შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

შეკითხვებისა და პასუხების ურთიერთმიმართება (QAR სტრატეგია — ტექსტის გააზრებისთვის)

0

„კარგი შეკითხვა ცუდ ამბავს სჯობიაო, — ნათქვამია, — ხოლო სწავლების მიზნებისთვის მოფიქრებული კარგი შეკითხვა კარგ ამბავსაც კი ჯობიაო”.

…ყველა საგნის სწავლებას სჭირდება სათანადო შეკითხვის დასმა და ეს საჭიროება განსაკუთრებულად აქტუალურია ტექსტების დამუშავების ფორმატში. ნებისმიერი ტიპის, ჟანრისა და ფორმატის ტექსტის სიღრმისეული გააზრების მიზნით შეკითხვების დასმა, დასმულ შეკითხვებზე პასუხების ძიება სასწავლო პროცესის საკვანძო ხაზია. თუკი რკინის შედუღების პროცესს შევადარებთ, კარგ შეკითხვებზე პასუხების ძიება არის სწორედ ნაპერწკლების გაყრის მომენტი, როდესაც მოსწავლის ტვინის მუშაობა დაძაბულობის უმაღლეს საფეხურს აღწევს.

როდესაც ტექსტს ვკითხულობ ხოლმე, განურჩევლად იმისა, სასწავლო ტექსტია თუ არასასწავლო, მხატვრული თუ არამხატვრული, ვცდილობ ჩავიჭირო ისეთი ადგილები, რომლებშიც შესაძლებლობა მეძლევა დასკვნა გავაკეთო ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და ჩემი ცოდნის შეჯერების საფუძველზე. როგორც მასწავლებელს, ამ დროს პროფესიული ჟინი მიპყრობს ხოლმე და სურვილი მიჩნდება ჩემს მოსწავლეებამდე მივიტანო ეს გაელვება — სწორედ ასეთმა შეკითხვამ უნდა აიძულოს მოსწავლე, ერთი მხრივ, ჩაეჭიდოს ტექსტის ამ მონაკვეთში მოცემულ ინფორმაციას, მეორე მხრივ, იპოვოს საკუთარ გონებრივ საბარგულში ის დამატებითი ცოდნა, რომელიც პასუხისთვის დასკვნის გაკეთებაში დაეხმარება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი შეკითხვები ის შეკითხვებია, რომლებიც ამ წერილში წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით დაჯგუფებულია, როგორც „შენ და ტექსტი”. მეტი სიცხადისთვის, გავეცნოთ ჯერ სტრატეგიას (მასალა გამოყენებულია საიტიდან: https://www.readingrockets.org/strategies/question_answer_relationship/). შემდეგ შეკითხვების ნიმუშებს კონკრეტული ტექსტების გამოყენებით (დამატებითი მასალის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ლიტერატურაში: პ. პაპავა, თ. ჭანტურია, წიგნიერება, მასწავლებლის სახელმძღვანელო, თბ., 2012, გვ. 46-54. აგრეთვე: კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, თბ., გვ. 2015, 249-250)

მეთოდი Question-Answer-Relationship (შეკითხვა-პასუხი-ურთიერთმიმართება) მოსწავლეს ეხმარება განასხვაოს შეკითხვათა ტიპები, გააცნობიეროს რომ ერთ კითხვაზე პასუხს თუ ერთგვარი ძალისხმევა სჭირდება, მეორე კითხვაზე პასუხს, შესაძლოა, სხვაგვარი ძალისხმევა დასჭირდეს. ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ ტექსტშია მოცემული, ზოგიერთზე საპასუხოდ დაფიქრება და მოძებნაა საჭირო, ზოგიერთი შეკითხვის პასუხი ტექსტში მოცემული ინფორმაციის შეჯერებას მოითხოვს მკითხველის ცოდნასა და გამოცდილებასთან, ხოლო ზოგიერთი კი – მხოლოდ მკითხველის ცოდნას ეყრდნობა.

შესაბამისად შეკითხვები დაყოფილია 4 ჯგუფად: „პირდაპირ ტექსტში“, „დაფიქრდი და მოძებნე“, „ავტორი და შენ“, „შენ თვითონ“.

რა სარგებლობა მოაქვს QAR -ს?

  • იგი აუმჯობესებს წაკითხულის გააზრების დონეს;
  • ასწავლის მოსწავლეს შეკითხვის დასმას და მასზე პასუხის გაცემის ხერხებს;
  • ეხმარება მოსწავლეს, იფიქროს ტექსტზე მისი წაკითხვის შემდეგაც;
  • ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, უბიძგებს მკითხველებს უფრო მაღალი, სიღრმისეული აზროვნებისკენ.
როდის გამოვიყენოთ

 

 

წაკითხვამდე

(მხოლოდ ერთი ტიპის შეკითხვები)

კითხვისას

(არა ყველა ტიპის შეკითხვები)

წაკითხვის შემდეგ

(ყველა ტიპის შეკითხვები)

როგორ გამოვიყენოთ ინდივიდუალურად მცირე ჯგუფებში მთელ კლასთან

 

როგორ გამოვიყენოთ QAR?

ნაბიჯი 1. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ შეკითხვები, რომლებზეც მათ მოუწევთ პასუხის გაცემა არის 4 ტიპის. დაახასიათეთ თითოეული ტიპის შეკითხვები და დაასახელეთ მაგალითები:

  •  „პირდაპირ ტექსტში“ შეკითხვები: „ბუკვალური” შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც მოცემულია ტექსტში. ხშირად პასუხისთვის საჭირო სიტყვა/სიტყვები იმეორებს შეკითხვისავე სიტყვებს;
  • „დაფიქრდი და მოძებნე“ შეკითხვები: პასუხისათვის საჭიროა ტექსტის სხვადასხვა ადგილას მოცემული ინფორმაციის შეჯერება, დაკავშირება და ამგვარად აზრის გამოტანა;
  • „ავტორი და შენ“ შეკითხვები: ასეთ შეკითხვებზე პასუხები დაფუძნებულია ტექსტში გადმოცემულ ინფორმაციაზე, მაგრამ მოპასუხემ ეს ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებასა და/ან ცოდნას უნდა დაუკავშიროს. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ტექსტში არაა მოცემული, პასუხის გასაცემად მოსწავლემ ტექსტი ყურადღებით უნდა წაიკითხოს.
  • „შენ თვითონ“ შეკითხვები: ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლისგან ტექსტის წაკითხვას არც კი მოითხოვს. სამაგიეროდ საპასუხოდ მოსწავლეს დასჭირდება, გამოიყენოს საკუთარი გამოცდილება და წინარე ცოდნა. რასაკვირველია, შეკითხვები თემატურად თუ საგნობრივად სამიზნე ტექსტს უნდა უკავშირდებოდეს.

ნაბიჯი 2. ხმამაღლა წაუკითხეთ ტექსტი თქვენს მოსწავლეებს. (ეს რეკომენდაცია შეესაბამება იმ კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ცოტა მეტი დახმარება და ინსტრუქტაჟი სჭირდებათ. მოსწავლეები, რომლებიც მიჩვეული არიან, ერთი მხრივ, ამ სტრატეგიით მუშაობას, მეორე მხრივ, სხვა უნარებშიც გაწაფულები არიან, დამოუკიდებლადაც წაიკითხავენ და უპასუხებენ შეკითხვებს. მეტიც, თანდათანობით ისინი ასეთი შეკითხვების მოფიქრებასაც კი მოახერხებენ).

ნაბიჯი 3. წინასწარ ჩამოყალიბებული შეკითხვების დასმა კითხვის დასრულების შემდეგ. როდესაც დაასრულებთ კითხვას, მოსწავლეებს ხმამაღლა დაუსვით მომზადებული შეკითხვები და განუმარტეთ, როგორ და რატომ მიეკუთვნება თითოეული შეკითხვა დასახელებული ოთხი ჯგუფიდან ერთს. (დავუბრუნდეთ წინა შენიშვნას: ეს რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია სტრატეგიის გამოყენების საწყის ეტაპზე).

ნაბიჯი 4. აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ მოძებნონ ტექსტში პასუხისთვის საჭირო ინფორმაცია. (ანუ ტექსტიდან უპასუხონ პირდაპირ, საკუთარი გამოცდილებით თუ…)

QAR-ის შეკითხვების ტიპები:

პასუხი ტექსტშია პასუხი ჩემშია
პირდაპირ ტექსტში

ამ შეკითხვაზე პასუხი ადვილად მოიძებნება ტექსტში; საჭირო სიტყვები პასუხისათვის მოცემულია ერთ წინადადებაში.

ავტორი და შენ

პასუხი არ არის ტექსტში; შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველი აჯერებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას თავის წინარე ცოდნასთან.

დაფიქრდი და მოძებნე

შეკითხვაზე პასუხი ტექსტშია, მაგრამ საჭიროა ინფორმაციის შერჩევა და ამოკრება სხვადასხვა ადგილიდან.

შენ თვითონ

პასუხი არ არის ტექსტში; შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველი იყენებს თავის წინარე გამოცდილებას.

კიდევ დავუკვირდეთ:

პირდაპირ ტექსტში

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვს ტექსტთან მიბრუნებას და სწორი ინფორმაციის ამოღებას. მათ ხანდახან ბუკვალურ შეკითხვებსაც უწოდებენ, რადგანაც სწორი პასუხი მოიძებნება ტექსტშივე სიტყვასიტყვით.

შეკითხვები ხშირად შეიცავენ შემდეგ სიტყვებს: „ტექსტის მიხედვით“, „რამდენი“, „ვინ“, „სად“, „რა არის“.

 

ავტორი და შენ

ამ ტიპის შეკითხვებზე საპასუხოდ საჭიროა იმ ინფორმაციისა და იდეების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ არაა ტექსტში მოცემული. შეკითხვა მოითხოვს, დაფიქრდეთ წაკითხულის შესახებ და ჩამოაყალიბოთ საკუთარი მოსაზრებები და იდეები.

შესაძლო სიტყვები შეკითხვებში: „რას გულისხმობს ავტორი“, „რაა მოსალოდნელი“, „პერსონაჟის დამოკიდებულებით“.

დაფიქრდი და მოძებნე

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა შენგან მოითხოვს დაფიქრებას, თუ როგორ არის ტექსტში ასახული იდეები ან ინფორმაციები ერთმანეთთან დაკავშირებული. საჭიროა ტექსტის ხელახლა გადათვალიერება, შეკითხვასთან დაკავშირებული რამდენიმე ინფორმაციის/იდეის მოძებნა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება.

შეკითხვები შეიძლება შეიცავდნენ შემდეგ სიტყვებს: „ტექსტის/ მონაკვეთის მთავარი აზრი“, „რამ გამოიწვია“, „შეადარეთ/განასხვავეთ“.

შენ თვითონ

ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მკითხველის წინარე ცოდნის გამოყენებით. ასეთი შეკითხვები არ გამოიყენება წაკითხულის გააზრების შესამოწმებელ ტესტებში, რადგან არაა საჭირო ტექსტთან მიბრუნება ან მასზე დაყრდნობა.

ამ შეკითხვებში გამოყენებულია-ხოლმე სიტყვები: „თქვენი აზრით“, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით“, „რას ფიქრობთ თქვენთვის ცნობილი ვინმეს/რაიმეს შესახებ“.

სხვაგვარადაც დავაკვირდეთ:

პირდაპირ ტექსტში

პასუხი გულისხმობს ტექსტის ერთ წინადადებას და თქვენ უნდა მიუთითოთ იგი. პასუხის მოძებნა ადვილია, რადგან მასში გამოყენებულია იგივე სიტყვები, რაც კითხვაში. შესაბამისად, პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ვერსია/ვარიანტი.

ავტორი და შენ

პასუხის გასაცემად თქვენ იყენებთ იმას, რასაც ავტორი გეუბნებათ ტექსტში და ამატებთ მანამდე არსებულ თქვენს ცოდნას. პასუხი არაა მოცემული ტექსტში. თქვენ ტექსტის ინფორმაცია უნდა გამოიყენოთ თქვენს ცოდნასთან ერთად, შეჯერებულად.

დაფიქრდი და მოძებნე

პასუხი შედგება ტექსტში არსებულ ორი ან მეტ წინადადებაში გაფანტული ინფორმაციისაგან. პასუხი არის ტექსტში, მაგრამ თქვენ იგი უნდა მოძებნოთ.

შენ თვითონ

ეს შეკითხვები არ გამოიყენება წაკითხულის გააზრების შესამოწმებელ ტესტებში, რადგან არაა საჭირო ტექსტთან მიბრუნება ან მასზე დაყრდნობა.

 

განვიხილოთ მაგალითები.

მაგალითი 1. (საიტიდან: https://www.readingrockets.org/strategies/question_answer_relationship/ )

ამ მაგალითში წარმოდგენილია მონაცემების ცხრილი „ცვლილებების საუკუნე” და მათზე დაყრდნობითაა მომზადებული შეკითხვები. სტრატეგია უბიძგებს მოსწავლეს იმის გაცნობიერებისკენ, რომ ამგვარი მონაცემებიდან სხვადასხვაგვარი ინფორმაციის ამოსაღებად საჭირო იქნება, როგორც პირდაპირ მოცემული ცნობების მოძებნა, ასევე სხვადასხვა ადგილას წარმოდგენილი მონაცემის შეჯერება და მათი საკუთარ ცოდნასთან დაკავშირებაც, გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად.

ეს მაგალითი გვიდასტურებს, რომ სტრატეგია/მეთოდი „შეკითხვები-პასუხები-ურთიერთმიმართება” საუკეთესო ინსტრუმენტია საინფორმაციო, არამხატვრულ მასალაზე სამუშაოდაც.

ცვლილებების საუკუნე
1902 2002
აშშ-ის მთლიანი მოსახლეობა 79,2 მილიონი 284,8 მილიონი
ლიდერი ქვეყანა უცხოეთში დაბადებულების მიხედვით (გერმანია)        2, 7 მილიონი (მექსიკა)                7, 8 მილიონი
ფენიქსის (არიზონა) მოსახლეობა 5 544 1, 3 მილიონი
საშუალო ასაკი 22,9 წელი 35,9 წელი
სიცოცხლის ხანგრძლივობა 51,5 წელი 77,1 წელი
წლიური შემოსავალი 467 $ (საშუალო) 37 339 $ (საშუალოდ მამ.) 27 355 $ (საშუალოდ ქალ.)
ქალთა წილი სამუშაო ძალაში 19 % 61 %
უმაღლესი განათლების მქონეთა წილი მოზრდილებში 6 % 84 %
მარტოხელა ოჯახების პროცენტული რაოდენობა 5 % 26 %
ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობა 4,8 2,6
მთლიანი ექსპორტი 1,5 მილიარდი $ 1,1 ტრილიონი $
თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა 14 959 118
ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის გადამამუშავებელი საწარმოების რიცხვი 308 2 226
რეგისტრირებული ავტომობილები 23 000 212 მილიონი

 

შეკითხვა QAR-ის ტიპი პასუხი
1. დაასახელეთ ორი მონაცემი, რომელიც აჩვენებს, რომ ბოლო საუკუნეში ამერიკელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. დაფიქრდი და მოძებნე საშუალო ასაკი,

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

2. რამ მოახდინა გავლენა მომუშავეთა რიცხვში ქალთა რაოდენობის გაზრდაზე 1902-2002 წლების პერიოდში? ავტორი და შენ ომი, მარტოხელა მშობლები, ცხოვრების ღირებულება, ქალებისთვის უკეთესი განათლება და სხვ.
3. მოსახლეობის რამდენ პროცენტს ჰქონდა უმაღლესი სკოლის დიპლომი 1902 წელს? პირდაპირ ტექსტში 6 %
4. თქვენი აზრით რა არის ყველაზე საინტერესო შედარება /ცვლილება, რომელიც გამოვლინდა 1902-2002 წლების პერიოდში? ავტორი და შენ პასუხები იქნება სხვადასხვა
5. კიდევ რა მონაცემებს ისურვებდით 1902 და 2002 წლების ცხოვრების სტილის შედარებისთვის? შენ თვითონ პასუხები იქნება სხვადასხვა
6. რამდენით გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა 2002 წელს 1902 წელთან შედარებით? დაფიქრდი და მოძებნე 25,6 წელი

 

მაგალითი 2.

მოდი, ვნახოთ ვენახი

მოდი, ვნახოთ ვენახი – რამ შეჭამა ვენახი?

მიველ, ვნახე ვენახი – თხამ შეჭამა ვენახი.

მოდი, ვნახოთ თხა – რამ შეჭამა თხა?

მიველ, ვნახე თხა – მგელმა ჭამა თხა.

მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი ვნახოთ მგელი – რამ შეჭამა მგელი?

მიველ, ვნახე მგელი – თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თოფი – რამ შეჭამა თოფი?

მიველ, ვნახე თოფი – ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა – თოფი, თოფმა -მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ ჟანგი – რამ შეჭამა ჟანგი?

მიველ, ვნახე ჟანგი – მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა?

მიველ, ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თაგვი – რამ შეჭამა თაგვი?

მიველ, ვნახე თაგვი – კატამ ჭამა თაგვი.

კატამ – თაგვი, თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

პირდაპირ ტექსტში

1. რა შეჭამა თხამ?

2. რამ შეჭამა ვენახი?

3. რამ შეჭამა თხა?

4. რა შეჭამა მგელმა?

5. …

ავტორი და შენ

1. რას შეჭამდა ვენახი?

2. რამ შეიძლება შეჭამოს კატა?

3.

დაფიქრდი და მოძებნე

1. რამ არ შეჭამა რამე?

2. რა არ შეჭამა რამემ?

3. რამ შეჭამა მგლის შემჭმელი?

4. ჯერ თოფმა ჭამა მგელი თუ მიწამ ჭამა ჟანგი?

5. ჯერ თაგვმა ჭამა მიწა თუ ჟანგმა ჭამა თოფი?

შენ თვითონ

1. რას ჭამს ჟანგი?

2. რას ჭამს კატა?

3. რა ჭამს ვენახს?

4. არის რამე, რასაც ვერაფერი ჭამს?

5. რა ჭამს ყველაფერს?

 

 

მაგალითი 3.

ქვემოთ მოცემულია კიდევ ერთი ნიმუში, რომლის შეტანა განზრახული მქონდა ქართულის, როგორც მეორე ენის მერვე კლასის სახელმძღვანელოსთვის, თუმცა ავტორთა ჯგუფის შიდა რედაქტორმა მოსწავლეებისთვის რთულად აღსაქმელად მიიჩნია და სახელმძღვანელოდან ამოიღო. ნიმუშში გამოყენებულია „რობინზონ კრუზოს” ჩემ მიერ ადაპტირებული ტექსტი:

დავალება 1. ყურადღებით წაიკითხე ტექსტი რობინზონ კრუზოს შესახებ და უპასუხე შეკითხვებს:

15 ივლისს კუნძულის დათვალიერება დავიწყე. მდინარის სათავისკენ წავედი. წელიწადის ამ დროს საერთოდ არ წვიმდა და ყველაფერი ყვითელი იყო. მდინარის სათავესთან კი ბევრი მწვანე ბალახი იყო, გორაკებზე — უამრავი უცნობი მცენარე და ხეხილი. მხოლოდ ფორთოხალი და ყურძენი ვიცანი. მთელი ღამე იქ დავრჩი, ხეში მეძინა.

მეორე დღესაც ბევრი ვიარე და ყველგან სიმწვანე იყო. მე ფორთოხალი და სხვა ხილი ჩემს გამოქვაბულში წამოვიღე. ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ დავფიქრდი: სახლი ხომ არ გავაკეთო იქ, მწვანე ბაღში?! მაგრამ ჩემი გამოქვაბულიდან ნაპირი ჩანდა, მწვანე ადგილი კი ზღვისგან შორს იყო. მე ხომ ნაპირთან ახლოს ყოფნა მინდოდა, იქნებ გემი დამენახა!..

გამოქვაბულში ყველაფერი მქონდა: ჩემი ჰამაკი, ჩემი სკამი, ჩემი მაგიდა. ყველაფრის თავიდან დაწყება ძნელი იყო. მე მიყვარდა ჩემი გამოქვაბული… მთელი ივლისი მაინც მწვანე ბაღში გავატარე და იქ მეორე სახლი გავაკეთე. პატარა სახლი გამოვიდა ხეებში, ტოტებითა და ფოთლებით. გარედან სახლი არ ჩანდა, ხეები ფარავდა. უკვე ორი სახლი მქონდა — ზღვასთან და მწვანე ბაღში.

დადგა აგვისტო და წვიმებიც დაიწყო. მე ისევ გამოქვაბულში გადავედი, რადგან იქ წვიმაშიც კომფორტი იყო და მზეშიც. წვიმდა მთელი აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის ნახევარი. 30 სექტემბერს ჩემს ხეზე 365-ე ნიშანი დავსვი. ანუ უკვე ერთი წელი გახდა, რაც ამ კუნძულზე ვიყავი — მე ხომ ყოველ დილით ვნიშნავდი ხეზე…

წვიმების შემდეგ ისევ დავიწყე მუშაობა ჩემს ფერმაში. უკვე მყავდა თხები და მქონდა მარცვლეული. თავიდან მარცვლეული ვერ მოვიყვანე, რადგან არ ვიცნობდი ჩემი კუნძულის ამინდს. თანდათან შევისწავლე, როდის, რომელ თვეში იყო მზე, როდის — წვიმა და ასეთი სურათი მივიღე:

თებერვლის მეორე ნახევარი

მარტი

აპრილის პირველი ნახევარი

 

წვიმა

აგვისტოს მეორე ნახევარი

სექტემბერი

ოქტომბრის პირველი ნახევარი

 

 

წვიმა

აპრილის მეორე ნახევარი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტოს პირველი ნახევარი

 

მზე

ოქტომბრის მეორე ნახევარი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვლის პირველი ნახევარი

 

მზე

საერთოდ, მიწაზე მუშაობისას ამინდის ცოდნა აუცილებელია. უნდა იცოდე, როდის რა გააკეთო. და მესამე წელიწადს უკვე მარცვლეულიც მქონდა და ორი სახლიც. ნოემბერში, წვიმების შემდეგ, მეორე სახლში მივდიოდი, სადაც ყველაფერი მწვანე და ლამაზი იყო.

 

შეკითხვები:

ა) კუნძულზე ყოფნის მერამდენე თვეს აღმოაჩინა მწვანე ბაღი რობინზონმა?

ბ) რატომ უნდოდა რობინზონს ოკეანის ნაპირთან ახლოს ყოფნა?

გ) რატომ უნდათ ხოლმე ადამიანებს ორი სახლი?

დ) როგორ ფიქრობ, რობინზონს ჰქონდა თუ არა საჭმელად ხორცი? პასუხი დაასაბუთე.

სავარჯიშო 4. წიგნში მოცემულ შეკითხვებზე უპასუხე წერილობითაც:

ა) კუნძულზე ყოფნის მერამდენე თვეს აღმოაჩინა მწვანე ადგილი რობინზონმა?

——————————————————————————————————

ბ) რატომ უნდოდა რობინზონს ოკეანის ნაპირთან ახლოს ყოფნა?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

გ) რატომ უნდათ ხოლმე ადამიანებს ორი სახლი?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

დ) როგორ ფიქრობ, რობინზონს ჰქონდა თუ არა საჭმელად ხორცი? რატომ ფიქრობ ასე?

——————————————————————————————————————————————————————————————————————————-

სავარჯიშო 5. კიდევ ერთხელ დაუკვირდი წინა სავარჯიშოს შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს. გადაანაწილე ისინი ქვემოთ მოცემულ ცხრილში შემდეგი მითითების მიხედვით:

1-ლ უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხიც ტექსტში პირდაპირ იპოვე.

მე-2 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ტექსტის ორი ადგილი გამოიყენე.

მე-3 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც დაგჭირდა ტექსტის ინფორმაციაც და შენი წინარე ცოდნაც.

მე-4 უჯრაში ჩაწერე ის შეკითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ტექსტი რობინზონის შესახებ სულაც არ დაგჭირვებია.

1) პირდაპირ ტექსტში

————————————————————————————————————————————————————–

3) შენ და ტექსტი

————————————————————————————————————————————————————–

2) დაფიქრდი და მოძებნე

————————————————————————————————————————————————————–

4) შენ თვითონ

————————————————————————————————————————————————————–

შენ მიერ შევსებული ცხრილი შეადარე თანაკლასელების ნამუშევრებს. თუ მოახერხებ, მოიფიქრე თითო შეკითხვა ოთხივე ჯგუფში.

 

ორი ენის განვითარება და ორი ენის ფლობის თეორია

0

უცხოეთსა თუ ჩვენში არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს სკოლაში სახლის, ოჯახის ენისაგან განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე თანაკლასელები და მასწავლებლების უმრავლესობა ხვდება. სკოლისა და ბავშვის ურთიერთობის გზაზე ჩნდება არაერთი კითხვა, რომელიც ენის ათვისების საკითხებს უკავშირდება. ამგვარი პრობლემა, უკეთეს შემთხვევაში, სკოლის გუნდის და მშობლების პოზიტიური თანაჩარევით რამდენიმე თვეში გვარდება ისე, რომ ბავშვის აკადემიური და ენობრივი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის; ხოლო, უარეს შემთხვევაში, მარცხით სრულდება – ბავშვი კლასიდან კლასში გადადის, თუმცა აღმოჩნდება, რომ არც წერა შეუძლია, არც კითხვა და არც თანატოლებთან კომუნიკაცია.

ამგვარი შემთხვევები ჩვენში მსჯელობის საგნად ქცეულა. აზრი რამდენიმედ იყოფა. პრომლემებზე საუბრობენ მასწავლებლები, რომელთაც უჭირთ მსგავს შემთხვევაში მუშაობა. მეორე მხრივ, პრობლემაზე საუბრობს ზოგი დაინტერესებული მშობელიც, რომლიც ბევრს აკეთებს თავისი შვილის წარმატებისთვის და სკოლისგანაც მეტს ითხოვს. ზოგიც კიდევ არც არაფერზე საუბრობს, მათ თავიანთი შვილის ბედი, უბრალოდ, სკოლას მიანდეს და ამით ყველაფერი დაამთავრეს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი საგულისხმო მიდგომა თუ თეორია, რომელიც ბავშვის ენობრივი კომპეტენციისა და აკადემიური განვითარების ურთიერთმიმართებათა დონეებს სწავლობს და საგულისხმო დასკვნებსაც გვთავაზობს.

როგორც წესი, ბავშვის ენობრივი კომპეტენცია შეიძლება განსხვავებული იყოს სკოლაში სწავლის მთელი დროის განმავლობაში და ენის ფლობის დიაპაზონი იწყებოდეს არაფრის ცოდნით და მთავრდებოდეს ენის გაწაფული ფლობით, როგორც ზეპირმეტყველების, ასევე წერის მიმართულებით. ბილინგვური განათლების თაობაზე ყველაზე მეტად გაბატონებული ორი მოსაზრება გამომდინარეობს არაადეკვატური თეორიული პრინციპებიდან. ჰიპოთეზას, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახსა და სკოლაში გამოყენებულ ენებს შორის მონაცვლეობა იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას სკოლებში, „ლინგვისტური აცდენის“ ჰიპოთეზას უწოდებენ. აღნიშნულ ჰიპოთეზას უპირისპირდება ფრანგული იმერსიის პროგრამის მაგალითი, ისევე, როგორც უმცირესობათა წარმომადგენლების მაგალითები, რომლებიც აღწევენ აკადემიურ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ენების მონაცვლეობის პრაქტიკა მათთვისაც ყოველდღიური გამოცდილებაა.

მეორე უკიდურესობაა „მაქსიმალური ჩაფლობის“ ჰოპიოთეზა, რომელიც გულისხმობს, რომ მოსწავლე, რომელსაც პრობლემები აქვს, მაგალითად, ინგლისურში, მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ ინგლისური ენის სწავლებით. კვლევები და უცხოეთში განხორციელებული სპეციალური პროგრამები ცხადყოფს, რომ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მშობლიურ ენაზე, ინგლისურსა და სხვა საგნებში დროთა განმავლობაში აჩვენებენ უკეთეს შედეგებს.

ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ პირველ ჰიპოთეზას თუ ცვლადს გავლენას აქვს აკადემიურ მიღწევებზე, თუმცა მიიჩნევა, რომ გაცილებით დიდი გავლენა აქვს იმას, რომ მეორე და გაუგებარ ენაზე აკადემიური განვითარება შესაძლებელია. ცხადია, მეორე ენაზე აკადემიური უნარების განვითარება უფრო რთულია, ვიდრე მშობლიურზე, თუმცა გარკვეულ პირობებში ეს პრობლემა იმდენად შემცირებულია და ადეკვატურად პასუხგაცემული, რომ გრძელვადინ პერსპექტივაში აკადემიური უნარების განვითარების პრობლემა ნაკლებად იჩენს თავს. ამ ჰიპოთეზას ინტერაქტიურ პრედიქტორულ ცვლადს/ჰიპოთეზას უწოდებენ.

თუკი მოსწავლეს კარგად აქვს განვითარებული ენობრივი უნარები მშობლიურ ენაში, ამავე უნარებს იგი აგრეთვე კარგად ივითარებს მეორე ენაში. შესაბამისად, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ისეთი ჰიპოთეზის უნივერსალურობას, რომელიც არ არის ერთ კონკრეტულ ცვლადზე ორიენტირებული და ნაკლებად იცვლება სხვა ცვლადებთან ინტერაქციისას. იმერსიის პროგრამებზე და სხვა კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ადრეული ორენოვნება ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტური უნარებისა და ფართო მეტაკოგნიტური ცნობიერების განვითარებას. დადგენილია, რომ დადებითი კოგნიტური და მეტაკოგნიტური ცნობიერება ვითარდება პირველი და მეორე ენების ინტერაქციის შედეგად წარმოქმნილი „საერთო ფუნდამენტური კომპეტენციების“ განვითარების გზით. მშობლიური ენის პოზიტიური გავლენა მეორე ენის ათვისებაზე ასევე დასტურდება კვლევებით, რომლებიც სწავლობს ასაკისა და მეორე ენის ათვისების ურთიერთმიმართების, ასევე ოჯახში ორი ენის გამოყენების საკითხებს.

მაგალითად, თუკი ინგლისური მეორე ენაა და მოსწავლეს გარს ახვევია უამრავი თანაკლასელი და მეგობარი, რომელთათვისაც ინგლისური ენა მშობლიური ენაა, მათთან ინტერაქციით მოსწავლე კომუნიკაციური ენის აპექტებს ადვილად ითვისებს, რადგან ხვდება კონტექსტუალურად მდიდარ გარემოში, ხოლო აკადემიური ენობრივი უნარების შეძენას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ანალოგიურად მდიდარი კონტექსტის არარსებობის გამო. ამდენად, კვლევები იძლევა საშუალებას დასკვნისა, რომ აუცილებელია, გაიმიჯნოს კონტექსტით მდიდარი სიტუაცია და სიტუაცია, როდესაც ერთადერთი „დამხმარე“ ენობრივი კომპეტენციების გამოსავლნად და ენობრივი უნარების გამოსაყენებლად ფურცელზე დაწერილი ტექსტია. ყველაზე ხშირად, სტანდარტიზებული ტესტების გამოყენებისას და მისი ანალიზისას, ხდება ამ კონტექსტუალურად ორი განსხვავებული ვითარების გაუთვალისწინებლობა და კომუნიკაციური და აკადემიური ენობრივი კომპეტენციების გაუმიჯნაობა.

ფაქტორული ანალიზის მეთოდი

ალბათ, ყველა ჩვენგანს გვიფიქრია, რა ფაქტორები განაპირობებს ჩვენი მოსწავლის თუ სტუდენტის ამა თუ იმ წარმატებას. ფაქტორების ანალიზით კვლევა ამოწმებს კომუნიკაციური კომპეტენციების შემოთავაზებული კომპონენტების ვალიდურობას. უამრავი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ენის ფლობის სტრუქტურის შეფასებისთვის ფაქტორული ანალიზის მეთოდი ყველაზე გამართლებულია.

ფრანგული იმერსიის მეექვსეკლასელების შედეგების ფაქტორული ანალიზის მეთოდით განხილვამ გამოავლინა სოციოლინგვისტურ და დისკურსულ კომპეტენციებს შორის მინიმალური განსხვავება იმ მოსწავლეებს შორის, ვისთვისაც ფრანგული მშობლიური ენაა, მათთან შედარებით, რომელთათვისაც ფრანგული მეორე ენაა. ფრანგულენოვანთათვის გრამატიკული კომპეტენციები მინიმალურ როლს თამაშობდა სოციოკულტურული და დისკურსული დავალებების შესასრულებლად. აგრეთვე კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა ამ ორი ჯგუფის შედეგებს შორის ყველაზე მკვეთრი განსხვავება გრამატიკულ კომპეტენციებში დაფიქსირდა. ის მოსწავლეები, რომლებისთვისაც ფრანგული მეორე ენაა დაწყებითი სკოლის დამთავრებისთვის, უკვე აღწევენ ფრანგული ენის ფლობის დონეს, რომელიც თანხვდება მშობლიური ენის მცოდნეთა დონეს კითხვისა და მოსმენის მიმართულებით, ხოლო მნიშვნელოვანი განსხვავება რჩება ზეპირი და წერითი გრამატიკული კომპეტენციების თვალსაზრისით. კვლევის ამ შედეგებიდან თვალსაჩინოა, რომ მკვეთრი განსხვავება არსებობს, ერთი მხრივ, გრამატიკულ კომპეტენციებს და, მეორე მხრივ, სოციოლინგვისტურ და დისკურსულ კომპეტენციებს შორის. უფრო კონკრეტულად კი, გრამატიკული კომპეტენციები და სოციოლინგვისტური და დისკურსული კომპეტენციების გრამატიკული კომპონენტები განსხვავებული მიდგომებით ისწავლება, დისკურსულ და სოციოლინგვისტურ კომპეტენციებთან შედარებით.

როგორც აღმოჩნდა, საკომუნიკაციო და არასაკომუნიკაციო გარემოში გრამატიკული უნარების განვითარება უფრო მეტად არის დამოკიდებული მეორე ენის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვიდრე დისკურსული და სოციოლინგვისტური კომპეტენციების განვითარება. ამავდროულად, საკომუნიკაციო გარემოში გრამატიკული კომპეტენციების განვითარება მეორე ენაში ნაკლებად არის დამოკიდებული ენის შემსწავლელის ინდივიდუალურ კოგნიტურ მახასიათებლებზე ან მშობლიურ ენაში გრამატიკული კომპეტენციების ფლობის დონეზე. ხოლო არასაკომუნიკაციო გარემოში ენის შემსწავლელის კოგნიტურ და ინდივიდუალურ მახასიათებლებს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, როგორც გრამატიკული, აგრეთვე სოციოლინგვისტური და დისკურსული კომპეტენციების განვითარებისთვის.

იაპონელი მოსწავლის მონაცემებმა ცხადყო, რომ ცვლადები, რომლებიც დაკავშირებულია სინტაქსთან და მორფოლოგიასთან ერთ კონკრეტულ ფაქტორში, განსხვავდებოდა სხვა ცვლადებისგან. მეორე, მოსწავლეთა პერსონალური მახასიათებლები უფრო მეტად უკავშირდება ინგლისური ენის აკადემიურ ფლობას და ინტერაქციულ სტილს, ვიდრე გრამატიკის ფლობას. მესამე, მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია აკადემიური ენის ფლობისა და ინტერაქციული სტილისთვის, ვიდრე კარგად განვითარებული გრამატიკული უნარები. ამის საპირისპიროდ, მეორე ენის თავისუფლად გამოყენებისთვის გრამატიკული უნარები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე აკადემიური ენის ფლობა და ინტერაქციული სტილი. აკადემიური ენის ფლობისა და ინტერაქციული სტილის დეტერმინანტების გამოცდისას კი დავინახეთ, რომ კოგნიტური უნარები მნიშვნელოვანია აკადემიური ენის ფლობისთვის, ხოლო პერსონალური მახასიათებლები ინტერაქციული სტილის განვითარებისთვის.

სავილიე-ტროიკეს (1984) კვლევით გამოიკვეთა, რომ მეორე ენის ისეთი ასპექტები, როგორიცაა მორფოლოგია და სინტაქსი, არ განაპირობებდა მოსწავლის აკადემიურ წარმატებას. მკვლევარმა აგრეთვე დაადგინა, რომ მცირედი კორელაცია იყო აკადემიურ მიღწევებსა და ბავშვის მიერ თანატოლებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დროს შორის, ხოლო მნიშვნელოვანი და პოზიტიური კორელაცია დადგინდა მოსწავლის ინგლისური ენის გამოყენებასა და გრამატიკული უნარების განვითარებას შორის. ეს კვლევაც ადასტურებს, რომ გრამატიკის კომუნიკაციური კომპეტენციების განსავითარებლად მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა დროს უთმობს მოსწავლე ინგლისურ ენაზე ინტერაქციას. სავილიე-ტროიკე ასკვნის: „ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს განსხვავება კომუნიკაციურ სტრატეგიასა და უნარებს შორის, რომლებიც სჭირდება მოსწავლეს კომუნიკაციური ინტერაქციისას და აკადემიურ უნარებს შორის, რომელთაც მოსწავლე გამოიყენებს აკადემიური წარმატებისთვის საკლასო ოთახში “[1984, გვ. 216].

ამ კვლევების შედეგებიდან დასტურდება, რომ საკომუნიკაციო სივრცეში კომუნიკაციური გრამატიკული კომპეტენციების განვითარება შესაძლებელია და მათზე გავლენას ახდენს სამიზნე ენაზე კომუნიკაციისა და ინტერაქციის დრო, მაშინ, როდესაც აკადემიური უნარების განსავითარებლად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კოგნიტური და პერსონალური უნარები და შესაძლებლობები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ფრანგულენოვანი იმერსიის პროგრამის მოსწავლეები ვერ ივითარებენ მშობლიური ენის მსგავს გრამატიკულ უნარებს, გამოწვეულია მათი ფრანგულენოვან თანატოლებთან ინტერაქციის ნაკლებობით, ხოლო ამავე მოსწავლეების მიერ კითხვისა და დისკურსული უნარების მშობლიური ენის დონეზე განვითარება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ამ უნარების განვითარება დამოკიდებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.

იმიგრანტი ბავშვები მეტად ურთიერთობენ ინგლისურენოვანებთან. ფრანგული იმერსიის პროგრამის მოსწავლეებს კი ფრანგულენოვნებთან ნაკლები ინტერაქციის საშუალება აქვთ. ამიტომაც ახერხებენ იმიგრანტი ბავშვები გრამატიკული უნარების განვითარებას უფრო მოკლე პერიოდში. რაც შეეხება აკადემიური უნარების განვითარებას, ამ თვალსაზრისით განსხვავება ნაკლებია იმიგრანტ და ფრანგული იმერსიის მოსწავლეთა შორის და ორივე ამ ჯგუფს აკადემიური უნარების განსავითარებლად 5-7 წელი ესაჭიროება, რადგან აკადემიური ენობრივი უნარების განვითარება თანატოლებთან ინტერაქციაზე მეტად დამოკიდებულია მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებასა და პიროვნულ მახასიათებლებზე.

მაშასადამე, გამოიკვეთა ორი ტიპის მეორე ენის ფლობა:

  • ერთი დამოკიდებულია ენობრივ შენატანზე (ანუ ინტერაქციის დროსა და მოცულობაზე);
  • ხოლო მეორე პიროვნულ მახასიათებლებზე.

პიროვნულ მახასიათებლებზე დაფუძნებული ენის ფლობის მოდელი მიუთითებს, რომ ენების შესწავლა ურთიერთდამოკიდებულია და ეს პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვანია, როგორც პირველი, ასევე მეორე ენის შესასწავლად. კოგნიტური განვითარების დონე, პიროვნული მახასიათებლები და არსებული უნარები განსაზღვრავს როგორც პირველი, ასევე მეორე ენის ათვისებას.

ვითარება ჩვენში

საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად, სკოლები ვერ აღმოჩნდნენ მზად ბილინგვური პროგრამებისთვის. ძლიერი მულტილინგვური განათლების (იმერსიის) პროგრამა, რომელზეც ვისაუბრეთ ზემოთ და რომელიც გულისხმობს ორი ენის სწავლებას, რომლის შედეგად მოსწავლე თანაბრად ფლობს ორივე ენას, ჩვენში ვერ დაინერგა. როგორც სასწავლო პროგრამების ანალიზმა აჩვენა, სკოლების უმეტესობამ სუსტი ბილინგვური განათლების პროგრამა აირჩია და ორიენტირებულია მხოლოდ სახელმწიფო ენის, ან მშობლიური ენის სწავლებაზე. ეს პროგრამა, საჭირო საკადრო რესურსის ნაკლებობის გამო შეირჩა. ძლიერი პროგრამის დასანერგად ამ სკოლებს სამინისტროსგან ფინანსური და ადამიანური რესურსი უნდა მოეთხოვათ. ამის ნაცვლად, მათ აირჩიეს ის პროგრამა, რომლის განხორციელებაც მეტ-ნაკლებად თავად შეეძლებოდათ. საქართველოში ხორციელდება სუბმერსიული განათლების პროგრამა სხვა დანარჩენი ბილინგვური პროგრამების პარალელურად. სუბმერსია არის ბილინგვური განათლების ყველაზე სუსტი პროგრამა და იგი ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ემიგრანტთა ოჯახებიდან და წარმოადგენენ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფს. სუბმერსიის ფორმაა, უმცირესობის ენის მოსწავლეებისათვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება უმრავლესობის ენის უფრო კარგად ათვისების მიზნით. პროგრამა გათვლილია იმისათვის, რომ მოსწავლეები არ ჩამორჩნენ და სასკოლო პროგრამა კარგად აითვისონ. მკვლევართა დიდი ნაწილი [ვალდესი 2000, ფაციო 1995] ცალსახად მიუთითებს ამ პროგრამის არაეფექტურობაზე და მიიჩნევს, რომ იგი არის რადიკალური საგანმანათლებლო პროგრამა.

არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართულენოვან სკოლებში, ქართულ სექტორზე სწავლის კვლევით გამოვლინდა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში აკადემიური მოსწრების კუთხით შედეგი ყოველთვის წარმატებული არაა. ზოგადად, სუბმერსიის პროგრამით ბავშვების ერთი ნაწილი ახერხებს, წარმატებით გაართვას თავი სწავლას და მეორე ენაშიც ისეთივე კომპეტენტური გახდეს, როგორც მშობლიურში. თუმცა, ასეთი შემთხვევები მინიმალურია არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. ფაქტია, სუსტი პროგრამების ფარგლებში ერთი ენა მეორეს ხარჯზე ისწავლება და ბილინგვიზმი აღარ ვითარდება, რაც მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის მიზეზიც ხდება.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. კუმინსი, ჯიმ, სვეინი, მერილ, ბილინგვიზმი განათლებაში, კ. ნ. კენინის სერთო რედაქციით. წიგნი ქართულად ითარგმნა Tempus-ის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ. თბილისი, 2016.
  2. https://www.tsu.ge/science/?leng=ge&cat=jurnal&jnomeri=4&tid=3ასავლელი
  3. https://sputnik-georgia.com/analytics/20150505/30567.html
  4. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0periodika–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–11-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASH1601bad35d60559b50968a.3

 

 

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენი ჟურნალის მკითხველებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს.

მშვიდობას, ჯანმრთელობას, თქვენი შრომის დაფასებას და ბედნიერ დღეებს გისურვებთ უხვად!

ჩვენ უნდა შევძლოთ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალების აღზრდა და ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ქალთა უფლებები არ შეილახება და თითოეულ ადამიანს ექნება პასუხისმგებლობა თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის მიმართ.

 

 

 

როგორ წავახალისოთ მოსწავლეები, ჩართონ კამერა ონლაინგაკვეთილზე?

0

მაშინ, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა სახეების დანახვას, შორით სწავლების დროს ჩვენ არ შეგვიძლია, დავაძალოთ მათ კამერების ჩართვა, ისევე როგორც პირისპირ სწავლებისას არ შეგვიძლია დავაძალოთ თავის აწევა, ქუდის ან კაპიუშონის მოხდა, რომელიც სახეს უფარავს.

 

მაგრამ ექსპერიმენტებითა და თანმიმდევრულობით შეგიძლიათ მიხვიდეთ მუშა სტრატეგიებამდე. იქნება ეს არჩევნის მიცემა თუ წახალისება. უნდა არსებობდეს გამოსავალი, რომელიც კარგად მოერგება თქვენს კლასს, გარემოებებს, გაკვეთილებსა და მოსწავლეებს.

 

SEL-ის სტრატეგიები კამერის გამოყენების წასახალისებლად

 

თუ გსურთ, მოსწავლეებში კამერის ჩართვის წასახალისებლად გამოიყენოთ სოციალური და ემოციური სწავლების (SEL) სტრატეგიები, დაიწყეთ იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვები მნიშვნელოვანია, ჩვენი კომუნიკაცია მოსწავლეებთან ურთიერთობაზე უნდა იყოს დამყარებული და არა მაამებლობაზე.

 

ქვემოთ მოცემულია SEL-ის მიდგომები:

 

ჩამოაყალიბეთ ურთიერთობები. ფოკუსირდით ნდობაზე, როგორც მასწავლებლისა მოსწავლისადმი, ისე მოსწავლისა მასწავლებლისადმი. როცა მოსწავლეებმა იციან, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან და გარშემომყოფები ზრუნავენ მათზე, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩართული კამერებით.

 

გამოჰკითხეთ მოსწავლეები. ჰკითხეთ მოსწავლეებს პირადად ან Google form-ის საშუალებით, რა უშლით ხელს კამერის ჩართვაში და რა აგრძნობინებდათ თავს კომფორტულად. როდესაც დაადგენთ, რა ბარიერები აქვთ მოსწავლეებს, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ მოსწავლეებთან მათ შესამცირებლად ან მოსახსნელად.

 

გამოიყენეთ „ყინულმჭრელები”. გამოიყენეთ ურთიერთობის განმამტკიცებელი აქტივობები, რომლებიც კამერის გამოყენებას წაახალისებს. მაგ. შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებს, „მოძებნონ ყველაზე დიდი ყვითელი ნივთი სახლში, რომლის კამერასთან უსაფრთხოდ მოტანა შეიძლება”.

 

ითამაშეთ. „ჯე-ი-რა-ნი”, შარადები და სხვ. კარგად გამოდგება ონლაინსწავლებისას.

 

თვალსაჩინოდ უყარეთ კენჭი. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, ხმა მისცენ აწეული ან ძირს დაშვებული ცერით ან გამოჰკითხეთ კლასი „მუშტიდან ხუთამდე” მეთოდით.

 

წაახალისეთ სოციალური კაპიტალის მქონე მოსწავლეები, გამოიყენონ კამერა. სავარაუდოდ, საუკეთესო როლური მოდელები კლასში უკვე გყავთ. სცადეთ, Google form-ის გამოყენება, რათა ჰკითხოთ მოსწავლეებს, დაასახელონ სამი თანაკლასელი, რომელთან ერთად მუშაობასაც ისურვებდნენ ჯგუფურ პროექტზე. მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები, სავარაუდოდ, მეტი სოციალური კაპიტალის მქონე მოსწავლეები არიან და შეუძლიათ იყვნენ დადებითი როლური მოდელები კამერის ჩართვის აქტივობაში. კამერის გამოყენებისათვის საუკეთესო როლური მოდელის გამოსავლენად შეგიძლიათ სოციოგრამის გამოყენებაც.

 

იყავით ემპათიური. გაუზიარეთ მოსწავლეებს იმ დროის შთაბეჭდილება, როდესაც არ გსურდათ კამერის ჩართვა. მოუყევით, როგორ ემზადებით კამერის ჩასართავად მაშინაც, როცა ამისი განწყობა არ გაქვთ. მსგავსი ამბების გაზიარება თქვენს ადამიანურობას წარმოაჩენს.

 

რჩევები ZOOM-ში კამერის გამოყენების წასახალისებლად

 

სათითაოდ დაუშვით მოსწავლეები კლასში. შედით კლასში ხუთი წუთით ადრე და ჩართეთ „მოსაცდელი” (waiting room). როდესაც მოსწავლეები მოვლენ, დაუშვით და მიესალმეთ სათითაოდ. თქვენ შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლესთან შეძლოთ ეს, ვიდრე ყველას დაშვება (admit all) დაგჭირდებათ, მაგრამ ადრე მოსულები კომფორტულად იგრძნობენ თავს მცირე ჯგუფში, დანარჩენები კი, რომ მოვლენ, დაინახავენ, რომ ზოგიერთი კამერა უკვე ჩართულია.

 

გამოიყენეთ ვიდეოს მოთხოვნის („Ask to Start Video”) ფუნქცია. როგორც „მასპინძელს” (host), მონაწილეებისაგან შეგიძლიათ მოითხოვოთ კამერის ჩართვა ეკრანზე დაწკაპუნებით, შემდეგ დააწკაპუნეთ ჰორიზონტალურზე” და აირჩიეთ „Ask to Start Video”.

 

გაგზავნეთ პირადი შეტყობინება სასაუბროში. გამოიყენეთ სასაუბრო მისასალმებლად და წაახალისეთ მოსწავლეები, ჩართონ კამერა.

 

წაახალისეთ ვირტუალური ფონი. შესაძლოა, მოსწავლე არ რთავდეს კამერას სახლში არსებული გარემოს გამო. ასე რომ, ასწავლეთ, როგორ გამოიყენონ ზუმის ვირტუალური ფონი.

 

სხვა რჩევები კამერის ჩართვის წასახალისებლად

 

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, იცოდნენ, როდისაა კამერები არასავალდებულო. მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ, როდის უნდა იყოს კამერა ჩართული და როდის – არა. ეს ავტონომიის განცდას მიანიჭებს მოსწავლეებს, თან წინასწარ ეცოდინებათ, როდის უნდა ჩართონ კამერა.

 

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, კამერაში სხეულის ან სივრცის მხოლოდ ნაწილი გამოაჩინონ. ზოგ მოსწავლეს შეიძლება არ სურდეს ეკრანზე სრულად გამოჩენა.

 

ჩამოაყალიბეთ რუბრიკები (კრიტერიუმები), რომლებიც კამერის გამოყენებას მოითხოვს. გაკვეთილის დაწყებამდე გააზიარეთ რუბრიკები ან კრიტერიუმები მიცემულ დავალებაში წარმატებისათვის. თუ კამერის ჩართვა თქვენს მიზანს (დავალებას) შეესაბამება, მიუთითეთ ის როგორც წარმატების (ერთ-ერთი) კრიტერიუმი. ასევე, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თვითონ შექმნან რუბრიკები დავალების შესაბამისად.

 

მიეცით საშუალება, წინასწარ ჩაწერონ ვიდეო უნარების დემონსტრირებისათვის. თუ მოსწავლეს სჭირდება უნარის ვიზუალური დემონსტრირება, ნება მიეცით, ჩაიწერონ ვიდეო. მთელი კლასი ვერ დაინახავს ამას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, შეაფასოთ მოსწავლე და კომფორტულად აგრძნობინოთ მას თავი კამერასთან.

 

სთხოვეთ მოსწავლეებს, შემოგთავაზოთ ალტერნატივები. შეიძლება თქვენმა მოსწავლეებმა გირჩიონ სხვა გზები ვიზუალური მონაწილეობის ან სწავლის გაზიარებისათვის. ბევრმა აღმოაჩინა, რომ მოსწავლეები (მეტი ხალისით) აზიარებენ ვიდეოებს ტიკტოკზე, ვიდეოზე, იუთუბის კერძო არხებსა ან ინსტაგრამზე.

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/strategies-encourage-students-turn-their-cameras

 

 

ილია გამოცდილია

0

რა უნდა დაიწეროს ახალი ერის მამად წოდებულ, წმინდანად შერაცხულ კაცზე, რომელიც ჩვენი უახლოესი წარსულიდან გვიმზერს, გვმოძღვრავს, გვაკრიტიკებს, გვამხელს, გვაღელვებს და თან გვამშვიდებს? ალბათ გაიფიქრებთ, რომ არაფერი. მისი ბიოგრაფიის უმცირესი დეტალებიც კი შესწავლილი და გასაჯაროებულია, მისი შემოქმედება უამრავჯერ არის გადამუშავებულ-გამოცემული აკადემიურად, მასზე დაიწერა უამრავი დისერტაცია, წიგნი და სამეცნიერო სტატია. თუმცა ეს ჩვენთვის, დიდებისთვის, მასწავლებლებისთვის, ილიას შემოქმედებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის, ჩვენთვის ილია გამოცდილია, ხოლო  მოზარდი თაობებისთვის ის უცნობია, ამოუცნობი, ზოგჯერ უცხო, გაუგებარიც კი, თავისი ლექსიკით, სარკაზმით, თვითკრიტიკულობით, ალეგორიული პასაჟებით, ეროვნული იდეოლოგიით… ისტორიისა და ქართულის მასწავლებლების მისია კი სწორედ ის არის, რომ ახალ თაობებს გააცნონ მარად ნოვატორი, მაძიებელი, ეროვნული თვითშეგნების გადამრჩენელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

უდავოა, რომ მისი მდიდარი მხატვრული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა იძლევა უამრავი კვლევის, დაკვირვების, აღმოჩენის, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, მაგრამ მე თუ მკითხავს ვინმე, რა მიმაჩნია მისი შემოქმედების უმთავრეს მახასიათებლად, ვუპასუხებდი, რომ ეს იდეური თანმიმდევრულობა, გეგმაზომიერი სვლა ეროვნული ხსნის იდეების ხორცშესხმისკენ და უკვდავი ღირებულებებია. ეს თანმიმდევრულობა და იდეური უწყვეტობა იკითხება მის ყოველ წერილში, ლექსში, პოემაში, მოთხრობაში. მე არ მეგულება საკუთარი იდეების ღირებულებაში ესოდენ ღრმად დარწმუნებული და შეუპოვრად მიზნისკენ მოარული შემოქმედი და ლიდერი, როგორიც არის ილია. ამიტომ მისი კალმით შექმნილი ნებისმიერი ტექსტი, მხატვრული იქნება თუ პუბლიცისტური, უწყვეტ იდეურ ბმაშია, ურთიერთდაკავშირებულია მწყობრი ეროვნული იდეოლოგიით. სოციალური და ეროვნული, აგრეთვე მორალურ-ეთიკური პრობლემების გააზრებასა და გამოსავლის ძიებაში ილიას თანმიმდევრულობა არასდროს დარღვეულა, ის არასოდეს შეუპყრია სკეპსისს.

რა მიგვაჩნია მისი შემოქმედების მთავარ იდეურ-თემატურ ნიშანსვეტად?

  • ქართული სახელმწიფოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის და ამ დროთა კავშირის სწორად გააზრება;
  • სოციალური პრობლემების ეროვნული სატკივარის სიმაღლეზე ატანა და დაუღლელი ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ, სოციალური სამართლიანობისთვის;
  • მანკიერებათა მხილება და საზოგადოების გაჯანსაღება.

მეთერთმეტე კლასში ილიას შემოქმედებაზე დაგეგმილი გაკვეთილის თემა მოიცავდა ოთხ ნაწარმოებს, მის ლექსებს: „ჩემო კალამო“, „მას აქეთ, რაკი“, „ბედნიერი ერი“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტი (VII თავი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შედის და სკოლაშიც ეს ნაწყვეტი ისწავლება). როცა „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“ და „კაცია-ადამიანი?!“ გავიაზრეთ, მოსწავლეებმაც შეამჩნიეს, რომ ილიას ნაწარმოებებს შორის სინთეზირება და ლიტერატურული პარალელების ძიება დაუსრულებლად შეგვეძლო გაგვეგრძელებინა. ერთი ნაწარმოების იდეებზე მსჯელობა წარმოუდგენელი იყო ისე, რომ პარალელი არ გაგვევლო მის სხვა ქმნილებებთან. ამიტომ, როცა ზემოთ დასახელებული პოეტური ტექსტები გავიაზრეთ, უპირველესად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად არიან იდეურად ურთიერთდაკავშირებულნი ისინი? ჩხრეკისა და დისკუსიების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ილიას თუნდაც მცირე ფორმის ლექსის განხილვა მის სხვა ნაწარმოებებთან პარალელის გარეშე წარმოუდგენელია, თითქოს მისი შემოქმედება ჟანრობრივად განსხვავებული ცალკეული ნაწარმოებებისგან კი არ შედგება, არამედ ერთმანეთთან იდეურად შედუღაბებული ტექსტების ერთობლიობაა და მათი დაცალკევება შეუძლებელია.

ილიას ლექსი „ჩემო კალამო“, მცირე ფორმის მიუხედავად, იტევს ილიას შემოქმედების მთელი მისიის გააზრებას. მთავარი ლირიკული გმირი – კალამი – ილიას ბასრი იარაღია „ბოროტთ საკლავად, მათი სულთ-ხდომის სეირის საყურებლად“. ლექსი 1861 წლის ოქტომბერში დაუწერია პეტერბურგიდან ახლად დაბრუნებულ ილიას და ამ ლექსში ჩაუდია იდეები, რომლებიც მისი მომავალი 46-წლიანი ბრძოლის პრელუდიად გამოდგება. „წმინდა სიტყვის მოფენა ხალხში“ – ეს ხომ ყველაზე საპატიო მისიაა, მესიის მისია (ვფიქრობ, არ ვაჭარბებ, ილია სწორედ მესიად მოევლინა თავისი საუკუნის დაბეჩავებულ საქართველოს)! საზოგადოებრივ მანკიერებათა მხილება, შეუფარავი კრიტიკა, – ეს ილიასთვის იყო გზა საზოგადოების გამოფხიზლებისა და გაჯანსაღებისთვის ბრძოლაში. და რა საოცარია, რომ არასდროს, არასდროს, არცერთი წამით ბრძოლის სულისკვეთება არ განელებია ამ ადამიანს! ის კარგად იაზრებდა სირთულეებს: რომ ვერ გაუგებდნენ, ანათემას გადასცემდნენ მწვავე კრიტიკული პათოსისთვის და რომ ვერ იპოვიდა თანამოაზრე-თანამებრძოლებს.

სამსტროფიანი უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი“  ილიას იმავე 1861 წლის აგვისტოში დაუწერია. ჩანს, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში ჩადგომისთვის მორალურად მომზადებული ახალგაზრდა პოეტის ფიქრი დასტრიალებდა ამ თემებს. ის არ ელის აპლოდისმენტებს, არამედ ეკლიან გზას გოლგოთისკენ… ამგვარ მზაობაზე ყველაფერია ნათქვამი მისი ამ სიტყვებით:

„დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში“…

ჩვეული თანმიმდევრულობით ამავე იდეას კვლავ აჟღერებს პოეტი ორიოდე თვის შემდეგ დაწერილ ლექსში „ჩემო კალამო“:

„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე, გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი“…

ილიამ გაააქტიურა და შემდგომ აკაკიმაც აიტაცა გმირის ძიების იდეა. ილია თავისი მოღვაწეობის დასაწყისშივე წუხდა იმაზე, რომ ამ მიძინებულ, პასიურ, უმოქმედო საზოგადოებაში არ ჩანდა არამცთუ ორგანიზებული ძალა, არამედ ცალკეული ინდივიდებიც კი, რომელთაც საზოგადო ასპარეზზე გამოსვლის გამბედაობა ეყოფოდათ. ამ თემაზე ილია დაუსრულებლად საუბრობდა თავის პუბლიცისტურ წერილებში, ქმნიდა საოცნებო მხატვრულ სახეებს, იდეალებს, მოდელებს, როგორებიც იყვნენ: დედა-შვილი ოთარაშვილები, არჩილი და კესო, პეტრე, მოძღვარი, ლელთ ღუნია, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, კაკო და ზაქრო, პარალელურად ასევე ქმნიდა ანტიგმირებს: თათქარიძეებს, ლამაზისეულს, განდეგილს, ომარაშვილისა და ბეჟანიშვილის მოჯამაგირეებს, „ბედნიერი ერის“ სარკასტული ეპითეტებით გამოძერწილ სახეებს. ილიასეულ იდეალს განასახიერებს პოემა „აჩრდილის“ მთავარი ლირიკული გმირი – აჩრდილი, რომელიც სამარადჟამო ერთგულების ფიცს აძლევს ქართველ ხალხს, ამხნევებს, იქვე საუბრობს ეროვნულ სატკივარზე, ქართვლის ძის სკეპტიკური განწყობა ქვეყნის მომავლის უპერსპექტივობის მთავარ მიზეზად მიაჩნია:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“…

ილიას გმირები თითქმის ყველა ტექსტში მიწიერი, ადამიანური, ვნებებით სავსე ნატურები არიან, თუმცა ერთადერთი, რასაც ილია გმირს არ შეუნდობს, უმოქმედობაა. „მგზავრის წერილებში“ მისი საყვარელი სიმბოლოს, თერგის, მისამართით ნათქვამი სიტყვები: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის… ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“ ეხება ყოველ სულიერს, ყოველ ალეგორიულ თუ გაპიროვნებულ სახეს. თვით განდეგილი ბერიც კი, რომელიც სრულიად უცოდველი, მლოცველი, უბოროტო ადამიანია, მარცხდება იმის გამო, რომ უმოქმედობა, სტატიკა მას თავგზას აკარგვინებს, საკუთარი არჩევანისადმი სკეპტიკურად განაწყობს, პირველივე გამოცდისას სრულიად დემორალიზებული რჩება.

ილიას ანტიგმირები საოცრად მეტყველი სახეები არიან. სინთეზირების უნარების განსავითარებლად საუკეთესო ხერხია მათი შედარება რჩეულ გმირებთან. ეს კონტრასტული პარალელები ამ ანტაგონისტურ სახეთა არსს, შინაარსს, სიღრმეს ამომწურავად გვახსნევინებს. „ბედნიერი ერის“ ორმოცზე მეტ ეპითეტში მიმალული ზადი და მანკი საზოგადოებისა ყველაფერს ამბობს ეროვნული და სოციალური პრობლემების ანატომიაზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგალითისთვის ავიღეთ ოთხი, ერთი შეხედვით სრულიად ურთიერთდაუკავშირებელი ნაწარმოები („მას აქეთ, რაკი“, „ჩემო კალამო“, „ბედნიერი ერი“, „აჩრდილის“ VII თავი), ისინი ჟანრობრივადაც განსხვავდება ერთმანეთისგან, სტილურადაც. ოთხივე შექმნილია 1859-1872 წლებში ანუ ილიას შემოქმედების დასაწყისში. ოთხივე თანმიმდევრულად, მწყობრად გადმოსცემს მისი შემოქმედების საკვანძო იდეებს:

  • ხელოვნების მთავარ მისიად ქვეყნის უანგარო მსახურების გააზრება;
  • მანკიერებათა მხილების აუცილებლობა;
  • გმირის ძიება და მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება;

მაღალი სააზროვნო და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით შეგვიძლია რეალისტური მწერლობის ნიმუშებზე მუშაობის ჟამს თუნდაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავაჯგუფოთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, თემატურად და ჟანრულად განსხვავებული, სხვადასხვა ეპოქის კონტექსტებით ნასაზრდოები, მხატვრული თუ არამხატვრული, და ვნახავთ, რომ თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არცერთხელ ილიასთვის არ უღალატია ჩვეულ პრინციპულობას, თანმიმდევრულობას, იდეურ მიზანმიმართულობას, ურყევ რწმენას წართმეული სამშობლოს დაბრუნებისას. ამიტომაც არის ილია დიდი ილია, ილია ჩვენთვის გამოცდილია. აკაკის გამოსათხოვარი სიტყვის არ იყოს, „თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია“, მასთან ერთად უკვდავი იქნება ილიას პიროვნებაც, შემოქმედებაც, იდეებიც…

ბლების ყვავილობა

0

გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინოს თანატოლები ავლენ. ნინო თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.

ადრეც დავწერე: მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი, ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუას თავი ჩამოეხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა – რთული ამბებიდან საუკეთესო გამოსავლად. ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

მერე, გაცილებით გვიან, მოსწავლე მყავდა, სხვა სკოლიდან გადმოსული – მისი ძველი თანაკლასელი გადახტა ფანჯრიდან, ეს კი სულ იმგვარ სცენებს ხატავდა. ფიქრიც ისეთი ჰქონდა. დიდი გარჯა დაგვჭირდა – გავიმარჯვეთ.

ამ ყველაფერს იმ გოგონას გამო გიყვებით. იმ 14 წლის ქაქუთელი გოგონას გამო.

იშვიათია დანაშაული, როცა ყველა დამნაშავეა. ეს საქმე ასეთია. დიახ, დამნაშავეა – ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად – მაგრამ ყველა.

სირცხვილის შიში – ეს იყო კარნახი, რომელმაც თოკი მოაძებნინა. და ასეთი ან მსგავსი ან მეტ-ნაკლებად მსგავსი სირცხვილი ალბათ სხვასაც სტანჯავს. და ეგებ მანაც ეს გზა მიიჩნიოს გამოსავლად. არავინ იცის.

ამიტომ, ვთხოვ იმ პატარა გოგონებს და ბიჭებს – ილაპარაკეთ! ხმამაღლა ილაპარაკეთ! მოძებნეთ ის, ვინც მოგისმენთ. მშობელი თუ კედლად იქცა, მეზობელს მიმართეთ, თუ მეზობელი არა – მასწავლებელს, სოციალურ მუშაკს, პოლიციელს! ოღონდ თავი არ მოიკლათ! არ მოიკლათ თავი – არც სხვისი დანაშაულის გამო, არც თქვენი შეცდომის გამო და არც არაფრის გამო!

და ჩვენ კი, ჩვენ ეგებ ახლა მაინც ვისწავლოთ მოსმენა – ჩვენ – მშობლებმა, მასწავლებლებმა, პილიციელებმა, მეზობლებმა, მეგობრებმა – მხოლოდ ნათქვამის კი არა, ხან დუმილის მოსმენაც, დუმილის გამოჩხრეკაც. მოსმენა და მოქმედება.

ჰო, გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ამ გოგონას თანატოლები ავლენ. ის კი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.

 

///

 

სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს –

აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც – უხეში და ულამაზო.

საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს – ,,გააპუტიურეს და გამოისყიდაო”.

იმ გოგონას კიდევ გზები სულ მოჭრილი ჰქონდა – ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.

ამასწინ დავწერე: „გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო”. მერე დავფიქრდი – მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდი? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.

ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა – უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა – ამ გზის დაგება იქნება – ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის – ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა – გადავარჩინოთ. და ის, რომ ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ.

 

 

„ეკოსაკითხავი“ (CLIMATE FICTION)

0

სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკა, ფენტეზი, უტოპია, ანტიუტოპია/დისტოპია – ამ ჟანრებს ბევრი იცნობს და მკითხველიც ბევრი ჰყავს. ბოლო პერიოდში ცალკე გამოიყოფა ასევე ჟანრი – CLIMATE FICTION, რომელიც „ეკოსაკითხავად“ ვთარგმნე (იქნებ მკითხველს უკეთესი შესატყვისის შემოთავაზება შეუძლია?!).

ამ ჟანრის ტექსტებს აერთიანებს ის, რომ ისინი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას – ეკოლოგიურ მდგომარეობას, კლიმატურ ცვლილებებს, ადამიანის მიერ გარემოზე ზემოქმედებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება. თავდაპირველად ეკოსაკითხავი სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრად მოიაზრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარგარეტ ეტვუდმა ტერმინი სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ გამოიყენა და დაწერა კიდეც ამ ჟანრის მხატვრული ტექსტები, ჟანრმა თავისთავადი მნიშვნელობა შეიძინა (საკუთრივ ტერმინის შემუშავება მიეწერება მწერალსა და კლიმატურ აქტივისტს, დენ ბლუმს. მან სამეცნიერო ფანტასტიკის ინგლისური შესატყვისის  – science fiction – ანალოგით შეადგინა აღმნიშვნელი climate fiction).

მოთხრობები და მოკლე მხატვრული ტექსტები, რომლებიც ამ ჟანრს განეკუთვნება, ამერიკის სკოლებსა და  უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება.

„ამ ჟანრის ტექსტები შესაფხიზლებელ გზავნილებს შეიცავს. რა ელის ჩვენს პლანეტას, თუ კლიმატის ცვლილებებს ვერ გავუმკლავდებით? ეკოსაკითხავი მოზარდებსა და ახალგაზრდებს არც თუ შორეული პერსპექტივის შესახებ უქმნის წარმოდგენას. კიდევ ერთხელ დააფიქრებს  მათ ადამიანის ქცევასა და მის ღირებულებებზე. ტექსტების განხილვა, მათზე მუშაობა არაერთი საინტერესო დისკუსიის შთამაგონებელია. იმ მოსწავლეებს კი, ვინც თავად ცდილობს მხატვრული ტექსტების წერას, ახალი იდეები უჩნდებათ“ – ვკითხულობთ  მინესოტას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, რიჩარდ ბიჩის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მრჩევლის, ჯეფ შეარის და დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, ალენ ვების მიერ შედგენილი გზამკვლევის აღწერაში.

ჩვენს სკოლებში ეკოლოგიურ, კლიმატურ, გარემოსდაცვით საკითხებს მოსწავლეები სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს ეცნობიან.

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოდიფიცირებული ლიტერატურის კურსი ცალკე შესასწავლ თემად გამოყოფს ადამიანისა და ბუნების მიმართებას. მასწავლებლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სამსჯელო საკითხები, შესასწავლი და დასამუშავებელი ტექსტები. ამ მიმართულებით გაკვეთილის დაგეგმვისას, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის იმის გაცნობაც, რომ თანამედროვე ლიტერატურაში ცალკე ჟანრიც კი გამოიყო.

საბაზო საფეხურზე განსახილველი ამ აქტუალური თემის მიხედვით დასაგეგმი გაკვეთილების შესახებ აქამდეც არაერთხელ მოგვიწოდებია მასალები ჩვენი ინტერნეტგაზეთის მკითხველებისთვის ( იხ. „რიგითი“ ხის გადასარჩენად“ბავშვი და ბუნება – რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში, თემა – ადამიანი და ბუნება).

ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს ქართველი ავტორის  წიგნიდან, რომელიც  ნახსენები ახალი ჟანრის „ადგილობრივი“ ნიმუშია და სრულად „ჯდება“ ეკოსაკითხავის ( „კლაი-ფაის“) ფარგლებში.

მოცემული მონაკვეთი დააინტერესებთ საბაზო საფეხურის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მასწავლებლებს ბევრი საინტერესო აქტივობის დაგეგმვაც შეეძლებათ (იდეებისთვის იხ. ვებსაიტ „ელ.ჯიზე“ აისკოლის განყოფილებაში მეშვიდე კლასის სამუშაო პაკეტი, რომელიც მომზადდა განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში).

ბმული – https://el.ge/articles/project_tasks/articles/task/535869

 

პლანეტა ლეიბებიანი სახურავებით

თეა თოფურია

როგორც ადრევე ვთქვით, გაბრტყელებულ პლანეტაზე, ანუ იქ, სადაც ახლა გრინკო და პია იმყოფებოდნენ, სხვა პლანეტებიდან ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა. უახლესი გამოთვლებით, ყოველ სამ დღეში ერთი უცხოპლანეტელი მაინც ჩამოვარდებოდა ხოლმე, ძირითადად ტუცები და კარპასები. უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილებისთვის ჰოსპიტალიც კი ჰქონდათ. ასევე ჰყავდათ ევაკუატორი – მანქანა, რომელიც შუა გზაზე გაშხლართულ უცხოპლანეტელს ჰოსპიტალში გადაიყვანდა. ადგილობრივები საერთოდ რკინის ქოლგებით დადიოდნენ, ან ჩაფხუტებით მაინც. ტუცებს, როგორც წესი, რამდენიმე ქოლგა ჰქონდათ, კარპასებს კი – მხოლოდ ერთი. განა იმიტომ, რომ უცხოპლანეტელები ტუცებს უფრო ხშირად ეცემოდნენ თავზე, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ტუცები ძალიან გემოვნებიანი და პრანჭია ხალხი იყო და ქოლგებსაც მოდის მიხედვით იცვლიდნენ. კარპასები კი, რა? ტომარა ან მოდაში როგორ შემოვიდოდა და ან მოდიდან როგორ გადავიდოდა?! მუდამ ერთი და იგივე ეცვათ. ტუცები ამბობდნენ კიდეც, ჩვენ მარჯვეები ვართ, კარპასები კი გონჯებიო. ჩვენ – მხიარულები, კარპასები კი – ჭკუამხიარულებიო. მოკლედ, ბევრ რამეს ამბობდნენ.

იმის გამო, რომ უცხოპლანეტელები ციდან ცვიოდნენ, გაბრტყელებულ პლანეტაზე სახლების სახურავები რბილი ლეიბებითა და ბალიშებით იყო დაფარული. ზოგს დიდი ჰამაკები ჰქონდა გაჭიმული, რომ შიგ ჩაცვენილიყვნენ და არაფერი დაშავებოდათ. სახურავებზე ჰყავდათ დამლაგებლები, რომლებიც ბალიშებს ასწორებდნენ, ჰამაკებს ამაგრებდნენ და რაც მთავარია, ჩამოვარდნილებს პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

თუმცა რა თქმა უნდა, ყველანი სახურავზე როდი ვარდებოდნენ. როგორც უკვე ვთქვით, ბევრი პირდაპირ ქუჩაში მოსეირნეებს დაატყდებოდა ხოლმე თავს. ქუჩაში მოსეირნეები კი ბლომად იყვნენ, რადგან ამდენი უგზო-უკვლოდ ჩამოვარდნილის გადამკიდე გაბრტყელებულ პლანეტაზე უკვე ტევა აღარ იყო.

სივიწროვის გამო მთავარ მოედანზე ქალბატონი გლურჯის ქანდაკებაც კი ვერ დაედგათ. იქ მხოლოდ პატარა აბრა ჩაერჭოთ წარწერით: ,,აქ დაიდგმება ქალბატონი გლურჯის ქანდაკება”. თუმცა წლები გადიოდა და ქანდაკებას ვერა და ვერ დგამდნენ. მოქანდაკეს ის დღემდე საკუთარ ბინაში, მე-60 სართულზე ჰქონდა შენახული. მოსახლეობა ამბობდა, მართალია, ჩვენ ქალბატონი გლურჯის გამოისობით მოვხვდით ამ პლანეტაზე და ეს ამაგი არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მისი ქანდაკების შუა ცენტრში დადგმა ნიშნავს, რომ ერთმანეთს გვერდს ვეღარ ავუქცევთო. თუმცა ქალბატონი გლურჯი ვიღას ახსოვდა, როდესაც მთავრობამ გასუქებაც კი აკრძალა.

,,მსუქნებს გაცილებით დიდი ადგილი სჭირდებათ, ნელა მოძრაობენ და ქუჩაში საცობებს ქმნიან. პლანეტის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საშუალო წონაზე მეტი იქნება, თითოეულ ნამატ კილოგრამზე გადასახადის სახით ყოველთვიურად 10 კარპს გადაიხდის”.

უადგილობის გამო გაბრტყელებულ პლანეტაზე სულ უფრო მაღალ სახლებს აშენებდნენ, ყველაფერი ზედმეტი კი ცდილობდნენ, თავიდან მოეშორებინათ. როგორც ადრევე ვთქვი, ეს პლანეტა გაბრტყელებული იყო და ისე არ ბრუნავდა, როგორც საერთოდ პლანეტები ბრუნავენ. ხალხი მხოლოდ მის ზედა ნაწილზე ცხოვრობდა, ქვედა ნაწილზე კი ფეხს ვერ იკიდებდნენ. პლანეტის ზედა ნაწილი უფრო და უფრო მძიმდებოდა, რაც მის მცხოვრებლებში შეშფოთებას იწვევდა.

რამდენიმე საუკუნით ადრე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაბრტყელებულ პლანეტაზე პირველი ტუცი ჩამოვარდებოდა, ყველაზე მოხუცმა კარპასმა იწინასწარმეტყველა, რომ მათი პლანეტა ამოყირავდებოდა. მოხუცი ერთხელ მდინარის პირას იჯდა და საკუთარ სახეს აკვირდებოდა. ის უკვე იმ ასაკში იყო, როცა ადამიანს ყოველდღე თითო ნაოჭი ემატება. როდესაც სახეზე ზუსტად ას სამოცი ნაოჭი გაუჩნდა, ხალხი შეყარა და გამოუცხადა:

– ჩაიწერეთ, რასაც ვიტყვი. ჩაიწერეთ ყველაზე გამძლე მელნით ყველაზე გამძლე ქაღალდზე. მოვა დრო, როცა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. ხალხი მას შემდეგ გამრავლდება, როცა ვინმე კუდიანი ციდან ჩამოვარდება. კუდიანები შფოთსა და აყალ-მაყალს მოიტანენ. ხალხი ერთმანეთს გაუუცხოვდება, ხეებს მოჭრიან, მდინარეებსა და ტბებს დააშრობენ და მათ ადგილას ძალიან მაღალ სახლებს ააშენებენ. ერთხელაც ეს პლანეტა წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს, მაღალი სახლების გამო გადაიხრება და ამოყირავდება.

– ეს როდის მოხდება? – ჰკითხეს იქ შეკრებილებმა.

– ეს მოხდება შუადღის სამ საათზე… – თქვა მოხუცმა და სანამ დღესა და წელსაც იტყოდა, გარდაიცვალა.

ეს წინასწარმეტყველება მართლაც ყველაზე გამძლე მელნით ყველაზე გამძლე ქაღალდზე დაწერეს და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. თუმცა თავდაპირველად მას ყურადღებას არავინ აქცევდა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ციდან პირველი ტუცი არ ჩამოვარდა, აი, ის, კუდის გამო გალიაში რომ გამოკეტეს. წინასწარმეტყველება მაშინ გაახსენდათ, როდესაც პლანეტა ერთმანეთზე მაღალი კორპუსებით გადაიტენა, ირგვლივ კი ტყე კი არა, უბრალო ხე და ბუჩქიც აღარ დარჩა. ბოლო წლებში, როდესაც სხვა პლანეტებზე მიწისძვრები გახშირდა და უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა, ყველა მოხუცის წინასწარმეტყველებაზე ალაპარაკდა. გულგახეთქილი ხალხი ყოველ სამ საათზე გადატრიალების მოლოდინში იყო. მიტინგს მიტინგზე აწყობდნენ და მთავრობას მოუწოდებდნენ, რამე იღონეთ, არ ამოვყირავდეთ და არ დავიღუპოთო.

სწორედ მაშინ იყო, პარლამენტმა ამოყირავების საწინააღმდეგო პროგრამაზე მუშაობა რომ დაიწყო. თუ რა პროგრამა ჰქონდათ, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავდნენ, მანამდე კი მთელი პლანეტა შიშით ცხოვრობდა.

ზუმს მიღმა გაზაფხულია

0

ალბათ გავა წლები და ის მასწავლებლები, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს გაკვეთილებს ზუმით ატარებდნენ, მხიარულად გაიხსენებენ ამბებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებას ახლდა თან. ბავშვები უფრო ადვილად დაივიწყებენ სწავლის ამ ეტაპს, მაგრამ განათლების სისტემამ კი არ უნდა დაივიწყოს, რომ შესაძლოა, ოდესმე კიდევ დადგეს დრო, როცა დისტანციური სწავლება გახდება საჭირო. არ უნდა დაივიწყოს და მზად იყოს ამ საოცრად რთული გამოწვევისთვის, რამაც ძირითადად, მასწავლებლების გაორმაგებულ შრომაზე გადაიარა.

 

ბევრი პედაგოგი წერდა საკუთარ გამოცდილებაზე ზუმით სწავლებისას, ბევრს სათქმელი წინ აქვს. მე მსურს ნამდვილი და ცოცხალი შემთხვევები მოვყვე, მაგრამ მოვყვე იუმორით, კრიტიკისა და ვაი-ვიშის გარეშე. იმედია, ვისაც ეს საკითხი ეხება, სერიოზულად წაიკითხავს და დაფიქრდება. კონფიდენციალურობისთვის ყველა სახელი და გვარი შეცვლილია.

მაშ ასე, ზუმის კურიოზები:

 

ლელა მ. ბუნებისმეტყველების ახალგათხოვილი მასწავლებელია. კოვიდმა მას უდროო დროს და უდროო ადგილას მოუსწრო, რადგან ონლაინგაკვეთილების ჩატარება იმ პერიოდში მოუწია, როცა სტუმრიანობა ჯერაც არ ჰქონდათ ჯეროვნად მოლეული. ამ ამბავს თვითონ ჰყვება და ჰყვება მხიარულად, თუმცა მასში ჩანს იმ სიტუაციის მთელი ტრაგიზმი, რომელშიც განათლების სისტემა მოექცა.

ლელას ორშაბათის გაკვეთილი მამამთილის ნაბახუსევზე ყოფნის ფონზე ჩატარდა. მუხლებამდე ტრუსებიანი კაცი, ბუზღუნით დადიოდა ოთახში და რაღაცას გამწარებული ეძებდა. ბინა პატარაა. ლელა მორიდებითაა მამამთილთან, მაგრამ ცალკე ბავშვების რეაქციის რცხვენია, რადგან მათ ნამდვილად დაინახეს, როგორ ჩაისეირნა ეკრანთან გაბრუებულმა კაცმა.

 

ირინა ვ. მათემატიკას ასწავლის. რაკი მასწავლებლის შრომა ხშირად დამღლელ საქმიანობად არ ითვლება, ოჯახის წევრები იმდენივეს სთხოვენ მასწავლებლებს, რამდენსაც ჩვეულებრივ დიასახლისს. ირინა ვ. სახლში ყოფნისას მასწავლებლადაც რჩებოდა, მზარეულადაც, მრეცხავადაც, დამლაგებლადაც და საკუთარი შვილების მომვლელადაც, რადგან ქმარს აზრადაც არ მოსვლია ცოლს შეხიდებოდა – „სახლში ხარ, მაშინ ხარჩოც შენ გააკეთე, ბავშვი უნიტაზიდან შენ ჩამოსვი და მეზობელი თუ დაიძახებს, შენ უპასუხე, რადგან გევალება“.

ირინა ვ. (სიცილით) ჰყვება, მაგრამ ვაი ამ სიცილს. ერთხელ მოსწავლეებმა გაკვეთილისას მწვანილის დაჭრაზე წამასწრეს. ვიდეო კი გამორთული მქონდა, მაგრამ სპეციფიკურმა ხმამ გამყიდაო.
ამ ამბავში ის მთავარი ტრაგიკომიკურობა გამოსჭვივის, ქალ მასწავლებლებს ჩვეულებრივ ყოფაშიც რომ წყევლასავით თან დაჰყვებათ. საზოგადოებამ ხომ ასე გაანაწილა როლები: სამსახურში ქალმა უნდა იაროს და სახლის საქმეც ქალის საკეთებელია. მერე რა, თუ სიქაგაცლილ და დაღლილ (ის, ვინც მასწავლებლის შრომაზე იტყვის ადვილი საქმეაო, უბრალოდ უქნარა და ყბედი მგონია, რადგან ცოტა საქმე თუ მეგულება დედამიწაზე იმაზე რთული, ვიდრე მასწავლებლის შრომაა – სხვისი შვილებზე პასუხისმგებლობა უდიდესი სტრესია) მასწავლებელ ქალსაც სჭირდება ამოსუნთქვა და დასვენება. ხარჩოს ვინ გააკეთებს სახლში და ჭურჭელს ვინ დარეცხავს?

 

თ.ბ-ს შუა გაკვეთილზე მცირეწლოვანი შვილები შეუვარდნენ ოთახში. გოგო და ბიჭი კატა-ძაღლივით იყვნენ წაკიდებული და მშობელს კარგა ხანი დასჭირდა მათ დასაშოშმინებლად. ერთ მოსწავლეს უთქვამს თ.-ისთვის, მასწავლებელო, ზრდილობაზე რომ გველაპარაკებით, თქვენი შვილები რა სიტყვებს ეძახდნენ ერთმანეთს, თუ გესმოდათო?

 

მასწავლებელი წერდა, ოთხშაბათობით, როცა მე გაკვეთილს ვატარებ, ჩემი უმცროსი სხვის გაკვეთილს ესწრება, უფროსი ფორტეპიანოზე გამებს უკრავს და თუ მაზლიც  სახლშია და პრიუსის დაშლილ ნაწილებზე ელაპარაკება კლიენტებს, დღე დაკარგული და მკვდარია ჩემთვისო.

 

მრავალწევრიან ოჯახებში დიდი აურზაური ხდებოდა ხოლმე გაკვეთილების მსვლელობისას. მე შენ გეტყვი და ბევრი ცხოვრობს ისე, რომ დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდეს. აგერ ირმა ე.-ის ამბავიც: ირმა მთელი პანდემიის განმავლობაში ონლაინგაყიდვებზე მუშაობდა. მისი 5 შვილიდან 4 სკოლის მოსწავლეა, მული კი – მასწავლებელი. ყველანი გადასასვლელ ხიდთან, მოსკოვის პროექტის 2.5 ოთახიან ბინაში ცხოვრობენ. დედამთილ-მამამთილიც იქვე ცხოვრობს.

როცა მულს გაკვეთილები ეწყებოდა, ირმას ერთი შვილი მეზობელთან გადიოდა ჩართვისთვის, მეორე შვილი სამზარეულოდან ესწრებოდა გაკვეთილებს, მესამე დედის ტელეფონით (მაგრამ კლიენტებისგან შემოსულ ყველა ზარს დედა პასუხობდა, ამიტომ მესამე შვილის გაკვეთილი წყვეტებით მიმდინარეობდა), მეოთხე, ყველაზე უფროსი კი დედის მანქანასთან ჩადიოდა და იქიდან ერთვებოდა. ის, ვისაც სამზარეულო მოუწევს, ხმას არასოდეს იღებს, რადგან სამზარეულოში გამუდმებით ხმაურია და ბავშვებს ერიდებათ ბებიის ქოთქოთში გაკვეთილზე ჯდომაო, – ჰყვება ირმა.

ალბათ ნაცნობი სიტუაციაა, როცა ბავშვი გაკვეთილზე შემოდის და არც კამერას რთავს, არც მიკროფონს. არადა, რეალურ შეხვედრებზე ცოცხალი და აქტიური ბავშვი გახსოვთ და თავს კითხვას უსვამთ – ნეტავ რა დაემართა?

ინტერნეტსივრცე მოიარა ფოტომ, ბავშვი ბოსლიდან რომ ერთვება ბუნების გაკვეთილს. ის არც პირველია, არც უკანასკნელი. მთიულეთის ერთ-ერთ სოფელში მომიყვნენ, მობილურის ინტერნეტი სახლის მეორე სართულზე იჭერდა მხოლოდ, საიდანაც მეორეკლასელი თემური მთელი ზამთარი გაყინული თითებით ესწრებოდა შეხვედრებს, რადგან იმ ოთახში ღუმელი არ იდგაო.

საპირფარეშოში მოწყობილი კაბინეტი? კედელზე დაკიდებული ხალიჩითა და წიგნის თაროთი, საერთო ოთახში მწოლარე მძიმე ავადმყოფი ბებო რომ არ შეეწუხებინა მასწავლებელს.

ასაკოვანი მასწავლებლები? ზუმსა და მაიქროსოფთ თიმს ალღო რომ ვერაფრით აუღეს და კაი ხანი ბავშვები გაკვეთილიდან რომ აგდებდნენ ხოლმე?

ან ონავარი კლასი, მასწავლებელს რომ პირს შეუკრავდნენ „თქვენი ხმა არ ისმის მასწ, იქნებ ხმამაღლა ილაპარაკოთო“. მთელი ხმით რომ აყვირებდნენ გაკვეთილებზე და თვითონ ქირქილებდნენ?

ზუმმა და ონლაინგაკვეთილებმა ორმაგად დატვირთეს მასწავლებლები. ახლა მსოფლიო ვირუსთან ომის რეჟიმშია. ცხადია, ომში არ წუწუნებენ. წინა ხაზზე იბრძვიან ექიმებიც, პოლიციელებიც და ბევრი პროფესიის წარმომადგენლებიც. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ მასწავლებლების ამბავს ყველაზე ბოლოს მოვიკითხავთ, თითქოს საზოგადოების ის ნაწილი იყოს, ნაკლებად რომ ედარდება ყველას.

ზუმს მიღმა გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. იმედი გაჩნდა, რომ სკოლა ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება, მაგრამ ჯერ კიდევ შორი გზაა პანდემიის დამარცხებამდე, შორია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებამდე. კაცობრიობამ დაინახა, რომ საყოველთაო უბედურება კიდევ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა სახელითა და ფორმით.

მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ახალ რეალობასთან შეგუება და ამაში, ვფიქრობ, სახელმწიფოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი ყველაზე ბოლო არ უნდა იყოს.

 

„ზღაპრის კვალდაკვალ“ 

0

2012 წელს, სამაგისტრო ნაშრომის დაცვიდან ზუსტად ათ დღეში თავი ჯარში მიკრეს. თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანის ეზოში გამოკეტილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს წელიწადი და ორი თვე გავდიოდი. 2013 წელს ჩემი სამხედრო ბაზა საკონტროლო გამშვები პუნქტის გამოსასვლელიდან დავტოვე. ამას მანამდეც სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ არ მიშვებდნენ. ჯარი ათასგვარი სირთულისა და დეფიციტის ადგილია – მათ შორის ინტელექტუალურის. ხშირად რომელიმე ონავარი სერჟანტი ჯარისკაცს სმენაზე გადასვლის ბრძანებას აძლევს და წარბებშეკრული ეუბნება: „ახლა კითხვას დაგისვამ და თუ პასუხს ძალიან სწრაფად არ გამცემ, მთელი დღე პახაობაში ამოგხდი სულს“. მერე სიგარეტს უკიდებს და შეშინებულ ჯარისკაცს, რომელიც მთელი გონებით სხარტი პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული, მარტივ რამეს ეკითხება: „რომელ წელს მოხდა 2008 წლის ომი?“ „2012 წელს, ბატონო სერჟანტო!“ – პასუხობს ზამბარასავით დაჭიმული ჯარისკაცი.

ჯარში მოყენებული ტრავმების მოსაშუშებლად წლები თუ არა, თვეები მაინც ხდება საჭირო. მე წლები არ დამჭირვებია. ფოთში წამოვედი, ჩემს სახლში და მიუხედავად იმისა, რომ ოთახში წიგნებით სავსე კარადა მედგა, მათკენ არც კი გამიხედავს. სამაგიეროდ ყოველ დილით ზუსტად 5 საათსა და 50 წუთზე ვაჭყეტდი თვალებს და კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, ნამდვილად საკუთარ ლოგინში ვიწექი, თუ ისევ ყაზარმაში მდგარი რკინის ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე. მერე კომპიუტერთან ვჯდებოდი და შუადღემდე ვთამაშობდი call of duty-ს. ჯარის დამთავრებიდან სამ თვეში ჩემს ანგარიშზე უამრავი მოკლული ვირტუალური ჯარისკაცი, წარმატებით დახურული ტური და გარღვეული ალყა იყო. სამი თვის თავზე დედაჩემი თავზე წამომადგა და ნახევრად ხუმრობით, სრულიად ჯადოსნური რამ მითხრა: „დროა ჯამაგირის საშოვნელად წახვიდე“. რაღაც მეცნო. თაროსთან დავდექი და ძველ წიგნებში დავიწყე ქექვა. ბოლოს ზღაპრების კრებული აღმოვაჩინე, გადავშალე და მთელი დღე-ღამე გავასწორე მათ კითხვაში. ზღაპრის  მორფოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება: შტამპი და ის სხვადასხვა ზღაპარში მყარი, განმეორებადი სიუჟეტის არსებობას გულისხმობს. ერთ-ერთის მიხედვით, შვილის სახლიდან გასვლისა და მოგზაურობის აქტი, მშობლების მოთხოვნითაა პროვოცირებული და სწორედ ეს ხდება  ნამდვილი თავგადასავლის დაწყების საფუძველი. ასე გახდა ჩემი ახალი თავგადასავლის სულისჩამდგმელი ქალი, რომელიც დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ზღაპრის გმირია.

დასაქმების საიტებს დავუწყე თვალთვალი, მაგრამ არაფერი ჩანდა. მალე ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ ბათუმში მიდიოდა სამუშაოდ და ვერაფრით მოეფიქრებინა, რა ჯანდაბა მოეხერხებინა ერთი ზედმეტი წერაქვისთვის. გავყევი. კაი ხანი ვთხრიდით რაღაც ტრანშეებს. იქ აღებული ფული მალე დამიმთავრდა. რამე ახალი იყო საჭირო, გუდა-ნაბადი ავიკარი, ის ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვის ნებისყოფაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეყო – ქართული ზღაპრების სქელი კრებული – შიგ ჩავდე და თბილისისკენ დავაწექი.

ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ მზად ვიყავი ნებისმიერი გამოწვევისთვის. ელიავას ბაზრობაზე უნდა დამეწყო სანტექნიკის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა. მაგრამ საქმე არ აეწყო. მალე კი შემოსავლების სამსახურმა დადო ვაკანსია მებაჟის თანამდებობაზე და ოჯახის უხუცესი წევრის, ბებიაჩემის კატეგორიული მოთხვნით, რომელმაც ამ უწყებაში წამყვან პოზიციაზე მომუშავე ჩვენი ოჯახის ერთ ახლობელთან მიშუამდგომლა, განაცხადი შევიტანე. ახლობელმა სრულიად დესპოტური ბარიერი დამიწესა: „ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩააბარო“.

ჩავიჭერი. “გპი”-ს კორპუსიდან გამოსული ფეხით გამოვცდი ზოოპარკს, ამოვიარე ვარაზის ხევი და სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტის ეზოსთან რეტი დამეწია, სკამთან ჩავიკეცე. რატომღაც ზურაბ კიკნაძე და მისი ყვითელყდიანი, დიდი წიგნი დამიდგა თვალწინ: „ფოლკლორის შესავალი“, რომლითაც აქ სწავლის პირველ თუ მეორე კურსზე ვხელმძღვანელობდით – შტამპები, დევები, გველეშაპები. ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემს დავურეკე, ზღაპრის გმირს: „ჩავიჭერი, დე“. და გავუთიშე. ყელში რაღაც ბურთი მაწვებოდა.

ჩემს ისედაც დაბალ თვითშეფასებას გამოცდაში ჩაჭრა ნამდვილად ვერაფრით წაადგა სასიკეთოდ. ფულიც აღარ მქონდა და როცა იმ თვეში დევნილების ყოველთვიური შემწეობაც სრულიად ბუნდოვანი მიზეზის გამო არ დამირიცხეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ბედი დაწერილი და ნაწინასწარმეტყველები იყო. როგორღაც კიდევ ერთხელ შევეხეტე დასაქმების ბიუროს საიტზე და ვნახე, რომ საგანმანათლებლო პროგრამა სახელწოდებით: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ – კონკურსს დამხმარე მასწავლებლის თანამდებობაზე აცხადებდა. 2 წლით ადრე  აღნიშნული პროგრამის გასაუბრებაზე უკვე წარმატებით ვიყავი ჩაჭრილი. იმედიანად განწყობილი არც ამჯერად ვყოფილვარ, თუმცა განაცხადი მაინც გავაკეთე და ვიდრე გასაუბრების შედეგებისთვის დამირეკავდნენ, ან არ დამირეკავდნენ, ჩემი ზღაპრების კრებულიანად ენგურს მიღმა, უმთვარო ღამით, შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებისგან მალულად გადავიპარე.

ერთი თვე ეფერებოდა ბებია ზოგადი უნარების გამოცდაში ჩაჭრილ თავის სანაქებო შვილიშვილს, რომლის შესაძლებლობებზეც ყოველთვის ზედმეტი წარმოდგენის იყო, შვილიშვილი კი, თხილის კრეფაში თავგადადებული და იმედგადაწურული ეხმარებოდა მანამ, სანამ მოულოდნელად ტელეფონზე არ დაურეკეს: „პროგრამაში აგიყვანეთ“.

კაი ხანს ვუხსნიდი ღვთიურ ძალთა მიმართ მადლიერების გრძნობით აღსავსე ბებიაჩემს, რომ ეს არ იყო დიდი წარმატება. ვცდილობდი ჩამეგონებინა, რომ მუშაობა მოხალისე მასწავლებლის გაურკვეველ თანამდებობაზე მომიწევდა და ეს დიდად არ წაადგებოდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ ის არ დამცხრალა და იმავე ღამეს შეატყობინა ადგილობრივ სანათესაოს, ენგურზე გადაპარვაში დამხმარებოდნენ. ვიდექი და თვალი უკან მრჩებოდა, იმით დამორცხვებული ვუყურებდი, რომ ეს იოტისოდენა წარმატება ასე უხაროდა ამ ათას ჭირნახულ, მარტოხელა ქალს, თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უელავდა და ჯიუტად თავისას იმეორებდა: „წადი, ბებო, წადი…“.

კიდევ ერთხელ მოვათავსე ჩემი ყდაგამცვდარი კრებული გუდაში და სანამ დავტოვებდი, სურვილი მომეძალა ცხოვრებაში პირველად მისთვის უდიდესი სიმართლე გამემხილა. ნაბიჯი გადავდგი, გულში ჩავიკარი და ჩურჩულით ვუთხარი: „შენც ზღაპრის გმირი ხარ, ბე… მთავარი და ყველაზე მაგარი გმირი…“.

 

 

 

თვითშეფასება და ღირსება – მოზარდების დამოუკიდებლობისთვის

0

დადებითი თვითშეფასება (საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი ღირსების შეგრძნება) – პიროვნების უმნიშვნელოვანესი თვისებაა. თუ ადამიანს ის აქვს, მაშინ მას შეუძლია საზოგადოებაში წარმატების მიღწევა. საკუთარი თავისადმი პატივისცემა – ნიშნავს ზუსტად იცოდე საკუთარი ღირსებების შესახებ, შინაგანად განიცდიდე მათ, მოგწონდეს და მუდმივად ცდილობდე გაამრავლო და გაამრავალფეროვნო ისინი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყოფნით საკუთარი თავის პატივისცემის განცდა, უჭირთ სხვა ადამიანების ზეგავლენისგან გათავისუფლება. ფიქრობენ, რომ უსარგებლო და არასრულფასოვანი არიან. ამიტომ ხშირად საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზებს მავნე ჩვევებში ეძებენ. ამის საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული არიან, საკუთარ ქცევებზე თავადვე იღებენ პასუხისმგებლობას, ცხოვრებისეულ სირთულეებს შედარებით მარტივად უმკლავდებიან და ფილოსოფიური სიდინჯით უყურებენ პერიოდულად თავს დამტყდარ წარუმატებლობებსა და მარცხს.

საკუთარი თავის პატივისცემა – არ არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და არც სხვებთან შედარებით საკუთარი უპირატესობის განცდა. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ეს მახასიათებლები, რის გამოც იწყებენ შფოთვას, როდესაც შვილებში ამჩნევენ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ჩანასახის წარმოქმნას. ბავშვებზე მართლაც ცუდად მოქმედებს ზედმეტი ქება, მლიქვნელობა, დაუმსახურებლად თავზე ხელის გადასმა და მათი  შესაძლებლობების შესახებ გაზვიადებული წარმოდგენის შექმნა. პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იბადება არა საკუთარი თავისადმი ღირსების გრძნობისგან, არამედ სხვების ზიზღისა და მიუღებლობისგან. ღირსებას კი ადამიანს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობებისადმი პატივისცემა უყალიბებს.

ზიზღი, ზოგჯერ სიამაყით ინიღბება, მაგრამ ეს ცრუ სიამაყეა. ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანები ეზიზღება, თვლის რომ ისინი მასზე დაბალ საფეხურზე არიან. სინამდვილეში კი, ყველაფერი სხვაგვარადაა: ადამიანი, რომელიც სხვების მიმართ ზიზღს განიცდის, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ ის თავად არის გარშემომყოფებზე უფრო ცუდი და ზიზღი მას ეხმარება (თუნდაც დროებით), გადაფაროს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება.

ძვირფასო მკითხველებო, თქვენ გაეცანით შესავალს გერშენ კაუფმანის (გერშენ კაუფმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი. მან განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში როჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, ასევე  მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. დოქტორი კაუფმანი არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე პოპულარული გახდა – „მორცხვობის ფსიქოლოგია“),  ლევ რაფაელის (მან განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. ლ. რაფაელს მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული სახვით ხელოვნებაში, სამწერლო ხელოვნების განხრით არმხერსტის მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. პარალელურად, მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც) და პამელა ესპელანდის (პამელა ესპელანდმა განათლება მიიღო მინესოტას შტატის კარლტონ-კოლეჯში, რომელიც ქალაქ ნორტფილდში მდებარეობს. ის არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად, პამელა ესპელანდი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მინეაპოლსში) წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“.

წიგნის ავტორები ფიქრობენ, რომ ზიზღი, როგორც საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევა სერიოზული პრობლემაა. ის არის იმ ორი ძირითადი სირთულის არსი, რომლებსაც პირისპირ აწყდება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა. საუბარია: დევნასა (ბულინგი) და ძალადობაზე.

იმ ბავშვებს, რომლებიც დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთ კლასელებს და სხვა მეგობრებს, არ გააჩნიათ დადებითი თვითშეფასება და საკუთარი ღირსების გულწრფელი შეგრძნება. მათ არ აქვთ თანაგრძნობა, ემპატია და სხვა მსგავსი სოციალური უნარ-ჩვევები. სავარაუდოდ, მოძალადე ბავშვებს სხვა სერიოზული პრობლემებიც აქვთ. ასევე, დასაშვებია, რომ მათზე თავად ძალადობენ მშობლები, უფროსი და-ძმები. შესაძლოა, ისინი ფარულ ბრაზსა და შურს გრძნობენ სხვა ადამიანების წარმატებებისადმი. ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევენ სხვები დაამცირონ, ფიქრობენ, რომ მათი საკუთარი გრძნობები, სურვილები და საჭიროებები არავის აინტერესებს. ასეთი ბავშვები და მოზარდები თავს მარტოსულად გრძნობენ.

ცუდი, მიუღებელი, მავნე ქცევებისკენ შესაძლოა ბავშვს უბიძგოს დადებითი თვითშეფასების არქონამ. მშობლები/უფროსები ბავშვებს ეხმარებიან დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ პატარებმა მოახერხონ სწორი ნაბიჯების გადადგმა და ამ ქმედებებისგან სიამოვნების მიღება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ბავშვების ქმედებები რაიმე უზუსტობას შეიცავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ დროს საჭიროა საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება. მშობლების მისია კიდევ უფრო დიდია: მათ ევალებათ აუხსნან შვილებს, რომ ნებისმიერი მიღწევა მატერიალური თუ არამატერიალური მნიშვნელოვანია და უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში უნდა იყოს შინაგანი და გარეგნული სრულყოფილებისკენ სწრაფვა. როდესაც ბავშვები მკაფიოდ და ნათლად აცნობიერებენ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, შეუძლიათ რეალისტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, აქვთ პიროვნული სიძლიერე – ისინი გაცილებით მშვიდად, თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, ამდენად მათ არ უჩნდებათ სურვილი, დაჩაგრონ და დაამცირონ სხვები.

საკუთარი თავისადმი პატივისცემის განცდა – არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. პატივისცემა, პიროვნული სიძლიერე, დადებითი თვითშეფასება  ბავშვის აღზრდის პროცესში ისწავლება. სწავლის პროცესი კი ოჯახში და სკოლაში უნდა მიმდინარეობდეს. აი, ზუსტად ისევე, როგორც ბავშვებს ასწავლიან წერასა და კითხვას.  აუცილებელია, უფროსები ბავშვებს პატივისცემით მოექცნენ. ზრდასრულები უნდა ახალისებდნენ, აქეზებდნენ პატარების მაქსიმალურ ძალისხმევას, მაგრამ, ცხადია, რომ პატარებისგან იდეალურ სრულყოფილებას არ უნდა მოელოდნენ. აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვებს უფლება ჰქონდეთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, დაუშვან შეცდომები, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გაწიონ რისკი. ამ რთულ გზაზე პატარებს მუდამ ისეთი უფროსები უნდა ედგნენ გვერდით, რომლებიც მათში ნდობასა და თანაგრძნობას იწვევენ. ეს ორი თაობა მუდმივად უნდა უზიარებდეს ერთმანეთს ემოციებს, გრძნობებს, სამომავლო გეგმებს.

სტატიის დასასრულ, მოკლედ გაგაცნობთ წიგნის ავტორების შეხედულებას „პასუხისმგებლობის“ შესახებ: უფროსები პატარებს უხსნიან, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან იმაზე, როგორი ადამიანი იქნება ის და როგორ იცხოვრებს. მაგრამ რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც უფროსები მუდმივად მიუთითებენ პატარებს, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ… მოკლედ სულ ჭკუას ასწავლიან მათ. ასეთ გარემოში როგორ მოხდება დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება? აი ეს კითხვა უჩნდებათ  თავად მოზარდებს.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ტიპური შემთხვევა: მშობლები საღამოს სტუმრად წავიდნენ და პატარა გიორგი უფროს დაიკო ნინის დაუტოვეს. ნინი სარგებლობს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობით და გიორგის არ აყურებინებს მისთვის საყვარელ ტელეგადაცემას, რადგან თავად სხვა გადაცემის ნახვა სურს. „მე დედ-მამამ დამიტოვა შენი თავი, ამიტომ უნდა დამიჯერო და ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც მე მსურს“.

მშობლებმა შვილებს მკაფიოდ უნდა აუხსნან, რომ პასუხისმგებლობა არ გულისხმობს, აკეთო ყველაფერი ისე, როგორც გსურს და ამას გარდა: იყო პასუხისმგებელი – არ ნიშნავს აკონტროლო ყველაფერი ის, რაც შენს თავს ხდება. ცხოვრებაში ხდება ბევრი ისეთი რამ, რომელიც სრულებით არ არის შენზე დამოკიდებული. მაგალითად, ასეთია – ამინდი; ან ბინა, რომელშიც შენი ოჯახი ცხოვრობს; რამდენ საშინაო დავალებას მოგცემს მასწავლებელი; სხვა ადამიანების ქცევები და გრძნობები… შენ პასუხს აგებ მხოლოდ საკუთარ ქცევებზე და გრძნობებზე.

მშობლებმა უნდა დაარწმუნონ შვილები, რომ ზოგჯერ ჩვენ არ მოგვწონს სხვა ადამიანების სიტყვები, ქცევები რის გამოც ვბრაზობთ, ვნერვიულობთ. ჩვენ ვცდილობთ, როგორღაც შური ვიძიოთ „მჩაგვრელზე“ და თან თავს ვირწმუნებთ, რომ ყველაფერი მისი ბრალია. კიდევ ერთხელ: „ჩვენ ყველა დიდიც და პატარაც, მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ვართ პასუხისმგებელი“.

ზოგჯერ, ადამიანები ერთმანეთის მუქარებს, შანტაჟს ექვემდებარებიან და აკეთებენ რაღაც ისეთს, რის გაკეთებაც კონკრეტულ სიტუაციაში არ არის სწორი. სავარაუდოდ, ნებისმიერ მშობელს ეცნობა ეს ფრაზა, რომელიც შვილისთვის უთქვამს: „ძალიან მწუხვარ, რომ წეღან დაგიყვირე, მაგრამ შენი ბრალია ყველაფერი, ისე ამიშალე ნერვები თავი ვეღარ შევიკავე“. ან ასეთი რამ: „მე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და შენ თავად ხარ დამნაშავე ამაში, რადგან სულ მეკამათებოდი“; ან: „მართალია შეგპირდი, რომ ამ საღამოს კინოში წაგიყვანდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სამსახურში კოლეგებთან უნდა დავრჩენილიყავი“…  ამ დროს პატარებიც და დიდებიც ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან მცდარ ქცევაზე.

ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ მოსწონთ და არ ფიქრობენ, რა შესაძლო შედეგები შეიძლება იქონიოს ამ საქციელმა სხვა ადამიანებზე. მაშინაც კი, როდესაც პატარების ან დიდების ქცევები შემთხვევითია, ეს მაინც არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას შედეგზე. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქცევაზე ხშირად ძალიან უჭირთ როგორც პატარებს, ასევე ზრდასრულებსაც.  და სწორედ ამიტომ, მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება: ვილაპარაკოთ სიმართლე, იმის ნაცვლად, რომ ვიცრუოთ, გავაზვიადოთ ფაქტები, გამოვიგონოთ გასამართლებელი არგუმენტები“.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...