შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში და მათი დაძლევის გზები

0

დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა და ამასთან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადასვლამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა, ერთი მხრივ, სკოლა და მასწავლებელი, მეორე მხრივ,  კი მშობელი და მოსწავლე. სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, როგორც დაწყებითი კლასების და მეორე სასკოლო ასაკის, ასევე უფროსი კლასების მოსწავლეებთან ონლაინ სწავლების დროს. ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული იმაზე მსჯელობა, თუ რომელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე პედაგოგს უწევს უფრო მეტ სირთულეებთან გამკლავება. გამომდინარე მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მომუშავე სკოლის პედაგოგი შეიძლება სრულიად განსხვავებულ, მხოლოდ ამ კონკრეტული ასაკისათვის დამახასიათებელ  სირთულეებს ხვდებოდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო სწავლების პირველი წელი, არათუ სხვა ასაკობრივი პერიოდებისაგან განსხვავდება, არამედ დაწყებით კლასებშიც კი შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ ის მასწავლებლები, რომლებიც პირველ კლასებში ყოველდღიურად ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ. ერთგვარი შვების მომგვრელი მათთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ არა სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში, როდესაც სკოლასთან ადაპტაციის და ბავშვის მოსწავლედ ჩამოყალიბების პერიოდი მთელი სიმწვავით მიმდინარეობდა, არამედ სასწავლო წლის მეორე ნახევარში, როცა თითქმის ყველა პირველკლასელი მეტ-ნაკლებად შეეგუა სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლის როლს.

დარწმუნებული ვარ პირველკლასელთა არცერთი მასწავლებელი არ ისურვებდა თავის მოსწავლეებთან პირველ შეხვედრას და მათ გაცნობას ონლაინ გაკვეთილზე. ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელიც მოუთმენლად ელის სკოლაში წასვლას და თავის პირველ მასწავლებელთან შეხვედრას, დედას კი ვირტუალურ საკლასო ოთახში „შეყავს“, კომპიუტერის მონიტორზე გამოჩენილ მომღიმარ ქალბატონზე მიუთითებს და ეუბნება, რომ ის მისი მასწავლებელია, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მისი სასკოლო სწავლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ 1-2 თვის შემდეგ ის სკოლის შენობაში, რეალურ საკლასო ოთახში გადაინაცვლებს და იქ გააგრძელებს სწავლას. თუმცა, ვფიქრობ არც იმის თქმა შეიძლება, რომ დღეს, როცა პირველკლასელი, ასე თუ ისე შეგუებულია სასკოლო სწავლებას და მოსწავლის როლს, ონლაინ გაკვეთილებზე მასთან ურთიერთობისას მასწავლებელს ნაკლები სირთულეები ხვდება.

     ძირითადი სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში:

  • იმის გამო, რომ ონლაინ სწავლებისას პირველკლასელის მიერ კომპიუტერთან გატარებული დრო, მაშინაც კი, თუ თითოეული გაკვეთილი მხოლოდ 15-20 წუთი გრძელდება, სრულ შეუსაბამობაშია მეცნიერულად დადგენილ ნორმებთან, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გადაიღალოს და უარი განაცხადოს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე, ან საერთოდ დაკარგოს სწავლის მიმართ ინტერესი;
  • რადგანაც პირველკლასელი ჯერ კიდევ ისე არ არის დაუფლებული კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ონლაინ სწავლების პროცესში მთელი რიგი ოპერაციების განხორციელება – ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალების მიღება, შესრულებული დავალების პედაგოგისათვის გაგზავნა, ამასთან, შეცვლილ სასწალო გარემოში შეიძლება პატარა მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს, მშობელი იძულებული ხდება გვერდით მოუჯდეს და ყოველ საჭირო შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება. თუ ასეთი ერთობლივი მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში დიდხანს გაგრძელდება, ადვილი შესაძლებელია რეალურ საკლასო ოთახში დაბრუნებულ ბავშვს გაუჭირდეს სასწავლო პროცესში მშობლის გარეშე ჩართვა;
  • პირველკლასელის დიდი სურვილია, რომ მასწავლებელი მხოლოდ მას „ეკუთვნოდეს“, მისით იყოს დაკავებული, მას ესაუბრებოდეს. როგორც კი ის სხვა ბავშვისკენ გადართავს ყურადღებას, პატარა ცდილობს შეკითხვების დასმით ისევ თავისკენ „შემოაბრუნოს“ პედაგოგი. თავისთავად ცხადია, რომ ონლაინ გაკვეთილზე ვერცერთი პედაგოგი ვერ შეძლებს თითოეული ბავშვისთვის იმდენი ყურადღების დათმობას, რამდენსაც ის მოითხოვს მისგან, მითუმეტეს, რომ ამ სასწავლო გარემოში ის არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაშიც საკმაოდ შეზღუდულია. მასწავლებლის ერთგვარი „უყურადღებობით“ განაწყენებულმა ბავშვმა კი შეიძლება უკმაყოფილება იმით გამოხატოს, რომ საერთოდ გამოეთიშოს საგაკვეთილო პროცესს;
  • გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია, სწავლების პროცესში პედაგოგს, როგორც წესი, უწევს მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის გამოყენება. თუმცა, ონლაინ გაკვეთილებზე თვალსაჩინოებების გამოყენებაში ის საკმაოდ შეზღუდულია. ბევრი პედაგოგისთვის ამ დროს საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს Power point-ში მომზადებული საპრეზენტაციო მასალის ან ვიდეოფილმების ჩვენება, მაგრამ, იმის გამო, რომ საპრეზენტაციო მასალის ეკრანზე გამოჩენას თან სდევს ბავშვის მხედველობის არედან მასწავლებლის გამოსახულების გაქრობა, რადგანაც პედაგოგის მითითებით მთელი ყურადღება მან ამ დროს სწორედ საპრეზენტაციო მასალაზე უნდა გადაიტანოს, ბავშვისთვის ამგვარად წარმართული გაკვეთილი, მითუმეტეს, თუ პრეზენტაცია დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება მთლად საინტერესო არ აღმოჩნდეს და ვირტუალური საკლასო ოთახიდან გასვლაც კი მოისურვოს.

რეკომენდაციები პირველკლასელთა ონლაინ სწავლებაში არსებული სირთულეების დასაძლევად:

  • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უარყოფითი გავლენისაგან ბავშვის დასაცავად კარგი იქნება, თუ მას ელექტრონულად შესასრულებელ საშინაო დავალებას არ მივცემთ და არ ვაიძულებთ, რომ გაკვეთილების შემდეგაც კომპიუტერთან იჯდეს. აუცილებელია მშობელმა იზრუნოს, რომ ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვი დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით – ხატვით, ძერწვით, ვარჯიშით, მშობლებთან ურთიერთობით, მასთან საუბრით, თამაშით, სეირნობით;
  • მოვერიდოთ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვის გვერდით ჯდომას; ვიზრუნოთ მასში დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ვასწავლოთ უმარტივესი ოპერაციების (ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მიკროფონის, ვიდეო-კამერის ჩართვა-გამორთვა) შესრულება და მივცეთ საშუალება ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი დახმარების გარეშე გააკეთოს ეს ყველაფერი. წარმატების შემთხვევაში კი არ დაგვავიწყდეს შექება და დადებითი კომენტარების გამოყენება ბავშვის მიღწევების დასაფიქსირებლად და აღსანიშნად;
  • არ არის სასურველი, რომ ონლაინ გაკვეთილი ბავშვთან პირდაპირ სასწავლო მასალის გადაცემით დავიწყოთ. გავითვალისწინოთ, რომ პატარა მონატრებულია მასწავლებელთან ურთიერთობას. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასაწყისში რამდენიმე წუთს დავუთმობთ ბავშვს, რომ მან თავისი წინა დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიაროს. მართალია, ასეთ საუბარზე დროის დაკარგვამ შეიძლება მასწავლებელს სასწავლო მასალის სრულყოფილად გადაცემაში ხელი შეუშალოს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამის აღდგენა მომავალში რეალურ სასკოლო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზეც შეიძლება. პედაგოგთან და თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტის პირობებში სოციალურ და ემოციურ განვითარებაში დაფიქსირებული გართულებების დაძლევა კი მომავალში მერწმუნეთ ბევრად უფრო რთული იქნება. ამასთან, ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი სწავლის სწავლებაა და არა უზომო ინფორმაციით ბავშვის გონების ამოვსება, მითუმეტეს, რომ ბავშვის მეხსიერება ყველაფერს მაინც ვერ დაიტევს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოცულობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის მეხსიერების მოცულობა. ამდენად, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას ბავშვთან ემოციურ ურთიერთობებსაც გარკვეულ დროს დავუთმობთ. იქნებ ეს უფრო მეტის მიმცემი იყოს მისთვის, ვიდრე კიდევ ერთი ახალი ტექსტის წაკითხვა. ვფიქრობ, მასწავლებელიც დაცული უნდა იყოს იმისაგან, რომ დროში ისედაც შემცირებულ გაკვეთილზე ასეთი გადახვევების გამო მშობლების და ხელმძღვანელობის რისხვას და საყვედურებს არ დაიმსახურებს. თუმცა, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავდიოდით, ალბათ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მთელი რიგი მიზეზები გამო, ონლაინ გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი პროგრამის სრულყოფილად გავლის საშუალებას არ მოგვცემდა და ის გარკვეულ ადაპტირებას საჭიროებდა.

დაბოლოს, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოყენება ოდნავ მაინც შეამცირებს იმ სირთულეებს, რომლებიც პირველკლასელთა მასწავლებლებს ყოველდღიურად ხვდებათ ონლაინ რეჟიმში სწავლების პროცესში.

 

 

თვითიზოლირებული მასწავლებლის დღიურები -მოგზაურობა ხუან რამონ ხიმენესის სამყაროში, პლატეროსთან

0

1979 წელს შევედი სკოლაში. 17 წლის არ ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. 21 წლისამ დავამთავრე თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი და მაშინათვე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართულის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. პირველად მეხუთე კლასებში რომ შემიშვეს და ბავშვებს დავუმეგობრდი, მავიწყდებოდა, რომ მათზე უფროსი ვიყავი… ახლა 47 წლის ვარ და ისევ სკოლაში ვასწავლი. გგონიათ, რამე შეიცვალა? ასაკმა დამაშორა ბავშვობას? არა, ახლაც ჩემი მოსწავლეების სამყაროში მე მათი ტოლი ვარ, ისე ცხადად საგრძნობია მათი ვნებები, ისე ნათლად აღსაქმელი – მათი სიხარული და დარდი… შეიძლება ვინმემ  ჩემზე იფიქროს… არ ვიცი, ვინც რა უნდა, ის იფიქროს, მაგრამ მე მუდამ სკოლასთან, ბავშვებთან, სწავლა-სწავლების ამბებთან ვარ მიჯაჭვული და ეს საკუთარი ნებით ნატვირთი ყველაზე ტკბილი ჯვარია. ჰოდა, ამდენი წლის მანძილზე ჯერ არასდროს ვყოფილვარ ესოდენ ხანგრძლივ იძულებით „შვებულებაში“… სკოლა ისე მღლიდა, ხშირად ვნატრობდი, რა იქნება, რამდენიმე დღე გადაბმულად დასვენების და თვითჩაღრმავების, საკუთარი სურვილების რეალიზების დრო მქონდეს-მეთქი და აი, ასეთი ჟამიც დადგა. მართალია, ისეთი, როგორიც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუ წარმომიდგებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა, სახლიდან ცხვირი არ გამიყვია, მთელი დღე ჩემს ლეპტოპს ვუზივარ და ან ვიდეოგაკვეთილს ვატარებ, ან მწერენ და ვკითხულობ, ან მე ვწერ სხვებს დაუსრულებლად… არა, ასეთ დასვენებაზე არასდროს ვიოცნებებდი, მაგრამ ეს რეალობა თავად მოვიდა, ჩემი არჩევანის გარეშე და მან ისე შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი, ჩემთვის არაფერი უკითხავს… გლობალური პანდემია…  ჯერ ეპიდემია იყო… როგორც კი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა, იმ დღესვე ჩემი საყვარელი ფილმი „ილაის წიგნი“ თავიდან ვნახე. ვუყურებდი საყვარელი მსახიობის, დენზელ ვაშინგტონის გენიალურ გმირს და ვფიქრობდი: აი, როგორც ბრძენ ილაის (იგივე ელიას, წინასწარმეტყველს), ჩვენც, ყველას, გვაქვს ჩვენი მისია… ზოგს ალბათ ამ მისიის ამოცნობაც გაუჭირდება, მაგრამ ახლა დრო ფიქრისთვის ბევრი გვაქვს. ბავშვები იძულებით მოსწყდნენ სკოლას. ახლა მათ აღარ უხარიათ გაკვეთილების გაცდენა და შუადღემდე გამოძინება. სასწაული ენთუზიაზმით ეშურებიან ნაირნაირ ინტერნეტპლატფორმებს და კითხვებს ბომბდამშენებივით გვაყრიან მასწავლებლებს… უძველესი სიბრძნეა, რომ ყველა უბედურებასაც აქვს თავისი ნათელი მხარეები, რომ ზოგი ჭირი მარგებელია… ბევრჯერ ნაოცნებარი თვითჩაღრმავების, კითხვის, ფილმების ნახვის, ძიების, ჩხრეკის, წერის დრო დამიდგა. 13 მარტს, როცა ჯერ კიდევ გარეთ გავდიოდი და კორონავირუსი ესოდენ მძვინავარე არ იყო, ფეისბუქზე ეს ჩანაწერი გამოვაქვეყნე:

„რის თქმა მინდა და იმისა, რომ ყველაფერი შეიცვალა სამყაროში. ალბათ ეს ვირუსი გვჭირდებოდა, რომ ბევრ რამეს მივმხვდარიყავით, თვალი აგვხელოდა, ერთმანეთი დაგვენახა, შეგვეფასებინა სიცოცხლისა და სიყვარულის ღირებულება, თანადგომა, ერთმანეთის გაფრთხილება და ზრუნვა გვესწავლა… ანატორის აკლდამების ამბავი სულ არ მქონდა გაგებული და 2 დღეა პირდაბჩენილი ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვების ცხედრებს შორის შეწვებოდნენ აკლდამაში საკუთარი ნებით, სიკვდილის მოლოდინში, მშიერ-მწყურვალნი, რომ სოფლის გაღმა, მდინარის იქით, სხვა სოფელში, სხვათა სახლებში სახადი და სიკვდილი არ გავრცელებულიყო… და არც ვიცი, მერამდენედ “ვწვები” იმ სასიკვდილო აკლდამაში… თუ მე-18 საუკუნეში მთის ხალხში ამდენი თვითშეგნება გვქონდა, ახლა რამ ვერ უნდა აგვიხილოს თვალი საკუთარ პასუხისმგებლობებზე? მჯერა, რომ დაძლევს სამყარო ამ უბედურებას, მჯერა, რომ ცოტა სიცოცხლეს წაიყოლებს თან და გადარჩება კაცობრიობა… მძაგს ის თეორიები, დედამიწაზე პოპულაციის ვერდატევის თემას რომ ეხება… ადამიანის სიცოცხლე იმდენად მშვენიერია, რომ შეუძლებელია დედამიწის ტვირთად და ბარგად ჩნდებოდეს ვინმე, მოსასპოპად და გასანადგულებლად იყოს საქმე… ან მიწაზე ან ზეცაში არსებობდნენ ძალები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. თუმცა უკვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები, რომ ეს პროცესი მართულია სადღაციდან, ისევ და ისევ რაღაც გაურკვეველი იატაკქვეშეთიდან თუ ზეციური თაღებდან, რომ ეს კეთდება საიმისოდ, სამყარო შეიცვალოს, ადამიანი გადაგვარდეს. ჩვენ ხომ აქამდე ისედაც აზრზე არა ვართ, რამ შექმნა სიცოცხლე, სად იწყება და სად მთავრდება სამყარო? ან რა ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ ადმიანები? ბევრისგან მესმის უკვე, რომ ეს რეალობა შეცვლის ურთიერთობებს, ადამიანები აღარ შეეხებიან ერთმანეთს ფიზიკურად და სულთა შეხებაც შესაბამისად გაქრება, რომ გაქრება რეალური ყველაფერი და ვირტუალის საზარელ ლაბირინთებში გადაინაცვლებს სამუშაო, საზრდოს მოპოვება, სწავლა, შემოქმედება… არ ვიცი, ამის თქმა ახლა ვის შეუძლია? მწამს ურყევად: ხელის ჩამორთმევას და ძვირფასი ადამიანის ჩახუტებას არაფერი სჯობს, ვერაფერი ჩაანაცვლებს და ამის გარეშე ადამიანი დაკარგავს თავს, სულს, იდენტობას. სკოლაში სიარული გვეზარებოდა მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც და ახლა ყველა კოლეგისგან და მოსწავლისგან ეს მესმის, რომ სკოლა მოენატრათ, ერთმანეთი მოგვენატრა, სწავლა-სწავლებაში დახარჯულ შრომას, დაღლას და დისკომფორტს თურმე ბევრად ჯობია ის უხილავი ფლუიდები, რომლებიც ამ ურთიერთობებს მოაქვს, თურმე ეს გვაქცევს ადამიანებად… ასე თვითიზოლირებულნი ჩვენ ჩვენ არა ვართ, ვიღაც სხვა იბუდებს სულში… მიხარია, რომ ღამე გვიანობამდე ფილმებს ვუყურებ, სქელტანიან წიგნებს ვკითხულობ, ვფიქრობ და ვუღრმავდები რაღაცას, მაგრამ ბავშვების ჟრიამულის გარეშე, ჩემი კოლეგების გვერდით განცდილის, ნაქაქანების, ზოგჯერ სიყვარულით სავსე, ზოგჯერ კი აგრესიული გამოხდომების გარეშე ვიღაც უფერო, უსახო ლანდი ვარ და არა ადამიანი… დაუსრულებელი ფილოსოფიური ჩხრეკის ხასიათზე დამაყენა ამ ამბებმა… ალბათ არც წაიკითხავს ამსიგრძე პოსტს არავინ, მაგრამ რეზიუმე ამ ჩემი ნაბოდვარის ის არის მხოლოდ, რომ ჩვენ ეს გაკვეთილები გვასწავლის იმას, რასაც ვერ ვხვდებოდით, რაც დავკარგეთ ამდენ ალიაქოთში, ხოლო ის, რაც ძვირფასი და მარადიულია, გადარჩება, ისევ თამამად ჩამოვართმევთ ხელებს ერთმანეთს, ისევ ჩავეხუტებით და ისევ პირისპირ შენათებული ღიმილი იქნება ჩვენთვის მაცოცხლებელი მონიტორის ეკრანიდან დანახულთან შედარებით… ახლა ბევრად უფრო გულჩვლი, სევდიან-იმედიანი და ჩაფიქრებული ვარ, ვიდრე ვიყავი… და მენატრებით, ადამიანებო, მაკლიხართ, მაკლიხართ და მენატრებით იმიტომ, რომ მიყვარხართ“…

ახლა გადავხედე ამ ჩემს პოსტს, რომელსაც 248 მოწონება, ასამდე კომენტარი და ოცზე მეტი გაზიარება აქვს. ახლა სოციალური ქსელითაც ცხადად საგრძნობია, რამდენად შეიცვალნენ ადამიანები, რამდენად საზარელი ჭანგები აქვს შიშს, საყვარელი ადამიანების დაკარგვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაკარგვის საზარელ შიშს… და რით ვაპირებ ამ შიშთან გამკლავებას? მე ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და ტექსტებთან ვცხოვრობ. ისინი მზრდიან, მწამლობენ, მარჩენენ, მამშვიდებენ, მანებივრებენ, მაფიქრებენ და მაადამიანებენ… ეს დღეები სულ ტექსტებს ვეძებდი, ახალ ტექსტებს, ან ძველებს, რომლებიც თავიდან იმ მაგნიტით მიმიზიდავენ, ადრე რომ განმიცდია მათთან ზიარებისას… ვეძებდი ასევე ტექსტებს, რომლებსაც ჩემს მოსწავლეებს ვუწილადებდი ამ იძულებითი არდადეგების დროს, რათა მათაც შეევსოთ სულის მარაგები… ბევრი ტექსტი „თავიდან აღმოვაჩინე“, ზოგიც პირველად მოვიდა და… ბოლო დროს ინტუიციის წიაღში რომ ჩავძვრები, იქიდან რაღაც გამომაქვს და უცნაურ დამთხვევებს ვაწყდები… დღეს დილას ტკბილად გამახსენდა ესპანელი გენიოსი ხუან რამოს ხიმენესი და ვიფიქრე, რომ ჩემს მოსწავლეებს მივცემდი დაუვიწყარ ტექსტს „პლატერო და მე“, ლირიკული პროზის მსოფლიო შედევრს, ადამიანური ემოციების საუნჯეს, მოდერნისტული მწერლობის მშვენებას… და ჰოი, საოცრებავ, ფეისბუქზე მხვდება ჩვენი საოცარი პოეტის, გიორგი ლობჟანიძის პოეტური იომორესკა „ვირი“, რომელიც ადრეც მქონდა წაკითხული და სადაც ავტორი ახსენებს ხიმენესის პლატეროს. ვიფიქრე, რომ ეს სწორედ მინიშნება იყო… და დღეს ონლაინ გაკვეთილზე პლატეროს და ხუან რამონის ამაღელვებელი ლირიკული ამბები წავიკითხეთ… ეს პოეტი სიკვიდილამდე 2 წლით ადრე, 1956 წელს, ნობელის პრემიით დააჯილდოვეს „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანური ენის მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითს წარმოადგენს“, – ასე ეწერა ნობელის პრემიის განმარტებაში. საზეიმო ცერემონიალზე, სადაც დაჯილდოებული ავტორები ტრადიციისამებრ ლექციებს კითხულობენ ან საგანგებო სიტყვას წარმოთქვამენ, ხიმენესი ვერ წარდგა, რადგან მისი საყვარელი მეუღლე ზენობია ქამფრუბი ამ დროს ავთვისებიანი სიმსივნით იტანჯებოდა და პრემიის გადაცემის დღიდან 2 დღეში გარდაიცვალა, ხოლო მწერლისთვის საიმედო მეგობრის დაკარგვა საბედისწერო დარტყმა იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ის უწყვეტად ავადმყოფობდა და  2 წელიწადში იმავე კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც – ზენობია. ნობელის პრემიის მისაღებად შვედეთის აკადემიის წინაშე ხუან რამონ ხიმენესის უფლებამოსილებით  წარდგა ჰაიმე ბენიტესი, რექტორი პუერტო-რიკოს უნივერსიტეტისა, სადაც პოეტი მოღვაწეობდა. ის ასევე მუშაობდა ფლორიდაში, მაიამის უნივერსიტეტში და მერილენდის უნივერსიტეტშიც გახლდათ ესპანურ-პორტუგალიური განყოფილების პროფესორი. ჰაიმე ბენიტესმა შვედეთის აკადემიას გადასცა პოეტის სიტყვები, რომ სინამდვილეში პრემია ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ზენობიას „მეგობრული მხარდაჭერისა და შემოქმედებითი მონაწილეობისთვის“, ხოლო რექტორმა ბენიტესმა ცერემონიაზე განაცხადა, რომ „ხუან რამონი ისეთი პოეტია, რომლის ყოველ სიტყვაში განსაკუთრებული სულიერი სამეფო ირეკლება“. „პლატერო და მე“, რომელსაც ანდალუსიური ელეგიის სახელით იცნობენ, ხუან რამონის ერთადერთი პროზაული ნაწარმოებია და ამით ის გვაგონებს ჩვენს გიორგი ლეონიძეს, ხიმენესის ეპოქის შემოქმედს, რომლის ერთადერთი პროზაული კრებული „ნატვრის ხე“ პოეტისთვის ნაჩვევი ლირიზმით ატყვევებს მკითხველს, „სხვა“ გოგლად გვაცნობს მას.

აი, რას წერს ამ ნაწარმოებზე მისი მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი: “პლატერო და მე” ესპანურენოვან ქვეყნებში “დონ-კიხოტის” მერე ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ქმნილებაა. იგი საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. მას ასწავლიან სკოლებში, უნივერსიტეტებში. პლატერო ვერცხლისფერი ჩოჩორია. აქედან მომდინარეობს მისი სახელი (პლატერო – ვერცხლისფერს ნიშნავს ესპანურად). კაცი და ვირი დაეხეტებიან ამ აწეწილ წუთისოფელში. გზა აქვთ გასავლელი. ეს გზა ადამიანის ამაღლების, ზნესრულობის, კაცობრიობის წინსვლის გზაა“.

„პლატერო და მე“ რიტმული პროზის საკვირველი ოსტატობით აგებულ 138 ნიმუშს მოიცავს. ყოველი ჩანაწერი მოკლე, კომპაქტური და ფაქიზი, დახვეწილი ლირიზმით აღბეჭდილია. ის 1916 წელს დაიწერა და მოდერნიზმის ეპოქის ადამიანის ვნებებსა და სულიერ ტიკივილებს საოცარი ექსპრესიულობით გადმოსცემს. აქ ცოცხლდება მთელი უკიდეგანო კოსმოსი თავისი შუქჩრდილებით. ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის ყველაზე ამაღელვებელი იყო ლირიკული ჩანახატი, რომელსაც „სკოლა“ ეწოდება. ავტორი პლატეროს ასე მიმართავს: „შენ რომ სხვა ბავშვებივით გევლო სკოლაში, ჩემო პლატერო, ანბანს ისწავლიდი და ბატიფეხურად, აჩხაბაჩხად გამოიყვანდი ხაზებს. იმდენი მაინც გეცოდინებოდა, ჩვრის ყვავილწნულებით მორთულმა ცვილის ვირუკამ რომ იცის…  შე კაცო, ჩვენს ექიმზე ან პალოსელ მღვდელზე მეტი ხომ მაინც გეცოდინებოდა?!“

მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლა მასწავლებელ დონა დომიტილასთან ერთად პლატეროსა და მისი გულმხურვალე მეგობრისთვის აი, რასთან ასოცირდება: „არა, არა, დონა დომიტილა, რომელსაც უფალი იესო ნაზარეველის ქლამინდის მსგავსი რაღაც აცვია და იისფერ სამოსზე ჩალისფერი თოკი აქვს შემორტყმული მეფესავით ან თევზის ვაჭარივით, სხვა თუ არაფერი, ორი საათით მაინც დაგაჩოქებდა ჭადრებიანი შიდაეზოს ყურეში და გამხმარი ლერწმის შოლტსაც გადაგიჭერდა ფეხებზე; ანდა სულაც კომშის მურაბას ამოგიჭამდა სკოლაში გატანებული საუზმიდან, ან კიდევ კუდქვეშ შეგიკვეხებდა ალმოდებულ ქაღალდს, რომ მედროგის ბიჭივით აგწითლებოდა ყურები“.

ასეთ სამყაროში კი სილაღისა და შემეცნების მოყვარულ გმირებს აბა რა უნდათ? რა გზას ირჩევენ ისინი? მწერალი აგრძელებს: „არა, პლატერო, არა. წამო ჩემთან. მე გაგაცნობ ყვავილებსა და ვარსკვლავებს. აბუჩად ვერავინ აგიგდებს, როგორც ყეყეჩ ბავშვს, ვერავინ ჩაგთვლის მართლა ვირად, სამასხროდ თავზე ვერავინ ჩამოგაცმევს ნიღაბს, რომელსაც ხომალდის სარკმელივით დიდი მოლურჯო-მოჟანგისფრო თვალები და ორი შენხელა ყურები ექნება“…

და მიაჭენებს პლატეროს თავისი მხედარი, გარბიან ისინი ამ არასასურველი რეალობიდან სამოგზაუროდ, თვალის ასახელად, სამყაროს შესაცნობად, საკუთარი თავის შესაცნობად. მთხრობელმა იცის, რომ „თალხით მოსილი, ნაზარეველის წვერითა და მომცრო შავი სომბრეროთი მოთეთრო-მონაცრისფრო პლატეროზე შემოსკუპული“ უცნაური სანახავია და ტურტლიანი ბოშა ბავშვები ყვირილით მისდევენ: „გი-ჟი! გი-ჟი!“

ვის გაუკვირდება ეს ღვთაებრივი სიგიჟე ლამანჩელი იდალგო დონ კიხოტის ქვეყანაში და პლატეროსაც ხომ ამაოდ არ ადარებდნენ სანჩო პანსას? მე და ჩემი მოსწავლეებიც ავყევით ამ სიგიჟეს და ახლა გვესმის, რომ თითქოს „დიადი საკურთხევლის კრეტსაბმელი გაიპო“… ეს ბიბლიური ალუზია მიგვანიშნებს, რომ პლატეროსა და მისი მხედრის სახით მეოცე საუკუნის დასაწყისის იესო აღდგა, რათა ამ გაგიჟებულ სამყაროს თვალი მოავლოს. პლატერო შეშინებულია, მხედარმა კი იცის, რომ თანამედროვე იუდების დახოცვის რიტუალს ატარებს აქ ხალხი და ისვრიან…

ჩემი მოსწავლე მეუბნება: მასწავლებელო, ამ ჩაკეტილობისჟამს, ო, რა შური ვიგრძენი პლატეროსადმი, მეც რა სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ გიჟურ ქროლვას…

  • შენ ამბობ, რაც გსურს, მე კი იმას გეტყვი, რა არ მინდა ყველაზე მეტად ახლა, – ვპასუხობ ჩემს მოსწავლეს და მომყავს ციტატი ხიმენესის ჯადოქრული ტექსტიდან: „…ოღონდ იუდა დღეს არის დეპუტატი, მასწავლებელი, მოსამართლე, მეზვერე, ქალაქისთავი ან სულაც ბებიაქალი. ჰოდა, მოწიფული კაცები ვნების კვირის ამ შაბათ დილით თითქოს გაბავშვებულან და გაზაფხულის რაღაც გაუაზრებელი და გიჟური ჟინით ატანილები ლაჩრულად კლავენ მას, ვინც სძულთ“… მე ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ დონა დომიტელა ვიყო და ჩემი მოსწავლეების მეხსიერებაში იუდად ვცოცხლობდე… რომ ჩემი ფიტულის ლაჩრულად დაწვის ან დაცხრილვის სურვილი უჩნდებოდეთ…
  • დიახ, ეს გავიგე, რაც არ გსურთ, მასწავლებელო, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, აბა, რას ისურვებდით? – კითხვას კითხვითვე მიბრუნებს ელენე.
  • რა მსურს? მინდა, რომ ხიმენესივით და პლატეროსავით ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის წამომწყები ვიყო ჩემი მოწაფეებისთვის და რომ ეს გრძელი ოდისეა ცხოვრების გზაზე ჩემს ბავშვებს ახსოვდეთ არა, როგორც ტანჯვა, არამედ – სულის ნეტარება, გონების სინათლე, გულის მღელვარება… ბევრს ხომ არ ვითხოვ?..
  • ნუუ… თუ მოინდომებთ, გამოგივათ… – ღიმილით მანუგეშებს ელენე კომპიუტერის მონიტორიდან…

ლირიკული პროზის მასტერკლასი ხიმენესის ტექსტის უმთავრესი ღირსებაა. მე და ბავშვები ვტკბებით ამ ლირიზმით. ბავშვები ტექსტში მარკირებებს აკეთებენ. აბა, ვის შეუძლია ასეთი ჯადოქრული ტროპული სახეებით გარემოს აღწერა: „ ღამეს სძინავს ასწლოვანი ვარჯის გრილ ჩეროში. ლეღვების ნაცრისფერი ტანები ერთმანეთს ისე გადაჭდობია, როგორც სავსე ბარძაყები – ქალის კალთის ქვეშ. ლეღვის ფართო ფოთლები, – სწორედ ის ფოთლები, ადამმა და ევამ რომ სარცხვინელზე მიიფარეს, – ცვრით მომარგალიტებულ-მოთვალულ ქსელს ქსელავენ, ისედაც მქრქალ, ნაზ სიმწვანეს იფერმკრთალებენ და შნოს იმატებენ. აქედან ჩანს ქვემოთ, ზურმუხტოვან სივრცეში, ძალას როგორ იკრებს ალიონი და აღმოსავლეთის ცაზე ცეცხლს უკიდებს ფერგაცრეცილ რიდეებს“…

სხვას ვის შეუძლია სრულიად არაპოეტური ცხოველი, ვირი, ამგვარი პოეტური შტრიხებით დახატოს? – „შენი თვალები, რომელთაც შენ თვითონ ვერ ხედავ, ჩემო პლატერო, ზეცას მშვიდად მიჩერებული შენი ორი თვალი, ორი მშვენიერი ვარდია“.

ეს არ არის დამაინტრიგებელი ვრცელი ამბებისა და კოლიზიების სამყარო, ეს ლირიკული ჭვრეტებია, ნამდვილი ვიზიონერობა, ნაკუწ-ნაკუწ, ნაფლეთ-ნაფლეთ დანახული სამყარო, უკიდეგანო კოსმოსი, რომელსაც ყოველ არსში, ყოველ უჯრედში, ყოველ სახეში დაუვანებია… მწერალი ქმნის ლირიკულ მოზაიკას, პოეტურ არაბესკებს, რომელთა გამთლიანებით ეს ფერადი კოსმოსი წარმოდგება საკვირველი სისავსითა და ცხოველმყოფელობით. თუ II საუკუნის ლათინურენოვანი მწერლის, აპულეუსის რომან „ოქროს ვირში“ ვირად ქცეული გმირის მიერ მოთხრობილი მეტამორფოზებია გადმოცემული, ხიმენესის „პლატერო და მე“ მოგვითხრობს სრულიად  უწყინარ მხატვრულ სახეებზე, რომლებიც ყველგან გვხვდებიან, მაგრამ ასე მათი დანახვა მხოლოდ გენიოსს შეუძლია. დააკვირდით ლირიკული ჩანახატების სათაურებს (იგივე მხატვრულ სახე-სიმბოლოებს): თეთრი პეპლები, მზის დაბნელება, სკოლა, გიჟი, იუდები,ლეღვები, სევდა, ხიჭვი, მერცხლები, გომური, დაკოდილი ულაყი, მოპირდაპირე სახლი, აბდალი, მოჩვენება, მეწამული ხიდი, თუთიყუში, დაკეტილი ჭიშკარი, მღვდელი, წყალსატევი, ქეციანი ძაღლი, ტბორი, აპრილის იდილია, დემონი, თავისუფლება, მოხეტიალეთა მოდგმა, წურბელა, ფორანი, პური, ჭლექიანი, ყვავილები გზის პირას, ლორდი, ჭა, გარგარი, მამლები, ბეჭედი, ბეღურები, ნაკადული, ჭრიჭინობელას ჰანგი, კორიდა, მენახირე, იადონის სიკვდილი, დაბმული ქოფაკი, ბერძნული კუ, თევზის ქერეჭი, კედრის თესლი … უმრავლესობა ამ სათაურებიდან  ერთ- ან ორსიტყვიანია, ისინი ადამიანური ყოფის რეალიებს ისე სადად, მარტივად, უცერემონიოდ, მაგრამ უღრმესი ლირიზმით აცოცხლებენ, რომ მკითხველი აღტაცებაში მოჰყავთ.

ეს ლირიკული ჩანაწერები ბავშვების ფანტაზიას ახელებს და ინსპირაციას ბადებს. მკითხველი ხვდება, რომ სამყაროს ყოველ დეტალში, სულიერსა თუ უსულოში, დიდი ლირიზმი ჩაბუდებულა, ყოველი მათგანი მაკროკოსმოსის მიკრომოდელია, მისი ამეტყველება თუ ყველას არა, ბევრს შეუძლია.

მხოლოდ ხუან რამონივით თხემით ტერფამდე პოეტს შეუძლია წარმოიდგინოს საკუთარი თავი ასე: „ზარები სულ ზევით, მაღლა, ვარსკვლავებს შორის რეკავენ…  ცა თითქოს უფრო ახლოსაა, ვიდრე გომური… და მე ვტირი – გაფაქიზებული, გრძნობამორეული, ფაუსტივით მარტოსული“… ხოლო თავისი მეგობარი ვირი ამ სახით გააცოცხლოს: „ჩემო საყვარელო, ჩემო ჩინდრიკა პლატერო, ჩემო ჩოკინა, ჩემო პატარა ჩოჩორო! რამდენჯერ აგიმაღლებია ჩემი სული და გაგიყვანია ეკალბარდით, ბალბით, ჯიქათი დაფარულ ამ ოღროჩოღრო გზებზე. შენ გეძღვნება ეს წიგნი. მასში შენზეა საუბარი. შენ ახლა უკვე შეგიძლია მისი გაგება“, – გაპიროვნებაც ასეთი უნდა!

პლატერო და ხუან რამონი ჩვენც მიგვიძღვიან ანდალუსიის გზებზე და თვითიზოლაციით თუ  პანდემიის ზაფრით დამძიმებულ ჩვენს სულებს ზეცისკენ მიაქროლებენ… ბავშვები ამბობენ, რომ ხუან რამონი წერის ვნებას აღვიძებს ადამიანში, გიბიძგებს, რომ შენც დაინახო ამ ფერად სამყაროში სახეები, ამბები, გრძნობები და მოყვე ამაზე, მოყვე სადად, გულწრფელად, გაუპრანჭავად, ყალბი პათოსის გარეშ, დაწერო და გააუკვდავო დრო-სივრცე, დაიჭირო წამი, როგორც პროფესორი ქითინგი ასწავლის თავის მოწაფეებს „მკვდარი პოეტების საზოგადოებაში“.

კოლეგებო, წაუკითხეთ ბავშვებს ხუან რამონ ხიმენესის „პლატერო და მე“… მანანა გიგინეიშვილის უმაღლესი ოსტატობით შესრულებული თარგმანი ნამდვილად გაგრძნობინებთ ხუან რამონ ხიმენესის ოსტატობის დაუვიწყარ გემოს…

„მომკლავს მე უშენობა“

0

ასე ჯერ გალაკტიონმა იხუმრა…

„…ამნაირი დარებით კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთა დარებით,

დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა

და ქარივით ამალა.

მარმარილომ და თასმა, შადრევანმა ათასმა,

ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა,

მომკლავს მე უშენობა!“

 

მერე მეც მივბაძე და დავწერე-„მომკლავს მე უშენობა“-თქო შუმერების “მთვარის ქვა” ანუ რკინა მაშინ საქმე რკინას ეხებოდა, რადგან რკინის  დეფიციტი სისხლში მართლაც, რომ ნელ-ნელა დაგვასნებოვნებს და მოგვკლავს.

რას ვიფიქრებდი, რომ იგივეს თქმა მომიწევდა, ოღონდ ახლა სხვა ელემენტის მიმართ.

ოღონდ, მაშინ რკინაზე მთელი სერიოზულობით განვაცხადე. ახლა კი, არა მხოლოდ გალას სახუმარო ლექსს ვიშველიებ, დასაწერ ელემენტზეც ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ვაცხადებ, რომ დიახ, უმისობა მოგვკლავს, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში და მით უმეტეს  დისტანციური სწავლებისას.

ყველაფერი თანდათანობით მოვყვეთ. კარანტინის შემდეგ, ზაფხულის ხვადში უმეტესობა რაზე ოცნებობთ? მეც მანდ ვარ, ზღვაზე გსურთ წასვლა, რადგან იქ  მზე, ზღვა და ქვიშაა. ისე, ზღვასთან და რუჯთან ოდნავ ფრთხილად იყავით, რადგან… თუმცა, აქ დაწერას უმჯობესია „ზღვის სტატიები“ წაიკითხოთ:

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

რუჯი და ქიმია

ქვიშის შემადგენლობაში სილიციუმის ოქსიდია. სილიციუმი პირველად 1811 წელს მიიღეს. ის ჯერ  ჯოზეფ გე-ლუსაკმა მიიღო, შემდეგ კი ლუი-ჟაკ ტენარმა. იაკობ ბერცელიუსმა მას სილიციუმი უწოდა. ბერცელიუსმა სუფთა სილიციუმი მეტალური კალიუმის და სილიციუმის ტეტრაფტორიდის ურთიერთქმედებით მიიღო:

4K+SiF4=Si+4KF

ჩვეულებრივ პირობებში სილიციუმის  ტეტრაფტორიდი უფერო გაზია.  ტიტანის ტეტრაქლორიდის მსგავსად, კარგად ურთიერთქმედებს წყალთან. სილიციუმის  ტეტრაფტორიდი მრავალი გზით მიიღება:

Si+2F2=SiF4

SiO2+2F2= SiF4+O2

Si+4HF=SiF4+2H2

SiO2+4HF=SiF4+2H2O

SiO2+4HF=SiF4+2H2O

ქვიშა, რომ ფაქტიურად სილიციუმია, უკვე ვთქვით. მისი  სხვა  მნიშვნელოვანი მინერალებია კვარცი, კვარციტები, მინდვრის შპატები, სილიკატები და ალუმინოსილიკატები. მასის მიხედვით  დედამიწის ქერქში სილიციუმის დაახლოებით 30%-ია. ამგვარად, სილიციუმი გავრცელების მიხედვით მეორე ელემენტია.

ქვიშიდან თავისუფალ სილიციუმს  ყველაზე მარტივად მივიღებთ. ფაიფურის როდინში მდინარის ქვიშა და მაგნიუმის ფხვნილი  კარგად დავსრისოთ.  შემდეგ კი  სინჯარაში გავახუროთ. სინჯარა გაცხელდება, შემდეგ კი გახურება შუა ნაწილიდან გავაგრძელოთ. როგორც კი ტემპერატურა საკმარისს მიაღწევს, რეაქცია მთელ სინჯარაში გავრცელდება და საკმაოდ დიდი ენერგიის გამოყოფით მიედინება.

თუ დავაკონკრეტებთ, ორი რეაქცია მიმდინარეობს:

SiO2+4Mg=2MgO+Mg2Si

SiO2+2Mg=2MgO+Si

რომელი რეაქციები მიმდინარეობს?

მაგნიუმი არა მხოლოდ ქვიშასთან, არამედ სინჯარის მინასთანაც ურთიერთქმედებს, რადგან სილიციუმი მინის შემადგენლობაშიც არის.

თუ ამ რეაქციას გაკვეთილზე  ჩაატარებთ, ძალიან ფრთხილად გააკეთეთ. მიღებული შავი  ფხვნილი ამორფული სილიციუმია. ამორფულისგან განსხვავებით, მისი ალოტროპიული სახესხვაობა კრისტალური სილიციუმი, გარეგნულად ოდნავ მეტალს გვაგონებს, რუხია და ბზინვარება აქვს. თუმცა, მეტალი არ არის.

კრისტალური სილიციუმის მისაღებად მოვამზადოთ ნარევი: ქვიშა, ალუმინის  და გოგირდის ფხვნილი. ნარევი კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ტიგელში. ეს უკანასკნელი ცეცხლგამძლე ზედაპირზე დავდგათ და ცეცხლი მოვუკიდოთ. ცეცხლის გასაჩაღებლად შიგნით მაგნიუმის ლენტი მოვათავსოთ. მაგნიუმის ლენტი კაშკაშა ალით იწვის, ამიტომ  თვალებს გაუფრთხილდით.

მიმდინარეობს რეაქცია:

4Al+3SiO2=3Si+2Al2O3

ალუმინის ნაწილი ურთიერთქმედებს გოგირდთან, რომელსაც რეაქციის ენერგიულად მიმდინარეობისთვის უმატებენ.

რეაქციის დასრულებისას,  კრისტალური სილიციუმის შემცველი ტიგელი (შეიძლება რეაქციის დროს  გაიბზაროს, გატყდეს) მოვათავსოთ დიდ ჭიქაში, დავასხათ კონცენტრირებული მარილმჟავა, რომელთანაც რეაქციაში შევა რეაქციის გარეშე დარჩენილი ალუმინი და შავი ოქტაედრების სახით გამოილექება სილიციუმი მეტალური ბზინვარებით. კრისტალური სილიციუმი ნახევრადგამტარია. მის ამ თვისებას ელექტრონული აპარატურის მუშაობისთვის იყენებენ. სილიციუმის მონოკრისტალები  მზის ელემენტებსა და მიკროელექტრონიკაში გვხვდება. ანუ, კომპიუტერის პროცესორი, სმარტფონსა და პლანშეტში სილიციუმი შედის.

მიხვდით ახლა? რატომ „მოგვკვლავს“ სილიციუმის გარეშე ყოფნა?  განსაკუთრებით 21-ე საუკენეში და დისტანციური სწავლების დროს? თორემ, შუა საუკუნეებში არც სმარტფონი ჭირდებოდათ რამეში და არც კომპიუტერი.

სილიციუმის დიოქსიდი ასევე  შედის მინის, ცემენტის, კერამიკის შედგენილობაში. E551 სილიციუმის ამორფული დიოქსიდია, რომელიც კბილის პასტები შედგენილობაში გვხვდება.

სანამ სილიციუმს ელექტრონიკაში გამოიყენებენ, მინარევებისგან უნდა გაწმინდონ. ამას ქლორის დახმარებით აკეთებენ.

ჩვენ კი, მოვამზადოთ მარილმჟავას ხსნარი HCl:H2O=1:3 და მასში წეღან გაკეთებული რეაქციის შედეგად მიღებული ამორფული სილიციუმი ჩავაგდოთ. ზედაპირზე ცეცხლი წარმოიქმნება.

წინა ცდაში მაგნიუმის სილიციდი წარმოიქმნა, ის ურთიერთქმედებს მჟავასთან და სილანს წარმოქმნის. ეს უკანასკნელი მომენტალურად შედის რეაქციაში ჰაერის ჟანგბადთან და წარმოიქმნება ცეცხლის ალი.

Mg2Si+4HCl=2MgCl2+SiH4

სილანი ფორმულით ძალიან გავს მეთანს. თუმცა, სილიციუმის ატომი თვისებებს ცვლის და გაზის ანთება საჭირო აღარაა, ის  თვითაალდება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სამზარეულოში მეთანი სილანით ჩავანაცვლოთ…  უფრო მოხერხებული არ იქნება?

კითხეთ აბა თქვენს მოსწავლეებს.

გაზის ქურას გავხსნით და ასანთი ან სანთებელა აღარ დაგვჭირდება, ცეცხლი თავისით აინთება.

არ იქნება მოსახერხებელი, რადგან… მეთანის წვის შედეგად ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, რომელიც ჰაერში განიბნევა. სილანის შემთხვევაში კი სილიციუმის ოქსიდი, რომელიც ფაქტიურად ქვიშის მსგავსია და მერე ნახეთ თქვენ გაზქურის წმენდა… თუმცა, საწმენდი სითხეების მწარმოებლებს იდეა შესაძლოა მოეწონოთ.

ახლა სილიკოგელი მივიღოთ. ჭიქაში ჩავასხათ ნატრიუმის პოლისილიკატი, დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. დროის გასვლის შემდეგ ჭიქაში არსებული ნარევი გამყარდება, წარმოიქმნა სილიციუმის ორთომჟავა. ასეთი კონსისტენციის მასას გელი ეწოდება. თუ ნატრიუმის პოლისილიკატს გოგირდმჟავას შევურევთ, მაშინ გელი არ წარმოიქმნება, წარმოიქმნება ზოლი, ანუ კოლოიდური ხსნარი გაზის პატარა ბუშტუკებით. თუ მიღებულ ზოლს შევათბობთ, ის ნელ- ნელა გელად გარდაიქმნება და სინჯარის შიგთავსი გამყარდება.

სემირამიდას დაკიდულ ბაღებზე გსმენიათ? ჩვენ  სილიციუმის ბაღი შეგვიძლია გავზარდოთ. ავიღოთ ნატრიუმის სილიკატის ხსნარი, რომელშიც რკინის ქლორიდის კრისტალებს ჩავაგდებთ. ჭურჭელში ნელ ნელა წითელი ტოტები გაიზრდება. თუ მეცნიერული ენით ვიტყვით, ოსმოსის პროცესი წარიმართება. ოსმოსი, ანუ ცალმხრივი დიფუზიის პროცესი გამხსნელის მოლეკულების  ნახევრად გამტარ მემბრანაში. ეს ნიშნავს, რომ  წყალი ასეთ მემბრანაში შედის და უკან ვეღარ გამოდის. წყლის ასეთი გადასვლისას მემბრანა შეიძლება გასკდეს და სწორედ ამ დროს დავინახავთ, როგორ იზრდება შემდეგი მილაკი.

ბაღის გასაზრდელად, რკინის ქლორიდის გარდა გამოიყენეთ:

კალციუმის, მაგნიუმის, ნიკელ (II)-ის , სპილენძის (II)-ის, კობალტ (II)-ის, რკინა (II)-ის, რკინა (III)-ის, ბარიუმის, თუთიის, ქრომ (III)-ის და მანგანუმ (II)-ის მარილები.

2FeCl3+3Na2SiO3+6 H2O=2 Fe(OH)3+3H2SiO3+6NaCl

 

ერთხელ, ბავშვობაში „კაუჭა ჯეიმსი“ დამესიზმრა. ხომ გახსოვთ, მეკობრეა. მეკობრეც, ხომ გახსოვთ ვინ არის? ახოვანი კაცია, ერთ ხელში ბოთლი უჭირავს (რაიმე სასმელით), მეორეში დურბინდი. ერთი თვალით ბრმაა, ან სულაც ისე, მოდისთვის აქვს ახვეული. ცალ ყურში კონწიალა რგოლი აქვს გაყრილი. მოსვირინგებული  სხეული  მყვირალა ფერების უგემოვნოდ შეხამებული ტანსაცმლით აქვს შემოსილი. თუმცა, ეს „კაუჭა ჯეიმსს” არ ეხება, ის ყოველთვის ჯენტლმენივით იცვამდა. დამესიზმრა და მთხოვა,  გემი დამამალინეო. აი, შუა ზღვაში, რომ ვიდგე და ვერავინ მხედავდესო. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და „კაუჭა ჯეიმზს” ვერაფერი ვურჩიე. ახლა კი ვეტყვი:

-ჯეიმს, მომისმინე, ძვირფასო. ზემოთ დავწერე, რომ სილიციუმს, სანამ ტექნიკაში გამოიყენებენ, გაწმენდა სჭირდება და ამას ქლორის მეშვეობით აკეთებენ-თქო. სილიციუმს მრგვალძირა კოლბაში აცხელებენ და მასში ქლორს გაატარებენ. შედეგად სილიციუმის ტეტრაქლორიდის ორთქლი  გამოიყოფა. ის  სისტემის მაცივარს გაივლის და მიმღებ ჭურჭელში უფერო სითხედ კონდენსირდება. Si+Cl2=SiCl4. თხევადი სილიციუმის ტეტრაქლორიდი ჰაერზე ბოლავს და ნისლს წარმოქმნის. ეს იმიტომ, რომ  წყალთან შეხებისას (ჰაერის შემადგენლობაში კი წყლის ორთქლია) მიმდინარეობს ჰიდროლიზი და წარმოიქმნება სუსტი მეტა სილიციუმის მჟავა, რომელიც მაშინვე გარდაიქმნება სილიციუმის ოქსიდის ჰიდრატად. ასე, რომ ეკიპაჟის ბიჭებს ქვიშა მოატანინე, სტატიაში დაწერილი მეთოდებით სილიციუმის ტეტრაქლორიდი მიიღე, მერე ჭურჭელს  თავი მოხსენი და  ისეთ ნისლს დაატრიალებ, შენი გემიან განძეულიანად ვერავინ დაგინახავს.

-გაიგე, ჯეიმს??

 

 

მოსწავლეების თვალით დანახული დისტანციური სწავლება

0

დასრულდა 2019-2020 სასწავლო წელი, რომლის  მეორე სემესტრი უჩვეულოდ გამორჩეული გამოდგა. გაგვიჩნდა ახალი საზრუნავი – როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება სახლიდან აქტიურად და ნაყოფიერად.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ადიდებულ მდინარეს ჰგავდა. მის ერთ ნაპირაზე ვიდექით ჩვენ მასწავლებლები, მეორე მხარეს კი – მოსწავლეები (მშობლები). ორივე მხარე თანაბრად ცდილობდა თავისი წილი ხიდის გადებას/აშენებას, რათა დაძლეულიყო ბარიერი.

ქართული საგანმანათლებლო სივრცის „ონლაინ ბიბლიოთეკა“ ძალიან მალე შეივსო სასარგებლო რესურსით. უამრავი წერილი დაიწერა დისტანციური სწავლების პროცესზე,  მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, აქტივობებზე, რომელთა გამოყენებაც შეგვეძლო ამგვარ ფორმატში.

როგორც გითხარით, მდინარის მეორე მხარეს იყვნენ ჩვენი მოსწავლეები. მათაც არანაკლები ჯაფა და შრომა გასწიეს ამ პერიოდში. მით უმეტეს, ისინიც ყოველგვარი წინასწარი მზაობის გარეშე აღმოჩნდნენ ამ პროცესში. განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი ორი კვირა, კრიტიკული პერიოდის გავლის შემდეგ კი შედარებით დალაგდა ყველაფერი, ჩავდექით კალაპოტში და…

* * *

გულწრფელად მსურდა გამეგო, რას ფიქრობდნენ ჩვენი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე, როგორია მათი თვალით დანახული ონლაინსწავლება, საგანმანათლებლო პლატფორმები და ელრესურსები. წერილში შემოგთავაზებთ (ანონიმურობის პრინციპის დაცვით) მათ გულახდილ საუბრებს – „როგორ გაილია 4 თვე დისტანციურ საკლასო ოთახში“…

ჩემი მიზანი მარტივი იყო – მოსწავლეებს მოეხდინათ თვითრეფლექსია, დაფიქრებულიყვნენ, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში დისტანციური სწავლების გააქტიურებით. აქედან გამომდინარე აქცენტი  რამდენიმე მიმართულებაზე გავაკეთე, კერძოდ:

  • დაესახელებინათ დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • გაეზიარებინათ, რა გამოცდილება შეიძინეს დისტანციური სწავლების პროცესში და რომელი დამატებითი პროგრამები შეისწავლეს დროის ამ მონაკვეთში;
  • ეფიქრათ, მომავალში დისტანციური სწავლების რომელი კომპონენტის/კომპონენტების გამოყენებაა შესაძლებელი ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესის პარალელურად;
  • როგორ ხედავენ ისინი მომავლის სკოლას?!

კითხვარში გავითვალისწინე, როგორც რაოდენობრივი ნაწილი, ასევე, მათ მივეცი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ღია კითხვების მეშვეობით. შედეგი კი სხვადასხვა გრაფიკულ ორგანაიზერში გავწერე, რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი.

საერთო ჯამში კითხვარი შეავსო 207- მდე მოსწავლემ. აქედან 21% იყო დაწყებითი საფეხურის, 51% საბაზო საფეხურის,  ხოლო, 28% საშუალო საფეხურის. კოლეგების დახმარებით კითხვარის შევსება შეძლეს კახეთის, ქვემო-ქართლის, თბილისის, რაჭის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსწავლეებმა.  შესაბამისად, მივიღეთ მრავალფეროვანი გეოგრაფიული არეალი.

საინტერესო იყო, ძირითადად რომელი მოწყობილობის საშუალებით  ესწრებოდნენ ონლაინგაკვეთილებს და ასრულებდნენ დავალებებს. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეების უმეტესობა იყენებდა, ძირითადად, მობილურ ტელეფონს. ეს დადასტურდა მცირე კვლევითაც.

გამოკითხულთა 14% იყენებდა მხოლოდ ლეპტოპს/კომპიუტერს. ჩემი დაკვირვებვით, შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ლეპტოპის/კომპიუტერის საშუალებით იყვნენ  პროცესში ჩართულნი, გამოირჩეოდნენ მაღალი პროდუქტიულობით, ვიდრე მობილური ტელეფონით ჩართული მოსწავლეები, რაც დასტურდება მათ მიერ შესრულებული დავალებებით.

შემდეგი კითხვა ეხებოდა მოსწავლეთა ზოგად დამოკიდებულებას სწავლის ამდაგვარი მეთოდის/საშუალების მიმართ. მათი პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

ჩემ მიერ ჩატარებული მინი-კვლევის ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო, ნაწილი იყო დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთა. T დიაგრამაზე იხილავთ, ძირითადად, რაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე მინდა, გაგიზიაროთ  რამდენიმე გამორჩეული პასუხი.

დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები
„არ დავრჩით გაკვეთილების გარეშე და არ ჩამოვრჩით პროგრამას;გვრჩება ძალიან დიდი დრო კლასგარეშე ლიტერატურის საკითხავად“;მაქსიმალურად დაცული ვიყავით COVID-19-ისგან“;გაკვეთილების ცხრილი უკეთესად იყო მორგებული მოსწავლეებზე“;არ გვქონდა ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი“;შესაძლებელია გაკვეთილის ჩაწერა და შემდგომში ნახვა“;ჩანაწერის ყურების შემდეგ უფრო ადვილად ვაკეთებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან კონსპექტებს“;გამოჩნდა რეალურად, ვის აინტერესებს სწავლა და ვის არა“;აკადემიურ წლად არ გამოცხადდა“;მასწავლებლები ბევრად მომზადებული არიან, ვიდრე სკოლაში და უფრო მოწადინებულნიც;გვქონდა ელექტრონული ტესტირებები;მასწავლებლების მიერ ელექტრონული პრეზენტაციების ხშირი გამოყენება;დავალებების (განსაკუთრებით თემების, ნარკვევების,ესეების) ელექტრონულად გადაგზავნა;ანიმაციებით, ფილმებით კონკრეტული საკითხის შესწავლის შესაძლებლობა; მასწავლებლები გვთავაზობდნენ პრეზენტაციებს და სხვა თვალსაჩინოებებს;ნაკლები ზეწოლა გამოკითხვისას (ზეწოლაში არ გულისხმება რაიმე სერიოზული, უბრალოდ არის ზოგჯერ შემთხვევები, როდესაც სტრესული ხდება მუდმივი გამოკითხვა);მეტი ზოგადსაგანმანათლებლო ინფორმაციის მოწოდება (ეს ყველაფერი არის ის, რაც დისტანციურ სწავლებას მეტად სასიამოვნოს ხდის)“;მასწავლებლებმა დაუღალავი შრომა გაწიეს (ვგულისხმობ მათ, ვინც არ იყვნენ მიჩეულნი კომპიუტერთან, ინტერნეტთან მუშაობას, ყველაფერი გააკეთეს ამ მოკლე დროში, რომ აეთვისებინათ პროგრამა)“. ბავშვების ნაწილი არ/ვერ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცეში;ვერ მივიღეთ, ისეთ ცოდნა, როგორიც გვესაჭიროებოდა;ძალიან დამღლელა და დიდხანს გვიწევს მობილურთან კონტაქტი, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის თვალებზე, ტვინზე და ა.შ“;ხანგრძლივი დროის ტარება კომპიურეტთან, მობილურთან;   ინტერნეტის და შუქის პრობლემები (ამის გამო გავაცდინე რამდენიმე გაკვეთილი);ტექნიკური სირთულეები;დროის სიმცირე (20-25 წუთი) არ არის საკმარისი;ბევრი ბავშვი, თავს აჩვენებდა თითქოს გაკვეთილზე იყო, მაგრამ სინამდვილეში სადღაც იყვნენ გასულნი;ყველას არ აქვს ინტერნეტი და მოწყობილობა; არ გვაქვს მეგობრებთან ურთიერთობა;ცუდი ინტერნეტი და მოუწესრიგებელი ელექტროსისტემა (შუქები ხან იყო ხან არა);მასწავლებლები ბევრ დავალებას გვაძლევენ ვიდრე სკოლაში;მასწავლებელთა ნაწილმა კარგად არ იცოდპროგრამის გამოყენება;გაკვეთილის მოყოლის საშუალება არ გვქონდა;დისტანციური სწავლებისას თითქოს რაღაც თვალსაზრისით  ბარიერი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ეკრანი და ისე ეფექტურად ვერ ხდება აზრების გაცვლა;„ჩვენ არ ვიყავით მზად ამგვარი სწავლებისთვის“.

აი, მაგალითად, ერთ-ერთი პასუხი ეხება ტრადიციულ სკოლაში მიყოლებით ჩანიშნულ გაკვეთილებს.

„სკოლაში ისეა აწყობილი ცხრილი, რომ ამოსასუნთქი დრო არ გვრჩება. 5წუთიანი დასვენებები და ერთი დიდი დასვენება არაფერია. დისტანციური სწავლების დროს ხანდახან ერთსაათიანი თავისუფალი დრო გვქონდა. ამ დროის განმავლობაში ვისვენებდი და შემდეგი გაკვეთილისთვის მოტივაციაც მეზრდებოდა. ახლა ვფიქრობ – რა იქნება, ჩვეულებრივ, სკოლაშიც რომ გვქონდეს თუნდაც 45წუთიანი თავისუფალი დრო?“

ეს კონკრეტული მოსწავლე ღიად საუბრობს მისი თვალით დანახულ პლიუსებზე და მინუსებზე.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან  სწავლის გაგრძელება  ონლაინ მაინც შევძლით.  ეს იყო რაღაც ახალი, რამაც თავიდან ძალიან დამაინტერესა, მაგრამ შემდეგ თითქოს მოტივაციამ იკლო. რატომ? უმეტესწილად გვესმოდა მხოლოდ მასწავლებლის და მოსწავლეების ხმა, რაც მოსაბეზრებელია, აჯობებდა ეთქვათ ჩვენთვის, რომ კამერები ჩაგვერთო, ასე ერთმანეთს დავინახავდით და ასე უფრო საინტერესო გახდებოდა გაკვეთილი. იყო ხოლმე დენის პრობლემა, როცა თიშავდნენ და ვერ ვახერხებდი შესვლას, ასევე ხანდახან, ინტერნეტი ჭედავდა. იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლის ხმა არ ისმოდა. ყველაზე მეტად ვბრაზდებოდი, როცა იტყოდნენ მასწავლებლები გაკვეთილის დაწყების დროს, ხან 10 წუთის მერე რეკავდნენ, ხან ნახევარი საათის და ხანაც ერთი საათის მერე, რაც ძალიან მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ თიმსით არ ვარ კმაყოფილი, რადგან როცა ტელეფონით ხარ შესული, არ ჩანს, ვინაა შემოსული გაკვეთილზე. ვყოფილვარ გაკვეთილზე და მასწავლებელს ხან მერეღა შევუმჩნევივარ, რადგან ეტყობა ჩემი და სხვა კლასელის ხმა ძალიან ჰგავს ერთნეთს. ხო, სხვა რა შეიძლება ვთქვა? წესით, გაკვეთილი რომ უნდა ჩატარებულიყო მაქსიმუმ 30 წუთი,ზოგი 1 საათი გვიტარებდა, ზოგი საათნახევარ და შემდეგ გაუსაძლისი ხდებოდა მასწავლებლის მოსმენა. იყო შემთხევები, რომ თავის ტკივილიც კი გამოუწვევია და შემდეგ იმის სურვილიც და ძალაც აღარ მქონია, დავალება შემესრულებინა. მანაღვლებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საგანი (პროგრამა) ვერ ჩავამთავრეთ და არ გვაქვს ის ცოდნა, რაც, წესით, უნდა გვქონოდა. მაგრამ, იმედია, ეს გამოსწორდება. მაინც კარგია, რომ აკადემიურ წლად არ გამოაცხადეს ეს წელი და კიდევ ტელეგაკვეთილები ძალიან მომეწონა, მით უმეტეს, ქართულის მასწავლებელი უფრო მრავალფეროვანი იყო და უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მანამდე, სკოლაში. მართლა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ვინ გასწავლის?!

მონაცემების დამუშავებისას, ჩემი ყურადღება მიიქცია ისეთმა დადებითმა მხარეებმა, როგორებიცაა: სიმყუდროვე/კომფორტი, მოსწავლეებზე მორგებული გრაფიკი და ნაკლები დატვირთვა. ხოლო, უარყოფით მხარედ ძირითადად დასახელდა ცუდი ინტერნეტი, არასრულფასოვანი განათლება, მოწყობილობასთან გატარებული დიდი დრო და ეკრანი როგორც ბარიერი.

კითხვარში, მოსწავლეებს ვთხოვე, დაეკონკრეტებინათ და ემსჯელათ, თუ რა განსხვავება დაინახეს სახლიდან სწავლასა და ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესს შორის. გთავაზობთ ამონარიდებს მათი პასუხებიდან:

დამაინტერესა, მოახერხეს, თუ არა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და ათვისება. გამოკითხული მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ, თვითონ დაიწყო რესურსების შექმნა. მოსწავლეებს ვთხოვე, დაესახელებინათ, რა გამოცდილება შეიძინეს დისტანციური სწავლების პროცესში/რომელი პროგრამები შეისწავლეს/რომელ პროგრამებში დაიწყეს მუშაობა ამ დროის განმავლობაში.

გამოკითხული მოსწავლეების დიდი ნაწილი შეკითხვის პასუხად ასახელებდა დავალების ვორდში დაწერას, Power Point-ში პრეზენტაციის აწყობასა და ზოგადად Teams აპლიკაციას.

დისტანციური სწავლების დაწყებიდან მოსწავლეთა ჩართულობა იყო პრობლემა. აღნიშნულს ადასტურებს მოსწავლეთა პასუხები შეკითხვაზე: თქვენი კლასელების, დაახლოებით, რამდენი პროცენტი იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში?

ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. აქედან გამომდინარე, დავინტერესდი მომავალში, რამდენად ისურვებდნენ სწავლის გაგრძელებას. 207 გამოკითხული მოსწავლიდან, მხოლოდ, თხუთმეტმა ისურვა სამომავლოდ დისტანციურ სწავლებაში ჩართვა. ამ ნაწილის მიგნება არის ის, რომ გამოკითხულთა 55% ნაწილობრივ მზადაა, ჩაერთოს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში. ალბათ, გაინტერესებთ, რომელი კომპონენტის/ნაწილის გამოყენებას თვლიან შესაძლებლად მომავალში საგაკვეთილო პროცესის პარალელურად. მოდით, გავეცნოთ მათ პასუხებს.

ცხადია, იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არცერთი კომპონენტის გამოყენებას არ ისურვებდნენ სამომავლოდ. სასიამოვნოა, რომ გამოკითხული მოსწავლეების უდიდესი ნაწილი საკუთარ საქმიანობას ონლაინსწავლის პროცესში დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

პასუხების ანალიზმა მიჩვენა, რომ ჩვენი ახალგაზრდები ზედმიწევნით აცნობიერებენ არსებულ რეალობას. გადაწყვეტილების მიმღები პირები საინტერესო მიგნებებს გააკეთებენ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბავშვებს აზრს არ ეკითხებიან, არ ხდება მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, არც მათი მოსმენის კულტურა გვაქვს. გადაწყვეტილებების მიმღები პირები (მშობლებიდან დაწყებული, სამინისტროებით დამთავრებული) ხელმძღვანელობენ პრინციპით – „ჩვენ უკეთ ვიცით“, ბავშვებს რა სჭირდებათ. ამ მცირე გამოკითხვამ ნათლად დამანახა, თუ როგორი მოაზროვნე თაობა გვყავს დღეს, როგორ უნდათ, რომ მათ ვინმე რამეს ეკითხებოდეს. მათი პასუხების გაცნობის შემდეგ დასკვნა თქვენთვის მომინდია. მთავარია, ვისწავლოთ მათი მოსმენა დღეს და ეჭვგარეშეა, ხვალ მომავლის შეცვლას უკეთესობისკენ შევძლებთ.

 

 

როგორ შევქმნათ ,,არატრადიციული’’ პრეზენტაცია პროგრამა Padlet.com-ის დახმარებით

0

რატომ მოსწონთ მოსწავლეებს ინტერაქტიული თამაშები?

პასუხი მარტივია: ამგვარი თამაშების გამოყენებით სწავლების პროცესი სახალისოა, მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამაშით ნასწავლი თითქმის არასდროს ავიწყდებათ, რადგან ინტერაქტიული თამაშების უმრავლესობა დაფუძნებულია კონსტრუქტივისტულ პრინციპზე, კეთებით სწავლებაზე, ცოდნის სამი კატეგორიის ერთიანობაზე. დეკლარატიულ და პროცედურულ ცოდნას მოსწავლეები საჭირო დროს და საჭირო ადგილზე  პირობისეული ცოდნის სახით პრაქტიკაში იყენებენ (ცოდნის ტრანსფერი).

ელექტრონულ ინტერაქტიულ სავარჯიშოებს შორის გამორჩეულია პროგრამა Padlet.com, რომელიც  ამავდროულად დაფის როლს ასრულებს.

პროგრამა უფასოა. დარეგისტრირება ძალიან მარტივად ხდება. საკმარისია, საძიებო ველში ჩავწეროთ Padlet.com და ფანჯარაში ავირჩიოთ რეგისტრაციის სასურველი ფორმა:

 

 

პროგრამაში შესვლის შემდეგ ვაწკაპებთ ღილაკზე 

ამის შემდეგ გამოჩნდება სხვადასხვა ფორმატი. პრეზენტაციის შესაქმნელად ვირჩევთ ამ შაბლონს.

 

 

ვაწკაპებთ ღილაკზე Select და ინტერაქტიული დაფა-კედელი უკვე შექმნილია.

პრეზენტაციის დასათაურებისთვის  მარჯვენა ზედა კუთხეში ვაწკაპებთ სამ წერტილს. ჩამოიშლება ჩამონათვალი, ვირჩევთ Modify-ს, შემდეგ – title-ს და ვწერთ სათაურს. ამავე ფანჯარაში, ჩამონათვალში, მოვძებნით Wallpaper-ს, სადაც ფერებისა და ფონების მრავალფეროვანი არჩევანია.

სასურველი ფერისა და ფონის შერჩევის შემდეგ save ღილაკის დახმარებით მონაცემებს შევინახავთ.

პრეზენტაციის შესაქმნელად ელექტრონული დაფა-კედელი მზადაა.

საძიებო ველიდან (ბრაუზერიდან) ვიღებთ თამაშის ბმულს და ვუგზავნით მოსწავლეებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რეგისტრაციის გარეშე, დაუბრკოლებლად  აღმოჩნდნენ საპრეზენტაციო კედელზე.

როდესაც ყველა მოსწავლე დაინახავს თავისი მოწყობილობის ეკრანზე დაფა-კედელს, ვაწვდით ,,არატრადიციული’’ პრეზენტაციის შექმნის ინსტრუქციას. კედლის მარჯვენა კუთხეში, ვარდისფერ ღილაკზე დაწკაპებით, ყველა მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ ბარათს, ანუ ,,ადგილს’’ კედელზე, სადაც რეალურად უნდა შექმნას პრეზენტაცია. (დაწეროს სათაური, დაბეჭდოს ტექსტი ან საძიებო სივრციდან ჩასვას მზა ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა).

ისრის დახმარებით შესაძლებელია, როგორც პროგრამის ბაზაში არსებული, ასევე სამუშაო მაგიდაზე წინასწარ მომზადებული ფოტოების ჩასმა.

ეს სიმბოლო ჰიპერბმულის ჩასმის საშუალებას გვაძლევს.

ღილაკის დახმარებით შეგვიძლია ინტერნეტსივრციდან ავტვირთოთ სასურველი ტექსტი, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალა.

თუ დავაწკაპებთ ამ ღილაკს, ჩამოიშლება საძიებო ველი, სადაც კომპლექსურად შეგვიძლია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასალის პოვნა.

მინდა, გაგიზიაროთ, წინასწარ დაგეგმვის გარეშე, როგორ შექმნეს ჩემმა მეთხეკლასელებმა, ერთი გაკვეთილის განმავლობაში,  პრეზენტაცია: ,,საქართველოს კუთხეები და ტრადიციები’’.

თავდაპირველად მათ გავაცანი ,,არატრადიციული’’ პრეზენტაციის შექმნის ინსტრუქცია (პროგრამა Padlet.com მათთვის უკვე ნაცნობი იყო) და ერთად შევიმუშავეთ წარდგენის კრიტერიუმები.

მოსწავლეები სურვილისამებრ განაწილდნენ წყვილებში, ,,შემთხვევითობის’’ პრინციპით აირჩიეს კუთხე, კედლის ფონად – საქართველოს რუკა  და დაიწყო ძიებისა და ფუსფუსის არაჩვეულებრივი წუთები. მათ უპრობლემოდ შეძლეს ტექსტის, აუდიო-, ვიდეო- და ფოტო მასალის მოძიება და კედელზე განთავსება.

 

მოსწავლეებმა შესრულებული დავალების პირველად ვარიანტს რედაქტირება გაუკეთეს, შექმნეს გაუმჯობესებული ვარიანტი და მომდევნო გაკვეთილზე ორიგინალურად წარმოაჩინეს შესაბამისი კუთხის ისტორია-ტრადიციები.

ერთი გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი ,,არატრადიციული’’ პრეზენტაციის საბოლოო სახე ასეთი გახლავთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ტიპის პრეზენტაციის შექმნა შესაძლებელია, როგორც ჩვეულებრივ, საგაკვეთილო, ასევე – ონლაინსწავლების პროცესში.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ოთახში მოსწავლეები ინდივიდუალურად ან წყვილებში ასრულებენ დავალებას, ხოლო ონლაინსწავლების დროს – ეკრანის გაზიარებით, ინდივიდუალურად. შესაძლებელია ჯგუფურადაც, თუმცა ამ დროს სამი სხვადასხვა დაფის შექმნაა საჭირო.

ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია კიბერუსაფრთხოების ნორმების დაცვა. ამიტომ, უმჯობესია, როდესაც მოსწავლეებს მსგავსი ტიპის დავალებას ვაძლევთ, შევთავაზოთ ჩვენ მიერ წინასწარ შერჩეული სანდო და უსაფრთხო ბმულები, სადაც მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას.

 

პიტერ გრეი: TEDx Asbury Park-ის ლექცია ბავშვების თამაშის შესახებ

0

ბოსტონ-კოლეჯის ფსიქოლოგიის დოქტორის, პიტერ გრეის ლექცია თამაშისა და ბავშვების განვითარებაში მისი როლის შესახებ (ლექცია მოცემულია შემოკლებებით).

დოქტორი პიტერ გრეი: „საღამო მშვიდობისა, მე გახლავართ მკვლევარი, რომელიც თამაშის ბიოლოგიურ და ევოლუციურ კუთხეს შეისწავლის. მაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც განმარტავენ იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა თამაში აუცილებელი ადამიანისთვის ბუნებრივი სელექციის პროცესში, ანუ მაინტერესებს თამაშის ევოლუციური ფუნქცია. დავიწყებ ცხოველებით. ძუძუმწოვრების თითქმის ყველა სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენელი თამაშობს. თამაშისას ისინი ივითარებენ სხეულს, სწავლობენ ფიზიკურ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გადარჩენისთვის და ითვისებენ სოციალურ და ემოციურ უნარებს. ერთად თამაშისას ცხოველები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, ფიზიკურად ახლოს ყოფნას, ერთმანეთის ხელის შეშლის გარეშე – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარია. სარისკო თამაშებისას ისინი სწავლობენ სარისკო ნაბიჯების გადადგმას დაზიანების გარეშე  – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა, რომელიც მათ შემდგომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და ბევრ სიტუაციაში გადაარჩენს.

სამეცნიერო ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს ახალგაზრდა ცხოველებს – უმეტესწილად საცდელ ვირთხებს  და ხანდახან მაიმუნებს – არ აძლევდნენ თამაშის საშუალებას, თუმცა მათ არ უკრძალავდნენ სხვა სახის სოციალურ ურთიერთობას. ვირთხებზე ცდებმა აჩვენეს, რომ შედეგად მათი ემოციური და სოციალური უნარები სრულად ვერ ჩამოყალიბდა. როდესაც ერთ-ერთ ასეთ ცხოველს (რომელსაც თამაშის გამოცდილება წაართვეს) რომელიმე ახალ, უცნობ ან სახიფათო გარემოში ათავსებთ, ისინი კუთხეში შეშდებიან და არ შეუძლიათ გარემოსთან ადაპტაცია. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ისინი არ ეძებენ ახალ ადგილს. თუ ასეთ ცხოველს უცნობ, ამავე სახეობის ცხოველთან მოათავსებთ, ისინი შიშისგან შეშდებიან, შემდეგ კი შეუსაბამო აგრესიით  ესხმიან თავს მეორეს.

მათ არ იციან, როგორ უპასუხონ მეორე ცხოველის სოციალურ სიგნალებს. არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ის ძუძუმწოვრები, რომლებსაც ყველაზე დიდი ტვინი აქვთ და ყველაზე მეტი აქვთ სასწავლი, ყველაზე მეტ დროს ატარებენ თამაშში.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ბავშვები, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, ბევრად უფრო მეტს თამაშობენ, ვიდრე რომელიმე სხვა, მცირე ასაკის ძუძუმწოვარი ცხოველები. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა ასპირანტმა სტუდენტებმა ჩავატარეთ იმ ანთროპოლოგთა გამოკითხვა და ნაშრომების მიმოხილვა, რომლებიც მსოფლიოს იზოლირებულ ადგილებში მონადირე-შემგროვებელი ხალხების კულტურას სწავლობდნენ.

ჩვენი შეკითხვები ეხებოდა ბავშვებსა და მათ თამაშებს იმ კულტურაში, რომელსაც ისინი სწავლობდნენ. ათი გამოკითხული ანთროპოლოგისგან, რომლებიც მონადირე-შემგროვებელ ხალხებს სწავლობდნენ, უკლებლივ ყველამ  გვითხრა, რომ ამ კულტურის ბავშვები, მოზარდების ჩათვლით, სრულიად თავისუფალნი იყვნენ თამაშის ხანგრძლივობაში, ადგილის არჩევასა თუ თამაშების ტიპში. ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, ბავშვები გათენებიდან დაღამებამდე თამაშით იყვნენ გართულნი, ყოველდღე.

ამ ტომების წარმომადგენელი ზრდასრულები თამაშზე დასმულ შეკითხვას პასუხობდნენ – „ჩვენ ბავშვებს თამაშის საშუალებას ვაძლევთ, რადგან ასე ბავშვები იმ უნარებს ივითარებენ, რომლებიც აუცილებელია სრულწლოვან ასაკში“.

ზოგიერთმა ანთროპოლოგმა იმ ჯგუფიდან, რომელსაც ჩვენ ვიკვლევდით, აღნიშნა რომ მინადირე-შემგროვებელ ხალხთა ბავშვები, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ, იყვნენ ყველაზე გონიერი, ბედნიერი და თანამშრომლობისთვის მზადმყოფნი, კარგად იყვნენ ადაპტირებულნი გარემოსთან და ადვილად უძლებდნენ რთულ სიტუაციებს.

ბიოლოგიური ევოლუციის კუთხით, თამაში არის ის საშუალება, რომლის შემშვეობითაც ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა ადამიანი ეუფლება იმ უნარებს, რომლებიც მისთვის აუცილებელია სრულწლოვანების ასაკსა და ზრდასრულობაში.

რელიგიური კუთხით, შეიძლება ვთქვათ, რომ თამაში ღმერთის საჩუქარია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრებას ღირებულად აქცევს. ახლა კი ცოტა სევდიანი რამ უნდა გითხრათ: ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ჩვენ ეს საჩუქარი ნელ-ნელა მოვსპეთ. ამ პერიოდში მოხდა ნამდვილი, თავისუფალი თამაშის შესაძლებლობის ეროზია.

ეს დადასტურებულია ისტორიკოსებისა და სოციალური მეცნიერებების მიერ. მეც საკმაოდ ასაკიანი გახლავართ და ეს ეროზია თვითონ მაქვს ნანახი. 1950 წელს, როდესაც ბავშვი ვიყავი, უამრავი დრო და შესაძლებლობა მქონდა თამაშისათვის. ჩვენც დავდიოდით სკოლაში, მაგრამ მაშინ სკოლა ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორიც იგი დღეს არის.

შეიძლება ზოგს არ ახსოვს, მაგრამ ჩემი სასკოლო წლების დროს, ზაფხულის არდადეგები ხუთი კვირით მეტი იყო, ვიდრე ეს დღეს არის. სასკოლო დღე მხოლოდ ექვსი საათი გრძელდებოდა. დაწყებით კლასებში ამ ექვსი საათიდან ორს ეზოში ვატარებდით. იმ დროს ნახევარსაათიანი შესვენებები გვქონდა დილით და შუადღისას, ხოლო სადილისთვის შესვენება სრული ერთი საათი გრძელდებოდა. ამ დროს შეგვეძლო, სადაც გვსურდა, იქ წავსულიყავით.

ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ საკლასო ოთახში ერთ საათზე მეტი, ანუ ოთხი საათი მთელი დღის მანძილზე. იმ დროს „საშინაო დავალება“ დაწყებით კლასებში უბრალოდ არ არსებობდა. საშინაო დავალებები ჰქონდათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მაგრამ ბევრად უფრო ცოტა, ვიდრე ეს დღეს არის.

სკოლის შემდეგ გვქონდა რუტინული სახლის/საოჯახო სამუშაო, ზოგიერთ ჩვენთაგანს – დროებით მცირე სამსახურიც. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, სკოლის შემდეგ ჩვენ თამაშით ვიყავით დაკავებულნი – მთელი საათების განმავლობაში სკოლის შემდეგ, მთელი შაბათი და კვირა და მთელი საზაფხულო არდადეგების პერიოდი.

ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ, როდესაც ბავშვი ვიყავი, გახლდით სკოლის მოსწავლე და თან ვიღებდი მონადირე-შემგროვებელთა განათლებასაც.

იმ დროს, ბავშვებს შეეძლოთ ნებისმიერ ადგილას ესეირნათ და ეთამაშათ სკოლის შემდეგ და იმ დროს ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს ნახავდით ყველგან – ეზოებში, ქუჩებში, ბაღებში და მათ თამაშს არავინ ზედამხედველობდა!

დღეს კი, აშშ-ის გარეუბნებსა და ქალაქებში, თუ ნახავთ, რომ სადმე ბავშვები თამაშობენ, ეს აუცილებლად ორგანიზებული თამაშები იქნება: ბავშვები, გამოწყობილნი სპორტულ უნიფორმებში, თამაში მოვლილ სტადიონზე. როგორც წესი, იქვე იქნებიან ზრდასრული მწვრთნელები და მშობლები, რომლებიც მაყურებლის როლში უყურებენ ბავშვების თამაშს.  ჩვენ ამას თამაშს ვეძახით, თუმცა ეს არ გახლავთ თამაში სამეცნიერო განსაზღვრებით. ეს არ არის ნამდვილი თამაში!  თამაში, მეცნიერული განმარტებით წარმოადგენს თვითკონტროლირებად და თვითმართულ აქტივობას და სწორედ თვითმართულობა აძლევს მას საგანმანათლებლო ხასიათს.

აქვე მოგახსენებთ რამდენიმე მიზეზს რამაც თამაშის დეგრადაცია გამოიწვია:

ერთი, რა თქმა უნდა, გახლავთ ის, რომ ძალიან გაიზარდა სკოლის წონა და როლი. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ გაბატონდა, ასე ვთქვათ, ბავშვის განვითარების „სასკოლო ხედვა“. ამ ხედვის თანახმად, ბავშვები ყველაფერს უკეთ სწავლობენ უფროსებისგან (ზრდასრულებისგან). ბავშვების დამოუკიდებელი თვითმართული თამაშები დროის კარგვაა. ამას ასე არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს ყველა იმ წესსა და პოლიტიკაში, რომელიც ბავშვების მიმართ არსებობს.

შესაბამისად, გამოდის, რომ ბავშვობა, როგორც თავისუფლების პერიოდი, გადაიქცა [ბავშვებისთვის] რეზიუმეს შენების პერიოდად.

სხვა მიზეზი, რომელიც ზედამხედველობის გარეშე თამაშის წინააღმდეგ შეიქმნა, დაკავშირებულია შიშებთან. უმეტესწილად, იმ ირაციონალურ შიშებთან, რომლებსაც მედია და ექსპერტები ავრცელებენ „გარეთ“ თამაშის შესახებ: თუ ჩვენ არ ვუყურებთ/ვზედამხედველობთ ბავშვების თამაშს ის შეიძლება სახიფათო იყოს. ბევრი ეთანხმება ამ შიშების აბსურდულობას, მაგრამ ბევრისთვის ისინი მისაღებია.

გარდა ამ ყველაფრისა, არის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზიც: რადგან გარეთ ცოტა ბავშვი თამაშობს, „ეზო“ და „გარეთ“ ნაკლებად მიმზიდველი სივრცეა ბავშვებისთვის. ასევე, დაცლილი სივრცეები ნაკლებად უსაფრთხოა. ანუ ის ბავშვები, რომლებიც ეზოში ჩადიან სათამაშოდ, ვერავის პოულობენ თამაშისათვის და უბრალოდ სახლში ბრუნდებიან.

არ იფიქროთ, 50-იანი წლების რომანტიზაციას ვცდილობდე. დღეს მრავალი თვალსაზრისით უკეთესი სამყარო გვაქვს, მაგრამ დღევანდელო სამყარო ბევრად უარესია ბავშვების ჩამოყალიბება-განვითარების თვალსაზრისით.

 

სილამაზე, რომელიც სკოლაში ვერ ვისწავლეთ

0

ყველას მოგვეპოვება რაღაც – პირადი ტრადიციისმაგვარი. ჩემი პროფესიული ტრადიცია ასეთია:

სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეზე“ საუბრისას, ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვთხოვ ნახონ ორი ფილმი – ერთი ძალიან ცნობილი, მეორე – არც თუ ისე. ტრადიცია მოითხოვს,  სტუდენტებს ამ თხოვნით მაშინ მივმართო, როდესაც სოფოკლეს ტექსტში ოიდიპოსის მიერ თვალების დათხრის ეპიზოდის განხილვას მივადგებით ხოლმე.

ამ ეპიზოდში თვალდათხრილი, მაგრამ უკვე ჭეშმარიტების მწვდომი ოიდიპოსი ამბობს:  „რად მინდა თვალის სინათლე, თუკი თვალხილულს არაფერი მინახავს ტკბილი?“[1].

ოიდიპოსის ეს ერთი ფრაზა საუკეთესო ეპილოგად გამოდგებოდა, ადამიანთა მოდგმის ზოგადი ტრაგედია რომ დაეწერა ვინმე დიდებულ დრამატურგს, რომლის ფაბულაშიც სხვა მრავალ მოტივთან ერთად აუცილებლად ამოიკითხავდით ამბავს „ლამაზი“ და „მახინჯი“ ადამიანების შესახებ:

ცოტა ხნის წინ, ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი ქალის ფოტო ააფრიალეს სოციალურ ქსელში, როგორც სიმბოლო სიმახინჯისა, რასაც ამ მშვენიერი და ნიჭით უხვად დაჯილდოებული ქალის მიმართ და საერთოდ, ქალთა მოდგმის მიმართ განმაქიქებელი კომენტარები მოჰყვა.  მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ მათი აზრით, ეს მსახიობი ლამაზია, რასაც არანაკლებ განმაქიქებელი პასუხები მოჰყვა და როგორც ხდება ხოლმე, ატყდა დიდი ხოხრხოცი და ლანძღვა-გინება. ალბათ არ მივაქცევდი ამ ამბავს ყურადღებას, ეს სტატუს-კომენტარები „სილამაზის ტრფიალ“ პოეტთა საზოგადოებაში რომ არ დატრიალებულიყო.

ამ დროს ძალიან მინდოდა, გაცოცხლებულიყო სოკრატე და მისთვის ჩვეული ირონიით, თითოეული განმაქიქებელი კომენტარის ავტორისთვის დაესვა ერთი „სულელური“ კითხვა – „მეგობრებო, რა არის სილამაზე?“

არ ვიცი რას უპასუხებდნენ ჩვენი თანაფეისბუქელნი სოკრატეს ამ კითხვაზე, მაგრამ ერთ რამეში თითქმის დარწმუნებული ვარ – აუცილებლად ანატრებინებდნენ ათენურ სასამართლოს – ფეისბუქსასამართლოს ფონზე.

„სულელური“ ტყუილად არ ვახსენე. ალბათ მხოლოდ სულელი შეეცდება ახსნას რა არის სილამაზე. და ვინაიდან მეც თავს სულელთა კატეგორიას მივაკუთვნებ, შევეცდები -რამდენიმე ეპიზოდის მოშველიებით ავხსნა, თუ რა არის სილამაზე და რატომ არ არსებობს სიმახინჯე იქ, სადაც ადამიანია – მითუმეტეს, თუ გჯერათ, რომ – ღმერთის მიერ საკუთარ სახედ და ხატად შექმნილი ადამიანი.

სანამ ამას ვიზამდე, წინასწარ ვითხოვ პატიებას მამაკაცებისგან და ლამაზი ქალებისგან იმისთვის, რომ მაქვს:

  • ზედმეტი წონა
  • კეხიანი ცხვირი
  • ჩაშავებული თვალის უპეები
  • არცთუ გრძელი თითები
  • ყველა სიკეთესთან ერთად – დაბალი ვარ
  • თმაც არეულ-დარეული სტრუქტურისა მაქვს
  • თვალის ფერიც – არაფრით გამორჩეული
  • სხეულზე რაღაც ლაქებიც აღმენიშნება
  • არც პრიალა კანი მაქვს
  • არც გამოქანდკებული ტუჩები
  • არც მშვილდივით მოზიდული წარბები

და მოკლედ, ძალიან რომ არ დაგღალოთ, პატიებას ვითხოვ კაცებისგან და ლამაზი ქალებისგან, რომ ლამაზი არ ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ, არც ვცდილობ როგორღაც გავლამაზდე და მათ თავი მოვაწონო.

დაიჯერეთ რაც გითხარით? მშვენივრად მომიტყუებიხართ. არა, იმ ჩამონათვალში კი არა, ბოლოსკენ – დასკვნაში ანუ ეპილოგში, ლამაზი არ ვარ-მეთქი. ახლა თავიდან უნდა მოგიბოდიშოთ, იმიტომ რომ არც გამხდარი ვარ, არც მაღალი, არც კანპრიალა, არც ნაქანდაკარი ნაკვთების მქონე  და ასე შემდეგ – მაგრამ იცით, ლამაზი ვარ – და ამას, თქვენდა გასაკვირად, საკმაოდ ხშირად მეუბნებიან. თუ არ გჯერათ, გამიცანით, რა პრობლემაა!

სინამდვილეში, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გარშემო არის უამრავი ადამიანი – რა თქმა უნდა კაცებიც, მაგრამ ძირითადად მაინც ქალები, რომლებსაც რაღაც უცნაურ სილამაზის სტანდარტებში ჩაკვეხებას აიძულებს ჩვენი კეთილი და სილამაზის ტრფიალი საზოგადოება, უხმო თუ ხშირად საკმაოდ ხმაურიანი მოწოდებებით:

  • აბა, კარგად შეისუნთქეთ, თუ საჭირო გახდა, საერთოდაც ნუ ისუნთქებთ, იქნებ როგორმე ჩაეტიოს თქვენი სხეული „სილამაზეში“.
  • აბა, თმა ათასი სურნელოვანი ზეთითა და კრემით დაიმუშავეთ, იქნებ როგორმე ჩაიშალოს თქვენი თმები „სილამაზეში“
  • აბა, კანი ლაზერებითა და ბოტოქსით (და სხვა სახელები არ მახსენდება) დაიმუშავეთ, იქნებ როგორმე ჩაიჭიმოს თქვენი კანი „სილამაზეში“.
  • აბა, ცხვირი მიიჭერ-მოიჭერით ან აიპრიხეთ, იქნებ როგორმე ცხვირიც ჩაყოთ „სილამაზეში“.
  • აბა, კბილები ჩაისწორეთ ან ყბა მთლიანად გამოიცვალეთ, იქნებ როგორმე ამოივსოს თქვენი პირი „სილამაზით“.
  • აბა, ქუსლებიც არ დაგავიწყდეთ, თუ ჩამოვარდით, არაუშავს – სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს, იყავით მსხვერპლი, მთავარია ჩაეკვეხოთ „სილამაზეში“.

და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

თუმცა დასასრული არის ხოლმე ყოველთვის ერთი: მას ანტიკურ ტრაგედიაში ეპილოგი ჰქვია და როგორც წესი, კატასტროფასა და მთავარი გმირის მიერ საკუთარი შეცდომის გააზრებას მოჰყვება ხოლმე. ფაქტობრივად, აქ მთავრდება გმირის სიცოცხლეც – ის ძველი სიცოცხლე და იწყება ახალი, რომელშიც ტრაგიკულმა გმირმა უკვე იცის რა არის ნამდვილი სილამაზე, სინათლე და ჭეშმარიტება.

არისტოტელეს თანახმად, სოფოკლეს ზემოთ დასახელებული ტრაგედიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოიდიპოსი – დადებითი პერსონაჟი, რომელიც ყველასთვის პატივსაცემ ფიგურად აღიქმება, შეცდომას სჩადის. ოიდიპოსის მთავარი შეცდომა კი ისაა, რომ მას შეუვალად ჰგონია – იცის, რა არის ჭეშმარიტება. მას ჰგონია, რომ მართლა ბრძენია. იგივე პრობლემა აქვს კრეონსაც, რომელსაც სოფოკლეს „ანტიგონეში“ საკუთარი შვილი შეახსენებს: „ვისაც ჰგონია, რომ მარტოდენ ის ფიქრობს სწორად, ან მართალს ამბობს, ან მარტოა სულით მდიდარი, როგორც კი გახსნი, ცარიელი შეგრჩება სულაც. ადამიანი, რაც არ უნდა ბრძენკაცი იყოს, მეტის შეცნობა სამარცხვინო როდია მისთვის“[2].

ოიდიპოსს კი ამ მოჩვენებით სიბრძნეში თავისი უმეცრების აღმოჩენისას მარადიულ საყვედურად აღმოხდება საკუთარი თვალების მიმართ – რომ მაშინ, როცა მათ მზერის უნარი გააჩნდათ, სიმართლე ვერ დაანახეს.

ჩემი ტრადიცია მოითხოვს, პირველი ფილმად, რომელსაც სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ ამ ეპიზოდზე საუბრისას შევთავაზებ ჩემს სტუდენტებს, პიერ პაოლო პაზოლინის „ოიდიპოს მეფე“ (Edipo Re, 1967) დავასახელო.  მიუხედავად ფროიდისეულ „ოიდიპოსის კომპლექსზე“ მკაფიო ხაზგასმისა, პაზოლინის ეს ფილმი თავიდან ბოლომდე მზერაზეა – უფრო ზუსტად კი ჭვრეტაზე. საამისოდ ფილმის პირველი და ბოლო სცენების გახსენებაც კმარა: პაზოლინის სურათი იწყება დაბადების სცენით და მას მოსდევს ხედი მდელოზე მიწვენილი ბავშვით, რომელიც თვალებს ახელს. ეს ბავშვი ოიდიპოსია, ანუ ის ბრმა მუსიკოსი, რომელიც ბოლო სცენაში იმავე ადგილას ბრუნდება და ამბობს: „სიცოცხლე მთავრდება იქ, სადაც დაიწყო იგი“ და პირველად სწორედ ახლა ხედავს იმ მდელოს, ხეებსა და სინათლეს, რომელსაც ჩვილმა ბევრი წლის წინ შეხედა, მაგრამ ვერ დაინახა, იმიტომ რომ არ გააჩნდა ჭვრეტის უნარი. და ესაა ადამიანთა მოდგმის ტრაგედიის მთავარი ამბავი – უყურებ და ვერ ხედავ, დაინახავ – და სიცოცხლე მთავრდება. თუმცა ალბათ აქვე იწყება სხვა სიცოცხლე – უფრო დიდი და მარადიული, ისეთი, როგორიც ოიდიპოსს კოლონოსში მოევლინა. თუმცა მთავარი აქ ჭვრეტაა ჭეშმარიტებისა, რომელიც სილამაზის ენაზე რომ ვთარგმნოთ, ტამარ ვან დენ დოპის ფილმს მივიღებთ – ანუ ჩემი ტრადიციის შემდეგ ნაწილს:

ფილმში „ბრმა“ (Blind, 2007) მე-19 საუკუნის ამბავია მოთხრობილი – ამბავი სილამაზის შესახებ, რომლის დანახვასაც თვალხილულობა სულ არ სჭირდება, უფრო პირიქით. „პატარა პრინცის“ მელაკუდაც ხომ ამას გვასწავლის – რომ მხოლოდ გული ხედავს კარგად, რადგან თვალისთვის ხშირად შეუძლებელია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

ტამარ ვან დენ დოპის ფილმის პერსონაჟს – უსინათლო რუბენს ამბის დასაწყისში ეს პრობლემა არ უდგას – იგი სწორედაც რომ გულით ხედავს და მთელი არსებით უყვარდება ქალი, რომელიც მისი და ჩვენი სამყაროს მიერ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებში სულაც ვერ ჯდება. მარი რუბენს წიგნებს უკითხავს, ამბებს უყვება და ახალგაზრდა კაცსაც მასავით ლამაზი არავინ ჰგონია დედამიწაზე. სიყვარულის ეს ამბავი მაშინ წყდება, როცა რუბენს ოპერაციას უკეთებენ და მხედველობა უბრუნდება. წყდება იმიტომ, რომ მარი საკუთარი ნებით მიდის ამ დროს მისი ცხოვრებიდან, ვინაიდან იცის – ვერ ჯდება რუბენის სილამაზის სტანდარტებში და რაღატომღაც, სურს სამუდამო ილუზიურ სილამაზედ დაამახსოვროს თავი საყვარელ არსებას. თუმცა ამბავი მაინც გრძელდება. გრძელდება მათი შემთხვევითი შეხვედრით, როცა რუბენი მარის ხმაში ამოიცნობს იმ სილამაზეს, ასე ძალიან რომ უყვარდა. გრძელდება ცუდად, რადგან თვალხილულ რუბენს ოიდიპოსის ტრაგედია დაატყდება თავს, ოღონდ უკუღმა – მხედველობის დაბრუნების კვალდაკვალ, იგი სილამაზის ჭვრეტის იმ უნარს კარგავს, რომელიც მხოლოდ გულს გააჩნია.

იცით რას შვება ბოლოს რუბენი?  – მაპატიეთ, დასასრულიც უნდა გიამბოთ: მას მთელი ცხოვრება ოცნებად ჰქონდა, გაზაფხულზე – აყვავებული ხეები და ყვავილები დაენახა, სილამაზე ასე შეეგრძნო. მაგრამ რუბენი სილამაზის შეგრძნების უნარს მხოლოდ მაშინ იბრუნებს, როცა ნანატრ გაზაფხულზე – აყვავებულ ხეებსა და ყვავილებს შორის, საკუთარი ნებით თვალებდათხრილი ზის და მისთვის ყველაზე უფრო დიდი და ჭეშმარიტი სილამაზის – მარის დაბრუნებას ელის.

ეს ფილმი სევდიანი ფილმია, მაგრამ იმედისმომცემიც, იმიტომ რომ მისი ნახვისას ვხვდებით – არსებობენ ადამიანები, რომელთაც იციან, რომ სილამაზე არა ფიზიკური, არამედ სულიერი მოცემულობაა, რომ სილამაზე მხოლოდ მაშინაა სილამაზე, თუ მის დასანახად მხედველობა კი არა, ჭვრეტა გჭირდება.

ეს ყველაფერი იმიტომ გიამბეთ, რომ ჩემ გარშემო უამრავი ლამაზი ადამიანია, რომლებსაც ეპოქებისგან, წყობათაგან, სოციუმისგან თავს მოხვეული სულელური სტანდარტების გამო, თავი ლამაზებად არ მიაჩნიათ, უფრო მეტიც – რაღაც „ზედმეტი“ კილოგრამი თუ რაღაც „ზედმეტი“  თმის ღერი მძიმე ემოციურ ფონად ექცევათ ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცამ ერთხელ ან ბევრჯერ უთხრა – სილამაზე ასეთია და არა ისეთიო.

ეს კი ყველაზე მეტად მიკვირს, განსაკუთრებით მათგან, ვისაც სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ დიდი ბარათაშვილის უკვდავ სიტყვებს: „სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების / და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, / აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისგან შენამჭვალები, / ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!…“ – მიკვირს მათგან, ვინც ბარათაშვილს დიდ პოეტად მიიჩნევს, საკუთარ თავს – მისი გზის გამგრძელბლად და მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად აფრიალებს ვინმე რიგითი ადამიანის ფოტოს, როგორც თვალსაჩინო ნიმუშს „სიმახინჯისა“.

მე უკვე გიამბეთ ჩემს პროფესიულ ტრადიციაზე, მაგრამ აქ ჩვენი საზოგადოების თითქმის პროფესიულ ტრადიციასაც მივადექი – დაცინვას იმ კაცებისა და უფრო მეტად – ქალების მიმართ, რომლებიც ამ საზოგადოების მიერ დასწავლილ სილამაზის სტანდარტებში ვერ ან არ თავსდებიან: ეს ნაწილი ადამიანთა მოდგმის იმ ტრაგედიის კულმინაციაა, ზემოთ რომ ვისურვე, ვინმე დიდ დრამატურგს დაეწერა. გნებავთ, არისტოტელესეული ტერმინით – ჰამარტია ანუ შეცდომა ვუწოდოთ, ვინაიდან საბედისწერო შეცდომაა, როცა ფიქრობ, რომ სილამაზე:

  • სხეულის ამ თუ იმ ფორმაში ძევს
  • თვალის ფერში სუფევს
  • თმის ღერში განისვენებს
  • წარბის მოზიდულობაში გაიშოლტება
  • აპრეხილ ცხვირზე ჩამოესვენება
  • პრიალა კანზე განივრცობა
  • და ასე შემდეგ

შეცდომაა, ვინაიდან ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოაჩინო, რომ:

  • სხეულმა ფორმა იცვალა
  • თვალის ფერი გადახუნდა
  • თმის ღერი გაქრა
  • წარბი გაცვდა
  • აპრეხილი ცხვირიც ჩამოდნა
  • პრიალა კანი დაიჭმუჭნა
  • და ასე შემდეგ.

და როცა ამას აღმოაჩენ, შეგიძლია მიულოცო საკუთარ თავს, რომ მთავარი უკვე მოხდა – მოჩვენებით სილამაზეს, მოჩვენებით სიბრძნეს თავი დააღწიე, ჭვრეტა ისწავლე. და ამ დროს გირჩევთ, გაიხსენოთ მშვენიერების შესახებ შექმნილი ყველაზე დიდი წიგნი – პლატონის „ნადიმი“ და ამ წიგნში სოკრატეს პირით მოთხრობილი მარადიული სწავლება დიოტიმასი: „თუ სიცოცხლეს რამე აზრი აქვს, ჩემო ძვირფასო სოკრატე, ამ აზრს აბსოლუტური მშვენიერების ჭვრეტა იძლევა მხოლოდ“[3], სულის სალბუნად კი ბარათაშვილის უკვდავი ლექსის პლატონური სულისკვეთების სტრიქონებიც მოიშველიოთ, რომელსაც სკოლაში კი გვასწავლიდნენ, მაგრამ ვერაფრით ვერ ვისწავლეთ:

„თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,

მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს…

… მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება

და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება“.

 

 

[1] სოფოკლე, „ოიდიპოს მეფე“, გია ხომერიკის თარგმანი, სტრ. 1334-1335.

[2] სოფოკლე, „ანტიგონე“, გია ხომერიკის თარგმანი, სტრ. 707-711

[3] პლატონი, „ნადიმი“, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, XXIX თავი.

მოგზაურობა სახლიდან მსოფლიოს გარშემო

0

არსებობს ერთი გადასარევი ქართული საბავშვო წიგნი: “მხიარული ოჯახი”, – რომელზეც მასწავლებლის ჟურნალშიც დაგვიწერია და თუ მის შესახებ მეტის გაგებას მოისურვებთ, შეგიძლიათ, მაკა ლდოკონენის ორი წლის წინანდელ სტატიას გაეცნოთ. მე მხოლოდ მის ერთ-ერთ გმირზე, ტარტალინა კუზინეზე, და მისით შთაგონებულ მოგზაურობებზე მოგიყვებით, რომლებმაც სახლში ყოფნის უსასრულო დღეები ცოტათი უფრო საინტერესო გახადა, ფანტაზიაც გაგვივარჯიშა და სამყაროს შესახებ ცოდნაც გაუმდიდრა ბავშვებს.

ტარტალინე კუზინე ბურთივით მრგვალი ქალია, რომელსაც თავზე ჩიტუნების გუნდი ისე ახვევია, თითქოს ყვავილების გვირგვინი ადგასო. თხა ჰყავს, რომელიც ხელზე გამობმული დაჰყავს, ეს თხა კი მის ჩემოდანს დაატარებს, რომლითაც ქალს სოფლიდან ქალაქში ჩიტების დასაპურებლად ჯანსაღი საკვები დააქვს. წიგნის გმირები, პატარა ბავშვები, ტარტალინა კუზინეს მატარებელში ხვდებიან, როცა ის ქალაქიდან თავის სოფელში ბრუნდება. ეს მსუნაგი, მხიარული და ენერგიული ქალი ბავშვებს აჩვენებს თავისი საყვარელი რეცეპტების წიგნს, რომელიც, მისი აზრით, ყველაფერზე საინტერესოა, “სიყვარულიან წიგნზეც, თავგადასავლების წიგნზეც და დეტექტივზეც”. ტარტალინა კუზინეს რეცეპტების წიგნი იმისთვის კი არ სჭირდება, რომ მის მიხედვით კერძები მოამზადოს, – არამც და არამც. ეს წიგნი მისთვის ამბების გამოგონების და წარმოსახვითი მოგზაურობის ინსტრუმენტია. წევს ტარტალინე კუზინე დივანზე და წარმოიდგენს, როგორ მიდის “ნიგვზიანი მინდვრის მხლის” მომზადებამდე ნაძვებისა და ფიჭვების ტყეში, როგორ მიაბიჯებს რბილ, წიწვებით მოფენილ მიწაზე, სადაც ხეების ქვეშ სოკოები ფშვინავენ და ტოტებზე კუდფართხუნა ციყვები დახტიან. როგორ აგროვებს ნაძვის კევს და როცა ტყე მთავრდება, როგორ ადის თოვლიან მთაზე, ქარსა და სიცივეში. მერე როგორ დადის მდელოზე, სადაც ბაბუაწვერები და გვირილებია და ბოლოს და ბოლოს იწყებს მხლისთვის ბალახბულახის შეგროვებას. ოღონდ მართლა კი არა, ისევ წარმოსახვით.

“თუ გაზაფხულია, ვაგროვებთ იის, ენძელის და ფურისულას ფოთლებს, უჰ! რა სურნელია და ამაზეც რამდენი რამის წარმოდგენა შეიძლება! ოჰ! თუ შემოდგომაა, ვაგროვებთ ნაცარქათამას, დანდურს და ამაზეც რამდენი რამის წარმოდგენა შეიძლება. უჰ! და ყოველთვის ვაგროვებთ ჭინჭარს! აბა, რას წარმოვიდგენთ ამ დროს? რა თქმა უნდა, ზაფხულს, სოფელს და მეზობლის ხეხილის ბაღს, საიდანაც უგემრიელესი ვაშლები, მსხლები თუ ბლები გვეძახიან, გინდა თუ არა, მოგვიპარეთო. ჩვენც მეტი რა გზა გვაქვს? ღობეზე ვხტებით ხილის მოსაპარად და ამ დროს ღობის ძირას ამოსულ ჭინჭარში ვვარდებით შიშველი ფეხებით! უუუჰ! რა მწარეა, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, მოპარული ხილია გემრიელი. ოღონდ მარტო ხილი და არაფერი სხვა! ხომ გასაგებია?!

ახლა მხლისათვის ყველანაირი ბალახბულახი გვაქვს: იის ფოთოლი, ენძელის ფოთოლი, ფურისულას ფოთოლი, ნაცარქათამა, ჯიჯილაყი, დანდური, ჭინჭარი… და რა გვჭირდება? კა-კა-ლი! ოო, ვეებერთელა კაკლის ხეა, ფუღუროიანი, ფუღუროში ბუების ოჯახი ცხოვრობს…“ – უყვება ტარტალინა კუზინე ბავშვებს და ისინიც უსმენენ თვალებდახუჭულები, ხედავენ ყველაფერს, რაზეც ეს უცნაური ქალი ლაპარაკობს, ესმით, როგორ ზუზუნებს ქარი მწვერვალზე ასვლისას და ცხვირში უღუტუნებთ ბაბუაწვერას წიპწები მდელოზე სირბილისას.

“შინ რომ დავბრუნდებით, ბებიას რეცეპტების რვეული უნდა წავიკითხო, დარწმუნებული ვარ, იმდენ რამეს წარმოვიდგენ, შეიძლება წიგნიც კი დავწერო. უი, მწერალი ხომ არ გამოვსულიყავი?” – ფიქრობს პატარა ბიჭი მას შემდეგ, რაც ტარტალინა კუზინე ემშვიდობება მათ და მატარებლიდან ჩადის.

 

ჩვენ წიგნი არ დაგვიწერია, მაგრამ ასე მოგზაურობის იდეა მოგვეწონა. ამიტომაც დავთქვით, კვირაში ერთხელ, სადილობისას, ჩვენი სამზარეულო რომელიმე ქვეყანა იყოს, სადაც სიამოვნებით ვიმოგზაურებდით, მოვუსმინოთ იმ ქვეყნის მუსიკას, ვჭამოთ იმ ქვეყნის საჭმელი, წავიკითხოთ იმ ქვეყნის სახელოვანი ქალებისა და კაცების ამბები, გავიგოთ, როგორი ამინდია, რა აცვიათ, რა ადარდებთ და რა უხარიათ… და ასე ვიყავით ვენეციის კარნავალზე, ბუდისტურ ეკლესიებში, ჩრდილოეთის ციალს ვუყურეთ მუმინების ხეობიდან და სპილოებზე ამხედრებულებმა ვიმგზავრეთ ინდოეთში.

 

ლიტერატურა და ფანტაზია, ცოდნა და მოგზაურობაც ხომ იმისთვის არსებობს, რომ სამყარო უკეთ გაიცნო და რთული დღეები მარტივად გადააგორო.

მეოთხე კლასის დამრიგებლის განცდები და აქტივობები, რომელიც მღელვარებას გადაგვატანებს

0

დასრულდა 2019-20 სასწავლო წელიც. ბოლო სასწავლო თვეები უჩვეულო რეჟიმში ურთიერთობით გავატარეთ. განსაკუთრებით, დასაწყისში ყველას გვეხამუშებოდა ეკრანის მიღმა ნათქვამი ,,გამარჯობა მას“,  ,,მინდა ჩაგეხუტოთ“… შემდეგ, თითქოს შევეჩვიეთ…

ალბათ ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მე-4 კლასს ასრულებდნენ მოსწავლეებთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურად ესმოდათ მოსწავლეებისგან წუხილი იმაზე, რომ მომავალ წელს ის მათი მასწავლებელი აღარ იქნებოდა. მეც ამ მასწავლებელთა რიგებში ვარ და ჩემი ფიქრები მინდა გაგიზიაროთ.

რთული ყოფილა ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, ძვირფასები, გაზრდილები, აღზრდილები და რაღაცნაირად, შენიანები კლასში აღარ დაგხვდებიან. ეს ცოტა დამთრგუნველია. თქვენ ხომ ერთად შესაძლებლობების აღმოჩენის და გამოვლენის, გამბედაობის, მცდელობების და გამოწვევების დაძლევის 4 წელი გაატარეთ! ბევრი ბედნიერი ღიმილით დატვირთული. ამ ოთხმა წელმა ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევასთან ერთად, მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც გაგვაცნობიერებინა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა!

წლევანდელი სასწავლო წელი ონლაინ დასრულდა. შესაბამისად, გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების და აქტივობების განხორციელება ნაკლებად მოხერხდა. მოსწავლეები საკუთარ მასწავლებლებს ისევ ეკრანს მიღმა დაემშვიდობნენ. 15 ივნისს, თიმსის პლატფორმაში ჩანიშნული ბოლო გაკვეთილიც შედგა და ჩემს უმცროს მეგობრებს ზაფხულში წასაკითხი წიგნები შევთავაზე, პატარა პრეზენტაციის სახით ვაჩვენე თითოეული წიგნი და მცირე ინფორმაცია, საინტერესო მომენტები გავუზიარე პერსონაჟებზე და შინაარსზე,  მცირე დისკუსია გავმართეთ ჩემი მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რა შეიძლებოდა მიგვეღო ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რა ემოცია და განწყობები გაუჩნდათ, გამიზიარეს. როდესაც მათ დასაბუთებულ, თავისუფალ, ლოგიკურ, მრავალფეროვან მსჯელობებს ვუსმენდი, სწორედ მაშინ გამიელვა გონებაში ფიქრმა, რომ ეს მოაზროვნე ადამიანები სექტემბრიდან ყოველდღიურად ჩემ გვერდით აღარ იქნებიან, არც მე მერქმევა მათი დამრიგებელი და ერთად ვეღარ დავატრიალებთ დიდ, ფერად, სასარგებლო, სააზროვნო, განსხვავებულ, სასიამოვნო და მხიარულ საგაკვეთილო პროცესს. აი, ისეთს, რომლისგან მიღებული სარგებელი თითოეულ მასში მონაწილე ადამიანში რომ შემოდის და თვითშეფასებას გიმაღლებს, სიამაყის შეგრძნებას გიჩენს, გიბიძგებს, მეტი და მეტი იფიქრო და შეძლო, გაფიქრებინებს – ,,ნუთუ, ეს მე ვთქვი? გავაკეთე? შევძელი?“ … ამ სასწავლო წელს ბოლო ონლაინ გაკვეთილიც დასასრულს უახლოვდება და მე, ასეთი ფიქრებით სავსე, ომახიანად ვემშვიდობები მოსწავლეებს, რომლებიც სევდას და გულწრფელ წუხილს ვერ მალავენ, რომ დამშვიდობება გვიწევს არა სექტემბრამდე, არამედ სულ. და ეს „სულ“ კიდევ უფრო მაფორიაქებს. ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ წინ მეგობრობის, სიყვარულის და წარმატების ბევრი ბედნიერღიმილიანი წუთი გველის! ხსნიან შეკრულ წარბებს და  მათ მოღუშულ სახეებს ღიმილიანი სახეები ანაცვლებს.

ეკრანს ვცილდები და ვფიქრობ, მართლაც, რა ემოციურად რთული სექტემბერი მაქვს გადასატანი… –„კარგი რა, ახალ მოსწავლეებს გაიცნობ და ისინიც ასე შეგიყვარდება, მათთანაც უამრავ წარმატებას და სიხარულს იგემებ“ – მეუბნება მეორე მე. ვმშვიდდები. „ – მართალს ამბობ, თუმცა“…  – ,,არავითარი თუმცა, თავი შეიკავე“, – მეუბნება ისევ ის, მეორე, ოპტიმისტურად მოაზროვნე და გულმაგარი. მიხარია, რომ ისიც მე ვარ, გამამხნევებს მაინც. დავიწყე ფიქრი, როგორ შემიძლია ამ პირველ „მეს“ და მოსწავლეებს, მარტივად და საქმიანად გადავატანინო ახალი სასწავლო წლის პირველი სემესტრი.

ჩვენ ხომ მასწავლებლები ვართ, უსაზღვრო შესაძლებლობების მქონენი. შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი აქტივობები, რომლებიც გაგვიადვილებს სევდის გადატანას. რამდენიმე მათგანი მინდა გაგიზიაროთ, რომელიც მომაფიქრდა :

  • ჩვენი ახლად გაცნობილი მოსწავლეები ჩვენს, აწ უკვე მეხუთეკლასელ მოსწავლეებს გავაცნოთ. მათ ბევრი საერთო აქვთ, ყველაზე მთავრი კი თავად ჩვენ ვართ, მათი პირველი მასწავლებელი. გაცნობითი აქტივობა მხიარულ და პოზიტიურ გარემოში შეგვიძლია მოვაწყოთ, მაგალითად, სკოლის ეზოში ან დარბაზში. შეხვედრის გარემო უმჯობესია ფერადი და მხიარული იყოს, ფერადი ბუშტები ან ლენტები დაგვეხმარება ამაში. შესაძლოა რაიმე ისეთი შტრიხიც შევძინოთ, რაც მოსწავლეებს გააოცებთ, მაგალითად, ამობეჭდილი ფოტოები: უფროსი მოსწავლეების ფოტოები, სადაც ისინი პირველკლასელები იყვნენ, ხოლო უმცროსებისთვის, როდესაც ისინი ბაღში დადიოდნენ. ამოვბეჭდოთ და ირგვლივ ჩამოვკიდოთ. უკვე შინაურული გარემო შეიქმნება, გააცნობიერებენ, რომ ცხოვრებისეულ ეტაპებს ყველა გადის. შეგვიძლია ფერად ბუშტებში მოვათავსოთ პატარა, ფერად ქაღალდებზე დაწერილი სახალისო კითხვები ყველა მოსწავლისთვის. დიდებისთვის განკუთვნილი კითხვები იყოს გასახსენებელი ამბების შემცველი, როდესაც ისინი პირველად მოვიდნენ სკოლაში. ეს საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პატარებს. ხოლო უმცროსებისთვის განკუთვნილ ფურცლებზე მოვათავსოთ ამობეჭდილი ილუსტრაციები, სადაც მოცემული იქნება სასკოლო ამბები. ეს მათ საშუალებას მისცემს, ალაპარაკდნენ, აღწერონ მოცემული ილუსტრაცია და თან დაურთონ საკუთარი მოლოდინიც.

ბუშტები განვათავსოთ ორ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, ერთი მხარე უფროსებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე უმცროსებისთვის. გახეთქავ ფერად ბუშტს(უჩხვლეტ ჩხირს), რომელ ფერსაც გინდა და იქიდან გადმოვარდება შენი ,,დავალება“.

ეს შეხვედრა დაამშვიდებს და პოზიტიურად იმოქმედებს თითოეულ მათგანზე. უმცროსები „აღმოაჩენენ“, რომ 4 წლის წინ, მათ წინ მყოფი ამხელა გოგო-ბიჭები, სწორედ მათნაირები იყვნენ, უფროსები კი თვალს გადაავლებენ ტკბილ მოგონებებს.

შეხვედრა სიმღერის, ცეკვის და, რა თქმა უნდა, თამაშის გარეშე ვერ დასრულდება. შეგვიძლია სახალისო და ჯგუფური თამაშებიც შევთავაზოთ ბავშვებს.

თუ ბუშტის გახეთქვა რომელიმეს გაუჭირდება, მეგობარი დაეხმარება ამაში.

  • გაცნობის შემდეგ, შევეცადოთ, დავამეგობროთ, ვათანამშრომლოთ და ერთობლივად განვახორციელებინოთ რაიმე პროექტი. შეგვიძლია სასწავლო თემატიკის მიხედვით შევარჩიოთ და შევთავაზოთ თემა ბავშვებს.  ან, რაიმე ზოგადი თემა ავიღოთ. შესაძლოა ერთი შეხვედრა  ისევ ერთობლივი მოვაწყოთ. მაგალითად, ჩამოვსხდეთ სკოლის ეზოში და მოვიფიქროთ თემები, იქიდან კი შევარჩიოთ ერთი სასურველი და გავანაწილოთ როლები, ვინ რას გააკეთებს ამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში. უმცროსებს თავისი შესაფერისი საქმე ექნებათ, უფროსებს –  თავისი.
  • შეგვიძლია კედლის გაზეთის დაარსება შევთავაზოთ, რომელზეც ასევე, ერთობლივად იმუშავებენ. უმცროსები საკუთარ ნახატებს, გადაღებულ ფოტოებს(ეს დღევანდელ თაობას უკვე კარგად შეუძლია), ან სხვა ტიპის ნაშრომებს მიაწვდიან უფროსებს. ასე მათ ჩართვას შევძლებთ აქტივობაში.
  • მასწავლებელს, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ის როგორც მშობლებისგან მიღებული ინფორმაციით, ასევე თავისი აქტიური დაკვირვებით და ყოველდღიური ურთიერთობით მეტ-ნაკლებად გაიცნობს  ახალ მოსწავლეებს, შეუძლება შექმნას პატარა სპექტაკლის სცენარი, რომლის მონაწილეები იქნებიან მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლეები. საინტერესო იქნება სემესტრის ბოლოს განხორციელებული ერთობლივი სპექტაკლი.

ეს ყველაფერი, ორგანიზების კუთხით, ვიცი, არც ისე მარტივია. თუმცა, ამავდროულად, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოდ, სახალისოდ და საინტერესოდ მესახება, რომ აღარაფერი ვთქვა იმ თანმდევ, სასარგებლო შედეგებზე, რომელსაც ასეთი აქტივობებით მივაღწევთ . სკოლა ხომ ერთი დიდი ოჯახია, რომლის ყველა წევრი ერთმანეთისთვის ძვირფასი და ახლობელი უნდა იყოს. ამ ოჯახში,  ახალი წევრებისთვის, დამხვედრებმა მეტი უნდა გააკეთონ. გარდა ამისა, განშორების სევდაზე ფიქრისთვის დრო აღარც მასწავლებელს და აღარც მოსწავლეებს აღარ დარჩებათ.

ჩემი ფიქრების ბოლოს კი, რა თქმა უნდა, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მასწავლებელზე, რომელიც ჩემს ფუნქციას და სტატუსს შეითავსებს ჩემს მოსწავლეებთან. სიმართლე გითხრათ, მისდამი უდიდეს სიყვარულს, პატივისცემას და სიახლოვეს განვიცდი, რადგან ჩემი გულის ნაწილებს იბარებს. ამიტომ ახლობლად აღვიქვამ.

კარგი იქნება, თუ მისთვის ცალკე შევქმნით ,,ე. წ. ,,შინაურულ წერილს“, რომელშიც მოვყვებით თითოეული მოსწავლის მახასიათებლის შესახებ თუ არა, ზოგადად, კლასის შესახებ მაინც. შეგვიძლია გავუზიაროთ კლასის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, ბავშვებისადმი ჩვენი წარმატებული მიდგომები, კლასის ფასეულობები და ა. შ. ეს ყველაფერი მას  დასაწყისში, პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება. ჩვენი თანადგომის და იმედის ქონის შეთავაზება არ დაგვავიწყდეს. ალბათ, ისიც განიცდის და თავისებურად დაძაბულია ახალი კლასის მოლოდინში. თანაც, მნიშვნელოვანი საერთო გვაქვს, შესაძლოა ისიც დაემშვიდობა თავის მეთორმეტეებს, რომლებთანაც ორჯერ ოთხი წლის ურთიერთობა აკავშირებს. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ორი მასწავლებლის მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა სწავლის პირველ სემესტრში, როდესაც ყველაზე დიდია შფოთვა როგორც ჩვენში, მასწავლებლებში, ასევე, მოსწავლეებშიც.

 

როგორ მივიდეთ „ალმამდე“

0

საერთაშორისო პრემია საბავშვო ლიტერატურაში, „ალმა“ (Astrid Lindgren Memorial Award), 2003 წელს დაარსდა. შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის სახელი მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი და ძვირფასია, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მისი სახელობის პრემია, რომლითაც თანამედროვე საბავშვო ლიტერატურული პროცესები ფასდება და რჩეულები გამოვლინდება. შვედეთში „ალმას“ „საბავშვო ნობელსაც“ უწოდებენ. ის ლინდგრენის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში დაარსდა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად და მის მიერ დანერგილი ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.

ყველა ქვეყანა, რომელსაც კი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს შვედეთთან, უფლებამოსილია, იყოს „ალმას“ წევრიც. საქართველო მას 2006 წელს შეუერთდა. ამ პრემიაზე ნომინანტთა წარდგენის უფლება მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკას აქვს.

პრემიის მოსაპოვებლად ყოველწლიურად იმართება კონკურსი, რომელშიც „ალმას“ საბჭოს ჟიური  მთელი მსოფლიოდან წარდგენილი ნომინანტების შემოქმედებას განიხილავს. პრემიისთვის ყოველწლიურად ასახელებენ ნომინანტებს ოთხ ნომინაციაში: 1. მწერალი; 2. ილუსტრატორი; 3. ორგანიზაცია ან პირი, რომელიც წიგნის პოპულარიზაციას ეწევა და 4. არტისტი, რომელიც სცენიდან კითხულობს ფოლკლორსა და საბავშვო ლიტერატურას.

პრემიაზე წარსადგენად ორი ძირითადი მოთხოვნაა: ა) ავტორი ცოცხალი უნდა იყოს; ბ) მისი ნამუშევრები (სიტყვიერება თუ მხატვრობა) უნდა იზიარებდეს ასტრიდ ლინდგრენის ეთიკურ/ესთეტიკურ მრწამსს და ჰქონდეს მაღალი მხატვრული ღირებულება.

ქვეყნები მაისში წარადგენენ საკუთარ კანდიდატებს, ხოლო ოქტომბერში „ალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე www.alma.ge აქვეყნებს ნომინანტთა სიას.

ყოველწლიურად საშუალოდ 170-180 ნომინანტი გროვდება მთელი მსოფლიოდან. ერთადერთ ლაურეატს მომდევნო წლის მარტის ბოლოს ბოლონიის საბავშვო წიგნის მსოფლიო ფესტივალზე ასახელებს „ალმას“ ჟიური. საპრემიო ფონდი 730 000 ევროა, რომელიც გამარჯვებულს პირველ ივნისს სტოკჰოლმში, საზეიმო ცერემონიალზე გადაეცემა.

საგულისხმო სტატისტიკის მიხედვით, უფრო ხშირად იმარჯვებენ ილუსტრატორები, ინტეგრირებული ავტორები, რომლებიც ერთდროულად ხატავენ და წერენ საბავშვო წიგნს; ამის შემდეგ – მწერლები, შემდეგ – ორგანიზაციები. საერთოდ არ გაცემულა „ალმას“ პრემია ნომინაციაში „ლიტერატურის კითხვა სცენიდან“.

2010 წელს “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” (დამფუძნებლები – ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური) იყო პირველი ნომინანტი „ალმაზე“ საქართველოდან, ორგანიზაციების ნომინაციაში. მას შემდეგ არაერთი ქართველი ავტორი დასახელდა ნომინანტად, თუმცა გზა, რომელიც ავტორმა ამ უაღრესად პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ჯილდომდე უნდა გაიკვალოს, ქართველი ავტორებისთვის კვლავ რჩება ურთულეს, პრობლემებითა და დაბრკოლებებით სავსე გზად.

თუ „ალმას“ ვებგვერდს ეწვევით და გულდასმით დაათვალიერებთ, ნახავთ, თუ რა სამზადისის შედეგია მსოფლიოს თითოეული ქვეყნის ნომინანტთა შემოქმედება, რამხელა რესურსია გაღებული მათი ცნობადობისთვის და პოპულარიზაციისთვის, უპირველესად -საკუთარ ქვეყანაში. ამ ავტორებს ჰყავთ ლიტერატურული აგენტები (ან თავად ითავსებენ ამ სტატუსსაც და წარმატებითაც ართმევენ თავს), ისინი ითარგმნებიან მრავალ ენაზე, მათზე იწერება რეცენზიები, შეფასებები, კრიტიკული წერილები, მათი წიგნები იყიდება მრავალათასიანი ტირაჟით, შესაბამისად, მათ კითხულობენ ბავშვები, ინტერესდებიან გამომცემლობები, ბიბლიოთეკები.

ეს ყველაფერი ბუნებრივად უწყობს ხელს მათ შემოქმედებით განვითარებას და შედეგებიც იმაზე უფრო სახარბიელოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ზოგიერთი ავტორი ათჯერ და მეტჯერაც კი ყოფილა წარდგენილი „ალმაზე“ და მხოლოდ მე-16 ცდაზე მიუღია ნანატრი ჯილდო. ეს მწერლების/არტისტების მუდმივ შემოქმედებით მზაობაზე, დაუღალავ შრომასა და ნაყოფიერ ინტერაქციაზე მეტყველებს.

რა ვითარებაა ქართველ ავტორებთან? ამ წლების განმავლობაში „ალმაზე“ წარდგენილი საბავშვო მწერლების ჩამოთვლაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ: ჩვენც საუკეთესო საბავშვო შემოქმედებას ვთავაზობთ მსოფლიოს და ვუშვებთ მას უზარმაზარ კონკურენციაში. მარიამ წიკლაური, თეა თოფურია, ვასილ გულეური, ირმა მალაციძე, გიორგი კეკელიძე… ამ ავტორებს ჩვენს ქვეყანაში კარგად იცნობენ. იცნობენ მათივე თავგანწირული შრომის, საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედების, უამრავი ინიციატივა-ღონისძიებების წყალობით, თუმცა თავად დარგი – საბავშვო ლიტერატურა – სახელმწიფოებრივი ზრუნვისა და ინტერესის მიღმა რჩება, ეს კი აისახება ამ ავტორთა მდგომარეობაზე, წიგნის გამოცემა-გავრცელების პრობლემებზე, თარგმანების სიმწირეზე.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთ დღესაც ჩვენი ოცნებაც ახდეს და „ალმა“ ქართველმა ავტორმა მიიღოს? უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ავტორების და მათი ნაწარმოებების მსოფლიო საბავშვო ლიტერატურასთან ინტეგრაცია, თარგმნა, პოპულარიზაცია, ნაწარმოებების გასცენიურება, მათზე წერა, რეცენზირება… მწერალი მთელ მსოფლიოში უნდა იყოს ცნობილი თავისი წიგნებით, თარგმანებით, ტირაჟებით, პრემიებით, აქტივობებით, პორტალებით, რეალური თუ ვირტუალური ცხოვრებით.

ქართველ საბავშვო მწერლებს აქვთ თავიანთი უნიკალური სამყარო, სიღრმე და სათქმელი, რაც, ვფიქრობ, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოს კონტექსტში, მაგრამ თუ არავინ დაინტერესდა მათი თარგმნით, უცხოენოვანი მკითხველისათვის მათი შეთავაზებით, ეს დარგი დარჩება ლოკალურ, ჩაკეტილ სივრცეში, რამდენიმე ათასი (ან ბევრად უფრო ნაკლები) მკითხველის ამარა, ჩვენი საზოგადოება კი ისევ სნობურად „გადაწყვეტს“, რომ არაფერი საინტერესო ქართულ ენაზე ამ სფეროში არ იქმნება. შესაბამისად, არც „ალმას“ მოლოდინი იქნება დამუხტული ისეთი ენერგიით, როგორიც, საზოგადოდ, საბავშვო ლიტერატურას ახლავს.

წელს პრემიაზე საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ წარადგინა ირმა მალაციძე (როგორც საბავშვო ავტორი) და ნიქოზის ხელოვნების სკოლა (როგორც ორგანიზაცია, რომელიც ათ წელზე მეტია, კონფლიქტის ზონაში პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობას მომავალი თაობებისთვის).

ირმა მალაციძე, გარდა საბავშვო ტექსტებისა, მრავალი აქტივობის მოთავე და იდეის ავტორია, რამაც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. ელექტრონული თუ ბეჭდური საბავშვო ჟურნალები, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, კონკურსები და მრავალი სხვა ღონისძიება – ეს მისი უმთავრესი საქმეა, მისი დამოკიდებულებაა ბავშვების სამყაროს მიმართ, მისი მოტივაციაა, რათა ეს სამყარო გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი, ახლობელი და საინტერესო მათთვის, ვინც მას შეეხება.

ასეთივე მნიშვნელოვანი და უნიკალურია ნიქოზის ხელოვნების სკოლის საქმიანობა – ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე მეტრზე გაშენებული სოფლის შუაგულში ისეთი შემოქმედებითი ცენტრის არსებობა, რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა რამდენიმე სოფლის ახალგაზრდობა, შესთავაზა მათ უამრავი საგანმანათლებლო და სახელოვნებო რესურსი, გაუფერადა და გაუმდიდრა კონფლიქტის რეგიონში რთული და მუდმივად დაძაბული ყოფა. სწორედ ნიქოზის ხელოვნების სკოლის ეგიდით გაიმართება წელს, სექტემბერში, უკვე მეათედ ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მრავალ ქვეყანაში და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ყოველივე უპირველესად ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას (ჭანტურია) დამსახურებაა. თავად შემოქმედმა და მხატვარმა, შეძლო, მის სამწყსოდ სახელდებული გარემო ექცია ხელოვნების ოაზისად, ეზრუნა თითოეული ბავშვის სულიერებაზე, მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და გამდიდრებაზე, შეძლო, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფელი ექცია რაღაც ძალიან მშვენიერის, ნამდვილის და მნიშვნელოვანის ცენტრად, რომლისკენაც აუცილებლად მრავალჯერ გაგიწევთ გული, თუკი ერთხელ მაინც ესტუმრებით…

ახლა მთავარი ამ მოცემულობების წარდგენაა, მათ შესახებ მოყოლა „ალმას“ ჟიურის წინაშე, ეს კი უპირველესად სახელმწიფოს საქმეა და მერე – საზოგადოების, საბავშვო ლიტერატურის გულშემატკივრების, იმ ადამიანების გულშემატკივრების, ვინც ამდენი წელია ასე ერთგულად, გულწრფელად და უანგაროდ ემსახურება ამ საქმეს.

პანდემიამ და ჩვენმა უახლესმა განსაცდელებმა, რაც ამ თვეებში გამოვიარეთ, ბევრი რამ სულ სხვანაირად დაგვანახა, ბევრ რამეს კი უფრო მეტი შინაარსი შესძინა. მათ შორის – სიყვარულის, სიკეთის, ჰუმანიზმის განცდას და გააზრებასაც. ამ ყოველივეს სწორედ საბავშვო ლიტერატურა იუნჯებს, ამ ფასეულობების გამტარი, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, საბავშვო წიგნებიცაა (და ამის დასტურია დიდი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი, ვის სახელსაც ეს პრემია ატარებს). ვფიქრობ, ჩვენც გვმართებს, ვიყოთ უფრო აქტიურები, უფრო მეტად გულშემატკივრები და მხარდამჭერები ჩვენი ავტორებისა, ჩვენც მათთან ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს კი თავისთავად უამრავ საქმეს და, რაც მთავარია, გულის ჩართულობას გულისხმობს.

მჯერა, „ალმა“ საქართველომდე აუცილებლად მოაღწევს. და მაშინ ყველას გვექნება განცდა, რომ ეს ერთად შევძელით. მათთან ერთად, ვინც თავისი შემოქმედებით, საქმეებით, არ გვტოვებს მარტოებს და გამუდმებით გვახსენებს, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბავშვი. რომ ამ ბავშვს სამყაროს გადარჩენაც შეუძლია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...