კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

Wisc-Online სასწავლო რესურსები ფიზიკაში

0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის შესახებ ვკითხულობთ: „მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე  საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის“.

პედაგოგიური მეცნიერების განვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სკოლებში ახალი საგანმანათლებლო მიზანი გაჩნდა –
მოსწავლეთა ძირითადი საგანმანათლებლო კომპეტენციების ჩამოყალიბება. სწავლების წარმატება დიდწილად მასწავლებლის უნარსა და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარების პრობლემა დღეს მთავარი პრობლემაა, რომლის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი პირის აღზრდა.

პედაგოგიური საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი აზროვნების, შემეცნებით საქმიანობას. შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რომელიც  მიმართულია მოსწავლის პროდუქტიულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც აუცილებლად გვეხმარება მულტიმედიური საშუალებები.

პედაგოგიური საქმიანობა შეიძლება ასეთ ჭრილშიც წარმოვადგინოთ, ამოსავალი წერტილი –  ფიზიკის სწავლების პროცესი  და  თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების (ელექტრონული რესურსების) გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე.

სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი დამერწმუნებით,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით.  სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების ტრადიციული მეთოდების შეცვლასაც გულისხმობს. ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენებით შესაძლებელია ფიზიკური პროცესების მოდელირება, ასევე ფიზიკურ პროცესებზე დაკვირვება, ელექტრონულ რესურსზე თანდართული ანიმაციები და ვიდეოები ხელს უწყობს აზროვნების შემოქმედებით განვითარებას, მოსწავლეების სწავლის პროცესის გააქტიურებას. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა, თავად მოსწავლე ხდება პროცესის დამგეგმავი, თანამონაწილე, დამკვირვებელი და ა.შ.

სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.

მე როგორც აქტიური მოქმედი პედაგოგი, ყოველთვის ვეძებ ახალ-ახალ გზებს და მეთოდებს და ვქმნი რესურსებს სხვადასხვა პროგრამის შაბლონების დახმარებით. მინდა, წარმოგიდგინოთ Wisc-Online https://www.wisc-online.com. ეს  არის საგანმანათლებო თამაშების შესაქმნელად განკუთვნილი საიტი.

Wisc-Online-ს გააჩნია ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 2,500 სასწავლო ობიექტს ონლაინრეჟიმში. მისი შემქმნელია Wisconsin ტექნიკური კოლეჯი. დღეისათვის ძალიან ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს  Wisc-Onlineის სასწავლო რესურსებს.

ამ საიტის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ ან გამოვიყენოთ სხვების მიერ შექმნილი მზა ციფრული რესურსები, მოვახდინოთ მოდიფიცირება.

მოსწავლეს შეუძლია ითამაშოს როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან, ეს თამაშები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე გადავუგზავნოთ მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით. ახლა მოკლედ წარმოგიდგენთ ამ საიტის შინაარსს.

Wisc-Online-ს გააჩნია საკუთარი შაბლონები, რაც გვაძლევს მისი გამოყენების საშუალებას და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის შექმნის შესაძლებლობას. წარმოგიდგენთ ამ შაბლონების ჩამონათვალს: ბეისბოლი, ბზიკები, ბინგო, ააგე შენი ცოდნა, მეხსიერების ბარათები, დრო ამოიწურა, ფლეშბარათები და ა.შ. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს  სასურველი კითხვები და შესაძლო პასუხები და შექმნათ თამაში.

ეს თამაშები ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში, თქვენ ააქტიურებთ სასწავლო პროცესს და ზოგავთ დროს. თამაში შეიძლება იყოს როგორც ინდვიდუალური, ასევე გუნდური. გამოიყენება ნებისმიერ სასწავლო გარემოში და ნებისმიერი საგნისთვის. საიტს გააჩნია სურათების, ვიდეოების, აუდიომასალის გალერეა, ვიდეო კურსები და რესურსების საცავები.  წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ 3 ამოცანას Wisc-Online დახმარებით. ვიმედოვნებ, ჩემს კოლეგებს მოეწონებათ ეს რესურესები და თავადაც შეეცდებიან შექმნან არანაკლებ საინტერესო რესურსები ნებისმიერ საგანში.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ უმარტივეს ელექტრონულ რესურსებს, რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს.

 

  რესურსის ლინკი რესურსის დასახელება

1
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/games/31582/forces ძალები

2
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=31607 სხეულთა ურთიერთქმედება
3 https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=35191 იპოვეთ ზედმეტი სიტყვა

 

 

 

ჯადოსნობა გაკვეთილზე, ანუ როგორ შევქმნათ ანიმაცია მოსწავლეებთან ერთად

0

(ანიმაციური ფილმები იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობების მიხედვით)

არ მეგულება ბავშვი, რომელსაც ანიმაცია და ანიმაციური ფილმები არ უყვარდეს. ისინი ამაზე ხშირად საუბრობენ. განიხილავენ, მსჯელობენ. ჰყავთ გამორჩეული ანიმაციური გმირი. აღმერთებენ მას. დაკვირვებული თვალისთვის ეს მარტივი შესამჩნევია, თუ მათ რვეულებს, ჩანთებს, წიგნის შემოსაკრავებს და სხვა სასწავლო ნივთებს დააკვირდება. თითოეულს ხომ მათი საყვარელი ანიმაციის გმირი ამშვენებს. და არა მარტო სასწავლო ნივთებს. ისინი სადღესასწაულო ტორტებსა და ჩაცმულობასაც კი ამის მიხედვით არჩევენ.

 

საკმარისია მასწავლებელმაც აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასაც აინტერესებს ანიმაციური სამყარო, მაშინვე ამ პატარა არსებების ნდობა აქვს მოპოვებული. მაშინვე მათი თანამოზიარე ხდება და იწყება სამხიარულო ამბები თუ თავგადასავლები. უცებ აცნობიერებ, რომ თავიანთ მესაიდუმლედ და მეგობრად გთვლიან. კვირა არ გავა, რომელიმემ ახალი ანიმაცია არ აღმოაჩინონ. სულს ვერ ითქვამენ, ისე ჰყვებიან მასწავლებლისა და კლასის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და ერთად ყურების სურვილს გამოთქვამენ. ნახვის შემდეგ კი გისვამენ უამრავ შეკითხვას, აინტერესებთ ყველამ ის იგრძნო და განიცადა თუ არა, რაც თავად განიცადეს. და ასე საინტერესოდ გრძელდება  სასკოლო ცხოვრების ურთიერთობები.

ერთ-ერთი ასეთი  ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეექმნათ მსგავსი მასალა. ბავშვები მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ. სიამოვნებით მოირგეს ანიმატორების როლი. დავიწყეთ ტექსტების მოძიება და დამუშავება, შევისწავლეთ მოთხრობებში წარმოდგენილი გარემო, პერსონაჟები. შევქმენით დიორამები. ფოტოები გადავუღეთ, გავმართეთ მკითხველთა თეატრი, მცირე კომპიუტერული ჯადოსნობებიც ჩავრთეთ, გამოსახულება და ხმა ერთმანეთს მოვარგეთ და მცირე ზომის ანიმაციებიც დაიბადა. იმდენად მოგვეწონა, რომ ფილმების საჯაროდ ჩვენებაც მოვაწყვეთ. დაინტერესება დიდი იყო. ბავშვები კი ამაყები და ბედნიერები – ისინი ხომ თავს ნამდვილ ანიმატორებად თვლიდნენ.

 

გთავაზობთ ანიმაციებზე მუშაობის მიმდინარეობას:

 

პირველი ეტაპი – ტექსტებზე მუშაობა

 

პედაგოგი წინასწარ არჩევს მარტივ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილ ტექსტს/ტექსტებს (ამ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობები). ტექსტებს  კითხულობენ საგაკვეთილო პროცესში და ხდება მათი დამუშავება/ გააზრება.

 

მეორე ეტაპი – ტექსტის დეკორაციებზე მუშაობა

 

საჭირო რესურსი: მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები და ფუნჯი.

 

ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ მოთხრობას და მუშაობენ დეკორაციებისა და  პერსონაჟების შექმნაზე, ვინც როგორ ხედავს და როგორ წარმოუდგენია. ხდება გარემოს შესაბამისად დიორამის შექმნა, მოხატვა და პერსონაჟების გამოძერწვა.

 

მესამე ეტაპი – როლებში ინტონაციაზე მუშაობა

 

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს „მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გამოყენებით და ცდილობენ გაითავისონ თითოეული როლი შესაბამისი ინტონაციებით. აწყობენ მკითხველთა თეატრს.

 

მეოთხე ეტაპი – ფოტოების გადაღება power point-ში აწყობა

 

დიორამებსა და პერსონაჟებს ვუღებთ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსის ტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე და ვამუშავებთ კომპიუტერულად პროგრამა power point-ში.

 

მეხუთე ეტაპი –  გახმოვანება

 

მოსწავლეები ეკრანის ჩანაწერის დახმარებით ცდილობენ საკუთარი ხმა მოარგონ სლაიდის სახით აწყობილი ტექსტის ეპიზოდებსა და პერსონაჟებს.

 

მეექვსე ეტაპი – მონტაჟი

საბოლოოდ ხდება შექმნილი მასალის კომპიუტერულ პროგრამა Moviemaker-ში დამუშავება მასწავლებლის მიერ.

 

მეშვიდე  ეტაპი – ტექსტის/ტექსტების გააზრების მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი.

 

ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ ისევ ხდება ტექსტის გააზრებაზე მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

 

მერვე ეტაპი – პრეზენტაცია

 

მოსწავლეები ქმნიან აფიშას, მოსაწვევებს და საბოლოო სახით შექმნილ რესურს წარუდგენენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მასალა კი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში ან youtube-ზე.

 

რეფლექსია

 

საერთაშორისო კვლევებზე (PIRLS 2006, PIRLS 2011)  დაყრდნობითა და პირადი გამოცდილებით, სკოლებში ტექსტებზე მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სწავლების დაწყებით საფეხურზე.

 

ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული რესურსის (ანიმაციური ფილმების) შექმნა, რადგან ამ ასაკში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ და აღიქვამენ.

 

რესურსი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობის სურვილს. ის მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამით რაღაცის აღმოჩენას, რადგან ის საერთო ძალისხმევის შედეგია.

 

რესურსი იძლევა უნარების კომპლექსური განვითარების საშუალებას – ზეპირმეტყველება, კითხვა, გააზრება, შემოქმედებითი აზროვნება, ხელის მოტორიკა.

 

რესურსი მისდევს გარკვეულ სქემას და მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, რაც აადვილებს საკითხის აღქმასა და გააზრებას.

 

ასეთი ფილმების დახმარებით მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით, მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და, საერთოდ, საგნის მიმართ. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა უნარი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია, აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.

 

თავად რესურსი შეიძლება პირდაპირი სახით ერთჯერადი გამოყენების არის, მაგრამ იდეის გამოყენება  ქართული ენის პედაგოგებს სწავლების სამივე საფეხურზე შეუძლიათ.

 

რესურსს აქვს უარყოფითი მხარეებიც – ის ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში (რადგან ფოტოები აწყობილია Powerpoint-ში და ვიდეორგოლი შექმნილია Moviemaker-ში). მოითხოვს ასევე დიდ დროს და მუდმივ განახლებას.

 

 

რესურსის მიზნები (I კლასი)

 

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს).

 

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას.

 

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

 

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

  • სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას.

 

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის  ტექსტებს;
  • წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი (ანიმაციები):

 

ამაყი ყვავილი – https://youtu.be/o4_–OaQMMw

პეპელა და ფუტკარი – https://youtu.be/vl1yG6KrRZ0

მარადმწვანე ხეები – https://youtu.be/ICeqY7kgjYQ

ორი მეგობარი – https://youtu.be/xB15ySt_h60

სირცხვილი აიცილა – https://youtu.be/r4NZb0_jw8Q

 

 

 

ბიოგრაფიული პროზის ორი სტანდარტი

0

მთელი ცხოვრებაა  გატაცებით ვკითხულობ ბიოგრაფიული პროზის სხვადასხვა ნიმუშებს. ჩემს კარადას ერთი უზარმაზარი თარო დავამატე, რომელზეც მხოლოდ ბიოგრაფიები, ავტობიოგრაფიები და მემუარები ჩავამწკრივე. ვკითხულობ თარგმანებს, ქართველ თუ უცხოელ ავტორთა ორიგინალურ შემოქმედებას. მცირედმა გამოცდილებამ რამდენიმე აღმოჩენის გაკეთების შესაძლებლობა მომცა.

გაზაფხულის მიწურულს ბუკინისტისგან ორიოდ ლარად ედუარდ სტოურტონის ცნობილი წიგნი „იოანე პავლე მეორე – კაცი-ისტორია“ შევიძინე და პუბლიკაცია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. რომის განსვენებული პაპის ცხოვრების დინებისთვის თვალყურის მიდევნების კვალდაკვალ უამრავი ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ შევიტყვე. იოანე პავლე მეორე ეროვნებით პოლონელი იყო, მისი ცხოვრების პირველი ნაწილი მთლიანად არის გადაჯაჭვული ცენტრალური ევროპის სლავური სახელმწიფოს უახლეს ისტორიასთან. გამოცემის წყალობით ჩემთვის დეტალებში გახდა ცნობილი მეოცე საუკუნის დიდი თუ მცირე ევროპული ტრაგედიების შედეგები რიგითი მოქალაქეებისათვის. სულ სხვა თვალით დავინახე გენერალური მდივნების – გომულკასა და იარუზელსკის საქმიანობის მნიშვნელობა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი, ცხადია, „სოლიდარობის“ მოძრაობის თავგანწირულმა ბრძოლამ მოახდინა.

წიგნის ავტორი, ედუარდ სტოურტონი მართლმორწმუნე კათოლიკეა. მას წლებია რადიო „ბი-ბი-სი“-ს ეთერში რელიგიური გადაცემები მიჰყავს. პუბლიცისტი თავის ნაშრომში ხშირად ვერ ფარავს აღფრთოვანებას კაროლ ვოიტილას ზოგიერთი ამაღელვებელი გადაწყვეტილების გამო. მას აშკარად ეტყობა, რომ გულწრფელად კეთილგანწყობილია პოლონელის მიმართ. მიუხედავად წიგნის მთავარი პერსონაჟისადმი გამოვლენილი სიყვარულისა, რადიოწამყვანი საკუთარ თავს ტყუილების თქმის უფლებას არ აძლევს და რომის პაპის ცხოვრების ყველა ეტაპს პირუთვნელად აღწერს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

1944 წლის 1 აგვისტოს პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის 150 000-მდე მებრძოლმა სამოცი დღით შეძლო ნაცისტური რეჟიმის დამარცხება. ორთვიან აჯანყებაში ათობით ათასი ახალგაზრდა პოლონელი მონაწილობდა. ცუდად შეიარაღებულ მოქალაქეთა ამბოხი ნაცისტებმა სასტიკად ჩაახშვეს. ზოგიერთი ცნობით ოკუპანტებმა მოსახლეობის მეოთხედი ამოჟლიტეს და სასჯელის თვალსაჩინოებისათვის დედაქალაქი გადაწვეს.

სად იყო ამ გმირული აქტის დროს კაროლ ვოიტილა?

საქვაბის ახალგაზრდა მუშა არ მონაწილეობდა სამხედრო-შეიარაღებულ კონფლიქტში და ცდილობდა ნებისმიერი ხერხით დამალვოდა ნაცისტურ რაზმებს, ხან რომელიღაც სარდაფს აფარებდა თავს, ხან სხვის სახლში იმალებოდა. გერმანელთა ოკუპაციის განმავლობაში მომავალი პაპის წინააღმდეგობა მხოლოდ აკრძალულ და საიდუმლო თეატრში როლების შესრულებით შემოიფარგლებოდა. ნაცისტურ ეპოქაში კაროლ ვოიტილა მოღალატე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არც თავგანწირული მებრძოლის ავტორიტეტი მოუხვეჭავს.

„მესამე რაიხის“ დამარცხების შემდეგ პოლონეთს კიდევ მრავალჯერ დაუდგა უმძიმესი გამოცდის ჩაბარების ხანა. 1950-იანი წლების შუა პერიოდში კომუნისტურმა მთავრობებმა იერიში მიიტანეს ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ძლიერ კათოლიკურ ეკლესიაზე. ხელისუფლება ათასგვარ ბინძურ ჭორს ავრცელებდა სასულიერო პირებზე, არ აძლევდა მათ მღვდელმსახურების სრულყოფილად აღსრულების შესაძლებლობას. კომუნისტთა მიერ გადაბირებულმა პასტორებმა ცალკე საეკლესიო საზოგადოება შექმნეს, რომელიც პარტიის ხელში დამატებით, უმძლავრეს იარაღად იქცა. მთავრობის რეპრესიებს აქტიურად დაუპირისპირდა კათოლიკური ეკლესიის ადგილობრივი ლიდერი, კარდინალი სტეფან ვიშინსკი. მან ერთ-ერთ ქადაგებაში განაცხადა: „ჩვენ ვასწავლით: მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა; მაგრამ თუ კეისარი საკურთხეველზე ადის, ჩვენი პასუხია – ეს დაუშვებელია!“. 1956 წელს მთელი ქვეყანა რამდენიმე მოთხოვნით გაიფიცა – „პური და თავისუფლება!“, „რუსებო, შინ წადით!“. კარდინალი ვიშინსკი სახალხო მღელვარებების დროსაც აქტიურად იდგა ხალხის გვერდით, რის გამოც სამი წლით კარპატების შორეულ მონასტერში გააგზავნეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

საინტერესოა, რას საქმიანობდა სახალხო მღელვარებების დროს რომის მომავალი პაპი?

კაროლ ვოიტილა უკვე თეოლოგიის მასწავლებელი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყო. უნივერსიტეტის პარტიული ადმინისტრაცია მის შესახებ წერდა: „ვოიტილა ფაკულტეტის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ლექტორია, ხასიათდება მომზადების მაღალი დონით, ფართო სამეცნიერო ინტერესებით, მორალური ღირსებებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით.“ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კაროლ ვოიტილამ უამრავი პოლონური ტბა გადაცურა ორკაციანი ნავით, ისწავლა თხილამურებით სრიალი და ლაშქრობების დროს მრავალი მესა ჩაატარა ღია ცის ქვეშ –  ტყეებში, მთებში, დაუსახლებელ და მიუწვდომელ ადგილებში. ღალატობდა იოანე პავლე მეორე თავის სამშობლოს? რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, საბჭოთა რეჟიმის პირველ, ყველაზე სუსხიან წლებში შეურიგებელი ოპოზიციონერი არ ყოფილა.

წიგნის ავტორს მიაჩნია, რომ ადრეული ქარტეხილების დროს კაროლ ვოიტილას პასიურობაზე ობიექტური მსჯელობა რომის პაპის სხვა სამაგალითო საქმეებსა და ღვაწლს ოდნავადაც კი არ აკნინებს. მაშასადამე, ევროპული სტანდარტი ყველა მოვლენის მეტ-ნაკლებად ობიექტურად გადმოცემასა და სიყალბისგან თავის არიდებას გულისხმობს.

ახლა ქართულ სტანდარტს დავაკვირდეთ. ერთი წლის წინ, ასევე უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე სქელტანიანი მემუარები, რომელიც ძალიან უცნაურად გახლდათ დასათაურებული – „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ბ-ნ გელა ჩარკვიანის ენაწყლიანობამ, მწყობრმა მსჯელობამ, იუმორის დახვეწილმა გრძნობამ. წიგნის დახურვის შემდეგ დამეუფლა შეგრძნება, რომ თითქოს პრეზიდენტ შევარდნაძეს პირადად ვიცნობდი.  თუმცა, ბიოგრაფიული პროზის აღნიშნულ ნიმუშში ერთ საშინელ იმედგაცრუებას გადავაწყდი.

მთელმა საქართველომ იცის, თუ ვინ იყო კანდიდ ჩარკვიანი. ბერიას უახლოესმა თანამებრძოლმა და საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა თავისი გადაწყვეტილებებისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების წყალობით სასიკვდილო განაჩენისთვის გაწირა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. მაღალი რანგის ბოლშევიკს ლომის წვლილი მიუძღვის არაერთი ჩვენი სახელგანთქმული თუ უცნობი თანამემამულის რეპრესიებში. სტალინის საამებლად, მისდამი მორჩილების გამოსახატად ბ-ნი კანდიდის მონდომებით მეორე მსოფლიო ომში დამატებით ათობით ათასი ქართველი გაიგზავნა. ბ-ნ ჩარკვიანს თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველოს პირველ პირად მუშაობის შემდეგაც არ დაუკარგავს საპატიო თანამდებობები და ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლომდე მთელი ოჯახით უზრუნველყოფილად ცხოვრობდა.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ ავტორი კი ცდილობს, რომ თითით საჩვენებელი კონფორმისტი დისიდენტად, სტალინის ოპოზიციონერად და თავისუფალ მოაზროვნედ წარმოაჩინოს, რაც ჩემთვის ისტორიის ნაკლებად სინდისიერად შელამაზების ფუჭ მცდელობას წარმოადგენს. ბიოგრაფიული პროზის ქართული სტანდარტი სიყალბესა და გაზვიადებაზეა დაფუძნებული.

რიგითი მკითხველი გავბედავ და ვიტყვი, რომ ქართული ლიტერატურული კრიტიკა დოკუმენტური პროზის ფრონტზეც მარცხდება. საქმე კარგად რომ იყოს, ჩემამდე სხვა ათასჯერ უკეთესად დაწერდა პოპულარულ ავტორთა მიერ დამკვიდრებული მავნე სტანდარტის თაობაზე.

როგორ შევუწყოთ ხელი სემიოტიკური უნარის განვითარებას დაწყებით კლასებში

0

მასწავლებლის პროფესია სიახლეებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. სწავლა-სწავლების პროცესი ყოველთვის მოითხოვს მრავალფეროვან და ხალისიან აქტივობებს. ყოველთვის ვცდილობ, სასწავლო პროცესი იყოს ხალისიანი და ჩემ მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებას.

ზოგადად, მოსწავლეებს უჭირთ არსებული ცოდნის გამოყენება. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხშირად ვცდილობ გაკვეთილი ისე დავგეგმო, რომ მოსწავლემ მიღებული ცოდნის გამოყენება მოახერხოს. გაკვეთილის დაგეგმვისას კი ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, შესაძლებლობებსა და ასაკს.

სემიოტიკური უნარი ერთ-ერთი უნარია, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი. სემიოტიკური კომპეტენცია არავერბალური და ვერბალური ფორმით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა, განცდილის სხვადასხვა (ტექსტის/ ნახატის) საშუალებით გადმოცემის, ტექსტის ნახატთან დაკავშირების უნარია.

სწორედ იმიტომ, რომ გაკვეთილზე წიგნიერებასა და მედიაწიგნიერებასთან ერთად სემიოტიკური უნარების განვითარებისთვისაც შემეწყო ხელი, თანაც ისე, რომ მოსწავლეს ცოდნის გამოყენებაც შეძლებოდა, დავგეგმე და ჩავატარე გამჭოლი კომპეტენციების (წიგნიერება, მედიაწიგნიერება, სემიოტიკური უნარები) განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში.

გაკვეთილი ჩავატარე მესამე კლასში, გაკვეთილის თემა იყო გუგული ტოგონიძის მოთხრობა ,,ჭიანჭველა და ფუტკარი“.

განვსაზღვრე გაკვეთილის მიზანი. ამ გაკვეთილზე მოსწავლეები შეძლებდნენ:

მოსმენილი (წაკითხული) ტექსტის აღქმას, გაგებას, დასათაურებას, ილუსტრირებას, მოკლე შინაარსის გადმოცემას. მულტიმედიური ტექსტის აღქმა-გააზრებას (მედიაწიგნიერების მიზნები). სიტყვიერ(ხმოვან) ტექსტში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვას და პირიქით, ილუსტრაციისგან შექმნიან ტექსტს, შეძლებენ სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებას (სემიოტიკური კომპეტენციის მიზნები). გაკვეთილი მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე კლასის სტანდარტს.

ქართ. დაწყ. (I).2. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ. დაწყ. (I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

 გამოყენებული რესურსები: პლაკატი, მოსწავლეების მიერ მომზადებული დავალებები, ჩემ მიერ მომზადებული მულტიმედიური რესურსი; ვარაუდების სქემა, ფერადი ქაღალდი, სახელმძღვანელო, თაბახის ფურცელზე დამაგრებული დავალებები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციები, ცარცი, დაფა.

 

აქტივობა № 1: საორგანიზაციო საკითხის მოგვარება (2წთ.). მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, ჩამოვაყალიბეთ გაკვეთილის მიზანი.

აქტივობა №2: საშინაო დავალების შემოწმება (3წთ.). მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მიცემული მათთვის ნაცნობი, ამავე დროს გაკვეთილის თემისთვის მნიშვნელოვანი ორი სიტყვა (მაგ: ფუტკარი, ჭიანჭველა). მათ ამ სიტყვის გამოყენებით უნდა შეევსოთ სქემა, საშინაო დავალება სათითაოდ შევუმოწმე ყველა მოსწავლეს და თან მივეცი შეფასება, დავურიგე ფერადი ბარათები. ამ ბარათების მიხედვით შემდეგ მათ ჯგუფებში გადავანაწილებ.

აქტივობა 3: ელექტრონული წიგნის მოსმენა-წაკითხვა (გუგული ტოგონიძის ზღაპარი ,,ჭიანჭველა და ფუტკარი“) (4წთ.). გაკვეთილის მიზნის მისაღწევად შევქმენი საინტერესო რესურსი (ხმოვანი წიგნი), მისი უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეები ხმოვან და ვიზუალურ ტექსტს ერთ მთლიანობაში აღიქვამენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა აზროვნება საგნობრივ-კონკრეტულია, ამიტომ მათთვის ცოდნის აღქმა და შემდეგ მეხსიერებაში შენახვა მით უფრო იოლია, რაც უფრო ხატოვნად და თვალსაჩინოდ იქნება იგი წარმოდგენილი.

აქტივობა 4: ვარაუდების გამოთქმა ახალ ლექსიკურ ერთეულებზე (2წთ.). მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდი ახალ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებიც ჩამოვწერეთ დაფაზე.

აქტივობა 5 მოთხრობის წაკითხვა მოსწავლეების მიერ (6წთ.); მოსწავლეებმა კითხვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით წაიკითხეს ტექსტი სახელმძღვანელოში.

აქტივობა 6: ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა (ვარაუდის დაზუსტება) (2წთ.); ერთობლივად დავაზუსტეთ დაფაზე ჩამოწერილი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობები.

აქტივობა 7: ტექსტის გაგება-გააზრების შემოწმება/კითხვების დასმა (3წთ.);

აქტივობა 8: ჯგუფური მუშაობა (17წთ.).

კითხვების მეშვეობით შევამოწმე მიღებული ცოდნის ათვისების ზოგადი დონე და მზაობა სავარჯიშოს შესასრულებლად. დავალების შემოწმების პროცესში გაცემული შეფასების ბარათები საჭიროებისამებრ გადანაცვლდა (ან არ გადანაცვლდა). შესაბამისად მოსწავლეები გადანაცვლდნენ ჯგუფებში, ერთნაირი ფერის ბარათების მქონე მოსწავლეები დასხდნენ ერთ ჯგუფში, ასე მოვახდინე მათი დიფერენცირება წინარე ცოდნისა და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის მიხედვით.

მინდა, ყურადღება გავამახვილო 8 აქტივობაზე, რადგან ამ აქტივობაში ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს სწორედ სემიოტიკური უნარის განვითარება. ჯგუფური მუშაობისთვის შერჩეული მქონდა სავარჯიშოები. დავყავი ტექსტი მონაკვეთებად და მოსწავლეებს ისე მივაწოდე, მათ შეურჩიეს სათაური და შინაარსი, სულ 4 მონაკვეთი. ამ დავალებაზე ორმა ჯგუფმა იმუშავა, საბოლოოდ აკინძეს და ნაწილებისაგან შექმნეს ნაწარმოები. ერთმა ჯგუფმა იმუშავა მოვლენათა ჯაჭვზე (რა მოხდა დასაწყისში, შუაში, ბოლოს?), ნაწარმოების დასაწყისი და ბოლო წარმოადგინეს ნახატით, შუა ნაწილი კი ვიზუალური ნახატისაგან შექმნილი ტექსტით. ერთ-ერთმა ჯგუფმა პერსონაჟები დაახასიათა და ერთმანეთთან დააკავშირა ნახატი, თვისება, სახელწოდება.

 

I ჯგუფი

დავალება: ყურადღებით უნდა წაიკითხონ ტექსტის მოცემული მონაკვეთი, დაასათაურონ და აზრი გამოთქვან ნახატის სახით, ჩაწერონ ამ მონაკვეთის მოკლე შინაარსი (I და II მონაკვეთი).

II ჯგუფი

დავალება: ყურადღებით უნდა წაიკითხონ ტექსტის მოცემული მონაკვეთი, დაასათაურონ და აზრი გამოთქვან ნახატის სახით, ჩაწერონ ამ მონაკვეთის მოკლე შინაარსი. (III და IV  მონაკვეთი).

III ჯგუფი

დავალება: რა მოხდა მოთხრობის დასაწყისში? შუა ნაწილში? ბოლოს? (მოცემული იქნება დასაწყისი წერილობით – მოსწავლეებმა უნდა შექმნან შესაბამისი ილუსტრაცია, შემდეგ იქმნება ილუსტრაცია და უნდა შექმნან ტექსტი, ბოლოს იქნება მოცემული ტექსტი, მოსწავლეებმა უნდა შექმნან ილუსტრაცია).

IV ჯგუფი

დავალება: მოცემული იქნება ფერად ფურცლებზე დაწერილი სიტყვები (ჭიამაია, ფუტკარი, ჭიანჭველა, შავი ხოჭო), მწერების თვისებები, იქნება გასაფერადებელი ნახატები, მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს ერთმანეთს სიტყვა, თვისება და ნახატი.

აქტივობა 9: ჯგუფური დავალებების განხილვა-შეფასება (4წთ.); მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები, ჩანაწერები და მოახდინეს შესრულებული ნამუშევრების წარდგენა-შეფასება. გავეცი განმავითარებელი კომენტარი. ჯგუფური მუშაობები შევაფასე ჯგუფური შეფასების რუბრიკით. რუბრიკა

აქტივობა 10: გაკვეთილის შეჯამება (3წთ.); მოსწავლეებთან ერთად შევაჯამეთ გაკვეთილი, 3 რამ, რაც ვისწავლეთ დღეს; 2 რამ, რაც საინტერესო იყო; 1 რამ, რაც ყველაზე მეტად მომეწონა. შემდეგ მივეცი საშინაო დავალება.

გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ და სახალისოდ, და მიზნის შესაბამისი შედეგიც მივიღე.

  • წაკითხული ან მოსმენილი ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით შექმნს ილუსტრაციებ და შეაფასეს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებ (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს), დააკავშირეს ტექსტი ილუსტრაციასთან და პირიქით.
  • გამოხატს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებ, განცდები, როგორც სიტყვიერად, ასევე ნახატის სახით;
  • ერთმანეთთან დააკავშირეს მოსმენილ (წაკითხულ) ტექსტში ასახული პერსონაჟები და მათი თვისებები.

 

დაწყებით კლასებში მოსწავლეთა აღქმა-აზროვნება საგნობრივ-კონკრეტულია, ამიტომ აუცილებელიცაა მსგავსი აქტივობების ხშირად გამოყენება. ვფიქრობ, სემიოტიკური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია. ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი კი უწყობს ხელს მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას.

სახალისოა ის აქტივობები, რომლებიც მე ზემოთ აღვწერე. მედიარესურსი მოსწავლეს ეხმარება ნაწარმოების აღქმაში, ხოლო ტექსტის დასურათება – მიღებული ინფორმაციის შენახვაში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ეს მეთოდი ხშირად დამხმარებია და მოსწავლეს გაცილებით იოლად აღუდგენია ის მონაკვეთი, რომელიც მას ან მის თანაკლასელს დაუხატავს. უნდა ვთქვა, რომ გასათვალისწინებელია ნაწარმოების ხასიათი და მოსწავლეთა შესაძლებლობები, რადგან ყველას არ შეუძლია ხატვა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ დიფერენცირებული მიდგომა და შევარჩიოთ დიფერენცირებული დავალებები. მაგრამ ყველას შეუძლია წერა, ნახატი გადაიყვანოს სხვა ნიშანთა სისტემაში, შექმნას ნახატის მიხედვით ჩანაწერი, ესეც სემიოტიკური უნარია.

გაკვეთილი ეფექტური და შედეგიანი იმითაც იყო, რომ ერთდროულად ვიმუშავეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზე, მედიარესურსმა შედეგიანად იმუშავა მედიაწიგნიერების მიზნების განვითარებაზე, ცოდნის გამოყენება უფრო გააადვილა და პარალელურად დაგვეხმარა სემიოტიკური უნარების განვითარებაში, რაც დადასტურდა ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებით. მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ილუსტრაციები. გაკვეთილი

მასწავლებლობა წარმოუდგენელია მუდმივი ძიების, აღმოჩენისა და სიახლეების დანერგვის სურვილის, პრაქტიკაზე სწავლის, თვითკრიტიკისა და კოლეგების აზრთა გაზიარების გარეშე. ამიტომ ვცდილობ, ჩემ მიერ განხორციელებული შედეგიანი სიახლე, რომელიც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, გავუზიარო სხვას. კოლეგებო, გისურვებთ წარმატებას!

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა –https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-viii-cross-cultural-competencies
  2. G-pried სასწავლო-მეთოდური რესურსების კრებული https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

 

 

სკოლა ინოვაციური მიდგომებით და ციფრული სწავლების პრაქტიკით

0

თბილისში არსებობს სკოლა, სადაც 21 საუკუნის განათლების მთავარ გამოწვევებს, შესაბამისი სასწავლო  პრაქტიკით პასუხობენ. ლიანა ფუტკარაძე თბილისის 133 – საჯარო სკოლას 7 წელია  რაც ხელმძღვანელობს. პროფესიით ბიოლოგისკოლაში ბიოლოგიასაც  ასწავლისბოლო ოთხი წლის განმავლობაში სკოლა 800 მოსწავლით გაიზარდა და გაორმაგდა პედაგოგიური კორპუსის რაოდენობა. დღეს უკვე 133- საჯარო სკოლაში  1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. კერძო სკოლების ბუმის ფონზე, საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მზარდი ტენდენცია სკოლის მიმართ , საზოგადოების გაზრდილ გაზრდილ ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებებს, რაც  სკოლის სწორი პოლიტიკით არის განპირობებული. სკოლის და მისი ხელმძღვანელის  ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების  დანერგვაა სასწავლო პროცესში. ცოტა ხნის წინ  133- სკოლის გუნდი პროექტ ,,ციფრული სკოლა საქართველოს”  გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ჟურნალიმასწავლებელიულოცავს 133- სკოლას გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს სკოლის დირექტორთანლიანა ფუტკარაძესთან

 

როგორი უნდა იყოს 21- საუკუნის სკოლა და რაზე უნდა იყოს მიმართული სკოლის ხელმძღვანელის საქმიანობა?

 

ჩემი საქმიანობის პირველივე დღიდან ვცდილობ  21-ე საუკუნის სკოლა ვმართო  მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებითა და შევქმნა თანაბარი პირობები და შესაძლებლობები ყველა მოსწავლისათვის; შევქმნა მზრუნველი, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა, რომელიც ნერგავს ჰოლისტური განათლების მიდგომებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ მის ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ესთეტიკურ და სულიერ სფეროზეც, სადაც წამყვანი და განმსაზღვრელი მაინც სულიერი სფეროა.

 

რას ეფუძნება, თქვენი როგორც სკოლის დირექტორის ფილოსოფია? მოსწავლისთვის  როგორი გარემო უნდა იყოს იყოს სკოლაში შექმნილი?

 

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, კარლ როჯერსი, ამბობდა: ,,მინდა სკოლა მეგობრულ სახლად ვაქციო, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლება საკუთარი სამყაროს შემოტანა”. მე ვფიქრობ, ჩვენი სკოლაც ასეთია. ჩვენ თითოეული ბავშვის სამყაროს ვხედავთ და პატივს ვცემთ, შთავაგონებთ და მოტივაციას ვუმაღლებთ. ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც საშუალება ეძლევათ, მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ის, რაც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგად მთელი არსებით გავითავისე, ახლა ვცდილობ თითოეულ ჩემს პედაგოგსაც  შთავაგონო. ჩვენი მთავარი ამოცანაა  უსაფრთხო  გარემოს შექმნა . მასწავლებლის მიერ  შექმნილ უსაფრთხო გარემოში შეძლებენ აღსაზრდელები   აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და იპოვონ საკუთარი თავი, სწორედ მასზე ზრუნვაში უნდა დაიხარჯოს თითოეული მასწავლებელი. ერთი დაშვებული შეცდომა, უმისამართოდ გამოყენებული სიტყვა შეიძლება იქცეს აღსაზრდელის მთელი ცხოვრების კომპლექსების მიზეზად, ის გახდეს ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, ასოციალური, არ მოუნდეს ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა და ა.შ. ზოგჯერ, გულწრფელი ღიმილიც  საკმარისია,  აგრძნობინოთ მოსწავლეს, რომ  შენ ხარ მისი მხარდამჭერი, მიღწევებისთვის ხელშემწყობი და გულშემატკივარი. ვფიქრობ, ამას ახერხებს მხოლოდ კარგი ლიდერი, მმართველი, მენეჯერი, რომელსაც აქვს ხედვა და შეგრძნებების უნარი. ლიდერი , რომელიც არ არის სასწავლო პროცესის მიღმა კაბინეტში, არამედ აქვს მუდმივი კომუნიკაცია  მოსწავლეებთან, მშობლებთან და ღიაა თანამშრომლობისათვის, არის ინიციატორი და მხარდამჭერი.

 

ინოვაციური სიახლეები არ გაშინებთ და პირიქით, აქტიურად მუშაობთ სკოლაში მათ დანერგვაზერა  საგანმანათლებლო მიზნებს ისახავს მსგავსი სიახლეების დანერგვა?

 

სკოლა  მოსწავლეზე ორიენტირებულ ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს ბოლო წლების განმავლობაში  ნერგავდა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ფარგლებში : 2013 წელს ჩვენმა  სკოლამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და  სპორტის  სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAD)  მიერ დაფინანსებულ  საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-pried-თან. G-pried-თან ოთხწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო სკოლისთვის შემდეგი მიმართულებით: სკოლაში ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი კულტურა, დაინერგა ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი , სკოლაში შეიქმნა მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შეფასებისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  პრაქტიკა. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, შემოთავაზებული იყო ინოვაციური სასწავლო რესურსები და მშობელთა ჩართულობის მხარდამჭერი ბარათები და აქტივობები. ასეთი პროექტების რიცხვი და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ყველა ის განხორციელებული პროექტი და აქტივობა, რაც წლის განმავლობაში განხორციელდა სკოლაში. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ასეთი ჩართულობა, ერთიანობა პოზიტიურად აისახება სასკოლო კულტურაზე, მოსწავლეების ქცევაზე და უყალიბებს სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას, სიყვარულს და ალბათ, ამის შედეგიცაა, რომ წლების განმავლობაში არ გვქონია არათუ ძალადობის, არამედ დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტიც კი.

 

მოგვიყევთ თქვენი სკოლის ერთერთი წარმატებული პროექტის  “ციფრული სკოლისშესახებრას უწყობს ხელს ასეთი ტიპის პროექტებით სწავლება?

 

პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

პროექტები ხელს უწყობს გააზრებულ სწავლა-სწავლებას, რომელიც სისტემური და ორგანიზებული ცოდნის კონსტრუირებას უწყობს ხელს.  მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეს თვითეფექტიანობის მაღალი განცდა, ღია არის გამოწვევების მისაღებად ,აქვს სწავლის ძლიერი მოტივაცია და  უნარი  განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტების ძლიერი მხარე სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა სწავლა სწავლების პროცესში და პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეების ანთებული თვალები და მაღალი მოტივაცია  სწავლების ახალი ინოვაციური ინსტრუმენტების დაუფლებისა, გვისახავს მაღალ მოლოდინებს და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სწორედ ეს ინსტრუმენტებია  მომავლის ,,ციფრული გასაღები’’და შესაძლებლობა,  სკოლამ უპასუხოს 21 -ე საუკუნის გამოწვევებს.

 

რადგან , ციფრული სწავლების პრაქტიკაზე ბევრს გვესაუბრებით, საინტერესოა, თქვენი დაკვირვებითრა შეცვალა ამ პრაქტიკამ მოსწავლეების  ცხოვრებაში?

 

ციფრული სწავლების პრაქტიკამ და ტექნოლოგიების ფართოდ ინტეგრირებამ  სასწავლო პროცესი სასარგებლოსთან ერთად გახადა  საინტერესო , მრავალფეროვანი და რაც მთავარია,  მოსწავლეებს ხელი შეუწყო  საკუთარი თავის ახლებურად წარმოჩენაში, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ მიმზიდველობის პრინციპია. მოსწავლეები, როგორც არასდროს, გამოირჩევიან მაღალი აქტივობით, გამოხატავენ საკუთარ აზრს , თავიანთი შექმნილი რესურსების კვალდაკვალ თავად აგებენ ახალ ცოდნას და ინტერაქტიული სასწავლო ობიექტების kahoot, plikers, One Note -ს Edmodo-ს Padlet-ის  გამოყენებით მსჯელობენ , ივითარებენ  ანალიზისა და შეფასების  უნარს. მათთვის სწავლების ასეთი მიდგომები იმდენად ახლობელია, რომ  მის დანაკლისს ჟანგბადის  ნაკლოვანებასავით  განიცდიან.

 

რა როლი ენიჭება მასწავლებელს ამ პროცესში და მის პროფესიულ განვითარებას, რა ამაღლებს მასწავლებლის მოტივაციას?

 

განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონირებს მასწავლებელთა  სასწავლო ჯგუფები. ამგვარი შეხვედრების ფარგლებში პედაგოგები ზრუნავენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ და ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ პედაგოგიურ ცოდნასა და პრაქტიკულ  გამოცდილებას, ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილებს, იხილავენ კონკრეტული კლასისა და კლასების ტესტირების შედეგებს, იღებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას  მოსწავლეთა მიღწევებზე, სახავენ კლასის ქცევითი პრობლემების მოგვარების გზებს. მოტივაციას ამაღლებს ის ფაქტიც, რომ აქვთ შეხვედრებისთვის  კეთილგანწყობილი და კომფორტული გარემო და რაც მთავარია, არსებობს მასწავლებლის ავტონომია და შემოქმედებითი თავისუფლება. ასევე, აქტიურად ვაშუქებთ ყველა მიმდინარე პროცესს სკოლის სოციალური ქსელით და ბუნებრივად ვქმნით ჯანსაღ, კონკურენტულ, მამოტივირებელ და თანამშრომლობით გარემოს.

 

თქვენი მუშაობის მთავარი პრინციპი რას ეფუძნება?  

 

ნებისმიერი სიახლის დანერგვის აუცილებელი კომპონენტი ძლიერი მიზანდასახული გუნდი და ინიციატივიანი,  პირადი მაგალითის მიმცემი, მხარდამჭერი ლიდერი –  სწორედ ეს არის ჩემი სკოლის ძლიერი მხარე:  თანამშრომლობა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა , კრეატიულობა – სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა.

 

 

 

ვაჟა და ნიცშე

0

არც ერთ ნაწარმოებს არ გამოუწვევია ჩვენს ლიტერატურულ წრეებში აზრთა ისეთი სხვადასხვაობა, როგორიც „გველის მჭამელს“. დღემდე არ მომხდარა ამ პოემის საფუძვლიანი ანალიზი. ვერც მის დეადააზრზე მოხერხდა შეთანხმება. იდეის პოვნის სიძნელე რომ მხატვრული ნაწარმოების ნაკლებღირებულებოვნებაზე არ მიუთითებს, ამას მოწმობს ცნობილი ფაქტები მსოფლიო ლიტერატურიდან, როცა სხვადასხვა ისტორიკოსი და ფილოსოფოსი განსხვავებულ აზრს დებდა საყოველთაოდ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებში. „გველის მჭამელი“ გამოხატავს ვაჟა-ფშაველას ეთიკურ-ესთეტიკურ შეხედულებათა მოწიფულობას და მკითხველიც უშუალოდ განიცდის ამ დიდებული პოემის საოცარ ფილოსოფიურ სიღრმეს, მიუხედავად ამისა, ლიტერატურულ წრეებში ეჭვქვეშ იდგა ამ პოემის სრულფასოვნების საკითხი და ქართველ კრიტიკოსთა ერთი ნაწილი თუ იწონებდა მასში აღძრულ დიდ პრობლემებს, სხვებს ეჭვი შეჰქონდათ პოემის მხატვრულ ღირსებებში.

XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა ინდივიდუალიზმის სხვადასხვა თეორიამ. ინდივიდუალიზმის პრობლემამ მიიზიდა იმ დროის შემოქმედთა უმეტესობა, ამ ინტერესმა მოიცვა ხელოვნების თითქმის ყველა სფერო. ვაჟა-ფშაველას – ხელოვანისა და თავის დროის შვილის – ნაწარმოებებშიც აირეკლა ეს პრობლემა. მით უმეტეს, რომ მწერლის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობოდა ინტერესი არაჩვეულებრივი პერსონაჟებისადმი. „გველის მჭამელის” გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა საფუძველი, ვაჟას თანამედროვე თუ შემდგომი დროის ქართველ კრიტიკოსთა ერთ ნაწილს მწერალი ფრიდრიხ ნიცშეს იდეათა გავლენის ქვეშ მყოფად წარმოედგინა. ამ თვალსაზრისს იზიარებდა, მაგალითად, ვახტანგ კოტეტიშვილი. რაც შეეხება მკვლევართა მეორე ნაწილს, მათ დასაბუთებულად გამიჯნეს პრობლემა ინდივიდუალობისა და ინდივიდუალიზმისა, ხოლო „გველის მჭამელი” სწორედ ინდივიდუალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას დაუპირისპირეს. გრიგოლ კიკნაძის აზრით, ვაჟა-ფშაველასათვის აქტუალურია პრობლემა ინდივიდუალობისა, ხოლო „ინდივიდთა მიმართ სიმპათიურ დამოკიდებულებას უეჭველად ინდივიდუალისტურ კონცეფციამდე როდი მივყევართ… ვაჟა-ფშაველას გმირები ინდივიდუალისტები არ არიან, ისინი სოციალურ პიროვნებებს წარმოადგენენ“.

ვაჟა-ფშაველას ნაწერებში არ არის პირდაპირ მითითებული, რომ პოეტი აკრიტიკებდეს ან იწონებდეს და იღებდეს ნიცშეს შეხედულებებს. ვაჟას შესახებ არსებულ მოგონებებში ავტორები მრავალგზის მიუთითებენ, რომ იგი ცხარედ ეკამათებოდა ამ ფილოსოფოსს. თუმცა, ამ მოგონებების არასერიოზული ტონიდან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა, ვაჟას მსგავსი ფორმით გაეკრიტიკებინა ნიცშე. აქვე უნდა ითქვას, რომ „ზარატუსტრას” ავტორის მრწამსი თავისებურად აირეკლა გამოჩენილი ქართველი მწერლების კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟა-ფშაველასა და ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებათა შორის ერთგვარი პარალელების გავლებაც შეიძლება. ასე, მაგალითად: ვაჟა თითქოს უარყოფს მისი დროის ცივილიზაციის მონაპოვარს, როცა წერს: „ვარდი ვარდია, მაინც არ ვაქებ, ტყეში მოსული მიჩვენეთ ია”, ან როცა ეიფელის კოშკს ამჯობინებს, „ხევში რომ შავი ლოდები ჰყრია”. ნიცშეს თხზულებაშიც რჩეული ადამიანი ცივილიზაციას უპირისპირებს ბუნებრივ, დიონისურ – ველურ საწყისს. ნიცშეს აზრით, სამყაროს ძირიც სწორედ დიონისურია, ამ საწყისს დაწაფებული ადამიანი ანტიპოდია თანამედროვე ადამიანისა და მისთვის სიცოცხლის სავსეობაა დამახასიათებელი, რაც მის არსებაში მოცემული პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას ნიშნავს. ნიცშეს აზრით, სიცოცხლე უნდა იყოს სისხლსავსე, მძაფრი, ჰეროიკული. ქართულ სულთან და ვაჟა-ფშაველას გმირებთანაც ნიცშეს ერთგვარად ანათესავებს სიძულვილი ჯოგური ცხოვრებისა და მასში გათქვეფილი უსახური ადამიანისა, რომლის მონური სურვილი მხოლოდ საკუთარი „პაწია“ ბედნიერებითა და კეთილდღეობით შემოიფარგლება. ქართულ სულიერ სწრაფვებთან ასევე ახლოსაა ნიცშეს თაყვანისცემა მოძრაობით, ბრძოლით, ხიფათით, რისკით აღსავსე „დიონისური“ ცხოვრებისადმი. სიბრძნე და სიმამაცე ანგარიშიან განსჯის მოთხოვნათა უარმყოფელი, ლაღი, უშურველი და ხელგაშლილი ადამიანისა. ამასთანავე, ვაჟა ერთგან წერს: „მინამ არწივი და კაკაბი არიან, კაკაბი მუდამ იქნება სანადირო არწივისა“. მას არ ავიწყდება, რომ სამყაროს გვირგვინად მიჩნეულ ადამიანს სიკეთის, სილამაზის დიდ უნართან ერთად, სისხლის მოყვარული ვნებებიც ამოძრავებს. მწერალს მიაჩნია, რომ ნათელ მხარეებთან, სილამაზის სიყვარულთან ერთად, ადამიანს ბნელი მხარეებიც, ველური, ბილწი ბუნებაც აქვს, რომელიც კლავს და ანადგურებს ამ სილამაზეს. ამ შემთხვევაში იგი თანამედროვე თვალთახედვით სიკეთისა და ბოროტების მძაფრ დაპირისპირებას აჩვენებს მკითხველს, რაც სამყაროს, ტრაგიზმით აღსავსე ყოფიერების წონასწორობის პრინციპია. ნიცშეს თვალსაზრისითაც, ძლიერი ნთქავს უსუსურს, სუსტს. ნიცშეს იდეალია არა თანასწორუფლებიანი საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელსაც მართავს რჩეულთა, ძლიერთა, ზეკაცთა ელიტა და ცხოვრების, არსებობის მიზანი, შინაარსი და საფუძველიც ბატონობის სურვილია.

„შენ, ჩემო სამშობლო მარტოობა“, – ამბობს ზარატუსტრა. მარტოობაა ხვედრი და თანამდევი ვაჟა-ფშაველას გმირებისაც, რომელნიც ნიცშეს გმირივით გამორჩეულნი არიან სხვათაგან; ნიცშეს ზარატუსტრას საქმედ ადამიანებთან მისვლა და მათი „მოქცევა“ მიაჩნია. ასეთივე ფუნქციას გაუცნობიერებლად კისრულობენ ვაჟას პერსონაჟებიც. ისინი ზნეობრივი გმირები არიან, რომლებიც აკეთილშობილებენ გარემოს: მათი მაგალითით ადამიანები იცვლებიან, უკეთესნი ხდებიან. ეს გმირები შეგნებული თანმიმდევრულობით მისდევენ თავიანთსავე აღმოჩენილ ჭეშმარიტებას და ეწირებიან მას. ეს ის შემთხვევებია, როცა გმირის შეგნება უსწრებს მასის შეგნებას და იგულისხმება, რომ მასა უნდა დაეწიოს გმირს, რომელიც წინამავლის როლში აღმოჩნდა. ასეთი ადამიანები, ამერიკელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის უილიამ ჯემსის აზრით, „წარმოადგენენ უკუნის გამარღვეველ სინათლის სხივს. ისინი არიან წინამორბედნი ახალი ცხოვრებისა… მათი ცხოვრების მოწოდებაა გაანაყოფიერონ მსოფლიო, გამოაცოცხლონ სიკეთის ის მარცვლები, რომლებიც უიმათოდ ვერ გაიხარებს. მას შემდეგ, რაც (ასეთი კაცი) გაივლის ჩვენ წინაშე, ჩვენ მეტად აღარ შეგვეძლება ისეთნაირები ვიყოთ, როგორებიც მანამდე ვიყავით“.

ნიცშეს და ვაჟას თვალსაზრისთა მსგავსებას ქმნის ისიც, რომ „გველის მჭამელის“ მინდიას სხვათათვის მიუწვდომელი უნარი, გზა ბუნების წვდომისა, ინსტინქტურია. მინდიას ხედვა არის გულის როგორც პიროვნების შინაგანი განცდის და არა გონების, სამყაროს შემეცნების საფუძველზე მოპოვებული უნარი. მინდიას შემთხვევაში ცოდნას ვერ ვიგულისხმებთ, რადგან მისი გონება ცოდნაზე არ არის ორიენტირებული, ცოდნის მოპოვების მოცემული გზა არ შეესაბამება ცოდნის ბუნებას. ნამდვილი ცოდნა სხვა გზით შეიძინება და მისი დაკარგვაც შეუძლებელია ისე, როგორც მინდიას დაემართა. ამგვარად, მინდიას მოქმედებას ინტელექტუალური სფერო არ განაგებს. „გველის მჭამელში“ მოცემულია ბუნების ინტუიციურად წვდომის პრობლემა. ეს არის თემა ამ ნაწარმოებისა. ის, რომ გონების გარდა არსებობს რაღაც სხვა საშუალება (ზოგ შემთხვევაში – საუკეთესოც) გარემოში გარკვევისა, წვდომისა. პოემაში ლაპარაკია ისეთ ინტუიციაზე, ინსტინქტზე, რომელიც გვაგრძნობინებს, რა არის ცუდი და რა – კარგი. როცა ადამიანი გრძნობს, ვის მხარეზეა სიმართლე, თუმცა არ შეუძლია ამის ლოგიკურად დასაბუთება. ვაჟა გვიჩვენებს, რომ გონების გვერდით ამ გზითაც შეიძლება ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედება. ნიცშეც, რომელიც უარყოფს სოკრატეს გონიერებას, ინსტინქტის პრიორიტეტს აღიარებს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, არის არსებითი განსხვავებებიც ამ ორი ავტორის ნაწარმოებთა შორის. ადამიანის პიროვნული ქრობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ნიცშესთან ქრისტიანობის უმთავრესი მცნებები – სიყვარული და თანაგრძნობაა. მისი აზრით, ღვთისმოშიში ადამიანი ზღუდავს პიროვნულს და თავის ქცევას უქვემდებარებს იდეალურ ღირებულებათა სამეფოს – ღმერთს. ზარატუსტრამ სამყაროს ჩამოაშორა რწმენა იმისა, რომ ჩვენს არსებობას განაგებს ღმერთი, რომ ჩვენი ქცევა უნდა შეფასდეს „სიკეთისა“ და „ბოროტების“ კრიტერიუმებით. ყოველი ნივთი, ზარატუსტრას აზრით, ამ კრიტერიუმების მიღმაა, „მარადიული მიზნის“, ღმერთის მონობისგან თავისუფალ სამყაროში ადგილია „როკვისა“, „თამაშისა“… ვაჟა- ფშაველასთან, მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში არ არის მძაფრი, გამოკვეთილად რელიგური განწყობილებანი, ყველგან: სამყაროში, ადამიანში, – ღმერთის ძიებაა მთავარი. გავიხსენოთ „ალუდა ქეთელაური“, რომელშიც ხატობაზე აშკარავდება, რომ მომწიფებული კონფლიქტი ალუდას ახალი რწმენით გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატიულად შეზღუდულ საზოგადოებას შორის კულმინაციას აღწევს. ამ საზოგადოების ტრადიციულ ღმერთს უპირისპირდება ალუდა ქეთელაურის ინდივიდუალობა, მისგან მოპოვებული, უშუალოდ განცდილი სრულყოფილი ღმერთი და კაცის პიროვნებასაც ამ ღმერთთან მსგავსება ქმნის. ალუდა ქეთელაური ვაჟას უმშვენიერესი გმირია, რომელიც იბრძვის არა საკუთარ ინტერესთა დასაცავად, თავისი განსაკუთრებული ადგილის დასამტკიცებლად, არამედ სიკეთის, ჭეშმარიტების სახელით გამოდის. იგი იბადება თემის კოლექტივიდან როგორც პიროვნება, არღვევს გაქვავებულ რელიგიურ დოგმებს და აღწევს თავისუფლებას, მიდის ღმერთამდე. ალუდას მიერ წვდომილი ღმერთისთვის არ არსებობს მტრად და მოყვრად, რჯულიანად და ურჯულოდ, ცოდვიანად და უცოდველად გაორებული საწუთრო. ყველა ერთი ღმერთის საუფლოშია შეყვანილი. აქვე უნდა ითქვას „გველის მჭამელზეც“, რომელიც მოგვითხრობს ტრაგიკულ ბედზე იმ ადამიანისა, რომელიც ბუნებასთან, მთელ სამყაროსთან, ღმერთთან თანაზიარობის შინაგან, ინტუიციურად მოპოვებულ უნარს კარგავს და იღუპება, რადგან მისთვის, როგორც ოჯახისა და საზოგადოების წევრისთვის, ე.ი. სოციალურად შემოსაზღვრული არსებისათვის, შეუძლებელი აღმოჩნდა შეენარჩუნებინა თავისი არსებობის განსაკუთრებულობა, ღვთიური სიბრძნისა და ადამიანური ყოფის ურთიერთმორგება კრახით დამთავრდა. მინდია ეზიარა ღმერთს, გახდა უნივერსალური, მაგრამ დარჩა, ამავე დროს, ადამიანურად შემოსაზღვრული. სამყაროს პირველდასაბამს მოწყვეტილი ადამიანი თავს იკლავს და ეს ბუნებრივი დასასრულია, რადგან ღმერთთან თანაზიარებულისთვის ამ თანაზიარობის დაკარგვა თავისთავად უდრის სიკვდილს. რაც შეეხება ნიცშეს, იგი უკუაგდებს ღმერთს და ადამიანის სულის უკვდავებას. მისი აზრით, სამყარო მოკლებულია ღვთაებრივ საწყისს, საყრდენს, წესებს. იგი ამაოდ ცდილობს გამონახოს ისეთი ავტორიტეტი, რომელიც დაიკავებს დამხობილი ღმერთის ადგილს. („მე ვარ უღმერთო ზარატუსტრა… და ჩემგან უნდა იშვას ზეკაცი“). ნიცშეს აზრით, კეთილმოქმედებითა და თანაგრძნობით ადამიანი აუქმებს თავის თავს და სხვისი ტანჯვის მოსარჩლე ხდება. ეს ზღუდავს მას გამორჩეულობისა და სიძლიერისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ საჭიროა ამ შეზღუდვისაგან თავის დაღწევა. ზნეობა, სიკეთე და ბოროტება ადამიანთა გამოგონილია. ეს ღირებულებები სუსტი, უღონო, დაავადებული სიცოცხლის ნაყოფად ესახება ნიცშეს. ამგვარად, სიკეთე უღელია, რომელიც სულიერთ სუსტთა კისერზე დაუდვიათ. თუმცა, ზარატუსტრას ბოროტი მოსწონს, რადგან მასში მეტი ენერგიაა. ნიცშეს ზარატუსტრა სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას. იგი არის არა „მორალისტი“, არამედ „იმორალიტი“. გზა „ზეკაცობისკენ“ მოითხოვს უზომო სიძულვილს ყველა ძველი ღირებულებისა – ტრადიციულად გაგებული ბედნიერებისა, გონებისა, სიკეთე-ბოროტებისა.

ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება ხოტბაა სიცოცხლისა, რომლის უმნიშვნელო გამოვლინებასაც კი შეჰხარის პოეტი. სულის სიღრმემდე განიცდის ბუნების სულიერ და გასულიერებულ არსებათა ტკივილს, ფიქრობს მათს საფიქრალს.

ნიცშესთან უნდა წარიღვნას ყოველივე, რაც ცოცხლობს, შეუბრალებელია ზარატუსტრა, მის სულს არ ეკარება ადამიანთა ტანჯვა, ის სიხარულის მაყარია, მროკავი, ლაღი, უდარდელი (აქვე გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას თითქოს მსოფლიო სევდით შეპყრობილი გმირებიც).

რაც შეეხება მინდიას, მან ქაჯთა ტყვეობაში გველის ხორცი ჭამა (30 წლის ზარატუსტრა შეუდგა განდეგილის ცხოვრებას და ათი წელიწადი ცხოვრობდა გამოქვაბულში თავის საყვარელ ცხოველებთან – არწივსა და გველთან ერთად. ერთი შეხედვით, „გველის მჭამელშიც“, ზარატუსტრას მსგავსად გველთან, სიახლოვე სძენს ადამიანს სასწაულებრივ უნარს) და საოცარ სიბრძნეს, ქაჯთა ყველა არაადამიანურ საიდუმლოს ეზიარა, თუმცა, ქაჯებისგან განსხვავებით, რომელთაც ეს სიბრძნე დემონებად აქცევდა, მინდია ბოლომდე სიკეთისა და ადამიანურობის ერთგული დარჩა. მან უმაღლეს სიკეთეს მიაღწია, იგი ხალხის მოკეთეა.

მართალია ნიცშესთან პოეტი მომავლის მეგზურია, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ეს მოაზროვნე სოციალურ მიზანს უქვემდებარებდეს ხელოვანის როლსა და ადგილს საზოგადოებაში. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, იგი სოციალურად მომართული პოეტი იყო. ნიცშეს „ზეკაცი“ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც საკუთარ „მე“- ს აყენებს სამყაროს ცენტრში, მას არ სურს მორჩილება, სურს იყოს ყოველივეს ბატონ-პატრონი, მცნებას „შენ ხარ მოვალე“ (გავიხსენოთ, რომ ეს არის უმთავრესი მცნება ვაჟას მინდიასათვის, რომლითაც იგი თავს ივალდებულებს თითქმის მთელი სამყაროს წინაშე) უპირისპირებს თავის თავისუფლებას – „მე მსურს“. ეს არის ნიჰილიზმი, რომლის განცდა უცხოა ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროსთვის, რომელსაც მყარი მორალური საფუძველი აქვს. ნიცშეს „ზეკაცი“, საზოგადოებას მოწყვეტილი, კმაყოფილდება მხოლოდ სამყაროს მედიდური ჭვრეტით, მაგრამ, არისტოტელეს თქმით, ადამიანი დაბადებულია არა ჭვრეტისთვის, არამედ მოქმედებისთვის. „გველის მჭამელის“ გმირ მინდიას, მიუხედავად ყოფასთან მისი შეურიგებლობისა, მოქმედება არ აკლია, ნიცშეს ზარატუსტრასგან განსხვავებით, ის მაინც სოციალური პიროვნებაა და სულ იმის ფიქრითაა შეპყრობილი, რითი არგოს ქვეყანას, რადგან მისი ამქვეყნიური ბედნიერებისათვის აუცილებელი ოცნებაა: „ნეტავი იმას, ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა“… მინდიას მარცხიც ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამში ჩაფლულ საზოგადოებაში არა ინდივიდუალისტის, არამედ მაღალი სოციალური იდეალების მქონე პიროვნების მარცხია. ამგვარად, „გველის მჭამელშიც“, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას სხვა პოემებში, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მოტივია ნაჩვენები. ურთიერთობა დიდებული, თუმცა, ამავე დროს, უცნაური, უნიადაგო პიროვნებისა და საზოგადოებისა, რომელიც ამ პიროვნებაზე დაყრდნობით ცდილობს წინსვლას. ვაჟა-ფშაველას იდეალი კი ჯანსაღი, ძლიერი პიროვნებისა და გონიერი საზოგადოების შეხედულებათა და სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დამთხვევაა, რადგან მხოლოდ ასეთ პირობებში ვითარდება სრულფასოვნად პიროვნებაცა და საზოგადოებაც.

ვაჟა-ფშაველას ძლიერი, ამაღლებული პოეზიისთვის, ისევე, როგორც საზოგადოდ ქართული ცნობიერებისთვის, ქრისტიანული მსოფლხედვაა დამახასიათებელი, რომლისთვისაც მიუღებელია სამყარო, სადაც „ღმერთი მკვდარია“, სამყარო, რომელიც ასეთი სიღრმით არის მოცემული ნიცშეს თხზულებაში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. ნიცშე ახორციელებს XIX საუკუნის ანტირელიგიურ ტენდენციას. იგი უარყოფს ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტებას როგორც ილუზიას, ფანტასმაგორიას. საყრდენს, წესებს მოკლებული სამყარო, მოვლენათა უმიზნო, დაუსრულებელი ცვალებადობა, უაზრო და ცარიელია _ ასეთია ნიცშეს სკეპტიციზმი. ნიცშეს ზარატუსტრა ნიჰილიზმით სავსეა, ბოროტი გენიის მატარებელი, დემონს დამსგავსებული, სოციალური მიზნებისაგან თავისუფალი, ყოველგვარი ზნეობრივისგან დაცლილი. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას იდეალურ პერსონაჟებს (ალუდა, მინდია), მათ კონკრეტული სოციალური მისია აკისრიათ. ისინი, როგორც ზნეობრივი გმირები, იბრძვიან საზოგადოების გაჯანსაღებისთვის, სრულყოფისთვის, თავისუფალი სამყაროს ასაშენებლად, სიკეთის (რომელიც ნიცშესთან სრულიად გაუფასურებულია, ხოლო, ვაჟას რწმენით, ადამიანის სულის არსებით თვისებას წარმოადგენს), ღვთაებრივი ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად.

თითქოს ძნელი შესადარებელიცაა ვაჟა-ფშაველას რთული, მაგრამ, ამავე დროს, ნათელი პოეტური სამყარო და სამყარო, რომელიც ნიცშეს ბნელით და წყვდიადით მოსილი გონების შექმნილია. „ვმუშაობ წელში მოხრილი, ჩემს საკუთარ, „მე“-ში გამომწყვდეული, როგორც გამოქვებულში, მე თვითონ ვისამარებ ჩემს თავს და ჩემი საკუთარი საფლავი ვარ მე. უძლური, გაშეშებული ლეში“, – წერდა ფრიდრიხ ნიცშე უკანასკნელად.

„ორი რამ მაფიქრებს და მაღელვებს, როდესაც მათზე შეჩერდება ჩემი გონება: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზევით და ზნეობრივი კანონი ჩემში“, – ამბობდა ფილოსოფოსი ემანუილ კანტი. ეს არის ღმერთის ძიება და აღიარება სამყაროში და თავად ადამიანში. ეს იყო ვაჟა-ფშაველას – ფშავის იშვიათი ინტელიგენტის, როგორც მას ვახტანგ კოტეტიშვილი უწოდებდა – ძირითადი ამოცანაც და მთელი მისი შემოქმედებაც ამას ეძღვნება.

თანამედროვე მუსიკის გაკვეთილის მახასიათებლები

0

შემეცნებითი მიდგომა – ეს არის თეორიული აზროვნებისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობა. ის გამოიყენება განვითარების ყველა საფეხურზე, ისევე როგორც საგანმანათლებლო სასწავლო პროცესში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას. შემეცნება მხოლოდ სწავლების პროცესში იძენს მკაფიო ფორმას.

ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფორმაა შემოქმედებითობა. შესაბამისად, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გააქტიურება სწავლის მეთოდის გაუმჯობესების განუყოფელი ნაწილია. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ სამყარო ჩვენ გარშემო არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ ყოველდღე გავდივართ ახალ გზას, რათა განუწყვეტლივ განვვითარდეთ და აღმოვაჩინოთ სიახლეები.

როგორ მივაღწიოთ ამას სკოლაში, რათა მოსწავლეს ახალ-ახალი აღმოჩენებისკენ ვუბიძგოთ?

განათლების მთავარი, ყველაზე სტაბილური და ფართოდ გავრცელებული ფორმა გაკვეთილია, რაც მასწავლებელს პრობლემის გადაჭრა-დაძლევაში ეხმარება.

  • როგორი უნდა იყოს თანამედროვე გაკვეთილი?
  • როგორ გავაუმჯობესოთ მ ხარისხი?

ამ კითხვებს დასვამდა ყველა შემოქმედი პედაგოგი. როდესაც მასწავლებელს სურს, გაკვეთილი იყო ნათელი და ემოციური, თითოეულ მოსწავლეს გააცნოს შესასწავლი მასალა ისე, რომ გააქტიუროს მათი შემეცნების უნარ-ჩვევები, წარმოიქმნება გაკვეთილის არატრადიციული ფორმები.

სიტყვა „ტრადიციული“ ლათინურად ნიშნავს ჩვეულებრივს, საზოგადოებაში მიღებულს. შესაბამისად, არატრადიციული – რაღაც უჩვეულო, განსხვავებულია.

ჩემი აზრით, საგანმანათლებლო პროცესის არატრადიციული ფორმებით დატვირთვა გაამართლებს გაკვეთილის ფორმის განვითარებას და გაუმჯობესებას, ვინაიდან ფორმის ცვალებადობა იწვევს არსებული საკლასო ჩარჩოს შეცვლას და გაკვეთილი სხვა შემეცნებით საფეხურზე გადავა. ასეთი გაკვეთილის უჩვეულობა მოსწავლის შემოქმედებით წარმოსახვასა და პედაგოგის ფანტაზიაზეა დაფუძნებული. გაკვეთილი მოითხოვს სტანდარტულ და ორიგინალურ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებას და ინტერესის ზრდას. შესაბამისად, გაიზრდება გაკვეთილის ეფექტურობაც.

მასწავლებელი მოსწავლეს აცნობს ყურადღების და მობილიზების, ცოდნის შეძენის რამდენიმე გზას, ამოცანის გადაჭრის რამდენიმე საშუალებას და ხელს უწყობს მასალის ანალიზისა და გამოკვლევისთვის საჭირო უნარების ფორმირებას.

არასტანდარტული გაკვეთილი სწავლის მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის ორგანიზებას. მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის, დამოუკიდებლობის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის გამოთქმის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარ-ჩვევები. შედეგად ვიღებთ უწყვეტი განათლებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ზრდას.

მუსიკის გაკვეთილზე გამოიყენება აუდიო- და ვიდეომასალა, საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მულტიმედიური აღჭურვილობა.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წაახალისებს მოსწავლეებს საკუთარი თავის ახლებურად წარმოსაჩენად. საჭიროა, ყველა მოსწავლე ჩავრთოთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობაში. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განსხვავებული აზრის გათვალისწინება. პედაგოგომა უნდა გამოიჩინოს ყურადღება როგორც ძლიერი, ისე სუსტი მოსწავლეების მიმართ, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი, საგაკვეთილო პროცესში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

განვასხვავებთ არასტანდარტული გაკვეთილის შემდეგ ტიპებს:

  1. თამაშის ფორმის გაკვეთილები: კონკურსი, ვიქტორინა, ჯგუფებს შორის მუსიკალურ-რიტმული შეჯიბრება;
  2. გაკვეთილები, დაფუძნებული ამა თუ იმ ჟანრსა და მეთოდურ სავარჯიშოზე: სამუშაო პრაქტიკა, გამომგონებლობა, ინტერვიუები, კომენტარები.
  3. კამათის საჯარო ფორმის მსგავსი გაკვეთილები: კონფერენცია, დისკუსია, დიალოგი, დებატები;
  4. ფანტაზიაზე დაფუძნებული გაკვეთილები:

გაკვეთილი-ზღაპარი, გაკვეთილი-სიურპრიზი, გაკვეთილი-მოგზაურობა;

  1. კლასგარეშე მუშაობის ტრადიციული ფორმები: სპექტაკლი, კონცერტი, მხატვრული ნაწარმოების ინსცენირება;
  2. ინტეგრირებული გაკვეთილები;
  3. ტრადიციული გაკვეთილები: გამოკითხვა, გაკვეთილი-ჩათვლა.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მუსიკის გაკვეთილები. მუსიკის გაკვეთილისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ემოციური ატმოსფეროს შექმნა. მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, თითოეული გაკვეთილი ორიგინალურია. მისი ემოციური განწყობის შესაქმნელად ერთი ჟანრის ნაწარმოების მოსმენის შემდეგ საჭიროა სხვა ჟანრის ნაწარმოების მოსმენა და ამ ორის ერთმანეთთან შედარება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებისთვის.

ჩემი აზრით, მუსიკის გაკვეთილი თავისთავად არის არასტანდარტული, სხვა საგნების გაკვეთილებისგან განხვავებული.

არასტანდარტული გაკვეთილის ჩატარებაში მეხმარება შემდეგი რეკომენდაციები:

  • არასტანდარტული გაკვეთილის ფორმის არჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს კლასის მზადყოფნის დონე, ხასიათი, ტემპერამენტი, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები.
  • აუცილებელი პრინციპია „ბავშვებთან და ბავშვებისთვის“. მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სასიამოვნო და კრეატიული ატმოსფერო.

ჩემს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა არასტანდარტული მუსიკის გაკვეთილების ერთგვარი სისტემა. მათ შეიძლება რამდენიმე ფორმა ჰქონდეთ:

  1. გაკვეთილი-კონცერტი

ტარდება სასწავლო წლის ბოლოს. მისი მიზანია მოსწავლეთა მუსიკალური კულტურის დონის დემონსტრირება.

სადღესასწაულო კონცერტი უნდა ჩატარდეს სადღესასწაულო ატმოსფეროში. წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის მუსიკალური ნომრები: სოლო სიმღერა (ხალხური, თანამედროვე, კლასიკური), საგუნდო სიმღერა, – მუსიკალურ-რიტმული მოძრაობების თანხლებით.

გაკვეთილი-კონცერტი მთავრდება მშობლებთან ერთად სიმღერის შესრულებით. ეს ყოველთვის ამაღლებს განწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილი-კონცერტისთვის.

  1. გაკვეთილი-თამაში

ამ გაკვეთილის მთავარი ამოცანაა, გავუღვივოთ ბავშვებს სწავლის სურვილი და ინტერესი, თამაშით განვავითაროთ მოსწავლე. თამაში არის აქტივობის ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების მიღებას და მასალის პოზიტიურად ათვისებას. თამაში საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მიიღოს წარმატების ან წარუმატებლობის ემოციური გამოცდილება. ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას, ტოლერანტობას, მეგობრობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, კომპრომისს. თამაში აღვივებს თავდაჯერებას, ავითარებს პიროვნებას და მის შემოქმედებით უნარს, სახალისოა და ზრდის მოტივაციას.

  1. გაკვეთილი-ჩათვლა

ჩათვლა ასრულებს საკონტროლო ფუნქციას, თუმცა მისი მთავარი მიზანია თემის სისტემატიზაცია და ძირითადი საკითხების ცოდნის შეჯამება.

  1. ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. სასწავლო მასალა ერთი საგნის მეორესთან თემატური კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანა ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა.

მინდა, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან მოვიყვანო ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე საგანს: მუსიკას, სახვით ხელოვნებას, ქართულს, ისტორიას და უცხო ენას. გაკვეთილის თემა გახლდათ „პეიზაჟი მუსიკაში“ – ბუნების აღწერა კომპოზიტორებს შემოქმედებაში.

  1. გაკვეთილი-სემინარი

ამ ტიპის გაკვეთილის მთავარი მიზანია საკითხის სიღრმისეული შესწავლა, თეორიული და კონსტრუქციული მეთოდების დაუფლება. სასკოლო გარემოში სემინარი პრაქტიკული სავარჯიშოს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ კვლევას, გამოცდილების საფუძველზე ანგარიშის შედგენას, პრეზენტაციას.

თავად ჩავატარე ორი გაკვეთილი-სემინარი შემდეგ თემებზე: „მე და ჩემი მუსიკალური სამყარო“; „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია“.

  1. გაკვეთილი-კვლევა

მისი მიზანია, მოსწავლეებმა შეიძინონ კვლევის უნარ-ჩვევა როგორც მყარი ცოდნის მიღების უნივერსალური, დამოუკიდებელი გზა. კვლევის შედეგი უნდა იყოს ინტერაქციული, შემოქმედებითი პრაქტიკის ცოდნა, ჭეშმარიტების დადგენა. მაგალითად, „ჩემი საყვარელი კომპოზიტორი“ – ეს არის არატრადიციული გაკვეთილის პროგრესული გზა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს იდეების გენერირების, ინტერდისციპლინური კავშირების გამოყენების საშუალებას და ხელს უწყობს ინოვაციური მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარებას.

  1. გაკვეთილი-ექსკურსია

ეს არის გაკვეთილის ფორმა, რომლის ფუნქციაა სასწავლო პროცესის განხორციელება ბუნებაში, მუზეუმში, თეატრში. ექსკურსიის მეთოდი დამოკიდებულია თემაზე, დიდაქტიკურ მიზანსა და მოსწავლეთა ასაკზე, მათ განვითარებაზე. გაკვეთილი-ექსკურსია უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის გეგმას (დაკვირვება, დიაგრამა, ჩანახატები, ვიზუალური და საილუსტრაციო მასალა).

ინტერესის გასაღვივებლად მოსწავლეები თბილისის ხალხურ საკრავთა მუზეუმში წავიყვანე. ბავშვებმა დაათვალიერეს საკრავები. გაუჩნდათ უამრავი კითხვა. ერთი კვირის შემდეგ მოვაწყეთ ექსკურსია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნაზე“. შესვენების დროს ბავშვებმა დაათვალიერეს საორკესტრო ორმო: საკრავები, დირიჟორის პულტი და პარტიტურა. მოგვიანებით ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმშიც ვიყავით. სწორედ ქართული მუსიკალური ფოლკლორი გახდა კომპოზიტორის შემოქმედების საფუძველი.

ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც დაემზადებინათ საკრავები. მერე მათი ნამუშევრების გამოფენაც გავმართე.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვინაიდან სწორედ ეს არის სწავლა კეთებით, რომელზეც საუბრობს ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი. მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების პროდუქტს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორეს მხრივ კი აჩვენებს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი პროცესის ორი საფეხურია.

არასტანდარტულ გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები უკეთესად იმახსოვრებენ. თუმცა არ ღირს ასეთი გაკვეთილების მუდმივად ჩატარება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ნაკლებად ინფორმაციული აღმოჩნდეს. განათლებისა და აღზრდის მთავარი ფორმა უნდა იყოს ტრადიციული გაკვეთილი, მაგრამ აუცილებელია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განითარებას, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების ზრდას, მუსიკის მიმართ ინტერესის გაღვივებას, საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას.

მინდა, წერილი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის სიტყვებით დავამთავრო: „მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას – ფრთებს, ფანტაზიას – ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი – ყველაფერს“.

სანამ სუნთქვა გეყოფა

0

სპრინტერობა არაა ძნელი, ძნელია სტაიერი იყო, – მითხრა ჩემმა მეგობარმა ტუსკიამ, როცა გამთანგველი დღის ბოლოს ლუდის დასალევად შევიყარეთ ერთ პრესტიჟულ ბარ-რესტორანში.

– მგონი ორივე ძნელია.

– არა, შენ ვერ გამიგე, – ცივ კათხას ორივე ხელი შემოხვია და კონდიციონერისგან წამოსული ჰაერის ტალღისკენ გასწია თავი, – სპრინტერობა აფეთქებასავითაა, უფრო ადამიანურია, ცოტა რომანტიკულიც 26-28 წლის ასაკში დაღუპული პოეტებივით, ტრაგიკული სიკვდილი რომ წაეშველებათ პოპულარობაში. აბა, თუ ბიჭი ხარ, ათი, ოცი, ოცდაათი წელი გაუძელი წლებს, ბიძგებს, კონკურენციას, კონკურენტებს, მათი ვნებები მოილიე, თან ისე, შენც არ ჩამოხვიდე სცენიდან, მოქმედი იყო, აქტუალური…

– ალბათ ცოტა კონფორმისტიც უნდა იყო, – გამეღიმა, რაღაცები და ვიღაცები გამახსენდა.

– ბებიამაგათისამ! მარკესმა რომ იცხოვრა ოთხმოცდაშვიდი წელი და ბოლო ორმოცი-ორმოცდახუთი სკოლის დირექტორივით დადიოდა კონტინენტიდან კონტინენტზე და ყველაზე არალიტერატურულ ადგილებშიც თავისი არაკატაკა შეიტანა, ამის საპირწონეზე გინდა შენ რამე დააყენო?

– რა იყო, თვითონაც აღიარებდა, ფიდელ კასტროს ძმაკაცი რომ იყო.

– უნდოდა და იყო, ძმაო, რამე პრობლემაა? და სად ნახე აქ კონფორმიზმი?

– არა, კონფორმიზმი არა…

– ჯიგარი იყო, მიმწოლი ჯიგარი, შენი პოზიციის არ უნდა შეგეშინდეს, მერა რა  რომ, ვიღაცებს არ მოსწონთ, რასაც აკეთებ, უნდა გათავისუფლდე ამ ვიღაცებისგან, თორემ მერე მაგათზე მოგიწევს აწყობა, მაგათ ხასიათებზე, ცვალებად გამოვნებაზე, დახარისხებულ მეგობრებზე, გამოცვლილ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ სიმპათიებზე.

– კონკურენტები კი ჰყავდა ოხრად!

– არა, ზოგი მართლა ნიჭიერი და დღესაც მაგარი როა, ისეთი, მაგრამ ზოგიც იმ დღის ბუზი, თავი კიტრად რომ მოჰქონდათ, და ამათი გაძლება არ გინდა?

– ვისი მაინც? საქმეს დაკონკრეტება უყვარს.

– რაღა ვისი, გრემ გრინები, ნორმან მეილერები, აირის მერდოკები, ფრანსუაზ საგანისნაირი ვუნდერკინდები, ვიდიადჰარ ნაიპოლები, სოლჟენიცინიც სხვათა შორის – ახლა კი გაუვიდა უკვე ყავლი, ჰალდორ ლაქსნესები, რიჩარდ ბახები და პატრიკ ზიუსკინდები.

– და ამათთან გასაძლები რა სჭირდა?

– ეგენი თავის დროზე ყველანი ანგარიშგასაწევი ტიპები იყვნენ, თავისი ფანობით და ამბიციებით. ახლა ვიღაც იტყვის, ყველა მწერალს თავისი ადგილი აქვს და სხვა ვერ ჩაეზიარებაო, მაგრამ ნამეტანი სენსიტიური და რეალობას აცდენილი იქნება ეს ნათქვამი. ლიტერატურა, ისევე როგორც კინო და ფეხბურთი, მარტოკაცის გონებაში იბადება, მაგრამ კულისების ჭორებში, ჩურჩულში, ძიძგილაობასა და და ტრიბუნების ტაშისცემის ქვეშ აიყრის ტანს. ერთი მეორის გარეშე არ გამოდის, აღიარება – ზის იზ ვერი იმფორთენთ. კომპლექსებისგან გათავისუფლებს და ახალ კომპლექსებს და მტრებს გძენს.

– მაშინ შენი თეორიით პირლო მართალი გამოდის, მესიზე და რონალდუზე რომ ამბობს, სულ მაგათ შორის იქნება ჭიდაობა ოქროს ბურთზე, რადგან 10-15 წელი სტაბილურად შეინარჩუნეს ფორმა და სეზონიდან სეზონამდე უმატებდნენო.

– ეგრეა. რამდენი ედინ ჯეკო, უესლი სნაიდერი, უეინ რუნი, დიდიე დროგბა, ფერნანდო ტორესი, ფრანკ რიბერი, დიეგო ფორლანი და თუ გინდა პირლო იქაჩებოდა ოქროს ბურთზე, მაგრამ მარტო ტალანტი და მუშაკობა არ კმარა მაგ ამბისთვის. აი, როგორ გითხრა, სუნთქვა უნდა გეყოს, შენზე წინ, შენზე უკან და შენ გვერდით მორბენალ ტიპებში ანგარიშგასაწევად რომ დარჩე. ყველაფერი ერთად გჭირდება: გამძლეობა, ოსტატობა, ნიჭი, პირობები, სხვისი პატივისცემა, შენი თავის პატივისცემა, ღირსეული კონკურენცია, ზოგჯერ სკანდალებიც, ზოგჯერ, შენ წარმოიდგინე, მარცხიც, აზრზე რომ მოხვიდე და ტკბობაში არ გადავარდე; კონკურენტის ან კოლეგის აღიარებაც და მისგანაც იგივეს მოლოდინი, რადგან შენი თავის გჯერა და იცი, რომ ამას იმსახურებ. ჭორებზე და კულისების დუღილზე წეღანაც გითხარი, ცუდი არაფერია იმაში, ქალი და კაცი შენზე ლოგინშიც თუ ილაპარაკებენ.

– მოკლედ, წინა რიგებში ყოფნა, როგორც მერილ სტრიპია ოსკარის დაჯილდოებაზე.

– ჰოდა, ეგ მერილ სტრიპი არც ინგლისის დედოფალია და არც მონაკოს პრინცესა, სამეფო ტიტულით ან მემკვიდრეობით რომ შეუნახონ ეგ ადგილი, ამხელა ჰოლივუდის სპრინტში ჩაბმული ქალია და მაგ გზაზე კიდე ათასი ჰილარი სუონკი, რიზ უიზერსპუნი, ვაიოლა დევისი და რენე ზელვეგერი შეგხვდება, შენ კიდე, იყო დრო, კეტრინ ჰეპბერნს ეტოლებოდი და ეს ამდენი წლები და მანძილი რომ გადმოსერე, რიგითი არა ხარ, სულ სხვა ტიპი ხარ, ძმაო!

მერე მე და ტუსკიამ ის ქართველი ხელოვანები და სპორტსმენებიც გავიხსენეთ, ვისაც, მარკესივით, მესი-რონალდუსავით და მერილ სტრიპივით – თუმცა, ცხადია უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში – ეყო სუნთქვა, ათეული წლების განმავლობაში აქტუალურიც ყოფილიყო და ანგარიშგასაწევიც. ვიღაცებზე შევთანხმდით, ვიღაცებზე – ვერა. სანამ ჩვენ გავამხელდეთ, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, შემოგვაშველოთ სიტყვა და თქვენი ვერსიები მიგვიწეროთ ამ წერილის ბოლოში. მადლობელი დაგრჩებით.

ცხოვრება საბჭოეთში – გაკვეთილების კრებული

0

 საბჭოთა ეპოქაში 8 წელი ვიცხოვრე – ბავშვობის ფესვი ჩამრჩა იქ, ყველაზე ხალასი და ნედლი ხსოვნის კოჟრებით, ყველაზე მკაფიო გარსით, რომელიც გარესამყაროსგან საკრალური სიმკვრივით იცავს ბავშვს, იცავს – ნამდვილი და ნათელი თვალი რომ აახილოს, ყველა სისტემისგან, სიმახინჯისგან თავისუფალი და მშვენიერი თვალი.

ამიტომ ჩემს ბავშვობას დღეს იმ სამოთხის სევდით განვიცდი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საბჭოეთთან. ის თვითმყოფადი, პირადი სამოთხეა, ყოველი ადამიანის პირადი გზის დასაწყისი – სამყაროსაკენ.

საბჭოეთი, როგორც სისტემა და სიმახინჯე, მერე უფრო ვიგრძენი და გავიაზრე – 1989 წლის 9 აპრილის მერე, მისი ნგრევის და პოსტკატაკლიზმების მერე. ასეთი ძალა აქვს იმპერიებს, დიქტატურებს და ყველა ძალადობრივ მექანიზმს – მისი დამანგრეველი ინერცია წლობით ზანზარებს და თავის ლორწოვან წნეხში ითრევს აურაცხელ მსხვერპლს – მტყუანსაც და მართალსაც, ცოდვილსაც და შეუმცდარსაც…

დღეს ბევრს ვსაუბრობთ საბჭოეთზე, როგორც სახადსა და წყევლაზე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტვინებიდან და ყოფიდან უნდა გამოირეცხოს; ეფექტური იარაღია სიტყვა „საბჭოთა“ უტიფრობის მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსებისთვისაც,  ოპონენტების გასანეიტრალებლად და მათი მენტალური საბჭოურობის სამხილებლად. განსაკუთრებით ეფექტური კი მაშინაა, როცა სხვისი „საბჭოურობით“ საკუთარი იფარება, საკუთარი უპასუხისმგებლობა, ბოროტება და უგუნურება.

დღეს „საბჭოთა“ ისეთი სალანძღავი სიტყვაა, რომლის ტალახსაც ვერც ინტელიგენტობით მოიშორებ და ვერც ქვეყნის და კაცობრიობის მიმართ სხვა დამსახურებით – ძალიან ადვილია, დაადუღო ის ვინმეს ხარისხის ბეჭედივით და ამით მისი მომავალი დაასამარო.

ვამბობთ – ვიდრე ქვეყნის სათავეში არ მოვა დამოუკიდებლობის ეპოქაში დაბადებული თაობა, ამ საბჭოურ მენტალობას არაფერი ეშველება. ბიბლიურ ეპიზოდებსაც ვიხსენებთ, 40 წლის მანძილზე უდაბნოში ნახეტიალებ ებრაელთა მოდგმას, მონობაში დაბადებულ უკანასკნელ დევნილამდე რომ სდია აღთქმული ქვეყნის იმედმა და მონატრებამ… ბიბლიური, გნებავთ ისტორიული მეხსიერება ის უტყუარი ძალაა, რომელზეც დგას ადამიანისა და მთელი კაცობრიობის ზნეობრივი თავგადასავალი. სწორედ ამიტომაა საჭირო, მუდმივად ვიკითხოთ ეს წარსული, გავიხსენოთ, რათა უკეთესად დავინახოთ მომავალი.

ამ კეთილშობილ მიზანს ისახავს „არტანუჯის“ ახალი გამოცემა, რომელიც სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში შეიქმნა. „ცხოვრება საბჭოეთში“ – ასე ჰქვია 70 ამბისგან შედგენილ კრებულს. სერიის მთავარი რედაქტორი და იდეის ავტორი ბუბა კუდავა კრებულის დასაწყისში განმარტავს:

„სულ ახლახან საქართველო იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომლის სიყალბე სახელწოდებიდანვე იწყებოდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი – ასე ერქვა მას სრულად. ოთხი სიტყვა და ოთხივე ტყუილი!.. …ახალგაზრდებს, რომლებსაც გაუმართლათ და დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ, ნელ-ნელა უჭირთ საბჭოეთისა და მისგან მომდინარე „სიკეთეების“ გაგება. გამოცემა დიდწილად სწორედ მათთვისაა განკუთვნილი“.

კრებულში თავმოყრილი ამბების ავტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათი ნაწილი დღეს აქტიურ პოლიტიკაშიც მოღვაწეობს. ეს ნიშნავს, რომ მოსაყოლი ამბის მთავარი ამოცანა მათი პირადი პოზიციაცაა, მათი რეფლექსიის ერთ-ერთი გარდამტეხი ნიუანსია. რამდენიმე ავტორი აღიარებს კიდეც, რომ ის კონკრეტული ეპიზოდი, რომლის შესახებაც მოგვითხრობს, მათივე ცხოვრებაში მთავარ, საწყის სცენად იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა მათი დამოკიდებულება გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან.

რა თქმა უნდა, ყველაფერი საბჭოეთს უკავშირდება. როგორი იყო ცხოვრება ამ დიდ, გაბმულ ტყუილში, სიყალბეში, კორუფციის და უზნეობის ოკეანეში რიგითი მოქალაქეებისთვის? რა იყო ის მთავარი ნიშნები, რითაც „საბჭოთა ადამიანს“ პლანეტის სხვა ნებისმიერი ბინადარისგან გამოარჩევდით?.. ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება საინტერესო, მხიარული, გროტესკული, სევდიანი, ტრაგიკომიკური სიტუაციები და ემოციები. თითოეული ამბავი იმ ნაცრისფერი ფაზლის ნაკუწია, რომელიც 70 წლის განმავლობაში ლიბრივით ჰქონდა გადაკრული დედამიწის ლამის მეოთხედს და რომელიც სწორედ ამ დანაღმულ ნაკუწებად დაიშალა, როგორც ყველაფერი ფასადური, უხარისხო და არასწორი იშლება ბოლოს, თუნდაც დიდი ისტორიული კარნავალის მერე…

ძნელია რომელიმე გამოყო ამ ამბებიდან. ზოგი თავის ბავშვობაზე ჰყვება, ზოგი – სტუდენტობაზე, ზოგიც – წინაპრების მონაყოლს იხსენებს. უმეტესობა იმ თაობის წარმომადგენელია, როცა საბჭოეთი თავის მრისხანებას თანდათან კარგავდა და საკუთარი თავის კარიკატურად ქცევას იწყებდა. ამ დროს, მართალია, ჯერ ისევ ჩურჩულით, მაგრამ ადამიანები უკვე ახერხებდნენ ირონიულ სიცილს, დასცინოდნენ ყოფას, რომელსაც აშკარა იყო – დიდი დღე აღარ ეწერა, იკრებდნენ ძალას პროტესტისათვის, დაუმორჩილებლობისათვის… ზოგისთვის ეს პროტესტი ტელევიზორში ჰოკეის ყურებისას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კანადის გულშემატკივრობასა და ამაზე სკოლაში კლასელებთან კამათში გამოიხატებოდა (გოგი თუშმალიშვილის ისტორია), ზოგისთვის – იდეოლოგიზირებულ საბჭოთა ლექტორებთან აქტიურ წინააღმდეგობაში. ამ კრებულში არის ამბები ოჯახებზე, სადაც ეს ფარული პროტესტი, სისტემის მიმართ მუდმივი წინააღმდეგობა, მეტიც – დაუფარავი ზიზღი და ვერატანა – იმ ერთი მუჭა ცეცხლივით ღვიოდა ძნელ დროში, რომელმაც სულ მალე კიდევ ბევრი ცეცხლი და სინათლე შემოიკრიბა და ახალი სინამდვილე გამოაშუქა. ნიკა რურუას ბავშვობის მოგონება ლენინზე და პირველი შინაგანი კონფლიქტი ცუდისა და კარგის თემაზე (ეს კრებული საგამომცემლო ჯგუფმა სწორედ ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა); საყოველთაო გლოვის რეჟიმში დაქანცული „საბჭოთა ბავშვის“ გულწრფელი სინდისის ქენჯნა, საკუთარ თავში ვერაფრით აღმოჩენილი მწუხარების გამო (გრიგოლ გაგნიძის ისტორია); პასპორტის აღების (თენგიზ გოგოტიშვილი) თუ ულამაზო ტორტის (მიხეილ ბახტაძის ისტორია) სიმართლე… – ეს ისტორიები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბჭოეთში ა(ღა)რ უცხოვრია, ეს ამბები თვალსაჩინო ნიმუშებია იმ აბსურდული ყოფისა, იმ დიდი, გაუგონარი სიყალბისა და ბოროტებისა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ჰო, კიდევ, არის რამდენიმე ამბავი, რომლებიც, მე პირადად, ამ კრებულიდან გავიგე. მაგალითად, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ოდისეა. იცოდით, რა ისტორია ახლდა ამ ფაქტს, როგორ ბლოკავდა მოსკოვი ქართული ხალხური სიმღერის გაშვებას და რომელი რუსული სიმღერით ჩანაცვლებას აპირებდა? აქვე ვიტყვი – ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი შვილის მხურვალე მადლობა ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკლორისტს ალან ლომაქსს – პლანეტის მეგა-პროექტისთვის „ჩაკრულოს“ შერჩევისათვის და, ასევე ლეგენდარულ კარლ საგანს – რომელმაც პრინციპულად დაიცვა ქართული სიმღერა მოსკოვის ცენზურისაგან და რომლის დამსახურებაცაა, რომ NASA-მ კოსმოსში, დედამიწის 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ერთ-ერთი „ჩაკრულო“ გაუშვა.

„ტოტალური კონტროლი“, „ვერბოვკა“, ცენზურა… კიდევ ბევრი სიტყვა შეგეჩეხებათ. ისინიც ამ ყოფის ვერბალური ანაბეჭდებია, იმ სახადის ლინგვისტური ნაწილი, რომლის მოშორებაზეც ზემოთ მოგახსენებდით.

„ცხოვრება საბჭოეთში“ ყველა დროის საკითხავი კრებულია. რადგან, ტოტალიტარიზმისკენ, ძალადობრივი და მახინჯი სისტემისკენ მიდრეკილება ცივილიზებულ სამყაროშიც იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, სულ უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს „საბჭოეთი“, როგორ გამოიყურება მენტალურად საბჭოთა ადამიანი და ყოფა, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი მისგან.

სიყალბე და ტყუილი მაინც დროში წარმავალი ცნებები და მდგომარეობებია. მათი გამოდევნება, მათზე ცხოვრების აგება კი – უგუნურება და ბოროტება. განათლებული მომავალი თაობა ამ სიყალბეს და ბოროტებას აღარასდროს დაუშვებს – ამის ღრმად მჯერა. ამ კრებულის წაკითხვაც, ბევრს ჩაუქრობს საბჭოეთის მიმართ ჯერ კიდევ მბჟუტავ ფარულ ნოსტალგიას და ვინ იცის, იქნებ ის აზრიც შეუცვალოს, რომელიც ნებისმიერი სისტემის მიმართ მაინც აქვთ ხოლმე, კომფორტისკენ მიდრეკილ ადამიანებს – „რა ქვეყანა დავანგრიეთ“ ან „სამაგიეროდ, მშვიდად ხომ ვცხოვრობდით“…

„ცხოვრება საბჭოეთში“ გაკვეთილების კრებულია, ზოგიერთი  საზეპირო პასაჟით.

 აფრიკა – კონტრასტების კონტინენტი

0

ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა ბიოგრაფიების სწავლა. არც ახლა მოსწონთ მოსწავლეებს. უმრავლესობისა რა გითხრათ, ჩემს ბავშვებსაც არ მოსწონთ. ერთადერთი მწერალი, რომლის ბიოგრაფიაც წავიკითხე ერნესტ ჰემინგუეი იყო, თუმცა ეს იყო სკოლის შემდეგ. არასაპროგრამო, ტრაფარეტული ბიოგრაფიებისგან მკვეთრად განსხვავებული. წავიკითხე და შემიყვარდა აფრიკა და  საფარი (აფრიკაში მონადირეთა ექსპედიცია, ნადირობა, აგრეთვე მოგზაურობა).

მახსოვს ჩემი ორი მეგობარი სტუდენტური წლების განმავლობაში როგორ კამათობდა: ერთი მათგანი მუდმივად საყვედურობდა – „რატომ არ მოგწონს მშვიდობით იარაღოო?“ მე მართალი გითხრათ კამათში მონაწილეობას არ ვიღებდი. იმდენად ჩემი იყო მაშინ ჰემინგუეი, რომ მეგობრის არსიყვარული პირდაპირ მეხებოდა. ამიტომაც ვდუმდი. ვდუმდი და დიდხანს ვოცნებობდი აფრიკის საფარაზე, კილიმანჯაროს თოვლიან მთაზე…

როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია – წერს აკა მორჩილაძე. არა ბატონო აკა, მარტო ბიჭებისთვის არა. ჰემინგუეი მე და ჩემი მეგობრისთვისაც ძალიან დიდხანს იყო მსოფლიოში საუკეთესო მწერალი და ადამიანი. ადამიანი, რომელმაც აფრიკაც შემაყვარა, მოგზაურობაც და საფარიც (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნადირობა დღემდე მიუღებელია).

კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე. – ასე იწყებს ერნესტ ჰემინგუეი “კილიმანჯაროს თოვლიან მთას”. მას შემდეგ მუდმივად ვსვამ კითხვას – რატომ? იმდენად ხშირად მიხდება ამ კითხვის დასმა, რომ ბავშვებმა „თქვენი (ჩემი) საყვარელი კითხვა“ შეარქვეს, ოჯახში კი „ამიკრძალეს“ ამ კითხვის დასმა, რადგანაც ხშირად პასუხი არ არ არსებობს. მე მაინც ჯიუტად ვიმეორებ რატომ? რატომ?

ასე შევიყვარე ჰემინგუეი და აფრიკა. ჩემი ეს სიყვარული და „კილიმანჯაროს მთის“ ჯადოსნური ეპიგრაფი (აკა მორჩილაძე) მასწავლებლობის დროს საჩემოდ გამოვიყენე. სტერეოტიპების (რაც ძალიან გვიყვარს) დანგრევაც შესაძლებელია და გეოგრაფიული გარსის  ერთ მთლიან ორგანიზმად წარმოდგენაც შეიძლება ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს.

სხვა რომელი კონტინენტია ასეთი მრავალფეროვანი და კონტრასტული? სხვაგან სად არის უდაბნოც და მყინვარიც? მეტყვით, ავსტრალიისა და ევროპის გარდა, ყველა კონტინენტზეო, მაგრამ სავანები? ლიანებიანი ტროპიკული ტყეები და მყინვარები? არადა, აფრიკა ხომ ყველაზე ცხელი კონტინენტია.

ყველაზე კონტრასტული კონტინენტი, თეთრები და შავები, მდიდრები და ღარიბები ცხოვრობენ გვერდიგვერდ. აფრიკა კონტინენტია, სადაც ველური ბუნება და ფერადი ადამიანები გვხვდება. აქ ხვდებით  ჟირაფებს და ზებრებს, ლომებსა და სპილოებს… აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო მსოფლიოში უდიდესი ან ერთ-ერთი უდიდესია. არადა, აფრიკა უღარიბესი კონტინენტია.

აფრიკაში შეხვდებით ადგილობრივ მომთაბარე ტომებს. იზოლირებულები გარე სამყაროსგან, ხშირად თავისი ნებით, შეგნებულად გაურბიან თანამედროვეობას. შეიძლება ითქვას, რომ ასიმილაციის შიშიც აქვთ. მათი ფერადი ჩაცმულობა ბუნების სიხასხასესთან ერთად განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის. აფრიკაზე განზოგადებულად ლაპარაკი ძნელია. აქ თვალში საცემია ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონია.

მაგალითად, კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები მასაები ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფი. გამორჩეული ტანისამოსისა და აღმოსავლეთ აფრიკის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრების გამო, მასაის ხალხი აფრიკის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე უკეთაა ცნობილი. მასაები ცდილობენ შეინარჩუნონ იდენტობა.

ტუარეგებზე ადრე მოგიყევით – მეომარი ტომი, რომელიც დღემდე საჰარას აკონტროლებს.

აქვეა ეთიოპიაც – ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. იგი ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.

სამხრეთ აფრიკაში კი ნიდერლანდელ გადმოსახლებულთა შთამომავლები – ბურები ცხოვრობენ. ძველნიდერლანდურ ენაზე სიტყვა „ბურ“ აღნიშნავდა გლეხს. ბურების ენას ეწოდება აფრიკაანსი.

ეკვატორულ ტყეებში პიგმეები ცხოვრობენ. ბერძნული სიტყვა „პიგმიოს“ სიტყვასიტყვით „მუშტისტოლა ხალხს“ ნიშნავს, ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა „ცეროდენა“ (150 სმ-ზე დაბალი). მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხია.

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში ცხოვრობენ ბუშმენები და ჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბალნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან („ბუშმანი“ სიტყვასიტყვით „ბუჩქის კაცს“ ნიშნავს).

მეცნიერთა ვარაუდით აფრიკაში 2 ათასამდე ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.

აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია გავრცელებული.

ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.

ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და, სავარაუდოდ, ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.

კოისანური ენები – ყველაზე ამოუცნობი ენათა ოჯახი. იგი სამხრეთ აფრიკის ავტოქთონური ნე-ბანტუ ენების და ასევე, ტანზანიის ორი (სანდავე და ჰაძა) იზოლირებული ენის პირობითი სახელწოდებაა. მეცნიერმა გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ კოისანის ხალხები მოწყვეტილნი იყვნენ ცივილიზაციას და გარე სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, უფრო მეტიც კალაჰარის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ტომები იზოლორებული იყვნენ ერთმანეთისაგან 30 ათასზე მეტი წლის განმავლობაში, რამაც განაპირობა ამ ენის თავისებურებანი. მრავალი კოისანური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშაა და მრავალიც უკვე გაქრა. ამ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი 370 ათასამდეა. მათი გავრცელების არეალია კალაჰარის უდაბნოს მიმდებარე რეგიონი.

აქ არის მაღრიბი და მაშრიყი. მაღრიბად (არაბ. ალ-მაღრიბ „დასავლეთი“, რომელიც წარმოებულია ზმნისაგან  ღარაბა „წასვლა, (მზის ჩასვლა“) მოიხსენიებენ ძირითადად სამ ჩრდილო-აფრიკულ ქვეყანას – ტუნისს, ალჟირსა და მაროკოს, ნაწილობრივ ასევე ლიბიასა და მავრიტანიას, რომელთაც თავიანთი ისტორიის შედეგად მრავალი საერთო რამ აქვთ. არაბულ ენაში მაღრიბით ძირითადად გულისხმობენ მაროკოს, რომელიც უკიდურესად დასავლეთით მდებარე არაბული ქვეყანაა და მისი სახელწოდებაც საკუთრივ ალ-მაღრიბად ჟღერს. ძველი არაბული გამოთქმის თანახმად, მაღრიბი წმინდა ფრინველია, რომლის სხეული ალჟირია, მარჯვენა ფრთა ტუნისი, მარცხენა კი მაროკო.

მაღრიბის საპირისპირო ცნებაა მაშრიყი (არაბ. ‏ ალ-მაშრიყ „აღმოსავლეთი“), ნაწარმოები არაბული ზმნისაგან „შარაყა“ „(მზის) ამოსვლა, ნათება“.

1989 წელს ალჟირმა, მავრიტანიამ, მაროკომ (მაროკოს თვალსაზრისით დასავლეთ საჰარაც), ლიბიამ და ტუნისმა დააარსეს საერთაშორისო ორგანიზაცია არაბული მაღრიბის კავშირი.

გეოგრაფიულად მაშრიყი (არაბ.  ალ-მაშრიყ, „აღმოსავლეთი“) აღნიშნავს ტერიტორიას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძირითადად წარმოიშვა რეგიონში არაბულ-ისლამური ექსპანსიის შემდეგ VII საუკუნეში. იგი შედგება ეგვიპტის, ისრაელის, პალესტინის ავტონომიური მხარის, იორდანიის, სირიის, ლიბანისა და ერაყისაგან.

სიტყვა მაშრიყი ნაწარმოებია არაბული ზმნისაგან „შარაყა“, რომელიც ნიშნავს „ამოსვლას (მზის)“, „ნათებას“. შესაბამისად, არაბულში ცნება „მაშრიყი“ ნიშნავს ადგილს, სადაც მზე ამოდის, ანუ აღმოსავლეთს. ამგვარად, ეს სიტყვა მაღრიბის საპირისპირო ცნებაა, ანუ ადგილი, „სადაც მზე ჩადის, დასავლეთი“. ორივე გეოგრაფიული ტერმინი წარმოდგება VII საუკუნიდან, ადრეული ისლამური დაპყრობების პერიოდიდან.

განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია ეგვიპტეს, ერთი მხრივ – ისტორიის, ხოლო მეორე მხრივ – თავისი მდებარეობის გამო აფრიკის კონტინენტზე. ეგვიპტე არაბულ-ისლამური დაპყრობების პერიოდიდან კულტურულად და ლინგვისტურად მაშრიყს მიეკუთვნება. დასავლეთით იგი მაღრიბის ქვეყნებს ესაზღვრება.

მაშრიყში ასევე განსაკუთრებულ სტატუსს ფლობს ისრაელი, ერთი მხრივ ისტორიის, მეორე მხრივ სახელმწიფოებრიობის გამო.

საჰელი ეკოკლიმატური და ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონაა საჰარის უდაბნოსა (ჩრდილოეთით) და სუდანის სავანას შორის (სამხრეთით). იგი გადაჭიმულია აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. არაბულად სიტყვა „საჰელი“ ზღვის ნაპირს ნიშნავს და მიანიშნებს საჰელის მცენარეულობაზე, რომელიც საჰარის ქვიშის სანაპიროებს ემიჯნება.

საჰელი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოიცავს სენეგალის, მავრიტანიის, მალის, ალჟირის, ნიგერის, ჩადის, სუდანისა და ერითრეის ნაწილებს.

კარუ  (მშრალი, უნაყოფო) – მშრალი რეგიონი აფრიკის სამხრეთში, რომელიც აერთიანებს ნახევარუდაბნოების პლატოებს და მთათაშორის ხეობებს დიდი საფეხურის და მდინარე ორანჟის ხეობის სამხრეთით. როგორც წესი, გამოჰყოფენ ორ ძირითად ნაწილს განსხვავებული რელიეფით და კლიმატური პირობებით: დიდი კარუს  პლატოს ჩრდილოეთით, რომელიც წარმოადგენს ხეობას კაპის მთებსა და დიდ საფეხურს შორის, და მცირე კარუს  პლატოს სამხრეთში – ხეობას კაპის მთებში, ედენის რაიონში. ასევე გამოყოფენ ზემო კარუს პლატოს – ცალკე მდგომ ფიზიკურ-გეოგრაფიულ რაიონს, რომელიც უფრო ვრცელი სამხრეთაფრიკული ზეგნების ნაწილია. რეგიონი ძირითადად მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ნამიბიის მიმდებარე რაიონებში. მისი საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 395 ათას კმ²-ს, ანუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის დაახლოებით მესამედს.

„…მიყვარს აფრიკა და თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო როცა ადამიანს, სამშობლოს გარდა, სხვა ქვეყანაც ასე გიყვარს, უნდა იცხოვრო კიდეც იქ.

მე კარგად შემიძლია გავარჩიო ცუდი ქვეყანა კარგისაგან. აფრიკაში უამრავი ნადირია, ჩიტებიც ბლომადაა და მე მიყვარს აქაური ხალხი. დიდებულია აქ ნადირობა და თევზაობა. ჩემთვის კი ყველაზე სანუკვარია – ნადირობა, თევზაობა, წიგნის კითხვა, წერა და იმის აღწერა, რასაც ირგვლივ ხედავ. ყველაფერი მახსოვს, რასაც კი ვხედავ“ – ერნესტ ჰემინგუეი  „აფრიკის მწვანე ქედები“.

„ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე“.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.radiotavisupleba.gehttps://on.ge/story/22092; https://www.qwelly.com; https://for.ge/view/627/aka-morCilaZe—raRaceebi-hemingueis-Sesaxeb.html.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...