მათემატიკის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციას და ხალისის ელემენტების შეტანას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება გუნდური მათემატიკური ჭიდილის შესახებ, რომელსაც წლებია წარმატებით ვიყენებ გაკვეთილებზე.
ჭიდილის წესები- ჭიდილში მონაწილეობს სამი გუნდი, რომლებიც ირჩევენ ლიდერებს. გუნდებს ქმნის მასწავლებელი. სასურველია, გუნდები თანაბარი ინტელექტუალური პოტენციის იყოს. გუნდებს შეიძლება დავარქვათ გონებამახვილური სახელები. კენჭისყრის შედეგად უნდა დავადგინოთ პირველი გუნდი (A), მეორე გუნდი (B) და მესამე გუნდი (C).
მასწავლებელი გუნდებს დავალებას წინა დღეს ან რამდენიმე დღით ადრე აძლევს, შესაძლებელია, იმავე დღესაც. მიზანშეწონილია, შერჩეულ იქნეს იმდენი ამოცანა, რამდენი მოსწავლეცაა თითოეულ გუნდში. ამოცანის ამოხსნის საიდუმლო დაცული უნდა იყოს გუნდის წევრების მიერ.
ჭიდილის დაწყების წინ გუნდები იკრიბებიან და ლიდერის მიერ თითოეულ მოსწავლეზე ნაწილდება თითოეული ამოცანა.
მასწავლებელი ყოველი ამოცანის ამოხსნას აფასებს ქულებით; 3, 5 ან სხვა ქულით.
თამაში იწყება შემდეგნაირად: A გუნდის ლიდერი B გუნდს უხმობს რომელიმე ამოცანის ამოსახსნელად, B გუნდს შეუძლია ან არ შეუძლია ამ გუნდის გამოძახება. თუ უარი განაცხადა, მას ქულა აკლდება და როლები შეიცვლება: პასუხს გასცემს კითხვის დამსმელი. შემდეგ B გუნდი იწვევს C გუნდს და ა.შ. ანუ, გამოძახება ხდება შემდეგი პრინციპით[1]
( ერთი წრე) შეიძლება თამაში გააგრძელოთ ან შეწყვიტოთ.
როდესაც A B (ანუ A იძახებს B) მაშინ მომხსენებელი არის B გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც ამ კონკრეტულ ამოცანაზეა მიმაგრებული. ოპონენტი არის B გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც მიმაგრებულია ამ ამოცანაზე, ხოლო C გუნდის ის წარმომადგენელი, რომელიც მიმაგრებულია ამავე ამოცანაზე არის რეცენზენტი.
მომხსენებელი იწყებს ამოცანის ამოხსნას. ოპონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეაწყვეტინოს და დაუსვას ახალი შეკითხვა ( შეკითხვა უშუალოდ ამ საკითხს უნდა ეხებოდეს, ანუ „მუშაობს“ მისთვის ქულების წართმევაზე, ოპონენტი კამათის დასრულების შემდეგ აკეთებს დასკვნას, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა შეიძლება უკეთესად თქმულიყო და სხვა. შეიძლება ამით ქულები მოიპოვოს. ქულები განაწილებული უნდა იყოს ამოცანაზე გამოყოფილი ქულებიდან.
ყოველი მოსწავლე მხოლოდ ერთხელ გამოდის. ამოცანები არ მეორდება. დისციპლინის დარღვევაზე შეიძლება დაწესდეს საჯარიმო ქულები.
მათემატიკური ჭიდილი შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, თუმცა ჩვენ უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, იგი რომელიმე თავის დამთავრების შემდეგ, საკონტროლო წერის წინ ჩატარდეს.
გთავაზობთ მათემატიკური ჭიდილის კონკრეტულ ნიმუშს.
თამაშის დრო: სასურველია 90 წუთი, ან გაკვეთილის შემდეგ.
თამაშის მსვლელობა: მოსწავლეები იკრიბებიან ჯგუფების მიხედვით, სასურველია, სხვადასხვა ოთახებში. შემდეგ ისინი ერთ ოთახში მოიყრიან თავს და ჯგუფების მიხედვით სხდებიან „მრგვალ მაგიდასთან“. სასურველია, თამაშს ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები.
თამაშის დაწყებას აუწყებს მასწავლებელი. A გუნდის ლიდერი დგება და გუნდთან შეთანხმებით B გუნდს იძახებს. სთავაზობს მას, მაგალითად, ხუთქულიან სავარჯიშოს. B გუნდის წარმომადგენელი იწყებს ამოცანის ამოხსნას. A გუნდის წარმომადგენელი ეკამათება. C გუნდის წარმომადგენელი კი უსმენს .
B გუნდის წარმომადგენელი -ორნიშნა რიცხვი ჩაიწერება ასე 10x+y…
A გუნდის წარმომადგენელი-რა არის x და y?
B გუნდი პასუხობს-–x არის ათეულში აღნიშნული ციფრი, y კი ერთეულების აღმნიშვნელი ციფრი.
A გუნდი სვამს კითხვას – გთხოვთ, განმარტოთ, რა არის რიცხვი და რა არის ციფრი?
B- (შეიძლება განმარტოს, შეიძლება ვერა).
B გუნდი აგრძელებს: თუ მოცემულ ორნიშნა რიცხვს გავყოფთ ციფრთა x+y ჯამზე, იგი ასე ჩაიწერება .
განაყოფი თუ არის 5 და ნაშთი 13, იგი წარმოდგება = 5+ სახით.
A გუნდმა შეიძლება დასვას ასეთი კითხვა: რატომ ჩაიწერება ასეთი სახით განაყოფი და ნაშთი?
B გუნდმა შეიძლება უპასუხოს, შეიძლება ვერა.
B გუნდი- (აგრძელებს ამოხსნას) 10x+y=5(x+y)+13. საბოლოოდ მიიღება: 5x-4y=13
Aგუნდი – რა სახისაა თქვენს მიერ მიღებული განტოლება?
B გუნდი-პასუხობს ან ვერა. შემდეგ იგი აგრძელებს ორცვლადიანი განტოლებების ამონახსნების წყვილების დადგენას, როცა x და y ციფრებია, ცხადია, x =5 და y=3 ან
x =9 და y=8, ანუ მიიღება ასეთი ორნიშნა რიცხვები: 53 და 98.
შეიძლება დაისვას სხვა შეკითხვებიც.
როდესაც დისკუსია დამთავრდება, C ჯგუფის წარმომადგენელი აკეთებს ანალიზს ( ან ვერ აკეთებს). რა იყო სწორი და რა-არა. რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა უნდა მიეღოთ პასუხად.
ბოლოს მასწავლებელი აკეთებს დასკვნას და ანაწილებს ქულებს. შეიძლება მომხსენებელმა მიიღოს მაქსიმალური ქულა, სხვებმა – ვერა. შეიძლება მომხსენებელმა და ოპონენტმა გაინაწილონ ქულები და რეცენზენტმა ვერაფერი მიიღოს, შეიძლება ქულები სამივეზე განაწილდეს. პირველი წრის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს ლიდერების შეჯიბრი, რის შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
ქულებით ფასდებიან პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეები, რომლებმაც დაფასთან ამოცანის ამოხსნა წარმოადგინეს, ასევე აქტივობებში ფასდებიან ოპონენტი და რეცენზენტი, გამარჯვებული გუნდის წევრები გუნდურ კომპონენტში და სხვა.
სკოლას ზერელედ თუ შევაფასებთ, შეიძლება ისიც კი დავასკვნათ, რომ ის მოზარდი თაობისთვის მიუღებელი, მეტიც – არაბუნებრივი წესებით მოქმედებს. მაგალითად, ამბობს, რომ კოლექტივი მნიშვნელოვანია და ინდივიდუალობა – ნაკლებად დასაფასებელი, ან, რომ მასწავლებელი მოსწავლეზე ერთმნიშვნელოვნად „მაღლა“ დგას. ჯერ კიდევ არსებული წარმოდგენების თანახმად, თუ ისეთი მოსწავლე ხარ, როგორც „ყველა“, ეს კარგია, თუ „ზედმეტად ჭკვიანი“, მაშინ „თეთრი ყვავის“ რანგში გადადიხარ. „თეთრ ყვავს“ კი არც მასწავლებლები სწყალობენ და არც თანაკლასელები.
ჩვენთან ჯერ კიდევ არსებობს სკოლები, სადაც არ უყვართ, როდესაც მოსწავლეს ან მშობელს დამატებითი კითხვები უჩნდება. მასწავლებლებს არ მოსწონთ, როცა ეკითხებიან – რამდენად გამოადგებათ მათ მიერ გაზიარებული ცოდნა მოსწავლეებს? იქნება თუ არა ის სასარგებლო ცხოვრების განმავლობაში, რაში წაადგება? ბევრ მასწავლებელს ურჩევნია მშობელთან მისი შვილის ვარდისფერი თმის „სიავეზე“ ისაუბროს, ვიდრე სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
ხშირად მასწავლებლისთვის პრიორიტეტულია მოსწავლის „მოთოკვა“, უპირობო მორჩილების შთაგონება. „ცოცხალ“ მოსწავლეს კი აიძულებენ „ბევრი არ ილაპარაკოს“, მერხთან წყნარად იჯდეს, შესვენებებზე არ ირბინოს და სხვა ბავშვები არ შეაწუხოს. თუმცა, ასეთ მორჩილებასა თუ ფასადურ სიმშვიდეს, ადრე თუ გვიან, აქტიური ბუნტი მოჰყვება, უარეს შემთხვევაში მოჩვენებითი თავმდაბლობა, რომლის უკან ერთადერთი სურვილი იმალება – რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოსწავლემ სასწავლო დღე და სკოლის კედლები დატოვოს.
განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბავშვები შეიცვალნენ, შეიცვალა სწავლების მეთოდები, მაგრამ მასწავლებლებს ურთულდებათ სიახლეების აღქმა, ფეხის აწყობა, მათი აღიარება და გააზრება. ამიტომ ისინი კვლავ ნაცად და ფუჭ მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, დაშინებით „კლასის აყვანას“. სინამდვილეში კი, ასეთი მასწავლებლები აღარ წარმოადგენენ მოსწავლეებისთვის ავტორიტეტს.
14 წლის მარიამი მოგვითხრობს, თუ როგორი მასწავლებლები უყვართ და პატივს სცემენ კლასში: „ჯერ კიდევ არსებობენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ მასწავლებელი მეფე და ღმერთია. ფიქრობენ, რომ მასწავლებელმა ყველაფერი იცის, მოსწავლე კი ვალდებულია მისი მითითებები უკომენტაროდ შეასრულოს.
კლასში დომინირებს დისციპლინა და მკაცრი იერარქია. შენი წარმატებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად დაიცავ ამ წესებს. კონცეფცია „საჭიროა“ უფრო აქტუალურია, ვიდრე კონცეფცია „მე მინდა”, რაც მოსწავლეში მხოლოდ მოვალეობის გრძნობას ავითარებს.
ასეთი მიდგომები ახლაც გავრცელებულია საფრანგეთის კლასიკურ გიმნაზიებსა და ბრიტანეთის კერძო სკოლებში, მაგრამ ყველას არ ძალუძს მათი ატანა. ყოველთვის არ შეგიძლია ისწავლო ის, რაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვს საამისო მოტივაცია.
თანაც, ყველა თანამედროვე მოზარდს გვაქვს ტელეფონები და ინტერნეტი. თუ რამე ვერ გავიგეთ ან ძალიან საინტერესოდ მოგვეჩვენა, YouTube-ზე ვიდეოს ვნახავთ და სხვებსაც გავუზიარებთ. ჩვენ აღარ მიგვაჩნია მასწავლებელი ცოდნის ერთადერთ წყაროდ.
კლასში ბევრი მოზარდი სარგებლობს ტელეფონით. სახლში შეგვიძლია ვიდეოგაკვეთილები ვნახოთ და უფრო მეტიც ვისწავლოთ, ვიდრე სკოლაში გვასწავლიან. ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავს რეპეტიტორი იმის გამო, რომ ყველა მასწავლებელს არ შეუძლია თემის გასაგებად ახსნა. უმეტესობას აღარ გვეშინია მასწავლებლის და არ მივიჩნევთ მას „საშიშად“.
რომელ მასწავლებელს შეუძლია ჩვენი ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება? პირველ რიგში, მას, ვისაც ვაინტერესებთ.
ჩვენ ვცდილობთ, მასწავლებლებს ვასიამოვნოთ, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენც გვინდა, რომ სანაცვლოდ იგივე მივიღოთ, მაგრამ ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამბობს: „იცით, სიამოვნებით მიგატოვებდით, უბრალოდ, ამ სემესტრში სხვა გზა არ მაქვს“, ანდა „აბსოლუტურად არ მაინტერესებს როგორ ჩააბარებთ გამოცდებს, კისერიც გიტეხიათ“. ასეთი ფრაზების მოსმენა გვწყინს.
და კიდევ, ძალიან არ მოგვწონს, როდესაც მასწავლებელი თავს უფლებას აძლევს უხეშად გვესაუბროს. არასწორი პასუხის ან გაკვეთილზე დაგვიანების გამო, რასაც შეგნებულად არ ვაკეთებთ, შეუძლია შეურაცხყოფა მოგვაყენოს ან დაგვამციროს.
იმისათვის, რომ მასწავლებელმა სიყვარული მოიპოვოს, აუცილებელი როდია ლამაზად, გადაპრანჭულად ეცვას. მთავარია, აკურატულად გამოიყურებოდეს. ალბათ ყველას ჰყოლია ერთი მასწავლებელი, რომლის ჩაცმულობა ანტიპათიას იწვევს და თუ ამას მასწავლებლის უხასიათობაც ერთვის, ეს კიდევ უარესია. არავის მოსწონს მოუწესრიგებელი მასწავლებელი. ასეთებიც არიან! არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ან სუპერელეგანტური სამოსი გეცვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩაცმულობა შესაფერისი იყოს.
წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და მოზარდივით აცვია. მოსწავლეები მას შეურაცხადად მიიჩნევენ და დასცინებენ. რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდა პედაგოგებიც, 30 წლამდე. ამ ასაკში, მათ შეუძლიათ შედარებით თავისუფლად ჩაცმა, ცოტა თინეიჯერულადაც, მაგალითად, მოდური ჰუდის ან თეთრ მაისურიანი პიჯაკის მოხდენა. თუმცა ასაკოვან მასწავლებელს ჰუდი ნაკლებად მოუხდება. ეს არასოლიდურია. მასწავლებლებს არ მოსწონთ ხოლმე, ჩვენ რომ გამომწვევად გვაცვია. იმავეს ვგრძნობთ მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეუფერებლად არის ჩაცმული.
სად გადის ზღვარი მასწავლებლის მეგობრულ კეთილგანწყობასა და თვალმაქც მეგობრობას შორის? თუ მასწავლებელი ერთხელ კარგად მოგექცა და იმაზე მაღალი ქულა დაგიწერა, რაც გეკუთვნოდა, მისი მადლიერი უნდა იყო. მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ მასწავლებლის კეთილგანწყობით. ფიქრობენ, რომ მასწავლებელი ყოველთვის წავა მათთან გარკვეულ დათმობაზე. მასწავლებელმა უნდა გაავლოს მკაფიო ზღვარი და შეინარჩუნოს დისტანცია მოსწავლესთან. ზოგი მოსწავლე თაფლავს მასწავლებელს და ცდილობს მისგან მაღალი შეფასების გამოტყუებას. ზოგიც ისეთი თავგასულია, რომ მასწავლებელს პირდაპირ სთხოვს ქულის მომატებას. სიმპათიებით განწყობილი მასწავლებელიც ნებდება საყვარელ მოსწავლეს და ამით იუფასურებს თავს, ლახავს თავისივე ავტორიტეტს.
როგორ შეგიძლიათ ამის თავიდან აცილება? უბრალოდ, ამის მიზეზი არ უნდა მისცეთ. მასწავლებელს, რა თქმა უნდა, უნდა შეეძლოს მოსწავლის მოსმენა, დაკვალიანება, დროული მხარდაჭერა, მაგრამ ეს ურთიერთობები ცუდად არ უნდა გამოიყენოს. მასწავლებელი უნდა დარჩეს მოსწავლისთვის ზრდასრულ მრჩევლად და არა უმეტესს.
არსებობენ „ფილოსოფოსი“ მასწავლებლები. ახალი სასწავლო მასალის შესწავლის ნაცვლად, ისინი ცხოვრების სიამეზე, ათი წლის წინანდელ ისტორიებზე საუბრობენ და ისეთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გიზიარებენ, რომელიც სინამდვილეში არაღირებულია. ერთი შეხედვით, ასეთი მასწავლებლები უწყინარი არიან, მაგრამ სრულიად უსარგებლონი. ისინი ბევრ დროს გვაკარგვინებენ!
ჩვენ გვიყვარს მასწავლებლები, რომლებსაც თითქოს რბილი ხასიათი აქვთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გაგრძნობინებს, რომ ძლიერი პიროვნებაა და მუხტის მატარებელია. ასეთმა მასწავლებელმა ზუსტად იცის, რომ სწავლა რთული და საინტერესოა, რომ მისი საგნის გარდა, სხვა გაკვეთილებიც გვაქვს სასწავლი, რომ მოსწავლის პასუხისმგებლობაც მაღალია და მისიც. ის არ გადაგტვირთავს საშინაო დავალებით მაშინ, როდესაც მეორე დღეს სხვა საგანში საკონტროლო ან დამოუკიდებელი სამუშაო გიწევს.
კარგ მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერი თემის არასტანდარტული მიდგომით ახსნა. მას შეუძლია მოსწავლეების დაინტერესება ისე, რომ აღარ მოგვიწევს ვიდეოგაკვეთილების დამატებით ნახვა და ნერვიულობა. დიახ, ზოგჯერ ყველას არ შეგვიძლია ადვილად გავიგოთ გაკვეთილი და დამატებითი ახსნა-განმარტება გვჭირდება. კარგი მასწავლებელი დაუზარელია.
სასიამოვნოა, როცა პედაგოგი გიგებს, ის შენს ტალღაზეა. ჩვენს კლასში ხშირად ხუმრობენ და ამ სასაცილო ფრაზებს, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მასწავლებლებიც იზიარებენ. მათ კარგად ესმით და თვითონაც იყენებენ ამ ფრაზებს, როდესაც ჩვენთან ურთიერთობენ. ეს ძალიან სახალისოა. მასწავლებლებს, ვინც იპოვა ბალანსი დისციპლინასა და კეთილგანწყობას შორის, არ გადაკვეთა ავტორიტეტისა და ავტორიტარიზმის ზღვარი, სიყვარულს ვუცხადებთ“.
მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად აღზრდაში , მასში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასის დამრიგებელს, რომლის საქმიანობა თანამშრომლობაზე, მოსწავლეებისა და საკუთარი საქმისადმი უანგარო სიყვარულზე უნდა იყოს აგებული.
დამრიგებელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია, ისინი მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებიან და ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისათვის – მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. არამც და არამც მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს, რომ დამრიგებელი გულგრილად ეკიდება მის უმნიშვნელო პრობლემასაც კი, რადგან ოდნავმა უყურადღებობამ შეიძლება დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის აღმართულ გადაულახავ ბარიერამდე მიგვიყვანოს.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,ზნეობრივი და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. დამრიგებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლის ოჯახს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაააზრებაში. დამრიგებლის მუშობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს სადამრიგებლო საათის ჩატარება წარმოადგენს, სწორად დაგეგმილი, ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე გათვლილი კლასის საათი ხდება ორიენტირი დამრიგებლის წარმატებული მუშაობისა.
მოზარდებს მოსწონთ, როცა რჩევას ეკითხებიან , როცა მათ აზრებს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ, აქტიურობენ და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, როცა არა მარტო მონაწილეობენ ღონისძიებაში, არამედ, გარკვეულწილად, ორგანიზატორებად მოიაზრებიან, ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას ჩემი მოსწავლეების აქტიურობას, ჩვენ ერთად ვარჩევთ საკითხს, ერთად ვგეგმავთ და ბოლოს ერთად ვაჯამებთ და ვაფასებთ, მოკლედ რომ ვთქვათ, თანამშრომლობით ვაღწევთ მიზანს.
მინდა გაგიზიაროთ მიმდინარე სასწავლო წელს ჩემ მიერ მე-11-მე-12 კლასში დაგეგმილი და განხორციელებული რამდენიმე სადამრიგებლო საათის მოკლე აღწერა, იმედს ვიტოვებ, კოლეგები გამომეხმაურებიან და მირჩევენ, ვინაიდან პროფესიული ზრდისათვის და პედაგოგიური პრაქტიკის დასახვეწად, ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ურთიერთთანამშრომლობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმაჩნია:
პიროვნული და მორალური განვითარების კუთხით გადავწყვიტე შემეთავაზებინა ქართული ფილმების გარჩევა, მოსწავლეებმა „გასეირნება ყარაბაღში“ და „სამოთხის გვრიტები“ – შეარჩიეს. კლასის საათი მეტად საინტერესო ფორმატში წარიმართა, დისკუსიაში ერთვებოდა ყველა მოსწავლე და თამამად და ნათლად გადმოსცემდა საკუთარ მოსაზრებას, ნაწარმოებებში ასახული თემების ირგვლივ მსჯელობით მოსწავლეებს განუვითარდათ სადისკუსიო უნარ-ჩვევები.
გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების მიზნით დავასუფთავეთ მდინარის ნაპირები, მოვაწყვეთ ლაშქრობა მდინარე „ინწირას“ სათავეზე, ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასთან ერთად მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური უნარები. მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი კოლხური ბზის გადარჩენისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.
მეწარმეობის უნარის განვითარებას ემსახურებოდა სკოლის ეზოში გაშენებულ თხილის პლანტაციებში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას სპეციალისტებთან გასაუბრება.
ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს ის მიმართულებაა, რომლის მიმართაც ყველაზე მეტ ხალისს და აქტიურობას იჩენენ მოსწავლეები: სადამრიგებლო საათის ფარგლებში სპორტის მასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩემი მოსწავლეების, როგორც უფროსკლასელების, ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო და სკოლებს შორის შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
თვალსაწიერის გაფართოება- ამ მიმართულებით მოსწავლეებმა არაერთი იდეა მომაწოდეს და რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ და განვახორციელეთ, მათ შორის 23 ნოემბერს მეზობელ ჩხოროწყუს რაიონში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მონახულება და ტაძრის ისტორიის გაცნობა, არქიტექტურის მიმოხილვა .
”მრგვალ მაგიდასთან – ფინჯან ყავაზე“, არასტანდარტულ ფორმატში ჩატარებული ეს სადამრიგებლო საათი დაეთმო მოსწავლეების საყვარელი ლექსის და ჩანახატის წაკითხვა- გაანალიზებას.
არც განათლების კუთხით განხორციელებული ცვლილებები დარჩენიათ ჩემს მოსწავლეებს ყურადღების მიღმა: „ჩემი აზრი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით“, ამ სათაურით ჩატარდა კლასის საათი და მოსწავლეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს საკითხის შესახებ.
და ბოლოს, ვფიქრობ, ხაზგასმის ღირსია მარტის დღესასწაულებთან დააკავშირებით ჩატარებული სადამრიგებლო საათი სკოლის თვითმმართველობასთან ერთად თემაზე: „ემიგრანტი დედები საზღვარგარეთ და მათი შვილები საქართველოში“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალა ემიგრანტებზე, „სკაიპით“ ჩაერთვნენ იტალიაში მყოფ ემიგრანტ დედას ლელა კიკილაშვილს, მოსწავლეებსა და სტუმარს შორის საინტერესო დიალოგი შედგა, სტუმარი კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა მოზარდებთან საუბრით.
ეს გახლავთ ჩემ მიერ ჩატარებული სადამრიგებლო საათების არასრული ჩამონათვალი, მე მუდმივად ვცდილობ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მდიდარი და ნაყოფიერი გავხადო ჩემი მუშაობა, გარკვეული წვლილი შევიტანო ჩემი მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, მოვახდინო მათი იდეების გენერაცია და კლასის საათი მუდმივად გამოვიყენო. როგორც დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი.
ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს – ეროვნულ სასწავლო გეგმას – არცთუ დიდი ხანია, რაც დავუმეგობრდი. გამჭოლი კომპეტენციები – სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვისას გავიცანი, თუმცა ჩემს ცნობიერებაში დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა ხშირად ვწერ საძიებო ველში და ვეცნობი თითოეულს, მერე გონებით საკუთარ გაკვეთილებზე ვიწყებ მოგზაურობას და კიდევ უფრო გასაგები ხდება პროფესიული ტერმინები.
თანამედროვე პედაგოგიკა მასწავლებლებს გვაგულიანებს, რომ ჩვენი საგნის სწავლებისას საზღვრები გადავლახოთ და ერთმანეთთან დავამეგობროთ ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, მუსიკა, ხელოვნება, ტექნოლოგიებიც ჩავრთოთ, რათა სკოლაში გატარებულმა დრომ ბავშვები ცხოვრებისთვის შეამზადოს.
გადავწყვიტე, ერთი ზღაპრის ირგვლივ ამეკინძა მრავალი აქტივობა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებისკენ მიმემართა. ტერმინი გამჭოლი კომპეტენციები კიდევ უფრო რომ მოვიშინაუროთ. ამ სტატიის მიზანი იქნება ამგვარი: კითხვის სასიამოვნო პროცესად გადაქცევა, ტექსტის მრავალგვარად გაცოცხლება, ერთი ზღაპრით ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსმენილის გააზრება, წაკითხულის ნახატად და სქემად გადაქცევა, საყვარელი ნუგბარის დასამზადებლად საჭირო ნუსხის შედგენა, მაღაზიაში სასურველი პროდუქტის ძიება, კონსულტანტთან ურთიერთობა, პროდუქტის რაოდენობის შერჩევა, ქვითარზე ასახული ინფორმაციის გადამოწმება, ნაყინის დამზადება, საყვარელი ადამიანების გახარება, ტექსტის მიხედვით გადაღებულ მულტფილმზე დაკვირვება, ინგლისური სიტყვების დამახსოვრება.
სამიზნე წყვილად ჩემი ორი შვილი – 9 წლის თეკლა და 6 წლის გაბრიელი აღმოჩნდნენ. დრო რამდენიმე კვირაზე გადანაწილდა.
ყველაფერი კი ცნობილი საბავშვო წიგნებით შთაგონებული კერძების რეცეპტების წიგნით დაიწყო. ტექსტების ავტორი დიანა ანფიმიადია, ხოლო ილუსტრაციები ანა ჯანელიძემ დახატა. თერთმეტი საბავშვო ტექსტის მიხედვით ავტორმა „ლიტერატურული“ კერძების რეცეპტები გამოიგონა. „კუკრუჭანები, კოკლოზინები და სხვა რამეები პატარა მკითხველებისათვის“ არაჩვეულებრივი მეგზურია ბავშვების კითხვით დაინტერესებისთვის. თან კითხვა, თან თამაში, შედეგად დაუვიწყარი თავგადასავალი გელით. ლიტერატურული თამაში შეუძლიათ წამოიწყონ როგორც მშობლებმა, ასევე – მასწავლებლებმა. მაშ ასე, ჩვენ თოვლის დედოფლის საფირმო ნაყინი „ჩრდილოეთის ციალი“ შევარჩიეთ და თამაშიც დაიწყო. გამჭოლ კომპეტენციებს კი შემდეგნაირად დავუკავშირე:
წიგნიერება
ბავშვობაში ჰანს კრისტიან ანდერსენის ლურჯყდიანი წიგნი მქონდა. თხელ ყდაზე თეთრი მარხილი და თოვლის დედოფალი ეხატა. ქართულ ხალხურ ზღაპრებს შეჩვეული გულს ვერ ვუდებდი დანიელი მწერლის ლიტერატურულ ზღაპრებს. „თოვლის დედოფალი“ ბავშვობის მერე აღარ წამიკითხავს. სამაგიეროდ, ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტფილმებითა და ფილმებით სავსეა თანამედროვე სამყარო, სპექტაკლებიც ხშირად იდგმება. ბავშვებთან ერთად ტექსტის ხელახლა აღმოჩენა ერთი დიდი სიამოვნებაა.
რამდენიმე დღე ხმამაღლა ვუკითხავდი. დროდადრო ახალ სიტყვებს ვაკვირდებოდით და ფანქრით ვხაზავდით. ხშირად მასწავლებლები ვფიქრობთ, რომ თუ ბავშვი კარგად კითხულობს, საუბრისას მრავალფეროვან სიტყვებს იყენებს, სიტყვებზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ სიტყვების „შემგროვებლებად“ გადაქცევა მშობლიური ენის შესწავლისას აუცილებელია. ასე დავაგროვეთ უცხო, გაუგებარი და საინტერესო სიტყვები: მრუდე, ზანდუკი, ზვირთები, ყავარჯენი, მღვრიე, ლელიანი, ჭრაქი, ვირთევზა, ჭვარტლი…
სკოლამდელი ასაკის ბავშვთან კითხვის პროცესს კიდევ უფრო სახალისოს გახდის სიტყვებით თამაში, მაგალითად, ვარჩევთ რამდენიმე სიტყვას და რიგრიგობით ვიგონებთ ახალ სიტყვებს. აქ მთავარია შეთანხმება, თუ რომელ ბგერაზე ვამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება ეს იყოს სიტყვის პირველი, მეორე, მესამე ასო-ბგერა … ზანდუკი – ამბობს პირველი მოთამაშე, მეორე სიტყვის მესამე ასოთი დაწყებულ სიტყვას იგონებს – მაგ., ნიანგი, მესამე კვლავ მესამე ასოს ეძებს სიტყვაში და თავის სიტყვას ამბობს. ამგვარად, თან წინასაანბანო საფუძველს ვამყარებთ და თან ვხალისობთ.
ჩემი გონება მასწავლებლური მიგნებებისთვის პარალელურ რეჟიმში მუშაობს. მაგალითად, ერთგან ასეთი რამ მიმიწერია: საინტერესო იქნება ამ თავის მიხედვით გაკვეთილის აგება, კერძოდ, თემა – სხვაზე ცუდის თქმა… სარკისა და ნამსხვრევების ამბავს ვგულისხმობდი – ბოროტი კობოლდის სარკის ნამცეცი ადამიანებს თვალთახედვას რომ უმრუდებს: „სარკის ნამსხვრევები დედამიწაზე მტვერივით გაიფანტა. ვისაც ეს ნამსხვრევები თვალში მოხვდებოდა, აღარასოდეს მოშორდებოდა. ასეთი ადამიანი კი ყველაფერს უკუღმა ხედავდა, ყველაფერი მრუდედ და მახინჯად ეჩვენებოდა, ყოველ საქმეში მხოლოდ ცუდსა და ურიგოს ამჩნევდა, კარგს კი ვერაფერს ხედავდა.“ ჩვენ ირგვლივაც ხომ არიან ასეთი ადამიანები, ყველაფერს მრუდე თვალთახედვიდან რომ აფასებენ. ბავშვობიდან შეფასებისა და აღქმის განვითარებისთვის გამიზნული მუშაობა აუცილებელი მგონია.
მედიაწიგნიერება
მედიაწიგნიერების ერთ კონკრეტულ მიზანზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ, ინფორმაციის წაკითხვის, გააზრებისა და გამოყენების შესახებ სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში.
ზღაპრის წაკითხვის შემდეგ თოვლის დედოფლის საფირმო ნაყინის „ჩრდილოეთის ციალისთვის“ საჭირო ინგრედიენტები ამოვიწერეთ და სუპერმარკეტისკენ გავეშურეთ.
შეთანხმება ამგვარი იყო: თავად უნდა მოეძებნათ, სად რა იყიდებოდა. თუ ვერ მიაგნებდნენ, კონსულტანტისთვის უნდა ეკითხათ. მე მოშორებით მივყვებოდი. ბანანს, ლიმონს, ვანილს ადვილად მიაგნეს, ნუშის ფანტელისთვის კონსტულტანტს მიმართეს, შესქელებული რძე თევზისა და ხორცის კონსერვის ქილებში ეძებეს. შემდეგ სექციის თავზე დაკიდებულ აბრაზე მივანიშნე და მალევე აღმოაჩინეს რძის ნაწარმის ვეებერთელა პოსტერიც. თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ნაღების მოძებნა ცოტა გაუჭირდათ. პროდუქტის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადასაც ვაკვირდებოდით. ბოლო ეტაპი მოლარესთან მისვლა, თანხის გადახდა და ქვითრის გადამოწმება იყო. ცრუ განგაშიც ატეხეს, ფასებსა და რაოდენობას შორის თანხვედრაზე ეჭვი შეეპარა ცხრა წლის გოგოს. რაოდენობრივი წიგნიერების კომპეტენციების განვითარებაც შეგვრჩა ხელთ: პროდუქტის რაოდენობაზე, წონასა და ფასებზე დაკვირვება.
ციფრული წიგნიერება
ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, რათა ლიტერატურული ტექსტი ციფრულ წიგნიერებას დავუკავშიროთ. ჩვენ პირველ რიგში ჩრდილოეთის ციალის ირგვლივ მოვიძიეთ ინფორმაცია, შემდეგ ვიდეოჩანაწერს ვუყურეთ და ნანახმა ზღაპარს მეტი ჯადოსნურობა შემატა. ტექსტშიც ვეძებეთ ჩრდილოეთის ციალი და ისეთ ადგილას მივაგენით, სუნთქვა შეგვეკრა. ყაჩაღის ასულის ნაჩუქარი ქორბუდა ირმით კაისკენ რომ მიქროდა გერდა: „გარბოდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა. თოვდა. მაგრამ ფანტელები ციდან არ ცვიოდნენ: ცა მოწმენდილი იყო და ჩრდილოეთის ციალი არემარეს მზესავით ანათებდა.“
ზღაპრის მიხედვით ძალიან ბევრი ანიმაცია არსებობს. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, არჩევანი ამ მულტფილმზე შევაჩერე.
ერთად ვუყურეთ და პარალელურად ტექსტს ვადარებდით. ვსაუბრობდით მუსიკის ძალაზე, პერსონაჟებზე. სიუჟეტური ხაზი თითქმის ემთხვევა ლიტერატურულ ვარიანტს, თუმცა აქ მთხრობელს და ჰანს კრისტიან ანდერსენსაც გაიცნობთ. ჩვენი საყვარელი ყაჩაღის ასულის, ლაპლანდიელი და ფინელი ქალების დანახვისას ყიჟინა ავტეხეთ. განსაკუთრებით გამხმარი ვირთევზას დანახვამ გაგვახარა, რომელსაც ლაპლანდიელი ქალი ფურცლის მაგივრად იყენებს. მერე ტექსტს მივუბრუნდით და საყვარელი ეპიზოდი მოვძებნეთ: „- რამდენიმე სიტყვას დაგიწერთ გამხმარ ვირთევზაზე, რადგან ქაღალდი არ მაქვს, და ფინელ ქალთან გაგატანთ. ის ქალი დაგეხმარებათ.
როცა გერდა გათბა, ჭამა და დაისვენა, ქალმა ვირთევზაზე მართლაც დაწერა რამდენიმე სიტყვა, გოგონას უთხრა, არ დაგეკარგოსო, მერე ისევ ირემზე დააბა და გაუშვა.“
მრავალენობრივი კომპეტენცია
მულტფილმი, რომელსაც ერთად ვუყურეთ, ინგლისურ ენაზეა. ყურებისას სიტყვებსა და ფრაზებს ვუთარგმნიდი. საუბრის ტემპი ნელი და ადვილად გასაგებია.
ანე-კატერინე ვესტლის „ველოტური დანიაში“ გამახსენდა. დედა, მამა, რვა ბავშვი და დიდედა ავტორის სამშობლოში რომ იმოგზაურებენ ველოსიპედებით. ერთ-ერთ თავში აღწერილია ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმში სტუმრობა. ვისაუბრეთ ნორვეგიისა და დანიის შესახებ. ჩემი დაკვირვებით ცხრა წელი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი გეოგრაფიული სივრცის აღსაქმელად, თუმცა, გეოგრაფიული საზღვრების გასათავისებლად ენა დაგვეხმარება. ინგლისური, ნორვეგიული, დანიური, ქართული ენების მოსმენისას სამყაროს მრავალფეროვნებას პატარა ადამიანები ადვილად გაითავისებენ.
სემიოტიკური კომპეტენცია
სიტყვიერი ტექსტის ილუსტრაციის სახით გამოხატვაზე გავამახვილე ყურადღება. ბავშვებს ვთხოვე, მოსმენისას რაც ყველაზე მეტად მოეწონათ, ის დაეხატათ. შემდეგ კი გამოცნობანას თამაში წამოვიწყეთ: ერთმანეთისთვის ნახატების მიხედვით შესაბამისი ეპიზოდის ამოცნობას ვცდილობდით. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დაასრულებენ ხატვას და როდის დავაკვირდები, განსაკუთრებით რის მოსმენისას აუჩქარდათ პატარა გულები.
კიდევ ერთი აქტივობა მოვიფიქრეთ – სამზარეულოს კარადაზე წიგნის ილუსტრაციების დახატვა. გაზქურის თავზე ნაყინის „ჩრდილოეთის ციალის“ ინგრედიენტები გამოვსახეთ. ამგვარად ტექსტი და სიტყვები ვიზუალურად „ხელშესახები“ გავხადეთ.
სწავლის სწავლა
მე და ჩემი თაობის ადამიანებს არ გვასწავლეს, როგორ უნდა გვესწავლა. მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ახლა ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ. გააზრებული მაქვს, რამდენად ვიმარტივებთ ცხოვრებას, ვზოგავთ დროსა და ენერგიას, როდესაც კარგად ვიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს. ამჯერად პრაქტიკული საქმიანობის სწავლას შევუდექით. მოვიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები, გადავშალეთ წიგნი და მომზადების ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით. ყველა დეტალი განვიხილეთ: მიქსერისთვის „ფეხების“ ჩამაგრება, სიჩქარის მართვა, სახეხის უსაფრთხოდ გამოყენება, სათანადო ჭიქების შერჩევა, საყინულეს საჭირო რეჟიმზე მომართვა.
სულ ბოლოს კითხვარი შევადგინე და თეკლას შევსება ვთხოვე. რამდენიმე საფეხურიანი ინსტრუქციის გაგება გაუჭირდა და ბევრ შეკითხვას მისვამდა. ერთგვარი შეჯამება გამოგვივიდა და დაკვირვება იმაზე, რა და როგორ ვისწავლეთ.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
თოვლის დედოფლის ნაყინი უგემრიელესი გამოგვივიდა. ჯერ ვფიქრობდით, ეზოში ნაყინების გაყიდვას და დაგროვებული თანხის საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას, მაგრამ ქარმა შეგვაშინა. საბოლოოდ, ზამთრის ბოლო თვეს გამოვალაგეთ საყინულედან ნაყინები, ხელი დავავლეთ გაყინულ ჭიქებს, ბებიასთან და ბიძაშვილებთან სტუმრად წავედით და თან ჩვენი ხელით დამზადებული „ჩრდილოეთის ციალი“ მივიტანეთ. ამ ფუსფუსში საყვარელი ადამიანების გახარებაზე ვსაუბრობდით.
ეკოლოგიური წიგნიერება
ამ მხრივ ერთადერთი ის მოვახერხე, რომ ნაყინის დამზადებისას დაგროვებული ნაგვის ირგვლივ ვისაუბრეთ, კერძოდ, თუნუქის ქილას, ცელოფანს, ქაღალდის პაკეტს რამდენი ხანი სჭირდება დანაწევრებისა და მიწასთან შერევისთვის. ჭარბი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით დაბინძურებულ გარემოზე ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ.
ტექსტისა ავტორმა, დიანა ანფიმიადიმ კი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა: ვარდის დაკალმება. ვარდის ორი ბუჩქი გერდას და კაის სარკმლებთან თაღს ქმნიდა. ამ ეპიზოდის მიხედვით წიგნში ილუსტრაცია არის დახატული, ხოლო მულტფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კადრია. მართალია, ამჯერად ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვარდის დაკალმებით ზღაპრის გახსენება კიდევ სხვა ამბებს მოიყოლებს თან.
კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ზღაპრის ამგვარი გაცოცხლებით ასოციაციური აზროვნებისთვის გზა ხსნილია. ჩვენ კი კვლავ ვაპირებთ თამაშს. ახლა ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა სამყაროში“ ერთობლივი კითხვა წამოვიწყეთ. ორი წიგნი გვაქვს და პარალელურად ერთმანეთის წარმოსახვით სამყაროში „ვმოგზაურობთ“. ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, ვტკბებით ახალი სიტყვების აღმოჩენით, სამაგიდო თამაშის მოფიქრებასაც ვაპირებთ. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი გამოვაცხობთ ელისის საყვარელ ნამცხვარს ფორთოხლის მარმელადით და ამ წერილში აღწერილ გზას გავივლით: თან კითხვა, თან თამაში, თან სამზარეულოში ფუსფუსი და კიდევ ბევრი „თან“ , რომელთაც თქვენც გაგიზიარებთ.
ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, გაეკეთებინა ცნობილი ისტორიული გმირების Facebook- პროფილები და აღმოაჩინა, რომ მშვენიერი მეთოდი იპოვა ბავშვებისთვის ძველი ამბების მათთვის გასაგები ფორმით მისაწოდებლად.
რა ინფორმაციას ვიგებთ, როცა ვათვალიერებთ ერთი ადამიანის, მაგალითად, ფეისბუქგვერდს?
სახელი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი და საცხოვრებელი ადგილი, განათლება;
ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები;
საყვარელი საჭმელები, მუსიკოსების, ფილმები, მსახიობები;
ადგილები, სადაც ოდესმე ყოფილა;
ფოტოები;
სტატუსები სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური ამბების შესახებ;
მის ცხოვრებაში მომხდარი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები.
თუკი მხოლოდ ამ ინფორმაციას ავიღებთ და გადავწყვეტთ, შევქმნათ ამ ჩარჩოს მიხედვით ერთი რომელიმე ადამიანის, ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის, სტალინის, კლეოპატრას ან მარო მაყაშვილის პროფილი, ერთდროულად რამდენიმე ამოცანას შევასრულებთ:
მოსწავლეებს ვასწავლით ისტორიული ცნობების სისტემატიზებასა და დახარისხებას;
მათ მივცემთ საშუალებას გამოიყენონ ფანტაზია, იუმორი და ლოგიკა და მათი მეშვეობით თვითონ მოახდინონ იმ ინფორმაციის რეკონსტრუქცია, რომელიც ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის;
მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი დიდი ისტორიული ფიგურა პირველ რიგში ადამიანი იყო, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენა მისმა ოჯახმა, განათლებამ, საცხოვრებელმა ადგილმა, პოლიტიკურმა ფონმა და სხვა ფაქტორებმა იქონია. ჰქონდა ძლიერთან ერთად სუსტი მხარეები, გამარჯვებებთან ერთად დამარცხებები, ჰყავდა მეგობრები და ა.შ და დაინახავენ იმასაც, რომ ეს ადამიანური ფაქტორები ისტორიას რიგ შემთხვევაში აინტერესებს, რიგ შემთხვევაში არა და შესაძლოა დაიჭირონ კანონზომიერება, როდის ინტერესდება ისტორია გმირების ყოფითი ამბებით და როდის არა;
ამ დავალების შესრულებისას მოსწავლეები აუცილებლად მიხვდებიან, რომ ისტორია გენდერული უთანასწორობის საჩვენებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი სფეროა. ქალების შესახებ წყაროები ყველგან ყოველთვის უფრო მწირია, ვიდრე კაცების შესახებ;
მოსწავლეები, სავარაუდოდ, იმასაც მიხვდებიან, რომ უმეტეს შემთხვევებში გეოგრაფია ისტორიული პერსონაჟების საკმაოდ მწირია, მათი გარშემომყოფების შესახებ კი ცოტა რამ ვიცით.
ამ დავალების მთავარი ხიბლი ალბათ ის გახლავთ, რომ მოსწავლეები “დიდ” ადამიანებს გაუშინაურდებიან და მათზე, როგორც მათ შესაძლო თანამედროვეზე ფიქრში გაივარჯიშებენ და თუკი ასე შეხედავ ძველ ამბებს, თანამედროვეს პოზიციიდან და ამ დროის პერსპექტივიდან, უფრო ადვილია მათი აღქმა, მათი ამბების დამახსოვრება, მნიშვნელობის განსაზღვრა და ისტორიის გაკვეთილების განზოგადება.
თუ ვინმესი გულწრფელად მშურს, ეს პროფესიონალი მუსიკოსები და მასწავლებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თავადაც ვასწავლი, მიმაჩნია, რომ ნამდვილი პედაგოგი მაინც ვერ გავხდი და ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, მხოლოდ მადლიერების გამოხატვის მცდელობაა იმ რამდენიმე მასწავლებლის მიმართ, რომელმაც – იქნებ დაუფიქრებლად, მაგრამ მაინც – პიროვნებად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მე ნამდვილი 90-იანელი ვარ. აი, იმ თაობისა, გაკვეთილებზე შეშა და ნავთი თავად რომ მიჰქონდა, საერთო მოხმარების სახელმძღვანელოები ჰქონდა და დენის მოსვლისას შუა გაკვეთილზე ყიჟინას დასცემდა ხოლმე. ომებს აღარც ვახსენებ. ომები ლამის ყველა იმ თაობამ გამოვიარეთ და ვნახეთ, ვინც ჯერაც ცოცხლები ვართ.
და იმ პერიოდში, იმ რთულ და ავად სახსენებელ პერიოდში, მე მყავდა მასწავლებლები, რომლებიც, ახლანდელი გადმოსახედიდან, გმირები იყვნენ, მაშინ კი უბრალოდ უცნაურ ადამიანებად მეჩვენებოდნენ.
ერთი ასეთი კაცი ზაურ გოგრიჭიანი იყო. მოსწავლეები მოფერებით ჯუდოს ეძახდნენ. არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს მეტსახელი, მაგრამ მახსოვს, რომ სწყინდა და ამიტომ მხოლოდ ზურგს უკან ვეძახდით ასე: ჯუდო!
სანამ მთავარ ამბავს მოვყვები, ის უნდა გავიხსენო, რომ სადღაც მეოთხე კლასში ექიმობა ავიკვიატე. ცხადია, ეს მაშინდელი საერთო ფონის ამბავი იყო: ოჯახში „დოხტური“ თუ არ გყავდა, არ ივარგებდა. ოჯახის ნათესავ-მეგობრებიც ხომ მხარზე ხელის მოთათუნებით წაახალისებენ ხოლმე ასეთ „არჩევანს“ – აბა რა, შვილო, კარგი პროფესიაა, შემოსავლიანიც და პრესტიჟულიცო. მთელი ბავშვობა, ბარე მეათე კლასამდე, ვამტკიცებდი: ექიმი უნდა გამოვიდე, ბიოლოგიის და ქიმიის გარდა არაფერი მჭირდება, რეცეპტს როგორმე გამოვწერ, ამიტომ სხვა საგნებზე დროის ხარჯვა ფუჭი ამბავი მგონია-მეთქი. არ ვიცი, ეს თავდაცვის მექანიზმი იყო იმის გამო, კვადრატულ განტოლებას რომ ვერ ვხსნიდი მეათე კლასამდე და ქართულში 3-იანზე მაღალი ნიშანი არასოდეს მქონია თუ რა, მაგრამ რაღაცნაირად ასე კი აეწყო – ქიმია და ბიოლოგია მართლა განსაკუთრებულად მიყვარდა. არასოდეს მეზარებოდა ამ ორი საგნის სწავლა, მეტიც – არც დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ქექვა. დაავადებათა სიმპტომატიკის შესახებ არსებული ყველა წიგნი, რომელზეც კი იმ დროისთვის ხელი მიმიწვდებოდა, დაკონსპექტებული მქონდა და როგორც მომავალი „პროფესიონალი“, განსაკუთრებული კარიერისთვის ვემზადებოდი, მანამდე, სანამ ჭიანაწლავის ოპერაცია არ დამჭირდა, ექიმმა მამაჩემს არ უთხრა, სანამ ნარკოზის ფულს არ მოიტანთ, ვერ გავკვეთთო და ისიც შუაღამისას კისტრისტეხით არ გავარდა 50 დოლარის სასესხებლად. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ასე არასოდეს არაფერზე ამცრუებია გული. პალატაში წოლისას სრული ფრუსტრაციის განცდა მქონდა. იმ ღვთისმსახურივით ვიყავი, უცებ ღმერთის არსებობაში ეჭვი რომ შეეპარება და იმედგაცრუებულს იმის დაშვებისაც კი მეშინოდა, რომ 17 წლის ასაკში, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის „მომზადებულს“, უარი უნდა მეთქვა პროფესიაზე, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.
მშობლები თავისუფლად მზრდიდნენ. ჩემს ახალ აკვიატებას, რომ სამედიცინოზე აღარ ჩავაბარებდი, მშვიდად შეხვდნენ და გადაწყდა, მომდევნო წლისთვის მათემატიკაში მოვემზადებინეთ, საგამოცდო საგნებს იმ წელს რომ დაემატა. როგორც ხდებოდა და ახლაც ხდება, გაიკითხ-გამოიკითხეს და ფასისა და ხარისხის შეფარდებით ზაურ გოგრიჭიანი აირჩიეს. მკაცრი და უცნაური კაციაო, მახსოვს, გვითხრა მისმა რეკომენდატორმა. უცნაურობა კი იმით გამოიხატებოდა, რომ ყველას არ ამზადებდა. წინასწარ გაესაუბრებოდა ბავშვს და გადაწყვეტდა, აიყვანდა თუ არა.
ჯუდოს ამბავი მეც გავიკითხ-გამოვიკითხე და დავასკვენი, რომ მართლა უცნაური კაცი იყო. ამდენი ლეგენდა მასწავლებელზე არასოდეს მსმენია.
„ერთხელ თურმე მოსწავლე მეცხრე სართულიდან ფეხებით გადაკიდა, თუ არ ისწავლი, გადაგაგდებო!“ – ცოტა შეშინებული კილოთი მითხრა ჩემმა მეგობარმა გიორგი ხარაიძემ, ვისთან ერთადაც ვიჯექი და კარებს ვუყურებდი, საიდანაც ჩვენს შესამოწმებლად ზაურ გოგრიჭიანი უნდა შემოსულიყო.
ზაური მაღალი, მხნე აღნაგობის კაცი იყო, წარმოშობით ზემო რაჭიდან, სოფელ ღებიდან. ღებელებზე ის ვიცი ჩემი ჯუდოსგან, რომ ამ მაღალმთიან სოფელში, სადაც უმკაცრესი კლიმატია, 17 აკადემიკოსი დაიბადა და, საზოგადოდ, ყველა იქაურს განსაკუთრებული ნიჭი აქვს ჰავის თავისებურების გამო. ყველაზე უცოდინარი მე ვარო, დაამატებდა ზაური და ამოიოხრებდა ხოლმე, და ეს ამოოხვრა, დანამდვილებით ვიცი, სოფლის მონატრება იყო.
დღევანდელ დღესავით მახსოვს: სამნი ვიყავით ჩემს ბინაში, მეთექვსმეტე სართულზე. ლიფტი არ მუშაობდა და მასწავლებელმა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, არასოდეს იგვიანებდა, ზუსტად სამი წუთი დააგვიანა. დინჯად შემოვიდა ოთახში და სამივეს დაგვაკვირდა.
მე, გიორგი და იოსები ვისხედით და შევყურებდით ლეგენდარულ კაცს, რომელმაც ერთ ჩემს უბნელ ბიჭს ისე შეაყვარა მათემატიკა, ეს უკანასკნელი სამი წელი უმაღლესი ქულებით აბარებდა სხვადასხვა უნივერსიტეტში (გამოცდის პროცესი მომწონსო), ისე რომ, საქართველოში იმ დროს არსებული ყველა მთავარი სასწავლებლის სტუდენტი ერთხელ მაინც გახდა.
ჰოდა, ვისხედით და შევყურებდით ამ კაცს, რომელსაც სათვალის მიღმა ცისფერი, ბრიალა თვალები და ძალიან, ძალიან მანერული მეტყველება და მიხრა-მოხრა ჰქონდა. იოსებმა, ასევე ჩემმა კლასელმა, მითხრა, მე კი ამიყვანს, შენ რა გეშველება, კვადრატულ განტოლებასაც ვერ ხსნიო. ჩემთვის სულერთია, არც მათემატიკა მაინტერესებს და არც უმაღლესში ჩაბარება, ჯარში მივდივარ-მეთქი, ვუპასუხე.
ჯუდომ შეგვამოწმა, იოსებს უარი უთხრა მომზადებაზე, მე და გიორგი აგვიყვანა და დავიწყეთ.
პირველი სამი გაკვეთილი „მოსარჯულებელი“ ბრძოლა იყო. ცხადია, ფანჯარას სათოფეზე არ ვეკარებოდი – მეთექვსმეტე სართული იყო მაინც. მეოთხე გაკვეთილზე კალამი მაგიდას დაჰკრა და ჯერ ცხარედ, მერე კი ძალიან დინჯად მითხრა სიტყვები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება: „გურამ, შენ ხარ ძალიან მაგარი მათემატიკოსი. იმდენად მაგარი, რომ შეგიძლია, ფერმას დიდი თეორემაც კი ამოხსნა. მეტიც: ამ ცხრა თვეში, რაც გამოცდებამდე დაგვრჩა, არათუ ჩააბარო, არამედ შეუსწორო კიდეც პროფესორს, რომელიც განტოლების ამოხსნის არასწორ, რთულ გზას შემოგთავაზებს. ნუ იბრძვი, ირწმუნე საკუთარი თავის და გამომყევი“.
აი, ეს მითხრა ტიპმა, რომელიც აბიტურიენტებში ჯონ ლენონზე პოპულარული იყო. წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, სტიგ ლარსონის წიგნის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ კითხვისას გავიგე, რომ ფერმას დიდი თეორემა თურმე ორი წლით ადრე ამოუხსნია ენდრიუ უაილზს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ზაურის სიტყვებმა ისე გამამხნევა, უმაღლეს მათემატიკაში გამოცდა უმაღლესი ქულით ჩავაბარე.
მარტივად დავწერე, აი, ცურვა რომ იცი და კი არ ფიქრობ, როგორ იცურო, უბრალოდ მიცურავ, ისე დავწერე.
აღმოჩნდა, რომ აქამდე უინტერესო საგანი ყველაზე მეტად შემიყვარდა. ორი რამის გამო შემიყვარდა: პირველი – გავიგე, დავინახე, შევიგრძენი, მოვისმინე მათემატიკა და მეორე – მასწავლებლის შრომას ვაფასებდი, მთელი ცხრა თვე რაღაც გროშებისთვის ჩემ სახლამდე – კილომეტრს, მერე კი მთელ 16 სართულს ფეხით რომ ამოივლიდა და 6, 7, ხანდახან 10 საათიც კი მათემატიკაზე მელაპარაკებოდა. მრცხვენოდა, ასეთი მცირე თანხის საფასურად ამდენს რომ შრომობდა ჩემთვის. მისი სიმკაცრეც ურბანული ლეგენდა აღმოჩნდა – თუ ვჩხუბობდით, ვჩუბობდით ზუსტად ისე, „შერეკილებში“ ერთაოზი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი რომ ჩხუბობენ.
„მე თვითონ მოვალ თქვენთან, პატივცემულო (გულში კი ვამატებდი: „ჯუდო“), ამხელა გზაზე ფეხით რომ არ იაროთ!“
აქამდე მოსასვლელად ოცდასამი წუთი მჭირდება. შენ ახალგაზრდა ხარ, ჩვიდმეტ-თვრამეტ წუთში მოხვალ, მაგრამ გზაში ვინმე შეგხვდება, იქ ბირჟაზე შეგაყოვნებენ, აქ გოგოს გააყოლებ თვალს, სადღაც წაიზანტებ და ნახევარ საათს დაკარგავ, ამ დროში კი ნორმალური ადამიანი ერთ-ორ კაი საინტერესო განტოლებას ამოხსნისო, მპასუხობდა.
მუსიკა, რელიგია, ლიტერატურა, ასტრონომია, გეოგრაფია, კულინარია თუ ნადირობა – რაზე არ გვილაპარაკია ჩვენ სამს: მე, გიორგის და ზაური მასწავლებელს. არც მახსენდება ჩემი ცხოვრების უფრო საინტერესო მონაკვეთი, ვიდრე ეს ცხრა თვე იყო, როცა ათსაათიანი მეცადინეობის შეუალედებში ფიზიკის ამოცანებით „ვისვენებდით“.
სწორედ ზაურ გოგრიჭიანის, ამ იშვიათი პედაგოგის გამო ვცადე მასწავლებლობა. ვფიქრობ, მისთვის მადლობის გადახდას აზრი არ აქვს, ვერც მოვახერხებ. თუ ერთი ჩემსავით მადლიერი მოსწავლე მაინც ვიპოვე, მიზანი ალბათ მიღწეული იქნება და ეს გზა, ეს ტრადიცია, ეს უხილავი კავშირი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არ გაწყდება.
მედიაწიგნიერების შექმნა გასული საუკუნის 60-იან წლებს უკავშირდება. მიუხედავად არც თუ მცირე ისტორიისა, მისი განვითარება მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არაერთი ქვეყნისთვის სრულიად ახალი ხილია. პირველი ნაბიჯები ევროპასა და ამერიკაში პარალელურად გადაიდგა. პროცესი მარტივი არ იყო, რადგან უპირველესად, მასწავლებლებისთვის ინფორმაციისა და სწავლების ტექნიკის მეთოდების გადაცემა იყო საჭირო. დიდი ბრიტანეთი კი კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდა საკითხს – მაგალითად, 2003 წელს იქ მთავრობამ შეიმუშავა საკომუნიკაციო აქტი, რომლითაც ბრიტანეთის სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო საგნად დამკვიდრებას განიზრახავდა. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტში თავიდანვე 100,000-მდე სკოლა ჩაერთო.
მედიაწიგნიერების ეროვნული ასოციაცია ამჟამად შეიარაღებულია არაერთი გრანტითა და დაფინანსებით. ის ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა აშშ-ში, რომელიც აბსოლუტურად ყველა შტატის სკოლაში ახორციელებს საქმიანობას.
შეიძლება ითქვას, რომ ამ მდგომარეობის მისაღწევად, მედიაწიგნიერების ისე განსავითარებლად, როგორიც ის დღესაა, დიდი როლი ითამაშეს როგორც გადაწყვეტილების მიმღებებმა მთავრობაში, ასევე, მასწავლებლებმა. მათ შეძლეს დაერწმუნებინათ მშობლები, რომ სკოლაში სწავლა მხოლოდ გამოცდებში მაღალი ქულის მიღება არ არის და საკლასო ოთახში მოსწავლეებმა უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევებიც უნდა მიიღონ.
რა მთავარი გამოწვევა ჰქონდა/აქვს მედიაწიგნიერებას სკოლებში?
მთავარი პრობლემა გახლდათ მოსწავლეების უუნარობა, გაერჩიათ ნამდვილი და ცრუ ინფორმაციების ვეებერთელა ტალღა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებოდნენ. ეფიქრათ, ემსჯელათ და ეაზროვნათ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გახვეულიყვნენ მოსალოდნელ მახეში, ან თავად არ გამხდარიყვნენ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. ერთმანეთისგან გაერჩიათ ახალი ამბავი და რეკლამა, რეკლამის შემცველი ინფორმაცია.
სემ ვაინბურგი, მედიაწიგნიერების მასწავლებელი დიდი ბრიტანეთიდან მოსწავლეებს ამ საგანს 2016 წლიდან ასწავლის. ის ამბობს, რომ ამჟამადაც კი, სანამ მოსწავლეები მედიაწიგნიერების საფუძვლებს შეისწავლიან, დაახლოებით 82% ერთმანეთისგან ვერ არჩევს ახალ ამბავსა და სარეკლამო სტატიას. ასევე, არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის.
როგორ მუშაობს მედიაწიგნიერება?
არც თუ ისე მარტივი კითხვაა. მედიაწიგნიერება მრავალგანზომილებიანი საგანია – ბეჭდური, tv, ციფრული, მობილური საგანი. მისი მიზანია, გაზარდოს განათლების დონე და გავლენა მოახდინოს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებაზე. რამდენიმე კვლევა ამ საგნის მნიშვნელობასა და ზეგავლენაზე უკვე ჩატარდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ საგანმა გაზარდა განათლება, შეცვალა რწმენები/ცრურწმენები და მოსწავლეებს ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკა და ჩვევები გაუზიარა.
რა ბედი ელის მედიაწიგნიერებას?
მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დღემდე აქტიურად საუბრობენ მედიაწიგნიერების საჭიროებაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკლასო ოთახებში შეტანაზე. სემ ვაინბურგის აზრით, ამ საგნის მიერ მსოფლიოს დასაპყრობად ცოტა დროა დარჩენილი და ძალიან მალე გადაწყვეტილებების მიმღებები იძულებული გახდებიან უკვე გამოცდილ ქვეყნებს მედიაწიგნიერების სილაბუსის გაზიარება სთხოვონ.
ცხადია, მაშინვე მივხვდი, რომ “ზედვაკელი” ფსევდონიმი იყო, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ზემო იმერეთში არსებობს სოფელი ზედვაკე. გიო სწორედ იმ ზედვაკიდანაა. თბილისელ-ვაკელი მეგონა (სხვათა შორის, თვითონაც უხუმრია: გოგოებს ვაკელი ვგონივარ და მეჩალიჩებიან, მაგრამ რომ ვეტყვი სადაურიც ვარ, ეგრევე მიკიდებენო). მიკვირდა ეს ვაკელი კაცი ასეთი გატაცებით რატომ წერდა სოფელზე და, რაც მთავარია, ასე სრულყოფილად საიდან იცოდა სოფლის ყოფა და ზემოიმერული დიალექტი, რომელსაც ზომიერად შევხვდებით ხოლმე მის პოეზიაში.
მის ლექსებში ურბანულ თემებსაც ვხვდებით, მაგრამ ის მაინც პასტორალური მონატრების, ტალახიანი ორღობეების, აფეთქებული ტყემლებისა და ატმების, საკვამურიდან ამოსული კვამლის, საძოვრიდან ზანზალაკების წკრიალით დაბრუნებული ნახირის და მდინარე ძუსაში მობანავე ბიჭების მომღერალი პოეტია. მისი ურბანული ლექსების ლირიკული გმირიც სოფლელი ბიჭია, სოფლური სიალალით აღწერს ქალაქურ ყოფას და ამავე სიალალით გააყოლებს ხოლმე თვალს “პლეხანოვზე” ჩავლილ მოკლეკაბიან გოგოებს. იმავე სიალალით შედის კაფე “მარენოში”, რომ ელიავას ბაზრობაზე ავტონაწილების გაყიდვით ნაშოვნი ფულით კათხა ლუდი დალიოს:
“გოგოები იასავით,
გოგოები ვარდივით…
წამო და მე მიგასწავლით,
აგერ შემხვდნენ ამ დილით…”
იმავე ლექსის ფინალი:
“რა იციან, მონადირის
რომ მაქ სული, გენები.
ვარ სოფლიდან ჩამოსული,
მხიბლავს ქალაქელები.
ვიწრო ქუჩას მოსდევს ბაღი,
ბაღებს-მყუდრო გარემო.
პლეხანოვის გამზირი და
ჩემი კაფე ,,მარენო”. (ლექსი “გოგოები იასავით, გოგოები ვარდივით…”)
თანამედროვე ქართულ პოეზიას ძალიან აკლია თვითირონია და იუმორი, რითაც გაჯერებულია გიო ზედვაკელის პოეზია, ეს, ჩემი ჭკუით, მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. მისი პოეზიის უმთავრესი, ქვაკუთხედური ხიბლი კი სიმარტივეა, კაშკაშა პრიმიტივი (თუ შეიძლება ასეთი კომპოზიტი ვიხმაროთ). ჩემი თაობის პოეტებიდან ის ერთადერთია, რომელმაც თავიდანვე მოხაზა თავისი წრე, თავისი პოეტური ავტონომია და ერთი წამითაც არ აჰყოლია პოეტურ მოდას. მისი პირველი და ერთადერთი კრებული მაქვს წაკითხული, რომელიც მანამდე გამოიცა (ბებიის მოგროვებული პენსიით), სანამ გიო ინტერნეტში გამოჩნდებოდა. იქ უკვე ჩანს ორიგინალური ხმის მქონე პოეტი. თანამედროვე პოეზიის გაცნობის შემდეგ გიომ მხოლოდ და მხოლოდ არაზუსტი და დისონანსური რითმებით გაამდიდრა თავისი ლექსები, სხვა არანაირი თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელი კლიშე არ შეხებია მის პოეზიას. იგი სუფთად გამოვიდა და სუფთად მოდის დღემდე.
გიო კონვენციურ ლექსს მაღალ დონეზე ფლობს, ის აზრს, კონცეპტს, არასდროს შესწირავს გარეგან ბრწყინვალებას, ბიჟუტერიას. ჩემს თაობაში არ მახსენდება სხვა პოეტი, ვისთვისაც ასე ორგანულადაა დამახასიათებელი ტაეპის დაკოჭლება-პოლიმეტრია. ის ლექსს არ აკეთებს, არ ასწორებს, არ რანდავს, რაც მოდის და როგორც მოდის, ისე წერს. არაერთხელ მინახავს: შუა სმისას, სახინკლეში, ხელსახოცზე წაუწერია ლექსი და რომელიმე ლამაზი გოგოსთვის უჩუქებია. ერთი ასეთი ხელსახოცი სახლშიც მაქვს, ცარიელი “კენტის” კოლოფში (რომელიც ერთად მოვწიეთ) მიდევს. მისი პოეზიისთვის, ხელწერისთვის ჰაერივით საჭიროა ის სტილისტური “იაღლიშები”, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად “მოსდის” ლექსებში.
ის ბევრს წერს მთვარეზე, ამ უკვდავ (და, მავანთათვის, შესაძლებელია, ბანალობად ქცეულ) მუზაზე და პოეტების ყველაზე ძველ და უახლოეს მეგობარზე:
“მთვარეს კიბო აქვს…
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს, რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად”.
შეხედეთ, კლიშედ ქცეული სახე (დაავადებული მთვარე) როგორ საინტერესოდ ტრანსპორმირდება შემდეგ ტაეპებში და ახლებურ, საინტერესო ინტერპრეტაციას იძენს.
კვირა არ გავიდოდა, რომ მე და გიოს რამდენჯერმე არ დაგველია. ელიავაზე, სადაც ის ავტონაწილებს ჰყიდის, ექვს საათზე მორჩებოდა სამსახურს და მოვიდოდა წერეთლის მეტროსთან, სადაც ველოდი ხოლმე, და დავაწვებოდით სადმე ლუდის დასალევად სხვებთან ერთად ან სხვების გარეშე. ერთ ზაფხულს სრულიად მარტონი შემოვრჩით თბილისს, ყველა ძმაკაცი შემოგვეცალა, ქალაქიდან გაიკრიფნენ. გიო სამსახურს ვერ ტოვებდა, მე სოფელში წასვლა მეზარებოდა და დავრჩით ასე. ვერის ბაღის ღია კაფე ამოვიჩემეთ, სადაც ყოველდღე დავდიოდით, ნახევარ ლიტრ არაყს და სამ-სამ კათხა ლუდს დავლევდით და მერე დავუყვებოდით რუსთაველს. მე ლადოს ვეძახდი, ის მირზას მეძახდა. გოგოებს ვაჩერებდით და ლექსებს ვუკითხავდით. იმ კაფეს მიმტან ქალს გიომ რამდენიმე ლექსი დაუწერა ექსპრომტად და ნისიაზეც გვენდობოდა. ხო, მართლა, არ ვიცი რუსთაველს რას ვერჩოდით, მაგრამ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველის პროსპექტისთვის ლადო ასათიანის პროსპექტი დაგვერქმია და ასეც ვეძახდით, პატარა წერილიც დავწერეთ და ყველა მეგობარს მოვაწერინეთ ხელი ისე, სახუმაროდ, ჩვენთვის. ავძვრებოდით ხოლმე მაღალ ბორდიურზე, გადავხვედით ერთმანეთს ხელს და ვყვიროდით:
“ლადოს პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას. აეეეეეეეეე!!!!!”
რა კარგი დრო იყო. პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი ძმად უნდა გაგეფიცო-მეთქი და სამართებელი ავიღე, რომ ხელი გამეჭრა. ფერი ეცვალა: ბიჭო, ცხოვრებაში ნემსი არ გამიკეთებია, სისხლის მაგრად მეშინია და მოდი რა, დამინდე, ეგეთები არ გვინდაო. კაი-მეთქი და ლუდში ვერცხლი ჩავთალეთ და ისე ვთქვით ძმობა.
გიოს ერთი ლექსი ასე მთავრდება:
“მიმი, ისე მიყვარხარ არ მჭირდება სქოლიო,
მთვარესაც არ დავინდობ, ისევ გავუმეორებ:
მხოლოდ შენ და ლექსებმა როგორ შემიყოლიეთ,
ზედვაკელი რაინდი, პოეტებში მეორე”.
თავის თავს “მეორე პოეტს” უწოდებს, პირველი პოეტის ვაკანტურ კვარცხლბეკს კი ხან მე მარგუნებდა ხოლმე, ხან – გიო საჯაიას. ამ “ზედვაკელი რაინდის” გამო თორნიკე ჭელიძემ “რაინდა” შეარქვა და დღემდე ასე ეძახის. ჩემი მტერი ჩავარდა ჭელოს ყბაში.
მინდა, რომ გიოს გამჭვირვალე და საყვარელ ლექსებს ბევრი მკითხველი ჰყავდეს, ყველა იცნობდეს. ამ ბლოგს მისი ერთი ძველი ლექსით დავამთავრებ, რომელიც ზეპირად ვიცი და ისე მათბობს ხოლმე, როგორც ღრმა ბავშვობაში დაზეპირებული ლექსები:
როგორც შექსპირმა თქვა: „კალამი მახვილზე ძლიერია“ , თუმცა მხოლოდ კალამი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ: გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევებიც საჭიროა. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იდეების მკაფიოდ, ეფექტურად გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ ესეს, რომელიც გვეხმარება მოვუთხროთ მკითხველს, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, წარმოვუდგინოთ არგუმენტები, რომლებიც დაარწმუნებენ მას, რომ ჩვენი მოსაზრებები ანგარიშგასაწევი, საინტერესო და დამაჯერებელია.
წინამდებარე სტატიაში მოგითხრობთ ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურაზე და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ესეს წერის პროცესში.
როგორ შევარჩიოთ თემა ესესათვის?
იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ თავად გვიწევს ესესათვის თემის შერჩევა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
შევარჩიოთ პრობლემა, საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს.
დავფიქრდეთ შეკითხვაზე, რომელიც პრობლემას საინტერესო კუთხით დაგვანახებს.
როგორია შეკითხვაზე ჩვენი პირველი რეაქცია: ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით?!
რა არგუმენტების, მტკიცებულებების მოძიება შემიძლია საკითხის განხილვის პროცესში?
რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდე საკითხის განხილვის დროს?
ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურა
ესეს წერის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს სათაურზე კონცენტრირებას. შესაძლოა მართლაც დავწეროთ კარგი ესე, მას არ ექნება ღირებულება, თუკი არ შეესაბამება სათაურს. სასურველია წერის დაწყებამდე სათაურში მოვნიშნოთ საკვანძო სიტყვები, რათა მუშაობის პროცესში თემასთან კავშირი არ დავკარგოთ.
წერის დაწყებამდე შევადგნოთ ესეს გეგმა. რაც უფრო მკაფიო მონახაზი გექნებათ ჩამოყალიბებული, მით უფრო მარტივი იქნება თქვენთვის შინაარსობრივი მხარის ორგანიზება და ესეს გამართული სახით წარმოდგენა.
სტანდარტული ესე სამი ნაწილისაგან შედგება:
შესავალი.
ძირითადი ნაწილი.
დასკვნა.
სამივე ნაწილი თანაბრად მნიშვნელოვანია. ძირითადი ნაწილი დანარჩენ ორზე ვრცელია. პირობითად ასეთ ესეს ხუთაბზაციან ესეს უწოდებენ: პირველი ნაწილის ერთი აბზაცისაგან შედგება, მეორე, ძირითადი ნაწილი – სამი აბზაცისაგან, მესამე, დასკვნითი ნაწილი – კვლავ ერთი აბზაცისაგან.
ესეს შესავალი
ესეს შესავალის მიზანს განსახილველ საკითხთან მიმართებაში თქვენი პოზიციის (ე.წ. „თეზისის“ ) წარმოჩენა წარმოადგენს, თუმცა ეფექტური შესავალი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს. სანამ უშუალოდ თეზისზე გადახვალთ, სასურველია გამოიყენოთ ერთგვარი „სატყუარა“, რათა მკითხველის ყურადღება მიიპყროთ. წარმოვიდგინოთ რომ წიგნის მაღაზიაში ვირჩევთ წიგნს და პირველ გვერდს ვკითხულობთ. სწორედ პირველმა გვერდმა შეიძლება განსაზღვროს, წაიკითხავთ თუ არა ამ წიგნს. ავტორები მკითხველის დასაინტერესებლად ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. ასევეა ესეს დაწერის დროს: თქვენ შესავალშივე უნდა ეცადოთ მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და აიძულოთ ის, განაგრძოს კითხვა. ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ ციტატა, სტატისტიკური მონაცემები და ა. შ.
მას შემდეგ, რაც მკითხველს დავაინტერესებთ, შეგვიძლია გადავიდეთ თეზისზე. თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი წინადადებით, მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს თქვენს პოზიციას და მკითხველს არ უნდა უჩენდეს არავითარ ეჭვს, თუ რომელ მხარეს დგახართ თქვენ.
თეზისის შემდეგ ერთგვარი მინი-სქემა მოდის, რაც გულისხმობს იმ მაგალითების მოკლედ წარმოდგენას, რომელთა გამოყენებასაც თქვენ აპირებთ თეზისის განსამტკიცებლად ესეს შემდეგ ნაწილში. ის არა მარტო ეუბნება მკითხველს, რაზე იქნება საუბარი შემდეგ აბზაცებში, არამედ მკაფიო წარმოდგენას აძლევს განსახილველი საკითხის შესახებ.
შესავალი აბზაცი შეიძლება ჩაეტიოს ოთხ – ხუთ წინადადებაში. მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ არაფრის მომცემი სიტყვების გამოყენებას, რომელთაც არანაირი მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს და მხოლოდ სივრცის შევსებას ემსახურება, მაგალითად:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, არაერთმა ექსპერტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე და ა შ.“
უმჯობესია, მკითხველის დრო ფუჭად არ დავხარჯოთ და დასაწყისიდანვე ჩავაბათ მკითხველი საკითხის განხილვაში. სასარგებლოა მსგავსი წინადადებების გამოყენება:
ამ ნაშრომში განხილული იქნება…
ამ ნაშრომში განზრახული მაქვს გადმოვცე….
იმისათვის რომ განვიხილოთ…. გავაანალიზე ….
ნაშრომი ორიენტირებული იქნება…
მნიშვნელოვანია პირველმა წინადადებამ შეუქმნას მკითხველს ავტორთან ურთიერთობისა და ნდობის ატმოსფერო. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, პირველივე აბზაციდან მოახდინოთ მკითხველზე შთაბეჭდილება.
ესეს ძირითადი ნაწილი
ესეს ძირითადი ნაწილი სამი აბზაცისაგან შედგება და მისი დანიშნულებას წარმოადგენს მაგალითების გადმოცემა, რომლებიც თქვენს თეზისს ამტკიცებენ. შესავალში ჩვენ უკვე შევუქმენით მკითხველს მოლოდინები, ახლა კი საჭიროა ჩვენი მოსაზრების სიმართლეში დავარწმუნოთ.
ძირითადი ნაწილის პირველ აბზაცში თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ( თუკი ის არ საჭიროებს განმარტებას ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვას). აბზაცის პირველი წინადადება იქნება თემატური წინადადება, რომელიც გადმოგვცემს აბზაცის მთავარ იდეას. ამის შემდეგ უკვე მოგვყავს დამადასტურებელი მაგალითები.
გამოყენებული მაგალითები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. მაგალითად დაუშვებელია ასეთი ფორმულირება: „ამის დასტურია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“. უნდა წარმოვადგინოთ საჭირო დეტალები, მკითხველმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რას შეეხება საუბარი. ბუნდოვანი ფორმულირება დამაჯერებლობას დაუკარგავს თქვენს ნაშრომს.
მაგალითების მოყვანის შემდეგ ჩვენ უნდა ავხსნათ, როგორ ასაბუთებს ეს მაგალითები ჩვენს თეზისს.
იგივე სტრუქტურა ექნება სამივე აბზაცს. კარგად ორგანიზებული სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნაშრომი მკითხველისათვის უფრო იოლად გასაგები გახადოთ. აბზაცების გარეშე მათ თქვენი ნაშრომი, შესაძლოა, ჩახლართული და გაურკვეველი მოეჩვენოთ.
ამავდროულად თქვენს ესეს უნდა ჰქონდეს ერთიანობის და უწყვეტობის განცდა. ამისათვის შესაძლოა გამოიყენოთ დამაკავშირებელი ფრაზები, რომლებიც მკითხველს ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას შეუქმნიან და ტექსტის აღქმას გაუადვილებენ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი სასარგებლო ფრაზა, რომლებიც ახალი აბზაცის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენოთ:
სხვა მნიშვნელოვანი გარემოება…
არანაკლებ…
გარდა ამისა, არსებობს სხვა სარწმუნო არგუმენტები…
ასევე სარწმუნოა მტკიცება…
ერთი მხრივ…მეორე მხრივ…
რა უნდა გავითვალისწინოთ ძირითად ნაწილზე მუშაობის დროს?
მოერიდეთ აბზაცების ერთი – ორი წინადადებით გადმოცემას. ეს უფრო საქმიანი წერილის სტილია. აკადემიურ ესეში ძირითადი ნაწილის აბზაცი დაახლოებით 6-12 წინადადებისაგან შედგება.
თავი აარიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი იდეის გაჟღერებას.
ნუ გაიმეორებთ იდეას რამდენჯერმე, სასურველია ერთ აბზაცში ერთი იდეა იყოს გადმოცემული.
ესეს დასკვნითი ნაწილი
ესეს დასკვნითი ნაწილი ნაშრომის დასასრულს ნიშნავს, თუმცა ის ამავდროულად თქვენი ბოლო შანსიცაა, მიაღწიოთ თქვენს მიზანს და მკითხველზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. დასკვნითი ნაწილი არ უნდა იყოს ვრცელი, საკმარისია ოთხი – ხუთი კარგად მოფიქრებული წინადადება.
დასკვნითი აბზაცის პირველი წინადადების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მკითხველის ყურადღების მიპყრობა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავდივართ თეზისის მტკიცებულებაზე, რაც ნაშრომის ძირითადი არგუმენტების მოკლე შეჯამებას წარმოადგენს. დასკვნის ბოლო წინადადებაში შეიძლება იყოს რეკომენდაციები, მოქმედებისაკენ მოწოდება, რაც აჩვენებს მკითხველს, რომ ესე უკვე მივიდა დასასრულამდე.
ესეს დასკვნით ნაწილში შესაძლებელია მსგავსი ფრაზების გამოყენება:
როგორც უკვე ვთქვით….
როგორც უკვე ვაჩვენეთ…
მაშასადამე…
მტკიცებულებათა დიდი წილი მიუთითებს…
ამ მონაცემების საფუძველზე….
შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და თავი აარიდეთ უსარგებლო სიტყვების გამოყენებას.
რა უნდა გავითვალისწინოთ დასკვნაზე მუშაობის დროს?
აარიდეთ თავი ისეთ დასკვნას, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში თქვენი ნაშრომის დანარჩენ ნაწილებთან.
დასკვნა წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს თეზისთან.
მოერიდეთ გამოთქმებს : „დასკვნის სახით შეიძლება ითქვას“, „რეზიუმე“ და ა. შ. ეს სრულებით არ არის საჭირო.
ზოგადი რეკომენდაციები:
სასურველია ესეს წერა გეგმის შედგენით დავიწყოთ. მართალია დროის სიმცირის გამო, განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში, რთულია გეგმის შესადგენად დროის გამონახვა, თუმცა სანაცვლოდ საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებთ.
ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ გამართულობას და ლექსიკურ სიმდიდრეს. ნაშრომი, სადაც ავტორი ძირითადად ერთსა და იგივე სიტყვებს იყენებს, არ ახდენს მკითხველზე დადებით შთაბეჭდილებას.
უნდა გვახსოვდეს რომ ესეს წერის ეფექტური ხერხების შესასწავლად თეორია არ არის საკმარისი, რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის დაუფლებაში.
განმარტებები:
თეზისი – დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.
თემატური წინადადება – წარმოადგენს აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვან წინადადებას. ოფიციალურ ნაშრომებში ის აბზაცის პირველი წინადადებაა და ერთგვარად აჯამებს აბზაცში გადმოცემულ ინფორმაციას.
„ქარიშხალი“, როგორც უილიამ შექსპირის სხვა პიესები, კითხვისას უამრავ თავსატეხს აჩენს. საქმეს ვერც ანგარიშგასაწევ კრიტიკოსთა შეხედულებების გაცნობა აიოლებს – ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს იტყვი, მუდმივად გექნება განცდა, რომ რაღაც არსებითი დაგისხლტა ხელიდან. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი სპექტაკლის მრავალჯერ ნახვა იყოს – პიესა სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს და თვალშეჩვეული ტექსტიც სხვაგვარად ახმიანდება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, დრამატული ნაწარმოები სწორედ სცენაზე დასადგმელად იწერება და ვინ იცის, იქნებ სწორედ იქ იპოვო სწორი პასუხები, იქნებ რეჟისორისა თუ მსახიობის თუნდაც მცდარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად დაგეხმაროს შექსპირის ფანტასტიკურ სამყაროსთან მიახლოებაში. ხანდახან ზუსტ დროს ნათქვამმა ერთმა ფრაზამაც კი შეიძლება გზა გაჩვენოს…
მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბოლო წლებში შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი მქონდა ნანახი: „ზამთრის ზღაპარი“ (რეჟისორი დათა თავაძე) და „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი) და, სიმართლე რომ ვთქვა, აღარ ველოდი, ისევ ამ დიდ სახელს თუ მიუბრუნდებოდნენ. ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში, თეატრის ტექნიკური შესაძლებლობები ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, მსოფლიოს უდიდესი დრამატურგის პიესაზე მომუშავე რეჟისორს რომ უნდა ჰქონოდა. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როგორც დღის, ისე საღამოს წარმოდგენებს უმთავრესად მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებიან და მათი ყურადღების მისაპყრობად თუ მოლოდინის გასამართლებლად რეპერტუარის ფრთხილად შერჩევაა საჭირო. აფიშაზე შექსპირის სახელის წაკითხვა გულისცემას კი აჩქარებს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, სცენაზე რა დაგვხვდება და ვიქნებით თუ არა მზად მის აღსაქმელად და მისაღებად.
როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში „ქარიშხალს“ გადავაწყდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი – ცხადია, მიხაროდა, რომ ძველ კითხვებთან მიბრუნების, პასუხების პოვნის ახალი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ თან გულწრფელად მიკვირდა, ნუთუ მეექვსე-მეშვიდეკლასელები ამ სპექტაკლს რამეს გაუგებენ-მეთქი (ჩემი დაკვირვებით, სწორედ ამ ასაკისაა მაყურებლის უმრავლესობა საღამოს წარმოდგენებზე; როგორც ჩანს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თეატრში ჯგუფურად სიარული ნაკლებად ეხალისებათ). 1611-1612 წლებში დაწერილი ეს პიესა რეჟისორ გიორგი თავაძეს დაუდგამს, პრემიერა კი თებერვლის თვეში ყოფილა. უდავოდ თამამი გადაწყვეტილებაა როგორც რეჟისორის, ასევე თეატრის მხრიდან – ურთულესი პიესის სცენური ინტერპრეტაცია სპეციფიკური მოთხოვნილებების მქონე მაყურებლისთვის.
მინიმალისტურმა დეკორაციამ აშკარად გაამართლა. სცენაზე დადგმულმა წყლით სავსე მინის ყუთებმაც თავისი სათქმელი თქვა. ქარიშხალიც, ასე თუ ისე, დატრიალდა… პირველი სირთულე დაძლეული აღმოჩნდა: შექსპირის გმირები სწორ დროს და შესაფერის გარემოში მოხვდნენ მაყურებლის თვალთახედვის არეში. პროსპეროს ჯადოქრობის დასამტკიცებლად იაფფასიანი ფოკუსების კეთება არ დაუწყია – უამისოდ მოიპოვა მაყურებლის ნდობაც და კეთილგანწყობაც. საერთოდაც, შოუს ელემენტები ნაკლებად შეინიშნებოდა სპექტაკლში და სულაც რომ არ ყოფილიყო, ჩემი წარმოდგენით, უკეთესი იქნებოდა. უკაცრიელ კუნძულზე დასახლებული ჯადოქრის ერთადერთი ქალიშვილი – მირანდა სინათლეს, სიხარულს, სიცოცხლეს აევსო. მისი გამოჩენა უმალვე ცვლიდა საერთო განწყობას – თითქოს წინდაწინ გვაუწყებდა, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდებოდა, რომ საშინელი ქარიშხალი სიმართლისა და სიყვარულის გზებს გამოაჩენდა, მთავარი გმირების სამყაროში კი ახალ წესრიგს დაუდებდა სათავეს.
დარბაზში სწორედ მეშვიდეკლასელებს შორის ვიჯექი და მათი წამოძახილებიც მესმოდა, რაც იმაში მარწმუნებდა, რომ სცენაზე ნანახს შთაბეჭდილება უდავოდ მოეხდინა. კალიბანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ დააფრთხო, მერე კი კარგად გაახალისა – ალბათ იმაზე მეტად მომხიბვლელად ცხოველური თუ ცხოველურად მომხიბვლელი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არიელის ჯამბაზობაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ – ბავშვების გული თუ ვინმემ მოიგო, პირველ რიგში, სწორედ ამ გამუდმებით მოძრავმა, სასაცილოდ მოსაუბრე გმირმა. შეყვარებულ წყვილს – მირანდასა და ფერდინანდს კი მეც მთელი გულით თანავუგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ თვალი სულ დიდი ჯადოქრისკენ მეჭირა – მთავარი ხომ მისი ხელის მოძრაობა იყო…
ჩემი შიში – ბავშვები „ქარიშხალს“ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებენ-მეთქი, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დახვდებათ, ნამდვილად არ წარმოადგენს დაუძლეველ სიმაღლეს თუნდაც იმ ასაკის მაყურებლისთვის, რომლის რეაქციებზე დაკვირვების საშუალებაც მქონდა. მეშვიდე კლასმა გასაოცარი გამჭრიახობა გამოავლინა, ერთმა სათვალიანმა გოგონამ კი სპეტაკლის დასრულების შემდეგ მასწავლებელს უსაყვედურა კიდეც: რა ვერ გაიგეთ, მას – კაცმა გამოცდა მოუწყო შვილის შეყვარებულსო. ნეტავ შინ იმაზე თუ დაფიქრდებოდნენ, ვინ იყო, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი – ეს ყოვლისშემძლე პროსპერო, რისკენ მიილტვოდა და რა მოიხელთა ამ ქარიშხალში.
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...