პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

სოციალური პროექტი გაკვეთილზე

0

მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა  გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტია კაცობრიობისთვის სასმელი წყალი და  რა დიდ აუცილებლობას წარმოადგენს წყლის რესურსების მოფრთხილება და დაცვა.

მდგრადი განვითარების 17 ძირითად მიზანს შორის მეექვსე წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფაა.

საქართველოში წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რიგითი მოქალაქის პოზიციიდანაც თუ  დავაკვირდებით ჩვენი მდინარეების, წყალსატევების ნაპირებს დასახლებული პუნქტების ახლოს, ისინი ნაგავსაყრელად არის ქცეული.  ეს ფაქტები ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ცნობიერების პრობლემებზე მეტყველებს. ამ მიმართებით სოციალური სასკოლო თუ საკლასო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება  ეფექტური აქტივობა იქნება, რომ  ჩვენს მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული ხედვა არსებულ პრობლემასთან მიმართებაში და აუმაღლდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უნარ-ჩვევები გარემოსა და კონკრეტულად, წყლის რესურსების მოფრთხილება-დაცვის თვალსაზრისით.

ამ თემასთან დაკავშირებული სოციალური პროექტების ხანგრძლივობა, მასშტაბები, საგნობრივი ბმები და ასე შემდეგ, შესაძლებელია მოქნილად მოერგოს კონკრეტული სკოლის, კლასის, საგნის ან საგნების მოცემულობას.

სამზადისი

საკითხის აქტუალობის გააზრების მიზნით, სასურველი იქნება სასკოლო საგნების შესაბამისი კომპეტენციებიდან  (ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, სამოქალქო განათლება…) გამომდინარე, გამოიკვეთოს ცოცხალი ორგანიზმებისთვის წყლის როლი და მნიშვნელობა.

პროექტს წინ უნდა უძღვოდეს  პრობლემის განსაზღვრის პერიოდი. მონაწილეები  დამატებით მასალებს მოიძიებენ (ეს შეიძლება იყოს გარემოსდამცველთა კვლევა, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ).

პროექტის მიზნის განსაზღვრა

შემდეგი ეტაპი უკვე ამ პრობლემის საკუთარი გარემოს ჭრილში აღქმის, არგუმენტირებისა და მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა იქნება. ამ ეტაპზე მცირე კვლევის ჩატარება კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.

მაგალითად, შესაძლებელია კლასი/პროექტის მონაწილეები სამ ნაწილად დავყოთ (მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით). პირველი ჯგუფი გააერთიანებს ,,მკვლევარებს“, მეორე – ,,რეპორტიორებს“, ხოლო  მესამე – ,,რეკომენდატორებს“.

პირველი ჯგუფის ამოცანა იქნება შეადგინოს კითხვარი წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ მოსახლეობის (როგორც მოსწავლეების, ასევე თემის წარმომადგენლების) ცნობიერების დონის გასარკვევად და ჩაატარონ გამოკითხვა.

მეორე ჯგუფი მოამზადებს ფოტო/ვიდეორეპორტაჟებს საკუთარ გარემოში მდინარეების ან სხვა წყალსატევების მდგომარეობის შესახებ (იყენებს თუ არა ნაგავსაყრელად მოსახლეობა სანაპიროს, ჩაედინება თუ არა კანალიზაცია, საწარმოო ნარჩენები და ასე შემდეგ);  იღვრება თუ არა ონკანებიდან წყალი უმიზნოდ; სასურველია შემოწმდეს სასმელი წყლის სინჯები ხარისხიანობასა და უსაფრთხოებაზე. რესურსის მოსაძიებლად ამ საკითხზე შეიძლება თანამშრომლობა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე გარემოსდაცვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მესამე ჯგუფი ამ პერიოდში მუშაობს სასურველი სიტუაციისა და მისი მიღწევის წინაპირობების  განსაზღვრისათვის.  ისინი შეეცდებიან გაარკვიონ რამდენად უზრუნველყოფს ამ საჭიროებას საკანონმდებლო რეგულაციები. საბოლოოდ, ეს ჯგუფი წარმოადგენს რეკომენდაცებს, რისი გაკეთებაა საჭირო ვითარების შესაცვლელად.

სამივე ჯგუფი ერთმანეთს აცნობს შედეგებს და ერთად მსჯელობენ პროექტის მიზანზე, მისი მიღწევის გზებსა და შესაძლებლობებზე.

მაგალითად, შეიძლება პროექტის მიზანი ასე ჩამოყალიბდეს:

მოსწავლეთა და თემის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ; ადგილობრივ თვითმმართველობასთან  პრობლემის ადვოკატირება; მდინარის სანაპიროს დასუფთავება.

ეს მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

კონფერენციის ორგანიზება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვაზე.

  • ყურადღების გამახვილება წყლის ყაირათიანად მოხმარების და მისი ხარჯის შემცირების საკითხებზე ( ამ მიმართებით შესაძლებელია უმცროსკლასელებთან კომუნიკაცია და მათი პასუხისმგებლობის ამაღლება საოჯახო ხარჯების შესამცირებლად);
  • საინფორმაციო მასალის მომზადება და გავრცელება (ბროშურები, ფლაერები, კედლის გაზეთი…)
  • ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა (რეაგირებისთვის პრობლემების გაცნობა ფოტომასალებისა და კვლევის შედეგების გამოყენებით, ასევე თანამშრომლობის შეთავაზება წყლის დაცვის დღეს სპეციალურ აქციაში მოსწავლეთა ჩართვის შესახებ, ბანერების დამზადება-დადგმაში მონაწილეობა);
  • წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დასუფთავების აქციის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების, თემის, მათ შორის მოსწავლეების მონაწილეობით. სანაპიროსთან ბანერების დადგმა წარწერით ,,ნუ დაანაგვიანებთ!“;
  • პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია.

რა თქმა უნდა, ეს ზოგადი მონახაზია, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს შემოქმედებითად  უნდა მოარგოთ, რომ პროექტი შედეგზე ორიენტირებულად წარიმართოს.

კარგი იქნება დარგის სპეციალისტების მოწვევა სკოლაში, რომლებიც მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან და საკუთარი პროფესიის მნიშვნელობაზეც ესაუბრებიან. ამ მიზნით, ეფექტური იქნება შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა წყლის გამწმენდი დანადგარებისა და პროცედურების სანახავად.

პროექტის ფარგლებში შეიძლება გამოცხადდეს ესეების, ფოტოების, ნახატების კონკურსი, ინფორმაციის გავრცელების მიზნით, შეიქმნას პროექტის ვებგვერდი.

პროექტს საბოლოოდ ვაყალიბებთ იმის მიხედვით, რა  მიზნები გვაქვს და როგორია ჩვენი დროის, ადამიანური და ფინანსური რესურსები. ერთნი მხოლოდ ცნობიერების ამაღლების აქტივობებით შემოისაზღვრებიან და პროექტს 1-2 კვირაში დაასრულებენ, მეორეთათვის შესაძლოა პროექტმა უფრო ხანგრძლივი სახე მიიღოს და გაგრძელდეს.

  „გაასამართლე ისტორიული პიროვნება“

0

ისტორია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების ნაწილი, მოსწავლეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სივრცეში თავისუფლად ორიენტირებასთან ერთად გაიაზრონ ისტორიული ეპოქა. საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას მიიღება ის ცოდნის, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. (https://ncp.ge/ge/sazogadoebrivi-metsnierebebi/sazogadoebrivi-metsnierebebis-stsavlebis- -da-amotsanebi). ამ ყველაფრის განხორციელებაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება პედაგოგს, რადგან თითოეული საგაკვეთილო პროცესისათვის მან უნდა შეარჩიოს სწავლების სწორი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოახდენს მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში და ასევე ხელს შეუწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე.

ამ შემთხვევაში სწავლა-სწავლების მრავალი მეთოდიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ როლურ და სიტუაციურ თამაშებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება და საშუალებას აძლევს, სხვადასხვა პოზიციიდან განიხილონ საკითხი და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულება. ისტორიის გაკვეთილზე ჩემ მიერ VII კლასში გამოყენებული როლური თამაშის მეთოდი „გაასამართლე ისტორიული პიროვნება“ უკავშირდებოდა კონკრეტულ საგაკვეთილო თემას: საფრანგეთში კარდინალ რიშელიეს მმართველობას. მეთოდი გამოყენებულ იქნა გაკვეთილის მეორე ფაზაზე. მოსწავლეები გადანაწილდნენ სამ ჯგუფად (თავდაპირველად მოხალისეობის საფუძველზე სურვილის მიხედვით შერჩეულ იქნა 12 მონაწილე, ხოლო ამის შემდეგ „რიცხვების ტალღის“ მეშვეობით დანარჩენ ორ ჯგუფში). აქტივობა დაეფუძნა დემოკრატიულ პრინციპს: ჯგუფის ლიდერებმა წევრებთან ერთად თავად აირჩიეს ყუთები ფერების მიხედვით, რომლებშიც დავალებები გადანაწილებული იყო „დროში მოგზაურობის“ პრინციპით (მოხდა კონკრეტული ეპოქის გაცოცხლება, რიშელიე გასამართლდა თანამედროვე სასამართლოს სისტემის საფუძველზე).

N1 ჯგუფი: შესწავლილი მასალა უნდა წარმოედგინათ შემდეგი სახით:

მოსწავლეები, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ირჩევენ ჯგუფის იმ წევრს, რომელიც განასახიერებს ისტორიულ პიროვნებას, კერძოდ კი რიშელიეს, რომელიც უნდა გასამართლდეს. დავალების მიხედვით, რიშელიეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ადვკოკატი. ამავე ჯგუფმა უნდა აირჩიოს მოსამართლე (საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას) და პროკურორი – პირი, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი (https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4020 ენციკლოპედიური ლექსიკონი). მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალი უნდა დასდოს რიშელიეს.

პროცესის დაწყების წინ მოსამართლე აუდიტორიას აცნობს საქმის ვითარებას, თუ ვინ არის კარდინალი რიშელიე, მისი წოდებითა თუ რეგალიებით, რაში ედება მას ბრალი, რომელიც ამ პროცესის განსახილველი საკითხია; ასევე წარადგენს მის დამცველს და ბრალმდებელს. რიშელიეს ეძლევა საშუალება, დაიცვას თავი როგორც პირადად, ასევე ადვოკატის მეშვეობით. რაც შეეხება ადვოკატს, არგუმენტირებულად აყალიბებს რიშელიეს გამამართლებელ ფაქტებს. ამ აქტივობით მოსწავლეები იაზრებენ კანონის უზენაესობას, ფაქტებსა და მოვლენებს შორის თანამედროვეობასთან ავლებენ პარალელებს, სწავლობენ ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და მისი ხელშეუხებლობის პატივისცემას.

N2 ჯგუფი: აღნიშნული ჯგუფი წარმოადგენს ნაფიც მსაჯულებს, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები – დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1819). ამ ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეები უშუალოდ იღებენ ინფორმაციას ნაფიცი მსაჯულების შესახებ, კერძოდ, კი ეცნობიან აღნიშნული ინსტიტუტის დანიშნულებას, მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს საზოგადოების წინაშე. მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიღებული ისტრუქციით იციან, რომ ნაფიცი მსაჯულები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთაც არ აქვთ იურიდიული განათლება, ისინი ერთად მსჯელობის შემდეგ აფასებენ პროცესს და სასჯელს ადებენ ბრალდებულს პიროვნული და ობიექტური შეფასებების, პროცესზე მოყვანილი ფაქტებისა თუ მტკიცებულებების საფუძველზე.

VII კლასის  მოსწავლეებმა შეძლეს მინი-სასამართლო პროცესის დადგმა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სასამართლოს ჰყავდა მოსამართლე, რომელიც წარმართავდა პროცესს, ასევე ბრალდებული კარდინალი რიშელიე, მისი ადვოკატი, ბრალმდებელი და ნაფიცი მსაჯულები.

„გაასამართლე ისტორიული პიროვნება“ – მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა  იმსჯელეს რიშელიეს ვინაობის შესახებ, წარმოაჩინეს მისი  უარყოფითი და დადებითი მხარეები, დაინახეს იმ დროის ისტორიული ვითარება, შეძლეს დამოუკიდებლად წარმოედგინათ, დაეცვათ და არგუმენტებით გაემყარებინათ თავიანთი მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ განაჩენი გამოუტანეს კარდინალს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიშელიე არ დასაჯეს სიკვდილით და მის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებთან ერთად მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან მეტად დამამძიმებელი ბრალდებები იყო წარმოდგენილი.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული აქტივობა პრაქტიკულად ქმედითს ხდის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო საფეხურის მოსწავლეებში გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროცესს.

(ისტ. VII 4.) მოსწავლეს უნდა შეეძლოს მსჯელობა ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე.

უნდა შეძლოს შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა;
მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა;
ერთმანეთისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობის, ურთიერთთანამშრომლობის სწავლება.
ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა

მოტივაციის
კომუნიკაციის
მოსმენის
თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვფიქრობ, პერიოდულად მსგავსი მეთოდით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს აზრი და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ცოდნის ტრანსფერი.

მასწავლებლის საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა. მას ყოველდღიურად უწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც იქნება ორიენტირებული (გაკვეთილი-შეჯიბრება როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა, მაია ფირჩხაძე, 7 აგვისტო, 2013 წელი, https://mastsavlebeli.ge/?p=2302). მოდელირების ანუ თამაშით სწავლის გაკვეთილები მხიარული და სახალისოა, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ფაქტობრივი ცოდნის ათვისებას, აზროვნების გაფართოებას, განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას, რაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული მრავალრიცხოვან კლასში.
პედაგოგის მიერ გამოყენებული ხარაჩოს (სკაფოლდინგის) პრინციპი უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, ვინაიდან, როდესაც ხარ ფასილიტატორი და გზის მიმცემი, ასწავლი მათ ცოდნის დამოუკიდებლად კონსტრუირებას. ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლის პასიური სწავლების პროცესიდან, აქტიური სწავლების ფაზაში გადაყვანას. სწავლა-სწავლების პროცესი შედეგზე მაშინ გადის, როდესაც პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრს, ითვალისწინებს მათ დამოკიდებულებებს სწავლების პროცესში, ხელს უწყობს მათში ანალიტიკური უნარების განვითარებას.

ლიტერატურა:

1.საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge/ge/sazogadoebrivi-metsnierebebi/sazogadoebrivi-metsnierebebis-stsavlebis-miznebi-da-amotsanebi;

2. გაკვეთილი-შეჯიბრება როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა, მაია ფირჩხაძე, 7 აგვისტო, 2013 წელი; https://mastsavlebeli.ge/?p=2302;
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1819.

ძერწვა და მისი როლი ბავშვის განვითარებაში

0

რომელი მშობელი იტყოდა უარს, რომ შემოქმედებითი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი შვილი ჰყოლოდა. ალბათ, ძნელი იქნება ასეთი მშობლის პოვნა. თუმცა, მათი უმრავლესობის ყურადღება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში ყველაზე ნაკლებად აღნიშნული უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენაა მიმართული, როგორც სასკოლო, ისე  სკოლამდელ პერიოდში.

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ბავშვი მშობლიურ ენაზე მეტყველებას არ არის დაუფლებული და ბევრი მშობელი ცდილობს უცხო ენა შეასწავლოს მას. ამასთან, სიხარულს და ბედნიერებას ვერ მალავენ, თუ პირველ სიტყვას მათი პატარა სწორედ უცხო ენაზე წარმოთქვამს. სკოლამდელ პერიოდში უფროსები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ იმისათვის, რომ შეასწავლონ ბავშვს კითხვა, წერა, თვლა, მარტივი მათემატიკური ოპერაციების შესრულება. და,  ყველაფერ  ამას ისინი, ერთი შეხედვით, ძალიან „კეთილი“ განზრახვით აკეთებენ. მათი აზრით, ყოველივე აღნიშნული ბავშვის სკოლისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სკოლაში სწავლის პერიოდში მათი შვილის წარმატებულობის წინაპირობა გახდება. ძალიან სამწუხაროა, რომ სკოლამდელ ასაკშიც კი, რომელიც შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის სენსიტიურ პერიოდს წარმოადგენს, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ისეთ საქმიანობებს (ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია), რომელიც აღნიშნული უნარების განვითარების ხელშემწყობი გახდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ არც სასკოლო პერიოდში მოიაზრება აღნიშნული საქმიანობა პრიორიტეტულად. უფრო მეტიც, შეიძლება ბავშვმა საყვედურებიც კი მიიღოს მშობლებისგან, თუ ის ძერწვამ გაიტაცა და დავალებები მათემატიკაში ან უცხო ენაში შეუსრულებელი დარჩა.

მაინც, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ბავშვს ძერწვამ და რა როლი შეიძლება შეასრულოს მან პატარას განვითარებაში. ბავშვებს, როგორც წესი, ძალიან უყვართ ძერწვა და ამისათვის ბევრნაირ მასალას იყენებენ – ქვიშით დაწყებული და დედის მიერ ხაჭაპურისთვის მოზელილი ცომით დამთავრებული.

ძერწვა ბავშვისთვის არა მხოლოდ გასართობი, არამედ გარკვეული სარგებლის მომტანიცაა:

  • ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან სხვადასხვა ფორმის დეტალების შექმნისას და ამ დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებისას ბავშვს უვითარდება ხელის წვრილი მოტორიკა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მისი მეტყველების, ზუსტი და კოორდინირებული მოძრაობების, მეხსიერების და პიროვნების განვითარებაზე. ყოველივე აღნიშნული კი ბავშვის გონებრივ განვითარებაში პოულობს ასახვას;
  • ძერწვა ნებელობის განვითარების კარგი საშუალებაა. როცა ბავშვი კონცენტრირებულია რაიმე, მისთვის საინტერესო და მიმზიდველ საქმიანობაზე, ის ადვილად სწავლობს მოთმინებას, ხდება უფრო ბეჯითი, მონდომებული, უვითარდება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის და სირთულეების გადალახვის უნარი, ხდება უფრო მობილიზებული, ყურადღებიანი, უვითარდება თვითრეგულაციის უნარი;
  • პლასტილინის სტანდარტული ნაწილებისაგან ახალი ფორმების შექმნისა და სხვადასხვა ფერების ერთმანეთში შერევის, ასევე ნიმუშის მიხედვით ძერწვის პროცესში ვითარდება ხატოვანი, აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება, მეხსიერება; ვლინდება შემოქმედებითი უნარები;
  • ძერწვა წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ქმნის რაიმეს არა ნიმუშის მიხედვით, არამედ მის მიერვე მოფიქრებულს;
  • ძერწვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, პატარას ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ამცირებს აგზნებადობასა და გაღიზიანებადობას. ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს თავისი ემოციები (მათ შორის ნეგატიური) სოციალურად მისაღები ფორმით, გაუმკლავდეს სიბრაზეს, განრისხებას, შფოთვას;
  • ფსიქოლოგიაში აქტიურად გამოიყენება ძერწვა, როგორც არტ-თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი. მას აქვს დამამშვიდებელი და თერაპიული ზემოქმედება. განსაკუთრებით სასარგებლოა ძერწვა ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვებს რამდენიმე წუთითაც კი არ შეუძლიათ ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა, რეგულარული მეცადინეობები პლასტელინით ძერწვა ეხმარება მათ იყვნენ უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, მტკიცე, შეუპოვარი და დაწყებული საქმე წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანონ;
  • ნამუშევარი, რომელსაც ძერწვის პროცესში ქმნის ბავშვი, გვეხმარება უფროსებს გავერკვეთ მის სულიერ მდგომარეობაში და შევაფასოთ ემოციური და პიროვნული პრობლემების არსებობა;
  • ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს გრძნობები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა და რომელთა არსებობას შეიძლება ის ვერც კი აცნობიერებს; არავერბალურად გამოხატოს ასევე არსებული შინაგანი კონფლიქტები და წინააღმდეგობები;
  • ძერწვა ეხმარება ბავშვს „საგნობრივი“ გახადოს შიში და დაძლიოს ის ფიზიკური ურთიერთქმედების გზით – დაამტვრიოს, დასრისოს გამოძერწილი ფიგურა მისი შეცვლის, რაიმე უფრო კარგის, უკეთესის შექმნის მიზნით;
  • ძერწვა ბავშვისთვის გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობის საშუალებაა. იმისათვის, რომ პატარამ გამოძერწოს ესა თუ ის ფიგურა, მან კარგად უნდა შეისწავლოს ის, რის გამოძერწვასაც აპირებს, შეისწავლოს საგნების დამახასიათებელი თავისებურებები, დააზუსტოს დეტალები, გაიაზროს, გააცნობიეროს ობიექტების ძირითადი თვისებები. ამ გზით ის იძენს ცოდნას გარემომცველი სამყაროს შესახებ, ვითარდება მხედველობითი მეხსიერება, ასევე ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მნიშვნელოვანია ძერწვის როლი ბავშვის პიროვნების განვითარების პროცესში. ძერწვა მარტივი და ეფექტური ხერხია ბავშვის დაფარული შესაძლებლობების გამოსავლენად და ბუნებრივი უნარ-ჩვევის განვითარებისთვის, იმისათვის, რომ დავანახოთ პატარას საკუთარი უნიკალურობა და შემოქმედებითი უნარები. მუშაობა ისეთი საძერწი მასალით, რომელსაც ბავშვმა სურვილის მიხედვით შეიძლება მისცეს ნებისმიერი ფორმა, შემდეგ კი, თუ საჭირო იქნება, შეცვალოს ეს ფორმა ახლით, უვითარებს ბავშვს საკუთარ ძალებში რწმენას, პასუხისმგებლობას და ცნობისმოყვარეობას. პატარა „ატარებს ექსპერიმენტებს“ და ავიწყდება, რომ რაიმე შეიძლება არ გამოუვიდეს. ის სწავლობს ახალს და ცდილობს გაცნობიერებულად გამოიყენოს თავისი უნარი საჭირო შედეგის მისაღწევად. ძირითადი მოტორული ჩვევების პარალელურად ძერწვა ავითარებს მიზანსწრაფულობას, სიბეჯითეს და ორგანიზებულობას.

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძერწვა ბავშვის სკოლაში სწავლისათვის მზაობის მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ამდენად, როცა ბავშვს სკოლაში სწავლის დასაწყებად ვამზადებთ, წერა-კითხვის, უცხო-ენის და მათემატიკური ოპერაციების სწავლების ნაცვლად, აჯობებს დავაკავოთ ის ძერწვით, რომელიც მას ისეთ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ისე განავითარებს ინტელექტუალურად და სოციალურად, რომ მომავალში სკოლაში სწავლა მისთვის ბევრად უფრო ადვილი, საინტერესო და მიმზიდველი იქნება, ვიდრე წერა-კითხვის ცოდნის შემთხვევაში.

 

 

 

შემეცნებითი მოგზაურობა „Minecraft-ის“ სამყაროში

0

„Minecraft: Education Edition“ არის თამაშზე დაფუძნებული სწავლების პლატფორმა, რომელიც პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს, გაამრავალფეროვნონ სწავლების მეთოდები, გაითვალისწინონ მოსწავლეთა მისწრაფებები და უფრო აქტიურად ჩართონ ისინი სასწავლო პროცესში.

მოსწავლეთა დიდ ნაწილს უკვე აქვს „Minecraft-ის“ თამაშის გამოცდილება, ისინი სულ მცირე ასაკიდან თამაშობენ და სასწავლო პროცეში „Minecraft-ის“ გამოყენება მათთვის სასიამოვნოცაა და მოტივაციის მიმცემიც. მყავდა მოსწავლეები, რომლებიც დიდი მონდომებით არ სწავლობდნენ ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. თამაშით სწავლება მათთვის სწავლისა და განვითარების საუკეთესო გზა აღმოჩნდა. ამ მოსწავლეებმა თავად შექმნეს სასწავლო თამაშები „მაინკრაფტში“ და ამისთვის, რა თქმა უნდა, დასჭირდათ უამრავი საჭირო მასალის შერჩევა და შესწავლა, რაც დიდი სიამოვნებით გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოსწავლე სკოლებში არცთუ ცოტაა; რატომაც არ უნდა მივცეთ მათ თავის წარმოჩენის ახალი შესაძლებლობა?

„Minecraft-ის“ საშუალებით მოსწავლე ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ივითარებს ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. უვითარდებათ ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, საკუთარი თავის რწმენა, კრიტიკული აზროვნება და სხვა.

„Minecraft-ის“ ვირტუალურ სამყაროში მოსწავლე სრულიად მარტოა და ყოველ ნაბიჯზე სჭირდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, რაც მას საშუალებას აძლევს, ირწმუნოს საკუთარი თავის და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნოს.

„Minecraft-ს“ აქვს საკლასო ოთახში ერთად მუშაობის რეჟიმიც: მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთად დაგეგმონ და განახორციელონ რამე მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად, შექმნან ახალი, მათთვის საინტერესო სამყარო. ეს ყველაფერი კი მათ მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს.

Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა „Minecraft: Education Edition-ზე“ ( https://education.minecraft.net/ ) ნახავთ ქართულენოვან საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევქმენით. მათ შორის არის არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ ბიოლოგიისა და ქიმიის სასწავლო თამაშებიც.

ეს თამაშები რომ გამოიყენოთ, საჭიროა, კომპიუტერზე დაინსტალირებული გქონდეთ Minecraft Education Edution ვერსია, თამაშის აღწერაში მითითებული მისამართიდან ჩამოტვირთოთ შესაბამისი თამაშის დაზიპული ფაილი და თქვენს კომპიუტერში გახსნათ.

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

  1. „გეომეტრიის სამყარო“https://bit.ly/2V0LVal

გეომეტრიის სამყარო ცხრა ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილში დაფა-პოსტერებზე რვა სახის გეომეტრიული დავალებაა მოცემული. თითოეულ დავალებაზე ერთდროულად სამ მოსწავლეს შეუძლია მუშაობა.

თამაში survival-გადარჩენის რეჟიმში მიმდინარეობს. სასწავლო მიზნით მისი გამოყენებისას სასურველია, მიუთითოთ დღის რეჟიმი, რათა თავიდან აიცილოთ მონსტრების გამოჩენა – მოთამაშეები ხომ მოსწავლეები არიან, თამაშის მიზანი კი არა ბრძოლა და თავის გადარჩენა, არამედ გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა და უკვე არსებული რესურსების გამოყენებაა, თუმცა არასაგაკვეთილო დროს მოსწავლეებს ნებისმიერ რეჟიმში შეუძლიათ თამაში.

 

მოსწავლეთა აქტივობები:

* თავდაპირველად მოსწავლეები ამოიცნობენ ან ქმნიან სხვადასხვა სახის გეომეტრიულ ფიგურებს, გამოითვლიან მათ პერიმეტრს, ფართობსა და მოცულობას.

* მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის მახასიათებლებს.

* მოსწავლეებს უწევთ მითითებული პერიმეტრის ან ფართობის გეომეტრიული ფიგურების აგება.

 

მოსალოდნელი შედეგები:

* მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას მათემატიკაში.

* ახდენენ ცოდნის ტრანსფერს ვირტუალურ სამყაროში.

* უმჯობესდება მათი კრიტიკული აზროვნება და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები.

 

  1. ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია“ – https://bit.ly/2ItI2Ut

 

 

სასწავლო მიზნები:

* ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მოსწავლეები უსაფრთხოდ ჩაატარებენ ქიმიურ ცდებს ნებისმიერი ელემენტისა და ნივთიერების გამოყენებით.

* ვირტუალურ ლაბორატორიაში ცდების ჩატარების შემდეგ ისინი შეძლებენ ანალოგიური ცდების ჩატარებას რეალურ ლაბორატორიაშიც.

„ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში“ მოთამაშეს ხვდებიან პერსონაჟები, რომლებსაც აქვთ გზამკვლევი, მითითებები და ინსტრუქციები. მათი გააქტიურება შესაძლებელია მათზე მაუსის მარჯვენა კლავიშის დაწკაპებით.

ქიმიის ლაბორატორიაში მუშაობის პრინციპები თამაშშივე დეტალურადაა აღწერილი.

 

მოსალოდნელი შედეგები:

* მოსწავლეებს შეუძლიათ თეორიული ცოდნის მიხედვით ექსპერიმენტების ჩატარება ვირტუალურ სივრცეში.

* მოსწავლეები ეუფლებიან ქიმიური ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარებას და ივითარებენ ტექნოლოგიების გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს.

 

  1. „ადამიანის თვალი“- https://bit.ly/2IixCaQ

 

 

ეს თამაში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაათვალიერონ ადამიანის თვალის მოდელი და დაფებზე გაკეთებული წარწერების საშუალებით მიიღონ ცოდნა თვალის აგებულების შესახებ.

მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზონ ადამიანის სხვადასხვა ორგანოს მოდელის შექმნა და ამით გააცოცხლონ და უფრო საინტერესო გახადონ ბიოლოგიის გაკვეთილები.

 

ამავე პლატფორმაზე, როგორც გითხარით, განთავსებულია ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის სერგო ხაჩიძის „Minecraft-გეომეტრიის სწავლება“https://bit.ly/2G8Uexp

და ამავე სკოლის მოსწავლის სალომე ბარათაშვილის „Minecraft – თამაშით სწავლება“https://bit.ly/2XafD9U

 

ეს თამაშები მოსწავლეებმა გასულ წელს წარმატებით წარუდგინეს საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოებას კონფერენციაზე „STEM – მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასწავლო პროცესში „Minecraft-ის“ გამოყენება მოსწავლეებს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს. ამ თამაშის დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები და გამოცდილება მათ რეალურ ყოფაში ეხმარება და წარმატებების ერთგვარი გარანტიაცაა. ამიტომ მისასალმებელია, რომ „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში დაგეგმილია „Minecraft-ის“ საგანმანათლებლო ვერსიის „Minecraft: Education Edition-ის“ სწავლება – ის,  რაც აქამდე მხოლოდ მოხალისეობრივ დონეზე შეისწავლებოდა, უახლოეს მომავალში უფრო ინტენსიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში, შესაბამისად, ეს პროცესიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.

აქვე შემოგთავაზებთ Minecraft Education Edition პლატფორმაზე ჩემი პირადი გვერდის მისამართს: https://education.minecraft.net/user/nadia-dabrundasvili, სადაც ნახავთ ჩემ მიერ შექმნილ და დამატებულ ახალ-ახალ საგანმანათლებლო Minecraft თამაშებს.

ერთი ლექსის უნებურად პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია

0

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და… მეთხუთმეტე კაცად შევიდა.

ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
– ოჰ… ოჰ… ოჰ… ოჰო! – თქვა და თითქოს კიდეც ინანა,

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?!
– რამ გათეთრა?!
– რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!

დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასება მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! –
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
– უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, –
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! –
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!

 

როცა სკოლაში მუხრან მაჭავარიანის ეს გამორჩეული ლექსი ვისწავლეთ, მასწავლებლის „ახსნის“ მერე, დიდი ხნის განმავლობაში წარმომედგინა, როგორ ზის ბევრი ჭამისგან გასუქებული ფაჩუჩებიანი ლუდოვიკო ოქროს ტახტზე, თოხლოდ მოხარშულ კვერცხს ჭამს და თან გაქონილ პარიკს ისწორებს. თითქოს ფილმის კადრს ვხედავდი, როგორ აგდებით შესცქერის მეფე-მზედ წოდებული მონარქი შორეული ქვეყნიდან ჩასულ სულხან-საბას და პასუხის ღირსადაც კი არ თვლის, როგორ ილოკავს საკუთარ ბეწვს მაძღარი ნაცრისფერი სპარსული ჯიშის კატა, მშიერ-მწყურვალი ქართველი ელჩი კი თვალს არიდებს მდიდრულ სუფრას, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის გაუშლიათ ბურბონებისა და ჰაბსბურგების ვაჟისთვის. იქნებ-და მოხარშული კვერცხის გარდა რაიმე ინებოს…

მხცოვანი სულხან საბა ქედმოდრეკილი, მაგრამ ამაყი დგას ხელმწიფის წინაშე და  გადაშენების პირას მყოფი ერის გადარჩენას სთხოვს. მონარქს შეუძლია ერთი კვერთხის დაკვრით გადაჭრას ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთით მდებარე, მისთვის სრულიად უცხო ქვეყნის პრობლემები და ეს მისი აშენებული ვერსალის ჩრდილოეთ ნაწილის ფასიც არ დაუჯდება, მაგრამ გულქვა და გულგრილია ხელმწიფე, როგორც ყველა მისი ქვეშევრდომი, როგორც ყველა ფრანგი, როგორც მთელი ევროპა.

იკითხავთ, საიდან ეს რემინისცენციებიო და მოკლედ ვიტყვი – ასე მასწავლეს, ასე გვიხსნიდნენ მუხრანის ლექსის კონტექსტსა და შინაარსს, რაც ღრმა მოწიფულობამდე ჩემთვის უალტერნატივო ვერსია იყო.

ამასწინათ, ევროპულ ინტეგრაციასა და რუსული პროპაგანდის შესახებ დისკუსიის დროს, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ, ვისთვისაც მომხსენებელი ცდილობდა აეხსნა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ცივილიზაციის უძველესი წევრებისთვის ევროპული ცივილიზაციის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სწორედ ეს ლექსი მოიყვანა არგუმენტად. ეგაა მთელი დასავლური ცივილიზაცია, კაცმა რწმენაც კი შეიცვალა, იქნებ რამე გვიშველონ ფრანგებმა და ყურიც არავინ შეიბერტყაო. სულხან საბას გაბრაზება ჩემშიც ცოცხლობს და არ შევარჩენ დასავლელ გარყვნილ დუშმანს კიდევ ერთხელ მომატყუოს ცივილიზაციათა კონფლიქტშიო.

მომხსენებლისა და მოსწავლის აზრები ფუნდამენტურ ნაწილში განსხვავდებოდა, მაგრამ „მოტყუებული“ ქართველი დიპლომატის ტრაგიკულ ევროპულ თავგადასავალზე შეთანხმდნენ, მე კი კარგი საბაბი მომეცა ლექსზე ახლებურად მეფიქრა, რაც, ვფიქრობ, სხვისთვისაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

 

ლექსის კონტექსტუალურ დასაბუთებასა და ანალიზს არ შევუდგები, მხოლოდ მოვიხმობ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს და თარიღს:

 

  1. 1618-1648 წლებში, ევროპაში ცნობილი „30 წლიანი ომი“ მძვინვარებდა, რამაც მოსახლეობის მესამედი შეიწირა. ეკონომიკა გაცამტვერებული იყო. სუფევდა შიმშილი, ქაოსი და სასოწარკვეთილება.
  2. ლუდოვიკო მეთოთხმეტე 1638 წელს დაიბადა, როდესაც „30 წლიანი ომი“ გახურებული იყო. მას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მემკვიდრეობა ერგო. არასრულწლოვან მეფეს ევროპული ცივილიზაციის ლიდერის, საფრანგეთის გადარჩენა და ფეხზე წამოყენება ევალებოდა, რაც, მოცემულ ვითარებაში ღვთის სასწაულის ტოლფასი მოლოდინი იყო.
  3. მძიმე კრიზისიდან ამოსასვლელად, მონარქმა და მისმა ეკონომიკის მინისტრმა ნიკოლა ფუკეტმა მოსახლეობას მაღალი გადასახადები დაუწესეს, რამაც უდიდესი მღელვარება გამოიწვია ხალხში. ისედაც დაბეჩავებულ გლეხობას, არ ადარდებდა სიმდიდრეში ჩაფლული სამეფო კარის სურვილი – თავიდან აეშენებინათ და შეექმნათ ქრისტიანული ცივილიზაციის საუკეთესო ტრადიციებზე აგებული ტაძრები, ხელოვნების ნიმუშები და სხვა. ხალხს მხოლოდ საკუთარი, პირადი პრობლემები აწუხებდა.
  4. 1665 წლიდან 1698 წლამდე საფრანგეთმა ოთხი ახალი ომი გადაიტანა – დევოლუციური ომი ესპანეთთან (ნიდერლანდებისთვის), 1667-1668. ჰოლანდიასთან (ფლანდრია) 1672-1678. აუგსბურგის ლიგის ომი 1688-1697 და ომი ესპანეთთან 1702-1713. ოთხივე ომი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ ან საბოლოოდ გადაეტეხა წელში საფრანგეთი, ან ევროპული ქვეყნების მომავალი მშვიდობა დიდი გაერთიანების წინაპირობა გამხდარიყო იმგვარად, რომ არც თითოეული მათგანის ინდივიდუალიზმი დაკარგულიყო.
  5. სულხან საბა საფრანგეთის მეფეს 1713 წელს ესტუმრა, როდესაც ლუდოვიკო მეთოთხმეტე 74 წლის იყო, ომი ესპანეთთან კი კვლავ მიმდინარეობდა.
  6. საქართველო სთხოვდა საფრანგეთს ელაშქრა ირანში, რაც 74 წლის მეფისთვის წარმოუდგენელი სამხედრო ავანტიურა იქნებოდა, რომ დავივიწყოთ ომი, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობდა. არის ვერსია, რომ ქართველები ფრანგებს ირანის კართან შუამდგომლობას სთხოვდნენ, დასახელებული იყო თანხაც, რაც თითქოსდა ქართულმა სამეფო კარმა საფრანგეთს შესთავაზა, რაზეც დუმილი მიიღო.
  7. 1715 წელს საფრანგეთში ირანის შაჰის ელჩი მეჰმედ რიზა ბეგი ჩავიდა, რის შემდეგაც საფრანგეთი და ირანი მეკავშირეები გახდნენ. საქართველოს პოლიტიკური სვლა ნაჩქარევი აღმოჩნდა რამაც ჩვენი ვითარება გაართულა.
  8. 1687 წელს მეფე გიორგი მეთერთმეტე რომის პაპთან წერილს აგზავნის, სადაც თვითონაც და მისი შვილი ბაგრატიც თავს კათოლიკედ აცხადებენ. რომის პაპი საპასუხო წერილში მათ კათოლიკე მეფეებად იხსენიებს, მაგრამ კონკრეტულ დახმარებაზე დუმს, რადგან ახლოვდება 1688 წლის პფალცის ომი.
  9. საფრანგეთიდან დახმარებაზე უარით გამოსტუმრებული სულხან საბას პასუხის შემდეგ, მეფე ვახტანგ მეექვსე დახმარებას ახლა უკვე რუსეთის ძლევამოსილ იმპერატორს, პეტრე პირველს სთხოვს. ეს უკანასკნელი თანხმდება და ირანთან საბრძოლველად 1722 წელს 5000 რუსს აგზავნის, რომლებიც საბოლოოდ არ ჩადიან განჯაში დაბანაკებულ ქართველებთან და სომხებთან. არჩასვლის მიზეზად საკვების მარაგის დამთავრებას იმიზეზებენ.
  10. 1724 წელს, განრისხებული ირანის წინაშე დარჩენილი ვახტანგ მეექვსე, შაჰ თამაზისა და კონსტანტინე მეორის ერთდროული შემოტევების გამო, თბილისიდან გორში, მერე ცხინვალში და ბოლოს პეტერბურგში გარბის.

 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პატრიოტთა ტალღის გამორჩეულ ავტორს, მუხრან მაჭავარიანს რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტები ჰქონდა ევროპული ცივილიზაციის, როგორც უიმედო მოკავშირის სტერეოტიპის დანერგვასთან დაკავშირებით, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაცია მსუყე ნიადაგია გამრუდებული მომძლავრებული პროპაგანდისტული მანქანისთვის დროულად თუ უდროო დროს შეგვახსენოს, რომ სულხან საბამაც კი „რაც შეიტანა, ის გამოიტანა“ ევროპიდან და არც ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმეს იმედი.

ვფიქრობ, ამ პატრიოტული სულისკვეთებით დაწერილ, მაგრამ ამ ვითარებაში რუსული ნარატივისთვის გამოსადეგ ლექსს მთლიანი ისტორიული კონტექსტის სწორად დანახვა და გააზრება ჰაერივით სჭირდება.

უმთავრესი გაკვეთილი კი ამ ერთი ლექსიდან ჩემთვის ისაა, რომ საქართველომ „პატრონის“ ძიებაზე უარი უნდა თქვას, რადგან ყველას თავისი გასჭირვებია და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდენ!“. თუმცა გულითადი მეგობარი ყველას სჭირდება და რატომღაც მჯერა, რომ ეს გულითადი მეგობარი რუსეთის სახელმწიფო არაა.

 

ჩვენი ბიბლიოთეკის სიდიდე შვილების წაკითხული წიგნებით იზომება

0

ყოველწლიურად უამრავი ახალი წიგნი გამოდის, წიგნის მაღაზიები საინტერესო გამოცემებით ივსება, ეწყობა წიგნის, პოეზიისა და ლიტერატურის ფესტივალები, იწერება საგანმანათლებლო პროექტები. ზოგჯერ ბორბალს ლამის თავიდან ვიგონებთ: წიგნის ჩუქების, საჯაროდ კითხვის ტრადიციებს ვამკვიდრებთ; ქართული და უცხოური საბავშვო წიგნის დღეებს ცალ-ცალკე აღვნიშნავთ; ანდერსენის, ლინდგრენის, გოგებაშვილის, „დედა ენის“ დაბადების დღეებს ვზეიმობთ. მთელი ეს ძალისხმევა ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს – უმცროს თაობაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვისადმი ინტერესის გაზრდას ემსახურება. რაც უფრო მეტი მიზეზი გვექნება წიგნთან შესახვედრად, მით უფრო მეტ კითხვის დროს გამოვტყუებთ ვალდებულებებით დატვირთულ ჩვენს ყოველდღიურ გრაფიკს. მშვენივრად გვაქვს გააზრებული ერთი უტყუარი ფაქტიც, საგამომცემლო საქმის განვითარება, ტირაჟებისა და გაყიდვების ზრდა მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლები რომ არის, რეალობას კი ერთი მარტივი წინადადება ასახავს:  ჩვენი პირადი ბიბლიოთეკის სიდიდე ყოველთვის შვილების წაკითხული წიგნებით გაიზომება.

როგორ წავაკითხოთ ბავშვებსა და მოზარდებს რაც შეიძლება მეტი წიგნი? – ამ მარადიულ, ლამის რიტორიკულად ქცეულ კითხვაზე პასუხს თავდაუზოგავად დავეძებთ მშობლები და მასწავლებლები, არაერთ გამოცდილსა თუ ნოვატორულ მეთოდს მივმართავთ და ვიკვლევთ. მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, გამომცემლობებიც გვერდში რომ გვიდგანან და საინტერესო საბავშვო სერიებს გვთავაზობენ. „საინტერესო საბავშვო სერიებში“ იმ წიგნებს ვგულისხმობ, გემოვნებიან მკითხველებად რომ აყალიბებს ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს.

ამ წერილში ერთერთ ასეთ გამოცემაზე ვისაუბრებ: ქარჩხაძის გამომცემლობის საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიის სერია ამ ეტაპზე ოთხ წიგნს აერთიანებს. პირველი ტომის შესახებ (შემდგენელი ლია ლიქოკელი გახლავთ) ჩვენს ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა წერილი სათაურით „უნებლიე მკითხავიდან წინწკლების ქოხამდე“ https://mastsavlebeli.ge/?p=18616. „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიის“ მომდევნო  ორი ტომი დიანა ანფიმიადმა შეადგინა, მანვე იმუშავა საბავშვო ლექსების კრებულზე, რომლის პრეზენტაციაც მაისის წიგნის ფესტივალზე იგეგმება. მე წილად მხვდა „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიის“ შედგენა. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა შარშანდელ ფესტივალზე მივიღე, ჩემი მოსწავლეებისთვის მოთხრობების კრებულებს რომ დავეძებდი და ერთი გამომცემლობის სტენდიდან მეორისკენ ვინაცვლებდი.

„მკითხველთა კლუბებში“ დაგროვილმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ერთი მოთხრობისთვის გაკვეთილის დათმობა გაცილებით ეფექტურია: ავტორზე ვსაუბრობთ, ნაწარმოებზე ვმსჯელობთ, შესაბამის თემაზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ან ანიმაციურ ფილმს ვუყურებთ და რაც მთვარია, მოსწავლეები წაკითხულის მოყოლასაც ასწრებენ (ზოგიერთი ილუსტრაციის დახატვასაც კი ახერხებს). ამიტომაც ვიქეცი „მოთხრობების მაძიებლად,“ ისეთების, მრავალფეროვან თემებზე საუბრისა და ორიგინალური პარალელების გავლების საშუალებას რომ იძლევა.

და აი, ქარჩხაძის გამომცემლობამ საკმაოდ მასშტაბური პროექტი დაგეგმა (სერია ახალი ტომებით მომავალშიც შეივსება). დაგეგმა და განახორციელა კიდეც. ერთი შეხედვით მარტივი საქმე – კრებულის შედგენა, სარჩევში სათაურების ჩამოწერით როდი შემოიფარგლება. თითოეულ ტომზე უამრავი ადამიანი მუშაობს და ფიქრობს. ფიქრობს მის ხასიათზე, თავისებურებებზე, გარგნობაზე, სტილსა თუ კორექტურაზე. საავტორო უფლებების მოპოვება, ავტორებთან თუ მთარგმნელებთან ურთიერთობა ხომ დამოუკიდებელი „სამყაროა“ და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კრებულის საბოლოო იერსახეზე.

12 აპრილს, „სტამბის წიგნებში“ სერიის ოთხი წიგნი წარვადგინეთ. ჩვენი მოდერატორი გახლდათ ნათია ფურცელაძე, რომელიც სწორედ იმ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. საღამოს საინტერესო ადამიანები ნამდვილად არ აკლდა. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მთარგმნელები იმსახურებდნენ, უცხოელი ავტორების ელჩებივით რომ ისხდნენ დარბაზში: ქეთი დუმბაძე (მისი ნათარგმნი ლეონარდო და ვინჩისეული იგავების აღმოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩვენთვის), ნათია მერებაშვილი (რომლის ძალისხმევითაც ქართველ ბავშვებს ორიგინალიდან ნათარგმნი ანდერსენისეული ტექსტების წაკითხის შესაძლებლობა მიეცათ), ბაკურ სულაკაური, ტუვე იანსონის სამყაროში მოგზაურობა ხელმისაწვდომი რომ გახადა ქართველი მკითხველისთვის. თუმცა მისი წვლილი ანთოლოგიაში ამით როდი ამოიწურა – სპეციალურად ამ კრებულისთვის ასტრიდ ლინდგრენის  მოთხრობა „უკრავს ჩემი ცაცხვი, გალობს ჩემი ბულბული“ თარგმნა, რაც ნამდვილი საჩუქარი იქნება ლინდგრენის თაყვანისმცემლებისთვის.

„მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიის“ ორიგინალურობა არაერთი სხვა მთარგმნელის დამსახურებაცაა: მზია ერისთავის, თამარ ბაბუაძის, მედეა დიდებულიძის, თამარ ხოსრუაშვილის, ნატა ბალავაძის, გიორგი გოკიელის, გიორგი დოლიძის, ნათელა ჩიგოგიძის, ციცო ხოცუაშცვილის, მაია ნათაძის, ანი მოსულიშვლის, გრიგოლ თარაშვილის, დავით ბალიაშვილის, სოფო ბერიასი… აქ აღმოაჩენთ ჯემალ ქარჩხაძისა და დავით წერედიანის ერთობლივად ნათარგმნ ძმები გრიმების ზღაპრებასა და რადიარდ კიპლინგის „თავის ნებაზე მოსეირნე კატას,“ ამონარიდებს თამარ ტაბახმელაშვილის ნათარგმნი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი  „ვაფლის გულებიდან“ და კიდევ ერთ დებიუტს – სოფო ქარჩხაძის ნათარგმნ ეზოპეს იგავებს.

***

ანთოლოგიაში ეზოპედან მარია ფარიმდე უცხოელი ავტორების მრავალფეროვანი სპექტრია წარმოდგენილი: მარკ ტვენისა და ო. ჰენრის დახვეწილ იუმორს, რეი ბრედბერის, ტუვე იანსონისა და რადიარდ კიპლინგის გამოგონილი სამყაროები ენაცვლება; ლეონარდო და ვინჩისა და ეზოპეს ქვეტექსტებს – ანდერსენის, ოსკარ უაილდისა და ალექსანდრე დიუმას კლასიკური ზღაპრები;  გულიანად გაგაცინებთ ბარონ მიუნჰაუზენის, ჭკვიანი გრეტელისა და პატარა მუკის გულუბრყვილო ტყუილები; შეიტყობთ, ვინ როგორ უფრთხილდება საიდუმლოს და ფლანგავს სურვილებს; გაგაოცებთ ღირშესანიშავი შუშხუნას უსაზღვრო ეგოცენტრულობა და ობოლი მალინის უზომო გულისხმიერება; იმსჯელებთ როგორ უნდა მოიქცეს ჰემული თუ სნუსმუმრიკი, როდესაც მარტო ყოფნის დაუოკებელი სურვილი და პასუხისმგებლობა ერთნაირი ძალით ებრძვით; აუცილებლად შეიყვარებთ ბეატრიქს პოტერის უკეთილშობილეს გლოსტერელ მკერავს კეთილი წრუწუნებითა და ექსცენტრული კატა სიმპკინით, ასევე ჯემაიმა ტყაპუნას, რომელიც ბატი ტასიკოს პროტოტიპი გახლავთ.

მსოფლიოში სახეგანთქმული საბავშვო ავტორების სრული სპექტრი რომ წარმოგვედგინა, მათი რომანებიდან რამდენიმე თავი შემოგთავაზეთ. წარმოუდგენელი იქნება, დიდმა თუ პატარამ ლუის კეროლის „ჩაის სმა გიჟური“ წაიკითხოს და არ დაინტერესდეს რა ელოდება ელისს პატარა დერეფნის შემდეგ გადაშლილ ულამაზეს ბაღში; დაასრულოს ფრენკ ბაუმის „თათბირი ღეჭიებთან“ და არ მოისურვოს დოროთისთან ერთად ზურმუხტ-ქალაქამდე მიმავალი, ყვითელი აგურით მოკირწყლული გზის ბოლომდე გავლა; განიცადოს საკუთარ სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებული ემოციები და ბოლომდე არ გაჰყვეს მოხუც წყლის ვირთხასა და ბიძია თხუნელას სასიგნალო სურნელებით გაჯერებულ გზებზე; ჯეიმზ მეთიუ ბარის პიტერ პენის თავგადასავლებისკენ კი „პიტერის შემოჭრა“ და „ჩრდილი“ გიბიძგებთ.

ამრიგად, კრებული ერთგვარი გზამკვლევიცაა – ბევრ საინტერესო წიგნამდე მიგიყვანთ და იმ თავშესაქცევ მოგზაურობაში ჩაგითრევთ, უფროსებიც სიამოვნებით რომ გამოგყვებიან. მოგზაურობა კი სად აღარ გელით: ხმლების, პარიკების, ყვავილებით მოქარგული და გვერდებზე გაშლილი კამზოლების ეპოქაში, მთვარეზე, ყველის კუნძულზე, პლანეტა ვენერაზე ადამიანების დაარსებულ კოლონიაში, მუმინების ხეობაში, შავი დედალისა და ქონდრისკაცების მიწისქვეშა სამეფოში, ჩრდილოეთის ორმოცდამეათე განედისა და დასავლეთის მეორმოცე გრძედის კვეთაზე, თოვლით გადათეთრებულ, უმძიმეს გზებზე და პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულშიც კი, თმებგაშლილი ქალი მისნური სიმღერებით ცხოველებს რომ იშინაურებს.

წიგნი პაზლივით შეერთდა და შეივსო, საბოლოოდ კი სახელმძღვანელოსავით შეიკრა. დარწმუნებული ვარ, ბევრ მშობელსა და მასწავლებელს გაუწევს სამსახურს.  „მსოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიაში“ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მიაგნებს სათავისო საკითხავს – გადაშლისთანავე დარწმუნდებით, რომ მისი ადგილი სწორედ თქვენს ბიბლიოთეკაშია.

 

გმირის იდეალი და იდეალური ჰაგიოგრაფია

0

სანამ ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ღირსებებსა და მისი სკოლაში სწავლების მიზანშეწონილობას შევეხებით, მოდით, ამ ჟანრის სპეციფიკასა და სულისკვეთებაზეც ვთქვათ.

       ჩვენ  შუა საუკუნეების პროზის უმთავრეს დარგზე ვსაუბრობთ. ამ ტიპის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია ქრისტიანული აზროვნებით ხედვა და სამყაროს აღქმა. ქრისტიანობა არ უარყოფს მიწიერს, არამედ გვახსენებს, რომ იგი წარმავალია, ხორცი მოკვდავია, მაგრამ ადამიანური არსებობის უპირველესი ნიშანი – სული უკვდავია და ის უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. პირველცოდვის შემდეგ კაცი დაშორდა ღმერთს, თუმცა სულმა შეინარჩუნა ცოდვათაგან განწმენდის სურვილი, თვისება, სწრაფვა დაკარგული სრულყოფილებისკენ. ეს კი ურთულესი პროცესია, რადგან ის ამქვეყნად  ორსახოვნების პრინციპია და ღვთაებრივი და ეშმაკეული თანაარსებობენ. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ჭეშმარიტების გზით სიარული: ,,იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას” (მათეს სახარება). ამ მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ხატავს მწერალი წმინდანს, რომელიც იდეალური პიროვნებაა, თავისი ღვთისმოსაობით ბავშვობიდან გამორჩეული (შუშანიკი, ,,მოშიში ღმრთისაჲ…სიყრმითგან თვისით”, გრიგოლ ხანძთელის ,,კეთილი მოხუცებულობაჲ გონებისაჲ”). გმირი წარმოგვიდგება არა ისეთად, როგორიც იყო, არამედ ისე, როგორიც უნდა ყოფილიყო (გმირი არის სახე-იდეა, ანუ კაცად ქცეული იდეა და არა სახე-ხასიათი, თავისი კონკრეტული ადამიანური თვისებებით). თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ: ჰაგიოგრაფი მწერალი სახეს როდი უცვლის ფაქტებს და როცა იგი ჩვენი დროის პრაგმატული მკითხველისთვის დაუჯერებელ ამბებს ჰყვება, თავისებური გაგებით რეალისტად რჩება, რადგან მისთვის სწორედ ეს სასწაულია რეალობა.

        ჰაგიოგრაფიამ შეიმუშავა ეროვნული გმირის ახლებური სახე, რადგან იმას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის, ამას ეპოქის იდეალები განსაზღვრავდა. იყო დრო, როცა ამაო იყო მტერთან ხმლით შერკინება და პრინციპთა შინაგანი შენარჩუნება, რწმენის შინაგანი დაცვა ისტორიულად გამართლებული ხდებოდა. შუა საუკუნეებში ქრისტიანობის მტკიცედ დაცვა  ეროვნული მეობის შენარჩუნებას ნიშნავდა. ქართულ ჰაგიოგრაფიაში გმირი იზიარებს თავისი ქვეყნის ბედს. გრიგოლ ხანძთელი იყო ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მურვან ყრუსაგან აოხრებულ ტაო-კლარჯეთში დააარსა მონასტრები, განავითარა მწიგნობრობა, გაამდიდრა ქართული კულტურა. მან შეასრულა უდიდესი მისია _ იყო სულიერი თავკაცი ეროვნული მოძრაობისა, რომელიც წარიმართა უბრალო ბერების გამგზავრებით მივარდნილ კუთხეში მონასტრების მშენებლობისთვის, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს გაერთიანება და არაბთა ბატონობის დაძლევა იყო. ხანძთელმა ბერმა დაიწყო ის საქმე, რომელიც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა დაასრულა. აბო, მიუხედავად უცხოტომელობისა, იყო მამულიშვილი, რომელმაც თავისი მოწამეობრივი აღსასრულით დამოძღვრა საქართველო, განაახლა ეროვნული ცნობიერება. შუშანიკი მთელ თავის ღვაწლს ზეცას უკავშირებს, მაგრამ ეს არ ამდაბლებს მის ამქვეყნიურ დანიშნულებას, მისი მოწამეობის ეროვნულსა და ისტორიულ მნიშვნელობას. ამიტომაა ის ქართველთა ეროვნული გმირი.

         ჰაგიოგრაფიამ მითოსურ გმირთა ფიზიკური ძლიერების კულტი უარყო და შეცვალა სულიერი ძლიერებით, თან მას სასწაულმოქმედების უნარიც მიანიჭა. ეს არის სიღრმე რწმენისა და ძალა სულისა, რომელიც კლავს შიშის გრძნობას. ამიტომ მთავარ გმირებს არც აშინებთ სიკვდილი. სწორედ ამიტომაა საინტერესო ჰაგიოგრაფია თანამედროვე მკითხველისათვის, რომ გვასწავლოს: ამქვეყნად არის იდეები, რომელიც თავიანთი ღირებულებით აღემატება ადამიანის სიცოცხლესაც და მათთვის მსხვერპლშეწირვა ყველაზე დიდია ადამიანურ უნართაგან. ამგვარად, აქ უცხოა სიკვდილით გამოწვეული სიბრალულისა თუ სინანულის განცდა, რადგან წმინდანისთვის სიკვდილი არ არის უბედურება, გაქრობა, არამედ ხორციელებიდან სულიერებაში, მარადიულ სიცოცხლესა და თვისობრიობაში გადასვლაა (სიკვდილის ამგვარი გააზრებაა სიტყვაში ,,გარდაცვალება“). თუმცა ისტორიულად უამრავი ძნელბედობის მომსწრე, მცირერიცხოვანი ქართველი ერისთვის სიკვდილთან შერიგება ვერ იქნებოდა მოსათმენი. ასე რომ, ჰაგიოგრაფია ზოგჯერ ისეთ რამეს ნერგავდა, რაც არ იყო ახლობელი ქართული ყოფიერებისთვის.

       ჰაგიოგრაფიამ ადამიანი გააიდეალა მხოლოდ სულიერი თვისებებით, მიუხედავად მისი ხორციელი სრულყოფისა. რენესანსული და ანტიკური კულტურებისაგან განსხვავებით, სადაც ადამიანის სულიერი სრულქმნილება განხილულია სულიერი და ფიზიკური სილამაზის სინთეზში, სასულიერო მწერლობაში, კერძოდ ჰაგიოგრაფიაში, ადრეულ ეტაპზე ადამიანის სულიერი ამაღლებულობისათვის აუცილებელია ხორცის უკიდურესი დათრგუნვა. გავიხსენოთ, შუშანიკს ციხეში ტანზე მატლები ეხვევა. იაკობ ხუცესის რეალიზმის დამსახურებაა, რომ იგი მაინც მიგვანიშნებს დედოფლის ფიზიკურ სილამაზეზე, თუმცა ეს ფრესკული მშვენიერებაა, ისევ სულიერი სრულქმნილების წარმომჩენი. მე-10 საუკუნიდან ქართულ ჰაგიოგრაფიაში მკვიდრდება ახალი თვალსაზრისი: ღვთაებრივია როგორც სული, ისე ხორცი და ხორცის დათრგუნვა ცოდვაა, რომ ხორციელი სიჯანსაღე და მშვენიერება ეხმარება სულის ამაღლებას. ამის დასტურია გრიგოლ ხანძთელის პორტრეტი, სახე-ხატი: ,,ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ სრულიად, გუამითა მრთელ და სულითა უბიწო”. გრიგოლი გვიან მოხუცებულობამდე ინარჩუნებს ჯანის სიმრთელეს.

       აღიარებულია, რომ ყველაზე მაღალი რანგის აზროვნება სიმბოლოებით აზროვნებაა. ქრისტიანული, ჰაგიოგრაფიული აზროვნებაც ასეთია. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მოვლენის გარეგნულ მხარეს, არამედ მის დაფარულ შინაარსს. საინტერესოა ,,უდაბნოს” სიმბოლური გააზრება ქრისტიანულ სახისმეტყველებაში. ეს არის დემონთა სამყოფელი, რომელშიც უნდა დამყარდეს წესრიგი _ ღმერთი. უდაბნო სულიერი ძიების ადგილია, დიდი გზის დასაწყისის მომასწავებელია. გავიხსენოთ მოსე და ის ორმოცი წელიწადი, რომელიც მან ეგვიპტიდან გაყვანილი ებრაელი ერი უდაბნოში ატარა, სანამ არ იშვა მონური მსოფლმხედველობისგან თავისუფალი თაობა. უდაბნოში ორმოცი დღის მარხვის შემდეგ გამოიცადა ეშმაკისგან ქრისტე. ,,შუშანიკის წამებაში” აღწერილია ბოროტი ადგილი, სადაც დაავადებული, ეშმაკისგან დათრგუნული ხალხი ცხოვრობს. ამ ადგილის შუაგულშია ციხე და სწორედ აქ შედის შუშანიკი ,,ღვაწლსა დიდსა” და ამის შედეგად სულიერდება ეს მხარე: ,,განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა”. ამ წყეული ადგილიდან ღვთიური მადლი ეფინება ქართლს. საშინელ სენთა ბუდე კურნების ადგილად იქცევა, სადაც ყოველი მხრიდან მოდის ხალხი. ღვთის ორი უმთავრესი თვისებაა შემოქმედებითობა (ქაოსის კოსმოსად ქცევა) და ჯვარცმა (ადამიანის ცოდვების გამოსყიდვა). მარტვილი იმეორებს ჯვარცმული უფლის გზას, მოღვაწე კი შემოქმედია. გრიგოლ ხანძთელი არის ,,უდაბნოთა ქალაქისმყოფელი” (,,ქალაქი” წესრიგის აღმნიშვნელი ცნებაა, რომელიც უპირისპირდება ,,უდაბნოს”_ ქაოსს). გრიგოლი ქართველების მოსეა, იგი ერს უდაბნოში მიუძღვის. კლარჯეთის უდაბნოში უნდა იშვას ძლიერი თაობა, რომელიც გააერთიანებს და ,,ჩვეულებისამებრ მამულისა სლვით” ატარებს საქართველოს.

       საინტერესოა ნათლის ესთეტიკაც აგიოგრაფიაში. სიკეთე, როგორც ყოვლისმომცველი პირველსაწყისი ჰაგიოგრაფიულ აზროვნებაში  ნათლის სახით არსებობს. შუშანიკი შედის მცირე სენაკში და ახშობს ერთადერთ სარკმელს და წარმოგვიდგება, როგორც ,,ნათელი ბნელსა შინა”. ეს ჩვეულებრივი სინათლე როდია, არამედ სულიერი ნათელი. გავიხსენოთ, რომ  ჯავახეთის კრებაზე გრიგოლ ხანძთელის უბრალო ბერის სამოსი  ჩანდა ,,ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ”. ის, რაც ჩვეულებრივი თვალით ძველმანად აღიქმება, შინაგანი მზერისთვის დიდებული სახილველია, როგორც ,,ნათელი დაუღამებელი”, რომელიც ქრისტესაგან მოედინება ამქვეყნად.

        წმინდანის მარტვილობის თუ ცხოვრების ამსახველი თხზულება უშუალოდ ეკლესიის შეკვეთით და მეთვალყურეობით იწერებოდა, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერის ისტორიაში და მხოლოდ ურჩეულესი პიროვნების ცხოვრებას მიიჩნევდნენ აღწერის ღირსად. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლთა სიმცირისა და წინაპირობაც – მისი გაფრთხილებისა.

      რატომაა ძვირფასი ქართული ჰაგიოგრაფია და რაშია მისი ფასეულობა ზოგადად თუ სკოლაში სწავლებისათვის?

     უპირველესად, ეს არის უძველესი ტექსტები. მეტიც, თუნდაც ,,შუშანიკის წამება” ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული პირველი ძეგლია. მაგრამ, მიუხედავად ამ სიძველისა, ადვილად აღსაქმელი _ თუ სხვა ენებზე თარგმნიან აგიოგრაფიას, ჩვენთან ის აბსოლუტურად გასაგები და წარმოიდგინეთ, თანამედროვეცაა, როგორც კლასიკა. ეს ქართული ენისა თუ ჰაგიოგრაფიის ღირსებებს მიეწერება. ეს არის, როგორც აღვნიშნეთ, მორწმუნის დაწერილი ტექსტები, მაგრამ არა მხოლოდ მორწმუნეთათვის, რადგან ფართო სპექტრის, ლიტერატურის დამფასებელ მკითხველს გულიხმობს. თუმცა აღიქვამ კი ისე, როგორც უდგები: შუაშანიკი ვიღაცისთვის წმინდანია, ვიღაცისთვის ძლიერი, ჯიუტი ქალი, მაგრამ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეწირება (თუნდაც თავისუფლების ფილოსოფიურ კატეგორიას), ყველა ხედავს მის მომხიბვლელ ქალურ ბუნებას. ეს კი მწერლის, როგორც შემოქმედის ოსტატობაა.

        სიტყვამ მოიტანა და მოდით, შევეხოთ ჩვენი ჰაგიოგრაფიის მხატვრულ ღირებულებასაც. როგორც ვთქვით, უპირველესად, ეს მწერლის შემოქმედებითობაა, ნიჭიერება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტორები თავიანთ როლსა და უნარებს უგულებელყოფდნენ და ეს ნაწარმოებები ღვთის მიერ, მისი შთაგონებით შექმნილებად ცხადდებოდა, თითოეული ავტორი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ხედვით, ორიგინალურობითაც კი. ეს არ არის სქემატური, სქოლასტიკური ხასიათის ლიტერატურა, ის მხატვრულიცაა და ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოდ წასაკითხი, მრავლისმეტყველი. დიახ, სწორედ რეალიზმი, რომელზეც ზემოთაც მოგახსენებდით, არის ყველაზე გამორჩეული თვისება და ღირსება ქართული აგიოგრაფიისა. გამოდის, რომ ჩვენთან ჰაგიოგრაფია სცილდება ჟანრის კანონებს და ამიტომაც პროგრესირდება. თვალსაჩინოა იაკობ ხუცესის ოსტატობა, რომელიც იმაშიც ვლინდება, რომ ავტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. როგორ ახრეხებს მწერალი ასე ცოცხლად და დამაჯერებლად დახატოს გმირები, ვარსქენის ადამიანური ბუნება, რომელიც აუცილებლად გარკვეულ დადებით მხარეებსაც მოიაზრებს (სინანული, რომ გულგრილი არ არის დედოფლისადმი და ა.შ.) და შუშანიკის სულიერი მეტამორფოზებით სვლას.

(„არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთვის”), გარეგნული მშვენიერების დაკარგვის გამო მწუხარე ქალიდან (,,უჟამოს ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა”) წმინდანობამდე. შთამბეჭდავია მისი სულის სიძლიერე და დიდი ადამიანური რწმენა. თუნდაც ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” ავიღოთ, რომელიც ქართული ჰაგიოგრაფიული ჟანრის მშვენებაა და მისი, ე.წ. რომანული ეპიზოდები _ ეს არ არის დიდაქტიკისთვის უბრალოდ მოხმობილი, უზნეობის მამხილებელი მონაკვეთები, ესაა საშუალო საუკუნეების მოქალაქეთა შესანიშნავი სატრფიალო თავგადასავალი, რომელიც დღესაც გვხიბლავს გრძნობათა სიძლიერითა და გულწრფელობით. გიორგი მერჩულის მიერ საოცარი პატივისცემითა და მომიწებით დახატულ აშოტ კურაპალატის მხატვრულ სახეში იგრძნობა ამ ღრმადმორწმუნე მეფის პიროვნული ღირსებების აღიარებაც და მისი სულიერი მდგომარეობისადმი ანგარიშგაწევაც. ან თუნდაც ,,სიძვის დიაცი”, რომელიც გიორგი მერჩულეს იმდენად რეალისტურად ჰყავს დახატული, რომ იგი არ ტოვებს ჰაგიოგრაფიული თხზულებისთვის დამახასიათებელი, ნიშანდობლივი ეშმაკისეული მაცდუნებლის სქემატური, უსიცოცხლო სახის შთაბეჭილებას. ნაწარმოებში იგი წარმოგვიდგება, როგორც ინდივიდუალური თვისებების მქონე, სიცოცხლით სავსე, მშვენიერი არსება, რომლის უშუალობა, სიკეთე, გულუბრყვილობა და მორწმუნეობაც, მართლაც, მიმზიდველს ხდის მას. ამიტომაც მოულოდნელიც აღარაა აშოტის ,,გარდარეული სიყვარული”. მერჩულე დეკლარირებულად კი არ გვაუწყებს, რომ კურაპალატი აცდუნა ბოროტმა ძალამ, არამედ ხატავს მომხიბლავი მიჯნური ქალის შესანიშნავ პორტრეტს და ამით  აშოტის ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივირებას ახდენს. საოცარი ცოდნა ადამიანური ბუნებისა აშოტის ტრფიალის ჩვენებისას ვლინდება. ყოვლისშემძლე მეფე პატარა ბავშვივით უმწეოა და კაცთა დიდების მწვერვალზე მყოფი სიკვდილს ნატრობს (,,ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!”). აქვე გავიხსნოთ მოთხრობაში ნაღვლიან ელეგიასავით ჩასმული ზენონისა და მისი დის ამბავი, თითქოს ახალი დროის დიდი მწერლის ნოველას ვკითხულობდეთ. მართლაც, ეს პატარა, სრულყოფილი ჩანართი-ნოველებია და განგვაცდევინებს არა მარტო მათი შემოქმედის დაკვირვებისა და ღრმად ხედვის უნარს, არამედ მისი ფერწერული სიტყვის დიდოსტატობას, ეპოქის ატმოსფეროს, თანამედროვეთა მისწრაფებებს (შემოქმედებითი აზროვნების ვრცელ პერსპექტივასაც ქმნის ეს ეპიზოდები და ამის დასტურია ვასილ ბარნოვის ,,ტრფობა წამებული”). დიახ, ეს ტექსტები მაღალმხატვრულობის გარდა, ისტორიოგრაფიისათვისაც მნიშვნელოვანი ტექსტებია, რადგან რეალურად მომხდარ ამბავს, ისტორიული პიროვნებების ცხოვრებას აღგვიწერს. ეს ნაწარმოებები ძვირფასი ისტორიული წყაროა, რადგან მათში გვხვდება ქართველთა ყოფა-ცხოვრების შესწავლისათვის აუცილებელი ცნობები.

 

მოტორიკის განვითარება და სასკოლო მზაობა

0

დღეს ყველა მკვლევარი თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ  ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,   ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, სადაც  საშუალება მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან:  ერთი მხრივ, ბავშვების სიყვარული და, მეორე მხრივ, მათი სწავლება თავისთავად, ცალ-ცალკე, არ არის საკმარისი ბავშვის ოპტიმალური განვითარებისთვის.  ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია და მუდმივად მოითხოვს ზრდასრულის მზრუნველობასა და თანადგომას.

ბავშვის განვითარება  ეს არის  პროცესი, რომლის დროსაც ბავშვი ზრდასთან ერთად ახერხებს უფრო რთული მოქმედებების დაძლევას. განვითარება და ზრდა განსხვავებული ცნებებია. ზრდა აღნიშნავს მხოლოდ მის ზომაში მომატებას. როდესაც საუბრობენ ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე, გულისხმობენ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის:

 

უხეში მოტორიკა ნატიფი მოტორიკა მეტყველება კოგნიტური უნარი სოციალური

 

დიდი კუნთების მონაწილეობით განხორციელებადი ისეთი მოქმედებები, როგორიც არის ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, წონასწორობის შენარჩუნება, პოზის შეცვლა და ა.შ;  ხელების გამოყენება ჭამის, ხატვის, ჩაცმის, წერის, თამაშის და სხვა მსგავსი მოქმედებისთვის;  ლაპარაკი, სხეულის ენის და ჟესტების გამოყენება, კომუნიკაცია და სხვისი ნათქვამის გაგება; აზროვნება, მათ შორის დასწავლა, მიხვედრა, პრობლემის გადაჭრა, დამახსოვრება  მსჯელობა;  უცხოებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და სხვის გრძნობებზე რეაგირება

 

 

აღსანიშნავია, რომ   მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.

  • ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა;
  • მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვამოძრაობების განხორციელების საშუალება;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით თამაშის საშუალება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა,  ესაუბროს მას, განუმარტოს, თუ რას აკეთებენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვს, ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურების ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.

სტატიაში  მინდა შემოგთავაზოთ   ნატიფი მოტორიკის  განვითარებაზე ორიენტირებული რამდენიმე  მარტივი სავარჯიშო, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებაში ან სახლში შეგვიძლია შევთავაზოთ მოზარდებს ისე, რომ მათ ჰქონდეთ განცდა –  „თამაშობენ,  ხატავენ და აფერადებენ თავის ნებაზე“.  სავარჯიშოები  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელ-თვალის კოორდინაციისთვის.

5 წლის ბავშვისთვის სახალისო და  შედარებით იოლია ამ ტიპის სამუშაოს შესრულება – მან უნდა გააფერადოს ავტომობილი, წარმოიდგინოს, რომ ავტომობილი თავისია ან დედას უნდა აჩუქოს ,  შეაერთოს წყვეტილი ხაზები.

შემდეგი  შესასრულებელი სამუშაო შეგვიძლია ასე მივაწოდოთ ბავშვს – მშენებლობაზე მიდის სატვირთო მანქანა და მიაქვს მასალა. მივცეთ საშუალება, გააფერადოს სატვირთო როგორც სურს და გადალახოს ნახატზე მოცემული „დაბრკოლებები“ ანუ  შეაერთოს წყვეტილი ხაზები.

 

ამ სავარჯიშოების შემდეგ ბავშვს შეგვიძლია კომბინირებულად შევთავაზოთ  პირველ და მეორე სავარჯიშოში გამოყენებული წყვეტილი ხაზები შემდეგი სავარჯიშოს სახით:

„ნინო/გიო ეს არის წყლის ავზიანი ავტომობილი. ზაფხულია, სიცხეა და ახლად გაშენებული ვაშლის ბაღი თუ არ მოირწყო, ხეები გახმება. მოდი, დავეხმაროთ ბაღის მეპატრონეს და სწრაფად გადავლახოთ ეს დაბრკოლებები, რომ ვაშლის ბაღს წყალი მივაწოდოთ..“

ასეთი მარტივი სავარჯიშო/თამაშები გარდა იმისა, რომ მოზარდის   ნატიფი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, საშუალებას გვაძლევს 5 წლის მოზარდს სხვის გრძნობებზე სწორად რეაგირების  უნარები განვუვითაროთ.

ასაკობრივი თავისებურებაა, რომ     5 წლის მოზარდებს   ეხალისებათ შედარებით რთული, მაგრამ პოზიტიური სავარჯიშოების შესრულება, რაც  ერთგვარი საბუნებისმეტყველო განათლების  სეგმენტიცაა, მაგრამ ადაპტირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. სურათზე ხედავთ ამ ტიპის სავარჯიშოს. წავახალისოთ პატარა, მივანიშნოთ, როგორ შეუძლია დაეხმაროს ჭიამაიას რთული გზის გადალახვაში, დავაფიქროთ , რატომ მიიწევს ჭიამაია ყვავილისკენ, რატომ უნდა დაეხმარონ მას.

თუ მოზარდი თეორიულად მომზადებულია  ან ზღაპრებიდან და  მულტფილმიდან აქვს ინფორმაცია ქარის სხვადასხვა სახეობების შესახებ, შეგვიძლია ძალიან სახალისოდ და მარტივად მივაწოდოთ ასეთი კომბინირებული სამუშაო, რომელიც გარდა იმისა, რომ თვალისა და ხელის კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს, ბავშვს აძლევს ცოდნის გამომჟღავნების,  ფანტაზიის და  კომუნიკაციური უნარების  განვითარების საშუალებას.

სკოლამდელი  განათლების მკვლევრები დღეს ბევრს საუბრობენ მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოების მნიშვნელობაზე, რადგან მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელების შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას, ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. ისინი ხომ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ბაგა-ბაღში ატარებენ.

ურთიერთთანამშრომლობა როგორც წარმატებული სწავლა-სწავლების საფუძველი

0

დღეს სწავლა-სწავლების მაღალი შედეგების მქონე ქვეყნებში სასწავლო სივრცეში ეფექტურ გარემოს ქმნის ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. თანამედროვე სასწავლო გარემოში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი, ქართული საგანმანთლებლო სფეროს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად ისეთი მიდგომების დასანერგავად, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობას ან კოლეგიალობის უმაღლეს ხარისხს მოითხოვს.

 

სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარებისა და უცხოური პედაგოგიური ლიტერატურის გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასკოლო მუშაობის გამოცდილებაში დიდ როლს ასრულებს თანამშრომლობა, რაც გულისხმობს საერთო მიზნისკენ სწრაფვას ურთიერთდახმარებით. სასწავლო პროცესში ამგვარი მიდგომის გამოყენება იმდენად ამაღლებს სასწავლო შედეგებს, რამდენადაც აუმჯობესებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სამუშაო ატმოსფეროს. თუ ტრადიციული სწავლების პრინციპების მიხედვით კლასში მოსწავლეთა მიერ შესასრულებელი დავალებები, განურჩევლად მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა, ჰომოგენური ხასიათისაა, ჰეტეროგენული უნარების მქონე მოსწავლეთა სასწავლო გარემო მაქსიმალურად ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს, რაც გულისხმობს ჯანსაღ დიალოგსა და ურთიერთთანამშრომლობას საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობის  ფარგლებში, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, მასწავლებლებს შორის და მოსწავლეებს შორის. ასეთი სასწავლო პირობები ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ცალ-ცალკე არ შეუძლიათ კონკრეტული დავალების დამოუკიდებლად შესრულება, მაგრამ, დიდი ალბათობით, ჯგუფთან ერთად ან ურთიერთთანამშრომლობით ძლევენ მის სირთულეს. ასეთი გაკვეთილისთვის ნიშანდობლივია ხმაური, რომელიც უმთავრესად აზრთა გაცვლა-გამოცვლითაა გამოწვეული, თუმცა მიზნობრივად ემსახურება მოსწავლეთა ურთიერთდახმარებისა და ლოგიკური მსჯელობის ხელშეწყობას.

ჯგუფური მუშაობის დროს არსებითად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების სწორი შეფასება, რომელიც სათანადოდ ასახავს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათი დაჯგუფებისა თუ გადაჯგუფების საფუძველია. ასეთი მუშაობის პირობებში შესასრულებელ დავალებებში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მოსწავლეთა კომპეტენციები, მათი უახლოესი განვითარების ზონა. ამ პრინციპით შედგენილი დავალებებით მოსწავლეები დამოუკიდებლად, ურთიერთთანამშრომლობით აღწევენ სასწავლო მიზნებს. სწორად შერჩეულ სასტარტო ცოდნაზე უმტკივნეულოდ, ურთიერთდახმარებით აგებენ ახალ ცოდნას, იძენენ ახალ უნარებს.

ისეთი დავალებების შედგენა, რომლებიც მორგებული იქნება თითოეული ჯგუფის საჭიროებას, ბევრ დროს და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით არანაკლებ პროდუქტიული შეიძლება იყოს პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობაც. ამდენად, თანამშრომლობითი მუშაობა განმტვირთველ ფუნქციასაც იძენს. პედაგოგიურ ლიტერატურაში ურთიერთთანამშრომლობა, კოოპერაცია, ერთი მხრივ, ნიშნავს მსგავსი დავალებებით მუშაობას ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მეორე მხრივ კი სამუშაოს შესრულების პროცესში თანამონაწილეობას.

ურთიერთთანამშრომლობა, კოოპერაცია მსგავსი დავალებებით მუშაობის პრინციპით გულისხმობს ერთი საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა რეგულარულ შეხვედრებს სასწავლო წლის განმავლობაში გაკვეთილის გეგმების შესადგენად და შეფასების რუბრიკის მიხედვით მოსწავლეთა შესაძლებლობების სწორად შესაფასებლად, რაც მოსწავლეებისთვის სათანადო დავალებების შედგენას ისახავს მიზნად. პედაგოგები ერთობლივად, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკების მეშვეობით განიხილავენ სასწავლო გარემოში მოსწავლეთა ჩართულობას და გამოაქვთ დასკვნები. ამ დასკვნების საფუძველზე აგებენ გაკვეთლების გეგმას, რომლის თითოეული კომპონენტი მუშავდება ჯგუფში შემავალი პედაგოგების მიერ. დაზოგილი დრო ხმარდება სასწავლო რესურსებისა და დავალებების შედგენას, რომლებსაც მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით ადგენენ. შედეგებს პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ და ცვლიან მსგავსი საჭიროების პირობებში. ამგვარად, ხდება წარმატებული მიდგომებისა და მეთოდების, აგრეთვე სასწავლო გეგმების ოპტიმიზება ურთიერთთანამშრომლობის პირობებში.

ურთიერთთანამშრომლობა, კოოპერაცია სამუშაოს შესრულებაში თანამონაწილეობით გულისხმობს კოლეგების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას გაწერილი გეგმის იმ კომპონენტის ინტერვენციით, რომელიც მას მთელი საგაკვეთილო გეგმიდან აქვს შერჩეული დახვეწის მიზნით. ვინაიდან ერთი საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობენ, ამ მიმართულებით სოლიდური გამოცდილებაც გროვდება, რომელთაც ისინი შეხვედრებზე წარადგენენ თანამშრომელთა წინაშე. მსჯელობის პროცესში განსახილველ საკითხთან დაკავშირებული საინტერესო მოსაზრებები მიღებულია და მის სრულყოფას ემსახურება. გეგმის ცალკეული კომპონენტის დამუშავება თანამშრომლობითი პრინციპით ფართო მასშტაბით განიხილავს მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებს და სხვა კომპონენტებთან შეერთებით ქმნის საგაკვეთილო გეგმის მთლიანობას სათანადო რესურსებით. ამ შემთხვევაში გეგმა, ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, მუდმივად ცვალებადია და აღსაზრდელის საჭიროებებს მორგებულ ნიუანსებს მოიცავს.

როცა პედაგოგები ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით უდგებიან სწავლების პროცესს, მოსწავლეებიც ურთიერთთანამშრომლობენ. კოლაბორაცია მოსწავლეებსა და კოლეგებს შორის მაშინ მიიღწევა, როცა ამ ცნობიერ პროცესში სკოლა კოოპერატიულ ორგანიზაციად ყალიბდება. ასეთი მუშაობის პირობებში ყველა საკუთარ თავზე იღებს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ვალდებულებას და, ამდენად, სწავლება განვითარებადი პროცესი ხდება.

კოოპერაციულ, მაშასადამე, ურთიერთთანამშრომლობით სწავლებას დამახასიათებელი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს, რაც ითვალისწინებს ამა თუ იმ საგნობრივ სფეროში ეფექტური შედეგების მქონე სასწავლო რესურსების კატალოგიზაციას და თითოეული პედაგოგისთვის ხელმისაწვდომობას, რაც პედკოლექტივს ხელს შეუწყობს მომდევნო სასწავლო წელს საგაკვეთილო პროცესის ეფექტურ წარმართვაში. სასწავლო პროცესში ამ პრინციპთა აქტიური დანერგვის შედეგად პრაქტიკაში გამოიკვეთა მათი ინტენსიური გამოყენების აუცილებლობა. მიდგომის ეფექტურობის ხარისხი მიღებული შედეგის პირდაპირპროპორციულია.

საინტერესოა კოოპერაციული, თანამშრომლობითი ეთიკა, რომელიც მონაწილეთაგან სათანადო შეხედულებებსა და ქცევებს მოითხოვს. კერძოდ, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ ურთიერთდახმარების სურვილი და მზად იყვნენ კომპრომისისთვის. მასწავლებელი, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს გაკვეთილის თითოეული ეტაპის სწორად გათვლას და მოსწავლეებისთვის ინდივიდუალიზებული რესურსებისა და დავალებების შექმნას, ბევრი დრო ეხარჯება. კოოპერაციას მისთვის უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია არა მხოლოდ დროის გამოთავისუფლების, არამედ სხვისი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. ამდენად, ეთიკური კოოპერაცია და თანამშრომლობა ნიშნავს სხვადასხვა უნარებისა და პროფესიული ხედვის მქონე მონაწილეთა შრომის შედეგების გაზიარება-გამოყენებას.

სკოლაში კოოპერაციული, თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების მიზნით საგაკვეთილო ჯგუფის წარმატებული მოწყობის შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს შვეიცარიელ განათლების ექსპერტს მარტინ რიზენს. ის წერს: „ურთიერთთანამშრომლობა პედაგოგებს შორის მაშინ არის ნაყოფიერი, როცა განსხვავებული მოსაზრებები აღიარებულია რესურსად. როცა სასკოლო სივრცეში აუცილებელია კოოპერაცია, „ავტონომიურ-პარიტეტული სწავლა-სწავლების ნიმუშზე“ უარი უნდა ითქვას. როცა ამა თუ იმ პედაგოგის მიერ დაწერილი გეგმა ცვლილებებს არ განიცდის, ინოვაციურობის ყოველგვარი საფუძველი ქრება, ვინაიდან ის განსხვავებული მოსაზრებებით ვეღარ საზრდოობს“.

განსხვავებული შეხედულებების მიღების გარეშე პედაგოგებს ძალიან გაუჭირდებათ თანამშრომლობა, ვინაიდან საკითხი, რომელზეც ერთი პედაგოგი მუშაობს, ვერ იქნება ისეთი, როგორიც რამდენიმე პედაგოგის ერთობლივი მუშაობის პირობებში. როცა პედაგოგები ამ პრინციპებით მუშაობენ, ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ და მიიჩნევენ, რომ 30-მოსწავლიან ჯგუფში ისეთივე ადვილია სასწავლო მიზნის მიღწევა, როგორც მცირერიცხოვანში. მოცემული შედეგების პრაქტიკულ პედაგოგიკაში გადასინჯვის შედეგად ურთიერთთანამშრომლობითი მიდგომები საგრძნობლად ამაღლებს სასწავლო შედეგებს და პედაგოგიკური მიდგომები იხვეწება.

ამდენად, თუ სასკოლო გარემოში მოხდა ურთიერთთანამშრომლობითი მიდგომების გაუმჯობესება, ხელი შეეწყობა ინდივიდუალიზებული სწავლებისთვის პედაგოგთა დახელოვნებასა და პროფესიონალიზებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ცვატა ბერძენიშვილი, კოლაბორაცია, ჯგუფური მუშაობა და კოოპერატიული სწავლება. გაზეთი „განათლება“, 2015
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, განვითარებისა და სწავლების თეორიები, 2008
  3. Helmke, Andreas. Unterrichtsqualität und Lehrerprofessionalität – Diagnose, Evaluation und Verbesserung des Unterrichts. Verlag Klett Kallmeyer, Seelze Velber, 2009
  4. Riesen Martin A.: Kooperatives Lernen im Unterrichtsteams. In: Profi-L 3/09. Schulverlag plus AG.Schweiz, S. 23-24. Einzusehen Unter: https://profi-l.
  5. www .lo-net 2.de
  6. www.moodle.de

როცა მასწავლებლისთვის დაუძლეველი წინაღობა არ არსებობს

0

ეს პერიოდი ყველას გვახსოვს – როდესაც სკოლაში მუშაობის დაწყება თავგანწირვად აღიქმებოდა. სკოლა ნელ-ნელა ბერდებოდა, მასწავლებლობა ახალგაზრდა თაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე არაპერსპექტიულ პროფესიად მიიჩნეოდა. და სწორედ ამ დროს, ცივ და ბნელ 1997 წელს, 19 წლის დაჩი ნანობაშვილი ქართული სასწავლებლის მასწავლებელი გახდა. მას შემდეგ ოც წელიწადზე მეტი გავიდა, დაჩი ისევ მასწავლებელია, თუმცა, ამჯერად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია და ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოსწავლეებს არა მხოლოდ კონკრეტულ საგანს ასწავლის, უკეთესად აზროვნებასა და მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებასაც აჩვევს.

ამჟამად წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლასა და საერთაშორისო აკადემია „ლოგოსში“ ასწავლის. ერთგან პირველი კლასების მენეჯერია: აკონტროლებს პატარების სასწავლო პროცესს, კონსულტაციებს მართავს მშობლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ. მეორეგან მეშვიდეკლასელებს თავის ძირითად საგან მათემატიკას ასწავლის, პარალელურად კი მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტისა“ და მათემატიკის ფესტივალის დამაარსებელია.

უკვე ოცი წელიწადია, მისი ყოველი დღე და საქმიანობა ბავშვებთანაა დაკავშირებული. ამბობს, რომ ყველაზე საინტერესოები პირველკლასელები არიან. მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან 19 წლისას სწორედ ყველაზე პატარები ჩააბარეს. უფრო სწორად, თვითონ ჩაიბარა, რადგან, როგორც აღიარებს, ეგონა, გამოუცდელი მასწავლებლისთვის 6 წლის ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სწავლება, ყველაზე ადვილი იქნებოდა. იმასაც აღიარებს, რომ შეცდა, მაგრამ არ დანებებულა: მას უკვე ერქვა მასწავლებელი, ახლა კი ნამდვილი მასწავლებელი უნდა გამხდარიყო. იხსენებს, როგორ ვარჯიშობდა სარკის წინ, როგორ უტარებდა გაკვეთილებს წარმოსახვით კლასს და ნელ-ნელა იმსახურებდა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლის სახელის ტარების უფლებას.

– თავდაპირველი სირთულეების დაძლევაში ისიც დამეხმარა, რომ თავად თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა მაქვს დამთავრებული, სადაც ყოველთვის განსხვავებულად ასწავლიდნენ: დაწყებით კლასებში ნიშნებს არ გვიწერდნენ, თავად გაკვეთილებიც არასტანდარტულად გვიტარდებოდა. ამის გამო, ალტერნატიული სწავლების მეთოდის ავტორ შალვა ამონაშვილს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ თავისი მაინც გაჰქონდა, პირველ ექსპერიმენტულში მაინც ატარებდნენ მის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. თამაშითა და გააზრებულ სწავლებაზე აგებული მაშინდელი მეთოდი სწორედ ის გახლავთ, რასაც ახლა ჩვენც ვნერგავთ და არაფორმალურ განათლებას ვუწოდებთ. ეს მეთოდი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ კლასში 42 ბავშვი ვისხედით, მაგრამ მასწავლებელი ყველასთვის იცლიდა, ყველა მოსწავლესთან ახერხებდა კომუნიკაციას. არასდროს დამავიწყდება, დაწყებითი კლასის მასწავლებელ მზია ჭყონიას მიერ ჩატარებული გაკვეთილები: მერხებს შორის ჩამოივლიდა ხოლმე, ჩვენ კი პასუხებს ყურში ვუჩურჩულებდით. ეს ბავშვის გასახსნელად საუკეთესო მეთოდია, რადგან, ამ დროს, თან მორცხვობის დაძლევაშიც ეხმარები, თანაც ეთამაშები – თითქოს თავის საიდუმლოს განდობსო. მახსოვს ნორა ტარიელაშვილის გაკვეთილებიც, რომელიც ნიშნებს კი არ გვიწერდა, არამედ, შეფასების ნიშნად, მელანში ამოვლებული რეზინის კურდღლის ანაბეჭდებს გვიტოვებდა, რაც, წლების შემდეგ, ტრენინგებზე მასწავლეს. ამ მეთოდს აქტიურად ვიყენებ, თუმცა მარკერით დასმული წერტილების სახით.

– თანამედროვე ბავშვებთანაც ჭრის, ისეთივე ეფექტიანია?

– რა თქმა უნდა, რადგან დაგროვება და შეჯიბრი ყველა ბავშვს უყვარს, ახალისებს და მოტივაციასაც უზრდის. წერტილი მხოლოდ წარმატების ნიშანი არ არის – ის შეიძლება მიიღონ ნებისმიერი აქტივობისთვის – მაშინაც, თუ ცდებიან, მაგრამ დანარჩენებს აძლევენ ხელჩასაჭიდ მინიშნებას. კვირის განმავლობაში დაგროვებულ წერტილებს კვირის ბოლოს შუაზე ვყოფთ და შესაბამის ნიშანსაც იღებენ. მაგალითად, 18 წერტილი ორი ცხრიანია, 16 – ორი რვიანი, 17- რვიანი და ცხრიანი და ა.შ. კვირის განმავლობაში 30 წერტილამდე მაინც აგროვებენ. ვინაიდან კვირის შუაში დაგროვებული 20 წერტილი მოტივაციას აგდებს, რადგან ორი ათიანი უკვე აქვთ, ახალ ეტაპზე გადამყავს და საუკეთეს სამეულში მოხვედრილებს, ბონუსის სახით, მესამე ათიანს ვუწერ.

– ეს ალბათ უფრო დამატებითი აქტივობაა, ვიდრე სწავლის ძირითადი პროცესის ნაწილი.

– ცხადია, გამუდმებით შეჯიბრისა და გასწრობანას რეჟიმში ვერ ვიქნებით, წერტილების კვირეულებს მხოლოდ პერიოდულად ვატარებ, რასაც დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან. ამ თამაშით ბავშვები წარმატების გემოს იგებენ და სხვა აქტივობაშიც უფრო ყოჩაღად ებმებიან. ამას მშობლებიც ხედავენ, რომელთა უმეტესობისთვისაც მთავარი ნიშანი ანუ შედეგია. მაგრამ, როდესაც ხედავენ, როგორ იცვლებიან მათი შვილები წერტილების კვირეულებისას, ჩემი მეთოდის მიმართ დამოკიდებულება ეცვლებათ; ხვდებიან, რომ მომავალი არაფორმალური განათლებისაა და არა დაზეპირებული პასუხების.

– როგორ ფიქრობთ, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას უფროსი თაობის მასწავლებლებიც იყენებენ თუ მას ალღო მხოლოდ ახალგაზრდებმა აუღეთ, ვისთვისაც ტექნოლოგიებთან ურთიერთობა გაცილებით იოლი და ორგანულია?

– ამ მიმართულებით უფროსი თაობის მასწავლებლებიც აქტიურობენ, თუმცა იშვიათად, და არიან ახალგაზრდებიც, ზედმეტ თავის ტკივილს რომ ირიდებენ, თითქოს სიტყვა „არაფორმალურს“ უფრთხიანო. არადა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააზრებულ სწავლებაზე და არა დამახსოვრებაზე ორიენტირებული მეთოდია, რომელიც გაცილებით შედეგიანია. ცხადია, დამახსოვრებისა და ზუსტი ცოდნის გარეშეც ვერ გავალთ ფონს – ფაქტები უნდა ვიცოდეთ, მაგრამ, მთავარია, ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებთ.

– ამ საკითხის მიმართ თავად მოსწავლეების დამოკიდებულება როგორია? მათემატიკური ფორმულების დაზეპირება ალბათ არავის უნდა.

– ბევრჯერ უკითხავთ, რატომ უნდა ვიცოდე ესა თუ ის კვადრატული განტოლება, თუ მათემატიკოსობას არ ვაპირებ და არასდროს გამომადგებაო. ვპასუხობ, რომ მართლაც არაფერში გამოადგებათ, მაგრამ იმასაც ვეუბნები, რასაც მათემატიკა რეალურად წარმოადგენს: ფორმულების ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტებია, ამოსახსნელი ამოცანა კი თავად პრობლემაა. დავუშვათ, მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა ასაწყობი მაგიდის სახით, და აქვთ ინსტრუმენტები: ჩაქუჩი, სახრახნისი და ბრტყელტუჩა, მაგრამ მათი გამოყენებაც უნდა იცოდნენ. მთელი ცხოვრებაც ხომ პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაზეა აგებული, ფორმულები კი მათი მოგვარების ინსტრუმენტებია. აი, ეს არის მათემატიკა, ამას განაპირობებს მათემატიკური აზროვნება, რასაც ახლა კრიტიკულ აზროვნებასაც ვუწოდებთ. კრიტიკული აზროვნება არის პრობლემის დანახვა, შეფასება, კითხვების დასმა მეტი ინფორმაციის მისაღებად და, ამის შემდეგ, სხვადასხვა ხერხებით, მისი მოგვარება. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარია, პრობლემა დაინახონ და ზუსტად შეაფასონ, ამის შემდეგ უკვე ამოხსნის პროცესი იწყება, რომელსაც ლოგიკური აზროვნებით გაჰყვებიან და წარმატებასაც მიაღწევენ.

– იმას მაინც თუ აცნობიერებენ, რომ მათემატიკა მომავლის პროფესიათა შორის ერთ-ერთია და თუნდაც ამის გამო მაინც საჭირო საგანია?

– როგორც კი დაინახავენ, რომ ჩემ მიერ მათთვის გადაცემულ ჩაქუჩს მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედება კი არა, თუ გადმოაბრუნებ, მისი ამოღებაც შეუძლია, მაშინვე ხვდებიან, რომ ხელთ მართლაც უნივერსალური ინსტრუმენტი უპყრიათ. ამის შემდეგ მიცემულ ამოცანასაც სხვაგვრად აღიქვამენ და პრობლემასაც აგვარებენ. ანუ იყენებენ ყველა ინსტრუმენტს, რაც მანამდე მისწავლებია. ჩემთვის ეს უდიდესი მიღწევაა.

– და რა იყო ის მიღწევა, რისთვისაც ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლებს შორის დაგასახელეს?

– აპლიკაციის შევსებისას რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ იყო კითხვები, რომლებსაც კარგად ვუპასუხე და მოტივაციაც ამიმაღლდა, მივხვდი, რომ მართლაც ვაკეთებ რაღაცას. მიღწევად მივიჩნევ შემაჯამებლის ანალიზის ჩემეულ სისტემას. ზოგადად შემაჯამებლის ანალიზს მარტივი ფორმა აქვს: რომელმა მოსწავლემ როგორი შედეგი მიიღო, რომელ კომპონენტში გაუჭირდა და ა.შ. მე კი ექსელში შევქმენი დამოუკიდებელი ფორმა, ყველა საკითხი რამდენიმე კომპონენტად ჩავშალე და შეფასებაც ყველა კომპონენტს ცალ-ცალკე დავუწერე. შემდეგ მონაცემები შევკრიბე და მივიღე ერთიანი შედეგი, თუმცა, ამავდროულად, თვალწინ მთელი დიაგრამაც მქონდა: რომელმა მოსწავლემ როგორ შეასრულა დავალება, როგორია კლასის პროცენტული მაჩვენებელი ამა თუ იმ საკითხში. ასევე, მაქვს სახელობითი დიაგრამა, რომელიც მაჩვენებს, ვის რა ეშლება, რომელ მოსწავლესთან როგორ და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო და ა.შ.

– ალბათ აღნიშნეს თქვენი გარესასკოლო აქტივობაც.

– დიახ, უკვე წლებია ვატარებ მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტსა“ და მათემატიკის ფესტივალს, რომელსაც უკვე უმასპინძლეს თბილისმა და ქუთაისმა. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს მათთვის საინტერესო ფორმით შემიძლია მათემატიკის ნამდვილი დღესასწაული შევთავაზო. „ევერესტი“ კი ჩემი უდიდესი მიღწევაა. მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით სკოლა ერთვება, მათ შორის, გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც. მათ საკითხებს ან ელექტრონულად ვუგზავნით ან როგორღაც ახერხებენ ჩუმად, ფარული გზებით, საზღვრის ხოხვით გადმოკვეთით ჩამოსვლას… მინახავს, როგორ წერენ საკითხებს სველები და ტალახიანები. სხვა ათასობით მოსწავლე რომ არ ვახსენოთ, მარტო მათ გამო ღირს ამ ოლიმპიადის ჩატარება…

– როგორ იქცევით, როდესაც პრობლემა თავად ბავშვია, არ არის მიმღები, აქვს პროტესტი?

– იშვიათად, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის – როდესაც მოსწავლეს არაფერი აინტერესებს, სრულიად სტერილურია. ასეთ დროს ჩემი მთავარი საზრუნავი  გაკვეთილზე განწყობის შექმნაა, რისთვისაც იუმორსაც ვიყენებ – ეს აუცილებელი სეგმენტია. სწორად შექმნილ განწყობას მოსდევს ინტერესის გაჩენაც. როგორც წესი, ეს ინტერესი ხანმოკლეა, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლო, ჩაუსაფრდე. თუ ერთ ხელჩასაჭიდ ფრაზას მაინც მომცემს, აუცილებლად ვაქებ და ვეუბნები, რომ პასუხთან ახლოსაა. არასწორი პასუხისას კი ვაიმედებ, რომ კონკრეტული ამოცანა ასე და ასე რომ ყოფილიყო დასმული, მაშინ მისი პასუხი სწორი იქნებოდა, მაგრამ არა ახლა. ეს მოტივაციის შესამატებელი ხრიკია, ამის გარეშე რთულ მოსწავლეს კალაპოტში ვერ მოვათავსებთ, მხოლოდ ძლიერ მოსწავლეზე ორიენტირებით კი კლასს ვერ შევკრავთ და საგნისადმი ინტერესსაც სამუდამოდ დავაკარგინებთ. ამიტომაც მომწონს დაწყებითი კლასები, რადგან ყველა მოსწავლესთან შეიძლება მათი შესაძლებლობის მაქსიმუმის მიღება. ზედა კლასებში ამის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მხოლოდ შექებით ფონს ვერ გახვალ, რუტინული და თანმიმდევრობითი შრომაა საჭირო. რთულ მოსწავლეებთან შედეგის მიღწევა მასწავლებლისთვისაც უდიდესი მიღწევა და სიამოვნებაა. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი და ვიცი, რომ საკუთარ თავზე მომუშავე და დაუზარელი მასწავლებლისთვის დაუძლეველი წინაღობა არ არსებობს.

 – მასწავლებლობაზე არასდროს გიოცნებიათ, სკოლაში შემთხვევით მოხვდით, მაგრამ, გავიდა ოცი წელი და ისევ აქ ხართ. წლების შემდეგ, როგორია ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება?

– პირველი გაკვეთილის ჩატარებიდან ორიოდე თვეში მივხვდი, რომ საუკეთესო ადგილას ვიყავი და ძალიან მინდოდა აქ მუშაობა. მიზერული ხელფასის მიუხედავად, ვიცოდი, ეს საქმე უნდა მეკეთებინა. სკოლაში დარჩენას კიდევ ვაპირებ – სექტემბერი რომ ახლოვდება, ერთი სული მაქვს ხოლმე, სკოლაში როდის დავბრუნდები. პარალელურად საკუთარი შესაძლებლობის სხვაგან მოსინჯვაზეც ვფიქრობ, თუმცა განათლების სფეროს ვერ მოვშორდები – მე უკვე ვარ ამ ოჯახის წევრი.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...