ორშაბათი, აპრილი 20, 2026
20 აპრილი, ორშაბათი, 2026

ტრიუმფალური თაღი

0

მსოფლიოს დიდი ქალაქებიდან ვენა გამორჩეულად მიყვარს.

ეს ის ქალაქია, სადაც გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურა, გარდასული იმპერიული სულისკვეთება და თანამედროვე დემოკრატიული, მშვიდი, ზედმიწევნით მოწესრიგებული ქვეყნის ცხოვრების სტილი.

და კიდევ – მუსიკა. მოცარტი. ყოველ ნაბიჯზე, ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ გახსენებს თავს.

ვინც ვენაში ყოფილა, დამეთანხმება, რომ ვენის გული შტეფანპლაცია. ამ პატარა მოედნისკენ უამრავი ვიწრო ქუჩა მიემართება. მიუყვები ქუჩებს და ქვემოთ დახედვას ვერც კი ახერხებ, ზემოთ იმდენი ლამაზი და ორიგინალური ფასადი, დარაბა და ფერი იტაცებს თვალს. ყველას ერთნაირი ხელწერა ატყვია, და მაინც – არც ერთი არ ჰგავს სხვას. შიგადაშიგ თანამედროვე ფასადებიც გამოერევა, მაგრამ თვალს არ ჭრის, საერთო სურათს არ აფუჭებს.

მოედნის სიახლოვეს სუნით გრძნობ – ცხენის ოფლის სუნით, რომელსაც ყავის ნაზი არომატი შერევია. პირველად ჩასულს, გაკვირვებს ეს უჩვეულო სუნი, მაგრამ უფრო დიდი გაკვირვება ქუჩის ბოლოს გელოდება: მოედანზე შეაბიჯებ თუ არა, თავს დაგადგება შტეფან დომი ცამდე აწვდილი შპილებით და ჟამთასვლისგან ხავსმოდებული, ჩაშავებული კედლებით. განცვიფრება გარდაუვალია. ამ პატარა მოედანზე ყველაფერს შეიძლება ელოდო, გარდა ასეთი გრანდიოზულობისა.

მაგრამ ვენა მარტო შტეფანპლაცი არ არის, ამიტომ თავს არ ვზოგავთ და სიცივის, დაღლილობისა და ფეხების ტკივილის მიუხედავად, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტის ნახვა მოვასწროთ. მუზეუმების კვარტალს გავცდით და ქალაქის შედარებით ფართოქუჩებიან ნაწილში ამოვყავით თავი. აქ თვალსაწიერი უფრო ფართოა. შორს მოედანი ჩანს, რომლის შუაგულში თოფიანი კაცის ქანდაკება აღმართულა. დეჟავიუს განცდა მეუფლება, არადა პირველად ვარ ვენაში. ვუახლოვდები და უკვე აშკარად ვარჩევ – “თოფი” დეგტიარევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია. განცვიფრებას ვერ ვასწრებ, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ისახება…

ინტერესმა ისე ამიტანა, არ დავიზარე, ქუჩა გადავკვეთე და ქანდაკებასთან მივედი – საბჭოთა განმათავისუფლებელი არმიის ობელისკი აღმოჩნდა.

შევცბი. ცოტა არ იყოს, ნირიც წამიხდა… უკან დაბრუნებულს მთელი გზა ამ ობელისკზე მეფიქრებოდა. თავს ძალას ვატანდი, რომ ცივი გონებით განმესაჯა. ფაქტია, ავსტრიას ბედმა გაუღიმა, წითელი არმია მისთვის მართლა განმათავისუფლებელი აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ მის მეზობელზე, სადაც დღეს ასეთი ობელისკების ნაცვლად ოკუპაციის მუზეუმებია.

გონებით სხვა ქვეყნების შემოვლას ვიწყებ. თვალწინ მიდგება ევროპასა და წინა აზიაში უხვად მიმოფანტული ტრიუმფალური თაღები, რომაელებმა რომ აღმართეს ოდესღაც. დღეს 52 ასეთი თაღია შემორჩენილი. 32 მათგანი – იტალიის საზღვრებს გარეთ. საფრანგეთში ყველაზე მეტია – რვამ გაუძლო ისტორიის ქარტეხილებს. ლიბიაში ოთხია, ალჟირში, ტუნისსა და ესპანეთში – სამ-სამი, საბერძნეთსა და თურქეთში – ორ-ორი, თითოც – ისრაელში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოსა და სირიაში.

ორი ათას წელზე მეტი გავიდა მათი აღმართვიდან და დღეს ისინი ამ ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება, როგორც „ნაშთი ძველი დიდებისა“. მაგრამ საკითხავია, ვისი დიდებისა? პარიზში მოხვედრილ რომაელს შეუძლია, სიამაყით წარმოთქვას: „ტრიუმფალური თაღი!“ მეც, როგორც უცხოს, შემიძლია აღტაცებით შევხედო მას. მაგრამ… რისი სიმბოლოა ის ფრანგისთვის?

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

0

ეს ჩვენი ჟურნალის 2020 წლის ბოლო ნომერია. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი წელიწადი – ყველა მიმართულებით (პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვის სფერო, კულტურა) არაერთი გამოწვევა და პრობლემა დაგვიტოვა. მათ შორის, განათლებაშიც ბევრი დასაფიქრებელი და გასაკეთებელი დაგროვდა.
ამ მიმართულებით რეფორმის გატარება ურთულესი ამოცანა იყო ყოველთვის – მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც არც ფინანსური და არც ორგანიზაციული შესაძლებლობების დეფიციტი არ ჰქონიათ. პანდემიამ ეს სირთულე რამდენიმეგზის გაზარდა და თვისებრივად ახალი ნიუნსებით დახუნძლა.
სკოლის მმართველები (ისევე, როგორც ყველა სხვა დონის მენეჯერები) იძულებულნი გახდნენ მართვის აქამდე არსებული პარადიგმა არსებითად შეეცვალათ, ურთიერთობის პრაქტიკულად დისტანციურ მოდელზე გადასულიყვნენ და, ყოველდღიურ გადაწყვეტილებათა მიღებისას, თვისებრივად განსხვავებული რეალობა გაეთვალისწინებინათ. თანდათანობით შეიქმნა კიდეც სკოლის მართვის ახალ ვითარებაზე მორგებული კულტურა – ადამიანებმა ისწავლეს დისტანციური სწავლებისა და მართვის ანბანი და შექმნეს კიდეც საკუთარი პრაქტიკა. სკოლის საკმაოდ ბევრი ხელმძღვანელი კარგად გაუმკლავდა ახალ გამოწვევებს. ახლა უკვე დროა, ეს პრაქტიკა (როგორც სხვათა, ისე საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით) თეორიულადაც გავიაზროთ და ყველა გონივრული გადაწყვეტილება და ალგორითმი ერთმანეთს გავუზიაროთ – ამით მხოლოდ გავაძლიერებთ სკოლებს და მეტი წარმატების შესაძლებლობას მივცემთ ჩვენს საერთო საქმეს. როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ქართული სკოლა მეტი
ცოდნითა და გამოცდილებით გააგრძელებს საკუთარ გზას პროგრესისკენ.

რედაქტორი– გია მურღულია

 

 

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები გიორგი ჭანტურია, თამარ გურგენიძე, მერი ქადაგიძე, თამარ კაპანაძე, ნინო გორდეზიანი,  გურამ სულაქველიძე,  მიხეილ იაშვილი, ნინო გაგელიძე, ლია კილაძე

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე – განათლების დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ნატალია ინგოროყვა- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო- საგანმანათლებლო
და მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
არჩილ სუმბაძე- ბაქსვუდის სკოლის დირექტორი
ავთანდილ აბდუშელიშვილი- სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი
გიორგი გახელაძე- ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიგიორგი ჭანტურია – კოალიციის „განათლება ყველასათვის“ დირექტორი

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #4

 პაატას (ენობრივი) პრაქტიკა

0

ორმოცდაათზე მეტი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანაკლიის სასტუმროს დიდ დარბაზში ვართ შეკრებილი. ტრენინგს პაატა პაპავა გვიტარებს.

— ახლა მე მინდა თქვენთან ერთად მცირე ტექსტი დავწერო. გინდათ?

— გვინდა!.. საინტერესოა!.. რა ტექსტი?! გვინდა!.. — ავშრიალდით მასწავლებლები.

— აი, ჩვეულებრივი ტექსტი, რომელსაც ერთად მოვიფიქრებთ, თქვენ მიკარნახებთ და მე დავწერ აი, აქ, — თქვა პაატამ და გაშლილი მარჯვენა ხელით ფლიპჩარტზე მიგვანიშნა.

ინტერესით მოვემზადეთ. შევტრიალდ-შემოვტრიალდით და სმენად ვიქეცით. პაატას პერფორმანსებით მანამდე არ ვიყავით განებივრებულები და პირველადაც რომ მოხვედრილიყო ადამიანი იმის ტრენინგზე, იგრძნობდა, რომ საინტერესო რამ ელოდა.

(პირადად მე, მახსოვს, სად და როდის აღმოვჩნდი მის ტრენინგზე პირველად და როგორ ვუსმენდი პირდაღებული და ვიწერდი და ვიწერდი საოცრად საინტერესო მესიჯებს და ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო სულ სხვა პედაგოგიკა… უფრო სწორად, ვფიქრობდი და ვფიქრობდი, რა უყო ამ კაცმა ჩემს პედაგოგიკას-მეთქი… თუ რა პედაგოგიკაზე ვსაუბრობ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

— ჯერ შევარჩიოთ თემა. ანუ რის შესახებ დავწეროთ ტექსტი. კარგი? თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თემას მე შევარჩევ… მოდი, ჩვენი დღევანდელი ტექსტი დავწეროთ ამინდის შესახებ… ხედავთ, როგორი ამინდია?!

— წვიმს, — ერთხმად წამოვიძახეთ — გარეთ ხომ მართლაც ანაკლიურად გულის გამაწვრილებლად წვიმდა…

— გიყვართ წვიმა? — თითქოსდა, რა შეკითხვა ესაა, მაგრამ რატომღაც ყველას, ორმოცდაათივეს გვინდა ვუპასუხოთ, ვისაუბროთ, თითქოსდა პირველად გვეძლევა წვიმაზე საუბრის საშუალება, — დიახ, გისმენთ!..

— წვიმა რომ მძულს, ისე არაფერი მძულს ცხოვრებაში, — დაიწყო ერთმა კოლეგამ, რომელსაც მოკრძალებით გამოერთმია პაატასგან მიწოდებული მიკროფონი, — წვიმის დროს ჩემი მივიწყებული სახლი მახსენდება ხოლმე სოფელში, რომელსაც რამდენიმე ადგილას კრამიტი აქვს გატეხილი… თითქოს ყურში ჩამესმის საძაგელი წვიმის წვეთების წვეთვა…

— დიახ, გისმენთ! — პაატამ  მეორე მსურველს გადააწოდა მიკროფონი.

— მე მიყვარს წვიმა. წვიმა ხომ ბუნების საოცარი მოვლენაა… მე მახსოვს, პირველად როდის ვნახე წვიმა… პატარა ვიყავი და დედასთან ერთად მაღაზიაში მივდიოდით. უცებ წვიმის წვეთი დამეცა ხელზე და შემეშინდა. ტირილი დავიწყე… დედამ ამიყვანა და გაიცინა, ნუ გეშინია, ეს კარგი წვიმააო, მითხრა და ჩამიხუტა. მე მივხვდი, რომ წვიმა კარგი რამე იყო და ახლაც, როდესაც წვიმაში მოვყვები ხოლმე, დედაჩემის ჩახუტება მახსენდება და ეს ძალიან მსიამოვნებს.

— დიდი მადლობა!.. დიახ, გთხოვთ!

— მე უბრალოდ ვიტყვი: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა…

— დიდი მადლობა! ვფიქრობ, უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ტექსტის ჩაწერა და მე გთავაზობთ, სწორედ ამ წინადადებით დავიწყოთ: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა, — პაატამ ჩვენი კოლეგის ბოლოს ნათქვამი წინადადება გაიმეორა და მარკერით პირველი სიტყვის დასაწერად მოემზადა.

უცებ საწერად შემართული ხელი ფლიპჩარტზევე შეაჩერა და გვერდულად გამოგვხედა:

— სათაური? რა დავარქვათ ჩვენს ტექსტს? — უკვე სრულად მოტრიალებულიყო და სათაურის ვარიანტებს ელოდა ჩვენგან.

—  შხაპუნა წვიმა… წვიმა… ბუნების საოცრება… ცხრასახელა მოვლენა… ბუნების მაცოცხლებელი… „რატომ არ მოველ წვიმადა”…

ბოლოს, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ და „წვიმა” დავარქვით.

— წვიმა… — გაიმეორა პაატამ და დიდის ამბით წაიღო ხელი ფლიპჩარტის ქვედა მარჯვენა კუთხისკენ, ისისიყო უნდა დაეწერა „წ…”, რომ:

— არაააა!.. — აღმოგვხვდა შეძახილი.

პაატამ  მკვეთრად მოაბრუნა ვითომგაკვირვებული სახე. ჩვენ კი ორმოცდაათი ხელი გავიშვირეთ და სათაურის ადგილი მივუთითეთ.

— ააა!.. აქ უნდა დავწერო?! — პაატამ ახლა ფლიპჩარტის მარცხენა მხარეს, ოღონდ დაბალ კუთხეში გადაიტანა ხელი.

— არააა! — კიდევ უფრო ხმამაღლა გავიმეორეთ ჩვენ და კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ 50-ვე ხელი.

— აქ უნდა დავწერო, — თქვა ბოლოს და თავის ადგილზე დიდი მოწიწებით გამოიყვანა ასოები:

წ ვ ი მ ა

— რა ვთქვით, რომელი წინადადება უნდა დავწეროთ პირველად? — პაატა ისევ ჩვენკენ იყო მოტრიალებული და მახსოვრობას გვიმოწმებდა.

— წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… — გაისმა აქეთ-იქიდან.

„წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა” — ფლიპჩარტზე პირველი წინადადება გამოისახა. პაატამ ფლიპჩარტსადგრის წინ გაიარ-გამოიარა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო:

— ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს… ერთმა ჩვენგანმა საკუთარი სახლი გაიხსენა, რომელშიც წვიმა ჩამოდის… ამის გამო დანაღვლიანდა. ერთს კი დედა გაახსენდა და ესიამოვნა… შეიძლება ზოგჯერ მოგვწონდეს წვიმა და ზოგჯერ კი არა…

— შეიძლება ზოგჯერ სასარგებლო იყოს წვიმა, ზოგჯერ კი — საზიანო, — შეეშველა ვიღაც ჩვენგანი.

— დიახ… სასარგებლო, საზიანო… მოდი, ეს ყველაფერი ამ ფურცელზე გადავიტანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ტექსტი, — პაატამ კიდევ ერთხელ გაიმეორა წინადადება „ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს” და წერა განაგრძო:

„ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა”.

პაატამ მოულოდნელად შეწყვიტა წერა და ისევ ჩვენკენ მობრუნდა.

— „ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”, — ორმოცდაათმა თუ არა, ოცამდე ხმამ მაინც გაიმეორა.

— ხომ არავის უნდა, დაწერაში დამეხმაროს? — იკითხა პაატამ მარკერგამოწვდილი ხელით.

პაატამ მარკერი გამოიწოდა?! როგორ არ გვინდა დახმარება?! მაგრამ სანამ უმრავლესობა სიტუაციას შევაფასებდით, ერთი ჩვენგანი უკვე ფლიპჩარტთან იდგა და წინადადებას აგრძელებდა:

„…ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”.

— დიდი მადლობა!

პაატამ შემდეგ ისევ თვითონ გააგრძელა წერა, მერე ისევ ერთ-ერთი ჩვენგანი გაიძახა, მერე  — სხვა… ბოლოს კი ასეთი ტექსტი მივიღეთ:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

სანამ პაატა ბოლო წინადადებას დაწერდა, დარბაზში გაცხარებული კამათი გაიმართა, დაგვეწერა თუ არა წინადადება წვიმის სიყვარულზე. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ კენჭისყრით განგვესაზღვრა, გვიყვარდა თუ არა წვიმა. უფრო სწორად, თუკი უმრავლესობას ეყვარებოდა წვიმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავწერდით. თუკი უმრავლესობას არ ეყვარებოდა, მაშინ არ დავწერდით. 48% წვიმის მოძულე აღმოჩნდა, ხოლო 52%-ით წვიმის მოყვარულებმა გავიმარჯვეთ. შესაბამისად, ჩვენმა ტექსტმაც (დიახ, ის ჩვენი ტექსტი იყო!) სწორედ ასეთი სახე მიიღო.

— გინდათ წავიკითხოთ ჩვენი ტექსტი?! — პაატას მარკერი ფლიპჩარტსადგრის რაფაზე დაედო და ახალ გამოწვევას გვთავაზობდა.

ღმერთო! ორმოცდაათი საკმაოდ გამოცდილი მასწავლებელი, თითქმის ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათგან რამდენიმე პროფესორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვსხედვართ უზარმაზარ ტრენინგდარბაზში და წვიმის შესახებ დაწერილ რვასტრიქონიან ტექსტზე პაატა პაპავა გვეკითხება, წავიკითხოთო?!

— გვინდა! გვინდა! გვინდა! — სანამ ჩემს ღიმილიან-გაოცებიან თანხმობას მეც ამოვთქვამ, პაატას თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული სათაურზე უდევს და მისი ხელის მოძრაობის გაყოლებით ერთად, ხმამაღლა ვიწყებთ კითხვას:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

მართლა ხმამაღლა, მართლა ორმოცდაათივემ, მართლა ერთდროულად წავიკითხეთ ჩვენი „წვიმა”.

— ახლა, იმათ ვთხოვ წაკითხვას, ვისი წინადადებაც არ წერია ამ ტექსტში, — ამბობს პაატა და ისევ სათაურისკენ მიაქვს თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული.

ჩვენ ისევ ვაყოლებთ თვალს პაატას ხელის მოძრაობას და ისევ ხმამაღლა ვკითხულობთ, ოღონდ ისევ ორმოცდაათივე — განა ვინმემ უარი თქვა წაკითხვაზე, აქაოდა, ჩემ მიერ ნათქვამი წინადადება წერია ტექსტშიო:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

პაატამ შემდეგ ჟღალთმიანებს წააკითხა ჩვენი ტექსტი (ამ დროს ქერები, წაბლისფერთმიანები და შავგვრემნები შურით შევცქეროდით მკითხველებს. ისინი კი ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებულები თან პაატას ხელის მოძრაობას არ აცილებდნენ თვალს, თან ჩვენკენ იხედებოდნენ — აქაოდა, შემოგვხედეთ, რა ყოჩაღები ვართო!..), შემდეგ — ცისფერთვალებებს (აქამდე არ გამიმხელია და აქ დავწერ: ეჭვი მაშინვე მქონდა და არც დღემდე გამქრობია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი იტყუებოდა და „უკანონოდაც“, რომ არ ეკუთვნოდა, მაინც კითხულობდა!..).

— გინდათ კიდევ წავიკითხოთ? — მგონი, მეხუთედ დასვა პაატამ შეკითხვა და როდესაც მეხუთედაც „გვინდა, გვინდა” მოისმინა, რაღაცნაირად ჩაიცინა და ჩვენი ტექსტისკენ მიბრუნდა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პაატამ, აწ უკვე, როგორც ტრენერმა, მასწავლებლების, ანუ ჩვენს რეალურ, ტყავში დაგვაბრუნა და ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაიწყო. მან ჩვენი ტექსტი აფურცლა, გადაშალა და ცარიელი ფურცელი გამოაჩინა.

— რა გავაკეთეთ ჩვენ ახლა? — იკითხა მან უკვე სრულიად საქმიანტრენერული სახით და ჩვენი პასუხების ჩასაწერად მოემზადა.

— ტექსტის დაწერა გადავწყვიტეთ წვიმაზე, რისთვისაც დავიწყეთ საუბარი, გავიხსენეთ ჩვენი მოგონებები, დამოკიდებულებები წვიმაზე… მერე შევარჩიეთ სათაური და დავწერეთ ტექსტი — ჩვენ გკარნახობდით და თქვენ წერდით… ჩვენც ვწერდით ზოგიერთ სიტყვას, წინადადებას… მერე წავიკითხეთ ჩვენი დაწერილი ტექსტი… სხვადასხვანაირად წავიკითხეთ…

— იყავით თუ არა ჩართული? როგორ გრძნობდით თავს ამ პროცესში? რას გრძნობდით?

— ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო… სასიამოვნო იყო… მიუხედავად იმისა, რომ წვიმა წვიმაა და ათასჯერ გვინახავს, ერთი სული გვქონდა, რაიმე გვეთქვა მის შესახებ… ჩვენ ბედნიერი ვიყავით, როდესაც საშუალება გვეძლეოდა სიტყვა ან წინადადება, თუნდაც, ერთი ასო დაგვეწერა „ჩვენს ტექსტში”… მე ძალიან გამიხარდა, როდესაც სულ ბოლო წინადადების ბოლოს წერტილი ჩემი მითითების მიხედვით დაწერეთ…

ეს ბოლო წინადადება მე ვუთხარი, რაზე საპასუხოდაც პაატამ თავი დამიქნია და მითხრა, მჯერაო.

— მართლა ძალიან გამიხარდა, — არ დამაკმაყოფილა მისმა პასუხმა და დაბეჯითებით გავიმეორე.

(გაივლის წლები და USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ოფისში, ჭავჭავაძის მეორე შესახვევში, პაატა პაპავას სწორედ ამ მომენტს გავახსენებ, ქვემოთ მითითებულ ჯიპრაიდის სარესურსო წიგნზე მუშაობისას და მეტყვის, მახსოვსო. მაშინაც დაბეჯითებით გავუმეორებ, მართლა ასე გითხარი-მეთქი, და მართლა მახსოვსო, დამარწმუნებს).

— მართლა მჯერა! — უფრო დამაჯერებელი ღიმილით მიპასუხა პაატამ და ახალი შეკითხვა დასვა, — როგორ იგრძნობდით თავს, თქვენ რომ მეორეკლასელი მოსწავლე ყოფილიყავით?

— ძალიან კარგად… სიხარულით ვიხტუნავებდით… ბედნიერები ვიქნებოდით… მთელი სულითა და გულით ჩავერვებოდით წერისა და კითხვის პროცესში… ადვილად დავწერდით და წავიკითხავდით…

— როგორ ფიქრობთ, როგორც მასწავლებლები, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს პროცესი მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის? მესამეკლასელებისთვის?

— ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი კითხვისა და წერითი უნარების გაწაფვისთვის… სასარგებლო იქნებოდა უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მათი მზაობისა და საჭიროებისა… სასარგებლო იქნებოდა, როგორც მეორე, ასევე მესამე და პირველკლასელებისთვისაც კი…

— პირველკლასელებისთვისაც?! მიხარია, ამას რომ ვისმენ…

— დიახ, პირველკლასელებისთვისაც — განა, რა უნდა იყოს იმაზე სასარგებლო პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, ვიდრე მამოტივირებული, მათთვის საინტერესო თემაზე წარმართული წერისა და კითხვის აქტივობა?!

— გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებისთვის ბევრი ასო შეიძლება უცნობიც იყოს და არც მათი ცნობა იცოდნენ და არც დაწერა, ისინი მაინც სიამოვნებით მიიღებენ ასეთ პროცესში მონაწილეობას. მოიფიქრებენ წინადადებებს, სიტყვებს, დაწერენ ასოებს, სიტყვებს… წაიკითხავენ თავიანთ დაწერილს და ა. შ.

— პირველკლასელებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ილუსტრაციასაც დავხატავდით რამეს… არამხოლოდ პირველკლასელებისთვის… ილუსტრაცია მართლაც გაამდიდრებდა წერაკითხვის ამ პროცესს. ყურადღება მიაქციეთ, წერაკითხვას შეგნებულად ვამბობ და არა წერა-კითხვას…

— ბრწყინვალე იდეაა, — აიტაცა პაატამაც და იქვე განაგრძო, — კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა: როგორ ფიქრობთ, როგორ ვგრძნობდი ამ პროცესში თავს პირადად მე?

— თქვენ? ვფიქრობთ, თქვენც სიამოვნებას განიცდიდით… თქვენც ხალისით წარმართავდით ამ პროცესს… არა?!

— კიი, — დაგვეთანხმა პაატაც, — თქვენი თავი რომ წარმოიდგინოთ მასწავლებლის როლში, მოგეწონებოდათ ეს როლი? რაიმე დამაბრკოლებელს ხომ ვერ ხედავთ ასეთ გაკვეთილებში? რაიმე განსაკუთრებული რესურსული უზრუნველყოფა ანდა მეთოდიკური სირთულე ხომ არ დაგაბრკოლებდათ?

— მოგვეწონებოდა… არა, რა სირთულე?! სრულიად გასაგები და ადვილად განსახორციელებელი აქტივობაა…

— მიხარია ამის მოსმენა… სულ ორი შეკითხვა დამრჩა და შევისვენოთ კიდეც, სადილის დროც მოვიდა, — პაატამ საათზე დაიხედა, ვისღა ახსოვდა სადილის დრო?! — როგორ შეიძლება ამ აქტივობის გამრავალფეროვნება ჩვენს მოსწავლეებთან? ერთი იდეა უკვე ვახსენეთ, ილუსტრაციის დახატვის შესახებ. სხვას ხომ არაფერს დაამატებდით, როგორც კითხვისა და წერის განმავითარებელ აქტივობებს?

— შეგვიძლია, ასეთ ფორმატში შექმნილი ტექსტი გამოვიყენოთ მომდევნო გაკვეთილებზე, როგორც საკითხავი რესურსი… შეგვიძლია ის ტექსტი დავჭრათ წინადადებებად, სიტყვებად და პირველ-მეორეკლასელები ვავარჯიშოთ ტექსტისა თუ სიტყვების გამთლიანებაში… მეტიც, შესაძლებელია ამ ტექსტის სიტყვები ასო-ასო დავჭრათ და სიტყვებად აწყობაში ვივარჯიშოთ… იმ ტექსტს თუკი ამოვბეჭდავთ A4 ფორმატის ფურცლებზე, დავჭრით და ისე დავურიგებთ, ფლიპჩარტზე ერთობლივად დაწერილი ტექსტის მიხედვით ააწყობენ და ჩააწებებენ თავიანთ რვეულებში…

— ძალიან საინტერესო და სასარგებლო იდეებია… რომ შევაჯამოთ, კარგი საფეხური გამოდის მოსწავლეების მიერ დამოუკიდებელი წერისა და კითხვის უნარის დასაუფლებლად… გამიხარდება, თუკი თქვენი მოსწავლეები ასეთ აქტივობებში იქნებიან ჩართული… დიდი მადლობა და დროებით! — პაატამ ისევ დაიხედა საათზე და მარკერი კვლავ ფლიპჩარტსადგარის რაფაზე ჩამოდო.

წამოვიშალეთ. სადილი გველოდა. მინდოდა, ჩემი შთაბეჭდილებები სხვებისთვის გამეზიარებინა. განსაკუთრებით, ჩვენს პროგრამას წელს შემომატებული ახალგაზრდა კოლეგების აზრები მაინტერესებდა. ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი მათ მაგიდას…

* * * * * * *

…„ენობრივი პრაქტიკის” მეთოდის შესახებ დაწვრილებით აღწერილია USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შექმნილ წიგნში „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, რომელიც განთავსებულია პორტალზე „კარგი სკოლა”. ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებულია თამარ ჭანტურიას ვიდეოფილმი და მისი ნახვაც თავისუფლადაა შესაძლებელი USAID/G-PriEd-ის იუთუბარხზე:  https://www.youtube.com/watch?v=IQMD-uEW3v4&t=3s

  1. S. როდესაც სადილისთვის ჩემთვის სასურველ კერძებს ფართო თეფშზე ვილაგებდი და ჩემი ახლგაზრდა კოლეგების მაგიდისკენ გზას მივიკვლევდი, არცთუ გულში და არცთუ ხმადაბლა ვიმეორებდი:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

 

ბავშვი და ბუნება-რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში

0

კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან:

 

საყვარელი ბიჭუნა თავის თანატოლს გატაცებით უყვება რაღაცას და გზად შემხვედრ ბუჩქს გაუცნობიერებლად წაატეხავს რტოს. საუბარში გართული, იქნევს, მალევე ძირს აგდებს;

 

სახლში სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახმა კნუტი შეიფარა. გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის კარგი იქნება, თუ ოთხფეხა მეგობარი ეყოლებათ. ბავშვები კუდით ათრევენ კატას („თამაშობენ“), სამივეს ერთდროულად უნდა კნუტთან გართობა, ვერ იყოფენ, ერთმანეთს ხელიდან ღლეტენ;

 

სკვერში სამი ბიჭუნა თამაშობს. გადაწყვეტენ, მინდორში დაგდებული ქვა რაღაცის ასაშენებლად გამოიყენონ, ქვას ამოატრიალებენ. მიწის ბინადარი ჭიაღუები, ხოჭოები, პაწაწა მწერები ქვის ღრმულიდან ამოფუთფუთდებიან. ბიჭები მწერების სრესას იწყებენ. გატაცებით, მხიარულად, ჭყივილით;

 

პატარა გოგონა მდელოზე ყვავილებს კრეფს. ზოგჯერ არასასურველი ფერის ან ფორმის თუ ამოჰყვება, დაუნანებლად აგდებს და ფეხით თელავს. ბაბუაწვერებს არ სწყალობს. თაიგულისთვის არ უნდა, მაგრამ მაინც კრეფს და ყრის;

 

ქუჩის მიუსაფარ, გამხდარ, პატარა ტანის ძაღლს პატარა ბიჭუნა ფეხს უბაკუნებს და იცინის, როცა უსუსური ლეკვი ცდილობს, ოთხად მოიკაკვოს, დაპატარავდეს და საფრთხე აირიდოს;

 

სკოლის ეზოში რამდენიმე ბავშვს პატარა წრე შეუკრავს. წრის შუაგულში დიდი ზომის შავი ხოჭოა. ფრთები აქვს დაზიანებული. ერთ-ერთი ბავშვი ხის წკირით ცდილობს, მოსცხოს ხოჭოს. აკვირდებიან, როგორ ცდილობს აფრენას ხოჭო. ცდილობს და არ შეუძლია.

 

ბავშვი და ბუნება

 

  • რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს ბუნებასთან? ფლორასა და ფაუნასთან?
  • რა პასუხისმგებლობა აქვთ უფროსებს მათ წინაშე?
  • რას და როგორ ვასწავლით ან არ ვასწავლით ბავშვებს ფლორასა და ფაუნაზე?

 

მოზარდების დამოკიდებულება, განწყობა, ჩვევები ცოცხალი არსებების, ბუნების მიმართ, მეტწილად განპირობებულია იმით, რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში.

 

 

ზღაპრების, ამბების, თხრობის სიკეთეებზე ამ წერილში არაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ პატარა ასაკიდანვე ბავშვებისთვის კითხვა, მათთან ერთად ილუსტირებული წიგნების თვალიერება, მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე მათთან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

 

მშობლების ერთ-ერთი პასუხისმგებლობა გარემოსადმი, ბუნებისადმი, ფლორისა და ფაუნისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაცაა და ყოველთვის, როცა ზემოთ აღწერილ სიტუაციებს ვაანალიზებ, ვხვდები, რამდენი მნიშვნელოვანი მომენტი აქვთ გამოტოვებული უფროსებს მათთან ურთიერთობაში.

 

მშობლები, ბავშვი და ბუნება

 

  • როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ფლორასა და ფაუნაზე, ცოცხალ არსებებსა და მცენარეებზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა?
  • როგორ გავუღვივოთ ცხოველების სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობის განცდა?
  • როგორ მივაჩვიოთ მათთან სწორად მოქცევას?

 

რას ვურჩევდი მშობლებს, რომლებსაც სურთ, სწორი დამოკიდებულებები ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბონ შვილებს?

 

სეირნობის დროს

ბავშვთან ერთად გარეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქის სკვერში ან ქუჩაში ხართ, პატივი ეცით და აქცენტი გააკეთეთ ცოცხალ არსებებსა ან მცენარეებზე. ბავშვებს გარკვეული ემოციები უნდა აღეძრათ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების მიმართ.

უფროსის განწყობა-დამოკიდებულებები ირეკლება ბავშვებში.

თუ ერთად ყოფნისას ჩვენ აღვნიშნავთ, რომ „მტრედი მშვენიერია“,  „ცუგა საყვარელია“, „ბუჩქი ლამაზია“,  „ხოჭო საქმიანი და საყვარელია“ და ამას ბავშვსაც ვაგრძნობინებთ, ისიც ისწავლის მათ სიყვარულს.

 

ცხადია, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვაც – ქუჩის ფისოები და ცუგები არ უნდა შევაწუხოთ. ისეთი მიმართვები, როგორიცაა – „არ მიხვიდე, გიკბენს“ ან „ არ მიეკარო, ხომ ხედავ რას ჰგავს/როგორ ყარს/რა ბინძურია“ – ნეგატიურ ემოციებს დაუტოვებს ან შიშს ჩაუნერგავს ბავშვს.

„ცუგა ისვენებს, მოდი, არ გავაღვიძოთ“ ან „ფისო მზეზე ნებივრობს, მოდი, ხელი არ შევუშალოთ“.

ასწავლეთ და აჩვენეთ ბავშვს ზრუნვის მაგალითები.

ის აუცილებლად იმავეს გაიმეორებს.

 

წიგნები ცხოველებსა და მცენარეებზე

შეარჩიეთ ისეთი წიგნები და ტექსტები, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები იქნებიან. იკითხეთ ბავშვებთან ერთად, ისაუბრეთ ტექსტების პერსონაჟების შესახებ, შეეცადეთ, ცხოველებისა და მცენარეების სარგებლიანობას გაუსვათ ხაზი; მოაწონეთ და შეაყვარეთ ბავშვს პერსონაჟი ცხოველები და მცენარეები. გარეთ გასვლისას კი „ამოიცანით“ ისინი ბუნებაში. ხატეთ ილუსტრაციები ან სულაც, მოიგონეთ ამბები თავად, პერსონაჟებად კი სკვერში ნანახი ცხოველები და ფრინველები წარმოადგინეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვებს ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩნდეთ. ფუმფულა ლეკვის და ჭრელა კნუტის შეყვარება ადვილია, მაგრამ მწერების, მიწის ბინადარი ჭიაღუებისა და სხვა ცოცხალი არსებების შემჩნევა და დაფასებაც გვმართებს.

 

შინაური ცხოველები

 

მოვლილი, აცრილი, ჯანმრთელი შინაური ცხოველები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ბავშვებისთვის. პირიქით, კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შინაური ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა „აიძულებს“ ორგანიზმს იმუნიტეტი გამოიმუშაოს ინფექციების მიმართ. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი. ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. შინაური ბინადრების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაც მშობლის პასუხისმგებლობაა.

„რა უჭირს, ლეკვია, გაერთობა ბავშვი“ – მსმენია ეს პასუხი მშობლისგან, რომელიც უყურებს, როგორ უხეშად ერთობა ბავშვი ლეკვთან.

 

ევროპის ბევრ ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სპეციალური პროგრამები მუშაობს, რაც მცირეწლოვანი ბავშვებისა და ბუნების შვილების დამეგობრების მიმართულებით აქტივობებს მოიცავს. მინახავს, როგორ ზრუნავენ გერმანიაში, კარლსრუეში, ბაღის მოსწავლეები კურდღლებზე, ვირუკელასა და პონიზე. მათ მოვალეობებში კვება, სათავსოს დასუფთავება და სხვა, ასაკის შესაბამისი აქტივობები შედის.

რა კარგი იქნება, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებსაც მეტი გამოცდილება ჰქონდეთ ამ მიმართულებით.

 

 

 

 

რა გაამდიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას?

0

ვინ ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ინტელექტუალის სულიერებაზე? – მწერალი!

ვინ დახატა უფლის მიერ უთვალავი ფერით შექმნილი სამყარო ახალი ფერებით? – მწერალმა!

ვის ეთაყვანება საზოგადოება მომეტებულად? – მწერალს!

ვისი ხილვა და მოსმენა უხარიათ ადამიანებს განსაკუთრებულად? – მწერლის!

ვისით ამაყობენ ერები გამორჩეულად? – მწერლით!

რად ვერ იქცევა ადამიანი ზეგარდმო ნიჭის გარეშე? – მწერლად!

წოდებითი ბრუნვაღა დამრჩა და ვინაიდან წოდებითში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია, გავკადნიერდები და მივმართავ მას, ვინც ყველაზე მეტად ახერხებს ჩემს აღელვებას და გაკეთილშობილებას: მწერალო, შენი სიტყვა ის არის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს და ისინიც იქნებ შეუძლებელს ითხოვენ შენგან? სულებში ალმასების მთესველს არასდროს პატიობენ ამ ალმასების ნაკლებად ძვირფას თვლებზე გაცვლას. შენ მაგი ხარ და ლოგოსის მაგიით გვიპყრობ, გვახელებ… მერე უძლეველ ტორეადორად იქცევი და სამწერლო კორიდის მაყურებლები არაფერს შეგარჩენთ! ხარი უნდა დასცე, დაიმორჩილო, მერე მოგვიყვე საგმირო ამბებს… თუკი ვერ შეძელი, თუკი ხარმა დაგიბრიყვა, გაგრიყავენ, უარგყოფენ, დაგივიწყებენ… უმძიმესია შენი ხვედრი, გზაა ციცაბო, მაგრამ ხომ შენი არჩევანია?

ჩვენი სამწერლო საგანძურის პატრონს „სხვისი შესაშური რა მჭირს, თვარა კი!“ მაგრამ რაც მუდამ მშურდა, როცა დასავლურ მწერლობას ვეცნობოდი, ეს იყო თერგივით მღელვარე სალიტერატურო პროცესი. სამი რამ მშურდა მათი: 1. მწერალი, რომელსაც სხვა საზრუნავი არ გააჩნია, ჩაკეტილია თავის სამყაროში და ქმნადობის პროცესით (დიდოსტატ კონსტანტინეს თქმით, „შემოქმედებითი ორსულობით“) იწვის; 2. შემართული გამომცემლები, რომლებიც მზად არიან, კალმის აწრიპინებამდე (ამჯერად უკვე მაუსის აწკაპუნებამდე) გამოსტაცონ მწერალს ტექსტი ნებისმიერ ფასად; 3. კრიტიკოსთა არმია, რომელიც პაპარაცული ჟინით ჩასაფრებია ახალ ტექსტს. და რა არის შედეგი ამ მრავალფეროვანი დუღილისა? – არნახულად გამდიდრებული კლასიკა და ბედნიერი მკითხველი.

რა ხდებოდა ამ მხრივ ჯერ საბჭოეთში და მერე თავისუფალ საქართველოში? 1. მწერალი, რომლისგანაც ლამის ეროვნული მოძრაობის ლიდერობას ან პოლიტიკოსად ქცევას ითხოვდა საზოგადოება; 2. გამომცემლები: საბჭოეთში – აღჭურვილნი ილიას სისხლის გამაშრობელი ლუკა ისარლოვისეული ცენზურული ფუნქციებით, ხოლო თავისუფალ საქართველოში – გამწარებულნი წამგებიანი საგამომცემლო ბიზნესით; 3. კრიტიკოსები: საბჭოთა ეპოქაში – ძირითადად უნიჭოთა უაზრო დითირამბებით დაკავებულნი, თავისუფალ საქართველოში კი მკითხველის აპათიის გამო დადუმებულნი და ხელმოცარულნი. შედეგი? – სალიტერატურო პროცესი სრულ წყვდიადში, უაღრესად საინტერესო ლიტერატურული დისკურსების იგნორი! ლიტერატურული საიტები, კონკურსები და დაჯგუფებები, სადაც კლანურობა, შეფასებათა არაობიექტურობა და უნიჭოთა აღზევება ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა.

იქნებ ვამუქებ, მაგრამ „თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი“… გულწრფელად მხოლოდ ერთი რამ მეოცნებება: თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესის გაჯანსაღება, რისი სიმპტომებიც უკანასკნელ პერიოდში ნამდვილად შეინიშნება. წიგნის მაღაზიათა თაროები ახალი გამოცემებით იტვირთება (ფუი, ეშმაკს, იმედია საგამომცემლო საქმე მომგებიანი გახდა!) და ჩემს პედაგოგიურ სარბიელზე ახალ თაობაში შემჩნეული კითხვისადმი მზარდი ინტერესიც მახარებს.

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ხელოვნების პოლიტიზება უმალ ანტიხელოვნებად იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ქართულ ლიტერატურაზე საუბარი წარმოუდგენელია ეპოქალური კონტექსტებისა და კონიუნქტურის გაუთვალისწინებლად. ალბათ არცერთი ლიტერატურათმცოდნე არ შემედავება, რომ ქართული მწერლობა საუკუნეთა განმავლობაში თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ერის მწერლობაა და ჩვენში, დავით გურამიშვილიდან მოყოლებული, დამკვიდრებული სტანდარტია მწერლის ეროვნულ ლიდერად ქცევა, რისი აპოგეაც იყო ილიას სიტყვები: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“…

ამასწინათ ორი ახალგაზრდა მწერალი ამტკიცებდა, რომ კრიზისები მისწრებაა ხელოვნებისთვის, რადგან ქაოსი გვაწვდის შემოქმედებით ინსპირაციებს… პირადად ჩემთვის კრეატივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კრიზისები თუ მწერლებს იმპულსებით ამარაგებს, მზად ვარ, სული ეშმაკს მივყიდო და ვთქვა: დაე, იყოს კრიზისები! მაგრამ ასე არ არის… ბევრს საუბრობენ შემოქმედებაში ავტორის პიროვნული ტრაგიზმის სიკეთეებზე და უამრავი მაგალითიც არსებობს იმისა, რომ ტრაგიზმით სულშეძრული ხელოვანის გამომსახველობა იზრდება… თანამედროვეობა სხვა რეალიებს გვთავაზობს: სულაც არ არის აუცილებელი, კარგი რომანის დასაწერად ავტორმა გოლგოთაზე იაროს. როცა ფეისბუქზე დავსვი კითხვა: საიდან მოდის ინსპირაცია კრეატივისთვის? – მენიშნა ორი ხელოვანის პასუხი. ფილოსოფიაში განსწავლულმა ნიჭიერმა მხატვარმა და რეჟისორმა მიპასუხა: „ყოველდღიური შრომიდან“, – ხოლო ნიჭიერმა პოეტმა ქალმა მიპასუხა: „…და თავგადასავლიდან“.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიტმცოდნეებს შორის გაჩნდა სკეფსისი ქართული რომანის მიმართ. ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ვერ შვა რომანი, ის ვერც მომავალში შეიქმნებოდა. მცირე ერის ასპარეზი არ იძლეოდა მასალას სქელტანიანი რომანის ფაქტურის ასაგებად. შემოქმედი ვერ ხედავდა ისეთ კოლიზიებს, რომლებიც მას დიდი მოცულობის ტექსტს შთააგონებდა. მაგრამ ეს სკეფსისი მალევე გაიფანტა: ვასილ ბარნოვმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გრიგოლ რობაქიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, დემნა შენგელაიამ, ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა და სხვებმა ზედიზედ შექმნეს რომანები, რომლებსაც მსოფლიო მწერლობის საგანძურიც ვერ დაიწუნებდა.

რაზე ვოცნებობ? ქართველი რომანისტი ქმნიდეს ისე, რომ მოგვიანებით მასზე ენციკლოპედიაში დაიწეროს რამე ისეთი, რაც ჯოისის რომანზე დაიწერა: „ულისე“, რომლის 600 გვერდი ეთმობა დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღეს (1904 წლის 16 ივნისს), ისე ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ, თავად ავტორის მტკიცებით, დუბლინის დანგრევის შემთხვევაში წიგნზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა მისი აღდგენა. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმის ღე (Bloomsday).“

მე კი ამ დროს ოთარ ჭილაძის „აველუმზე“ ვფიქრობ და ისევ ირლანდიელი მკითხველისადმი შური მხრავს. შავბნელ 90-იან წლებში დაწერილი ეს რომანი ასახავს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ თბილისს, რომელსაც მწერლის ორეული – მთავარი გმირი აველუმი (შუამდინარულად – „თავისუფალი მოქალაქე“) აკვირდება. დიდი მწერლის ოსტატობა ამ წიგნში მთელი ძალით საცნაურდება, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა ქართველი მკითხველის რომანი. „ბლუმსდეისგან“ განსხვავებით, თბილისში არასდროს აღინიშნება „აველუმსდეი“. ვოცნებობ: ქართველმა რომანისტმა შექმნას გმირი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რომელიც ახალ ჰოლდენ კოლფილდად მოევლინება ახალ თაობას.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოახერხეს ქართველმა პროზაიკოსებმა მოახერხეს მოდერნიზმის ენით (კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერს, რომ იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი და სიმბოლიზმი მათთვის ერთგვარი ახალგაზრდული სახადი იყო) ქართველი მკითხველისთვის ახლობელი სიტყვის თქმა, რაღა დაემართა ქართულ მწერლობას ასი წლის შემდეგ?

თანამედროვე ქართული პროზა, სტილური თავისებურებების გათვალისწინებით, ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა. ერთია აღიარებულ მწერალთა გონგორიზმის იდეებივით ღვლარჭნილი სტილი, რომელიც ხშირად გემოვნებიანი მკითხველისთვისაც გაუგებარია. მეორე – ბულვარული, ყვითელი, საგაზეთო სტილი, რომელსაც შუა თაობის გაწაფული ავტორები მისდევენ. ისინი ზოგჯერ ტელეეთერით ახდენენ ყველაზე ინტიმური შემოქმედებითი პროცესის დემონსტრირებას, პროდუქტიულები არიან, მაგრამ ვერასდროს დაიმკვიდრებენ ადგილს კლასიკაში. მესამეა უკიდურესად სკაბრეზული სტილი. პირველს უკვდავების მაძიებლის სტილი დავარქვი, მეორეს – სტილი წარმატებული მარკეტინგისთვის, მესამე კი – ეპატაჟი იაფფასიანი პოპულარობისთვის.

ფილოსოფიური ცოდნით აღჭურვილმა ხელოვანმა მირჩია: სავალალო ყოფაშია თანამედროვე ქართული პროზა; უნდა დაიწყოს დისკუსია და ამ ჯანსაღი პროცესის წიაღში იქნებ იშვას რამე ახალი და ღირებული, როგორც ნეორეალიზმი იშვა გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ევროპულ ხელოვნებაში პრესაში გაჩაღებული ცხარე დებატების შედეგადო. ძალიან მდიდარია ჩვენი მინიატურული პროზა, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ქართულ რომანზე. მან ახალი ასპარეზი, ახალი კოლიზიები, ახალი სახეები და ახალი სტილი უნდა ეძიოს…

გამოსავალი სად მეგულება? იმდენი საინტერესო მოვლენა, გმირი, საზოგადო მოღვაწე გვყავს გასაცოცხლებელი მწერლობასა და კინოში, ამ საქმეს უფრო მონდომებით რომ მოჰკიდონ ხელი ჩვენმა მწერლებმა, რეჟისორებმა, სცენარისტებმა, არნახულად გამდიდრდება თანამედროვე ქართული ხელოვნება. როგორ? არ უნდა გვქონდეს ერთი რომანი ან ტელესერიალი ილია ჭავჭავაძის საარაკო ცხოვრებაზე?! ან ნიკოლოზ ბარათაშვილზე?! ალექსანდრე ყაზბეგზე?! რომელი ერთი გავიხსენოთ? იმედი მაქვს, საამაყო სახელების ტექსტებსა და ფილმებში გაცოცხლებისა და უკვდავყოფის კულტურა ჩვენშიც აღორძინდება. ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალ თაობებს ღირებულებათა ამ უღმერთო დევალვაციის ეპოქაში.

სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი

0

შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასების საშუალებით შეიძლება დადგინდეს მიღწევების შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. განმავითარებელი შეფასება გვაძლევს ინფორმაციას სკოლის, კლასის, მოსწავლის, მასწავლებლის წინსვლის, მიღწევებისა და, ამასთან ერთად, არსებული პრობლემების შესახებ. მასწავლებელი ხედავს, რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები და რამდენად კარგად ასწავლის თვითონ.

პედაგოგები, რომლებიც პედაგოგიურ პრაქტიკაში იყენებენ მიმდინარე განმავითარებელ შეფასებას, აგროვებენ ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი ცდილობს, ისე დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

სწორედ ამ დროს მიმართავს მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას.

დიფერენცირებული სწავლება და განმავითარებელი შეფასება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

დაიან ჰიკოქსის განმარტების მიხედვით, დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროებების, სწავლის სტილისა თუ ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002).

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებია:

  • სასწავლო მიზანი;
  • სასწავლო გაჩერებები;
  • სასწავლო მენიუ;
  • შეარჩიე საკითხავი მასალა;
  • აირჩიე პროექტი;
  • კითხვები ინტერესების მიხედვით;
  • „რაფთ“ წერითი დავალება.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად ვიყენებ „სასწავლო მიზანს“, „სასწავლო გაჩერებებს“ და „სასწავლო მენიუს“. ამჯერად მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ქიმიის ერთ-ერთ გაკვეთილზე სასწავლო მენიუს გამოყენების შესახებ.

სასწავლო მენიუ ერთგვარ მეგზურობას უწევს მოსწავლეს. ის გამოიყენება სწავლის ფასილიტაციისთვის. სასწავლო მენიუ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სწავლის ტემპის (ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში, ან საკლასო/სა­შინაო სამუშაოებთან ერთობლიობაში), ინტერესებისა თუ მზაობის დონის მიხედვით აირჩიონ სასწავლო მენიუში მოცემული აქტივობები. მოსწავლეს შეუძლია, არჩეული აქტივობის შეს­რულება დაიწყოს გაკვეთილზე და დაასრულოს სახლში, როგორც საშინაო დავალება“ (ხუნძაყიშვილი 111).

სასწავლო მენიუს ფარგლებში მოსწავლეს ეძლევა სამი ტიპის დავალება (მათი სახელწოდება შეიძლება შეარჩიოს მასწავლებელმა მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით):

  1. სავალდებულო ანუ ძირითადი – მისი შესრულება აუცილებელია;
  2. არჩევითი – მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს ჩამოთვლილთაგან ერთი, მისთვის სასურველი დავალება მაინც;
  3. არასავალდებულო – მოსწავლეს შეუძლია, შეასრულოს ერთი, ერთზე მეტი დავალება ან ან არ შეასრულოს არცერთი.

სასწავლო მენიუ თემა „ატომის შედგენილობის“ სწავლებისას გამოვიყენე. დავალებები შევადგინე მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინებით. თავდაპირველად მათ ავუხსენი სასწავლო მენიუს ცნების შინაარსი, მისი გამოყენების მექანიზმი. შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შედგენილი სასწავლო მენიუ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

საგანი: ქიმია

თემა: ატომის შედგენილობა

კლასი: მერვე

ქიმ.VIII.11 – მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება ატომის ელექტრონულ აღნაგობასთან.

სასწავლო მიზანი:

მოსწავლე შეძლებს:

  1. მსჯელობას ელემენტის ატომის ფუნდამენტურ ნაწილაკებზე;
  2. ელემენტის ატომის მოდელის შექმნას სიმულაციით, ნახაზით.

სავალდებულო (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება)

  1. „დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე“ პრინციპით სახელმძღვანელოში (ქიმია, VIII კლ., მ. ვარდიაშვილი) მოცემული ტექსტის მიხედვით წარმოადგინეთ დავალება „ატომის შედგენილობა“ ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
  2. სქემაზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით სიმულაციით (საიტზე https://phet.colorado.edu/sims/html/build-an-atom/latest/build-an-atom_en.html) ან ნახაზით შეადგინეთ ბორის ელემენტის ატომის მოდელი.

 

  1. ამოიცანით და გაასწორეთ მცდარი დებულება:

ორი ჭეშმარიტი – ერთი მცდარი

  1. ატომბირთვი დამუხტულია დადებითად, რადგან შეიცავს ნეიტრონს.
  2. ნეიტრალურ ატომში პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობა თანაბარია.
  3. ატომურ-მოლეკულურ მოძღვრებაში „ატომი რთული შედგენილობისაა“ არ ეწერებოდა, რადგან დალტონის პერიოდში ატომი განუყოფელ ნაწილაკად ითვლებოდა.

არჩევითი (უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც)

  1. ერთ წუთში დაასრულეთ ლითიუმის ელექტრონეიტრალური ატომის მოდელის მანიპულატივი და ერთი წინადადებით გადმოეცით ლითიუმის ატომის შედგენილობა.
  2. შეასრულეთ სახელმძღვანელოში (ქიმია, VIII კლ., მ. ვარდიაშვილი) 123-ე გვერდზე მოცემული დავალება.

იმუშავეთ ჯგუფებში და მოამზადეთ ტექსტი სათაურით „ჩვენ ვხედავთ ელექტრონს“. შეეცადეთ, ელექტრონი სამყაროს რომელიმე ობიექტს შეადაროთ.

 

 

 

 

არასავალდებულო ( შეგიძლიათ, მოცემული დავალებებიდან შეასრულოთ ერთი, ერთზე მეტი ან არცერთი)

  1. ინდივიდუალურად ან წყვილებში მოიფიქრეთ ორი ჭეშმარიტი-ერთი მცდარი წინადადება; გაუზიარეთ კლასს.
  2. საიტზე https://learningapps.org/display?v=p3v0y61hk19 ინდივიდუალურად შეასრულეთ დავალება „ ატომის აგებულება, ატომის შემადგენელი ნაწილაკები“.
  3. ცნობარად გამოიყენეთ მოცემული სურათი და მიუჩინეთ ადგილი ინფორმაციებს ეპოქის ღერძზე.

 

.                                        .                                      .

XVIII                                  XIX                              XX

 

სავალდებულო დავალებებიდან მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისით იმუშავეს ატომის სიმულაციური მოდელის შექმნაზე.

არჩევითი დავალებებიდან მოეწონათ პირველი და მესამე. ჯგუფებმა ორიგინალურად წარმოადგინეს ტექსტი „მე ვხედავ ელექტრონს“.

არასავალდებულო დავალებებიდან, ჩემდა გასაკვირად, ორი შეასრულეს. თავიანთივე სურვილით დაწყვილდნენ და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს დავალებაზე „ორი ჭეშმარიტი – ერთი მცდარი“. წყვილებმა გაცვალეს დებულებები და შეეჯიბრნენ ერთმანეთს მცდარი დებულებების ამოცნობაში. აქტივობა ხალისიანად წარიმართა. ერთ-ერთი წყვილის მიერ მოფიქრებული დებულებებიდან ნათლად ჩანდა საკითხის სიღრმისეული ცოდნა. სხვა წყვილის დებულებები მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ეყრდნობოდა.

დიდი ხალისითა და მონდომებით იმუშავეს ინდივიდუალურად, Learningapps.org.ge-ს თავიანთ გვერდებზე, ჩემ მიერ შექმნილ ინტერაქციულ დავალებაზე „ატომის აგებულება, ატომის შემადგენელი ნაწილაკები“.

რამდენიმე მოსწავლემ კი გამოთქვა მესამე დავალების სახლში შესრულების სურვილი, რისი ნებაც დიდი სიამოვნებით დავრთე.

მე არაფორმალურად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მუშაობას, ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვპასუხობდი კითხვებს და ვცდილობდი, მოსწავლეები თავიანთი შეცდომების გაანალიზებით მისულიყვნენ სწორ პასუხამდე. თითოეული აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ზეპირ უკუკავშირს, რომლითაც ყურადღებას ვამახვილებინებდი მათ ძლიერ/სუსტ მხარეებზე. საბოლოოდ გავაანალიზე თითოეული აქტივობის შედეგი და შესრულებული დავალებების თაობაზე მოსწავლეებს მივაწოდე დეტალური უკუკავშირი.

ამ გაკვეთილზე დავინახე, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ არჩევანის უფლებას აძლევენ. ასევე მოსწონთ და ახალისებთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სხვა გაკვეთილების დაგეგმვისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 წ.წ.
  2. ლ. თევზაძე, ნ. ჯავახიშვილი. ქიმია. VIII კლასი. თბილისი, „დიოგენე“, 2007
  3. მ. ხუნძაყიშვილი, ს. ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება (სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018

 

 

გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლება და შედეგები

0

გაგრძელება, ნაწილი VII

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოსული წიგნის, Digital Leadership-ის ეს ნაწილი ეძღვნება სასკოლო განათლების დღევანდელ გამოწვევებს. ავტორი, მკითხველთან საუბრისას, ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციასთან მიმართებაში და აღნიშნოს ის სირთულეები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის, ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებს. მიუხედავად წიგნის პოპულარობისა, აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავტორის ტონი და ემოცია ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროს „დიგიტალიზაცია“ – ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლა – თვით აშშ-ის სასკოლო განათლების სექტორში. საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სიძნელეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი, ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვის, საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდან, „ციფრულ რევოლუციურ“ მეთოდებზე გადასვლა, ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

მარტივი შეკითხვა, რომელსაც [ახლა] დავსვამთ, ასე ჟღერს: „როგორ შეიცვალა ბავშვის ცხოვრება ბოლო 150 წლის განმავლობაში?“. ამ შეკითხვაზე პასუხი იქნება: „ძნელია სფეროს მოძებნა, სადაც ის არ შეცვლილა!“ მაგრამ, თუ დღევანდელ და 100 წლის წინანდელ სკოლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ჰგვანან, ვიდრე განსხვავდებიან.

პიტერ სენჯი, წამყვანი ლექტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი,

სლოუნის მენეჯმენტის სკოლა (MIT Sloan School of Management)

სკოლა რეალურ ცხოვრებას უნდა ასახავდეს

ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ტექნოლოგიას საკმარისი პოტენციალი აქვს სკოლაში სწავლებისა და სწავლის კულტურის ტრანსფორმაციისათვის.

მიუხედავად ტექნოლოგიების გამოყენებისა, გაკვეთილის ეფექტურობის გასაზრდელად, ნასწავლის შესაფასებლად, მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად თუ შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, მათ განსაზღვრული როლი აკისრიათ სკოლის მრავალგვარ ფუნქციათა შორის.

მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებებისა, ბევრი სკოლა აგრძელებს ფუჭ მცდელობებს, მოამზადოს ბავშვები იმ სამყაროში საცხოვრებლად, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს; სამყაროსათვის, რომელშიც ტექნოლოგია უფრო ლამაზი დეკორაცია, ან უარეს შემთხვევაში, მიმზიდველი გასართობია და რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს მოსწავლეთა სწავლებაში.

ბევრი მოსწავლისათვის, სკოლა ვერ ასახავს რეალურ ცხოვრებას, რაც თავის მხრივ, მოსწავლეებში იწვევს სასწავლო და სწავლის პროცესისადმი სხვადასხვა დონის გაუცხოებას.

ამ შემთხვევაში, შეკითხვა ასე უნდა დაისვას: „როგორ შევძლოთ ისეთი სკოლების ტრანსფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მათი მოსწავლეების სწავლების სხვადასხვა საჭიროებას და ერთ ადგილს ტკეპნიან?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ მართლაც გვსურს ისეთი განათლების რეფორმა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება მოსწავლეებისათვის.

ჩვენს მოსწავლეებს სურთ, იყვნენ კრეატიული, ისწავლონ თანამშრომლობის ატმოსფეროში, გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლისთვის, დაუკავშირდნენ სხვა მოსწავლეებს, ახლო თუ შორს, გააცნობიერონ ის გზავნილები, რომლებსაც მედიიდან იღებენ და გადაჭრან რეალური სამყაროს პრობლემები.

ის სკოლები და საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც არ იყენებენ ციფრულ სწავლებას და აქცენტს სტანდარტიზაციაზე აკეთებენ, ყოველთვის უარყოფით რეაქციას გამოიწვევენ ჩვენს მოსწავლეებში.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ტექნოლოგიის ძალა, რომელიც გარკვეულწილად, იმ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელიც საჭიროა მოსწავლეთა ჭეშმარიტი ჩართულობისა და მათთვის გაზიარებული კონცეფციების რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

თუ სკოლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გამოიყენოს ციფრული საუკუნის საშუალებები სწავლის პროცესში (რომლებსაც ისინი ისედაც იყენებენ სკოლის კედლების მიღმა), მაშინ სკოლას აქვს შანსი მოსწავლეთათვის იპოვოს მეტი შესაბამისობა და არსი იმ მასალაში, რომელსაც ისინი მათ ასწავლიან.

სკოლის მართვა ციფრულ ეპოქაში, ან სხვაგვარად „ციფრული ეპოქის ლიდერშიფი“ – ინგლ. Digital leadership – შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამოკიდებულებებისა და მიდგომების სპეციფიკური ნაკრები, რომელიც მიმართულია სკოლის კულტურის ტრანსფორმაციაზე და ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი ნიჭის გამომზეურებას, ახალი მეთოდებით ახალი არტეფაქტების შექმნას და სასწავლო მასალის შემეცნებითი შინაარსის დემონსტირებას.

„ახალი“ სასწავლო მასალა და „ახალი“ მართვა ციფრულ ეპოქაში, აღნიშნავს მოსწავლეთათვის ცოდნისა და უნარების ეფექტურად გადაცემას და მათში იმ თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას, რომელიც მათთვის აუცილებელი იქნება კოლეჯში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილზე სწავლისა თუ შრომისას; რომელიც საფუძველს ჩაუყრის მათ წარმატებას სამომავლოდ; რომელიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას ისეთ სამუშაო ადგილებზე და პროფესიებში, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არ არსებობენ, ან ჯერ არ შექმნილან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი „ციფრული ეპოქის ლიდერობაში“ გახლავთ განათლების კონსტრუქტივისტული, ჰეუტაგოგიური (ინგლ. Heutagogy[1]) მიდგომა სწავლებისადმი და თვით სწავლისადმი.

საინტერესოდ გვეჩვენება, რომ მასწავლებლები, მოსწავლეები, ქსელები, კავშირები, რესურსები და საშუალებები (ინგლ. Tools), ერთობაში ქმნიან უნიკალურ ობიექტ-ერთეულს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ინდივიდუალურად დააკმაყოფილოს მოსწავლის, განმანათლებლებისა და თვით საზოგადოების საჭიროებები (Gerstein, J., 2013).

ციფრული საშუალებები შესაძლებელს ხდიან გავამდიდროთ და განვავრცოთ ცოდნა, გავაზიაროთ გამოცდილება, გავაკეთოთ პრაქტიკის რეფლექსია და თავიდან გავიაზროთ იგი, შევისწავლოთ უკუკავშირი და რეაქციები და ხელი შევუწყოთ სწავლის პროცესს სხვებისთვის. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, რომ ციფრულ სწავლას თან სდევს დადებითი ეფექტები მოტივაციისა და სწავლების შედეგების მხრივ, თუ მათ ტრადიციულ სწავლებას შევადარებთ (Gerstein, J., 2013).

ამის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება თუ მოსწავლეებს უზრუნველვყოფთ რეალურ სამყაროში არსებული საშუალებებით, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ, ისწავლონ და შექმნან ახალი ცოდნა თავიანთთვის. სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებაზე აქცენტირებით, უფრო ადვილია მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს სწავლების შედეგებს. ეს რეალური გახდება მაშინ, როდესაც შეიცვლება სკოლების კულტურა  და ის ორიენტირებული გახდება ციფრულ ეპოქაში მოსწავლეთა საჭიროებებზე.

პატივი ეცი თითოეულ მოსწავლეს

ყველა ბავშვში არის დამალული რაღაც დიადი. მასწავლებლის ამოცანაა დაეხმაროს მას, იპოვოს და „გახსნას“ ეს „დიადი“.

თითოეული მოსწავლის პატივისცემა გახლავთ ის იარაღი, რომლითაც 21-ე საუკუნის ყველა „ციფრული“ ლიდერი უნდა აღიჭურვოს. ეს საჭიროა ისეთი სკოლების შესაქმნელად, რომლებშიც ციფრულ „იარაღებს“ პასუხისმგებლობით გამოიყენებენ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საუბარი ჩვენს მოსწავლეებთან. მოსწავლის/სტუდენტის პატივისცემა ნიშნავს მათთვის დროისა და ენერგიის დათმობას, განსაკუთრებულ ყურადღებას მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, მათი მიღწევების აღნიშვნას, მათი პრობლემებისადმი ყურადღებას, მათ დაფასებას, ძლიერი მხარეების ხაზგასმას და მათზე უბრალოდ ზრუნვას (Tomlinson, 2011).

მოსწავლეები უნდა იყვნენ ტრანსფორმაციული ცვლილებისა და ღონისძიებების ნაწილი და მათ ხმებს, ნათქვამს თუ ნაწერს, შეუძლია ძალიან ღირებული წვლილი შეიტანოს ყველაფერში: იქნება ეს კურიკულუმი თუ პედაგოგიკა, ტექნოლოგიის შეძენა თუ სწავლისათვის გამოყოფილი დროის განაწილება.

პატივისცემა ასევე მოიცავს პროფესიული ზრდის ახალი გზებისა და ბილიკების ძიებას, რაც საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ და განვახორციელოთ სიახლეები მათთან ერთად და მათი სახელით. ჩვენს სკოლებში ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ მათი.

 

[1] Heutagogy, ჰეუტაგოგია (დაახლ. თვითმართვადი სწავლა) – ახალი ტერმინი პედაგოგიკაში, რომელიც 21-ე საუკუნეში გაჩნდა (Kenyon and Hase, 2001) და გამოიყენება ახალი, მოქნილი სწავლებისათის, როდესაც მოსწავლე, მასწავლებელთან მოლაპარაკებით, თვითონ განსაზღვრავს სასწავლო მიმართულებას, მასალას და სწავლების მიმართულებას. პროცესი, როგორც ამას მეცნიერები აღნიშნავენ, გულისხმობს მოსწავლის ავტონომიას და მჭიდრო კავშირსა და დახმარებას მასწავლებლის მხრიდან. იხ. წყარო: https://www.teachthought.com/pedagogy/a-primer-in-heutagogy-and-self-directed-learning/

როგორ ვამუშაოთ დემოკრატია

0

სამოქალაქო განათლებისა თუ ისტორიის გაკვეთილებზე, დარწმუნებული ვარ, დღემდე ბევრს კამათობენ დემოკრატიის ცნების შესახებ და ერთ საერთო განსაზღვრებაზე ვერ თანხმდებიან. კამათი მხოლოდ საქართველოს სკოლებში არ მიმდინარეობს, დემოკრატიის არსის თაობაზე შეთანხმება ასწლეულებია უჭირთ ფილოსოფოსებსა და მეცნიერებსაც. პრინციპში, შეიძლება დავსვათ კითხვა: საჭიროა კი საზოგადოებასთან, მის განვითარებასთან დაკავშირებული მოვლენები უნივერსალური ტერმინებით აღვწეროთ? მრავალმხრივ ფენომენს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების უამრავ დარგს მოიცავს, მარტივი ფორმულებითა და კანონებით ვერ შემოვფარგლავთ. ყოველთვის იარსებებს უამრავი ინტერპრეტაცია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოხერხებული იქნება, თუ მოვლენის გააზრების რაც შეიძლება მეტ მცდელობას შევისწავლით, გავიაზრებთ და შევადარებთ მანამდე აღმოჩენილ მოდელებს.

მინდა, ჩვენს მკითხველს წარვუდგინო მსოფლიოსთვის ოდნავ მოძველებული, მაგრამ საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური და თანამედროვე ავტორი რობერტ პატნემი. წარმოიდგინეთ, მისტერ პატნემი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა და შეისწავლიდა იტალიის პოლიტიკურ სისტემას. იმის გასარკვევად, როგორია დემოკრატია რეალურ ცხოვრებაში, რეგიონების დონეზე. პატნემის კვლევითი ჯგუფი ცნების ზუსტი დეფინიციის ჩამოყალიბებაზე არ მომცდარა – იტალიელი და ამერიკელი მკვლევრები ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, როგორ ვამუშაოთ დემოკრატია.

კლასიკურ ნაშრომად ქცეულ წიგნში დემოკრატიის ასამუშავებლად აუცილებელ არაერთ ინდიკატორზეა საუბარი. ურთულესი და ჩახლართული დიაგრამების განხილვა არ ღირს, უმჯობესია, ყურადღება დემოკრატიის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ წინაპირობებზე გავამახვილოთ.

პატნემის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დემოკრატია სტაბილური და სიცოცხლისუნარიანია იქ, სადაც საზოგადოება სოციოეკონომიკური მოდერნულობის გზას ადგას. მაშასადამე, დემოკრატიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მხოლოდ სიმდიდრე და მდიდარი უმრავლესობის არსებობა არ არის საკმარისი. დემოკრატიას მედეგობასა და სიმტკიცეს სძენს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ეკონომიკის რეალურ დარგებსა და მასობრივ დასაქმებაზე დაფუძნებული სამეურნეო ცხოვრება. ასეთ საზოგადოებებში ადამიანები დაკავებულნი არიან სტაბილურ და მეტ-ნაკლებად ღირსეულად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, არ განიცდიან დეპრივაციას ანუ თავი უსარგებლო, უფუნქციო არსებებად არ მიაჩიათ. სოციოეკონომიკური თვალსაზრისით მოდერნულ საზოგადოებებში მაღალია კეთილდღეობის დონეც, ხალხისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვისა და განათლების მომსახურება. პატნემი თავის წიგნში წერს: „კეთილდღეობა ამსუბუქებს საზოგადოებრივ თუ პირადულ ტვირთს, ხელს უწყობს პიროვნების სოციალურ, დემოკრატიულ გარემოზე მორგებას“.

მხოლოდ სოციოეკონომიკური მოდერნულობის ხარჯზე დემოკრატიისთვის ბრძოლაში ფონს ვერ გავალთ. შედარებითი პოლიტიკის ლეგენდარული სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ შედეგიანი და სამართლიანი მმართველობა ვერ შედგება სამოქალაქო ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის გარეშე. პატნემს სურს დაგვანახოს, რომ კერძო ინტერესსა და ალტრუიზმს შორის გადაულახავი, დაუძლეველი დაპირისპირება არ არსებობს. პირიქით, შესაძლებელია კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთავსება: „სამოქალაქო თემში მოქალაქეები, ტოკვილის თქმით, მისდევენ „სწორად გაგებულ კერძო ინტერესს“, რაც გულისხმობს, რომ კერძო ინტერესი ფართო საზოგადოებრივ საჭიროებათა კონტექსტით განისაზღვრება, „გონების შუქითაა მოსილი“, „უმეცრების ნაჭუჭში არ არის გამომწყვდეული“ და იგი მხოლოდ სხვათა ინტერესებთან ერთად, სხვათა ინტერესების კონტექსტში ცოცხლობს“. სამოქალაქო ჩართულობის ენერგია იქმნება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ეგოიზმს, მარტოობას დაძლევს და გააცნობიერებს, რომ „საჯარო სფერო უფრო მეტია, ვიდრე საბრძოლო არენა, რომელზეც ადამიანმა მხოლოდ თავისი კერძო ინტერესი უნდა გაიტანოს“.

დემოკრატიის გამართული მუშაობის წინაპირობად პატნემის თეორიაში სახელდება საზოგადოებაში ურთიერთნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის არსებობაც. უბრალო სამოქალაქო ჩართულობა შეიძლება გაუთავებელ კონფლიქტებსა და დაუნდობელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სამოქალაქო მონაწილეობა ხშირად გამხდარა საზოგადოების დაქუცმაცებისა და ნაწილ-ნაწილ დაშლის განმაპირობებელი ფაქტორი. დემოკრატიული ინსტიტუტები მდგრადობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ინარჩუნებენ, როცა საზოგადოების ერთიანობას, ჯგუფების ურთიერთჭიდილის, მიუხედავად, ნგრევა არ ემუქრება. რა არის აუცილებელი ერთიანობის უზრუნველსაყოფად? პატნემი იტალიის სხვადასხვა რეგიონში ადამიანებს, სოციალურ ფენებს შორის ნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის ხარისხს აკვირდებოდა. მის მიერ შეკრებილი მონაცემების მიხედვით, დემოკრატიის დონესა და მოქალაქეთა შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთთანადგომის მაჩვენებლებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა.

დემოკრატიისთვის ხელსაყრელ ნიადგს ქმნის თანამშრომლობის სოციალური სტრუქტურების მრავალფეროვნებაც. ასეთ სტრუქტურებად, ჩვეულებრივ, ასოციაციაებს მიიჩნევენ. პატნემი არ საუბრობს მაინცდამაინც პოლიტიკური კავშირების წევრობაზე. ის აქცენტს ნებისმიერი ტიპის ერთობებზე – მაგალითად, სპორტულ კლუბებზე, შემოქმედებით წრეებზე, სამრევლოებზე სვამს. ნდობის, შემწყნარებლობის, სოლიდარობის, ჩართულობის პრინციპები უნდა რეალიზდეს, მათ გამოსავლენად უნდა არსებობდეს სივრცეები. ამგვარი პლატფორმების გარეშე დემოკრატიისთვის აუცილებელი უნარების „გავარჯიშება“ არ ხდება.

რაც მთავარია, დემოკრატია არ მუშაობს თანასწორობის გარეშე. მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ვიღაცების მონები არიან, ვიღაცების მბრძანებლურ სისტემას ექვემდებარებიან. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ კანონის წინაშე თანასწორნი არიან და რომ არ არსებობს ორი სამართალი – ერთი ბატონებისთვის, მეორე კი ძალაუფლების არმქონე პირებისთვის.

ნუ დახარჯავთ ბევრ დროს უზუსტესი განმარტებების მოსაძებნად, იმსჯელეთ გარემოებებზე, წინაპირობებზე, რომლებიც სამართლიან და ეფექტიან ინსტიტუტებს ქმნიან და ამუშავებენ.

ლიტერატურული ფრაქტალები და ფრაქტალური ლიტერატურა

0

ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდხანს ვერ მიხვდა, ვინ იყო – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.

 

რაღაც მომენტში ცუი პენს უნდა ეთქვა: „განვმარტოვდები, რათა წიგნი დავწერო“, მეორე მომენტში კი: „განვმარტოვდები და ლაბირინთს ავაშენებ“. ყველამ ორი პროექტი წარმოიდგინა და არავის მოსვლია აზრად, რომ წიგნი და ლაბირინთი ერთი და იგივეა.

ბორხესი, „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“

 

რა არის ფრაქტალი? რაკი ამ შემთხვევაში ფრაქტალს მეტაფორულად განვიხილავ ლიტერატურულ ტექსტებზე, შევეცდები, მრავალი განმარტებიდან შედარებით მარტივი და გასაგები ავარჩიო: ფრაქტალი არის უსასრულო „თვითმსგავსი“ გეომეტრიული ფიგურა, რომლის ფრაგმენტი (სიმრავლის ნაწილი) „იმეორებს“ სიმრავლის ფორმას უფრო მცირე მასშტაბით. ტერმინი ფრაქტალი ბენუა მანდელბროტმა შემოიღო. ფრაქტალის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია მანდელბროტის სიმრავლე, რომელსაც სახელი მკვლევრის პატივსაცემად ეწოდა. მანდელბროტი მათემატიკის ახალი მიმართულების – ფრაქტალური გეომეტრიის ფუძემდებელია.

ფრაქტალს აქვს დასაწყისი, მაგრამ ეს არის სტრუქტურა, რომელიც არასდროს სრულდება. ფრაქტალები წამოიქმნება უსასრულოდ. ამ პროცესს თვალსაჩინოდ დაინახავთ ამ ვიდეოში:

 

ფრაქტალის იდეასთან ახლოს არის სტივენ სპილბერგის ეს სიტყვებიც: „ადამიანებს დაავიწყდათ, როგორ მოჰყვნენ ამბებს. ამბავს არა აქვს დასასრული, არსებობს მხოლოდ დასაწყისი, რომელიც არასდროს სრულდება…“

ალბათ სწორედ ამის გამო გვხიბლავს დაუსრულებელი ამბები – ლიტერატურაში, კინოხელოვნებაში და საზოგადოდ, ხელოვნებაში; დაუსრულებლობა ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნებას  გულისხმობს. რაც უფრო დიდია ხელოვნების ნაწარმოები, მით უფრო დაუსრულებელია; რა სასრულადაც უნდა გამოიყურებოდეს „ვეფხისტყაოსანის“ სიუჟეტი, ის ერთი ნაწარმოებიც კი არ არის მაშინ, როდესაც მას 100 მკითხველი კითხულობს, რადგან კითხვის პროცესი – ეს არის მაგიური სინერგია ტექსტისა და მკითხველის ცნობიერებისა, თითოეული მკითხველი კი ყოველთვის განსაკუთრებულია და უნიკალური.

ფრაქტალური გეომეტრია ჩვენი ცნობიერების სტრუქტურაა, სემიოტიკური მოდელი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ბუნების მოვლენებზე, ასევე კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში; არსებობს ფრაქტალური არქიტექტურა, ფრაქტალური პროგრამები, ფრაქტალური ფილმები, ფრაქტალური ლიტერატურა და ლიტერატურული ფრაქტალებიც.

დეტალი, რომელიც კვლავწარმოებით ქმნის უნიკალურ და დაუსრულებელ სტრუქტურას.

მაგალითად, 70-იან წლებში 30-წლიანი კვლევის შედეგად ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა კრისტოფერ ბუკერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს 7 არქეტიპული სიუჟეტი, რომელთაგანაც შეიძლება ნებისმიერი ამბავი განავითარო. ეს სიუჟეტებია: ურჩხულზე გამარჯვება, ტრანსფორმაცია, თავგადასავალი, გასვლა და უკან დაბრუნება, ტრაგედია, კომედია, აღდგომა (აღორძინება).

წარმოიდგინეთ, რომ თითოეული სიუჟეტი ფრაქტალია და მისგან იწარმოება უამრავი ამბავი, რომელიც ამ სტრუქტურაში „ჩაჯდება“; რაღაც, რაც თითქოს სასრულია, განმეორებით ქმნის უსასრულობის ციკლს. ამ გაგებით, ენაც ფრაქტალური წარმონაქმნია, ერთი ანბანით (33 ასო-ბგერა) იწარმოება უამრავი სიტყვა, ფრაზა, წინადადება, ტექსტი. ცოცხალი ენა არის ტექსტის კვლავწარმოების ამოუწურავი წყარო.

ალიტერაციაც ფრაქტალურია, ფრაზათა გამეორებაც, სტრუქტურების გამეორებაც… ფრაქტალურობა უნივერსალური მოდელია, რომელიც შეიძლება ყველგან აღმოვაჩინოთ.

ფილოსოფოსისა და პეპლის ამბავი ფრაქტალურად ასეთი იქნებოდა: ჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ფილოსოფოსი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ფილოსოფოსი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა… და ასე შემდეგ, უსასრულოდ.

ფრაქტალურობის საუკეთესო ნიმუშად ხალხური პოეზიიდან მახსენდება სიმღერა „მოდი, ვნახოთ ვენახი“:

 

მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;

მიველ, ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.

მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;

მიველ, ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.

მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;

მიველ, ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;

მიველ, ვნახე თოფი, ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ ჟანგი, რამ შეჭამა ჟანგი;

მიველ, ვნახე ჟანგი, მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;

მიველ, ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;

მიველ, ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.

კატამ – თაგვი, თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

 

ფაქტობრივად, ეს სიმღერა დაუსრულებელია, რადგან შეგვიძლია გავაგრძელოთ და ისევ თავიდან დავიწყოთ. ლექსიკური ფრაქტალურობა განსაკუთრებით დამახასიათებელია სიმღერებისა და საბავშვო პოეზიისთვის.

ფერდინანდ დე სოსიური, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა ანალოგიის მოვლენები, აღნიშნავს: ანალოგია ფსიქოლოგიური რიგის მოვლენაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ფონეტიკური მოვლენებისგან მის განსასხვავებლად, რადგან ეს უკანასკნელნიც შეიძლება განხილულ იქნენ როგორც ფსიქოლოგიურნი. საჭიროა, უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, რომ ანალოგია გრამატიკული რიგის მოვლენაა.

სოსიურმა აღმოაჩინა აგრეთვე ლექსის წყობის განსაკუთრებული, ანაგრამული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ყოველი პოეტური ტექსტის აგება დამოკიდებულია საკვანძო სიტყვის ბგერით შემადგენლობაზე. ტექსტის დანარჩენი სიტყვები შეირჩევა ისე, რომ მათში გარკვეული კანონზომიერებით განმეორდეს საკვანძო სიტყვის ბგერები“.

ანალოგიის კანონი, ანაგრამის თეორია – ფრაქტალურობის საფუძველია!

ფრაქტალურობა ლიტერატურაში ამგვარი მეტაფორით შეგვიძლია გავიაზროთ: წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ერთი წიგნი, რომლისგანაც ყველა სხვა წიგნი იბადება და გამომდინარეობს.

ფრაქტალურობა – ეს არის დერვიშების თავბრუდამხვევი ცეკვა.

ინტერტექსტუალობაც ფრაქტალურია, რადგან ხდება ერთი და იმავე აზრის, ზოგ შემთხვევაში – იდენტურად და ზოგჯერ – განსხვავებული ლექსიკით, ტრანსლირება სხვადასხვა მწერალთან. ეს პროცესი ზოგჯერ ცნობიერია, ზოგჯერ – სრულიად არაცნობიერი.

პროფ. გუჩა კვარაცხელიას საინტერესო ანალოგიები აქვს დაძებნილი პოეზიაში, მაგალითად, ასეთი:

„ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „ჩემთ მეგობართ“ არის ასეთი სტრიქონები:

„სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს,

და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს“ (1841).

ისინი მოგვაგონებენ ა. პუშკინის ტაეპებს: „Смешон и ветренный старик, Смешон и юноша степенный“ (1817) (გ. კვარაცხელია, ტექსტურ გადაძახილთა მრავალფეროვნება, https://ice.ge/of/wp-content/uploads/2019/03/Kvaracxelia-G._14Tomi_56-79gv..pdf )

ბორხესის წიგნში „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ ყველა ფიქციაში ადამიანი ხვდება მრავალგვარ ალტერნატივას, რომელთაგან ერთს ირჩევს, სხვებს კი უკუაგდებს. ფაქტობრივად, გაუხსნელი ხლართის – ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და განიტოტებიან. პარალელური მომავლები, არჩევანთა ერთობლიობა – ფრაქტალური წარმონაქმნია. სუპერპოზიციაში ჩვენ ვფლობთ ყველა შესაძლო მომავლის სიმრავლეს. რეალურ ცხოვრებაში – ვირჩევთ ერთ გზას, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წახვედით ყველა გზაზე, რომელიც არ აგირჩევიათ… და, იმავდროულად, სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ეს არა მხოლოდ რიზომატული და დაქსელილი სამყაროა, არამედ უამრავი სამყარო.

ახლა კი – დავალება მასწავლებლებისთვის: თუ თქვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ავტორთან (ამასთან,დროსა და სივრცეში დაშორებულებთან) აღმოაჩენინებთ მსგავს ფრაზებს, სიუჟეტებს, მეტაფორებს, სიმბოლოებს, პერსონაჟებს და ასე შემდეგ, დაეხმარებით მათ სამყაროს ერთიანი და მრავალფეროვანი სურათის გააზრებაში და, ამავე დროს, დაარწმუნებთ, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

კოლაჟი – წიგნის წარდგენის ფორმა

0

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის აზრით, მკითხველის ერთ-ერთი უფლებაა, წაკითხული წიგნის შესახებ არ ისაუბროს. და მაინც, თუკი საუბარს გადავწყვეტთ, როგორ უნდა ავკინძოთ სათქმელი? ლიტერატურული კაფე მე და ჩემმა მოსწავლეებმა წიგნებზე საუბრისთვის გამოვიგონეთ. ყოველ ჯერზე წიგნის წარდგენის სხვადასხვა მეთოდს ვეძებთ. ამ სტატიის მიზანიც მეთოდია, რომელიც ამ ზაფხულს, რიგით მეთვრამეტე ლიტერატურული კაფესთვის შევარჩიეთ, კერძოდ, მსურს, გაგიზიაროთ კოლაჟის შექმნის გამოცდილება.

რა არის კოლაჟი?

ინტერნეტსივრცესა და მეთოდურ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით კოლაჟი ფრანგული სიტყვაა და „შეწებებას“ ნიშნავს. განმარტება მიგვანიშნებს მის სიმბოლურ დატვირთვაზე, უფრო დაზუსტებით, კოლაჟი მოიცავს სხვადასხვა მასალისგან აკინძულ, „შეწებებულ“ ნამუშევარს, რომელიც მთლიანობაში მთავარ იდეას ასახავს. საჭირო მასალის მრავალფეროვნება კი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება იყოს საგაზეთო სტატიიდან ამოჭრილი სურათი, პლასტილინით გამოძერწილი დეტალები, გამხმარი ყვავილები, ხელით შესრულებული ნახატები. რაღაცით დიორამასაც მოგაგონებთ, თუმცა, მისგან განსხვავებით კოლაჟი მოიცავს ტექსტს, ნახატს, სხვადასხვა დეტალს და არ არის სამგანზომილებიანი.

რატომ მაინცდამაინც კოლაჟი?

ხშირად მომიკრავს თვალი კოლაჟისთვის, წამიკითხავს მის შესახებ, მაგრამ  შექმნის სურვილი ქართული მუსიკალური ჯგუფის,  „კოლექტივის“, ანიმაციის ყურების შემდეგ გამიჩნდა. სიმღერის სათაურია „1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ“. მისი ტექსტის ადრესანტი მაროზე შეყვარებული იუნკერია. ანიმაციის კადრები კოლაჟის მიხედვით არის აწყობილი. ისინი სიმღერის ტექსტის შინაარსს ეხმიანება და, ძირითადად, მინიმალისტურ ნახატებს, ნაწერსა და გამხმარ ყვავილებს მოიცავს. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა და ჩვენც გვეცადა კოლაჟის შექმნა.

 მეთოდის გაცნობა

მოძიებულ ინფორმაციას მეთოდის აღწერილობისა და დანიშნულების შესახებ თავი მოვუყარე და მოსწავლეებს გავაცანი. ერთად ვუყურეთ „კოლექტივის“ მუსიკალურ ანიმაციას, Pinterest.com-ზე მოვიძიეთ დამატებითი ფოტომასალა, თუმცა, ლიტერატურული კოლაჟის ნიმუშს ვერსად მივაგენით. საბოლოოდ, ანიმაცია იდეალური მაგალითი აღმოჩნდა კოლაჟის მთავარი იდეის აღსაქმელად.

რა მიზნით გამოვიყენოთ კოლაჟი?

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, კოლაჟი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა წიგნის წარსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა, ვფიქრობ, სტატია დაგარწმუნებთ იმაში, რომ სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება. შესაძლოა, უკვე გაქვთ კიდეც კოლაჟის სასწავლო პროცესში გამოყენების გამოცდილება.

კოლაჟის შექმნისას გასათვალისწინებელია მიზანი – რა გვსურს შედეგად?  ჩვენ დეტალებით მთავარი სათქმელის გამოსახვა ჩავიფიქრეთ.

პირადი მაგალითი

კოლაჟზე მუშაობა მე და ჩემმა მოსწავლეებმა დისტანციურად განვაგრძეთ – 20 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ვატარებდით აგვისტოს დღეებს და თან ვფუსფუსებდით. მე და ჩემი 10 წლის გოგონა გულმოდგინედ შევუდექით კოლაჟის შექმნას. ვფიქრობ, სტატიის მიზანი კიდევ უფრო ნათელი გახდება თქვენთვის, თუ ჩვენ მიერ შექმნილ კოლაჟს გაგაცნობთ.

„ხოჭო ბიჭი“ – მ.ჯ. ლეონარდი

თანამედროვე ინგლისელი  ავტორის, მ. ჯ. ლეონარდის, სამტომეულის წაკითხვა თეკლას გამო გადავწყვიტე. ის კითხვისას ემოციებს ხმამაღლა გამოხატავდა და მძაფრ სიუჟეტში თანამონაწილეობას მთხოვდა. გარდა იმისა, რომ აღფრთოვანებული ვიყავი მთავარი პერსონაჟის, დარკუსის სიმამაცითა და გონიერებით, წიგნის წაკითხვა თეკლასთვის რჩევების მიცემაშიც დამეხმარა.

სამტომეულის – „ხოჭო ბიჭი“, „ხოჭოების დედოფალი“, „ხოჭოების ბრძოლა“ – პირველ ნაწილში თხრობა  დარკუსის მამის, მეცნიერების დოქტორის, ბართოლომე ქათლის უცნაური გაუჩინარებით იწყება. 13 წლის დარკუსი დედის გარდაცვალებამ გულჩათხრობილი გახადა, მამის დაკარგვამ კი – მებრძოლი.  სამტომეულის წაკითხვის შემდეგ ხოჭოების მიმართ ინტერესი გაგიმძაფრდებათ და  სამყაროს სასიცოცხლო ციკლში ხოჭოების როლზე დაფიქრდებით. ეკოლოგიური პრობლემების, სკოლაში არსებული ჩაგვრის, მამა-შვილის ამაღელვებელი ურთიერთობის, ანტაგონისტ პერსონაჟებზე დაკვირვებისა და 13 წლის ბავშვების არაჩვეულებრივი მეგობრობის ფონზე  ხოჭოების სამყარო კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.

მე და ჩემმა გოგონამ ერთად შევარჩიეთ მთავარი დეტალები, რომელთა მიხედვით სათქმელს გავშლიდით, თან ისიც უნდა მოგვეხერხებინა, რომ სიუჟეტის საკვანძო ეპიზოდების პირველად წაკითხვის ბედნიერება მსმენელისთვის არ წაგვერთმია და თან წიგნის წაკითხვის სურვილი გაგვეჩინა.

მთავარი დეტალების შერჩევის შემდეგ მათზე მუშაობის დრო დადგა. გიზიარებთ ფოტოს, რათა უფრო ნათელი გახდეს კოლაჟის შექმნის თავისებურებები. შევეცდები, თითოეული დეტალის შესახებ მოკლედ გიამბოთ.

ნაქსოვი სვიტერი დარკუსისთვის – დარკუსს აცვია მამის ნაქონი მწვანე სვიტერი, რომელსაც შავ-თეთრ ილუსტრაციებშიც შეამჩნევთ. ამ ჟესტით დარკუსი მამისადმი სიყვარულსა და მონატრებას გამოხატავს. დიდი ზომის ტანისამოსის ტარება თეკლასაც მოსწონს. ხშირად იცვამს დედ-მამის მაისურებს. ამიტომ ერთხმად შევთანხმდით, რომ კოლაჟის ერთ-ერთი მთავარი დეტალი ნაქსოვი სვიტერი იქნებოდა დარკუსისთვის, თან მსმენელის ყურადღების მიპყრობაც დავისახეთ მიზნად.

გამხმარი პეწიანა ხოჭო ვირჯინიასთვის – ორი წლის წინ სოფელში, ოთახში,  მკვდარი ხოჭო ვიპოვეთ, მწვანე, მბზინავი ფრთებით და საგულდაგულოდ შევინახეთ. ამ ზაფხულს სოფელში ჩასულებს თაროზე დაგვხვდა. კოლაჟზე მუშაობისას გაგვახსენდა და ვიფიქრეთ, რომ ნამდვილი ხოჭო არაჩვეულებრივი დეტალი იქნებოდა. დარკუსი მალე ვირჯინიასა და ბერტოლტს დაუმეგობრდება. ხოჭოები – ბაქსტერი, ნიუტონი და მარვინი – კი თავად შეარჩევენ პატრონებს. ვირჯინიას ნაწნავებში ბაყაყისფეხა ფოთლისჭამია დაიდებს ბინას, რომელსაც გოგონა მუსიკოსის, მარვინ გეის, პატივსაცემად მარვინს დაარქმევს. ეროვნულ მუზეუმში ხოჭოების სტენდთან აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი გამხმარი ხოჭო პეწიანა ყოფილა. ჩვენ ის მაინც ვირჯინიას ნაწნავს მივამაგრეთ და მარვინი ვუწოდეთ.

ქაღალდის კულულები ბერტოლტისთვის – კითხვისას ბერტოლტის ქერა, ხვეულმა თმამ ბიჭი კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა. ქაღალდისგან ხვეულები ადვილად დავამზადეთ. თეკლამ პერსონაჟების სახეები დახატა და შემდეგ ძაფის ნაწნავებითა და ქაღალდის ხვეული თმით გააფორმა. თუ დააკვირდებით კოლაჟს, ბერტოლტის თმიდან ციცინათელა, სახელად ნიუტონი, იჭყიტება.

გეოგრაფიული სახელები – ლონდონი, ლოს-ანჯელესი, გრენლანდია, პრაღა, ლისაბონი, ამაზონის ჯუნგლები ისრებით დავაკავშირეთ ერთმანეთთან, რაც პერსონაჟთა სივრცის მრავალფეროვნებასა და მათი მოძრაობის მასშტაბურ ტრაექტორიას გულისხმობს. სიუჟეტის მთავარი ხაზი ლონდონში იწყება და იქვე მთავრდება, თუმცა, პერსონაჟები ლოს-ანჯელესში კინოდაჯილდოების ცერემონიაზე მიფრინავენ, მეორე ნაწილში გრენლანდიაში, დოქტორ იშიკავას მოსანახულებად გაემგზავრებიან, პრაღაში ენტემოლოგთა კონფერენციისთვის გაფრინდებიან, ბოლოს კი დოქტორ ქათლის მოსაძებნად ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩნდებიან. მოზარდის შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად მსგავს დეტალებზე დაკვირვება ნაცადი და  ეფექტური გზაა.

ხელით დახატული მარტორქა ხოჭო, სახელად ბაქსტერი – დარკუსის მარტორქა ხოჭოს ბაქსტერი ჰქვია. ამაღელვებელია მათი მეგობრობა და ემპათიის უნარი. სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში მარტორქა ხოჭოს აღმოჩენამ დარკუსი და ბაქსტერი გაგვახსენა. წიგნის მეშვეობით დაუვიწყარი გახდა ათი წლის გოგოსთვის ენტემოლოგიური მიგნებები წიგნსა თუ მუზეუმში. თეკლამ ბაქსტერი დახატა, გამოჭრა და დარკუსს მხარზე დაამაგრა.

ხოჭოს ლათინური სახელწოდებები და ფინჯნების მთა – მეექვსე კლასის ენის სახელმძღვანელოში მთელი თავი ეთმობა ენების ნათესაობასა და გადაშენებულ ენებს. ლათინურ ენაზეც არის გამახვილებული ყურადღება. ვფიქრობ, ხოჭო ბიჭის სიუჟეტის გამოყენება ამ მხრივაც შეიძლება.

Chalcosima Caucasus (კავკასიური მარტორქა), Rhipicera femorata (ფრთარქიანი ხოჭო), Onthophagus taurus (ნეხვის ჭია) –  კიდევ რამდენიმე სახელწოდება ამოვკრიფეთ, თეკლამ ისინი ყავის ფინჯნებზე მოათავსა. ნესტიანი ფინჯნების მთა „ხოჭო ბიჭის“ პირველ ნაწილში შემოგხვდებათ. ფლორისა და ფაუნის სახეობების ლათინური სახელწოდებები ლექსიკონშიც გვხვდება, რაც ინტენრეტსივრცეში დამატებითი ინფორმაციისა თუ ფოტომასალის მოძებნას აადვილებს. სწორედ ამაზე გაამახვილა თეკლამ ყურადღება, რომ წიგნში გაბნეული ხოჭოების ლათინური სახელწოდებებით ადვილად შეგვიძლია ვიზუალურად გავაცოცხლოთ წიგნის პერსონაჟი ხოჭოები.

ამონარიდი წიგნიდან – კოლაჟზე გაბნეულ დეტალებს, რომლებიც მკითხველმა ავტორის გზავნილის სწორად აღსაქმელად ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, სჭირდება ამონარიდი წიგნიდან. თეკლამ ვრცელი აბზაცი შეარჩია: „- იცი ნამდვილი ბრძოლა რა არის? ის, რომ ადამიანებს გააგებინო, თუ რა მნიშვნელოვანი, რა ლამაზია ხოჭო – უკლებლივ ყველა ხოჭო. ადამიანი გარეთ რომ გადიოდეს და თავისი ბაღის ბინადარ მწერებს ესალმებოდეს… რომ იცოდეს, როგორ დაეხმარნენ ხოჭოები იმაში, რომ მიწიდან რამე აღმოცენებულიყო, აღარ შეეშინდებოდა მათი და პესტიციდებით აღარ დახოცავდა“.

 მუხის მულჩით სავსე ფინჯანი – თუ იცით, რას ნიშნავს „მულჩა“? მე და ჩემმა გოგონამ პირველად აღმოვაჩინეთ ეს ულამაზესი სიტყვა, რომლის განმარტებას სქოლიოში წავაწყდით: დამპალი ჩალა, ნახერხი, ფოთლები და ა.შ. ნიადაგის დასაფარავად (მთარგმ. ციცო ხოცუაშვილი). ბავშვები  ფინჯნებს მუხის ქერქის მულჩით ავსებდნენ და ხოჭოებს აბინავებდნენ. ძალიან მოგვწონს მულჩა, ამასთანავე მულჩა მეგობრების მზრუნველ ხასიათზეც მიგვანიშნებს, ამიტომ თეკლამ კოლაჟზე ქაღალდის ფინჯანი დაამაგრა და შიგ „მულჩა“ ჩააფინა.

იმედია, ჩვენი ერთობლივი კოლაჟით თქვენც დაინტერესდით. თეკლამ მთავარი დეტალები ფაზლივით ააწყო და აუდიტორიის წინაშე „ხოჭო ბიჭი“ კოლაჟით წარადგინა.

კოლაჟის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში,  ასევე დისტანციური სწავლებისას. კომპლექსური დავალების მოფიქრებაც მარტივად შეიძლება.

რობერტ რ. მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ – ეს წიგნი ჩემი არჩევანი იყო. ექვსასგვერდიანი რომანი ზაფხულის აღმოჩენა გახდა. ვფიქრობ, მასწავლებლების აუცილებლად საკითხავი წიგნების სიაშია შესატანი. 12 წლის ბიჭი, კორი მაკერსონი, პირველ პირში მოგვითხრობს ალაბამას შტატის ქალაქ ზეფირის შესახებ. რომანში უამრავი მნიშვნელოვანი გზავნილის ამოკითხვა შეიძლება, თუმცა, უმთავრესი იმ ადგილისადმი უპირობო სიყვარულია, სადაც ვიზრდებით – არ აქვს მნიშვნელობა, ის ქალაქის გარეუბანი თუ პრესტიჟული ნაწილია, მიყრუებული სოფელი თუ მეგაპოლისია. კორი ამბობს, რომ ჯადოსნურობა ყველგან არის, მთავარი მისი შემჩნევა და დაფასებაა. გიზიარებთ ჩემი კოლაჟის ფოტოს.

ქალაქის ორმაგი ცხოვრება, მთავარი პერსონაჟი კორი, სახლები, სკოლა, რადიო და ბიჩ ბოიზი, არაქისის მილქშეიკი, ბეისბოლის ბურთი, ფინჯანი ყავა, მწვანე ბუმბული, ასანთის ღერის წუმწუმა, ალაბამას შტატი, რძის ბოთლი – ეს ის დეტალებია, რომლებითაც მთავარი სათქმელი შევკარი.

დასკვნა

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რაჭველმა გოგონებმა ყოჩაღად გაართვეს თავი კოლაჟის შექმნას და მისი დახმარებით შერჩეული წიგნის შესახებ საუბარი მარტივად აღსაქმელი გახდა.

გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ წინ ძალიან სასიამოვნო და შრომატევადი ფუსფუსი გელით, თუმცა, თანამედროვე სამყაროში აუდიტორიისთვის ხმის მისაწვდენად სწორედ რომ ამგვარი ქმედებაა საჭირო – წაკითხულის გააზრება და ტექსტზე დაყრდნობით ნაფიქრის ინდივიდუალური წარმოჩენა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...