ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

მულტიმედიური რესურსების გამოყენება დაწყებით  კლასში ონლაინ სწავლებისას

0

თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა, მსოფლიო დაიპყრო   და გამოიწვია ინფორმაციის სიჭარბე. აუცილებელია, ადამიანმა თავი დაიცვას მოზღვავებული ინფორმაციისაგან. ამისათვის საჭიროა, იცოდეს: ინფორმაციის მოძიება, გაფილტვრა, გენერირება  და გამოყენება.   ციფრული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება განაპირობებს  მაღალგანვითარებული,  მედიაწიგნიერი  საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მაღალგანვითარებული, მედიაწიგნიერი  საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს სკოლის  ასაკში ეყრება საფუძველი.  ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით  მოსწავლემ  პირველი კლასიდანვე განივითაროს მედიაწიგნიერებისთვის და ციფრული  წიგნიერებისთვის  აუცილებელი უნარები, რომელიც შესაბამისად, მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ვიდეო მასალის, აუდიომასალის,  მულტიმედიური მასალის გაგებასა და შექმნას.

მიუხედავად ამისა,  ამ მხრივ, მოსწავლეთა განვითარებას მაინც ნაკლები დრო ეთმობოდა. ახლა კი პანდემიის  გავრცელებამ უცებ შეცვალა რეალობა და სკოლები  ელექტრონული სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა. შეიქმნა უამრავი სასარგებლო  რესურსი.

რადგან ონლაინ სწავლება გახდა სასწავლო პროცესის ერთადერთი გზა და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც  მკაფიოდაა დასაბუთებული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა, გადავწყვიტე  მულტიმედიური ტექსტების შექმნა – გამოყენება.

მულტიმედიურ ტექსტებს  ვქმნი  powerpoint-ის საშუალებით.   სლაიდებს, აწყობის შემდეგ, ვიდეოკონვერტირებას ვუკეთებ .  შემოგთავაზებთ ვიდეოკონვერტირების ინსრტუქციასაც.  პრეზენტაციის აწყობისა და შენახვის შემდეგ, უნდა დააწკაპოთ  ფაილს.  გაიხსნება ფანჯარა

ბოლოდან მეოთხე ფანჯარაა  export .  მასზე ხელის დაჭერით   გადახვალთ    create a video  ანუ შექმენით ვიდეოს გრაფაზე.  ხელს დააჭერთ  create a video -ს და ვიდეოდ კონვერტირება დასრულებულია.

 

powerpoint-ის საშუალებითა და შემდეგ ვიდეოდ კონვერტირებით  იქმნება მულტიმედიური რესურსი.

მულტიმედიური საშუალებები სასწავლო პროცესში :

  • მოსწავლეს უადვილებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და დამახსოვრებას;
  • მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის ამაღლებას;
  • მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას;

მიზნად დავისახე:

  • მოტივაციის ამაღლება;
  • მიეღოთ მულტიმედიურ ტექსტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • მულტიმედიური ტექსტების გაგება-გააზრების ხელშეწყობა;
  • თავად შეექმნათ მულტიმედია ტექსტი(გაკვეთილი რამდენიმე საათზეა გათვლილი).

გაკვეთილის მიზანი იყო  დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესწავლა მულტიმედიური საშუალებებით.  სანამ  უშუალოდ ტექსტის გაცნობაზე გადავიდოდი, მოსწავლეებს დაინტერესებისთვის    ეკრანზე გავუზიარე  ვიდეო-რგოლი   ,,ძლევაი  საკვირველი“  და მოვამზადე კომენტირებული კითხვისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=Xk3oJzDtyA8 .

 

კომენტირებული კითხვის დროს   მოსწავლეებს   გავუზიარე ჩემ მიერ შექმნილი მულტიმედია ტექსტი.    სლაიდების მიხედვით, კომენტირებული კითხვის მეთოდით,  ვაწვდიდი ინფორმაციას დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

 

 

მოსწავლეები  ინტერესით  აკვირდებოდნენ  და ისმენდნენ ტექსტს, რომელიც გაფორმებული იყო ხმოვანი და  ვიზუალური ეფექტებით. იხილეთ   ( დანართი 1) .

ტექსტის  კითხვისას ყურადღება გავამახვილე  უცხო ლექსიკურ ერთეულებზე.  ავხსენი ,,სიტყვის პირამიდის“ გამოყენებით. თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე    Idroo-ს ელექტრონული  დაფა.  Idroo-ს თეთრი დაფის ფუნქციების გამოყენების  შესახებ ინფორმაციას  ნახავთ მოცემულ ბმულზე.

https://www.youtube.com/watch?v=rRbsJ5HFk6E

 

 

 

დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, იმ ეპოქის  საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერის უკეთ გაცნობის  მიზნით, გამოვიყენე  საქართველოს  რუკა.

ცოდნის გამთლიანების ეტაპზე კი დავსვი კითხვები  და დავეხმარე მოსმენილი და ნანახი  ინფორმაციის უკეთ გაგებაში.

  • რამდენი წლის გამეფდა დავითი?
  • ვის წინააღმდეგ იბრძოდა?
  • სად  დაამარცხა დავითმა თურქ-სელჩუკები?
  • რატომ უწოდეს აღმაშენებელი?
  • სად არის დაკრძალული?

 

მოსმენილი ინფორმაციის შეჯამებისა და ზეპირი მსჯელობის შემდეგ, დავალებად მივეცი    ,,შემაჯამებელი ბარათი“ . მათ უნდა დაეწერათ  მათთვის საინტერესო ერთი  კითხვა, რომელიც დავით აღმაშენებელზე მეტის გაგებაში დაეხმარებოდათ.

შეკითხვები ამ ფორმით მომაწოდეს:

  • რატომ გამეფდა 16 წლის ასაკში?
  • როგორ შეძლო ქვეყნის გაერთიანება?
  • როდის გამეფდა?
  • რამდენი წელი მეფობდა? და როგორ დაიღუპა?
  • თურქ-სელჩუკების დამარცხების გარდა, კიდევ რა გააკეთა დავით მეფემ?

გაკვეთილი დავიწყე   კითხვებზე პასუხის გაცემით,   idroo-ს  დაფის გამოყენებით გავამზადე  პასუხები და  გავუზიარე  ეკრანზე.

 

თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, შევთავაზე, შეექმნათ კომიქსები.  კომიქსის შექმნა მათთვის ახალი არ იყო. სიახლეს მხოლოდ კომიქსის ელექტრონულად შექმნა წარმოადგენდა.   დავალება კარგად რომ გაეგოთ,   ვისაუბრეთ:

  • რა არის კომიქსი?
  • რატომ უნდა შევქმნათ?
  • როგორ უნდა შევქმნათ?

 

 

 

 

Writecomics- შექმენი კომიქსი.  https://writecomics.com/?fbclid=IwAR2hMuhAXI52j84hMk_RJGzWENhEfYEkKTliZ0tTMfBM8dTZf8xgl9uIs0o

ვებ-მისამართი   შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლემ  თავადვე შექმნას კომიქსი და აამეტყველოს  პერსონაჟები.  მშობლებთან   წინასწარი კომუნიკაციის დროს, გავაცანი  წესები, როგორ უნდა ემუშავათ მოსწავლეებს  და რა ეტაპები უნდა გაევლოთ   კომიქსის   შესაქმნელად. Writecomics-ის   დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს და  გააცოცხლეს   პერსონაჟები  დიალოგის საშუალებით:

  1. რას ეტყოდა დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებს.
  2. რას ეტყოდა თურქ-სელჩუკების მეთაური  ქართველთა ლაშქარს.
  3. რას ეტყოდა დავით მეფე თავის ლაშქარს დიდგორის ბრძოლის წინ.
  4. რას ეტყოდა თურქ-სელჩუკების მეთაური თავის ლაშქარს დიდგორის ბრძოლის წინ.

მოცემული კომიქსების ანალიზი  გვიჩვენებს, რომ  მულტიმედიური რესურსების გამოყენებამ   და მულტიმედიური ტექსტების შექმნაში მონაწილეობამ,  მოსწავლეებს აუმაღლა  მოტივაცია. იმოგზაურეს ისტორიულ წარსულში, გაიცნეს  უძლიერესი  მეფე დავით აღმაშენებელი, მისი საგმირო საქმეები.  წარმოდგენა შეექმნათ იმ პერიოდის საქართველოში არსებულ  პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებაზე. WriteComics-ის  დახმარებით  მოსწავლეებმა ხალისით გაიაზრეს და შეაჯამეს  ინფორმაცია.

მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია, სწავლების პროცესი იყოს სახალისო და მასზე ორიენტირებული.  ბავშვთა ინტერესის  ერთ-ერთ სფეროს ციფრული ტექნოლოგია წარმოადგენს. მათი   დაინტერესება გამოვიყენე სასწავლო პროცესის  მრავალფეროვნებისთვის. როცა  მოსწავლე თავად ქმნის, უკეთ სწავლობს, უკეთ იაზრებს და ესმის, რასაც აკეთებს.  კომიქსების შექმნის პროცესი მათთვის საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.

მოსწავლეს  კომიქსის შექმნა WriteComics    ონლაინ საიტის დახმარებით,  რეგისტრაციის გარეშე, მარტივად შეუძლია. ამისთვის, მხოლოდ მოცემულ  ბმულზე  გადასვლაა საჭირო.

  1. https://writecomics.com/?fbclid=IwAR0qF2FFKvOm8vrYWTl6mOxJ2ogwgpgPENlCdNB0IMJjNQ6GgGUxGLdZirE

 

მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ, შეარჩიეთ სხვადასხვა სივრცე, სივრცეების არჩევანი მრავალფეროვანია, ასევე შემოთავაზებულია პერსონაჟებიც, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება  სხვადასხვა მოქმედების აწყობა. ვებსაიტი იძლევა იმის შესაძლებლობას,  შექმნათ მრავალეპიზოდიანი კომიქსი.

 

  1. უშუალოდ კომიქსის აწყობა,  საიტის რესურსების გამოყენებით.

თქვენ შეგიძლიათ  აირჩიოთ სასურველი სქესის, ასაკის,  გარეგნობის, ჩაცმულობის მქონე პერსონაჟი  გრაფიდან People (ხალხი).

 

 

 

პერსონაჟის არჩევის შემდეგ, აუცილებელია, შეარჩიოთ  გმირის სამოქმედო ადგილი.  არჩევა  შესაძლებელია  გრაფიდან, რომელსაც აქვს წარწერა  Add A Background (დაამატეთ ფონი).

კომიქსის აწყობის საბოლოო ეტაპია არჩეული პერსონაჟების ამეტყველება

Add  Dialog-ის   ( დაამატე დიალოგი)  საშუალებით.

 

 

დიალოგისთვის სივრცის არჩევის შემდეგ,  ტექსტის ჩასაწერი ველი გამოჩნდება

პერსონაჟების თავზე.

 

 

კომიქსის დასრულების შემდეგ ხელი დააჭირეთ Sumbit word -ს  სიტყვის წარდგენას და ნაშრომი დასრულებული სახით მზად იქნება.

ბავშვის ავადმყოფობა და გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზები

0

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ბავშვის მოძებნა, რომელსაც განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ერთხელ მაინც არ უავადმყოფია. პრაქტიკულად, ყველა ბავშვი ავადმყოფობს, მაგრამ ავადმყოფობს თავისებურად – ერთი ხშირად, მეორე იშვიათად, ერთი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, მეორე – სწრაფად გამოჯანმრთელდება. თუმცა, განურჩევლად იმისა, რამდენად ხშირად ავადმყოფობს და რამდენად დიდხანს გრძელდება ავადმყოფობა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სერიოზული შფოთვის და ნერვიულობის მიზეზი ხდება, როგორც მშობლებისთვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ ის მათთვის ერთადერთია და ოჯახში სხვა ბავშვები არ არიან.

ავადმყოფობა სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა აქვს მას. ავადმყოფ ბავშვს, როგორც წესი, ეცვლება გუნება-განწყობა, კარგავს სიმშვიდეს, ხდება შფოთიანი, დათრგუნვილი, ადვილად ღიზიანდება. ემოციურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ხშირად განაპირობებს ნეგატიური აზრები და ფიქრები დაავადების სიმძიმეზე, განკურნების შეუძლებლობაზე,  დანაშაულის გრძნობა მშობლების წინაშე. ავადმყოფ ბავშვებში ფიქსირდება ქცევითი დარღვევებიც, ისინი წყვეტენ თამაშს, კარგავენ უშუალობას უფროსებთან და თანატოლებთან დამოკიდებულებაში, ვერ იღებენ სიხარულს ერთობლივი თამაშებით და გართობით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ბავშვს უჩნდება თანატოლებისა და უფროსებისგან „გაქცევის“, განმარტოების სურვილი. ისინი შეიძლება ასევე  წუხდნენ იმ შეზღუდვების გამო, რასაც ავადმყოფობის პერიოდში უწესებენ. არცთუ იშვიათად ბავშვები უარს ამბობენ რეჟიმის დაცვაზე, არ ემორჩილებიან უფროსებს, ჯიუტობენ, ჭირვეულობენ. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ ბავშვის სტაციონარში გადაყვანა ხდება საჭირო. პატარას შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ მშობლებმა ის სამუდამოდ დატოვეს საავადმყოფოში. თავისთავად ცხადია, რომ ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, ბავშვის განცდებმა ავადმყოფობის დროს შეიძლება გააღრმაოს, გააუარესოს მისი მდგომარეობა და ხელი შეუშალოს მკურნალობის და გამოჯანმრთელების პროცესს.

დაავადების მიმდინარეობასა და გამოჯანმრთელების პროცესზე სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, არამედ მშობლებს შორის არსებულმა მდგომარეობამ და დაძაბულმა ვითარებამ ოჯახში. მუდმივი მღელვარება და გაუთავებელი კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით, შვილის ავადმყოფობის ერთმანეთზე გადაბრალება, ბუნებრივია, მკვეთრად აუარესებს ემოციურ ფონს და მასთან ერთად  ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას. სწორედ ამიტომ, სერიოზული მკურნალობის მიუხედავად, ხშირად პატარას მდგომარეობა ოდნავადაც არ უმჯობესდება. თუ მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს, გარკვეულ სიტუაციებში ჩვენ შეიძლება ეჭვი მივიტანოთ დაავადების ფსიქოსომატურ ბუნებაზე. დაავადება ფსიქოსომატურს მიეკუთვნება, თუ ბავშვი „სარგებელს იღებს ავადმყოფობისაგან“:

  • ბევრი მშობელი გამხდარა იმის მოწმე, რომ სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასაყვანად გამზადებული ბავშვი უცებ „ავად ხდება“ – უწევს ტემპერატურა, აქვს თავის, მუცლის ტკივილი, შეიძლება ხველაც, ცემინებაც. ავადმყოფობის ყველა ნიშანი სახეზეა, მაგრამ, როგორც კი დედა სახლში დარჩენის ნებას რთავს, ავადმყოფობის სიმპტომები მომენტალურად ქრება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი სიმულაციას ნამდვილად არ ახდენს, ის მართლაც „ავად არის“  მანამ, სანამ სახლში დარჩენის ნებას დართავენ. საყურადღებოა ის, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ბავშვი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ავადმყოფობა სახლში დედასთან ერთად ყოფნის კარგი საშუალებაა მისთვის;
  • როცა დედა დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში გადის, ბავშვს მისი სახლში „დაბრუნება“ მხოლოდ ავადმყოფობის დახმარებით შეუძლია;
  • თუ ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, უფროსი, გრძნობს რა თავს მიტოვებულად, შეიძლება „ავად გახდეს“, იმისათვის, რომ დედის ყურადღება მიიპყროს. თუმცა, დედებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ პატარა შეიძლება ავადმყოფობდეს მათი მხრიდან ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამო;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დასუსტების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღება წარმოადგენს. თუ მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან და არა აქვთ ბავშვთან ყოფნის შესაძლებლობა, პატარა იტანჯება მშობლიური სითბოს გარეშე. ასეთ დროს ავადმყოფობა კარგი საშუალებაა დედის ყურადღების მისაპყრობად – „როცა ავადმყოფობ, შენ მეტად უყვარხარ ყველას, ე.ი. უფრო ხშირად უნდა იავადმყოფო“ – ფიქრობს ბავშვი და ის მართლაც ცივდება, სტკივა მუცელი ან თავი. ამასთან, ის არაფერს აკეთებს სპეციალურად და არც ავადმყოფობის სიმულირებას აწყობს. როგორ  წესი, ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს;
  • მშობლებისთვის ძნელია იმის აღიარება, რომ დამოკიდებულებებმა ოჯახის წევრებს შორის შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად კამათობენ, ჩხუბობენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ბავშვი მუდმივად შფოთავს, ნერვიულობს, გრძნობს რა პასუხისმგებლობას მშობლებს შორის ჩხუბის გამო, ერღვევა ძილი, ფიქსირდება დარღვევები გონებრივ განვითარებაში, თავს იჩენს ემოციური და ქცევითი პრობლემები, დეპრესია, სირთულეები სწავლაში;
  • ბავშვის ემოციური, ქცევითი და სოციალური განვითარება ზარალდება მაშინაც, როცა მშობლები იკეტებიან საკუთარ თავში და არ ავლენენ სულიერ სითბოს ერთმანეთის და ბავშვის მიმართ. ბიჭები და გოგონები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ოჯახურ კონფლიქტებზე – გოგონებში თავს იჩენს ემოციური პრობლემები, ბიჭებში კი – ქცევითი. ბავშვი ბევრი რამისთვის არის მზად მშობლებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. თუ ის აფიქსირებს, რომ მისი ავადმყოფობის შემთხვევაში უფროსები ივიწყებენ წყენას და ერთად იწყებენ ზრუნვას მის გამოჯანმრთელებაზე, მშობლებს შორის ყოველი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ის შეიძლება „ავად გახდეს“; ამ გზით კი ავადმყოფობა ქრონიკულ სახეს მიიღებს;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დარღვევა, ავადმყოფობა და ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება განვითარდეს ასევე მშობლების დაცილების ფონზე, ერთ-ერთი მშობლის მივლინებაში ყოფნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ახლობლის გარდაცვალებით და ა.შ.
  • დედისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველაფერი, რაც ბავშვთან დაკავშირებით ხდება, რაც ბავშვს ემართება, ასახავს მისი მშობლების სულიერ მდგომარეობას და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად ახდენს მის ჯანმრთელობაზე გავლენას დედის გუნება-განწყობა და დამოკიდებულებები ოჯახში. სამ წლამდე ბავშვი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის წარმოადგენს სამყაროს ცენტრს და ამიტომ, თუ ოჯახის ცხოვრებაში რაიმე ცუდი ხდება, პატარა თვლის, რომ მიზეზი მასში იმალება და ირთვება თავდაცვის ინსტინქტი არაადეკვატური ქცევის, ფსიქოლოგიური გადახრების, ტრავმების ან დაავადებების სახით. ამასთან, კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ბავშვი არაფერს იგონებს, არ თამაშობს ავადმყოფის როლს, ის მართლა ავადმყოფობს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს:     

  • უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა სარგებელს იღებს ბავშვი ავადმყოფობით და შევცვალოთ სიტუაცია ისე, რომ აღარ არსებობდეს ავადმყოფობის აუცილებლობა მიზნის მისაღწევად. დავეხმაროთ ბავშვს მიზნის მიღწევაში არა ავადმყოფობით, არამედ ჯანმრთელობით და კარგად ყოფნით;
  • განვსაზღვროთ, რა გაუცნობიერებელ „სარგებელს“ აძლევს ბავშვის ავადმყოფობა მშობლებს. დამცავი მექანიზმი „სარგებელი ავადმყოფობისაგან“ მუშაობს მანამ, სანამ გაუცნობიერებელია, როგორც კი ბავშვი და მშობლები გაიაზრებენ ავადმყოფობის მიზეზებს, ის სუსტდება ან ქრება საერთოდ. ავადმყოფობის სარგებლის გაცნობიერება აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს იმ პირობით, თუ მოხდება იმის გაცნობიერება, რომ ჯანმრთელობა იძლევა მეტ სარგებელს და ბედნიერებისა და სიხარულის მეტ შესაძლებლობას;
  • პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია, ბავშვს ყველაფერი ავუხსნათ. მან უნდა იცოდეს, თუ რატომ გავიდა დედა სამსახურში, რომ მას ის ადრინდელზე ნაკლებად არ უყვარს, რომ ისიც მოწყენილია დაცილების გამო და, რომ დედას თავისი პატარა ძალიან უყვარს და განშორების დროს ძალიან ენატრება. მშობლების დაცილების შემთხვევაში პატარამ უნდა იცოდეს, რომ მამა სახლიდან შვილის გამო არ წასულა, რომ მას თავისი შვილები მუდამ ეყვარება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე თვის, ან ერთი წლის ბავშვიც საჭიროებს ახსნას,  რა თქმა უნდა, მისთვის გასაგებ ენაზე. პატარა ყველაფერს გაიგებს, იგრძნობს მხარდაჭერას, სიყვარულს და ოჯახურ პრობლემებს გადაიტანს სტრესისა და ავადმყოფობის გარეშე;
  • ბავშვის ავადმყოფობის დროს მასზე ზრუნვა, მისი სიყვარული, ალერსიანი სიტყვები და მოფერება გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. პატარამ უნდა იგრძნოს, რომ დედა გვერდითაა, მას ის უყვარს და უნდა, რომ გამოჯანმრთელდეს. სწორედ ეს გრძნობა ეხმარება ბავშვს სწრაფად გაუმკლავდეს ნებისმიერ, ყველაზე მძიმე დაავადებასაც კი. ამასთან, ბავშვი უნდა გრძნობდეს ყურადღებას და სიყვარულს მაშინაც, როცა ის ჯანმრთელადაა.

გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია ემოციური კონტაქტი: სიყვარულით სავსე მზერა, ნაზი შეხება, ყურადღება, ემოციური ურთიერთობა. რაც შეიძლება ხშირად გამოვხატოთ სიყვარული ჯანმრთელი ბავშვის მიმართ, რათა მან იგრძნოს, რომ ავადმყოფობის გარეშეც ის ძვირფასი და საყვარელია საკუთარი მშობლებისთვის.

 

 

 

ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა და ჩვენ

0

პანდემიის პირობებში მთავარ რისკჯგუფს ხანდაზმულები – ჩვენი შვილების უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები წარმოადგენენ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იზოლაციის რეჟიმი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ დროს თავი ვარიდოთ მოხუცებთან კონფლიქტს, მეტი მოთმინებით მოვეკიდოთ მათ ნებისმიერ თხოვნას. ხანდაზმულებთან მშვიდობიანი დიალოგი საშუალებას მოგვცემს, სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგოთ.

თუ ბებიები და ბაბუები ცალკე ცხოვრობენ და ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, მათ გამხნევებაში უდიდეს როლს ითამაშებენ შვილიშვილები. მანამდე კი, ვიდრე გიამბობდეთ, რა გზით შეგვიძლია ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის სასარგებლო კავშირის განმტკიცება დისტანციურად, არ დაივიწყოთ: ხანდაზმულების მომარაგება საჭიროა არა მხოლოდ სურსათით და ჰიგიენის ნივთებით, არამედ დროის გასაყვანი საშუალებებითაც – წიგნებით, მარტივი სამაგიდო თამაშებით, კროსვორდებით და სხვა თავშესაქცევით.

იმისთვის, რომ ჩვენი ხანდაზმული მშობლების ვიდეოზარები არ იქცეს ერთფეროვან, მოსაწყენ მოკითხვებად („დღეს რა ჭამეთ?“, „ბავშვებმა როგორ იმეცადინეს?“), შეგვიძლია, კომუნიკაციას მრავალფეროვნება და ეშხი შევმატოთ, ამაში კი ბავშვების ჩართვა აუცილებელია.

 

გრაფიკული კარნახი

შესაძლოა, ბავშვობიდან გახსოვდეთ უჯრედებში ხატვა კარნახით. ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა კარნახობს შვილიშვილს: „ორი უჯრედი ქვემოთ, სამი უჯრედი მარჯვნივ, ერთი უჯრედი მარცხნივ…“ შვილიშვილი ხატავს, აფერადებს უჯრედებს და საბოლოოდ რაღაც ფიგურას იღებს, ვთქვათ, პეპელას ან გველს. ასეთი კარნახი შესანიშნავია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და უმცროსკლასელების გონებრივი განვითარებისთვის. ინტერნეტში მაგალითებს იოლად ნახავთ.

სთხოვეთ ბავშვს, წინასწარ მოამზადოს უჯრედებიანი რვეული, სახაზავი, საშლელი, ფანქრები. დააზუსტეთ ბებია-ბაბუისა და ბავშვის ონლაინ კავშირის დრო. პირველ ჩართვაზე ბავშვს შესაძლოა მშობლის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ თანდათან დამოუკიდებლად შეძლებს ხატვას და სიამოვნებით დაელოდება ბებია-ბაბუის მორიგ ვიდეოზარს.

 

აუდიოზღაპარი

ბავშვებისთვის საჯაროდ კითხვის ხელოვნება უკვე ბევრმა ზრდასრულმა აითვისა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, სხვა დონეზე ახვიდეთ და სთხოვოთ ბებია-ბაბუას, საკუთარი აუდიოზღაპარი ჩაწერონ. ამისთვის კარგად უნდა მოემზადონ, წინასწარ რამდენჯერმე გადაიკითხონ ზღაპარი, შეარჩიონ სხვადასხვა ხმა, პერსონაჟების დიალოგებს საკუთარი ინტერპრეტაციები მოარგონ, თუნდაც ტრადიციულ ზღაპარს შესძინონ განსხვავებული ჟღერადობა და გამოაცოცხლონ. თუ ზღაპარი ან მოსაყოლი ამბავი დიდია, დაყონ ნაწილებად და ისე გაუგზავნონ აუდიოფაილები ბავშვ. გარწმუნებთ, შვილიშვილები მადლიერები იქნებიან.

 

საკუთარი ისტორიები

ბავშვებს უყვართ უფროსების მონათხრობის მოსმენა მათი ბავშვობის შესახებ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამისთვის იშვიათად ვიცლით, გაჯეტებში თავჩარგულ ბავშვებსაც არ სცალიათ ჩვენს მოსასმენად. თვითიზოლაცია კი მშვენიერი პერიოდია თუნდაც საოჯახო ფოტოარქივის გადასათვალიერებლად, ძველი, მაგრამ საინტერესო ამბების გასახსენებლად, ჩანაწერების გასაკეთებლად, დეტალების დასაზუსტებლად.

ვიდეოჩართვის დროს ბებიას და ბაბუას შეუძლიათ, ბავშვს გაუზიარონ თავიანთი მოგონებები სკოლაზე, საყვარელ მასწავლებლებზე, მეგობრებზე, პირველ სიყვარულზე.

 

წვეულება

ალბათ გახსოვთ, რომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, უარი არ ვთქვათ იმ ყოველდღიურ ყოფით რიტუალებზე, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა. მაგალითად,, შაბათ-კვირას ბავშვები ბებია-ბაბუასთან მიგვყავდა. ახლაც შეგვიძლია უქმეების გამოყენება და ბებია-ბაბუათან ერთად, ონლაინკავშირის თანხლებით და ბავშვის აქტიური მონაწილეობით, მაგალითად, მარტივი კექსის გამოცხობა. ვისი კექსი აჯობებს? იქნებ ერთნაირიც გამოგივიდეთ? ერთად ცხობა ძალიან სახალისო პროცესია. ცხობის დასრულების შემდეგ მოადუღეთ ჩაი, ჩართეთ მუსიკა და ონლაინწვეულება მოაწყეთ.

 

ინტერვიუ

გაითამაშეთ ინტერვიუ. ბებიამ ან ბაბუამ რომელიმე სახელგანთქმული ადამიანის როლი შეასრულონ, შვილიშვილმა კი ჟურნალისტისა, ან პირიქით.

ამ თამაშის მთავარი წესი ის არის, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე საინტერესო კითხვებს სვამს, ხოლო მეორე რაც შეიძლება დაწვრილებით პასუხობს. უმჯობესია, თამაშისთვის წინასწარ მოემზადოთ. მაგალითად, მომავალი ინტერვიუს თემა წინასწარ შეათანხმოთ (სკოლა, სახლი, მეგობრობა და ა.შ.), მოამზადოთ კითხვები. ახლა ბევრი ჟურნალისტი სწორედ ასე მუშაობს. შეგიძლიათ, თქვენს შვილს მსგავსი ინტერვიუები ინტერნეტით მოაძებნინოთ, რომ პროცესის არსზე წარმოდგენა შეექმნას. სთხოვეთ ბებია-ბაბუას, შესაბამისად ჩაიცვან, რათა უფრო ადვილად შევიდნენ როლში და რეალობასთან მიახლოებული სიტუაცია გაითამაშონ.

 

სიტყვებით თამაში

სახალისოა რითმებით იმპროვიზაცია, პატარ-პატარა ლექსების წერა და ერთმანეთისთვის გაზიარება. ჩაიწერეთ ბებია-ბაბუისა და თქვენი შვილების ლექსები. რამდენიმე წელიწადში იზოლაციის ლირიკის გადათვალიერება გულისამაჩუყებლად სასიამოვნო იქნება.

კიდევ ერთი თამაში სიტყვებით – ყველა მონაწილე წინასწარი შეთანხმებით წერს გრძელ სიტყვას. მნიშვნელოვანია, ეს სიტყვა რაც შეიძლება მეტ ასოს შეიცავდეს. მაგალითად, „თავზეხელაღებული“. მერე ამ სიტყვაში არსებული ასოებისგან ცდილობთ სხვა სიტყვების შედგენას. ვინც უფრო მეტს შეადგენს, ვთქვათ, სამ წუთში, მოგებულია.

 

ბონუსად

ეს ამბავი უკვე არა ვიდეოჩათს, არამედ, დისტანცირების მიუხედავად, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ეხება. როდესაც ხანდაზმულ მშობლებს მიაკითხავთ, რომ სურსათი დაუტოვოთ, გადაეცით შვილიშვილების წერილები, რომლებსაც ბავშვებთან ერთად წინასწარ მოამზადებთ. ყველა წერილი ერთბაშად არ უნდა გაიხსნას. ვთქვათ, თითო წერილი თითო დღეს. წერილები თემატურად მრავალფეროვანი უნდა იყოს, ბავშვის ნახატებით ლამაზად გაფორმებული და თბილი სიტყვებით სავსე.

ასეთივე წერილების მომზადება ბებია-ბაბუასაც შეუძლია.

წერილები შეიძლება ხელნაკეთ კონვერტებში მოთავსდეს. ეს არა მხოლოდ შემოქმედებითი ენერგიის კონცენტრირების, არამედ სიყვარულის გამოხატვის ორიგინალური და დაუვიწყარი გზაცაა.

დისტანციური სწავლების კალეიდოსკოპი

0

პანდემიის გამო, სასწავლო პროცესმა მთელ სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც,  ფორმა და ადგილი შეიცვალა.  საცხოვრებელი სახლები უცებ სასწავლო სივრცეებად იქცა,  რადგან პირისპირ სწავლება დისტანციურმა, „შორით“ სწავლებამ ჩაანაცვლა.

სახელმწიფომ გასცა რეკომენდაციები, რომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადასულიყვნენ. ქართველმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს და  მოახერხეს ასეთი სწავლებისთვის ალღო აეღოთ. მათ მოკლე დროში აითვისეს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმა, სწრაფად მოახერხეს მოსწავლეთა უმრავლესობის  მობილიზება და ჩართვა სასწავლო პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად გამოგვდის. რასაც ჩვენ ვახერხებთ, დისტანციური სწავლების მცდელობაა, თუმცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, ეს იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე განათლების სისტემა ჩვენგან ელოდა. ვცდილობთ, ვასწავლოთ მოსწავლეებს,  პარალელურ რეჟიმში ვსწავლობთ ჩვენც. თან  ისე და იმგვარად, რომ მოსწავლის და მისი ოჯახის წევრების მოლოდინები გავამართლოთ. დამერწმუნეთ, ეს  არც ისე მარტივია.

მშობლებთან კომუნიკაცია

მოსწავლეებთან კარგი კომუნიკაციის პირდაპირი გზა მშობელია. ამიტომ, შორით სწავლებაზე გადასვლისთვის აუცილებელია მშობელთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა. გამოსავალი მარტივია – მშობელთა ონლაინ შეხვედრა. აუცილებელია, მშობლებთან შეხვედრა კარგად იყოს გაწერილი და ორგანიზებული. მიზნები და საკითხები მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სავარაუდო კითხვებზეც გვქონდეს მზა პასუხები. მშობელმა უნდა დაინახოს ჩვენი მონდომება, რათა თავადაც იგრძნოს პასუხისმგებლობა. რადგან  შემოთავაზებული ონლაინ სასწავლო პლატფორმები ყველა მსმენელთან ხილული კონტაქტის საშუალებას არ იძლევა, მასალის საპრეზენტაციო ფორმატში აწყობა კარგი გამოსავალია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. მასალაში შეიძლება, მიმოვიხილოთ  დისტანციური სწავლების მეთოდები, სტრატეგიები თუ თითოეული ჩვენგანის მოვალეობები.   ონლაინ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულწილად, ყველა აცნობიერებს   ვალდებულებებს.

სასურველია, მშობლებთან ონლაინ შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.  ეს საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება. სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც,  საუბრები უშუალოდ შვილის მონდომებასა თუ ჩართულობის პრობლემებზე.  მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს შეუსრულებელი  დავალება თუ ონლაინ გაკვეთილის გაცდენა. აუცილებელია, გავარკვიოთ თითოეულის მიზეზი.

 

ელექტრონული კითხვარები

სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობელთა მიერ ანონიმური ელექტრონული კითხვარების (https://forms.office.com/) შევსება. ამ ტიპის კითხვარით შეგვიძლია გავიგოთ, რა სურს მშობელს, არის თუ არა სწავლებით კმაყოფილი, ხომ არ ფიქრობს, რომ დავალებები მისი შვილისთვის რთულია.  ეს კი პედაგოგს  საშუალებას მისცემს, ცვლილება შეიტანოს და უკეთესი გახადოს სასწავლო პროცესი.

საგაკვეთილო დრო

მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრისას  საგაკვეთილო დროის მართვა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მასწავლებელმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს, რომ 20-30 წუთში ტექნიკის გამართვაც მოასწროს, რესურსის ატვირთვა, ჩვენებაც, დავალებათა განხილვა, ახალი მასალის ახსნა, მოსწავლეთა ინტერაქცია, განმავითარებელი შეფასება და შეჯამებაც, თან ისე, რომ პოზიტივი და მოსწავლეთა მოტივაცია არ დაიკარგოს. დამიჯერეთ, რთულზე რთულია!  მით უმეტეს მაშინ, როცა ახალბედა „ონლაინ მასწავლებელი“ ხარ.

გაკვეთილის დაწყების წინ სასურველია, მოსწავლეებს ხშირად შევახსენოთ საკლასო წესები, რათა  თავიდან ავიცილოთ ხმაური.

 

რესურსი

დღეს მასწავლებელს ბევრად მეტი დრო ეხარჯება, ვიდრე საგანგებო სიტუაციამდე. პედაგოგს უწევს ზრუნვა ახალი მასალის მოძიებაზე, ფიქრი მის ადაპტაციაზე, ეძებს ინტერნეტ სივრცეში, კითხულობს, უსმენს  ვებინარებს, ეცნობა სხვის გამოცდილებას, ცდილობს, გაკვეთილი იყოს მოსწავლეებისთვის  გასაგები, თვალსაჩინო და მარტივად აღქმადი, მორგებული მოსწავლის საჭიროებებს. მიწოდებული რესურსით ბავშვებმა შინ,  მარტივად და დამოუკიდებლად  უნდა შეძლონ  დავალების შესრულება. დიახ, მასწავლებლის მიერ  მოძიებული, შექმნილი და  სწორად მიწოდებული რესურსი განაპირობებს დისტანციური სწავლების კარგ შედეგს.

უამრავი სასწავლო პლატფორმა, ვებ-გვერდები  თუ რესურსი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რესურსები ქართულ ენაზე მწირია. მათი თარგმნა ყველაზე კარგი გამოსავალია. შეიძლება, შესაბამის ენას არ ვფლობთ, მაგრამ https://translate.google.com/ იძლევა სიტყვების, თუ მოკლე წინადადებების თარგმნის საშუალებას, რაც ინსტრუქციის შექმნისთვის საკმარისია. ასეთი რესურსი შეიძლება მოამზადოთ მაგალითად, https://www.pinterest.com/-დან, სადაც თვალსაჩინო რესურსებისა და სავარჯიშოების დიდი არჩევანია. უმარტივესია : თქვენთვის სასურველი სიტყვა თარგმნეთ ინგლისურ ენაზე, ჩაწერეთ ის საძიებო ველში, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოტო, გადმოიტანეთ word-დოკუმენტში და შექმენით ქართულ ენაზე ინსტრუქციები – გნებავთ თარგმნილი, გნებავთ თქვენით მოფიქრებული.

 

მეთოდები და სტრატეგიები

სწავლების პროცესში რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა  მხოლოდ ერთი მეთოდით შეუძლებელია. პედაგოგი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და  ამით კარგ შედეგამდეც მიდიან.  ასეთი მიდგომა შორით სწავლების დროსაც  გასათვალისწინებელია.

 

მარკირების მეთოდი

 

სირთულეს შეიძლება წავაწყდეთ ქართული ენის  სწავლებისას, როდესაც საჭიროა  გარკვეული მოცულობის ტექსტების დამუშავება, ჩაღრმავება, სემანტიკური გაშიფვრა და გააზრება.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლების ისეთ ეტაპზე არიან, როცა მასწავლებელი მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამიტომ, ყველაზე მეტად ისინი საჭიროებენ ტექსტზე მუშაობის დეტალურად ახსნა-განმარტების მაგალითებს.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენის სტანდარტში კითხვის მიმართულებით წერია:

„ მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება“ .

 

ამის მაგალითი კი, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა მისცეს, რაც  ოცწუთიან გაკვეთილზე საკმაოდ რთულია.  ამიტომ, დროის დაზოგვის მიზნით, გაკვეთილზე მარკირების მეთოდის გამოყენება როგორც მასწავლებლისთვის, ისე  მოსწავლეებისთვის ხელსაყრელია.

 

ელექტრონული ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ფერის ჩასხმით სასურველ სიტყვებს თუ წინადადებებს  მარკირება გავუკეთოთ. შექმენით ტექსტ-მარკერის ფერების პალიტრა და ყოველ ფერს გარკვეული ფუნქცია მიანიჭეთ.

არჩევანი თქვენზეა.  გთავაზობთ ფერადი მარკირების ერთ-ერთ ვარიანტს:

 

ფერების დახმარებით შეიძლება  ასახსნელი ტექსტის მარკირება. ეკრანის გაზიარებით წააკითხეთ ბავშვებს ტექსტი ან თავად წაუკითხეთ. ინსტრუქციის მიწოდების შემდეგ, კითხვის პროცესში მოსწავლემ უკვე იცის თითოეული ფერის დანიშნულება და ცდილობს, გაითვალისწინოს მინიშნებები.

ტექსტ-მარკერის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ონლაინ გაკვეთილის ისედაც მცირე დროის დაზოგვას, ტექსტის ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობასაც და მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებასაც.

 

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში შესწავლილი მასალის შემოწმებისთვის საგაკვეთილო დროს დაზოგავთ, თუ შექმნით მინი-ტესტს, რომელმაც შეიძლება მოიცვას საგაკვეთილო დროის ბოლო 3-4 წუთი, მასში  წარმოდგენილი იქნება გავლილი თემის მთავარი პოსტულატები და მოგცემთ საშუალებას, მოკლე დროში შეამოწმოთ ვრცელი მასალის ათვისების დონე (https://forms.office.com/).

 

დემონსტრირების მეთოდი

ასევე კარგი საშუალებაა საინფორმაციო ტექსტების საპრეზენტაციო მასალაში ისე აწყობა, რომ თვალსაჩინო მასალა ვერბალურ ახსნას და მის განმტკიცებას ემსახურებოდეს. ასევე აუცილებელია,  ახლდეს თანდართული სავარჯიშოები  და კითხვები, რაც დაშენებული იქნება უკვე ათვისებულ მასალაზე. ეს კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დინამიკურ რეჟიმში მსვლელობას,   მოსწავლეთა ინტერაქციას, ჩართულობასა და დისკუსიას:

 

საგაკვეთილო პროცესის შემდეგ კი შეგიძლიათ, საპრეზენტაციო მასალას რომელიმე გამოჩენილი კომპოზიტორის მშვიდი მუსიკაც დაადოთ, ვიდეოდ აქციოთ და ისე გაუგზავნოთ მოსწავლეებს. ასეთი მასალა ძალიან მოსწონთ  აუდიალ მოსწავლეებს.

 

ელექტრონული (კონკრეტულად მედია რესურსებით) სწავლება

 

მოსწავლეები კარგად სწავლობენ ანიმაციების და ვიდეო-ფილმების დახმარებით, თუმცა საგაკვეთილო პროცესისთვის უნდა შევარჩიოთ ან შევქმნათ მოკლე, 3-5 წუთიანი ვიდეორგოლი. ასეთი სასწავლო ვიდეორგოლი ადვილად აღქმადია ბავშვებისთვის და ყურადღებაც ნაკლებად ეფანტებათ. ვრცელი ვიდეო რესურსების ყურება  შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად შესთავაზოთ, ამით ოჯახის წევრთა ჩართულობასაც შეუწყობთ ხელს. მაგრამ აუცილებელია, გაითვალისწინოთ თემატიკა და წინასწარ გაუზიაროთ საორიენტაციო კითხვები მთავარ საკითხზე ფოკუსირებისთვის.

გარდა ამისა, ნებისმიერი მედია რესურსის შეთავაზებისას, სასურველია, პედაგოგმა რესურსი განიხილოს კითხვების დახმარებით, ამით ის მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი

დისტანციური სწავლებისას ასევე შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა და სწორად წარმართვა, თუმცა უშუალოდ ონლაინ გაკვეთილზე ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, ისევ და ისევ, დროის სიმცირის გამო. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა თავად გაწეროს ჯგუფური მუშაობის წესები, ჩამოწეროს თემები, დააკომპლექტოს ჯგუფები. ამის შემდეგ კი შექმნას ე. წ. ჩათ-ჯგუფები და მიუთითოს თემები ოფლაინ შესასრულებლად. მუშაობის პროცესს  კი გაუწიოს მეთვალყურეობა და მცირე ფასილიტაცია წარდგენამდე, ანუ შემდგომ ონლაინ გაკვეთილამდე. დავალებას ბავშვები შესანიშნავად, ინტერესითა და ხალისით გაართმევენ თავს, დიდი მონდომებითაც წარადგენენ კლასის წინაშე. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მოტივაციის ასამაღლებლად შეიძლება გადასცეთ მადლობის სიგელი თანამშრომლობისთვის და გუნდურობისთვის. იგივე პრინციპით შეიძლება დაიგეგმოს პროექტებით სწავლებაც.

 

ასინქრონული დავალებები

 

ოფლაინ დავალებები, ე. წ. საშინაო დავალებები დიდ ყურადღებას მოითხოვს  მოსწავლეების  და  მასწავლებლების მხრიდან. მოსწავლეებს ფაქტობრივად, მინიმალური მითითებებისა და რჩევების საფუძველზე უწევთ მათი შესრულება. მასწავლებელს კი სათითაოდ უწევს ყველა გამოგზავნილი დავალების წაკითხვა, გაშიფვრა, კონსტრუქციული უკუკავშირის მოფიქრება, დაწერა და გადაგზავნა. საქმე მარტივადაა, თუ დავალება იდეალურადაა შესრულებული. მაგრამ, თუ ნაშრომში გარკვეული რაოდენობის შეცდომებს ვაწყდებით, აუცილებელია განმავითარებელი შეფასების ზედმიწევნით გაწერა და გადაგზავნა. ამ ყველაფრის კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფა და მიწოდება  ნამდვილად რთულია, როცა ამის გაკეთება  დღეში 70-80-ჯერ გიხდება. თუმცა, საქმეს აიოლებს და დავალების მეტად მიმოხილვის საშუალებას იძლევა პირად მიმოწერებში უკუკავშირის  ხმოვან შეტყობინებად გადაგზავნა.

 

მოტივაცია/წახალისება

 

სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს  მოსწავლეთა მოტივაციისთვის შეუძლია, გამოიყენოს  სიგელები და სამკერდე ნიშნები. მსგავსი  აქტივობები  ბევრ ქვეყანაშია  პოპულარული, როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. თემატური სამკერდე ნიშნის დამზადება უმარტივესი პროცედურაა https://badge.design/ პროგრამაში, სადაც პედაგოგი სასურველი დიზაინითა და თემით შეძლებს ჯილდოს დამზადებას.

 

 

მოსწავლეთა წახალისებისთვის და მშობელთა დაინტერესებისთვის, ასევე აუცილებელია საერთო თემის ირგვლივ ნამუშევართა შეკრება და ნებართვის საფუძველზე, მათი გასაჯაროება ვიდეოკოლაჟის შექმნით, კლიპის დამზადებით  თუ ვირტუალური გამოფენის საშუალებით (https://www.artsteps.com/). აღიარება და ნამუშევრის დაფასება ყველა ასაკის  ადამიანისთვის წამახალისებელია.

 

ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესებს მიღმა დარჩნენ, რომელთაც არ აქვთ საკმარისი რესურსი თუ ხელშეწყობა შორით სწავლებაში აქტიურად ჩასართავად. ასეთი ბავშვებისთვის ერთადერთი გამოსავალია, თვალ-ყური ადევნონ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს,  აქტიურად შეასრულონ ტელე-პედაგოგების დავალებები. ამ პროცესში მათი ჩართულობა აქტიურად უნდა აკონტროლონ მშობლებმა და მასწავლებლებმა ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.

 

დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა. გადავაფასეთ მდგომარეობა და შესაძლებლობები როგორც ჩვენ, პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მშობლებმა, განათლების სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა. ამის შესახებ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრიც იწერება და დაიწერება, საკითხის კვლევა და განხილვა გრძელდება,  მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია – საგანმანათლებლო სივრცე საქართველოში ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

ბებიაჩემის ლოცვა

0

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1

მეცხრე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემის კუბოსთან გამოსათხოვარი რომ წავიკითხე. კარგი, მე სევდას და მისი გამოხატვის სურვილს ვყავდი შეპყრობილი, მაგრამ უფროსებისგან რომელიმემ როგორ არ მითხრა, რომ ასეთი – არ ვიცი რა დავარქვა – საქციელი არ უნდა ჩამედინა. ახლა ძალიან მრცხვენია და ვნანობ ამას, იმიტომ კი არა, რომ ბაბუაჩემისთვის რამე მენანება – პირიქით, დღემდე ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის – უბრალოდ, თხუთმეტი წლის ბიჭმა საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი ასეთი, მასისთვის საამებელი აბსურდით არ უნდა გამოხატოს.

 

2

კონფორმიზმითა კონფორმიზმის დამთრგუნველი – მთელი თაობები გაიზარდა და მოიწამლა ამ პათოსით. ჩვენც ასე ვართ და ღმერთმა უწყის, როდის მოვარდება ის სიმართლე, რომ დახეთქოს ეს ჭუჭყით და ტალახით სავსე ტიკები და სხეულები!

 

3

ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა ვერ იგუა ჩემმა მეგობარმა ტუსკიამ. არა, დიდად არ გასჭირვებია, მაგრამ ურთიერთობების ხეთქებაზე დაგეშილი „ზუმსა“ და „თიმსზე“ ბოლომდე ვერ გადაეწყო. იმ დღესაც იმედგაცრუებული მეჩვენა. „ეგრეა, ძმაო, – მობილურის ეკრანთან მოიტანა სახე, – დღეში ერთხელ მაინც, უნდა გააკეთო ის, რაც ყველაზე ღრმა და ფარულ სურვილებს ამოჰყვება, თუ არადა…“

– რა?

– შეგჭამენ. ამის ხათრი. იმის ხათრი. თავი შეგზიზღდება. ვიღაცას უნდა გაუწიო ანგარიში. რაღაცას. ალბათ შენც გაგიწევენ ანგარიშს და ამის გამო შენც ვიღაცას შეზიზღდები. ამოიხაპები. გაწყალდები. სულერთი გახდება ყველაფერი. სულერთი. იცი, რა ცუდი სიტყვაა?

– ვიცი.

 

4
სინანული გვიან არასდროს არისო, რომ ამბობენ, ეგეთ ტიპებს ურჩევნიათ ფეხებით დაკიდო, ვიდრე ორი მონანიე სიტყვა ათქმევინო.

 

5

მაია სარიშვილმა ამ რამდენიმე თვის წინ ძალიან თავაზიანად, ადამიანური თანაგრძნობით, უზუსტესად თქვა იმ მშობლების სათქმელი, ვისაც მრავალშვილიანობის გამო რაღაც ფორმით საყვედური და გაკიცხვა უგემნია ახლობელ-ნათესავებისა და საზოგადოებისგან – „ვის იმედზე აჩენდა? ჩვენ იმედზე აჩენდა?”

მისმა ფეისბუკსტატუსმა ყველაფრისმცოდნე და გამოცდილ ჭკუისდამრიგებელთა შეფასებები უხვად მოიყოლია.

ჯერ ერთი, უხერხულია (მეტი რომ არ ვთქვა) სხვისი შვილების რაოდენობა ითვალოს და ეს განსჯის საგნად აქციოს ვინმემ; მეორე – თუ ამის გამო მრავალშვილიან ოჯახს დახმარება დასჭირდება, ხო ხარ ღვთისნიერი, ეგერ შანსი გეძლევა და დაეხმარე რითაც შეგიძლია; მესამე – რაც ვიღაცას ტვირთი შეიძლება ეგონოს, ბედნიერებაცაა, შვებაც და სიმდიდრეც. და კიდევ: ჩვენი მდგომარეობა ხომ ცვალებადია ამ წუთისოფელში – დღეს რომ გვგონია, „ჩვენს თავს ვეყუდნით“ და დათვლილ-დალაგებული გვაქვს ყველაფერი, ხვალ ან ზეგ შეიძლება იმ „სხვების“ შეწევნის იმედად მოგვიწიოს ყოფნამ.

…ხშირად მახსენდება ის ეპიზოდი ინიარიტუს „ბიუტიფულიდან“, მძიმე სენით დაავადებული ხავიერ ბარდემის პერსონაჟი რომ ეუბნება მეგობარ ქალს/მკურნალს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, – წასვლა არ მინდა, ბავშვების დატოვების მეშინიაო, რაზეც ქალი პასუხობს: „გგონია, ბავშვებს შენ უვლი? მიამიტი ნუ ხარ! ბავშვებს მიწა ზრდის…“

 

6

ზუგდიდში დღესაც იხსენებენ მახარბეკს, ოსური წარმოშობის კაცს, რომელიც მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო, კომუნალური მომსახურების ნამდვილი ოსტატი და გურუ იყო. თვითონ კი 90-იანების დასაწყისში, ოჯახში შემოცვენილ ყაჩაღებს ემსხვერპლა, მაგრამ პროფესიონალის სახელი და რამდენიმე დაუვიწყარი ფრაზა დატოვა. მათ შორის ის ერთი, გაგანია სოციალიზმის დროს რომ თქვა:

– ლუჩშე იმეტ სობსტვენნუიუ ტაჭკუ, ჩემ ცელი ვაგონ ობშეე ძელო!

 

 

7

„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ბებიაჩემმა ვარო თოლორაიამ, რომელმაც თავისი ცხოვრების სამოცი წელი საბჭოთა კავშირში გაატარა, ერთ დღესაც, 90-იანების მიწურულს მითხრა, – ეს ლოცვა დიდი შვებისა და სიხარულის მომგვრელია ჩემთვისო. არ მწყინდება, ძილის წინ, გაღვიძების შემდეგ, საქონლის საძებრად რომ დავეხეტები ტყე-ღრეში, სულ ვიმეორებ, შენც დაიმახსოვრე და დღეში ერთხელ მაინც, მარტო რომ დარჩები, შენთვის დამარცვლე გონებაშიო.

როცა გაკვეთილი გზაა

0

ყველა წარუმატებელი გაკვეთილი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი, ენერგიითა და მუხტით, სიახლეებითა და ძიებით სავსე გაკვეთილი კი სხვადასხვანაირია. საგაკვეთილო დრო-სივრცეს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ქმნიან, თუმცა პედაგოგის წინასწარი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია. წინასწარ შედგენილი, გააზრებული, რეალისტური, სისტემატიზებული გეგმა, რა თქმა უნდა, ქმნის საიმისო პირობას, რომ გაკვეთილი იქცეს დასახული მიზნის მიღწევის გზად. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ქაღალდს მიჯაჭვულ უსიცოცხლო გეგმას მასწავლებელი და მოსწავლე ერთად შთაბერავენ სულს და ცოცხალ, მფეთქავ, აზრითა და ემოციით დატვირთულ პროცესად აქცევენ.

საგაკვეთილო მიზნების მისაღწევი გზებიც ისეთივე მრავალგვარია, როგორიც ცხოვრებისეული, ისინიც სავსეა დაუგეგმავი, საიდანღაც გამომხტარი დიდი და მცირე დაბრკოლებებით. ეს მოულოდნელობა მასწავლებელმა შეიძლება სტიმულადაც კი აქციოს, რადგან გაუთვალისწინებელი ფაქტორები ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც შემოქმედებით ნებას აღვიძებს და საკლასო ატმოსფეროს განმავითარებელ თუ გამაჯანსაღებელ იმპულსებს აძლევს.

ერთ დღეს ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორმა გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ცხოვრების გაკვეთილი ჩაეტარებინა. მან დაფაზე დაწერა დიდი ერთიანი და სტუდენტებს უთხრა, რომ ის მათ ადამიანურობას, ცხოვრებისთვის საუკეთესო თვისებას გამოხატავდა. შემდეგ ერთიანს ნული მიუწერა და თქვა, რომ ის გამოხატავდა მათ მიღწევებს, რომლებიც ერთიანის მნიშვნელობას აათმაგებდა. შემდეგ კიდევ ერთი ნული მიუწერა, გამოცდილების გამომხატველი, რომლის წყალობითაც ადამიანურობა ასჯერ გაიზარდა. მერე სიფრთხილის გამომხატველი ნული მიამატა, მერე – სიყვარულის აღმნიშვნელი, მერე – წარმატებისა და ა.შ. ყოველი ახალი ნული უფრო და უფრო მეტად აკეთილშობილებდა ადამიანს. მოულოდნელად პროფესორმა ერთიანი წაშალა და დაფაზე მხოლოდ არაფრისმთქმელი ნულები დარჩა. „ადამიანურობის გარეშე ყველა მიღწევა ნულია, – თქვა პროფესორმა, – და არავითარი ღირებულება არ გააჩნია“.

სკოლაში ამგვარი ერთიანი მასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიული ურთიერთობაა, რომელსაც მოჰყვება სასწავლო პროცესის ყველა დანარჩენი ელემენტი. თუ ეს ერთიანი, ე.ი. ურთიერთგაგება და პატივისცემა არ არსებობს, ყოველგვარი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაკვეთილი იქცეს გზად შემეცნების რთულ, წინააღმდეგობებითა და აღმოჩენებით სავსე სამყაროში, განწირულია. ამას სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაც ადასტურებს. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როცა მასწავლებელს სჯერა, რომ მოსწავლეები ცოდნის შეძენის გზაზე დააყენა. ეს ცოდნა მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საგნის ათვისებაში კი არა, არამედ, საზოგადოდ, თვითშემეცნებასა და სამყაროს მრავალფეროვნების აღქმაში ეხმარება, აქცევს გულღია, გულწრფელ ადამიანად, რომელიც მზადაა, მიიღოს და გასცეს, არ ჩაიკეტოს და, შესაბამისად, დესტრუქციულ, უსიცოცხლო, მექანიკურ სისტემად არ იქცეს.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი შთამაგონებელი, წამახალისებელი მოსწავლის ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში, იდენტობის გააზრების ურთულეს გზაზე. სწავლის უნარები უნდა ეფუძნებოდეს ნებისყოფას, რომელსაც პედაგოგი მოსწავლეს უწრთობს, რათა მან გაუძლოს სიზარმაცისა და დაღლილობის შეტევებს.

პედაგოგს, რასაკვირველია, გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს სწავლების გზის ერთგვარი მარშრუტები, უახლოესი ამოცანის ამოხსნისკენ მიმავალი სხვადასხვა ბილიკი, მაგრამ ასევე მონიშნული უნდა ჰქონდეს გლობალური პერსპექტივები, უნდა აცნობიერებდეს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს – ზნეობრივსა თუ ეკოლოგიურს. როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერდა, „ზნეობრივი ეკოლოგიის საფრთხე“ ყოველთვის უფრო მეტ საშიშროებას უქმნიდა ადამიანს.

ამ სწრაფად ცვალებად დროში, რომელიც ინფორმაციული ნაკადებით არის გადატვირთული, მასწავლებელს ევალება მუდმივი განახლება და ტრანსფორმაცია ახალი გამოწვევების გადასალახავად. მასშტაბური სააზროვნო კონტექსტი უბიძგებს მოსწავლეს, კრიტიკულად იფიქროს. ეს კი გულისხმობს სხვათა თვალსაზრისების მოსმენას, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შეჯერებას, არგუმენტირებულ მსჯელობას და საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. რას ფიქრობენ სხვები? მე რას ვფიქრობ? რატომ ვფიქრობ ასე? – ესენი უნდა იყოს მთავარი კითხვები ნებისმიერ სასწავლო გზაზე. „მიეცით მოსწავლეებს საკეთებელი და არა სასწავლი“, – ასე მახვილგონივრულად გამოკვეთს განათლების მკვლევარი ჯონ დიუი მასწავლებლის ძირითად ამოცანას. მოქმედება, საზოგადოდ, ისეთი ბუნებისაა, რომ თავისთავად გულისხმობს აზროვნებას. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იაქტიუროს, რამე აკეთოს. ეს „კეთება“, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას კი არ გულისხმობს, არამედ იმგვარ დავალებას, რომელიც გონებას გაააქტიურებს, აამოძრავებს, გახსნის.

ამიტომაც არის გამორჩეული თანამედროვე სასწავლო მეთოდიკაში „აქტიური სწავლება“, რომელიც ფოკუსირებულია არა იმაზე, რას სწავლობენ მოსწავლეები, არამედ იმაზე, როგორ სწავლობენ. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს აქტიურად რთავს განათლების პროცესში და რთული სააზროვნო სისტემების ამოქმედებას უწყობს ხელს. მასწავლებელმა უნდა გამოიწვიოს მოსწავლეები, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი, გამოვიდნენ პერსონალური, კომფორტული, ჩვეული სიმყუდროვის ზონიდან და უცნობ გზას თამამად, უშიშრად დაადგნენ. ამგვარად, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, მათ უჩნდებათ განცდა, რომ მათზევეა დამოკიდებული, რას და როგორ ისწავლიან, შესაბამისად, ისიც, მიაღწევენ თუ არა წარმატებას.

აქტიური სწავლების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეს სწავლების პროცესში ჩართავს. ის გავლენას ახდენს იმაზე, რაც კლასში ხდება. მოსწავლე თანდათან ეჩვევა უცნობ გზაზე სიარულს, გრძნობს, რაოდენ მნიშვნელოვანია დაკვირვება, გამოცდილების მიღება, გზიდან გადახვევა, დაბნევა, შეცდომები, სხვებთან თანამშრომლობა, სხვათა რჩევების კრიტიკული განხილვა. რუსთაველი ამბობს: ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროსო. ამასაც რუსთაველს დავესესხები: რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო. საბოლოო ჯამში, მაინც პიროვნების სიმტკიცესა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა ახალი გამოცდილება ჩვევად, უნარად, რომელიც მოსწავლეს ერთი ადგილზე თავბრუდამხვევი ტრიალისგან იხსნის. პრობლემასთან შეჯახების შიშის გადალახვა, გამოსავლის ძიება ყოველთვის მნიშვნელოვანია – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, პროფესიულ სასწავლებელშიც, ოჯახშიც, სამსახურშიც…

პიტერ ლუკანტონის, პედაგოგისა და ტრენერის, მოსწრებული შენიშვნით, მასწავლებელი უნდა გაექცეს იმ როლს, რომელიც გულისხმობს ისე სწავლებას, თითქოს მოსწავლის კოვზით აწვდიდეს ულუფებს. ამ შემთხვევაში მოსწავლეს მხოლოდ კოვზის ფორმა დაამახსოვრდება და ვერაფერს ისწავლის. მასწავლებელმა მოსწავლე დამოუკიდებლად სწავლას უნდა მიაჩვიოს. სასწავლო ღონისძიებების განხორციელებისას ხშირად ჩნდება კითხვა: ფიქრობენ თუ არა მასწავლებლები იმაზე, რომ ძალიან ბევრს შრომობენ კლასში? ისინი ერთსულოვან თანხმობას იტყვიან და თუ კიდევ ჩაეკითხებით, მძიმეა თუ არა მათი ჯაფა, ამაშიც დაგეთანხმებიან. ეს კი „მატყუარა კვების“ დასტურია, ანუ მასწავლებელი ისე ეხმარება მოსწავლეს, იმდენ ძალისხმევას ახმარს, რომ მას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას აღარ აძლევს. მოსწავლეები თავად აღარაფერს აკეთებენ და „კოვზით“ მიწოდებული ლუკმის მოლოდინში არიან.

„კოვზით კვება“ ხშირად განიხილება როგორც სწავლების ერთ-ერთი ტრადიციული და მოძველებული მეთოდი. ის, რა თქმა უნდა, ყველას გამოუცდია, რადგან იოლი და ხელმისაწვდომია. იუდიტ ნოირინგი თავის სტატიაში „კოვზით კვების მეთოდს“ შთამბეჭდავი ანალოგიით წარმოაჩენს: „ხანდახან მოსწავლეთა ჯგუფი მეჩვენებოდა… ბარტყებით სავსე ბუდედ. ბარტყებით, რომლებიც ფართოდ აღებდნენ ნისკარტებს, რათა მშობლის მოტანილი საკვები გადაეყლაპათ“. თუ მასწავლებელი მუდამ ამ მეთოდით ისარგებლებს, ვეღარ დავადანაშაულებთ მოსწავლეებს, რომლებიც პირდაღებულნი ელიან, როდის „გამოკვებავენ“. მოსწავლეები ხომ, როგორც წესი, იღებენ ყველაფერს, რასაც მიაწვდით, იმიტომ, რომ ეს ყველაზე იოლი გზაა, გამოჩნდნენ მორჩილ, ბეჯით მოზარდებად, რომლებიც უსიტყვოდ ნთქავენ საზრდოს.

აღმზრდელმა, მასწავლებელმა კი ეს საზრდო შესაძლოა დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოიპოვა (გააჩნია, იშურებს თუ არა ძალისხმევას ხარისხიანი საკვების მოსაპოვებლად. თუმცა ძალისხმევასთან ერთად, პედაგოგს, რა თქმა უნდა, განათლება, ერუდიცია, ინტელექტიც სჭირდება). მაგრამ გადის ხანი და „კოვზით კვების“ ეტაპი მთავრდება. მოსწავლე იძულებულია, იმოქმედოს დამოუკიდებლად, დასვას კითხვები, გაიაზროს, გაარკვიოს. ეს ხშირად ემართება მოსწავლეს, როდესაც დაწყებითი საფეხურიდან საბაზისოზე გადადის. ამ მდგომარეობას, როცა თითქოს სახლიდან გაგდებენ და გეუბნებიან, რომ ამიერიდან მარტო უნდა გაუყვე გზას, შეიძლება შოკი ვუწოდოთ. ამიტომ უფრო ადრეც უნდა ეცადოს მასწავლებელი, მოსწავლე უცნობ გზაზე მარტო სიარულს მიაჩვიოს. დაე, წაიქცეს, მაგრამ დამოუკიდებლად წამოდგომა ისწავლოს, დაცემის ტკივილიც განიცადოს და წამოდგომის სიხარულიც, საკუთარი ძალის შეგრძნებამ აღტაცება მოჰგვაროს და დაარწმუნოს, რომ „საკვებს“ დამოუკიდებლადაც მოიპოვებს, თუ გამბედაობა ეყოფა. გახსოვთ აღმოსავლური იგავი? მიეცით ადამიანს თევზი და დაანაყრებთ ერთი დღით, მაგრამ ასწავლეთ მას თევზის ჭერა და ეს მას მთელი ცხოვრება დაანაყრებს.

 

.

 

საგაკვეთილო მინიპროექტების თავისებურებები

0

პროექტული სწავლება თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტიური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებას, ტექსტთან მუშაობის სხვადასხვა ხერხისა და მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.

მინიპროექტების რეალიზებისას აუცილებელია განსაზღვრული ალგორითმის შემუშავება, კერძოდ:

  • პრობლემის გამოკვეთა; მიზნების დასახვა; ინფორმაციის მოძიება; სხვადასხვა ხასიათის წყაროებთან მუშაობა; მიღებული ინფორმაციის სისტემატიზება და გაანალიზება; შედეგების გაფორმება; მიღებული შედეგების წარდგენა/დამუშავება; სამუშაოს პრაქტიკული, ღირებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა; სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა შემდგომი კვლევითი საქმიანობისთვის და სხვ.

მინიპროექტების ფორმას უმთავრესად მიმართავენ სწავლის საბაზო და ზედა საფეხურებზე არასაგაკვეთილო, ე.წ. კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში, თუმცა არანაკლები წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება საგაკვეთილო საქმიანობაშიც. სწავლის როგორც საშუალო, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უკვე აქვთ ინფორმაციის მოძიებისა და გაანალიზების, მისი სათანადოდ გაფორმებისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარები, ამიტომ მასწავლებლებს აქტიურად შეგვიძლია მინიპროექტების ჩართვა საგაკვეთილო პროცესშიც. მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტელექტუალური სამუშაოს წარმართვისთვის საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციის, უმთავრესად – პრობლემურის, შექმნა (მისი სხვადასხვა ვარიანტის გათვალისწინებით), მინიპროექტების თავისებურებათა გათვალისწინება და შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მოშველიება.

რა თავისებურებები აქვს მინიპროექტებს? მინიპროექტები შემოქმედებითი ან პრობლემური ხასიათის დავალებებია, რომელთა შესრულებისას:

  • უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის ასაკობრივი და ფსიქიკური თავისებურებები (ანუ დავალება უნდა შეიცავდეს თამაშის და შემოქმედებით ელემენტებს);
  • მათ არ უნდა დაეთმოს ძირითადი საგაკვეთილო დრო (ანუ უნდა იყოს სწრაფად შესასრულებელი);
  • ხელს უნდა უწყობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოვლენას, მათ შემოქმედებით ზრდას (დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და მოტივაციაზე).

შესაბამისად, მინიპროექტების ხასიათი დამოკიდებულია:

  • მოსწავლეთა მომზადების დონეზე (უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლის ძირითად, ფუნდამეტურ ცოდნას);
  • შესასწავლი მასალის შინაარსზე (გათვალისწინებული უნდა იყოს საგნობრივი მოთხოვნები);
  • სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმაზე (ანუ დასაგეგმავია მოსწავლეთა ორგანიზაციის როგორც ინდვიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილებში მუშაობის ფორმა).

ისტორიის შესწავლა სწავლის როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე ფართო შესაძლებლობას იძლევა ამ მიდგომის რეალიზებისთვის.

პედაგოგიური პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საგაკვეთილო მინიპროექტები, მათი თავისებურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენება რამდენიმე შემთხვევაში:

  1. განსაზღვრული თემის დასრულების შემდეგ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სახის სამუშაო. მაგალითად:

ა) ძველი მსოფლიოს ისტორიის თემატიკის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობთ შემოქმედებით სამუშაოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ სხვადასხვა სიმულაციური ხერხი:

  • მოსწავლეები ახდენენ უძველესი საწერი მასალების იმიტაციას (მაგალითად, თიხის ფირფიტების ნაცვლად შეუძლიათ წარმოადგინონ პლასტილინით დაფარული ფურცელი, რომელზეც „ამოკაწრული“ იქნება „ლურსმული“ ტექსტი, ან პაპირუსის ნაცვლად – ფურცელი, რომელსაც საღებავით დაფარავენ და ზედ ხის წკირით გააკეთებენ წარწერას, ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც ფუნჯითა და საღებავით იქნება გამოსახული რაიმე სიმბოლო და სხვ.);
  • წარმოდგენილ საწერ მასალებზე წერენ ისეთი შინაარსის ტექსტს, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან (კონრეტულ თემასთან) იქნება დაკავშირებული (ეს შეიძლება იყოს რამე ამბავი ან სამეურნეო ხასიათის ჩანაწერი და სხვ.). აუდიტორიისთვის დავალების წარდგენისას უნდა გამოჩნდეს მოცემული პერიოდის კონტექსტუალური ცოდნა და საკითხის მიმართ მოსწავლეთა საკუთარი, ემოციური დამოკიდებულება;

ბ) დავალების უფრო რთული ფორმაა რომელიმე დაკარგული ხელნაწერის ან ტექსტის ფრაგმენტის „შედგენა“. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, „უცნობი ავტორის“ ჩანაწერი ბერძენ-სპარსელთა ომის შესახებ, ან იულიუს კეისრის მოგონება ჩრდილოეთ ევროპაში ლაშქრობაზე, ალექსანდრე მაკედონელის წერილი არისტოტელეს მიმართ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბების შესახებ და სხვ.

გ) შეიძლება დავალების უფრო მეტად გართულებაც. მაგალითად, მოსწავლეებს ვავალებთ, შეამოწმონ თანაკლასელების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის „სანდოობა“. ამ დროს მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ყურადღებით შეისწავლიან ინფორმაციას, გააანალიზებენ, კრიტიკულად განიხილავენ და შეეცდებიან იპოვონ შეცდომები. მუშაობისას ისინი გამოთქვემენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, აფასებენ თანაკლასელთა ნამუშევრებს, –  ერთგვარ პატარა „ექსპერტებად“ იქცევიან.

დ) ამ ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია არჩევანის თავისუფლება: მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ დავალების არჩევა, მაგალითად, რთული დავალებების მოფიქრება სხვადასხვა თემაზე (ქრონოლოგიაზე, კულტურის ელემენტებზე და სხვ.) და მათი წარმოდგენა ისტორიული კონტექტის დაცვით (თუნდაც მოცემულ თემაზე საკუთარი ილუსტრაციის შექმნით).

  1. სახელმძღვანელოს განსაზღვრული ნაწილის (თავის) დასრულების შემდეგ. ამ დროს მოსწავლეებს ვთხოვთ არა ცალკეული თემების ცოდნას, არამედ ცოდნისა და უნარების მთელი კომპლექსის გამოვლენას. ასეთი დავალება სრულდება სახელმძღვანელოს კონკრეტული ნაწილის, მაგალითად, „შუა საუკუნეების“, შესწავლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოსწავლე გაეცნობა კათოლიკური ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობას, ჯვაროსნულ ომებს, ფეოდალიზმის ფორმირებას და ა.შ. ამ ეტაპზე მაშეგვიძლია შევთავაზოთ შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:

ა) მოიგონონ და დაწერონ თავიანთი „რაინდის ისტორია“; მოიფიქრონ მისი ბიოგრაფია, გერბი, დროშა; „ჩასვან“ ის რეალურ ისტორიულ გარემოში; „გაამგზავრონ“ რეალურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში; შეადგინონ მისი მოგზაურობის მარშრუტი; აღწერონ რეალური ბრძოლა… და ეს ყველაფერი – შეძლებისდაგვარად, იმდროინდელი მანუსკრიპტის სტილში. შეიძლება, დაურთონ საკუთარი ილუსტრაცია, პორტრეტი, წერილი, ჩანაწერი, დღიური და ა.შ.

ბ) ცხადია, მოსწავლემ ნაშრომი უნდა გააცნოს თანაკლასელებს და, ასე ვთქვათ, „დაიცვას“;

გ) მინიპროექტის კიდევ უფრო რთული ფორმაა სხვადასხვა ისტორიული წყაროს (დოკუმენტების, ნარატივების) შედარებითი ანალიზი. ამ დროს მოსწავლეები:

  • შეისწავლიან ავტორთა ბიოგრაფიას, ნაშრომის ისტორიულ კონტექსტს ან ფართო ისტორიულ ფონს (ისტორიულ ვითარებას, რომელშიც მიმდინარეობს წყაროში/ნარატივში აღწერილი მოვლენები), აანალიზებენ ამ ვითარებას, მიუთითებენ ნაშრომის შესრულების შესაძლო გარემოებებზე და ა.შ. დავალების შესრულებისას მოჰყავთ შესაბამისი ციტატები, გამოაქვთ დასკვნები, ურთავენ ვიზუალურ მასალას, გრაფიკულ სიმბოლოებს, შეიძლება შეადგინონ კოგნიტიური ცხრილები და ა.შ. ამ მიდგომით მოსწავლეები მოცემული ნაშრომის ერთგვარი „თანაავტორები“ ხდებიან.

დ) ასეთი სამუშაო შედარებით მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ შეიძლება, მასწავლებელმა ის საშინაო დავალებად მისცეს მოსწავლეებს, რათა მათ მეტად გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალობა.

  1. როდესაც გვსურს, მოსწავლეებს „გავაზომვინოთ“ საკუთარი მიღწევები, ვასწავლოთ საკუთარი შედეგების შეფასება. მაგალითად, სწავლის საბაზო საფეხურზე მინიპროექტი წარმატებით განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მოსწავლემ:
  • გამოავლინა და, რაც მთავარია, დაინახა ისტორიული ცნებებისა და წარმოდგენების ფლობის თუნდაც მინიმალური დონე (მაგალითად, ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, მხოლოდ VII კლასში მოსწავლე გაივლის პერიოდს ადამიანის წარმოშობიდან ახ. წ. VI საუკუნემდე. ამრიგად, VII კლასის მოსწავლე მინიპროექტის განხორციელებისას გამოავლენს აღნიშნული პერიოდის მოვლენებისა და შესაბამისი ისტორიული ცნებების ცოდნის თუნდაც მინიმალურ დონეს);
  • გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, მოიყვანა არგუმენტი (ასაკისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად);
  • წარმოაჩინა მოცემული პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება – სხვა ეპოქის ადამიანებისადმი ემპათია, ან ისტორიული პირებისადმი თანაგანცდა, ან დამოკიდებულება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;
  • შეძლო ისტორიული მოვლენების გაგება და გააზრება, გარდასული ეპოქის ადამიანის ქცევის მოტივების განსაზღვრა;
  • თავისი მიზნები და შეხედულებები შეუსაბამა ისტორიულად წამროშობილ სისტემებს;
  • შეძლო თავისი და სხვისი ნაშრომების შეფასება (ეთიკური თუ პრაგმატული კუთხით);
  • შეძლო კონსტრუქციული თანამშრომლობა მასწავლებელთან, თანაკლასელებთან (თავისი და სხვისი როლის განსაზღვრა, საკუთარი წვლილის შეფასება, საერთო შედეგების წარმოჩენა);
  • აიმაღლა ცოდნის ინტეგრაციის ხარისხი (პრობლემური და შემეცნებითი ხასიათის ამოცანების გადაწყვეტა);
  • გამოამჟღავნა სახელმძღვანელოსადა დამატებით მასალაზე მუშაობის უნარი (ანალიზი, არგუმენტირება, გრაფიკული მახასიათებლების, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის შედგენა/წარმოდგენა);
  • შეძლო საკუთარი საქმიანობის კონტროლი, სწორად შესრულებული დავალების შეფასება, გეგმის მიხედვით საქმიანობა;
  • შეძლო ინფორმაციის ჩაწერა, გადაწერა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, თეზისებისა და კონსპექტების შედგენა, პრობლემის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა);
  • შეძლო მასალის ელექტრონული ფორმით მოძიება; თანაკლასელებისა და მასწავლებლის გამოკითხვა, ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება;
  • გამოიყენა ადრე ნასწავლი მასალა, მოიშველია რეპროდუქციული და პროდუქციული კითხვები;
  • გამოამჟღავნა ლოგიკური აზროვნება, ანალოგიების, კლასიფიცირების გამოყენების უნარი;
  • გამოავლინა-განივითარა კვლევითი უნარები;
  • შეძლო შედეგების წარდგენა – ნაშრომის დაცვა (საუბრის, დიალოგის, პრეზენტაციის გამართვა, დისკუსიის წარმოება);
  • გამოამჟღავნა სისტემური ცოდნა;
  • გამოამჟღავნა-განივითარა ისტორიული ცოდნა და საგნობრივი აპარატი, შემეცნებითი ინტერესი;
  • გამოამჟღავნა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული მონაცემების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ცოდნა, შეძლო ქრონოლოგიის განსაზღვრა, ისტორიის ძირითადი პერიოდების შესახებ ცოდნის ფორმირება, დათარიღება, ისტორიული ხასიათის მასალაზე მუშაობა;
  • შეძლო ისტორიულ რუკაზე მუშაობა, სივრცისა და დროის აღქმა/შეპირისპირება, არსებითი ნიშნების გამოყოფა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება და სხვ.

მოცემული მეთოდური მიდგომების საშუალებით მინიპროექტი საგაკვეთილო პროცესის აქტიურ ნაწილად იქცევა, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატების განცდას და მოსწავლეთა მოტივაციის პოზიტიურ დინამიკას, ამიტომ მათი გამოყენება მისასლმებელი და სასარგებლოა.

  კინო – დისტანციურ სწავლებაში

0

მოსწავლის მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესია, ეზიაროს ის ეროვნულ და მსოფლიო ხელოვნებას; მიიღოს ინფორმაცია მხატვრული ხერხების გამოყენებით; იფიქროს, იმსჯელოს, იაზროვნოს; დაიტვირთოს შემოქმედებითად და საკუთარი ნააზრევის გადმოტანა შეძლოს ფურცელსა თუ ტილოზე. თვითგამოხატვა მას თავდაჯერებულობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლა კი მიმღებლობასა და ტოლერანტობას შეჰმატებს.

კინოს, როგორც სინთეზური ხელოვნების დარგის შესწავლა მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს. ამყარებს საგანთაშორის კავშირებს,  ზრდის ინტერესს მოვლენებისადმი,  ავითარებს გემოვნებას, აფართოებს თვალსაწიერსა და ინტელექტს.

ხელოვნების სწავლება სამივე საფეხურზე განსაკუთრებული გამოწვევაა მასწავლებლისთვის. სასწავლო პროცესი  – მრავალფეროვანი და  სახალისოა.  მოსწავლეთა დამოკიდებულებები  შესასწავლი საგნისადმი უნდა იყოს  პოზიტიური.

კინოჩვენებები მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის, კეთილგანწყობილი გარემოსა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების საუკეთესო გზას წარმოადგენს ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში.

კონკრეტული ფილმის სახით მოსწავლეები ეცნობიან კინოხელოვნების ნიმუშს. განიხილავენ და მსჯელობენ მასზე. საკითხის გააზრება ხდება მხატვრულ, სოციალურ თუ ეპოქალურ კონტექსტში.

ძირითადად ფილმის წარდგენის შემდეგ იმართება ჩვენება. განხილვის პროცესში კი მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას ვთავაზობ.

ფილმის ჩვენება ეფექტურია, როგორც ახალი თემის ახსნის, ასევე თემის შეჯამების ფაზაზე. აქტუალურია პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების პროცესშიც. ერთგვარი და საინტერესო შესაძლებლობაა, მოსწავლემ დაამყაროს საგანთაშორისი კავშირი, იფიქროს და გამოიტანოს დასკვნები. ჩაერთოს შემოქმედებით აქტივობებში, იაზროვნოს კრიტიკულად, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, რაც მას თვითშეფასებას აუმაღლებს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენება მარტივად შესასრულებელი და კომფორტული იყო როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეთათვის არაფორმალურ სწავლებაში.

რაც შეეხება, ფორმალურ საგაკვეთილო საათებს, 45-წუთიანი ქრონომეტრაჟი არ მაძლევდა მაქსიმალურ შესაძლებლობას, ხშირად ვარჩევდი მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ტექნიკურად ვაერთიანებდი საგაკვეთილო დროს ან ვაჩვენებდი ნაწყვეტს და ფილმის ნახვის აქტივობა მოსწავლეებს ეძლეოდათ საშინაო დავალების სახით.

მას შემდეგ, რაც გადავედით დისტანციურ სასწავლო ფორმატზე, არსებული რეალობა არაფორმალური განათლების მთავარ გამოწვევად აღვიქვი.  ტექნიკური ფაქტორების, მოსწავლეთა არათანაბარი შესაძლებლობებისა თუ სხვა სირთულის აღმოფხვრა ხომ დღეს ყველა მასწავლებლის მთავარი ამოცანაა.

მე, როგორც მასწავლებელმა, დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეთათვის სასიამოვნო პროცესი შევეცადე სასარგებლოდ მექცია.

მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით წინასწარ ვარჩევ ფილმს. ვაწვდი მოსწავლეებს მოკლე ინფორმაციას ფილმის შესახებ. ასევე ვცდილობ, ძირითად თემაზე მოვისმინო მათი ვარაუდები და შეხედულებები.

უშუალოდ ფილმის საყურებლად მათ ერთი კვირა აქვთ და ამ პერიოდში მათთვის სასურველ დროს უყურებენ ფილმს.  ფილმის დამოუკიდებლად ყურება მათ ფიქრისა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენის  საშუალებას აძლევს. აკვირდებიან კადრებსა და მიზანსცენებს, მსახიობთა საშემსრულებლო მანერასა და მეტყველებას, სამოსსა და აქსესუარებს, არქიტექტურისა და დიზაინის თავისებურებას. აკეთებენ ჩანაწერებს, ინიშნავენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს. აკვირდებიან ყველაფერს. განსაზღვრულ საკითხზე ფოკუსირება კი უშუალოდ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის დახმარებით მომდევნო ნაწილში ხდება.

მომდევნო შეხვედრა განხილვის აქტივობაა, რომელთა შესასრულებლად რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:

  • დისკუსია – მასწავლებელს გამოაქვს სადისკუსიო კითხვები. დისკუსიის ფორმატს შეარჩევს მოსწავლეთა რაოდენობისა და პროფილის გათვალისწინებით. სასურველია დაფაზე დავწეროთ დისკუსიის მიმდინარეობის წესები და ინსტრუქცია.

მოსწავლეები ეჩვევიან მსჯელობას, სხვისი აზრის პატივისცემასა და აქტიურ მოსმენას. უვითარდებათ ეფექტური კომუნიკაციის უნარი. მოცემულ ეტაპზე ხდება ფილმის შინაარსობრივი და მხატვრული გააზრება. წინ წამოიწევა ძირითადი საკითხები, ხშირად მოსწავლეები დგებიან დილემის წინაშე. საუბრობენ, როგორ გადაჭრიან ამა თუ იმ პრობლემას. მოჰყავთ არგუმენტები და აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს.

  • რეცენზია – გაითვალისწინეთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და წინარე ცოდნა. გაეცით მკაფიო ინსტრუქცია და მიმართულება, როგორ დაწერონ პატარ-პატარა რეცენზიები, რომელთა საჯარო კითხვა მოეწყობა ონლაინგაკვეთილზე. რეცენზირება მოსწავლეებს  თავისუფლად აზრის გამოხატვასა და წერას შეაყვარებს. ანალიზისა და შეფასების უნარებს განუვითარებს. საჯაროდ კითხვისას მიეცით კომენტარებით ურთიერთშეფასების საშუალება. აღნიშნული აქტივობა თავდაჯერებულობას, პრეზენტაბელურობასა და პოზიტიურ მოლოდინებს შეუქმნის მოსწავლეებს.
  • ჩანახატი, აფიშა, პლაკატი – პრაქტიკული, შემოქმედებითი პროცესი ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეთა ძლიერი მხარეა. შესთავაზეთ კონკრეტული კადრის ჩანახატის სახით შექმნა. ურჩიეთ, გააკეთონ ეს საკუთარი ინტერპრეტაციით. დაყავით ჯგუფებად და მიეცით დავალება, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შექმნან ელექტრონული აფიშა ან პოსტერი. ნამუშევრების გასაცნობად მოაწყვეთ ონლაინგამოფენა, შეგიძლიათ დამთვალიერებლებად მოიწვიოთ მშობლები და კოლეგა მასწავლებლები.

გთავაზობთ რამდენიმე ფილმის განსახილველ აქტივობებს:

 

 

ფილმი ცხოვრება მშვენიერია

რეჟისორი: რ.ბენინი

 

სწავლების საფეხური საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.  სასურველია, ჩვენებაზე მშობლების მოწვევაც.
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ამის დასადგენად დასვით რამდენიმე შეკითხვა:

რა უნახავთ ან წაუკითხავთ მეორე მსოფლიო ომზე, რა იციან საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, რა არის ჰოლოკოსტი.

მიეცით საშუალება, თავისუფლად გამოხატონ მოსაზრებები, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები.

 

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ფილმის სახელწოდება და რეჟისორი რობერტო ბენინი, რომელიც ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში ვითარდება და ა.შ. აქვე სასურველია მოიყვანოთ საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

რეჟისორმა რობერტო ბენინიმ  მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა.

 

კინოჩვენების მიზანი

 

დაინახოს მოსწავლემ მეორე მსოფლიო ომი სხვადასხვა რაკურსით.  ისაუბროს ჰოლოკოსტის შედეგებზე.  იმსჯელოს მშობლისა და შვილის დამოკიდებულებებზე.

მოსწავლეებში ანალიზის, შეფასებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

მშობლის ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

აქტივობა დისკუსია

 

დისკუსიისათვის მიზანშეწონილია შემდეგი საკითხების გამოყოფა:

რამდენად მართებულად მიგაჩნიათ გვიდოს გადაწყვეტილება, რომ საკონცენტრაციო ბანაკი სათამაშო მოედნად აქციოს ჯოშუასთვის?

რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ჯოშუას დედის პოზიციას?

ფილმში მე-20 საუკუნის უმძიმესი მოვლენა, მეორე მსოფლიო ომია ასახული. მთელი სისატიკითაა ნაჩვენები ებრაელების გენოციდი. რატომ დაარქვა რეჟისორმა ფილმს ,,ცხოვრება მშვენიერია“?

 

 

 

აქტივობა რეცენზია

გაეცანით მასალებს მეორე მსოფლიო ომისა და ებრაელების გენოციდის შესახებ. მიჰყევით ფილმის სიუჟეტს. შეეცადეთ, გააკეთოთ ანალიზი, რომელი საკითხი რა ფორმით გამოიტანა რეჟისორმა ეკრანზე. მოიყვანეთ არგუმენტები. რა იყო თითოეული პერსონაჟის სათქმელი, იყო თუ არა მათი ცხოვრება მშვენიერი.
პრაქტიკული აქტივობა

 

ელექტრონული პოსტერი:  ურჩიეთ მოსწავლეებს გამოიტანონ ფორმატზე  ფილმის სახელწოდება და სლოგანები. გააფორმონ ის სურათებით. შეუძლიათ  დაადოთ საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ.

ჩანახატი: აირჩიონ  ფილმიდან კადრი, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.  შეუძლიათ, მიზანსცენა დახატონ საკუთარი ინტერპრეტაციით სასურველ ტექნიკაში.

 

 

ფილმი ფიროსმანი

რეჟისორი:გ. შენგელაია

სწავლების საფეხური საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

დაუსვით მოსწავლეებს კითხვები, რა იციან ქართველი მხატვრის ფიროსმანის შესახებ.

სთხოვეთ, გაიხსენონ ფიროსმანის ნახატები.

აჩვენეთ რამოდენიმე ნახატი ან წინასწარ მომზადებული ინტერაქტიური პრეზენტაცია.

 

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ფილმის სახელწოდება და რეჟისორი.  აქცენტი გააკეთეთ ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების დეტალებზე. სასურველია აქვე მიაწოდოთ ინფორმაცია კინოსურათის წარმატების შესახებ:

ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია – 1973წ.

ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს ჰიუგო“-გრანპრი – 1974წ.

 

 

კინოჩვენების მიზანი

 

მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, თავგადასავალს.  იმსჯელოს  ხელოვანისა და საზოგადოების  ურთიერთობაზე. ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სოციალურ უნარებზე.

განუვითარდეს ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.

აქტივობა დისკუსია

 

დისკუსიის ეტაპზე მნიშვნელოვანია სადისკუსიო შეკითხვების ფორმულირება:

ნიჭიერი ადამიანი უნდა ეგუებოდეს რეალობას თუ უნდა დაუპირისპირდეს მას?

ფიროსმანი, რა გზებით ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას?

რა სჭირდება ნიჭიერ ხელოვანს წარმატების მისაღწევად?

როგორი ფიროსმანი დაგანახათ რეჟისორმა ეკრანებიდან?

 

აქტივობა რეცენზია

გაიხსენეთ ფიროსმანის შემოქმედება. შეადარეთ ფილმში მოყვანილ ფაქტებს. აღწერეთ, როგორი იყო ფიროსმანის ცხოვრება. რამ განსაზღვრა მისი ცხოვრების სიმძიმე. თქვენ რომ რეჟისორი იყოთ, როგორი დასასრული ექნებოდა ფილმს.
პრაქტიკული აქტივობა

 

ნახატების გამოფენა

მოსწავლეებს ესაუბრეთ ,,ნაივური“ ხელოვნების შესახებ. სთხოვეთ, შექმნან ნამუშევრები ფიროსმანის თემატიკაზე საკუთარი ინტერპრეტაციით. ელექტრონულ სივრცეში მოაწყვეთ გამოფენა.

 

 

ფილმი ანიმაცია უოლი

რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი

მოსწავლეთა ასაკი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

 

ამ ეტაპზე სასურველია, მოსწავლეებს დაუსვათ შეკითხვები გარემოზე ზრუნვის, ეკოლოგიური საფრთხეებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ანიმაციის სახელწოდება და რამდენიმე წინადადებით მიმართეთ, რომ ფილმში ხაზგასმა ხდება ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ურჩიეთ, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს გარემოსადმი.

ფილმში წარმოდგენილია რობოტი, რომლის მისიაც დაგროვებული ნაგვისაგან დედამიწის  დასუფთავებაა.  ნაგავზე პასუხისმგებლობა კი აკისრია კომპანიას, რომელმაც ძალაუფლებით ისარგებლა და დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოების გამო საფრთხე შეუქმნა სიცოცხლეს. კომპანია მოსახლეობას კოსმოსში გზავნის, დედამიწაზე კი ვოლი საინტერესო თავგადასავლებით ცხოვრობს.  დედამიწაზე მდგომარეობის, გამოტოვებული 700 წლისა და სხვა საინტერესო ამბების შესახებ ურჩიეთ მოსწავლეებს აუცილებლად უყურონ ფილმს.

აქვე მიაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია, რომ ,,უოლ“ პიქსარის ყველაზე მასშტაბური ფილმია და 125 კადრისაგან შედგება.

 

 

კინოჩვენების მიზანი

 

მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. შემოქმედებითი და პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა.
აქტივობა დისკუსია

 

სადისკუსიოდ შეგიძლიათ შემოიტანოთ მსგავსი საკითხები:

გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა – სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების გაზრდილი პასუხისმგებლობა?

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის რობოტზე გადაბარებას?

ინტერვენციები ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

აქტივობა რეცენზია

ჩამოაყალიბეთ, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს სამყაროს გარემოსადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ. მიჰყევით ფილმის სიუჟეტს და მოიყვანეთ მაგალითები. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება ფილმში წარმოდგენილი პრობლემის მიმართ, რას შეცვლიდით ფილმის სცენარში.
პრაქტიკული აქტივობა

 

 

აფიშა – დაავალეთ მოსწავლეებს, შექმნან ელექტრონული აფიშები. ამოიღონ ფილმიდან მათთვის სასურველი კადრი. გააფორმონ სლოგანებით. მიუთითონ ჩვენების დრო. დააინტერესონ  და მოიწვიონ ახალი ფილმის ჩვენებაზე უმცროსკლასელები.

ნახატი – დაავალეთ მოსწავლეებს, ნანახი ფილმისა და რეალური ცხოვრებისეული მაგალითების სინთეზის საფუძველზე შექმნან ფერწერული ნამუშევრები. მოაწყვეთ ონლაინგამოფენა. მიეცით საშუალება მოსწავლეს, გააკეთოს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია. ასევე ჩაატარეთ ურთიერთშეფასების აქტივობა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთის ნახატების ძლიერ მხარეებსა და გასაუმჯობესებელ ხერხებზე ისაუბრებენ.

 

 

შინაური თერაპია კარანტინისათვის

0

თქვენც ასე ხართ? სიტყვა „აქტივობაზე“ და ათასგვარ ვიდეოზე, სადაც გვასწავლიან, როგორც გავართოთ თუ ვამეცადინოთ ბავშვი, გაკანკალებთ? თქვენც მზის ამოსვლასავით ელით წუთს, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველანი დავიბრუნებთ საკუთარი ცხოვრების იმ მცირე ნაწილს, რომელიც მხოლოდ ჩვენი იყო? მესმის თქვენი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარანტინის დასრულებისასაც არაფერი შეიცვლება, რადგან ამ სემესტრს ონლაინსწავლების პირობებში ვასრულებთ, მეტიც, ბავშვებს, რომელთაც სხვადასხვაგვარი თერაპია ესაჭიროებოდათ, სამყაროსთან დამაკავშირებელ ფერად ეკრანთან ჯდომის კიდევ მეტი დრო გამოვუყავით – თერაპიებიც ონლაინრეჟიმში ტარდება.

რა ვქნათ, როგორ გავამრავალფეროვნოთ რუტინა, როგორ მივაღწიოთ იმ დღეებამდე, როცა სანატრელი ზაფხულის არდადეგები, თბილი ამინდები, ქუჩაში სეირნობის უფლება და კინოში, თუნდაც პირბადით შესვლის საშუალება დაგვიბრუნდება?

მანამდე, ისევ ონლაინსწავლებისა და შინაური გართობის, ონლაინ და შინაური გაძლების რეჟიმზე უნდა გადმოვერთოთ. ამ წერილში ჩვენი  დღის განრიგზე, ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე, წიგნიერებაზე – ანუ ყველაფერ იმაზე, რასაც მთლიანობაში საოჯახო თერაპიას ვეძახით.

  1. დილა

დილას დღის გეგმის შედგენით ვიწყებთ. თან ვსაუზმობთ ( საუზმესაც ერთად ვამზადებთ), იზოლაციის დღეების პრაქტიკული შედეგი ისიცაა, რომ გიორგის შეუძლია დამოუკიდებლად შეიწვას ერბოკვერცხი ან ყიყლიყო.

გეგმას აუცილებლად ერთად ვწერთ, საჭირო ჩამონათვალის გარდა, მის სურვილებსაც ვითვალისწინებთ, დღეს ჩემთან ერთად შაშის თამაში და სხვადასხვა ქვეყნის დროშების დახატვა უნდა, გაკვეთილებსა და გაკვეთილების მომზადებას შორის გართობის ნაწილიც ჩავსვით.

  1. ონლაინგაკვეთილები

გაკვეთილის მსვლელობის დროს ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია, ყურადღება ეფანტება, გართობას იწყებს, ან უცებ იბნევა და ვერ ხვდება, საიდან ჩამოტვირთოს აუცილებელი ილუსტრაცია თუ რესურსი.

  1. სახლის გაკვეთილები

ყველა გაკვეთილს თავიდან ვატარებთ – თვალსაჩინოებებით და პრაქტიკული ნაწილით, თამაშითა და ერთადმოფიქრებული რესურსებით მეცადინეობა სასიამოვნო და მხიარული ხდება.

  1. მუშაობა – ეს ნაწილი ყველაზე რთულია, როცა შინ ბავშვია, კონცენტრირდე სამუშაოზე, სტატიაზე, წაკითხვაზე. უნდა ვაღიარო, რომ ონლაინშეხვედრების გარდა, მიწევს სამუშაოს ნაწილი გვიან ღამით შევასრულო, როცა მას სძინავს. ალბათ კარანტინულ რეჟიმში ყველაზე მეტად მშობლებს გაუჭირდათ, განსაკუთრებით, დედებს.
  2. ფიზიკური თერაპია:

ბევრი სტატია  წავიკითხე, ვიდეო თუ საიტი დავგუგლე და ბოლოს, ისევ პირველ დასკვნას დავუბრუნდი – ცეკვა საუკეთესო ფიზიკური თერაპიაა, შეგიძლიათ ცეკვა საუკეთესო შემეცნებით და გასართობ აქტივობად აქციოთ და მეტიც, სკოლის გაკვეთილებთან ინტეგრირებაც მოახერხოთ:

  1. ცეკვა ლექსის რიტმზე – ლექსის სწავლა პატარებს ძალიან უჭირთ, აბა, ლექსის რეჩიტატივზე ცეკვა დადგით, როგორ მოგეწონებათ?
  2. რიტმებისა და მუსიკის ცვლა – გადააბით ერთმანეთს სხვადასხვა მიმდინარეობისა და ტემპის მუსიკა და სცადეთ, ცეკვისას არ შეჩერდეთ.
  3. ცეკვა და ემოციები – როგორ მუსიკასაც უსმენთ, ისეთი ემოციით იცეკვეთ, ეს ბავშვს ძალიან გაახალისებს.
  4. ცეკვა და ჟესტების ენა – მოუსმინეთ მუსიკას და ეცადეთ ჟესტებითა და ცეკვით გამოხატოთ მუსიკის მთავარი სათქმელი.
  5. მოგზაურობა სხვადასხვ ქვეყანაში – ასტრიდ ლინდგრენს კითხულობთ? აბა, შვედური ცეკვები მოძებნეთ? ქართულ ხალხურ ზღაპრებს? – ქართული მუსიკის ჰანგებზე იცეკვეთ, იმსჯელეთ, რით განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა და ცეკვა ერთმანეთისგან.

 

  1. წიგნები და თავგადასავალი

ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა მომწერა, სადმე მთაში თუ ბარად, 9 -10 წლის ბავშვს რომ წავაწყდები და „საიდუმლო კუნძულს“ ვჩუქნი, იმ დღეს მგონია, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეო. მართლაც, ყველას გვაქვს სათავგადასავლო ლიტერატურის საჩუქარი -წარმოსახვა, გულის აჩქარება, საიდუმლოს ამოხსნის სიხარული. ჰოდა, ეს იზოლაციის პერიოდი სათავგადასავლო ლიტერატურის წაკითხვის ხანად ვაქციეთ.

თუ თქვენ პატარა მკითხველი გყავთ, ადაპტირებული ვერსიები მოუყევით, მერე კი სახლი აქციეთ თავგადასავლების, განძის დამალვის, რუკის დაკარგული ნაწილის პოვნის ადგილად. ხოლო მოზარდებისთვის – გახსენით ამ საოცარი წიგნების კარი. უკეთესი მოგზაურობა არ არსებობს!

ინტეგრირებული გაკვეთილი – როგორ ხატავდენენ პალეოლითის ხანის ადამიანები

0

ეს წერილი წინას გაგრძელებაა და მეოთხე კლასში საგნების: ქართული ენისა და ლიტერატურის, „მე და საზოგადოების“ და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების – ინტეგრირებას ეხება.

ინტეგრირების წინაპირობა ასეთია: ტექსტი „უძველესი ნახატები“ ქართულში ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა სამიზნე ცნების მიხედვით არის დამუშავებული; ის ასევე გამოყენებულია საგან „მე და საზოგადოებაში“, „მედია და ინფორმაციის“ თემაში, სამიზნე ცნება „ცვლილებების“ გასააზრებლად. ამჯერად კი ვისაუბრებთ მის გააქტიურებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (შემდგომში – ხელოვნების) ჭრილში.

მეოთხე კლასის ბოლოს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლემ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმი: „შეუძლია ნამუშევრის წარდგენა და საუბარი საკუთარ და სხვის ნამუშევრებზე ელემენტარული ტერმინების გამოყენებით“.

ამ გრძელვადიანი მიზნისკენ მიუძღვის მასწავლებელი მოსწავლეს. როგორც საგნის არასპეციალისტი, ველი, რომ ჩემ მიერ შეთავაზებულ აქტივობებს საგნის მასწავლებლები საკუთარ ფილტრში გაატარებენ და გააუმჯობესებენ, მაგრამ თუ წერილი მათ ინტეგრირების კუთხით დაეხმარება, მიზანიც მიღწეული იქნება.

იმისთვის, რომ სწავლება დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებულად მიმდინარეობდეს და მოსწავლე მოვლენებს, ფაქტებს, ინფორმაციას მთლიანად აღიქვამდეს და არა, საგნებზე მიბმულად, სწავლებაში საგანთაშორისი კავშირების გამოყენება აუცილებელია.

ტექსტი „უძველესი ნახატები“ (ქართული, მე-4 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), როგორც უკვე ვთქვი, სახვითი ხელოვნების კუთხითაც ძალიან საინტერესოა. თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ მეოთხეკლასელების თანატოლმა გოგონამ, 9 წლის მარიამ, უფროსებისგან განსხვავებით, აღიქვა ნახატები და თავისი შეძახილით: „აქ ხარებია დახატული, ხარები!“ – უნიკალური აღმოჩენის შესახებ ამცნო კაცობრიობას. მღვიმის კედლებსა და ჭერზე, სადაც მზის სხივებიც კი ვერ აღწევდა, მან დაინახა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 35 000-13 000 წლებში დახატული უამრავი ფიგურა… პროფესიონალები დიდხანს არ აღიარებდნენ ამ საოცარ ხელოვნებას, რადგან მათი ცოდნისა და წარმოდგენების ჩარჩო ამ სიახლეს ვერ იტევდა. მოგვიანებითღა აღიარეს ამ აღმოჩენის მნიშვნელობა. „ალტამირას შემდეგ ყველაფერი დაეცეს!“ – წამოიძახა პაბლო პიკასომ, როცა მღვიმის მხატვრობა ნახა. ხელოვნებათმცოდნეები ამ ფიგურების შეფასებისას იმპრესიონიზმზე ალაპარაკდნენ.

მასწავლებლისთვის ეს ნახატები საუკეთესო რესურსია, რომ მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების ელემენტებზე: ფორმაზე, ფერზე, ხაზზე, – მათი გამოყენების შესაძლებლობებზე ესაუბროს და ნათელი წამოდგენა შეუქმნას, მერე კი ნახატებზე დაკვირვების, მოსაზრებების გამოთქმის და ზემოთ ნახსენები უნარის განვითარების საშუალება მისცეს.

ეს ყველაფერი სასწავლო სიტუაციას უნდა მოერგოს.

  • საკითხები: ხაზი, ფერი, ფორმა, პრინციპები;
  • საკვანძო კითხვა: რისი გადმოცემა შეიძლება ხაზების, ფერების, ფორმების მეშვეობით?
  • დავალება: ჯგუფური მუშაობა – რას და როგორ გვიამბობენ ნახატები?

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს გამოქვაბულის მხატვრობის ფრაგმენტებს, მერე კი აძლევს ინსტრუქციას:

  • ჯერ ინდივიდუალურად გაეცანით ტექსტს და ამოიწერეთ წინადადებები, ფრაზები, რომლებიც ამ ნახატებს აღწერს. შემდეგ დააკვირდით ფრაგმენტებს, აღწერეთ, რისი გადმოცემა შეძლეს უძველესმა ადამიანებმა ამ ნახატებით, ხელოვნების რომელი ელემენტები გამოიყენეს და როგორ. საბოლოოდ ჯგუფში შეაჯერეთ მოსაზრებები და წარმოადგინეთ.

ნახატების რამდენიმე ფრაგმენტს აქვე წარმოგიდგენთ. დამატებითი მასალის მოძიება შესაძლებელია მისამართზე https://www.google.com/search?q=%D0%B0%D0%BB%D1%8C%D1%82%D0%B0%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%B0&tbm=isch&chips=q:%D0%B0%D0%BB%D1%8C%D1%82%D0%B0%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%B0,online_chips:%D0%BA%D0%B0%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B3%D0%BE+%D0%B2%D0%B5%D0%BA%D0%B0&hl=ka&ved=2ahUKEwj8nL7J9eHnAhUEcxoKHQzvBwUQ4lYoAHoECAEQFQ&biw=1349&bih=657

აქტივობა 1. კითხვა-პასუხი

ტექსტისა და თვალით აღქმულის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:

  • რა ფერებია გამოყენებული ამ ნახატებში? როგორ მიიღება ეს ფერები?
  • თქვენი აზრით, რას იყენებდნენ უძველესი მხატვრები სახატავად?
  • დაახასიათეთ ეს ფერები.
  • როგორი ხაზებია გამოყენებული? რა პრინციპები?

 

აქტივობა 2. ვქმნით ასლებს

ალტამირას მხატვრობას მნახველთა სიმრავლემ საშიშროება შეუქმნა, ნახატები გაუფერულდა… ამიტომაც მღვიმე ტურისტებისთვის ძირითადად დახურულია. სამაგიეროდ, დამთვალიერებლებისთვის შექმნეს მსგავსი გარემო ნახატების ასლებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ტექსტში ნახსენებ ცხოველებს ხატავთ. გაითვალისწინეთ დედნისეული ხაზები, ფერები, ფორმები. შემდეგ გამოფენას მოვაწყობთ.

შენიშვნა: შეძლებისდაგვარად, დავალება შეიძლება შესრულდეს ქვებზე, კლდის ნატეხებზე, ნახშირით. ეს მოსწავლეებს უფრო მეტად დააინტერესებს.

ამ აქტივობების შემდეგ შესრულდება კომპლექსური დავალება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...