შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

წმინდა გიორგისგან ნისიად წამოღებული არაყი

0

ახლა სულ სხვა რამეს უნდა ვწერდე, მაგრამ საწერიც ხანდახან, როგორც ფიქრი, არ გეკითხება, ისე მიდი-მოდის თავის ჭკუაზე.

ერთი ფოტო მაქვს, შავ-თეთრი, ორი-სამი წლის ვიქნები, ავთო ძიას (მთიულეთში ძიაა და არა ბიძია ) ორივე ძლიერი, მთიული კაცის შრომისგან დაკუნთული ხელით თავზემოთ ვყავარ აწეული. ის ქვემოდან შემომცინის, ხმელი, სოფლის მზისგან ოდნავ დამახინჯებული, მაგრამ მაინც ყველაზე კეთილი სიცილით, მე ზემოდან ვიკრიჭები, ეტყობა ჰაერში ატატებით გამოწვეული აღტაცებით. დედა მეუბნებოდა ხოლმე, გლანდებზე ახალნაოპერაციები იყავი და ასე გამხდარი იმიტომ ხარო. მართლა ცარიელი თვალები ვარ იმ ფოტოზე, ოღონდ ძალიან ბედნიერი თვალები. მე ხომ ცისკენ ვყავარ აწეული ავთო ბიძიას, იმ ცის თაღზე დიდი პაპის დარგული, საუკუნე-ნახევრის კაკლის ტოტები მოჩანს. ეს კაკალი ახლა ნახევარზე მეტი გამხმარია,  სულ მთლად დაფუღუროებულია, რაც დარჩენილია, ისიც სადაცაა წამოიქცევა. მის სიახლოვეს სახლის აშენებაზე ვოცნებობ ხოლმე. შარშან რამდენჯერმე მოგვადგნენ ვაჭრები, ეს გამხმარი კაკალი მოგვყიდეთ, ფესვებიანად  ამოვიღებთ და ბლომად დოლარს მოგცემთო. თუ მართლა შევძელი სახლის დაწყება, ისედაც ხომ მოსაჭრელი მექნება-მეთქი. მამას დანატოვარ სახლსაც უკვე სერიოზულად სჭირდება ხელის შევლება. მოდი გავყიდოთ და აღებული ფული ისევ აქაურობას მოვახმაროთო, მე და ჩემმა დამ ვილაპარაკეთ, მაგრამ მერე ვთქვით, იმ ორმოს რაგორღა გავხედოთო და გადავიფიქრეთ. ასეთ საქციელს მთიულეთში ალბათ ბედოვლათურს დაარქმევდნენ, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ დიდი პაპის დარგული კაკლის ფესვები ამოთხრას და მასალად წაღებას გადაურჩა. ყველაფერი, ეტყობა, მართლა არ იყიდება და არც ყველაფერი იწერება, მაგრამ ახლა ისე მინდა ავთო ძიაზე წერა, რაღაც ჭანჭიკები, რამაც საკუთარი საკუთრად უნდა შეგვანახვინოს, მოშვებული მაქვს და მივერეკები.

იმ ფოტოზე კი არა, უფრო დიდიც რაზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტა თუ მახსოვს. ვერც სიყმაწვილის ოცნებებს ვუერთგულე და მეც ისევე ვამჯობინე ჩათრევას ჩაყოლა, როგორც მრავალმა. აი, ავთო ბიძიას ამბავი სულ სხვაა. ის რამდენი არ აბურთავა ცხოვრებამ, თავის ოცნებებზე ფიქრს ვერ გადააჩვია. გვერდით სოფლელი იყო, მამაჩემის კლასელი და ძმადნაფიცი, მამას ლექსიცა აქვს მისთვის მიძღვნილი. ცოტა ლოთი, ცოტა შარიანი და საოცრად ჯიუტი და ერთგული თავისი ოცნებების მიმართ, რომ ოდესღაც თამარის საფლავს აღმოაჩენდა, რომ იმდენ განძს იპოვიდა, ერთ ვედრო ოქროულს ჩვენ, გარდაცვლილი ძმაკაცის შვილებს მოგვიტანდა. სოფელში მთაგორიანი, უსწორმასწორო ეზო გვაქვს, იმ ეზოს დიდი ლოდებით უპირებდა შეღობვას და თითო ლოდზე მამას თითო ლექსი უნდა ამოეტვიფრა. ამაზე ჩვენ , რა თქმა უნდა, გულში ვიღიმოდით, მაგრამ ხმამაღლა გაცინებას მასთან ვერავინ გაბედავდა. მთიული კაცისთვის მოულოდნელი სიფიცხეც შეეძლო. უკვე მიხვდებოდით, გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟს ჰგავდა და მასზე წერასაც დიდი მწერლის კალამი თუ კლავიატურა სჭირდება, მაგრამ მე მაინც მოვყვები.

ჩემი სოფელი, ნაღვარევი, ვახუშტის მოხსენიებული აქვს თამარის საზაფხულო განსასვენებელ ადგილად, რომ გითხრათ, ჩემი თვალით ეს არასდროს წამიკითხავს, მაგრამ სოფელში მიმავლები მამას ავტომანქანაში წუწუნს რომ დავიწყებდით, გაგვაჩუმებდა ხოლმე ნახევრად სიცილით და ნახევრად სერიოზულად, თამარი რომ დასასვენებლად მოდიოდა, სამი დღე მაინც სჭირდებოდა ცხენით, ქალის უნაგირით, თქვენ მეფეზე კომფორტულად და ასჯერ სწრაფად მგზავრობთ და კიდევ წუწუნებთო, ჩვენც გავიცინებდით, მაგრამ რა გვექნა, ყოველი წუთი გასაძლები იყო, რომელიც სოფელს გვაშორებდა.

ავთო ბიძიას რწმენა, რომ თამარის საფლავი აუცილებლად ნაღვარევში უნდა ყოფილიყო, ძირითადად ამ ცნობას ემყარებოდა.

ალბათ, მისი პრაქტიკული ცხოვრებისთვის საზიანოდ, ახალგაზრდობაში თამარის დროინდელი ჯვარი უპოვია მიწაში, ჩამოუტანია მუზეუმში და აქ, იმ დროისთვის, დიდი თანხა გადაუხდიათ. მამა ამბობდა ხოლმე, იმის მერე გარეკაო. თუმცა მგონია, ავთო უმაგისოდაც მოუძებნიდა თავის მდიდარ ფანტაზიას დასაყრდენს.

თამარის საფლავისა რა მოგახსენოთ, თუმცა, ალბათ, ეს ადგილები საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით. მახსოვს ბავშვობაში, როცა ბებიას საკარტოფილეს გამარგვლისას ვახლდი ხოლმე, ის მუშაობდა, მე ჩრდილში საბავშვო წიგნებს ვკითხულობდი, ხშირად გამომძახებდა, აბა, მოდი, ჩემო ქალო, რა მოვხელეო და თითო ცალ ქარვის მძივის მიწიან ბურთულას გამომიწვდიდა.  ასეთ ბურთულებს თითქმის ყოველ წელს ვპოულობდით, ვის ჩაებნა და რომელ საუკუნეში ქარვის მძივი ჩვენს საკარტოფილეში, აბა, რა გითხრათ. გული მწყდება, ერთიც ვერ შევინახე. ბავშვები ვიყავით, სათამაშოდ გვაძლევდნენ და ალბათ, ჩვენც თამაშ-თამაშით ვუბრუნებდით იმავე მიწას, რომელიც გვიგზავნიდა ამ მზისფერ პატარა სიხარულებს.

მოკლედ, როგორც ნებისმიერ მითში არის სიმართლის მარცვალი, და მერე მის ირგვლივ აგორებული თოვლის გუნდასავით სხეულს იკიდებს გამონაგონი, ავთო ძიას ფანტაზიასაც ჰქონდა საყრდენი. შეიძლება ის ჩვენ საკარტოფილეში ნაპოვნი ქარვის მძივის ბურთულებივით ციცქნა იყო, მაგრამ არსებობის უფლება ჰქონდა.

და ავთო ძიაც თხრიდა. თხრიდა ზაფხულსა და ხანდახან ზამთარშიც. ერთხელ სადღაც გორაზე, სადაც იმ დროისთვის ეგულებოდა თამარის საფლავი, ტრაქტორით აატანინა თანასოფლელს უამრავი გაფუჭებული საბურავი, რათა იქ დაენთო და თოვლი დაედნო, რომ მერე გაეთხარა. მაგრამ უკან გზობაზე ეს საბურავების აცმა შემთხვევით ისევ ტრაქტორს გამოსდებია და დაღამებულზე ვერ შეუნიშნავთ. დილით უნახავთ, ეს მათი ატანილი საბურავები ისევ ქვევით იყო, სოფელში.

რამდენიმე წელი იდგა ავთო ძიას სახლის გვერდით უზარმაზარი, მისი ორსართულიანი სახლის სიმაღლე მიწის სათხრელი ექსკავატორი, რომელიც თავისი ხელით ააწყო, მუშაობდა კიდეც, ოღონდ გვიან გაახსენდა, რომ ექსკავატორს გადაადგილების საშუალებაც სჭირდებოდა, აბა, თავისი სახლის გვერდით ხომ არ დაიწყებდა თხრას.

ყველაზე სახალისო ამბავი, რომელიც ავთო ძიას უკავშირდება, ორიათასიანების დასაწყისში მოხდა. ჩავედი ერთხელაც სოფელში და აღმოვაჩინე, რომ სახლში სტუმრად გვყავდა (ნათესავს მოუყვანია ) ახალგაზრდა ბერი. ეს ბერი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში იყო გაზრდილი, მგონი, პირველად მაშინ გამოვიდა მონასტრის გარეთ. დისშვილებს ვიდეომაგნიტოფონი და მულტფილმების კასეტები ჰქონდათ, ისეთი გატაცებით უყურებდა ბერი, ისეთს იცინოდა ტომი და  ჯერიზე, ისე უკვირდა და არ იცოდა ამა სოფლის არაფერი, გაგეცინებოდათ და თან მისი სუფთა თვალების ყურებითაც გაიხარებდით. მერე ეს ბერი საპატრიარქოში დასახლდა და 5 -6 წლის შემდეგ თურქეთის საზღვარზე დააპატიმრეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდა საქართველოში. ძალიან მძიმე წარმოსადგენია, ასეთი რა შეემთხვა, რომ იმ სუფთა, მიამიტმა ბიჭმა ბოლოს ეს გააკეთა. იქნებ არც გაუკეთებია, ვინ იცის? ამ ქვეყანაში ხომ ბოლომდე ვერ ვენდობით მართლმსაჯულებას.

მოკლედ, ჩავედი სოფელში და რას ვხედავ, ეს ბერი და ავთო უსხედან სუფრას. ავთო თავისი რწმენისას უყვება, ეს ცდილობს ორთოდოქსული მართლმადიდებლობის რამე გააგებინოს ავთოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოსდის. და, აი, აქ ავთო ყვება თავისი რწმენისა და წმინდა გიორგისთან ნაღდ და კაცური ურთიერთობის ამბავს:

_ არაყი გამამელივა, ჩავე, გავე, ავე (სახლიდან ჭალაზე ჩავიდა, არაგვზე გადავიდა, მთაზე წმინდა გიორგის ეკლესიაში ავიდა). ვუთხარ, წმინდა გივარგი, მასესხე არაყი, ორ კვირაში გამოვხდი, ჩაყრილი მაქვს ბორბოლა მსხალი ბოჩკებში და ჩაგასესხებ-მეთქი. წმინდა გიორგის სალოცავში, როგორც ჩანს, ხატობისას დარჩა არაყი, რომლის იქიდან წამოღებაც არ შეიძლებოდა.

მამა გიორგის, შევატყვეთ, სულ მთლად ჩამოუვარდა ყბა. აქ ავთო ძიამ კაი დიდი პაუზა გააკეთა და ბოლოს სუნთქვაამოყოლებით, დარწმუნებით, ამაყად დააბოლოვა:

– მასესხა.

ავთო ძია რომ წმინდა გიორგის ვალს დაუბრუნებდა, ამაში ისევე არ შეგვპარვია ეჭვი, როგორც მას არ ეპარებოდა ეჭვი, რომ წმინდა გიორგიმ არაყი ასესხა.

ავთო ძიამ სიყვარული და ძმობაც ისეთივე იცოდა, როგორც ოცნება. მამას ძმობასა და სიყვარულს მანამდე უმტკიცებდა, სანამ თვითონ არ დაავადდა. მოდიოდა თიბავდა,  ღობეებს აკეთებდა, თოხნიდა, ბარავდა. კაცის საქმე რაც არის სოფელში, რამდენიმე წელი უსაყვედუროდ გასწია მამას მაგივრად.

ახლა აღარც ავთოა, აღარც მისი ცოლი, ის ბერი გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის, არ გამიგია. ვზივარ ჩემს ქალაქურ ბინაში და გული მწყდება, ავთო ბიძიას ხელებით ცაში ატყორცნილს ცოტა მეტად უნდა შემძლებოდა საკუთარი ოცნებების ერთგულება. თუმცა როგორც ბოლო იმედი, ისე ჩამესმის მისი ამაყი, დარწმუნებული ამოძახილი:

– მასესხა!

 

 

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი S 1665

0

წარმოდგენები ინფექციური დაავადებების შესახებ XIX საუკუნის 60-იან წლებში (საქართველოს მაგალითი და განზოგადებანი)

სამეცნიერო კვლევები  მედიცინის ისტორიაში მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ აქტუალურია. ამას განაპირობებს საზოგადოების მუდმივი ინტერესი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და შენაჩუნების, ჯანმრთელობისა და დაავადების რაობის, მკურნალობის სისტემებისა და მიდგომების მიმართ. ეს კვლევები საშუალებას გვაძლევს. თვალი მივადევნოთ, როგორ იცვლება დროთა განმავლობაში, ერთი მხრივ, დაავადების, სენის და, მეორე მხრივ, სამკურნალო საქმის, მედიცინის არსი და აღქმა, როგორ ვითარდება მედიცინის სოციალური როლი საზოგადოებაში, როგორ ხდება მედიცინის წიაღში მისი სხვადასხვა დარგის გამოყოფა.

ამ თვალსაზრისით მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანეს საკვლევ წყაროს წარმოადგენს ხელნაწერები, ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ზოგადთეორიული ხასიათის ტრაქტატები, სააქიმო წიგნები და კარაბადინები, ასტროლოგიურ კრებულებში ჩართული სამედიცინო შინაარსის მასალა, არამედ ძველ საერო  და სასულიერო თხზულებებში მოცემული პასაჟები დაავადებებისა და კონკრეტული სამკურნალო საშუალებების აღწერით, მოგონებებში, მემუარული ლიტერატურის ნიმუშებში დაცული სამედიცინო ცნობები.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ერთ ხელნაწერზე S 1665, რომელიც წარმოადგენს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენლის, ალექსანდრე ორბელიანის მოგონებებს – „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“[1].

მართალია, ხელნაწერის ქვესათაურში მითითებულია კონკრეტული – 1830 წელი, მაგრამ თვითონ ხელნაწერი ავტორს 1869 წელს დაუსრულებია. ამრიგად, ტექსტი იძლევა ინფორმაციას  1830-იანი წლებიდან 1870 წლამდე პერიოდში (თითქმის 40 წლის მანძილზე) საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადების შესახებ. თხზულება საინტერესოა XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ინფექციური დაავადებების, კერძოდ, ქოლერის შესახებ წარმოდგენების შესწავლის თვალსაზრისით.

ხელნაწერის შესახებ

ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართული ხელნაწერების კოლექციის S ფონდში (ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია), შიფრით S  1665 [2]. ხელნაწერი შედგება 17 ფურცლისგან, ფურცლის ზომაა 35,4×22 სმ. დაწერილია მხედრულით, ფანქრით, ცალ სვეტად. ხელმოწერილია და დათარიღებული. იგი  ავტორს დაუმთავრებია „9-ს აპრილს, 1869-სა წელსა, ქ.ტიფლისს“, გარდაცვალებამდე 8 თვით ადრე.

 

სურ. 1. S 1665. ალექსანდრე ორბელიანი. „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“. ავტოგრაფი. 1869 წ. ტფილისი.

დაცულობის ადგილი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა  ეროვნული  ცენტრი.

 

ვინ არის მოგონებათა ავტორი?

მოგონებების ავტორი, ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი, ერეკლე მეორის უმცროსი ასულის, თეკლე ბატონიშვილის ვაჟიშვილია. ალექსანდრეს მამა, თავადი  ვახტანგ ორბელიანი მსახურობდა რუსეთის არმიაში და 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს დაიღუპა. ალექსანდრე ორბელიანის ცხოვრების ძირითადი ეტაპები იმ პერიოდის სხვა ცნობილ ქართველ მოღვაწეთა, დიდგვაროვან ოჯახთა წარმომადგენლების ბიოგრაფიების მსგავსია: სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგში (სამხედრო  სასწავლებელში), იყო თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, მსახურობდა მრჩევლის თანამდებობაზე გუბერნიის სამმართველოში; როგორც 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი გადაასახლეს ორენბურგში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში – აქვეყნებდა თავის თხზულებებს ჟურნალ „ცისკარში“, ხელს უწყობდა თეატრის აღორძინებას, გაზეთების დაარსებას, სკოლების გახსნას [3].

ხელნაწერი, როგორც ლიტერატურულ – ისტორიული ძეგლი

ხელნაწერში მოცემული ინფორმაცია შეიძლება რამდენიმე შრედ განვიხილოთ:  პიროვნება, ოჯახი, ქალაქი, ქვეყანა და მსოფლიო ეპიდემიის დროს.

პიროვნება

რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს მოგონებები ალექსანდრე ორბელიანის ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ასახავს, 1830 წელს ის 28 წლისაა. მოგონებების მიხედვით შესაძლებელია მისი ცხოვრების წესის, დღის წესრიგისა და სამსახურებრივი მოვალეობების დადგენაც კი. ამავე დროს, ეს არის მისი სულიერი სამყაროს ამსახველი მასალა, რომელშიც ჩანს მისი განცდები უჩვეულო ეპიდემიისა და საყოველთაო შიშიანობის დროს, ჩანს მისი ადამიანური თვისებები, ჰუმანურობა, რომელსაც სიტყვით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოქმედებითაც გამოხატავს. საილუსტრაციოდ ერთი ეპიზოდი მოვიყვანოთ: ალექსანდრე ქალაქის გარეუბანში მისთვის უცნობ დედაკაცს, რომელიც „თმა ჩამოწეწილი მორბოდა გულსაკვდავის კვნესითა“, დედას, რომელსაც წინა დღეს „ქმარი და ერთი ვაჟკაცი შვილი“ ქოლერით მოუკვდა და მაშინვე პოლიციამ დაამარხვინა,  დაავადებისგან გონებადაკარგული მეორე შვილის  მოსულიერებაში და გადარჩენაში ეხმარება.

ოჯახი

ტექსტი საინტერესო ინფორმაციას იძლევა ბაგრატიონთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელთა ქონებრივი მდგომარეობის, ყოველდღიური ოჯახური ყოფის და ამ ყოფის ატრიბუტების შესახებ –  საოჯახო ჭურჭელი, კერძები, სატრანსპორტო საშუალებები. ტექსტიდან კარგად ჩანს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა მემკვიდრეების ცხოვრების და ურთიერთდამოკიდებულებების საინტერესო დეტალები. ქოლერის შიშის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ზაფხულის სიცხეში ოთახის კარებს და ფანჯრებს ხურავს, რასაც დედას, თეკლე ბატონიშვილს იმ დროს გავრცელებული წარმოდგენების საფუძველზე ასე უხსნის: „ვინც მიხურვილს ოთახში არის, იქ ხოლერა თურმე ვეღარ შევა“. საინტერესოა, რომ თეკლემ შვილს სიმხნევისკენ მოუწოდა – „რაო ალექსანდრე – აკი თქვეს, რომ ალექსანდრე ვაჟკაცი არისო.  რაზე გეტყობა შენ ესა? – სიკვდილისა გეშინია, როგორ გეკადრება კაცსა?“ ამ სიტყვებით წაქეზებული ალექსანდრე ქალაქში გადის, ადგილზე აკვირდება მიმდინარე პროცესს, რის საფუძველზეც მოგონებებში აღწერს ქალაქის მცხოვრებთა შიშიანობას, ხალხის ქალაქიდან გახიზვნას, ეპიდემიის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

ქალაქი

თბილისს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგონებებში. ხელნაწერში საკმაოდ დინამიურადაა აღწერილი ქალაქში ეპიდემიის შესახებ ცნობების გავრცელება და ამით გამოწვეული პანიკა მოსახლეობაში.

„სადილი რომ გავათავეთ, …ჩემი ცოტა ძილი, ან ოცი მინუტი და ან ნახევარი საათი დავიძინე… ამ ჩემი ძილის შემდეგ რომ გამეღვიძა, სახლის ბალკონზედ გაველ და აქეთ  იქით სიარული დავიწყე. დღე იყო მზიანი  და კარგათაც ცხელოდა. ამ დროს ამ მეიდანზედ ქვემოთი ბაზრის მხრიდან ერთი დასტა ხალხი, ზოგი წინ, ზოგი უკან  მორბოდნენ გაფანტულები და ერთმანეთს უძახოდნენ.

  • „არიქა ჩქარა გასწით, თათრის მეიდანში შემოვიდა“.

იმ მორბენალს ხალხსა დაუძახე მაღლის ხმითა ბალკონიდგან.

  • „რა ანბავია მითხარით კაცო?“
  • „რაღა რა ანბავია, ხოლერა თათრის მეიდანში შემოვიდა, კაცები წაიქცნენ და იხოცებიან“… ამათ უკან კიდევ სხუანი მორბოდნენ და ისინიც ამას იძახოდნენ, თან ამასაც:
  • „უნდა მთელი ქალაქი აიყაროს, დავიფანტნეთ სოფლებში, მთებზედ და ტყეებში“ და თან მიეშურებოდნენ. ბოლოს კიდევ სხვები მორბოდნენ და ისინიც ამას იძახოდნენ.

სწორედ უნდა ვთქუა, პირველმა იმათმა ამისთანა შიშმა, მერე იმათმა ამისთანა სახემ მეც ასეთმა ზარმა ამიტანა, რომ შინ შამოველ, სულ ერთიან ოთახის კარები და ფანჯრები მივხურე იმ სიცხეში და დავიწყე სიარული აქეთ იქით ფიქრში. გამეგონა: დახურვილს ოთახში ხოლერა ვერ შემოვაო. ამიტომაც მეც დავხურე ის ოთახი“.

ეპიდემიის შედეგად დაცარიელებული ქალაქის სურათი სევდას ჰგვრის ავტორს და დაავადების გამოჩენემდე სიცოცხლით სავსე, ხმაურიან ქალაქს ახსენებს.

„სანთლის შუქი ფანჯარაში ძლივს ანათებდა, ასე გასინჯეთ ძაღლის ყეფაც არსაიდგან აღარ ისმოდა, ისე ყოველი ბუნების ხმა გაკმენდილი იყო, მაშინ როდესაც მხიარული ქალაქის ხალხი სიმღერ-ძახილითა აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, დაირა და ჭიანური თავის თარით, ვინღა დაუკრავდა… ყოველი ეს იმ დროს მკვდარი იყო, დაბურვილი მწუხარების სიჩუმე იწვა ამ ჩუენს ტურფა ქალაქს ტფილისს“.

მოგონებები იძლევა გარკვეულ წარმოდგენებს ეპიდემიის პირობებში  ქალაქის ცხოვრების ადმინისტრაციული ორგანიზების თაობაზეც. ქალაქის სავაჭრო ობიექტები ძირითადად დაიხურა, ვინაიდან „დუქნების პატრონები სულ გაქცეულიყვნენ“. ამავე დროს, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის კვების უზრუნველსაყოფად დადგენილ იქნა გარკვეული მორიგეობა – „პოლიციამ გვიბრძანა, რიგით უნდა ვიდგეთ ყასბები აქ, რომ ვინც რუსის ოფიცრები დარჩნენ აქა, ან კიდევ რიგიანი სახლობანი, იმათ ხორცი ვაძლიოთ“.

მოგონებებში მოცემულია სამედიცინო ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაცია:

  1. პირველ რიგში, აღსანიშნავია მოგონებების სხვადასხვა ეპიზოდებში მოცემული დაავადების კლინიკური სურათი: „თათრის მეიდანში გაველ, იქ აქა-იქ წაქცეული კაცები, ზოგს რკინისფერი ედო სახეზე და იკვანჭებოდა, ზოგსა პირიდგან ზაფრა ამოსდიოდა“, და სხვ.
  2. წარმოდგენები „ქოლერის ქარზე“, როგორც დაავადების გამომწვევზე და ამ წარმოდგენების შესაბამისად მიღებული ზომების თაობაზე;
  3. მოგონებებში საკმაოდ დრამატულ სიტუაციებში ავადმყოფების სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები და ხერხებია მოცემული, კერძოდ კი, აღწერილია „სისხლის გაღება“ და ავტორისეული მიგნება – კახური შავი ღვინოს გამოყენება.

მედიცინის ისტორიკოსი, პროფ. მიხეილ შენგელია ამ ხერხებს შემდეგ შეფასებას აძლევს [4]. „სისხლის გაღებას“ მეტად უგნურ ხერხს უწოდებს, რომელიც დამღუპველად მოქმედებდა ქოლერიან ავადმყოფზე, ვინაიდან ქოლერით დაავადებულის ორგანიზმი სითხისგან იცლება და საჭიროა, პირიქით, რაც შეიძლება მეტი სითხის მიწოდება და არა გამოღება სისხლის სახით. ამგვარი მანიპულაცია აჩქარებდა და გამოჯანმრთელების ნაცვლად ორგანიზმის დაღუპვას უწყობდა ხელს. კახური შავი ღვინის, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით კი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ქოლერის მსუბუქი ფორმით დაავადებულთათვის ეს ხერხი შეიძლებოდა ეფექტური ყოფილიყო, რადგან ავადმყოფი ღვინის სახით სითხეს იღებდა, ღვინო სუსტი, მაგრამ მაინც ერთგვარი სადეზინფექციო საშუალების ფუნქციასაც შეასრულებდა, გარდა ამისა, ტანინის შემცველობის გამო, შავი ღვინო გამოიწვევდა კუჭ-ნაწლავის შეკვრას და ამით დაიცავდა ორგანიზმს სითხის დაკარგვისაგან.

ქვეყანა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობების მიხედვით, ქოლერა განსაკუთრებული სიმძლავრით მძვინვარებდა თბილისში, ასევე, თელავის, გორის, სიღნაღის, დუშეთის და სხვა მაზრებში. აგვისტოს მეორე ნახევრიდან 1 სექტემბრამდე 2772 კაცი დაღუპულა[5]. ალექსანდრე ორბელიანის მოგონებებში სტატისტიკური ცნობები მოყვანილი არ არის, ავტორს ლაკონიურად უწერია: „დიდი დანაკლისი უყო საქართველოს ხალხსა ხოლერამაო“.

მოგონებების ბოლოს ავტორი ერთი წინადადებით გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირი სტუმარი  გახდა ქოლერა საქართველოს მცხოვრებთათვის. „წარმოიდგინეთ მე იმისთანა საშინელს ხოლერას გადავუჩი (იგულისხმება, 1830 წლის ქოლერა – ი.გ.), მშვიდობით ვიყავ, 1847-სა წელსა ზაფხულის დროს კიდევ ხოლერა რომ გაჩნდა საქართველოში, სადაც კიდევ ხალხი ბევრი დაიხოცა, კიდევ მშვიდობით გადაურჩი, შემდგომ კიდევ იყო ორი თუ სამი ხოლერა საქართველოში იმათაც მშვიდობით გადაურჩი, მაგრამ 1865 წელსა, შემოდგომას რომ გაჩნდა ხოლერა, მაშინ მეც მამნახა იმან და თავისი ძალა ამოქმედა ჩემზედა… კიდევ კარგი აქ – ქ.ტფილისში შემეყარა ის ხოლერა, რომ აქიმები და სამკურნალო წამლები სულ საჩქაროთ მოხერხდა, თორემ თუ სოფელში ვყოფილიყავ და ის ხოლერა იქ შემყროდა, უთუოდ ტყავსა გავჭიმავდი“. ამ ერთი წინადადებით შესაძლებელია XIX საუკუნის საქართველოში ქოლერის ისტორიის რეკონსტრუქცია.

მსოფლიო

ქოლერა საქართველოში მსოფლიო პანდემიის ნაწილია, ეს კარგად ესმის ალექსანდრე ორბელიანს, რომელიც თავის მოგონებებს ასე იწყებს:

„ამ წელიწადის ორი თუ სამი წლის წინათ ამბები მოდიოდა: ინდოეთსა ერთი რაღაც სნეულება გაჩენილა, ძალიან სწყვეტს ხალხსა, რომელსაცა უწოდებენ ხოლერასა…“

სამ წელიწადში ინდოეთში დაწყებული დაავადება საქართველოს აღწევს, რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილებში ვრცელდება და ევროპაში გადადის. XIX საუკუნეში მსოფლიომ ქოლერის ხუთი პანდემია გადაიტანა.

“ტფილისის შავ ვარდად” წოდებული ნინო ჭავჭავაძე, საფრანგეთის მეფე შარლ X, ისტორიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი, რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ფრანგი ფიზიკოსი, „თერმოდინამიკის მამა“ სადი კარნო (პოსტერი საგანმანათლებლო პროგრამისთვის) გარდაიცვალნენ ქოლერის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ქოლერის პანდემიის ყველაზე მძლავრ აფეთქებას 1850 -იან წლებში ჰქონდა ადგილი. ვიქტორიანული ბრიტანეთი შეძრა 1854 წლის ეპიდემიამ, როდესაც ლონდონის ცენტრში, სოხოში რამდენიმე დღის განმავლობაში 616 ადამიანი გარდაიცვალა. ეს აფეთქება  ისტორიაში შევიდა ბრიტანელი ექიმის ჯონ სნოუს წყალობით, რომელმაც მეთოდურად გამოიკვლია დაავადების ყველა შემთხვევა და ქოლერის გავრცელების მიზეზად „ქოლერის ქარი“ კი არა, დაბინძურებული წყალი დაასახელა. სნოუმ შეადგინა ქოლერის შემთხვევების რუკა, მასზე აღნიშნა წყლის შეგროვების ადგილები და სახლები, სადაც დაფიქსირდა ქოლერისგან გარდაცვალების შემთხვევები. ექიმი სნოუ, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ცდილობდა დაესაბუთებინა კავშირი სოხოს ბროდ-სტრიტზე წყლის მიწოდების წყაროსა და დაავადების შემთხვევებს შორის. ამ მონაცემებთან თითქოს წინააღმდეგობაში მოდიოდა ის ფაქტი, რომ ახლოს მდებარე მონასტერში ქოლერით არავინ დაავადებულა. ამ ანომალიის შესწავლამ აჩვენა, რომ ბერები სვამდნენ მხოლოდ მონასტერში მოხარშულ ლუდს, რამაც ჯონ სნოუს თეორია კიდევ უფრო გაამყარა. ექიმი სნოუს კვლევა განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში, რომელმაც ბიძგი მისცა ეპიდემიოლოგიის ჩამოყალიბებას, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების განვითარებას[6].

1883 წელს, რობერტ კოხის მიერ ქოლერის ვიბრიონის აღმოჩენამ საფუძველი დაუდო სამეცნიერო წარმოდგენების განვითარებას ქოლერის გამომწვევი მიზეზების შესახებ. სწორედ მეცნიერების მიღწევების შედეგად  ეპიდემიები, ინფექციური დაავადებები შეუცნობელი და არაკონტროლირებადი მოვლენებიდან თანდათანობით გადაიქცა გამოწვევებად, რომელიც კონტროლს ექვემდებარება.

სამხედრო ისტორიკოსი, მედიევისტი და ცნობილი ფუტუროლოგი იუვალ ნოე ჰარარი,   თავის ბესტსელერში – „Sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ – აღნიშნავს, რომ მესამე ათასწლეულის დასაწყისში კაცობრიობამ არაჩვეულებრივი „აღმოჩენა“ გააკეთა[7]. რა აღმოჩენაზე საუბრობს ავტორი?  შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ ამაზე, თუმცა ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და მასთან დაკავშირებით გატარებულმა ღონისძიებებმა ეს „აღმოჩენა“ ჩვენი ყურადღების ფოკუსში მოაქცია – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კაცობრიობამ თანდათანობით შეძლო აელაგმა ეპიდემიები. ათასეული წლების მანძილზე, თაობების განმავლობაში, ადამიანები ევედრებოდნენ ღმერთებს, წმინდანებს, იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებებს და სოციალურ სისტემებს, მაგრამ მილიონობით იხოცებოდნენ ეპიდემიებისგან. რასაკვირველია, XXI საუკუნის დასაწყისში ამ მოვლენას კიდევ აქვს ადგილი, მაგრამ ჩვენთვის ეპიდემია აღარ არის სასოწარკვეთისა და უიმედობის საფუძველი. ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, ვიცით, როგორ შეიძლება მისი პრევენცია, დაწყების შემთხვევაში მისი ლოკალიზაცია და საზოგადოების დაცვა  და მის დასაძლევად იმედს ვამყარებთ მეცნიერების მიღწევებზე.

ამ ევოლუციის გააზრებაში მნიშვნელოვანია მედიცინის ისტორიის კვლევები, მათი ხელშეწყობა და კვლევის შედეგების გავრცელება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოცემული სტატიაც.

სტატია მომზადებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის – „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტის №HE17-54, 2017-2020წწ.)

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ხელნაწერი S 1665. ალექსანდრე ორბელიანი. „პირველი ქოლერა აქ, ტფილისში (1830 წელსა რაც ვიცი ანუ შემხვედრია)“. ავტოგრაფი. 1869 წ. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექცია. ტ. Ш (ელენე მეტრეველის რედაქციით) – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. – თბილისი, 1963 – გვ. 128.
  1. ალექსანდრე ორბელიანი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7- თბილისი, 1984 – გვ. 556.
  2. მიხეილ შენგელია. ძიებანი ქართული მედიცინის ისტორიიდან. თბილისი. 1981 – გვ. 231 –  236.
  1. მიხეილ შენგელია. გარდამავალი პერიოდის ქართული მედიცინა. თბილისი. 1968 – გვ. 130
  2. Петр Талантов. “0.05 Доказательная медицина от магии до поисков бессмертия” – Corpus, 2019.
  3. Yuval Noah Harari “Sapiens: A Brief History of Humankind”

https://loveread.ec/read_book.php?id=57922&p

https://www.academia.edu/36486724/OceanofPDF.com_Sapiens_A_Brief_History_of_Humankind_by_Yuval_Noah_Harari – ბოლო ნახვის თარიღი 22.06.2020

 

თამაშით ნასწავლი კითხვა და საშინაო დავალების გამარტივება დამწყები მკითხველისთვის

0

რამდენიმე წლის წინ ჩემს კლასთან ერთად (IV კლასი) მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კვლევაში „PIRLS -2016”, რომლის მთავარი მიზანი იყო მეოთხეკლასელებში წიგნიერების დონის შემოწმება/განსაზღვრა. ჯგუფზე და საკუთარ თავზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო, რათა ბავშვებს უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სწავლებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს წიგნიერებას, როგორც გამჭოლ კომპეტენციას, რომლის განვითარებაც სასკოლო განათლების პრიორიტეტადაა ქცეული.

გარდა ამისა, ზედა საფეხურის კოლეგები დაკვირვების შედეგად ხშირად ამბობდნენ, რომ მაღალ საფეხურებზე უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაწყებით კლასებში კარგად ისწავლეს კითხვა. და პირიქით,  მოსწავლეები, რომლებიც დაბალ კლასებში ამ უნარის დეფიციტს განიცდიდნენ, ვერც შემდგომ აღწევენ წარმტებას.  ამას მრავალი კვლევაც ადასტურებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კითხვა წარმოადგენს. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც  სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა“, – წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. წიგნიერების განვითარება კი პირდაპირ კავშირშია ისეთი კომპლექსური უნარების განვითარებასთან, რომლებსაც წერისა და კითხვის უნარი ჰქვია.

კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე (საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით კი მეორე კლასიდან) ქართული ენის მასწავლებლის საზრუნავია: რამდენად გამართულად და უშეცდომოდ კითხულობს  მოსწავლე ამა თუ იმ სირთულის ტექსტს? რამდენად მოქნილია მისი კითხვის პროცესი?

პირველ კლასში, როგორც ქართული ენის ყველა სხვა მასწავლებელს, მთავარი აქცენტი გადატანილი მქონდა მოსწავლეებში ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. წლის ბოლოს მოსწავლეთა უმრავლესობა კარგად ფლობდა მას, თუმცა რამდენიმე ბავშვთან სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. დავიწყე პრობლემის იდენტიფიცირება. ჯერ გავეცანი საკითხის ირგვლივ არსებულ ამა თუ იმ ლიტერატურას.

როგორც აღმოჩნდა, კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ გავლენას ახდენს ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ბევრს კითხულობს ბავშვი.

ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. ამაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ რამდენად ადრეული ასაკიდან იწყებს კითხვას, რამდენად წიგნიერ გარემოში იზრდება იგი და ა.შ. და რომ სწორედ ეს განაპირობებს მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას კითხვის მიმართ.

მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი, ზოგჯერ არასაკმარისი, ან არასათანადო სწავლებაა. ამიტომ მასწავლებელს დიდი როლი ენიჭება მის სრულყოფაში.

დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარის განვითარება ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია, რადგან ბავშვი სწორედ ამ დროს სწავლობს ასო-ბგერებს, მის აკუსტიკურ ხატს და შესაბამისობას ბგერებთან,  გამთლიანებას, გამოყოფას, კითხვის მოქნილობას, გამომსახეველობას და ა.შ.

ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება,  ეს კი ერთგვარად იწვევს ბავშვის ფრუსტრაციას, დაბალ თვითშეფასებასა და დემოტივაციას. ამიტომ მასწავლებელსა და ოჯახს ძალიან დიდი როლი აკისრია მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებაში.

სტანდარტის მიხედვით გამართული კითხვის უნარი განვითარებულია, თუ მოსწავლეს შეუძლია:

  • სხვადასხვა სირთულის ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და გაბმით წაკითხვა;
  • სხვადასხვა სირთულის ტექსტის ჩუმად გამართულად წაკითხვა;

რაც თავის მხრივ მოიაზრებს შემდეგ ინდიკატორს:

  • მოსწავლე კითხულობს ტექსტს უშეცდომოდ;
  • კითხულობს ტექსტს გაბმულად;
  • კითხულობს შესაფერისი სირთულის ტექსტს;
  • კითხულობს ზომიერი სიჩქარით;
  • კითხულობს გამომეტყველებით (ხმამაღლა);
  • ხმამაღლა კითხვისას ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებსა და განწყობას.

ე.ი. კითხვის მოქნილობის მახასიათებლებია: სწრაფად, უშეცდომოდ, გაბმითა  და გამომეტყველებით კითხვა. საწყის ეტაპზე კითხვის ტემპი შედარებით დაბალია, რადგან მკითხველის მთავარ ამოცანას სიტყვების დეკოდირება წარმოადგენს. კითხვის სწრაფი ტემპის მიღწევა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ განაპირობებს, გაბმულ, სწორი ინტონაციებით კითხვას და ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას.

კითხვის მოქნილობაზე ზეგავლენას ახდენს ტექსტის რაგვარობა. მოქნილობა მცირდება მაშინ, როცა წასაკითხი ტექსტი ასაკისთვის შეუფერებელია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ არამარტო ტექსტს, არამედ მეთოდებსაც, რათა მათი კითხვა გაწაფული და გამართული გახადოს.

ლიტერატურის გაცნობის შემდეგ სწორ ნაბიჯად მშობელთა გამოკითხვა მივიჩნიე, რათა გამეგო  შინ კითხვის პროცესში რა სირთულეები იჩენდა ხოლმე თავს.

რამდენიმე მშობელი წერდა:

„მათემატიკა ძალიან მოსწონს, მაგრამ აი როგორც კი კითხვას ვუხსენებ, მაშინვე ხან წყალი უნდა, ხან მუცელი ასტკივდება, ხანაც საპირფარეშოში გასვლას ითხოვს. ვატყობ, რომ მისთვის ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი და თავს არიდებს“;

„ჩემს შვილს არ უყვარს კითხვა, რადგან უჭირს სიტყვების ამოცნობა, რაც მას დიდ დროს ართმევს. ამის გამო ხშირად მაქვს მასთან კონფლიქტი, მაგრამ ვერაფერს გავხდი“;

„ნელა კითხულობს, ამიტომ უჭირს ტექსტის შინაარსის გაგება“;

„ასო-ასო კითხულობს, ამის მერე კი უჭირს სიტყვებად წაკითხვა“;

„ქართული ენის საშინაო დავალებას თითქმის მთელ საათს ვანდომებთ“.

 

მშობელთა გამოკითხვის შედეგებით მივხვდი, რომ საჭირო იყო საშინაო დავალების მოდიფიცირება.

დავიწყე პრობლემის მოგვარების გზების ძიება. მოქნილ/გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებით დღეს უკვე მრავლად მოიძებნება ესა თუ ის მეთოდი და აქტივობა, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას. ამგვარი რესურსით  საკმაოდ დახუნძლულია G-PriDe-ის დამხმარე სახელმძღვანელო წერისა და კითხვის უნარების განვითარებისთვის. ასევე პორტალი „კარგი სკოლა“, რომელიც უმრავ მასალას გვთავაზობს იმისთვის, რომ კითხვა უფრო მოქნილი გავხადოთ თითოეული მოსწავლისთვის. სხვა ბევრ საინტერესო აქტივობასთან ერთად, სწორედ ამ პროექტიდან შევარჩიე რამდენიმე თამაში, მოვახდინე მისი მოდიფიცირება, მოვარგე საშინაო დავალებებს და სასწავლო პროცესში ისე გამოვიყენე.

ეს გახლდათ თამაშები „ბინგო“ და  „ვიბსი“ (სახელები თავად შევურჩიე).

     რატომ თამაშები?

იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს, სახალისოა მოსწავლეებისთვის, იწვევს მაქსიმალურ ჩართულობას, მოტივაცია მაღალია, დასწავლაც მეტად უმტკივნეულო, სპონტანური და ავტომატიზებული.

თამაშების ინსტრუქტაჟი ასაკისთვის მორგებული ტექსტის მიხედვით:

ასახსნელი ტექსტიდან ამოვკრიფე თითქმის ყველა სიტყვა და პატარა ზომის ფურცლებზე ორ ეგზემპლარად დავწერე. შეგიძლიათ ეს კომპიუტერულადაც გააკეთოთ. ბევრად მარტივია და ბავშვის თვალიც ეჩვევა ნაბეჭდ ტექსტს.

 

ჯერ ვუკითხავ ახალ ტექსტს ნელი ტემპითა და ტექსტისთვის დამახასიათებელი ემოციურობით (მოდელირებული კითხვა). მოსწავლეებს ვთხოვ, თითი გააყოლონ.

ასახსნელი ტექსტიდან ამოვკრიფე თითქმის ყველა სიტყვა და პატარა ზომის ფურცლებზე ორ ეგზემპლარად დავწერე. შეგიძლიათ ეს კომპიუტერულადაც გააკეთოთ. ბევრად მარტივია და ბავშვის თვალიც ეჩვევა ნაბეჭდ ტექსტს.

ამის შემდეგ ჩემ მიერ ამოკრეფილი სიტყვების ერთ ეგზემპლარს ვაკრავ (ან ვწერ) დაფაზე ცალ-ცალკე, სასურველია ეს გაკვეთილის დაწყებამდე გააკეთოთ, რადგან არც დრო დახარჯოთ და არც მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა აღძრათ მათ წასაკითხად. მეორე ეგზემპლარის ბარათებს კი ვკეცავთ და ვათავსებთ  „სიტყვების სკივრში“,  რომელიც შეგიძლიათ გააფორმოთ ბავშვებისთვის საინტერესოდ.

შემდეგ მოსწავლეთა დახმარებით ვკითხულობთ დაფაზე გაკრულ ყველა სიტყვას ერთობლივად  და ხმამაღლა.

მერე თითოეული მოსწავლე თაბახის ფურცელს ყოფს 8 ნაწილად გადაკეცვით. დაფაზე დაწერილი  სიტყვიდან მოსწავლეები ირჩევენ 8 სიტყვას (სურვილის მიხედვით)  და წერენ თითოეულ ნაწილში.

შემდეგ ლოტოს პრინციპით „სიტყვების სკივრში“ ჩაყრილი ფურცლებიდან თითო-თითოდ იღებენ სიტყვას, კითხულობენ ხმამაღლა და დამთხვევის დროს ისინი  ბარათზე გადახაზავენ შესაბამის სიტყვას, რაზეც ბინგოს დაძახებით მიუთითებენ. სრულად შევსების შემთხვევაში კი ამბობენ „სუპერ ბინგო“. იღბლიან მოთამაშედ ჩაითვლება ის ათი მოსწავლე, რომლებიც ბარათს სრულად შეავსებს.

 

 

ახლა კი გადავდივართ თამაშზე „ვიბსი“ (ინ პოვის ევრს იტყვას), რომელიც გულისხმობს დაფაზე გაკრული სიტყვების  სწრაფად მოძებნას. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გამოიყოფა წყვილები – „წამკითხველები და მპოვნელები“. ამ თამაშში მცირე სპორტულ აქტივობასაც ვრთავთ. თითოეული ჯგუფი დგება დაფის საპირისპირო კედელთან. ინიშნება დრო – 3 წუთი. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები გამორბიან წყვილებად, წამკითხველს ევალება „სიტყვების სკივრიდან“ ამოიღოს ბარათი, რომელზეც სიტყვა წერია და წაუკითხოს მეწყვილე მპოვნელს. ხოლო მპოვნელი იღებს მისი ჯგუფისთვის განკუთვნილი ფერის მარკერს და ცდილობს ამ სიტყვებში მოძებნოს შესაბამისი სიტყვა და შემოხაზოს, წყვილი უბრუნდება ჯგუფს და გამორბის შემდეგი წყვილი. თამაში გრძელდება დროის  (3წთ.) ამოწურვამდე. ბოლოს კი ჯამდება მოძებნილი სიტყვების რაოდენობა.

ამ თამაშის დასრულების შემდეგ, თუ დრო დაგრჩათ (კარგად გაწაფვის შემდეგ ნამდვილად დაგრჩებათ) შეგიძლიათ იმავე ჯგუფებს სთხოვოთ დაფაზე არსებული სიტყვებიდან ერთმა ჯგუფმა მოძებნოს და დაალაგოს მნიშვნელობით მსგავსი სიტყვები (სინონიმები), ხოლო მეორე ჯგუფმა – მნიშვნელობით განსხვავებული სიტყვები (ანტონიმები).

გაკვეთილი შეგიძლიათ დაასრულოთ შეკითხვით – „მოგეწონათ თუ არა ქართული ენის გაკვეთლი?“ . შეფასებისთვის გამოიყენეთ „ცერების“ მეთოდი (ან მისი სხვა ალტერნატივა). დამერწმუნეთ, ყველა მოსწავლე ცერა თითს მაღლა ასწევს მოწონების ნიშნად, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილი შედგა.

 

აღნიშნული სასწავლო თამაშების შედეგები და კავშირი საშინაო დავალებასთან:

  • გაკვეთილი იქნება პოზიტიური და ხალისიანი;
  • მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია გაიზრდება;
  • გაიწაფებიან სიტყვის ჩაწერაში (როცა მოუწევთ დაფიდან სიტყვის გადაწერა „ბინგოსთვის“);
  • შეძლებენ სიტყვების დეკოდირებასა და წაკითხვას. მათ გაკვეთილის განმავლობაში ერთი და იმავე სიტყვის წაკითხვა სულ ცოტა 4-ჯერ უხდებათ: დაფაზე წაკითხვა, ყუთიდან ამოღებისას წაკითხვა, „ვიბსის“ თამაშისას წაკითხვა, სიტყვების დალაგებისას წაკითხვა;
  • კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები ისე ძალიან აღარ იჩენს თავს საშინაო დავალების შესრულებისას (ტექსტის კითხვა), რადგან ტექსტში არსებული სიტყვების ამოკითხვა და გაშიფვრა ფაქტობრივად გაკვეთილზე მოუხდათ. ასე რომ, მათ მის შესასრულებლად უფრო ნაკლები დრო დასჭირდებათ.
  • გაკვეთილი არ არის მონოტონური და იგი ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს (გარბენი), რაც გარკვეული განტვირთვის საშუალებასაც აძლევს 6-7 წლის მოსწავლეებს.

 

თამაშის გამოყენებისას რეკომენდაციები მასწავლებლებს:

  • ნუ შეეცდებით ყველა თამაშის ერთ გაკვეთილზე გამოყენებას. გამოსცადეთ სხვადასხვა გაკვეთილზე და როცა მოსწავლეები გაიწაფებიან ისე, რომ თქვენგან ზედმეტი ინსტრუქტაჟი არ დასჭირდებათ, ნამდვილად შეძლებთ ეს ყველაფერი ერთ გაკვეთილში (40 წთ.) ჩაატიოთ;
  • შეეცადეთ, თამაშს არ მისცეთ შეჯიბრის სახე, რადგან ამ ასაკის მოსწავლეები მძაფრად რეაგირებენ წაგება/მოგებაზე;
  • ეს თამაშები არ გამოიყენოთ ინტენსიურად. ამ თამაშებისთვის შეგიძლიათ დააწესოთ კვირის ან თვის ერთი კონკრეტული დღე და დაარქვათ „ბინგოს დღე“. ამით მოსწავლეებსაც გარკვეული მოლოდინები ექმნებათ ამ დღის მიმართ და თქვენც უკეთ შეძლებთ რესურსის მომზადებას.

 

აღნიშნული თამაშების გამოყენება შეუძლიათ უცხო ენების პედაგოგებსაც. ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმა, რომელზეც ეს თამაშებია გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – გაკვეთილის გეგმა

 

 

 

 

 

 

„მეორადი” სასწავლო მასალები

0

ერთ დღესაც ბავშვების ნახევრად შევსებული სავარჯიშო რვეულების, ყდამოგლეჯილი წიგნების, წლების წინ დახატული ნახატების დალაგება და დახარისხება დავიწყე და მივხვდი, რომ ძალიან მეცოდებოდა გადასაყრელად ეს ყველაფერი, თუნდაც მათი ნაწილი და დავიწყეთ ახალი თამაში. რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა მათგან, აზრი რომ ჰქონოდა მათ არსებობას, დროის სასარგებლოდ გაყვანაში რომ დაგვხმარებოდა.

 

მეორადი გამოყენება და რესურსების დაზოგვა ჩემი საყვარელი მიდგომაა ნივთების მიმართ და მალევე მოვიფიქრე რამდენიმე გასართობი. თუ დაფიქრდებით, შესაძლოა თქვენ უკეთესი იდეებიც მოგივიდეთ. რთული სულაც არ იყო.

 

სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი საფეხურის ბევრი დამხმარე მასალა გვქონდა, სადაც უამრავი გასაფერადებელი, დასათვლელი და აღსაწერი სულიერი და უსულო ეხატა. ამოვჭერით, სუფთა ქაღალდზე ისე დავაწყვეთ, რომ შინაარსი ჰქონოდა და ახალი შევქმენით სიუჟეტი, არსებები ავალაპარაკეთ. კოლაჟ-კომიქსი გამოვიდა. ასე, ცხოველების პრიმიტიული ამოძახილებით იწყებოდა ეს ყველაფერი.

ამავე გამოცემებში ბევრი სახელი, ზმნა და ციფრი ეწერა. ისინი ამოვჭერით და შევეცადეთ მათი გამოყენებით ამბავი მოგვეყოლა. ესეც მარტივი წინადადებების აწყობით დავიწყეთ, ნახატებიც გვეხმარებოდნენ.

მერე დარჩენილი ნაკუწებით მოზაიკა ვაკეთეთ, ყდებით კონსტუქციები ავაგეთ და თან ცოტაც იმაზე ვილაპარაკეთ, როგორ ამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მეორადი გამოყენება, რისი გადამუშავება შეიძლება და რისი არა, რა სიკეთე მოაქვს დაპატარავებული ტანსაცმლისა და მოწყენილი სათამაშოების სხვა ბავშვებისთვის გადაბარებას და კიდევ როგორ შეიძლება დავზოგოთ რესურსები, გარდა უკვე გამოყენებული სასწავლო მასალების ხელმეორედ გამოყენებისა და, ტანსაცმლისა და სათამაშოების გაცვლისა.

 

 

 

 

 

 

 

პანდემია, CO2 და მდგრადი განვითარების დღის წესრიგი

0

„ჩვენ გვაქვს სამოქმედო ჩარჩო – 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. ჩვენ უნდა შევუსრულოთ დაპირებები ხალხსა და პლანეტას“, – გაეროს გენერალური მდივანი ანტინიო გუტერესი.

რა არის პარიზის ხელშეკრულება? პარიზის ხელშეკრულება არის გაეროს ჩარჩო-კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ზომებს 2020 წლიდან ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით. შეთანხმება მომზადდა პარიზის კლიმატის კონფერენციის დროს კიოტოს პროტოკოლის ჩანაცვლების მიზნით და მიღწეული იქნა კონსენსუსის საფუძველზე 2015 წლის 12 დეკემბერს. იგი გაფორმდა 2016 წლის 22 აპრილს. კონფერენციის მასპინძელმა, ლორან ფაბიუსმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა, რომ ეს „ამბიციური და დაბალანსებული” გეგმა იყო „ისტორიული გარდამტეხი მომენტი”, როგორ უნდა შევანელოთ გლობალური დათბობა.

ეს სტრატეგია მოიცავს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკას, ე.წ. 20/20/20 მიზნებით, კერძოდ: ნახშირორჟანგი (CO2) ემისიების შემცირებას 20%-ით, განახლებადი ენერგიის საბაზრო წილის 20%-მდე გაზრდით და 20%-ით ენერგოეფექტურობის ზრდა.

პარიზის გარიგება არის მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი შეთანხმება, რადგან ამ დრომდე არსებობდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, კიოტოს ოქმი, მაგრამ იგი მსგავსად სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, იყო მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის. პარიზის შეთანხმება პირველია, როცა გლობალურ ძალისხმევას განვითარებადი ქვეყნებიც შეუერთდნენ.

კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის პარიზის შეთანხმება

პარიზის ხელშეკრულებით თითოეულმა ქვეყანამ უნდა განსაზღვროს დაგეგმოს და რეგულარულად წარადგინოს ანგარიში იმ წვლილის შესახებ, რომელსაც იგი იღებს გლობალური კლიმატცვლილების შემცირებაში.

მონაწილე ქვეყნები საერთო მიზნის მიღწევისთვის თავიანთ წვლილს ინდივიდუალურად განსაზღრავენ.

კიოტოს პროტოკოლი ცდილობს, დააწესოს რეგულაციები, რომლებიც გარემოს დაბინძურებას შეამცირებს. ამასთანავე ეს არის მცდელობა, როგორც კერძო, ისე საჯარო მოქალაქეების თავისუფლების კომპრომისზე გატანის. ერთი მხრივ, ეს კომპანიების მიმართ უფრო მეტი რეგულაციის დაწესებასა და მოგების შემცირებას გულისხმობს, რადგან მათ შედარებით ძვირი რეგულაციების შესრულება მოუწევთ ალტერნატიული წარმოებისთვის. თავის მხრივ კი, ეს ემისიების შემცირების მცდელობაა, რაც სწრაფ ცვლილებებს გამოიწვევს გარემოსდაცვის მხრივ.

ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ყოველწლიურად იზრდება. მკვლევართა აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად ემისიები 50%-ით მაინც უნდა შემცირდეს. ამას კი დიდი ალბათობით ადამიანთა ქცევის ცვლილებაც სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო ადამიანები ძირითადად სახლებში იმყოფებიან, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ისევ იზრდება. 60 წლის განმავლობაში პირველად, 3 მაისს CO2-ის ყოველდღიურმა დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

კლიმატის ცვლილების საკვანძო კითხვა ისაა, თუ რა გავლენა აქვს კორონავირუსის პანდემიას CO2-ის მთლიან რაოდენობაზე ატმოსფეროში, გლობალური ტემპერატურის მატების მთავარ მიზეზზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ CO2-ის ყოველწლიური საშუალო კონცენტრაცია წლის განმავლობაში მაინც გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ემისიები მცირდება. ჩვენ გამოვიანგარიშეთ, რომ წლის განმავლობაში  CO2-ის დონე 2.48-ით გაიზრდება. ეს ზრდა 0.32‰-ით ნაკლები (თუ მეტი?) იქნებოდა, რომ არა კორონავირუსის პანდემია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ემისიები უფრო მცირეა, ის მაინც გაგრძელდება ოღონდ შედარებით ნელი ტემპით.

ამის ანალოგიად შეგვიძლია აბაზანის წყლით ავსება მოვიყვანოთ. თუ ონკანი CO2-ის ემისიას ასახიერებს, ხოლო აბაზანაში წყალი – CO2-ის კონცენტრაციას, ონკანის ოდნავ დროებით დაკეტვის შემთხვევაში, წყალი მაინც ჩაედინება აბაზანაში და შესაბამისად, წყლის დონეც მატულობს. კლიმატური ცვლილების შესანელებლად, ონკანის მთლიანად და საბოლოოდ დაკეტვაა საჭირო.

CO2-ის პროგნოზი კეთდება მაუნა ლოას ობსერვატორიაში, ჰავაიში, სადაც მონიტორინგი 1958 წლიდან მიმდინარეობს. CO2  სტაბილურად იზრდება ყოველწლიურად 1959 წლის ყოველწლიური საშუალო 316‰-დან 2019 წლის მონაცემებით 411‰, ადამიანის მიერ გამოწვეული ემისიის ზრდის პარალელურად.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ემისია გრძელვადიანად ახდენს CO2-ის კონცენტრაციას, სიჩქარე წლიდან წლამდე იცვლება, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა რაოდენობის CO2 მიიღება მიწის მცენარეებითა და ოკეანეებით.

მაგალითად, ნახშირორჟანგის ყველაზე დიდი ყოველწლიური ზრდა დაფიქსირდა 2015-2016 წლებს შორის, რაც 3.39‰-ით გამოიხატებოდა და რაც ელ-ნინიოს მოქმედებით  იყო გამოწვეული, ტროპიკების დათბობითა და დაშრობით. ამან გამოიწვია ის, რომ ტროპიკულმა ეკოსისტემამ იმაზე ნაკლები ნახშირორჟანგი მიიღო, ვიდრე ჩვეულებრივ. იმ დროს, როდესაც ხმელეთი და ოკეანე ნახშირორჟანგის 50%-ს შთანთქავს, 2015-16 წლებში ეს რიცხვი მხოლოდ 30%-ს შეადგენდა.

მომდევნო წლებში CO2-ის შედარებით მცირე ზრდიდან გამომდინარე, (რომ არა პანდემია) მოსალოდნელი იყო, რომ 2020 წელს CO2-ის კონცენტრაციის ზრდა დიდი იქნებოდა ტროპიკულ ეკოსისტემაზე კლიმატის ამგვარი გავლენის გამო. წინა წლის ემისიების გათვალისწინებით ეს რიცხვი 2.80‰ იქნებოდა.

ადამიანის ემისიებში მცირე წლიური რყევები არ იწვევს ატმოსფეროში CO2-ის წარმოქმნის დიდ ცვლილებას – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეულთან შედარებით. თუმცა უჩვეულოდ დიდი ცვლილებების გამო, რომელიც წელსაა ნაწინასწარმეტყველევი, იბადება კითხვა: თუ CO2  უფრო ნელა წარმოიქმნება, რამდენად შესამჩნევია ეს? ცვლის თუ არა ეს ჩვენს პროგნოზს CO2-ის კონცენტრაციის შესახებ მომდევნო თვეების განმავლობაში?

პანდემიის გარეშე, CO2-ის საერთო რაოდენობა ატმოსფეროში გაიზრდებოდა 0.68%-ით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა პანდემიის გამო, ზრდა 0.6%-ითაა მოსალოდნელი.

მაუნა ლოას გაზომვებმა აჩვენა, რომ CO2 აგრძელებს ზრდას. აპრილის მონაცემებმა ახალი რეკორდი დაამყარა ყოველთვიურ გამოთვლებში 416.3‰-ით, რაც ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა უკანასკნელი ორ მილიონი წლის განმავლობაში.

CO2  მაუნა ლოას მიხედვით, მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს მაისში 417.1‰-ით (პლიუს მინუს 0.6) და შემდეგ დაიკლებს მომავალი ოთხი თვის განმავლობაში ჩრდილოეთის ეკოსისტემის გამწვანებასთან და ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან შთანთქმასთან ერთად. მაქსიმუმი დაფიქსირება სექტემბერში, როდესაც CO2-ის  კონცენტრაცია კვლავ აიწევს ჩრდილოეთი ეკოსისტემისგან ნახშიროჟანგის ატმოსფეროში გამოყოფის პარალელურად შემოდგომასა და ზამთარში.

ახალი პროგნოზით CO2-ის საშუალო რაოდენობა მაისში 0.4‰ მცირე იქნება, ვიდრე კოვიდ- 19-ის ემისიის ცვლილების გავლენის გარეშე იქნებოდა. თუ გლობალური ემისიები 8%-ით დაიკლებს წლის განმავლობაში, ყოველწლიური თვიური მინიმუმი დაფიქსირდება სექტემბერში და იქნება 410.6‰.

ეს გამოსახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რომელიც გვიჩვენებს ატმოსფერული CO2-ის თვიურ და წლიურ კონეცენტრაციას 2018 წლიდან მოყოლებული. ცხრილი გვიჩვენებს CO2-ის სეზონურ ციკლს (წვრილი შავი ხაზი), ასევე თავდაპირველ (წითელ) და ახალ (ლურჯ) პროგნოზს 2020 წლისთვის.

CO2 კონცენტრაცია Mauna Loa-ში, რაც გვიჩვენებს როგორც წლიურ, ასევე ყოველთვიურ მნიშვნელობებს, რომელიც ასახავს გლობალური CO2-ის ემისიის შესაძლო 8%-ით შემცირების გავლენას კონცენტრაციების სავარაუდო ზრდაზე.

მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ მაისის შემდეგ CO2-ის კონცეტრაციის კლება არ იქნება Covid-19-ის ეკონომიკური  ზემოქმედების გამო, ეს უბრალოდ იქნება ბიოსფეროს ნორმალური სეზონური ციკლი.

სექტემბრის შემდეგ CO2,  როგორც ჩვეულებრივ, გაიზრდება, თუმცა არ მიაღწევს ისეთ მაღალ ნიშნულს როგორსაც Covid-19-ის არარსებობის შემთხვევაში მიაღწევდა. ამ სცენარით, CO2-ის კონცენტრაცია დეკემბრისთვის დაახლოებით 0.4 პრომილით ნაკლები იქნება, ვიდრე Covid-19 ის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული სცენარი ანელებს CO2-ის ზრდას, ჩვენ არ ველით, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს კლიმატზე.

ემისიების შემცირების მინიმალური გავლენა CO2-ის პროგნოზზე აჩვენებს, რომ CO2-ის ემისია და CO2 კონცენტრაცია არ არის ერთი და იგივე. ემისიები არის CO2-ის ოდენობა, რომელიც ატმოსფეროში გადადის ადამიანის საქმიანობით, მათ შორის წიაღისეული საწვავის წვით და სხვა. კონცენტრაცია ნიშნავს ატმოსფეროში მის რაოდენობას.

ემისიების შემცირება არ ამცირებს კონცენტრაციებს, ეს მხოლოდ ანელებს ზრდის ტემპს. იმისათვის, რომ ატმოსფეროში CO2 შემცირდეს ადამიანის მიერ გამოწვეული ემისია მოკლევადიან პერიოდში უნდა შემცირდეს დაახლოებით 50%-ით. ემისიების შემცირება გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო დიდი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ CO2-ის ზრდა ოდნავ ნელი იქნება, ვიდრე ადრე მოსალოდნელი იყო, გლობალური დათბობის არსებითად შენელებისთვის საკმარისი არ იქნება.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ ნახშირორჟანგი ატმოსფეროში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

პანდემიის პერიოდში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცირების შესახებ.

Carbon Brief არის დიდი ბრიტანეთში დაფუძნებული ვებგვერდი, რომელიც მოიცავს კლიმატის მეცნიერების, კლიმატის პოლიტიკისა და ენერგეტიკის პოლიტიკის უახლეს საკითხებს.

სტატიაში შემოგთავაზეთ ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანალიზი: რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის პანდემია ატმოსფერულ CO2?.

 

დისტანციური „ლაბორატორიული სამუშაო“ ფიზიკაში –   გამტარის წინაღობა

0

პანდემიამ მე და ჩემი კოლეგები ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.

როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს დისტანციურად ფიზიკის ახალი მასალა?

პანდემიის პირობებში  სასწავლო პროცესის მეტ-ნაკლებად გამართულად მართვისთვის აუცილებელი გახდა მასწავლებლის მხრიდან ახალი მასალის ახსნა პრეზენტაციებისა და  ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით. ნებისმიერი გაკვეთილისთვის გონებაში იწერებოდა ახალ-ახალი სცენარი – ახლა ამას გავაკეთებ; ახლა ამ ვიდეოს ვაჩვენებ; ახლა ასე ავუხსნი.  ყოველი გაკვეთილისთვის  წინასწარ ვქმნიდი სასწავლო რესურსს,  ტესტებსა თუ „ლაბორატორიული სამუშაოებს“.

შემოგთავაზებთ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს „გამტარის წინაღობა“ გამტარის წინაღობა

 

მოსწავლეებს ახალი მასალა მივაწოდე პრეზენტაციის სახით და ვთხოვე, შეევსოთ სამი განსხვავებული ცხრილი სიმულაციის გამოყენებით ცხრილი სიმულაცია

  1. გავარკვიოთ, როგორ არის წინაღობა დამოკიდებული ნივთიერების გვარობაზე, ანუ კუთრ წინაღობაზე.

ინსტრუქცია:

  1. შევიდეთ https://phet.colorado.edu/en/simulation/resistance-in-a-wire-ში;
  2. ვცვალოთ კუთრი წინაღობა, ავიღოთ სამი ანათვალი;
  3. გამტარის სიგრძე და განივკვეთის ფართობი უცვლელად დავტოვოთ;
  4. შევავსოთ ცხრილი;
  5. შევადაროთ გამოთვლილი წინაღობები ერთმანეთს;
  6. გამოვიტანოთ დასკვნა.

  1. გავარკვიოთ როგორ არის წინაღობა დამოკიდებული გამტარის სიგრძეზე

ინსტრუქცია:

  1. შევიდეთ https://phet.colorado.edu/en/simulation/resistance-in-a-wire-ში;
  2. ვცვალოთ გამტარის სიგრძე, ავიღოთ სამი ანათვალი;
  3. კუთრი წინაღობა და განივკვეთის ფართობი უცვლელად დავტოვოთ;
  4. შევავსოთ ცხრილი;
  5. შევადაროთ გამოთვლილი წინაღობები ერთმანეთს;
  6. გამოვიტანოთ დასკვნა.

  1. გავარკვიოთ როგორ არის წინაღობა დამოკიდებული განივკვეთის ფართობზე.

ინსტრუქცია:

  1. შევიდეთ https://phet.colorado.edu/en/simulation/resistance-in-a-wire-ში;
  2. ვცვალოთ გამტარის განვკვეთის ფართობი, ავიღოთ სამი ანათვალი;
  3. კუთრი წინაღობა და გამტარის სიგრძე უცვლელად დავტოვოთ;
  4. შევავსოთ ცხრილი;
  5. შევადაროთ გამოთვლილი წინაღობები ერთმანეთს;
  6. გამოვიტანოთ დასკვნა.

 

მოსწავლეებს მეორე  ჩართვაზე მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები:

  1. როგორ გამოვთვალოთ მოცემული ნივთიერების გამტარის წინაღობა?
  2. რა სიდიდეებზე არის დამოკიდებული გამტარის წინაღობა?
  3. რა მეთოდით შეგვიძლია განვსაზღვროთ გამტარის წინაღობა?

ამის შემდეგ მოსწავლეები გავანაწილე ჯგუფებად და მივეცი დამოუკიდებელი სამუშაო.

მოსწავლეებს გადავეცი მოცემული სამუშაოსთვის შესასრულებლად საჭირო

  1. ელექტრული წრედის სქემა

  1. გამტარის განივკვეთისა და წინაღობის გამოსათვლელი ფორმულები

  1. ინსტრუქცია:

 

  • მოცემულია 4 სახის მავთული: ნიკელინი, ნიქრომი, ვოლფრამი, თითბერი. ცხრილიდან მოძებნეთ მათი კუთრი წინაღობები და გამოთვლების შესასრულებლად განკუთვნილ ცხრილში

 

  • დაითვალეთ გამტარის განივკვეთის ფართობი d=0.1 მმ და მიღებული შედეგი შეიტანეთ გამოთვლების შესასრულებლად განკუთვნილი ცხრილში;

  • გამოთვალეთ თითოეული გამტარის წინაღობა და მიღებული შედეგები შეიტანეთ ცხრილში;
  • იმსჯელეთ მიღებულ შედეგებზე და წარმოადგინეთ ანგარიში წერილობით.

დანართი.  გამოთვლების შესასრულებელი  ცხრილი

მოსწავლეებს გავუზიარე ელექტრონული წიგნი „გამტარის წინაღობა“ ელექტრონული წიგნი

და შევთავაზე, წარმოედგინათ ანგარიშები https://read.bookcreator.com-ის დახმარებით.

 

 

 

ელექტრონული რესურსები მათემატიკის გაკვეთილზე

0

გაკვეთილზე ისტ-ის მეშვეობით შექმნილი ელექტრონული რესურსის გამოყენება ხელს უწყობს ესგ-ით დადგენილი სასწავლო მიზნების მიღწევას. ისტ-ი იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ერთი მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი მხოლოდ მის საკლასო სივრცეში არ დარჩეს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს, რომელიც შეიქმნა მათემატიკური კომპიუტერული პროგრამით ,,GeoGebra“ თემაზე ,,მრავალწახნაგები.

რესურსის ბმულები: პირამიდა ; პრიზმა;  დახრილი ხუთკუთხა პრიზმა;

კუბიმრავალწახნაგები;  დახრილი პრიზმა;

არამრავალწახნაგა1არამრავალწახნაგა2.

რესურსი საკმაოდ კომპლექსურია. ის კარგი საშუალებაა შემდეგი სასწავლო მიზნების მისაღწევად:

  • მრავალწახნაგების განსაზღვრება და მათი თვისებების ჩამოყალიბება;
  • მრავალწახნაგათა კლასიფიკაცია (მართი, დახრილი, წესიერი პრიზმა და პირამიდა);
  • მრავალწახნაგათა ელემენტებს შორის მიმართების დადგენა;
  • მრავალწახნაგათა შლილების წარმოდგენა და მათი დაკავშირება ზედაპირის ფართობთან.

კავშირი ესგ-თან:

 მათ.დაწყ. (II).5. ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა, ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა;

 მათ. საბ. 2. მსჯელობის ხაზის განვითარება; განზოგადებით ან დედუქციით მიღებული დასკვნების დასაბუთება;

 მათ. საბ. 5. გრაფიკულად მოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა; მათემატიკური ობიექტის გრაფიკული ხერხით (გრაფიკების, დიაგრამების და ნახაზების სახით) წარმოდგენა.

პირამიდა ; პრიზმა; კუბი; დახრილი ხუთკუთხა პრიზმა – ეს რესურსები იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა 3D ფორმატში დაათვალიერონ სივრცითი ფიგურები და მათი შლილები. რესურსებს აქვთ, ე.წ. სრიალები, რომელთა მეშვეობით ხდება მრავალწახნაგათა შლილის წარმოდგენა, მათი სიმაღლის ცვლა და მრავალწახნაგას ფუძის მრავალკუთხედის მოდიფიცირება. (სრიალის მართვა ხდება მაუსის მეშვეობით). თუ რესურსში წარმოდგენილი მოდელის ფუძის მრავალკუთხედს ჩავთვლით n-კუთხედად, მაშინ ერთ-ერთი სრიალის მეშვეობით შესაძლებელია n-ს მივცეთ ნატურალური მნიშვნელობები 3-დან 9-მდე პრიზმისათვის (პირამიდისთვის 3-დან   6-მდე). შესაბამისად, რესურსით შესაძლებელია სამკუთხა, ოთხკუთხა და ა.შ. პრიზმისა და პირამიდის დათვალიერება 3D ფორმატში. სხვა სრიალები საშუალებას გვაძლევენ, დავინახოთ თითოეული სივრცითი ფიგურის შლილი, ასევე ვცვალოთ მათი სიმაღლეები. ამ რესურსში წარმოდგენილია ფიგურები, რომლებიც არ არიან მრავალწახნაგები (არამრავალწახნაგა1არამრავალწახნაგა2; ); ეს სივრცითი ფიგურები ჰგვანან მრავალწახნაგებს. მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ არ არიან ისინი მრავალწახნაგები. ვფიქრობ ,,არამრავალწახნაგების“ განხილვა მოსწავლეებს დაეხმარებათ მრავალწახნაგების ცნების უკეთ გაგებაში.

გაკვეთილზე რესურსის გამოყენებისათვის საჭიროა ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერი და პროექტორი. თუ კომპიუტერში ჩაწერილია პროგრამა ,,GeoGebra“, მაშინ ინტერნეტი არ არის აუცილებელი.

გამოცდილება მიჩვენებს, რომ ელექტრონული რესურსების გამოყენება ზრდის გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას. ეს რესურსი გასულ სასწავლო წელს მეცხრეკლასელთათვის შევქმენი. გაკვეთილზე მისმა შეტანამ გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება, რამაც განაპირობა ის, რომ თითქმის მთელი კლასი 45 წუთის განმავლობაში ინტენსიურად იყო ჩართული საგაკვეთილო აქტივობებში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემთვის დიდი სტიმულია მეცხრეკლასელი რეზის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ამ რესურსით გაკვეთილის ჩატარებისას – ,,მაგარია, მასწ“. ეს სიტყვები მაძლევს მოტივაციას, რომ კვლავ შევქმნა ისეთი რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს არა მარტო გაუადვილებს საკითხის გაგება/გააზრებას, არამედ მათ მოწონებასაც დაიმსახურებს. ეს ყველაფერი კი მათ სწავლისადმი დადებითად განაწყობს.

 

 

დევნილი ქრისტიანები

0

უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობა უდიდესი პრივილეგიაა. სტუდენტთა მრავალრიცხოვან ჯგუფებთან ურთიერთობა ადამიანს უამრავი სოციალური პროცესისასთვის თვალის მიდევნების შესაძლებლობას აძლევს. მონდომებით ვაკვირდები ხოლმე, როგორ იცვლება ჩემზე უმცროსი ადამიანების პოლიტიკური კულტურა, დამოკიდებულებები საზოგადოებრივი მოვლენებისა თუ ინსტიტუტების მიმართ. ყოველთვის გულისყურით ვუსმენ მათ განსხვავებულ არგუმენტებსა და მოსაზრებებს. ცხადია, აკადემიური ეთიკის ფარგლებში ვცდილობ გამოვეხმაურო ჩემი კოლეგების შეკითხვებსა და დისკუსიებს.

ბოლო ათწლეულია უფროსკლასელთა და უმცროსკურსელთა შორის ქრისტიანობა ნელ-ნელა ავტორიტეტს კარგავს. ახალგაზრდები უფრო მეტად გატაცებულნი არიან შორეული აღმოსავლეთის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებებით, ტრანსფსიქოლოგიის საკითხებით ან თავმომწონედ აცხადებენ, რომ აგნოსტიკოსები არიან. მე უპირობოდ პატივს ვცემ მათ მოსაზრებებს, არჩევანს, რწმენის თავისუფლებას. უბრალოდ, ყველას ვეუბნები, რომ სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად, სამყაროს ისტორიის განმსაზღვრელი რელიგიების შესახებ მომავალმა დიპლომატებმა, სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა ბევრი რამ უნდა იცოდნენ. სტუდენტთა ნაწილი დიდი ტანჯვითა და წამებით სწავლობს ქრისტიანობის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.

რა განაპირობებს ახალგაზრდების ამგვარ დამოკიდებულებას უძველესი რწმენის მიმართ?

სტუდენტთა გულის აცრუება ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ისინი ამბობენ, რომ მათი თაობისთვის ეკლესია პრივილეგიებთან, ადამიანების მოტყუებასთან, შრომის გარეშე მიღებულ სიმდიდრესთან, მსჯელობის მცდელობების მიმართ გამოვლენილ აგრესიასთან, ნაკლებ დამაჯერებლობასა და მოკრძალებულ განათლებასთან ასოცირდება. ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ გამონაკლისი შემთხვევები, რიგით სასულიერო პირთა თავგანწირვა საერთო სურათს ვერ ცვლის.  მათი პასუხების მოსმენისას  ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მეუფლება. ერთი მხრივ, მიხარია, რომ ჩემი და უმცროსი თაობის უკმაყოფილება ერთნაირი მიზეზებით არის განპირობებული. მეორე მხრივ კი, გული მისკდება, რომ ათასწლეულის დასაწყისში დაბადებულთა თვალსაზრისით ქრისტიანობა მხოლოდ ოქრო-ვერცხლთან, სარკოფაგებთან და გაუგებარ იერარქიასთან არის დაკავშირებული. ასეთი სევდიანი ფიქრების შემოტევის დროს, ყოველთვის კოპტები მახსენდებიან.

კოპტები ეგვიპტეში მცხოვრები ეთნორელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი პირამიდების მშენებელი ცივილიზაციის პირდაპირი მემკვიდრეები არიან. სხვადასხვა მონაცემებით მათი რაოდენობა 5-დან 15 მილიონამდე მერყეობს. კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენდნენ.

წარსულში კოპტებს თავიანთი ენა ჰქონდათ. ამჟამად, მათი ენა ფაქტობრივად მოკვდა და მხოლოდ საკრალური რიტუალების აღსრულების დროს გამოიყენება. ისინი სხვა ჩრდილოეთ აფრიკელების მსგავსად არაბულად ლაპარაკობენ. საუკუნეთა განმავლობაში კოპტებმა ბევრი რამ დაკარგეს, მაგრამ სისხლის ფასად შეინარჩუნეს ქრისტიანობის განსაკუთრებული ფორმა. სახარების მიმდევარი ეგვიპტელები მონოფიციტები არიან, ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებენ და თავიანთი დამოკიდებელი, სრულიად უნიკალური ეკლესია აქვთ.

დავუფიქრდეთ მშრალი მონაცემების მიღმა არსებულ ისტორიას. კოპტები ათასწლეულის განმავლობაში ყოველთვის გარიყულები იყვნენ და ყოველთვის გრძნობდნენ ჩაგვრის საფრთხეს. ისინი ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აღმოჩნდნენ უმცირესობაში, როდესაც მთელ დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს განუდგნენ და ქალკედონიის კრებაზე მონოფიზიტობა აირჩიეს. შედეგად, ისინი თავიანთი რწმენის გამო მაშინდელ სამყაროში დიდი იმპერიის, ძლიერი მფარველის გარეშე დარჩნენ.

მეშვიდე საუკუნეში ეგვიპტე არაბებმა დაიპყრეს. მეთორმეტე საუკუნემდე გრძელდებოდა ძალადობა, მოსყიდვა, დევნა, ქადაგება, რათა ქვეყანაში ქრისტიანები უმცირესობაში აღმოჩენილიყვნენ. საბოლოოდ, აფრიკულმა სახელმწიფომაც ახლო აღმოსავლეთის ბედი გაიზიარა, ეგვიპტელები ისლამის მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ. არაბების მმართველობის შემდეგ ეგვიპტეს სხვა მუსლიმი ლიდერები ედგნენ სათავეში, კოპტებს ცხოვრება მოუწიათ ოსმალეთის იმპერიაშიც. დესპოტები მათ არასდროს აღიქვამდნენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად და ყოველთვის ესწრაფვოდნენ უცხო ელემენტად მიჩნეული მოსახლეობის დასუსტებას. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ნილოსის ნაპირებზე მცხოვრებმა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უწყვეტი ტკივილის ფასად მაინც შეინარჩუნა თავისი უძველესი და გამორჩეული სარწმუნოება.

თითქოს თანამედროვე ეპოქაში, ეგვიპტის სეკულარიზაციის კვალდაკვალ, სამხედრო ელიტების გავლენის პარალელურად კოპტების მხრებზე დადგმული უღელი უნდა შემსუბუქებულიყო. თუმცა, ბედის ბორბალი კვლავ უკუღმა დატრიალდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელ მსოფლიოში ფუნდამენტალიზმის მარცვალი იწყებს გაღვივებას, რადიკალები იწყებენ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვებას. წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტთა მთავარი სამიზნე სწორედ ეგვიპტელი ქრისტიანები გახდნენ.

კოპტების დევნა განსაკუთრებით „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ გააქტიურდა. ხელისუფლებაში მოსულმა „მუსლიმმა ძმებმა“ ქვეყნის მართვა შარიათის კანონების მიხედვით გადაწყვიტეს. მუჰამედ მურსის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა რამდენიმეჯერ დაცხრილეს ეკლესიის გადაწვის გამო ქუჩაში გამოსულ კოპთა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია. „მუსლიმი ძმების“ მმართველობის დროს ეგვიპტეში კოპტთა ათეულობით ტაძარი, საცხოვრებელი სახლი, მაღაზია, აფთიაქი თუ სასწავლებელი მისცეს ცეცხლს ან დაანგრიეს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა კოპტ ქრისტიანებზე 2016 წელს მოხდა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ კაიროში, პეტრესა და პავლეს ტაძარში ბომბი შეაგდო, რომელიც 12 კილოგრამზე მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.

კოპტები თავიანთი მოწამეობრივი მაგალითით გვიმტკიცებენ, რომ სრა-სასახლეებისა და ბრილიანტების გარეშე მოქმედი ქრისტიანობაც არსებობს, რომლისთვისაც ადამიანები სიცოცხლეს წირავენ. საუბედუროდ, ეგვიპტელი ქრისტიანების დევნისა და ჩაგვრის ისტორია საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების სათანადო ყურადღებას ვერ იმსახურებს. ისინი მარტონი იხოცებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობის რწმენა-წარმოდგენებს არ იზიარებენ.

კულტურა და ღირებულებები

0

ბიპოლარული სამყაროს რღვევის შემდგომ კულტურის პრობლემების კვლევამ მთელ მსოფლიოში ინტენსიური ხასიათი მიიღო. მიიჩნევენ, რომ საზოგადოების სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევის ვექტორი კულტუროლოგიური ანალიზისკენ გადაიხარა. საბჭოთა სამეცნიერო სივრცეში კულტურისდმი აქსიოლოგიური მიდგომის დაფუძნება ნიკო ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების სახელს უკავშირდება (აქსიოლოგია – ფილოსოფიური მოძღვრება ღირებულებებზე. ღირებულებებში იგულისხმება იდეები, იდეალები, შეხედულებები, პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანის ცხოვრების წესს).

ნიკო ჭავჭავაძის შრომები ეყრდნობა ქართული ფილოსოფიური აზროვნების, სკოლის შემქმნელების განსხვავებული ხასიათისა და სფეროთა გამოკვლევებს და აერთიანებს მათ (შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, ა. ბაქრაძე და ა.შ.).

 

ცნობილია, რომ თანამედროვე სოციალური რეალობა, ხასიათდება რა გლობალური პრობლემების გამწვავებით (ეკოლოგიური, დემოგრაფიული, ენერგეტიკული თუ სავაჭრო კრიზისებით), სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის თანამდევი უარყოფითი სოციალური შედეგების ზრდით, სულ უფრო მკვეთრად აყენებს კაცობრიობისა და ფილოსოფიის წინაშე შემაშფოთებელ საკითხს თვითონ ადამიანის ბედისა, მისი კულტურისა და ღირებულებებისა. არცაა გასაკვირი, რომ ფილოსოფიაც, უპირველესად, ამ პრობლემით ინტერესდება. ადამიანის, კულტურისა და ღირებულებათა პრობლემები რეალურია თანამედროვე კაცობრიობის ყოფიერებაში. ამიტომ აყენებს მათ ყველაზე აქტუალურად თავის წინაშე ფილოსოფიაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეპოქის თვითშემეცნება, ადამიანურ ყოფიერებაში წვდომა და კულტურის შესწავლა-განსაზღვრა.

აღიარებულია, რომ ადამიანს შეისწავლის უამრავი სამეცნიერო დისციპლინა, მაგრამ ვერცერთი მათგანი ან ყველა ერთად, ვერ პასუხობს შეკითხვას: ,,რა არის ადამიანობა?” ეს მეცნიერებები შეისწავლის ადამიანს სხვადასხვა მხრივ, მაგრამ ეს უკანასკნელი ხომ მისი თვისობრივი მახასიათებლების ჯამზე მეტია. ამიტომ ამ ცოდნის ერთობლიობა ვერ ამჟღავნებს ადამიანის საიდუმლოს. ამისთვის ადამიანურობის არსის წვდომაა საჭირო. ადამიანის არსის, მისი სამყაროში განსაკუთრებული ადგილის შემსწავლელი მეცნიერება ფილოსოფიის ანთროპოლოგიაა – ,,философское учение о человеке, получившее широкое развитие в последние годы, рассматривается как философская дисциплина, отвечаюшая на вопрос ,,что такое человек?”, синтезируюшая обэъективно-научное и ценностное видение человека и мира”.

ნიკო ჭავჭავაძის ფილოსოფიური მიდგომის თავისებურებაა, რომ იგი ცდილობს მჭიდროდ, ორგანულად დააკავშიროს ის კულტურისა და ღირებულებათა პრობლემასთან და, მათი საშუალებით, ჩვენთან მიმდინარე რეალურ, სოციალურ და იდეურ პროცესებთან. ამ პრობლემათა შინაგანი კავშირის გამოხატულებაა უპირველესად ის, რომ ადამიანი უნდა აღვიქვათ მისი შექმნილი კულტურის მიხედვით, რადგან ეს უკანასკნელი ცხადყოფს მასშივე ჩამოყალიბებულ და განხორციელებულ ღირებულებებს. ღირებულებები გამოხატულებაა ადამიანის კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის მიზნისა და საშუალებებისა, ხოლო კულტურა – ადამიანისა და სამყაროს მის მიერ გარდაქმნისა, გარკვეული ღირებულებების შემეცნებით, მათთან შესატყვისობით – ,,Филоосфская антропология должна быть аксиологической у культуро-философской, а философия культуры – гуманической и аксиологической”.

ღირებულება ადამიანის სამყაროში მისი კულტურული მოღვაწეობის ველზეა. შექმნა საკუთარი თავი და ახალი ,,მეორე ბუნება”, იგივეა, რაც შექმნა საკუთარი თავი და სამყარო. აი, ამ დროს იქმნება ადამიანური ღირებულებები (რაიმე მიიჩნევა ქმედების მიზნად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აღიქმება ღირებულად, ადამიანის ამა თუ იმ მოთხოვნის დამაკმაყოფილებლად ან თუ მას შეუძლია ადამიანური ცხოვრება შინაარსიანი, ღირებული გახადოს).

ღირებულებათა ფარდობითობის (,,ალუდა ქეთელაურში“, თუნდაც) გაგებისას სუბიექტივიზმი გამორიცხულია. ღირებულება განისაზღვრება ადამიანური (სუბიექტების) მოთხოვნილებებითა და ინტერესებით. მაგრამ ეს მოთხოვნილება-ინტერესები (და მათთან შესატყვისი ღირებულებათა იერარქია) სხვადასხვა ადამიანისა და ჯგუფების განსხვავებულია. ერთნი, შეიძლება, არც დაეთანხმონ იმას, რასაც მეორენი ღირებულებად თვლიან. ვინაა მართალი და ვინ – მტყუანი, ამის გარკვევა შორს წაგვიყვანდა. კიდევ ერთიც – სადაც ყველაფერი ღირებულია, იქ არც არაფერია ღირებული.

თუმცა, ეს ფარდობითობა ან ნიშნავს, რომ ღირებულია მხოლოდ ის სიკეთეები, რომლებიც პასუხობს ადამიანთა და კონკრეტულ-ისტორიული სოციალური ჯგუფების მოთხოვნილებებს, ინტერესებს, რომ არაა უპირობო, ზეღირებულება – მიზნები, რომლებიც დგას ადამიანის წინაშე და როგორც კატეგორიული მოთხოვნილება, წარმოადგენს საზომს ყველა სხვა ღირებულებისა. კი, შეიძლება, ყურადღების გამახვილება იმაზეც, რომ ადამიანი განვითარების მხრივ არც ისე შორსაა წასული თავისი ცხოველური ინსტინქტებიდან. იგი, შეიძლება, აღაშფოთოს იმანაც, რომ მასში ისევ ცოცხლობს ცხოველური საწყისი, რომელიც კრიტიკულად განგვაწყობს ადამიანური კულტურის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. მაგრამ, შეუძლებელია, არ დავინახოთ ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის ისტორიასა და კულტურაში ჭეშმარიტი, იდეალური ღირებულებები, ზეშთაგონებული ბუნებრივი მატერიით, მაღალკულტურული მიღწევები. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ აბსოლუტური, უპირობო ღირებულებათა თუნდაც მარცვლების აღმოსაცენებლად, რეალიზაციისათვის იბრძოდა და იბრძოლებს კაცობრიობა.

კულტურა ესაა პროდუქტი შემოქმედებითი, გარდამქმნელი თუ თვითგარდამქმნელი ადამიანური მოღვაწეობისა და ღირებულებათა (ადამიანის მატერიალურ-სულიერი მოღვაწეობის საშუალებების) განხორციელება.

კულტურისა და ღირებულებების სფეროთა დაკავშირება მთლად ადვილი არაა. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ჯერ არც ჩამოყალიბებულან დამოუკიდებელ ფილოსოფიურ დისციპლინად და მათი ფილოსოფიის სფეროში არსებობის კანონზომიერებებიც ხშირად განსჯის საგანია. ზემოთქმული კავშირის სიმყიფის ბრალია, რომ არასაკმარისადაა შემუშავებულ-შესწავლილი ღირებულებათა თეორიისა და კულტურის ფილოსოფიის პრობლემები. თუმცა, კავშირიც ამ დისციპლინებს შორის იმდენად მჭიდროა, რომ მათი ცალ-ცალკე გადაჭრა კრახისთვისაა განწირული.

კულტურა, ეს იმ ყველაფრის ერთიანობაა, რომელშიც განხორციელებულია, რეალიზებულია ღირებულებები, რომლებსაც აღიარებენ ადამიანები (ერთი ჯგუფი, კლასი, ერი…). ხოლო ღირებულება – ყველაფერი ის, რისკენაც მიისწაფვიან ადამიანები, როგორც მიზნისკენ, ან განიხილავენ მას, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას.

რაც შეეხება ღირებულებათა გაგებას: განსაკუთრებული სპეციფიკა აზროვნების საშუალებით სამყაროს გათავისებისა, ისეთისა, როგორიც ის არის თავის ობიექტურ ყოფიერებაში, ჩვენი განცდების, მოთხოვნილებებისა და ინტერესებისაგან დამოუკიდებლად, ისაა, რომ განსჯის საგანი არსებობს რაღაცა დამოუკიდებლის სახით (ეს ხდება მანამ, სანამ ჩვენ მას მხოლოდ თეორიულად აღიქვამთ). სამყაროს აღქმის ეს ხერხი მეცნიერებისთვისაა დამახასიათებელი – განხილვა სამყაროსი, როგორც კანონზომიერად დაკავშირებული ფაქტების, საგნებისა და მოვლენებისა ერთ დროსა და სივრცეში.

მსგავსი ხერხით შეიძლება შეიმეცნო არა მარტო გარე სამყარო, თვითონ ადამიანიც, მისი კავშირი ამ სამყაროსთან, რადგან ადამიანიც ერთ-ერთი ფაქტთაგანია. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ის არა უბრალოდ ერთი მარცვალია ფაქტების ჯაჭვში, არამედ ახლის – სოციალურისა და კულტურულის – შემოქმედიცაა, მას საქმე აქვს არა მხოლოდ ფაქტებთან, მათგან სრულიად განსხვავებულ თვისობრიობებთანაც. ადამიანი არა მარტო ობიექტურადაა დაკავშირებული გარე მოვლენებთან, არამედ ის სუბიექტიცაა, მათი თავისი მიზნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად გარდამქმნელი. ეს უკვე სულ სხვა გზაა სამყაროს გათავისებისა. ამ დროს სამყარო აღიქმება არა როგორც ნეიტრალური, ობიექტური რეალობა, არამედ სწორედ მის სუბიექტურ მისწრაფებებთან მიმართებით. ამ ჭრილში გარე მოვლენები განიხილება უკვე როგორც საჭირო და გამოუყენებელი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ან ღირებული, ან არაღირებული მიზანსწრაფვები. ეს უკვე შემფასებელი, ფასეულობითი შემეცნებაა და ეს უკანასკნელი დაკავშირებულია სამყაროსადმი სუბიექტურ-შემოქმედებით მიმართებასათან, მის პრაქტიკულად გარდაქმნასთან.

ღირებულება ყოველთვის მნიშვნლოვანია ვინმესთვის ან რაიმესთვის და, აშკარაა, რომ ეს საგანთა ბუნებრივ-რეალური თვისება არაა. ეს ჩანს იქიდან, რომ თუკი თვისების არსებობა დამოკიდებულია მისი მატარებელი საგნის არსებობაზე, ღირებულების არსებობა არ განისაზღვრება მისი მატარებლის ფაქტობრივი არსებობა-არარსებობით. მაგალითად, აბსოლუტური სამართლიანობის იდეა, როგორც ღირებულება, სულ არ კნინდება იმით, რომ ის დღემდე არაა რეალიზებული სამყაროში. ოცნების ღირებულება აღემატება ხოლმე მატერიალური ღირებულებების ფასეულობას და ა.შ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღირებულება სულაც არაა დამოკიდებული მისი მატარებლის ბუნებრივ თვისებებზე და ის სრულიად ინდიფერენტულია რეალობისადმი. სპეციფიკური ღირებულება ნებისმიერი საგნისა ემყარება მისთვის ჩვეულ განსაკუთრებულობას.

ღირებულება მოითხოვს მის სრულ რეალიზაციას. ეს არის თავსმოხვეული ამოცანა, რომლის ამოხსნა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

 

 

 

 

შავი წიგნი

0

1998 წლის მაისი იყო. ისეთი დღე, ცაზე ღრუბლებს რომ უნდა აყოლებდე თვალს. მე კი, გალაკტიონის ძეგლის წინ ჩამომჯდარი, სახეზე ხელებაფარებული, ჩუმად ვტიროდი და დიდ შეცდომას ვერ ვხედავდი – სულ ტყუილად მჯეროდა, რომ ამაზე მეტად ვერასდროს დავიტანჯებოდი, რომ ტკივილი კიდევ უფრო აუტანელი, კიდევ უფრო გაუსაძლისი ვეღარ გახდებოდა.

ჩემ წინ, მაგიდაზე, ჯულიან ბარნსის წიგნი დევს, ერთიანად შავი, შეუჩვეველი თვალისთვის შემზარავი სათაურით: „სიკვდილი“. გასამხნევებლად, გულის გადასაყოლებლად უკეთესს ვერაფერს მონახავთ. და ის დროა, კიდევ ერთხელ გადავშალო. მხოლოდ ჩემთვის არა – გაზეთის მკითხველებისთვისაც. განსაკუთრებით – მშიშარა მკითხველებისთვის.

ფრენის გეშინიათ? ჯულიან ბარნსს ახალგაზრდობისას ეშინოდა. „თვითმფრინავში წასაკითხად ისეთ წიგნს ვირჩევდი ხოლმე, ავიაკატასტროფისთვის შესაფერისად რომ მიმაჩნდა – ჩემს გვამს რომ მოუხდებოდა, თუ ერთად გვიპოვიდნენ. მახსოვს, ერთხელ „ბუვარი და პეკიუშე“ წავიღე პარიზიდან ლონდონში. თავი დავირწმუნე, რომ გარდაუვალი ავიაკატასტროფის შემდეგ: ა) დარჩებოდა სხეული, რომლის ამოცნობაც შესაძლებელი იქნებოდა და მის გვერდით ამ წიგნს იპოვიდნენ; ბ) რომ ფლობერის რბილყდიანი გამოცემა აფეთქებასა და ცეცხლს გაუძლებდა; გ) და როცა იპოვიდნენ, ისევ სასწაულებრივად გადარჩენილ (ალბათ მოგლეჯილ) ჩემს ხელში იდებოდა, გაშეშებული საჩვენებელი თითი კი ყველაზე საყვარელ ადგილზე მიანიშნებდა, რაც შთამომავლობას ყურადღებიდან არ გამორჩებოდა. აბა რა! სხვანაირად როგორ… ფრენის დროს კი ისე ამიტანა შიშმა, რომ გული ვერაფრით დავუდე ამ რომანს, რომლის ირონიული ჭეშმარიტებებიც ნებისმიერ შემთხვევაში დაუსხლტებოდა ახალგაზრდა მკითხველის გონებას“.

ეს ამბავიც ძალიან მომწონს, მწერლის ცხოვრებას რომ ერთ წინადადებაში აქცევს. „მეგობარმა, რომელიც ბიოგრაფიებს წერს, შემომთავაზა, შენს ცხოვრებას ჩავუღრმავდები და მასზე დავწერო. ქმარმა დასცინა, უცებ მორჩები საქმეს, ამისი დღეები ხომ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებაო. თავისი ვერსიაც მოაყოლა: „ადგა, წერა, გავიდა, ღვინო იყიდა, დაბრუნდა, სადილი მოამზადა, ჭამა, დალია“. მაშინვე თავი დავუქნიე – ეგრეა-მეთქი. „მოკლე ცხოვრება“ – რით იქნებოდა სხვა ბიოგრაფიებზე უარესი? განა ისეთივე ტყუილ-მართალი არ იყო აქაც, როგორიც გრძელ-გრძელ ნაწერებშია? ერთხელ ფოლკნერმა თქვა, მწერლის ნეკროლოგი ასეთი უნდა იყოს: წიგნებს წერდა და მერე მოკვდაო“.

ადგა, ივარჯიშა, ყავა დალია, წიგნი იკითხა… ჩემი ცხოვრების წინადადებას ვაწყობ.

შავ წიგნს ვფურცლავ და ახლა ის ამბავი მხვდება თვალში, ჯულიანის ბაბუა – სამოც წელს გადაცილებული – საკითხავს რომ ეძებს შვილიშვილის საძინებლის თაროებზე და ნაბოკოვის „ლოლიტას“ წამოავლებს ხელს. თვალწინ მიდგას დურგლის საქმესა და ბაღში მუშაობას ნაჩვევი მისი ხელები და ის რბილყდიანი გამოცემაო, გვეუბნება ავტორი. სულ ველოდი, რომ ზიზღით მოისროდა, იმან კი, გასაოცარია, ბოლომდე წაიკითხაო. „ინგლისურმა პურიტანიზმმა აიძულა, გზიდან არ გადაეხვია და ბოლომდე მიჰყოლოდა ამერიკული გარყვნილების რუსულ ისტორიას. ნერვიულად ვაკვირდებოდი და ნელ-ნელა ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ჩემი დაწერილი იყო ეს წიგნი, ახლა კი ნიღაბი ჩამომხსნეს, უწლოვანი გოგოების ჩუმად დევნაში მამხილეს. ნეტავ რას იზამდა? ბოლოს წიგნი დამიბრუნა, ერთიანად დატეხილ-დაღარული ყუით, და მითხრა: შეიძლება კარგი ლიტერატურაა, მაგრამ დიდი ბინძური რამე კიაო“.

დასასრულს, ღმერთი. ღმერთი და ბერტრან რასელი. „ათეიზმი არისტოკრატული რამაა“, – აცხადებდა რობესპიერი. მეოცე საუკუნეში ამ იდეის განსახიერება დიდი ბრიტანელი – ბერტრან რასელი იყო, რასაც ხელს უდავოდ უწყობდა მისი არისტოკრატობა. როცა მოხუცდა, გაჩეჩილი ჭაღარა თმით, იმ ბრძენკაცს დაემსგავსა, ღმერთამდე რომ არაფერი უკლია. ჰოდა, შესაბამისადაც ეპყრობოდნენ; „თქვენი კითხვა?“ – თითქოს ბიბისის ამ რადიოგადაცემის მარადიული სტუმარი იყო… ისევ ისეთ ათეისტად კი რჩებოდა და ერთ დღესაც კეთილმოსურნეებმა პროვოკაციულად ჰკითხეს, მთელი ცხოვრება ათეიზმის პროპაგანდას შეალიეთ და რას იზამთ, საბოლოოდ რომ გაირკვეს, თურმე ღრმად შემცდარხართო; ზეცის კარიბჭე რომ არც მეტაფორა იყოს და არც ფანტაზიის ნაყოფი და იმ ღმერთის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის არსებობასაც ყოველთვის უარყოფდითო? „ჰოო, – უპასუხა რასელმა, – მივიდოდი და ვეტყოდი, ჩვენთვის საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოგიდგენიათ-მეთქი“.

მტკიცებულებების ნაკლებობა. იმ წიგნს კი, რომლის ცალკე გამოცემულ ნაწილსაც „სიკვდილი“ წარმოადგენს, ასე ჰქვია: „საშიში არაფერია“.

საშიში არაფერია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...