კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

მწვანე კარები

0

„მწვანე კარებს შევაღებ და ეზოში შევალ. ამ ეზოში თავი სხვადასხვა დროს მახსოვს… მახსოვს, ბილიკზე როგორ მივრბივარ ყვირილით, რომ ბებო ჩემია. ამ დროს სამი წლის ვარ, თბილისიდან მომავალს დეიდაშვილები მანქანაში მაბრაზებენ და მიმტკიცებენ, რომ ბებია მათია. ჰოდა, მეც კარებში შესული ბილიკზე თავ-პირის მტვრევით ვეშვები და ბოლო ხმაზე გავკივი,  მხოლოდ ჩემია თქო. მჯერა, რომ ბებოსთან პირველი ვინც მიასწრებს, სწორედ მისი იქნება…“

ასეთი შესავალი გამიკეთებია 2015 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილისთვის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ https://mastsavlebeli.ge/?p=4342

წერილი მოგონებებით გრძელდება, კიდევ რას ვხედავ. ახლა ამ მოგონებებს ახალი დაემატა. დედას ვხედავ, რომელიც ეზოში საგულდაგულოდ დამაგრებულ მაგიდასთან ზის და ჩემს მიერ ბეჯითად  მოკრეფილ  ლეღვს ელოდება.  განსაკუთრებულად სწორედ ეს ლეღვი უყვარს  და მერე რა, რომ უკვე აღარ ეჭმევა, მაინც ელოდება…

მე და ამ სახლს ერთმანეთი გვიყვარს. ბევრი საერთო მოგონება გვაქვს და იმიტომ.

დღეს კარებს კვლავ მწვანედ ვღებავ. საღებავი  ამჯერად რაღაცნაირი კაშკაშა  გამოდგა. გამიმართლა, რომ 21-ე საუკუნეა და ახალი თაობის საღებავი მაქვს. ძველი დრო, რომ იყოს, ამაღამ ვერ გავატანდი, მოვიწამლებოდი…

მეთოთხმეტე საუკუნის სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის მოწამვლა სიკვდილით ისჯებოდა. კაცებს ბორბალზე სვამდნენ, ქალებს ახრჩობდნენ, ოღონდ ჯერ აწამებდნენ.

მე პერიოდული სისტემის  #33-ე ელემენტის გამო მოვიწამლებოდი. სხვადასხვა დროს მისი ნაერთები გამოიყენებოდა, როგორც წამალი და როგორც შხამი.  ძველი დროიდან  ცნობილია, პირველად ეგვიპტელმა ზოსიმამ აღწერა, მერე ალბერ მაგნუსმა და მხოლოდ   1789 წელს ლავუაზიემ დარიშხანი დამოუკიდებელ ქიმიურ ელემენტად აღიარა.

დარიშხანი ლითონური ბზინვარებით ხასიათდება. ჩვეუბებრივ პირობებში შედარებით მდგრადია, ე.წ. ლითონური, ანუ რუხი დარიშხანი. მყიფე კრისტალური მასა, ჰაერზე სწრაფად მკრთალდება, რადგან თხელი ოქსიდური შრით იფარება. დარიშხანის ორთქლის კონდენსაციის დროს ცივ ზედაპირზე წარმოიქმნება ყვითელი დარიშხანი – გამჭირვალე, ცვილივით რბილი კრისტალები.  სინათლის მოქმედებით ან გახურებით იგი რუხ დარიშხანად გადაიქცევა. ცნობილია აგრეთვე, დარიშხანის მინისებრ-ამორფული მოდიფიკაციები – შავი და წაბლისფერი დარიშხანი. ისინი გახურებით რუხ დარიშხანად გარდაიქმნება.

როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც დარიშხანით მოწამლეს, სუფთა მეტალურ დარიშხანზე ფიქრობენ. სინამდვილეში სიტყვა „მოწამვლაში“  დარიშხანის ოქსიდით მოწამვლა იგულისხმება. თავისუფალი სახით დარიშხანი ბუნებაში ფაქტიურად არ გვხვდება. არსებობს მისი ყვითელი მინერალი აურიპიგმენტი As2S3,  წითელი რეალგარი As4S4. NiAsS გერსდორფიტი, რომელიც ნიკელის სულფოარსენიდია.  არსენოპირიტი, იგივე დარიშხანის კოლჩედანი FeAsS.  ის ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო დანიშნულების  დარიშხანის მინერალია. კობალტინი ავსტრალიაში მოიპოვება და იშვიათობას წარმოადგენს CoAsS.  ერითრინიც Co3(AsO4)2•8H2O იშვიათია და პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, სამაგიეროდ ლამაზი იისფერია. ასევე, ინდიკატორია, რომ სადღაც ახლოს კობალტის და თვითნაბადი ვერცხლის საბადოებია.

ლაბორატორიაში თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგნაირად შეიძლება. ეს ისე, უბრალოდ ვიცოდეთ, თორემ გაკვეთილზე  ან კლუბურ მეცადინეობაზე დარიშხანით რაიმე ცდების გაკეთება მთლად კარგი აზრი ვერ იქნება. ან ერთი ვარიანტია, მოსწავლეებიდან  საპატიო მანძილზე, მხოლოდ მასწავლებელი აკეთებს, ისიც ამწოვ კარადაში.

ავიღოთ სინჯარა და შიგნით ნახშირთან ერთად  საგულდაგულოდ არეული    დარიშხანის ოქსიდი  მოვათავსოთ. შემდეგ სინჯარა  გარედან გავაცხელოთ. შედეგად, სუფთა დარიშხანი მიიღება. მას სინჯარის  შიგნითა ზედაპირზე სარკისებრი ბზინვარებით ამოვიცნობთ.

ამ რეაქციას კრიმინალისტები დიდი ხანია იყენებენ, როცა ადამიანის დარიშახნით მოწამვლაზე აქვთ ეჭვი და როდესაც მოწამლულის კუჭში ფაიფურის მაგვარ ნამცეცებს პოულობენ. As2O3+3C=2As+3CO

თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგი რეაქციითაც შეიძლება.

3SnCl2+2AsCl3=As+3SnCl4

კიდევ ერთი მეთოდია, დარიშხანის ქლორიდის და ნატრიუმის ჰიპოფოსფიტის ურთიერთქმედება.

2AsCl3+3NaH2PO2+3H2O=2As+3NaH2PO3+6HCl

თუ დარიშხანის გალღობას დავაპირებთ, არაფერი გამოვა. პირდაპირ სუბლიმაციას დაიწყებს, ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა.

ჰაერზე დარიშხანი კარგად იწვის.

4As+3O2=2As2O3

დარიშხანით მოწამვლას შემდეგი ნიშნები აქვს: მეტალური გემო პირში, ღებინება, მუცლის ტკივილი. შემდეგ იწყება კრუნჩხვები,  პარალიჩი და …

მის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალება რძეა, უფრო სწორედ, მასში შემავალი ცილა კაზეინი. ის დარიშხანთან  უხსნად ნაერთს წარმოქმნის, რომელიც  სისხლში არ შეიწოვება.

რაც არ უნდა საშიში იყოს დარიშხანი, ის ყველა ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმშია. ითვლება, რომ მისი მიკრო დოზა მავნე მიკრობების მიმართ ორგანიზმის სიმდგრადეს განაპირობებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დარიშხანით ქრონიკულად იწამლებოდეს. მაგალითად, თუ მუდმივად სვამს წყალს ჭიდან, ან მიწიდან ამოსულ რაიმე წყაროს იყენებს, რომლის შემადგენლობაც გარკვეული არ არის. დარიშხანი შეიძლება სამრეწველო ნარჩენებიდან მოხვდეს მიწისქვეშა  და ჩამდინარე წყლებში და დააბინძუროს ჭის წყალი,  ან ე.წ. დაბურღული წყლის შემადგენლობაშიც შეერიოს.   თუ ასეთი წყალი სარწყავად გამოიყენება, მაშინ ის ხილსა და ბოსტნეულშიც აღმოჩნდება, ასევე ხორცში და რძე/რძის ნაწარმების შემადგენლობაში.

ნიადაგში დარიშხანის შემცველი მინერალები თავისთავად არის და თამბაქოს ფურცლები მას დიდი რაოდენობით ყველაზე კარგად ითვისებს. შესაბამისად, მწეველების ორგანიზმშიც  ბევრია. დარიშხანი ნელ-ნელა გროვდება შინაგან ორგანოებში. თმებში, ფრჩხილებში.

 

 

დარიშხანის ოქსიდი, რომ მარილმჟავაში გავხსნათ და კალიუმის იოდიდი დავამატოთ, დარიშხანის იოდიდს მივიღებთ. ის აგურისფერია.

As2O3+6HCl+6KI=2AsI3+3H2O

მეოცე საუკუნემდე მას კანის დაავადებების  სამკურნალოდ იყენებდნენ.

შეელეს მწვანესაც დიდი პოპულარობა  ქონდა. 1775 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ კაშკაშა მწვანე საღებავი შექმნა. მის მისაღებად კალიუმის მეტაარსენიტი უნდა შევურიოთ შაბიამნის ხსნართან, წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდრო არსენიტი, იგივე „შეელეს მწვანე“. მას მწვანე პიგმენტად იყენებდნენ საღებავებში. ამ საღებავმა გადატრიალება მოახდინა და ძალიან მოდური გახდა, რადგან დროთა განმავლობაში პიგმენტი ძნელად  ხუნდებოდა. მალე მისი გამოყენება ქაღალდის წარმოებაში და მრეწველობაშიც დაიწყეს. ადამიანებმა ამ საღებავით კედლების შეღებვასაც მიჰყვეს ხელი, სახლს  მწვანე ფარდებით რთავდნენ და მწვანე ქსოვილისგან შეკერილი სამოსით იმოსებოდნენ. სპილენძის არსენიტი (შეელეს მწვანის კომპონენტი) კი დროთა განმავლობაში იშლებოდა და დარიშხანს ანთავისუფლებდა https://mastsavlebeli.ge/?p=21962

გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონის ოთახშიც კედლები ამ საღებავით იყო შეღებილი. ფიქრობენ, რომ ბონაპარტი სწორედ მისი მსხვერპლი გახდა.

კიდევ ერთი ნაერთი-„პარიზის მწვანეა“. შაბიამნის ხსნარს დაუმატოთ ძმარი, შემდეგ კი კალიუმის მეტაარსენიტი.

4CuSO4+2CH3COOH+6AsO2=Cu(CH3COO)2•3Cu(AsO2)2+H2SO4+3K2SO4

„პარიზის მწვანესაც“ საღებავებში უმატებდნენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მომწალავი ნივთიერებაა, რომელსაც იყებენენ თაგვების, მწერების და ვირთხების საწინააღმდეგოდ.

დარიშხანის იონებზე თვისებითი რეაქციები შემდეგია. სინჯარაში არსებულ ნატრიუმის არსენატის ხსნარს დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი. შედეგად წარმოიქმნება ვერცხლის ორთოარსენატის ყავისფერი ნალექი.

Na3AsO4+H2O+3AgNO3=Ag3AsO4+3NaNO3+H2O

ახლა კალიუმის არსენიტი ავიღოთ და კვლავ ვერცხლის ნიტრატი დაუმატოთ.

წარმოიქმნება ყვითელი ფერის ვერცხლის არსენიტი.

KAsO2+H2O+AgNO3=AgAsO2+KNO3+H2O

დარიშხანს სამხედრო საქმეშიც იყენებენ. მაგ. გაზი არსინი AsH3, რომელიც ვიეტნამთან ომში იქნა გამოყენებული.  საკმარისია ხუთი წუთი ისუნთქო ჰაერი, რომელშიც შედის 0,00005გ/ლ არსინი და რამდენიმე დღეში გამგზავრებული ხარ. კონცენტრაცია 0,005გ/ლ კი  მაშინვე კლავს.

აქტივირებული ნახშირი არსინს ვერ შთანთქავს, ამიტომ ჩვეულებრივი აირწინაღი ამ გაზთან უძლურია.

 

წერისას ხმაური მესმის. საშიში კი არაფერია, მაგრამ მაინც ვაყურადებ. ფხაკუნივით ხმებია, ჩემთან სულ ახლოსაა. მერე სასაცილოდ აწკეპილი ყურებით და წვრილი ფეხებით თაგუნა მოძვრება და წინ მიდგება. ჰმ…თავში მაშინვე აზრი მიელვებს, რომ ეს თაგუნა „ნოდარია“. აი, უხდება რაღაცნაირად ეს სახელი.

-მომისმინე, „ნოდარ“, გაცუნცულდი ახლა აქედან, თორემ უჯრაში „პარიზის მწვანით“ დამუშავებული  მარცვლებით სავსე ტოპრაკი მიდევს. ზედმეტად არ მიხტუნაო წინ, თორემ მოვხსნი თავს და ეგ არის…

საინტერესო სამხრეთული ამბები

0

სამხრეთ ნახევასფეროში ყველაფერი განსხვავებული და საოცარია, ამიტომაც რამდენიმე საინტერესო ამბავი მინდა გაგიზიაროთ.

  1. არგენტინას ეს სახელი ლეგენდარული ვერცხლის მთის საპატივცემულოდ დაერქვა.

სახელი არგენტინა წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „ვერცხლი“ – Argentum. პირველი გადმოსახლებული ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ტერიტორია მდიდარი იყო ვერცხლით. ევროპელ კოლონიალისტებს შორის არსებობდა ლეგენდა, რომ არგენტინას ჰქონდა ვერცხლის მთელი მთა.

  1. არგენტინა ყველაზე დიდი ესპანური ქვეყანაა მსოფლიოში.

კოლონიური დროიდან არგენტინაში ესპანური ენა იყო მთავარი. რადგან არგენტინა ტერიტორიულად დიდია და ესპანურენოვანია, ამიტომაც იგი ყველაზე დიდი ესპანური ქვეყანაა მსოფლიოში!

არგენტინა იყო ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რევოლუციური ქვეყანა, თუმცა არგენტინელებმა შეინარჩუნეს ესპანური, როგორც ოფიციალური ენა.

ბოლო საყოველთაო აღწერით დადგინდა, რომ ქვეყანაში ადამიანთა 95% ევროპული წარმოშობისაა.

  1. ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი

მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი უშუაია, რომელიც მდებარეობს  კუნძულ ცეცხლოვან მიწაზე. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქი გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟებით: აყვავებული მწვანე მდელოებითა და თოვლიანი მთებით. მისი ბუნება უამრავ ტურისტს იზიდავს.

ქალაქი უშუაია

ანტარქტიდისკენ მიმავალი გემები მის ნავსადგურთან ჩერდებიან, რადგან აქედან მხოლოდ 900 კმ-ით არის დაშორებული. ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს თევზაობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, მეცხვარეობა და ეკოტურიზმი.

უშუაია ითვლება დედამიწის ყველაზე სამხრეთ ქალაქად, მაგრამ არა ყველაზე სამხრეთ დასახლებად. სოფელი პუერტო უილიამსი უფრო სამხრეთით მდებარეობს.

პუერტო უილიამსი

კიდევ უფრო სამხრეთით მდებარემოსალეობაობს ჩილეს მეთევზეთა პატარა სოფელი პუერტო ტორო, კუნძულ ნავარინოზე, სადაც დაახლოებით 36 ადამიანი ცხოვრობს – მეთევზეები და მათი ოჯახები.

  1. იგუაზუს ჩანჩქერი – მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი

„საწყალი ნიაგარა!” – წამოიძახა ელეონორ რუზველტმა, როდესაც პირველად იმყოფებოდა იგუასუს ჩანჩქერზე.

ის შედგება 275 ჩანჩქერის კომპლექსისგან. 1984 წელს იგაუსუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია ქვეყანაში. 2011 წლიდან იგუასუს კომპლექსი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს მეშვიდე ბუნებრივი საოცრება.

  1. მესის სახელი აკრძალულია

ლიონელ მესი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება და დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მისი მშობლიური ქალაქის, როზარიოს ხელისუფლებამ მშობლებს შვილებისთვის მისი სახელის დარქმევა აუკრძალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ერთნაირი სახელის მქონე იქნებოდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან ბევრ დაბნეულობასა და გაუგებრობას გამოიწვევდა.

პერუ

– ქვეყანა ცნობილია ინკების ქალაქით – მაჩუ პიკჩუ. დღეის მდგომარეობით, ეს ისტორიული ძეგლი მსოფლიოს საოცრებაა.

1532 წელს მაჩუ-პიქჩუს მკვიდრმა მოსახლეობამ დატოვა ქალაქი. დღემდე მათ კვალს ვერ მიაგნეს და მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დაადგინონ, რა მიზეზმა აიძულა მოსახლეობა დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი.

– ლიმა პერუს დედაქალაქია, რომელიც ესპანელმა კონკისტადორმა ფრანცისკო პისარომ დააარსა. მან ბრძანა ინკების ლიდერის სიკვდილით დასჯა და ამით ვირტუალურად გაანადგურა ამ ხალხის იმპერია.

– საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ყოველწლიურად პერუში სულ მცირე ერთი დიდი მიწისძვრა ხდება.

– ქალაქ ლიმას უნიკალური კლიმატი აქვს. აქ პრაქტიკულად არ წვიმს, თუმცა, ქალაქში, როგორც წესი, შეფარდებითი ტენიანობა მაღალია (98%), რის გამოც ზაფხულში დილაობით ნისლია. ლიმას კლიმატის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ჰუმბოლდტის ცივი დინება და სამხრეთ წყნაროკეანური ანტიციკლონი. ლიმას კლიმატი (ისევე როგორც თითქმის მთლიანი პერუს სანაპირო ზოლისა) კარდინალურად იცვლება ელ-ნინიოს მოვლენისას. ამიტომაც ხასიათდება ეს მშვენიერი ქალაქი უჩვეულო კლიმატით.

ქალაქი ლიმა

– პერუში სიმინდი აქტიურად მოჰყავთ. ამ კულტურის 50-ზე მეტი სახეობა, რომელიც აქ იზრდება, განსხვავდება როგორც ზომით, ასევე შეფერილობით.

– ლიმას დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აქვს, რომელმაც ფუნქციონირება XVI საუკუნეში დაიწყო.

– პერუს სახელმწიფო ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედი ჯუნგლებითაა დაფარული.

– საინტერესოა, რომ პერუში 3000-ზე მეტი სახეობის კარტოფილი გამოიყვანეს.

– პერუს სიდიდით მეორე ქალაქ არეკიპასთან (თეთრი ქალაქი) ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონია, რომელსაც კოლკა ჰქვია. მისი სიღრმე 3500 მ-ზე მეტია. იგი ორჯერ უფრო ღრმაა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მსოფლიოში ყველაზე ღრმა დიდი კანიონი. მისგან განსხვავებით, კანიონ კოლკას ნაწილია დასახლებული – კოლუმბიური ტერასული ტერიტორიები სოფლის მეურნეობისა და ადამიანის საცხოვრებლად გამოიყენება.

კანიონი კოლკა

კოლკა ველი ცნობილია სხვადასხვა სახელით: ინასის დაკარგული ხეობა, საოცრებების ხეობა, ცეცხლის ველი და კონდორის ტერიტორია.

– საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი ტიტიკაკას ტბა, რომელიც ყველაზე მაღალი მთის ტბაა დედამიწაზე.

– პერუს ეროვნული სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ის გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს.

– ინკების მიერ აშენებული გზები ხარისხით აღემატებოდა რომისა და ევროპის გზებს.

ეს ის სამხრეთული ამბებია, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://nsportal.ru/shkola/geografiya/ ;

https://ka.traasgpu.com/travel-guide-to-colca-canyon

დაგეწამლე

0

ბუმბერაზი კაცი იყო ლუი, ყველა ნომრიან თუ უნომრო ლუიზე დიდი.

მეტყავის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილკაცობა საფრანგეთის პროვინციულ ქალაქებში გაატარა. მამამისი მდიდარი არა, მაგრამ გონიერი კაცი კი იყო. შვილს შეძლებისდაგვარად კარგი განათლება მისცა. ლუიც მუყაითი მოსწავლე აღმოჩნდა. მართალია, განსაკუთრებულ ნიჭიერებას არ ამჟღავნებდა თუ ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ტოლს არავის უდებდა. სხვა თანატოლებისგან ერთი იმით გამოირჩეოდა, რომ ხატვა ეხერხებოდა, მაგრამ შეუჩნდნენ და ხელი ააღებინეს, ხატვით თავს ვერ ირჩენო. სკოლის დამთავრების შემდეგ ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების გზაზე ჰუმანიტარულ საგნებში, როგორც წესი, „კარგი“ ეწერა, „მეორეხარისხოვან“ საბუნებისმეტყველო საგნებში კი – „ძალიან კარგი“. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მისი განათლების ვექტორი კიდევ შეიცვალა – ლუიმ ბუნებისმეტყველების შესწავლას მიჰყო ხელი. კრისტალების აღნაგობასა და შუქტეხას ჩაუღრმავდა. მართალია ახალი ხარისხის მოპოვებას დაგეგმილზე ერთი წლით მეტი მოანდომა, მაგრამ ღირდა წვალებად. მანამდე სინათლის გადახრა კრისტალების სტრუქტურას ბრალდებოდა, ლუიმ კი ახალი სიტყვა თქვა – სინათლის გარდატეხა მოლეკულაში ატომთა განლაგების ბრალიაო. ხარისხიც მიიღო და უნივერსიტეტში ფიზიკის პროფესორის თანამდებობაც. ფიზიკის შესწავლას მალევე დაანება თავი და ახლა ქიმიითა და ბიოქიმიით დაინტერესდა. იმხანად ბევრ მეწარმეს ღვინის შენახვის პრობლემა აწუხებდა. როცა ამ საკითხს ჩაუღრმავდა, ლუიმ მიკროსამყაროს მიგნო. აღმოაჩინა, რომ დუღილის პროცესი რაღაც პატარა არსებების დამსახურება იყო, თანაც ისეთების, რომლებსაც უჟანგბადო გარემოშიც კი შეეძლოთ სიცოცხლე და გამრავლება. კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ თუ ღვინოს 50-60°C-მდე გააცხელებდა, ეს არსებები დაიხოცებოდნენ და ღვინო აღარ დაძმარდებოდა. ეს მეთოდი დღესაც ფართოდ გამოიყენება, თანაც არა მარტო ღვინის შესანახად. მას, აღმომჩენის პატივსაცემად, მისივე გვარისგან წარმომდგარ სახელს – პასტერიზაციას ვუწოდებთ.

ლუის მომდევნო გამოწვევა აბრეშუმის ჭიების ექიმობა იყო. სამხრეთ საფრანგეთში მეაბრეშუმეობას ისე გაედგა ფესვი, რომ ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა. ჰოდა, ერთ დღესაც ჭიებმა ადგილ-ადგილ მასობრივად დაიწყეს ხოცვა. მეწარმეები და ვეტერინარები რომ ვერაფერს გახდნენ, დახმარებისთვის ლუის მიადგნენ. ლუის აბრეშუმის ჭია თვალით არ ენახა. ჭია კი არა, აბრეშუმის პარკიც არ მჭერია ხელში, რით გიშველოთო, – შეიცხადა, მაგრამ ეროვნული საქმე იყო და მანაც, პატრიოტიზმის წყალობით, ხელი მოჰკიდა პრობლემის შესწავლას. არც აქ გამოდგა ჯაბანი. მთელი სამი წელი გაატარა საფრანგეთისა და იტალიის სოფელ-სოფელ ხეტიალში და ბოლოს მაინც მიაგნო თვალით უხილავ „პარაზიტებს“.

მოუსვენარი ლუი მეცნიერების ახალ მატარებელს შეახტა და იმუნოლოგიის სადგურზე ჩამოვიდა. აიჩემა, ღვინის დაძმარებას და აბრეშუმის ჭიების ავადობას საერთო საფუძველი აქვს და ამავე მეთოდით უფრო დიდი არსებებიც შეიძლება განვკურნოთო. ჯერ ციმბირის წყლულის ბაცილას დაადგა თვალი, მერე კი ცოფისას. ორივეგან გაიმარჯვა. მიხვდა, რომ თუ ამ მიკროორგანიზმებს რამდენჯერმე გადათესავდა ერთი ბულიონიდან მეორეზე, იმდენად დასუსტებოდნენ, რომ დაავადების გამოწვევას ვეღარ შეძლებდნენ. უფრო მეტიც, თუ მათ ჯანმრთელ ორგანიზმში შეიყვანდა, ამ უკანასკნელს ცოფი ვეღარ მოერეოდა. ცხოველებსა და ფრინველებზე ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. ადამიანებზე გამოცდას ლუი ვერ ბედავდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, ბოლოს დაჰყვა ზეწოლას და ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა მედიცინაში ამოყო თავი. არადა, ნემსის გაკეთებაც კი არ შეეძლო – სხვები უწევდნენ ასისტირებას.

ამას მოჰყვა წარმატებული და წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია. ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას – არა. მაგრამ გონიერ ადამიანს ორივე შედეგისგან შეეძლო დასკვნების გამოტანა, რომლებსაც ლუი სამუშაო რვეულებში იწერდა და არავის უმჟღავნებდა. ასეთი ახირება ჰქონდა. ის კი არა, ანდერძად დაუტოვა ოჯახის წევრებს, არავის აჩვენოთო. მიუხედავად ამისა, გვასწავლა ვაქცინის შექმნისა და ვაქცინაციის მეთოდი, რომელმაც უამრავი ადამიანისა თუ ცხოველ-ფრინველის სიცოცხლე იხსნა…

პასტერმა ვაქცინაციის მეთოდით ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყო ხელი. მანამდე, ეპიდემიებისა და პანდემიების დროს, ვირუსის დასუსტებას (პასაჟირებას) წლები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, პასტერის მეთოდით კი დროც საგრძნობლად შემცირდა და სიკვდილიანობაც მინიმუმამდე დავიდა.

ქართულ ენაში მიმართვის არაერთი „თბილი“ ფორმა გვაქვს, რომლებიც შინაარსობრივადაც და იმუნოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: „შენ გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“ და სხვა. აი, ფშავში კი გეტყვიან, „დაგეწამლეო“.ჰოდა, სანამ კოვიდ-19-ის ვაქცინას შექმნის ვინმე, ჩვენ უნდა დავეწამლოთ ერთმანეთს.

რამდენიმე გზა კითხვის სწავლებისთვის

0

წერა-კითხვა ის ფუნდამენტური უნარებია, რომელთა განვითარებასაც დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიზეზი მარტივია – მათ გარეშე შეუძლებელია განათლების მიღება. არაერთხელ მომიკრავს ყური მოსაზრებისთვის, რომ მშობლიური ენის სწავლა-სწავლება ძალიან მარტივია, რადგან ეს ენა დაბადებიდან გვესმის და კომუნიკაციის დროს თავისუფლად ვიყენებთ. თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე. კითხვის პროცესი რამდენიმე კომპონენტს (ფონოლოგიური უნარ-ჩვევა, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრება) მოიცავს და თითოეული მათგანის დაუფლებას საკმაო ძალისხმევა სჭირდება (კომპლექსური უნარების ერთობლიობას წარმოადგენს წერის პროცესიც). ზემოაღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და თუ რომელიმე მათგანი სათანადოდ არ განვავითარეთ, კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები მალევე იჩენს თავს.

და მაინც, რის ცოდნას/შეძლებას გულისხმობს გაწაფული კითხვის უნარი?! პირველ რიგში, ბგერის (რაც გესმის, რასაც წარმოთქვამ) ასო-ნიშანთან დაკავშირებას. ანბანის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეს სიტყვის, წინადადების, ტექსტის სტრუქტურის აღქმაც უნდა შეეძლოს, რასაც ფონეტიკური უნარების (სიტყვის ასო-ბგერებად/მარცვლებად დაშლა-გამთლიანება და ა.შ.) განვითარება და მცირედი გრამატიკული ინფორმაციის (რა არის სიტყვა, წინადადება, სასვენი ნიშანი და სხვ.) გააზრებაც სჭირდება. კითხვის პროცესის ტექნიკურად გამართვის (ასოების/მარცვლების – სიტყვებად, სიტყვების წინადადებად გამთლიანება, კითხვის ტემპი, ინტონაცია…) გარდა, წაკითხული მასალის შინაარსიც უნდა გვესმოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ ენას ვსწავლობთ, ლექსიკური მარაგის შევსება მაინც გვჭირდება, რადგან კომუნიკაციის დროს  სამწერლობო ლექსიკას იშვიათად ვიყენებთ. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტის დაუფლება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წაკითხული მასალა სიღრმისეულად გავიაზროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

საუკუნეების განმავლობაში წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დაგროვდა, თუმცა დღემდე ვერ თანხმდებიან, რომელი გზაა უფრო ეფექტური.  ამ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა თანამედროვე სახელმძღვანელოებშიც შეიმჩნევა. ზოგიერთი მათგანი ეფუძნება სინთეზურ (ნაწილების შეერთება, გამთლიანება) მეთოდს, რაც გულისხმობს ნაწილიდან მთელისკენ, ანუ ასო-ბგერიდან – მარცვლისკენ, შემდეგ კი სიტყვისკენ სვლას. აღნიშნული მეთოდის თანახმად, მოსწავლე ჯერ დაასახელებს შესასწავლ ასო-ბგერას და წაიკითხავს ასოებად დაშლილ სიტყვას, რომელიც, ახალთან ერთად, ნაცნობი ასო-ბგერებისგან შედგება. შემდეგ ამავე სიტყვის ამოკითხვას დამარცვლით შეეცდება, ბოლოს კი გაამთლიანებს.

მასწავლებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაცილებით ეფექტურია მთლიანიდან დეტალებისკენ მიმავალი გზის გამოყენება, მაგალითად – მოსწავლეს ჯერ აჩვენებ/უკითხავ წინადადებას და მასაც ამეორებინებ. ამის შემდეგ იწყებ სიტყვებზე დაკვირვებას – მიუთითებ კონკრეტულ სიტყვაზე, წაიკითხავ და მასაც ათქმევინებ. შემდეგ კი ამ სიტყვის დეტალებზე დაკვირვების პროცესი იწყება. მოსწავლეს ეკითხები, რომელ ასო-ბგერაზე იწყება მის მიერ დასახელებული სიტყვა, რამდენი ასო-ბგერისგან შედგება და ა.შ. აღნიშნულ მეთოდს ანალიზურსაც უწოდებენ.

კითხვის სწავლების ორივე გზას –  სინთეზურ (აღმავალ) და ანალიზურ (დაღმავალ) მეთოდებს თავიანთი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავთ. თუმცა დღემდე ორივე მათგანი აქტიურად გამოიყენება წერა-კითხვის სწავლების პროცესში. სინთეზური მეთოდის გასაკრიტიკებელ ელემენტად დღემდე რჩება დაშლილი სიტყვების გამთლიანებასთან დაკავშირებული სირთულეები (ბავშვების გარკვეულ ნაწილს მთლიანი სიტყვის ხატის ცნობა და დასახელება უფრო ეადვილება, ვიდრე ასოებად/მარცვლებად ამოკითხული სიტყვის გამთლიანება). გარდა ამისა, უინტერესო, ერთმანეთთან აზრობრივად დაუკავშირებელი ფრაზების ამოკითხვა მოსწავლეთა კითხვის მოტივაციას მნიშვნელოვნად აქვეითებს.  ანალიზური მეთოდი სწორედ ამ სირთულეების აღმოფხვრას ცდილობს. მისი მამოძრავებელი ძალა ენის მთლიანობაა. ასაკის შესაბამისი ლექსიკისა და შინაარსის მქონე პატარა ტექსტების მოსმენით, ფრაზების/წინადადებების მრავალჯერ გამეორებით, ინტუიციის და ანალოგიის პოვნის თანდაყოლილი უნარების დახმარებით, მოსწავლეები ახერხებენ ფონოლოგიური უნარების განვითარებას და სიტყვის/ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. კითხვის მოტივაციაც იზრდება, რადგან საკითხავი მასალა ბავშვებისთვის საინტერესო საკითხებს მოიცავს და მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების ასპექტების გამოვლენის საშუალებასაც აძლევს. თუმცა აღნიშნული მეთოდით სწავლებისასაც შეიძლება წააწყდეთ გარკვეულ სირთულეებს. მათგან ყველაზე ხშირია ნაცნობ ტექსტს მოცილებული ცალკეული სიტყვების ამოკითხვის/ცნობის პრობლემა.

კითხვის სწავლების ორივე გზის დაბალანსების და მათი საუკეთესო დეტალების გაერთიანების შედეგია ანალიზურ-სინთეზური მეთოდი (მაგ., იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა“). მეოცე საუკუნის ბოლოს კი კითხვის სწავლების კიდევ ერთი გზა გაიკვალა.  კომბინირებული მეთოდების მიმდევრები ბავშვის განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით ცდილობენ ეფექტური მიდგომების შერჩევას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა ფონემური ცოდნა, გაწაფული კითხვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ტექსტის მახასიათებლების ცოდნა და წაკითხულის გააზრება.

წერა და კითხვა თითქმის თანადროული პროცესია, თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენელთა აზრი ამ მიმართულებითაც არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ წერა-კითხვა სინქრონულად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ორივე მათგანი მიმართულია საერთო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ზოგჯერ კი  მათ აცალკევებენ და კითხვის სფეროში გარკვეული ცოდნის დაგროვების შემდეგ იწყებენ წერის მიმართულებით მუშაობას (აზრთა სხვადასხვაობას სახელმძღვანელოების მაგალითზეც კარგად დაინახავთ), რადგან ანბანის ცოდნის, ფონეტიკური უნარების თუ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების გარდა, წერის პროცესი სივრცის აღქმას, საწერ ბადეში ორიენტირებას, წერის მიმართულების გააზრებას/დაცვას, ასოთა სწორად მოხაზვას და სხვა ტექნიკური კომპონენტების დაუფლებასაც გულისხმობს.

საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ვფიქრობ, უმჯობესია, კითხვის სწავლების პროცესი წერისთვის მომზადების ეტაპად გამოვიყენოთ. პირველკლასელთა უმრავლესობას, როგორც წესი, დასახვეწი აქვს წვრილი მოტორიკა. აქედან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეებს ამ უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები მივაწოდოთ. აღნიშნული საქმიანობა თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ შესასწავლ ასო-ბგერას, მაგალითად – ასო ,,ს“-სთან დაკავშირებული ტექსტის კითხვისას, მოსწავლეებს წერტილებით აწყობილი სპილოს კონტური გავამთლიანებინოთ და გავაფერადებინოთ, ან ასო-ბგერების კონტურების გამთლიანება-გაფერადების გზით ანბანის წიგნაკები შევაქმნევინოთ; ბავშვებს ასევე ძალიან მოსწონთ ასო-ბგერების, სიტყვების, წინადადებების გამოძერწვა, ქვიშაში წერა, ასოების ჰაერში მოხაზვა და ,,ასოების მასაჟი“. მსგავსი თამაშების დახმარებით ახალბედა მოსწავლეები ასოების მოხაზულობასაც გაეცნობიან და რვეულის ბადეში მათი გადატანის დროს უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს.

ქართულ რეალობაში უმეტესად ისევ წერა-კითხვის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეყრდნობიან, სახელმძღვანელოთა უმრავლესობასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გათანამედროვებული „დედა ენა“. თუმცა სიტყვა „თანამედროვე“ ნაკლებად შეეფერება საანბანო პერიოდის ტექსტებს. რას ვიზამთ, რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერაფრით გავამდიდრებთ საანბანო ტექსტების („აი თითა, აი თათი, აი ათი თითი“ და სხვ.) შინაარსს. ამიტომ, კითხვის მოტივაციის ამაღლების და ანბან-ქალაქთან გაშინაურების მიზნით, ხშირად ვიყენებ ე.წ. საანბანო წიგნებს. ამას გარდა, ასო-ბგერათა ზოგიერთ თავგადასავალს თავადაც ვიგონებ. მე დასაწყისების მწერალი ვარ, მოსწავლეები კი ჩემს მონათხრობს სხვადასხვა დასასრულს უსადაგებენ. სახელდახელო ამბებს ფონეტიკური სავარჯიშოებიც უხდება. ამ წერილსაც ერთ-ერთი ასო-ბგერის შესახებ მოთხრობილი პატარა ისტორიით და ფონეტიკური თამაშით დავასრულებ:

ანბანის სახლში, მეორე სართულზე, ანის და ინის მეზობლად ერთი ახალი ასო-ბგერა – თანი დასახლდა. თანი ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილი ძალიან მოსწონდა. იგი ძალიან მხიარული ვინმე იყო, სულ თამაშისკენ მიუწევდა გული. განსაკუთრებით კი სიტყვობანას თამაში მოსწონდა და ვიდრე ქალაქში სხვა ასო-ბგერები დასახლდებოდნენ, ანის და ინის დახმარებით რამდენიმე სიტყვა ააწყო. მოდი, ჩვენც ვითამაშოთ სიტყვობანა…

შენიშვნა: თამაშისთვის საჭიროა მოძრავი/მაგნიტური ანბანი.

ინსტრუქცია: მოსწავლეებს ვუხსნით, რომ მოცემული ასო-ბგერების (ა, ი, თ) სიტყვაში საჭიროებისამებრ განმეორებით გამოყენების უფლება აქვთ.

სავარაუდო სიტყვების ჩამონათვალი:  ათი, თათი, თითა, თითი, თათია, თათა, თაია…

მარცვლებად დაშლილი სიტყვების აწყობა:  თამაშის ეს ვარიაცია ეფექტურია საკითხავი მასალის დამუშავების პროცესში. დაფაზე არეული თანმიმდევრობით ვაკრავთ წებოვან ქაღალდებზე დაწერილ მარცვლებს და ვყვებით, როგორ დაუბერა ანბანის ქალაქში ძლიერმა ქარმა და სიტყვებს მარცვლები სულ აუწეწა. შემდეგ კი მოსწავლეებს ვთხოვთ, მარცვლებს ერთმანეთის პოვნასა და სიტყვებად გამთლიანებაში დაეხმარონ.

„თუ თქვენ არ იცნობთ საკუთარ შვილებს, მაშინ… “

0

(დასაწყისი)

„თუ თქვენ არ იცნობთ საკუთარ შვილებს, მაშინ…“- ფრაზა, რომელიც მკითხველმა თავად უნდა დაასრულოს.

ჩვენ კი გეტყვით, – რომ თუ თქვენ არ იცნობთ საკუთრ შვილებს, მაშინ უნდა ახლავე შეეცადოთ გამოასწოროთ ეს ხარვეზი – ფიქრობენ გორდონ ნიუფელდი და გაბორ მათე. – მე და გორდონ ნიუფელდი (კანადელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, პედაგოგი, ფილოსოფიის დოქტორი და მრავალშვილიანი მამა, რომელმაც ვანკუვერში დააარსა ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს, თერაპევტებს, აღმზრდელებსა და პედიატრებს, სიღრმისეულად გაერკვნენ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში) დიდი ხნის ნაცნობები ვართ. ჩემს მეუღლეს და მე დაგვჭირდა მისი რჩევა ჩვენს უფროს შვილთან დაკავშირებით, რომელიც იმ დროს რვა წლის იყო. აი ასე იწყებს მკითხველისათვის გორდონ ნიუფელდის გაცნობას გაბორ მათე (უნგრული წარმომავლობის კანადელი ექიმი-თერაპევტი. ექსპერტი ნარკომანიის, ტრამვისა და ბავშვთა განვითარების საკითხებში. ის ავტორი და თანაავტორია წიგნებისა, რომლებიც ბეტსელერებად არის აღიარებული). ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაშინ გორდონმა ჩვენ დაგვანახა, იყო ის, რომ პრობლემა მდგომარეობდა არა ჩვენს შვილში და არა ჩვენში, არამედ, ჩვენს მისდამი დამოკიდებულებაში, ანუ იმ მიდგომაში, რომელიც ჩვენ გვქონდა შვილთან ურთიერთობის პროცესში. გავიდა რამდენიმე წელი და მე და ჩემი მეუღლე უკვე ჩვენს მეორე თინეიჯერ ვაჟთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ მივედით გორდონ ნიუფელდთან. სწორედ მაშინ მოვისმინე პირველად დოქტორის კონცეპციის შესახებ, რომელიც თანატოლებთან ორიენტაციაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ბავშვების აღზრდის საკითხებით დაინტერესებულმა მკითხველმა, სავარაუდოდ, უკვე წაიკითხა ჩემ მიერ ნათარგმნი ორი სტატია წიგნიდან: „Hold On to Your Kids: Why Perents Need to Matter More Then Peers“ („ჩაეჭიდეთ საკუთარ შვილებს: რატომ უნდა იყვნენ მშობლები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თანატოლები“). ამჯერადაც მინდა მშობლების, აღმზრდელებისა და სხვა მკითხველების ყურადღება აღნიშნული წიგნის კიდევ რამდენიმე ფრაგმენტს მივაპყრო.

მაშ ასე, წიგნის დაწერის რადიკალური მიზანი, დიახ, სწორედ რადიკალური, – განმარტავენ ავტორები, – მკითხველში ბუნებრივი მშობლური ინსტინქტის გაღვიძება იყო. ჩვენ არ ვასწავლით მშობლებს, ვინ უნდა გახდნენ საკუთრი შვილებისათვის. ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ მათ, გაიცნონ და გაუგონ საკუთარ შვილებს; შეეცადონ გაერკვნენ, როგორ მიმდინარეობს ბავშვების განვითარება და სცადონ, გაერკვნენ იმ დაბრკოლებებში, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ბავშვების ჯანსაღი განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებად გვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყარო პირდაპირ შეპყრობილია აღზრდის უნარ-ჩვევების შემუშავებით, სპეციალისტების რეკომენდაციების უხვად გაზიარებით. სინამდვილეში კი – მიიჩნევენ გორდონ ნიუფელდი და გაბორ მათე – ეს არის შედეგი მშობლების მიერ საკუთარი ინტუიციური  ცოდნის დაკარგვისა. მშობლებმა აღარ იციან, როგორ დაამყარონ ურთიერთობები საკუთარ შვილებთან. აღზრდა, ხომ სწორედ ურთიერთობებია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს მშობელი ბიოლოგიური გზით ან თუნდაც ბავშვის შვილად აყვანით, მაგრამ შვილებთან ურთიერთობების შენარჩუნება  შესაძლებელია მხოლოდ მათთან კავშირის შენარჩუნებით. თუ მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი მყარია, მაშინ ნებისმიერ სპეციალისტზე უკეთ დაეხმარება მშობელს ბუნებრივი მშობლური ინსტინქტი, რომელიც ზუსტად უკარნახებს, როგორ მოიქცეს ნებისმიერ სიტუაციაში. საიდუმლო სწორედ ის გახლავთ, რომ პატივი ვცეთ და სათანადოდ დავაფასოთ შვილებთან ურთიერთობები. უფროსებთან ურთიერთობების მეშვეობით ბავშვები შეძლებენ, შეიმუშაონ განვითარების საკუთარი გზა და გახდებიან დამოუკიდებელი, მიზანსწრაფული და ზრდასრული პიროვნებები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ თავს და სხვა ადამიანს.

მშობლები თანდათან სულ უფრო სუსტდებიან, რისი გაცნობიერებაც მათ ძალიან უჭირთ, ამიტომ ურჩევნიათ, ჩაებღაუჭონ იმ მოსაზრებას, თითქოს შვილებს თავად აღარ სჭირდებათ მშობლები ან შვილები იმდენად „რთული“ გახდნენ, რომ ჭირს მათთან ურთიერთობა, ან იქნებ მშობლებს აღარ შესწევთ უნარი იყვნენ კარგი მშობლები. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე სამყაროში „ძლიერი მშობლის“ კონცეფცია აღარ არის პოპულარული. ამას აქვს ახსნა, რომელიც გვასწავლის, რომ ბავშვობაში ახლანდელმა მშობლებმა საკუთარ თავზე იწვნიეს „ძლიერი მშობლის“ ინსტიტუტის ხარვეზი და ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ ძალაუფლების არაადეკვატურად გამოყენების საფრთხე არცთუ ისე მცირეა. უფროსმა თაობამ შესანიშნავად იცის, რომ ძალაუფლებას აქვს რისკი, ხიბლში შეიყვანოს ის ადამიანი, რომელიც უკიდეგანო ძალას ფლობს. შესაძლებელია, უკონტროლო ძალა ადამიანმა სხვებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს. მსგავსმა გამოცდილებამ მშობლების თაობას ასწავლა, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების ნდობა.

მოკლედ, ამით იმის თქმა გვინდა, რომ მშობლებმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მტკიცედ დაიმახსოვრეს, რომ ძალის გამოყენება დიდი საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, განვმარტავთ: გქონდეს ძალა, იყო ძლიერი მშობელი – ნიშნავს გქონდეს „ბუნებრივი მშობლური ავტორიტეტი“, რაშიც იგულისხმება არა ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი მოძალადე, არამედ მშობელი/აღმზრდელი, რომელსაც აქვს ძალა და ნება, ააშენოს მართებული ურთიერთობები საკუთარ შვილებთან და აღსაზრდელებთან. გქონდეს ძალა, იყო კარგი მშობელი თავისთავადი მოვლენაა, ის ვლინდება დასჯისა და არასათანადოდ ძალის გამოყენების გარეშე. სწორედ მაშინ, როდესაც მშობელს არ ჰყოფნის ძალაუფლება, ის ცდილობს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა. უფრო ზუსტად და გასაგებად: რაც უფრო მეტი ძალა აქვს მშობელს, მით უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობისკენ და მით უფრო მშვიდად და თანმიმდევრულად ასრულებს მშობლის მოვალეობებს.

ძალა, რომელიც მშობლებმა დაკარგეს – ეს არის ძალა, მართო საკუთარი შვილების ყურადღება, ხელი შეუწყო მათ პიროვნულ განვითარებას, განავითარო მათში დაცვის მექანიზმები, რომლებიც მომავალში, ზრდასრულობაში ძლიერი პიროვნებისა და მშობლის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. უმნიშვნელოვანესია, წავახალისოთ ბავშვების ბუნებრივი მიდრეკილება, განვითარდეს, ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები გარშემომყოფ ადამიანებთან.

ყველა მშობელი და აღმზრდელი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს, ერთი სურვილით არის გამსჭვალული. ყველას სურს მათი შვილები/აღსაზრდელები იყვნენ დამოუკიდებელი, ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, კარგად ორიენტირებდნენ დროსა და სივრცეში, შეეძლოთ საკუთარი თავის გაკონტროლება, ყოველთვის შეძლონ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ცხოვრება და, რა თქმა უნდა, იყვნენ საკუთრ თავში დარწმუნებული. უფროსები იმდენად ცდილობენ, რომ საკუთარი შვილები იყვნენ დამოუკიდებელი, რომ უკვე სრულიად დაივიწყეს, რა არის ბავშვობა ან რას ნიშნავს, იყო ბავშვი. მშობლები გამუდმებით წუწუნებენ, რომ მათი შვილები საერთოდ არ ემორჩილებიან და ყველაფერს სრულიად იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რასაც მშობლები მათგან მოითხოვენ.

სამაგიეროდ, მშობლები  ვეღარ ამჩნევენ, რომ შვილები თითქმის აღარ მიმართავენ მათ რჩევისთვის, მხარდაჭერისა თუ დახმარებისთვის. მშობლები სულ უფრო მეტად წუხან იმაზე, რომ შვილები არაფრად აგდებენ უფროსების მოთხოვნებს, თუნდაც სრულიად ლეგიტიმურს. მაგრამ მშობლები ფაქტობრივად არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ შვილები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ცდილობენ, დაიმსახურონ მშობლების მხარდაჭერა, სითბო და აღიარება. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ  მათი შვილები თანატოლებთან უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ, ვიდრე მშობლებთან.

მშობლებისთვის გაცილებით რთულია, დაიბრუნონ საკუთარი შვილები, დაიბრუნონ დაკარგული ავტორიტეტი, მშობლური სიძლიერე და მიჯაჭვულობა, ვიდრე ბოლო მოუღონ ურჩი შვილების ცუდ ქცევებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ – განმარტავენ წიგნის ავტორები – ეფექტური მშობლობისთვის აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: დამოკიდებული არსება, რომელსაც სჭირდება უფროსის მზრუნველობა; უფროსი, რომელსაც ექნება სურვილი საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა; და ბავშვის ძლიერი მიჯაჭვულობა სწორედ ამ ზრდასრულისადმი. აქვე დავძენთ, რომ ამ მიქსის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ბავშვის მიჯაჭვულობაა უფროსისადმი და, სამწუხაროდ, სწორედ ეს კომპონენტი ხდება ყველაზე ხშირად იგნორირების მსხვერპლი.

როდესაც მშობლები ფოკუსირდებიან მხოლოდ იმაზე, რა უნდა გააკეთონ, რომ კარგი მშობლები გახდნენ, ისინი ვერ ახდენენ კონცენტრაციას უფრო მნიშვნელოვან გარემოებაზე – ბავშვებთან მათ დამოკიდებულებაზე, რომელიც ხშირად არასრულყოფილია. მშობლობა უპირველეს ყოვლისა ურთიერდამოკიდებულებებია და არა უნარ-ჩვევები, რომლებიც უნდა გამომუშავდეს. მიჯაჭვულობა – ეს არ არის დასწავლადი ქცევა, ეს არის კავშირი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიძებნოს და გამაგრდეს.

პანდემია და მისი გავლენა საგანმანათლებლო პროცესის აქტორებზე

0

 ინტერვიუ ფსიქოლოგ ნათია იოჰანესენთან

 

ფსიქოლოგი ნათია იოჰანესენი, ნორვეგიაში ცხოვრობს და ქალაქ ლევანგერის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ზოგადი ფსიქიატრიის განყოფილებაში კლინიცისტ-ფსიქოლოგად მუშაობს.  ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის, რომელთა სპექტრი საკმაოდ ფართოა,  ნათიას ვთხოვეთ ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლეიც პანდემიამ ყველასთვის მოიტანა და თითოეული ადამიანისთვის ახალი რეალობა შექმნა. რა გავლენას მოახდენს პანდემიური სტრესი საგანმანათლებლო პროცესის წევრებზე და როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან გამკლავება, წაიკითხეთ ჩვენს ინტერვიუში.

 

 

კოვიდ 19-ის მიერ შექმნილმა ახალმა წესრიგმა იზოლაცია, გაურკვეველი მოლოდინი, ეკონომიკური სიდუხჭირე და მომავალი დღეების შიში მოიტანა. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ადამიანებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

 

ამ ტიპის იზოლაციით ადამიანი ექცევა მისთვის არაბუნებრივ პირობებში და უქვეითდება ფუნქციონირების ხარისხი. ეს ყველაფერი სტრესის საგრძნობლად მომატებასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ცუდი ამ დროს ის არის, რომ არ ხდება სტრესის გამომწვევი მიზეზების ალაგება და ადამიანი განიცდის პროლონგირებულ სტრესს, რაც მის ჯანმრთელობაზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მომავალში. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, შფოთვითი აშლილობებისკენ, აქვთ ბიპოლარული აშლილობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან ასეთ დროს. ჯერ ერთი იმის გამო, რომ საჭირო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ, ან თვითონ ფიქრობენ, რომ ამ დროს არ ღირს ექიმის/ფსიქოლოგის შეწუხება და ყველაზე მთავარი, ის, რაც მათ ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარებოდათ, ფაქტობრივად დროებით, გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.

 

 ადამიანები ოჯახებში  უფრო მეტ დროს ატარებენ, რაც აქამდე სანატრელი იყო, თუმცა დაიკარგა პირადი სივრცე და პირადი დრო, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად დარეგულირებული იყო. რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს ეს ყველაფერი ადამიანებში, როგორ აისახება მათ ფსიქიკაზე?

 

ოჯახის წევრების ერთ სივრცეში ყოფნას აქვს ბევრი პოზიტიური მხარე, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმ სახლებში, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და თაობის რამდენიმე წევრი მჭიდროდ ცხოვრობს და ყველას არ აქვს საკუთარი ოთახი. როცა ბავშვებს მეცადინეობები ონლაინ უტარდებათ და ამავდროულად მათი მშობლებიც იძულებულნი არიან, რომ დისტანციურად იმუშაონ, იქვე ბებია-ბაბუას საყვარელი სერიალი გადის ტელევიზორში, მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები იჩენს თავს, რაც თავისთავად ისევ მომატებულ სტრესს ნიშნავს. ამასთან პირადი სივრცის ქონა ადამიანს დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების გადამუშავებასა და ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

ბავშვები  ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – დისტანციური სწავლების ახალი გამოცდილება,  იზოლაცია, ნაკლები სოციალური ურთიერთობები და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. როგორ ფიქრობთ, იქონიებს გავლენას ეს ყველაფერი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

 

პაციენტებთან მუშაობის დროს ანამნეზის აღებისას აუცილებლად ვეკითხები – როგორ გრძნობდნენ თავს სკოლაში სოციალურად და რა სირთულეები ჰქონდათ საგნებთან მიმართებაში. სკოლის პერიოდის სოციალური ყოფა მნიშვნელოვანია საჭირო უნარების გამომუშავებისთვის და დიდწილად განსაზღვრავს სხვადასხვა საგანში ბავშვის წარმატებას. ეს არის სოციალური უნარების ვარჯიშის მთავარი არენა. დისტანციური სწავლება ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დაწყებითი სკოლის ბავშვებს აწვებათ. გარდა ამისა, ბევრი სხვა პრობლემა იჩენს თავს. ის, რომ ბავშვს არ მიუწვდება ხელი კომპიუტერზე და/ან ინტერნეტზე, მას მხოლოდ საგნებზე წვდომას არ აკარგვინებს, არამედ ბავშვში აჩენს დაბალი თვითშეფასების განცდას. ხშირ შემთხვევაში ეს განცდები ბავშვებში ცნობიერად არ ტივტივებენ და ყოველი ახალი მარცხი უფრო მეტად ამძაფრებს, ერთგვარად «უდასტურებს» წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ოჯახებში ფსიქოლოგიურ და/ან ფიზიკურ ჩაგვრას განიცდიან, სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ მოძალადე უფროსების გარემოცვაში.

 

როგორ შეიძლება შეცვალონ მშობლებმა ოჯახში განწყობის კლიმატი უკეთესობისკენ, თუ თავად აღარ არიან კარგად?

 

აუცილებელია სახლის პირობებში ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც ადამიანს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, და რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც უწინ. შესაძლებელია სხვადასხვა სამაგიდო გასართობებით შევიქციოთ თავი ბავშვებთან ერთად. ამ გზით ამ მდგომარეობას ერთგვარ პოზიტიურ ელფერს ვაძლევთ. სამაგიდო თამაშებით ბავშვი ბევრს სწავლობს, უვარჯიშდება მოთმინების, თანამშრომლობის უნარი; სწავლობს, როგორ აიტანოს წაგებით გამოწვეული ფრუსტრაცია და გაბრაზება. რაც მთავარია, სწავლობს დროის შინაარსიანად გატარებას.

 

მასწავლებლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც ისედაც მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში იმყოფებოდნენ. რა უნდა ქნან მათ, როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს, ასევე როგორ იყვნენ ეფექტური (რასაც მათგან ასევე განსაკუთრებით მოითხოვენ), თუ ორივე მნიშვნელოვანია ერთდროულად?

 

მასწავლებლებმა მართლაც საოცრებები შეძლეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულს, ვინც განსაკუთრებული კრეატიულობა გამოიჩინა ამ დროს და ბავშვს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რომლის ანალოგი ან არ არსებობდა, ან იმდენად მწირი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებოდათ ხელი. მასწავლებლების გამოცდილებაში დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაში ერთგვარი ვარიაციაა. თუმცა, ბევრი მასწავლებელი აღნიშნავს რომ ბავშვი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას, გაკვეთილები ზერელე და ზედაპირულია, ხშირია ტექნიკური სახის პრობლემები და ისინი ამას განიცდიან, ეს მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული სტრესია. ამ სტრესთან გამკლავება ღრმა სუნთქვითი ტექნიკით, სამწუხაროდ, არ მოგვარდება, იმიტომ, რომ ხვალ იმავეს აწყდება მასწავლებელი. მათ სახელმწიფოსგან სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რაც გამართულ ტექნიკურ აღჭურვილობაში და შესაბამის ინფორმირებულობაში გამოიხატება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და აძლევენ რჩევებს, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დროებითია, აუცილებელია ერთგვარი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება.

 

პანდემიის პერიოდში ადამიანები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე მანამდე და პროდუქტიულობის მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. სად უნდა გავჩერდეთ და სად უნდა გავავლოთ წითელი ხაზი პროდუქტიულობის მოთხოვნასა და არსებულ შესაძლებლობებს შორის?

 

ასეთ გარემოში ეფექტურობა კრიზისის მართვის უნარით იზომება. ძალიან ბევრსაც ნუ მოვთხოვთ საკუთარ თავს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა.

 

მოსალოდნელია, რომ ვირუსი არა მარტო ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ ეკონომიკურადაც დაგვაუძლურებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იქონიებს გავლენას. რა იქნება თქვენი, როგორც პროფესიონალის რჩევა, როგორ გადავურჩეთ მის დამანგრეველ ძალას და ვიპოვოთ წონასწორობა?

 

დავკავდეთ საყვარელი საქმეებით, შევინარჩუნოთ დღის რეჟიმი, ძილის ჰიგიენა ამ დროს არსებითია, არ დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, სირბილი, დისტანციის დაცვით, რა თქმა უნდა. მშობლებს ვურჩევდი ხშირად ჩაეხუტონ შვილებს და ასე აგრძნობინონ, რომ ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად არიან მათ სიახლოვეს, არამედ ემოციურადაც. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დროებითია. ნორვეგიელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა: «ან ყველაფერი ჩაივლის, ან ყველაფერი კარგად იქნება».

 

 

უოლტ უიტმენის სამყარო

0

ლიტერატორთა ნაწილი დიდ პოეტს – უოლტ უიტმენს ქრისტეფორე კოლუმბს ადარებს ხოლმე. მაგალითად, ზვიად გამსახურდია შემოქმედსა და მოგზაურს შორის არსებულ ერთ მნიშვნელოვან მსგავსებაზე ამახვილებდა ყურადღებას. კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, კონტინენტს მიაკვლია, ახალი მიწის არსებობის შესახებ ამცნო დანარჩენ სამყაროს. უიტმენის მთავარი დამსახურებაც ამერიკის აღმოჩენა გახლდათ, ოღონდ თეთრწვერა მოხეტიალემ სასარგებლო წიაღისეულის, კოლონიზაციისთვის ხელსაყრელი სივრცეების ნაცვლად უზარმაზარი უცნობი ქვეყნის სული გვაპოვნინა. ამერიკაზე ფიქრისას ყოველთვის „ბალახის ფოთლების“ ავტორი წარმომიდგება თვალწინ, რადგან პოეტმა ამერიკის ყოველდღიურობაზე დაკვირვებით, მისი საიდუმლოებების ამოხსნით ყველასთვის გასაგებად და მარტივად ახსნა ადამიანად ყოფნის არსი, ადამიანის მთავარი მისია დედამიწაზე.

როგორ შეძლო პოეტმა არამატერიალურ სფეროში კოლუმბის ფუნქციის შესრულება?

ნიჭისა და მოწოდების, ზებუნებრივ ძალებთან უდავო კავშირის გარდა უიტმენის შემოქმედებაზე თავისი ღრმა კვალი ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც დატოვა. იგი დაიბადა მრავალშვილიანი ფერმერის ოჯახში, რომელსაც გაჭირვების გამო ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. არც ბავშვობის შემდეგ ყოფილა ლონგ აილენდელის ყოფა სტაბილური. სხვადასხვა დროს ორჯერ სცადა მასწავლებლობა, ხშირად მუშაობდა ჟურნალისტად და რედაქტორად, თავადაც გამოსცემდა გაზეთს, რომელიც ერთ წელიწადში დაიხურა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ის მხოლოდ სიტყვით, თავისი ლექსებითა და სტატიებით არ უმაგრებდა ზურგს ამერიკის ერთიანობისა და მონობისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლ პრეზიდენტ ლინკოლნს. უიტმენი ფიზიკურად შრომობდა ლაზარეთებში, უვლიდა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებს, მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში. მისი ლექსები და კრებულები მრავალჯერ ყოფილა უსამართლო გაკიცხვისა და გარიყვის მსხვერპლი. მოკლედ, დიდი პოეტი ყოველთვის ახლოს იყო ხალხის მასებთან, ქუჩაში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან, განცალკევებით მდგარი გლეხური კარ-მიდამოების მოსახლეებთან, ბრძოლაგამოვლილ სამხედროებთან, ყოველთვის იზიარებდა, საკუთარ მაგალითზეც აცნობიერებდა ჩაგრულთა ბედს და შედეგად, მუდამ გრძნობდა თავისი ხალხის მაჯისცემას. მათმა სიყვარულმა, მათდამი მოკრძალებამ გაუხსნა პოეტს ბუნებისა და მთელი სამყაროს შემეცნებისკენ მიმავალი გზა.

როგორ სამყაროს ქმნიდა უოლტ უიტმენი თავისი შემოქმედებით?

უიტმენის სამყაროს რამდენიმე მახასიათებლის გამოსაკვეთად ჩემს საყვარელ ლექსებს მოვიხმობ. ჩემთვის პოეზიის შერჩეულ ნიმუშებში ყველაზე უკეთ ჩანს ამერიკელისთვის დამახასიათებელი ჰუმანიზმი, მისი მსოფლმხედველობის სხვა წახნაგები, ადამიანის ბუნებრივი მოვალეობანი. შეგვიძლია სამოქალაქო ომის მონაწილე პოეტის ნამდვილ მანიფესტად მივიჩნიოთ სულ რამდენიმე ბწკარისგან შემდგარი ლექსი „მე ყოველ კაცში …“:

” მე ყოველ კაცში ჩემს თავს ვხედავ,

არავინ არის უკეთესი ან უარესი ქრთილის ოდენად,

ვინც სხვას ამცირებს, მეც მამცირებს,

და ვფიცავდე, არ მივიღებ არაფერს ისეთს,

რაც არ შეხვდება ყველას თანაბრად,

ვასახიერებ ყველა ტანჯულს, ყველა განკიცხულს,

რასაც მე ჩემსას დავარქმევ, დაარქვით თქვენიც,

სხვაგვარად არ ღირს, მოსმენაც ჩემი. ”

დააკვირდით!!! ხელის გულზე დევს ყველა ის ღირებულება, რომელთაც ამერიკელი თავისი მახვილი კალმით იცავს. უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანთა თანასწორობას ქადაგებს და ხმამაღლა შეგვახსენებს, რომ განსხვავებებისა და მრავალფეროვნების მიუხედავად ყველანი ღმერთის შვილები ვართ. აქვე, უოლტ უიტმენი მკაცრად ილაშქრებს ჩაგვრის წინააღმდეგ, გვიმტკიცებს, რომ თავისუფლების ერთი ცალკეული გამოვლინების შელახვა და გათელვა ნიშნავს ყველა ადამიანის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშს. რაც მთავარია, ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ადამიანის უმთავრეს მოვალეობაზე სვამს აქცენტს და მკითხველს მის ხელთ არსებული სიკეთის გაზიარებისკენ, განაწილებისკენ მოუწოდებს. გაზიარებითა და განაწილებით შეუძლია ადამიანს თავისი ამქვეყნიური მისიის ყველაზე უკეთ შესრულება.

მაგრამ მხოლოდ ადამიანთა თანასწორობის აღიარება, ერთი ადამიანის ჩაგვრის საყოველთაო ჩაგვრად აღიარება და სიკეთის დანარჩენებისთვის განაწილება საკმარისი არ არის. აუცილებელია თითოეული ჩვენგანის კიდევ ერთი გამორჩეული თვისების აღიარება:

„…მთელი სამყარო მოიარა ჩემმა გონებამ

ყოველი არსის თანაგრძნობის მატარებელმა

ვეძებდი ყველგან ჩემს თანაბარს მოსიყვარულეს და მეინახეს მივაგენი

ყოველ მხარეში ყველა თქვენგანი უსაზღვროა განუზომელი

და ყოველ მათგანს უფლება აქვს  დედამიწაზე

გაიზიაროს მარადიულ ცხოვრების აზრი

ყველა თქვენგანი ღვთიურია და თანაბარი.“

მაშასადამე, ადამიანები მხოლოდ თანაბარნი კი არ არიან, მინის ტარის ქარხანაში ერთ თარგზე გამოჭრილი ბოთლებივით ერთნაირნი კი არ არიან… არამედ ყოველი ადამიანი ცალკე სამყაროს წარმოადგენს, ღვთიურ, უსაზღვრო და განუზომელ, მრავლის მომცველ სამყაროს, რომელთა სრულყოფილად შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მათი არსებობისადმი პატივისცემა უპირობოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პლანეტაზე ცხოვრების გაკეთილშობილების საქმეში.

უოლტ უიტმენის მიერ აღწერილი და მხარდაჭერილი წესრიგის დასაცავად, შესანარჩუნებლად მხოლოდ განაწილება არ კმარა. ერთი ადამიანის სამყაროს გადასარჩენად და გამოსავლენად მეორეს თავდადება უნდა შეეძლოს, არაორდინარულ ქცევას არ უნდა ერიდებოდეს, გაბატონებული წესებისა და კანონების წინააღმდეგ უნდა დგამდეს ნაბიჯებს. თან სხვა ადამიანისთვის თავგანწირვა მარადიული უნდა იყოს, მზის ჩაქრობამდე უნდა გრძელდებოდეს. სწორედ ერთი ღვთიური, უსაზღვრო და განუზომელი ბუნების ხსნის მიზნით უნიშნავს უოლტ უიტმენი მეძავს პაემანს:

„დამშვიდდი, კდემა განიშორე ჩემთან –

მე ვარ უოლტ უიტმენი,

ბუნებასავით უხვი და მძლავრი

და ვიდრე შენ მზე არ უარგყოფს არც მე უარგყოფ

ვიდრე წყალი დის შენთვის

და შრიალს არ იშლიან შენთვის ფოთლები

ეგრევ ჩემი ხმაც არ მოიშლის დენას და შრიალს შენს გასაგონად,

ჩემო გოგონი, მე გინიშნავ პაემანს…“

სანამ ადამიანები „ბალახის ფოთლებს“ კითხულობენ, ამ „ფოთოლებზე“ დაწერილ განუმეორებელ პოეზიას ამჩნევენ, ყოველთვის შეძლებენ „უოლ სტრიტის მგლების“ მიღმა დარჩენილი ამერიკის, უოლტ უიტმენის ამერიკის შემჩნევას.

მკაცრი „ზღაპრის” რეალობა

0

ჯანო ჯიქიძის ფარშევანგის სოლოსა“ და ჩვენში ჩანერგილ” საბჭოეთზე

ჯანო ჯიქიძის ეს რომანი, ხშირად ნატურალიზმამდე დასული რეალისტურობით, ზოგან დოკუმენტური კადრებივით რომ გაკრთება ხოლმე (რითაც კარგად ირგებს მასში ასახულ საბჭოურ რეალობას), ჟურნალისტურ ქრონიკას მოგვაგონებს და გამოირჩევა მწერლისთვის დამახასიათებელი სარკაზმითა და ირონიით, რომელიც საინტერესოს ხდის ნაწარმოებს და არ ანელებს მასში მოთხრობილი მრავალგვარი ამბებისა თუ თავგადასავლებისადმი მკითხველის ინტერესს, თხრობის მძაფრი, ხალისიანი რიტმიდან გამომდინარე.

„ჩემი ცხოვრება წვნიანია, რომელსაც ბედისწერა ხარშავს, რითიც მიცხოვრია, იმით ამზადებს; როგორც მიცხოვრია, იმგვარად კაზმავს და შეჭამანდიც გამოდის შესაბამისი… ზოგი თავისივე ცხოვრების შეჭამანდს თვითონვე გემრიელად შეექცევა; ზოგსაც თავისაზე გული ერევა. სტუმრად ურჩევნია დანაყრება – საკუთარ ცხოვრებას სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ურჩევნია, რას გაიგებ!“ (105). მწერალი ჯანო ჯიქიძე რეალობას ასახავს (პირადს თუ საზოგადოებრივს) ორი პოზიციიდან: ერთია – თანამედროვე თვითდასმენა, როცა ავტორი განიცდის, რომ თვითონვეა თანამონაწილე და შემქმნელიც მისივე ასახული პროცესებისა და მეორე – კლასიკური „მე არაფერ შუაში ვარ“, როცა მწერალი ობიექტური დამკვირვებლის როლშია, იხსნის პასუხისმგებლობას. მაგრამ ხშირად ხდება შემოქმედში ამ ორი პოზიციის ძალაუნებური სინთეზი, შერწყმაც: „ერთმა კლასიკოსმა, ანუ ბუმბერაზმა მთამ… ყველა ცოცხალი „მე არაფერ შუაში ვარ“ მწერლის გასაგონად თქვა: „მადამ ბოვარი მე ვარ“… ასე მიმართა თვითდასმენას თავისი კლასიკური „მე არაფერ შუაში ვარ“ პოზიციით შეძრწუნებულმა“. (181)

თამბაქოსა – ასე ჰქვია ფანტასმაგორიულ პერსონაჟს, რომელიც ხანდახან ჩნდება რომანში, როგორც საუკეთესო მეგზური საბჭოთა ეპოქაში მოგონებებით გადანაცვლებისათვის. ესაა თამბაქოს დემონი, ქოსატყუილას ქალაქური მორფოზი. იმ დროის ლოკალში ხომ „ქოსატყუილებით იყო სავსე ქვეყანა… ახლა რომ მიდი-მოდიან, თავი კიტრად მოაქვთ, ყველგან ის ქოსატყუილები პირველობდნენ: შესწრებასაც ასწრებდნენ და გამოსწრებასაც, შეძვრომასაც დროულად ახერხებდნენ და გამოძრომასაც“.(17). იმდროინდელი უტოპიური, მატყუარა იდეოლოგიაც ხომ ძალიან ჰგავდა თამბაქოს კვამლს, რომელიც, ილიასი არ იყოს „თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის… ხშირად თვალიდან ცრემლსაც გვაყრევინებს ხოლმე“.

უფროსებსაც სჭირდებათ ზღაპარი, როგორც რეალობა, რომელშიც იბრუნებენ სიმშვიდის მომგვრელი სიბრძნის, ბავშვური სისუფთავის, მივიწყებული იდუმალების შეგრძნებას. აქ მათი გაუხეშებული სულები ისევ ოცნების რეჟიმში გადაინაცვლებენ, უიმედობას ცვლის რწმენა იმისა, რომ ყველას თუ ვერა, ზოგიერთ ნატვრას მაინც განახორციელებენ და მოარგებენ უხეშ, პრაგმატულ რეალობას, რომ დახვეწონ, სრულქმნან ის. ეს ზღაპრის ის ჯადოსნობაა, რომელსაც მხოლოდ უფროსში მობინადრე ბავშვი გრძნობს და ნამდვილ პატარასავით ლმობიერი, თავისუფალი და უკვე თავისი ასაკიდან გამომდინარე, ზომიერად, „რეალისტურად“ იდეალისტი ხდება.

აი, ამის მწერლისეული ინტერპრეტაცია: „თავიდან ჩვენ (ბავშვებს) გვჯერა ზღაპრების; შემდეგ ჩვენ (ყმაწვილებს, ახალგაზრდებს) აღარ გვჯერა ზღაპრების; მოგვიანებით ჩვენ (ზრდასრულებს, მოწიფულებს) გვჯერა პოლიტიკოსების ზღაპრების; შემდეგ ჩვენ (ხანშიშესულებს) აღარ გვჯერა პოლიტიკოსების ზღაპრების; დაბოლოს ჩვენ (ხნიერები) ზღაპრებს ვუკითხავთ ციცქნა შვილიშვილებს და შევხარით მათ, რადგან ამ პატარებს სჯერათ ზღაპრების და ჩვენც ვცდილობთ, დავუბრუნდეთ იმ ცინცხალ შეგრძნებებს, შთაბეჭდილებებს, რომლებიც ბავშვობაში გვქონდა… ვიწყებთ დაბრუნებას ბავშვობაში, მაგრამ, ცხადია, ეს დაბრუნება ნაწილობრივია ან სულაც შეუძლებელი“. (8). შეუძლებელი კი იმიტომ, რომ შემოგვთავაზეს ზღაპარი, რომელშიც არ იყო სიბრძნე. ასეთ შემთხვევაში არც სიკეთე იმარჯვებს და ზღაპარიც იქცევა ყალბ ნიღბად მძიმე, შეულამაზებელი რეალობისა, რომელსაც ამ რომანში მწერლისეული მოგონებები აცოცხლებს და მკითხველში არასასიამოვნო იმედგაცრუების მძაფრ განცდას ბადებს, ავტორისგანვე წამოსულს.

„ყველაზე დიდი საოცრება კანონზომიერებაა“ ამბობს მწერალი და უფრო დიდი საოცრება – საბჭოური კანონები თუ კანონზომიერებანი. გავიხსენოთ ისინი.

„ზოოპარკი სსრკ-ს ჰგავს. თავისუფლება უნდა იყოს ზოოპარკის გარეთ და, თუ შიგნით შეაღწია, სასიკეთოდ კი არ იმოქმედებს, პირიქით, ისეთ ამბებს დაატრიალებს, ვერც კი მიხვდები, რომ ეს ის არის – მისი უდიდებულესობა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“ – ამბობს რომანის ერთ-ერთი გმირი, უკრაინელი ვეტექიმი გოგო. ამიტომ ამ სიტყვების ხსენებაც იკრძალებოდა ჩვენს მაშინდელ „დიად სამშობლოში“, როგორც, მაგალითად, რელიგიისა და თუ ყველა ამბობდა, რომ „ქართველი და სტალინი ხომ ერთი და იგივეაო“, სტალინის სასულიერო სემინარიაში სწავლის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იყო და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც ვერ მოიძიებდა კაცი.

რწმენის, როგორც „ხალხის ოპიუმის“ ამოძირკვა ადამიანთა ცნობირებიდან ჯერ კიდევ ეკლესიების ნგრევით დაიწყო და დამთავრდა იმით, რომ ბუნებრივი, სანიმუშო გახდა ადამიანის ათეისტობა, თუმცა ხალხი მაინც არ თმობდა ამ „ატავიზმს“, რელიგიას და ღმერთთან სიახლოვის შემანარჩუნებელი სულის მდგომარეობას ნებისმიერი გზით ეძებდა, როგორც გამოცარიელებულიდან, საშინელიდან თავის დასაღწევ და ფაქიზ, იმედიან სამყაროში გადანაცვლების საუკეთესო საშუალებას: „ბებიაჩემს, ეკა თაბაგარს, საგანგებოდ სარკმელი ჰქონდა გაჭრილი სახლის უკანა კედელში ისე, რომ ზუსტად ეკლესიის ბოლო და მობრეცილი გუმბათი დაენახა. ოთახს სულ არ სჭირდებოდა-მეთქი, ეს სარკმელი საგანგებოდ იყო გაჭრილი და ასე, აქედან მალულად ლოცულობდა ევა თაბაგარი, 200 მეტრის მოშორებით მდგარი ეკლესიისკენ პირით და პირჯვრის წერით“(403).

ყოველგვარი ეროვნულისა და ტრადიციულის დამაჩლუნგებელ საბჭოეთში ფოლადივით იწრთობოდა და იდეოლოგიურად (თუმცა იდეურობაც მოჩვენებითი და მცონარობის შემნიღბველი იყო) სასურველ „ფორმას“ იღებდა ადამიანის განსაკუთრებული, მორჩილი ჯიში (რადგან დაუმორჩილებლებს სანიმუშოდ უსწორდებოდნენ), საბჭოთა ინტელიგენტი. „ეს ჩემისთანა უძალო და შინაგანად თავისუფალი, გარეგნულად მხიარული და შინაგანად ფრუსტრატი ხალხი, დისიდენტობის თავიც რომ არ ჰქონდა, ვერაფერს რომ ცვლიდა სასიკეთოდ, ანეკდოტებს ჰყვებოდა წარმატებულ კომუნისტურ პარტიაზე“. (117)

ჯანო ჯიქიძეს, რომანის მთავარ გმირს, საბჭოთა ჯარის უფროს ლეინტენანტს, ექიმ-სტომატოლოგს, რუსი ოფიცრების წრეში უწევს ტრიალი. ომი, როგორც არსებული თუ წარმოსახვითი რეალობა, მძაფრი იყო საბჭოეთისთვის, რომელიც ცხელ თუ ცივ ომებს აწარმოებდა მსოფლიო მასშტაბით. აღიარებული ჭეშმარიტებაა და ომები მშვიდობისათვისაა ხოლმე. „ომი და მშვიდობა… უხსოვარი დროიდან დღემდე ასეთი პინგ-პონგია… საკუთარ თავთან მოიგე ომი თუ მაგარია. მერე ეომოს სხვებს; მაგრამ არა, ამდენი გამბედაობა არა აქვს… და ომობს. მშიშრების მოგონილია ომი, სუსტების მოგონილია, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებათა მოგონილია… ბრეხტის მშვიდობა, დროებით დაზავებულთა მშვიდობა… ომი და მშვიდობის პინგ-პონგი მამა-ღმერთის, დედამიწის საბედისწერო განრისხებამდე“ (79) – ამბობს მწერალი. მართლაც, რუსეთის მშვიდობა დღემდე „დროებით დაზავებულთა მშვიდობაა“. რომანში კარგადაა გამოძერწილი ომსა და სისხლს მოწყურებული, მშვიდობიანობაში უფუნქციოდ დარჩენილი რუსი ოფიცრების სახეები, რომლებიც, როგორც ყველა საბჭოეთის მკვიდრი, იდეოლოგიურ წნეხს განიცდიდნენ და უმომავლონი იყვნენ პარტიულობის გარეშე. „ლოთბაშ ოფიცერს (ძირითადად, კადრის ოფიცერს), ე.წ. „ზაპოი“ რო დაეწყებოდა, დასალევს კი არა, ოდეკოლონებსა და ლოსიონებს მალავდა ხალხი. „ზაპოიში“ შეგრიალებული ოფიცერი სადაც რამეს წაასწრებდა, თუნდაც ალკოჰოლის შემცველ რამე სითხეს, სულმოუთქმელად ნთქავდა“(138). საინტერესოა მწერლის ირონია იმ დროის „კოლორიტზე“, საბჭოთა გამოსაფხიზლებელზე: „მაშინ არ ენანებოდათ შხაპი და მასაჟი, მართალია, შხაპი ცივი იყო და მასაჟი უხეში, მაგრამ ზრუნავდნენ, ძმაო! საბჭოთა მოქალაქეზე ზრუნავდნენ“.(147)

კომუნისტურ ყრილობებზე დაუსრულებელი ტაშის თუ პოლიტბიუროს ლიდერების გარდაცვალებისას დედამიწის 1/7-ზე ერთკვირიანი გლოვის გამოცხადების ასოციაციების გარდა, საბჭოეთის სხვა ანარეკლიცაა ჩვენს ახლანდელ რეალობაში. ვერაფერი ეშველა დემაგოგიით გამოფიტულ სულს, რადგან დღემდე ზოგჯერ იგივე გრძელდება: „ცრუზეიმების ადგილები აინთებიან – ჩაქრებიან, ციმციმებენ ხან აქ, ხან იქ; ჯერ ლუდხანებში, შემდეგ ქალაქის ქუჩებში, მოედნებზე, სტადიონებზე, ეთერში, ტელესივრცეში, სადაც გაწვრთნილი სიტყვის ჯარით მსმენელის თავმოყრა-დარწმუნება-დამორჩილება-მოტყუება დემაგოგს აგრერიგად ეიოლება“. (136). ძველი დროის ანარეკლი  – მონური ფსიქოლოგია, ბელადის მოსურნეობა და მოპოვება შეძახილით „ქვიშა მაგარია!“.

მაშინაც ასე იყო და ახლაც: ბრძოლას (ფიზიკურთან ან თუნდაც „ქარის წისქვილებთან“) მაშინ აქვს აზრი, როცა გინდ სუსტი იყო, შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გწამს გამარჯვების, რომელიც შენზე თუ არა, სხვაზე მაინც, ადრე თუ გვიან აისახება. კეთილშობილი რისკიც გამართლებულია ამ დროს და ძალთა დარღვეული თანაფარდობაც. ესაა ბრძოლა ბრძოლისათვის, სამაგალითო პოეზიის გაკვეთილი მძინარე, კეთილდღეობის გაზულუქებულად მორჩილი სულებისათვის. ისინი თუ ოდნავ მაინც გამოაფხიზლე თვითკმაყოფილების ბანგიდან და ღირსეულად ფიქრის უნარი დაუბრუნე, გამართლებულია შენი „განწირულის სულისკვეთებაც“ მაშინ. არსებულ იდეოლოგიასთან ფარულმა, შინაგანმა ომმაც შობა გმირები, მათ დისიდენტებს უწოდებდნენ: „არნიკა მთის ბალახია – ის ჰგავს დისიდენტს, რომელიც ძალაუფლებისათვის არ იბრძვის. მგზავრებითა და მგზავრობით გატკეპნილ ალპის ბილიკებზე თუ რამე ხარობს, ეს არის Arnika – ბალახი, რომელიც უძლებს ფეხით თელვას… დისიდენტებო! დაარქვით თქვენს ადგილსამყოფელს ან შეკრების ადგილს, ან გარდაცვალების ადგილს Arnika, რომ როგორმე მოგაგნოთ!“(381, 382). რისკიც იყო და აზრიანი „ბრძოლა ბრძოლისათვის“ გურამ რჩეულიშვილის პასიური პროტესტი – გასროლა ლენინის მოედანზე თუ აქტიური პროტესტი – 9 აპრილს დაღვრილი ბავშვების უმანკო სისხლი, რომელმაც ეს „ბოროტების იმპერია“ დააქცია.

ჩვენს უფროს ძმას – რუსს, არც ჩვენი, მათზე ბევრად ძველი ქრისტიანული ტრადიცია ხიბლავდა და არც თუნდაც უნიკალური ქართული ხალხური სიმღერის მრავალხმიანობა. მრავალჟამიერი საოცრებაა თავისი გენიალური ოპტიმისტური, არქაული სევდით და კრიმანჭულიც, რომლიც საინტერესო დახასიათებაა მოცემული რომანში: „არის მასში რაღაც მასკარადული, უფრო სწორად – ჯამბაზური, ოღონდ… ვიღაც ზემდგომის გასართობად კი არაა, არამედ ხალხის წიაღიდან, ხასიათიდან ამოსულ-ამოზრდილი – ტრაგიკომიკურია, სიცილ-ტირილია. ცხოვრების წნეხისგან თავის დაღწევის, დამთრგუნველი სევდის გაქარვების ჯამბაზური ილეთია… „მაინც ჩემი ძმაი იყო“ (სიმღერის ბოლო) საომარი ყიჟინა და არტისტიზმი“.(21). მთელი მსოფლიო მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს მოწიწებითა და სიყვარულით, მაგრამ არ მინახავს ქართულად ამღერებული რუსი და არ მინდა, ეს მათ უნიჭობას მივაწერო…

 

ხანდახან მგონია, რომ მთელი რუსეთი მისივე გენერლებივით აზროვნებს, ანუ „მგზავრის წერილების“ „პროგრესული“ ოფიცერივით, თავისი საშაქრის ბუზებისა და ველურ კავკასიელებზე მოარული თეორიებით. რუსეთის „ცივილიზებულობა“ ან „ცივილიზატორობა“ იმ დროიდან მოყოლებული დღემდე სახეზეა. ამ აგრესიის ფონზე, მთელ მსოფლიოს რომ მრავლისმეტყველად ემუქრება, იმედად რჩება თუნდაც უბრალო რუსი გლეხის კაცთმოყვარეობა, სენტიმენტალიზმი, სიბრძნეც და მათი მთელი მე-19 საუკუნის ლიტერატურა, მოულოდნელი და საოცარი ვულკანის ამოფრქვევასავით, ერი ასე რომ გააკეთილშობილა.

რომანში ზუსტი აქცენტებია საბჭოური 70-წლიანი რეგრესის ამსახველ ჩვენს სულიერებით ღატაკ დღევანდელობაზე. ქართველს ბევრ სხვათა ომში უბრძოლია და ჩვენი ბედის ამ ხანდახან შეგნებულად მივიწყებული ტრაგიზმის მაგალითად დავით გურამიშვილიც კმარა. დიდი სამამულო ომიც არ იყო, ალბათ, „ჩვენი ომი“, „წითელი ჭირისა“ და „ყავისფერი ჭირის“ ურთიერთშეხეთქება. მაგრამ ის პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც საქართველომ გაიღო, საპატიოა, თუმცა ახლა ნაკლებად მიაგებენ პატივს მაშინ რუსეთის მიწაზე დაღუპულ ქართველ გმირებს. ჩვენი მძიმე ყოფის ცინიზმი, მორიგი შტრიხი რომანში: „სპილენძს იბარებდნენ, თურქეთში გაჰქონდათ. იქ, ცხადია, ისე იბარებდნენ, სულ არ აინტერესებდათ ფერადი ლითონის წარმომავლობა, სულერთი იყო ტროლეიბუსის სადენებს ჩააბარებდნენ თუ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის მემორიალის, ქალი-ქანდაკების კაბის კალთებს“. (236)

ქართული რეალობის კიდევ ერთი და ყველაზე მძიმე დაღი: 21-ე საუკუნის მსოფლიო ცივილიზებურობაზე აცხადებს პრეტენზიას და თავს იწონებს არნახული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით, ჩვენ კი შუა საუკუნეების სინამდვილეში დავრჩით, დაკარგულად არა, მაგრამ აღარც ჩვენად ჩათვლილი ტერიტორიებით. ისევ წლების სიღრმიდან გამოყოლილი ტკივილები და ნაღველი, ოცნება ბედნიერ, მშვიდ მომავალზე, რომელსაც აფხაზები და ოსებიც განიცდიან, რადგან ისინიც ადამიანები არიან, ოღონდ სხვისი დაწერილი სცენარის მიხედვით მორგებული როლებით საერთო მტრის გასართობად, როგორც ნაწარმოების ავტორი აღნიშნავს. რომანში ამასთან დაკავშირებით ერთი შთამბეჭდავი მომენტია: „მახსოვს, რომ 31-ში ღამით სროლა შევწყვიტეთ. ორივე მხარემ უსიტყვოდ ვუთხარით ერთმანეთს, ახალ წელს ცოცხლები შევხვედროდით. თქვენ გინდოდათ, საახალწლო სუფრა გქონოდათ და ჩვენც – იგივე. ქართველებს ღვინო გვქონდა და გამოგიგზავნეთ, აფხაზებს ხბოს ხორცი გქონდათ და გამოგვიგზავნეთ. ახალ წელს შევხვდით მშვიდობიანად – რაც გვენატრებოდა, ის გავითამაშეთ. კავკასიელები არტისტები კი ვართ, მაგრამ როდის ვიყავით ბუნებრივი (მე – მე და შენ – შენ)? როცა ვესროდით, თუ როცა ღვინო და ხორცი (სისხლი და ხორცი) ერთმანეთში გავცვალეთ?“ (453). ბუნებრიობა კი გულის ხმის მიყოლა, წარსულის დაძლევა და ისევ ერთმანეთისაკენ ახლა უკვე ეკალ-ბარდით თითქოს გაუვალი გზების ძიებაა… და კიდევ იმედი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს ბედისგან განწირულებს და ავტორის დასმული კითხვაც – „…ეს მოძველებული საფლავის ქვები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერი წახდა, სხვის ქვეყანაში ხიზნობამ დასცა და დააკნინა?“ – რიტორიკულად უნდა აღვიქვათ, დადებითი პასუხის მოლოდინით…

ვთვლი, რომ ჯანო ჯიქიძის ეს რომანი ოპტიმისტურია, თუმცა ამ „ფურცლებს ურჩევნიათ, ქაღალდის თვითმფრინავებად იქცნენ და გაფრინდნენ, პეპლებზე უფრო ხანმოკლედ იცოცხლონ, ოღონდ ხელში არ ჩაუვარდნენ აგრესიული ინფანტილიზმით დაავადებულ პოლიტიკოსებს, პოლიტიკანებს, პოლიტიკინებს!…“(416). მართლაც, პოლიტიკაზე დიდი დროის დაკარგვა და მისით დასნებოვნება ხომ ასეთი უაზრობაა ამ გენიალური და მარტივი „იყო და არა იყოსავით“ წუთისოფელში…

 

 

 

 

The Question, ანუ ზე-კითხვა

0

2017 წლის ნოემბერში მქონდა ბედნიერება, სევილიაში ვყოფილიყავი და დავსწრებოდი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას (სხვათა შორის, სევილია იმდენად ლამაზია, ლამის ჩემი საყვარელი რომიც კი გადაფარა). ამ კონფერენციისათვის საკმაო ხანს ვემზადებოდი, რადგან ზუსტად უნდა შემერჩია, რომელ გამოსვლებსა თუ სესიებს დავესწრებოდი. მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდი იყო. თემატიკა, ფაქტობრივად, ყველაფერს მოიცავდა, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლების სისტემით. იყო ჩემთვის ნაცნობი და უცნობი საკითხები, მაგ. აზროვნების დიზაინი (Design thinking), შემოქმედებითი აზროვნება (creative thinking), მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, შეფასების საკითხები, ხარისხის მართვა და ა.შ.

რაც შეეხება უცნობ საკითხებს, ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდმა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გაგებული მქონდა ამ მიდგომაზე, კარგად არ მესმოდა, რა იყო მასში განსაკუთრებული.

მოკლედ, ჩავედი სევილიაში, მივედი კონფერენციაზე და შევედი უდიდეს დარბაზში, სადაც მთავარი მომხსენებელი, ე.წ. keynote speaker გამოდიოდა სიტყვით. იქაური გარემო დაახლოებით კინოჩვენებას ჰგავდა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მომხსენებელი ვინმე ჯონ ბერგმანი იყო. სწორედ იქ გავიგე, რომ თურმე ამ კაცის მოფიქრებული ყოფილა ეს მოდელი. მან და მისმა კოლეგამ, აარონ სემსმა დაიწყეს და განავითარეს ეს ინსტრუმენტი.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო (თუ ვწერო), მისი გამოსვლით ძალიან მოვიხიბლე და გადავწყვიტე კიდევ ერთ, ამჯერად უკვე უფრო მცირე აუდიტორიაში დავსწრებოდი მის სესიას. რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ადამიანი გვიხსნიდა, გვათამაშებდა და ჩვენთან ერთად მსჯელობდა თანამედროვე სასკოლო განათლების ნაკლოვანებებზე, მოდელის სპეციფიკასა და უპირატესობებზე.

მისი თქმით, ეს არის პედაგოგიური მიდგომა, სადაც ახსნისა და ინსტრუქციის ნაწილი ჯგუფური სასწავლო სივრციდან, ანუ საკლასო ოთახიდან გადადის ინდივიდუალურ სასწავლო სივრცეში, ანუ სახლში. შესაბამისად, ჯგუფური სასწავლო სივრცე ტრანსფორმირდება უფრო ინტერაქტიულ სასწავლო გარემოდ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სასწავლო მასალა ბავშვებს წინასწარ მიეწოდებათ და საკლასო სივრცე გამოყენებულია ინდივიდუალური თუ უფრო პრაქტიკული და განმავითარებელი მიზნებისათვის, ვიდრე ეს არის ტრადიციულ მიდგომაში, სადაც ბავშვები პასიური მსმენელის როლში არიან.

როგორ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ეს, ანუ როგორ უნდა გარდაქმნას მოსწავლე პასიური მიმღების როლიდან უფრო აქტიური მონაწილის როლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცალკე საკითხია.

ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც აღნიშნული მოდელი ცდილობს, რომ პასუხი გასცეს, არის შემდეგი:

როგორ უნდა გამოვიყენოთ საგაკვეთილო დრო ეფექტურად?

ეს შეკითხვა საუკუნეების მანძილზე დგას სასკოლო განათლებაში. სწორედ ამას ეძახიან შებრუნებული საკლასო ოთახის შემქმნელები მთავარ შეკითხვას, ანუ the question: ეს არის და ეს, რასაც მოდელი პასუხობს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დასაფიქრებელია და განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ დღეს, დისტანციურ რეჟიმში სწავლებისას.

და მაინც, როგორ უნდა გამოვიყენოთ 30, 35, 40 ან 45 წუთი ისე, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი? დღესდღეობით, მასწავლებლების უმრავლესობა ხომ დროის 50%-ს ახსნაში ატარებს, ხოლო მეორე ნახევარს – შემოწმებაში?! არადა, თუ ყველასათვის კარგად ნაცნობ ბლუმის ტაქსონომიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ პირველ საფეხურებს ფარავს – ცოდნასა და გაგებას. გამოდის, რომ შემდგომ საფეხურებზე მუშაობა – გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება – მოსწავლეს დამოუკიდებლად უწევს. სწორედ აქ შემოდის შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ის, რაც მარტივია, რასაც მასწავლებელი ადგილზე არ სჭირდება, კეთდება სახლში; ხოლო ის, რაც რთულია და სწორედაც რომ მასწავლებელთან უშუალო კომუნიკაცია სჭირდება – კეთდება საკლასო ოთახში. ესეც მთელი შებრუნებული საკლასო ოთახის ფილოსოფია, მარტივ ენაზე.

 

პ.ს. მნიშვნელოვანია, რომ მოდელის მთავარი პრინციპი ტექნოლოგიების (ვიდეო-გაკვეთილების) გამოყენება არ არის (სამწუხაროდ, საქართველოში ეს შეცდომა ხშირად მოსდით).  მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მისი სწორად გამოყენებისათვის საჭიროა თანმიმდევრული პროფესიული განვითარება და პრაქტიკა.

 

 

მზის სისტემა – დისტანციური გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში

0

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, დისტანციური სწავლება ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევაა. ვცდილობ, გაკვეთილები ისე დავგეგმო, რომ ის იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილები ზოგჯერ არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდმივად გამოვიყენო პროექტორი და ეკრანი, მოსწავლეებს ვაყურებინო დამატებითი საინფორმაციო ვიდეოები და ა.შ. დისტანციური სწავლების დროს კი ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. მარტივია, რადგან თავისუფლად შემიძლია გავუზიარო  მოსწავლეებს ჩემი ეკრანი (microsof teams-ის საშუალებით), ვაყურებინო თემასთან შესაბამისი შემეცნებითი ანიმაციები, ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაციები და ა.შ.

გაკვეთილის ჩატარებამდე ყოველთვის ვცდილობ, მოვიძიო თემის ირგვლივ არსებული მასალები ან თავად შევქმნა ის. შემოგთავაზებთ ბუნების ერთ გაკვეთილს, რომელიც დისტანციურად ჩავატარე.

ჩემი გაკვეთილის თემა იყო მზის სისტემა. ძალიან საინტერესოდ და მრავალფეროვნად შემეძლო ამ გაკვეთილის მოსწავლეებთან მიწოდება. ამიტომ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი, პირველ რიგში პრეზენტაციის სახით ავაწყვე, რომელიც გაკვეთილზე გავუზიარე ჩემი ეკრანით. ამის შემდეგ კი დავიწყე ვიდეორესურსების მოძიება. ვნახე პლანეტებზე ვიდეო, რომელიც ვაყურებინე მოსწავლეებს. მიღებული ინფორმაციის გასამყარებლად პორტალ https://learningapps.org0-ზე  კითხვებისაგან შევქმენი თამაში, რომელიც სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

მსჯელობისა და თემის ანალიზის შემდეგ გადავედით პრაქტიკულ სამუშაოზე, სადაც მიღებული ცოდნის ტრანსფერი უნდა მოეხდინათ. მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებამდე წინასწარ ჰქონდათ მომზადებული  ფერადი პლასტელინები და  წებოვანი ფურცლები. (შეგიძლიათ მოსწავლეები ჯგუფებად დაყოთ და ისე იმუშაოთ). გაკვეთილის მსვლელობისას დავამზადეთ ფერადი პლასტელინისგან ცხრა სხვადასხვა ზომის ბურთულა: მზე და რვა პლანეტა. წებოვან ფურცლებზე კი მოსწავლეებმა ჩამოწერეს პლანეტები, რომლებიც შეუსაბამეს ბურთულას.  ამით ჩვენ შევქმენით მზის ,,ოჯახის“ მოდელი.

მოსწავლეებს საშინაო დავალებად უნდა გაეფერადებინათ პლანეტები და ორი წინადადებით უნდა აღეწერათ ის.

ვფიქრობ, მოსწავლეებს მოსწონთ მსგავსი რესურსებით დატვირთული გაკვეთილები.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...