კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

  ჯვარედინი  დისკუსია ეფექტური მეთოდი

0

   იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი ხალისიანი და ეფექტური გავხადოთ, საჭიროა მასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი თუ სტრატეგია, თუმცა ყოველი მათგანი უმჯობესია გათვლილი იყოს მაღალ სააზროვნო უნარებზე, დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია აუცილებელია, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ისე, დიალოგის, შეხედულებათა შეჯერების, საკითხისადმი შემოქმედებითი  მიდგომის  ჩვევების გამოსამუშავებლად. რაც შეეხება ისტორიას, როგორც საგანს და მისი სწავლების თავისებურ მიმართულებებს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს შემდეგი სააზროვნო უნარები: ისტორიული მოვლენების მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ისტორიული მასალის შედარება – ანალიზი, ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. თავად დისკუსია კი ის მეთოდია, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება საკმაოდ ხშირად გამოიყენოს, რადგან ისტორიის გაკვეთილებისათვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. დისკუსიის წარმართვა ისტორიის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ეხმარება ისტორიის მასწავლებელს საგნის სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში. დისკუსია ერთ-ერთი თანამედროვე მიდგომაა ისტორიის სწავლების, რომელიც ორიენტირებულია არა ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ ისტორიული პროცესიის გაანალიზებასა და შეფასებაზე.

სიტყვა დისკუსია უმრავლეს შემთხვევაში აზრთა ჭიდილში გამობრძმედილ ადამიანთა თავყრილობასთან ასოცირდება. დისკუსიის, როგორც მეთოდის, გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში იშვიათად ხერხდება,  თუმცა იგი მოქალაქეობრივი აქტივობის ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. იმისათვის, რომ დისკუსიის წარმართვამ დადებითი  შედეგი გამოიღოს მასწავლებელმა ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც  მონაწილეებს აზრისა და შეხედულების თავისუფლად გამოთქმას გაუადვილებს, მოსწავლე ადვილად ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, მას შიში არ გაუჩნდება განსხვავებული აზრის დაფიქსირების, დაცინვის და უგულებელყოფის. მოსწავლე შეძლებს, თავად განსაზღვროს სადისკუსიო თემა ინტერესიდან გამომდინარე, სწავლების თანამედროვე პირობები მოითხოვს კარგად იქნას გააზრებული მისი მნიშვნელობა.

ეფექტური დისკუსიის წარმართვისათვის არსებობს სხვასხვა ფორმის დისკუსიის მეთოდები. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ ჯვარედინი დისკუსიის მეთოდზე და მისი გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე ისტორიის სწავლების პროცესში, რომელმაც მერვე კლასში გაკვეთილი შედეგზე ორიენტირებული გახადა. მოგეხსენებათ, ისტორიის სახელმძღვანელოები დატვირთულია უამრავი ფაქტისა თუ თარიღის დასახელებით, რომლებიც ნაკლებად უწყობს ხელს მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. დისკუსია კი ცოცხალი და სახალისო პროცესია. იგი ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე, ახლებურად გაიაზროს მასალა, მას უვითარდება კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. დისკუსიამდე, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით შევისწავლეთ ეპოქა, გავაანალიზეთ სახელმძღვანელოში მოცემული წყაროები, რათა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდათ განსახილველი საკითხის მნიშვნელოვან დეტალებზე, მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა თავად განსაზღვრეს სადისკუსიო თემა სათაურით – ბენიტო მუსოლინი რეფორმატორი თუ ერთპიროვნული მმართველი.

 

თემა: მუსოლინის მმართველობა იტალიაში.

საფეხური /კლასი: საბაზო, 8 კლასი

გაკვეთილის მიზანი:

  1. ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება,
  2. ფაქტების ისტორიული ინტერპრეტაცია,
  3. მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება,
  4. თანამშრომლობა,
  5. საკითხის კრიტიკული შეფასების უნარის გამოვლენა.

მეთოდი:  ჯვარედინი დისკუსია

ესგ-თი მისაღწევი შედეგები:

რესურსები: მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდშოუ, ფორმატის ფურცლები, ფლომასტერი ან მარკერი, წერილობითი და ინტერნეტრესურსები (პლაკატები, კარიკატურები, პირველადი და მეორადი წყაროები).

მეთოდი /სტრატეგია: ჯვარედინი დისკუსია.

შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი, დისკუსიისა და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.

დრო: 45 წთ.

ესგ–თი მისაღწევი შედეგები:

 

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია, დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.

 

ისტ.VIII.8.    მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

 

დისკუსიის წარმართვა

 

პირველი ეტაპი:  სადისკუსიო თემის განსაზღვრის შემდეგ, მოსწავლეები  წყვილდებიან, წყვილს ევალება, შეადგინოს, ე.წ. სადისკუსიო ცხრილი. ერთი მოსწავლე მოიფიქრებს, განსახილველი საკითხის 3 დადებით არგუმენტს ჩამოწერს და გაუზიარებს მეწყვილეს თეზისის დამადასტურებელ არგუმენტს, მეორე კი – უარმყოფელს. წყვილი მუშაობს 6-7 წუთის განმავლობაში, ამ დროისათვის თითოეული მოსწავლე ამზადებს სამ დადებით და სამ უარმყოფელ არგუმენტს, რომლებსაც სამუშაო ფორმატზე ათავსებენ. ფორმატი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ ნაწილში თავსდება დადებითი არგუმენტები, მეორეში –  უარმყოფელი არგუმენტები. როდესაც წყვილი ფურცელს შეავსებს უერთდება სხვა წყვილს საკუთარი ვერსიების გაზიარების მიზნით.

მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე,  ნააზრევს ახლა უკვე ოთხეული განიხილავს კვლავ 6-7 წუთში.   ოთხეული გარკვეულ დასკვნამდე მიდის, ისინი ჯერდებიან და ცალკე ფურცელზე უკვე მათთვის დამაჯერებელ ვერსიას ათავსებენ აუდიტორიის წინაშე წარსადგენად.

მესამე ეტაპი: პრეზენტაცია და ვერსიების გაზიარება მსჯელობისა და არგუმენტირების ფონზე, საუკეთესო ვერსიებს მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ და ჯერდებიან ცალკეული მათგანის დადებით მხარეზე. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან სწორი ვერსიისკენ თუმცა ცალკეული მათგანის დამოუკიდებელ მოსაზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დისკუსიის მსვლელობის დროს მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეთა ნამუშევრების სისწორეს და ინიშნავს ცალკეული ჯგუფის მუშაობის ეტაპს.

დისკუსიის წარმართვა ხშირად კამათთანაც ასოცირდება. იმისათვის, რომ მეთოდმა სრულფასოვანი და ეფექტური სახე მიიღოს, უმჯობესია დისკუსია წარიმართოს ორი ბარათის სტრატეგიის თანხლებით. მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ ურიგებს ორ ბარათს, სადაც წერია კითხვა ან მოსაზრება, მოსწავლეს ორჯერ ეძლევა საშუალება დააფიქსიროს ან შეკითხვა ან მოსაზრება. ამგვარი სტრატეგია, მეთოდის წარმართვას უფრო სრულფასოვანს და ეფექტურს ხდის, დაცულია დროის ლიმიტიც. მოსწავლეს ამგვარი ბარათის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ორჯერ ეძლევა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. აღნიშნული სტრატეგია აადვილებს მოსწავლეთა ჩართულობის პრინციპს, იცავს დისკუსიის წარმართვის თანმიმდევრობას და სასწავლო პროცესი ცალკეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენაზეა ორიენტირებული.

 

ჯვარედინი დისკუსია არის მეთოდი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იაზროვნოს, გამოიყენოს უკვე ნასწავლი მასალა და ააგოს სხვა ცოდნა, გამოიყენოს ტრანსფერული უნარები. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების შეფასება მოხდა დისკუსიის შეფასების ცხრილით. შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე იმას, რამდენად სწორად განსაზღვრავდნენ მოსწავლეები სადისკუსიო თემას, სცემდნენ თუ არა პატივს სხვების მოსაზრებას, საუბრის დროს რამდენად მკაფიოდ და ნათლად აყალიბებდნენ მოსაზრებებს. რამდენად არგუმენტირებულად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს და როგორ უკავშირებდნენ საკუთარ მოსაზრებას ფაქტობრივ მასალას. რამდენად კრიტიკულად აფასებდნენ ფაქტებსა და მოვლენებს.

 

ისტორიის გაკვეთილი ერთ-ერთი საგანია, რომელიც ძირეულად ერგება ასეთ მიდგომებს, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. მოსწავლე თავად ახდენს საკუთარი ნააზრევის შეფასებას, რაც მასწავლებელს ლოგიკური დასკვნის შესაძლებლობას აძლევს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა ( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია.
  2. ლობჟანიძე ს. მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი,ნ. ლომიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, რ. თედორაძე, მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წელი.
  3. ფირჩხაძე მ. კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, 2 აგვისტო, 2013 წელი ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=2304 ( 2018 წ 16 დეკემბერი).
  4. ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007წ.

 

ტექსტზე მუშაობის  ეფექტური მეთოდები 

0

ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით   თითოეული გამჭოლი კომპენტენცია  მნიშვნელოვანია   სწავლების პროცესში, მედიაწიგნიერება  კი საშუალებას  აძლევს მოსწავლეებს უხვი და  მრავალფეროვანი  ინფორმაცია  დაახარისხონ, გაფილტრონ და მხოლოდ ის შეარჩიონ , რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა  მათთვის.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება  და შემოგთავაზოთ  შესაბამისი გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის განსაზღვრა. შეადარონ და დაახარისხონ  მიწოდებული ინფორმაცია.

მედიაწიგნიერების მიზნები: 

  1. მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.
  2. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.

გასავითარებელი უნარ-ჩვევები:

1.კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

  1. მედიაწიგნიერების დაუფლებისა და გამოყენების უნარი.

 ესგ.  სტანდარტი:

ზეპირმეტყველება: ქართ: X. 5.მოსწავლეს   შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის  სტრატეგიების  ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

კითხვა:  ქართ. X. 9.მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა   ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

წერა: ქართ.X.15.  მოსწავლეს შეუძლია დაწეროს  გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

საჭირო წინარე ცოდნა და  უნარები:  მოსწავლეები იცნობენ დ.გურამიშვილის    „დავითიანიდან“ შესაბამის ნაწყვეტებს.

შეუძლიათ:  1. წაკითხული ტექსტის გაანალიზება.

  1. ინფორმაციის დახარისხება, შედარება და ანალიზი.

აქტივობა#1    კითხვა -პასუხი

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილონ ის ეპოქა, რომელშიც მოღვაწეობა უხდებოდა  დავით გურამიშვილს.

  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი?
  2. რა იყო მისი ისტორიული გვარი და საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
  3. თუ ზედგენიძეა მისი ისტორიული გვარი, გურამიშვილად რატომ მოიხსენიება?
  4. რას თვლის გურამიშვილი ქვეყნის უბედურების მიზეზად?
  5. როგორაა გადაჯაჭვული მისი, როგორც პიროვნების ბედი, ქვეყნის ბედთან?
  6. რა პრინციპი აირჩია გურამიშვილმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის  გადმოსაცემად და რატომ?

აქტივობა #2 .ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ   მთავარი სათქმელის ამოცნობა. განსაზღვრონ ავტორის პოზიცია, შეადარონ და დაახარისხონ  მიწოდებული ინფორმაცია.

ჯგუფებს მასწავლებელი ურიგებს სამუშაო მასალებს.

თითოეულ ჯგუფს ურიგდება  დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“  თავები:

  1. ჯგუფი : „ დავით  გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“(ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“, კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე.  დასაწყისიდან—უსინათლო ჰყო -აქამდე).   ადაპტირებული ნაწყვეტი (ლეკიანობა საქართველოში) წიგნებიდან   ნ.ბერძენიშვილი „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

წიგნი საქართველოს ისტორიის საკითხები „ თბილისი 1968წ“

თ.ბოცვაძე „საქართველო დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“ ,  თბილისი  1968წ

 

  1. ჯგუფი:   .„ დავით  გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“(ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. დასაწყისიდან—უსინათლო ჰყო -აქამდე).   .ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“  თენგიზ ვერულავას  „ დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“(დასაწყისიდან -ტირანულ წამებაში აყენებდნენ   აქამდე)

 

3.ჯგუფი:  .„ტყვეობიდან გაპარვა  დავითისა“

ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. ბნელ ხაროში აქედან –კოღოს ლაშქარი დაესია აქამდე)

4.ჯგუფი „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გაპარვა სარუსეთოში“(ასევე  ადაპტირებული ნაწყვეტი   გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“(კონკრეტულად  თავიდან  ლეკების ტყვე. სიცოცხლეგამწარებული   აქედან ბოლომდე )

ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“  თენგიზ ვერულავას  „ დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“(გურამიშვილი დიდხანს როდი შეგუებია -აქედან ბოლომდე)

 

ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სქემას

რა მსგავს ინფორმაციას  გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? რა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა რა შეიცვალა პოეტის ცხოვრებაში  ლეკთაგან დატყვევების შემდეგ?
 

 

 

 

მასწავლებელი აფასებს განხორციელებულ აქტივობას და  საჭიროებისამებრ აძლევს  განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა#3.  ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლე კლასის წინაშე აკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობის მიზანი:   პრეზენტატორმა შეძლოს სრულყოფილად წარმოადგინოს ჯგუფის ნამუშევარი, გასაგებად და თანმიმდევრულად მიაწოდოს  აუდიტორიას.

აქტივობა#4.ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ფილმში ასახულ მოვლენებსა და ტექსტში გადმოცემულ ფაქტებთან

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს ნიკოლოზ სანაშვილის ფილმიდან“ დავით გურამიშვილი“https://www.youtube.com/watch?v=QKFFCOr7Fiw&t=4639s

და სთხოვს  უპასუხონ კითხვებს:

  • შეესაბამება თუ არა განხილული ტექსტები და ნაწყვეტი ერთმანეთს.
  • როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა სცენარისტმა რეალობა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია თითოეული ავტორისათვის.
  • რა როლს ასრულებს მუსიკა ფილმში?

დისკუსიის დასრულების შემდეგ  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადახედონ თავიანთ ნამუშევრებს და ერთი  წინადადებით შეაფასონ გაკვეთილი .

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების ბარათებს და მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკებით

დანართი#1

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
 თემატიკასთან შესაბამისობა
საკითხი  გასაგებად და ამომწურავადაა გადმოცემული. 3
მსჯელობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ამოვარდნილია თხრობის რომელიმე ელემენტი 2
უჭირს მსჯელობა, საკითხი გაურკვეველია 1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
არგუმენტები, პარალელები
მსჯელობა არგუმენტირებულია  , გამყარებულია ციტატებით, ავლებს სათანადო პარალელებს. 3
მსჯელობს, თუმცა არაარგუმენტირებულად , ვერ ავლებს პარალელებს 2
პასუხი არ მოიცავს სათანადო არგუმენტებს, მსჯელობა გაუაზრებელია 1
პრეზენტაცია  არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
რეგლამენტი საკომუნიკაციო უნარები
ყოველთვის იცავს რეგლამენტს , ფლობს საკომუნიკაციო უნარებს 3
ცდილობს რეგლამენტის დაცვას, უჭირს საკომუნიკაციო უნარების ფლობა 2
ვერ იცავს რეგლამენტს, უჭირს აუდუტორიის ყურადღების მიპყრობა, საუბრობს გაურკვევლად 1


დანართი#2

კრიტერიუმები 1-3 არადამაკმ 4-6 დამაკმაყ 7-8 კარგი 9-10 ძალიან

კარგი

შეუძლია მთავარი სათქმელის ამოცნობა ვერ ამოიცნობს  ან უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობა იშვიათად ამოიცნობს მთავარი სათქმელს და ზოგჯერ ბუნდოვანია ამოიცნობს მთავარ სათქმელს, თუმცა აქვს ხარვეზები სრულად ამოიცნობს მთავარ სათქმელს
ადარებს და ახარისხებს ინფორმაციას  

უჭირს ინფორმაციის შედარება და დახარისხება

ცდილობს შეადაროს და  დაახარისხოს ინფორმაცია ,თუმცა  აქვს ხარვეზები შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება სრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სხვადასხვა მედიაში გამოყებებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი უჭირს ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი ცდილობს სხვადასხვა მედიის ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს, თუმცა აქვს ხარვეზები შეუძლია სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი კარგად ახერხებს სხვადასხვა მედიაში  გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და აკეთებს კრიტიკულ ანალიზს

 

 

 

მოსწავლეთა  თვითშეფასების რუბრიკა

ჩემს აზრს თამამად და ღიად გამოვთქვამ ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
ვგებულობ ინსტრუქციას და ვიქცევი შესაბამისად
ვცდილობ ვიყო აქტიური საგაკვეთილო პროცესში.
ვიცავ დროის ლიმიტს

 

კედელზე გაკრულია ლექსიკონი იმ ძირითადი სიტყვებისა,  რომლებიც შეხვდებათ მედიატექსტზე მუშაობისას .

ტერმინი                                                განმარტება
მამითადი ნადი(უსასყიდლოდ მოწვეული მუშები) ყანის მკისა და სხვა საქმისათვის
დარანი კლდეში ან მიწისქვეშა შესასვლელი
თაჯი ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ,პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინი
თომარი-სპარსული გრძელი ხმალი
მურასა-სპარსული მოოჭვილი,მორთული

 

 

გამოყენებული მედეარესურსი

ლეკიანობა ქართლში

„ ლეკიანობა“ -დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი  წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე მიზნად ისახავდა  ქონების , საქონლისა და ტყვეების გატაცებას.მოგვიანებით დასახლებული ტერიტორიების დაპყრობასა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.დაღესტნელთა შემოსევები მე-16 საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ  ხასიათს ატარებდა.აბას პირველის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება და შექმნეს ეგრეთწოდებული „უბატონო თემები“,  რომლებიც თავისებურ  პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში კი ლფეოდალთა შემოსევები მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ,ხოლო მეორე ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობლად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა .

„ლეკიანობას „ ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსასულობა საქართველოში , ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრედეტენდებთან საბრძოლველად. ფეოდალთა ექსპლოატაციით შევიწროებული გლეხი გაურბოდა მეპატრონეს და თავს აფარებდა უბატონო ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარ მებატონეთა წინააღმდეგ ,ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან გალეკება მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა ,ზოგიერთი მხარე მოსახლეობისგან დაიცალა, კულტურული მეურნეობა დაეცა .

 

               გამოყენებული მედეარესურსი  –  ლეკების ტყვე

ლამისყანა ის სოფელია, საიდანაც გაიტაცეს დავითი. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების ეკლიანი გზა. გამტაცებელს რომ მსხვერპლის ნამდვილი ფასი სცოდნოდათ, უფრო მაგრად გაბაწრავდნენ და გაქცევის საშუალებას არ მისცემდნენ, ქვეყნის წახდენის მიზეზით დავითი ძნელბედობის ვიწრო მოლიპულ ბილიკებს მიჰყვება და ნათესავებთან აფარებს თავს ლამისყანაში. იმ უბედურ დღეს დავითი ალიონზე ამდგარა და ქსნის ხოდაბუნებისაკენ ორი კაცით წასულა, რათა მამითადი წესისამებრ გადაეხადა. ყანის მკელები შორიდან ყოფილან მოსასვლელნი და მათ მოლოდინში ცივი წყლით პირის დასაბანად დავითი წყაროსთან მისულა, თოფი და ხმალი მუხის ძირას მიუყუდებია და, როცა პეშვი წყლით აუვსია თავს მზირად დამსხდარი ლეკები წარსდგომია. წყარო, საიდანაც დავითი გაიტაცეს დღესაც მოჩუჩუხებს. დარანში გატვრენილი თევზებივით უხმოდ მსხდარ ლეკებს ძვირფას თოფიარაღ ასხმული, კარგად ჩაცმული ჭაბუკი დავითი შეუპყრიათ .ის ორი კი, ვინც პოეტს თან ახლდა, არც პოეტის მონათხრობში ჩანან სადმე და არც თანამედროვეთ შემოუნახავთ რაიმე ცნობა მათ ვინაობასა და ასავალ- დასავალზე.

დრო იყო ავი .ადამიანზე ნადირობა, ტყვედ გაყიდვა და ამით სახელისა და ფულის შოვნა სასახელო საქმედ ითვლებოდა, ამიტომ ამ სათაკილო ხელობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ვისაც მკლავი უჭრიდა, ძალა მოსდევდა და ნამდვილი ჯიგიტის სახელი ენატრებოდა, რამდენიმე თავზე +ხელაღებულ კაცთან ერთად თავს რისხვად ატყდებოდა მოძმეთ და ახლო მეზობლებს.

ლეკები დატყვევებულებისათვის მიწას სიღრმეში ორ-ნახევარ მეტრამდე და უფრო ღრმადაც თხრიდნენ.  მიწის სინესტით, ოფლის, შმორისა და უწმიდურებისაგან იქაურობა ისე ყარდა, რომ იქ მყოფნი იტანჯებოდნენ და სიკვდილს ნატრობდნენ . ხაროებს უზარმაზარი ქვის დოლაბები ეფარა, შიგ სინათლის სხივები ოდნავ ცრიატებდა, რის გამოც იქ მოხვედრილმა, ბევრმა დაკარგა თვალისჩინი,  სიჭაბუკეში გადატანილ ამ განსაცდელს ვერც გურამიშვილმა გაუძლო. სიბერეში უწია და უსინათლო ჰყო .

ბნელ ხაროში უსასოქმნილი სიკვდილს მშვიდად ელოდა და უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვდა. ერთ საღამოს საშინელმა ქარბორბალმა გადაუარა უნცუქულის შემოგარენს, ციდან თქეში წამოვიდა, ხაროში წყალი ჩავარდა და დავითს ეგონა, რომ უსახელო სიკვდილი ეწვია ,სწორედ ამ დროს საყარაულო, რომელზედაც დოლაბის ასაწევი ოწინარი ება, წაიქცა და დოლაბი ჰაერში აიტაცა, წყალმა დავითი ზედაპირზე აატივტივა და ხევისაკენ გაიტაცა ,ტყვეობიდან თავდახსნილი გაშიშვლებულ ჯაგის ფესვებს ჩაეჭიდა და ასე გადარჩა სიკვდილს, იგი სამშობლოსაკენ დაადგა გზას ,მაგრამ ლეკები კვალში ჩაუდგნენ, იპოვეს ,თავში კეტი დაჰკრეს, დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე ჯაჭვი დაადეს, გაპარვისათვის მაგრად დააპანღურეს, უმოწყალოდ სცემეს , დაადეს ცხენზე, ხურჯინივით გადაჰკიდეს და ისევ უნცუქულში უფრო ღრმა ხაროში ჩააგდეს,  ამ მიმე გასაჭირში უფალს მოუხმო საშველად, ძილში ხმა ჩაესმა ,რად არ წახვალ შინაო, რადგან ღმერთის ძალა იგრძნო იგი აღარ შეუშინდა დარაჯებს, დასისხლიანებული ხელებით მიწა თხარა და თავი სიბნელეს შეაფარა , მეორე გაქცევა ბედნიერი აღმოჩნდა, თუმცა უჭმელ-უსმელი,, ნაცემ-ნატანჯი, ჩამოძენძილი  დღე გზას განაგრძობს და ტყე-ღრეში დაეხეტება, გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო, დღის მზის საშუალებით მიიკვლევს გზას ,ღამით მთვარეს უჭვრეტს, შვიდთა ვარსვლავთა საიდუმლოც იცის, მაგრამ თავს ახალი უბედურება დაატყდა , შეიქმნა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვისაგან ვერაფერს ხედავდა, ციდან სეტყვა წამოვიდა, სეტყვის თავში დაცემის შიშით თუ,რამ ებადა თავზე დაიხვია, ტანს აღარ სჩიოდა, ბედად ელვის შუქზე გამოქვაბული დალანდა და შიგ შეძვრა, ღმერთს გადარჩენისათვის გულით შესტირა,მრადგან სამსხვერპლო ზარაკი არ ჰყავდა. სამი დღე შამბიანში იწვა, დღისით ჯაგებში ძვრებოდა, მხოლოდ ღამით  ვიდოდა. ხუთი დღე და ღამე შვიდი ცალი ტყემლის ანაბარად იყო.  მშიერს უფალმა ორი კიტრი და საზამთროს ნახევარი ნაჭერი უბოძა ,თუმცა მალევე წაართვა,  შიმშილისაგან გასავათებულმა გაურეცხავად მაინც  არ ინდომა საზრდო.  მდინარესთან მივიდა. დახრილს უბიდან კიტრები ამოუცვივდა და წყალმა წაიყო, დაედევნა და ლამის დაიხრჩო, მაშინ კი უზენაესს საყვედური შეჰკადრა, თუმცა მალევე მოინანია, რადგან მალე ბაღს მიადგა ,უბე ხილით აივსო და დაბინდების მოლიდინში ჩალიანში შევიდა, იქ კი კოღოს ლაშქარი დაესია.

სიცოცხლე- გამწარებულმა და ყველაფერში ხელმოცარულმა გადაწყვიტა იქვე,  კალოსთან ,მყოფ ხალხთან მისულიყო, აჩქარებული ნაბიჯით მიუახლოვდა კალოს მლეწავებთ, რომლებსაც ყელზე ჯვრები ეკიდათ. ნაგვემი და ჩამოძენძილი ადამიანი გლახაკად მიიჩნიეს და ხლება შესთავაზეს ,ამის გამგონი დავითი მიხვდა, რომ სარუსეთომდე მიეღწია და სიხარულით ჯვარს ემთხვია .

ვიღაც დაძონძილ გადამთიელს რუსი ყაზახი გამოუჩნდა შემწედ და მომვლელად მისი ამაგი მშობელი მამისას შეადარა, რადგან საოცარი გულშემატკივრობა და მზრუნველობა გამოიჩინა. თარჯიმნად ჩრდილოეთში დიდი ხნის გადასული   ფხოველი იანვარა მოგვარეს და მისი შემწეობით გაიგეს დავითის შესახებ . თერგის მიდამოებში დიდხანს არ გაჩერებულა პოეტი, რადგან ეჩქარება, მოსკოვს ხომ მეფე ვახრანგ VIთავისი ამალითაა შეხიზნული.

მკვლევრები ერთ რამეში თანხმდებიან ,დავითის ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ლეკები ტყვეებს დიდხანს არ აჩერებდნენ, თუ არავინ გამოისყიდდა სტამბულისა და ალეპოს ბაზრებზე მიერეკებოდნენ.დავითის  გაქცევა  ზაფხულში მომხდარა, ივლისის თვეში ,გაქცევით კი აგვისტოს მიწურულს გაქცეულა. პოეტს მჟავე კოწახული და ტყემალი ხვდება გზაში.  აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით ,ყურძნობისას ის უკვე თერგზე იმყოფება. სავარაუდოდ, გურამიშვილი 1729 წელს დაუტყვევებიათ, მოსკოვში ჩასული პოეტი თაყვანს სცემს ვახტანგსა და ბაქარს ,როგორც ქართველთა მეფეებს, თუმცა მათ სამეფო აღარა აქვათ და სკრიპტრას თაჯს, თომარს და მურასა ხმალს ტყუილად დაატარებენ, მათთან მისულმა გურამიშვილმა ჯაბადარბაშობა მიიღო და მათ სამასახურში ჩადგა.

ელგუჯა მაღრაძე „გოდება“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნ.ბერძენიშვილი „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

2. წიგნი საქართველოს ისტორიის საკითხები „ თბილისი 1968წ“

3. თ.ბოცვაძე „საქართველო დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“  „თბილისი 1968წ“

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი

0

შესაძლებელია თუ არა მყარი პოზიციის მქონე აქტიური მოქალაქეების აღზრდა უარყოფითად დამუხტული ყოველდღიური საინფორმაციო ნაკადების პირობებში? ოპტიმისტურად განწყობილი ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ორიენტირებული პოპულარული ავტორი ჯეილ დელ-ანტონია ბევრს წერს. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ამბობს, რომ ოპტიმისტი თაობა ოპტიმისტმა უფროსებმა უნდა აღზარდონ.

თანამედროვე სამყაროში ოპტიმისტ ადამიანებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ისინი ყველას სჭირდება: სახელმწიფოს, ბიზნესს, სკოლას. მშობლებს სურთ, მათი შვილები ოპტიმისტები იყვნენ, შეეძლოთ სირთულეებთან გამკლავება და წარმატების მიღწევა.

როგორც წესი, ოპტიმისტი ბავშვები წარმატებას აღწევენ ნებისმიერ წამოწყებაში, მათ აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ცხოვრებით მეტი კმაყოფილება ახასიათებთ. ოპტიმიზმი ხელს უწყობთ სირთულეების გადალახვაში, პესიმიზმი კი მხოლოდ დეპრესიას, ხელჩაქნეულობას იწვევს.

დადებითად მოაზროვნე ბავშვების აღზრდა ნეგატიური მედიის პირობებში არცთუ ადვილია. დიდ გასაქანს ვერც პესიმისტური ეპოქა გვაძლევს – უფროს თაობას ნაკლებად გვჯერა ჩვენივე არჩეული მმართველების, რეფორმებისა განათლების სისტემაში, უიმედოდ ვუყურებთ საგარეო პოლიტიკას, სიახლეთა უმეტესობა კი გვიბიძგებს, ვიფიქროთ მოსალოდნელ კატასტროფებზე. ავტორის თქმით, უფროს თაობას, მასწავლებლებსა და მშობლებს, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ პესიმიზმის დაძლევა, თუ ოპტიმიზმს ახალ ჩვევად აღიარებენ.

ჯეილ დელ-ანტონია აღნიშნავს, რომ დღევანდელი პესიმიზმი ნაზავია ტრაგიკული საინფორმაციო ნაკადებისა და ჩვენი ბიოლოგიური რეაქციებისა ამ ნაკადებზე. ბუნებრივია, ჩვენ თავდაცვის ინსტინქტის გამო მეტ ყურადღებას ნეგატივს და საფრთხეებს ვაქცევთ და ეს ნორმალურია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ „გარდაუვალი კატასტროფის“ მასშტაბი მართლაც შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას.

ობიექტურად, რეალობა არცთუ საშიშია. მაგალითად, მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი მშვენიერი, როგორიც ახლაა. განვითარებად ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალურად გაიზარდა, უამრავმა ადამიანმა იწამა თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების იდეა, კაცობრიობა ილტვის პროგრესისკენ, ჩვენ კი, თევზებივით, პროგრესის დინებას მივყვებით და მის ყველა სიკეთეს ვეზიარებით. თუ ეს გავაცნობიერეთ, მენტალური ჩვევების შეცვლასაც შევძლებთ. უნდა დავტკბეთ ბედნიერი წუთებით, თუნდაც მაშინ, როდესაც ვინმე კარგ ამბავს გვიყვება ან ცხოვრებისეულ წარმატებას აღწევს.

გაიღეთ ძალისხმევა და შეგნებულად გაიხანგრძლივეთ ბედნიერების წუთები, დააგემოვნეთ ისინი, გაუზიარეთ ეს პრაქტიკა შვილებს და მოსწავლეებს, ასწავლეთ ხანმოკლე სიხარულით ტკბობა.

ავტორი ფიქრობს, რომ ოპტიმიზმი საკუთარ თავში უნდა განვავითაროთ. ის იშველიებს მკვლევართა დასკვნებს, რომელთა თანახმად, სამყაროსადმი უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ძალუძთ შეცვალონ თავიანთი პერსპექტივა, თუ უფრო პოზიტიურ ენას გამოიყენებენ თავიანთი შთაბეჭდილების, გამოცდილების აღწერისთვის.

„იყო დრო, როდესაც კორპორაციების არაეთიკურ ქმედებებს მოგების ზრდით ვამართლებდით, მდინარეში ვყრიდით ნარჩენებს და ეს ეფექტიან გზად მიგვაჩნდა. ახლა ცოტა რამ მაინც ხომ შეიცვალა? ის, რაზეც საინფორმაციო სიახლეებში საუბრობენ, შეიძლება ცუდი იყოს, ამას ვუხსნი ბავშვებს, დიახ, ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანები ამის შეცვლას ცდილობენ. ცვლილებები საიდანღაც იწყება. ჩვენი ოპტიმიზმი, მიუხედავად ირონიული ჟღერადობისა, დიდწილად ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული, ყველაფრის გაუმჯობესება და შესწორება შესაძლებელია“, – წერს ავტორი.

კეთილი, მაგრამ როგორ დავეხსნათ ნეგატივს, რომ ამით ჩვენი ბავშვებიც არ მოვწამლოთ? „ყოველდღე, ყოველ წუთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხდება ომები, ბუნებრივი კატასტროფები, დანაშაული. ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ამ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში თვალი ვადევნოთ. 2015 წელს, ტერორისტული აქტის დროს, პარიზში მომიწია ყოფნა. ტერაქტი ჯერ დასრულებული არ იყო, რომ ჩემი ტელეფონი ოკეანის გაღმიდან მომავალი ზარებისგან აფეთქდა. ბავშვებს უნდოდათ გაეგოთ, ცოცხალი ვიყავი თუ არა და დიდი ძალისხმევა დამჭირდა მათ დასარწმუნებლად, რომ იმ დროს პარიზში არ ვყოფილვარ. ჩვენ გვესმის, რომ ასეთ წუთებში შფოთვას აზრი არ აქვს. მუდმივი შიშისა და წუხილის გარდა, რას მაძლევს ამ დროს საინფორმაციო გამოშვება? ამიტომ ვთიშავ ინფორმაციის წყაროს და აღარ ვუყურებ“.

ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს, უსარგებლო შფოთვასთან ერთად, შეუძლია ჩვენი ყურადღება მოსწყვიტოს იმას, რაც ჩვენს სიახლოვეს ხდება და მნიშვნელოვანია. ცუდ ამბებზე კონცენტრირების გამო შესაძლოა არ ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქალაქში ან უბანში, აღარ ჩავერთოთ სასარგებლო საქმეებში როგორც მოხალისეები, აღარ დაგვაინტერესოს არჩევნებმა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე. ავტორი გვირჩევს, შვილებსა და მოსწავლეებთან ერთად გავხდეთ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ნაწილი, ოჯახის ცხოვრების წესად ვაქციოთ საზოგადოებრივი აქტივობა, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა.

მეორე, არანაკლებ საინტერესო ექსპერტი ალენ ბრაკონიე, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და წიგნის „ოპტიმისტი ბავშვი: ოჯახსა და სკოლაში“ ავტორი, დეტალურად მოგვითხრობს, რომ ოპტიმიზმი ჩვენს ორგანიზმზე დადებითად აისახება. ის ამაღლებს თვითშეფასებას, რასაც იმუნიტეტი მაშინვე ეხმიანება. ოპტიმისტი დიდხანს რჩება აქტიურ პიროვნებად, მალე აღიდგენს თავს ტრავმის, გადაღლისა და ავადმყოფობის შემდეგ.

კითხვას, როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი და მოვმართოთ მისი აზროვნება ოპტიმისტურად, ალენ ბრაკონიე ასე პასუხობს: „ოპტიმიზმი – ეს არის, ერთი მხრივ, მოვლენათა დადებითი განვითარების დანახვის უნარი, მეორე მხრივ კი პრობლემების გონივრული შეფასების შესაძლებლობა. პესიმისტები კი მიდრეკილნი არიან მსჯელობის გაუფასურებისა და ნეგატიური განზოგადებისკენ. პესიმისტები ხშირად ამბობენ: „მე არაფერს წარმოვადგენ“, „არ შემიძლია გარემოებებთან გამკლავება“. ოპტიმისტები არ იციკლებიან იმაზე, რაც უკვე მოხდა და ცდილობენ, იმაზე იფიქრონ, რა აკეთონ მომავალში.

ყველა ბავშვი დაბადებიდანვე ამჟღავნებს ოპტიმიზმის ნიშნებს. თვეების ჩვილი უღიმის მშობლებს, აჩვენებს, რომ კარგად არის. ის ცნობისმოყვარეა, იტაცებს სიახლეები, ახალისებს ყველაფერი, რაც მოძრაობს და ხმას გამოსცემს, გამუდმებით მოითხოვს ყურადღებას, სწრაფად ხდება გამომგონებელი: სურს, ყველაფერი მოსინჯოს, ყველაფერს მიაღწიოს.

მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურია. ექსპერტთა აზრით, ასეთი ბავშვების რაოდენობა 25%-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მეოთხედისთვის ბუნებრივი ოპტიმიზმის გაღვივება სწავლებითა და შესაბამისი ატმოსფეროს შექმნით შეიძლება.

როგორ მოვახერხოთ ეს? როდესაც ბავშვი იზრდება, ის წინ აღუდგება შეზღუდვებს და შესაძლოა, გახდეს აგრესიული და უბედური. ოპტიმიზმი მას სირთულეების დაძლევაში ეხმარება. ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ოპტიმისტი ბავშვები ბევრს იცინიან და თამაშობენ, ნაკლებად აშფოთებთ მშობლებთან განშორება, უკეთ იტანენ მარტოობას, შეუძლიათ თავის გართობა.

ასეთი რომ გახდეს, ბავშვი ისე უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენზე მისი მოჯაჭვულობა დამოკიდებულებას არ ჰგავდეს, მაგრამ, იმავდროულად, პატარას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა. უფროსების მის გვერდით ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ძილის დროს. მას ეს სჭირდება, რათა ისწავლოს შიშის, განშორების, დანაკარგის გადატანა, – მიაჩნია წიგნის ავტორს.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის წაქეზებაა ყველაფერში, რასაც ინტერესით მოეკიდება, სპორტი იქნება ეს თუ ხატვა. როდესაც ბავშვი ჯიუტად მიისწრაფვის წარმატებისკენ, დადებითი თვითშეფასება უყალიბდება. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვის მიერ საკუთარი თავის დადებითად აღქმას, მაგალითად, წარსული წარმატებების ხშირად შეხსენებით.

ალენ ბრაკონიე დარწმუნებულია, რომ გონვრული ოპტიმიზმი არაფერში გვიშლის ხელს და არაფერი აქვს საერთო „ვარდისფერი სათვალის“ სინდრომთან. პირიქით, ის რეალობასთან ადაპტირებაში გვეხმარება. კვლევები მოწმობს, რომ ოპტიმისტები უფრო უკეთ ახერხებენ მობილიზებას სტრესულ სიტუაციაში და მოქნილად აზროვნებენ პრობლემებთან შეჯახებისას.

მე ვაღიარე ჩემი მოსწავლეები და მე მაღიარა მსოფლიომ

0

 

24 მარტს, დუბაიში დაგეგმილ წლის საუკეთესო მასწავლებლის  დაჯილდოების ცერემონიალზე, დაასახელებენ  ბრიტანელ ენდრიუ მოფატს ან ინდოელ სვარუპ რავალს, შეიძლება, ეს იყოს კენიელი პიტერ ტაბიჩი, ბრაზილიელი დებორა გაროფალო ან, სულაც, ამერიკელი მელისა სალგუერო… და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ სცენაზე ლადო აფხაზავას მოუხმობენ, პატარა ქვეყნის ციცქნა სოფლის რიგით მასწავლებელს – ეს პატარა ქვეყანა წამში დედამიწამდე გაიზრდება, სოფელი ჩიბათი კი მსოფლიო რუკაზე მოინიშნება. ასე კი მართლა შეიძლება მოხდეს, რადგან 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა უკვე ირიცხება მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელთა სიაში – ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული!

ეს ყველაფერი დუბაიში მოხდება, მანამდე კი ლადო აფხაზავა ლანჩხუთიდან თბილისში, თბილისიდან ბორჯომში და მერე ისევ ლანჩხუთში, საღამოს ქუთაისში, დილით კი კვლავ თბილისში ბრუნდება. ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში იწვევენ, უსმენენ, ელაპარაკებიან, რჩევას ეკითხებიან ან საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ამას კი არასდროს იზარებს, ყველანაირ დაღლას თუ მოუცლელობას გვერდით დებს და ხვდება ადამიანებს, ვისაც არა თავად ლადო აფხაზავა, არამედ მისი მეთოდები, მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება აინტერესებს. თავის მთავარ გამარჯვებადაც სწორედ ამას მიიჩნევს: „2017 წლის ეროვნული ჯილდოს აპლიკაცია იმიტომ კი არ შევავსე, რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა, არამედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, ჩემი პრაქტიკის, მეთოდებისა და შედეგების გაზიარება მინდოდა. ამ კონკურსის მთავარი მიზანიც ეს არის – კოლეგებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა და არა თვითტკბობა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის მონაწილე მასწავლებელთა უმეტესობა, სწორედ, ამიტომ ავსებს განაცხადს, რადგან ჩვენს პროფესიას ეს ძალიან სჭირდება“.

შეავსო და გაიმარჯვა კიდეც. გახდა წლის ყველაზე ინოვაციური მიდგომების მქონე, მოსწავლეების უკეთეს შედეგზე ორიენტირებული მეთოდებისა და სასწავლო პროცესში ძირეული ცვლილებების დამნერგავი მასწავლებელი. გაიმარჯვა, მაგრამ ეს წარმატებაც ბევრი მარცხის შემდეგ მოვიდა. არ მალავს, რომ წარუმატებლობაც ბევრჯერ უწვნევია, უამრავი უშედეგო პროექტი დაუწერია და ინიციატივა წამოუწყია, მაგრამ ამას კიდევ უფრო გაუძლიერებია, რადგან ლადო აფხაზავას მიზანი აქვს: „მაქვს მიზანი, გარემო უკეთესობისკენ შევცვალო და ჩემმა მოსწავლეებმა ყველანაირ გამოწვევას უპასუხონ. დრო ძალიან სწრაფად გადის და არასდროს მყოფნის. ზოგჯერ, ვიდრე რაღაც პროექტს დავიწყებ და განვახორციელებ, ისე ხდება, რომ ვისთვისაც დავიწყე, ის ბავშვები სკოლას ამთავრებენ და ჩემგან მიდიან. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა თითოეულ მოსწავლესთან მოვასწრო მუშაობა, ყველას ინდივიდუალურად მივუდგე და სწორი შედეგი მივიღო“.

სტერეოტიპების დანგრევა ლადო მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მისი პროექტების უმეტესობა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, რადგან მიაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში, თუნდაც პატარა სოფლიდან თბილისში ჩამოსულ ადამიანს, ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება. მაგრამ არ გაუჭირდებათ ჩიბათელ ბავშვებს, რომლებსაც ტოლერანტობის საფუძვლები უკვე გავლილი აქვთ და მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებისთვისაც მზად არიან.

ამ თემაზე საუბრისას ლადო აფხაზავა სოფელ ნიგვზიანში ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებასა და თავისი მოსწავლეების გადაწყვეტილებას იხსენებს: „თემაზე მუშაობა ნიგვზიანში კონფლიქტის დაწყებისთანავე დავიწყეთ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ საკლასო ოთახში ამაზე საუბარი შედეგს არ მომცემდა, ამიტომ ბავშვები ორივე დაპირისპირებულ მხარეს შევახვედრე, მოისმინეს მათი პოზიცია, აიღეს ინტერვიუები, დაამუშავეს მიღებული ინფორმაცია, გახდნენ თავად პროცესის მონაწილეები და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაც დაიწყეს. ვხედავდი, რომ არსებული მდგომარეობა ემოციურად ძალიან აწუხებდათ. შემდეგ გადაწყვიტეს, მოდი, ერთი გაკვეთილი მეჩეთში ჩავატაროთო. ამ იდეამ მეც ოდნავ დამაფრთხო და არც დაპირისპირებულ მხარეებს მოეწონათ. ნიგვზიანში ჩასულებს ნეგატიურად განწყობილი მთელი სოფელი გარეთ დაგვხვდა, მაგრამ როგორც კი ბავშვებთან ერთად დამინახეს, მაშინვე გზა დაგვითმეს და თავისიანად მიგვიღეს. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებმა უკეთესად იცოდნენ, რომელი ნაბიჯი იქნებოდა სწორი – მათ მე თავად მასწავლეს! ამიტომაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე: მე ვაღიარე ჩემი მოწავლეები და მე მაღიარა მსოფლიომ“.

ჩიბათი და მიმდებარე სოფლები ლადო აფხაზავასთვის დამატებითი საკლასო ოთახებია. ცდილობს, ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლებშიც მთელი თემი იქნება ჩართული, რაც სამოქალაქო თვითშეგნების „ვირუსის“ გასავრცელებლად საუკეთესო მეთოდია. გარდა ამისა, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებს უფრო ახლოდან ეცნობიან, რაც მათთან მეტ სიახლოვესაც იწვევს. სწორედ, ასეთი პროექტი იყო „ეთნორძლები და ჩემი სოფელი“. მოსწავლეები სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ ქალბატონებს – სოფლის რძლებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ ტრადიციებს, რელიგიურ თავისებურებებს, სამზარეულოს, ისტორიას და მთელი სოფელი შეიცვალა – მანამდე ეთნიკური ნიშნით გარიყული ადამიანები მიიღო, და როგორც ლადო აფხაზავა ამბობს: „გურულმა ქალებმა სომეხი ჟაკლინაც ისევე დაპატიჟეს ყავაზე, როგორც მანამდე აგრაფინას პატიჟებდნენ, რადგან დაინახეს, რომ მათი შვილები ერთმანეთს სტუმრობდნენ, მეგობრობდნენ და ისიც გაიგეს, რომ სომეხმა რძალმა, თურმე, ტოლმის გადასარევი რეცეპტი იცოდა. სოფელს ასეთი ტრანსფორმაცია აუცილებლად სჭირდებოდა, ჩემი მოსწავლეები კი ბავშვობიდან ეზიარებიან ეთნიკურ მრავალფეროვნებას და მზად არიან მსოფლიოსთან შესახვედრად. ძალიან მახარებს ისიც, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას მთელი თემი და ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი გვერდში მიდგება, რადგან იციან, რომ თანამედროვე ადამიანს ყველაფრის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ამის მიმღებლობა ყველას აქვს, ხოლო ჩვენი, როგორც მასწავლებლების მისია მიღების დამაბრკოლებელი ბარიერების აღმოჩენა და წაშლაა. ამისთვის კი თავად მასწავლებელიც მიმღები უნდა იყო. დგას თუ არა ეს პრობლემა ჩვენს სკოლებში? დიახ, დგას. მასწავლებელთა ნაწილის სამოქალაქო ცნობიერება, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, რაც უკვე მთლიანად ჩვენი საზოგადოების პრობლემაა“.

ახლა კი გაიხსენეთ, როგორები იყავით 15-16 წლისები. სწორედ ასეთები არიან ლადო მასწავლებლის მოსწავლეებიც – გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები ასაკობრივი განცდებით. აქვთ ყოფითი პრობლემებიც, ზოგს უცხოეთში სამუშაოდ წასული მშობელი წლებია არ უნახავს. ისიც ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე მათგანი ლადო აფხაზავას საკუთარ სახლში ჰყავს შეფარებული. ამ ბავშვებს მეტი სითბო, მხარდაჭერა, წახალისება და აღიარება სჭირდება. იქნებ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელში მოხვედრილი ლადო აფხაზავა კვლავაც ერთი პატარა სოფლის მასწავლებლად რჩება და, როგორც ამბობს, მომავალშიც ასე აპირებს: „არ მივეკუთნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც შედეგის მალე მიღების მიზნით რიგიდან რიგში გადადიან, საბოლოოდ კი ცარიელი ხელებით რჩებიან. წყნარად ვდგავარ იმ რიგში, საიდანაც დავიწყე, და თავადაც ხედავთ, რას მივაღწიე. ჩემი პატარა სოფლის სკოლას ყველა იცნობს, მთელი მსოფლიო; ჩიბათს მთელი ქვეყნიდან სტუმრობენ მოსწავლეები და მასწავლებლები – ბათუმიდან, სენაკიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან, ჩამოდიან ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩები, სხვადასხვა საპატიო სტუმრები – ეს პატარა სოფელი ჩემთვის ყველაზე  დიდია“.

პროფესიით ეკონომისტია, მასწავლებლის დიპლომი არ აქვს. ეს ბევრჯერ წამოუძახებიათ, მაგრამ არასდროს გამხდარა უკან დახევის მიზეზი. პირიქით – კრიტიკა კიდევ უფრო აძლიერებს და მეტის გასაკეთებლად განაწყობს. ამბობს, ბავშვობიდან ასეთი ვიყავიო – მიზანდასახული და არსებული რეალობის შესაცვლელად განწყობილი. სკოლაში სწავლის პერიოდიდან ყველაფერს – რაც მოსწონდა ან, პირიქით,  სწორად არ მიაჩნდა – უბის წიგნაკში ინიშნავდა. დროთა განმავლობაში ხვდებოდა, რომ ზოგი მანამდე მოწონებული რამეც არ იყო კარგი და გადაფასების პროცესიც თავიდან იწყებოდა. სწორედ ამ პროცესში მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო მასწავლებელი, რათა ჯერ თავად ესწავლა, შემდეგ კი სხვისთვის ესწავლებინა.

ლადო აფხაზავას მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო და არა ჯილდოები და აღიარება, რადგან წარმოუდგენელია, ჩვენს ქვეყანაში იყო მასწავლებელი და თან ჯილდოზეც იფიქრო. მისი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა საქმეს ისე აკეთებს, ზოგჯერ ვერც კი იაზრებენ საკუთარი შრომით რას ქმნიან: „მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ყველა ფინალისტს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ყველა ასე ფიქრობს. მეტიც, როდესაც ათეულებში მოხვდნენ, მერეღა გააცნობიერეს, რომ თურმე დიდ საქმეს აკეთებენ. მე, ჯაბა ლაბაძე, ეკა წულუკიძე, ნინო აბულაძე, თეა ნონიკაშვილი, მაია ტყემალაძე და უამრავი სხვა საუკეთესო მასწავლებელი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ პროფესია მოსწავლეების ცხოვრებაში დიდი გარდატეხის შესატანად გამოვიყენოთ, ამ ყველაფერს კი იმდენად გულით ვაკეთებთ, რომ ზოგჯერ ის მეთოდებიც არ გვახსოვს, რომლებითაც ოპტიმალური შედეგი მივიღეთ. ადრე საკუთარ თავს არ ვიცნობდით, ახლა კი ჩვენი პროფესიის ყველა უპირატესობა დავინახეთ“.

დუბაიში 21 მარტს მიემგზავრება. დაჯილდოების ცერემონიალამდე განათლების სფეროში არსებული სიახლეების, გამოწვევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ კონფერენციებს, ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებს დაესწრება. 24 მარტს კი მთელი მსოფლიო ათ ფინალისტ მასწავლებელზე იქნება კონცენტრირებული. მსოფლიოსთან ერთად იღელვებს პატარა ჩიბათიც, მისი თითოეული მოსახლე, განსაკუთრებით კი მოსწავლეები, ვისთვისაც ლადო მასწავლებელი უკვე არის გამარჯვებული, ჩემპიონი, ნამდვილი სუპერგმირი.

საუბრის ბოლოს მიწაზე ვეშვებით და წლის საუკეთესო მასწავლებლისთვის დაწესებულ მილიონ დოლარსაც ვახსენებთ. კითხვაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ფულით, ლადო აფხაზავა მპასუხობს: „თუ მილიონი მხოლოდ შენთვის გინდა,  ცოტაა, მაგრამ  თუ მას სხვებს მოახმარ, მაშინ ძალიან დიდი ფულია. ვინაიდან მილიონით უამრავი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება, ის ჩემთვის არ მინდა. მაგრამ ახლა, ამაზე მეტად, იმ მომენტზე ვფიქრობ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება და სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან  დავბრუნდები“.

ერთი აქტივობა და მოსწავლეთა ურთიერთშეფასება

0

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების მეთოდს მასწავლებლები წარმატებით იყენებენ და ძნელია რამე სიახლე შესთავაზო ამ მხრივ კოლეგებს, თუმცა მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ კუთხით და განვიხილო ჩემ მიერ აპრობირებული ერთი აქტივობა.

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების გამოყენების ჩემეული აქტივობის  ეტაპები ასეთია:

(მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში).

პ ი რ ვ ე ლ ეტაპზე წყვილები ერთმანეთს გაუცვლიან რვეულებს და მეწყვილეს რვეულში ჩაუწერენ რამდენიმე შეკითხვას გამოსაკითხი ან გასამეორებელი მასალიდან.შეკითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მასალაზე, სიტუაციაზე და დროის ლიმიტზე.მოსწავლეებმა წინასწარ იციან რა დროში  უნდა შეასრულონ სამუშაო.

მ ე ო რ ე ეტაპზე წყვილები გაცვლიან რვეულებს და იწყებენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. დავალება უნდა შესრულდეს წინასწარ განსაზღვრულ დროში.

 მ ე ს ა მ ე ეტაპზე წყვილები კვლავ გაცვლიან რვეულებს და იწყებენ მეწყვილის ნამუშევრის შეფასებას. შეფასების კრიტერიუმები მარტივია და წინასწარაა განსაზღვრულ-შეთანხმებული.

მაგ: უნდა მომზადდეს 5 შეკითხვა, რომელთაგან თითოეული ფასდება 2 ქულით. თუ პასუხი სწორია, მაგრამ ამომწურავი არ არის-1ქულა; თუ პასუხი არასწორია ან არ არის- 0 ქულა.

ამ გზით მეწყვილის შეფასება მარტივი აღმოჩნდა მეხუთეკლასელებისთვისაც კი, რომლებთანაც აქტიურად ვიყენებდი ამ მეთოდს გასულ სასწავლო წელს.

თითოეულ მეწყვილეს ევალება დაწეროს განმსაზღვრელი შეფასება და იქვე მიუთითოს, რატომ დაწერა მოცემული ქულა.( თუ აქტივობას გამოვიყენებთ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში, უნდა გავითვალისწინოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განმსაზღვრელი შეფასების ნაცვლად მხოლოდ განმავითარებელი შეფასების მარტივი ფორმა შევასრულებინოთ მოსწავლეებს. მაგ: შეკითხვას სრულყოფილად უპასუხა; მხედველობიდან გამორჩა ესა თუ ის საკითხი; და სხვა.

მ ე ო თ ხ ე ეტაპზე მეწყვილეები კვლავ გაცვლიან რვეულებს და ეცნობიან მიღებულ შედეგებს. თითოეულ მოსწავლეს აქვს უფლება გააპროტესტოს  მიღებული შეფასება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ასრულებს არბიტრის როლს. იგი ისმენს ორივე მეწყვილის აზრს და გასცემს ეფექტურ  უკუკავშირს. თუ ურთიერთშეფასების შედეგებს ყველა მოსწავლე ეთანხმება, ამ შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს და აქტივობას იყენებს განმავითარებელი შეფასებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე კენტი რაოდენობის მოსწავლეა და ერთი მოსწავლე რჩება მეწყვილის გარეშე. ამ შემთხვევაში მისი მეწყვილე ხდება მასწავლებელი. ჩემი აზრით, მასწავლებელმა იდეალურად  არ  უნდა უპასუხოს მოსწავლე-მეწყვილის შეკითხვებს  და მისცეს მას საშუალება კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მასწავლებელი. საწყის ეტაპზე მოსწავლეები მაღალი ქულებით აფასებენ მასწავლებელს და ნაკლებია კრიტიკული ანალიზი, მაგრამ თანდათან მასწავლებლის უკუკავშირის და წახალისების შემდეგ მოსწავლეები გადადიან ობიექტურ შეფასებაზე.

აქტივობის გამოყენების დადებითი ასპექტებია:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და უვითარდებათ თანაგანცდა მასწავლებლის და მეწყვილის მიმართ;
  • უკუკავშირი გაიცემა არა მარტო მასწავლებლის, არამედ თანატოლის მიერ;
  • აქტივობის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში და ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში;
  • მოსწავლეები ეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს და თვითონვე იყენებენ მას,  შემდეგში მათთვის ადვილი გასაგები ხდება მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები,   მოსწავლეები ეჩვევიან ობიექტურობას. იციან, რომ აუცილებლად მოუწევთ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება;
  • იზრდება მოტივაცია, ხალისი და შესაძლებელია მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა(რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვან კლასებში).

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას, შეფასების კრიტერიუმებს, დროის ლიმიტს, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ეჩვევიან წესებს, ამ პროცედურებზე ძალიან ცოტა დრო იხარჯება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ აქტივობას ძირითადად განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებ. მოსწავლეებს მოსწონთ მასწავლებლის როლში ყოფნა და საკუთარი თანატოლისაგან მიღებულ უკუკავშირს უფრო ადეკვატურად აღიქვამენ. ეს ერთგვარი როლური თამაშია, სადაც მოსწავლეც გამარჯვებულია და მასწავლებელიც.

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირება ისტორიის გაკვეთილზე

0

ისტორიის საგნობრივი კურსის გავლისას ხშირად ვიყენებთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მასალის ღრმად და ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლას. მათ შორის მნიშვნელოვანია სავარჯიშოები, რომლებიც მსგავსებათა და განსხვავებათა იდენტიფიკაციისკენაა მიმართული.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა და საგანთა და მოვლენათა ნიშან-თვისებების აღწერა მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, ხოლო მეთოდები და სტრატეგიები, რომლებითაც მოსწავლეს მათ გამოვლენასა და გამოყენებას ვასწავლით, შეიძლება სწავლის საფუძვლად ჩავთვალოთ.

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირებისთვის ფართოდ გამოიყენება შედარება. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც თვით მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესი. შედარებისას აქცენტი დაისმის ისეთ მახსიათებლებზე, როგორიცაა:

  • გრაფიკული სქემები – შედარების მატრიცა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ნათლად ხედავენ, როგორ ჰგავს ან განსხვავდება ერთმანეთისგან ორი მოვლენა ან საგანი კონკრეტული ნიშნების მიხედვით;
  • ვიზუალიზაციის საშუალებები, მაგალითად, რუკები, სურათები, ისტორიული დოკუმენტები, ცხრილები (ისინი შეიძლება დავხაზოთ დაფაზე, ფლირჩატზე ან ვაჩვენოთ პროექტორით) და ა.შ.

მსგავსებასა და განსხვავებაზე ორენტირებული დავალებები აქტიურად გამოიყენება ახალი მასალის ახსნისას, დამოუკიდებელი და კვლევითი ხასიათის სამუშაოს, კლასგარეშე და დამატებითი დავალებების შესრულებისას და სხვ.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენის პროცესი არც ისე მარტივია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის მხარდაჭერას, რადგან მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს მეთოდის ეფექტური ფორმების – შედარების, კლასიფიკაციის, მეტაფორის, ანალოგიის – გამოყენების ათვისებაში, რაც მოსწავლისთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შეგვიძლია, გაკვეთილზე წინასწარ მომზადებული ცხრილებიც გამოვიყენოთ, შედარებაზე ორიენტირებული კითხვები კი შეიძლება დასვან როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებელმაც. დავალების სწორად შესრულებისთვის აუცილებელია, მოსწავლეებს მივცეთ მკაფიო, დეტალური ინსტრუქციები და აქტიურად ვამუშაოთ სტრუქტურირებულ სავარჯიშოებზე, რომლებსაც მოსწავლეები თავად აირჩევენ განსაზღვრული პრინციპის მიხედვით:

ა) იმ საგნებისა და მოვლენების ზუსტად განსაზღვრა, რომლებიც უნდა შეადარონ ერთმანეთს;

ბ) იმ კონკრეტული მახასიათებლების გამოკვეთა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს შედარება.

ძირითადად რისთვის იყენებენ მოსწავლეები ისტორიის გაკვეთილზე მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიცირებას? რას ადარებენ ერთმანეთს?

მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაცია მოსწავლეს შეიძლება დასჭირდეს ცალკეულ პირებზე, ისტორიულ მოვლენებსა თუ ეპოქებზე მსჯელობის დროს. ასეთი სავარჯიშოები მას შეგვიძლია მივცეთ დაწყებით საფეხურზეც – „ჩვენი საქართველოს“ კურსის ფარგლებში – და მერეც, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. კერძოდ, შეგვიძლია მოვთხოვოთ ასეთი დავალების შესრულება: „იპოვეთ მსგავსება და განსხვავება“ (რაიმე კონკრეტული ნიშნით, ან როგორც თავად მოსწავლე აირჩევს):

  • საქართველოს / მსოფლიოს რეგიონებს შორის;
  • ისტორიული მხარეების ტრადიციებსა და კულტურის ელემენტებს შორის (რელიგიები, შრომითი თუ სადღესასწაულო რიტუალები, სპორტული თამაშობები, კულინარია, ტურიზმი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგი და ა.შ.);
  • მსოფლიო ომებს შორის (ასურეთისა და აქემენიდების ბრძოლები; ჯვაროსნული ომები; ასწლიანი, ოცდაათწლიანი და ოპიუმის ომები);
  • პოლიტიკური მმართველობის ფორმებს შორის (მონარქია, დიქტატურა და სხვ.);
  • მმართველ დინასტიებს შორის (შტაუფენები, კაროლინგები, ბაგრატიონები, რომანოვები და სხვ.) ;
  • მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორის (არქეოლოგიური, ტექნიკური და სხვ. მაგალითად, ტუტანხამონის აკლდამა, მოჰენჯო დარო, მაჩუ-პიკჩუ, ალტამირა, ნიუტონისა და პასკალის კანონები და ა.შ.);
  • ცნობილ მთავარსარდლებსა და სამხედრო სტრატეგოსებს შორის (ჰანიბალი და მითრიდატე პონტოელი; ალექსანდრე და იულიუს კეისარი; ჩინგიზ ყაენი და თემურ-ლენგი; ფრიდრიხ II დიდი და ერეკლე II; ნაპოლეონ ბონაპარტე, სუვოროვი და კუტუზოვი და ა.შ. );
  • სხვადასხვა ეპოქის სტატისტიკურ მონაცემებს შორის;
  • ისტორიული ხასიათის თხზულებებს შორის და სხვა.

მოვიყვანოთ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციისკენ მიმართული დავალების კონკრეტული მაგალითი IX კლასის საქართველოს ისტორიის კურსიდან:

სიტუაცია: „მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს ეხება. მათ შორისაა VI საუკუნეში ირანისა და ბიზანტიის იმპერიის ბრძოლები ეგრისისთვის, რომელიც „დიდი ომიანობის“ სახელითაა ცნობილი. ომის პროცესში, 554 წელს, ბიზანტიელმა სარდლებმა ვერაგულად მოკლეს ეგრისის მეფე გუბაზ II, რასაც დიდი ვნებათა ღელვა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის გადახედვა მოჰყვა. ეგრისელებმა საერთო სახალხო კრება გამართეს და ერთად განიხილეს ქვეყნის მდგომარეობა და ისტორიული განვითარების პერსპექტივა. ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა დაგვიტოვა ამ ამბის ჩანაწერი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს“.

მოცემული თემა ხელსაყრელი ნიადაგია მასწავლებლისთვის, იზრუნოს მოსწავლეთა შორის სააზროვნო უნარების სრულყოფაზე და დაგეგმოს მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციაზე მუშაობა.

აქტივობის აღწერა:

I ეტაპზე მასწავლებელი ხსნის მასალას, აცნობს მოსწავლეებს თემის საკვანძო საკითხებს, ესაუბრება ბიზანტიისა და ირანის დაპირისპირების მიზეზებსა და შედეგებზე.

II ეტაპზე გამოიყენებენ შედარების ცხრილს (რომელიც გამოისახება დაფაზე, რვეულებში ან პროექტორის ეკრანზე). მოსწავლეები იწყებენ მსგავსებათა და განსხვავებათა იდენტიფიკაციას, შედარებას, აანალიზებენ მასალას, მართავენ მცირე დისკუსიას, მუშაობენ ინდივიდუალურად ან წყვილებად (შეიძლება ჯგუფური სამუშაოს ორგანიზებაც), გამოთქვამენ მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები და ავსებენ ცხრილს.

შედარების ხაზი ეგრისის/კოლხთა სახალხო კრება კრება ხობისწყალთან
თარიღი 555 წ. 554 წ.
ვინ და რა მიზნით გამართა კრება? ეგრისელებმა / კოლხებმა გამართეს საერთო-სახალხო კრება მეფე გუბაზ II -ის მკვლელობის გამო ბიზანტიელი სარდლების – მარტინეს, ბესას, რუსტიკეს – შეკრება ხობისწყალთან გუბაზ მეფის მოღალატურად მოკვლის მიზნით
ვინ მონაწილეობს შეკრებაში? მოსახლეობის რომელი ფენები? ხალხი, მოსახლეობის ყველა ფენა ბიზანტიელი სარდლები და ეგრისის მეფე გუბაზ II
რისთვის შეიკრიბნენ? ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის გადასაწყვეტად ბიზანტია-ეგრისის ომის პირობებში ბიზანტიელი სარდლების ქმედებათა გამო
ისტორიული მნიშვნელობა გადაწყდა ქვეყნის მომავალი პოლიტიკური კურსი, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გამოავლინა საგარეო ორიენტაციის სირთულეები; გაიზარდა რომის გავლენა; დადასტურდა რომის იმპერიისთვის ეგრისის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

დავალების შესრულებისას მოსწავლეთა სააზროვნო უნარები მაქსიმალურად ძლიერდება. დამოუკიდებელი მუშაობისას, გამოყოფენ რა საკითხებს შედარებისთვის და მსგავსებათა და განსხვავებათა გამოსავლენად, ისინი საინტერესო შედეგებს აჩვენებენ.

ცნობილია, რომ ამ ტიპის დავალებების შესრულება განსაკუთრებით ნაყოფიერია ისტორიულ დოკუმენტებსა და წყაროებზე მუშაობისას, ამიტომ მასწავლებელი აგრძელებს ამ თემაზე საუბარს და კიდევ უფრო მაღალ შედეგებზე გადის – დგება III ეტაპი – მოსწავლეები იწყებენ ტექსტის კიდევ უფრო დაწვრილებით შესწავლას. ისინი გამოყოფენ საკვანძო ინფორმაციას და მის მიხედვით ადარებენ ერთმანეთს ფაქტებსა და მოვლენებს.

აიეტის სიტყვა: „გაქრა კოლხების ძველი ღირსება – დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ… ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან… რა თქმა უნდა, რომაელები იმ ხალხს უფრო თავხედურად ექცევიან, ვინც მათ ემორჩილება, ზემოდან უყურებენ ყველას, ვინც მათ ემსახურება… მე მინდა, კოლხეთის სამეფომ დაიბრუნოს ძველი დიდება, არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, მინდა, როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ რაკი ჩვენ ჟამთა ვითარებისა და ბედის უკუღმართობის გამო ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითები გავხდით, ისევ სჯობია, იმის ხელქვეითი ვიყოთ, უფრო კეთილგანწყობილია, ვინც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავისიანებსა და მოკავშირეებთან“.

ფარტაძის სიტყვა: „გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია და კეისარი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე“.

 

N საკითხები შედარებისთვის ბიზანტიის მომხრეები ირანის მომხრეები

ქვეყნის პოლიტიკური

მდგომარეობა

მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია, რომი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. რომაელები მათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება, ამიტომ სჯობია, იმის ხელქვეითები ვიყოთ, ვინც უფრო კეთილგანწყობილია
ქვეყნის ისტორიული ორიენტაცია მწუხარების დავიწყება, გინივრული მიდგომა და საუკეთესო გზის არჩევა. რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახული, სპარსელები კი უფრო სანდონი არიან.
პრობლემის გადაჭრის გზა ირანთან კავშირის წამგებიანობის გამო რომმა უნდა დასაჯოს დამნაშავეები და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმა, წათე, დაამტკიცოს. ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტა და ირანის მხარეზე გადასვლა

 

დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე კოლხები სასოწარკვეთილებას კი არ უნდა აჰყვნენ და მონებივით კი არ უნდა გაიქცნენ, არამედ უნდა გაიმსჭვალონ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადაიტანონ უბედურება და არ ჩაიდინონ რამე უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. კოლხეთის სამეფომ უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება, რომ არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, რომ როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს თავის ძალებს ეყრდნობოდეს.
დამოკიდებულებების შინაარსი ქვეყნისთვის უკეთესი, უფრო ღირსეული გზის არჩევა

მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, რომ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციაზე მუშაობით მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან ისტორიულ მასალას და ნარატივებს, ამისთვის იყენებენ მსჯელობას, დაკვირვების, ანალიზის, დისკუსიის, დასკვნების გამოტანის, პრობლემის გადაჭრის და სწორი კომუნიკაციის უნარებს, გამოკვეთენ ძირითად საკითხებს, მიმართავენ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, საინფორმაციო ტექსტთან ამყარებენ საკუთარ ემოციური კავშირებს, ახდენენ ცოდნის განზოგადებას, ამიტომ ასეთი დავალებები ძალიან შედეგიანია სწავლის ძირითადი ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და, შესაბამისად, წარმატებით გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში.

სტრატეგიები,  წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის

0

წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტში მოცემული ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებასა და, ზოგადად, ტექსტის გააზრებას, ამ მხრივ, პრობლემები გამოიკვეთა.

კვლევები ადასტურებს იმასაც, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წიგნიერი უნარ-ჩვევების ფლობა. წიგნიერი უნარ-ჩვევების მფლობელი მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებს. წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობების და თანამშრომლობის უნარებით. მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.

გაგება-გააზრების უნარის განვითარების  პროცესი არ არის ადვილად და თავისთავად განვითარებადი. წაკითხულის  გაგება-გააზრების სტრატეგიების გამოყენება ხანგრძლივად ისწავლება. გააზრების უნარ-ჩვევებს/სტრატეგიებს შევსება, გამდიდრება, გაძლიერება და უწყვეტი გადახალისება სჭირდება.

ჩემი პედაგოგიური კვლევის პროცესში, ერთად მოვუყარე თავი ჩემ მიერ სასწავლო პროცესში  ხშირად გამოყენებულ ყველა იმ ძირითად სტრატეგიას, რომელთაც კითხვის სწავლებისას ვიყენებ.  ჩემი დაკვირვებით, მათი სასწავლო პროცესში სისტემატიურად გამოყენება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პროცესს.  ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიებს და მათ მოკლე აღწერას. შესაძლოა თითოეული მათგანის მოდიფიცირება და მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაზე მორგება.

სტრატეგია სტრატეგიის აღწერა შეკითხვის მაგალითები
წინარე ცოდნის გააქტიურება მკითხველი გაიხსენებს და გაააქტიურებს, ტექსტის საკვანძო თემაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, დააკავშირებს წინარე ცოდნას კითხვის მიზანთან ან დავალებასთან. რა ვიცი ამის შესახებ?

სად რა წამიკითხავს ან მინახავს?

ვარაუდების გამოთქმა მოსწავლე კონტექსტის გამოყენებით წარმოიდგენს მოსალოდნელ მოვლენებს. წინასწარ განჭვრეტს, თუ რა მიმართულებით განავითარებს ავტორი ამბის მსვლელობას ან საკითხის განხილვას. რა მოხდება შემდეგ?

რას იტყვის ავტორი ამის შემდეგ?

კავშირების დამყარება/პარალელების გავლება მკითხველი ამყარებს სამი ტიპს კავშირებს:

წაკითხული ტექსტი – საკუთარი გამოცდილება,

წაკითხული ტექსტი – სხვა ტექსტები,

წაკითხული ტექსტი – გარესამყარო.

რასთან შეიძლება ამ მოვლენის/იდეის დაკავშირება?

რა პარალელების გავლებაა შესაძლებელი?

შეკითხვების დასმა მოსწავლე საკუთარ თავს უსვამს ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.

შეკითხვები შეიძლება ემსახურებოდეს ფაქტობრივი  ინფორმაციის ამოღებას, ცნებების/მოვლენების ანალიზს ან შინაარსის კრიტიკულად გააზრებას.

ვინ?

სად?

რა?

როდის?

როგორ?

რატომ?

რისთვის?

წაკითხული ტექსტის აბზაცებად დაყოფა და დასურათება /კომიქსი მკითხველი გამოკვეთს წაკითხული აბზაცების/მონაკვეთების ძირითად აზრს და აკეთებს ჩანახატს. ამოაგდებს ტექსტიდან მეორეხარისხოვან ინფორმაციას და მხოლოდ მნიშვნელოვანს ხატავს. იყენებს ფაქტობრივ ცოდნას, რაც ტექსტშია მოცემული, ნახატის საშუალებით წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟებს. რა არის ამ აბზაცის/მონაკვეთის მთავარი სათქმელი?

როგორ შეიძლება ნახატით გადმოვცე ეს?

როგორ გამოიყურება პერსონაჟი?

როგორია გარემო?

რა მოხდა ტექსტის დასაწყისში?

როგორ ვითარდება მოვლენები მომდევნო აბზაცში?

შეჯამება და ძირითადი აზრის გამოკვეთა წერილობით მკითხველი გამოკვეთს წაკითხული აბზაცების/მონაკვეთების ძირითად აზრს და მოკლედ აყალიბებს საკუთარი სიტყვებით წერილობით.  ერთმანეთს უკავშირებს საკვანძო იდეებს, ამოაგდებს მეორეხარისხოვან ინფორმაციას და კარგად იმახსოვრებს წაკითხულს. რომელი ინფორმაციაა პირველხარისხოვანი?

როგორ შეიძლება ამის თქმა მოკლედ?

პერსონაჟის რუკა მოსწავლეები ავსებენ სქემას, (სქემა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი) მუშაობისას რამდენჯერმე მიუბრუნდებიან ტექსტს, ეძებენ და აკვირდებიან პერსონაჟის დამახასიათებელ ადგილებს. შემდეგ წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს, განიხილავენ და მუშაობენ მათ დაზუსტება-დახვეწაზე ტექსტის მოშველიებით. მეთოდი ხელს უწყობს ტექსტში პერსონაჟის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნას, გააზრებასა და დასკვნების გამოტანას.

 

არსებობს რამდენიმე სქემა განსხვავებული კითხვებით. მათ შორის:

1.როგორია პერსონაჟი?

რა თვისებები აქვს მას? დაასაბუთეთ ტექსტიდან.

2.როგორია პერსონაჟი დასაწყისში? როგორ შეიცვალა ნაწარმოების ბოლოს? რატომ შეიცვალა პერსონაჟი?

3.როგორ გამოიყურება პერსონაჟი? რა აცვია? ვის ჰგავს? რას აკეთებს? როგორ იქცევა? რას გრძნობს? რაზე ფიქრობს? რა სურს? რა არის მისი მიზანი?

მკითხველის თეატრი / როლური თამაში მკითხველის თეატრი გულისხმობს ნაწარმოების ხმამაღალ როლურ კითხვაში მოსწავლეების ჩართვას. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას. მოსწავლეები (მკითხველები) გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციებს და მოქმედ პირთა ხასიათს ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით. მკითხველის თეატრი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთდროულად ივარჯიშონ კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარებაში.  მოსწავლეები სწავლობენ გამომსახველობით კითხვას.

მკითხველის თეატრის ჩატარებამდე უნდა განაწილდეს ტექსტი და განისაზღვროს როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები). ყოველმა მოსწავლემ რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ტექსტი ჩუმად. ისინი იმდენჯერ კითხულობენ ტექსტს, რამდენჯერაც საჭირო იქნება საკუთარ შესაძლებლობაში დასარწმუნებლად, როლის „შესაგუებლად”, თავისუფლად წასაკითხად.

რამდენი პერსონაჟია ნაწარმოებში?

როგორი ინტონაციაა საჭირო პერსონაჟის გრძნობების, განწყობის გადმოსაცემად? რას ამბობს და რას განიცდის პერსონაჟი?

რაზე ფიქრობს?  რას ამბობს ავტორი პერსონაჟის შესახებ? როგორ ახასიათებს იგი პერსონაჟს?

 

 

წარმოდგენილი სტრატეგიების დაუფლება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მათი სასწავლო პროცესში გამოყენება არ მოითხოვს განსაკუთრებულ მომზადებას. მასწავლებელს არ უწევს დიდი დროისა და ფინანსების დახარჯვა  შესაბამისი რესურსების შესაქმნელად და მოსაძიებლად. მთავარია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ეს სტრატეგიები.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოსწავლეებს ჩვევაში ჰქონდეთ წაკითხული ტექსტის გააზრება მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით, სხვადასხვა დისციპლინის შესწავლისას ან თუნდაც მხატვრული ლიტერატურის დამუშავებისას.  შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებითაც.

 

 

 

საკლასო წესები და დისციპლინის დაფა

0

ყოველგვარ თამაშს აქვს წესები. ამ წესების მიხედვით ვითარდება თამაში, ვლინდება გამარჯვებული თუ დამარცხებული. ბავშვები გაუცნობიერებლად პატარაობიდანვე ეჩვევიან წესების დაცვას, თავიანთივე შედგენილი წესების დაცვა კი განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის.

წლის დასაწყისში მოსწავლეებს ყოველთვის ვესაუბრები იმაზე, როგორ გარემოში ისურვებდნენ ყოფნას, რა მოსწონთ და რა – არა. მათთან ერთად ვადგენ საკლასო წესებს. გონებრივი იერიშის გამოყენებით დაფაზე ვწერთ იმ წესების ჩამონათვალს, რომელთა დაცვასაც ისურვებდნენ წლის განმავლობაში. ეს წესები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

* სკოლაში მოვდივართ დროულად;

* საკლასო ოთახში ვიცავთ სისუფთავეს;

* როცა აზრის გამოთქმა გვინდა, ვიწევთ ხელს;

* ყოველთვის გვაქვს გაკვეთილისთვის საჭირო ნივთები;

* სხვისი ნივთის ასაღებად ვითხოვთ ნებართვას;

* ვუფრთხილდებით საკუთარ და ერთმანეთის ნივთებს;

* პატივს ვცემთ ერთმანეთს;

* ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს და მასწავლებელს.

ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რას გულისხმობს ესა თუ ის წესი, მათ სათითაოდ განვიხილავთ, მერე ლამაზ ფორმატზე გადაგვაქვს და საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას ვაკრავთ. ვცდილობ, ისინი ბავშვებს ყოველდღიურად შევახსენო.

წესები ყველა კლასში სხვადასხვაა, რადგან მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით დგება.

დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის მოტივაცია უმთავრესია, მათ შორის – დისციპლინის დასაცავადაც, ამიტომ მას შემდეგ, რაც საკლასო წესები შევიმუშავეთ, გადავწყვიტე,  ისეთი რამ მომეფიქრებინა, რაც მათ ამ წესების დაცვის მოტივაციას აუმაღლებდა. შევადგინე დისციპლინის ემოციების დაფა. ფორმატზე დავაკარი სამი სხვადასხვა ფერის ემოცია:

მწვანე – გახარებული;

ყვითელი – უკმაყოფილო;

წითელი – მოწყენილი.

თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი დავწერე მუყაოს პატარა ნაჭრებზე, რომლებიც ემოციების გვერდით მიმაგრებულ კონვერტებში ჩაეტეოდა. დღის ბოლოს თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი იმის შესაბამის ემოციასთან აღმოჩნდებოდა, როგორც დაიცავდა საკლასო წესებს. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ემოციების დაფაზე მხოლოდ მათ დისციპლინას ვაფასებდი და არა აკადემიურ მიღწევებს.

კლასში არიან მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ სწავლა, მაგრამ დისციპლინით გამოირჩევიან. ეს დაფა მაძლევს საშუალებას, ასეთი მოსწავლეები კლასის წინაშე დადებითი კუთხით წარმოვაჩინო.

მას შემდეგ, რაც კლასში ემოციების დაფა გამოჩნდა, მოიმატა მოსწავლეებს მოტივაციამ, დღის ბოლოს მათი სახელი გვარი მწვანე კონვერტში მოხვედრილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში ისინი იცავდნენ საკლასო წესებს.

აქტივობები ინტეგრირებული გაკვეთილისთვის

0

,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)

ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში სხვა პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებული როლი ეკისრება  სამოქალაქო განათლების მასწავლებელს. რა მიმართულებით წარმართავს იგი მხატვრულ ტექსტზე მუშაობას, როგორ გამოიყენებს ამ მდიდარ მასალას, იმ უნარებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც აუცილებლად განსაზღვრავს მომავალში  საზოგადოების განვითარების დონეს.

 

საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის ძირითადი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
  • ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას;
  • დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება  და გაგაცნოთ, თუ როგორ ვიყენებ  ლიტერატურას სამოქალაქო განათლების ზოგიერთი საკითხის შესწავლის დროს.

მაგალითი  პირველი – IX კლასში როცა პიროვნულ  მახასიათებლებს ვაცნობ  მოსწავლეებს და  ვმსჯელობთ  აქტუალურ საკითხებზე  მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ  ცნობილი მონაკვეთი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან   და  საკითხის კარგად გააზრებისთვის მოსწავლეთა წყვილებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ სქემას, რომლის პირველ სვეტში არის გასააზრებელი მონაკვეთი შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან. მოსწავლეთა წყვილებმა ერთობლივად უნდა დაასრულონ   კოგნიტური სქემის შევსება და წარმოადგინონ.

ტექსტის მონაკვეთი მოსწავლის  კომენტარი  დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეიძლება შეფასდეს  – რა უნდა ექნა ლუარსაბს?
,,მართალი ხარ ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, ესეც კარგია, უარარაობას ეგა სჯობია, მაგრამ ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?“    

 

მოსწავლეთა წყვილების შესრულებული  სამუშაოების პრეზენტაციების შემდეგ, შეჯამების სახით   ვახსენებ მოსწავლეებს, რომ ადამიანის უმთავრესი ფუნქციაა ღმერთისკენ, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და ვახსენებ   ილიას  შემდეგ სიტყვებს:   კაცი არ არის ადამიანი, თუ იგი თავისი ცხოვრებით არ ეცდება იყოს  სრულქმნილი და სრულყოფილი“, ვთხოვ პერიფრაზს და ამავდროულად ვთხოვ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია  დღესაც თითოეული ადამიანისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის   თვითგანვითარებაზე და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა.

მაგალითი მეორე   IX კლასში როდესაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ვიხილავ თემას- ადამიანი და თავისუფლება,  მოსწავლეებს ვახსენებ ვაჟა – ფშაველას პუბლიცისტურ წერილს „რას ჰქვიან  თავისუფლება?“

 ვთხოვ  მოსწავლეებს  უპასუხონ კითხვებს:

  • როგორ ხსნის ვაჟა თავისუფლების არსს?
  • რა არის მონობაში აღზრდილი, გაუნათლებელი საზოგადოების ხვედრი?
  • როგორ გესმით: ,,თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა?’’
  • როგორ ახსნით ვაჟას აზრს-„კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი?’’
  • ,,რითი იზღუდება თავისუფლება?

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  მოსწავლეებს   ვახსენებ  ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას ,,მონა“ და ეზოპეს ისტორიას. მონას არ უყვარს თავისუფლება, მეტიც ეშინია მისი:

– რა ვუყოთ! იბრძოლე, განთავისუფლდები.

– მე სუსტი ვარ.

– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს.

– არ მაქვს იმედი….

…..

– მონობაზე უარესი რაღა იქნება?

– სიკვდილი. შიმშილი.

– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა. ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

 

ტექსტების წაკითხვის შემდეგ ვიყენებ აქტივობას-,, კიპა”, რომლის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან  კითხვებსა და პასუხებს შორის არსებულ კავშირს ტექსტთან მიმართებაში. ვაკრავ წინასწარ მომზადებულ ფორმატზე გამოსახულ „კიპას“ სქემას დაფაზე და ინდივიდუალურად ვურიგებ სქემის ფურცლებს ბავშვებს. მათ მკაფიოდ განვუმარტავ, რომ კონკრეტულ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და პასუხებს შორის დამოკიდებულება  შეიძლება იყოს ორგვარი: ზოგჯერ პასუხები ტექსტშია, ზოგჯერ-არა.

კითხვა-პასუხები ოთხი კატეგორიის მიხედვით  მაქვს დალაგებული: ,,იქვე, ტექსტში,“ ,,იფიქრე და მოიძიე,“ ,,ავტორი და მე“, ,,მე თვითონ“.

,, იქვე ტექსტში“- ამ კატეგორიის შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეს არ სჭირდება პასუხის სიღრმისეული გააზრება და დასკვნების გამოტანა. მაგალითად: მოსწავლეს ვთხოვ, ამოიკითხოს, რას  პასუხობს მონა , როცა მას ბრძოლისკენ მოუწოდებენ? ან ,,რას სთხოვს ქსენფსს ეზოპე?

,,იფიქრე და მოიძიე „ -ამ ტიპის კითხვებზე მუშაობის დროს მოსწავლეებს მოუწევთ ტექსტების სხვადასხვა მონაკვეთში მოცემული ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება.-როგორ გამოიყურება ეზოპე ფიზიკურად და როდის ,, შეესიტყვა“  იგი  პატრონს?“

საინტერესო კატეგორიაა  ,,ავტორი და მე“- ინფორმაცია , რომელიც ტექსტში მოცემული  არ არის და უფრო ნაგულისხმევია.

,,მე თვითონ“ – ამ კატეგორიის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია მოსწავლის წინარე გამოცდილება და დამოუკიდებლად ფიქრის უნარი. ,,უნდა იბრძოლოს ადამიანმა თავისუფლებისათვის?“ ,,თავისუფლება ჯილდოა ღმერთის მიერ ბოძებული, თუ დიდი ტვირთი?“ ,,ეზოპეს პოზიცია მოგწონს თუ  მონას ეთანხმები?“ -გაიმართება საკლასო დისკუსია.

სხვადასხვა კატეგორიის კითხვები და დისკუსია მეხმარება საკითხის კომპლექსურ განხილვასა და  შეჯამებაში. ხდება წაკითხულის გაგება , გააზრება, ანალიზი, შედარება, საკუთარი აზრის გამოხატვა  და საკომუნიკაციო უნარების განვითარება..

 

მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანის გვერდით, თავისუფლებისმოყვარე ეზოპეს ისტორიის განხილვა, მოსწავლეებს  საშუალებას აძლევს, გააკეთონ გააზრებული არჩევანი. შეადარონ ერთმანეთს უბედური, უიმედო, მშიშარა, პესიმისტი, შემგუებელი, სხვაზე დამოკიდებული მონა და ბედნიერი, უშიშარი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტი, მებრძოლი, იმედიანი, თავისუფალი ადამიანი და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა დაუკავშირონ პრაქტიკას და დასვან კითხვა – როგორი თვისებების მქონე ადამიანი სჭირდება საზოგადოებას?

მხატვრული ლიტერატურის გამოყენება სამოქალაქო განათლების გაკვეთილს  უფრო  მეტ ხალისსა და ინტერესს სძენს, ლიტერატურა მოსწავლეებს აძლევს  მასალას – განსჯისა და განხილვისთვის, ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის შრომას, დარდსა და ბრძოლას განსაცდელთან. ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური  ჩვევების ჩამოყალიბებას, ტრანსფორმაციის უნარის განვითარებას. რაც, საბოლოოდ, დაგვეხმარება გრძელვადიანი მიზნის – აქტიური და განათლებული მოქალაქეების ჩამოყალიბების  განხორციელებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ბესელია ნინო, ბოკერია ნინო, მაკა კორძაძე –  სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო   2011წ.

 

ილია ჭავჭავაძე-,,კაცია- ადამიანი?“

„მარაქას ბაზარი“ და სხვა სახალისო აქტივობები

0

თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პროფესიული განვითარებისათვის. მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან, უზიარებდეს მათ გამოცდილებას, აძლევდეს ან იღებდეს უკუკავშირსა თუ რჩევას. რაც მეტია სამუშაო შეხვედრები მით მეტი საღი აზრი იბადება. არსებობს ბევრი მეთოდი და აქტივობა, რომლებიც შეიძლება კოლეგას  გაკვეთილის წარმატებით ჩატარებაში გამოადგეს. სწორედ ერთ-ერთი მეთოდისა და აქტივობის გაზიარებას ვაპირებ ჩემი კოლეგებისთვის. რთულია,  ერთ  გაკვეთილზე  მოსწავლეს განუვითარო კითხვის, წერის, საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევა, თუმცა არსებობს მეთოდი “dictogloss”, რომელიც მასწავლებელს ამის მიღწევაში დაეხმარება. აღნიშნული მეთოდი შედგება 7 საფეხურისგან. მინდა, ეს მეთოდი გაგიზიაროთ და გავამყარო საკუთარ გაკვეთილზე გამოყენებული ტექსტით:

“Mystery of the King Lous XVII”

  1. მასწავლებელი იწვევს მოსწავლეებს, სხვადასხვა ხერხებით ცდილობს, მოსწავლეებმა გამოთქვან ვარაუდები იმის შესახებ, თუ რაზეა ტექსტი.
  • მოსწავლეებს ვაჩვენე მეფის სურათი და ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდები, ვინ იყო და რა იცოდნენ მის შესახებ (ჯგუფური მუშაობა).

 

  1. მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს მცირე ზომის მათი ასაკისთვის საინტერესო და შესაფერისი სიმარტივის ტექსტს შინაარსის გაგების მიზნით.
  • მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი, ვთხოვე მოესმინათ ყურადღებით და აღმოეჩინათ, დაემთხვა თუ არა მათი ვარაუდები.
  1. მასწავლებელი ხელახლა უკითხავს მოსწავლეებს ტექსტს და სთხოვს, გააკეთონ ჩანაწერები ტექსტის ირგვლივ შესაძლებლობის ფარგლებში.
  • მოსწავლეებს წავუკითხე იგივე ტექსტი და ვთხოვე, გაეკეთებინათ ჩანაწერები მოსმენილის შესახებ (მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის უნარ-ჩვევევა და ამავე დროს წერის უნარ-ჩვევა).

4.მოსწავლეები ჯგუფდებიან და ერთმანეთს საკუთარ ჩანაწერებს უზიარებენ.

  • მოსწავლეებს ვთხოვე, შეედარებინათ მათ მიერ ჩანიშნული ინფორმაციები მეგობრის მიერ ჩანიშნულ ინფორმაციასთან და შეევსოთ გამოტოვებული ინფორმაციები

 

5.მოსწავლეები კითხულობენ საკუთარ ვერსიებს (რაც ავითარებს კითხვის უნარ-ჩვევას).

  1. ადარებენ საკუთარ ჩანაწერებს ტექსტის ორიგინალს.
  • მოსწავლეებს დავურიგე ჰანდაუთები, ტექსტის ორიგინალი და ვთხოვე, შეემოწმებინათ, რამდენად სწორად გაიგეს მოსმენილი ტექსტი და რამდენად სწორად ჩაინიშნეს ინფორმაციები.

 

  1. მოსწავლეები ჰყვებიან ან მსჯელობენ ტექსტის ირგვლივ, ეს ეტაპი დამოკიდებულია თემაზე და სამიზნე ჯგუფზე, გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგზე.
  • ჩემს შემთხვევაში მოსწავლეებმა გამოკვეთეს პრობლემა და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

 

აქვე მინდა, გაგიზიაროთ საინტერესო აქტივობა „მარაქას ბაზარი“.

აღნიშნული ბაზარი გახლავთ მაროკოში, სადაც არაფერი იყიდება, ადამიანები ცვლიან საკუთარ ნივთებს მათთვის საჭირო ნივთში და ცდილობენ, მეტი იხეირონ. აღნიშნული აქტივობა გამოიყენება პირობითი წინადადებების უკეთ გაგებისთვის და რეალურ სიტუაციაში გამოყენებისთვის, ასევე თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების, some, any და განუსაზღვრელი არტიკლის a/an გამოყენების მიზნით.

მაგალითი: If you give me a pen,I will give you  a jar of milk;

If yout give me some jam, I will give you   five oranges…..

If I were you…. I  wouldn’t  give you any  sheep

აქტივობას მოსწავლეები ხალისით აკეთებენ და მარტივად სწავლობენ პირობითი წინადადებისა და თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების გამოყენებას. შემდეგ კი მსჯელობენ, ვინ მეტი მოგება ნახა და ჰყვებიან, როგორ დაარწმუნა ადამიანები, გადაეცვალა ნივთები მისთვის უფრო სასარგებლო ნივთში. ეს გრამატიკული მასალა კი ადვილად იქცევა საკომუნიკაციო აქტივობად.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...