ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
13 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

 მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები  

0

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში  ხაზგასმულია, რომ: ,,წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ  მარაგზე – რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას, სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს”.

გააზრებული კითხვა და წერა ძირითადად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების უმთავრესი მიზეზი, სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა.  სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის იმედად დარჩენილი.

ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები ეხმარება ბავშვებს იმ სიტყვათა ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ან საერთოდ არ ხვდებათ. სიტყვების სხვადასხვა სავარჯიშოსა  და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენების აქტივობებს გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე თვით ამ სიტყვების ან მათი განმარტებების დაზეპირებას.

გთავაზობთ ჩემს პრაქტიკაში ნაცად, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლებიც ეფექტურად დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და საჭიროებისამებრ მათ აქტიურ გამოყენებაში:

  • სიტყვების აწყობა

წყვილებს/ჯგუფებს ვურიგებ შერჩეულ სიტყვებს და ვთხოვ, დროის გარკვეულ მონაკვეთში, სიტყვის შემადგენელი ასოებით მოიფიქრონ და დაწერონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა. იმარჯვებს ის წყვილი/ჯგუფი, ვინც,  კონკრეტულ დროში,  ყველაზე მეტ სიტყვას მოიფიქრებს.

  • დაკარგული სიტყვები

შესასწავლი ტექსტის დასაწყის აბზაცს სპეციალურად ვაკლებ რამდენიმე სიტყვას და ვაძლევ მოსწავლეებს შესავსებად.  პირველ ეტაზე  ვურიგებ  აბზაცში  ჩასასმელ სიტყვებს სინონიმთა წყვილებით და ვაძლევ უფლებას, მათგან შეარჩიონ  ყველაზე შესაფერისი.  შემდეგ ეტაპზე,  თვითონ უნდა მოიფიქრონ აბზაცში ჩასასმელი საჭირო სიტყვები.

  • დღის სიტყვა

  ვარჩევთ ერთ- ერთ სიტყვას, რომელსაც  დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩემი თხოვნით, მოსწავლეები ჩამოთვლიან ,,დღის სიტყვის“ რაც შეიძლება მეტ  ენობრივ  და  შინაარსობრივ   მახასიათებელს: რამდენმარცვლიანია, რამდენ ასოს შეიცავს, რომელი ასოები მეორდება,  ხმოვანზე იწყება, თუ თანხმოვანზე, ხომ არ შეიცავს სხვა სიტყვას/სიტყვებს, რა კითხვა დაესმის, რას გამოხატავს, რა არის, რას გვახსენებს, რას უკავშირდება, როგორია, სად გვხვდება, რა ფერია, მისი მსგავსი/საპირისპირო სიტყვა, წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით;

  • აბა, გამოიცანი

 წყვილებს/ჯგუფებს ვურიგებ  სუფთა ბარათებს და ვთხოვ, ერთ-ერთმა დაწეროს იმ დღეს გაკვეთილზე შესწავლილი, მისთვის სასურველი სიტყვა. შემდეგ გადააბრუნოს ბარათი, მიუბრუნდეს მეწყვილეს და დაუსახელოს ამ სიტყვის მახასიათებლები. რომელი წყვილიც/ჯგუფიც უფრო სწრაფად გამოიცნობს, ის არის გამარჯვებული; მერე ცვლიან როლებს და აგრძელებენ სიტყვების გამოცნობას.

  • სინონიმების ბანქო

წინასწარ ვამზადებ ,,ბანქოს“ დასტას – ბარათების წყვილებს სინონიმური სიტყვებით. თითო ბარათზე წერია სინონიმური წყვილის მხოლოდ ერთი სიტყვა. ვათამაშებ ორ მოსწავლეს. ( ან ორ ჯგუფს).   ბანქოს ნახევარს მე  ვიტოვებ, ნახევარს კი ვუნაწილებ ბავშვებს. ვიღებ ჩემი დასტიდან ერთ ბარათს და ვასახელებ მასზე დაწერილ სიტყვას. მოსწავლეები ეძებენ მის სინონიმს თავიანთ ბარათებში. სწორად პოვნის შემთხვევაში, ორივე ბარათი მპოვნელს რჩება. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ ,,ბანქოს“ მოაგროვებს.

  • სიტყვების გროვა

გაკვეთილის მიზნის შესაბამისად, წინასწარ ვარჩევ სიტყვებს, ვწერ ბარათებზე და უწესრიგოდ მიმოვფანტავ მაგიდაზე. შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ მიზნიდან გამომდინარე დავალებებს  და განვსაზღვრავ დროს. ბავშვები აკვირდებიან სიტყვების გროვას და ეძებენ ჩემ მიერ მითითებული დავალების შესაბამის სიტყვებს. მაგალითად: მოძებნონ საგნის,  მოქმედების, რაოდენობის, ნიშან-თვისების გამომხატველი სიტყვები, გრძნობების, ფერების, სხვადასხვა საგნობრივი კატეგორიების  აღმნიშვნელი სიტყვები და ა.შ. დასაწყისში ვთხოვ სიტყვების მოძებნას მხოლოდ ერთი მახასიათებლის მიხედვით; შემდეგ კი ვართულებ დავალებას:  ვავალებ იპოვონ და ცალ-ცალკე სხვადასხვა სვეტში ჩამოწერონ სიტყვები  კატეგორიების მიხედვით.

  • წინადადების განვრცობა

ბარათებზე ვწერ კითხვებს: სად? როდის? როგორ? როგორი? რატომ? რისთვის?   და მაგიდაზე ვალაგებ გადაბრუნებულად; შემდეგ ბავშვებს ვურიგებ ბარათზე დაწერილ მარტივ წინადადებას. ( მაგალითად- დედამ წამიყვანა.) მოსწავლეები რიგ-რიგობით იღებენ  ბარათს  მაგიდიდან და რა კითხვაც შეხვდებათ, იმის მიხედვით განავრცობენ წინადადებას.  მომდევნო ეტაპზე დავალებას  ვართულებ და მოსწავლეებს უწევთ  ბარათებზე დაწერილი  კითხვების მიხედვით  წინადადების განვრცობა. მაგალითად, ეს მარტივი წინადადება, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

გუშინ დედამ, გამოჯანმრთელებული, სიხარულით  წამიყვანა კინოში, ახალი ფილმის სანახავად.

  • ფანტაზიორები და რეალისტები ( უცნაური წინადადებები)

კლასს ვყოფ წყვილებად/ ჯგუფებად. ერთს ვარქმევ ,,ფანტაზიორებს“, მეორეს- ,,რეალისტებს“. ვურიგებ მათ ბარათებს ერთნაირი სიტყვებით . ფანტაზიორები ამ სიტყვების გამოყენებით ადგენენ უცნაურ, აბსურდულ წინადადებებს, რეალისტები- ჩვეულებრივ, რეალური შინაარსისას. წინადადებების წარდგენისას, მოსწავლეები მსჯელობენ მათ შესახებ. მაგალითად: სიტყვა: კუზი

,,რეალისტები“-  აქლემს  უდაბნოს პირობებთან შეგუებაში კუზი ეხმარება.

,,ფანტაზიორები“- კურდღელმა კუზში აგურები ჩაილაგა და გაფრინდა.

ბავშვები ამ წინადადებებს ერთმანეთის გვერდით აკრავენ  დაფაზე. შემდეგ მსჯელობენ მათ შესახებ.

  • სიტყვების ბანკი

პატარა ყუთებს გავუკეთე წარწერები: ,,ნივთები“, ,,ბოსტნეული“, ,,ფრინველები“, „სასწავლო ნივთები“ და ა.შ. გაკვეთილებზე შესწავლილ ახალ ლექსიკურ ერთეულებს მოსწავლეები წერენ ბარათებზე და ანაწილებენ შესაბამის ყუთში. ასე იქმნება ,,სიტყვების ბანკი“ , რომელსაც, საჭიროებისამებრ,  ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებისათვის. მაგალითად:

  • ცხოველების ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი და ისაუბრე ცხოველზე, რომლის სახელიც ბარათზე  წერია.  როგორია გარეგნულად, თვისებებით, სად ბინადრობს; რა ზღაპარი ან მოთხრობა წაგიკითხავს მის შესახებ და ა.შ.
  • ნივთების ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი და ისაუბრე ნივთზე, რომლის სახელიც ბარათზე წერია. რაში გამოიყენება, სად გინახავს, შენ თუ გაქვს შინ, აღწერე, როგორია და ა. შ.
  • ნებისმიერი ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი, განმარტე მასზე დაწერილი სიტყვა, მისი გამოყენებით შეადგინე წინადადება ან რაიმე სახის ტექსტი (ამბავი, რეკლამა, ზღაპარი, წერილი და ა.შ)
  • წაშალე სიტყვა

  დაფაზე  ორ სვეტად ვწერ ტექსტიდან წინასწარ შერჩეულ სიტყვებს.

მოსწავლეები გამომყავს  წყვილებად,  ჩემი მითითებით,  თავიანთი სვეტიდან კითხულობენ თითო-თითო სიტყვას და თუ სწორად განმარტავენ,  შლიან.  გამარჯვებულია ის,  ვინც მეტ სიტყვას წაშლის.

—————————————————————————————

ლექსიკაზე  მუშაობა   უწყვეტი პროცესია და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებითი კლასებიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით გრძელდება. კარგი იქნება, თუ გაკვეთილებზე ლექსიკურ სავარჯიშოებს ხშირად დაეთმობა 10-15 წუთი მაინც.  არ არის სასურველი, რომ მოსწავლეებს ერთდროულად ბევრი ახალი სიტყვის დამახსოვრება მოსთხოვოს მასწავლებელმა. კვირის განმავლობაში 5-10 ახალ ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა, მათი გამეორება რამდენჯერმე და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ერთდროულად 20 სიტყვაზე ვარჯიში;

მოსწავლეებზე  ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე  შემიძლია დავასკვნა, რომ ბავშვები უკეთ აცნობიერებენ და ადვილად იმახსოვრებენ სიტყვის მნიშვნელობას, თუ გაეცნობიან მის სინონიმებს, ანტონიმებს, გაიაზრებენ  სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. სიტყვების დამახსოვრების ხარისხს განსაკუთრებით ზრდის აქტივობებში თამაშის ელემენტების შეტანა. ამ დროს იზრდება მოსწავლეთა ინტერაქცია და შესასწავლ სიტყვებზე ფოკუსირებაც ძალდაუტანებლად ხდება. ახალი სიტყვების მოსწავლის აქტიურ ლექსიკაში დასამკვიდრებლად, არ კმარა მარტო ზეპირი სავარჯიშოების შესრულება, პარალელურად, აუცილებელია მათი გამოყენება  წერით დავალებებზე მუშაობისას, რათა ბავშვის მეხსიერებაში მოხდეს სიტყვის ვიზუალური ხატის დამახსოვრებაც. ზეპირი და წერითი აზროვნების სინთეზურად სტიმულირება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა  ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-24 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  2. ირინა სამსონია: ,, წიგნიერება“
  3. ქართული ენა და ლიტერატურა , გზამკვლევი მასწავლებლებისთვის , I – VI კლასები ,

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, 2011

  1. კითხვის ეფექტური მეთოდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013
  2. სასწავლო – მეთოდოლოგიური რესურსების კრებული: ,,კითხვისა და წერის სწავლება

დაწყებით საფეხურზე I – VI კლასები“ (2015) G – PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი

  1. კარგი სკოლა- საგანმანათლებლო ვებ – პორტალის რესურსები. მისამართი: https://www.kargiskola.ge

 

 

 

 

 

 

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ქართულის გაკვეთილზე

0

პერსონალური და სამოქალაქო კომპეტენცია არის ცოდნის უნარისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლებელს ხდის საკუთარი თავის ადეკვატურ შეფასებას, რეალიზებასა და ემოციების მართვას. გულისხმობს კომუნიკაციას, შემოქმედებითობას, ტოლერანტობას. აგრეთვე, საზოგადოებაში არსებული ფასეულობების, ნორმებისა და წესების ცოდნას, მათ დაცვას. ხელს უწყობს პიროვნული პოტენციალის განახლება-განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას და გადაწყვეტილებების მიღებას.

მინდა წარმოგიდგინოთ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

სამიზნე ჯგუფი:  X კლასი

თემა: გენდერული თანასწორობა- მითი თუ რეალობა

ქტივობა:   ნაბიჯ-ნაბიჯ

 

I აქტივობა _____მასწავლებლის ინსტრუქცია

 

„წარმოიდგინეთ, რომ ახლა გაკვეთილზე კი არ ხართ, არამედ სტუდიაში, სადაც გადაცემა თავად უნდა წაიყვანოთ, ანუ ვიღაც მოირგებს სატელევიზიო გადაცემის წამყვანის როლს, რომელიც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს გადაცემის ფორმატს, სტუდიაში მოიწვევს შუშანიკს, ვარსქენს, სახალხო დამცველს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ფსიქოლოგს, შინაგან საქმეთა მინისტრს სოცმუშაკს. სტუდიაში გამართავთ დისკუსიას თემაზე: ,,გენდერული თანასწორობა – მითი თუ რეალობა“.

ნაწილი მოსწავლეებისა მოირგებთ მოწვეული სტუმრების როლს, რომელიც თქვენ გინდათ (მაგ. რეჟისორი, ჟურნალისტი, მწერალი, მოსწავლე, რეპორტიორი, გოგონა, რომელსაც განათლების უფლება მამამ შეუზღუდა….).

წესრიგსა და ორგანიზებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შემოქმედებით ჯგუფს. (3 მოსწავლე).

ამიტომ უფლებას ვიტოვებ, გადაცემის წამყვანი თავად დავასახელო (თუ თვითონაც თანახმა იქნება), მან კი თავად შეარჩიოს ორი თანამშრომელი, რომლებიც მოეხმარებიან გადაცემის ფორმატის, სახელწოდების, კითხვების შერჩევაში“.

 

II აქტივობა როლების გადანაწილება

 

  • „ჟურნალისტი“ ასახელებს 2 მოსწავლეს, რომლებიც მასთან ერთად წაიყვანენ გადაცემას და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს.
  • მაგიდაზე დევს გადაბრუნებული ბარათები, თითო ბარათზე თითო სიტყვა წერია: სახალხო დამცველი, საპატრიარქოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ვარსქენ, შუშანიკი, რეპორტიორი, ფოტოგრაფი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სოცმუშაკი, იურისტი, ძალადობის მსხვერპლი…  მოსწავლეები იღებენ ბარათებს და სხდებიან მათთვის განკუთვნილ ადგილზე.

 

III აქტივობა როლისთვის მზადება

 

მასწავლებელი 10 წუთს აძლევს მოსწავლეებს იმისთვის, რომ დაფიქრდნენ, გაითავისონ როლები, გაიაზრონ – რომელ შეკითხვებზე შეიძლება მოუწიოთ პასუხების გაცემა. ჟურნალისტებმა კი უნდა შეიმუშაონ ფორმატი, გადაინაწილონ ფუნქციები, მოემზადონ გადაცემის წასაყვანად. მასწავლებელი აფრთხილებს, რომ მათ იმპროვიზაციაც მოუწევთ, რადგან შესაძლოა პროცესები მათი გეგმის მიხედვით არც წარიმართოს.

 

IV აქტივობა სატელევიზიო გადაცემა

 

  • ჟურნალისტის მისალმება;
  • პრობლების აქტუალურობაზე საუბარი;
  • მოწვეული სტუმრების წარდგენა,საუბარი;
  • დისკუსია;
  • დამშვიდობება.

 

V  აქტივობა მოსწავლეთა თვითშეფასება

 

   მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს, რომლებიც მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეავსონ.

გასასვლელი ბარათი

 

 სატელევიზიო გადაცემის“ დროს მე ვიყავი  (მიუთითეთ როლი)-————————.

 

 ამ ამპლუაში ჩემი თავი )მომეწონა  ) არ მომეწონა ( გახაზეთ ერთ-ერთი)  რადგან ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-

ამ გაკვეთილმა ერთხელ კიდევ დამაფიქრა  —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————–

მოკლედ ჩამოაყალიბეთ, როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში  ——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-—————————————————————————————————–

წინაპირობები, რომელებიც უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ გაკვეთილი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს.

  • წინასწარ მიეცით საშინაო დავალება თემაზე – „დაცულია თუ არა ქალს უფლებები საქართველოში“.
  • წინა გაკვეთილებზე მოამზადეთ ფონი- დარწმუნდით, იცნობენ თუ არა მოსწავლეები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რა იციან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებს შესახებ.
  • სწორად შეარჩიეთ მთავარი ,,ჟურნალისტი“, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს 2 თანაწამყვანი. სწორედ მათზეა დამოკიდებული „რეიტინგული’’ იქნება თუ არა სატელევიზიო გადაცემა.
  • საკლასო ოთახი აქციეთ სტუდიად . „სტუდიაში“ მოიტანეთ მიკროფონები(თუნდაც არ მუშაობდეს), კამერა ( შესაძლოა გადაიღონ ტელეფონითაც ). დარწმუნდით, რომ კამერის მეხსიერება „გადაცემას“ სრულად დაიტევს.
  • „გადაცემის სტუმრებს“ რომ არ გაუჭირდეთ გარჩევა, ვინ ვინ არის, წინასწარ მათთვის განკუთვნილ მერხებზე დადეთ ბეიჯები (სანფორმაციო ფურცელი) წარწერით, მაგალითად:
სახალხო დამცველი
სოციალური მუშაკი
ფსიქოლოგი

  • სათანადო ადგილი მიუჩინეთ სკამებს, მერხებსა და მაგიდას.

გაკვეთილის შემდეგ

  • ყურადღებით გაეცანით გასასვლელ ბილეთებს;
  • მომდევნო გაკვეთილზე თითოეული მათგანი წაიკითხეთ ხმამაღლა, მოსწავლეებს ყოველთვის აინტერესებთ – რას ფიქრობენ მათი მეგობრები;
  • პროექტორით ერთობლივად იყურეთ „გადაცემის“ გადაღებულ ვიდეოს.
  • ერთობლივად შეაფასეთ პროცესი.

გაკვეთილის დადებითი მხარეები

  • მოსწავლეებისათვის სახალისოა;
  • ააქტიურებს ცოდნას;
  • ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენცების განვითარებას (სოციალური და სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება);
  • აჩენს სურვილს, სხვა დროსაც „ჩაწერონ გადაცემა“ და თავად გთავაზობენ სხვა არანაკლებ პრობლემურ თემებს.
  • ქმნის ფონს – მათთან ერთად დაგეგმოთ და განახორციელოთ სოციალური პროექტები.

 

გამოყენების არეალი

 

  • შესაძლებელია ანალოგიური „გადაცემები ჩაწეროთ“ საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერ კლასში და „მოიწვიოთ“ ალუდა ქეთელაური, დაუსვათ კითხვები ილია ჭავჭავაძეს, დეპატები გამართოთ მიხელ ჯავახიშვილთან, ჩაწეროთ ინტერვიუ „ჩიტების გამომზამთრებელთან“.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011- 2016

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი თამაში ბარბარიზმების წინააღმდეგ

0

ქართულ ენას არ უკვირს არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან  და ა.შ. შემოსული ნასესხები სიტყვების არსებობა და არც ბარბარიზმებთან ბრძოლაა უცხო მოვლენა.

პრობლემა რომ კომპლექსურია, ეს აღარავისთვისაა უცხო. ენის დაბინძურებას ხელს უწყობს მასობრივი საინფორმაციო საშულებებით გავრცელებული და დამკვიდრებული სიტყვები. დღეს რომ ყველა მგრძნობიარე საკითხი „სენსიტიური“ გახდა, შემოქმედებითი – „კრეატიული“, შთაგონება – „ინსპირაცია“ – აღარ გვიკვირს. აღარ გვიკვირს და აქ ჩნდება პრობლემა : თვითონვე ვეჩვევით და ვაბინძურებთ ქართულ ენას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება მშობლიური ენის წინაშე. ამიტომ, ჩვენი ძალებით,  მუდმივად უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას ისე, რომ ეს პროცესი ბავშვებისთვის არ იყოს მომაბეზრებელი. პირადად ჩემთვის, პროფესიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ბარბარიზმებია მტკივნეული, რითაც „ტრენერები“, „ფასილიტატორები“, „მენტორები“ მეტყველებენ.  ჩვენც,  სხვა გზა არ გვრჩება, ეს სიტყვები უნდა გამოვიყენოთ, ურთიერთობა რომ შედგეს.

გასულ წელს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე  დაიწყო მოძრაობა „არაბარბარიზმებს“. დაგეგმეს პროექტი, რომლის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, კონკურში ჩაერთო ბევრი სკოლა. კონკურსი თავისთავად გულისხმობს სხვებისგან გამორჩეულ აქტივობების მომზადებას და ჩემს მოსწავლესთან ერთად დავიწყე ფიქრი, რა გაგვეკეთებინა სახალისო, საინტერსო და ნაყოფიერი. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ თამაშის წესების შემუშავებაში ძალიან დამეხმარა ჩემი მოსწავლე, მარიამი. უკვე ვიცით, რომ 21_ე საუკუნის ბავშვებთან დირექტიული სწავლების მეთოდი მიუღებელია. ამიტომ, ფიქრი თამაშით სწავლებისკენ გამექცა. თამაშით სწავლება სახალისოს და საინტერესოს ხდის რთულად გასაგებ, აღსაქმელ და დასამახსოვრებელ  საკითხებსაც კი. ისიც ვიცით, რა ფუნქციას აკისრებდა დიმიტრი უზნაძე თამაშს სწავლა-სწავლების პროცესში : „თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს…სასკოლო ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის“ გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.“

დავგეგმეთ და განვახორცილეთ რამდენიმე აქტივობა. იმდენად სახალისო და საინტერესო გამოვიდა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდები.

თამაშის მიზანი _  ჩავანაცვლოთ ბარბარიზმები ქართული სიტყვებით.

აქტივობის სახელწოდება _  „იპოვე და ჩაანაცვლე!“

საფეხური _ დაწყებითი – IV ,V,VI კლასი.

თამაშის წესები _ უცნობი იყო მოსწავლეებისათვის. (მოულოდნელობის ეფექტმა არაჩვეულებრივად იმუშავა).

მოსამზადებელი ეტაპი _ მასწავლებლებმა ბავშვები წინასწარ მოვამზადეთ  და  ავუხსენით, რა არის ბარბარიზმები, რა არის ნასესხები სიტყვები და როგორ უნდა გაარჩიონ ბარბარიზმები ნასესხები სიტყვებისაგან.  შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე მოეძიებინათ რუსული და ინგლისური ბარბარიზმები  ქართულ შესატყვისებთან ერთად. მოძიებული მასალიდან შევარჩიე 100 გავრცელებული ბარბარიზმი და თითოეული დავწერე ფერად ბარათებზე. ბარათები კი დავმალე ორ ოთახში_ ფოტოების უკან, ფორტეპიანოს კლავიშებზე, მაგიდებისა და სკამების ქვეშ, ფარდებზე და ა.შ.

თამაშის მიმდინარეობა

პირველი ეტაპი – მოსწავლეები ნაწილდებიან წინასწარ მომზადებულ მერხებთან, კლასების მიხედვით. მათ 5 წუთში უნდა მოიფიქრონ სახელწოდებები თავიანთი გუნდებისათვის და აირჩიონ კაპიტნები. უკვე მოფიქრებულ სახელებს  ჩამოვწერთ დაფაზე, რათა ქულების დაწერისთვის მოვემზადოთ. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში და კონკურენტულ გარემოში ბავშვებს არაჩვეულებრივად შეუძლიათ თავი გაართვან ასეთ დავალებებს. მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მთავარია, გასაქანი მივცეთ.

მეორე ეტაპი – ბავშვებს ვაცნობ თამაშის წესებს: „100 ბარბარიზმი განთავსებულია ორ ოთახში( ადგილი შევარჩიეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ თამაში მოარგოთ თქვენს გარემოს. ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.) ბარათებზე,  ბარბარიზმების გარდა,  დაწერილია ნასესხები სიტყვები. თქვენი მოვალეობაა მოძებნოთ დამალული ბარათები, ნასესხები სიტყვები ჩაყაროთ სხვა ყუთში, ხოლო ბარბარიზმები – სხვაში. გაითვალისწინეთ, ფერადი ბარათები შეიძლება იყოს ყველგან. თითოეული ნაპოვნი ბარათი მიიტანეთ თქვენს მაგიდასთან და მოათავსეთ მუყაოს ყუთში. თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული რამდენ ბარათს შეაგროვებთ. დავალების შესასრულებლად გეძლევათ თხუთმეტი წუთი.“

მესამე ეტაპი – ბავშვები ეძებენ ბარათებს. დავალების შესრულებისას ვაკვირდებით როგორ ინაწილებენ როლებს, იცავენ თუ არა თამაშის წესებს და ა.შ. შეგიძლიათ, ეს შედეგები თქვენთვის მოინიშნოთ და სხვა დროს გაითვალისწინოთ აქტივობების დაგეგმვისას. ამ შემთხვევაში, ორგანიზებული თამაშისათვის, გუნდები განმავითარებელი კომენტარებით წაახალისეთ.

  მეოთხე ეტაპი – ყველა გუნდის წევრი ჯდება მაგიდასთან და იწყებს ბარბარიზმების დახარისხებას -რუსული და ინგლისური. ათავსებენ  შესაბამის ყუთებში. აქტივობის შესასრულებლად მათ 5 წუთი აქვთ.

მეხუთე ეტაპი –  ამის შემდეგ, მაგიდასთან რჩებიან მხოლოდ კაპიტნები და ახლა მათ ვაძლევ დავალებას: თითოეულ ბარბარიზმს მიუწერონ ქართული შესატყვისი. კაპიტნებს ამ დავალების შესასრულებლად ეძლევათ 10 წუთი.

მეექვსე ეტაპი – ქულების დათვლა. თითოეული გუნდი მოდის ჩემთან და ვამოწმებ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს. ქულებს კი ვანაწილებ შემდეგნაირად:

1)თითოეული ნაპოვნი ბარბარიზმისათვის  – 1 ქულა;

2)თითოეული სწორად განაწილებული ბარბარიზმისათვის(რუსული-ინგლისური)  – 1 ქულა;

3)თითოეული ბარბარიზმის სწორი შესატყვისის დაწერისათვის – 1 ქულა;

4)თუ ბავშვებს ბარბარიზმი აერევათ ნასესხებ სიტყვაში, აკლდებათ 1 ქულა;

5)თუ გუნდები, თამაშის განმავლობაში, ერთხელ მაინც შეუშლიან ხელს სხვა გუნდს, აკლდებათ 1 ქულა;

ქულები შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ გაანაწილოთ. გამარჯვებული გუნდებისთვისაც წახალისების ფორმა თვითონ შეგიძლიათ მოიფიქროთ.

თამაში მოსწავლეებს ეხმარება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და  მასალის ადვილად დამახსოვრებაში. იმ დღის შემდეგ, ჩემი მოსწავლეები ცდილობენ, სხვასაც ასწავლონ ბარბარიზმების ქართული შესატყვისები. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მუდმივად უნდა მეორდებოდეს. თუ ამ თამაშს დაგეგმავთ, მერწმუნეთ, პატარები მომდევნო წელს აუცილებლად მოგთხოვენ გამეორებას.

ახლა კი შემოგთავაზებთ არჩეული ასი ბარბარიზმიდან ნაწილს, რომელიც მეტად გავრცელებულია ჩვენს მეტყველებაში.

ინგლისური ბარბარიზმები ქართული შესატყვისები
1. სეივი;

2. ჩელენჯი;

3. სეილი;

4. სენსიტიური;

5. ივენთი;

6. დატესტვა;

7. დრაივი;

8. ვიზიტორი;

9. კრეატიული;

10. ფრენდი;

11. ლინკი;

12. დათაგვა;

13. ფართი;

14. სელფი;

15. დილეითი;

16. მონიტორი;

17. ფლეშკა;

18. ლაივი;

19. დასინვა;

20. დაპოსტვა;

21. სმაილი;

22. დრაივი;

23. დაანონსება;

24. ფაზლი;

25. ფეისი;

 

 

1. შენახვა;

2. გამოწვევა;

3. ფასდაკლება;

4. მგრძნობიარე;

5. წვეულება;

6. გასინჯვა;

7. მუხტი;

8. სტუმარი; მნახველი;

9. შემოქმედებითი;

10. მეგობარი;

11. ბმული;

12. მონიშვნა;

13. წვეულება;

14. თვითი;

15. წაშლა;

16. ეკრანი;

17. მეხსიერების ბარათი;

18. პირდაპირი ეთერი;

19. ნახვა;

20. გამოქვეყნება;

21. ღიმილი;

22. მუხტი;

23. წინასწარ გამოცხადება;

24. ასაწყობი; თავსატეხი;

25. სახე;

 

რუსული ბარბარიზმები ქართული შესატყვისები
1. სპიჩკა;

2. სტოლი;

3. სემიჩკა;

4. ნასკი;

5. საროჩკა;

6. პრობკა;

7. შპილკა;

8. ზაჟიგალკა;

9. კრესლო;

10. პოლი;

11. პროსტინა;

12. პივა;

13. გრეჩიხა;

14. კრანი;

15. ჩოთქი;

16. ფეჩი;

17. მაიკა;

18. ტუფლი;

19. ბულკი;

20. კრიშა;

21. ვეშოლკა;

22. აჩკი;

23. მაზი;

24. პარიკმახერი;

25. ნაუშნიკი;

1. ასანთი;

2. მაგიდა;

3. მზესუმზირა;

4. წინდა;

5. პერანგი;

6. საცობი;

7. სარჭი;

8. სანთებელა;

9. სავარძელი;

10. იატაკი;

11. ზეწარი;

12. ლუდი;

13. წიწიბურა;

14. ონკანი;

15. ჯაგრისი;

16. ღუმელი;

17. მაისური;

18. ფეხსაცმელი;

19. ფუნთუშა;

20. თავსახური;

21. საკიდი;

22. სათვალე;

23. ნელსაცხებელი;

24. დალაქი;

25. ყურსასმენი;

 

რა ემოცია გამოიწვია ბავშვებში ამ თამაშმა, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

https://www.youtube.com/watch?v=Wle23pIBiLU&feature=youtu.be&fbclid=IwAR2Low5dFb-pYkW4QO2RVDokxngv_GsYTl-SD3eqwRUR3lLfVwMsrD5RRxg

https://www.youtube.com/watch?v=TqlVs2NuYag&feature=youtu.be&fbclid=IwAR13OvtYxtgk997Bh9nRm-GoO-QiPdX9qKDBpgCHx9kakHdmrLZeDaiZhF8

https://www.youtube.com/watch?v=vcBBUpCYyMY&feature=youtu.be&fbclid=IwAR1qU4jRFrmrQLfxqKnqcCmplhAfnUBemxETquwcFIFyH6zZqvBzb8-PKrk

 

საშინაო დავალების ინსტრუქციები, ანუ „არვიცირადავწეროს“ წინააღმდეგ

0

საშინაო დავალებები ჩვენს სასკოლო პრაქტიკაში ყოველდღიური რუტინის შემადგენელია. თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი, როგორც წესი, მოსწავლეს აძლევს ყოველდღიურ საშინაო დავალებას, წერილობით შესასრულებელს.

ყოველდღიური საშინაო წერითი დავალებები, უმეტესწილად, დიფერენცირებული არ არის, მოსწავლე არჩევანს არ აკეთებს თავისი შესაძლებლობების ან ინტერესების გათვალისწინებით.

კლასს ეძლევა ერთი დავალება, ყველა მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს ის.

 

აქ ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა:

1.ყველა მოსწავლე აკეთებს დავალებას?

2.ყველა მოსწავლე ხარისხიანად ასრულებს მოცემულ დავალებას?

3.მოსწავლეები ინტერესით ასრულებენ დავალებას?

4.მოსწავლეებს გააზრებული აქვთ დავალების მიზანი?იციან, რატომ უნდა შეასრულონ დავალება? ხვდებიან, რა უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება დავალება?

5.იმის მიუხედავადაც კი, თუ დავალება მათ მოსაწყენი ეჩვენებათ, ცდილობენ შესრულებას „შემეცნების ხათრით“?

6.ყველა მოსწავლე შეძლებს მოცემული საყოველთაო დავალების შესრულებას? (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდივიდუალური დავალება არ იგულისხმება).

ჩემი გამოცდილებით, ექვსივე კითხვაზე ყველაზე გულწრფელი და ამომწურავი პასუხია – არა. ან – უფრო ხშირად – არა.

გამოდის, კლასში ყოველთვის არიან მოსწავლეები, რომლებიც საშინაო დავალებას არ/ვერ ასრულებენ, ასრულებენ უხარისხოდ ( მოვალეობის მოხდის მიზნით, პატივისცემით, ხათრით, იწერენ სხვისგან სასჯელის თავიდან არიდებისთვის…), ინტერესისა და მოტივაციის გარეშე, მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ გააზრებული საშინაო დავალების მნიშვნელობა ან არ აღიქვამენ დავალებებს სერიოზულად.

ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ სხვადასხვა სტრატეგიებსა და ინსტრუქციებზე, მოფიქრებულსა და წაკითხულსა ყოველდღიურ პრაქტიკაში ვნერგავ, აქედან რაღაცები „მუშაობს“, რაღაცები – ნაკლებად.

ამ წერილში  მოსწავლეებისთვის შეთავაზებული მოდიფიცირებული დავალებები და ინსტრუქციები მინდა გაგიზიაროთ, რასაც „უმუშავია“.

„იმუშავა“ – ნიშნავს:

მოსწავლეს აუმაღლდა დავალების შესრულების მოტივაცია ( ეს უკვე „სანახევრო გამარჯვებაა“);

მოსწავლემ დაიწყო დავალების შესრულება, მოტანა(!) და გაზიარება(მოზარდებს, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ  შესაძლებლობებში, უჭირთ სხვებისთვის მოსაზრებების გაზიარება);

მოსწავლემ შედარებით გაიუმჯობესა წერითი მეტყველება, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარი.

ინდივიდუალური მიდგომა

„მოლაპარაკება მხარეებს შორის“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორ პიროვნებას შორის მოლაპარაკებამდე უნდა დავიყვანოთ. არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვისთვისაც ერთი და საყოველთაო ინსტრუქციაც საკმარისია. დაფაზე დაწერილს ჩაინიშნავენ, მეორე დღისთვის შეასრულებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უნარი არ და ვერ გამოუმუშავდათ სათანადოდ. დავალებების არშემსრულებელი მოსწავლეების უმეტესობა ასეთია – არ მახსოვდა, არ მეწერა რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, დავალება თუ მქონდა, არაფერი მოგიციათ…ყველა ამ მიზეზს ერთი ხელის მოსმით აჩანაგებს პირადი კონტაქტი. სთხოვეთ მოსწავლეს, შეყოვნდეს გაკვეთილის შემდეგ, შეათანხმეთ მასთან დამატებითი შეხვედრის დრო, უთხარით, რომ ბევრ დროს არ წაართმევთ. პატივისცემით განმსჭვალული მოპყრობა რადიკალურად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნისადმი. ორმხრივი პირადი შეთანხმება კი დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს. პირადად შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ იმ მოსწავლეებისგან, ვისაც მაინცდამაინც არ შეუწუხებია თავი დავალებების შესრულებით, მიმიღია სათანადოდ შესრულებული დავალება.

ინდივიდუალური დავალება

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, პროფესიონალ მოცურავეს, წყალბურთელს, წყალში მხტომელს და სერფერს მოგცეს დავალება – 100 მეტრი დისტანციის გაცურვა თავისუფალი სტილით. თუ თქვენ მასწავლებლობასთან ერთად პროფესიონალი მოცურავეც არ ხართ, ცხადია, ყველაზე ბოლო მიხვალთ ფინიშის ხაზამდე. რა უსამართლობაა!

დაახლოებით ასე ვიქცევით ჩვენც, როდესაც მთელ კლასს, რომელშიც სულ მცირე, ორი ათეული ინდივიდია, საერთო და საყოველთაო დავალებას ვაძლევთ. ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც უნდა მივცეთ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალება და თუ ამას მოსწავლე შინაარსის ზედმიწევნით გადმოცემის ან პარაფრაზირების დროს ვერ ახერხებს, არა უშავს. გააკეთოს ის და ისე, როგორც შეუძლია.

ერთ მოსწავლესთან ასეთი შეთანხმება მაქვს – წერითი დავალებების შესრულება მისთვის ჯერჯერობით დაუძლეველი გამოწვევაა. დარწმუნებულია, რომ ვერ წერს.

შევთანხმდით – ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში ის წაიკითხავს 10 გვერდს. მან შეარჩია წიგნი, პერიოდულად ვინტერესდები, ახერხებს თუ არა პირობის შესრულებას. მარწმუნებს, რომ კითხულობს. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ დავსხდებით და ის წაკითხულის შესახებ დამელაპარაკება. მერე კი დაწერს 10 წინადადებას, სადაც თავის გამოცდილებას გაუზიარებს მკითხველს. შედეგად – ცუდად შესრულებული, გადაწერილი ან ვერშესრულებული საშინაო წერითი დავალების ნაცვლად მოსწავლე ყოველდღიურად გაიწაფება კითხვაში, გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, საბოლოოდ, აუცილებლად დაწერს 10 წინადადებას და სულ მცირე, იმაში მაინც დარწმუნდება, რომ წერა შეუძლია.

დავუშვათ, რომ მართლა მოსაწყენია, დავუშვათ, რომ მართლა ვერ გაიგეს

ჩვენ გვაქვს ილუზია ( ან ძალიან გვინდა, ასე იყოს), რომ კლასში ნათქვამი ყოველი წინადადება ერთხელ და სამუდამოდ აღიბეჭდება მოსწავლეების გონებაში და „ცხოვლად სულს დააჩნდება“. ხშირად გამკვირვებია, როდესაც მოსწავლეებისგან ისეთი კითხვები მიმიღია, რაზეც, ჩემი აზრით, ამომწურავად და საფუძვლიანად მქონდა ნასაუბრები. გამოდის, ან არ ისმენდა, ან მოისმინა და ვერ გაიგო, ან მოისმინა და სასწრაფოდ დაივიწყა, ან…ან…ათასი მიზეზი.

ხომ ვიცით, რამდენი საფიქრალი, „საზრუნავი“ ( ბრჭყალებშიც და ბრჭყალებს გარეშეც) და საქმე აქვთ მოზარდებს სკოლის მიღმა.

აქვთ!

თითქოს, ტრივიალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მართლა მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მათ სხვა უამრავი და უფრო საინტერესო საკეთებლები აქვთ, ვიდრე ჩვენი გაკვეთილები და საშინაო დავალებების შესრულებაა.

ცუდი ნიშნების დაწერა, საშემოდგომოებით დამუქრება, უცოდინრობისა და უვიცობის პერსპექტივა და სხვა ამგვარი „გარე მოტივატორები“, შეიძლება, ჭრიდეს კიდევ ზოგ შემთხვევაში, მაგრამ გამართულ პედაგოგიურ სტრატეგიას ვერ ვუწოდებთ ამ გზას.

მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული წერითი დავალება, მკაფიო, ნათელი, გასაგებად ჩამოყალიბებული, მარტივი ინსტრუქცია – შესრულების გარანტია თუ არა, შეუსრულებლობის პრევენცია მაინცაა.

თუ მოსწავლემ მოიმიზეზა, რომ „ვერ გაიგო, რა უნდა დაეწერა“ ან „ არ იცოდა, რაზე უნდა დაეწერა“, შეგვიძლია ინდივიდუალური შეხვედრა დავუნიშნოთ, კიდევ ერთხელ ავუხსნათ, დავრწმუნდეთ, რომ გასაგებია დავალება ( გაამეორებინეთ, რა აქვს გასაკეთებელი და აახსნევინეთ თავად, როგორ უნდა შეასრულოს დავალება) და დავუთქვათ ჩაბარების თარიღი.

მე მესმის, რომ ერთი მასწავლებლის ენერგია, მონდომება, დრო, შესაძლებლობები ვერ ეყოფა ყოველდღიურად ამ სტილით მუშაობას და სამწუხაროდ, ეს შეუძლებელიცაა, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ამ სტრატეგიების გამოყენება ნამდვილად შეცვლის ატმოსფეროს. ნაცადი და გამართლებული ხერხია.

განწყობის სკოლა (II ნაწილი)

0

აფექტური მიზნის გაზომვა კოგნიტურზე რთულია, რადგან, თუ ტაქსონომიას გადავხედავთ, უნდა გავზომოთ არა მხოლოდ ცოდნის ან უნარ-ჩვევის დაუფლების დონე, არამედ მოსმენის, გაგებისა და მოქმედების სურვილი, მოტივაციის, ღირებულების გააზრებისა და გათავისების დონე. ღირებულებათა სისტემის შექმნა კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

კოგნიტური მიზნის დასახვისას ხშირად ვხვდებით, რომ მოსწავლეს არ აქვს მიზნის მიღწევის შესაბამისი ემოციური მზაობა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ დიაგნოსტიკური ტიპის კითხვარი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა. მოსწავლეთა პასუხების შესწავლის შემდეგ მასწავლებელი აანალიზებს მიზნის მიღწევის ხელის შემშლელ ფაქტორებს, რომლებიც კოგნიტურთან ერთად აფექტურ სფეროსაც შეიძლება მიესადაგებოდეს.  შედეგების ანალიზი კი დაძლევის დონის განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემს.

დიაგნოსტიკურ კითხვართან ერთად, მასწავლებლის პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. შემოწმების ფაზა, რომელიც თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას ეთმობა. იგი შეიძლება მოიცავდეს, როგორც მოსწავლის პირადი საქმის გაცნობას, ასევე დაკვირვების ფაზას, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ბუნებრივია, ამ შეფასების ინსტრუმენტსაც სჭირდება კრიტერიუმები. თუ წინასწარ არ ჩამოვაყალიბებთ, რისი გაგება გვსურს, ინფორმაციის შეგროვების პროცესი ზედმეტად გაიწელება და მონაცემების გაანალიზებაც გართულდება. შემოწმებასა და დაკვირვებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებად მოიაზრებენ, როგორც  სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს, ასევე – კოგნიტურ, აფექტურ და ფსიქომოტორულ სფეროს, სწავლის სტილს და ინდივიდუალურ საჭიროებებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეფასების ინსტრუმენტის შექმნა საკმაოდ რთულია და დიდ დროსა და გამოცდილებას მოითხოვს, მასწავლებელთა დიდი ნაწილი ხშირად ადგენს ამა თუ იმ სასწავლო მიზანზე მორგებულ რუბრიკას  და საკუთარ ბლოგებსა თუ ვებგვერდებზე განათავსებს. ამ სტატიის დაწერის სურვილი სწორედ ზემოაღნიშნული ,,დავალებების“ ნახვისას გამიჩნდა, რადგან შეფასების ინსტრუმენტების უმეტესობა, სამწუხაროდ, სტრუქტურულად და შინაარსობრივად მიზანს მნიშვნელოვნად იყო აცდენილი.

შეფასების რუბრიკა (როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი) ყველაზე გავრცელებულ სტრუქტურირებულ, მოქნილ და მკაფიო შეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია აქტივობის მიზნის შესაბამისი ინდიკატორები, რომლებიც მიესადაგება სასწავლო საფეხურის შესაბამისი ცოდნებისა და უნარების დაძლევის დონეებს. უმეტესად რუბრიკას მოსწავლის მიღწევის დონის შესაფასებლად იყენებენ, მაგრამ მისი დახმარებით სასწავლო პროცესის შეფასებაც შესაძლებელია.

ცხადია, დავალების ტიპიდან გამომდინარეობს რუბრიკის შინაარსიც. მისი კატეგორიიზაციისთვის მნიშვნელოვანია  კრიტერიუმების წარმოდგენის ფორმისა და რუბრიკის შინაარსის განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, გამოყოფენ კომპონენტებს (შეფასების კრიტერიუმებს), მიღწევის დონეებს (ე.წ. შეფასების სკალა) და მათ აღწერილობებს. რუბრიკის ეფექტურობას კი განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეესაბამება მასში წარმოდგენილი კრიტერიუმები და მიღწევის დონეები სასწავლო მიზანს.

შეფასების რუბრიკები ერთმანეთისგან კრიტერიუმების წარმოდგენის ფორმით განსხვავდებიან. გამოყოფენ ანალიტიკურ და ჰოლისტურ რუბრიკებს. მათ შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ ანალიტიკური რუბრიკა კრიტერიუმების ჩამონათვალს და თითოეული მათგანის მიღწევის დონის აღწერას მოიცავს. ჰოლისტურში კი შეფასების კრიტერიუმები გაერთიანებულია და ყველა კრიტერიუმს, შეფასების დონეების მიხედვით, ერთად აფასებს. ასევე გავრცელებულია ,,კი, ნაწილობრივ, არა“ ჩამონათვალთან დაკავშირებული შეფასების რუბრიკა, რომელიც კარგად აფასებს სამუშაო პროცესს. ჰოლისტური შეფასება მხოლოდ ზოგადად აფასებს პროდუქტს, ამიტომაც ნაკლებად სანდო შეფასების მოდელად აღიქმება. ანალიტიკური რუბრიკა კი შეფასების საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი მთავარი ღირსება დიაგნოსტიკური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობაა.

რუბრიკის ტიპის სწორად შერჩევასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, ზოგად დავალებას ვაფასებთ, თუ კონკრეტულს.  ზოგადი დავალების რუბრიკა მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, რომლებიც ეყრდნობა სტანდარტს და ერთი კატეგორიის დავალებებს ერთნაირად ზომავს. მასში მიღწევის დონეების აღწერაც განზოგადებულია. მასწავლებლები ზოგადი დავალების რუბრიკებს ყველაზე ხშირად იყენებენ. თუმცა ზოგიერთი დავალება არ ერგება სტანდატრულ ინსტურმენტებს და დავალების მიზანს მისადაგებული რუბრიკის შექმნას მოითხოვს. დავალებას მორგებული შეფასების რუბრიკის მთავარი მინუსი მისი შედგენის სირთულე (სჭირდება დიდ დრო და გამოცდილება) და ერთჯერადად გამოყენების პერსპექტივაა, მის მთავარ უპირატესობას კი მიზანს მაქსიმალურად მორგებული ინდიკატორები და შეფასების პროცესის მოქნილობა წარმოადგენს.

ხარისხიანი შეფასების ინსტრუმენტის შექმნას ბევრი დრო და პროფესიონალი კადრი სჭირდება. ცუდად შედგენილი რუბრიკის გამოყენება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ერთნაირად აზარალებს, რადგან ორივე მათგანს არარეალურ შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა საკუთარი მიღწევების შესახებ. იმისათვის, რომ ეფექტური საზომი ინსტრუმენტი შევადგინოთ, ჯერ სასწავლო მიზნები უნდა განვსაზღროთ, შემდეგ – რუბრიკის ტიპი და კრიტერიუმები. შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს: სასწავლო მიზნის შესაბამისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული, დაკვირვებადი ქცევის ამსახველი, ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალდონიანი. კრიტერიუმების ერთობლიობა სასწავლო მიზანს მთლიანად უნდა მოიცავდეს. ამას გარდა, უნდა განვსაზღვროთ და  აღვწეროთ მიღწევის დონეები. ბოლოს რუბრიკა უნდა გამოვცადოთ (რამდენიმე დავალების შეფასება), შედეგების გაანალიზებისა და ინსტრუმენტის კორექტირების შემდეგ კი შეგვიძლია დავიწყოთ მისი მიზანმიმართულად გამოყენება.

ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკის შედგენის სპეციფიკას აუცილებლად მივუბრუნდები. ამ წერილს კი  მის პირველ ნაწილში ნიმუშის სახით მოცემულ აფექტურ მიზანზე შედგენილი  ,,კი, ნაწილობრივ, არა“ ჩამონათვალთან დაკავშირებული შეფასების რუბრიკით დავასრულებ.

აფექტური მიზანი: მოსწავლეები დამოუკიდებლად შეარჩევენ და წაიკითხავენ მხატვრულ ლიტერატურას; გაითავისებენ რჩეული წიგნის ღირებულებებს და გამოავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას სლაიდშოუს, პოსტერის, კომიქსის ან სარეკლამო ბუკლეტის პრეზენტირების გზით.

მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლე აღიქვამს კითხვის და მასთან დაკავშირებული ესთეტიური ფაქტორის მნიშვნელობას, საკუთარი სურვილით შეარჩევს მხატვრულ ტექსტსდამოუკიდებლად წაიკითხავს, გაიზიარებს მასში ჩადებულ იდეას/ღირებულებას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით შესრულებულ დავალებაში.

#შეფასების რუბრიკა

 

 

 

 

დებულებები

არ ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები სრულიად ვეთანხმები  

 

მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ

 

1. მოსწავლე საკუთარი ნებით ერთვება საერთო ან/და ინდივიდუალურ საკლასო/სასკოლო საქმიანობაში       მოსწავლე მოქმედებს შინაგანი მოტივაციის საფუძველზე
2. მოსწავლეს აქვს  მხატვრული ლიტერატურის გაცნობის სურვილი       მოსწავლეს ამჟღავნებს მოქმედების სურვილს
3. მოსწავლეს შეუძლია  არჩევანის გაკეთება შეთავაზებულ ვარიანტებს შორის       მოსწავლე არჩევანს აკეთებს საკუთარ ღირებულებათა სისტემაზე დაყრდნობით
4. მოსწავლე იღებს სიამოვნებას საქმიანობის პროცესში       მოსწავლე აღიქვამს კითხვასთან დაკავშირებული ესთეტიური ფაქტორის მნიშვნელობას
   5. ტექსტზე მუშაობის შედეგად მოსწავლე იღებს ახალ იდეებს, ღირებულებებს და დამოკიდებულებებს       მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და იზიარებს საკითხავ მასალაში ჩადებულ იდეას/ღირებულებას
   6. მოსწავლე ავლენს საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოცხადების სურვილს       მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით შესრულებულ დავალებაში
მონაცემების ანალიზი:

 

ამ გრაფაში შეგვიძლია მოკლედ შევაჯამოთ დებულებებზე დაყრდნობით შეგროვებული ინფორმაცია და ანალიზის სახით წარმოვადგინოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლასის საათი: სასარგებლო რჩევები საკუთარ მეგობრებს

0

რაც უფრო იზრდებიან მოსწავლეები, მით უფრო რთულია მათი დაინტერესება კლასის საათით და კლასგარეშე აქტივობებით. დღეს მინდა, გაგიზიაროთ კლასის საათის ის ფორმა, რომელიც ძალიან კარგად მოერგება მაღალ კლასებს. ეს ფორმა არ არის ერთჯერადი და გაკვეთილის სხვადასხვა თემაზე ჩატარების საშუალებას იძლევა.

ასეთი ფორმის გაკვეთილებს დავარქვი: „ურჩიე მეგობარს“.

მოსწავლე თავად ირჩევს მასალას და პრობლემას. სამუშაო ინდივინდუალურია რაც, გვაძლევს საშუალებას თავიდან ავირიდოთ ჯგუფური მუშაობის მთავარი ნაკლი, რომელიც ის გახლავთ, რომ რომელიმე მოსწავლემ თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა და სხვის ხარჯზე გავიდეს.

პირველი რამდენიმე შეხვედრა არის თემაზე: „ურჩიე მეგობარს წიგნი“.

კლასის თითოეული მოსწავლე თავად ირჩევს წიგნს და ემზადება პრეზენტაციისთვის შემდეგი საკვანძო კითხვების მიხედვით:

1) როდის დაიწერა ეს წიგნი?

2) როდის წაიკითხე?

3) რამ მოგხიბლა განსაკუთრებულად?

4) არის თუ არა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი და რამდენად ემთხვევა ის მას?

5) ცოტაც საკუთარი შეხედულება და ავტორის შესახებ;

6) ჟანრი და ისტორიული მოტივები (არსებობის შემთხვევაში).

დაბოლოს გავაფრთხილოთ მოსწავლეები, რომ პრეზენტაცია იყოს ისეთი, რომ გამოიწვიოს ინტერესი, მაგრამ შინაარსი არ უნდა მოუყვეს.

თავდაპირველად აუცილებელია, მივცეთ მათ საპრეზენტაციო წიგნის არჩევის საშუალება, მაგრამ თუ ეს წიგნები დაემთხვა, ვთხოვოთ, შეცვალონ.

საპრეზენტაციო მასალის მომზადების ფორმას თავად ირჩევენ. შეუძლიათ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, მოამზადონ პლაკატი ან უბრალოდ გასცენ პასუხი კითხვებს და წაიკითხონ საინტერესო ციტატა ან ფრაზა მოცემული წიგნიდან.

თავდაპირველად გადაწყვეტილი მქონდა ამეკრძალა ძალიან პოპულარული წიგნები, მაგრამ მოგვიანებით წიგნის ცნობადობა კლასის ინტერესებს დავუკავშირე. რამდენად ბევრს ჰქონდა წაკითხული ვინმეს მიერ შემოთავაზებული საპრეზენტაციო წიგნი. მოსწავლეთა ერთი ნაწილი ხშირად ირჩევს ხოლმე  რომელიმე ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიას. იმის მიხედვით, რომელი სფეროს წარმომადგენელია ეს ადამიანი, უკავშირებენ საკუთარ ჰობს.

მომდევნო შეხვედრა ეხება თემას: „ურჩიე მეგობარს შეამჩნიოს ირგვლივ პრობლემა“.

აქ მოსწავლე თავად აკეთებს პრობლემის იდენტიფიკაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ საკლასო ოთახიდან დაწყებული.

წარმოდგენილი პრეზენტაცია უნდა იყოს არა ინტერნეტიდან მოძიებული არამედ, რეალურად ირგვლივ არსებული.

პრეზენტაცია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

1) სად არის ეს ფოტო გადაღებული ან მასალა მოპოვებული?

2) კონკრეტულად რაში მდგომარეობს პრობლემა?

3) მოგვარებადია თუ არა და თუ მოგვარებადია, საკუთარი ხედვა მის შესახებ?

4) შეუძლია თუ არა მეგობარს თქვენთან ერთად ცოტათი მაინც გამოასწოროს ეს პრობლემა?

ეს შეიძლება იყოს:

1) საკლასო ოთახში გაასაწმენდი მერხი;

2) უპატრონო ძაღლები ქუჩაში;

3) ქუჩაში უადგილოდ დაყრილი ნაგავი;

და ასე შემდეგ.

თუ თავად ვერ მოახერხეს პრობლემების შემჩნევა დავეხმაროთ, თუნდაც ამისათვის მათთან ერთად გასეირნება დაგვჭირდეს.

მომდევნო შეხვედრის თემა: „ურჩიე მეგობარს აღიაროს და დააფასოს მეორე მეგობრის წარმატება და ნიჭიერება“.

მივყვებით სიის პირველი ნომრიდან დაწყებული და ვთხოვთ, აირჩიონ მეგობარი ვისზეც ისაუბრებენ. უკვე არჩეულებს თვალსაჩინოდ ჩავნიშნავთ მათ თვალწინ, რითაც უკვე მოისპობა იმის საშუალება, რომ სულ ერთი და იგივე დასახელდება. არჩევის პროცესი არ არის სტრესული.

წარდგენის დროს მოსწავლე არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, ლაპარაკობს მეგობარზე. თუ მხატვარზე ლაპარაკობს წარმდგენი, შეუძლია მოიტანოს ნახატები, ხოლო თუ მუსიკოსზე – შეუძლია გვაჩვენოს ვიდეო-ჩანაწერი. ეს იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მოსწავლე, რომელიც მღერის ორკესტრთან ერთად ან ხალხურ ანსამბლში ან ცეკვავს, ანსამბლთან ერთად გვაჩვენოს სრული ვერსია. აქ გაერთიანდება სპორტის, პოეზიის, კითხვის სიყვარული და ყველა მოსწავლეს აუცილებლად აღმოაჩნდება რაღაც ისეთი, სათქმელად რომ ღირდეს.

ამ კლასის საათზე შეიძლება მშობლებიც დავისწროთ.

მომდევნო თემა: ურჩიე მეგობარს კარგად დაეუფლოს ——– .

აქ ვირჩევთ რომელიმე სასკოლო საგანს და ვლაპარაკობთ ამ საგნის შესახებ. მოსწავლის აზრი, რატომ უყვარს მას ეს საგანი და რატომ უნდა ისწავლოს ის უკეთ იმ მეგობარმა, რომელსაც ნაკლებად უყვარს.

პრეზენტაცია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • რატომ აირჩიე ეს საგანი?
  • რაში გამოგადგება ცხოვრებაში?
  • რომელი განსაკუთრებული საკითხი მოგწონს ამ საგნიდან?

ამ ფორმატის მორგება ბევრ სხვა თემაზეც შეიძლება. მაგალითად:

,,ურჩიე მეგობარს გემოვნებიანი მუსიკა“;

,,ურჩიე მეგობარს ეზიაროს პოეზიას“.

აქ მოსწავლე ირჩევს ერთ პოეტს და კითხულობს ლექსს, გვეუსაუბრება ავტორზე და არჩევანზე. არჩევანის მოტივი შეიძლება ბევრი იყოს. მაგალითად, შეიძლება აირჩიოს „ვეფხისტყაოსნიდან“ ანდაზა იმიტომ, რომ შინაარსი მოეწონა ან ლექსი, რომელშიც რითმამ მოხიბლა და ასე შემდეგ.

,,ურჩიე მეგობარს იმოგზაუროს ——– ქვეყანაში ‘’

აქ უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნები არ დაემთხვეს, რათა მეტად ინფორმაციული იყოს.

კითხვები, რომელსაც უნდა პასუხობდეს არის:

1) რატომ აირჩიე ეს ქვეყანა?

2) სად მდებარეობს?

3) რა არის იქ ღირშესანიშნავი?

4) რა ენაზე საუბრობენ იქ? (და ერთი სიტყვა მაინც გვითხრას ამ ენაზე).

იგივე შეიძლება საქართველოს კუთხეებზე.

შესაძლებელია წარსულში მოგზაურობაც.

ეს ფორმით ბევრ სხვადასხვა თემაზე შეიძლება საუბარი. თუ კლასი მრავალრიცხოვანია გაიყოს თემები. მთავარია, მოსწავლეებს უმაღლდებათ მოტივაცია. გრძნობენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, სწავლობენ ერთმანეთის მაგალითზე.

იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც საჭიროა დავინტერესდეთ, რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა, დავაწესოთ მცირე გარეგანი მოტივაცია. მაგალითად, თუ ჩვენ რომელიმე მოსწავლის მეცადინეობით პრობლემა მოგვარდება, ის მიიღებს სიგელს გარემოს გაფრთხილებისთვის, თუ წაიკითხავს პრეზენტაციაზე გამოტანილ წიგნს და ამაში დაგვარწმუნებს მიიღებს სიგელს: ,,ერთი ნაბიჯით წინ’’.

შესაძლოა, პრიზებიც დავაწესოთ.

მეტი, ვიდრე მშობელი

0

სასკოლო ცხოვრებას ჰყავს თავისი აუცილებელი და მნიშვნელოვანი წევრები, როგორიცაა მოსწავლე, მასწავლებელი, ადმინისტრაცია, მშობელი, დამხმარე პერსონალი და ა.შ. ამ სტატიაში გესაუბრებით მშობლის როლზე სასკოლო ცხოვრებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩემი მოსწავლეების მშობლებთან ვიწყებ ურთიერთობას, ვცდილობ მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობა დავამყარო, რადგან ვთვლი, რომ თუ მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ეს პირველ რიგში მოსწავლეზე აისახება დადებითად. სკოლაში ბავშვისთვის მასწავლებელი ხდება ავტორიტეტი, სახლში კი – მშობელი. თუ მისთვის  ამ ორი ადამიანის მოსაზრებები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა, მოსწავლის აკადემიურ და დისციპლინარულ შედეგებიც შესაბამისად მაღლდება.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობელსა და მასწავლებელს შორის ჯანსაღი ურთიერთობა. ეს პრობლემა თითქმის ყველა სკოლაში დგას. მასწავლებლებს კი ეს საკითხი ძალიან გვაწუხებს. ამიტომ არის რამდენიმე გზა, რომელსაც მასწავლებლები მშობლის უკეთ გასაცნობად მივმართავთ. ახალ მშობელთან ურთიერთობის დასაწყისში მას ვთხოვ, დამიწეროს შვილის დახასიათება. რა მეთოდები აქვს მასთან ურთიერთობის, რამე აუცილებელი ფაქტორი თუ არსებობს, რომლის საქმის კურსშიც უნდა ვიყო. ეს აქტივობა მეხმარება, გავიცნო თითოეული მოსწავლე მშობლის თვალით და რაც მნიშვნელოვანია, გავიგო თავად მშობლის წარმოდგენა და შეფასება შვილის შესახებ. ხშირად ხდება, რომ მშობელს შვილზე იმაზე მეტი/ნაკლები წარმოდგენა აქვს, ვიდრე სინამდვილეშია, რაც შემდეგ სწავლის პროცესში პრობლემების სახით იჩენს თავს. მაგალითად, მოსწავლეს ხშირად უბრალოდ არ შეუძლია რაღაც საგანში უმაღლესი შეფასების მიღება, მშობელი კი მისგან ითხოვს მაქსიმალურს, ან მოსწავლის ინტერესები შეიძლება სულ სხვა მხარეს იყოს მიმართული, მშობლის კი – სულ სხვა.

სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა და აქტიურობა, ვფიქრობ არ უნდა იყოს მხოლოდ მშობელთა კრებაზე დასწრება, კლასგარეშე აქტივობაზე გაყოლა. იმისათვის, რომ მშობლებს უფრო ნათლად წარმოედგინათ საკლასო ცხოვრება და მასწავლებლის პოზიციაში ყოფნა, შევთავაზე პროექტი სახელწოდებით: ,,მეტი, ვიდრე მშობელი“. (ეს პროექტი ჩემი კოლეგის, ინა მეცხვარიშვილის მაგალითზე ჩავატარე.) პროექტს მიზნად დავუსახე შემდეგი:

  • მშობელს დაენახა შვილის/კლასის შესაძლებლობები;
  • შეეთავსებინა მასწავლებლის როლი, რაც მას შემდგომში გაუადვილებდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის სხვადასხვა საკითხების უკეთ გაგება/გააზრებას;
  • გაეცნობიერებინა მასწავლებლის როლი სასკოლო ცხოვრებაში.

პროექტის დაწყებამდე გავიარე შემდეგი ეტაპები:

  • შევხვდი მშობლებს და გავაცანი პროექტის გეგმა, მიზნები, მიმდინარეობა;
  • მსურველთა მიხედვით დავგეგმეთ გაკვეთილის ჩატარების დრო.

პროექტის ფარგლებში თითოეულ მშობელს კვირაში ერთხელ უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი. ისინი არ იყვნენ შეზღუდულნი საგანსა და თემის არჩევანში. ყველა მშობელს შევთავაზე კონსულტაცია. ისინი მოსწავლეთა ასაკობრივად გეგმავდნენ გაკვეთილებს. პროექტის შეჯამების დროს აღმოჩნდა, რომ მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ გაკვეთილის დაგეგმვისას, რაც შედეგებზე ნამდვილად არ ასახულა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან საინტერესო რესურსები მოამზადეს მშობლებმა, რომლებსაც დაგეგმილ გაკვეთილში იყენებდნენ. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო მშობლის ჩატარებულ გაკვეთილზე დასწრება, რადგან ძალიან საინტერესო, აქტუალური და შემოქმედებითი თემები შემოგვთავაზეს. მოსწავლეების ჩართულობა იყო მაქსიმალური. როგორც მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის ეს პროექტი იყო ახალი, სახალისო და საინტერესო. გაკვეთილის ბოლოს, თითოეულ მშობელს გადავეცი სიგელი – სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობისთვის, რაც ერთგვარი მოტივაცია იყო მათთვის.

წარმოვადგენ რამდენიმე ჩატარებულ თემას, რომლის მიხედვითაც მშობლებმა ჩაატარეს გაკვეთილები:

  • წელიწადის დრო – შემოდგომა;
  • ხილი და ბოსტნეული;
  • ხელნაკეთი ნივთების დამზადება;
  • შინაური და გარეული ცხოველები;
  • საქართველოს კუთხეები;
  • პროფესიები;
  • საახალწლო ნივთების დამზადება.

პროექტის დასრულების შემდეგ მშობლებს ვთხოვე, შეეჯამებინათ პროექტი. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის შეფასებას უცვლელად:

 

 

ვფიქრობ თითოეული თემა იყო აქტუალური, საინტერესო და მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული ემოციებით მიღებული, რადგან ისინი თავის მშობლებს ხედავდნენ მასწავლებლის როლში, რაც მათთვის ძალიან სახალისო და სიხარულით სავსე საგაკვეთილო წუთების შემქმნელი იყო. ამით კი ვფიქრობ მოსწავლეებმა სკოლას კიდევ უფრო სხვა, დადებითი კუთხით შეხედეს, ხოლო მშობლებმა თვალნათლივ დაინახეს მასწავლებლის როლი და შრომა სასწავლო პროცესში.

 

 

თავისუფალი სკოლა- დილა სიმღერით

0

მახსოვს, ბავშვობაში დილით, გაკვეთილების დაწყებამდე გამამხნევებელი ვარჯიშები გვიტარდებოდა ხოლმე. სკოლის ეზო სპეციალურად ამ ვარჯიშისთვის იყო დახაზული. მოწყობა ტარდებოდა კლასების მიხედვით. ჩვენ მე-5 კლასში რომ გადავედით, პირველად მაშინ მოგვეცა მაღალკლასელებთან ერთად ვარჯიშის უფლება. თავდაპირველად გამამხნევებელი ვარჯიშები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სკოლაში 15 წუთით ადრე ვცხადდებოდით, ვიკავებდით ჩვენთვის განკუთვნილ ადგილს და მოუთმენლად ველოდებოდით ვარჯიშის დაწყების მაუწყებელი ზარის დარეკვას…

ერთი პერიოდი საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო კვირა დროშის აღმართვის ცერემონიალით იწყებოდა. ეს ფაქტი ამაღლებდა საზეიმო განწყობას. მასში მონაწილეობდნენ კონკრეტული სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ხელოვანები და ა.შ.

…2018 წლის აპრილში მომეცა საშუალება, გავცნობოდი დანიის საგანმანათლებლო სისტემას. ამ ნაყოფიერი ვიზიტის შესახებ ყოველთვის მინდოდა ფართო საზოგადოებისთვის მომეყოლა. დანიაში ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მათ შესახებ ვრცლად და დაწვრილებით შემდგომში აუცილებლად მოგიყვებით. ამ სტატიაში მინდა, გესაუბროთ „თავისუფალ სკოლებში“ დანერგილი ერთი საინტერესო ტრადიციის შესახებ.  ორიოდე სიტყვით შევეხები, რას ნიშნავს თავისუფალი სკოლა. ეს არის ერთგვარი ალტერნატივა სახელმწიფო და მუნიციპალური სკოლებისა. მათ შეუძლიათ შეზღუდვის გარეშე აირჩიონ პედაგოგიური მიდგომები, რელიგიური თუ პოლიტიკური იდეოლოგია და ა.შ. 2018 წლის მონაცემებით დანიაში დღეს მოქმედებს 552-მდე ამ ტიპის სკოლა (სულ 1082 საჯარო სკოლაა) და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩემი პირველი გაოცება და გულწრფელი აღტაცება ამ თავისუფალ სკოლებში დანერგილმა მეტად საინტერესო პრაქტიკამ გამოიწვია. მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები ყოველ დილით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე იკრიბებიან სააქტო დარბაზში. სცენაზე ლიდერები მონაცვლეობით გამოდიან და ყველას აცნობენ სიახლეებსა და იმ  დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება იწყებს სიმღერას. იქვე აუცილებლად დგას ფორტეპიანო…

ბუნებრივია, დავინტერესდი ამ ტრადიციით. მას დანიელები „Morgensang“-ს ქართულად დილის სიმღერას ეძახიან. დილის სიმღერა არის თავისუფალი სკოლის ტრადიციის ნაწილი და ის მისი დამფუძნებლებისგან მომდინარეობს. გრუნდვიგი და კოლდი წერდნენ სიმღერებს ეკლესიისთვის. მათ შექმნეს ტექსტების კრებული თავისუფალი სკოლებისთვის, სადაც თავმოყრილია სიმღერები სიკეთეზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, ბუნებაზე, ცხოვრებაზე…

მათ მიაჩნიათ, რომ  დილის სიმღერის შემდეგ განწყობა ამაღლებულია, ივსებიან ენერგიით, თავს გრძნობენ ერთი დიდი ოჯახის ნაწილად. ზოგიერთი სიმღერა პირდაპირ ეხმიანება კონკრეტულ დღეს და ერთგვარი შეტყობინების სახით მისდით მოსწავლეებს. დანიელი კოლეგის შეფასება შემდეგნაირია: „როცა შენ გიწევს მუშაობა მოსწავლეთა ჯგუფთან, შენ დარწმუნებული ხარ, რომ სიმღერით დილის დაწყების შემთხვევაში ყველას აქვს დღის ერთნაირი დასაწყისი, რომელიც მდიდარია პოზიტიური ფონით, დადებითი განწყობით. დილის შეკრების შემდეგ მოსწავლეები მიდიან საკუთარ კლასებში და სასწავლო პროცესში ერთვებიან“.

აღსანიშნავია, რომ სიმღერათა კრებულში, რომელსაც „Højskole sangbogen“ ჰქვია, ტექსტები დიფერენცირებულია ასაკის მიხედვით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შედარებით მარტივ და მათი ასაკისთვის შესაფერის სიმღერებს მღერიან.

ყოველდღიური დილის სიმღერები არამარტო მოსწავლეებს, არამედ მომავალი თავისუფალი სკოლის მასწავლებლებსაც ჰქონდათ. მე ვიმყოფებოდი იმ სასწავლებელში, რომელიც ამზადებს მასწავლებლებს თავისუფალი სკოლებისთვის. Den frie lærerskole მდებარეობს პატარა ქალაქ ოლლერუპში. ის სკანდინავიის ქვეყნებში განთქმულია. ყველაზე მთავარი აქ მელოდა.  ზრდასრული სტუდენტებიც დიდი სიხარულითა და ხალისით მღეროდნენ ლექციების დაწყების წინ.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების დილის შეხვედრები.

ქართული მრავალხმიანი სიმღერით ჩვენ ხშირად ვამაყობთ. ჩვენი მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა. ის ხშირად ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. ჩვენი წინაპრები მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს გვმატებდა.

რადგან ქართული სიმღერის გამოყენების ფარგლები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, ვფიქრობ, მისი ამგვარი დანიშნულებით გამოყენება კარგად მოერგება ქართულ რეალობას. რამდენი მოსწავლე გვყავს სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული?!

საქართველოში სკოლაში სიარული და სწავლა ხშირად სტრესთან ასოცირდება. ბავშვები სექტემბრის დასაწყისშივე ოცნებობენ არდადეგებზე. მიფიქრია, რომ მოეცათ არჩევანის საშუალება, რას ავირჩვედი? – დღის დაწყებას გაკვეთილის გამოკითხვით თუ ხალისიანი სიმღერით, რომელიც ერთგვარად ამსუბუქებს მძიმე სამუშაო დღეს. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც ზარის დარეკვა ასოცირდება სიმღერასთან, როგორც ერთგვარ გამამხნევებელ აქტივობასთან. როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ჩვენი მოსწავლეები… მით უმეტეს, რომ სიმღერის უნარი და ნიჭი სისხლში გვაქვს გამჯდარი და ჩვენი ორგანული ნაწილია.

 

თავისუფალი სკოლების შესახებ ვრცლად იხილეთ:

https://www.dfl-ollerup.dk/grundtvig-and-kold

https://cphpost.dk/activities/free-alternative-schools-booming-across-denmark.html

https://www.dfl-ollerup.dk/English

 

პირველი ნაბიჯები მრავალფეროვნების მიმღებლობისკენ

0

აქტივობები, რომელსაც  შემოგთავაზებთ,  ერთდროულად ეპასუხება ეროვნული სასწავლო გეგმასა (საზ.მეც.დაწყ.(I).14.  მოსწავლემ უნდა შეძლოს: ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ;) და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდანციო  ჩარჩოს  (კომპეტენცია  – კულტურული მრავალფეროვნების დაფასება) 202 -ე დესკრიპტორს.

ამ აქტივობებით აგებული გაკვეთილი მესამე კლასელებისთვის არის რეკომენდებული. თუმცა მოდიფიცირებით ის პირველ-მეორე კლასებშიც შეიძლება გამოვიყენოთ.

გაკვეთილის მიზანია – მოსწავლეებმა გაიაზრონ მრავალფეროვნების ცნება, განივითარონ მრავალფეროვნების პატივისცემისა და შემწყნარებლობის, თანაგრძნობის უნარები.

ასევე, განივითარონ თანამშრომლობითი სწავლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე დაფაზე წერს სიტყვას „მრავალფეროვნება“ და მოსწავლეებს სთხოვს, დაასახელონ, რა ნიშნით შეიძლება გამოვლინდეს მრავალფეროვნება თანაკლასელებს შორის? ჩამოთვლილი პასუხები გადააქვს დაფაზე, შემდეგ აკეთებს შეჯამებას და აჯგუფებს პასუხებს.

შემდეგ აქტივობაში მოსწავლეებს ურიგდებათ რესურსი 1. მოსწავლეები ქმნიან წყვილებს და მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით  კითხულობენ ტექსტს. ნაწილს კითხულობს პირველი და მეორე უსმენს და შემდეგ – პირიქით.

მასწავლებელს თვალსაჩინოდ (დაფაზე ან ფლიპჩარტზე) უწერია შემდეგი კითხვები:

  • რას იტყვით მოთხრობაზე? რა გავიგეთ? რა იყო გაუგებარი?
  • რატომ აშინებდა ჰეგანას სკოლაში მისვლა?
  • თქვენ რა განცდა გექნებოდათ იმ გარემოში, სადაც თქვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ?
  • რატომ არ იცოდა გოგონამ ქართული?
  • ვინ დაეხმარა მას?
  • თქვენ როგორ მოიქცეოდით მარის ადგილას?

კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ახმოვანებს პირველ კითხვას და განმარტავს უცხო სიტყვებს. შემდეგ წყვილებს აერთიანებს 4 ან 6-კაციან ჯგუფებად და სთხოვს, ერთობლივად იმუშაონ დარჩენილ კითხვებზე პასუხის გასაცემად. შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს და უნიშნავს დროს პრეზენტაციისათვის. პრეზენტატორები წარმოადგენენ პასუხებს.

მასწავლებელი აჯამებს აქტივობას, ავლებს პარალელებს დაფაზე დაფიქსირებულ სიტყვასთან – ,,მრავალფეროვნებას“ (ეთნიკურ, ენობრივ, კულტურულ); განმავითარებელ შეფასებას აძლევს ჯგუფებს, ამასთან ითხოვს, თითოეულმა მოსწავლემ გააკეთოს ჩანიშვნა გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკის შესაბამისად, რადგან გაკვეთილის ბოლოს მათ თვითშეფასების ამ კრიტერიუმების მიხედვით გაკეთება მოუწევთ.

შემდეგი აქტივობა მცირე დისკუსიაა საკითხზე – ,,რა გვაქვს საერთო და განმასხვავებელი?“, ან  თუ დროის ფაქტორი იძლევა საშუალებას, შეიძლება ჩანაცვლდეს სავარჯიშოთი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები დგანან წრეზე,  თითოეული ასახელებს თავის ორ მახასიათებელს, მომდევნო იქნება ის, ვისაც ამ ორიდან ერთ-ერთი ახასიათებს და ასე გრძელდება (მაგალითისთვის: პირველი – ,,მე ვარ მაღალი და მიყვარს წიგნის კითხვა“, მეორე – ,,მეც მიყვარს წიგნის კითხვა და მე მყავს ძაღლი“, მესამე – „მეც მყავს ძაღლი და მიყვარს ყვავილები“…), სანამ ყველა არ იპოვის საერთოს მეგობრებთან. საბოლოოდ მოხდება აქტივობის შეჯამება, რომ ყველას გვაქვს საერთო და განმასხვავებელი, საერთო ჩვევებზე, ინტერესებზე ბევრი რამ ვიცით, მაგრამ არ ვიცით და გვაინტერესებს ის, რაც განსხვავებულია. ვავლებთ პარალელებს წაკითხულ ტექსტთან და ვსვამთ კითხვას – ,,როგორ უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს განსხვავებული ადამიანები?“ და ამაზე მსჯელობისთვის შემდეგ სავარჯიშოს ვთავაზობთ:

მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა ავაგოთ კლასში განსხვავებულთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ქსელი. მოსწავლეები დგებიან წრეზე, ჩვენც ვდგებით მათ შორის. ხელთ გვაქვს მსხვილი ძაფის გორგალი. მოსწავლეებს ვაცნობთ  სიტუაციას. ჰეგანა ჩვენი თანაკლასელია და ქართულად კარგად ვერ საუბრობს, თუმცა ძალიან უნდა, რომ ქართული ისწავლოს. ერთი თანაკლასელი დასცინის ჰეგანას, როცა სიტყვას ან წინადადებას სწორად ვერ ამბობს. გოგონას რცხვენია და აღარ საუბრობს. როგორ მოიქცევით თქვენ და რას ეტყვით მოძალადეს ან ჰეგანას? თითოეულმა მონაწილემ სახელის დაძახების შემდეგ ძაფის გორგალი უნდა გადაუგდოს თანაკლასელს და ეს კითხვა დაუსვას. მიმღები იჭერს გორგალს, ამბობს, რას გააკეთებს თვითონ, რას ეტყვის მოძალადეს ან ჰეგანას და გორგალს შემდეგ მეგობარს გადაუგდებს კითხვით – ,,თამარ, შენ რას გააკეთებ და იტყვი?“ გორგალი ისე უნდა გადააგდოს, რომ თითი ძაფზე მყარად ჰქონდეს გამოდებული, რომ გაიბას სწორი ხაზი მასსა და გორგალის მიმღებს შორის. გორგალი ყველა ბავშვთან უნდა მივიდეს. ასე დაიქსელება წრე. ამით სავარჯიშოს პირველი ნაწილი დასრულდება. ამასობაში მასწავლებელი კიდევ ერთხელ აჯამებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ბავშვებმა ჰეგანას მიმართ გამოიჩინეს და იმ რჩევებს, რომელიც მათ მოძალადე მეგობარს მისცეს.

შემდეგ იწყება მეორე ნაწილი: მასწავლებელი ბავშვებს ეკითხება, რა მოხდებოდა, იმ კლასში, სადაც სხვანაირად (არასწორად) მოიქცეოდნენ. მაგალითად: სხვებიც დასცინებდნენ ჰეგანას. იტყვის მასწავლებელი და მაკრატლით ჩაჭრის თავისგან მიმავალ ძაფს. შემდეგ თანმიმდევრულად მიდის წრეში მდგომ მოსწავლეებთან და ეკითხება, რა იქნებოდა არასწორი საქციელი? თითოეული ასახელებს: მის გვერდით დაჯდომას არ მოისურვებდნენ… ჩაიჭრება კიდევ ერთი ძაფი, არ იმეგობრებდნენ… ჩაიჭრება ძაფი და ასე გაგრძელდება. ქსელი თანდათან დაბლა დაეშვება და საბოლოოდ სულ ძირს დავარდება. მასწავლებელი სვამს კითხვებს, რათა მოსწავლეებმა შეაჯამონ აქტივობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეული მათგანის მოქმედება ქმნის კლასში განსხვავებულთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ქსელს და რაც უფრო მეტი ბავშვია, მით უფრო მტკიცე და უწყვეტია  ურთიერთობების ქსელი, ყველა თავისი კლასის სრულუფლებიან წევრად გრძნობს და სკოლაში მოსვლა უხარია.  ეს თითოეულის ქმედებაზეა დამოკიდებული.

მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: მისწერონ ბარათი ან  ჰეგანას – მხარდაჭერისთვის,  ან მოძალადეს – საჭირო რჩევებისთვის.

რესურსი 1.

ჰეგანა

ჰეგანა ლამაზი გოგოა. სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს. ეს თან ახარებს, თან აშინებს. ჰეგანა აზერბაიჯანელია და სახლში თავის ენაზე ლაპარაკობს. სკოლაში კი ქართული უნდა ისწავლოს.  მისი და ნაჯიბა უკვე მეცხრე კლასშია და წარმატებული მოსწავლეა. ის ცდილობს დასაც ასწავლოს ქართული, თან ამშვიდებს, მასწავლებელიც დაგეხმარება და მეც აქ ვარო.

ნაჯიბამ სკოლიდან ახალი ამბავი მოიტანა. არდადეგებზე ,,ზაფხულის სკოლა“ იმუშავებს და ბავშვებს ქართულის სწავლაში დაეხმარება, მონაწილეებში ჰეგანაც ჩავწერეო.

,,ზაფხულის სკოლა“ დაიწყო. უფროსმა დამ უმცროსი სკოლაში წაიყვანა. ოთახში კედლებზე დიდი ნახატები დახვდათ, ქართული წარწერებით. მომავალი პირველკლასელებისთვის ცალკე ჯგუფი შექმნეს. ქართულ მულტფილმებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ აჩვენებდნენ და მერე საუბრობდნენ – რა გაიგეს, ან ვერ გაიგეს. ნაჯიბა და სხვა უფროსკლასელებიც ეხმარებოდნენ მასწავლებელსა და ბავშვებს.

ჰეგანას გვერდით მჯდომი გოგონა გაეცნო: – მე მარი ვარ, შენ რა გქვიაო? ჰეგანას მეზობელი მოეწონა, სახელიც უთხრა, მაგრამ საუბარს ერიდებოდა, არ შემეშალოს, დამცინებსო.. ერთ-ორ დღეში,  დამეგობრდნენ, ჰეგანაც ნელ-ნელა ალაპარაკდა. თუ რამე შეეშლებოდა, მარი ჩუმად უსწორებდა.  შესვენებას ერთად ატარებდნენ.

მულტფილმები მოსწონდათ. მოსწონდათ თეა მასწავლებელიც, რომელიც ცხოველების სახელების გამოსაცნობად ბავშვებს მათი ხმების გამოჯავრებით მიანიშნებდა: ხან მამალს აჯავრებდა, ხან ,,ბეეს“ იძახდა. ბავშვები იცნობდნენ სიტყვებს და თან მხიარულობდნენ.

გული დასწყდათ, როცა ზაფხულის სკოლის ერთი თვე ამოიწურა. ჰეგანას სექტემბრის მოსვლა უკვე აღარ აშინებს, პირიქით, მოუთმენლად ელოდება. იქ  მარი და სხვა ბავშვები ეგულება.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...