ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

პაროდია პანდემიისას, ანუ იუმორის თავისებურებები ჟამიანობისას და საერთოდაც…

0

რა გვაცინებს, როდესაც ყველაფერი არის ძლიერ ცუდად?

 

რატომ გვიყვარს ( თუ გვჭირდება?) საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების გამოჯავრება?

 

ეთიკურია თუ არა სიცილი გაჭირვებისას, პანდემიისას, როცა სიკვდილისა და ავადმყოფობის ამდენი შემთხვევაა?

 

როდის და რაზე გაგვეცინა ბოლოს გულიანად, ხმამაღლა, ხმით?

 

რატომ გახდა პაროდია ასე პოპულარული ბოლო ხანებში? რა მიზეზი და ახსნა აქვს ამას?

 

რამდენი კითხვაა…და რამდენი კითხვაცაა, იმდენი საკვლევია.

(სტატიის მიზანი არ არის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ზოგი კითხვა „განწირულია“უპასუხობისთვის. ამ შესავალში დასმული კითხვების დარად…)

 

ახლა რთული და უჩვეულო ვითარებაა.

 

რეალობა, რომლის წარმოდგენაც, მიუხედავად მრავალგვარი აპოკალიფსური, პოსტაპოკალიფსური, უტოპიური, დისტოპიური ტექსტებისა და სცენარებისა, მაინც რთული წარმოსადგენი იქნებოდა ორიოდე თვის წინ.

 

არისტოტელე ამბობდა, ტრაგედია „შიშისა და თანაგრძნობის გზით ამგვარ ვნებათაგან განგვწმენდსო“ და დრამატული ხელოვნების „განმწმენდ“, თერაპიულ დანიშნულებაზე მიუთითებდა.

 

„ბნელ და შემაწუხებელ“ ვნებათაგან განთავისუფლების ერთგვარი მცდელობაა, ვფიქრობ, იუმორიც. განსაკუთრებით – ასეთ უცნაურ დროებაში.

 

ერთგვარი პასუხი, ახსნა, ამოთქმა, რომელიც შეიძლება შეაგებო ისეთ აბსურდულ სიტუაციას, რომელსაც ახსნას ვერ უძებნი, ისეთ ტკივილს, რომლის ატანაც არ ძალგიძს, მდგომარეობას, რომლის რაციონალურად გადაწყვეტაც რთულია.

 

სწორედ ამ ვითარებაში ჩანს იუმორი სხვა ყველაზე მეტად ადეკვატური, შესაბამისი და შესაფერისი პასუხი. ამის დასტურია გავრცელებული ინტერნეტმემები, რომლებზეც ყველა ის სიტუაციაა გამოჯავრებული, „მასხრად აგდებული“, რაც ბოლო დროის მოვლენების გამო ასე აქტუალური გახდა.

 

  • ფოტოშოპის მეშვეობით სუპერგმირების სამოსში გამოწყობილი ეპიდემიოლოგების ფოტოები;
  • ვიდეოგიფები „ცხელი წერტილიდან“ – ინფექციური საავადმყოფოდან;
  • რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სასაცილო ინტერნეტმემები, რომლებშიც ცნობილი სერიალის მოტივებია ნასესხები და მორგებული არსებულ სიტუაციას;
  • არაჩვეულებრივი პაროდიები – გენიალური ნახატების „გაცოცხლებული“ ვარიანტები, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანები ხელთ არსებული ნივთებისა და საგნების გამოყენებით ცნობილი ნახატების იმიტაციებს აკეთებენ, იღებენ და აქვეყნებენ;
  • პაროდია-წერილები, რომლებიც ცნობილი მწერლების სტილის ბაძვით იქმნება…

 

სიცილი საზღვრებს გარეშე, სიცილი მორალური ან ეთიკური მუხრუჭების გარეშე, სიცილი ყველასა და ყველაფერზე, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ადამიანური და აუცილებელი რამაა.

 

ანრი ბერგსონის თქმით, დროებითი ანესთეზია – უგრძნობლობა – ესაა სიცილის ბუნებრივი გარემო („სიცილის მომენტში მთელი სისრულით რომ გამოვლინდეს კომიკურობა, გრძნობების დროებითი ანესთეზია აუცილებელია“…ანრი ბერგსონი, „სიცილი“, ინტელექტი, 2014).

 

ხომ საჭიროა ზოგჯერ რელიგიური, მორალური, ეთიკური ან რთული ვითარების გამო დაძაბულობის ზღვარზე მყოფი ადამიანური გრძობების დროებითი ანესთეზია? ძალიანაც!

 

¨¨¨

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს ( როგორც არგუმენტირებული ესეების დებულებებშია ხოლმე ფორმულირებული), რომ არსებობენ ხელშეუვალი ავტორიტეტები, რომ ზოგიერთი შემოქმედის, მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკა ან ნებისმიერი სხვა გრძნობა, „გარნა“ პატივისცემისა დაუშვებელია. ამგვარი დამოკიდებულება ქმნის სწორედ კვარცხლბეკზე შემოსკუპებული გაშარჟებული პერსონაჟების გალერეას.

 

რა კარგია, ამ სიბეცისგან თავის დასაცავი პრევენციული საშუალებები რომ არსებობს და მხატვრულ ლიტერატურას თავისი წვლილი რომ შეაქვს პაროდიის, ეპიგრამების, სატირის, სარკაზმის, გროტესკის და სხვა იუმორისტული, კომიკური გამომსახველობითი ხერხებით.

 

სულ მიკვირს, რატომ არ ისწავლება ჩვენთან ისტორია და ბიოგრაფიები შელამაზებისა და „გადავარცხნის“ გარეშე ან რატომ ითვლება, რომ თუ რომელიმე ღვაწლმოსილი მოღვაწის რაიმე „უღირსი“ ან „შეუფერებელი“ საქციელი გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, მის „სიდიადეს“რამენაირად ჩრდილი მიადგება.

¨¨¨

რაც ეს უცნაური დრო დაგვიდგა და ონლაინ რეჟიმზე გადავერთეთ, გაკვეთილების დაგეგმვის, მიზნებისა და შედეგების შესახებ ფიქრისას ვცდილობ, რაც შეიძლება სახალისო და საინტერესო სამუშაო შევარჩიო მოსწავლეებისთვის. სახალისო – გადამწყვეტი და საკვანძო ფაქტორია.

 

იუმორის სახეებიდან ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულის, პაროდიის შესახებ ცნობების შეგროვებისას ერთ წერილს წავაწყდი, რომელსაც ხელს სკოტ ფიცჯერალდი „აწერს“, მაგრამ ეს წერილი მას არასდროს დაუწერია.

 

2020 წლის 13 მარტს  თანამედროვე ამერიკელმა მწერალმა, ნიკ ფარიელამ იუმორისტულ საიტზე გამოაქვეყნა „სკოტ ფიცჯერალდის წერილი კარანტინიდან“. გამოქვეყნებულ მასალას ახლავს მინაწერი – ნაშრომი პაროდიაა და არ გახლავთ ფიცჯერალდის ნამდვილი წერილი. ფარიელა ცდილობს, მიბაძოს ფიცჯერალდის სტილს, ახსენოს თანამედროვეობისთვის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი რეალიები. რამდენიმე მონაკვეთზე გულიანად ჩამეღიმა, რამდენიმე მონაკვეთმა კი თარგმნისას გვარიანად „გამჭედა“ (როგორც ჩემი მოსწავლეები იტყოდნენ), რადგან არც მწერლური ნიჭი აღმომაჩნდა, არც მთარგმნელობითი და იუმორის ამ სპეციფიკური ასახვის ხერხის, პაროდიის გადმოქართულებაც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა (ძალიანაც ადვილად წარმომედგინა – აგერ ტექსტი, აგერ ლექსიკონების ტევრი, მწერალს ვიცნობ, სტილი მახსოვს, ასე ვფიქრობდი…).

აი, „ღწვისა და დაგვის“ შედეგიც:

 

უძვირფასესო როზმერი,

კრიალა, მოსაწყენი დღე იყო. გეგონებოდა, ცაზე გამოკიდებული მქრქალი ვარსკვლავიდან უღიმღამო ბადურაა ჩამოშვებულიო.

გმადლობ წერილისთვის.

 ჩამოცვენილი ფოთლების ფერხულს გავცქერი, გარეთ, ნაგვის ურნასთან რომ გაუმართავთ. ეს შარიშური ჯაზივით ჩამესმის.

ქუჩები დაცარიელდა. ვფიქრობ, ქალაქელების უმეტესობა საკუთარ უბნებში შეიკეტა. სწორიცაა. ახლა მეტად საჭიროა ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება. ბარებსაც არ უნდა გავეკაროთ. ეს რომ ჰემინგუეის ვუთხარი, მუცელში მდრუზა ხელი. ვკითხე, დაბანილი თუ გაქვს-მეთქი. არ ჰქონდა. ის ხომ ყველაფერს უარყოფს და არად დაგიდევს. ირწმუნება, ვირუსი უბრალო გრიპიაო. ნეტავ, რა წყაროები აქვს…

ხელისუფლებამ გაგვაფრთხილა, ერთი თვის სამყოფი აუცილებელი რაღაცები მოიმარაგეთო. ზელდამ და მე წითელი ღვინო, ვისკი, რომი, ვერმუთი, აბსენტი, თეთრი ღვინო, შერი, ჯინი და, ღმერთო, თუ საჭირო გახდა, ბრენდიც ვიყიდეთ. ილოცე ჩვენთვის.

ნეტავ, მოედნისთვის შეგეძლოს თვალის შევლება. ოჰ, საშინელებაა. მზარავს იმის წარმოდგენა, რასაც მომავალი გვიქადის. გრძელი დღეების ნელი წრებრუნვა, წყალწყალა ჰაიბოლის კოქტეილის უსასრულო წრუპვა. ზ. ამბობს, საკმარისი მიზეზი სმისთვის ეგ არ გახლავსო. რა ვქნა, რაღაცით ხომ უნდა დავაკავო ხელები.

ჩაფიქრებული გავყურებ სანაპირო ზოლს, ნისლით შებურულს. ჯანღი ავისმომასწავებლად, თავს დატეხილი სასჯელივით მოემართება აქეთკენ.

 და მაინც,  დაისის უსწორმასწორო ღრუბლებს მიღმა სინათლის ეულ სხივს ვხედავ.

შევყურებ ამ სხივს და მინდა უკეთესი ხვალინდელი დღისა ვირწმუნო.

 

მარად შენი,

ფ.სკოტ ფიცჯერალდი

 

წერილი ძალიან მალე საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორც ხდება ხოლმე, საიტიდან საიტზე „ამხანაგთა სათრეველად“ და „სალაღობოდ“ გავრცელების შემდეგ წყარო დაიკარგა, მინაწერისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია და ბევრგან ისე გამოქვეყნდა, როგორც ფიცჯერალდის რეალური წერილი „ვინმე“ როზმერისდმი. მედიაწიგნიერების ანაბანის უცოდინრობა და წყაროს გადამოწმების უგულებელყოფა „სხვა ოპერიდანაა“ და ამჯერად ამაზე არ შევჩერდები.

¨¨¨

დავუბრუნდეთ პაროდიისა და იუმორის ეთიკურობის საკითხს.

 

რატომ გახდა პაროდია  გამოხატვის, მხატვრული ასახვის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის, სათქმელის გამოთქმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი?

 

დასაშვებია თუ არა სიცილი ყველასა და ყველაფერზე – მათ შორის, „კლასიკოს მწერალზე“, რელიგიურ თემატიკაზე, ავტორიტეტულ ეპიდემიოლოგებსა თუ „ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ“ პროფესიონალებზე?

 

ვფიქრობ, საინტერესო თემაა არგუმენტირებული ესესთვის, რომელსაც აუცილებლად შევთავაზებ მოსწავლეებს, რადგან დასმულ კითხვებზე ერთი და სწორი, უალტერნატივო და ჭეშმარიტი პასუხი არც არსებობს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

 

 

 

ჰეროიდები – ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან

0

შესავალი 

„მან კი მომიგო მყისვე, მარად უცდომელი ანდაზით: ქალო, გახსოვდეს, რომ ქალს სამკაულად შვენის სიჩუმე“ ––  ეს სიტყვები დიდი ბერძენი ტრაგიკოსის – სოფოკლეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრაგედიიდანაა[1], თუმცა ამ სიტყვებს ერთი ავტორი არ ჰყავს. მათი ავტორი მთელი კაცობრიობაა, რომლმაც საკუთარი ისტორიის – უბრალო ისტორიის კი არა, ამბების მომცველი ისტორიის დამახსოვრება და ათვლა მაშინ დაიწყო, როცა ქალის უმთავრეს ატრიბუტად, სამკაულად და ვალდებულებადაც დუმილი დასახელდა.

კიდევ უფრო დრამატულად  რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორია მდუმარე ქალების ისტორიაა, მდუმარე ქალები კი – ჩვენი სამყაროს ისტორიული მოცემულობა.

მეორე დიდ დრამატურგთან – არისტოფანესთან კი ასეთ ფრაზას წააწყდებით: „მე ამ გულიდან ვერ ამოვიგდებ ქალის სიძულვილს“. თუმცა არც ამ ფრაზას ჰყავს ერთი ავტორი, მერე რა, რომ მას ამ კონკრეტულ კომედიაში[2] მოხუც კაცთა ქოროს წინამძღოლი წარმოთქვამს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ნათქვამის ავტორობაზე მთელი კაცობრიობა მოაწერდა ხელს. თანაც მოაწერდა სიამოვნებით.

კაცობრიობა აქ, ამ ტექსტში ნიშნავს მხოლოდ კაცობრიობას, ისევე როგორც ჩვენი სამყაროს ტექსტურაში, რომელიც აგერ ამდენი ასწლეულია იქსოვება და ამ ნაქსოვში, თუკი კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შენიშნავთ ჩაცვენილ თვლებს, რომელთაც არ აქვთ სახელები, იმიტომ რომ მათ ავტორებს ოდესღაც ყელზე სამკაულად ჩამოჰკიდეს ვალდებულება დუმილისა.

და მას შემდეგ არაერთგზის მოგვისმენია ამაყი და ქედმაღლური შემართების სასაცილო კითხვა:

  • კი, მაგრამ რატომ დუმან ქალები?

ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი ამ სტატიის პირველივე აბზაცშია წარმოდგენილი.

თუმცა ამ კითხვას აქვს მეორე და ალბათ უფრო უსულგულო პასუხიც, რომლის შემოქმედნიც ჩვენ საკუთარი ნებითა თუ უნებურად არაერთგზის გავმხდარვართ. ეს პასუხი ისმის სკოლებში, არა, მანამდეც – ისმის საბავშვო ბაღებში და კიდევ უფრო მანამდე – ისმის ოჯახებში, და მერე ისმის ყველგან – უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, მაღაზიებში, კაფეებსა და ბარებში, ტრანსპორტსა და აივნებზეც კი. და ეს პასუხი არის ისევ დუმილი. დიახ, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ყველგან ისმის განგრძობითი დუმილი იმ ქალების შესახებ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წერდნენ ჩვენი სამყაროს ისტორიას, ოღონდ წერდნენ – ანონიმურად და ეს ხდებოდა ხან ნებით, ხან უნებლიეთ, ხანაც კიდევ – ძალდატანებით, მაგრამ ყოველთვის უსამართლოდ. აქ ალბათ გონივრული იქნებოდა ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ მეხსენებინა და აი, ვახსენე კიდეც და მხოლოდ ამით შემოვიფარგლე. რატომ? იმიტომ…

მაშასადამე:

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც ომებია?

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც მშვიდობაა?

სად არიან ქალები მაშინ, როცა მსოფლიო თავის საუკეთესო ქმნილებებს – ლიტერატურასა და ხელოვნებას აქანდაკებს?

სად არიან ქალები მაშინ, როცა დედამიწა ბრუნავს და მის ბრუნვას კაცობრიობა პირველად აკვირდება?

ან როცა პლანეტები დედამიწელებთან მეგობრობას იწყებენ და მათ მიერ ნაჩუქარ სახელებს ირქმევენ?

სად არიან ქალები, როცა მსოფლიო პირველ მნიშვნელოვან ჩაფიქრებას – ფილოსოფიას მიეცემა?

სად არიან ქალები, როცა სამყარო ახალ წელთაღრიცხვას იწყებს?

და საერთოდ:

  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?

ამ შეკითხვამ ქართული პოეზიის გამორჩეული ნიმუში თუ მოგაგონათ, მშვენიერია, ესე იგი -პოეზია გიყვართ, თუმცა ეს კითხვა სულ სხვა პოეზიიდანაა – ძალიან ტრაგიკული პოეზიიდან, რომელშიც ტრადიციულად პასუხად ისმის ხოლმე, იმ ჩვენი საყვარელი ლექსის სტრიქონის ოდნავ სახეცვლილი ვერსია:

  • ქალები არ არიან!

ეს პასუხი კი ყველაზე მცდარი პასუხია ამ ჩვენი სამყაროს ისტორიის მიერ გაცემულ უმცდარეს პასუხთა შორის.

იმიტომ რომ:

  • ქალები აქ არიან! აქ და ყველგან! ახლა და ყოველთვის!

 

მაგრამ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა“ ქალის „მთავარი სამკაულის“ – დუმილის უარმყოფელი ქალისათვის ასე უპირობოდ დაეჯერებინოს სამყაროს? „მოდით რა, სიტყვაზე მენდეთ!“ – ეს ნამდვილად უადგილო ნათქვამი იქნებოდა ჩემი მხრიდან ახლაც კი, როცა თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ – ქალის დაწერილს.

უსამართლობაა, მაგრამ ვინაიდან ეს ჩვენი მშვენიერი სამყარო უსამართლობის მძლავრ ნაკადთა შესართავი უფროა, ვიდრე მწყობრი კოსმოსი, გადავწყვიტე – მივუტევო მას ეს რიგითი უსამართლობაც და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

არ შეგეშინდეთ, მე ახალი სამყაროს შემქმნელი ვერ ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია – იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ გიამბეთ, რამდენიმე ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანო. როგორ? როგორ და – გახსენებით თუ შეხსენებით თუ ალბათ უფრო მეტად – ხსენებით იმ სახელებისა, რომელთაც მივიწყება თუ ანონიმის ნიღაბი დაჰყვათ ბედისწერად.

მაშინ როდესაც კლასიკური ფილოლოგიის სწავლა დავიწყე და უეცრად იმ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელსაც ანტიკურობა ჰქვია და რომელსაც კიდევ უფრო ჯადოსნური ადამიანები მასწავლიდნენ, ამ ადამიანთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. ფილოლოგია… ქალები… – მოგეხსენებათ.

თავდაპირველად ვერაფერი უცნაური ვერ შევნიშნე იმ ამბავში, რომ ეს ჩემი უძვირფასესი მასწავლებლები ჩვენი დარგის ცნობილ მეცნიერებსა თუ მკვლევარებზე, პროფესორებსა თუ ლექტორებზე, მწერლებსა თუ მთარგმნელებზე რომ საუბრობდნენ, მათ მიერ ხსენებულ ამ მართლაც დიდებულ შემოქმედთა სახელებს შორის ქალის სახელები თითქმის არ მოიძებნებოდა. უცნაურად არც ის მოცემულობა აღმიქვამს მაშინ, რომ ანტიკური ლიტერატურის გასაოცარ ნიმუშთა შესწავლისას, მხოლოდ ერთი ქალი ავტორი შევისწავლეთ საფუძვლიანად. ეს საპფო იყო, მეათე მუზა – და შევისწავლეთ ალბათ მაინც უფრო იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ანტიკურობაში უწოდეს მას „მამაკაცური საპფო“.

მიუხედავად ამისა, პროფესიის დაუფლების პირველ ეტაპზე მაინც, ნამდვილად არ გამჩენია კითხვა, რომელიც ზემოთ უკვე არაერთგზის გავიმეორე, მაგრამ აქ ცოტა უფრო მეტ კონკრეტიკას შევძენ ამ კითხვას:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს ქალები? სად არიან სხვა პოეტი ქალები, გარდა „მამაკაცური საპფოსი“? სად არიან ანტიკურობის მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ექიმი, მუსიკოსი, მხატვარი, ათლეტი ქალები და ასე შემდეგ?

აკი ვთქვი, ეს კითხვა თავიდან არც კი გამჩენია-მეთქი, მაგრამ რომც გამჩენოდა, ალბათ საკუთარ თავს პასუხად მივაგებებდი ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ანტიკურობაში და მაშასადამე, ევროპული ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე დიდებულ მონაკვეთში ქალები არ არიან!

და ეს იქნებოდა ყველაზე მცდარი პასუხი ჩემ მიერ საკუთარ თავთან გაცემულ მცდარ პასუხთა შორის. მაგრამ ამ მცდარი პასუხისთვის პასუხს ახლა მე ნუ მომკითხავთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ პასუხსაც, რომელიც ასე ჟღერს:

ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან დგას ძველი ბერძნული ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი და სამყაროს აღქმის სხვა მრავალი მიმართულება, რომელთა წარმომადგენლების ჩამოთვლისას აუცილებლად გაგვახსენდება – ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, არქიმედეს, ევკლიდეს, პითაგორას, ანდრონიკოსის, ჰიპოკრატეს, პრაქსაგორას, ფიდიასის, პრაქსიტელეს, აპელესის,  პერიკლეს, თემისტოკლეს, ლეონიდასის, სოლონის, ალექსანდრე მაკედონელის, დემოსთენეს, თეაგენე თასოსელისა და სხვათა სახელები.

შენიშნეთ ხომ? – ეს სახელები მამაკაცთა სახელებია.

იმიტომ რომ ანტიკურობაზე საუბრისას, მითოლოგიურ და ლიტერატურულ ქალ პერსონაჟთა სახელებს იშვიათად თუ გასცდება ევროპული ცივილიზაციის პოპ-მეხსიერება. მედეა, კლიტემნესტრა, იფიგენია, ანტიგონე, ელენე, ლისისტრატე, ჰერა, ათენა, აფროდიტე, დემეტრე და ა.შ. – კი ბატონო, ანტიკურობიდან დამახსოვრებული ქალები არიან, მაგრამ ისინი ფიქციური პერსონაჟები არიან და არა რეალური.

მაშასადამე და კიდევ ერთხელ:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს რეალური ქალები?

კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტთა მცირე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ამ კითხვის დასმისას ვინმე რიგითი ევროპელი ანტიკურობიდან მხოლოდ ერთეული ქალების გახსენებას თუ შეძლებს – უმეტესწილად, ზემოთ დასახელებული პოეტი საპფოსი, უკეთეს შემთხვევაში – საპფოსა და ასპასიას, კიდევ უკეთეს შემთხვევაში კი – საპფოს, ასპასიასა და ჰიპათიას გახსენებას. ანტიკურობა კი გაცილებით მეტ სახელს სცნობდა და აღიარებდა იმ ქალებისა, რომლებმაც ძველი საბერძნეთისთვის დამახასიათებელი მძაფრი გენდერული უთანასწორობის პირობებში როგორღაც შეძლეს და ზემოთ ხსენებულ და არ ხსენებულ კაცებთან ერთად, ევროპული ცივილიზაციის შემქმნელებად მოგვევლინენ.

ძვ. წ. I საუკუნეში, ერთი დიდი რომაელი პოეტი წერს ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელ წიგნს რომაული ლიტერატურიდან, რომელსაც „ჰეროიდებს“ უწოდებს. ჰეროიდებში ანუ გმირ ქალებში ოვიდიუსი უმთავრესად ფიქციურ ქალებს გულისხმობს – ქალებს რომელთა სახელებიც ლიტერატურამ, ხელოვნებამ ან სულაც მითოლოგიამ სამუდამოდ დაამახსოვრა სამყაროს. ამ ქალთაგან მხოლოდ ერთია რეალურად არსებული ისტორიული პირი. ესეც – საპფოა. „მამაკაცური საპფო“.

„ჰეროიდები“ ეპისტოლარული პოეზიის საოცარი ნიმუშია, მასში შემავალი წერილები კი სავსე განსაკუთრებული შფოთვით, ვნებით, სიყვარულით, სიძულვილით, თავგანწირვით, სისასტიკით – მოკლედ, ყველაფრით, რამაც შეიძლება ქალი „საინტერესო“ გახადოს „მამაკაცური“ მწერლობისათვის. ამ წიგნის სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანიც გვაქვს ქართულ ენაზე, ჩემი მასწავლებლის – ქალბატონი იამზე გაგუას მიერ შესრულებული. ამბობენ, რომ ოვიდიუსს უყვარდა ქალები და სწყალობდა კიდეც მათ, ეგ კი არა იმასაც ამბობენ, სწორედ ქალების სიყვარულს აყოლილ პოეზიას შეეწირა მისი მოქალაქეობა და გადასახლებაში გატარებული ბოლო წლები სიცოცხლისა. დიახ, ოვიდიუსს უყვარდა ქალები, „ჰეროიდებიც“ ამის დადასტურებაა ალბათ, მაგრამ ეს სხვა სიყვარულია და ჩვენ ამ სიყვარულზე არ ვისაუბრებთ.

სამაგიეროდ, ვისაუბრებთ რეალურ ჰეროიდებზე – არა ლიტერატურულ, არამედ ნამდვილ, მარადიულად ცოცხალ ქალებზე, გმირ ქალებზე, რომლებმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მიუხედავად ისტორიული უსამართლობის მონაპოვარი პატრიარქალური პრივილეგიებისა, მაინც მოახერხეს და ევროპული ცივილიზაციის შესაქმის მთავარ მოქმედ პირებად იქცნენ. მათი მივიწყების არაერთი მცდელობის კვალდაკვალ კი ამ ჰეროიდების სახელები ისტორიამ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემოგვინახა. ამიტომაც გადავწყვიტე, დროდადრო ანტიკურობის გამორჩეულ ქალებზე გიამბოთ ხოლმე, ერთობ ბანალური მიზნით –  გაგახსენოთ სახელები და საქმეები ანტიკურობის ჰეროიდებისა, რათა ისტორიული უსამართლობის გამოძახილ სასაცილო, მაგრამ მავნებლურ კითხვაზე – სად არიან ქალები? – დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხოთ:

  • ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან!


 

[1] სოფოკლე, აიასი, სტრ. 292-293

[2] არისტოფანე, ლისისტრატე, სტრ. 1018

„განწყობის სათაური“

0

ყველა მასწავლებლის, საგანმანათლებლო საკითხებით, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებით, ცვლილებებით თუ  ბავშვის სწორი განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის საჭირო  და მრავალფეროვანი ინტერნეტჟურნალის, mastavlebeli.ge – ს თვალიერებით და მასში არსებული სტატიების კითხვით იწყება  ბოლო   ერთი წლის თითქმის ყველა  დილა ჩემთვის.

ერთ დილას, სანამ  ჟამიანობის დრო დაგვიდგებოდა, ადრიანად გამეღვიძა და ჩემს საყვარელ “სივრცეში შევიარე”, თვალი გადავავლე  სტატიებს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მასწავლებლის, ლელა კოტორაშვილის სტატიას წავაწყდი, ალბათ გექნებათ წაკითხული, თუ როგორ შეგვიძლია დავალების თავში, თარიღები შევცვალით სათაურებით.

დღის განწყობის შექმნას არამარტო ჩემთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც ფიქრი, იდეები სჭირდება. აუცილებელია,  თითოეულ ჩვენს მოსწავლესთან  შევძლოთ ყოველდღე ემოციური სიახლოვე.  ჩვენ ხშირად საკლასო ოთახში თანაგრძნობაზე და მის აუცილებელ არსებობაზე  ვსაუბრობთ და სწორედ ეს მიმაჩნია ყველა იმ წარმატების საწინდრად, რასაც შეგვიძლია ჩვენს საკლასო ოთახებში მივაღწიოთ – ყველა გაკვეთილზე ჩავწვდეთ ბავშვის ემოციას, განწყობას და ნებისმიერ შემთხვევაში ვუთანაგრძნოთ თითოეულ მათგანს.  როცა ერთ სივრცეში მყოფნი ერთმანეთს იმაზე უკეთ ვიცნობთ და ერთმანეთის იმაზე უკეთ გვესმის, ვიდრე წინა დღით.
ამ ყველაფრის სახალისოდ და ასე რომ ვთქვათ, ოსტატურად მისაღწევად კი გთავაზობთ ჩემს პრაქტიკაში დანერგილ და მრავალგზის გამოცდილ მეთოდს, რომლის  გამოყენებაც  ლელა კოტორაშვილის წერილმა შთამაგონა.
…აი, ერთი სული რომ მაქვს შევხვდე უმცროს მეგობრებს და ეს იდეა გავუზიარო. ასეც მოვიქეცი.
პირველი გაკვეთილი მათემატიკა გვქონდა, ერთი წინადადებით გავუზიარე იდეა: დავწეროთ რვეულში ჩვენი ამ წუთის განწყობის სათაური და რა თქმა უნდა, პირველი თავად ვიყავი, ვინც დაფაზე, თარიღის ადგილას ბრჭყალები გავხსენი და დავწერე: ,,იდეას ვუზიარებ ჩემს უმაგრეს მოსწავლეებს“, თარიღი კი თავისი ჩვეული ადგილიდან, რომელიც ჩემი განწყობის სათაურმა დაიკავა, გადავასკუპე დაფის მარჯვენა კუთხეში. ამ დღიდან, ჩვენ ყოველ გაკვეთილზე წერას ვიწყებდით არა უხალისოდ, თარიღის წერით, არამედ იმაზე ფიქრით, თუ რა განწყობაზე ვართ იმ წუთას. განწყობას ერთი წინადადებით, სათაურის მსგავსად ვწერდით. თარიღმა კი ე.წ. ,,მინდორზე”(ყველა რვეულის ფურცელს აქვს წითელი ხაზი გვერდით)გადაინაცვლა.

წერის დასაწყისში დაწერილ ,,განწყობის სათაურს“ ვკითხულობდით გაკვეთილის ბოლო 5 წუთის ფარგლებში, ან, ბავშვების თხოვნით, მაშინვე, ანუ გაკვეთილის საწყის 5 წუთში. ამას, ძირითადად, მასწავლებელი წყვეტს.

,,განწყობის სათაური“ ეხმარება მასწავლებელს და მშობელს, ყოველ დღე (ისე, რომ ბავშვი ამას ვერც ხვდება) გაიგოს:

  • ბავშვის ემოციური ფონი;
  • რა არის ბავშვისთვის იმ დღეს მნიშვნელოვანი;
  • რაზე დარდობს;
  • რა უხარია:
  • რა განწყობითაა სკოლაში მოსული;
  • პრობლემა ხომ არ აქვს;
  • უფროსების რომელმა ქცევამ, დამოკიდებულებამ გააბედნიერა/დაამწუხრა;
  • რაიმე ხომ არ აქვს გადასაწყვეტი და ამაზე ფიქრობს;
  • მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენით დატვირთული დღე ხომ არ არის;
  • რა არის მისი დღის გეგმა, მიზანი;
  • და ა. შ.

ბავშვები ამ შეთავაზებისას მაქსიმალურად იხსნებიან და ჩვენ, უფროსებს, შეგვიძლია ეს აქტივობა სასარგებლოდ გამოვიყენოთ და მთლიანი დრო, რომელსაც სკოლაში ატარებს დღის განმავლობაში, უფრო ნაყოფიერად და პოზიტიურად მივმართოთ.

ამჟამად ყველა ონლაინ სწავლებაზე ვართ გადასული და ვფიქრობ,  ბავშვების ემოციური ფონის გაგება ახლა, როგორც არასდროს, ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან უფროსებზე არანაკლებ განიცდიან  დღევანდელ რეალობას.
ამიტომაც, ახლა მეტად სჭირდებათ მრავალმხრივი თანაგრძნობა.
გამიხარდა, როდესაც მშობლებმაც მომწერეს და მითხრეს ამ მეთოდის სიკარგე. როდესაც ბავშვს დიდად არ უყვარს საუბარი თავის ფიქრებზე, ემოციებზე, განწყობაზე, არ არის გახსნილი, ეს შეთავაზება გვეხმარება, ბევრი რამ  შევიტყოთ ასეთ მოსწავლეზე, შვილზე. ვისაც წერა არ უყვარს, ვთავაზობ, დახატოს განწყობის შესაფერისი ემოცია(სტიკერის მსგავსი), შემდეგ კი ისაუბროს ნახატზე. ამ შემთხვევაში  უადვილდებათ საუბარი, რადგან საუბრობენ ნახატზე, სათაურზე და არა უშუალოდ საკუთარ “მე”-ზე.
,,განწყობის სათაური”-ს დახმარებით ონლაინ გაკვეთილიც კი სახალისოდ და ღიმილით იწყება და სრულდება. ჩემთვის კი, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარია, ჩემი ღიმილიანი მოსწავლეების გარემოცვაში ვატარებდე გაკვეთილს. ამ მეთოდით ყველა უფრო ახლობელი ვართ ერთმანეთისთვის, რადგან ვიცით, იმ წუთისთვის რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

ფოტოებზე ასახულია  წერილში აღწერილი მეთოდი/აქტივობა.

 

კომპლექსური დავალებები ონლაინსწავლებისთვის

0

მე და საზოგადოება

ონლაინგაკვეთილი – ასე ვუწოდებთ დისტანციური სწავლების ერთეულს, რომელიც ტრადიციულ გაკვეთილს ჰგავს კიდეც და განსხვავდება კიდეც მისგან. არსით ის ინტერნეტკონფერენციის ნაირსახეობაა, რომელშიც კონკრეტული კლასია ჩართული. ონლაინგაკვეთილი რეალურ დროში, ეკრანის გაზიარებისა და მოსწავლეებთან ინტერაქციის პირობებში მიმდინარეობს.

დღეს ამ ტიპის სწავლება დაგეგმილი კი არა, ექსტრემალური სიტუაციით განპირობებული საჭიროებაა, რომელშიც სკოლამ, მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, სრულიად ასიმეტრიული სასტარტო მონაცემებით შეაბიჯა. დასაწყისმა პირველი სირთულეები ამოატივტივა. მათმა გაანალიზებამ აჩვენა, რომ ახალი საკლასო სივრცისთვის შესაბამისი წესების შემუშავება იყო აუცილებელი. ვინაიდან უმრავლესობამ „თიმსში“ დაიმკვიდრა თავი, თავდაპირველი შეხვედრები და შემდგომი შეხვედრების გარკვეული დროც ამ სივრცის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და სტრუქტურასთან გაშინაურებას მოხმარდა. შემდეგ საქმე ინტერნეტკონფერენციებში მონაწილეობის წესების შემუშავებაზე მიდგა. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც უნდა შეთანხმებულიყვნენ საერთო წესებსა და ტერმინებზე.

რადგან წერილი „მე და საზოგადოების“ საგნის სწავლებას შეეხება, ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ წესების შემუშავებაზე კომპლექსური დავალების აგება პირდაპირ კავშირშია სამიზნე ცნება „საზოგადოებასთან“ და მის მკვიდრ წარმოდგენებთან. ასე რომ, ამ დავალების შესრულება არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ფუნქციურ მიზანსაც ეპასუხება.

 

კომპლექსური დავალება

  • შეადგინე წესები, რომელიც ჩვენს ონლაინსაზოგადოებას – კლასს სჭირდება. შენთვის სასურველი ხერხით (ელექტრონულად, ნახატით, სხვა ტექნიკით გააფორმე ეს წესები და წარუდგინე კლასს განხილვისთვის.
  • ახსენი, რა წესები შეარჩიე და რატომ; როგორ მოახდინე მათი ვიზუალიზება და რატომ; რატომ მიგაჩნია, რომ ეს წესები შენს ონლაინკლასს გამოადგება?

დავალების ვიზუალური გაფორმების იდეისთვის შესაძლოა ეს ბმულები გამოგადგეს:

https://www.pinterest.com/pin/82401868169237204/

https://www.pinterest.com/pin/38210296827799042/

  • დავალება მომდევნო შეხვედრამდე ელექტრონულად (ფაილი/ფოტო) ატვირთე შესაბამის საქაღალდეში.

პრეზენტაციას ჩაატარებს პირველი 5 მსურველი, რომელიც წინასწარ, სასაუბროში გამოთქვამს სურვილს. დანარჩენები მონაწილეობას მიიღებთ წესების შევსებასა და საერთო წესების შემუშავებაში. თითო პრეზენტაციისთვის გამოვყოფთ 1-1,5 წუთს.

მასწავლებელი შეხვედრაზე მოსწავლეებს აცნობს ამ დავალებას, რომელსაც ჯგუფის დავალებების საქაღალდეში ატვირთავს.

ამას მოჰყვება გეზის მიმცემი კითხვები დავალების არსში გარკვევისთვის:

  • გასაგებია თუ არა დავალება? შეგისრულებიათ თუ არა ანალოგიური დავალება?

მომდევნო აქტივობაა მცირე დისკუსია:

  • თქვენი აზრით, რა წესები უნდა შევარჩიოთ, რომ ჩვენი შეხვედრები კარგად და შედეგიანად წარიმართოს?
  • რა გვიშლის ხელს ონლაინგაკვეთილების ჩატარებაში (ხმაური, დაგვიანება, უყურადღებობა…)?
  • რა საერთო ინტერესები აქვს კლასს?
  • რა იწვევს კონფლიქტს?
  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ?

საბოლოოდ მასწავლებელი აჯამებს დისკუსიას, მიუთითებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში საკითხის შესაბამის გვერდებზე.

გარდა ამისა, თანხმდებიან საკონსულტაციო საათის დროზე, როცა მოსწავლეებს შეეძლებათ, დავალების შესრულებამდე წამოჭრილი კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ.

ამის შემდეგ მასწავლებელი გეგმავს მომდევნო შეხვედრას, რომელიც ფაქტობრივად პრეზენტაციებსა და წესების განხილვაზე იქნება ორიენტირებული და მას მხოლოდ ფასილიტაცია მოუწევს.

რას ვასწრებთ 20 წუთში?

გაკვეთილის პირველი წუთები მოსწავლეთა განწყობის მოკითხვა-მართვას უნდა დავუთმოთ, ვინაიდან რადგან შექმნილ ვითარებაში ეს აუცილებელია. აქ შეიძლება გამოვიყენოთ მარტივი კითხვები, რომლებიც ირიბად იძლევა პასუხს მათ განწყობაზე: რა ფერია დღეს შენი განწყობა? რა გააკეთე, რომ კარგ გუნებაზე დამდგარიყავი?

მომდევნო 7-8 წუთი მოსწავლეთა პრეზენტაციებს დაეთმობა, დაახლოებით იმდენივე დრო – დისკუსიას და წესების დამატებას. დასასრულ, მასწავლებელი შეაჯამებს შეხვედრას და მოსწავლეთა კითხვებს უპასუხებს. შემდგომში მას აუცილებლად მოუწევს, გაეცნოს გაგზავნილ დავალებებს, რომელთა პრეზენტაციაც არ მომხდარა და უკუკავშირი მისცეს თითოეულს.

„მე და საზოგადოების“ მომდევნო კომპლექსური დავალება შეიძლება სამიზნე ცნება „ინსტიტუციას“ მივუძღვნათ და მოსწავლეთა დაინტერესებისთვის ამჟამად არსებულ სიტუაციებს დავუკავშიროთ.

 

კომპლექსური დავალება

  • წარმოიდგინე, რომ მემატიანე ხარ და მომავალ თაობას უნდა უამბო, რომელი პროფესიის ადამიანები მუშაობდნენ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში. რომელ ინსტიტუციას მიეკუთვნებოდნენ ისინი? ადამიანების რომელ საჭიროებებზე ზრუნავდა თითოეული ინსტიტუცია?
  • ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შექმენი კომიქსი, რომელზეც ასახულნი იქნებიან ეს ადამიანები და თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
  •  წარმოადგინე შენი დავალება შემდეგ შეხვედრაზე და აღწერე რისი თქმა გსურდა. როგორ გამოხატე სათქმელი? კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა?
  • მომდევნო გაკვეთილზე ამ დავალებას წარადგენს მოსწავლეთა ნახევარი, შემდეგზე – მეორე ნახევარი.
  • პრეზენტაციას დაეთმობა თითო წუთი.

გავაცნობთ მოსწავლეებს ამ დავალებას, რომელიც ელექტრონულადაც გვაქვს გაგზავნილი.

ვსვამთ კითხვებს:

  • რა ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ამ დავალების შესასრულებლად? სად და როგორ მოვიძიებთ ინფორმაციას? რა გაგვიიოლდება? რა გაგვიჭირდება? რომელ ტექნიკურ საშუალებებს (პროგრამას) გამოვიყენებთ დავალების შესასრულებლად? რას ნიშნავს კომიქსი?

მომდევნო აქტივობა იქნება კითხვა-პასუხი:

  • რომელი პროფესიის ადამიანები მუშაობენ პანდემიის დროს?
  • რატომ არ შეწყვიტეს მუშაობა ამ სამსახურებმა?
  • ადამიანების რომელ საჭიროებებზე ზრუნავენ ისინი?
  • რომელ დაწესებულებეში არიან ისინი დასაქმებული?

დასასრულ, მასწავლებელი ახდენს შეჯამებას და მოსწავლეებს მიუთითებს, მოიძიონ ინფორმაცია სახელმძღვანელოში, რომელიმე საინფორმაციო გადაცემაში, პორტალზე.

გასათვალისწინებელია, რომ რეალურ საკლასო ოთახში ძალიან დიდია გაკვეთილის წინასწარ დაგეგმილი სცენარის შეცვლის ალბათობა, რადგან მოქმედებს უამრავი ფაქტორი: კლასში დახვედრილი მოულოდნელი სიტუაცია, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დასმულ კითხვებზე არასრული პასუხები, შეთავაზებულ აქტივობებზე კლასის რეაგირება… საკლასო ოთახში მასწავლებლის ყურადღებაც დანაწევრებულია, მას უწევს, თვალი ადევნოს ზემოთ აღწერილ პროცესებს, მოსწავლეებს და მყისიერი რეაგირება მოახდინოს მათ პასუხებსა თუ ქცევაზე. ეს ყოველთვის არ იძლევა რაციონალური გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობას. „თიმსის“ შეხვედრებზე კი მასწავლებელს არ აქვს საშუალება, თვალი ადევნოს მონაწილეთა რეაქციებს. ეს, ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ ვინაიდან მისი ყურადღება არ ნაწევრდება, იქმნება წინაპირობა, დაგეგმილი პროცესი მშვიდად და თანმიმდევრულად წარმართოს.

ისტორიული სილა

0

წელს პანდემიამ და მისგან გამომდინარე საფრთხემ ქვეყანა საყოველთაო აურზაურისა და შეტაკებებისგან იხსნა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებამ ქუჩებიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. ადამიანები კვლავ ვერ თანხმდებიან მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობის გააზრების საკითხზე, კვლავ დავობენ ნაციზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღსა თუ სხვა წვრილმანებზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები რთული იყო მთელი ევროპისათვისაც. ნაციზმთან დაკავშირებული ადამიანების გამო მრავალი ათეული წლის განმავლობაში უირისპირდებოდნენ ევროპელი მოქალაქეები ერთმანეთს. მეტსაც გეტყვით, ევროპა დღემდე არ შეთანხმებულა მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების პოლიტიკის ზოგიერთ საკამათო ნაწილზე.

ალბათ, ბევრს წაგიკითხავთ ჰაინრიჰ ბიოლის გენიალური ნაწარმოები „კლოუნის თვალთახედვა“, რომელიც 1950-60-იანი წლების დასავლური საზოგადოების სიყალბეს აღწერს. წიგნში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ წარსულში ნაციზმთან ასოცირებული პირები ახალ ეპოქაშიც თავიანთი პრივილეგიების შენარჩუნებას. ავტორი განრისხებულია იმით, რომ ყოფილი ნაცისტების სწრაფვას ძალაუფლებისკენ ვერაფერი აფერხებს. სახელმწიფოც, ხალხიც, სინდისიც უძლურნი არიან მათი მონდომების წინაშე. ყოფილ მოხელეთა ამორალურობა მხოლოდ ბიოლს არ უკარგავდა მოსვენებას. დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ აქტივისტები, რომელთაც გადაწყვიტეს, მთელი ცხოვრება მიეძღვნათ დამნაშავეთა მხილებისთვის. ამგვარ აქტივისტთა შორის გახლდათ ბეატე კლარსფელდიც.

ბეატე კლარსფელდი ცნობილი ევროპელი ჟურნალისტია, რომელიც გერმანიაში დაიბადა. შემდეგ კი გაცვლითი პროგრამით მუშაობდა და სწავლობდა პარიზში, სადაც ცოლად გაჰყვა ადგილობრივ ფრანგ ჟურნალისტს, სერჟ კლარსფელდს. ცოლ-ქმარმა ერთად დაიწყეს მუშაობა და სხვადასხვა გაზეთებში დაუნდობლად ამხელდნენ ყოფილ ნაცისტ მოხელეებს, რომლებიც გერმანიასა და საფრანგეთში სინანულის გარეშე აგრძელებენ ძველებურად ცხოვრებას. კლარსფელდთა მუშაობა, თავდაუზოგავი შრომა ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა, რაც ოჯახის იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას იწვევდა. პირველ ეტაპზე, მათ ელემენტარული პრობლემებიც კი ვერ შეუქმნეს ყოფილ ნაცისტთა კარიერულ წინსვლას. უშედეგობას ვინღა ჩიოდა? 1966 წელს ვითარების გაუარესებისა და ჰიტლერთან დაკავშირებული მოხელეების საბოლოო რეაბილიტაციის პირველი სერიოზული ნიშანიც გამოჩნდა. გერმანიის კანცლერად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი კურტ-გეორგ კისინგერი აირჩიეს. პარიზულ გამოცემაში ბეატემ უმალვე გამოაქვეყნა კანცლერის მამხილებელი მასალები. ფედერაციული რესპუბლიკის ლიდერი 1933 წლიდან ირიცხებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის შემადგენლობაში, 1940 წლიდან კი „მესამე რაიხის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური რადიომაუწყებლობის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. განყოფილების მიზანი იყო, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ენებზე გადაცემულიყო და სამიზნე ჯგუფებამდე მიეღწია პროპაგანდის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თეზისებს. ბ-ნი კისინგერი ფაქტობრივად ომის დასრულებამდე ბეჯითად ასრულებდა თავის მოვალეობებს. კანცლერის უმწვავესი კრიტიკის გამო ბეატე კლარსფელდი ფრანგულ-გერმანული ახალგაზრდული სამსახურის სამდივნოდან გაათავისუფლეს, რის შემდეგადაც მან ფედერალური მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო.

კლარსფელდი კისინგერის წინააღმდეგ ყველა მშვიდობიან მეთოდს იყენებდა. კერძოდ, დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქრისტიან-დემოკრატად გარდასახული პოლიტიკოსის შესახებ დეტალურ ცნობებს წარუდგენდა თანამოაზრეებსა და კრიტიკოსებს. ცდილობდა მოეძიებინა პარტნიორები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველა მნიშვნელოვან გამოცემაში, რათა ყველა ჯგუფისთვის მიწევდინა ხმა. 3000 ადამიანზე მეტი დაესწრო კლარსფელდისა და ნობელიანტი მწერლის, გიუნთერ გრასის მოხსენებას ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გამომსვლელები 1960-იანი წლების გერმანიის პოლიტიკურ კულტურაზე ნაცისტების გავლენას აანალიზებდნენ და გმობდნენ. ჟურნალისტი მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ პუბლიცისტური საქმიანობითა და საჯარო გამოსვლებით ვითარებას ვერ შეცვლიდა. აუცილებელი იყო უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმაც. საფრანგეთის მოქალაქემ 1968 წლის 2 პრილს, ბუნდესტაგის ქანდარიდან სდომის მიმდინარეობის დროს კანცლერს ხმამაღლა შესძახა „ნაცისტო, გადადექი!“, რისთვისაც დროებით დააკავეს კიდეც. ცხადია, არც ამ პერფორმანსს ჰქონია დიდი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, თითქოს ყველაფერი უცვლელად გრძელდებოდა.

უიმედოდ დარჩენილმა 29 წლის აქტივისტმა პროვოკაციული ეპატაჟური გადაწყვეტილება მიიღო. 1968 წლის 7 ნოემბერს, კლარსფელდი დასავლეთ ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე ჩუმად შეიპარა, მოულოდნელად აიჭრა სცენაზე და კანცლერს კურტ-გეორ კისინგერს სილა გააწნა. კლარსფელდის თავზეხელაღებული ქმედება იქცა იმის სიმბოლოდ, რომ გერმანელი ახალგაზრდები არ ეგუებოდნენ ყოფილი ნაცისტების პოლიტიკურ დაწინაურებას, არ ივიწყებდნენ უმძიმესი ცოდვით აღბეჭდილ წარსულს და ბოლომდე იბრძოლებდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ბოროტების ანასხლეტთა წინააღმდეგ.

კისინგერზე თავდასხმის გამო გასამართლების შემდეგ, ბეატა კლარსფელდმა ბრძოლა გააგრძელდა, ის დღემდე აქტიურია. მისი მონდომების, აქტიურობის წყალობით პასუხისმგებლობაში მიეცნენ ლათინურ ამერიკასა და არაბეთში გაქცეული ნაცისტები კლაუს ბარბი, კურტ ლიშკა, ალოის ბრუნერი და სხვები. ჩემთვის პოლიტიკაში ადამიანის პატიოსნების მნიშვნელოვანი საზომი ერთი სტანდარტით ხელმძღვანელობაა. ქ-ნი კლარსფელდი ნაცისტების გარდა, აღმოსავლეთის ბლოკის ლიდერებსაც უპირისპირდებოდა. 1971 წელს პრაღაში, „რესტალინიზაციისა და ანტისემიტიზმის“ წინააღმდეგ ჩატარებული დემონსტრაციის შემდეგ, მას „ვარშავის პაქტის“ ბევრ ქვეყანაში გადაადგილების უფლებაც კი შეეზღუდა.

დღეს არ არის აუცილებელი იყო საუკეთესო. „საკმაოდ კარგიც“ მისაღებია!

0

ინტერვიუ პროფესორ ლიზა სერვონთან: დღეს არ არის აუცილებელი იყო საუკეთესო. „საკმაოდ კარგიც“ მისაღებია!

ავტორი: ლიზა ჯ. სერვონი 23 აპრილი, 2020

სტატია ნათარგმნია „ვაშინგტონ პოსტის“ ონ-ლაინ გამოცემიდან, ავტორის თანხმობით.

დოქტორი ლიზა სერვონი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის, ვაიცმანის დიზაინის სკოლის, ქალაქისა და რეგიონული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შესახებ დაწერილი სტატიებისა და ამ თემაზე უცხოური პრესის თვალიერებისას, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი პროფესორ ლიზა სერვონის საინტერესო სტატიას ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“, რომელიც ამ გამოცემის ონ-ლაინ გვერდზე, „მოსაზრებების“ რუბრიკაში იყო გამოქვეყნებული.

რატომ უნდა მიექცია ჩემი ყურადღება ერთ-ერთ ამერიკულ სტატიას? საქმე იმაშია რომ მისი ავტორი, ერთ დროს ჩემი პროფესორი გახლდათ, ნიუ სქულის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი) და ერთ-ერთ ყველაზე რთულ საგანს, ურბანული პოლიტიკის ანალიზს გვასწავლიდა. მასთან ერთად განგვიხილავს ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების სცენარები, თუმცა კონკრეტულად ვირუსულ პანდემიაზე კვლევა არ ჩაგვიტარებია.

პროფესორი ლიზა სერვონი მას შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიწვიეს ქალაქგეგმარების კათედრის ხელმძღვანელად . 2017 წელს, პროფესორმა გამოსცა გახმაურებული წიგნი „The Unbanking of America: How the New Middle Class Survives” („ბანკების გარეშე: როგორ იბრძვის თავის გადასარჩენად ამერიკის ახალი საშუალო ფენა“) გამოსცა. სერვონის წიგნმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მას ანტი-საბანკო წიგნიც უწოდეს, რადგან ავტორი, კვლევის მიზნით, თვითონ მუშაობდა აშშ-ს სხვადასხვა არასაბანკო საფინანსო დაწესებულებაში, რათა იქიდან დაკვირვებოდა კრედიტებზე დამოკიდებული საზოგადოების ყოველდღიურობას, მათ გასაჭირსა და შესაძლებლობებს და ამერიკული ბანკების ავსა და კარგს.

დღეს გთაავაზობთ პროფესორი სერვონის საინტერესო დაკვირვებას კორონა-ვირუსის პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე და იმაზე თუ როგორ მოქმედებს ეს ჩვენს სტუდენტებზე.

ცოტა ხნის წინ, ერთ მშვენიერ დილას, ჩემს 19-კაციან სამაგისტრო ჯგუფს ის შეკითხვა დავისვი, რომელსაც ჩვეულებრივ ვსვამ-ხოლმე მეცადინეობის დაწყებამდე: „როგორ ხართ? როგორ არის თქვენი საქმეები?“

იმ დღეს, ერთმანეთს Zoom-ით ვესაუბრებოდით – ორკვირიანი ექსპერიმენტი გამოწვეული კორონა-ვირუსის გამო, უკვე მიმდინარეობდა.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს დავალებებზე კონცენტრაცია“, მიპასუხა ერთმა სტუდენტმა. „ვერანაირ მოტივაციას ვერ ვგრძნობ“. დანარჩენმა თვრამეტმა თავმა, რომელიც ჩემი კომპიუტერის ეკრანში მოჩანდნენ, თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

ჩემს ფაკულტეტზე ეს საკითხი მალევე მოვაგვარეთ როდესაც უნივერსიტეტმა გადაწვიტა დისტანციურად გაეგრძელებინა სწავლება სემესტრის ბოლომდე.

როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, შევითავსე კარგი ჯარისკაცის ფუნქცია, ავუხსენი ფაკულტეტის წევრებს რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა სტუდენტებს ის განათლება გადავცეთ რომლის გულისთვისაც მათ ჩვენი ფაკულტეტი აირჩიეს.

დავარწმუნე საგონებელში ჩავარდნილი სტუდენტები, რომ მათ, მიერ ჩვენთან ნასწავლი საკითხები საცხოვრისზე, ტრანსპორტზე და ეკონომიკურ განვითარებაზე სწორედ ის იარაღია, რომელიც მათ გამოადგებად დიდი მასშტაბის, covid-19-ის მსგავსი პრობლემებისა და კრიზისების მოგვარებაში.

ფაქტობრივად, ვეცადე იმ მდგომარეობის ნორმალიზაცია რომელიც ყველაფერია ნორმალურის გარდა.

ცოტა ხანში, სტუდენტის ელექტრონული წერილი მივიღე, სადაც მეუბნებოდა რომ დღეში რამდენიმეჯერ ტირის. „ვდარდობ ჩემს თავზე და მეგობრებზე, რომლებიც ვიცი ჩემნაირ დღეში არიან“, მწერდა იგი.

“ბევრი ჩვენგანი ცდილობს წესრიგში მოიყვანოს ელექტრონული წერილების უზარმაზარი ნაკადი, რომლებშიც სხვადასხვა ცვლილებები და ე.წ. „update”-ები [სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისგან], თარიღები და ჩაბარების ვადებია (ე.წ. „დედლაინები“). ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თანაც იმ დროს როდესაც ყველას დაკარგული აქვს თარიღების შეგრძნება…“

ყველა ის სტრუქტურა, რომლებშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა და საქმიანობა, დღეს შერყეულია. ფაკულტეტის ერთ-ერთმა პედაგოგმა შემატყობინა რომ Zoom-ლექციის დროს, ერთი სტუდენტი მეცადინეობას საწოლში მწოლიარე „ესწრებოდა“და შუა გაკვეთილზე ჩაეძინა…

გარდა ამისა, შევიტყვეთ რომ ერთ-ერთი სტუდენტი ვირუსით დაინფიცირდა…

სწორედ ამის შემდეგ გავაცნობიერე რომ ‘ნორმალიზაცია’ არასწორი მიდგომა არის ამ სიტუაციაში.

ნებისმიერ სხვა სემესტრში, მე ჩვეულებრივ ვამხნევებ სტუდენტებს რომ გამოსცადონ თავი, შემოქმედებითდ მიუდგნენ სამუშაოს და თვიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაონ.

მაგრამ არა დღეს! დღეს, როდესაც სტუდენტებთან ლექცია დავიწყე, გვერდზე გადავდე ლექციისთვის წინასწარ მომზადებული შენიშვნები და ვუთხარი ჩემს თავს რომ ახალგაზრდებს გულის კარნახით (და არა გონების) დაველაპარაკებოდი.

სტუდენტებს ვუთხარი რომ ყოველდღიური წარმატების წესი, რომელსაც ახლა გამოვიყენებდი იქნებოდა განსხვავებული მას ვუწოდებდი „საკმაოდ კარგს“ (ინგლისურად, Good enough).

ჩემი მოზარდი შვილები (ინგლ. teenage children), ძალიან ბევრ შაქარს იღებენ და უსასრულოდ თამაშობენ ვიდეოთამაშებს; მეც არ ვხარჯავ დიდ დროს მათი სასკოლო დავალებების შემოწმებაზე.

ჩემი ბინა, არეულობის გამოხატულებაა; მე არ ვწერ იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივ და უკვე სამი კვირაა ერთი და იგივე სპორტული შარვლით დავდივარ აქეთ-იქით.

მაგრამ როდესაც გაუკეთებელი საქმეების შესახებ შფოთვა შემომიტევს-ხოლმე, ჩვემს თავს ვეუბნები რომ ის რასაც ვაკეთებ [ამ პირობებში], „საკმაოდ კარგია“.

დღეს, „საკამოდ კარგი“ დროა, ვეუბნები სტუდენტებს. „თუ გადაწყვეტთ ჩააბაროთ/ჩააფლავოთ საგანი, თუ არაფრით გამოგდით რომ კიდევ ერთი ღამე გაათენოთ საკურსო ნაშრომის წერაზე, თუ სამუშაო, რომელსაც პრობლემის გადასაწყვეტად ასრულებთ ვერ არის თქვენი კვლევითი სტანდარტების სიმაღლეზე – ნუ დასჯით თავს. თქვენ იოლ გზას კი არ ეძებთ, არამედ უფრო გონიერი არჩევანისკენ იხრებით. „საკმაოდ კარგი“ დღეს, საუკეთესო არჩევანია.

პედიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, დონალდ უ. უინკოტმა, 1953 წელს ახალი განსაზღვრება გამოიყენა: „საკმაოდ კარგი დედა“. დღემდე, ეს კონცეფცია მშობლების ფორუმების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. უინკოტის თეორია იმას ამბობდა რომ „სრულყოფილ დედად“ ყოფნის მცდელობას შესაძლოა პრობლემები მოჰყვეს როგორც მშობლისთვის, ისე – ბავშვისათვის. ზოგჯერ, დედებს სჭირდებათ პირველ ადგილზე თავი დააყენონ და მეტად იზრუნონ საკუთარ თავზე. ამით ბავშვებს საშუალება ეძლევათ განივითარონ მეტი მედეგობა (მოქნილობა), შემწყნარებლობა და გამძლეობა და ამავე დროს,  გრძნობდნენ რომ ისინი უყვართ და მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.

დღეს, მიმდინარე მომენტში „საკმაოდ კარგის“ თეორიას უფრო ფართო მოხმარება აქვს, ვიდრე მხოლოდ მშობლების საქმიანობაში.

მე, ბუნებით „A“-კლასის შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილებისკენ მსწრაფი ადამიანი, ორჯერ გავხდი დიდი დეპრესიისა და ათწლიანი შფოთვის მსხვერპლი – ამან მასწავლა რომ სრულყოფილებისკან რბოლა არ მაძლევს კმაყოფილების გრძნობას. ჩემმა წარსულმა წვალება დამეხმარა იმაში რომ დღეს შემიძლია ვიპოვო ის სივრცე რომელიც წონასწორობას მინარჩუნებს: ძილი, ვარჯიში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

დღეს გვჭირდება  „ტოტალური/მასიური გადახალისება“. კორონა-ვირუსამდე არსებული დღის „ჩატენვა“ იგივე დროში, (ოღონდ) დღეს, უკვე წაგებული საქმეა.

ისინი, ვისაც ბედმა გაუღიმა, სამუშაო ჯერ კიდევ აქვს, შეუძლია თვითიზოლაციაში იყოს და თან ხელფასიც მიიღოს, „სახლიდან არ ვმუშაობ“.

ჩვენ დღეს სახლებში ვართ კრიზისის დროს; ყოველდღიურად გულმოდგინეთ ვწმენდთ სადიზინფექციო ხსნარით სინათლის ყოველ ჩამრთველსა და კარის სახელურს და გაბედულად ვცდილობთ რაღაც საქმეც გავაკეთოთ და ამით ვუზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება.

ჩვენ უნდა მივცეთ თავს შეჩერების საშუალება.

(პიუს კვლევითი ცენტრის (Pew Research Center – საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამოუკიდებელი ამერიკული ასოციაცია, ლ.ა.) თანახმად, ამერიკელების 44 პროცენტი ამბობს რომ ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება. დღევანდელი მდგომარეობა არ გახლავთ „ისე როგორც ადრე ვაკეთებდით“ (ინგლისური იდიომი – business as usual).

დოქტორი უნიკოტი აცხადებდა რომ „საკმაოდ კარგი“ მშობლები უკეთესია ბავშვებისათის, ვიდრე ისინი ვინც სრულყოფილებისკენ ისწრაფის. მე ვეთანხმები.

არა მხოლოდ მშობლის საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც.

მე შევხედე ჩემს სტუდენტებს კომპიუტერის ეკრანზე და მივეცი უფლება იყვენ „საკმაოდ კარგები“. თუ ამ ახალგაზრდებმა პანდემიისგან შეიძლება რამე კარგი ისწავლონ, ეს საკუთარი თვისთვის ასეთივე უფლების მიცემა იქნება.

 

ინტერვიუ თარგმნა და მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

დისტანციური სწავლება. პრაქტიკული რეკომენდაციები მცირეკონტინგენტიანი სკოლის მასწავლებლებისთვის

0

COVID-19- ით გამოწვეული პანდემიის გამო დისტანციური სწავლება აქტუალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამის შესახებ  ბევრი იწერება საერთაშორისო პრესაში. გამოჩნდა თემატური სტატიები სამეცნიერო ლიტერატურაში  და ცალსახად იკვეთება, რომ არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა იდეალურად მზად ამ სიტუაციისთვის.

განათლების მკვლევრები აღნიშნავენ, რომ   ბევრ ქვეყანაში გაჩნდა პედაგოგთა  თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც დაეხმარნენ ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში: ერთმანეთს გაუზიარეს მათ მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსები; ერთმანეთისთვის ჩაწერეს ვიდეო ინსტრუქციები – როგორ გამოიყენონ ესა თუ ის პლატფორმა, როგორ შექმნან სასწავლო რესურსები სხვადასხვა პროგრამაში და ა. შ.  ყველა ქვეყანა იბრძვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის.   

  ასეთივე პროცესები წარიმართა საქართველოში.

  • რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომელიც ასწავლის რეგიონის მცირეკონტინგენტიან სკოლაში?
  • რამდენად არის მისთვის და მისი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი დისტანციური სწავლების ის პლატფორმები და პროგრამები, რომლებიც საქართველოს სინამდვილეში წარმატებით გამოიყენება დიდ ქალაქებში?
  • პრობლემების წინაშე დარჩენილმა მასწავლებელმა როგორ გაზარდოს მოსწავლეების სწავლების ხარისხი?

ამ კითხვებზე პასუხისთვის   ისევ ჩვენი მასწავლებლების გამოცდილების და იმ რეალობის გათვალისწინებაა საჭირო, რომლის წინაშეც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, სკოლები და  მშობლები.

გამოვყოთ რამდენიმე  სეგმენტი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული:

  1. მასწავლებელმა შეძლოს თავისი თემატური გეგმის რეალისტური გადაწყობა;
  2. ახალი თემატური გეგმის შესრულებისთვის ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობის გამოყენება;
  3. მოსწავლესთან კომუნიკაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენება;
  4. მოსწავლის და მისი ოჯახის ემოციური მხარდაჭერა.

შეუძლებელია, ვისაუბროთ რაღაც ცალსახა, ზოგად რეკომენდაციებზე, რადგან არსებული კონტექსტი  სხვადასხვა ვარიაციებს გულისხმობს და დისტანციური სწავლების  ფორმატიც განსხვავებულია.

სასკოლო ასაკის ბავშვებთან, სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში შესაძლოა, განვიხილოთ  ტიპური ვარიანტები:

  1. მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა;
  2. მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა;
  3. მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა;
  4. მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა;
  5. მოსწავლეს აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა;
  6. მოსწავლეს არ აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა;
  7. მოსწავლეს აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა;
  8. მოსწავლეს არ აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა.

სკოლის მასწავლებლებთან მიმართებაში კი  შეგვიძლია, განვიხილოთ შემდეგი მოცემულობა ვარიანტების სახით:

  1. მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი;
  2. მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონი;
  3. მასწავლებელს აქვს ტელეფონი;
  4. მასწავლებელს არ აქვს ტელეფონი.

საქართველოს რეალობაში გვაქვს ასეთი მოცემულობა:

  მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი მასწავლებელს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონი მასწავლებელს აქვს ტელეფონი
მოსწავლეს  აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა მოცემულობა 1 მოცემულობა 9 მოცემულობა16
მოსწავლეს  არ აქვს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა მოცემულობა 2 მოცემულობა10 მოცემულობა17
მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 3 მოცემულობა11 მოცემულობა18
მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტში ჩართულ ტელეფონთან ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 4 მოცემულობა12 მოცემულობა19
მოსწავლეს აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა

 

 

მოცემულობა 5

მოცემულობა13 მოცემულობა20
მოსწავლეს არ აქვს ტელეფონზე ხელმისაწვდომობა

 

მოცემულობა 6   მოცემულობა 21
ბავშვს აქვს ტელესკოლის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა მოცემულობა 7 მოცემულობა14 მოცემულობა22
ბავშვს არ აქვს ტელესკოლის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა მოცემულობა 8 მოცემულობა15 მოცემულობა23

 

თუმცა შესაძლებელია, განვიხილოთ მათი კომბინაციებიც, რაც მოცემულობათა რაოდენობას გაზრდის.

გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მეტნაკლებად ითვალისწინებენ ზემოთ აღწერილი სიტუაციების მოცემულობებს და რეალურად დაეხმარებიან მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლებს  სასწავლო პროცესის  დისტანციურ წარმართვაში.

შემთხვევა  პირველი – დისტანციური სწავლებისას მასწავლებელს აქვს ხარისხიან ინტერნეტთან  ხელმისაწვდომობა, მაგრამ მის მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ პედაგოგის მიერ ორგანიზებულ ვიდეო გაკვეთილებს.

რეკომენდაცია – ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მუდმივად გაეცნოს იმ საქმიანობას, რასაც მისი კოლეგები ეწევიან. დაეუფლოს სხვადასხვა პლატფორმებს, პროგრამებს, გაეცნოს იმ ელექტრონულ რესურსებს, რომლებსაც  მისი კოლეგები ქმნიან. თვითონაც შექმნას ასეთივე რესურსები და ასე იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე. მოსწავლეებისთვის კი, შეუძლია, დისტანციური სწავლების სხვადასხვა აქტივობები გამოიყენოს.

მაგალითები ქართული რეალობიდან –  საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სოფლის სკოლის მასწავლებელთა ნაწილმა    ინტერნეტ სივრცეში არსებული შესაძლებლობები გამოიყენა, შეისწავლა სხვადასხვა პლატფორმები და პროგრამები, მოისმინა ვებინარები და  შექმნა სასწავლო ელექტრონული რესურსები „სხვისი მოსწავლეებისთვის“, რადგან მათ მოსწავლეებს ინტერნეტთან ტექნიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა არ აქვთ.

შემთხვევა მეორე – ტიპურია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელს და მოსწავლეს აქვს ინტერნეტში ჩართული ტელეფონების ხელმისაწვდომობა, მაგრამ მოსწავლის ტელეფონს  დაბალი სიხშირის ინტერნეტის გამო, არ შეუძლია, ჩაერთოს რომელიმე პლატფორმით მიმდინარე ვიდეო გაკვეთილებს.

რეკომენდაცია – ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, ჰქონდეს მოსწავლესთან აქტიური კომუნიკაცია:

  • მშობლის ფეისბუქის პირადი გზავნილის ველში გაუგზავნოს დავალება მოსწავლეს-მიიღოს შესრულებული დავალების ფოტო;
  • მშობლის ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოს დავალება მოსწავლისთვის და ამ ფორმითვე მიიღოს შესრულებული დავალება და დაუბრუნოს უკუკავშირი;
  • მოსწავლეს მესენჯერით გაუგზავნოს დავალება და მისი შესრულების დაწვრილებითი ფოტო ინსტრუქცია, მესენჯერითვე  მიიღოს შესრულებული დავალება და  განახორციელოს  უკუკავშირი;
  • თუ მოსწავლეს უჭირს დავალების შესრულება,  გაამარტივოს დავალება და მისცეს არჩევანის საშუალება, 3-4 ალტერნატივიდან შეასრულოს ერთი ან ორი;
  • თუ მოსწავლეს, ამასთან ერთად, აქვს ტელესკოლის გაკვეთილებზე ხელმისაწვდომობა, მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეს ტელესკოლის გაკვეთილების შესრულებული დავალებების ფოტოები გამოუგზავნოს  ელექტრონული  ფოსტის ან მესენჯერის საშუალებით;
  • მასწავლებელს შეუძლია, ინტერნეტში სხვადასხვა სანდო საიტებზე განთავსებული სავარჯიშოებს გადაუღოს ფოტოები და ისიც გამოიყენოს სასწავლო პროცესში.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან 1. მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც მცირეკონტინგენტიან  სკოლაში ასწავლის, თავის  ოთხ მეცხრეკლასელ მოსწავლეს,  ტელეფონით  რამდენიმეწუთიან  ინსტრუქციას აცნობს -ტრანპორტირის, თოკის, ფანქრის და   პატარა ქვის ან გირის გამოყენებით,   როგორ დაამზადონ ხელსაწყო კლინომეტრი და ავალებს,  ამ ხელსაწყოს  გამოყენებით  გამოთვალონ  საკუთარ  ეზოში ყველაზე მაღალი ხის სიმაღლე. 2. ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო ექსპერიმენტის ფოტო ინსტრუქციას უგზავნის.  სთხოვს,  აიღონ ორი კარტოფილი, ერთი უმი, მეორე მოხარშული, გაუკეთონ ღრმულები ფოტოს მიხედვით,    ეს ღრმულები ამოავსონ მარილით, დაალაგონ თეფშზე და  დააკვირდნენ,  რა მოხდება.   გამოიტანონ  დასკვნა  უმი და მოხარშული კარტოფილის მაგალითზე ოსმოსთან მიმართებაში.

შემთხვევა მესამე –დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა (მოსწავლის ოჯახს არ აქვს ტელეფონისთვის ინტერნეტპაკეტის  შეძენის საშუალება ან ტელეფონი არის იმდენად ძველი მოდელი, რომ ამის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება).

რეკომენდაცია – მასწავლებელს ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან  შემდეგი  სახის ინტერაქტივი:

  • მასწავლებელმა „ახალი ცხრილის“ შესაბამისად  განახორციელოს ხელმისაწვდომ ტელეფონზე სატელეფონო ზარი და 5-10 წუთის განმავლობაში:  ა) კონსულტაცია გაუწიოს მოსწავლეს და დაეხმაროს  საპროგრამო საკითხის აღქმაში; ბ) მისცეს შესასრულებელი დავალება; გ) მოისმინოს მოსწავლის მოსაზრება შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებით; დ) მოისმინოს მოსწავლის კომენტარი;
  • მოსწავლეებს გაუგზავნოს სმს შეტყობინება და მიაწოდოს  ინფორმაცია, როდის ექნება  სატელეფონო კონსულტაციის საშუალება;
  • როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ სოფელში, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მასწავლებელს შეუძლია დისტანციური სწავლების უძველესი (დისტანციური სწავლება სათავეს იღებს 1728 წლიდან) მეთოდის გამოყენებით, ჰიგიენის წესების სრული დაცვით გაუგზავნოს წერილობითი ინსტრუქცია მოსწავლეს და ასევე მიიღოს მის მიერ შესრულებული დავალების რვეული, რომელსაც გადახედავს და 2-3 კვირაში ერთხელ დაუბრუნებს პოზიტიურ უკუკავშირს.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან: ა) ერთ-ერთი სოფლის სკოლის ქართულის მასწავლებელი სთხოვს თავის მეექვსეკლასელ მოსწავლეს, წაიკითხოს მოთხრობა, რომელიც წიგნის 65-67გვერდებზეა და  მისწეროს წერილი მოთხრობის იმ პერსონაჟს, რომელიც არ მოეწონა, ურჩიოს, როგორ გამოსწორდეს.  ბ) მაღალმთიანი სოფლის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი წერილობით სთხოვს თავის მეცხრეკლასელ მოსწავლეს, მშობლების დახმარებით, მიგრაციის თემაზე შემდეგი სამუშაო შეასრულოს: გაიხსენონ ამბები თითქმის დაცლილი სოფლის შესახებ და შეგროვებული ინფორმაცია შეიტანონ  ოთხსვეტიან ცხრილში 1. ქვეყნიდან წასული პირი;   2. ასაკი; 3. წასვლის მიზეზი;   4. ქვეყანა, სადაც წავიდა  პიროვნება და ამ დავალების შესრულების შემდეგ წაიკითხოს პარაგრაფი – მიგრაცია.

 

შემთხვევა მეოთხე – დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს ტელეფონი, მაგრამ  ტელესკოლაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელია.

რეკომენდაცია – მასწავლებელს ეს მოცემულობა შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან  შემდეგი  სახის ინტერაქტივი:

  • როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ სოფელში, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მასწავლებელს შეუძლია დისტანციური სწავლების უძველესი მეთოდის გამოყენებით, ჰიგიენის წესების სრული დაცვით, მოსწავლეს გაუგზავნოს წერილობითი ინსტრუქცია თხოვნით: მოუსმინოს ტელესკოლის  გაკვეთილებს, შეასრულოს  დავალებები და 2 კვირაში ერთხელ დავალების რვეული გაუგზავნოს მასწავლებელს.
  • რვეულში მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას გადახედოს მასწავლებელმა, დაუბრუნოს პოზიტიური უკუკავშირი და  ჰიგიენური წესების დაცვით  გაუგზავნოს „მეზობლად“ მცხოვრებ მოსწავლეს.
  • მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეს, უყუროს ტელესკოლის გაკვეთილებს და აწარმოოს დღიურის ტიპის ჩანაწერები,  ანუ აღრიცხოს, როდის, რა გაკვეთილებს დაესწრო და  გამოყოს, გაკვეთილზე  რა იყო მთავარი.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან – ქართულის მასწავლებელი  სთხოვს  მეშვიდეკლასელ მოსწავლეს უყუროს ტელესკოლის გაკვეთილს და შეასრულოს დავალება.  გაკვეთილზე  ნათია მასწავლებელი შეეხო  ბესიკ ხარანაულის პოეზიას. განიხილა  ერთ-ერთი ლექსი და დავალებად მისცა მოსწავლეებს,  დაეხატათ ლექსის სტრიქონი „ ლექსები გულის მარაოა,  რომლითაც ცეცხლს ვინელებთ…“

ბიოლოგიის მასწავლებელი – სთხოვს თავის მეშვიდეკლასელ მოსწავლეს, უყუროს ბიოლოგიის გაკვეთილს და შეასრულოს დავალება. ნატო მასწავლებელმა ტელესკოლის გაკვეთილი დაასრულა დავალებით –  შეადგინე სქემა, რომლითაც გამოხატავ თევზებთან შედარებით,  ამფიბიების ორგანოთა სისტემის გართულებას.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – სთხოვს თავის მეშვიდეკლასელ მოსწავლეს, უყუროს სამოქალაქო განათლების გაკვეთილს და შეასრულოს დავალება. გიორგი მასწავლებელმა ტელესკოლის გაკვეთილი დაასრულა დავალებით – ჩამოწერეთ, რა პრობლემებია  თქვენს სკოლაში, აღწერეთ და დაასაბუთეთ თითოეულის გადაჭრის გზა.

შემთხვევა მეხუთე  – დისტანციური სწავლება, როდესაც მოსწავლის ოჯახს არ აქვს არც ინტერნეტის, არც ტელეფონის და არც სატელევიზიო მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა. ასეთი  მოსწავლეები მოწყვლად ოჯახებში ცხოვრობენ.

რეკომენდაცია –  ეს მოცემულობა მასწავლებელს მწირ  შესაძლებლობას აძლევს,  ჰქონდეს მოსწავლესთან   ინტერაქცია. ამ შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციაა შესაძლებელი.

რამდენიმე მაგალითი ქართული რეალობიდან – 1. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თავისი ორი მოსწავლისთვის სპეციალურად შეადგინა ინტერაქტიური დღიური. რვეულში გამოყო მასწავლებლის და მოსწავლის გვერდები. მოსწავლემ მასწავლებლის გვერდის და სახელმძღვანელოდან შესაბამისი მასალის გამოყენებით უნდა შეავსოს თავისი გვერდი. 2. ბიოლოგიის მასწავლებელმა სოფლის რწმუნებულის დახმარებით მეცხრეკლასელ მოსწავლეს წერილი, ფერადი ფანქრები და თაბახის ფურცლები  გაუგზავნა. წერილით სთხოვა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში,  გადახედოს  სახელმძღვანელოს ოთხ პარაგრაფს, მითითებული  სქემები გადახატოს თაბახის ფურცლებზე და აქციოს პლაკატებად. დავალების გაგზავნისთვის იგივე გზა გამოიყენოს, რაც მასწავლებელმა გამოიყენა.

მცირეკონტინგენტიანი სკოლების  პედაგოგები,  გამომდინარე იქედან, თუ რომელ რეგიონში, თემში, სოფელში (გასათვალისწინებელია სოფლის სტატუსი,  სიღარიბის  მაჩვენებელი,  დაბერების მაჩვენებელი და ა.შ.) არსებულ სკოლაში ასწავლიან, სხვადასხვა  მოცემულობაში იმყოფებიან  და მათ   თამამად უნდა მიიღონ  კონტექსტის  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მიმართონ  „იმპროვიზაციებს“,   გახდნენ „ცვლილებების აგენტები“. ამით ისინი  შეძლებენ, გაზარდონ საკუთარი მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=25189
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=25364
  3. https://moderndiplomacy.eu/2020/05/04/the-covid-19-pandemic-changes-global-dynamics-in-education/?fbclid=IwAR2e1reG9flBkg1Fv34Irj2aoB8IfJhUbxIx-Vs96K0ZgFUz8wUigEX4zRM

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ინტერვიუ საკუთარ თავთან

0

(კარანტინი, 2020 წელი)

 

– გამარჯობა! მითხრეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებთ.

– შევეცდები, თუკი ბევრს არ მოითხოვთ ჩემგან!

– ყველა კარგი კითხვა ბევრს მოითხოვს, არ იცოდით?

– ალბათ, ვიცოდი და დავივიწყე!

– თქვენ მასწავლებელი ხართ, გვაინტერესებს, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც  ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და სკოლებმა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს?

– უფრო მარტივი რამ უნდა გეკითხათ!

– ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ!

– მაშინ ყველაფერს გეტყვით, ოღონდ გაფრთხილებთ, შესაძლოა, სიმართლე არ მოგეწონოთ და ინტერვიუს გამოქვეყნებისას ამოჭრათ კიდეც.

– ახალი არაფერია, სიმართლე არავის მოსწონს, მაგრამ მაინც გვსურს მისი გაგება. ამიტომ გისმენთ!

– თავიდან მეგონა, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, ისევ ისე ჩავატარებდი გაკვეთილებს, ავხსნიდი ახალ მასალას და მოვითხოვდი ძველს, ვისაუბრებდი და ვასაუბრებდი, ვიფიქრებდი და ვაფიქრებდი… ხომ გესმით?

– არც ისე კარგად! რთულია, გაუგო მასწავლებლებს!

– ასე გგონიათ?

– ნამდვილად! თავში ქაოსი აქვთ, ბევრი ინფორმაციისგან მეხსიერება უარესდებათ და ბევრი საუბრისგან ხმის ტემბრი ეცვლებათ.

– ფიქრობთ, უსიამოვნო ხმა მაქვს? ხმაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული, როცა ვყვები, ლექსს ვკითხულობ…

– არ ვამბობს, რომ უსიამოვნო, მაგრამ, ალბათ, იმისგან განსხვავებული, ვიდრე მასწავლებლობამდე გქონდათ (თუკი იყო ასეთი დრო). კარგი, დაივიწყეთ და გავაგრძელოთ… ამბობდით, რომ გეგონათ, ძველებურად გააგრძელებდით სწავლებას.

– დიახ, მაგრამ მხოლოდ თავიდან. მერე კი ჩემი პროფესიული გამოცდილება, ყველაფერი, რაცა აქამდე მიკეთებია ისეთი შორეული და მიუწვდომელი მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, რაც ვიცოდი, ყველაფერი დამევიწყებინა და ნულიდან დამეწყო.

– გამოგივიდათ?

– როგორც პიტერ ბიქსელის პერსონაჟი ამბობს, ყველაფრის დავიწყება რთული რამაა, რადგან ის მაინც გემახსოვრება, რომ ოდესღაც რაღაც იცოდი.

– გონივრული შენიშვნაა!

– ამიტომ ვიფიქრე, ძველი ცოდნისთვის ახალი დამემატებინა და ასე გავმკლავებოდი იზოლაციას, კარანტინსა თუ პანდემიას. უკაცრავად, ტერმინები ერთმანეთში მერევა.

– არაუშავს, სამივე ერთსა და იმავეს გულისხმობს.

– ვხვდებოდი, რომ არ მეყოფოდა ის ცოდნა, რაც აქამდე მქონდა. ვერც ჩატარებული გაკვეთილების მოგონება, ვერც წიგნებში ამოკითხული საოცარი ამბები და ვერც რვეულებში ჩახაზული სქემები დამეხმარებოდა. ახალი და ამოუცნობი გამოწვევის წინაშე ვიდექი. ახლა გესმით ჩემი?

– ვცდილობ, გავიგო!

– აი, წარმოიდგინეთ ოთხ კედელს შუა გამოკეტილი მოსწავლეები, თავმობეზრებულები, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებულები, კომპიუტერის თამაშისგან ამოღამებული თვალებით რომ უყურებენ ეკრანს და ფიქრობენ, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება დაატყდათ თავს – მასწავლებლები მათ პირად სივრცეში შეიჭრნენ! სახლის კარები შეუღეს, მათ ოთახებში მიმოიხედეს, კარადები გამოხსნეს და უჯრები ამოქექეს. წარმოიდგინეთ, რომ აღარსად დარჩა თავშესაფარი – არც საკუთარ ოთახში, არც კომპიუტერში და ფიქრებშიც კი! დისტანციურმა გაკვეთილებმა უხეშად მოაფათურეს ხელები მათ ნივთებში, ღამენათევები საწოლიდან ადრე წამოყარეს, მათი  მოდუნებული გონება ომში გამოიწვიეს. წარმოიდგინეთ?

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდება? ბევრ ბავშვს უყვარს სკოლა.

– მართალია, მაგრამ ბავშვებს უყვართ სკოლა სკოლაში და არა სახლში. უყვართ გზა, რომელსაც სახლიდან სკოლამდე გადიან, მეგობრები, რომლებიც ცხოვრებას უხალისებენ, რამდენიმე, სხვებთან შედარებით უფრო ასატანი, საგანი და ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც კეთილგანწყობას აფრქვევს. აი, რა უყვართ ბავშვებს! თქვენ ჟურნალისტი ხართ, მოისურვებდით, რომ ყველა რესპოდენტი თქვენს სახლში მოსულიყო და ისე მოეცა ინტერვიუ?

– ეს შეუძლებელია!

– ბავშვებსაც ასე ეგონათ, მაგრამ შეცდნენ.

– რატომ უნდა დაგიჯეროთ?

– იმიტომ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ, ყოველდღე ვესაუბრები მათ, ათასგვარ ამბავს ვთხზავ, რომ როგორმე მათი ყურადღება მივიპყრო და ამ საყოველთაო ძილისგან გამოვაფხიზლო, ახალ-ახალ ოინებს ვიგონებ, რომ რამდენიმე წინადადება დავაწერინო, მილიონ კითხვას ვსვამ, რომ ერთი პასუხი მივიღო და დავარწმუნო, რომ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან თუ მათ არ დაიჯერეს, ჩემი ფერადი წარმოდგენები წყლის ნაყვა იქნება და მეც აღარ დავუჯერებ საკუთარ თავს.

– ჰმ! თქვენ გაკვეთილებს „წარმოდგენებს“ უწოდებთ?

– ასე ვუწოდე? არ შემიმჩნევია, მაგრამ დიახ, ხანდახან ასეცაა. ხანდახან ყველას გვიწევს მსახიობად გადაქცევა.

– მე არასდროს მიცდია.

– ძალიან ცუდი. ალბათ, არასდროს გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც ამის საშუალებას მოგცემდათ?

– ალბათ…

– ამ ბოლო დროს ერთი რამ დამჩემდა – დავდივარ ოთახიდან ოთახში (ეს ბუნებრივიცაა, რაკი სხვაგან ვერსად წავალ) და ვიხსენებ სხვადასხვა ტიპის სკოლებსა და სასწავლებლებს, რომლებზეც წამიკითხავს. არ ვისურვებდი ჯეინ ეარის დამთრგუნველ სკოლაში, ობოლ ბავშვთა სასწავლებელში, მოხვედრას, არც დევიდ კოპერფილდის სალემის სასწავლებელში სწავლას, მაგრამ სიამოვნებით გავყვებოდი სკოლაში ტომსა და ანიკას, ვესტუმრებოდი სასწავლებელში ჯუდი ებოტს, რომ მასთან ერთად გამეზიარებინა ახლის შეცნობის სიხარული,  ან ვნახავდი იმ ერთადერთ, საოცარ სკოლას, სადაც გრეგუარმა თავი კარგად იგრძნო და საიდანაც, ალბათ, არ გამორიცხავენ. ჰოდა, დავდივარ ოთახებში და ვფიქრობ, ნეტავ, როგორ გაიხსენებენ ჩვენს, „კარანტინის სკოლას“, რას დაწერენ მასზე?

– გმადლობთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.

– სულ ეს იყო?

– დიახ!

– მაგრამ მე კიდევ…  გამოდის, უნდა დაგემშვიდობოთ?

– დიახ, ასეა!

– ხომ გესმით, როცა სახლში ხარ და ადამიანებს თითქმის არ ხვდები…

– მესმის, რა თქმა უნდა.

– კიდევ მეწვიეთ!

– კიდევ გეწვევით!

 

როგორ ვაქციოთ კომპიუტერი ეფექტურ რესურსად არაქართულ სექტორისთვის

0

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები განსაკუთრებით დიდ დროს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს. ყოველდღიურად ეძებენ ახალ-ახალ, თანამედროვე სტრატეგიულ, სპორტულ თუ სხვა შინაარსის ვირტუალურ ბმულებს და მთელი ემოციით ერთვებიან მასში, ისე, რომ ხშირად ვერც კი ამჩნევენ, როგორ გაეპარათ სადილის დრო.

აღნიშნულის გამო მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს და აპროტესტებენ ბავშვთა ადიქციურ ქცევებს. აკადემიურ წარუმატებლობასა და სოციალურ პრობლემასაც (ემოციის მართვის უკონტროლობას, ურთიერთობებში გამოვლენილ დისკომფორტსაც) კომპიუტერის (ინტერნეტის) არამიზნობრივ მოხმარებას მიაწერენ…

ინტერნეტდამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. თანამედროვე ტექნოლოგიებს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს. კომპიუტერთან ურთიერთობასა და ინტერნეტწვდომას ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. შესაბამისად, რთულია მშობელმა აკონტროლოს ბმულები, რომელსაც ბავშვი აქტიურად სტუმრობს.

დღეს ახალფეხადგმულ ბავშვს საჟღარუნო, ფერადი სათამაშოს ნაცვლად აიპადი და სხვა სენსორული ტექნიკა უფრო იზიდავს და მათი დათმობა უჭირს. ტირის, როცა მას გამოართმევენ, ხოლო წყნარდება, როცა უბრუნებენ. სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიის უკონტროლო მოხმარებისა და მასზე მიჯაჭვულობის გამო უამრავი ადამიანი სტაციონარში ხვდება და მკურნალობას გადის.

კომპიუტერის არამიზნობრივი გამოყენება არა მხოლოდ მოზარდის პიროვნულ განვითარებას უშლის ხელს, არამედ მის ფსიქო-ემოციურ რიტმსაც არღვევს.  ფსიქოლოგების დასკვნით ინტერნეტდამოკიდებულება სოციალური შებოჭილობისა და დეპრესიის გამოწვევის უმთავრესი მიზეზია. ინტერნეტმა და მისმა ჭარბმა გამოყენებამ ადამიანთა ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალურ ვაკუუმში  მოაქცია და გარკვეულწილად დააშორა ბუნებრივ ურთიერთობებსა და რეალურ სივრცეს.

კოგნიტური აზროვნების განვითარებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს უამრავ თავსატეხს, აქტივობასა და დავალებას სთავაზობს. თუმცა ტექნოლოგიები ამარტივებენ ნებისმიერ წინაღობას, მათი უსაზღვრო ფუნქციურობით ადამიანის ნაცვლად ფიქრი, პრობლემის გადაჭრა, ამოხსნა და მიზანზე გასვლაც შეუძლიათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტის არამიზნობრივი, არამართებული გამოყენება მოზარდის კოგნიტურ განვითარებასაც აფერხებს, ვინაიდან არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში გვექნება თუ არა ინტერნეტი და შევძლებთ თუ არა დამოუკიდებლად პრობლემის გადალახვას?..

ამავდროულად დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა კაცობრიობის ცხოვრება წინ წასწია. დაზოგა დრო, ენერგია, ადამიანს მისცა გასაქანი… თუმცა ამ ყოველივეს მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის პრაგმატული – მიზნობრივი მოხმარება მოასწავებს, სხვა შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა…

 

პრაქტიკის გაზიარება

როგორ ვაქციოთ კომპიუტერი (თანამედროვე ტექნოლოგია – ინტერნეტი) სასარგებლო რესურსად?

ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მასწავლებელი ხშირად იყენებს აუდიო-ვიდეო რგოლებს, რათა მოსწავლემ შეძლოს ნანახის ქართულ ენაზე გადმოცემა, შთაბეჭდილების გაზიარება და სხვ.

  • განვიხილოთ მაგალითი:

საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა

კლასი: VIII (საბაზო საფეხური)

თემა: ბუნებრივი მოვლენები

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ბუნებრივ მოვლენებზე საუბარს; აღწერენ ბუნებრივ კატასტროფებზე წარმოდგენილ ვიდეო-კადრებს.

 

  • მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს ბუნებრივ მოვლენებს…
  1. რა არის მეწყერი? რა არის ცუნამი?
  2. რა არის ვულკანი?
  3. რა არის მიწისძვრა?
  4. რა იწვევს და რა მოსდევთ მათ…
  5. საილუსტრაციოდ მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ფოტომასალას…

განმტკიცების ფაზაზე – გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობა ვიდეო-კადრების აღწერაა. ჯგუფები იხსენებენ, რა ჰქვია ნაჩვენებ ბუნებრივ მოვლენას:

  • რა ახასიათებს წარმოდგენილ ბუნებრივ მოვლენას/კატასტროფას?
  • რა იწვევს მას?
  • რა მოჰყვება მას?
  • და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დასკვნით ფაზაზე – მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს:

  1. მოიძიონ ინტერნეტში მოქმედი ორი ვულკანი…
  2. უყურონ მათ შესახებ ვიდეოებს… (სხვადასხვა დროს გადაღებულს).
  • ამოიწერონ მათზე ინფორმაცია;
  • პრეზენტაციის სახით, კოგნიტურ სქემაში ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა მაჩვენებლით.

მოსწავლეებს შეუძლიათ აღნიშნულ თემაზე – შექმნან კომიქსი, ანიმაცია. (მასწავლებელი ითვალისწინებს მათ  ისტ-ის ცოდნას. ამავდროულად, ის მათ აძლევს მიმართულებას, აწვდის სასარგებლო ბმულებს, სადაც შეძლებენ დავალების მარტივად და სახალისოდ შესრულებას).

მასწავლებელი, როცა მოსწავლეს ასწავლის:

  1. წერილის წერას – სთხოვს, ფოსტაზე მისწერონ მას; (გააფორმონ წერილი; იპოვონ ინტერნეტში, როგორ ჩასვან ილუსტრაცია/ფოტოები ტექსტში; როგორ გადმოწერონ ან/და შეცვალონ შრიფტი) – აღნიშნულით, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს კვლევა-ძიების უნარის გამომუშავებაში.
  2. პროფესიებს – სთხოვს, უყურონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ვიდეო-ჩანაწერებს, ასევე წაიკითხონ ინტერვიუები (მათთვის გასაგებ ენაზე) – თუ რას ფიქრობს ხალხი აღნიშნულ პროფესია/პროფესიებზე? – ეს დავალება მოსწავლეებში შედარების, ანალიზის უნარის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, საბაზო-საშუალო საფეხურზე, როცა მოსწავლეები ახერხებენ ასე თუ ისე გაბმულ მეტყველებას, მასწავლებელს შეუძლია საშინაო დავალება იმგვარად დაგეგმოს, რომ მოსწავლემ სასარგებლოდ (პრაგმატულად) გამოიყენოს კომპიუტერი/ინტერნეტი და არ დაკარგოს მასთან ურთიერთობისას დრო ფუჭად. ამავდროულად მოსწავლე არა მხოლოდ ქართულში, არამედ სხვადასხვა საგანშიც აიმაღლებს შედეგებს. (მოხდება რამდენიმე საგნის ბუნებრივი ინტეგრირება – ქართული/გეოგრაფია/ფიზიკა/ტექნოლოგიები/მათემატიკა და სხვ.).  კომპიუტერის მიზნობრივი მოხმარება მოსწავლის კოგნიტური უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც შეუწყობს ხელს.

დასკვნისას, შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, არამედ თითოეული საგნის პედაგოგს შეუძლია საგაკვეთილო თემა ეფექტურად დააკავშიროს ინტერნეტთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარება კომპიუტერის (ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგიის) და ინტერნეტის მიზნობრივ და სასარგებლო გამოყენებაში. რაც მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

 

 

 

ნანგრევების ჩრდილში

0

ცელოფან მოხვეული მოხუცი გაჭიმული იჯდა სკამზე. მუქი, ხალებით დაწინწკლული თითები ერთმანეთში ჩაეჭდო და გაყინულ ტელევიზორს მიშტერებოდა. ბიჭი კი პატარა მაკრატლით გულდაგულ აცლიდა ყურებიდან ბალანს. მოკანკალე ნიკაპს უჭერდა ხელით, ჩახვეწილი ნიკაპი კარგად რომ ჩამოესუფთავებინა.

მოხუცს ეგონა რომ ისევ ბიჭი იყო, ბიჭს კი ეტყობოდა რომ ყოველთვის ბიჭად დარჩებოდა, წვიმაში გაგდებული ლეკვივით ჰქონდა თვალები.

მას უყვარდა ეს მეზობელი მოხუცი, რომელიც ართვალიც იყო და წამხდარი ენისაც, არც წამოძახება ავიწყდებოდა. მაგრამ ამავე დროს, საღ ჭკუაზე და ჯანზე მყოფი, ცხენით მისდევდა ტყეში შეშის მოსატანად. თვითონვე უჭრიდა ხეებს, როცა ბიჭს ხელები რომ ეთოშებოდა და ებებრებოდა, სახლიდან გაქცეულს ფეხებთან იწვენდა ღუმლის გვერდით, ნაზამთრ და ჩამტკბარ ვაშლს აჭმევდა და ალუმინის ტოლჩას უვსებდა შავი ალუბლით. ეს არ ავიწყდებოდა ბიჭს და არასოდეს ზარდებოდა, როცა მოხუცი ყოველ მეორე დღეს ითხოვდა თმისა და წვერის შეჭრას. ეზოს ხის კარზე ნიკაპით ჩამოყრდნობილი ელოდა ხოლმე ბიჭს, სანამ ბიჭი საქონელს დააბინავებდა.

ახლაც ფარფატით შევიდა სარდაფში კარს ჩამოყრდნობილმა გადაალაჯა დირეს. იქიდან დაბრეცილი ბათინკები გამოიტანა და ბიჭს დაულაგა ფეხებთან და ისევე გაუღიმა მოხუცები თხოვნით გაბეზრებულს რომ უღიმიან ხოლმე.

მოხუცი გაბუტვით, თვალების ჩაბინდებით ჭმუხნიდა სახეს, როცა მეზობელ ოთახში მისი ქვრივი შვილი ამბობდა, რომ მას ბევრი სიმწარე ჰქონდა ნანახი და ახლა უკვე მეტისმეტი სასჯელი იყო მისთვის სკლეროზიანი მოხუცის მოვლა. შვილი კარგი ქალი იყო, კარგზედაც კარგი. მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კარგებსაც ეღლებათ გული.

მოხუცი ამ დროს ბეღურას ჰგავდა, მოწყენილი რომ ზის გალოკილ ტოტზე მშიერ ამინდში.

შორეულ ქვეყანაში ჯარში ყოფნისას, მარტოხელა დედამ მისწერა რომ მათთან უცხო მხრიდან მოსული ქალი მოვიდა მდგმურად და რომ მდგმური, მათივე სკოლაში ასწავლიდა. დედამისმა ისიც უთხრა რომ ქალი ძალიან მოსწონდა სარძლოდ და ამიტომაც მას მეორე სართულზე დაუთმო ოთახი. თვითონ კი, ქვედა სართულზე დადგა ძროხისა და ცხვრების გვერდით.

ჯარისკაც ბიჭს უნახავად შეუყვარდა. არც იყო გასაკვირი, იმ ყინულეთში

სადაც მსახურობდა არაფერი იყო თოვლისა და ბუქის გარდა.

დაბრუნდა და სახლში მასზე ბევრად უფროსი, კოხტა, კაფანდარა მასწავლებელი მასწავლებელი დახვდა. ქალი დათანმხდა, უკან მისაბრუნებელი რომ ჰქონოდა აქ არ წამოვიდოდა, ამ ურწან, უწიაღო მხარეში.

ბიჭმა მალე ცოლის თხოვნით სკოლაში დაიწყო სიარული, სკოლა ორსართულიან გრძელ სახლში იყო. ბიჭი ადრე მიდიოდა ცოლისა და მასწავლებლისთვის ღუმელი რომ აენთო. ცოლს ქმარი დაფასთან გაჰყავდა და ორიანებსაც კარგად უწერდა. ხშირად გაშველებაც უწევდა მისი ქმრისა და მისი კლასელების. ცოლი კარგად ხვდებოდა რომ ქმარს უფრო სჭირდებოდა დაცვა ვიდრე თვითონ მას.

როცა გოგონა ეყოლათ ქალი მოკვდა. რაღაც უცნობი და უსაშველო სატკივრით. საყვარელი ადამიანები სიკვდილით, ყველაფერს წყალში ჰყრიან რაც სიყვარულით გაუკეთებიათ. კაცს ცოლი აღარც შეურთავს, თუმცა უფრო უხასიათო და ჟამი გახდა ვიდრე იყო.

ბიჭი შეჭრას მორჩა, მოხუცს ხის სარჭით შეკრული ცელოფანი შემოაცალა. ჯაგრისით ჩამოერტყა კისრიდან და შარვლიდან თმები.

მოხუცი მზად იყო იქ მისასვლელად, სადაც ყოველ დილას მიდიოდა, ძველ სკოლასთან. ერთხანს იდგა… დილით კი ნანახი ავიწყდებოდა და ისევ მიდოდა.

სკოლის კედლები ჩამოქცეულიყო, ცხელ დღეებში ნანგრევის ჩრდილში ღორები გრილდებოდნენ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...