოემატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა მომავალში მას წიგნის სამყაროსკენ მიმავალ გზას გაუხსნის. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ  ზღაპრების კითხვა ბავშვს მომავალში კარგ ადამიანად ჩამოაყალიბებს. ზღაპრებში ჩადებულია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცხოვრებისეული სიბრძნე. ბავშვისთვის წასაკითხი ზღაპრის სწორად შერჩევა და მისი გასაგები ენით და სწორად წაკითხვა ამ სიბრძნის ბავშვებამდე მიტანის საშუალებას მოგვცემს.

 

ქეთევან ოსიაშვილი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...