კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

    რიტმის გრძნობა, როგორც მუსიკალური განათლების ერთ-ერთი ასპექტი

0

 „რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში“

                     პლატონი

მუსიკა ალბათ ხელოვნების ის დარგია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ახლობელია, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავად ადამიანს სიმღერა. მუსიკასთან  ჩვენი კავშირი დედის ტკბილ ნანასთან ერთად იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზიარებას სულიერ ღირებულებებთან, ხელოვნებასთან და, კერძოდ, მუსიკასთან. მუსიკა აქტიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ განვითარებაზე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ესთეტიკური ციკლის საგანი, მუსიკა ფართო ასპარეზია მოსწავლეთა ესთეტიკურ-ზნეობრივი აღზრდისა და  მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის.

თანამედროვე სკოლის მიზანია, აღზარდოს მუსიკალური ხელოვნების აქტიური მსმენელი და შემფასებელი. ამ თვალსაზრისით, წინა პლანზე იწევს მოსწავლეთა მუსიკალური აღზრდა, მუსიკალური უნარების განვითარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მუსიკალური რიტმის გრძნობის განვითარება. რიტმი მუსიკალური გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბერძნული სიტყვა „rythmos“ თანაბარზომიერ მოძრაობას აღნიშნავს. ის წარმოუდგენელია ბგერათა ორგანიზებული მოძრაობის გარეშე. რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება პედაგოგის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით საფეხურზე. ამ ეტაპზე თუ არ მოხდა რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება, შემდგომში მოსწავლეები ვერ შეძლებენ მუსიკის აღქმას მთელი სისრულით.

ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რიტმს ემორჩილება – წელიწადის დროები, დღე-ღამის ცვლა, გულისცემა. რიტმის არსებობა ადამიანმა ათასეული წლების წინ აღმოაჩინა. რიტმულია ხის ფოთლებიდან ჩამოცვენილი წვიმის წვეთებში, ზღვის ტალღების მიმოქცევა.  რიტმს ემორჩილება ადამიანის ორგანიზმი. დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რიტმული მოძრაობა ზრდის მის შრომისუნარიანობას და ნაყოფიერებას. ამ მიზეზით წარმოიშვა მრავალი ხალხური სიმღერა. რიტმის ელემენტები ბევრგანაა – არქიტექტურაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ყველა ერს თავისი ეროვნული რიტმი გააჩნია, რომელიც სიმღერებსა და საცეკვაო მუსიკაში ვლინდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რიტმის გრძნობა თანდაყოლილია და მისი განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია (ლ.ა. ბარენბოიმი, ა.ბ. გოლდენვაიზერი, გ.გ. ნეიჰაუზი, გ.პ. პროკოფიევი). თუმცა სხვა ფსიქოლოგებსა და მუსიკოს-პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომით შესაძლებელია რიტმის გრძნობის განვითარება (ნ.ა. ვეტლუგინა, ე. ჟაკ-დალკროზი, კ. ორფი, ზ. კოდაი, მ.ლ. ფალავანდიშვილი და სხვ.). მეც ამ მოსაზრებას ვემხრობი – რიტმის გრძნობის განვითარება შესაძლებელია მიზანმიმართული მუშაობით. მაინც რა შეიძლება იყოს რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები? პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ადრეულ ასაკში არ ხდება რიტმის  დამუშავება. იდეალურ სიტუაციაში მისი განვითარება დაბადებიდანვე უნდა იწყებოდეს, როდესაც მშობლები ბავშვის კომპლექსურ განვითარებასთან ერთად მის რიტმულ განვითარებასაც უწყობენ ხელს. შემდეგ უნდა გაგრძელდეს მისი სისტემური განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში.  სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და რიგ შემთხვევაში ცალკეული პედაგოგების ინიციატივასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული.

დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024 წ.წ.)  მუსიკის საგნობრივი პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ელემენტების ამოცნობა და გამოყენება. ამდენად, ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

რიტმის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მუსიკალური საქმიანობა: სიმღერა, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკის აღქმა.  ადრეულ ასაკში რიტმიკის განვითარება ეხმარება ბავშვს, გაარჩიოს მუსიკის სხვადასხვაგვარი ტემპი, მოისმინოს და გაიგოს მუსიკა, ანუ ავითარებს მუსიკალურ სმენასა და ჰარმონიულობას.

რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს ასრულებს ბავშვის მუსიკალურ აღზრდაში:

  • ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას და ამდიდრებს ბავშვის ემოციურ სამყაროს;
  • ავითარებს შემეცნებით უნარებს;
  • ხელს უწყობს შინაგანი დისციპლინის განვითარებას.

მოსწავლეთა რიტმის განვითარების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებისა და მოტივაციური სათამაშო სავარჯიშოების მეშვეობით.

რიტმის პრობლემა ძველთაგანვე იპყრობს ადამიანების ყურადღებას. ნეტარი ავგუსტინე, ეყრდნობოდა რა პითაგორელებისა და ნეოპლატონიკოსებისეულ რიცხვის გაგებას, ყველა საგანსა და მოვლენაში რიცხობრივ კანონზომიერებას ხედავდა. სასიცოცხლო და ბუნებრივი მოვლენების ციკლურმა ხასიათმა უბიძგა ადამიანს,  ეფიქრა რიტმის ბუნებაზე. რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია. ის ყველგანაა და ყველაფერში. თანამედროვე სამყარო სავსეა უამრავი სასიცოცხლო რიტმით, რომელთაც ეჯახება თითოეული ბავშვი – რიტმია სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში… ხშირად ისმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“…

XX საუკუნის მუსიკისმცოდნე Brain loiu წერს: „მუსიკის ყველა ელემენტიდან არცერთს არ აღუძრავს იმდენი სამეცნიერო დავა და არ მიუცია საბაბი განყენებული და წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გამოთქმისა, როგორც რიტმს. მისი განმარტება ვრცელდება მეტაფიზიკიდან ტექნიკურ სიზუსტემდე…“. რიტმი – სამყაროს რიცხვი, ბუნების, მუსიკის საფუძველია.

საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლივობის მიხედვით დროში. მელოდიაში, როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი – რიტმი. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან. მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

მუსიკა საოცარ  ზემოქმედებას ახდენს ყველაზე – დიდებზეც და პატარებზეც. უფრო მეტიც,  მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკას უსმენს დედა ორსულობის დროს, რადგან მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის მდგომარეობაზე (შესაძლოა მის გემოვნებასა და მომავალ მიდრეკილებებსაც კი აყალიბებდეს). აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მუსიკალური კულტურის საფუძვლების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე. მუსიკალურ აღზრდასა და ზოგადად, მუსიკალურ პედაგოგიკაში  ცალკე ადგილი უჭირავს მუსიკალურ მეხსიერებას, რადგან ეს არ არის უბრალოდ მეხსიერება, ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს სხვადასხვა სახის მეხსიერებათა სინთეზს – მხედველობითი, ლოგიკური, ტაქტილური, მოტორული, ემოციური, სმენითი.

რიტმის აღქმაში ბავშვს თავად მუსიკა ეხმარება. რიტმის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე ძალაა სმენა და მუსიკალური მეხსიერება, მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება. რიტმი მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია. რიტმის ჩამოყალიბება პედაგოგის  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რიტმი მუსიკაში მხოლოდ დროის გაზომვით კატეგორიას არ წარმოადგენს, ის ასევე ემოციურ-გამომსახველობითი, პოეტური და მხატვრულ-აზრობრივი საზრისის მატარებელიცაა.

ასევე უნდა აღინიშნოს რიტმის გრძნობის წამყვანი როლი მოტორიკის განვითარებაში. რიტმის აღქმა იწვევს მრავალგვარ შეგრძნებას: ენის,  თავის, ფეხისა და ხელის  თითების, ხორხის, მკერდის კუნთების შეკუმშვა. ამიტომ რიტმის გრძნობის განვითარებისკენ მიმართული სავარჯიშოები, ყველაფერთან ერთად, ბავშვის გამაჯანსაღებელ ფუნქციასაც ასრულებენ.

ამდენად, რიტმის განმავითარებელი სავარჯიშო-თამაშები მხოლოდ სასწავლო ხასიათს არ ატარებენ, მათ ერთგვარი თერაპევტული ეფექტიც აქვთ (ემოციური დაძაბულობის მოხსნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება).

რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება იწყება ტემპის შესწავლით (სწრაფიდან ნელისკენ), შემდეგ მეტრი (ორწილადი, სამწილადი, ოთხწილადი), მოგვიანებით რიტმული სურათი (ერთნაირი და განსხვავებული გრძლიობები). ამიტომ მუშაობა რიტმის განვითარებაზე მარტივი დავალებებით უნდა დაიწყოს.

მუსიკალური რიტმის ელემენტებზე მუშაობა სხვადასხვაგვარია. ბავშვებთან ერთად უნდა ვცადოთ, აღვიქვათ და გავიმეოროთ ტაშით ჯერ მეტყველების და შემდეგ მუსიკის მეტრული პულსი. აქ გამოდგება როგორც მოკლე  ლექსები, ასევე მარტივი სიმღერები. შემდეგ თანდათან ვართულებთ, შემოგვაქვს უფრო რთული პიესები, მაგალითად, მარშები, ცეკვები. შემდგომში ვიწყებთ მელოდიის რიტმული სურათების გადმოცემას მოძრაობაში. ამას ბავშვები ჯერ სმენით აკეთებენ, ინტუიცურად, შემდეგ უკვე შეიძლება უფრო რთული ელემენტების შემოტანა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, მუსიკალური კულტურის საფუძვლების განვითარებისათვის ბავშვის ადრეულ ასაკშივე უნდა  შეიქმნას შესაბამისი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდის პროცესში ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება არ იქცეს თვითმიზნად, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებას.

                                                                   დასკვნა

  • რიტმის გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური უნარია, რომელსაც აქვს როგორც მოტორული, ასევე ემოციური ხასიათი.
  • თამაშის ელემენტების გამოყენება გაკვეთილზე უზრუნველყოფს ეფექტიან დამატებით მოძრავ საყრდენს რიტმის განსავითარებლად და ააქტიურებს მოსწავლეთა შემოქმედებას.
  • მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს რიტმის გრძნობის ჩამოყალიბებას და ამ გამოცდილების შემდგომ გამოყენებას.
  • ადრეულ ასაკში ბავშვის რიტმის გრძნობის განვითარება მუსიკალური აღზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელია და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
  • რიტმის განვითარებაზე მუშაობა უნდა წარიმართოს პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ: რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, მარტივი, მოკლე სიმღერები, რთული პიესები (მარში, ცეკვა), რიტმული სურათი.
  • მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა დაგეგმოს მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშების გამოყენება გაკვეთილზე მუსიკალური რიტმის განსავითარებლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბუსურაშვილი, ჯ., ე. გარაყანიძე. „მუსიკის აღქმის განვითარება და მისი ხელისშემწყობი აქტივობის ფორმები.“ ინტელექტი, 2(13), (2002): 104-105;
  2. გარაყანიძე, ე. „სიტუაციური თამაშის როლი მუსიკალური ანბანის სწავლებისას.“ საზრისი, N 7, (2002): 145-147;
  3. მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები საბავშვო ბაღში, რედაქტორი: მ. დავითაშვილი; შემდგენლები: ლ.გრიგოლია, თ. გვერდწითელი, ქ.დგებუაძე. გამომცემლობა,, განათლება“ 1977წ;
  4. „პედაგოგიური სიტუაციების მოდელირება, როგორც მუსიკის მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების საშუალება“ – ელზა გარაყანიძე სადისერტაციო ნაშრომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2014 https://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1481.pdf;

კეჩხუაშვილი, გ. – პედაგოგიური ფსიქოლოგია.

 

 

 

იზოლაციის მხატვრული ანალიზი

0

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩემი უმცროსი შვილი ჯერ კიდევ 3 წლის იყო და ბაღში დადიოდა. იქ, როგორც ჩანს, დედის დღის აღნიშვნას ზეიმით აპირებდნენ მაშინ. ახლა სექტემბერია და მარიტა დღემდე მხოლოდ ამ ზეიმისთვის ემზადება: ეძებს კაბებს, არჩევს სიმღერებსა და ლექსებს მხოლოდ დედის დღისთვის, ყოველდღე მაფრთხილებს, რომ მიწყობს სიურპრიზს.

გამუდმებით საუბრობს ბაღის მეგობრებზე და პარკში გასვლისას თვალების ცეცებით ეძებს არა გასართობს, არამედ ბავშვებს.

 

* * *

ჩემი უფროსი შვილი 11 წლისაა, სკოლას არც შესვლამდე სწყალობდა, არც შესვლის და არც ორგზის გამოცვლის მერე. ვერც ერთხელ ვერ ვაღიარებინე მისი საჭიროება, მით უმეტეს, აუცილებლობა. თითქმის სამთვიანი სახლში ჯდომის, ცხვირის გარეთ არგაყოფის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ გულუბრყვილოები ვიყავით და იმედი გვქონდა,   ვუთხარი, მაისის ბოლოს მაინც შეიძლება, სკოლა დაგეწყოს- მეთქი და აუუუ, მე გავაცდენ რააააო!!!

  1. 09. 2020 – მნიშვნელოვანი თარიღია: დაჩიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა, სკოლა მომენატრაო.

 

* * *

ანრი მეცხრე კლასშია, გონებაგახსნილი, საღად მოაზროვნე, უცუღლუტეს- უზარმაცესია. პანდემიამდელ ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელად, უმეტესად ნიშნების გამო და იშვიათად ინტერესის გამო ჩაერთვებოდა ხოლმე გაკვეთილში. რაც სახლში ჩაჯდა და ონლაინგაკვეთილები დავიწყეთ, არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია, აბსოლუტურად ყველა ტიპის დავალება შეასრულა, ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია საგანგებოდ ჩამომაწერინა და ზაფხულშივე მიგზავნიდა ამ წაკითხულზე გაკეთებულ ჩანაწერებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ვეკითხებოდი, რა საოცრება ხდება შენს თავს- მეთქი, პასუხი ერთი იყო: დედა სულ სახლშია, მასწ, თან გარეთაც ვერ გავდივარ.

 

* * *

 

დიდი ბრძოლებისა და გარჩევა – შეგონებების მერე მითხრა, სახლში შეეგუვნენ იმას, რომ სწავლა არ მინდა და  შემეშვნენ, თქვენც სხვა გზა არ გაქვთო. ათასში ერთხელ შეასრულებდა დავალებას, მაგრამ  ჯგუფურ მუშაობაში მაინც ერთვებოდა ხოლმე. ზოგადად, სიტყვების კარგად გარითმვაში ,, იყო შემჩნეული“ და კალამბურებიც გამოსდიოდა ისე, რა გამოსდიოდა, არ იცოდა.

რა თქმა უნდა, არც ერთ ონლაინგაკვეთილს არ დასწრებია. სამაგიეროდ, მის ფეისბუქგვერდზე ხშირად ჩნდებოდა  მისი დაწერილი რეპის რეჩიტატივები.

დაბადების დღე რომ მქონდა, დილის 8 საათზე გამომიგზავნა რეჩიტატივი- მოლოცვა. აღვფრთოვანდი, თან გამიკვირდა, საიდან ახსოვდა.

საღამოს გამახსენდა, რომ ადრე გავარკვიეთ, ერთ დღეს ვართ დაბადებული. გაურითმავად და უნიჭოდ მივულოცე.

 

* * *

ეკა ის გოგოა, ზამთარში გუდაურში რომ წაიყვანეს დასასვენებლად და გარეთ არ გასულა, მაინც ფეისბუქის ,,სქროლვით“ ირთობდა თავს. გაკვეთილზე არასოდეს ან ძალიან იშვიათად კითხულობს დავალებებს კლასის წინაშე, ზარი რომ დაირეკება, მერე მოდის და მამოწმებინებს ხოლმე. თვლის, რომ რასაც წერს, სისულელეა და ხმამაღლა თუ წაიკითხავს, ბიჭები დასცინებენ. ვეცადეთ ერთად, ვერ შემოვუარეთ ამ პრობლემას.

ელექტრონულ დავალებებზე რომ გადავედით, ხალისით ამყვა – ასე უკეთესია, მასწო.

 

* * *

სანამ სახლებში გამოგვკეტავდნენ, ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლა უნდა დაგვეწყო. გამოგვკეტეს და მაინც დავიწყეთ. არც 30 წუთი გვყოფნიდა, არც- 40, ერთი საათის განმავლობაში ვისხედით ეკრანებთან და ვსაუბრობდით, განვიხილავდით, დავალებებს ასრულებდნენ, იშვიათად იღლებოდნენ. ვისაც აინტერესებდა, ჩვეულებრივ ფორმატშიც ამაზე უკეთესად მაინც ვერ ვასწავლიდი, ალბათ.

დამატებით მასალებსაც გაეცნენ, ლექციებსაც მოუსმინეს, ,,ვეფხისტყაოსანზე“ დაწერილი მოთხრობაც წაიკითხეს და თავადაც დაწერეს, მინიატურაც გამოუვიდათ, ანალიზიც გააკეთეს ელექტრონულ ფორმატში, ბლიცინტერვიუც ჩაწერეს …

,, ვეფხისტყაოსნელები“ დავარქვი მათ და ახლა, სასწავლო წელი რომ დაიწყება,  ისევ ,,ვეფხისტყაოსანს “ დავუთმობთ პირველ ან მეორე გაკვეთილს და ,,ჭეშმარიტი ვეფხისტყაოსნელის“ სერტიფიკატის მოპოვებას ეცდებიან.

ესაა, რომ ჩვეულებრივ ფორმატში უფრო ბევრს კი დავაინტერესებდი.

* * *

ხომ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებისთვისაც სკოლა, სწავლა, მასწავლებელი ტვირთი და სიმძიმე კი არა, აუცილებელი, საჭირო ურთიერთობაა. მეც მყავს ასეთები. ჰოდა, უმოწყალოდ შემცირებული საგაკვეთილო დრო რომ ამოგვეწურებოდა, სხვა გაკვეთილი თუ არ ეწყებოდათ, ვისხედით ასე, თითო- ოროლა, ჩვენს- ჩვენს ეკრანებთან,  ვსაუბრობდით საკუთარ თავებზე. ვეკითხებოდი, რა და თუ შეცვალა მათში და მათ ირგვლივ იძულებითმა კარჩაკეტილობამ; ვყვებოდით, როგორი გახდა რუტინა და როგორ გამოგვეყენებინა თავისუფალი დრო გონივრულად… ვგრძნობდი, როგორ იყო სავსე მათი ყოველი წუთი ინტერესითა და პასუხისმგებლობით – ასეთი უცნაურია ეს  გრძნობა, უნარი თუ ჩვევა: თუ გონებასა და სხეულში გაჯდა, ვეღარ მოიშორებ. არც პანდემია ცვლის.

*  *  *

დათოს ყოველთვის უჭირს გაკვეთილში ჩართვა, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრაცია, მაგრამ  მაინც მოიძებნება ჩვენს გაკვეთილზე რაღაცები, რაც ეხალისება… და რაც მთავარია, მუდმივად ასხივებს სიყვარულს, სულ მაგრძნობინებს უთქმელად, თავისი ცელქი, მოუსვენარი თვალებით ან მოულოდნელი ჩახუტებით, რომ ვუყვარვარ, უხარია ჩემი დანახვა.

მაგრამ არც ერთ ონლაინგაკვეთილზე არ შემოსულა.

მე არ ვიცი, უხაროდა თუ არა სახლში ხანგრძლივად ჯდომა. არ ვიცი, რა გაუჭირდა ყველაზე მეტად, შეცვალა თუ არა მასში პანდემიამ რაიმე; ბოლოს და ბოლოს მოენატრა თუ არა სკოლა… ალბათ, მოენატრა კლასელები, იქნებ მეც მოვენატრე …

არც ირაკლის შესახებ ვიცი.

არც გიგას.

არც ნინოს.

*  *   *

ყველა ამბავი მართალია, სახელები – გადანაცვლებული. ნუ ეცდებით დალაგებას.

P.S. ჩანაწერების წერა რომ დავიწყე, შინაგანად ჯერ კიდევ მოსწავლეებთან სკოლაში შეხვედრისთვის ვემზადებოდი. ამ ყველაფერზე წერა, როგორც წარსულზე, უფრო ადვილი იყო.

ახლა სხვაგვარადაა, ბევრად უფრო აუტანელია ისევ ონლაინცხოვრებაზე ფიქრი. მაგრამ მთავარია,  არ დავიჯეროთ, რომ სამყარო ჩვენი გაჯეტების ჩარჩოებით არ შემოიფარგლება. ის სინამდვილეში დაგუგლულზე მილიარდჯერ მშვენიერი და მრავალფეროვანია.

 

https://www.facebook38/.com/besikkharanauliofficial/videos/6265449812681

 

საშინაო დავალება მასწავლებლებისთვის

0

ხშირად გამიგონია, თითქოს მასწავლებლები სხვა პროფესიის ადამიანებზე ნაკლებს შრომობენ, რადგან მათ გაცილებით დიდი არდადეგები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სასწავლო წელი 35 კვირისგან შედგება, მასწავლებლის საქმიანობა სამუშაო გრაფიკში ვერასდროს ეტევა. აქედან გამომდინარე,  სკოლის თანამშრომლები დიდ დროს ხარჯავენ არასასწავლო პერიოდში აკადემიური სიახლეების გაცნობა-ათვისებისა თუ მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით.

2020 წლის მოვლენებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა. მეეჭვება, ბევრ მასწავლებელს ჰქონდეს დაშორებული სწავლების გამოცდილება. მათ შორის, მეც არაფერი ვიცოდი ზემოაღნიშნული სწავლა-სწავლების პროცესებზე და ერთდროულად დამჭირდა ტექნიკური თუ პროფესიული უნარების ამ მიმართულებით განვითარება, რამაც, ბუნებრივია, ჩემი ,,საშინაო დავალებების“ რიცხვი კოლოსალურად გაზარდა.

რა ხდება მაშინ, როცა მასწავლებელი ერთდროულად სწავლობს და ასწავლის?! მას თითქმის არ სძინავს: კითხულობს თემატურ ლიტერატურას, ეცნობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ცდილობს გაერკვეს ამა თუ იმ ონლაინ პროგრამის მუშაობის მექანიზმში, რათა შეუფერხებლად შეძლოს მოსწავლეებთან დისტანციურად მუშაობა და, რაც მთავარია, ქმნის უამრავ საგნობრივ ელექტრონულ რესურსს. დაფა რომ დაფაა, ისიც ელექტრონული შესაძლებლობებით უნდა აღჭურვოს და ,,თაგუნია-კალმით“ წერაში დახელოვნდეს. ფოტოებად ქცეული წერითი დავალებების გასწორების შედარებით იოლ ხერხს მიაგნოს და უკუკავშირიც ყველა მოსწავლეს თანაბრად მიაწოდოს (მერე რა, რომ დღეში 80-მდე დავალებას მაინც იღებს).

დავალების ხარისხიანად გასწორებას მასწავლებელი კვირაში საშუალოდ 7-10 საათს მაინც უთმობს (საფეხურის და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით). ამიტომ დღეს სწორედ ელექტრონული დავალების ფორმების შესახებ ვისაუბრებ და დისტანციური დავალების ერთ-ერთ ნიმუშსაც გაგიზიარებთ.

 

გრამატიკა დისტანციურად

მოსწავლეებს გრამატიკული საკითხების შესწავლა დიდად რომ არ ეხალისებად, ყველამ ვიცით. ჩვეულ სასწავლო რეჟიმშიც თამაშ-თამაშით ვცდილობ დაწყებითი საფეხურის შესაბამისი ენობრივ-გრამატიკური თემების დამუშავებას. ჩემი აზრით, დაშორებული სწავლების დროს დავალების მიწოდების ფორმა უნდა განსხვავდებოდეს სტანდარტული საშინაო დავალებისგან. თუ ყოველდღიური გაკვეთილის შემდეგ სახელმძღვანელოს გვერდის და კონკრეტული სავარჯიშოს მითითებაც საკმარისია, ამჯერად მხოლოდ ბეჭდური რესურსით ვერ შემოვიფარგლებით. სასკოლო საზოგადოების სისტემატური მხარდაჭერის (შემცირებული საგაკვეთილო საათები, სოციალური ურთიერთობების დანაკლისი და სხვ.) გარეშე დარჩენილი ბავშვების მოტივირებას და განსხვავებულ სასწავლო პროცესში ჩართვას მასწავლებლის მხრიდან მეტი ძალისხმევა დასჭირდება. ზემოაღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩემმა სკოლამ მულტიფუნქციური დავალებების შესაქმნელად ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამის (seesaw) გამოყენება გადაწყვიტა და  მოსწავლის ელექტრონულ რესურსშივე მუშაობის შესაძლებლობაც გაჩნდა. მაგალითად მოვიყვან რიცხვითი სახელების მართლწერასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დავალებას:

 

როგორც ხედავთ, ელექტრონული სავარჯიშოები ე.წ. დასარედაქტირებელ ფორმატში ეგზავნება მოსწავლეს. მას შეუძლია, რამდენჯერმე მიუბრუნდეს ინსტრუქციას, დამხმარე მასალას და ისე შეასრულოს დავალება. აწყობილი დავალება „მასწავლებლის ბიბლიოთეკაში“ უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული რესურსის გაზიარება და მრავალჯერ გამოყენება შეგვიძლია. მოსწავლეებს დავალების ერთგვარი ასლი ეგზავნებათ საგნობრივი დავალებებისთვის განკუთვნილ პირად სივრცეში, საიდანაც შევსებული ვარიანტების მასწავლებლისთვის ჩვენება მარტივად – გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლიათ.

 

ცოდნის ელექტრონული საზომი

თუ თქვენი ელექტრონული ფოსტა ბოლოვდება მისამართით gmail.com, მაშინ Google Drive-ის (Microsoft Office ფაილები, google docs, sheets, slides, calendar და სხვ.) სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენებასაც შეძლებთ. ზემოაღნიშნული სივრცე ძალიან ხელსაყრელია დოკუმენტაციის თუ სასწავლო რესურსების შესაქმნელად, შესანახად და კოლეგებისთვის გასაზიარებლად, ონლაინ გაკვეთილების ჩასანიშნად და ჩასატარებლად.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დაშორებული სწავლების პირობებში ახალი ცოდნის ათვისების ხარისხის გაზომვა განსაკუთრებით რთულია, რადგან ტექნიკური სირთულე, დროის სიმცირე და სხვა მრავალი ხელისშემშლელი პირობა სწორი დასკვნების გამოტანის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. რა თქმა უნდა, ვერც ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ტესტები მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მოსწავლემ ე.წ. შემაჯამებელი დავალება დამოუკიდებლად ან დამხმარე რესურსების გამოყენების გარეშე შეასრულა. თუმცა Google Forms-ის ფორმატს რამდენიმე პლიუსი მაინც აქვს:

  • ტესტი ღია და დახურული კითხვების ბლოკებისგან იქმნება. მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ პასუხების ფორმატი;
  • შეგიძლიათ ტესტის დიზაინი თავად შექმნათ და მასში საჭიროებისამებრ ატვირთოთ ფოტო-ვიდეო მასალა;
  • შეგიძლიათ მოსწავლეებს ტესტი ონლაინ გაკვეთილზევე შევავსებინოთ,  პროგრამის დახმარებით შეზღუდოთ პირადი მიმოწერა და საუბარი. თუმცა, ბუნებრივია, დამხმარე ტექნიკური საშუალებების ფარულად გამოყენების ფაქტების დანახვა ასეთ დროს გაცილებით რთულია, ვიდრე საკლასო ოთახში;
  • მოსწავლეების მიერ შევსებული ფურცლები გაგზავნისთანავე აისახება ტესტისთვის განკუთვნილი პასუხების ბაზაში;
  • თუ ტესტის შექმნის პროცესში სწორი პასუხების ველსაც შეავსებთ, ნამუშევარი პროგრამულად გასწორდება, რის შედეგადაც მოსწავლე დავალების გაგზავნისთანავე დაინახავს თავის შედეგს და თქვენი დრო და ენერგიაც მნიშვნელოვნად დაიზოგება;
  • ტექსტის შედეგებზე დაყრდნობით, ზუსტ სურათს თუ არა, იმას მაინც დაინახავთ, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ახალი სასწავლო მასალა და შეძლებთ შედეგების შესაბამისი სტრატეგიის დასახვას;

კონკრეტული მასალის შეჯამებისა და მოსწავლეთა ცოდნის გაზომვის გარდა, ელექტრონული ტესტები სწავლის პროცესშიც ეფექტურ რესურსს წარმოადგენს. იგი მოსწავლეებს  საკუთარი თავის გამოცდაში, ძველი ცოდნის გახსენებასა და ახლის განმტკიცებაში ეხმარება. ამ შემთხვევაში ტესტებს განმეორებით შესრულების ფუნქციაც შეგიძლიათ ჩაურთოთ, რათა მოსწავლეებს სასწავლო მასალასთან მიბრუნების, შეცდომების გამოსწორების და  ამ გზით ცოდნის განმტკიცების საშუალება ჰქონდეთ.

როგორც ხედავთ, მე მხოლოდ დისტანციური დავალების ორი ფორმა მიმოვიხილე. მასწავლებლებს კი სასურველი შედეგის მისაღებად გაცილებით მეტი ელექტრონული თუ ტექნიკური რესურსი სჭირდებათ. იმედი მაქვს, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო რესურსების შექმნის პროცესში გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთვება და სამომავლო გამოწვევებს მრავალფეროვანი და ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტების დახმარებით გავუმკლავდებით.

 

თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 1)

0

განათლების ხარისხისა და კარგი სკოლის ერთ-ერთ მთავარ ბაზისს საერთო წარმოდგენები ქმნის. ჩართული მხარეების შეთანხება იმაზე, თუ რა არის „კარგი სკოლა“ და რას ვგულისხმობთ „განათლების ხარისხში“ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა შედეგების ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანესია.  ამ ცნებების განსაზღვრის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ მიზანმიმართული ნაბიჯები დასახული მიზნების მისაღწევად.

ხარისხის ამაღლებამდე და/ან მის გაუმჯობესებამდე გასავლელი გზა გრძელი და რთულია. პროცესის დაწყება აუცილებლად გულისხმობს სკოლის, როგორც ორგანიზაციის თვითშეფასებას. იმისათვის რომ ვიცოდეთ, როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, აუცილებელია განვსაზღვროთ საბაზისო მდგომარეობა. სწორედ აქ შემოდის თვითშეფასების პროცესი, რომელის გაგებაც იმდენად მრავალგვარია, როგორც ცნება „კარგი სკოლის“. თვითშეფასება ხშირ შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში ამ საკითხისადმი მიდგომებიც სხვადასხვაგვარია.

თვითშეფასების შესახებ განმარტებები რომ შევაჯამოთ, აღმოვაჩენთ, რომ იგი სკოლაში მიმდინარე აქტივობების მუდმივი კვლევაა, რომლის საბოლოო მიზანს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასში ჩართული პირების პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა. ბევრი თეორეტიკოსი სკოლას დღეს არ აღიქვამს როგორც ორგანიზაციას, არამედ როგორც სისტემას. ამგვარი გაგება მნიშვნელოვნად ცვლის შეფასებისა და თვითშეფასების მიმართ დამოკიდებულებებს. სისტემის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მასში ჩართულ ჯგუფებს შორის არამხოლოდ წრფივი დამოკიდებულებები არსებობს, არამედ მრავალმხრივი, ცირკულარული მიზეზ-შედეგობრისი კავშირები, რომლის შედეგიც საბოლოო ჯამში ცვლილების მოტანაა. მის შიგნით არსებული ჯგუფები წყვეტენ რა აქტივობებისა და ცვილილებების განხორციელებაა საერთოდ შესაძლებელი. მსგავსი კავშირები არსებობს არამხოლოდ სისტემის შიგნით, არამედ მის გარეთ – სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან, იღებს მისგან უკუკავშირს და რეაგირებს მიღებულ სიგნალებზე. შესაბამისად, შეფასებისა და თვითშეფასების პროცესის ფორმალურმა აღქმამ შეუძლებელია დადებითი შედეგები მოუტანოს სკოლას და დაეხმაროს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში.

საქართველოში სკოლის თვითშეფასების პროცესის ფორმალიზებას ხელი შეუწყო მაკონტროლებლის მოთხოვნამ სკოლის თვითშეფასების ფორმების შევსებასთან დაკავშირებით („ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება). საჯარო და კერძო სკოლებისათვის აღნიშნული ფორმა მონაცემების ფორმალური მოგროვების მექანიზმს წარმოადგენდა და სკოლისათვის რეალური შედეგის მომტანი არ იყო. იმ ფონზე, როდესაც შეფასებისა და თვითშეფასების პროცესის შესახებ საქართველოში არსებული ცოდნა მწირი იყო და არის, მსგავსი მშრალი კრიტერიუმებით სკოლის შეფასებამ ბევრ ადამიანს გაუჩინა განცდა, რომ თვითშეფასებაც რეალურად მშრალი მონაცემების ნაკრებს წარმოადგენდა. ამგავრი დამოკიდებულება ადგილს არ ტოვებს თვითშეფასების, როგორც სკოლის განმავითარებელი პროცესის აღქმისათვის. როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის წარმომდგენლები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის თვითშეფასების ამგავრი მექანიზმი არაფრისმომცემი იყო და ზედმეტ სამუშაოს წარმოადგენდა. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მარეგულირებლის მოთხოვნა სრულდებოდა.

თვითშეფასების, როგორც ფორმალურ და უშინაარსო პროცესად აღქმა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. მიზეზები მრავალგვარია. პირველია – პროცესის ნაბიჯების არცოდნა და/ან მათი სირთულე. რადგან სკოლებში მწირია ცოდნა კვლევის მეთოდებთან და მათ სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და დიდია შიში შეცდომების აღიარებისა და აღმოჩენის შემთხვევაში სავარაუდო სადამსჯელო ღონისძიებების მიმართ. შესაბამისად, ის მასწავლებლები ვინც აცნობიერებენ საკუთარ და სკოლის სუსტ მხარეებს ცდილობენ დამალონ რეალობა, ხოლო ისინი ვისაც საკუთარი შეცდომების დანახვა უჭირთ, თვლიან რომ საღიარებელი არაფერია. ორივე გარემოება ხელს უშლის ობიექტურ თვითშეფასების პროცესს და თუ მას ხარისხის მექანიზმის პირველ რგოლად წარმოვიდგენთ, ადვილი მისახვედრია, როგორ იმუშავებს ხარისხის ბორბალი საყრდენი დაზიანებული ხრახნით.

თვითშეფასების პროცესის ფორმალიზებას ხელს უწყობს ასევე არაეფექტური მენეჯმენტი. თუ მასწავლებლები თვლიან, რომ მათი შეცდომები არ იქნება სკოლის დირექციის მხრიდან ადეკვატურად აღქმული, ვერ მიიღებენ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამის მხარდაჭერას და თანადგომას, პროცესშიც მხოლოდ ფორმალურად ჩაერთვებიან. აქედან დასკვნა: თვითშეფასების პროცესი ურთიერთსწავლის, საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირებისა და მხარდაჭერის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. აქ შეცდომების დაშვება სირცხვილი არაა – პირიქით, შეცდომების დაშვება აუცილებელია, რათა უკეთ ვისწავლოთ, პროფესიულად განვვითარდეთ და სკოლის წინსვლას შევუწყოთ ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში თვითშეფასების პროცესისადმი მიდგომა სხვადასხვაგვარია, საერთო ჯამში იგი მაინც ცნობილ ხარისხის ციკლს ეფუძნება (PDCA). ხშირ შემთხვევაში ხარისხის ციკლის ჩონჩხზე აგებულია პროცესი, რომელსაც რამდენიმე ნაბიჯი აქვს დამატებული, ან ჩაშლილია. დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა სფეროების გამოკვლევა გვსურს. ეს მიმართულებები ძირითადად პოლიტიკის დონეზე, მარეგულირებლის მიერ არის იდენტიფიცირებული, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას სრული უფლება აქვს რაიმე დაამატოს ან თავისი შეხედულებისამებრ განავრცოს. დაგეგმვის ეტაპზე წყდება ის მიდგომები, რომლითაც მთელი პროცესის მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა. კერძოდ, ვირჩევთ ერთ კონკრეტულ ფოკუსს და ვართ ორიენტირებული ერთი სფეროს შეფასებასა და მის გაუმჯობესებაზე, თუ მივდივართ კომპლექსური მიდგომით, ვაფასებთ ყველა სფეროს ზოგადად.

ფოკუსირებული თვითშეფასების დროს სკოლის ადმინისტრაცია და პროცესში ჩართული მასწავლებლები ირჩევენ ერთ მიმართულებას, განსაზღვრავენ მისი შეფასებისათვის აუცილებელ მეთოდოლოგიას, აგროვებენ მონაცემებს, აანალიზებენ მათ და გეგმავენ ინტერვენციებს. ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში შერჩეული მეთოდოლოგიის მიხედვით კვლავ ხდება პროგრესის შეფასება და დგება საბოლოო ანგარიში – რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგები სასკოლო მიზნებს. ფოკუსირებული თვითშეფასების ამგვარი პროცესი ახლოს დგას პრაქტიკის კვლვასთან და მის სტრუქტურასთან. თუ სკოლა ფოკუსირებულ თვითშეფასებას აირჩევს, მას საშუალება ექნება სიღრმისეულად შეაფასოს ერთი კონკრეტული სფერო და მთელი ძალების კონცენტრირება ერთი მიმართულებით მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში ხდება პრობლემის სიღრმისეული ანალიზი და დადებითი შედეგის მიღებაც უფრო სავარაუდოა.

ზოგადი, კომპლექსური თვითშეფასების დროს ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით სკოლასთან დაკავშირებული ყველა სფეროს შეფასება. ამგვარი მექანიზმით სკოლას საშუალება აქვს მიიღოს ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა განშტოებებში არსებული გამოწვევების შესახებ და დაისახოს ზოგადი მიზნები, ან გადაწყვიტოს გამოიკვლევს თუ არა რომელიმე სფეროს სიღრმისეულად. კომპლექსური თვითშეფასების დროს სკოლას დასჭირდება მეტი რესურსის მობილიზება, ვიდრე ფოკუსირებული თვითშეფასების შემთხვევაში.

საკითხის უფრო სიღრმისეულ განხილვას მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ.

 

აქტივობები პირველკლასელებისთვის ონლაინ სწავლებისას

0

შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში სწავლის დაწყებასთანაც ასოცირდება. განსაკუთრებული ემოციებით, ფიქრებით, განცდებით, ინტერესით ელიან ამ დღეს მშობლები, რომელთა შვილებიც პირველად მიდიან სკოლაში და, რა თქმა უნდა, თვითონ პატარებიც, აწ უკვე სკოლის მოსწავლეები. ზოგი მათგანი ბაღს ემშვიდობება, ზოგი კი, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლია, სადაცაა, პირველად მოხვდება სკოლისმაგვარ გარემოში.

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსი შემოიჭრა და გასული სასწავლო წლის ნახევარი მთლიანად მოიცვა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოსავალი ვიპოვეთ და, სასწავლო პროცესი რომ არ შეგვეწყვიტა, ჩვენს პრაქტიკაში ონლაინ სწავლების ფორმატი დავნერგეთ. ყველას გვეგონა, რომ ეს დროებითი იყო და ახალ სასწავლო წელს ჩვეული, ტრადიციული ფორმატით დავიწყებდით. გადაწყვეტილებამ სწავლის ონალინ რეჟიმში დაწყების თაობაზე ყველა აგვაფორიაქა და გულიც დაგვწყვიტა, რადგან გავაცნობიერეთ, რა მნიშვნელოვანი ყოფილა სასკოლო გარემოში ჩვენი ერთად ყოფნა.

განსაკუთრებით შეაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ პირველკლასელების მშობლები. მართლაც, ონლაინსწავლება ყველაზე რთულად აღსაქმელი მათთვისაა. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შესაძლოა ონლაინსწავლების რეჟიმში ბავშვებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის გამოგადგეთ.

პირველია ერთგვარი საშინაო დავალება, რომელიც, ვფიქრობ, მოეწონებათ პატარებს. მთავარია, ამ ტექსტმა ყველა მოსწავლის მშობლამდე მიაღწიოს.

* პირველი დავალება პირველკლასელებისთვის

მინდა იცოდე: ძალიან მიხარია, ამ წერილს რომ გვწერ! 😊 სანამ თავად, სხვის დაუხმარებლად შეძლებ წაკითხვას, მოდი, სთხოვე რომელიმე უფროსს, შენი მასწავლებლის წერილი წაგიკითხონ 😊

ეს იქნება ჩემი პირველი თხოვნა შენდამი. ჩემი აზრით, სახალისოა. გამიხარდება, თუ ეს იდეა შენც მოგეწონება და თხოვნას შემისრულებ.

რაკი 15 სექტემბერს ჩვენს ლამაზ საკლასო ოთახში ვერ შევხვდით, მოდი, დავიწყოთ დღეების თვლა შეხვედრამდე. ამაში პატარა თამაში დაგვეხმარება:

მინდა, მოძებნო სახლში რაიმე ქილა ან ყუთი, ოღონდ აუცილებლად თავსახურითურთ. შეგიძლია, გარედან ლამაზად გააფორმო.

ქილას „ჩემი დღის სიტყვა“ დავარქვათ. ყოველ საღამოს, სანამ სკოლაში მოსვლის დღე დადგება, მასში მოათავსე ერთი სასიამოვნო სიტყვა, რომელსაც დღის განმავლობაში გაიგონებ და მოგეწონება. მაგრამ სიტყვას, აბა, როგორ დაწერ, ჯერ შენთვის წერა რომ არ მისწავლებია?! ამიტომ ასეთ რამეს გთავაზობ:

როდესაც ისეთ სიტყვას გაიგონებ, რომელიც შენს გულსა და ყურთასმენას ესიამოვნება, მაშინვე დაიმახსოვრე და დაიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება გამოხატო ის დაუწერლად. მაგალითად, მთელი დღე კარგად იქცეოდი და საღამოს დედამ გითხრა, რომ ძალიან უყვარხარ. ამ სიტყვამ გული გაგითბო, მოგინდა, ის შენს ქილაში შეგენახა, მაგრამ წერა ჯერ არ იცი. ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა მოიფიქრო. ჩვენ, ადამიანები, სიყვარულს გულის ფორმით –  გამოვხატავთ ხოლმე. ამიტომ მიირბენ შენს სასწავლო კუთხესთან, მოძებნი ფანქარს, ფურცელს, შემოხაზავ მასზე გულს  და ქილაში მოათავსებ. ასე შეინახავ ძალიან კარგ სიტყვას: „მიყვარხარ“.

💕

შეგიძლია, ეს გული ლამაზად მოხატო. საზოგადოდ, ეცადე, ყველაფერს, რასაც შენი ხელით შექმნი, სილამაზე და განსაკუთრებულობა შესძინო. თუ მოინდომებ, შეძლებ! 😊

ასევე შეძლებ ყველა სიტყვის გამოსახვას. მთავარია, დაფიქრდე და შენი საზრიანი გონება აამუშაო.

სკოლაში რომ მივალთ, ვნახოთ, რა სიტყვები გექნება შეგროვებული ქილაში. ეცადე, არც ერთი დღე არ გამოგრჩეს. ვიცი, რომ ბევრ სასიამოვნო სიტყვას მომიტან.

დაგელოდები! 😊

სიყვარულით,

შენი მასწავლებელი

ინა მეცხვარიშვილი

 

აქტივობა ონლაინ შეხვედრისას

ბავშვებს უყვართ მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. გიზიარებთ სიმღერის ბმულს. დაგჭირდებათ მისი ბოლო ნაწილი. გადაახვიეთ ვიდეო 2 წუთსა და 58 წამამდე და შესთავაზეთ ბავშვებს, „ლა“-ს ყოველი გაგონებისას ტაში შემოჰკრან. თუ თქვენც აჰყვებით, აქტივობა კიდევ უფრო სახალისო იქნება. ასე გაიგებთ, რამდენად აქვთ ბავშვებს მოსმენის, ლოდინის უნარი, რიტმის შეგრძნება. უმჯობესია, ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ჯერ მხოლოდ მოასმენინოთ ეს ნაწილი, მეორე მოსმენაზე კი ააყოლოთ ტაშიც.

 

გავეცნოთ თანაკლასელებს – 3 რამ ჩემ შესახებ

ხშირად, მშობლების თხოვნით, ბაღში ერთ ჯგუფში მყოფ ბავშვებს სკოლაშიც ერთ კლასში რიცხავენ. ასე რომ, ერთმანეთს ისინი კარგად იცნობენ. თუმცა თანაკლასელების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს. პირველი შეხვედრისას, თუნდაც ონლაინრეჟიმში, შესაძლოა გამოგადგეთ აქტივობა – „3 რამ ჩემ შესახებ“ . სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ 3 რამე, რაც მათ ახასიათებთ. დაიწყეთ თავად და მიეცით მაგალითი, მერე კი მომდევნო მოხალისეს მოუსმინეთ.

 

ჩემი მხიარული თავგადასავალი

ჩვენი მიზანია, ეკრანის მიღმიდან მომზირალი პატარა, აღელვებული, დაბნეული ადამიანი ავალაპარაკოთ და დავამშვიდოთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მისთვის საინტერესო, მარტივი და ახლობელი რამ შევთავაზოთ. ვთხოვოთ ბავშვებს, გაიხსენონ ერთი მხიარული ამბავი, რომელიც თავად გადახდენიათ თავს და ბევრი უცინიათ.

 

რას შევადარებ სკოლას?

კარგი იქნება, ბავშვების ყურადღება გავამახვილოთ სკოლაზე. გავიგოთ, რას ფიქრობენ მის შესახებ, რასთან ასოცირდება ამ პატარა ადამიანებისთვის სკოლა. შეგვიძლია, მათი პასუხები ფერად წებოვან ფურცლებზე ჩავინიშნოთ და ერთ მოზრდილ ფორმატზე მივაწებოთ. როდესაც სკოლაში დავბრუნდებით, საკლასო ოთახში გავაკრათ. კითხვას რომ ისწავლიან, თავადაც წაიკითხავენ საკუთარ ნააზრევს.

 

გისურვებთ მხნეობას და ძალას, რომ ბავშვებთან ერთად ეკრანის წინ გატარებული დღეები რაც შეიძლება მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოგივიდეთ.

ინტერნეტაპლიკაციები და რესურსები გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წამოუდგენელია მობილური კავშირის, კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, როცა ურთიერთობის ერთადერთი გზა დისტანციური შეხვედრები აღმოჩნდა. ტექნიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები ჩვენს ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა და ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ახალი რესურსებისა და ინსტრუმენტების გაჩენა, სასწავლო პროცესში მათი გადატანა და დანერგვა მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც, თავის მხრივ, მათი პედაგოგიური პრაქტიკის გამდიდრებასა და გაფართოებას უწყობს ხელს.

მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზაცია ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ბაზაზე ისეთი განმავითარებელი და შემოქმედებითი ხასიათის დავალებების მომზადებას გულისხმობს, რომლებიც მოსწავლეთა უნივერსალური უნარების, საგნობრივი, სოციალური და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. ციფრული საგანამანათლებლო რესურსები საშუალებას გვაძლევს, გავაფართოოთ გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფარგლებში მოცემული თემატიკის ჩარჩოები, გავაღრმაოთ მოსწავლეთა ცოდნა, მოვახდინოთ სასწავლო მასალის ილუსტრირება და ვიზუალიზაცია სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით, რაც სასწავლო პროცესს გაცილებით საინტერესოს ხდის და აადვილებს სასწავლო მასალის შინაარსის ათვისებას.

დისტანციური სწავლება და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება მხოლოდ სასწავლო მასალის ათვისებას კი არ უწყობს ხელს, არამედ მასწავლებლების წინაშე წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს მოსწავლეებისთვის მთელი რიგი გეოგრაფიული თუ უნივერსალური უნარების განსავითარებლად. ასეთი სახის სწავლება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ააქტიურებს შემეცნებით საქმიანობას, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, უყალიბებს მათ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას თანამედროვე საზოგადოებაში. მაგალითად, მულტიმედიური რესურსებით მუშაობა საშუალებას გვაძლევს, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი გაკვეთილები – ერთდროულად გამოვიყენოთ ილუსტრაციული, სტატისტიკური, ტექსტური წყაროები, აუდიო- და ვიდეომასალები. ასე მუშაობა შესაძლებელია, მაგალითად, პრობლემური სიტუაციის შექმნის, შემთხვევის ანალიზის (ქეისის), ახალი მასალის გაცნობის ან საშინაო დავალების შემოწმების დროს.

ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალების შერწყმა, თემის კომპლექსურად განხილვა მასალის უკეთ გააზრების, მისი სხვადასხვა რაკურსით დანახვის და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ისიც უნდა ითქვას, რომ დისტანციური სწავლებისას მეტად ეფექტურია თავად გეოგრაფიის სხვა საგნებთან ინტეგრაციაც.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ იმ ინტერნეტრესურსებსა და აპლიკაციებს, რომლებიც გეოგრაფიის ონლაინგაკვეთილის მომზადებასა და ჩატარებაში დაგეხმარებათ.

 

გეოგრაფიული რუკები და აპლიკაციები რუკების შესაქმნელად

 

https://www.google.com/earth/

https://mapmaker.nationalgeographic.org/

https://wikimapia.org

https://www.gismeteo.com/maps/

https://d-maps.com/

https://www.worldlifeexpectancy.com/world-life-expectancy-map

 

აპლიკაციები პრეზენტაციების შესაქმნელად

 

 

https://sharalike.com/

https://www.playposit.com

www.kizoa.com

https://prezi.com/

https://studio.stupeflix.com/en

https://animoto.com/

https://www.slideshare.net/

https://en.calameo.com/

https://yudu.com/

https://www.photosnack.com/

https://piktochart.com/

https://app.edu.buncee.com

https://www.teachertube.com/

https://www.mystorybook.com/

აპლიკაციები ელექტრონული წიგნების შესაქმნელად https://www.storyjumper.com

https://online.fliphtml5.com

https://app.biteable.com/

აპლიკაციები პოსტერების შესაქმნელად

 

https://www.genial.ly

https://edu.glogster.com

www.postermywall.com/

აპლიკაცია კომიქსების შესაქმნელად

 

www.toondoo.com/
აპლიკაციები ვიდეორგოლების შესაქმნელად www.powtoon.com

www.animaker.com

www.knovio.com

აპლიკაციები ინფოგრაფიკებისა და ონლაინდიაგრამების შესაქმნელდ

 

https://www.easel.ly/

https://creately.com/

https://ru.venngage.com

https://autovideoparser.ru

https://www.onlinecharttool.com/

აპლიკაციები შაბლონებში სურათების ჩასასმელად და სურათების დიზაინის შესაქმნელად

 

https://www.getloupe.com

https://photofunia.com/

https://imikimi.com

https://en.picmix.com/

ფოტოები https://www.nationalgeographic.com/photography/
აპლიკაცია პაზლით სურათების ასაწყობად https://www.jigsawplanet.com/
აპლიკაცია ლოგოტიპების დასამზადებლად https://cooltext.com/

 

 

აპლიკაციები საზიარო დაფის შესაქმნელად

 

https://padlet.com

https://popplet.com/

https://en.linoit.com/

აპლიკაციები ტესტების მოსამზადებლად

 

 

https://learningapps.org/

https://photopeach.com/

როგორ ჩავსვათ სიტყვები შაბლონებში https://www.wordclouds.com/
მთვლელები

 

 

https://www.worldometers.info/

https://www.footprintnetwork.org https://www.footprintcalculator.org/

https://www.carbonfootprint.com/

https://calculator.carbonfootprint.com/calculator.aspx?lang=ru

https://countrymeters.info/en

https://countrymeters.info/ru/World

https://online.seterra.com/ru

კალენდარი https://doodle.com/

https://calendar.google.com/

აპლიკაციები ონლაინგამოკითხვისთვის https://doodle.com/

https://www.tricider.com/

კლასის ონლაინგამოკითხვა თამაშით www.kahoot.com/

www.menti.com

სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა გამოყენება ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი Movie Maker

PowerPoint

Bandicut

TurboSite

 

ვიმედოვნებთ, ეს ინტერნეტრესურსები დაგეხმარებათ, დისტანციური სწავლების რეჟიმში თქვენი გაკვეთილები კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო, ეფექტიანი და შედეგიანი იყოს.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოიცა ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

0

მსოფლიო პანდემიამ განათლების სფეროს პარადიგმა  მთელ მსოფლიოში ახალი რაკურსით წარმოადგინა –დისტანციური სწავლება ზოგადად სასწავლო პროცესისარსებითი ნაწილი გახდა.ამ მიმართულებით ყველგან გააქტიურდა მუშაობა. ცხადია, საქართველოშიც შეიქმნა საინტერესო გამოცდილებაც და ახალი პროექტებიც, რომლებიც მასშტაბურ დასაინტერესო ტრადიციას ქმნიან. ამ თვალსაზრისით, კარგიმაგალითია, „ტელესკოლა“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
თანამშრომლობით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (პირველმა არხმა) შესთავაზა სკოლის მოსწავლეებსა და მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, საკუთრივ სკოლებიც არ სხედან გულხელდაკრეფილნი. ისინი საგანგებოდ ემზადებოდნენ (და ემზადებიან) ახალი სასწავლო წლისთვის – ფიქრობენ, მსჯელობენ და ახალ შესაძლებლობებსა თუ საგანმანათლებლო პროდუქტებს ქმნიან შექმნილ ვითარებაში წარმატების მისაღწევად.
ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი სკოლის ხელმძღვანელებს სწორედ თანამედროვე გამოცდილების შედეგად პრობლემათა გააზრებისა და გადაწყვეტის მაგალითებს სთავაზობს.
რა თქმა უნდა, ვეხებით სასკოლო განათლების მუდმივად
აქტუალურ თემებსაც.

რედაქტორი– გია მურღულია

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები: ბერიკა  შუკაკიძე, გიორგი ჭანტურია, თამარ გურგენიძე, კახაბერ ფარცვანია, შორენა ხუხუა,  ნინო გაგელიძე, თამარ კაპანაძე, ნანა ბუხრაძე.

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე – განათლების დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ნატალია ინგოროყვა- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო- საგანმანათლებლო
და მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
არჩილ სუმბაძე- ბაქსვუდის სკოლის დირექტორი
ავთანდილ აბდუშელიშვილი- სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი
გიორგი გახელაძე- ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიგიორგი ჭანტურია – კოალიციის „განათლება ყველასათვის“ დირექტორი

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #3

 

როგორ ჩავატაროთ „თავისუფლების გაკვეთილი“?

0

„როდის გახდა ადამიანი თავისუფალი? იქნებ მაშინ, როცა წელში გაიმართა და ცას შეხედა? როცა შიში დაამარცხა და მწვერვალზე ასვლა გაბედა, როცა სიკვდილისგანაც კი გათავისუფლდა და საკუთარი სული მოიპოვა, დაიბრუნა ის, რაც იგიში იგი იყო.“

ჯემალ ქარჩხაძე, „იგი“

 

ჯონ სტიუარტ მილი „თავისუფლების შესახებ“ სტატიას ასე იწყებს: „ამ ნარკვევის თემა არ არის ეგრეთ წოდებული ნების თავისუფლება, რომელიც ასე მოუხერხებლად უპირისპირდება ცუდად მონათლულ ფილოსოფიური აუცილებლობის მოძღვრებას. მისი თემაა სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივი თავისუფლება: იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე“.

მე დავიწყებ პირიქით: შინაგანი თავისუფლებით და ნების თავისუფლებით.

თავისუფლება – ყველაზე აბსურდული თემაა ყველა თემას შორის. უნდა დავივიწყოთ ყველა განმარტება, რაც დღემდე წაგვიკითხავს ან გვსმენია, რადგან რაიმე წესის მიხედვით თავისუფლების განხილვა ზღუდავს თავისუფლებას.

მაინც რა არის ეს მოუხელთებელი ფრინველი? საიდან მოვიდა და რა ენაზე გვეჟღურტულება შიგნიდან? არც სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ტიპის თავისუფლებებს არ შევეხები (ჯონ მილის საპირწონედ), ამას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს!

მოდი, ეს იყოს საკუთარ თავში ჩახედვის, შეხედვის, ჩაღრმავების გაკვეთილი. შეგვიძლია ის დუმილით დავიწყოთ, ან ლექსით დავიწყოთ, ან მოცარტის მუსიკით… მთავარია, ისე არ დავიწყოთ, როგორც ყველა გაკვეთილს ვიწყებთ. ეს უკვე იქნება რაღაც განსხვავებული, რაღაც თავისუფალი იმ წესისგან, რიგისგან, ყოველდღიური რუტინისგან, რომელშიც ვიმყოფებით და  რომელსაც სასწავლო პროცესი ჰქვია.

გამოვაღოთ ოთახის (ან აუდიტორიის) ფანჯრები და არ დაგვავიწყდეს „გულის კარის“ გამოხსნაც… რადგან ეს საათი საკუთარ თავში შესვლის საათია.

როგორ ფიქრობთ, მსმენელებისგან რა გვჭირდება ყველაზე მეტად იმისათვის, რომ თავისუფლება შევაგრძნობინოთ?

  • გახსნილობა?
  • აბა, ძვირფასო მასწავლებლებო, როგორ აღწევთ, რომ კლასში თქვენი მოსწავლეები ცოდნის მიღება-გაზიარების პროცესში „გახსნილები“ იყვნენ?

რა კითხვას სვამთ ისეთს, რომელიც ბავშვებს დააფიქრებს, ჩააღრმავებს, ინტერესს აღუძრავს და „გამოგყვებათ“… დიახ, გამოგყვებათ, რადგან ცოდნის მიღება „მოგზაურობაა“ და ამ მოგზაურობიდან გულცარიელები არ უნდა დაბრუნდნენ თქვენი მსმენელები.

სწორად მიხვდით, ჩვენ შინაგან თავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ, „შევეხოთ“ კიდეც.

შინაგანი თავისუფლება რომ გამოვიწვიოთ გარკვეული წინაპირობებია საჭირო.

  • გახსნილობა
  • გულწრფელობა
  • თვითგამოხატვა

კარგი იქნება, თუ მარცხენა ნახევარსფეროსთან ერთად  გავააქტიურებთ მარჯვენა ნახევარსფეროს. დიახ, თავისუფლება შემოქმედებასთანაა დაკავშირებული… ამას კი შემდეგნაირი დავალებებით მოვახერხებთ.

მაგალითად, თქვენ გადიხართ „ვეფხისტყაოსანს“. ეს პოემა კი თავისუფლების და სიყვარულის პოემაა.  დავალება იქნება ასეთი: მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ ტექსტში

  • თავისუფლების მეტაფორები
  • პოემის მიხედვით დადგან თავისუფლების პერფორმანსი
  • შეურჩიონ „ვეფხისტყაოსანს“ – მუსიკა ან ნახატი, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად შეეფერება პოემის თავისუფლების იდეას

ამ დავალებების წარდგენას რაც მოჰყვება კლასში, აუცილებლად თქვენც შეგიცვლით თავისუფლების საზღვრებს.

ყველა შესრულებული დავალება იქნება ინდივიდუალური და უნიკალური, ამავე დროს, მოსწავლეები უპასუხებენ კითხვას: რატომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და როგორ შეცვალა თავისუფლებაზე ფიქრმა მათი ყოველდღიურობა. თავისუფალი ესეს სახით თუ დაწერენ ამ ყველაფერს, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

ერთი პატარა პერფორმანსი თქვენც შეგიძლიათ კლასშივე „მოაწყობინოთ“ ბავშვებს. მაგალითად, შეაქმნევინოთ პოემის პერსონაჟთა თავისუფლების მეტაფორები.

რას ჰგავს ტარიელის თავისუფლება და რატომ?

რას ჰგავს ავთანდილის თავისუფლება და რატომ?

რას ჰგავს თინათინის თავისუფლება და რატომ?

რას ჰგავს ასმათის თავისუფლება და რატომ?

რას ჰგავს ნესტან-დარეჯანის თავისფლება და რატომ?

რას ჰგავს ფატმან-ხათუნის თავისუფლება და რატომ? (და ასე შემდეგ…)

მიეცით თავისუფლება მოსწავლეებს, თავად აირჩიონ პერსონაჟები.

შემდეგი ეტაპი:

მოსწავლემ შექმნა მაგალითად, ნესტან-დარეჯანის „თავისუფლების მეტაფორა“:

ნესტანის თავისუფლება ჰგავს სიცარიელეს, რომელიც თავისუფალია 4 ელემენტისგან (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი), მაგრამ, ამავე დროს, ფრთებით სურს, მისწვდეს საწადელს, რასაც მიწაზე ვერ მიაღწია; პოემაში ის ამბობს:

ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

და დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

აქ შეიძლება, სთხოვოთ მოსწავლეს, აღწეროს „სიცარიელის თავისუფლება“ არა უბრალოდ სიტყვებით და ლოგიკურად (მარცხენა ნახევარსფერო), არამედ შეგრძნებებით (მარჯვენა ნახევარსფერო), „ტანის ენით“, რას გრძნობს სხეულში ასეთი სიცარიელის დროს? როგორ განიცდის, რა შეგრძნებაა ეს…? რა შეგძრებაა „ფრთების გამოსხმა“ და რა ძალა ამოძრავებს პერსონაჟის სწრაფვას? – აუცილებელია, ეს ყველაფერი გამოთქვას, გამოხატას, გულწრფელად, გახსნილად და „ტანის ენით“.

ასეთი დავალებებს, განხილვებს, აქტივობებს სწავლებაში შემოაქვთ მეტი ჟანგბადი, მეტი სივრცე, მეტი ემოცია და შეგრძნება, რადგან ისინი არ მეტყველებენ „ცარიელი“, სახელმძღვანელოს სიტყვებით, არამედ შემოქმედებითად, განცდებით და ეს სრულიად ცვლის მათი აღქმის პარამეტრებს.

ეს არის ის, რაც ზრდის შინაგანი თავისუფლების ხარისხს.

 

წარმატებებს გისურვებთ და შეგედები გაგვიზიარეთ!

 

 

 

 

 

გზა არყოფნისაკენ

0

გრიგოლ აბაშიძის  ერთი ლექსის სამყარო

როგორია ლექსი, რომელსაც თანამედროვენი შედევრად აღიარებენ? ზოგადად, მკითხველებს ძალიან უჭირთ რომელიმე ნაწარმოების შეფასება, როგორც შედევრისა. დაუწერელი კანონით, თითქოს ამისთვის აუცილებლად დიდი დრო უნდა იყოს გასული. მურმან ლებანიძემ კი გრიგოლ აბაშიძის 1994 წელს შექმნილ ლექსს „არყოფნისაკენ“ შედევრი უწოდა: „ეს ლექსი უკანასკნელი წლების თვალსაჩინო პოეტური მიღწევაა. ნუ შეგვეშინდება, ეს გახლავთ შედევრი _  80 წლის ასაკში, დაწერილი ყოველგვარი მოდური მანიპულაციებისა და თვითმიზნური ნოვაციების გარეშე, სწორედაც გრიგოლ აბაშიძისეული ნაცადი ოსტატობით“.

„არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები,

გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,

უკვე გაშლილან იალქანები,

არარსებულთან შესაერთებლად

სულმოუთქმელად მივექანები“ ( „არყოფნისაკენ“).

„შედევრს ავტორი კი არ ქმნის, არამედ მკითხველი, _ წერდა პოლ ვალერი, _მისი რანგი, მისი კვალიფიკაცია. დახვეწილი, დინჯი, მოცლილი, მოთმინებითა და მიამიტობით აღჭურვილი მკითხველი. დიახ, მხოლოდ ამნაირ მკითხველს შეუძლია შექმნას შედევრი. მხოლოდ მას შეუძლია მოითხოვოს უჩვეულობა, გულმოდგინება. ამოუწურავი ეფექტები, სიმკაცრე, ელეგანტურობა, სინატიფე, სიახლე“. თანვე ერთგვარი სინანულით დასძენს: „მაგრამ ის მკითხველი, რომლის ფორმირებაც, რომლის ძიებებიც, რომლის ყოყმანიც თუ რყევაც შეიძლებოდა ლიტერატურის ისტორიის ჭეშმარიტი თემა ყოფილიყო, დიახ, ეს მკითხველი კვდება“.

თუმცა, ალბათ, ისევ აღდგება კიდეც ფენიქსივით. თომას ელიოტს თუ დავეთანხმებით, რომლის აზრითაც, პოეტი პოეზიის საუკეთესო შემფასებელია, მურმან ლებანიძეს ნამდვილად დაეჯერება. იგი, ვალერისეული გაგებით, მართლაც, შედევრის შემქმნელი მკითხველია.  ეს  ლექსი თითქოს პოეტის აღსარებაცაა, სინანულითა და ტკივილით გაჟღენთილი. გრიგოლ აბაშიძე თანაბარი გატაცებით ქმნიდა პოეზიასა და პროზას. განსაკუთრებით ცნობილია მისი ისტორიული რომანები: „ლაშარელა“ და „დიდი ღამე“.

80 წლამდე იშვიათად მიუღწევიათ ცნობილ მწერლებს, ამიტომაც თვითონ ამგვარი გამოთქმა, „შედევრი  _ 80 წლის ასაკში“ თავისებურ საოცრებად წარმოჩნდება, თუმცა, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, გოეთე გაგახსენდათ, რომელმაც სწორედ 80 წლის ასაკში დაასრულა „ფაუსტის“ მეორე ნაწილი. მთავარი ასაკი როდია, სულმა ხომ ასაკი არ იცის, მთავარი ერთგვარი მზაობაა იმ დიდი ენერგიის მოსაწესრიგებლად, რომელიც შემოქმედებითი მუხტის ძალით ეძლევა რჩეულს. ბარათაშვილმა ამ ენერგიის ხორცშესხმა „მერანის“ სახით 24 წლის ასაკში შეძლო, 19 წლის არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ უკვე დაწერილი ჰქონდა.  26 წლის გურამ რჩეულიშვილმა და ლადო ასათიანმაც მოასწრეს თავიანთი შედევრების შექმნა. ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა აკირა კუროსავამ მეორე გენიოს რეჟისორს ინგმარ ბერგმანს 70 წლის იუბილე წერილით მიულოცა, რომელშიც დაწერა: „ადამიანს არ შესწევს იმის უნარი, შექმნას ნამდვილად კარგი ნამუშევრები, სანამ ოთხმოც წელს არ მიაღწევს“.   ასე რომ, მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა ვინმე ისეთი ფასეულობის შექმნას, შედევრად რომ მონათლავს მკითხველი. გრიგოლ აბაშიძის ეს ლექსი შედევრად სხვა პროფესიონალმა ლიტერატორებმაც მოიხსენიეს.

ეს ლექსი თავისუფლების სიმფონიასავით აგვირგვინებს გრიგოლ აბაშიძის მთელ მიწიერ მოღვაწეობას. იქნებ უფრო რექვიემივითაც გაისმის, თუმცა, მასში ძლიერია ორივე ნაკადი — სწრაფვა სიკვდილისა და სწრაფვა სიცოცხლისაკენ, ოღონდაც ზღვარი მათ შორის მოშლილია. უსასრულობისაკენ ლტოლვა თანაბრად ვლინდება თავისუფლების, სიცოცხლის, სიკვდილის წყურვილში.

„არყოფნისაკენ“, ერთი შეხედვით, ჩვენთვის ძალიან „ნაცნობი“ ლექსია. აქ არის ინტერტექსტუალური პარალელები, ალუზიები, რემინისცენციები და ინტონაციები „ვეფხისტყაოსნისა“, „მერანისა“, „ლურჯა ცხენებისა“, „ღვთაებრივი კომედიისა“, ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნიმუშებისა. სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამ ლექსის შექმნისას პოეტი უკვე ნაკლებ იყო მხოლოდ „თვითონ“ — არამედ უფრო მეტად — „სხვები“ მასში. ეს „სხვები“ კი იტევს უდიდეს ადამიანურ გამოცდილებას. „სხვები“ — გრიგოლ აბაშიძემდე არსებული სამყაროა, უდროო და უსივრცო. ყველაზე მძაფრად კი ერთი „სხვა“ ირეკლება, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე უწოდებდა „ჩემს სხვას“, მაისტერ ეკჰარტი კი უფრო ზუსტად გამოხატავდა ამას: სხვა, რომელიც უფრო ახლოა ჩემთან, ვიდრე მე ჩემს თავთან. ეს „სხვა“ უჟამო ჟამია, „უცნაური და უთქმელი“ (რუსთველი).

პოეტი ამ შემთხვევაში, მართლაც, თითქოს მხოლოდ „ბაგეებია“, რომელთაც სიტყვებს „სხვები“ აწვდიან, ან საყვირია — „სხვათა“ სუნთქვით ახმაურებული. შედევრიც ხომ ისაა, რასაც ილია გენიოსზე წერდა, რომ გენიოსი თავისთავში შემოიკრებს და გამოავლენს უკვე არსებულს, ოღონდაც ახალ სიმაღლეზე მოწესრიგებულს.

ამ ლექსში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცნობილ პოეტებსა და ნაწარმოებებს მაშინვე „იცნობს“ მკითხველი. რა თქმა უნდა, ეს „ცნობა“ ძალზე პირობითია და სუბიექტური:

აი, ბარათაშვილი:

„არყოფნისაკენ!

არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები.“

ტერენტი გრანელი:

„არყოფნა მინდა, რაც

თავისთავად

არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია“.

აკაკი:

„მე სიხარულიც ბევრი მინახავს,

სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია,

ბოლოს სიბერე სულ გამიმწარდა…“

ვაჟა-ფშაველა:

„შური და ბოღმა იქ არ იქნება,

არც უზნეობის სხვა რამ ცდუნება“.

„ლურჯა ცხენები“:

“იქ ჩემს მისვლასაც

ვერვინ შეიტყობს

ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ,

ალერსით არვინ მომეგებება“.

ტერენტი გრანელი:

„აღარც სიცოცხლე,

აღარც სიკვდილი,

მე რაღაც სულ სხვა მინდა — მესამე“.

ჟიულ ლაფარგი:

„უცნობ პლანეტებს

ქროლვით ჩავუვლი,

ქუდმოხდილი და ფეხზე ამდგარი“.

და კიდევ ბევრი სხვა. როგორც ქარში არ ჩანს ჰაერის უამრავი ნაკადი, რომლებიც ქარის ძალას ქმნის, ასევეა ლექსიც: არ „ჩანს“, მაგრამ შევიგრძნობთ მათ და ამიტომაც ეს ლექსი გრიგალივით გუგუნებს, ერთდროულად მიმზიდველი და შემაძრწუნებელი.

„არყოფნისაკენ“ სიკვდილისაკენ სწრაფვაა მისი გაუფასურების, მისი ღირებულებების (ჯოჯოხეთი, სამოთხე, სამსჯავრო) უარყოფის გზით, მაგრამ თანვე ეს სწრაფვა არყოფნისაკენ სიკვდილის გადალახვას გულისხმობს. სიკვდილი თითქოს არყოფნის ერთი კუნჭულია, არყოფნა კი ვრცელი და „მოსახილველი სამყაროა“, როგორც „ლურჯა ცხენების“ „სამუდამო მხარე“ თუ „მერანის“ „საზღვარს იქით“. მაგრამ სიკვდილის დაძლევა ამქვეყნიური ცხოვრებით ხდება:

„გაუკვლეველი გზის გასაკვლევად

სხვა ძალას ვცდი და ჩავრთავ სხვა ძალას —

ჩემს ხორცშეუსხმელ ლამაზ ოცნებებს

უხვად დავხარჯავ საგზალ-საწვავად“.

ეს ოცნებათა „საგზალ-საწვავი“ საჭიროა იმისთვის, რომ პოეტი გადაიქცეს „ქროლად“, ე.ი. უნებურად იგი კვლავ სიცოცხლისაკენ მიისწრაფვის, რომელიც მარადიული მოძრაობაა და სხვა არაფერი. ასე რომ, „არყოფნისაკენ“ — თავდავიწყებული შეძახილისას ჩაგვესმის „სიცოცხლისაკენ“. ეს ღვთაებრივი წრეა. ეს ღმერთში მიმოქცევაა.

„და აი, უკვე არყოფნისაკენ

სულმოუთქმელად მივექანები.

გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,

შავად გაშლილან იალქანები,

არყოფნისაკენ!

არყოფნისაკენ!

ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები.“

ასე ამოტრიალდება ლექსის მთლიანი ზედაპირი და გამოჩნდება დაფარული. თუ დასაწყისში „გიჟურ ქროლაში გაქრობა“ გაქცევას, დავიწყებას, სიცარიელეს გულისხმობდა, ლექსის ბოლოსკენ ეს სურვილი უკვე დაბრუნებას აღნიშნავს. სწორედ ეს არის ლექსის ღირსება. პოეტი გრძნობს სიტყვის უზენაეს ძალმოსილებას. სიტყვა, ამ შემთხვევაში, მართლაც, სულია, რომელსაც „ვიდრე უნებს, ქრის“. როცა „ჩანს“ — სიცოცხლეა, როცა არ „ჩანს“ — სიკვდილი, მაგრამ ყოველთვის „ქრის“. მთავარიც სწორედ ესაა, ლექსი ცოცხალია, მთელია, იგი ფეთქავს და მოძრაობს, იგი მუხტავს მკითხველის გონებას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სიტყვები, ჩვეულებრივი განწყობილებანი, ნაცნობი ფილოსოფიურ-რელიგიური განსჯანი პოეტის მიერ მიგნებულ იდუმალ „კომბინაციაში“ ახალ მნიშვნელობებს იძენენ და ახალ მთელს ქმნიან. „არყოფნისაკენ“ წარმოჩნდება, როგორც დასტური თუ ბეჭედი ყოფნის ღირებულებისა.

ცხოვრების ამაოებაზე დასკვნას კაცი 16-სა თუ 80 წლის ასაკში თანაბარი გატაცებით აკეთებს. 25 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის გულისტკივილით სავსე წერილი გვახსენდება, მაიკო ორბელიანს რომ მისწერა: „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული“.  მოხუცივით ფიქრი სიბრძნის სინონიმია, ერთ ლექსში მისივე ირონიის საგნად რომ იქცა: „სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს/ და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!“ („ჩემთ მეგობართ“). მაგრამ ცხოვრების ბოლოში დანახული „ყოფნის აზრი“ სხვა სიმაღლეა, რომელზეც ერთეულები ადიან, უფრო ნაკლებნი კი შეძლებენ ხოლმე ამის გამოთქმას.  გრიგოლ აბაშიძე ერთ-ერთი მათგანია. „არყოფნისაკენ“, მაგრამ  მხოლოდ სიცოცხლის გზის გავლით! ასეთია გრიგოლ აბაშიძის ლექსი-შედევრის, ლექსი-ანდერძის მთავარი პათოსი.

როგორ ვასწავლოთ მოზარდს თვითკონტროლი

0

თქვენი შვილი მშვიდი და დამყოლი იყო, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა, რადგან თინეიჯერი გახდა. ის აღარ გისმენთ, ყველაფრით უკმაყოფილოა და მისთვის თქვენ სულაც აღარ ხართ ავტორიტეტი. ფსიქოლოგიის პროფესორი, ლოურენს სტეინბერგი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს და მშობლებს თავისუფლეად შეუძლიათ მოზარდობის უარყოფითი მხარეების უპირატესობებად ქცევა. პროფესორი ამას თავის წიგნში – „გარდატეხის ასაკი“ ყვება:

„თანატოლების გავლენის ქვეშ მოხვედრა, გაუმართლებელი აგრესია, სარისკო ქცევა, მავნე ჩვევების გაჩენა – ეს და სხვა მოზარდობის პრობლემა, ბევრი მშობელისთვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რა არის ამის ჭეშმარიტი მიზეზი. მიზეზს ნეირობიოლოგია განმარტავს. თურმე, მოზარდის იმპულსური ქცევა დაკავშირებულია თავის ტვინის ბუნებრივ განვითარებასთან ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში. და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? ბოლოს და ბოლოს, აქვს თუ არა აზრი საყვედურებს, თუკი მოზარდი თავის თავს  უბრალოდ ვერ აკონტროლებს?

მნიშვნელოვანია იმის გაგება, ტვინის რომელი უბნებია ყველაზე მოქნილი მოზარდობის ასაკში. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება ლიმბური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებსა და სიამოვნების გრძნობებზე, ასევე პრეფრონტალური ქერქი – სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის თვითკონტროლის განხორციელების უნარი.

და თუ მოზარდის თვითკონტროლზე პასუხისმგებელი თავის ტვინის უბანი ჯერ კიდევ მყიფეა, სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ზეაქტიურია ლიმბური სისტემა. ამის გამო, ბავშვი მუდმივად ეძებს ახალ შეგრძნებებს, სჩადის სარისკო ქმედებებს და ავლენს ზედმეტ ემოციურობას, შედეგებზე ფიქრის გარეშე.

მოზარდებში ლიმბური სისტემა და პრეფრონტალური ქერქი ძალიან მგრძნობიარეა სტიმულაციის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, არანაკლებ მოწყვლადია უარყოფითი გავლენების მიმართ.

თინეიჯერულ ასაკში საკუთარი თავის კონტროლის უნარი დიდწილად დამოკიდებულია გარემოზე.

ამიტომ სტრესმა, დაღლილობამ ან ცუდმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა. ეს პირობები ასუსტებს მოზარდის თვითრეგულირების შესაძლებლობას. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც თინეიჯერებს აქვთ დაუცველი სექსი, უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, არღვევენ კანონებს და სხვ.  მათ კარგად იციან ამ ქცევის შედეგები, მაგრამ უჭირთ საკუტარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

გარდა ამისა, სიამოვნების ცენტრი, რომელიც ლიმბურ სისტემაშია, უფრო მგრძნობიარეა მოზარდებში ალკოჰოლის, ნიკოტინისა და კოკაინის ზემოქმედების მიმართ. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თინეიჯერები განსაკუთრებით ადვილად ხდებიან დამოკიდებულნი ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე.

მოზარდისთვის შეგრძნებები განსაკუთრებით სასიამოვნოა თინეიჯერობის პირველ ნახევარში (სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე და ასევე 16 წლიდან). ამიტომ, ბავშვები მთელი ძალით ილტვიან იმისკენ, რაც მათ პოზიტიურ ემოციებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ადამიანი ნებისმიერ ასაკში ელტვის სიამოვნებას, მაგრამ თინეიჯერები ხშირად პოტენციური ჯილდოს გამო საფრთხეშიც კი თავს იგდებენ.

რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა? პირველ რიგში, აუცილებელია მოზარდის დაცვა იმ ნეგატიური გავლენისგან, რომლის მიმართაც ის ცხოვრების ამ პერიოდშია მოწყვლადი. მეორეც, თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვს ეფექტიანად და თანმიმდევრულად გამოიყენოს „სამუხრუჭე სისტემა“, რომელიც თვითრეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

როგორ ვასწავლოთ მოზარდებს თვითკონტროლი

ფსიქოლოგებმა მოახერხეს გაერკვიათ, თუ როგორ იქცევიან მშობლები, როდესაც მათ შვილებს თვითრეგულირების კარგი დონე აქვთ. აღმოჩნდა, რომ თუ გსურთ მოზარდში ეს შესაძლებლობა განავითაროთ, მხოლოდ სამი რამის გაკეთება გჭირდებათ: გამოხატეთ თქვენი სიყვარული, იყავით მკაცრი და გამოხატეთ მისი მხარდაჭერა ისე, რომ ბავშვმა საკუთარი თავი იწამოს.

აქ მოცემულია რამდენიმე მეცნიერულად დამტკიცებლი რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ მოზარდს თვითკონტროლის უნარის განვითარებაში.

არ დამალოთქვენი სიყვარული. ნუ დაიშურებთ სიყვარულს და იყავით მგრძნობიარე შვილის ემოციური მოთხოვნილებების მიმართ. მშობლების სიყვარული ნდობისა და სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს, რაც აუცილებელია თვითრეგულირების განვითარებისათვის. გახსოვდეთ, მოზარდმა უნდა აღიქვას სამყარო, როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილი. აი, რამდენიმე კონკრეტული წესი:

  • ბავშვის მიმართ სიყვარული არასდროს არის ძალიან ბევრი. მას არ დააზარალებს ის, თუ ხშირად შეახსენებთ, რომ ის თქვენი უსასრულო ბედნიერების წყაროა.

 

  • თავისუფლად გამოხატეთ თქვენი სიყვარული ფიზიკურად. საკმარისია სკოლაში წასვლის წინ სწრაფად აკოცოთ, მოეხვიოთ, როდესაც სკოლიდან დაბრუნდება, მოუთათუნოთ მხარზე, როდესაც მაგიდასთან თავჩახრილი დავალებას შეასრულებს. ასეთი კონტაქტი, რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს, აძლიერებს თქვენს ორმხრივ ემოციურ დამოკიდებულებას.

 

  • ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სახლი არის ის ადგილი, სადაც შეუძლია დაემალოს ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს. შექმენით ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს მოზარდს ნამდვილად დაისვენოს და დაივიწყოს პრობლემები. შეუმცირეთ სტრესის დონე. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ოჯახში ჩხუბი და კამათი.

 

  • ჩაერთეთ თქვენი შვილის ცხოვრებაში (დოზირებულად!). ის ბავშვები, ვისი მშობლებიც მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, უკეთ სწავლობენ. იმ ბავშვებს, რომელთანაც მშობლები თავისუფალ დროს უბრალოდ საუბრობენ, უკეთესი თვითშეფასება და ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. თუ მშობლები იცნობენ თავიანთი შვილის მეგობრებს, ნაკლები შანსია, რომ საშიშ ამბებში გაეხვნენ და პრობლემები შეექმნათ.

 

ადამიანი სწავლობს თვითრეგულირებას მაშინ, როცა ჯერ სხვები არეგულირებენ მის ქცევას. ბავშვებს უვითარდებათ თვითკონტროლის უნარები, როდესაც მიიღებენ იმ წესებს, რასაც მშობლები დაუწესებენ და შემდეგ თვითონ იცავენ მათ. თუ თავიდანვე არ არსებობს გარე კონტროლი, მაშინ არც შიდა კონტროლი ჩამოყალიბდება. აუცილებლად გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები:

 

  • კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოლოდინები. ის, რაც ზრდასრული ადამიანისთვის აშკარაა, თინეიჯერებისთვის აშკარა არ არის. საკმარისი არ არის თქვენს 13 წლის ქალიშვილს სთხოვოთ ოთახის დალაგება. უნდა აუხსნათ, რომ მტვერსასრუტი უნდა გამოიყენოს, გაწმინდოს მტვერი, მოაწესრიგოს მაგიდა და საგნების კარადაში შეაწყოს. თუ შესაძლებელია, მიუთითეთ კონკრეტული ციფრები, მაგალითად, რა დროს უნდა იყოს მოზარდი სახლში სკოლის შემდეგ.

 

  • აუხსენით რაში მდგომარეობს თქვენი გადაწყვეტილებების არსი. როდესაც ბავშვებს ესმით წესების ლოგიკა, მათთვის ბევრად უფრო ადვილია ისწავლონ როგორ მოიქცნენ. ჰკითხეთ მოზარდს, რას ფიქრობს თქვენს მოლოდინებზე. ეს მას აჩვენებს, რომ მისი აზრი თქვენთვის ფასეულია.

 

  • იყავით თანამიმდევრული. თუ ყოველ დღე ახალ-ახალი წესები დაწესდება ან მშობლები გარკვეული წესების აღსრულებას დროდადრო მოითხოვენ, ბავშვის უპასუხისმგებლობაც შეუძლიათ მომავალში თავის თავს დააბრალონ.

 

  • იყავით სამართლიანი. ოჯახის წესები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. შეცვალეთ ისინი მოზარდის ასაკის მატებასთან ერთად, თუკი წესები აქტუალობას დაკარგავენ.

 

  • არ დასაჯოთ მოზარდი ძალიან მკაცრად. ზოგჯერ სასჯელი აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი არ ისწავლის ემოციების და ქცევის კონტროლს, თუ მშობლები დაამცირებენ, ფიზიკურად შეურაცხყოფენ ან ზედმეტად გამოხატავენ გაბრაზებას.

მხარდაჭერა. იმისათვის, რომ თქვენს შვილს თვითკონტროლი განუვითარდეს, თქვენი კონტროლი თანდათან უნდა შემცირდეს. მიეცით თინეიჯერს ცოტა მეტი თავისუფლება და ავტონომია, ვიდრე მას სჩვევია – იმ დოზით, რომ საკმარისად იგრძნოს წარმატება, თუ რამე გამოუვიდა და თუ არ გამოუვიდა, თავიდან აიცილოს სერიოზული შედეგი. შემდეგი პრინციპები დაეხმარება მშობლებს გაუწიონ შვილებს მათთვის საჭირო დახმარება:

 

  • ნუ დააყენებთ შეუძლებელი ამოცანების წინაშე. თქვენი მოლოდინი ისეთი უნდა იყოს, რომ მოზარდმა შეძლოს წარმატების მიღწევა და იგრძნოს რამდენად გაიზარდა. თუ წარმატებას ვერ მიაღწია, ნუ აგრძნობინებთ თავს უიღბლოდ. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, სადაც სწორად მოიქცა და დაეხმარეთ გაიგოს, თუ რისი გაკეთება შეიძლება სხვა დროს.

 

  • შეაქეთ მოზარდი მიღწევების გამო, მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ მცდელობებზე და არა შედეგზე. სწორი შექება ეხმარება თქვენს მოზარდს მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებაში იმის შესახებ, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო მიზნის მისაღწევად. უმჯობესია თქვათ: „შენ დიდი სამუშაო გასწიე“, ვიდრე: „შენ ძალიან ჭკვიანი ხარ“.

 

  • ნუ მოაბეზრებთ თავს. თუ შეეცდებით ბავშვის ცხოვრებაში აკონტროლოთ ყოველი წვრილმანი და არ მისცეთ იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ გააკეთოს რამე, არასოდეს გაუჩნდება თვითრწმენა. კარგი აღზრდა მოითხოვს ბალანსს ჩართულობასა და თვითდაჯერებულობას შორის.

 

დაიცავით აღზრდის სამივე პრინციპი. ცხადია, ბავშვს სიყვარული სჭირდება, მაგრამ მისთვის უმჯობესია, რომ მშობლებმა შეუნარჩუნონ გარკვეული ჩარჩოები ისე, რომ მხარი დაუჭერონ დამოუკიდებელ მოქმედებებში ტოტალური კონტროლის გარეშე“.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...