კვირა, აგვისტო 10, 2025
10 აგვისტო, კვირა, 2025

რესურსი ფიზიკის დისტანციური სწავლებისთვის

0

ონლაინგაკვეთილი გაცილებით ეფექტური უნდა იყოს, რომ მოსწავლე მიიზიდოს, დააინტერესოს და ყველა გაკვეთილზე დასწრება მოანდომოს.

ჩემი დღის რეჟიმი შეიცვალა. ოთახი გადაიქცა საკლასო სივრცედ, სადაც ძალიან ხშირად ჩემს გაკვეთილებს ესწრებოდნენ ჩემი შვილებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლობენ. ყველაზე მეტად ფიზიკის გაკვეთილები მოსწონდათ. ელექტრონული რესურსების ძიებაში აქტიურად ჩაერთო მეოთხეკლასელი ნიკაც. ერთხელ უზომოდ საინტერესო რესურსი ვიპოვეთ მეათეკლასელებისთვის ბრტყელი კონდენსატორის შესწავლის გასაადვილებლად. ჩავეძიე და აღმოვაჩინე, რომ ამ სიმულაციის მეშვეობით ძალიან ადვილი იყო ბრტყელი კონდენსატორის ტევადობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყვანა, მიმდევრობით და პარალელურად შეერთებული კონდენსატორების საერთო ელექტროტევადობის დადგენა.

გამოცდილების გასაზიარებლად გთავაზობთ ორი გაკვეთილის გეგმას თემებზე „ბრტყელი კონდენსატორი“ და „კონდენსატორის მიმდევრობითი და პარალელური შეერთება“, ასევე – სიმულაციის დეტალურ განხილვას.

პირველი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს კონდენსატორის ტევადობაზე შემონაფენების ფართობის, მათ შორის – მანძილის და დიელექტრიკის დიელექტრიკული შეღწევადობის დამოკიდებულების დადგენა.

 

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია:

მის ასამუშავებლად კომპიუტერში უნდა გქონდეთ პროგრამა java.

მომდევნო ეტაპია ანიმაციის (სიმულაციის) გადმოწერა კომპიუტერში, რომ შემდეგში ინტერნეტის გარეშეც შეძლოთ მუშაობა.

 

სიმულაციის პირველი გვერდი ასე გამოიყურება.

ისრებთან კურსორის დაწკაპებით და მოძრაობით იცვლება ფირფიტის (შემონაფენის ) ფართობი და მათ შორის მანძილი.

 

მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკებია, რომლებიც შეიძლება სურვილისამებრ გამოიყენოს მასწავლებელმა. ისრებით ნაჩვენებ ადგილებზე დაწკაპებით გამოჩნდება სამი სვეტი, რომლებზეც მითითებულია კონდენსატორის ტევადობა, ფირფიტებზე არსებული მუხტი და დაგროვილი ენერგია. ელემენტზე არსებულ მოძრავ ღილაკთან კურსორის მიტანით და ზევით – ქვევით მოძრაობით გამოჩნდება დაგროვილი ენერგია (ყვითელი სვეტი) და ფირფიტის მაქსიმალური მუხტი (წითელი სვეტი), ასევე – ფირფიტებს შორის ელექტრული ველის ძალწირების მიმართულება (ისრები ფირფიტებს შორის).

 

 

 

 გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილი სასურველია ჩაატაროთ Teams-ის კლასში. შეგიძლიათ, მოსწავლეებს მიანიჭოთ ნომრები და დააჯგუფოთ (მასწავლებელს შეუძლია, თავად შექმნას მცირე ჯგუფები, სადაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს გაესაუბრებიან და გაუზიარებენ ინფორმაციას).

დასვით საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტებს შორის მანძილსა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

მოსწავლეებს შესთავაზეთ ნაწილობრივ შევსებული ცხრილი, სადაც მითითებული იქნება ფირფიტების ფართობი და მათ შორის მანძილი. მოსწავლეები ჩაინიშნავენ კონდენსატორის ტევადობას.

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია – ფირფიტებს შორის მანძილი (რომელსაც ისრის გამოყენებით ცვლიან), საკონტროლო ცვლადია შემონაფენების ფართობი.

სრულად შევსებული ცხრილი ასე გამოიყურება.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

244 5 0,43
244 7,5 0,29
244 10 0,22

 

მონაცემების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ მანძილის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა მცირდება და d-ს ფორმულაში ადგილს მიუჩენენ მნიშვნელში.

საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტების ფართობსა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია ფართობი, საკონტროლო ცვლადია ფირფიტებს შორის მანძილი. მოსწავლე ისრის დახმარებით ცვლის ფირფიტის ფართობს და მონაცემებს ცხრილში ჩაიწერს.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

244 10 0,22
300 10 0,27
400 10 0,35

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ ფირფიტის ფართობის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა იზრდება და s-ს ფორმულაში ადგილს მიუჩენენ მრიცხველში.

საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტებს შორის მოთავსებული მასალის დიელექტრიკულ შეღწევადობასა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ელექტროტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია დიელექტრიკული შეღწევადობა, საკონტროლო ცვლადებია ფირფიტებს შორის მანძილი და ფირფიტების ფართობი.

 

 

სურათის მარცხენა ზედა კუთხეში ნაჩვენებ ველზე „დიელექტრიკი“ დაწკაპებით ფირფიტებს შორის გამოჩნდება ნივთიერება, რომელიც შეიძლება შეარჩიოთ მარჯვენა მხარეს ისრებით ნაჩვენებ ველებზე დაწკაპებით. მოსწავლეებს შესთავაზეთ ნაწილობრივ შევსებული ცხრილი. მესამე და მეოთხე სვეტების შევსება მათ სთხოვეთ.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) დიელექტრიკული შეღწევადობა კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

100 10 2,1 ( ტეფლონი) 0,19
100 10 3,5 (ქაღალდი) 0,31
100 10 4,7 (მინა) 0,42
100 10 5 (ამორჩევა) 0,443

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ დიელექტრიკული შეღწევადობის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა იზრდება.

სიმულაციის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს, როგორ იცვლება ფირფიტის მაქსიმალური მუხტი და დაგროვილი ენერგია (Stored Energy), რომელიც ფირფიტებს შორის მანძილის გაზრდით იზრდება. შესთავაზეთ ცხრილი, რომელშიც შევსებული იქნება პირველი და მეორე სვეტი. ბავშვები თვითონ ჩაინიშნავენ დაგროვილი ენერგიის რაოდენობას და კონდენსატორის ტევადობას. სიმულაციის საშუალებით შეცვლიან ფირფიტებს შორის მანძილს ფართობის შეუცვლელად. დაადგენენ დამოკიდებულ, დამოუკიდებელ და საკონტროლო ცვლადებს. დააკვირდებიან, როგორ იცვლება ენერგიის რაოდენობა ფირფიტებს შორის მანძილის გაზრდასთან ერთად.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) დაგროვილი ენერგია

( E X 10 -12 , ჯ)

კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

242 5 0.4  
242 7,5 0.27  
242 10 0.22  

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ეცოდინება კონდენსატორის ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა, რომელიც თავად შეადგინა და შეძლებს მისი დახმარებით გამოთვლების განხორციელებას.

დავალება შეიძლება შესთავაზოთ სიმულაციის გამოყენებით ან Forms-ის ქვიზის სახით.

II გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მიმდევრობით და პარალელურად შეერთებული კონდენსატორების საერთო ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულების დადგენა და შემოწმება.

შეერთების ფორმას მოსწავლე აირჩევს მარჯვენა ქვედა კუთხეში მოცემული ჩამონათვალიდან.

 

მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს პარალელური შეერთების დროს ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა და მოსწავლეებმა შეამოწმონ მისი სისწორე სიმულაციაზე მოცემული სიდიდეების ფორმულაში ჩასმით. სასურველია, პარალელური შეერთების დროს გამოსაყენებელი ფორმულა თვითონვე დაადგინონ (მისი სიმარტივის გამო).

სურათზე მოცემული ელექტრული ველის დეტექტორის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია შეამოწმოს ელექტრული ველის სიდიდე.

  1. შესთავაზეთ მოსწავლეებს ცხრილი, რომელშიც შეიტანს მონაცემებს, სიმულაციაზე ათვლილ რიცხვებს შეიტანს თქვენ მიერ შეთავაზებულ ფორმულაში: C = C 1X C 2 / C 1 + C 2. გამოთვლის შედეგს შეადარებს სიმულაციაში მითითებულ შედეგს.

 

პირველი კონდენსატორის ელექტრო ტევადობა მეორე კონდენსატორის ელექტრო ტევადობა C = C 1X C 2 / C 1 + C 2

ფორმულის გამოყენებით მიღებული შედეგი

სიმულაციაზე მოცემული შედეგი
       
       
       

 

მონაცემების სანდოობისთვის სასურველია სამი სხვადასხვა შემთხვევის განხილვა.

  1. სთხოვეთ მოსწავლეებს, სიმულაციის გამოყენებით გამოიყვანონ პარალელურად შეერთებული ორი და სამი კონდენსატორის საერთო ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა. შესთავაზეთ ცხრილი:
პირველი კონდენსატორის ელექტრო ტევადობა მეორე კონდენსატორის ელექტრო ტევადობა სიმულაციაზე მოცემული შედეგი
     
     
     

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონდენსატორების ელექტროტევადობები იკრიბება.

(მოსწავლეებს შეუძლიათ, ყველა ცხრილის მონაცემები ატვირთონ Teams-ის სასაუბროში. ასევე შესაძლებელია, მონაცემები აიტვირთოს One Note-ში, სადაც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://phet.colorado.edu/en/simulation/charges-and-fields

https://www.youtube.com/watch?v=Cb_lt1UfV1o

ნაწილებად დაშლილი ქიმია

0

ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანი პროფესიის კარგად  ცოდნის გარდა, კიდევ გემრიელ კერძებს უნდა ამზადებდეს და საექთნო საქმეც უნდა იცოდეს. ნემსის კუნთში, ვენაში გაკეთება, კათეტერის ჩადგმა და, ე.წ. გადასხმის სისტემის დაყენების ცოდნა აუცილებელია. თუ არადა, ამ საქმეში ერთ დღეს შეიძლება უამრავი ფული „გაფრინდეს“. ჰოდა, სერიოზულად დავფიქრდი, რომ საექთნო საქმე უნდა ვისწავლო. წინ გრძელი გზა მაქვს (იმედია) და გამომადგება.

კერძებს რაც შეეხება, ეგ ცოტა შინაგანადაც უნდა გეხერხებოდეს. აი ისე, როგორც დედას ერთ მეგობარს ჰქონდა ნიჭი შიგნიდან. მისნაირ კერძს ვერავინ ამზადებდა და ახლაც ვერავინ ამზადებს. ასე ვარ დარწმუნებული, რადგან უბრალოდ მისნაირი გემო და სურნელი სხვაგან არსად მიგრძნია.

ერთ ახალ წელს (ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი) უზარმაზარი ქვაბით ჩვენი შეკვეთილი საცივი გამომატანა. ავტობუსში, რომ ავედი, კერძმა ისეთი სურნელი დააყენა, ყველა ადგილზე გაშრა და როცა ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი, კინაღამ ყველა სახლში გამომყვა.

სურნელოვან ნივთიერებებს ალქიმიკოსები სულებს უწოდებდნენ. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, სუნელები, სუნამოები, ნამცხვრები და შოკოლადი, ასევე ყავა სულებია.

ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს – არა. მაგალითად, სპილენძი უსუნოა, სპირტს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი სპეციალური უჯრედია განთავსებული, რომლებიც მოლეკულებს „იჭერენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალი იგზავნება. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სურნელს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაუდასტურეს.

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ. ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს უნარი შესწევთ, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება. ამ შემთხვევაშიც (ფერმენტებისა და სუბსტრატისა არ იყოს) „გასაღები-კლიტის” პრინციპი მოქმედებს, ანუ განსაზღვრულ ცილას მხოლოდ განსაზღვრული ფორმის ოსმოფორი შეიძლება დაუკავშირდეს.

რაც შეეხება მკვეთრ და უსიამოვნო სუნებს, მათი მოლეკულები ოდნავ განსხვავებული ტიპის უჯრედებს უკავშირდებიან.

ზოგიერთი ნივთიერების მოლეკულის სუნი საოცარ ასოციაციებს იწვევს. მაგალითად, პარა-ჰიდროქსიფენილბუტანონ-2 (C10H12O2) და იონონი (C13H20O) – ორივე კეტონია. პირველი მათგანი ჟოლოს დამწიფებისას წარმოიქმნება. არომატული სუნიც მისი დამსახურებაა. იის ფოთლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ პარფიუმერები მას ხშირად იყენებენ სუნამოების შექმნისას. მეორე კეტონი მზეზე გამომშრალ თივას აძლევს დამახასიათებელ სურნელს.

დიალილდისულფიდი (C6H10S2), ალილპროპილდისულფიდი (C6H12S2), თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი (C3H6OS) – თითოეული მათგანი გოგირდს შეიცავს, რომელიც Allium-ის რიგის მცენარეებს მკვეთრ სურნელს ანიჭებს. ამ მცენარეებს ძალიან კარგად იცნობთ. ნიორს და ხახვს ვგულისხმობ. მათში ბევრია გოგირდშემცველი ამინმჟავა, განსაკუთრებით – ცისტეინი. თავად ხახვი და ნიორი უსუნოა, მაგრამ აბა ერთი გაჭერით, დაჭყლიტეთ, ჩაღეჭეთ, ანუ უჯრედები დაუზიანეთ – მაშინვე დაიწყება ფერმენტული რეაქცია და ამინმჟავებში შემავალი აზოტი და გოგირდი აქროლად ნაერთებად გარდაიქმნება. მათ შორის ამიაკიც წარმოიქმნება და ზემოთ დასახელებული ნაერთებიც. ევგენოლი (C10H12O2) დაფნის ფოთლის ეთერზეთში შედის. იგივე ალდეჰიდი მუსკატის კაკალშიც (Myristica fragrans) გვხვდება.

დღევანდელი სამყარო ფულზეა გაგიჟებული. სადღაც ლოგიკურიცაა, რადგან საქმით დასტურდება, რომ მართალია, ცხოვრებაში მთავარი სხვა ღირებულებებია, მაგრამ ფული ყველაზე კარგი დამხმარეა…

ფულს თუ აქვს სუნი?

ჩემს ბავშვობაში ყვარელში ასეთი ამბავი მოხდა. შვილმა მამას რაღაცის საყიდლად ფული სთხოვა. მამისგან უარი მიიღო, არ მაქვსო. გაქვსო, მიუგო შვილმა. განჯინაში ხელი მოაფათურა და გადამალული ფული მამას დაანახვა. კაცი გაბრაზებულა, შენ რა ჩუმად მითვალთვალებო? არაო, სუნით მივაგენიო – იყო პასუხი. მამამ იფიქრა, მეხუმრებაო და უთხრა – გარეთ გადი, მე ისევ დავმალავ და თუ კვლავ იპოვი, რაც მთხოვე, მოგცემო. ასეც მოქცეულან და ბიჭმა ისევ იპოვა. მერე მამის მეგობართან წასულან, მერე იმის მეზობელთან და ბიჭმა ყველგან სუნით იპოვა ფული.

გამოდის, რომ ფულს სუნი ჰქონია. უბრალოდ ყველა ვერ აღიქვამს. მეორე მხრივ, თავად ფულს სუნი მართლაც არ აქვს და თუ მაინც რაიმე სურნელს გამოსცემს, ადამიანისგან გადაეცემა. კუპიურებთან რეაქციაში შედიან კანში არსებული ორგანული ნივთიერებები, ასევე გამოყოფილი ოფლი და მასში გარეული ცხიმი. სადღაც წავიკითხე, რომ ერთ გერმანელ პარფიუმერს ამერიკული დოლარის სუნის ფორმულის გამოყვანა უცდია და შემდეგი ძირითადი არომატები უპოვია: დომინანტი ნოტები – საპონი, სარეცხი საშუალებები, ბენზინი. ახალი ბანკნოტები თავისთავად ქაღალდის და მელნის სუნს გამოსცემენ. შემდეგ, კი გარემოსთან ურთიერთობით, მათი სურნელიც იცვლება.

ჩემი და წვიმის ურთიერთობა მგონი იცით, ერთმანეთი არ გვიყვარს https://mastsavlebeli.ge/?p=4009 https://mastsavlebeli.ge/?p=20404 https://mastsavlebeli.ge/?p=14904 https://mastsavlebeli.ge/?p=12993 https://mastsavlebeli.ge/?p=10526

სრულიად შეუფერებელ დროს მოდის. ცდილობს, დამასველოს და ვარცხნილობა დამიშალოს https://mastsavlebeli.ge/?p=12298. მე კი, ბუნებრივია, გავრბივარ.

იმ დღესაც უცებ წამომეწია, მაგრამ ვარცხნილობა ისედაც არეული მქონდა (ვირუსის გამო სალონები დაკეტილია). ამიტომ არსად გავქცეულვარ და ვიგრძენი, რომ წვიმის სურნელი მომეწონა კიდეც. თან მოკლეზე რაღაც ბაღით გზას ვიმოკლებდი (ვირუსის გამო ტრანსპორტი არ დადიოდა) და ხეებსა და ბუჩქებს შორის მიმავალმა უფრო მკაფიოდ ვიგრძენი სუნი.

პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ რაღაც სისუფთავის სურნელი ჰქონდა. წვიმის სუნს თავისი ტერმინი აქვს – პეტრიკორი (ბერძნული „პეტრა“, რაც ქვას ნიშნავს და „იქორი“ – სითხე, რომელიც ღმერთების ვენებში მიედინება). ეს სუნი რამდენიმე ძირითადი ნივთიერების კომბინაციაა: გეოსმინი ტერპენოიდია. ის ნიადაგის შედგენილობაშია და მისი გამოთავისუფლება ნიადაგის მიკროორგანიზმების დაშლის შედეგად ხდება. წვიმის დროს წყალი გეოსმინს ატმოსფეროში ნიადაგიდან გამორეცხავს. სინამდვილეში ამ ნივთიერებას უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა სხვა კომპონენტების წყალობით მისი არომატი ძალიან არ იგრძნობა.

წვიმის სურნელის შექმნაში სხვადასხვა ეთერზეთები მონაწილეობენ. სწორედ ისინი ქმნიან სისუფთავის სუნს. ეთერზეთებს მცენარეები მზიან ამინდში ასინთეზირებენ და ამით წყლის მოხმარებას ზღუდავენ, გვალვაში კი მომჭირნედ მოიხმარენ წყალს. წვიმის დროს კი ეთერზეთები ატმოსფეროსკენ მიემართებიან და ჩვენს რეცეპტორებს ახარებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ოზონია. ის ელექტრული განმუხტვის შედეგად ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება. შემდეგ ჰაერის ძლიერი ნაკადით ატმოსფეროს ქვედა შრეებში ეშვება და წვიმის სურნელში მონაწილეობს.

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიული სახესხვაობაა. აირადი ოზონი ცისფერია, თხევადი, მუქი ლურჯი, მყარი კი შავი ფერისაა. მეჩვიდმეტე საუკუნეში შენიშნეს, რომ ჭექა-ქუხილის დროს ვრცელდებოდა თავისებური მკვეთრი სუნი. მეცხრამეტე საუკუნეში ჰაერიდან გამოჰყვეს აირი, რომელსაც ოზონი (ბერძნ. სუნიანი) უწოდეს.

ატმოსფეროში ოზონი წარმოიქმნება ჭექა-ქუხილის დროს. იგი არამდგრადია და ჟანგბადის გამოყოფით იშლება. ოზონს შეიცავს აგრეთვე წიწვოვანი ტყისა და ზღვის სანაპიროს ჰაერი. ჭექა-ქუხილის დროს შემდეგი რეაქციები მიმდინარებს:

ლაბორატორიაში ოზონს იღებენ ჟანგბადიდან, სპეციალურ ხელსაწყოებში – ოზონატორებში:

რეაქციიდან ჩანს, რომ ოზონი არამდგრადი ნივთიერებაა და სწრაფად გარდაიქმნება ჟანგბადად. ამის გამო ოზონი ატმოსფეროში არ გროვდება.

ოზონი ძლიერი მჟანგავია. მისი მოლეკულისგან ჩამოცილებული ჟანგბადის ატომები ქიმიურად უფრო აქტიურია, ვიდრე ჟანგბადის მოლეკულები. ამიტომ, ჟანგბადთან შედარებით, ოზონი უფრო დიდი ქიმიური აქტივობით ხასიათდება.

მცირე რაოდენობით ოზონი ადამიანისთვის სასარგებლოა, დიდი რაოდენობით კი – მომწამლავი.

ოზონი ანადგურებს ბაქტერიებს. ამიტომ, გამოიყენება სასმელი წყლის გასასუფთავებლად და ჰაერის დეზინფექციისთვის. ოზონის შრე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

წერილი ჩამთავრდა. რამდენ არაქიმიურზე ვისაუბრე… პრინციპში, ყოველთვის ასე ვიქცევი, მაგრამ შედეგად, ვითომ არაქიმიურზე საუბრით ქიმიას ნაწილ-ნაწილ ვშლი და ჩვენს ცხოვრებას მოვარგებ ხოლმე.

ამის ნებას კი თავად ქიმია მაძლევს, რადგან ის თავად ჩვენი ცხოვრებაა.

 

მშობლები გამჭვირვალე „საკლასო ოთახში“

0

საქართველოს განათლების სისტემას დისტანციური სწავლების იმხელა ტალღამ გადაუარა, რომ რყევები ჯერ კიდევ იგრძნობა. 2 312 სკოლის 590 934 მოსწავლემ და 63 780 პედაგოგმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და უჩვეულო წესებით დაიწყო სვლა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგი წინ წავიდა, ზოგი – უკან, ზოგიც ერთ ადგილზე მოძრაობს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და მაღალი სტრესის ფონზე არსებულ ვითარებასთან გამკლავება მოსწავლეთა მშობლებსაც მოუხდათ. ჩაკეტილი შენობებიდან სკოლებმა პირდაპირ სახლებში გადაინაცვლა და ავტომატურად, წინასწარი მოლაპარაკებების და შეთანხმებების გარეშე, სწავლა-სწავლების ხარისხზე პასუხისმგებლობა მშობლებზე გადანაწილდა.

„გაკვეთილების დისტანციურად დაწყებამ ჩემში დიდი მღელვარება გამოიწვია.  მოშლილი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელში, ერთი კვირით წამოსულებს განათლების ახალი მოდელი სრულიად მოულოდნელად წამოგვეწია. თან მხოლოდ უხარისხო ტექნიკური აღჭურვილობა მქონდა. რომ გავიაზრე, პროცესში ხარისხიანად ჩართულობაში ეს ყველაფერი რამდენ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა, ამან მეც და ბავშვებიც ძალიან შეგვაშინა“ – ამბობს თეა ცხვირავაშვილი, ორი სასკოლო ასაკის შვილის მშობელი.

თუ ტრადიციული სწავლების პირობებში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და სკოლისთვის დადებითი შედეგები მოაქვს, ტრანზიტული სკოლის შემთხვევაში პირდაპირ გავლენას ახდენს საგაკვეთილო პროცესის გამართულობასა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტები მშობელთა პასუხისმგებლობაზე ისრების სრულად გადატანას არამართებულად მიიჩნევენ, რადგან დისტანციურ ფორმატზე უცაბედი გადასვლა Covid 19-ის პანდემიამ გამოიწვია და არა მშობლების გააზრებულმა არჩევანმა.

„უნდა განვასხვაოთ ზოგადად დისტანციური სწავლება და კრიზისების დროს დისტანციური სწავლება. ჩვეულებრივ პირობებში დისტანციური სწავლებისას, შესაძლოა, მშობლის როლი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, რადგან  ეს დაგეგმილი პროცესია: მოსწავლე, სკოლა და ოჯახი თავიდანვე მომზადებული და მოტივირებულია. ამ კრიზისის დროს კი მოულოდნელად უწევთ მშობლებს არსებულ ვითარებასთან გამკლავება. ზოგადად, მშობელსა და ოჯახს განათლების ხარისხზე უდიდესი ზემოქმედება აქვთ და დღეს ეს გავლენა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. შესაბამისად, გაიზრდება განსხვავება შვილების მხარდამჭერი ოჯახების მოსწავლეებს და იმ მოსწავლეებს შორის, რომელთა მშობლები არ ან ვერ ერთვებიან შვილების სწავლებაში.“ – ამბობს შალვა ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისტანციურად სწავლის პირობებში მოსწავლის მშობელს ერთდროულად რამდენიმე როლი ეკისრება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შვილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და კუთვნილი ტექნიკის გამართულობაა. ეს ყოველივე კი დაბალი ეკონომიკური შეძლების ოჯახებისთვისაც გამოწვევაა და მათთვისაც, ვისაც თითოეულ ბავშვზე პერსონალური კომპიუტერი და შეუზღუდავი ინტერნეტი აქვს.

„ონლაინ სწავლება დღეს ყველა ოჯახისთვის აქტუალურია. მე ოთხი შვილი მყავს. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, რომ ბავშვები ჩაერთონ გაკვეთილებში და არ ჩამორჩნენ პროგრამას, მაგრამ ვიცი ოჯახები, ვისთვისაც ინტერნეტი ფუფუნებაა. მათთვის დიდი ხარჯია ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება. ზოგიერთ მათგანს არც საჭირო ტექნიკა აქვს, ზოგიერთი ბავშვი ტელეფონით ესწრება გაკვეთილებს. დღეს მშობლებისთვის პრიორიტეტი შვილების საკვებით უზრუნველყოფა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენაა. ზოგჯერ არჩევანი ასე დგას, ინტერნეტი თუ საკვები?! კარგი იქნებოდა მშობლებს ამ პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო დახმარებოდა.“ – ამბობს 4 შვილის მშობელი, ნათია მანჯგალაძე.

„ონლაინ სწავლებამ თავიდან მასწავლებლებიც დაძაბა და მეც, როგორც მშობელს, მოთმინება დამაკარგვინა.  ერთდროულად რამდენიმე ბავშვს ჰქონდა გაკვეთილი და ტექნიკური პრობლემებიც ერთდროულად იჩენდა ხოლმე თავს. მაგალითად, პროგრამა teams-ში მოსწავლე ვერ ხედავდა ყველა საგანს და ვერ ესწრებოდა ყველა გაკვეთილს. მასწავლებელი ვერ ახერხებდა პრობლემის მოგვარებას და მიიჩნევდა, რომ მშობელს თავად უნდა გაერკვია პრობლემის მიზეზები. ხშირად ხდება, როცა მასწავლებელს არ ესმის მოსწავლის ხმა და პირიქით. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ერთმანეთს “აგდებენ” პროგრამიდან. მოსწავლე მიკროფონს თიშავს, როცა არ უნდა პასუხის გაცემა. შემდეგ ხელი ჩავიქნიე ონლაინ გაკვეთილებზე და თავად დავიწყე ჩემი შვილების მასწავლებლობა. დღეისათვის ონლაინ სწავლების მდგომარეობა გამოსწორდა იმ მხრივ, რომ, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, გაკვეთილები მეტ-ნაკლებად ტარდება. თუმცა, ზოგიერთი მასწავლებელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჩართვას. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოულოდნელად მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, დღეს არსებული მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია. დასაფასებელია მასწავლებლების მონდომება. კარგი იქნებოდა მათ ტექნიკურ დახმარებას თუ გაუწევდნენ“ – ამბობს 5 შვილის დედა, მაკა საკანდელიძე.

სახლებიდან სახლებში ჩატარებულ გაკვეთილებს მოსწავლეების მილიონზე მეტი მშობელი ადევნებს თვალს. სირთულეების მიუხედავად მშობლები ამბობენ, რომ ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა. ბავშვსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შრომა ერთიორად გამოჩნდა და დაფასდა.

„ჩემი შვილების სკოლა მარტის დასაწყისიდან სრულად გადაეწყო ონლაინ სწავლებაზე. გაოცებას ვერ ვმალავდი, პირველივე დღეებიდან იმდენად მომზადებულები იყვნენ პედაგოგები. გაკვეთილები ცხრილის მიხედვით ტარდება. ამ დრომდე ყოველი გაკვეთილი დაგეგმილია, ნაფიქრი, აქვს მიზანი და ახლავს საშინაო დავალება.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

მოსწავლეთა მშობლების შეფასებით, ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა მშობელთა ჩართულობა გაზარდა, რის გამოცდილებაც საქართველოში არც თუ ბევრ მშობელს ჰქონდა.

მშობლები ახლო წარსულს იხსენებენ, როცა უმეტეს სკოლებში დღის წესრიგს შიდა სასკოლო საზოგადოება ადგენდა და მშობელს უკვე დამტკიცებული წესების შესრულება უწევდა. მაგალითად, შინაგანაწესით მკაცრად იყო გაწერილი სკოლის შენობაში მშობლების შეშვების დრო. თუ აქამდე მშობელს ტრადიციულ გაკვეთილზე დასასწრებად პედაგოგის და სკოლის დირექციის თანხმობა სჭირდებოდა, ახლა ეს ადამიანები თავად სთხოვენ მოსწავლის მშობელს, გვერდით მიუჯდეს ბავშვს და თვალი ადევნოს საგაკვეთილო პროცესის გამართულობას.

ამ შინაარსის თხოვნას, როგორც წესი, რამდენიმე საფუძველი აქვს:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს არ აქვთ კომპიუტერის დამოუკიდებლად მოხმარების უნარ-ჩვევები.
  • დაგროვდა ონლაინ გაკვეთილების ჩაშლის წარმატებული მცდელობების პრაქტიკა.
  • გაკვეთილის დროს პედაგოგები მშობლებისგან სახლში სიჩუმის დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგჯერ მოსწავლის გვერდით ჯდომა შეუძლებელი და გაუმართლებელია.

„მე სამი შვილი მყავს. უფროსი მე-5 კლასშია, საშუალო – მე 3 კლასში. უმცროსი ბაღის ასაკშია. უფროსებს ყოველდღიურად დღეში 3 ან 4 გაკვეთილი აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივეს ცალ-ცალკე კომპიუტერი და სამუშაო სივრცე სჭირდება. ამ პერიოდში ჩემი ამოცანაა, ტექნიკა მუდმივად მწყობრში მქონდეს და დავიცვა სიჩუმე, რაც არც ისე ადვილი საქმეა, რადგან როგორც გითხარით, ჩვენი უმცროსი შვილი ბაღის ასაკის ბიჭუნაა და მოგეხსენებათ, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ, დაემორჩილონ მკაცრად განსაზღვრულ წესებს. ერთ-ერთი გოგონას კლასის დამრიგებელი მშობლებისგან ითხოვს, დავსხდეთ ბავშვების გვერდით და უზრუნველვყოთ, რომ გაკვეთილი არ ჩაიშალოს. ერთმანეთს ხმა არ გაუთიშონ ან ჯგუფიდან არ „გააგდონ“. ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მომეხერხებინა, თან სიჩუმე დავიცვა, პატარა შვილი „დავაკავო“ და თან გაკვეთილის მიმდინარეობას დავესწრო. არც შემიძლია და ამავე დროს, ჩემი აზრით, არ არის სწორი, მშობელი გვერდით ეჯდეს ბავშვს და იჭრებოდეს მის პირად სივრცეში, მიმაჩნია, რომ ოთახშიც კი არ უნდა შევიდე, როცა გაკვეთილი აქვს. ამან ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა, პროცესებისთვის ხელი არ შეუშლია. რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყობა მოხდა და ვთვლი, რომ თავი გავართვით. თუმცა რის ხარჯზე ვპასუხობთ ამ გამოწვევას, ეს ალბათ კვლევის საგანია.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

სად არის გამოსავალი, როცა ორივეს – მასწავლებელს და მშობელს, თავისი სიმართლე და მყარი არგუმენტები აქვთ? ამ შეკითხვით განათლების სპეციალისტს მივმართეთ.

„შესაძლებელია დაბალ კლასებში მასწავლებელმა სთხოვოს (და არა მოსთხოვოს) მშობელს ზედამხედველობა. ასეთი თანამშრომლობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ბევრ ქვეყანაში, სკოლები ადგენენ ე.წ. ნეტიკეტს – ინტერნეტ-სწავლებისას ქცევის წესებს, რა არის დასაშვები და რა – არა. ამ ინფორმაციის მიწოდება საგანგებოდ ხდება მოსწავლეებისთვის. იქვე განსაზღვრულია ის ნაბიჯებიც, რასაც სკოლა მიმართავს, თუ მოწაფე ნეტიკეტს დაარღვევს, გამომდინარე დარღვევის ხარისხიდან და სიხშირიდან. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია მოსწავლის გაკვეთილზე არ დაშვება ერთი ან რამდენიმე დღით. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობლებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონლაინ სწავლება ბავშვებში გადაღლილობას იწვევს და მასწავლებლებს მეტი მოთმინება მართებთ.“- ასე პასუხობს ჩვენს შეკითხვას ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნუცა კობახიძე.

დისტანციური სწავლის ფორმატი განსაკუთრებით მოუხერხებელი აღმოჩნდა დასაქმებული მშობლებისთვის, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობებს. თვითიზოლაციის პირობებში მშობლები ერთდროულად რამდენიმე საპასუხისმგებლო როლს ითავსებენ, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, ბავშვის განათლების, საოჯახო საქმეზე პასუხისმგებელი პირის და თანამშრომლის, რაც ერთ სივრცეში გამოკეტილი ადამიანებისთვის არც თუ ადვილად დასაძლევი ამოცანაა.

„ჩემი ოჯახი სამწევრიანია. აქედან ერთი, 6 წლის ბავშვია, რომელიც წინასასკოლო მომზადების პროგრამას გადის.  როდესაც preschool-მა ონლაინ სწავლება შემოგვთავაზა, დიდი სიხარულით დავთანხმდით, რადგან იზოლაციის გამო, ონლაინ ჩართვები ბავშვის სოციალიზაციის შესაძლებლობადაც მივიჩნიეთ. ჩემი შვილის ჯგუფიდან, ბავშვების მხოლოდ ნახევარი ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც კერძო სკოლაში, ონლაინ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ონლაინ ჩართვები სკოლამდელ ასაკში, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს პედაგოგებისგან. თანდათან იმატა ისეთმა დავალებებმა, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს. ალბათ, ეს მიიჩნიეს მშობლის ჩართულობის გაზრდის გზად. თავად ბავშვიც ბევრად მომთხოვნი გახდა ჩვენ მიმართ, უნდოდა ერთად შეგვესრულებინა დავალება, რადგან სხვა ბავშვების ბებია, დედა ან მამა ასე აკეთებდა. რამდენიმე დავალება საერთოდ გვიან ვნახეთ, რადგან ონლაინ პროგრამაში შეტყობინებების მუდმივად წაკითხვის დრო არ გვაქვს. პედაგოგთან საუბრით ვეცადე, ამეხსნა, რომ არ ვარ უყურადღებო მშობელი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მე არ მეხებოდა ის ბლოგები და სტატიები, სადაც მოგვითხრობენ, როგორ გავართოთ ბავშვები იზოლაციაში, როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე და გავიაროთ ონლაინ ტრენინგები. გარკვეული დროის მერე, მხოლოდ გადარჩენის გეგმა დაგვრჩა: ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ სამსახურისთვის და ბავშვი დროულად მიუჯდეს მაგიდას გაკვეთილისთვის.“- ამბობს ანა წურწუმია, დასაქმებული მშობელი.

იმის გათვალისწინებით, რომ არც დისტანციური სწავლების სამართლებრივი ბაზა არსებობს და არც მოსწავლე-მასწავლებლის ქცევის თუ მშობელთა ჩართულობის ეტიკეტი, გაურკვევლობები გარდაუვალია. ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ და სკოლამ უნდა იფიქროს არა სამართლებრივი ბაზის მოწესრიგებასა და იძულების მექანიზმების ამოქმედებაზე, არამედ სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის პროგრამებზე.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს განსაკუთრებული მდგომარეობა და მოსწავლეების კიდევ უფრო დიდი ნაწილი აღმოჩნდა ხარისხიანი განათლების მიღმა. გაიზარდა უთანასწორობა. შესაბამისად, ვფიქრობ, უკვე დღეს, მთელი ყურადღება და აქცენტი უნდა გადავიდეს პრობლემის მოგვარებაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ძალიან მალე ამ უთანასწორობის აღმოფხვრას; რა მექანიზმებს შეიმუშავებს სამომავლოდ ზოგადად არსებული უთანასწორობის გამოსასწორებლად; როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას განსხვავებული პოლიტიკის საწარმოებლად; როგორ უზრუნველყოფს ამ პროცესში ფუნქცია-მოვალეობების დელეგირებას და ა. შ. ვფიქრობ, აქცენტი და მსჯელობა ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს და ნაკლებად, სამართლებრივი მექანიზმების შექმნაზე მოსწავლეთა დასწრების იძულებისთვის. აქ უფრო სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის მექანიზმებზე უნდა ვიმუშაოთ, რათა თუნდაც ისეთი პროექტები, როგორიცაა ტელესკოლა, თუ მაიკროსოფთ თიმსის მეშვეობით ონლაინ სწავლება, მოსწავლემდე მივიტანოთ და არ დარჩეს მხოლოდ სამინისტროს, თუ ცალკეული დირექტორებისა, თუ მასწავლებლების თავმოსაწონ წამოწყებად“ – აცხადებს შალვა ტაბატაძე.

დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ხანს არ ექნება ალტერნატივა კომპიუტერულ თუ ტელეგაკვეთილებს. ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სკოლებისა და მშობლების კომუნიკაციის ხარისხი. პირველ რიგში, მშობელმა იცოდეს, რას ელის სკოლა მისგან? ამ კითხვაზე მასწავლებლის თუ სკოლის ადმინისტრაციის მიერ გარკვევით გაცემული პასუხის გარეშე მშობლებს გაუჭირდებათ, გახდნენ სკოლის კარგი პარტნიორები, დაეხმარონ შვილს წარმატების მიღწევაში და შეუმსუბუქონ შრომა მასწავლებელს.

„სკოლა მშობლისგან ელის, პირველ რიგში, ემოციურ მხარდაჭერას, როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა გაიაზროს, რომ ეს არ არის „ჩვეულებრივი“ სასწავლო პროცესი. ეს ის სივრცეა, სადაც შეიძლება მოულოდნელად ტექნიკური პრობლემა წარმოიშვას ან ყველა გაკვეთილში ჩართვა ვერ მოახერხოს მოსწავლემ, რადგან მისი და-ძმების გაკვეთილები ემთხვევა, ან ვიწროდ ცხოვრობენ და შესაძლებელია ხმაურმა შეუშალოს ხელი. შესაძლებელია, საერთოდაც არ მიუწვდებოდეთ ხელი ინტერნეტსა და კომპიუტერზე. ამიტომ, ემოციური მხარდაჭერა უმთავრესია. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ტექნიკური თვალსაზრისით ყველა რესურსის მობილიზება. ასეთ შემთხვევაში სკოლა და მშობელი თანამშრომლობენ, რა გზით შეიძლება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა. სკოლა, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარების ხელს  გაუწვდის.“ – ამბობს ჩვენთან საუბარში საჩხერის მე-2 სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი.

მშობლებისა და სკოლის დისკომუნიკაციის პრობლემა დისტანციურ ფორმატზე გადასვლამ ნაწილობრივ მოაგვარა.  Covid 19-ის ეპოქამ დაგვანახა, რომ მშობლისა და სკოლის ხარისხიანი თანამშრომლობისთვის არც სკოლაში მისვლაა აუცილებელი პირობა და არც ქვეყანაში ყოფნა.

„დღევანდელმა დღემ სკოლებს მისცა შესაძლებლობა, გადახედონ მშობლებთან კომუნიკაციის ფორმებს, გამოიყენონ მრავალმხრივი მეთოდები. ხშირად საუბრობდნენ,  რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა დაბალი იმიტომ იყო, რომ მშობელთა დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მართალია,  სკოლას შეეძლო, საზღვარგარეთ მყოფ მშობლებთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმები გამოეყენებინა, თუმცა ამას თითქმის არავინ აკეთებდა. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ინტერნეტკომუნიკაცია და შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა  არც ჰქონდეს მშობელთა ადგილმდებარეობას. ეს ნათელი მაგალითია, რომ კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა უნდა გამოიყენოს სკოლამ, რაც მშობლებთან ურთიერთობას გააადვილებს. უფრო მეტიც, მშობლებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, თვითონ შესთავაზონ მათთვის ხელსაყრელი კომუნიკაციის ფორმები და  მშობელთა შემოთავაზებების საფუძველზე განსაზღვრონ კომუნიკაციის სტრატეგია“ – ამბობს შალვა ტაბატაძე ჩვენთან საუბარში.

განათლების სპეციალისტების აზრით, დისტანციურ რეჟიმში მშობლებსა და სკოლას შორის წარმატებული თანამშრომლობის აუცილებელი პირობა სწორი კომუნიკაციაა. რეგულარული კავშირის შემთხვევაში, სკოლა შეძლებს მოლოდინების სწორად განსაზღვრას, უკუკავშირის მიღებას. მშობლები უკეთესი ხარისხით შეძლებენ, დაეხმარონ შვილებს.

„ამგვარი კავშირის გარეშე, ხშირად წარმოიქმნება გაუგებრობები, ვერ ხერხდება სწავლებაში არსებული ხარვეზების დროული გამოსწორება, რაც საბოლოოდ განათლების ხარისხს აუარესებს.“ – აცხადებს ნუცა კობახიძე.

სპეციალისტების რეკომენდაციები მოსწავლეთა მშობლებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის:

 

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება – მშობლები და მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებზე მეტად მათ უჭირთ იზოლაციაში ყოფნა; თუმცა, იქვე ჩამოთვლიან არაერთ შემთხვევას, როგორ გაუარესდა შვილების/მოსწავლეების ხასიათი და განწყობა. ამიტომ მიეცით ბავშვებს საშუალება, გამოხატონ ემოციები. თუ დაიღლებიან, მიეცით უფლება, დაისვენონ. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, გაკვეთილების თუ საშინაო დავალების მომზადების დროს, ბავშვებს აღარ დასჭირდებათ ტყუილის და ხრიკების მოფიქრება. ზრდასრულები კი ზედამხედველის ნაცვლად ბავშვის მეგობრად იგრძნობთ თავს.

 

  • ერთმანეთის მოლოდინების განსაზღვრა – სასურველია, მშობლებმა და სკოლის თანამშრომლებმა ერთმანეთს გაუზიარონ მოლოდინები. კერძოდ, დისტანციურად სწავლების პერიოდში რას ელიან ერთმანეთისგან. ეს სკოლას და მშობლებს ადეკვატური მოლოდინების შექმნაში დაეხმარება.

 

  • კომუნიკაციის სხვადასხვა არხების გამოყენება – ჰკითხეთ ერთმანეთს, ურთიერთობის რომელი საშუალება უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ დისკომუნიკაცია და ტექნიკური ხარვეზები. წერილობითი კომუნიკაცია სჯობს, სატელეფონო თუ ვიდეო ზარი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეს ორ ან მეტ სუბიექტს შორის შეთახმების საგანია.

 

  • რეგულარული ურთიერთობის დროზე და Online თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება – სასურველია, მშობელი და პედაგოგი წინასწარ შეთანხმდნენ მათთვის სასურველ თავისუფალ დროზე, როცა ორივე მხარეს სცალია აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. ეს დაგეხმარებათ, ჩამოაყალიბოთ რეგულარული კომუნიკაციის წესრიგი, ე. წ. რუტინა. თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება კი გულისხმობს, ისეთ მნიშნელოვან დეტალებს, როგორიც არის ქცევის წესების ჩამოყალიბება, პერსონალური მონაცემების დაცვა, online ჩატარებული კრების დღის წესრიგის განსაზღვრა და სხვა.

 

  • მშობელთა ჩართულობა ერთმანეთის შვილებისთვის – მშობლებს მრავალფეროვანი რესურსი აქვთ, რასაც იშვიათად ახმარენ შვილის თანაკლასელებს. მოსწავლეებს მოსწონთ მათთვის აქტუალურ თემებზე მშობლებთან არაფორმალური საუბრები. შესთავაზეთ სკოლას იდეები და online ჩართვის ფორმატში განახორციელეთ არაფორმალური განათლების აქტივობები. მაგალითად, ისწავლეთ და ასწავლეთ შვილს და მის თანაკლასელებს ონლაინ უსაფრთხოების წესები. ესაუბრეთ პროფესიულ არჩევანზე, ემოციებზე და/ან სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

 

  • სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის მნიშვნელობა – ზოგჯერ მშობელს ან სკოლის თანამშრომელს არ ესმის მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა. ერთ-ერთი ბარიერი ის არის, რომ ეს თანამშრომლობა დამატებით დროს მოითხოვს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მშობელთა ჩართულობა მთელ სასკოლო საზოგადოებაზე დადებითად აისახება. ამიტომ, დაარწმუნეთ ერთმანეთი, რომ საერთო მიზნის მისაღწევად თქვენთან თანამშრომლობა სასარგებლო და მნიშვნელოვანია. (მაგალითად, შესთავაზეთ მასწავლებელს საგაკვეთილო პროგრამის Power Point-ში აწყობა ან მასთან ერთად მოიფიქრეთ შემოქმედებითი  საშინაო დავალება მიმდინარე საგაკვეთილო საკითხთან დაკავშირებით და ა. შ.  ცხადია, იგივე ან მსგავსი ინიციატივების გამოჩენა მშობლებთან მიმართებაში პედაგოგებსაც შეუძლიათ.)

 

  • ერთმანეთზე ზრუნვა – ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს ან ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს. როგორც წესი,  გაღიზიანებას იწვევს, თუ მეორე მხარე დისტანციური სწავლის პროცესში არ/ვერ ერთვება. ნუ მიიღებთ პირად შეურაცხყოფად, თუ იგრძობთ, რომ თქვენი ზარებით და წერილებით ვინმეს თავი მოაბეზრეთ. გახსოვდეთ, რომ მთელი ეს პროცესი დროებითია და მსოფლიო პანდემიის პირობებში ხორციელდება. შესაძლოა იმ ადამიანებს – მოსწავლეებს, მშობლებს თუ პედაგოგებს, ახლა სხვა ტიპის დახმარება და თანადგომა უფრო სჭირდებათ, ვიდრე თქვენ სთავაზობთ. ამიტომ, დაზოგეთ ერთმანეთი და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად.

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

მულტიმედიური რესურსების გამოყენება დაწყებით  კლასში ონლაინ სწავლებისას

0

თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა, მსოფლიო დაიპყრო   და გამოიწვია ინფორმაციის სიჭარბე. აუცილებელია, ადამიანმა თავი დაიცვას მოზღვავებული ინფორმაციისაგან. ამისათვის საჭიროა, იცოდეს: ინფორმაციის მოძიება, გაფილტვრა, გენერირება  და გამოყენება.   ციფრული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება განაპირობებს  მაღალგანვითარებული,  მედიაწიგნიერი  საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მაღალგანვითარებული, მედიაწიგნიერი  საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს სკოლის  ასაკში ეყრება საფუძველი.  ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით  მოსწავლემ  პირველი კლასიდანვე განივითაროს მედიაწიგნიერებისთვის და ციფრული  წიგნიერებისთვის  აუცილებელი უნარები, რომელიც შესაბამისად, მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ვიდეო მასალის, აუდიომასალის,  მულტიმედიური მასალის გაგებასა და შექმნას.

მიუხედავად ამისა,  ამ მხრივ, მოსწავლეთა განვითარებას მაინც ნაკლები დრო ეთმობოდა. ახლა კი პანდემიის  გავრცელებამ უცებ შეცვალა რეალობა და სკოლები  ელექტრონული სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა. შეიქმნა უამრავი სასარგებლო  რესურსი.

რადგან ონლაინ სწავლება გახდა სასწავლო პროცესის ერთადერთი გზა და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც  მკაფიოდაა დასაბუთებული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა, გადავწყვიტე  მულტიმედიური ტექსტების შექმნა – გამოყენება.

მულტიმედიურ ტექსტებს  ვქმნი  powerpoint-ის საშუალებით.   სლაიდებს, აწყობის შემდეგ, ვიდეოკონვერტირებას ვუკეთებ .  შემოგთავაზებთ ვიდეოკონვერტირების ინსრტუქციასაც.  პრეზენტაციის აწყობისა და შენახვის შემდეგ, უნდა დააწკაპოთ  ფაილს.  გაიხსნება ფანჯარა

ბოლოდან მეოთხე ფანჯარაა  export .  მასზე ხელის დაჭერით   გადახვალთ    create a video  ანუ შექმენით ვიდეოს გრაფაზე.  ხელს დააჭერთ  create a video -ს და ვიდეოდ კონვერტირება დასრულებულია.

 

powerpoint-ის საშუალებითა და შემდეგ ვიდეოდ კონვერტირებით  იქმნება მულტიმედიური რესურსი.

მულტიმედიური საშუალებები სასწავლო პროცესში :

  • მოსწავლეს უადვილებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და დამახსოვრებას;
  • მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის ამაღლებას;
  • მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას;

მიზნად დავისახე:

  • მოტივაციის ამაღლება;
  • მიეღოთ მულტიმედიურ ტექსტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • მულტიმედიური ტექსტების გაგება-გააზრების ხელშეწყობა;
  • თავად შეექმნათ მულტიმედია ტექსტი(გაკვეთილი რამდენიმე საათზეა გათვლილი).

გაკვეთილის მიზანი იყო  დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესწავლა მულტიმედიური საშუალებებით.  სანამ  უშუალოდ ტექსტის გაცნობაზე გადავიდოდი, მოსწავლეებს დაინტერესებისთვის    ეკრანზე გავუზიარე  ვიდეო-რგოლი   ,,ძლევაი  საკვირველი“  და მოვამზადე კომენტირებული კითხვისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=Xk3oJzDtyA8 .

 

კომენტირებული კითხვის დროს   მოსწავლეებს   გავუზიარე ჩემ მიერ შექმნილი მულტიმედია ტექსტი.    სლაიდების მიხედვით, კომენტირებული კითხვის მეთოდით,  ვაწვდიდი ინფორმაციას დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

 

 

მოსწავლეები  ინტერესით  აკვირდებოდნენ  და ისმენდნენ ტექსტს, რომელიც გაფორმებული იყო ხმოვანი და  ვიზუალური ეფექტებით. იხილეთ   ( დანართი 1) .

ტექსტის  კითხვისას ყურადღება გავამახვილე  უცხო ლექსიკურ ერთეულებზე.  ავხსენი ,,სიტყვის პირამიდის“ გამოყენებით. თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე    Idroo-ს ელექტრონული  დაფა.  Idroo-ს თეთრი დაფის ფუნქციების გამოყენების  შესახებ ინფორმაციას  ნახავთ მოცემულ ბმულზე.

https://www.youtube.com/watch?v=rRbsJ5HFk6E

 

 

 

დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, იმ ეპოქის  საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერის უკეთ გაცნობის  მიზნით, გამოვიყენე  საქართველოს  რუკა.

ცოდნის გამთლიანების ეტაპზე კი დავსვი კითხვები  და დავეხმარე მოსმენილი და ნანახი  ინფორმაციის უკეთ გაგებაში.

  • რამდენი წლის გამეფდა დავითი?
  • ვის წინააღმდეგ იბრძოდა?
  • სად  დაამარცხა დავითმა თურქ-სელჩუკები?
  • რატომ უწოდეს აღმაშენებელი?
  • სად არის დაკრძალული?

 

მოსმენილი ინფორმაციის შეჯამებისა და ზეპირი მსჯელობის შემდეგ, დავალებად მივეცი    ,,შემაჯამებელი ბარათი“ . მათ უნდა დაეწერათ  მათთვის საინტერესო ერთი  კითხვა, რომელიც დავით აღმაშენებელზე მეტის გაგებაში დაეხმარებოდათ.

შეკითხვები ამ ფორმით მომაწოდეს:

  • რატომ გამეფდა 16 წლის ასაკში?
  • როგორ შეძლო ქვეყნის გაერთიანება?
  • როდის გამეფდა?
  • რამდენი წელი მეფობდა? და როგორ დაიღუპა?
  • თურქ-სელჩუკების დამარცხების გარდა, კიდევ რა გააკეთა დავით მეფემ?

გაკვეთილი დავიწყე   კითხვებზე პასუხის გაცემით,   idroo-ს  დაფის გამოყენებით გავამზადე  პასუხები და  გავუზიარე  ეკრანზე.

 

თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, შევთავაზე, შეექმნათ კომიქსები.  კომიქსის შექმნა მათთვის ახალი არ იყო. სიახლეს მხოლოდ კომიქსის ელექტრონულად შექმნა წარმოადგენდა.   დავალება კარგად რომ გაეგოთ,   ვისაუბრეთ:

  • რა არის კომიქსი?
  • რატომ უნდა შევქმნათ?
  • როგორ უნდა შევქმნათ?

 

 

 

 

Writecomics- შექმენი კომიქსი.  https://writecomics.com/?fbclid=IwAR2hMuhAXI52j84hMk_RJGzWENhEfYEkKTliZ0tTMfBM8dTZf8xgl9uIs0o

ვებ-მისამართი   შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლემ  თავადვე შექმნას კომიქსი და აამეტყველოს  პერსონაჟები.  მშობლებთან   წინასწარი კომუნიკაციის დროს, გავაცანი  წესები, როგორ უნდა ემუშავათ მოსწავლეებს  და რა ეტაპები უნდა გაევლოთ   კომიქსის   შესაქმნელად. Writecomics-ის   დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს და  გააცოცხლეს   პერსონაჟები  დიალოგის საშუალებით:

  1. რას ეტყოდა დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებს.
  2. რას ეტყოდა თურქ-სელჩუკების მეთაური  ქართველთა ლაშქარს.
  3. რას ეტყოდა დავით მეფე თავის ლაშქარს დიდგორის ბრძოლის წინ.
  4. რას ეტყოდა თურქ-სელჩუკების მეთაური თავის ლაშქარს დიდგორის ბრძოლის წინ.

მოცემული კომიქსების ანალიზი  გვიჩვენებს, რომ  მულტიმედიური რესურსების გამოყენებამ   და მულტიმედიური ტექსტების შექმნაში მონაწილეობამ,  მოსწავლეებს აუმაღლა  მოტივაცია. იმოგზაურეს ისტორიულ წარსულში, გაიცნეს  უძლიერესი  მეფე დავით აღმაშენებელი, მისი საგმირო საქმეები.  წარმოდგენა შეექმნათ იმ პერიოდის საქართველოში არსებულ  პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებაზე. WriteComics-ის  დახმარებით  მოსწავლეებმა ხალისით გაიაზრეს და შეაჯამეს  ინფორმაცია.

მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია, სწავლების პროცესი იყოს სახალისო და მასზე ორიენტირებული.  ბავშვთა ინტერესის  ერთ-ერთ სფეროს ციფრული ტექნოლოგია წარმოადგენს. მათი   დაინტერესება გამოვიყენე სასწავლო პროცესის  მრავალფეროვნებისთვის. როცა  მოსწავლე თავად ქმნის, უკეთ სწავლობს, უკეთ იაზრებს და ესმის, რასაც აკეთებს.  კომიქსების შექმნის პროცესი მათთვის საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.

მოსწავლეს  კომიქსის შექმნა WriteComics    ონლაინ საიტის დახმარებით,  რეგისტრაციის გარეშე, მარტივად შეუძლია. ამისთვის, მხოლოდ მოცემულ  ბმულზე  გადასვლაა საჭირო.

  1. https://writecomics.com/?fbclid=IwAR0qF2FFKvOm8vrYWTl6mOxJ2ogwgpgPENlCdNB0IMJjNQ6GgGUxGLdZirE

 

მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ, შეარჩიეთ სხვადასხვა სივრცე, სივრცეების არჩევანი მრავალფეროვანია, ასევე შემოთავაზებულია პერსონაჟებიც, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება  სხვადასხვა მოქმედების აწყობა. ვებსაიტი იძლევა იმის შესაძლებლობას,  შექმნათ მრავალეპიზოდიანი კომიქსი.

 

  1. უშუალოდ კომიქსის აწყობა,  საიტის რესურსების გამოყენებით.

თქვენ შეგიძლიათ  აირჩიოთ სასურველი სქესის, ასაკის,  გარეგნობის, ჩაცმულობის მქონე პერსონაჟი  გრაფიდან People (ხალხი).

 

 

 

პერსონაჟის არჩევის შემდეგ, აუცილებელია, შეარჩიოთ  გმირის სამოქმედო ადგილი.  არჩევა  შესაძლებელია  გრაფიდან, რომელსაც აქვს წარწერა  Add A Background (დაამატეთ ფონი).

კომიქსის აწყობის საბოლოო ეტაპია არჩეული პერსონაჟების ამეტყველება

Add  Dialog-ის   ( დაამატე დიალოგი)  საშუალებით.

 

 

დიალოგისთვის სივრცის არჩევის შემდეგ,  ტექსტის ჩასაწერი ველი გამოჩნდება

პერსონაჟების თავზე.

 

 

კომიქსის დასრულების შემდეგ ხელი დააჭირეთ Sumbit word -ს  სიტყვის წარდგენას და ნაშრომი დასრულებული სახით მზად იქნება.

ბავშვის ავადმყოფობა და გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზები

0

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ბავშვის მოძებნა, რომელსაც განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ერთხელ მაინც არ უავადმყოფია. პრაქტიკულად, ყველა ბავშვი ავადმყოფობს, მაგრამ ავადმყოფობს თავისებურად – ერთი ხშირად, მეორე იშვიათად, ერთი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, მეორე – სწრაფად გამოჯანმრთელდება. თუმცა, განურჩევლად იმისა, რამდენად ხშირად ავადმყოფობს და რამდენად დიდხანს გრძელდება ავადმყოფობა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სერიოზული შფოთვის და ნერვიულობის მიზეზი ხდება, როგორც მშობლებისთვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ ის მათთვის ერთადერთია და ოჯახში სხვა ბავშვები არ არიან.

ავადმყოფობა სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა აქვს მას. ავადმყოფ ბავშვს, როგორც წესი, ეცვლება გუნება-განწყობა, კარგავს სიმშვიდეს, ხდება შფოთიანი, დათრგუნვილი, ადვილად ღიზიანდება. ემოციურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ხშირად განაპირობებს ნეგატიური აზრები და ფიქრები დაავადების სიმძიმეზე, განკურნების შეუძლებლობაზე,  დანაშაულის გრძნობა მშობლების წინაშე. ავადმყოფ ბავშვებში ფიქსირდება ქცევითი დარღვევებიც, ისინი წყვეტენ თამაშს, კარგავენ უშუალობას უფროსებთან და თანატოლებთან დამოკიდებულებაში, ვერ იღებენ სიხარულს ერთობლივი თამაშებით და გართობით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ბავშვს უჩნდება თანატოლებისა და უფროსებისგან „გაქცევის“, განმარტოების სურვილი. ისინი შეიძლება ასევე  წუხდნენ იმ შეზღუდვების გამო, რასაც ავადმყოფობის პერიოდში უწესებენ. არცთუ იშვიათად ბავშვები უარს ამბობენ რეჟიმის დაცვაზე, არ ემორჩილებიან უფროსებს, ჯიუტობენ, ჭირვეულობენ. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ ბავშვის სტაციონარში გადაყვანა ხდება საჭირო. პატარას შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ მშობლებმა ის სამუდამოდ დატოვეს საავადმყოფოში. თავისთავად ცხადია, რომ ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, ბავშვის განცდებმა ავადმყოფობის დროს შეიძლება გააღრმაოს, გააუარესოს მისი მდგომარეობა და ხელი შეუშალოს მკურნალობის და გამოჯანმრთელების პროცესს.

დაავადების მიმდინარეობასა და გამოჯანმრთელების პროცესზე სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, არამედ მშობლებს შორის არსებულმა მდგომარეობამ და დაძაბულმა ვითარებამ ოჯახში. მუდმივი მღელვარება და გაუთავებელი კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით, შვილის ავადმყოფობის ერთმანეთზე გადაბრალება, ბუნებრივია, მკვეთრად აუარესებს ემოციურ ფონს და მასთან ერთად  ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას. სწორედ ამიტომ, სერიოზული მკურნალობის მიუხედავად, ხშირად პატარას მდგომარეობა ოდნავადაც არ უმჯობესდება. თუ მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს, გარკვეულ სიტუაციებში ჩვენ შეიძლება ეჭვი მივიტანოთ დაავადების ფსიქოსომატურ ბუნებაზე. დაავადება ფსიქოსომატურს მიეკუთვნება, თუ ბავშვი „სარგებელს იღებს ავადმყოფობისაგან“:

  • ბევრი მშობელი გამხდარა იმის მოწმე, რომ სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასაყვანად გამზადებული ბავშვი უცებ „ავად ხდება“ – უწევს ტემპერატურა, აქვს თავის, მუცლის ტკივილი, შეიძლება ხველაც, ცემინებაც. ავადმყოფობის ყველა ნიშანი სახეზეა, მაგრამ, როგორც კი დედა სახლში დარჩენის ნებას რთავს, ავადმყოფობის სიმპტომები მომენტალურად ქრება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი სიმულაციას ნამდვილად არ ახდენს, ის მართლაც „ავად არის“  მანამ, სანამ სახლში დარჩენის ნებას დართავენ. საყურადღებოა ის, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ბავშვი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ავადმყოფობა სახლში დედასთან ერთად ყოფნის კარგი საშუალებაა მისთვის;
  • როცა დედა დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში გადის, ბავშვს მისი სახლში „დაბრუნება“ მხოლოდ ავადმყოფობის დახმარებით შეუძლია;
  • თუ ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, უფროსი, გრძნობს რა თავს მიტოვებულად, შეიძლება „ავად გახდეს“, იმისათვის, რომ დედის ყურადღება მიიპყროს. თუმცა, დედებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ პატარა შეიძლება ავადმყოფობდეს მათი მხრიდან ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამო;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დასუსტების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღება წარმოადგენს. თუ მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან და არა აქვთ ბავშვთან ყოფნის შესაძლებლობა, პატარა იტანჯება მშობლიური სითბოს გარეშე. ასეთ დროს ავადმყოფობა კარგი საშუალებაა დედის ყურადღების მისაპყრობად – „როცა ავადმყოფობ, შენ მეტად უყვარხარ ყველას, ე.ი. უფრო ხშირად უნდა იავადმყოფო“ – ფიქრობს ბავშვი და ის მართლაც ცივდება, სტკივა მუცელი ან თავი. ამასთან, ის არაფერს აკეთებს სპეციალურად და არც ავადმყოფობის სიმულირებას აწყობს. როგორ  წესი, ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს;
  • მშობლებისთვის ძნელია იმის აღიარება, რომ დამოკიდებულებებმა ოჯახის წევრებს შორის შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად კამათობენ, ჩხუბობენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ბავშვი მუდმივად შფოთავს, ნერვიულობს, გრძნობს რა პასუხისმგებლობას მშობლებს შორის ჩხუბის გამო, ერღვევა ძილი, ფიქსირდება დარღვევები გონებრივ განვითარებაში, თავს იჩენს ემოციური და ქცევითი პრობლემები, დეპრესია, სირთულეები სწავლაში;
  • ბავშვის ემოციური, ქცევითი და სოციალური განვითარება ზარალდება მაშინაც, როცა მშობლები იკეტებიან საკუთარ თავში და არ ავლენენ სულიერ სითბოს ერთმანეთის და ბავშვის მიმართ. ბიჭები და გოგონები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ოჯახურ კონფლიქტებზე – გოგონებში თავს იჩენს ემოციური პრობლემები, ბიჭებში კი – ქცევითი. ბავშვი ბევრი რამისთვის არის მზად მშობლებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. თუ ის აფიქსირებს, რომ მისი ავადმყოფობის შემთხვევაში უფროსები ივიწყებენ წყენას და ერთად იწყებენ ზრუნვას მის გამოჯანმრთელებაზე, მშობლებს შორის ყოველი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ის შეიძლება „ავად გახდეს“; ამ გზით კი ავადმყოფობა ქრონიკულ სახეს მიიღებს;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დარღვევა, ავადმყოფობა და ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება განვითარდეს ასევე მშობლების დაცილების ფონზე, ერთ-ერთი მშობლის მივლინებაში ყოფნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ახლობლის გარდაცვალებით და ა.შ.
  • დედისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველაფერი, რაც ბავშვთან დაკავშირებით ხდება, რაც ბავშვს ემართება, ასახავს მისი მშობლების სულიერ მდგომარეობას და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად ახდენს მის ჯანმრთელობაზე გავლენას დედის გუნება-განწყობა და დამოკიდებულებები ოჯახში. სამ წლამდე ბავშვი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის წარმოადგენს სამყაროს ცენტრს და ამიტომ, თუ ოჯახის ცხოვრებაში რაიმე ცუდი ხდება, პატარა თვლის, რომ მიზეზი მასში იმალება და ირთვება თავდაცვის ინსტინქტი არაადეკვატური ქცევის, ფსიქოლოგიური გადახრების, ტრავმების ან დაავადებების სახით. ამასთან, კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ბავშვი არაფერს იგონებს, არ თამაშობს ავადმყოფის როლს, ის მართლა ავადმყოფობს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს:     

  • უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა სარგებელს იღებს ბავშვი ავადმყოფობით და შევცვალოთ სიტუაცია ისე, რომ აღარ არსებობდეს ავადმყოფობის აუცილებლობა მიზნის მისაღწევად. დავეხმაროთ ბავშვს მიზნის მიღწევაში არა ავადმყოფობით, არამედ ჯანმრთელობით და კარგად ყოფნით;
  • განვსაზღვროთ, რა გაუცნობიერებელ „სარგებელს“ აძლევს ბავშვის ავადმყოფობა მშობლებს. დამცავი მექანიზმი „სარგებელი ავადმყოფობისაგან“ მუშაობს მანამ, სანამ გაუცნობიერებელია, როგორც კი ბავშვი და მშობლები გაიაზრებენ ავადმყოფობის მიზეზებს, ის სუსტდება ან ქრება საერთოდ. ავადმყოფობის სარგებლის გაცნობიერება აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს იმ პირობით, თუ მოხდება იმის გაცნობიერება, რომ ჯანმრთელობა იძლევა მეტ სარგებელს და ბედნიერებისა და სიხარულის მეტ შესაძლებლობას;
  • პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია, ბავშვს ყველაფერი ავუხსნათ. მან უნდა იცოდეს, თუ რატომ გავიდა დედა სამსახურში, რომ მას ის ადრინდელზე ნაკლებად არ უყვარს, რომ ისიც მოწყენილია დაცილების გამო და, რომ დედას თავისი პატარა ძალიან უყვარს და განშორების დროს ძალიან ენატრება. მშობლების დაცილების შემთხვევაში პატარამ უნდა იცოდეს, რომ მამა სახლიდან შვილის გამო არ წასულა, რომ მას თავისი შვილები მუდამ ეყვარება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე თვის, ან ერთი წლის ბავშვიც საჭიროებს ახსნას,  რა თქმა უნდა, მისთვის გასაგებ ენაზე. პატარა ყველაფერს გაიგებს, იგრძნობს მხარდაჭერას, სიყვარულს და ოჯახურ პრობლემებს გადაიტანს სტრესისა და ავადმყოფობის გარეშე;
  • ბავშვის ავადმყოფობის დროს მასზე ზრუნვა, მისი სიყვარული, ალერსიანი სიტყვები და მოფერება გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. პატარამ უნდა იგრძნოს, რომ დედა გვერდითაა, მას ის უყვარს და უნდა, რომ გამოჯანმრთელდეს. სწორედ ეს გრძნობა ეხმარება ბავშვს სწრაფად გაუმკლავდეს ნებისმიერ, ყველაზე მძიმე დაავადებასაც კი. ამასთან, ბავშვი უნდა გრძნობდეს ყურადღებას და სიყვარულს მაშინაც, როცა ის ჯანმრთელადაა.

გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია ემოციური კონტაქტი: სიყვარულით სავსე მზერა, ნაზი შეხება, ყურადღება, ემოციური ურთიერთობა. რაც შეიძლება ხშირად გამოვხატოთ სიყვარული ჯანმრთელი ბავშვის მიმართ, რათა მან იგრძნოს, რომ ავადმყოფობის გარეშეც ის ძვირფასი და საყვარელია საკუთარი მშობლებისთვის.

 

 

 

ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა და ჩვენ

0

პანდემიის პირობებში მთავარ რისკჯგუფს ხანდაზმულები – ჩვენი შვილების უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები წარმოადგენენ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იზოლაციის რეჟიმი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ დროს თავი ვარიდოთ მოხუცებთან კონფლიქტს, მეტი მოთმინებით მოვეკიდოთ მათ ნებისმიერ თხოვნას. ხანდაზმულებთან მშვიდობიანი დიალოგი საშუალებას მოგვცემს, სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგოთ.

თუ ბებიები და ბაბუები ცალკე ცხოვრობენ და ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, მათ გამხნევებაში უდიდეს როლს ითამაშებენ შვილიშვილები. მანამდე კი, ვიდრე გიამბობდეთ, რა გზით შეგვიძლია ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის სასარგებლო კავშირის განმტკიცება დისტანციურად, არ დაივიწყოთ: ხანდაზმულების მომარაგება საჭიროა არა მხოლოდ სურსათით და ჰიგიენის ნივთებით, არამედ დროის გასაყვანი საშუალებებითაც – წიგნებით, მარტივი სამაგიდო თამაშებით, კროსვორდებით და სხვა თავშესაქცევით.

იმისთვის, რომ ჩვენი ხანდაზმული მშობლების ვიდეოზარები არ იქცეს ერთფეროვან, მოსაწყენ მოკითხვებად („დღეს რა ჭამეთ?“, „ბავშვებმა როგორ იმეცადინეს?“), შეგვიძლია, კომუნიკაციას მრავალფეროვნება და ეშხი შევმატოთ, ამაში კი ბავშვების ჩართვა აუცილებელია.

 

გრაფიკული კარნახი

შესაძლოა, ბავშვობიდან გახსოვდეთ უჯრედებში ხატვა კარნახით. ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა კარნახობს შვილიშვილს: „ორი უჯრედი ქვემოთ, სამი უჯრედი მარჯვნივ, ერთი უჯრედი მარცხნივ…“ შვილიშვილი ხატავს, აფერადებს უჯრედებს და საბოლოოდ რაღაც ფიგურას იღებს, ვთქვათ, პეპელას ან გველს. ასეთი კარნახი შესანიშნავია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და უმცროსკლასელების გონებრივი განვითარებისთვის. ინტერნეტში მაგალითებს იოლად ნახავთ.

სთხოვეთ ბავშვს, წინასწარ მოამზადოს უჯრედებიანი რვეული, სახაზავი, საშლელი, ფანქრები. დააზუსტეთ ბებია-ბაბუისა და ბავშვის ონლაინ კავშირის დრო. პირველ ჩართვაზე ბავშვს შესაძლოა მშობლის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ თანდათან დამოუკიდებლად შეძლებს ხატვას და სიამოვნებით დაელოდება ბებია-ბაბუის მორიგ ვიდეოზარს.

 

აუდიოზღაპარი

ბავშვებისთვის საჯაროდ კითხვის ხელოვნება უკვე ბევრმა ზრდასრულმა აითვისა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, სხვა დონეზე ახვიდეთ და სთხოვოთ ბებია-ბაბუას, საკუთარი აუდიოზღაპარი ჩაწერონ. ამისთვის კარგად უნდა მოემზადონ, წინასწარ რამდენჯერმე გადაიკითხონ ზღაპარი, შეარჩიონ სხვადასხვა ხმა, პერსონაჟების დიალოგებს საკუთარი ინტერპრეტაციები მოარგონ, თუნდაც ტრადიციულ ზღაპარს შესძინონ განსხვავებული ჟღერადობა და გამოაცოცხლონ. თუ ზღაპარი ან მოსაყოლი ამბავი დიდია, დაყონ ნაწილებად და ისე გაუგზავნონ აუდიოფაილები ბავშვ. გარწმუნებთ, შვილიშვილები მადლიერები იქნებიან.

 

საკუთარი ისტორიები

ბავშვებს უყვართ უფროსების მონათხრობის მოსმენა მათი ბავშვობის შესახებ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამისთვის იშვიათად ვიცლით, გაჯეტებში თავჩარგულ ბავშვებსაც არ სცალიათ ჩვენს მოსასმენად. თვითიზოლაცია კი მშვენიერი პერიოდია თუნდაც საოჯახო ფოტოარქივის გადასათვალიერებლად, ძველი, მაგრამ საინტერესო ამბების გასახსენებლად, ჩანაწერების გასაკეთებლად, დეტალების დასაზუსტებლად.

ვიდეოჩართვის დროს ბებიას და ბაბუას შეუძლიათ, ბავშვს გაუზიარონ თავიანთი მოგონებები სკოლაზე, საყვარელ მასწავლებლებზე, მეგობრებზე, პირველ სიყვარულზე.

 

წვეულება

ალბათ გახსოვთ, რომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, უარი არ ვთქვათ იმ ყოველდღიურ ყოფით რიტუალებზე, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა. მაგალითად,, შაბათ-კვირას ბავშვები ბებია-ბაბუასთან მიგვყავდა. ახლაც შეგვიძლია უქმეების გამოყენება და ბებია-ბაბუათან ერთად, ონლაინკავშირის თანხლებით და ბავშვის აქტიური მონაწილეობით, მაგალითად, მარტივი კექსის გამოცხობა. ვისი კექსი აჯობებს? იქნებ ერთნაირიც გამოგივიდეთ? ერთად ცხობა ძალიან სახალისო პროცესია. ცხობის დასრულების შემდეგ მოადუღეთ ჩაი, ჩართეთ მუსიკა და ონლაინწვეულება მოაწყეთ.

 

ინტერვიუ

გაითამაშეთ ინტერვიუ. ბებიამ ან ბაბუამ რომელიმე სახელგანთქმული ადამიანის როლი შეასრულონ, შვილიშვილმა კი ჟურნალისტისა, ან პირიქით.

ამ თამაშის მთავარი წესი ის არის, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე საინტერესო კითხვებს სვამს, ხოლო მეორე რაც შეიძლება დაწვრილებით პასუხობს. უმჯობესია, თამაშისთვის წინასწარ მოემზადოთ. მაგალითად, მომავალი ინტერვიუს თემა წინასწარ შეათანხმოთ (სკოლა, სახლი, მეგობრობა და ა.შ.), მოამზადოთ კითხვები. ახლა ბევრი ჟურნალისტი სწორედ ასე მუშაობს. შეგიძლიათ, თქვენს შვილს მსგავსი ინტერვიუები ინტერნეტით მოაძებნინოთ, რომ პროცესის არსზე წარმოდგენა შეექმნას. სთხოვეთ ბებია-ბაბუას, შესაბამისად ჩაიცვან, რათა უფრო ადვილად შევიდნენ როლში და რეალობასთან მიახლოებული სიტუაცია გაითამაშონ.

 

სიტყვებით თამაში

სახალისოა რითმებით იმპროვიზაცია, პატარ-პატარა ლექსების წერა და ერთმანეთისთვის გაზიარება. ჩაიწერეთ ბებია-ბაბუისა და თქვენი შვილების ლექსები. რამდენიმე წელიწადში იზოლაციის ლირიკის გადათვალიერება გულისამაჩუყებლად სასიამოვნო იქნება.

კიდევ ერთი თამაში სიტყვებით – ყველა მონაწილე წინასწარი შეთანხმებით წერს გრძელ სიტყვას. მნიშვნელოვანია, ეს სიტყვა რაც შეიძლება მეტ ასოს შეიცავდეს. მაგალითად, „თავზეხელაღებული“. მერე ამ სიტყვაში არსებული ასოებისგან ცდილობთ სხვა სიტყვების შედგენას. ვინც უფრო მეტს შეადგენს, ვთქვათ, სამ წუთში, მოგებულია.

 

ბონუსად

ეს ამბავი უკვე არა ვიდეოჩათს, არამედ, დისტანცირების მიუხედავად, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ეხება. როდესაც ხანდაზმულ მშობლებს მიაკითხავთ, რომ სურსათი დაუტოვოთ, გადაეცით შვილიშვილების წერილები, რომლებსაც ბავშვებთან ერთად წინასწარ მოამზადებთ. ყველა წერილი ერთბაშად არ უნდა გაიხსნას. ვთქვათ, თითო წერილი თითო დღეს. წერილები თემატურად მრავალფეროვანი უნდა იყოს, ბავშვის ნახატებით ლამაზად გაფორმებული და თბილი სიტყვებით სავსე.

ასეთივე წერილების მომზადება ბებია-ბაბუასაც შეუძლია.

წერილები შეიძლება ხელნაკეთ კონვერტებში მოთავსდეს. ეს არა მხოლოდ შემოქმედებითი ენერგიის კონცენტრირების, არამედ სიყვარულის გამოხატვის ორიგინალური და დაუვიწყარი გზაცაა.

დისტანციური სწავლების კალეიდოსკოპი

0

პანდემიის გამო, სასწავლო პროცესმა მთელ სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც,  ფორმა და ადგილი შეიცვალა.  საცხოვრებელი სახლები უცებ სასწავლო სივრცეებად იქცა,  რადგან პირისპირ სწავლება დისტანციურმა, „შორით“ სწავლებამ ჩაანაცვლა.

სახელმწიფომ გასცა რეკომენდაციები, რომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადასულიყვნენ. ქართველმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს და  მოახერხეს ასეთი სწავლებისთვის ალღო აეღოთ. მათ მოკლე დროში აითვისეს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმა, სწრაფად მოახერხეს მოსწავლეთა უმრავლესობის  მობილიზება და ჩართვა სასწავლო პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად გამოგვდის. რასაც ჩვენ ვახერხებთ, დისტანციური სწავლების მცდელობაა, თუმცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, ეს იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე განათლების სისტემა ჩვენგან ელოდა. ვცდილობთ, ვასწავლოთ მოსწავლეებს,  პარალელურ რეჟიმში ვსწავლობთ ჩვენც. თან  ისე და იმგვარად, რომ მოსწავლის და მისი ოჯახის წევრების მოლოდინები გავამართლოთ. დამერწმუნეთ, ეს  არც ისე მარტივია.

მშობლებთან კომუნიკაცია

მოსწავლეებთან კარგი კომუნიკაციის პირდაპირი გზა მშობელია. ამიტომ, შორით სწავლებაზე გადასვლისთვის აუცილებელია მშობელთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა. გამოსავალი მარტივია – მშობელთა ონლაინ შეხვედრა. აუცილებელია, მშობლებთან შეხვედრა კარგად იყოს გაწერილი და ორგანიზებული. მიზნები და საკითხები მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სავარაუდო კითხვებზეც გვქონდეს მზა პასუხები. მშობელმა უნდა დაინახოს ჩვენი მონდომება, რათა თავადაც იგრძნოს პასუხისმგებლობა. რადგან  შემოთავაზებული ონლაინ სასწავლო პლატფორმები ყველა მსმენელთან ხილული კონტაქტის საშუალებას არ იძლევა, მასალის საპრეზენტაციო ფორმატში აწყობა კარგი გამოსავალია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. მასალაში შეიძლება, მიმოვიხილოთ  დისტანციური სწავლების მეთოდები, სტრატეგიები თუ თითოეული ჩვენგანის მოვალეობები.   ონლაინ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულწილად, ყველა აცნობიერებს   ვალდებულებებს.

სასურველია, მშობლებთან ონლაინ შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.  ეს საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება. სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც,  საუბრები უშუალოდ შვილის მონდომებასა თუ ჩართულობის პრობლემებზე.  მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს შეუსრულებელი  დავალება თუ ონლაინ გაკვეთილის გაცდენა. აუცილებელია, გავარკვიოთ თითოეულის მიზეზი.

 

ელექტრონული კითხვარები

სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობელთა მიერ ანონიმური ელექტრონული კითხვარების (https://forms.office.com/) შევსება. ამ ტიპის კითხვარით შეგვიძლია გავიგოთ, რა სურს მშობელს, არის თუ არა სწავლებით კმაყოფილი, ხომ არ ფიქრობს, რომ დავალებები მისი შვილისთვის რთულია.  ეს კი პედაგოგს  საშუალებას მისცემს, ცვლილება შეიტანოს და უკეთესი გახადოს სასწავლო პროცესი.

საგაკვეთილო დრო

მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრისას  საგაკვეთილო დროის მართვა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მასწავლებელმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს, რომ 20-30 წუთში ტექნიკის გამართვაც მოასწროს, რესურსის ატვირთვა, ჩვენებაც, დავალებათა განხილვა, ახალი მასალის ახსნა, მოსწავლეთა ინტერაქცია, განმავითარებელი შეფასება და შეჯამებაც, თან ისე, რომ პოზიტივი და მოსწავლეთა მოტივაცია არ დაიკარგოს. დამიჯერეთ, რთულზე რთულია!  მით უმეტეს მაშინ, როცა ახალბედა „ონლაინ მასწავლებელი“ ხარ.

გაკვეთილის დაწყების წინ სასურველია, მოსწავლეებს ხშირად შევახსენოთ საკლასო წესები, რათა  თავიდან ავიცილოთ ხმაური.

 

რესურსი

დღეს მასწავლებელს ბევრად მეტი დრო ეხარჯება, ვიდრე საგანგებო სიტუაციამდე. პედაგოგს უწევს ზრუნვა ახალი მასალის მოძიებაზე, ფიქრი მის ადაპტაციაზე, ეძებს ინტერნეტ სივრცეში, კითხულობს, უსმენს  ვებინარებს, ეცნობა სხვის გამოცდილებას, ცდილობს, გაკვეთილი იყოს მოსწავლეებისთვის  გასაგები, თვალსაჩინო და მარტივად აღქმადი, მორგებული მოსწავლის საჭიროებებს. მიწოდებული რესურსით ბავშვებმა შინ,  მარტივად და დამოუკიდებლად  უნდა შეძლონ  დავალების შესრულება. დიახ, მასწავლებლის მიერ  მოძიებული, შექმნილი და  სწორად მიწოდებული რესურსი განაპირობებს დისტანციური სწავლების კარგ შედეგს.

უამრავი სასწავლო პლატფორმა, ვებ-გვერდები  თუ რესურსი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რესურსები ქართულ ენაზე მწირია. მათი თარგმნა ყველაზე კარგი გამოსავალია. შეიძლება, შესაბამის ენას არ ვფლობთ, მაგრამ https://translate.google.com/ იძლევა სიტყვების, თუ მოკლე წინადადებების თარგმნის საშუალებას, რაც ინსტრუქციის შექმნისთვის საკმარისია. ასეთი რესურსი შეიძლება მოამზადოთ მაგალითად, https://www.pinterest.com/-დან, სადაც თვალსაჩინო რესურსებისა და სავარჯიშოების დიდი არჩევანია. უმარტივესია : თქვენთვის სასურველი სიტყვა თარგმნეთ ინგლისურ ენაზე, ჩაწერეთ ის საძიებო ველში, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოტო, გადმოიტანეთ word-დოკუმენტში და შექმენით ქართულ ენაზე ინსტრუქციები – გნებავთ თარგმნილი, გნებავთ თქვენით მოფიქრებული.

 

მეთოდები და სტრატეგიები

სწავლების პროცესში რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა  მხოლოდ ერთი მეთოდით შეუძლებელია. პედაგოგი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და  ამით კარგ შედეგამდეც მიდიან.  ასეთი მიდგომა შორით სწავლების დროსაც  გასათვალისწინებელია.

 

მარკირების მეთოდი

 

სირთულეს შეიძლება წავაწყდეთ ქართული ენის  სწავლებისას, როდესაც საჭიროა  გარკვეული მოცულობის ტექსტების დამუშავება, ჩაღრმავება, სემანტიკური გაშიფვრა და გააზრება.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლების ისეთ ეტაპზე არიან, როცა მასწავლებელი მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამიტომ, ყველაზე მეტად ისინი საჭიროებენ ტექსტზე მუშაობის დეტალურად ახსნა-განმარტების მაგალითებს.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენის სტანდარტში კითხვის მიმართულებით წერია:

„ მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება“ .

 

ამის მაგალითი კი, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა მისცეს, რაც  ოცწუთიან გაკვეთილზე საკმაოდ რთულია.  ამიტომ, დროის დაზოგვის მიზნით, გაკვეთილზე მარკირების მეთოდის გამოყენება როგორც მასწავლებლისთვის, ისე  მოსწავლეებისთვის ხელსაყრელია.

 

ელექტრონული ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ფერის ჩასხმით სასურველ სიტყვებს თუ წინადადებებს  მარკირება გავუკეთოთ. შექმენით ტექსტ-მარკერის ფერების პალიტრა და ყოველ ფერს გარკვეული ფუნქცია მიანიჭეთ.

არჩევანი თქვენზეა.  გთავაზობთ ფერადი მარკირების ერთ-ერთ ვარიანტს:

 

ფერების დახმარებით შეიძლება  ასახსნელი ტექსტის მარკირება. ეკრანის გაზიარებით წააკითხეთ ბავშვებს ტექსტი ან თავად წაუკითხეთ. ინსტრუქციის მიწოდების შემდეგ, კითხვის პროცესში მოსწავლემ უკვე იცის თითოეული ფერის დანიშნულება და ცდილობს, გაითვალისწინოს მინიშნებები.

ტექსტ-მარკერის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ონლაინ გაკვეთილის ისედაც მცირე დროის დაზოგვას, ტექსტის ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობასაც და მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებასაც.

 

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში შესწავლილი მასალის შემოწმებისთვის საგაკვეთილო დროს დაზოგავთ, თუ შექმნით მინი-ტესტს, რომელმაც შეიძლება მოიცვას საგაკვეთილო დროის ბოლო 3-4 წუთი, მასში  წარმოდგენილი იქნება გავლილი თემის მთავარი პოსტულატები და მოგცემთ საშუალებას, მოკლე დროში შეამოწმოთ ვრცელი მასალის ათვისების დონე (https://forms.office.com/).

 

დემონსტრირების მეთოდი

ასევე კარგი საშუალებაა საინფორმაციო ტექსტების საპრეზენტაციო მასალაში ისე აწყობა, რომ თვალსაჩინო მასალა ვერბალურ ახსნას და მის განმტკიცებას ემსახურებოდეს. ასევე აუცილებელია,  ახლდეს თანდართული სავარჯიშოები  და კითხვები, რაც დაშენებული იქნება უკვე ათვისებულ მასალაზე. ეს კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დინამიკურ რეჟიმში მსვლელობას,   მოსწავლეთა ინტერაქციას, ჩართულობასა და დისკუსიას:

 

საგაკვეთილო პროცესის შემდეგ კი შეგიძლიათ, საპრეზენტაციო მასალას რომელიმე გამოჩენილი კომპოზიტორის მშვიდი მუსიკაც დაადოთ, ვიდეოდ აქციოთ და ისე გაუგზავნოთ მოსწავლეებს. ასეთი მასალა ძალიან მოსწონთ  აუდიალ მოსწავლეებს.

 

ელექტრონული (კონკრეტულად მედია რესურსებით) სწავლება

 

მოსწავლეები კარგად სწავლობენ ანიმაციების და ვიდეო-ფილმების დახმარებით, თუმცა საგაკვეთილო პროცესისთვის უნდა შევარჩიოთ ან შევქმნათ მოკლე, 3-5 წუთიანი ვიდეორგოლი. ასეთი სასწავლო ვიდეორგოლი ადვილად აღქმადია ბავშვებისთვის და ყურადღებაც ნაკლებად ეფანტებათ. ვრცელი ვიდეო რესურსების ყურება  შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად შესთავაზოთ, ამით ოჯახის წევრთა ჩართულობასაც შეუწყობთ ხელს. მაგრამ აუცილებელია, გაითვალისწინოთ თემატიკა და წინასწარ გაუზიაროთ საორიენტაციო კითხვები მთავარ საკითხზე ფოკუსირებისთვის.

გარდა ამისა, ნებისმიერი მედია რესურსის შეთავაზებისას, სასურველია, პედაგოგმა რესურსი განიხილოს კითხვების დახმარებით, ამით ის მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი

დისტანციური სწავლებისას ასევე შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა და სწორად წარმართვა, თუმცა უშუალოდ ონლაინ გაკვეთილზე ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, ისევ და ისევ, დროის სიმცირის გამო. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა თავად გაწეროს ჯგუფური მუშაობის წესები, ჩამოწეროს თემები, დააკომპლექტოს ჯგუფები. ამის შემდეგ კი შექმნას ე. წ. ჩათ-ჯგუფები და მიუთითოს თემები ოფლაინ შესასრულებლად. მუშაობის პროცესს  კი გაუწიოს მეთვალყურეობა და მცირე ფასილიტაცია წარდგენამდე, ანუ შემდგომ ონლაინ გაკვეთილამდე. დავალებას ბავშვები შესანიშნავად, ინტერესითა და ხალისით გაართმევენ თავს, დიდი მონდომებითაც წარადგენენ კლასის წინაშე. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მოტივაციის ასამაღლებლად შეიძლება გადასცეთ მადლობის სიგელი თანამშრომლობისთვის და გუნდურობისთვის. იგივე პრინციპით შეიძლება დაიგეგმოს პროექტებით სწავლებაც.

 

ასინქრონული დავალებები

 

ოფლაინ დავალებები, ე. წ. საშინაო დავალებები დიდ ყურადღებას მოითხოვს  მოსწავლეების  და  მასწავლებლების მხრიდან. მოსწავლეებს ფაქტობრივად, მინიმალური მითითებებისა და რჩევების საფუძველზე უწევთ მათი შესრულება. მასწავლებელს კი სათითაოდ უწევს ყველა გამოგზავნილი დავალების წაკითხვა, გაშიფვრა, კონსტრუქციული უკუკავშირის მოფიქრება, დაწერა და გადაგზავნა. საქმე მარტივადაა, თუ დავალება იდეალურადაა შესრულებული. მაგრამ, თუ ნაშრომში გარკვეული რაოდენობის შეცდომებს ვაწყდებით, აუცილებელია განმავითარებელი შეფასების ზედმიწევნით გაწერა და გადაგზავნა. ამ ყველაფრის კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფა და მიწოდება  ნამდვილად რთულია, როცა ამის გაკეთება  დღეში 70-80-ჯერ გიხდება. თუმცა, საქმეს აიოლებს და დავალების მეტად მიმოხილვის საშუალებას იძლევა პირად მიმოწერებში უკუკავშირის  ხმოვან შეტყობინებად გადაგზავნა.

 

მოტივაცია/წახალისება

 

სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს  მოსწავლეთა მოტივაციისთვის შეუძლია, გამოიყენოს  სიგელები და სამკერდე ნიშნები. მსგავსი  აქტივობები  ბევრ ქვეყანაშია  პოპულარული, როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. თემატური სამკერდე ნიშნის დამზადება უმარტივესი პროცედურაა https://badge.design/ პროგრამაში, სადაც პედაგოგი სასურველი დიზაინითა და თემით შეძლებს ჯილდოს დამზადებას.

 

 

მოსწავლეთა წახალისებისთვის და მშობელთა დაინტერესებისთვის, ასევე აუცილებელია საერთო თემის ირგვლივ ნამუშევართა შეკრება და ნებართვის საფუძველზე, მათი გასაჯაროება ვიდეოკოლაჟის შექმნით, კლიპის დამზადებით  თუ ვირტუალური გამოფენის საშუალებით (https://www.artsteps.com/). აღიარება და ნამუშევრის დაფასება ყველა ასაკის  ადამიანისთვის წამახალისებელია.

 

ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესებს მიღმა დარჩნენ, რომელთაც არ აქვთ საკმარისი რესურსი თუ ხელშეწყობა შორით სწავლებაში აქტიურად ჩასართავად. ასეთი ბავშვებისთვის ერთადერთი გამოსავალია, თვალ-ყური ადევნონ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს,  აქტიურად შეასრულონ ტელე-პედაგოგების დავალებები. ამ პროცესში მათი ჩართულობა აქტიურად უნდა აკონტროლონ მშობლებმა და მასწავლებლებმა ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.

 

დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა. გადავაფასეთ მდგომარეობა და შესაძლებლობები როგორც ჩვენ, პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მშობლებმა, განათლების სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა. ამის შესახებ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრიც იწერება და დაიწერება, საკითხის კვლევა და განხილვა გრძელდება,  მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია – საგანმანათლებლო სივრცე საქართველოში ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

ბებიაჩემის ლოცვა

0

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1

მეცხრე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემის კუბოსთან გამოსათხოვარი რომ წავიკითხე. კარგი, მე სევდას და მისი გამოხატვის სურვილს ვყავდი შეპყრობილი, მაგრამ უფროსებისგან რომელიმემ როგორ არ მითხრა, რომ ასეთი – არ ვიცი რა დავარქვა – საქციელი არ უნდა ჩამედინა. ახლა ძალიან მრცხვენია და ვნანობ ამას, იმიტომ კი არა, რომ ბაბუაჩემისთვის რამე მენანება – პირიქით, დღემდე ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის – უბრალოდ, თხუთმეტი წლის ბიჭმა საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი ასეთი, მასისთვის საამებელი აბსურდით არ უნდა გამოხატოს.

 

2

კონფორმიზმითა კონფორმიზმის დამთრგუნველი – მთელი თაობები გაიზარდა და მოიწამლა ამ პათოსით. ჩვენც ასე ვართ და ღმერთმა უწყის, როდის მოვარდება ის სიმართლე, რომ დახეთქოს ეს ჭუჭყით და ტალახით სავსე ტიკები და სხეულები!

 

3

ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა ვერ იგუა ჩემმა მეგობარმა ტუსკიამ. არა, დიდად არ გასჭირვებია, მაგრამ ურთიერთობების ხეთქებაზე დაგეშილი „ზუმსა“ და „თიმსზე“ ბოლომდე ვერ გადაეწყო. იმ დღესაც იმედგაცრუებული მეჩვენა. „ეგრეა, ძმაო, – მობილურის ეკრანთან მოიტანა სახე, – დღეში ერთხელ მაინც, უნდა გააკეთო ის, რაც ყველაზე ღრმა და ფარულ სურვილებს ამოჰყვება, თუ არადა…“

– რა?

– შეგჭამენ. ამის ხათრი. იმის ხათრი. თავი შეგზიზღდება. ვიღაცას უნდა გაუწიო ანგარიში. რაღაცას. ალბათ შენც გაგიწევენ ანგარიშს და ამის გამო შენც ვიღაცას შეზიზღდები. ამოიხაპები. გაწყალდები. სულერთი გახდება ყველაფერი. სულერთი. იცი, რა ცუდი სიტყვაა?

– ვიცი.

 

4
სინანული გვიან არასდროს არისო, რომ ამბობენ, ეგეთ ტიპებს ურჩევნიათ ფეხებით დაკიდო, ვიდრე ორი მონანიე სიტყვა ათქმევინო.

 

5

მაია სარიშვილმა ამ რამდენიმე თვის წინ ძალიან თავაზიანად, ადამიანური თანაგრძნობით, უზუსტესად თქვა იმ მშობლების სათქმელი, ვისაც მრავალშვილიანობის გამო რაღაც ფორმით საყვედური და გაკიცხვა უგემნია ახლობელ-ნათესავებისა და საზოგადოებისგან – „ვის იმედზე აჩენდა? ჩვენ იმედზე აჩენდა?”

მისმა ფეისბუკსტატუსმა ყველაფრისმცოდნე და გამოცდილ ჭკუისდამრიგებელთა შეფასებები უხვად მოიყოლია.

ჯერ ერთი, უხერხულია (მეტი რომ არ ვთქვა) სხვისი შვილების რაოდენობა ითვალოს და ეს განსჯის საგნად აქციოს ვინმემ; მეორე – თუ ამის გამო მრავალშვილიან ოჯახს დახმარება დასჭირდება, ხო ხარ ღვთისნიერი, ეგერ შანსი გეძლევა და დაეხმარე რითაც შეგიძლია; მესამე – რაც ვიღაცას ტვირთი შეიძლება ეგონოს, ბედნიერებაცაა, შვებაც და სიმდიდრეც. და კიდევ: ჩვენი მდგომარეობა ხომ ცვალებადია ამ წუთისოფელში – დღეს რომ გვგონია, „ჩვენს თავს ვეყუდნით“ და დათვლილ-დალაგებული გვაქვს ყველაფერი, ხვალ ან ზეგ შეიძლება იმ „სხვების“ შეწევნის იმედად მოგვიწიოს ყოფნამ.

…ხშირად მახსენდება ის ეპიზოდი ინიარიტუს „ბიუტიფულიდან“, მძიმე სენით დაავადებული ხავიერ ბარდემის პერსონაჟი რომ ეუბნება მეგობარ ქალს/მკურნალს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, – წასვლა არ მინდა, ბავშვების დატოვების მეშინიაო, რაზეც ქალი პასუხობს: „გგონია, ბავშვებს შენ უვლი? მიამიტი ნუ ხარ! ბავშვებს მიწა ზრდის…“

 

6

ზუგდიდში დღესაც იხსენებენ მახარბეკს, ოსური წარმოშობის კაცს, რომელიც მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო, კომუნალური მომსახურების ნამდვილი ოსტატი და გურუ იყო. თვითონ კი 90-იანების დასაწყისში, ოჯახში შემოცვენილ ყაჩაღებს ემსხვერპლა, მაგრამ პროფესიონალის სახელი და რამდენიმე დაუვიწყარი ფრაზა დატოვა. მათ შორის ის ერთი, გაგანია სოციალიზმის დროს რომ თქვა:

– ლუჩშე იმეტ სობსტვენნუიუ ტაჭკუ, ჩემ ცელი ვაგონ ობშეე ძელო!

 

 

7

„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ბებიაჩემმა ვარო თოლორაიამ, რომელმაც თავისი ცხოვრების სამოცი წელი საბჭოთა კავშირში გაატარა, ერთ დღესაც, 90-იანების მიწურულს მითხრა, – ეს ლოცვა დიდი შვებისა და სიხარულის მომგვრელია ჩემთვისო. არ მწყინდება, ძილის წინ, გაღვიძების შემდეგ, საქონლის საძებრად რომ დავეხეტები ტყე-ღრეში, სულ ვიმეორებ, შენც დაიმახსოვრე და დღეში ერთხელ მაინც, მარტო რომ დარჩები, შენთვის დამარცვლე გონებაშიო.

როცა გაკვეთილი გზაა

0

ყველა წარუმატებელი გაკვეთილი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი, ენერგიითა და მუხტით, სიახლეებითა და ძიებით სავსე გაკვეთილი კი სხვადასხვანაირია. საგაკვეთილო დრო-სივრცეს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ქმნიან, თუმცა პედაგოგის წინასწარი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია. წინასწარ შედგენილი, გააზრებული, რეალისტური, სისტემატიზებული გეგმა, რა თქმა უნდა, ქმნის საიმისო პირობას, რომ გაკვეთილი იქცეს დასახული მიზნის მიღწევის გზად. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ქაღალდს მიჯაჭვულ უსიცოცხლო გეგმას მასწავლებელი და მოსწავლე ერთად შთაბერავენ სულს და ცოცხალ, მფეთქავ, აზრითა და ემოციით დატვირთულ პროცესად აქცევენ.

საგაკვეთილო მიზნების მისაღწევი გზებიც ისეთივე მრავალგვარია, როგორიც ცხოვრებისეული, ისინიც სავსეა დაუგეგმავი, საიდანღაც გამომხტარი დიდი და მცირე დაბრკოლებებით. ეს მოულოდნელობა მასწავლებელმა შეიძლება სტიმულადაც კი აქციოს, რადგან გაუთვალისწინებელი ფაქტორები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც შემოქმედებით ნებას აღვიძებს და საკლასო ატმოსფეროს განმავითარებელ თუ გამაჯანსაღებელ იმპულსებს აძლევს.

ერთ დღეს ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორმა გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ცხოვრების გაკვეთილი ჩაეტარებინა. მან დაფაზე დაწერა დიდი ერთიანი და სტუდენტებს უთხრა, რომ ის მათ ადამიანურობას, ცხოვრებისთვის საუკეთესო თვისებას გამოხატავდა. შემდეგ ერთიანს ნული მიუწერა და თქვა, რომ ის გამოხატავდა მათ მიღწევებს, რომლებიც ერთიანის მნიშვნელობას აათმაგებდა. შემდეგ კიდევ ერთი ნული მიუწერა, გამოცდილების გამომხატველი, რომლის წყალობითაც ადამიანურობა ასჯერ გაიზარდა. მერე სიფრთხილის გამომხატველი ნული მიამატა, მერე – სიყვარულის აღმნიშვნელი, მერე – წარმატებისა და ა.შ. ყოველი ახალი ნული უფრო და უფრო მეტად აკეთილშობილებდა ადამიანს. მოულოდნელად პროფესორმა ერთიანი წაშალა და დაფაზე მხოლოდ არაფრისმთქმელი ნულები დარჩა. „ადამიანურობის გარეშე ყველა მიღწევა ნულია, – თქვა პროფესორმა, – და არავითარი ღირებულება არ გააჩნია“.

სკოლაში ამგვარი ერთიანი მასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიული ურთიერთობაა, რომელსაც მოჰყვება სასწავლო პროცესის ყველა დანარჩენი ელემენტი. თუ ეს ერთიანი, ე.ი. ურთიერთგაგება და პატივისცემა არ არსებობს, ყოველგვარი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაკვეთილი იქცეს გზად შემეცნების რთულ, წინააღმდეგობებითა და აღმოჩენებით სავსე სამყაროში, განწირულია. ამას სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაც ადასტურებს. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როცა მასწავლებელს სჯერა, რომ მოსწავლეები ცოდნის შეძენის გზაზე დააყენა. ეს ცოდნა მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საგნის ათვისებაში კი არა, არამედ, საზოგადოდ, თვითშემეცნებასა და სამყაროს მრავალფეროვნების აღქმაში ეხმარება, აქცევს გულღია, გულწრფელ ადამიანად, რომელიც მზადაა, მიიღოს და გასცეს, არ ჩაიკეტოს და, შესაბამისად, დესტრუქციულ, უსიცოცხლო, მექანიკურ სისტემად არ იქცეს.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი შთამაგონებელი, წამახალისებელი მოსწავლის ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში, იდენტობის გააზრების ურთულეს გზაზე. სწავლის უნარები უნდა ეფუძნებოდეს ნებისყოფას, რომელსაც პედაგოგი მოსწავლეს უწრთობს, რათა მან გაუძლოს სიზარმაცისა და დაღლილობის შეტევებს.

პედაგოგს, რასაკვირველია, გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს სწავლების გზის ერთგვარი მარშრუტები, უახლოესი ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი სხვადასხვა ბილიკი, მაგრამ ასევე მონიშნული უნდა ჰქონდეს გლობალური პერსპექტივები, უნდა აცნობიერებდეს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს – ზნეობრივსა თუ ეკოლოგიურს. როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერდა, „ზნეობრივი ეკოლოგიის საფრთხე“ ყოველთვის უფრო მეტ საშიშროებას უქმნიდა ადამიანს.

ამ სწრაფად ცვალებად დროში, რომელიც ინფორმაციული ნაკადებით არის გადატვირთული, მასწავლებელს ევალება მუდმივი განახლება და ტრანსფორმაცია ახალი გამოწვევების გადასალახავად. მასშტაბური სააზროვნო კონტექსტი უბიძგებს მოსწავლეს, კრიტიკულად იფიქროს. ეს კი გულისხმობს სხვათა თვალსაზრისების მოსმენას, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შეჯერებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. რას ფიქრობენ სხვები? მე რას ვფიქრობ? რატომ ვფიქრობ ასე? – ესენი უნდა იყოს მთავარი კითხვები ნებისმიერ სასწავლო გზაზე. „მიეცით მოსწავლეებს საკეთებელი და არა სასწავლი“, – ასე მახვილგონივრულად გამოკვეთს განათლების მკვლევარი ჯონ დიუი მასწავლებლის ძირითად ამოცანას. მოქმედება, საზოგადოდ, ისეთი ბუნებისაა, რომ თავისთავად გულისხმობს აზროვნებას. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იაქტიუროს, რამე აკეთოს. ეს „კეთება“, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას კი არ გულისხმობს, არამედ იმგვარ დავალებას, რომელიც გონებას გაააქტიურებს, აამოძრავებს, გახსნის.

ამიტომაც არის გამორჩეული თანამედროვე სასწავლო მეთოდიკაში „აქტიური სწავლება“, რომელიც ფოკუსირებულია არა იმაზე, რას სწავლობენ მოსწავლეები, არამედ იმაზე, როგორ სწავლობენ. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს აქტიურად რთავს განათლების პროცესში და რთული სააზროვნო სისტემების ამოქმედებას უწყობს ხელს. მასწავლებელმა უნდა გამოიწვიოს მოსწავლეები, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი, გამოვიდნენ პერსონალური, კომფორტული, ჩვეული სიმყუდროვის ზონიდან და უცნობ გზას თამამად, უშიშრად დაადგნენ. ამგვარად, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, მათ უჩნდებათ განცდა, რომ მათზევეა დამოკიდებული, რას და როგორ ისწავლიან, შესაბამისად, ისიც, მიაღწევენ თუ არა წარმატებას.

აქტიური სწავლების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეს სწავლების პროცესში ჩართავს. ის გავლენას ახდენს იმაზე, რაც კლასში ხდება. მოსწავლე თანდათან ეჩვევა უცნობ გზაზე სიარულს, გრძნობს, რაოდენ მნიშვნელოვანია დაკვირვება, გამოცდილების მიღება, გზიდან გადახვევა, დაბნევა, შეცდომები, სხვებთან თანამშრომლობა, სხვათა რჩევების კრიტიკული განხილვა. რუსთაველი ამბობს: ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროსო. ამასაც რუსთაველს დავესესხები: რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო. საბოლოო ჯამში, მაინც პიროვნების სიმტკიცესა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა ახალი გამოცდილება ჩვევად, უნარად, რომელიც მოსწავლეს ერთი ადგილზე თავბრუდამხვევი ტრიალისგან იხსნის. პრობლემასთან შეჯახების შიშის გადალახვა, გამოსავლის ძიება ყოველთვის მნიშვნელოვანია – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, პროფესიულ სასწავლებელშიც, ოჯახშიც, სამსახურშიც…

პიტერ ლუკანტონის, პედაგოგისა და ტრენერის, მოსწრებული შენიშვნით, მასწავლებელი უნდა გაექცეს იმ როლს, რომელიც გულისხმობს ისე სწავლებას, თითქოს მოსწავლის კოვზით აწვდიდეს ულუფებს. ამ შემთხვევაში მოსწავლეს მხოლოდ კოვზის ფორმა დაამახსოვრდება და ვერაფერს ისწავლის. მასწავლებელმა მოსწავლე დამოუკიდებლად სწავლას უნდა მიაჩვიოს. სასწავლო ღონისძიებების განხორციელებისას ხშირად ჩნდება კითხვა: ფიქრობენ თუ არა მასწავლებლები იმაზე, რომ ძალიან ბევრს შრომობენ კლასში? ისინი ერთსულოვან თანხმობას იტყვიან და თუ კიდევ ჩაეკითხებით, მძიმეა თუ არა მათი ჯაფა, ამაშიც დაგეთანხმებიან. ეს კი „მატყუარა კვების“ დასტურია, ანუ მასწავლებელი ისე ეხმარება მოსწავლეს, იმდენ ძალისხმევას ახმარს, რომ მას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას აღარ აძლევს. მოსწავლეები თავად აღარაფერს აკეთებენ და „კოვზით“ მიწოდებული ლუკმის მოლოდინში არიან.

„კოვზით კვება“ ხშირად განიხილება როგორც სწავლების ერთ-ერთი ტრადიციული და მოძველებული მეთოდი. ის, რა თქმა უნდა, ყველას გამოუცდია, რადგან იოლი და ხელმისაწვდომია. იუდიტ ნოირინგი თავის სტატიაში „კოვზით კვების მეთოდს“ შთამბეჭდავი ანალოგიით წარმოაჩენს: „ხანდახან მოსწავლეთა ჯგუფი მეჩვენებოდა… ბარტყებით სავსე ბუდედ. ბარტყებით, რომლებიც ფართოდ აღებდნენ ნისკარტებს, რათა მშობლის მოტანილი საკვები გადაეყლაპათ“. თუ მასწავლებელი მუდამ ამ მეთოდით ისარგებლებს, ვეღარ დავადანაშაულებთ მოსწავლეებს, რომლებიც პირდაღებულნი ელიან, როდის „გამოკვებავენ“. მოსწავლეები ხომ, როგორც წესი, იღებენ ყველაფერს, რასაც მიაწვდით, იმიტომ, რომ ეს ყველაზე იოლი გზაა, გამოჩნდნენ მორჩილ, ბეჯით მოზარდებად, რომლებიც უსიტყვოდ ნთქავენ საზრდოს.

აღმზრდელმა, მასწავლებელმა კი ეს საზრდო შესაძლოა დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოიპოვა (გააჩნია, იშურებს თუ არა ძალისხმევას ხარისხიანი საკვების მოსაპოვებლად. თუმცა ძალისხმევასთან ერთად, პედაგოგს, რა თქმა უნდა, განათლება, ერუდიცია, ინტელექტიც სჭირდება). მაგრამ გადის ხანი და „კოვზით კვების“ ეტაპი მთავრდება. მოსწავლე იძულებულია, იმოქმედოს დამოუკიდებლად, დასვას კითხვები, გაიაზროს, გაარკვიოს. ეს ხშირად ემართება მოსწავლეს, როდესაც დაწყებითი საფეხურიდან საბაზისოზე გადადის. ამ მდგომარეობას, როცა თითქოს სახლიდან გაგდებენ და გეუბნებიან, რომ ამიერიდან მარტო უნდა გაუყვე გზას, შეიძლება შოკი ვუწოდოთ. ამიტომ უფრო ადრეც უნდა ეცადოს მასწავლებელი, მოსწავლე უცნობ გზაზე მარტო სიარულს მიაჩვიოს. დაე, წაიქცეს, მაგრამ დამოუკიდებლად წამოდგომა ისწავლოს, დაცემის ტკივილიც განიცადოს და წამოდგომის სიხარულიც, საკუთარი ძალის შეგრძნებამ აღტაცება მოჰგვაროს და დაარწმუნოს, რომ „საკვებს“ დამოუკიდებლადაც მოიპოვებს, თუ გამბედაობა ეყოფა. გახსოვთ აღმოსავლური იგავი? მიეცით ადამიანს თევზი და დაანაყრებთ ერთი დღით, მაგრამ ასწავლეთ მას თევზის ჭერა და ეს მას მთელი ცხოვრება დაანაყრებს.

 

.

 

საგაკვეთილო მინიპროექტების თავისებურებები

0

პროექტული სწავლება თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტიური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებას, ტექსტთან მუშაობის სხვადასხვა ხერხისა და მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.

მინიპროექტების რეალიზებისას აუცილებელია განსაზღვრული ალგორითმის შემუშავება, კერძოდ:

  • პრობლემის გამოკვეთა; მიზნების დასახვა; ინფორმაციის მოძიება; სხვადასხვა ხასიათის წყაროებთან მუშაობა; მიღებული ინფორმაციის სისტემატიზება და გაანალიზება; შედეგების გაფორმება; მიღებული შედეგების წარდგენა/დამუშავება; სამუშაოს პრაქტიკული, ღირებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა; სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა შემდგომი კვლევითი საქმიანობისთვის და სხვ.

მინიპროექტების ფორმას უმთავრესად მიმართავენ სწავლის საბაზო და ზედა საფეხურებზე არასაგაკვეთილო, ე.წ. კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში, თუმცა არანაკლები წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება საგაკვეთილო საქმიანობაშიც. სწავლის როგორც საშუალო, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უკვე აქვთ ინფორმაციის მოძიებისა და გაანალიზების, მისი სათანადოდ გაფორმებისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარები, ამიტომ მასწავლებლებს აქტიურად შეგვიძლია მინიპროექტების ჩართვა საგაკვეთილო პროცესშიც. მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტელექტუალური სამუშაოს წარმართვისთვის საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციის, უმთავრესად – პრობლემურის, შექმნა (მისი სხვადასხვა ვარიანტის გათვალისწინებით), მინიპროექტების თავისებურებათა გათვალისწინება და შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მოშველიება.

რა თავისებურებები აქვს მინიპროექტებს? მინიპროექტები შემოქმედებითი ან პრობლემური ხასიათის დავალებებია, რომელთა შესრულებისას:

  • უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის ასაკობრივი და ფსიქიკური თავისებურებები (ანუ დავალება უნდა შეიცავდეს თამაშის და შემოქმედებით ელემენტებს);
  • მათ არ უნდა დაეთმოს ძირითადი საგაკვეთილო დრო (ანუ უნდა იყოს სწრაფად შესასრულებელი);
  • ხელს უნდა უწყობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოვლენას, მათ შემოქმედებით ზრდას (დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და მოტივაციაზე).

შესაბამისად, მინიპროექტების ხასიათი დამოკიდებულია:

  • მოსწავლეთა მომზადების დონეზე (უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლის ძირითად, ფუნდამეტურ ცოდნას);
  • შესასწავლი მასალის შინაარსზე (გათვალისწინებული უნდა იყოს საგნობრივი მოთხოვნები);
  • სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმაზე (ანუ დასაგეგმავია მოსწავლეთა ორგანიზაციის როგორც ინდვიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილებში მუშაობის ფორმა).

ისტორიის შესწავლა სწავლის როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე ფართო შესაძლებლობას იძლევა ამ მიდგომის რეალიზებისთვის.

პედაგოგიური პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საგაკვეთილო მინიპროექტები, მათი თავისებურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენება რამდენიმე შემთხვევაში:

  1. განსაზღვრული თემის დასრულების შემდეგ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სახის სამუშაო. მაგალითად:

ა) ძველი მსოფლიოს ისტორიის თემატიკის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობთ შემოქმედებით სამუშაოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ სხვადასხვა სიმულაციური ხერხი:

  • მოსწავლეები ახდენენ უძველესი საწერი მასალების იმიტაციას (მაგალითად, თიხის ფირფიტების ნაცვლად შეუძლიათ წარმოადგინონ პლასტილინით დაფარული ფურცელი, რომელზეც „ამოკაწრული“ იქნება „ლურსმული“ ტექსტი, ან პაპირუსის ნაცვლად – ფურცელი, რომელსაც საღებავით დაფარავენ და ზედ ხის წკირით გააკეთებენ წარწერას, ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც ფუნჯითა და საღებავით იქნება გამოსახული რაიმე სიმბოლო და სხვ.);
  • წარმოდგენილ საწერ მასალებზე წერენ ისეთი შინაარსის ტექსტს, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან (კონრეტულ თემასთან) იქნება დაკავშირებული (ეს შეიძლება იყოს რამე ამბავი ან სამეურნეო ხასიათის ჩანაწერი და სხვ.). აუდიტორიისთვის დავალების წარდგენისას უნდა გამოჩნდეს მოცემული პერიოდის კონტექსტუალური ცოდნა და საკითხის მიმართ მოსწავლეთა საკუთარი, ემოციური დამოკიდებულება;

ბ) დავალების უფრო რთული ფორმაა რომელიმე დაკარგული ხელნაწერის ან ტექსტის ფრაგმენტის „შედგენა“. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, „უცნობი ავტორის“ ჩანაწერი ბერძენ-სპარსელთა ომის შესახებ, ან იულიუს კეისრის მოგონება ჩრდილოეთ ევროპაში ლაშქრობაზე, ალექსანდრე მაკედონელის წერილი არისტოტელეს მიმართ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბების შესახებ და სხვ.

გ) შეიძლება დავალების უფრო მეტად გართულებაც. მაგალითად, მოსწავლეებს ვავალებთ, შეამოწმონ თანაკლასელების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის „სანდოობა“. ამ დროს მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ყურადღებით შეისწავლიან ინფორმაციას, გააანალიზებენ, კრიტიკულად განიხილავენ და შეეცდებიან იპოვონ შეცდომები. მუშაობისას ისინი გამოთქვემენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, აფასებენ თანაკლასელთა ნამუშევრებს, –  ერთგვარ პატარა „ექსპერტებად“ იქცევიან.

დ) ამ ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია არჩევანის თავისუფლება: მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ დავალების არჩევა, მაგალითად, რთული დავალებების მოფიქრება სხვადასხვა თემაზე (ქრონოლოგიაზე, კულტურის ელემენტებზე და სხვ.) და მათი წარმოდგენა ისტორიული კონტექტის დაცვით (თუნდაც მოცემულ თემაზე საკუთარი ილუსტრაციის შექმნით).

  1. სახელმძღვანელოს განსაზღვრული ნაწილის (თავის) დასრულების შემდეგ. ამ დროს მოსწავლეებს ვთხოვთ არა ცალკეული თემების ცოდნას, არამედ ცოდნისა და უნარების მთელი კომპლექსის გამოვლენას. ასეთი დავალება სრულდება სახელმძღვანელოს კონკრეტული ნაწილის, მაგალითად, „შუა საუკუნეების“, შესწავლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოსწავლე გაეცნობა კათოლიკური ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობას, ჯვაროსნულ ომებს, ფეოდალიზმის ფორმირებას და ა.შ. ამ ეტაპზე მაშეგვიძლია შევთავაზოთ შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:

ა) მოიგონონ და დაწერონ თავიანთი „რაინდის ისტორია“; მოიფიქრონ მისი ბიოგრაფია, გერბი, დროშა; „ჩასვან“ ის რეალურ ისტორიულ გარემოში; „გაამგზავრონ“ რეალურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში; შეადგინონ მისი მოგზაურობის მარშრუტი; აღწერონ რეალური ბრძოლა… და ეს ყველაფერი – შეძლებისდაგვარად, იმდროინდელი მანუსკრიპტის სტილში. შეიძლება, დაურთონ საკუთარი ილუსტრაცია, პორტრეტი, წერილი, ჩანაწერი, დღიური და ა.შ.

ბ) ცხადია, მოსწავლემ ნაშრომი უნდა გააცნოს თანაკლასელებს და, ასე ვთქვათ, „დაიცვას“;

გ) მინიპროექტის კიდევ უფრო რთული ფორმაა სხვადასხვა ისტორიული წყაროს (დოკუმენტების, ნარატივების) შედარებითი ანალიზი. ამ დროს მოსწავლეები:

  • შეისწავლიან ავტორთა ბიოგრაფიას, ნაშრომის ისტორიულ კონტექსტს ან ფართო ისტორიულ ფონს (ისტორიულ ვითარებას, რომელშიც მიმდინარეობს წყაროში/ნარატივში აღწერილი მოვლენები), აანალიზებენ ამ ვითარებას, მიუთითებენ ნაშრომის შესრულების შესაძლო გარემოებებზე და ა.შ. დავალების შესრულებისას მოჰყავთ შესაბამისი ციტატები, გამოაქვთ დასკვნები, ურთავენ ვიზუალურ მასალას, გრაფიკულ სიმბოლოებს, შეიძლება შეადგინონ კოგნიტიური ცხრილები და ა.შ. ამ მიდგომით მოსწავლეები მოცემული ნაშრომის ერთგვარი „თანაავტორები“ ხდებიან.

დ) ასეთი სამუშაო შედარებით მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ შეიძლება, მასწავლებელმა ის საშინაო დავალებად მისცეს მოსწავლეებს, რათა მათ მეტად გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალობა.

  1. როდესაც გვსურს, მოსწავლეებს „გავაზომვინოთ“ საკუთარი მიღწევები, ვასწავლოთ საკუთარი შედეგების შეფასება. მაგალითად, სწავლის საბაზო საფეხურზე მინიპროექტი წარმატებით განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მოსწავლემ:
  • გამოავლინა და, რაც მთავარია, დაინახა ისტორიული ცნებებისა და წარმოდგენების ფლობის თუნდაც მინიმალური დონე (მაგალითად, ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, მხოლოდ VII კლასში მოსწავლე გაივლის პერიოდს ადამიანის წარმოშობიდან ახ. წ. VI საუკუნემდე. ამრიგად, VII კლასის მოსწავლე მინიპროექტის განხორციელებისას გამოავლენს აღნიშნული პერიოდის მოვლენებისა და შესაბამისი ისტორიული ცნებების ცოდნის თუნდაც მინიმალურ დონეს);
  • გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, მოიყვანა არგუმენტი (ასაკისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად);
  • წარმოაჩინა მოცემული პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება – სხვა ეპოქის ადამიანებისადმი ემპათია, ან ისტორიული პირებისადმი თანაგანცდა, ან დამოკიდებულება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;
  • შეძლო ისტორიული მოვლენების გაგება და გააზრება, გარდასული ეპოქის ადამიანის ქცევის მოტივების განსაზღვრა;
  • თავისი მიზნები და შეხედულებები შეუსაბამა ისტორიულად წამროშობილ სისტემებს;
  • შეძლო თავისი და სხვისი ნაშრომების შეფასება (ეთიკური თუ პრაგმატული კუთხით);
  • შეძლო კონსტრუქციული თანამშრომლობა მასწავლებელთან, თანაკლასელებთან (თავისი და სხვისი როლის განსაზღვრა, საკუთარი წვლილის შეფასება, საერთო შედეგების წარმოჩენა);
  • აიმაღლა ცოდნის ინტეგრაციის ხარისხი (პრობლემური და შემეცნებითი ხასიათის ამოცანების გადაწყვეტა);
  • გამოამჟღავნა სახელმძღვანელოსადა დამატებით მასალაზე მუშაობის უნარი (ანალიზი, არგუმენტირება, გრაფიკული მახასიათებლების, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის შედგენა/წარმოდგენა);
  • შეძლო საკუთარი საქმიანობის კონტროლი, სწორად შესრულებული დავალების შეფასება, გეგმის მიხედვით საქმიანობა;
  • შეძლო ინფორმაციის ჩაწერა, გადაწერა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, თეზისებისა და კონსპექტების შედგენა, პრობლემის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა);
  • შეძლო მასალის ელექტრონული ფორმით მოძიება; თანაკლასელებისა და მასწავლებლის გამოკითხვა, ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება;
  • გამოიყენა ადრე ნასწავლი მასალა, მოიშველია რეპროდუქციული და პროდუქციული კითხვები;
  • გამოამჟღავნა ლოგიკური აზროვნება, ანალოგიების, კლასიფიცირების გამოყენების უნარი;
  • გამოავლინა-განივითარა კვლევითი უნარები;
  • შეძლო შედეგების წარდგენა – ნაშრომის დაცვა (საუბრის, დიალოგის, პრეზენტაციის გამართვა, დისკუსიის წარმოება);
  • გამოამჟღავნა სისტემური ცოდნა;
  • გამოამჟღავნა-განივითარა ისტორიული ცოდნა და საგნობრივი აპარატი, შემეცნებითი ინტერესი;
  • გამოამჟღავნა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული მონაცემების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ცოდნა, შეძლო ქრონოლოგიის განსაზღვრა, ისტორიის ძირითადი პერიოდების შესახებ ცოდნის ფორმირება, დათარიღება, ისტორიული ხასიათის მასალაზე მუშაობა;
  • შეძლო ისტორიულ რუკაზე მუშაობა, სივრცისა და დროის აღქმა/შეპირისპირება, არსებითი ნიშნების გამოყოფა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება და სხვ.

მოცემული მეთოდური მიდგომების საშუალებით მინიპროექტი საგაკვეთილო პროცესის აქტიურ ნაწილად იქცევა, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატების განცდას და მოსწავლეთა მოტივაციის პოზიტიურ დინამიკას, ამიტომ მათი გამოყენება მისასლმებელი და სასარგებლოა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...