შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

სახალისო  აქტივობები და მოსწავლეთა მოტივაცია

0

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ სახალისო აქტივობების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც ვატარებ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში და ჩემი მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში.

თემა – ჩემი ოჯახი

გაკვეთილის სასწავლო მიზანი – მოსწავლემ  შეძლოს საკუთარ ოჯახზე  წერილობითი, ვიზუალური და ვერბალური პრეზენტაცია. პრეზენტაციისას სწორად გამოიყენოს რიცხვითი სახელი.

კლასი-IV

საგანი –  ინგლისური ენა

საჭირო რესურსები- თაბახის ფურცლები, ფერადი წებოვანი ფურცლები, მაკრატელი, წებო, წებოვანი ლენტი.

აქტივობა-1 (მხიარული დასაწყისი)მოსწავლეთა წყვილებს  ურიგდებათ  სამკუთხა ბარათები ინგლისურ  ენაზე დაწერილი დასასრულებელი წინადადებებით:

  1. Today it is the ———— of February
  2. There are———- desks in our room.
  3. Our school is————  storey  
  4. Our classroom has ——–windows.

წყვილები სწრაფად კითხულობენ, მსჯელობენ, გამოტოვებული წერტილების ნაცვლად შესაბამის რიცხვით სახელს წერენ და თანმიმდევრულად ახმოვანებენ.

  1. Today it is the fifth  of February.
  2. I study in the sixth grade.
  3. There are three George in our class.
  4. There are twenty three desks in our class.
  5. Our school is two storey building.
  6. Our classroom has got three windows

აქტივობა -2  მხიარული პირამიდა „ ჩემი ოჯახი“ 

მოსწავლეებს ურიგდებათ დახაზული და დანომრილი პირამიდის დიაგრამები და ევალებთ ინსტრუქციის შესაბამისად შეავსონ:

  1. სახელი და გვარი. Name and Surname.
  2. რამდენი წლის ხარ?  How old are you?
  3. ჩამოთვალე ოჯახის წევრები? Who are the members of your family?
  4. რამდენი და-ძმა გყავს? How many brothers and sisters have you got?
  5. ვინ არის ყველაზე უფროსი/ასაკოვანი  ოჯახში? Who is the oldest in your family?
  6. ვინ არის ყველაზე უმცროსი ოჯახში  Who is the youngest in your family?
  7. ოჯახში რომელი ცხოველი გყავთ?What animal have you got in your family?
  8. ოჯახში (ეზოში, აივანზე, სახლში) რომელი მცენარე გაქვთ? What plant have you got in your family? (in the yard , at home, on the balcony)

მოსწავლეები დავალებისთვის განკუთვნილ დროში ავსებენ პირამიდას და ათავსებენ საკლასო ოთახის საპრეზენტაციო სივრცეში. მასწავლებელი ითვალისწინებს საპრეზენტაციო სივრცის მდებარეობას და  5 წუთიან გალერეას სთვაზობს თანაკლასელებს.

 

აქტივობა -3 ბლიც ინტერვიუ

მასწავლებელი მოსწავლეებს  ურიგებს წითელბარათიან სამკერდე ნიშნებს, რომელზეც აწერია „ჟურნალისტი“  მათ ეძლევათ დავალება,  ოჯახის წევრისგან აიღოს ინტერვიუ.  ჟურნალისტებს ურიგდებათ ოთხად გაკეცილი ფურცლები ე.წ დამხმარე ბლოკნოტები, რომელშიც ჩაწერილია თემასთან დაკავშირებული საკითხები,  რაც  ჟურნალისტისთვის შეკითხვის ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს.

მაგალითად:

 

პროფესია – ყველა პროფესიაში არის რაღაც განსაკუთრებული

Profession-There is something interesting in every profession.

საყვარელი წიგნები – წიგნის გარეშე მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება

Favourite books__ Our life will be boring without book.

საყვარელი ფილმები – ფილმი კარგია ფანტაზიის განვითარებისთვის

Favourite films- Film is good for the development of fantasy.

კულინარია – ადამიანებს სხვადასხვანაირი საჭმელები მოსწონთ.

Cookery_People like different food.

მოგზაურობა –  მოგზაურობა დიდი სიამოვნებაა

Travelling- Travelling is great pleasure.

კათარზისი –  სხვისი დახმარება სასიამოვნოა

Katharsis-Somebody’s help is  great pleasure.

 

მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად  და ასრულებენ ინსტრუქციას:

  1. ირჩევენ რესპონდენტს (ოჯახის წევრს)
  2. მისთვის „დამხმარე ბლოკნოტის“ დახმარებით ამზადებენ 4-5 შეკითხვას
  3. ევალებათ, საკლასო სამუშაოს დროს მომზადებული შეკითხვების გამოყენებით, საშინაო დავალების რვეულში ჩაწერონ ინტერვიუ

For example:

Journalist :  Nino Ninua

Respodent :Nini’s Mum Salome

Nini :What kind of books do you like?

Salome: I like history books.

Nini: Where do you want to travel?

Salome: I want to travel to Italy.

Nini: What is your favourite  food ?

Salome: My favourite food is

Nini: :What genre films do you watch?

Salome: I watch comedy films.

შეფასების აქტივობა  – მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს თვითშეფასებას შემდეგი  სქემის გამოყენებით:

რა სიტყვები შევისწავლე? რისი გაკეთება  შევისწავლე? რა ემოცია დამეუფლა?
   

 

 

 

 

 

 

 

 

საინფორმაციო- შემეცნებითი ტექსტი დაწყებით საფეხურზე

0

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვი დაწყებით საფეხურზე იძენს, კითხვის უნარია. ადრეულ ასაკში კარგად ჩამოყალიბებული კითხვის საბაზო უნარები განაპირობებს სწავლების შემდგომ საფეხურზე ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესს. სწორედ ამიტომ, სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. კითხვის უნარი უშუალო კავშირშია არა მხოლოდ ბავშვის სააზროვნო პროცესების განვითარებასთან, არამედ მის პიროვნულ  განვითარებასთანაც. ამდენად, ადრეულ ასაკში კითხვის უნარის დახვეწა-განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვის მომავალ წარმატებას-მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

კვლევებით დასტურდება, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ  წაკითხულის გაგება- გააზრება, განსაკუთრებით  ეს სირთულე  თვალსაჩინოა საინფორმაციო ტიპის ტექსტების კითხვისას .

წაკითხულის გააზრების უნარის გაუმჯობესება შესაძლებელია სხვადასხვა სტრატეგიების, ხერხების და მეთოდების საშუალებით: მოსწავლის უნარის შესაბამისი ტექსტების შერჩევით, სიტყვების გარჩევისა და დეკოდირების ჩვევაში დაოსტატებით, ტექსტში მოცემული ახალი სიტყვების მნიშვნელობის წინასწარი განმარტებით, წაკითხულის გააზრების ეფექტური სტრატეგიების სწავლებით.

მსურს გაგიზიაროთ ჩემ მიერ, მეოთხე კლასში ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის თემა: „ჭიანჭველები“ (საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი) ნ. სურმავა

მიზანი: საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის კითხვა და დამუშავება. საინფორმაციო ტექსტის წაკითხვისა და გააზრების სტრატეგიების გამოყენება.

                                                გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეები შეძლებენ : წაიკითხონ და დაამუშაონ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი; გამოიყენონ საინფორმაციო ტექსტის  წაკითხვისა და გააზრების სტრატეგიები; ამოიცნონ უცხო ლექსიკური ერთეულები, გაიაზრონ მათი მნიშვნელობა და გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციაში.

  1. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი თემა და მიზანი, აქტივობები, რომელსაც გამოვიყენებდით გაკვეთილის მსვლელობისას, შეფასების კრიტერიუმები.
  2. გამოწვევის ფაზაზე ვთხოვე, გაეხსენებინათ მათთვის ნაცნობი მწერები. წავუკითხე გამოცანა:

-„ის ბევრჯერ გინახავს სამზარეულოს მაგიდაზე,  საშაქრესთან,  მურაბისა და თაფლის ქილასთან, ფანჯრის რაფაზე, ხის ძირას, ფერად ყვავილებზე, შენს მაისურზე… ალბათ უკვე მიხვდი, ამ მწერს ჭიანჭველა ჰქვია“(ამონარიდი  წასაკითხი  ტექსტიდან)

ეს დამეხმარა შემექმნა მოტივაცია და  გამემძაფრებინა  მათი ინტერესი  შესასწავლი თემისადმი.

3.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, გამოვიყენე მეთოდი „დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე“. დაფაზე გამოვაკარი ჭიანჭველას სურათი,  ვთხოვე წყვილებს დაეწერათ ყველაფერი, რაც იცოდნენ ჭიანჭველების შესახებ და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის.

4.შემდეგ ეტაპზე ვუჩვენე ფილმი ჭიანჭველების ცხოვრებაზე

აქტივობის მიზანი იყო დამატებითი თვალსაჩინო-ვიზუალური მასალის დახმარებით ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი, ახალი, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ, შეკითხვებით დავაზუსტე რამდენად შეძლეს  ნანახის გაგება-გააზრება და დამახსოვრება, რა გაიგეს ახალი, ფილმში მოცემული რომელი ინფორმაცია იყო მათთვის ნაცნობი და ა. შ.

 

5.ტექსტის წაკითხვამდე  ჯგუფებში იმუშავეს უცხო ლექსიკურ ერთეულებზე :

 ანტენა-მოწყობილობა, რომელიც რადიოტალღებს გადასცემს და მიიღებს;

საცეცები-მწერის ან ცხოველის სხეულზე მოძრავი  გამონაზარდი;

სინოპტიკოსი-სპეციალისტი, რომელიც ამინდის პროგნოზს გვაცნობს;

კომუნკაცია-ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის;

შეავსეს ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა.

 

  ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა.

 

სიტყვა ნახატი
განმარტება

 

 

 

ასოციაცია /მაგალითი

 

 

 

სქემის გამოყენების ინსტრუქცია:

მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს სქემაში განსამარტავ სიტყვებს;

ზედა მარცხენა უჯრაში მოსწავლე წერს შესასწავლ სიტყვას;

ზედა მარჯვენა უჯრაში ხატავს სიტყვის შესაბამის გამოსახულებას;

ქვედა მარცხენა უჯრაში წერს სიტყვის/ ცნების განმარტებას;

ქვედა მარჯვენა უჯრაში წერს შესაბამის მაგალითს და ასოციაციებს.

 

ნამუშევრები გაუზიარეს ერთმანეთს. შეძლეს სიტყვის/ცნების გააზრება, დახარისხება, წარმოსახვის და ფიქრის უნარის გააქტიურება.

6.ტექსტზე მუშაობა დავიწყე ხმამაღალი,  საჩვენებელი, გამომეტყველებითი კითხვით. კლასის გააქტიურების მიზნით ვჩერდებოდი და შეკითხვებით ვაზუსტებდი, რამდენად კარგად იგებდნენ ისინი  მოსმენილს.

https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade4/chianchvelebi.pdf

7.შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვე ჩუმი კითხვის მეთოდით, ინდივიდუალურად, წაეკითხათ ტექსტი და შეევსოთ „მახასიათებლების ცხრილი“

მახასიათებლების ცხრილი

    მწერი

 

 

როგორ გამოიყურება? სად

გვხვდება?

საინტერესო ფაქტი ჭიანჭველების შესახებ
  ჭიანჭველა

     

 

8.წაკითხვის შემდეგ  უპასუხეს შეკითხვებს:

1)როგორი აგებულება აქვს ჭიანჭველას?

2)სად და როგორ ცხოვრობენ ისინი?

3)რა სახის ჭიანჭველები არსებობს და როგორ აქვთ ფუნქციები გადანაწილებული?

4)როგორ ურთიერთობენ ისინი?

5)თქვენი აზრით, როგორ არჩევენ მეომარი ჭიანჭველები თავისიანს მტრისაგან?

6) რა სარგებელი და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ჭიანჭველამ ადამიანს? და ა. შ.

 

9.შეჯამებისთვის გამოვიყენე სტრატეგია  „3-2-1“

ვთხოვე  დაეწერათ:

3 რამ , რაც დაგამახსოვრდა  ჭიანჭველების შესახებ;

2  საინტერესო ფაქტი;

1 შეკითხვა რომელიც ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდა.

 

მოსწავლეთა შეფასებისთვის გამოვიყენე სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარები წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.

შეფასების სქემა

  მაღალი საშუალო განსავითარებელი
სასწავლო სტრატეგიების გამოყენება აქტიურად პასუხობს შეკითხვებს; ერთვება დისკუსიაში; თავისუფლად აყალიბებს და ასაბუთებს აზრს. ზუსტად ასრულებს დავალების ინსტრუქციებს პასუხობს შეკითხვებს; ერთვება დისკუსიაში; აყალიბებს აზრს, მაგრამ უჭირს დასაბუთება. ასრულებს დავალების ინსტრუქციებს უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. არ ერთვება დისკუსიაში. უჭირს აზრის გამოხატვა და დასაბუთება. უჭირს დავალების ინსტრუქციების გააზრება

 

ტექსტის გაგება- გააზრება ტექსტში ამოიცნობს ძირითად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას და ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ამოიცნობს გარკვეულ ინფორმაციას ტექსტიდან, ამყარებს კავშირებს უჭირს ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოძიება და კავშირების დამყარება
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა თამამად გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უცხო ლექსიკურ ერთეულებს ამოიცნობს კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; დამოუკიდებლად შეუძლია  დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება. გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უცხო ლექსიკური ერთეულების ამოცნობას ცდილობს კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; შეუძლია  დამხმარე გრაფიკული სქემების გამოყენება. გამოთქვამს ვარაუდს უცხო სიტყვის მნიშვნელობის შესახებ; უჭირს უცხო ლექსიკური ერთეულების ამოიცნობა კონტექსტის მიხედვით და ლექსიკონის დახმარებით; უჭირს დამოუკიდებლად გრაფიკულ სქემებზე მუშაობა.

 

 

გაკვეთილზე გამოყენებული კონკრეტული ტიპის აქტივობები საკმაოდ ეფექტურია და ეხმარება მოსწავლეს, აქტიურად ჩაერთოს ტექსტის დამუშავების პროცესში, უქმნის კითხვის მოტივაციას, უადვილებს წაკითხული ინფორმაციის გაგება-გააზრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.კუტალაძე ი.(რედ.) (2010) როგორ ვასწავლოთ კითხვა / დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის /ქრესტომათია, თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი

2.ეროვნული სასწავლო გეგმა

3.ვებპორტალი kargiskola.ge

ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება

0

განათლების ძირითადი მახასიათებელი არა მარტო ცოდნის გადაცემა, არამედ შემოქმედებითი კომპეტენციების ჩამოყალიბება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და განვითარებისთვის მზადყოფნაა. სკოლამ უნდა შექმნას საფუძველი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ახალი აზროვნებით და გარემოში ქცევის ახალი წესებით – ეკოლოგიური ცნობიერებით. სწორედაც გეოგრაფიის სწავლების მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოლოგიური წიგნიერებაა, რომელიც არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც „შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას“.

სკოლის მიზანია, მუდმივად გააუმჯობესოს მოსწავლეთა უნარ-ჩვევები და მათი კომპეტენციები კონკრეტულ მეცნიერებაში. თუმცა მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს  კვლევითი საქმიანობა. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობები კვლევისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის; მოსწავლეთა საკუთარი სამეცნიერო ინტერესების გაფართოებისა და გაღრმავების, პრობლემების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისა და არსებული ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარის ფორმირებისა.

მოსწავლეთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მეთოდური საქმიანობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პროექტის სამოქმედო გეგმისა და სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების შემუშავებას, დიდაქტიკური მასალის გამოყენებით გრაფიკული პრეზენტაციის (ტექნოლოგიების გამოყენებით) შექმნას, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, საინფორმაციო ბიულეტენებსა და ვებგვერდებს.

გარემოს დაცვითი განათლებისა და სწავლების სისტემა ჩაშენებულია არსებული განათლების სისტემაში და მისი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გარემოს დაცვითი განათლება უნდა განიხილებოდეს როგორც მთელი სასწავლო პროცესის სისტემა-ფორმირების კომპონენტი, მისი სტრატეგიული მიზნები და წამყვანი მიმართულებები, სკოლის მომავალი ინტელექტუალური, მორალური და სულიერი საფუძველი.

ახალი ღირებულების სისტემის შექმნაში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის პედაგოგს. მან რეალურად უნდა შეუწყოს ხელი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული პასუხისმგებლობების შესანარჩუნებლად, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

გარემოსდაცვითი განათლების ეფექტურობის ერთ-ერთი პირობა გარემოსდაცვით კვლევაში მოსწავლეების მონაწილეობაა.

განათლების „ეკოლოგიზაცია“ საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გააცნობიეროს საკუთარი ადგილი ბუნებაში. თანამედროვეობის გარემოსდაცვითი პრობლემები შეიძლება წარმატებით გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ეკოლოგიური კომპეტენცია შესაბამის დონეზე იქნება. ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ გარემო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა ადამიანი აცნობიერებს ამის საჭიროებას.

მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება შესაძლებელს გახდის, მომავალში უფრო ეფექტურად გადაიჭრას ადგილობრივი გარემოს ეკოლოგიური პრობლემები.

ეკოლოგიური სწავლების უწყვეტობის სისტემაში სკოლა მიზნად ისახავს, შექმნას საფუძველი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ახალი აზროვნებით – ეკოლოგიური აზროვნებით.

“კვლევითი განათლება” განსაკუთრებული მიდგომაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ მისწრაფებას მიმდებარე სამყაროს დამოუკიდებელი შესწავლისათვის.

ეკოლოგიური კვლევა ხელს უწყობს ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და აქტიური ქმედებების დასაცავად მზადყოფნას.

თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები მნიშვნელოვანწილად ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობას, თავისუფალი და კრეატიული პიროვნების ჩამოყალიბებას.

ყველაზე ეფექტური გზა არის გეოგრაფიის სწავლების ინტეგრირებული მიდგომა. მოსწავლეთა გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი არის საგანმანათლებლო შინაარსის  ნაკლოვანებები: მასალის სირთულე; საგანმანათლებლო ინფორმაციის მზარდი რაოდენობა; პრაქტიკული ორიენტაციის ნაკლებობა. გეოგრაფიის გაკვეთილებზე შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე ინტერდისციპლინური ინტეგრაცია: გეოგრაფია – ეკოლოგია, გეოგრაფია – ქიმია, გეოგრაფია – ინფორმატიკა. შედეგი ინტერდისციპლინარული პროექტებია.

კვლევა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:

– მოსწავლეზე ორიენტირებული ქმედება;

– სამუშაოების კომპლექსური ხასიათი;

– ფართო შესაძლებლობები შემოქმედებითი განვითარებისათვის;

– პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა;

– ალტერნატივა და ცვალებადობა;

– ავტორის გადაწყვეტილება, ავტორის საყურადღებო პოზიცია.

შერჩეული პროექტის ტიპოლოგიის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია, განისაზღვროს სამუშაოს შესრულების მიზნები, მეთოდები, საშუალებები და ეტაპები. პროექტში შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი:

  • ორგანიზაციულ-მოსამზადებელი;
  • ტექნოლოგიური;
  • პრეზენტაცია.

პროექტის განხორციელების ხარისხი დამოკიდებულია ბევრ კომპონენტზე: მონაწილეთა შემოქმედებით საქმიანობაზე, ეფექტურ ხელმძღვანელობაზე, პროექტის განხორციელების მეთოდებისა და საშუალებების წარმატებით შერჩევაზე.

კვლევის პროცესში ძირითადი აქცენტი კეთდება გარემოსდაცვითი ცოდნის შეძენაზე. კვლევითი საქმიანობა მოსწავლეებს უყალიბებს თვითრეგულირების, გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის უნარებს. პროექტის მეთოდი მიმზიდველია, რადგან ის ორიენტირებულია მოსწავლეზე, იყენებს დიდაქტიკურ მიდგომას, გულისხმობს თვითმოტივაციას, რაც ზრდის ინტერესს და სამუშაო პროცესში ჩართულობას. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების ინტერესებს განსაკუთრებით ზრდის. ეკოლოგიური კვლევა ხელს უწყობს ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და აქტიური ქმედებების დასაცავად მზადყოფნას.

შემდგომში შემოგთავაზებთ ეკოლოგიის თემაზე ჩატარებულ კვლევასა და გაკვეთილებს. მოსწავლის ნამუშევარი

ინტეგრირებული გაკვეთილის აქტივობები

0
Group holding together as different ropes connected and tied and linked together in the center by a knot as a strong unbreakable chain and community trust and faith metaphor.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ ინტეგრირებული გაკვეთილის შესახებ, რომელიც  დავგეგმე და ჩავატარე მეთერტმეტე კლასში თემაზე – მემკვიდრეობითობის და ცვალებადობის კანონზომიერებები.

 გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურენოვანი მასალის გამოყენებით ცოდნის განმტკიცებას მემკვიდრეობითობის კანონებისა  და ცვალებადობის შესახებ. ისინი სხვადასხვა სახის დავალებების შესრულებისას შეძლებენ თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებას და  შემოქმედებითობის  გამოვლენას.

    ბიოლოგიის სტანდარტი:

ბიოლ.XI.6.მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე.

3.1.11.მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობისა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე.

3.4.4.გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს.

3.10.6.ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების  მემკვიდრეობაზე და ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად.

ინგლისურის სტანდარტი:

მოსმენა:უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია). უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.

კითხვა: უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან). უცხ.ს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური – როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება.

მედიაცია: უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

 

მეთოდი : სასწავლო გაჩერებები

შეფასება -განმავითარებელი (შესასვლელი ბილეთი , ჯგუფური მუშაობა) და განმსაზღვრელი (მოსწავლის შეფასება გაკვეთილის პროცესში)

რესურსები: შესასვლელი ბილეთი, შეფასების რუბრიკები, სასწავლო გაჩერებების დავალებები, მარკერები, ფლიპჩარტები, თაბახები, კალმები, ფერადი ქაღალდები, ლეპტოპი, წებოვანი ქაღალდები, ქაღალდის წებოვანი ლენტი, მაკრატელი, წებო. მასწავლებლის მიერ მოძიებული ვიდეო მასალა , ბეჭდური მასალები , ილუსტრაციები. ბიოლოგიურ ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ბიოლოგიურ   ტერმინთა მოკლე განმარტებითი  ლექსიკონი.

დიფერენცირება: სასწავლო გაჩერება არის დიფერენცირებული სწავლების სტრატეგია.ის ხელს უწყობს მოსწავლეებს იყვნენ ჩართულნი და მიაღწიონ საგაკვეთილო მიზანს.თითოეულ გაჩერებაზე იმუშავებენ მოსწავლეთა მცირე ჯგუფები,სადაც მათ დახვდებათ სხვადასხვა დავალება საკომუნიკაციო და სოციალური უნარ-ჩვევების განსავითარებლად.ამ დროს მოსწავლეები ახდენენ ორი საგნის   ცოდნის ინტეგრირებას  ურთიერთანამშრომლობის გზით.ისინი მუშაობენ ინგლისურ ენაზე წარდგენილი დავალებების შესრულებაზე და წარმოადგენენ მასალას ქართულ ენაზე.

სასწავლო გაჩერებები იძლევა დიფერენცირების  საშუალებას  მეთოდოლოგიის მიხედვით,რადგან ის ქმნის განსხვავებულ გარემოს სხვადასხვა გაჩერებაზე და აკმაყოფილებს სხვადასხვა შესაძლებლობის და ინტერესის მოსწავლეებს.ამ დროს   სასწავლო შინაარსს ყველა  მოსწავლე გადის ყველა გაჩერებაზე.

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს მეცხრე  და მეთერთმეტე კლასებში ნასწავლი აქვთ მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის არსი, შეუძლიათ საგვარტომო სქემების  ანალიზი, შეუძლიათ გენეტიკური ამოცანების ამოხსნა და ჩაწერა, იციან მენდელის კანონები, შესწევთ   გენეტიკის ძირითადი ინგლისურენოვანი ტერმინების წაკითხვისა და ანალიზის უნარი. მოსწავლეებს აქვთ ინგლისურის ბაზისური ცოდნა, რითაც შეუძლიათ, უცხო ენა გამოიყენონ როგორც ინფორმაციის წყარო მასალის გახსენება-გაგებისათვის. ეს კი ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას  საგაკვეთილო პროცესში და ისეთი პოზიტიური  გარემოს შექმნას, რომ ბავშვებს შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალება მიეცეს.

 

გამოწვევის ფაზა:10 წუთი

 

პირველი აქტივობის  მიზანი: მოსწავლეთა  ჯგუფების შექმნა, მათთვის გაკვეთილის მიზნის გაცნობა და  ყურადღების  ფოკუსირება  სამუშაო თემისადმი.

დრო :2 წუთი

 პირველი აქტივობის  აღწერა:  სიის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს  უნდა გავაცნო გაკვეთილის მიზანი,  მუშაობის წესები და  შეფასების ფორმები.

მეორე  აქტივობის მიზანი: კლასში მოსწავლეთა განწყობის  და წინარე ცოდნის შემოწმება შესასვლელი ბილეთების საშუალებით.

დრო: 8 წუთი

მეორე აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს დავურიგებ შესასვლელ ბილეთებს და ვთხოვ მათ შევსებას.

მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებამდე დაფაზე დახვდებათ გაკრული ერთი ფლიპჩარტი გაკვეთილის მიზნით და მეორე ფლიპჩარტი შეკითხვით: რას გეუბნებათ ინფორმაცია, რომ გენეტიკა არის მეცნიერება მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის შესახებ?

 

შესასვლელი ბილეთი:

მოსწავლის სახელი და გვარი:——————————————–

 

დაფაზე დაწერილ კითხვას გაეცით პასუხი.

1.რა არის უკვე შენთვის ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით?

2.ჩამოთვლილი გაკვეთილის მიზნებიდან გადაიწერეთ ის კონკრეტული მიზანი, რომელიც უფრო მეტად გაინტერესებთ.
3.დაწერეთ ის ძირითადი ტერმინები, რომლებიც  ამ თემას უკვშირდება. 4.რამდენად დარწმუნებული ხარ  ცოდნაში ამ საკითხებთან დაკავშირებით?
5.გიყვარს თუ არა ჯგუფში მუშაობა? 6.რომელი ემოციური სახე გამოხატავს გაკვეთილისადმი შენს  განწყობას?  

 

 

 კონსტურირების ფაზა:30წუთი

მესამე აქტივობის მიზანი: მოსწავლეები სხვადასხვა  გაჩერებაზე მოახდენენ ინფორმაციის მიღებას ინგლისურენოვანი წყაროებიდან. ისინი მუშაობის პროცესში განიმტკიცებენ ცოდნას მემკვიდრეობისა და ცვალებადობის შესახებ და განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარი.

მესამე აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს,  თითოეული გაჩერების ინსტრუქციებს გაეცნობიან  და სხვადასხვა გაჩერებების დავალებებს თანამიმდევრობით შეასრულებენ .

დრო:30წუთი

 მოსწავლეები ყუთიდან იღებენ ფურცლებს, რომელზეც წერია ჯგუფის ნომერი. მათ უნდა დაიკავონ შესაბამისი ჯგუფის მაგიდასთან ადგილი. თითოეულ ჯგუფში იქნება 5-6 მოსწავლე. თითოეულ ჯგუფს მაგიდასთან დახვდება სხვადასხვა დავალება ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საბაზისო უნარ-ჩვევების გამოყენება და შეასრულონ დავალებები ქართულ ენაზე. მე ვუწევ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში  ვეხმარები მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო გაჩერებაზე. ყოველ გაჩერებაზე დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფები თანმიმდევრულად გადაადგილდებიან ერთი სასწავლო გაჩერებიდან მეორეზე. თითოეული ჯგუფი მორიგეობით ასრულებს დავალებას სუფთა თაბახის ფურცელზე, რომელსაც აკრავს კედელზე ქაღალდის წებოვანი ლენტის საშუალებით მეორე  მხრიდან ისე,  რომ ნაწერი არ ჩანდეს. მოსწავლეები ჯგუფში როლებს გადაინაწილებენ:

  1. დროის ამთვლელი ,
  2. იდეების გენერატორი,
  3. რესურსების ორგანიზატორი ,
  4. გამფორმებელი და
  5. პრეზენტატორი.

თითოეულ გაჩერებაზე ყოფნის დრო 6 წუთი.

თითოეულ მაგიდას სასწავლო გაჩერების სახელი და ჯგუფის ნომერი აქვს მინიჭებული .

გაჩერება N1.სახელწოდება: გრიგოლ მენდელის ბიოგრაფია

ინფორმაციის მიღება: კითხვა

 

ინგლისურ ენაზე  გრიგოლ მენდელის ბიოგრაფიის გაცნობა კითხვით. სტატია ინგლისურენოვანია საიტიდან-

www.thefamouspeople.com

 

 

 

 

 

 

გაჩერებაN1.სახელწოდება:გრიგოლ მენდელის ბიოგრაფია

ინფორმაციის გაცემა:წერა და ილუსტრირება

 

მოკლე ჩანაწერის სახით ქართულ ენაზე წარმოადგინონ გ.მენდელის ბიოგრაფია და

სურვილისამებრ ილუსტრაციის სახით წარმოადგინონ მეცნიერის შესახებ მიღებული ინფორმაცია.

გაჩერება N2.სახელწოდება:მენდელის წარმატების მიზეზები

ინფორმაციის მიღება: ყურება და მოსმენა

 

უყურებენ  და უსმენენ საპრეზენტაციო ვიდეო მასალას   ინგლისურ ენაზე  (დრო3.37 წთ)

წყარო:WWW.SCIENCETUTS.COM

 

 

 

 

გაჩერება N2 .სახელწოდება: მენდელის წარმატების მიზეზები

ინფორმაციის გაცემა: წერა

 

წერილობითი   სახით ქართულ ენაზე  უნდა გასცენ   კითხვას პასუხი-რა იყო მენდელის წარმატების მიზეზები?

გაჩერება N3.სახელწოდება:  მენდელის კანონები და პრაქტიკა

ინფორმაციის მიღება: კითხვა

 

ინგლისურენოვანი პრაქტიკული სავარჯიშოების კითხვა მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსიდან.

 

 

 

 

გაჩერება  N3. სახელწოდება: მენდელის კანონები და პრაქტიკა

ინფორმაციის გაცემა: წერა

 

მოსწავლეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს ამოხსნიან და შეუსაბამებენ მენდელის კანონებს. ჩანაწერებს წერილობითი სახით შეასრულებენ ქართულ ენაზე. მიეწოდებათ 5 კითხვა, რომელთა შესრულებისას უნდა შეავსონ გამოტოვებული ადგილები სწორი პასუხებით.

გაჩერება N4.სახელწოდება:მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა

ინფორმაციის მიღება: გამოკვლევა.

 

წაიკითხავენ ბეჭდური სახით  მოკლე ინფორმაციას ინგლისურ ენაზე.

წყაროდან: www.knowgenetics.org

dominant inheritance

recessive inheritance

-x-linked  inheritance

 

 

 

 

გაჩერება N4.სახელწოდება: მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა

ინფორმაციის გაცემა: ინფორმაციის ორგანიზება

 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერილობითი  სახით წარმოადგინონ ქართულ ენაზე ნებისმიერი   1, 2 ან 3 მემკვიდრული ნიშნის  მახასიათებელი და შეცვალონ    გენეტიკური სქემა ჩანაწერის სახით.

გაჩერება N5.სახელწოდება: მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მნიშვნელობა

ინფორმაციის მიღება: ყურება

 

ილუსტრაციების  დათალიერება . ისინი

გუგლის საძიებო სისტემიდანაა ამოღებული. ზოგიერთ სურათს აქვს მცირე წარწერები ინგლისურ ენაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

გაჩერება N5.სახელწოდება: მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მნიშვნელობა

ინფორმაციის გაცემა: წერა

 

ერთნაირი შინაარსის სურათები  დააჯგუფონ და დაწერონ პატარა მოთხრობა, ფორმატი შეზღუდული არ არის, მაგრამ  თუნდაც  5 წინადადების გამოყენება აუცილებელია, საუბარი უნდა იყოს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის შესახებ.

 

რეფლექსიის ფაზა: დრო -40 წუთი

 

მეოთხე  აქტივობის მიზანი: სხვადასხვა გაჩერებაზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოსწავლეები მოამზადებენ  პრეზენტაციას  და წარმოაჩენენ თავიანთ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.

 

მეოთხე აქტივობის აღწერა: ჯგუფების მიერ პრეზენტაციის მომზადება და ჯგუფის მიერ ზეპირი წარდგენა.

დრო:30 წუთი

გაჩერებების ამოწურვის შემდეგ თითოეული ჯგუფი რჩება მისთვის ბოლო სასწავლო გაჩერებაზე. ამ მომენტისათვის თითოეული დავალების ირგვლივ მიკრული უნდა იყოს 6 ფურცელი თითოეული ჯგუფის დაფარული პასუხებით. შემდეგ ჯგუფები ეცნობიან ნამუშევრებს 6-ვე ფურცლიდან . პრეზენტაციების მომზადების დრო -10 წუთი. თითოეული ჯგუფისთვის წარდგენის დრო 3 წუთი.

სასწავლო გაჩერებები თანამშრომლობით მუშაობას მოითხოვს, რომლის საშუალებითაც მოახდენენ ჯგუფური პრეზენტაციის მომზადებას   და წარდგენას.  თითოეული ჯგუფი  წარადგენს მის მიერ კონკრეტულ სასწავლო გაჩერებაზე შესრულებულ დავალებას  ზეპირი პრეზენტაციის სახით.

მეხუთე აქტივობის მიზანი: გაკვეთილის მსვლელობისას გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე ,შეფასების რუბრიკებით ვაფასებ: განმავითარებელი შეფასებით ჯგუფების მუშაობას და განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეების მუშაობას. მოსწავლეები ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოში.

მეხუთე აქტივობის აღწერა: ჯგუფების მუშაობის შეფასებას მოახდენს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით  და  მოსწავლეები  ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას.

დრო -15 წუთი

ჯგუფებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით. ბავშვებს განვუმარტავ , რომ არ არსებობს დამარცხებული გუნდი.  აღვნიშნავ ჯგუფების წარმატებებს და ხარვეზების გამოსასწორებლად ვაწვდი რეკომენდაციებს მათი შემდგომი მუშაობის  გაუმჯობესებისათვის. ინდივიდუალურად განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ მოსწავლეებს.

საშინაო დავალების შესრულებისთვის ინფორმაციის მიწოდება მაგ:#3.11 გენების მრავლობითი მოქმედება და ურთიერთქმედება.გვერდი-94.

ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა:

კრიტერიუმები: ცუდად(1) საშუალოდ(2) კარგად(3) ძალიან კარგად(4)
1.იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს ძალიან იშვიათად

ახერხებენ

ნაწილობრივ

გაკვეთილის პროცესში

ხშირად გაკვეთილის პროცესში ყოველთვის-მთელი გაკვეთილის მანძილზე
2.ჯგუფის წევრები პოზიტიურად თანამშრომლობენ ძალიან იშვიათად

ახერხებენ

ნაწილობრივ

ახერხებენ

ხშირად ახერხებენ ყოველთვის ახერხებენ
3.ჯგუფის წევრები   მიჰყვებიან  ინსტურქციებს  და თავს ართმევენ მათთვის განკუთვნილ დავალებებს ძალიან იშვიათად

ახერხებენ

ნაწილობრივ ახერხებენ ხშირად ახერხებენ ყოველთვის ახერხებენ
4.ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას და წარმოადგენს მთავარ საკითხს ძალიან

მცირედ წარმოაჩენენ  დავალებას

ნაწილობრივ  ორგანიზებულად  წარმოაჩენენ დავალებას კარგად, ორგანიზებულად და ორიგინალურად წარმოაჩენენ დავალებას საინტერესოდ, ორგანიზებულად და ამომწურავად წარმოაჩენენ დავალებას
5. ჯგუფის წევრები შემოქმედებითად საუბრობენ საკითხის ირგვლივ  ძალიან მცირედ წარმოადგენენ შემოქმედებით მიდგომებს და საკითხების ცოდნას მცირედ წარმოადგენენ შემოქმედებით მიდგომებს და საკითხების ცოდნას უმეტესად წარმოადგინე შემოქმედებით მიდგომებს და საკითხების ცოდნას სრულად  წარმოადგენენ შემოქმედებით მიდგომებს და საკითხების ცოდნას

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მუშაობის  შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები არასოდეს (0) იშვიათად (1) ყოველთვის (2)
1.მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას მცირედ პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს ნაწილობრივ პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს
2.მოსწავლე სამუშაოს ორგანიზებას ახორციელებს მცირედ ახდენს სამუშაოს ორგანიზებას  სამუშაოს ნაწილობრივ    ორგანიზებას ახდენს სამუშაოს  კარგად გეგმავს და ხარისხიანად წარმოაჩენს. ახდენს მუშაობის ორგანიზებას
3.მოსწავლე  პოზიტიურ გარემოს ქმნის მუშაობისას მცირედ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, მცირედ  ქმნის დადებით გარემოს ნაწილობრივ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, ნაწილობრივ ქმნის დადებით გარემოს  ყოველთვის შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, თუნდაც არ ეთანხმებოდეს. ქმნის დადებით გარემოს
4.მოსწავლე შემოქმედებითად  და საინტერესოდ წარმართავს მუშაობას  მცირედ ახერხებს საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩინოს საკითხები სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას ნაწილობრივ საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩენს საკითხებს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას ყოველთვის საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩენს საკითხებს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას
5.მოსწავლე ავლენს საგნის ცოდნას  და საუბრობს კონსტრუქციულად საკითხის ირგვლივ მცირედ ახერხებს, რომ  დავალების მიზანი  და  შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან   და მუშაობის დროს ავლენს საკითხების მცირედ ცოდნას. ნაწილობრივ ახერხებს, რომ  დავალების მიზანი  და  შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან   და მუშაობის დროს ავლენს საკითხების ნაწილობრივ ცოდნას.

 

ყოველთვის ახერხებს, რომ  დავალების მიზანი   და შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან   და მუშაობის დროს ავლენს საკითხების ღრმა ცოდნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიახ, ფრთხებიან  ყვავები  დამბაჩის  ხმაზე!

0

ქართული ლიტერატურის სწავლებას ორი მიმართულება განსაზღვრავს: პირველი-როგორ ვასწავლო და მეორე-რატომ  ვასწავლო.პირველი სტანდარტის ნორმებს გულისხმობს,მეორე-ლიტერატურის სწავლების მიზნებს:

  • საერთო და პიროვნული კულტურის ჩამოყალიბებას;
  • სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას;
  • პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას და  სხვა

მეორე უფრო რთულია,რადგან ეს  არ უნდა გასცდეს ლიტერატურის სამყაროს  და არ დაიჩრდილოს ნაწარმოების მხატვრული ღირებულება.

ქართველი მკითხველისათვის მწერალი რევაზ ინანიშვილი ცნობილია,როგორც კაცთმოყვარე,  ესთეტი და დიდსულოვანი პიროვნება. ეს თვისებები დევს მის ნაწარმოებებში, ამიტომ მისი მოთხრობების შესწავლას განსაკუთრებული სიფაქიზით ვეკიდები, რათა სათუთად მივიტანო  ღირსების ეს ფორმები ბავშვებამდე.
ამ განწყობით  ვიწყებ მუშაობას მოთხრობა „ფრთხებიან  ყვავები დამბაჩის ხმაზე?“,იმ ნაწარმოებზე, რომელიც  მეოცე საუკუნის ბოლოს შერჩეულ მოთხრობათა ათეულშია დასახელებული.   ისწავლება მეცხრე  კლასში, რუბრიკაში „კარგ ყმად ვინა ვთქვათ…“   ამ ნაწარმოებამდე  შესწავლილი აქვთ ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ და  რუსთაველის  „ვეფხისტყაოსნიდან“  ავთანდილის ანდერძი.   იციან კაი ყმისა და  რაინდის დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები.  შექმნილი აქვთ გარკვეული წარმოდგენა    ღირსებაზე და   ელოდებიან ახალ შთაბეჭდილებებს  ამ კუთხით.
ჩვეულებრივ  მივყვებით მოთხრობაზე მუშაობას:წაკითხვის შემდეგ იწყება ნაწარმოების გააზრება,  გაანალიზება,  ეპიზოდებად დაყოფა,  პერსონაჟთა დახასიათება,  მოთხრობის მხატვრული თვალსაზრისით შეფასება,  პრობლემების წარმოშობის მიზეზების წარმოჩენა, დეტალების გამოყოფა და მათი დანიშნულების ამოცნობა, მზადება დებატებისთვის.

მოსწავლეებს ვთავაზობ აქტივობას   „კუთხეები“ და ვთხოვ,   შექმნან სამი ჯგუფი,  სამი  განსხვავებული მოსაზრებისთვის –სწორად მოიქცა თუ არა ვიტგენშტეინი?  პირველ ჯგუფში სხდებიან ისინი, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სწორი იყო   ეს  გადაწყვეტილება; მეორეში ისინი, რომლებიც  მიიჩნევენ,  რომ არ იყო სწორი, არ  ღირდა; მესამეში ისინი, ვისაც ამ პრობლემების  მიმართ გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნია.  მოსწავლეები თავიანთი სურვილით ერთიანდებიან ჯგუფებში და რიგრიგობით აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს,  გამოთქვამენ  საკუთარ შეხედულებებს სადებატო თემებთან დაკავშირებით.

პირველი პოზიცია მეორე პოზიცია

 

·         სწორი იყო,რადგან დაიცვა უმწეო  ქალი; ·         არასწორია,რადგან არაფერი შეიცვლებოდა
·         დაიცვა საკუთარი და ქალის ღირსება; ·         დაიღუპა და ვერ მიაღწია მიზანს
·         დაუპირისპირდა უხეშ,ტლანქ  ძალას; ·         არ ღირდა, რადგან ბევრად აღემატებოდა პიროვნული ღირსებებით და ის არ უნდა დაღუპულიყო;
·         ვერ აიტანა შეურაცხყოფა, როგორც ღირსეულმა ადამიანმა; ·         არ ღირდა, რადგან ნაუმოვისა და მეძავი ქალის პირადი  ცხოვრება მას არ ეხებოდა;
·         წარმოჩნდა, როგორც მორალის დამცველი; ·         უნდა ეფიქრა დედაზე, ამ მიზეზით არ უნდა დაღუპულიყო;
·         ნაუმოვი დააფიქრა საკუთარ საქციელზე; ·         არისტოკრატული წარმომავლობის ადამიანს არაფერი ესქმებოდა მათთან;
·         გამოსწორების გზაზე დააყენებდა ქალს; ·         ქალს მისთვის დახმარება არ უთხოვია, მხოლოდ „შეშფოთებული მზერა გამოაპარა“;
·         ისეთი გამოხმაურება ექნებოდა ამ ამბავს, სხვები ვეღარ გაბედავდნენ ასეთ უხეშობას; ·         სხვანაირად მოეგვარებინა ეს კონფლიქტი;
·         წარმოჩნდა როგორც ღირსეული, კეთილშობილი ადამიანი; ·         არ იყო საჭირო სხვის საქმეში ჩარევა…
·         წარმოაჩინა ადამიანის დანიშნულება;  
·         სხვანაირად ვერ შეძლებდა ცხოვრებას;  
·         დასასრული არც ისე კარგია,მაგრამ სწორი…  

 

დებატების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ,კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთ  მოსაზრებებზე,  და მიკარნახონ დაფაზე  ჩამოსაწერად, რა ღირებულებები იკვეთება მათი პოზიციებიდან:

პირველი ჯგუფი

 

მეორე   ჯგუფი

 

·         მორალი; ·         გულგრილობა;
·         ზნეობა; ·         თვალის დახუჭვა;
·         ვაჟკაცობა; ·         სხვისი დამცირების შეგუება;
·         ღირსების დაფასება; ·         სხვისი ღირსების შელახვის იგნორირება;
·         ღირსეული საქციელი; ·         შეგუება უზნეობასთან;
·         ქალის პატივისცემა; ·         დაუსჯელობის სინდრომის გამყარება;
·         ადმიანის სულიერად ამაღლება; ·         დისკრედიტაციის მიმართ გულგრილობა;
·         დაჩაგრულის გამოსარჩლება; ·         ძალადობის ფაქტის დაშვება;
·         უხეში ძალის შეჩერება; ·         ინდიფერენტიზმი. ..
·         საზოგადოების პატივისცემა;  

 

აქტივობის დასრულების შემდეგ  მივმართავ   სამივე ჯგუფს- რა არჩევანს გააკეთებენ, შეიცვლიან პოზიციებს თუ დაიცავენ საკუთარ შეხედულებებს. ბავშვები ხელახლა ჯგუფდებიან,  უმეტესობა პირველ ჯგუფში ერთიანდება და არგუმენტებით ხსნიან პოზიციის შეცვლის მიზეზებს. საყურადღებოა იმ ბავშვების მოსაზრებები, რომლებიც მეორე ჯგუფში რჩებიან. მე მათ  ვთხოვ, არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარონ თავიანთი  პოზიცია:

  • რჩებიან იმავე აზრზე იმიტომ, რომ ვერ გაიმეტეს სასიკვდილოდ რჩეული ახალგაზრდა;
  • რუსეთის იმპერატორის ნათესავს ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა;
  • ნაუმოვის ხელით არ უნდა მომკვდარიყო ქართული სულიერების მატარებელი მშვენიერი ვაჟკაცი;
  • აღმერთებდა დედას, რომელმაც ასეთი ვაჟკაცი შვილი დაკარგა;
  • იყო ვაჟკაცი, ატარებდა  ქართულ ჩოხას;
  • “შესანიშნავად ტანადი“, ნაკითხი, განათლებული არ უნდა დაღუპულიყო ამ მიზეზით…

მე მადლობას ვუხდი მათ განსხვავებული მოსაზრებისთვის. ვეუბნები, რომ განსხვავებული  შეხედულებებიც უნდა არსებობდეს,რათა  შევძლოთ ჭეშმარიტების  დადგენა.

დებატების დასრულების შემდეგ მივმართავ მესამე ჯგუფში დარჩენილ მოსწავლეებს, რომელ პოზიციას აირჩევენ. უმეტესობა პირველს უერთდება, რამდენიმე მეორეს. ასე რომ, მესამე ჯგუფში არავინ    რჩება.

დებატების დასრულების შემდეგ ვაგრძელებთ გაკვეთილს. მოსწავლეებს ვთხოვ,    კიდევ ერთხელ წაიკითხონ  თემის ეპიგრაფი და გაიაზრონ მიღებული შთაბეჭდილებების  ფონზე . „იმ მოქმედებას, რომელსაც წინ მხოლოდ ერთი მოტივი უძღვის, ჩვენი ეთიკური შემეცნება სრულიად გულგრილად უცქერის, მოტივების მრავალფეროვნება აუცილებელი პირობაა ზნეობრივი მოქმედებისთვის“(გერონტი ქიქოძე).

მოსწავლეები აკეთებენ კომენტარს ეპიგრაფზე და   ეძებენ „ მრავალფეროვან მოტივებს“ ვიტგენშტეინის ზნეობრივი მოქმედებისა და ეთიკური შემეცნების გასააზრებლად  და  ტექსტიდან მოყავთ შემდეგი არგუმენტები:

  • მაშინვე შენიშნა წყვილი, რომელიც ვაგონში შემოვიდა;
  • გენერლის მიხრა-მოხრამ, მბრძანებლურმა კილომ მაშინვე მიახვედრა, რომ ბრძოლაში საამაყო დაუდევრობა სამოქალაქო ცხოვრებაშიც გადმოეტანა;
  • „იყვნენ თამამნი, ხმაურიანნი, ყველაფრისმცოდნენნი, ყოვლისშემძლენნი, თითქოს კეთილნი“;
  • თავადი ვერ იტანდა ძალიან მოძრავ, ხმაურიან კაცებს, მით უფრო სამხედროებს (თავად ლეიბ-  გვარდიის პოლკოვნიკი).
  • გენერლისა და ქალის ჩურჩული დერეფანში;
  • წყვილის ხმამაღალი სიცილი;
  • უადგილო ადგილას ხელის მიწკაპუნება;
  • გენერლის გულგრილობა, ვითომც არაფერი მომხდარა;
  • პიროვნული შეურაცხყოფა;
  • გენერლის მქირდავი ღიმილი…

ვიტგენშტეინის საქციელს მოტივების მრავალფეროვნებამ  გაუკეთა პროვოცირება.   დუელის შეთავაზება იყო პროტესტი დაუდევრობის, მბრძანებლობის, უხეშობის, სითამამის, ხმაურის, ამპარტავნების, მოურიდებლობის, ქალის შეურაცხყოფის ,გულგრილობის, სხვისი ღირსების შელახვის წინააღმდეგ. ცხადია,   სამეგრელოს მთავართა  შთამომავლის ვაჟი, ზრდილი ყმაწვილი, გერმანული პედანტიზმით დამშვენებული, რჩეული მონადირე, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი,  თავაზიანი,  წესისა და  რიგის დამცველი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ეს  არის გაკვეთილის  ყველაზე სათუთი მომენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის ჩამოყალიბებაში ვეხმარები მოსწავლეებს,  ხოლო შემდეგ დასკვნას დამოუკიდებლად გააკეთებენ:  თუ ეპიგრაფი ერთგვარად ახასიათებს  ნაწარმოების ძირითად იდეას, მკითხველს ეხმარება დედააზრზე ყურადღების გამახვილებაში, მიგვანიშნებს  ავტორისეულ ჩანაფიქრს, მაშინ გამოდის, რომ რევაზ ინანიშვილიც   იმავეს აპროტესტებს, რასაც ვიტგენშტეინი შეეწირა და  სურვილი აქვს,  მკითხველი აღფრთოვანდეს  ვიტგენშტეინის პიროვნებითა და საქციელით.
ამის  შემდეგ მოსწავლეებს   ვუკითხავ  ბოლო ეპიზოდს: ,,დავუსვი ამ ამბავს  ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით, მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა: -ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე  ყვავები,მამა?“

ბავშვებს ვეკითხები- ვინ არის ეს ქალიშვილი, ვისი სახე იგულისხმება ამ გამოგონილ პერსონაჟში?   ვარაუდით მიდიან დასკვნამდე, რომ ქალიშვილში ზოგადად მკითხველი ან საზოგადოება იგულისხმება.

იმ ვაგონში სხვების ყურადღება არ მიუქცევია ნაუმოვის  საქციელს. მათთვის ეს ამბავი ისევე დასრულდებოდა, როგორც ქალიშვილისთვის, ეჭვით ნათქვამი „ვითომ?“ და „ალბათ“.

ეს პოზიციაა, რომელსაც  საზოგადოების უმეტესობა აფიქსირებს.

შეკითხვა  კლასთან:  ბავშვებო,როგორ ფიქრობთ,დაფრთხებოდნენ ყვავები დამბაჩის ხმაზე?  პასუხი  ასეთია: დიახ,  დაფრთხებოდნენ,  რადგან  სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით ყველაზე ჭკვიანები არიან.  დაფრთხებოდნენ, რადგან, თუ   მითს  დავუჯერებთ, სამასი წელი ცოცხლობენ  და  მიუხედავად ამისა, ადამიანებზე მეტად აშინებთ  სიკვდილის  (დამბაჩის) ხმა.

გაკვეთილის ბოლოს  ვიყენებ აქტივობას  „ვიცი….ვხედავ… ვგრძნობ…“

ბავშვებს ვთხოვ,  გაიხსენონ მათთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდები და  ამ აქტივობის გამოყენებით წარმოაჩინონ:

  • ვიცი, ვინ არის  ვიტგენშტეინის დედა,  ვხედავ  მის სახეს,   ვგრძნობ,  როგორ ამაყობს  თავისი შვილით;
  • ვიცი, ვინ არის ვიტგენშტეინი, ვხედავ  ღირსებით სავსე პიროვნებას, ვგრძნობ მის კეთილშობილებას;
  • ვიცი, ვინ არის ნაუმოვი, ვხედავ გახვრეტილ ქუდს, ხელში რომ უჭირავს, ვგრძნობ, ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო;
  • ვიცი დუელი, ვხედავ შემართულ  დამბაჩებს, ვგრძნობ  ნაუმოვის დამარცხებას;
  • ვიცი, ყვავი სიკვდილის სიმბოლოა, ვხედავ ხეებზე შემომსხდარ ყვავებს, ვგრძნობ სიკვდილიც ფრთხება  დამბაჩის ხმაზე….

 

ვაჯამებთ თემასა და გაკვეთილს. მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ და  კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ, ვის წინაშე მიიჩნევდა თავს ვალდებულად. ეს იყო თავგანწირვა სამშობლოს, უფლისა და წინაპართა  წინაშე.
შემდეგ იხსენებენ  ავთანდილის ანდერძს და  ასახელებენ ავთანდილის  თავდადებას  უფლისა და მოყვასის წინაშე. კითხვაზე -ვის წინაშე წარმოჩნდა რაინდად და კაი ყმად  ვიტგენშტეინი-  პასუხი ცალსახად დაასახელეს: ზოგადად ადამიანური ფასეულობების წინაშე.

ვუბრუნდებით გონებრივი  იერიშის რუკას,რომელზედაც მათი პირველი წარმოდგენებია ჩამოწერილი:    რა  არის  ღირსება- ადამიანობა, მნიშვნელოვანი თვისება, საკუთარი სამყარო, თავმოყვარეობა, სიყვარულის ნიჭი, სახელი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, მიტევების ნიჭი, ტოლერანტობა, მზრუნველობა სხვებზე. ვამატებთ ახალ შეხედულებებს: ქალის პატივისცემა, სხვისი  ღირსების პატივისცემა,  კეთილშობილება,   თავგანწირვა.

საშინაო დავალებად  ვაძლევ  თავისუფალ ესეს  „ეგ იყო და ეგ…“

მეორე დღისთვის მეც დავალებით მივდივარ. ამ ტიპის გაკვეთილების შემდეგ  მეც ვასრულებ საშინაო დავალებას, რადგან ვიცი, რომ ისევე ელიან ჩემს თემას, როგორც მე ველოდები მათ ნააზრევს :

„ იყო ვიტგენშტეინი, ზრდილი ახალგაზრდა, რჩეული პიროვნება, თვალშისაცემი სახილველი,  ვაჟკაცი, არისტოკრატი  მანერებით, აღზრდით, ცხოვრების წესით,  პრინციპული მორალით,  ევროპულ-ქართული იერით,  მხოლოდ ქართული სულით, ქალის ქომაგი, დამცველი,  ღირსების პატივისმცემელი  და თავად ღირსეული…

და ისიც იყო, ნაუმოვი, ტლანქი, უხეში, მედიდური, ამპარტავანი, ქალის შეურაცხმყოფელი,  კარგი გენერალი და მსროლელი,  კაცი ისეთი, როგორებადაც ყაზარმაში ყალიბდებიან- არმია და საზოგადოება ერთი რომ ჰგონიათ და ისიც, რომ არ იციან, ორივეგან ადამიანებად   რომ უნდა დარჩნენ   და არა მკვლელებად…
კიდევ ქალი იყო…უზნეო, მეძავი, ფაშფაშა, გართობის მოყვარე და გენერლის მორჩილი…

იყვნენ ყვავებიც, დამბაჩის ხმაზე შემრთხალნი, სიკვდილით შეშინებულნი…

კიდევ იყო –  „ალბათ,“  უნდა მომკვდარიყო…

კდევ  იყო –  „ნუთუ“,  მოკვდებოდა?…

და კიდევ   ისიც იყო- „ვითომ“ დაფრთხებოდნენ?

კიდევ იყო გოგონა,  რომელსაც  არ  სჯერა ყვავებმა რომ უკეთ იციან  სიცოცხლის ფასი…

კიდევ იყო მწერალი– დიდი ტკივილით, დარდით, სიყვარულით, სიკეთით სავსე გულითა და ოქროს  კალმით, რომელმაც  გვთხოვა, დავფიქრდეთ და დავიჯეროთ- ნამდვილად რომ  ფრთხებიან  ყვავები  დამბაჩის   ხმაზე…

კიდევ იყო პაშა  დადიანი, დიდებული ქალბატონი, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა წაკითხული  „ლექსი  ვეფხისა  და მოყმისა“…
კიდევ იყო სიცოცხლე… არის  და იქნება  უჩვენოდაც….

კიდევ  სიკვდილიც იყო…   ის  სიკვდილი,რომელიც   ღ  ი  რ  დ  ა  !

ეგ იყო და ეგ….“

 

რატომ „არ სველდება“ ბატი?

0

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, სადაც ინტერაქტივის გარეშე ისევ ფიზიკის შესახებ მოგითხრობთ. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ სხეული შედგება განუწყვეტლივ მოძრავი მოლეკულებისგან და ატომებისგან, ახლა შევეცდებით გავარკვიოთ ამ ნაწილაკებს შორის არსებული  „ურთიერთ დამოკიდებულებები“.

საგნები, ფიზიკის ენაზე – სხეულები, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებობს, არ იშლება. უფრო მეტიც მყარი სხეულის გაჭიმვა ან დამტვრევა საკმაოდ ძნელია. რით აიხსნება ეს? თუ წარმოვიდგენთ, რომ ნივთიერება ცალკეული მოლეკულისგან და ატომისგან შედგება, მაშინ სხეულის გაჭიმვისას წინააღმდეგობის ძალის აღძვრის მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაწილაკებს შორის უნდა არსებობდეს მიზიდულობის ძალა. ჩავთვლოთ, რომ ეს ასეა – ყოველი მოლეკულა იზიდავს მეზობელ მოლეკულას და თვითონაც მიიზიდება მისგან. მართლაც, ამ ვარაუდს ასაბუთებს ცნობილი ექსპერიმენტი: ფართო ჯამში ჩავასხათ წყალი. დინამომეტრზე ჰორიზონტალურად დავკიდოთ მინის ფირფიტა და შევახოთ იგი წყლის ზედაპირს (სურ. 1). ფირფიტის წყლისგან მოწყვეტა საკმაოდ რთულია. თითქოს წყალი იზიდავს ფირფიტას და არ უშვებს მას ზემოთ. დინანომეტრის ჩვენება სწორედ წყლის მოლეკულების მიზიდვის ძალას გვიზომავს.

 

სურ. 1.

ეს ჩანს იქიდან, რომ ფირფიტა, წყლის ზედაპირიდან მოწყვეტის შემდეგ, დასველებულია. მაშასადამე, წყვეტა ხდება არა იმ ადგილებში, სადაც წყლის მოლეკულები მინის მოლეკულებს ეხება, არამედ, იქ, სადაც წყლის მოლეკულები ერთმანეთს ეხება. თუ მოლეკულათა შორის მიზიდულობის ძალა მართლა არსებობს, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ  მყარი სხეულის, მაგალითად ცარცის ან მინის ნატეხების შეერთება შეუძლებელია? თუ ნაწილაკებს შორის მიზიდულობა არსებობს, მაშინ ნატეხების გამთლიანება არ უნდა გაგვიჭირდეს. ეს კი არ ხერხდება.

ახლა განვიხილოთ და გამოვიკვლიოთ სურ. 2-ზე წარმოდგენილი ექსპერიმენტი.

სურ. 2.

ტყვიის ორი ცილინდრის ფუძე კარგად გავაპრიალოთ, ამით ზედაპირს მოვაცილებთ ჟანგს და ჭუჭყს. ამის შემდეგ, თუ მათ ერთმანეთს მჭიდროდ მივადებთ, ცილინდრები ერთმანეთს მიეკვრება. უფრო მეტიც, მნიშვნელოვან დატვირთვასაც კი გაუძლებს. ახლა შევეცადოთ ავხსნათ ეს მოვლენა. ჟანგისა და ჭუჭყის მოცილების შემდეგ ცილინდრების  მჭიდროდ ერთმანეთზე მიდებით სხეულები და შესაბამისად, მათი ზედაპირის მოლეკულები მეტისმეტად მივუახლოვოთ ერთმანეთს. თუ ვივარაუდებთ, რომ მოლეკულებს შორის მიზიდულობის ძალა შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მაშინ გასაგები ხდება, რატომ არ ერთდება გატეხილი ცარცის ან მინის ნატეხები. გადატეხის შედეგად წარმოქმნილი ზედაპირების უსწორმასწორო ფორმა ხელს უშლის მოლეკულების იმდენად მიახლოებას, რომ მათ შორის მიზიდულობის ძალა აღიძრას. მართლაც ასეა. თურმე საკმარისია, ცარცის ნატეხებს შორის არსებობდეს ძალიან მცირე მანძილი (0,000001 სმ), რომ მოლეკულებს შორის მიზიდულობა საკმაოდ შესუსტდება და შესამჩნევიც აღარ იქნება. მაგრამ თუ გადანატეხ ზედპირებს წებოთი დავფარავთ, უსწორმასწორო ადგილები შეივსება. ამის შემდეგ, თუ ნაჭრებს გადატეხის ზედაპირებით მჭიდროდ მივადებთ ერთმანეთს და წებოს გაშრობას დაველოდებით, ნამტვრევები შეწებდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წებოს მოლეკულები ერთმანეთზეც და ნამტვრევების მოლეკულებზე მიზიდულობის ძალით მოქმედებს.

ახლა გასაგები ხდება, რატომ არის ადვილი პლასტელინის, ან სველი თიხის ნაჭრების ერთმანეთზე მიკვრა. რბილი სხეულების ზედაპირის ერთმანეთთან მიახლოება და შესაბამისად, მოლეკულების ერთმანეთთან „საჭირო“ მანძილზე მიყვანა ხომ გაცილებით ადვილია?!

ესე იგი, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები – მოლეკულები და ატომები ერთმანეთს იზიდავენ მაშინ, როცა მათ შორის მანძილი ძალიან მცირეა. დაახლოებით მოლეკულათა ზომის.

მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მოლეკულებს შორის მხოლოდ მიზიდულობის ძალები არსებობს, მაშინ შეუძლებელია აიხსნას, რატომ არის პრაქტიკულად შეუძლებელი წყლის დგუშით შეკუმშვა? ან რატომ არის რთული მყარი სხეულის შეკუმშვა? მიზიდვის ძალებთან ერთად ხომ არ მოქმედებს მოლეკულებს შორის გამზიდვის ძალებიც? მართლაც, ნაწილაკებს შორის მხოლოდ მიზიდვის ძალები რომ არსებობდეს, მაშინ მათ შორის შუალედები არ იქნებოდა. მიზიდვის გამო ისინი შეერთდებოდნენ. ეს კი არ ხდება.

ამრიგად, ნივთიერების ნაწილაკებს შორის მანძილის გაზრდისას ისინი ურთიერთმიიზიდებიან, ხოლო მიახლოებისას კი – განიზიდებიან (სურ. 3).

სურ. 3.

თუ გავიხსენებთ ატომის აგებულებას, მაშინ ამ ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) გამომწვევი მიზეზების ახსნასაც შევძლებთ. როცა მყარი სხეულის ატომები წონასწორობაშია, მათ შორის მანძილი დაახლოებით მათი დიამეტრის ზომისაა. ამ მდგომარეობაში მიზიდვის ძალა განზიდვის ძალის ტოლია. სხეულის გაჭიმვისას, ატომებს შორს მანძილი აღემატება წონასწორობის შესაბამის მანძილს. ამ დროს გააქტიურდება მიზიდულობის ძალა. ერთი ატომის ბირთვი (+) იზიდავს მეორე ატომის ელექტრონებს (-) და პირიქით, მეორის ბირთვი (+) იზიდავს პირველის ელექტრონებს (-). ხოლო სხეულის შეკუმშვისას, ატომებს შორის მანძილი მცირდება წონასწორულ მანძილთან შედარებით. ამ დროს გააქტიურდება განზიდვის ძალები. ერთი ატომის ბირთვი(+) განიზიდავს მეორე ატომის ბირთვს (+), ასევე ერთმანეთს განიზიდავენ მეზობელი ატომების ელექტრონები (-).

ამგვარად, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები – მოლეკულები და ატომები ურთიერთქმედებენ – მიიზიდებიან და განიზიდებიან (სურ. 4).

სურ. 4.

ახლა დავუბრუნდეთ სურ. 1-ს. გავიხსენოთ, რომ წლის ზედაპირიდან მოწყვეტილი მინის ფირფიტაზე აღმოჩნდა წყლის წვეთები. ანუ წყალმა დაასველა მინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის მოლეკულები უფრო სუსტად იზიდავენ ერთმანეთს, ვიდრე წყლის და მინის მოლეკულები. თუ წყალში ჩავუშვებთ პარაფინის ან ცვილის ფირფიტას, მას წყლიდან მშრალს ამოვიღებთ. ანუ წყალი პარაფინს და ცვილს არ ასველებს. წყალი არ ასველებს არც ცხიმიან ზედაპირს. არადასველებადობა იმით აიხსნება, რომ სითხის მოლეკულები უფრო ძლიერ მიიზიდება ერთმანეთისკენ, ვიდრე მყარი სხეულის მოლეკულებისკენ.

ახლა კი ვუპასუხოთ ჩვენს კითხვას – რატომ არ „სველდება“ ბატი? გავიხსენოთ, რომ მცურავი ფრინველები ბუმბულზე ნისკარტით ისვამენ ცხიმს, რომელსაც განსაკუთრებული ჯირკვალი გამოყოფს, ამიტომ მათი ბუმბული წყლით არ სველდება. ბუმბულის ქვეშ ღინღლი ყოველთვის მშრალია, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ფრინველებისთვის წყლის ნავთობით დაბინძურება, რადგან ნავთი ასველებს ფრინველის ფრთებს, წყალი აღწევს ღინღლის ქვეშ ფრინველის სხეულამდე. ამ დროს შესაძლებელია ფრინველის დასველება და გაყინვა.

ამგვარად, დასველება-არდასველების მოვლენებიც განპირობებულია ნივთიერებათა მოლეკულებს შორის ურთიერქმედების – მიზიდვა-განზიდვის ძალების არსებობით.

 

ლიტერატურა

  1. ილუსტრაციები მოლეკულათა შორის ურთიერთქმედების შესახებ

https://www.slideshare.net/makasya/7-29135135;

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  4. ეთერ ბასიაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2005 წ .

რატომ უნდა ფლობდეს მასწავლებელი თვითრეფლექსიის მართვის ტექნიკას?

0

 

„ახალი პარადიგმის მიხედვით მოწყობილ სკოლებში კონკრეტული დრო, ალბათ, უნდა დაეთმოს თვითრეფლექსიის ტექნიკების სწავლას: მოსწავლეთა მიერ საკუთარი ყოველდღიურობის ანალიზს არსებული ცოდნის მიხედვით.“

გიგი თევზაძე „საბოლოო ფილოსოფია“

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი?“ –  ეს ალბათ მთავარი კითხვაა, რომელზეც პასუხი გამუდმებულად უნდა ეძებოს ადამიანმა; მაგრამ საიდან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ეს ძიება და თვითრეფლექსია? როგორც კი საკუთარ თავს აცნობიერებ, როგორც სამყაროს ნაწილს, ბუნებრივად იბადება კითხვა: ვინ ხარ…? რა გინდა? რატომ დაიბადე?

ალბათ ყველას ახსოვს ბავშვობის ის უცნაური კადრი და შეგრძნება, როდესაც ამ კითხვებმა პირველად ჩააფიქრა… მეც მახსოვს სკოლამდელი ასაკი, გაშტერებული ვარსკვლავებიან ცას ავყურებდი და ღრუბლებზე ვეძებდი დურბინდიან კაცს, რომელიც ყველას უყურებდა და მინდოდა შევემჩნიე, რომ კითხვა დამესვა: – ჰეი, შენ, მანდ… რომ მიყურებ ზემოდან, მითხარი, რამხელაა ეგ ცა…? უფრო დიდია და მე ვერ ვხედავ…? რატომ ვერ ვხედავ ყველაფერს…?

მერე მეგონა, რომ ფილმში ვცხოვრობდი და ვცდილობდი, როლი კარგად შემესრულებინა… რამდენი ფიქრი შეიძლება გაჩნდეს ბავშვების თავში და სულაც არ არის სასაცილო რომელიმე… მაგალითად, რატომ გამებუტა ჩემი მეგობარი კლასელი (მე-5 კლასში), რომელიც ძალიან მიყვარდა? ამის გამო ღამეები არ მეძინა… მერე ვარკვევდი, ვარკვევდი… სახლში მეტყოდნენ: ალბათ შენი ბრალი იყოო… მერე ვეძებდი, ნეტავ, რა დავაშავე…? მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ის ეწყინა, სხვასთანაც რომ ვმეგობრობდი… ჰოდა, კარგი იქნებოდა, ამ დროს მასწავლებელი თუ დამეხმარებოდა და ამიხსნიდა, რა არის ეგოიზმი და ასე შემდეგ… ასეთი პატარა ამბებით ხომ სავსეა ბავშვების ცხოვრება და მათ ყოველთვის სჭირდებათ დახმარება.

ყველა პატარა ამბავზე პასუხი უფრო დიდი ამბის ნაწილია. იმ მთავარი კითხვისკენ მივყავართ: „მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი?“

გიგი თევზაძის ძალიან საინტერესო წიგნის – „საბოლოო ფილოსოფია“ – იმ ნაწილს რომ ვკითხულობდი, რომელშიც სკოლაზე, ახალ განათლებაზე, სიამოვნების ხეზე, ბედნიერებაზე და თვითრეფლექსიაზეა საუბარი, მაშინ გამახსენდა ჩემი ბავშვობის ეს ამბებიც, რომელსაც უფრო სწრაფად გადავლახავდი, სკოლაში მასწავლებლებს თვითრეფლექსიის ტექნიკის მართვა რომ შეძლებოდათ.

ახლა უკვე გვაქვს ეს წიგნი და, მასწავლებლებო, თუ გინდათ, საკუთარ თავს და მოსწავლეებსაც დაუსვათ ის კითხვები, რომლებზეც პასუხიც ბედნიერების კუნძულისკენ თავბრუდამხვევ მოგზაურობაში გაგიტაცებთ, მაშინ იჩქარეთ და ნუ გადადებთ ბედნიერებას! ეს წიგნი ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ, მაშინვე დადო საიტზე და შეგიძლიათ უფასოდ გადაიწეროთ. აგერ ლინკიც: https://mastsavlebeli.ge/?p=14520

ერთ თავში გიგი თევზაძე ჰოვარდ გარდნერის მრავალი ინტელექტის თეორიას განიხილავს და გვთავაზობს სასწავლო გარემოს იმგვარ მოწყობას, რომელშიც მოსწავლე გამოავლენს იმ უნარებს, რომლებიც აქვს, მაგრამ არსებულ სისტემაში ვერ ხდება ამ უნარების აღმოჩენა.

გიგი თევზაძე თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე უფრო პროგრესულ განათლების ექსპერტებს შორსიაა. ამას მე პირადი დაკვირვებით ვამბობ. მაგალითად, ჩვენ სიამოვნებით ვციტირებთ სერ კენ რობინსონს, როდესაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ კლავს თანამედროვე სკოლა ბავშვებში შემოქმედებითობას ან როგორი საჭიროა, რომ მათ საკუთარ თავში უნარები აღმოაჩინონ:

როდესაც ადამიანები ამყარებენ კავშირს თავიანთ ნიჭთან, რომელიც მათში ცხოვრობს, შეეხებიან მას და აღმოაჩენენ, თუ რა შეუძლიათ, ისინი იცვლებიან, სხვანაირები ხდებიან და ჩემთვის ეს არის ის საფუძველი, რაზეც უნდა აშენდეს განათლების ახალი სისტემა. (ხაზგასმა ჩემია, ც.ბ.). ეს ნიშნავს არა ძველი მოდელის გამყარებას თუ გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პიროვნული შეგრძნებების რეკონსტრუირებას და მათ სინერგიას – სერ კენ რობინსონი.

გიგი თევზაძის ნაშრომები იმით არის უფრო ღირებული, რომ ის უბრალოდ რჩევები კი არ არის, ის ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს. ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მასწავლებლები, თუ გაეცნობიან აგრეთვე ამ თავს: „ორი ინტელექტის გარემოცვაში: როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები“(გვ. 129). არაფერს გეტყვით იმ 6 პრინციპზე, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს მომავლის სკოლა და რომლებსაც ამ წიგნში ამოიკითხავთ.

კენ რონინსონისა და გიგი თევზაძის  მომავლის სკოლის მსგავსი ხედვა, რა თქმა უნდა, ეს არ არის პლაგიატი, ეს არის პროგრესული ადამიანების თვალთახედვა, რომლებიც გრძნობენ მომავალს და მომავლის საჭიროებებს იმისათვის, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ბედნიერი.

ახლა კი 4 მთავარი კითხვა გიგი თევზაძის „თვითრეფლექსიის სახელმძღვანელოდან“ (გვ.159).

ეს კითხვები შეუძლიათ მასწავლებლებმა გამოიყენონ მოსწავლეებისთვის, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ თვითრეფლექსია გზაა ბედნიერებისკენ და რომ ეს მათ მოსწავლეებს სჭირდებათ:

  • რა მსიამოვნებს?
  • რამდენად შეიძლება (რაზეა დამოკიდებული, რომ) ის, რაც მსიამოვნებს, იყოს მდგრადი და მეტ-ნაკლებად მუდმივი?
  • რამდენად შესაძლებელია, რომ ის, რაც მსიამოვნებს, მივიღო სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად?
  • რამდენად მაზიანებს ის, რაც მსიამოვნებს და რამდენად შესაძლებელია, სიამოვნების მიღება ჩემი დაზიანების გარეშე?

ეს ის კითხვებია, რომელზეც გულწრფელი პასუხის შემთხვევაში, ადამიანი აირიდებს არასასურველ მომავალს და მიუახლოვდება ბედნიერებას.

გიგი თევზაძის „სიამოვნების ხე“ და  ბარათაშვილის „საწყაული აღუვსებელი“  დაახლეობით მსგავსი მეტაფორებია: შეიძლება „სიამოვნების ხეების“ ბაღნარი გააშენო და არასდროს დაასრულო ეს პროცესი, ისევე, როგორც ძირგავარდნილ საწყაულს ვერასდროს აავსებ…

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

წიგნის დასასრულს კი თქვენ მიიღებთ პასუხს ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე: რა ხდება მას შემდეგ, რაც „აღუვსებელი აღივსება“? რა ხდება „სიამოვნების ხეების“ შემდეგ? და რა შუაშია ამ ყველაფერთან გაუტამა ბუდა?

 

ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული, პერსპექტიული

0

მსოფლიოს ახალი წლის საუკეთესო მასწავლებელი ჰყავს – კენიელი პიტერ ტაბიჩი აფრიკის ერთი პატარა სოფლიდან. ჩვენს დღევანდელ სტუმარს კი, მასთან ერთად სცენაზე ასასვლელად, მხოლოდ ორი ნაბიჯი დააკლდა – ნათია ფურცელაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთესო ათეულიდანაა. სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამავე სკოლის ლიტერატურულ კლუბ „წიგნიერსაც“ ხელმძღვანელობს და, შესაძლოა, მისი მასწავლებლობისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტი ესეც იყოს, რადგან აქ შეგიძლიათ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული, ნებისმიერ გმირად იქცეთ.

– ათეულში მოხვედრიდან ორი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი სამასწავლებლო საქმიანობა, რა შეგძინათ ამ აღიარებამ?

– მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ და ათეულში მოხვედრამ უფრო დამარწმუნა, რომ ოდესღაც სწორი არჩევანი გავაკეთე. მასწავლებლობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი არჩევანისადმი საზოგადოების დამოკიდებულება წარმოუდგენლად სკეპტიკური იყო, ვერაფრით იგებდნენ, რატომ მინდოდა ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ და მძიმე პროფესიას შევჭიდებოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა – აღარ მესმის გაოცებული კითხვები, ეს კი ნიშნავს, რომ ამ პროფესიისადმი თავად საზოგადოების დამოკიდებულებაა შეცვლილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ერთი წარმატებით ჩემი პროფესია ავამაღლე, ოდნავ მეტი პრესტიჟი და პატივისცემა შევმატე.

– თავად კი პასუხისმგებლობა მოგემატათ…

– რაც გარდაუვალი იყო და ამისთვის მზად ვიყავი. ახლა უკვე ვიცი, რომ  ჩემი პროფესიის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მართლაც არის შედეგის მომტანი. საინტერესო მასწავლებლური ცხოვრება აქამდეც მქონდა, თუმცა პროფესიის მიმართ ასეთ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა ვალდებულებები და დამოკიდებულებები გამიჩნდა.

– დაიწყეთ რაღაც ისეთის კეთება, რასაც აქამდე საჭიროდ არ მიიჩნევდით?

– კონკურსში მონაწილეობამ უამრავი კოლეგა მეგობარი შემძინა – ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიაზე მართლა ზრუნავენ. ნამდვილად არ ვიცოდი, ამას ვინმე თუ აკეთებდა. თურმე მართლა არიან ასეთი ადამიანები, მე კი არ ვიცოდი. კოლეგებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის შედეგად პრაქტიკისადმი ინტერესიც მომემატა, გამიჩნდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მათი მეთოდების გაცნობის სურვილი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუღეთ საკლასო ოთახები, რაც ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდების გავრცელებისთვის საუკეთესო საშუალებაა – სწორედ ესაა თანამშრომლობის კულტურა. მაგალითად, შარშან სვანეთს ვესტუმრე, სადაც 2017 წლის კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტის, მესტიის სოფელ ფარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკა წულუკიძის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კონფერენციას დავესწარი. უამრავ კოლეგას შევხვდი, მოვუყევი ჩემი ამბავი და მოვისმინე მათი. გარდა ამისა, ავიხდინე სვანეთში მოგზაურობის ოცნებაც. ეს იყო საუკეთესო დღეები და საჭირო გამოცდილება.

mastsavlebeli.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში წერთ, თუ როგორ და რატომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ კონკურსში. რა იყო თქვენი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია გახლდათ და ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება და მეთოდები, უკვე არსებული წარმატებები, ამისთვის გამოდგებოდა. თავიდან მეც ვყოყმანობდი. ტელევიზიით ნანახი ანონსი უყურადღებოდ გავატარე, მაგრამ შემდეგ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმაც მიმითითეს, რომ განაცხადი აუცილებლად უნდა შემევსო. ამის შემდეგ კი რჩევა ვკითხე ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს, რადგან მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და საუკეთესოდ იციან, რას ვაკეთებ. მართლაც – ამაზე ფიქრი დავიწყე, გავეცანი შერჩევის კრიტერიუმებს და განაცხადის შევსების წესებს. საქმეს ობიექტურად მივუდექი, თუმცა ისიც ვიფიქრე,  რომ კონკურსის ჟიურის წევრებისთვის საინტერესო ვიქნებოდი. მინდოდა, ჩემი საქმიანობა განათლების პროფესიონალებს შეეფასებინათ, მიეთითებინათ ნაკლისა თუ უპირატესობისკენ. საკუთარ თავს ვუთხარი კიდეც: თუ ათეულში მოხვდები, ესე იგი, სწორი გზით მიდიხარ და თუ ვერ, მაინც ასეა, რადგან დაინახავ, რომ რაღაც უნდა შეცვალო და მეტი გააკეთო. ამრიგად, მოტივაცია არც ერთ შემთხვევაში არ დამეკარგებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. არა იმიტომ, რომ ჩემი თავი საუკეთესო მასწავლებელი მგონია, არამედ იმიტომ, რომ მოსწავლეების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით ვასწავლი, გაკვეთილებსაც შესაბამისად ვგეგმავ და, წლების განმავლობაში, მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ვარ და ძალიან მინდა, ჩემი მაგალითით ამ პროფესიით მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო, მასწავლებლობა მათთვისაც გახდეს საინტერსო და გაიგონ, რომ ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული და პერსპექტიული.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენი მასწავლებლობის სურვილის მიმართ ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება გსმენიათ. ცხადია, განათლების სფეროში ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის პროფესიის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას მაინც რა იწვევს?

– ფაქტია, რომ საზოგადოება ნეგატიური ინფორმაციით უფრო ინტერესდება, ვიდრე პოზიტიურით. არადა, ჩვენს სფეროში იმდენი საინტერესო რამ ხდება, მოსაყოლი არ დაილევა. მოდი, ამაზე  ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რამდენი მასწავლებელი ჩაიჭრა გამოცდებზე და რამდენმა ვერ დააკმაყოფილა კომპეტენცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ უმეტესობამ პირადი ცხოვრება დათმო, რათა მასწავლებლის პროფესიაში წარმატებისთვის მიეღწია და ბავშვებისთვის განათლების ბედნიერება მოეტანა. სწორედ, ნეგატიურ სიახლეებზე აქცენტირება ბადებს ჩვენი პროფესიის მიმართ სკეპტიციზმსაც. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ანაზღაურების საკითხიც. ეს აუცილებელია, რათა ადამიანი მხოლოდ მასწავლებლობაზე იყოს კონცენტრირებული და დღე ისე დაგეგმოს, სხვა საქმის კეთება არ უწევდეს. მასწავლებლების უმეტესობა, შემოსავლის გაზრდის მიზნით, სხვა საქმესაც აკეთებს, ამ დროს კი თავის მოსწავლეებს აკლებს.

– მახსოვს, როდესაც „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა, ამ წარმატების გამო კინოცენტრს დაფინანსება გაუზარდეს. იქნებ, ლადო აფხაზავასა და თქვენნაირი სხვა მასწავლებლების ამბავმაც შეცვალოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება?

– ამ მხრივ, იმედიანად ვარ განწყობილი. თუნდაც ერთი ლადოს აფხაზავას მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ უკვე მოიტანა უდიდესი შედეგი – მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ჯანსაღი მიმართულებით შეიცვალა, და ეს შედეგი წლების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა რეალურ ნაყოფს მივიღებთ. მეც კი, კონკურსის რიგითი მონაწილე, უკვე ვხვდები შეცვლილ განწყობასა და დამოკიდებულებას. თუმცა, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, ამ განწყობას სულ ვგრძნობდი, რადგან თავიდანვე ისეთ სკოლაში მოვხვდი, სადაც მასწავლებელს აფასებენ, უსმენენ, სადაც მასწავლებლის სჯერათ. ეს დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთი მასწავლებლებიც, თუნდაც იგივე ლადო აფხაზავა, მინიმალურ ხელფასზე და მძიმე პირობებში რომ უმუშავიათ, მაგრამ საქმის კეთება არასდროს შეუწყვიტავთ. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და ბოლომდე იხარჯებიან ამ პროფესიაში.

– ლადო აფხაზავა ახსენეთ და მოდი, ცოტა მასზეც ვისაუბროთ. თქვენი შეფასებით, როგორი მასწავლებელია? და თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს წლევანდელი ათეულით ვიმსჯელებთ, როგორია თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნები და კრიტერიუმები?

– ლადო ორი წლის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების შეკრებაზე გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ჩიბათის სკოლაში არ ვარ ნამყოფი, არ მინახავს, როგორ ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ შევხვედრივარ მის მოსწავლეებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ლადოს შესახებ ყველაფერი ვიცი – მოსწავლეები აღტაცებით ყვებიან, ლადოსთან შეხვედრის შემდეგ, როგორ გაუმჯობესდა არა მხოლოდ მათი სასწავლო პროცესი, არამედ ცხოვრებაც. რაც შეეხება მსოფლიო განათლების სისტემის კრიტერიუმებს, აშკარაა, რომ უპირატესობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება, ბავშვებს ისე ასწავლიან, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში მართლაც გამოიყენონ.

– თქვენ რამდენად იყენებთ არაფორმალურ განათლებას?

– ვფიქრობ, რომ ვიყენებ, რაც ჩემი მოსწავლეებისგან მიღებულ უკუკავშირში ჩანს. ახლავე გაჩვენებთ დღევანდელ დავალებას… თავადაც ისე მაინტერესებს, ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის გადავიკითხავ… აი, ისიც: მერვეკლასელებს პროგრამაში დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ აქვთ. თავიდან არ დაინტერესდნენ, ტექსტს ვერაფრით დაუახლოვდნენ, რაც დროითი დისტანციის, ენის თავისებურებითა და სხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ერთადაც ვცადეთ წაკითხვა, მაგრამ მაინც არაფერი – ინტერესი არა და არ გაჩნდა. ბოლოს გამოსავალი მოვძებნე: ეკრანზე დავით კლდიაშვილის ოთხ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ვაჩვენე და ვთხოვე, მისი ენით მიეწერათ ცოლისთვის, მარიამ მაჭავარიანისთვის, რომელიც ფოტოზე არაა, ვითომ სადღაცაა წასული. შესანიშნავი შედეგი მივიღე, რადგან დავინახე, რომ ასე უკეთესად გაუგეს მწერალს, მის ეპოქას მეტად დაუახლოვდნენ. ერთმა წერილის გარდა მეუღლეს შვილების ნახატებიც გაუგზავნა, ვითომ ბავშვებმა დედას ოჯახის წევრები დაუხატეს. ამ საოცარი უკუკავშირის შემდეგ მეც როლში შევედი და მეტი მოვინდომე: წავიკითხეთ დავით კლდიაშვილის მოგონებები ბათუმზე და ვთხოვე, მაშინდელი ბათუმის ფოტოები მოეძებნათ და საკუთარი აღწერებით გამოეგზავნათ. ამას კი უამრავი თემა მოჰყვა – მაგალითად, ვითომ დავით კლდიაშვილის სახელით წლის საუკეთესო მწერლის საკონკურსო განაცხადი უნდა შეევსოთ. გარეთ 1910 წელია. დავით კლდიაშვილი წერს ბიოგრაფიას, იხსენებს ბავშვობას, ლაპარაკობს განათლებაზე, წერს სამოტივაციო წერილს, ბოლოს კი პასუხს სცემს კითხვაზე, 21-ე საუკუნეში რომ მოხვედრილიყო, რაზე დაწერდა ნაწარმოებს და სათაურად რას დაარქმევდა. ამრიგად, მოსწავლეები ეცნობიან არა მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიას და მრავალშვილიანი მამის ცხოვრების დეტალებს, არამედ სწავლობენ საარქივო მასალის მოძებნას, ბათუმის ისტორიას, საკონკურსო განაცხადის შევსებას, სამოტივაციო წერილის წერას და, ბოლოს, დროშიც მოგზაურობენ. ანუ ერთი გაკვეთილით გავიარეთ არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ მომავალში გამოსადეგი საკითხებიც.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თქვენც აღფრთოვანებით ლაპარაკობთ და ბავშვებსაც მოსწონთ, მაგრამ როგორია მშობლების დამოკიდებულება არაფორმალური სწავლების მიმართ?

– ჩემი ერთ-ერთი მეთოდი თამაშით სწავლებაა, რაც ძალიან სახალისოა და მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. ასევე ძალიან ეფექტურია, როდესაც ბავშვები სასწავლო რესურსს თავად ქმნიან. ცხდია, ამ მეთოდს ხშირად ვერ მივმართავ, რადგან განსაკუთრებული გაკვეთილები უამრავ დროსა და შრომას მოითხოვს, შეიძლება ღამის გათენებაც დამჭირდეს. თუმცა ბავშვების გასაბედნიერებლად ყველანაირი მსხვერპლი გამართლებულია. ამას მშობელიც ხედავს, რომელსაც სწორი კომუნიკაციით ადვილად აუხსნი, თუ რატომ ჯობს ესა თუ ის განსხვავებული მეთოდი უკვე დადგენილს. თუ მშობელთან კომუნიკაცია წარმატებულია, მაშინ ბავშვიც მოგებული გამოდის, რადგან მასწავლებელი და მშობელი სწორედ მისი უკეთესი შედეგისთვის ერთიანდებიან. ამისთვის მშობელს მასწავლებლის მიმართ ნდობაც უნდა ჰქონდეს. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლები ჩემს მშობლებზე უფროსები იყვნენ. მაგრამ ნდობა გამომიცხადეს, შვილები მომაბარეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

– ეროვნული კონკურსის ათეულში მოხვედრა უკვე არის წარმატება. შესაბამისად, ალბათ გქონდათ შემოთავაზებებიც.

– მასწავლებლობა ამ სკოლაში დავიწყე და, მეცხრე წელია, აქ ვარ. ცხადაია, შემოთავაზება სხვა სკოლებიდანაც მქონია, მაგრამ ეს სკოლა, ეს სივრცე, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. შეიძლება ითქვას, რომ აქ გავიზარდე და მენდობოდნენ მაშინაც, როდესაც არავინ მიცნობდა. ამ ნდობამ და თავისუფლების ხარიხმა კი მეტის საკეთებლად გამაძლიერა.

– თითქმის ათი წელია, მასწავლებლი ხართ. გიფიქრიათ ვინ და სად იქნებით კიდევ ერთი ათი წლის შემდეგ?

– სკოლაში აუცილებლად ვიქნები, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ვასწავლი ქართულის მომავალ მასწავლებლებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლობა შევაყვარო, იცოდნენ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და აუცილებლად შეუყვარდებათ. პარალელურად „ქორალის“ დირექტორის მოადგილეც ვარ. ჩემი საქმე ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, პროექტების მომზადება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად მზრდის ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორობაც. ამრიგად,  ძიებისა და ახალი აღმოჩენებისთვის მუდამ მზად ვარ – მომწონს მასწავლებლობა და ამ პროფესიაში ყოფნის არ მეშინია.

სამი ელექტრონული რესურსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის

0

ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება „ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად უნდა იყოს დაცული და ყველა მუდმივად უნდა სცემდეს მათ პატივს“ (1.1)

„პატივისცემას გამოხატავს სხვა ადამიანების მიმართ და ექცევა მათ, როგორც თანასწორებს“ (5.27)

„გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას, ითანამშრომლოს და იმუშაოს სხვებთან ერთად“ (6. 33)

„შეუძლია, ამოიცნოს, როდის სჭირდება მის პარტნიორს მისი დახმარება“ (13. 76)

„შეუძლია ახსნას, თუ რატომ აქვთ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს განსხვავებული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ნორმები და წესები, რომლებიც, მათი ხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია“ (19. 115)[1]

 

 „ორენოვანი შრიფტის რედაქტორი“

აღნიშნული რესურსი შექმნილია სსსმ მოსწავლისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების, ასევე, ელემენტარული ენობრივი კომპეტენციების დაუფლების მიზნით.

მოსწავლის საჭიროებები: ენისა და მეტყველების დარღვევა, ფსიქოლოგიური ჩამორჩენა, დასწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი აშლილობები. მიუხედავად მისი ასაკისა (13 წლის), მოსწავლე  ვერ ფლობს მშობლიური ენის ანბანს და უჭირს სიხშირული ლექსიკის გამოყენება. არ შეუძლია ბაზისური საგნების სახელწოდებების დასახელება.

მოსწავლესთან მუშაობის პროცესი წარიმართება ესგ-ის მოდიფიცირებული ვერსიის ინდიკატორების მიხედვით (ე.ს.გ.ის.ტექნ.დაწყ.2).:

  • იგი აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
  • მეტ-ნაკლებად იაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და იყენებს კლავიატურას;
  • ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
  • აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
  • ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი).

 

სპეცმასწავლებლის, რომელიც ამავდროულად მუშაობს მოწაფესთან, როგორც ენისა და მეტყველების სპეციალისტი, მითითებების კვალდაკვალ მოწაფესთან სამუშაოდ გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული და ლათინური ანბანების/სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. კლავიატურაზე მუშაობის უნარების განვითარება.

გარემოს აკომოდაციის მიზნით სსსმ მოსწავლისთვის შეირჩა სპეციფიკური კლავიატურა, რომელზეც ლათინურ შრიფტთან ერთად დატანილი იყო ქართული ანბანიც.

ისტ პედაგოგის, გიორგი უგრეხელიძის მიერ Microsoft Word ტექსტურ რედაქტორში შეიქმნა ორსვეტიანი ცხრილი, რომლის პირველ სვეტში განთავსდა ლათინური ანბანი. თითო ლათინური სიმბოლოს გასწვრივ გოგონას უნდა შეეტანა შესაბამისი ქართული სიმბოლო და – პირიქით. ასე ის შეძლებდა კლავიატურაზე გამოსახული ლათინური შრიფტის დაუფლებას და ქართულთან დაკავშირებას.

გარდა ამისა, სპეცმასწავლებლის მეშვეობით მოსწავლის მშობელს გაეწია კონსულტირება მსგავს დავალებებზე შინ სამუშაოდ. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა გაუზიარა კლავიატურის ონლაინტრენერი https://www.typingclub.com.

აღნიშნული რესურსის მეშვეობით მოსწავლემ რამდენადმე შეძლო როგორც ქართული, ასევე ლათინური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და  ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე აითვისა კლავიატურაზე მუშაობის უნარები.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლისთვის დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლისა და   სპეცმასწავლებლის ინსტურქციების თანახმად, ასევე  მეწყვილე თანაკლასელის დახმარებით. აღნიშნულ სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა არტიკულაციას.

სსსმ მოსწავლემ ვიზუალურად აითვისა ქართული შრიფტის თითქმის ყველა ასო-ნიშანი, რაც მისი სააზროვნო უნარების კვალობაზე კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ასოებს იგი იყენებს სხვადასხვა ტექსტის შედგენის დროს, ხოლო დანაკლისის შესავსებად საგაკვეთილო პროცესში მის გვერდით მუდმივად იმყოფება სპეცმასწავლებელი ან მეწყვილე თანაკლასელი.

 

წინამდებარე რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე სხვა მოსწავლეებისთვისაც.

 

დასურათებული სალექსიკონო ტესტი

(სავარაუდო პასუხის დაწკაპებით შერჩევა)

 

აღნიშნული რესურსი შექმნილია სსსმ მოსწავლისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების, ასევე, ელემენტარული ენობრივი კომპეტენციების დაუფლების მიზნით.

სსსმ მოსწავლის საჭიროებები: გოგონას აღენიშნება მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) და თანმდევი კოგნიტური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ენისა და მეტყველების დარღვევა, დასწავლის უნარის დაქვეითება და მსუბუქი ქცევითი აშლილობები. სარგებლობს კოხლეარული იმპლანტით. არ იცის სრულყოფილად მშობლიური ენის ანბანი და უჭირს სიხშირული ლექსიკის გამოყენება. არ შეუძლია ბაზისური საგნების სახელწოდებების დასახელება.

მოსწავლესთან მუშაობის პროცესი წარიმართება ესგ-ის მოდიფიცირებული ვერსიის ინდიკატორების მიხედვით (ე.ს.გ.ის.ტექნ.დაწყ.2).:

  • იგი აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
  • იაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
  • ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
  • აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
  • ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი).

 

სპეცმასწავლებლის მითითებების კვალდაკვალ  სამუშაოდ გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან.

 

iSpring suite 8.0-პროგრამის მეშვეობით, ისტ პედაგოგის, გიორგი უგრეხელიძის მიერ შეიქმნა პრეზენტაცია-ტესტი. მოდელად შერჩეულ იქნა მაკმილანის (Macmillan English Books) სახელმძღვანელოების ელექტრონული მხარდაჭერის პროგრამული რესურსი,  რომლითაც მოსწავლეს შეუძლია დაათვალიეროს ერთ ასო-ნიშანზე ერთი კონკრეტული გამოსახულება და შეამოწმოს, რამდენად სწორად ამოიცნო ისინი ტექსტის სახით მოცემული ოთხი სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთის  შერჩევით.

მეთოდი იძლევა საშუალებას, ცალ-ცალკე დასწავლილი ანბანის სიმბოლოები მოსწავლემ აღიქვას სიტყვებად, ასევე სწორად დაუკავშიროს რომელიმე კონკრეტული არსებითი სახელი ვიზუალურ ხატს. აღნიშნულ სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა მოსწავლის არტიკულაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული აქტივობა მოსწავლისათვის აღმოჩნდა დამატებითი მოტივატორი, რომლითაც იგი საგაკვეთილო პროცესში დიდი  სიხარულით ჩაერთო. თანაკლასელებისა თუ სპეცმასწავლებლის დახმარებით მოსწავლემ შეძლო 33 ასო-ნიშანზე შედგენილი 33 ტესტური დავალების წარმატებით შესრულება. თითო ასო-ნიშანზე მას უხდებოდა ოთხი არსებითი სახელის გააზრება, გამოცნობა თუ დასწავლა, რამაც მნიშვნელოვანწილად გაამდიდრა მისი ლექსიკური მარაგის დონე.

რესურსის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე (ჩამოტვირთეთ ფოლდერი და შემდეგ გახსენით ფაილი: index.html)

https://drive.google.com/open?id=156XMpBJz28-4Ssr6oBmI0frNohvDdVN_

მოცემული რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი ან ანალოგიური პრობლემის მქონე, ასევე ტიპური განვითარების დაწყებითი (1-ელი კლასი) სასკოლო ასაკის ან ქართულის, როგორც მეორე ენის მოსწავლეებთან მუშაობისთვის.

 

დასურათებული სალექსიკონო ტესტი

(მართებული პასუხის კლავიატურაზე აკრეფა)

 

ქართული ენის ლექსიკის  ათვისების საწყის ეტაპზე მყოფ მოწაფესთან მუშაობისთვის გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან.
  3. მართებული პასუხის გამოცნობა და საგანთან არსებითი სახელის წერილობით დაკავშირება.

iSpring suite 8.0-პროგრამის მეშვეობით ისტ-ის პედაგოგის (გიორგი უგრეხელიძის) მიერ შეიქმნა პრეზენტაცია-ტესტი. სპეცმასწავლებლის მითითებით მოდელად შეირჩა  მაკმილანის სახელმძღვანელოების (Macmillan English Books) ელექტრონული მხარდაჭერის პროგრამული რესურსი,  რომლითაც მოსწავლეს შეუძლია დაათვალიეროს ერთ ასო-ნიშანზე ერთი კონკრეტული გამოსახულება და შეძლოს, აღნიშნული საგნისთვის მართებული არსებითი სახელის აკრეფა. ეს იძლევა საშუალებას, ცალ-ცალკე დასწავლილი ანბანის სიმბოლოები აღიქვას სიტყვებად, ასევე სწორად დაუკავშიროს რომელიმე კონკრეტული არსებითი სახელი ვიზუალურ ხატს, განუვითარდეს კოდირების და დეკოდირების, ასევე საბაზისო წერითი უნარები. აღნიშნული სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა მოსწავლის არტიკულაციის განვითარებას.

ელექტროტესტური სავარჯიშოები მოსწავლისათვის სახალისო და მამოტივირებელია. იგი საგაკვეთილო პროცესში დიდი  სიხარულით ჩაერთო. თანაკლასელებისა თუ სპეცმასწავლებლის დახმარებით მოსწავლემ შეძლო 33 ასო-ნიშანზე შედგენილი 33 ტესტური დავალების წარმატებით შესრულება. თითო ასონიშანზე მას უხდებოდა ხშირად გამოყენებითი არსებითი სახელების გააზრება, გამოცნობა და ვიზუალურ ხატებთან სახელების წერილობით დაკავშირება. თამაშით და სიამოვნებით დასწავლის ამგვარმა მეთოდებმა მნიშვნელოვანწილად გაამდიდრა მისი ლექსიკური მარაგის დონე.

რესურსის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე (ჩამოტვირთეთ ფოლდერი და შემდეგ გახსენით ფაილი: index.html)
https://drive.google.com/open?id=1yv1KlX6_ItjmgIe3AgWouwj3lUIxqX28

მოცემული რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ ენობრივი პრობლემის მქონე ან ტიპური განვითარების დაწყებითი (1-ელი კლასი) სასკოლო ასაკის, ასევე  ქართულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელებთან მუშაობისთვის.

[1] დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დესკრიპტორები, 2018, ტ. II.

ერთი მწიკვი სიმართლე

0

ეს ყველა ისე სწრაფად მოჰხდა, ისე სწრაფად, რომ კაცი ძლივს მოასწრებდა თვალს….

ალექსანდრე ყაზბეგი

1.

ლუბა

შავლეგი, კაცო?! დედამისის გაზრდილი ვარ, ძუძუ არ უწოვებია, თორემ სანამ თავისი პატარები შეესეოდნენ, გულში ვყავდი ჩახუტებული. მერე მე დავტრიალებდი იმის პაწაწინა გოგო-ბიჭს.

ეტყობა ასეა მოწყობილი – რაც თვალს ახარებს, დიდი ხანი ვერ რჩება, ყოველი წამი დათვლილი აქვს ზევიდან. როცა დრო მოაწევს, დაუძახებენ და… ხან ტრაღიკული შემთხვევა ჰქვია ამას, ხან – ჩაქცევა და ინფარქტი.

ანევრიზმა, არა? – რა და რა სახელებს არ გამოიგონებენ დალოცვილები, შიში რომ შეაწმინდონ, გული დაიმშვიდონ, მეზობელ-ნათესავებში ილაპარაკონ თამამად: `განგებას ვერ წაუხვალ, რაც შევძელით ეგ იყო, ცდა ჩვენ არ დაგვიკლია და წამალი, უფალთან მართლები ვართო~. ეგება ასეც იყოს, მაგრამ მკვდარზე საბრალო მე მაინც ის ჭირისუფალი მგონია, თავის მართლებას რომ მოჰყვება.

სამოცდაათისა იქნებოდა, ნამდვილად. ბოლო წლებმა მოტეხა, თორემ სულ ჯანზე იყო, ჩამოწოწილს ვერ ნახავდი. სოფლის ავ-კარგზე ყური ჰქონდა მიგდებული და სხვისიც სტკიოდა, სხვისიც უხაროდა. მახსოვს, მომდურავები ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი კაცები მტერსაც ხელად იჩენენ და არც უშინდებიან.

 

ჯავარა

სულ ტყუილად გგონიათ, რომ ვინმეს წინაშე უკადრისი და ცოდვიანი ჩამედინოს რაიმე. მერე რა – იარაღი ვის არ სჭერია ხელში, ოდითგან იარაღში იჯდა ნახევარი ქვეყანა. მიწისა და მამაპაპეული საგანძურის დასაცავად ვარდები და დაფნის რტოები აღარ კმაროდა – არც უწინ, არც ახლა. გულიანი გაბრძოლება, თავდაცვა და შემოტევა იყო ჩვენი გამოსავალი. ამ ბოლო დროს დაიწყეს მშვიდობის ქადაგება, მთელი სამყარო ფეხზე დადგა, ესაო და, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ თავიდან, ისაო და, ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთო. ნეტა მაცოდინა, როდიდან დავჭკვიანდით?! რაც გვიცხოვრია, ომით გვიცხოვრია, იმ ტაძრებსაც ომით ვიცავდით, თორემ, მე შენ გეტყვი, რომელი ერთი შერჩებოდა აქამდე. თავი კი მოგვაქვს, მაგრამ ერთი ისტორიაშიც ჩაიხედეთ, რა მსხვერპლის ფასად შემოგვინახავს თუნდაც ერთი იმათგანი…

გავწამდი, ჩემო ბატონო, ჭორებს მიყრიან, არამზადებისა და ხელიდან წასულების დასასჯელად დაგეშა ბიჭებიო. ყოველთვის ვამბობდი (ჯანდაბას ჩემი თავი!), მხოლოდ სამშობლოს მოწოდებაზე გამოვალთქვა გარეთ, სხვა დროს ხმას არ ამოვიღებ, თითქოს არც ვყოფილვარ-მეთქი. საკეთებლის მეტი რა მქონდა – წინ ისეთი წიგნები მედო, დაწყებული და მისამთავრებელი, ზოგიერთი (გადაჭარბების გარეშე) მთელ ევროპაში სახელს გამითქვამდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მენატრებოდა კიდეც ჩაჯდომა და მხოლოდ ჩემს ფიქრებში ხეტიალი. ცოდვის კითხვა იყო, ქარიშხლიანი და შინაარსიანი ცხოვრება დაუწერელი დამრჩენოდა. ბევრს შევესწარი, ბევრიც სხვებისგან ვისწავლე ამხანობაში, წესით, კარგი ამბები უნდა გამომსვლოდა. ვინ გაცალა…

არა, ჩემკენ ნუ გამოიშვირეთ თითი, ბედოვლათებო! ვინც გამოიშვირა, აღარ დადგომია ხეირი. ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს ცხოვრებაში: უწყინარი კაცი არ უნდა გამოიწვიო, თორემ რაც სალახანასთან გაგივა, წესიერი არ შეგარჩენს და სანანებლად გაგიხდის საქმეს. აჰ, აჰ, როგორ ვიზოგავდი თავს, მეგობრებსაც ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ რომ მაქეზებდნენ, ახლა შენი ჯერია, გამოწვევა უნდა მიიღო, სულერთია – დედიკოს ბიჭის იქნება თუ უკანასკნელი ხულიგნისო. პასუხს ყველა იმსახურებს. მერე ეამაყებათ კიდეც, ყურადღების ღირსად რომ ჩათვლი და დააფასებ. თავსაც შეგაკლავენ ულაპარაკოდ…

მაგრამ თქვენ ნუ გგონიათ, ამ ცხოვრებით მეცხოვროს ოდესმე, ან ვინმე გამეწიროს, ვინმე არ დამეზოგოს. დამიზნებული ამიცდენია შეგნებულად და ამის მოწმეებიც მყავს. დემაგოგიას მოეშვით, ძალიან გთხოვთ! სულ შემთხვევით მოხდა. აქეთა ნაპირზე ჩვენ ვიყავით, სანგრებში ისხდნენ ბიჭები, სამი დღე ლუკმაპური არ ეჭამათ. სამშობლოს გასაჭირი, თორემ ამხელა გზაზე რა რჯიდა ინტელიგენციისა და ნაღები საზოგადოების შვილებს, დე ძესიტში გაზრდილები აკობებში რომ ეყარნენ დღედაღამ; იქით გაურკვეველი ხალხი იდგა, ვინაც დროშებითა და ბელადის სურათებით იბრძვის ყოველთვის, უფრო სწორად, ჯერ შაოსან დედებს მიუშვებს წინ, შეეცოდებათო, და ამათ ამოფარებული, მხდალივით მოაყოლებს ტყვიას. უნამუსობის ბატალიონი! ღირსნი იყვნენ, დაუფიქრებლად მიგვეშვა ჯერი, დედაწულიანად გაიჟლიტებოდნენ ჭკუამცდარები, მაგრამ აქაც დავინდე ჩემი მოყვასი და სნაიპერს ვუთხარი: ერთი გადახედე იქაურობას, ვინც საეჭვო ნახო, ტყვია არ დაგენანოს-თქო. იმანაც, სულელმა, ყველაზე ახოვანი ვინც იყო, ის გამოიჭირა და შუბლში დააჭედა პირდაპირ. არადა, როგორც შემდეგ მითხრეს, სლუჩაინი ტიპი ყოფილა, ხელოვანი კაცი. ბიჭები იხოცებიანო და გამოქანდა უაზროდ, უიარაღოდ. თვითონაც არ იცოდა, სად ამოყო თავი. ვერც გაიგო, ისე გათავდა…

 

ზიკო

რაც თავი მახსოვს, სულ სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ არასდროს გვისაუბრია სკოლის შესახებ. ჯერ ერთი, თვითონაც ერიდებოდა სამსახურის ამბების ოჯახში შემოტანას, შვილიშვილებისთვის მოყოლას და მეორეც: მე, რაც სხვისგან მესმოდა, ისიც მყოფნიდა სოფლის სკოლის დირექტორზე, რომელიც დილაუთენია გადის (ბებიაჩემი ჭიშკრამდე მისდევდა წამლებით ხელში, დალევა არ დაგავიწყდესო) და შინ გვიან ბრუნდება. ხისტი, პრინციპულია და, ხმებს თუ დავუჯერებთ, მექალთანეც.

ეს უკანასკნელი არასდროს უღიარებია, უფრო პირიქით – თავს არიდებდა და რასაც შევსწრებივარ, ხუმრობითაც არ უნდოდა თავისი თავგადასავლების გახსენება. სამაგიეროდ, ერთხელ, შუქი რომ არ მოვიდა (არც გაგვკვირვებია) და ყველანი ლამფას შემოვუსხედით……

სახლს ვაშენებდი, მეგონა ყველაფერი მოვიმარაგეო. მასალები მოვზიდე, სხვებიც მეხმარებოდნენ, მარტო რას გავხდებოდი, გზადაგზა მემატებოდა საზრუნავი და მოსატან-წასაღები, მაგრამ როგორღაც ავუდიოდი, საშველიც გამოჩნდებოდა ხოლმე, ხელსაც ვიღაც წამაშველებდაო. საქმესაც შეეტყო – წინ მიიწევდაო. ერთხელ, ვდგავარ ამოყვანილ კედლებთან, გავცქერი ოთხივე კუთხეს და ფიქრში მაქვს, დღე-დღეზე იატაკი უნდა დავაგო, ოთახებსაც მოვხაზავ და ცოლ-შვილს შემოვიყვან-თქო. ის დროა, ერთიანად რომ გაუჭირდა ყველას. მასწავლებლებს რა უნდა გვქონოდა – რაც გვქონდა, აღარ გვიჩერდებოდა ხელში. ამ დროს კი ისე იმედიანად, გულიანად ვარ, ფონს გავედი, აჩხერილი კარკასი სახლს დაემსგავსა და… თურმე რაც ფიცარი მაქვს, ოდნავადაც ვერ გაწვდება იატაკს! სულ ოდნავ! საიდან გინდა მოიტანო, ვის გინდა თხოვო. ვისთანაც მიმესვლებოდა, შეწუხებული მყავს ყველა: ზოგმა ისე გამიმართა ხელი, ზოგმა მადროვა და მერე გავუსტუმრე, რაც ჯამაგირი მქონდა, ისედაც ამ სახლს ვახმარდი. თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ იტყვიან, იმ დღეში ჩავვარდი. მოკვდი თუ გინდა! ან სად გინდა იშოვო, ან რა უნდა ქნა, მეტი რომ იშოვო და ამ ხელმოჭერილი ყოფიდან გააღწიო. რას იზამ, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. რაზეც ოცნებობდი და დღე-დღეზე ასრულებული გეგონა, ისე დაგშორებია, ისე ერთიანად წამოუკრეფია საგნები, უკვე იმ ფიცრებსაც ვერ ამჩნევ, მოხდენილად რომ ეწყო და მხოლოდ იმისთვის გყოფნიდა, იატაკის დაგება რომ დაგეწყო. დაგეწყო და მეტი არაფერი. უკვე ვერაფერს ვამჩნევდიო, ყველაფერი ჩამმწარდა და ყველაფრის ხალისი დამეკარგაო, – ჰყვებოდა ბაბუაჩემი, – ხელები ავიფარე სახეზე და უღონობისგან ავტირდიო. ამას შევაფარე თავი, სასოწარკვეთისგან ამან მიხსნაო.

 

მერაბი

თუკი ინებებ, გამოგვყევიო. არა, ტყუილს ვამბობ, ჩემს არჩევანზე არ ყოფილა ეგა. ახლავე ადექი და გამოგვყევიო, უფრო ეგ იყო, მაგან რაც მითხრა. რა უნდა მექნა, ფეხზემდგომელამ ავისხ-ჩავიცვი ყველაფერი და სანამ კართან დაყუდებულ ვილისამდე ვუწევდი, კინაღამ ჩემი დამემართა: სად და ვისთან მივყავართ ამ თარს დღეს დაბადებულებს და ქვეყნის ამომგდებებს-მეთქი. შიში კი შემიჯდა კანში, მაგრამ სირცხვილის უფრო მეშინოდა გონია. ჩემი ხნის კაცს, ორმოცს ვინც გადასცილდება, ნაჭამი აქვს ყველა შიში და მძღნერი, ამიტომ სახლში რომ მოადგებიან, თავის თავზე აღარ ნაღვლობს, შვილებზე უფრო ეფიქრება, იმათი ბედი და მომავალი უფრო უჭერს ყელში. თავი ისე დავიჭირე, ჩემებისკენ არც კი გამიხედავს, თითქოს არ არსებობს, სულიც არ უდგიათო. არადა სულ იმის ფიქრში ვიყავი, ვინმემ მათი ყოფნა არ დაიხვიოს ხელზე და რაც ვიცი და რაც არ ვიცი, რაც მინდა და რაც შემიძლია, ყველაფერი მაკისრებინოს ამ მუხთალ დროებაში-თქო. არ იკისრებ და გამოჩნდება მკისრებელი, შენ კი სირცხვილს სირცხვილად გაჭმევდნენ და არც შენს შვილებს დაადგებოდათ კარგი დღე. ვისთანაც ჩავჯექი და სადაც მივდიოდით, ჩაჯდომიდან ორ წუთში ვიცოდი მე, არც ერთი გამკვირვებია და არც მეორე. აბა, ბიჭო, ცენტრიდან რომ მოდიან დაგეშილები და დავალება ხელში უჭირავთ, შენ გკითხავენ ახლა, ვისთან რანაირი გონორით და პახოდკით მივიდნენ. გზის მაჩვენებლად ვჭირდებოდი მე მაგათ, ჩემზეც კი სმენოდათ ერთი-ორი, ყურმოკრული სიტყვა, მაგრამ ჩემი რჩევა არც მანამდე და არც მერე არ დაჭირვებია იმ კამანდას… მრჩევლები თვითონ იყვნენ, ახალმოყვანილ მეთაურს გეწი-გეწ, მიყოლებით ანიშვნინებდნენ გამგებლებს, გუბერნატორებს, მილიციის უფროსებს, პროკურორებს, ორი თავი უნდა გქონოდა, მაგათ ნებას წინ გადადგომოდი.

2.

ზიკო

– შენოდენა ვიქნებოდიო, – დინჯად ყვებოდა, აუჩქარებლად, თითქოს პაუზებს შორის წლებს ტოვებდა, – როცა ყველაზე სუსხიანი ტკივილი ვიგრძენი პირველად. ტკივილი კვდომის განცდაზე არანაკლებია, ზოგჯერ ერთი მშვიდი სიკვდილიც განატრებინოს იქნება. გამჩენს ეხვეწები, გამათავე, რას მაწვალებ, მომასვენე ამ საცოდაობისგანო.

სოფელში, არ ვიცი რაღაზე და რანაირად, სამხედრო მანქანით რუსი სალდათები იყვნენ მოსული. ვერ გეტყვი, იყვნენ თუ უბრალოდ ჩვენს სოფელზე გადიოდა მოჭრილი გზა და აქედან არჩიეს წასვლა. მე მხოლოდ ის მახსოვს, შინდისფერი ბედაური რომ მება საბალახოზე, ამ ჯარისკაცების დანახვაზე თოკი ავხსენი და მანქანას გამოვენთე.

გაჭენება უნდა, თორე ყველა ცხენი ისედაც თოხარიკია. ჰაერს ტალღებად მივშხეფავდი, ლაგამიდან ხელი მისხლტებოდა, გაოფლილ ცხენზე სრიალებდა უნაგირი, რუსები მანქანის უკანა კოფოდან მისტვენდნენ და მახელებდნენ. შესახვევთან ცხენი მოსრიალდა უცები შემობრუნებისგან, სადავე ვერ შევიმაგრე და უნაგირს მოვწყდი.

გაფრენაზე მეტად დახეთქება მახსოვს. მუხლით დავემხე გაღორღილ მიწაზე. სისხლმა ტანსაცმლიდან გამოატანა, ტკივილმა წამართვა გონება. გამოფხიზლებულს თავი მკვდარი მეგონა. თვალში კარგახანს ვერ გამოვიხედე. ყურში ჯერაც ჩამესმოდა აუტანელი წუილი. დაგლეჯილი სახე მეფხანებოდა, უმორჩილოდ მითამაშებდა ნატკენი მუხლის კუნთიო.

 

ჯავარა

ვიღაცები მეტყვიან, შებრალება არ იციო… მომიგონეს ყველაფერი! ყმაწვილობიდან, ციხიდან, ქუჩიდან ამ თხზვითა და ჭორხაბარებით ვცხოვრობ. დაეტიონ თავიანთ ქერქში, ოღონდ მე წერა მაცალონ, ვიღაცებივით ტყუილ მემუარებს კი არა, ნაღდ წიგნს დავწერ. ერთს და ნაღდს, სადაც დაწვრილებით ვიტყვი, რაც გადამხდა, შეულამაზებლად; კარგს კარგად მოვყვები, ავს – როგორც სინამდვილეში იყო. თუ ცოდვა მქონდა, ჩემმა ხალხმა განსაჯოს, იმ ცოდვებსაც არ მოვერიდები – უცოდველი არავინაა, გენაცვალე, და ერთხელაც ყველას მოუწევს თავისი წილი გოგირდის შეჭამანდი, ცოტაც – კუპრი და წუმწუმა.

ოღონდ კი ის ერთი, ისა… იმას კი არ ვნანობ და არც ოდესმე დამავიწყდება, პირიქით, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, ცოცხალი როგორ გადამირჩა ღრჯო მოხუცი, როგორც ამბობდნენ, სოფლის სკოლის დირექტორი. მაგის სახე ახლაც თვალწინ მიდგას…

 

ლუბა

შენ პატარა იქნებოდი მაშინ – ნაშუადღევი იყო. მანქანა არ ჭაჭანებდა და ფეხით გამოვუყევი. ვიფიქრე ცუდ დღეს გაჩენილმა, ერთი-ორი გროში რომ მაქვს გადანახული, რა შავ ქვად მინდა, ისეთი სუნი ტრიალებს, ოხრად დაგვირჩენენ-მეთქი ყველაფერს, დილაუთენია ავდექი და ქალაქისკენ დავეშურე. ჩემს ბედად, ბაზარშიც არ იყო ხალვათობა – რაგინდარა საქონელი არგამად, შეღავათში იყიდებოდა. რასაც გავწვდი, მოვხვეტე და ტომარაში გამოვახვიე. თავიდან კი მემძიმა, ხელები დამაწყდა, დამეღალა, მაგრამ არ შევიმჩნიე ათას გაჭირვებაგამოვლილმა. მერე კიდევ ისაა,

სხვამ არ უნდა შეგნიშნოს მოტეხილი და დაუძლურებული რომ ხარ, თორემ გაიხარებს უეჭველად, სახეზე თუ არ შეეტყო, გულში ჩაეღიმება, იტყვის, ამასაც მოსწევია მიქელ-გაბრიელიო.

როგორც იქნა მოვაღწიე მოსახვევამდე. სიცივისგან დაკბენილი გაჩერებას არც ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მანქანამ გამიჩერა, ვიღაცამ გადმოყო თავი და, – დედი, სკოლის დირექტორი ხომ აქ ცხოვრობსო, – მკითხა. ზრდილობიანი ჩანდა. იმან კი დამაეჭვა, სამხედრო ფორმა რომ ეცვათ, თუმცა ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ვუთხარი სადაც ცხოვრობდა პატივცემული დირექტორი. იმ გზაზე მივდივართ და ბარემ წაგიყოლებთო, – დამიძახეს და რომ ჩავჯექი, სიგარეტისა და კაცების სუნით გამთბარ მანქანაში უარესად მომეკვეთა ფეხი დაღლილობისგან.

მერე ჩამომსვეს, თვითონ უკან შებრუნდნენ და დირექტორის ჭიშკართან ატეხეს სიგნალი. ცნობისმოყვარეობამ მძლია რატომღაც – არ ვარ ისე სეირსა და ტაშ-ფანდურს მიყურადებული – გამოღებული ჭიშკარი მივატოვე, ტომარაც მივჩურთე სადღაც, ხეს ავეფარე და ახლო რომ მივიწიე… სამნი იდგნენ, ეწეოდნენ და ჩაბნელებული მანქანიდან გადმოსულები სულ სხვანაირები ჩანდნენ. უფრო საშიშები. ბნელში და სიცივეში გაზრდილებს ჰგავდნენ. ამის ახსნას ნუ მომთხოვ ახლა: როგორც გაიგე ისეთია, უშუქო, უჭრაქო, უნათელო…

სიგნალზე რომ არავინ გამოიხედა, ისევ აპიპინდა მანქანა, ამათაც ხმა შეაშველეს, ხან ერთმა დაიძახა, მეორემაც არ დააკლო ხმა. როდის-როდის გამოჩნდა მასპინძელი, მძიმე ნაბიჯით მოუყვებოდა ეზოს, უკან არც მიუხედავს, თითქოს გაგდებულმა თუ გაბრაზებულმა მოიხურა კარიო.

 

3.

მერაბი

შესახვევთან ოდნავ შეანელა და შეუხვია მკვეთრად. შესახვევიდან ჭიშკრამდე ორასოთხმოცი ნაბიჯია. სულ ზეპირად ვიცი ყველა ნაბიჯი, იმდენჯერ ვყოფილვარ. აქაურ ხრეშს და კენჭებს სახელებით ვცნობ, მაგრამ ჯობია ხალხს არ ვიცნობდე, ისეთ დღეში და ისეთ საქმეში ვარ ახლა. კიდე კაი, ღმერთს მადლობა, შესახვევთან აყვანილმა, ძაძაგახუნებულმა და ტვირთისგან მისავათებულმა ქალმა არ მკიდა თვალი. ის მომენტია, თავი რომ უნდა მოიკლა კაცმა, მაგრამ ვერც ამას შვრები, თავის მართლებაც და თავმოყვარეობაც ერთი მიწისგანაა მოზელილი – სიცოცხლე რომ გიყვარს და არ გეთმობა, ე მაგისგან.

– ა, ეგ არის და თუ არ გჭირდებით… ან მე რაში გჭირდებით… – უკანა სკამზე, ფანჯარასთან მივიყუჟე. სირცხვილი დორბლად მდიოდა, ფაფანაჭამი ბავშვივით, სიბრაზისა და უმწეობისგან მაცახცახებდა.

ჯავარას ჩემკენ არც გამოუხედავს, ვილისიდან ჩავიდა და ჭიშკარს მიადგა.

 

ლუბა

სტუმრებმაც მიიწიეს ჭიშკრისკენ, სალამი თქვეს.

ერთი, ეტყობა, უფროსი იყო მაგათი, ხმამაღლა ლაპარაკობდა, რიხიანად: შენა ხარ დირექტორიო? – შავლეგმა თავი დაუკრა.

– გეცოდინება, ძიაკაცო, გუშინ გადმოვლახეთ მდინარე, ბევრი ბიჭი დაგვეკარგა შეტაკებაში, დაჭრილებიც გვყავს. ქალაქიდან გვეუბნებიან, ყველა შტაბი სავსეაო…

– ჰო…

– არ შეგაწუხებდით, მაგრამ, აი, კაცურად, ღამის გასათევი ადგილი არა გვაქვს და თქვენკენ მოგვასწავლეს, სკოლის დირექტორიაო…

– დიახ, სკოლის დირექტორი ვარ.

– აგაშენა ღმერთმა! დირექტორი რომ ხარ, გასაღებიც გექნება უეჭველად, ჩვენც ამისთვისა ვართ მოსულები. გაგვიხარდებოდა, თუ შეირბენდი და გამოგვიტანდი…

 

ჯავარა

საღამო იყო, სახლში რომ მივადექით და შორიდანვე შეეტყო ნაბიჯებზე – ნერვიულობდა. სულმთლად გაფართოებული თვალები გაურბოდა სადღაც. კაცურად ვთხოვე: ამხელა გზა გამოიარეს ბიჭებმა, ზოგი დაჭრილია, ბევრიც – დახოცილი, ძლივს ვაკავებ დანარჩენებს, მარადიორობა რომ არ დაიწყონ სოფელში. ღამის გასათევი არა გვაქვს და სანამ ეს უძინარი და მოშიებული მასა დარევია აქაურობას, გააღე ეგ შენი სკოლის კარები, ცოტა ხანს დავრჩებით და მალე ჩაგაბარებთ-მეთქი. წინდაწინ ვიცოდი, უარს მოხევდა. “არ შემიძლია, სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლიო” – თავი რომ გადაიქნია, ეგრევე ქამრისკენ წავიღე ხელი.

 

ლუბა

შავლეგი მახსოვს გაფითრებული: მკვდრისფერი ედო სახეზე, ხელის მარჯვენა მტევანი უკანკალებდა და ვიფიქრე, დამთავრდა ყველაფერი, დამთავრდა სიცოცხლე-მეთქი, მაგრამ მანქანიდან ვიღაც გამოვარდა, მეოთხე, ღმუილით, ხვეწნით, – არ ესროლო, არ მოკლა, მაგის გაზრდილი ვარო, მუხლებში ჩაუვარდა უფროსს. იმას ბებუთი ეჭირა ხელში შემართული, იგინებოდა და შავლეგისკენ იწევდა, ამის დედაც და რჯულიც, ამის სკოლაც და ოჯახიც, როგორ მაკადრა, უარი როგორ გამიბედაო…

იმ დღეს ნახევრად ჩამოიქცა ბაბუაშენი, ახლა კიდე – ანევრიზმაო!

…ვაი, რას მოვესწარი! ეს რა გავიგონე, კაცო… რა ოხერ დღეზე გამაჩინე, დედა მარიამ, ამდენ გაშავებულ, გაქვავებულ ვაჟკაცს რისთვის მაყურებინე!..

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...