შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

უმწეობა თუ გულგრილობა – რა ასაზრდოებს ძალადობას?

0

უცნაურია, მაგრამ უსუსურობა არცერთი არსებისთვის არ არის იმდენად ხანგრძლივი, როგორც ადამიანისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ზომის თავის ტვინი გვაქვს და ეს „ხარბი“ ორგანო სხეულის წონის დიდ ნაწილს იკავებს მუცლადყოფნის დროიდანვე, იმაზე მეტად ჩამოუყალიბებლები და დამოუკიდებლობისათვის იმაზე მატად მოუმზადებლები ვიბადებით, ვიდრე – სხვა არსებები. მზრუნველ პირზე დამოკიდებულება ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა და არა – ახირება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაზე დამოკიდებულები ვართ იმისათვის, რომ გადავრჩეთ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. თუ სხვაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ზომიერად გამოხატული სურვილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობის საწყის საფეხურზევე, ირგვლივმყოფები ჩემს უსუსურობას დადებითად შევხდნენ, მათზე ჩემი დამოკიდებულება ბუნებრივად აღიქვეს და ჰქონდათ კიდეც ფუფუნება, ჩემზე, როგორც უსუსურ არსებაზე მშვიდად ეზრუნათ.

როგორ ვრეაგირებთ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ არსებაზე? მაგალითად, გაქცევის სურვილი ხომ არ მოგვიცავს ხოლმე? რატომ? ნუთუ, არაბუნებრივია, რასაც ვხედავთ? რამ შეგვაშფოთა? რამ აგვაღელვა? რატომ ვერ ვუსწორებთ თვალს უსუსურ არსებას? იქნებ, მასზე ვბრაზობთ კიდეც? იქნებ, საკუთარი უმოქმედო უსუსურობა გვაბრაზებს, რომელსაც მისი დაუცველობის წინაშე განვიცდით? ან, თვალს ვარიდებთ, თითქოს, რაღაც სასირცხვილო ჩაიდინა მხოლოდ იმით, რომ უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა? იქნებ, გვაღიზიანებს? რატომ შეიძლებოდა, გავეღიზიანებინეთ? რაზე გვანიშნებს მისი მდგომარეობა, რას გვახსენებს, რატომ ვერ ვუსწორებთ თვალს, რატომ ვერ ვუახლოვდებით? რატომ გვიჭირს, ვესაუბროთ მძიმე ავადმყოფობის მქონე ადამიანს? რატომ გვიჭირს, ბრაზის გარეშე ვუპასუხოთ ჩვენს შვილებს, რომლებიც ჩაგვრის ან ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ? რატომ ვართ მხრებში აწურული, როდესაც მოტირალ ადამიანს ვუყურებთ, რატომ გვიჭირს მასთან მიახლოება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ადამიანი ჩემთვის უახლოესია? რატომ შეიძლება ვბრაზობდე ჩაგრულზე და არა – მჩაგვრელზე?

რატომღაც, სხეულებრივი დაავადების მქონე ადამიანის უსუსურობა გაცილებით მარტივი მისაღებია ჩვენთვის, ვიდრე – ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ან ძალადობის თუ ჩაგვრის მსხვერპლის.

საზოგადოებაში უსუსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, რამდენად გვიხარია ერთმანეთზე დამოკიდებულება, რამდენად მყუდროა ჩვენთვის ერთმანეთზე დაყრდნობა, რამდენად მშვიდად ვართ თუ გვაძრწუნებს იმისი წარმოდგენა, რომ ოდესმე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება სხვაზე ბოლომდე აღმოვჩნდეთ დამოკიდებული. რამდენად გვაშფოთებს აზრი, რომ ვინმემ შეიძლება ოდესმე შეურაცხყოფა მოგვაყენოს და თავდაჯერებულად პასუხის გაცემა ვერ შევძლოთ? რამდენად გვაშფოთებს აზრი, რომ ოდესმე შეიძლება დამოუკიდებლად ვერ შევძლოთ ჩაგვრასთან გამკლავება? ვინ გვეგულება, ვისაც მივმართავთ და მოვუყვებით, როგორ ვერ შევძელით მჩაგვრელთან ან მოძალადესთან გამკლავება?

არსებობს უსუსურობისადმი დამოკიდებულების განმსაზღვრელი გარემოებები, რომლებიც, ამავდროულად, შეიძლება ინარჩუნებდეს ძალადობრივ გარემოს.

  • ისტორიული გარემო, რომელშიც დავიბადე – როგორი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა მაშინ, როდესაც დავიბადე? რამდენად შეეძლო ჩემს მშობელს, საკუთარი თავისთვის მიეცა ფუფუნება, სიხარულით და სიმშვიდით შეხვედროდა ჩემს დაბადებას? რამდენად შეეძლო ჩემი განვითარების წუთები სიხარულით „დაეგემოვნებინა“? რა ხდებოდა ქვეყანაში მაშინ, როდესაც დავიბადე?
    ხშირად, როდესაც ძალადობრივ გარემოზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება იმ ისტორიული მოვლენების წვლილი გავიხსენოთ, რომელიც ჩვენ ირგვლივ ვითარდებოდა, პასუხისმგებლობას მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს და დაწესებულებებს ვაკისრებთ. სასურველია, გვახსოვდეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ხშირად, ასახავენ მათგან დამოუკიდებლად მიმდინარე მოვლენებს და მათ ქცევებს, გარემოებების ერთობლიობაც განაპირობებს.
  • სოციალურ – ეკონომიკური ცვლადები – რატომ არ გვქონდა 90 – იან წლებში აღზრდილ ბავშვებს ფეხსაცმლის მშვიდად გაფუჭების ფუფუნება? რატომ გავიშინაგნეთ განწყობები – „შეცდომის დაშვება უპატიებელია,“ „შეცდომის დაშვებას შეუქცევადი შედეგები მოჰყვება,“ „შეცდომის დაშვებისთვის მკაცრად დაისჯები“? ერთ – ერთი გარემოება, რითაც შეიძლება ამ რწმენების ჩამოყალიბება და მათი გაშინაგნება ავხსნათ, სიდუხჭირეა, რომელშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს. სიდუხჭირისგან გამომდინარე, ადამიანებს არ ჰქონდათ ფუფუნება, მშვიდად დაეშვათ შეცდომები, მშვიდად გაფუჭებოდათ ნივთები, რადგან შემცვლელით უზრუნველყოფა იმდენად მარტივი არ იყო, როგორც ეს ნაკლებად დუხჭირ საზოგადოებაში იქნებოდა. ხშირად, მშობლები ბრალეულობის განცდას განიცდიდნენ, რადგან არ შეეძლოთ შემცვლელი მარტივად შეეთავაზებინათ თავისი შვილებისთვის. მეტიც, მათი უმრავლესობა, დიდი ალბათობით, დეპრესიის ეპიზოდს მაინც ებრძოდა, თუმცა, ცდილობდნენ, მარტო გამკლავებოდნენ ამ მდგომარეობას. სამწუხაროდ, ისინი ფიქრობდნენ, რომ „მათი „წუწუნის“[1] დრო არ იყო.“
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა და დაუცველობის მოლოდინი – მშობლების განსაზღვრულმა ნაწილმა არ იცოდა, როგორ დაეცვა შვილი ჩაგვრისა და ძალადობისაგან, რადგან არ იცოდა, რა მოჰყვებოდა შვილის დაცვის მცდელობას. მაგალითად, მშობლების ნაწილმა არ იცოდა, ვისთვის მიემართა, თუ მისი შვილი მჩაგვრელი ან ძალადობრივი ქცევის სამიზნე აღმოჩნდებოდა, შეიძლებოდა თუ არა ჰქონოდა ვინმეს იმედი, არ იცოდა, რა მოჰყვებოდა, თუნდაც, მჩაგვრელის მშობელთან საუბარს, ეშინოდა, რომ ვინმე დაუფიქრებლად ხელყოფდა შვილის სიცოცხლეს ან ჩაგვრის გაძლიერებისთვის გაიმეტებდა. აქედან გამომდინარე, აუფასურებდა ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტს მაშინაც კი, როცა შეიძლებოდა, მის თვალწინ განვითარებულიყო მოვლენები, არჩევდა თავისი შვილი განერიდებინა ძალადობრივი გარემოსთვის. მაგალითად, გადაეყვანა სხვა სკოლაში, სხვა გზით ევლო სახლამდე და ა. შ. მართალია, ეს მიდგომები, განსაზღვრულ შემთხვევებში, ძალადობრივ გარემოსთან გამკლავების გზებად ითვლება, თუმცა, მხოლოდ მსხვერპლის განრიდებით ძალადობრივი გარემო არ იცვლება, ძალადობა და ჩაგვრა უპასუხოდ რჩება.
  • მსხვერპლის დადანაშაულება და მასში პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება – როდესაც ადამიანი ჩაგვრის ან ძალადობის მსხვერპლია, იმას ნიშნავს, რომ ის მჩაგვრელის და მოძალადის წინაშე უსუსური და დაუცველი აღმოჩნდა. ადამიანებს გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ ზოგჯერ სამყარო სამართლიანობის ჩვენეული წარმოდგენების თანახმად არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ძალადობა გავამართლოთ. ასეთ დამოკიდებულებას აღწერს ზოგიერთი ადამიანი თავისი ოჯახის წევრისაგან: „დაიმსახურებდი, ალბათ,“ „რაღაც ისეთი თუ არ გააკეთე, ხელს რატომ გაგარტყამდა?“

ძალადობისგან ან ჩაგვრისგან ოჯახის წევრის დაცვის მიზნით, ზოგიერთი ოჯახი მასში იწყებს პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას. მაგალითად, ის ცდილობს, ძალადობა ან ჩაგვრა თავისი ოჯახის წევრის დაუდევრობით ახსნას და ოჯახის წევრის ძალადობისგან დაცვა წინასწარჭვრეტის უნარის გაძლიერებისკენ მოწოდებით უზრუნველყოს. მაგალითად, ისეთი რწმენები, როგორიცაა „შენ უნდა გცოდნოდა, როგორ ვერ გათვალე?,“ „შენ უნდა აგერიდებინა თავი დროულად, როგორ ვერ გათვალე?“ და ა. შ. აძლიერებს ძალადობის ძალაუფლებას, ათავისუფლებს მოძალადეს ან მჩაგვრელს პასუხისმგებლობისგან და ძალადობაზე თუ ჩაგვრაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ მსხვერპლს აკისრებს.

  • წესების შექმნა – „არავის უნდა დაეჩაგვრინო,“ „თავი არავის უნდა მოატყუებინო,“ „არავის უნდა გააბედინო…“ წესების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანებს დაძაბულობაში ამყოფებს და სხვების ქცევის კონტროლის უნაყოფო მცდელობაში ატარებინებს დროს. გარდა ამისა, ჩაგვრის და ძალადობის წინაშე მყოფ ადამიანებს ვუბიძგებთ, ძალადობის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ მოძალადეს ან მჩაგვრელს ვათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, ხოლო მსხვერპლს ვუბიძგებთ, მოძალადესთან შეგუებისთვის და მისგან ძალადობისა და ჩაგვრის შემსუბუქებისთვის ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც არათუ ამცირებს ძალადობას, არამედ, ხშირად, პირიქით – აძლიერებს. ამ შემთხვევაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ კი არ უნდა განერიდონ მოძალადესთან ურთიერთობას, არამედ – დაუსრულებლად იზრუნონ მოძალადის ქცევებთან თავისი ქცევების არაჯანსაღ შესაბამებაზე.

წესების ეს ერთობლიობა, დროთა მანძილზე, გავრცელდა სავაჭრო – საფინანსო სფეროშიც. მაგალითად, როდესაც მოტყუებულ ადამიანს უთანაგრძნობთ, შეიძლება, სანაცვლოდ მოისმინოთ: „მერე რას მოატყუებინა თავი?“ თითქოს, თავისი ნებით, გაცნობიერებულად მოიტყუა თავი და ისეთ ფინანსურ გარიგებას დათანხმდა, რომელიც მას დააზარალებდა.

  • იარლიყების მიკუთვნება – ხშირად, ძალადობის მსხვერპლს ადამიანები ისეთ იარლიყებს აკუთვნებენ, რომელიც მას აკნინებს. მაგალითად, თუ მან არჩია, ძალადობრივი გარემოდან გაქცეულიყო, შესაძლოა, მას „სუსტი“ ადამიანის იარლიყი მიაკუთვნონ. მსგავსი იარლიყის მიკუთვნება კი იმას გულისხმობს, რომ ირგვლივმყოფები უგულებელყოფენ იმ გარემოებების ერთობლიობას, რომელიც ადამიანს, მაგალითად, გაქცევისკენ უბიძგებს და, შესაძლოა, განსაზღვრულ გარემოებებში ეს იყოს გამკლავების ჯანსაღი გზა. მსგავსი იარლიყებიც აძლიერებს მოძალადისა და მჩაგვრელის გავლენას ჩაგვრისა და ძალადობის წინაშე მყოფ ადამიანზე, რადგან ის კარგავს იმის იმედს, რომ მის ქცევებს უსიამოვნო ემოციების აღმძვრელი იარლიყების გარეშე შეაფასებენ, თავს შერცხვენილად და მიუსაფრად გრძნობს, რაც მას აიძულებს, დახმარების და მხარდაჭერის ძიებაზე უარი თქვას.
  • „მოძალადე ურჩხულია, ხოლო ის ადამიანები, ვინც მსხვერპლს არ ეხმარებიან, გულგრილები არიან“ – ერთი შეხედვით, ეს რწმენა არაფერს აშავებს, თუმცა, ამ ტექსტით ძალადობასთან ბრძოლა ორ საფრთხეს ატარებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩემი პრაქტიკის მანძილზე, დავრწმუნდი, ადამიანებს უჭირთ, საკუთარი ემოციები, აზრები და ქცევები სხვა ადამიანის ემოციების, აზრებისა და ქცევებისაგან გამოაცალკევონ. გარდა ამისა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ, არავინ ვისურვებდით ძალადობის და ჩაგვრის მსხვერპლი ვიყოთ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მოლოდინებისა და რწმენებისგან გამომდინარე, ასევე, არ ვისურვებდით, ასეთი შეფასების შემდეგ, თვალი გაგვესწორებინა იმ ფაქტისთვის, რომ ჩვენზე ძალადობენ.

ძალადობაზე რეაგირება გვიჭირს, რადგან ადამიანები, გაუცნობიერებლად ვფიქრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვინ შეძლებს ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვას, ჰყავს თუ არა მას მხარდამჭერი ადამიანები, რომელთა იმედი შეიძლება ჰქონდეს? რამდენად დამოკიდებულია მსხვერპლი მოძალადეზე? ხომ არ დააზიანებს დახმარების მცდელობა ძალადობის მსხვერპლს და ა. შ.? ან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩემთვის დაუცველთან გამოსარჩლებას? ვინ დამიცავს მე?

აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენც დავიწყოთ ძალადობის ფაქტის გაუფასურება, თავი დავირწმუნოთ, რომ არ შევსწრებივართ, ვერ დავინახეთ და ა. შ., რადგან არავის მოსწონს, ერთი მხრივ, საფრთხის განცდა და მოლოდინი, ხოლო, მეორე მხრივ, სირცხვილის განცდა. ამიტომ, საფრთხისა და შერცხვენისგან განრიდებისთვის შეიძლება ისიც კი არ მოვიმოქმედოთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.

  • „მიზეზებს ეძებთ? ანუ, ძალადობას ამართლებთ?“ – ძალადობას და ჩაგვრას ისევე აქვს მიზეზები, როგორც ალტრუისტულ ქცევას. როდესაც ძალადობის მიზეზების ძებნას მისი გამართლების მცდელობასთან ვაიგივებთ, ჩვენ მის წინაშე სრულად განიარაღებულნი ვრჩებით. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალადობა არსაიდან, უმიზეზოდ წამოიქმნება, გზას ვუკეტავთ ამ საკითხის კვლევის აუცილებლობას. მათ შორის, ადამიანებს ვაჩუმებთ, როდესაც შეიძლება, მათი ნათქვამები იმ სოციალური გარემოებებისა და განწყობების ერთობლიობას ასახავდეს, რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია და მათი სახით ძალადობის შემანარჩუნებელი ფაქტორების მთელი ერთობლიობა არსებობს.

ძალადობის გამართლება ჟღერს ასე: „ღირსი იყო,“ „დაიმსახურებდა,“ „რაც უნდოდა, ის მიიღო“ და ა. შ.
მიზეზების ძიება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვსვამთ კითხვას და ვცდილობთ, პასუხი გავცეთ კითხვას: „რას შეიძლებოდა განეპირობებინა ძალადობრივი ქცევების გამოვლენა კონკრეტულ ადამიანში?“

  • ძალადობის ცალმხრივი ახსნა – რას ვაშავებთ, თუ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ადამიანზე მხოლოდ იმიტომ იძალადეს, რომ ქალი ან მამაკაცია? როგორც წესი, ამ შემთხვევაში, უგულებელვყოფთ გარემოებების ერთობლიობას და ძალადობა მხოლოდ ერთ ცვლადამდე დაგვყავს, რაც, თავისთავად, მცდარია.

ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ დაუცველს, ჩვენივე უსუსურობის გაუცნობიერებელი განცდისგან თავდახსნისთვის, ისევ და ისევ დაუცველს და უსუსურს ვამტყუნებთ. ასევე, ვიზიარებთ იმ განწყობებს, რომელიც, ვცადე, დაწვრილებით აღმეწერა. როგორ ვრეაგირებთ ადამიანების უსუსურობაზე? რა გვიპყრია ხელთ, იმისათვის, რომ დაუცველს დავეხმაროთ? ამ კითხვებზე პასუხი კი იმასაც გულისხმობს, როგორ ვუმკლავდებით ძალადობას და ჩაგვრას საზოგადოებაში.

[1] ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მდგომარეობაზე გულწრფელად საუბარს წუწუნს უწოდებს.

როგორ მოვნიშნოთ ტექსტები ვებსივრცეში?

0

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელში ფერად-ფერადი მოსანიშნი მარკერები. გამოგიტყდებით, მეც ხშირად ვიყენებ. ზურგჩანთით ვატარებ ტექსტის მოსანიშნ სხვადასხვა ფერის მარკერს.

მოსწავლეებისა და ასევე, ზრდასრულების უმეტესობას უყვარს კითხვა ნიშანთა სისტემით. არსებობს მოსაზრება/თეორია, რომ მსგავსი ფორმატით კითხვა ამარტივებს მასალის აღქმას, აძლიერებს ინტერესს, ეხმარება ადამიანს კონცენტრაციაში და ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებასა და დამახსოვრებას.

ელექტრონული წიგნები დიდი ხანია, შემოიჭრნენ და დიდი ადგილი დაიკავეს ჩვენს ყოველდღიურობაში. თუ ჩვენი მოსწავლეები აქამდე მეტწილად სახელმძღვანელოებზე იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს ინფორმაციას კომპიუტერების თუ ჭკვიანი ტელეფონების მეშვეობით იღებენ. დავალებების შესასრულებლად ინტერნეტსივრცეში განთავსებული რესურსების გაცნობა უხდებათ. შექმნილმა მდგომარეობამ გაზარდა ციფრულ წიგნებზე  მოთხოვნა.

ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში გავეცანი სტატიას – „შეუძლიათ მოსწავლეებს სიღრმისეულად გააზრება ციფრული კითხვისას?“  სტატიის მიხედვით, ციფრული კითხვისას, გააზრების საუკეთესო საშუალებაა ანოტაციების კეთება. მასში ვკითხულობთ: ტრადიციული სკოლის გარემოში თქვენ გაძლევენ ბეჭდურ წიგნებს და გეუბნებიან, რომ არაფერი არ დაწეროთ მასზე. ეს კი რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად ეწინააღმდეგება იმას, რის გაკეთებაც ბავშვებს სურთ. ისინი (ბავშვები) ამბობენ, რომ მათ სურთ, აღნიშვნები გააკეთონ იმაზე, რასაც კითხულობენ“. თუ ნებას დავრთავთ, რომ თითოეულმა ბავშვმა ისე დაწეროს წიგნზე, როგორც სურს, ყოველი წლის ბოლოს წიგნები უბრალოდ უსარგებლო გახდება. ციფრული მოწყობილობები კი საშუალებას იძლევიან, დოკუმენტის შიგნით ნებისმიერი წარწერა და აღნიშვნა გავაკეთოთ. „ტექსტთან საუბრის, ტექსტთან დიალოგის შექმნის საშუალების მიცემა, საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიგონ და გაითავისონ ის, რასაც კითხულობენ“.   

ალბათ ბევრჯერ გაგჩენიათ სურვილი, ინტერნეტში წაკითხული სტატიის საინტერესო მონაკვეთი გაგეფერადებინათ, გაგეკეთებინათ ჩანაწერი, დაგესვათ შეკითხვა ან/და დაგეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება. მოდით, ერთად ვნახოთ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს Diigo და hypothes აპლიკაციები.

აპლიკაციების გასააქტიურებლად ესტუმრეთ ქრომის ვებმაღაზიას. საძიებო განყოფილებაში ჩაწერეთ სასურველი აპლიკაციის სახელი. შემდეგ Add to chrome ღილაკით გაააქტიურეთ Diigo Web Collector და Diigo Read Later. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ თქვენთან გამოჩნდება შესაბამისი ღილაკები. ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, მონიშნოთ ტექსტები, გააკეთოთ ჩანაწერები და ა.შ.

ახლა ერთად ვნახოთ რა შეგვიძლია Diigo-ის დახმარებით. აპლიკაცია გვთავაზობს ოთხ ფერს მარკერს და ხელსაწყოს მასზე კომენტარის/ჩანიშვნის გასაკეთებლად. რაც მთავარია, თქვენ მოქმედებებს იგი სპეციალურ საცავში ინახავს. ამ ვებმისამართზე სტუმრობისას მონიშნული ტექსტი ყოველთვის გამოჩნდება. გთავაზობთ მაგალითს.

აღსანიშნავია, რომ Diigo Web Collector კიდევ უფრო მრავალფეროვან ხელსაწყოებს გვთავაზობს. მისი დახმარებით შესაძლებელია:

  • ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შენახვა;
  • მთლიანი სტატიის ცალკე გახსნა და მონიშვნა/ანოტაციის გაკეთება;
  • PDF ფაილზე ანოტაციების გაკეთება და ტექსტის მარკერებით გაფერადება;
  • ვებგვერდზე განთავსებული მასალისთვის სურათის გადაღება და მისი ანოტაცია;
  • ვიდეოებისთვის ფოტოების გადაღება და სხვა.

დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს hypothes-ის აპლიკაციასაც. მე უპიტარესობას Diigo-ს ვანიჭებ, რადგან უფრო მოსახერხებელი და მრავალფუნქციურია.

ამ სტატიაში მინდა, გაგაცნოთ ორი ხელსაწყო/აპლიკაცია, რომლის ნებისმიერ ბრაუზერზე დაყენება ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ, მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და  გახდეთ მომხმარებლები. ანგარიშზე შესვლის შემდეგ გამოგიჩნდებათ თქვენ მიერ გაკეთებული ყველა ანოტაცია და ჩანიშვნა.

Diigo-ს აქვს მობილური აპლიკაცია, რომლის მოძებნაც შესაძლებელია Play store განყოფილებაში.

გამოყენებული რესურსები:

https://www.kqed.org/mindshift/37219/can-students-go-deep-with-digital-reading

www.diigo.com

www.hypothes.is

https://mastsavlebeli.ge/?p=18510

ლექსიკური მარაგის გამდიდრება (პირველი ნაწილი)

0

პირველად, ენის შესწავლის პროცესში, იყო სიტყვა და ეს სიტყვა პირველად იყო, როგორც მშობლიური ენის, მით უფრო, მეორე ან უცხოური ენის შესწავლისას…

…როგორც ვიცით, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი – იქნება იგი შემოფარგლული მხოლოდ სალექსიკონო რვეულებში სიტყვების ჩაწერითა და მათზე მოსწავლეთა მშობლიურ ენაზე განმარტებების მიწერით, თუ დატვირთული იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობით.

რა უნდა გავითვალისწინოთ ლექსიკის სწავლებისას პირველ რიგში?

ლექსიკური თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ ის ტექსტები, რომლებსაც მოსწავლეებთან ვიყენებთ. რასაკვირველია, სახელმძღვანელოს ავტორების მიერ შერჩეული და შექმნილი უნდა იყოს ისეთი ტექსტები, რომლებიც შეესაბამება სამიზნე კლასების მზაობასა და ინტერესებს, თუმცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სახელმძღვანელოს გამოყენებისას მასწავლებლის მიერ წარმართულ აქტივობებს. ყველაფერს ხომ სახელმძღვანელოს ავტორი ვერ ჩაწერს ვერც მოსწავლის წიგნსა და სავარჯიშოების რვეულში და ვერც მასწავლებლის წიგნში. კონკრეტულ კლასში გადაწყვეტილება მასწავლებელმა უნდა მიიღოს და დაგეგმოს თავისი მოსწავლეებისთვის საჭირო ღონისძიებები. მაგალითად, თუ მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ტექსტში გამოყენებული ზოგიერთი სიტყვა შესაძლოა ძნელი გასაგები აღმოჩნდეს მოსწავლეებისთვის, მაშინ მან ამ სიტყვაზეც დამატებით უნდა გაამახვილოს ყურადღება. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ტექსტის წაკითხვამდე (ან თუ ვასმენინებთ — მოსმენამდე), ასევე ტექსტის წაკითხვის პროცესში და წაკითხვის/მოსმენის შემდეგაც.

როგორ შევარჩიოთ სიტყვები, რომლებსაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ? მართლაც არ ღირს ყველა სიტყვა იმად, რომ მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გაკვეთილზე. რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს სიტყვებს, რომ ისინი მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ? პირველ რიგში განვსაზღვროთ, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი სიტყვები ქართულის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებისას. ეს ის სიტყვებია, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული სიტუაციის ან კონკრეტული ტექსტის გასააზრებლად. ზოგჯერ ასეთი სიტყვებს საკვანძო სიტყვებსაც უწოდებენ ხოლმე. ასეთ სიტყვებს მასწავლებელმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს და დაეხმაროს მოსწავლეებს მის სხვადასხვა კონტექსტში გააზრებასა და გამოყენებაში.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი სიტყვებს გამოყენების სიხშირის მიხედვით კატეგორიებად დააჯგუფებს. ენაში არსებობს შედარებით ხშირად გამოყენებული სიტყვები, ნაკლები სიხშირით გამოყენებული სიტყვები და იშვიათად ხმარებული სიტყვები. რომელი კატეგორიის სიტყვებს უნდა მიაქციოს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება? რასაკვირველია, ე.წ., ხშირად ხმარებულ სიტყვებს. თავისთავად ცხადია, რომ „პური“, „მაგიდა“, „სკოლა“ და სხვები ხშირად გამოყენებული სიტყვებია და ამ რიგის სიტყვების ცოდნა მოსწავლეებისთვის აუცილებელი და პრიორიტეტულია. ხოლო ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სარჩული“, „ზომიერი“, „მიტოვებული“ ნაკლები სიხშირით ხმარებული სიტყვებია. ხოლო სიტყვები „ბობოლა“, „წარმტაცი“, „ოინი“ იშვიათად ხმარებული სიტყვებია. სიტყვების შერჩევისას და მათზე ყურადღების გამახვილებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომელ დონეზეა მოსწავლე. მაგალითად, დამწყებ დონეზე (A 1 დონე) მყოფი მოსწავლისთვის ყურადღება, ე. წ., ხშირად გაოყენებულ სიტყვებზე უნდა გავამახვილოთ. A 2 დონეზე შეიძლება ვიმუშაოთ ნაკლები სიხშირით გამოყენებულ სიტყვებზეც, ხოლო იშვიათად ხმარებულ სიტყვებზე ყურადღების გამახვილება მხოლოდ B1, C1 და C2 დონეზე ეგების. (ყურადღება მიაქციეთ ბოლო სიტყვას წინა წინადადებაში: „ეგების“ რომელი კატეგორიის სიტყვაა? რასაკვირველია, იგი იშვიათად გამოყენებული სიტყვაა და ამ სიტყვას ჩვენ არც კი გამოვიყენებთ A1 და A2 დონეებზე მყოფ მოსწავლეებთან).

როგორ შევაფასოთ ტექსტები ლექსიკური თვალსაზრისით? ჩვენ ტექსტებს სასწავლო სიტუაციისთვის ვიყენებთ ხოლმე. თუმცა მოსწავლეებისთვის ტექსტების შერჩევა დამოუკიდებელი კითხვის გასაუმჯობესებლადაც გვჭირდება. რასაკვირველია, სასწავლო სიტუაციისთვის შედარებით „რთული“ ტექსტებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და შემდეგ ჩვენ დავეხმაროთ ამ სასწავლო სირთულეების დაძლევაში, თუმცა დამოუკიდებელი კითხვისას ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით. ტექსტების სირთულის გაზომვის მიზნით შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ე. წ., „ხუთი თითის წესი“, რაც გულისხმობს შემდეგს: ვიღებთ ტექსტს და ვკითხულობთ პირველ გვერდს. თითო თითს მოვკეცავთ იმ შემთხვევაში, თუკი შეგვხვდება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩვენს მოსწავლეს (შვილს, ახლობელს, ნაცნობს…) არ ეცოდინება. თუკი ერთ გვერდზე ასეთი სიტყვების რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, მაშინ ასეთი ტექსტის მიწოდება ჩვენი მოსწავლეებისთვის მისაღებია. ხოლო თუკი უცნობი სიტყვების რაოდენობა ერთ გვერდზე ხუთს აღემატება, მაშინ ასეთი ტექსტის გამოყენება არაა რეკომენდებული. რასაკვირველია, ხუთი სიტყვა საშუალო მაჩვენებელია და თუკი ტექსტს ვიყენებთ სასკოლო გარემოში, რაც საჭირო მომენტში მასწავლებლის დახმარებას გულისხმობს, შესაძლოა ისეთი ტექსტითაც ვისარგებლოთ, რომელშიც ხუთზე მეტი უცნობი სიტყვა იქნება. ოღონდ ეს რაოდენობა მკვეთრად ვეღარ გაიზრდება.

როდის ვიმუშაოთ უცნობი სიტყვების განმარტებაზე?

მასწავლებლები ხშირად სვამენ შეკითხვას – როდის უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს უცნობი სიტყვების განმარტებაში? არის მეორე საკითხიც – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ასეთი სიტყვების განმარტებაში. ჯერ პირველ შეკითხვას ვუპასუხოთ, შემდეგ – მეორეს.

მოსწავლეებს უცნობის სიტყვების განმარტებაში შეიძლება დავეხმაროთ ნებისმიერ დროს – იქნება ეს ტექსტის წაკითხვამდე/მოსმენამდე, ტექსტის წაკითხვის/მოსმენის პროცესში თუ ტექსტის წაკითხვის/მოსმენის შემდეგ. უკეთ რომ ვთქვათ, მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ სამივე ფორმატის დახმარებას. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული ფორმატი.

მასწავლებლის მიერ დასამუშავებელი ტექსტის წინასწარი შეფასება და მომზადება გულისხმობს მასში ისეთი სიტყვების გამოკვეთას, რომლებიც მოსწავლეებისთვის სავარაუდოდ უცნობი იქნება. ამავე ეტაპზე კარგია, როდესაც შერჩეულ სიტყვებში მოვნიშნავთ ისეთ სიტყვებსაც, რომლებსაც მოსწავლეებს წინასწარ, ტექსტის წაკითხვამდე/მოსმენამდე განვუმარტავთ. ეს მოსწავლეებს ტექსტის გაგებას გაუადვილებს. რასაკვირველია, შეიძლება დავტოვოთ ზოგიერთი სიტყვა, რომლებსაც მივანდობთ მოსწავლეებს, რათა მათ მათი ამოცნობა მინიშნებების (კონტექსტური გასაღებების — ილუსტრაცია, კონტექსტი, თემატიკა…) დახმარებით შეძლონ. რასაკვირველია, ტექსტის წაკითხვის მოსმენის შემდეგ ყურადღება მათზე გამახვილდება.

ჩვენ კონკრეტულ გაკვეთილებზე ვუპასუხეთ ლექსიკაზე მუშაობის დროის შერჩევას მიკროდონეზე. ახლა უფრო ფართოდ მივუდგეთ საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ლექსიკაზე მუშაობა პრიორიტეტულია ენის შესწავლის ყველა საფეხურზე. რა უპირველესი საქმე აქვს მასწავლებელს პირველივე კლასის პირველსავე დღეებში? რასაკვირველია, მისი პირველი საქმიანობა სიტყვების გაცნობასთან, დასწავლასთანაა დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მას დაეფუძნება ყველა დანარჩენი სასწავლო მიზანი: იქნება ეს მოსმენისა და ლაპარაკის, კითხვისა თუ წერის უნარები. და ლექსიკის გამდიდრებაზე აქცენტი არ სუსტდება სწავლება-სწავლის მთელი მდინარების განმავლობაში. პირიქით — უფრო ინტენსიურ და მიზანმიმართულ ხასიათსაც კი იძენს და საბოლოოდ, როდესაც ადამიანი უკვე უმაღლეს დონეზე სწავლობს ენას, მისი შემდგომი ნაბიჯები სწორედ ლექსიკური ერთეულების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკავშირდება.

როგორ ვიმუშაოთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე?

ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ქვემოთ წარმოდგენილია ზოგიერთი მეთოდი/სტრატეგია, რომელთაც ეფექტოვნად (ამ სიტყვაში აკუმულირებულია „ეფექტურობისა” და „ეფექტიანობის” შინაარსი) იყენებენ ენის მასწავლებლები. დაწვრილებით ამ და სხვა მეთოდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილ კრებულში (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, თბ. 2015).

სიტყვის პირამიდა ჩემი საყვარელი, სწავლისთვის სასარგებლო, სწავლებაში ადვილად გამოსაყენებელი აქტივობაა. სქემას აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის პირველ, ზედა ზოლში იწერება სიტყვა, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ და რომელიც ხანგრძლივად და ღრმად უნდა დარჩეს მოსწავლის გონებაში. მეორე ზოლში იწერება ამ სიტყვის განმარტება. მოსწავლეებმა თავიანთი სიტყვებით უნდა ახსნან ამ სიტყვის მნიშვნელობა. ცხადია, ეს ახსნა არ და ვერ იქნება სრულფასოვანი, შესაძლოა, ზოგჯერ უზუსტობაც გაიპაროს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოსწავლე ცდილობდეს ამ სიტყვის მნიშვნელობის გადმოცემას სხვა, მისთვის ნაცნობი სიტყვებით. აგრეთვე, მოსწავლეები წარმოაჩენენ თავიანთ შემოქმედებით, ორიგინალურ ხედვასაც, რაც შესაძლოა, მეტად საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდეს. მესამე ზოლში ჩაიწერება წინადადება, რომელშიც მოსწავლე ამ სიტყვას გამოიყენებს.

ვარიაცია 1: როდესაც მოსწავლეებთან ტექსტზე ვმუშაობთ, შესაძლოა, მასწავლებელმა ოთხდონიანი პირამიდა შესთავაზოს მათ და წინადადების მოფიქრებამდე ტექსტიდან იმ წინადადების ამოწერა მოსთხოვოს, რომელშიც ეს სიტყვა იქნება გამოყენებული. ანუ ზემოდან მესამე ზოლში ტექსტის წინადადებაში გამოყენებული იქნება ეს სიტყვა, ხოლო მეოთხე, ქვედა ზოლში უკვე ბავშვების მიერ მოფიქრებული წინადადება, ცხადია, ეს სიტყვა მასშიც იქნება გამოყენებული.

ვარიაცია 2. შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ნაწილს მეორე ზოლში განმარტების ნაცვლად უნდა შესთავაზოს სიტყვის შესაბამისი ილუსტრაციის ჩახატვა. ან მოსწავლე თვითონ აირჩევს, განმარტება ჩაწეროს თუ ილუსტრაცია ჩახატოს.

ქვემოთ წარმოდგენილია სამდონიანი სიტყვის პირამიდების ნიმუში, რომლებიც გამოყენებულია ჩვენ მიერ შექმნილი ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს მოსწავლის წიგნსა და სავარჯიშოების რვეულში:

(ყურადღებას მიაქცევდით: მოსწავლის წიგნის ნიმუში ზემოთაა, რომელშიც დავალებაა წარმოდგენილი, ხოლო სავარჯიშოების რვეულის ფოტო არის დაბლა — მასში სავარჯიშოს სახითაა შეთავაზებული სამდონიანი პირამიდა, რომლის ქვედა გრაფა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ. სხვათა შორის, წიგნის დავალებები და რვეულის სავარჯიშოები ისე თანმიმდევრობით, მიყოლებითაა დანომრილი, რომ მასწავლებელი ადვილად ხვდება, რომელი აქტივობა რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოს. კერძოდ, თუ წიგნის მე-2 დავალების შემდეგ მე-5 დავალება მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რვეულში უნდა შესრულდეს მე-3 და მე-4 სავარჯიშოები. მიხარია, რომ ჩემი ინიცირებული ეს იდეა პირველად ჩვენს სახელმძღვანელოში გამოვიყენეთ და უფრო გამიხარდება, თუკი სხვა ავტორებიც მოგვბაძავენ).

დიდი ლექსიკონი

ჩემს მეგობრებთან ერთად დაწერილ მე-5 კლასის ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში, სავარჯიშოების რვეულის პირველსავე თავში ერთი ასეთი დავალება შევიტანეთ:

შექმენი ილუსტრირებული ლექსიკონი – ჩამოწერე ის ახალი სიტყვები, რომლებიც ამ თავში ისწავლე. სიტყვების გასწვრივ დახატე შესაბამისი ილუსტრაციები. შენს ლექსიკონს თანდათან მიამატე ახალ-ახალი სიტყვები, რომლებსაც სხვადასხვა თავის შესწავლისას გაიგებ და სასწავლო წლის ბოლოს საინტერესო ილუსტრირებულ ლექსიკონს მიიღებ.

ასეთი აქტივობების სისტემატურად განხორციელების შემთხვევაში მოსწავლე თანდათან მიიღებს საკუთარ ლექსიკონს, რომელშიც, გარდა ორენოვანი განმარტებისა, იქნება ნახატებიც, საკუთარი განმარტებები, სიტყვის პირამიდები და სხვა საინტერესო სქემები. ასეთი რვეულის, ნამუშევრის პერიოდულად და მოგვიანებით (თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ) გადათვალიერება ყოველთვის სასარგებლო და სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს ენის შემსწავლელში.

*——*——*

ამ წერილში ყურადღებას აღარ გავამახვილებ ლექსიკაზე მუშაობის გავრცელებულ სტრატეგიებზე: ილუსტრაციასთან სიტყვების დაკავშირება, ილუსტრაციაზე სპეციალურად ცარიელ ადგილებზე სიტყვების ჩასმა-ჩაწერა, ასოთლაბირინთებში სიტყვათა იდენტიფიცირება, წინადადებებში გამოტოვებულ ადგილებში შესაბამისი სიტყვების ჩასმა, ორი სიტყვიდან სასურველის არჩევა და მისი ჩასმა სათანადო ადგილას, ტექსტში გამოტოვებული სიტყვების აღდგენა, უცნობის სიტყვების მნიშვნელობის წინასწარმეტყველება და შემდეგ კონტექსტის მიხედვით ამოცნობა, სინონიმებისა თუ ანტონიმების დაკავშირება, სიტყვათწარმოებასთან დაკავშირებული აქტივობები,  კონკრეტული სიტყვის/ცნების ილუსტრირება, სიტყვის შესაბამისი ზუსტი და არაზუსტი მაგალითების (ე. წ. „კი“ და „არა“ მაგალითები) მოფიქრება და სხვა მრავალი. დამეთანხმებით, თითოეულ ზემოთ დასახელებულ მეთოდზე საინტერესო ნიმუშების წარმოდგენა შეიძლება. საინტერესო იქნება მათი გაზიარებაც. მაგალითად, იქნება ეს სიტყვის პირამიდა, თუ დაკარგული სიტყვები, მათი ნახვა საინტერესო იქნება კონკრეტული ტექსტისა და თემის მიხედვით. ეს კი უკვე სხვა წერილის თემაა.

 

 

 

აღზრდა, ანუ რას ვპირდები შვილებს

0

შვილებს ვპირდები, რომ მათ ცხოვრებას სიყვარულითა და ჰარმონიით ავავსებ.

როგორც დედა, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ იმ გარემოზე, რომელშიც ჩემი შვილები იზრდებიან. ვფიქრობ იმაზეც, თუ რა გავლენას ახდენს მათ მსოფლმხედველობაზე ყველაფერი, რასაც ისინი ისმენენ, უყურებენ, გემოს უსინჯავენ, ხელით ეხებიან და განიცდიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი გარემომცველი სამყარო იყოს ჰარმონიული და სიყვარულით სავსე.

არის ასეთი ცნობილი ჩინური თქმულება იმის შესახებ, როგორ ზრდიდა თავის ვაჟს კონფუციუსის (კონფუციუსი-Confucius– ძვ.წ. 551 479წწ. – ჩინელი ფილოსოფოსი, მოაზროვნე, პირველი უნივერსიტეტის დამაარსებელი) ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოსწავლის, მენცის დედა; რა რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა ქალს შვილის აღზრდის პროცესში. მაშ ასე: როდესაც მენცი ჯერ ისევ პატარა იყო, მისი ოჯახი სასაფლაოს მახლობლად ცხოვრობდა. ერთხელ დედამ შენიშნა, რომ მენცი და მისი თანატოლები დაკრძალვის რიტუალს ზუსტად უფროსების მსგავსად იმეორებდნენ და ერთმანეთის დასაფლავების სცენებს ათამაშებდნენ. დედამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ეს ადგილი არ იყო შესაფერისი მისი შვილის აღზრდისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალს ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა მოუწია, მაინც მოახერხა ოჯახისთვის სხვა საცხოვრებელი ადგილის მოძებნა. ამჯერად მათ მეზობლად ქალაქის ბაზარი აღმოჩნდა. ახალ ადგილას გადასვლიდან ყურადღებიანმა დედამ მალევე შეამჩნია, რომ მისი ვაჟი მეგობრებთან ერთად მოვაჭრეების როლში იყო შესული და ძალიან უხაროდა, როდესაც რომელიმე თანატოლს გააცურებდა და „სავაჭრო გარიგებას გააფორმებდა“. მენცის დედა მიხვდა, რომ ეს არ იყო ის ღირებულებები, რომლებითაც მისი შვილი უნდა აღზრდილიყო და ხელახლა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

ამჯერად სკოლის მახლობლად გადავიდნენ. დედა უკვე ხედავდა საკუთარ პატარას, რომელიც უფროს ბავშვებს შურით შეჰყურებდა, რადგან ისინი უკვე მცირე ზომის წიგნებს კითხულობდნენ; მსჯელობდნენ ფილოსოფიასა და მეცნიერებებზე, და პატივისცემით ექცეოდნენ უფროსებსა და თანაკლასელებს. ბიჭუნა დიდი წარმატებით ბაძავდა სკოლის მოსწავლე ბავშვებს და საბოლოოდ თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოაზროვნე და ფილოსოფოსი გახდა.

დაფიქრებულხართ რა გარემოში იზრდებიან თქვენი შვილები?

 

ვპირდები შვილებს, რომ ვასწავლი ისეთ ცხოვრებას, რომელშიც ბედნიერება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცხოვრებისეულ გარემოებებზე.

ჩვენი მშობლები მუდმივად ცდილობდნენ, ესწავლებინათ ჩვენთვის ცხოვრებაში საკუთარი გულისა და შეგრძნებებისათვის მოსმენა. ჩვენ უნდა მოგვესმინა შინაგანი ხმისათვის და არა უცხო ადამიანების მოსაზრებებისათვის. არ უნდა გაგვეთვალისწინებინა ისეთი სიტუაციური მოვლენები, რომლებიც ყოველ წუთს შეიძლებოდა შეცვლილიყო. ჩვენ გვასწავლიდნენ, შეგვენარჩუნებინა შინაგანი წონასწორობა და საკუთარი თავის რწმენა, რათა ვყოფილიყავით მშვიდი და ბედნიერი. ახლა მოგითხრობთ იგავს, რომელსაც მშობლები ბავშვობაში გვიყვებოდნენ, რომ ჩვენთვის უკეთ დაესაბუთებინათ თავიანთი მოსაზრება:

„დიდი დიდი ხნის წინ ჩინეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა მოხუცი კაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა. ერთ დღეს მოხუცის შვილი სამსახურის საძებნად ქალაქში გაემგზავრა. სოფლელები ფიქრობდნენ, რომ მარტო დარჩენილი მოხუცი ძალიან დამწუხრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

გარკვეული დროის შემდეგ ვაჟი შინ დაბრუნდა. სოფლის მცხოვრებლები სტუმრად მივიდნენ მოხუცთან, რათა მიელოცათ მისთვის შვილის დაბრუნება. მაგრამ სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი მეზობელი სულაც არ იყო ამ ამბით აღფრთოვანებული. მოხუცს არც უხაროდა, არც სწყინდა. მან თანასოფლელებს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.

ერთხელაც მოხუცი თავის ბედაურს ასეირნებდა. მოულოდნელად მას სადავეები ხელიდან გაუსხლტა და ცხენი გაექცა. მეზობლები საჩქაროდ შეუდგნენ მის დამშვიდებას, რადგან დაკარგული ცხენი ძალიან კარგი ჯიშის ბედაური იყო. თანასოფლელებს კიდევ ერთხელ  გაუცრუვდათ იმედი, რადგან მოხუცი სულაც არ ჩანდა დამწუხრებული. მეორე დღეს სოფელმა ახალი ამბავი შეიტყო, რომ ცხენი თავად დაბრუნდა პატრონებთან და თან ორი ერთმანეთზე ლამაზი და ჯიშიანი დედალი ცხენიც მოიყვანა.  მაგრამ მეზობლები ისევ პირში ჩალაგამოვლებული აღმოჩნდნენ, რადგან მათი მეზობელი ისევ მშვიდად გამოიყურებოდა და არანაირ სიხარულს არ გამოხატავდა მოულოდნელი საჩუქრის გამო. ეს ამბავი ამით არ დასრულებულა.

სულ მცირე ხანში მოხუცის შვილს ცხენმა ფეხი დაუზიანა. თანასოფლელები ისევ გაიქცნენ, მეზობელთან, მაგრამ ნახეს, რომ მოხუცი სულაც არ იხოკავდა ლოყებს ამ ამბის გამო. ამავე დღეს სოფელში მაცნე მოვიდა, რომელიც მცხოვრებლებს ატყობინებდა, რომ მამაკაცები ომში არიან გაწვეული. ფეხმოტეხილი ვაჟი გაწვევას, რა თქმა უნდა, გადაურჩა.

ახლა მაინც ძალიან გახარებული იქნება მოხუცი მამაო, იფიქრეს სოფლელებმა და კვლავ მიაკითხეს მას ამ ამბის მისალოცად. მოხუცმა სტუმრებს შეხედა და თქვა: „რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ყველაფერი ჩვენივე სასიკეთოდ კეთდება“.

თქვენ რას ფიქრობთ, მკითხველებო? როგორ ზრდით საკუთარ შვილებს?

პირობას ვდებ: ჩემს შვილებს აუცილებლად ეცოდინებათ, რომ ხანდახან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები ცხოვრების ყველაზე რთულ სიტუაციებში ისწავლება.

ბიზნესსკოლაში სწავლის პირველივე წელს მე და ჩემს მეუღლეს გაგვიჩნდა იდეა, დაგვეარსებინა კომპანია, რომელსაც „My Potential“ („ჩემი პოტენციალი“) ერქმეოდა. იმ წლებში სერიოზული ინტერნეტბუმი იყო და საინფორმაციო პორტალის შექმნა, რომელიც თვითგანვითარების ინდუსტრიის საჭიროებებს მოემსახურებოდა, სასიხარულო იყო ყველასათვის, მათ შორის პოტენციური პარტნიორებისა და მაღალკვალიფიციური მენეჯერებისთვის. შემდეგი ორი წელი ბობოქარი ემოციების, წარმატებებისა და დრამატული მარცხის პერიოდი აღმოჩნდა. მოკლედ რომ მოგიყვეთ, ათ მილიონზე მეტი დოლარის მობილიზება შევძელით და სულ მალე კომპანიაში უკვე სამოცი თანამშრომელი შრომობდა. „ჩემი პოტენციალი“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კომპანიად ითვლებოდა, მასზე იწერებოდა მედიაში. მე და ჩემი მეუღლე ორი ახალგაზრდა ბიზნესმენი თვალნათლივ ვაკვირდებოდით, როგორ ავიხდინეთ სტუდენტობის დროინდელი ოცნება.

სამწუხაროდ, მალევე ჩვენ მრავალი პრობლემა დაგვატყდა თავს და მივხვდით, რომ კომპანიის ფუნქციონირებას ვეღარ ვაკონტროლებდით. მმართველობის სადავეები ჩამოგვერთვა და ისინი ჩვენზე „ბრძენ და გამოცდილ“ პროფესიონალებს გადაეცათ. მაგრამ ყველაზე რთული განსაცდელი დადგა მაშინ, როდესაც ჩვენ მმართველად დავიქირავეთ ქალბატონი, რომლის ხედვა რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენისგან. მისი მმართველობის სტილი სრულიად უემოციო, სწორხაზოვანი და იმდენად ხისტი იყო, რომ ხშირად თანამშრომლები თვალცრემლიანი ტოვებდნენ მის კაბინეტს. კომპანიაში გატარებული სამი თვის შემდეგ ამ ქალბატონმა მოახერხა და ფაქტობრივად ნამსხვრევებად აქცია ჩვენ მიერ აშენებული კომპანია. ახლა, როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ის ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან კონფლიქტებისადმი შიშმა და საკუთარ უნარებში დაურწმუნებლობამ პარალიზებული გამხადა. ამ ყველაფერმა კი ხელი შემიშალა, რომ დამეცვა ის, რისიც მწამდა და რაზეც ვოცნებობდი. ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ კომპანიიდან ის ადამიანები, რომლებიც პირველი დღეებიდანვე მხარში ამომიდგნენ. შედეგად, ნელ-ნელა დაინგრა ის, რასაც ასეთი რუდუნებით ვაშენებდი. ამ მარცხის მიზეზი თავად გავხდი, რადგან შიში ხელს მიშლიდა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაში, მაშინაც კი, როცა აშკარა იყო, რომ საქმე  არასწორად მიდიოდა საქმე.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იმ მძიმე გამოცდილებამ დამიბრუნა ენთუზიაზმი – გადავწყვიტე, რომ ყოველთვის გამოვთქვა მოსაზრება და დავრწმუნდი, რომ არ არსებობს საქმე, რომლის გაკეთებაც ვიღაცას შეუძლია, მე კი – არა. უმთავრესი კი ის არის, რომ ჩემი მაგალითით მე შევძლებ შვილებს საკუთარი თავის რწმენა გავუღვივო, რომ მათ არასდროს შეეშინდეთ იმ მოსაზრებების გაჟღერება, რომელთა გაჟღერებაც საჭიროდ მიაჩნიათ.

კარგი იქნება, თუ საკუთარი ცხოვრებიდან გაიხსენებთ სერიოზულ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომლებმაც უფრო ძლიერი გაგხადათ და შვილებს მოუყვებით.

 

თქვენ გაეცანით მცირე ამონარიდს მალიკა ჩოპრას წიგნიდან: „100 დაპირება ჩემს შვილს. როგორ გავხდეთ საუკეთესო მშობელი“. მალიკა ჩოპრა არის ამერიკელი მწერალი და ქალი ბიზნესმენი. ის დაიბადა აშშ-ში მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ლინკოლნში, 1972 წლის 24 ივლისს. დაამთავრა Concord Academy, Kellogg School of Management და ბრაუნის უნივერსიტეტი.  მალიკა ჩოპრა არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პარალელურად ის წერს და აქვეყნებს სტატიებს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად, რომელთაც მისი წიგნები ეძღვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის სოციალური დილემა

0

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს გაკვეთილებზე სპორტის თემის ეფექტიანად გამოყენება შეუძლიათ. სახელმწიფოს განვითარების ტენდენციებს პირდაპირი გავლენა აქვთ ათლეტთა შეჯიბრებებსა და სპორტსმენთა პროფესიულ ყოფაზე. გერმანული ფეხბურთი სპორტისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ურთიერთგადაჯაჭვულობის უამრავ მაგალითს გვთავაზობს, რომელთა წარმოჩენა რამდენიმე პედაგოგისთვის შეიძლება ორიგინალური დისკუსიის ორგანიზების წინაპირობად იქცეს.

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის – ბუნდესლიგის გულშემატკივრებმა შესანიშნავად ვიცით, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ტურნირში ძალიან ცოტა კლუბი მონაწილეობს. 40 წლის განმავლობაში ბერლინის კედლით ორად გაყოფილი გერმანიის აღმოსავლეთს კომუნისტები მართავდნენ, რომელთაც მდგრადი საფეხბურთო სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. დღეს უმაღლეს ლიგაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მხოლოდ „იუნიონ ბერლინი“ წარმოადგენს. ულბრიხტისა და ჰონეკერის ეპოქაში მოასპარეზე კლუბების უმრავლესობა მესამე დივიზიონში არის ჩამოქვეითებული. ზოგიერთს ევროტურნირებზე შთამბეჭდავად მოასპარეზე „რედ ბულ ლაიფციგიც“ აღმოსავლეთ გერმანული გამოცდილების გუნდი ჰგონია, მაგრამ ფაქტია, რომ 1949-1989 წლებში საქსონიის ამ ქალაქს სულ სხვა კლუბი, „ლოკომოტივი“ წარმოადგენდა. ოცდამეერთე საუკუნეში ყოფილა სეზონები, როდესაც ვერცერთი აღმოსავლური კლუბი ვერ ახერხებდა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას. გასულ ათწლეულში გერმანული პასპორტის მქონე პირველი კლასის 275-ზე მეტ პროფესიონალ ფეხბურთელს შორის მხოლოდ 17 გახლდათ წარმოშობით ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე მდებარე ფედერალური მიწებიდან. გაერთიანების შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა სამ დიდ წარმატებას მიაღწია: 90-იან წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2000-იანებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის ტიტული მოიპოვა და 2014 წელს კი მუნდიალზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. სამივე შემთხვევაში მხოლოდ თითო-თითო აღმოსავლეთ გერმანელისა და ათობით დასავლეთელის გვარის გახსენება შეგვიძლია. მათიას ზამერის, მიხაელ ბალაკისა და ტონი კროოსის გარდა, დიდ გამარჯვებებში არცერთ საქსონიელს, ბრანდერბურგელს, პომერანიელსა თუ ტურინგიელს თავისი უშუალო წვლილი ფაქტობრივად არ შეუტანიათ.

არადა, იყო დრო, როდესაც აღმოსავლეთ გერმანული ფეხბურთი რაღაცას წარმოადგენდა. 1970-იან წლებში გდრ-ის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე „ბუნდესმანშაფტი“ პრინციპულ დაპირისპირებაში დაამარცხა. სოციალისტურ ბანაკში დარჩენილ გერმანელ ფეხბურთელებს მოგებული აქვთ ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლები. „თასების მფლობელთა თასზე“ ყოველთვის შთამბეჭდავად ასპარეზობდნენ იენის „კარლ ცაისი“ და „მაგდებურგი“.

რამ გამოიწვია ფეხბურთის დაღმასვლა უმდიდრესი ევროპული სახელმწიფოს მხოლოდ ერთ ნაწილში?

პასუხები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში უნდა ვეძიოთ და ყველასათვის თვალნათელი განსხვავება ანთროპოლოგიურ ფაქტორებს არ უნდა დავაბრალოთ. მოდი, ჩამოვთვალოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც შეიძლება აღმოსავლეთ გერმანული ფეხბურთი დაეწიანებინა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთა პოლიტიკურ მიზნებზე უნდა გავამახვილოთ. „ცივი ომის“ პერიოდში ორი გერმანია ერთმანეთთან დაუნდობელ შეჯიბრში იყო ჩართული. გაყოფილი ქვეყნის ორივე მხარე ცდილობდა მსოფლიოსთვის თავისი უნიკალურობისა და წარმატების შეხსენებას. „სოციალისტური ერთიანობის პარტიისთვის“ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახლდათ ოლიმპიური თამაშები. მათ სურდათ, რომ მცირერიცხოვანი აღმოსავლეთ გერმანია მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩენილიყო. პარტიის ფუნქციონერებმა სახალხო ფიზკულტურის განვითარებაში იმდენი დრო, ენერგია და რესურსი დახარჯეს, რომ 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე გდრ-ის გუნდმა შეერთებული შტატებიც კი დაამარცხა მაღალი სინჯის მედლების რაოდენობით. მონრეალში საბოლოო ანგარიშით აღმოსავლეთ გერმანელებს მხოლოდ სსრკ-ის ნაკრებმა აჯობა. შთამბეჭდავ შედეგს აღმოსავლეთ გერმანელებმა სპორტის ინდივიდუალური სახეობების განვითარების შედეგად მიაღწიეს. ბადროსა თუ შუბის ერთ მტყორცნელსაც და 22-კაციან საფეხბურთო შემადგენლობასაც თითო მედლის მოპოვება შეეძლოთ, შესაბამისად, ოფიციალურმა ხელისუფლებამ ძირითადი აქცენტი გუნდური სახეობებიდან ცალკეულ სპორტსმენებზე გადმოიტანა.

გდრ-ის ყველაზე ძლევამოსილი სტრუქტურა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გახლდათ. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგაც არ წყდება განხილვები სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტერორის შესახებ. „შტაზი“ ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდა. უშიშროების აგენტებს მარტივად შეეძლოთ თავიანთი ფავორიტებისთვის ყველანაირი პრივილეგიის უზრუნველყოფა და მათთვის მიუღებელი აქტორების სასტიკად დაჩაგვრა. მინისტრ ერიხ მილკეს აკვიატებები ახასიათებდა, 1970-იანი წლების დასასრულს მან გადაწყვიტა, რომ გდრ-ის საუკეთესო კლუბი ბერლინის „დინამო“ უნდა ყოფილიყო. 1979-1988 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის ყველა ტურნირი ბერლინის „დინამოს“ ფეხბურთელებმა მოიგეს. მათ არაფერი აკლდათ, ყველანაირი პირობები ჰქონდათ ვარჯიშისა და განვითარებისთვის, მათ მხარეზე იყვნენ არბიტრებიც და ფედერაციის მესვეურებიც. დანარჩენ გუნდებს კი თავიანთი მფარველი ინდუსტრიების მიერ გადმოგდებული რესურსების იმედად უნდა ებრძოლათ. წარმოუდგენელმა უსამართლობამ, შანსების უთანასწორობამ და ჩაგვრამ ბევრ რეგიონში საერთოდ გაანადგურა საფეხბურთო ტრადიცია, რომლის აღდგენა და ამუშავება დღემდე ვერ ხერხდება.

აღმოსავლეთ გერმანელთა წარუმატებლობა თანამედროვე ეკონომიკურ სისტემასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. დღევანდელ ფეხბურთში გადამწყვეტ როლს ფული თამაშობს. მხოლოდ ტრანსფერების, მოთამაშეთა ყიდვა-გაყიდვის შედეგად არის შესაძლებელი ანგარიშგასაწევი გუნდის დაკომპლექტება. ბაზარზე პოზიციონირება, სარეკლამო რესურსების მოზიდვა, მარკეტინგი საფეხბურთო წარმატებისთვის აუცილებელი კომპონენტებია. დასავლეთ გერმანელები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან კარგად იცნობენ კაპიტალიზმისა და სპორტის ურთიერთმიმართების საკითხებს. აღმოსავლეთის ათლეტები და გაერთიანებები კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდნენ იმ სისტემის წინაშე, რომელთანაც კავშირი არასდროს ჰქონიათ. გერმანიის გაერთიანებამ ქვეყნის „სოციალისტურ“ ნაწილში საშინელი უმუშევრობა, სიღარიბე და უამრავი სოციალური წინააღმდეგობა წარმოშვა. ორი ფორმაციის ერთ სახელმწიფოში თავმოყრა უმტკივნეულო პროცესი არ ყოფილა. ხელფასისა და პენსიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს ფეხბურთისთვის აღარ ეცალათ. გერმანიაში დღემდე ხორციელდება სოციალური პროექტები, რომელთა მიზანი აღმოსავლეთის მიწების დახმარება და გაძლიერებაა. უფსკრული ორ ნაწილს შორის დღემდე არ არის ამოვსებული. სოციალური პრობლემები და ეკონომიკური გამოწვევები, ბუნებრივია, პირდაპირ გავლენას ახდენენ აღმოსავლეთის კლუბების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

საინტერესოა, რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური მიზეზები აქვს ქართული ფეხბურთის წარუმატებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული მაგალითის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უამრავი მოსაზრება გაუჩნდებათ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.

სიცოცხლე მშვენიერია

0

ამქვეყნად ყველაზე ძნელი ტყუილში ცხოვრებაა. ტყუილში ცხოვრება კი იმ წუთიდან იწყება, როცა „იჯერებ“, რომ ილუზია რეალობაა. ცხოვრება რთულია, არავინ უარყოფს, მაგრამ მის შელამაზებასაც ნიჭი სჭირდება. არ შეიძლება, კოშკში გამოვიკეტოთ ან სხვა გამოვკეტოთ, როგორც ზღაპრებშია, რომ სიკვდილთან, ავადმყოფობასთან, ტკივილთან გარდაუვალი შეხება თავიდან ავიცილოთ. ის, ვინც რეალობას ლამაზად მოხატულ, ხელოვნურყვავილებიან ოთახს არჩევს, როგორც სერგო კლდიაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის გმირი ინვალიდი ბიჭი, ცდება. თუ ქუჩის მტვერი და ხმაური გაშინებს, ეს სისუსტეა, ცხოვრებისგან გაქცევა. წუთისოფელი ტკბილ-მწარეა, მაგრამ ის უნდა განიცადო. ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი საზრისიც ეს არის. ვინც არ განიცდის, მძაფრად არ შეიგრძნობს, მას არც უცხოვრია. ყოფიერების ორსახოვნებით სწორედ ტანჯვა გვიქმნის წარმოდგენას სიხარულზე, უბედურება – ბედნიერებაზე, ბოროტება – სიკეთეზე… ტკივილს არ უნდა გაექცე, ვერც დაემალები. ის უნდა მიიღო, დაძლიო და ცხოვრება გააგრძელო. ეს სიცოცხლის მთავარი კანონია.

კითხვა, ვინ არის ნარკომანი – ავადმყოფი თუ კრიმინალი, კარგა ხანია არსებობს. ყველაზე პოპულარული მაინც ის გაგებაა, რომ ის ერთიცაა და მეორეც. სიტყვა „ნარკოტიკი“ ბერძნული წარმოშობისაა (Narkotikos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს. თუმცა მალე ამ ცნებაში ისეთი საშუალებებიც გაერთიანდა, რომელთა მთავარი თვისება სულაც არ არის ძილის გამოწვევა, ისევე როგორც ყველა საძილე საშუალება არ არის ნარკოტიკი. არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც „ლეგალურ ნარკოტიკებს“ უწოდებენ, რადგან მათ გამოყენებას კანონი არ კრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის.

ალკოჰოლი და თამბაქოც მავნეა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს იწვევს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამ ნივთიერებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად დამზადებული პოპულარული ნარკოტიკებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. მაგრამ ხსენებული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და შეუქცევად დარღვევებს იწვევს, რომ მათი მოხმარების ინდივიდუალური შედეგები გაცილებით მძიმეა, ვიდრე თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარებისა.

ნარკომანია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ თუ ძველად მას შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა, თანამედროვე სოციუმში ის უმწვავეს პრობლემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზაცია კანონით ისჯება, მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; ის ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. ეს პრობლემა იმდენად ტიპობრივი გახდა ჩვენი ცხოვრებისთვის, რომ ნარკომანების ამოცნობაც ვისწავლეთ და ნაცნობ-მეგობრებს შორის მათ არსებობასთან შეგუებაც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენს სოციუმში ახალგაზრდობა ნარკოტიკებისკენ ისწრაფვის, რომ თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ევროპასა და ამერიკაში ნარკომანია ფართოდ 1960-იან წლებში, ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის შემდეგ გავრცელდა. მას შემდეგ ეს სერიოზული სოციალური პრობლემაა, რომლთან ბრძოლაც საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირებისა და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მაგალითებს, მაგრამ გაცილებით ეფექტურია ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომ ახალგაზრდამ რეალურს ილუზორული არ ამჯობინოს და ნარკოტიკში არ ეძებოს თვითრეალიზაცია თუ შვება.

ნარკოტიკი ადამიანს ანგრევს ფიზიკურადაც, სულიერადაც, სოციალურადაც. ამ ყველაფერს პიროვნების დეგრადაციისკენ მივყავართ. ნარკოტიკზე დამოკიდებულს ერღვევა ჯანსაღი ურთიერთობები, კარგავს ინტერესს ადამიანებისა თუ მოვლენების მიმართ, ეცვლება ღირებულებები.

ნარკოტიკის მოხმარება კანონდარღვევის ალბათობასაც ქმნის, ამძიმებს კრიმინოგენულ ვითარებას, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა, ზედმიწევნით ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.

ნარკომანიას ბევრი წინაპირობა აქვს. ეს ხან უბრალოდ მძაფრი ინტერესია, ხან – თვითდამკვიდრების სურვილი, პიროვნული სისუსტის შენიღბვა, პრობლემებისგან გაქცევის ან მეტი სიამოვნების განცდის სურვილი. ჩვენ შეგვიძლია, მისი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური მიზეზები გამოვყოთ:

* ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;

* უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;

* თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სწრაფვა;

* ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, გადაჭარბებული ან, პირიქით, დაბალი თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);

* უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;

* თვითდესტრუქციული ქცევა;

* ცნობისმოყვარეობა;

* მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:

  1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
    2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
  2. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.

ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, რომლებიც საბოლოოდ ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობაში, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიშსა და იმ მცდარ შეხედულებაში გადაიზრდება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს სტატისტიკური კვლევა, რომელიც ამ მიზეზებს ერთიანობაში ასახავდა. ალბათ აუცილებელია ამის გაკეთება პრევენციის სტრატეგიაში აქცენტების სრულყოფილად განაწილებისთვის.

წამალდამოკიდებულების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპტიმალური უნდა აირჩეს. ძირითადია დეტოქსიკაციისა და ჩანაცვლების მეთოდები. პირველს ნარკოლოგიურ კლინიკებში იყენებენ. ის გულისხმობს ნარკოტიკული ტოქსინებისგან რაც შეიძლება უმტკივნეულო გათავისუფლებას და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის სინდრომის შედარებით უმტკივნეულო გადატანას სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებით. ამის პარალელურად მიმდინარეობს ფსიქოთერაპიაც, რომლის დასრულების შემდეგ ყოფილი წამალდამოკიდებული აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე გადადის. სამწუხაროდ, ამ ეტაპს ხშირად უგულებელყოფენ, რაც რეციდივის ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზად იქცევა.

ნარკოდამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა და სრულ განკურნებაზე, როგორც წესი, არ საუბრობენ. მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სრული რესოციალიზაციითვის ავადმყოფის დიდი სურვილი, ქცევის შეთანხმებული წესები და მოტივაციაა საჭირო, ხოლო სრული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ბედნიერი შემთხვევის შემდეგ – საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, სოციალურად აქტიურ და თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობა.

დღეს ნარკომანთა რაოდენობა ჩვენი სოციუმის მძიმე მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია. ამაზე საუბრისას სულ ერთი ოჯახი მახსენდება – ნარკომანი, აგრესიული, ბილწსიტყვა შვილი და ასაკოვანი დედა, რომელიც უიმედო მორჩილებით უზიდავდა მას წამალს. აქამდე ნუ მივიყვანთ! გადავარჩინოთ ჩვენი შვილები ცოცხლად სიკვდილს, შევუქმნათ არსებობისთვის ჯანსაღი გარემო და რწმენა, რომ სიცოცხლე, რაც არ უნდა ტკივილიანი იყოს, მშვენიერია, როცა არსებობს მიზანი. ეს უკანასკნელი კი შეიძლება ვინმესთვის ჩვენი ადამიანური არსებობის საჭიროებაც იყოს.

აფექტური ბავშვები

0

ყველა იმ პრობლემას შორის, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ვფიქრობ, განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები იმსახურებს. ბევრი ადამიანისათვის განურჩევლად ასაკისა ემოციური მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება. თუმცა, მოზარდებში ის მაინც განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს და ამაში ალბათ არც არაფერია გასაკვირი, რადგან გარემოში მომხდარ ცვლილებებთან ერთად მათ ემოციურ მდგომარეობას ბევრად განსაზღვრავს მათი ასაკობრივი, ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებები. ნამდვილად არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ბავშვთან მიმართებაში ემოციურ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს უფროსები ყველაზე ხშირად 3-დან 5 წლამდე და 10-11 წლიდან 15-16 წლამდე ასაკის მოზარდებში ვხვდებით. ეს პერიოდები ხომ ბავშვის განვითარებაში ყველაზე რთულია. ის „კრიტიკული პერიოდის“ სახელით არის ცნობილი. განსაკუთრებით სერიოზულ თავსატეხს უჩენს უფროსებს აფექტური ქცევითი გამოვლინებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა. ალბათ, ყველას ერთხელ მაინც შეგვხვედრია რაღაცის ან ვიღაცის გამო აღშფოთებული, ატირებული, გაღიზიანებული ბავშვი, რომლის დამშვიდებასა და დაწყნარებას გარშემომყოფებიდან შეიძლება ბევრი ცდილობს, მაგრამ მას არავის მოსმენა არ სურს და არც შეუძლია, რადგან ამ დროს გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს – სამაგიერო გადაუხადოს იმ ადამიანს, ვინც ასე გაანაწყენა. ემოციური აფეთქების ზღვართან მისულ ბავშვს, როგორც წესი, სხეულებრივი გამოვლინებებიც მკვეთრად ეცვლება – გულისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, მიმიკისა და სხვა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები მისთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება. ასეთ დროს ის კარგავს საკუთარი ქცევის მართვის უნარს და შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც ის სხვა დროს შეგნებულად არასოდეს გააკეთებდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება და როგორ მყისიერადაც ეუფლება ის ბავშვს, შეიძლება ასევე მყისიერად დატოვოს.

ზემოაღწერილ ემოციურ მდგომარეობას აფექტს უწოდებენ. თავისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ის შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც დაეუფლა, არამედ მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.

რა თავისებურებები გამოარჩევს აფექტს სხვა სახის ემოციური მდგომარეობისგან, რა შეიძლება გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი და როგორ მოვიქცეთ აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთან, რომ მას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს თავიდან სერიოზული საფრთხეები ავაცილოთ.

აფექტის დამახასიათებელი ნიშნები:

  • უეცარი და სწრაფი აღმოცენება;
  • დიდი ინტენსივობა და მწვავე ხასიათი;
  • მთლიანად იპყრობს ბავშვის გონებას, ვიწროვდება ცნობიერება და მასში აღარ რჩება ადგილი სხვა განცდებისთვის;
  • აფექტით შეპყრობილ ბავშვს არ ესმის მისკენ მიმართული დამამშვიდებელი სიტყვები და რჩევები. არ შეუძლია ნორმალურად მსჯელობა, გარემო პირობებისა და თავისი ქცევის ობიექტურად შეფასება;
  • აფექტის დროს ბავშვი კარგავს საკუთარი ქცევის მართვისა და შეგნებული რეგულაციის უნარს, ადგილი აქვს მოქმედების დეზორგანიზებას;
  • მცირე ხანიერება და ფეთქებადი ბუნება აფექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს – ის უეცრად იფეთქებს და ასევე უეცრად გაივლის;
  • მკვეთრი ცვლილებები თანმხლებ სხეულებრივ პროცესებსა და გამომხატველობით მოძრაობებში – გულისცემის, სუნთქვის გაძლიერება, ან პირიქით – შენელება და დასუსტება. სისხლის მილების გაფართოება, ან პირიქით – შევიწროება. აზრებისა და წარმოდგენების სწრაფი მიმდინარეობა აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის სასურველი მიმართულებით;
  • აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა გარემოსთან, რის გამოც მოზარდს ხშირად აქვს ქაოსური რეაქცია.

აფექტის გამომწვევი მიზეზები:

  • ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური და ტიპოლოგიური თავისებურებები, ტემპერამენტის ტიპი – მაგ. თუ ფლეგმატიკი ემოციური აფეთქების ზღვარს თითქმის არ უახლოვდება, ქოლერიკი ყოველ წუთს დგას მის ზღვარზე;
  • ოჯახურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები – თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ მისი ნებისმიერი სურვილი ადვილად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე კმაყოფილდება, მისთვის აქამდე უჩვეულო წინააღმდეგობამ მისი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზაზე შეიძლება მრისხანების აფექტი გამოიწვიოს;
  • მშობლების მოჭარბებული გაღიზიანებულობა და აღგზნებულობა – თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან ხშირად საკუთარი მშობლების ქცევის კოპირებას ახდენენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, აფექტური მშობლების შვილის აფექტური ქცევებისადმი მიდრეკილება;
  • ბავშვის თვითშეფასების, მისი პრეტენზიების დონის შეუსაბამობა მის რეალურ შესაძლებლობებთან ხშირად არაადეკვატურობის აფექტის აღმოცენების მიზეზი ხდება – ასეთი ბავშვი ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი თვითშეფასება, უარყოს საკუთარი მარცხი. მისი აღმოცენების მიზეზს ის მიაწერს ისეთ ვითარებებს, რომლებიც მასზე არ არის დამოკიდებული, ადანაშაულებს გარშემომყოფებს და უფრო პრეტენზიულიც კი ხდება. ასეთ ბავშვს ხშირად ეჩვენება, რომ მას არ აღიარებენ, სათანადოდ არ აფასებენ, უსამართლოდ ეპყრობიან, ჩაგრავენ. ასეთ დროს მოზარდის მდგომარეობა აფექტური ხდება. ამის საფუძველზე კი ყალიბდება ქცევის უარყოფითი ფორმები. ბავშვი განიცდის, მუდმივად ნაწყენია; ხდება ჯიუტი, უხეში, გაბოროტებული; უარს ამბობს, დაემორჩილოს პედაგოგების მოთხოვნებს, უპირისპირდება თანატოლებს და ხშირად შედის მათთან კონფლიქტში;
  • ემოციური აფეთქებები და აფექტური ქცევები ბავშვებში ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მის გარემოში მომხდარ არსებით ცვლილებებთან; ქცევის ჩვეული სტერეოტიპების სწრაფი, ახალ პირობებთან შესაბამისი გარდაქმნის აუცილებლობასთან (მაგ. საბავშვო ბაღში ან სკოლაში შესვლა, ოჯახში ახალი წევრის შემომატება, სკოლის, პედაგოგების ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როგორც წესი, ბევრი ბავშვისთვის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს).

რეკომენდაციები – როგორ მოვიქცეთ ბავშვთან, როცა ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება:

  • მოვერიდოთ ასეთი ქცევის გამო ბავშვისთვის სულელის, გიჟის იარლიყის მიკერებას და მის არანორმალურად მონათვლას. ასეთ შემთხვევებს არცთუ იშვიათად აქვს ადგილი აფექტურ ბავშვებთან ურთიერთობაში. შესაძლოა უფროსმა თავისი დამოკიდებულებები და შეფასებები სიტყვიერად არ გამოხატოს, მაგრამ შესანიშნავად მოახდინოს ამის დემონსტრირება საკუთარი ქცევით. მაგ. არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგი, იმის შიშით, რომ ბავშვი აფექტურ მდგომარეობაში არ ჩავარდეს, საერთოდ გაურბის მასთან ურთიერთობას; ცდილობს არ შეეხოს მას; არ რთავს მას საგაკვეთილო პროცესში, რის გამოც ასეთი ბავშვი ჯგუფისგან იზოლირებული აღმოჩნდება ხოლმე. თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა კი როგორც მოზარდს, ისე მის გარშემო მყოფ ადამიანებს ბევრად უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ვიდრე აფექტური ქცევა. შესაძლოა ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ სხვაგვარი შედეგიც მივიღოთ – თუ ბავშვი გრძნობს, რომ აფექტური ქცევებისადმი მისი მიდრეკილების გამო ყველა გაურბის მასთან ურთიერთობას, შესაძლოა მან დაიწყოს ამ მახასიათებლით მანიპულირება, მისი ბოროტად გამოყენება და განიხილოს ის, როგორც საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევის საშუალება;
  • მოვერიდოთ აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის ჭკუის დარიგებასა და რჩევების მიცემას. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს მას არ შეუძლია ჩვენი საუბრის მოსმენა და მით უმეტეს მისი გაანალიზება. სრულიად საკმარისია ჩვენი მის გვერდით ყოფნა, მის მიმართ თანაგრძნობის, თანაგანცდის გამოხატვა. ჩვენმა ერთმა ფრაზამ – „მე მესმის შენი“ – შეიძლება უფრო სასიკეთოდ იმოქმედოს ბავშვზე, ვიდრე ერთსაათიანმა საუბარმა. გავითვალისწინოთ, რომ აფექტის მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება და შემდეგ შეიძლება გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია და ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, რამაც მისი ქცევა გამოიწვია;
  • სრულიად დაუშვებელია აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, მოთხოვნა, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა. მით უმეტეს, მიუღებელია ასეთ დროს ბავშვის ფიზიკურად დასჯა. ამით ჩვენ მხოლოდ მის გაბოროტებასა და მასში აგრესიის დაგროვებას ვუწყობთ ხელს;
  • შევეცადოთ აფექტური ბავშვის თვითშეფასება და პრეტენზიების დონე მის რეალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს თავიდან აგვაცილებს ბავშვში არაადეკვატურობის აფექტის აღმოცენებას;
  • ვასწავლოთ ბავშვს ემოციური განცდების უკეთ შეცნობა და რეგულირება, ვასწავლოთ ემოციების გამოხატვა სოციალურად მისაღები ფორმით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ აფექტი და აფექტური, ემოციურად არასტაბილური ქცევა ბავშვებში წარმოადგენს არა დაავადებას, არამედ განვითარების გართულებულ სახეს. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, როგორც ბავშვისთვის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილებას.

 

 

მუზეუმის ახალი დღე – საგანმანათლებლო რესურსი

0

ადამიანი თავისი არსით შემგროვებელია – აგროვებს შთაბეჭდილებებს, სასურველ ნივთებს, დოვლათს. აგროვებს და ინახავს. ამ პროცესში არის ღრმა მეტაფიზიკაც და უწყინარი მაგიაც. ამ პროცესით ადამიანი ისტორიას ქმნის, ხსოვნის საცავს, რომლის გარეშეც უბრალოდ, აზრს კარგავს მისი არსებობა, ან ისეთ აზრს იძენს, რომელიც მისთვის ყველაზე უცხო და არაორგანულია.

საყოველთაო განსაცდელში აღმოჩენილი კაცობრიობისთვის ამ პროცესის არსი კიდევ ერთხელ გაცხადდა – ჩვენ დღეს გაასმაგებული ინტერესით ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვართ, რისთვის ვჭირდებით ამ თვალუწვდენელ სამყაროს, რას ვუტოვებთ კოსმოსს კაცობრიობის სახელით?

გლობალური გააზრებით მთელი ეს დედამიწური ისტორია ვეებერთელა მუზეუმია, უთვალავი ექსპონატით, საუცხოო სივრცეებით, მულტიხმოვანი აკუსტიკით. მომხმარებლური დამოკიდებულების ისტერიკამ, რომელიც ზუსტად ამ განსაცდელამდე სჭირდა კაცობრიობას (იმედია, ამის შემდეგ მაინც გადავხედავთ ჩვენს აგრესიულ და პარანოიკულ „დღის წესრიგს“), ეს მუზეუმი კინაღამ ააფეთქა – შიგნიდან გამოხრა და ის დვრიტა გამოაცალა, რაზეც დგას საერთოდ ადამიანური საზრისი. დღეისდღემ – საერთო ფატალური შიშის წინაშე მდგომმა რეალობამ – მსოფლიოს მზერა ამ დვრიტასთან გარდატეხა და ახალი საფიქრალი გაუჩინა.

უფრო სწორად, კარგად დავიწყებული ძველი, მარადიული საფიქრალი – შინაარსიანი სიცოცხლის წყურვილი.

მუზეუმი, როგორც დროსთან ურთიერთობის ფორმა, როგორც მეხსიერების მცველისა და გამზიარებლის იდეა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო რესურსია, რომლითაც კულტურას, კაცობრიულ გამოცდილებას მომავალთან დიალოგი შეუძლია. მისი არსი უზუსტესად გამოხატავს მთავარ ადამიანურ საზრისსაც – შეინახოს და შეიმეცნოს, გადასცეს და განაახლოს ცოდნა, მოკლედ რომ ვთქვათ –  იდგეს სიცოცხლის შუაგულში.

ეს ყოველივე უკვე გამორიცხავს იმ სტერეოტიპულ მიდგომას, თითქოს მუზეუმი მკვდარი სივრცეა, ხელშეუხებელი ექსპონატების სამფლობელო, სადაც ყველაფერი სულს გიხუთავს და აუხსნელად გასევდიანებს.

მუზეუმის იდეა იმდენად თვითმყოფადი და მძლავრია, რომ თანამედროვეობას, თავისი თავსატეხებიანი გამოწვევებით, ისღა დარჩენოდა, ამ იდეას მორგებოდა და მასშიც განხორციელებულიყო.

ამ განახლებული იდეის თვალსაჩინო მაგალითად ჩვენს სინამდვილეში ყოველთვის მომყავს  ხოლმე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში შეუძლებელი შეძლო და საზოგადოებაში მუზეუმის („მკვდარი სივრცის“ სტერეოტიპის) მიმართ კვლავ გააჩინა ნდობა და უზომო ინტერესი.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 2016 წელს შეიქმნა. მასში 9 მუზეუმია თავმოყრილი – გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ზაქარია ფალიაშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, კოტე და სოსო წერეთლების, მიხეილ ჯავახიშვილისა და თოჯინების.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსად ქცევაა.


პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, სადაც მათ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება მუზეუმებში დაცული მდიდარი ფონდის გამოყენებით, შემოქმედებითი აქტივობით შეეძლებათ. ამ ფონზე მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ტრადიციული რუტინა კი არა, სრულიად ახალი თავგადასავალია, რომლის მონაწილე და ხშირ შემთხვევაში, შემოქმედნიც თავად არიან.

არაჩვეულებრივი რესურსია 30 დასახელების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც თბილისის მუზეუმების გაერთიანება სთავაზობს სკოლებს. ამ პროგრამების შესახებ არა მხოლოდ თბილისის სკოლებმა იციან, არამედ მასში უკვე რეგიონებიდანაც აქტიურად ერთვებიან.

პანდემიის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა. ჯერ უცნობია, როდის განახლდება სწავლა. თუმცა ეს რესურსი ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მუდმივად აქტუალური იქნება, ამიტომ, ვიდრე მოსწავლეები და მასწავლებლები შინ, ონლაინსაგაკვეთილო პროცესში არიან, შეუძლიათ ვირტუალურად ესტუმრონ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვებგვერდს და მოიძიონ დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა პროგრამის შესახებ.

ისინი ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა და ინიციატივების მქონე მოსწავლეებისთვისაა. ცხადია, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებისთვის და ეს მათი მხრიდან გამოთქმული შთაბეჭდილებებით უამრავჯერ დადასტურდა. გაერთიანებაში შემავალ თითქმის ყველა მუზეუმში და ასევე საგანმანათლებლო ცენტრში, შეგიძლიათ რამდენიმე პროგრამას დაესწროთ. მაგალითად, ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ ასეთ კრეატიულ გაკვეთილებს: „ცის მზომელები“, „აივნიანი ქალაქი“, ექსპონატების ისტორია. ამ პროგრამების ფარგლებში შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიასაც და თავადაც გახდეთ მისი მონაწილე – საკუთარი ხელით შექმნათ: ექსპონატი, თოჯინა, ბარათი თუ სხვა… როგორია სამეფო გვირგვინების წარმოშობის ისტორია, ან რას გვიამბობენ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალები, ან  ფერადი და ჯადოსნური იაპონური თოჯინები; რა ამბებს იტევს კედლის მხატვრობის ისტორია ან რას მოგვითხრობენ საათები, ვინ იყვნენ ცის მზომელები და რა იცოდნენ მათ ისეთი, რაც დღევანდელ დღეს დაკარგულია?! რა გზა განვლო ერთმა თითქოს ჩვეულებრივმა ქსოვილმა – ჯინსმა იალქნებიდან სამოსამდე და როგორ აღიბეჭდა მასზე უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული ლაქები… – ეს მცირედია იმ პალიტრიდან, რომელსაც მუზეუმების გაერთიანების საგანმანათებლო პროგრამები სთავაზობს დამთვალიერებელს.

აქ ისტორია ცოდნაცაა და დიალოგის ფორმაც – შეგიძლია გარედან კი არ უყურო, არამედ შეეხო, ითამაშო, თავად იქცე მის ნაწილად. ამ მაგიურ პროცესში პროფესიონალი გიდები, პედაგოგები და კურატორები გეხმარებიან – მუზეუმების მასპინძლები, რომლებმაც ეს ყველაფერი სწორედ შენთვის მოიფიქრეს. ამ დიდი და მშვენიერი, მთლიანი „თამაშის“ ხელმძღვანელი კი მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ნინი სანადირაძეა, ადამიანი, რომლის დაუღალავი შრომისა და უზუსტესი შემოქმედებითი ხედვის შედეგიცაა ის, რაც დღეს გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაგხვდებათ.

ახალი დღე: ისტორიის, ცოდნის, ბოლოს და ბოლოს – სიცოცხლის აღქმის ახალი შესაძლებლობა – ეს იქნება თქვენი მასპინძელი ამ მუზეუმებში. ისინი სამყაროს წესრიგს ირეკლავენ და ამის გამო არიან თანამედროვეც, ახალიც და მშვენიერიც.

სამყაროს წესრიგს – შეინახო და დაიმახსოვრო, განიცადო და გადასცე. მუდმივად და რაც მთავარია – სიყვარულით.

 

 

 

 

   შაბლონებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ

0

„ბატონი შაბლონი დღეს მალაყს გადადის ჩვენს ლიტერატურაში. იგი მრავალსახიანია, მრავალფეხიანი და კოშმარივით აწევს ქართულ სინამდვილეს“, – წერდა ტიციან ტაბიძე. მათ შორის, ვინც შაბლონებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ გალაშქრება გაბედა, იყო ნიკოლო მიწიშვილი. მის პოეზიაში წარმოჩნდება სიმბოლისტური ესთეტიკა, რომელიც გულისხმობს პოეტური სიტყვის უმაღლეს ღირებულებად გამოცხადებას, მიღმა, ირაციონალური, მისტიკური სამყაროს ჭვრეტას, ახალი სიმბოლოების შექმნას, ნიღბების, ალუზიების, ინტერტექსტუალობის გამოყენებას, რითმისა და რიტმის სფეროში თამამ ექსპერიმენტებს, მოდერნული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, ერთგვარ არისტოკრატიზმს, დენდიზმს, საზოგადოებისაგან გაუცხოებას. იგი ცისფერყანწელებთან ერთად ხელს უწყობდა სალექსო ტექნიკის განვითარებას და ქმნიდა ტრადიციულისგან განსხვავებულ პოეტურ სამყაროს. ნიკოლო მიწიშვილი პოეზიას უწოდებდა ხმიადს, სულიერ პურს, რომელიც სახარებისეული სიტყვასავით სჭირდებოდა ადამიანს გადასარჩენად.

მის პოეზიაში შემოჭრილია ნაკადები, რომლებიც შთაგონებულია ცისფერყანწელთა თაყვანსაცემი ფრანგი პოეტების: ბოდლერის, ვერლენის, მალარმეს, რემბოს შემოქმედებით. ნიკოლო მიწიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ სიმბოლისტთა მიერ გამოცხადებულ ამბიციურ გეგმაში, რომელიც რუსთველური პოეტიკის რენესანსს, ქართული სიტყვისთვის ესთეტიკური ღირებულების აღდგენას, მისთვის ახალი გზების გაკვალვას, ქართული პოეზიის „ევროპული რადიუსით გამართვას“ და მომავალ დიდ ქართველ ხელოვანში რუსთველისა და მალარმეს „შეერთებას“ გულისხმობდა, როგორც ამას მეტაფორულად გამოთქვამდა ცისფერყანწელთა მანიფესტების შემოქმედი ტიციან ტაბიძე.

მისი პოეტური შემოქმედება ნიკოლო მიწიშვილს წარმოაჩენს, როგორც ორიგინალური პოეტური აზროვნების შემოქმედს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული კაცობრიობის კულტურული მონაპოვარი, ღრმად აქვს გააზრებული საქართველოს ისტორია, ტრადიცისაა და ნოვაციის თავისებურებანი, ესმის თანამედროვე სამყაროში ეგზისტენციალური კრიზისით შეპყრობილი ადამიანის ტკივილი და ცდილობს ისე გამოთქვას სიტყვიერად ეს ყოველივე, რომ მკითხველს გაუჩინოს ფიქრისა და ძიების წყურვილი. ნიკოლო მიწიშვილის ლექსებსა და პოემაში (განსაკუთრებით აღსანიშნავია „შავი ვარსკვლავი“), რომლებიც მან საქართველოსა თუ უცხოეთში იძულებით ემიგრირებულმა დაწერა, კარგად წარმოჩნდება, ერთი მხრივ, მოდერნისტული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ტენდენციები, მეორე მხრივ კი, ეროვნული სატკივარი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობით გამოწვეული ტანჯვა და გათავისუფლებაზე ოცნება.

ნიკოლო მიწიშვილი უდიდეს ყურადღებას აქცევდა პოეტის სახელის გაზღაპრებას. როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა, ცისფერყანწელები ქმნიდნენ ახალ პოეტურ მითოლოგიას, რომელსაც ამდიდრებდნენ საკუთარი თუ ერთმანეთის სახელების ლეგენდებად ქცევით. ისინი ინდივიდუალიზმის გამოსაკვეთად არ იშურებდნენ ფერებს საკუთარი თუ მეგობრების პორტრეტების გამოსაკვეთად. 1919 წელს დაწერილ „ავტოპორტრეტში“ კარგად წარმოჩნდება სიმბოლისტური ხელწერა:

„ეშმაკის ნაკოცნი – გრეხილი ტუჩები,

ქალა გაცვეთილი, ობით დაყლარტული,

თვალი გახელილი, ცვრით განაფუჭები,

წვერის ღეროებში მატლი გახლართული“.

პოეტი იმგვარად წარმოაჩენს თავისი გარეგნობის დეტალებს, რომ მკითხველმა მისი შინაგანი სამყაროს ტანჯვა ზედაპირზე გადმოღვრილი იხილოს. ცხვირი – არწივის ნისკარტი, შუბლი – მარმარილო, ყვითელი ლოყები – ტალახი, ყბები და კბილები – დარღვეული და დაშლილი, გადახსნილი კეფის ხრტილები მკითხველს ერთდროულად უჩენს შიშისა და კოშმარის შეგრძნებას, განიცდის ყოფის წარმავლობასა და ადამიანის უსუსურობას, ყოველივეს ხრწნასა და გაცამტვერებას. პოეტსაც სწორედ ეს უნდა, მოჩვენებითი და ილუზიებით სავსე ფერადოვანი ყოფის მიღმა მკითხველს სიცოცხლის გარდაუვალი დასასრულის შეგრძნება გაუმძაფროს და სიკვდილის სახე დაანახვოს. ამისთვის ლექსში შემოაქვს ერთგვარი ხილვა საკუთარი გარდაცვალებისა:

„კუბო მიტორტმანობს, მისცურავს და ნავობს –

უკან მომყვებიან ქუდგადახდილები“ („ავტოპორტრეტი“).

სიმბოლისტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა სიმახინჯე და ბოროტება. სწორედ ამიტომ თამამად დაიწყეს საშინელი სახეების შექმნა (ამ ესთეტიკის პრინციპებს კარგად წარმოაჩენს ვალერიან გაფრინდაშვილი წერილში: „Terror Antiquus“). ბოდლერი ლექსში „ჰიმნი მშვენიერებას“ (კრებულიდან „ბოროტების ყვავილები“) უღრმავდებოდა მშვენიერების არსს და ფიქრობდა, რომ მისი წყარო თანაბრად შეიძლებოდა ყოფილიყო სინათლეცა და სიბნელეც:

„ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ!

ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?

შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,

ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი“ („ჰიმნი მშვენიერებას“).

სწორედ ამგვარი ესთეტიკით არის შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის გამორჩეული ლექსი „წმინდანიანი“, რომელშიც პოეტი მოდერნისტული ეპოქის ახალ კერპს, მითოლოგიურ არსებას, წმინდანიანს ქმნის, რომელსაც მოაქვს ტრადიციულისგან განსხვავებული იდეალები და ფასეულობები. ეს არსება ებრძვის ძველ წმინდანებს, სიმბოლურად, ქრისტიანულ წარმოდგენებს და ამკვიდრებს ახალ რელიგიას, დაფუძნებულს შიშსა და უიმედობაზე:

„საუკუნეში ერთხელ ქვეყანას

მოევლინება წმინდანიანი –

ცეცხლის ფრინველი, მთოველი ცოდვის

და როგორც გველი – წვრილტანიანი“.

1919 წელს დაბეჭდილ ამ ლექსში (ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“, #2, 1919 წ.) კარგად წარმოჩნდება კაცობრიობის უდიდესი საფრთხე, ნიცშეანური „ღმერთის სიკვდილით“ გამოცხადებული დაუძლეველი სულიერი კრიზისი, ძველი თუ ახალი ღმერთებისაგან დაცარიელებული ზეცა და სულის დაღუპვის გარდაუვალობის შეგრძნება. ლექსში იხატებიან „შეშფოთებული წმინდანები“, რომელთა მადლი ახალ საუკუნეში ყოველგვარ ძალას კარგავს, „ხატებთან გაელვებული შუქიც“ მინავლებულია და აპოკალიფსური ვიზუალური ხატები თრგუნავენ მკითხველის წარმოსახვას:

„დამბლა ეცემა წმინდა გიორგის

და გველეშაპიც მოუჭერს რკალებს.

ხელთ გავარდება მარიამს შვილი

და პეტრეს შიში ააკანკალებს.

ქრისტე წამებით ჯვარს გადატეხავს,

გაიშვერს ხელებს ცხელ ლურსმანებით.

გუმბათზე თვალი დაიხუჭება,

შეშფოთებული გველურ ზმანებით“ („წმინდანიანი“).

ლექსი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა სამომავლო კატასტროფებისა, რომლებიც გამოწვეული იქნება ტექნოლოგიური საფრთხეებით, მატერიალრ სამყაროზე მიჯაჭვული ადამიანის ეგოისტურ-ნარცისული სულისკვეთებით, ზნეობრივი გადაგვარებით. ახალი კერპები დაამხობენ ძველს და უფლისკენ მიმავალ სულის სახსნელ გზებს ვეღარ დაინახავენ მოჩვენებითი, ყალბი და ხელოვნური სინათლით დაბრმავებულნი. თუმცა ლექსში ეს ყოველივე წარმოჩნდება, როგორც კოშმარული ხილვა და გაფრთხილება:

„დილამდე გასტანს საყდართან ბრძოლა

და რიჟრაჟამდე სული ცდომილი

ავ მოჩვენებით აწვალებს საყდარს,

დაუძლევი და მიუწვდომელი“.

1922 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი კრებული „წმინდანიანი“, რომლის შესახებაც ზუსტად შენიშნავს მანანა ჩიტიშვილი: „სიმბოლურია კრებულის სათაური, რომელიც ერთდროულად ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ედგარ პოს აშკარა გავლენაზე მიუთითებდა, იმ განსხვავებით, რომ ბოროტი ბედისწერის სიმბოლოდ, მიწიშვილმა „შავი ყორნის“ ნაცვლად, „წმინდანიანი“ აირჩია. ავტორის გადმოცემით, წმინდანიანი ლეგენდარული ფრინველია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ევლინება ქვეყანას მზის ჩასვლის შემდეგ და ბინდში ცეცხლს ჰყრის ანთებული ფრთებით. „…ნიკოლოზ ბარათაშვილი და ედგარ პო. ორი თემა „ყორანის“, რომელიც მეჩვენება მე წმინდანიანად“.

სულიერი მარტოობის, სამყაროსგან გაუცხოების ტკივილები ახალი პოეტური სახეებით წარმოჩნდება ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში. მისთვისაც უმთავრესია, დახატოს არა გარეგანი თვალით დანახული, არამედ შინაგანი მზერით მოხილული „სულიერი ლანდშაფტები“, როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი ლაფორგზე აღნიშნავდა ხატოვნად, მის ლექსებშიც წარმოჩენილია „პეიზაჟი უკუღმა“: „ლაფორგის სუსხიანი პეიზაჟი ახველებს, როგორც ჭლექიანი ასული და მის კვირეებში, მის პროვინციალურ მთვარეში პეიზაჟი წამებულია, როგორც დაისრული სებასტიანე. ბალზაკი სწერდა, რომ ზოგიერთი არომატი გამოსთქვამს უკვდავების იდეას. პეიზაჟი უნდა გახდეს წარსულ და მომავალ იმედების სარკედ. მასში, როგორც ვაზაში, უნდა მოვათავსოთ ჩვენი ნერვიული ბუნება“ („პეიზაჟი უკუღმა“).

„ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე

მკვდარის სიჩუმის შავ გარინდებით.

უბედურება ტრიალებს სახლში

და მემუქრება მხუთავ ბინდებით.

უძილო ღამით, მარტოობაში

ყურებთან უკრავს დაფ-დაირები…

მოდის ვიღაცა ორკუზიანი

და წამჩურჩულებს – „გადაირევი“ („განწირული სტრიქონები“).

მეგობრებისთვის მიძღვნილ არაერთ ლექსში პოეტი წარმოაჩენს, როგორ იმკვიდრებენ ისინი თავს ახალი პოეზიის მითოლოგიაში. სამწუხაროდ, ეს არის  მსხვერპლიანი გზა, ამიტომაც უწოდა ცისფერყანწელებს „ჯვარზე გაკრულნი“:

„სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,

ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს

და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,

ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,

ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,

თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ

და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი“ (ჩვენ – „ცისფერი ყანწები“ (1922 წ.).

პატრიოტულ თემას, გაცვეთილსა და გაშაბლონებულს, სტერეოტიპული სახეებით გადატვირთულს, ცისფერყანწელებმა ახალი სული შთაბერეს, განსხვავებული პოეტური ხედვით გაამდიდრეს. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა ნიკოლო მიწიშვილის არაერთი ლექსი, მათ შორისაა საოცარი ნაღველით სავსე სტრიქონები: „ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო“. აქ ყოველი სიტყვა გულწრფელია და დატვირთულია ასოციაციური ნაკადებით, რომლებიც მოაქვს იმ დიდ სიყვარულს, ხმამაღლა გამოთქმა რომ არ სჭირდება.

თავის დროზევე კარგად შეაფასა შალვა აფხაიძემ ნიკოლო მიწიშვილის პოეზიის თავისებურება, როდესაც დაწერა: „ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში არის შინაგანი გულწრფელობა და სიმართლე. მთელი მისი პოეზია არის საუკეთესო ილუსტრაცია, ან უკეთ, დოკუმენტია იმ სულიერი კრიზისისა, რომელიც ახალი ეპოქის მიჯნაზე დამდგარ პოეზიას ახასიათებს. პოეტის ფესვი წარსულშია, ხოლო ადამიანის სახე წინ იყურება… პოეზია, რომელსაც დეკადანსის საკმევლის სურნელება სდიოდა, იყო გამომხატველი დარღვეული ეპოქის… ლექსები გამართული და ძლიერია როგორც კომპოზიციის, ისე დეკორატიული მორთულობით“ (აფხაიძე 2010: 4).

ნიკოლო მიწიშვილი პოეზიაში ხშირად იყენებდა ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის, მითოლოგიისა და ფოლკლორის კულტურულ კოდებს, რათა თავისი სათქმელი გამოეხატა. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია მისი ლექსი „ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“, რომელშიც ხატავს დაუმორჩილებელ, თავისუფლებისათვის მებრძოლ კავკასიელ ვაჟკაცს, ჰაჯი მურატს, რომელიც ჰამლეტური მოაზროვნის რანგში აჰყავს. პოეტმა ეს სახე აქცია ერთგვარ სიმბოლოდ, რომელმაც გამოხატა ტრაგედია ზნეობრივი გმირის შეუფერებელ აპაოკალიფსურ დროში ცხოვრებით გამოწვეული ტრაგედიისა, იმ გაორებისა, რომელიც, ნებით თუ უნებურად, „ემართებოდათ“ ინტელექტუალებს, მათ შორის, ქართველ პოეტებსაც, რომლებიც ხშირად კომპრომისსაც მიმართავდნენ, რათა მოჩვენებითი „მოთვინიერებითა“ და კონფორმიზმით თავიანთი ნამდვილი მოუსყიდველი სახე შეენიღბათ. თუმცა დიქტატორულ საბჭოთა ხელისუფლებასთან ამგვარი „თამაში“ ხელოვანთა წაგებით, „მოჭრილი თავებით“ სრულდებოდა. ამის ნათელი მაგალითა ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლო მიწიშვილისა და სხვა შესანიშნავ ხელოვანთ დახვრეტა. ეს ყოველივე თითქოს ნაწინასწარმეტველებია ლექსში:

„მაშ ვინ იყავი?.. რა იყავი? მაშ, რაღა გქვიან,

აქაც და იქაც დაღუპულო, მოჭრილო თავო.

ხუნძახელ ჰამლეტს რად გინდოდა, რომ გაჩნდი გვიან

გაორებულო, უფსკრულებში ჩაშლილო მთაო.

აქედან ვხედავ, ამბობს იგი: ბრძოდე, იწვოდე,

გაგსრისოს, დეე, ჭრილობებმა სისხლიან ფარცხით,

მაგრამ, თუ იბრძვი – სამუდამოდ უნდა იცოდე:

გაორებული კაცის ბედი თავდება მარცხით“ („ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“, 1935 წ.).

ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში წარმოჩენილია ადამიანის სამყაროსთან, ხილულსა და უხილავ ფენომენებთან დამოკიდებულება. მისი ლექსები ერთგვარი მანიფესტაცია და ხორცშესხმაა იმ იდეალებისა და პრინციპებისა, რომლებსაც ცისფერყანწელები თავიანთი თეორიული წერილებით ამკვიდრებდნენ. სანდრო ცირეკიძე წერდა: „მოვლენათა სწორი ასახვა საქმეა ფოტოგრაფიის და მეცნიერების. მათი თავისებურად დალაგება – სტილიზაციაა და მოდერნიზმი. მაგრამ არიან სხვები, რომლებმაც ქვეყანას უცნაურად შეხედეს. მოვლენების იქით საგნები იზმორებიან უცხონი. სოფელს დიდი ხანია გაუჩნდა ორეული და მოჩვენებებით დასახლდა ქვეყანა. გაიცრიცა ფირუზის ცა, აინგრა ზურმუხტის ხმელეთი და მოისმა სუნთქვა ქაოსის. აქ აღარ გამოდგება კოდაკის აპარატი. ორი თვალი ადამიანის დაძველდა. პოეზია და რელიგია იხედებიან მოვლენათა გადაღმა და მათთვის საჭირო შეიქნა ათვისების და გამოთქმის ახალი ფორმები. მას აქეთ, რაც ადამიანმა იგრძნო სოფელი წარმავალი, იგი ჰაერში დაეკიდა და ეძებს მაგარ წერტილს თავის ნიშნის მისამაგრებლად. აქ გაიყო გზები მოგვის და პოეტის: რელიგია ეძებს ნამდვილ ორეულს ქვეყნისას და უნდა ეზიაროს მის უკვდავებას. პოეტმა თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა ამ ძიებას. იმან დაიჯერა, რომ ღმერთს ჭეშმარიტს ვერ იპოვის და ეძებს მხოლოდ მის ბუტაფორიას“ („პარალელები“).

ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაში არის მცდელობა „საგანთა მიღმა“ გახედვისა, ჭეშმარიტების ძიებისა და ამ გზაზე ამქვეყნიური სიმულაციური და ბუტაფორიული სახეების გადალახვისა. მის ლექსებში გამოხატულია ის გაოცება, ტკივილი, სიყვარული, რომლებსაც აღძრავს არა მხოლოდ ხილულ მატერიალურ საგანთა, არამედ მათ მიღმა ჭვრეტა, მეტაფიზიკურ პოეტურ განზომილებებში ხეტიალი. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია მისი ლექსები: „სურათი“, „გული – თუთიყუში“, „ჩემი მწევრები“, „შავი ვარსკვლავი“, „როგორც ეპიტაფია“, „წაგებული ბიოგრაფია“ და სხვა მრავალი.

 

 

 

 

 

როგორ იყენებენ მოსწავლეები ცოდნას

0

როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს იმ ცოდნის გამოყენება, რომელსაც გაკვეთილების დროს ვაწვდით? ახერხებენ კი ისინი მის პრაქტიკაში გამოყენებას? რამდენად საკმარისია მიწოდებული მასალა ამისთვის? ეს იმ მცირე კითხვების ჩამონათვალია, რომელსაც ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს.

ერთი ძალიან ჩვეულებრივ მუშა გაკვეთილზეც კი შეგვიძლია მოსწავლეებს მივცეთ იმის საშუალება, რომ  მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. არ აქვს მნიშვნელობა მათემატიკის საგანია, ბუნებისა თუ ქართულის. სულ მცირე ცოდნაც კი  ერთი აგურია, რომლის საბოლოოდ ერთმანეთზე მოთავსების შემდეგ ერთ დიდ ცოდნის სასახლეს აშენებს. მისი საბოლოო შედეგის ხილვა სასიამოვნო შეგრძნების მომტანია.

სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ თემებს თავისი შესაფერისი დავალებები მოჰყვება. შენზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებ და გაამრავალფეროვნებ მას. ქართულის ერთ-ერთი თემა ,,ჩურჩხელების მომზადება“ იყო, რომელსაც თავისი რეცეპტი მოჰყვებოდა. რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ უბრალოდ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას გავცდენოდი და მოსწავლეებისთვის სახალისო და ისეთი გაკვეთილი შემეთავაზებინა, რომელიც ზემოთაღნიშნულ კრიტერიუმს – ცოდნის ტრანსფერს დააკმაყოფილებდა?  შემოგთავაზებთ აქტივობებსა და მეთოდებს, რომლის გამოყენებით მე ჩემს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეებს მივეცი იმის საშუალება, რომ გაკვეთილზევე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და მიზანი შეგვიძლია ორგვარად შევთავაზოთ. პირველი – ჩვენ წავუკითხოთ ფლიფჩარტზე ჩამოწერილი სახით, ხოლო მეორე – თავად მივიყვანოთ ლოგიკურ დასკვნამდე, თუ რაზე შეიძლება იყოს გაკვეთილის თემა.

რადგან თემა ჩურჩხელას ეხებოდა, გამოვიყენე იდუმალი ყუთის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო:

  • მოსწავლეებში მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა;
  • აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ლამაზად გაფორმებულ ყუთში მოვათავსე ჩურჩხელა. ერთ მოსწავლეს ვთხოვე, კლასისთვის აეხსნა ყუთში მოთავსებული საგანი სამი წინადადებით. კლასს კი ვთხოვე გამოეთქვათ ვარაუდები, რა შეიძლება ყოფილიყო იდუმალ ყუთში? მოსწავლეებში ამ აქტივობამ სიხალისე და ინტერესი გააღვივა. ასევე დამეხმარა იმაში, რომ ისინი მიმეყვანა გაკვეთილის თემის დასკვნამდე.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, წავუკითხე სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი, ხოლო ის რეცეპტი, რომელიც ტექსტს თან ახლდა, წინასწარ დამზადებული ფერადი ფორმატის სახით გამოვუკარი დაფაზე. ვიცით, რომ დაწყებით კლასებში დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოებას, რეცეპტის ამ სახით წარდგენის მიზანი  იყო, რომ მათ ვიზუალურად უკეთ აღექვათ რეცეპტი. იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტში ძირითადად აქცენტი რეცეპტის მომზადებაზე იყო და ჩურჩხელაზე ინფორმაცია მხოლოდ იგრედიანტებით შემოიფარგლებოდა, გაკვეთილის მრავალფეროვნების მიზნით, მოსწავლეებს მოვუმზადე ვიდეო

 

სადაც საუბარია დასავლურ და აღმოსავლურ ჩურჩხელაზე, მსგავსება-განსხვავებასა და მომზადებაზე. ვეცადე მოსწავლეებისათვის მინი-ლექციის სახით მიმეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც წიგნში არ იყო მოცემული. ვესაუბრე ჩურჩხელის ისტორიაზე, მის მრავალფეროვნებაზე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვხდება. ასევე მოსწავლეებისათვის მომზადებული მქონდა ხარიხა, რათა ერთგვარი წარმოდგენა შექმნოდათ, თუ რა იყო ის, მასზე კი სხვადასხვა სახეობისა და ფერის ჩურჩხელები მქონდა მოთავსებული. ამან მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ხშირად ფრონტალური კითხვის დასმით ვამტკიცებთ, თუმცა შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმი გადავაქციოთ სახალისო, ფერად წუთებად. ამისთვის ხშირად ვიყენებ ქაღალდის ბურთის მეთოდს.  მომცრო ზომის ბურთს გარშემო ვაკრავ ფერად ფურცელზე დაწერილ შეკითხვებს. იმ მოსწავლეს, რომელსაც გადავუგდებ ბურთს, უნდა შემოხსნას ერთი ფურცელი, წაიკითხოს შეკითხვა, მიპასუხოს და ისევ უკან დამიბრუნოს ბურთი. ასე გრძელდება მანამ, სანამ ბურთზე შემოკრული შეკითხვების რაოდენობა არ ამოიწურება.

მიღებული ცოდნის განმტკიცების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ჯგუფური მუშაობა, რომელიც მათ ძალიან მოსწონთ. დავალების მიცემის დროს ერთგვარი ნერვიულობის მომენტი მქონდა, რადგან მათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში უნდა გაემოყენებინათ. რეალურად მათი ნამუშევრები ჩემთვის პასუხი იქნებოდა იმაზე, შევძელი თუ არა მიმეწოდებინა მათთვის ახალი მასალა ისე, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეძლებოდათ.

კლასი დაყოფილი მყავდა ოთხ ჯგუფად. მივეცი მათ შემდეგი დავალება: ორ ჯგუფს უნდა შეედგინა ჯანჯუხის რეცეპტი და გაეკეთებინათ ის, მეორე ჯგუფს კი – ჩურჩხელის რეცეპტი და ასევე დაემზადებინათ. მოსწავლეებს ეს ყველაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ სხვადასხვა მასალის გამოყენებით. შეეძლოთ დაეხატათ, გამოეძერწათ, ბისერებით აეწყოთ (ეს მასალა ამ გაკვეთილისთვის მოვუტანე) და ა.შ.  ჩემთვის მთავარი იყო მათ ნამუშევრები შეექმნათ თავიანთი ფანტაზიითა და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით.

ჯგუფებმა ნამუშევრის წარდგენისას ჯერ წაიკითხეს რეცეპტი, შემდეგ კი მომზადებული ჩურჩხელა წარადგინეს, რომელიც შეესაბამებოდა რეცეპტს. ნამუშევრები ძალიან საინტერესო და კრეატიული იყო. წარდგინებამ ჩემი გაკვეთილის დასაწყისში გაჩენილი მოლოდინები გაამართლა, მოსწავლეებმა ნამდვილად მოახერხეს მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...