შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ამბები დუშეთიდან და არა მხოლოდ. თავი მეოთხე

0

ივლისის ერთ ღამით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდზე წვდომის უფლება აღარ გვქონდა. მისი მფლობელი გახდა, არც მეტი, არც ნაკლები – ოლგა ჰამერ დურაკოვა – რუსული შრიფტითა და ფოტოზე ცინიკური ღიმილით. არ იყო ადვილი ეს საქმე – უპირველეს ყოვლისა, თქვენ გამო არ იყო. მით უფრო, რომ ოლგამ და მერე მისმა ადგილმონაცვლემ წაშალა თითქმის ყველაფერი და შეცვალა გვერდის სახელი. ჰოდა, ის ყველაფერი – ან თქვენთვის იყო ან თქვენი მონაწილეობით – წიგნები, ბიბლიოთეკები, სოფლები, ქალაქები, ადამიანები. ჩვენ განათლების გავრცელებას ვცდილობდით და მგონი, გამოგვდიოდა. ყველა ის ფოტო და ამბავი, რაც აქ იდო, უამრავ განცდას გულისხმობდა და მერწმუნეთ, აწიც იგულისხმებს. კიდევ უფრო მძლავრად და კიდევ უფრო ბევრი თანამოაზრით. არ მინდა მღელვარე და პათეტიკური გზავნილი გამომივიდეს. არ მინდა, იმიტომ, რომ გვერდის გატეხვა არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამბავი, როცა თანამოქალაქეები პანდემიასა თუ მის ნაკვალევზე დარდობენ, სადაც უდანაშაულო ბიჭის მხეცურად მოკვლის საქმეს ვარკვევთ ჯერაც. ამიტომაც არ მივეცი არცერთი ინტერვიუ – არც ტელე- და არც ინტერნეტმედიას. თუმცა ფიქრად კი ნამდვილად ღირს. ფიქრად მტრებზე და მადლობად თქვენთვის.

არაფერი მითქვამს, მაგრამ ახლა ამ საყვარელი გვერდისთვის, „მასწავლებლისთვის“, ვწერ, რომ ეს ყველაფერი თითქოს მაინც წარსულის წაშლის ტოლფასია და იმ ჩანაწერების, ფოტოებისა და ფოტოებზე ადამიანის გაქრობის გახსენება მაინც გულისხმობს მცირე ტკივილსა და გაბრაზებას.  მთელი ოთხი წელი ერთი ხელის მოსმით გააქრეს. მათთვის არაფერი, ჩემთვის ბევრი რამ. ადამიანი მეხსიერების არსებაა და ამ მეხსიერებას იგი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით ინარჩუნებს – ადრე ზეპირად გადასცემდა, მერე უკვე წერილობით და უფრო გვიან ვიზუალურ-ხმოვანი არქივებით. ჩვენ ამ მეხსიერების ჯამი ვართ. დღეს სოციალურმა ქსელებმა იტვირთეს სამყაროს გონის ფუნქცია და მისი ტვინის ხვეულებში ინახება ჩვენი დღეები.

მოკლედ რთული იყო, მაგრამ მე ვაგრძელებ. ახალი ძალით და ენერგიით. მათ შორის თქვენთვისაც, „მასწავლებლის“ შესანიშნავო მკითხველო.

ინტერდისციპლინური სწავლება

0

უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს ერთი და იმავე საგნის სწავლებას ათი სხვადასხვა მხრიდან, ვიდრე ათი სხვადასხვა საგნის სწავლებას ერთი მხრიდან. ცოდნის რაოდენობაში კი არ არის განათლება, არამედ ყოველივე იმის სრულ გაგებასა და ოსტატურ გამოყენებაში, რაც იცი.

. დისტერვეგი

 

განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებაა, რომლის მიღწევის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციით ხდება. ხშირად სკოლაში ბავშვები ბევრ ერთმანეთთან ნაკლებად  დაკავშირებულ საგანს სწავლობენ. როგორ შეძლებენ ისინი სკოლაში 12–წლიანი სწავლის შემდეგ დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან შეიქმნან მთლიანობითი წარმოდგენა სამყაროზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ დაეხმარება მას სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. ბევრი პედაგოგი ითვალისწინებს ამას და პერიოდულად მიმართავს ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც, ბავშვის აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის მას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირების გაბმა სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტური გზა ინტეგრირებული გაკვეთილია. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა სინამდვილის ისეთი მთლიანობითი აღქმა, რომელიც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებას უადვილებს.

ინტეგრირებული გაკვეთილი ინტერდისციპლინური სწავლების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სანამ მისი თავისებურებების განხილვაზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რა არის ინტერდისციპლინური სწავლება.

ინტერდისციპლინური სწავლება (ის) არის მეთოდი, ან მეთოდთა ნაკრები, რომელიც გამოიყენება კურიკულუმით გათვალისწინებული საგნების საგანთაშორისი სწავლებისთვის. ის ერთგვარად თავს უყრის ცალკეულ დისციპლინებს საერთო თემის, საკითხის ან პრობლემის შესწავლის მიზნით. ხშირად ინტერდისციპლინური სწავლება რამდენიმე სხვა სასწავლო მიდგომის გამოყენებასაც გულისხმობს. ამ მოდელის რამდენიმე დამახასიათებელი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ: საგნების კომბინაცია, პროექტული სწავლება, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების და არა მხოლოდ სახელმძღვანელოების გამოყენება, კონცეფციებს შორის კავშირების ხაზგასმა, თემატური ერთეულები, მოქნილი გრაფიკი, მოსწავლეთა მოქნილი დაჯგუფება.

ინტერდისციპლინური სწავლების მრავალი ფორმა და მრავალი დონე არსებობს. ერთი მხრივ, სკოლამ შესაძლოა გამოიყენოს ინტერდისციპლინური გუნდის მიდგომა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საგნის/სფეროს წარმომადგენელი მასწავლებლები ერთ ჯგუფში ერთიანდებიან და მოსწავლეთა კონკრეტულ კლასს კონკრეტულ საკითხს/თემას ასწავლიან. ის–ში უფრო გავრცელებულია ე. წ. თემატური ერთეულის მიდგომა, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთ თემას შეისწავლიან ერთზე მეტი საგნის/დისციპლინის შინაარსის ფარგლებში.

ის–ის ერთ–ერთი გავრცელებული ფორმაა კურიკულუმის ინტეგრაცია, როცა ხდება მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლის მიზნით კურიკულუმის ერთობლივი დაგეგმვა. ის 4 მთავარი კომპონენტით ხასიათდება:

  • გამოცდილებების ინტეგრაცია
  • სოციალური ინტეგრაცია
  • ცოდნის ინტეგრაცია
  • ინტეგრაცია, როგორც კურიკულუმის დიზაინი.

ეს ფორმა განსხვავდება ის–ს სხვა ფორმებისაგან იმით, რომ იწყებს ძირითადი თემით, რომელიც დგინდება მოსწავლეთა შეკითხვების და/ან მათ წინაშე არსებული სოციალური პრობლემების საფუძველზე და არ შემოიფარგლება საგნობრივი საზღვრებით.

ის–ს ღირსებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოიყოს: მასწავლებლებისა და მოსწავლეების (ასევე მშობლების) ენთუზიაზმი, გაკვეთილებზე დასწრების მაღალი მაჩვენებელი, სტანდარტიზებულ ტესტებში გაუმჯობესებული შედეგები, უფრო დადებითი სამუშაო კლიმატი სკოლაში, უფრო ხშირი კონტაქტი მშობლებთან, პედაგოგთა მეტი კმაყოფილება სამსახურით, მოსწავლეთა უფრო ჯანსაღი ურთიერთობები, მოსწავლეთა ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების შესატყვისი ტემპით სწავლა.

ის ეხმარება მასწავლებელს უკეთ გამოიყენოს სწავლების დრო და სიღრმისეულად შეასწავლოს საკითხი განსხვავებული სასწავლო რესურსების პერსპექტივიდან და მათი საშუალებით. ის–ს კიდევ ერთი ღირსებაა ის, რომ მასწავლებელს შეუძლია დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება და სწავლების მორგება მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე. ის ავთენტური შეფასების საფუძველსაც იძლევა – მოსწავლეთა ნამუშევარი ინფორმაციის მრავალფეროვან წყაროებზე და მათ მიერ შექმნილი ჰოლისტური პერსპექტივა შესაძლებელია მრავალმხრივად შეფასდეს.

ინტერდისციპლინური სწავლების დანერგვისათვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

1) პრაქტიკის კვლევის განხორციელება არსებული საჭიროებების, რესურსების, კურიკულუმის, მისი შედეგების და ახალი კურიკულუმის დანერგვის სიკეთეებისა და მოსალოდნელი სირთულეების შესასწავლად. ამის გაკეთება სასურველია სასწავლო წლის დაწყებამდე 6 ან 12 თვით ადრე.

2) ის–ს გეგმის შექმნა;

3) საპილოტე ერთეულის დანერგვა და მონიტორინგი, რომელიც უნდა მოხდეს ის–ს დანერგვიდან მეორე წელს;

4) პერსონალის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე საგანთაშორისი ინტეგრაციის დანერგვა.

ის–სთვის საკვანძო ეტაპია თემის/საკითხის შერჩევა. ის უნდა იყოს კურიკულუმის შესაბამისი და  მოსწავლეებისთვის საინტერესო. შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზოთ საკითხის/თემის შერჩევა, რომელიც მასწავლებლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან წარმატებული თემატური სწავლება მასწავლებლისგან ხშირად მოითხოვს დამატებით სწავლასა და მომზადებას.

ინტერდისციპლინური საკითხები/თემები, რომელიც მრავალ აკადემიურ დისციპლინას უკავშირდება, მთელი სასკოლო დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ხელშეწყობილი სხვადასხვა გაკვეთილზე.

მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვების მონიშვნა ინტეგრირებული გაკვეთილისთვის მომზადების პროცესში. საკვანძო კითხვები ღია კითხვებია, რომლებიც ინტელექტუალურად მიმზიდველია მოსწავლეებისთვის და მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. ისინი ეხმარება მასწავლებელს შეარჩიოს თემასთან/საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები და კონცეფციები და ძალისხმევა დაგეგმილი მიზნის მისაღწევად მიმართოს. მეორე მხრივ, მოსწავლეებისთვის საკვანძო კითხვები ხაზს უსვამს თემასთან/საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და კონცეფციებს. ისინი ასევე მნიშვნელოვანია ანალიზისა და შეფასების პროცესში. საკვანძო კითხვაზე მოსწავლე ვერ უპასუხებს მარტივად „დიახ“ ან „არა“, „ჭეშმარიტია“ ან „მცდარია“ პასუხით. მან უნდა იმსჯელოს, დაიცვას მოსაზრება, განიხილოს თემასთან დაკავშირებული ასპექტები. საკვანძო საკითხების ირგვლივ ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება მოითხოვს მოსწავლისაგან როგორც შინაარსის შესწავლას, ასევე კრიტიკული ანალიზის უნარების გამოყენება/განვითარებას.

მაგალითად, ჩრდილოეთის ქვეყნების გეოგრაფიის შესწავლისას შესაძლოა ბავშვები აქტიურად ჩავრთოთ ჯგუფურ პროექტში სამაგიდო თამაშის შექმნის მიზნით. თამაში კონკრეტული რუკების ბაზაზე უნდა შეიქმნას და თამაშის მიმდინარეობისას კითხვებზე პასუხები უნდა მოიფიქრონ. ამისთვის, მათ უნდა შეისწავლონ მასალა, დაწერონ კითხვებზე პასუხები, დახატონ რუკა მუყაოს დიდ ნაჭერზე, შექმნან/მოიფიქრონ თამაშის წესები და ბოლოს ითამაშონ და გასცენ პასუხები კითხვებზე.

ყოველ ჯგუფმა რიგრიგობით უნდა ითამაშოს სხვა ჯგუფის მიერ მოფიქრებული სამაგიდო თამაში. ეს სახალისო, შემოქმედებითი გამოცდილებაა, რომლის დროსაც ბავშვები შეისწავლიან ყველაფერს, რაც აუცილებელია თამაშისთვის. რაც მთავარია, მათ გაცილებით მეტი ემახსოვრებათ დასახელებული თემებიდან, ვიდრე იმავე საკითხებზე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.

მეორე მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ ვებგვერდზე დამყარებული პორტფოლიო. ერთ-ერთი სემესტრის მიმდინარეობისას მოსწავლეები წყვილში განიხილავენ შესასწავლ საკითხებს. ერთი მათგანი ყვება ამ საკითხების შესახებ, ხოლო მეორე მის ნათქვამს ვიდეოზე იწერს. შემდეგ ეს მასალა ვებგვერდზე უნდა ატვირთონ. მსგავსი გამოცდილებაა თემატური ან თავისუფალი ხატვაც, რომელთა ფოტოებიც შემდგომ მათ პოტფოლიოში განთავსდება.

ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადება და ჩატარება, მოითხოვს განსაზღვრული პრინციპების დაცვას სასურველი ეფექტის მისაღებად და დასახული მიზნების მისაღწევად.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებია:

  • თემის შერჩევა;
  • კოლეგებთან ერთად/ან დამოუკიდებლად გაკვეთილის დაგეგმვა;
  • გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზება და კლასის მომზადება;
  • გაკვეთილის ჩატარება;
  • ჩატარებული გაკვეთილის შედეგების ანალიზი.

რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში?

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობაც უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

 

განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი სარგებლობის და კმაყოფილების განცდის მომტანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

P.S. ინტერდისციპლინური სწავლების მრავალფეროვანი საორიენტაციო ნიმუშების ნახვა შეიძლება ნებისმიერი თავისი საქმის მოყვარული მასწავლებლის გაკვეთილზე და ასევე მედიაწიგნიერების ვებგვერდზე: https://medialiteracy.ge/ge/resources; ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: https://el.ge/articles/project_tasks/1; სამოქალაქო განათლების პორტალზე დისტანციური სწავლების ფანჯარაში: https://civics.ge/library-tag/page/1

 

 

როგორ დამეხმარა ნიკოლას ჯაარის ელექტრონული მუსიკა ქართულის გაკვეთილზე

0

სკოლაში, სადაც ახლა ვასწავლი, ერთი წლის წინ მეთერთმეტე კლასთან შემცვლელ მასწავლებლად მომიწია შესვლა. პირველი გაკვეთილისთვის კითხვარი შევადგინე.  მაინტერესებდა, მოზარდები რას უყურებდნენ, რას უსმენდნენ, რას კითხულობდნენ. მოსწავლეები მეკითხებოდნენ, რატომ მსურდა მათთვის სწვლება, მართლა მასწავლებელი ვიყავი თუ არა. ძალიან ვღელავდი, რადგან მოზარდების ნდობის მოპოვება ადვილი არ არის. კითხვარის შევსებას ზედაპირული დამოკიდებულებით შეხვდნენ, თუმცა გულისხმიერად მოეკიდნენ. სახლში დაბრუნებული საგულდაგულოდ ვეძებდი მითითებულ ფილმებს, მულტფილმებს, მუსიკოსებს. კითხვარის თითოეული გრაფა განმავითარებელი კომენტარებით ავაჭრელე. რამდენიმემ დაწერა, რომ ნიკოლას ჯაარს, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ თანამედროვე წარმომადგენელს, უსმენდა. ძალიან გამიხარდა, რადგან ნიკოლას ჯაარს დიდი ხანია ვუსმენ და ჩემს ცხოვრებაში მნიშველოვანი ადგილიც უკავია. 2015 წელს მის შესახებ ინფორმაციის ძიებისას ამოვიკითხე, რომ ბრაუნის უნივერსიტეტში შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი ინიციატივით სერგო ფარაჯანოვის ფილმისთვის „ბროწეულის ფერი“ ალტერნატიული მუსიკა შეუქმნია. ასე რომ, „ბროწეულის ფერი“ ნიკოლას ჯაარმა, წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, აღმომაჩენინა.

მეთერთმეტეკლასელებს რამდენიმე გაკვეთილი ჩავუტარე. ბოლო გაკვეთილისთვის გადავწყვიტე, ნიკოლას ჯაარის ელექტრონული მუსიკით მათთვის სერგო ფარაჯანოვი და საიათნოვა გამეცნო.

სამი ადამიანის შემოქმედებითი დრო და სივრცე ვარდისფერი სკოლის მზით გაჩახჩახებულ ოთახში გადაიკვეთა. გაკვეთილი სასწავლო წლის მიწურულს დაემთხვა და მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე ესწრებოდა, თუმცა, მგონია, რომ ჩემთვის დაუვიწყარი ემოციები მათთვისაც იმავე ენერგეტიკის მატარებელი აღმოჩნდა. გაკვეთილი საიათნოვას ლექსის „შუაღამის ვარსკვლავივით“ წაკითხვით დავასრულეთ.

ნიკოლას ჯაარი ნიუ-იორკში ცხოვრობს. პირველი ალბომი 2011 წელს გამოუშვა, 2015 წელს კი –  მეორე ალბომი, სახელად „ბროწეულები“. ნიკოლას ჯაარი საქართველოში სამჯერ იყო და ქართველ მსმენელს მისი ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა.

XXI საუკუნითა და ნიუ-იორკიდან დავიწყოთ. არ ვიცი, როგორ და რატომ დაინტერესდა ახალგაზრდა ნიკოლასი სერგო ფარაჯანოვის ფილმით „ბროწეულის ფერი“. ვფიქრობ, მისი ლიტერატურისადმი დამოკიდებულება იყო მთავარი მიზეზი. საგულდაგულოდ გავეცანი მის  ინტერვიუებს, განსაკუთრებით მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ლიტერატურის შესახებ.  ერთ-ერთ ინტერვიუში ის წერს, რომ შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაზე შთაგონების მისაღებად სწავლობს, რომ ლიტერატურული თეორიები არის ფილოსოფია, ცხოვრების გზა, ადამიანების ფიქრების კითხვის შესაძლებლობა. მუსიკოსის აზრით, ლიტერატურა და მუსიკა ერთად უფრო მეტია, ვიდრე – ცალ-ცალკე.

გთავაზობთ ნიკოლას ჯაარის ალბომიდან “ბროწეულის ფერი“ ერთ-ერთ მონაკვეთს:

მეთერთმეტეკლასელების გაკვეთილზე დავბრუნდეთ. ისინი ნიკოლას ჯაარს უსმენენ. ვინც არ იცნობს, მასაც მოსწონს ამბავი ჩილელი ბიჭისა, რომელმაც ალტერნატიული მუსიკის სამყაროში თავი გამორჩეული ინდივიდუალიზმით დაიმკვიდრა. მოზარდების სამყაროს დახშული კარი ნელ-ნელა იღება. თანამოაზრეობის განცდა ნამდვილად მომხიბვლელია. ახლა დროა სერგო ფარაჯანოვზე და მედიის განსხვავებულ ფორმაზე – კინოზე ვისაუბროთ.

სერგო ფარაჯანოვმა  „ბროწეულის ფერი“ 1968 წელს გადაიღო. ფილმი საიათნოვას ბიოგრაფიას გვაცნობს. სომეხი აშუღი პოეტის როლს სოფიკო ჭიაურელი თამაშობს. „ბროწეულის ფერი“ შედევრად აღიარეს ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ.

ლანა ღოღობერიძე ავტობიოგრაფიულ წიგნში „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ სერგო ფარაჯანოვის ფილმების „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილებისა“ და „ბროწეულის ფერის“ შესახებ წერს: „[ფილმებს] არავითარი პოლიტიკური მესიჯი არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი გამოსხივება იყო სილამაზისადმი მიდრეკილი თავისუფლების სულისა, რომ უკვე ამით კატეგორიულად უარყოფდა ტოტალიტარული რეჟიმის თვით არსებობის ფაქტს“.

ერთი თავისუფალი სული მეორე თავისუფალი სულის შესახებ კინოს ენით გვიყვება. ფონად საიათნოვას პოეზია ისმის. თავისუფალი სულის აღზრდა კი მასწავლებლისთვის უმთავრესი მიზანია. მშვენიერების დანახვასა და აღქმასაც სწავლება სჭირდება. შესაბამისად, ჩემი მიზანი იყო XXI საუკუნის მოზარდებისთვის, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ, მიმეწოდებინა ინფორმაცია ლიტერატურის, კინოს, პოეზიის, საინტერესო ადამიანების შესახებ და  ამისთვის ნიკოლას ჯაარის ალტერნატიული მუსიკა გასაღებივით აღმოჩნდა.

გაკვეთილზე ვაჩვენე  კადრები სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან „ბროწეულის ფერი“ და  ნიკოლას ჯაარის  ამ თემაზე შექმნილ მუსიკასაც მოვუსმინეთ. სერგო ფარაჯანოვის შესახებაც ვისაუბრეთ.

ლანა ღოღობერიძე იხსენებს: „ის [სერგო] ქმნიდა მშვენიერებას ყველგან – გადაღების მოედანზე, ციხეში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ბინა მამადავითზე – ეს იყო სილამაზის უცნაური ოაზისი იმ რაღაც უშნო დასახლებაში, ერთმანეთის მიკრული პატარა-პატარა სახლების გარემოცვაში; ერთი პატარა, ბნელი ოთახი, ისეთივე უსახური, როგორიც ყველა სხვა მის ირგვლივ, მაგრამ ნიჭით დაღდასმული, ანუ შიგნიდან გამონათებული საკვირველი კოლაჟებით, თოჯინებით, კოსტიუმების ესკიზებით, ავტოპორტრეტებით… ყველაფერი ბევრი, მოჭარბებული, ფერადი, აჭრელებული, არა ე.წ. კარგი გემოვნების, არამედ ზღვარს გადასული ფანტაზიის ნაყოფი“.

გაკვეთილის ბოლოს საიათნოვას დროში გადავინაცვლეთ – თბილისში, ერეკლე მეორის საზანდართან. საიათნოვა (არუთინ საიათიანი) ლექსებს სამ ენაზე წერდა – ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე. თავის ლექსებს მღეროდა და ერეკლე მეფესთან მეგობრობდა. როგორც ხდება ხოლმე, სამეფო კარზე ჭორები აუგორებიათ და მეფისა და პოეტის მეგობრობაც მოუშლიათ. საიათნოვა ბერად აღკვეცილა და აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დაღუპულა.  სომეხი პოეტი თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიაშია დაკრძალული.

გაკვეთილისთვის მისი ლექსი „შუაღამის ვარსკვლავივით“ შევარჩიე. თაბახის ფურცლებზე ამოვბეჭდე და მეორე გვერდზე დავურთე სურათებად გაცოცხლებული სიტყვები – სანთური, ქამანჩი, ჯეირანი, ჯადვარი, ყალამი, ჯიხვი, ჯეირანი.

ლექსის მთავარი მოტივი მიუწვდომელი სიყვარულია. ლირიკული პერსონაჟის დამოკიდებულება საყვარელი ადამიანისადმი ერთდროულად  აგავსებთ სევდითა და მშვენიერებით. თუ პოეტის ანასადმი იდუმალი სიყვარულის შესახებ წაგიკითხავთ, ლექსის ლირიკული გმირის  ხმა საიათნოვას ხმასთან გაიგივდება.

ლექსის სურათ-ხატებად გაცოცხლება მძაფრი, დინამიკური განცდებით გავსებს. პოეტს ცაზე აკიაფებული შუაღამის ვარსკვლავი აგონებს საყვარელ ადამიანს, რომელიც ელვის უსწრაფესად იცვლის სახეს და მთელი სამყარო სატრფოს არსებით არის ავსებული – ვარდი, ყანა, ხორბლის თავთავი, მთა, სანთური, ქამანჩი, მერე წარმოსახვა კიდევ უფრო მძაფრდება და სიყვარული ჯეირნად მოგვევლინება. ბოლო სტრიქონები ესთეტიკურ ტკბობასთან ერთად ფილოსოფიურ აზრს იძენს – ის, ვინც უყვარს, ყველგან მყოფი და სევდით ამვსებია:

„ჯიხვისავით თოვლიან მთას შაიცვლი,

ღრუბელსავით სავსე წვიმას ჩაიცლი,

ჯეირნივით მინდორში არ მაიცლი,

ერთ წუთაზედ ათას ფერად გაიცვლი

ვინც რომ გნახამს, ნაღველი ხარ, ვაში ხარ!“

 

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიას გავიხსენებ. წერდნენ, როგორი მნიშვნელოვანია, მოზარდებს ვასწავლოთ ცალმხრივი სიყვარულის დროს ემოციების მართვა და  ჩვენგან საკუთარი ნებით წასული ადამიანის  მშვიდად გაშვება. ვფიქრობ, საიათნოვას ლექსი „შუაღამის ვარსკვლავივით“ შეგვიძლია საილუსტრაციოდ გამოვიყენოთ. ლექსის მიხედვით, ცხადია, რომ ლირიკული პერსონაჟის სიყვარული მასთან არ არის, თუმცა, ამ ლექსის მთავარი ღირებულება და მშვენიერება სწორედ პოეტის საყვარელი ადამიანისადმი გამჟღავნებულ დამოკიდებულებაშია.

 

ერთი გაკვეთილისთვის საკმაოდ მსუყე მასალა დაგვიგროვდა. რადგან ერთად ყოფნისთვის სხვა დრო აღარ გვექნებოდა, ნიკოლას ჯაარი, სერგო ფარაჯანოვი, საიათნოვა გავიცანით, მოვუსმინეთ მუსიკას, წავიკითხეთ ლექსი, დავაკვირდით სიტყვებს, ვიმოგზაურეთ დროსა და სივრცეში, ერთი მედიიდან – მეორეში.

სამივე ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს ფიქრი მშვენიერებაზე, სამყაროზე, სიყვარულზე, ქმედებაზე. წარმოვიდგინოთ საიათნოვა, რომელიც ფანდურზე, სანთურზე ან ქამანჩაზე უკრავს და თან თავის ლექსებს მთელი არსებით მღერის. სერგო ფარაჯანოვმა შესაძლებლობა მოგვცა წარმოსახვის გაცოცხლების და XVIII საუკუნის მისტიციზმი სიურეალისტურ, გაჩერებულ კადრებად ასახა, ნიკოლას ჯაარმა კი ელექტრონული მუსიკით საიათნოვას ცხოვრების, ლექსების მისტიციზმი კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა. თბილისი გახდა მულტიკულტურული გადაკვეთის ადგილი და ამ სამი ხელოვანის დამოკიდებულებების გასააზრებლად მოსწავლეებთან ერთად ვაჟას წერილის „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წაკითხვა მომდევნო ნაბიჯი იქნებოდა.

ასე რომ, მაძიებლობა და მრავალფეროვანი აქტივობების მოფიქრება გრძელდება ერთი მთავარი მიზნით – მოზარდების სამყაროს მყარ დასაყრდენად ვაქციოთ ლიტერატურა და ხელოვნება.

 

  1. სერგო ფარაჯანოვი – „ბროწეულის ფერი“
  2. ვინ იყო სერგო ფარაჯანოვი?
  3. Nicolas Jaar – shame

 

 

 

 

პირველი წლის შემაჯამებლი – მეორე ნაწილი

0

სირთულეები

თუ ამ წერილის პირველი ნაწილი წაიკითხეთ, ნახავდით, რომ ეს არის პირადად ჩემი მასწავლებლობის პირველი წლის გამოცდილების შეჯამება. წინა სტატიაში უფრო დადებით მხარეებზე მქონდა აქცენტი და დავწერე, რა გავაკეთე პანდემიამდე. ახლა შევეცდები, კონკრეტული მაგალითებით წარმოვადგინო, რა გამიჭირდა პირველ სასწავლო წელს.

იქიდან გამომდინარე, რომ პირველ წელს 8 კლასში ვასწავლიდი, ძალიან გამიჭირდა მოსწავლეების სახელების დამახსოვრება. შესაბამისად, ჩემი ერთ-ერთი, ხშირად გამოყენებადი ფრაზა იყო : „შენი სახელი გამახსენე.“

მიუხედავად იმისა, რომ სულ ვაწარმოებდი ჩანაწერებს, სერიოზული გამოწვევა იყო დამემახსოვრებინა, რომელ კლასთან რას განვიხილავდით და პირადად მე რას ვლაპარაკობდი. არ მინდოდა სხვა კლასში იგივე გამემეორებინა. შესაბამისად, მეორე, ხშირად გამოყენებადი ფრაზა იყო: „ეს თქვენთან უკვე მოვყევი?“ მოკლედ, მახსოვრობა მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნარია მასწავლებლისათვის.

არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა შეფასება. ხშირად მესმოდა და მესმის მასწავლებლებისგან, „მე ვიყენებ ინდივიდუალურ მიდგომებს და განმავითარებელ შეფასებას“ და ყოველთვის მიკვირდა, ეს ხალხი ამას როგორ აკეთებს-თქო. საბოლოო ჯამში, პირველ წელს განმსაზღვრელი შეფასებები არ გამომიყენებია. თუმცა, ფორმალურად მათი გამოყენება მაინც დამჭირდა. შესაბამისად, ეს მომენტიც გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მაგალითად,  წესი, რომ ყოველ გაკვეთილზე ორი ბავშვი მაინც უნდა შეაფასო (განმსაზღვრელი შეფასებით).

შეფასების მხრივ, ძირითადად, პროცესი აგებული მქონდა ურთიერთობებზე და ვცდილობდი, მათში ინტერესი გამეღვიძებინა. ასევე გამოვიყენე პროექტები და კონკურსები და ამ მხრივ, ერთგვარი ინდივიდუალურ-განმავითარებელი შეფასებაც გამოგვდიოდა.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რომელთან გამკლავება არც თუ ისე კარგად გამომივიდა, ეს არის ე. წ. პასიური ბავშვების აყოლიება, ბავშვების, რომლებსაც  არ აინტერესებთ სკოლა. ბუნებრივია, ამის წაკითხვა და მოგვარების გზების მოფიქრება რთული არ არის. თუმცა, მათი განხორციელება ხანდახან თითქმის არარეალურიცაა, მით უმეტეს 30 ბავშვიან კლასში, სადაც, ხშირ შემთხვევაში, სრული ქაოსია და ბავშვებს ინტერესზე გაცილებით სერიოზული, ყოფითი პრობლემები აქვთ. მოკლედ, მე მგონი  ეს მარადიული პრობლემაა და, იმედი მაქვს, მომდევნო წელს მეტი პასუხები მექნება ამ საკითხზე.

ამავე პრობლემასთან არის დაკავშირებული საგნისადმი ნაკლები ინტერესი. სამწუხაროდ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო განათლების საგანი ე. წ. მეორეხარისხოვანთა სიაში გადის, როგორც სკოლებისათვის, ასევე მშობლებისათვის. მშობელი ყოველთვის იკითხავს, რას შვება ბავშვი მათემატიკაში. თუმცა, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პროგრესი სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის საგანში. შესაბამისად, მოსწავლეთა დაინტერესება ორმაგად რთული აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ეს ჩემთვის ერთგვარი შესაძლებლობაც იყო, რომ მესარგებლა ამ მომენტით და მათი მოლოდინები არ გამემართლებინა, ანუ პოზიტიურად გამეკვირვებინა. ძალიან გამიხარდა, როდესაც ვთხოვე, მიმები გაეკეთებინათ ჩვენი საგნის შესახებ , შედეგად შემდეგი ფოტოები გამომიგზავნეს:

მომდევნო გამოწვევა უფრო საბაზო საფეხურს ეხება, ეს არის ბალანსი მეგობრობასა და სწავლებას შორის.  ჩემს მეგობრულ დამოკიდებულებას, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები არასათანადოდ იყენებდნენ. მოდიოდნენ მოუმზადებლები, პასიურობდნენ.  არაერთხელ მსმენია – „სიმკაცრე საჭიროა, გიორგი.“ თუმცა, ჩემთვის ეს არაბუნებრივი, არასაჭირო, მარტივი და უშედეგო გამოსავალია. ვფიქრობ, მასწავლებელი საკმარისად შემოქმედებითი უნდა იყოს, რომ სიმკაცრე არ დასჭირდეს. ამ შემთხვევაში, პრინციპულობა, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მუშაობა გაცილებით მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, ეს მიმართულება ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა.

და ბოლოს, არ ვიცი სხვებთან როგორ არის, თუმცა, ჩემთვის ასევე გამოწვევა იყო, არ ვყოფილიყავი სუბიექტური, მათ შორის ურთიერთობებში. ალბათ, ბუნებრივია,  ვიღაცები  უფრო ახლოს არიან ჩვენთან და გვემეგობრებიან, ვიღაცები – ნაკლებად. საპირისპიროდ, მეც ვიღაცებთან უფრო კომფორტულად  ვარ, ვიდრე – სხვებთან. აქედან გამომდინარე, ძალიან მინდოდა  მეგობრობა და სიახლოვე რამდენიმე ბავშვთან არ ყოფილიყო ხელისშემშლელი და ნეგატიურად აღსაქმელი სხვა მოსწავლეთათვის.

პ. ს. შეიძლება იკითხოთ, ეს გამოწვევები კი კარგია, მაგრამ როგორ მოაგვარეო. ამისათვის, ისევ პირველ ნაწილზე მიგითითებთ. იქ არის აღწერილი ის ძირითადი საქმიანობები, რაც პირველ წელს განვახორციელე. ასე  შევეცადე ამ პრობლემების მოგვარებას.

ზადიანი არგუმენტების შესახებ

0

საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირება საჭირო, მნიშვნელოვანი უნარია.

თუ გვსურს დამაჯერებლად, ნათლად, მკაფიოდ, არგუმენტირებულად გამოვხატოთ თვალსაზრისი, აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ არგუმენტები.

ზოგჯერ განზრახ ( როდესაც მსჯელობა დემაგოგიურია) ან უცოდინრობის გამო იყენებენ ე.წ. დეფექტიან (მცდარ, ზადიან) არგუმენტებს.

მცდარი, უმართებულო, დეფექტიანი მსჯელობა, ერთი შეხედვით, დამაჯერებლად „გამოიყურება“, თუმცა რეალურად ზედაპირული, არასარწმუნო და ზადიანია.

განვიხილოთ მცდარი არგუმენტირების ნიმუშები, რათა მათი ამოცნობა და გაბათილება შევძლოთ:

 

მცდარი მაგალითი, ანალოგია, ასოციაცია, პარალელი

პარალელის გავლება, ანალოგიის მოშველიება, ასოციაციურად მსგავსი სიტუაციის/ობიექტის დასახელება გავრცელებული პრაქტიკაა არგუმენტირებისას.

ორი ობიექტის/სიტუაციის რაიმე ტიპის მსგავსების წარმოჩენით ან ხაზგასმით გარკვეული დასკვნის გაკეთება არ არის საკმარისი, თუ ამ ორ მოცემულობას შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება. სიტუაციის, კონტექსტის, საკითხის სიმწვავის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ ზედაპირული მსგავსების მიხედვით გაკეთებული დასკვნა, როგორც არგუმენტი, არ გამოდგება.

მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ მოწევა მავნებელია და იწვევს ნაადრევ სიკვდილს, ხშირად შეიძლება მოვისმინოთ პასუხად, რომ „ჩემი ბაბუა 100 წლამდე ეწეოდა და ჯანმრთელი მოკვდა“. ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა კონტრარგუმენტად არარელევანტურია და არ ამტკიცებს საპირისპიროს.

ან, სხვა მაგალითი – თუ ვინმეს ადანაშაულებენ კოლაბორაციონიზმში, მტერთან მაამებლურ დამოკიდებულებაში, ოპონენტმა შეიძლება მოიყვანოს მაგალითად იმ მოღვაწეების ბიოგრაფიები, ვინც შორეულ წარსულში იმავე ქვეყანაში ცხოვრობდა და საქმიანობდა და ვისი შემოქმედება/მოღვაწეობაც ყველასთვის ძვირფასია.

ამ შემთხვევაში კონტექსტის, საკითხის სიმწვავის გაუთვალისწინებლად ორი ბიოგრაფიის შედარება, ნიმუშად სხვა მოღვაწის წარმოჩენა მცდარია და კონტრარგუმენტად არ გამოდგება.

მცდარი დასკვნა

Non sequitur – არ გამომდინარეობს“ – მსჯელობისას გარკვეული მოსაზრებების იმგვარად განზოგადება ან იმ დასკვნის გაკეთება, რომელიც არ/ვერ გამომდინარეობს წინაპირობიდან, მცდარი მიმართულებაა. ამ პრიმიტიულ მეთოდს კარგად იყენებდა, მაგალითად, საბჭოთა პროპაგანდა. ნათელი მაგალითია ლოზუნგი – „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენ წინააღმდეგაა“. ზოგადად, რადიკალური, ანგაჟირებული, ტენდენციური მხარეები ხშირად მიმართავენ არგუმენტირების ამ მეთოდს. „თუ აკრიტიკებ ხელისუფლების ინიციატივას, ე.ი. განვითარების წინააღმდეგი ხარ“, „იმდენი უცხოტომელი შემოვიდა ქვეყანაში, მალე გადავშენდებით“…

იმისთვის, რომ კონტრარგუმენტი დავახვედროთ და გავაბათილოთ მსგავსი მცდარი განზოგადებები, აუცილებელია, მოვთხოვოთ ოპონენტს მტკიცებულებები – რის საფუძველზე აკეთებს ის კონკრეტულ დასკვნას.

მცდარი განზოგადება

Fallacia fictae universalitatis – „ყველა კაცი ერთნაირია“, „ყველა ქალი ერთნაირია“ – ეს და ამ ტიპის განზოგადებები მცდარია, რადგან მთქმელი კონკრეტულ გამოცდილებას აზოგადებს და მცდარი დასკვნა გამოაქვს. ზოგადად, მსჯელობაში ყოველთვის საფრთხილოა სიტვების – „ყველა“და  „ყოველთვის“ – გამოყენება.

ტრადიციის ფეტიში

Argumentum ad antiquitatem – „უწინ ასე იყო და ახლაც ასე უნდა იყოს“, „ჩვენი წინაპრები ასე აკეთებდნენ“, „ოდითგანვე ასე მოგვდგამს“,“ჩვენი მამა-პაპები ასე იყვნენ, ჩვენც ასე უნდა ვიყოთ“, „ხალხური სიბრძნე არ ცდება“, „ჭეშმარიტია ის, რაც საუკუნეებითაა გამოცდილი“.

არგუმენტად და საკუთარი პოზიციის გასამყარელად ტრადიციაზე აპელირება არ არის სწორი. საუკუნეების განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, მორალური ნორმები, კანონი…) შეუქცევადია და უწინდელი დროის იდეალიზება, რომანტიზება უსაფუძვლოა. უკან მაცქერალი ადამიანი თვალს ვერ უსწორებს აწმყოს და რეალური გამოწვევების წინაშე მდგარი წარსულისკენ, უკან მიიწევს. ის, რაც მართებული ( ჭეშმარიტი, კარგი, სწორი) იყო უწინ, პროგრესისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული განვითარების დონის გათვალისწინებით, შესაძლოა, აღარ მიიჩნეოდეს ასეთად.

ერთადერთი მიზეზი

რაიმე მოცემულობის მიზეზად ერთადერთი ფაქტორის დასახელება და იმის მტკიცება, რომ შედეგი განპირობებულია ამ ერთადერთი ფაქტორით, უმეტესწილად, მცდარია, ამგვარი მსჯელობა კი დემაგოგიურია. მაგალითად, იმის მტკიცება, რომ მოზარდებში აგრესიის მატების ერთადერთი მიზეზი კომპიუტერული თამაშებია – მცდარი მსჯელობის ნიმუშია. დისკუსიისას ხშირად ვაწყდებით მოკამათეებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დასახული პრობლემის ერთადერთი მიზეზი არის ის, რაც მათ მიაჩნიათ მიზეზად. „დამიჯერე, ასეა!“ ან „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად“. ყოველთვის საფრთხილოა მსგავსი განაცხადები და ოპონენტმა უნდა მოსთხოვოს მთქმელს უფრო საფუძვლიანი დასაბუთება, უფრო დამაჯრებელი არგუმენტები, ვიდრე დასახელებული ერთადერთი მიზეზია.

Reductio ad Hitlerum

არგუმენტის ნაცვლად ჰიტლერის ან ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მაკომპრომიტირებელი ფაქტორების ხსენება მსჯელობას  მცდარი მიმართულებით წარმართავს. ამგვარი არგუმენტი მიიჩნევა პრიმიტიულ, დეფექტიან საბუთად. ჰიტლერი საყოველთაოდ აღიარებული ოდიოზური ფიგურაა. ყველაფერი, რაც მას უკავშირდება ან შეიძლება დაუკავშირდეს, მიიჩნევა ასევე მიუღებლად. ამ მარტივ მოცემულობაზე დაყრდნობით მსჯელობის დროს ზოგჯერ იშველიებენ გარკვეულ მონაცემებს, რათა შექმნან ნეგატიური განწყობა-დამოკიდებულება განსახილველი საკითხის მიმართ.

მაგალითად, N-ი ამტკიცებს, რომ X დებულება არის სწორი.

ჰიტლერი ასევე ეთანხმებოდა X დებულებას.

სწორედ ამიტომ X დებულება მიუღებელია და უნდა გაბათილდეს.

იგივე შეიძლება ითქვას მეთოდის შესახებ, როდესაც პოლიტიკური ჯგუფი ან პარტია დაუღალავად და განუწყვეტლივ ახსენებს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „ცოდვებსა“ და შეცდომებს. „მართალია, ახლა რთული სიტუაციაა, მაგრამ უარესი იყო N-ის მმართველობის დროს“. ამ შემთხვევაში პოზიციის ავტორს უნდა მოვთხოვოთ არსებული სიტუაციის, კონკრეტული მოცემულობის ფარგლებში მსჯელობა და არა „წარსულის ცოდვების“ მუდმივი შეხსენებით აწმყო რეალობის უმართებულოდ წარმოჩენა ან პრობლემების გადაფარვა.

 

განათლებაში ამოსავსები შავი ხვრელები

0

პანდემიისას მივხვდი – როცა კრიზისი იწყება, ყველა გაუკეთებელი საქმე და არსებული პრობლემა თავს გახსენებს და მძიმე ტვირთად გაწვება. პანდემიისასვე განსაკუთრებით ხშირად ისმის ფრაზა, რომ კრიზისი შესაძლებელია შესაძლებლობად იქცეს და რაც აქამდე ვერ შევძელით, ის გამოგვივიდეს. ჯერჯერობით უმეტესად ისევ შიშისა და გაურკვევლობის მდგომარეობაა, ვიდრე დალაგებული გეგმებისა და პერსპექტივების დანახვის. არ ვიცით, იქნება თუ არა, ე.წ. „მეორე ტალღა”, გაგრძელდება თუ არა სწავლება სკოლებში და რა ბედი ელის დისტანციურ სწავლებაში დაგროვილ გამოცდილებას. იქნება ეს სწავლების კომპონენტი და ვიზრუნებთ მის დახვეწაზე, თუ კვლავ მხოლოდ „შავი დღისთვის” გამოვიყენებთ ამ მეთოდს.  თუ იმას დავუშვებთ, რომ კრიზისი შესაძლოა მართლაც იქცეს შესაძლებლობად,  ვისურვებდი, განათლების სისტემა ბოლოს და ბოლოს უკეთესი გამხდარიყოს, მიღწევებთან ერთად პრობლემებზე გველაპარაკა და ამ სფეროში მყოფი ადამიანების ჩართულობით დაგვესახა პრობლემების მოგვარების რეალური გზები.

 

პანდემიამ ისიც აჩვენა, რომ ადამიანებს მიღწევებზე ლაპარაკი ურჩევნიათ სუსტი წერტილების დანახვას, რაც შესაძლოა ნორმალურიც იყოს, ასე ინუგეშებდე თავს განსაცდელებში. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს განათლების სისტემას აქვს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პანდემიის დროს და ვისურვებდი მასზე ისევე ხმამაღლა გველაპარაკა, როგორც მიღწევებზე, და არა მხოლოდ გველაპარაკა, არამედ გვეფიქრა კიდეც მათ მოგვარებაზე, ქმედება დაგვეწყო. პრობლემების დიდ ნაწილს სახელმწიფოს მზაობა და ქმედება სჭირდება, მაგრამ ცალკეულ ინიციატივებითაც შესაძლებელია რამე შეიცვალოს.

 

რა არის ის პრობლემები, რომლებმაც თავი კიდევ ერთხელ იჩინა გასულ თვეებში?

 

  • სასწავლო ინფრასტრუქტურა, სადაც არ არსებობს სუფთა წყალი, სველი წერტილი და ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის; 2020 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში არსებულ 1000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებს სკოლის შენობაში არ აქვთ წყალი და სველი წერილი.
  • ქართულენოვანი სასწავლო მასალების სიმწირე – ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, თუმცა ბევრი დრო დავკარგეთ და წინ დიდი სამუშაოა. ინტერაქტიული ციფრული სასწავლო მასალები, მობილური აპლიკაციები, თუნდაც თამაშები, მეტი წიგნი და მეტი საკითხავი ონლაინბიბლიოთეკაში, რჩევები და გზამკვლევები მშობლებისთვის, როგორ მოიხმაროს ესა თუ ის რესურსი, როგორ დაეხმაროს ბავშვს სხვადასხვა სირთულის დაძლევაში. მხარდაჭერა ქართული საბავშვო წიგნების გამოცემასა და სხვა ენებიდან თარგმნას – მიუხედავად მომრავლებული წიგნისა, მაინც ძალიან, ძალიან მწირია ის ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურა იმასთან შედარებით, რაც იქმნება.
  • უთანასწორობა, რომელიც მოსწავლეთა სწავლის თანაბარ პირობებს გამორიცხავს – მოსწავლეთა დიდ ნაწილს არ მიუწვდება ხელი ციფრულ მოწყობილებებზე, სწრაფ ინტერნეტზე, არ აქვს სახლში სათანადო სასწავლო და სამუშაო სივრცე, უწევს ოჯახის საქმეებში მონაწილეობა ან კიდევ უარესი, მუშაობა საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად; ჩვენ ზუსტი რიცხვებიც კი არ ვიცით ბავშვების, რომლებმაც, მაგალითად, დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ მოახერხეს გაჯეტის არქონის ან საოჯახო საქმეების გამო. თუ მათ ვერ ვხედავთ, ვერც დავეხმარებით.
  • მშობლებისა და მასწავლებლების ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის თანამშრომლობის პრაქტიკის არქონა – მშობელთა დიდ ნაწილს ჰგონია სწავლაზე პასუხისმგებელი სკოლაა; მასწავლებლები კი ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რაც არ გამოდის, ოჯახის ბრალია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე დაშვება მართალია, მთავარი ბავშვის ინტერესია და თუკი მშობლები და მასწავლებლები შეძლებენ დიალოგსა და თანამშრომლობას, ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. გადანაწილებული და გაზიარებული პასუხისმგებლობა და საერთო მიზნის დასახვა აუცილებელია. ვფიქრობ, სახლებში ხანგრძლივად ჯდომისას ყველამ უკეთ დავინახეთ ის საჭიროებები, რომლებიც ჩვენს შვილებს აქვთ; ის პრობლემები, რომლებიც მათ სკოლებშია და ისიც, რამდენ რამეს ვერ და არ ვხედავდით ჩვეულებრივ პერიოდში – ესეც გამოცდილებაა და სკოლები მზად უნდა იყვნენ, მოუსმინონ მშობლებს, მეტიც, წაახალისონ, რომ მეტად ჩაერთონ სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციაში.
  • ცენტრალიზებული სისტემა და დაბალი ავტონომია სკოლებს – ვინ იცის, პანდემიის დროს სკოლებს რომ მეტი თავისუფლება ჰქონოდათ, იქნებ დაკეტილი შენობების ცენტრალიზებულად დეზინფექციის ნაცვლად იმ ბავშვებისთვის ინტერნეტპაკეტები შეეძინათ ან სკოლის კომპიუტერები გადაეცათ, ვისაც ამის დამოუკიდებლად შეძენა არ შეეძლო; ან მუნიციპალიტეტებს რომ საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, იქნებ სწრაფი ტემპით აღეჭურვათ ბიბლიოთეკები მეტი წიგნით, რომლებსაც ბავშვებს სახლში გაატანდნენ და ნაცრისფერ დღეებს გაუმხიარულებდნენ. ხომ ვიცით, რომ ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს საბავშვო წიგნებსა და სათამაშოებზე წვდომა არ აქვთ – იუნისეფის კვლევით დადგენილია, საგანმანათლებლო სისტემისადმი ხელმიაწვდომობის არქონა, ისევე როგორც უთანასწორობა და სუფთა სასმელ წყალზე ხელმიუწვდომლობა.
  • პასუხის არქონა შეკითხვებზე როგორ და რისთვის ვსწავლობთ? – ერთი შეხედვით ბანალური შეკითხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და გულისხმობს როგორც სწავლის მოტივაციის საკითხს, ასევე დიფერენცირებულ მიდგომას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვებისთვის, მეტ ნაკადს პროფესიულ სასწავლებლებში, ნაკლებ ერთსა და იმავე პროფესიის მქონე დაბალკვალიფიციურ კადრს და მეტ კონკურენტულ კადრს საბოლოოდ შრომის ბაზარზე, თავად სწავლებისას კი მეტ ინტერესსა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას პროცესიდან.
  • რა იქნება მერე? – გრძელვადიანი გეგმები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, სად მივდივართ, რა ხედვა გვაქვს, რა გვჭირდება მიზნამდე მისაღწევად და პერიოდულად გადავამოწმოთ, რამდენად სწორად მივდივართ საბოლოო მიზნამდე. ამგვარი გეგმების არარსებობა და გრძელვადიანი ხედვის არქონა არის მიზეზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემისა.

 

 

 

 

საზაფხულო რეცეპტები პატარა მკითხველებისთვის

0

ზაფხულის დადგომისთანავე  იწყება გაუთავებელი დისკუსია საზაფხულო დავალებების შესახებ – საჭიროა თუ არა, რას ემსახურება, როგორი ფორმის უნდა იყოს, რა ტიპის ცოდნა თუ უნარები უნდა  განამტკიცოს ან ახალი რა უნდა შესძინოს შრომატევადი სასწავლო წლის შემდეგ გადაღლილ ბავშვებს?! ქართული ენისა და ლიტერატურის საზაფხულო დავალების ერთ-ერთ უცვლელ კომპონენტად შემიძლია დავასახელო ე.წ. საკითხავი ლიტერატურის სია. აქვე ისმის კითხვა: რატომ უნდა იკითხონ ზაფხულში ბავშვებმა?! პასუხი მარტივია  – გაწაფული და ორიენტირებული კითხვის უნარების გახვეწა, ფანტაზიის, თანაგანცდის და სხვა მნიშვნელოვანი უნარებისა თუ შეგრძნებების განვითარება. რაც მთავარია, წიგნი არის ბილეთი ახალ თავგადასავალში, რომელმაც  თითოეულ მკითხველს საინტერესო გამოცდილება უნდა შესძინოს და თან სიამოვნებაც მიანიჭოს.

ბუნებრივია, დამწყებ მკითხველებს ზემოაღნიშნული არგუმენტებით ვერ მოხიბლავ. ამიტომ, როგორც მასწავლებელი, ბევრს ვფიქრობ, როგორ მივიყვანო თითოეული მათგანი წიგნთან. მოსწავლეების მაგივრადაც ვფიქრობ და ვიხსენებ, ბავშვობაში როგორ ვირჩევდი წიგნებს. მათ მსგავსად, მეც შევუშინებივარ სიტყვების გროვას, გაყვითლებულ ფურცლებს, არაფრისმთქმელ ყდას თუ სათაურს…

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა კარგად ვიცით, რომ თავიდან ბავშვებს უჭირთ გრძელი წინადადების შინაარსის გაგება, რადგან სანამ წერტილამდე მივლენ, დასაწყისი ავიწყდებათ. იგივე შეიძლება ითქვას გრძელ აბზაცებზე, ასაკითვის შეუსაბამო ლექსიკაზე, პატარა შრიფტსა თუ მჭიდრო ტექსტებით გადაჭედილ ფურცელებზე, რომლებიც მკითხველს არ უტოვებენ პაუზის, ამოსუნთქვის შესაძლებლობას. ამას წინათ, ჩემს მოსწავლეებს ვკითხე,  რის მიხედვით არჩევდნენ წიგნებს და აი შედეგიც:

ჩემი აზრით, მოსწავლეებს ზაფხულში მაინც უნდა მივცეთ საკითხავი მასალის არჩევის შესაძლებლობა. თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ასევე აუცილებელია სამოტივაციო აქტივობების შეთავაზება, რაც კითხვას უფრო საინტერესო და სახალისო პროცესად აქცევს. მკითხველი თავგადასავლის უშუალო მონაწილედ უნდა ვაქციოთ, ამიტომაც ხშირად ვთხოვ მოსწავლეებს რომელიმე პერსონაჟის პოზიციის გაზიარებას, მაგალითად: პერსონაჟის დღიურის შექმნას, წიგნიდან „გაქცევას“ (ამოიღე/ჩაამატე პერსონაჟი და მოყევი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის გარეშე) და ა.შ. მსგავსი გამოწვევები წიგნს მკითხველის თვალწინ აცოცხლებს და უფრო ახლობელი ხდება მისთვის.

ამჯერად საზაფხულო საკითხავის ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა ვცადეთ. მათ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე და საბოლოოდ ანე-კატერინე ვესტლის შესანიშნავ წიგნზე შევჯერდით. აქვე გაგიზიარებთ ამონარიდს „საზაფხულო რეცეპტებიდან“, რომელიც მრავალრიცხოვანი ოჯახის თავგადასავალს მოვარგე. დავიწყებ წერილით, რომელიც, მშობლების დახმარებით, მოსწავლეთა კუთვნილ გამოცემებს პირველ გვერდად „ჩავამატე“:

ძვირფასო მკითხველო,

ძალიან გვიხარია, რომ ცხელი ზაფხულის ჩვენთან ერთად გატარება გადაწყვიტე. აქ სულ ხმაურია, ბევრნი ვცხოვრობთ უშველებელი ქალაქის ერთ პატარა ბინაში. როცა ქუჩაში გავდივართ, გამვლელები გვაჩერებენ, არ სჯერათ, რომ ერთი ოჯახი ვართ. ალბათ გაგიკვირდება, პატარა ბინაში როგორ ვეტევით. სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვიკვირს! J

ზაფხულობით ქალაქიდან იშვიათად და თან ცოტა ხნით თუ გავალთ. ამ ზაფხულს კი სიამოვნებით გავატარებთ შენთან ერთად და საინტერესო თავგადასავლებსაც არ მოგაკლებთ!

                                                პატივისცემით, დედა, მამა, რვა ბავშვი, დიდედა და საბარგო მანქანა

 

პირველ თავში მკითხველი გაიცნობს მრავალშვილიან ოჯახს და მათთან ერთად დანაკარგის სიმწარესაც იგემებს. მკითხველმაც ხომ უნდა უთანაგრძნოს ოჯახს?!

შესავალი – დავალება N1

დაასრულე პირველი თავის წაკითხვა? მოდი, დაფიქრდი, შენ თუ დაგიკარგავს ოჯახის წევრივით მნიშვნელოვანი რამ, მაგალითად, მეგობარი სათამაშო ან თუნდაც შინაური ცხოველი/ფრინველი. იქნებ შენ თუ არა, შენმა რომელიმე ახლობელმა გაიხსენოს მსგავსი ისტორია. საკუთარ გამოცდილებაზე ან ახლობლის მონათხრობზე დაყრდობით, გაუგზავნე დაღონებულ ოჯახს წერილი და ურჩიე, სად და როგორ ეძებონ თავიანთი საბარგო მანქანა და ვინ/რა დაეხმარებათ ძიების პროცესში.

მეორე თავში საბარგო მანქანას პოულობენ და პოლიციელის დახმარებით ოჯახს უბრუნებენ. აქ მკითხველს  საინტერესო თამაში შეგვიძლია შევთავაზოთ:

,,საბარგო მანქანა“ – დავალება N2

მეორე თავის კითხვა დაასრულე? ესე იგი „გამომძიებლობანას“ თამაშის დროც დადგა!

ჯერ მოთამაშეები შეაგროვე (ოჯახის წევრები, მეგობრები), შემდეგ როლები (ქურდი, დაზარალებული, გამომძიებელი, პოლიციელი) გაინაწილეთ და თამაშის ინსტრუქციას გაეცანით:

  • ერთ-ერთმა მოთამაშემ (ქურდი) უნდა დამალოს რაიმე ნივთი. მას შეუძლია, საბარგო მანქანის მსგავსად, ნივთს გარეგნობა შეუცვალოს (შეღებოს, შეფუთოს…), მაგრამ არ უნდა დააზიანოს.
  • „ქურდმა“ ნივთი ყველასგან დამოუკიდებლად უნდა დამალოს. „გამომძიებელმა“ მას უნდა დაუსვას წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის კითხვები ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ. კითხვა-პასუხის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიშნების ბარათები (ქურდი ბარათებს წინასწარ ამზადებს და მალავს. გამომძიებელი კი ეძებს და ბარათებზე ამოკითხული მინიშნებების დახმარებით პოულობს დაკარგულ ნივთს).
  • „გამომძიებელმა“ დაკარგული ნივთის შესახებ რაც შეიძლება მეტი ცნობა უნდა შეაგროვოს (როგორ გამოიყურება, რისთვის გამოიყენება, ბოლოს როდის ნახეს/გამოიყენეს და ა.შ.) და ამაში „დაზარალებულის“ (ნივთის მეპატრონე) ჩვენება დაეხმარება.
  • გამოძიების პროცესში აუცილებლად დაგჭირდებათ „პოლიციელი“, რომელიც ნაპოვნ ნივთს შეაფასებს, მისი მფლობელის ვინაობას დააზუსტებს და სამართლიანობას აღადგენს.
  • ნივთის პოვნის შემდეგ, წიგნში განვითარებული მოვლენების მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ ქურდობის მიზეზი გამოიკითხოთ, „დამნაშავე“ შეიწყალოთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ.

სასიამოვნო თავგადასავალს გისურვებთ!

 

შემდეგი თავები („დიდედა ქალაქში ჩამოდის“, „დიდედა ტრამვაით სეირნობს“ და ა.შ.) ოჯახის უხუცეს წევრს, დიდედას ეძღვნება. იგი პირველად ჩამოდის დიდ ქალაქში და მისთვის ურბანული გარემო უცხო და საფრთხის შემცველია. ამიტომაცაა მისი თავგადასავალი ასეთი უჩვეულო და თან ძალიან სახალისო. აღნიშნული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებს „მოგზაურის დღიურის“ (წერილობით ან ვიდეო-აუდიო ჩანაწერის სახით) შექმნას შევთავაზებ და დამხმარე კითხვებსაც გავუგზავნი. ჩემი აზრით, დღიურის წარმოება წერითი/სააზროვნო უნარების და თვითრეფლექსიის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა:

  1. აღმოჩენილხარ დიდედას მსგავს სიტუაციაში? რომელმა ქალაქმა გაგაოცა ან შეგაშინა ამ პერსონაჟის მსგავსად? მომიყევი შენი გამოცდილების შესახებ.
  2. გისეირნია უცხო ან თუნდაც საკუთარ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით? გაიხსენე, რით იყო ეს მოგზაურობა გამორჩეული? შეგიძლია ეს მოგონებაც დღიურში შეინახო.
  3. დიდედას მსგავსად, რომელიმე ნივთის შეძენაზე ხომ არ გიოცნებია? მოახერხე მისი ყიდვა? ვინ დაგეხმარა ოცნების ასრულებაში?..

ზემოაღნიშნულ თავებთან დაკავშირებით რამდენიმე თამაშის იდეაც დამებადა:

  1. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გექნება კომფორტული საწოლი, რომელშიც ძალიან ტკბილად გძინავს. დიდედას კი, როგორც უკვე იცი, უზარმაზარი ქალაქის ციცქნა ბინაში საკმაოდ უცნაური საწოლი გაუშალეს. თუ სახლში თოჯინა ან შინაური ცხოველი გყავს, დაფიქრდი, როგორი საწოლი მოეწონებოდა და  მოუწყვე კომფორტული „საძინებელი“.
  2. უკვე გაისეირნე ტრამვაით დიდედასთან ერთად?! ალბათ უფროსებსაც ჰკითხე, ეს რანაირი ტრანსპორტიაო. თუ მატარებლით მგზავრობა გიყვარს, ქალაქში რელსებზე შემოსკუპებული ვაგონით სეირნობაც მოგეწონებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრამვაი აღარ დადის ჩვენს ქალაქში. ამის მიუხედავად, მაინც შეგიძლია „დიდი გასეირნების დღე“ მოიწყო და ოჯახის წევრებთან ერთად „ტურისტობანა“ ითამაშო. თუ კარგად დააკვირდები, ნაცნობ ადგილებშიც აღმოაჩენ რაიმე ახალს და საინტერესოს. სასიამოვნო გასეირნებას გისურვებ!

„ზაფხულის პატარა არდადეგები“

ეს თავი ყველაზე მეტად უხდება ზაფხულს. თან მასზე დაყდნობით არაერთი საინტერესო აქტივობის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად:

  1. კარვობანა

ოდესმე ყოფილხარ ლაშქრობაში? უჩვეულო ადგილას ღამე თუ გაგითენებია? ამ თავის წაკითხვის შემდეგ  რვა ბავშვთან ერთად საბარგო მანქანის ძარაზე დაძინებაც ხომ არ მოგინდა?! ამჯერად, მანქანაში ძილის ნაცვლად, კარავში ერთი ღამის გათენებას გთავაზობ. შეგიძლია, ოჯახთან ერთად ლაშქრობა დაგეგმო. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხებთ ამ იდეის განხორციელებას, არ მოიწყინო! საკუთარ ეზოში ან ოთახში გამოსცადე, როგორი ჯადოსნური რამაა კარავში ძილი. შეგიძლია ჩვეულებრივი მაგიდა  აქციო კარვად  – მის ქვეშ ლეიბი დააგო, თავზე კი ზეწარი ან პლედი ისე გადააფარო, მხოლოდ „კარავში“ შესასვლელი ჩანდეს.

ტკბილ ძილს და მოგზაურის სიზმრებს გისურვებ!

  1. პიკნიკი

თუ მოგზაურობა გიყვარს და კოცონზე მომზადებული საჭმელი ერთხელ მაინც გაგისინჯავს, ალბათ მისი გემო არასდროს დაგავიწყდება. თუ სოფელში ხარ, შეგიძლია პიკნიკი საკუთარ ეზოში მოაწყო. ჯერ შესაფერისი ადგილი შეარჩიე, შემდეგ პიკნიკისთვის საჭირო ნივთები (პლედი, ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.) და სურსათი (დარწმუნებული ვარ, მაცივარში ხილს და წასახემსებელს აუცილებლად იპოვი) მოიმარაგე. აი ახლა კი სასურველი სტუმრების (მეგობრები, ოჯახის წევრები) დაპატიჟებაც შეიძლება. თუ პიკნიკზე უფროსებიც წამოვლენ, პატარა კოცონის გაჩაღებას და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის დაგემოვნებასაც შეძლებ.

დაუვიწყარ საღამოს გისურვებ!

 

 

 

უცხო მოყმე და სხვა პერსონაჟები – პირველი შეხვედრა პერსონაჟთან

0

„ნახეს უცხო მოყმე ვინმე“ – ყველაზე მკაფიო, თვალსაჩინო, დაუვიწყარი სახე-ხატია პერსონაჟისა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ღერძად, მთავარ გმირად გვევლინება. მისი პირველივე გამოჩენა ისეთი ფოიერვერკული, მკვეთრი, ეფექტურია, რომ არასდროს ავიწყდება მკითხველს.

როგორ მოვიქცეთ, რომ ეს ეფექტი კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ? – იქნებ სხვა ნაწარმოებები და პერსონაჟები გავიხსენოთ, მითუმეტეს, რომ სწორედ ეს, პირველი გამოჩენის ეფექტი ყველაზე მნიშვნელოვანია მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად. შთაბეჭდილება კი, დამეთანხმებით, ნახევარი საქმეა, მითუმეტეს, როცა ახალგაზრდა მკითხველთან გვაქვს საქმე, ჩვენს მოსწავლეებთან, რომელთაც შოთა რუსთაველის ეს გენიალური პოემა გვინდა შევაყვაროთ.

რა საჭიროა ლიტერატურული პარალელები? რატომ არ უნდა დავეტიოთ მხოლოთ ერთი ტექსტის თუ ერთი პერსონაჟის ფარგლებში? იმიტომ, რომ ლიტერატურა ერთი დიდი სამყაროა, სადაც ყოველი ტექსტი რომელიმე სხვა ტექსტის გასაღებია, სადაც ყოველი პერსონაჟი, რომელიმე სხვა პერსონაჟის ხასიათის გაგებაში დაგვეხმარება, სადაც ყოველი წინადადება დაუვიწყარი შეიძლება გახდეს და სხვა წინადადება გაგვახსენოს.

ნუ ჩაკეტავთ მოსწავლეებს მხოლოდ საპროგრამო ტექსტებსა თუ აუცილებელ საგაკვეთილო მასალაში, გაუხსენით მათ ლიტერატურის ფართო კარი.

რომელი მოყმე გვახსენდება მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელიც ტარიელივით მკაფიო, დაუვიწყარი ფორმით შემოდის ჩვენს „ლიტერატურულ სცენაზე“? იქნებ გილგამეში?

აბა, გავიხსენოთ როგორ გავიცნობთ ტარიელს, ამ საოცარ, მოხდენილ, ულამაზეს პერსონაჟს:

„ მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,

ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;

ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.“ – როგორია? დაუვიწყარი, შთამბეჭდავი,მკვეთრად მოხაზული, რომ ნახავ და კიდევ ნახვა მოგინდება.

თუ ავტორი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნობასა და სამოსთან დაკავშირებული დეტალების აღწერას ( და ეს მთელ ნაწარმოებში ასეა, ჯერ მარტო ნესტანის მწვანე კაბის აღწერა რად ღირს), რატომ არ შეიძლება ეს დეტალები ჩვენც გამოიყენოთ მოსწავლეთა დასაინტერესებლად? რატომ ვერ ვისაუბრებთ, მაგალითად, მოდაზე, მოდის განვითარებაზე, შუასაუკუნეების სამოსზე, მითუმეტეს, რომ არაერთი საინტერესო კვლევა თუ ფილმი არსებობს ამ თემაზე. იქნებ სულაც დემნა გვასალიასაც გადავწვდეთ და  თანამედროვე ქართულ მოდასაც მოვავლოთ თვალი?

“-ორი მესამედი ღმერთი იყო იგი,

ერთი მესამედი [კაცი. სხეულით არავინ იყო დარი მისი.”  – ვკითხულობთ უცნობი გენიოსის ეპოსის მიხაკო წერეთლისეულ თარგმანში.  ეს უკვე გილგამეშია და კიდევ ერთი პერსონაჟის შემობრძანება სცენაზე.

აბა, „ამირანდარეჯანიანიც“ გავიხსენოთ:

„ერთი დიდი კაცი იყო, შვენიერი ჭაბუკი, ჯაჭვი ეცვა ტანსა და ჴრმალი ჴელთა ჰქონდა, ზედა ესრე ეწერა: “მე − ამირან დარეჯანის ძე და ყმა ჩემი სავარსიმის ძე, ბადრი იამანის ძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი, ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა. მაშინ არ ავად ვიყვენით”.

პერსონაჟთა გალერეა „ვისრამიანის“ რამინის პორტრეტითაც შევავსოთ:

„გაზაფხულ წალკოტი თუცა კეკლუცია, რამინის პირი ათასჯერ მას უტურფე იყო. ყურისა ძირნი წმიდასა ვეცხლსა უგვანდეს; სუმბულით ჯერეთ შავი არ ჩაეცვა და მუშა-ვაზნი მუშკისა ყვანჯად შეჰქმნოდა. ნიკაპსა ჯერეთ ცოტა ქაფურისა ფერობა ჰქონდა. ბაგენი ლალსა უგვანდეს და კბილნი მარგალიტსა; ნაკვთი და სიგრძე მოარულსა ნაძვსა უგვანდა; მაგრა ამა ნაძვისა ნაყოფი წითელი ვარდი იყვის, სახედ მთვარე გავსილი, ქვეყანასა ზედა მნახავთა მოსაწონებელი. კაბა და ქუდი უებროდ ჰშვენოდა. თვით გვარად ადამისითგან სახელოანი ჴელმწიფე იყო, სახედ მიწასა ზედა სულიერი მზე, ყოვლითა ფერითა საჭაბუკოჲთაცა სრული“.

ლიტერატურული კალეიდოსკოპი კიდევ შეგიძლიათ გაამდიდროთ, ისევე, როგორც საორიენტაციო საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც მე დავიწყებ:

 

  1. რა არის პორტრეტი?
  2. რა მნიშვნელობას ანიჭებთ პერსონაჟის პირველ გამოჩენას ნაწარმოებში? რომელი ასეთი ეპიზოდი გახსოვთ?
  3. რა ფუნქცია აქვს პორტრეტს ლიტერატურაში?
  4. რომელი „ლიტერატურული პორტრეტი“ დაგამახსოვრდა ყველაზე შთამბეჭდავად?
  5. რას გვეუბნება გარეგნობა პერსონაჟის შესახებ?
  6. აიღეთ რომელიმე ცნობილი მხატვრის პორტრეტი და აქციეთ ის ლიტერატურულ პორტრეტად;
  7. გამახსოვრდებათ დეტალები პერსონაჟის აღწერიდან? გიყვართ ასეთი აღწერები? რატომ?
  8. რომელი ლიტერატურული პერსონაჟის კინოსახე გახსენდებათ? რომელი მოგეწონათ? რომელი პირიქით?
  9. ამოარჩიეთ ერთ-ერთი ეკრანიზაცია და იმსჯელეთ, მწერლის აღწერილი ყველა დეტალი გადმოიტანა რეჟისორმა ფილმში?

 

 

„მსოფლიოში საუკეთესო დედა“

0

თქვენ წინაშეა ფრაგმენტი მალიკა ჩოპრას წიგნიდან „100 დაპირება ჩემს შვილს. როგორ გავხდეთ საუკეთესო მშობელი“. მალიკა ჩოპრა ამერიკელი მწერალი და ბიზნესმენია. ის 1972 წლის 24 ივლისს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ლინკოლნში. დაამთავრა Concord Academy, Kellogg School of Management და ბრაუნის უნივერსიტეტი. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პარალელურად წერს და აქვეყნებს სტატიებს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად, რომლებსაც ეძღვნებათ მისი წიგნები.

 

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ მალე დედა გავხდებოდი, – იწყებს თხრობას მალიკა ჩოპრა, – საათობით ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი პატარა. ვესაუბრებოდი, ვუმღეროდი, ვეფერებოდი და მეუღლესთან ერთად სამომავლო გეგმებს ვაწყობდი. გამოგიტყდებით, რაც უფრო იზრდებოდა ჩემი შვილი, მით უფრო ვშფოთავდი, როგორი დედა ვიქნებოდი, როგორ მოვუვლიდი ჩემს პირმშოს და, რაც მთავარია, შევძლებდი თუ არა შვილის გაბედნიერებას. როგორ ვასწავლო პატარას, პატივისცემით მოეპყრას სხვებს? როგორ ჩავუნერგო დაცულობისა და სიმშვიდის განცდა? როგორ დავაყენო სწორ გზაზე? და საერთოდ, რა არის ეს სწორი გზა? ეს და სხვა მსგავსი კითხვები მოსვენებას მიკარგავდა. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, როგორ გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას მშობლები, როგორ ახერხებდნენ, რომ მუდმივად სიყვარულისა და სიმსუბუქის გარემოცვაში ვყოფილიყავით, ძალიან გვიადვილდებოდა ერთმანეთთან ურთიერთობა. იმის გამო, რომ მამა სულიერი მოძღვარი და მწერალი იყო, ის მუდმივად გვიზიარებდა საკუთარ ცოდნას, რაც დამეხმარა, მცირე ასაკშივე გამეცნობიერებინა, რომ სიყვარული და თანაგრძნობა არის ცხოვრებაში ყოველივეს საფუძველი.

გადავწყვიტე, ჩამეწერა ყველა ის დაპირება, რომელიც ჩემმა სიყვარულმა და იმედმა ჩამისახა და  რომელიც მე მივეცი საკუთარ თავს და საკუთარ პატარას, ზუსტად ვიცი, რომ თითოეული ეს დაპირება გამიჩნდა სწორედ იმის საფუძველზე, რაც თავად განვიცადე და შევიმეცნე ბავშვობაში. ამავე დროს, მე ვიწერდი სხვადასხვა ისტორიას, მოგონებებს, განცდებს, რომლებიც მინდოდა, რომ შემდგომ ჩემი მომავალი შვილისთვის გამეზიარებინა. შედეგად, მე ვგრძნობდი, რომ დედა-შვილის კავშირი სულ უფრო მყარდებოდა; და ასე გაგრძელდა პატარა გოგონას დაბადების შემდეგაც. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიყვარული შვილისადმი აისახება ჩემდამი მის სიყვარულში და მე ვიცი, რომ ჩვენ ორივე მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით.

გპირდები არასოდეს დაგიქვემდებარო, სამაგიეროდ, ყოველთვის ვეცდები მხარი დაგიჭირო. -აი, ზუსტად ასე ჟღერს მალიკა ჩოპრას ერთ -ერთი დაპირება შვილისადმი. „როდესაც შენ მიყურებ შენი დიდრონი თვალებით, რომლებიც ითხოვს ჩემგან ჩახუტებას, კოცნას, გამხნევებას და დაცვას, ჩემი გული ბედნიერებისგან დნება და მე მაშინვე შენკენ გამოვრბივარ, რათა იმედი არ გაგიცრუო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი სურვილი მუდმივად შენი დაცვა და დახმარებაა, მაინც გეტყვი, რომ შენი ჩემზე დამოკიდებულება დროებითი მოვლენაა და ამას ვერსად გავექცევი. შენ ცხოვრებაში შენი დამოუკიდებელი გზა გელოდება. შენ ხარ იმ ყვავილის კოკორი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გაიფურჩქნება და დამოუკიდებელ ლამაზ ყვავილად გადაიქცევა.

ვიცი, რომ დადგება დრო, როდესაც შენ აღარ დამისვამ კითხვებს ნებისმიერ თემაზე, რადგან თავად, ჩემგან დამოუკიდებლად დაიწყებ პასუხების ძიებას. ვიცი, რომ დადგება დრო, როდესაც მე იძულებული გავხდები, ხელი გაგიშვა, რადგან მომიწევს ვაღიარო შენი ზრდასრულობა და უნარი, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები. გპირდები, რომ მე გაგიშვებ შენ და ნებას დაგრთავ, თავისუფლად გაიზარდო, რათა მოიპოვო პიროვნული დამოუკიდებლობა. მაგრამ თუ ოდესმე შენ დაგჭირდება ჩემი რჩევა-დარიგება, ჩემი ჩახუტება და ღიმილი, მე შენს გვერდით გავჩნდები – ყოველთვის გამოვეხმაურები შენს ძახილს, რათა მხარი დაგიჭირო. ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან გამიჭირდება არ ჩავერიო, და გვერდზე გავდგე, მაგრამ მე ყოველთვის პატივისცემით მოვეკიდები შენს თავისუფლებას და გაჩუქებ ფრთებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებ იფრინო ლაღად, ბედნიერად და უშფოთველად“.

გპირდები, რომ ჩემი რჩევადარიგებები არ იქნება მხოლოდ ფუჭი სიტყვები, ყოველთვის ვეცდები, თვალნათელი მაგალითებით გესაუბრო.

„ჩემი მშობლების ოჯახში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მე ათი წლის ვიყავი, – განაგრძობს ბიზნესმენი ქალბატონი. მაშინ დედ-მამამ გადაწყვიტა, მედიტაცია დაეწყოთ, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე კვირის გავლის შემდეგ მამამ სიგარეტის მოწევას თავი დაანება; მანამდე მშობლები ხშირად კამათობდნენ, რადგან მამას ალკოჰოლური სასმელების გამოყენება უყვარდა. მედიტაციის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედ-მამა გაცილებით მეტ დროს ატარებდა ერთად. ისინი სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ, დილაობით ვარჯიშობდნენ, ბევრს მხიარულობდნენ; მე და ჩემს ძმას სულ უფრო ნაკლებად გვასწავლიდნენ ჭკუას, ნაკლებ მითითებებს გვაძლევდნენ, თუ რა და როგორ ჯობდა გაგვეკეთებინა და სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ჩვენთან საუბრებში. ჩვენი ოჯახი  ძალიან ბედნიერი და სასიამოვნო ადამიანების ერთობა გახდა.

მშობლები მე და ჩემს ძმას არასდროს გვაძალებდნენ მედიტაციას. მე თავად მომინდა, მათთვის მიმებაძა, რადგან დავინახე, რომ მედიტაციამ ჩემი მშობლები დადებითად შეცვალა. როდესაც წამოვიზარდე, მედიტაციას იშვიათად მივმართავდი და ზოგჯერ რამდენიმე თვე საერთოდ არც მახსენდებოდა. მშობლები იშვიათად შემახსენებდნენ ხოლმე, რომ სურვილის შემთხვევაში, შემეძლო მათთან ერთად მევარჯიშა. ამით იმას ვამბობ, რომ დედ-მამა ნებას მრთავდა, თავად გადამეწყვიტა, თუ რის გაკეთება მსურდა და საერთოდ, რა გზას ავირჩევდი სამომავლოდ.

მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ  შვილების ბედის გადაწყვეტაში არ ჩაერიონ, რადგან თავად ზრდასრულები არიან და ამიტომ მიაჩნიათ, რომ მათ გაცილებით უკეთ იციან, თუ რა არის შვილებისთვის უკეთესი. იმისათვის, რომ შვილებმა კარგად გააცნობიერონ საკუთარი არჩევანის სისწორე, მშობლებმა მათ ამის მაგალითი უნდა აჩვენონ და არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება. მკითხველს ვთავაზობ, დაფიქრდეს: რის სწავლა შეუძლიათ შვილებს თქვენი ქცევების მაგალითზე?“

გპირდები, დავიცვა წონასწორობა და ერთმანეთისგან გავმიჯნო შენი და ჩემი ცხოვრება.

ეს კიდევ ერთი დაპირება – „ჩემი, როგორც დედის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ის გარემოება, რომ აუცილებლად მიმაჩნდა მეპოვა ბალანსი ჩემს პროფესიულ ამბიციებსა და საუკეთესო დედად ყოფნის სურვილს შორის. ძალიან მინდა მაქსიმალურად ახლოს ვიყო შვილებთან, მივიღო მონაწილეობა მათ აღზრდასა და განათლებაში. დიდი დრო გავატარო მათთან, არ მოვაკლო მათ სითბო და სიყვარული. ჩემ გარშემო უამრავ მეგობარს აქვს იგივე დილემა. როგორ მოვახერხოთ კარიერულ კიბეზე სვლა და ამავე დროს, ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესო დედები?

მეგობრები, რომლებსაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი ან არიან პროდიუსერები, ბიზნეს კონსულტანტები ან სხვა დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში თავაუღებლივ სწავლობდნენ, რათა ამა თუ იმ პროფესიას დაუფლებოდნენ, მუშაობას თავი დაანებეს, როცა დედები გახდნენ. აქვე მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების გარკვეული ნაწილისთვის სულაც არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება, მათ მაინც არ მიაჩნდათ დიდ მსხვერპლშეწირვად საკუთარი არჩევანი.

მე ისეთ დედებსაც ვიცნობ, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ სახლში ჯდომა მათთვის არ იქნებოდა ბედნიერების მომტანი და ისეთებსაც, რომლებიც დაუბრუნდნენ სამსახურს დეკრეტული შვებულების ვადის გასვლისთანავე. ყოველ მათგანს აწუხებდა სინდისის ქენჯნა, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, სწორად იქცეოდნენ თუ არა.

უკვე ორი შვილი მყავს და უნდა ვაღიარო, რომ დღემდე ძალიან მიჭირს მოვძებნო ბალანსი სამსახურსა და საკუთრ შვილებთან დიდი დროის გატარების სურვილს შორის. მე საკუთრი საქციელის მუდმივ გადაფასებაში ვარ. ვცდილობ ვისწავლო საკუთრი თავის პატიება იმის გამო, რომ პროფესიულ წინსვლას სათანადოდ ვერ ვახერხებ, რადგან მინდა, ბევრი დრო დავუთმო შვილებს; მაგრამ ასევე ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებ მსოფლიოში საუკეთესო დედა ვიყო, თუ ბედნიერი, საკუთრ თავში დარწმუნებული ვიქნები, რასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, თუ მოვახერხებ ერთმანეთს შევუთავსო დედობა და პროფესიული საქმიანობა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მე მივხვდი: ჩემთვის კარგი დედობა არ იზომება დროის მათთან გატარებით.

დედობა – ეს არის სიყვარული, ყურადღება და მხარდაჭერა; დედის „ამოცანაა“ – გაანებივროს, მიეფეროს შვილებს, თვალყური ადევნოს მათ ზრდა-განვითარებას, დაეხმაროს მათ და ისიამოვნოს ყველა იმ ძვირფასი მომენტით, როდესაც შვილები ეფერებიან, იცინიან დედასთან ერთად, უზიარებენ  შთაბეჭდილებებს. დედობა – ეს არის შვილებთან ყოფნა სულით, გონებით და სხეულით; დედობა ეს არის, იყო საკუთარი პიროვნებით კმაყოფილი, რათა შვილებმაც შეძლონ იამაყონ და გაიხარონ, რომ მათ გვერდით ბედნიერი მშობელია.

 

განმავითარებელი შეფასება- მოტივაცია და ემოციების გაზიარების საშუალება

0

„ეს მოსწავლე მოტივირებულია“; „ამ მოსწავლეს მოტივაცია აკლია“; „მოტივაცია აუმაღლდა და სწავლის შედეგებზეც დაეტყო“ – არაერთი მსგავსი შინაარსის წინადადება გაგვიზიარებია მასწავლებლებს ერთმანეთისთვის ან ჩვენთვის მაინც გაგვიფიქრებია.

ჩვენ გამუდმებით იმის ფიქრში ვართ, რა საშუალებით ავუმაღლოთ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია. თავადაც კარგად ვიაზრებთ მოტივაციის არსსა და მნიშვნელობას ჩვენს ყოველდიურობაში, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მცირე ასაკის ადამიანს, მოსწავლეს, რომელიც დიდწილად სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული – როგორ დაეხმარება, რას შესთავაზებს, როგორ გარემოს შეუქმნის, რომ მანაც მოტივაციის ბიძგი მისცეს მოსწავლეს. აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ცნების არსი, რომელიც, მოგეხსენებათ, ლათინური წარმოშობისაა და გულისხმობს მოძრაობას, მიზნისკენ სწრაფვას, მიმართულების მიცემას. განსაკუთრებით მომწონს ეს უკანასკნელი განმარტება – ,,მიმართულების მიცემა“. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მისიაც, სწორედ ეს არის. მაშ, მოტივაცია ყოფილა პროცესების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს დასახული მიზნისკენ მოძრაობას. იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეისწავლოს ბავშვის მოტივაცია, მან უნდა გაიგოს, რატომ და როდის ისწრაფის მოსწავლე საკუთარი მიზნისკენ. დადგენილია, რომ მოტივაციური პროცესების მართვა შესაძლებელია და ამ პროცესს მოტივირებას უწოდებენ. მოტივირება ნიშნავს, მოსწავლეს მოტივაციის განსავითარებლად შეუქმნა პირობები. მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებლები სხვადასხვა მიდგომას ვიყენებთ, მათ შორის, ვცდილობთ, მოსწავლეს:

  • გავუჩინოთ წინსვლის სურვილი;
  • დავაინტერესოთ იგი;
  • გავუჩინოთ საგნებისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  • დავანახოთ, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ მისი წარმატებით;
  • და სხვა.

პირველ რიგში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ამოსავალ წერტილად მიმაჩნია, გაკვეთილი დაიგეგმოს მოსწავლის ინტერესების შესაბამისად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობის დანახვა. ყოველივე ზემოთ ნათქვამი მინდა, განვავრცო შეფასების ერთ-ერთი ტიპის, კერძოდ, განმავითარებელი შეფასების ჭრილში.

მინდა განვიხილო, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება ერთგვარ დამხმარედ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და გაგიზიაროთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება ამ კუთხით.

ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ განმავითარებელი შეფასებით მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათ განსასჯელად და ქულების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. მასწავლებელი გამუდმებით აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, სწავლობს მათ საჭიროებებს, რათა თითოეულ მათგანს მაქსიმალურად დაეხმაროს წინსვლაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განმავითარებელი შეფასება. მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვიყენოთ ის დამხმარედ, „ოფიციალურ შუამავლად“ ჩვენსა და მოსწავლეს შორის. ამგვარი შეფასებით არამარტო ვეხმარებით მოსწავლეს აკადემიურ წინსვლაში, სწავლის დახვეწასა და განვითარებაში, არამედ, შესაძლებლობა გვეძლევა, უფრო ახლოს ვიკონტაქტოთ მოსწავლესთან, მუდმივად ახლოს ვიყოთ მასთან. გავიზიაროთ, გამოვხატოთ, შევიგრძნოთ და გავუზიაროთ მოსწავლეებს ჩვენი დამოკიდებულება, ემოციები, რომლებიც, აუცილებლად პოზიტიური მოტივატორი იქნება მათთვის. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განმავითარებელი შეფასებები დავტვირთოთ მოსწავლისადმი ჩვენი მხარდაჭერითა და რჩევებით, მივიტანოთ მოსწავლემდე იმედი იმისა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და ვეხმარებით, ვგულშემატკივრობთ, ვინტერესდებით მისით. ამგვარი დამოკიდებულებებით გაცემული განმავითარებელი შეფასებები მოსწავლეებს სძენენ როგორც ახალ ცოდნას, ასევე, უმდიდრებენ გამოცდილებას და უუმჯობესებენ უნარებს. ისინი, რაღა თქმა უნდა, იაზრებენ, რა არის მათი ძლიერი მხარე და რა აქვთ გამოსასწორებელი. ეს  უკანასკნელი კი, მოსწავლესთან სწორად გაცემული განმავითარებელი შეფასების სახით მისული, სულაც არ არის მისთვის დამთრგუნველი, პირიქით, უმაღლებს მოტივაციას, გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, გამოასწოროს ხარვეზები. განმავითარებელი შეფასების საშუალებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე, რომლებიც მას ხელს უშლიან წარმატების მიღწევაში. მასწავლებლის მიერ შეთავაზებული გამოსავალი და გადაჭრის გზა უნდა უბიძგებდეს მოსწავლეს, თავადაც დაფიქრდეს ამაზე და მისთვის უფრო მოსახერხებელი გზა აირჩიოს და გააგრძელოს საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა.

მრავალფეროვანი, გულწრფელი და ახლობლური, არაოფიციალური განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებში აყალიბებს თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარებს და ზრდის მათ ქმედუნარიანობასა და პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს და წარმატებულ პრაქტიკას გიზიარებთ. მაგალითად, როდესაც მოსწავლის მიერ დაწერილ თავისუფალ თემას ვეცნობი, რომლებსაც განმავითარებელი კომენტარი უნდა გავუკეთო, ვცდილობ, სრული გულწრფელობით გავაკეთო ეს ჩანაწერი და ჩემი ემოციები და მოსაზრებები დაწვრილებით გამოვხატო, რომელშიც შექებასთან ერთად აუცილებლად იქნება რჩევაც. ყოფილა შემთხვევა, როდესაც განმავითარებელი კომენტარი თავადაც დამიწყია შეკითხვით – „ხომ ვერ მირჩევდი?…“. მოსწავლე კი დიდი სიხარულითა და მონდომებით მაძლევდა პასუხს.

გიზიარებთ რამდენიმე განმავითარებელ კომენტარს.

ყველა მასწავლებელს, მათ შორის, საკუთარ თავსაც, ვუსურვებ, შევიძინოთ ძალა, საკმარისი გულწრფელობა, ემოცია და თანაგანცდის უნარი, რომ შევძლოთ ჩვენი შენიშვნის მოსწავლემდე მიტანა, რათა მან პოზიტიური შედეგი გამოიღოს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...