კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

Stop Motion – ანდროიდ აპლიკაციის გამოყენება  გაკვეთილზე

0

თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობის გარეშე არსებობა.  უკვე დიდი ხანია იგი აღარ არის მხოლოდ სასაუბრო და ადამიანების კომუნიკაციის საშუალება. მას შემდეგ, რაც ტელეფონს ინტერნეტთან წვდომაც აქვს, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამ აპარატს მიეჯაჭვა.

ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგები კი მასზე მიჯაჭვულობაზე საუბრობენ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.   სმარტფონები, მობილურები,  ელ.წიგნები, პლანშეტები ეს ის ნივთებია, რომლებითაც თითქმის ყველა ვსარგებლობთ. ისინი კომფორტული და მოსახერხებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მობილური მოწყობილობის სწორად გამოყენება ვასწავლოთ, ამისათვის კი აუცილებელია მობილურის  გამოყენებით სასწავლო პროცესის პროდუქტიულობის  გაზრდის შესაძლებლობა  დავანახოთ. გარდა იმისა რომ, მობილურის ინტერნეტის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება,  არსებობს ანდროიდის აპლიკაციები, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს  ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას  და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას..

მიმაჩნია რომ, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება  პროდუქტიული შეიძლება გახადოს მასწავლებელმა. ვფიქრობ, რომ წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად. მასწავლებელს ესაჭიროება უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეთა წახალისება, მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროების სამყაროში,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგი არ აქვს. მოსწავლეთა უნარების განსავითარებლად ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჯერად, მინდა მობილური ტელეფონის  სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობაზე ჩემი გამოცდილება და შეხედულება გაგიზიაროთ. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით,  მათი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია  სასწავლო პროექტის განხორციელება.  ამისთვის შემდეგ ეტაპებს გამოვყოფდი:

  1. მოსწავლეებს შევთავაზოთ, აირჩიონ თემა და მასალები;
  2. მოემზადონ მობილურის გამოყენებით მულტფილმის გადასაღებად;
  3. ჩამოტვირთონ Stop motion  ანდროიდ აპლიკაცია;
  4. მულტფილმის შესაქმნელად, პირველ რიგში შეარჩიონ თემა და ტექნიკა;
  5. მულტფილმის  ეპიზოდები დაამზადონ მათთვის სასურველი  მეთოდით: ხატვა, აპლიკაცია, ძერწვა.

გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც გამოგადგებათ ამ აპლიკაციის პრაქტიკულად გამოყენებაში.

 

მოსწავლეთათვის ახალი  საგანმანათლებლო აპლიკაციების აღმოჩენას  მათ მოტივაციაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის  მოახდენა   შეუძლია და, რაც მთავარია, ეს შესაძლებელია  მასწავლებლის დახმარების გარეშე, მათ დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ მულტფილმის თემა, შექმნან  სიუჟეტები, გადაიღონ ფოტოები და დაამზადონ  მულტფილმები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს  ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარის განვითარებას.

ვფიქრობ, ყოველი ახალი  აქტივობის ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საკითხით დაინტერესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით მუშაობა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილს უფრო   სახალისოს  და შედეგიანს გახდის.

და ბოლოს, დასკვნის სახით შევეცდები ჩემი მცირედი გამოცდილების საფუძველზე შევაჯამო თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტების გამოყენების ეფექტი სასწავლო პროცესში, როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლის პერსპექტივით/ხედვით:

  • მოსწავლეებისათვის პასუხისმგებლობის დელეგირებით, გაიზრდება მოსწავლეთ მოტივაცია;
  • მულტფილმის გადაღებაზე მუშაობის დროს განუვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ასევე მოხდება ჯგუფური, ინდივიდუალური,  თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეები მოახერხებენ ტექნოლოგიების– ანდროიდის სასწავლო პროცესში  აქტიური და ეფექტურ  გამოყენებას;
  • გაიზრდება მოსწავლეთა მხრიდან  ზოგადი ინტერესის  და მაღალი მოლოდინების(ახალი აქტივობების დაგეგმვის სურვილის არსებობა, რაც, ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ერთგვარი გამოწვევაა) არსებობა;
  • განუვითარდათ ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი და  სხვისი აზრის პატივისცემისა და ფუნქციების გადანაწილების უნარი.

პროექტის განხორციელებისას მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება:

  • უკეთ დაიანახოს  მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები , მათი ინტერესები  და მიდრეკილებები;
  • მოახდინოს საგაკვეთილო დროის გადანაწილებისას ხშირი ცვალებადობა პრიორიტეტული აქტივობების შესაბამისად;
  • განსხვავებული აქტივობების განხორციელების ინიცირება; თავისუფალი, თვითრეგულირებადი ატმოსფეროს შექმნა საკლასო სივრცეში;

ასევე მსგავსი პროექტის განხორცილებით  გაიზრდება:

  • მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან მეტი ჩართულობა, ნდობისა და პატივისცემის გამოვლენა მასწავლებლისადმი;
  • მოხდება კრეატიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და სიახლეებისადმი მიმღებლობა.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.youtube.com/watch?v=URQTSwNj6Dg

 

შიში, როგორც პერსონაჟი

0

„სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ შიშს მონად გაუხდე“,_წერს  ჯემალ ქარჩხაძე. არ ღირს, მაგრამ სწორედაც შიშს ემონებიან ადამიანები ყველაზე მეტად. ათასგვარ შიშთაგან სიკვდილის შიში რთულად დასაძლევია, რომელსაც დიდი ნებისყოფის ადამიანები,  გაღვიძებულნი, სინათლეს ზიარებულნი თუ ახერხებენ. შიში ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელ-განმაპირობებელია. ამქვეყნად მოსვლასა თუ წასვლასაც უპირველესად შიში ახლავს თან. იგი ეგზისტენციალური ფენომენია, ამიტომაც მრავალგზის და მრავალგვარად ახსნილ-დახასიათებული ფილოსოფიაში, რელიგიაში, ფსიქოლოგიასა თუ ხელოვნებაში. შიში ჩრდილივით დაჰყვება ადამიანს და მის ქცევას, განზრახვასა თუ ფიქრს განაპირობებს. შიში, თავისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფილოსოფიური კონტექსტებით, მწერალთა საყვარელი თემაა. თამაზ ბიბილურსაც აინტერესებს, რა ემართება შეშინებულ ადამიანს,  როგორ კარგავს თავისუფლებას და ქვენა გრძნობებისა თუ სურვილების მონად იქცევა. შიში მწერლისთვის სიბნელეა და იგი მხოლოდ სინათლით, რწმენით დაიძლევა. ადამიანმა სიყვარულით უნდა გადალახოს შიში და გათავისუფლდეს, მხოლოდ მაშინ თუ შეიგრძნობს ღვთაებრივს.

თამაზ ბიბილური რომანში „ჟამი კითხულისა“ მოგვითხრობს შიშის ლაბირინთში ჩაკარგულ ადამიანებზე, რომელთაც დახშვიათ სულიერი თვალ-ყური  და მატერიალურ სამყაროს მიჯაჭვულნი ბრმად მიჰყვებიან გზას უფსკრულისაკენ. „გზაი მშვიდობისაი არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მათთა“(რომ. 3. 10_18). ძველი აღთქმის (დაბადება, სოლომონის იგავნი, ფსალმუნები) წიგნებიდან გამოკრებილი ციტატებით  პავლე მოციქული წარმოაჩენს ადამიანებს, რომელთაც ღვთის შიში დაუკარგავთ. ეს იწვევს არა მხოლოდ მათ სულიერ გაპარტახებას, არამედ ქვეყნის (და სამყაროს)  დაშლასა და დანგრევას. ღვთის შიში „სიცოცხლის წყაროა“(იგავნი, 10. 27), სიცოცხლე კი გამუდმებული სწრაფვაა სულის სისრულისა და სრულყოფილებისაკენ. ღვთის შიში ღვთის სიყვარულს წარმოშობს და ათავისუფლებს ადამიანს კერპების (ხორციელი თუ სულიერი) მონობისაგან. თუ არ არის ეს შიში და სიყვარული, მაშინ ადამიანი დაიკარგება სხვაგვარი შიშის ლაბირინთში. ამ შიშს ახლავს არა სიყვარული, არამედ ბოროტება, სულიერი სიძაბუნე, სიცარიელე და სიკვდილი.

ამ რომანში „ჟამი კითხულისა“ შიში ყველაზე ძლიერი და სახიერი პერსონაჟია, რადგან იგი ცალკეც, ხორცშესხმული სახითაც იხატება, როგორც ხირჩლა ან ხეჩინა და თან ყველა გმირს თან ახლავს, როგორც ჩრდილი. მწერალი ქმნის მთხრობლის ნიღაბს _ ეს არის გარეჯელი ბერი ზოსიმე (ერობაში მათე), რომელიც გვიყვება ერთ სოფელში (სიმბოლურად, რა თქმა უნდა, წუთისოფელში) მომხდარ ამბებს. რომანის დრო  ჰორიზონტალზე მაქსიმალურად შეზღუდულია. ზოსიმე ბერი, სოფლიდან დიდი ხნის წინათ წასული, შინ ბრუნდება, სოფელში კი ჟამია გაჩენილი. ხალხი სოფლის კითხულს უპირისპირდება, რადგან აღარ სჯერა მისი   და მის ჩაქოლვას მოიწადინებს. ზოსიმე ბერი გიორგი ბალიაურს, თავის ბავშვობისდროინდელ მეგობარს, წინ გადაეფარება. ხალხი ქვებს დაყრის. კითხული კი, ხალხისაგან ზურგშექცეული, სოფელს ხმაამოუღებლად ტოვებს.  ამ მოკლე დროით ჰორიზონტალს აქვს „ვერტიკალური ჩაღრმავებები“. ზოსიმე ბერი იხსენებს ამბებს, რომლებიც თავს გადახდენია  მეგობართან ერთად. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანი ღვთის წინაშე ბოლოს მაინც „შიშველი“ წარსდგება. სწორედ ამაზე მიანიშნებს რომანის ეპიგრაფად წამძღვარებული სტრიქონები დავით აღმაშენებლის ჰიმნიდან: „გალობანი სინანულისანი“: „ჟამი რაი წუხილთაი და ავთა აღმოფშვნათაი წარმოდგეს, /ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, /შუებანი უქმ იქმნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, /სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგნენ სპანი,/ მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“.

ზეციურ სამსჯავროზე წარდგომამდე კი ადამიანს დიდი გზა აქვს გასავლელი. გზა შიშის ტყვეობისა და მისი დაძლევისა. ეშინიათ რომანის პერსონაჟებს, მაგრამ ყველას შიში განსხვავებულია, რადგან სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. სოფელს ერთიანად თავისი შიში ამოძრავებს, ცალკეულ ადამიანს და, მათ შორის, კითხულსაც _ თავისი. თვითონ მწერალიც „აღიარებს“, რომ „ფიქრში შეთხზული ამბავი უფრო ძვირფასია, ვიდრე თავად სინამდვილე, როცა შეთხზული ამბავი გვამშვიდებს, სინამდვილე კი გვაშინებს“, რადგან „შიში, რომელსაც არც ფერი  აქვს, არც ხორცი, მაგრამ ძეხორციელზე უფრო დიდხანს ცოცხლობს, დაძრწის, კუთხე-კუნჭულებს ეფარება“.

სულხან_საბა ორბელიანი შიშს თავისებური გამოწვლილვით ამგვარად განმარტავდა: „ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად“. მწერალი  ყოველ „შიშს“ ცალ-ცალკე ახასიათებს: „მცონარება, ვიდრემდე არს შიში ყოფადისა მოქმედებისა, ხოლო კდემულება _ შიში მოლოდებითა ძაგებისათა და კეთილ არს ესე ვნებაი. ხოლო სირცხვილი _ შიში ბილწებისა რასამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არის ცხოვრებისაგან, და განკვირვება _ შიში დიდისა ოცნებისაგან, ეგრეთვე განცვიფრება _ შიში უჩვეულოსა საოცისაგან, ხოლო უღონოება _ შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაი, ხვებულ ყოფასა უღონოებითა“.

რომანში ექვსივე სახის შიში გვხვდება, სხვადასხვა ვითარებაში განსხვავებულად გამოვლენილი. უპირველეს ყოვლისა, კი იხატება თავზარდამცემი შიში კითხულისა, რომელსაც სოფლის წინაშე პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ უცნაურ სიტყვა „კითხულს“ მწერალმა შემთხვევით მიაგნო. ამის შესახებ აღნიშნავს იგი ერთ ინტერვიუში: „ეს სიტყვა ვიპოვე ექიმ თევდორაძის წიგნში, რომელიც ავტორმა ოციან წლებში გამოსცა და ხევსურეთში მის დასტაქრობას აღწერს. ამ წიგნში ერთადერთი, სულ ერთაბზაციანი ეპიზოდია, ვინმე კითხულ კაცზე, რომელიც სოფლის ბედ-იღბალს განაგებდა, იყო ყველას მრჩეველი და განმკითხავი, მოსამართლე და მოწყალე“. შემთხვევით ნაპოვნი სიტყვა მარჯვე და ზუსტი აღმოჩნდა სოფლის თავკაცის ზედწოდებად. ამ სიტყვას თითქოს ქვეტექსტური ინფორმაცია ახლავს თან, რაც მკითხველს თავიდანვე განაწყობს ამ კაცის მიმართ, რომელიც რაღაც იდუმალების ბურუსშიც ეხვევა, იმავდროულად. მწერალს ნაკლებად აინტერესებს გარეთ მომხდარი ამბები. უფრო ზუსტად, მხოლოდ ის, რაც ადამიანის სულში ტოვებს კვალს. ამიტომაც არის, რომ ზოსიმეს ბავშვობიდან მხოლოდ ის ახსენდება, თანაც ძალიან მძაფრად და დეტალურად, როდესაც გიორგისთან ერთად პირველად გასცდა სოფელს და თავისუფლება შეიგრძნო, თანვე, შიში მშობლიურ სანახებს დაშორებისა.

რომანში იმდენი შიშია, რომ უნებურდა ფიქრობ მასზე, როგორც ყველაზე არსებითზე. სოფელს შიში ეუფლება ჟამის გამო. კითხულის კოშკიდან შიში იმზირება და სოფელში დაბრუნებულ ზოსიმესაც შიში იპყრობს. მონასტრის სენაკში განმარტოებული ბერი ზოსიმე განვლილ ცხოვრებას იხსენებს და სჯერა, რომ ერთი პატარა სოფლის ამბების გახსენებით მთელ სამყაროს კანონზომიერებას განსჯის, რადგან „ერთ პატარა სოფელში თავს იყრის მთელი ქვეყნიერების ვნებათაღელვა. სოფელი ერთ მუჭად შეკრული და დაპატარავებული ქვეყნიერებაა _ თავისი ხალხითა და ჯამაათით, ერითა და ბერით. მეფით და ერისკაცებით, აღზევებულნით და დამცირებულნიც, სიკეთითა და ბოროტებით… გაუხსენ ხელ_ფეხი, გაუფანტე სიპატარავის შიში, მიანიჭე თვითრწმენა და იგი ერთ მუჭად შეკრული, თითქოსდა ერთი ბეწო, განივრცობა, უკიდეგანო ქვეყნიერება გახდება“.

ზოსიმეს ფიქრებში შიშს ყველაზე დიდი ადგილი უკავია. ის პატარაობიდანვე თან სდევს. ხშირად ახსენდება შიში, რომელიც მონასტერში შესვლისთანავე დაეუფლა: „შიში ყველაფრისა! პირქუში კედლებისა, ჯვარზე გაკრული ქრისტესი, მარიამ ღვთისმშობლის გაქვავებული თვალებისა. ნესტიანი სენაკისა, სამლოცველოს ჩაბნელებული კუნჭულებისა, შიში ადამიანებისა“. და  ჩნდება უცნაური პიროვნება ხეჩინა_შემდეგ ხირჩლა, ერთი „სახის“ ორი ნიღაბი, იგივე ეშმაკისა.

შიში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანში განსახიერდება და სწორედ ამ „მარადიულ“ შიშს სცნობს ბერი ზოსიმე, როდესაც დროში ერთმანეთისაგან დაშორებული ამბები ახსნდება. ზოსიმე ერთ დღეს, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში, შეესწრო, სოფელი როგორ დევნიდა, ლანძღავდა და ამათრახებდა ობოლ გოგოს, რომელსაც შიმშილის გამო პური მოეპარა. მონასტრიდან ხმაურზე გამოვარდნილ  ზოსიმეს თვალწინ შემზარავი სურათი გადაეშლება. ერთი მხრივ, ჩამოკონკილი, სიფრიფანა გოგო, მეორე მხრივ, დუჟმორეული, ჯან-ღონით სავსე სოფელი, სამართლიანი განმსჯელისა და უცოდველის ნიღბით. უნებურად სახარებისეული ეპიზოდი გვახსენდება, მეძავის ჩასაქოლად გამზადებულ ხალხს ქრისტე რომ შეაჩერებს, თქვენ შორის უცოდველმა პირველმა ესროლოს ქვაო. იმ ძველი ამბიდან კი ზოსიმეს განსაკუთრებით ის ბიჭი დაამახსოვრდა, თვალამღვრეული რომ იძახდა საცოდავ გოგოზე, გაატიტვლეთო. სოფელს, როგორც თამაზ ბიბილური წერს: „თავის გამოჩენის, სხვისი დამცირების და ამ დამცირების ხარჯზე საკუთარ წვრილმან ცოდავთაგან  განწმენდის დაუფარავი სურვილი ჰკლავდა. ეს იყო შურისძიებით აცახცახებული სოფელი, მღვრიე მდინარე სიძულვილისა“. იმ ბიჭში დანახულ სივერაგეს კიდევ ერთხელ შეხვდა ზოსიმე, როდესაც სალაშქროდ მიმავალ გაავებულ სოფელს განუდგა, სწორედ მაშინ მისი სახლის გალავანზე ამოხტა ის ბიჭი, „უდაბნოს ხვატიდან წამოსული, ლაშქარს ადევნებული, დამშეული და გაავებული“. თუ მაშინ უმწეო გოგოს გატიტვლებას მოითხოვდა, ახლა მღვდელს უყვიროდა, ანაფორა გაიხადეო. „ბიჭის თვალებში კვლავ დავინახე ის გატანჯული და დამშეული ვნება“. ზოსიმემ ამჯერად „ხელი გამოიღო“ და თავხედ ბიჭს სილა გააწნა. ბიჭის სახით მთელმა სოფელმა უკან დაიხია. სახეზე ხელებაფარებული მღვდელი ზოსიმე ელის გაცოფებული სოფლის შურისძიებას, თანვე „შიში არფრისა მქონდა, მე აღარ ვიცოდი, რა იყო შიში. საკუთარი თავის გარდა უკვე აღარავისა მეშინოდა და ახლაც მხოლოდ ჩემი თავისა შემეშინდა“. ზოსიმემ იცის, რომ მან ბიჭის თვალებში „ბოროტისაკენ მიდრეკილ ვნებას გაარტყა“. სოფელი ვერ ითმენდა, რომ ვიღაცა, ამ შემთხვევაში, მღვდელი, „ყველას წინააღმდეგ ფიქრს ბედავდა“. სოფელს სატანა დაპატრონებოდა და ხეჩინას ხელით ბოროტებას ამრავლებდა. ამიტომაც იყო, რომ სოფელს ეშინოდა ფიქრისა, მის ნაცვლად კითხულს უნდა ეფიქრა, მაგრამ კითხულსაც ეშინოდა. ეშინოდა ამ თავზეხელაღებული სოფლისა, რომელიც ცოდვას ცოდვაზე ამრავლებდა. სოფელი საკუთარ შიშს სხვათა დალაშქვრითა და აწიოკებით თრგუნავდა, მაგრამ ის მაინც აქვე იყო, დაძრწოდა და უნდობლობასა და სიძულვილს თესავდა.

სოფლის შიშით კითხულმა კარგად დაცული კოშკი ააგებინა, მაგრამ შიშმა აქაც შემოაღწია, ციდან ჩამოვარდნილი, არსაიდან მოსული ხირჩლა მის გარშემო „ერთგულების სახელით წრეს ავიწროებდა. ერთ დღეს კითხულს ცოლმა გაუბედა და უთხრა: „მე მეშინია მაგ კაცისა… ხირჩლაა თუ ვიღაცა“. თუმცა, ეს გაბედული გამხელა ქალს თვითმკვლელობად დაუჯდა. შიშმა სოფელში მოღალატე გააჩინა, მოღალატეს კი დამნაშავეთა ძიება და მათი დასჯა მოჰყვა. ასე დასაჯეს სოფელში და ჩაქოლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთის დამარხვას ვერ ბედავდა მოხუცი და უკვირდა ზოსიმეს: „ნუთუ შიში თრგუნავს ადამიანს, დაგვაკნინებს, გაგვაცამტვერებს და არარობად გვაქცევს? რატომ ვერ ჯაბნის სიკვდილის შიშს არარაობად ქცევის შიში?“. კითხულ გიორგი ბალიაურს „ჯიუტად არ სურდა ხირჩლას სულში სადღაც ზესკნელიდან მოსული სატანა დაენახა“, რადგან იგი გვერდში ედგა და ხელს უწყობდა, შიშით ემართა სოფელი. ხოლო როდესაც ხირჩლა თვით კითხულს აუმხედრდა, გვიან  იყო. „მოხუცი კითხული უკვე ზედმეტი გახდა და სწორედ ზედმეტი კაცის ჩამოშორების დღე დადმდგარიყო: ეს დღე დიდი ხანი მზადდებოდა, ან სწორედ იმ დღიდან, რა დღესაც ეს კაცი არსაიდან აქ ჩამოსახლდა, ან უფრო ადრეც, როცა ხირჩლას სულსა და ხორცში მანამდე უთვალავ სულსა და ხორცში გამოვლილი და გამოწრთობილი სატანა ჩასახლდა: სატანა არ ისვენებდა, ბორგავდა, ძალას იკრებდა“. და სწორედ იგი აქცევს ხალხს ბრბოდ, რომელიც მზადაა, ცხოველური ინსტიქტით შეპყრობილმა, დაგლიჯოს, დაფლითოს და გააცამტვეროს ყოველივე, რაც მის ბნელ განზრახვას წინ გადაეღობება. ბრბოდ გადაქცეულმა ხალხმა კითხულის შიში დაკარგა. თუ აქამდე მრავალსახოვანი სოფლისთვის მუდმივი მხოლოდ შიში იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. შიშმა თვითონ კითხული შეიპყრო და მიხვდა: „ადამიანებს თურმე მარტო სიყვარული კი არ აახლოვებდა, არამედ სიძულვილიც. ამ სიძულვილით იყო დაახლოებული ხირჩლასთანაც“. მის წინააღმდეგ შემართულმა სოფელმა ქვები დაყარა. რა მოხდა? ზოსიმე ფიქრობს. რომ „მაშინ, ალბათ, მე და ჩემი მეგობარიც სოფელი ვიყავით და სოფელს საკუთარი თავისა შეეშინდა“. სოფელმა კითხული გასწირა, სოფელმა ხირჩლა ირჩია, მაგრამ ყმაწვილ გიორგი ბალიაურის ტყვიამ მას სიცოცხლე მოუსწრაფა. იმ ადგილზე, სადაც ხირჩლა მოკვდა, „ნახშირსა და ნაცარში, განგმირული გვამის ნაცვლად ერთი ნაბდისძველა ეგდო… ხირჩლა თითქოს არცა ყოფილა. და თითქოს მის ნაცვლად სატანა დაძრწოდა აჩრდილივით და იქაურობას თავის ნებაზე დაატარებდა, თითქოს არც სახე ჰქონდა, არც ფერი, არც წარსული, არც მომავალი, ეს არსაითგან მოსული აჩრდილი ისე გაქრა, როგორც მოვიდა“. ჟამმა თითქოს სოფელი განწმინდა. კითხული კი სიკვდილის შესახვედრად გაემართა,

ზოსიმე მღვდელი, როგორც სინათლის სიმბოლო, ერთადერთია,  სოფლისგან გამორჩეული და განმარტოებული. მას ზეციური დაცვა სჭირდება და ამჯერად მოევლინება კიდევაც წმ. გიორგი ყმაწვილი გიორგი ბალიაურის სახით. ამიტომაც არის, რომ „გიორგი ბალიაური და ზოსიმე მღვდელი დღესაც მიდიან წუთისოფლის გზაზე, დღესაც ეძებენ ერთმანეთს და ვერ უპოვიათ. ხირჩლა სადღაც არის მიმალული და არავინ უწყის, ხვალ რომელ სოფელში გამოჩნდება, ან ვის სულში ჩასახლდება…“.

ეს არის მარადგანახლებადი წარსული, მითოლოგიური ციკლური დრო. წარსული, მწერლის აზრით, „მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ამ გუგუნისა, რადგან ის ერთადერთია, რომელიც მათ არსებობას ამართლებს და აზრს ანიჭებს.

 

როგორ გავამარტივოთ რთული საკითხების სწავლება

0

მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა სწავლების პროცესში ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მასალის უკეთ ათვისებას და დასწავლას. მასწავლებელი ყოველთვის ორიენტირებულია შედეგზე და შედეგი მიღწევადი რომ გავხადოთ გაკვეთილი  დატვირთული  უნდა იყოს ისეთი აქტივობებით, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს სწავლებას. თემის შესაბამისი აქტივობების შერჩევა კი  სასწავლო მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი კომპონენტია,  და ასევე ზუსტად უნდა განისაზღვროს, გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობა.

საგნობრივი სტანდარტით მნიშვნელოვანია ცილის ბიოსინთეზის  შესწავლა.

 

ბიოლ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;
  • ქმნის მარტივ მოდელებს უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;

 

ცილის ბიოსინთეზის გაგება მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას, მოსწავლემ უნდა იცოდეს:

  • დნმ-ს აგებულება;
  • სატ-რნმ-ის აგებულება;
  • ი-რნმ-ს აგებულება;
  • რიბოსომის აგებულება და ფუნქცია;
  • ცილის მოლეკულის აგებულება;
  • რა არის გენი;
  • რა არის ქრომოსომა;
  • რა არის ტრანსკრიფცია;
  • გენეტიკური კოდი, კოდონი და ანტიკოდონი;
  • ტრანსლაცია;

ამ საკითხების გაგება, გააზრება მოსწავლისთვის სირთულეს წარმოადგენს, ამისათვის საჭიროა, რთული საკითხების სწავლებაში ინტერაქტიური და დინამიური თვალსაჩინოების გამოყენება

 

ასევე  მნიშვნელოვანია მასალის სხვადასხვა ხერხით, მეთოდით და მიდგომით  გამარტივება , რათა ცოდნა მიღწევადი გახდეს ყველა მოსწავლესთვის.  ჩემი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიაროთ  „სიტუაციური ამოცანა“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თემის უკეთ შესწავლაში, ამასთანავე საინტერესო და სახალისო იქნება მათთვის.

ქვემოთ მოცემული დავალება  უმჯობესია შესრულდეს ჯგუფური მუშაობისას, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ცოდნის ურთიერთგაზიარება. სამუშაოს შესასრულებელი დრო არის 10 წუთი, სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ სწორი პასუხების ფურცელი და შეცდომებსაც თავად ასწორებენ.(5წუთი)

დავალება  ( დრო15წთ)

 ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი და აზრობრივად დააკავშირე მასში აღწერილი ვითარება შენთვის უკვე ნაცნობ თემასცილის სინთეზიდა გამოიცანი სიტყვების მეტაფორული მნიშვნელობა

 სიტუაციური ამოცანა

 

ქალაქის ცენტრში არის ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ძალიან მნიშვნელოვანი უძველესი წიგნები არქიტექტურის შესახებ. წიგნებში შეტანილია ულამაზესი შენობების პროექტები. ქალაქის ერთ-ერთ პერიფერიულ ადგილზე გადაწყვიტეს შენობის აგება, რისთვისაც საჭირო გახდა პროექტის გამოტანა ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მშენებლობის ორგანიზატორებს უარი უთხრეს წიგნის გატანაზე, მაგრამ ნება დართეს გადაეღოთ წიგნიდან მხოლოდ ის პროექტი, რომელიც კონკრეტულად სჭირდებოდათ.  ასლის გადაღების შემდეგ იმ ადგილას, სადაც შენობა უნდა აგებულიყო, მოიმარაგეს აგურები (სამშენებლო მასალები), რომელიც დანიშნულების ადგილამდე სატვირთო მანქანით მიიტანეს და მუშების დახმარებით აიგო ულამაზესი ნაგებობა.

 

ტექსტის სიტყვები სიტყვების მეტაფორული ახსნა
ქალაქი  
ბიბლიოთეკა  
წიგნები  
პროექტები  
ასლის გადაღება  
ასლი  
პერიფერიული ადგილი  
აგურები  
სატვირთო მანქანა  
მუშები  
შენობის აშენება  
ულამაზესი შენობა  

პასუხები შესაბამისობის მიხედვით:

ქალაქი —– უჯრედი

ბიბლიოთეკა —- ბირთვი

წიგნები —– ქრომოსომები

პროექტები ——გენები

ასლის გადაღება —– ტრანსკრიფცია

.ასლი —-  ი-რნმ

პერიფერიული ადგილი —– ციტოპლაზმა

აგურები —— ამინომჟავები

სატვირთო მანქანა ——ტ-რნმ

მუშები —– რიბოსომები

შენობის აშენება —– ტრანსლაცია

ულამაზესი შენობა —– ცილის მოლეკულა

ამგვარად,  წარმოდგენილი აქტივობა მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ცოდნის განმტკიცების მიზნით. თუ  მასწავლებლები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას გაამდიდრებენ სხვადასხვა ტიპის  რესურსით, ეს  მათ მუშაობას მაღალეფექტურს გახდის, სასწავლო პროცესში კი მათი დანერგვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მაღალ შედეგს იძლევა.

როგორ დავხატო მზე?

0

ლუდოვიკო  მე-14-ე ბურბონს მეფე-მზეს ადარებენ. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგიერთი ამბობს, მის დროს საფრანგეთი ფინანსურად აყვავდა და ამიტომო. ზოგის აზრით, ხალხმა კარგი ცხოვრების ვერაფერი იგრძნო, მაგრამ თავად ქვეყანა გალამაზდა და მაგიტომო. ორივე ვერსია სიმართლესთან ახლოს არის. თუმცა, მესამე ვარაუდიც არსებობს-მეფე მზეს თავადვე შეედარა. დაიჩემა და მორჩა, მზე ვარ და თაყვანი მეცითო. ამბობენ, ბავშვობის კომპლექსი ჰქონდაო. პატარა ლუდოვიკო დედასთან, დედოფალ ანა ავსტრიელთან ერთად სამშობლოდან გააძევეს. მამამისი, მეფე ლუდოვიკო  მეცამეტე კი მოკლეს.

ეს ამბავი ოდნავ ადრე იწყება. ჰუგენოტი ჰენრიხ ნავარელის და მარგარიტა მედიჩის ქორწინებიდან. სწორედ ამ დროს  მოხდა ცნობილი „ბართლომეს ღამე“. ქორწინება პოლიტიკური გახლდათ, ჰუგენოტების და პროტესტანტების ვითომ შესარიგებლად მოწყობილი. შედეგად კი, ერთ-ერთი ფართომაშტაბიანი ხოცვა-ჟლეტა მიიღეს. დრო გავიდა და ჰენრიხ ნავარელი საფრანგეთის ტახტზე ავიდა. შემდეგ, მისი ვაჟი ლუდოვიკო მეცამეტე გამეფდა. თუმცა, ვითომ მოგვარებულმა პრობლემამ მაინც იჩინა თავი  და მეფე მოკლეს… გარკვეული დროის შემდეგ ტახტს კვლავ მისი ვაჟი ლუდოვიკო  მე-14-ე დაუბრუნდა და თქვა: „სახელმწიფო, ეს მე ვარ“.

ლუვრის სასახლეს მანამდეც აქეთ-იქედან ახალ ნაგებობებს უშენებდნენ. „მეფე-მზემაც“ მიაშენა რამდენიმე ფლიგელი. თუმცა, მალე ლუვრი ეპატარავა და ვერსალში ახალი მშენებლობა წამოიწყო. სასახლის დასრულებას ბოლომდე მგონი არც დაელოდა. მთელი სამეფო კარი აყარა და ოფიციალური რეზიდენცია ვერსალში გადაიტანა.

დარჩა ლუვრი ცარიელი… თუმცა, აქ ნელ-ნელა პატარა სალონები გაჩნდა, სადაც მხატვრები ნახატებს ფენდნენ. ყველა მსურველს მისვლა და დათვალიერება შეეძლო. შემდეგ ხელოვნების მოყვარულებისთვის უკვე წესებიც დაწესდა. მაგ., ნუ შეეხებით ნახატს ხელებით, ნუ დააცემინებთ ნახატის ახლოს, ნუ დაყნოსავთ ნახატს და ა.შ.

დღეს ლუვრი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია, რომლის ნახვის პატივი პირველად წლების წინ მერგო. თუმცა, ეს ის ადგილია, სადაც პარიზში ყოველი ჩასვლისას კვლავ უნდა მიხვიდე და  ლუვრის ახალი ნაწილი აღმოაჩინო.

სანამ ლუვრი მუზეუმი გახდებოდა, მხატვრები მანამდეც ხატავდნენ და ყველა მხატვარი ფაქტობრივად  ქიმიკოსი იყო.

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანები სხვადასხვა მინერალებს ფხვნილის წარმოქმნამდე სრესდნენ, რაღაცებს ამატებდნენ და ხატავდნენ. მაგალითად, ყავისფერი საღებავის მისაღებად ჩვეულებრივ თიხას იყენებდნენ.

ჩვენც შეგვიძლია…

ავიღოთ ფაიფურის როდინი, შიგნით თიხა დავსრისოთ და კვერცხის გული დავამატოთ. მივიღებთ ყავისფერ საღებავს. მწვანე საღებავისთვის ქრომის მწვანე ოქსიდია საჭირო- Cr2O3. თუ ლაბორატორიაში არ გაქვთ, ამონიუმის ბიქრომატის დაწვით („ვულკანის“ რეაქცია) მიიღებთ. აქვე, საგანგებოდ უნდა დავწერო, რადგან შემდეგ მეკითხებიან ხოლმე, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ესა და ეს რეაქტივი არ მაქვს, რა გავაკეთოო? უნდა იყიდოთ, ან თქვენ, ან სკოლამ…ან, პროექტის ფარგლებში, ან პირდაპირ საკუთარი სახსრებით.

თემას დავუბრუნდეთ და ბარემ ლურჯი საღებავიც მივიღოთ. ამისთვის, სინჯარაში ჩავყაროთ რკინის ნაქლიბი. დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. გამოიყოფა წყალბადი და წარმოიქმნება რკინის ქლორიდი. თუ  სისხლის წითელ მარილს დავამატებთ, სითხე ლურჯად შეიფერება. გავფილტროთ. ფილტრის ქაღალდზე ლურჯი ფხვნილი-„ბერლინის ლაჟვარდი“ დარჩება. ესეც ასე, გვაქვს სამი ფხვნილი: ყავისფერი თიხა, მწვანე ქრომის ოქსიდი და ლურჯი „ბერლინის ლაჟვარდი“. სამივე მათგანს კვერცხის გული დავამატე. რატომ? კვერცხის გული ძირითადად ოლეინ მჟავას შეიცავს, რომელიც წყალს არ ერევა. შესაბამისად, მის საფუძველზე დამზადებული საღებავით დახატულ სურათს ნესტი ვერ  შეაშინებს.

თუმცა, კარგი ნახატის საწყისი ხარისხიანი გრუნტია. შუა საუკუნეებში ქარიყლაპიას კანს, ლაყუჩებს და ფხებს ხარშავდნენ. ფხები, ძვლები, ხრტილი შეიცავს ცილა კოლაგენს. წყლის გაცხელებისას კოლაგენი ჰიდროლიზდება და წარმოიქმნება გლუტინი. ბუნებრივი ცხოველური წებოსებრი ნივთიერებაა. მოხარშულ  თევზის ნაჭერს ხომ ყველა შევხებივართ? თითები რაღაცნაირი წებოვანი რატომ  ხდება? გლუტინს ვეხებით და იმიტომ. გლუტინს სხვა სახელიც აქვს-ჟელატინი. ჟელატინი ყველა მაღაზიაში იყიდება. თუ წყალში გავხსნით და გავათბობთ, თხევად  ჟელესმაგვარ ნივთიერებას მივიღებთ.  შიგნით ცარცი, ანუ კალციუმის კარბონატი უნდა ჩავყაროთ. კარგად მოვურიოთ. შემდეგ ეს მასა სახატავ ქაღალდს (ტილოს) სამჯერ  წავუსვათ, იმ პირობით, რომ ყოველ ჯერზე კარგად გავაშრობთ. ასეთ გრუნტს „ლევკასის“ ტექნიკა ეწოდებოდა. სიტყვა „ლევკასი“ ბერძნულიდან იღებს სათავეს (leukos) და ნიშნავს თეთრს.

შექმნილ  სურათს უნდა გაეძლო, სინათლისთვის, ჰაერისთვის, სინესტისთვის, დროისთვის.  ამიტომ ნახატს ოლიფას (ლაქს) უსვამდნენ. ის ზეთის ბაზაზე მზადდებოდა.  მცენარეული ზეთები ორ ჯგუფად იყოფა: ერთი ტიპის იოლად  შრება, სხვა ტიპის  არ შრება. მაგ. ზეითუნის ზეთი არ შრება და ოლიფას მოსამზადებლად არ ვარგა. მზესუმზირის ზეთი ნახევრად გაშრობადია. მხატვრისთვის ყველაზე საუკეთესო  სელის ზეთია. ის ნახატზე მდგრად აფსკს წარმოქმნის. თუმცა, როცა გაშრება, მუქი ყავისფერი ხდება.  ამიტომ, ძველად სელის ზეთს დღის შუქზე ორი წელი ინახავდნენ. ამ პერიოდისთვის ის თეთრდებოდა. შემდეგ, მცირე რაოდენობით ტყვიის თეთრას უმატებდნენ. ხარშავდნენ  250 გრადუსზე. ამ დროს მასში ის ნივთიერებები იშლებოდა, რომლებიც ლინოლინის მჟავას გამყარებას უშლის ხელს. შემდეგ ზეთს გაფილტრავდნენ და უმატებდნენ ქარვას. ასეთ ოლიფას ხატწერის პროცესშიც იყენებდნენ.

ტყვიის თეთრა ვახსენე – 2PbCO3•Pb(OH)2. მის შემცველ  საღებავს მაღალი დამფარავი თვისება ახასიათებს.  უარყოფითი  მხარე ის არის, რომ მასთან თუნდაც ძლიერ მცირე  რაოდენობის გოგირდწყალბადის მოქმედებით წარმოიქმნება შავი ფერის PbS.  თეთრი საღებავებისთვის BaSO4-ბარიუმის თეთრას, ბარიტსაც იყენებდნენ. წითელი პიგმენტებისთვის რკინის მინერალები გამოიყენებოდა: Fe2(SO4)3; Fe(OH)3; Fe3O4; ყავისფერისთვის თიხის გარდა იყენებდნენ Fe3O4•Al2O3•SiO2; მწვანე საღებავისთვის ქრომის ოქსიდის გარდა იყენებდნენ მალაქიტს CuCO3•Cu(OH)2; შავი საღებავისთვის კი გრაფიტს და ჭვარტლს.

მხატვრები სხვადასხვა ტექნიკით ხატავდნენ. მხატვრობის ძირითადი ტექნიკა: ენკაუსტიკა, ტემპერა, ფრესკა, აკვარელი, გუაში, პასტელი ყოფილა.   ენკაუსტიკის დროს იყენებენ გამლღვალ მყარ საღებავებს, რომლის ბაზასაც ცვილი წარმოადგენს. სამწუხაროდ, ამ ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებების უმრავლესობა განადგურებული იქნა, ზოგი ხანძრების, ზოგიც ადამიანების ბარბაროსობის  შედეგად. ტემპერას ტექნიკა ხატწერის პროცესშიც გამოიყენებოდა.

ფრესკა (იტალიურიდან Fresco ახალს, საღს ნიშნავს) წყალში გახსნილი, ახლად დამზადებული  საღებავებით იქმნებოდა. ძირითადად, კედლების მოსახატად იყენებდნენ. ამ ტექნიკის ნიმუშია ლეონარდო და ვინჩის „მადონა კლდეზე“ https://en.wikipedia.org/wiki/Virgin_of_the_Rocks#/media/File:Leonardo_Da_Vinci_-_Vergine_delle_Rocce_(Louvre).jpg

ან, რაფაელის „ჰელიოდორეს გაძევება“ https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%B7%D0%B3%D0%BD%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%AD%D0%BB%D0%B8%D0%BE%D0%B4%D0%BE%D1%80%D0%B0#/media/File:Raphael_Heliodorus.jpg

აკვარელის საღებავების წყალში გახსნით თხელი გამჭვირვალე პიგმენტური აფსკი წარმოიქმნებოდა. ამის შედეგად, საოცარი სიმსუბუქის და სინატიფის ეფექტის მიღწევა შეიძლებოდა.

აკვარელი პირველად ძველი ჩინეთიდან გავრცელებულა. ფერადი პიგმენტების გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა გლიცერინი და შაქარი. აკვარელით დასახატად შესაფერისი ბაზაა აუცილებელი. ტილო, ხის ზედაპირი, ქვა აკვარელისთვის არ გამოდგება, რადგან მათ ზედაპირზე საღებავი კარგად ვერ დაიდება. ამიტომ აკვარელის საღებავებისთვის დღესაც  მხოლოდ ქაღალდს იყენებენ. სხვათა შორის, ქაღალდის წარმოებაც ჩინეთიდან იღებს სათავეს.

გუაში დეკორატიული მხატვრობის დროს გამოიყენებოდა. გუაშით ხატვისას დეტალების შესწორების შესაძლებლობა იყო, რადგან საღებავის ფენა, ჰაერის ტენიანობის მიხედვით, 30 წუთიდან 3 საათამდე შრებოდა.  პასტელი ფერად ცარცს წარმოადგენდა, რომელიც ფაქტიურად დაპრესილი პიგმენტი გახლდათ. საღებავების ბაზას სწორედ ზემოთ ნახსენები პიგმენტები წარმოადგენენ.

შუა საუკუნეებში ზეთის საღებავების შექმნამ მხატვრობის ტექნიკა გააუმჯობესა. მათ ბაზად ბუნებრივ ზეთებს, კერძოდ, ნიგვზის და სელის ზეთს იყენებდნენ. ზოგი ოსტატი პიგმენტებს კვერცხის გულში ხსნიდა, ზოგიც რძის ცილა კაზეინში. სხვათა შორის, ამ ე.წ. „ქიმიურმა ქაოსმა“ უკვალოდ არ ჩაიარა. ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობამ“ მხატვრის სიცოცხლეშივე დაიწყო დაშლა. შედევრი ზეთის საღებავებით არის შექმნილი. ზოგი მათგანი წყალში განზავებულ კვერცხის ცილაში იყო გახსნილი, ზოგიც უშუალოდ ცხიმში. ჰოდა, ასეთი საღებავების შერევამ ქიმიური რეაქციების დაწყება გამოიწვია, რამაც ნახატის მდგრადობაზე ცუდად იმოქმედა.

მეთვრამეტე საუკუნიდან მდგომარეობა  გამოსწორდა. გერმანელმა ქიმიკოსმა დისბახმა ერთი წითელი საღებავის ხარისხის გაუმჯობესება გადაწყვიტა. თუმცა, მოსალოდნელი ალისფერი საღებავის ნაცვლად ულტრამარინის, იმავე ლაპის ლაზურის (სტატია ლაპის ლაზურიზე შეგიძლიათ ნახოთ https://mastsavlebeli.ge/?p=3808  მსგავსი ლურჯი ფერი მიიღო. ახალ საღებავს „ბერლინის ლაჟვარდი“ დაარქვეს (პრუსიულ ლურჯსაც უწოდებენ) და ის ულტრამარინზე გაცილებით იაფი იყო. ამ ამბიდან ერთი საუკუნის შემდეგ საფრანგეთში „კობალტის ლურჯი“ გამოჩნდა. „ბერლინის ლაჟვარდზე“ გაცილებით კაშკაშა და პრიალა იყო და ბუნებრივ ლაპის-ლაზურისთან ყველაზე ახლოს მდგომი.

მე მზე მინდა დავხატო.  ყვითელ ოქრას, რკინის ოქსიჰიდროქსიდს, იგივე ლიმონიტს ავიღებ და მასაც კვერცხის გულთან ერთად ავურევ. ნახატებისთვის უძველესი დროიდან იყენებენ.  მოვამზადებ ქაღალდს, ფუნჯს და მზის ხატვას დავიწყებ…

თუმცა, სანამ ხატვას შევუდგები მეფე-მზის ამბებს კიდევ გადავავლებ  თვალს. შეიძლება კითხვის დროს უფრო წარმოვიდგინო მომავალში დასახატი მზე.

ქორწილამდე მოგირჩება

0

სამი წლის ვიყავი, პირველად რომ გოგო შემიყვარდა. (“ჰაჰა, შეუყვარდა, მაგარი კაცი”, “შეგიყვარდა კი არა, აიჩემე რაღაცა, შვილო”, “ბიძიკო, სამი წლისამ რა იცოდი რა იყო სიყვარული”, “გოგო შეუყვარდა, იძახის, სამი წლისამო, ტოჟე მნე მაჩო” და ა.შ. – რეპლიკები დარბაზიდან) ჰო, აი ასე, ჩემი მეზობლის ნათესავი. ესტუმრა ერთ დღეს ჩემს მეზობელს, მე გავიცანი და შემიყვარდა. იმის მერე კიდევ ერთი-ორჯერ ვნახე და ეგ იყო. პრინციპში, სადღაც შვიდი-რვა წლის ასაკშიც ვნახე, მაგრამ ეგ არ ითვლება, მაგ დროს უკვე აღარ მიყვარდა.

  • რა განცდა იყო? როგორ გაიხსენებდით? – ჟურნალისტი ჩემკენ მოჩოჩდა.
  • ოო, ბავშვური გატაცება, ცხადია, აკვიატება, თორემ მაგ ასაკში რა ვიცოდი, რა იყო სიყვარული. – ვპასუხობ.

სინამდვილეში კი, ძალიანაც ვიცოდი. ვიცოდი კი არა და უნდა გენახეთ, გული მიჩქარდებოდა, ვნერვიულობდი, ფანჯარას ვიყავი აკრული რომ დამენახა, როდის ჩავიდოდა ეზოში, ერთი სიტყვით, კაი რაინდული რომანების მოტრფიალე ჭაბუკსა ვგავდი, ოღონდ 3 წლისა. თუმცა ეს ტექსტი სულაც არაა სიყვარულზე, არც ახირება-აკვიატებებზე და არც ჩემს მეზობლებზე. სინამდვილეში, სულ სხვა მხარეს უბერავს ქარი.

დარწმუნებული ვარ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა ან თავად გიქნიათ ასე, ან შესწრებიხართ, სხვა როგორ აკეთებს ამას. რაზე ვამბობ და, აი, ბავშვს რომ ეუბნებიან, “კაი, შენ ასაკში ეგ არაფერი”, “გაიზრდები – მიხვდები”, “ქორწილამდე მოგირჩება” და ა.შ. ან, სულაც არაფერს ეუბნებიან და მის სატკივარსა თუ განცდას იგნორით, ან სიცილით ხვდებიან. “ჰაჰაა, შეყვარებულია ესა”, “ჰაჰაა, მენატრებაო, მენატრებაო”.. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი სამი წლისაა, თუ ათის, უფროსებისთვის ძალიან ხშირად მისი განცდები, მისი თავგადასავალი და საფიქრალი მხოლოდ ბავშვური ამბავია, ეს ხომ არაა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სკოლის დამთავრება? არც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აბიტურიენტების თავისტკივილი, ცხადია, არც ისეთი, როგორც უნივერსიტეტის გამოცდები, “ნამდვილი სიყვარული”, დაოჯახება, სამსახური, კარიერა, ვალები, დიდების პრობლემები, მეგობრებთან უთანხმოება, ოჯახის რჩენაზე ფიქრი, შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ყველა ასაკს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ეს დიდი, ნამდვილი პრობლემებია ნებისმიერ ეტაპზე, აი, ბავშვისა კი, უფრო სწორად, ბავშვი რაზეც თავად ამახვილებს ყურადღებას – ასაკობრივია, გაუვლის. თუ ბავშვი შეყვარებულია – იგონებს რაღაცას, რა იცის რა არის სიყვარული; თუ ბავშვი ნერვიულობს, რომ მისი სათამაშო დაიმსხვრა – ეგ არაფერი, მალე დაავიწყდება; თუ ბავშვი განიცდის, რომ კლასელს ეჩხუბა – ბავშვები არიან, მორიგდებიან კაცო და ასე დაუსრულებლად. დიდებს ყოველთვის ყველაზე სერიოზულად საკუთარი პრობლემები მიაჩნიათ, არადა..

არადა სიმართლე ისაა, რომ ემოციებს ასაკი არ აქვთ. თქვენ კარიერულ კრიზისს განიცდით, ბავშვი – თოჯინას რომ ფეხი მოტყდა, მაგრამ ეს განცდები არაა ფარდობითი და არც თანაზომადი, უბრალოდ ეს განცდები განცდებია, ორივე შემთხვევაში, შესაძლოა, მძაფრი და ემოციური. ბავშვთა სამყაროში არსებული განცდები ამავე სამყაროს შკალას ერგება, ამ შკალას თქვენ, დიდები, ხშირად ივიწყებთ, არადა თქვენც ბავშვები იყავით ერთ დროს და იგივე ეტაპებს გადიოდით. სიმართლე ისაა, რომ ბავშვებს არასოდეს უნდა წავუყრუოთ მათ პრობლემებზე, არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ ჩვენთვის, დიდებისთვის, თოჯინის ფეხის მოტეხვა აბსოლუტურად არასანერვიულო სისულელეა, ბავშვისთვისაც ასე უნდა იყოს და თუ ასე არაა, უბრალოდ ორიოდე სიტყვას ვეტყვით იმაზე, რომ ის პატარაა, გაიზრდება და დაავიწყდება და ა.შ. ისე არ გამიგოთ, ნუგეშს უგულვებელვყოფდე. არა, ცხადია. ნუგეში ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ თანაგანცდის გარეშე ნუგეში არ არსებობს. თანაგანცდა კი თავად ბავშვმა უნდა იგრძნოს პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ ის და მისი ამბები არაა მეორეხარისხოვანი, მისი ემოციები არაა ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე დიდებისა, მისი სიხარულები თუ ტკივილები, სიყვარული თუ წყენა არაა უკუგდებული და იგნორირებული, არამედ თანაგანცდილია, გაზიარებულია, მას მეგობრები ჰყავს გვერდში უფროსების სახით და როგორც უფროსები საკუთარი თანატოლების, მეგობრებისა თუ ახლობლების სატკივარს ისმენენ და იზიარებენ, ისევე იზიარებენ ბავშვისას, თანასწორად და გულწრფელად.

აი, მე რომ შეყვარებული ვიყავი სამი წლის ასაკში, ის სიყვარული რომ ახლანდელს შევადარო – აბსოლუტურად არაადეკვატური იქნება, მაგრამ იმ ასაკში ისეთივე სიმძაფრით განვიცდიდი ყველაფერს, როგორც ახლა შეიძლება განვიცდიდე. თქვენც, თქვენც ასე იყავით. ბავშვების განცდები ასაკის შესაბამისად იმავე სიდიდისაა, რამხელაც ჩვენი განცდებია ახლა. ამიტომ, მოდით შევთანხმდეთ ერთ მარტივ საკითხზე, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მას თავისი სამყარო აქვს, მძაფრი, წარმოუდგენელი ტკივილებითა და მძაფრი წარმოუდგენელი სიხარულებით, თავისი პირობითობა აქვს, რომელშიც მისი პატარა და ერთი შეხედვით “წვრილმანი” ემოციები უფროსებისთვის დამახასიათებელი უდიდესი, დამანგრეველი ემოციების ტოლფასია. შევთანხმდეთ და “ქორწილამდე მოგირჩება”-თი ბავშვის მარტივად მოშორების ნაცვლად, შევეცადოთ შესაბამის მომენტებში მის გვერდით ვიყოთ, მის მეგობრად ვიქცეთ და მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ რაც შეიძლება გულწრფელად და ყურადღებით, მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მისი მდგომარეობა, ვურჩიოთ რამე, თუკი შეგვიძლია, ან უბრალოდ სიჩუმე შევინარჩუნოთ. ჩვენც ხომ სწორედ ასე გვინდა, რომ გვისმენდნენ, იზიარებდნენ, გვირჩევდნენ, ან ხანდახან დუმილით გვიჭერდნენ მხარს?

ისტ -ის გამოყენება სასწავლო პროცესში

0

პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საგაკვეთილო პროცესი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აქვთ თვალსაჩინო(ხატოვანი) მეხსიერება. ტექნოლოგიების გამოყენება კი მათ ეხმარებათ, უკეთესად აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა და ინფორმაცია.

სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

საინტერესო და მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროგრამა “ბუკით“ სწავლა. ამ პროგრამამ შემოიტანა მოსწავლეებში ხალისი და მოტივაცია, რაც დადებითად ისახება მათ მიღწევებსა და შედეგებში. ბუკით სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს საშუალება ეძლევა ახალი ინოვაციური მეთოდებით ისწავლოს ახალი მასალა.
სწორედ “ბუკით სწავლებამ” მომცა საშუალება მეკეთებინა ჩემი მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო დავალებები, რაშიც იგულისხმება კროსვორდები, რებუსები, ცხრილები, ტესტები, ანიმაციური ელექტრონული წიგნები.

პირველ კლასში ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილებულია ანბანის შესწავლაზე. ამიტომ ვცდილობ,  თითოეული ასო-ბგერა სწორად, შთამბეჭდავად და საინტერესოდ ავუხსნა.

მოტივაციის ამაღლება და განწყობის შექმნა:

თვალსაჩინო მეთოდი(ვიდეო-კლიპის ჩვენება)

გაკვეთილის დასაწყისში მოტივაციის შექმნას და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს  მისი ეფექტურად წარმართვისთვის.  სწორედ მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს პროექტორის გამოყენებით ეკრანზე  ვუჩვენე ვიდეო-კლიპი „ანბანზე“. კომპოზიტორი კახა ცაბაძე. სიმღერა საკმაოდ ეროვნული და მელოდიურია, ხშირად ხდება მასში ასო-ბგერების თანმიმდევრობით გამეორება,  ამიტომ მისი ხშირად მოსმენა ხელს უწყობს ანბანის ადვილად დამახსოვრებას. მოსწავლეები ცდილობენ თავად აყვნენ მელოდიას და მათთვის უკვე ნაცნობი ასო-ბგერები ამოიცნონ და წარმოთქვან.

ახალი ასო ბგერის ახსნა:

ანიმაციური ამბავი

პროგრამა Power Point-ის საშუალებით მოსწავლეებს გავუკეთე ანიმაციური, ილუსტრირებული  ამბავი, რომელიც სახალისო და საინტერესოა მათთვის. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ხატოვანი, თვალსაჩინო მეხსიერება, ამიტომ ასეთი მეთოდით ახსნა დადებით გავლენას ახდენს ასო-ბგერის დამახსოვრებასა და სიტყვის მნიშვნელობის კარგად გააზრებაში.

თემა:  ასო-ბგერა „ვ“ და ასო-ბგერა “ნ“ სიტყვა -ნავი

მოთხრობის სათაურია “მხიარული დღე“

პატარა ამბავს აქვს სათაური, რომლის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები, რას ფიქრობენ, რაზე შეიძლება იყოს ეს ამბავი? ეს მეთოდი ძალიან კარგია მათი ფანტაზიის განვითარებისთვის. ისინი გამოთქვამენ საკუთარ აზრს,  ვარაუდებს სათაურიდან გამომდინარე(ხშირად ძალიან საინტერესო და ლოგიკურს).

პრეზენტაციის დროს  ვუკითხავ ამბავს. “ერთხელ მეგობრებმა გასეირნება გადაწყვიტეს. ზოგი ცეკვით ირთობდა თავს, ბაჭია აქეთ-იქით ხტუნავდა. თაგუნია მინდორში მხიარულობდა. უცებ შენიშნეს კაცი, რომელიც რაღაცას ეძებდა. მეგობრებმა მისი დახმარება გადაწყვიტეს. მათ განძი აღმოაჩინეს. კაცმა მადლობა გადაუხადა და უკან დაბრუნდა“. ამბავი არ უნდა იყოს დიდი. უკეთესია, თუ იქნება მოკლე და გადმოსცემს გარკვეულ აზრს. მათთვის ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი. ამბავი არ უნდა შეიცავდეს ბევრ უცხო სიტყვას.

კითხვა-პასუხის მეთოდი

ვსვამ კითხვებს, სწავლის პროცესის მეტად გასახალისებლად და გასააქტიურებლად. მაგ:

რომელი ცხოველი იცანით? თქვენ თუ  წასულხართ სასეირნოდ? როგორ გგონიათ, ვინ დაინახეს მეგობრებმა? თქვენი აზრით, რატომ თხრის კაცი მიწას?,რა იპოვეს მათ?,რითი დაბრუნდა კაცი უკან?,რისგან  კეთდება ნავი? თქვენ თუ გიმგზავრიათ ნავით?

დადებითი მხარე;

  • მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა.
  • ხდება ფანტაზიის უნარის განვითარება.
  • სხვისი აზრის მოსმენა.
  • ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას.

ამის შემდეგ ხდება ახალი სიტყვის “ნავის“ დამარცვლა, შემდეგ ასო-ბგერებად დასახელება. მოსწავლეები ამოიცნობენ, თუ რომელი ასოა მათთვის უცნობი და შემდეგ ხდება ეკრანზე მისი გრაფიკულად გამოსახვა.

 

ასო-ბგერის მოხაზულობის სწავლა:

თვალსაჩინო მეთოდი:

    ეკრანზე გამოისახება ახალი ასო-ბგერა, რომლის მიმართულებასაც  პროგრამა PowerPoint-ის საშუალებით აჩვენებს „ღიმილაკი“ ან „ფანქარი“, რომელიც მოძრაობს ამ ასოზე. ამის შემდეგ  მოსწავლეები ხელით შემოხაზავენ ასო-ბგერას. ამ მეთოდის გამოყენებისას ბავშვი უკავშირებს ილუსტრაციას სიტყვას.

  • თვალსაჩინოდ ხედავს ასო-ბგერის მოხაზულობას;
  • ხდება ასო-ბგერითი მიმართების დამყარება.

ფონეტიკური სავარჯიშოები:

ფონემური იზოლაცია

  • ამოიცანით სიტყვებში ახალი შესწავლილი ასო-ბგერები და გააფერადეთ.
  • ამოიცანით ყველა სიტყვა, რომელიც იწყება ახალ ასო-ბგერაზე.
  • ფონემური
  • ფონემების იდენტურობა
  • იპოვეთ სიტყვებში ერთნაირი ასოები.

შეფასება და ურთიერთშეფასება:

დავალების შესრულების შემდეგ ხდება მათი შეფასება სხვადასხვა გზით. შეიძლება შეფასდეს მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და ძალიან კარგი საშუალებაა ურთიერთშეფასება, მოსწავლეები წყვილებში უმოწმებენ ერთმანეთს ნამუშევრებს, რაიმე შეცდომის შემთხვევაში აძლევენ ერთმანეთს რჩევებსა და მითითებებს.

განმტკიცება: კლასიფიკაცია, ბგერების იდენტიფიცირება და ლოკალიზება

მოსწავლეებს გადაეგზავნებათ „ბუკებში“ სხვადასხვა სურათები, მათ უნდა გამოიცნონ რომელი სურათის დასახელება იწყება ასო-ბგერა „ნ“ და „:ვ“-ზე და დაალაგონ ერთ მხარეს. ამ დროს მოსწავლე ცდილობს ამოიკითხოს სიტყვა, თან მოძებნოს ახალი ასო-ბგერით დაწყებული სიტყვები და მოახდინოს მისი კლასიფიცირება.

შედეგი:

ამ მეთოდით ახალი  ასო-ბგერის ახსნა დადებითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე. ისინი თვალსაჩინოდ ხედავენ ილუსტრაციებს, ასო-ბგერებს. ამიტომ გაადვილებულია მისი აღქმა.

გაკვეთილის ბოლოს მას უკვე შეუძლია :

  • ამოიცნოს სიტყვებში ახალი ასო-ბგერა;
  • სიტყვებით შეადგინოს წინადადება;
  • დაასახელოს სიტყვა, რომელიც ამ ასო-ბგერაზე იწყება;
  • ასო-ბგერითი მიმართების გაცნობიერება;
  • მთლიანი სიტყვების კითხვა.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახით მასწავლებელს აქვს დიდი რესურსი, არ არის შეზღუდული გაკვეთილის ჩარატების  დროს, ეს მის ფანტაზიასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიკური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.                                               

გამოყენებული ლიტერატურა;

ეროვნული სასწავლო გეგმა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევი

სახელმძღვანელო “ისწავლე ხალისით“
 

სირთულეების დაძლევის სტრატეგიები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს  

0

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ეფექტური საშუალებაა საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეების ჩართვისა და მათი აკადემიური მიღწევების გასაზრდელად. მასწავლებელთა ერთი ნაწილი ცდილობს, თავი აარიდოს ამგვარ მიდგომას რამდენიმე მიზეზის გამო (Llewelyn, 2005):

  • მათთვის უფრო კომფორტულია ტრადიციული სწავლება, რადგან თვითონ მასწავლებელსაც ასე აქვს ნასწავლი;
  • კვლევებით სწავლების დროს ვერ აკონტროლებს კლასს;
  • კვლევა არ არის აქტუალური კათედრაზე და ამიტომ მასწავლებელს არ აქვს კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის პროფესიული გამოცდილება;
  • კვლევა ნაკლებად არის იმ სახელმძღვანელოებში, რომლითაც მასწავლებელი ხელმძღვანელობს;
  • არ არის შემუშავებული გზამკვლევები კვლევითი სამუშაოების განხორციელებისათვის;
  • არ არის კვლევისათვის საჭირო რესურსები და ხელსაწყოები;
  • მოსწავლეები საჭიროებენ დამატებით ინსტრუქციებს, თუ როგორ ჩაატარონ კვლევა;
  • მოსწავლეებს არ აქვთ კვლევითი უნარები;
  • მოსწავლეები ემზადებიან დამამთავრებელი გამოცდებისათვის;
  • მოსწავლეები მიჩვეულნი არიან, მიიღონ მზა პასუხები მასწავლებლისგან;
  • კლასში კვლევების ჩასატარებლად არ არის საკმარისი დრო;
  • მასწავლებლებს ადმინისტრაციისაგან სჭირდებათ სათანადო მხარდაჭერა;
  • კვლევების განხორციელების დროს მასწავლებელს უჭირს მოსწავლეთა შეფასება;
  • მასწავლებლებს არ აქვთ სათანადო კვლევითი კომპეტენცია.

ჩამოთვლილთაგან ის საკითხები, რომლებიც მასწავლებლის კომპეტენციასა და ლაბორატორიული სივრცეს ეხება, წინა სტატიებში განვიხილე. ამ ეტაპზე კი განვიხილავ განათლების სპეციალისტთა შეხედულებებსა და განათლების მკვლევართა დასკვნებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშემშლელი რამდენიმე ასპექტის შესახებ, რომელთა გათვალისწინება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელს თავიდან აარიდებს სირთულეებს სწავლების დროს.

დროის მართვა. ამერიკა-საქართველო-ისრაელის მეცნიერთა ერთობლივი კვლევის (Sheety et al., 2017) შედეგების მიხედვით, ამერიკელი, ებრაელი და ქართველი მასწავლებლების საერთო პრობლემას წარმოადგენს დრო. მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ეფექტური მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, დროის სიმცირეა, რომელიც კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარების მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს. მათი თქმით, პროგრამა გადატვირთულია და რთულია კურიკულუმით განსაზღვრული შეფასების გაკეთება. როგორც ერთ-ერთი ქართველი მასწავლებელი ამბობს, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები გადიან კვლევის ეტაპებს, თუმცა დროის სიმცირის გამო ამავე გაკვეთილზე შედეგების განხილვა ვერ ესწრება. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ცდილობს ჩაინიშნოს კითხვები და განიხილონ შემდეგ გაკვეთილზე, ან კლუბური მუშაობის დროს. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად მოსწავლეთა ინტერესი ჩატარებული კვლევის განსახილველად მცირდება. ამავე კვლევის მიხედვით, ქართველი მასწავლებლებისათვის კვლევების ჩასატარებლად მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება – “CAT“ (დღევანდელ რეალობაში ეს დაბრკოლება მოხსნილია). ებრაელ მასწავლებლებს, ისედაც მცირე დროის პირობებში „Bagrut”-ის გამოცდებისათვის უწევთ მოსწავლეთა მომზადება, კვლევებისათვის კი არ რჩება საკმარისი დრო. ნეგატიურად საუბრობენ, აგრეთვე, ფილადელფიელი მასწავლებლები, მაგალითად, ბიოლოგიის გამოცდის შესახებ. როგორც საქართველოს, ასევე ისრაელისა და ამერიკის ზოგიერთი შტატის სკოლის ბევრი მასწავლებელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოსახერხებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, ხოლო დამამთავრებელ კლასებში ამ მეთოდის გამოყენება რთულია გამოსაშვები გამოცდებისათვის მზადების გამო, რადგან სასწავლო პროგრამა იზრდება და კვლევების ჩატარებისათვის დრო ნაკლებად რჩება.

კლოუსა და მისი თანაავტორების მიხედვით, ეფექტური მენეჯმენტი არის „ერთგვარი გასაღები კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის“ (Clough et al.,1994, p. 30). მათი რჩევით გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელმა დაფაზე უნდა ჩამოწეროს გეგმა, რომელიც მთელი გაკვეთილის მსვლელობისას ეწერება. ასეთ ვითარებაში, მოსწავლეები არ სვამენ შეკითხვებს, მაგ. რას ვაკეთებთ დღეს? და სხვა. ამასთანავე, იმ მოსწავლეებთან, რომლებთანაც პირველად ტარდება კვლევა, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ჯგუფებს დაურიგოს ნათლად და მკაფიოდ ფორმულირებული ინსტრუქციები კვლევის თითოეული ეტაპისათვის, რაც თავის მხრივ დაზოგავს დროს კვლევითი საქმიანობისთვის.

შურღაია (2012) აღნიშნავს, რომ ეფექტური მენეჯმენტი კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ამოსავალი წერტილია. როცა მასწავლებელმა იცის, როგორ უნდა გადაანაწილოს დრო, ის ქმნის კვლევებში მოსწავლეების ჩართვის მეტ შესაძლებლობას: „დროის ეკონომიის მიზნით, ყოველ გაკვეთილზე, მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა, რომელიც მასწავლებელს მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება“.

ამგვარად, ჩვენ მიერ განხილული პრობლემები, როგორიცაა სასწავლო პროგრამების გადატვირთულობა და ცოდნის შემოწმებაზე ორიენტირებული სასკოლო გამოცდები ხელს უშლიდა კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას და ამ პრობლემის მოგვარება განათლების სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, რაც დღესდღეობით ოპტიმალურად გადაიჭრა. კვლევების ჩასატარებლად დროის რაციონალურად გამოყენების სტრატეგიების ფლობა მასწავლებელს დაეხმარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურად წარმართვაში.

შეფასება. მასწავლებლის პრეროგატივაა, სწავლების გარკვეულ ეტაპზე ან დასასრულ შეაფასოს მოსწავლის ცოდნა და უნარები. შეფასებისათვის მნიშვნელოვანია სწავლებისა და მოსწავლის მუშაობის ხარისხის კრიტერიუმების განსაზღვრა, მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი, ინსტრუქციების დახვეწა და ხარვეზების გამოსწორება. შეფასება საჭიროა, რათა განისაზღვროს მოსწავლის მუშაობის ხარისხი და ხარვეზის შემთხვევაში მოძიებულ იქნას მისი გამოსწორების გზა. ისევე როგორც ნებისმიერი პროცესი, კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაც უნდა შეფასდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ამისათვის გამოიყენოს შეფასების ალტერნატიული მეთოდები და მრავალფეროვანი სტრატეგიები.

საბუნებისმეტყველო საგნების ტრადიციული სწავლებისას შეფასება ტესტებზეა ორიენტირებული. ტექსლისა და ვაილდის (Texley & Wild, 1998) აზრით, ტესტირების წინ ნებისმიერ მოსწავლეს აქვს ღელვა და, შესაძლოა, ყოველივე ამან გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები. ამასთანავე, დახურული კითხვები სათანადოდ ვერ აფასებს მოსწავლის აკადემიურ პროგრესს. განსაკუთრებით კი კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს. მიუხედავად ამისა, ტესტირება სკოლის რუტინის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლის კვლევითი უნარების განსავითარებლად მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება – შემაჯამებელი ბარათები, თანატოლთა შეფასება, დაკვირვება და  კომენტარების გამოყენება.

ამავე ავტორთა თქმით, შეფასების ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტად მიჩნეულია რუბრიკა. მასწავლებელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ რუბრიკების საშუალებით მოსწავლეები ადვილად ახდენენ თვითშეფასებას და ისწრაფვიან ხარისხის გაუმჯობესებისკენ. შეფასების რუბრიკების გამოყენება მოსწავლეს აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება მაღალი სტანდარტის ხარისხიანი სამუშაო. მოსწავლეს აღარ ებადება კითხვა, „რა უნდა გავაკეთო, რომ უმაღლესი შეფასება მივიღო?“. ამავდროულად, რუბრიკა აჩვენებს განსხვავებას, რამდენად დაეუფლა მოსწავლე ამა თუ იმ მასალას.

საბუნებისმეტყველო საგნებში განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი არის მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმა, რომელიც მასწავლებელს ეხმარება, შეაფასოს, რამდენად გაღრმავდა მოსწავლის ცოდნა ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

მარზანოს (Marzano, 2001) მიხედვით, შეფასება ყოველთვის მოსწავლის წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, მასწავლებელმა ისე მოახდინოს უკუკავშირი, რომ ეს შედეგი მოსწავლემ არ აღიქვას, როგორც წარუმატებლობა, ამასთანავე მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა უბიძგოს, რომ შედეგის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მცდელობა და ძალისხმევა.

ლეველინი (Llewelyn, 2005) აღნიშნავს, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს, შეფასება ხშირად ხდება მასწავლებლის ღელვის მიზეზი, რადგან ფიქრობენ, რომ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც ამავდროულად დიდ დროს მოითხოვს. არსებობს მრავალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება, მაგალითად, ტრადიციულ დახურულ კითხვებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პორტფოლიო, რუბრიკა, კონცეფციური რუკა, სტრუქტურული ინტერვიუ, მოსწავლეთა თვითშეფასება, ღია დაბოლოებიანი კვლევა. შეფასებას ექვემდებარება, აგრეთვე, მოდელის შექმნა შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხსენებულ ინსტრუმენტებზე დაფუძნებით მასწავლებელი ახორციელებს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მას აძლევს საშუალებას, შეამოწმოს მოსწავლეების გაგება/გააზრების დონე და, შესაბამისად, დაგეგმოს სწავლების პროცესი.

გორგოძის (2016) თქმით, ტრადიციული შეფასებისგან განსხვავებით, ნებისმიერი აქტივობა თუ სტრატეგია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად მოძებნის საკითხის გააზრებისა და დაუფლების ეფექტურ  გზას.

კვლევის მიხედვით (Sheety et al., 2017), ამერიკელი, ებრაელი და ქართველი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეფასება. კვლევითი პროცესის შეფასება განსაკუთრებით რთულად მიაჩნიათ ქართველ მასწავლებლებს. ისინი ქმნიან რუბრიკებს და მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას. ებრაელი მასწავლებლები ახორციელებენ როგორც განმსაზღვრელ, ისე განმავითარებელ შეფასებას. ამერიკელი მასწავლებლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევის პროცესი, ვიდრე შედეგი. ამიტომ, ისინი ძირითადად მოსწავლეებისათვის თვითშეფასების რუბრიკებს ადგენენ.

როგორც კაპანაძე (2016) მსჯელობს, საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს ეხმარება, შეაფასოს მოსწავლის ცოდნა და უნარები, ამასთანავე განსაზღვროს, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მუშაობა მოსწავლეთა წარმატებების უზრუნველსაყოფად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განმავითარებელი შეფასების დროს სხვადასხვა სტრატეგიით ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინა მოსწავლემ გარკვეული დროის განმავლობაში, იყო თუ არა მასწავლებლის მეთოდები ეფექტური. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეფასებას აქვს ორმხრივი ხასიათი, მოწმდება მოსწავლის კომპეტენცია და მასწავლებლის მეთოდებისა და ინსტრუქციების ეფექტურობა.

კითხვების დასმის ტექნიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დროს, რასაც მასწავლებელი და მოსწავლე უნდა ფლობდნენ, არის კითხვების დასმის ხელოვნება. ედვარდსის მიხედვით (Edwards, 1997), დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სვამენ უზომოდ ბევრ შეკითხვას, თუმცა მაღალი კლასის მოსწავლეებში კითხვების დასმის, ან პასუხის სურვილი იკლებს, ხდებიან უფრო პასიურნი, თითქოს მოვალეობას იხდიან. მათზე გავლენას ახდენენ მეგობრები და თანატოლები. ამიტომ, გარკვეული დროის ხარჯვა და ძალისხმევაა საჭირო მასწავლებლის მხრიდან, რათა გაააქტიურონ მაღალი კლასის მოსწავლეები, დააინტერესონ ისინი და განუვითარონ საკვლევი კითხვების ფორმულირების უნარი.

დირლის (Dyrli, 1999) მსჯელობით, კითხვების დასმის დროს არ არის ადვილი, მოითმინოს მასწავლებელმა და მოსწავლეთა შეფერხების შემთხვევაში თავადვე არ გასცეს პასუხი. მაგრამ, როცა მასწავლებელი არ იძლევა მზა პასუხებს, მოსწავლეები ფიქრობენ ლოგიკურად, ყალიბდებიან მკვლევრებად და გადადგამენ პირველ ნაბიჯებს მკვლევართა საზოგადობაში. თუ მასწავლებელი საკლასო გარემოში მოსწავლეებს მუდმივად მზა პასუხებს აძლევს, ის უკარგავს მოსწავლეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, თავად იფიქრონ მოცემულ საკითხზე. მნიშვნელოვანია, შეკითხვის ფორმულირება მასწავლებლის მხრიდან. კითხვის სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში მასწავლებელი აუმჯობესებს კვლევით პროცესს და ქმნის მეტ შესაძლებლობას მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის. შეკითხვის დასმის მანერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეკითხვის შინაარსი. რამდენადაც კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი განივითარებს კითხვების დასმის უნარს, მით მეტ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ ცოდნა, აუმაღლდეთ მოტივაცია, შექმნან მოდელები და აწარმოონ დისკუსიები მათთვის საინტერესო თემებზე.

დუკის უნივერსიტეტში არსებული კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ცენტრის (Hebrank, 2000) ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს:

„კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაში ან მოსწავლეები სვამენ შეკითხვას, ან მასწავლებლები აწვდიან მათ მზა კითხვას. მნიშვნელოვანია კითხვა სწორად დაისვას, პირველ შემთხვევაში ვლინდება, თუ რა საკითხის შესწავლა უნდა მოსწავლეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – თუ რის სწავლება სურს მასწავლებელს. მიუხედავად იმისა, მასწავლებელი სვამს კითხვას თუ თვითონ მოსწავლე, პასუხის გასაცემად ძირითად როლს მაინც მოსწავლეები ასრულებენ“.

მოცემული მსჯელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მოსწავლეზე ორიენტირებას.

ლეველინი (Llewelyn, 2005) თვლის, რომ საშუალო სკოლაში მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ კითხვების დასმის, ან პასუხის გაცემის. ამიტომაა, რომ ისინი არ არიან რეალიზებულნი კლასში. თუ მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს მათ მიერ ინიცირებულ საკვლევ საკითხებს, ისინი ბევრად უფრო გაბედულნი ხდებიან და მათი მოტივაცია და ინტერესიც იზრდება. მოსწავლეთა მხრიდან ხშირია წინააღმდეგობა კვლევაზე დაფუძნებულ სწავლასთან დაკავშირებით, რადგან ტრადიციული სწავლების პირობებში ისინი მიჩვეულნი არიან მასწავლებლისაგან მზა პასუხების მიღებას. ტრადიციული სწავლების მიდგომების გამტარებელი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი მისი პროფესიული მოვალეობაა. თუმცა, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მასწავლებელი ყოველთვის თავს იკავებს მზა პასუხებისგან. ის კითხვის მოსმენის შემდეგ აკეთებს მცირე პაუზას, მიმანიშნებელი ფრაზებით ეხმარება მოსწავლეს შესაბამისი ნასწავლი მასალის გახსენებაში და მიჰყავს სწორ პასუხებამდე. 2-3 წამიანი პაუზა კი მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გააანალიზოს, მინიშნება მისცეს მოსწავლეს, ან დაეხმაროს მოკლე კომენტარებით, იმ მოსწავლეთა ფლუსტრირების თავიდან აცილების მიზნით, რომელთაც წინარე ცოდნა არ აქვთ.

მოსწავლეთა მრავალრიცხოვნება. დოლიძის (2017) მიხედვით, ქართულ სახელმწიფოს მცირერიცხოვანი კლასების დაფინანსება საკმაოდ ძვირი უჯდება. არადა, ნებისმიერი მასწავლებლისთვის პრობლემურია მრავალრიცხოვანი კლასის მართვა და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება. უახლოეს წარსულში, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირეს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჰონკონგი, სინგაპური, კორეა, ჩინეთი. ევროპული სტანდარტის მიხედვით მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობად 16-18 მოსწავლე სახელდება. ამერიკის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ასოციაციის დასკვნის მიხედვით (Sheety et al., 2017), ლაბორატორიაში მოსწავლეთა რაოდენობა 16-ს არ უნდა აჭარბებდეს: „მოსწავლეთა მცირე რაოდენობა უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის მომატებას: „მოსწავლეთა მრავალრიცხოვნება ქმნის საფრთხის რისკს და ამცირებს სწავლის ხარისხს“. ამერიკა-საქართვლო-ისრაელის მასწავლებელთა ერთობლივი კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი მასწავლებლები ითხოვენ პროფესიულ გადამზადებას, რათა ისწავლონ მრავალრიცხოვანი კლასების მართვა კვლევის განხორციელებისას. ნაშრომში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ქართველი მასწავლებლის აზრს: „მოხარული ვიქნები, თუ ვისწავლი, როგორ ჩავატარო კვლევა 30-35 მოსწავლესთან“ (Sheety et al., 2017, p. 59-84).

განათლების ექსპერტები მასწავლებლებს ურჩევენ, რომ მრავალრიცხოვან საკლასო გარემოში გამოიყენონ ისეთი აქტივობები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში მთელ პასუხისმგებლობას მოსწავლეს დააკისრებს. მასწავლებლის მიერ, წინასწარ მომზადებული ნათელი და მკაფიო ინსტრუქციების დარიგება, ხელს შეუწყობს კვლევაზე დაფუძნებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, დროის მენეჯმენტის მართვასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Llewellyn, D. (2005). Teaching high school science through inquiry: A case study approach. Corwin Press. USA
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=18007
  3. Sheety, A., Kapanadze, M. & Joubran, F., (2017) High School Teachers’ Perceptions Regarding Inquiry-Based Curricula in United States, Georgia, and Israel. In: C. Roofe, C. Bezzina (eds.), Intercultural Studies of Curriculum, Intercultural Studies in Education, DOI 10.1007/978-3-319-60897-6_4
  4. Clought, M., & Clark, R.(1994). Cookbooks and Constructivism. The Science Teacher, 61(2), 34-37.
  5. შურღაია, ა. (2012, ივნისი 5). თეო ნეფარიძე-კლასის მართვის სტრატეგია. მოძიებულია 11.2017  https://mastsavlebeli.ge/?p=2519
  6. Texley, J., & Wild, A. (1998). NSTA pathways to the science standards: High school edition. Arlington, VA: National Science Teachers Association
  7. Marzano, R. J. (2001). Classroom Assessment and Grading that Work. Alexandria, VA: ASCD
  8. გორგოძე, ს. (2016, ოქტომბერი 26). ეფექტური განმავითარებელი შეფასება. მოძიებულია 10.10.2017 https://mastsavlebeli.ge/?p=11953
  9. კაპანაძე, მ., (2016, დეკემბერი 13). განმავითარებელი შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში. მოძიებულია 10.07.2018 https://mastsavlebeli.ge/?p=12461
  10. Edwards, C. (1997). Student inquiry. The Science Teacher, 64(7),18,20-21
  11. Dyrli, O. (1999, November). Gil Dyril’s “Sweet sixteen.” Curriculum Administrator, 60-67
  12. Hebrank, M. (2000). Why inquiry-based teaching and learning in the middle school science classroom. 08.2017 Retrieved from: www.biology.duke.edu/cibl/inquiry/why inquiry_in_ms.htm
  13. დოლიძე, თ. (2017, მარტი 29). განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწავლა სწავლების ხარისხს, მოსწავლეების მოტივაციასა და მასწავლებლების კვალიფიკაციასთან ერთად, აღსაზრდელთა რაოდენობაც განსაზღვრავს. მოძიებულია 07.07.2017 https://mastsavlebeli.ge/?p=13716

 

 

 

 

ვიკამათოთ განდეგილის ტრაგედიაზე

0

რატომ მარცხდება განდეგილი? ან მარცხდება კი ის? – ილიას მუდამ პოპულარული პოემის გმირის ცხოვრების გზა, არჩევანი, მისი გაორება და აღსასრული ყოველთვის იწვევს მკითხველის დიდ ინტერესსა და პოლემიკას. მკითხველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბეთლემის ქვაბში დაყუდებული ბერი წმინდანია, რომელთანაც მწყემსი ქალის სახით ეშმაკი გამოცხადდა და სძლია მას, რომ სიწმინდეს და რწმენას მუდამ სდევს განსაცდელი, ბოროტი ძალა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ განდეგილი თავდაუჯერებელი, გაუცნობიერებელი, სუსტი ადამიანია, რომ ილიას ეპოქაში განდეგილობის დრო უკვე აღარ არის, გარემო საზოგადო ასპარეზზე უხმობს ყველას და ლოგიკურია ამ გმირის სულიერი მსხვრევა. ის იმსხვერპლა საკუთარმა უნებისყოფობამ.

”თერგდალეულებმა” მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში წამოწიეს გმირის ძიების თემა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართვა განიზრახეს. მოძღვრებს აქ განსაკუთრებული როლი ერგებოდათ, რადგან ისინი იყვნენ მქადაგებლები, ავტორიტეტული ადამიანები, კეთილი მწყემსები, რომელთაც ხალხი უსმენდა და მიჰყვებოდა. საჭირო იყო მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება. ილიას ყველა ტექსტი ამ იდეის გარშემო ტრიალებს. ილიასა და აკაკის იდეალი იყო გრიგოლ ხანძთელის საძმოს წევრებივით აქტიური, მოღვაწე, მებრძოლი ბერები, რომლებმაც საქართველოს ოქროს ხანას და ძლიერ ქართულ სამთავროებს ჩაუყარეს საფუძველი, კი არ განუდგნენ წუთისოფელს, როგორც ცოდვის სადგურს, არამედ მისი გაკეთილშობილება და ტრანსფორმირება განიზრახეს. საერო პირებთან ერთად დაუღლელად იღვწოდნენ ქვეყნის აღმშენებლობისა და საქრისტიანოს განმტკიცებისთვის. აკაკიმ პოემა ”თორნიკე ერისთავში” მთავარი გმირის, არსენ კათალიკოსისა და გაბრიელ სალოსის სახით დახატა მებრძოლი ქრისტიანები, რომლებიც ლოცვის მადლთან ერთად აქტიურად ერთვებოდნენ საჭირბოროტო საქვეყნო საქმეში.

მიმაჩნია, რომ ილიამ სწორედ ამ კონტექსტში დახატა განდეგილის ტრაგედია. ეს ადამიანი განერიდა წუთისოფელს, როგორც ბოროტების სადგურს, სად ”ცილი, ზაკვა ძულებადა ხდის წმინდა სიყვარულს მოყვასისასა”. მის თვითმიზნად იქცა საკუთარი სულის ეგოისტური ხსნა და სხივის სასწაულით ყოველდღე იმოწმებდა თავის სიწმინდეს. მაგრამ, როგორც კი მწყემსი ქალის სახით ესტუმრა მაძიებელი, მოაზროვნე, გულწრფელი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ კითხვები დაუსვა მწირს საკუთარ არჩევანზე. მწირი დაიბნა, ქალს კითხვებზე ვერ უპასუხა, მისი სილამაზით გაოგნებული ვნებამ აიტანა და მრუშობის გულისთქმა ჩაესახა. მისი ათრთოლება სასიყვარულო სიმთა ჟღერას ჰგავდა და ცოდვასავით მძიმე კი არა, ნეტარებასავით ტკბილი იყო. თუმცა მწირი მალევე გამოფხიზლდა და თავზარი დასცა საკუთარმა უნებისყოფობამ. როცა ქალმა დაუსვა გამომცდელი კითხვა, მხოლოდ შენ იხსნი სულს და ”მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებითო?” მწირმა დაბნეულად უპასუხა: ”ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე, უბედურსა”…

საკუთარი თავის უბედურად გააზრება უკვე იყო მწირის სულიერი კრახი, დაცემა და სულიერი გატეხვა, ამას დაერთო ქალისადმი აღძრული ვნება და ღვთისმშობლის ხატშიც კი ამ ქალის სახის ხილვა. განდეგილის სასოწარკვეთილება უსაზღვრო იყო. მისი ერთადერთი ნუგეში ისღა იყო, რომ მთელი ღამით ტყე-ღრეში ხეტიალის შემდეგ სხივზე ლოცვანის დაყრდნობის სასწაული კვლავ ეხილა, მაგრამ… ამ სასწაულის დაკარგვა მწირმა ვერ გადაიტანა, იქვე განუტევა სული.

მწირის რწმენა რომ ყოფილიყო ურყევი კლდე, ის ღვთის სასჯელად არ მიიჩნევდა სასწაულის წართმევას. ეს არა უფლის სასჯელი, არამედ უფრო საკუთარი სინდისის ქენჯნა, თვითგვემა, რწმენის შერყევა და სულიერი მსხვრევა გახლდათ. მწირის ერთადერთი მიზანი ხომ საკუთარი ხორციელი ვნებების დათრგუნვა იყო და მან აღმოაჩინა, რომ ამისთვისაც ვერ მიუღწევია. ამიტომაც მისი სიკვდილი ლოგიკურია. მას სასიცოცხლო ძალები აღარ შემორჩა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ხორციელი გულისთქმის დაძლევაც კი არ შეუძლია და სენაკში ეშმას ხარხარივით ისმის სინდისის ხმა: ”გძლიე თუ არ?”

მწყემსი ქალის სახეზე განსხვავებულ თვალსაზრისს გვთავაზობს ილიას ცნობილი მკვლევარი მაია ნინიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი სახით მწირს მოევლინა განსაცდელი, ცდუნება, ეშმაკისეული ძალა. ამ თვალსაზრისს იზიარებს ლიტმცოდნეთა და მკითხველთა არცთუ მცირე ნაწილი.

ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ 2016 წელს გამოქვეყნდა თეონა ბექიშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ სწავლებისათვის“, სადაც მკვლევარი ორივე თვალსაზრისს ეხება და თავადაც სვამს მაპროვოცირებელ კითხვებს, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალფეროვანი დისკუსიებისკენ უბიძგებს. ამ პოემის ტექსტი უკვდავი მასალაა დებატებისთვის, განსჯისთვის, ფიქრისთვის, პერსონაჟის ბედზე დაფიქრებისთვის, ავტორის, როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი ტალღის ლიდერის პოზიციების გააზრებისთვის.

თუმცა მწყემსი ქალის სახეზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ის თავისი ჰუმანიზმით, გონიერებით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით, ესთეტიზმით, სიყვარულის უნარით, გარეგნული და სულიერი სილამაზით ჰარმონიული მიწიერი ადამიანის სიმბოლოა და შეუძლებელია იყოს ეშმაკის განსახიერება. ტექსტში არაფერი მიგვანიშნებს ამაზე. მას არ დაუწყია მწირის ცდუნება. მშვიდად ეძინა, როცა მწირს მისადმი ვნება აღეძრა. არც დაუძრახავს მწირი, გულწრფელი გაოცებით მხოლოდ კითხვები დაუსვა. მისთვის წარმოუდგენელი იყო წუთისოფლიდან განდგომა. ”ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?” – კითხულობდა გაოცებული. შემთხვევითი არ უნდა იყოს ქალის მწყემსობაც. „მწყემსი კეთილი“ სახარებისეული ალუზიაა და ყოველთვის მიემართება არა მხოლოდ მაცხოვარს, არამედ ყოველ მოღვაწე, ტალანტის გამამრავლებელ, მადლიან მოძღვარს, წმინდა ადამიანს.

რასაკვირველია, ყველას შეგვიძლია მხატვრულ სახეში ამოვიკითხოთ ის იდეა და ქვეტექსტი, რომელიც გვსურს, რომელსაც ვხედავთ, რადგან სახე ყოველთვის მრავალშრიანია, მაგრამ სახის ჩვენეული დეკოდირება კონფლიქტში არ უნდა იყოს ავტორის კონცეფციასთან. ვფიქრობ, საიმისოდ, რომ ამ პოემის მწყემსი ქალი სატანისეულად გამოვაცხადოთ, ტექსტში სადმე უნდა იძებნებოდეს ავტორისეული მინიშნება და ამგვარი დასკვნა არგუმენტირებული უნდა იყოს. რას გვეუბნება ტექსტი პროტაგონისტის შესახებ?

„თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა

თავის სიცოცხლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, – ვინ ვის აშვენებს,

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა“…

აქ დაბეჯითებით ხაზგასმულია, რომ ქალი უნაკლო და მშვენიერი იყო. გარდა ამისა, ტექსტი გვიმხელს მისი პიროვნების არაერთ მახასიათებელს: ის მშრომელი, წესიერი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული გმირია. მეცხვარის რთულ საქმეს სიამოვნებით აკეთებს, თავისი საქმისა და მამის წინაშე პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. კეთილსინდისერია, მოსიყვარული, მზრუნველი და მგრძნობიარეა, მამაზეც დარდობს და დაღუპულ ცხვრის ფარაზეც, მწირს ჰპირდება, რომ თუ ახლა განსაცდელგამოვლილს შეიფარებს და გაათბობს, ხვალ თუნდ მთელ ზუგ შეშას ამოუტანს. ესთეტია, იხიბლება მყინვარზე მზის ჩასვლის მომაჯადოებელი პეიზაჟით. დარდობს ბეთლემის ქვაბში გამოკეტილ ბერზე, ადრეც ხშირად უფიქრია მასზე და ახლაც ძალიან აღელვებს მისი ბედი. სვამს კითხვებს, ლოგიკურად აზროვნებს და მსჯელობისას გონიერებას ამჟღავნებს. მოკრძალებული და ზრდილია. განდეგილის ცდუნებისთვის მას არაფერი გაუკეთებია, ვნების თვალი მას არ მიუპყრია მწირისთვის. ეძინა, როცა განდეგილი მის საკოცნელად დაიხარა. ქალი უხმაუროდ წავიდა მწირისგან. დილას ის სენაკში არ დახვედრია აფორიაქებულ განდეგილს.

მწირი კი, ნაცვლად იმისა, რომ ქალის გულწრფელი გაოცებისთვის, მასში აღძრული კითხვებისთვის ეპასუხა, დაიბნა, ქალის გამომცდელ კითხვებს საპასუხოდ ვერაფერი შეაგება, რადგან არ იყო საკუთარ არჩევანში დარწმუნებული. ერთი წამით წარმოვიდგინოთ ამ მწირის ადგილას გრიგოლ ხანძთელი ან მისი საძმოს სხვა წევრები და თუ შეგვიძლია, დავუშათ, რომ მათ არ ჰქონდეთ პასუხები ქალის კითხვებზე, ან თუნდაც ქალის ხორციელი სილამაზით აღტყინებული ან ვნებამორეული დაყუდებული ბერი თუ გვხვდება სადმე ქართველ მოღვაწე მამათა ცხოვრების ამსახველ ძეგლებში? ეს ყოვლად წარმოუდგენელია.

ქალი კი იმდენად მშვიდი, ლაღი, ძლიერი, თავდაჯერებული, სიცოცხლეზე შეყვარებული, გონიერი და სულიერია, რომ თუ ეშმა ასეთია, მაშინ ადამიანმა არჩევანი ეშმაზე უნდა შეაჩეროს.

ვფიქრობ, პოემა ეხმიანება ილიასეული გმირის ძიების თემას. მის ეპოქაში, იმ ისტორიულ დრო-სივრცეში, სადაც მას უწევდა მოღვაწეობა, ყველაზე მთავარი იყო საზოგადოების ყველა ფენის ჩართვა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ილია გმირებს ეძებს ყველგან: ბაზალეთის ტბის ძირას, სასულიერო წრეებში, ქალთა შორის, ახალგაზრდებში, თავადებსა და გლეხებში. განდეგილი ამოვარდნილია თავისი ეპოქის კონტექსტიდან, ამიტომაც მარცხდება ის, მისი დრო წავიდა. ილია ერთგან წერდა: ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდესო!

არავინ უარყოფს, რომ ლოცვას დიდი მადლი და ძალა აქვს და განდეგილის ლოცვა თუ შეეწეოდა ქვეყანას, სამაგიეროდ ის მარცხდება მიწიერი ცხოვრების ცოდვის სადგურად გამოცხადებაში, მის უარყოფაში, მისგან განდგომაში, განრიდება და ლოცვა საკმარისი არ არის, მან უფრო მაღალი მისია და ტვირთი უნდა დააკისროს საკუთარ თავს, რასაც გრიგოლ ხანძთელი, თორნიკე ერისთავი, გაბრიელ სალოსი და მათი სულიერად მონათესავე სხვა არაერთი მოღვაწე ბერი აკეთებდა. გავიხსენოთ კურთხეული მოძღვრის, არსენ კათალიკოსის სიტყვები თორნიკე ერისთავისადმი აკაკის პოემიდან:

„ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?“

ილიას და აკაკის სათქმელი თავიანთი თანამედროვეებისადმი სწორედ ეს არის, „თერგდალეულთა“ არჩევანი ასეთი მებრძოლი, დაუცხრომელი, გიორგიანული ქრისტიანობის მიმდევარი მოძღვრის ხატია. როცა ქვეყანას და საქრისტიანოს დასჭირდა, თორნიკე ერისთავმა ბერის ჩოხა გაიხადა კათალიკოსის კურთხევით და ჯარს გაუძღვა ბრძოლის ველზე. მოძღვრის არჩევანი ცოდვილი ქვეყნის უარყოფა კი არა, მისი გაკეთილშობილება უნდა იყოს.

განდეგილის ტრაგედია, მისი დაცემა, მისი სასოწარკვეთა გამოიწვია არა ქალის გამომწვევმა და მაცდუნებელმა საქციელმა, არამედ საკუთარმა სისუსტემ, უნებისყოფობამ, დაბნეულობამ, რომელსაც ემსხვერპლა ეს გმირი. ილიას სათქმელიც სწორედ ეს იყო, რომ ამ რთულ ეპოქაში განდგომა და ეგოისტური ფიქრი სულის ხსნაზე არ იყო სწორი არჩევანი. ილიას თაობის იდეალი იყო იმერეთის მთავარეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომელმაც იმპერატორი ალექსანდრე პირისპირ, საჯაროდ ამხილა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ჩაგვრაში. ქვეყანაც და ქრისტიანული რწმენაც სწორედ ასეთმა მოძღვრებმა გადაარჩინეს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ამის საუკეთესო მაგალითებს ვხვდებით.

„განდეგილის“ ტექსტზე მუშაობის პროცესში სასურველია, დაიგეგმოს ჰაგიოგრაფიული ძეგლების გმირებთან („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „იოვანეს და ექვთიმეს ცხოვრება“) ლიტერატურულ პარალელებზე მუშაობა. ეს პროცესი ცოცხალი, დამაინტრიგებელი და კოგნიტურად განმავითარებელი, მრავალფეროვანი მასალა იქნება განსჯისა და რეზიუმირებისთვის.

 

სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება სასწავლო პროცესში

0

არაფორმალურ გარემოში  გაკვეთილის ჩატარება ახალისებს სასწავლო პროცესს და   მრავალფეროვანს ხდის მას.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება     იმ  აქტივობების სახით, რომელსაც ვიყენებ ჩემი მოსწავლეების მუზეუმში  წაყვანამდე, მუზეუმში ყოფნისას და  შემდეგ.

მუზეუმში წასვლამდე შესასრულებელი აქტივობა: 

  აქტივობა – რა იცით  და  გსმენიათ  მუზეუმის შესახებ?

საქართველოსა  და მსოფლიო მუზეუმების შესახებ  ვარაუდების და მოსაზრებების  გამოთქმა და ფლიფჩატზე  დაფიქსირება.

აქტივობა – ფილმის ჩვენება

მოსწავლეებს წინასწარ ვაჩვენებ დოკუმენტურ ფილმს, რაც  მათ მუზეუმში აქტიურ  დამთვალიერებლად ყოფნაში დაეხმარება.

მუზეუმში შესასრულებელი აქტივობები:

   აქტივობა- პრეზენტაცია  – მოკლე  ექსკურსი მუზეუმის  ხელოვნების  საგანძურში. მუზეუმის თანამშრომელი აწვდის  მოსწავლეებს საინტერესო და მოტივაციის  მომცემ ინფორმაციას მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ და უტარებს მინი ლექციას. კერძოდ,    გამოყენებითი  ხელოვნების  ადრეული  ნიმუშების  შესახებ,  ესაუბრება  ხეზე  და  ქვაზე  კვეთის  ორიგინალურ ორნამენტულ ნიმუშებზე,  რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

   აქტივობა – ნანახი ფილმის განხილვა:

მოსწავლეები   მინი ლექციით მიღებულ ცოდნას  და მუზეუმში  ნანახ ექსპონატებს უკავშირებენ დოკუმენტური ფილმის სიუჟეტს და ინტერაქტიური მსჯელობის საფუძველზე  უსვამენ კითხვებს  მუზეუმის თანამშრომელს.

მუზეუმიდან დაბრუნების შემდეგ შესასრულებელი აქტივობები:

  ქტივობა  — კითხვა-პასუხი

მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად_ შეკითხვის ავტორი  და მოპასუხე. წყვილები მუშაობენ კითხვებაზე და პასუხებზე.  კითხვა-პასუხის „გათამაშებისას ხდება ლექციაზე მიღებული ცოდნის რეფლექსია.     წყვილები ერთმანეთს აფასებენ აზრის გადმოცემის მიხედვით, ხდება  კონსტრუქტივისტული უკუკავშირი.

 აქტივობა —  ჯგუფური მუშაობა.

იმუშავებს სამი ჯგუფი—ინდივიდუალური დავალებები ჯგუფებისათვის:

პირველი ჯგუფირა იცით თაღოვანი ხიდების შესახებ? არქიტექტორი რომ იყოთ ,ააგებდით თუ არა ასეთ ხიდებს და როგორი ორნამენტებით დაამშვენებდით? (საუბარი და ჩანახატის გაკეთება).

მეორე ჯგუფი-–რა  სახის წნულ ნაკეთობებს ხედავთ დარბაზში?  შეგიძლიათ მათი დასახელება? გამოიყენება თუ არა ისინი დღეს?  შექმენით თქვენეული ორნამენტებით  წნული ნაკეთობების ჩანახატი.

მესამე ჯგუფი-დაათვალიერეთ ხეზე კვეთის ნიმუშები, დააკვირდით მათ ორნამენტებს, მოძებნეთ ჯვრის ორნამენტები და ჩახატეთ რომელიმე მათგანი.

ჯგუფების პრეზენტაცია, ნამუშევრების თვალსაჩინოდ გამოფენა საგამოფენო დარბაზში.

 აქტივობა  — პრაქტიკული დავალების შესრულება

მოსწავლეთა ჯგუფებს ვურიგებ სხვადასხვა ნივთს  (ხის ფირფიტები, ღილები, კაკალი, თხილი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვა)  და ვაძლევ ინსტრუქციას_ შენ შეგიძლია მოხატო ნივთი და აქციო ის სამკაულად…

   აქტივობა — შეფასების რუბრიკა

– რა გავიგეთ ახალი დღეს?

– რა „აღმოვაჩინე“  ჩვენი აქტიურობით? –

რით იყო განსხვავებული დღევანდელი გაკვეთილი?

ამ  აქტივობებმა  მოსწავლეებს საშუალება მისცა ემსჯელათ მეტად აქტუალური თემის შესახებ.  სწორად გათვლილმა და განაწილებულმა დრომ, აგრეთვე მოსწავლეთა ორგანიზებულობამ და მონდომებამ, მოსწავლეთა მობილიზებამ და ოპერატიულობამ  განაპირობა  გაკვეთილის  გეგმის განსაზღვრული აქტივობების  სრულყოფილად განხორციელება.     გაკვეთილზე  გამოყენებული  სტრატეგიები  აღმოჩნდა  სწორად შერჩეული,  რადგან  უზრუნველყო  მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და დადებითად იმოქმედა  მათ  პროდუქტიულ  ინტერაქციაზე.  მოსწავლეებმა  ჩატარებული გაკვეთილით  მიიღეს ცოდნა მუზეუმის  ისტორიული და ფუნქციონალური დანიშნულების  შესახებ. გამოუმუშავდათ  წარმოსახვის,  ფანტაზიისა და კრიტიკული აზროვნების  უნარი; საკუთარი ნამუშევრის წარდგენის უნარი;  განუვითარდათ ორნამენტის ძირითადი პრინციპების, მოტივების, კომპოზიციის, ანალიზის უნარი.  გამოუმუშავდათ  ორნამენტის სხვადასხვა პრინციპით შექმნის  უნარ-ჩვევა;  შევეცადე  გაკვეთილზე  ჩემსა და მოსწავლეებს  შორის  ყოფილიყო  კეთილგანწყობილი  და  თანასწორობაზე  აგებული ურთიერთობა.  სასწავლო  რესურსი და თვალსაჩინოება იყო  მიზნობრივად  შექმნილი და მოსწავლეებისათვის  მისაწვდომი. გაკვეთილის  ეფექტური  და მიზნობრივი  დაგეგმვით მოსწავლეებმა  თანმიმდევრულად  იმუშავეს  საგაკვეთილო მასალაზე  და  წარმატებულად შეასრულეს  დავალებები.

მარტში საკითხავი

0

1.

ამ ბოლო დროს სულ იმ ადამიანებზე მეფიქრება, ვისაც თავისი მიზნებისა და ჩანაფიქრის შესრულება არ დასცალდა.

ოთარ ჭილაძემ რომანის დამთავრება ვერ შეძლო – „აკმეს“ (სამუშაო სათაურია) ფრაგმენტების სრულყოფისთვის მწერალს რამდენიმე წლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ ეყო; ბებიაჩემი ვარო თოლორაია შვილთაშვილზე ოცნებობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წუთებში, უკვე საუბარიც რომ უჭირდა, რძალს (დედაჩემს) ერთმანეთზე მიტყუპებული ორი თითით ანიშნა – ამდენი დღე მაშორებს ჩემი ნანატრი შვილის ნახვას და ღმერთმა ქნას, რომ ჩამომისწროსო;  მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო – რასაც მთელი ცხოვრება შეგნებულად ეწირებოდა და ბოლოს სიცოცხლეც შეწირა, უმისოდ, მაგრამ მისი მარადიული და უკვდავი სულის თანყოფნით გამოაცხადა მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა და ქართველმა ხალხმა; ლეილა ბეროშვილი თავისი საოცრად გულწრფელი „გამოზამთრების“ გამოცემას ვერ მოესწრო – მე კი მისი გაცნობა ვერ მოვასწარი, რასაც დღემდე ვნანობ და ამის საპირწონედ მხოლოდ ის შევძელი, რომ ბექა ქურხულის მიერ შედგენილი ციცის (ქალბატონი ლეილას შინაურული სახელია) ეს წიგნი გამომეცა; „პაპას“ – თენგიზ სავიცკის – მზიანი დილის გათენება არ დასცალდა და ქაღალდის საჭრელ მანქანასთან მისვლა იმ საქმისთვის, რასაც თითქმის ორმოცი წელი ქართულ პოლიგრაფიაში აკეთებდა. ჩვენი სტამბის შენობაში, მისთვის გამოყოფილ ოთახში, უხეშ საწოლზე გაპარულიყო ღამის ძილში და მის მომკითხველთათვის ბოლო ამოსუნთქვასავით მშვიდი ღიმილი დაეტოვებინა.

უნდა გამოიღალო და გამოიფიტო, ცუდი ფიქრებისთვის წამი და სახსარი არ ჩაიტოვო მრთელი და მაშინ შეიძლება გადარჩე, უკეთურობას დაუსხლტეო, – გვეუბნებოდნენ მონასტერში ყოფნისას, მაგრამ სიცოცხლის მზიანი წამი რომ ჩამოიხუჭება და შენ კი აუსრულებელ საქმეთა დარდი გტანჯავს, ამას თუ კურნავენ იქ, იმ ქვეყანაში?!

2.

მანანა ჯანელიძისა და მისი თაობის – 70-იანელთა სტუდენტობისთვის ოთარ ჭილაძე სულ სხვა პოეტი იყო, სახალხო და აღიარებული ავტორებისგან გამორჩეული, მხოლოდ მათი, პირადი. მეტიც, მისი ლექსების ადრესატებადაც მიიჩნევდნენ თავს და გაფაციცებული ელოდნენ ყოველი ახალი პუბლიკაციის გამოჩენას.

„გზაზე ერთი კაცი მიდიოდას“ გამოქვეყნებამ ამ ახალგაზრდებს თითქოს ეს პრივილეგია და ექსკლუზიურობა წაართვა – ოთარ ჭილაძე საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მწერალი გახდა.

…ოცდაათი წლის შემდეგ, 2000-იანების დასაწყისში ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ რედაქციას ოთარ ჭილაძემ სულ ახალი, გამოუქვეყნებელი ლექსები გაუგზავნა. რედაქტორის მოადგილემ მანანა ჯანელიძემ მიღებისთანავე წაიკითხა ლექსები და ისეთი განცდა დაეუფლა, რომ სრულიად სხვა ოთარ ჭილაძეს კითხულობდა – იმას კი არა, ვინც ადამიანურ ვნებებზე, განცდებსა და შეგრძნებებზე მძაფრად და შთამბეჭდავად წერდა მისი ახალგაზრდობის დროს, არამედ თითქოს სხეულდათმობილ, ზეციურთან პირისპირ შეყრილ პოეტს. გაიფიქრა, აი, ახლა დავურეკავ, ან საღამოს, ან დილით, ან ისეთ დროს, ამ ლექსებისგან მოგვრილ უცნაურ შეგრძნებებს რომ გავიაზრებ და დიდხანს საუბრის შესაძლებლობა მომეცემაო, სანამ მისი სახლის ტელეფონზე არ გაისმა ზარი.

– სამი დღეა ვზივარ და შენს ზარს ველოდები, – ოთარ ჭილაძე იყო, – რა გახდა ამ ლექსების წაკითხვა!

და მანანა ჯანელიძემ ვერ მოითმინა:

– მთელი ცხოვრება იმას ველოდი, ნეტა ოთარ ჭილაძემ დამირეკოს-მეთქი და დიდი ამბავი, სამი დღე თუ გალოდინე.

– მე მეგონა, მარტო ჩემი ლექსები მოგწონდა, – გულიანად გაუცინია ოთარ ჭილაძეს.

3.

თავიდანვე ასე აეწყო: ლანა კალანდია მის მიერ თარგმნილი წიგნის ფრაგმენტებს ორ ადამიანს გვიგზავნიდა – მამამისს და მე. ჩვენ ვიყავით მისი პირველი მკითხველები. უფრო სწორად, პირველი მკითხველი გენო იყო – ის გამოგზავნისთანავე რამდენიმე საათში შთანთქავდა ტექსტს და დამირეკავდა დილაუთენია, ენერგიულად:

– ნახე, ბიჭო? წაიკითხე? ეს ვინ არის, ეს რა მწერალი ყოფილა! – მხოლოდ ვუსმენდი და ვეთანხმებოდი, – არა, მარკესი და ლიოსა კი ვიცოდი ვინც იყვნენ და არიან, მაგრამ…

მოკლედ, აღფრთოვანებული იყო, ბავშვივით უხაროდა, ამ დიდი წიგნების პირველად წაკითხვის ბედნიერება მას რომ ჰქონდა ექსკლუზიურად და რომანების წარდგინებიდან წარდგინებამდე მისი ტრადიციული მღელვარება, ფორიაქი და შვილით აღტაცება უკვე უცხო თვალისთვისაც იოლად შესამჩნევი ხდებოდა.

„ქალაქი და ძაღლების“ კითხვაც ერთად დავიწყეთ. ეს უკვე სხვა წონის ტექსტი იყო. დამირეკავდა ხოლმე აღტაცებული, შეძრწუნებული, გაოგნებული (მწერლის მასშტაბით, პერსონაჟებითა და სიუჟეტით). მერე ისე მოხდა, რომ მაისის ბოლოს, თბილისის წიგნის ფესტივალზე, ამ წიგნის წარდგენისას, როცა ლიოსას ეპოქალური რომანის მნიშვნელობასა და მთარგმნელის დამსახურებაზე ვსაუბრობდი, უცებ, მოულოდნელად ჩამისახლდა ფიქრი იმ კაცზე, ვისაც – ყველას თანამგრძნობსა და გულშემატკივარს – თავისი შვილის მიერ გაკეთებული დიდი საქმით ტკბობა და სიხარული არ დასცალდა, მე კი მისი დილაადრიანი ემოციური შთაბეჭდილებები დამაკლდა, მისი გამხნევება და შეგულიანება მაგარი რამეების საკეთებლად. დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრ სიხარულსა და მწუხარებასთან ერთად, წაუკითხავი წიგნის სევდა და მისგან მოგვრილი განცდებიც წაიღო იმქვეყნად გენო კალანდიამ.

4.

იმედგაცრუებებს მივეჩვიე და არც არაფერი მიკვირს. ხელის კვრასაც. მისთვის საჭირო და სასარგებლო საქმისთვის რომ ადამიანის დაყოლიება გიწევს ხვეწნითა და მუდარით, ესეც არაერთხელ მიკისრია. რაღაც ქარაფშუტული გულგრილობებიც ამიტანია ყველაზე მეტი თანადგომა და შეგნება რომ მოეთხოვებათ, ისეთი ადამიანებისგან. ერთადერთი – ყოველთვის გამიკვირდება და გამაბრაზებს იმ ხალხის შეგონებები, ვისაც რუსეთის სიკეთისა სწამს.

  1. S. შეხსენებისთვის (ყველას): გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, ირაკლი კვარაცხელია… წლები გადის და მსხვერპლი მატულობს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...