პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

დღეს არ არის აუცილებელი იყო საუკეთესო. „საკმაოდ კარგიც“ მისაღებია!

0

ინტერვიუ პროფესორ ლიზა სერვონთან: დღეს არ არის აუცილებელი იყო საუკეთესო. „საკმაოდ კარგიც“ მისაღებია!

ავტორი: ლიზა ჯ. სერვონი 23 აპრილი, 2020

სტატია ნათარგმნია „ვაშინგტონ პოსტის“ ონ-ლაინ გამოცემიდან, ავტორის თანხმობით.

დოქტორი ლიზა სერვონი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის, ვაიცმანის დიზაინის სკოლის, ქალაქისა და რეგიონული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შესახებ დაწერილი სტატიებისა და ამ თემაზე უცხოური პრესის თვალიერებისას, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი პროფესორ ლიზა სერვონის საინტერესო სტატიას ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“, რომელიც ამ გამოცემის ონ-ლაინ გვერდზე, „მოსაზრებების“ რუბრიკაში იყო გამოქვეყნებული.

რატომ უნდა მიექცია ჩემი ყურადღება ერთ-ერთ ამერიკულ სტატიას? საქმე იმაშია რომ მისი ავტორი, ერთ დროს ჩემი პროფესორი გახლდათ, ნიუ სქულის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი) და ერთ-ერთ ყველაზე რთულ საგანს, ურბანული პოლიტიკის ანალიზს გვასწავლიდა. მასთან ერთად განგვიხილავს ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების სცენარები, თუმცა კონკრეტულად ვირუსულ პანდემიაზე კვლევა არ ჩაგვიტარებია.

პროფესორი ლიზა სერვონი მას შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიწვიეს ქალაქგეგმარების კათედრის ხელმძღვანელად . 2017 წელს, პროფესორმა გამოსცა გახმაურებული წიგნი „The Unbanking of America: How the New Middle Class Survives” („ბანკების გარეშე: როგორ იბრძვის თავის გადასარჩენად ამერიკის ახალი საშუალო ფენა“) გამოსცა. სერვონის წიგნმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მას ანტი-საბანკო წიგნიც უწოდეს, რადგან ავტორი, კვლევის მიზნით, თვითონ მუშაობდა აშშ-ს სხვადასხვა არასაბანკო საფინანსო დაწესებულებაში, რათა იქიდან დაკვირვებოდა კრედიტებზე დამოკიდებული საზოგადოების ყოველდღიურობას, მათ გასაჭირსა და შესაძლებლობებს და ამერიკული ბანკების ავსა და კარგს.

დღეს გთაავაზობთ პროფესორი სერვონის საინტერესო დაკვირვებას კორონა-ვირუსის პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე და იმაზე თუ როგორ მოქმედებს ეს ჩვენს სტუდენტებზე.

ცოტა ხნის წინ, ერთ მშვენიერ დილას, ჩემს 19-კაციან სამაგისტრო ჯგუფს ის შეკითხვა დავისვი, რომელსაც ჩვეულებრივ ვსვამ-ხოლმე მეცადინეობის დაწყებამდე: „როგორ ხართ? როგორ არის თქვენი საქმეები?“

იმ დღეს, ერთმანეთს Zoom-ით ვესაუბრებოდით – ორკვირიანი ექსპერიმენტი გამოწვეული კორონა-ვირუსის გამო, უკვე მიმდინარეობდა.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს დავალებებზე კონცენტრაცია“, მიპასუხა ერთმა სტუდენტმა. „ვერანაირ მოტივაციას ვერ ვგრძნობ“. დანარჩენმა თვრამეტმა თავმა, რომელიც ჩემი კომპიუტერის ეკრანში მოჩანდნენ, თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

ჩემს ფაკულტეტზე ეს საკითხი მალევე მოვაგვარეთ როდესაც უნივერსიტეტმა გადაწვიტა დისტანციურად გაეგრძელებინა სწავლება სემესტრის ბოლომდე.

როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, შევითავსე კარგი ჯარისკაცის ფუნქცია, ავუხსენი ფაკულტეტის წევრებს რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა სტუდენტებს ის განათლება გადავცეთ რომლის გულისთვისაც მათ ჩვენი ფაკულტეტი აირჩიეს.

დავარწმუნე საგონებელში ჩავარდნილი სტუდენტები, რომ მათ, მიერ ჩვენთან ნასწავლი საკითხები საცხოვრისზე, ტრანსპორტზე და ეკონომიკურ განვითარებაზე სწორედ ის იარაღია, რომელიც მათ გამოადგებად დიდი მასშტაბის, covid-19-ის მსგავსი პრობლემებისა და კრიზისების მოგვარებაში.

ფაქტობრივად, ვეცადე იმ მდგომარეობის ნორმალიზაცია რომელიც ყველაფერია ნორმალურის გარდა.

ცოტა ხანში, სტუდენტის ელექტრონული წერილი მივიღე, სადაც მეუბნებოდა რომ დღეში რამდენიმეჯერ ტირის. „ვდარდობ ჩემს თავზე და მეგობრებზე, რომლებიც ვიცი ჩემნაირ დღეში არიან“, მწერდა იგი.

“ბევრი ჩვენგანი ცდილობს წესრიგში მოიყვანოს ელექტრონული წერილების უზარმაზარი ნაკადი, რომლებშიც სხვადასხვა ცვლილებები და ე.წ. „update”-ები [სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისგან], თარიღები და ჩაბარების ვადებია (ე.წ. „დედლაინები“). ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თანაც იმ დროს როდესაც ყველას დაკარგული აქვს თარიღების შეგრძნება…“

ყველა ის სტრუქტურა, რომლებშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა და საქმიანობა, დღეს შერყეულია. ფაკულტეტის ერთ-ერთმა პედაგოგმა შემატყობინა რომ Zoom-ლექციის დროს, ერთი სტუდენტი მეცადინეობას საწოლში მწოლიარე „ესწრებოდა“და შუა გაკვეთილზე ჩაეძინა…

გარდა ამისა, შევიტყვეთ რომ ერთ-ერთი სტუდენტი ვირუსით დაინფიცირდა…

სწორედ ამის შემდეგ გავაცნობიერე რომ ‘ნორმალიზაცია’ არასწორი მიდგომა არის ამ სიტუაციაში.

ნებისმიერ სხვა სემესტრში, მე ჩვეულებრივ ვამხნევებ სტუდენტებს რომ გამოსცადონ თავი, შემოქმედებითდ მიუდგნენ სამუშაოს და თვიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაონ.

მაგრამ არა დღეს! დღეს, როდესაც სტუდენტებთან ლექცია დავიწყე, გვერდზე გადავდე ლექციისთვის წინასწარ მომზადებული შენიშვნები და ვუთხარი ჩემს თავს რომ ახალგაზრდებს გულის კარნახით (და არა გონების) დაველაპარაკებოდი.

სტუდენტებს ვუთხარი რომ ყოველდღიური წარმატების წესი, რომელსაც ახლა გამოვიყენებდი იქნებოდა განსხვავებული მას ვუწოდებდი „საკმაოდ კარგს“ (ინგლისურად, Good enough).

ჩემი მოზარდი შვილები (ინგლ. teenage children), ძალიან ბევრ შაქარს იღებენ და უსასრულოდ თამაშობენ ვიდეოთამაშებს; მეც არ ვხარჯავ დიდ დროს მათი სასკოლო დავალებების შემოწმებაზე.

ჩემი ბინა, არეულობის გამოხატულებაა; მე არ ვწერ იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივ და უკვე სამი კვირაა ერთი და იგივე სპორტული შარვლით დავდივარ აქეთ-იქით.

მაგრამ როდესაც გაუკეთებელი საქმეების შესახებ შფოთვა შემომიტევს-ხოლმე, ჩვემს თავს ვეუბნები რომ ის რასაც ვაკეთებ [ამ პირობებში], „საკმაოდ კარგია“.

დღეს, „საკამოდ კარგი“ დროა, ვეუბნები სტუდენტებს. „თუ გადაწყვეტთ ჩააბაროთ/ჩააფლავოთ საგანი, თუ არაფრით გამოგდით რომ კიდევ ერთი ღამე გაათენოთ საკურსო ნაშრომის წერაზე, თუ სამუშაო, რომელსაც პრობლემის გადასაწყვეტად ასრულებთ ვერ არის თქვენი კვლევითი სტანდარტების სიმაღლეზე – ნუ დასჯით თავს. თქვენ იოლ გზას კი არ ეძებთ, არამედ უფრო გონიერი არჩევანისკენ იხრებით. „საკმაოდ კარგი“ დღეს, საუკეთესო არჩევანია.

პედიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, დონალდ უ. უინკოტმა, 1953 წელს ახალი განსაზღვრება გამოიყენა: „საკმაოდ კარგი დედა“. დღემდე, ეს კონცეფცია მშობლების ფორუმების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. უინკოტის თეორია იმას ამბობდა რომ „სრულყოფილ დედად“ ყოფნის მცდელობას შესაძლოა პრობლემები მოჰყვეს როგორც მშობლისთვის, ისე – ბავშვისათვის. ზოგჯერ, დედებს სჭირდებათ პირველ ადგილზე თავი დააყენონ და მეტად იზრუნონ საკუთარ თავზე. ამით ბავშვებს საშუალება ეძლევათ განივითარონ მეტი მედეგობა (მოქნილობა), შემწყნარებლობა და გამძლეობა და ამავე დროს,  გრძნობდნენ რომ ისინი უყვართ და მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.

დღეს, მიმდინარე მომენტში „საკმაოდ კარგის“ თეორიას უფრო ფართო მოხმარება აქვს, ვიდრე მხოლოდ მშობლების საქმიანობაში.

მე, ბუნებით „A“-კლასის შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილებისკენ მსწრაფი ადამიანი, ორჯერ გავხდი დიდი დეპრესიისა და ათწლიანი შფოთვის მსხვერპლი – ამან მასწავლა რომ სრულყოფილებისკან რბოლა არ მაძლევს კმაყოფილების გრძნობას. ჩემმა წარსულმა წვალება დამეხმარა იმაში რომ დღეს შემიძლია ვიპოვო ის სივრცე რომელიც წონასწორობას მინარჩუნებს: ძილი, ვარჯიში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

დღეს გვჭირდება  „ტოტალური/მასიური გადახალისება“. კორონა-ვირუსამდე არსებული დღის „ჩატენვა“ იგივე დროში, (ოღონდ) დღეს, უკვე წაგებული საქმეა.

ისინი, ვისაც ბედმა გაუღიმა, სამუშაო ჯერ კიდევ აქვს, შეუძლია თვითიზოლაციაში იყოს და თან ხელფასიც მიიღოს, „სახლიდან არ ვმუშაობ“.

ჩვენ დღეს სახლებში ვართ კრიზისის დროს; ყოველდღიურად გულმოდგინეთ ვწმენდთ სადიზინფექციო ხსნარით სინათლის ყოველ ჩამრთველსა და კარის სახელურს და გაბედულად ვცდილობთ რაღაც საქმეც გავაკეთოთ და ამით ვუზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება.

ჩვენ უნდა მივცეთ თავს შეჩერების საშუალება.

(პიუს კვლევითი ცენტრის (Pew Research Center – საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამოუკიდებელი ამერიკული ასოციაცია, ლ.ა.) თანახმად, ამერიკელების 44 პროცენტი ამბობს რომ ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება. დღევანდელი მდგომარეობა არ გახლავთ „ისე როგორც ადრე ვაკეთებდით“ (ინგლისური იდიომი – business as usual).

დოქტორი უნიკოტი აცხადებდა რომ „საკმაოდ კარგი“ მშობლები უკეთესია ბავშვებისათის, ვიდრე ისინი ვინც სრულყოფილებისკენ ისწრაფის. მე ვეთანხმები.

არა მხოლოდ მშობლის საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც.

მე შევხედე ჩემს სტუდენტებს კომპიუტერის ეკრანზე და მივეცი უფლება იყვენ „საკმაოდ კარგები“. თუ ამ ახალგაზრდებმა პანდემიისგან შეიძლება რამე კარგი ისწავლონ, ეს საკუთარი თვისთვის ასეთივე უფლების მიცემა იქნება.

 

ინტერვიუ თარგმნა და მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

დისტანციური სწავლება. პრაქტიკული რეკომენდაციები მცირეკონტინგენტიანი სკოლის მასწავლებლებისთვის

0

COVID-19- ით გამოწვეული პანდემიის გამო დისტანციური სწავლება აქტუალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამის შესახებ  ბევრი იწერება საერთაშორისო პრესაში. გამოჩნდა თემატური სტატიები სამეცნიერო ლიტერატურაში  და ცალსახად იკვეთება, რომ არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა იდეალურად მზად ამ სიტუაციისთვის.

განათლების მკვლევრები აღნიშნავენ, რომ   ბევრ ქვეყანაში გაჩნდა პედაგოგთა  თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც დაეხმარნენ ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში: ერთმანეთს გაუზიარეს მათ მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსები; ერთმანეთისთვის ჩაწერეს ვიდეო ინსტრუქციები – როგორ გამოიყენონ ესა თუ ის პლატფორმა, როგორ შექმნან სასწავლო რესურსები სხვადასხვა პროგრამაში და ა. შ.  ყველა ქვეყანა იბრძვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის.   

  ასეთივე პროცესები წარიმართა საქართველოში.

  • რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომელიც ასწავლის რეგიონის მცირეკონტინგენტიან სკოლაში?
  • რამდენად არის მისთვის და მისი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი დისტანციური სწავლების ის პლატფორმები და პროგრამები, რომლებიც საქართველოს სინამდვილეში წარმატებით გამოიყენება დიდ ქალაქებში?
  • პრობლემების წინაშე დარჩენილმა მასწავლებელმა როგორ გაზარდოს მოსწავლეების სწავლების ხარისხი?

ამ კითხვებზე პასუხისთვის   ისევ ჩვენი მასწავლებლების გამოცდილების და იმ რეალობის გათვალისწინებაა საჭირო, რომლის წინაშეც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, სკოლები და  მშობლები.

გამოვყოთ რამდენიმე  სეგმენტი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული:

  1. მასწავლებელმა შეძლოს თავისი თემატური გეგმის რეალისტური გადაწყობა;
  2. ახალი თემატური გეგმის შესრულებისთვის ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობის გამოყენება;
  3. მოსწავლესთან კომუნიკაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენება;
  4. მოსწავლის და მისი ოჯახის ემოციური მხარდაჭერა.

შეუძლებელია, ვისაუბროთ რაღაც ცალსახა, ზოგად რეკომენდაციებზე, რადგან არსებული კონტექსტი  სხვადასხვა ვარიაციებს გულისხმობს და დისტანციური სწავლების  ფორმატიც განსხვავებულია.

სასკოლო ასაკის ბავშვებთან, სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში შესაძლოა, განვიხილოთ  ტიპური ვარიანტები:

  1. მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა;
  2. მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა;
  3. მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა;
  4. მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა;
  5. მოსწავლეს აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა;
  6. მოსწავლეს არ აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა;
  7. მოსწავლეს აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა;
  8. მოსწავლეს არ აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა.

სკოლის მასწავლებლებთან მიმართებაში კი  შეგვიძლია, განვიხილოთ შემდეგი მოცემულობა ვარიანტების სახით:

  1. მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი;
  2. მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონი;
  3. მასწავლებელს აქვს ტელეფონი;
  4. მასწავლებელს არ აქვს ტელეფონი.

საქართველოს რეალობაში გვაქვს ასეთი მოცემულობა:

  მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონი მასწავლებელს აქვს ტელეფონი
მოსწავლეს  აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა მოცემულობა 1 მოცემულობა 9 მოცემულობა16
მოსწავლეს  არ აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა მოცემულობა 2 მოცემულობა10 მოცემულობა17
მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 3 მოცემულობა11 მოცემულობა18
მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 4 მოცემულობა12 მოცემულობა19
მოსწავლეს აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა

 

 

მოცემულობა 5

მოცემულობა13 მოცემულობა20
მოსწავლეს არ აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 6   მოცემულობა 21
ბავშვს აქვს ტელესკოლის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა მოცემულობა 7 მოცემულობა14 მოცემულობა22
ბავშვს არ აქვს ტელესკოლის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა მოცემულობა 8 მოცემულობა15 მოცემულობა23

 

თუმცა შესაძლებელია, განვიხილოთ მათი კომბინაციებიც, რაც მოცემულობათა რაოდენობას გაზრდის.

გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მეტნაკლებად ითვალისწინებენ ზემოთ აღწერილი სიტუაციების მოცემულობებს და რეალურად დაეხმარებიან მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლებს  სასწავლო პროცესის  დისტანციურ წარმართვაში.

შემთხვევა  პირველი – დისტანციური სწავლებისას მასწავლებელს აქვს ხარისხიან ინტერნეტთან  ხელმისაწვდომობა, მაგრამ მის მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ პედაგოგის მიერ ორგანიზებულ ვიდეო გაკვეთილებს.

რეკომენდაცია – ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მუდმივად გაეცნოს იმ საქმიანობას, რასაც მისი კოლეგები ეწევიან. დაეუფლოს სხვადასხვა პლატფორმებს, პროგრამებს, გაეცნოს იმ ელექტრონულ რესურსებს, რომლებსაც  მისი კოლეგები ქმნიან. თვითონაც შექმნას ასეთივე რესურსები და ასე იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე. მოსწავლეებისთვის კი, შეუძლია, დისტანციური სწავლების სხვადასხვა აქტივობები გამოიყენოს.

მაგალითები ქართული რეალობიდან –  საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სოფლის სკოლის მასწავლებელთა ნაწილმა    ინტერნეტ სივრცეში არსებული შესაძლებლობები გამოიყენა, შეისწავლა სხვადასხვა პლატფორმები და პროგრამები, მოისმინა ვებინარები და  შექმნა სასწავლო ელექტრონული რესურსები „სხვისი მოსწავლეებისთვის“, რადგან მათ მოსწავლეებს ინტერნეტთან ტექნიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა არ აქვთ.

შემთხვევა მეორე – ტიპურია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელს და მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონების ხელმისაწვდომობა, მაგრამ მოსწავლის ტელეფონს  დაბალი სიხშირის ინტერნეტის გამო, არ შეუძლია, ჩაერთოს რომელიმე პლატფორმით მიმდინარე ვიდეო გაკვეთილებს.

რეკომენდაცია – ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, ჰქონდეს მოსწავლესთან აქტიური კომუნიკაცია:

  • მშობლის ფეისბუქის პირადი გზავნილის ველში გაუგზავნოს დავალება მოსწავლეს-მიიღოს შესრულებული დავალების ფოტო;
  • მშობლის ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოს დავალება მოსწავლისთვის და ამ ფორმითვე მიიღოს შესრულებული დავალება და დაუბრუნოს უკუკავშირი;
  • მოსწავლეს მესენჯერით გაუგზავნოს დავალება და მისი შესრულების დაწვრილებითი ფოტო ინსტრუქცია, მესენჯერითვე  მიიღოს შესრულებული დავალება და  განახორციელოს  უკუკავშირი;
  • თუ მოსწავლეს უჭირს დავალების შესრულება,  გაამარტივოს დავალება და მისცეს არჩევანის საშუალება, 3-4 ალტერნატივიდან შეასრულოს ერთი ან ორი;
  • თუ მოსწავლეს, ამასთან ერთად, აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა, მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეს ტელესკოლის გაკვეთილების შესრულებული დავალებების ფოტოები გამოუგზავნოს  ელექტრონული  ფოსტის ან მესენჯერის საშუალებით;
  • მასწავლებელს შეუძლია, ინტერნეტში სხვადასხვა სანდო საიტებზე განთავსებული სავარჯიშოებს გადაუღოს ფოტოები და ისიც გამოიყენოს სასწავლო პროცესში.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან 1. მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც მცირეკონტინგენტიან  სკოლაში ასწავლის, თავის  ოთხ მეცხრეკლასელ მოსწავლეს,  ტელეფონით  რამდენიმეწუთიან  ინსტრუქციას აცნობს -ტრანპორტირის, თოკის, ფანქრის და   პატარა ქვის ან გირის გამოყენებით,   როგორ დაამზადონ ხელსაწყო კლინომეტრი და ავალებს,  ამ ხელსაწყოს  გამოყენებით  გამოთვალონ  საკუთარ  ეზოში ყველაზე მაღალი ხის სიმაღლე. 2. ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო ექსპერიმენტის ფოტო ინსტრუქციას უგზავნის.  სთხოვს,  აიღონ ორი კარტოფილი, ერთი უმი, მეორე მოხარშული, გაუკეთონ ღრმულები ფოტოს მიხედვით,    ეს ღრმულები ამოავსონ მარილით, დაალაგონ თეფშზე და  დააკვირდნენ,  რა მოხდება.   გამოიტანონ  დასკვნა  უმი და მოხარშული კარტოფილის მაგალითზე ოსმოსთან მიმართებაში.

შემთხვევა მესამე –დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა (მოსწავლის ოჯახს არ აქვს ტელეფონისთვის ინტერნეტპაკეტის  შეძენის საშუალება ან ტელეფონი არის იმდენად ძველი მოდელი, რომ ამის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება).

რეკომენდაცია – მასწავლებელს ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან  შემდეგი  სახის ინტერაქტივი:

  • მასწავლებელმა „ახალი ცხრილის“ შესაბამისად  განახორციელოს ხელმისაწვდომ ტელეფონზე სატელეფონო ზარი და 5-10 წუთის განმავლობაში:  ა) კონსულტაცია გაუწიოს მოსწავლეს და დაეხმაროს  საპროგრამო საკითხის აღქმაში; ბ) მისცეს შესასრულებელი დავალება; გ) მოისმინოს მოსწავლის მოსაზრება შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებით; დ) მოისმინოს მოსწავლის კომენტარი;
  • მოსწავლეებს გაუგზავნოს სმს შეტყობინება და მიაწოდოს  ინფორმაცია, როდის ექნება  სატელეფონო კონსულტაციის საშუალება;
  • როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ სოფელში, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მასწავლებელს შეუძლია დისტანციური სწავლების უძველესი (დისტანციური სწავლება სათავეს იღებს 1728 წლიდან) მეთოდის გამოყენებით, ჰიგიენის წესების სრული დაცვით გაუგზავნოს წერილობითი ინსტრუქცია მოსწავლეს და ასევე მიიღოს მის მიერ შესრულებული დავალების რვეული, რომელსაც გადახედავს და 2-3 კვირაში ერთხელ დაუბრუნებს პოზიტიურ უკუკავშირს.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან: ა) ერთ-ერთი სოფლის სკოლის ქართულის მასწავლებელი სთხოვს თავის მეექვსეკლასელ მოსწავლეს, წაიკითხოს მოთხრობა, რომელიც წიგნის 65-67გვერდებზეა და  მისწეროს წერილი მოთხრობის იმ პერსონაჟს, რომელიც არ მოეწონა, ურჩიოს, როგორ გამოსწორდეს.  ბ) მაღალმთიანი სოფლის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი წერილობით სთხოვს თავის მეცხრეკლასელ მოსწავლეს, მშობლების დახმარებით, მიგრაციის თემაზე შემდეგი სამუშაო შეასრულოს: გაიხსენონ ამბები თითქმის დაცლილი სოფლის შესახებ და შეგროვებული ინფორმაცია შეიტანონ  ოთხსვეტიან ცხრილში 1. ქვეყნიდან წასული პირი;   2. ასაკი; 3. წასვლის მიზეზი;   4. ქვეყანა, სადაც წავიდა  პიროვნება და ამ დავალების შესრულების შემდეგ წაიკითხოს პარაგრაფი – მიგრაცია.

 

შემთხვევა მეოთხე – დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს ტელეფონი, მაგრამ  ტელესკოლაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელია.

რეკომენდაცია – მასწავლებელს ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან  შემდეგი  სახის ინტერაქტივი:

  • როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ სოფელში, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მასწავლებელს შეუძლია დისტანციური სწავლების უძველესი მეთოდის გამოყენებით, ჰიგიენის წესების სრული დაცვით, მოსწავლეს გაუგზავნოს წერილობითი ინსტრუქცია თხოვნით: მოუსმინოს ტელესკოლის  გაკვეთილებს, შეასრულოს  დავალებები და 2 კვირაში ერთხელ დავალების რვეული გაუგზავნოს მასწავლებელს.
  • რვეულში მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას გადახედოს მასწავლებელმა, დაუბრუნოს პოზიტიური უკუკავშირი და  ჰიგიენური წესების დაცვით  გაუგზავნოს „მეზობლად“ მცხოვრებ მოსწავლეს.
  • მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეს, უყუროს ტელესკოლის გაკვეთილებს და აწარმოოს დღიურის ტიპის ჩანაწერები,  ანუ აღრიცხოს, როდის, რა გაკვეთილებს დაესწრო და  გამოყოს, გაკვეთილზე  რა იყო მთავარი.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან – ქართულის მასწავლებელი  სთხოვს  მეშვიდეკლასელ მოსწავლეს უყუროს ტელესკოლის გაკვეთილს და შეასრულოს დავალება.  გაკვეთილზე  ნათია მასწავლებელი შეეხო  ბესიკ ხარანაულის პოეზიას. განიხილა  ერთ-ერთი ლექსი და დავალებად მისცა მოსწავლეებს,  დაეხატათ ლექსის სტრიქონი „ ლექსები გულის მარაოა,  რომლითაც ცეცხლს ვინელებთ…“

ბიოლოგიის მასწავლებელი – სთხოვს თავის მეშვიდეკლასელ მოსწავლეს, უყუროს ბიოლოგიის გაკვეთილს და შეასრულოს დავალება. ნატო მასწავლებელმა ტელესკოლის გაკვეთილი დაასრულა დავალებით –  შეადგინე სქემა, რომლითაც გამოხატავ თევზებთან შედარებით,  ამფიბიების ორგანოთა სისტემის გართულებას.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – სთხოვს თავის მეშვიდეკლასელ მოსწავლეს, უყუროს სამოქალაქო განათლების გაკვეთილს და შეასრულოს დავალება. გიორგი მასწავლებელმა ტელესკოლის გაკვეთილი დაასრულა დავალებით – ჩამოწერეთ, რა პრობლემებია  თქვენს სკოლაში, აღწერეთ და დაასაბუთეთ თითოეულის გადაჭრის გზა.

შემთხვევა მეხუთე  – დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს არც ინტერნეტის, არც ტელეფონის და არც სატელევიზიო მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა. ასეთი  მოსწავლეები მოწყვლად ოჯახებში ცხოვრობენ.

რეკომენდაცია –  ეს მოცემულობა მასწავლებელს მწირ  შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან   ინტერაქცია. ამ შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციაა შესაძლებელი.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან – 1. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თავისი ორი მოსწავლისთვის სპეციალურად შეადგინა ინტერაქტიური დღიური. რვეულში გამოყო მასწავლებლის და მოსწავლის გვერდები. მოსწავლემ მასწავლებლის გვერდის და სახელმძღვანელოდან შესაბამისი მასალის გამოყენებით უნდა შეავსოს თავისი გვერდი. 2. ბიოლოგიის მასწავლებელმა სოფლის რწმუნებულის დახმარებით მეცხრეკლასელ მოსწავლეს წერილი, ფერადი ფანქრები და თაბახის ფურცლები  გაუგზავნა. წერილით სთხოვა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში,  გადახედოს  სახელმძღვანელოს ოთხ პარაგრაფს, მითითებული  სქემები გადახატოს თაბახის ფურცლებზე და აქციოს პლაკატებად. დავალების გაგზავნისთვის იგივე გზა გამოიყენოს, რაც მასწავლებელმა გამოიყენა.

მცირეკონტინგენტიანი სკოლების  პედაგოგები,  გამომდინარე იქედან, თუ რომელ რეგიონში, თემში, სოფელში (გასათვალისწინებელია სოფლის სტატუსი,  სიღარიბის  მაჩვენებელი,  დაბერების მაჩვენებელი და ა.შ.) არსებულ სკოლაში ასწავლიან, სხვადასხვა  მოცემულობაში იმყოფებიან  და მათ   თამამად უნდა მიიღონ  კონტექსტის  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მიმართონ  „იმპროვიზაციებს“,   გახდნენ „ცვლილებების აგენტები“. ამით ისინი  შეძლებენ, გაზარდონ საკუთარი მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=25189
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=25364
  3. https://moderndiplomacy.eu/2020/05/04/the-covid-19-pandemic-changes-global-dynamics-in-education/?fbclid=IwAR2e1reG9flBkg1Fv34Irj2aoB8IfJhUbxIx-Vs96K0ZgFUz8wUigEX4zRM

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ინტერვიუ საკუთარ თავთან

0

(კარანტინი, 2020 წელი)

 

– გამარჯობა! მითხრეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებთ.

– შევეცდები, თუკი ბევრს არ მოითხოვთ ჩემგან!

– ყველა კარგი კითხვა ბევრს მოითხოვს, არ იცოდით?

– ალბათ, ვიცოდი და დავივიწყე!

– თქვენ მასწავლებელი ხართ, გვაინტერესებს, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც  ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და სკოლებმა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს?

– უფრო მარტივი რამ უნდა გეკითხათ!

– ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ!

– მაშინ ყველაფერს გეტყვით, ოღონდ გაფრთხილებთ, შესაძლოა, სიმართლე არ მოგეწონოთ და ინტერვიუს გამოქვეყნებისას ამოჭრათ კიდეც.

– ახალი არაფერია, სიმართლე არავის მოსწონს, მაგრამ მაინც გვსურს მისი გაგება. ამიტომ გისმენთ!

– თავიდან მეგონა, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, ისევ ისე ჩავატარებდი გაკვეთილებს, ავხსნიდი ახალ მასალას და მოვითხოვდი ძველს, ვისაუბრებდი და ვასაუბრებდი, ვიფიქრებდი და ვაფიქრებდი… ხომ გესმით?

– არც ისე კარგად! რთულია, გაუგო მასწავლებლებს!

– ასე გგონიათ?

– ნამდვილად! თავში ქაოსი აქვთ, ბევრი ინფორმაციისგან მეხსიერება უარესდებათ და ბევრი საუბრისგან ხმის ტემბრი ეცვლებათ.

– ფიქრობთ, უსიამოვნო ხმა მაქვს? ხმაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული, როცა ვყვები, ლექსს ვკითხულობ…

– არ ვამბობს, რომ უსიამოვნო, მაგრამ, ალბათ, იმისგან განსხვავებული, ვიდრე მასწავლებლობამდე გქონდათ (თუკი იყო ასეთი დრო). კარგი, დაივიწყეთ და გავაგრძელოთ… ამბობდით, რომ გეგონათ, ძველებურად გააგრძელებდით სწავლებას.

– დიახ, მაგრამ მხოლოდ თავიდან. მერე კი ჩემი პროფესიული გამოცდილება, ყველაფერი, რაცა აქამდე მიკეთებია ისეთი შორეული და მიუწვდომელი მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, რაც ვიცოდი, ყველაფერი დამევიწყებინა და ნულიდან დამეწყო.

– გამოგივიდათ?

– როგორც პიტერ ბიქსელის პერსონაჟი ამბობს, ყველაფრის დავიწყება რთული რამაა, რადგან ის მაინც გემახსოვრება, რომ ოდესღაც რაღაც იცოდი.

– გონივრული შენიშვნაა!

– ამიტომ ვიფიქრე, ძველი ცოდნისთვის ახალი დამემატებინა და ასე გავმკლავებოდი იზოლაციას, კარანტინსა თუ პანდემიას. უკაცრავად, ტერმინები ერთმანეთში მერევა.

– არაუშავს, სამივე ერთსა და იმავეს გულისხმობს.

– ვხვდებოდი, რომ არ მეყოფოდა ის ცოდნა, რაც აქამდე მქონდა. ვერც ჩატარებული გაკვეთილების მოგონება, ვერც წიგნებში ამოკითხული საოცარი ამბები და ვერც რვეულებში ჩახაზული სქემები დამეხმარებოდა. ახალი და ამოუცნობი გამოწვევის წინაშე ვიდექი. ახლა გესმით ჩემი?

– ვცდილობ, გავიგო!

– აი, წარმოიდგინეთ ოთხ კედელს შუა გამოკეტილი მოსწავლეები, თავმობეზრებულები, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებულები, კომპიუტერის თამაშისგან ამოღამებული თვალებით რომ უყურებენ ეკრანს და ფიქრობენ, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება დაატყდათ თავს – მასწავლებლები მათ პირად სივრცეში შეიჭრნენ! სახლის კარები შეუღეს, მათ ოთახებში მიმოიხედეს, კარადები გამოხსნეს და უჯრები ამოქექეს. წარმოიდგინეთ, რომ აღარსად დარჩა თავშესაფარი – არც საკუთარ ოთახში, არც კომპიუტერში და ფიქრებშიც კი! დისტანციურმა გაკვეთილებმა უხეშად მოაფათურეს ხელები მათ ნივთებში, ღამენათევები საწოლიდან ადრე წამოყარეს, მათი  მოდუნებული გონება ომში გამოიწვიეს. წარმოიდგინეთ?

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდება? ბევრ ბავშვს უყვარს სკოლა.

– მართალია, მაგრამ ბავშვებს უყვართ სკოლა სკოლაში და არა სახლში. უყვართ გზა, რომელსაც სახლიდან სკოლამდე გადიან, მეგობრები, რომლებიც ცხოვრებას უხალისებენ, რამდენიმე, სხვებთან შედარებით უფრო ასატანი, საგანი და ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც კეთილგანწყობას აფრქვევს. აი, რა უყვართ ბავშვებს! თქვენ ჟურნალისტი ხართ, მოისურვებდით, რომ ყველა რესპოდენტი თქვენს სახლში მოსულიყო და ისე მოეცა ინტერვიუ?

– ეს შეუძლებელია!

– ბავშვებსაც ასე ეგონათ, მაგრამ შეცდნენ.

– რატომ უნდა დაგიჯეროთ?

– იმიტომ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ, ყოველდღე ვესაუბრები მათ, ათასგვარ ამბავს ვთხზავ, რომ როგორმე მათი ყურადღება მივიპყრო და ამ საყოველთაო ძილისგან გამოვაფხიზლო, ახალ-ახალ ოინებს ვიგონებ, რომ რამდენიმე წინადადება დავაწერინო, მილიონ კითხვას ვსვამ, რომ ერთი პასუხი მივიღო და დავარწმუნო, რომ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან თუ მათ არ დაიჯერეს, ჩემი ფერადი წარმოდგენები წყლის ნაყვა იქნება და მეც აღარ დავუჯერებ საკუთარ თავს.

– ჰმ! თქვენ გაკვეთილებს „წარმოდგენებს“ უწოდებთ?

– ასე ვუწოდე? არ შემიმჩნევია, მაგრამ დიახ, ხანდახან ასეცაა. ხანდახან ყველას გვიწევს მსახიობად გადაქცევა.

– მე არასდროს მიცდია.

– ძალიან ცუდი. ალბათ, არასდროს გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც ამის საშუალებას მოგცემდათ?

– ალბათ…

– ამ ბოლო დროს ერთი რამ დამჩემდა – დავდივარ ოთახიდან ოთახში (ეს ბუნებრივიცაა, რაკი სხვაგან ვერსად წავალ) და ვიხსენებ სხვადასხვა ტიპის სკოლებსა და სასწავლებლებს, რომლებზეც წამიკითხავს. არ ვისურვებდი ჯეინ ეარის დამთრგუნველ სკოლაში, ობოლ ბავშვთა სასწავლებელში, მოხვედრას, არც დევიდ კოპერფილდის სალემის სასწავლებელში სწავლას, მაგრამ სიამოვნებით გავყვებოდი სკოლაში ტომსა და ანიკას, ვესტუმრებოდი სასწავლებელში ჯუდი ებოტს, რომ მასთან ერთად გამეზიარებინა ახლის შეცნობის სიხარული,  ან ვნახავდი იმ ერთადერთ, საოცარ სკოლას, სადაც გრეგუარმა თავი კარგად იგრძნო და საიდანაც, ალბათ, არ გამორიცხავენ. ჰოდა, დავდივარ ოთახებში და ვფიქრობ, ნეტავ, როგორ გაიხსენებენ ჩვენს, „კარანტინის სკოლას“, რას დაწერენ მასზე?

– გმადლობთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.

– სულ ეს იყო?

– დიახ!

– მაგრამ მე კიდევ…  გამოდის, უნდა დაგემშვიდობოთ?

– დიახ, ასეა!

– ხომ გესმით, როცა სახლში ხარ და ადამიანებს თითქმის არ ხვდები…

– მესმის, რა თქმა უნდა.

– კიდევ მეწვიეთ!

– კიდევ გეწვევით!

 

როგორ ვაქციოთ კომპიუტერი ეფექტურ რესურსად არაქართულ სექტორისთვის

0

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები განსაკუთრებით დიდ დროს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს. ყოველდღიურად ეძებენ ახალ-ახალ, თანამედროვე სტრატეგიულ, სპორტულ თუ სხვა შინაარსის ვირტუალურ ბმულებს და მთელი ემოციით ერთვებიან მასში, ისე, რომ ხშირად ვერც კი ამჩნევენ, როგორ გაეპარათ სადილის დრო.

აღნიშნულის გამო მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს და აპროტესტებენ ბავშვთა ადიქციურ ქცევებს. აკადემიურ წარუმატებლობასა და სოციალურ პრობლემასაც (ემოციის მართვის უკონტროლობას, ურთიერთობებში გამოვლენილ დისკომფორტსაც) კომპიუტერის (ინტერნეტის) არამიზნობრივ მოხმარებას მიაწერენ…

ინტერნეტდამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. თანამედროვე ტექნოლოგიებს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს. კომპიუტერთან ურთიერთობასა და ინტერნეტწვდომას ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. შესაბამისად, რთულია მშობელმა აკონტროლოს ბმულები, რომელსაც ბავშვი აქტიურად სტუმრობს.

დღეს ახალფეხადგმულ ბავშვს საჟღარუნო, ფერადი სათამაშოს ნაცვლად აიპადი და სხვა სენსორული ტექნიკა უფრო იზიდავს და მათი დათმობა უჭირს. ტირის, როცა მას გამოართმევენ, ხოლო წყნარდება, როცა უბრუნებენ. სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიის უკონტროლო მოხმარებისა და მასზე მიჯაჭვულობის გამო უამრავი ადამიანი სტაციონარში ხვდება და მკურნალობას გადის.

კომპიუტერის არამიზნობრივი გამოყენება არა მხოლოდ მოზარდის პიროვნულ განვითარებას უშლის ხელს, არამედ მის ფსიქო-ემოციურ რიტმსაც არღვევს.  ფსიქოლოგების დასკვნით ინტერნეტდამოკიდებულება სოციალური შებოჭილობისა და დეპრესიის გამოწვევის უმთავრესი მიზეზია. ინტერნეტმა და მისმა ჭარბმა გამოყენებამ ადამიანთა ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალურ ვაკუუმში  მოაქცია და გარკვეულწილად დააშორა ბუნებრივ ურთიერთობებსა და რეალურ სივრცეს.

კოგნიტური აზროვნების განვითარებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს უამრავ თავსატეხს, აქტივობასა და დავალებას სთავაზობს. თუმცა ტექნოლოგიები ამარტივებენ ნებისმიერ წინაღობას, მათი უსაზღვრო ფუნქციურობით ადამიანის ნაცვლად ფიქრი, პრობლემის გადაჭრა, ამოხსნა და მიზანზე გასვლაც შეუძლიათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტის არამიზნობრივი, არამართებული გამოყენება მოზარდის კოგნიტურ განვითარებასაც აფერხებს, ვინაიდან არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში გვექნება თუ არა ინტერნეტი და შევძლებთ თუ არა დამოუკიდებლად პრობლემის გადალახვას?..

ამავდროულად დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა კაცობრიობის ცხოვრება წინ წასწია. დაზოგა დრო, ენერგია, ადამიანს მისცა გასაქანი… თუმცა ამ ყოველივეს მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის პრაგმატული – მიზნობრივი მოხმარება მოასწავებს, სხვა შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა…

 

პრაქტიკის გაზიარება

როგორ ვაქციოთ კომპიუტერი (თანამედროვე ტექნოლოგია – ინტერნეტი) სასარგებლო რესურსად?

ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მასწავლებელი ხშირად იყენებს აუდიო-ვიდეო რგოლებს, რათა მოსწავლემ შეძლოს ნანახის ქართულ ენაზე გადმოცემა, შთაბეჭდილების გაზიარება და სხვ.

  • განვიხილოთ მაგალითი:

საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა

კლასი: VIII (საბაზო საფეხური)

თემა: ბუნებრივი მოვლენები

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ბუნებრივ მოვლენებზე საუბარს; აღწერენ ბუნებრივ კატასტროფებზე წარმოდგენილ ვიდეო-კადრებს.

 

  • მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს ბუნებრივ მოვლენებს…
  1. რა არის მეწყერი? რა არის ცუნამი?
  2. რა არის ვულკანი?
  3. რა არის მიწისძვრა?
  4. რა იწვევს და რა მოსდევთ მათ…
  5. საილუსტრაციოდ მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ფოტომასალას…

განმტკიცების ფაზაზე – გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობა ვიდეო-კადრების აღწერაა. ჯგუფები იხსენებენ, რა ჰქვია ნაჩვენებ ბუნებრივ მოვლენას:

  • რა ახასიათებს წარმოდგენილ ბუნებრივ მოვლენას/კატასტროფას?
  • რა იწვევს მას?
  • რა მოჰყვება მას?
  • და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დასკვნით ფაზაზე – მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს:

  1. მოიძიონ ინტერნეტში მოქმედი ორი ვულკანი…
  2. უყურონ მათ შესახებ ვიდეოებს… (სხვადასხვა დროს გადაღებულს).
  • ამოიწერონ მათზე ინფორმაცია;
  • პრეზენტაციის სახით, კოგნიტურ სქემაში ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა მაჩვენებლით.

მოსწავლეებს შეუძლიათ აღნიშნულ თემაზე – შექმნან კომიქსი, ანიმაცია. (მასწავლებელი ითვალისწინებს მათ  ისტ-ის ცოდნას. ამავდროულად, ის მათ აძლევს მიმართულებას, აწვდის სასარგებლო ბმულებს, სადაც შეძლებენ დავალების მარტივად და სახალისოდ შესრულებას).

მასწავლებელი, როცა მოსწავლეს ასწავლის:

  1. წერილის წერას – სთხოვს, ფოსტაზე მისწერონ მას; (გააფორმონ წერილი; იპოვონ ინტერნეტში, როგორ ჩასვან ილუსტრაცია/ფოტოები ტექსტში; როგორ გადმოწერონ ან/და შეცვალონ შრიფტი) – აღნიშნულით, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს კვლევა-ძიების უნარის გამომუშავებაში.
  2. პროფესიებს – სთხოვს, უყურონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ვიდეო-ჩანაწერებს, ასევე წაიკითხონ ინტერვიუები (მათთვის გასაგებ ენაზე) – თუ რას ფიქრობს ხალხი აღნიშნულ პროფესია/პროფესიებზე? – ეს დავალება მოსწავლეებში შედარების, ანალიზის უნარის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, საბაზო-საშუალო საფეხურზე, როცა მოსწავლეები ახერხებენ ასე თუ ისე გაბმულ მეტყველებას, მასწავლებელს შეუძლია საშინაო დავალება იმგვარად დაგეგმოს, რომ მოსწავლემ სასარგებლოდ (პრაგმატულად) გამოიყენოს კომპიუტერი/ინტერნეტი და არ დაკარგოს მასთან ურთიერთობისას დრო ფუჭად. ამავდროულად მოსწავლე არა მხოლოდ ქართულში, არამედ სხვადასხვა საგანშიც აიმაღლებს შედეგებს. (მოხდება რამდენიმე საგნის ბუნებრივი ინტეგრირება – ქართული/გეოგრაფია/ფიზიკა/ტექნოლოგიები/მათემატიკა და სხვ.).  კომპიუტერის მიზნობრივი მოხმარება მოსწავლის კოგნიტური უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც შეუწყობს ხელს.

დასკვნისას, შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, არამედ თითოეული საგნის პედაგოგს შეუძლია საგაკვეთილო თემა ეფექტურად დააკავშიროს ინტერნეტთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარება კომპიუტერის (ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგიის) და ინტერნეტის მიზნობრივ და სასარგებლო გამოყენებაში. რაც მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

 

 

 

ნანგრევების ჩრდილში

0

ცელოფან მოხვეული მოხუცი გაჭიმული იჯდა სკამზე. მუქი, ხალებით დაწინწკლული თითები ერთმანეთში ჩაეჭდო და გაყინულ ტელევიზორს მიშტერებოდა. ბიჭი კი პატარა მაკრატლით გულდაგულ აცლიდა ყურებიდან ბალანს. მოკანკალე ნიკაპს უჭერდა ხელით, ჩახვეწილი ნიკაპი კარგად რომ ჩამოესუფთავებინა.

მოხუცს ეგონა რომ ისევ ბიჭი იყო, ბიჭს კი ეტყობოდა რომ ყოველთვის ბიჭად დარჩებოდა, წვიმაში გაგდებული ლეკვივით ჰქონდა თვალები.

მას უყვარდა ეს მეზობელი მოხუცი, რომელიც ართვალიც იყო და წამხდარი ენისაც, არც წამოძახება ავიწყდებოდა. მაგრამ ამავე დროს, საღ ჭკუაზე და ჯანზე მყოფი, ცხენით მისდევდა ტყეში შეშის მოსატანად. თვითონვე უჭრიდა ხეებს, როცა ბიჭს ხელები რომ ეთოშებოდა და ებებრებოდა, სახლიდან გაქცეულს ფეხებთან იწვენდა ღუმლის გვერდით, ნაზამთრ და ჩამტკბარ ვაშლს აჭმევდა და ალუმინის ტოლჩას უვსებდა შავი ალუბლით. ეს არ ავიწყდებოდა ბიჭს და არასოდეს ზარდებოდა, როცა მოხუცი ყოველ მეორე დღეს ითხოვდა თმისა და წვერის შეჭრას. ეზოს ხის კარზე ნიკაპით ჩამოყრდნობილი ელოდა ხოლმე ბიჭს, სანამ ბიჭი საქონელს დააბინავებდა.

ახლაც ფარფატით შევიდა სარდაფში კარს ჩამოყრდნობილმა გადაალაჯა დირეს. იქიდან დაბრეცილი ბათინკები გამოიტანა და ბიჭს დაულაგა ფეხებთან და ისევე გაუღიმა მოხუცები თხოვნით გაბეზრებულს რომ უღიმიან ხოლმე.

მოხუცი გაბუტვით, თვალების ჩაბინდებით ჭმუხნიდა სახეს, როცა მეზობელ ოთახში მისი ქვრივი შვილი ამბობდა, რომ მას ბევრი სიმწარე ჰქონდა ნანახი და ახლა უკვე მეტისმეტი სასჯელი იყო მისთვის სკლეროზიანი მოხუცის მოვლა. შვილი კარგი ქალი იყო, კარგზედაც კარგი. მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კარგებსაც ეღლებათ გული.

მოხუცი ამ დროს ბეღურას ჰგავდა, მოწყენილი რომ ზის გალოკილ ტოტზე მშიერ ამინდში.

შორეულ ქვეყანაში ჯარში ყოფნისას, მარტოხელა დედამ მისწერა რომ მათთან უცხო მხრიდან მოსული ქალი მოვიდა მდგმურად და რომ მდგმური, მათივე სკოლაში ასწავლიდა. დედამისმა ისიც უთხრა რომ ქალი ძალიან მოსწონდა სარძლოდ და ამიტომაც მას მეორე სართულზე დაუთმო ოთახი. თვითონ კი, ქვედა სართულზე დადგა ძროხისა და ცხვრების გვერდით.

ჯარისკაც ბიჭს უნახავად შეუყვარდა. არც იყო გასაკვირი, იმ ყინულეთში

სადაც მსახურობდა არაფერი იყო თოვლისა და ბუქის გარდა.

დაბრუნდა და სახლში მასზე ბევრად უფროსი, კოხტა, კაფანდარა მასწავლებელი მასწავლებელი დახვდა. ქალი დათანმხდა, უკან მისაბრუნებელი რომ ჰქონოდა აქ არ წამოვიდოდა, ამ ურწან, უწიაღო მხარეში.

ბიჭმა მალე ცოლის თხოვნით სკოლაში დაიწყო სიარული, სკოლა ორსართულიან გრძელ სახლში იყო. ბიჭი ადრე მიდიოდა ცოლისა და მასწავლებლისთვის ღუმელი რომ აენთო. ცოლს ქმარი დაფასთან გაჰყავდა და ორიანებსაც კარგად უწერდა. ხშირად გაშველებაც უწევდა მისი ქმრისა და მისი კლასელების. ცოლი კარგად ხვდებოდა რომ ქმარს უფრო სჭირდებოდა დაცვა ვიდრე თვითონ მას.

როცა გოგონა ეყოლათ ქალი მოკვდა. რაღაც უცნობი და უსაშველო სატკივრით. საყვარელი ადამიანები სიკვდილით, ყველაფერს წყალში ჰყრიან რაც სიყვარულით გაუკეთებიათ. კაცს ცოლი აღარც შეურთავს, თუმცა უფრო უხასიათო და ჟამი გახდა ვიდრე იყო.

ბიჭი შეჭრას მორჩა, მოხუცს ხის სარჭით შეკრული ცელოფანი შემოაცალა. ჯაგრისით ჩამოერტყა კისრიდან და შარვლიდან თმები.

მოხუცი მზად იყო იქ მისასვლელად, სადაც ყოველ დილას მიდიოდა, ძველ სკოლასთან. ერთხანს იდგა… დილით კი ნანახი ავიწყდებოდა და ისევ მიდოდა.

სკოლის კედლები ჩამოქცეულიყო, ცხელ დღეებში ნანგრევის ჩრდილში ღორები გრილდებოდნენ.

 

 

რატომ სწადიათ ადამიანებს ხეებად და თევზებად ქცევა?

0

 წერილი ქართულის მასწავლებლებს

წერილებს იმაზე მეტად დიდი დატვირთვა აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ წერილები სიტყვებისგან შედგება, სიტყვებმა კი გაცოცხლება იციან. ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას წაიკითხავენ. სიტყვებს იდუმალი მაგიაც აქვთ,  ისინი აზრების სხეულებად იქცევიან და მარადიულად ცხოვრობენ, მანამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს ამ სამყაროში, ვისაც კითხვა შეეძლება.

წლების წინ, როდესაც სიტყვები ფურცელზე, მელნით ან გრაფიტით ცოცხლდებოდნენ და არა ვირტუალურად, მე და ჩემი მეზობელი გოგონა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. იმდენად ახლო, რომ ის არ გვყოფნიდა ერთად რომ ვიზრდებოდით, ქუჩაში ერთად რომ ვთამაშობდით, მთელი დღე ბურთს რომ დავდევდით და თოჯინებს გრძელ ფერადი ძაფებისგან თმებს ვუკეთებდით, გადავწყვიტეთ სკოლაშიც ერთად გვესწავლა, ერთი მერხი გაგვენაწილებინა, დასვენებებზე ერთად გვექროლა გრძელ დერეფნებში, ერთი ბიჭი მოგვწონებოდა, ერთნაირი მუსიკისთვის გვესმინა და თუფაქის თუ ემინემის რეპზე გადავრეულიყავით.

ჰოდა, რომ საღამოვდებოდა და დედები გვეძახდნენ: „ინააააა, ინაააა“, „თამუნაააა, თამუნააააა“, სხვა გზა არ იყო – სახლის დრო, ძილის დრო მოდიოდა. ჩვენ კიდევ ერთმანეთი არ გვეთმობოდა და გვქონდა განშორების სევდები.

ჰოდა, ერთხელაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ოთახების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა და გადავწყვიტეთ ეს ამბავი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. გავჭიმეთ გრძელი თოკი ფანჯრიდან – ფანჯრამდე, ზედ პატარა, სათამაშო სათლი დავკიდეთ, რომელსაც სახელურზე ასევე თოკები მოვაბით. ერთი თოკი ჩემს ფანჯარასთან დავამაგრე, მეორე თამუნამ თავისთან, სათლს ფოსტის ყუთის როლი უნდა ეკისრა,  და ასე წერილებით დავიწყეთ უკვე ღამღამობით საუბარი და ურთიერთობა. როდესაც სასაუბრო თემა გამოგველეოდა, ლექსებს ვუგზავნიდით ერთმანეთს – გალაკტიონიდან – ჩვენს მოგონილ ლექსებამდე. ხანდახან კიტრის მწნილი ან ახლად გამომცხვარი ორცხობილებიც გაგვიგზავნია ერთმანეთისთვის. ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში: ბავშვური, სახალისო, თბილი, მეგობრობის შუქით გაბრწყინებული.

რა თქმა უნდა, გავიზარდეთ და ჩვენი გზები, როგორც ხდება ხოლმე, გაიყო. მაგრამ ახლაც რომ ჩავდივარ ჩემს ბავშვობის სახლში და გავყურებ თამუნას ფანჯრებს, იმ ღამეების ყველა დეტალი თვალწინ მიდგება; იმ წერილების ყოველი სიტყვა ცოცხლდება, როგორ გვესმოდა ცხოვრება, რას ნიშნავდა ჩვენთვის ადამიანი და როგორ გვესახებოდა მომავალი. ახლა აი, ამ წერილს რომ ვწერ, თან გოდერძი ჩოხელის გამიხარდიას ხმა ჩამესმის და ვერ მომიყრუებია: „სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული“. და მართალი გითხრათ ჩემი ბავშვობის გულწრფელი სიტყვები გამიხარდიას წერილებმა მომაგონა. იმიტომ, რომ ადამიანის სულზე ჩვენც ბევრჯერ გვილაპარაკია. არცერთი არ ვყოფილვართ ცივ არაგვში მწოლიარენი, ამ წუთისოფელზე გულაცრუებულები, სულ პირიქითაც,  ჩვენ-ჩვენს ოთახებში თბილად მოკალათებულები, სანთლის შუქზე, გაყინული თითებით, მაგრამ მაინც მშვიდად ვმსჯელობდით და ვწერდით ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ რამეებზე.  და მართალი გითხრათ, ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ. ნეტა, სულ ცოტათი მაინც შემრჩენოდა ის ბავშვური ხედვა, რომლითაც მაშინ შევყურებდი სამყაროს. გამიხარდიასი არ იყოს, ხშირად მინატრია ჩიტად ყოფნაც, როცა ჩემს ეზოში წამოგორებული შევყურებდი ლურჯ, მოკამკამე ცაზე ჩიტების თავისუფალ ფრენას.

მგონია, რომ, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რაც არ უნდა შეიცვალოს ეპოქა, ბავშვური მისწრაფებები და ოცნებები მაინც წააგავს ერთმანეთს. მასწავლებლის, განსაკუთრებით კი ქართულის მასწავლებლის, გინდ მოვალეობად, გინდ მისიად მიმაჩნია, რომ ბავშვებს ოცნება ასწავლოს და ისეთ რამეებზეც დააფიქროს, რაც გაცდენილია ამ მატერიალური სამყაროს წესებსა და კანონებს. მით უმეტეს, როდესაც ჩოხელის გამიხარდიას თევზად გადაქცევა სწადია და წერილებსაც აგზავნის, სიტყვებს აცოცხლებს, თან როგორ სიტყვებს, გულს რომ მოგიკლავს, აგიფორიაქებს და იმ ირეალურს გაგრძნობინეს, თან ჩვენს გვერდით რომაა და თან კიდევ გვიჭირს მისი დანახვა: „სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს. ამაზე ხომ უარს ვერ მეტყვით. ჩემს სულს არ უნდა ადამიანებთან ყოფნა და სრული უფლება მაქვს, ვიყო თევზი. სულს დავიწყება შეუძლია ხომ?! მეც დავივიწყებ ადამიანებს. მორჩა და გათავდა“. ან ეს წერილი: „მე აღარაფრად მიმაჩნია, ადამიანური სიხარულით სავსე წუთები, არც მწუხარება. მარტოობა თევზებსაც შეგვიძლია. ღმერთი ისევე დგას ჩვენში, როგორც ადამიანებში. თევზებსაც გვიყვარს ერთიმეორე. წყალი უფრო მეტად, ვიდრე თქვენ მიწა, რომლის გულისთვისაც ერთიმეორეს ჭამთ“. რა საინტერესოა  როგორ წერილებს მისწერდნენ თანამედროვე ბავშვები გამიხარდიას, როგორ დაუმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნადაც ღირს ცხოვრება და რა არგუმენტებს შესთავაზებდნენ აქ დასარჩენად. საინტერსო იქნებოდა წერილების ფორმაც, იქნებ მეილით გაეგზავნათ? იქნებ ბლოგზე გამოექვეყნებინათ? იქნებ ძველი დროის მიბაძვით, ფურცელზე დაეწერათ, ეს ფურცლები გაესანთლათ, ბოთლებში ჩაედოთ, ბოთლებისთვის თავსახური დაეფარებინათ და სოფლებში სოფლის მდინარეებისთვის, თბილისში – მტკვრისთვის გაეტანებინათ, ერთგვარ რიტუალად ექციათ ადამიანობაზე უარის მთქმელის შემორიგება. გულის კუნჭულში, რომ გასჩენოდათ იმისი რწმენა, რომ თევზად ქცეული გამეხარდია აუცილებლად წაიკითხავდა მათ წერილებს, რომ დროება შეიცვალა და ადამიანი ახლა უფრო ფასდება, იქნებ გადაეფიქრებინა თევზობა და ისევ ადამიანად ყოფნა მონდომებოდა.  ან იქნებ სულ ხელი ჩაექნია და კიდევ უფრო ღრმად შეეცურა მღვრიე ტალღებში. საინტერსო იქნებოდა ბავშვების მოსაზრებებიც, რას იზამდა თევზად ქცეული ადამიანი? და საერთოდაც აქვთ თუ არა სული თევზებს?  წარმოთქმული სიტყვები – გაფრენილნი და დაკარგულნი არიან;  წერილებში ხორცშესხმულები – ნამდვილად არსებულნი.  ისევ ჩოხელი, „წერილი ნაძვებს“, ჯღუნაის მხარზე ამოსული ნაძვის ფიქრები ხომ ჰაერში გაიფანტებოდა, წერილებად რომ არ ექცია ჯღუნაის, იქნებ ამიტომაც აირჩია ნაძვმაც ადამიანზე ამოსვლა, რომ როგორმე მისი სათქმელი გაცხადებულიყო კაცის პირით, წერილებად ქცეულიყო ნაძვის ფიქრები: „შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უიმისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე. ალბათ მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო მასთან სიახლოვეს ვერიდები“. რატომ სწირავს ადამიანის სიცოცხლეს იმისთვის, რომ ხემ იცოცხლოს? რატომ სურს გარდასახვა? რა არის ისეთი რაც აკლია და რაც მას სჭირდება? ეს ის კითხვებია, რომ ბავშვებს ძალიან ბევრ რამეზე სიღრმისეულად დააფიქრებთ. იქნებ, მცირე თხზულებებიც კი შეთხზან, რად ენდომებოდათ ქცევა და რატომ. იქნებ, ამ თხზულებებში გამოხატონ ის სათქმელი, რაც დაგროვებიათ და სხვანაირად უჭირთ გამოთქმა. იქნებ, საკუთარ პრობლემებზეც ალაპარაკდნენ.

წლების წინ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი, მაძიებლობის პროგრამაში ვიყავი ჩართული, ქალაქის ერთ სკოლაში პრაქტიკას გავდიოდი, ერთი მეათე კლასელი გოგონა გავიცანი, მუდმივად სევდიანი, მორიდებული, უთქმელი. ჰოდა, ერთხელ დავალებად, რომ ჰქონდათ წერილების მიწერა რომელიღაც პერსონაჟთან, ამ გოგოს წერილმა თავზარი დამცა. თავისით გადმოიფრქვა ის, რაც ძალიან აწუხებდა, რვეულის სამი ფურცელი ჰქონდა შევსებული და კიდევ ფიქრობდა გაგრძელებას. როდესაც ადამიანი საკუთარ წუხილს სიტყვებად აქცევს, რაღაცნაირად სხვასაც უწილადებს და დარდები უმსუბუქდება. ჩემზე კარგად ალბათ არავის მოეხსენება ეს ამბავი, რადგან როდესაც ტკივილი სიტყვებად ვაქციე, მხოლოდ მაშინღა შევძელი ამოსუნთქვა. დიდი, ძალიან დიდი როლი გვაკისრია მასწავლებლებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ქართულის მასწავლებლებს კიდევ უფრო დიდი – როგორ შევასხათ ხორცი სათქმელს, როგორ მოვიგონოთ სიტყვები, სიტყვებით წინადადებები და სულ ცოტა მაინც შევიმსუბუქოთ ადმიანად ყოფნის სევდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კორონას დღიურები (ბოლო ფურცელი)

0

ადამიანი, ეს უცნაური და ამოუცნობი არსება, ძალიან, ძალიან გამძლეა. ამ პატარა პლანეტაზე ის გამარჯვებისთვის დაიბადა, ოღონდ დაიბადა ასეთი – შურით, სიყვარულით, ბოროტებით, სიკეთით. ამას რა შეცვლის? ერთწლიანი ჩაკეტილობა? სასაცილოა. ადამიანები იცვლებიან, ოღონდ ფერისცვალების ძალა ცოტას აქვს და ეს ძალაც არ გულისხმობს ადამიანობიდან ბოლომდე ამოვარდნას. მარტის თვე იყო მგონი, მეც ვთქვი – სამყარო ვერასდროს იქნება იმგვარი, როგორიც აქამდე მეთქი და უფრო ემოციური სიტყვა გამოდგა ეს, ვიდრე ნაფიქრი. დიახ, რაღაც წესები შეიცვლება, მაგრამ ეს სულ იცვლებოდა – შურის, სიყვარულის, ბოროტების, სიკეთის საზღვრებში.

ვაკვირდები და ვხედავ, რაც აქამდე წიგნებიდან ვიცოდი – ის რაც ხანგრძლივია, რაც უნდა საშინელი და მომაკვდინებელი იყოს, ჩვეულებრივდება. ის, რაც ჩვეულებრივდება, ადამიანისთვის იოლი ლუკმაა. ადამიანს სძულს სიკვდილი, მაგრამ ვერ აშინებს. იმ შიშზე ვამბობ, სიცოცხლეს რომ არ შეგამჩნევინებს. სიცოცხლე თავს გაძალებს. ასეა ახლა აქაც, იტალიაშიც და ამერიკაშიც.
ჩვენ ადამიანები ვართ – ყველაზე გულმოწყალე და სასტიკი არსებები შემჩნეულ სამყაროში.
და ჩვენ გავიმარჯვებთ!

***

 

ერთმა მოსწავლემ, მეექვსეკლასელმა, ონლაინ-გაკვეთილისას მითხრა: მასწ, მე დილით ისევ ჩვეულებრივ ადრე ვდგები, საგარეო ტანსაცმელს ვიცმევ, ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო.
ხომ მაგარია? კინოკადრი.

 

***

შაბათ-კვირის მოხალისეობის აღსრულებისას, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა, დაგრძელდა და უკვე რომ ლამის მართლა ზღაპარის ლაბირინთში გვეგონა თავი – რაღაც ვიცანი. ვერაფრით გავიხსენე საიდან ან რატომ – მაგრამ ძალიან ცხადად და მძაფრად ვიცანი. და დაღლისგან გამოვფხიზლდი. ვხედავდი, რომ ეს ,,შუკები” , არამხოლოდ იმ ოჯახისკენ მიმიძღოდნენ, არამედ სადღაც უკან, ოდნავ ბუნდოვანი წარსულისკენ მიდიოდნენ გზები. ერთი შესახვევი, მეორეც და მეხუთე ზარი: ” აგერ, ა, მკტარი ტრაკტორი გდია და მაქანით შემუუხოვ მარცხნივ და მერე მარჯვენა კედაროზე თხაი დგანა ამ დროიზა ძეგლივით და მაქანაც შემუუხოვ უკვე მარცხნივ და მე დაგხთებით ჭიშკართან” მივედით და ბახ! იქ, ორმეთის გადასახვევზე, ჭიშკართან ჩემი თავი დამხვდა. ოღონდ 2004 წელი იდგა და კეპი არ მეხურა. მე და ჩემი სამი მეგობარი ვიყავით. გადავწყვიტეთ მანდარინი გვეყიდა გურია-აჭარაში და აზერბაიჯანში გაგვეყიდა. მე გაზეთის გამოცემა მინდოდა, ლიტერატურულის – მათ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. ფული ძლივს ვისესხეთ და ვიყიდეთ. ნაწილი მატარებელში მოგვპარეს, ნაწილი საზღვარზე დაგვილპა – დიდხანს გაგვაჩერეს და რაღაც თავგადასავლები – ადრეც მომიყოლია. ჰოდა, იმ დროის გაკვეთილები იქით იყოს და დღეს, სრულიად მოულოდნელად იმ სახლის ჭიშკარს მივადექი, სადაც დიდიიიიი, დიდი ხნის წინ ერთი ავანტიურისტი ბიჭი, ყუთებში ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ,,იაშიკებში” მანდარინს გაყინული ხელებით მედგრად ვალაგებდი. ძალიან, ძალიან დავიბენი, პროდუქტები მეგობარმა მიაწოდა, თორემ დამავიწყდებოდა. ბოლოს იმ შესანიშნავ ქალსაც ვუთხარი, ვინც შვილებითურთ დაგვხდა და ოდნავ, სულ ოდნავ მოაგონდა ჩემი მაშინდელი სტუმრობა.
დიდი ამბავი იყო. დიდი ნადავლით. ზურგზე ლამის მივიწყებული ბავშვობა მოვიკიდე და მსუბუქად წამოვედი.

 

***

დღეს ერთმა ჟურნალისტმა მომწერა, თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება მოგვიყევით ბავშვობიდანო. ცოტა დავიბენი და მერე გამახსენდა გზა მამაჩემის სამსახურიდან სახლამდე. ბაღიდან სამსახურში რომ მივყავდი და მერე სახლისკენ – კისერზე შემომჯდარი. გზაზე საღამოვდებოდა და ზოგჯერ მთვარე ამოდიოდა. მამაჩემი დაჟინებით მეუბნებოდა: ბიჯო, გახედე, გახედე, მთვარეც ჩვენთან ერთად მოდის! მე მარცხნივ ვატრიალებდი თავს და თვალი მიშტერდებოდა. მთვარე ოდნავი ბარბაცით მოდიოდა, ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩაზე, # 12 – ისკენ. მე და მთვარე ერთმანეთს ვუყურებდით. იმ გზაზე ხშირად ვბრუნდები ხოლმე. იმ გზაზე, სადაც მე, მამა და მთვარე მოვდივართ. იქ, სადაც ხელებს ცამდე ვაწვდენდი. ადრე – მამაჩემის კისერზე შემომჯდარი. მერე, გავიზარდე და ხელები დამიმოკლდა და ცაც ამაღლდა.

საუკეთესო აქტივობები, რათა ონლაინ საინტერესო და ეფექტური ვიყოთ

0

მეორე ნაწილი 

სტრატეგია ონლაინსწავლების გასაუმჯობესებლად:

გაკვეთილი #10: იყავით მუდმივად მოქნილი და მკაფიო შეფასებისას (მაგ. ავტორი შეფასებას იყენებს კარანტინამდე მიღებული ნიშნების გამოსწორებისთვის). პირდაპირ აცნობეთ მოსწავლეებს, რომ ამ პერიოდში დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

გაკვეთილი #11: იყავით მუდმივად მოქნილი „ცოცხალ” და ჩაწერილ გაკვეთილებთან მიმართებაში. მაქსიმალურად ეცადეთ გაკვეთილები „ცოცხლად” ჩაატაროთ, მაშინაც კი, თუ მხოლოდ ორი მოსწავლე გესწრებათ. ცოცხალი ურთიერთობა მეტად ფასობს, ამიტომაც იხდიან, მაგ. ცოცხალ კონცერტში უფრო ძვირს, ვიდრე ჩანაწერში. ეცადეთ, მოსწავლეებმა აირჩიონ ცოცხალი ურთიერთობა, მაგრამ ნუ განსჯით, თუ ვინმე ვერ გესწრებათ და ამის საჩვენებლად გაკვეთილის დასრულებისთანავე გადაუგზავნეთ მათ ჩანაწერი.

 

გაკვეთილი #12: უარი თქვით მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმებზე. ამ სიტუაციაზე ნორმალური პასუხი არ არსებობს. პატივი ეცით ინდივიდუალურ განსხვავებებს. ეს კარგი დროა პერსონალური თვითგამჟღავნებისათვის, მაგრამ დაიცავით ზომიერება. მიეცით პერსონალური თვითგამჟღავნების კონკრეტული, სახალისო მაგალითი და მზად იყავით კითხვებისთვის. ასეთ დროს თქვენ მასწავლებელზე მეტი ხართ. თქვენ მოსწავლეები მოგმართავენ ხოლმე სიმშვიდის მოსაპოვებლად. თქვენ უნდა ფლობდეთ კიდეც შესაბამის ინფორმაციას, თუკი მოსწავლის მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან „გადამისამართება” იქნება საჭირო.

 

გაკვეთილი #13: კონკრეტულად განსაზღვრეთ, როგორ შეგიძლიათ და აპირებთ, დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეებს. ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ აკეთოთ სიკეთე და გამოისყიდოთ მთელი ცხოვრების შეცოდებები. მეცნიერული კვლევებითაც არაერთხელ დადასტურებულა, რომ დეპრესიის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდოტი სხვების დახმარებაა. დაივიწყეთ ალტრუიზმი. უბრალოდ, იყავით გულუხვი თქვენი დროისა და ენერგიის ფარგლებში.

 

გაკვეთილი #14: შეახსენეთ საკუთარ თავს და ასწავლეთ მოსწავლეებს რუტინების შესაქმნელად საჭირო ნაბიჯების შესახებ. მცირე ქცევებით შესაძლებელია ახალი რუტინების ინიცირება (თუ არასოდეს გივარჯიშიათ – დაიწყეთ თუნდაც ორი აზიდვით; თუ ჯანსაღად არ იკვებებით, მიირთვით თუნდაც ერთი ლუკმა ბანანი სახლიდან გასვლამდე).

 

გაკვეთილი #15: საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. სანამ დრო გაქვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეს უმალ დაბალანსდება, როდესაც არ გექნებათ საკმარისი დრო და ენერგია.

 

გაკვეთილი #16: შეწყვიტეთ „ლექციების კითხვა”. ნუ იქნებით მასწავლებელი, ვინც გაკვეთილის განმავლობაში მხოლოდ თვითონ საუბრობს და იშვიათად თუ სვამს შეკითხვებს მონოტონურობის დასარღვევად. რეკომენდაციები ამის მისაღწევად (ტექნოლოგიების გამოყენებით) წაიკითხეთ ქვევით:

 

  • ჯგუფური სამუშაო – მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს შეუძლიათ, განიხილონ რამე ან შეასრულონ დავალება და შემდეგ გაერთიანდნენ.
  • წინასწარ გადაუგზავნეთ მოსწავლეებს მასალა ჯგუფური აქტივობებისათვის – მაგ.კითხვები, ინსტრუქცია. შეგიძლიათ ეს ყველაფერი წინასწარ განიხილოთ კიდეც, რომ არ დარჩესპასუხგაუცემელი შეკითხვები. ჯგუფში მუშაობისას ისინი თქვენგან დამოუკიდებელი არიან.
  • ისინი ეჩვევიან შინაარსთან მუშაობას, სოციალიზდებიან თანატოლებთან.
  • დააკომპლექტეთჯგუფები შემთხვევითი წესით.
  • თქვენ შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ თითოეული ჯგუფის მუშაობას, ყველა ჯგუფისათვის გამოაქვეყნოთ რაიმე შეტყობინება. თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჯგუფებში მუშაობა, ან ამისთვის წინასწარ განსაზღვროთ დრო. ამის შემდეგ ისინი საერთო კლასს შეუერთდებიან.
  • ჯგუფებს აქვთ ვირტუალური დაფა, რომლის გაზიარებაც მოგვიანებით საერთო კლასისათვისაც შეიძლება.
  • თქვენს მოსწავლეებს მოეწონებათ ეს და სხვა მასწავლებლებსაც მოსთხოვენ მსგავსი აქტივობის შესრულებას.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/curious/202004/7-more-strategies-optimize-online-classrooms

 

დატოვებული კითხვა

0

რამდენიმე თვის  წინ ქუთაისში ვესწრებოდი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. გონიერი მოსწავლეებით ისე მოვიხიბლე, ვიფიქრე, წასვლამდე ერთ კითხვას დავუტოვებ-მეთქი. მაგრამ კითხვა რომ სწორად გაეგოთ, ცოტა შორიდან დავუწყე ახსნა: შაბათ-კვირას კუს ტბაზე დავდივარ სასეირნოდ. რამეს გეუბნებათ ეს სახელი, კუს ტბა-მეთქი? ალბათ კუები არიან ტბაში ან ტბის მიმდებარედო. მეც ამ პასუხის გაგონება მინდოდა და გადავედი მეორე კითხვაზე: ახლა ხომ ვერ მეტყვით, რატომ გადაწყვიტა ჭაბუა ამირეჯიბმა, არქიფო სეთურის ამბისთვის საირმის ტყე აერჩია და არა, მაგალითად, საღორიას (მუხნარი) ან აჯამეთის ან სათაფლიას ტყეები, მით უმეტეს, რომ მამა და მარჩენალი ქუთაისიდან იყო და ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, მოქმედება სწორედ ქუთაისის განაპირა უბნებთან მდებარე ტყეებში რომ  განვითარებულიყო. მოსწავლეებმა, იმიტომ რომ მანამდე კუს ტბა ვახსენე, მომენტალურად დაუკავშირეს საირმე ირმებს. ამის შემდეგ მათ ვთხოვე, გაეხსენებინათ ირმის სახე ქართულ პოეზიაში, რათა ადვილად გამოეცნოთ, რისკენ მიმყავდა საუბარი. მათ ხალხურ ლექსთან ერთად ვაჟას ლექსი და გალაკტიონის უკვდავი სტრიქონები გაიხსენეს. ჩემი მიზანიც ეს იყო. მინდოდა, მათ წარმოსახვაში გაცოცხლებულიყო ირემი, ხან მყვირალი, ხან რქამომტვრეული, ხანაც დაჭრილი და მწყურვალი. ამის შემდეგ კლასს კითხვა დავუტოვე დასაფიქრებლად: რატომ აირჩია ჭაბუა ამირეჯიბმა მოსე ზამთარაძის ნაამბობისთვის მოქმედების განვითარების ადგილად საირმის ტყე, ხოლო მთხრობელი რატომ არის მაინცდამაინც მოსე ზამთარაძე?

არ ვიცი, რა პასუხს მოიფიქრებენ, როგორ წარიმართება გაკვეთილი იმ კლასში, რომლის მოსწავლეებსაც კითხვა დავუტოვე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ძალიან საინტერესო პასუხებამდე მივლენ. გთავაზობთ, თქვენც დასვათ გაკვეთილზე ეს კითხვა, რადგან, თუკი მოსწავლეებს ვთხოვთ, გაარჩიონ ეპიზოდი, დაუკავშირონ ტოტალიტარიზმს, ახსნან, რას ნიშნავს სახელი არქიფო, არ უნდა დაგვავიწყდეს არც ბიბლიური ალუზიები და არც რომანის და ამ კონკრეტული ეპიზოდის ბიბლიური ინტერპრეტაციაც.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანში „დათა თუთაშხია“ რამდენიმე მეტყველი სახელია, მათ შორისაა არქიფო სეთურიც და მოსე ზამთარაძეც. არქიფო, როგორც პერსონაჟი განმარტავს – ცხენების თავლის უფროსი, ცხენთა უფროსია. არქიფოსთვის მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი ცხენები და სახედრები არიან. ამ სახელს გაკვეთილზე ყველა მასწავლებელი აქცევს ყურადღებას, მაგრამ ზოგჯერ რატომღაც მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე მოსე ზამთარაძის სახელის ფუნქცია ტექსტში. მოსე, რომელიც აბრაგია, დათა თუთაშხიასთან ერთად, გამოსაზამთრებლად სეთურს მიადგა. ზამთარი და ზამთარაძე რომ უიმედო მდგომარეობის მიმანიშნებელია, ეს ადვილად ამოსაცნობია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია სასულიერო მწერლობაში ზამთრის სიმბოლური გააზრება, რომელიც გვხვდება როგორც ძველ (მაგ. ქება ქებათა, 2:11), ისე ახალ აღთქმაში (მათე, 24:20). ორივეგან ზამთარი გამოყენებულია, როგორც ცოდვის, სიკეთისათვის უნაყოფო ჟამის სიმბოლო. ზამთრის სწორედ ამგვარი სიმბოლური გააზრება გადავიდა ბიბლიიდან სასულიერო მწერლობაში – ჰიმნოგრაფიაში, ჰომილეტიკასა თუ ეგზეგეტიკაში. იპოლიტე რომაელი ზამთარს მადლისა და სინანულისგან განძარცვულ პერიოდს უწოდებს; ორიგენე – სულის ქარტეხილების ჟამს; გრიგოლ ნოსელისთვის კი ზამთარი ის ურჩი ძალაა, რომელმაც დააჭკნო ადამიანის ფესვები და დააკარგვინა ზაფხულის მარადიული უკვდავება. ზამთარს ცოდვის მეტაფორად იყენებს გიორგი მთაწმინდელიც თავის პარაკლიტონში: „თოვლი ბრალთაი განადვნე, დედოფალო, და ზამთარი მძიმე უღმრთოებისაი დაჰხსენ, ჰშევ-რაი-ზაფხული…“; „…ცოდვისა იგი მჭმუნვარე ზამთარი დაჰხსნა, იშვა რაი ქალწულისაგან მაღალი აღსასრულსა ჟამთასა წყალობით“.

რას უნდა ნიშნავდეს მოსე ზამთარაძის სახელი? როგორც ტექსტის ანალიზი აჩვენებს, არც მოსე ჰგავს ბიბლიურ მოსეს და არც ცხენების უფროსის მიერ დამონებული არქიფოს მიერ ბრბოდ გადაქცეული ხალხია თავისუფლებამოწყურებული ირმების გუნდი. არც დაჭრილ ირმების ჯოგს გვანან ეს უსახური ადამიანები. მაგრამ, თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ეპიზოდი გროტესკია ბიბლიურ თემაზე. ამიტომაც მისი ახსნის გასაღები ბიბლიაშია.

დავიწყოთ სახელი მოსეს ახსნით: სახელი მოსე სხვადასხვანაირად იშიფრება. ხალხური ვერსიით, ის წყლიდან გამოყვანილს უნდა აღნიშნავდეს, რადგან ფარაონის ქალიშვილი, რომელმაც პატარა მოსე კალათში იპოვა, ამბობს, რომ მან ის წყლიდან გამოიყვანა, ხოლო ზმნა, რომელიც ტექსტშია ამ დროს გამოყენებული, გამომყვანს აღნიშნავს, ანუ მიუთითებს მოსეს მომავალ ფუნქციაზე, რომ ის გამოიყვანს ებრაელ ხალხს ეგვიპტიდან. მეორე ვერსიით, რომელიც ფილონ ალექსანდრიელს ეკუთვნის, სახელის პირველი ნაწილი  კოპტურ სიტყვა წყალს უკავშირდება, ხოლო სახელის მეორე ნაწილი, იოსებ ფლავიუსის ახსნით, მიუთითებს მათზე, ვინც გადარჩა, ვინც იხსნეს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც მოსე ეგვიპტეში ცხოვრობდა, მისი გამოსაყვანი ხალხი იყო დაქირავებულ მუშათა ჯგუფი, რომელიც ეგვიპტელი ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა.

ასევე „მოსე“ და „ზამთარაძე“, ბიბლიური ინტერპრეტაციის მიხედვით, ოპოზიციური წყვილია და ეს მიანიშნებს გროტესკულობასაც და იმისაც, რომ პერსონაჟი ვერ შეასრულებს მოსეობას. ამიტომ მიიბეგვა ის თაბაგარისგან. საერთოდ, ისიც საინტერესოა, რომ ჭაბუა ამირეჯიბს შეეძლო აერჩია ერთ-ერთი სახელი, მაგრამ მან გადაწყვიტა, გმირისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი სახელი მიენიჭებინა, ანუ მკითხველი უნდა დაფიქრდეს, რომელი იყო ამ პერსონაჟის ნამდვილი სახე: მოსე თუ ზამთარაძე. როგორც ტექსტში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, მოსე ზამთარაძემ მოსეობა ვერ გასწია. ალბათ ცალკე კითხვაა, რა დააკლდა მას მოსეობისთვის?

41-ე ფსალმუნი გვიხატავს წყაროს წყლის მოსურნე მწყურვალ ირემს: „როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას („ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისას?“)“. როგორც ხალხური ტრადიცია განმარტავს, წყაროსკენ მიილტვის მწყურვალი ირემი არა მხოლოდ სიცხეში, არამედ მაშინაც, როცა ის დაჭრილია. ირემი არა მარტო გასაგრილებლად მიეშურება წყლისკენ, რათა წყლის გრილმა ნაკადმა სიცხისგან დაიცვას, არამედ წყლის ნაკადს ესწრაფვის დაჭრილი ირემიც, რათა წყლის ჭავლმა დაუამოს მას ჭრილობა, სწრაფად შეუდედოს სისხლი, რომელიც ჭრილობიდან მოედინება; ასევე ვინაიდან ცივ წყალში იკუმშება და ვიწროვდება სისხლძარღვები, ირემი (და არა მარტო ირემი, არამედ სხვა დაჭრილი ცხოველიც) მიილტვის წყლისაკენ. წყალი სისხლისგან დაცლილ ირემს სითხის უკმარისობასაც უვსებს. ფსალმუნის სიტყვებით, დაღალული სული უფალს მიმართავს და თავს მწყურვალ წყაროს მოსურნე ირემს ადარებს. ეს მხატვრული სახე გამოიყენა გალაკტიონმა ლექსში, რომელშიც თავისუფლებას მოწყურებული სული დაჭრილი ირმების გუნდს შეადარა.

ახლა გადავიდეთ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეპიზოდზე, რომელსაც მოსე ზამთარაძის ნაამბობიდან შეიტყობს მკითხველი. როგორ შეიძლება და შეიძლება თუ არა ამ ეპიზოდის დაკავშირება ზემოთქმულ ბიბლიურ სახეებთან.

დათა თუთაშხიას საირმის ტყეში თავისუფლების მოყვარული ირმების გუნდის ნაცვლად არქიფო სეთურისგან „დაჭრილი“ და გაუბედურებული, დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული ხალხი დახვდა. ამ ხალხს არქიფო მართავს, რომელსაც არ მოსწონს ბიბლიური სახელი აბელი. ეს სახელი მისთვის დამაკნინებელია, მას არ უნდა, უფლის საყვარელი პერსონაჟის სახელს ატარებდეს, არ უნდა მსხვერპლის როლში ყოფნა და ირჩევს სხვა სახელს. არქიფო ფარაონივითაა, რომელიც ვერ და არ ცნობს უფალს. არქიფო ქირაობს მუშებს. სავარაუდოდ, ეს მუშები, რომლებიც საირმის ტყეში ირმებივით თავისუფალნი უნდა იყვნენ, არქიფოსთვის ცხენები არიან. ცხენებად ქცეული ირმები არიან გამოსაყვანნი ტყიდან ან ტყემ უნდა დაიბრუნოს პირვანდელი ფუნქცია. სახეშეცვლილი, და სახელშეცვლილიც, საირმის ტყე ტექსტში ეგვიპტეს ენაცვლება, რომელმაც პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს. ამ საქმეს კი მოსე ესაჭიროება. მოსე ზამთარაძე ბიბლიური მოსეს გროტესკული სახეა. იმის ნაცვლად, რომ მან ზედამხედველის, ამ შემთხვევაში, კაკოია თაბაგარის კლანჭებისგან იხსნას ხალხი, თავად გაილახება და დაიბეგვება, ფეხსაც კი მოიტეხს, დიადი მისიის შესრულების მაგიერ. როგორც ჩანს, გვარი თაბაგარიც შემთხვევით არ შეურჩია ავტორმა პერსონაჟს. ძველად თაბაგარი მომკელს აღნიშნავდა, ანუ მას, ვინც კალოობისას ლეწავდა პურს. იარაღი, რომელიც მომკელს ხელში ეჭირა, კევრი იყო, ხან ცელი, იმის მიხედვით, რომელი სამუშაო პროცესი უნდა განეხორციელებინა მომკალავს. მომკალავის სახე მხატვრულად სხვადასხვანაირად აისახებოდა ხელოვნებაში და მას ზოგჯერ სიკვდილთანაც აიგივებდნენ.

ამგვარად, ტექსტის ანალიზისას, თუკი ყურადღებას საკუთარ სახელებზე გადავიტანთ, სრულიად ახალი მხატვრული სახეების გამოვლენაში გვეხმარება, რაც ნამდვილად კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ წაკითხვა ბიბლიური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია.

P.S. სანამ ამ წერილს დასაბეჭდად შევთავაზებდი ინტერნეტგაზეთის რედაქციას, ის ჩემს მეგობარს, კოლეგას და პირველ კრიტიკოსს, ია ღადუას გავუგზავნე. სწორედ მან მირჩია, ყურადღება მიმექცია ზამთრის ბიბლიური ალუზიისთვის და გიორგი მთაწმინდელის ციტატაც მან შემახსენა. მთაწმინდელის სიტყვებმა არ შეიძლება, სხვა ცნობილი სტრიქონები არ გაგახსენოთ. მაგალითად, შექსპირი და სტაინბეკი. იცნობთ ჯონ სტაინბეკის რომანს „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“? გახსოვთ, რომ ავტორმა რომანს სათაურად უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ტრაგედიის (რიჩარდ მესამე) დასაწყისი სტრიქონის სიტყვები („აგერ შეცვალა იორკის მზემ მბრწყინავ ზაფხულად, ზამთარი ჩვენი უთანხმოება-მღელვარებისა“) შეურჩია? გახსოვთ, შექსპირის ტრაგედიაში რას ნიშნავს ეს სტრიქონი? როგორ შეიცვალა ჩვენი მღელვარების ზამთარი მხიარულების ჟამად, როგორც კი მმართველი შეიცვალა ქვეყანაში? ჰოდა, ჩემი კითხვა, რომელსაც ახლა უკვე თქვენ, ჩემს მკითხველს გიტოვებთ, ასე დაისმის: როგორ წავიკითხოთ ბიბლიურ, გიორგი მთაწმინდელის და შექსპირის ციტატების კონტექსტში მოსე ზამთარაძის ეპიზოდი?

დისტანციური სწავლების გამოწვევები გაკვეთილზე და როგორ გავართვათ მათ თავი

0

უკვე ორი თვეა, რაც საგანმანათლებლო პროცესებმა სახლის კედლებში გადაინაცვლა. ქართულ სკოლას დისტანციურ ფორმატში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა სასკოლო საზოგადოებისთვის საუკუნის გამოწვევად იქცა.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანად მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება,  ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და  საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება რჩება. ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის საჭირო სასწავლო მომსახურების მიწოდების უსაფრთხო გზების გამონახვა.

ბუნებრივია, დისტანციური ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს სასკოლო დღის ჩვეულ რეჟიმს, რადგან მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია სტანდარტული საგაკვეთილო სტრუქტურით ვერ წარიმართება. აქედან გამომდინარე, შეიზღუდა საგაკვეთილო დრო და წარმოიქმნა დილემათა მთელი ჯაჭვი, რომელთა გადაჭრასაც გარკვეული გამოცდილება, დრო და ძალისხმევა სჭირდება.

სასწავლო მოტივაციის შექმნა ურთულესი ამოცანაა შინ სწავლის პირობებში. გარეგანი მოტივაციისა (განმსაზღვრელი შეფასება) თუ სხვა წამახალისებელი აქტივობების გარეშე დარჩენილი მოსწავლის სახეცვლილ სასწავლო პროცესში ჩართვა არც თუ ისე ადვილია. მშობელს არ აქვს მასწავლებლის ფუნქციის შეთავსების ვალდებულება, ბავშვს კი ოჯახში ყურადღების მობილიზება ორმაგად უძნელდება და ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს მეცადინეობის თავიდან ასარიდებლად.

რატომ უნდა დაინტერესდეს   ონლაინ გაკვეთილზე  მოსწავლე ჩემი დავალებით? აი, რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს  დისტანციური დავალების დაგეგმვის პროცესში. დაგვჭირდება ერთგვარი დავალება-კაუჭები, რომლის დახმარებითაც მოსწავლის სასწავლო პროცესში  ინტერესით ჩართვას შევძლებთ. ამას გარდა, ბავშვები შეძლებისდაგვარად უნდა დავაკავოთ ისეთი საქმიანობით, რომელიც აკადემიური მიზნების მიღწევას სახლის პირობებშიც ხელმისაწვდომს გახდის. დავალებები მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ ოთხ კედელში გამოკეტილი მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს (რა შეუძლიათ დამოუკიდებლად, რა ტექნიკური საშუალებით, რესურსით არიან აღჭურვილნი და ა.შ.). ამას გარდა, დისტანციურ შეხვედრებზე  მოსწავლეებს ახალი გამოცდილების გაზიარების საშუალება თუ მიეცემათ, ეს მათი ჩართულობის ხარისხს გაზრდის და სასწავლო პროცესსაც გამოაცოცხლებს.

თავიდან მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან გამიჭირდა. პოზიტიური ვიდეო ინსტრუქციების, სამოტივაციო თვალსაჩინოების თუ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის მიუხედავად, მოსწავლეთა დისტანციურ დავალებებში ჩართულობის ხარისხი ძალიან დაბალი იყო.

როგორ გადავჭერით ეს პრობლემა? ერთ-ერთი ძალიან საჭირო ადამიანური თვისების – ცნობისმოყვარეობის დახმარებით. კეთებით სწავლების, კვლევისა თუ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა საცხოვრებელი გარემო საკვლევ საგნად და სასწავლო რესურსად ვაქციეთ. ამას გარდა, შევეცადეთ, რომ სასწავლო აქტივობების უმეტესობა რეალური (ბუნებრივად არსებული თუ ხელოვნურად შექმნილი) საჭიროებებისთვის დაგვეკავშირებინა.

რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლის „სამზარეულოს“, პირველ გამოწვევად დისტანციური დავალების დაგეგმვას დავასახელებდი.

ადრე როგორ ვგეგმავდით გაკვეთილს? – ვარჩევდით სასწავლო თემას, ვისახავდით მიზნებს, ვინიშნავდით გაკვეთილის ფაზების შესაბამის აქტივობებსა თუ რესურსს, საჭიროებისამებრ, ვქმნიდით ან ვიმარაგებდით საგაკვეთილო მასალებს და ფიზიკურ გარემოსაც საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად ვაწყობდით… რაც შეეხება დავალებას, იგი უმეტესად გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოს, ანუ ახალი ცოდნისა თუ უნარის ინდივიდუალურად განმტკიცებას ემსახურებოდა.

და რა ხდება ახლა? – ვცდილობთ გაკვეთილის საშინაო დავალებაში ჩაშენებას. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეს აღარ აქვს იმ დოზის აკადემიური მხარდაჭერა, რასაც სკოლაში მისგან იღებდა. ამიტომაც, თითოეულ დავალებას თან უნდა გაყვე ვიდეო ან აუდიო ინსტრუქციის სახით, სადაც თანმიმდევრულ ნაბიჯებად ჩაშლი შესასრულებელი სამუშაოს ყველა დეტალს, გზავნილს გაამდიდრებ თვალსაჩინოებით, მისაღები დავალების ნიმუშებით და ა.შ.

შემდეგი გამოწვევა თავად საგაკვეთილო პროცესი გახლავთ. საკლასო ოთახებში მასწავლებლის მდებარეობა, მისი მოძრაობის სიხშირე და ტრაექტორია, მერხების განლაგება, გამოყენებული რესურსები და ა.შ. მოსწავლეთა საჭიროებასა და გაკვეთილის მიზანს მაქსიმალურად იყო მორგებული და გაკვეთილის მიმდინარეობაც გაცილებით დინამიკური და მრავალფეროვანი (საკლასო, ჯგუფური, წყვილები, ინდივიდუალური) გახლდათ.

რა ხდება ახლა? – დისტანციური გაკვეთილი მაგონებს ყოველ წუთს სხვადასხვა ოთახში თვალდახუჭულ სირბილს, რადგან მათ რომც უყურებდე, მაინც ვერ ხედავ. არ იცი, რა ხდება მათ საშინაო-საკლასო ოთახებში, როცა შენ ახალ საკითხს განმარტავ, კითხვებს სვამ ან ვარაუდის გამოთქმას ითხოვ. მთავარი დილემაც ესაა – კლასი აღარაა ერთიანი სივრცე, გუნდი… თითქოს ბავშვები წინ გისხედან, ხედავ და გესმის მათი, მაგრამ ამ ვირტულური ფანჯრების მიღმა იმდენივე ოჯახი ფეთქავს, რამდენი მოსწავლეც ესწრება გაკვეთილს. ამას გარდა, მრავალშვილიან თუ პატარა სახლის მქონე ოჯახებს ბავშვებისთვის იზოლირებული სამეცადინო სივრცის გამოყოფა უჭირთ და რა გასაკვირია, თუ მათ აბსტრაქტულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოტყუებას ვერ ვახერხებთ?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასწავლებელი არა მარტო აკადემიური,  ეთიკური   გამოწვევის  წინაშეც დგება.

განსხვავებულ ფორმატში უწევდა თანამშრომლობა „მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი“ ჯაჭვის თითოეულ წევრს. დღეს კი სამივე რგოლი ერთ სივრცეში მოხვდა. ამას გარდა, დაწყებით საფეხურზე მშობელთა ნაწილს სხვადასხვა მიზეზით მასწავლებლის ფუნქციის შეთავსებაც უწევს, რასაც დადებით მხარესთან ერთად უარყოფითი შედეგებიც ახლავს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, მშობლებს არ უნდა შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ  და ავუხსნათ, რომ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული… ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ მიერ დასმულ კითხვებს, დროულად მივაწოდოთ უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

როგორც ხედავთ, ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა სასკოლო საზოგადოების მხრიდან –  დიდი ძალისხმევა, მშობლებისგან კი თანამშრომლობის სურვილია საჭირო. ძალიან დაგეხმარებათ მათთან ინდივიდუალურად დაკავშირება, რეალური საჭიროების რაც შეიძლება ეფექტურად, დელიკატურად წარმოჩენა, მშობლის როლის მკაფიოდ განსაზღვრა, მათი ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა და ა.შ. თუმცა ზემოაღნიშნულ პროცესებში უმჯობესია, მასწავლებელი სასკოლო გუნდთან (ფსიქოლოგი, დამრიგებელი, ადმინისტრაციის წევრი და სხვ.) თანამშრომლობის შედეგად დასახული სტრატეგიული გეგმით მოქმედებდეს.

ონლაინ ჩართვების დროს, მასწავლებელი კიდევ ერთი ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა. როგორ უნდა შეძლო ახალი ცოდნის გადაცემა შემცირებული და სახეცვლილი გაკვეთილების ფონზე?!

ეს ყველაფერი თავიდან შეუძლებლად მეჩვენებოდა. თუმცა მე და ჩემს კოლეგებს მიზნის მიღწევაში საკმაოდ მრავალფეროვანი და ახალ გამოწვევებს მაქსიმალურად მორგებული ერთ-ერთი აკადემიური პლატფორმა დაგვეხმარა. მასში ფაქტობრივად, მთელი სკოლა გადავაწყვეთ, ანუ გავაციფრულეთ: შევქმენით კლასები და შევარჩიეთ დისტანციური დავალებების ფორმატი, რომელიც მოსწავლისთვის ნაცნობი ყველა შესაძლო ფორმით (პრეზენტაცია, ფურცელი ჩანაწერებისთვის, ფოტოს, ხმოვანი და ვიდეო გზავნილის ატვირთვის ფუნქციები და სხვ.) დავალებების აწყობას, გაგზავნას, შესრულებული სამუშაოს მიღებას და მასზე უკუკავშირის მიწოდებას უზრუნველყოფდა. მსგავსი „გაჯეტები“ მრავლად მოიძებნება ციფრულ სამყაროში, მთავარია, სწორად შეარჩიო შენი სკოლის მიზნისა და ინტერესების შესაბამისი „იარაღი“ და მისი ეფექტურად მართვა ისწავლო. ამას გარდა, ონლაინ ჩართვებს მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან წარვმართავთ, რაც თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას, ახალი ცოდნის ეფექტურად გადაცემა-განმტკიცებას და ქცევის მართვას მნიშვნელოვნად აადვილებს.

კიდევ ერთ  გამოწვევად მოვიაზრებ ემოციურ ფაქტორს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ან პირიქით – უკონტროლოს ხდის. ამის მიზეზი შეიძლება ბავშვის შინაგანი განწყობა ან ინდივიდუალური ბუნება იყოს. განვიხილოთ მოსწავლის მაგალითი, რომელიც ჩუმად იჯდა გაკვეთილზე ან სხვადასხვა მიზეზით უჭირდა საგაკვეთილო პროცესში მიზნობრივად ჩართვა. იგი მაქსიმალურად ეცდება, გაექცეს სასწავლო გარემოს, რომელიც მისთვის ორმაგად არასასურველი გახდა. რაც შეეხება გადაჭარბებულ ჩართულობას, მოცემულ შემთხვევაში მას უმეტესად კომუნიკაციის სიმწირე განაპირობებს. მსგავს შემთხვევაში სასურველია, მოსწავლეს სხვადასხვა გზით დავუკმაყოფილოთ „სოციალური შიმშილი“. ინერტულ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაციისას კი კომპლექსური მიდგომაა (ინდივიდუალური კონტაქტი, მშობლის „გადმობირება“, მეტი მხარდაჭერა დავალების შესრულებისას, შესასრულებელი სამუშაოს პრობლემის შესაბამისად გამარტივება და სხვ.) საჭირო.

დისტანციური სწავლებისას ერთ-ერთ  გამოწვევას  მიღწეული შედეგების გაზომვა წარმოადგენს.  კლასის, საგნის და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.

ურთიერთგაზიარებისა და ჯგუფური მუშაობის დეფიციტის  გარკვეულწილად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა დამატებით ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს საჭიროებს. დისტანციური შეხვედრების ნაწილი შეგვიძლია, დავუთმოთ მოსწავლეთა მიერ მართულ მინი-პრეზენტაციებს. ამას გარდა, თუ სკოლას შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა აქვს, შეუძლია, შექმნას ერთგვარი ონლაინ სივრცე (საიტი, ბლოგი), რომელზე წვდომაც მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას ექნება და მოსწავლეები ერთმანეთს ახალ ნამუშევრებსა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ. რაც შეეხება ჯგუფურ სამუშაოს, მოსწავლეთა მცირე ჯგუფების დაკავშირებისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ საგნობრივი შეხვედრებისთვის შერჩეული უსაფრთხო „საკლასო ოთახი“. შეხვედრების დრო და ხანგრძლივობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. ჩემი აზრით, მსგავსი ინიციატივები პოზიტიურად იმოქმედებს მოსწავლეთა ჩართულობაზე და ურთიერთსწავლების, თვითგამოხატვისა და გაზიარების პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე მზად არ აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების თანმხლებ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საშინაო სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოსთვის ისევ პრიორიტეტულ საკითხად რჩება განათლება, რომლის დახმარებითაც ადამიანი ამ ახალ გამოცდილებასაც განვითარების შემდგომ საფეხურად აქცევს.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...