ორშაბათი, მაისი 19, 2025
19 მაისი, ორშაბათი, 2025

ყურით და თვალით ნასწავლი ენა – სტრატეგიები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

რა პროცესების  მეშვეობითაც ამცირებენ ადამიანები საკუთარ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, იმავენაირად ამცირებენ ისინი თავიანთი სამყაროს რეპრეზენტაციას მისი გამოთქმისას.

. გრინდერი, . ბენდლერი

 

ლინგვისტურ ლიტერატურაში აქამდე ვკითხულობდით, რომ ენა თავისი გამოხატვის, საურთიერთო, და აზრის დანაწევრების ფუნქციებით მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა, რომ ფუტკარი თავის თანატომელებს კედელზე ცეკვით ნექტრამდე გავლილ გზას რომ უხაზავს და ასე ასწავლის იქამდე როგორ იფრინონ, – მათ გონებაში მხოლოდ ვიზუალური ხატების გადატანაა და არა ენა, ისევე როგორც თუთიყუშის მიერ ჩვენი ფრაზების გამეორება აკუსტიკური ხატების გადატანაა და არა ენა და რომ ცხოველები ენას ვერ ეუფლებიან, რადგან მათ ენა არ გააჩნიათ.

 

ენის დაუფლების შესახებ ეს წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეცვალა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ირენ პეპერბერგის დაკვირვებამ. იგი ხანგრძლივად აკვირდებოდა რუხი თუთიყუშების სახეობის (Psittacus arithacus) თუთიყუშ ალექსის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.  ალექსმა 2007 წლამდე – 31 წელი იცოცხლა და მისი ქცევით დაადასტურა, რომ თუთიყუშების მეტყველება სიტყვების მხოლოდ ავტომატური გამეორება არ არის, არამედ ისინი სიტყვებს თავიანთი მნიშვნელობებით და აბსტრაქტული ცნებებით მანიპულირებისთვის იყენებენ, რომ მათ აქვთ ენა, რომელიც შრომის შედეგად აითვისეს და დაეუფლნენ.

 

ალექსის გაცნობა ნამდვილად ღირდა. მისი შემთხვევა არღვევს სტერეოტიპებს, რომ   „ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა“, რომ „ჰარვარდში კი არ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ ან ვმუშაობთ“. ისინი ხომ ვერაფერი გამართლებაა თუნდაც ერთი შემთხვევისა, რომლის შესახებ მოყოლა ნამდვილად ღირს.

 

წარმოვიდგინოთ, ჩვენს კლასში  მოვიდა კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 14 წლის გოგონა (პირობითად, ანიტა), მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებით, რომელმაც არ იცის ჟესტური ენა, ვერც მშობლიურ ენაზე მეტყველებს და, შესაბამისად, ადამიანებთანაც ვერ ურთიერთობს?! მისი პრობლემის წინაშე დგას სკოლა, რომელიც მშობელს ურჩევს, ბავშვმა ისარგებლოს დღის ცენტრების მომსახურებით. იქ ხომ უფასოდ მიიღებდა სმენისა და მეტყველების სპეციალისტების დახმარებას, სურვილის შემთხვევაში, შეასწავლიდნენ ჟესტურ ენას, თუმცა ამაზე მშობლის კატეგორიულ უარს აწყდება. პრობლემის წინაშე დგანან ცალკეული საგნის მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ მსგავს შემთხვევაში მუშაობის გამოცდილება. პრობლემის წინაშე დგას სპეცმასწავლებელი, რომლის რჩევებს ყველა სკეპტიკურად უყურებს. პრობლემის წინაშეა მშობელი, რომელსაც სხვა ტიპური განვითარების, ე. წ. „საღი“ შვილები უყურადღებოდ დარჩება, ანიტას „თუ გადაჰყვა“. პრობლემის წინაშეა თავად ანიტა, რომელიც მექანიკურად ასრულებს ოჯახის წევრების მარტივ ინსტრუქციებს – იღვიძებს დილით, საუზმობს, სკოლაში მიჰყვება ძმას, რომელმაც საკლასო ოთახამდე უნდა მიაცილოს; შემდეგ ზის გაკვეთილებზე ოთახში, რომლის იატაკზე არც ხალიჩაა, არც შალითები ამაგრია სკამების ბოლოებს, ფონური ხმაურის დამხშობი არანაირი სპეციალური სისტემა, ნივთი ან ხელსაწყო, არც უსაფრთხოების ვიზუალური მიმანიშნებლები, არც სმარტდაფა… რესურსოთახი სადღაც სკოლის შენობის გარეთ, ძველ, ცივ, ბნელ და შორეულ ოთახში, რომელსაც ანიტა სკოლად ვერ აღიქვამს. იქ ხომ მისი კლასელები არ სწავლობენ, რომ მექანიკურად ზარისთანავე გაჰყვეს და გამოჰყვეს. იქ ხომ გარკვეული ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რათა სპეცმასწავლებლის მიერ მომზადებულ რესურსებს გაეცნოს და მითითებული ამოცანები შეასრულოს. იქ სწავლა ნამდვილად არ ჰგავს კლასში გატარებულ დროს, სადაც უქმად ზის, ამხანაგების ქცევას დააკვირდება, შესვენებაზე მათთან ერთად გაირბენ-გამოირბენს, გაკვეთილზე კი კვლავ მექანიკურად გადაიხატავს წიგნებიდან ასოებს და აბზაცებს, რომლებსაც ვერც კი ამოიკითხავს, თუმცა შრომად მაინც ჩაუთვლიან, მერე ზარიც იქნება, ძამიკო შემოუვლის და შინ ერთად წავლენ. რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი, რატომ გავიდეს კლასიდან იქ, სადაც მშობლიურს უცხო ენასავით შეასწავლიან?! რატომ დაძაბოს ყელი, თვალი, გონება და მთელი სხეული ყოველდღე ახალი სიტყვების ასათვისებლად?! – ეს ხომ ანიტას სხეულის ენაზე გამოთქმული პასუხებია, რომელსაც სპეცმასწავლებლის დანახვაზე სახეზე დაიწერს, თავს ორჯერ გადაიქნევს, სახეს ხელზე ჩამოიდებს და ჭერზე ერთ წერტილს მიაჩრდება მანამ, ვიდრე „სპეცი“ კლასიდან არ გავა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

რა მოვიმოქმედოთ? ეს ჟესტები ხომ ანიტასთვის მთელი ენაა, მის მიერ სამყაროს შემცირებული წარმოდგენა და სამყაროს რეპრეზენტაციის შემცირებული გადმოცემა. მისი ენის სიღრმეში იმაზე ბევრად დიდი ნაწილია გაუცნობერებელი, სიტყვებით აღწერის შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ვიდრე ჩვენი ენის ღრმა სტრუქტურებში. ანიტას  ენის შეგრძნება – სიღრმის სტრუქტურა – ის,  რის შეტყობინებასაც ცდილობს, უმარტივესია, ხოლო მის მიერ არასწორად წარმოთქმული მცირერიცხოვანი სიტყვები და მარტივი წინადადებები ზედაპირის სტრუქტურაზე გვთავაზობს ენის იმდენად შემცირებულ რუკას, რომ შეუძლებელია, მას დავეყრდნოთ, ვენდოთ ან თავად გოგონა სადმე წაიყვანოს.

 

ენის მეშვეობით ისედაც შეუძლებელია სრულად გადმოიცეს ჩვენი შინაგანი შეგრძნებები. ჩვენ ხომ მეტყველებისას საკმაოდ ვამცირებთ ინფორმაციას. ანიტას ენის სიღრმის სტრუქტურის აღწერა კი ხანდახან „შემცირების” პროცესში ისე იცვლის სახეს, რომ შეიძლება ძლიერ გაურკვევლობაში შეიყვანოს სხვა ადამიანები და თვითონ მოსაუბრეც. ზოგჯერ ანიტა რაღაცას ითხოვს, მისი ენა კი ყველასთვის გაუგებარია. მისი მეტყველება სასიცოცხლო ძალას კარგავს და გოგონას ენა მკვდარი ბგერების სასაფლაოდ გადაიქცევა. ცნობილია, ენობრივი მოვლენის შინაგანი, „იმანენტური საზომი“ სწორედ მის შინაყოფაში აღიწერება. თუმცა ანიტას ენის დახასიათებისას ესეც ვერ მოიაზრება საკმარ ფაქტორად, რადგან თავის დროზე ყურადღების მიღმა დარჩა მისი მეტყველებისა და მისი ენის შინაფორმის მიმართების საკითხი, ანუ მისი ენის სპეციფიკური თვისებები, რაც ვერ დაინახა/დაანახვეს და ენობრივი მონაცემების ფუნქციები, რომლებიც ვერ გაითავისა/გაათავისებინეს.

 

სხვა შემთხვევა: ოთხი წლის პატარამ გატეხა ჭიქა. მას გაუბრაზდნენ და უთხრეს, რომ ჭიქის გატეხვა ცუდი საქციელია. პატარამ მეორე დღეს სხვა ჭიქა გატეხა და ძალიან გაუკვირდა, კვლავ რომ გაუბრაზდნენ. პატარას გაუკვირდა, რადგან პირველ დღეს გატეხილი ჭიქა იყო ვარდისფერი, მეორე დღეს გატეხილი კი – მწვანე. პატარას ტვინმა ვერ მოახერხა სხვადასხვა ჭიქის გაერთიანება ერთ აბსტრაქტულ, თუმცა ენობრივ ცნებაში – „ჭიქა“. მისთვის არსებობდა სხვადასხვა ჭიქები: ვარდისფერი, ცისფერი, ამ ფორმის, სხვა ფორმის და სხვ. ამიტომ, ჭიქის გატეხვის აკრძალვაც მხოლოდ ვარდისფერ ჭიქას ეხებოდა[1].

 

ეს უკანასკნელი შემთხვევა პირველს მხოლოდ რამდენადმე მიემართება. წარმოვიდგინოთ, რომ ოთხი წლის პატარა ანიტა იყო, გოგონა, რომელსაც კოხლეარი უკვე ორი წლის გადანერგილი ჰქონდა, თუმცა არასდროს უცდია, წარმოეთქვა „ჭიქა“ ან „ვარდისფერი“ ან თუნდაც „მწვანე ჭიქა“.

 

კითხვაზე, თუ რა იწვევს ენა-მეტყველების პრობლემას ბავშვებში, – სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მშობელთა მოუცლელობას ასახელებენ. სათანადო კომუნიკაციის ნაკლებობა აფერხებს ენის განვითარებას. ენით გაშუალებული კომუნიკაცია, იქნება ეს ზეპირმეტყველება, წერილობით გადმოცემული ინფორმაცია, ჟესტური თუ მთლიანად ნიშანთა ენა – ენობრივი განვითარებაა, რაც ადამიანის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მოიაზრება, რადგან სწორედ ენობრივ განვითარებაზეა დამოკიდებული ბავშვის შემდგომი განვითარება განათლებისა თუ ინფორმაციის მიღებისას.

 

ენობრივი განვითარება ენობრივი კომპეტენციის[2] შეძენას მოიაზრებს და, შესაბამისად, ენობრივი ინტელექტის განვითარების საფუძველია. მნიშვნელოვნად გვესახება, ენობრივი კომპეტენციები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვყოთ, კერძოდ:

 

  • სამეტყველო ინტერაქცია
  • მოსმენა
  • ლექსიკური
  • წარმოთქმა
  • კითხვის უნარ-ჩვევები
  • წერა
  • გრამატიკული
  • ორთოგრაფიული
  • ინტერკულტურული
  • სოციოლინგვისტური
  • პარალინგვისტური კომპეტენციები და სხვ.

 

რა შეიძლება გაკეთდეს სკოლაში ანიტას ტიპის ბავშვებთან მუშაობისას?

 

ანიტა ჯერ სამეტყველო ინტერაქციის დაუფლების ფაზაშია, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საკლასო ოთახში  კომუნიკაციის სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერების გამოკვეთა. კერძოდ,  

 

  • ზრდილობის ნორმების გაცნობა;
  • ურთიერთობის რეესტრებიდადგენა;
  • სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერების გამოკვეთა.

ზრდილობის ნორმების გაცნობისას კლასის დამრიგებელი, მშობლიური ენის პედაგოგი, სპეცმასწავლებელი, ასევე სხვა პედაგოგებიც ენისა და მეტყველების მქონე ბავშვს აჩვევენ მისალმების ფორმების შერჩევასა და გამოყენებას. თითოეული აქტივობა ხორციელდება ყოველდღიურად, სიმულაციურად სხვადასხვა როლში, ასევე მსგავსი ბარათების გამოყენებით:

  • შეხვედრისას, მაგალითად: „გამარჯობა“, „სალამი“…

ან „დილა მშვიდობისა!“

  • მოკითხვისას, მაგალითად, „– როგორ ხარ? – კარგად და შენ?“…

[3]

  • გაცნობისას, მაგალითად, მისალმება ხელის ჩამორთმევით: „ – მე ვარ ანიტა“, „ – მე ლუკა ვარ“…
  • დამშვიდობებისას, მაგალითად: „კარგად“, „ნახვამდის“…

მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ყოველ ჯერზე მოეთხოვოს პასუხი (ღიმილიან) მისალმებაზე, გაცნობისას თუ დამშვიდობებისას.

სამეტყველო ინტერაქციის კომპეტენციის გასამყარებლად ასევე აუცილებელია ურთიერთობის ფორმების შერჩევა და გამოყენება:

  • ოფიციალური, მაგალითად: „მასწავლებელო“,  , „ქალბატონო/ბატონო“…
  • არაოფიციალური, მაგალითად: „ძია“, „დეიდა“, „გოგონა“, ან მხოლოდ სახელით: „ლუკა!“, „ნიკა!“ – მიმართვის განსაზღვრული ფორმის გარეშე;
  • მეგობრული, მაგალითად: „ძვირფასო“, „ჩემო კარგო“, „ჩემო კეთილო“…
  • შინაურული, მაგალითად: „მიყვარხარ“, „შენ გენაცვალე!“…
  • ბრძანებითი, მაგალითად, ბრძანების ტონით სახელით მიმართვა ან მხოლოდ გვარით: „ნიკა!“ „აბესაძე!“, „დარსაძე!“…
  • შეურაცხმყოფელი, მაგალითად: „გიჟო“, „სულელო“, „გადარეულო“ (ხშირად სიყვარულით);

მოკითხვის შერჩევა და გამოყენება, მაგალითად: „– როგორ ხარ? – გმადლობ, კარგად. თავად როგორ?“…

შეძახილის შერჩევა და გამოყენება, მაგალითად: „ვაჰ!“, „ღმერთო!“, „მაგარია!“, „გაიხარე!“….

ზრდილობის ნორმების დაუცველობა თანამშრომლობის პრინციპის პირდაპირი გამოყენებიდან გადახვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მნიშვნელოვანია, ანიტას ტიპის ბავშვების კლასში ენობრივი ტრანზიცია აქედან დაიწყოს და მათ სიმულაციური მუშაობით ვაჩვენოთ, რომ ქცევის ნორმათა თავისებურებების უცოდინრობა ადამიანებს შორის გაუგებრობას იწვევს. ასევე მნიშვნელვანია, სიმულაციური თამაშების თუ ფერადი ბარათების მეშვეობით სადამრიგებლო საათზე, საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო დროს ანიტასთან ერთად სხვა ბავშვებიც გაეცნონ პოზიტიური და ნეგატიური ზრდილობის არაენობრივ თუ ენობრივ ფორმებს. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა არის:

პოზიტიური ზრდილობა

  • ადამიანის ცხოვრებისადმი ინტერესის გამოვლენა;
  • განცდებისა და საზრუნავის ურთიერთგაზიარება (გულითადი საუბარი);
  • აღფრთოვანების, მადლიერების გამოხატვა;
  • საჩუქრის გადაცემა, სტუმართმოყვარეობა.

ნეგატიური ზრდილობა:

  • არასასურველი ქცევისაგან თავის არიდების ცდა (დოგმატიზმი, მაგალითად: „ეს ჩემი მერხია/ადგილია და სხვა ვერ დაჯდება!“, ბრძანება და ა.შ.);
  • სინანულის გამოხატვა, ბოდიშის მოხდა უსიამოვნო ქცევის გამო (უთანხმოება, აკრძალვა და ა.შ.);
  • კატეგორიულობის შემარბილებელი გამოთქმები („მგონია“, „ვფიქრობ“, „სჯობია“…);

მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის წესები („გმადლობთ!“, „დიდი მადლობა!“ „ბოდიში!“, „მაპატიე/მაპატიეთ“…);

უზრდელობა (ზრდილობის ნორმების წინასწარგანზრახული დარღვევა):

  • უკმაყოფილების, არაკეთილმოსურნეობის გამოხატვა;
  • ჩივილი, საყვედური;
  • მოუთმენლობის, სიბრაზის გამოხატვა;
  • საკუთარი უპირატესობის გამოხატვა;
  • გადაჭარბებული გულახდილობა.

 

აღნიშნული ტიპის აქტივობები მოსმენისა და ლექსიკური კომპეტენციების გაფართოებასაც შეუწყობს ხელს. თუმცა შედეგი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ  ამავდროულად წერით კომპონენტსაც შემოვიტანთ. კერძოდ, ყველა ფრაზას გაჟღერებისთანავე დაფაზე/სმარტდაფაზე გამოვსახავთ, რამდენჯერმე ამოვიკითხავთ, ხოლო დავალებად ბავშვებს შევთავაზებთ მისალმება-დამშვიდობებისა და სხვა ურთიერთობის ფორმების, მოკითხვის, შეძახილის, მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის წესებითა და ფრაზებით ელექტროკომუნიკაციას.

 

ენობრივი კომპეტენციის სხვა დონეზე მნიშვნელოვანია მოსწავლეს შევაძლებინოთ:

  • ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  • ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან;
  • მართებული პასუხის გამოცნობა და საგანთან არსებითი სახელის წერილობით დაკავშირება.

ენობრივი კომპეტენციის ამ და სხვა დონეების განვითარების შესახებ ჩვენს მომდევნო წერილებში ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე წერილის დასაწყისში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდები. ანიტასთან მომუშავე ყველა სპეციალისტმა თუ მშობელმა აუცილებლად უნდა გაითავისონ, რომ არ შეიძლება ფარ-ხმლის დაყრა და ამ გზაზე მასთან მუშაობისთვის ყველა ბარიერი უნდა მოიხსნას! გოგონა ხომ ენის განცდის, ენის სამყაროს ისეთივე მატარებელია, როგორიც – თითოეული ჩვენგანი. იგი ადამიანია და სხვაგვარად შეუძლებელია.

 

 

[1] სხვათა შორის, თუთიყუშ ალექსის, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, საგანთა გაერთიანება სხვადასხვა ენობრივ ცნებებში არ გასჭირვებია!

[2] ამასთან დაკავშირებით იხ.: https://natiakentchiashvili.wordpress.com/2014/01/31/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%99/

[3] ბარათების ქართული ვერსიების დასამზადებლად შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ელ-გვერდი: https://www.bingobongokids.com/free-esl-efl-english-flashcards/

        ძნელი ბავშვების კინო

0

ჩემს უბანში იყო ერთი-ორი ისეთი ბიჭი, ზოგჯერ უფროსებსაც რომ ეშინოდათ, უფრო სწორედ – ერიდებოდნენ, მათთან სიახლოვეს ბავშვებსაც უკრძალავდნენ.

ყველა უბანში იყო ასეთი ბიჭები. უბნები იმითაც იცნობოდა, ვის როგორი ძნელი ბიჭი ჰყავდა.

მე მათ ვეძახდი „ძნელ ბიჭებს“ და რა მიზიდავდა მათში იმ ჩემს პატარაობაში, დღემდე ბოლომდე ვერ ვაზუსტებ. ალბათ ჯერ შიში, ყველაზე მეტად სწორედ შიში და ადამიანური ინსტინქტი – გეზიდებოდეს ის, რისიც გეშინია. მერე კიდევ – ფარული რომანტიკა, რასაც მე პირადად (და ჩემსავით კიდევ ბევრი გოგოც)  ჩემი ფანტაზიებით ვხუნძლავდი – ყველაზე მამაცები, უშიშრები და ვაჟკაცები მეჩვენებოდნენ ხოლმე იმ ფონზე, როცა ბიჭიც და გოგოც – ყველა ერთმანეთს ჰგავდა, სკოლის უნიფორმიდან დაწყებული, საბჭოთა (პოსტსაბჭოთაც) ოჯახის აღზრდის პრინციპებთან შესაბამისობაში ნასწავლ-შეთვისებული ცხოვრებისეული საქციელებით დამთავრეული.

მოკლედ, უბანში ძველი ბიჭები იყვნენ და მე ძნელ ბიჭებად მიმაჩნდნენ, რადგან ამ ყველაფერთან ერთად (ეს რომანტიკაც, დიდწილად ჩემი ილუზია იყო და ხშირად არაფერი საერთო არ ჰქონია იმ თითქმის კრიმინალურ პერსონებთან, ვისი ათასნაირ ჰეროიკულ სიტუაციაში წარმოდგენაც მხიბლავდა და მართობდა) იყო რაღაც ტრაგიკულიც ამ ამბავში და ამ ტრაგიკულსაც ისევე არ გვაკარებდნენ და გვაშინებდნენ, როგორც რამე ფატალურ სახადს ან უკურნებელ სენს.

რეალურად, მართლა ტრაგიკული ამბიდან იწყებოდა ხოლმე ყველაფერი – ბავშვი ძალიან პატარაობაში დაობლდებოდა, ან მისი მშობლები გაიყრებოდნენ და დედას და მამას დედინაცვალი და მამინაცვალი ჩაანაცვლებდა, ამ ბავშვში ბოღმა დაგროვდებოდა, ამას მის მიმართ ყურადღების მოდუნება, მისი შინაგანი სამყაროს იგნორი („ვმუშაობ, შენთვის არ მცალია“ თავის მართლებით), გარე-გარე გაჩვევა და საეჭვო გარემოში მოხვედრის პერსპექტივა ემატებოდა, მერე, ამ წრეში თავის დამკვიდრების რთული გზები – მარცხი, ჩაფსმამდე შიშიც, გამარჯვება, სხვისი დაჩაგვრის პირველი მცდელობა (მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ – პრინციპით), მერე სხვა თავისნაირების შემოკრება და „ბანდის“ გამაგრება და ასე – სხვადასხვა სიტუაციებით, მაგრამ ძირითადად საერთო კლასიკური დრამატურგიით, რომელიც ქმნის ხოლმე კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდების კასტას – ძნელი ბიჭების ეპოპეას, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა იმაზე უფრო შეუძლებელი ხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ჩემი უბნელი ძნელი ბიჭების უმეტესობამ ცხოვრება მალევე მართლა ტრაგიკულად დაასრულა – ზოგი სამოქალაქო ომად წოდებულ იმ სისხლიან და სამარცხვინო დეკემბრის დღეებს შეეწირა (იარაღი და განუკითხაობა, კაციჭამიობამდე გაშიშვლებული აგრესია და ვითომ ახალი წესრიგის დამყარების ისტერიკული მოწადინება მორევივით ითრევდა ხანდახან ამ ყველაფრის ვერცწარმომდგენ, გამოუცდელ და პირტიტველა ბიჭებს), ზოგი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაიჩეხა, ვინც გადარჩა – წამალზე შეჯდა ან ციხეში ჩაჯდა, შინ ათი და უფრო მეტი წლით დაბერებული დაბრუნდა.

ჩემი თაობის ძნელ ბიჭებზე ვამბობ. ჩემს თაობას ეს ძნელბიჭობაც არ შეარჩინა დრომ. ვერაფერში გაიხარეს, ცხოვრება ყველაზე ბნელი და უსამართლო მხრიდან ნახეს, დაიღალნენ და დანებდნენ. ერთ-ერთი, იმ წლებში გადარჩენილებიდან, სულ ორი თუ სამი წლის წინ დამარხეს, ადრიან გაზაფხულზე. წითური მახსოვს ბავშვობაში და ბოლოს ისეთი ჭაღარა იყო, ლოთობისგან თვალებჩაწითლებული, უუნარობისგან დაძაბუნებული, დილაობით, ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალს მხვდებოდა ხოლმე, ისეთი მძიმე და დაძაბული ნაბიჯებით გადი-გამოდიოდა ერთ ამოჩემებულ მანძილს, იფიქრებდი – გულში ითვლის და ეშინია, არ აერიოსო, ითვლის, კიდევ რამდენი ნაბიჯი დარჩა, კიდევ რამდენს შეძლებს იმის სიცოცხლისგან დაწრეტილი სხეულიო…

ერთხელ კამერებიანი ხალხი მოვიდა ჩვენს სკოლაში – ბავშვებზე ვიღებთ ფილმს და ტიპაჟები გვჭირდებაო. ატყდა ერთი ამბავი. ძირითადად გოგოები აქტიურობდნენ. „კასტინგის“ რიგში თამამად ჩადგნენ. ბიჭებიდან ერთი-ორმა ხუთოსანმა თუ გაბედა. რეჟისორი ახალგაზრდა კაცი იყო. მიტრიალდა, მოტრიალდა და უცებ ერთ-ერთი ძნელი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი – ეს მაინტერესებს, ეს მჭირდებაო. ძნელი ბიჭი კი ამ დროს სკოლის ეზოში, დამრეც გორაკზე იყო ჩაცუცქული და დაუფარავი ირონიით აკვირდებოდა ვითარებას. რომ დაუძახეს და გაიხმეს, თავიდან არ ეჯერა, მერე ცოტა გაიბრძოლა, მგონი არც ესიამოვნა და თან ჩუმ-ჩუმად ვიღაცებს აკვირდებოდა – რას იფიქრებენ ჩემზეო, მაგრამ უცხო კაცის წინაშე დირექტორს სცა პატივი (ზუსტად ასე განმარტა თვითონ) და რეჟისორთან მივიდა.

არ ვიცი, რა უთხრა, რით მოხიბლა ახალგაზრდა რეჟისორმა. ფაქტია, რომ ბიჭი გაჰყვა და როგორც მერე ლაპარაკობდნენ, რაღაცები მოსინჯა კიდეც. ალბათ გადაღებაც მოეწონა და ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა მისი სამსახიობო თავგადასავალი, ის რეჟისორიც, ერთ დღეს თავის კამერიანად ომში რომ არ წასულიყო, სოხუმში, ან იქიდან ჩამოსულს ის კინო გაეგრძელებინა…

დიდი დრო გავიდა და გენიალური ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმას“ რომ ვუყურე, ის ბიჭი და ის ამბავი გამახსენდა. ტრიუფოს ეს ფილმი საკუთარ ბავშვობაზე აქვს გადაღებული. მგონი ყველა მოზარდმა უნდა ნახოს. საერთოდ, კარგი იქნება, რომელიმე მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ კინოსეანსზე ამ ფილმს თუ აჩვენებს ხოლმე მოსწავლეებს.

აი, რას წერს თავის ჩანაწერებში ტრიუფო „400 დარტყმაზე“: „15 წლისამ, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში ამოვყავი თავი. ომი ახალი დამთავრებული იყო. მკვეთრად იმატა დანაშაულმა ახალგაზრდებსა და ბავშვებში, შესაბამისად, ციხეები გადავსებული იყო. ასე რომ, კარგად ვიცნობდი გარემოს, რომელსაც ფილმში წარმოვაჩენდი… ბავშვის თვალით დანახული უფროსების სამყარო – ეს არის დაუსჯელობის სივრცე, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ოჯახის მამა სიცილით უყვება თავის მეგობრებს, ქუჩაში როგორ დაეჯახა მანქანით ჭადარს; ამ დროს კი მის 8 წლის შვილს, რომელსაც ბოთლი მაშინ გაუვარდა და გაუტყდა, როცა კარგი საქმის გაკეთება უნდოდა, ჰგონია, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვი ვერ ხედავს განსხვავებას შემთხვევით საქციელსა და დანაშაულს შორის. ამგვარი მაგალითით ეკრანზე შეიძლება შექმნა დრამა, და ეს ამტკიცებს, თუ რა პატარა ამბებისგან შეიძლება გაკეთდეს ფილმი ბავშვებზე; არადა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, არაფერი არ არის პატარა“.

კონფლიქტიც ალბათ აქედან იწყება – ის, რაც ბავშვისთვის, მოზარდისთვის დანაშაულია, უფროსები ამას შემთხვევით საქციელს უწოდებენ თავიანთ პრაქტიკაში. დანაშაულის განცდა კი ისეთი კლანჭებიანი ურჩხულია, რომ თუ ჩაგაფრინდა და მოგიხელთა, უფრო დიდ დამნაშავედ გაქცევს.

იმ ჩემი სკოლის ძნელ ბიჭსაც რომ დასცლოდა, იმ ახალგაზრდა რეჟისორთან ეს კინო წინასწარ გაევლო – სადაც საკუთარ თავს სხვა კუთხიდან შეხედავდა, სხვა რამეს დაინახავდა, იქნებ განთავისუფლებულიყო „თვითაღიარებული დამნაშავის“ კომპლექსისგან და უფრო მეტი ნდობა გამოეცხადებინა უფროსებისთვის, რომლებიც გამუდმებით უჩიჩინებდნენ, რომ მხოლოდ იმიტომ სჯიან, რომ მისთვის კარგი უნდათ.

ვინმე დღესაც რომ დადიოდეს კამერით, მიუშვიროს ეს კამერა  ამ ჩვენს მოზარდებს, რომლებსაც აგრესია, ბოღმა, ტკივილი და ათასი სიმშვიდის დამრღვევი რამ ძალადობისკენ, სხვისი ჩაგვრისკენ მიერეკება, გადაუღოს კინო, სადაც თავად ეს მოზარდები იქნებიან მთავარი გმირები, და არაფერი მათთან დაკავშირებული არ იქნება პატარა და უმნიშვნელო, აჩვენოს ეს კინო, სადაც მოზარდები საკუთარ თავს იცნობენ, დაინახავენ, კითხვები გაუჩნდებათ, გაუგებარი ბოღმა მოაწვებათ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ბოღმას ამოხეთქავენ და დაისვენებენ!..

ყველა ადამიანი უნიკალურია. მათ შორის ყველაზე ძნელი კი – ყველაზე უნიკალური.

ისე უნდა შეხედო მათ, როგორც ბავშვობის გამოცანას – იმტვრიო თავი და უნდა გამოიცნო.

და თუ გამოიცნობ – ჯილდოც დიდია. ამ ჯილდოს სამყარო აწესებს.

 

თებერვალი დადგა

0

სოციალურ ქსელებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე ხშირად აღვნიშნავ, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ვფიქრობ, მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს და სწორ მიმართულებას აძლევდეს მოსწავლეებს მოვლენათა შეფასებისას. სასურველია ნათლად დავანახოთ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მოგვიტანა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობამ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ენობრივი და კულტურული იზოლირება გამოიწვია საბჭოთა კავშირში არსებული სისტემის არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ.  დღეს შეცვლილია მიდგომები. მომავალი თაობა იაზრებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის აუცილებლობას. წლიდან წლამდე იზრდება უნივერსიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებიდან წამოსული სტუდენტების რიცხვი.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებთან მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ისინი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ინტელექტუალურ თუ კულტურულ მრავალფეროვნებას ჰმატებენ მას. ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი პატარა თანამოქალაქეები დაფიქრდნენ მათი სამშობლოს გასაჭირზე, გადატანილ მძიმე დღეებზე, დამდგარ შედეგებზე. მინდა მოსწავლეებს ყოველთვის ედოთ თითი ჩვენი ქვეყნის პულსზე და გრძნობდნენ მის მაჯისცემას.

VIII კლასს ვასწავლი გეოგრაფიას და ამავდროულად ვარ მათი დამრიგებელი. იანვარში ვფიქრობდი, თუ რა ღონისძიება შემეთავაზებინა ჩემი მოსწავლეებისთვის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე, ერთობლივი შემეცნებითი ლაშქრობა მოგვეწყო ტაბახმელასა და კოჯორში. ლაშქრობის იდეა მივაწოდე კოლეგა გიორგი ჭაუჭიძეს, რომელიც მე-10 კლასის დამრიგებელია და ამავდროულად ისტორიასაც ასწავლის.

შემეცნებითი აქტივობები მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

სასკოლო აქტივობები

  • VIII და X კლასების მონაწილეობით მოეწყო დისკუსია თემაზე: ჰქონდა თუ არა აზრი 1921 წლის თებერვალში საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან წითელარმიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
  • VIII კლასის მოსწავლეებმა Google earth-ის ინსტრუმენტის გამოყენებით მონიშნეს წითელარმიელებსა და იუნკრებს შორის დაპირისპირების ადგილები თბილისის მისადგომებში, აღადგინეს თბილისის დაცვის ხაზი.

გასვლითი აქტივობები

  • ვესტუმრეთ ოკუპაციის მუზეუმს;
  • მოვინახულეთ ტაბახემალში გამართული ბრძოლების ადგილები.

სასკოლო აქტივობები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. Google earth-ის ინსტრუმენტის ეფექტური გამოყენების მიზნით დავიხმარე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი. მოსწავლეები სამ ჯგუფად დავყავი. თითოეულ ჯგუფს დავუსახე შემდეგი ამოცანა: ტაბახმელას სიმაღლის დადგენა ზღვის დონიდან და შედარება თბილისთან, საომარი მოქმედებების ადგილების მონიშვნა და თბილისის დაცვის ხაზის აღდგენა. ინფორმაციის დამუშავების პროცესში მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ ტაბახმელა ზღვის დონიდან დაახლოებით 1000-1045 მეტრზე მდებარეობს. მათ აღნიშნეს, რომ ამის გამო ტაბახმელას სიმაღლეების დაკავებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

VIII  და X  კლასების გაერთიანებულ გაკვეთილზე დაისვა სადისკუსიო შეკითხვა: ჰქონდა თუ არა აზრი 1921 წლის  თებერვალში საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან წითელარმიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ისტორიის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე იცავდა პოზიციას, რომ საქართველოს უნდა გაეწია რაც შეიძლება ხანგრძლივი წინააღმდეგობა. მისი არგუმენტი იყო – „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მტერი ერთხელ უკვე დამარცხებული გყავს ბრძოლაში და როდესაც საგარეო დახმარების მოლოდინი არსებობს“. მე მევალებოდა მოსწავლეთა პროვოცირება – ჩემი პოზიცია იყო შემდეგი: რაც შეიძლება მალე უნდა შეგვეწყვიტა ბრძოლა და გამოგვეცხადებინა კაპიტულაცია, რადგან სამხედრო ძალები და მთავრობა არ იყო მზად ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის. ქვეყანა იყო მძიმე სოციალურ პირობებში, რაც მთავარია, ჩვენ დავრჩით მარტო „წითლების“ პირისპირ. ამით ავირიდებდით ზედმეტ მსხვერპლს…

დისკუსიის შედეგად მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხანგრძლივად უნდა გაეწია მედგარი წინააღმდეგობა, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არა მხოლოდ იმწუთიერი შედეგისთვის.

…17 თებერვალს დღე ოკუპაციის მუზეუმის მონახულებით დაიწყო. მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპონატებსა და არტეფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და თებერვლის ოკუპაციასთან.

მუზეუმის მონახულების შემდეგ შემოგვიერთდა ისტორიის დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე, რომელიც იცავს დისერტაციას პირველი რესპუბლიკის თემაზე და ამ საკითხზე შექმნილი აქვს საინტერესო და მდიდარი ბლოგი.

მან ტაბახმელაში გვაჩვენა შეტაკების ადგილები. ისტორიკოსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დაცვის საკითხებში საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე. ამის მაგალითად მოიყვანა ბორჩალოს ასეული, რომელიც თბილისის დასაცავად იბრძოდა.

მე-4 პოზიციის ფრთა. ერთ-ერთი სანგარი.

ასეთი სასწავლო აქტივობები ხელს უწყობს ისტორიული ფაქტების ინტერპრეტირებას, დღევანდელი სიტუაციის  წარსულთან შედარებას და მოსწავლეებს უადვილდებათ დასკვნების გამოტანა…

ვფიქრობ, მოსწავლეებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა იქნება გარანტი, რომ მომავალში თეორიულადაც კი არ დავუშვათ წარსული შეცდომების გამეორება. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სრული სურათის შექმნა და ჩვენება იმ თავგანწირვისა, რომელსაც იჩენდნენ ახალგაზრდა იუნკერები და სხვა მებრძოლები. ამ ეპოქაში მტერი გვებრძვის არაძალადობრივი მეთოდებით, მათთვის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფი წარმოადგენს. საჭიროა, მტერს ეს საყრდენები გამოვაცალოთ. ამისთვის აუცილებელია მათთან სწორი და ეფექტური მუშაობა. მოსწავლეები, თავისთავად, მიღებული ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას უწყობენ ხელს. დარწმუნებული ვარ, სახლში დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ინფორმაციას გადასცემდნენ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს და განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში.

…ქარიანი ტაბახმელიდან დაბრუნებისას ვფიქრობდი, პირადად მე, როგორ გავუძლებდი 21 წლის სუსხიან თებერვალში სანგარში ყოფნას, როცა ექსკურსიის ფორმატშიც კი ასე შემაწუხებელი აღმოჩნდა გაუსაძლისი ქარი?! ნეტავ, ჩემი მოსწავლეებიც თუ ასეთ ფიქრებში იყვნენ?!

მინდა, გაგიზიაროთ მოსწავლეების მიერ მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

იუნკერთა საბრძოლო დანაკარგები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს – https://pirvelirespublika.blogspot.com/2015/07/1921_14.html

თბილისის დაცვის ხაზი

https://stratreviewgeo.wordpress.com/tag/1921-წლის-ოკუპაცია/#jp-carousel-2049

 

თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში

0

ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს ხეზე ძვრომის უნარის მიხედვით განსჯი, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია“.

ალბერტ აინშტაინი

დღეს ბევრს საუბრობენ სხვადასხვა სახის შეფასების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებაზე. ღია და დახურული არჩევითპასუხებიანი ტესტები, ესეები, პორტფოლიოები, შეფასების ათასგვარი რუბრიკა: პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, წყვილებში თანამშრომლობის თუ საშინაო დავალების… ყველა მათგანის შემდგენელი მასწავლებელია (საუკეთესო შემთხვევაში კრიტერიუმები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით) და შემფასებელიც თავადვე გახლავთ.

რას აძლევს მოსწავლეს ასეთი სახის შეფასება? აჩვენებს მას კონკრეტულ საგანსა თუ საკითხში მიღწევის დონეს. მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეები სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიან, დაბალი შეფასების მქონენი კი – მწუხარებას და სევდას. ნუთუ ეს არის შეფასების მიზანი? შედეგად – მხოლოდ გრძნობები? არა, ამ გრძნობების უკან იმალება უმნიშვნელოვანესი რამ – ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავზე, რომელიც თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც ასახავს. შედეგად მაღლა იწევს ან ეცემა თვითშეფასება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე.

რა მოხდება, თუ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების გასწორების შესაძლებლობას მივცემთ? მათ მოუწევთ, კრიტიკული თვალით გადახედონ თავიანთ ნაშრომს, აღმოაჩინონ შეცდომები და გამოასწორონ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეცდომა დაუშვა მოსწავლემ ნაწერში – მთავარია, მაქსიმალურად ბევრი ხარვეზი იპოვოს და გამოასწოროს. შედეგად მოსწავლეს უჩნდება კმაყოფილების განცდა. ნაცვლად იმისა, რომ წუხდეს დაშვებული შეცდომებისა და დაბალი შეფასების გამო, სიამაყეს და სიხარულს განიცდის, მაღლა იწევს მისი თვითშეფასება და ვინაიდან ეს უკანასკნელი მოზარდის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, ჩვენ, მასწავლებლები, ვალდებული ვართ, შევუქმნათ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ, არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების, ისწავლიან სწავლის პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას და დარწმუნებულები იქნებიან, რომ მასწავლებელი მათ სამართლიანად მოექცევა, კი არ დასცინებს ან დასჯის შეცდომებისთვის, არამედ წაახალისებს მათი აღმოჩენისა და გამოსწორების პროცესს. შედეგად მოსწავლეთათვის დავალების შესრულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმატებს თვითპატივისცემის განცდა, მოზარდები იწყებენ თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.

 

მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს თეორიის თანახმად, იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს, მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულის/მიკუთვნებულობისა და დაფასებისა და თვითრეალიზების.

 

როგორც ვხედავთ, თვითრელიზებამდე ადამიანს სჭირდება დაფასების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს „მოგწონდეს საკუთარი თავი, გქონდეს დადებითი თვითშეფასება, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება“.

დღემდე მახსოვს ჩემი კლასელების მოწყენილი, სევდიანი სახეები, როცა შეფასებულ დავალების რვეულებს გვირიგებდა მასწავლებელი. მახსოვს, ჩემს სიხარულსაც სევდა ერეოდა, როდესაც ჩემს მეგობარს დაბალი შეფასება ჰქონდა, მე კი – მაღალი. გადავწყვიტე, ჩემს მოსწავლეებთან შეფასების განსხვავებული ფორმა გამომეყენებინა. ყურადღება გავამახვილე თვითშეფასებაზე, რომელიც მოიცავს მასწავლებლის მიერ შეფასების პროცესსაც, თუმცა მთავარი მაინც მოსწავლეა. ის არის დავალების შემსრულებელიც და გამსწორებელიც.

გთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შედეგად დამიგროვდა.

  • კონკრეტული საკითხის, თემისა თუ თავის დასრულების შემდეგ მიეცით მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალება.
  • შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გახაზეთ დაშვებული შეცდომები. არ შეაფასოთ ნაშრომი.
  • მოახდინეთ ნამუშევრების ანალიზი, შეადგინეთ სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას და ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ან მეთოდით აუხსენით კლასს. აუცილებლად შეეხეთ ისეთ საკითხსაც, რომელშიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰქონდა დაშვებული შეცდომა.
  • დაურიგეთ მოსწავლეებს შეუფასებელი დავალებები, სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და გამოასწორონ შეცდომები.
  • შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.

დროდადრო შეიძლება შესთავაზოთ ამ მეთოდის გართულებული ვარიანტიც. მას შემდეგ, რაც ნამუშევრებს შეაგროვებთ, გაასწორებთ და თქვენს ბლოკნოტში დაშვებული შეცდომების ანალიზს გააკეთებთ, ნაშრომები მინიშნებების გარეშე დაურიგეთ მოსწავლეებს. თავდაპირველად ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნა მათ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებაში დაეხმარება, მერე კი სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და შეცდომები გამოასწორონ. ახლა კი შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაშვებული შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.

 

ამ მეთოდის გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა თვითპატივისცემისა და თვითშეფასების დონე, რასაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებამდე და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და მეტაკოგნიტიური უნარები, რადგან როდესაც მოსწავლე იწყებს საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას, სწორედ მაშინ მიმდინარეობს სწავლის სწავლა საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, დაგეგმვა, შეფასება და მონიტორინგი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/manana%20bochoriSvili%20kk.pdf

ტექსტზე მუშაობის ეფექტური მეთოდების გამოყენება ლიტერატურის სწავლებაში

0

ესგ-ის მიხედვით, თითოეული გამჭოლი კომპეტენცია მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, მედიაწიგნიერება კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უხვი და მრავალფეროვანი ინფორმაცია დაახარისხონ, გაფილტრონ და მხოლოდ ის შეარჩიონ, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ შესაბამისი გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის განსაზღვრა, მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება.

მედიაწიგნიერების მიზნები:

  1. მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
  2. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.

განსავითარებელი უნარ-ჩვევები:

  1. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  2. მედიაწიგნიერების დაუფლებისა და გამოყენების უნარი.

ესგ. სტანდარტი:

ზეპირმეტყველება: ქართ: X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

კითხვა: ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

წერა: ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარები:

მოსწავლეები იცნობენ დ. გურამიშვილის „დავითიანიდან“ შესაბამის ნაწყვეტებს.

შეუძლიათ:

  1. წაკითხული ტექსტის გაანალიზება;
  2. ინფორმაციის დახარისხება, შედარება და ანალიზი.

აქტივობა N1: კითხვა-პასუხი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილონ ეპოქა, რომელშიც მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი.

  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი?
  2. რა იყო მისი ისტორიული გვარი და საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
  3. თუ ზედგენიძეა მისი ისტორიული გვარი, გურამიშვილად რატომ მოიხსენიება?
  4. რა მიაჩნია გურამიშვილს ქვეყნის უბედურების მიზეზად?
  5. როგორაა გადაჯაჭვული მისი როგორც პიროვნების ბედი ქვეყნის ბედთან?
  6. რა პრინციპი აირჩია გურამიშვილმა და რატომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გადმოსაცემად?

 

აქტივობა N2. ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მთავარი სათქმელის ამოცნობა. განსაზღვრონ ავტორის პოზიცია, შეადარონ და დაახარისხონ მიწოდებული ინფორმაცია.

ჯგუფებს მასწავლებელი ურიგებს სამუშაო მასალებს.

თითოეულ ჯგუფს ურიგდება თავები დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“:

I ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (კერძოდ, თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე);

ადაპტირებული ნაწყვეტები (ლეკიანობა საქართველოში) წიგნებიდან:

. ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.;

. თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.

II ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე;

ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ (დასაწყისიდან „…ტირანულ წამებაში აყენებდნენ“ – აქამდე).

 

III ჯგუფი: „ტყვეობიდან გაპარვა დავითისა“;

ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „ბნელ ხაროში“ – აქედან „კოღოს ლაშქარი დაესია“ – აქამდე).

 

IV ჯგუფი: „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გაპარვა სარუსეთოში“;

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „სიცოცხლეგამწარებული“ – აქედან ბოლომდე);

ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ („გურამიშვილი დიდხანს როდი შეგუებია“ – აქედან ბოლომდე)

 

ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სქემას:

რა მსგავს ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? რა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა? რა შეიცვალა პოეტის ცხოვრებაში ლეკთაგან დატყვევების შემდეგ?
 

 

 

 

 

 

 

     

მასწავლებელი აფასებს განხორციელებულ აქტივობას და საჭიროებისამებრ აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

 

აქტივობა N3. ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლე კლასის წინაშე ატარებს პრეზენტაციას.

აქტივობის მიზანი: პრეზენტატორმა შეძლოს, სრულყოფილად წარმოადგინოს ჯგუფის ნამუშევარი, გასაგებად და თანმიმდევრულად მიაწოდოს ის აუდიტორიას.

აქტივობა N4. ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ფილმში ასახულ მოვლენებსა და ტექსტში გადმოცემულ ფაქტებს შორის.

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს ნიკოლოზ სანაშვილის ფილმიდან „დავით გურამიშვილი“: https://www.youtube.com/watch?v=QKFFCOr7Fiw&t=4639s და სთხოვს, უპასუხონ კითხვებს:

  • შეესაბამება თუ არა ერთმანეთს განხილული ტექსტები და ნაწყვეტი?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა სცენარისტმა რეალობა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია თითოეული ავტორისთვის?
  • რა როლს ასრულებს მუსიკა ფილმში?

დისკუსიის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადახედონ თავიანთ ნამუშევრებს და ერთი წინადადებით შეაფასონ გაკვეთილი.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების ბარათებს და მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკებით

 

დანართი N1

 

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები  
თემატიკასთან შესაბამისობა  
საკითხი გასაგებად და ამომწურავადაა გადმოცემული. 3
მსჯელობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ამოვარდნილია თხრობის რომელიმე ელემენტი 2
უჭირს მსჯელობა, საკითხი გაურკვეველია 1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
არგუმენტები, პარალელები  
მსჯელობა არგუმენტირებულია, გამყარებულია ციტატებით, ავლებს სათანადო პარალელებს. 3
მსჯელობს, თუმცა არაარგუმენტირებულად, ვერ ავლებს პარალელებს 2
პასუხი არ მოიცავს სათანადო არგუმენტებს, მსჯელობა გაუაზრებელია 1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
რეგლამენტი, საკომუნიკაციო უნარები  
ყოველთვის იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს 3
ცდილობს რეგლამენტის დაცვას, აკლია საკომუნიკაციო უნარები 2
ვერ იცავს რეგლამენტს, უჭირს აუდუტორიის ყურადღების მიპყრობა, საუბრობს გაურკვევლად 1

 

დანართი N2

კრიტერიუმი 1-3: არადამაკმ. 4-6: დამაკმ. 7-8: კარგი 9-10 ძალიან

კარგი

შეუძლია მთავარი სათქმელის ამოცნობა ვერ ახერხებს ან უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობა იშვიათად ამოიცნობს მთავარ სათქმელს და ზოგჯერ ბუნდოვანია ამოიცნობს მთავარ სათქმელს, თუმცა აქვს ხარვეზები სრულად ამოიცნობს მთავარ სათქმელს
ადარებს და ახარისხებს ინფორმაციას უჭირს ინფორმაციის შედარება და დახარისხება ცდილობს, შეადაროს და და დაახარისხოს ინფორმაცია, თუმცა აქვს ხარვეზები შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება სრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სხვადასხვა მედიაში გამოყებებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი უჭირს ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი ცდილობს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს, თუმცა აქვს ხარვეზები შეუძლია სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი კარგად ახერხებს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს

 

 

მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

აზრს თამამად გამოვთქვამ ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
ვიგებ ინსტრუქციას და ვიქცევი შესაბამისად      
ვცდილობ, ვიყო აქტიური საგაკვეთილო პროცესში      
ვიცავ დროის ლიმიტს      

 

კედელზე გაკრულია ლექსიკონი იმ ძირითადი სიტყვებისა, რომლებიც შეხვდებათ მედიატექსტზე მუშაობისას.

 

სიტყვა განმარტება
მამითადი ნადი (უსასყიდლოდ მოწვეული მუშები) ყანის მკისა და სხვა საქმისათვის
დარანი კლდის ან მიწისქვეშა გამოქვაბული; გვირაბი
თაჯი ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინი
თომარი (სპარს.) გვირგვინთან მისამაგრებელი ფრთა
მურასა (სპარს.) მოოჭვილი, მორთული

 

 

გამოყენებული მედიარესურსი

ლეკიანობა ქართლში

ლეკიანობა – დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით – დასახლებული ტერიტორიების დაპყრობასა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას. დაღესტნელთა შემოსევები მე-16 საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას პირველის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება და შექმნეს ეგრეთ წოდებული „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცა შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში ლეკ ფეოდალთა შემოსევები მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, ხოლო მეორე ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობლად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა.

ლეკიანობას ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსასულობა საქართველოში. ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად. ფეოდალთაგან შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა უბატონო ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარი ბატონის წინააღმდეგ, ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან გალეკება მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისგან დაიცალა, კულტურული მეურნეობა დაეცა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

„საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.

თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.

 

გამოყენებული მედიარესურსი

ლეკების ტყვე

ლამისყანა ის სოფელია, საიდანაც გაიტაცეს დავითი. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების ეკლიანი გზა. გამტაცებლებს რომ მსხვერპლის ნამდვილი ფასი სცოდნოდათ, უფრო მაგრად გაბაწრავდნენ და გაქცევის საშუალებას არ მისცემდნენ. ქვეყნის წახდენის მიზეზით დავითი ძნელბედობის ვიწრო, მოლიპულ ბილიკებს მიჰყვება და ნათესავებთან აფარებს თავს ლამისყანაში. იმ უბედურ დღეს დავითი ალიონზე ამდგარა და ქსნის ხოდაბუნებისკენ ორი კაცით წასულა, რათა მამითადი წესისამებრ გადაეხადა. ყანის მკელები შორიდან ყოფილან მოსასვლელნი და მათ მოლოდინში ცივი წყლით პირის დასაბანად დავითი წყაროსთან მისულა, თოფი და ხმალი მუხის ძირას მიუყუდებია და როცა პეშვი წყლით აუვსია, თავს მზირად დამსხდარი ლეკები წასდგომიან. წყარო, საიდანაც დავითი გაიტაცეს, დღესაც მოჩუჩუხებს. დარანში გატვრენილი თევზებივით უხმოდ მსხდარ ლეკებს ძვირფას თოფიარაღასხმული, კარგად ჩაცმული ჭაბუკი შეუპყრიათ. ის ორი კი, ვინც პოეტს თან ახლდა, არც დავითის მონათხრობში ჩანს სადმე და არც თანამედროვეთ შემოუნახავთ რაიმე ცნობა მათ ვინაობასა და ასავალ-დასავალზე.

დრო იყო ავი. ადამიანზე ნადირობა, ტყვედ გაყიდვა და ამით სახელისა და ფულის შოვნა სასახელო საქმედ ითვლებოდა, ამიტომ ამ სათაკილო ხელობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ვისაც მკლავი უჭრიდა, ძალა მოსდევდა და ნამდვილი ჯიგიტის სახელი ენატრებოდა, რამდენიმე თავზე ხელაღებულ კაცთან ერთად თავს რისხვად ატყდებოდა მოძმეთ და ახლო მეზობლებს.

ლეკები დატყვევებულებისთვის მიწას სიღრმეში ორ-ნახევარ მეტრამდე და უფრო ღრმადაც თხრიდნენ. მიწის სინესტის, ოფლის, შმორისა და უწმიდურებისაგან იქაურობა ისე ყარდა, რომ იქ მყოფნი იტანჯებოდნენ და სიკვდილს ნატრობდნენ. ხაროებს უზარმაზარი ქვის დოლაბები ეფარა, შიგ სინათლის სხივები ოდნავ ცრიატებდა, რის გამოც იქ მოხვედრილმა, ბევრმა დაკარგა თვალისჩინი. სიჭაბუკეში გადატანილ ამ განსაცდელს ვერც გურამიშვილმა გაუძლო – სიბერეში უწია და უსინათლო ჰყო.

ბნელ ხაროში უსასოქმნილი, სიკვდილს მშვიდად ელოდა და უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვდა. ერთ საღამოს საშინელმა ქარბორბალამ გადაუარა უნცუქულის შემოგარენს, ციდან თქეში წამოვიდა, ხაროში წყალი ჩავარდა და დავითს ეგონა, რომ უსახელო სიკვდილი ეწვია. სწორედ ამ დროს საყარაულო, რომელზედაც დოლაბის ასაწევი ოწინარი ება, წაიქცა და დოლაბი ჰაერში აიტაცა. წყალმა დავითი ზედაპირზე აატივტივა და ხევისკენ გაიტაცა. ტყვეობიდან თავდახსნილი, გაშიშვლებულ ჯაგის ფესვებს ჩაეჭიდა და ასე გადაურჩა სიკვდილს. იგი სამშობლოსაკენ დაადგა გზას, მაგრამ ლეკები კვალში ჩაუდგნენ, იპოვეს, თავში კეტი დაჰკრეს, დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე ჯაჭვი დაადეს, გაპარვისთვის უმოწყალოდ სცემეს, ცხენზე ხურჯინივით გადაჰკიდეს და ისევ უნცუქულში, უფრო ღრმა ხაროში ჩააგდეს. ამ მძიმე გასაჭირში უფალს უხმო საშველად. ძილში ხმა ჩაესმა: რად არ წახვალ შინაო. რაკი ღმერთის ძალა იგრძნო, აღარ შეუშინდა დარაჯებს, დასისხლიანებული ხელებით მიწა თხარა და თავი სიბნელეს შეაფარა. მეორე გაქცევა ბედნიერი აღმოჩნდა, თუმცა უჭმელ-უსმელი, ნაცემ-ნატანჯი, ჩამოძენძილი, ტყე-ღრეში დაეხეტება, გეზი ჩრდილოეთისკენ აქვს აღებული, დღისით მზის საშუალებით მიიკვლევს გზას, ღამით მთვარეს უჭვრეტს, შვიდთა ვარსკვლავთა საიდუმლოც იცის, მაგრამ თავს ახალი უბედურება დაატყდა: შეიქმნა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვისაგან ვერაფერს ხედავდა. ციდან სეტყვა წამოვიდა. სეტყვის თავში დაცემის შიშით თუ რამ ებადა, თავზე დაიხვია, ტანს აღარ ჩიოდა. ბედად, ელვის შუქზე გამოქვაბული დალანდა და შიგ შეძვრა, ღმერთს გადარჩენისათვის გულით შესტირა, რადგან სამსხვერპლო ზვარაკი არ ჰყავდა. სამი დღე შამბიანში იწვა, დღისით ჯაგებში ძვრებოდა, მხოლოდ ღამით ვიდოდა. ხუთი დღე და ღამე შვიდი ცალი ტყემლის ანაბარა იყო. მშიერს უფალმა ორი კიტრი და ნახევარი საზამთროს ნაჭერი უბოძა, თუმცა მალევე წაართვა: შიმშილისაგან გასავათებულმა, გაურეცხავად მაინც არ ინდომა საზრდო, მდინარესთან მივიდა. დახრილს უბიდან კიტრები ამოუცვივდა და წყალმა წაიღო. დაედევნა და ლამის დაიხრჩო. მაშინ კი უზენაესს საყვედური შეჰკადრა, თუმცა მალევე მოინანია, რადგან მცირე ხნის შემდეგ ბაღს მიადგა, უბე ხილით აივსო. შებინდების ჩალიანში შევიდა, იქ კი კოღოს ლაშქარი დაესია. სიცოცხლეგამწარებულმა და ყველაფერში ხელმოცარულმა, გადაწყვიტა, იქვე, კალოსთან მყოფ ხალხთან მისულიყო. ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა კალოს მლეწავებს, რომლებსაც ყელზე ჯვრები ეკიდათ. ნაგვემი და ჩამოძენძილი ადამიანი გლახაკად მიიჩნიეს და „ხლება“ შესთავაზეს. ამის გამგონი დავითი მიხვდა, რომ სარუსეთომდე მიეღწია და სიხარულით ჯვარს ემთხვია.

დაძონძილ გადამთიელს ვიღაც რუსი ყაზახი გამოუჩნდა შემწედ და მომვლელად. მისი ამაგი მშობელი მამისას შეადარა, რადგან რუსმა საოცარი გულშემატკივრობა და მზრუნველობა გამოიჩინა. თარჯიმნად ჩრდილოეთში დიდი ხნის გადასული ფხოველი იანვარა მოჰგვარეს და მისი შემწეობით გაიგეს დავითის ამბავი.

თერგის მიდამოებში დიდხანს არ დარჩენილა პოეტი – ეჩქარება, მოსკოვს ხომ მეფე ვახტანგ VI-ა შეხიზნული თავისი ამალით.

 

მკვლევრები ერთ რამეში თანხმდებიან: დავითის ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ლეკები ტყვეებს დიდხანს არ აჩერებდნენ – თუ არავინ გამოისყიდიდა, სტამბულისა და ალეპოს ბაზრებზე მიერეკებოდნენ. დავითის დატყვევება ზაფხულში მომხდარა, ივლისის თვეში, გაქცევით კი აგვისტოს მიწურულს გაქცეულა. პოეტს მჟავე კოწახური და ტყემალი ხვდება გზაში. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით, ყურძნობისას ის უკვე თერგზე იმყოფება.

სავარაუდოდ, გურამიშვილი 1729 წელს დაუტყვევებიათ.

მოსკოვში ჩასული პოეტი თაყვანს სცემს ვახტანგსა და ბაქარს, როგორც ქართველთა მეფეებს, თუმცა მათ სამეფო აღარა აქვთ და სკრიპტრას, თაჯს, თომარს და მურასა ხმალს ტყუილად დაატარებენ. მათთან მისულმა გურამიშვილმა ჯაბადარბაშობა მიიღო და მათ სამსახურში ჩადგა (ელგუჯა მაღრაძე, „გოდება“).

ინტეგრირებული გაკვეთილი და მოტივაცია

0

დღეს ბევრს ვსაუბრობთ ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობებზე. სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის სამი ტიპი:

  1. დეკლარატიული,
  2. პროცედურული,
  3. პირობისეული.

ეს უკანასკნელი კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას და სხვადასხვა კონსტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მესამე კლასში აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება (ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ბუნება). გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ახალი მხატვრული ტექსტის თითოეული მონაკვეთი დაეკავშირებინათ ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან და მთავარი პერსონაჟის საქციელი აეხსნათ ორგანიზმის სასიცოცხლო თვისებების გათვალისწინებით.

დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისთვის საჭიროა სწავლების საგანგებოდ დაგეგმვა.

ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება უფრო გვიადვილდება, როდესაც რამდენიმე დისციპლინას ერთდროულად ვასწავლით. ამ შემთხვევაში უკვე ვიცით, რა თემები გვაქვს შესწავლილი ორივე საგანში, ვიცით მოსწავლეთა სწავლის ტიპი, მათი შესაძლებლობები. ყველა შემთხვევაში გვიწევს რამდენიმე ეტაპის გავლა:

  1. ვარჩევთ გაკვეთილის თემას ერთ საგანში.
  2. ვარჩევთ მეორე საგნიდან მსგავს თემას.
  3. ვეძებთ ესგ-ში ორივე საგნიდან დამაკავშირებელ შედეგებს და ინდიკატორებს.
  4. ამის შემდეგ ვაყალიბებთ გაკვეთილის მიზანს.
  5. ვიძიებთ და ვქმნით რესურსებს გაკვეთილისთვის.
  6. ვწერთ გეგმას. სსსმ მოსწავლისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოდიფიცირებას ვუკეთებთ აქტივობებს.
  7. ვატარებთ გაკვეთილს.
  8. გაკვეთილზე აუცილებლად ვიწვევთ კოლეგებს და დირექციის წარმომადგენლებს.
  9. კოლეგები და დირექციის წარმომადგენლები გვაძლევენ უკუკავშირს. ისინი აკვირდებიან, რამდენად მოხდა ცოდნის ინტეგრირება, როგორ განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი, ჩართული იყო თუ არა აქტივობებში ყველა მოსწავლე, როგორ განხორციელდა მათი შეფასების პროცესი.

გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას ქართულ ენასა და ბუნებაში.

საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 25; სსსმ მოსწავლე – 1

გაკვეთილის თემა: ქართული ენა – „ბაბუაწვერა“; ბუნება – „მცენარის ძირითადი ორგანოების აგებულება და ფუნქციები“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:

  • ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა;
  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენასა და ბუნებას შორის, კერძოდ, ყვავილოვანი მცენარის აგებულებისა და ორგანოების ფუნქციის დაკავშირება ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის მოქმედებასთან.
  • ბუნებრივი მოვლენის, ქარის, დახასიათება.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ესგ-ის სტანდარტი ქართულ ენაში:

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა

მოსწავლე:

  • აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის.

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
  • ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
  • ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი – წყლის შეწოვა, ღერო – წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი – საკვების წარმოქმნა, ყვავილი – თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად);
  • აკვირდება და აღწერს ყვავილოვანი მცენარეების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, თესლის გავრცელების სამარჯვები, ფესვის სიგრძე და ფორმა), გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში.

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი.

 

# აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1

 

2

კლასთან მისალმება, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა

მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა

აღწერა: გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის წარდგენით. ყუთში მოთავსებული მექნება ჰერბარიუმიდან აღებული მცენარე – ბაბუაწვერა. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ, რა დევს ყუთში.

 

მინიშნებები:

1. იზრდება მინდორში, გზის პირებზე, გვხვდება ჩვენს ეზოებშიც. ბალახოვანი მცენარეა.

2. აქვს ყვითელი ყვავილი.

3. მას ბავშვები წერილებს და სურვილებს ატანენ ხოლმე.

 

მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ, რა დევს საიდუმლო ყუთში, გადავალ შემდეგ აქტივობაზე.

ვერბალური კომუნიკაცია

 

„საიდუმლო ყუთი“

მთელი კლასი

 

მთელი კლასი

მოსწავლის შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე

 

საიდუმლო ყუთი, მცენარე ბაბუაწვერა

2 წთ

 

 

2 წთ

3 მიზანი: ახალი ტექსტის გაცნობა

აღწერა: მოსწავლეებს წავაკითხებ მოთხრობის ტექსტს ჯერ ერთობლივად, შემდეგ კი გაგრძელებით.

ქოროში კითხვა

გაგრძელებით კითხვა

მთელი კლასი

ინდივიდუალური

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი 8 წთ
4 მიზანი: ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება

აღწერა: ბავშვები თავად შეეცდებიან განმარტონ სიტყვები, შეადგინონ წინადადებები მათი გამოყენებით.

ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი 2 წთ
5 მიზანი: წაკითხულის გააზრება

აღწერა: მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:

1) დაასახელეთ მოთხრობის პერსონაჟები.

2) თქვენი აზრით, რომელია მთავარი პერსონაჟი?

3) მოთხრობის მიხედვით, როგორი ყვავილია ბაბუაწვერა?

4) რა გადაწყვიტა მან?

5) როგორ დასრულდა მისი მცდელობა?

6) ვინ ესტუმრა ბაბუაწვერას?

7) შეძლეს თუ არა მათ დახმარება?

8) ვისი ხმა გაიგონა ბაბუაწვერამ?

9) რისი შეეშინდა ბაბუაწვერს?

10) რა დაეხმარა ბაბუაწვერას გაფრენაში?

11) სად გაფრინდა იგი?

12) რატომ იყო ბედნიერი ბაბუაწვერა?

 

ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი ————– 3 წთ
6 მიზანი: ტრანსფერის უნარის განვითარება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოეწყონ ჯგუფებად. გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.

სსსმ მოსწავლე დახატავს ყვავილოვან მცენარეს და დაწერს ძირითად ორგანოებს.

პირველი ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „ერთ დღეს გადაწყვიტა, ფრენა ესწავლა, მაგრამ ფესვებით მიწაზე იყო მიბმული და არ იცოდა, რა ექნა“.

დავალება: დახატე, როგორი ფესვთა სისტემა აქვს ბაბუაწვერას. გაიხსენე ფესვის ფუქციები. იმსჯელე, რა მოუვიდოდა ბაბუაწვერას, ფესვები მიწაში რომ დაეტოვებინა და პეპელას და ბზიკებს გაჰყოლოდა.

მეორე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „მას ადრე დედა უამბობდა, რომ ადამიანები ზოგჯერ ცუდად იქცევიან, ფოთლებს გაწიწკნიან“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას ფოთლები. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ფოთლების დაწიწკვნის. რა მოხდებოდა, ბაბუაწვერა უფოთლებოდ რომ დარჩენილიყო?

მესამე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „ფეხს დაგადგამენ, ყვავილს მოგაწყვეტენო“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას ყვავილი. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ყვავილის მოწყვეტის. რისგან შედგება ყვავილი? რა მნიშვნელობა აქვს მას მცენარისთვის?

მეოთხე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „მინდორში ცხოვრობდა პატარა ბაბუაწვერა. ის ძალიან მოუსვენარი იყო. ხან პეპელას შეუღიტინებდა, ხან ბზიკებს აბრაზებდა“.

დავალება: დახატე პეპელა და

ბზიკი. იმსჯელე, რატომ მოდიოდნენ ბაბუაწვერასთან პეპლები და ბზიკები.

მეხუთე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „არა, არ მოწყვიტო. თუ გინდა, სული შეუბერე, – უთხრა დედამ. ბავშვი მიუახლოვდა ბაბუაწვერას. უცებ თითქოს თბილი ქარი ამოვარდა. ბაბუაწვერამ იგრძნო, რომ ადგილს მოსწყდა და ჰაერში აფარფატდა“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას თესლის სამარჯვები. იმსჯელე, რა მნიშვნელობა აქვს თესლის სამარჯვებს ამ მცენარისთვის. რისთვის არის საჭირო ქარი და სულის შებერვა?

მეექვსე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „შენ როგორ დაფრინავო? – ჰკითხა ბაბუაწვერამ. ქარს უნდა დაელოდო, მოვა და თვითონ გაგაფრენსო, – უთხრა ფოთოლმა. ელოდა, ელოდა ქარს, მაგრამ ქარი არ ჩანდა“.

დავალება: დახატე ქარიანი ამინდი. იმსჯელე, როგორ წარმოიქმნება ეს ბუნებრივი მოვლენა. რამდენი სახისა არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის?

 

 

ჯგუფური მუშაობა ჯგუფები თაბახის ფურცლები, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, კალამი, საშლელი 6 წთ
7 მიზანი: ჯგუფმა შეძლოს კლასის წინაშე ნაშრომის წარდგენა

აღწერა: ყველა ჯგუფი დაფასთან წარმოადგენს ნაშრომს და პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. თავის ნაშრომს წარმოადგენს სსსმ მოსწავლეც.

ჯგუფური პრეზენტაცია ჯგუფები თაბახის ფურცლები, მაგნიტები, მაგნიტური დაფა 15 წთ
 

8

 

 

 

 

9

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის შეჯამება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შესწავლილი მოთხრობები, რომლებიც გაახსენდათ ამ მოთხრობის კითხვის დროს. სავარაუდოდ, გაიხსენებენ ერლომ ახვლედიანის მოთხრობას „თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა“, ლეონარდო და ვინჩის „აბრეშუმის ჭიას“. ბოლოს ერთი წინადადებით შეაჯამებენ გაკვეთილს.

მიზანი: მოსწავლეებმა ჩაინიშნონ საშინაო დავალება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააგრძელონ მოთხრობა.

ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ———– 3 წთ

 

 

 

2 წთ

 

 

მიზანი: მოსწავლეებმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოახდინონ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება საერთო ინტერაქცია მთელი კლასი შეფასების რუბრიკა 2 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

 

  • მოსწავლეები კითხულობენ ახალ ტექსტს;
  • გაიაზრებენ წაკითხულს;
  • ახდენენ ცოდნის ტრანსფერს: ყვავილოვანი მცენარეების აგებულებასა და ფუნქციებს აკავშირებენ პერსონაჟის მოქმედებასთან;
  • ახასიათებენ ბუნებრივ მოვლენას – ქარს.

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
კითხულობს ახალ ტექსტს კითხულობს მასწავლებლის დახმარებით, უჭირს ზოგირთი სიტყვის ამოკითხვა კითხულობს დამოუკიდებლად, არ აქცევს ყურადღებას სასვენ ნიშნებს და ინტონაციას კითხულობს გაწაფულად
გაიაზრებს წაკითხულს პასუხობს ზოგიერთ კითხვაზე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვების უმეტესობას პასუხობს ყველა კითხვას სწორად და სხარტად
ახდენს ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის უჭირს ცოდნის ტრანსფერი, ახერხებს იშვიათად მასწავლებლის დახმარებით უმეტესად ახერხებს ცოდნის ინტეგრირებას ტექსტის ყველა მითითებულ მონაკვეთს აკავშირებს ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან

 

  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობა ჩართულია 1-2 წევრი ჩართულია უმეტესობა ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა ხშირად სჭირდებათ წესების შეხსენება იშვიათად იღებენ შენიშვნას მუშაობენ შეთანხმებულად

 

 

დროის ლიმიტის დაცვა ვერ ასწრებენ სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროში მასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენ ზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაცია უჭირთ პრეზენტაცია ატარებენ პრეზენტაციას მცირედი დახმარებით ატარებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 

 

კოლეგებისა და დირექციის შეფასებით, გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა, ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. ყველაზე წარმატებულად მიმაჩნია ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა, ჯგუფური პრეზენტაციის ჩატარება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვებოდა მუშაობაში.

 

ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილს, ვფიქრობ, შეჯამების ფაზაზე მეტი დრო რომ დამრჩენოდა, პარალელსაც ინტეგრირებულად გავავლებდით ნასწავლ მოთხრობასთან. ამ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და უფრო მეტად დავფიქრდები საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.

ვფიქრობ, მას, ვინც ახლა გეგმავს და მომავალში აპირებს ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, ჩემი გამოცდილება გამოადგება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. https://www.etaloni.ge/geo/main/index/5018

– „როგორ უნდა ჩატარდეს სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=1817- „სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=14304 – ქეთევან ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი

როგორ შეიქმნა საბავშვო გადაცემა ერუდიტი TV სკოლაში

0

ცხოვრებაში ხდება ისე, რომ სამსახური შენთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებ, მაქსიმალურად იხარჯები და ჩართული ხარ, დროთა განმავლობაში ის შენს განუყოფელ ნაწილად იქცევა. მათ, ვინც პროფესიად მასწავლებლობა აირჩიეს უცხო არ იქნება ეს ყველაფერი, რადგან ზრუნვა და ფიქრი არ სრულდება სამსახურის საათების დამთავრებისთანავე, არამედ სახლშიც გრძელდება. ეს ასეა. მასწავლებელი ყოველთვის და ყველგან ფიქრობს თავის საქმეზე, მოსწავლეებზე. ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებული პროფესია, ამიტომაც მოითხოვს არამხოლოდ ცოდნის გადაცემას მოსწავლეებისათვის, არამედ ძალიან ბევრ ენერგიას, სითბოსა და სიყვარულის გაცემასაც, რადგან უბრალოდ შეუძლებელია იყო მასწავლებელი და შენი საქმე არ გიყვარდეს.სკოლა სადაც მთელ დღეს ატარებ  მასწვალებლისთვისა და მოსწავლისთვის ოჯახად იქცევა. კლასი არის პატარა სახლი, სადაც ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრობენ შემოდგომიდან ზაფხულამდე. სწავლობენ  ბევრ რამეს, ზრუნავენ ,პატივს სცემენ, ეხმარებიან ერთმანეთს წინააღმდეგობის გადალახვაში და ვითარდებიან ერთად. მასწავლებელი კი, მუდმივად ზრუნავს მათ განვითარებაზე.

ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლედ მოგიყევით, რადგან ერთდგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ იმ ყველაფრის წინაპირობაზე, რის მოყოლასაც ვაპირებ ქვევით. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბრიტანული ცენტრის წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. ამ წლების განმავლობაში  ვფიქრობ პროფესიული თვალსაზრისით ძალიან განვითარდი და წინ წავიწიე. ჟურნალისტობაზე ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა მომავალში რა შეიძლება მომხდარიყო. ერთ დღეს, პარალელური კლასის დამრიგებელ ნინო ტატიაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა საბავშვო გადაცემა. ჩამოვწერეთ სავარაუდო რუბრიკები, მონახაზი და სახელიც შევურჩიეთ ,,ერუდიტი TV’’. იქიდან გამომდინარე, რომ პარალელური კლასები ერთმანეთთან ძალიან ვთანამშრომლობდით გადაცემაც სწორედ ერთად შევქმენით. მომავალი პატარა ჟურნალისტების ინტერესები გამოვიკითხეთ, ვის რომელ რუბრიკაზე სურდა მუშაობა,  რომელი თემა იყო მათთვის საინტერესო. საკლასო ოთახში მოვაწყვეთ ე.წ სტუდია, შევქმენით ჩვენი გადაცემის ლოგო შესაბამისი შინაარსით.(ლოგოზე დატანებულია სამი ნახატი, რომელიც აღნიშნავს გუნდურობას, წარმატებასა და ცოდნის მიღებას.) ავირჩიეთ წამყვანები და შევუდექით პირველ გადაცემაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა სიუჟეტი გადაღებულია მობილური ტელეფონითა და უბრალო ფოტო კამერით, ხოლო სიუჟეტები კი დამონტაჟებულია ერთ ჩვეულებრივ პროგრამა Vegas Pro -ში რომელიც თვითნასწავლია. მხოლოდ ეს იყო ჩვენი რესურსი, როდესაც დავიწყეთ ჩვენი ჟურნალისტური საქმე.youtube-ზე შევქმენით ჩვენი გადაცემის არხი, სადაც იტვირთებოდა თითოეული გადაცემა, ასევე გვქონდა სოციალურ ქსელში გადაცემის გვერდი,სადაც განვათავსებდით და ვაანონსებდით მომდევნო გადაცემის პრომოებს. მე და ნინო ვიფიქრებდით თემებს, რაზეც უნდა გაგვეკეთებინა სიუჟეტები. მაგ:გვქონდა თემა სეზონური ვირუსები.ერთი ჟურნალისტი მოიძიებდა ინფორმაციას თუ რა ვირუსები იჩენს თავს სხვადასხვა სეზონზე,  მეორე ჟურნალისტი იმუშავებდა თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ვირუსი, მესამე ჟურნალისტი ჩაწერდა ინტერვიუს სკოლის ექიმთან. ვაშუქებდით სკოლაში გამართულ ღონისძიებებს.მოსწავლეებს,რომლებიც სკოლის გარეთ დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა ჰობით, ვაძლევდით საშუალებას დამოუკიდებლად მოემზადებინათ სიუჟეტები.ასე შეიქმნა სიუჟეტები სპორტის თემაზე, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, თხილამურებით სრიალი. ასევე გადაცემაზე მუშაობის პერიოდში გვქონდა სხვადასხვა საინტერესო რუბრიკა. ამ გადაცემის შექმნის დღიდან მოსწავლეების ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მათთვის სკოლამ შეიძინა ახალი დატვირთვა, მათი ცხოვრება მთლიანად მოიცვა ამ გადაცემამ. როდესაც მიდიოდნენ სხავდასხვა ადგილებში, იყო ეს ქვეყნის გარეთ მოგზაურობა, სხვადასხვა სპექტაკლებზე დასწრება თუ ა.შ. ისინი უკვე დამოუკიდებლადაც კი ახერხებდნენ სიუჟეტის მომზადებას და ერთად, ნაწილ-ნაწილ იქმნებოდა სხვადასხვა სიუჟეტები.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო 21 მარტისათვის მოსამზადებელი გადაცემა, რომელიც მივუძღვენით საქართველოში ჟურნალისტიკის დღის აღნიშვნას. პატარა ჟურნალისტებისთვის სასიამოვნო სიახლე იყო, როდესაც რუსთავი 2-ის ტელევიზიას ვესტუმრეთ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილისა და მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუს ჩაწერაზე.ეს მნიშვნელოვანი იყო ბავშვბისთვისაც, რადგან ამ გადაცემაზე მუშაობის დროს საკუთარი თვალით იხილეს ნამდვილი ტელევიზია როგორია, გაიგეს ამომწურავი ინფორმაცია როგორ და საიდან იღებდა სათავეს ეს პროფესია, მიიღეს რჩევები იმ სტუდენტებისგან, რომლებიც სწავლობდნენ ჟურნალისტიკას. თითოეულ გადაცემაზე მუშაობის დროს თემები იყო სხვადასხვა, მრავალფეროვანი და მოსწავლეები იღებდნენ უამრავ ინფორმაციას. განუვითარდათ კვლევა-ძიების, მეტყველების უნარები. ასევე ინფორმაციის დახარისხება მთავარი და არამთავარი თემებისაგან, ტექსტის ანალიზი და კიდევ ძალიან,ძალიან ბევრი საჭირო გამოცდილება შეიძინეს,რომელიც ეხმარებოდათ პარალელურად სწავლაში. მოგახსენებთ რომ ისინი მხოლოდ მესამე კლასში იყვნენ,როდესაც ამ დიდ საქმეს შეეჭიდნენ. წლიდან წლამდე კი ძალიან დიდი განვითარების ეტაპი გაიარეს.

გადაცემის შექმნის წლის ბოლოს სკოლას უსრულდებოდა 5 წლის იუბილე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილმი მოგვემზადებინა, რომელიც შექმნილი იქნებოდა იმ თემების ერთობლიობით, რაც მაქსიმალურად მაყურებელს მიაწვდიდა ინფორმაციას სკოლის მოღვაწეობის შესახებ დაარსებიდან ხუთი წლის ჩათვლით. ფილმი დააახლოებით საათი და 15 წუთი გამოვიდა, რომელიც სკოლის პერსონალის დასწრებით დიდ ეკრანზე სააქტო დარბაზში გავაშუქეთ.

მართალია სკოლა უამრავ მოგონებას ინახავს,რადგან ყველა დღე არის განსხვავებული, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი.ამ გადაცემამ შეცვალა,კიდევ უფრო გააფერადა და სახალისო გახადა ჩვენი და ჩვენი ბავშვების სასწავლო დღეები. ვფიქრობ მომავალში მათ ძალიან გამოადგებათ ეს გამოცდილება და იქნებ, რომელიმე მოსწავლემ აირჩიოს კიდეც  ჟურნალისტობა, მას ხომ უკვე აქვს გამოცდილება, წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჟურნალისტის ერთი დღე და კითხვაზე: ,,როდის გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავი ჟურნალისტი?’’ უპასუხოს, რომ მაშინ, როდესაც ერუდიტი TV სთვის მუშაობდა.

ჩვენი არხი :

 

სხვადასხვა სიუჟეტების ნაკრები :

ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გადაცემა:

 

მეთოდები და თამაშები შემოქმედებითი წერისთვის

0

ამჯერად მხოლოდ საკითხებისა და მეთოდების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რას როგორ გაშლით და როგორ გადაიტანთ პრაქტიკაში, მხოლოდ თქვენი ფანტაზიისა და  არჩევანის საკითხია.

მაშ, ასე, როგორ „ვითამაშოთ“ წერისას.

  1. ბავშვობაში გითამაშიათ გადაკეცილი ფურცლით? როცა იღებთ ერთ თაბახის ფურცელს, თამაშის ყველა მონაწილე თავის ფრაზას წერს და მერე გადაკეცავს, რომ შემდეგმა მონაწილემ არ დაინახოს და ასე მანამ, სანამ ფურცელი არ დამთავრდება. რა გამოვა ამ ნაწყვეტ- ნაწყვეტი ფრაზებისგან? მშვენიერი, სასაცილო ტექსტი, რომელიც შეიძლება ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრებისგან შედგებოდეს ან სულაც, უცნაური საერთო კონტექსტი და ემოცია ჰქონდეს.

დავალება იქნება ამ  წინადადებების „ღრუბლის“ ერთიან ტექსტად ქცევა.

 

  1. წიგნის ალტერნატიული დასასრული:

ამ სავარჯიშოსთვის ვიღებთ ნებისმიერ წიგნს, ალალბედზე გადავშლით და  ფურცლის ბოლო აბზაცს ვკითხულობთ. შემდეგ „ვმკითხაობთ“, რა იყო აქამდე და მოვიფიქრებთ ალტერნატიულ დასასრულს. ჩვენს ამბავს ვიგონებთ, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ამბავი წიგნის იმ ერთი აბზაცით დაიწყოს.

 

  1. მ მეთოდისთვის გამომადგება ხორხე ლუის ბორხესის “ფანტასტიკური არსებების ანთოლოგია“. ვკითხულობთ რამდენიმე ნიმუშს წიგნიდან და ვიგონებთ ჩვენს ფანტასტიკურ „არსებას“, ოღონდ სამს, ერთი – მხოლოდ დადებითი, მეორე – უარყოფითი, ხოლო მესამე – ერთდროულად უნდა ატარებდეს როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. ამ სავარჯიშოს შემდეგ კარგად ავხსნით, რატომ არ შეიძლება პერსონაჟი მკვეთრად დადებითი და უარყოფითი იყოს და რა ჟანრის თუ პერიოდის ტექსტებშია ასეთი დუალური, კატეგორიული დაყოფა პერსონაჟებს შორის.
  2. ვაგრძელებთ წიგნების ყველაზე ცნობილ დასაწყისებს:

მაგალითად, ამას:

„– ტომ!
პასუხი არ არის
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა იმ ბიჭს?
-ტომ!
პასუხი არ არის.

( მარკ ტვენი, ტომ სოიერის თავგადასავალი)

ან ამას:

„ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საშინელ მწერად ქცეულიყო.“ ( კაფკა, მეტამორფოზა)

ან ნებისმიერი დასაწყისი ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი წიგნებიდან და სხვაგვარი გაგრძელება მოუფიქრეთ.

  1. მუშაობა დიალოგებზე: ვიყოფით წყვილებად, გავდივართ ქუჩაში, ვერთვებით დიალოგებში და თან ვიწერთ. შეიძლება თემატურად დავგეგმოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში, ბანკში, პარკში და ა.შ.
  2. სუბიექტური ლექსიკონი: ვიღებთ ნებისმიერ სამეცნიერო, განმარტებით ან ორენოვან ლექსიკონს, ვშლით ნებისმიერ გვერდზე და ვცვლით სალექსიკონი ერთეულის განმარტებას. როგორ? როგორ და ობიექტური განმარტების ნაცვლად ჩვენს განმარტებას ვუწერთ, ყველაზე სუბიექტურს, საკუთარი გამოცდილებითა და ამბებით განპირობებულს.
  3. სატელეფონო ცნობარი. ვიღებთ სატელეფონო ცნობარს, მოვნიშნავთ პირველ და ბოლო აბონენტს, ან ნებისმიერ სხვა ორ აბონენტს და ვყვებით ისტორიას, რა შეიძლება მომხდარიყო მათ შორის.
  4. ამბავი, რომელიც არასდროს დამემართებოდა – აღწერეთ საკუთარი თავი, შემდეგ დაწერეთ ყველა ის თვისება, რომელიც ზუსტად იცით, რომ არ გახასიათებთ, ყველა ის სიტუაცია, სადაც არასდროს აღმოჩნდებოდით და შემდეგ მოიფიქრეთ ამბავი, სადაც სწორედ ისეთი ხართ, როგორიც არასდროს იქნებოდით და სწორედ ისეთ ამბებში ეხვევით, ყოველთვის რომ თავს არიდებდით.
  5. მეთოდები უამრავია – ყველაზე მთავარი მეთოდი კი ისაა, რომ თქვენი ორიგინალური მეთოდები და თამაშები მოიფიქროთ.

წარმატებას და შემოქმედებით თავისუფლებას გისურვებთ!

“ვეფხისტყაოსანი” და სამაგიდო თამაშების კულტურა საქართველოში

0

გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური და კულტურული ეკლექტიკა ახალი სახელოვნებო დარგის ფორმირებისთვის სათანადო გარემოს ქმნის. ტექსტის ტექნოლოგიური მოხმარების ჩარჩო გაფართოვდა. ლიტერატურულ თამაშში ტექსტი, როგორც საქციელი, იმპულსური პროცესების განმსაზღვრელი გახდა. თანამედროვე ციფრულ ტექსტში ავტორის ფუნქციის დევალვირება ძალიან ჰგავს პირველსაწყისთან მიბრუნებას. ძველად, ხელნაწერების ხანაში, პრიორიტეტული იყო უფრო ტექსტის შენახვა-ინტერპრეტაცია და დროში გადაცემა, ვიდრე ტექსტის ავტორის ინსტიტუტიზაცია. გადამწერი თანაავტორად თვლიდა თავს და ხშირად ცვლიდა ტექსტს თავის შეხედულების მიხედვით. მაგალითად, ერთი გადამწერი წერს: ,,ამას შინა სიტყუაი განგრძელდების არამე შემოკლებულად-რე მნებავს უწყებაი თქვენი’’. ზოგი გადამწერი წახალისებულიც კი იყო თავის პოეტური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო. “ვეფხისტყაოსნის” გადამწერი ნანუჩა (მანუჩარ ციციშვილი) XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, თავის თანამედროვეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მამუკა თავქარაშვილი „ტკბილი სიტყვების მხმობელს“  უწოდებდა. არჩილ მეფე აღნიშნავდა, ნანუჩას ბევრი რამ ,,ჩაურევიაო’’. ამ ნანუჩამ თურმე საკუთარი ინიციატივით 11 სტროფი დაუმატა ,,ავთანდილის ანდერძს’’.

ინტერპოლატორები საუკუნეების განმავლობაში ინტერაქტიულ კავშირს ამყარებდნენ ტექსტთან, ეპოქების შესაბამისად გარდაქმნიდნენ მას და პოემის ტექსტუალურ კონტექსტს ახალი კულტურული კოდებით ტვირთავდნენ. ზოგი ჩამატება ისე შეისისხლხორცა პოემამ, რომ ტექსტის დამდგენი კომისიისთვის დღემდე უცნობია, რა დაწერა ნაყალბევი ტაეპის ნაცვლად რუსთველმა. ასეთია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაეპი: ,,ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა’’ (მესხი მელექსე რუსთაველის მიბაძვით ვწერო).

პარადოქსია, მაგრამ გუტენბერგის გამოგონება, შრიფტის ჩამოსასხმელი საბეჭდი დაზგები ე. წ. ,,კოპი პეისტის’’ პრინციპით მუშაობდნენ და ასოების იგივე თანმიმდევრობას ბეჭდავდნენ, რამაც ავტორი ტექსტს მჭიდროდ დაუკავშირა, ვიდრე ეს ხელნაწერთა გადამწერების დროს იყო, რომელნიც უნებურად ან შეგნებულად ცვლიდნენ ტექსტის ქსოვილს და მის ავტორს. საუკუნეების შემდეგ სწორედ ამ ,,კოპი პეისტის’’ პრინციპის კომპიუტერულ სივრცეში გადანაცვლებამ და ინდივიდუალურ დონემდე დახვეწამ, ავტორი ჩამოაშორა ტექსტს და მისი გავრცელება და ინტერპრეტაცია სწრაფი ცვლილების მქონე მოვლენად აქცია.  ინტერნეტში დაწერილი ტექსტი (ციფრული ლიტერატურული ორგანიზმი) კოპირდება და ვრცელდება, მაგრამ ხშირად ავტორის ხელიდან გამოსული ტექსტი იცვლება სხვადასხვა მომხმარებლის მიერ.

ლიტერატურამ გუტენბერგიდან დაიწყო მანქანური ცივილიზაციის გამოყენება. შრიფტის დამამზადებელი დაზგების შექმნა, ზოგადად მანქანური ტექნოლოგიების ჩართულობა ლიტერატურაში ნელ-ნელა შემოიპარა. სიტყვაკაზმული მწერლობა ქაღალდის გარეშე თითქოს ვერავის წარმოგვიდგენია, მაგრამ მანქანური ტექნოლოგია სწორედ უქაღალდო მწერლობის ჰორიზონტებს გვისახავს. არალინეარული თხრობის და ტრადიციული ტექსტუალური კონტექსტის დარღვევის უნარ-ჩვევები გამომუშავდა კომპიუტერის შექმნამდე ე. წ. ლიტერატურული დაფის თამაშების დროს, რომელიც მულტიმედიური ბელეტრისტიკის ერთ-ერთ წინაპრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც გენეალოგიური მართვის ლიტერატურულ შრეში შეღწევის საშუალება. დაფის თამაშები დამოუკიდებლად, საწერი ტექნოლოგიების პარალელურად ვითარდებოდა. ,,ვეფხისტყაოსანი’’ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, პოემას ბევრად აღემატება. “ხალხური ვეფხისტყაოსანი’’, ავთანდილობა თუ შერმადინობა – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში ,,ვეფხისტყაოსნის’’ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა. “ვეფხისტყაოსანი” იყო ჰიპერტექსტი, ე. წ. ,,სუპერ გუგლი’’, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე პოულობდნენ: როგორ უნდა მეგობრობა, სიყვარული, რა არის ერთგულება. არ არსებობს საკითხი, რომელიც პოემაში არ იყოს მოცემული. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

“ვეფხისტყაოსნის” მზითევში გატანება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიცია იყო, როგორც უძვირფასესი განძის ჩუქება. აკაკი წერეთელი იხსენებს, ერთმა რაინდმა არგვეთის თავადს ქალი სთხოვა და თურმე სასიძო დაიწუნეს, იმიტომ რომ არ ჰქონდა “ვეფხისტყაოსანი”. საინტერესოა, რომ ერთ ქართულ ხალხურ ლექსში ,,ვეფხისტყაოსნის’’ პატრონი უკან იბრუნებს პოემას და არა ქალს:

 

,,ქალი მყავდა მშვენიერი,

თავმორთული კაოსანი,

გავათხოვე, გავატანე

ჩემი ვეფხისტყაოსანი.

წაეკითხათ, ვერ გაეგოთ

თურმე იყვნენ ვიროსანი,

ისევ უკან დავიბრუნე

ჩემი ვეფხისტყაოსანი.’’

 

პოემის ტექსტს ვხვდებით არამხოლოდ ხელნაწერებში, არამედ ვანის ქვაბის კედლებსა (,,ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ვერ გადასწვდებიან’’) და სხვა ძეგლებზეც, წიგნის არშიების მინაწერებზე. XIX საუკუნეში ერთი-ერთი მაღაზიის მეპატრონეს კანფეტები ისეთ ქაღალდში გაუხვევია, რომლებზეც რუსთველის აფორიზმები ყოფილა დაბეჭდილი.

პოემის პირველი სამაგიდო თამაშებიც ამ პერიოდში გამოჩნდა. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის დროს დაიბეჭდა. 1892 წელს 24 ივნისს გაზეთ ,,ივერიის’’ #131-ში გამოქვეყნებული იყო ვრცელი ინფორმაციული ცნობა, რომ ოზურგეთიდან მიუღიათ კ. თავართქილაძის მიერ დაბეჭდილი ლოტო, რომელიც ეფუძნებოდა პოემის აფორიზმებს. იქვე ახლდა ვრცელი განმარტება თამაშის წესების შესახებ. დასასრულს ავტორი ასკვნიდა, რომ ეს თამაში დაეხმარებოდა მკითხველს ,,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად შესწავლაში. ამ პერიოდში გავრცელებული იყო “ვეფხსიტყაოსნის” და სხვა ლიტერატურული თამაშების შექმნა, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც ხელს უწყობდა. ლიტერატურული დაფის თამაშები ინტერაქტიული მოვლენაა, სადაც ტექსტთან ერთად ფსევდოგრაფიკული დეკორაცია და მკითხველის მაქსიმალური ჩართულობა წამყვანი სათამაშო სტრატგეგიაა.

1938 წელს გამომცემლობა ,,ტექნიკა და შრომამ’’ გამოსცა ალექსანდრე ინაშვილის მიერ შედგენილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ და სხვა მწერლების ნაწარმოებებიდან შემდგარი ლოტო. სათამაშო ლოტო შედგებოდა ე. წ. ქარდების, წიგნაკისა (თამაშის წესები) და მუყაოს ფირფიტებისგან. თითქმის ანალოგიურ პრინციპს ემყარებოდა 1986 წელს გამოცემული სახალისო ლოტო: ,,გონებანი გონიერსა’’ (გამომცემლობა განათლება, შემდგენელი ხოდაშნელი). ეს თამაში ემყარებოდა 1951 წლის საიუბილეო გამოცემას (სარედაქციო კოლეგია: ბარამიძე, კეკელიძე, შანიძე). თამაშში 110 აფორიზმია გამოყენებული, რომელიც 24 ქარდზეა განლაგებული.

მეოცე საუკუნეში დროთა ფორმაციის შედეგად, საჭირო გახდა პოემის ხალხთან ურთიერთობის ახალი ინტერაქტიული ფორმა. „ვეფხისტყაოსნის” ლოტო, რომელიც ილიას დროინდელი ლოტოს ანალოგი იყო სწორედ ასეთი მოვლენას წარმოადგენდა. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგების და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელ მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციებით არის წარმოდგენილი. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორიზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც  ორგანულ ნაწილად  იგრძნობ თავს.

თავის მხრივ სამაგიდო თამაშებმაც, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, განიცადეს განვითარებისა და ევოლუციის საფეხურები. თუმცა თამაშის ალგორითმი თითქმის უცვლელი დარჩა. სამაგიდო თამაშების ისტორიის მკვლევარი, დევიდ პარლეტი მიიჩნევს, რომ ყველა სამაგიდო თამაშს ერთი ძირი აქვს, რომ ყველაზე თანამედროვე თამაშის ფესვები პრეისტორიულ ხანაში უნდა ვეძებოთ. უძველეს დროში სამაგიდო თამაშები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ის ძრითადად ელიტისთვის განკუთვნილ დიპლომატიურ საჩუქარს წარმოადგენდა და მათი დროსტარების საშუალება იყო. ელიტარულმა სამაგიდო თამაშებმა რომაულ ლეგიონებთან ერთად ჰპოვა გავრცელება. ამ ტიპის თამაშები სავარაუდოდ IV ათასწლეულის შუა ხანებში გაჩნდა. ერთ-ერთი უძველესი თამაშია ,,სენატი’’, მისი ერთ-ერთი ნიმუში ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს. ის წარმოადგენს ბადეს, რომელიც სამ რიგად განლაგებული ოცდაათი კვადრატისგან შედგება. ამ თამაშის წესები დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს. ეგვიპტეში არსებობდა თამაში ,,მეჰენი’’ ლომისა და ბურთის ფორმის ფიგურებით.  ერთ-ერთ უძველეს თამაშად ითვლება ასევე ბრიტანეთში, ექიმის სამარხში ახ. წ. 40-50-იანი წლებით დათარიღებული თამაში, რომელიც წარმოადგენს დაფას 26 ფიგურით. სამაგიდო თამაშები მართალია რომაელთა დამპყრობლური ომების  პარალელურად გავრცელდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ადგილობრივი კულტურის ნიშნები შეითვისეს.

სამაგიდო თამაშები, მარულას ტიპის იქნება ის, თუ ,,თამაში როლების გაცვლით’’ – ემყარება შექმნილ სამყაროს ან სამყაროებს, რომელსაც მკაცრად გაწერილი თავისი კანონები აქვს. მწერლობისგან მომდინარე ასეთი თამაშები ავტორის ლიტერატურულ სამყაროს ეფუძნება. მაგალითად, არსებობს ,,დანაშაული და სასჯელის’’ თამაში, ,,შერლოკ ჰოლმსის’’ თამაში, ლავკრაფტის ლიტერატურული სამყაროების თამაში. ასეთი ტიპის სამაგიდო თამაშებში მოთამაშეები ავტორისგან დადგენილ სამყაროს წესებს ემორჩილებიან. ჰიპერლიტერატურაში  გავრცელებული მიმართულება ,,adventure’’ ქაღალდის მწერლობაში უფრო ადრე განჩდა, ვიდრე კომპიუტერული სისტემები დაიბადებოდა. პირველი ცდები 1940-1970 წლებში იყო. 1950 წელს ფსიქოლოგმა სკონერმა გამოთქვა აზრი, შეექმნათ ინტერაქტიული ლიტერატურული თამაშები სტუდენტებისთვის, განათლების მიღების მიზნით. 1960 წელს იდეა მოტივირებული იყო ლიტერატურული ექსპერიმენტებით. მსგავსი პრაქტიკა დღეს უკვე აპრობირებული საშუალებაა, მაგალითად არსებობს შერლოკ ჰოლმსის თამაში ,, 221b Baker Street Detective’’’’, რომელიც წიგნზე არანაკლებ პოპულარულია.

როგორც აღვნიშნეთ, დაფის თამაშების მსგავსი ნიმუშები პრეისტორიული ხანიდან არის შემორჩენილი. ის ყოველ დროში ადამიანის სოციალური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღმავლობის პერიოდი მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება.  Monopoly, Scrabble Risk Settlers of Catan, Ticket to Ride, Apples to Apples და სხვა ამ ტიპის თამაშები, რაც მთელ მსოფლიოში უაღრესად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და დღემდე რამდენიმე ასეულ ინტელექტუალურ თამაშის სერიას აერთიანებს. ის ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ინტელექტუალური აქტივობაა. დაფის თამაშების წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ის აბსოლუტურად ყველა სფეროს აერთიანებს: კინოს, ლიტერატურას, ანიმაციას, სპორტს, კოსმოსს და სხვა. ის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია, კომიქსების და ვიდეოთამაშების გვერდით კომერციულ ინტელექტუალურ-გასართობ ინდუსტრიულ სტრუქტურაში.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში XIX საუკუნეში სამაგიდო თამაშები პოპულარული იყო ეს ხაზი საბჭოთა ხანაში მინიმალურად განვითარდა. დღესაც თანამედროვე დაფის თამაშების კულტურა თითქმის არ არსებობს. საღამოს მეგობრების წრეში გატარება და დაფის თამაშის კოლექტიური თამაში, როგორც წესი, ძალიან იშვიათობაა.

თანამედროვე სწავლების მეთოდები ბავშვზეა მორგებული, რათა მოსწავლეებისთვის სწავლა გახდეს სასიამოვნო აღმოჩენების პროცესი. დაფის თამაში სწორედ ამ სპეციფიკის ინტერაქტიული მეთოდია. გარდა ამისა, დაფის თამაშები არის სოციალური დისკურსის მოვლენა, განსხვავებით ვიდეოთამაშებისგან, რომელიც ასოციალურია. დაფის თამაში უპირველეს ყოვლისა არის ურთიერთობა თამაშის სხვა წევრებთან. თამაშობ, ესე იგი იძენ ახალ მეგობრებს.

ნოვატორული გამოცემაა ჩვენ მიერ მომზადებული სულ ახლახანს გამოსული ვეფხისტყაოსნის პირველი ფერადი ილუსტრირებული სამაგიდო თამაში. გამოცემა რამდენიმე სკოლაში, მწერლის სახლში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში და სხვა საბავშვო სეგმენტთან წარვადგინეთ და ჩამოვაყალიბეთ ლიტერატურული სამაგიდო თამაშების კლუბი. ბავშვებმა ხალისით ითამაშეს, რადგან თამაში სწავლის დამატებითი საშუალებაა, მისი მეშვეობით სწავლა დამღლელი საზეპიროებისგან თავისუფლდება და სახალისო შემეცნებითი პროცესი ხდება.  პოემაში მონაწილეობს 30 აფორიზმი, მათი ცოდნა საშუალებას აძლევს მოთამაშეს წინ გაიჭრას და გაიმარჯვოს. სამაგიდო თამაში ლიტერატურულ რუკას წარმოადგენს და ის მარათონული პრინციპზეა დამყარებული. იმარჯვებს ის, ვინც გადალახავს დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. თუ მოთამაშეს სურს სხვა აფორიზმები გამოიყენოს, გამოცემას  მოყვება სარეზერვო აფორიზმები და გამოსაჭრელი ბარათები. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისთვის საინტერესო აფორიზმები ან ტაეპები დაამატოს თამაშს ბარათების სახით და გაამრავალფეროვნოს ის.

ტექსტი იქმნება ეპოქის წნეხის ქვეშ და ის თავის აზრს გვაძებნინებს, ჩვენი ყოფიერების გავლით. ამდენად, საჭიროა მხატვრულად ღირებული ტექსტის მუდმივად ახალი და ახალი კულტურულ-სოციოლოგიური გამომსახველობითი კოდებით დატვირთვა. “ვეფხისტყაოსანი” ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

                                                   

რამდენიმე რჩევა გარე შეფასების გაკვეთილისთვის

0

ცვლილებების დაანონსებისას დადასტურდა, რომ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული უფროსი მასწავლებლები მოქმედი პროცედურის და შეფასების რუბრიკის მიხედვით გაივლიან გარე დაკვირვებას და შეფასდებიან.

შემდგომში როგორ შეიცვლება ეს კომპონენტი, მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ რადგან მიმდინარე სემესტრში საკმაო რაოდენობის პედაგოგი ელოდება გარე დაკვირვებას, საჭიროდ მივიჩნიეთ, წინა გამოცდილებისა და გარედაკვირვებაგავლილთა რეფლექსიების განზოგადების საფუძველზე რამდენიმე რჩევა მიგვეცა დაინტერესებული მკითხველისთვის.

გაკვეთილისთვის მზადებისას შეფასების რუბრიკის კრიტერიუმები რომ თქვენი საუკეთესო მრჩეველია, ყველას კარგად მოგეხსენებათ და ამაზე თქვენი ყურადღების შეჩერება აღარ ღირს.

პირველი, რის შესახებაც მინდა ვილაპარაკო, არის ემოციური წონასწორობის შენარჩუნება გარე დაკვირვების დროს. თავის მართვის, ემოციების მართვის უნარი (რაც პროფესიონალიზმის ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმია და ამაზე დაკვირვებაც ხდება) თქვენი საუკეთესო მეკავშირე იქნება. სამსახურებრივი ჩარჩოს გარედან თუ შევხედავთ სიტუაციას, ადვილად დავასკვნით, რომ ცხოვრებაში გარე დაკვირვებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება და არ ღირს ამ ერთი სამუშაო მომენტის გამო ნერვიულობა და ძრწოლა. ემოციებს აყოლილი, აკანკალებული მასწავლებელი ვერც შთაბეჭდილებას მოახდენს და არათუ საუკეთესო პროფესიული უნარების წარმოჩენას, არამედ საშუალო დონის გაკვეთილის ჩატარებასაც კი ვერ შეძლებს. დაძაბულობა შესაძლოა მოსწავლეებსაც გადაედოთ, ასე რომ, თავსაც და გაკვეთილსაც საფრთხეს შეუქმნით. იყავით მშვიდად და ბუნებრივად და ყველაფერი გამოგივათ. არ დაგავიწყდეთ, თქვენ წამყვანი მასწავლებლობა გსურთ და კოლეგებს ემოციების მართვის მაგალითიც უნდა მისცეთ.

კიდევ ერთი რამ, რასაც გარე დამკვირვებელთა უმრავლესობა გირჩევდათ, გაკვეთილის რეალისტური დაგეგმვაა. დაგეგმეთ 45 წუთში მიღწევადი მიზანი და მასზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც ამ დროში ჩაეტევა. თორემ რა ხდება? – მასწავლებელი ჩქარობს, მოსწავლეებსაც აჩქარებს, სიჩქარეში ლოგიკური ხაზი უმრუდდება ან საერთოდ უწყდება… მერე აქტივობის ან გაკვეთილის ვეღარ ასწრებს შეჯამებას, რითაც ზარალდება შეფასების კომპონენტი, განსაკუთრებით – განმავითარებელი შეფასება, რაზეც რეფლექსიაში მასწავლებლები თვითონვე სინანულით მიუთითებენ. ამის მიზეზი არარეალისტური დაგეგმვაა. ყველა აქტივობას ერთ გაკვეთილში ვერ ჩატევთ, შეარჩიეთ ის და იმდენი, რომელითაც 45 წუთში მიზანთან მიიყვანთ მოსწავლეს.

ზოგჯერ მასწავლებლები მოსწავლის არასწორი მოსაზრების მისაჩქმალავად მასზე არ რეაგირებენ. წინარე და მით უფრო ახალ მასალაზე მუშაობისას მოსწავლეთა მიერ საკითხის ზუსტად და ამომწურავად წარმოჩენა, სახელმძღვანელოს ახალი პარაგრაფის „გადმომღერება“ ქმნის ბუნებრივი (დაუდგმელი) გაკვეთილის განცდას? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ მოსწავლის მიერ გამოთქმული არც ერთი მოსაზრება, განსაკუთრებით – მცდარი. კი ნუ უგულებელყოფთ, მიეცით ისეთი კორექტული უკუკავშირი, რომ მცდარი მოსაზრების ავტორმაც სხვა თანაკლასელებთან ერთად გააგრძელოს ძიება და მათთან ერთად მივიდეს საჭირო დასკვნამდე. ასეთი მიდგომა თქვენ პროფესიონალიზმის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებს კი – თავისუფალი აზროვნებისას. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას.

ზოგჯერ გაკვეთილზე ყველა მოსწავლე არ ერთვება დისკუსიაში და ამას ნებით თუ უნებლიეთ მასწავლებელი უწყობ ხელს, როცა აქტიური მოსწავლეების წარმატებული პასუხების „მძევლად“ იქცევა, პასიურ მოსწავლეებს კი „თამაშგარე“ მდგომარეობაში ტოვებს.

კიდევ ერთი, მონათესავე ხარვეზი მასწავლებლის დომინანტის როლში დარჩენაა, როცა პედაგოგი თავს ვერ აღწევს საკუთარი ცოდნისა და უნარების (თუნდაც საუკეთესოს) წარმოჩენის სურვილს. თავადაც მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი თქვენი ცოდნისა და უნარების მოსწავლეთა გააქტიურებისკენ მიმართვას გულისხმობს. მიენდეთ მათ, დაუთმეთ ასპარეზი, შეაშველეთ კითხვები, მოახდინეთ პროვოცირება. ფასილიტატორად დარჩენა ძნელია, მაგრამ საჭირო.

ნუ დაკარგავთ დროს იმისთვის, რომ მოსწავლეებს „აუხსნათ“, სინამდვილეში კი გარე დამკვირვებელს მიანიშნოთ, რომელი აქტივობა შეფასების რუბრიკის რომელ კრიტერიუმს ეპასუხება და როგორ. ამის აღმოჩენა მისი მოვალეობაა და არა თქვენი. თქვენი საზრუნავი მოსწავლეა. გაკვეთილის მიზანში დამკვირვებელი ხომ არ ფიგურირებს? ჰოდა, გაკვეთილის დროც მთლიანად მოსწავლის საჭიროებებისთვის უნდა დაიხარჯოს.

დროის დასაზოგავად შემოგთავაზებთ კიდევ ერთ რჩევას გარე დამკვირვებელ კახაბერ ჩაკვეტაძისგან:

„თუ გაკვეთილის მსვლელობის დროს ჯგუფური მუშაობა გჭირდებათ, შეიძლება მოსწავლეები თავიდანვე დასხდნენ ჯგუფებად, ოღონდ მიეცით ნება, სხვა აქტივობების დროს ისე შეიცვალონ მიმართულება, რომ უხერხულად არ ისხდნენ: ხედავდნენ დაფას, ეკრანს, თვალსაჩინოებას, ერთმანეთს. შეეცადეთ, ჯგუფებმა თვითონ გადაინაწილონ ფუნქციები (თუ კარგად არ არიან გაწაფული ჯგუფურ მუშაობაში, ფუნქციების გადანაწილებაში დაეხმარეთ). თუ კლასში რამდენიმე ჯგუფი გყავთ და მათ ერთი და იგივე დავალება მიეცით, ჯობია, ერთმა ჯგუფმა გააკეთოს პრეზენტაცია და სხვებმა შეავსონ. ამითაც დროს დაზოგავთ“.

ამასთან, თუ მოსწავლეები მეთოდს იცნობენ, თუ შეფასების რუბრიკა ნაცნობია მათთვის, მოკლედ შეახსენეთ, მიანიშნეთ (ვიზუალიზებულ მასალაზე), მეტზე კი დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ. დროის კონტროლი მნიშვნელოვანია, რათა გაკვეთილი შეჯამებისა და შეფასებების გარეშე არ დაასრულოთ. ცვლილებების შემთხვევას რეფლექსიაში მოიხსენიებთ და მათ მიზნობრიობას დაადასტურებთ. და აქვე: შეეცადეთ, რეფლექსიით უპასუხოთ მისი შეფასების კრიტერიუმებს, რადგან აქ მაქსიმალური შეფასება გჭირდებათ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...