ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

მასწავლებლის ცხოვრება და შეცდომები

0

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანი რამაა. ყოველი გაკვეთილის ჩატარება ნიშნავს, ასწავლო და ისწავლო, გაუზიარო და გაიზიარო და მაინც, მასწავლებლის ცხოვრება „ცდისა და შეცდომის“ ერთი დაუსრულებელი ამბავია.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეკითხები, რა სწყინთ პედაგოგებისგან, რა უხარიათ, რა ახსოვთ და როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ თვითონ, ეს პროფესია რომ აერჩიათ. პასუხები გონივრული და დამაფიქრებელია. როგორც ჩანს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა საერთო ადამიანური სიკეთეცაა და შეცდომებიც, რომლებიც ნაგვაზაოს მათემატიკის მასწავლებელმაც და ლუცერნის ქიმიის პედაგოგმაც ერთნაირად შეიძლება დაუშვან.

გთავაზობთ, ერთგვარ ვარიაციას რიჩარდ ფელდერის „მასწავლებლის 10 ცნობილი შეცდომის შესახებ“.

 

  1. „დავიწყოთ ბოდიშით!“ – მოსწავლეები ვერ იტანენ დაუმსახურებელ შენიშვნას. ეს ადამიანურია, მაგრამ განსაკუთრებით აწუხებთ შემთხვევები, როდესაც პედაგოგი საკუთარ შეცდომას არ აღიარებს. მოსწავლემ მითხრა, რომ არ ავიწყდებოდა ისტორიის მასწავლებლის შეცდომა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის თარიღად მასწავლებელმა 1942 წელი დაასახელა. შევუსწორე და 1939 წელი ვუთხარი, არ დამიჯერაო. მასალაც მივუტანე და ყვირილი დამიწყო, როგორ ბედავ შესწორებას, როგორც გასწავლი ისე ისწავლეო. არადა, რა მარტივია აღიარო, რომ შეგეშალა და პატიება ითხოვო?
  2. მასწავლებლის ხელწერა – მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ლექციიდან გამოსულს უფროსკურსელი ნაცნობი შემხვდა. იქეთური, აქეთური და მკითხა, მოგწონს სწავლაო? ვუპასუხე, რომ მომწონდა. თამილა თუ გასწავლისო? დავეთანხმე და უცებ, ლექტორის ხმით დაიწყო პირველი ლექციის იმიტირება. ზუსტად ერთი-ერთში, იგივე „ხუმრობა“, ემოცია და სიტყვები. 15 წელია ამ საგანს კითხულობს და ამოოხვრაც კი დაზეპირებული აქვსო, იცინოდა.
  3. განვითარება – მასწავლებლების ნაწილს გვავიწყდება, რომ ცხოვრების დინებასთან ერთად თითქოს სტატიკური და უცვლელი ამბები იცვლება. ფერმას თეორია შეიძლება ვინმეს ამოხსნილი ჰქონდეს, როცა შენ ამოუხსნელი გეგონა, მხატვრული ლიტერატურის ათასჯერ გააზრებული ტექსტი შენშივე შეიცვალა, შენი მსოფლმხედველობა გადახალისებას საჭიროებს. ეს დინამიკასაც ჰმატებს გაკვეთილს და პროცესიც საინტერესო ხდება. აბა, როგორი მშვენიერი სავარჯიშოა ხან ვარსქენის მხარეს იდგე და ხანაც მისი უტეხი ცოლის?
  4. არასწორი ინფორმაცია – ხშირად, ნებით თუ უნებურად, პედაგოგი უშვებს შეცდომას. არასწორად ისწავლა, დაავიწყდა, ცუდი ინტერპრეტაცია მოახდინა საკითხის ან არ იცის სიღრმისეულად რაზეც ლაპარაკობს. ასეთი „ცოდნის“ მიცემას სჯობს პასუხისგან თავი შევიკავოთ. მქონდა შემთხვევა, როდესაც ძალიან ცნობილ მხატვრულ ტექსტზე მითხრა სტუდენტმა, თქვენი აზრი გვითხარითო. ჩემი გამოუცდელობით და იმით, რომ წაუკითხაობის შემრცხვა, ისეთი ფაქტობრივი არეულობები დავაბრეხვე, გვარიანად შევრცხვი. მოგვიანებით გადავიკითხე ეს ტექსტი და მოვუბოდიშე.
  5. საკუთარ თავზე ზედმეტის აღება – ადამიანური რესურსი ამოწურვადია. მასწავლებლები ყველაზე დაუნდობლად ვექცევით საკუთარ ჯანმრთელობას. ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ცნობილი გამოთქმა Workaholic თუ ვინმეს მისადაგება ხოლმე, ეს რეპეტიტორებია. ემოციური და შრომითი გადაღლა კი შედეგზეც აისახება. სწავლა უპირველესად ბედნიერების პროცესია, გადაღლილი ადამიანი კი ბედნიერებას ხშირად შორდება. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაისვენოს.
  6. პირდაპირი პასუხები ყველა შეკითხვაზე – ბავშვებს მოსწონთ, როდესაც სააზროვნო სივრცეს ვუტოვებთ. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს მოსწავლე/სტუდენტი გზის გასაყართან, მაგრამ საბოლოო პასუხების გადაჭრით და უპირობოდ მიწოდება სხვისი პიროვნების დათრგუნვას იწვევს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც მინდობილია პედაგოგს, ეს უკანასკნელი კი თავს ახვევს ღირებულებებს (ზოგჯერ გაუგებარსაც კი). დათრგუნული და უპიროვნებო ნასწავლი ბავშვის აღზრდა დიდი ბედენა საქმე არ მგონია.
  7. გაუთავებელი ლაპარაკი საკუთარ თავზე – ცოტა რამ თუ აღიზიანებთ მოსწავლეებს ისე, როგორც თქვენი რძლის მულის ისტორიების მოსმენა. მოსწავლეები დიდად არც საკუთარ წარსულზე ამბების მოყოლით ტკბებიან. გაკვეთილიდან „გადახვევა“ და ცოცხალი დიალოგი სწავლის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ამას თუ პერმანენტული ხასიათი აქვს, თქვენი მოსწავლეები ძალიან დაითრგუნებიან.
  8. განსხვავებული აზრი – რაც ძალიან აწუხებთ მოზარდებს, საკუთარი, თუნდაც სრულიად დაუსაბუთებელი აზრების გამოთქმის პრობლემაა. როგორც გავარკვიე, ბევრ პედაგოგს უბრალოდ არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და ამის გამო ნიშანსაც აკლებს მოსწავლეს. ბავშვები კი დასკვნებამდე სწორედ ასეთი სწორი/არასწორი მსჯელობებით მიდიან. ცხოვრების გზა ხომ მრავალფეროვანია. განსხვავებული და მიუღებელი აზრის მოსმენა კი დემოკრატიული და განვითარებული საზოგადოების ნიშან-თვისებაა.
  9. გამიჯნეთ ცოდნა ქცევისგან – რთული ბავშვები ნიჭიერებიც არიან ხოლმე. ბევრ მათგანს აწუხებს, რომ მასწავლებელი მათი ცოდნის შეფასებისას „ხმაურობდი და ნიშანს დაგაკლებ“ მეთოდოლოგიას იყენებს. ეს ქცევის კორექციისკენ კი არა სწავლის მოტივაციის დაქვეითებისკენ მიმართული ნაბიჯია.
  10. ილაპარაკეთ გასაგებად – მოსაწყენი გაკვეთილების დიდი ნაწილი პედაგოგის დანაშაულია. მახსოვს, ქიმიას სახელმძღვანელოს ავტორი მასწავლიდა. კლასის უმეტესობა მის ახსნილს ვერ იგებდა. ერთხელ პირდაპირ ვთხოვე პედაგოგს, უფრო გასაგები და ცხადი მაგალითები მოეშველიებინა და კლასიდან გამაგდო. ბოლოს ისე მოხდა, გაგდებულები დარჩენილებზე მეტნი აღმოვჩნდით და მასწავლებელიც შეგვიცვალეს.
  11. მოუწესრიგებელი მასწავლებელი – მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ მასწავლებლის ქცევას. რამდენად ხშირად აგვიანებს, იყენებს თუ არა ტელეფონს კლასში ყოფნისას. ხომ არ ჭამს მზესუმზირას ან გოგრის მარცვლებს მოსმენისას, ხომ არ იქექება ცხვირში და მეტიც, ხომ არ აგდებს სიგარეტის ნამწვს (ცხადია, სკოლის გარეთ) ძირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვები ყველაფერ ამას „ლუპით“ აკვირდებოდნენ.
  12. ირიბი შეურაცხყოფა – მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლემ ასეთი ამბავი მოგვიყვა კლასს – ემოციურ ნიადაგზე გოგონამ საჯაროდ იტირა. ამბავი განხილვის საგანი გახდა და პედაგოგმა შენიშვნა მიიღო, მაგრამ წყენა ვერ დაივიწყა. როდესაც სხვა მოსწავლეს დაფასთან იძახებდა, დაამატებდა ხოლმე, ოღონდ ბღავილი არ ატეხო, შენი ჭირიმე, ხომ იცი ამის გამო სკოლიდან გამაგდებენო. ამ გადაკრული, „ნართაული“ ნათქვამის სამიზნე ოდესღაც ატირებული გოგონა იყო. ბავშვი სტრესის ქვეშ აგრძელებდა სწავლას. თითქოს პირდაპირ მას შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, მაგრამ, როცა კლასი იცინოდა, ყველამ იცოდა, ვის გულისხმობდა პედაგოგი.
  13. მოსწავლის სახელი და გვარი – „შენ, წითელკაბიანო“, „გამოახედე ერთი ეგ, შენ გვერდით რომ ზის, ბოლოს წინა მერხზე, მარჯვნივ!“. რაც ძალიან მაგრად მიჭირს სახელების დამახსოვრებაა, მაგრამ მასწავლებელმა მაინც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის სახელი და გვარი. ამისთვის საუკეთესო მეთოდი ბავშვებთან პირადად და დიდხანს საუბარია. ასეთი კონტაქტისა და გახსნილობის შემდეგ, სახელები უფრო ადვილად გვამახსოვრდება.
  14. მუქარა – მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ყველა გაუგებრობა უნდა გადაიჭრას, თუნდაც ამას რამდენიმე გაკვეთილის ჩაშლაც დასჭირდეს. პედაგოგებს ხშირად ადამიანური სისუსტე და ემოციურობა წაგვძლევს ხოლმე და ბავშვს, მოსწავლეს ირიბად ვემუქრებით „გნახავთ წლის ბოლოს“, „ნიშანზე ჩემთან მოხვალ“ და სხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სტრესი მოსწავლისთვის ძალიან დამთრგუნველია. არასოდეს დაემუქროთ მათ, ვისაც ასწავლით.
  15. მოსთხოვეთ მოსწავლეს ოდნავ მეტი, ვიდრე შეუძლია – გურამ დოჩანაშვილის რომანში „სამოსელი პირველი“ არის გენიალური და ერთი შეხედვით გაუგებარი ადგილი, როდესაც მენდეს მასიელი როხასს, ვისაც ტვიაც მოხვდა, ცხენმაც გადმოაგდო და მზემაც დააჭირა, რთული დავალების შესასრულებლად უშვებს. ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მეტი შეუძლია. ეს „მეტი“ აუცილებელი წინაპირობაა განვითარებისთვის, რომელშიც, აუცილებლად ჩვენ, მასწავლებლები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს.
  16. განუმარტეთ ბავშვებს ცუდი ნიშანი – ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი შრომა ისე არ ფასდება, როგორც იმსახურებს. მოსწავლეებს განსაკუთრებით ედარდებათ ხოლმე დაბალი ნიშანი. არ დაიზაროთ და დეტალურად განუმარტეთ ბავშვებს, რატომ უწერთ დაბალ ქულას.
  17. იდარდეთ ბავშვების ნაცვლადაც – ხშირად მსმენია, რომ მასწავლებელი იტყვის „არ მაინტერესებს, როგორ გააკეთებ ამას, გააკეთებ!“ ბავშვისთვის გაუგებარია თანაგანცდის ასეთი უუნარობა ადამიანისგან, ვისაც ის აზრს ეკითხება. ხშირად ჰკითხეთ მოსწავლეებს, რამე პრობლემა ხომ არ აქვთ. შეიძლება ასეთ დროს თქვენ სიცოცხლე გადაარჩინოთ.
  18. გაკვეთილზე მოუმზადებელი მისვლა – თითქოს რაღა მომზადება სჭირდება მასწავლებელს, ვინც ტარაკნის თვალის აგებულებაზე უნდა ელაპარაკოს მოსწავლეს და ეს ამბავი კი 1000-ჯერ მაინც მოუყოლია, მაგრამ ასე არაა. გაკვეთილზე შესვლა განწყობით იწყება. სწორი განწყობა კი გადამდებია და მოტივაციას აათმაგებს.
  19. ხისტი წესრიგი – „დანელია, როდესაც მე ვლაპარაკობ, მაგ რვეულში კუბიკები კი არ უნდა ხატო, თავი უნდა ასწიო და თვალებში მიყურო, რომ მაგ უტვინო თავში რაღაც შევიდეს. მე მეორედ აღარ ავხსნი!“ ამ გადამეტებულად გამძაფრებულ მაგალითში 3 სიმართლე და 2 ტყუილია. ტყუილი გვარი და თვალებში ყურებაა და ეს ისტორიაც მოსწავლემ მოჰყვა. ყველა ჩვენგანს მოსმენისა და ფიქრის, დაღლილობის გამოხატულებისა და თავის გართობის ჩვენეული ხერხი გვაქვს. ხისტად მოწესრიგებული გარემო ასევე სტრესია ბავშვისთვის და შინაგანი რესურსის სწრაფ განლევას იწვევს. მასწავლებლის მთავარი დანიშნულება კი ბავშვის გადატვირთვა არაა. მახსოვს, ჩემი საყვარელი მათემატიკის მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე – ცოდნის მიღება იმ პრეპარატივითაა, ზომიერად რომ კურნავს და უზომოდ წამლავსო.
  20. დისტანციის დარღვევა მოსწავლესთან – „ჯიგარი მასწავლებელი“ ზედმეტად გაშინაურებული მასწავლებელი არაა. რაც უნდა იყოს, მოსწავლესა და პედაგოგს შორის აუცილებელია ფარული დისტანცია. ამ ზღვრის დადგენა შინაგან სენსორებზეა დამოკიდებული. თუ ზედმეტად შორია ეს დისტანცია, გაუცხოებას იწვევს, ზედმეტი სიახლოვე კი – გაუბრალოებას!

სოციალური მედია და უფროსკლასელები

0

სასწავლო წელი რომ მთავრდებოდა, ერთ-ერთი სკოლაში მქონდა შეხვედრა, აინტერესებდათ, როგორ შეიძლება ასწავლო უფროსკლასელებს სოციალური მედია ისე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ციფრულ სამყაროში კარგად წერის, დებატების, საკუთარი თავის რეპრეზენტაციის უნარებს ფლობდნენ, მედიაწიგნიერები იყვნენ და ზღვა ინფორმაციის გადამუშავებას ახერხებდნენ. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ ვიღაც ფიქრობს ამაზე, რა ჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს, რა გამოწვევები არსებობს კიბერბულინგისა და ცრუ ინფორმაციების უზარმაზარ ნაკადში.

 

ადვილი საქმე არ არის, მათაც ვუთხარი და მოსწავლეების გაცნობისას დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში და პარალელურად რამდენიმე სოციალურ ქსელს მოიხმარენ, ეს უფრო გართობა და დროის კარგვაა, ვიდრე სარგებლის მიღება. ალბათ ის დროც მოვა, როცა სქროლვის – როგორც მავნე ჩვევის შესახებ დაიწყება მსჯელობა, მანამდე კი მთავარი გამოწვევა ისაა, როგორ ვაქციოთ ის დრო, რასაც ბავშვები ციფრულ სამყაროში ატარებენ, უსაფრთხოდ და სასარგებლოდ. საერთოდ, მგონია, რომ თანამედროვე განათლების სისტემების გაცნობიერებული თუ ჯერაც გაუცნობიერებელი პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე ბავშვებს უფრო მეტ ინფორმაციასთან და მეტ გაჯეტთან აქვთ შეხება თავიდანვე, ვიდრე იმ ზრდასრულებს, რომლების განათლების სისტემებზე მუშაობენ, სასწავლო პროგრამებს ადგენენ და გადაწყვეტილებას იღებენ და მათთვის, ვინც გვიან შეუერთდა ციფრულ სამყაროს, მასში ნავიგაციის სხვა პრინციპები მუშაობს, ვიდრე მათთვის, ვისთვისაც ეკრანი, როგორც გასართობი და საინფორმაციო საშუალება ისეთივე ბუნებრივია, როგორც ქოლგა წვიმიან ამინდში.

 

პირველ რიგში რამდენიმე არხს გაგაცნობთ, რომლებიც სწავლების თანამედროვე და საინტერესო მეთოდების შესახებ მოგაწვდით ხოლმე ინფორმაციას: We are Teachers,  Edutopia, Mindshift და TeachThought არხები Twitter-ზე სისტემატიურად დებენ ინფორმაციას განათლების თანამედროვე მეთოდების და გამოწვევების, ონლაინ სწავლების მეთოდების შესახებ.

 

ახლა კი მოკლედ ის ამოცანები, რის შესრულებაც შეიძლება სოციალური მედიის და ციფრული პლატფორმების გამოყენებით:

  • მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი თემების იდენტიფიცირება
  • დისკუსია მტკივნეულ საკითხებზე
  • დავალებების და პროექტების შესრულებისთვის ალტერნატიული სივრცის შექმნა
  • ახალი მედიის ინსტრუმენტების გაცნობა
  • კრეატიული აზროვნების განვითარება

 

ხშირად ყველაფერი ისე არ არის, როგორც უფროსებს გვგონია, ბავშვები კი ფიქრობენ, რომ ლაპარაკს აზრი არ აქვს, მათი არავის ესმის. სოციალურ მედიაში თუკი მოსწავლეებს პროფაილებს ყურადღებით მიადევნებთ თვალს, ადვილად მიხვდებით, რაზე ფიქრობენ, რა ადარდებთ, რა ახარებთ და რა აინტერესებთ და შემდეგ უკვე თქვენს ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ შეადგენთ მათთან საკომუნიკაციოდ ინდივიდუალურ გეგმებს მათი საჭიროებების მიხედვით. თუ ამ გზას აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ მასწავლებელი კარგი დეტექტივივით უნდა იყოს, დაინახოს ყველაფერი შეუმჩნევლად.

იმ ბავშვებისთვის კი, რომლებსაც ხმამაღლა ლაპარაკი სურთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფი ფეისბუქზე, ბლოგი ან სკოლის საიტზე გამოყოთ სივრცე მათი ნაწერების გამოსაქვეყნებლად. ასე ბავშვები წერის ტექნიკასაც გამოიმუშავებენ და საკუთარი სათქმელის მკაფიო ფორმულირებაშიც ივარჯიშებენ, სხვა ბავშვების რეაქციები კი აუდიტორიასთან კონტაქტის საშუალებას მიცემთ და საჯარო გამოსვლებში პირველ ნაბიჯებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

 

შეგიძლიათ ბავშვებს საკუთარი ნაწერების გამოსაქვეყნებლად Medium შესთავაზოთ, Otus-ში კი მასწავლებლები, ბავშვები და მშობლები გააერთიანოთ და იქ წარმართოთ მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე.

თანამედროვე ბავშვებისთვის ქაღალდზე წერა მოსაწყენია. სჯობს მათ მივცეთ საშუალება იმ ტიპის დავალებები, რაც სამუშაო რვეულში არ არის შესასრულებელი და მეტ შემოქმედებითობას, წერას ან პრეზენტაციას გულისხმობს, ონლაინ პლატფორმებზე შეასრულონ და ამით დავალების შესრულების პროცესსაც უფრო საინტერესოს გავხდით და მოსწავლეებს თანამედროვე სთორითელინგის, ვიზუალიზაციის და სხვა პლატფორმებში გარკვევის საშუალებასაც მივცემთ.

 

აი მაგალითად, Brainly-ზე შეუძლიათ ბავშვებმა კითხვა დასვან ნებისმიერ მათთვის საინტერესო კითხვაზე მთელი მსოფლიოდან და შესაძლოა თქვენი საგნის შესაბამისად, კონკრეტულ თემაზე საინტერესო კითხვების და პასუხების საძიებოდ გამოიყენოთ.

 

მოსწავლეებისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს ისიც, თუკი ვეტყვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არხებიდან რა ტიპის ინფორმაციას იღებენ და ვთხოვოთ ამ არხების კრიტიკულად გადააზრება: რამდენად დაცულები არიან დეზინფორმაციისგან? რას აკეთებენ კიბერბულინგის აღმოჩენისას? იღებენ თუ არა მონაწილეობას ფორუმებში განხილვებში? თუ იციან სასწავლო რესურსები, რომლის სასწავლო პროცესში ინტეგრაციასაც ისურვებდნენ?

 

 

 

 

 

 

როცა ბავშვი უარს ამბობს სათვალის ტარებაზე  

0

ერთხელ 7 წლის ბიჭუნას დედამ დახმარების თხოვნით მომმართა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმს პატარისთვის სათვალე გამოეწერა, მაგრამ ბავშვი კატეგორიულ უარს აცხადებდა  მის ტარებაზე.

დაქვეითებული მხედველობა ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა თანამედროვე ბავშვებს შორის. ჩვეულებრივ, ისინი სიამოვნებით ატარებენ სათვალეს, რომელიც ახლა ერთგვარ მოდურ აქსესუარადაც კი ითვლება. თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც სათვალის უბრალოდ მოსინჯვაზეც კი უარს ამბობენ. რატომ ხდება ასე და რას ვაკეთებთ ასეთ დროს? როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს არ სურს სათვალის ტარება? პატარის კატეგორიული უარი უფროსების მოთხოვნაზე, როგორც წესი, უბრალოდ კონფლიქტების მიზეზი კი არ ხდება მშობლებსა და შვილებს შორის, არამედ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა სირთულეებმაც იჩინოს თავი. ნებისმიერ ზრდასრულს კარგად ესმის, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მომავალში პროგრესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პატარამ დროულად დაიწყოს ექიმის მიერ გამოწერილი სათვალის ტარება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როდესაც მშობლები სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან ბავშვის მხრიდან, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს ექიმის დანიშნულების შესრულებაზე და სათვალის ტარებაზე, მაშინაც კი, თუ ის მისი შერჩეული და მოწონებულია.

     ექიმის დანიშნული სათვალის ტარებაზე ბავშვის უარის ძირითადი მიზეზები:

  • დისკომფორტი, მოუხერხებლობა სათვალის ტარებისას არა მხოლოდ ბავშვი, არამედ სათვალეს მიუჩვეველი ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს, განსაკუთრებით პირველ ხანებში, რის გამოც უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება სათვალის მიმართ და მის მოცილებას ცდილობს;
  • სიმორცხვე და შიში იმისა, რომ მას დასცინებენ, გააღიზიანებენ თანატოლები სათვალის ტარების გამო და რაიმე ზედმეტსახელსაც „მიაკერებენ“. ასეთ დროს ბავშვი უპრობლემოდ მოიხმარს სათვალეს სახლში, უარს არ ამბობს მასზე, მაგრამ სახლიდან გასვლის შემთხვევაში მალავს, არ იკეთებს მას;
  • თავად უფროსების, მშობლების უარყოფითი დამოკიდებულება სათვალის ტარების მიმართ შეიძლება ასევე სერიოზული მიზეზი გახდეს იმისათვის, რომ ბავშვმა უარი თქვას მის მოხმარებაზე;
  • ოჯახის წევრების არაერთგვაროვანი, განსხვავებული შეხედულება სათვალის ტარებაზე – დედა თვლის, რომ ბავშვი, როგორც სახლში, ასევე სკოლაშიც მოუხსნელად უნდა ატარებდეს სათვალეს, მამის აზრით, არაფერი მოხდება, თუ პატარა მხოლოდ სახლში ატარებს სათვალეს, უფროსი ძამიკო კი თავისი უმცროსი დაიკოს სახეზე სათვალის დანახვისას უცნაურად იღიმება. ასეთ შემთხვევაში, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბავშვმა საერთოდ უარი თქვას სათვალეზე;
  • შეიძლება სათვალის ტარებაზე პროტესტის მიზეზი ისიც გახდეს, რომ ბავშვს არ მოეწონოს მისი დიზაინი და ჩათვალოს, რომ ასეთი სათვალე მას არ უხდება და მომხიბვლელობასა და სილამაზეს უკარგავს.

რეკომენდაციები სათვალის ტარების აუცილებლობაში ბავშვის დასარწმუნებლად:    

  • უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ იქნება ჩვენთვის განაჩენი ექიმის მიერ ბავშვისთვის დასმული დიაგნოზი. თუ ჩვენ შიში შეგვიპყრობს, პანიკაში ჩავვარდებით და ვინერვიულებთ იმის გამო, რომ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, პატარა დაცულად ვერ იგრძნობს თავს და სათვალის ტარებაც მისთვის უარყოფით ემოციებთან იქნება დაკავშირებული – „რადგან დედა ნერვიულობს, ე.ი. სათვალე რაღაც ძალიან ცუდია“ – ფიქრობს საგონებელში ჩავარდნილი ბავშვი. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვები არავერბალური კომუნიკაციით, ჩვენი სახის გამომეტყველებით, მიმიკით, ჟესტიკულაციით, ხმის ტონით, ტემბრით ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ და მასზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე ნათქვამის შინაარსობრივ მხარეზე. თუ ჩვენ დემონსტრირებას არ გავუკეთებთ ჩვენს უარყოფით განცდებს, ბავშვიც არ ინერვიულებს. რა თქმა უნდა, მხედველობის დაქვეითებაში სასიხარულო არაფერია, მაგრამ უსასრულო სევდასაც არ მოაქვს სარგებელი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ჩვენ, უფროსებმა მშვიდად მივიღოთ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი და ის ტრაგედიად არ ვაქციოთ;
  • თუ არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვს თანატოლები დასცინებენ და ამის გამო ამბობს უარს სახლის გარეთ, სკოლაში სათვალის ტარებაზე, ასეთ დროს კარგად იმოქმედებს კლასში ბავშვებთან საუბარი, რომელსაც ჩაატარებს ან თავად პედაგოგი ან სპეციალურად მოწვეული ექიმი-ოფთალმოლოგი. საუბრის თემა უნდა იყოს „სათვალის ტარების სარგებლობა“. როგორც წესი, ასეთი საუბრის შემდეგ ბავშვები სხვაგვარად უყურებენ, როგორც სათვალის ტარებას, ასევე იმ ბავშვს, რომელსაც მისი გამოყენება უწევს;
  • თუ ბავშვი უარს ამბობს სათვალის ტარებაზე არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც, ფრთხილად ავუხსნათ მას, რომ სათვალის ტარება დასჯა არ არის, პირიქით, ის კარგი ხერხიც კია გარშემომყოფებში გარკვეული უპირატესობის მოსაპოვებლად. ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ სათვალე, გარკვეული აზრით, დიდობის და სიჭკვიანის ერთ-ერთი ნიშანიც არის. თანაც, სათვალით ბევრად უფრო საინტერესო იქნება ფოტოს გადაღება, კამერის წინ პოზირება. შევეცადოთ ბავშვს ისიც ავუხსნათ, რომ სათვალე ჩვენი გარეგნული სახის ჩვეულებრივ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოვცვალოთ, მისი ტარება კი არანაირ ცუდ გავლენას არ მოახდენს მის გარეგნობაზე;
  • აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებს გვქონდეს აზრების, შეხედულებების ერთიანობა ბავშვის მიერ სათვალის ტარებასთან დაკავშირებით და ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. მაგ. როცა ოჯახის ერთი წევრი ექიმის დანიშნულების შესრულებას ცდილობს და ბავშვისაგან სათვალის მუდმივ ტარებას მოითხოვს, მეორე – ნებას რთავს, რომ მხოლოდ სახლში, ან მხოლოდ სკოლაში ატაროს სათვალე, მესამეს კი ირონიულად ეღიმება, როცა ბავშვს სათვალით ხედავს, სასურველი შედეგის მიღება ძალიან გაგვიჭირდება;
  • გავითვალისწინოთ, რომ არაფერი ისე არ არწმუნებს ბავშვს, როგორც მისთვის ძვირფასი, საყვარელი და ავტორიტეტული უფროსების პირადი მაგალითი. ასე რომ, თუ დიდხანს გვიწევს კომპიუტერთან მუშაობა, შეგვიძლია ჩვენ თავად გავიკეთოთ სათვალე; ამგვარად, ბავშვი მიხვდება, რომ სათვალე მისთვისაც ისეთივე აუცილებელია, როგორც ჩვენთვის;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ვუჩვენებთ, დავათვალიერებინებთ იმ ცნობილი პიროვნებების,  მსახიობების, მულტფილმების გმირების, ლიტერატურული პერსონაჟების სურათებს, რომლებიც სათვალეს ატარებენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლის მათ ხელს იყვნენ ყველასათვის საყვარელი, მომხიბვლელი და საინტერესო. ეს აუცილებლად დადებითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მის განცდებზე;
  • ნება დავრთოთ ბავშვს თავად შეარჩიოს მაღაზიაში მისთვის მოსაწონი სათვალე და სათვალის შესანახი ბუდე;
  • თუ ბავშვმა გადაწყვიტა სათვალის ტარება, არ დაგვავიწყდეს, შევაქოთ ის და წავახალისოთ მისი გამბედაობა და სითამამე. გამხნევება და შექება ყოველდღიურადაც შეიძლება;
  • გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ნებისმიერ ასაკში გვჭირდება დრო რაღაც ახალთან მისაჩვევად. ამიტომ, სათვალის ტარება უნდა დავიწყოთ თანდათან – ჯერ დღეში რამდენიმე წუთით, შემდეგ ყოველდღიურად გავზარდოთ დრო. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოველაპარაკებით ბავშვს, საწყის ეტაპზე, სათვალის მოხმარებისათვის აუცილებელი დროის ხანგრძლივობაზე. არ იქნება გამართლებული, თუ პირველ ხანებში, როცა ბავშვი ეჩვევა სათვალის ხმარებას, მოვთხოვთ მას ჩვეული რეჟიმით იმეცადინოს – წეროს და იკითხოს წიგნები. ასევე, შევუზღუდოთ ტელევიზორში მულტფილმების ყურებისა და კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობა დღეში 35-40 წუთამდე.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის შეგუება სათვალის ტარებასთან ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზე, უფროსებზე. ჩვენი პოზიტიური განწყობა დაეხმარება პატარას პრობლემების და სირთულეების თავიდან აცილებაში ამ არცთუ ისე მარტივი საკითხის მოგვარებისას.

 

 

 

 

სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები

0

„ყოველ ახალ სიტუაციაში ახალი ადამიანი ვარ. ასე რომ, მივეჩვიე, ვიყო პიონერი“.

ჰაბენ გირმა

 

 

ეს 31 წლის ჰაბენ გირმას ფოტოა მისივე წიგნის გარეკანზე – ადამიანისა, რომელმაც სმენა-მხედველობის უქონლობის მიუხედავად, წარმატებით დაასრულა ჰარვარდის სამართლის სკოლა და დღეს სხვების უფლებებს იცავს. გარდა ამისა, ჰაბენი სპორტსაც აქტიურად მისდევს. მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ განათლებით ცხოვრებას იმედის სხივად ვაქცევთ, და არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

ჰაბენი დაბადებიდან სმენა-მხედველობის არმქონეა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით ესწავლა სკოლაში ბრაილის ციფრული ტექნოლოგიით. მისი თქმით, ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა იმპულსია მიღწევებისა და მიგნებებისთვის. თუმცა ასე არ ფიქრობენ ჩვენში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო სმენა-მხედველობის დარღვევის ხსენებისას იმედზე მეტად შიში იპყრობთ. არადა, ჰაბენის, ჰელენ კელერისა და მსგავსი ადამიანების არსებობა შთაგვაგონებს, რომ თუ ჩვენ გვერდით სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვი გამოჩნდა, არ შეგვეშინდეს, პირიქით, ოპტიმიზმით განვეწყოთ და მონდომებით ვაკეთოთ საქმე, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

სმენა-მხედველობის დარღვევები ან ადრეული ბავშვობიდან მოჰყვებათ, ან ცხოვრების შემდგომ პერიოდებში იძენენ. ამ განსხვავების მიუხედავად, ასეთ  ადამიანებს აერთიანებთ მეტი შეზღუდვა და შეგრძნებათა კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა მათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ მხედველობა ან მხოლოდ სმენა აქვს დაკარგული. დღესდღეობით სმენა-მხედველობის დარღვევის შემდეგ ტიპებს/კატეგორიებს გამოყოფენ:

  • ერთდროულად მსუბუქი სმენადაქვეითება და მცირემხედველობა;
  • ერთდროულად უსინათლობა და სმენის დარღვევა;
  • ერთდროულად მხედველობისა და სმენის მძიმე დარღვევა;
  • ერთდროულად სმენა-მხედველობის უქონლობა.

ასეთ ბავშვებთან მუშაობისას ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენს სასწავლო დაწესებულებაში რომელიმე ამ დარღვევის მქონე მოზარდი გამოჩნდა, სამი ძირითადი რამ მაინც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ესენია:

  • სათანადო ენა-მეტყველების ნორმებისა და წესების შერჩევა/სწავლება;
  • გარემოს შესაფერისად მოწყობა;
  • სივრცეში ორიენტირების წესების სწავლება.

სმენა-მხედველობის შეზღუდვის მქონე მოსწავლის კოგნიტიური განვითარებისა და განათლების უმთავრეს ასპექტად ენასა და მეტყველებას მიიჩნევენ, რამდენადაც ამ ტიპის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს კავშირის დამყარება გამოცდილებას, მეტყველებასა და მთლიან კოგნიტიურ განვითარებას შორის. საკომუნიკაციოდ იყენებენ დაქტილს, ლორმს, ბრაილს და ჟესტს.

მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი კოგნიტიური განვითარების ყველაზე რთულ სფეროებს წარმოადგენს: სამყაროს ფიზიკური აღქმა (საგნების მოძრაობა, მიზეზშედეგობრიობა), სივრცის აღქმა (სივრცე და დრო), გარშემო მყოფ ადამიანთა სოციალური როლების და ურთიერთობების აღქმა, ცნებების ფორმირება და მათი გამოყენება.

მხედველი, მხედველობის დარღვევის მქონე და სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები დიდი განსხვავებით აღიქვამენ სიტყვათა მნიშვნელობებს, ამიტომ მათი განვითარების სტიმულირებისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს შეუძლიათ სიტყვების მნიშვნელობისა და ცნებების კატეგორიების ჩამოყალიბება მათ მიერ შეგრძნებებით (შეხება, ყნოსვა, ნარჩენი სმენა ან მხედველობა, ინტეროცეფცია და პრეპიოცეფცია) აღქმული გამოცდილების საფუძველზე. ისინი განსხვავებულად აზოგადებენ ინფორმაციას და განსხვავებულად ავრცობენ სიტყვათა მნიშვნელობებს სხვადასხვა სიტუაციაში; მათი სწავლებისას მნიშვნელოვანია შემდეგი ინსტრუქციების დაცვა:

  • ჩვეულებრივად გამოვიყენოთ ტერმინები: „შეხედე“, დაინახე“; მივუთითით ამა თუ იმ ფერზე.
  • ვესაუბროთ. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მეტი დიალოგი და საგნების მეტი, უფრო ზუსტი აღწერა (აუდიოდესკრიფცია);
  • კოგნიტიური განვითარებისთვის აუცილებელია უფროსისა და ბავშვის მუდმივი ურთიერთობა, ინსტრუქციების, სტიმულირების, დაინტერესებისა და მოტივირების, კითხვებისა და საუბრის გზით.
  • მნიშვნელოვანია არა აქცენტის დასმა ახალი სიტყვების სწავლებასა და გამოთქმის სრულყოფაზე, არამედ მოსწავლის ინტერესის აღმოჩენა და ამ საკითხზე მისი ინფორმირება, აზრის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.
  • მივაწოდოთ ინფორმაცია გარემოში არსებული საგნების, მოვლენების, მსგავსებისა და განსხვავებების შესახებ, რის საფუძველზეც შემდგომში ხდება ცნებების ჩამოყალიბება.
  • ბავშვებს უნდა ავუხსნათ მეტაფორის არსი, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი ფრაზების მნიშვნელობა, ხოლო ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, სასურველია, ვასწავლოთ ერთი სიტყვის მრავალი სინონიმი, ანტონიმი და, რაც მთავარია, გამოვიყენოთ სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში.

მხედველობის ან სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების პროცესში არასასურველად მიიჩნევა:

  • ბავშვისთვის სიტყვის მიუცემლობა ან გაწყვეტინება;
  • ბავშვის ნაცვლად ლაპარაკი;
  • არასაკმარისი დროის მიცემა პასუხის გასაცემად;
  • დიალოგის დომინანტურად წარმართვა;
  • იმ კითხვების კიდევ და კიდევ დასმა, რომელთა პასუხიც დიდი ხანია, იცის;
  • დაგეგმილი ლექსიკის ან გრამატიკის სწავლება საგანგებოდ, კონტექსტისგან განცალკევებით. მაგალითად: „დღეს ჩვენ ვისწავლით იმ ნივთების სახელებს, რომლებიც საკლასო ოთახში გვხვდება“;
  • ისეთი კითხვის დასმა, რომლის პასუხიც უკვე იცის ბავშვმა. მაგალითად: „რა ფერისაა საქართველოს დროშა?“
  • ბევრი ღია კითხვის დასმა, მაგალითად: „რა გააკეთეთ ამ შაბათ-კვირას?“
  • პასუხის დაძალება ან მისი მრავალჯერ გამეორებინება;
  • ბგერის ან სიტყვის მრავალჯერ გამეორებინება გამოთქმის გამოსასწორებლად: მაგალითად: „აბა, უკეთ გამოთქვი ბგერა „ს“;
  • ისეთი მექანიკური კითხვებისა და პასუხების გამეორება, რომლებიც ინტერესს უკარგავს ბავშვებს.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ენობრივი განვითარებისა და დახვეწის პროცესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ახერხებს უფროსი, დაეხმაროს სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვს არა მხოლოდ კონკრეტული, არამედ აბსტრაქტული ცნებების დაუფლებაშიც. სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და-ძმები და თანატოლები. ისინი ეხმარებიან, რეალურ სიტუაციებში გამოიყენოს და განავრცოს მიღებული ცოდნა. იმისთვის, რომ სხვა ბავშვები აქტიურად ჩავრთოთ აღნიშნულ პროცესში, სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები უნდა წავახალისოთ, თავად გახდნენ ურთიერთობის ინიციატორები.

ბავშვთან ეფექტური დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია:

  • წინასწარ განვსაზღვროთ დიალოგის თემა;
  • გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბაჭდილებები;
  • განვიხილოთ ბავშვისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები;
  • გავუკეთოთ კომენტარი ბავშვის სწავლის პროცესს;
  • დავინტერესდეთ იმით, რასაც ბავშვი აკეთებს, დავეხმაროთ მისთვის საინტერესო თემების გავრცობაში, დავუკავშიროთ ისინი მის უშუალო გამოცდილებას;
  • ვესაუბროთ, მივაწოდოთ მოვლენათა სხვადასხვა ინტერპრეტაცია და აღწერილობა;
  • გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აზრის გაზიარება და ხედვის გათვალისწინება;
  • წავახალისოთ ბავშვი, გამოიჩინოს ინიციატივა და თავად დასვას კითხვები;
  • მოვუსმინოთ, მივცეთ ნება, წამოჭრას ახალი თემები; დავაკვირდეთ მის ინტერესებსა და მიდრეკილებებს;
  • საუბრისას გამოვიყენოთ ე.წ. სოციალური ინტერაქციის წამახალისებელი ფრაზები, მაგალითად: „ოჰ, ეს მართლაც საინტერესოა“;
  • დავაზუსტოთ, განვავრცოთ და პერიფრაზით ხელახლა ჩამოვაყალიბოთ ბავშვის მიერ გამოთქმული აზრი;
  • საუბრიას ნუ ვეცდებით დომინანტობას, რიგრიგობით ვილაპარაკოთ;
  • მოვუყვეთ ბავშვს ჩვენი პირადი გამოცდილების შესახებ, მაგალითად: „დღეს საკვირველი რამ შემემთხვა“.

არსებითია, ძალისხმევა მოვახმაროთ მოსწავლის გააქტიურებას და გარე სამყაროთი დაინტერესებას. მუდამ ვეცადოთ, ერთმანეთს დავუკავშიროთ გარეშე მოვლენები და ბავშვის გამოცდილება.

სწავლებისა და ინტერაქციის დირექტიული (საკუთარი აზრის თავს მოხვევის) სტილი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მშობლებისა და მასწავლებლების მისწრაფებიდან, განუვითარონ ბავშვს მდიდარი ლექსიკა და ასწავლონ რაც შეიძლება მეტი საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა. შინ თუ სკოლაში სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს არ უნდა ასწავლიდნენ საგნების მშრალ დასახელებას – თითოეული საგანი მათთვის კარგად უნდა აღიწეროს და დახასიათდეს, შეედაროს რამეს, რათა ამა თუ იმ სიტყვის/ცნების შესახებ უფრო ფართო წარმოდგენა შეექმნათ. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ, მაგალითად, ახალი სათამაშოს გაცნობისას გაცილებით ნაყოფიერი იქნება, მხოლოდ სათამაშოს სახელი კი არ უთხრან ბავშვს, არამედ ვრცლად აღუწერონ მისი გარეგნული სახე, აუხსნან მისი დანიშნულება. ასევე სასურველია, ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული ყოველდღიურ საოჯახი საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის ინტერესს გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. მოკლე განმარტებებისა და ინსტრუქციების მიწოდების შემთხვევაში სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს ხშრად არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შესახებ.

ძლიერი შეზღუდვის დროს აუცილებელია, ბავშვი ხელით შეეხოს საგანს, დაყნოსოს, თუ საკვებია – დააგემოვნოს, ჩაერთოს ისეთ პროცესებში, როგორიცაა, მაგალითად, ხილის კრეფა, დაჭრა, მისგან დესერტის მომზადება. ამ გზით ბავშვის ცნობიერებაში ჩამოყალიბდება ატრიბუტიკა, რომელიც ამა თუ იმ სიტყვას უკავშირდება.

სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა კოგნიტიური განვითარების ზემოთ მოყვანილი სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მშობლებისა და სკოლის მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით. ენობრივი გარემო შინ თუ სკოლაში შეიძლება იყოს ინტენსიური და მრავალმნიშვნელოვანი, რაც უფროსებსაც და მოსწავლეებსაც მისცემს შესაძლებლობას, სიამოვნება მიიღონ ურთიერთობით და აზრების ურთიერთგაზიარებით.

ახალ სასწავლო წელს, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სკოლაში პირველად მისვლას სასურველია წინ უძღოდეს მოსამზადებელი ვიზიტი, რომლის დროსაც ბავშვი გაეცნობა სკოლის შენობას და შიდა მოწყობას. შენობის შესასვლელ-გასასვლელებთან, ასევე კიბის პირველ და ბოლო საფეხურებზე, მოაჯირების საწყისებსა და სასრულებში, აუცილებელია ფერადი (ყვითელი ან ნარინჯისფერი) ზოლების, დერეფნებში კი ისრების დამაგრება იმ მხარის საჩვენებლად, საითაც ამა თუ იმ საჭიროების სივრცეა (რესურსოთახი, ტუალეტი, სასადილო, ბიბლიოთეკა…) განთავსებული.

არსებობს უნივერსალური წესები და რეკომენდაციები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან საურთიერთობოდ:

  • მისალმებისას უსინათლო ან მცირედ მხედველ მოსწავლეს წარუდგინეთ თქვენი თავი, ფრთხილად შეახეთ ხელი მის ხელს და უთხარით, ვინ ხართ. თუ მძიმე დარღვევა აქვს, ხელისგულზე ლორმით ან დაქტილით გამოუსახეთ თქვენი სახელი ან ხელი შეახებინეთ რომელიმე ნივთზე, რომელსაც მუდმივად ან ხშირად ატარებთ.
  • შეატყობინეთ, რა როდის მოხდება.
  • მოახდინეთ რეაგირება სწრაფად და ხალისით.
  • ოთახში შესვლისას და ოთახიდან გასვლისას, ყოველთვის გააფრთხილეთ უსინათლო მოსწავლე, რომ მან იცოდეს, ვისთან ერთად იმყოფება; წარუდგინეთ მას ყველა იქ მყოფი ადამიანი.
  • ყოველთვის მიმართეთ უსინათლო ან მცირედ მხედველ მოსწავლეს სახელით, სანამ კითხვას დაუსვამთ ან რამეს ეტყვით. სასურველია, ყველა სხვა იქ მყოფსაც სახელებით მიმართოთ, რათა სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლემ იცოდეს, ვის ესაუბრებიან.
  • სიტუაციისა და საჭიროებების გათვალისწინებით ცვალეთ საკომუნიკაციო მეთოდები (სიტყვიერი მეთოდი, ჟესტების ენა, ლორმის ანბანი, ჟესტები და სხვა ტაქტილური სიგნალები, ზურგზე შეხებით მინიშნება ან კონკრეტული ობიექტის ჩვენება).
  • ჩვეულებრივ გამოიყენეთ სმენა-მხედველობასთან დაკავშირებული სიტყვები და ფრაზები, ეს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს ამ დარღვევების მქონე ადამიანს.
  • ნუ გადააადგილებთ სმენა-მხედველობის დაქეითების მქონე ადამიანის გარემოში არსებულ საგნებს მასთან შეუთანხმებლად. მისი პირადი ნივთები აიღეთ მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ და ყოველთვის დააბრუნეთ თავდაპირველ ადგილზე ან მიაწოდეთ პატრონს ხელში.
  • დარწმუნდით, რომ ნამდვილად სჭირდება თქვენი დახმარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება.
  • მიმართულებები აუხსენით კონკრეტულად, მიეცით მისთვის ადვილად გასაგები და ნაცნობი მითითებები. გამოიყენეთ გზად არსებული საორიენტაციო პუნქტები.
  • არასდროს დატოვოთ გაშლილ სივრცეში მარტო, უახლოესი საორიენტაციო პუნქტის მითითების გარეშე.
  • სკამზე დაჯდომისას ხელი დაადებინეთ სკამის საზურგეზე ან უთხარით, მისგან რომელ მხარეს დგას თავისუფალი სკამი.
  • როდესაც უხსნით, როგორ მივიდეს რომელიმე საკლასო ოთახამდე ან სხვა ადგილამდე, უმჯობესია, ზუსტად მიუთითოთ, მერამდენე შესახვევში შეუხვიოს ან მერამდენე კარში შევიდეს.
  • სივრცეში საორიენტაციოდ გამოიყენოთ საათის პრინციპი. საორიენტაციო პუნქტი შეიძლება იყოს: სკამი, ბოძი, ნაგვის ურნა, შადრევანი, შენობის კედელი და ასე შემდეგ.
  • თუ ატყობთ, რომ მოსწავლეს ერიდება დახმარების თხოვნა, შეგიძლიათ, უფრო დაჟინებით შესთავაზოთ დახმარება. მაგალითად, „მოდი, მე მოგეხმარები“, „მოდი, ერთად გავიდეთ ეზოში, მომკიდე ხელი“, „მოდი, მე დაგასრულებინებ სამუშაოს“.
  • ყოველთვის ჰკითხეთ თავად მას, როგორ დაეხმაროთ ან რა ფორმით მიწოდებული (ახსნილი) მასალა უფრო გასაგებია მისთვის. ის თავისი მდგომარეობის მთავარი ექსპერტია.

კარგი იქნება, თუ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვს ეყოლება მეგობარი, რომელიც მას პირველ თვეებში დაეხმარება გარემოსთან შეგუებაში. შემდომ კი მას დახმარებას გაუწევენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც კარგად ფლობენ ლორმის ქართულ ან შესაბამისი ენის ანბანს, დაქტილს, ბრაილს, იციან სივრცეში ორიენტაციის ტექნიკა და სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობენ თანმიმდევრულად, მოთმინებით და მონდომებით. ბევრი მათგანი საკმაოდ ნიჭიერია და ყველაფრის კარგად დასწავლაც შეუძლია.

ნახეთ ფილმი და ამაში თავად დარწმუნდებით! https://www.youtube.com/watch?v=4pFf9-id3V4

 

გამოყენებული რესურსები:

  1. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება, საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, თათია პაჭკორიას საერთო რედაქციით, 2012
  2. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პოლონური ორგანიზაციების: Human Doc და TPG – მიერ მომზადებული ფლაერი „სმენა- და მხედველობადაქვეითებულ პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“
  3. https://www.sense.org.uk/get-support/information-and-advice/conditions/deafblindness/
  4. https://www.youtube.com/watch?v=4pFf9-id3V4

 

კაკო

0

„იცოდეს, ყველამ იცოდეს,

ღვინის ტრფიალი როდი ვარ,

მე სიყვარულის ლოთი ვარ…“

კაკო თოლორაიას, ბებიაჩემის ძმას, ჰყვარებია ამ ლექსის შემოძახება სუფრაზე და მე კი იმდენად არ მახსენდება, ჩვენი თანდასწრებით ეთქვას, მაგრამ შეხუმრებული დისშვილ-ძმისშვილები რომ წამოახსენებდნენ, კეთილი ღიმილი გადაეფინებოდა ხოლმე სახეზე.

ლექსის ავტორი არ მიძებნია. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა. მგონი, არც კაკო ბიძიას ახსოვდა. სტუდენტობიდან ჩარჩენოდა და ტკბილ, ბოჰემურ დროს აგონებდა, როცა მას, როგორც მისი თაობის ბევრ სტუდენტს, წილად ხვდა პატივი და ბედნიერება, შინამდე მიეცილებინა ნამთვრალევი გალაკტიონი.

– ლომი ვიყავ, დოდო, ლომი! – უფრო მეუღლის გასაგონად კი არა, თავისი სიჭაბუკის, აუშლელი ქეიფებისა და დაუვიწყარი წუთების მოსაგონებლად შემოსძახებდა და ყველას აიტაცებდა თავისი დარდიმანდული გულგახსნილობით.

სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელი ნამდვილი ქრისტიანის ყოველდღიურობით იცხოვრა. ცდილობდა, შვილებს მიმსგავსებოდა – სამი ვაჟიდან სამივე ეკლესია-მონასტრის გზაზე რომ შეიგულა, თვითონაც აენთო მოშურნეობით: მეუღლესთან ერთად წირვა-ლოცვებზე საათობით იდგა თავის ამორჩეულ ადგილას და ყურადღებით უსმენდა მსახურებასა და ქადაგებას; მახსოვს, ერთხელ, ტრაპეზობისას, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი როგორ შეეხუმრა: კაკო, თქვენ ისეთი მადლიანი კაცი ხართ, ასე რომ ცხოვრობთ და ასეთი შვილები რომ ლოცულობენ თქვენთვის, როცა იქნება, სამოთხეში სულ სიმღერით შეხვალთო – „ეს წყარო და ეს მინდვრები ჩემია…“

არქიმანდრიტის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა ბიძაჩემთან ერთად უკანასკნელად ვნახე კაკო თოლორაია. ვიცოდი, რომ უკვე მოწევნილ იყო ჟამი, მაგრამ ბერიკაცისგან ასეთ სიმშვიდეს, ამა სოფლიდან განსვლისწინა გონების სიწმინდეს და ღმერთთან მიახლებული კაცის არაამქვეყნიურ სიბრძნეს მაინც არ მოველოდი. უცებ თითქოს ერთმანეთს შეენივთა ის თოვლის ბაბუა, რომლის გამოჩენაც სულ პატარაობისას და მერეც გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებდა, საიმედო კაცი, რომელიც ჩვენი ოჯახების სიდუხჭირესა და უიმედობას ერთი ნუგეშიანი სიტყვით ამსუბუქებდა, ქეიფისა და პურობის მადლასხმული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ – და განსაკუთრებით იმ ერთხელ, აბაშაში, თავისი ქალიშვილის ოჯახში – ნამდვილი მოლხენის, სიცოცხლის სიყვარულისა და მოყვასის პატივისცემის გაკვეთილი ჩაგვიტარა. იმ დღეს კი – სიცოცხლის მიმწუხრს – ხმადაბლა ლაპარაკობდა და ვცდილობდი, სიტყვა არ დამკარგვოდა მისი ნათქვამიდან. ეს სიტყვები სეფისკვერის ნამცეცებივით უბრალო და განუმეორებელი იყო, თან მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ჩვენ ორ შორის დარჩენილი, ისეთი, გამხელისთანავე რომ ფერმკრთალდება, მაგრამ საიდუმლოდ კი მთელი ცხოვრება შეგიძლია ატარო.

– გეთ თაქ, პატონ სი ჩქიმ რექინ! – უყვარდა და უხაროდა, თავისი საქმის მცოდნე, წარმატებული ადამიანების ამბავს რომ გაიგებდა ან შენ შეგატყობდა წინსვლის, რაღაცის შეცვლის, შემეცნების, უმოქმედობისგან გაღწევის სურვილს. „მორჩა, ესეც ასე, შენ ხარ ჩემი ბატონი!“ – შეგაგულიანებდა და შეგაქებდა, საქმეს და მხნეობას მოგიწონებდა, მაგრამ მთელ ამ ამბავში მთავარი მაინც დამაგვირგვინებელი, თითქოს სიმბოლური, მაგრამ აუცილებელ ფრაზად ნაგულისხმევი სიტყვები იყო:

– მარა ღორონთიშ უმშო, ღორონთიშ ნებაშ უმშო… ღორონთიშით!

ვიცი, ნიჭიერი ხარ, ჭკვიანი, იღბლიანი, წარმატებულიც იქნები, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ ღმერთისგან გაქვს ეს მოცემული. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდებაო.

საბჭოთა ყოფაში გაზრდილთა და დაკაცებულთაგან ბევრი არ ყოფილა, ჩვენ თვალწინ ისე ბოლომდე ექციოს ზურგი უღმერთობისა და ბოლშევიკური იდეოლოგიის სხვა სიმბოლოებისთვის და ეროვნულ, სარწმუნოებრივ წიაღში დაბრუნებულიყოს, როგორც კაკო თოლორაიამ შეძლო. ის არ ყოფილა ხმალამოღებული მებრძოლი, მაგრამ სწამდა ყველა ადამიანში არსებული სიკეთისა, რომელიც, ცოდვებისგან ვნებული, მაინც ამოიკვირტება და მთელ სხეულს, მთელ ჩვენს არსებას განწმენდს წყლულებისგან.

„იცოდეს, ყველამ იცოდეს,

ღვინის ტრფიალი როდი ვარ,

მე სიყვარულის ლოთი ვარ

და ახლაც, ფეხარეული,

შენი სახლისკენ მოვდივარ“.

და ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც, ჩემი საყვარელი პოეტის წიგნში, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე 1949 წელს 16 წლის ოთარ ჭილაძეს დაუწერია ეს ლექსი, რომელიც კაკო თოლორაიას – და ვინ იცის, კიდევ რამდენი კეთილი კაცის – ცხოვრების საგალობლად იქცა.

ზმნის დრო. მოგზაურობა დროის მანქანით  

0

თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სწავლება

როგორ ვასწავლოთ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს ზმნის დრო?

ცხადია, არ კმარა მხოლოდ განმარტება და ე.წ. წესების დამახსოვრება, არამედ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება ტრანსფერის დროს.

მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, როგორ ვიმოგზაურე ჩემს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად დროის მანქანით სხვადასხვა დროში.

თავდაპირველად ვუამბე მსოფლიოში პირველი ავტომობილის, ძრავიანი თვითმავალი ეტლის  შესახებ, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი და მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. ვაჩვენე ვიდეობმული.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში, გრამატიკული კანონზომიერებების სწავლებასთან ერთად, ხდება მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარება.

ვიდეობმულის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს ვკითხე:

– როდის ხდება მოქმედება? ძველად, ანუ წარსულში, ახლა, თუ მომავალში? პასუხების მოსმენის შემდეგ ეკრანზე გამოვაჩინე ფოტო წარწერით:

 

იყო წარსულში (ძველად)

 

 

შემდეგ  ვკითხე, რა იცოდნენ უახლესი მანქანების შესახებ. მათ მიერ შემოთავაზებული საინტერესო პასუხების მოსმენის შემდეგ ვაჩვენე 2019 წლის საუკეთესო მანქანის ფოტო წარწერით:                არის ახლა.

 

 

ბოლოს დავსვი კითხვა: თქენი აზრით,  როგორი მანქანები იქნება მომავალში?

პასუხების მოსმენის შემდეგ შევთავაზე 2020 წლის ავტოშოუზე წარსადგენი Hyundai-ს ციფრული გასაღები, სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც ჩაანაცვლებს  მანქანის ტრადიციულ გასაღებს  და ვაჩვენე ფოტო წარწერით:

იქნება მომავალში

ამის შემდეგ  ეკრანზე   გაჩნდა ჩანაწერი:

დავიმახსოვროთ!

ზმნა გამოხატავს მოქმედებას დროში.

საპრეზენტაციო პროგრამაში წინასწარ  მომზადებული თამაშით განვამტკიცებინე მიღებული ცოდნა. (სწორ პასუხზე დაწკაპებით მოსწავლეები პრაქტიკულად სწავლობენ ზმნის დროის გამოცნობას.)

-გსურთ, ვიმოგზაუროთ დროში? – ვკითხე თამაშის დასრულების შემდეგ.

მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს შეთავაზება და სურვილისამებრ აირჩიეს, რომელ დროში სურდათ მოგზაურობა. მივეცი რამდენიმე აუცილებელი რჩევა, რომ მოგზაურობის დროს შესაძლებელია, როგორც საინტერესო ადგილების მონახულება, ასევე, გამორჩეულ პიროვნებებთან შეხვედრა  და მათგან ინტერვიუს აღება.

თავდაპირველად მოსწავლეებმა შექმნეს საავტორო ,,დროის მანქანების’’ ილუსტრაციები, ,,ჩასხდნენ’’ და ასე დაიწყო დაუვიწყარი მოგზაურობა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

,, მე  წარსულ დროში ვიმოგზაურე. მეფე დავით აღმაშენებელს შევხვდი. ვკითხე: ძნელი არ იყო, 16 წლის რომ მეფე გახდით? ყველაზე მეტად რომელი ბრძოლა იყო ძნელი?.. რა გავაკეთოთ, რომ საქართველო ისევ ძლიერი იყოს?…’’

,,მე მომწონს ახლანდელი დრო, იმიტომ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს კომპიუტერი არ ჰქონდათ, ჩვენ კი გვაქვს…მაგრამ არ მომწონს, რომ ყველაფერი ძვირია. გაჭირვებული ბავშვები მეცოდებიან და ჩემი დროის მანქანით   საჭმელი, შოკოლადები და სათამაშოები მივუტანე…’’

,,მომავალში ადამიანი არაფერს არ სწავლობს, არ მუშაობს, ყველაფერს რობოტები აკეთებენ’’…

,,წარსულ დროში შემხვდა თამარ მეფე, მომიყვა ამბები: კარგია, თუ არა მეფობა, და როგორი ადამიანები არიან წარსულში, ძალიან მომეწონა წარსული…’’

,,ვარ აწმყო დროში. არ გვყავს მეფე, გარეთ კორპუსების მეტი არაფერი არის. ხეები მოჩეხილია. ბენზინის სუნი დგას…’’

,,წარსულ დროში კაპიტან ამერიკას შევხვდი და ვუთხარი: მოღალატე ნუ იქნები, დაბრუნდი ჩვენს დროში, კიდევ ბევრი კეთილი საქმე უნდა გააკეთო…’’

თითოეული ნამუშევარი მართლაც უნიკალური და განუმეორებელია.

სახალისო გრამატიკის გარდა, მოსწავლეებმა უამრავი რამ შეიმეცნეს, გაიფართოვეს წარმოსახვის თვალსაწიერი, დაასაბუთეს, დააკავშირეს ფაქტები და მოვლენები ერთმანეთთან. მთლიანობაში, აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.

სცადეთ თქვენც!

 

გამოყენებული ლიტერატურა და ვებგვერდები:

  1. გზამკვლევი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლასები) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი https://ncp.ge/files/subjects/

 

  1. https://www.leonardodavincisinventions.com/mechanical-inventions/leonardo-da-vincis-car/

 

  1. https://www.gulf.ge/ge/blog/

 

 

ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და განათლების საკითხები  ახალ ზელანდიაში

0

ტე ვარიკმა ახალი ზელანდიის განათლებისთვის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პირველი ეროვნული სასწავლო გეგმა შექმნა. სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს ახალ ზელანდიაში ბავშვთა ადრეული ასაკის საკითხებზე განათლების ყველა სფეროში თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის კურიკულუმის მიწოდებას.
პროგრამა შემუშავდა ახალ ზელანდიაში მეოცე საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, სასწავლო პროგრამების გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით. კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული განათლების სექტორის მრავალფეროვანი სერვისებისათვის მისაღებია პროგრამის შემუშავების ცენტრალური პრინციპები და ჩარჩო. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ბევრ შენიშვნას, რომლებიც გამოკვლევებისა და საპილოტე პროფესიული განვითარების პროგრამების შესრულებისას გამოიკვეთა. ეს არის პირველი სამეცნიერო სასწავლო გეგმა, რომელიც ახალ ზელანდიაში განვითარდა (6.გვ.9).
აღნიშნული სასწავლო პროგრამა მოიცავს ბავშვის განათლებასა და აღზრდაზე ზრუნვის საკითხებს დაბადებიდან სკოლის ასაკამდე. ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა ინოვაციურია და ნათლად ასახავს სწავლის კონცეფციას, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობის პროცესს.
დოკუმენტში ჩამოყალიბებული სასწავლო გეგმით ხდება ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების სერვისების დემონსტრირება, რომელიც მეოცე საუკუნის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ბავშვების, მშობლებისა და საზოგადოების განსაკუთრებულ საჭიროებებზე დაყრდნობით შეიქმნა. ახალი საჭიროებების გაჩენამ ძველი სტრუქტურები ახლით ჩაანაცვლა. შეიქმნა ახალი სერვისები. ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და განათლების პროგრამა ახალ ზელანდიაში ბავშვის დაბადებიდან სასკოლო ასაკამდე წლებს მოიცავს (6.გვ.13).
განათლების სერვისის როლი ბავშვის ადრეულ ასაკში
ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების ცენტრის შექმნის მიზანი იყო უმწეო ბავშვების დახმარება. ოჯახები და ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ცენტრები ერთობლივად ჩაერთნენ ბავშვთა სოციალიზაციისა და სწავლის სფეროში. ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების ცენტრები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ, რომ სწავლის შესაძლებლობები არ იყოს შეზღუდული სქესის, ეთნიკურობის ან ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით. ბავშვები იზრდებიან ერთზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის მქონე საზოგადოებაში (6.გვ.14).
კავშირები ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების სერვისებს შორის:
ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების სერვისები და ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობდნენ საერთო პრინციპებისა და ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად. ბავშვთა სწავლებისა და განვითარების სასწავლო გეგმის როლის განსაზღვრასა და შემუშავებაში ყველა მონაწილეობდა. ტე ვარიკის საგანმანათლებლო კურიკულუმი ავითარებს საერთო აზრს, თუ რას მიზანი აქვს კურიკულუმს, სხვა სასწავლო პროგრამებისგან განსხვავებული. გაძლიერებულია კავშირები სხვადასხვა ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების სამსახურებს შორის, რაც ხელს უწყობს ერთმანეთის განსხვავებებისა და მსგავსების შეფასებას. სასწავლო გეგმა ცდილობს, მოიცვას და აღნიშნოს ეს მრავალფეროვნება, ასევე განსაზღვროს საერთო პრინციპები, მიმართულებები და მიზნები ბავშვთა სწავლისა და განვითარებისათვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ორგანიზაცია და სერვისიც მუშაობს (6.გვ.15).

ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების სამსახურის განსაკუთრებული მახასიათებელი:
ახალ ზელანდიაში ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების ბევრი სამსახური არსებობს, როგორც ეროვნული ორგანიზაციის ნაწილი. ისინი უზრუნველყოფენ მათ ფილოსოფიურ რეგლამენტსა და მიმართულებას. თითოეულ ორგანიზაციას სასწავლო პროგრამასთან მიმართებაში კონკრეტული მიდგომები აქვს. არსებობს ასევე ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების ისეთი სერვისები, რომლებიც ინდივიდუალურ ცენტრებად არიან განთავსებულნი. მთავარი პროგრამები, რომელთა უმრავლესობაც საოჯახო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ფუნქციონირებს, წარმოადგენს ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების მრავალფეროვნების ერთ-ერთ მაგალითს. ეს პროგრამები უზრუნველყოფს სერვისს, რომელიც პირდაპირ ასახავს სახლისა და ადრეულ ასაკში ბავშვთა ზრუნვასა და განათლებას შორის კავშირების მნიშვნელობას.
ოჯახსა და ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების ცენტრებს შორის კავშირები:
ტე ვარიკის აზრით, მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ოჯახსა და ბავშვთა განათლების ცენტრებს შორის ახლო კავშირი. ვინაიდან გარემო სწავლის შესაძლებლობას ქმნის. ტე ვარიკს მიაჩნია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა დაინერგოს და განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ოჯახის მნიშვნელობაზე. პროგრამებში უნდა აისახოს ოჯახის როლი ბავშვთა აქტივობაში, შეფასებაში, რაც ოჯახის მიმართ გარკვეული მიდგომების ჩამოყალიბების საფუძველია. ამრიგად, ტე ვარიკი კურიკულუმში სწავლის, აღზრდისა და განათლების განუყოფელ ელემენტებს აერთიანებს (6.გვ.15).
კულტურული მრავალფეროვნების ზრდა:
ახალ ზელანდიაში მრავალი ემიგრანტი ცხოვრობს და, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი მულტიკულტურული მემკვიდრეობით ხასიათდებიან. ამიტომ ბავშვთა ადრეული ასაკის განათლების კურიკულუმი მხარს უჭერს ყველა ბავშვის კულტურულ იდენტობას. ადასტურებს და აღნიშნავს კულტურულ განსხვავებებს და მიზნად ისახავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას საკუთარი და სხვა კულტურის შესახებ.
ტე ვარიკის მოთხოვნით ადრეული ასაკის პროგრამები და რესურსები შესაბამისი უნდა იყოს სხვადასხვა კულტურისა და მემკვიდრეობისთვის. რადგან მას მიაჩნია, რომ ადრეულ ბავშვობაში სასწავლო პროგრამა აქტიურად უწყობს ხელს რასიზმისა და სხვადასხვა ცრურწმენების გავრცელებას (5. გვ.232-233).

გამუდმებით ცვლადი საზოგადოება:
ტე ვარიკი მიიჩნევს, რომ ახალი ზელანდია მსოფლიო ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილია. ამიტომ ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების თანმდევია. ამგვარი ცვლილებების შესამსუბუქებლად სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს იმ უნარების განვითარება, რომლებიც ბავშვებს სიცოცხლის განმავლობაში სჭირდებათ.
ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების კურიკულუმის კონტექსტი:
„ტე ვარიკი ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების კურიკულუმის განვითარების კონტექსტს აღწერს ბრონფენბრენერის „ადამიანის განვითარების ეკოლოგიის“ მიხედვით.
•    პირველ დონეზე არის მოსწავლე და მისი უშუალო გარემო. სხვა დონეებს აქვთ ძლიერი გავლენა ბავშვის კეთილდღეობასა და სწავლის უნარზე.
•    მეორე დონე შეიცავს ძირითად პარამეტრებს მოსწავლეების გარემო პირობებიდან: ბავშვის საკუთარი სახლი, მომსახურება გარემოში ან სახლის გარეთ, და ამ გარემოებებს შორის ურთიერთობები.
•    მესამე დონე, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვთა გამოცდილების ხარისხზე, მოიცავს სამყაროს, მუშაობას სამეზობლოში, მასმედიასა და არაფორმალურ სოციალურ ქსელებს. ასევე – პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვთა ცხოვრებაზე.
•    ამავდროულად არსებობს, შემდგომი დონე – ქვეყნის მრწამსი, რომელიც ბავშვთა ზრუნვას, განათლების ღირებულებას, ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებს ეხება“ (6.გვ.16).
ტე ვარიკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პირველ ორ დონეს. მისი აზრით, პირველი ორი დონე – მოსწავლე და სასწავლო გარემო – მჭიდროდაა დაკავშირებული სასწავლო პროგრამასთან. ბავშვი სწავლობს ისეთ გარემოში, სადაც მოზარდები ბავშვებს და ერთმანეთს ესაუბრებიან. სწავლა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და ეგუებიან ბავშვები გარემოს. ბავშვისა და მათი გარემოცვის ამგვარი გაცვლის კიდევ ერთი ასპექტია იმ სოციალური ერთობის გავლენა, რომელსაც ბავშვები ეკუთვნიან. თითოეული სოციუმს, რომელიც ბავშვებს ეკუთვნის, სპეციფიკური კურიკულუმი სჭირდება:
•    მოსწავლეთა საზოგადოება-გამოწვევები და ცვლილებები;
•    ბავშვის საზოგადოება-ინდივიდუალური საჭიროებები და უფლებები;
•    ახალი ზელანდიის თანამეგობრობა – ერის ენების შენახვა, როგორც კულტურული იარაღის გამოყენება: ხელოვნება, ცეკვა, მათემატიკა, მუსიკა, კითხვა, მეცნიერება და ტექნოლოგია.
სწავლების დონეები (6.გვ.20):
პირველი დონე: სწავლა ეხმაურება გამოწვევებსა და ცვლილებებს; შეისწავლიან ენასა და კულტურულ იარაღებს; ინდივიდუალური საჭიროებების და უფლებების დაცვა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების განვითარება; საპასუხო ურთიერთობები.
მეორე დონე: შეუფერხებელი სასწავლო გარემო და ურთიერთობები; სახლი და ოჯახი; ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პარამეტრები.
მესამე დონე: მოზრდილთა გარემო. ყველა მოზარდის პროფესიონალიზმი; პროფესიული მხარდაჭერა; კოლეგიალური განვითარება და სწავლის შემდგომი შესაძლებლობები; ნათესაური ქსელები; მეგობრობის ქსელები.
მეოთხე დონე: ერის რწმენა და ფასეულობები.
მზრუნველობა და განათლება ჩვილობისას და მოზარდობისას;
დაბადებიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების საჭიროებები და შესაძლებლობები მათი ცხოვრების შემდგომი საფეხურების მოთხოვნებისგან განსხვავდება. ამ ასაკის ბავშვთა განათლების კურიკულუმი არსებითად განსხვავებულია მოზარდ ბავშვთა სასწავლო პროგრამისგან. ადრეული ასაკის ბავშვთა კურსები ხაზგასმით აღწერს ურთიერთშეთანხმებულ და მგრძნობიარე ურთიერთობებს, როგორც მოზრდილებთან, ისე თანატოლებთან, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვთა განვითარებისა და შესაძლებლობების შეცვლა. ტე ვარიკი დაბადებიდან სკოლაში შესვლის ასაკამდე განსაზღვრავს სამ ფართო ასაკობრივ ჯგუფს. ამავე დროს, იგი აღიარებს, რომ არსებობს ბავშვებისადმი ინდივიდუალური მიდგომის  მნიშვნელოვანი პერსპექტივები. ჩვილებსა და მოზარდებს აქვთ განსხვავებული და გამორჩეული საჭიროებები და თვისებები. ზემოთქმულიდან გამომდინარე ტე ვარიკს მიაჩნია, რომ პროგრამა უნდა იყოს მოქნილი იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებები და მახასიათებლები.
ასაკობრივი კატეგორიები (6.გვ.20-21)
როგორც აღვნიშნეთ ტე ვარიკი დაბადებიდან სკოლაში შესვლის ასაკამდე განსაზღვრავს სამ ფართო ასაკობრივ ჯგუფს:
•    ჩვილობა – დაბადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში;
•    ახალფეხადგმული ბავშვი – ერთი წლიდან სამ წლამდე;
•    მოზარდი ბავშვი – ორი წლიდან სკოლაში შესვლამდე ნახევარი წლით ადრე.
ჩვილობა ადრეულ თვეებში, ჩვილები სრულიად დამოკიდებულნი არიან სხვებზე. მათ ესაჭიროებათ გაუაზრებელ სამყაროში მოსალოდნელი მოვლენების საჭიროებების გაცნობა. იმისათვის, რომ აითვისონ და ისწავლონ, ჩვილებმა უნდა შექმნან ინტიმური, მგრძნობიარე და სანდო ურთიერთობა მინიმუმ ერთ სხვა პირთან. მათ შეუძლიათ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ რამდენიმე ადამიანთან, მაგრამ არა ბევრთან. საკუთარი იდენტობის განმტკიცება და მათთვის აუცილებელი თვითშეფასების განცდა აუცილებელია. იმისთვის, რომ ურთიერთობისას იყვნენ გაცილებით თავდაჯერებულნი, ჩვილებმა უნდა იგრძნონ ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება, როგორც მინიმუმ ერთ ადამიანთან. ტე ვარიკი გამოყოფს ჩვილების შემდეგ განსაკუთრებულ მახასიათებლებს:
•    ზრდისა და განვითარების ცვლილებები უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პერიოდის განმავლობაში.
•    ჩვილები ძალიან დაუცველნი არიან. ისინი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მთლიანად დამოკიდებულნი არიან უფროსებზე, და იშვიათად შეუძლიათ გაუმკლავდნენ დისკომფორტს ან სტრესს.
•    ჩვილებს აქვთ გადაუდებელი საჭიროებები, რომლებიც დაუყოვნებლივ ითხოვენ ყურადღებას.
•    ახალშობილებს სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ მათი ემოციური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება პროგნოზირებადი გზებით მოხდება.

ძირითადი მოთხოვნები ჩვილების სასწავლო გეგმებში (6.გვ.22):
ჩვილების მოვლა სპეციალურ დამოკიდებულებას საჭიროებს. ეს არ არის არც 3-4 წლის ბავშვთა პროგრამა და არც ძიძობაზე შეთანხმება. ჩვილ ბავშვთა ზრუნვის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს:
•    ზუსტი ქმედებები (მომვლელები უნდა ხელმძღვანელობდნენ ბავშვთა მოთხოვნილებებიდან გამომდინარე);
•    რომ ზრდასრული მუდმივად პასუხისმგებელი იყოს თითოეულ ჩვილზე;
•    უფრო მეტად დაკომპლექტებული კონტიგენტი, ვიდრე მოზარდობისას;
•    კომუნიკაბელური, მოსიყვარულე და ფიზიკურად პასუხისმგებელი უფროსები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვილ ბავშვთა საჭიროების დაკმაყოფილება;
•    ინდივიდუალური პროგრამები;
•    პროგნოზირებადი და მშვიდი გარემო, რომელიც ამყარებს ნდობას,  ხელს უწყობს პარტნიორობას მშობლებსა და სხვა ზრდასრულ პიროვნებებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვილებზე ზრუნვის პროგრამაში.

ახლად ფეხადგმული ბავშვი.
ამ პერიოდში ბავშვის განვითარება და ქცევის ჩამოყალიბება უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფში. ახლად ფეხადგმული ბავშვები იბრძვიან განავითარონ თავდაჯერებულობის გრძნობა და გახდნენ დამოუკიდებელი მოზრდილებისგან, თუმცა ითხოვენ გარკვეულ  ემოციურ მხარდაჭერას. ახლად ფეხადგმული ბავშვი სწრაფად იძენს ფიზიკური, სოციალური, მსჯელობისა და ენის ცოდნის უნარს. მაგრამ ეს უნარები ჯერ კიდევ ბევრ პრაქტიკას საჭიროებს. ბავშვები ამ დროს მიდრეკილნი არიან საკუთარი სამყაროსა და კომფორტის შექმნისკენ, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მშობლებთან და აღმზრდელებთან.
ახლად ფეხადგმულ ბავშვთა განსაკუთრებული მახასიათებლები:
•    ახლად ფეხადგმული ბავშვები არიან ენერგიული და მოძრაობენ ბევრს;
•    ამყარებენ კონტროლს თავიანთ სამყაროზე, სწავლობენ მოვლენათა მიზეზებს და შედეგებს;
•    მათი მოთხოვნილებები გაცილებით დიდია, ვიდრე მათი დაკმაყოფილების ვერბალური თუ ფიზიკური შესაძლებლობა;
•    ახლად ფეხადგმული ბავშვები არიან აქტიურნი და ცნობისმოყვარენი. სურთ, გახდნენ კომპეტენტური და შეძლონ ქმედებების, საგნებისა და იდეების გენერირება;
•    მათი გრძნობები ძლიერია, თუმცა არაპროგნოზირებადი;
•    ისინი ისწრაფვიან კრეატიულობისა და აღმოჩენებისაკენ;
•    ახლად ფეხადგმული ბავშვები არიან იმპულსურები და აქვთ თვითკონტროლის ნაკლებობა;
•    კონცენტრირებულნი არიან აწმყოზე;
•    ისწრაფვიან სოციალური ურთიერთქმედებებისკენ და სწავლობენ სხვების მიბაძვით;
•    სწავლობენ არა შეგონებით, არამედ ქმედებით.
ძირითადი მოთხოვნები ახლად ფეხადგმული ბავშვების სასწავლო გეგმებში:
სპეციალურად ახლად ფეხადგმული ბავშვისთვის განკუთვნილ პროგრამებს ხშირად ახასიათებთ ტენდენცია, იყოს მოსაწყენი, უფერული და მოსაბეზრებელი.
ახლად ფეხადგმულ ბავშვთა საჭიროებები (6.გვ.22):
•    უსაფრთხო გარემო და პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გაუმკლავდეს გამოწვევებსა და პროგნოზირებად მოვლენებს;
•    დამოუკიდებელი კვლევისა და მოძრაობის შესაძლებლობები;
•    მოქნილი მიდგომა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა თავისი საქმეები აკეთოს;
•    მოზარდები, რომლებიც ხელს უწყობენ ახლად ფეხადგმული ბავშვების შემეცნებითი უნარების და ენის განვითარებას;
•    პასუხისმგებლიანი და პროგნოზირებადი მოზარდები, რომლებიც აცნობიერებენ და ითვალისწინებენ ბავშვის განვითარების ტემპს.
ამრიგად კურიკულუმი მოიცავს ყველა ინტერაქციას, გამოცდილებას, რუტინასა და ღონისძიებას, როგორც დაგეგმილს, ისე დაუგეგმავს, რომლებიც ხორციელდება ბავშვის სწავლებისა და განვითარების მხარდასაჭერად შექმნილ გარემოში.

გამოყენებული ლიტერატურა
1. კლერ მაკლაქლანი, მერლინ ფლიერი, სუზან ედვარდსი, ადრეული ბავშვობის კურიკულუმი (მეორე გამოცემა), დაგეგმვა, შეფასება და განხორციელება, კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამოცემა – თარგმნა ილიას უნივერსიტეტმა, 2015.
2. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები – თბილისი, 2010.
3. ადრეული ბავშვობის წიგნიერება და რაოდენობრივი წარმოდგენები: კარგი პრაქტიკის დამკვიდრება – მ. ფლიერი და ბ. რაბანი , ადრეული ბავშვობა ავსტრალია: კანბერა, 2007.
4. მ.ფლიერი და ბ. რაბანი, ცნებების ფორმირების კულტურულ-ისტორიული ანალიზი ადრეული ბავშვობის პერიოდის საგანმანათლებლო გარემოში: ბავშვისა და უფროსის კონცეპტუალური ცნობიერება? ევროპის ბავშვის ადრეული განათლების კვლევის ჟურნალი 14 (2), 2006.
5. ი. ბასილაძე, ი. ბალანჩივაძე, მ. ბერუჩაშვილი, ადრეული განათლების კურიკულუმები და მათი განვითარების სხვადასხვა ასპექტები, ქუთაისი, 2018.
6. Te Whàriki, He Whàriki Màtauranga mò ngà Mokopuna o Aotearoa Early Childhood Curriculum, Ministry of Education, Learning Media Wellington, New Zealand,1996.

 

რატომ სჭირდება ბავშვს მამა?

0

ფემინიზაცია, ანუ ქალთა აქტიური ჩართულობა ყველა სფეროში კარგა ხანია ჩვენი დროის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ქალს, რასაკვირველია, შეუძლია ასწავლოს ბიჭებსაც და გოგონებსაც. ასწავლოს მიზანსწრაფულობა, გადაწყვეტილებების მიღება, კეთილშობილება, სულგრძელობა, პატიოსნება, ვაჟკაცობა, შეუძლია პატარა ასაკში მიეხმაროს ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებაში.

ქალი ხშირად დგას გამოწვევის წინაშე – იცხოვროს მამაკაცის გარეშე და ნებსით თუ უნებლიეთ უწევს მისი შეცვლა. ქალს ბევრი რამ შეუძლია! ზოგ რამეში მამაკაცური თვისებებით მამაკაცსაც სჯობნის („კაცური გამბედაობა“, კაცური სულგრძელობა’’, “კაცური პირდაპირობა“ და ა.შ.)

მხოლოდ ერთი არ შეუძლია – იყოს ნამდვილი მამაკაცი. თუნდაც ნაკლებად ისეთი გაბედული, ნაკლებად მამაკაცური, მაგრამ უბრალოდ მამაკაცი, თავისი ბევრი ნაკლოვანებებით.

სხვათა შორის, როგორი სამაგალითო დედაც არ უნდა ჰყავდეს ბავშვს, როგორც არ უნდა ამაყობდეს ვაჟი დედასთან მსგავსებით, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მას მხოლოდ მამაკაცთან შეუძლია.

დააკვირდით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. არავინ ეუბნება ბიჭუნას: შენ უნდა მიბაძო მამაკაცს ან უფროს ბიჭებს. თავადვე შეუმცდარად ირჩევს მამაკაცისთვის დამახასიათებელ ჟესტებსა და მოძრაობებს. სულ ახლახან ბიჭუნა უხერხულად, უმწეოდ ისროდა ბურთს თუ პატარა ქვას, თუმცა ზაფხულის ბოლოს, უფროს ბავშვებთან კონტაქტის შემდეგ, სროლას ბევრად ოსტატურად ახერხებს, ხელს გვერდით სწევს და ტანსაც ხრის. გოგონა კი, მისი ტოლი და მეგობარი, კვლავ ძველებურად, უგერგილოდ ისვრის… რატომ?

მართალია, ბოლო წლებში ტანსაცმლის ფორმამ თითქმის დაკარგა განსაზღვრული სქესის ატრიბუტიკა, მაგრამ მომავალი კაცები ითხოვენ არა ქვედაბოლოს, არა კაბებს, არამედ კაცურ შარვლებს ჯიბეებით. და უწინდებურად სწყინთ, როდესაც ვიღაცას გოგონაში ერევა. ასე რომ, ყალიბდება სქესობრივი იდენტიფიკაციის მექანიზმი.

მგალობელი ჩიტების ბარტყებს გარკვეულ პერიოდში თუ თანაგუნდელმა არ მოუსმინა, მომავალში გალობის უნარს დაკარგავენ…

ბიჭუნას აუცილებლად სჭირდება მამაკაცთან კონტაქტი სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში, უმჯობესია – მუდმივად. და არა მხოლოდ იდენტიფიკაციისთვის… და არა მხოლოდ ბიჭებს, არამედ გოგონებსაც…

 

 „ორგანული“ კავშირები

     ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით ერთი ადამიანის ისეთ ორგანულ კავშირზე მეორესთან, რომელსაც რაიმე ხელსაწყოთი ვერ გაზომავ და სამეცნიერო ტერმინებით ვერ მოიხსენიებ. და მაინც, ამ ორგანული კავშირების არსებობა საკმაოდ იჩენს თავს ფსიქონევროლოგიური კლინიკის კედლებში.

უპირველეს ყოვლისა, ეს კავშირი გამოვლინდება დედისა და შვილის ფიზიკურ და ემოციურ კონტაქტში, რომლის დარღვევა მრავალი ფსიქიკური დარღვევის საფუძველია. ბავშვი დედის ორგანიზმის ნაყოფია და მასთან გამოყოფის შემდეგაც ინარჩუნებს ამ კავშირის მოთხოვნილებას, დედის სითბოს, მის ალერსს. ეს მოთხოვნილება ადამიანს მთელი სიცოცხლე რჩება. ასეთივე კავშირი ბავშვს მამის მიმართაც უჩნდება, თუ რაიმე მიზეზით ის დედის ადგილს იკავებს.

მაგრამ ჩვეულებისამებრ, მამა სხვაგვარად აღიქმება. მოზრდილი ადამიანი, ოდესღაც ბიჭი ან გოგო, თავისი სიტყვებით ვერ გადმოგცემს მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ პირველ გრძნობებს. უპირველეს ყოვლისა ეს დაცულობის, შენიანის, ახლობელი ადამიანის თანადგომის გრძნობაა, რომელიც ასერიგად გიცავს და შენში შემოდის, შენი საკუთრება ხდება. თუკი დედა სიცოცხლის და ცხოველმყოფელობის წყაროა, მამა – ძალისა და თავშესაფრის, პირველი ძლიერი მეგობარია, რომელიც ბავშვს ამ ძალას უნაწილებს. ძალას – ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ბავშვები დიდხანს ვერ არჩევენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძლიერებას, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ და მისკენ მიისწრაფვიან.

უფროსი მამაკაცი ბავშვისთვის ადრეული ასაკიდანვეა საჭირო დაცულობის გრძნობის ფორმირებისთვის – „ჩემი მამა ყველაზე ძლიერია“, “ჩემი მამა ყველაზე მაგარია’’(ან ჩემი ძმა, ან ბიძაჩემი)

ის პაციენტები, რომლებიც უმამოდ ან უმამაკაცოდ გაიზარდნენ, ჰყვებიან სხვადასხვა გრძნობაზე, როგორიცაა შური, მონატრება, დარდი და ა. შ. ასეთი ბავშვები მოზარდობაში ძლიერი თავდაცვის სურვილითა და უმიზეზო აგრესიით ყალიბდებიან, თითქოს ყველაფრისგან ცდილობენ თავის დაცვას.

მოზარდს მამა მეგობრად სჭირდება. ის უნდა იყოს უკვე არა თავშესაფარი, არამედ ნავსაყუდელი, პატივისცემის წყარო. მამა არ უნდა იყოს შიშის ფაქტორი. შიშისგან კარგი არაფერი ყალიბდება. პატივისცემა – აი ერთადერთი ნიადაგი, აუცილებელი პირობა უფროსის მოზარდზე ზეგავლენისა. ამ პატივისცემას კი მოპოვება, დამსახურება უნდა. ძალით ამის მიღწევა შეუძლებელია. ძალადობა პატივისცემას ანადგურებს! ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ნორმალური ადამიანური ღირსების გრძნობა ჰქონდეთ, ამისთვის მამაკაცმა თავისი ასაკობრივი უპირატესობით ხშირად უნდა ჩაიხედოს ფსიქოლოგიურ და მორალურ სარკეში: შეძლებენ ბავშვები მის პატივისცემას? რას აიღებენ მისგან? მოინდომებს თუ არა ვაჟიშვილი დაემსგავსოს მას?

 

                              ბავშვები, რომლებიც ელიან…

      ზოგჯერ ეკრანზე გაიელვებს ბავშვის თვალები, რომლებიც ელიან, ელიან, ელიან…. ელიან, რომ ვიღაც მოაკითხავს და წაიყვანს, ვიღაც დაუძახებს… და ეს ვიღაც არ იქნება ბავშვთა სახლის აღსაზრდელი. დააკვირდით ბავშვებს და მოზარდებს ტრანსპორტში, რიგებში, უბრალოდ ქუჩაში. უცებ შეგხვდებათ მათი თვალები, სადაც კითხვის ნიშანი გაკრთება: ეს შენ ხარ? არასდროს შეჰპირდეთ ბავშვს, რასაც ვერ შეუსრულებთ. ძნელია ორ სიტყვაში გადმოსცე ის დანაკარგი, რასაც ბავშვები ფუჭი დაპირებების შემდეგ განიცდიან.

თქვენ მიიჩქარით თქვენი საქმეებისკენ, სადაც დიდი ადგილი ეთმობა, მაგ. წიგნს, მეგობართან შეხვედრას, ფეხბურთს, თევზაობას, ლუდის სმას… თან გდევთ ბიჭუნას მზერა, რომელიც თვალებით გაცილებთ… უცხოა? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილია… სხვისი ბავშვები არ არსებობენ. თუ ის თქვენკენ შემობრუნდა, მეგობრული ღიმილით უპასუხეთ. მიეცით ის მინიმუმი, რისი გაღებაც შეგიძლიათ და თქვენ არაფერს გაკლებთ: მეგობრული ღიმილი, მეგობრული შეხება! ტრანსპორტში ბრბომ ერთმანეთს მიგაჭყლიტათ? დაიცავით იგი, ხელით შემოსაზღვრეთ – დაე, თქვენი ხელიდან კეთილი ძალა იგრძნოს!

„მე თვითონ“ ავტონომიისკენ სწრაფვა, ეს ერთი მხარეა. „შენ მე მჭირდები, უფროსო მეგობარო“ – ეს მეორეა. ამ გრძნობას სიტყვიერი გამოხატულება იშვიათად აქვს, მაგრამ ასეა! ამ ორ მხარეს შორის წინააღმდეგობრივი კავშირი არ არსებობს. მეგობარი ხელს არ უშლის, მხოლოდ ეხმარება „მე თვითონს“…

და როდესაც უმცროსები ზურგს გვაქცევენ და ჩვენგან მიდიან საკუთარი ავტონომიის დაცვის საბაბით, ჩვენთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ხმაურით აპროტესტებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი შეცდომებისა და მათთან ურთიერთობაში დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების შედეგებს ვიმკით. თუ უახლოეს უფროსს არ უნდა უმცროსის მეგობარი გახდეს, არ უნდა მისი ფსიქოლოგიური საჭიროებები გაიგოს, ეს თავისთავად ღალატის ტოლფასია…

მამაკაცებო, მიდით ბავშვებთან, თქვენებთან, სხვისებთან, ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ბავშვთან! თქვენ მათ ძალიან სჭირდებით!

ბავშვები, მოზარდები და უმცროსებიც გელოდებიან ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან ამას. ისინიც გელოდებიან, ვისაც ჰყავთ მამები. ძნელი სათქმელია – ვინ უფრო დაობლებულია – ის, ვინც საკუთარ მამას არ იცნობს, თუ ვინც მამასთან ურთიერთობაში ბევრი ტკენა და სისასტიკე გამოიარა.

რამდენად აუცილებელია, რომ რომელიღაც თქვენგანი ასეთ ბავშვთან მივიდეს. იქნებ, რომელიღაც მათგანი ამ წამს თქვენთან ახლოსაა. ამოუდექით გვერდით, დარჩით მის თუნდაც მოგონებად, მაგრამ გაუნაწილეთ მას თქვენი უხილავი სითბო, რათა ის ადამიანად ჩამოყალიბდეს…

 

დიფერენცირებული სწავლების უპირატესობა ფიზიკის გაკვეთილებზე

0

ფიზიკა რთული საგანია და მოსწავლეებს უჭირთ ამ საგნის დაუფლება. ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ზოგადი საგანმანათლებლო უნარების დაბალი დონე. ფიზიკის მასწავლებელების წინაშე დგას შემდეგი საკითხები:

  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსწავლის შემეცნებითი ინტერესი სამეცნიერო მიმართულებით (იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია);
  • როგორ გაუწიოს მასწავლებელმა სწავლებას ორგანიზება ისე, რომ ფიზიკის გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი.
  • როგორ მოახდინოს შემეცნებითი ინტერესის განვითარება და მოარგოს დაგეგმილი გაკვეთილი (თუ კლასგარეშე სამუშაო) მოსწავლეთა სწავლების ინდივიდუალურ სტილსა და ინტელექტუალურ  შესაძლებლობებს.

ზემოხსენებული პრობლემების სისტემური გადაწყვეტისთვის აუცილებელია მოსწავლეთა  დონის დიფერენციაცია. დიფერენცირება ნიშნავს, რომ ყოველი მოსწავლე  გაიგებს მისთვის ხელმისაწვდომი სირთულის დონეს (მისი უახლოესი განვითარების ზონაში).

ათვისების დონე მოსწავლის აქტივობა
პირველი  დონე –  დაბალი (რეპროდუქციული)

·        ფაქტების დამახსოვრება;

·        რეპროდუქცია

·        აჩვენე, მოახდინე  იდენტიფიცირება;

·        დაასახელე;

·        განსაზღვრა;

·        ამოიცანი და ა.შ.

მეორე დონე – საშუალო (პრაქტიკული)

•          ცოდნის გამოყენება ნაცნობ სიტუაციაში,  რომელიც განისაზღვრა განზოგადებული ალგორითმის საფუძველზე (სქემა);

•          მკაფიოდ განსაზღვრული წესების შესრულება.

·        გაზომე;

·         ახსენი;

·        მოახდინე კორელაცია;

·         დაახასიათე;

·        შეადარე და ა.შ.

 

მესამე დონე მაღალი (შემოქმედებითი)

·        ცოდნის გამოყენება უცხო გარემოში;

·        შემოქმედებითი ამოცანების შესრულება.

·        ჩამოაყალიბე ზეპირი ან წერილობითი პასუხი;

·        მიიღე გადაწყვეტილება;

·        გააანალიზე ინფორმაცია;

·        დაამყარე ლოგიკური კავშირი;

·        გააკეთე დასკვნა;

·        მოიყვანე მაგალითები და შეეცადე მის დასაბუთებას;

·        მოიძიე საჭირო ინფორმაცია და ა.შ.

 

უნდა გამოიყოს ორი პირობა: “დიფერენცირებული სწავლა” და “დიფერენცირებული სწავლის მიდგომა”. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია სოციალურ-ეკონომიკური,  ორგანიზაციული თუ დიდაქტიკური ასპექტები. მეორე შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თითოეული მოსწავლის დიფერენცირებული მიდგომის სამეცნიერო განვითარებაზე, რომელიც განაპირობებს პიროვნების განვითარების ფორმირებასა და კორექციას. სწავლებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მოსწავლე არ არის ობიექტი, მასწავლებელმა ორგანიზება უნდა გაუწიოს სწავლების პროცესს ისე, რომ თავად მოსწავლემ გაზარდოს საკუთარი ცოდნის შრეები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, ჩემი ღრმა რწმენით, სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომაა. საგანმანათლებლო საქმიანობის მკაფიო მიზანია, მოსწავლეებმა  იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა ღირებულებები უნდა შეიქმნას  სწავლების პროცესში. თანამედროვე სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის მიმაჩნია, რომ ფიზიკის შესწავლა გამარტივდება დიფერენცირებული მიდგომით.

დიფერენცირებული მიდგომა ეფუძნება მასწავლებლისა და მოსწავლეების საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური (დონის მიხედვით დიფერენცირებული) სასწავლო მიზნების მიღწევას. დონის დიფერენციაციისთვის სწავლის პროცესში აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს მინიმუმი, რომლის გარეშეც მოსწავლე ვერ შეძლებს საკითხის შემდგომ შესწავლას, ანუ უნდა დადგინდეს ის მინიმალური დონე, რომელიც განსაზღვრულია ცნებების, კანონების სახით, კითხვარის ფორმით, აგრეთვე ტიპური ამოცანების ამოხსნის ნიმუშებით.

დიფერენცირებული მიდგომა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სისტემის საფუძველია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები, შევქმნათ პირობები მისი პოტენციალის დაძლევისა და განვითარებისათვის. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს “სუსტი” მოსწავლეებს, გაზარდონ ცოდნის დონე და გადავიდნენ უფრო მაღალ საფეხურზე.

სწავლების პროცესში დიფერენცირებული მიდგომის დანერგვისთვის მე ვიყენებ ბარათებს (მრავალდონიან  ამოცანებს  დამოუკიდებელი სამუშაოსთვის).

თითოეულ ბარათზე მოცემულია 3 ამოცანა:

  • პირველი დონე – ამოცანა, რომელის ამოსახნელად მოსწავლე იყენებს პირდაპირ ფორმულის ან ფიზიკურ კანონს;
  • მეორე დონე – ამოცანა ორ-სამბიჯიანი, მოსწავლე იყენებს რამოდენიმე ფორმულას უცნობი სიდიდის დასადგენად.
  • მესამე დონე – შემოქმედებითი ამოცანა, მოითხოვს წინასწარ შესწავლილი მასალისა და კომბინირებული ქმედებების ცოდნას.

დიფერენცირებული სწავლების ორგანიზებისთვის სასურველია  მასწავლებელმა

1) დაანაწილოს შესასწავლი მასალის შინაარსი  დონეების მიხედვით;

2) შეიმუშაოს  მოსწავლეთათვის  გეგმები თემის ინდივიდუალურად შესასწავლად;

3) შექმნას მინი-ლექციები, სემინარები, მინი-ტესტები  თუ პრეზენტაციები;

4) აღრიცხოს ზეპირი პასუხები;

5) ხშირად ჩაატაროს წერითი დავალებები მინი-ტესტების სახით;

6) მოახდინოს შედეგების ანალიზი და კორექტირება.

დიფერენცირებული მიდგომით, თითოეული მოსწავლე იღებს უფლებას და დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა დონეზე ისწავლის  მასალას. ერთადერთი პირობაა, რომ ეს დონე არ უნდა იყოს მის შესაძლებლობებზე და საგანმანათლებლო სტანდარტზე დაბალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დონის დიფერენცირების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, არამედ მათი ინტერესებიც.

დიფერენცირების ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, აუცილებელია თითოეული თემის შესახებ თითოეული მოსწავლის ცოდნის მონიტორინგი. ასეთი მიდგომა შესაძლებელობას იძლევა მოსწავლეებმა აღმოფხვრან ხარვეზები, რაც შესაძლებლობას ხდის ამაღლდეს მათი აკადემიური მიღწევის დონე.

მოსწავლეს აგრეთვე უნდა გავაცნოთ ის სტრატეგია, რომ მათ აქვთ არჩევნის თავისუფლება და შეუძლიათ ნებისმიერი დონის არჩევა და ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა, ამისთვის კი საჭიროა მათ წინასწარ იცოდნენ  შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები.
წარმოგიდგენთ მე-8 კლასში ფიზიკის გაკვეთილზე გამოყენებული დიფერენცირებული დავალებების ნიმუშს.
დანართი

კეთილგანწყობით, მასწავლებლის პროფესიასა და მოსწავლეებზე

0

პედაგოგებს ხშირად უწევთ თავიანთ მოსწავლეებზე საუბარი და ეს მიღებული პრაქტიკაა. მათთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების, შთაბეჭდილებების, შეგრძნებების ურთიერთგაზიარება. ასეთი საუბრების დროს ზოგიერთ მასწავლებელს ბავშვებზე ჩივილიც ჩვევია, რაც ყოფილი სკოლის პედაგოგის, ამ ეტაპზე კი ცნობილი ქოუჩის განათლების საკითხებში, ლორენ ვარგასის აზრით, სრულიად უსარგებლოა.

„როდესაც სხვა მასწავლებლის მსგავსად მეც სკოლაში ვმუშაობდი, დილაობით ძალიან დიდ დროს ქსეროქსის აპარატთან ვატარებდი – ველოდი, როდის მომზადდებოდა საგაკვეთილო მასალის ასლები. ჩემთან ერთად სხვა კოლეგებიც იდგნენ და ჩვენ განვიხილავდით რამდენად სასტიკია ჩვენი ცხოვრება, რამდენი პრობლემა გვაწუხებს.

ამ რიგში ვიღაც აუცილებლად ახსენებდა თავის სასტიკ გრაფიკს: „წუხელ საღამოს რვა  საათამდე საკლასო ოთახში მომიწია ჯდომა, მერე კი 30 ესეის გასწორება“. ვიღაც აუცილებლად ახსენებდა ურჩ ან უსწავლელ მოსწავლეებს. წლიდან წლამდე ერთი და იგივე მესმოდა: „ეს მესამე კლასი მაგიჟებს“ ან „ღმერთო, რა ბავშვები არიან, საშინაო დავალება არავინ მოამზადა“.

ასეთი რამ თქვენც დაგიჩივლიათ? მოსწავლეებზე ჩივილი სამასწავლებლოში, სამწუხაროდ,  ჩვეულებრივი პრაქტიკაა. დიახ, სკოლის მასწავლებლობა რთული სამუშაოა.

მაგრამ ბავშვებზე ჩივილი არა მხოლოდ მასწავლებელს ვნებს, არამედ მოსწავლეებსაც.

ახლა იმით ვარ დაკავებული, რომ მასწავლებლებს ვეხმარები – ქოუჩი ვარ. უნდა ვაღიარო, რომ დღესაც ძალიან ხშირად მესმის, როგორ უჩივიან მასწავლებლები მოსწავლეებს, მათ შორის ყველაზე ოპტიმისტი და პოზიტიური პედაგოგებიც კი. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა მასწავლებელმა აღშფოთებით მითხრა: „კლასში ორი მოსწავლე მყავს, ვერაფერს აკეთებენ დამოუკიდებლად, სულ ყურადღება სჭირდებათ, არ არიან მოტივირებული და ბავშვებივით იქცევიან“. მე ვკითხე, კი მაგრამ, ისინი ხომ მართლაც ბავშვები არიან?..

მოდით, ეს თემა გავშალოთ. როგორ ვსაუბრობთ ჩვენს მოსწავლეებზე და მათ საქმიანობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს ვემზადებით გაკვეთილისთვის და რამდენად გვჯერა იმის, რომ ამ ცოდნას სხვას გადავცემთ. ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ჩივილი ზოგადად არაპროდუქტიული.

ჯერ ერთი, ჩივილით ვამცირებთ მოლოდინს, ანუ თვითონვე ვაქვეითებთ საკუთარ რწმენას  ბავშვთა შესაძლებლობების მიმართ. მით უარესი, თუ ამას სამასწავლებლოს სივრცეში ვაკეთებთ. ამით ვქმნით განსაკუთრებულ – მოსწავლეთა მიმართ იმედგაცრუებით გაჟღენთილ გარემოს. ვუბიძგებთ ჩვენს კოლეგებს იუმედობისკენ.

მეორე – ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას და ეს ტვირთი შვილებზე გადაგვაქვს. მასწავლებელი კლასში ლიდერია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალრად მოქნილი და მგრძნობიარე. როდესაც ბავშვებს რაიმეში ვადანაშაულებთ, პროფესიულ ზრდას ვწყვეტთ.  ჰაიმ გინოს წიგნში „მასწავლებელი და ბავშვი. წიგნი მშობლებსა და პედაგოგებისთვის“ ნათქვამია: „მე მივედი ცოტა საშიშ დასკვნამდე – სწორედ მე, მასწავლებელი, ვარ წარმატებული კლასის გარანტი. ჩემი განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. როგორც მასწავლებელი, მაქვს წარმოუდგენელი ძალა, გავხადო ბავშვების ცხოვრება უფრო მშვენიერი ან უმწეო“.

მასწავლებლის ჩივილი ზრდის დისტანციას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. როდესაც სამასწავლებლოში მოსწავლეებზე ვჩივით, ჩვენს თავს მათ წინააღმდეგ განვაწყობთ. ერთ დროს მე ვიყავი ახალგაზრდა თეთრკანიანი პედაგოგი საშუალო სკოლაში, სადაც ძირითადად დაბალი შემოსავლების მქონე მიგრანტი ოჯახის შვილები სწავლობდნენ. როდესაც სხვა ასეთივე თეთრკანიან კოლეგებთან ჩემს უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, უნებურად ვქმნიდი რასისტულ და კულტურულ ბარიერს, რომელიც სკოლაში არ უნდა არსებობდეს.

მასწავლებელთა წუწუნი, ჩივილი მოსწავლეებზე ქმნის ტოქსიკურ გარემოს. ასეთი ჩივილები ჩვენს მუშაობას არასასიამოვნო იერს აძლევს, აქცევს ტვირთად, რომელსაც მასწავლებელი „უნდა შეეჭიდოს“. თუკი ხშირად გავიმეორებ, რომ ჩემი მოსწავლეები მოკლებულნი არიან მოტივაციას, ჩემი გაკვეთილებიც გაუარესდება. იმედგაცრუება გამოიწვევს სწრაფ პედაგოგიურ გადაწვას და არცერთ შემთხვევაში არ გადაიდგმება ნაბიჯი მშვენიერი, შინაარსიანი პედაგოგიური კარიერისაკენ.

იმისათვის, რომ ჩივილისა და წუწუნის ტრადიცია უარვყოთ, ჯერ დავფიქრდეთ, რა ენაზე ვსაუბრობთ. არ ვგულისხმობ პოლიტკორექტულობას, არამედ იმას, თუ ვექცევით მოსწავლეებს ისე, როგორც გვსურს, რომ ჩვენ გვექცეოდნენ.

აი, რამდენიმე ფრაზა, რომელიც არ უნდა წარმოვთქვათ: „ისინი ხომ ბავშვები არიან“, „ისინი არ არიან მოტივირებული“, „რა საშინელი თაობა გვყავს“, „ეს ბავშვი მენაგვედაც არ გამოდგება“, „ამ ბავშვის სწავლებას აზრი არ აქვს“, „მშობლებს ბავშვი ფეხზე ჰკიდიათ“.

დაისახეთ მიზანი „ერთი კვირა ბავშვის შესახებ ჩივილის გარეშე“. სცადეთ მთელი კვირის განმავლობაში, როგორი დაღლილი და იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოთ, ცუდ კონტექსტში არ ახსენოთ მოსწავლეები. ეცადეთ მთელი ძალით აკონტროლოთ თავი, როდესაც ჩივილის სურვილი შემოგიტევთ.

მაინცდამაინც ნუ აჰყვებით კოლეგებს. მაგალითად, იმ სკოლაში, სადაც მე ვმუშაობდი, უკმაყოფილების გამოთქმა აბსოლუტურად ნორმალური ამბავი იყო. ახლა ვწუხვარ, რომ მაშინ ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებდი და არაფერი გავაკეთე სიტუაციის შესაცვლელად. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სცადოთ! სულ ცოტა, გთავაზობთ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის კარგი თქვენს მოსწავლეებში, რატომ უნდა ვიყოთ მათი მადლიერი. ამაზე გამუდმებით უნდა ფიქრობდნენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ასევე, უბრალოდ, ეძიეთ ცხოვრების დადებითი მხარეები. პოზიტიური საუბრები რეალურად ამეგობრებს მასწავლებელთა თემს, მუხტავს საუკეთესო სამუშაო იმპულსებით.

ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავია ბავშვებთან მუშაობა, რომ ეს გაძლევთ სიცოცხლის ხალისს, რომ ბევრი რამ თქვენთვისაც გამოწვევაა. სთხოვეთ კოლეგებს, გაგიზიარონ მსგავსი მომენტები, გამოცდილება. ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტანტმა და წიგნის „Relationship, Responsibility and Regulation: Trauma-Invested Practices for Fostering Resilient Learners“ ავტორმა, კრისტინ საუერსიმ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე განაცხადა: „გვახსოვდეს, რომ ჩვენს მოსწავლეებსა და კოლეგებზე ყოველთვის კეთილგანწყობით უნდა ვისაუბროთ“. როდესაც სიკეთე ჩაენაცვლება ბავშვებზე საჩივრებს, ეს გააუმჯობესებს ჩვენს საერთო შედეგებს და მარტივად შეცვლის სამუშაო გარემოს“.

 

.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...