პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

„როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“

0

ნორვეგიელი ფსიქოლოგი,  ქრისტინე აუდმაიერი, წიგნში: „როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან,   ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე უყვება მკითხველებს.

მაშ ასე, ქრისტინე აუდმაიერი წერს, რომ, როდესაც მან აღმოაჩინა, საკუთარ გოგონაზე თანატოლების მხრიდან დევნის შემთხვევა, მაშინვე დაურეკა კლასის დამრიგებელს, რათა მისთვის ყველაფერი მოეყოლა და იქვე გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ მისი გოგონა სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მასწავლებელმა არცთუ დიდი ენთუზიაზმი გამოხატა და ისიც კი მითხრა, რომ უნდა დამერეკა მშობლებისათვის განკუთვნილ დროს ანუ რამდენიმე დღის შემდეგ. „იმ წუთას მიმაჩნდა, რომ ამ საქმის განხილვის თუნდაც რამდენიმე დღით გადადება არაფრით არ შეიძლებოდა და რომ უსწრაფესად უნდა გატარებულიყო ადეკვატური ღონისძიებები სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ახლა, როდესაც უკვე საკმაოდ დროა გასული იმ ავადსახსენებელი პერიოდიდან, ვხვდები, რომ ერთი-ორი დღე სერიოზულად არაფერს წყვეტს ასეთ საქმეში, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ მშობელს, რომელიც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად ასეთი რეაქცია ექნება, რადგან მშობლები სასოწარკვეთაში ვარდებიან ბულინგის შესახებ ინფორმაციის გაგებისას“.

„სწორედ ამიტომ – ხაზგასმით წერს ნორვეგიელი ფსიქოლოგი – მინდა მშობლებს შევთავაზო რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. ეს რჩევები დაეხმარება უფროსებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდება არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი შვილი“:

  • ეცადეთ როგორმე ჩასწვდეთ სიმართლეს. გაესაუბრეთ მსხვერპლს, მაგრამ თავი აარიდეთ ხანგრძლივ „დაკითხვებს“. მნიშვნელოვანია, ძალიან არ დააჩქაროთ ბავშვი, არ გადააჭარბოთ, არ დააფრთხოთ ისედაც შეშინებული პატარა;
  • უნდა შეეცადოთ, არ მოექცეთ ძლიერი ემოციების ზეგავლენის ქვეშ. თუ ბავშვი მიხვდება, რომ უფროსი დაითრგუნა მოსმენილი ამბისგან, თანაც ისე ძლიერ, რომ ემოციებს ვერ უმკლავდება, ის შეეცდება დაინდოს ზრდასრული. შედეგად, ბავშვი საკუთრ თავში უფრო მეტად ჩაიკეთება, ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას და სრული სიმართლე მოჰყვეს;
  • თუ ბავშვს უჭირს საუბარი, კონტაქტის დამყარება, უფროსს შეუძლია მას რაიმე ამის მსგავსი უთხრას: „ვიცი, ბევრ ბავშვს ძალიან უჭირს მსგავს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, შენ დაგეხმარო. შენ შეგიძლია მესაუბრო მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნები“. მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მთავარია, მიხვდეს, რომ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის მისი პრობლემის შესახებ და მზად არის მოუსმინოს და დაეხმაროს მას;
  • თუ ბავშვი შედარებით მცირე ასაკისაა (მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის), შესაძლებელია მისთვის გაადვილდეს პრობლემაზე საუბარი რაიმე სათამაშოს გამოყენებით. „ნეტავ საბავშვო ბაღში ვინმე ხომ არ აბრაზებს ფუმფულა დათუნიას?“ მსგავსი მეთოდები მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას უჭირს საკუთრ ემოციებზე საუბარი;
  • მიეცით პატარას საშუალება თავად იპოვოს პრობლემის გადაჭრის რაიმე მეთოდი. თუნდაც მან მოითხოვის ბულერის „მთვარეზე გაშვება“. აქ მთავარია, ბავშვმა დაიჯეროს, რომ მის მიერ მოფიქრებულ „გადაწყვეტილებას“ უფროსები სერიოზულად უსმენენ მაშინაც კი, როდესაც ვერ მოახერხებენ „დამნაშავის კოსმოსში გაფრენას“. „სიმართლე უნდა ითქვას – ამბობს ფსიქოლოგი. – მე ხშირად მიმიღია ძალიან პატარებისაგანაც კი სიტუაციისაგან რაციონალური გამოსავლის შეთავაზება და თუ რომელიმე უფროსი მათ გაითვალისწინებს, შესაძლებელია ეს ძალიან კარგიც კი იყოს  ამ სიტუაციაში. ამას გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასე უფროსები მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დაზარალებულ პატარას დაუცველობისა და საკუთარი მოწყვლადობის განცდას;
  • არასოდეს შეჰპირდეთ ბავშვებს, რომ თქვენ არავის არაფერს უამბობთ. აუცილებელია ბულინგის შესახებ ინფორმაცია, სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას შეატყობინოთ და ასევე ეს ამბავი უნდა გააგებინოთ მოძალადისა და დევნაში მონაწილე სხვა ბავშვების მშობლებს;
  • როდესაც ბავშვი უფროსს რაიმე უსიამოვნო ამბავს უყვება, ზრდასრულს სურვილი უჩნდება სასწრაფოდ დაამშვიდოს პატარა და შეჰპირდეს, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და მსგავსი ცუდი ამბავი არასოდეს განმეორდება მის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეჰპირდეთ ბავშვებს იმაზე მეტი, რაც თქვენს ძალებს აღემატება. ზოგჯერ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ბავშვს ვუთხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რომ მანამ არ შევწყვეტთ ამ საკითხის გარშემო მუშაობას, სანამ ის არ გადაიჭრება;
  • ჩემი, როგორც მშობლისა და ფსიქოლოგის რჩევაა – განაგრძობს ქრისტინ აუდმაიერი, ეცადოთ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ აქვს საქმეები თქვენს შვილს, როგორი ურთიერთობები აქვს თანატოლებთან, უფროსებთან, ეს ეხება საბავშვო ბაღს, სკოლას და ნებისმიერ იმ სხვა გარემოს, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება;
  • მცირე ასაკის ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა ზუსტად გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში;
  • მშობელმა უნდა მოსთხოვოს დაწესებულების ადმინისტრაციას, შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საგანგებო, დეტალური გეგმა. ეს თქვენი უფლებაა და თუ აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციის მიერ დასახული გეგმა ვერ მუშაობს, არ მოგერიდოთ და შემდეგ ინსტანციას მიმართეთ;
  • შესაძლებელია, ურჩიოთ ბავშვს, გაესაუბროს იმ უფროსს, რომელსაც ენდობა. სულაც არ არის აუცილებელი თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი. აუხსენით მას, რომ მისთვის ძალიან კარგი იქნება, საკუთარ პრობლემას მეგობარს გაუზიარებს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდებს ურჩევნიათ დღიური წერონ და იქ აღწერონ ყველაფერი, რაზეც საუბარი მისთვის სხვებისთვის მძიმე და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის. აქვე, საგანგებოდ აღვნიშნავ, გვაფრთხილებს ფსიქოლოგი: „მე არ ვურჩევ არასრულწლოვნებს, ღიად წერონ მსგავს პრობლემებზე სოციალურ ქსელებში ან ბლოგებში“;
  • მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენ ნაწყენი ან გაბრაზებულიც კი იყოთ სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაზე და სხვა მშობლებზე, გირჩევთ, მაინც ითანამშრომლოთ მათთან. უფროსები ვალდებული არიან, მიუხედავად ყველა იმ ემოციისა, რომელიც შესაძლებელია დაეუფლოთ მსგავს რთულ სიტუაციაში, მაინც ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ და სიტუაციიდან კონსტრუქციული გამოსავალი მოძებნონ;
  • მშობლები, რომელთა შვილებიც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მალე აღმოაჩენენ, რომ გარშემო ყველა ადამიანი, ერთნაირად არ აღიქვამს წარმოქმნილ პრობლემას. ის, რასაც ერთი მხარე მასხრად აგდებას ან სულაც შეურაცხყოფას ეძახის, მეორისათვის მხოლოდ „უსიამოვნებაა“. რთულ სიტუაციაში გაცილებით უფრო ადრე მიაღწევთ შედეგს, თუ არ გაჯიუტდებით და არ დაიწყებთ საკუთარი ვერსიის მტკიცებას და დამნაშავის დამუნათებას. უფრო მნიშვნელოვანია, კონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკეთებაა საჭირო. ისაუბრეთ ფაქტებით და არა მხოლოდ ბრალდებებით;
  • ბავშვებიც და ზრდასრულებიც მიდრეკილი არიან თავდაცვის პოზიციაში ჩადგნენ მაშინ, როდესაც მათ ბრალდებებს უყენებენ. სამაგიეროდ, გაცილებით უადვილდებათ სიმართლის აღიარება, როცა ფაქტებით დაელაპარაკებიან. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უთხრათ – „შენ ძალიან გამომწვევად იქცევი“ – ზოგიერთ თანაკლასელს სრულიად დაუმსახურებლად გამოარჩევ დანარჩენებისაგან. სჯობს პირდაპირ ფაქტებზე მიუთითოთ: „მთელი წლის მანძილზე ანა იყო ერთადერთი, ვინც არცერთხელ არ დაუპატიჟებიათ დაბადების დღეზე“; „როდესაც ანა ხელს იწევს, რომ რამე მოსაზრება გამოთქვას, ნინო, თამარი და სალომე სიცილს იწყებენ“; „რამდენიმე დღის წინ კი გიორგიმ ანას თმაზე ცეცხლი წაუკიდა და თანაც სულ დებილი ეძახა“. აი, სწორედ ეს არის ფაქტებით საუბარი და არა აბსტრაქტული, ზოგადი დადანაშაულებები;
  • კარგი იქნება, დაეხმაროთ საკუთრ შვილს, მოძებნოს ახალი სამეგობრო წრე. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესების სფერო და ის, თუ რისი კეთება უფრო კარგად გამოსდის მას. ამით ბავშვს/მოზარდს საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საკუთარი სტატუსის ამაღლებაშიც დავეხმარებით.

ვფიქრობ, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ძალიან კონკრეტული და საქმიანი რჩევები დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

სამყარო – მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი

0

„აგრეგო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – „ვაერთებ“, „ვაკავშირებ“. ამ სიტყვას უკავშირდება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება იგი არსებობდეს. ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა ეწოდება ნივთიერების ისეთ მდგომარეობას, რომელიც  მოცემულ პირობებში ნივთიერების განსაზღვრული ფორმისა და მოცულობის შენარჩუნების უნარის ხარისხით  ხასიათდება.

ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყაროში ყველაფერი შედგება მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლისგან.

თუ გავიხსენებთ, რომ თანამედროვე ფიზიკაც ოთხ აგრეგატულ მდგომარეობას აღიარებს: მყარს, თხევადს, აირადს და პლაზმურს  (სურ. 1), მაშინ უთუოდ დავინახავთ ძველი ბერძნების მიერ სამყაროს აღქმასთან კავშირს.

მიწა – ნივთიერების მყარი მდგომარეობაა;

წყალი  – ნივთიერების თხევადი მდგომარეობაა;

ჰაერი  – ნივთიერების აირადი მდგომარეობა;

ცეცხლი – ნივთიერების პლაზმური მდგომარეობა.

 

სურ. 1.  A – მყარი, B – სითხე, C – აირი, D – პლაზმა.

 

თითოეულ აგრეგატულ მდგომარეობაში ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების განლაგება, მოძრაობა და ურთიერთქმედება განსხვავებულია. სწორედ ამ ნაწილაკების „ცხოვრების წესი“ განსაზღვრავს არსებულ პირობებში რომელ აგრეგატულ მდგომარეობაში იქნება ნივთიერება. მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს გარეგნულად ერთმანეთისგან ადვილად ვარჩევთ. ზამთარში ტბებისა და მდინარეების ზედაპირზე წყალი იყინება – თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადადის, ანუ ყინულად იქცევა. ყინულის ქვეშ კი წყალი თხევად მდგომარეობაში რჩება (სურ. 2).

 

სურ.2

ესე იგი, ნივთიერება – წყალი ერთდროულად ორ სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფება: მყარი (ყინული) და თხევადი (წყალი). აქვე არსებობს წყალი მესამე – აირად მდგომარეობაში, რომელიც უხილავი ორთქლის სახით ჩვენს გარემომცველ ჰაერშია.

რა ვიცით ნივთიერების მეოთხე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც პლაზმური ეწოდება? მეცნიერება ამტკიცებს, რომ სამყაროს 99% პლაზმისგან შედგება. მზე გავარვარებული პლაზმისგან შემდგარი უზარმაზარი სფეროა. პოლარულ ნათებას, ელვას სწორედ პლაზმურ მდგომარეობაში მყოფი აირი იწვევს. პლაზმას წარმოადგენს ასევე ცეცხლიც (სურ. 3).

 

სურ. 3.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლეკულებისა და ატომების განლაგება, მოძრაობა და ურთიერთქმედება განაპირობებს ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობას.

თავდაპირველად განვიხილოთ მყარი აგრეგატული მდგომარეობა. ჩვეულებრივ პირობებში მყარი სხეულის, მაგალითად მეტალის გაჭიმვა ან შეკუმშვა რთულია. იგი ინარჩუნებს თავის მოცულობას. მისი ფორმის შესაცვლელად, მაგალითად, მოსაღუნად ან გასაწყვეტად, საჭიროა მასზე გარკვეული ზემოქმედება.

მყარ მდგომარეობაში ნაწილაკები ერთმანეთთან ახლოს და განსაზღვრულ ადგილებზეა განლაგებული. ამ მდგომარეობაში ნაწილაკები მხოლოდ ირხევიან. ნაწილაკებს შორის არსებული ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) ძალები მათ აიძულებს თავიანთ (დისლოკაციის) ადგილზე რხევით მდგომარეობაში ყოფნას. ნაწილაკებისთვის ეს მდებარეობა წონასწორობას შეესაბამება და ნებისმიერი გარე ზემოქმედება მათთვის „შეშფოთებას“ ნიშნავს. ნაწილაკების სისტემა ამ ზემოქმედებას წინააღმდეგობით პასუხობს. ამიტომ ინარჩუნებს ფორმას და მოცულობას მყარი სხეული.

სითხე ადვილად იცვლის ფორმას. იგი იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ასხამენ. ჩვეულებრივ პირობებში სითხის მხოლოდ პატარა წვეთებს აქვს საკუთარი ფორმა – ბურთულის ფორმა. სწორედ ამ ფორმას უწოდებენ  პირობითად, სითხის ფორმას. ნამის გაჩენისას მცენარის ფოთოლზე ასეთი, ბურთულის ფორმის მსგავსი წვეთები ხომ ადვილად შესამჩნევია?

მიუხედავად იმისა, რომ სითხე ადვილად იცვლის ფორმას, მისი მოცულობის შეცვლა ძალიან რთულია. ახლა ავხსნათ სითხის ეს თვისებები მისი აღნაგობის მიხედვით. მყარი სხეულისგან განსხვავებით, სითხეში მოლეკულები დაშორებულია მოლეკულის ზომის ტოლი მანძილით. ეს მანძილი საკმარისია, იმისთვის, რომ სითხემ მთლიანობა შეინარჩუნოს, თუმცა არასაკმარისია, იმისთვის, რომ თავის ადგილას დაამაგროს. სითხეში ნაწილაკებს შედარებით ადვილად შეუძლიათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება.

მთლიანობაში მათი მოძრაობა ასე შეიძლება აღიწეროს: რხევა – ახალ ადგილზე გადასვლა – კვლავ რხევა – კვლავ გადასვლა და ასე შემდეგ. სითხის ნაწილაკების ერთ ადგილზე ყოფნის დრო დიდი არ არის. ამიტომ ამბობენ სითხის ნაწილაკები „ბოშურ“ ცხოვრებას ეწევიანო. ნაწილაკების ასეთი „ცხოვრების წესით“ აიხსნება თვისება, რომლის მიხედვითაც სითხე ინარჩუნებს მოცულობას და ვერ ინარჩუნებს ფორმას.

აირის შეკუმშვით მისი მოცულობა რამდენჯერმე შეიძლება შემცირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აირში ნაწილაკებს შორის მანძილი საკმაოდ დიდია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს მანძილი ნაწილაკის ზომაზე გაცილებით მეტია. ცნობილია, რომ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების ძალები დაახლოებით ნაწილაკის ზომის ტოლ მანძილებზე მოქმედებს. შესაბამისად, აირის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება გაცილებით სუსტია, ვიდრე მყარ სხეულსა და სითხეში. აირის ნაწილაკებს შორის სუსტი მიზიდვა-განზიდვის არსებობით აიხსნება ის ფაქტი, რომ შეუძლებელია ბოთლის ან ჭიქის აირით ნახევრად ავსება. მოლეკულები, რომლებიც თითქმის არ იზიდავენ ერთმანეთს, თუ არ გავითვალისწინებთ ურთიერთდაჯახებებს, ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობენ და სწრაფად ავსებენ მთელ ჭურჭელს. სწორედ ნაწილაკებს შორის  სუსტი ურთიერთქმედების გამო აირი ვერ ინარჩუნებს ვერც ფორმასა და ვერც მოცულობას.

 

 

სურ. 4

სურ. 4 -ზე გამოსახულია წყალი სამ აგრეგატულ მდგომარეობაში აღნაგობის შესაბამისი სქემატური სურათებით.

ჩვენთვის ცნობილია ატომის აღნაგობა. ვიცით, რომ ბირთვში არსებული დადებითი პროტონების რიცხვი ტოლია ბირთვის გარშემო მოძრავი უარყოფითი ელექტრონების რიცხვის. პროტონის და ელექტრონის მუხტის მოდული კი ერთნაირია. ამიტომ ატომი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ელექტრულად ნეიტრალურია. თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, ენერგიის დასხივებით, მოხდება ატომის იონიზაცია – ელექტრონის მოწყვეტა ბირთვის ორბიტიდან, ნეიტრალური ატომიდან მივიღებთ ორ ნაწილაკს – დადებით იონს და უარყოფით ელექტრონს (სურ. 5).

 

 

სურ. 5.

 

 

 

სწორედ ასეთ იონიზირებულ აირს წარმოადგენს პლაზმა (სურ. 6). მაშასადამე, აირიდან პლაზმურ მდგომარეობაში ნივთიერების გადასაყვანად საჭიროა მისი ძლიერი გახურება. ყველაზე დაბალტემპერატურული 1%-იანი (100 ატომიდან ერთია იონიზირებული) პლაზმა ხასიათდება            100 000⁰C -ით. დედამიწის პირობებში ასეთი პლაზმას წარმოადგენს ელვა. ელვის დროს მანათობელი არხის ტემპერატურა შეიძლება 30 000⁰C-ს აღემატებოდეს, რაც 6-ჯერ მეტია მზის ზედაპირის ტემპერატურაზე.

 

სურ. 6.

ნივთიერების ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანა შესაძლებელია ტემპერატურის შეცვლით. მყარ მდგომარეობაში ნივთიერებას შეესაბამება ყველაზე დაბალი ტემპერატურა. თუ გავზრდით მის ტემპერატურას აღნიშნული ნივთიერების დნობის ტემპერატურამდე, ნივთიერება გადნება და მყარიდან თხევად მდგომარეობაში გადავა. ამის შემდეგ თუ კიდევ გავზრდით სითხის ტემპერატურას ნივთიერების დუღილის ტემპერატურამდე, წარმოდგენილი სითხე ადუღდება და ნივთიერება სითხიდან აირად მდგომარეობაში გადავა. კიდევ თუ გავახურებთ მოხდება ნივთიერების აიონიზაცია და აირი პლაზმურ მდგომარეობაში გადავა. დიფუზიის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ დიფუზიის სიჩქარე მყარ სხეულებში დაბალია, ვიდრე სითხეებში და კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე აირებში.

ახლა, როცა  აგრეგატული მდგომარეობები დავახასიათეთ ნივთიერების აღნაგობის საფუძველზე, გასაგები ხდება ნივთიერების სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობას რატომ შეესაბამება შემადგენელ ნაწილაკების განსხვავებული სიჩქარე, რაც დიფუზიის მოვლენის განსხვავებულ სიჩქარეს განაპირობებს.

 

ლიტერატურა

  1. ილუსტრაციები ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის შესახებ აღებულია ვებგვერდებიდან

https://followtheart.info/kareff-Sun_17_11.html

https://sciencesinworld.wordpress.com/2014/06/13/964368/

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  4. ეთერ ბასიაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2005 წ .
  5. ლევან მნათობიშვილი, რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა. ფიზიკა VII კლასი. 2006 წ.

 

როგორ სურთ ბავშვებს თამაში?

0

თამაშის ბევრნაირი სახეობა არსებობს და წესებიც მრავალნაირია. მშობლის უპირველესი მიზანი ალბათ ის უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი, მრავალფეროვანი და განმავითარებელი თამაში შესთავაზოს შვილს, ჩაერთოს ამ პროცესში და ახალი თამაშების გამოგონებაში მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ასევე კარგი ხარისხის და განმავითარებელი სათამაშოები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში უკვე ძვირად მოსაპოვებელი სიამოვნება გახდა. თუმცა, თუ ბავშვს დავაკვირდებით და მის ქცევას მივადევნებთ თვალს, მივხვდებით რომ ზოგჯერ სულაც არ არის მნიშვნელოვანი უამრავი ძვირადღირებული სათამაშოს შეძენა, რადგან ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დროა, რომელსაც მშობელი მისთვის დაუნანებლად გასცემს. ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ შესთავაზონ ბავშვებს ისეთი თამაშები, რომლებიც არც დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს და მეტიც, უზარმაზარი ემოციური სარგებლის მოტანა შეუძლია. ასეთ დროს ხომ ერთ მუშტად იკვრება ოჯახი და ბავშვებიც გრძნობენ ამ ერთიანობის ჯადოსნურ ძალას. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობელს არც თამაშის განწყობა აქვს და არც დრო, ასეთ დროს კი მთავარია, ხელი არ შეუშალოს ბავშვს და უხეში ჩარევით არ შეაჩეროს მის სამყაროში მიმდინარე ჯადოსნური პროცესები.

 

წარმოიდგინე და ითამაშე

 

ჩემი შვილების საყვარელი თამაშები წარმოსახვითია. ისინი ისე არ დაიძინებენ, თუ ძილის წინ რაიმე ახალი თამაში არ გამოიგონეს. სიუჟეტს თავად იფიქრებენ და როლებსაც თავად ანაწილებენ. გოგონა ხან ციხე-სიმაგრეში გამოკეტილი მზეთუნახავია, რომელიც ცეცხლისფრქვეველმა ურჩხულმა დაატყვევა და ახლა მის გასათავისუფლებლად მამა და პრინცის როლმორგებული ძმა იბრძვიან და საბოლოოდ დაიხსნიან კიდეც მას. ხშირად არის, რომ მათი თამაშები იმ ლიტერატურული ეპიზოდებით მდიდრდება, რომელსაც დღის მანძილზე ეცნობიან და შემდეგ ესეც თამაშის ნაწილი ხდება. ამიტომ, თუ შვილებთან თამაშს გადაწყვეტთ და ხუთი წუთით მაინც დაფიქრდებით სიუჟეტზე, ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს საინტერესო თამაშის შთამაგონებელი.

 

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თამაშში გადავიტანეთ ბულინგის სიუჟეტი. ჩემი პირველკლასელი შვილი სკოლაში უკვე შეეჯახა თანატოლისგან არასასიამოვნო (ძალადობრივ) ქცევას და გადავწყვიტეთ თამაში ამ თემაზე აგვეგო. თამაშში ახლა ის განასახიერებდა ბულერ ბიჭს, რომელიც პატარა გოგონას ჩაგრავდა და მას კვების თანხას სძალავდა. პატარა გოგონას როლს ჩემი გოგონა ასრულებდა. ამ სიუჟეტურ ქარგაში მოვაქციეთ ბულინგის დრამატულობა და შემდეგ ისინი ჩემი დახმარების გარეშე ცდილობდნენ თამაშის დასკვნით ნაწილში ორი ადამიანის ერთმანეთთან შერიგებას და პრობლემის მოგვარების გზის გამოძებნას. ამისთვის მათ აირჩიეს სტრატეგია – საერთო ინტერესები. „შენ ფრი გიყვარს ხომ? წამოდი, ჩემთან სახლში ფრი ერთად ვჭამოთ და შემდეგ გაკვეთილები ერთად მოვამზადოთ”; ან კიდევ „რა საყვარელი ძაღლი გყავს. შეიძლება ერთად გავასეირნოთ?”.  ამ თამაშში გავაჟღერეთ ისიც, რომ ზოგჯერ მოძალადის ქცევაც ძალადობით არის განპირობებული და მას ბევრი მიზეზი შეიძლება უძღოდეს წინ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ბულინგის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების დროს არა მარტო მსხვერპლზე გაკეთდეს აქცენტი, არამედ მოძალადეზეც და ამ ქცევის გამომწვევ წყაროსაც მივაგნოთ. რადგან, ხშირად არასოციალურ ქცევას, თავისი განმაპირობებელი მიზეზები აქვს: არასახარბიელო სიტუაცია და აგრესიული ატმოსფერო ოჯახში, ეკონომიკური სიდუხჭირე თუ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის არასწორად არჩეული სტრატეგია. ოცწუთიან თამაშში ჩავტიეთ ეს ამბავი და ისინიც კმაყოფილი დარჩნენ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კმაყოფილი და ბედნიერი ისინი თამაშის დროს არიან.

 

კოშკების შენება

 

თუ ამ თამაშს ციხე-კოშკების აშენებას არ დავარქმევთ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ განმარტოობანას თამაში ან ცხოვრების შენება. მიუხედავად მცირე ასაკისა, ბავშვებიც მიილტვიან სიმყუდროვისკენ და სურთ საკუთარი პირადი სივრცის მოწყობა. თამაშისთვის აუცილებელი რესურსი ბლომად საბან-ბალიში და პლედია. ყველაფერი კი ასე იწყება: ორ სავარძელს ერთად შეატყუპებენ, შემდეგ იწყება საძირკვლის ჩაყრა, ბევრი ფუმფულა საბნის დაფენა, შემდეგ გადახურვის პროცესი მიდის. რაც შეიძლება დიდი გადასაფარებელი გვჭირდება, რომ ციხე-კოშკში მზემ ვერ ჩააღწიოს. თუ გვერდებიდანაც აღწევს სინათლე, მაშინ გვერდების დამატებით გადახურვაა საჭირო. აი, ასეთ სახლებს აშენებენ ჩემი შვილები, როდესაც დრო ჩველუებრივზე მეტი აქვთ ხოლმე. შემდეგ შეძვრებიან თავიანთ ციხე-სიმაგრეში, შეიტანენ ფერად განათებას, წიგნებს ან სასუსნავებს და იწყება კიდევ ერთი ახალი თამაში. ზოგჯერ, ასეთ შტაბში გამაგრებულებს ხან უცხოპლანეტელები ესხმიან თავს და ხანაც ზომბები. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, რასაც ყველაზე დიდი ხალისით და ინტერესით უდგებიან, ეს შენების პროცესია. ისინი გამოცდილი მშენებლებივით ყველა დეტალს სერიოზულად და სკრუპულოზურად აკვირდებიან. ასეთი თამაშების დროს მშობლების მოთმინებაც იცდება: „ნუთუ ათი პლედი და ოთხი ბალიში საკმარისი არ არის? აუცილებელია, ყველა მანდ შეიტანოთ?“ –  ბუზღუნებს ალბათ ჩემნაირი მშობელი, რომელიც დაშლის პროცესს როცა წარმოიდგენს, კოშკების მშენებლობა აღარ ეპიტნავება. თუმცა, როდესაც თავის „ქვენა” გრძნობებზე მაღლა დადგება, ისიც იგრძნობს, რომ ძალიან სასიამოვნოა ბავშვურ სამყაროში, თუნდაც ოცი წუთით დაბრუნება.

 

ეს რა თამაშია? ეს რა თამაშია?!

 

ალბათ, მხოლოდ ჩემი საწუხარი არ არის ის, რომ თანამედროვე, ურბანულ გარემოში ბავშვისთვის გართობისთვის და თამაშისთვის არეალი დავიწროვდა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. გადატვირთული სასწავლო რეჟიმის პირობებში მყოფ ბავშვებს, უფრო ნაკლები დრო რჩებათ სირბილისთვის, თამაშისა და ონავრობებისთვის. მჯდომარე ცხოვრების წესი არამარტო უფროსებს აწუხებთ, არამედ ბავშვებიც ამ პირობებში იმყოფებიან. სექტემბრიდან მოყოლებული, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება ისეთი დღეები, როდესაც ჩემი ოთხი წლის გოგონა, ბაღის ეზოში გაიყვანეს. ამისთვის ხელისშემშლელი მიზეზი კი არასოდეს დაილია. ძირითადად ყველაფერი „ცუდ ამინდს” ბრალდება და ასე არიან გამოკეტილი ბავშვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე ერთ სივრცეში და გამუდმებით ჭრიან, აფერადებენ, კითხულობენ და  ხატავენ.  რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი აქტივობის წინააღმდეგი არ ვარ და მეტიც მადლიერი ვარ, რომ ბაღში გაგვიმართლა და კარგი მასწავლებლები შეგხვდნენ, მაგრამ ეზოში თამაში და ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჯანსაღი განვითარების პროცესისთვის და, სამწუხაროდ, სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობა ასეთი რეჟიმის პირობებში იმყოფება. სწორედ ამის გამო, ერთგვარი მისიონერული შემართებით შევუდექი საკუთარი შვილების დღის დაგეგმვას: არცერთი დღე ჰაერისა და სირბილის გარეშე! თუმცა, ესეც სხვა მნიშვნელოვანი საქმეების ხარჯზე ხდება. ამიტომ, იმისთვის, რომ მათ ყველაზე მცირე ორი საათი ჰაერზე გაატარონ, ვიყენებ ყველა პარკს, სადაც კი მოვხვდებით. პარკებში ყოფნის დროს ერთი თვალის შევლებაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ადამიანებს, იქნებიან ისინი ძიძები, ბებიები თუ დედები არასაკმარისი ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი უზარმაზარი სიკეთეა ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა. ამიტომ, ნებისმიერი პარკში მოხვედრილი ადამიანი ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: „ნუ დარბიხარ – გაცივდები, ნუ დარბიხარ – გაოფლიანდები, ნუ დარბიხარ – დაისვრები“. მთელი ეს აკრძალვები მარტო სირბილზე არ ვრცელდება, ასევე ვრცელდება თამაშის სიუჟეტზეც. „ეს, რა თამაშია?! ეს რა თამაშია?!” – მამები თუ ძიძები ამ ფრაზით დასდევდა ბავშვებს, რომლებიც „ზომბობანას” თამაშობდნენ ერთ-ერთ პარკში და ერთმანეთს „შესაჭმელად” დასდევდნენ. მათ საბოლოოდ, მაინც მოახერხეს და დაშალეს ზომბებისგან შემდგარი გუნდი.

 

თამაში ბავშვებისთვის არც დროის გაყვანაა და არც ამ დროის უსარგებლოდ ხარჯვა. თამაში შენებაა იმ უნარების, რომლებიც მას ზრდასრულობაში გამოადგება. თამაში ადრეული განვითარების ასაკში ის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც უკვე ზრდასრულობაში უფრო განვითარდება ბავშვის სოციალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სფერო. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს ბავშვი, როგორ სურს, რომ ითამაშოს, რადგან სწორედ ამ დროს იგი გამოხატავს მის განწყობას, ხასიათს, სურვილებს და ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება ამოვიკითხოთ და შემდეგ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. არ დაგვავიწყდეს! ბავშვების თამაში არ ეფუძნება ჩვენ მიერ აღიარებულ მსოფლმხედველობას თუ სხვა კანონზომიერებას, ამიტომ დავუტოვოთ მათ იმის უფლება იყვნენ თავისუფალი საკუთარ გამოგონილ სამყაროში.

 

 

პარასკევი მომავლისათვის

0

გასული წლის აგვისტოს მიწურულს, შევედეთში ერთმა თექვსმეტი წლის მოსწავლემ გადაწყვიტა, რომ პარასკეობით სკოლა უნდა გაეცდინა ხოლმე. ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს გოგონა სკოლის ნაცვლად სტოკჰოლმის ცენტრში მიდის და რაიხსტაგის წინ კუთვნილ ადგილს იკავებს. გარეუბნელს ყოველთვის თან დააქვს თავისი სიმაღლისთვის (1.53 მ) შეუფერებლად დიდი ტრანსფარანტი, რომელსაც მთავრული ასოებით აწერია: „სასკოლო გაფიცვა კლიმატისათვის!“. თვეების განმავლობაში გრეტა თუნბერგი მარტო აპროტესტებდა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა ქმედებებს. მოსწავლეს მიაჩნია, რომ ძალაუფლების მქონე პირები არაფერს აკეთებენ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და დედამიწის, ბუნების, ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად, მავნე ნივთიერებების ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გავრცელების შესაფერხებლად. ახალგაზრდას თავისი წამოწყების გამო ხშირად დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ. სკოლის ადმინისტრაცია მას გაკვეთილების გაცდენის გამო კიცხავდა. განათლების მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ გრეტა კეთილშობილური ეკოლოგიური იდეებით ცდილობდა ყოველ პარასკევს „შატალოზე“ წასვლის აუცილებლობის დასაბუთებას. ყველაზე სულმოკლე ადამიანები მის დიაგნოზზეც ალაპარაკდნენ და ერთი შეხედვით უცნაური ქცევა გოგონას განსაცდელის სიმპტომად მიიჩნიეს. თუნბერგმა თავად განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ზოგიერთი მეცნიერი ასპერგერის სინდრომს აუტისტური სპექტრის დარღვევებს მიაკუთვნებს. მოზარდის მოწინააღმდეგეები გაჰყვირიან, რომ ასპერგერის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანი ბიპოლარული აზროვნება, მხოლოდ ორ უკიდურესობას შორის არსებული არჩევანის აღქმაა (შვედი ამტკიცებს, რომ ან ახლავე დავიწყებთ დედამიწის გადარჩენას, ან გლობალური დათბობა მალე მოგვიღებს ბოლოს). იაფფასიანი გამოცემები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მოზარდი მშობლების კომერციული მიზნების აღმსრულებელია.

რატომ ჰყავს გაცდენებით გამორჩეულ მოსწავლეს ამდენი მტერი?

ერთი ბავშვის მიერ დაწყებული პროტესტი თითქმის ნახევარწლიანი ყოველდღიური და შეუპოვარი საქმიანობის შედეგად მთელი პლანეტისთვის ცნობილი გახდა. როგორც აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება საშუალოზე მაღალია. დღეს, გრეტას მსგავსად, დედამიწის ყველა კუთხეში ათასობით მოსწავლე აცდენს პარასკევის გაკვეთილებს. ისინი თავიანთი ქალაქების ქუჩებში გამოდიან და გარემოსდაცვით ლოზუნგებს სკანდირებენ. 12-დან 17 წლამდე ბავშვები მუყაოს დაშლილ ყუთებზე ფერადი საღებავებით აწერენ – „დინოზავრებსაც ეგონათ, რომ ბევრი დრო ჰქონდათ, მაგრამ …“; „დრო მიდის, თქვენ თვლემთ“; „გაფიცვა სკოლაში, გაფიცვა ფაბრიკაში, ეს არის ჩვენი პასუხი თქვენს პოლიტიკაზე!“ და ა.შ. ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ. მათ სურთ, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შესაჩერებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც დასახონ.

მოკლედ, ერთი ადამიანის პროტესტი მრავალათასიან, გლობალურ, ახალგაზრდულ გარემოსდაცვით მოძრაობად გარდაიქმნა, რომელსაც „პარასკევი მომავლისათვის“ ეწოდა. გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეც კი არის წარდგენილი. ცოტა ხნის წინ მოძრაობის პიონერი დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ სამიტზეც მიიწვიეს. მასპინძლები შვედ გოგონას მომავლის იმედისა და იდეალიზმის, ახალგაზრდული რადიკალიზმის შესანიშნავ სიმბოლოდ აცხადებდნენ და გარემოსდამცველთა წინადადებების ნაწილის ლეგიტიმურობაზე მიანიშნებდნენ. მორიგი შოუს სანახავად თავმოყრილ საზოგადოებას სტოკჰოლმის მკვიდრმა ცივი წყალი გადაასხა: „თქვენ გსურთ, რომ დღეს ახალგაზრდებში, ჩვენ საქმეში იმედი დაინახოთ… მე არ მინდა, რომ თქვენ იმედი მოგცეთ. პირიქით, მსურს, რომ დაპანიკდეთ… თქვენ ისე უნდა იქცეოდეთ, როგორც ადამიანი, რომლის სახლსაც ცეცხლი უკიდია. დედამიწა საფრთხეშია!“.

იმედია, ქართველი მოსწავლეები პარასკეობით გაკვეთილების გაცდენის სტრატეგიას არ მიემხრობიან და მხოლოდ ფიქრით, მსჯელობით შეეცდებიან გრეტა თუნბერგის მიერ დაწყებული და მოულოდნელად აზვირთებული მოძრაობის საიდუმლოს ამოხსნას.

ისევ ინანიშვილის მრავლისმთქმელ ალეგორიებზე

0

ასე იცის რეზო ინანიშვილმა: თუ ერთი „ჩაგიგდო ხელში“, მისი ჯადოსნური სამყაროს ტყვე ხარ! აქ ყველაფერი სადა, ნათელი, უპრეტენზიო, გენიალურად მარტივი და ჩამაფიქრებელია. ყველაფერი უთქმელადაც „ლაპარაკობს“, გარინდებულს წაგიყვანს შორს, შორს… ის ყვება ადმიანური ყოფის ისეთ ხვეულებზე, გულის ისეთ სიმებს გირხევს, რომ შენც, ამ საამურ ტყვეობას მინებებული, დაიარები მის საოცარ გმირებთან ერთად… მის მკითხველს ასაკი არ აქვს… საბავშვოც არის ყველა მოთხრობა, ახალგაზრდული თვითძიების ჟამსაც „შენია“ და სიბერის ერთფეროვნებასა და სევდასაც ჩუმად გიქარვებს… თანაც, ჯადოქრობა იმაშიც არის, მისი რამდენი კრებულიც არ უნდა გქონდეს, რამდენ საიტზეც არ უნდა ეძებო მისი მოთხრობები, მაინც სულ ახალი და ახალი ჩნდება და ჩნდება… როდის დაწერა ამდენი მოთხრობა? ასე მთელი სამყარო, თავისი წილიც და სხვისაც, სულ მოთხრობებად როდის აქცია ამ კეთილმა ჯადოქარმა?

აღარ მეგონა თუ კიდევ არსებობდა ჩემთვის უცნობი მისი მოთხრობა… ამასწინათ მისი ერთი კრებული ავიღე, „მიტოვებული ბაღი“ ჰქვია, სასკოლო ბიბლიოთეკის სერიით 2009 წელს გამოუცია გამომცემლობა „ბაკმს“. ვფურცლავ, ვფურცლავ… მისი მარგალიტები ხომ ყველგან და ყოველთვის უნდა გადმომიცვივდეს ხელის გულებზე, კალთაში, სულში, გულში და აი… მოთხრობას „ანიკო და ვანიკო“ ჰქვია… აქამდე არსად შემხვედრია და ელექტრონული ვერსიაც არსად იძებნება ინტერნეტში… სამგვერდიანი მოთხრობაა, ვითომც არაფერი, ვითომც სრულიად უწყინარ, იდილიურ, ერთფეროვან გმირებსა და ამბებზეა…

ფაბულა ასეთია: ანიკო და ვანიკო ტოლები და თანასოფლელები არიან. ორივე გლეხის ოჯახიდანაა: ანიკო ზემოუბნელი მესაქონლეებისა და პურის მომყვანების შვილია, ხოლო ვანიკო – ქვემოუბნელი მევენახეებისა და მეხილეებისა. ვანიკოს ოჯახი უფრო გამოსულ ოჯახად ითვლება, ანიკომ კი მიწის იატაკზე ფიცრები ძლივს დააგებინა მშობლებს და მერე მის გაუთავებელ წმენდაში იყო. მის პედანტიზმსა და წესრიგისადმი სიყვარულს საზღვარი არ ჰქონდა. უმცროს და-ძმაზეც ის მზრუნველობდა. სკოლაში მუდამ გასპეტაკებული დადიოდა. სწავლაშიც თითით საჩვენებელი იყო და რაიონიდან შემოწმებაზე მოსულებს მუდამ ანიკოს წარუდგენდნენ ხოლმე. ტანკენარი და ლამაზპირისახიანი გოგო იყო, მაგრამ ჩამოგრძელებული სახე სიტლანქის იერს აძლევდა. ვანიკოს ოჯახი ხილის მთელ მოსავალს ფულად აქცევდა და გამართულად ცხოვრობდა. ვანიკოც ბეჭითი და ნიჭიერი ბიჭი იყო. სკოლაში ნიუტონას ეძახდნენ. უპირველესი პიონერი და კომკავშირელი იყო და რაიონიდან მოსულ შემმოწმებლებს მასაც პირველ რიგში წარუდგენდნენ ხოლმე.  მეცხრე კლასიდან ყველამ იცოდა, რომ ანიკოს და ვანიკოს ერთმანეთი უყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივე ქალაქში წავიდა. გოგომ ეკონომიური დაამთავრა, ბიჭმა – საინჟინრო. ოთხი წელი სპეტაკად ინახეს სიყვარული და მეხუთე კურსზე დაქორწინდნენ. ორი ქალიშვილი გაზარდეს და გაათხოვეს. ბედნიერად ცხოვრობდენენ. ვანიკოს სულ აწინაურებდნენ და სამსახურეობრივი მანქანაც ემსახურებოდა. ბედნიერი ანიკო ხალისით გავიდა პენსიაზე და ქმრის პედანტური მოვლა-უთაობა იდეა-ფიქსად ექცა. გულს უწყალებდა ვანიკოს სამოსის დაპიწკინებით. ერთხელ ჩაცმულ ქმარს დაადო მხარზე უთო და შემთხვევით მოქნეული ვანიკოს ხელიდან უთო ყბაში მოხვდა, ყბა გაუტეხა. ამ მიზეზის გამო იყო თუ რისა, არავინ უწყოდა, მაგრამ ნელ-ნელა ვანიკო „ჩამოალაბორანტეს“ და როცა საპენსიო ასაკს მიაღწია, ისიც ხალისით გავიდა პენსიაზე. მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ მხნე ცოლ-ქმარი ხელიხელჩაკიდებული დაიარება ქალაქის ქუჩებში. ვანიკოს სამოსი არსად ეჭმუჭნება. საჩურჩულო არ ელევათ და არიან ასე…

როგორც კი მოთხრობის ექსპოზიციას გასცდები, კვანძის შეკვრის მოლოდინში სულიც გეკვრის: ელოდები, რომ ან ახლა მოხდება რაღაც საინტერესო, ან – ახლა, მაგრამ… ისე უხმაუროდ და უემოციოდ გაივლი ფინალამდე, რომ მისი გმირებივით რუხი, ერთფეროვანი და მოსაწყენი განცდები არ გტოვებს და გიჩენს კითხვებს: რეზო ინანიშვილი ხომ ვინმე ფრაერი არ არის? ის ხომ უიდეო და უფერულ ტექსტს არ დაწერდა?  რისთვის დაიწერა ეს მოთხრობა? რისი თქმა სურდა ავტორის მკითხველისთვის? ნუთუ ამ გატკიცინებული წყვილის კიდევ უფრო გატკიცინებული, გულმოდგინედ დაუთოვებული ყოფის აღწერა რამის მომცემია? რისთვის დაშვრა მწერალი? ხომ ცხადია, რომ რაღაც ღრმად არის ჩამალული მოთხრობის ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ სიუჟეტში… რისთვის იცხოვრეს ამ გმირებმა? რა აზრი ჰქონდა მათ ცხოვრებას? ამ უშფოთველ რუტინაში ან რა მოიტანეს, ან რა წაიღეს? რა გვითხრეს თავიანთი ცხოვრებით? ნუთუ მხოლოდ ის, რომ ცხოვრება იატაკის დაჟინებული წმენდა და უთოობაა, ან თუნდაც ბეჯითი სწავლა სკოლასა და უნივერსიტეტში? ან თუნდაც ოჯახის უზრუნველყოფა, შვილების დაზრდა-დაოჯახება? კი, ეს ნამდვილად ცოტა არ არის, საამისოდაც იღწვის ადამიანი, მაგრამ მწერალი ხომ მხოლოდ ამ უდრტვინველი ყოველდღიურობის გადმოსაცემად არ ჩაიფიქრებდა მოთხრობას?

პასუხი ამ კითხვებზე მოთხრობის ფინალშია მიმალული: „ახლა უკვე მოხუცებულები არიან ანიკოც და ვანიკოც, არცერთი არ არის დაუძლურებული. ქუჩაში გამოდიან ძალიან გასპეტაკებულნი, დაუთოვებულნი… სადღა უნდა დაეჭმუჭნოს ვანიკოს პიჯაკის კალთები! მიდიან  ხელმკლავით, ისეთი სიფრთხილით, თითქოს შუშისები იყვნენ და დამსხვრევის ეშინიათო… ანიკოს ყბა ცოტათ აქვს მოქცეული, ვანიკოს – თვალები დაძაბული, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამის დანახვა ჰქონდეს განზრახული. მიდიან, მიდიან. ხანდახან რაღაცეებს ეჩურჩულებიან ერთმანეთს. ერთი გადაუჩურჩულებს, მეორე გადმოუჩურჩულებს და მერე ორივენი თანხმობით აქნევენ თავებს“…

ეს უწყინარი წყვილი, სიყვარულის და მზრუნველობის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულნი, იძულებით ჰომოსოვიეტიკუსებად ქცეულნი, სინამდვილეში თავისუფლების მაძიებელი, გონიერი და სულიერი ადმიანები არიან, მაგრამ კარგად იციან, რომ საბჭოთა კავშირი შემოქმედებითი და ინტელექტუალური თავისუფლების მხრივ ერთი დიდი ციხეა და აქ ადამიანის განვითარება შეუძლებელია. ყველა გმირი და დისიდენტი ვერ იქნება და ვერ გაბედავს ამ რეალობის შეცვლაზე სასიცოცხლოდ სარისკო ფიქრებს. მათი ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ პიჯაკის დაჭმუჭვნა რა არის, ესეც კი სანატრელია ამ სულისშემხუთველ რუტინაში. ტრაგიკულია იმის გააზრება, რომ ანიკოსავით მშვენიერი, კეთილშობილი ადამიანის მთელმა ცხოვრებამ ისე უღიმღამოდ ჩაიარა, ყბაში უთოს შემთხვევით მოხვედრის მეტი დრამატული, დამაინტრიგებელი მის გარშემო არაფერი მომხდარა. სიკვდილის წინ ვერაფერს საინტერესოს ვერ გაიხსენებს. ის და მისი ქმარი ხომ თათქარიძეებივით ხორცმეტები არ არიან? ეს ამაო, ილუზორული იდილია ხომ მათი არჩევანი არ არის? ისინი ხომ არ ემეტება ავტორს ჩასაწიხლად, როგორც თათქარიძეები ილიას? ისინი ხომ არ არიან მანკიერებათა განზოგადებული სახეები! სწორედ პირიქით. ყველა ადამიანური ღირსების მატარებლები არიან. ანიკო და ვანიკო ნასწავლი და გონიერი ადამიანები არიან. ალბათ მათაც წყურიათ ბოჰემა, სეირი, ცხოვრებისეული ინტრიგები, თვითძიება, გამოცდა, ზრდა, შემეცნება. მათი არაბუნებრივი სიფრთხილე და შიში, რომ შუშის ბოთლებივით არ დაიმსხვრნენ, სწორედ ჰომოსოვიეტიკუსის ქვეცნობიერში ჩაკირული ფსიქოლოგიური შიშია, ფობიაა, ანტისაბჭოური აზროვნებისთვის რეპრესირების უწყვეტი ზაფრა. ჯერ კიდევ მათი მშობლების თაობას სტალინ-ბერიას რეჟიმი ხომ სრულიად უმიზეზოდ აციმბირებდა და აწამებდა, სამართლის ყოველგვარი ნორმების სრული იგნორით… ყბამოქცეული ანიკო და თვალებგაფართოებული, მუდამ ნერვიულად რაღაცის მაძიებელი ვანიკო შინაგანად ამ რეალობისადმი პროტესტის მატარებელი გმირები არიან ჩემი თვალთახედვით. თუმცა ეს „ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც“ არა და არ ხდება და მათაც ისღა დარჩენიათ, რომ ერთმანეთს გადაუჩურჩულონ ამ ყოფის ამაოებაზე, იმ „ძალიან მნიშვნელოვნის“ მოლოდინზე, თავისუფლების სიოს სიტკბოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უმწიკვლოდ გაიარეს ცხოვრების გზა, პატიოსან შრომა-გარჯაში, მაინც ვერ დადიან წელგამართულები, მაინც, გამოუცნობი შიშით დათრგუნულებს, რწმენა და იმედი გაქრობიათ, მაინც ფეხაკრეფით დაიარებიან, რომ როგორმე გადარჩნენ, თვალში არ შეეჩხირონ საბჭოთა ხელისუფლებას და არ გაიზიარონ უდანაშაულოდ რეპრესირებული ათასების ბედი… ანიკო და ვანიკო კარგად იცნობენ საბჭოთა მონსტრს. მას არ უყვარს თამამი, წელგამართული, თავისუფლებისმოყვარული, თავისუფლად მოაზროვნე და კრიტიკული გონების ჰომო საპიენსები. ის ჰომო საპიენსს ჰომო სოვიეტიკუსად გარდაქმნის ტვინის გამორეცხვის ისეთი მძლავრი მახინით, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი ქვია…

უბრალოდ აღმაფრთოვანებელია მწერლის ვიტრუოზობა, რომ ასე სადად, უჩუმრად და ალეგორიულად ტექსტის სიღრმეებში იყოს მიმალული ესოდენ აქტუალური იდეები, პოლიტიკური კონიუნქტურისა და ცენზურისთვის თვალის ასახვევად ასე ოსტატურად და შეფარულად გადმოსცეს სათქმელი. რეზო ინანიშვილის ანტისაბჭოთა განწყობები ხომ მისი ბავშვობიდან მოდის, როცა 11 წლის ბიჭს სრულიად უდანაშაულო და ყველა ღირსებით შემკული მამა წაართვეს. მის შემოქმედებაში უამრავი მოთხრობაა, სადაც საბჭოთა რეჟიმია მხილებული სწორედ ასე უხმაუროდ.

ეს მოთხრობა საშური და საინტერესო მასალაა აბიტურიენტებისთვის, როგორც ანტისაბჭოთა ალეგორიების შემცველი ნაწარმოები. ის ბევრ სააზროვნო კონცეპტს, ანალიტიკურ კონტექსტს, კრიტიკულ თვალსაზრისს უწევს პროვოცირებას და საინტერესო დისკუსიად გარდაიქმნება საკლასო სივრცეში. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ტექსტის სიღრმეებში ანტისაბჭოთა განწყობების აღმოჩენა მოსწავლეებში ევრისტიკულ ვნებებს აღძრავს. ასევე საინტერესო იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ისტორიის მასწავლებლის ჩართულობით, რათა ლიტერატურული და ისტორიული კონტექსტების ურთიერთდაკავშირება შეძლონ ბავშვებმა. წაუკითხეთ „ანიკო და ვანიკო“ საშუალო საფეხურის კლასებს, როგორც საანალიზო უცხო ტექსტი და შექმენით მასზე სხვადასხვა ტიპის თხზულებები მაგალითად ამგვარი საორინეტაციო მიმართულებებით: „რუხი ეპოქის შვილები“, „საბჭოთა სინამდვილე და მორჩილი ადმიანის ხატი“, „ჰომოსოვიეტიკუსის ერთფეროვანი ყოფა“.

ამ მოთხრობამ ბევრნაირი საფიქრალი გამიჩინა. მისი გმირების სახელების გავლენით რატომღაც ასოციაციურად გამიცოცხლდა ვატო კახიძის არაჩვეულებრივი საბავშვო სიმღერა „ანო და ვანო“, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში შეიქმნა და, საბედნიეროდ, გვიცოცხლებს არა ინანიშვილის წყვილივით დათრგუნულ ადამიანებს, არამედ თავისუფალი საქართველოს ლაღ, ბედნიერ ახალ თაობებს. ეს სიმღერა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ისმის, იუთუბიზე მის ვერსიებს ასი ათასობით ნახვა აქვს და მოსდევს იმ ეპოქის თაობების წარმომადგენელთა აღტაცებული კომენტარები. მართალია, ზოგი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ღიზიანდებოდა ამ სიმღერაზე, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ანო და ვანო ყოფილა, ვინც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში არამართლზომიერად დაპატრონებია ქვეყნის დოვლათს და ზოგს ამ სიმღერის ტექსტი იმ კონოტაციით ესმოდა, რომ საქართველო ვინმე ანოს ან ვინმე ვანოს ეკუთვნისო, მაგრამ ეს მისი არასწორი გაგება იყო, ამ სიყვარულით გამთბარი, ენერგიული, ხალისიანი სიმღერის გმირები, ანო და ვანო, საქართველოს ბავშვების განზოგადებული სახეები არიან და მათი სახელების ქვეშ ამ ქვეყნის ყველა შვილი იგულისხმება.

2013 წელს რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა მხატვრული ფილმიც გადაიღო სათაურით „ანოს და ვანოს თავგადასავალი“. საბედნიეროდ, ამ მუსიკალური კლიპის და მხატვრული ფილმის გმირი ბავშვები არ მოსწრებიან საბჭოთა ლევიათანს. ისღა დამრჩენია, ჩვენს მომავალ თაობებს ვუსურვო, რომ შორს იყოს მათგან ინანიშვილის ანიკოს და ვანიკოს ეპოქის ერთფეროვნება, გულისმომკვლელი უპერსპექტივობა თავისუფალი  და შემოქმედებითი განვითარების გზაზე.

ლადო აფხაზავას „კომბოსტოს“ მეტაფორა და „ჰოლოგრამა მეფისთვის“

0

რამდენ ცარიელ და არაფრისმთქმელ სიტყვას ამბობს ადამიანი, აზრი რომ არ გამოდნება იქიდან, ან კი როგორ  გამოდნება, როცა არც არაფერია შიგნით.

განსაკუთრებით სკოლას და უნივერსიტეტს თუ გავიხსენებთ და იმ დაზუთხულ-დასწავლილ ტექსტებს, რომლებსაც გამოცდებზე „ვტოვებდით“ და არც არაფერი მოგვყვებოდა სახლამდე. მით უფრო, თუ საქმე ეხებოდა აბსტრაქტულ ცნებებს, რომლებიც ზუსტად ისედაც არავინ არ იცოდა, რას ნიშნავდა… მაგალითად: დემოკრატია, თავისუფლება, სიყვარული, ლიბერალიზმი… გამოჩენილი დიდი მწერალი…. ან ვინ იცის, რას ნიშნავდა, როდესაც ჩემი თაობა ამბობდა: იგავმიუწვდომელი სიმაღლე, თვალსაჩინო მოღვაწეობა და სხვა.

აბსტრაქტული ცნებების სალექსიკონო განმარტებები თითქოს ყველასათვის  ცხადი და გასაგები იყო, ოღონდ ისეთივე ცხადი, რამდენადაც არაცხადი… რადგან აბსტრაქტული ცნებების აბსტრაქტული სიტყვებით ახსნა – უკვე ახალ უღრანში შესვლა იყო;

ერთი სიტყვით, დიდ გაუგებრობაში ვართ და ვერბალურ გაუვალ ტყეში ვიმყოფებით, გნებავთ, ლექსიკონების გამოქვაბულში, საიდანაც ისევ სიტყვები უნდა დავიხმაროთ, რომ როგორმე გამოვაღწიოთ ამ ტყიდან, მაგრამ თუ სიტყვებს საგნებსაც მივახმართ, როგორც მეტაფორებს, მაშინ  ინფორმაცია ხატოვანი, ვიზუალური აზროვნების წყალობით სამუდამოდაც ჩაიწერება ჩვენს მყარ დისკზე.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, რომელშიც თითოეული ჩვენგანის ციფრული ვერსიაც მონაწილეობს, შეიძლება ვთქვათ, რომ დავშორდით რეალობას… იმდენად დავშორდით, რომ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი ჰოლოგრამა და კონფერენციაზე გავუშვათ, რომელ ქვეყანაშიც გვინდა, თან ისე, გზის ხარჯებიც რომ არ დასჭირდება და ერთი თითის დაჭერით გავამგზავრებთ საჭირო მიმართულებით; უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ჩვენი არაერთი ციფრული ვარიანტი და ამ გზით ვიყოთ პარალელურ არსებობაში. მე არ ვამობ და არ ვაფასებ, ეს რამდენად კარგია ან ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სამყარო კარზე კი არ გვიკაკუნებს, უკვე ამ სამყაროს შიგნით ვართ. გაიხსენეთ თუნდაც ტომ ტიკვერის ფილმი „ჰოლოგრამა მეფისთვის“, რომელშიც ეს  ყველაფერი რეალობაა.

ერთი მხრივ, ციფრული სამყარო და, მეორე მხრივ, სკოლის მასწავლებელი, რომელიც კლასში შედის და არა აქვს საკმარისი ტექნიკა, მოსწავლეებს რომ მეტი შთაგონებით აუხსნას და დაამახსოვროს ინფორმაცია.

ამიტომ იყო სასიამოვნო აღმოჩენა ჩემთვის ჩიბათის სკოლის მასწავლებელის, მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ათეულის წევრის,  ლადო აფხაზავას მეტაფორები. კომბოსტო ყველას გინახავთ, მისგან სადილიც დაგიმზადებიათ, დაგიკეპავთ და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ალბათ არასდროს მოგსვლიათ აზრად, რომ კომბოსტოს მეშვეობით სალათი კი არა, გაკვეთილი მოგემზადებინათ…. დიახ, დიახ… გაკვეთილი, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის გასაგები, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მით უფრო, რომ ტექნიკური საშუალებების სიმწირე სხვა ალტერნატივის საშუალებასაც არ გაძლევდა… მაგალითად, პრეზენტაციის ჩატარებას ჰოლოგრამების მონაწილეობით, რომელიც იმ ფილმშია, ზემოთ რომ გიამბეთ.  მაგრამ სანამ  ასეთი ტექნოლოგიები ჩვენამდე მოაღწევდეს, სხვა გამოსავალი ყოველთვის იარსებებს… მთავარია, ეს გსურდეს და ანალოგიებს ყველაფერში ეძებდე, მაშინ შეუძლებელი არაფერია; ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების განვითარებასთან ერთდ მეტაფორული ანუ აბდუქციური აზროვნება, გვეხმარება, საგანი, ფაქტი, მოვლენა უფრო მთლიანობაში აღვიქვათ. მაგალითად, დემოკრატია შეგვიძლია  განვმარტოთ ისე, როგორც ვიკიპედიაშია:

დემოკრატია (ბერძ. δήμος „დემოს“ — ხალხიκράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებიაარჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

ლადო აფხაზავა კი სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და აი ასე ხსნის დემოკრატიას:

„ჩიბათის სკოლაში ბავშვს რომ ჰკით­ხოთ, დემოკრატიის წყარო­ რა არისო, გეტ­ყვიან, წყარო ადამიანებია, მაგრამ სიმბოლო­ – კომბოსტოო. შემდეგ კომბოსტოზე­ ვამაგრებთ ფერად დროშებს, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა აქტიურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მოსწავლეებმა უამრავი დროშიდან უნდა დატოვონ ის ხუთი, რომლებიც სამოქალაქო საზოგად­ოებას ააქტიურებს. ბოლოს კომბოსტოზე რჩება სექტორებს შორის თანამშრომლობა, დემოკრატია,”სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი მედია, სიტყვის და გამოთქმის თავისუფლება. შემდეგ განვიხილავთ, როგორ ააქტიურებს საზოგადოებას ეს ხუთი კომპონენტი. ასეთი სწავლება ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის. ჩემი აზრით, დასრულდა ის დრო, როცა სწავლის ძირი მწარე იყო. სწავლის ძირი 21-ე საუკუნეში უნდა იყოს ტკბილი და კენწეროც ტკბილი იქნება.“  (წყარო:https://www.kvirispalitra.ge/public/51126-demokratia-rogorc-kombosto.html)

ლადო აფხაზავას სწავლების მეთოდიკა ეფუძნება გაკვეთილისა და მოსაწყენის ჩანაცვლებას კრეატიულით; როდესაც ბავშვებს სთავაზობ იმას, რაც მათთვის მოულოდნელია, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ ინტერესს იჩენენ; ინტერესი და ცნობისმოყვარეობა კი ეს ის არის, რაც აჩენს ახალი ცოდნის მიღების მოტივაციას.

სწორედ ამიტომ მასწავლებელი მოსწავლეებისათვის საყურადღებო განცხადებას სპეციალურად განკუთვნილ დაფაზე კი არ აკრავდა, არამედ სკოლაში მოატანინა უცნაური სკივრი და ამ სკივრში დებდა… წარმოიდგინეთ ბავშვების გაოცება, როდესაც შეტყობინება ღიად კი არ არის გამოკრული, არამედ სკივრშია ჩამალული და როგორ გგონიათ, რას იზამდნენ ბავშვები? რა თქმა უნდა, ისინი დიდი ინტერესით იწყებენ სკივრში ძრომიალს საიმისოდ, რომ იქ რაღაც აღმოაჩინონ; უკვე ინფორმაციის მისაღებად შრომა უწევთ და ამას სულაც არ აპროტესტებდნენ, არამედ დიდი სიამოვნებითაც კი აკეთებდნენ.

ლადო აფხაზავას აზრით, გაკვეთილის ფორმატის და შინაარსის განსაზღვრაში თავად მასწავლებლები და მოსწავლეებიც უნდა მონაწილეობდნენ და არ უნდა იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, რას ეტყვის სამინისტრო;

 

მართალია, ჩიბათის სკოლას ბევრი რამ აკლია, ახალი ტექნოლოგიებიც მიუწვდომელია ბავშვებისთვის, სმარტ-დაფებზეც არ მიუწვდებათ ხელი, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ ჰყავთ მასწავლებელი, რომელიც თავად არის „სმარტი“, სწორედ ამიტომ ლადო აფხაზავას გაკვეთილზე მოსწავლეები არასდროს არიან მოწყენილები, ყოველთვის მოქმედებაში არიან და სიხარულით და სიცოცხლით ავსებენ სკოლას!

სასწავლო ვიდეო ფიზიკის სწავლებისთვის

0

სასკოლო დისციპლინებიდან ფიზიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩემი, როგორც ფიზიკის მასწავლებლის მიზანია, საშუალება მივცე ჩემს მოსწავლეებს შეიმეცნონ და გაითავისონ სამყარო, გამოიმუშაონ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა მათ გარშემო არსებული მოვლენების მიმართ, განუვითარდეთ კვლევის უნარ-ჩვევები, შეძლონ, დამოუკიდებლად მიიღონ ცოდნა.  ბოლო წლებში მუდმივად დგას საკითხი, რაც შეიძლება მეტად მოხდეს სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლისას მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის საშუალებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიკური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება შეიძლება, ასევე შესაძლებელია ინტერაქტიული გავხადოთ სასწავლო შინაარსი.

ედგარ დეილის „გამოცდილების კონუსის“ მიხედვით, ადამიანები, ზოგადად იმახსოვრებენ წაკითხულის 10 %-ს, მოსმენილის 20%-ს, ვიზუალურად აღქმულის 30%-ს, მოსმენილისა და ვიზუალურად აღქმულის 50% -ს, მათ მიერვე სიტყვიერად ჩამოყალიბებულის ან დაწერილის 70% -ს და თავად შექნილის 90%-ს (ცხადია, სასწავლო პროცესში, კეთებით სწავლების მეთოდი ან მისი იმიტაცია, ყოველთვის შესაძლებელი არ არის).

ადამიანის გონება გაცილებით ადვილად გადაამუშავებს ინფორმაციას, რომელიც გამოსახულებით არის წარმოდგენილი, ვიდრე სიტყვებით ან ციფრებით. Weiss – ვაისის და McGrath – მაკგრატის მონაცემებით, 72 საათის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ გაიხსენონ:

  • მოსმენილი ინფორმაციის მხოლოდ 10%;
  • თვალით ნანახის მხოლოდ 20%;
  • მთელი 60%, თუ ვიზუალური და აუდიო ინფორმაცია ერთდროულად მიიღეს.

როგორც ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, ვიზუალური და აუდიოინფორმაცია ერთად, ე.ი. ვიდეო, ადამიანის მეხსიერებაში დაახლოებით ინფორმაციის ნახევარს მაინც ტოვებს. როგორ შევქმნათ ინტერაქტიული ვიდეო? ამისათვის არსებობს უამრავი პლატფორმა ინტერნეტ სივრცეში: edpuzzle.com, playposit.com, h5p.org და ა.შ.

მე განვიხილავ playposit.com პლატფორმაზე ინტერაქტიული ვიდეოს შექმნას.

პორტალზე შესასვლელად პირველ რიგში უნდა შექმნათ თქვენი ანგარიში. playposit.com-ის ანგარიშის შექმნა რამდენიმე გზით შეგიძლიათ: თქვენი არსებული Google ან Facebook-ანგარიშით ან ნებისმიერი ელფოსტის გამოყენებით, ლოკალურად პორტალზე.

შედით მისამართზე: playposit.com და დააწკაპუნეთ ღილაკს  „JOIN AS INSTRUCTOR (FREE)“.

აირჩიეთ, როგორ გსურთ რეგისტრაცია: თქვენი არსებული Google ან Facebook თუ ლოკალური ანგარიშით. ლოკალური ანგარიშით რეგისტრაციისთვის უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ელფოსტა და ახალი პაროლი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადახვალთ სამუშაო გარემოში. ყველა შემდგომი შესვლისას გამოიყენეთ Login ღილაკი.

ინტერაქტიული ვიდეოს შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე ADD NEW BULB.

 

გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც პროგრამა შემოგთავაზებთ ისნტრუქციებს, რომლის გაცნობის და გამორთვის შემდეგ, გამოჩნდება სამუშაო არე:

 

შეგიძლიათ შეარჩიოთ ვიდეო  YouTube-დან, ან Vimeo-დან, ან ატვირთოთ საკუთარი კომპიუტერიდან და ა.შ.  ვიდეოს ჩასასმელად საძიებო ველში ჩასვით ვიდეოს ბმული.

ბმულის ჩასმისთანავე გამოჩნდება ვიდეო, რომლის წინასწარი დათვალიერება შეგიძლიათ, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე DONE.

ჩართეთ ვიდეო და გააჩერეთ იქ, სადაც ტესტის ჩასმა გსურთ. დააწკაპუნეთ ღილაკზე ADD AN INTERACTION AT ღილაკზე, სადაც ასევე ჩანს რომელ წუთზეა დაპაუზებული ვიდეო.

შეარჩიეთ შეკითხვის ტიპი, მაგალითად მრავალი არჩევნიდან ერთი (Multiple Choice). ჩაწერეთ შესაბამისი შეკითხვა და სავარაუდო პასუხები, მოინიშნეთ სწორი პასუხი და დააწკაპუნეთ ღილაკს DONE.

შესაძლებელია აგრეთვე ხმოვანი შეკითხვის დამატებაც Audio ღილაკზე დაწკაპუნებით.

როდესაც დაასრულებთ ტესტების შედგენას დააწკაპუნეთ REVIEW ღილაკს.

  Learning objective  ველში ჩაწერეთ სწავლის მიზანი და ბოლოს დააწკაპუნეთ SAVE AND EDIT ღილაკს.

 

ვიდეოს ბმულის გასაზიარებლად დააწკაპუნეთ SHARE ღილაკს.

გამოსულ ფანჯარაში დააკოპირეთ ბმული.

 

დაკოპირებული ბმული შეგიძლიათ გაუგზავნოთ თქვენს მოსწავლეებს.

ასეთი ტიპის ვიდეო გაკვეთილების გამოყენება კარგია, როგორც ახალი მასალის გასაცნობად, ასევე გავლილი მასალის გასამეორებლად.

წიგნის დღე სკოლაში

0

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესასწაული 1996 წლიდან ყოველ 23 აპრილს აღინიშნება. მისი ფესვები კატალონიაში უნდა ვეძებოთ. ამ დღის მთავარ საჩუქარს წიგნები და ყვავილები წარმოადგენდა. აქედან მოდის ყველასათვის ცნობილი კამპანიის #აჩუქეწიგნი იდეა, რომელსაც ესპანეთში დღემდე იცავენ. 1923 წელს წიგნის გამყიდველების მიერ შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღეს მოწყობილი წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მოვლენად 1995 წელს იქცა. დღესასწაულის დაწესება იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყდა. ინიციატივის მთავარ მიზანს წიგნის მნიშვნელობისა და საავტორო უფლებების დაცვის ხაზგასმა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დღესასწაულის მთავარ ღონისძიებად წიგნების გამოფენა-გაყიდვა დამკვიდრდა.

იუნესკოს ინიციატივა ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ნიდერლანდებში აიტაცეს. ისინი დღესასწაულს „თეთრი წიგნის კვირეულით“ აღნიშნავდნენ. მათ შეუერთდა დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოს – შექსპირის სამშობლოც.

საქართველომ წიგნის დღის აღნიშვნა 2003 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად იმართება წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობები.  ქართული გამომცემლობები წიგნის ბაზრობაზე გვეპატიჟებიან, სადაც მკითხველებს სასურველი წიგნების ფასდაკლებით შეძენა შეუძლიათ. ეს ბევრ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიძინონ სასურველი წიგნები, როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრად. ამას გარდა, ავტორთა წასახალისებლად იმართება სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი.

23 აპრილი ასევე უკავშირდება საავტორო უფლებების დაცვას. გამომცემელთა აზრით, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული უფლებები ხშირად ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებების დამრღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯა ემუქრება (ფულადი ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), ეს პრობლემა მაინც აქტუალურია. საავტორო უფლებების დაცვაზე ხაზგასმის გარდა, ქართველი გამომცემლები ლიტერატურული კონკურსების ჩატარებით ცდილობენ ავტორთა წახალისებას (მაგალითად, წლის საუკეთესო მოთხრობა, წლის წიგნიერი პოლიტიკოსი/ჟურნალისტი/ბიზნესმენი და სხვ.) და გამარჯვებულთა ფულადი პრემიით დასაჩუქრებას. უმეტესად ფულადი ჯილდო ე.წ. ვაუჩერია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეიძლება.

 

აპრილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის სადღესასწაულო თვეა. ,,დედაენის“ დღესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების შემდეგ წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის ვემზადებით. მოსწავლეთა უმრავლესობას, როგორც წესი, ამ დღის შესახებ არაფერი სმენია. ამიტომ ჯერ მათ კატალონიელი ვაჭრების წამოწყებაზე –  საუკეთესო საჩუქრად წიგნისა და მასთან ერთად ყვავილების (ქალისთვის) და ვაშლების (მამაკაცისთვის) გადაცემის ტრადიციაზე ვუყვები. მოსწავლეებიდან ერთი მაინც გაიხსენებს ინიციატივას #აჩუქეწიგნი, რომელიც ჩვენმა სკოლამაც აიტაცა. მოსწავლეთა დაინტერესების წყალობით კი სკოლის ბიბლიოთეკა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და კითხვის პოპულარიზაციასაც შეეწყო ხელი. შემდეგ საავტორო უფლებებზე საუბრის დროც დგება. პლაგიატის პრობლემაზე, როგორც წესი, ძალიან ცოტას თუ სმენია. ამიტომ, სკოლაში ამ თემის განხილვა და დებატების გამართვა ტრადიციად გვექცა. დებატებისთვის მომზადებას საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გაცნობით ვიწყებთ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/16198?publication=10

ზემოაღნიშნული კანონის მეხუთე მუხლის თანახმად, ,,საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.“

კანონში ასევე ნათქვამია, რომ  იგი იცავს გამოუცემელ, საზოგადოებისთვის უცნობ ნაწარმოებებსაც. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, სისტემებზე, პრინციპებზე, კონცეფციებზე და ა.შ. თუნდაც ისინი წერილობით იყოს ჩამოყალიბებული ან ილუსტრაციის სახით იყოს წარმოდგენილი.

რაც შეეხება პლაგიატს, იგი მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, იდეებისა და გამოგონების გააზრებულ მითვისებას წარმოადგენს. სწორედ მსგავს დანაშაულს აღკვეთს ზემოაღნიშნული კანონი. პლაგიატის შემთხვევებს ყველაზე ხშირად სხვისი თხზულების თუ იდეის საკუთარი სახელით გამოქვეყნებისას ვხვდებით. შეიძლება ტექსტიდან მხოლოდ ფრაგმენტი იყოს ამოღებული დამოწმების ან სხვა მიზნით, თუმცა წყაროს მითითების წესების დარღვევით (ავტორის მიუთითებლობა და სხვ.) დამოწმებაც პლაგიატს წარმოადგენს.

პლაგიატის მთავარ ქმედებად ავტორობის მითვისება ითვლება. თუმცა არსებობს პლაგიატის სხვა სახეობაც, რომელსაც ,,პირატობას“ უწოდებენ (ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ კოპირება). აღნიშნული ფაქტიც არ გახლავთ გამართლებული, თუმცა იგი პლაგიატად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ,,ქურდი“ მოპარული ნაწარმის ავტორობას დაიბრალებს.

ტერმინის ,,პლაგიატი“ (ფრანგ. plagiat – ქურდობა, მიტაცება) გამოყენება ევროპელებმა XVII საუკუნიდან დაიწყეს. იგი თავიდან მონების გაყიდვას უკავშირდებოდა. მაშინ იდეების ქურდობაც პლაგიატად მიაჩნდათ. თუმცა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომ გასათვალისწინებელია იდეათა თანხვედრის ალბათობაც. ამას გარდა, ერთი ადამიანის შემოქმედებითი პროდუქტი ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო სხვა შემოქმედისთვის. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი შემთხვევა, რაშიც პლაგიატის ობიექტის განსაზღვრა დაგვეხმარება. როგორც საავტორო უფლებასთან დაკავშირებულ კანონში ამოვიკითხეთ, პლაგიატად იდეა კი არა, მისი გაფორმება ითვლება. შეიძლება სხვისი საკუთრების მითვისებაში იმ შემთხვევაშიც დაგადანაშაულონ, თუ ნამუშევრის შინაარსს კი არა, ინდივიდუალურ, კონკრეტული ავტორისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას მოირგებთ. გამონაკლისს წარმოადგენს დაკანონებული ლიტერატურული ფორმები, მოარული სიუჟეტები და პერსონაჟები, რომლებიც ერთი წიგნიდან, ქვეყნიდან თუ საუკუნიდან მეორეში ინაცვლებენ და ახალ თავგადასავალში ეხვევიან.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას ინიციატივით #გააზიარეწიგნიგააზიარეემოცია ვაგრძელებთ. მოსწავლეები ,,კლასის ბესტსელერების“ შესარჩევ კონკურსში საყვარელ წიგნებზე დამზადებული პოსტერებით და პრეზენტაციებით ერთვებიან. აღნიშნული აქტივობის მთავარი დანიშნულება წიგნების და მათი ავტორების აუდიტორიისთვის ეფექტურად წარდგენაა. გამარჯვებული წიგნების წარმომადგენლები თავად ირჩევენ სასაჩუქრე წიგნებს. სკოლაში ასევე იმართება ,,კლასის კრებულის“ პრეზენტაციები, სადაც აღნიშნულ ინიციატივაში ჩართული კლასები აუდიტორიას თავიანთ შემოქმედებას წარუდგენენ.

23 აპრილს ნაფეხურები წარწერით – ,,მოდი, ვიკითხოთ“ ყველას სკოლის შემოსასვლელიდან ბიბლიოთეკამდე აცილებს, სკოლის ეზოს კი მოსწავლეთა საყვარელი პერსონაჟები ამშვენებს. კიბის საფეხურები წიგნის საუკეთესო თვისებებს გვახსენებენ, თემატური ფოტომასალით მორთული დერეფნები კი მთელ შენობას ბიბლიოთეკის ელფერს სძენს.

ჩემი აზრით, წიგნის დღის თემატური კინოჩვენებით დასრულება დღესასწაულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. პატარებს შეუძლიათ მისტერ ლესმორის მფრინავი წიგნების სამყაროში იმოგზაურონ. ჩემი აზრით, ამ შესანიშნავი ანიმაციის ნახვის შემდეგ წიგნის მიმართ მათი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვლება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია ვაჩვენოთ მიხაელ ენდეს ,,დაუსრულებელი ამბავი“, სადაც მკითხველებს წიგნის პერსონაჟად ქცევის შანსი ეძლევათ.

https://net.adjara.com/Movie/main?id=10982

ასეთივე გზას გადის პატარა ტაილერი ფილმში ,,წიგნის გვერდების მბრძანებელი“. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ეს მოგზაურობაც აღაფრთოვანებთ.

https://net.adjara.com/Movie/main?id=11237

თუ თქვენი უფროსკლასელი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან რეალური ისტორიებით და მეორე მსოფლიო ომის შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, მათთვის ორი წიგნის წარდგენას და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას გირჩევთ. ,,წიგნის ქურდი“ ამავე სახელწოდების რომანის (ავტორი მარკუს ზუსაკი) მიხედვით გადაიღეს. მასში, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული ებრაელი გოგონას – ანა ფრანკის უნიკალურ დღიურში, ომის მძიმე კადრების მიღმა, წიგნებისადმი უდიდესი სიყვარული იკითხება.

,,წიგნის ქურდი“

https://net.adjara.com/Movie/main?id=5865

,,ანა ფრანკის დღიური“ https://net.adjara.com/Movie/main?id=1000901&serie=1&episode=1&season=1&q=SD&s=Russian

ფანტასტიკის მოყვარულებს კი ცეცხლის ალში გახვეული წიგნების სამყაროში მოგზაურობას ვურჩევ. რეი ბრედბერის ცნობილ რომანში (451º ფარენჰაიტით) მოთხრობილი ისტორია არც თუ ისე შორს დგას ზემოთ მოყვანილ ფილმებში გადმოცემული რეალობისგან. მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ უამრავი წიგნი დაწვეს საჯაროდ. მათ მიმართ გამოჩენილი ნებისმიერი ინტერესი და უკანონოდ შენახვა კი კანონით ისჯებოდა. ამ წერილის დასასრულად სწორედ ამ ფილმს გიტოვებთ და ვიმედოვნებ, რომ ადამიანები წიგნებს აღარასდროს დაწვავენ.

https://net.adjara.com/Movie/main?id=5536

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყო შაკ ბოლდერი

0

რაც კი რამ ლექსი გვისწავლია მე და ჩემს ძმას, დიდი წილი მეოთხე-მეხუთე კლასზე მოდის. ჯიბრი რას არ გაგაკეთებინებს და თაროზე გამომწვევად ჩამოდებულ გალაკტიონის რჩეულს რომ მივადექით რვა-ცხრა წლის ბიჭები, სადღაც ბოლოსკენ ფეხბურთმა გაგვაჩერა, თორემ დაუთარიღებელ ლექსებზე ვიყავით უკვე გასული. გერონტი ნაჭყებიას 86-87-იანების გუნდში რომ არ დაგვეწყო ვარჯიში, ქართული პოეზიის თანავარსკვლავედი ზეპირად გვეცოდინებოდა, რაც თავისთავად ურიგო საქმე არაა.

თუ იცი, ლექსი ზეპირად უნდა იცოდე. მუსიკა სწორედ იმ ენაზე უნდა გადმოიცეს, როგორც პოეტმა ჩაიფიქრა – გააზრებული და ინტერპრეტირებული ლექსი ამბის სხვა ნაწილია, მეორე ეტაპი; პირველი ეტაპი, უთუოდ და უკონკურენტოდ, ლექსისგან ტკბობის, სიამოვნების მიღების, მუსიკითა და პოეტის ოსტატობით თრობისა უნდა იყოს.

ქართულის მასწავლებლებისგან მსმენია, – ცოტათი დაბნეულები ვართ, მთლად გაზუთხვაც არ გვინდა, მაგრამ არც კარგი კითხვით გამოდის ლექსის დასწავლაო.

ყველაზე მთავარი ამ დროს ალბათ მეთოდია, ფორმა, თუ როგორ აცნობს პოეტს და მის ტექსტს მასწავლებელი მოსწავლეს, როგორ ცდილობს მის დაინტერესებას იმ სამყაროთი, სადაც ამბავი ცოტაა, უფრო სწორად, ყველაზე იდუმალი ამბავი შენ თვითონ უნდა იგრძნო, პროცესში, კითხვისა და დაგემოვნების დროს.

ბევრჯერ მიფიქრია და წარმომიდგენია ჩემი თავი, ვთქვათ, „მერანის“, „ბედნიერი ერის“, „სულიკოს“ და „ლურჯა ცხენების“ წარდგენის პროცესში. თითქოს სიზმარივით იყო, რაღაც უჩვეულო და წარმოუდგენელი რომაა, მაგრამ ბოლომდე ვერ ახერხებ თვალის მიწვდენას – სადღაც წყდება, ქრება, ეთიშები, იკარგები, რეალობას უბრუნდები.

ზედაპირული ლაპარაკი  რომ არ გამომივიდეს:

1) ყველაფერს გამოვიყენებდი, რაც, მაგალითად, „ლურჯა ცხენების“ შესახებ წამიკითხავს და მსმენია: ავტორისეული მოგონება (თუკი არსებობს), კრიტიკული ანალიზი (თუ როგორ იაზრებდნენ სხვადასხვა დროს ამ ნაწარმოებს, განსხვავებული ინტერპრეტაციები ყოველთვის ინტერესით იკითხება); ლექსის კონტექსტის ახსნისათვის საჭირო ყველა წყარო;

2) დროთა განმავლობაში შემორჩენილ დეკლამაციებსაც მოვისმენდი. საინტერესოა, კითხვისას რა აქცენტებს აკეთებენ მსახიობები, პოეტის კოლეგები, თვითონ პოეტი;

3) მაგრამ ყველაფერი ლექსის წაკითხვიდან იწყება. შენთვის, ჩუმად თუ ხმამაღლა, რამდენჯერმე წაკითხვით, ისე, რომ მოგინდეს ვერ შეელიო, როგორც ვერ ელევა სასურველი გოგოსთვის მიტანილ ნამცხვარს „ერთხელ, ამერიკაში“-ს პერსონაჟი ბიჭუნა. ოღონდ ნამცხვრისა და ბიჭუნასგან განსხვავებით, პოეზიის ძალა სწორედ ისაა, რომ მისი სხვისთვის გაზიარების სურვილი გიპყრობს იმ წუთიდანვე, როცა შეატყობ, რომ ლექსი შენი გახდა.

არ მავიწყდება, როგორ ზის ჩემი ძმა დიდ მაგიდასთან ჩვენი უზარმაზარი ოთახის შუაგულში, რომელსაც დეკემბრის სუსხში ძლივს ვათბობდით, გადაშლილი წიგნი უდევს, ცდილობს არ ჩაიხედოს, მაგრამ პაუზების დროს თვალი მაინც ეპარება ხოლმე. მერე არ უნდა ეს შეიმჩნიოს, ტემპს აჩქარებს და სხაპასხუპით ყვება:

„იყო შაკ ბოლდერი: „მწარე და ძვირფასი,

თრობის საათია, ღვინის საათია…“

რაულის, რონალდოსა და დელ პიეროსგან განსხვავებით, ჯერ არ იცის, ვინაა ეს ტიპი – გალაკტიონის შედევრში ნახსენები – არც მისი გვარ-სახელის სწორად წარმოთქმა ადარდებს, უბრალოდ ლექსის მუსიკას მიჰყვება, სიტყვებს აგემოვნებს და უხარია, რომ გალაკტიონი დაამუღამა, მისებურად მიხვდა, რატომ არის გენიოსი – კი ვართ სნობები, გვიყვარს ავტორიტეტებისგან აღიარებულის აღიარება, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენ თვითონ მიხვდები ამას, თან ბავშვობაში.

პოეზიაც მგონი ესაა: მოკლე დროში აღმოჩენილი საოცარი სამყარო, რომელიც ყველაზე დიდხანს მიგყვება.

ნოველები ბიოლოგიის ენაზე

0

წინასიტყვაობა

გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებს, რომლებიც გაკვეთილის პროცესში 40 წუთში შექმნეს. ისინი ,,თავისუფალ მწერლებად ‘’იქცნენ, რითაც ბიოლოგიური ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების თვითგამოხატვა მოახერხეს. აქ დაინახავთ, რომ მათი ცოდნა იქცა კრეატიულ, ახალ აზრებად, რომლებიც ორიგინალური, ინდივიდუალური და ემოციურია.

40 წუთში დაწერილი ამბები მათი ფიქრების, ემოციებისა და ბიოლოგიის სინთეზია. ეს ნოველები ბიოლოგიის სიყვარულითაა შთაგონებული.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: ნინო ქართველიშვილი – მეათე კლასის მოსწავლე

არსებობს სოფელი, სადაც განლაგებულია სხვადასხვა შენობა. აქ მცხოვრებნი მუდმივად შრომობენ, რათა სოფელი გამოცოცხლდეს. ასე რომ, ყველა შენობა თავის ფუნქციას ასრულებს. სოფელი თავისთავად დაცულია, ძლიერი კედლით შემოსაზვრულია, თუმცა გარე სამყაროსთან ურთიერთობა მათ მაინც აქვთ, რადგან სოფელს პლაზმური მემბრანა აკრავს. აქედან შემოდის საკვები, რათა მოსახლეობამ ის გამოიყენოს სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად. სოფლის მთავარ ქარხანას, ენდოპლაზმური ბადის საამქროები აქვს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს ქმნის სოფლის მკვიდრთა გამოსაკვებად.

საკვების მარაგს ვაკუოლში ინახავენ. ის მუდამ სავსე უნდა იყოს, რომ ყველამ კარგად შეასრულოს თავისი ფუნქცია. სოფელს ენერგია მიეწოდება მთავარი ძალური სადგურიდან -მიტოქონდრიიდან, სადაც მუდმივადაა ენერგია, რადგანაც წარმოიქმნება ატფ.

სოფლის შუაგულში არის მთავარი შენობა – ბირთვი. აქ კონტროლდება მთელი სოფლის ფუნქციები და მოქმედებები. ასევე ბირთვში ინახება უდიდესი მემკვიდრეობა, რასაც ყველა უფრთხილდება.

სოფელში ასევე არის მწვანე ბაღი ქლოროპლასტი, ის უზრუნველყოფს სოფლის მრავალფეროვნებას და ეხმარება მას მზის ენერგიის გამოყენებაში. მისი საშუალებით ქვეყანა მწვანდება და იკვებება.

როგორც ვახსენეთ, გარედან შემოდის საკვები, ამ საკვებს კი შენობა ლიზოსომა ამუშავებს. საბოლოოდ, გამოდის, რომ თუ ეს შენობები ვერ იმუშავებს, ჩვენი სოფელი მოკვდება და ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. სულ ენერგიული და ცოცხალი რომ იყოს, მას უნდა მივაწოდოთ სითბო და ადამიანების სიყვარული.

 

თემა: ფოტოსინთეზი

ავტორი: ანასტასია ნინიძე – მეათე კლასის მოსწავლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მადამ rose. მას ჰყავდა ქალიშვილი სახელად ლილი, რომელიც ავად იყო, ვერ იკვებებოდა, რის გამოც ჭკნებოდა. ერთხელაც როუზმა ქალიშვილი მიიყვანა ექიმთან – ბატონ მზის სხივთან. მან დანიშნულება მისცა: ყოველდღიურად მზის აბაზანების მიღება, CO2-ის გაზიანი სასმელებისა და წყლის სისტემატიურად დალევა. ლილის მადა გაუუმჯობესდა, ის გალამაზდა და ირგვლივ მისი სუნამო „ოქსიგენის“ სურნელი იფრქვეოდა.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: მართა დგვეფაძე – მეათე კლასის მოსწავლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ერქვა „ორგანიზმი“. აქ ცხოვრობდა ერთი დიდი ოჯახი, გვარად უჯრედულები. ოჯახში ბევრი წევრი იყო, დედას ერქვა ბირთვი. იგი აკონტროლებდა სხვა წევრის ქმედებებს და ინახავდა ინფორმაციას მისი შვილების შესახებ. მამას ერქვა ბატონი ადენოზინი, ოჯახს ამარაგებდა ენერგიითა და სხვადასხვა საჭირო საგნით. მათ ორი შვილი ჰყავდათ, გოლჯიკო (გოლჯის აპარატი) და პლასტიდები. პლასტიდი პატარა სხეულაკი იყო, მას ჰქონდა უნარი სხვა მისნაირ პლასტიდებს დამგვანებოდა.

ოჯახში ყველას თავისი მოვალეობა ჰქონდა. ზოგი ამჟავებულ საკვებს ვაკუოლიდან წვავდა, ზოგი სახლს ალაგებდა, ზოგი მარაგს აწყობდა ადგილებზე. მათ ჰყავდათ ერთი მოსამსახურე, რადგანაც ბევრი საქმე ჰქონდათ. მოსამსახურეს ერქვა დეიდა ვაკუოლი. იგი ათავისუფლებდა ოჯახის წევრებს ზედმეტი ნერვიულობისა და საქმისგან.

ერთ დღეს, ოჯახს მეზობელი ქვეყანა „ციტოპლაზმიდან „ეწვია ბოროტი სტუმარი ვირუსი, რომელსაც ზოგჯერ მხოლოდ ვირს ეძახდნენ. იგი სხვა მისნაირებისგან განსხვავებით კეთილი არ იყო. შედგებოდა ცილოვანი გარსისა (ანუ შურისგან) და ნუკლეინის მჟავისგან (ანუ გადამდები ბაქტერიისგან). რეალურად ვირუსი გულჩათხრობილი იყო, რადგან სხვასთან დააპირებდა თუ არა ურთიერთობას, ისინი მას ბრძოლას უცხადებდნენ და რაღაც სენით ავადდებოდნენ.

არც უჯრედულების ოჯახი შეხვდა ვირუსს კარგად, მათ დარეკეს პოლიციაში, რომელმაც სამი ბრიგადა გამოუშვა უცხო პირის გასაგდებად. პოლიციელებს ერქვათ „იმუ“, „ნიტ“ და „ეტი“. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, ვირუსი გაანადგურეს.

ვირუსი – იქა, ქლოროპლასტი – აქა, ვაკუოლი – იქა და უამრავი სიკეთე – აქა.

 

თემა: ფოტოსინთეზი

ავტორი: ლანა ქერქაძე – მეათე კლასის მოსწავლე

მშვენიერი დილა გათენდა. მზის სხივებმა ჩემს ფანჯარაშიც შემოაღწიეს და ირგვლივ ყველაფერი გაანათეს.

ქალაქი იღვიძებს…

მე ვდგები და ვემზადები სკოლაში წასასვლელად. საუზმე აუცილებელია და განა მხოლოდ ჩვენთვის?! განა მცენარეს არ სჭირდება კვება?

მცენარე იკვებება მზის ენერგიის საშუალებით. მცენარეს ქლოროფილის საშუალებით შეუძლია შთანთქოს მზის ენერგია და არაორგანულიდან წარმოქმნას, ორგანული ნივთიერება, რასაც თან ახლავს ჟანგბადის გამოყოფა.

მცენარე დანაყრებულია, მაშასადამე, ჩვენც შეგვიძლია გემრიელად ამოვისუნთქოთ.

6CO2 + 6H2O = C6H12O6 + 6O2

როგორც ვახსენე დილით მეც ვისაუზმე. ახლა ბედნიერი მივეშურები სკოლისკენ, როგორც მე ავივსე ენერგიით, ფოთლებიც ასევე იმარაგებენ ჯადოსნურ გლუკოზას, ის ხომ ენერგიის წყაროა, ასე რომ, მცენარეს მოაქვს ჩვენთვის სარგებელი და რა არის ეს თუ არა ჟანგბადი, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია.

ფოტოსინთეზი არის სწორედ ეს პროცესი, რომლის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. თუ არა მცენარე, მაშინ როგორ მოხდება ეს პროცესი? ამიტომ ჩვენი ვალია:

„მოვუაროთ ბუნებას,

გავახაროთ მცენარე,

ყველაფერი ჩვენია,

ზღვა, მთები და მდინარე“.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: ლუკა ქველაძე – მეათე კლასის მოსწავლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი სახელად ვოიაჟი, რომელსაც ძალიან უყვარდა მოგზაურობა. ერთხელაც მან გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო.

პირველად ჩავიდა ქვეყანაში, რომელსაც ენდოპლაზმური ბადე ერქვა, კონკრეტულად კი პატარა ქალაქ რიბოსომოში, რომლის ქარხნების დახმარებითაც არსებობს მთელი დედამიწა. ვოიაჟი მოიხიბლა ქალაქელების გუნდური თანამშრომლობით.

შემდეგ მან იმოგზაურა გოლჯის აპარატში, რომელიც შემოსაზღვრული იყო გარსით. ეს ქვეყანა გამოირჩეოდა თავისი ღრმა გვირაბებით, სადაც ენდოპლაზმური ბადიდან მოჰქონდათ სხვადასხვა მასალა. აქ კარგად განვითარებული იყო საგზაო ტრანსპორტი. გოლჯის აპარატის ქალაქებიდან გამოირჩევა ლიზოსომა თავისი ბუნებით და მრავალფეროვნებით.

ვოიაჟი მოიხიბლა მუდმივად განახლებადი დიდი სამყაროს პატარა ქალაქით, რომელიც ცნობილი იყო ენერგეტიკული თვისებებით, დინამიკური და აქტიური პროცესებით, რომელიც ცნობილი იყო მიტოქონდრიის სახელით. გაოცდა ბიჭი ამ ქალაქის ენერგიის პოტენციალთა სხვადასხვაობებით, სადაც წამში ამზადებდნენ ენერგეტიკულ სასმელს – ატფ-ს.

მაგრამ, ვერცერთი ვერ შეედრება ყველაზე ფერად ქალაქ – ვაკუოლს, სადაც სხვადასხვა ფერის პიგმენტით (წითელი, ყვითელი, ცისფერი, იისფერი) გადანათებულია მთელი ქალაქი, აქ ნახავთ უამრავი სხვადასხვა ნივთიერებით ავსებულ ფართო კალაპოტიან მდინარეებს.

პატარა ბიჭი მოხიბლა, ქლოროპლასტმა, რადგანაც მის უამრავ მწვანე ქუჩაზე შეუჩერებელი პროცესები მიმდინარეობდა, რომელსაც თან ახლდა დღისით CO2-ის შთანთქმა და ოქსიგენით მდიდარი კონტეინერების დამზადება, რომელსაც ქალაქის მკვიდრნი დღე და ღამე იყენებდნენ. ეს კი მათი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო იყო.

 

თემა: ფოტოსინთეზი

ავტორი: მარიამ ლიპარტიანი – მეათე კლასის მოსწავლე

6262 წელი…

ამწვანებული საქართველო…

რაც დრო გადის, მით უფრო ენერგიული ხდება…

ყოველი დილა მზის სიკაშკაშით იწყება…

6126 წლიდან მოყოლებული ყველა დღე განსხვავებული და სიცოცხლით სავსეა. ყველა ბედნიერია… აქვთ სუფთა ჰაერი და საკვები…

გადის 62 წელი და მზე ჩვეულ სიკაშკაშეს კარგავს… იკარგება სიმწვანე ბუნებაშიც და დღითიდღე ძნელდება ბედნიერად ყოფნა.

ხალხი საგონებელშია… ფიქრობენ, როგორ დაიბრუნონ ჩვეული სილაღე.

მოიწვიეს კრება, დაიბარეს ყველა მეცნიერი, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობდა… მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამით კიდევ უფრო ძნელდებოდა ცხოვრება, ვიდრე დღისით. ასევე დაადგინეს რომ, რაც უფრო მეტად ანადგურებდა ადამიანი ბუნებას მით მეტ ენერგიას კარგავდა პლანეტა და უჭირდა ყოველი დღის გატანა. გავიდა ხანი და მეცნიერები გაერკვნენ იმაში, რომ ყველაფრის თავი და თავი მზეა და შეწყვიტეს ის საქმიანობა, რომელიც ხელს უშლიდა მზის სხივების ჩვენთან მოღწევას.

გავიდა დრო და ყველაფერი წესრიგში ჩადგა.

კვლავ აკაშკაშდა მზე… და კვლავ გახდა ცხოვრება ლაღი.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: ელენე ჩაჩავა – მეათე კლასის მოსწავლე

ერთ ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობდა, ერთი პატარა ზღაპრული გოგონა რიბო. ის ექიმ შვანის შვილი იყო და ჰყავდა 4 პატარა ძმა და ერთი და.

1) ენბა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბაბუა პლამეს. ის მეტად თავისებური იყო, ერთმანეთში გადახლართულ ძაფებს ჰგავდა მისი ხასიათი.

2) დეენემიკო – მეორე ძმა, ძალიან ჰგავს ბებიას, მეზობლები და მშობლები მას შვანების გენების შემნახველს ეძახიან, ყველა შვანის თვისება მასშია თავმოყრილი.

3) გობა – რიგით მესამე ძმა, თეთრი კანი, რომელიც სავსეა პატარა ღრუებით და ხალებით. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ვინც მასთან მივიდა საბოლოოდ ყველა ყალიბდება, ღვინდება და სერიოზულდება, ამიტომ, ითვლება ის ყველაზე სერიოზულ წევრად.            4) ლიზო – მეოთხე და ყველაზე სახალისო დაიკო. ყველაფერს ჭამს და ძალიან უყვარს მსუყე საკვები, ამიტომაცაა ასეთი პუტკუნა და საყვარელი. ის ოჯახში ყველაზე მსუნაგ ბავშვად ითვლება ყველაფერს ჭამს, რასაც კი იპოვის.

5) ყველაზე უფროსი ვაკო, ძალიან უყვარს წვენი და გაზიანი სასმელები, ძალიან უყვარს მცენარეები და ბაღიც გააშენა ეზოში.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: ქეთი შავიშვილი – მეათე კლასის მოსწავლე

უჯრედი – ერთი დიდი სახელმწიფოა, სადაც ძალიან ბევრი სასახლეა. ბირთვი – ამ სასახლეების მფლობელი და სახელმწიფოს მეთაურია. ის აკონტროლებს ქვეყნის შიგნით მომხდარ მოვლენებს და მის შთამომავლობას ასწავლის სახელმწიფოს მართვას. ის ქმნის კანონებს და უნაწილებს ყველას საკუთარ ფუნქციას. ის განაგებს ყველაფერს, მის გარეშე სახელმწიფო არ იარსებებდა და დაიშლებოდა.                      არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც საკუთარი მეფე არ ჰყავთ, ასეთ სახელმწიფოებს პროკარიოტები ეწოდებათ.                                 სახელმწიფოს ირგვლივ გრძელი გალავანი აკრავს, გაგიკვირდებათ და გალავანსაც სახელი აქვს და უჯრედის კედელი ჰქვია. ის პლანეტა ,,მცენარის’’ მტკიცე დამცველია.

მეფეს ჰყავს მთავარი მრჩეველი, რომელიც მას სწორ რჩევებს აძლევს და მას „მიტოქონდრია“ შეარქვეს, რაც მეტ აქტივობას და ღონისძიებას გეგმავს მეფე, მით მეტია სახელმწიფოს ფინანსური ზრდა.

„გოლჯის აპარატი“ არის სახელმწიფოს შიდა სასამართლო, სადაც ხდება განაჩენის გამოტანა და თავისუფალი აზრების გამოხატვა.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: ნინი დუმბაძე – მეათე კლასის მოსწავლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლამაზი სამეფო ,,უჯრედის ორგანოიდები’’. მას იცავდა პლაზმური მემბრანა და მიჯნავდა გარემოსგან. ენდოპლაზმური ბადე მასში მდებარე ერთ-ერთი სახლი იყო. იქ ცხოვრობდნენ ბატონი – გლუვი და ქალბატონი – მარცვლოვანი. ქალბატონ მარცვლოვანს შვილები ჰყავდა, რიბოსომები, ბატონ გლუვს კი – არა. მიუხედავად ამისა, ისინი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მარცვლოვანს დიდი ფაბრიკა ჰქონდა, სადაც ცილის კოქტეილები სინთეზდებოდა, ხოლო გლუვი ამ ცხიმებს წარმოქმნიდა და ნახშირწყლების კანფეტებს ამზადებდა.

გოლჯის აპარატი მათ გვერდით იდგა. სადაც მეჭურჭლეთუხუცესი ცისტერნების ოჯახი ფუთავდა ყველა მარაგს, ინახავდა კანფეტებს, კოქტეილებს და აფასოებდა სხვადასხვა მიქსური შემადგენლობის საკვებს. ზოგი მისი თანამშრომელი ქმნიდა ექსტრა ტკბილ მურაბას.

ამ სახელმწიფოს დენის წყარო კი იყო მუდამ მშრომელი ბიძია „მიტოქონდრია“. ხოლო ,,უჯრედის ორგანოიდების’’ სამეფოს ხელმწიფე – ბირთვი – კმაყოფილი იყო, რადგანაც მისი ყველა ბრძანება სრულდებოდა და სამეფო საათივით მუშაობდა.

 

თემა: უჯრედის ორგანოიდები

ავტორი: თეკლა ბაციკაძე – მეათე კლასის მოსწავლე

2018 წლის სექტემბერში ბირთვმა – იმავე არკადი დვორკოვიჩმა (ფიდეს დირექტორი) ჩაატარა ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ბათუმში. ბირთვი აკონტროლებდა ყველა დეპარტამენტს და ინახავდა წინამორბედი პრეზიდენტების ისტორიას. მან დეპარტამენტების უფროსებად დანიშნა სხვადასხვა ორგანოიდი, რომ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონოდა. ენდოპლაზმურ ბადეს ტრანსპორტის დეპარტამენტი ჩაბარდა. ის უზრუნველყოფდა სასტუმროდან სათამაშო ზონამდე ჩამოსული სტუმრების ტრანსპორტირებას.                                   რადგანაც მიტოქონდრია ენერგიის წყაროა უჯრედისათვის, მისი საქმიანობა სათამაშო ზონაში სხვადასხვა ელექტრული პრობლემების მოგვარება იყო. ის „ენერგეტიკული სადგურების“ უფროსი გახლდათ. გოლჯის აპარატი პასუხისმგებელი იყო სასტუმროში მონაწილეებისა და თანმხლები პირების განთავსებაზე. ენდოპლაზმური ბადე სწორედ გოლჯის აპარატს აბარებდა სტუმრებს. ლიზოსომა გვამარაგებდა, ე.წ. „ლანჩ ბოქსებით“ მოხალისე რიბოსომებს. მართალია, არც ისე გემრიელი საკვები იყო, მაგრამ რიბოსომები დაღლილობისგან გემოს ვერ შეიგრძნობდნენ. რიბოსომები პატარა მოხალისეები იყვნენ. 300-მდე ახალგაზრდა მუხლჩაუხრელი შრომობდა იმისათვის, რომ ოლიმპიადას კარგად ჩაევლო. ვაკუოლი კი იყო რიბოსომების საწყობი, სადაც ათასგვარ ხარახურასა და ვადაგასულ „ლანჩ ბოქსებს“ ალაგებდნენ. საბოლოო ჯამში, ბირთვი ოლიმპიადის მსვლელობით კმაყოფილი დარჩა, მას სტუმრად ჰყავდა უამრავი ცნობილი სტუმარი. ყველა ნასიამოვნები დარჩა.

 

თემა: უჯრედული სუნთქვა

ავტორი: რუსუდან კოკაია – მეათე კლასის მოსწავლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ენერგეტიკუნა, რომელსაც 3 დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა გადასალახი იმისათვის, რომ მისი საბოლოო სახე CO2+10H მიეღო. ენერგეტიკუნას ყველა მეგობარმა გადალახა ეს სამი ეტაპი. თუმცა მისი ჯერი არა და არ დგებოდა. ერთხელ, როცა ის მარტოდმარტო იჯდა მდინარის პირას, დაინახა ოქროს თევზმა, რომელმაც ნახა, თუ როგორი მოწყენილი იყო. შესთავაზა 3 სურვილის შესრულება. ენერგეტიკუნამ, რა თქმა უნდა, 3 ეტაპის გავლა ჩაიფიქრა და ყველაფერი დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდა შემზადება, ამ დროს ცილუკები ამინომჟავებად გარდაიქმნა, გლიკოგენები – გლუკოზად და ა.შ. მთლიანი ეს ამბავი ხან კუჭში მიმდინარეობდა, ხან ნაწლავებში, ამ ყველაფრის შედეგად ენერგეტიკუნა საბოლოოდ გარდაიქმნა და გაიფანტა. მეორე ეტაპზე ჟანგბადი აღარ გვქონდა, ციტოპლაზმაში ვიმყოფებოდით. რთული და ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ კი, მივიღეთ ორი ცალი ახალშობილი პიროყურძნის მჟავუკები. ასევე სინთეზირების შედეგად გაჩნდა ორი მოლეკულა ახალშობილი ატფ. ხოლო დარჩენილი ენერგეტიკუნა სითბოს სახით გაიფანტა. მესამე ეტაპზე კი უკვე ჟანგბადი მიგვეწოდებოდა. ის მჟავები, რომლებსაც 3 ნახშირადი გააჩნდა, საიდანაც გადავედით ენერგეტიკულ სადგომში (მიტოქონდრიაში). და რა მივიღეთ საბოლოოდ? ენერგეტიკულას ამდენხნიანი გარდაქმნების, სინთეზირების, გაფანტვების შემდეგ გარდაიქმნა 3CO2+10H.

თუ ოდესმე თავიდან არ გაგიმართლებთ, ხელი არ ჩაიქნიოთ, როგორც ენერგეტიკუნასთან, ისევე თქვენთანაც გამოჩნდება ოქროს თევზი და თქვენც თუ იშრომებთ, მიაღწევთ მიზანს.

 

თემა: უჯრედული სუნთქვა

ავტორი: ლუკა კალანდარიშვილი – მეათე კლასის მოსწავლე

საბრძოლო ველზე 5 კეთილი მითიური არსება ებრძვის 5 ბოროტ მითიურ არსებას, ორივე მხარის მთავარი მიზანია, გაანადგუროს მთავარი ციხესიმაგრე, ე.წ. „ტრონი“. თამაში დაყოფილია სამ ფაზად.

პირველი: ფულის საბრძოლო ველზე არის არამარტო 10 ძირითადი მებრძოლი, არამედ, ე.წ. „კრიპსებიც“, მათი მოკვლისთვის ისინი იღებენ ოქროს. თითოეული გუნდი იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი „კრიპსი“ მოკლან, რათა მეტი ოქრო მიიღონ და იყიდონ ნივთები, რომლებიც აძლიერებს მათ ინტელექტს. ანუ პირველი ფაზა კრიპსების ოქროდ გარდაქმნაა.

მეორე ფაზა – ამ პერიოდში მებრძოლებს აქვთ დარიგებული ოქრო და ნაყიდი აქვთ ნივთები, ამიტომ ისინი უკვე მოწინააღმდეგე გუნდთან ბრძოლას აქცევენ ყურადღებას და არა ოქროს დაგროვებას, როდესაც მოწინააღმდეგე კვდება, მეორე გუნდს აქვს დრო, რომ მიუახლოვდნენ მთავარ ციხესიმაგრე „ტრონს“, რადგან გუნდი, რომელშიც ვიღაც მოკვდა, რჩება დროებით უმცირესობაში, მკვდარი გმირის გაცოცხლებას დაახლოებით 30 წმ. სჭირდება. ანუ ამ ფაზის მთავარი მიზანი ტრონისკენ გზის გაკვლევაა.

მესამე ფაზა, მთავარი და სახალისო ფაზაა. აქ უკვე გუნდები იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ გაანადგურონ მთავარი ტრონი, მაგრამ პირველ ფაზაში დაგროვებული ოქრო საკმარისი აღარ არის, რადგან ტრონს 50000 სიცოცხლე აქვს, თუ ყველა მოწინააღმდეგე მკვდარი იქნება 30 წუთიც არ ეყოფა თითოეულ გუნდს, რომ გაანადგურონ, რადგან, თითო გმირს შეუძლია წამში 20 ერთეული ზიანის მიყენება, ისინი იწყებენ პირველ ფაზასთან შედარებით უფრო ძლიერი კრიპსების მოკვლას. მათგან უფრო მეტ ოქროს იღებენ და ყიდულობენ ნივთს „რაპირას“, რომელიც გმირებს +100 ზიანის მიყენების უფლებას აძლევს.

 

თემა : გამრავლება  ზიგოტა 

ავტორი: ნინი ჩიხლაძე – მეთერთმეტე კლასის მოსწავლე

               

გამარჯობა! მე ზიგოტა ვარ სახელად ლულუ. რამდენიმე დღის ვარ. სულ პატარა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება მე უნდა განვვითარდე, ჩემგან პატარა ბლასტომერები მიიღება. უკვე ერთშრიანი ჩანასახი ბლასტულა ვარ, მაგრამ ცხოვრება ასეთი მარტივი არ არის, მე კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ოჰ! ამასობაში გასტრულა ვარ – ორშრიანი ჩანასახი! დასაწყისის დასასრულამდე ერთი ნაბიჯი დამრჩა. მე მიზანი ახდენილი მექნება – ნეირულა გავხდები. მე ის პატარა ზიგოტა აღარ ვარ, როგორსაც დასაწყისში მიცნობდი. მე ნეირულა ვარ. აქ დამთავრდა ჩემი პირველი ნაბიჯები. რთული მისია მეკისრება ცხოვრებაში მეზოდერმა ვარ და პატარ-პატარა ნაწილებად უნდა დავიშალო. ვიღაცის სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ უკვე. გულსისხლძარღვთა, ძვალკუნთოვანი, გამომყოფი, ჩონჩხი. ჩემი პატარა ნაწილი კი მალე გული იქნება! ძალიან მიხარია! ძალიან ლამაზი წითელი სისხლით სავსე! ერთი სული მაქვს როდის გავიზრდები და ზრდასრული გავხდები, სულ, სულ მალე ავძგერდები და სულ, სულ მალე ვიღაც შენ დაგემსგავსება ჩემი დახმარებით!
ბევრი საქმე მაქვს, უკვე აღარ მცალია. თანდათან მიყალიბდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემები.
გკოცნით!
სიყვარულით ზიგოტა ლულუ.

 

უჯრედის ქიმია

გურანდა ფაღავა – მეათე კლასელი

 

ორგანიზმის სამეფოში დიდი ზეიმი იყო, როგორც იქნა დაიბადა პრინცი ნატრიუმი. ამის აღსანიშნავად მეფე კალიუმმა მეჯლისი გამართა. მთელი სამეფოს მოსახლეობა შეიკრიბა, ვის არ ნახავდით: სახამებელს, ლიპიდებს, მინერალურ მარილებს, გლუკოზას, ცელულოზას, ცილების ოჯახს, ვიტამინებს, წყალს. პრინცს ნათლია ცელულოზამ უჯრედის გამგებლის – ბირთვის უდიდესი პორტრეტი აჩუქა.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მეჯლისზე გლიკოგენის გამოჩენამ, რომელმაც ორი დღის წინ დუელში პოლიმერი სახამებელი გამოიწვია და შუბლში ტყვია დაახალა, ნუკლეინის მჟავის ღირსების შელახვის გამო.

საბოლოო ჯამში, წვეულება კარგად დამთავრდა, სტუმრებმა გემრიელი დესრტი მიირთვეს და წყალი დააყოლეს.

პრინცის დაბადებას პოლარული და არაპოლარული ფენა დიდი სიხარულით ზეიმობდა. ეს შეუცვლელი გრძნობა იყო, რომელიც ყველას ჟანგბადივით სჭირდებოდა.

ცვილი იქეთ, ცვლადი აქეთ, უხსნადი იქეთ და ხსნადი აქეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...