ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

საბავშვო ბაღის შექმნის იდეა და თანამედროვე გამოწვევები

0

ვერიდებოდი, მაგრამ წერილის დაწყება მაინც პანდემიაზე აქცენტებით მიწევს. ჩემი სტატიების მკითხველებს ემახსოვრებათ ბოლო სტატია, სადაც საბავშვო ბაღებში ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და გამოწვევებზე ვწერდი COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღებში დისტანციური სწავლების განახლების შესახებ. თემატურ ჯგუფში ამ საკითხს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ვრცელი დისკუსია მოჰყვა. აღმზრდელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მშობლებთან ან აღსაზრდელებთან ელექტრონული კომუნიკაცია არაფრის მომცემია, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. თუმცა აქ მეორე საკითხი იჩენს თავს: თუ გაურკვეველი დროით ისევ სრულიად შევწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს და ამას დავუმატებთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში შეწყვეტილი სწავლის ხანგძლივობას, გაუზვიადებლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების თითქმის ერთი წელი დაკარგულია.

ამის თაობაზე დარდში ხელახლა დავფიქრდი საბავშვო ბაღების ბედსა და არსებობის საჭიროებაზე. ვინ ან რატომ მოიგონა საბავშო ბაღი? იქნებ მართლა არც ისეთი საჭიროა, როგორიც გვგონია, იქნებ მართლა ბავშვების მეთვალყურეობის ადგილია მანამდე, სანამ მშობლები მუშაობენ?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 2-3 საუკუნით უკან მამოგზაურა.

ისტორია იწყება 1782 წელს, როცა შორეული გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ტურინგენში, დაიბადა ფრიდრიხ ფრობელი. ფრიდრიხი 9 თვისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამას მარტოს მოუწია სამი შვილის გაზრდა და, ბუნებრივია, ბავშვებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ამ უგულებელყოფის განცდისგან თავის დასაღწევად პატარა ფრიდრიხი უმეტეს დროს მარტო, სახლის ახლოს მდებარე ბაღებში თამაშში ატარებდა. სწორედ ამან გაუღვივა ბუნების სიყვარული და უბიძგა, შეექმნა დაწესებულება, რომლის იდეაც ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, იმხანად გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე ზრუნვა დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან მათ ემოციურ და კოგნიტიურ უნარებს ვერ განვუვითარებთ. შესაბამისად, არც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები არსებობდა. თუმცა იყო ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებსაც “მოსაცდელი სკოლები”, “ახალშობილთა თავშესაფრები” ან “ახალშობილთა სკოლები” ერქვა. ამ დაწესებულებებს მხოლოდ ბავშვების მოვლა და ზიანისგან მათი დაცვა ევალებოდა, სანამ მათი მშობლები მუშაობდნენ. ამ ტიპის სკოლებს ძირითადად ეკლესია მფარველობდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბავშვებისთვის რაც შეიძლება ადრე ჩაენერგა რელიგიური მოწიწება.

1805 წელს ფრიდრიხ ფრობელმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ფრანკფურტის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, სადაც ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგისა და განათლების რეფორმატორის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის იდეებს მისდევდნენ. პესტალოცის მიაჩნდა, რომ ბავშვებს თავიანთ განათლებაში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. მისი დევიზი იყო “სწავლა თავით, ხელებით და გულით”. ფრიდრიხ ფრობელმა ეს მიდგომა გაიზიარა, 1806 წელს სამსახური მიატოვა და ერთ-ერთი ფრანკფურტელი ოჯახის სამი შვილის კერძო აღმზრდელი გახდა. მათმა მშობლებმა ფრობელს აჩუქეს მიწა, რომელიც ბავშვების სათამაშო ტერიტორიად უნდა გამოეყენებინა. 1808-დან 1810 წლამდე ფრიდრიხმა ამ ბაღში არაერთი სასწავლო სესია ჩაატარა. შედეგებმა ის დაარწმუნა, რომ ბავშვების განათლებისთვის პირდაპირი დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო. პესტალოცისა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაზე დაყრდნობით მან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების გეგმა შეიმუშავა.

 

პირველი საბავშვო ბაღი

1837 წელს ტურინგენში, ქალაქ ბლანკენბურგში, ფრობელმა გახსნა პირველი სკოლა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელსაც პატარა ბავშვების განვითარების ინსტიტუტი ერქვა. 1840 წელს დაწესებულებას სახელი შეუცვალა და “საბავშვო ბაღი” (kindergarten) დაარქვა. ფრობელი ბავშვებს პატარა ყვავილებს ადარებდა. მას მიაჩნდა, რომ თუმცაღა ბავშვებს მოვლა სჭირდებათ და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თითოეული მათგანი ლამაზია თავისთავად და როდესაც ერთად იყრიან თავს, მომხიბვლელ გარემოს ქმნიან.

ფრიდრიხ ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვები თამაშით სწავლობენ, საბავშვო ბაღი კი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც თამაშს შეძლებენ. და რადგან თამაში სწავლას ნიშნავს, უფროსებისთვის საბავშვო ბაღი უნდა იქცეს ადგილად, სადაც ისწავლიან, როგორ შეუქმნან სათანადო პირობები ბავშვებს. მისი ფილოსოფია ემყარებოდა იდეას, რომ ბავშვები უნდა განისწავლებოდნენ მუსიკის, მოთხრობების, დრამატული თამაშის და ბუნების შესწავლის გზით. თავის საბავშვო ბაღში ფრობელმა შემოიღო ე.წ. “წრის დრო”, რათა ბავშვებს ჯგუფურად ესწავლათ. მანვე შექმნა განმავითარებელი სათამაშოების სერია “საჩუქრები”.

ფრიდრიხ ფრობელის სწავლების ფილოსოფიაზე უფრო ვრცლად იხ. ანა ჯანელიძის სტატიაში – ფრობელის კვალდაკვალ

ფრობელი იყო პირველი, ვინც საბავშვო ბაღში ხელსაქმის შემოიღო. ამას საფუძვლად ედო მისი თეორია, რომ ბავშვებს უკვე აქვთ ცნობისმოყვარეობის სურვილი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური და შემეცნებითი უნარების შესაძენად. ფრობელს სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისწავლონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ. აღმზრდელს კი მათთვის ამ შემეცნებითი გზის გაკვალვა ევალება.

ფრობელი ფიქრობდა, რომ ქალებს უკეთ გამოსდიოდათ პატარების მეთვალყურეობა და შეეძლოთ, უკეთ დახმარებოდნენ მათ ემოციური უნარების განვითარებაში ბუნებრივი მგრძნობიარობისა და სხვა ქალური თვისებების გამო. ამ მიდგომის გასამყარებლად მან დააარსა სატრენინგო სკოლა მხოლოდ ქალებისთვის, რომლის მიზანი საბავშვო ბაღის მასწავლებლების მომზადება იყო. ფრობელმა შეიმუშავა პროგრამა, სადაც ხაზგასმული იყო ის აქტივობები, რომლებიც ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება.

როგორც ყველა სხვა სიახლეს, ფრიდრიხ ფრობელის მიდგომებსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები სამშობლოში, თუმცა XIX საუკუნეში მთელ მსოფლიოში არაერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

1852 წელს ფრიდრიხ ფრობელი გარდაცვალა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში პირველად შეიტანეს სიტყვა kindergarten.

ფრიდრიხ ფრობელის მიდგომები საფუძვლად უდევს დღევანდელი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას.

ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ საბავშვო ბაღის შექმნის იდეა რომ რევოლუციური იყო, დღეს უკვე აშკარაა. ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში სწავლების დისტანციური კომპონენტის შემოტანაც, ვფიქრობ, რევოლუციურია, მის შედეგებს კი მოგვიანებით დავინახავთ.

 

„People die, but people stay. So let us plant the seed that will bear fruit that will bring blessings to the future“.

Friedrich Froebel

 

„ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ადამიანები რჩებიან. მოდი, ჩავაგდოთ თესლი, რომელიც მომავლისთვის სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ ფრობელი

 

 

წყარო:

https://www.friedrich-froebel-online.de/

ფოტოგრაფია და ქართული ლიტერატურის გაკვეთილები

0

ფოტოების გადაღება ბავშვობიდან მიყვარდა. სასიამოვნო რიტუალი იყო ფირის შეძენა, კოდაკის აპარატში მოთავსება,  36 სურათის გადაღება (36 კადრს იტევდა ფირი) და გამჟღავნება. ახლაც მახსოვს, როგორ ვგეგმავდი თითოეულ სურათს, არცერთი კადრი არ უნდა გამეცდინა. მერე გამჟღავნებულ ფირს საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, სასურველი კადრების ნომრებს ამოვიწერდი და ბაღდათიდან დასაბეჭდად თბილისში გავგზავნიდი. 1 ფოტოს დაბეჭდვა 25 ან 30 თეთრი ღირდა. დაბეჭდილ სურათებს ბლოკნოტში საგულდაგულოდ ჩავაკრავდი და მათზე ვწერდი. ჩემთვის ეს არავის დაუვალებია, უბრალოდ, მსიამოვნებდა. როცა გავიზარდე და მასწავლებელიც გავხდი, მივხვდი, ფოტოები და ჩანაწერები ჩემთვის მხოლოდ  თავშესაფარი კი არ ყოფილა, ასე წერასაც ვსწავლობდი. ის 25-თეთრიანი სურათები მთელ ჩემს ბავშვობასა და მოგონებებს ინახავს.

ალბათ, ბევრს მოგეპოვებათ ასეთი არქივი. საინტერესოა,  დაგიწერიათ თუ არა ფოტოების შესახებ. თუ გიცდიათ, გეცოდინებათ, რა სასიამოვნო პროცესია, თუ არა, გირჩევთ, დაწეროთ ფოტოამბავი ან სურათის გადაღების ისტორია, ამგვარად არაერთი მოგონება ამოგიტივტივდებათ და სიტყვები თავად გაიკვალავენ გზას ფურცლებზე.

22 წლის ასაკში, როცა ქართულის მასწავლებელი გავხდი, ძალიან ვღელავდი, რადგან  უფროსკლასელები მანდეს, თუმცა ეს ნდობა საოცარი ძალით მავსებდა და მეხმარებოდა დაბრკოლებების გადალახვაში. დაბრკოლება კი, რომელსაც მაშინ წავაწყდი, ის იყო, რომ ბავშვები მეუბნებოდნენ, ვერ ვწერთო,  არ შეგვიძლიაო, არ გამოგვდისო. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ შეეძლოთ, რომ გამოუვიდოდათ და ეს არ ყოფილა ,,განწირული სულისკვეთება“.

ჩემი გონება გამოსავალს ეძებდა. ამიტომაც ვიხსენებდი ბავშვობას, ვცდილობდი, თავი  მოსწავლეების ადგილას წარმომედგინა და მივმხვდარიყავი, რა შთააგონებდა მათ წერის დაწყებას, რა დაარწმუნებდა, რომ ეს შეეძლოთ. ასე მომაგონდა ბავშვობის დროინდელი ფოტოები და ნაწერები. ერთ დილას დავსტაცე ხელი ჩემი მეუღლის საგამოფენო სურათს (იგი ფოტოგრაფია და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ ჩვენი პროფესიები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ), პროგრამულ მასალას გადავუხვიე, დაფაზე ის ფოტო ჩამოვკიდე, ბავშვებს ვუამბე მისი გადაღების ისტორია და ვთხოვე, დაესათაურებინათ და მერე ჩანახატი დაეწერათ. თამამად შემიძლია ვთქვა, იმ გაკვეთილმა დიდწილად განაპირობა ჩემი შემდგომი პედაგოგიური ხედვა.

XI კლასში სწავლობდა ერთი ბავშვი, რომელთანაც ყველაზე მეტად მიჭირდა საერთო ენის გამონახვა. იგი ბევრ რამეს აპროტესტებდა, დავალების შესრულებაზეც უარს ამბობდა ხოლმე, შეეძლო, წამიერად შეეცვალა საკლასო ამინდი. მე, გამოუცდელ მასწავლებელს, ხანდახან მეშინოდა კიდეც მისი. და მან შეძლო… გამოუვიდა. ფოტოს ფოთლების სევდა დაარქვა და ისეთი ჩანახატი დაწერა, რომ მისი წაკითხვისას დღემდე მეტირება. რაც მთავარია, ამ ნაწერმა დამანახა, რომ ავტორს არათუ კარგად გამოსდიოდა წერა (თავადაც დარწმუნდა ამაში), ის მეტად მგრძნობიარე ადამიანი იყო. იმ მეამბოხე მეთერთმეტეკლასელის მიღმა, რომლის ,,ხუმრობებს“ შეიძლება ჩემი გაკვეთილი ჩაეშალა, სათუთი სამყარო იმალებოდა. ვერასოდეს დავივიწყებ მის გაფართოებულ თვალებს, როცა ჩემი აღფრთოვანება გავუზიარე. ერთმა ფოტოჩანახატმა ბევრი რამ შეცვალა. მან დავალებების წერა დაიწყო. აღარასოდეს ამბობდა უარს წერაზე. მეც შევიცვალე, მისი ,,ხუმრობების“ აღარ მეშინოდა, საერთო ენაც ვიპოვეთ.

ის მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ახლა კაცია, ცხოვრების გზას მიუყვება და არ ვიცი, ახსოვს თუ არა 10 წლის წინ დაწერილი ფოტოჩანახატი, მე კი არასოდეს დამავიწყდება. ხშირად მახსენდება მისი სიკეთით სავსე სამყარო, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს დავინახავდი, ის ჩანახატი რომ არ დაეწერა.

მაშინ ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს აქტივობა დამეხმარებოდა მოსწავლეთა წერითი უნარების გაუმჯობესებაში და ასეც მოხდა. ხანდახან საჭიროა ერთგვარი ბიძგი, შთაგონება, რომ წერა დაიწყო, რომ სიტყვები გონებიდან, კალმის წვერიდან გარეთ ,,გამოუშვა“. ახალბედა მასწავლებელს მეგონა, რომ ეს ჩემი მიგნება იყო, მერე და მერე, როცა უფრო მეტი წავიკითხე სწავლების მეთოდების შესახებ, გავიგე, რომ ფოტოების მიხედვით წერა ნაცადი აქტივობა ყოფილა.

თუ აქამდე მსგავსი რამ არ გაგიკეთებიათ, გირჩევთ, მეტიც, გთხოვთ, სცადოთ, მოძებნოთ რომელიმე ცნობილი ან უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევარი, სულაც თქვენივე გადაღებული სურათი და მოსწავლეებს სთხოვოთ, ამ ფოტოს მიხედვით მოიგონონ ისტორია, დაწერონ რამე ამბავი, ჩანახატი, მინიატურა, თუნდაც – ლექსი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სურათის აღწერა. მთავარია, ბავშვებმა თავიანთ წარმოსახვას გასაქანი მისცენ. შთამბეჭდავი იდეები ჩნდება მაშინაც, თუ მოსწავლეებს ვკითხავთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფოტოს გადაღებამდე ან რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ბავშვების ფანტაზიას ხომ არ აქვს საზღვარი. ჩვენ კი თუ დავეხმარებით წარმოსახვის უნარის განვითარებაში, ძალიან კარგი იქნება.

ამ აქტივობის შესახებ მეტს შეიტყობთ სასწავლო-მეთოდური ფილმიდან – ჩემი ფოტოამბავი. ცხადია, შეგიძლიათ რაღაცები გადააკეთოთ და თქვენი მოსწავლეების გემოვნებას, ინტერესებსა და საჭიროებას მოარგოთ.

 

***

გავიდა წლები. ფოტოგრაფია არაერთხელ შემოიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. მეც, როგორც მასწავლებელი, ძალიან გამზარდა ფოტოების ძიებამ და ფოტოგრაფების თვალით დანახული სამყაროს გაცნობამ. როცა რაღაცას ვეცნობი და ვიგებ, სურვილი მიჩნდება, ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარო. ცოდნას  საოცარი ძალა აქვს, გასცემ და გიბრუნდება. ასე გავაცანი ჩემს მოსწავლეებს ძმები ლუმიერები, მსოფლიოს პირველი ფოტოს ისტორია, უძველესი გადამღები აპარატი. მერე ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი წიბახაშვილის, შემოქმედებაზე ვუამბე. არის ასეთი საინტერესო კრებული – „ზამთარი გადატანილია“, რომელშიც გიორგი წიბახაშვილის ფოტოებს ერთვის ანა კორძაია-სამადაშვილის ჩანაწერები. ასევე გამოცემულია გიორგი წიბახაშვილის ფოტოამბები (სერია ,,თან საკითხავი“) – ფოტოგრაფი წერს თითოეული სურათის გადაღების ამბავს. როცა კითხულობ და ათვალიერებ, გგონია, რომ ხელოვნებას, ისტორიას ხელით ეხები და შეიგრძნობ,  ფოტოპერსონაჟები კი თითქოს შენი ყოველდღიურობის ნაწილნი ხდებიან.

 

სწორედ ამ ყველაფერმა შთამაგონა აქტივობა, რომელზეც ახლა გიამბობთ. ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე, თავად ქცეულიყვნენ ფოტოგრაფებად.

 

  • გადაეღოთ ის, რაც სურდათ, იქნებოდა ეს პეიზაჟი, პორტრეტი, ქუჩა, ადამიანები, ცხოველები, ნივთები თუ სხვა რამ;
  • კარგად მოეფიქრებინათ, რას ან ვის გადაიღებდნენ. მთავარი პირობა იყო ის, რომ რასაც აღბეჭდავდნენ, იმის ცქერას ავტორისთვის სასიამოვნო განცდები და სიმშვიდე  მოეტანა, რადგანაც შემდეგ ამ ფოტოებს კლასში გამოვფენდით და ყოველდღიურად მოუწევდათ შეხედვა;
  • გადაღების შემდეგ დაებეჭდათ ფოტო და იმის მიხედვით, რაც გადაიღეს, დაეწერათ ფოტოამბავი ან ჩანახატი, ე.ი. შეეძლოთ, გადმოეცათ რეალური ან გამოგონილი ისტორია.

 

როგორც გიორგი წიბახაშვილი ამბობს, ,,ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება. წერას თუ შევადარებთ, ის, ალბათ, დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი“. ეს სინთეზი ძალიან მოუხდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს. ჩემმა მოსწავლეებმა მოირგეს ფოტოგრაფებისა და მწერლების როლები, რაც მთავარია, გაუმარტივდათ ამ გზით სათქმელის გადმოცემა.

ბავშვებს სჭირდებათ თვითგამოხატვა და, ვფიქრობ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მათთვის ეს შესაძლებლობა, მით უკეთესი.

ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა მოეწყო ჩვენს საკლასო ოთახებში. კედლებს დღემდე აფერადებს ეს ფოტოები და ჩანაწერები და ყოველ ჯერზე, როცა კი არ უნდა შევხედოთ, გვახსენებს, რომ თითოეული ფოტოსა და ჩანაწერის მიღმა ინდივიდი დგას.

 

თუ მეტად დაინტერესდებით ამ აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და წერითი მეტყველების უნარებს უვითარებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა კოლეგამ – თამარ გეგეშიძემ მოვამზადეთ. რესურსი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.el.ge (საჭიროა დარეგისტრირება). აქვე გაგიზიარებთ ბმულს -> ფოტოამბავი.

მჯერა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი შთამბეჭდავი მომენტია. შეგვიძლია, ,,შევაჩეროთ ეს მშვენიერი წამები“ და ამგვარად ქართული ლიტერატურის გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანიც გავხადოთ.

 

 

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები ერთი გაკვეთილისთვის

0

ჟოლოს კექსები, მაჭკატები, ქოქოსიანი ნამცხვრები, ქლიავის დიდი ღვეზელი, ტკბილი კვერები, ჯანჯაფილის თაფლაკვერები – პ.ლ. ტრევერსის „მერი პოპინსის“ კითხვისას საგულდაგულოდ ვინიშნავდი ტკბილეულის სახელწოდებებს. ერთ მშვენიერ დღეს გამომცმელობა „დიოგენეს“ ფეისბუკგვერდზე ვიდეოს ვუყურე. ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი ჯანჯაფილიან თაფლაკვერებს აცხობს, რეცეპტსა და მომზადების წესებს უშურველად გვიმხელს და თან მერი პოპინსისეულ ზღაპრულობას ასხივებს.

ია გიგოლაშვილის სახელისა და გვარის ამოკითხვისას ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ გამახსენდა. წიგნი მესამეკლასელებთან ერთად წავიკითხე გასულ წელს და საკლასო პროექტად ვაქციეთ. ობოლი ნიგო, ძია თხილო, ნესტარ მეორე, პრინცესა რაფაელა – ილუსტრაციებზე გამოსახულ პერსონაჟებზე დაკვირვებისას რამდენჯერ გაგვიგზავნია მადლობა ილუსტრატორისთვის მე და ჩემს მოსწავლეებს. ახალი იდეაც არ აყოვნებს – ვეძებ ეპიზოდს მისიზ კორის ჯანჯაფილიანი თაფლაკვერების შესახებ, ვკითხულობ, პარალელურად ვიდეოზე მეფიქრება, მალე მესამე და მეექვსე კლასებისთვის საინტერესო გაკვეთილის მონახაზი მზად მაქვს.

ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება, როგორ ვაქციე ჩემი იდეა მულტიმედიურ გაკვეთილად და Teams-ის „ფანჯრებში“ აკიაფებული ბავშვებიც მოვხიბლე ლიტერატურით, ილუსტრატორითა და ჯანჯაფილიანი თაფლაკვერებით.

მერი პოპინსი – მისტერ და მისიზ ბრონქსების ოთხი შვილის ძიძა – ალუბლების ქუჩის 17 ნომერში ზენა ქარს მოჰყვა. ფარდაგისგან შეკერილი ჩანთა და თითიყუშისთავიანი ქოლგა უცნაური, მედიდური მერის მხატვრულ სახეს პირველივე გვერდებიდან მშვენივრად გამოკვეთს. თანდათან კი მისი მკაცრი გამომეტყველების მიღმა უსაზღვროდ კეთილ და ჯადოსნურ გულს ამოიცნობთ.

მერი პოპინსი იდუმალებით მოცული ადამიანია. ჯეინისა და მაიკლის ცხოვრებაც საიდუმლოებებით ივსება.

„განა არ იცით, რომ ყველას თავისი ზღაპრული ქვეყანა აქვს?“ – რიტორიკული შეკითხვით პასუხობს ბავშვებს მერი პოპინსი. მოდის ალუბლების ქუჩაზე და მოაქვს ცოდნა ზღაპრულობით სავსე სამყაროს შესახებ. ყოფითი ცხოვრების მიღმა არსებული არაჩვეულობრიობის განცდა მთავარ მოტივად გასდევს წიგნს.

მერი პოპინსის მოყოლილი ამბები და მისი უჩვეულო მეგობრები იმ რწმენით ავსებს, სამყაროსთვის ნდობის გამოცხადებისას რომ გეუფლება.

მისიზ კორის საკვირველი მაღაზია, ია გიგოლაშვილის ვიდეო, თაფლაკვერების რეცეპტი, რიცხვითი სახელების მართლწერა და სახალისო დავალება – ასე იკითხება გაკვეთილის შესახებ ჩანაწერი ჩემს დღიურში.

მისიზ კორის საკვირველი მაღაზია

ერთ მშვენიერ დღეს მერი პოპისნი ბავშვეთან ერთად საყიდლებზე წავა. საყასბოსა და თევზეულის მაღაზიის დალაშქვრის შემდეგ თაფლაკვერების ყიდვის ჯერი დგება. ბავშვები მერი პოპინსთან ერთად მოულოდნელად ყველაზე საკვირველ მაღაზიასთან აღმოჩნდებიან: „მოცუცქნული, უსუფთაო შენობა იყო. ვიტრინებში გახუნებული, ჩამოფხრეწილი ფერადი ქაღალდები გირლანდებივით ეკიდა, თაროებზე შარბათის გაცრეცილი კოლოფები, ძირტკბილას გამხმარი ფესვები და თითქმის გაქვავებული, ჯოხზე წამოცმული კანფეტები ეწყო. ვიტრინებს შორის ვიწრო, ბნელი შესასვლელი მოჩანდა“. – მაღაზიის აღწერა ნამდვილად შთამბეჭდავია და თან ზედსართავ სახელებზე დაკვირვებას ვიწყებთ.

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები

ბავშვებს მისიზ კორის საკვირველი მაღაზიის შესახებ მოკლედ ვუამბე, რადგან საკმაოდ ვრცელი თავია და წაკითხვა გართულდებოდა. შემდეგ კი ილუსტრატორ ია გიგოლაშვილის ვიდეო გავუზიარე და რეცეპტის ამოწერა დავავლე.

რეცეპტი და რიცხვითი სახელის მართლწერა

ლიტერატურული კაფესთვის ერთმა მეექვსეკლასელმა გოგონამ მართლაც გამოაცხო თაფლაკვერები. ტკბილეულის რეცეპტის ირგვლივ კი დიდი კვლევა-ძიება გავმართეთ. კერძოდ, მოვიძიეთ ჯანჯაფილის განმარტება, ჯანჯაფილიანი ლიმონათი კი ახსოვდათ „ცნობილი ხუთეულიდან“, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა დაზუსტებით არ იცოდნენ.

არსებითი სახელის ბრუნების გასააზრებლად დავაკვირდით სიტყვებს: „მინანქრისთვის“, „ლიმონის“, „შაქრის“, „კვერცხის“, „კაკაოს“, შემდეგ კი რიცხვითი სახელების მართლწერის წესები განვიხილეთ და თეორიულ მასალას პრაქტიკული სამუშაო მივაბით – რიცხვები სიტყვიერად ჩაწერეს.

ყურადღების გამახვილება შეიძლება რეცეპტისთვის საჭირო ენის შესახებ, როგორ იწერება შემოკლებით სიტყვები და რომ წინადადებები ინსტრუქციის მსგავსად მოკლე უნდა იყოს, მოქმედებები კი – თანმიმდევრული.

 

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები „მერი პოპინსის“ მიხედვით

ცომისთვის:

 

კარაქი – 115 გრ.

შაქრის პუდრა – 30 გრ.

კვერცხი – 1 ც.

თაფლი – 150 გრ.

ფქვილი – 360 გრ.

კაკაოს ფხვნილი – 10 გრ.

დარიჩინი – 1 ჩ/კ.

ჯანჯაფილი – 0.5 ჩ/კ.

 

მინანქრისთვის:

 

კვერცხის ცილა – 1 ცალი

შაქრის პუდრა – 200 გრამი

1-2 ლიმონის წვეთი

 

თითოეული რიცხვი სიტყვიერად ჩაწერეთ:

115
30
170
150
360
10
200
0.5

 

სახალისო დავალება

ვიდეოს ყურების, ეპიზოდისა და თაფლაკვერების რეცეპტის გაცნობის შემდეგ კომპლექსური დავალების დრო დადგა. ინსტრუქციის საფეხურები ბავშვებთან ერთად მოვიფიქრე და გაწეული შრომის საფასურად შესანიშნავი დავალებები დამიბრუნეს.

გიზიარებთ დავალების ინსტრუქციასა და ერთ-ერთი მოსწავლის, მეოთხეკლასელი ანასტასიას, ნამუშევარს.

ინსტრუქცია:

ალბათ, მოგეწონა მისიზ კორის საკვირველი მაღაზია. ჯანჯაფილიან თაფლაკვერებთან ერთად სიტყვებიც ხომ არ შეახრამუნე?

მოიფიქრე, როგორია შენი საოცნებო მაღაზია და აღწერე ის:

  • სად მდებარეობს?
  • როგორ გამოიყურება?
  • რა იყიდება?
  • ვინ მუშაობს?

 

აღწერისას გამოიყენე ზედსართავი სახელები, წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე და დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პ.ლ. ტრევერსის ორი წიგნი „მერი პოპინსი“ და „მერი პოპინსი ბრუნდება“ ლელა დუმბაძემ თაგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა. ორივე წიგნი საინტერესო გაკვეთილებისთვის იდეების საბადოა.

„შობის მთელი აზრიც ხომ საჩუქრების ჩუქებაშია, არა?“ – ეს ვარსვკვლავგოგონას, მაიას, მერი პოპინსის კიდევ ერთი ჯადოსნური მეგობრის, სიტყვებია. ვფიქრობ, სტატიის დასასრულს ძალიან მოუხდება. საშობაო განწყობასაც შექმნის და თან ჯანჯაფილიანი თაფლაკვერების რეცეპტის მიხედვით გემრიელი საშობაო განწყობის შექმნასა და თავბრუდამხვევი სურნელის დატრიალებასაც შევძლებთ.

შობის გახსენება

0

როცა შობაზე ვფიქრობ, უპირველს ყოვლისა ბაგაში ჩაწოლილი პატარა იესო კი არა, ბებია მახსენდება და ვხედავ, რბილი ხელებით როგორ ზელს ცომს საშობაო ღვეზლისთვის. მერე საკუთარ თავსაც წარმოვიდგენ, გამხდარსა და აწურულს, და როგორ მივუყვები ქუჩას დედაჩემის გრძელი ქოლგით, რომელსაც ქოხს ვუწოდებ, რადგან საჭიროების შემთხვევაში კიდევ სამ-ოთხ ჩემნაირს შეიფარებს. რა თქმა უნდა, ჩემს პატარა ქალაქში წვიმს, მე ჭრელი ბოტები მაცვია და წყალი კოჭებამდე მწვდება. ვინც ამგვარ ამინდში სიარულს შეჩვეული არაა, ალბათ, გაუჭირდება კიდეც, მაგრამ მე სიამოვნებით მივტოპავ წყალში და ოდნავადაც არ მაღელვებს, რომ „ცა ფეხად ჩამოდის“, „კოკისპირულად წვიმს“ თუ წვიმისგან „თვალთან თითს ვერ მიიტან“.

უნდა ვაღიარო, თბილი სახლიდან წვიმაში სახეტიალოდ ტყუილად არ გამოვსულვარ. საქმე ისაა, რომ შობის წინა, ანუ მარხვის ბოლო დღეა და გადავწყვიტე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება, მხოლოდ პურითა და წყლით ვისაზრდოო და მთელი დღე რუდუნებაში გავატარო. მაგრამ საყოფაცხოვრებო საკითხებმა არაერთხელ მომაცდინა. თანაც უკვე მეოთხედ ვარ გამოსული პურის საყიდლად. რაკი ქართულმა ბატონმა ვერ დამანაყრა, ვცადე ქართული შოთის პურიც, შემდეგ უკვე სომხური ლავაში, ახლა კი ლამის ქალაქის ბოლოში ჩავიდე თურქული პურის საყიდლად. რატომღაც იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მრავალფეროვნება დამეხმარება დღის მილევაში. წინასწარ რომ მცოდნოდა ეს დღე როგორ დასრულდებოდა, ანუ როგორ მაიძულებდა ჩემი ხეტიალითა და სამზარეულოში არაერთხელ შეჭრით თავმობეზრებული დედა შემწვარი კარტოფილის ჭამას, ალბათ, თავს არც შევიწუხებდი და მხოლოდ რუდუნებას ავირჩევდი.

შობის ღამეს ტრადიციულად მთელი ოჯახი ეკლესიაში მივდივართ და წირვას ვესწრებით. არა მხოლოდ ჩვენ, მთელი პატარა ქალაქი იქითკენ მიემართება. სიბნელეში, ქალაქის მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ყველა ვიწრო ქუჩაზე ისმის მწყობრი ნაბიჯების ხმა და მხიარული საუბრები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, შობის ღამე საუკეთესო დროა შეხვედრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას აქ არავინ ნიშნავს. აქ აუცილებლად ნახავ ახლო მეგობარს, საყვარელ მასწავლებელს, ძველ მეზობელს, ბიძაშვილის შეყვარებულს, უცნობ თაყვანისმცემელს, ცეკვის მეწყვილესა და პოტენციურ მეწყვილეს, ასაკოვან ნათესავს, რომელსაც ვერ იცნობ, მაგრამ თავად გიცნობს, სკოლის დარაჯს, სკოლის ყველაზე პოპულარულ და არაპოპულარულ ბიჭებს, ქალაქის რჩეულ საზოგადოებას და მოწყალების მთხოვნელთა მთელ არმიას. საერთო სიხარული გვიპყრობს, ამიტომ არაფრად მიგვაჩნია ხალხით გაძეძგილი ტაძრის ეზო, სავსე ტაძარი, საიდანაც ერთიმეორის მიყოლებით გამოყავთ ჰაერის უკმარისობისგან გულწასული ქალები, არც ხანგრძლივი წირვა გვაშინებს და არც სვეტებზე თავმიდებულებს თუ მუხლებზე დამხობილებს ჩაძინება.

– სირცხვილია, ბიჭო! – ვაფხიზლებ ჩემს ძმას. ისიც დგება და გაბრუებული გადის უკანა ეზოში, სადაც უფრო სიხალვათეა და ბავშვები შესაწირად მიყვანილ ცხვრებს დააჭენებენ. მე კი საყვარელ გალობას ველოდები. მთელი წირვა ოცნებაში რომ გავატარო და ერთი სიტყვაც ვერ გავიგონო, იმ გალობას მაინც არ გამოვტოვებ. რაღაცნაირად მაბრუებს და გუგებს ცრემლებით მივსებს. მაგრამ როგორც კი დასრულდება, თავს უფლებას ვაძლევ, მეგობარს მივუბრუნდე და დავინტერესდე, რის ჩაცმას აპირებს ზეგინდელ დაბადების დღის წვეულებაზე.

წირვა მთავრდება, ყველა ერთმანეთს ულოცავს, სანთლებს ანთებს, საშობაო ღვეზლებს გვირიგებენ, მე და ჩემი ძმა სახლისკენ მივკუნტრუშებთ. პატარა, ახალშობილი ქრისტე, მის წინ დაჩოქილი მოგვები და კაშკაშა ვარსკვლავი ისევ არავის ახსოვს.

დილაა, დიდხანს და მშვიდად მძინავს. როცა ვიღვიძებ, ფანჯრიდან უცნაური სითეთრე მჭრის თვალს, გავიხედავ და მოუთოვია. არადა ჩვენთან ისე იშვიათად თოვს, დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ. გადათეთრებულა ჩვენი მშვიდი ქუჩა და მოცოცავენ სქელი ფანტელები. ვერ მომატყუებს, ვიცი, ამ თოვლის ქვეშ წყალია და როგორც კი ფეხს დააბიჯებ, მაშინვე აჭყაპუნდება. თვალს მაინც უხარია. სურნელს მისაღები ოთახისკენ მივყვები. თბილა, მაგიდაზე სანთელ ჩარჭობილ მთვარის ფორმის საშობაო ღვეზლებს ოხშივარი ასდის. სამზარეულოდან შერეული ხმები ისმის, ტელევიზორში ვიღაც მღერის „ოცდახუთსა დეკემბერსაო“. ამ აკვიატებულ სიხარულის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ, არადა ვიცი, არც თოვლია მიზეზი და არც ბებიას ღვეზლები…იქნებ, პატარა იესო?

 

 „წითელი პერანგების საიდუმლო“- ედუარდ დე ბონო

0

„უნივერსიტეტები უნდა ასწავლიდეს ხელოვნებას: ინფორმაციის ფლობის ხელოვნებას, აზროვნების ხელოვნებას, ურთიერთობის ხელოვნებას, მენეჯმენტის ხელოვნებას და ასე შემდეგ“.

Edward de Bono

„უკვე საკმარისი არ არის, რაღაც გააკეთო კარგად, უნდა გააკეთო განსხვავებულად!“

Edward de Bono

 

ზოგჯერ ერთი მეტაფორის გააზრება უფრო მნიშვნელოვან ცოდნას გვაძლევს, ვიდრე წლობით წიგნების კითხვა. მით უფრო, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ცნობიერის შესაძლებლობებს, არამედ არაცნობიერი ცოდნის გამოყენებას ჩვენი მიზნებისთვის.

ახლა რომ გითხრათ, „წითელი პერანგების საიდუმლოს“ თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია მეთქი, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ინტერესით გააგრძელებთ კითხვას, იმის დასამტკიცებლად, რომ არაფრის შეცვლაც არ შეუძლია ამ „წითელ პერანგებს“, მაგრამ, ვგონებ, ამ სტატიას მაინც  ბოლომდეც ჩაიკითხავთ… იქნებ… ჰო, რა იცი, იქნებ მართლა რაღაც ხდება.

  • იცით, რატომ არის ეს საიდუმლო ძალიან ძლიერი?

 

  • იმიტომ რომ, წამებში გააცნობიერებთ, როგორ შეიძლება შეცვალოთ ყურადღების ფოკუსი და გადართოთ ისე, რომ მუდმივად და გარანტირებულად იყოთ კონცენტრირებული თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანზე;

 

  • თქვენ ადვილად აირიდებთ თავიდან ისეთ ფაქტორებს, რომლებიც დროს და ენერგიას გაკარგვინებენ, გსტრესავენ და გაყოვნებენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე;

 

  • თქვენ შეძლებთ, ასწავლოთ თქვენს არაცნობიერს, ავტომატურად და გამუდმებულად „ეძებოს“ ის, რაც მართლა გინდათ. ამავე დროს, ყურადღება არ მიაქციოს ისეთ მოვლენებს, რომლებიც მიზნისკენ არ მიდის;

 

  • ტექნიკური ტერმინებით რომ ვთქვათ, ეს „პროგრამაა“, რომელსაც თავად ადგენთ გაცნობიერებულად არაცნობიერისათვის;

 

  • ეს მეთოდი მუშაობს ყოველთვის და ყველასთვის, არა აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკს, სოციალურ სტატუსს და მდგომარეობას.

 

 

  • ეს სტრატეგია შენთვისაცაა!

 

ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ:

წარმოიდგინეთ, რომ ვართ ხალხით გადაჭედილ სტადიონზე. ირგვლივ ათასობით ადამიანია. მე მოგიბრუნდები და გეუბნები: „- დახუჭე, თვალები, თუ შეგიძლია!“ შენ ხუჭავ თვალებს. მე კი გეკითხები: – შეგიძლია, მითხრა, სტადიონზე რამდენი წითელი პერანგი დაინახე? შენ მეუბნები, რომ არ შეგინიშნავს, რადგან უბრალოდ, ხალხს უყურებდი… კარგი, მაშინ მეორე შანსს გაძლევ: გაახილე თვალები და კიდევ ერთხელ „დაასკანერე“ ხალხი, ოღონდ ამჯერად გახსოვდეს, რომ წითელი პერანგები უნდა შეამჩნიო! და აქ ხდება საოცრება: შენ ამჩნევ იმდენ წითელ პერანგს: მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, გვერდით…. რომ ვეღარც კი ითვლი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ დაიწყე ფიქრი წითელ პერანგებზე, შენ ასწავლე შენს არაცნობიერს, მოძებნოს ისინი. და ახლა მას შენ ყველგან ხედავ! ბოლოს აღმოაჩენ, რომ თავადაც წითელი პერანგი გაცვია!

აი, სწორედ ამ მომენტიდან იცვლება შენი თვალთახედვა და, შესაბმისად, ცხოვრებაც. თუმცა წითელი პერანგები მანამდეც მრავლად ეცვათ ადამიანებს, მაგრამ შენ ამისთვის არასდროს მიგიქცევია ყურადღება, ისინი ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე შენ არ დაიწყე მისი ძებნა და შემჩნევა!

ამ პატარა საიდუმლომ და  აღმოჩენამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რაც გიამბეთ, ეს ყველაფერი მეტაფორაა, მაგრამ ახლა ავდგეთ და ამ მეტაფორაში შევცვალოთ „წითელი პერანგები“ თქვენი ნებისმიერი იდეით და ნახავთ, რა საოცრებაც მოხდება.

  • საუკეთესო სამსახური
  • ფინანსური კეთილდღეობა
  • ნამდვილი სიყვარული
  • მოგზაურობა მთელი სიცოცხლის მანძილზე
  • კარგი მეგობრები
  • გააგრძელეთ….

როდესაც ყველაფერი ერთად გინდათ, სამყარომ არ იცის, რა შემოგთავაზოთ, ყველაფერი ერევა „არაცნობიერის გუგლს…“, მაგრამ როდესაც იცით, რაც ეძებთ, პოულობთ კიდეც („ეძიებდე და ჰპოვებდე“, დააკაკუნე და გაგეღება…)!

მარტივი საიდუმლოა, არა?

მოდი, დაგეხმარები კითხვების დასმაში, რომ შენი მიზანი კარგად ჩამოაყალიბო. შეგიძლია, შენს თავს ჰკითხო და შემდეგ გულწრფელი პასუხი გასცე ამ კითხვას:

  • რა გაბედნიერებს ყველაზე მეტად?

როგორც კი დაიწყებთ თქვენი „წითელი პერანგების“ (სამსახური, ფული, ჯანმრთელობა, სიყვარული…) ძებნას, თქვენ აღმოაჩენთ არა ერთ და ორ შანსს, არამედ უამრავს, რომელიც, ამავე დროს, თქვენ გვერდით იყო და არასდროს შეგინიშნავთ, რადგან არ იცოდით „წითელი პერანგების საიდუმლო“. ახლა კი იცი!

რესურსი და შესაძლებლობები, რომლებიც აქამდეც შენ სიახლოვეს იყო, უბრალოდ, ელოდებოდა, რომ თქვენ ისინი შეგემჩნიათ.

  • აუცილებელია, გახსოვდეთ: თუ თქვენ ეძებთ წითელ პერანგს, თქვენ ეძებთ მხოლოდ წითელ პერანგს და მორჩა, სხვას არაფერს!

რაც შეეხება, კითხვის დასმას, რომ თქვენი „წითელი პერანგი“ იპოვოთ, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააკეთოთ: როდესაც რაიმე რუტინულ სამუშაოს ასრულებთ, რომელიც ფიქრს არ მოითხოვს, ან როდესაც მანქანით მგზავრობთ, ან ქუჩაში მისეირნობთ…

საიდუმლოს გაგება საკმარისი არ არის, ამის შემდეგ თქვენ უნდა სცადოთ და თავად დარწმუნდეთ, როგორ მუშაობს საიდუმლო. რაც უფრო მეტად მოახერხებთ ყურადღების ფოკუსირებას სასურველ მიზანზე, მით მეტი ჯადოსნური ამბავი მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო მეტად გახსნით სამყაროს და საკუთარ თავს.
ობიექტური რეალობა თავისთავად არ არსებობს, არც არავინ იცის, ეს რა არის.

„ჩვენ ვცხოვრობთ ობიექტურ რეალობაში კი არა, არამედ იმ რეალობაში, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ“ – Edward de Bono.

 

P.S. აქვე მინდა გითხრათ, რომ „წითელი პერანგების საიდუმლო“ ედუარდ დე ბონოს ეკუთვნის, მე მხოლოდ უმნიშვნელოდ შევცვალე თხრობა. ამ მეთოდს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს და შემდეგი შენ ხარ!

ონლაინსწავლება,   ჩართული და გამორთული ვიდეოკამერები

0

რამდენად პრიორიტეტულია ჩართული კამერა ონლაინგაკვეთილისას და  რა  შედეგები შეიძლება მოჰყვეს კამერის ჩართვის დაჟინებულ მოთხოვნას?

უნდა აღინიშნოს, რომ თუ სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, კამერის გამორთვის ხშირ ფაქტებზე მასწავლებელს ჰქონდეს რეაგირება და დააწესოს ერთგვარი „სანქციები“  (გათიშული კამერის გამო არას დაფიქსირება; მშობლის ყოველდღიურად ან ხშირად საქმის კურსში ჩაყენება და ა.შ.) ის, თითოეული პედაგოგის მხრიდან,  უნდა განხორციელდეს, რათა არ მოხდეს მოსწავლის თვალში სკოლის შინაგანაწესის გაუფასურება.

ვფიქრობ, მსჯელობის დასაწყისშივე უნდა დავსვათ კითხვა, რა არის სწავლა-სწავლების პრიორიტეტი? ჩემი აზრით, თანამედროვე ეპოქაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის რთული… ბავშვი მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესში. ფრონტალური გაკვეთილისას მოისმინოს და გაიაზროს ინფორმაცია, „თანამშრომლობითი სწავლებისას“ იყოს აქტიური, არ ეშინოდეს შეცდომების დაშვების, აზრის გამოთქმის და ა.შ.

ახლა განვიხილოთ ჩართული კამერის  სხვადასხვა ასპექტები.

დასაწყისში მოვიყვან კარლ როჯერსის, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელის, ციტატას: „ადამიანი, არსებითად კარგი და კეთილი არსებაა თვითრეალიზაციის თანდაყოლილი მიდრეკილებით. იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია“.

კამერის ჩართვის მოთხოვნა და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში გამოყენებული „სანქცია“ რამდენად გააღვივებს ბავშვებში გულწრფელობას, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებასა და ემპათიას?!

განვიხილოთ  ონლაინგაკვეთილისას  ჩართული და გამორთული ვიდეოთვალის  რამდენიმე ასპექტს:

  • ჩართული კამერისას მოსწავლის მიმიკები, გამოხედვა, გამომეტყველება ჩანს, ვიზუალური კონტაქტი დამყარებულია, რაც მასწავლებელს უადვილებს გამოიცნოს მოსწავლის ჩართულობის ხარისხი, მისი მზაობა კითხვა-პასუხისა თუ სხვა პედაგოგიური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში;
  • გამორთული კამერის პირობებში შეუძლებელია მასწავლებელმა განსაზღვროს მოსწავლის ადგილსამყოფელიდან დაწყებული, აქტივობით დასრულებული, ნებიმიერი მოქმედება. ბავშვი, შეიძლება, სულაც არ იყოს გაკვეთილზე ან თამაშობდეს კომპიუტერულ თამაშს და ა.შ.
  • კამერის ჩართვის მოთხოვნისას, შესაძლებელია, მოსწავლეს შეექმნას დისკომფორტი. სახლის პირობებში ძნელია გააკონტროლოს მის ზურგსუკან არსებული სიტუაცია (განსაკუთრებით, მრავალსულიან ოჯახებში);
  • მოსწავლის მხრიდან კამერის ჩაურთველობის შემთხვევაში, თუ საქმის კურსში ხშირად ჩავაყენებთ მშობელს, სკოლამ, რეალუარდ, არ იცის, მას როგორი რეაგირება ექნება, როგორ აუხსნის ბავშვს, რომ მოთხოვნის შესრულება აუცილებელია. არსებობს რისკი, რომ მშობელი „ხისტად“ მოიქცევა, რაც ბავშვში მოტივაციის ჩაკვლასთან ერთად, გამოიწვევს იმედგაცრუებას. სკოლის, მასწავლებლის მიმართ უნდობლობასა და აგრესიას;
  • კამერების ჩართვის ხშირი მოთხოვნა იწვევს გაკვეთილის რიტმის ვარდნას, დროის დაკარგვასა და საგაკვეთილო პროცესში ნეგატიური ენერგიის შეტანას;
  • მასწავლებლის მხრიდან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია კონკრეტული მოსწავლის გამორთული კამერის მიზეზის დადგენისკენ(მოწოდება, საუბარი, პირადი მიმოწერა და ა.შ.) მოითხოვს გარკვეულ დროს, რომელიც, ასევე, აკლდება საგაკვეთილო პროცესს;
  • ბავშვებს აქვთ უამრავი „მიზეზი“, დაწყებული გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სახეზე გამონაყარის არსებობით, დასრულებული იმ შეგრძნებით, რომ, უბრალოდ, მოსწავლეს საკუთარი თავი არ მოსწონს და არ აქვს სურვილი მთელი გაკვეთილი მონიტორზე უყუროს… ეს ყოველივე ბავშვს უქმნის დისკომფორტს და მისი გონება, თვისობრივად, ვერ ახდენს კონცენტრაციას, რადგან მოსწავლე დაძაბულია;
  • ონლაინსწავლებამ გამოიწვია ის, რომ სკოლა „სახლში მივიდა“, ანუ მოსწავლეს აქვს განცდა, არა მხოლოდ მასწავლებელი და თანაკლასელები უსმენენ, არამედ კლასელების მშობლები, ბებიები, ბაბუები და ა.შ. ბავშვის ფიქრები, ამ შემთხვევაში, მიმართულია განცდისკენ, რომ მის შეცდომას გარეშე პირებიც დააფიქსირებენ. მასწავლებელს ონლაინსწავლებისას ორმაგი ძალისხმევის გაღება უწევს, რათა არასტრესული, მშვიდი გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეს შეცდომის დაშვების არ შეეშინდება. ამ ფონზე, კამრერის ჩართვის ხშირი მოწოდება, მით უმეტეს, თუ მოთხოვნის დაუმორჩილებლობა „სანქციას“ გამოიწვევს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ბავშვებისათვის ისედაც სტრესულ გარემოს.
  • ზოგიერთმა სკოლამ, საგაკვეთილო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა ონლაინგაკვეთილებს დაესწროს (თუნდაც გამორთული კამერით) ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მასწავლებელს. ერთვება საგაკვეთილო პროცესში, აკეთებს რეპლიკებს, იძლევა მითითებებს, – შენიშვნებსაც კი. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, რეალურად ხდება პროცესის გაუმჯობესებული მართვა, მაგალითად: როცა მასწავლებელს გაზიარებული აქვს მასალა, იზღუდება მისი ხედვის არეალი, შეუძლებელია ყველა მოსწავლის დანახვა და თუ გაკვეთილზე რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება(არაიდენთიფიცირებული მომხმარებლის შემოსვლა, ხმაური და ა.შ.), ადმინისტრაციის წარმომადგენელი სიტუაციის გაკონტროლებაში ეხმარება მასწავლებელს. თუმცა, მეორე მხრივ, მოსწავლე, ბუნებრივად, ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, რადგან, ბავშვსა და პედაგოგს შორის დგას ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც, ძალაუნებურად, სტრესული გარემო შეაქვს კლასში, რადგან, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ასევე მოსწავლეს არ სიამოვნებს მესამე პირის ჩარევა ადამიანურ ურთიერთობებში(მოსწავლისა და მასწავლებლის დამოკიდებულება რომ ადამიანურ ურთიერთობაზეა დამყარებული, მგონი, ყველანი ვთანხმდებით?!). შესაბამისად, სასვსებით დასაშვებია, საგაკვეთილო პროცესის დროს ბავშვს არ უნდოდეს, რომ ადმინისტრაციის წამომადგენელს კამერა ჩაურთოს, ის უცხოა…

მოცემული პუნქტები, შესაძლოა, არასრული ჩამონათვალია, თუმცა, ვფიქრობ, არსებული ინფორმაცია საკმარისია სიტუაციის გასაანალიზელბად.

ისევ დავსვათ მთავარი კითხვა(ახლა რიტორიკულად) – რა არის პრიორიტეტი, ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა თუ ჩართული კამერა?

დავუბრუნდეთ როჯერსს…

ალბათ, ყველა ადამიანი, რომელსაც, ასე თუ ისე, შეხება აქვს სკოლასთან მიხვდება, რომ მეცნიერის „სამეული“ (გულწრფელობა, კეთილგანწყობილ დამოკიდებულება და ემპათია) სწორედ ის მოვლენაა, რომლის განვითარების პირობებშიც მოსწავლე საუკეთესოდ გაჰყვება მასწავლებელს. „ბავშვს ხელი უნდა ჩაჰკიდო და ფრთხილად გაიყვანო თითოეული დავალების ლაბირინთში, ის უნდა გენდობოდეს, მოგყვებოდეს… მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ არ დაკარგავ, არ გადაჩეხავ სწავლების ვიწრო ბილიკზე და ამ შემთხვევაში, მიზანს აუცილებლად მიაღწევ, ბავშვს საგანი შეუყვარდება. მისი მონდომება და ძალისხმევა გაათმაგდება“ – ეს სიტყვები ერთმა არაჩვეულებრივმა, გამოცდილმა პედაგოგმა მითხრა და ვფიქრობ, საკმაოდ დამაფიქრებელია…

რამდენად ვართ დარწმუნებულები, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბავშვს სტრესის ქვეშ არ მოვაქცევთ და კეთილგანწყობის მაგიერ, თავს არ შევაძულებთ, ან გულწრფელობის მაგივრად, მასში უნდობლობას არ დავთესავთ?!

თვალსაჩინოებისთვის, პირადი პრაქტიკიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: არის შემთხვევები, როცა მოსწავლე რთავს კამერას, მონიტორზე კი მხოლოდ მის თხემი და ჭერი ჩანს ან ბავშვები პირდაპირ ამბობენ, რომ არ მოსწონთ საკუთარი ვიზუალი… ასევე, არიან ბავშვები, რომლებსაც კამერები გამორთული აქვთ, მაგრამ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურია. რამდენად ღირს, ასეთ მოსწავლეებს „სანქციები“ დავუწესოთ გამორთული კამერის გამო?

რა თქმა უნდა, არიან მოსწავლეებიც, რომლებიც „სარგებლობენ“ გამორთული კამერით და სათანადოდ არ ერთვებიან სწავლა-სწავლების პროცესში, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი, მოზომილი მიდგომაა საჭირო, როგორც მასწავლებლის, ასევე სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლის მხრიდან.

ბუნებრივია, ჩართული კამერა გაცილებით უკეთესია, ვიდრე გამორთული, მაგრამ, ზემოხსენებული დადებითი და უარყოფითი მხარეების პირობებში, რამდენად არის ლოგიკური კამერის ჩართვის მკაცრი მოთხოვნა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში „სანქციების“ გატარება?

    ჩემი აზრით, დასახული მიზნის(მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალური ჩართულობა) მისაღწევად, არა ძალდატანებით, არამედ მოსწავლის მხრიდან ნებაყოფლობით ჩართული კამერაა საჭირო, ხოლო მოცემული ამოცანის გადასაჭრელად როჯერსის „სამეული“ გვჭირდება, რომელიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, მასწავლებლის/ადმინისტრაციის მხრიდან სტრესის მოხსნის, გულწრფელი, თბილი დამოკიდებულებით მიიღწევა.

პროზის მუსიკა

0

მუსიკა პროზაში სხვადასხვანაირად იქმნება: სრუქტურის, კომპოზიციის, მხატვრულ სახეთა სისტემის, შინაარსობრივი თუ ფრაზეოლოგიური რიტმულობის ვარიაციულობის გათვალისწინებით. ამგვარი თხრობა გადაძახილია სინკრეტულ ხელოვნებასთან, რომელიც ხმას, აზრსა და მოძრაობას ერთიანობაში წარმოაჩენდა. მწერლები მუსიკალურ ექსპერიმენტებს პროზაში დღემდე ახორციელებენ, რადგან ამოუწურავია მისი შესაძლებლობები, თუმცა მძლავრი ძიებები მსოფლიო და ქართულ  ლიტერატურაში მეოცე საუკუნის მოდერნისტულ პროზაში წარმოჩნდა. „რომელ ჩვენგანს არ ჰქონია ამბიციური ოცნება პოეტური პროზის სასწაულის შექმნისა, რომელიც მუსიკალური იქნება მეტრისა და რიტმის გარეშე”, _ წერს შარლ ბოდლერი არსენ ჰუსესადმი მიძღვნილ წერილში, რომელიც წარუმძღვარა წიგნს „ლექსები პროზად“. ეს „ამბიციური ოცნება პოეტური პროზის სასწაულის შექმნისა“ განხორციელდა მოდერნისტულ პროზაში და ვერლენის პრინციპი: „მუსიკა, უპირველეს ყოვლისა“_ თხრობის მთავარ მახასიათებლადაც იქცა. XX საუკუნის დასაწყისიდან ქართულ პროზას დიდი ცვლილებები დაეტყო. სწორედ ამ დროს თხრობის მუსიკალურობას გამოკვეთილი ყურადღება მიექცა. ქართულ მწერლობაში მომრავლდა მცირე ჟანრის ნაწარმოებები, რომლებშიც ჭარბად შემოჭრილი ლირიკული შენაკადები განაპირობებდნენ ლექსისთვის დამახასიათებელ მელოდიურობას. მოდერნისტული პროზის ერთ-ერთ განმსაზღვრელად  მუსიკა მოგვევლინა. როგორც ცნობილია, მუსიკას განსაკუთრებული ყურადღება რომანტიკოსებმა მიაქციეს და თავიანთი შემოქმედების ერთგვარ საყრდენადაც აქციეს. მოდერნისტთა ნაწარმოებებში კი პროზა და პოეზია ერთმანეთს შეერწყა, შესაბამისად,  ოსკარ უაილდის, შარლ ბოდლერის, ჯეიმს ჯოისის, ვირჯინია ვულფისა და სხვათა შემოქმედებაში თხრობის სრულიად ახალი პერსპექტივები წარმოჩნდა. კ. იუნგის თვალსაზრისით, ხელოვნების ნაწარმოების ანალიზისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მუსიკა, როგორც ადამიანის კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპი. XX საუკუნის შემოქმედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ირაციონალურს, არაცნობიერს, ტრანსცენდენტალურს, მეტაფიზიკურს, რამაც ერთგვარად განაპირობა კიდეც მუსიკის ძლიერი შემოჭრა შემოქმედებით პროცესში. XX საუკუნის 10-იანი წლებიდან ქართულ პროზაში მომრავლდა ექსპერიმენტები, რომლებიც პროზისა და პოეზიის „შეჯვარებას“ ისახავდა მიზნად. რიტმული პროზით წერდნენ ჭოლა ლომთათიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, დემნა შენგელაია, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე და სხვები. პროზის მუსიკალობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ქართველ სიმბოლისტებთან. მაგალითისათვის სანდრო ცირეკიძის „სონეტი პროზითაც“ იკმარებდა,  მწერალი შეეცადა  სონეტის კლასიკური ფორმის შენარჩუნებასაც და მასში პროზის ელემენტების შერწყმასაც.

ანდრეი ბელი, რომლის შემოქმედებაც აგებულია მუსიკალურ პრინციპებზე, (მაგალითად, მისი პროზაული „სიმფონიები“ და რომანი „პეტერბურგი“) წერდა, რომ მუსიკა სარკმელია, საიდანაც ჩვენში იღვრება მარადისობის უმშვენიერესი ტალღები. ქართულ მოდერნისტულ რომანებშიც (გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი, დემნა შენგელაიას „სანავარდო“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილი“) მუსიკა წარმოჩნდა, როგორც ძალა, რომელმაც ერთგვარად განსაზღვრა სამყაროს ახლებური ხედვა, მანვე გამოავლინა სიტყვის უჩვეულო შესაძლებლობანი. მუსიკალური მოტივები ამ რომანებში გამოვლენილია, როგორც მძლავრი ქვედინებები, რომლებიც განაპირობებენ ავტორის თხრობას, პერსონაჟთა ხასიათების რაგვარობას. მუსიკა შემოქმედს ეხმარება,  როგორც საკუთარი არსების შემეცნების, ასევე, საზოგადოდ, კოსმოსის კანონზომიერებათა გარკვევაში. ამ რომანებში მუსიკა ჭარბობს იმ ეპიზოდებში, რომლებშიც წარმოჩენილია ირაციონალური სამყარო. როგორც შოპენჰაუერი ფიქრობდა, მუსიკა გამოხატავდა არა ფენომენს, არამედ ფენომენის არსს, თვითონ მსოფლიო ნებას. განსაკუთრებულია და თავისთავადი დემნა შენგელაიას, გრიგოლ რობაქიძის კონსტანტინე გამსახურდიას „პოეტურ-მუსიკალური“ ენები, ისინი ჰგვანან და განსხვავდებიან კიდევაც ერთმანეთისაგან. არჩილ ჯორჯაძის აზრით, „ქართული მუსიკა განსაკუთრებით სახავს სიცოცხლის ირაციონალურ მხარეს. „შენ ხარ ვენახი“ – ნამდვილი სიმფონიური ტრაგედიაა. მუსიკა გიპყრობს და უფრო გასაგები ხდება სახარების ის ადგილი, სადაც მოთხრობილია სულის ტანჯვა და მწუხარება“.

პროზაში  გვხვდება ქართული მრავალხმიანი მუსიკის არქეტიპები – გამჟღავნებული ერთისა და იმავე თემის ვარიაციულ დამუშავებაში. თხრობის მუსიკალურობას ხშირად „ეწირებოდა“ ქართული სინტაქსისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა, რაც არ მოსწონდა მიხეილ ჯავახიშვილს. მისთვის, მაგალითად, მიუღებელი იყო წინადადების ამგვარი კონსტრუქცია: „სახლი დავინახე მაღალი”, თუმცა მოდერნისტებისთვის, მსგავსი და კიდევ უფრო უჩვეულო სინტაქსური ექსპერიმენტები მისაღები იყო, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ უბრალოდ შინაარსის გადმოცემა, არამედ ამ შინაარსის მიღმა ირაციონალურის, მისტიკურის შეგრძნება. საგულისხმოა მიხეილ ჯავახიშვილის ერთი დაკვირვება ქართულ მუსიკალურ ტრადიციაზე. წერილში „მასალები ლექციისთვის“ იგი შენიშნავდა: „შპენგლერი ფიქრობს, რომ არაბების გენიალობამ შეჰქმნა არაბესკა – ჩუქურთმა, ელინებისამ – ქანდაკება, ხოლო ევროპისამ – ფუგა. ამ დიდ ადამიანს ერთი რამ არა სცოდნია: ფუგა ევროპიელებზე ადრე ქართულ მუსიკაში მოიძებნებოდა. აქაც დავასწარით ევროპას და შპენგლერს რომ ყური მოეკრა ამ ამბისთვის, თავის კლასიფიკაციას სხვანაირად ააშენებდა და ფაუსტურ ცივილიზაციას სხვა საფუძველს მოუძებნიდა. ასეა თუ ისე, დიდი შპენგლერი დიდი ევროპის დიდ კულტურას ფუგით ახასიათებს, ეს ფუგა კი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ჩააქსოვა „მუმლი და მუხასა“ და მრავალ სხვა ხალხურ კილოებში“. ვფიქრობთ, ფუგა ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია. მწერლები, ფაქტობრივად, ვარიაციულად ამუშავებენ ერთსა და იმავე თემებს, როგორებიცაა: სამყაროსა და თავის შემეცნება, ფესვების ძიება, გაუცხოება, მარადიულის, არამატერიალურის მოხელთება პროფანულ დროსა და სივრცეში.

„გველის პერანგში“ არჩიბალდ მეკეშის არჩილ მაყაშვილში დაბრუნების გზა იმეორებს სიცოცხლის მისტერიას – თესლის მოქცევას თესლში. ეს მოძრაობა თავისთავში შეიცავს წრიულ ბრუნვას, სადაც დასაწყისი ემთხვევა დასასრულს. ამის საუკეთესო დადასტურებაა რომანში წარმოდგენილი ტაბა ტაბაის მეტაფიზიკური განსჯანი მამისა და შვილის, ნაყოფისა და თესლის ურიერთმიმართებაზე. მთელი რომანი აგებულია კონტრასტული განწყობილებების ცვალებადობაზე. ეს განწყობილებანი კი იბადებიან ლეიტმოტივის გამეორებიდან. რომანში შვილის დაბრუნება მამასთან სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნების მატარებელია. ცალკეული მოტივი იმეორებს ლეიტმოტივის არსს სვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით. კონკრეტულ პერსონაჟთა (ვამეხ, პეტრიძე, ოლგა, ირაშჰანდა, ტაბა ტაბაი და სხვათა) ისტორიები ავსებენ და ამდიდრებენ მთავარ მუსიკალურ განწყობილებას.

„გველის პერანგში“ არის პასაჟები, რომლებშიც მუსიკალური განცდა ერთგვარად „მატერიალიზირებულია“ ხილულ განცდაში, როცა იგი არა მხოლოდ მოისმინება, არამედ ხელშესახები ხდება: „მღერიან „მრავალჟამიერს“ კახურს: რომელიც მოდის როგორც ალაზნის ველი. ჯერ ნელი. მერე ახშირებული. მერე ამწვარი. შემდეგ ნაპირებგადალახული. ბოლოს: მოქნეული როგორც სალტე. აქ ლხინია ვაჟკაცის რომელიც ომიდან დაბრუნდა გამარჯვებული. მღერიან „მრავალჟამიერს“ ქართლურს: რომელიც იღვრება როგორც ქართლის ველი მდორე. ჯერ ისიც შენელებული. შემდეგ გაქანებული. შემდეგ ქედგაზნექილი. ბოლოს ქედამართული. აქ არის ციხის დაცვა მეციხოვნეთა მიერ რომელთაც იციან განდობა და გატანა. გაუძლებს ციხე ყოველთვის შემოსეულებს?! და სიმღერას ბოლოში გაგუდული ბოღმა გადაჰკრავს ოდნავ…  მღერიან: თითქო დედოფალი მოჰყავდეთ გაშიშვლებული ერთიმეორეს გადაჭდობილ ხმლებზე”. მწერალი მუსიკალური თხრობით, მხატვრული სახეებით “ხილვადი” მხატვრული სისტემიდან უხილავისკენ, ფარული მუსიკის გამოსავლენად გვიბიძგებს. სამყაროს მიყურადებული არჩიბალდისთვის შესაგრძნობი ხდება  მარადისობაც. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებს იგი „უსმენს“, როგორც მუსიკას. მარადისობა აქ „საგნებია“– კონკრეტული და ხილვადი. ხოლო საგნები, იმავდროულად, მელოდიები, რომლებიც მარადისობას ამხელენ. რაციონალური და ირაციონალური აქ ერთმანეთს იმგვარად ერწყმის, რომ ზღვარი არ ჩანს. ადამიანი „ქანაობს“ მათ შორის და სიცოცხლეს მთლიანობაში – სიკვდილ-სიცოცხლის განუყოფლობაში განიცდის. ასე შემოიჭრება სფეროთა მუსიკა, რომლის მოსმენაც რომანის გმირს სამყაროს პირველსაწყისებს მიაახლებს. ეს მუსიკა გონებამიუწვდომელი მატერიალურ-სულიერი სუბსტანციაა, რომლის გზნება გულისხმობს ღრმა სულიერი შრეების მოხილვას. მთელი რომანი წარმოადგენს „მოგზაურობას“ როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ სამყაროში. ამ უკანასკნელში კი მეგზურად გვევლინება გამოუთქმელი “მუსიკა”, რომელიც თვით გმირსაც და მკითხველსაც იმ ერთთან და მთელთან აზიარებს, რომელიც ყოველთვის ხილულისა და უხილავის საფუძვლად გაიაზრება. ცნობილი გერმანელი მწერალი სტეფან ცვაიგი, რომელმაც „გველის პერანგის“ გერმანული გამოცემის წინასიტყვაობა დაწერა, აღტაცებული იყო გრიგოლ რობაქიძის მხატვრული სამყაროს თავისთავადობით. განსაკუთრებით ხიბლავდა რომანის პოეტურობა, რომლის წყაროდაც უძველესი ხალხის მითები და ლეგენდები წარმოუდგებოდა. მისი აზრით, რომანში იმდენი ცეცხლოვანი პოეზია იყო, რომ შეიძლებოდა ზოგიერთი გვერდის ამოჭრა და ლექსებივით სტროფებად დაყოფა.

ქართველი მოდერნისტები იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ ეძებდნენ ენის განვითარების ახალ გზებს. ისინი იყვნენ ფორმის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები. როგორც ოსკარ უაილდი წერდა: „დაიწყეთ ფორმის თაყვანისცემით და ხელოვნებაში არ დარჩება საიდუმლო, თქვენ წინაშე რომ არ გამჟღავნდეს“. ამ რომანებში, მართლაც, ბევრი საიდუმლოა წარმოჩენილი, რომლებიც მკითხველზე ზემოქმედებას სწორედ თხრობის ახალი ტექნიკის წყალობით ახდენენ. ეს ტექნიკა კი, უპირველესად, გულისხმობს პროზისა და პოეზიის სინთეზის მრავალფეროვან ვარიაციებს. აქ ხშირად პოეტური მედიტაციების გზით ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები ესთეტიკურ ღირებულებას იძენენ. მუსიკა ამ რომანებში წარმოჩენილია, როგორც მათი შინაგანი ხერხემალი, რომელიც აპირობებს თხრობის სიმტკიცეს. „საჭიროა მხოლოდ მინიშნება და სხვა არაფერი. საგანთა ჭვრეტა, ზმანებებით ნასაზრდოები, ზმანებათა მიერ მონაქროლი სახეები – აი, რა არის ნამდვილი შემოქმედება“, _ წერდა სტეფან მალარმე. „ზმანებათა მიერ მონაქროლი სახეებით“ ქართველი მოდერნისტები ქმნიან სრულიად ახლებურ მხატვრულ სისტემას, რომლის ყოველ ნაწილს აქვს თავისი დამოუკიდებელი ცენტრი, იმავდროულად, დაკავშირებულია იმ ერთიანსა და საზოგადოსთან, რომელიც რომანის ხან ხილულ, ხან ფარულ საყრდენად გვევლინება.

თომას მანი „ჯადოსნურ მთაში“ ერთგან წერს: „აქ მხოლოდ ჩვენი თხრობის სტიქიამ მოგვიყვანა“. თხრობამ როგორც დამოუკიდებელმა ფენომენმა, განსაკუთრებული ღირებულება სწორედ XX საუკუნის რომანებში შეიძინა. აქ წინა რიგში წამოიწია „თხრობამ თხრობისთვის“, ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ფოლკნერისა თუ პრუსტის პროზაში. თხრობა მოდერნისტულ რომანში თითქოს გამოეყოფა იმ დრო-სივრცეს, სადაც მოქმედება ხდება და პერსონაჟები „მოძრაობენ“ და იძენს თვითკმარ ღირებულებას. თითქოს თავისთავში ჩაიკეტება. ამ დროს თხრობა გამოირჩევა ლირიკული ნაკადების სიჭარბით. მუსიკალური პრიციპით არის აგებული კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ სტრუქტურა. რომანში თხრობა იძენს ჰიმნების ფორმას: მაგალითად, ჰიმნები ღვინისადმი, ჰიმნები ხეებისადმი, ქადაგება თევზებისადმი და სხვა.

ვირჯინია ვულფი წერდა, რომ თანამედროვე რომანს მეტი საერთო ჰქონდა პოეზიასთან, რადგან უპირატესად ასახავდა არა ადამიანთა ურთიერთობებს, არამედ მარტოობაში საკუთარ თავთან გამართულ დიალოგებს. ქართულ მოდერნისტულ რომანშიც თხრობაში მუსიკალური ელემენტების ჩართვა განპირობებულია ფორმისა და იდეის მაქსიმალური სრულყოფილი თანხმიერების წყურვილით. ამ რომანებში პოეტურია არა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდი, არამედ მთლიანი მხატვრული სისტემა, რადგან ეს ეპიზოდები ქმნიან ერთიან მუსიკალურ კომპოზიციას. ფოლკნერი ფიქრობდა, რომ ყველა ენა უნდა იცვლებოდეს, ან შეეძლოს ცვალებდობა.  მოდერნისტული რომანების ცალკეული ფრაგმენტი თითქოს ჯაზის ტექნიკითაა შესრულებული. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა გრიგოლ რობაქიძის „ფალესტრაში“ წარმოდგენილი შეხედულებანი ევროპაში შემოჭრილ ამ ახალ მუსიკაზე: „ყოველ საკრავს თითქოს თავისი მელოდია მიჰყავს, მაგრამ, იმავე დროს, ერთგულია საერთო გეზის – სწორედ ისე, როგორც საქართველოს კუთხის, გურიის, გასაოცარ სიმღერას“. „ყოველი საკრავი, ყოველი ტონი, ყოველი ჩასუნთქვა თუ მოსმა თუ დარტყმა – თავისკენ იწევს, ხტის და უხვევს, მაგრამ არც ერთის არც ერთი გადახვევა არ იქცევა „გადაცდენად”. ყოველი მათგანი მთელს უბრუნდება, როგორც მამას თუ დედას“.

დემნა შენგელაია წერდა: „დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ არ გქონდეს არც რითმა, არც ზომა (მეტრი) და სხვა და სხვა და ისე შეხვიდე ზღვა სახეებში და დაიწყო მისი გადალაგება“. მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ქართული დიალექტები, რომლებიც ენობრივი ექსპრიმენტისთვის ნედლ მასალას წარმოადგენდა.  ტექსტს რიტმი მუსიკალობას ანიჭებს, სწორედ ამიტომ თომას მანი იბსენს ფარულ მუსიკოსს უწოდებდა. პროზას რომ თავისი რიტმი აქვს, ეს ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში იყო ცნობილი. არისტოტელე „რიტორიკაში“ წერდა, რომ ისტორიულ პროზას თავისი რიტმი უნდა ჰქონოდა. რიტმულ პროზას ქართულ სინამდვილეში დიდი ტრადიციები აქვს. ყურადღებას იქცევს ბიბლიის ძველი თარგმანებისა თუ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების თავისებური რიტმი. რევაზ სირაძე „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულაზე დაკვირვებისას შენიშნავს, რომ პოემაში გამუდმებით ხდება განწყობილებათა მონაცვლეობა: მწუხარებას სევდა ცვლის, სიხარულს – სევდა და ასე თავიდან ბოლომდე. რა მოაქვს ასეთ მონაცვლეობას? ეს ქმნის ფსიქოლოგიურ რიტმს და სიახლის მუდმივ განცდას. ამას კი მოაქვს ერთფეროვნების დაძლევა. ერთფეროვნების დაძლევის ტენდენცია კი ესთეტიკური კანონზომიერებაა. იგი აუცილებელია ხელოვნების ნებისმიერი დარგისთვის” („სახისმეტყველება“). მკვლევრის აზრით, საგულისხმოა, რომ რუსთაველმა განწყობილებათა ცვალებადობა მოქმედების აღწერას, სიუჟეტის განვითარებას დაუკავშირა. ფსიქოლოგიური რიტმის საინტერესო ვარიაციები გხვდება ქართულ მოდერნისტულ რომანში. რიტმულობით განსაკუთრებით გამოირჩევა ვასილ ბარნოვის შემოქმედება.

კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილში“ უცებ შემოიჭრება ხოლმე რიტმი, ამ დროს ტექსტი პათეტიკური ხდება: “მე ვიტყვი სიტყვას, ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას მშვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან“. აქ რიტმი იქმნება 5 და 4- მარცვლიანი სტრიქონების გამეორებით. ამგვარი რიტმი ხშირია ამ რომანში: „უპანიშადებს გადმოვთარგმნი შემდეგ ქართულად. ამდენ ხანს, ალბათ, კიდეც მოვა ჩემთან სიბერე. საქართველოსკენ იმავე გზით, როგორც ირაკლი… არა დიდების მომხვეჭელი, არამედ როგორც უსახელო, უბირი მწირი, მოვძებნი ეზოს პაპისეულს და დავსახლდები“. რიტმი იქმნება ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რომლებიც პოეზიაში გვხვდება (გამეორება, ალიტერაცია, ფრაზის ინტონაციური მიმოხვრა და სხვ.). დემნა შენგელაიას „სანავარდოში“ რიტმს ამრავალფეროვნებს თხრობაში ჩართული შელოცვები.  მთელ რომანში არსად არ ქრება მუსიკის განცდა. რიტმები ხან ჩქარდება, ხან ინავლება. მელოდიის უეცარი გაქვავების ეფექტს ქმნის სახელდებითი წინადადებების სიმრავლე. სტეფან მალარმე ფიქრობდა, რომ ენაში ყველგან იყო ლექსი, სადაც არსებობდა რიტმი.

„გველის პერანგში“ ძალიან ხშირად ზეაწეულ რიტმს ქმნის ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი მოკლე წინადადებები, თითქოს ჩაგვესმის მისი წარმომთქმელის ხშირი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ვგრძნობთ პერსონაჟის დაძაბულობასა და ნერვიულობას. ერთ ეპიზოდში სარგის პეტრიძე უკითხავს არჩიბალდს მამამისის – თამაზ მაყაშვილის წერილს. ჩვენს თვალწინ ტექსტი აცოცხლებს თამაზ მაყაშვილს, თითქოს თვითონ გვიყვება. წერილი „მოძრაობს“, სუნთქავს. „მე – თამაზ მაყაშვილი. გადმოხვეწილი საქართველოდან. ვწერ ბოლოსიტყვას. მეც ხომ ირუბაქიძე ვარ“. ეს ბოლოსიტყვა ბოლო აკორდივითაა, მაღალი და ძლიერი. რომანში  ხშირად რიტმი იქმნება მიჯრით მიწყობილი ზმნებით. მწერალი აღწერს გახელებული ცხენების მიერ ამორძალთა განადგურებას: „დაგლიჯეს ქალები. გამოშიგნეს. იწყეს ჭამა. დაძღენ მუცლებით. შემდეგ – გახელდენ სისხლით დამთვრალნი და გავარდენ კუნძულის კიდურზე“.

„გველის პერანგში“ მოულოდნელ მუსიკალურ ეფექტებს ქმნის ჩართული ლექსები (გრაფიკული ფორმითაც გამოკვეთილი და რიტმულადაც ლექსისთვის უფრო შესაფერისი ორგანიზებულობით აღბეჭდილი. ზოგიერთ ამ ლექსს სონეტის ფორმა აქვს). „ინტერმედიაში“ ჩართულია ორი ლექსი: „მზის კევრი“ და „უდაბნოს ქიმერა“. „მზის კევრი“ „ქარის შენელებულ ზუილში“ დანახული ზმანებაა. მზისა და მიწის შეწყვილება-შერწყმის მისტერია წარმოუდგება მკითხველს. თითქოს ფერების ზეიმია. სივრცეთა „ყვითელ გუგებს“ შეერევა ღია ზაფრანა, ყარამფილი. ყველა ფერი ერთმანეთში გადადის, ზღვარი იშლება საგნებს შორის. ცა მიწის მსუყე ფერებში ურევს თავის ნათელ, გამჭვირვალე, გაცრეცილ ტონებს. მწერალი ახერხებს, შექმნას სიცხის, „მდუღარე“ ვნების ეფექტი. „მირაჟის კვართში“ ეხვევა სამყარო. პანი და „წითელი ცხენი“ ერთად ჩაყუდებულან „ნირვანაში“. მზისა და მიწის მისტიკური კავშირიდან იბადება სიცოცხლე, ხორციელდება „მარადი ქცევა“, ამიტომაც „იხდის პერანგს ცხელ ქვიშაზე რქიანი გველი”, რათა „ახალი სიცოცხლე“ განიცადოს. „მზის კევრის“ სურათის ფონზე წამოიმართება „უდაბნოს ქიმერა“. თითქოს ერთმა ლექსმა „შობა“ მეორე ლექსი. ერთი მელოდიიდან გადმოვიდა მეორე – პირველისგან განსხვავებული. რიტმი – მჩქეფარე და ხმაურიანი – თითქოს შენელდა, დამდორდა. საინტერესოა, რომ სტრიქონებში რიტმი შეცვალა ფერმაც – ყვითლით გაჯერდა წარმოსახვა. მოძრაობა შეყოვნდა. ერთმანეთზე დახვავდა ეპითეტები: აკვიატებული, ულაზათო, ორკუზიანი, უცხო, ამპარტავანი, შორგზიანი. პირველ ლექსში „აფეთქებული“ შობის სიხარულს ამ ლექსიდან შეერთვის ყოფის გაუნელებელი დარდი.

მომაკვდავი სარგის პეტრიძე, საირიგჰს რომ ეძახის მისი ირანელი სატრფო ირაჰშანდა, მიჯნურს სპარსულად ახსენებს ნასირ იბნ ხოსრუს ლექსს. გრიგოლ რობაქიძეს ეს ლექსი სპარსულადვე აქვს ჩართული ქართული ასოებით. მწერალს, ალბათ, სურდა, რომ მკითხველსაც შეეგრძნო უცხო სიტყვების სიტკბო: „ეი რუხეთ აფთაბი ქიშვარი დილ./

ტაბი მეჰრეთ მეიე მუნავარი დილ“.

რიტმების მრავალფეროვნება თხრობას ანიჭებს განსაკუთრებულ ელფერს. მუსიკის გზით მოდერნისტულ რომანებში განხორციელდა პროზისა და პოეზიის დიდი სინთეზი.  ასეთ მრავალხმიანობაში, რომელშიც თანაბრად არის ჩართული მაკრო და მიკროკოსმოსი, მარადისობა და წარმავლობა, ადამიანური და ღვთაებრივი, პერსონაჟები მკითხველთან ერთად მიიკვლევენ გზას იდუმალი სამყაროს ლაბირინთებში ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად.

გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლება და შედეგები (გაგრძელება, ნაწილი VIII)

0

 

როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო კვლევები სასკოლო სამუშაოსთვის?

სამეცნიერო კვლევები [პედაგოგიკაში] არა მხოლოდ ამტკიცებენ ზემოთქმულს, არამედ იძლევიან რჩევასაც – სტენფორდის განათლების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერების, Darling-Hammond-ის, Zielezinski-ისა და Goldman-ის (2014) კვლევების  თანახმად, ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ის განსაკუთრებით სჭირდებათ.

წარმატება დამოკიდებულია იმ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ინტერაქტიულ სწავლებას, შემოქმედებასა და ძიებას (ვიდრე დასწავლასა და დაზეპირებას) და მასწავლებლისა და ტექნოლოგიის „სწორ ნაზავს“. ეს ბოლო პუნქტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კვლევებმა მრავალჯერ დაადასტურეს, რომ უპირველესი მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს მასწავლებლის განსწავლულობისა და კვალიფიკაციის საკითხი! შესაბამისად, შედეგების გასაუმჯობესებლად – როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე – საჭიროა მასწავლებლების მეტი მხარდაჭერა და სადაც საჭიროა, მასწავლებლების ახალი სამუშაო ადგილების დამატება.

2017 წელს ასზე მეტი პედაგოგიური კვლევის ანალიზიდან, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებისა და მოსწავლეთა სასწავლო შედეგების დამოკიდებულებებს შეისწავლიდა, ერთი გამოკვლევის შედეგი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ამერიკელი მკვლევრების (Zheng, Warschauer, Lin, and Chang, 2016) კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გულმოდგინედ შედგენილი ახალი ტექნოლოგიური პროგრამები და აკადემიური მოსწრება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ამ კავშირის შედეგები ასე გამოიყურება: საგამოცდო შედეგები გაზრდილი იყო მეცნიერებების, კითხვის, მათემატიკის, წერის უნარებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებებით. კვლევამ გამოავლინა სხვა დადებითი შედეგებიც, რომლებიც მოიცავდნენ მოსწავლე-მასწავლებლის უკუკავშირს აკადემიურ წერაში, მეტ გამოქვეყნებულ ნაშრომს, მეტ ნაშრომს სხვადასხვა ჟანრში და დასრულებული ნაშრომების მეტ რედაქტირებასა და გადახედვას.

ქვემოთ გთავაზობთ სამეცნიერო კვლევების ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებისა და სწავლების ურთიერთქმედებას შეეხება:

  • კომპიუტერის დახმარებით/გამოყენებით სწავლება, სასწავლო სოფტ-პროგრამები ეხმარება მოსწავლეებს, კონკრეტული უნარების განვითარება-ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით კი მათემატიკის მიმართულებით. ეს შესაძლოა ხდება იმის გამო, რომ სოფტ-პროგრამას აქვს შესაძლებლობა, მოერგოს მოსწავლის ცოდნის მოცემულ დონეს და საშუალება მისცეს მას, ისწავლოს მასალა მისთვის მისაღები (ოპტიმალური) სიჩქარით. ასევე, პროგრამა უკუკავშირის საშუალებით, დაუყონებლივ აცნობს მასწავლებელს მოსწავლის მოსწრებაზე, რაც ხელს უწყობს მასწავლებლის დროულ ჩარევას პროცესში. ეს შედეგები ზუსტად ასახავენ პერსონალიზებული და შერეული სწავლების მოდელის პოტენციალს.
  • ციფრული სწავლებისა და ქცევითი ინტერვენციების შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული შედეგები.
  • იმ ინიციატივის შედეგად, რომელიც გულისხმობს ყველა მოსწავლის კომპიუტერით უზრუნველყოფას, შედეგები არ უმჯობესდება! ურმის დაყენება ხარის წინ ვერ აუმჯობესებს სწავლებას. არ შეიძლება ტექნოლოგიური ხელსაწყოს [კომპიუტერის] ბავშვისთვის მიცემა და იმედის ქონა, რომ მოსწავლე სასწაულებრივად ყველაფერს დაისწავლის.

გაუმჯობესებული პედაგოგიკა, სწავლეზე ორიენტირებული განწყობა და სამოქმედო ჩარჩო

წინამდებარე წიგნს „მართვა ციფრულ ეპოქაში“ ეწოდება. მაგრამ ამან არ მოგატყუოთ. „ციფრული“, ამ კონტექსტში ნიშნავს სწავლებისა და სწავლის გაუმჯობესებას ისე, რომ ჩვენი მოსწავლეებისათვის უკეთესი შედეგები მივიღოთ.  ფაქტი კი ის გახლავთ, რომ თუ ინსტრუქციის მონახაზი და დიზაინი არასწორი გვექნება, ტექნოლოგია კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენს წარუმატებლობას.

„პირველ რიგში პედაგოგიკა, ხოლო შემდეგ ტექნოლოგია – თუ ეს მისაღები იქნება“ – ეს გახლავთ მანტრა, რომელიც: ციფრულმა ლიდერებმა“ უნდა გაიზიარონ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ტექნოლოგია ვერ გამოასწორებს ყველა გაკვეთილს, შეფასებას ან სწავლის შედეგს. მხოლოდ ამის გამო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოველთვის ფოკუსირებული ვიყოთ იმაზე, რაც ვიცით და ეს იმუშავებს პედაგოგიკისთვის.

ჩვენ სკოლებს, საკლასო ოთახებს, გაკვეთილებს, სასწავლო პროგრამასა და გამოცდებს არ ვაშენებთ, როცა ტექნოლოგიის გარშემო ვწერთ. წარმატების და გაუმჯობესებული შედეგების მიღწევის მთავარი გზა ყოველთვის ეფუძნება მყარ, პედაგოგიურ საძირკველს… წერტილი.

ტექნოლოგიის ინტეგრაცია, შრომის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრატეგია უნდა იყოს. ტექნოლოგიის სტრატეგიული გამოყენება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთათვის განსაზღვრული მიზნის მიღწევას. როდესაც ტექნოლოგია არ ემყარება პედაგოგიკას და არ დაეხმარება მოსწავლეს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, მისი გამოყენება დაუფიქრებელი, ალაბედზე მინდობილი ქმედება იქნება – ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრატეგიას.

მეტაფორას თუ გამოვიყენებთ, ტექნოლოგია დაემსგავსება ნავზე გაშლილ იმ აფრას, რომელიც არ ემთხვევა ნავის მოძრაობის სასურველ მიმართულებას. უფრო მეტიც, მაშინ არ იცი, საით და რატომ გაცურო ამ ნავით…

დღეს, ბაზარზე ბევრი ტექნოლოგიური ჩარჩო არსებობს, რომლებიც პოპულარული არიან განმანათლებელთა შორის. თუმცა, ხშირად წარმოიშობა პრობლემებიც. არ შეიძლება ერთ მხარეს იყოს სასწავლო პროგრამა/საგანმანათლებლო მოდულები, სწავლების გეგმა და ინსტრუქცია და გამოცდები და მეორე მხარეს – ტექნოლოგია, ან რაიმე მსგავსი.

ციფრულმა ასპექტმა არ შეიძლება დაჩრდილოს ან „აჯობოს“ მთავარს, საკუთრივ სწავლების პროცესს. ციფრული საშუალებები ნამდვილად ცვლიან საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელოვან ელემენტებს. იმის გაგება, თუ როგორ გავლენას ახდენენ ტექნოლოგიური სიახლეები სწავლებასა და სწავლაზე, ნამდვილად დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ დამოკიდებულება, თუ რომელი ტექნოლოგიური საშუალებებია სასარგებლო და როგორ შეიძლება მათი ეფექტური ინტეგრაცია სასწავლო პროცესში.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას სწორ პედაგოგიურ ტექნიკასა და საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენება მოხდეს სწავლებისა და სწავლის პროცესის გასაძლიერებლად. რაც მთავარია, მოსწავლე, მუდამ ამ პროცესის ცენტრში უნდა იყოს.

ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ტექნოლოგია ჩართულია სწავლების პროცესში, ხოლო მასწავლებელი კვლავ სწავლების უშუალო, ვერბალურ ფორმატს იყენებს და ეს ორი ერთმანეთს ვერ ეთანხმება.

საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას აკეთებენ მოზრდილები (მასწავლებელი, ლ.ა.) მოცემული ტექნოლოგიით. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყენებენ მას მოსწავლეები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა რომელზეც თანამედროვე ლიდერებმა უნდა უპასუხონ, არის შემდეგი: „როგორ იყენებენ მოსწავლეები სწავლისათვის ტექნოლოგიას ისე, რომ ეს ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა?“

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ციფრული საშუალებებით სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად:

  1. გაზარდეთ თანამშრომლობა: მსგავსად სოციალური მედიისა, რომელმაც საზოგადოების/თემის ახალი განსაზღვრებები წარმოშვა, ციფრული საშუალებები ცვლიან თემსა და ურთიერთქმედებას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. სადისკუსიო პლატფორმები, განთავსებული ვებგვერდებზე, ან Google Docs-ის სასწავლო კურსები ან გაკვეთილები, სრულიად ცვლიან მოსწავლეთა ჩართულობას პროექტებზე დამყარებულ ან საწერ დავალებებში. მოსწავლის მიერ დაწერილი ესეი, ან თემა, შესაძლოა გადაიქცეს მრავალფეროვან და ფუნქციონალურ დოკუმენტად, როდესაც მისი ჩამოყალიბება მოხდება იდეებისა და კითხვების ნაბიჯ-ნაბიჯ გაზიარების და გაცვლის გზით, მასწავლებელს, მოსწავლეს, თანაკლასელებს, ავტორსა და მენტორს შორის. როდესაც ციფრული საშუალებები ინტეგრირებულია პედაგოგიურ წესებთან, ხდება სხვა მნიშვნელოვანი კომპეტენციების – კომუნიკაციის უნარების, კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტის, ციფრული წიგნიერების, ენტრეპრენერული უნარების, გლობალური ინფორმირებულობის და ციფრული/სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩვევების გაძლიერება.
  2. ინოვაციური შეფასება: როდესაც სასკოლო დავალებების ფორმატები და კონტექსტები იცვლებიან, შესაბამისი ცვლილება სჭირდება შეფასებებსაც. ონლაინსივრცის ღიაობა, სასწავლო პროცესში, ციფრული თამაშების ელემენტების ინტეგრაცია, ცვლის და ხვეწს შეფასების წესებს, განსაკუთრებით კი დასწავლის პროცესისა და პროგრესის შეფასებას.
  3. სწავლება ინფორმაციისა და კვლევითი პროცესის შესახებ: კვლევითი პროექტები ყველა შემთხვევაში მოითხოვენ საკუთრივ კვლევას, აკურატულ სინთეზს და აუდიტორიაზე ორიენტირებულ მიდგომებს. თუმცა ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, მოსწავლეები იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებიც მათ ეხმარებათ, უკეთ გააანალიზონ და გაერკვნენ მრავალგვარი სახის ინფორმაციასა და საკითხში სხვადასხვა დისციპლინიდან. ეს ფორმები მოიცავს ტექსტებს, ციფრულ ან სხვა სახის მონაცემსა და ფოტოგრაფიას.
  4. შეცვალეთ სწავლების პროცესის ვადები: ბევრ შემთხვევაში, ციფრული საშუალებები გვთავაზობენ ასინქრონულ (არაერთდოულ) გარემოს კითხვა-პასუხისათვის. ონლაინდისკუსიები ტექსტურ თუ ვიდეო ფორმატებში შეიძლება მოიცავდნენ განსხვავებულ წარმოდგენებს, თანამშრომლობის შესაძლებლობებს და დროს, საფიქრალად და რამის დასაგეგმად, განსხვავებით საკლასო ოთახის გარემოსი.
  5. სწავლების პროცესის მფლობელობა: მე-20 საუკუნის დიდი ამერიკელი განმანათლებლისა და ფილოსოფოსის, ჯონ დიუის (John Dewey) მიხედვით, აქტივობა, რომელიც მოსწავლეების ნამდვილ ჩართულობას უწევს ტიმულაციას, გახლავთ „ის აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს რამის კეთების, და არა რამის სწავლის, საშუალებას აძლევს; ამავე დროს, რამის კეთება ისეთი ბუნების საქმიანობაა, რომელიც ფიქრს და აზროვნებას, ან კავშირების წინასწარგანზრახულ დანახვას საჭიროებს; ამ ყველაფრის შედეგი კი არის სწავლა“. დღეს ხელმისაწვდომია ათასობით ციფრული საშუალება, რომლებიც ხელს უწყობს კეთებით სწავლას. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეარჩიონ მათ შორის თავიანთთვის საუკეთესო, რომელიც დაეხმარება შექმნან არტეფაქტი, რომელიც მათთვის შემეცნებითი/კონცეპტუალური დაოსტატების დემონსტრაცია გახდება – ახალი ცოდნის შეთვისების და მნიშვნელოვანი კომპეტენციების ათვისებისა და გამოყენების მეშვეობით. ციფრული საშუალებების შერჩევის თავისუფლება ზრდის მოსწავლის დაინტერესებას და საბოლოოდ, სწავლის შეძენის კუთხით მეტად ღირებულია. გამოიყენეთ ციფრული საშუალებების ძალა და მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თვითონვე მართონ შესწავლის პროცესი.

 

ლოგიკური ამოცანები გეოგრაფიაში

0

ცხოვრება უფრო და უფრო მეტი პრობლემის წინაშე გვაყენებს. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, პირველ რიგში მსჯელობის ჯაჭვია. გამოთვლები, გარდაქმნები, კონსტრუქციები, რომლებიც ხშირად უნდა იქნას გამოყენებული პრობლემების გადასაჭრელად, შეუძლებელია ლოგიკური მსჯელობის გარეშე. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ ლოგიკურად დასაბუთების უნარს. ყველამ უნდა ისწავლოს სწორად აზროვნება.

ლოგიკური აზროვნების განვითარებას, მიზეზების სწორად დასაბუთების უნარს, დასკვნების გამოტანას ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა. პრობლემების გადაჭრის უნარი სკოლის მოსწავლეთა განვითარების ერთ – ერთი მთავარი მაჩვენებელია.

ამიტომ, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეებს ლოგიკურად დასაბუთება, კითხვების ჩამოყალიბება და მსჯელობის ჯაჭვის შექმნა სხვადასხვა პრობლემების გადაჭრისას.

ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის პროცესი შეიძლება დაიყოს 4 ეტაპად. თითოეული საგნის თანმიმდევრული განხილვა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მარტივად მოაგვარონ  სტანდარტული და რთული პრობლემები.

ამ ნაბიჯების გავლა საჭიროა იმისათვის, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს პრობლემის გადაჭრის ძიება, ლოგიკური მსჯელობის განხორციელება.

თითოეული ეს ნაბიჯი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად შეიძლება მოსწავლე არაჩვეულებრივი იდეით ანთებული, გადაახტეს ყველა ნაბიჯს და დაუყოვნებლივ შეუდგეს პრობლემის მოგვარებას. ასეთი პოზოცია მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს მოსწავლე კარგავს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განიხილოს პრობლემა, გააკეთოს გარკვეული ანალიზი. ყველაზე არასწორია როდესაც ისინი იწყებენ პრობლემის გადაჭრას მისი გაგება-გააზრების გარეშე. პრობლემის გადაჭრის სარგებლობის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს, რადგან მოსწავლეს არ შეუძლია სწორად შეისწავლოს და გაანალიზოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

მრავალ შეცდომას თავიდან აგვაცილებს, თუ კი მოსწავლე შეამოწმებს თითოეულ ნაბიჯს მისი გეგმის შესრულებისას.

პირველი ნაბიჯი – ამოცანა ნათლად უნდა იქნას გაგებული. 

მოსწავლემ უნდა გაიგოს პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, პრობლემის სიტყვიერი ფორმულირება უნდა მოახდინოს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს პრობლემის ძირითადი ელემენტების მითითება. ამრიგად, პირველი ეტაპის კითხვებია:

რა არის მოცემული? რა არის უცნობი? რაში მგომარეობს პირობა?

მეორე ნაბიჯი – მოსწავლემ განმეორებით, სხვადასხვა მხრიდან უნდა განიხილოს პრობლემის ძირითადი ელემენტები. მან უნდა გააკეთოს მონახაზი და მიუთითოს მასზე უცნობი და ნაცნობი მონაცემები.

მესამე ნაბიჯი – დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველა შეცდომა, რომელსაც მოსწავლეები უშვებენ არის ის, რომ არ ხდება დავალების პირველადი აღქმა და მის ანალიზი, ამოცანაში ასახული ცხოვრებისეული სიტუაციის სათანადო გაგება და მისი მოკლედ გამოსახვა. თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მოკლედ ჩამოწეროს პრობლემის მდგომარეობა და წარმოაჩინოს პირობა დიაგრამის ან ნახატის გამოყენებით. მათემატიკაში ამას მარტივად ვაკეთებდით (პირობის მოკლედ ჩაწერა). მე დღემდე ვიყენებ მოსწავლეობის დროს მიღებულ „მათემატიკურ“ გამოცდილებას.

მეოთხე ნაბიჯი – იმისათვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ გაიგოს პრობლემის არსი, ესმოდეს ეს რა ამოცანებია, გაარკვიოს, თუ რომელი მათგანია საჭიროა, როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და ასე შემდეგ აუცილებელია, გამოვიყენოთ სიტუაციის მოდელირება.

რას გულისხმობს პრობლემის მოდელირება? სიტყვის ფართო გაგებით მოდელირება არის ჩვეულებრივი ობიექტების მოქმედებების შეცვლა მათი შემცირებული ნიმუშებით, მოდელებით, მაკეტებით, მულაჟებით, აგრეთვე მათი გრაფიკული გამოსახულებებით: ჩვეულებრივი ნიშნებით, ნახატებით, დიაგრამებით, სქემებით. ვიზუალიზება, განსაკუთრებით გრაფიკული, საჭიროა გაკვეთილის მთელი პერიოდის განმავლობაში, როგორც კონკრეტული აზროვნების უფრო რთული ფორმების შემუშავებისა და კონცეფციების ფორმირების მნიშვნელოვანი საშუალება. იგი ხელს უწყობს აქტიური აზროვნების, მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის სხვა გზების ძიებას.

მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის, დასაბუთების უნარის განვითარებისთვის, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, საჭიროა მოსწავლეები დაეუფლონ ამოხსნის მთავარ ეტაპებს.

ლოგიკური პრობლემები კარგად არის ცნობილი თავსატეხების მოყვარულთათვის. ისინი წარმოადგენენ მთელ რიგ პირობებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემის მოგვარება ხდება. ამისათვის შედგენილია სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია ყველა შესაძლო დასკვნა. შემდეგ, ლოგიკური მსჯელობით, ისინი თანდათან აღნიშნავენ ცხრილში “+” და “-“, რაც ნიშნავს სწორ და არასწორ დასკვნებს. სასურველია ასეთი ცხრილები თავდაპირველად გამზადებული მივცეთ. შემდეგში ისინი თავად მოიფიქრებენ და გააკეთებენ. როგორც ხშირად ხდება ჩვენზე საინტერესო და უცნაურ ცხრილებსა და გრაფიკული გამოსახულებებს ქმნიან.

  • რატომ? როგორ გამოიყენებ? რას ნიშნავს? – მიკითხავს გაკვირვებულს.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს. ამ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა არა მხოლოდ კარგი ლოგიკური აზროვნება, არამედ გეოგრაფიის ცოდნაც.

მაგალითი 1

A, B, C და D ქვეყნები, რომლებიც  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს თანამეგობრობის წევრები არიან. ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც A, B და C- ს ოდესღაც D ქვეყნის კოლონიები იყო. პირველ სამ ქვეყანას ასევე აერთიანებს ერთი პარადოქსი: მათი დედაქალაქები არ არიან ამ სახელმწიფოების უდიდესი ქალაქები. A  და C ქვეყნები განლაგებულია სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში, მაგრამ ორივე ქვეყანა დიდი რაოდენობით ხე-ტყის ექსპორტს აწარმოებს. გარდა ამისა, ორივე აწარმოებს ნავთობს, მაგრამ ქვეყანა C- ს ურჩევნია მისი ამოტუმბვა, ხოლო A  ქვეყანას – გათხრა. ქვეყანა D ცდილობდა, რომ სახელმწიფო B მისი მსგავსი ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად განსხვავებული კლიმატისა, ცხვრის მოშენება დაიწყეს. როდესაც D ქვეყანას საკუთარი ნახშირი შემოაკლდა დაიწყო  B ქვეყნის მარაგის ათვისება.

რა არის A ქვეყნის მეორე ოფიციალური სახელმწიფო ენა?

დავალების შესრულების მიზნით, შეავსეთ ცხრილი.

  დედაქალაქი არ არის უდიდესი ქალაქი ხე-ტყის ექსპორტი ცხვრის მოშენება ქვანახშირის მოპოვება ნავთობის მოპოვება
A          
B          
C          
D          

 

პასუხები: A – კანადა; B – ავსტრალია; C – ნიგერია და D – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

A ქვეყნის (კანადის) მეორე ოფიციალური ენა არის ფრანგული.

მაგალითი 2

A, C და D ქვეყნები ადრე B ქვეყნის უდიდესი კოლონიები იყო. სახელმწიფოები C და D ერთსა და იმავე კონტინენტზე მდებარეობს, მაგრამ საერთო საზღვრები არ აქვთ.  A და B ქვეყნებს ყოფს ოკეანე, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მეტროპოლიის დედაქალაქის A ქვეყანაში “გადატანას” მე -19 საუკუნის დასაწყისში.

A ქვეყანას აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა: მოიპოვება ნავთობი, მოყავთ ყავა, შაქრის ლერწამი, ბამბა და ციტრუსი. უფრო მეტიც, ყავისა და შაქრის ლერწამის მოსავლით A სახელმწიფო მსოფლიო ლიდერია. C ქვეყანაში იზრდება შაქრის ჭარხალი, ციტრუსები და ბამბა, ხოლო  D ქვეყანაში მოყავთ ბამბა და ყავა. D ქვეყანაში, ისევე, როგორც A ქვეყანაში, ნავთობი მოიპოვება. მათი ყოფილი მეტროპოლია განთქმულია ზეთისხილისა და კორპის მუხის მოშენებით.

დამხმარე ცხრილი

  კონტინენტები ყავა ბამბა ციტრუსი შაქარი ნავთობი
A            
B            
C            
D            

 

პასუხი: A – ბრაზილია; B – პორტუგალია; C – მოზამბიკი და D – ანგოლა.

1808 წელს პორტულაგიაში ნაპოლეონის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა.

მაგალითი 3

ოთხივე ქვეყანა იმყოფება მსოფლიოს ერთსა და იმავე ნაწილში. უფრო მეტიც, A და C ქვეყნები, დამოუკიდებლობის მიღწევამდე, წარმოადგენდნენ ერთ ტერიტორიას და ამის შემდეგ, ისინი იყოფა რელიგიური პრინციპების მიხედვით. ქვეყანა A ჩვენთვის კიპლინგის ზღაპრებიდანაა ცნობილი.

A, B და C ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველ ათეულშია. B ქვეყნის  მოსახლეობის ეროვნული უმრავლესობა D ქვეყანაში რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა. სახელმწიფოები A, C და D ფედერაციული მოწყობისაა. C და D ქვეყნებს აქვთ ერთი რელიგია.

სახელმწიფოები A და D მსოფლიო ბაზარზე ცნობილია, როგორც ბუნებრივი კაუჩუკის მიმწოდებლები. მაგრამ A, B და D ქვეყნები ასევე აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ პროდუქტს მსოფლიოსთვის.

დამხმარე ცხრილი

  > 100 მილიონი კაცი ფედარაციები ეთნოსები რელიგია ბუნებრივი კაუჩუკი
A          
B          
C          
D          

 

პასუხი: A – ინდოეთი; B – ჩინეთი; C – პაკისტანი  და D – ინდონეზია.

მაგალითი 4

ამ ოთხი ქვეყნის დედაქალაქები განლაგებულია მსოფლიოს ამ ნაწილის ერთ – ერთი უდიდესი მდინარის ნაპირზე. საერთო ჯამში, ეს მდინარე მიედინება 10 ქვეყანაში. ის რაც A, B, C და D ქვეყნებს აერთიანებს არის ის ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში მათ შექმნეს ერთიანი იმპერია. ამჟამად არცერთ მათგანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

A, B და D ქვეყნების ეროვნებები მიეკუთვნებიან ინდოევროპულ ენობრივ ოჯახს, ხოლო C ქვეყნის მკვიდრთა ენა ძალიან განსხვავებულია და სხვა ენობრივი ოჯახის წევრია.

B, C და D ქვეყნების დედაქალაქები ყველა ერთი ასოთი იწყება.

ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ ქვეყანა A არის ფედერალური სახელმწიფო, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ B ქვეყნის დედაქალაქი ფედერაციული ქვეყნის დედაქალაქი იყო.

შეავსეთ ცხრილი და უპასუხეთ დამატებით კითხვებს.

  ინდოევროპული ენობრივი ოჯახი დედაქალაქების სახელწოდება ერთი ასოთი იწყება ფედარაციები
A      
B      
C      
D      

 

  1. რომელ მდინარეზეა საუბარი და რომელ ქვეყნებში მიედინება ის?
  2. რომელ ენობრივ ოჯახს მიეკუთვნება C ქვეყნის ერი?
  3. მოაწყეთ ოთხი ქვეყნის დედაქალაქები ისე, რომ მდინარეზე დინების მიმართულებით მოგზაურობის დროს ესტუმროთ მათ.

პასუხი: A – ავსტრია; B – სერბეთი; C – უნგრეთი  და D – სლოვაკეთი.

  1. მდინარე დუნაი;
  2. C ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.
  3. ქ. ბრატისლავა – ქ. ბუდაბეშტი – ქ. ბელგრადი.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://nsportal.ru/shkola/geografiya/library/2020/08/04/logicheskie-zadachi-v-geografii; https://nsportal.ru/shkola/algebra/library/2012/06/11/razvitie-logicheskogo-myshleniya-s-pomoshchyu-resheniya .

 

მოსწავლის დამოუკიდებლობა

0

იმ ამოცანებს შორის, რომლებსაც მასწავლებელი სასწავლო პროცესში სახავს, უმნიშვნელოვანესია მოსწავლის დამოუკიდებლობის განვითარება. ეს საუკეთესოდ მაშინ მიიღწევა, როცა მოსწავლე ითვალისწინებს მასწავლებლის რჩევებს, რომლებსაც დავალების შესრულებისას იღებს. ე. წ. უკუკავშირი უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ არსებითი, რაც მასწავლებლისგან დროს, დაკვირვებასა და ანალიზს, ერთი სიტყვით, ძალისხმევას მოითხოვს. მოსწავლეები ხშირად მხოლოდ ქების ან კარგი ნიშნის მისაღებად ასრულებენ დავალებას. ამას აკეთებენ ვალდებულების, პასუხისმგებლობის კარნახით, რაც უთუოდ მნიშვნელოვანია სასკოლო ფასეულობათა სისტემის სიმტკიცისთვის, მაგრამ საკმარისი არ არის. მოსწავლის მიერ იმის გაცნობიერება, რისთვის სწავლობს, უმნიშვნელოვანესია მისი პიროვნული განვითარებისთვის. მასწავლებლის გამოძახილი დავალებაზე, რეფლექსია უფრო ეფექტური აღმოჩნდება, თუ მოსწავლე თვითონ იქნება ამის ინიციატორი, ე.ი. დაინტერესდება თავისი შეცდომებით და გააცნობიერებს მათი გამოსწორების აუცილებლობას, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლოს ხარვეზების დანახვა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარი დასაყრდენი მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგები და მისი ძლიერი მხარეები უნდა იყოს. საკუთარ სასწავლო პროცესზე დაკვირვება მას თვითშეფასების უნარს გამოუმუშავებს.

თვითშეფასების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ მასწავლებელმა გამოიჩინოს მეტი შემოქმედებითობა და სტანდარტული თვითშეფასების რუბრიკები ხანდახან შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს, სტერეოტიპული კითხვები კონკრეტულ კლასსა თუ მოსწავლეს მიმდინარე ამოცანების შესაბამისად მიუსადაგოს. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს ორი რამის გამოკვეთა:

  1. დასახოს შეცდომათა გამოსწორების უახლოესი გზა;
  2. დასახოს შეცდომათა გამოსწორების გრძელვადიანი გზა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელმა გააცნობიეროს, რა ცოდნა და უნარები აქვს ამჟამად ისეთი, რომელთა საფუძველზეც შეიძლება კონკრეტული ხარვეზები დაძლიოს. ამავე დროს, იმასაც მიხვდეს, რომ სხვადასხვა ნაკლოვანების გამოსასწორებლად მას ბევრი შრომა და დრო დასჭირდება.

მოსწავლეს კი კიდევ ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა შეეძლოს დაფიქრება:

  1. დამოუკიდებლად რისი გაკეთება შეუძლია უკეთესი შედეგის მისაღწევად;
  2. რომელია ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაშიც მასწავლებელი უნდა დაეხმაროს.

პირისპირ თუ დისტანციური სწავლებისას მასწავლებლის უკუკავშირი მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეს ამგვარი თვითშეფასების უნარი ჩამოუყალიბდება. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაინახოს საკუთარი მიღწევები, რაც მასწავლებლის მიერ ყოველი წინ გადადმული ნაბიჯის შემჩნევას და დაფასებას გულისხმობს. პედაგოგმა უნდა აღიაროს მოსწავლის წინსვლა არა საერთო საკლასო სივრცისა თუ საკუთარი მიზნების კონტექსტში, არამედ, უპირველესად, მოსწავლის ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით. ამგვარი აღიარება იქცევა სტიმულად დამოუკიდებელი განვითარებისთვის.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ რეფლექსიის დროს მოსწავლემ გამოიყენოს დამოუკიდებლობის განვითარებისკენ მიმართული იმგვარი სიტყვიერი თვითშეფასებები, რომლებშიც წინსვლის იმედი გამოჩნდება. მაგალითად, შესრულებული დავალების რეფლექსიისას მოსწავლემ უნდა დაწეროს (თუ აღნიშნოს) არა ის, რომ „არ შეუძლია“, არამედ „ჯერ არ შეუძლია“, ან „ჯერ კიდევ არ შეუძლია“. ამგვარად, ჩნდება პერსპექტივა რომ ეს „ჯერ“ თუ „ჯერჯერობით“ მხოლოდ მცირე დაბრკოლებაა, რომელიც აუცილებლად გადაილახება. ამასთანავე, გამოკვეთილი უნდა იყოს, წინა თვითშეფასებასთან შედარებით, უკვე რა შეუძლია, რა ხარვეზი გამოასწორა, რომელი დაბრკოლება გადალახა, რას მიაღწია დამოუკიდებლად თუ მასწავლებლის დახმარებით.

დამოუკიდებლობის გზაზე შეცდომების დაშვება ბუნებრივი და მისაღებია. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელმა უნდა მიაჩვიოს მოსწავლე, რომ მან შეცდომა გაიაზროს იმგვარი რაკურსით, რომელიც აჩვენებს: სწორედ შეცდომა დაეხმარება ახლის შესწავლასა და გააზრებაში.

მსოფლიო ისტორიასა და მეცნიერებაში უამრავი მაგალითია, როდესაც შეცდომით გადადგმულმა ნაბიჯმა სრულიად ახალი გზა გამოაჩინა, გეგმიდან გადახვევამ მეტი შემოქმედებითი იმპულსი დაბადა და გონებას განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტისკენ უბიძგა. ამგვარად, მოსწავლეებისთვის კარგი იქნება თანამედროვე ცნობილი, წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაცნობა, მათი გამონათქვამების ციტირება. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი ინოვატორის, ელექტრომობილებისა (Tesla) და კოსმოსური ხომალდების (SpaceX) მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამბობს: „შეცდომის დაშვება საშიში არ არის. მთავარია, ყველა შეცდომა ახალი იყოს და არასდროს გაიმეოროთ ძველი“; „ყველაზე რთული საკუთარ თავთან გულწრფელობა, საჭირო კითხვების მოძიება და პასუხის გაცემაა. თუ საკუთარ თავთან გულახდილად საუბარს შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგივათ“.

„სტენფორდის „ცხოვრების მოწყობის“ ლაბორატორიაში გამოკრულია პოსტერი, რომელზეც წერია: „თქვენ აქ ხართ“. მოსწავლეებმა უნდა მიმოიხედონ გარშემო, დააკვირდნენ საკუთარ თავს და სიტყვიერად გამოხატონ, როგორ აქვთ გაცნობიერებული „აქ ყოფნა“, მერე კი სამი უმნიშვნელოვანესი კითხვა დასვან:

  1. საით მივდივარ?
  2. როგორ მივაღწევ იქამდე?
  3. შემდეგ სად წავალ?

სწორედ ეს სიტყვები უნდა გამოაკრას ყველა მასწავლებელმა თვალსაჩინოდ საკლასო დაფაზე და ელექტრონულადაც განათავსოს, როგორც ყოველდღიურად გასათვალისწინებელი „რესურსი“ საკუთარ თავზე ფიქრისთვის, შესაძლებლობათა გამუდმებული ანალიზისთვის. უკუკავშირი უნდა დაიწყოს და დაამთავროს მოსწავლემ. „როდესაც სწავლების საჭესთან მოსწავლე ჯდება, ის თვითონ განსაზღვრავს ადგილმდებარეობას, მოძრაობის მარშრუტს და დანიშნულების ადგილს, აგრეთვე იმასაც, საითკენ გაემგზავროს შემდეგ“, – ვკითხულობთ ამერიკელი მასწავლებლის კარა დაუმას წერილში „მოსწავლის დამოუკიდებლობის განვითარების მეთოდი“.

ამერიკელი მასწავლებელი ტომ გიბსონი კი ძალიან საინტერესო წერილში „ექვსი უდიდესი შეცდომა, რომლებსაც მასწავლებლები უშვებენ“ გამოკვეთს, რა უშლის ხელს პედაგოგს, მოსწავლეს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს. მისი აზრით, პირველი შეცდომაა ის, რომ მასწავლებელს სურს, გამუდმებით ყველაფერს აკონტროლებდეს. გიბსონი უდიდეს ძალისხმევას ახარჯავდა იმას, რომ მოსწავლეებს სცოდნოდათ, რა უნდა შეესრულებინათ და თუ არ დაუჯერებდნენ, წარმოედგინათ, რა მოჰყვებოდა ამას. კონტროლის დაკარგვის შეგრძნება ხშირად უჩნდებოდა და აღიზიანებდა. მაგალითად, თუ მოსწავლე დაიგვიანებდა, იცელქებდა, დავალებას არ შეასრულებდა. მას მოსწონდა შეგრძნება, რომ ყველაფერს აკონტროლებდა, ყველაფერზე გავლენას ახდენდა. ფიქრობდა, რომ ამგვარი ტოტალური ზედამხედველობა მისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ხარისხიან სასწავლო პროცესს უზრუნველყოფდა. თუმცა მალე მიხვდა, რომ მეტი თავისუფლება უნდა მიეცა მათთვის და ამან უკეთესი შედეგი გამოიღო. იმავე დავალებებს, რომლებსაც ადრე უხალისოდ ხვდებოდნენ, მოსწავლეები ახლა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.

ტომ გიბსონი იმასაც ურჩევს მასწავლებლებს, მეტისმეტად სერიოზულ, უკმაყოფილო, მოქუფრულ და დაძაბულ სახეს ნუ მიიღებენ, როდესაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც დაგეგმეს. მაგალითად, გაკვეთილზე მოსწავლემ უადგილოდ გაიცინა, ან მოულოდნელად უკბილოდ იხუმრა. ამ დროს მათთან ერთად გაცინება საუკეთესო გამოსავალი იქნება. მასწავლებელმა არც იმაზე უნდა იტეხოს თავი, როგორ მოიქცეს, რომ რომ მოსწავლეებს სულ მოსწონდეთ და მისით აღტაცებულნი იყვნენ. მთავარია, პატივისცემა ჰქონდეთ და არა მეგობრული მოწონება. მათ უნდა იგრძნონ, რომ პედაგოგიც აღიარებს მოსწავლეებს, უყვარს და პატივს სცემს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლისთვის ერთადერთი სწორი პასუხი კი არ იყოს მთავარი, არამედ ამ პასუხამდე მისასვლელი, შეცდომებით სავსე გზები. მან მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს მოსწავლეებს და ზიანი არ მიაყენოს სწავლების პროცესს. ხანდახან მოსწავლეები პრობლემის გადაწყვეტის ისეთ ორიგინალურ გზას აგნებენ, რომელზეც მასწავლებელს არც უფიქრია. არც ის არის საჭირო, მასწავლებელმა მაშინვე შეაფასოს, სწორი გზით მიდის თუ არა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ უკანასკნელმა ჰკითხოს კიდეც ამის შესახებ. თუ მასწავლებელი თავიდანვე მიანიშნებს, რომ ამოცანის ამოხსნის სწორ ხერხს მიაგნო, მოსწავლე ფიქრს შეწყვეტს. დაე, მან ბოლომდე არ იცოდეს ამის შესახებ და სხვადასხვა გზა მოსინჯოს, რათა მისი აზროვნების პროცესი უფრო მრავალფეროვანი და მასწავლებლისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს.

უკუკავშირი სასარგებლო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. ეს მნიშვნელოვანია დასწავლის პროცესის დასაჩქარებლად. ექსპერტთა აზრით და კვლევების მიხედვით, დასწავლის ფუნქცია ნაკლებადაა სრულიად ახალი ცოდნისა თუ უნარის შეძენა; ეს ჩვენს ტვინში არსებული საინფორმაციო მარაგის გამდიდრების, განმტკიცებისა და გადამუშავების პროცესია. არაერთი მეცნიერული კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს უკუკავშირი არა მხოლოდ მოზარდ, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც. ადამიანის ტვინი უნიკალურია და შეუძლია, გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით თვითონვე განსაზღვროს, რა სჭირდება განსავითარებლად, ოღონდ სხვისი შეფასება მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი გადაწყვეტილების ფორმირებისა და მიღებისთვის.

ეს კარგად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა მცოდნემ – შოთა რუსთაველმა, ამიტომ იმ რთულ ვითარებაში, როცა ტარიელს ძალიან უჭირდა ფიქრი, ავთანდილის რჩევაზე მაინც ასე აპასუხებინა: „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს“ (ეს იყო პასუხი რჩევაზე: „რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“). „გული“ ამ შემთხვევაში ინდივიდუალურობას გულისხმობს, თუმცა გულს სჭირდება სხვათა შეფასებები, რათა მათზე დაყრდნობით საბოლოოდ მაინც საკუთარი გზა აირჩიოს.

საინტერესოა ამ თვალსაზრისით ასეთი ექსპერიმენტი: „მეცნიერებმა სტუდენტები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს დაევალა, თავის ოცნებებსა და მათი ასრულების გზებზე ეფიქრა, ხოლო მეორე ჯგუფს – მხოლოდ საშინაო დავალების შეცდომებზე კონცენტრირება. მეცნიერები თითოეულ სტუდენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) აკვირდებოდნენ, რომ დაენახათ, ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდებოდა ფიქრის პროცესში. მეორე ჯგუფის შემთხვევაში სიმპათიკური (დაძაბული მდგომარეობის მომგვარებელი) ნერვული სისტემა გააქტიურდა. ის საფრთხის ან სტრესის დროს ტვინს „ბრძოლისათვის“ ამზადებს. აქ ყალიბდება „შეებრძოლე ან გაიქეცი“ რეაქცია, რომელიც ტვინის სხვა ნაწილებს აჩუმებს. იმაზე ფოკუსირება, რაც ადამიანებმა არ იციან, დასწავლის სურვილს არ ზრდის, პირიქით, აზიანებს მას. იმ სტუდენტების ტვინში კი, რომლებიც თავიანთ ოცნებებზე ფოკუსირდნენ, აინთო პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ნერვული უჯრედების განვითარებას, კეთილდღეობის შეგრძნებას, იმუნური სისტემის უკეთეს ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანი „კომფორტის ზონაში“ უფრო შემოქმედებითია და უფრო მეტს სწავლობს.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიამ ჰიბრიდული სწავლების მოდელის დანერგვის აუცილებლობა წარმოშვა. ეს სიახლეა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში დადის, ნაწილს კი დისტანციურად უტარდება გაკვეთილები. რა თქმა უნდა, მასწავლებელს დროის განაწილების პრობლემა უჩნდება, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში მან უნდა მიაგნოს სწავლების იმგვარ ფორმებს, რომლებიც მეტ მნიშვნელობას შესძენს უკუკავშირის ფუნქციას, დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს მოსწავლეს, დაანახვებს სწავლის თუნდაც ძალიან მცირე შედეგს. ეს მას ერთგვარ „კომფორტის ზონას“ შეუქმნის და მეტის მიღწევის იმედს ჩაუსახავს. ეს აუცილებელია, რათა მან საკუთარი თავისა ირწმუნოს და ნებისმიერი დაბრკოლება სამომავლოდ მოგვარების პერსპექტივით განიხილოს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...