შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ქართული თანამედროვე ვერლიბრი

0

ერთ ძალიან კარგ საიტზე დევს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კონვენციური ლექსი “წმინდა ანა”, ორი კომენტარი აქვს, ერთის ავტორი გვაუწყებს, რომ მოსწონს, ხოლო მეორე კომენტარი უბრალოდ ორი სიცილის სმაილია. კომენტარების ავტორები არ ჩანს. საერთოდ, უარყოფით გამოხმაურებებზე არანაირი რეაქცია არ მაქვს, მით უმეტეს, არც დითირამბებია რელევანტური ჩემთვის და, როცა ეს სიცილის სმაილები ვნახე ამ რამდენიმე დღის წინ, ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამ დილით დავფიქრდი და მივხვდი, რომ ორად ორი სმაილით საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება:

 

კომენტარის ავტორი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა პიიტიკოს-მესტიხეა, მისი ჭკუით ყოველგვარ ძველთან ხმალამოწვდილ მებრძოლს, თავი ალენ გისნბერგი თუ არა, ჩარლზ ოლსონი უეჭველად ჰგონია. იგი თავისი დაუდეგარი სულიერი განცდების გადმოსაცემად თავისუფალ ლექსს მიმართავს, რადგან კონვენციური ლექსი ოდენ რეტროგრადთა გასართობი ჰგონია (ამის დასტურია მისი სიცილის სმაილები), ან, უბრალოდ, კონვენციურ ლექსს საერთოდ ვერ წერს.

 

ის, ცხადია, არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ქართული ვერლიბრი, რიტმულ-ინტონაციური თვალსაზრისით, ღარიბი კი არა, ღატაკია. მას შეიძლება ბიპოლარული ვუწოდოთ: ერთი გახლავთ რიტმულ-ინტონაციური ვალდებულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ლექსი, რომელსაც სხვანაირად “პროზაულ ვერლიბრსაც” უწოდებენ, ხოლო მეორე გახლავთ რიტმული ვერლიბრი, რომელშიც დომინანტი მეტრული ერთეულები გახლავთ შავთელური ათმარცვლიანი და ბესიკური თოთხმეტმარცვლიანი, ხოლო მათ შორის სხვა რამდენიმე საზომია კომბინირებული, მთავარია რიტმი არ ირღვეოდეს. გვხვდება ასევე მესამე ტიპის ვერლიბრიც: სადაც ლექსი “პროზაული ვერლიბრის” ტიპისაა, მაგრამ შიგნით შემთხვევით რიტმებსაც ვხვდებით.

 

ქართული ვერლიბრის რიტმულ-ინტონაციურ გამრავალფეროვნებაზე ეროვნული ვერლიბრის დამამკვიდრებლები: გალაკტიონი და “ცისფერყანწელები” მუშაობდნენ, მაგრამ მათი ღვაწლი პრეცენდენტული იყო, სისტემურობა აკლდა, სწორედ ამიტომ ვერ ჰპოვა განვითარება მათ მიერ დაწყებულმა სამუშაოებმა ამ მიმართულებით. გალაკტიონს ნამდვილ ვერლიბრად “ჯონ რიდი” და თავისი რამდენიმე ტექსტის რამდენიმე ნაწყვეტი მიაჩნდა, ხოლო მის მიერ დაწერილ იმ ლექსებს, რომლებსაც დღეს მკვლევრები ვერლიბრს მიაკუთვნებენ (რადგან ისინი ვერლიბრებია) კონვენციური ან თეთრი ლექსის ნაირსახეობად განიხილავდა. ოციანი წლების მერე მას ვერლიბრი საერთო არ დაუწერია, თუმცა არც მანამდე იკლავდა თავს, მისი ინტერესის ობიექტი კონვენციური ლექსი იყო. სისტემურობის მცდელობა შეიმჩნევა პაოლოს ვერლიბრებშიც, მაგრამ პაოლოს სულ რამდენიმე ვერლიბრი აქვს დაწერილი და ამიტომ ვერ გამოუჩნდა, ალბათ, მიმდევრები. შოთა ჩანტლაძემ, ორმოცდაათიან-სამოციან წლებში ქართული ვერლიბრის აღორძინების ერთ-ერთმა მოთავემ, მთლიანად უარყო წინაპრების გამოცდილება. “გიტანჯალის” ჩხენკელისეული თარგმანიდან ამოზრდილ ბესიკ ხარანაულზეც, როგორც თვითონ აქვს ნათქვამი, არანაირი გავლენა არ მოუხდენია გალაკტიონის და “ცისფერყანწელების” ვერლიბრს.

 

ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი სამი ტიპის ვერლიბრის გარდა, თანამედროვე ქართულ პოეზიაში ალაგ-ალაგ მეოთხე ტიპის ვერლიბრიც გამოჩნდება ხოლმე, რომლის გაუცნობიერებელი ძირები შეიძლება გალაკტიონისა და “ყანწელების” ვერლიბრში ვეძიოთ. თუმცა ეს რიტმულ-ინტონაციური გამონაკლისები მხოლოდ შემთხვევითი, გაუცნობიერებელი პრეცენდენტებია და ისინი ვერანაირად ვერ მოახდენენ გავლენას ქართული ვერლიბრის პროსოდიულ გამრავალფეროვნებაზე. თუ სწორად მახსოვს, ელიოტს აქვს ნათქვამი, რომ ნებისმიერი ვერლიბრის საფუძველი თუნდაც ყველაზე მარტივი მეტრი მაინც უნდა იყოს. ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ეხმიანება ერთი ნაწყვეტი ეზრა პაუნდის ესეიდან: “დაე, კანდიდატმა (პიროვნება, რომელიც ამ ესეის ადრესატი იქნება) გონება აივსოს ყველაზე დახვეწილი რიტმებით, რის მოძიებასაც კი ის შეძლებს, სასურველია, უცხო ენაზე, ისე, რომ მისი ყურადღება მოძრაობიდან სიტყვების მნიშვნელობაზე ნაკლებად გადავიდეს; მაგალითად: საქსონური შელოცვებით, ჰებრიდული ხალხური სიმღერებით, დანტეს ლექსითა და შექსპირის ლირიკით — თუკი მოახერხებს, რომ მან რიტმიდან ლექსიკონის (მნიშვნელობის) განცალკევება მოახდინოს. დაე, ცივად, ნაწილ-ნაწილ, დაანაკუწოს გოეთეს ლირიკა შემადგენელ ხმათა ღირებულებებად, გრძელ და მოკლე, მახვილიან და უმახვილო მარცვლებად, ხმოვნებად და თანხმოვნებად”.

 

ამდენად, ქართული ვერლიბრის შესაძლებობები დიდია და ამ მიმართულებით კომპლექსური, თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო კონკრეტული ავტორის მხრიდან, ფრაგმენტულობა ვერაფერს შეცვლის. ჩემთვის გაცილებით დრომოჭმული და გაცვეთილია ზემოთ ნახსენები ბიპოლარული ვერლიბრის ჩარჩოებში მოქცევა, ვიდრე კონვენციური ლექსის შესაძლებლობების ახლებურად გადააზრება.

 

დასასრულ: დიდი მადლობა იმ სმაილების ავტორს, რომელმაც ეს სტატია დამაწერინა.

 

მეგობარი გაკვეთილები: მულტიდისციპლინური მოდელის შესახებ

0

ინტეგრაცია, საგანთაშორისი კავშირები, გამჭოლი კომპეტენციები, სიღრმისეული სწავლა… ეს ტერმინები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა ჯერჯერობით ჭირს ზემოაღნიშნული მიმართულებების სასკოლო ცხოვრებაში ხარისხიანად დანერგვა, რადგან საგნობრივი სწავლების სტილი ყველა დისციპლინას საკუთარი შინაარსის ჩარჩოში ამწყვდევს.

როგორც ვიცით, ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია საგნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება. ფრაგმენტულად შეკავშირებული გაკვეთილებისგან (რამდენიმე საგნის მასწავლებლის მიერ ორგანიზებული საერთო გაკვეთილი) მნიშვნელოვნად განსხვავდება ხანგრძლივ ინტეგრაციაზე ორიენტირებული კურიკულუმი. უნდა აღინიშნოს, რომ ინტეგრირებული პროგრამით სწავლება საგანმანათლებლო სიახლეს წარმოადგენს და დღემდე დაკვირვებისა და დახვეწის პროცესშია.

განათლების ექსპერტები ხაზს უსვამენ სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირებისა და გამოყენების მნიშვნელობას. მათი აზრით, ახალი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში არსებულ მოთხოვნებს უნდა მიესადაგებოდეს, ანუ მოსწავლე უნდა ხედავდეს აწმყოში მისი გამოყენების საჭიროებას. ინტეგრირებული კურიკულუმი კი სწორედ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

საგანთა შორის მკაფიო კავშირების დამყარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა სიღრმისეული სწავლების ერთ-ერთ გზად მოიაზრება. გამოყოფენ რამდენიმე მოდელს: მულტიდისციპლინურს, ინტერდისციპლინურს, ინტრადისციპლინურს და ტრანსდისციპლინურს. ინტრადისციპლინურ მოდელს ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის კავშირების დასამყარებლად იყენებენ (მაგალითად მოვიყვან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სადაც კავშირები მყარდება ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას შორის). თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც. რაც შეეხება ინტერდისციპლინურ მოდელს, აქ აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე. მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს საკუთარი ხელით შეაქმნევინოს საკრავები, რის შედეგადაც იგი გამოიყენებს ხელოვნების მიმართულებისთვის დამახასიათებელ უნარებს, მათემატიკასთან დაკავშირებული გაზომვისა და სიმეტრიის საკითხების ცოდნას, ბუნებრივი და/ან ხელოვნური რესურსის სწორად შერჩევას (ბუნებისმეტყველება) და ამ გზით დაამყარებს კავშირს სხვა საგნებთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარებთან. ტრანსდიციპლინური მოდელი კი მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით იგება და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აღნიშნული მოდელით სწავლისას მოსწავლეები ყველაზე ეფექტურად ივითარებენ ცხოვრებისეულ კონტექსტთან მჭიდროდ დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და სიღრმისეულად გაიაზრებენ მიღებულ ცოდნას, რადგან საგნებს შორის მანძილი მინიმუმამდე მცირდება. ტრანსდისციპლინური მოდელის თანახმად, დისციპლინები ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენს. აქ აქცენტი დაისმის არა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებულ ცოდნებსა და უნარებზე, არამედ ცნებებსა და კონცეფციებზე, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნებისა და უნარების მოძიება-დაუფლების გზით შეისწავლიან. ზემოაღნიშნული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტული სწავლების დროს.

მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას.

მაგალითად, თუ ავიღებთ თემას „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ და მის გარშემო ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მუსიკისა და ხელოვნების დისციპლინებს გავაერთიანებთ, ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები სიტყვა „ნახელავთან“ დაკავშირებულ ტექსტებს შეისწავლიან და თავადაც შეეცდებიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, რაშიც ხელოვნების გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარ-ჩვევები, მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი სიბრტყითი და სივრცითი ფიგურების სპეციფიკა, ბუნებისმეტყველების მიმართულებით – ბუნებრივ და ხელოვნურ რესურსებთან მუშაობის გამოცდილება და მუსიკის გაკვეთილზე საკრავების შექმნის ტექნიკებზე დაკვირვება დაეხმარებათ. თითოეული თემის შესწავლისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ სასურველია საერთო შემაჯამებელი პროექტის განხორციელება, რაც ცოდნისა და უნარების თავმოყრასა და ურთიერთდაკავშირებას საგრძნობლად გააადვილებს. თემატური ინტეგრაციის ხანგრძლივობა საერთო თემების რაოდენობასა და მათი დაფარვის დროზეა დამოკიდებული.

როგორც ვხედავთ, მულტიდისციპლინური მოდელით შექმნილი სასწავლო კურიკულუმი უმეტესად ფოკუსირებულია თემატურ კავშირებზე. იგი სიღრმისეულ ცოდნას გადასცემს საგნობრივი სწავლების ფორმატში. ტრანსდისციპლინური მოდელისგან განსხვავებით, დისციპლინური ცოდნა და უნარ-ჩვევები პრიორიტეტულია. თუმცა მასწავლებელი სწავლების პროცესში აქაც ფასილიტატორის როლს ირგებს. რაც შეეხება ინტეგრაციის ხარისხს, მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით მჭიდრო ინტეგრაცია ტრანსდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მოდელებს ახასიათებს, თუმცა საგნობრივ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს მულტიდისციპლინური მოდელი ყველაზე კარგად ერგება.

წელს, საკუთარი პრაქტიკის კვლევის ფარგლებში, კოლეგებთან ერთად მულტიდისციპლინური კურიკულუმის შედგენა განვიზრახე. კვლევის ჯგუფში გავერთიანდით ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის მასწავლებლები. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ჯერ საკვანძო თემები შევარჩიეთ და საგაკვეთილო ბადეზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვა დავიწყეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ თემაზე დაყრდნობით ინდივიდუალური გეგმების დაწერა სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გაკვეთილების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესმა ინდივიდუალურ ნაშრომებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოითხოვა. როგორც ხედავთ, მხოლოდ თემის გარშემო გაერთიანება და საკუთარი დისციპლინის შინაარსზე დაყრდნობით სწავლება საკმარისი არ არის. თემატური ერთეულის თითოეული კვირის გაკვეთილები ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. როცა ეს „აღმოჩენა“ გავაკეთეთ, ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით და ე.წ. საერთო ინდიკატორებზე შეთანხმება გადავწყვიტეთ, ანუ გამოვყავით თემასთან დაკავშირებული ის საერთო დებულებები, რომლებიც სასწავლო თემას და თითოეული საგნის ინდიკატორებს ეხმიანებოდა. შემდეგ თითოეული აქტივობა მას მივუსადაგეთ და ჯაჭვის აწყობაც გაგვიადვილდა. საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ კურიკულუმის ერთ-ერთი თემის „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ საერთო კონცეფციებს:

  • ყველა ნივთს აქვს კონკრეტული დანიშნულება;
  • ადამიანი ნივთებს პირადი საჭიროების მიხედვით ქმნის;
  • ადამიანი ნივთებს ქმნის გართობის ან თვითგამოხატვის მიზნით;
  • მრავალი ნივთი მზადდება ბუნებაში არსებული რესურსით;
  • ერთი და იმავე საგნების დამზადების წესი და რესურსი დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება;
  • ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ნივთების დამზადების გამოცდილებას.

თითოეული გაკვეთილისგან მთავარი აქცენტების გამოყოფით და საგაკვეთილო ბადის (გაკვეთილების თანმიმდევრობა) გათვალისწინებით, მე და ჩემმა კოლეგებმა შევიმუშავეთ ერთგვარი ინსტრუმენტი (სქემა), რომელიც ჩვენი კვლევის მთავარ მიგნებად იქცა. სქემაში თითოეული გაკვეთილის მიზნების გადატანამ ინტეგრაციის ჯაჭვის აგება საგრძნობლად გაგვიადვილა. ზემოაღნიშნული თემის პირველი კვირა კი ასეთიიყო:

 

მომდევნო წერილში ისევ მივუბრუნდები მულტიდისციპლინური კურიკულუმის შექმნის სპეციფიკას და ერთ-ერთ თემაზე მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Drake, S. M., & Burns, R. C. (2004). Meeting standards through integrated curriculum, 6-17. Association for Supervision and Curriculum Development

https://www.ascd.org/publications/books/103011/chapters/What-Is-Integrated-Curriculum%C2%A2.aspx

ტომ გეიტსის და სხვა გოგო-ბიჭების დღიურები

0

დღიურების წერა ალბათ ერთ-ერთი ამბივალენტური პროცესია, რასაც ადამიანები აკეთებენ, მით უფრო, თუ ამას ბავშვობაში აკეთებენ. ის თან ისეთ ინფორმაციას, განცდებს და ემოციებს უნდა იტევდეს, რომლებსაც ადამიანი თავს თუ გაუმხელს. თან სულ არსებობს იმის “საფრთხე” ან სურვილი, რომ ის ვინმემ წაიკითხოს, მან, ვისაც ასე პირდაპირ არ გინდა უთხრა, რასაც მასზე ფიქრობ. მაგრამ თან გინდა, იცოდეს, რომ ეგრეც არ არის, იცი რასაც აკეთებს, როგორ უწესოდ იქცევა, როგორ შეეშალა, როგორ არასწორად მოიქცა, გადაამლაშა, არ დაფიქრდა, მოკლედ, როგორი ცუდია და რამდენ სისულელეს აკეთებს. შესაბამისად, დღიურები სიყალბის და თავის მოკატუნების ერთ-ერთი პირველი სავარჯიშოა, სადაც ბავშვები სწავლობენ, როგორ თქვან რაღაც ისე, ვითომ ამის თქმას არ აპირებდნენ და დაწერონ ისე, ვითომ მხოლოდ მათთვის ჰქონდა ამ სიტყვებს მნიშვნელობა, როგორ დაფარონ მთავარი ამბები და როგორ მოყვნენ მეორეხარიხსოვან ამბებს ისე, რომ გაგაგებინონ, რაზე ფიქრობდნენ მაშინ, როცა ამას წერდნენ. მეორე მხრივ, დღიური კომუნიკაციის ფორმაა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, თუკი მას ვინმეს გაუზიარებ, თუნდაც მაშინ, როცა მისი წარმოება სიყალბის შემცველია. ალბათ სჯობს რაღაც ასაკში გქონდეს ადამიანს დღიური, როგორც წერაში სავარჯიშო, საკუთარ თავთან საკომუნიკაციო სივრცე და მეხსიერების ბარათი.

 

დღიურებს ოდესღაც მეც ვწერდი. მერე შევწყვიტე  და გრძელ და რთულ გზას დავადექი, რომელზეც  უნდა მესწავლა: სათქმელის მკაფიოდ ფორმულირება, ისე წერა, რომ ბევრს წაეკითხა ჩემი ნაწერები და თუკი ვინმესთვის რამის თქმა მომინდებოდა, ეს მარტივად მომეხერხებინა.

 

დღიურებზე ფიქრი ცოტა ხნის წინ განვაახლე, როცა წიგნის მაღაზიაში მხიარულყდიანი წიგნები შევამჩნიე, ჩემი შვილისთვის ვიყიდე და 1 კვირაში “შევყლაპეთ” “ტომ გეიტსის დღიურების” ორი ნაწილი. ტომი მეხუთეკლასელი ბიჭია, დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს, უყვარს კარამელიანი ვაფლები, ბენდი “3 ტიპი”, ხატვა და ეპრანჭება კლასელ გოგოს. მისი მთავარი გასართობი თავის როკ ბენდის რეპეტიციები, ყოველდღიური ამბების ნახატებით მოყოლა და თავისი და – დელიას გაბრაზებაა. ტომი, ისევე როგორც ყველა ამხელა ბიჭი, ხშირად იგვიანებს გაკვეთილებზე, იგონებს დავალებების არშესრულების ხრიკებს, უხარია, როცა რაღაც კარგად გამოსდის და განცვიფრებულია, როცა მასწავლებელს საყვარელი ჯგუფის კონცერტზე ტყავის შარვალში გამოწყობილს დაინახავს.

 

ტომის ამბები საკომუნიკაციო მედიუმია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც შეიძლება აღარ ახსოვდეთ, როგორები იყვნენ ამ ასაკში. ჩემმა შვილმა, მაგალითად, მისი გაცნობის მერე კიდევ უფრო გაამრავლა სახატავ რვეულში თავისი ყოველდღიური ამბების ამსახველი ნახატები. მე კი მარტივად ავუხსენი ტომის და დელიას მაგალითზე, რატომ აბრაზებენ პატარა ბიჭები დიდ გოგოებს. ერთად ვიცინეთ იმაზე, როგორ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ როცა ბავშვს მეგობარი სტუმრობს, მშობლები მათ ლაპარაკსა და თამაშში თითქმის ყოველთვის ზედმეტია. ისიც განვიხილეთ, რომ თუკი სხვა უფროსი ბავშვები, მაგალითად, ბიძაშვილები საშიშ ფილმს უყურებენ, სირცხვილი არ არის თქვა, რომ ეს არ მოგწონს და გეშინია, და საკუთარი რეპუტაციაზე ზრუნვის გამო უსიამოვნო გასართობებში მათ არ აჰყვე.

ტომ გეიტსის დღიურების ავტორი ბრიტანელი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მუსიკალურ ინდუსტრიაში. ერთ დღესაც მან, სამი შვილის დედამ საკუთარი ილუსტრირებული წიგნის გაკეთება გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ მისი გამოგონილი ტომ გეიტსის ამბები უამრავ ბავშვს მოეწონა. წიგნი მილიონობით გაიყიდა დიდ ბრიტანეთში, ითარგმნა 40-ზე მეტ ენაზე, გამოვიდა ტომ გეიტსის ალმომი, დაიბეჭდა მაისურები და ა.შ.

 

ვებსაიტზე, რომელიც წიგნის მხარდაჭერად არის გამზადებული, საკმაოდ მდიდარი და საინტერესო მასალები მოიპოვება მასწავლებლებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ, ტომ გეიტსის საგაკვეთილო პროცესში ჩართონ და მისი გავლით მიაწოდონ ბავშვებს სხვადასხვა მასალა. აქვეა თამაშები, კითხვარები, გასაფერაფერადებლები და სხვა გასართობები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გამოიყენონ და რაც მთავარია, სიმღერები, რომელთა ამბებსაც ტომი წიგნში ჰყვება.

 

ტომ გეიტსის დღიური, ვფიქრობ, საინტერესო შემთხვევაა, რომელიც აჩვენებს, რამდენნაირი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ერთ რიგით, ნახატებით გაფორმებულ, ყოველდღიური ამბების ამსახველ დღიურს. იმ შემთხვევებისთვის კი, თუკი მართლაც იდუმალი, ნამდვილი დღიურის წერას გადაწყვეტთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი ბავშვები, დღეს უკვე ძალიან ბევრი ონლაინპლატფორმა არსებობს, სადაც მკაცრად გასაიდუმლოებული ჩანაწერები შეგიძლიათ აწარმოოთ.

 

 

 

 

მოსწავლის „გაფერადებული“ გაკვეთილი ანუ შავი ხვრელი ოსკარ უაილდის მოთხრობებში

0

ვუძღვნი მოსწავლეს – ელენე მიმინოშვილს

 

გაკვეთილი მრავალი მიზეზის გამო შეიძლება ორიგინალური გამოვიდეს, თუმცა მე ყველაზე მეტად ისეთი მომწონს, მოსწავლე რომ გააფერადებს ხოლმე. როგორ აფერადებენ მოსწავლეები გაკვეთილებს? ეს რა თქმა უნდა, მათ უნარ-ჩვევებსა და საყვარელ ფერებზეა დამოკიდებული. თუმცა აჯობებს ქარაგმების გარეშე, თავიდან მოვყვე, დაფა და მობილურების შესანახი კალათა ჯერაც ცარიელი რომ არის, ჭრელი პუფები დაბერილი, პროექტორი ჩამქვრალი, წასაკითხად ამობეჭდილი მოთხრობები კი მაგიდაზე აწყვია.

წასაკითხად ამობეჭდილი ამჯერად „ღირშესანიშნავი შუშხუნა“ და „ბულბული და ვარდია,“ ასე რომ, ჩვენი „სტუმარი“ ოსკარ უაილდი იქნება, თემა კი – სიყვარული!

დაპირისპირების დიდოსტატი მწერალი მოსწავლეებს თვალსაჩინოდ რომ წარვუდგინო, მისეულ ფრაზებს განსხვავებული ფერებით ვწერ დაფაზე…

წითელი მარკერით: იდეისთვის თავგანწირვა; ნამდვილი მიჯნური; სიყვარული ჭეშმარიტად სასწაულია; ზურმუხტზე უძვირფასესია, იაგუნდზე მშვენიერია! ლხენა შეუძლია ტანჯვად აქციოს; სიყვარულს ვერ იყიდი, სიყვარულს ფასი არ დაედება!

მწვანე მარკერით: ეგოისტური თვითკმაყოფილება; რომანტიკა მოკვდა; სიყვარულს ლოგიკის ოდენაც არ შესძლებია, იგი არაფერს არ ამტკიცებს და სულაც არ არის პრაქტიკული;

ლურჯი მარკერით: სკეპტიციზმი – კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში; ირონია – თავზიანობით შენიღბული დაცინვა;

შავი მარკერით ზოგიერთ სიტყვას ოვალურ ჩარჩოს ვავლებ და ისრებით ვაკავშირებ.

ნეტავ, რა ხდის სიყვარულის თემას მიმზიდველს, არაორდინალური შემთხვევები, გამონაკლისები თუ ჩვეულებრივი ამბები, ერთი ზღაპრული წინადადებით რომ სრულდება: „ცხოვრობდნენ დიდხანს, ტკბილად და ბედნიერად!“ – დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და შესაძლოა, გემოვნებასა და ფერებზეც ბევრი ვიდაოთ.

***

მკითხველთა კლუბის გაკვეთილები „ლეტერატოში“ საღამოობით ტარდება. აქ თინეიჯერები სპორტით, მუსიკით, უცხო ენებით, სასკოლო გაკვეთილებით დატვირთული დღის ბოლოს იკრიბებიან. ზოგიერთს მეორე დღისთვის ჯერაც არ უმეცადინია, მაგრამ… მხატვრული ლიტერატურისთვის კვირაში ერთხელ რეგულარულად იცლიან. როგორც დანიელ პენაკი* იტყოდა, „ყოველდღიურ ვალდებულებებს კითხვის დროს პარავენ!“

ოსკარ უაილდის ირონიული ღიმილი, მოდური ტანსაცმელი, ელეგანტური პოზები შავ-თეთრ ფოტოებზე, არაორდინალური თავგადასავლები, დახვეწილი ბრიტანული იუმორით გაჯერებული გამონათქვამები მოსწავლეების ინტერესს იმსახურებს და სულ მალე დაფაზე, ფერადი მარკერებით გაჩაღებულ პოლემიკას ვუერთდებით.

***

როდესაც გაკვეთილის სათაურია „სიყვარულის თემა ოსკარ უაილდთან,“ როგორც წესი, სილაბუსით გაწერილ სტანდარტულ გეგმას მივყვებით: ავტორის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ მოთხრობებს ვკითხულობთ, საყურადღებო პასაჟებს ვარჩევთ, ვმსჯელობთ. ნაწარმოების კონტექსტის შესაბამის, მოკლემეტრაჟიან მხატვრული ან ანიმაციური ფილმს ვუყურებთ. ამჯერად შევარჩიეთ „პარიზო, მე შენ მიყვარხარ“ (Paris, Je T’ame) – ფილმი-ანთოლოგია, რომელიც 22 ცნობილი რეჟისორის გადაღებული 18 ნოველისგან შედგება. მეთხუთმეტე ეპიზოდს, უეს ქრეივენის „პერ ლაშეს“ (Père-Lachaise) ვრთავთ, ვინაიდან სწორედ იქ მეგულება ოსკარ უაილდისეული სასიყვარულო პერიპეტიები.

46 წლის ოსკარ უაილდი 1900 წელს, საფრანგეთში გარდაიცვალა და პარიზში, პერ ლაშეს საფლავზეა დაკრძალული. 1999 წლიდან გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, შეყვარებული წყვილები მისი საფლავის ქვებზე პომადიანი ტუჩების კვალს ტოვებენ იმ იმედით, რომ საფლავზე აღმართული სფინქსის ქანდაკება მათ სიყვარულს უკვდავსა და მარადიულს გახდის. სწორედ ამ ცრურწმენას ეფუძნება უეს ქრეივენის ეპიზოდი: ინგლისიდან პარიზში ჩასული წყვილი პერ-ლაშეს საფლავზე მისეირნობს. თვალებანთებული გოგონა ოსკარ უაილდის საფლავს ეძებს. გრაფიკებითა და გეგმებით თავგამოტენილი საქმრო კი უკმაყოფილოა – გარდაცვლილები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრებაში საოცარი ადამიანები იყვნენ, მის აღფრთოვანებას ვერ იმსახურებენ. შეყვარებულებს შორის ბზარი ჩნდება, გოგონა თანდათან რწმუნდება, რომ მისი მომავალი ქმარი მოსაწყენი ადამიანი იქნება იუმორის გრძნობის გარეშე და გადაწყვეტს თავს გაქცევით უშველოს. ოსკარ უაილდის აჩრდილისგან მიღებული რამდენიმე სასარგებლო რჩევა (და საფლავის ქვაზე თავით დახეთქება) სასოწარკვეთილ საქმროს სიყვარულის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება.

უეს ქრეივენის ეს პატარა ჩანახატი ოსკარ უაილდის ზღაპრებივით ხან მწარედ გავაცინებს, ხან ცრემლიან ღიმილს გვგვრის. ნებისმიერ სერიოზულ რომანზე, კვლევაზე თუ სრულმეტრაჟიან ფილმზე უკეთ და იოლად გვახვედრებს, სად არის ჩვენი ადგილი და რა არის მთავარი სათქმელი.

თუ სად არის ჩვენი ადგილი და რა არის მთავარი სათქმელი – ასევე ორიგინალურად გვახვედრებს „ღირშესანიშნავი შუშხუნა“ და „ბულბული და ვარდი.“ სტუდენტმა მხოლოდ ის იცოდა, რაც წიგნებში ამოეკითხა, ამიტომ ვერ გაიგო ბულბულის ენა და ვერც მისგან მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე დააფასა. ბულბულმა კი იდეისთვის თავგანწირვა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ „ერთი წითელი ვარდისთვის სიკვდილი მძიმე საფასური იყო, სიცოცხლე კი – ყველასათვის ძვირფასი.“

დიახ, ზღაპრის ენაზე სიმართლე მარტივი სათქმელია, მსმენელი კი თავად ირჩევს სინამდვილეში რა იყო და რა არა… ჩაფიქრებული მოსწავლეები ახლა სწორედ ამ არჩევანის წინაშე დგანან. ბულბულის სისხლით შეღებილი „ყველაზე წითელი ვარდი მთელ ქვეყანაზე“ ვერაფერს გახდა კამერჰერის ფეხსაცმელზე მოელვარე ვერცხლის ბალთასთან და თვალ-მარგალიტის ყელსაბამთან. აქედან გამომდინარე, რა ფერი მარკერით დაწერილი წინადადებები აღმოჩნდა ჭეშმარიტი?

ხანგრძლივი მსჯელობა და კამათი გაკვეთილის დასასრულთან გვაახლოვებს: სილაბუსით გაწერილი ყველა პუნქტი შესრულებულია, ყველაფერი ითქვა, ყველაფერი გავიაზრეთ, ყველაზე მტკივნეული წინადადებებიც მრავალჯერ (თითქოს თვალებს არ ვუჯერებდით) გადავიკითხეთ: A „ვარდი თხრილში გადააგდეს და ზედ ეტლმა გადაუარა.B„სტუდენტმა თაროდან ერთი სქელტანიანი, მტვრით დაფარული წიგნი გადმოათრია და კითხვას შეუდგა: სჯობს ფილოსოფიას ჩავუჯდე და მეტაფიზიკა შევისწავლოო…“

და აი, სწორედ მაშინ მომესმა მერხთან გასუსული, მოთხრობაზე თავჩახრილი ელენეს ჩურჩული: ვარდი შავ ხვრელში მოისროლესო…

სწორედ ასეთ წუთებში ფერადდება გაკვეთლი! სწორედ ასეთ წუთებში ვიწყებთ ათასჯერ წაკითხული და გაზეპირებული ამბების სრლიად ახლებურ რაკურსში აღქმას (არა მხოლოდ მოსწავლეები, მასწავლებლებიც). ვხვდებით, რომ სწორედ ჩვენი მოსწავლეების განსხვავებული ნააზრევი აქცევს ლიტერატურულ ნაწარმოებს მარადიულ, რელევანტურ ქმნილებად. ვინ მოთვლის, დღეიდან კიდევ რამდენ შავ ხვრელს მივაგნებთ ოსკარ უაილდის მოთხრობებში (უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ თავმომწონე შუშხუნაც იქ აღმოჩნდა). ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ფიზიკური თუ ქიმიური მოვლენა, რამდენი  ასტრონომიული განზომილება იმალება ლიტერეტურის მიღმა. ერთი კი ცხადზე ცხადია, ამიერიდან გაკვეთილი, სათაურით „სიყვარულის თემა ოსკარ უაილდთან“ სახესა და სათაურს ძირფესვიანად შეიცვლის (თუ, რა თქმა უნდა, საავტორო უფლება ელენე მიმინოშვილმა გადმოგვცა).

 

*ფრანგი მწერალი, კითხვის შეყვარების დიდოსტატი.

 

 

ცხოვრება გამოცდა არ არის ანუ რეფორმების კართან

0

„ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ…“

დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნი”

 

ჩვენი ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები ხანდახან არაცნობიერად და თავისთავად იქმნება… თავისთავად, მაგრამ არა უმიზეზოდ და საფუძვლების გარეშე. მეტაფორები იკვებება იმ ქმედებებით, ქცევებით, თეორიებით, რომლებზეც ვიზრდებით. ჰო და, არავის გაუკვირდება, რომ ჩვენი არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური მეტაფორა რომ სწორედ „გამოცდაა“.

რატომ გამოცდა…?

თუ თქვენ თქვენს ცხოვრებას გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ გამოცდები და მასთან დაკავშირებული ემოციები ცნობიერების მყარ დისკზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩვენი ქცევებიც კი იმ მოდელიდან გამომდინარეობს, რომელშიც ბაღში და სკოლაში ვართ: გაკვეთილი, შეფასებები, დახარისხებული მოსწავლეები (ოროსანი, სამოსანი, ხუთოსანი, ათოსანი…), კარგი, ცუდი, საუკეთესო, ყოჩაღი, ზარმაცი, უქნარა… იარლიყები, რომლებიც სკოლამ დაგვაზეპირებინა, გადაგვაქვს ცხოვრებაში და მთელი ცხოვრება ამ სტერეოტიპებში ვაგრძელებთ სიცოცხლეს. სანიმუშოდ შეგიძლიათ პარლამენტის სხდომას უყუროთ, როდესაც დებატებისას დეპუტატები ხშირად წასძახიან ერთმანეთს: – დაჯექი, ორიანი! – ოროსნები, – ხუთოსნები… – გამოცდა ვერ ჩააბარეთ! და სხვა; პარლამენტის სხდომები ტიპური და სანიმუშო მაგალითია იმისა, როგორ გადაგვაქვს ნაცნობი სისტემა სხვადასხვა სფეროზე.

ჩვენს ცნობიერებაში „გამოცდას“ რელიგიური კონტექსტიც კვებავს. ცხოვრება ხომ გამოცდაა და სასულიერო პირები ხშირად უმეორებენ მრევლს: „ცხოვრება გამოცდას გიწყობს!“ გამოცდის მიზანი სწავლაც შეიძლება იყოს და უბრალოდ „გამოცდაც“. ამას სახარებაშიც ამოვიკითხავთ:

„იესო ჯერ კიდევ იერუსალიმის მახლობლადაა, როცა რამდენიმე იუდეველი მიდის მასთან.ზოგ მათგან სურს, ისწავლოს მისგან, ზოგს კი, უბრალოდ, მისი გამოცდა უნდა“ (ლუკა 10:25).

გამოცდები სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული. ხოლო თუ მთელი ცხოვრება სწავლაა, მაშინ გამოდის, რომ სულ გამოცდები უნდა ვაბაროთ და ამ გამუდმებულ საგამოცდო ორომტრიალში ცხოვრების ადგილი აღარ რჩება! – აი, ეს არის მთელი პრობლემა, თორემ, შესაძლოა, რომ რაღაც მომენტში ცხოვრების რომელიმე მოვლენა მართლაც მივიღოთ გამოცდად, რომელმაც რაღაც გვასწავლა.

ამ ცნობიერების ანარეკლია მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსი:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მრავალს უწია ცოდვამ:

ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!

კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

ცოდვის კითხვაა… ჰოდა!

ყველა ისეთი აღმოჩდა,

რა წარმოდგენაც მქონდა!

როცა პოეტი წერს, რომ: „ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა!“ – აი, ეს ფრაზა აუქმებს უკვე გამოცდების საჭიროებას. ეს იუმორით, თუმცა სერიოზულადაც შემიძლია იგივე ვთქვა.

რა არის თქვენთვის ცხოვრება…? _ გამოცდა? მაშინ მოემზადეთ, რომ მიღებულ ცოდნას ვერსად გამოიყენებთ, ან, უბრალოდ, დიპლომებს და სერთიფიკატებს დააგროვებთ და, სავარაუდოდ, სამოთხის შესასვლელში წარადგენთ!

მეტაფორა, რომელსაც ადამიანი იყენებს, მისივე ცხოვრების გასაღებია, რას და როგორ ფიქრობს… ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება თავგადასავალია და ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება გამოცდაა, განსხვავებულად რეაგირებენ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და გამოწვევებზე.

კონცეპტი „გამოცდა“ დაანონსებულმა რეფორმებმა გამიაქტიურა და ერთგვარი იმედიც გამიჩინა, რომ, შესაძლოა, დადგეს ის რელობა, როდესაც ადამიანი გამოცდისთვის კი არა, ცოდნისთვის და ამ ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებისთვის ისწავლის, თორემ ბევრი გამოცდის შედეგი ვიცით, ჩასაბარებელ მაგიდასთან რომ დასრულებულა, გადაყრილ „შპარგალკებთან“ და სკოლისა და უნივერსიტეტის გამოსასვლელ კართან.

მინისტრის აზრით, გამოცდები ხელს უშლის სწავლების პროცესის წარმართვას და ამ გამოცდების გაუქმება უთუოდ გააჯანსაღებს სკოლას

როცა განათლების სისტემაში მიდგომები შეიცვლება და როდესაც მოსწავლეს გაუჩნდება ცოდნის მიღების სხვა მოტივი, ვიდრე ეს არის შეფასება, მაშინ ნამდვილად გაჯანსაღდება სწავლის პროცესი, სხვა შემთხვევაში, გამოცდების გაუქმება ბევრ ვერაფერ შედეგს  მოიტანს.

მოსაწყენია გაკვეთილივით დაზუთხული და დაზეპირებული ცხოვრებაც და თუ გვინდა ეს შევცვალოთ, სწორედაც რომ უნდა შეიცვალოს გამოცდების ფუნქცია. მეტი შემოქმედებითობა სჭირდება სასწავლო პროცესს: სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც, თორემ თუ მხოლოდ გამოცდებით შეფასდება-დაფასდება ადამიანი, რობოტიზაცია სწორედ ეს არის. განსხვავებული უნარების განვითარება მრავალფეროვანი ხედვის წინაპირობაა, ხოლო მრავალფეროვანი ხედვა – საინტერესო ცხოვრების.

საინტერესო ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები კი ასევე მრავალფეროვანი და ცვალებადი იქნება.

აი, რას წერს დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნიში“: „ცხოვრება – სარკეა, რომელზეც ჩვენი შინაგანი სამყარო აირეკლება… შინაგანი სამყარო კი ყველასი განსხვავებულია… არ არსებობენ მტრები და მეგობრები… არ არსებობს გამარჯვება და დამარცხება… ეს ყველაფერი ადამიანის ავადმყოფმა გონებამ მოიფიქრა, რომ დაიცხროს გამარჯვების ვნების ილუზია… ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ… პატარა “ცხოვრება”.

როგორც ვსწავლობთ, ისე ვხედავთ მერე და თუ შეიცვლება აქცენტები, შეიცვლება სამყაროს ხედვაც, რადგან ძალიან ბევრს განაპირობებს კონტექსტი.

და რაკი კონცეპტუალურ მეტაფორებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე 3 კითხვა, რომელზეც მაშინ უპასუხეთ, როცა თქვენ გაგეხარდებათ:

  • რომელი მეტაფორით გამოიხატება თქვენი ცხოვრება?
  • ეს ის მეტაფორაა, რომელიც თქვენ უბრალოდ პასუხისთვის მოიფიქრეთ, თუ რომელსაც თქვენი ცხოვრება ეფუძნება?
  • თუ ჯერ გიფიქრიათ ამაზე?

ჩემს პასუხსაც გეტყვით ერთი პატარა ლექსით:

* * *

ცხოვრება გამოცდა არ არის…

ცხოვრება მოცდაა…

ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია…

შენ არა ხარ გამოსაცდელი,

არც საცდელი ხარ…

შენ მგზავრი ხარ… (ც.ბ.)

ოთხი რვეულის მეთოდი წერითი უნარების განვითარებისთვის

0

წერითი უნარების განვითარებისთვის ზრუნვა საკმაოდ შრომატევადია. კვლევები ცხადყოფენ, რომ კითხვა და წერა ერთმანეთისგან გამოცალკევებულ პროცესად არ უნდა აღვიქვათ. კითხვის შესწავლას წერა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. მხოლოდ „დავალებისთვის“  წერა უსიამოვნო მოვალეობად იქცევა ხოლმე. ამგვარი მოცემულობის გააზრებისას იწყებ ფიქრს, რომ პატარა ადამიანებისთვის წერა სასიამოვნო პროცესად აქციო.   ამჯერად გამოსავალს კოლეგის გამოცდილების გაზიარებისას მივაგენი.

ოთხი რვეულის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ ხათუნა მასწავლებლისგან შევიტყვე. ხათუნა რამდენიმე წლის წინ კითხვის ეფექტური მეთოდების  ვიდეორგოლებიდან აღმოვაჩინე. დამწყები მასწავლებლისთვის მიუღწევლად მეჩვენებოდა კლასის მისეული მართვა, საუბრის ტონი, ერთი გაკვეთილისთვის მრავალფეროვანი რესურსების დამზადება. ასე შორიდან შემიყვარდა. შარშან სკოლის დერეფანში დავინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი. ისე მოხდა, რომ დროსა და სივრცეში გადავიკვეთეთ. დატვირთული რეჟიმი არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი  გამოცდილების გაზიარებისთვის. მე პირველად მიწევდა პირველკლასელებისთვის წერა-კითხვის სწავლება. ხათუნა კი დაუზარლად, გულისხმიერად მიზიარებდა მრავალწლიან გამოცდილებას. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას ოთახის რაფაზე ჩამწკრივებული პლასტმასის კალათები შევნიშნე და დავინტერესდი. ხათუნამ მიამბო, რომ თითოეულში ეწყო სამუშაო რვეულები კონკრეტული მიზნისთვის და განსხვავებული სათაურით.

ვუსმენდი და რთულად მეჩვენებოდა მეორე კლასელების ყოველდღიურობაში ოთხი რვეულის პრაქტიკის დანერგვა. მერე მაინც ვცადე. როგორც წესი, ნებისმიერი სიახლე თავდაპირველად ქაოსს, დაბნეულობას იწვევს და როგორც ხშირად ხდება, ამგვარი მოლოდინი გვაშინებს. მე შიშებს ომი გამოვუცხადე და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედება დავიწყე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ხათუნას ნებართვითა და მისი კეთილი ნებით, გადავწყვიტე, ოთხი რვეულის მეთოდი თქვენც გაგიზიაროთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ მეთოდს ინდივიდუალიზმით ვამდიდრებთ და ვითვალისწინებთ კლასის ხასიათს, ბავშვების ასაკს, ინტერესებს. სახელწოდებებიც და რაოდენობაც პირობითია.

საშინაო დავალების რვეული

საშინაო დავალების რვეული თავის ფუნქციას ინარჩუნებს. მას სხვადასხვა ტიპის დავალებისთვის ვიყენებთ, მაგალითად, სახელმძღვანელოს ტექსტებს ვამუშავებთ, ქცევის წესებს ვიწერთ, თვითშეფასების კითხვარიც შეგვიდგენია, კითხვაზე პასუხიც გაუციათ და კარნახიც დაგვიწერია.

ერთი რამ, რაც განსაკუთრებულად მოგვწონდა „საკლასო წერის“ ნაცვლად ჩვენი კლასის ამბებს ვწერდით, მაგალითად: მზე ანათებს, თოკო დაგვიბრუნდა, შემოდგომის ბოლო დღე, მზე კაშკაშებს, მე დავბრუნდი, წვიმიანი დღე, მოღრუბლული დღე, გამარჯობა, ნოემბერო – ყოველივე ამას ერთ-ერთი მეორეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულიდან თქვენთვის ვიწერ და თვალწინ ჩაირბინა პირველმა სემესტრმა. გამახსენდა, როგორ უხაროდათ, როგორ ვარჩევდით ერთად, როგორ ვიღებდით გადაწყვეტილებას. ამგვარად უბრალო დღეებით გახარებას და წვრილმანებზე დაკვირვებას ვასწავლით. თანაკლასელის სკოლაში დაბრუნება რომ უნდა უხაროდეთ, ამასაც სწავლა უნდა.

 

სიტყვის კონა

სიტყვის კონა – ახსენა თუ არა ხათუნა მასწავლებელმა, მაშინვე მოვიხიბლე. ეს არის რვეული, რომელსაც ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ვიყენებთ. ახალი ტექსტის წაკითხვას ვაპირებთ? შეგვიძლია, მანამდე უცნობი ან მთავარი სიტყვები დაფაზე ჩამოვწეროთ და ბავშვებს მათი სიტყვის კონაში ჩაწერა ვთხოვოთ. თითოეულზე სიტყვის რუკის აგება კიდევ უფრო გასაგებს გახდის ახალი სიტყვების მნიშვნელობას. ხმამაღალი კითხვისას მოსმენის პარალელურად საინტერესო სიტყვებსაც სიტყვის კონაში იწერენ.

ერთი სიტყვით, ყოველდღიურად ვაგროვებთ სიტყვებს, ვაკვირდებით ასო-ბგერებს და მუდმივად ვთამაშობთ,  ვიგონებთ ახალ სიტყვებს. მაგალითს ისევ მეორეკლასელის რვეულიდან შემოგთავაზებთ:

ციცხვი -> ცაცხვი -> ხის მოსარევი.

კონწიალობენ – > კოპწია – > ქანაობდნენ.

სურნელოვანი -> სუნამო -> სასიამოვნო სუნი.

 

ხმამაღალი კითხვისას ჩაწერილი სიტყვებიც უნდა გაგაცნოთ. ერთხანს ნორვეგიელი მწერლის, თუბიორნ ეგნერის „ილის ქალაქს“ ვუკითხავდი. ერთ-ერთ სიტყვის კონას კი 7 წლის ადამიანის მიერ მოწონებული შემდეგი სიტყვები შემოუნახავს:

„კოშკურა, შეჰყურებს, ავდარი, მოფუსფუსე, ლეგა, ნესტიანი, ფაციფუცი…“

სიტყვათა ამგვარი დაგემოვნებით  ბავშვებს უმახვილდებათ თვალი, დაკვირვებულები ხდებიან, იყვარებენ მშობლიურ ენას და მათი გონება ივსება მრავალფეროვანი სიტყვებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძლიერი ფუნდამენტისთვის. იაკობ გოგებაშვილის  წერილი „ბურჯი ეროვნებისა“ მახსენდება, სადაც დაწვრილებით გვიხსნის ავტორი მშობლიური ენის სწავლების ასაკობრივ თავისებურებებს. უმთავრესი კი ის არის, რომ ბავშვი ნაადრევ ასაკში რაც უფრო თევზივით ილივლივებს მშობლიური ენის სამყაროში, მით უფრო განავითარებს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.

 

მწერლის რვეული

ხათუნა მასწავლებელი თვლის, რომ მწერლის რვეული არის ბავშვის თავისუფალი ნების გამოვლენისა და შემოქმედებითი წერის სწავლების საუკეთესო გზა. ჩემი უფროსი მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და არცერთ შეცდომას არ ვასწორებდი, რადგან შეცდომებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ლოკოკინის ეფექტი გამოიწვიოს და სამზეოზე ძლივს გამოტანილი საკუთარი სამყარო ისევ ნიჟარაში გამოკეტოს.

ამჯერად მხატვრულ ხერხს გაპიროვნებას მივმართე და გავასულიერეთ ყველაფერი: ჩანთები, მაისურები, შარვლები, ფეხსაცმელები, კაბები, დაფა, საკლასო ოთახის კარადა, მთვარე… ჩემი დაკვირვებით, დავალების მიზანი პატარა ადამიანებისთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება, როდესაც თავად ვუამბობ ჩემი კუთვნილი ნივთების შესახებ. ყველასთვის ნაცნობია, როგორ უყვართ ამბების მოსმენა. ამიტომ მეც დავეუფლე გამომსახველობითი თხობის უნარს. ერთხელ ხელი დავავლე ჩემს ყავისფერ ჩანთას და პირველ პირში ვალაპარაკე: როგორ აღმოაჩინა ლელამ, რას დაატარებს, სად დადის, რა უყვარს, როგორია მისი პატრონი. თვალებგაფართოებულები ხომ ისმენდნენ, დროდადრო გულიანად ხითხითებდნენ და მეორე დღეს ყველა მოსწავლის მწერლის რვეული სასკოლო ჩანთების ამბებს ჰყვებოდა. პირადი მაგალითის ძალის გავლენით ჯერ მე „ვალაპარაკებდი“ ნივთებს, რაც აღვივებდა ბავშვების ინტერესს, გასაგებს ხდიდა დავალების ინსტრუქციას და წერისკენ უბიძგებდა მათ.

ნაწერის ბოლოს დახატვას ვთხოვდი, რაც კიდევ უფრო ალამაზებდა რვეულებს და  ინდივიდუალიზმს მატებდა. შეცდომების აღმოჩენისას ასეთ ხრიკს მივმართე – განმავითარებელ კომენტარებს ვუწერდი და ვცდილობდი არასწორად გამოყენებული სიტყვა სწორად დამეწერა.

განმავითარებელ კომენტარებზე კიდევ უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ყოველი გასულიერებული ნივთის ბოლოს ვცდილობდი უკუკავშირი კომენტარებით გამომეხატა, რაც სულაც არ არის მარტივი და კარგად განვითარებული ფანტაზია სჭირდება. ნელ-ნელა მიმოწერაც გაიბა. ვუტოვებდი შეკითხვებს და ისინიც მპასუხობდნენ ან თავადაც კითხვას მიბრუნებდნენ.  ზოგჯერ თანაკლასელის მწერლის რვეულში გადავამისამართებდი ხოლმე. ყველაფერთან ერთად ერთმანეთის ხელნაწერის ცნობაც უნდა ისწავლონ.

განმავითარებელი კომენტარებიდან:

 

„რა კარგი ამბავია! – მე წრვილანა ასოებით.

ასე გგონია? – ის ბუთქუნა ასოებით“.

 

„უყურე შენ, როგორი მელაკუდა ყოფილა ჩვენი დაფა! – მე.

ასე გამოდის! – ის“.

 

„ფიფქო, მიამბე შენი სახლის – ცის – შესახებ! – მე.

ჩემი ცა ძალიან უცნაურია და ბევრი საინტერესო ამბები ხდება, -ის“.

 

„იცი, სოფელში რომ ვცხოვრობდი, მთვარე მთის წვერზე ცხოვრობდა. ყოველღამ ველოდი მის გამოჩენას, – მე.

მართლა? – ის.“

 

პოეზიის რვეული

პოეზიის რვეულში ლექსებს ვწერთ – ერთ ან რამდენიმე სტროფს. თუ მწერლის რვეულში თავისუფლები არიან და  გამოუცდელობის გამო ხან სივრცის აღქმა უჭირთ, ბევრ შეცდომას  უშვებენ, პოეზიის რვეულში წერა არაჩვეულებრივი მეთოდია დაფიდან გადაწერის გზით სივრცითი აღქმის განსავითარებლად, სუფთად, კოხტად და ფაქიზად წერისთვის.

ვუკითხავთ რომელიმე ლექსს, ვსაუბრობთ, გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობას ვუხსნით, შემდეგ რომელიმე სტროფს დაფაზე ვწერთ, ბავშვები კი პოეზიის რვეულებში იწერენ. ბოლოს კონკრეტული სტროფის შინაარსი ნახატის სახით გადააქვთ ფურცელზე.

სახლში შიო მღვიმელის ლექსების კრებული აღმოვაჩინე. ჩემი ლექტორის, ქალბატონ რუსუდან ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით, 2007 წელს გამოიცა და სტუდენტებს გვაჩუქა. მანვე გაგვაცნო პოეტის ქალიშვილი, ქეთევან ქუჩუკაშვილი – ღრმად მოხუცებული  იჯდა წიგნებით გადავსებულ ოთახში და გვიამბობდა თავისი ცხოვრების შესახებ.

გადავწყვიტე, შიო მღვიმელის პოეზია ჩემს მოსწავლეებთან ერთად უფრო კარგად გამეცნო. პირველივე ლექსმა დაუვიწყარი ამბები დაატრიალა. „ნაძვები“ ხუთ და-ძმაზეა, რომელთაც დედა ერთ ტყის ფერდობზე ნებივრად ზრდის და აყვარებს სამყაროს. ჰარმონიას ადამიანი არღვევს ცულითა და წალდით. აკაფულ და-ძმებს ქალაქში წაიყვანს, სადაც  საახალწლოდ ტკბილეულს და სათამაშოებს გამოიბამენ.

ბავშვებმა შესაშური გულისხმიერებით იმსჯელეს ხეების მნიშვნელობაზე, რამდენიმე დღის მოჭრილ ნაძვებზე. ერთ-ერთი სტროფის ირგვლივ მრავალფეროვანი ნახატებიც შექმნეს. 7 წლის მართას შთაბეჭდილებები სახლში გაუყოლებია და მშობლებისთვის შიო მღვიმელის ლექსების კრებულის ყიდვა უთხოვია. მართას მამას წიგნის მაღაზიაში რომ ვერ უპოვია, ძებნა ბუკინისტებთან გაუგრძელებია და იქ უყიდია, თუმცა, ლექსი, რომელმაც პატარა მართას ოჯახში შიო მღვიმელი აქტუალური გახადა, იმ კრებულში არ აღმოჩენილა.

შიომ მღვიმელის ლექსები XXI საუკუნის ბავშვებმა ძალიან შეიყვარეს. მისმა ჰუმანურმა, სიკეთით სავსე ლექსებმა, ლამაზმა სიტყვებმა, ასახულმა სამყაროს მშვენიერებამ პატარა ადამიანების გულებამდე ადვილად გაიკვლია გზა.

 

რამდენიმე რჩევა:

  • შეიძლება იფიქროთ, ოთხი რვეული მეორეკლასელებს თავგზას აუბნევსო, მაგრამ პირიქით, მალე გაიწაფებიან და ერთ გაკვეთილზე მიზნის შესაბამისად შესაძლებელი ხდება გამოვიყენოთ სიტყვის კონაც, საშინაო/საკლასო დავალების, პოეზიის რვეული. მწერლის რვეულის ჩანაწერებით კი დღის ბოლოს დავტკბეთ და განმავითარებელი კომენტარებით მიმოწერაც გავაბათ;
  • ამგვარად სწავლობენ რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის შესრულებას. ეს არის უნარი, რომლის განსავითარებლად მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო;
  • რვეულის ყდას ვაფორმებთ და შესაბამის სათაურს ვაწერთ;
  • ოთხი რვეულის მეთოდი არა მარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ ზედა კლასებშიც შეიძლება დავნერგოთ;
  • ოთხმა რვეულმა ჩემს მეორე კლასში წერითი აქტივობებისადმი ყურადღება გაზარდა და პროცესში ყველა მოსწავლე ჩართო.

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ხათუნა მასწავლებელი კითხვის ეფექტური მეთოდების სასწავლო ვიდეორგოლებიდან აღმოვაჩინე და შევიყვარე. მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ერთ სივრცეში თუ მოგვიწევდა მუშაობა, თუმცა, კიდევ უფრო წარმოუდგენელი რამ მოხდა: დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობა ხათუნა მასწავლებელმა გააგრძელა. ახლა წერილებს აწერინებს ჩემთვის ბავშვებს და სათუთად შეკოწიწებულს სახლში მიგზავნის. წერილებს ოთხ რვეულში მუშაობის კვალი ატყვია. ერთ-ერთი მათგანი ასე მთავრდება:

„ლელა მას, როგორ ფიქრობთ, დაგვიბრუნდებით?“

სათითაოდ უნდა მივწერო და პასუხები ფოსტით გავუგზავნო.

 

თქვენ კი ფოტოებს გიტოვებთ, რათა უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს ოთხი რვეულის მეთოდი.

 

სათარიღო(დ) ნაწერები. 9 მარტი.

0

ოთარ ჩხეიძის ენა და სტილი სკოლის მოსწავლეებისთვის რთული დასაძლევია. მაგრამ 9 მარტის მოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მის რომანს „გამოცხადებაი“. წელს ჩემს ერთ-ერთ მოსწავლესთან, ანასტასია დომბროვსკაიასთან ერთად ვიმუშავე ამ რომანზე და მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მიგნებები, რომლებიც თქვენც შეიძლება გამოიყენოთ გაკვეთილებზე სათარიღოდ.

ნაწარმოების პერსონაჟია ლენტო. ცუდი თუ კარგი, ყველა ადამიანს აქვს მეხსიერება, მაგრამ ლენტოს მეხსიერება ერთ ფაქტს ინახავს – ის 1956 წლის მარტის მოვლენების თვითმხილველია, თანაც ჩვეულებრივი თვითმხილველი კი არა, როგორც ათასობით დემონსტრანტი, ის მათგან განსხვავებულია. ერთი უბრალო ბიჭის ლენტოს მახსოვრობა არის კონკრეტული მოვლენის – 1956 წლის 3 მარტის, მისი წინა და შემდგომი დღეების მატიანე. ამიტომაც შეურჩია ავტორმა თავის პერსონაჟს შესაბამისი პროფესია და ალბათ შესაფერისი სახელიც. ალბათ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ის ვარაუდი, რომ სახელი ლენტო იმ რუსულ სიტყვას წააგავს, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ფირი. ლენტო თავადაა ფირი, ის, განსხვავებით იმ უსიცოცხლო ფირებისგან, რომელზეც აღბეჭდავს მოვლენებს, მეხსიერებაში ყინავს უტყუარ ფაქტებს, ლენტო თავად ხდება ცოცხალი ფირი. ლენტო არის ოპერატორი, როგორც რეჟისორის თანაშემწე, კინოსტუდიაში ხშირად იღებს ფოტოკადრებს და ოცნებობს რეჟისორობაზე. როდესაც მარტის მღელვარება დაიწყება, ლენტო, კამერით შეიარაღებული, ხალხს უერთდება და აპარატს აჩხაკუნებს. რომანის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ მკითხველი გულის ფანცქალით ადევნებს თვალ-ყურს, როგორ ჩამოართმევენ ერთადერთ ნივთმტკიცებულებას მემატიანეს და კაცმა არ იცის, სად მიუჩენენ ფირებს ბინას, ეგებ სულაც მოსპობენ და გაანადგურებენ, როგორც საზარელი სისხლიანი მოვლენების კვალს. გადაღებული კადრები ქრება, ერთი სიტყვით, ქრება ცხოველური არსებობიდან. სამაგიეროდ, რჩება სხვა კადრები, შესაძლოა, არა ხელით შესახები, არა ნივთიერი, მაგრამ მაინც კადრები. ეს არის კადრები, რომლებიც თვალების დახუჭვისთანავე ცოცხლდება. ლენტოს, როგორც პროფესიონალი ოპერატორის მოგონება, სინამდვილეში ეს არის  ოთარ ჩხეიძის გონების კუნჭულში გადამალული, მეხსიერებაში შემონახული კადრები. თუკი მწერლების რაღაც ნაწილი სამაგიდო უჯრაში ინახავდა პასუხს, პროტესტს ამა თუ იმ მოვლენაზე, ოთარ ჩხეიძე მეხსიერებაში ატარებდა სათქმელს. ამ სათქმელის დროზე ადრე წარმოჩენა დამღუპველი იქნებოდა პატრონისთვის, მათი ამოტივტივება კარგს არაფერს მოუტანდა მის მფლობელს. თუმცა, მეხსიერების ბუნებიდან გამომდინარე,  იმის საშიშროებაც არსებობდა, რომ რაღაც დავიწყებას მიეცემოდა, რაღაც კი სახეს შეიცვლიდა. ამიტომაც საგულდაგულოდ ერთად თავმოყრილმა მოგონებებმა რომანის გვერდებზე გადაინაცვლა, როდესაც მისი გაცხადების ჟამი მოვიდა. ამ გამოცხადებამ კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რეალობას. სხვათა შორის, საინტერესოა და დასაფიქრებელიაც, რომ ნაწარმოების სათაურით მწერალი მიგვანიშნებს, რომ რომანი მეხსიერების ვერბალური საჯარო გამოცხადებაცაა და ის იმავდროულად აპოკალიფსსაც ნიშნავს. სამწუხაროდ, ამგვარი საჯარო გამოცხადება, ხელშესახები მატერიალური კადრების გარეშე სიტყვებით დახატული კადრები ვერ გამოდგება მტკიცებულებად სასამართლო პროცესზე, ვერც დაავალდებულებ ვინმეს, მათ საფუძველზე გამართოს სასამართლო სხდომა, მერე კი ენდოს მათ. თუმცა იმ სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, ბრალმდებელიცა და განაჩენის გამომტანიც, ხელოვანთან ერთად, მკითხველი ხდება და მის სინდისზეა, რამდენად ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს ამ გზაზე, ანუ ვირტუალურ სასამართლო პროცესზე ავტორს.

ოთარ ჩხეიძის რომანში „გამოცხადებაი“ ყურადღებას იქცევს რამდენიმე ანდაზა და ფსევდოანდაზა. მაგრამ ამ წერილში ერთზე შევჩერდები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და კარგად ეხმიანება მარტის მოვლენებს. „თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“ – ეს ანდაზად ქცეული ხალხური თქმა ხალხური ლექსის ნაწყვეტს წარმოადგენს. ლექსის მომდევნო სტრიქონები საძირკვლის ჩაყრას უკავშირდება. ეს ანდაზა პირდაპირ ამბობს მწერლის სათქმელს, მით უფრო, რომ ამავე ანდაზის წარმოთქმისას აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მეორე ანდაზა, რომელიც მომდევნო თვის დასახელებას უკავშირდება: „მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებ“. ქართული ხალხური თქმები წელიწადის სხვა თვეებზე გამოგონილი ანდაზებით დიდად განებივრებული არ არის. ამიტომაც ეს ორი ანდაზა ლამის გადაბმულია ერთმანეთთან და რომანის კონტექსტში ასე იშიფრება: 1956 წლის მარტის გამოსვლებზე ვერც აუგს ვიტყვით და ვერც ხოტბას შევასხამთ. ხოტბას იმიტომ ვერ შევასხამთ, რომ მას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია,  ხოლო აუგს იმიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის მრავალწლიანი დუმილის ფონზე ხალხში არსებულ და ვერჩაკლულ პროტესტს გამოხატავდა. ეს იყო ინდიკატორი, რომ საბჭოთა რეჟიმმა მაინც ვერ ჩაკლა ბოლომდე ქართული სული, ვერ ამოძირკვა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი, თუმცა ეს სურვილი პირველ ეტაპზე შეურაცხყოფილი ეთნიკური გრძნობების ნიადაგზე წარმოშობილი უკმაყოფილების გამოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ დამალულმა მარტის მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი ხნით მიაჩუმა პროტესტის გამოხატვის სურვილი, ის მხატვრულად მაინც თებერვალი იყო, წელიწადის თვე, როცა პირველი სითბო ატყუებს ხეებს და ნაადრევად გამოაღებინებს ხოლმე კვირტებს. ასეთი კვირტები სასიკვდილოდაა განწირული, თუმცა ასეთი კვირტები მრავალთვიანი სიცივის შემდეგ მაინც გაგვახსენებს, რომ წინ სითბოთი გაჯერებული თვეებია და რომ ამ დღეებს სხვა სილამაზე და ფერები შემოაქვს ცხოვრებაში.

ოთარ ჩხეიძის რომან „გამოცხადებაის“ კვლევა ცხადყოფს, რომ ამ ნაწარმოების დეკოდირება წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის ისტორიისა და სსრკ-ში გაბატონებული რეჟიმის თავისებურებების ცოდნის გარეშე, თუმცა იმავდროულად გასათვალისწინებელია ახალი აღთქმის ბოლო წიგნის, იოანეს გამოცხადებაც. თუკი წმინდა წიგნის გამოცხადება ალეგორიულად აფრთხილებს კაცობრიობას მომავალი არმაგედონის შესახებ, ქართველი კლასიკოსის ტექსტი არა მხოლოდ 1956 წლის 3 მარტს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ჰყვება, არამედ ცდილობს, გადაარჩინოს მოგონებები წარსულ არმაგედონზე. ამდენად, თუკი იოანეს გამოცხადება მომავლის გაფრთხილებაა, ოთარ ჩხეიძის რომანი წარსულის გაფრთხილებას წარმოადგენს. მომავალს ვერავინ წაშლის, მაგრამ მისი შეცვლა გაფრთხილების შემდეგ შეიძლება. წარსულს კი იმიტომ სჭირდება გაფრთხილება, რომ მას დაუდევრად მოპყრობაც და მიზანმიმართული ჩარევაც წაშლის. მომავალს წინსწრებით სიზმრად თუ ნახავ, წარსულსაც სიზმარი გაგახსენებს. სიზმარი გამოცხადებასავითაა. თუკი მომავლის სიზმარს ძნელად დააჯერებ ვინმეს, წარსულის სიზმარი იმდენად ხუნდება, რომ მისი დაჯერებაც არაა იოლი საქმე.

ოთარ ჩხეიძემ შეძლო და თავისი გამოცხადება დამაჯერებელი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ფოტოები დაურთო და ვერც სხვა ფაქტებით გაამყარა მონათხრობი. მწერალმა აჩვენა, რომ, როდესაც საქმე ტექნოლოგიასა და ცოცხალ ადამიანზე მიდგება, მეორე უფრო სანდოა. ერთი შეხედვით, პირიქითაა – ცოცხალი დოკუმენტური კადრები უტყუარ სამხილს წარმოადგენს ხოლმე სასამართლო დარბაზებში, ხოლო ადამიანის სიტყვას ადვილად არავინ ენდობა. მაგრამ, როცა კადრებსაც ანადგურებენ, სამხილად მხოლოდ ადამიანის მეხსიერება რჩება. როგორც არ უნდა ერეოდე მასში, ის ერთადერთი უტყუარი დოკუმენტური წყაროა. „გამოცხადებაის“ მთავარი გმირი ვერ უფრთილდება სამხილებს, ნივთმტკიცებებს, ლენტო საკუთარ სიცოცხლესაც არ უფრთხილდება, მაგრამ მაინც ცოცხალი გადარჩება – ის თავადაა ყველაზე კარგი ნივთმტკიცება, ცოცხალი მოწმე, რომელიც ადრე თუ გვიან, მდინარიდან ამოსული, გათავისუფლდება ჩაყლაპული მღვრიე წყლისგან და მატიანეზე უკეთესად ამცნობს მომავალ თაობებს სიმართლეს. ფოტოებს ვერსად გაექცევი, მაგრამ დამნაშავეს ფოტოები კი არ აგებინებენ პასუხს, არამედ გადარჩენილი უბრალო ადამიანები. მათი მახსოვრობაა ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი.

ოთარ ჩხეიძეს არ შეეშინდა და რომანის პერსონაჟის მეხსიერება საკუთარი მოგონებებით შეაკოწიწა და ამით შეავსო ის ხარვეზი, რაზეც ქართული ლიტერატურა და არა მარტო ლიტერატურა, არამედ ისტორიაც და მასთან ერთად ხალხიც, დუმილს ინარჩუნებს არასაკმარისი ნივთიერი მტკიცებულებების გამო.

 

პიტერ გრეი- ბავშვების თავისუფლება ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან

0

გასულ ათწლეულებში აშშ-ში შესამჩნევი გახდა პროგრესი საბაზო სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით. აფროამერიკელების, ქალების, ჰომოსექსუალებისა და უნარშეზღუდული მოქალაქეების უფლებები გაფართოვდა. ეს ნაწილობრივ სამოქალაქო უფლებების დამცველ საზოგადოებათა დაუღალავი შრომისა და აქტიურობის შედეგია. უამრავი ადამიანი დასახელებული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან აქტიურად მოითხოვდა საკუთარი უფლებების დაცვას და რეალურ ცხოვრებაში მათ დანერგვას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ პერიოდში ბავშვთა უფლებები შეიზღუდა.

სამოქალაქო უფლებები ამერიკული პოლიტიკური იდეოლოგიის ქვაკუთხედია.

ჩვენი როგორც დემოკრატიული საზოგადოების პროგრესი იზომება ადამიანის უფლებათა იმ გარანტიებით, რომლებიც ადამიანების სხვადასხვა კატეგორიას ეძლევა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში თომას ჯეფერსონმა განაცხადა, რომ ადამიანისთვის განუყოფელია სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები.

აშშ-ს კონსტიტუციის უფლებათა ბილი შეიქმნა ისეთი საბაზისო უფლებების დასაცავად, როგორებიცაა სიტყვის, პრესის და შეკრების თვაისუფლებები. კონსტიტუციის მე-5 შესწორებაში განცხადებულია, რომ „დაუშვებელია სიცოცხლის, თავისუფლების ან ქონების ხელყოფა სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე“.

არც კონსტიტუციაში და არც რომელიმე ჩემთვის ნაცნობ კანონში არ არის განცხადებული, რომ ბავშვი არ არის პიროვნება.

მიუხედავად ამისა, ბავშვებს მუდმივად ეზღუდებათ თავისუფლებები სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბავშვების თავისუფლებები უფრო შეზღუდულია, ვიდრე სამოცი წლის წინ ან ჩვენი მშობლების ბავშვობის წლებში.

განურჩევლად წარმოშობისა, ყველა ბავშვი განიცდის ამ თავისუფლებების შეზღუდვას.

როგორც ჩემს ადრინდელ წერილებში აღვნიშნავდი (Gray, 2011; 2013), დღევანდელ ბავშვებში რეკორდულ დონეზეა შფოთვა, დეპრესია და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებაც კი.

ზოგადი დეპრესიული აშლილობის (ინგლ. Major Depressive Disorder) და შფოთვის ტიპის ფსიქოლოგიური დარღვევების მაჩვენებლები, სტანდარტიზებული კლინიკური შეფასებების თანახმად, 8-ჯერ (!) აღემატება იმავე მაჩვენებლს 1950-იან წლებში.

ასევე შემაშფოთებელია სასკოლო ასაკის ბავშვების თვითმკვლელობის დონე, რომელიც 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მე-20 საუკუნის 1950-იან წლებში!

სერიოზული მენტალური აშლილობების სტატისტიკის მატება ბავშვების თავისუფლების შემცირების პირდაპირპროპორციულია. სავარაუდოდ, უკვე არსებობს მყარი არგუმენტები იმისა, რომ პირველის მატება მეორის შემცირების შედეგია.

 

მიზეზების ორი კატეგორია, რომლებიც ბავშვთა თავისუფლების შეზღუდვას იწვევს

ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ბავშვების თავისუფლება შემცირდა, მაგრამ მთავარი შეზღუდვები ორ კატეგორიას შეეხო.

პირველი კატეგორია პირდაპირ კავშირშია სასკოლო სწავლებასთან.

აშკარაა, რომ სავალდებული სასკოლო სწავლება (რაც, ფაქტობრივად, დაძალებით სწავლებას ნიშნავს) ბავშვის თავისუფლებაზე შეტევაა. ბავშვებს მოეთხოვებათ სკოლაში სიარული, ხოლო სკოლაში ისინი თავისუფლები არ არიან.

ფაქტობრივად, ბავშვებს უფრო მეტად ეზღუდებათ სკოლებში  თავისუფლება, ვოდრე ბოროტმოქმედებს ციხეებში.

მათ მუდმივად მიუთითებენ, სად იყვნენ და რა აკეთონ ამა თუ იმ მომენტში; სიტყვისა და შეკრების თავისუფლება მათთვის აშკარად შეზღუდულია და მეტიც – ისჯება; მათ არ ეთქმით სიტყვა სკოლის წესების შესახებ და როდესაც წესების დარღვევაში ადანაშაულებენ, შეუძლებელია მათი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენა. ასევე არ არის განსაზღვრული მოსალოდნელი სასჯელი.

სკოლები ყოველთვის ასე მუშაობდნენ, მაგრამ დღეს მდგომარეობა უარესია, ვიდრე წინათ, რადგან დღეს ადმინისტრირება მეტია და უფრო ამკრძალავი კუთხით არის წარმოდგენილი.

მოვიყვან დღევანდელ სკოლებში ამ ცვლილებების რამდენიმე მაგალითს:

სასწავლო წელი გახანგრძლივდა – დღეს ის 5 კვირით მეტია, ვიდრე 1950 წელს.

სასკოლო დღეც უფრო გრძელი გახდა – ამჟამად სკოლაში ბავშვები თითქმის 7 საათს ატარებენ, მაშინ როდესაც 50-60-იან წლებში ეს დრო არ აღემატებოდა 5-6 საათს.

შესვენებისა და სადილის/ლანჩის პერიოდები შემცირდა – როგორც დროის, ისე თავისუფლების ხარისხის კუთხით.

1950-იან წლებში დაწყებითი სკოლებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო ორი ნახევარსაათიანი შესვენება და სადილისთვის გამოყოფილი სრული საათი, რომლის განმავლობაშიც ბავშვებს შეეძლოთ, სურვილისამებრ ეთამაშათ.

დღეს დაწყებით სკოლებში შესვენები ან არ არის, ან მხოლოდ 15 წუთი გრძელდება. მშობლებისგან გამიგონია, რომ არსებობს სკოლები, სადაც ლანჩის/სადილის შესვენება მხოლოდ 20-წუთიანია და ბავშვებს ამ დროს საუბარიც კი ეკრძალებათ, რომ არაფერი ვთქვათ გარეთ გასვლასა და თამაშზე. ასევე მოიმატა საშინაო დავალების მოცულობამაც.

ბავშვებს დაწყებით კლასებშიც კი აძლევენ საშინაო დავალებას, რომლის შესრულებაც, მათი აზრით, მშობლებმა უნდა უზრუნველყონ – გამოდის, რომ ბავშვი სკოლის შემდეგაც არ არის თავისუფალი.

მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ მათი შვილების სასკოლო ცხოვრება ძალიან ჰგავს ზრდასრული მოქალაქის სამუშაოს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ეს უფრო თავის მოტყუებაა.

სამსახური ზოგიერთი მოზრდილისთვის შეიძლება ციხედ გადაიქცეს, დღევანდელი სკოლა კი ყველასთვის ციხეა! ზრდასრულ მოქალაქეს კანონი არ ავალდებულებს, იმუშაოს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს სამსახურიდან. მოზრიდილთათვის მათი ნების საწინააღმდეგო შრომის დავალდებულება უკანონო ქმედებაა და მას მონობა ჰქვია.

მე არ ვიცნობ არც ერთ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც დათანხმდებოდა ისეთ მჭიდრო მიკრომენეჯმენტს, როგორც ჩვენ შვილებს უწევთ სკოლებში; წარმოიდგინეთ სამსხური, სადაც გეკრძალებათ თანამშრომლებთან საუბარი, უნებართვოდ არ შეგიძლიათ სამუშაო ადგილის დატოვება და სადაც მუდმივად გაკვირდებიან, მუდმივად გიტარებენ გამოცდებს თანამშრომლების თანდასწრებით და ეს პროცესი თითქოს განგებ თქვენს შესარცხვენად არის მოგონილი.

დაახლოებით ას ათი წლის წინ აიკრძალა ბავშვთა სრული განაკვეთით შრომა, რადგან ეს მათთვის საზიანოდ იქნა მიჩნეული.

დღეს კი, იმ დროის გათვალისწინებით, რომელსაც ბავშვები სკოლაში ატარებენ, სასკოლო განათლება გადაიქცა სრულგანაკვეთიან სამუშაოდ, ხოლო თავისი სირთულით ალბათ სრულგანაკვეთიან სამუშაოზე უფრო რთულ ამოცანად, რომლის შესრულებასაც არცერთი ზრდასრული ადამიანი არ დათანხმდებოდა.

ბავშვების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი ფაქტორია სკოლის გარეთ მათთვის დაწესებული რეგულაციები.

1920-1930-იან წლებში, როდესაც ჩემი მშობლები იყვნენ ბავშვები, 1950-იანებში, როდესაც თავად გახლდით ბავშვი და 1970-იანებშიც კი, ჩემი შვილის პატარაობისას, ბავშვები უამრავ დროს ატარებდნენ გარეთ, ეზოში თუ ბაღში, სადაც ისინი თამაშობდნენ და იკვლევდნენ გარემოს მეგობრებთან ერთად, მშობლებისა და სხვა მოზრდილების გარეშე.

ამ ტიპის თამაშის დროს ბავშვები სწავლობდნენ და პრაქტიკაში ახორციელებდნენ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან უნარებს, რომლებსაც სკოლაში ვერ შეიძენ.

ბავშვები სწავლობდნენ, როგორ წარემართათ აქტივობა იმ დღეს, როგორ გადაეჭრათ პრობლემები, რომლებსაც გზადაგზა შეეჯახებოდნენ, იჩენდნენ მეგობრებს, პასუხს სცემდნენ მოძალადე ბავშვებს და მართავდნენ თავიანთ ემოციებს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი თავიანთ ცხოვრებაზე იმ მომენტში თვითონვე იღებდნენ პასუხისმგებლობას. ამ პროცესში ისინი იმ უნარებს იძენდნენ და ივითარებდნენ, რომლებიც მათ თავდაჯერებას და ემოციურ მდგრადობას სძენდა. ეს კი საიმედო დაცვაა დეპრესიის, შფოთვისა და სუიციდალური მიდრეკილებებისგან.

დღეს კი გამოდის, რომ ბავშვებს ფაქტობრივად ავუკრძალეთ საჯარო ადგილებში ყოფნა.

ბევრი მშობელი უბრალოდ არ უშვებს ბავშვებს ეზოში მოზრდილთა მეთვალყურეობის გარეშე, ხოლო მას, ვინც ბავშვებს ეზოში თამაშის უფლება მისცა, ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის მუხლით მოუწია პასუხისგება ბავშვებისადმი უყურადღებობის გამო.

ეზოებიდან ბავშვების გაქრობას ჩვენ ახალი ტექნოლოგიების მაცდურ ბუნებას ვუკავშირებთ, მაგრამ სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა რომ, ბავშვები სიამოვნებით გაატარებდნენ მეტ დროს გარეთ, მეგობრებთან ერთად, თუ მათ ამის უფლებას მისცემენ (იხ.Boyd, 2014; Gray, 2013).

აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ბავშვების მდგომარეობა ჩვენს საზოგადოებაში. მათ ადრინდელზე გაცილებით მეტი დროის გატარება უწევთ სკოლის „ციხეში“, ხოლო როდესაც სკოლისგან თავისუფალ დროს შინაპატიმრობაში არიან.

არასდროს, გარდა მონათმფლობელობისა და ბავშვთა ინტენსიური შრომის პერიოდებისა, ბავშვები არ ყოფილან ისეთი არათავისუფალნი, როგორიც დღეს.

რატომ არ ვრეაგირებთ ბავშვებისთვის თავისუფლებების შეზღუდვაზე?

რატომ არ გამოვდივართ პროტესტის ნიშნად ქუჩებში, ლოზუნგით „თავისუფლება ბავშვებს!“?

რატომ არ ვწერთ და ვარიგებთ პეტიციებს ბავშვების თავისუფლების მოთხოვნით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც ჩვენი ხმები ჭირდებათ?

რატომ ვაძლევთ სახლმწიფოს უფლებას, ასე შეზღუდოს ბავშვების თავისუფლება, როდესაც ნათლად ვხედავთ, როგორ იტანჯებიან ბავშვები ამ შეზღუდვებით?

ალბათ არა იმიტომ, რომ ბავშვები არ გვიყვარს. ადამიანების უმეტესობას ძალიან უყვარს ბავშვები. ვფიქრობ, ყველაფრის თავიდათავი უცოდინრობაა.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/201902/children-s-freedom-human-rights-perspective

 

მოგონებათა ავტონომია – რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო”

0

ის, რაც ამ წიგნის კითხვის დაწყებისთანავე გვატყვევებს, მონათხრობის მხატვრული ოსტატობა და ნიავის სიმსუბუქეა, ის თავიდან ბოლომდე, თითქოს ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ესაა ფილოსოფიური ფანტასტიკის ჟანრში გადმოცემული განუმეორებელი, ბავშვური სამყარო. ჩვენც შევემზადოთ ამისთვის, გავიკეთოთ ,,ვარდისფერი სათვალე” და… წლების ტვირთის სიმძიმე გაქრება, თვალები გადიდდება და მათში ცნობისმოყვარეობა და მოუსვენარი სიცელქე ჩასახლდება, სულში მრუმე ბინდს გულწრფელობისა და ზნეწრფელობის მკრთალი ნათელი მომიფანტავს და ის ნელ-ნელა თვალისმომჭრელ სინათლედ იქცევა. თვალზე ხელს აიფარებ და გადაინაცვლებ ოცნებებისა და საოცრებათა ქვეყანაში, რომელშიც არც ურვაა, არც ტკივილი, არც ღალატი, არც ორპირობა, არც სიკვდილი, არც სასოწარკვეთა, არც სიძულვილი, დაუნდობლობა და ა.შ. იქ, მზისფერ, ფერადოვან სამყოფელში ადამიანები სულ იღიმებიან, მხოლოდ ხანდახან შეიპყრობთ სევდა, მათ უყვართ ერთმანეთი, ცხოველები, ვარსკვლავები, სამყარო, ისეთი იდუმალი და არქაული მზერა აქვთ, როგორც გოგენის ნახატებზეა. ისინი მოგისმენენ, ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს, ყველაფერს გაგიგებენ, საღამოობით მოგიყვებიან ნაღვლიან ზღაპარს, ტკბილ, მშობლიურ ჰანგს გიმღერებენ ძილის წინ და შენც დაიძინებ ახალი, უცნაური, როგორც ყოველთვის, იმედიანი დღის მოლოდინში…ნაწარმოებში 1928 წლის ზაფხულია, სეზონი, როცა ცხოვრება განიძარცვება მოსაწყენი, შეჩვეული მონოტონურობისაგან და მშვიდი იდუმალებით იმოსება. საოცარი, ბავშვის თვალით დანახული სამყარო: ,,ყვავილები თურმე მზეები ყოფილან, თუ ზეცის მოელვარე ნაგლეჯები, ვიღაცის ხელს რომ უხვად მიმოეფანტა ტყის მდელოზე. ცა ფართო, გადმოპირქვავებულ ტბად იქცა, მის ზედაპირზე ჩიტები მარჯვედ ნასროლი ქვებივით მიხტოდნენ”. ბავშვის გაფართოებულ თვალებში მსუბუქი იუმორით ამოკითხული ქვეყნიერების ჯადოსნური მომნუსხველობა და ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მივიწყებული, ანგელოზებრივი სიხარული. ,,დაგლასს ხშირად უჩნდებოდა სურვილი, ეკითხა: – ბებო, ეს არის ის ადგილი, საიდანაც ქვეყნიერება დაიწყო? – რადგან უეჭველი იყო: სწორად ამისთანა ადგილას ჩაეყარა საფუძველი სამყაროს. სამზარეულო უდავოდ შესაქმის შუაგულს წარმოადგენდა, რადგან ყოველივე მის გარშემო ტრიალებდა. ის გახლდათ საძირკველი, რომელზედაც ტაძარი დაფუძნებულიყო”…

ზაფხულის ხვატიანი, უცნაური მოლოდინის ენერგიით დატუმბული მშვიდი დღეების პოეზია, მშვენიერი ყოველდღიურობის რიტუალების (თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი დღე მბრუნავი სამყაროს ცენტრია, მსგავსი არასდროს გამეორდება და ყოველთვის აღრმავებს სიცოცხლის საიდუმლოს) ხიბლი – მწვანილების ქილა, რომანტიკული, გემრიელი ბანალობა…ესაც სულ მარტივი ადამიანური ბედნიერება, როგორც საღამოს დიდ, გაშლილ მაგიდას, ბებოს გამზადებულ კერძებთან შემომსხდარი მოშიებული ოჯახის წევრები, ნერვიული ყიჟინით, უკბილო ხუმრობით, მაგრამ იმ საოცარი ერთიანობის შეგრძნებით, წარმავალ, მაგრამ სანუკვარ ამქვეყნიურ სიტკბოსა და სიამოვნებებს რომ იტევს. განა, ეს ის არ არის, რისთვისაც ცხოვრება ღირს?!…

დროს მიაქვს ბავშვობა. ის გადის დაუნდობელი, მაცდური სისწრაფით, აზარტით და ერთ მშვენიერ დღეს დადგება წუთი, როცა ცხოვრება დაემსგავსება საღამოს მზეში ობობას ნაქსოვზე წვიმის დატოვებულ წვეთ-მოგონებთა სხმულას, რომლებშიც, თითოეულში, პატარა, ჩამავალი მზეა…და ბრწყინავს ეს სხმულა თვალისმოჭრელი სილამაზით, სანამ ,,ღამის” ბინდში განიბნევა და განქარდება…იქ კი, საინტერესო იყო, ბავშვობაში…,,ხუთი მილიარდი ხის ძირიდან გამოცოცებული ჩრდილები! წარმოიდგინე! ჩრდილები ჰაერში ირევიან და ჰაერს ამღვრევენ. რამენაირად რომ მოვნახოთ და ეს წყეული ხუთი მილიარდი ჩრდილი თავ-თავიან ხეებქვეშ დავაკავოთ, მაშინ შეგვეძლება ნახევარი ღამე ფეხზე გავატაროთ, დაგ, იმიტომ, რომ მაშინ საერთოდ არ დაღამდება! …”.

ჩვენი სივრცისა და განზომილების ერთ- ერთი საზომი – დ რ ო…როცა დასაწყისში დასასრული მოიაზრება და დასასრულიდან დასაწყისს ვითვლით. ყველაზე შესატყვისი სიმბოლო წუთისოფლის დროის კატეგორიისათვის, გაჩერებული საათი მგონია, ანუ ხშირად დროის უდროობა, განუსაზღვრელობა. თომას მანისეული დროის ფარდობითობა: საუკუნედ გაწელილი წამი თუ ოდესმე წამად ნაქცევი ყველა საუკუნე. დრო ხან, მართლაც, დროზე სწრაფად მიქრის სინათლის სხივის სიჩქარით, თუმცა უფლისთვის წამი ჩვენთვის თაობათა სიცოცხლეა. დრო მიედინება, თითქოს, თითებში იცრება ქვიშასავით, რომ სიბერეში ისევ ბავშვობაში დაგვაბრუნოს, არსთა წვდომის სიღრმე შეგვძინოს, მერე კი ჩვენთან ერთად გარდაიცვალოს და განიბნეს მეტაფიზიკურ მარადისობად. ,,იქ” კი ალბათ ჩვენ აუცილებლად ისევ ჩვენ ვიქნებით, შევინარჩუნებთ თავში დროის მონაპოვარს, მაგრამ, ამავე დროს, შევადგენთ რაღაცა მთლიანობას, ერთიანობას, ნათელს, ლამაზს, საინტერესოსა და დროზე აღმატებულს…განსაკუთრებულია მწერლის დამოკიდებულება დროის კატეგორიასთან. საათის ისრებს კი გადასწევ უკან, როგორც ამას ნაწარმოების გმირი აკეთებს, მაგრამ დროს ვერ შეაჩერებ. ვერც პასიური მჭვრეტელი ვერ იქნება ადამიანი, ის დინამიკისთვისაა შექმნილი ( სულიერი მაინც, ფიზიკური თუ არა). იგი უნდა ვითარდებოდეს, ისწრაფოდეს უკეთესობისაკენ, ეს კი იდეაში მომავალში კარგის მოლოდინს ნიშნავს. დროით არც თამაში შეიძლება, რადგან ის მოუხელთებელია, არის და გიქრება, გამუდმებით მოძრაობს, იცვლება, იწვევს შენშიც მეტამორფოზებს…

ცხოვრება აღქმის სიმძაფრეა და წამის შეჩერების მცდელობა, რომლის განცდა უნდა მოასწრო, სანამ გარდაისახება მომავლად, რომელიც გარდაუვალია, მწერლის შიშის მიუხედავად, ოღონდ ისევ წარსულად ქცევის პერსპექტივით. ,,შეჩერდი, წამო”, რადგან შენ ძვირფასი ხარ წარსულად მოკვდინებამდე. ბრედბერი ამბობდა, რომ სურდა მომავლის პრევენცია(to prevent future), მას მესამე დრო არ მოსწონდა, რადგან აფრთხობდა ადამიანური ურთიერთობების ტექნოლოგიებით ჩანაცვლების საფრთხე. ილიასეული დროთა კავშირის ფორმულაც გავიხსნოთ: ,,აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა”. ადამიანი არასდროს გაუხეშდება სულიერად, თუ სიყვარულს არ დაკარგავს, ეს კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მომავალზე უარის თქმა საკუთარ თავში ჩაკეტვაა. ისე კი, მხოლოდ აწმყოს შეგრძნება აქვს კაცს, წარსული აღარ არის, მომავალი ჯერ არ არის. ,,დღის ეს დასრულებული სიმრგვალე და ბალახის სურნელი სინათლის სიჩქარით მიიწევდა მომავლისაკენ” – მესამე დროის ეს შიში, შოპენჰაუერის უძრაობის ფილოსოფიასთან ასოცირებულ-გადაწნეხილი, აბსოლუტურად გაუმართლებელია თუნდაც იმიტომ, რომ მომავალი მარტო სიბერე არაა, გარდაცვალებაცაა, სხვა, შეუცნობელ, სრულყოფილ სამყაროში გარდასახვა. ,,დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ვხედავდი სიზმარს, ისეთ ტკბილ სიზმარს, მერე კი ვიღაცამ გამომაღვიძა და ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც დავიბადე” – პირველსაწყისიდან, არყოფნის ზმანებიდან ყოფნაში გამოფხიზლება, ცხოვრების მღვრიე თუ დაწმენდილ ნაკადში მიზნისკენ თუ უმიზნოდ ტრიალ-ბორიალი, ბოლოს კი წამში მოგონებებად მიქცეული ყველა გარდასული განცდა, ისევ სიზმარეთისკენ გზაზე საგზლად. ეს ხსოვნა ,,იქ” ჩვენი ავტონომიურობისთვისაა… ,,სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდაო”, ძალიან ტანჯული კაცის ცოდნა, რომ ნებისმიერი არსებობა სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა ისევ სრულყოფილებასთან შესარწყმელად…ადამიანის სულიც, დიად ნათელს გამოყოფილი, ციცინათელასავითაა წუთისოფლის ბინდში, პირველქმნილი, ხელთუქმნელი იდუმალების წილიც და უტყუარი დასტურიც…

ადამიანი დროში მოგზაურია, მოხუცი კი თავად დროის მანქანაა, მოგონებებითა და ილუზიებით. მოხუცები და ბავშვები სოლიდარულები არიან მათი ასაკობრივი სიმაღლიდან გამომდინარე. მოხუცები ყოველთვის პატივისცემას აღძრავენ, როგორც დროის უკვე მიგდებული, უკანონო შვილები. ჩვენც ვიქნებით სიკვდილთან სიახლოვით შესაბრალისები ოდესმე… ბავშვებს აქვთ მოხუცებისათვის დამახასიათებელი, გაუცნობიერებელი სიბრძნე, ხოლო მოხუცები პატარებივით არასერიოზულები, გულუბრყვილოები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანი სხეული ტყვეობაა სულისთვის, ახალგაზრდობა მაინც შინაგანი მდგომარეობაა, რადგან არსებობენ ახალგაზრდა მოხუცებიც. ,,ვიცი, რომ არაფერი ვიცი” – ამაოებათა შეცნობის სიბრძნის დასაწყისია: ,,როცა ჩვიდმეტი წლის ხარ, მაშინ ყველაფერი იცი. და თუკი ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკშიც ყველაფერი იცი, ესე იგი, ისევ ჩვიდმეტი წლის დარჩი…მოხუცების პრივილეგია სწორედ ის არის, რომ ყოვლისმცოდნეობის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ეს ისეთივე თამაშია, როგორც ნებისმიერი სხვა როლი, რომელსაც ვთამაშობთ, ანდა ნიღაბი, რომელსაც ვირგებთ, ერთმანეთს კი ღიმილით ვუკრავთ ხოლმე თვალს მოხუცები, თითქოს ვკითხულობთ: როგორ მოგწონს ჩემი ნიღაბი, ხომ კარგად ვთამაშობ ჩემს როლს? ხომ დამაჯერებელი ვარ? განა ცხოვრება პიესა არ არის?”.

წარსულის რეზონანსი ყოველთვისაა მომავალში: ,,ოდესმე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ოდესმე ნამღერი ყველა სიმღერა სადღაც გროვდება, უშორეს სივრცეში განიბნევა…და სინათლეს რაღა მოსდის? ოდესღაც დანახული ყველა საგანი არ კვდება, უბრალოდ, შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს. თუკი მთელ სამყაროს გაჩხრეკ, სადმე, პირამდე სავსე მრავალუჯრიან ფიჭაში, სადაც ყვავილის მტვრისგან მუგუზალივით მოშიშხინე ფუტკრებს სინათლის ქარვიფერი ხსენი დაუგროვებიათ, ანდა შუადღის ნემსიყლაპიას ოქრომკერდით ნაქარგი თვალების ოცდაათი ათას წახნაგში – მსოფლიოს ნებისმიერი წელიწადის ყველა ფერსა და სურათს აღმოაჩენ”. სამყარო, როგორც მფეთქავი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც სიკვდილი ყოველთვის რაღაც ახლის, დასასრულით დასაწყისია. ამ სიცოცხლის ორბიტაზე ტრიალებდნენ გუშინ ჩვენი წინაპრები, დღეს ჩვენ და აუცილებლად იქნება ხვალეც, როგორც მომავალთა უცხო ჰანგებში ჩაწნული წასულთა თუ მიმავალთა სავდიანი ამოძახილი. ყველაფერი, როგორც სულ მცირე ნაწილაკთა ერთი მთლიანობა, ვან გოგის მნათობებით აკიაფებული ღამესავით, ამ ფერხულშია ჩაბმული, ურთიერთდაკავშირებულია, მიღმიერიც და ამქვეყნიურიც. ამ დიდი მოძრაობის მისტიკის, კანონის აუცილებლობაა არსებობის მთელი ფილოსოფიაც.

ეს წიგნი მორიგი ცდაა ცხოვრების საიდუმლოს წვდომისა. სიცოცხლე – სიკვდილზე აღმატებული ზმანებაა. ყოველ დილით შენი დაბადება და ყოველ ღამით შენი კვდომაა იგი, საცალფეხო ბილიკია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელთა მისტიკური ზღვარი ძ ი ლ ი ა, ქვეცნობიერის საიდუმლო სიღრმეებში ჩაყურყუმალავება და სიზმრებად შემორჩენილი უცნაური ფრაგმენტები. თუ დილა, გამოღვიძება-გაცოცხლება გიხარია, საყაროს უწყვეტ, ყრუდ მოგუგნე წრებრუნვაში ისევ ჩაბმული ხარ, როგორც ერთი მომცრო წერტილი პუანტილისტურ ტილოზე, ურომლისოდაც ნახატი არ აღიქმება შორი მანძილიდან.

და მაინც, რატომ ვართ? ოცნებები ხდება თუ,პირიქით,ილუზიაა მთელი ჩვენი ცხოვრება? უნდა გიყვარდეს,გწამდეს,სრულყოფილებას მიელტვოდე თუ რობოტივით ანგარიშობდე ან ანგარებით ესწრაფოდე სიმდიდრეს,აღზევებას და ძლიერებას ამა ქვეყნისა? ან იქნებ მხოლოდ შემოქმედებითი წვა,თვითგამოხატვის გენიალური სურვილი და უნარია ყველაზე მეტად ადამიანური,ან სულაც არაფერში ჩაღრმავება ამაოებათა ამაოებისა გამო…ერთი კია, უმარტივესი ჭეშმარიტებაა: არ დამორჩილდე, არ მოკვდე,სანამ ცოცხლობ და ისწრაფე ბედნიერებისაკენ! ,, ვის სჭირდება უსასრულოდ გაჭიანურებული მზის ჩასვლა? ვის სჭირდება მარადიული კეთილსურნელება და იდეალური ტემპერატურა? დროთა განმავლობაში ამ ყოველივეს ვეღარც კი შევამჩნევთ. მზის ჩასვლა ორიოდ წუთით არის მშვენიერი, შემდეგ ის რაღაც სხვამ უნდა შეცვალოს. ასეთები ვართ ადამიანები”. მართლაც, სიცოცხლის მრავალფეროვნების წყურვილია ბედნიერება. საინტერესო პერსონაჟია მოხუცი, პოლკოვნიკი ფრილაი, სპილოს ძვლის ფეხებით, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის და დანაოჭებულ ყურებზე მაგრად მიბჯენილი ყურმილიდან მთელი არსებით უსმენს სამხრეთული ქალაქის ხმაურს, სიცოცხლის ხმას ახალგაზრდობიდან. ასე კვდება იგი, აკრძალული სიამოვნებით, ყურმილით ხელში…,,მინდა ვნახო სტამბოლი, პოსტ-საიდი,ნაირობი, ბუდაპეშტი, დავწერო წიგნი, მოვწიო ბევრი სიგარეტი, კლდიდან გადავიჩეხო, მაგრამ შუა ვარდნისას ტოტებმა შემაჩეროს. მინდა მაროკოს უკუნ ღამეში ვიღაცამ ერთი-ორჯერ მესროლოს ტყვია, მინდა მშვენიერი ქალი მიყვარდეს.” – ეს ბილი ფორესტერია, ახალგაზრდა კაცი, მოხუცი ქალბატონი რომ შეჰყვარებია. ისინი ჭიქა ჩაიზე ხვდებიან, წარმოსახვით მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ვერ ელევიან ერთმანეთს. ქუჩაზე გამავალი დახურული ტერასიდან ისმის მათი შორეული, ფარვანასავით მოწრიალე ხმები. ერთს ახალგაზრდა თავისი ერთადერთი სიყვარულის რეინკარნაცია ჰგონია, მეორისთვის ის საოცნებო ქალის თვისებებითაა შემკული. ასეცაა: ხშირად ადამიანთა ბედისწერა ერთურთს ნაადრევად ან ნაგვიანევად ჩაექსოვება.

ცხოვრება არაა მხოლოდ ,,ჰეფი ენდი”, ის ბევრი ტკივილი და ცრემლიცაა, დაბნეულობა წონასწორობის ნაცვლად, ნაკლოვანებების სიმრავლესთან შეგუებისა და მიღების მცდელობა სრულყოფილების ნაცვლად, ხშირი სინანული, იმედგაცრუება სიხარულით აღტკინების ნაცვლად, სასოწარკვეთა სასოების წილ და ა.შ. მაგრამ ცხოვრებასაც და ადამიანსაც ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან, ბოლომდე ამოუხსნელები, მოუწესრიგებლები, ცოდვა-მადლიანები, ძნელად შესაცვლელები, რადგან მათ არსებობაში არის რაღაც, ხშირად ულამაზო, ზოგჯერ შემაძრწუნებელიც, მაგრამ მაინც ამაღლებული, მ შ ვ ე ნ ი ე რ ი…

ადამიანი კი მარტოა სიცოცხლეშიც, სიკვდილშიც და შეიძლება, სიკვდილის მერეც. ეს დიადი სიმარტოვეა. მოარული, ზღაპრული სიუჟეტია, ბუდას ცხოვრებაშიცაა, რომ ბავშვს ამყოფებენ თვალუწვდენელ კოშკში, რათა მან არ ნახოს სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი…ასე უმწეოდ ცდილობს ადამიანი გაექცეს ხშირად საკუთარ თავს და იპოვოს სულის განსასვენებელი. სადაა ეს ნეტარი სიმშვიდე, ჩვენშია თუ რომელიმე სხვა ადამიანში, ან სულაც ძნელადგანსახორციელებელ იდეაში, სიკვდილში თუ სიცოცხლეში, ადამიანურ ურთიერთობებში თუ პირიქით, მათგან განდგომაში, ტანჯვით მოიპოვება თუ ზღვარგადასული მხიარულებით, წუთისოფლის სიყვარულით თუ მისი პირობითობებისგან გათავისუფლებით, სიბრძნით თუ სიშლეგით?…როგორ არ უნდა გადაგყლაპოს რეალობამ და როგორ არ უნდა იქცეს ცხოვრება რწმენის სასაფლაოდ, იქნებ რაღაც მაინც ამ უკიდეგანო ცისქვეშეთში არ ემორჩილება ამაოების მოსაწყენ კანონს, თუნდაც ეს ერთი წამი, აზრი ამ დროს ჩემს ტვინში, გრძნობა ჩემს გულში, სანამ ის არ შერევია სხვა, გარდასულ წამთა ქორონიკონს და არ დაუკარგავს სამყაროს ქმნადობისა და გარდასახვის არსი და ენერგია…

,, – ის მაფიქრებს,ღმერთი როგორ მართავს ამ სამყაროს.

ტომი ამ სიტყვებმა ერთხანს ჩააფიქრა.

– ღმერთი კაი ტიპია, დაგ, – საბოლოოდ დაასკვნა ტომმა, ცდილობს.” – ადამიანად ყოფნის სირთულეც და უპირატესობის ბედნიერებაც, სიბერის შიშიც და თანაგრძნობაც ღმერთისადმი, რომელიც ყველაფერს ჩვენსავით ცრემლამდე განიცდის.

არსებობის წრეზე ტრიალში წიგნის ზაფხულიც მთავრდება. მოგონებათა დანალექი, ის, რაც წარსულიდან ჩვენში რჩება, ადამიანები – ხიდები წარსულსა და მომავალს შორის: ,,ბაბუაწვერას ღვინო სუფთად, უნაშთოდ, უკვამლოდ წვავს წარსულის განცდებს…სინამდვილეში არაფერი დამთავრებულა, – თქვა ტომმა, – და არც ოდესმე დამთავრდება. ის, რაც მოხდა, ყოველთვის მემახსოვრება. -ყველაფერი მანამდე დამთავრდა, ვიდრე დაიწყებოდა, – შენიშნა პაპამ, რომელიც ღვინის პრესის სახელურს ატრიალებდა…

– შენ, ალბათ, ხუმრობ?

– არა, დაგ, არა, ტომ, წლები რომ მოგემატებათ, თქვენც იგრძნობთ, რომ დღეები რაღაცნაირად იბინდება და ერთმანეთში ირევა…ერთ დღეს მეორისგან ძნელადღა გაარჩევთ…”.

უკვე დროა მოვიხსნათ ,,ვარდისფერი სათვალე”, მოვემზადოთ ისევ და ისევ მკაცრ, უცერემონიო, ხშირად რომანტიკისგან დაცლილ სამყაროში დასაბრუნებლად, იქ, სადაც უნდა გამოიგონო ან ეს ზღაპარ-ქვეყანა გაიხსენო, რომ გადარჩე, საბოლოო დასკვნისთვისაც განვეწყოთ…გზა მომავლისკენ წარსულზე გადის, სხვანაირი სავალი არ არსებობს. მხოლოდ ბავშვებმა შეუძლიათ ცხოვრების გრძნეულ ქაოსში სწორად გაიკვლიონ გზა. მერე კი ეს ალღო იკარგება. ხანდახან მივბაძოთ მათ სილაღესა და გულწრფელობაში, ვისწავლოთ მათგან, როგორ უნდა შევიგრძნოთ სამყარო. ეს წიგნიც ჩვენს ბავშვობაში დაბრუნებაა, როგორც პატარა, ანკარა წყარო, რომლის ნაკადი მოდუნებულ ძარღვებში მოხვედრისას სისხლს სასიამოვნოდ, თავგადასავლებისთვის აჩუხჩუხებს… სადღაც ჩვენში არის სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა სულის მდგომარეობა. ჩვენმა ბედნიერმა ,,მემ” უნდა ჩაჰკიდოს ხელი უბედურს და მრავალ კარს შორის მოძებნოს ერთი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ როგორც ზღაპარშია, უნდა იგრძნო მისი უჩვეულობა. მის მიღმა კი დრო გაჩერებულა და სანამ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს, უნდა ჩაისუნთქო ღრმად იქაური კრიალა ჰაერი, სმენა დაიტკბო იდუმალი სიჩუმის ჰანგებით, დაიმახსოვრო ყვავილოვანი მწვანე ფერის სიღრმე, უზაკველობა და დაბრუნდე უკან. კარისმიღმა სამყაროს ასეთი პატარ-პატარა ,,ულუფები” საჭიროა  სიცოცხლისთვის აზრის, სიკეთისა და სიყვარულის ძალის მისაცემად…ოღონდ უნდა იპოვო ის კარი და შეაფარო თავი…საკუთარ თავს…ერთ- ერთი კარი რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინოცაა”. მწერლის სამყარო შესანიშნავია, პერსპექტივაშიც რომ გასაზრდოებს, მომავალი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე წინასწარმეტყველება. წიგნი კი არასდროსაა წარსული კარგი მკითხველისათვის, ის მომავალია…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როცა ენოტი ლოცულობს, სიბნელე წვება

0

სიტყვა მურტალი რო მძულს, სიძულვილი ეგეთი უნდა, მაგრამ თბილისურ წვიმას სხვა რა უნდა დაარქვა, აბა?! ერთი სიტყვით, ძაან მურტალი ამინდი იყო. ამ ჭაღარასა და მრავალ ჭირნახულში კარგი ამინდის დროსაც გიჭირს ფეხით გავლა ადამიანს. როგორ ამბობენ? ფეხით მოსიარულეებისთვის მეგობრული ქალაქი არ არისო. ეგეთია თბილისი – თუ მაინცდამაინც რამე კაი მანქანაზე არ ხარ ამხედრებული, არ გემეგობრება. როგორღაც, შენ შენთვის ხარ, შენი ქალაქი თავისთვისა და ცხოვრობთ ასე, მუდამ ნაჩხუბარი ცოლ-ქმარივით. ჩემს ბავშვობაში იყო ეგეთი კითხვა: „გეხები რო მეხები?“. ასე გეუბნება ზუსტად. მაცადე ცხოვრებაო, რა.

 

თავში ჭკუა მქონდა, იმ მურტალ ამინდში ზოოპარკში წასვლა რო გადავწყვიტე? არა, განა ზოოპარკის ფილოსოფიას ვემხრობი ან რამე. რა წესია ამ Youtube-ის ეპოქაში გალიაში გამომწყვდეული ცხოველის ყურება. კითხე ინტერნეტს და პასუხს კი არ დაგამადლის. სულ ნაირ-ნაირ ვიდეოებს ამოგიყრის, გინდა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისას“ და გინდა „დისქავერისას“. ჰო, „ენიმალ პლანეტიც“ ხომაა კიდევ. თან, ისეთი ვიდეოები იქნება, მინდორ-ველში როგორ იქცევიან, რას ჭამენ, რა სწყინთ და რა უხარიათ. დიდი თავშესაქცევი რამაა მაგ გადაცემების ნახვა. ტელევიზორს საუკუნეში ერთხელ ვუყურებ, მაგრამ თუ ვუყურებ, მაგას ვუყურებ. მამაჩემს ბავშვობის ძმაკაცი ჰყავს, როსტომ გვარიშვილი. მაგარზე მაგარი კაცი. უწინ პოლიციის უფროსი იყო ჩაქვში. ერთ ზაფხულს სამსახურში შევუარეთ და ვთხოვე, აბა, პატიმრები მანახე-მეთქი და იცით რა მიპასუხა? მე კი განახებ, მაგრამ ცხოველები ხომ არ არიან, გისოსებში რო ათვალიეროო. აბა, შენ მოიფიქრე, მითხარი რას გადაწყვეტ და ისე მოვიქცეთო. მეთქი არ მინდა. მაშინ მივხვდი, რომ თავისუფლებაში რო არ არის, ეგეთს არც ადამიანს უნდა უყურო და არც ცხოველს. როცა გათანაბრდებით, მაშინ ადექით, უცქირეთ ერთმანეთს და იყავით. როსტომი კაცების კაცია. შვილი მოვუნათლე მერე. კი ვერ ვუწევ საკადრის ნათლიობას, მაგრამ… სხვა ამბავია ეგ.

 

არა, ისიც მესმის, რომ ამბობენ, ეგ ცხოველები რომ გაუშვა, ბუნებასთან ვეღარ შესისხლხორდებიანო, დაიხოცებიანო, რამე, რუმე. მესმის, ხისთავიანი კი არ ვარ. საერთოდაც, ბოლო დროს ვცდილობ არ ვიექსპერტო. რადგანაც ამდენი ცხოველთა უფლებების დამცველის ხელში ზოოპარკები ისევ არსებობს, ესეიგი აქვს გამართლება. თან, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი მესიმპატიურება მაგრად. კარგი კაცი ჩანს. რამდენჯერმე მოგვიწია გამოლაპარაკება და საინტერესო რაღაცები თქვა. მაგათი ფეისბუკის გვერდიც მომწონს – კარგად აკაკუნებენ კლავიატურაზე და ეტყობათ, რომ ცხოველები უყვართ.

 

მოკლედ, იმას მივედ-მოვედები, რო გალიაში ჩასმული ცხოველების ნახვისგან თავს ვიკავებ, რითიც შემიძლია. ეს „რითიც შემიძლია“ ძალიან მაზალო სიტყვებია. არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ეგეც ბავშვობის ნატკენია, სხვათა შორის. იმ დამპალ დროში, ახლა რო ბნელსა და ტკბილს ვეძახით, ხშირად გკითხავდნენ ძველები და მოშავო ელემენტები: „ქურდებს პატივს სცემ?“. შენ კიდე უნდა გეპასუხა: „რითიც შემიძლია“.

 

ჰოდა, იმ მურტალ, წვიმიან ამინდში მაინც გადავწყვიტე ზოოპარკში წასვლა. ცხოველების ნაწილი ახალ ზოოპარკში გადაუყვანიათ და იქაურობა ნახევრად მიტოვებულ სოფელს დამსგავსებია. ვოლიერს აწერია ესა და ეს ცხოვრობს აქაო. შეიხედავ და, სადაა? არ არის. „თეთრი ბაირაღები“ გახსოვთ? შოშია რო ტიგრან გულოიანს უხსნის ფალსიფიცირებული საფლავი რა არის. ფაფუ, გალია ცარიელია. ჩვენ, ადამიანები ხომ ვტოვებთ კვალს იმ ადგილებში, სადაც ვიყავით. ისე ხდება, რომ ეგ კვალი უშნოა ხოლმე და იქნებ არც ღირდეს თავის გამოჩენა. აი, ჩემი სკოლის ფასადი იყო ეგეთი აჭრელებული. ბოლო ზარის წინ ბიჭები აწერდნენ თავიანთ სახელებს საღებავით. ალბათ, იმის შიშით, რომ ეგებ სხვანაირი კვალი ვეღარ დაეტოვებინათ ცხოვრებაში. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ რა იქნებოდა, ამ ალაგ-ალაგ დაცარიელებულ გალიებში ცხოველებს თავიანთი სახელები დაეტოვებინათ. „აქ იყო ფოცხვერი დიეგო“, ან რამე ამის მსგავსი. როგორც ბრუკსი ტოვებს ავტოგრაფს თვითმკვლელობის წინ.

 

მსხვილი წვეთებით წვიმდა და ეს ამბავი უფრო ასევდიანებდა იქაურობას. მგონი, ჩემ გარდა არც არავინ იყო მაშინ ზოოპარკში. თუმცა, როგორ არა. ატრაქციონთან დავლანდე ახალგაზრდა ქალი, ბილეთების ჯიხურში იჯდა და არავის ელოდა. სახე მაჯაზე დაეყრდნო და ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა. მე, როცა თავს ეგრე ჩამოვდებ, კარგზე არაფერზე მეფიქრება ხოლმე. ისე, ეგეთ მურტალ ამინდში, ამდენ სევდიან ცხოველს შორის, რატომ უნდა გაგეფიქროს კარგზე.

 

და, სწორედ მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ ამ ქალზე მარტოსული არავინ იყო იმ მომენტში, ენოტი დავინახე. საქათმისხელა გალიაში იჯდა და შორიდან მიყურებდა. „ტირის“? – ვიფიქრე. ისიც კი არ ვიცი, ენოტებს ტირილი თუ შეუძლიათ. თან, ძალიან შორს ვიდექი, მაგრამ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, როგორ ბზინავდა მის თვალებში წყალი. „ტირის, ბიჭო, ტირის“ – ისტერიულად ვიმეორებდი და ნელ-ნელა იმ მღრღნელს ვემსგავსებოდი, ცოტა ხნით ადრე გაუჩერებლად და ნერვიულად რომ ურტყამდა თავის გალიას წრეებს „პრაგულკაზე“ გამოყვანილი პატიმარივით.

 

გალიას მივუახლოვდი თუ არა, ენოტი მიხვდა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, ვერსად შეიმალებოდა და იცით რა ქნა? თავი დახარა. მხოლოდ ეს შეძლო – თავის დახრა, რათა არ დავენახე და წარმოსახვაში მაინც გავექრე, წარმოედგინა, რომ იქ არ ვარ და ვერაფერს დავუშავებდი. სწრაფად გავერიდე, მაგრამ საკუთარ ვარაუდში დასარწმუნებლად, ისევ მივბრუნდი. ენოტმა ისევ იმგვარად დაიცვა თავი. იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდეთ, რას გრძნობდა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, ნანახი უნდა გყავდეთ შიშისაგან გისოსზე აკრული ენოტი, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, თავის დახრაა. ენოტი გალიაში მარტოა. სრულიად მარტო.

 

რა აღარ ვიფიქრე. მეთქი, მოთხრობას დავწერ, რომ წყვილი ზოოპარკში დათქვამს პირველ პაემანს, ენოტი შეეცოდებათ, გაათავისუფლებენ და სადმე, ბუნებაში გაუშვებენ – ეგეც მაგათი პირველი ერთობლივი თავგადასავალი. „კარგი ერთი, თუ ძმა ხარ. ვის რა ოხრად უნდა შენი მოთხრობა“ – მოვუჭირე მუხრუჭებს. მეთქი, ზოოპარკს რად უნდა რკინის გისოსები, შუშაბანდები უნდა ჰქონდეს. გამოვიდნენ ყველანი და ვიცხოვროთ ერთად. რა ფასი აქვს ცხოვრებას რისკის გარეშე. განა ცოტა დადის ამ ქვეყანაში სამეფო კობრაზე უფრო შხამიანი და თეთრ ლომზე უფრო მტაცებელი? ჩართეთ საღამოს საინფორმაციო გამოშვება და რამდენსაც გინდათ, იმდენს ნახავთ, სულო და გულო.

 

წვიმდა და წვიმდა. ბილეთების ჯიხურში მჯდომ ქალს ორივე ხელი შემოედო თავზე, მაგრამ ის არ იყო ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. არც მე ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ იმ წამს სწორედ ასეთად ვგრძნობ თავს. ყველაზე მარტოსული იყო ენოტი, საქათმისხელა გალიაში გამომწყვდეული, უმეგობრო და გაუხარელი, დღედაღამ იმაზე მლოცველი, რომ მის გალიასთან არავინ მივა და თუ მაინც დაუცდება ვინმეს ფეხი და შეამჩნევს, განგების შეწევნით შეძლებს თავის დახრას, რის შემდეგაც ისეთი უკუნეთი ჩამოწვება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააქრობს მის გარშემო. ყოველ შემთხვევაში, ერთი წუთით მაინც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...