ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

მობილური – ,, საიჭრო დროს, საჭირო ადგილას“

0

ალბათ, ძნელია 21-ე საუკუნეში მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად  საკომუნიკაციოდ არ იყენებს მობილურ ტექნოლოგიებს.

– ,,მისტერ უოტსონ მოდით აქ, თქვენი ნახვა მსურს“ ეს იყო ის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპერიმენტების ჩატარებისას გაისმა სატელეფონო ხაზზე.

ტელეფონის გამოგონების ისტორიაში ბევრ ევროპელ მეცნიერს შევხვდებით, თუმცა ერთადერთ ავტორად დღეს ალექსანდრ ბელი მიიჩნევა.

ალექსანდრ ბელი 1874 წლის 3 მარტს შოტლანდიაში ქ. ედინბურგში ფილოლოგების ოჯახში დაიბადა. დედას ნაადრევად დააკლდა ყურთასმენა, რასაც ბელი ძალიან განიცდიდა. ბელმა ცუდად იცოდა ფიზიკა, უფრო ცუდად გერმანული ენა. სწორედ ეს გახდა მისი წარმატების უმთავრესი მიზეზი. არასწორად ნათარგმნი გერმანული ტექსტიდან ვითომდა ელექტრონული მავთულით ხმების გადაცემის იდეით აღფრთოვანებულმა ბელმა დაიწყო ფიქრი ელექტრონული მავთულით ხმების შორ მანძილზე გადაცემაზე. აკუსტიკურ ტელეგრაფზე ცდების ჩატარებისას ბელის ასისტენტმა უოტსონმა შემთხვევით ხელი გამოკრა ერთ-ერთ მავთულს და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა გაიგონა ბგერები. ასე შეესხა ხორცი ბელის იდეას გერმანულად არასწორად ნათარგმნი ტექსტიდან და 1876 წელს შექმნა პირველი ტელეფონი. პირველი სატელეფონო კავშირი ლონდონსა  და ნიუ-იორკს შორის შედგა. თავდაპირველად სატელეფონო კავშირის დამყარება  ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან ჯერ უნდა აემუშავებინათ მიმღები, შემდეგ ადრესატთან დასარეკად დაკავშირებოდნენ მიმღებს.  1880 წელს კი ამერიკაში 60 000 ასეთი ტელეფონი იყო, ის დაახლოებით 800 გრამს იწონიდა და 4000$ დოლარი ღირდა.

1922 წელს, როცა ბელი გარდაცვალა მის პატივსაცემად აშშ-სა და კანადაში ყველა ტელეფონი 1 წუთის განმავლობაში გამორთეს.

1983 წელს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია ,,მოტოროლამ“ გამოუშვა. შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და საუდის არაბეთის გარდა თავიდან ტელეფონი არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგანაც ის უსარგებლო ნივთი ეგონათ. პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს, ხოლო ორსიმბარათიანი მობილური  1999 წელს გამოვიდა. უკვე 2002 წელს მობილური ტელეფონი  ფოტოაპარატით იყო აღჭურვილი. 2002 წელს პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი გაჩნდა ბაზარზე.

დღეისთვის მობილური ტელეფონი დიზაინით დახვეწილი, მოქნილი, მრავალფუნქციური და ყველასთვის გამოსადეგი ნივთია.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში მობილურით სარგებლობა იკრძალება. აკრძალვის მიზეზის არგუმენტად კი დასვენების დროს მოსწავლეებს   შორის ნაკლები კომუნიკაცია და სოციალიზაცია სახელდება.

ქართულ სინამდვილეში სკოლის შინაგანაწესის თანახმად ზოგ სკოლებში მობილურით სარგებლობა სასწავლო პროცესში დაუშვებელია. დღეს კი სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად მოსწავლისათვის ტელეფონის ჩამორთმევა წარმოადგენს მოსწავლის საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც გახდა შინაგანაწესში აღნიშნულ საკითხზე ცვლილების შეტანის მიზეზი.

სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს შორის ეფექტური სწავლების მეთოდად   მობილური ტექნოლოგიებით სწავლებაც (m-learning)  განიხილება.

მობილურით სწავლების მეთოდსაც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად: სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში ჭარბად გატარებულმა დრომ შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს მოზარდის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე, არასასურველი თამაშით მოსწავლე შესაძლოა აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის მიღმა და ხშირ შემთხვევაში კიბერბულინგის მსხვერპლიც კი გახდეს.  თუმცა, მობილურის სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია რისკების აცილება, თვითსწავლებისა და  თვითდამკვიდრების ეფექტური კომუნიკაციის, სოციალური უნარებისა თუ უცხო ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებთან თანამშრომლობითი უნარების განვითარება, მობილურის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია შექმნას სასწავლო რესურსი, მოიძიოს  სასწავლო მასალა და სხვა. მობილურით სწავლება ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების განვითარებას . ციფრული წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

მინდა გაგიზიაროთ, ჩემი გამოცდილება პედაგოგიური პრაქტიკიდან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდის მობილურით სწავლების (m-learning), კერძოდ, მობილური აპლიკაციების შესახებ.

თავიდან გავაცანი მობილურის განვითარების ისტორია, განვიხილეთ ტელეფონის დადებითი და უარყოფითი მხარე და ერთად ჩამოვაყალიბეთ მისი სწორად გამოყენების წესები, რომლის თანახმად შევთანხმდით, რომ ტელეფონს ისტ-ის გაკვეთილზე გამოიყენებდნენ კვირაში ერთხელ, პარასკევ დღეს მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმებით, ჩემ მიერ შეთავაზებული აპლიკაციებით.

 

სასწავლო პროცესში არასასურველი აპლიკაციების გამოყენების რისკის თავიდან აცილების მიზნით მშობლებს ვთხოვე, დაებლოკათ  APP LOCK აპლიკაციით.

გთავაზობთ, სასწავლო მობილურ აპლიკაციებს, რომლის ინსტალაცია შესძლებელია Play store –დან.

 

Smart QR კოდი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დიდი ზომის ციფრული ინფორმაციის შენახვას ახერხებს. თუ შტრიხკოდის ქვეშ დამალავთ ნახატს, ტექსტს ან learningapps.org –ზე შექმნილ რესურს, მაშინ ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს გამოწვევის ფაზაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://studinfo.edu.aris.ge/2015/04/29/8-ufaso-yvelaze-sachiro-mobiluri-aplikacia-studentistvis/
  2. https://edu.aris.ge/news/8-sauketeso-saganmanatleblo-aplikacia.html
  3. https://edu.aris.ge/news/rogor-sheidzleba-vaqciot-mobiluri-telefoni-resursad-gakvetilze-da-gavzardot-moswavleta-motivacia.html

როგორ გავზარდოთ მოტივაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

0

მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვებს უყალიბდებათ განცდა, რომ ყველაფერს ადვილად დაძლევენ და არ უკვირდებიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლე მათემატიკაში ძლიერია და მიიჩნევს, რომ უცებ შეასრულებს დავალებას, ამ დროს კი გამორჩება, რას ეკითხება ამოცანა და ამოხსნის პროცესში „გზიდან გადაუხვევს“. არ უვარგა კალიგრაფიაც, რაც აძნელებს ამოკითხვას მასწავლებლისთვის. ამისთვის შეიძლება ნიშანიც დააკლონ. პირობის გააზრებასა და მის ლამაზად გადაწერაზე ყურადღების კონცენტრირება წვრილ მოტორიკას ავითარებს, შესაბამისად გონებასაც ავარჯიშებს, რაც „ათოსან“ ბავშვებსაც მუდმივად სჭირდებათ. პირველივე კლასებიდანვე მოსწავლის ზედმეტად თავდაჯერებულობა და უყურადღებობა ბადებს მშობელში შიშს, რომ მასალის გართულებასთან ერთად ზედა კლასებში მას პრობლემები შეექმნება როგორც დასწავლასთან, ისე დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. საჭიროა როგორც კონტროლი, ისე დისტანცირებაც, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. როგორ მოვიქცეთ?

  1. მოვუყვანოთ მაგალითები თუნდაც წიგნებიდან / ფილმიდან, რომელთა მიხედვითაც გმირმა წარმატებას მიაღწია შრომით, დავალების ზედმიწევნით შესრულებით და არა მხოლოდ ნიჭიერებით. მახსენდება სტივენ კონრადის სცენარის მიხედვით გაბრიელე მუჩინოს მიერ გადაღებული, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი „ბედნიერების დევნაში“ (“The Pursuit of Happyness”, მთავარ როლში უილ სმიტი). ფინანსურ კრიზისში მყოფი მარტოხელა მამა კრის გარდნერი სანუკვარი სამსახურის მოსაპოვებლად ცხრამეტ სხვა კანდიდატთან ერთად იბრძვის. გამოსაცდელი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ვაკანსიის პრეტენდენტებს უტარდებათ შემაჯამებელი ტესტი, რომელსაც კრისი ერთ-ერთი პირველი ასრულებს. ირკვევა, რომ კოლეგას, რომელმაც ადვილად გაართვა თავი დავალებას და პირველმა დატოვა საგამოცდო ოთახი, უყურადღებობით სულ ბოლო გვერდის შევსება გამორჩა. ფილმის მთავარ გმირს შრომა და ღამეების მაცადინეობაში თენება სავარაუდოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ჩამოყალიბებული დეტალებისადმი ინტერესით უფასდება. შედეგად ის სამსახურში აჰყავთ.
  2. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რისთვისაა საჭირო სუფთა წერა, როგორი მნიშვნელოვანია პუნქტუაცია. მაგალითისთვის გამოდგება ცნობილი წინადადება, სადაც სასვენი ნიშნების გადაადგილება სრულიად ცვლის მის შინაარსს:

„შეწყალება არ შეიძლება, ჩამოხრჩობა!“

და

„შეწყალება, არ შეიძლება ჩამოხრჩობა!“

სიტყვებში ასოების გამორჩენას ან შ-ს ნაცვლად წ-ს დაწერასაც კურიოზულ ამბებამდე მივყავართ. გარდა ამისა, უსუფთაო წერის გამო ხშირად მოსწავლეები რვეულებიდან ფურცლებს ხევენ. მათთვის ქაღალდის, ხის, ჟანგბადის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულების ახსნა ადრეული ასაკიდანვე ჯობს, შემდეგ წლებში ეკოლოგიას მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

  1. სასურველია მოსწავლეს ჰქონდეს სწავლის შესაბამისი გარემო, მინიმუმ კომფორტული მაგიდა. ხანდახან ეს ვერ ხერხდება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში სწავლას მოწყურებული უამრავი ბავშვია, რომელიც ომისა თუ შიმშილის გამო ამ სიკეთეს მოკლებულია. ინტერნეტში მასალის მოძიება არ გაგიჭირდებათ. ბოლოს ნანახი: ბავშვი ლამპიონის ქვეშ ტროტუარზე ზის და ისე ასრულებს სკოლის დავალებას, რადგან სახლში დენი არ აქვს.
  2. სპორტის საყვარელი სახეობიდან (ფეხბურთი, კალათბურთი და სხვ.) დავუსახელოთ ვუნდერკინდები და შრომისმოყვარე სპორტსმენები, რომელთაც ხშირად თანაბარი შედეგები აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი ანდრეა პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, როგორ ცდილობდა ჟუნინიო პერნამბუკანოს სტილში საჯარიმოს დარტმის ტექნიკის დაუფლებას – რამდენი მარცხი იწვნია, რამდენ ხანს უტრიალებდა თავში ამ „საფირმო საიდუმლოს“ ამოხსნაზე ფიქრი და საბოლოოდ თავადაც როგორ იქცა უბადლო შემსრულებლად. მთავარია მონდომება და ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
  3. მშობლების/ბავშვისათვის ნაცნობი უფროსების მაგალითიც გამოდგება: ჩვენც გვეშლება ბევრი რამ სამსახურში და მის გამოსასწორებლად და იდეალურამდე მისაყვანად დიდ დროსა და შრომას ვდებთ. მარტივად ცოტა რამ თუ მოდის ამ ქვეყანაზე.
  4. თამაზ ჭილაძისგან გამიგია, რომ ოთარ ჭილაძის გენიალური რომანების რედაქტირებისას, რომლებსაც დიდი მწერალი წლების განმავლობაში ხანდახან თვეობით ოთახიდან გამოუსვლელად წერდა, ბატონ თამაზს – ძმის პირველ მკითხველს – ისეთი ვრცელი ფრაგმენტები ამოუღია, ცალკე რომანს რომ უდრიდაო. გალაკტიონის რითმებში ყოველდღიური „მეცადინეობაც“ ყველასათვის ცნობილია. ვან გოგს წლები დასჭირდა საოცარ ტონებამდე მისაღწევად. მანამდე მისი ფერწერა საკმაოდ მრუმე ფერებში იქმნებოდა. გენიოსებიც კი სრულყოფილებამდე დაუღალავი შრომით მიდიან.
  5. „წესრიგი ქაოსში“ – ეს ფრაზა ფიზიკოს ოთარ გუგუჩიასგან მსმენია. შემოქმედ ადამიანებს მართლაც შეიძლება ჰქონდეთ არეული ოთახი, დათქმულ დროში ვერ ასრულებდნენ დავალებას, მაგრამ შედეგებით მაინც ჯობდნენ სხვებს. ბავშვს ავუხსნათ, რომ ამის მიუხედავად, სასურველია გარკვეულ სტანდარტებს მოერგოს, რაც მას შემგომში ცხოვრებას გაუადვილებს.
  6. სანამ ჩვენს სკოლებში დროის მენეჯმენტის შესახებ რაიმე ტიპის სწავლება დაინერგება, საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უამრავი დავალებიდან შეგვიძლია ჩვენვე გამოვუყოთ ულუფები, ასევე დავეხმაროთ მიმდევრობის განსაზღვრაშიც. კატეგორიზაცია რამდენიმენაირად შეიძლება მოხდეს: რთული, საშუალო და მარტივი; დროში გაწელილი და მალე შესასრულებელი და ა. შ. გეგმა როცა კარგადაა დასახული და ბავშვზეც ზუსტადაა მორგებული, ვფიქრობ, შედეგის მიღწევაც იოლდება.
  7. დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია განტვირთვის დრო როგორც სკოლაში, ისე სახლში. გონების გადაღლისას ძალის აღსადგენად კარგი საშუალებაა ბავშვს შევთავაზოთ ძუნძული ან ორ-სამ წუთიანი ფიზიკური ვარჯიში.
  8. არ უნდა დაგვავიწყდეს შექება პატარა წარმატებაზეც კი. ამას სპეციალისტები კარგი ქცევის განმამტიცებელსაც უწოდებენ. განმამტკიცებლად გამოდგება სტიკერები, მისთვის სასურველი საჩუქარი და სხვ.

ეს რჩევები ჩემი, როგორც პირველკლასელის დედის, დაკვირვებებზეა აგებული. სიამოვნებით გავეცნობი სხვა მშობლებისა თუ მასწავლებლების გამოცდილებასაც.

ზრდასრულთა განათლება – ღია კარი ახალ ცხოვრებაში

0

ლევანს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა სხვადასხვა გარემოება ხელს უშლიდა, ოცნება აეხდინა და ეხატა. ახლა ის ზრდასრულთა განათლების პროექტში მონაწილეობს, ხის მხატვრულ დამუშავებას და ავეჯის დამზადებას სწავლობს და მოსწონს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მშვიდი და მეგობრული გარემო, რომელიც მას ახალი სასწავლო უნარების გამომუშავებისკენ უბიძგებს. ის ყოველ მეცადინეობაზე სიხარულით მიდის.

 

„გასაგები მიზეზების გამო ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში. მერიდებოდა ურთიერთობების და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მაფერხებდა. დედას ვთხოვე ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაყოლა. იქაურმა გარემომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ახლა უკვე ბედნიერი და ლაღი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება. მომწონს, რომ სხვისი დახმარებაც შემიძლია და რასაც ვქმნი, ისიც ძალიან მახარებს. საოცარი შეგრძნება ყოფილა შენი შექმნილის დანახვა“, – ამბობს ლევანი.

 

კობა გრიგოლია ელექტრომემონტაჟის კურსს ზრდასრულთა განათლების ცენტრში ერთი თვის თავზე შეუერთდა. განათლებით ენერგეტიკოსია, თუმცა სამსახურის პოვნა გაუჭირდა იმის გამო, რომ გადამზადების სერტიფიკატი არ ჰქონდა. მერე კობამ ზრდასრულთა განათლების კურსების შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, რომ ახალი ცოდნა სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა.

 

აქ სწავლისთვის კარგი გარემოა. თეორიულადაც ახლებ ცოდნას და  სხვადასხვა სქემის პრაქტიკულად დატესტვის საშუალებამაქვს. გარდა ამისა, აქ ვიღებ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარვადგინო საკუთარი თავი, როგორ დავწერო CV. აქ შეძენილი ცოდნით ერთ-ერთი გასაუბრება წარმატებით გავიარე. ახლა უკვე რეალურად ვხედავ და ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, მომდევნო გასაუბრებასაც სენაკის სამხედრო ბაზაზე წარმატებით გავივლი.

 

52 წლის ლეილა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მეთოდისტად მუშაობს. მას უნდოდა, ბაღში მასწავლებლებისა და აღსაზრდელებისთვის ესწავლებინა ხელსაქმის სიყვარული. მას განსაკუთრებით მოსწონდა თექაზე მუშაობა, ზრდასრულთა განათლების ცენტრში კი სწორედ ამ საქმის უფრო კვალიფიციურად შესწავლის საშუალება მიეცა. მიღებული ცოდნის გამოყენებას იგი ბაღში აპირებს.

 

ირმა 47 წლისაა. მის სამსახურში მუდმივი რეორგანიზაციაა და ირმა ფიქრობს, რომ თუ პროფესიულად გამუდმებით არ განვითარდა და ახალი უნარ-ჩვევები არ შეიძინა, სამსახურის შენარჩუნება გაუჭირდება. ირმა ფიქრობს, რომ ახალი ცოდნის წყალობით ის არა მარტო პოზიციას შეინარჩუნებს სამსახურში, არამედ კარიერული წინსვლის პერსპექტივაც გაუჩნდება.

 

ყველა ისტორიის გმირმა ერთ დღეს საკუთარ თავსა და ცხოვრებაში რაღაც გარდაუვალი, აუცილებელი ცვლილების საჭიროება დაინახა და გადაწყვიტა, ამ ცვლილებისთვის ებრძოლა. ამისთვის საჭირო იყო, სხვანაირად დაენახა გარემო, გამოეკვლიაის და საკუთარ თავში ახალი ძალები და შესაძლებლობები აღმოეჩინა. ამან მათი ცხოვრების მდინარება შეცვალა და ცხოვრების ახლებური – უფრო მიზანმიმართული და მკაფიო ხედვა ჩამოუყალიბა. როცა არ მოგწონს შენი ცხოვრება და გარემო,  უნდა შეცვალო. ამ მიზნის მისაღწევად კი ზრდასრულთა განათლება და უწყვეტი განათლების კონცეფცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

2019 წლის 24 აპრილს ხარაგაულში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და დაფინანსებით და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით ეს ზრდასრულთა განათლების უკვე მე-11 ცენტრია, საქართველოში. ბენეფიციარებს აქ შესაძლებლობა ექნებათ, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები უფასოდ გაიარონ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2006 წლიდან ზრდასრულთა განათლების ცენტრებ საქართველოს რვა რეგიონში მოქმედებს: ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო), ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი), კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა), ხარაგაული (იმერეთი). მათი მიზანია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფციასწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

 

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება-გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. განათლების ახალი ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ.

 

ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ ესაუბრა DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონულ დირექტორს მაია ავრამოსვკას, ასევე DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორს ლალი სანთელაძეს და DVV International-ის პროექტების კოორდინატორს დავით ჯიქიას, რომლებმაც ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ილაპარაკეს.

 

„გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მდგრადი განვითარების მისაღწევად ქვეყანას სჭირდება ძლიერი, მდგრადი ზრდასრულთა განათლების სისტემა. ზრდასრულთა განათლებას შეუძლია, წინა სისტემების ჩავარდნათა კორექტირება მოახდინოს. ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა, რომელსაც უფრო სწრაფად შეუძლია ადამიანების შრომითი ბაზრისთვის მომზადება და გადამზადება, ვიდრე ფორმალურ განათლებას, რომელსაც ასეთი მოქნილობა არ გააჩნია. როდესაც საუბარია ზრდასრულთა განათლებაზე, ბევრს არ აქვს საშუალება, წლები გაატაროს ფორმალური განათლების მიღებაში და ეს პროექტი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ზრდასრულთა განათლების ეს სისტემა მოკლე, მოქნილი და ეფექტურია. ჩვენი გაგებით, ზრდასრულთა განათლება არის მთელი საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, ისეთივე, როგორიცაა სკოლამდელი აღზრდა, სასკოლო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, და მას ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ, როგორიც განათლების სხვა სეგმენტებს. საქართველოს მთავრობა მხარს გვიჭერს და გვეხმარება, მაგრამ ცვლილებები უფრო დიდი იქნება, თანამშრომლობაც – უფრო ეფექტური, თუ საქართველო მიიღებს კანონი ზრდასრულთა განათლების შესახებ, რომელიც აღიარებს ზრდასრულთა განათლებას როგორც მთელი საგანმანათლებლო სივრცის ნაწილს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს მალე მოხდება“, – ამბობს მაია ავრამოვსკა.

 

ზრდასრულთა განათლების სისტემის მიზანი არ არის ადამიანების მხოლოდ შრომითი ბაზრისთვის მომზადება – მას ასევე შეუძლია, ადამიანი მოამზადოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რათა ის ცვლილებებს და გამოწვევებს მუდამ მომზადებული შეხვდეს.

 

მაია ავრამოსვკამ ზრდასრულთა განათლების სისტემის გერმანული გამოცდილებაც გაგვიზიარა. წელს გერმანია პირველი სახალხო უნივერსიტეტების დაარსებას ზეიმობს. ის მაშინ გაიხსნა, როდესაც ვაიმარის კონსტიტუციით ზრდასრულთა განათლება განათლების განუყოფელ ნაწილად აღიარეს. სახალხო უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში.

 

„როდესაც გერმანიაში ლტოლვილთა დიდი ნაკადი ჩამოვიდა, სახალხო უნივერსიტეტებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს მათ სოციალურ ინტეგრაციაში. გერმანიაში 1000-მდე სახალხო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ეს ის მოდელია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში“, – ამბობს მაია ავრამოვსკა.

 

DVV International-ის თბილისის ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს გვიზიარებს. ის ფიქრობს, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრები მალე საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება. თბილისის ოფისის წარმომადგენლობა გეგმავს ზრდასრულთა განათლების კიდევ ორი ცენტრის გახსნას – პანკისის ხეობასა და თბილისში.

 

„ჩვენ ვქმნით ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემას საქართველოში და ეს პროცესი მოიცავს არა მარტო ცენტრების გახსნას, არამედ ამ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებასაც. ადგილებზე უკვე გვყავს პროფესიონალი ზრდასრულთა განმანათლებლები, რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამაში. უკვე გვაქვს ბევრი საგანმანათლებლო ტრეინინგმოდული არაერთი მიმართულებით. ესენია მოკლევადიან საგანმანათლებლო საჭიროებებს მორგებული ადაპტირებული პროგრამები. DVV International-ის პრიორიტეტია, ებრძოლოს სიღარიბეს მთელ მსოფლიოში განათლების გზით. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ საქართველოშიც: შევცვალოთ მიდგომა, რომ ზრდასრულ ასაკში განათლება სირცხვილია ან დაგვიანებულია. გვსურს, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ სწავლა არასდროს არ არის გვიანი და ყოველთვის აუცილებელია. ეს არის შესაძლებლობა, არა მარტო დასაქმდე, არამედ საკუთარი თავისთვისაც საინტერესო გახდე და სავსე ცხოვრებით იცხოვრო“, – ამბობს ლალი სანთელაძე.

 

„ჩვენ ვმუშაობთ ისეთ რეგიონებში, სადაც ძალიან მძიმე სოციალური პირობებია, – გვეუბნება დავით ჯიქია, DVV Inernational-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი, – ზრდასრულთა განათლება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ერთი ის არის, რომ მიღებული ცოდნით ადამიანები საქმდებიან, მეორეა ცვლილებებსა და გამოწვევებთან გამკლავების, სამსახურის შენარჩუნების, დაბოლოს – სოციალიზაციის და რესოციალიზაციის შესაძლებლობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ მხოლოდ პრობაციონერებს და პატიმრებს, არამედ დიასახლისებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახს ემსახურებოდნენ, ჰქონდათ რაღაც ინტერესები, მაგრამ მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდნენ, ახლა კი ზრდასრულთა განათლების ცენტრებში იმავე ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლიათ“.

 

ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებში ყოველწლიურად 7.000-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს, რომელთა 8-11% საქმდება. 2006 წლიდან დღემდე ზრდასრულთა განათლების ცენტრების მომსახურებით 100.000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის 30.000-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა და 15.000-მდე ეთნიკური და რელგიური უმცირესობის წარმოამდგენელმა.

 

DVV International-ის საქართველოს ოფისის მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 150 000 გადააჭარბა.

ინვექტივა-მონუმენტი

0

1975 წელს ზვიად გამსახურდიამ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვისთან ერთადაც მანამდე დააარსა ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი, გამოსცა ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პირველი ნომერი. ორი წლის განმავლობაში ჟურნალის ოთხი ნომერი გამოვიდა. მასში იბეჭდებოდნენ საბჭოთა ცენზურის მიერ დაწუნებული მწერლები. ამ ავტორთა უმეტესობა აღარც კი იყო ცოცხალი. ოთხი ნომერი თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ თუ გავიაზრებთ, როგორ პირობებში უხდებოდათ გამომცემლებს საქმიანობა, გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ ჟურნალი არალეგალური იყო და იატაკქვეშა გზებით ვრცელდებოდა, მივხვდებით, რომ ამგვარი ჟურნალისთვის ოთხი ნომრის გამოცემაც საკმარისზე მეტი იყო. რომც არ მოგვწონდეს „ოქროს საწმისის“ გაფორმება, პოლიგრაფიული ხარისხი, ხანდახან – შერჩეული მასალაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი გამოცემა თუნდაც იმიტომ არის გაუგონარი გმირობის ტოლფასი, რომ ეს იყო ერთგვარი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ჟინი, ჭეშმარიტი და არა ფსევდოეროვნული სულისკვეთება.

საინტერესოა, რომ ჟურნალის პირველივე ნომერში დაიბეჭდა ე.წ. ანტისაბჭოური ტექსტები. ერთი მათგანი იყო გაბრიელ ჯაბუშანურის „ინვექტივა-მონუმენტი“, რომელიც თუნდაც იმის გამოა საინტერესო, რომ მაშინ ამხელდა სტალინს, როცა ბელადზე ხმამაღლა არავინ იტყოდა აუგს. ვგულისხმობ ნაწარმოების არა გამოქვეყნების, არამედ დაწერის თარიღს. ზვიად გამსახურდიამ ეს იცოდა. მისთვის პოემა ერთგვარი შეუპოვრობის სიმბოლო იყო. გაბრიელ ჯაბუშანური არ გაჩუმდა სტალინის სიცოცხლეში. მან იცოდა: თუკი პოემის შესახებ შეიტყობდნენ, ის, სხვა არგაჩუმებულების მსგავსად, დაისჯებოდა. მას კი არ შეეშინდა უცილობელი სიკვდილის და უმწარესი სიმართლე სტალინის სიცოცხლეშივე გამოთქვა პოეტური ფორმით.

გულდასაწყვეტია, რომ პოემა, რომელიც ათი ნაწილისგან შედგება და ორას სტრიქონამდეა, სკოლაში არ ისწავლება. გულდასაწყვეტია ისიც, რომ გაბრიელ ჯაბუშანურზე, ამ არაჩვეულებრივ პიროვნებაზე, ბევრი არაფერი იციან ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო პროგრამის ხარვეზის გამო. არ იციან, რომ გაბრიელ ჯაბუშანური ერთი მათგანი იყო, ვინც 1944 წელს ღილღოს დაცლილ აულში, სტალინის მიერ ყაზახეთში გადასახლებული ჩეჩნებისა და ინგუშების სახლებში შესახლდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც უსასტიკეს პირობებს, მოპყრობას, ჰავას და ათას სხვა უბედურებას გადარჩენილი დევნილი ჩეჩნები და ინგუშები სამშობლოში დაბრუნდნენ, მათ კარმიდამოში დასახლებულმა ქართველებმა უსიტყვოდ დატოვეს საცხოვრებლები, დაუტოვეს შინაური ფრინველი, ცხოველი, საყოფაცხოვრებო ნივთები გადასახლებიდან დაბრუნებულებს და თვითონ საქართველოში გამობრუნდნენ. ორ ხალხს შორის არანაირი შეტაკება არ მომხდარა, არანაირი დაძაბულობა არ წარმოქმნილა. ერთ მხარესაც ესმოდა, რა დიდსულოვანი აღმოჩნდა მეორე, მეორე მხარეც გრძნობდა თავის წილ პასუხისმგებლობას პირველ მხარესთან. ასეთი ამბები ალბათ საგანგებოდ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, რათა ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ამგვარი სამაგალითო შემთხვევების შესახებ.

ძალიან მინდა, ორი სიტყვით მოუყვეთ ამ ამბავს მოსწავლეებს. უკეთესი იქნება, თუკი დაავალებთ, თვითონვე მოიძიონ ინფორმაცია. ამის შემდეგ, როცა მოსწავლეებს „ინვექტივა-მონუმენტსაც“ წააკითხებთ, მიხვდებიან, რომ ბიოგრაფიის ეს დეტალი საჭიროა, რათა უკეთ გაიაზრონ, რატომ შეიძლებოდა, ასე შესძულებოდა მწერალს დიქტატორი: მან ჭაბუკობაში თავისი თვალით ნახა უამრავი უსამართლობა, მოესწრო სისხლიან რეპრესიებს. ამ ყველაფრის მომსწრე და მოწმე არაერთი სხვა შემოქმედიც იყო, მარამ ბევრმა გაჩუმება არჩია. ჩუმად იყო საზოგადოებაც. მაგრამ არ გაჩუმებულა გაბრიელ ჯაბუშანური. მან, სხვა გაჩუმებული ქართველებისგან განსხვავებით, რომელთაც ბელადისგან კულტი შექმნეს, არ დაიჯერა სტალინის სიდიადე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ღილღოში ცხოვრებაც იყო. პოეტმა ისეთი კუთხით დაინახა ქვეყნის მმართველი თანამემამულე, რომლის შესახებაც სხვა ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. ასეა თუ ისე, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიოგრაფია შეიძლება პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს ტექსტის გაგების გზაზე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ნაბიჯის გარეშე პოემის გაგება შეუძლებელია.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოემა, როგორც ვთქვი, არ არის შეტანილი სასკოლო პროგრამაში, მაგრამ ხომ შეიძლება, მასწავლებლებმა უცხო ტექსტად მაინც შესთავაზონ თავიანთ მოსწავლეებს ამ პოემის რომელიმე ნაწილი და დააწერინონ მისი ანალიზი ან მისი შინ დამოუკიდებლად წაკითხვა მაინც ურჩიონ. მერწმუნეთ, ამ მოკლე პოემაში უამრავი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული და მოსწავლეებისთვის სასარგებლო აღმოჩნდება მისი ლიტერატურული ანალიზი. გასარჩევად და ლიტერატურული კომენტარის გასაკეთებლად ნაწარმოების მხოლოდ პირველი ნაწილიც რომ ავიღოთ, დავინახავთ, რა მდიდარია ის ეპითეტებით, შედარებებით, მეტაფორებით, ალუზიებითა და ალეგორიებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მხოლოდ პირველი ოცი სტრიქონის ანალიზის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის გააქტიურებასაც და ეპოქის შესახებ ცოდნის გამოვლენასაც, რაც მათთვის ბევრის მომცემი იქნება ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების წინა პერიოდში.

განსაკუთრებით საინტერესოა პოემის სათაურის გარჩევა, მაგრამ მოსწავლეებს მასწავლებლის დაუხმარებლად შესაძლოა გაუჭირდეთ მისი დეკოდირება. არადა, როდესაც პოემის სათაურს განვმარტავთ, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რა განუზომლად დიდია ზოგჯერ სათაურის როლი ავტორის სათქმელის ამოცნობაში. ხშირად სწორედ სათაური გვეხმარება ნაწარმოების სიღრმისეულ ანალიზში, სხვადასხვა დონეზე მის წვდომაში.

როგორც ვხედავთ, სათაური „ინვექტივა-მონუმენტი“ კომპოზიტია და ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან დეფისითაა დაკავშირებული. დეფისით შეერთებულ სიტყვას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ნაწილისგან შედგება, მაინც ერთი კითხვა დაესმის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ორი სიტყვა ერთიანად უნდა გავიაზროთ. მაგრამ ამის გაკეთებამდე საჭიროა, ისინი დავაშოროთ ერთმანეთს და თითოეული სიტყვის მნიშვნელობა დავადგინოთ.

პირველი სიტყვა, „ინვექტივა“, სავარაუდოდ, არ იქნება ნაცნობი ამ ასაკის მოსწავლეებისთვის, ამიტომ მათ უნდა დაიხმარონ ინტერნეტი და მოიძიონ მისი მნიშვნელობა. გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ლექსიკონი საკმარის ინფორმაციას არ იძლევა. ლექსიკონის მიხედვით, ინვექტივა საჯაროდ წარმოთქმული კრიტიკული, მამხილებელი სიტყვაა. თუ ამ ახსნას დავჯერდებით, პოემის სათაური ბუნდოვანი დარჩება და ის მხოლოდ ტექსტის პირველი შრის დაძლევაში დაგვეხმარება, ე.ი. ნაწარმოების მხოლოდ ზედაპირულად წაკითხვის საშუალებას მოგვცემს. რისი ცოდნაა საჭირო, რომ ტექსტი სიღრმისეულად გავიგოთ? მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ინვექტივა, ენკომიასთან ერთად, ორიტორული ხელოვნების ერთ-ერთი საშუალებაა. ენკომიის სინონიმია ევლოგია, სახოტბო სიტყვა. ხანდახან მის სინონიმად იყენებენ პანეგირიკს. ისიც ქებას, ხოტბის შესხმას აღნიშნავს, მაგრამ ევლოგია თუ ძირითადად სამგლოვიარო სიტყვის ნაწილი იყო, პანეგირიკი ცოცხალ ადამიანზეც ითქმოდა. დღეს ეს უკანასკნელი ადამიანის გადაჭარბებულ, უსამართლო ქებასაც გულისხმობს.

ინვექტივა კი საბრალდებო სიტყვაა, რომელსაც რომაულ სასამართლოში დამნაშავის სამხილებლად წარმოთქვამდნენ. მას აქტიურად იყენებდა ციცერონი. მისი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ ინვექტივის საუკეთესო ნიმუშია. საყურადღებოა იუვენალისის და კატულუსის ინვექტივებიც.

რომიდან ინვექტივა მთელ ევროპაში გავრცელდა და მას მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ან მდარე ხარისხის პოეზიაში კი არა, ცნობილ პოეტურ ქმნილებებშიც შეხვდებოდით (მაგალითად, „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების მეორე სცენაში; „გულივერის მოგზაურობაში“). ინვექტივა არ არის დაცინვა. ის არც გამოჯავრებაა, თუმცა სულისკვეთებით ოდნავ წააგავს მათ. როგორც პოეზიის ჟანრის ქვესახეობა, ინვექტივა არ ერიდებოდა არც უცენზურო სიტყვებს, არც დამამცირებელი ხასიათის ბრალდებებს, არც გარეგნული მხარის უარყოფითად წარმოჩენას და, რაღა თქმა უნდა, არც განსაქიქებელი პირის თვისებებისა და საქციელის უკიდურესად მძიმე ფორმით აღწერას. ამიტომ, როდესაც გაბრიელ ჯაბუშანურის სათაურის პირველ ნაწილს ავხსნით, არ უნდა დაგვავიწყდეს ეს მომენტი და ხაზი უნდა გავუსვათ შემდეგს: ინვექტივა არ ერიდება ისეთი სიტყვების მოზღვავებას/დახვავებას, რომლებსაც მხატვრული ლიტერატურა სხვა შემთხვევაში ალბათ თავიდან აიცილებდა და ევფემიზმებით შეცვლიდა. ინვექტივა გამოყენებული სიტყვებით არ აჭარბებს სათქმელს, რადგან ჰიპერბოლიზებით მისი თავდასხმის ობიექტი შესაბრალისი გახდება ან კომიკური ელფერით შეიმოსება, ინვექტივის მიზანი კი ეს არ არის. ინვექტივის მიზანია, რაც შეიძლება დაუნდობლად, უმკაცრესად, მაგრამ ობიექტურობის დაცვით ამხილოს პირი, რომელიც მისი სამიზნეა.

პოემის სათაურის მეორე სიტყვაა „მონუმენტი“. მკითხველი საგონებელში ვარდება, რატომ არ იყენებს გაბრიელ ჯაბუშანური ქართულ სიტყვა „ძეგლს“ ან „ქანდაკებას“ და რატომ ამჯობინებს მას ლათინურ ვარიანტს. ნუთუ იმიტომ, რომ „ინვექტივას“ ლათინური „მონუმენტი“ უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ქართული „ძეგლი“? არამც და არამც. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ სიტყვა „მონუმენტი“ წარმოდგება ლათინური სიტყვისგან „მოგონება“, „გახსენება“, ამიტომაც მონუმენტების აღმართვა ისტორიული მოვლენებისა და გამოჩენილი პირების გასახსენებლადაა გამოგონილი.,სიტყვებში „ძეგლი“ და „ქანდაკება“ კი ეს თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგულია.

თუ არ ვცდები, სიტყვა „მონუმენტი“ პოეზიასთან როგორც საუკეთესო მოსაგონართან მიმართებით პირველად ჰორაციუსმა გამოიყენა: „ძეგლი აღვმართე ბრინჯაოზე გამძლე, მეფურ პირამიდებზე უფრო მაღალი, მას ვერც წვიმა და ვერც ჩრდილოეთის ქარი ვერ გაანადგურებს, ვერც უთვალავ წელთა რბენა, ვერც დროის დინება“ (მომიტევეთ ცუდი თარგმანი). ლათინურად ეს ლექსი ასე ჟღერს: „ქსეგმონუმნტ/ რე პრენის/ რგალიკვსიტს/პრამდ ალცის/ კვდ ნონ მბერ ედქს/ ნნ აკვილ მპოტნს/ პსიტ დრუერ აუტ/ ნუმერბილს/ ნორუმ სრის/ ტ ფუგა ტმპორმ (გამუქებულ ხმოვნებზე მახვილი უნდა დასვათ და ხმას აუწიოთ).

ამრიგად, ჰორაციუსი მიუთითებს, რომ პოეზიას ვერაფერი გაანადგურებს, რადგან ის ყოველგვარ მონუმენტზე გამძლეა. ამ წინადადებაში გამიზნულად არ ვიხმარე სიტყვა „ძეგლი“, რათა უფრო ადვილი გახდეს არა მარტო ჰორაციუსის, არამედ გაბრიელ ჯაბუშანურის ჩანაფიქრის გაგებაც. ჰორაციუსის ლექსის ეს სტროფი, რომელიც აქ წარმოვადგინე, ალექსანდრ პუშკინმა ეპიგრაფად წაუმძღვარა თავის ლექსს „Памятник“ („ძეგლი“). ლექსის დასაწყისიც ჰორაციუსის სტრქიქონებს იმეორებს – არა პირდაპირ, არამედ შინაარსით და სათქმელითაც: „ძეგლი აღვმართე ხელთუქმნელი, მარადიული…“

გაბრიელ ჯაბუშანურიც, ჰორაციუსისა და პუშკინის მსგავსად, იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ პოეზია საუკეთესო მონუმენტია (არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სიტყვა „მოსაგონარს“ ნიშნავს), რომელსაც ვერაფერი გაანადგურებს. ამიტომაც გადაწყვიტა პოეტმა, არა ბრინჯაოს ძეგლით უკვდავეყო სტალინის სახელი, არამედ მისთვის სამართლიანი ინვექტივა-მონუმენტი აღემართა, რომელსაც ვერც წვიმა და ქარი, ვერც დრო და ჟამი ვერ გაანადგურებდა და ასე შემოენახა მისი ხსოვნა მომავალი თაობებისთვის.

რიცხვთა თეორიის წარმოშობისა და მისი სწავლების მეთოდიკის ისტორიული მიმოხილვა

0

რიცხვთა თეორია მათემატიკის დარგია, რომელიც სწავლობს მთელ რიცხვთა თვისებებს და კანონზომიერებებს. რიცხვთა თეორიაში, ბუნებრივია, ჩართულია ალგებრულ რიცხვთა თეორიაც, კანონზომიერებებით მდიდარი რიცხვთა თეორიის ის ნაწილი, რომელიც სწავლობს განუსაზღვრელი განტოლებების, ე.წ. დიოფანტური განტოლებების, მთელი რიცხვების სიმრავლეში ამოხსნადობის საკითხს.

ჩვენამდე მოღწეული თხზულების მიხედვით ირკვევა, რომ დიოფანტეს (ძვ. წ. III საუკუნე) სახელს უკავშირდება ასოითი სიმბოლოების შემოღების პირველი მცდელობა, ალგებრის დაკავშირება არა გეომეტრიასთან, როგორც ევკლიდესთან იყო, არამედ არითმეტიკასთან – უარყოფითი რიცხვების გამოყენებასთან. დიოფანტე იკვლევდა მთელ რიცხვებში წრფივ და უფრო მაღალი ხარისხის მთელკოეფიციანტიანი განტოლებების – ე. წ. განუსაზღვრელი განტოლებების – ამოხსნადობის პოვნის საკითხს.

რიცხვთა თეორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვა დამსახურება მიუძღვის. მათ შორის აღსანიშნავია:

პიერ ფერმა (1602-1665) – ფრანგი მათემატიკოსი. ის იყო ერთი მათგანი, ვინც სრულყოფილი რიცხვთა თეორია შექმნა. მისი თეორემის თანახმად, თუ ნატურალური რიცხვი მეტია ორზე, მაშინ Xn+Yn=Zn განტოლებას მთელი X, Y, Z, რიცხვებისთვის ამონახსნი არა აქვს. ამ თეორემის დამტკიცებას მსოფლიოს მათემატიკოსები 350 წელი ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ 1994 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა ვაილსმა მათემატიკის უახლესი მიღწევების გამოყენებით მრავალწლიანი კვლევის შედეგად შეძლო მისი დამტკიცება.

ლეონარდ ეილერი (1707-1783) – შვეიცარიელი მათემატიკოსი. მისი ნაშრომი „არითმეტიკის სახელმძღვანელო“ (1738-1740) ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, რადგან ის იყო არა მარტო მეცნიერული, არამედ მეთოდურად გამართულიც. ის ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, სადაც მეთოდიკა თან ახლავს მეცნიერულ აღმოჩენებს.

კარლ ფრიდრიხ გაუსი (1777-1855) – გერმანელი მათემატიკოსი. გაუსის ნაშრომებმა სრულყოფილი სახე მისცა რიცხვთა თეორიას. მან 1796 წელს აღმოაჩინა კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი. ის საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულარულ მათემატიკაში. ამავე წელს მან დაამტკიცა თეორემა მარტივი რიცხვის შესახებ. იგი გვიჩვენებს, როგორ არის განაწილებული მარტივი რიცხვები რიცხვთა წრფეზე. 1801 წელს გაუსმა გამოსცა ნაშრომი „არითმეტიკული გამოკვლევები“, რომელშიც დამტკიცებულია ერთ-ერთი ცენტრალური თეორემა – „კვადრატულ ნაშთა შექცევადობა“, ახლებურად გადმოსცა ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის (1736-1813) მიერ აგებული ფორმათა არითმეტიკული თეორია.

რიცხვთა თეორიაში გამოიყოფა რამდენიმე ქვედარგი:

1) ელემენტარულ რიცხვთა თეორია, რომელიც სწავლობს მთელი რიცხვების კანონზომიერებებს სხვა დარგების გამოყენების გარეშე;

2) ანალიზური რიცხვთა თეორია – მთელი რიცხვების შესწავლისას იყენებს მათემატიკური ანალიზის მეთოდებს;

3) ალგებრულ რიცხვთა თეორია, რომელიც შეისწავლის ალგებრულ რიცხვებს, ე. ი. მთელკოეფიციანტიანი მრავალწევრის ამონახსნებს.

ყველა დროის მეცნიერები რაიმე საკითხის გადაწყვეტისას იყენებდნენ ამოხსნადობის ალგორითმს.

ალგორითმი იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერაა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას.

ალგორითმი გამოყენებულია ჯერ კიდევ უძველესი ბაბილონის პერიოდიდან ვაჭრობასა და ბეგარასთან დაკავშირებულ გამოთვლებში.

ბერძენი მათემატიკოსი ერატოსთენე (ძვ.წ.276-194) სწავლობდა ათენსა და ალექსანდრიაში, გატაცებული იყო ასტრონომიით, ფილოლოგიით, მუსიკით, განაგებდა ალექსანდრიის სახელგანთქმულ ბიბლიოთეკას. მათემატიკაში მისი სახელი ნატურალურ რიცხვამდე მარტივ რიცხვთა პოვნის ალგორითმთანაა დაკავშირებული. ყველაზე ცნობილი ალგორითმი მოყვანილია ევკლიდეს მე-7 წიგნში „ელემენტები“. ის საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ ორი რიცხვის ყველაზე დიდი საერთო გამყოფი.

ტერმინი „ალგორითმი“ მე-9 საუკუნის შუააზიელი მოაზროვნის მუჰამედ ენ მუსა ალ-ხორეზმის სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (algorithmi). იs ეკუთვნის მე-12 საუკუნეში მოღვაწე ბერს ადელარდ დე ბათმას. ალ-ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედების წესები, მისმა ტრაქტატმა არითმეტიკასა და ალგებრაში, რომელიც მე-12 საუკუნეში ლათინურ ენაზე თარგმნეს, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ალგორითმის ცნება გულისხმობდა მრავალნიშნა რიცხვზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესწავლის წესებს. ამჟამად ტერმინი სხვადასხვა სახით ცალკეული წესის საზოგადო სახელია და შემდეგნაირად განიმარტება:

ალგორითმი გარკვეულ მითითებათა სასრული მიმდევრობაა, რომლის შესრულება საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მოცემული ამოცანის ამონახსნი.

ალგორითმი არის გამოსახულება, რომელიც შედგება მოქმედებათა თანმიმდევრობისაგან და გამოთვლებით ამოცანის ამოხსნის საშუალებას იძლევა.

მე-17 საუკუნეში რენე დეკარტის „მეთოდის დისკუსიაში“ ფართოდაა წარმოდგენილი ალგორითმი. ის აყალიბებს იდეას, „ცალ-ცალკე“ გაიყოს თითოეული ამოცანა იმდენ ნაწილად, რამდენადაც შესაძლებელია. იტერაციისა და ციკლის კონცეფციის ხსენების გარეშე დეკარტეს მიდგომამ წინ გაუსწრო ლოგიკას და მისი ნამუშევრების ანალიზმა გაჩინა სიტყვა „პროგრამა“, რომელიც ფრანგულში გაჩნდა 1977 წელს.

არსებითი სახელი „ალგორითმი“ გამოხატავს გამოყენების მეთოდს. ტერმინი ასევე გამოიყენება როგორც ზედსართავი სახელი. „ალგორითმი“ გამოხატავს განსახორციელებელი ოპერაციების სერიის ამოხსნას. ინფორმაციის ენაზე წერა გამოიხატება ტერმინით „კოდირება“.

რიცხვთა თეორიას დიდი გამოყენება აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებში. კომპიუტერის მეხსიერება სწორედ რიცხვთა თეორიაზეა მიბმული. კომპიუტერი რიცხვ 80-ს იმახსოვრებს 1010000 ჩანაწერით, ანუ გამოყენებულია ორობითი არაპოზიციური სისტემა. არაპოზიციური სისტემა არის ისეთი სისტემა, რომელიც პოზიციური არ არის. პოზიციური სისტემა კი თვლის ისეთი სისტემაა, რომელშიც გარკვეულ ინფორმაციას ციფრების გარდა რიცხვის ჩანაწერში მათი მდებარეობაც (პოზიცია) გვაძლევს. თვლის პოზიციური სისტემა, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვსარგებლობთ, ევროპაში ინდოეთიდან შემოვიდა. ეს სისტემა „ანბანი“ ათი ციფრისგან შედგება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიცხვი 10 (სისტემის ფუძე) და ფუძის ხარისხის მიმდევრობა, რომელსაც სისტემის ბაზის ბაზას უწოდებენ.

თვლის პირველ პოზიციურ სისტემად მეცნიერები ბაბილონურ სამოცობითს მიიჩნევენ. ამ სისტემის კვალს დღემდე ვხვდებით კუთხეებისა და დროის შუალედების გაზომვისას.

საქართველოში არაბულ ციფრებს უკვე X საუკუნეში იყენებდნენ, მაგრამ XVIII საუკუნემდე რიცხვების გამოსახატავად ქართული ანბანის 37 ასო გამოიყენებოდა. პირველი ცხრა ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა – ათეულებს, უკანასკნელი ასო ნიშნავდა „ბევრს“. მაგალითად ჩყპგ=1883. „ორობითი ციფრი“, ინგლისურად – „binagy digit“, შემოკლებით – „bit“, „ბიტი“, არის ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ორი შესაძლოდან შევარჩიოთ ერთი ვარიანტი.

თანამედროვე კომპიუტერს შეუძლია, დაამუშაოს რიცხვითი, ტექსტური, გრაფიკული, ხმოვანი და ვიდეო ინფორმაცია. ინფორმაციის ეს სახეები კომპიუტერში წარმოდგენილია ორობითი კოდის სახით. გამოყენებულია ორი სიმბოლოსაგან (0 და 1) შედგენილი ანბანი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მოხერხებულია ინფორმაციის წარმოდგენა ელექტრული იმპულსების მიმდევრობით: არ არის იმპულსი „0“ – არის იმპულსი „1“.

ერთ ბიტს კომპიუტერში შეესაბამება ორობითი კოდის ერთი თანრიგი. იგი იღებს მნიშვნელობას „0“ ან „1“, ხოლო ერთი სიმბოლოს ორობითი კოდირებისთვის კომპიუტერში გამოყენებულია 8 ბიტი, რომელსაც ბაიტი ეწოდება.

ინფორმაციის ზომის ბაიტზე უფრო დიდი ერთეულებია:

1 კილობაიტი – 1კბ=210; 1 მეგაბაიტი – 1მბ=220

1 გიგაბაიტი – 1 გბ=230; 1 ტერაბაიტი – 1ტბ=240.

ინფორმაციის კოდირება უძველესი დროიდან მოდის, რადგან ინფორმაციის გასაიდუმლოება ხშირად საჭირო იყო, განსაკუთრებით – საბრძოლო მოქმედებების დროს. ამ მიზნით ადამიანები მიმართავდნენ შიფრის გამოყენებით კოდირებას. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ცნობილი გახდა იულიუს ცეზარის შიფრი – ტექსტის გასაიდუმლოებისას ანბანის ყოველი ასო ამ ასოს შემდეგ რიგით მესამე (შესაძლოა, მე-6, მე-7 და ა.შ.) ასოთი იცვლება. თუმცა ასოების გადათვლა იმ „ნაშთთა არითმეტიკაში“ ხდება, რომლის მოდულიც ამ ანბანში ასოების რაოდენობის ტოლია. ანუ ასოების გადანომვრის შემდეგ გვაქვს ასახვა X-> X+K, მაგალითად, 26 მოდულის არითმეტიკაში (რომელიც ლათინური ანბანისთვის გამოდგება) თუ K=7, მაშინ 20->1, T->A ( T ასო A ასოთი იცვლება). გერმანელმა ფილოსოფოსმა გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდმა (1775-1853) თავისი მიღწევებით და კოდის ამოცნობით ლურსმული წარწერები გაშიფრა და დაგვანახა ცხოვრება მესოპოტამიის ხალხებისა, რომლებიც აგებდნენ ბაბილონის გოდოლს და სემირამიდას დაკიდებულ ბაღებს.

ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა (1790-1832) „გატეხა“ ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის კოდი და ნილოსის ველის უძველესმა ენამ გახსნა თავისი საუნჯე [31;33].

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ლ. გოკიელი, მათემატიკის საფუძვლები. თბილისი, 1958 წ.

ალფრედ რენე, დიალოგი მათემატიკაზე. გამომცემლობა „ნაკადული“, 1981 წ.

თ. ბეიტრიშვილი და სხვ., მათემატიკა. X კლ. გამომცემლობა „დიოგენე“, 2006 წ.

Googl: პიერ ფერმა; ერატოსთენე; მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმი; ჟან ფრანსუა შამპოლიონი; გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდი; ვაილსი

კვლევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში

0

ჩვენი გიმნაზიისთვის მზე სხვანაირად ანათებს

 ყველაფერი დაიწყო შარშან, 2018 წლის იანვარში. პედსაბჭოზე დირექტორმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი გვითხრა: სკოლის სახურავზე მზის ელემენტები დაგვიმონტაჟეს, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს და ელექტრულ ენერგიას გვაწვდისო. მაშინვე მივხვდი, რომ მე, როგორც ფიზიკის მასწავლებელს, ეს ფაქტი მოსწავლეებთან ახალი, საინტერესო მუშაობის საშუალებას მაძლევდა. უფრო მეტიც: ნახევარგამტარების თემა ჩემს სამეცნიერო საქმიანობას უკავშირდება და, ბუნებრივია, ჩემთვის სტუდენტობასა და რაღაც „მშობლიურთან“ ასოცირდება. ასე რომ, პედსაბჭოს დამთავრებამდე უკვე ვიცოდი: ჩემი მოსწავლეები თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევას ჩაატარებდნენ.

საქართველოში არსებობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც აქტიურად მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ის ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარებას. შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ წარვადგინეთ პროექტი „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“. კონსულტირებას გვიწევდა პროექტის მონაწილე მეცნიერი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ატომური აბსორბციის განყოფილების გამგე, ფიზიკის დოქტორი ბელა კვირკველია, რომელსაც ნახევარგამტარების ფიზიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მონაწილე ასისტენტი იყო ჩვენი გიმნაზიის ინფორმატიკის მასწავლებელი ნანა ნოზაძე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია. საგულისხმოა, რომ მისი სადოქტორო თემა ფიზიკის გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენებას უკავშირდება. პროექტის მონაწილე მკვლევარები იყვნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, პროექტის ხელმძღვანელი კი მე გახლდით.

კონკურსზე წარდგენილი იყო 41 პროექტი. საბოლოო მონაცემებით, რომლებიც მაისში გამოცხადდა, გაიმარჯვა 10-მა, მათ შორის – ჩვენმაც და, სხვათა შორის, პირველი ადგილიც მოვიპოვეთ.

ამგვარად, 2018 წლის სექტემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საკუთარი ავტონომიური მზის ელექტროსადგურის კვლევა მიმდინარეობდა. გიმნაზიის დირექციის, რუსთაველის ფონდის წარმომადგენლების, პროექტის მონაწილე სუბიექტების, მკვლევარი მოსწავლეების, პედაგოგების და თემით დაინტერესებული საზოგადოების წინაშე პროექტის წარდგენის (გახსნის) შემდეგ მოსწავლეებმა განახორციელეს გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული აქტივობები.

 

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს ლიტერატურა ნახევარგამტარების, ფოტოელემენტების შესახებ, ქართულად გაახმოვანეს ვიდეომასალა p-n გადასვლის შესახებ, შეისწავლეს მსოფლიოში მზის ენერგიის გამოყენების მაგალითები, შექმნეს მაკეტი სახლისა, რომლის განათებას მზის ელემენტები უზრუნველყოფდა და ნოემბერში გიმნაზიის დიდ სააქტო დარბაზში პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის გამოყენებით საზოგადოებას წარყდგინეს ნამუშევრები თემაზე „ენერგიის განახლებადი წყაროები, მათი მნიშვნელობა მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე, ენერგოეფექტურობა“. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ნახევარგამტარების ფიზიკის კორიფე, გამოჩენილი მეცნიერი, აკადემიკოსი ნოდარ კეკელიძე, რომელმაც ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიებში ნახევარგამტარების როლის შესახებ.

 

პროექტის შემდგომ ეტაპზე კი დაიწყო უშუალოდ ჩვენი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის, მზის ავტონომიური ელექტროსადგურის (მაე) კვლევა. კვლევის არსი ასეთი იყო: პროექტის მეცნიერისა და პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით ერთი თვის განმავლობაში მკვლევარ მოსწავლეთა გაზომვის ჯგუფის წევრები დღეში სამჯერ (9.00 სთ, 14.00 სთ, 17.00 სთ), სხვადასხვა ღრუბლიანობისა და ტემპერატურის პირობებში, თერმომეტრით ზომავდნენ გარემოს ტემპერატურას, მობილური ლუქსმეტრის გამოყენებით კი – დაცემული სინათლის განათებულობას. ამასთან ერთად, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მაე-თან დაკავშირებული სპეციალური პროგრამის [1] საშუალებით იღებდნენ მონაცემებს დროის იმავე მომენტში დენის ძალის, ძაბვის, სიმძლავრის შესახებ.

მონაცემები ექსელის ცხრილებში შეჰქონდათ.

პროექტის შემდგომ ეტაპზე მოსწავლე მკვლევარებმა მოახდინეს აღრიცხული მონაცემების კლასიფიკაცია, მათი გრაფიკული დამუშავება. კერძოდ, ააგეს ფოტოდენის ძალის, ძაბვის, სიმძლავრის განათებულობასა და ტემპერატურაზე დამოკიდებულების გრაფიკები, ააგეს ვოლტ-ამპერული მახასიათებელი, გამოთვალეს მარგი ქმედების კოეფიციენტი. პროექტის ასისტენტის დახმარებით ცხრილების, სქემების და დიაგრამების სახით შექმნეს გიმნაზიის მაე-ის მონაცემთა ბაზა.

შეკრებილი ინფორმაცია საკმაოდ ვრცელი და მრავალმხრივი იყო. აქ კი წარმოგიდგენთ მხოლოდ სამი დღის მონაცემებს და მათი დამუშავებით მიღებულ შედეგებს:

დიაგრ.1. 18 – 20 თებერვლის 9.00, 14.00 და 17.00 სთ-ზე გარემოს ტემპერატურის (t0C) და  განათებულობის (lux) დიაგრამები

დიაგრ.2. 18 – 20 თებერვლის 9.00, 14.00 და 17.00 სთ-ზე განათებულობის (lux)  ფოტოდენის (A) დიაგრამები

დიაგრ.3. 18 – 20 თებერვლის 9.00, 14.00 და 17.00 სთ-ში განათებულობის (lux)  სიმძლარის(KW) დიაგრამები

 

დიაგრ.4. 18 – 20 თებერვლის 9.00, 14.00 და 17.00 სთ-ზე განათებულობის (lux)  ძაბვის (V) დიაგრამები

პროექტის დასასრულს კი ჩავატარეთ გეგმა-გრაფიკით დაგეგმილი ექსკურსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მარტის ბოლოს გიმნაზიაში მოსწავლეებმა კვლევის საბოლოო შედეგები წარადგინეს და პროექტი საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიების ბოლოს მოსწავლე მკვლევრებს პროექტის მონაწილის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბლოგი, სადაც მოსწავლეები პროექტთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას განათავსებენ.

https://mziselementitcg.blogspot.com/2019/

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლეთა მოსაზრება იყო პროექტის შესახებ, ამიტომ პროექტის ასისტენტმა შეიმუშავა კითხვარები, რომლებიც მოსწავლეებმა შეავსეს პროექტის დასრულების შემდეგ. სასიხარულოა, რომ პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლე მკვლევარს მოეწონა სამუშაო პროცესი. პროექტის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები, სადაც მოსწავლეები სწავლობდნენ ხელსაწყოებიდან და პროგრამიდან მონაცემების აღებას და დამუშავებას. ეს პროცესი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

 

მოსწავლე მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კვლავაც სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს პროექტში მონაწილეობას და ისურვებდნენ, ანალოგიური პროექტი ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაშიც განხორციელებულიყო.

ამ კითხვარების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენს გიმნაზიაში განხორციელებულმა პროექტმა უპასუხა კონკურსის მიზნებს – განათლების ხარისხის ამაღლებას, განათლებისა და კვლევების დაახლოებას, კვლევების ინტეგრირებას სწავლის პროცესში, მოსწავლეთა კვლევითი უნარების ხელისშეწყობას და ა.შ.

საბუნებისმეტყველო საგნებში, განსაკუთრებით კი ფიზიკაში, ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქ, მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება და, მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი საფუძველს მაძლევს, ველოდე, რომ მომავალში მსგავსი პროექტები ჩვენი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით განხორციელდება.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. 1. https://www.solarweb.com/
  2. https://rustaveli.org.ge/images/mecnierebis%20popularizacia/prezentaciebi/lali%20nadiradze.pdf
  3. https://www.sems.qmul.ac.uk/research/projects/409

 

სემინარებად ქცეული გაკვეთილის გეგმები

0

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრებს აწყობს. ერთ-ერთ მორიგ სემინარზე, რომელსაც ჩემი მეგობარი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე ატარებდა, მომივიდა იდეა: მოსწავლეებს სკოლაში მეგობრებისთვის თავად ჩაეტარებინათ ანალოგიური სემინარი. მე-9 კლასელები ნუცა, თამარი და ანანო (გეოგრაფობას რომ აპირებს) ორი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რესურსებს, ხატავდნენ, ჭრიდნენ, აწებებდნენ. მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა არც თუ ისე მარტივი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსკლასელებიც ესწრებიან. მინდა გითხრათ, რომ გოგონებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას. ინტერაქტიულ აქტივობებს შეჩვეული მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობებში. სემინარის ჩატარებისთვის შეგიძლიათ იხილით სტატია „გარე დაკვირვების მოლოდინში“. მხოლოდ ერთი აქტივობა დავამატეთ: თამაში „მიმი“. მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე დაწერეს შესაბამისი ტერმინები, ცნებები და ტაბუ სიტყვები. ერთ-ერთი მოსწავლე გამოდის და ცდილობს ტაბუირებული სიტყვების გამოყენების გარეშე ახსნას ცნება ან ტერმინი. შემდეგი მოთამაშე იქნება ის, ვინც გამოიცნობს. ეს მარტივი თამაში მოსწავლეს უვითარებს ანალიზისა და შეფასების უნარებს. უფროსკლასელების შეფასებით სემინარი შედგა.

მე-9 კლასელები

მუშაობის პროცესი

ახლა მეათე კლასელებთან ერთად ვგეგმავ მორიგ სემინარს. თემა საინტერესოა, იდეის წყარო კი ჩემი მეგობრის სტატიებია, რომელთა ინტერნეტგვერდები გაკვეთილის რესურსებშია მითითებული.

თემა ეკონაკვალევია. ჯერ გაკვეთილი ჩავატარეთ, შემდეგ კი სემინარისთვის დავიწყეთ მზადება. ამ თემის განხილვა საბაზო საფეხურის თითქმის ყველა კლასშია შესაძლებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ სემინარზე მოგვეწვია მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომლის გამოყენების მიზანიც თქვენთვის მომინდვია.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი ფორმით („რაფთ“ წერითი დავალება, ნახატი, რეკლამა, პროექტი) დაასაბუთოს, რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1. პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს. საერთო საკლასო კომპიუტერი, სლაიდშოუ.

ამობეჭდილი და სლაიდზე გამოტანილი გაკვეთილის მიზანი, შეფასების სქემები.

1 წთ.
2. აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ საქართველოს ვალდებულებები გლობალური მიზნების მისაღწევად.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს: ადამიანის ეკონაკვალევი.

კითხვები ფილმისთვის:

1.       რა საქმე გაგიკეთებიათ გარემოს დაცვის კუთხით?

2.       რა არის მდგრადი განვითარება?

3.       რა არის რეციკლინგი?

4.       რას ნიშნავს ეკოცნობიერება?

ფილმის ჩვენება

https://www.youtube.com/watch?v=VcxQjGPDKHE ადამიანის ეკონაკვალევი

საერთო საკლასო კომპიუტერი, ანიმაციური ფილმი – გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები.

აღნიშნული რესურსით ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება.

 

5 წთ.
3.  აქტივობა N 2. ტექსტზე და რუკაზე მუშაობა.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს რუკას მსოფლიოს ქვეყნები ეკონაკვალევის მიხედვით და ტექსტს „რა არის ეკონაკვალევი“. აგრეთვე ინტერაქტიულ საიტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ეკონაკვალევის ზომის გამოთვლა https://www.earthday.org/plastic-calculator/

   ეკონაკვალევის გამოსათვლელად საჭიროა აირჩიოთ თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისი მხოლოდ ერთი მსჯელობა და აღნიშნოთ ის ქულა, რომელიც ამ მსჯელობის  მარჯვნივაა მიწერილი. შემდეგ შეკრებთ ქულებს და ჯამური ქულის მიხედვით დაადგენთ თქვენი

ეკონაკვალვის სიდიდეს.

გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა ჯგუფური და ინდივიდუალური კომპიუტერი, ტექსტი, რუკა, ინტერნეტგვერდი https://www.earthday.org/plastic-calculator/

 

სტატიები: https://mastsavlebeli.ge/?p=19149 https://mastsavlebeli.ge/?p=12541

https://mastsavlebeli.ge/?p=17782   https://mastsavlebeli.ge/?p=16768;  https://mastsavlebeli.ge/?p=1361

10 წთ
4. აქტივობა N 3. როლური თამაში – RAFT მეთოდი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ საზოგადოებისა და საკუთარ როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ეკონაკვალევის  შემცირების პროგრამის  ძირითადი მიზნები:

 მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ანაწილებს როლებს, განსაზღვრავს აუდიტორიას, პრეზენტაციის ფორმასა და ძირითად იდეებს.  მათ უნდა შეავსონ RAFT ცხრილი

მოსწავლეები ჩამოთვლიან დაინტერსებულ მხარეებს.

როლური თამაში

RAFT მეთოდი

ჯგუფური სამუშაო ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო.

 

 

15 წთ.
5. აქტივობა N 4. პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობა; ნამუშევრის წარდგენის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დასრულების შემდეგ  ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. არგუმენტირებულად ასაბუთებენ საკუთარ პოზიციას.

პარალელურად, შეფასების რუბრიკის დახმარებით ახდენენ ურთიერთშეფასებას.

პრეზენტაცია

 

 

 

ურთიერთშეფასება

ჯგუფური შეფასების რუბრიკა 12 წთ.
6. აქტივობა N 7 შეფასება.

რეფლექსიის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აქტივობა.

 

შეფასება ინდივიდუალური ფლიფჩარტზე შესრულებული ნახატი. 2 წთ

 

 

 

გაკვეთილზე შესრულებული ნამუშევრები

 

 

 

 

 

 

 

ასკეტობა და იდეალები

0

წლების წინანდელი ამბავია. ერთმა მსახიობმა გაიხსენა, თუ როგორ უთხრა ქართველ პოლიტიკოსთა ჯგუფს პირად შეხვედრაზე, – ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი ცდუნებაა და ეცადეთ ორი რამ შეინარჩუნოთ – ასკეტობა და იდეალებიო.

რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი რომ არა, ეს ბევრს დაუმტკიცებია, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. ოღონდ ეგაა, ჩვენში რატომღაც ერთი დღის საქმე ჰგონიათ პოლიტიკოსობა და უმეტესობა იმას ცდილობს, დღეს მიითალოს თავისი ულუფა და დროულად დაითრიოს მოზრდილი ნაჭერი. მათი მორალი: „მაინც არავინ არაფერს არ დაგიფასებს და დასაკლები არ უნდა დაიკლო“; „ხალხის მოსაწონს მაინც ვერ იზავ და პაეზდკებში გაშრიალება მაინც შეგრჩეს ამ პახაობიდან“; „ხვალ-ზეგ, ვინ იცის, სად იქნები და ახლობელ-ნათესავებში კი უნდა გამოგეყოფოდეს თავი“.

– ამ ქვეყანას ვერ გაასწორებ, შვილო, – მითხრა ერთმა ტაქსისტმა, გვიანი საღამო იყო, ჭავჭავაძიდან ბაგებისკენ ავუყევით, – ზვიადა რომ იყო შეგნებული და პატიოსანი, რა მოიგო მაგითა?! – ხელი აიქნია და გამომცდელად გადმომხედა. ოთარ გვიჩიანის მიერ მოყოლილი ამბავი გამახსენდა: დილარ ხაბულიანს უთქვამს მისთვის (შინაგან საქმეთა მინისტრს 1990-1991 წლებში), შენ კი იცი, კარგი ჩაცმა მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტთან შესახვედრად რომ მივდიოდი, მეორე, უფრო ნახმარ პიჯაკს შემოვიცვამდი, ზვიადს რომ შენიშვნა არ მოეცა და საყვედური არ ეთქვაო.

როცა ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები შედიან ღრმა კომფორტის ზონაში, მათი ეს მდგომარეობა სახელმწიფოს ძვირი უჯდება ხოლმე. სხვათა შორის, ფინანსურზე მეტად – იდეებისა და იდეალების თვალსაზრისით.

ბექა ქურხულმა მითხრა ამასწინათ, – ადრე ისე სწირავდნენ სიცოცხლეს, თითქოს მეორედაც მოვიდოდნენ ამ ქვეყანაზე, ახლა კი ისე უღირსად ებღაუჭებიან, გეგონება სამუდამოდ ცას გამოეკერებიან ეგ ჩემისებიო.

– ერთ ქვეყანას რომ ააშენებდა, იმდენი გაუხარჯავი ენერგია ჩაიდო მიწაში სავეტსკი საიუზის გაფართხალებიდან დღემდე, – ამბობდა ჩემი მეგობარი ტუსკია, რომელიც ქურხულს ვერა და ვერ გავაცანი, – ყველაფერს ეყოფოდა. ახლაც, ხომ თითქმის განახევრებული და მოცელილები ვართ, ამ ჭკუაზე და იმ ძალით თუ გავიწევით, ეგებ ცოტათი სული მოვითქვათ. ფუჭი რაღაცებით ვცდებით და ერთმანეთის შურით ვიბრმავებთ თვალს.

დაბერებულხარ-მეთქი, – ვუთხარი. ფეხზე წამოდგა და მანქანებით გაზიმზიმებულ გზატკეცილს გახედა.

– რაზე შემატყვე?

– ადრე მკვეთრად სოციალურს აწვებოდი, ბევრჯერ გითქვამს, კონტემპორარი ახალგაზრდის თემა ეგაა, ადრეც ამას რომ მივყოლოდით, ასეთ ნეხვში არ ვიქნებოდითო.

– სწორე მითქვამს, უბრალოდ ნათქვამს შესრულება უნდა და ეგ მე კი არა, ეიბ ლინკოლნს არ დასცალდა ბოლომდე.

– ბლოგს ვწერ, „ასკეტობა და იდეალები“ ჰქვია. ადრეც გვილაპარაკია. ხალხი ზევით რომ აცოცდება და გასაღებს კარგავს, მადა ეხსნება და ჯამიდან თავის ამოყოფა არ უნდა.

– მერმე?

– ფინალი ვერ მოვიფიქრე.

– რად გინდა ფინალი?

– სჭირდება. გული მიგრძნობს, სჭირდება.

– ტაააქს… ჩემს ბავშვობაში, – ტუსკია ისევ ჩამოჯდა, – ერთ ნათესავ კაცს შვილიშვილი მოჰყავდა ჩვენთან. შუა სუფრის დროს სკამზე დააყენებდა და შესძახებდა: „ლენინს ქაგორი!“ ჰოდა, ის ბავშვი რომ მიუშვებდა გინების კორიანტელს ლენინის სულის საოხად, გაჩერება უჭირდათ. სულ მშურდა იმ ბიჭის – ისეთ რამეს აკეთებდა, სხვასაც რომ უსწორდებოდა და თვითონაც ისწორებდა. „ლენინს ქაგორი!“ ეტყოდნენ და მიუშვებდა ავტომატის ჯერივით, დედ-მამის სულს ამოუტრიალებდა. ჯერ კიდევ სესერეკას ხანა იდგა, და ალბათ ამიტომაც საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის ამგვარმა კრიტიკამ ისე იმოქმედა ჩემზე, დღემდე მინდება, ლენინის ყველა წინაპარს და შთამომავალს, ვინც ამ მიწაზე იარაღით მოვიდა, იმ პატარა ბიჭივით სული მოვუხსენიო… ჰა, როგორია, გამოგადგება?

სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. ტუსკიას ნათქვამმა მისი ცალხაზიანი რვეული გამახსენა, ფეხბურთელების „ნაკლეიკებითა“ და გაზეთიდან ამოჭრილი ფიგურებით რომ გამოევსო. „ქართველები ცოტანი ვართ და ვინც მაგარია, ყველა უნდა ჩავაწებო“, – ასე ჰქონდა დაქადნებული და მეც უცებ მომინდა, მის დაუკითხავად ჩამეწერა თუ ჩამეწებებინა ის პატარა ბიჭი, ლენინის და მისი მემკვიდრეების გინებით რომ დაამახსოვრა ტუსკიას თავი; იმ ბიჭების სახელები, 90-იანებში და მერეც, ისე დაუნანებლად რომ კვდებოდნენ, გეგონება მეორედაც გამოახელენ თვალს მარტის მზიან დილითო; და ტაქსის მძღოლის მიერ ნახსენები პრეზიდენტი, რომელთანაც მისი მინისტრი ნახმარი პიჯაკით მიდიოდა შეხვედრაზე, ახალს და გაპრიალებულს კი მანქანაში გამოჰკიდებდა, ემანდ რამე უკადრისი არ მითხრასო; ის ნიჰილისტი ტიპებიც, ყველაფრის აბუჩად აგდება და გამასხრება რომ უყვართ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაზე კრიზისულ მომენტში ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილივით ყველა ენა გაუქრებათ გონებიდან, მშობლიურის გარდა.

– ჰა, როგორია? – მიმეორებს ტუსკია და კედელზე გაკრულ უზარმაზარ რუკას გასცქერის, – ასკეტობა და იდეალები. ისტ ენდ ვესტ. ისტ ორ ვესტ?.. ორ ნორს?. ასკეტობა და იდეალები. ასკეტ…

ხმას ვერ ვიღებ მიწანაჭამი ფორვარდივით, მცველს რომ დაასწრო და ვარდნაში გადახურა მხოლოდ მისთვის გამიზნული პასი, ოღონდ ჯერ რომ არ იცის, ბურთი ბადეშია თუ სხვაგან…

მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ…

0

ამბობენ, ქვეყნის კეთილდღეობა ორი სფეროს – განათლების და ჯანდაცვის სისტემებში არსებული მდგომარეობით იზომებაო… ქართული განათლების სისტემის კრიზისული ყოფა წლებს ითვლის თუ ეპოქებს, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყველა პრობლემა, სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა ხარვეზი რომ ამასთან არის დაკავშირებული, ეს კი ღრმად მწამს… ვერცერთი ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა და პრობლემათა სპექტრის იმანენტური საზოგადოებრივი ანალიზი არ დაიწყო. ხშირად ვიწონებთ ხოლმე თავს, რომ ჩვენი საზოგადოების განათლების დონე მაღალია, რომ უცხოეთში ვიწრო სპეციალიზაციით იღებენ განათლებას და ზოგადი განათლება აკლიათ, ხოლო ჩვენ ყველა სფეროში განსწავლული საზოგადოება გვყავს, მაგრამ სწორედ ეს ყოვლისმცოდნე დილეტანტიზმი მგონია დამღუპველი. ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერიც არ ვიცით… უნივერსიტეტის ბაკალავრიატს როგორც კი მივახრჩობთ და ბაკალავრის დიპლომს ხელში დავიჭერთ, უკანასკნელ გამოცდაზე რომ დავხურავთ წიგნს, მერე წლობით აღარ ვიღებთ ხელში, მერე მხოლოდ მუშაობა გვსურს, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ყველას საბიუჯეტო ორგანიზაციებში მაღალჩინოსნობა ქცევია ცხოვრების მიზნად… ცხოვრების სიავითა თუ სიკარგით გართულთ მერე კვალიფიკაციის ამაღლება, ჩვენი, როგორც სპეციალისტის, უნარებისა და ცოდნის გაღრმავება და განვითარება აღარ გვჭირდება, თითქოს სამყარო იქ გაჩერდა, სადაც ჩვენ უნივერსიტეტი დავამთავრეთ, თითქოს იმის მერე ჩვენს სფეროში არაფერი შექმნილა…

განათლების სფეროს მუშაკობა არ არის აუცილებელი ქართული განათლების სისტემური კრიზისის გასააზრებლად, მაგრამ ჩემთვის ამ კრიზისის ანატომიაზე ფიქრისას ყველაზე დიდი შოკი რამაც გამოიწვია, ეს იყო მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ნაშრომების გასწორება. ქართულის მასწავლებელთა ნაშრომები… უკანასკნელ წლებში ქართულის მასწავლებლად ვიმუშავე კერძო სკოლაშიც და საჯაროშიც… მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები სატკივრად ქცეულა პედაგოგთა უმრავლესობისთვის. არადა, როცა ჩავაბარე, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ამ გამოცდებმა ბევრი მომცა, ცოდნაც მომცა და ფსიქოლოგიური თავდაჯერებულობაც… მეცადინეობით თავი არ მომიკლავს, მაგრამ სწავლის და სწავლების თეორიები და განათლების კანონმდებლობა წავიკითხე, რამაც თვალები სულ სხვაგვარად ამიხილა. ქართული ენისა და ლიტერატურის ჩასაბარებლად მომზადება ზედმეტად მიმაჩნდა, მაგრამ ამ თეორიების და კანონმდებლობის შესწავლამ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საგრძნობლად გაამდიდრა. მერე ამ თეორიებს სასწავლო პროცესში ვიყენებდი და თვითშეფასებისას სინდისი დამშვიდებული მქონდა.

სასწავლო გარემოში მთავარი აქტორი მოსწავლეა, უდავოდ. ყველაფერს მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავთ და ვახორციელებთ. მაგრამ, მოდით, დავსვათ კითხვები: ვინ არის მოსწავლისთვის ქართულის მასწავლებელი? რა  გამოწვევებს უნდა უპასუხოს მან? რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ზოგადად მოსწავლის სააზროვნო სისტემების ფორმირების გზაზე?

რასაკვირველია, მასწავლებლები ყოველი კონკრეტული მოსწავლის განვითარებას სისტემატურად ვაკვირდებით. ერთ მოსწავლეს, რომელსაც პირობითად ბექას დავაქმევ და რომელიც მაღალი სააზროვნო უნარებით გამოირჩევა (თუმცა ცოტა საკუთარ კოგნიტურ თვითგანვითარებაზე სტაბილური და სისტემური მუშაობის უნარ-ჩვევები აკლია), შევამჩნიე, რომ უკანასკნელ პერიოდში აღარ ასრულებდა საშინაო დავალებებს და არც საკლასო ინტერაქტიურ პროცესებში მონაწილეობდა ჩვეული ხალისით. როცა ამის თაობაზე რამდენიმე კომენტარი ვუთხარი, შევატყვე, რომ სასწავლო პროცესისა და მასწავლებლისადმი პროტესტის რეჟიმი ჰქონდა გააქტიურებული. ვცადე ცალკე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ის არ იხსნებოდა. როცა მშობელსაც ვესაუბრე და ბექასაც არაერთხელ მივუბრუნდი, ის გამეხსნა და ასეთი რამ მითხრა:

  • ჩემთვის აღარ არის საინტერესო ეს ლიტერატურული ძიებები, რადგან ძალიან ხშირად არ ვიზიარებ იმგვარ წაკითხვებს, რომელთაც თქვენ გვთავაზობთ, ხოლო საკუთარი აზრები რომ გამოვთქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მიიღებთო…

ძალიან შევწუხდი, რადგან უკვე ოთხი წელია მისი მასწავლებელი ვარ და თუკი მე ასეთი ნათელი გონების ადამიანი ვერ დავარწმუნე, რომ ჩემთვის განსხვავებული აზრი და ტექსტების ინტერპრეტაციები სხვადასხვა ვარიაციებით არამცთუ მიუღებელი, არამედ, პირიქით, ბევრად საინტერესო და სასურველია, რაღა ფასი აქვს ჩემს მასწავლებლობას? მე და ბექამ დიდხანს ვისაუბრეთ ამაზე და როცა მან ვერ უარყო, რომ ხაზგასმულად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ყოველთვის ყველას განსხვავებული აზრისადმი, ახლა იმაზე დაიწყო აპელირება, რომ მისი აზრები ტრადიციულისგან განსხვავდება, ნოვატორულია, ხშირად მეინსტრიმს, გავრცელებულ თვალსაზრისებს აცდენილია და როცა ამგვარი აზრები რამდენჯერმე გაახმოვანა, თანაკლასელებმა დასცინეს. ბულინგი და არატოლერანტულობა ხომ ჩვენი სასკოლო გარემოს სერიოზული პრობლემაა?! რაც უნდა ვიმართლო თავი ბექას ან საკუთარი სინდისის წინაშე, რომ მე თავისუფლად მოაზროვნე მასწავლებელი ვარ და არასოდეს ვუშლი ბავშვებს ორიგინალურ თვითგამოხატვას, ფაქტი ფაქტად რჩება: კლასთანაც ჩემი საკეთებელია ის, რომ ბექას განსხვავებული მსოფლაღქმა, სკეპტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება ქართული მწერლობის იდეურ-თემატური პარადიგმების გარშემო სხვა ბავშვებისთვისაც მისაღები იყო, რომ მე უნდა შევქმნა გარემო, სადაც არანაირი, თუნდაც ნაივური და გაუგებარი აზრი, თუნდაც მცდარი აღქმა და ეპატაჟი მიუღებელი არ იყოს. მოზარდობის ასაკი იმისაა, რომ მსოფლაღქმისა და გემოვნების ჩამოყალიბების პროცესში ბევრი რამ სხვადასხვა კუთხით დაანახოს ადამიანს, შეცდეს, არასწორად გაიაზროს, მერე შეაჯეროს სხვათა შეხედულებები და ნელ-ნელა ჩამოაყალიბოს საკუთარი სააზროვნო სისტემები. ჩვენ, მასწავლებელმა და კლასმა, ერთობლივად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც დასაცინი არ იქნება არანაირი შეხედულება და თვალსაზრისი, სადაც ერთმანეთს, კორექტული არგუმენტებით შეიარაღებულნი, კამათის ცივილური ფორმებით განავითარებენ.

მოსწავლემ მიმახვედრა, რომ თავისუფალ აზროვნებას და მრავალფეროვნების პატივისმცემელ გარემოს მე დავაკელი ხელი და ახლა დრო იყო, ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მეზრუნა. მე და ბექამ ერთობლივად დავიწყეთ ფიქრი ამ თემებზე, გავმართეთ საკლასო დისკუსია, კლასის საათზე ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს, განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ამ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ერთობლივად მივედით იქამდე, რომ ყველაზე საინტერესო და განმავითარებელი სწორედ მეტაკოგნიციის პროცესია, რომ მეტაკოგნიციის სასარგებლო უნარებს სხვათა ნააზრევის გაცნობიერების, საკუთართან შეჯერებისა და დასკვნების გამოტანის პროცესი გვაძლევს.

მასწავლებლისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი და გამაღიზიანებელი, რომ მოსწავლეს თუნდაც მცდარი, საღ განსჯას აცდენილი შეხედულებები და აღმქმელობა ჰქონდეს. მასწავლებელმა კორექტული და არგუმენტირებული კომენტარებით, ლოგიკური მსჯელობითა და მეტყველი მაგალითებით უნდა მიიყვანოს მოსწავლე საღ აზრამდე, ხოლო თუკი მოსწავლის აზრები უბრალოდ განსხვავებული რაკურსით ხედვაა და არ ეწინააღმდეგება საღ აზრს, პატივისცემით უნდა მოეკიდოს მას და ხაზგასმით აუხსნას, რომ მისი შეხედულება მასწავლებლისთვისაც ახლებური და მისაღებია.

ამას წინათ ერთი ძალიან პატივსაცემი კოლეგა ვირტუალურ დებატებში წერდა, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების აღქმა თავისუფალ სივრცეებს უხსნის ყველას, მაგრამ ეს სივრცეები გარკვეულწილად მაინც შემოსაზღვრულია, რადგან თუ ლიტერატურა ხელოვნებაა, თავისუფალი ქმნადობაა და აღქმაც თავისუფალი უნდა იყოს, არსებობს ლიტერატურათმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, რომელიც, რასაკვირველია, ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული მეცნიერული სისტემები და წესრიგი, რომლის ჩარჩოებშიც ექცევა ტექსტების კვლევა. ქართულის მასწავლებლის მისიაა, რომ გარდა ტექსტებით მიღებული ემოციებით ტკბობის უნარისა, ამგვარ მეცნიერულ სისტემებში გარკვევის, ტექსტებზე დაკვირვების, დამოუკიდებელი ნავიგაციის, კვლევისა და არგუმენტირების უნარები განუვითაროს ბავშვებს.

გამოუცდელი მასწავლებელი არ ვარ და ვინ იცის, რამდენნაირი გაუგებარი და უსაფუძვლო თვალსაზრისი ან აკვიატებული, პროტესტით ნასაზრდოები შეხედულება მომისმენია მოსწავლეებისგან. ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეს თავადაც არ სჯერა ამოჩემებული თვალსაზრისისა, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებს საკუთარი ორიგინალურობის დასამტკიცებლად. როცა ბექას კლასთან განვიხილავდით განსხვავებული აზრის გადმოცემის კულტურას, გავიხსენეთ ერთი მაგალითი ბავშვების დაკვირვებებიდან. ილიას ერთ-ერთ პოეტურ ტექსტზე მუშაობისას ვსაუბრობდი ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიაზე, რომელზეც, ჩემი ღრმა და ურყევი რწმენით, დგას ილია, როგორც განმანათლებელი, ლიდერი, მოაზროვნე, იდეოლოგი. როცა კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ილიას საზოგადოებრივ აქტივობებს (შემოქმედება, პუბლიცისტიკა, საგამომცემლო საქმე, სამართლის ინსტიტუტები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სათავადაზნაურო ბანკი, აგრარული საზოგადოება და ა.შ.), ბექას და მის ერთ მეგობარს, პირობითად, იოანეს, დაებადათ ამგვარი აზრი: რადგან ისტორიული მოცემულობა იყო ასეთი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა ცარისტულმა იმპერიამ და ქვეყანა ქუთაისის და თბილისის გუბერნიებად დაიყო, ამგვარი საზოგადოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებით ილია არა ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას, არამედ იმპერიულ პოლიტიკურ მახინას ემსახურებოდა და ასაზრდოებდა. როცა ჩემეული არგუმენტები დავუპირისპირე ამ თითიდან გამოწოვილ თვალსაზრისს, მათ კიდევ უფრო მტკიცედ სცადეს საკუთარი პოზიციების დაცვა. კამათი საკმაო ხანს გაგრძელდა, მაგრამ ბექას და იოანეს არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა კლასისთვისაც და მათაც აღიარეს ინტელექტუალურ რინგზე „დამარცხება“. ახლა აქ ზედმეტად მიმაჩნია მათი თეზისების კონტრარგუმენტების ჩამოთვლა, რადგან ყოველმა საღად მოაზროვნე  და მეტნაკლებად განათლებულმა ქართველმა იცის ილიას დამსახურებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზაზე.

ამას წინათ იოანეს მამიკო შემომხვდა ქალაქში და როცა აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს, მან მამცნო, რომ იოანეს სახლში ამ დისკუსიის შესახებ ყველაფერი მოუყოლია, თანაც ისე, რომ საკუთარი მცდარი შეხედულებები და წამგებიანი პოზიციები არ დაუმალავს. მამამ კი ასეთი კომენტარი გაუკეთა თურმე: მე და მაკა მასწავლებელი, როგორც საბჭოთა ეპოქაში დაბადებული ადამიანები,  იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლისთვისაც სამშობლო და სახელმწიფო სხვადასხვა მოცემულობები იყო და ვიბრძოდით საიმისოდ, რომ ეს ორი ცნება გამთლიანებულიყო, ხოლო შენ ვინაიდან დაიბადე თავისუფალ ქვეყანაში, სამშობლო და სახელმწიფო შენთვის ერთი მთლიანობაა და ამ მთლიანობისთვის ბრძოლას სხვა რაკურსით უყურებო. იოანემ მიიღო მამის კომენტარიც და იმაშიც დარწმუნდა, რომ უსაფუძვლო შეხედულებების ამოჩემება არც ისე მომგებიანია, თუმცა მიუღებელი და დასაგმობი არ უნდა იყოს. მასწავლებელს, კლასს და ოჯახს რომ იოანესთვის რისხვა დაეტეხათ თავს, ეს რა სისულელეებს აფრქვევო, დაეცინათ და შეურაცხეყოთ თავისი გაუაზრებელი შეხედულებებისთვის, მას ბევრად უფრო გაუჭირდებოდა თვითგამორკვევა. ახლა კი იოანემ იცის, რომ კრიტიკული ხედვა კარგია, მაგრამ თვითმიზნურ ამოჩემებად არ უნდა აქციოს და სხვათა მოსაზრებების მიღება უნდა შეეძლოს.

ის სააზროვნო სისტემები, რომელთაც მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე იღებს მოსწავლე, მას სხვა საგნების შესწავლის პროცესშიც ეხმარება. კერძოდ: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და უცხო ენების შესწავლა და თვითრეალიზაცია წარმოუდგენელია მშობლიურ ენაზე გამართული აზროვნების, მეტყველების, ანალიზის, წერისა და კითხვის უნარების გარეშე.

ქართულის მასწავლებელს რთული მისია აკისრია: გარდა იმისა, რომ მხატვრული ტექსტების სახით უნდა ასწავლოს ხელოვნება და შემოქმედებითი აზროვნება, ასევე უნდა ასწავლოს სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის არამხატვრული ტექსტების წვდომა, ორთოგრაფია და ორთოეპია, აზროვნებისა და წინადადებების კონსტრუირება, სხვადასხვა ტიპის წერილობითი პროდუქტების შექმნა და პრეზენტირება, ვერბალური და წერილობითი ნააზრევის კონსტრუირება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება, აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემებისადმი პოზიციის გამოხატვა, არგუმენტირებული ესეის კონსტრუირება, რაც თავისთავად ცხადია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ყოველივე ამაში უმთავრესი დამხმარე არის თავისუფალი და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა და განვითარება.

ხშირად მსმენია, რომ კერძოდ მომუშავე რეპეტიტორები წინასწარ გამზადებულ ფრაზებს, სინტაქსურ კონსტრუქციებსა და ლოგიკურ ფორმულებს აზეპირებინებენ ბავშვებს და ასე ასწავლიან თხზულებებისა და ესეების წერას, რაც ყოვლად დაუშვებელი და დამღუპველი მგონია.

მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ, უნდა გასწავლო ბევრი საიდუმლო, ტექსტების წაკითხვა-გაგება-გააზრებისას მისი კითხვისა და ანალიზის სტრატეგიების შემუშავება, შემდეგ კი ამ ტექსტებზე დაყრდნობით წერილობითი დავალებების შექმნის კულტურა, ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია მასწავლებლის გამოცდილებაც, პრაქტიკული მასტერკლასები, რომლებიც აბსოლუტურად უნიკალური, უნივერსალურია და უფრო კი ერთობლივი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული თვითგანვითარების პროცესები, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ როცა მოსწავლე ტექსტთან, თუნდაც უცხოსთან, მარტო დარჩება, მისთვის დაუძლეველი არ იყოს იმ ამოცანების შესრულება, რომელთაც ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორები და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები ითვალისწინებს, აუცილებელია ტექსტების გაგებისა და კვლევის მრავალმხრივი უნარების დაუფლება.

– მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ, – ვეუბნებოდი ბექას, – მე უნდა გასწავლო ხეზე ასვლა, ლოგოსის მაგიის წვდომა, ფერწერული ტილოს წაკითხვაც და მასზე ვერბალური გამოხატვის უნარიც, კინოფილმისა და თეატრალური წარმოდგენის აღქმაც, როგორც ტექსტზე დაფუძნებული ქმნილებებისა…

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მაქვს ამგვარი უნარების სწავლების უამრავი ნოუ ჰაუ, რომელთა შესახებ მსჯელობებსაც ერთი წერილი ვერ დაიტევს და სხვა დროს კიდევ შევეცდები, გაგიზიაროთ გამოცდილება. ასევე არასდროს დავიღლები კოლეგებისგან მსგავსი გამოცდილების მოსმენა-გაზიარებით.

 

შეთავსებით სპორტის მასწავლებელი

0

სკოლაში ყოველთვის ვინახავ გამოსაცვლელ სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. თავისუფალი დროის გამონახვისთანავე ვიცვლი და ვუერთდები სტადიონზე მოთამაშე გოგო-ბიჭებს. სპორტის სახეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მანანა კაპეტივაძის სტატია „იუვე“ სიყვარულია!” გახდა ერთგვარი ინსპირაციის წყარო ამ სტატიის დასაწერად. მინდა, მოგიყვეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ერთად სტადიონზე დროის გატარება.

ცოტა უკან დავბრუნდები და გავიხსენებ ჩემი მოსწავლეობის პერიოდს. კლასელები განსაკუთრებით იმ მასწავლებლებს ვაღიარებდით, რომლებსაც სპორტი უყვარდა. მის მიმართ მეტად დადებითად ვიყავით განწყობილნი, თუ ის ჩვენთან ერთად თამაშობდა სკოლის სტადიონზე… ასეთი მასწავლებლების მიმართ მეტ პატივისცემას გამოვხატავდით  და საგანსაც მეტი მონდომებით ვსწავლობდით. მაგალითად, გეოგრაფიასა და ქიმიას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქიმიის მასწავლებელი ქალი იყო. ფეხბურთს ვერა, მაგრამ დიდი სიხარულით გვეთამაშებოდა ფრენბურთსა და წრეში ბურთს.

სკოლა 2006 წელს დავამთავრე. მასწავლებლად მუშაობა კი 2013 წელს დავიწყე… ყოველთვის ვცდილობდი, მიმებაძა იმ  მასწავლებლებისთვის, რომლებიც სხვადასხვა გზით ახერხებდნენ ჩვენი გულის მოგებას. ერთ-ერთ მიმართულებას სპორტი წარმოადგენდა. სპორტულ აქტივობებს არ აქვს სქესი და გენდერი. მასში ჩართვა თანაბრად უხარიათ გოგონებსაც და ბიჭებსაც.  ვცდილობ, დრო გამოვნახო და გოგონები მეტად წავახალისო, მით უმეტეს, რომ მარნეულში ძალიან მნიშვნელოვანია გოგონების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები აფერხებს მათ აქტიურ ჩართულობას.

სპორტი სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით, სწავლით, ჩამოვუყალიბოთ ურთიერთპატივისცემის, აღიარების უნარი და დავანახოთ გამარჯვების სიტკბო თუ დამარცხების სიმწარე.

სკოლაში, სადაც ახლა ვასწავლი, ხშირად „უშტატო სპორტის მასწავლებელს“ მეძახიან. როგორც წესი, მათთან თამაშისას გარკვეული იდეების განხორციელებას ვუყრი საფუძველს და ფრთებს ვასხამ  მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს.

გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოსწავლეთა შესაძლებლობები მხოლოდ საკლასო ოთახში მიღწეული შედეგებით ფასდება. შესაბამისად, უგულებელყოფილია საგაკვეთილო პროცესის მიღმა გამოვლენილი ნიჭი და უნარი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი იმდენად არის დალექილი არაცნობიერში, რომ თვითონ მოსწავლეებიც არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, ჩემი სოფლიდან არ მახსენდება რომელიმე სპორტულ სახეობაში წარმატებული ადამიანი, მიუხედავად ამ მხრივ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობებისა. სამაგიეროდ, ბევრ წარმატებულ ადამიანს შეხვდებით იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალური იყო მოსწავლეობისას. გარდა ზემოთ თქმულისა, სკოლებში გვყავს სუსტი ფიზიკური მონაცემების ბავშვები. მათთან თამაშის მსურველთა არარსებობის გამო ისინი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია გამოსავლის ძებნა.

ამაზე ბევრს ვფიქრობდი ყოველთვის და როცა ამ დასკვნამდე მივედი, იმავე დღიდან დავიწყე მუშაობა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობები ყველა კუთხით გამომევლინა.ზემოთ უკვე ვახსენე, რომ სკოლის მოუწესრიგებელი სტადიონის აქტიური სტუმარი ვარ. თუმცა იქ ყოფნა ყველაზე სასიამოვნო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შემდეგ ყველანი მტვერში ამოსვრილი და ოფლში გაწურული ვბრუნდებით სახლში.

ჩემი მიდგომა ასეთია: ვთამაშობ და მხარს ვუჭერ გუნდს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა და დახმარება. აქვე გეტყვით, რომ არ ვარ „საუკეთესო სპორტსმენი“, თუმცა ზუსტად ეს არის სტიმული, რომ ბავშვებმა მაქსიმუმი გააკეთონ გამარჯვებისთვის. მქონია არაერთი შემთხვევა, როცა დავემატე გუნდს, რომელიც აგებდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, თუმცა  ჩემი ჩართულობა გახდა ერთგვარი სტიმული და გამარჯვების წინაპირობა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალშისაცემია სპორტთან მიმართებაში. ახალი არ იქნება თქვენთვის, თუ ვიტყვი, რომ, მაგალითად, ფეხბურთი არ მიიჩნევა გოგონების სპორტად. ამ თამაშში გოგონების ჩასართავად უდიდესი როლი ითამაშა სკოლის დირექტორმა, შორენა ხუხუამ, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა გოგონათა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების პროცესში. მე და ჩვენი სკოლის დირექტორი ვეხმარებით გუნდს განვითარებაში და აქტიურად ვრთავთ მათ სხვადასხვა შეჯიბრში. ამ პროცესმა გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ძალიან შეუწყო ხელი.

ჩემს მცირე თავისუფალ დროს მაქსიმალურად თანაბრად ვუნაწილებ სპორტის სახეობებს. ბევრჯერ ვყოფილვარ გოგონების გუნდის წევრი ფრენბურთში და ერთად გვიზეიმია გამარჯვება და გვიფიქრია დამარცხების მიზეზებზე.

არ ვთვლი, რომ სპორტი მოსწავლეთა დაინტერესების ერთადერთი საშუალებაა. სავსებით შესაძლებელია, თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობები მოსინჯოთ ხელოვნებაში, ხელსაქმეში, სამსახიობო უნარებში და ა.შ. უყუროთ ერთად ფილმებს, წაიკითხოთ წიგნები ან წახვიდეთ ლაშქრობებში.

დღეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან. დამღლელი სამუშაო საათების შემდეგ მასწავლებლებს გვეჩქარება ოჯახებში, შინამეურნეობებში ან სხვა სამსახურებში. მიუხედავად სირთულისა, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მცირე დრო მაინც დავუთმოთ მოსწავლეებს, რათა დავინახოთ სხვა კუთხით, აღმოვაჩინოთ სხვადასხვა უნარი, ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭრა და გავატაროთ დრო არაფორმალურ გარემოში.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...