შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს?

0

,,ჟურნალისტთა პირისპირ“ და ,, გამოიწვიე ინტუიცია“  ანუ როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს?!

ახალი სასწავლო წელი  იწყება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ისევე ღელავს ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როგორც მე და მჯერა, რომ  განსაკუთრებული ემოცია მაინც იმ პირველ დღესთან არის დაკავშირებული, როცა, რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, ისევ ჩვენს პატარებს უნდა შევეგებოთ. გვჯერა, რომ ბავშვები განსაკუთრებით  ზაფხულის არდადეგებზე იზრდებიან  და სექტემბერში  სულ სხვა იერსახით, ტანაყრილები  წარმოგვიდგებიან.  თითქოს საჭიროდ მივიჩნევთ, რომ თავიდან გავეცნოთ. დიახ, მერე ვეცნობით და ბოლოს  გვახსენდება, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.

რვაწლიანი სასკოლო მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი ვყოფილვარ და დავრწმუნდი, რომ როგორი დასაწყისიც აქვს,  ისევე ვითარდება. ამიტომაც ვცდილობ, რომ ნებისმიერ აქტივობას საინტერესო დასაწყისი მოვუფიქრო, რათა საინტერესოდ განვითარდეს.

სკოლაში მობრუნება, პირველი დღე რამდენიმე თვიანი არდადეგების მერე –  რელსები ჩვეულია, თუმცა მიმართულებას ახალს და, ხშირ შემთხვევაში, უჩვეულოს ვირჩევთ. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა მოვიქცევთ…ვის როგორ გამოგვივა, პირველ რიგში, ჩვენს  მონდომებაზე, შემოქმედებითობაზე და მარიფათზეა დამოკიდებული.

,,სალამი! როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?  კითხულობდით წიგნებს?  უცხო სიტყვებს იმეორებდით?“ სანამ იმ ჟანგის სუნს არ ვიგრძნობთ, რომელიც ამ კითხვებს ასდით, სიახლეებისკენ ზურგშექცევით ვიდგებით.  გარეთ 21-ე საუკუნის სამყაროა…

წელს ახალი კლასი მეყოლება. მართალია, არ ვიცი რომელი, მაგრამ რომ მეყოლება ამაში დარწმუნებული ვარ. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვცდილობ, რომ  ჩემს კლასთან პირველი შეხვედრა საინტერესო და ორიგინალური იყოს.  წელს გაცილებით საპასუხისმგებლო სექტემბერი მექნება, რადგან ამ ბავშვებთან ფაქტიურად არანაირი შეხება არ მქონია.  შესაბამისად, რამდენიმე საათი მაინც დამჭირდება საიმისოდ, რომ  მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შევძლო. მათ ყოფილ დამრიგებელთან ინტერვიუს ნამდვილად არ ვგეგმავ. მზამზარეულად მორთმეული რამ არასდროს მიყვარდა, მით უმეტეს ინფორმაცია. საჭირო ინფორმაციის მიღებას დამოუკიდებლად  შევეცდები. თუ რამეა,  ინტერვიუ მერეც მოესწრება.

ბევრს არაფერს ვგეგმავ. იდეაში სულ რამდენიმე აქტივობა მაქვს  და პირველ რიგში, მათ განხორციელებაზე ვიზრუნებ. ამ ეტაპზე  ორ  მათგანს გთავაზობთ და იმედს ვიტოვებ, რომ მათი განხორციელებით ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს საკმაოდ საინტერესოს და ორიგინალურს გახდით.

მაშ ასე. დღე 1.

ნაბიჯი პირველი.

  • ,,ჟურნალისტთა პირისპირ“

მიეცით მოსწავლეებს გულახდილობის მაგალითი.  ეს, ამ აქტივობის მთავარი პრინციპია. პირველ რიგში, მიესალმეთ ბავშვებს. ღიმილი არ დაგავიწყდეთ. სათითაოდ ჩახედეთ ყველას თვალებში. ნუ დასვამთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რამდენი ხართ კლასში? რამდენი გოგოა და რამდენი ბიჭი? რამდენი წელია, სკოლაში დადიხართ? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხებს ისედაც ფლობთ და არაფერში გჭირდებათ  სიყალბე. დამიჯერეთ, არც ბავშვები მოიხიბლებიან ამ კითხვებით. აიღეთ მასწავლებლის სკამი. დადგით ოთახის შუაგულში. დაიჭირეთ მიკროფონი და წუთით გაჩუმდით. საოცარ ინტერესს გამოიწვევს თქვენი  ქმედება. გადაავლეთ ბავშვებს თვალი და დასვით კითხვა –  რატომ მიჭირავს მიკროფონი? უცნაური კითხვა და უჩვეულო ამპლუა კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავს მათში. როცა შეამჩნევთ, რომ რამდენიმე მოსწავლეს  პასუხი უკვე აქვს, ადექით, მიაწოდეთ მიკროფონი და სთხოვეთ, რომ პასუხი ამ ფორმით დააფიქსიროს. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ არ ჩათვლით, რომ დროა, მთავარ საქმეზე გადახვიდეთ. მოსწავლეებს უხსნით აქტივობის პრინციპს, ეუბნებით,  რომ  რესპონდენტი ხართ. ისინი კი კორესპონდენტები არიან, რომლებმაც საინტერესო კითხვები უნდა დაგისვან. შემდეგ დაურიგეთ მათ წინასწარ მომზადებული კითხვების ფერადი ფურცლები(შეგიძლიათ გამოყოთ სივრცე, სადაც მოსწავლეები კითხვებს თავიანთი სურვილების მიხედვით დაამატებენ), რომლებშიც მოცემული იქნება დაახლოებით ათი პერსონალური კითხვა. მაგ:

  1. რატომ გადაწყვიტეთ გახდეთ ჩვენი დამრიგებელი?
  2. რომელი წიგნი გიყვართ და რატომ?
  3. სად სწავლობდით და რა გახსოვთ ყველაზე კარგად უნივერსიტეტში გატარებული წლებიდან?
  4. რომელ საგნებს სწავლობდით სკოლაში ყველაზე კარგად და რატომ?
  5. რის მიხედვით უნდა ავირჩიოთ მეგობრები?
  6. როგორი ბავშვი იყავით?
  7. რა გიყვართ?
  8. როგორი დამრიგებელი იქნებით? რას აპირებთ ჩვენთან?
  9. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
  10. როგორი ხართ, როცა ბრაზდებით?

შეკითხვათა შინაარსი საერთო უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვის. მიეცით მათ ხუთი წუთი, აირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო სამ-სამი შეკითხვა და დაგისვან მიკროფონის გამოყენებით, რომელსაც რიგ-რიგობით გამოიყენებენ.  გარდა ამისა, სთხოვეთ მათ, შეეცადონ დაიმახსოვრონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი. ეცადეთ, რომ თითოეულ შეკითხვას გულწრფელი პასუხი გასცეთ და ,,კორესპონდენტს“ თვალებში უყუროთ. თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, თუ შეარჩევთ რომელიმე  საინფორმაციო გამოშვების მუსიკას და ჩართავთ დაბალ ხმაზე მთელი ინტერვიუს განმავლობაში. ამით ინტერვიუსთვის შესაბამის გარემოსა და განწყობას შექმნით.  მას შემდეგ, რაც შეკითხვები ამოიწურება, სთხოვეთ მოსწავლეებს, დაგისვან მათ მიერ მოფიქრებული რამდენიმე შეკითხვაც. ინტერვიუს ბოლოს შეახსენეთ, გაახმოვანონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი და შეაჯამონ აქტივობა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ბოლოს კი შეაჯამეთ თქვენი შეხვედრა და თავადაც აღნიშნეთ, თუ რომელი კითხვა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა. აქტივობა შეგიძიათ სიმბოლური ფოტო სესიით დაასრულოთ.

,,გამოიწვიე ინტუიცია“

ნაბიჯი მეორე.

მორიგი აქტივობა, მოსწავლეთა საინტერესო კუთხით გაცნობაში დაგეხმარებათ. მისი დაგეგმვა ძალიან მარტივად, მოკლე დროში და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების გარეშე  შეგიძლიათ. აქტივობის განსახორციელებლად დაგჭირდებათ:

  1. ,,იდუმალი ყუთის“ გაკეთება ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ ლამაზად შეფუთეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მეტი იდუმალებისთვის კითხვის ნიშნებით მოხატეთ.
  2. სხვადასხვა ფორმებად დაჭრილი ფერადი თაბახის ფურცლები.

 

აქტივობის დაწყებამდე, მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებაზე იზრუნეთ. სანამ ინსტრუქციას გასცემთ, მარჯვენა ხელში დაიჭირეთ იდუმალი ყუთი და ასწიეთ მაღლა. უხმოდ გეჭიროთ ნახევარი წუთის განმავლობაში და შეეცადეთ,  მოსწავლეებს მხოლოდ თვალებით ეკონტაქტოთ.  შესაძლოა ამ ჟესტმა  მოსწავლეები დააბნიოს კიდეც, თუმცა მერწმუნეთ, რომ  აუცილებლად  მიმართავს მათ ყურადღებას თქვენკენ.   ნუ იჩქარებთ ინსტრუქციების გაცემას.  გამოიწვიეთ მოსწავლე, დააბნიეთ, დააინტერესეთ,  გააკვირვეთ და რაც მთავარია, ყოველივე ეს,  მათი გააქტიურებისთვის და მოტივაციისთვის გამოიყენეთ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ყურადღებას მიიპყრობთ, სთხოვეთ მათ,  გამოთქვან ვარაუდები  ყუთზე გამოსახულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით.  ჰკითხეთ მათ, თუ როგორ შეუძლიათ ახსნან ,,იდუმალი ყუთის“ მნიშვნელობა და რა მიზანს ისახავს მისი შემოტანა გაკვეთილზე. პასუხების მოსმენის შემდეგ, ყუთი მაგიდაზე დადეთ და მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმის პატარა, ფერადი ფურცლები დაურიგეთ, რომლებზეც დატანილი იქნება შემდეგი ტიპის ბლიც კითხვები:

  • მე ვარ…….
  • მე მიცნობენ, როგორც……
  • ვერასდროს ვერ……
  • არასდროს ვინტერესდები….
  • სკოლა ჩემთვის…..
  • ის, რაც ჩემ შესახებ არ იციან…..
  • მეგობრებს ვირჩევ…..
  • ძალიან მიჭირს…..
  • მასწავლებელი უნდა იყოს…..
  • რომ შემეძლოს……
  • საკუთარ თავს ვადარებ……

კითხვების რაოდენობა და შინაარსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიღება გსურთ. კითხვარების ქვემოთ გამოყავით სივრცე და უთხარით მოსწავლეებს, რომ მოცემულ ადგილას  შეუძლიათ  მათი სურვილების მიხედვით  რამდენიმე შეკითხვა  ჩაამატონ. მას შემდეგ, რაც კითხვარებს დაარიგებთ, მიეცით ბავშვებს რამდენიმე წუთი კითხვების გასააზრებლად.  სთხოვეთ, წერილობით უპასუხონ მათ, თუმცა ღიად დატოვონ  ის სამი  შეკითხვა, რომლებზე პასუხებიც სურთ თქვენგან მოისმინონ. მუშაობის დასრულების შემდეგ,  ჩამოატარეთ  ყუთი და სთხოვთ მათ, ფურცლები ყუთში მოათავსონ. დადექით ოთახის შუაგულში, გახსენით ყუთი და  ამოიღეთ თითო ფურცელი.   შემდეგ კითხულობთ კითხვა-პასუხს ხმამაღლა, თუმცა არავინ იცით, თუ  ვის კითხვას ახმოვანებთ. დაინტერესდით,  მიხვდა თუ არა რომელიმე მოსწავლე, თუ ვისი  კითხვარი იქნა წაკითხული.   სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას და გაძლევთ საშუალებას, დაადგინოთ,  რამდენად იცნობენ ისინი ერთმანეთს. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ  გულწრფელად ითხოვეთ, რომ  წამოდგეს ის მოსწავლე, რომლის კითხვარიც წაიკითხეთ.  დამიჯერეთ, ეს მეთოდი კლასში ერთგვარ გაკვირვებასაც კი გამოიწვევს, რადგან  ის, თანაკლასელებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და თქვენთვისაც   ახალი აღმოჩენების  შესაძლებლობას იძლევა.  შემდეგ კიდევ ერთხელ ეცნობით უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს, აკვირდებით მოსწავლეს და ცდილობთ, მოცემულ კითხვებზე რაც შეიძლება მიახლოებული პასუხი გასცეთ. თუკი აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ კითხვაზე  პასუხი სწორად გამოიცანით,  მოსწავლე ტაშით გაჯილდოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითონ პასუხობს მას, რაც  შესაძლებლობას გაძლევთ,  მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია სწორედ მისგან მოისმინოთ. ამ სტრატეგიის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, რომ მოსწავლემ  გამოგიწვიოთ, დაგაფიქროთ, აამუშაოთ ინტუიცია და გააკეთოთ წინასწარი დასკვნები.

 

არ ვიცი, რამდენად საინტერესო აქტივობები გამომივიდა,  თუმცა ვთვლი, მოსწავლეებისთვისაც   მისაღები და საინტერესო  იქნება.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ცრუ ინფორმაციის, ანუ ფეიკნიუსების გამოვლენა?

0

ავტორი: Anabelle Timsit, ჟურნალების Quartz-ისა და Politico-ის რეპორტიორი (აშშ)

ცრუ ახალი ამბების, ანუ, ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში, სკოლებში ბავშვებს ასწავლიან ფაქტების შემოწმებას

 

ერთ-ერთ ციფრულ მედიაპლატფორმაზე განთავსებულ ფოტოგრაფიაზე სამი უცნაურად გაზრდილი და დაზიანებული ფორმის გვირილაა გადაღებული. ყვავილები ისე არიან გაზრდილი და თანაც მოხრილი, რომ სალვადორ დალის ნახატებიდან გეგონებათ გადმოტანილი. სურათზე დართული კომენტარი გვეუბნება, რომ ფოტო ფუკუშიმის ატომური სადგურის მახლობლად არის გადაღებული. კომენტარის ბოლო წინადადება კი შემდეგს გვამცნობს: „ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ყვავილები ბირთვული დაბინძურების მქონე ნიადაგში იზრდებიან“.

2015 წელს მესამე საფეხურის (ე.წ. „ჰაი-სქული“) 170 ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს ზემოთ აღწერილი ფოტოსურათის შესახებ მარტივი შეკითხვა დაუსვეს: „ხედავთ თუ არა ამ ფოტოზე იმის დადასტურებას, რომ კადრი/სურათი სიმართლეს გამოხატავს?“

ძალიან რბილად რომ ვთქვათ, აღწერილი ფოტოსურათი ზედაპირულად გამოიყურება. იგი ფოტოგრაფიების გაზიარების პლატფორმაზე, Imgur-ზე გამოაქვეყნა მომხმარებელმა, რომელსაც ძალიან უცნაური ვირტუალური სახელი, ე.წ. ნიკი, ჰქონდა – “pleasegoogleShakerAamerpleasegoogleDavidKelly“.

სურათს თან არ ახლავს ავტორი-ფოტოგრაფის და პირველწყაროს (ქსელში განმთავსებლის) ვინაობა. სურათზე არ არის მითითებული, კონკრეტულად სად არის ის გადაღებული. მიუხედავად ამ ფაქტებისა, შეკითხვაზე „ხედავენ თუ არა ფოტოზე იმის დადასტურებას, რომ გვირილების უცნაური ფორმა ფუკუშიმას ატომური სადგურის აფეთქებამ გამოიწვია?“ გამოკითხულ მოსწავლეთა 40% უპასუხა „დიახ“ (აქვე უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რეალურია, თუმცა მეცნიერებმა თქვეს, რომ გვირილების უცნაური ფორმა არ შეიძლება რადიაციას გამოეწვია).

„გვირილების“ ექსპერიმენტი გახლდათ უფრო დიდი კვლევის ნაწილი, რომელსაც ატარებდა სტენფორდის უნივერსიტეტის ისტორიის განათლების ჯგუფი – History Education Group (HEG). მათი პროექტის სახელი გახლდათ „სამოქალაქო განსჯა-მსჯელობა ონლაინ სივრცეში“ – „civic online reasoning”. მისი მიზანი იყო იმის გაგება, თუ რა შესაძლებლობები და უნარები აქვთ ახალგაზრდებს, ონლაინწყაროებზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობის შესაფასებლად.

ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა მოამზადეს 56 სახის შეფასებითი ფორმატი, მეორე და მესამე საფეხურის სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის, აშშ-ის 12 შტატისათვის.

როგორც მეცნიერებმა ანგარიშში აღნიშნეს, მათ 7,804 პასუხი მიიღეს ახალგაზრდებისგან.

მკვლევრების თქმით, ექსპერიმენტის ჩატარებამდე ისინი სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსწავლეები თავისუფლად მოახერხებდნენ მიწოდებული ინფორმაციის საიმედოობის დადგენას და ეჭვიც კი ჰქონდათ, რომ ეს ამოცანა ძალიან მარტივი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს ინტუიციამ უმტყუნა – მათ მიერ მიღებული შედეგები იმაზე მეტად განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე მკვლევრები დაუშვებდნენ. დაწყებითი, საპილოტე რაუნდის შემდეგ, მკვლევრებმა დაინახეს, რომ მოსწავლეების უმეტესობას უბრალოდ არ გააჩნდა უნარი, ერთმანეთისგან განესხვავებინათ სანდო, უტყუარი ინფორმაცია და მიკერძოებული ონლაინსიცრუე ან შელამაზებული ტყუილი, ე.წ. “online junk”, ან მიმხვდარიყვნენ განსხვავებებს სპონსორირებულ და ორიგინალურ სტატიებს შორის. როგორც მოგვიანებით მკვლევრებმა ანგარიშში აღნიშნეს: „ბევრი თვლის, რომ ახალგაზრდების განვითარებული უნარები სოციალურ მედიაში, ნიშნავს მათ მიერ ამ მედიაში განთავსებული ინფორმაციის სწორად აღქმას. ჩვენმა გამოკვლევამ კი პირდაპირ საწინაღმდეგო შედეგი გვიჩვენა“.

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა გვიდასტურებს იმ მოსაზრებას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი იზიარებს: დღევანდელი მოსწავლეები არ არიან მზად, გაუმკლავდნენ იმ ინფორმაციულ „წარღვნას“, რომელიც მათკენ სხვადასხვა ციფრული წყაროდან და მოწყობილობიდან მოედინება!

პრობლემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც რამდენიმე გასულმა წელმა გვიჩვენა, მიკერძოებულ რეპორტაჟებს და აშკარად ცრუ ახალ ამბებს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს: მათ შეუძლიათ იმოქმედონ არჩევნებისა და რეფერენდუმების შედეგებზე და გამოიწვიონ რეალური ტრაგიკული შედეგები. როგორც ეს #Pizzagate-ის სახელით ცნობილ ონლაინშეთქმულების შემთხვევაში მოხდა – ჩრდილოეთ კარილონის მკვიდრმა, ედგარ უელჩმა, ცრუ-ნიუსების მოსმენის შემდეგ, ვაშინგტონის ერთ-ერთ პიცერიაში (Comet Ping Pong) უმისამართო სროლა წამოიწყო (საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე, ლ.ა.), რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს პიცერია ჰილარი ქლინტონის და დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მართული ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელის ნაწილი გახლდათ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს რომ „დღეს, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, რადგან დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი სამოქალაქო საკითხების შესახებ შესაძლოა, წამებში გავრცელდეს უამრავი სოციალური ქსელით“.

 

სკოლები კალიფორნიის, აიოვის, ნიუ-იორკის, ჰავაის, არიზონისა და კიდევ რამდენიმე შტატში უკვე მუშაობენ სასწავლო პროგრამაში იმის ჩართვაზე, თუ როგორ ასწავლონ ბავშვებს, მცირე ასაკიდან, საინფორმაციო ქსელში განთავსებული ინფორმაციის შეფასება, რომლებიც მათი ყოველდღიური ონლაინ საკითხავია. მასწავლებლები, სასკოლო ოლქები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, შექმნან ისეთი კურიკულუმი, აპლიკაციები და შეფასების მექანიზმები, რომლებიც მოსწავლეებს მოამზადებს სამომხმარებლო ინფორმაციის კრიტიკული შეფასებისთვის.

ერთი მხრივ, თითქოს ადვილი ჩანს ზემოთ თქმული პრობლემის ორი ნაწილად („სიმართლე-სიცრუე“), ბინარულ წყვილად განხილვა – „ვასწავლოთ ბავშვებს ამ ორის განცალკევება, ამაზე ფიქრი და პრობლემაც გადაიჭრება“. მაგრამ სტენფორდის ისტორიის პროფესორი, სემ უაინბურგი თვლის, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.

„ცრუ-ნიუსების წყაროდ შესაძლოა რუსული „ბოტები“ (bot – იგივეა რაც რობოტი, ოღონდ კომპიუტერულ ქსელში)  და „ტროლების“ ფერმები (to troll, trolling – ინტერნეტში პროვოკაციული შეკითხვების და ინფორმაციის სპეციალურად განთავსება, ლ.ა.) წარმოვიდგინოთ სადმე სანკტ-პეტერბურგში“, -ამბობს პროფესორი უაინბურგი. „თუმცა ნამდვილი პრობლემა ის გახლავთ, რომ არ ვიცით, ვინ აწარმოებს იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ და მეორე, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?“

მაგალითად, ევროპულ სივრცეში, აქტიურად მუშაობენ რუსული მედიაკომპანიები: Russia Today და Sputnik. ორივე, მთავრობის მიერ დაფინასებული მედიასაშუალება გახლავთ. ორივე მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ევროპულ პოლიტიკასა და ევროპელ პოლიტიკოსებზე და რეგულარულად აწოდებენ მაყურებელს/მკითხველს სიახლეებსა და „ამბებს“ ევროპის ბნელ მხარეებზე, რუსეთის წარმატებებსა და რუსული პოპულისტური პარტიების შესახებ. ჟურნალი „ეკონომისტის“ მიხედვით, „Russia Today და Sputnik შესაძლოა რესპექტაბელურობის შთაბეჭდილებასაც ქმნიდეს, რადგან მათ უზარმაზარ „ნიუს-რუმებში“ (საინფორმაციო ამბების სტუდია ტელევიზიაში, ლ.ა.), ამ „ახალ“ ამბებს ხუთ ენაზე თარგმნიან ევროპელი მაყურებლისთვის. ამ დროს ორივე მედიასაშუალების სიუჟეტები და სტატიები მთავრობის მიერ არის შედგენილი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 

რას ნიშნავს „ორგანული“

0

ზუსტად არ მახსოვს, რამდენის იყო. ერთ წელს ახალი გადაცილებული იქნებოდა, რადგან ეს ამბავი ვარდების პირველი ყვავილობისას მოხდა, ის კი აპრილშია დაბადებული. იმ დღეს აიდგა ფეხი. ტანს ძლივს იკავებდა. ბორძიკით გაიარა ხუთი-ექვსი მეტრი და წითელ ვარდთან გაჩერდა. საგულდაგულოდ გასხლული ვარდის ბუჩქი მასზე დაბალი აღმოჩნდა, ამიტომ ჩამუხვლა მოუწია, რომ დაეყნოსა. მერე ბოლომდე იბრძოლა, რომ წელში ისევ გამართულიყო – ბერიკაცივით ხვნეშოდა, ტორტმანებდა. მაინც გაიმართა საერთო ოვაციებისა და შეძახილების ფონზე. თითქოს მიხვდა, რომ ამდენი თვალი მას მისჩერებოდა და გზა გააგრძელა, თან დროდადრო ამაყად გამოგვხედავდა ხოლმე. დედა კი ყოველ წაბორძიკებაზე ეძახდა: „წინ იყურე, წინო“…

მას შემდეგ, ვინ იცის, რამდენჯერ გამიგონია ეს სიტყვა, რამდენჯერ თავადაც მითქვამს და ერთხელაც არ დავფიქრებულვარ მის თავდაპირველ მნიშვნელობაზე. „საით იყურები?“, „რას მიყურებ?“ – აშკარაა, მზერას, ცქერას აღნიშნავს. მაგრამ საცქერლად, რამის დასანახად ხომ ადამიანს თვალი აქვს; ყურის ფუნქცია ხმების დაჭერაა. დიდი ხნის წინ ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ძველად „თვალს“ „ყური“ რქმევია, მერე კი რაღაც მანქანებით ადგილი უცვლია ადამიანის სახეზე. როგორც ჩანს, ეს მეტამორფოზა ერთადერთი არ არის ქართულ ენაში. „ცხედარი“ თურმე ტახტს ნიშნავდა და არა მიცვალებულს. ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი სიტყვა გვაქვს…

ერთი მათგანია „ორგანული“, დრო-ჟამის მიხედვით რომ იცვლის მნიშვნელობას. ის ქიმიის განვითარების გარიჟრაჟზე წარმოიშვა და ვიტალიზმის ეპოქის პირმშოა. ეს ის დროა, ქიმიის მსახურებს მხოლოდ „უსიცოცხლო“ მოლეკულებით თამაშის უფლება რომ გვქონდა და „ცოცხალ“ მოლეკულებთან შეხებისთვის მკაცრად გვსჯიდნენ. მაგრამ სულმნათ ვიოლერს ეყო გამბედაობა და ისე მაგრად შემოჰკრა ურო არაორგანულ და ორგანულ ქიმიას შორის აღმართულ ვიტალიზმის კედელს, რომ ერთიანად ჩამოაქცია. დაიბადა ქიმიის ახალი დარგი და, როგორც აღმოჩნდა, მის სამწყსოში შემავალი მოლეკულები ყოველთვის სულაც იყო „ცოცხალი“. თანამედროვე მიდგომით, მეთანიცა და ვიტამინი B12-ც ორგანული მოლეკულებია. ზომით, ფერით, გემოთი და გავრცელება-გამოყენებით ისინი დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი დიდი ოჯახის შვილები არიან. ერთი კია – ვიტალიზმს ბოლომდე ვერ გავექეცით. მას შემდეგ, რაც მინერალური სასუქები აღმოვაჩინეთ და დიდი მონდომებით შევუდექით მათ წარმოებას, ჩვენს გონებაში ხელახლა აღიმართა ის ძველი ბარიერი. ასე აღდგა სიტყვა „ორგანული“ თავისი ძირძველი მნიშვნელობით. დღესაც ასეა: „მინერალური“ ადამიანის ხელით წარმოებულ სასუქს ეწოდება, ხოლო „ორგანული“ – ბუნებრივი გზით მიღებულს. ამდენად, „ორგანულ მოლეკულასა“ და „ორგანულ სასუქში“ სიტყვა „ორგანულს“ სხვადასხვა დატვირთვა აქვს. პირველ შემთხვევაში ის გულისხმობს ნახშირბადშემცველ ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი წარმოშობისა, ისე ადამიანის ხელით მიღებული (ხელოვნური) ან სულაც ადამიანის მოგონილი (სინთეზური), რომელსაც ბუნებაში ანალოგი არ გააჩნია. მეორე სიტყვათშეთანხმება კი მოლეკულათა იმ ნაკრებს აღნიშნავს, რომელიც ცხოველთა ექსკრემენტებისგან ან მცენარეთა ლპობის შედეგად მიიღება.

ასე თანაცხოვრობს ეს ორი ტერმინი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ჩვენ, ქიმიკოსებს, მათ შორის მცირე განსხვავება დიდად არ გვაღელვებს, რადგან პირველის მნიშვნელობა კარგად გვესმის, მეორეს კი ინერციით ვიყენებთ. მათთვის კი, ვისაც ქიმიასთან კავშირი არ აქვს, ეს განსხვავება არც ისე მნიშვნელოვანია.

მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ სიტყვა „ორგანული“ ვიტალისტური ფორმით კიდევ ერთხელ აღორძინდა. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ხშირად გაისმის მასმედიით. გარკვეული კატეგორიის სურსათი ჯერ სიტყვა „ეკო“-თი გავმიჯნეთ დანარჩენისგან, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო. სინამდვილეში ეს კომერციულ-მარკეტინგული ილეთი უფრო იყო, ვიდრე „მეცნიერული“ – სამომხმარებლო ბაზარს უყვარს ახალი და თვალისმომჭრელი ფრაზები. „ეკო“-მ მალევე ამოწურა თავი და „ბიო“-თი შეიცვალა. მერე ისიც მოძველდა და ახალი მოდური წინსართის მოგონება გახდა საჭირო. ასეთი აღმოჩნდა „ორგანული“. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ „ორგანული პროდუქტი“ ყველაზე მარგებელია, რომ ის მხოლოდ „ორგანული მეურნეობის“ პირობებშია მოწეული და მხოლოდ „ორგანული გადამუშავების“ მეთოდებს ექვემდებარება. ის ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევად მიიჩნევა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა ნაბიჯი მართლაც გადავდგით წინ, მაგრამ, ერთი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ფეხი დრომოჭმულ ვიტალიზმს დავაბიჯეთ.

და თუ ქიმიკოსებსა და დანარჩენ კაცობრიობას რაოდენობრივად ერთმანეთს შევადარებთ, სიტყვა „ორგანულიც“, დიდი ალბათობით, „ყურის“ ბედს გაიზიარებს.

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2019  წლის მეოთხე   ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

 

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

შინაარსი მასწავლებელი#4

 

 

განმავითარებელი დავალებების გამოყენება  გაკვეთილზე

0

სასკოლო საქმიანობა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც გადამწყვეტი ხდება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლის ასაკთან შესაბამისი ინტერესების, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, აზროვნება, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მოღვაწეობა, ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში (ლ. ვიგოტსკი) მოცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად ითვლება  განმავითარებელი დავალებების აქტიური გამოყენება სწავლებაში.  

განმავითარებელი დავალებების მიზანი და ამოცანაა: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, ისტორიული პროცესის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება/გამოვლენა, შესასწავლი თემის მიახლოება მთავარ მიზანთან, სწავლისას სიხარულისა და კმაყოფილების გამოწვევა და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა.

 

განმავითარებელი ხასიათის დავალებებს გააჩნიათ  გარკვეული თავისებურებები:

  • ისინი სწრფად აღვივებს მოსწავლის ინტერესს, ააქტიურებს ფსიქიკურ პროცესებს: ყურადღებას, მახსოვრობას, აღქმას (როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ, სიმბოლურ, სახეებით აზროვნებას, ასოციაციურ კავშირებს);
  • ხასიათდება დავალების პირობის ლაკონურობით, გასაგები და მარტივი ენით, შეიცავს „ღერძს“ – ძირითად სიტყვას, ცნებას, ორიენტირს;
  • ამტკიცებს მოსწავლე-მასწავლებელს შორის დადებით ემოციურ კავშირებს;
  • ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს.

განმავითარებელი სწავლება ერთგვარად ცვლის ჯგუფურ, ახსნა/განმარტებაზე ორიენტირებულ სწავლებას და უფრო მეტად აქცენტირებულია სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, ეფუძნება მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონას და მოსწავლის შინაგანი ფსიქიკური პროცესების ახლებურად წარმართვით თვითონაც ხელს უწყობს ასეთი ზონის გამოკვეთა/ჩამოყალიბებას.

მაგრამ განმავითარებელ სწავლებას არ ექნება შედეგი, თუ არ გავითვალისწინებთ საგნობრივი განათლების შინაარსს, მისი ათვისების ხარისხს და არ ვაღიარებთ, რომ მოსწავლის უნარების ფორმირება კონკრეტულ საგნობრივ მასალაზეა „მიბმული“. შესაბამისად, სასწავლო გარემოს ოპტიმალიზაციისთვის მასწავლებელმა:

  •  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა, შექმნას პრობლემური სიტუაცია, გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები და მიაღწიოს აზროვნების სტიმულაციას;
  • შექმნას შეფასების ისეთი სისტემა, რომლითაც შეფასდება სწავლის არამარტო საბოლოო შედეგი, არამედ მოსწავლის საქმიანობის პროცესიც.

ისტორიის სწავლება კვლევა-ძიებასა და ინფორმაციის გადამუშავებაზე კონცეტრირებული სწავლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასწავლო პროცესის ძირითადი ელემენტი გაკვეთილია. მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესის საჭიროების მიხედვით ვარირება და დასახული მიზნის მიღწევა შესაფერისი, განმავითარებელი ხასიათის დავალებით.

განმავითარებელი ხასიათის დავალებებისა და აქტივობების მაგალითი:

კლასი – XI, გაკვეთილის თემა: „რეფორმაცია (XVI ს.)“:

მასწავლებელი, ეყრდნობა რა მოსწავლის წინარე ცოდნას კათოლიკური ეკლესიის როლის შესახებ შუა საუკუნეების ევროპაში:

  1. ხსნის რეფორმაციის არსს (ცნება „რეფორმაცია“ დაკავშირებულია რეფორმასთან, გარდაქნასთან, ცვლილებებთან, რაიმეს რეფორმირებასთან. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რისთვის და რატომ განიცადა კათოლიკურმა ეკლესიამ რეფორმა, რა და რატომ იყო „სარეფორმო“);
  2. მოსწავლეები ცდილობენ, დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები: უპასუხონ კითხვაზე, „რა არის რეფორმაცია?“ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და გააკეთონ დასკვნა (პასუხის გაცემისას ისინი ძირითადად ეყრდნობიან სახელმძღვანელოს ტექსტს, გაიაზრებენ, როდის და როგორ დაიწყო რეფორმა, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში მარტინ ლუთერს, რამ მიიყვანა ეკლესია ამ ნაბიჯამდე, ცდილობენ, ახსნან პაპ ლეო X -ის დამოკიდებულება რეფორმაციის მიმართ);
  3. მასწავლებელი ავსებს მოსწავლეთა საუბარს დამატებითი ინფორმაციით, მიუთითებს პაპის როლზე მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგებენ მოვლენათა ჯაჭვს;
  4. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შეკითხვებზე: ა) დაასახელეთ წყარო, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანული სწავლების საფუძველს; ბ) რა განსაკუთრებული როლი შეასრულა მარტინ ლუთერმა ევროპის ისტორიაში?
  5. მასწავლებელი თავისი კომენტარებით ამდიდრებს მოსწავლეთა პასუხებს;
  6. მოსწავლეები ადარებენ და აჯგუფებენ ინფორმაციას, აკეთებენ დასკვნებს.

ამგვარად, მასწავლებელი მოსწავლის სწავლას მიმართავს მისი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენისკენ და განვითარების უახლოესი ზონიდან „უბიძგებს“ აზროვნების სფეროს „გაფართოებისა“ და განვითარებისკენ.

განმავითარებელი დავალებებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია, როგორიცაა:

  • კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ?.. როგორი?.. რანაირი?.. დაასახელე… საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა… არგუმენტირება… სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტების მომზადება, კროსვორდების, რებუსების, ისტორიული შეცდომების შემცველი ტექსტების, შედარების ცხრილების შედგენა და სხვ.

მაგალითად, VII კლასში „ძველი საბერძნეთის“, „ძველი რომის“ (სქემა 1) ან XI კლასში თემა „გერმანიის გაერთიანება“. (სქემა 2) შესწავლის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ წინარე ცოდნა და შეავსონ ცხრილი, გამოყონ მასში ის ნიშან-თვისებების, რომლებსაც თვითონ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად (აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცხრილები მოსწავლეს მასალის განმეორება-განზოგადების საშუალებასაც აძლევს):

  ძველი საბერძნეთი ძველი რომი
სამოსი    
საკვები    
სამშენებლო საქმე    
რელიგიური თემატიკა    

სქემა 1  

  გერმანიის გაერთიანება
პოლიტიკური მოღვაწე  
მისი პოლიტიკური შეხედულებები  
მისი მიმდევრები/მომხრეები  
მისი მიმდევრები/მოწინაღმდეგეები  

სქემა 2  

განმავითარებელი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს ლოგიკური ხასიათის ამოცანების გამოყენება გაკვეთილზე.

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებების ნიმუში (სქემა 3):

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები პასუხი
ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით, ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს. მასზე ამბობდნენ, ის რომ გვარს „ამართლებდა“.

  • თქვენი აზრით, რა საფუძველს ასე ფიქრის იძლეოდა მინისტრის გვარი?
ტალერი – ფულის ერთეული
რომაელები ბარბაროსთა ტომებს მოიხსენიებდნენ  ერთი ზოგადი სალანძღავი სიტყვით. მოგვიანებით ფრანგები ამავე ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ტაძრებს, რომლებიც არ მოსწონდათ. შემდეგში ეს  სახელწოდება ევროპული არქიტექტურის გამორჩეულ სტილად  დამკვიდრდა.

  • რაზეა საუბარი?  
გოთური სტილი
პეტრე I  საყვარელ ქვეშევრდომებს  ჩუქნიდა  ძვირადღირებულ მაკეტებს, რითაც გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს  თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროს მიმართ.

  • რომელ სფეროზე მიანიშნებდა პეტრე I?
გემთმშენებლობა
ამ პიროვნებამ საგუბერნიო მმართველობის გატარებიდან 8 წლის შემდეგ  ცბიერებით ჩაიგდო ხელში გუბერნატორის თანამდებობა; არ იცოდა არც წერა-კითხვა, მაგრამ ის გახდა რუსეთის კავალერიის პირველი გენერალი; ამავე დროს ის გახდა პირველი რუსი, რომელსაც მოწვევა უცხოეთიდან აკადემიის წევრობაზე თავად სერ ისაკ ნიუტონმა გაუგზავნა, რითაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, ე.წ. „ისტორიის უცნაურობების“ სერიაში.

  • ვისზეა საუბარი?
ა. მენშიკოვი
შეადგინეთ ისტორიული შინაარსის ტერმინების (ცნებების) ჯაჭვი ისე, რომ ახალი ტერმინი იწყებოდეს წინა ტერმინის ბოლოსწინა ასო-ბგერიდან.

 

გლეხი – ხალხი – ხევი – ვილაიეთი – თორი – რომი – მეფე…და ა.შ.);
აღადგინეთ  დავით აღმაშენებლის დროინდელი ისტორიული ტერმინები და თარიღები:

·         რ – – – – -ა; ყ – – – – – ი; ე – – – – – – ი; ჭ – – – – – – – – ი; და ა.შ.

·         1 – – 4;  1- -8; 1- – 2; და ა.შ.

 

რეფორმა; ყივჩაღი; ერისთავი; ჭყონდიდელი; 1004 წ; 1008 წ; 1122 წ.
შეადგინეთ კროსვორდი ძირითად ცნებებზე დაყრდნობით:

„ფეოდალიზმი“…“მეფე“…“სახელწმიფო“…“გადასახადი“… „ერისთავი“ და ა.შ.

—–
დასკვნა: ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები „უადვილებს“ მოსწავლეს „ისტორიის მკვლევრის“ როლს მისანიშნებელი ფრაზებითა და ცნებებით, უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის სავალდებულო პროგრამულ მასალას, უვითარებს ისტორიულ აზროვნებას და შეფასების მიღების თვალსაზრისით უფრო მისაღებია მოსწავლისთვის.

 

განმავითარებელი მუშაობისას აუცილებელი წესის დაცვა – სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობა და მოსწავლის წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება, დავალებების შესრულება დროის შეზღუდვის გარეშე და მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა, რეალურად დასაძლევს ხდის განმავითარებელი დავალებების გამოყენების მიზანს. საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება სწავლებაში მოსწავლეთა ცოდნის ხარისხისა და შედეგების ამაღლების, მათი დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული სრულყოფის მნიშვნელოვანი პირობაა.

 

მონტესორი და ვალდორფი – სახელწოდებების ისტორია

0

მონტესორის სკოლა, მონტესორის მეთოდი, ვალდორფის სკოლა, ვალდოფის პედაგოგიკა – ეს სიტყვათშეთანხმებები არაერთხელ გვსმენია. ვალდორფი ზოგს პიროვნება ჰგონია, ზოგს ტოპონიმი.

რას ნიშნავს „მონტესორი“ და „ვალდორფი“?

ვალდორფი

პირველი თავისუფალი ვალდორფის სკოლა 1919 წელს გაიხსნა შტუტგარტში. დღეს მსოფლიოში 310-ზე მეტი საბავშვო ბაღი, 850-ზე მეტი სკოლა და 150-ზე მეტი სამკურნალო-პედაგოგიური დაწესებულება მუშაობს ვალდორფპედაგოგიკის მიმართულებით.

საკუთარი სახელის ისტორია

1763 წელს, 17 ივლისს, ჰაიდელბერგთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასბის ოჯახში, დაიბადა იოჰან იაკობ ასტორი. 15 წლის იოჰანი უფროს ძმასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა მუსიკალური საკრავების დამზადების ხელობის შესასწავლად. ოცისა იოჰან იაკობ ასტორი ლონდონიდან ამერიკაში გადაბარგდა. თან თავისივე ხელით დამზადებული რამდენიმე ინსტრუმენტიც გაიყოლა. ნიუ-იორკში ახალგაზრდა გერმანელი მუსიკალური საკრავების მაღაზიის გახსნას გეგმავდა, თუმცა მანამდე თავის სარჩენად და თანხის შესაგროვებლად ქუჩის გამყიდველის მძიმე შრომას მიჰყო ხელი. ტყავისა და ქურქების გაყიდვა ყველაზე სარფიანი აღმოჩნდა ემიგრანტისთვის. მალე ეს ბაზარი იმდენად კარგად შეისწავლა და აითვისა, რომ ერთგვარი მონოპოლისტიც კი გახდა დარგში. ფინანსურ კეთილდღეობას უძრავი ქონების შეძენით კიდევ მეტი შემატა და საკმაოდ სოლიდური კაპიტალიც დააგროვა.

ამ ადამიანისთვის ფინანსური კეთილდღეობა ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც იყო. ნიუ-იორკში მან ბიბლიოთეკა დააარსა ( დღეს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა), მის სამშობლოში, ვალდორფში კი დღესაც არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია მოხუცებულთა და ახალგაზრდების დასახმარებლად, რომელიც ასტორ-ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.

იოჰან იაკობ ასტორის შთამომავლებმა სხვადასხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას, გვარი ასტორი არაერთხელ გაკრთა მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი გაზეთების გარეკანებზე. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის პირველი ქალი წევრი ნენსი ასტორი გახლდათ, ჯონ ასტორი, იოჰანის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, ლონდონში „თაიმსის“ მფლობელი იყო, გვარი ასტორი 1912 წელს „ტიტანიკის“ ტრაგიკული მოვლენების აღწერისას ხშირად ჩნდებოდა გაზეთის ფურცლებზე – ჯეკ ასტორი ერთ-ერთი იყო იმ მგზავრთაგან, რომელმაც თავისი ადგილი ქალებსა და ბავშვებს დაუთმო და თავად გემთან ერთად დაიღუპა.

მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელს „ვალდორფი-ასტორიას“ კი შექმნის გასაოცარი ისტორია აქვს:

მე-19 საუკუნის მიწურულს, ერთ ცივსა და წვიმიან ღამეს ფილადელფიაში მდებარე პატარა სასტუმროს ხანში შესული წყვილი მიადგა. სასტუმროში ადგილები არ იყო, ქალი და მამაკაცი გაბრუნებას აპირებდნენ, როდესაც პორტიემ  საკუთარი ოთახი შესთავაზა, რადგან იცოდა, ახლომახლო თავისუფალი ადგილი სასტუმროებში არც სხვაგან იქნებოდა, იმ საზარელ ამინდში კი წყვილი გვარიანად გაწვალდებოდა.

 

  • ოთახი კეთილმოწყობილი არ არის – მოიბოდიშა პორტიემ – მაგრამ ერთი ღამის თავშესაფრად გამოდგება. ჩემზე არ იღელვოთ, რამეს მოვიფიქრებ.

მეორე დილით ხანში შესული ჯენტლმენი დაემშვიდობა პორტიეს, მადლობა გადაუხადა და სხვათა შორის, უთხრა:

  • ისეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, შეერთებული შტატების საუკეთესო სასტუმროსაც კი ჩააბარებდა კაცი. იქნებ ასეთი სასტუმრო გავაკეთო კიდეც თქვენთვის.

გავიდა ორი წელი, პორტიეს ეს ამბავი კარგა ხნის მივიწყებული ჰქონდა. მოულოდნელად მან წერილი მიიღო – ის უცნაური ჯენტლმენი იმღამინდელ ამბავს ახსენებდა და ნიუ-იორკში ეპატიჟებოდა.  შეხვედრა მეხუთე ავენიუსა და ოცდამეთოთხმეტე ქუჩის კვეთაში შედგა, გრანდიოზული, მშვენიერი, წითელი ქვით მოპირკეთებული შენობის წინ.

  • ეს სასტუმრო თქვენთვის ავაშენე! – თქვა ხანში შესულმა ჯენტლმენმა, ვილჰელმ ვალდორფ ასტორმა.

ასე იქცა ჯორჯ ბოლდტი, ყოფილი პორტიე ფილადელფიის სასტუმროდან, ნიუ-იორკში „ვალდორფ-ასტორიის“ სასტუმროს მენეჯერად.

აქ აღწერილ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე ასტორის ოჯახმა დააარსა თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, რომელიც ჩრდილოეთის შტატების ფერმერებთან თანამშრომლობდა. იმ დროს ევროპაში ამერიკული კარტოფილი, საღეჭი რეზინი და თამბაქო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იყო. წარმოების გაფართოების მიზნის ოჯახმა შტუტგარტში ააშენა სიგარეტების ფაბრიკა „ვალდორფ-ასტორია“, რომლის დირექტორი და მეწილე იყო ემილ მოლტი. მისი უშუალო ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ვალდორფის ფაბრიკაში მომუშავე პერსონალის შვილებისთვის სკოლის გახსნა.

ამ სკოლაში  განათლებას იღებდნენ მუშების შვილები მიუხედავად იმისა, თუ რისი საშუალება ჰქონდათ მათ მშობლებს. ამ სკოლაში იღებდნენ ყველა ბავშვს, მიუხედავად გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების თავისებურებებისა. სახელწოდება ვალდორფი სწორედ ამ პირველი სკოლის სახელიდან მომდინარეობს.

 

მონტესორი

მონტესორის პირველი სკოლა 1907 წლის 6 იანვარს გაიხსნა რომში. სამეცნიერო წრეებისა და არსებული საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებისგან ამ სკოლის დამაარსებელს, მარია მონტესორის, უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა საკუთარ მეთოდებში დარწმუნებული მარია არ ეპუეოდა კრიტიკას და თავის საქმეს აგრძელებდა. მეთოდით მაშინვე დაინტერესდნენ ევროპაში, მარია ესპანეთში, ნიდერლანდებსა და ინდოეთში მოგზაურობდა, მას იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კვლევით ორგანიზაციაში, სადაც ის მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობდა და სწავლების ახალ, ალტერნატიულ მეთოდებს აცნობდა მსმენელებს. მეთოდს მისი სახელი ეწოდა, დღეს ამ სახელწოდების სკოლებს ან სკოლებს, რომლებიც მონტესორის მეთოდს იყენებენ, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეხვდებით.

მარია მონტესორი იტალიაში პირველი ქალი იყო, ვინც მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო. 1896 წელს მან ექიმის დიპლომი აიღო და პირველი ქალი ექიმიც გახდა თავის სამშობლოში. საექიმო პრაქტიკის დროს მისი სპეციალობა ნერვული დაავადებები და გონებრივი ჩამორჩენილობა იყო.

იმ პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც განვითარების თავისებურებების და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს მიიღებდნენ და ასწავლიდნენ, არ არსებობდა. თავის კოლეგა ჯუზეპე მონტესანოსთან ერთად მარია მონტესორი რომში ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა, სადაც იკვლევდა მენტალური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვების მდგომარეობას.

ჯუზეპესა და მარიას სამსახურებრივი ურთიერთობის მიღმა პირადი ურთიერთობაც ჰქონდათ, ოღონდ წყვილმა ამის გაოფიციალურება მაშინაც კი არ მოისურვა, როდესაც შვილი, მარიო შეეძინათ. მარიამ თავად არ ისურვა ქორწინების უღელი დაედგა, რაც იმ დროს კარიერის შეწირვასაც გულისხმობდა. მისივე გადაწყვეტილებით, შვილი, მარიო ჯუზეპეს შორეულ ნათესავებთან გაამწესეს აღსაზრდელად. დასვენების დღეებში დედა ხშირად ნახულობდა ხოლმე მარიოს, მთელ თავისუფალ დროს მასთან ურთიერთობდა და საათობით ეთამაშებოდა.

როდესაც მარიო წამოიზარდა და ყოველწუთიერ ზრუნვას აღარ საჭიროებდა, დედამ ის თავისთან წამოიყვანა და ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე აღარ განშორებია შვილს. მოგვიანებით მარიო მისი თანამშრომელი და თანამოაზრეც გახდა.

დღეს მარია მონტესორის მიერ შემუშავებულ მეთოდს და ამ მეთოდით შთაგონებულ სკოლებს მისი სახელით მოიხსენებენ და მოკლედ მონტესორის სკოლებს უწოდებენ.

 

 

 

,,სასწავლო გაჩერებები“ ქიმიის გაკვეთილზე

0

,,სასწავლო გაჩერებები“ – აქტივობების ერთობლიობაა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს: მიაღწიოს დასახულ მიზანს, შეუქმნას მოსწავლეებს  სახალისო და საინტერესო გარემო, აამაღლოს მოტივაცია, გაზარდოს ჩართულობა მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             გაჩერებებისა და თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი, გაკვეთილის მიზნიდან, შესასწავლი თემის სირთულიდან  და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად განსაზღვროს თითოეულ ,,სასწავლო გაჩერებაზე“ მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული დრო. აქტივობების სწორად წარმართვა იოლდება, როცა ყველა გაჩერებას თანაბარი დრო ეთმობა, მასწავლებელი აკონტროლებს მოსწავლეთა გადაადგილებას გაჩერებებზე და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დროის ლიმიტის დაცვას.  მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმაა 1-4-ზე გათვლა (მოსწავლეები ითვლიან იმდენამდე, რამდენი გაჩერებაცაა), პირველები დგებიან პირველ გაჩერებაზე, მეორეები – მეორეზე, მესამეები – მესამეზე და მეოთხეები – მეოთხე გაჩერებაზე. მასწავლებელს შეუძლია, პატარა ფურცლებზე დაწეროს გაჩერებების ნომრები, მოსწავლე იღებს ფურცელს და დგება იმ ,,გაჩერებაზე“, რომელი ნომერიც ამოუვიდა.

შესაძლებელია მასწავლებელმა გამოიყენოს დაწყვილებული გაკვეთილი. ასეთი ტიპის გაკვეთილი გამოიყენება, როგორც სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ფორმა – ინოვაციური გაკვეთილი. ამ გზით ის კოლეგებს გააცნობს სწავლების ახალ სტრატეგიას.

გაკვეთილის თემა:  წყლის სიხისტე და მისი თავიდან აცილების გზები.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს: ფორმულის მიხედვით  წყლის საერთო სიხისტის გამოთვლა და წყლის ტიპის დადგენა (რბილი, საშუალო სიხისტის, ხისტი);  ხისტი წყლის დარბილების ხერხებზე მსჯელობა; ვიდეოს ანალიზი; შეკითხვებზე პასუხის გაცემა მმმ სტრატეგიის გამოყენებით.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის გააზრება და წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენება;  მმმ სტრატეგიის გამოყენებით არგუმენტირებული მსჯელობა.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლე შეძლებს: ფორმულის მიხედვით  წყლის საერთო სიხისტის გამოთვლას და წყლის ტიპის დადგენას (რბილი, საშუალო სიხისტის, ხისტი); ხისტი წყლის დარბილების ხერხებზე მსჯელობას; შეკითხვებზე პასუხის გაცემას მმმ სტრატეგიის გამოყენებით.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

კვლ. X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.     

  • მოიძიებს და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
  • იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს,  იღებს სარწმუნო მონაცემებს;
  • იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კვლ. X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების  გამოყენებით.

  • იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;

 

კვლ. X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

  • აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით,  გამოიტანს დასკვნებს;
  • ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს;

 

ქიმ. X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების  და მათი  ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.

  • გეგმავს და ატარებს ცდებს ხისტ და რბილ წყალში საპნის აქაფების პროცესის შესასწავლად. გამოაქვს სათანადო დასკვნა.

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1.  მასწავლებელი ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს (აცნობს გაკვეთილის მიზანს, შეფასების ფორმებს. ახსენებს ქცევის წესებს).

აქტივობა 2. მოსწავლეთა ახალი საკითხით დაინტერესება – მასწავლებელი აჩვენებს ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვის  და ხისტი წყლით დაზიანებული სარეცხის მანქანის სურათს.  სვამს შეკითხვას: რა განაპირობებს მასალის დაზიანებას?

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით  მასწავლებელი აფიქსირებს მოსწავლეების მოსაზრებებს, შემდეგ იდეებს ახარისხებენ და იკვეთება სწორი პასუხი.

ამ აქტივობის ბოლოს მასწავლებელი წარადგენს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანს, წყლის რესურსების დაცვასთან დაკავშირებით. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს შეკითხვაზე: რას ნიშნავს მდგრადი განვითარება?

 

შემდეგ მოსწავლეები გადიან  ოთხ ,,სასწავლო გაჩერებას“:

გაჩერება 1: მოსწავლეები გამოთვლიან წყლის სამი განსხვავებული ნიმუშის სიხისტეს და დაადგენენ წყლის ტიპს.  – ამოცანის ამოხსნა

გაჩერება 2: მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს. ადგენენ სხვადასხვა ტიპის წყალში საპნის აქაფების ხარისხს.  ექსპერიმენტის ჩატარება

გაჩერება 3:  მოსწავლეები მმმ სტრატეგიის გამოყენებით პასუხობენ წყლის სიხისტესთან დაკავშირებულ შეკითხვებს. კითხვებზე პასუხი მმმ სტრატეგიის გამოყენებით

გაჩერება 4: მოსწავლეების ჯგუფი  წარმოადგენს საშინაო დავალებას: როგორ დავიცვათ თავი ხისტი წყლისგან და როგორ დავზოგოთ წყალი? სამუშაო ფურცლების შევსების შემდეგ ნამუშევარს კედელზე უკუღმა აკრავენ.

მოსწავლეების ადგილი მოცემულია სქემაზე:

 

 

 

მოსწავლეების ჯგუფები რჩებიან ბოლო გაჩერებაზე. ყველა ჯგუფი აკეთებს იმ გაჩერების პრეზენტაციას, სადაც გაჩერდა.

მიზანი: ახალი მასალის გაგების შემოწმება

ჯგუფები აფასებენ სხვა ჯგუფის ნამუშევარს გაჩერებებზე გაკრული რუბრიკებით. მასწავლებელი აფასებს ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვების რუბრიკით.

ჯგუფი აკეთებს სხვა რომელიმე ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაციას და აფასებს კომენტარით.

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, კლასის მუშაობას აფასებს კომენტარით (რუბრიკიდან გამომდინარე)  და აძლევს საშინაო დავალებას.

მიზანი: გაკვეთილის შეჯამება, დავალების მიცემა.

 

სურათზე მოცემულია მესამე გაჩერების დავალების პასუხი.

 

სასწავლო გაჩერება –  ,,საშინაო დავალება“

  • სარეცხი მანქანის დასაცავად: ჩაყარე ფხვნილის უჯრაში 100 გრამი ლიმონმჟავა, ჩართე სარეცხის მანქანა ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე 1-2 საათიან რეცხვაზე;
  • რეცხვის დროს ფხვნილთან ერთად შიგადაშიგ ჩაყარე 15 გრამი ლიმონმჟავა;
  • ხორცის მოხარშვის დროს წყალში ჩაასხი 2-3 სადილის კოვზი სუფრის ძმარი;
  • მცენარეების მოსარწყავად გამოიყენე ღოლოს მჟავა (10 ლ. წყალი – 1/5 ჩაის კოვზი ღოლოს მჟავა).

შეფასება:   განმავითარებელი შეფასება –

  1. ჯგუფის მუშაობაზე მასწავლებლის დაკვირვების ფორმა:
ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება
  დიახ არა ნაწილობრივ კომენტარი
მოსწავლეები ჯგუფში მუშაობის დროს თანამშრომლობენ ერთმანეთთან.        
იცავენ დროის ლიმის.        
დომინირებს ერთი მოსწავლე.        
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი შეესაბამება ინსტრუქციას.        
მოსწავლეთა მუშაობაში ჩართულობა  მაღალია.        

 

  1. ჯგუფის მუშაობის შეფასება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ – ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება
შეკითხვა
გქონდათ თუ არა ფუნქციები (როლები) გადანაწილებული?
თანამშრომლობდნენ თუ არა ჯგუფის წევრები ერთმანეთთან?
რამ განაპირობა ჯგუფის მუშაობის წარმატება? დაასახელეთ ერთი მიზეზი.
რამ განაპირობა ჯგუფის მუშაობის წარუმატებლობა? დაასახელეთ ერთი მიზეზი.
შეაფასეთ ჯგუფის მუშაობა ხუთქულიანი სკალით                          1,        2,           3,          4,     5

 

  1. ამოცანის ამოხსნის შეფასება
 

 

1 2 3
წყლის საერთო სიხისტის გამოთვლის უნარი მოსწავლეები ვერ თვლიან წყლის საერთო სიხისტეს. მოსწავლეები შეცდომით თვლიან წყლის საერთო სიხისტეს. მოსწავლეები სწორად თვლიან წყლის საერთო სიხისტეს.
წყლის ტიპის დადგენის უნარი მოსწავლეები წყლის სიხისტის მიხედვით ვერ ადგენენ წყლის ტიპს. მოსწავლეები შეცდომით ადგენენ წყლის ტიპს. მოსწავლეები სწორად საზღვრავენ წყლის ტიპს, მისი სიხისტის მიხედვით.

 

  1. მმმ სტრატეგიის გამოყენების უნარის შეფასება
 

 

1 2 3
მტკიცების ჩამოყალიბების უნარი ჯგუფი არასწორად აყალიბებს მტკიცებას. ჯგუფი  ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მტკიცებას. ჯგუფი სწორად აყალიბებს მტკიცებას.
მტკიცებულების ჩამოყალიბების  უნარი ჯგუფი არასწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს შეცდომით). ჯგუფი  ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს  კოეფიციენტების გარეშე). ჯგუფი სწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს უშეცდომოდ).
მსჯელობის უნარი ჯგუფს ვერ მოჰყავს მტკიცების შესაბამისი არგუმენტები. ჯგუფს  მოჰყავს მტკიცების შესაბამისი  1-2  არგუმენტი. ჯგუფს  მოჰყავს მტკიცების შესაბამისი ყველა შესაძლო  არგუმენტი.

 

სამუშაო ფურცელი N1

ამოცანა

ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით დაადგინე წყლის ნიმუშების საერთო სიხისტე

წყლის ნიმუშის N კათიონების კონცენტრაცია მგ/ლ წყლის სიხისტე წყლის ტიპი
Ca 2+ Mg 2+ Na +    
1 120 24 230    
2 24 120 230    
3 60 24 460    

 

ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენეთ ფორმულა:

საერთო სიხისტე = [Ca 2+ ] / 20,04  +  [Mg2+ ] / 12,16

მიღებული მონაცემები შეადარეთ ცხრილში მოცემულს და დაადგინეთ წყლის ტიპი.

წყალი სიხისტე მმოლი/ლ
ძალიან რბილი < 1,5
რბილი 1,5-4
საშუალო სიხისტის 4-8
ხისტი 8-12
ძალიან ხისტი >12

 

სამუშაო ფურცელი N 2

ექსპერიმენტი – წყლის სიხისტის დადგენა

მასალა და ნივთიერებები:

 

 

  • პერმანენტული მარკერი;
  • ერთნაირი ზომის და ფორმის 500 მლ-იანი პლასტმასის ბოთლები;
  • გამოხდილი წყალი (1 ლიტრი);
  • მინერალური წყალი (1 ლიტრი);
  • ონკანის წყალი (1 ლიტრი);
  • საზომი ცილინდრი;
  • თხევადი საპონი;
  • წამზომი;
  • პასტერის პიპეტი;
  • სახაზავი.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა:

  1. დანომრეთ ბოთლები პერმანენტული მარკერით. დააწერეთ წყლის სახელი (გამოხდილი წყალი, მინერალური წყალი, ონკანის წყალი).
  2. თითოეულ 500 მლ-იან ბოთლში ჩაასხით მზომი ცილინდრის საშუალებით 100 მლ. წყალი.
  3. თითოეულ ბოთლში პერმანენტული მარკერით მონიშნეთ წყლის დონე;
  4. თითოეულ ბოთლს პასტერის პიპეტით დაამატეთ 4 წვეთი თხევადი საპონი;
  5. მოამზადეთ წამზომი;
  6. შეანჯღრიეთ სამივე ბოთლი 20 წამის განმავლობაში;
  7. დადგით ბოთლები სწორ ზედაპირზე და მარკერით მონიშნეთ ქაფის ზედა დონე;
  8. სახაზავით გაზომეთ წარმოქმნილი ქაფის სიმაღლე;
  9. გაიმეორეთ იგივე (ახლიდან შეანჯღრიეთ) სამჯერ და მონაცემები ჩაინიშნეთ ცხრილში;
 

 

საპნის ქაფის სიმაღლე (სმ)
გამოხდილი წყალი მინერალური წყალი ონკანის წყალი
ცდა N 1      
ცდა N2      
ცდა N3      
საშუალო სიმაღლე      
  1. გამოთვალეთ ქაფის საშუალო სიმაღლე სამივე ბოთლში ცალ-ცალკე.

 

  1. უპასუხეთ შეკითხვებს:

ა) რომელ წყალში წარმოიქმნა ყველაზე მეტი ქაფი? რატომ?

ბ) რომელ წყალში წარმოიქმნა ყველაზე ნაკლები ქაფი? რატომ?

სამუშაო ფურცელი N 3

 უპასუხეთ შეკითხვებს მმმ სტრატეგიის გამოყენებით:

 

წყლის სიხისტე განპირობებულია კალციუმის და მაგნიუმის სულფატებით. რომელ ნივთიერებას გამოიყენებ წყლის დასარბილებლად? რატომ?

 

მტკიცება:  

 

 

მტკიცებულება:  

 

 

მსჯელობა:  

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ტრენინგ მოდულის: „აქტიური სწავლება ქიმიაში“ მასწავლებელთა სამუშაო ფურცლები  –  ნათია არაბული, თინათინ ბუთხუზი – 2017 წელი;
  2. 2014 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები –  გამოცდების ეროვნული ცენტრი;
  3. წყლის სიხისტის განსაზღვრა და მისი გასუფთავება – თინათინ ბუთხუზი. https://chemclub.edu.ge/view_ideas.php?id=10

 

ბებოს არიკები

0

როცა შუქი არ იყო და საიმისოდაც პატარა ვიყავი, რომ ლამფის შუქზე წიგნები მეკითხა, სხვა რა უნდა მეკეთებინა, ბებიაჩემის მოყოლილ ამბებს ვუსმენდი. დაგვსვამდა ხოლმე მე და ჩემს ბიძაშვილებს და გვიყვებოდა “არიკებს”, ანუ ფოლკლორულ-მითოლოგიურ არაკებს. ერთია, როცა ამ ყველაფერს წიგნში კითხულობ და მეორეა, როცა ზეპირად ისმენ იმ ადამიანისგან, რომელიც უშუალო მონაწილეა ამ ამბების (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს), ან იმათგან მოუსმენია, ვისაც თავს გადახდომიათ. ამ “არიკების” ერთი ნაწილი მისი ბავშვობის დროინდელი იყო და სხვადასხვა პერსონაჟი ჰყავდა, მეორე ნაწილის უცვლელი პერსონაჟი კი ჩვენი სოფლის მღვდელი მიხა ახალაია გახლდათ.

 

მისი ბავშვობის დროინდელი ამბებიდან მკაფიოდ მხოლოდ ერთი მახსოვს: თურმე მათ სოფელში იყო ერთი კაცი, რომელიც ტყაშმაფას ჰყავდა დატყვევებული, ანუ თავისი გავლენის ქვეშ მოქცეული. თურმე წისქვილში მიდიოდა, როცა ბუჩქებიდან თავისი სახელი შემოესმა. მან მთავარი წესი დაივიწყა: უპასუხა. როცა ღამით ტყეში მიდიხარ და შენი სახელი შემოგესმება, არაფრით არ უნდა მიიხედო და არაფრით არ უნდა გააგონო, ეს შეიძლება ტყაშმაფა ან ჭინკა იყოს. თუ პასუხს გასცემ, შენი საქმე წასულია. ხოდა, თურმე, ამ კაცმა შეცდომა დაუშვა და ტყაშმაფამ იგი დაატყვევა, საყვარლად გაიხადა. იმ დღის მერე თურმე ეს კაცი ხმას არ იღებდა, დამუნჯებული დაიარებოდა. სოფლის ზევით, მუხის დიდ ფუღუროში ათევდა ღამეს, იქ პატარა საცხოვრებელი მოიწყო, სახლიდან ქვაბები და თეფშებიც წაუღია, ცოლი გაგიჟებული იყო თურმე, რა არ სცადა, მაგრამ კაცი ვერაფრით მოარჯულა. იმ ფუღუროში ტყაშმაფა აკითხავდა ხოლმე და ატარებდნენ ვნებიან ღამეებს. შუაღამით, როცა კაცს ეძინა, ტყაშმაფა იმ მუხის ტოტზე ჯდებოდა თურმე და მღეროდა. ბებიაჩემი იფიცებოდა: ერთხელ ბავშვები ავიპარეთ და ვნახეთ, რომ ტოტზე შიშველი, ძალიან ლამაზი ქალი იჯდა და წითური თმა მიწამდე სწვდებოდაო. შემდეგ ამ კაცის ცოლისთვის ვიღაცას უსწავლებია: ტყაშმაფას მიეპარე და თმის წვერი ახალმოწველილი რძით მობანე და შენს ქმარს შეეშვებაო. ქალი ასეც მოქცეულა, ჩუმად მიპარვია სიმღერაში გართულ ტყაშმაფას და მისი ძირს დაყრილი დალალები რძით დაუსველებია. ტყაშმაფას კივილი მოურთავს, ჩამომხტარა ხიდან და სამუდამოდ გადაკარგულა იქიდან. როცა კაცმა გამოიღვიძა, თურმე არაფერი ახსოვდა.

 

ჩემი სოფლის “არაკების” პერსონაჟი კი, როგორც მოგახსენეთ, მღვდელი მიხა ახალაია იყო. მისი სახლი ჩვენი სახლის უკან, პატარა ტყის შუაგულში დგას. ორსართულიანი სახლი 1908 წელსაა აშენებული, ეს თარიღი ბუხრის თავზეა მიწერილი. მიხა შეძლებული მემამულე მღვდელი იყო, ჩემს სოფელში რაც მიწებია, სულ მისი ყოფილა. კომუნისტებმა კი გააკულაკეს და გაპარსეს, მიწები კი ხალხს დაურიგეს. ერთ ჩემს მეზობელს თოფიც კი დაუმიზნებია სოფლის კრებაზე მოსული ყოფილი მღვდლისთვის, მაგრამ მეორე მეზობელს ხელი აუკრავს და ტყვია თურმე მცირე მანძილით ასცდა მიხას. სოფლელებს დაუტუქსავთ ის თოფიანი მეზობელი, რადგან მიხა არ ყოფილა ცუდი კაცი. მიხას პირველი ცოლი მოუკვდა და მეორე ცოლი ჰყავდა. მეც მოვსწრებივარ მის მეორე ცოლს და გაუთხოვარ ქალიშვილს, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა. გერი და დედინაცვალი თითქმის ტოლები იყვნენ და მეგობრები უფრო ეთქმოდათ. სიბერეში ორივე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ბებიაჩემი უვლიდა, ღამით იქ რჩებოდა და სწორედ იმათგან ჰქონდა მიხას ამბები მოსმენილი. ისე, ძალიან საინტერესო შემთხვევაა, სასულიერო პირი მითოლოგიური ამბების პერსონაჟი რომაა. ერთი-ორ მათგანს მოვყვები:

 

ერთხელ, თურმე, მიხა გაღმა სოფლიდან, ქელეხიდან შინ ბრუნდება, ღამეა. ხობისწყალი მოდიდებულია. მიხამ ცხენი ფონში შეაგდო. უცებ წყლიდან ჭინკამ ამოყო თავი და ცხენის ფაფარს ჩაეჭიდა.

– მიხა! მიხა! – ეძახის ჭინკა.

მიხა ხმას არ სცემს და არც უყურებს, სხვა მხარეს იყურება, მიხა რისი მიხაა, რომ ასეთ ამბებში შეცდეს. ცხენი ცურვით მიჰყვება მდინარის დინებას და მიიწევს ნაპირისკენს. ჭინკა კი ისევ და ისევ ეძახის, დასცინის, სასაცილო ამბებს იხსენებს მისი წარსულიდან, რომ, როგორმე, წყობიდან გამოიყვანოს, მაგრამ მიხა მტკიცეა, ვითარცა რვალი. ბოლოს იფიქრა: მოდი, დავიჭერ ამ ჭინკას და სახლში წავიყვანო. უჩუმრად ჩამოიცურა მოსხმული ნაბადი, ამოუსვა წყლის ტალღას და ჭინკა შიგ გაახვია. ცხენი კი მიცურავს ნაპირისკენს, მიხას უხარია, რომ ჭინკა დაიჭირა, უკვე წარმოუდგა თვალწინ, როგორ ანახებს ცოლს და ქალიშვილს ამ უცნაურ არსებას. ნაბდის შიგნიდან მოთქმა, ტირილი და ხვეწნა-მუდარა ისმის. მიხამ უცებ იგრძნო, რომ, რაც უფრო უახლოვდება ცხენი ნაპირს, მით უფრო მძიმდება ერთი ბეწო ჭინკა. საბოლოოდ კი ისეთი მძიმე გახდა, რომ დაჭერა ვეღარ შეძლო და იძულებული იყო ხელი გაეშვა.

– შენს სახლში მოვალ და სამაგიეროს გადაგიხდი! – დაუყვირა, თურმე, მდინარეს გაყოლილმა ჭინკამ. მიხა სახლში რომ დაბრუნდა, ცოლ-შვილთან ერთად მოძებნა ყველა უწვრილესი ჭუჭრუტანაც კი, და საგულდაგულოდ ამოქოლა. დილით რომ გაიღვიძეს, მთელი სახლი არეული დახვდათ, მიხას ნივთები ძირს ეყარა. აი, ასე იძია შური ჭინკამ, მაგრამ ვერაფრით გაიგეს, საიდან შემოაღწია სახლში.

 

კიდევ ერთი ამბავი: ღამეა. მიხა ნავახშმევია, მაგრამ უცებ მჭადი მოუნდა და სთხოვა ცოლს, გამომიცხვეო, მაგრამ გობში ფქვილი აღარ დარჩენილიყო. სხვა რა გზა ჰქონდა, მოიკიდა მიხამ ტომარა ზურგზე და წისქვილში წავიდა. აათავა თუ არა აღმართი, გვიმრებიდან უცნაური პატარა არსება გადმოხტა და წინ გადაუდგა. ამ ამბებში გამოცდილმა მიხამ უცნაური არსების შესაპყრობად ყოველგვარი იმპროვიზაცია წამსვე გამორიცხა, მრავალჯერ გამოცდილ ხერხს – იგნორს – მიმართა და გვერდით აუარა. არსებამ მიაძახა:

– წისქვილში რომ მიხვალ, მეწისქვილეს უთხარი, რომ ეკეს კეკე მოუკვდა!

მივიდა მიხა წისქვილში, მეწისქვილემ ჩაყარა საფქვავი, მერე შუაცეცხლს მიუსხდნენ და გააბეს საუბარი. წამოსვლისას მიხამ იფიქრა: იქნებ მართლა მნიშვნელოვანია იმ არსების დანაბარები და საქმე არ გავაფუჭოო, ამიტომ მეწისქვილეს უთხრა:

– კაცო, კოკი! გზაზე რაღაც არსება შემხვდა და შენთან დამაბარა, რომ ეკეს კეკე მოუკვდა!

– აქამდე რატო არ თქვი! აქამდე რატო არ თქვი, შე წყეულო! – ატყდა ჭინკების გნიასი, რომლებიც, თურმე, წისქვილის სხვენში ისხდნენ, ძირს ჩამოხტნენ, გაკვირვებულ მეწისქვილეს და მიხას გვერდით ჩაუქროლეს და კარში გაუჩინარდნენ.

 

და ბოლო ამბავი: მიხა თურმე ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეა. მშობლების სანახავადაა ჩამოსული. მალევე უნდა წავიდეს, გამოცდები აქვს, მაგრამ ისე მოთოვა, რომ მგზავრობა შეუძლებელია. მიხა მაინც ადგა დილით, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მოახტა ცხენს და გზას გაუდგა. ცხენი მკერდამდე თოვლს ძლივს მიაპობს. გაიარა მიხამ სოფელი. ცხენი უკვე ძალიან დაღლილია, ძლივს მიდის. საბოლოოდ სოფლის განაპირას მცხოვრები მეზობლის – რომანოზის – ჭიშკარს გაუსწორდა და გაჩერდა.

– აჩუ, წადი, ცხენო! – მათრახს უტყლაშუნებს მიხა ცხენს, ხან ეფერება, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ იძვრის.

– შემოდი ეზოში! – შემოესმა მიხას, მიიხედა. რომანოზი ჭიშკართან დგას. – ხომ გინდა წასვლა?! მე დაგეხმარები! მამაშენისგან ბევრი პატივისცემა მახსოვს!

მიხას შესვლა არ უნდა, რადგან ეშინია (რომანოზზე სოფელში ათასი ჭორი დადის), მაგრამ აგვიანდება, რომანოზი კი დახმარებას დაჰპირდა. ჩამოხტა ბოლოს და ჭიშკრისკენ წავიდა, შემსუბუქებული ცხენიც ფეხის ათრევით უკან გაჰყვა.

– ცხენი მიაბი! მე ჩავუყვან მამაშენს! – უთხრა რომანოზმა და საბძლის ბოძზე მიუთითა, მერე კი საბძელში შევიდა. დაზაფრული მიხაც შეჰყვა. საბძელში ბნელა. სიბნელეში ორად-ორი მანათობელი წერტილი ჩანს. მიხამ სიბნელეს თვალი შეაჩვია და ელდა ეცა: მის წინ უშველებელი წითური მგელი დგას.

– ნუ გეშინია! მიდი და უკუღმა შეჯექი! – ეუბნება რომანოზი. მუხლებაკანკალებული მიხა მიდის და მგელზე უკუღმა ჯდება. რომანოზმა შავი სახვევით თვალები აუკრა და რაღაც შელოცვის წარმოთქმა დაიწყო. მიხას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს განათებულ ვიწრო გვირაბში მიჰქროდა. უცებ თვალი გაახილა, აღარც სახვევია, აღარც მგელი, აღარც საბძელი, აღარც რომანოზი. ქუთაისში, სემინარიის წინ დგას. პირჯვარი გადაიწერა და შიგნით შევიდა.

 

ეს იყო რამდენიმე ამბავი, რაც უცებ გამახსენდა. ვნანობ, რომ, როცა წამოვიზარდე, ის “არიკები” არ ჩავიწერე.

 

ჰოდა, ჩვენი ქვეყანა ეს არის

0

რაღაც აზრით, ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო, შეჩვეული სცენარით და გამეორებული პერსონაჟებით:

დილით აუზზე, ორი კაცი წყალში იდგა, ცურვა ეზარებოდათ და მანტრასავით უმეორებდნენ ერთმანეთს „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ”-ს; შუადღისას, გორში, სოფელ კარბში ვიყავით, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და იქაურების თვალებმა იოლად წაშალეს დილის „მაგრამების” ექო; ნაშუადღევს ბიბლიოთეკაში დავბრუნდი, სამუშაოს დასასრულისას, ერთი მონათესავო ადამიანი მესტუმრა (ასმერვედ ან ასმეცხრედ), მიმტკიცებდა, რომ მის გვარს თავის დღეში არ უმუშავია, მაგრამ მაინც სულ კარგად ცხოვრობდნენ და ბოლოს ძალიან დაინტერესდა, ხუთი ლარი ხომ არ მქონდა; სახლისკენ ტაქსით წამოვედი, საჭესთან გოგონა იჯდა, მაინც ცოტა გვიკვირს ხოლმე და მეც შემეტყო: იოლი ხალისით მითხრა, დღე სხვაგან ვმუშაობ, არ მყოფნის და საღამოთი ახლა ეს საქმე წამოვიწყეო. რატომღაც ძალიან გამიხარდა – შეიძლება იმიტომ, რომ იმ „მაგრამივით”, ის მონათესავო კაცი წაშალა უცებ ამ გოგომ.
ჰოდა, ჩვენი ქვეყანა ეს არის. ხშირად, როცა მეკითხებიან, რატომ არ მინდა სადმე სხვაგან გადავბარგდე, პასუხად ჩემი დღეები მაქვს, ამგვარი დღეები, ეს უცნაური და ძალიან საინტერესო დღეები, გაჩვეულებრივებული დღეები. ეს მარადიული ტურბულენტობა უიმედობასა და იმედს, უმადურობასა და თანადგომას შორის.
არავის წასულთაგანს არ ვაძაგებ, ადამიანი მოკლე დროით მცხოვრებია და არჩევანი გასაგები. უბრალოდ, მე იმდენად მიზიდავს ჩემი ქვეყანა, ცოტა სახიფათო, ხან ერთმანეთის გაუტანლობის სპორტში სწორუპოვარი ჩემპიონი და ხან მოულოდნელად ერთიანი, ასე მგონია სხვაგან ვერ გავძლებ. აქ შენება და ბეწვის ხიდზე სიარული მიყვარს – ვიცი, რომ ქვევით ბამბა არ მელის, ფეხი თუ დამიცდა, გულშემატკივრების ლეგიონებიც კი იმ უფსკრულში დამელოდებით და ნაფლეთებად მაქცევთ. გმირი არ ვარ, არც მგონია რომ უნდა ვიყო – უბრალოდ მიყვარს ამ ბეწვის ხიდზე სიარული და მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებ.
და თქვენთან ერთად ვარ ამ ომში.

 

ოთხი წლის წინ ამ ეზოში მამაჩემი თხილის მოსავალს იღებდა, ცუდად გახდა და ეს ცუდად გახდომა საბედისწერო გამოდგა. ამაზე ბევრი დავწერე და ბევრმაც იცის. ჰოდა, შეიძლება სხვა საქმეში სუსტი არ მეთქმის, მაგრამ აქ ოთხი წელია ძალა ვერ ვიპოვე – სურებში სამჯერ ჩავედი და სახლთან მიახლოებაც კი მიჭირდა. ვერ ვახერხებდი ის ოთახები მენახა, ბუხარი, მაგიდა, ჭურჭელი, საპარსი, გაზეთი ჭადრაკის ამოცანებით, რომელიც მამაჩემმა დატოვა და არც უფიქრია, რომ ვეღარ ნახავდა. დღეს ავედი. გამიჭირდა, მაგრამ მაინც. ვცდილობდი, რომ თვალისთვის საქმიანობა დამეძალებინა – სამომავლო გეგმები გიორგი! ვეუბნებოდი თავს. აივანზე ფეხი შევდგი და ყველაფერი აიმღვრა მაინც – კედლები ხმამაღლა ყვიროდნენ ბავშვობას, ხმამაღლა და განწირულად. ზღაპრებს, თამაშებს, ციცინათელებს, რძეს და მჭადს, ნიავს, სუფსის ხმას, ლამფას, ნარდს, ირისის კანფეტს, ნათესავებს, მკვდრებს, ცოცხლებს, ბებიას, ბაბუას, მამიდაშვილებს, რობერტ ბერნსის ლექსებს, გუაკანაგალოს, რიკი-ტიკი-ტავის, თეფშით ბაბუა იორდანეს სულის გამოძახებას, თეფშზე კაცისთავა მსხალს, ოცნებებს, ნაღრძობ ფეხს, ღამეებს, ჭრიჭინებს, მამაჩემს, მამაჩემს, მამაჩემს.
ეს სახლი ძველია. ძნელად ეშველება. მაგრამ მე აუცილებლად გავაკეთებ ზუსტად ასეთივე სახლს და ზაფხულში აუცილებლად ვიცხოვრებ იმ სახლში. დავწვები აივანზე, დავხუჭავ თვალს და ყველაფერს დავინახავ, რასაც ეს ბებერი კედლები მიყვიროდნენ.

 

“ლობიეს ელვაა” – ამბობდა მამაჩემი და ცას ახედავდა. აგვისტოში ხშირი იყო. ლობიოს ელვა ნიშნავდა მოწმენდილი ცის შენათებას საიდანღაც. მამა ამბობდა, რომ ლობიოს ზრდიდა ასეთი ელვა სწრაფად. არ ვიცი – ან კი, ან არა. ზოგჯერ მოგონებები ამ ნათებასავით გაკრთება და ქრება, გაუგებრად და უმიზეზოდ. ჩვენც ამ ნათებების ქვეშ ვიზრდებით. თუმცა ან კი, ან არა.

 

აი, ასე იყო. ზუსტად ასე და ასეთი ქართულით უფრო უხდება:
დუხოვკაში ეწყო შეშები. სველი. სობელი. გამომშრალი. ორთქლი ასდიოდა. უნდა გამოგეშრო შესანთებად. ლამფასთან ვიჯექი და ზოოლოგიის წიგნს ვკითხულობდი. დედაჩემი თეფშებს რეცხავდა. საინებს. ჩაინიკიდან ამატებდა ცხელ წყალს. ჩაინიკი იდგა ფეჩზე. მამაჩემი იჯდა ტახტზე. დაღლილი და ძილთან ახლოს. ამ დროს ვინცხამ დეიძახა. რა დროის მოსლა იყო ახლა. სტუმარი ამბობს: „აფერი არ მინდა ტყულარომა, აგერ ვიყაი და რომ არ შემემევლო, არ გამევიდოდა” . „ოოოჰ, მობძანდი გულივერა” ვეუბნებით ჩვენ ძალიან, ძალიან გულსგარეთ, მაგრამ გარდაუვალი ღიმილით.
თებერვალია, წვიმს, გვიჭირს. „ამღამე ვერ წავალ ჩოხატოურში, მარა აფერი არ მინდა, აგერ დავწობი, კუშეტკაზე” ჩვენ ვამბობთ: „მეიცა, კაცო, რაცხას ვიზამთ, რაფერ ხარ? დედაშენი რაფერაა?” გულივერა მამაჩემის კლასელია. ჩოხატაურიდან. ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობთ. შეწუხება: ბადრიჯნის მჟავე. იგივე პატრიჟნის. კამპოტის ამოტანა კიბისქვეშადან. ადესა. ყველი. შეშა არ დეიწვას დუხოვკაში. “გუუმარჯოს. გუუმარჯოს. გახსოვს, ჯონდოიე რაფერ ჯდებოდა ცხენზე? რაფერ არ მახსოვს! ამ ბაღანაზე სამეცადინო ქონდა? აგერ, ფეჩთან დაჯდება, მიორე ლამპას ავანთებთ. ჩვენ კლასი რამდენი ხანია დავამათავრეთ?!”
ძნელია ასეთი ღამეების განცდა, თუ არ გიცხოვრია. მე ასეთ ღამეებში გავიზარდე.

 

არის ერთი მოთხრობა – ათიათასჯერ წამიკითხავს და არ მბეზრდება. უფრო დილაობით. ახლაც, როცა სახლში ჩავდივარ ხოლმე, ვიმეორებ და ვასხვაფერებ. თანაც ასოების ცოდნა არ სჭირდება – ახედეთ ჭერს და უამრავ სცენას დაინახავთ, თუ ოდესმე თქვენი სახურავიდან წვიმა უვლიდა

მოსწავლის ჯანმრთელობა და მასწავლებლის როლი

0

სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში შეიმჩნევა ბავშვების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება:  ქრონიკული დაავადებების გახშირებამ გამოიწვია ჯანმრთელი მოსწავლეების რიცხვის შემცირება. ეს ფაქტორი არა მარტო შეშფოთების, არამედ განგაშის ატეხის  საბაბიცაა, რადგან სწორედ სკოლის გავლით, სოციალიზაციის ამ ეტაპზე ყალიბდება ბავშვის და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, გადატვირთული სასწავლო პროცესი, არაბალანსირებული კვება, მრავალ ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფა, არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური გარემო ამის მთავარი მიზეზებია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაავადებებით მოავადე ბავშვების რიცხვის მატების პირველი ცვლილებები  7-10 წელზე მოდის. ამ ასაკში უფრო მეტად სასუნთქი სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების და ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა ხდება.

ბავშვის ჯანმრთელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ოჯახური პირობები და აღზრდა, ბიოლოგიური ფაქტორები, მემკვიდრეობითობა, ორსულობის დროს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე, ნიადაგი და ა.შ.

დაწყებითი  კლასების მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტესად სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონეზეა დამოკიდებული. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხდება ავადმყოფობის ან მასთან მოსაზღვრე მდგომარეობების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, დროული, ადეკვატური მკურნალობა, იმატებს ან მცირდება დაავადებების ქრონიზაციის რიცხვი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  მიზანმიმართულ ფიზიკურ აღზრდას, გაკაჟებას, რაციონალურ საზოგადოებრივ კვებას(რაც მოსაწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში). ჯანმრთელი მოსწავლის აღზრდის პრობლემა  ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მასში კონკრეტული საკითხები უნდა გამოვყოთ, რომლის გადაწყვეტა, დაინტერესების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია. დადგენილია, რომ  მოსწავლეების არადამაკმაყოფილებელი შეფასებების მიზეზი 85% -ის შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემებით აიხსნება.  დაწყებითი კლასების მასწავლებელს იმ ასაკის ბავშვები ყავს მინდობილი, როცა  პიროვნება ჰარმონიულად ვითარდება . წინასასკოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამ ასაკში შესაძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით დაწყებით კლასებში აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე, რის გამოსწორებაც მაღალ კლასებში თითქმის შეუძლებელია.

მასწავლებლის როლი  განსაკუთრებულია. კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია დაწყებითი კლასების პედაგოგს? პირველ რიგში,  პედაგოგიური პროცესის ჰიგიენურად სწორად დაგეგმვა- ეს გულისხმობს სტატიკური დაძაბულობის დროულ ცვლას წერისას და კითხვისას- პაუზა, აქტიური დასვენება შესვენებაზე, თვალების დასვენება. სასწავლო მოქმედებების ცვლა, მისი აქტივიზაცია, თვალსაჩინოებების მოხერხებულად გამოყენება ჰიგიენური მოთხოვნილებების გათვალისწინებით-ეს ყველაფერი მოსწავლეების დადებით ემოციებს განაპირობებს. დადებითი ემოციები აადვილებს მასალის ათვისებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს დაღლილობას, ასტიმულირებს ბავშვის  ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს კლასში ფსიქოლოგიურ კლიმატს, აგვარიდებს ბავშვების ნევროტულ რეაქციებს, განსაკუთრებით პირველკლასელების ადაპტაციის პერიოდში. მასწავლებელი ეყრდნობა რა ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჰიგიენის დარგში თავის ცოდნას, ინდივიდუალურად უდგება ბავშვების აღზრდას.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბუნებრივი და ხელოვნური განათების ჰიგიენურ ნორმებს,ტემპერატურულ რეჟიმს და გარემოს სხვა ფაქტორებს.

მასწავლებელს შეუძლია დროულად აღმოაჩინოს დაავადებების ადრეული ნიშნები(მოთენთილობა ან მომატებული აღგზნებადობა,სახის ფერის შეცვლა,ხშირი ხველა,სმენის ან მხედველობის გაუარესება და ა.შ) და აცნობოს ამის შესახებ სკოლის სამედიცინო მიმართულების მუშაკს, რაც განაპირობებს ბავშვის  ადრეულ და წარმატებულ მკურნალობას.

ასაკის და ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, ბავშვებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საკლასო ოთახების მოწესრიგებაში, დაიცვან სკოლის ეზოსა თუ სასკოლო მოედნის სისუფთავეს მნიშვნელოვანია აღზრდის თვალსაზრისით და  ხელს უწყობს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ყურადღების ფორმირებას.

ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში ახლობლებთან და რომ არ წარმოიქმნას „აღმზრდელობითი მაკრატლის“ პრობლემა სკოლის მოთხოვნებსა და სახლს შორის, აუცილებელია მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი, მათი „ჰიგიენური აღზრდა.“

კლასგარეშე სამუშაოებზე საჭიროა მშობლებს  მიეცეთ სასარგებლო რეკომენდაციები, თუ როგორ გახადონ ბავშვის აღზრდა უფრო სახალისო  თამაშების მეშვეობით.  თამაში და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ხოლო თუ  ბავშვები სუფთა ჰაერზე თამაშობენ- ორგანიზმის  გაკაჟებაც.

კლასებში შესაძლებელია მშობლებთან ერთად ჩატარდეს ფიზიკური ვარჯიშები, მოძრავი თამაშები, საუბრები. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მშობლებთან ერთად ერთობლივი თამაშობები სიხარულით ავსებს  ბავშვს, ამდიდრებს და აჯანსაღებს ოჯახურ გარემოს.

ერთობლივი აქტივობების დადებითი შედეგები შემდეგია:

-წაახალისებს მშობლებში ბავშვის ფიზიკური მონაცემებისადმი ინტერესს და განაპირობებს ბავშვებში მათი ასაკის მიხედვით ფიზიკური მონაცემების განვითარებას;

_აღრმავებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას;

_საშუალებას აძლევს არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოკლე დროის განმავლობაში დაკავდნენ სპორტით.

_მშობლების და შვილების ერთად გატარებული თავისუფალი დრო ხელს უწყობს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას.

თავისუფალი დროის ასეთი ფორმით  გატარება ორივე მხარისთვის სასარგებლოა. მშობლებიც ვითარდებიან ფიზიკურად, უფრო ძლიერები და ამტანები ხდებიან. ბავშვი აღფრთოვანებულია მამით, რომელიც ძლიერი, მოხერხებული და სწრაფია! ბაძავს დედას გრაციოზულობასა და კოორდინირებულ მოძრაობებში. ბავშვის ჯანმრთელობაზე სისტემატური ზრუნვა უზრუნველყოფს სასურველ შედეგებს.

 

ნაკლებადმოძრავი თამაშობები

სკამი დგას და ვერ ჯდები

ხუთ სკამს საზურგით შიგნით წრიულად ალაგებენ. სკამების წინ დგება 6 ადამიანი,  ნიშანზე იწყებენ სიარულს სკამების ირგვლივ ერთი მიმართულებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე ან მუსიკის შეწყვეტის შემდეგ ყველა ცდილობს ადგილის დაკავებას, ერთი მოთამაშე რჩება უადგილოდ და გადის თამაშიდან. მასთან ერთად წრეს  ერთი სკამიც აკლდება და გრძელდება თამაში. ყოველი სიგნალის შემდეგ მოთამაშეების რაოდენობა იკლებს. როცა რჩება ორი მონაწილე და ერთი სკამი, გაიმარჯვებს ის, ვინც  პირველი დაჯდება სკამზე.

სამიდან ორი

იატაკზე დგამენ სამ კეგლს. ორი მოთამაშე ცეკვავს გარშემო, ხელები დოინჯში ან ზურგსუკან აქვთ დაწყობილი, ნიშანზე „შეჩერდი“, ჩერდებიან და ცდილობენ აიღონ ორი კეგლი, ვისაც შეხვდება  ერთი,  ის დამარცხებულია.

გამქრალი სკამი

2-3 მეტრის დაშორებით დგამენ ორ სკამს საზურგეს გარეშე. მასზე სხდებიან მოთამაშეები ახვეული თვალებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე დგებიან და წინ 6-8 ნაბიჯს დგამენ.  შემდეგ ორივემ უნდა გააკეთოს სამი სრული ბრუნი წრეზე  და დაუბრუნდეს სკამს.

ამ დავალების შესრულება არ არის ადვილი, დასაწყისში მონაწილეები მიმართულებას კარგავენ და დაბრუნებისას სულ სხვა მხარეს მიდიან.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...