შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ბავშვებთან სალაპარაკო ბევრი გვაქვს

0

გიკითხავთ ბავშვებისთვის, რა აბედნიერებთ მათ? უამრავ პასუხს მოისმენთ – ახალი ველოსიპედი, კომპიუტერული თამაშები, თავგადასავლები, ახალდამეგობრებულებთან და საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა, ზაფხული და შეუზღუდავი დრო, სასიამოვნო სიახლეები, უცნობი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ა.შ.

 

ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბევრ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება აბედნიერებდეს, მაგრამ არის კიდევ რაღაცები, როცა ასე პირდაპირ არ ან ვერ გვეუბნებიან და მისი გამოცნობა თავად გვიწევს, როცა ვხდებით მათი დამკვირვებელი, მათი პატარა წუხილებისა და სევდების გამომცნობი. ერთი სიტყვით, თუ მათ მოუსმენ, მიხვდები, რა ახარებთ, რა სწყინთ და იმასაც მივხვდებით, ჩვენ რა როლი გვაკისრია.

 

ზაფხულის გრილ ღამეს, როცა ბავშვებს უნდა ეძინოთ, ჩემმა შვილებმა აივანზე „პუფები” გაიტანეს და მთხოვეს, დასაძინებლად არ გამეგზავნა. ზაფხულში მაინც, როდესაც არდადეგებია, გულის გამაწვრილებელი რუტინის დაცვას რა აზრი აქვს, თან პანდემიამ და მისგან გამოვწეულმა ურეჟიმობამ მაინც აგვრია. ჩემს შვილებს უნდოდათ ვარსკვლავებისთვის ეცქირათ. გაიტანეს პლედები აივანზე და ითვლიდნენ კაშკაშა ვარსკვლავებს, არქმევდნენ მათ თავიანთ სახელს და ზოგჯერ იმაზეც ჩხუბობდნენ – არა ეს ვარსკვლავია ჩემი და არა ესო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, კამათს მორჩნენ და მათი სახელობის ვარსკვლავები შეემატა ცის კაბადონს.

 

ნელ-ნელა თხოვნა შემომაპარეს – მეც გავსულიყავი აივანზე და მათთან ერთად მეყურებინა ცისთვის. აღარ გავაწბილე და მათ გვერდით მოვკალათდი ვარსკვლავების საყურებლად. მომახვიეს თბილი პლედი და თბილისიდან სახელდახელოდ წამოღებული სანთელიც აანთეს. ბევრი ვილაპარაკეთ, რაზე აღარ, ხან ვარსკვლავებზე, ხან ჩვენს პლანეტაზე, კარგ და ნათელ დღეებზე, ჩვენს პასუხისმგებლობებზე და უბრალოდ იმ სასიამოვნო განცდაზე, რომელსაც იმწუთას სამივე ვგრძნობდით და ძილი აღარც გვეკარებოდა.

 

მივხვდი, ამ სამყაროში მე ვარ მთავარი” – საუბრის დასასრულს თქვა რვა წლის შვილმა და ბედნიერმა გამომხედა. ზაფხულის გრილი ღამე, ვის არ განაწყობს ფილოსოფიურ თემებზე საფიქრად, თუმცა ამის მოსმენა ჩემთვის მაინც მოულოდნელობა იყო ბავშვისგან, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.

 

ადამიანები იშვიათად ვწვდებით სამყაროსა და პიროვნებას შორის არსებულ კავშირს და ზოგჯერ, ძალიან დიდხანსაც გვიჭირს სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა, საკუთარი თავის დანახვა და შეცნობა იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბავშვებისადმი ის იქნება, თუ უფროსები სწორედ ამ კავშირს აღმოვაჩენინებთ ჩვენს შვილებს, დავეხმაროთ თავიანთი ადგილი იპოვონ სამყაროში, რაღაც ჩასაჭიდი მოძებნონ, მოეჭიდონ და დააშენონ მასზე თავიანთი ცხოვრება.

 

დიდხანს ვიჯექით აივანზე და ვუყურებდით, როგორ ინთებოდნენ და ქრებოდნენ ციცინათელები. გვსიამოვნებდა ცაცხვის სურნელი, რომელიც გრილ სიოს მოჰქონდა. იმ ღამით მითხრეს ჩემმა შვილებმა, რომ ყველაზე ბედნიერები იყვნენ იმ წუთას, რაკი მეც მაქციეს თავიანთი თავგადასავლის თანამოზიარედ. მეც მიხაროდა მათ თავგადასავალში ყოფნა და დაუსრულებლად ვუსმენდი მათ გულამომჯდარ საუბარს.

 

სწორედ ეს მოსმენა – შეუზღუდავი, როცა არც გავრბივართ, არსად მიგვეჩქარება, არსად გვაგვიანდება და შეგვიძლია მათი აზრები ბოლომდე ვისმინოთ, სწორედ ეს სჭირდებათ ყველაზე მეტად მათ. მოსმენა ჯადოსნური ინსტრუმენტია ბავშვების გულებთან დასაკავშირებლად, მათი სიხარულისა თუ სევდების ამოსაცნობად. სკოლაშიც ხომ ყველაზე მეტად ღია გაკვეთილები გვიყვარდა, სადაც ზღვარი იშლებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ის დაძაბულობა, რომელიც სხვა გაკვეთილებზე იყო, ქრებოდა და თავს უფრო ლაღად ვგრძნობდით. საუბარი, ხომ მარტო საუბარი არ არის და საყვარელი ადამიანისთვის ნაფიქრალის გაზიარება თერაპიასავით მოქმედებს, გულიდან დიდ დარდს და სევდებს გვაცილებს. ბავშვებთან კი სალაპარაკო მართლაც ბევრი გვაქვს, ან პირიქით, მათ აქვთ ბევრი მოსაყოლი ჩვენთვის. შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ, მოგვისმინონ. მთავარია, მოვიცალოთ მათთვის, მოვუსმინოთ შეუზღუდავად და შემდეგ, მთლიანად მოგვენდობიან.

 

ახლა, როცა პანდემიის დროს უფრო მეტად გამოგვითავისუფლდა დრო და მეტი დრო გამოჩნდა ჩვენი შვილებისთვის, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ თემებზე, რომლებზეც სასაუბროდაც ვერ მოვიცალეთ, ოღონდ ალბათ ჯობია, ჯერ მოსმენით დავიწყოთ.

 

 

 

 

 

 

ქართული ენის დისტანციური სკოლა, ფესვები სამშობლოსთან

0

2016 წლიდან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმატებით ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით „ქართული ენის დისტანციური სკოლა“, რომელიც გულისხმობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინგაკვეთილების ჩატარებას, სადაც ვირტუალურ სივრცეში მასწავლებელსა და მოსწავლეებს პირისპირ კომუნიკაცია შეუძლიათ.

„ქართული ენის დისტანციური სკოლის’’ პროექტის შესახებ გვესაუბრებიან:

ქ-ნი მარიკა სიხარულიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი.

პროექტი 2013 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაიწყო, თუმცა ხორცი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში 2016 წელს შეესხა.

თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით შეირჩა პირველი ჯგუფი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებით დაკომპლექტდა. ახლა სკოლას 36 ქვეყნიდან 400-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს.

 

 

 

მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩა. მათი შერჩევისას გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების უნარი, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სპეციფიკის ცოდნაც. ამჟამად პროექტს ჰყავს 31 პედაგოგი. მათ კონსულტაციას ქართული ენის სწავლებისა და ტექნოლოგიური მიმართულების გამოცდილი კონსულტანტები, ქ-ნი ნინო შარაშენიძე და ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი უწევენ.

აღსანიშნავია, რომ მადლიერი მშობლებისგან უამრავ წერილსა და გამოხმაურებას ვიღებთ. გვაქვს ბევრი ვიდეომიმართვაც. ძალიან ძნელია, ამ დროს ემოციის შეკავება. მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიან საქართველოში ოჯახებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში თავიანთ მასწავლებლებსა და შეძლებისდაგვარად – ვირტუალურ თანაკლასელებსაც ხვდებიან.

პანდემიისა და კარანტინის პირობებში საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდვის ფონზე, როცა მთელი ძალისხმევა სასკოლო გამოწვევებისკენ გადაიტყორცნა, ჩვენმა პედაგოგებმა გამოიჩინეს უპრეცედენტო კეთილი ნება და არ შეწყვიტეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების სერია.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული ენის დისტანციური სკოლა მომდევნო სემესტრში ახალი შემართებით დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი, ქართული ენის დისტანციური სკოლის  ისტ მიმართულების კონსულტანტი

2016 წელს მივიღე საინტერესო შემოთავაზება, რომ  ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით დავხმარებოდი ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამას. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა. დიდი მონდომებით დავიწყეთ სისტემის აწყობა. შეირჩა პლატფორმა, გაკვეთილები ტარდებოდა Skype for buziness პროგრამის გამოყენებით.  სირთულე ბევრი იყო. მოდელის აწყობა, მასწავლებლების შერჩევა, მათი გადამზადება, პირველი გაკვეთილისთვის მზადება.

პირველი გაკვეთილი. ამაღელვებელი დღე იყო. შევიკრიბეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ვემზადებით პირველი ჩართვისთვის. ჩვენი მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან არიან. გულის ფანცქალით  გაიარა  ოცდახუთმა წუთმა და დასრულდა პირველი წარმატებული გაკვეთილი. დაუვიწყარი ემოცია იყო.

გამოვიდა, მაშ ვაგრძელებთ!

2016 წელს დავიწყეთ 2 მასწავლებლით და 8 მოსწავლით. 2017 წელს მოხდა პროექტის გაფართოება, დაგვემატა 15 მასწავლებელი, ხოლო წლის ბოლოს უკვე 33 მასწავლებელი ატარებდა დისტანციურ გაკვეთილებს პატარა ემიგრანტებთან.

ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით დახმარებას საჭიროებენ, როგორც მასწავლებლები,  ასევე – მშობლები. მუდმივად მზადმყოფნაში ვარ, შევიდე ნებისმიერ გაკვეთილზე და დახმარება გავწიო ტექნიკური პრობლემის მოგვარებისთვის. ასევე ვახორციელებ მოსწავლეების განაწილებას ჯგუფებში, ინსტრუქციების გაგზავნას, სტატისტიკის წარმოებასა და მონიტორინგს.

შეიკრა მასწავლებლების არაჩვეულებრივი გუნდი. თითოეული მათგანი ყოველთვის მზად არის, გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს. ყველა მასწავლებელს შექმნილი აქვს

 

საკუთარი პორტფოლიო Teams-ის აპლიკაციაში, სადაც იტვირთება თითოეული გაკვეთილის პრეზენტაცია და ჩანაწერი. შეიქმნა რესურსების არაჩვეულებრივი საცავი, რომელზეც პროექტის ყველა მასწავლებელს აქვს წვდომა.

2019 წელს გაკვეთილების ჩატარება დავიწყეთ Teams-ის გამოყენებით, რამაც კიდევ უფრო გაგვიმარტივა გაკვეთილების ჩატარების პროცესი, თუმცა სტრუქტურა იგივე დარჩა.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო თითოეული მასწავლებლის მიმართ, რადგან 2020 გლობალური პანდემიის პირობებში, როცა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეიზღუდა, მათ არ შეუწყვეტიათ დისტანციური გაკვეთილების ციკლი და სასწავლო წლის ბოლომდე განაგრძეს მოხალისეობრივი საქმიანობა.

გვჯერა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქართული ენის დისტანციური სკოლა ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ფუნქციონირებას და უამრავი ემიგრანტი შეძლებს რეგისტრაციას ბმულზე:

ქართული ენის დისტანციური სკოლა

 

ქ-ნი ნინო შარაშენიძე, ქართული ენის დისტანციური სკოლის  კონსულტანტი

ხშირად მიფიქრია, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართული ენისთვის უნდა გაკეთდეს? პრობლემა უამრავია, მით უფრო ახლა, ჩვენს ეპოქაში, როცა დიდ ენებსაც კი უჭირთ, სრულყოფილად და დაუბრკოლებლად წარმართონ ენის ფუნქციონირების პროცესი… ქართული მცირერიცხოვანი ერის ენაა, მაგრამ მართლაც უძველესი, უმშვენიერესი და უმდიდრესი ენა… და მაინც, რამ უნდა აცოცხლოს და განავითაროს ეს ენა? ბევრ მთავარ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარია მისი პოპულარიზაცია, ქართული ენის ცოდნის მსურველთა რიცხვის მუდმივი ზრდა… განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისუფლებამ ბევრი ემიგრანტი და შერეული ოჯახები წარმოშვა… ასე რომ, ლოგიკურად გამოიყო ის სფერო, რაც ქართული ენისათვის უმნიშვნელოვანეს სამსახურად ითვლება… ეს ლოგიკური, სასურველი, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი „ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამამ“ დაიტია… მიზანი ასეთია – რაც შეიძლება მეტმა ისწავლოს ქართული, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფესვებით არიან დაკავშირებული საქართველოსთან და იმ ადამიანებმაც, რომლებსაც მხოლოდ ინტერესი აკავშირებთ ქართულ კულტურასთან და სამართლიანად თვლიან ენას ამ კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად…

სწორედ ამ ყველაფრის გამო მეძვირფასება „ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა“…

რა გაკეთდა? – ბევრი რამ… ყველაზე დიდი – გაჩნდა ქართულის შესწავლის ინტერესი და შესაძლებლობა იმ ადამიანებში, რომლებიც ბედისა თუ საჭიროებების გამო სხვა ქვეყნებში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც უნდათ შვილებს ეს „ძვირფასი სამყარო“ გადასცენ… შეიქმნა დიდი ჯგუფი მასწავლებლებისა, დაიხვეწა პროგრამა, გამოიკვეთა შესაძლებლობა მეთოდურად გამართული სისტემით სწავლებისა, მასწავლებელთა ერთგულებამ და სიყვარულმა გააძლიერა ინტერესი და გაჩნდა ახალი წრე – ქართული ენის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანებისა, რომელთაგან ზოგი მოსწავლეა და ზოგი მასწავლებელი.

რას ვაპირებთ? – ამ პროგრამის ფარგლებში ახალი და საინტერესო სწავლების სისტემისა და ინტერაქტიური სახელმძღვანელოს შექმნას,  რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს და, მეორე მხრივ, ენის ყველა მიმართულებას მოიცავს…

რა მინდა? – მინდა პროგრამა უფრო განივრცოს, გაფართოვდეს, მეტად მოქნილი გახდეს, ბევრი იდეა და შესაძლებლობა გააცოცხლოს, მეტად შეუწყოს ხელი ქართული ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებას. მინდა ახალი მიმართულებები – საზაფხულო ბანაკები, სწავლისა და გაცვლის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. მინდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს პროგრამა, რადგან ის ქართული ენის სამსახურს ნიშნავს და ქართული ენის სიყვარულის იდეას  აძლიერებს…

რაზე ვოცნებობ? – „ქართული ენის სწავლების დისტანციური პროგრამა“ ისე გაიზარდოს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს, რომ ბევრი დაინტერესდეს ქართული კულტურის შესწავლით, რომლის გასაღები სწორედ ენაში დევს. არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების შთამომავალთათვის, არამედ სხვებისთვისაც გაიხსნას პროგრამა, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც საქართველო და ქართული ენა საინტერესოა და მისი შესწავლა შესაძლებელი გახდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

ვიმედოვნებ, ,,ქართული ენის დისტანციური სკოლა’’ სექტემბერში აუცილებლად გააგრძელებს საქმიანობას, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან პროგრამაში ჩართული ემიგრანტები და სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები.

 

 

„ხელმოცარული აღმაფრენის” გადამალვა

0

2018 წელს „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ“ და ლიტერატურულმა სააგენტომ გამოსცა გიო ლომიძის სადებიუტო კრებული „სიმშვიდის პაროდია”, რომლის რედაქტორი გახლავთ გაგა ლომიძე. ცხადია, პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ეფექტურად გაფორმებული ყდაა. უკვე ნახსენები ნოდარ დუმბაძის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ: „რა არის წიგნი?! წიგნი, თავისთავად, არაფერია, მთავარია წიგნში რა არის!”. გიოს ეს წიგნი კი ნამდვილად სავსეა იმით, რითაც მხატვრული ტექსტების კრებული უნდა იყოს სავსე – სიცოცხლით და ნამდვილი ლიტერატურით.

 

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ კონკურსები არ არის ავტორისთვის რელევანტური, ჩვენში წიგნის წარმატება სწორედ კონკურსების ნომინანტობით ან კონკურსებში გამარჯვებით იზომება. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენში ლიტერატურული ცხოვრება სულს ღაფავს, ეს განსაკუთრებით პოეზიას ეხება. დივიდენდი, საფასური, რაც ქართველმა პოეტმა შეიძლება ლექსის სანაცვლოდ მიიღოს, ფეისბუქლაიქებია, უკეთეს შემთხევაში – რამდენიმე თვეში ერთხელ ლიტერატურული ჟურნალების ბუბლიკაციებიდან მიღებული მიზერული ჰონორარი. პოეტი სოციალური ქსელების ტყვეა. კრიტიკა, ფაქტობრივად, მკვდარია, არ ხდება ლიტერატურული რეზულტატის თეორიული ფიქსაცია. ამას ემატება გაურკვეველი მოტივით გაბოროტებული კრიტიკოსების ნაწილში მომძლავრებული ტრენდი – ქილიკი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, ქართველი მწერლების არაფრად ჩაგდება (თითქოს უცხოელ მწერლებს არ ეძინოთ იმაზე ფიქრით, თუ რა აზრის არიან მათზე ქართველი კრიტიკოსები). თან, არც გვყავს ისეთი ავტორიტეტული კრიტიკოსები, როგორიც იყო, მაგალითად, გურამ ასათიანი, რომელიც დაუფასებელ დიდ პოეტზე იტყოდა: „ეს კაცი დიდი პოეტია”, და ის კაცი მეორე დილით დიდ პოეტად გაიღვიძებდა (როგორც ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში). გამომცემლობები ერიდებიან პოეტური კრებულების გამოცემას, რადგან არ იყიდება. პოეტის ხელობა მთლიანად ენთუზიაზმს ემყარება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ ხდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ისეთი არაფერი, რომ კონკურსების მნიშვნელობამ მეორე პლანზე გადაინაცვლოს. ქართული ლიტერატურა კონკურსებიდან კონკურსებამდე ცხოვრობს, ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, მნიშვნელოვანია კონკურსები და პრემიები. გიოს პოეზიის სირთულიდან გამომდინარე, არც მეგონა, რომ მისი კრებულის საკონკურსო გზა დიდი გამარჯვევებით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, საფინალო მოკლე სიებში მოხვედრას მაინც ვუწინასწარმეტყველებდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „სიმშვიდის პაროდია” ორივე ცნობილი პრემიის ფინალს მიღმა დარჩა, სამაგიეროდ რამდენიმე ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მხატვრული ღირებულების წიგნი გავიდა, რომ გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ როგორც ძველი მაკრონები იტყოდნენ: „ჟიურის წევრებიც ადამიანები არიან”.

 

ლექსის წერა ყველამ ისწავლა. ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ლექსი არ დაუწერია, კონვენციურს ვერა, მაგრამ მკაცრი რიტმული კარკასის მქონე ისეთ ვერლიბრს დაგიწერს, გადაირევი კაცი. დავით წერედიანის თქმისა არ იყოს, ამ დომხალში ნიჭიერის და უნიჭოს გარჩევა პროფესიონალ თვალსაც უჭირს, რადგან უნიჭოებმა კარგად მოტყუება ისწავლეს, მხოლოდ დრო თუ გაფილტრავს ყველაფერს. დღეს, როცა უკვე ყველამ იცის, როგორ დაწეროს ლექსი, რომელიც ფეისბუქზე ბევრ ლაიქს მოაგროვებს და ყველა ერთმანეთს ჰგავს, ინდივიდუალიზმი სანთლით საძებარია. ამ თვალუწვდენელ ზღვაში გიოს ნამდვილად აქვს თავისი კუნძული, ოღონდ ეს კუნძული კლდოვანია, ალაგ-ალაგ თუა დაფარული თვალისთვის სასიამოვნო მწვანე საფარით. მისი პოეზიის მატრიცაში, სიტყვებით აგებული სვეტების ტყეში, ღამურასავით (ფუი, ეშმაკს! ამ კორონავირუსიანობისას რა დროს ღამურა იყო), ექოლოკაციის უნარი უნდა გქონდეს და არეკლილი ბგერითი ტალღების მეშვეობით უნდა შეგეძლოს ლავირება.

 

ასე წერა გიოს ჯიუტი არჩევანია, მას „სხვანაირად”, „ყველასთვის გასაგებ” ენაზე წერაც შეუძლია, მაგრამ მისი სააზროვნო პოეტური აპარატი ასეა მოწყობილი, ის საკუთარ თავს არ ღალატობს. ეს რთული, იმედგაცრუებებით სავსე გზაა: მუდმივი კამათი სიცხადის მოყვარე რედაქტორებთან (და მე მათიც მესმის), „ვერგაგების” მოტივით მუდმივად ცოტა მკითხველი ისედაც ცოტა მკითხველში და კიდევ ათასი რამ. მეც მაქვს ასეთი, არა – „გასაგები”, არამედ – „საგრძნობი” ტექსტები და ვიცი, რომ ეს ყველასთვის არაა. ამ დროს არჩევანი უნდა გააკეთო: რა გიჯობს, წერო ისე, რომ ყველას ესმოდეს და საკუთარ თავთან მართალი არ იყო, თუ პირიქით – წერო ისე, რომ ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი იყო?!

 

„სიმშვიდის პაროდია” მნიშვნელოვანი სადებიუტო კრებულია და, გამოცემიდან ორი წლის გასვლის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ გამოხმაურებები გიორგი ლობჟანიძის კარგი წერილით და, ბლოგის ფორმატიდან გამომდინარე, ამ პატარა წერილით არ შემოიფარგლება და სხვებიც იტყვიან სათქმელს.

 

გიოს ამ კრებულში არის ერთი ექვსლექსიანი ციკლი „მალაყი (ქამარი)”, რომელშიც, ერთგავარად, კონდენსირებულია მთელი მისი პოეტიკა, აზროვნების და წერის სპეციფიკა. ციკლის ოთხი ლექსი სპორადულად გარითმული ვერბლანია, ორი კი – ჰეტეროსილაბური, მცირე ბესიკურის და შავთელურის შემთხვევითი მონაცვლეობით დაწერილი, ურითმო ლექსი. ეს ციკლი არის ერთგვარი „კრებული კრებულში”. ციკლის მესამე ლექსში ასეთ რამეს ვკითხულობთ:

 

„სამაგიეროდ მონდომებით ათავისუფლებ

გაუცხოებულ ბავშვობიდან ჩამქრალ ოცნებას,

ხელმოცარული აღმაფრენის გადასამალად”.

 

გიოსთვის პირად საუბრებშიც მითქვამს და აქაც გავიმეორებ: ყველა პოეტის ხვედრია „ხელმოცარული აღმაფრენა”, მაგრამ იმ გზაზე, რომელსაც გიო ადგას, უფრო მეტ აღმაფრენას მოეცარება ხელი, ბევრი იქნება იმედგაცრუება და გულისტკივილი, მაგრამ ამ ყველაფრის დამსახურებულ საფასურად, თავის დროზე, გიოს დარჩება გარდაუვალი გამარჯვება.

 

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში (ნაწილი პირველი)

0

სტატიათა ციკლი ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის წიგნიდან „Digital Leadership“ (2019, Corwin).

თანამედროვე ბავშვებზე, სტუდენტებზე, სასკოლო და, საზოგადოდ, თანამედროვე განათლებაზე ფიქრისას პირველი, რაც ნებისმიერ მასწავლებელსა და მშობელს წარმოუდგება თვალწინ, ალბათ ყურსასმენებიანი, სმარტფონზე თავდახრილი ბავშვია.

დიახ, ეზოში ბურთით თამაშის ან ველოსიპედით სეირნობის ნაცვლად ბავშვები და მოზარდები (და არამხოლოდ) დღეს უმეტესად პერსონალური კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის ეკრანს შეჰყურებენ და ციფრულ სამყაროში ატარებენ დროის დიდ ნაწილს. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ (და მერე დავიჯეროთ), რომ სწავლების ობიექტი, მოსწავლე თუ სტუდენტი, უპირატესობას ციფრულ სამყაროს ანიჭებს და მისი ინტერესი, ყურადღება თუ ცნობისმოყვარეობა ციფრული ტექსტის, ნახატისა თუ ვიდეოგამოსახულებისკენაა მიმართული.

ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდებისთვის ელექტრონული გამოსახულების სივრცე, ციფრული პლატფორმები თუ ონლაინაქტივობები ჩვეული სამყაროა. ეს ის ადგილია, სადაც ისინი მშობლების და, მით უმეტეს, მასწავლებლების ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე პოულობენ იმას, რაც აინტერესებთ, იზიდავთ, მოსწონთ, ართობთ.

ხშირად ისმის კითხვები: რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ციფრული ტექნოლოგიები? მავნეა სმარტფონისა თუ კომპიუტერის ეკრანთან ამდენი დროის გატარება თუ არა? რა ვქნათ, როდესაც ელექტრონული მედია ბავშვების საყვარელ მედიუმად იქცევა და სკოლისადმი ინტერესს აკარგვინებს?

ეს კითხვები ალბათ ასე არ უნდა დავსვათ, რადგან შეფასებისას უკეთესი იქნება, დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაფასებთ: პრობლემას, რომლის მასშტაბის, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გაცნობიერება გვსურს თუ რეალობას, რომელიც უკვე დადგა, ჩვენ კი გვეხამუშება და არ გვსურს მივიღოთ?

რას ნიშნავს ბავშვებისთვის ციფრულ ეკრანთან გასატარებელი დროის შეზღუდვა? როგორ იღებენ ასეთ შეზღუდვებს თვითონ ბავშვები?

რატომ იზიდავს ბავშვებს ციფრულ სივრცეში წაკითხული, ნანახი თუ მოსმენილი ასე ძლიერად?

შესაძლებელია ამის გამოყენება სწავლით ბავშვების დასაინტერესებლად?

ეს ის საკითხებია, რომლებიც საინტერესოდ და ვრცლად არის განხილული სპიკერის, განათლების სპეციალისტის და აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის ყოფილი დირექტორის, ერიკ შენინგერის წიგნში „Digital Leadership“.

შენინგერის წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლებისა და სასკოლო ადმინისტრატორებისთვის, რომ 2019 წელს მისი შევსებული მეორე რედაქცია გამოიცა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან.

 

წინასიტყვაობა

ავტორი – ნიუკასლის უნივერსიტეტის, პროფესორი სუგატა მიტრა/ Sugata Mitra

 

წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ სკოლის აშენება და მისი მართვა ქალაქში, მის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ან რომელიმე სოფელში. ახლა ამოცანა ცოტათი გავართულოთ: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სკოლა ძველი და პატივსაცემი ინსტიტუტია, მაგრამ ხვდებით, რომ საჭიროა მისი რეკონსტრუქცია, რათა ის თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

სულ რაღაც 25 წლის წინ, 90-იანი წლების შუაწელზე, ზემოთ დასახული ამოცანის შესრულებაში წარსულის გამოცდილება დაგეხმარებოდათ. იმ დროს უკვე არსებობდა სტანდარტული პროექტები (დიზაინი) საკლასო ოთახებისა და კორიდორებისთვის, რომლებიც ერთმანეთს ზემოთ და ქვემოთ მიმავალი მრავალი კიბით უკავშირდებოდა. არსებობდა ასეთივე სტანდარტული დიზაინი სკოლის სპორტული მოედნებისთვის, ხატვისა და მუსიკის საკლასო ოთახებისთვის და საერთო შეკრებისთვის განკუთვნილი „სააქტო დარბაზებისთვის“. იმ დროს ადვილი იყო განსწავლული მასწავლებლების სკოლაში მოზიდვა და მზად იყო სასწავლო კურიკულუმი, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო წერდა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ის მეთოდებიც, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მოსწავლეთა კარგი მოსწრების შენარჩუნება მეტ-ნაკლებად აპრობირებული, სტანდარტიზებული საგამოცდო ტესტების მიხედვით.

ამ დროს თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა – რამდენიმე სარეკლამო განცხადება გაზეთში, ნაცნობებში ჩაგდებული სიტყვა – და მშობლებსაც სიხარულით მოჰყავდათ ბავშვები თქვენს სკოლაში.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. დღეს, 2020 წლის დამდეგს, ახალი პროექტის დაწყებამდე ალბათ შეჩერდებით, დაფიქრდებით და შესაძლოა, საკუთარ თავს ჰკითხოთ: „როგორ შენობა უნდა ჰქონდეს ჩემს სკოლას? საჭიროა საკლასო ოთახები? რა უნდა ხდებოდეს იქ? სპორტული მოედანი მთავარ გზასთან მეტისმეტად ახლოს ხომ არ არის? რა ვიყოთ ეზოში ჰაერის დაბინძურებას? როგორი მასწავლებლები დამჭირდება? სად ვიპოვო ისინი? საჭიროა ცალ-ცალკე სივრცეები მუსიკისა და ხელოვნებისთვის? როგორი უნდა იყოს შრომის ოთახი? ახლა ყველაფერი ციფრულია, იქნებ შესაძლებელი იყოს მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება მუსიკის გაკვეთილისთვის განკუთვნილ ოთახში? რა ვუთხრა მშობლებს და როგორ მოვაგვარო მათთან კონტაქტის საკითხი? რატომ გადაწყვეტენ მშობლები თავიანთი შვილების ჩემს სკოლაში მოყვანას? რისთვის არის, საზოგადოდ, ეს სკოლა განკუთვნილი?“

ბოლო სამასი წლის განმავლობაში ტრადიციული სასკოლო მოდელი სტატიკური მოვლენა გახლდათ; მეტიც – რაც უფრო ძველი იყო სკოლა, მით უფრო სანდო და უკეთესი ჩანდა.

ახლა, როგორც ჩანს, მისთვის ახალი, გააზრებული მოდელის გამოგონებაა საჭირო. ძველი სკოლების რეპუტაცია უკვე აღარ ჭრის. ამ წიგნის ძალა ისაა, რომ მან შესაძლოა ვერ გვითხრას, როგორი უნდა იყოს სკოლის ახალი მოდელი, მაგრამ დაგვეხმარება იმ კითხვების დასმაში, რომლებიც სკოლის ჩვენი, საკუთარი მოდელის შესაქმნელად გამოგვადგება.

სწორედ ამ წუთის დადგომისას უნდა წაიკითხოთ ერიკ შენინგერის ეს წიგნი.

COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით

0

ადრეული წლებში თანატოლებთან ურთიერთობები, ყურადღებიანი აღმზრდელები და პედაგოგები ქმნიან ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის საფუძველს.  კვლევებით დადასტურებულია, რომ უწყვეტი და ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება  ადამიანის მომავალი წარმატების საწინდარია.
COVID19  პანდემიის გამო დაიხურა საბავშვო ბაღები, რამაც ბავშვებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობა შეცვალა. ამ პერიოდში მშობლებს მოუწიათ აღმზრდელების როლის მორგება საიმისოდ, რომ ხელი შეეწყოთ შვილების უწყვეტი განათლებისა და განვითარებისთვის. საქართველოში არაერთმა საჯარო ბაღმა გამოთქვა მზაობა, მხარდაჭერა გამოეჩინათ აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისთვის. ტრადიციული რუტინისა და მიდგომების დისტანციურ რეჟიმში გადატანა ბაღის თანამშრომლებისთვისაც საინტერესო გამოწვევად იქცა.

თითქმის ყოველ დღე ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს და უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. ზოგ შემთხვევაში, მიკვირდა, როგორ შეძლეს ასე სწრაფად ადაპტირება, ზოგ შემთხვევაში, ვხალისობდი და მიხაროდა, ამდენ მოტივირებულ აღმზრდელს რომ ვუყურებდი. ხოლო როცა აღსაზრდელების პირადი სივრცის დარღვევის ნიშნებს ვხედავდი, ვბრაზობდი კიდეც. თუმცა, ის ფაქტი, რომ აღმზრდელებმა ყოველგვარი ვალდებულებისა თუ წინასწარი მზაობის გარეშე ამხელა მოტივაცია აჩვენეს, უერთგულეს პროფესიას, აღსაზრდელებსა და მათ ოჯახებს, ნამდვილად ღირს აღნიშვნად და დაფასებად.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, რაღაც ტიპის გამოცდილებები დაგროვდა. გადავწყვიტე ონლაინ გამოკითხვა გამევრცელებინა. დავინტერესდი, როგორ, ვისი ინიციატივით დაიწყეს დისტანციური მუშაობა, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ, რა აღმოაჩინეს ახალი და მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ.

 

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ელექტრონული სწავლების ტრანსფერს ადრეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვინაიდან მშობლების/აღმზრდელების/ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში დისტანციური მეცადინეობები არ არის საჭირო ან ზიანის მომტანია ბავშვებისთვის, რადგან იზრდება ეკრანთან მიჯაჭვულობის რისკი. საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS, 2018-19 წ.), ბავშვის ადრეული განვითარების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ციფრულ მედიასთან მიჯაჭვულობის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ელექტრონული საშუალებების გამოყენება ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობას, უშუალო გამოცდილების მიღებას და რეალურ სამყაროსთან პირისპირ ურთიერთობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწავლისათვის. 2-დან 5 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში ეკრანის გამოყენება და მაღალი ხარისხის პროგრამების ყურება ყოველ დღე არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. ამ დროის განმავლობაში კი  მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა უყურონ პროგრამებს, რათა დაეხმარონ მათ ნანახის აღქმაში და რეალურ გარემოში მათ გამოყენებაში. გონივრულად გაწერილი კურიკულუმის შემთხვევაში ეს დრო საკმარისია აღსაზრდელების სოციალიზაციისთვის პანდემიის პირობებში. რაც შეეხება მშობლების დახმარებას ბაღში არსებული ყოველდღიური რუტინის სახლის პირობებში გადატანაში, მათთან ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს აღსაზდელების ჩართულობის გარეშე.

 

ონლაინ გამოკითხვაში 65-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათგან 69% ატარებდა დისტანციურ მეცადინეობებს. ამისთვის, მათი უმრავლესობა შეხვედრებს კვირაში სამ დღეზე ნაკლებს უთმობდა, რისთვისაც სოციალურ ქსელს, Facebook, იყენებდა. დისტანციურ სწავლებაში ჩართული რესპონდენტების 80% აღნიშნავს, რომ ვიდეო დავალების მიცემის შემდეგ ინტერესდებოდნენ თითოეული აღსაზრდელის მიერ შესრულებული დავალებით. კითხულობდნენ, ხომ არ გაუჭირდათ კონკრეტული აქტივობის განხორციელება, ინტერესდებოდნენ ბავშვების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებებით. აღმზრდელების 58% საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინსტრუქციებს აძლევდა იმ მშობლებს, რომლებიც ბავშვებთან კომუნიკაციისას პრობლემებს აღმოაჩენდნენ ან რომელიმე აქტივობის განხორციელება უჭირდათ.
გამოკითხვაში მონაწილეთა 31% დისტანციური სწავლების შეფერხების ძირითად მიზეზად ასახელებს ტექნიკურ პრობლემებს (როგორც პირად, ასევე აღსაზრდელების ოჯახების მხრიდან) და დისტანციური სწავლების არასათანადო ინსტრუქციებს. ასევე, მათი უმეტესი ნაწილი არ თვლიდა საჭიროდ დისტანციურ სწავლებას ან თავი აარიდა, ვინაიდან არ იყო სავალდებულო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საჯარო ბაღების თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში სრულად შეუნარჩუნდათ ანაზღაურება.

 

დისტანციური სწავლების მიგები – რა ვისწავლეთ ახალი?

პროცესში ჩართული რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების დროს იძულებულნი გახდნენ, უფრო მეტი დრო დაეთმოთ პროფესიული უნარების გაუმჯობესებსა და თვითრეფლექსიისთვის, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო. მაგალითად, აღნიშნავენ, რომ გაიუმჯობესეს პრეზენტაციისა და კრიზისულ სიტუაციაში ადაპტირების უნარები. აღმოაჩინეს, რომ სწავლება შესაძლებელია არა მარტო ჯგუფში და ჩვეულ გარემოში, არამედ დისტანციურადაც, თითქმის იგივე შედეგით და დასახული მიზნების მიღწევით. უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩემი აქტივობები და მომავალში უფრო ბევრს გავუკეთებ, ვიდრე აქამდე. დრო მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა ინფორმაციას ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

ცირა კოპაძე
აღმზრდელი
ქ. გორის მე-15 ბაგა-ბაღი

 

მშობლების ჩართულობა
საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის (2018) ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშობლებთან კომუნიკაცია ძირითადად დასკვნითი ღონისძიებებით შემოიფარგლება და არ უკავშირდება ყოველდღიურ პრაქტიკასა თუ სკოლამდელი დაწესებულების პოლიტიკას. შესაბამისად, კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნის უნდობლობას სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებსა და მშობლებს შორის. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, აჩენს ბარიერს და ბავშვის სათანადო განვითარებას აფერხებს, ვინაიდან, არ არის ბმა ბაღში მიმდინარე აქტივობებსა და ოჯახში მიღებულ ინფორმაციას შორის. პრობლემა, რომელზეც 2018 წლის კვლევაშია საუბარი, თავი იჩინა დღეს, COVID-19-ის პირობებში, როდესაც საბავშვო ბაღებს აღსაზრდელების განვითარების უწყვეტობისთვის მოუწიათ, რეალური ნაბიჯები გადაედგათ მშობლებთან ურთიერთობებში.

 

პანდემიის პერიოდი უნიკალურ შესაძლებლობად იქცა საბავშვო ბაღებისთვის, აღსაზრდელების ოჯახებთან ურთიერთობები გაეღრმავებინათ ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია პოზიტიურ მშობლობასა და ადრეულ წლებში ბავშვის განვითარების სხვადასხვა სტადიებთან. დისტანციურ სწავლებაში ჩართული აღმზრდელების გამოცდილებები ამ კუთხით ორად გაიყო. აღმზრდელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მშობლები არასერიოზულად უდგებოდნენ პროცესს, უჭირდათ მათთვის სწავლების გაგრძელების საჭიროების დასაბუთება და მათი მოტივაციის შენარჩუნება. რესპონდენტების მეორე ნაწილი ამ კუთხით პოზიტიურ მიგნებებს გვიზიარებს. ისინი თვლიან, რომ სირთულეების მიუხედავად, მშობლებისა და აღმზრდელების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დადებითად აისახება აღსაზრდელების  პოზიტიურ განვითარებაზე.

 

“ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი აღმოაჩინეს მშობლებმაც საკუთარ თავში. თურმე შესძლებიათ მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, ხატვა, ძერწვა, ბუნებრივი მასალებით უამრავი ლამაზი ნაკეთობის შექმნა ბავშვებთან ერთად, ერთმანეთში გამოცდილების გაცვლა-გაზიარებით.

სხვაგვარი, საქმიანი კომუნიკაცია დამყარდა ბავშვსა და მშობელს შორის, ასევე პედაგოგთან. მშობლები იყვნენ ჩემი სრულუფლებიანი ,,თანაშემწეები”. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ მათგანაც ვისწავლე, მით უმეტეს პრაქტიკა ნამდვილად არ მაკლია. ბევრი მშობელი უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. მეტად დავაფასეთ და შევაფასეთ ერთმანეთის შრომა. მათ ისწავლეს უამრავი რამის კეთება, რომლიც მათთვის აღმოჩენა იყო. მიხარია, რომ ერთი დღეც არ დამიტოვებია ჩემი მშობლები და ბავშვები, ყოველდღიური მუშაობით ბევრი ახალი უნარი შევიძინეთ, რომელიც მომავალში გამოგვადგება, განსაკუთრებით კი ჩემს ,,ფუსფუსებს,” რომლებიც სკოლაში გაფრინდნენ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის ვალია, ყველა გამოუვალ სიტუაციაში ვიპოვოთ გამოსავალი და გამოვიყენოთ სასიკეთოდ, მით უმეტესეს თუ საკითხი ჩვენს მომავალ თაობას ეხება.”

ელზა ჩინჩახაშვილი
აღმზრდელი
ქ.თბილისის 205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი

 

დისტანციური სწავლების გამოწვევები – რის გაუმჯობესებას ვისურვებდით?

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ვთხოვე, გაეზიარებინათ,  დისტანციური მუშაობის  გაუმჯობესებისთვის, რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ იმ შემთხვევაში, თუ განმეორდება მსგავსი ეპიდ-სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ უმოკლეს დროში არაერთი საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა მშობლებისა თუ ადრეული განათლების სპეციალისტებისთვის, გამოკითხვაში მონაწილე საბავშვო ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთვის რთული იყო ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებსაც სახლის პირობებში მარტივად განახორციელებდნენ.  მათ სურვილი აქვთ  დისტანციურ სწავლებაში, კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში ტრენინგები გაიარონ და მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, სურთ, მიიღონ უფრო დეტალური ინსტრუქციები. ის, რომ საჯარო საბავშვო ბაღების უმრავლესობაში არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერი, მიკროფონი, პრინტერი), მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი ინფორმაციების მოძიებასა და უკვე არსებული სხვადასხვა რესურსის სწავლების პროცესში დანერგვის  შესაძლებლობებს.

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS, 2018-19 წ.) მიხედვით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დასწრების მაჩვენებელი ქალაქებში 84%, ხოლო სოფლად ამ ასაკის ბავშვების 68% შეადგენს. დასწრების წმინდა მაჩვენებელი სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი) უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ყველაზე ღარიბი კვინტილური ჯგუფისათვის (87% და 61%). რაც ამ კუთხით, პანდემიამდე პერიოდში არსებულ უთანასწორობაზე მიუთითებს.
ამ დროისთვის არ გვაქვს საერთო მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი აღსაზრდელი იღებდა უწყვეტ განათლებას პანდემიის პერიოდში, ჩემი მცირემასშტაბიანი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეგიონში მყოფ აღსაზრდელებთან კომუნიკაციის დამყარება ინტერნეტის და სამუშაო მასალების არ არსებობის გამო შეუძლებელი ან შეფერხებული იყო (ისეთ საჭირო დროს იწურებოდა მეგაბაიტები მობილურზე, რომ პრობლემები მექნებოდა მშობლებთან და ბავშვებთან დაკავშირებისას; ინტერნეტი ხშირად ითიშებოდა, რამდენიმე დუბლის გადაღება მიწევდა, რა დროსაც ხშირად მიჯდებოდა ტელეფონი, ბავშვიც იღლებოდა ამ პროცესით; უმეტესი ნაწილი ვერ ერთვებოდა; ინტერნეტი არ ჰონდათ”).  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის პერიოდში სკოლამდელ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობამ იკლო და გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი.
ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ და განმავითარებელი საგანმანათლებო აქტივობების შემცირებამ (უარეს შემთხვევაში სრულად შეფერხებამ) რა გავლენა მოახდინა ბავშვების განვითარებაზე, კვლევის საგანია, თუმცა პროგნოზები ამ მიმართულებით, არც თუ ისე სახარბიელოა.

სტატიაში გამოყენებული კვლევის (MICS) მონაცემები და ანალიზი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://mics.unicef.org/surveys

მუსიკა და ბავშვის პიროვნული განვითარება

0

მუსიკა არის პირდაპირი და ძლიერი ემოციური ზემოქმედების ხელოვნება, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ასტიმულირებს ადამიახლის დამატებაანის შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი -სკოლამდელ ასაკში. მუსიკა ემსახურება ურთიერთგაგებას, აღვიძებს პოზიტიურ გრძნობას. ის თან ახლავს და აყალიბებს ადამიანის პიროვნებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუმცა მუსიკას არ შეუძლია, ყველა მსმენელზე ერთნაირი ძალით მოახდინოს გავლენა. თითოეული ბავშვი თავისებურად ამჟღავნებს მუსიკისადმი ინტერესს და მისწრაფებას, რაც გამოიხატება იმით, რომ ის უპირატესობას ანიჭებს რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრს, უსმენს საყვარელ ნაწარმოებებს. ბავშვს ვასწავლით წერას, კითხვას, ხატვას… ასევე უნდა ვასწავლოთ მას მუსიკის ყურადღებით მოსმენა, ამოცნობა, შეფასება, ვასწავლოთ ამ ლამაზი, თავისებური ენის გაგება.

ასაკთან ერთად იცვლება და ვითარდება მუსიკალური გემოვნება, ჩნდება მუსიკასთან მუდმივი კომუნიკაციის მოთხოვნილება, მუსიკალური გემოვნება უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება.

ჩვილი აღიქვამს დედის მიერ ნამღერ იავნანას. დედის ხმა, იავნანას მელოდია, სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში. არც ისე მნიშვნელოვანია, როგორი ხმა და სმენა აქვს დედას – ბავშვისთვის მთავარია დედის ღიღინის მელოდიური არსი. მუსიკალური ბგერები აღიქმება მუცლად ყოფნის პერიოდშიც. ნაყოფს ესმის, როგორ ესაუბრებიან მას, რეაგირებს როგორც ხმამაღალ და უსიამოვნო, ისე მშვიდ და მელოდიურ მუსიკაზე. ამიტომ მომავალმა დედამ ორსულობის პერიოდიდანვე უნდა იფიქროს იმაზე, რა სახის მუსიკას უსმენს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან მომავალში ბავშვის პიროვნების განვითარებაზე.

 

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს მუსიკის მოსმენა?

ცნობილია, რომ სიცოცხლის პირველი 10 დღე ბავშვს ბუნება იცავს. მას ჯერ კიდევ ცუდად ესმის და ხედავს, თუმცა კარგად გრძნობს, სიამოვნებს თბილი სიტყვები, მშვიდი მელოდია. აქედან გამომდინარე, ბავშვს შეუძლია, მუსიკას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უსმინოს.

ბავშვის ტვინი ყოველდღე იღებს ზღვა ინფორმაციას. მისი ორივე ნახევარსფერო თანაბრად რომ განვითარდეს, აუცილებელია მუსიკის მოსმენა, ვინაიდან სწორედ მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.

 

რა სახის მუსიკა შეიძლება ისმინოს ბავშვმა?

გვირჩევენ, ახალშობილს მელოდიური და მშვიდი მუსიკა მოვასმენინოთ. ჩვილს შეიძლება მოვასმენინოთ სასიამოვნო კლასიკური მუსიკა (მაგალითად, მოცარტი, ვივალდი). მელოდიური მუსიკის მოსმენისას ბავშვი მაშინვე მშვიდდება და ჩუმდება. თუ მუსიკა მხიარულია, ბავშვის მოძრაობაც უფრო ცოცხალი ხდება, ის იწყებს ღიმილს.

სიცოცხლის პირველ დღეებში ბავშვი რაც უფრო მშვიდ და მელოდიურ მუსიკას მოისმენს, უფრო მეტად გაწონასწორებული იქნება მომავალში.

როდესაც პატარას მუსიკას ვურჩევთ, უარი უნდა ვთქვათ ისეთ მელოდიაზე, სადაც ისმის დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა, ვინაიდან შესაძლოა, ბავშვი უფრო გაჭირვეულდეს.

ბავშვები, რომლებიც ხშირად უსმენენ მუსიკას, უფრო სწრაფად ვითარდებიან. მუსიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი – კლასიკური, საესტრადო, ჯაზი, ფოლკლორი… მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენისას ბავშვი სრულყოფილად ვითარდება და აღიქვამს ცხოვრების მრავალფეროვნებას.

3-4 წლიდან ბავშვმა უნდა უყუროს მუსიკალურ ზღაპრებს, მულტფილმებს, რომლებშიც მღერიან და უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. მთელ სამყაროს ბავშვი შეიცნობს ზღაპრების, მულტიპლიკაციური პერსონაჟების მეშვეობით. მაგალითად, მულტფილმი „მე წვიმად მოვალ“ ასწავლის მას მეგობრობას. ბავშვები სიამოვნებით იმეორებენ სიმღერა „ცისარტყელებს“.

6-7 წლის ბავშვებს ძალიან მოსწონთ სასწავლო მულტფილმი „ვინ შეჭამა ვენახი“, რომლის ტექსტსაც ადვილად იმახსოვრებენ.

მნიშვნელოვანია სიმღერები სიკეთეზე, რომლებიც საინტერესო ზღაპართან არის შერწყმული.

ზოგადი მუსიკალური განათლება უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნებს: იყოს უნივერსალური, სწვდებოდეს ყველა ბავშვს და ჰარმონიულად ავითარებდეს მისი პიროვნების ყველა ასპექტს. მუსიკა ბავშვს უბიძგებს, იზრუნოს სხვაზე ისევე, როგორც საკუთარ თავზე. მუსიკასთან კომუნიკაციით ბავშვი სრულყოფილად ვითარდება, ამყარებს ჰარმონიულ ურთიერთობებს.

სიმღერის პროცესში არა მხოლოდ მუსიკალური სმენა ვითარდება, არამედ სასიმღერო ხმაც. მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები იწვევს მოძრაობათა სწორ კოორდინაციას, ავითარებს მათ მოქნილობას და პლასტიკურობას. ბავშვს შეუძლია იგრძნოს მუსიკალური ნაწარმოების ხასიათი, განწყობა, გამოხატოს ემოციური დამოკიდებულება. ბავშვებს ასევე შეუძლიათ მოუსმინონ, შეადარონ, შეაფასონ სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები. სიმღერა ავითარებს სასიმღერო აპარატს, აძლიერებს ხმის იოგებს, აუმჯობესებს ბავშვის მეტყველებას (ლოგოპედ-თერაპევტები მეტყველების დარღვევის კორექციისას სიმღერას იყენებენ). სიმღერა არეგულირებს და აღრმავებს ბავშვის სუნთქვას.

 

კლასიკური მუსიკის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

უფროსების მოსაზრებები ორად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ პატარა ბავშვებისთვის კლასიკური მუსიკა მეტისმეტად რთულია, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ სწორედ კლასიკა აყალიბებს ესთეტიკურ გემოვნებას. თუმცა ბავშვებს არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ უფროსები – ყველას ინტუიციურად იზიდავს ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები. მაგალითად, ბევრი ბავშვი მშვიდად იძინებს, როდესაც მოცარტის, ვივალდის მუსიკას ისმენს.

მეცნიერულად დადასტურებულია კლასიკური მუსიკის დადებითი გავლენა. ამბობენ, რომ კლასიკური ნაწარმოების მოსმენისას აკუსტიკური ტალღების კონკრეტული სიხშირე გავლენას ახდენს ბავშვის ემოციაზე და ხელს უწყობს ტვინის აქტივობის განვითარებას. მაგალითად, მოცარტის მუსიკა ხელს უწყობს აღქმას და ასტიმულირებს მეხსიერებას, აქედან გამომდინარე მისი ნაწარმოებები შეიძლება მოვასმენინოთ შემეცნებით თამაშებს შორის.

კლასიკური ნაწარმოებების დახმარებით ბავშვის ემოციური მდგომარეობის გამოსწორებაც კი შეიძლება. მაგალითად, დასამშვიდებლად მას შეიძლება ბრამსის, შუბერტის ნაწარმოებები მოვასმენინოთ, ხოლო განწყობის ასამაღლებლად – ჩაიკოვსკისა. გასააქტიურებლად კარგია ლისტის, მოცარტის ნაწარმოებების მოსმენა, შფოთვის შემცირება კი შტრაუსის, შოპენის ნაწარმოებებს შეუძლია.

სასურველია,, ყოველდღიურად მოვასმენინოთ ბავშვს სხვადასხვა ნაწარმოები და დავაკვირდეთ, როგორ რეაგირებს ის.

ბავშვის მუსიკალური განვითარება განსაკუთრებით აქტიურია არდადეგების დროს. გართობა სკოლამდელი აღზრდის, განვითარებისა და პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის პოზიტიური თვისებების გამოვლენას, ზრდის მის ინტერესს გარე სამყაროს მიმართ, ხელს უწყობს ხალისიანი ატმოსფეროს შექმნას, ემოციების ჩამოყალიბებას, ავითარებს ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებას. გასართობი აქტივობები ამდიდრებს ბავშვის ცხოვრებას, ხელს უწყობს მის უფრო სრულყოფილ და ჰარმონიულ განვითარებას.

მუსიკა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის გრძნობებზე, აყალიბებს მის მორალურ ხასიათს. ემოციური საგანმანათლებლო შინაარსის სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების გაცნობისას ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვებში თანაგრძნობის უნარის განვითარებას. მშობლიური მიწის შესახებ სიმღერა სამშობლოს სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს. სხვადასხვა ერის ცეკვები და სიმღერები აღვიძებს ინტერესს მათი ადათ-წესების მიმართ.

მუსიკის გაკვეთილები გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდის ზოგად კულტურაზე. სხვადასხვა ღონისძიების, აქტივობის (სიმღერა, მუსიკის მოსმენა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ა.შ.) მონაცვლეობა მოითხოვს ყურადღებას, სწრაფ რეაქციას, ორგანიზებულობას და დიდ ძალისხმევას.

ამრიგად, მუსიკალური აქტივობა ქმნის პირობებს ბავშვის პიროვნული და მორალური თვისებების ფორმირებისთვის, აყალიბებს მომავალი ადამიანის ზოგადი კულტურის საფუძვლებს. მუსიკის აღქმა მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა ემოციურ პროცესთან, რაც ნიშნავს, რომ ის მოითხოვს ყურადღებას, დაკვირვებას.

საგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე ბავშვები ერთმანეთს ადარებენ მსგავს და განსხვავებულ ბგერებს, ეცნობიან მათ გამომსახველ საშუალებებს, სწავლობენ ნაწარმოებების სტრუქტურის გაგებას. მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემისას ბავშვი განსაზღვრავს პიესის ზოგად ხასიათს შედარებისა და განზოგადების გზით.

ბავშვი სწავლობს მუსიკის ყველაზე დახვეწილი ცვლილებების მოსმენას, ფერების სხვადასხვაობისა და განწყობის აღქმას და დროთა განმავლობაში ის ისწავლის ამ ცვილილების აღქმას ადამიანებთან საუბრისას, მაგალითად, შეამჩნევს უმნიშვნელო ცვლილებას მშობლების ინტონაციაში, ან ამოიცნობს მასწავლებელის ხმაში უკმაყოფილებას.

ბავშვი მუსიკის საშუალებით სწავლობს ხალხთან კომუნიკაციას, გრძნობს მოსაუბრის გუნება-განწყობას, მის ემოციურ მდგომარეობას.

 

როგორ მოქმედებს მუსიკა ბავშვის პიროვნების განვითარებაზე?

  • ხელს უწყობს მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას;
  • ეხმარება ემოციურ რეაგირებაში;
  • რიტმული სავარჯიშოები მუსიკის თანხლებით აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციას, ბავშვის აღნაგობას, მოძრაობისა და სიარულის სიცხადეს;
  • სიმღერა მუსიკის თანხლებით აძლიერებს ხმის იოგებს, აყალიბებს მეტყველებას, აძლიერებს სუნთქვას;
  • მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, სიმღერა, ცეკვა ავითარებს ყურადღებას, სწრაფ რეაქციას;
  • მუსიკალური ზღაპრები ამდიდრებს წარმოსახვას;
  • ადვილად აღგზნებადი ბავშვისთვის რეკომენდებულია მშვიდი მუსიკის მოსმენა შინაგანი სამყაროს ბალანსისთვის;
  • მუსიკის გაკვეთილები ამაღლებს განწყობას;
  • მუსიკა ბავშვს დისციპლინირებულ და პასუხისმგებლობიან პიროვნებად აყალიბებს.

მუსიკალური განათლება მნიშვნელოვანია ბავშვის ესთეტიკური და მორალური ფორმირებისა და პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. მუსიკის მეშვეობით ბავშვები უერთდებიან კულტურულ ცხოვრებას, ეცნობიან მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენებს. მუსიკის აღქმის პროცესში ბავშვებს უვითარდებათ შემეცნებითი ინტერესი, ესთეტიკური გემოვნება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • გაბუნია, ნამორაძე, ბაგრატიონი. „ბავშვის ანატომია, ფიზიოლოგია და ჰიგიენა“
  • ანა ყარაულაშვილი. ასაკისა და განვითარების შესაბამისი პოზიტიური ინტერაქცია (6-10 წლის ასაკობრივი ჯგუფი)
  • ლორა ბერკი. „ბავშვის განვითარება“
  • რუსუდან თაყაიშვილი. ,,მუსიკის როლი საინფორმაციო კულტურის ჩამოყალიბებაში“
  • https://befriend.mes.gov.ge/article/?id=29

დისტანციური სწავლება- სიახლე და გამოცდილება

0

გარემო, რომელშიც მოსწავლეები იძენენ ცოდნას, ეცნობიან სამყაროს, იზრდებიან ფიზიკურად და სულიერად, ბოლო დროის მოვლენებმა ძალიან შეცვალა. შესაბამისად, საჭირო გახდა იმ ახალი გზების პოვნა, რომლებიც არ დააბრკოლებს სწავლების პროცესს და ხელს შეუწყობს, რომ ყველა წინააღმდეგობა ბუნებრივად, ლაღად და იოლად, ზედმეტი გართულების გარეშე გადაილახოს. გუშინ ჯერ კიდევ თავისუფალი ღია სასწავლო სივრცე, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, დღეს შეცვალა ერთგვარად ჩაკეტილმა, დახშულმა, თითქოს ჰაერისგან დაცლილმა გარემომ, რომელმაც მასწავლებელი – კოლეგებს, ხოლო მოსწავლე თანატოლებს მოსწყვიტა და ჩვეულ სოციალურ კონტექსტს მოაშორა.

კონკრეტულ სასწავლო ამოცანებთან ერთად მასწავლებელს ახალი საფიქრალი გაუჩნდა: როგორ ჩაანაცვლოს ცოცხალი სიტყვა, რომელიც ინტერნეტით, სხვადასხვა ციფრული პროგრამით გაშუალებული, რა თქმა უნდა, კარგავს ფერსა და სიცინცხლეს, იმ მუხტსა და ენერგიას, მხოლოდ სიტყვის წარმომთქმელ ადამიანთან უშუალო კონტაქტისას რომ იბადება. რასაკვირველია, ამასთან ერთად, ფერმკრთალდება ხმის ნიუანსობრივი ტონალობა და ვიბრაციაც, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელი ახერხებდა ქვეტექსტური ინფორმაციის გადაცემას. არა მხოლოდ ხმის, არამედ მზერისა თუ ჟესტ-მიმიკის ნაირფეროვანი პალიტრაც აღარ არის ისეთი აქტუალური ონლაინურთიერთობისას.

ამას ემატება ვიდეოსაუბრისთვის დამახასიათებელი დაღლილობა.

ერთი შეხედვით, ასე არ უნდა ყოფილიყო – ცოცხალ კონტაქტს ხომ კლასის ორგანიზაციისა და კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად მეტი საზრუნავი მოაქვს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქმე ასე მარტივად არ არის. ვირტუალურ სივრცეში გამართული გაკვეთილები, ჯგუფური საუბრები თუ ვიდეოშეხვედრები საოცრად ღლის და ფიტავს მონაწილეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს სწორედ იმ არავერბალურ ნიშნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ვირტუალური კავშირისას იკარგება. ესენია: სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, ხმის ტონი – რომლებიც ვიდეოსა და მიკროფონის საშუალებით ცხადად, ნათლად, ნიუანსირებულად არ გადაიცემა, შეიძლება ითქვას, დანაკარგის გარეშე არ კონვერტირდება. არადა, ჩვენ, ვიდეოგაკვეთილის მონაწილენი, მასწავლებელიც და მოსწავლეებიც, არაცნობიერად დიდ ენერგიას ვხარჯავთ სწორედ იმაზე, რომ გავშიფროთ არავერბალური სიგნალები. ფიზიკურად კი ვართ დაშორიშორებულნი, მაგრამ გონებრივად ერთ ვირტუალურ სივრცეში ვიმყოფებით. ეს კი ერთგვარ მატერიალურ-სულიერ დისონანსს იწვევს. ვიდეოგაკვეთილის მონაწილენი ვერ ახერხებენ ბუნებრივ მოდუნებას. სტატიკური მდგომარეობა, ერთგვარი გაშეშება მძიმე ტვირთად რომ არ იქცეს, ერთადერთი გამოსავალია, შემცირდეს უწყვეტად მიმდინარე ვიდეოსაუბარი და გაჩნდეს უფრო მეტი შესვენების შესაძლებლობა, რათა მცირე ვარჯიშით, სხეულის მოძრაობით გადაილახოს მოდუნება.

მასწავლებლის შემოქმედებითობა სწორედ ამ დროს იძენს განსაკუთრებულ ღირებულებას – შექმნილი ვითარება მან არა სასწავლო პროცესის ჩასაკლავად, არამედ, პირიქით, ახალი პლატფორმების შესაქმნელად უნდა გამოიყენოს. მსოფლიოში და საქართველოშიც ამის უკვე არაერთი მაგალითია. ამიტომ ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, სხვათა ნაფიქრი თუ პრაქტიკულად განხორციელებული სასწავლო მეთოდები და სტრატეგიები თვითონაც გამოიყენოს და დროებითი წინააღმდეგობები კრიზისული ვითარების დასაძლევი გამოცდილების ნაწილად აქციოს.

მოზარდები, რომლებიც თანატოლებს არიან მოწყვეტილნი, სოციალური ქსელებითა თუ სატელეფონო მესიჯებით ინაზღაურებენ ცოცხალი კონტაქტის დანაკლისს. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ მოსწავლეებს კვლავ ჰქონდეთ საინტერესო და მრავალფეროვანი ურთიერთობა, რომელიც წინასწარ დასახულ სასწავლო მიზანს ემსახურება. მან ხელი უნდა შეუწყოს, რომ როგორც ჩვეულებრივ საკლასო ოთახში მუშაობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა თემის, საკითხისა თუ მნიშვნელოვანი პრობლემის განხილვისას ინდივიდუალურად, წყვილებად თუ ჯგუფებად, ახლაც შეძლონ ამგვარი ერთობლივი მუშაობა და კონკრეტული ამოცანები კვლავაც ერთმანეთის მხარდაჭერით, განსხვავებულ კრიტიკულ თვალსაზრისთა ხალისიანი გაცვლა-გამოცვლით ამოხსნან.

ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის მოპოვების, შერჩევის უნარს. არც ადრე და არც ახლა მხოლოდ მასწავლებელი არ უნდა იყოს საჭირო ინფორმაციის მატარებელი, ერთადერთი ეჭვმიუტანელი წყარო განათლებისა. ასეთ წყაროდ ელექტრონული წიგნები, აუდიო- თუ ვიდეომასალებიც უნდა იქცეს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოიპოვებს მოსწავლე საჭირო, ღირებულ და სასწავლო მიზნის შესაფერის ინფორმაციას. მთავარია, როგორ მოექცევა მას. ეს უნარი სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზე ყალიბდება და საშინაო დავალების შესრულებისას გამოიყენება.

თანამედროვე მასწავლებელმა მოსწავლეს ერთგვარი საინფორმაციო გემოვნება უნდა ჩამოუყალიბოს და დაუხვეწოს, განუვითაროს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმების შესაბამისი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის ეფექტური განაწილებისა და გამოყენების უნარის გამომუშავებაც, რადგან ინფორმაციის ნაკადების სიჭარბე ხშირად იწვევს დროის შეგრძნების დაკარგვას, უსარგებლო ინფორმაციის ოკეანეში ჩაყვინთვას მოჩვენებით მნიშვნელოვანი რესურსის ძიებაში.

დღეს საუბრობენ პიროვნების ერთგვარ საინფორმაციო კულტურაზე, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ არასაგაკვეთილო დრო-სივრცეშიც უნდა განუვითარდეს. მას დაწყებითი კლასიდანვე უნდა გამოუმუშავდეს ინფორმაციის ზღვაში ორიენტირების უნარი, კარგის, სასარგებლოს ცუდისა და უსარგებლოსგან გარჩევის ჩვევა.

ვირტუალურ სამყაროშიც, ისევე როგორც რეალურში, მოქმედებს ქცევის ერთგვარი ეტიკეტი, რომლის ძირითად პუნქტებად შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

  • გახსოვდეს, რომ ადამიანს ელაპარაკები;
  • ქცევის ისეთივე სტანდარტი დაიცავი, როგორიც რეალურ სამყაროში არსებობს;
  • გახსოვდეს, რომ კიბერსივრცეში იმყოფები;
  • გაუფრთხილდი როგორც საკუთარ, ის სხვის დროს;
  • სწორად გამოიყენე შენი და სხვისი შესაძლებლობები;
  • იყავი გულწრფელი, რომ დაგიჯერონ;
  • დაეხმარე სხვებს, როგორც შეგიძლია;
  • არ გამოიწვიო კონფლიქტი;
  • დაიცავი პირადი მიმოწერის ეთიკა.

ეს იგივე წესებია, რომლების მსჭვალავს ცივილიზებული საზოგადოების კულტურას. კიბერსივრცეში, რეალურის მსგავსად, არსებობს საფრთხეები, რომლებიც ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, ჩამოუყალიბებელ მოზარდებს ემუქრება. ისინი ყველაზე მოწყვლადი სამიზნე ჯგუფები არიან, რადგან იოლად ექცევიან გავლენის ქვეშ, ვერ ფლობენ საკუთარ თავს, ჩამოყალიბებული არ აქვთ ქცევისა და აღქმის ადეკვატური სქემები. მოზარდები აქტიურად იკვლევენ ცხოვრებას, მათ შორის – ინტერნეტის საშუალებითაც. მათ მგრძნობელობას, იმპულსურობას, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ვებდიზაინერები, რომლებიც ფერად-ფერადი აპლიკაციებით ცდილობენ მათი ყურადღების მიზიდვას, საბოლოოდ კი მოზარდები სხვადასხვა შეუფერებელ საიტზე ხვდებიან. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში იხვეწება, იზრდება და მრავალფეროვანი ხდება ე.წ. ვირტუალური აგრესორების რიცხვი და მათი ზემოქმედების მასშტაბიც ფართოვდება.

მასწავლებელი თავად უნდა ფლობდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან მუშაობის უნარს, უნდა შეეძლოს არჩევა, სისტემატიზება, სტრუქტურირება – მხოლოდ ასე თუ შეძლებს, მოსწავლეებსაც შთაუნერგოს ვირტუალურ სივრცეში ორიენტირების პრინციპები. ონლაინსწავლების პოპულარობა თანდათან იზრდება და უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს.

ინტერნეტის საშუალებით სწავლების პროცესი უფრო და უფრო მდიდრდება სიახლეებით და საინტერესო ხდება, რადგან ამგვარად სწავლა არა მხოლოდ პოპულარულია, არამედ მოხერხებულიც. საზოგადოდ, ონლაინსწავლება სასწავლო პროცესის დაგეგმვის მეტ საშუალებას იძლევა. მშობლებიც უფრო აქტიურად ერთვებიან პროცესში, რადგან შვილებზე მეთვალყურეობისა და კონტროლის მეტი საშუალება აქვთ.

ონლაინსწავლებისას სასწავლო რესურსებზე წვდომაც გაიოლებულია. სხვადასხვა საძიებო სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და კომფორტულად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. შესაბამისად, უკეთ წარმოჩნდება, რა უპირატესობა აქვს ახალი გზით სწავლებას ტრადიციულთან შედარებით. უფრო სწრაფად მოძიებული მასალა შეიძლება ასევე სწრაფად დამუშავდეს, კლასიფიცირდეს ონლაინინსტრუმენტების საშუალებით და მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით.

 

ონლაინსწავლებაც, როგორც ნებისმიერი სიახლე, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო დაიხვეწება. ყველა საგნის მასწავლებელი თავისი გამოცდილების საფუძველზე ინდივიდუალურად დაამუშავებს იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მისი საგნის ეფექტური სწავლებისთვის იქნება შესაფერისი. ერთგვარი ფორსმაჟორული ვითარება, რომელმაც პედაგოგი უცხო და მოულოდნელი ამოცანების წინაშე დააყენა, როგორც ჩავლილმა დღეებმა აჩვენა, ახალი უნარ-ჩვევების შეძენის მაპროვოცირებელ ძალად იქცა. ყველა, მათ შორის – სკეპტიკოსებიც, რომლებიც ინტერნეტის სასიკეთოდ გამოყენების შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებდნენ, დარწმუნდა, რომ აზრი უნდა შეიცვალოს. სხვადასხვა საძიებო სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს, სწრაფად და მიზანმიმართულად მოიპოვოს აუდიო-, ფოტო- და ვიდეომასალა მრავალფეროვანი სლაიდშოუების დასამზადებლად. არსებობს უამრავი პროგრამა, რომლებიც პედაგოგს ტესტირების სწრაფ, მოქნილ, მრავალფეროვან გზებსა და საშუალებებს სთავაზობს. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაშიც განსხვავებული ნიუანსები ჩნდება. ყოველდღიური სასკოლო რუტინა, ნებით თუ უნებლიეთ, გადახალისდება. სიახლეებს, რომლებიც სწრაფად მოჰყვა ბოლო დროის მოვლენებს, სკოლა და, საზოგადოდ, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შეხვდა როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას. პროცესს კი, რომელიც ტრადიციისა და ნოვაციის მუდმივ სინთეზს გულისხმობს და ისედაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, სასკოლო სივრცე სასარგებლო გამოცდილებად აქცევს
.

სწავლებისას გამოყენებული ელექტრონული რესურსების მნიშვნელობა  

0

დისტანციური სწავლების გამოწვევებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პროცესის კონსტრუქტივისტულად დაგეგმვაა. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ  სწორად შერჩეული რესურსების გამოყენება მოსწავლეს უჩენს უფრო მეტ მოტივაციას და ის ხალისით ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

გთავაზობთ, ვირტუალური ლაბორატორიისა და ვიზუალური რესურსების ელექტრონულ მისამართებს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია როგორც ბიოლოგიის, ასევე ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე.

თემა – ჩონჩხი და კუნთები

 

 

ეს არის დოქტორ ბინოკსის სახალისო ანიმაცია ძვლების შესახებ. ანიმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ გამოწვევის ფაზაზე.

ამ თემის სწავლებისას, ალბათ, ყველა მასწავლებელი იშველიებს ბიოლოგიის კაბინეტში არსებულ ჩონჩხის მოდელს. გთავაზობთ  მისი დისტანციურად ჩანაცვლების  ვერსიას:

ჩონჩხის მოდელი

ეს არის რესურსი,  რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ რეფლექსიის ფაზაზე ან მივცეთ მოსწავლეებს დავალების სახით შესასრულებლად.

 

თემა – კვებითი ჯაჭვები და ფოტოსინთეზი

 

როდესაც მოსწავლეებთან ვიწყებთ საუბარს ცოცხალი  ორგანიზმების კვებით თავისებურებებზე,   მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ საშუალება, ეს ინფორმაცია ვიზუალურად იხილონ და „შემოესწავლოთ“ თამაშის გზით. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარებათ  ეს რესურსი –

ეს გახლავთ დოქტორ ბინოქსის ანიმაცია მცენარეებზე, რომლებიც უცნაურად იკვებებიან.

ასევე,  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გავაცნოთ  ვირტუალური ეკოსისტემების მოდელები. რესურსი საშუალებას იძლევა,  მოსწავლეებმა იმუშაონ  და შეადგინონ კვებითი ჯაჭვების ყველა შესაძლო ვერსია.

მითითებულ ბმულზე მოცემული საინტერესო რესურსი –ტროფიკულ დონეზე მყოფი ორგანიზმების ამოცნობა 

– მოსწავლეებს დაეხმარება, შეძლონ: საცხოვრებელი არეალების მიხედვით, განსხვავებული კლიმატური ზონებისა და ეკოსისტემების ილუსტრაციების მეშვეობით,  სხვადასხვა ტროფიკულ დონეზე მყოფი ორგანიზმების ამოცნობა.

როდესაც გვინდა, მოსწავლეებს გავაცნოთ მოდელური ეკოსისტემები და გვსურს, თვალსაჩინოდ ავხსნათ კვებით ჯაჭვში ენერგიის გადანაწილების პრინციპები,    ეს რესურსი ძალიან პრაქტიკული  და მოსახერხებელია :   კვებით ჯაჭვში ენერგიის გადანაწილების პრინციპები

 

როდესაც  აქტივობის სასწავლო მიზანია, მოსწავლეებს გავაცნოთ ფოტოსინთეზის მიმდინარეობა და სხვადასხვა ტიპის განათების დამოკიდებულება მცენარეთა ზრდის სისწრაფეზე,    ძალიან ეფექტურია ამ რესურსის გამოყენება:  განათების დამოკიდებულება მცენარეთა ზრდის სისწრაფეზე

 

თემა – სისხლი, მისი მოძრაობა და სისხლის ჯგუფების განსაზღვრა

 

აღნიშნული თემის სწავლებისას ეფექტურია ანიმაციის გამოყენება,  რომელიც კარგად აჩვენებს სისხლის მოძრაობას და მის მახასიათებლებს, როგორებიცაა პულსი და სისხლის წნევა :

სისხლის მოძრაობა

 

სისხლის ჯგუფების შესახებ  გაკვეთილის ჩატარებისას  მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ  სისხლის ანალიზის ვირტუალურ ლაბორატორიაში ჩატარების საშუალება :

სისხლის ანალიზი

ეს გახმოვანებული რესურსია  და აღწერილია თითოეული ნაბიჯი, ლაბორატორიული წესების სრული დაცვით მოსწავლე ჩაატარებს ექსპერიმენტს და რაც ყველაზე საყურადღებოა, სხვადასხვა ნიმუშების შესწავლის პარალელურად, მიეჩვევა ჩანაწერების გაკეთებას ლაბორატორიის რვეულში. ამ ეტაპის შესრულების გარეშე ის ვერ გადავა შემდეგი პაციენტის ნიმუშის დამუშავებაზე.

https://www.glencoe.com/sites/common_assets/science/virtual_labs/LS27/LS27.html

ამ რესურსის  საშუალებით  სხვა პაციენტების სისხლის დამუშავება შეგვიძლია დავავალოთ მოსწავლეს.  შემდეგ  გაკვეთილზე   კი, წინასწარი ვარაუდების წარდგენის მიზნით,  მოსწავლეებს შეუძლიათ,  ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდე­ბის  წარდგინებით იმ­ს­ჯე­ლონ მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე.

თუ გვსურს ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყოს

0

მშობლის როლი მოზარდის ალკო და ნარკოდამოკიდებულების პრევენციაში

აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ბავშვებსა და მოზარდებს, მათ მშობლებსა და ახლობლებს საქართველოში ახალი ცხელი ხაზის – 111-ის საშუალებით ფსიქოლოგის უფასო დახმარების მიიღება შეუძლიათ. ასეთი დახმარება უკვე 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია.

მანამდე კი ზრდასრულებს უნდა გვახსოვდეს, რომ მოვლილი, კარგად აღზრდილი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვიც კი შეიძლება იყოს მარტოსული და სწორედ ეს იქცეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მიზეზად.

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ზედმეტი თავგამოდებით ვცდილობთ, ჩვენმა შვილებმა რაც შეიძლება ნაკლები ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვან, ჩვენი მზრუნველობით ვუზღუდავთ თავისუფლებას, ვურღვევთ უფლებებს, მერე კი გულწრფელად გვიკვირს, რატომ გახდა ასეთი გულგრილი სხვების მიმართ, რატომ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და რატომ აშინებს სიცოცხლე სიკვდილზე მეტად.

ასე აღზრდილი ბავშვები დროულად ვერ იძენენ მათთვის საჭირო გამოცდილებას, არ იციან, როგორ მიიღონ ახალი გამოწვევები, გაუმკლავდნენ სირთულეებს, მათ შორის – ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებსაც ადრეულ ასაკშიც კი შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებთან ხშირად ცვლის პიროვნების ჩამოყალიბების ვექტორს, ადამიანის მთელ ცხოვრებას, მის სოციალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, სირთულეებს უქმნის ოჯახში და რიყავს საზოგადოებისგან.

ბავშვები სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას. ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ცნობისმოყვარეობით გამოწვეული ექსპერიმენტირებაა, „საკუთარი თავის გამოცდა“, „არჩამორჩენა“ სხვა ბავშვებისგან, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ისინი.

შესაძლოა, ამ ნივთიერებებით დაინტერესების მიზეზი მოწყენილობაც იყოს. ბევრს მიაჩნია, რომ რომელიმე ნივთიერების მიღებით გამოიკეთებს განწყობას, გახდება ხალისიანი, თვითდაჯერებული, უკომპლექსო.

ზოგი დარწმუნებულია, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გაიუმჯობესებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უნარებს, გაიმარტივებს ურთიერთობას იქ, სადაც ურთულდება, ზოგისთვის კი ნარკოტიკები და ალკოჰოლი იმ კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება, რომელშიც ახლა ტრიალებს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ცხოვრებაში ჩვევად, დამოკიდებულებად განმტკიცება. დროთა განმავლობაში მომხმარებელი, როგორც წესი, კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და მაშინღა აცნობიერებს პრობლემას, როდესაც „წამლის“, ალკოჰოლის გარეშე არსებობა აღარ ძალუძს.

ბავშვისა და მოზარდის შემთხვევაში საკუთარი ძალების მობილიზებით მოხმარებაზე უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია მშობლის, მეგობრებისა და ექიმების დახმარება. გამოსავალი ყოველგვარი მდგომარეობიდან არსებობს, ასე რომ, მშობელმა იმედი არ უნდა დაკარგოს.

ვიდრე ექიმს მიმართავდეთ, დაფიქრდით და გაიაზრეთ, რატომ დაიწყო მოზარდმა ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის მოხმარება, რა იყო ამის მთავარი მიზეზი. ეს მშობლებს მასთან ურიერთობაში დაგვეხმარება, ექიმს კი – სწორი სამკურნალო სტრატეგიის შერჩევაში.

ამ თემებზე ბავშვებსა და მოზარდებთან საუბრის გაბმა რთულია, ზოგჯერ ინფორმაციის უქონლობის გამო – უხერხულიც, მაგრამ არსებობს ინტერნეტი, სადაც უამრავი რამ წერია ჩვენი დროის ნარკოტიკების შესახებ.

მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ ერკვევით იმაში, რასაც სთხოვთ. ის უნდა მოგენდოთ. გულდასმით მოუსმინეთ მის ისტორიას, ეცადეთ გაუგოთ და პატივი სცეთ მისი გრძნობების. არ გაკიცხოთ ის და ვიდრე რამეს მოიმოქმედებდეთ, ზედმიწევნით გაარკვიეთ, რა მოხდა მის ცხოვრებაში ნივთიერებების მოხმარებამდე.

უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ნარკომანიის ტენდენციის მთავარი მიზეზები ოჯახიდან მოდის. ოჯახური სიტუაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის საწყის ადგილს იკავებს ბავშვის ქცევის ბუნებისა და მოდელის ჩამოყალიბებაში. მშობლების უყურადღებობა ბავშვის მიმართ, დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ერთგვარი წესებისა და დისციპლინის არარსებობა, „მიშვებულობა“ ან არასრული ოჯახი ქმნის ისეთ პირობებს, სადაც მოზარდს გზა ეხსნება და ძლიერი ბიძგი ეძლევა არასწორი მოქმედებისკენ, მათ შორის – ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ.

მაგალითად, ქართულ სინამდვილეში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც მოზარდი ნარკოტიკებისადმი ინტერესს მაშინ იჩენს, როდესაც მისი ოჯახის რომელიმე წევრია მომხმარებელი და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მომხმარებელ მშობელს არ სურს, მისი შვილი იმავე გზას დაადგეს, რამის შეცვლა შეუსრულებელ ამოცანად ექცევა.

ქართული ოჯახებში გიხილება კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ბავშვები მომხმარებლები ხდებიან – მშობლების მოუცლელობა. დედ-მამა ოჯახის გამოკვებას უამრავ დროსა და ენერგიას ახარჯავს, ბავშვის ცხოვრებას კი საკმარისად ვეღარ აკონტროლებს.

არსებობს მეორე უკიდურესობაც, როდესაც ბავშვის ყველა კაპრიზი მშობლისთვის პატარაობიდანვე კანონია. ბავშვიც მისთვის უცნობი ემოციების მისაღებად რისკზე მიდის. ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენა ონლაინ სივრცეში ადვილია, თუ ამ მხრივ კრეატიულად მოაზროვნე მეგობრებიც გყავს.

ზოგჯერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მიზეზი დიდი წნეხია, რომელსაც ბავშვი ოჯახისგან იღებს: ინტელექტუალური კონფლიქტი მშობლებსა და შვილს შორის, მშობლების უყურადღებობა ბავშვების ინდივიდუალური და გონივრული მოთხოვნებისადმი, დამცირება და აგრესია, მშობლების მხრიდან ბავშვების გაღიზიანება და მთელი წყება სხვა ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს.

ამრიგად, მშობელთა ჩვევები, მათი ცხოვრების წესი, მათი ურთიერთობები ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში ნარკომანიის პრევენციის ჭრილში განიხილება. მშობლებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ თავიანთი საგანმანათლებლო უნარები, მისცენ ღირსეული განათლება შვილებს და ამით აუმაღლონ თვითშეფასება, მისცენ სწორი ცხოვრების უნარ-ჩვევების პირადი მაგალითი, გაუზიარონ თავიანთი ღირებულებები, რაზეც მსჯელობა მოზარდებს თანატოლთა წრეში ძალიან მოსწონთ.

ხმამაღალი ნათქვამი როდია, რომ მშობლები შვილებისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ – პატიოსნების, შემწყნარებლობის, შრომის, სიყვარულის, განვითარებისკენ სწრაფვის მაგალითს. თუ მშობელი ერთს ამბობს, მაგალითად, სუფრასთან და ცხოვრებაში სხვაგვარად იქცევა, ბავშვებსა და მოზარდებში ეს იმედგაცრუებას, ცხოვრებისეული ორიენტირების არევას იწვევს.

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი დაავადებაა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება და უფრო და უფრო მტკიცდება. როდესაც ბავშვი ან მოზარდი რაღაცის მოხმარებას იწყებს, არ იცის, რომ მალე ამაზე დამოკიდებული გახდება. როგორც წესი, ზრდასრულმა პაციენტებმაც კი არ იციან, რომ მათი დაავადება პროგრესირებს და განგაშს მხოლოდ აისბერგის წვერის დანახვისას ტეხენ.

ზოგჯერ ოჯახის წევრები ამჩნევენ ბავშვის ქცევისა და ფსიქიკური მდგომარეობის არასასურველ ცვლილებას. პროცესის დასაწყისში, როგორც წესი, ცდილობენ დახმარებას, ხოლო როდესაც რეალობას ეჯახებიან, პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ იმ იმედით, რომ ამ საწყის დამოკიდებულებას დაარღვევენ.

მაგრამ დამოკიდებულება ვერსად წავა, ვერ გაქრება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი მოზარდის ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. მისი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან თანდათან მცირდება.

ოჯახის წევრებმა შეიძლება იცოდნენ ან ხვდებოდნენ, რა ხდება მათი შვილების თავს, მაგრამ, როგორც წესი, წარმოდგენა არ აქვთ, რამდენად სერიოზულადაა ყველაფერი. ოჯახი ამჩნევს, რომ სახლი აღარ არის ყველასათვის კომფორტული სივრცე. მოზარდი მუდმივად გაღიზიანებულია, დაღლილი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ სურს.

შესაძლოა, ოჯახში გამოჩნდეს ერთი ადამიანი, რომელიც მოზარდის ქცევის გამართლებას დაიწყებს, სხვები კი იძულებულნი იქნებიან, აიტანონ ეს. იწყება კონფლიქტები. არავინ იცის, როგორ მოიქცეს, ვის მიმართოს, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო ოჯახის წევრები არ ახმოვანებენ პრობლემას. ისინი ირგებენ როლებს, რომელთა მორგებასაც ვითარება აიძულებთ და ამით კიდევ უფრო ამყარებენ მომხმარებელი ბავშვის ქცევას.

იქ, სადაც დამოკიდებულების მქონე ადამიანი, თუნდაც ბავშვი ან მოზარდი ცხოვრობს, ოჯახის უსაფრთხოება და სიმშვიდე უმეტესად დარღვეულია. ერთმანეთს ეკვეთება ფინანსური პრობლემები და დაძაბულობა. ოჯახი გამუდმებითა სტრესის ქვეშაა. ცხოვრების ახალ წესებს მას უკვე დამოკიდებულების მქონე ადამიანი კარნახობს. ხშირად ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ოჯახის კეთილდღეობას და არამხოლოდ.

სწორედ ამიტომ აუცილებელია სპეციალისტების ჩარევა და არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ გვსურს, ჩვენი შვილი ჯანმრთელი იყოს.

საინფორმაციო ხვეულა

0

ერთი წლის წინ ევროპის ეკონმიკური განვითარების კვლევის ცენტრმა კონკურსი ჩაატარა, მასწავლებლებს ევროპის შესახებ გაკვეთილები უნდა ჩაგვეტარებინა. კონკურსის ფინალისტებს შორის მეც აღმოვჩნდი.

ივლისში ათი მასწავლებელი ბრიუსელში გავემგზავრეთ. პროგრამის მიხედვით  დაგეგმილი იყო შეხვედრები  სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ერთ-ერთი მეთიუ ბუსკე იყო,  რომელიც ევროკომისიაში საქართველოს, მოლდოვისა და სამეზობლოს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მეთიუ ბუსკესთან  დიალოგი ძირითადად კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის, ეროვნული იდენტობის შესახებ გაიმართა. დღიურში მისი სიტყვებიც ჩამინიშნავს:  „თუ დარჩებით იმად, ვინც ხართ, ცვლილებები მალე მოვა“. ჩემი კომენტარიც ამოვიკითხე: მეთიუ საუბრობს ნელა, გამოყოფს სიტყვებს, წინადადებების შემდეგ ისვენებს-მეთქი.

პოლიტიკური კითხვების ფონზე ჩემი შეკითხვები კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, თუმცა, მაინც გავბედე და ვკითხე: 1. რა როლი შეიძლება შეასრულოს ლიტერატურამ საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებში და 2. ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ-მეთქი.

პასუხად მეთიუმ გაიხსენა პარიზთან ახლოს გამართული მთარგმნელთა ფესტივალი, სადაც ქართულად კითხულობდნენ ცნობილ ნაწარმოებს. საკმაოდ ბევრი მსმენელი იყო მოგროვებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ლიტერატურა საქართველოს აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევაო. შემდეგ გაიხსენა თავისი თინეიჯერი გოგონა, რომელიც თურმე საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს. ბოლოს წაკითხულ ავტორად ჯულიან ბარნსი დაასახელა, წიგნის სათაური არ ახსოვდა, მაგრამ მთავარი მოტივი ორი სიტყვით დაახასიათა – „about love”. ქართველი მკითხველიც კარგად იცნობს ჯულიან ბარნსის რომანების სასიყვარულო ფაბულებს.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტარიუმისკენ გავეშურეთ. მეორე მსოფლიო ომისა და ევროკავშირის ისტორიის ამსახველი თანამედროვე ინსტალაციების ფონზე მოულოდნელი იყო მწერლების, მხატვრებისა და მუსიკოსების შესახებ დამზადებული საინფორმაციო ხვეულების დანახვა. წარმოიდგინეთ ოვალური ფორმის განათებული ჭაღი, რომელსაც გარედან ცნობილი ადამიანის ფოტო აქვს დატანილი, შიგნით კი ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ენებზე დაწერილია  ბიოგრაფიული დეტალები.

დარბაზში სამგანზომილებიანი რუკებისა და გლობუსების ფონზე  ასტრიდ ლინდგრენის დანახვამ მეთიუ ბუსკესთვის დასმული შეკითხვის გამო მოგვრილი უხერხულობის განცდა მყისიერად გაფანტა.  ევროპის შუაგულში ასტრიდი კეთილად მიღიმოდა. ძალიან სწორი ფრაზა გააჟღერა მეთიუ ბუსკემ – ლიტერატურას ნამდვილად შეუძლია ერთმანეთი აღმოგვაჩენინოს და სრულიად უცხო გარემოში სიმშვიდე მოგვგვაროს. ზურგჩანთიდან  „მოსიარულე გაკვეთილები“ ამოვიღე და ის თავი მოვძებნე, სადაც ასტრიდის დაბადების დღეებზე ვყვები. წიგნში ასახული სივრცე  ჩემი ქვეყნის მაღალმთიანი სოფლის სკოლაა, რომლის მოსწავლეებმა სამყარო ასტრიდისა და სხვა მწერლების წყალობით გაიცნეს. ისინი ერთ მშვენიერ დღეს ულამაზესი სოფლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოხვდებიან და ლიტერატურის წყალობით „შინ“ იგრძნობენ თავს.

საკმაოდ ვრცელი შესავალი იმის აღსაწერად დამჭირდა, ბრიუსელის პარლამენტარიუმში აღმოჩენილი საინფორმაციო ხვეულა მე და ჩემმა მოსწავლეებმა როგორ ვაქციეთ სასწავლო რესურსად.

მეჩვიდმეტე ლიტერატურული კაფე „მირამისი“ ბრიუსელში ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ გავმართე. ამჯერად წიგნებზე საუბრისთვის სკოლის სტადიონი შევარჩიეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში შევკერეთ ოცამდე ნაჭრის ჩანთა და წიგნების მიხედვით მოვხატეთ. ავტორებისა და სათაურების ჩამონათვალი ახლაც მრავალფეროვანი იყო: პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“, მერი შელის „ფრანკენშტაინი“, თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტი“, მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“, როალდ დალის „დიკეგო“, დავიდ ფონკინოსის „დელიკატურობა“, თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“, სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“… მირამისობის შესახებ სოფელში ხმა მალე გავრცელდა და სტადიონი სტუმრებით აივსო. 13 წლის ანა ჩვენი მეგობარია. საფრანგეთში, კანში,  სწავლობს და ყოველ ზაფხულს ჩვენთან ერთად ატარებს. ახალი მასწავლებელი გვყავს, მადამ ბუშუშა ჰქვია და ძალიან გგავთ თქვენო. ლიტერატურის სიყვარულმა ასე აღმომაჩენინა მადამ ბუშუშა. ისე მოხდა, რომ 8 წლის ანა სოფია, რომელსაც ორი წელი ვასწავლიდი თბილისში, ზაფხულის ლიტერატურულ კაფეს დაესწრო. გულისყურით ისმენდა, თავად „ილის ქალაქის“ შესახებ ისაუბრა და შთაბეჭდილებების წერილში დაგვიწერა, ზოგმა (წიგნმა) ისე დამაინტერესა, რომ ყურები ვცქვიტეო.

როგორც წესი, ინტერიერის გაფორმებისთვის დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ ხოლმე. ამჯერად ხელნაკეთი ჩანთების გარდა ბავშვებმა მთის ყვავილებითა და ნაძვის წიწვებით წიგნის სანიშნეები დაამზადეს, კედლის პოსტერებიც დავამზადეთ, „გემრიელი ვიქტორინაც“  ვითამაშეთ, განწყობისთვის მუსიკაც შევარჩიეთ და ანის და მარის დედამ ტრადიციული ტორტიც გამოგვიცხო. მდინარის პირს სკოლის სტადიონისკენ რომ მივუყვებოდით, ბეგზე ერთი გოგო შემოგვიერთდა. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და შორიდან თვალს ადევნებდა სოფლის ლიტერატურულ თავყრილობებს. ტორტზე წარწერილი „მირამისი“  „მარსელად“ ამოიკითხა, რასაც სიმბოლური დატვირთვა მივანიჭეთ – ლიტერატურა ჩვენთვის მარსზე მოგზაურობის საშუალებასაც იძლევა.

მეჩვიდმეტე მირამისობის მთავარ დეტალად საინფორმაციო ხვეულა იქცა. ბავშვებს ბრიუსელის პარლამენტარიუმში ნანახი ამბები გავუზიარე და საინფორმაციო ხვეულას დამზადება შევთავაზე. ისინიც ხალისით ამყვნენ. ონის სამეურნეო მაღაზიაში შევიძინეთ მავთული და ქაღალდი, მწერლებიდან ასტრიდ ლინდგრენი შევარჩიეთ და მეორე დღეს კალათბურთის ფარზე ჩამოკონწიალებული რგოლი დამახვედრეს. გარედან ასტრიდი დაუხატავთ, შიგნით კი მის შესახებ  ბიოგრაფიული დეტალები და წიგნებიდან ამონარიდები დაუწერიათ. გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ხვეულა მწერლის შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაცნობს, გასართობი დატვირთვაც შეიძინა – რგოლის შიდა მხარეს დატანილი ინფორმაციის წასაკითხად აუცილებელია შიგნით „შეძრომა“. პარლამენტარიუმის საინფორმაციო ხვეულები განათებული იყო სხვადასხვა ფერის შუქით, ჩვენი ხელნაკეთი ხვეულა კი მზის სხივებით იყო გაჩახჩახებული. ლიტერატურული კაფეს დასრულების შემდეგ ჯადოსნური სამყაროს (მედიათეკის) ოთახში  დააბინავეს.

ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა. ხელნაკეთი სასწავლო რესურსების საჭიროება დისტანციურმა სწავლებამ  დროებით ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა, საინფორმაციო ხვეულა ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს.

მკაფიო ინსტრუქციის მიხედვით საინფორმაციო ხვეულას  (შედარებით მომცრო ზომის) დამზადებას  მოსწავლე დამოუკიდებლადაც შეძლებს. მის  ირგვლივ კომპლექსური დავალების პირობის აგებაც შეიძლება, მაგალითად :

დაამზადე საინფორმაციო ხვეულა შენ მიერ შერჩეული მწერლის ბიოგრაფიის შესახებ:

  • გარეთა მხარეს დახატე მწერალი;
  • შიდა მხარეს განათავსე მისი ბიოგრაფიული დეტალები და რამდენიმე ფრაზა ნაწარმოებებიდან;
  • მოამზადე სამწუთიანი პრეზენტაცია;
  • წარდგენის შემდეგ გამოკვეთე ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მოგწონს საკუთარ ნამუშევარში/პრეზენტაციაში და ერთი რამ, რის გაუმჯობესებასაც ისურვებდი.

მწერალთა ბიოგრაფიების ცოდნა მათი ნაწარმოებების კონტექსტის გააზრებისთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. საინფორმაციო ხვეულა საუკეთესო გზა აღმოჩნდა საზოგადო მოღვაწეების უკეთ გასაცნობად, ინფორმაციის მოძიება-დახარისხებისას და ტექსტის უცხო ენაზე თარგმნაც დიდ გამოცდილებად ექცათ. ამასთანავე,  თანამედროვე პედაგოგიკისთვის უმთავრესია ცოდნის ვიზუალურად ისე წარმოჩენა, რომ აუდიტორიისთვის შთაბეჭდილებად იქცეს. ვფიქრობ, საინფორმაციო ხვეულას მრავალფეროვან რესურსად გამოყენება სასწავლო პროცესს ნამდვილად გაახალისებს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...