კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

„თავდაყირა“ მოგზაურობა მოგონებებში

0

ვიყოთ რეალისტები!

ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენ ირგვლივ ხდება, აისახება ბავშვებზე.  პატარა ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული ზღვა ინფორმაციის სწორად გადამუშავებისა და ამ ფონზე შინაგანი მდგომარეობის კონსტრუქციულად გამოხატვის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ბავშვებში გაზრდილი სტრესის, შფოთვის, მომავლის შიშის დაძლევა მშობლებისა და მასწავლებლების ნომერ პირველ ამოცანად ისე იქცა, რომ ვერც მისი გაცნობიერება მოვასწარით და ვერც მისთვის მომზადება.

პანდემია ჯერ არსად მიდის. მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა შევძლოთ და ბავშვებს ემოციური თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში დავეხმაროთ. ამაში კი მარტივად ანიმაციური სტუდია „PIXAR“-ის ოსკაროსანი ანიმაცია „თავდაყირა“, იგივე INSIDE OUT დაგვეხმარება. (https://www.adjaranet.com/movies/12762/Inside-Out)

„თავდაყირაში“ საქმე იმაზე ადვილად არის, ვიდრე ფსიქოლოგები და ფიქოთერაპევტები სხვადასხვა ვიდეორესურსიდან გვიყვებიან. აქ არც არაფრის დაზეპირება მოგიწევთ, არც უცხო ტერმინები შეხვდებათ და ღრმად დასაფიქრებელ საკითხებსაც მხიარულად გადაუფრენთ. პარალელურად კი შეძლებთ, ჩაიხედოთ პატარა ადამიანების გულებსა და გონებაში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

„თავდაყირას“ 5 წლის შვილთან ერთად წლების წინ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა და გენიალურ ნამუშევარს ვუყურებდი, როგორ იქმნება ადამიანის გონებაში ემოციური ინტელექტი, ე.წ. EQ,, რომელსაც თანამედროვე სამყაროში გაცილებით მაღალი წონა აქვს, ვიდრე IQ-ს. ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციის გაცნობიერება და მართვა.

პანდემიამ ჩემი ამ მულტფილმისადმი სიყვარული გააათკეცა, რადგან არაფერი ისე არ დამხმარებია შვილებისთვის იმის ახსნაში, რა ემოცია რატომ გვიტევს ადამიანებს, როგორც ეს ერთი, წლების წინ შემთხვევით ნანახი ფილმი.

რეჟისორ პიტ დოქტორისთვის მთავარი პერსონაჟის ქცევის ინსპირაციად საკუთარი 11 წლის ქალიშვილის ქცევაზე დაკვირვება იქცა. ფილმის სცენარზე ფსიქოლოგების გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ისინი ეყრდნობოდნენ მეცნიერულ თეორიებს გონების მუშაობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად გუნდის მიზანი იყო ადამიანის 27 ემოცია პერსონაჟებად შემოეყვანათ, თუმცა ფილმის საბოლოო ვერსიაში 5 უნივერსალურ ემოციას ვხვდებით. გუნდის მიზანი რთული იდეების გამარტივება იყო, რასაც თავი იდეალურად გაართვეს. ერთი შეხედვით მარტივმა, მაგრამ რთული ფილოსოფიური ჩანაფიქრის მულტფილმმა, რომელიც ადამიანის გონებაში მოგონებების მოგზაურობას ეხება, ოსკარის დაჯილდოების 88-ე ცერემონიალზე დამსახურებულად მიიღო უმაღლესი ჯილდო საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.

მულტფილმის მთავარი გმირი, რაილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სხვა ბავშვების მსგავსად დადის სკოლაში, ჰყავს მეგობრები, აქვს ჰობი, საყვარელი და საძულველი საჭმელი და ა.შ.

რეჟისორი გვაჩვენებს, რა ხდება ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად გოგონას ტვინის ხვეულა ლაბირინთებში, სადაც ბავშვის ზრდასთან ერთად მოგონების მთელი არქივი და ღირებულებების კუნძულები ყოველდღიურად შენდება.

„თავდაყირას“ პერსონაჟების ტვინში სამართავი პულტი დგას, რომელსაც სხვადასხვა ემოცია მართავს: სიხარული, დარდი, ბრაზი, შიში და ზიზღი. თითოეულს თავისი როლი, ხასიათი და გამოხატვის თავისებურება აქვს. მოკლედ, ფილმში 11 წლის გოგონასთან ერთად მისი 5 ძირითადი ემოციაც მონაწილეობს, ოღონდ არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული, გაპიროვნებული სახით, სხეულითა და ხასიათით:

სიხარული – ოპტიმისტი, მხიარული, თვალებციმციმა სალათისფერკაბიანი გოგონა, რომელიც სულ ბრწყინავს და სიცოცხლეს ასხივებს;

სევდა – პესიმისტი, ლურჯთვალა და ლურჯთმიანი მუდამ თვალზეცრემლმომდგარი ზანტი, ნაღვლიანი ფუმფულა არსება;

ბრაზი – წითელი, ცეცლწაკიდებული პატარა კაცუნა, რომელიც მზად არის ყველაფერი გადაწვას და გაანადგუროს;

შიში – აწოწილი და აკანკალებული, იასამნისფერი კაცი, რომელსაც ცახცახისგან თვალები შუბლზე ასდის;

ზიზღი – წამწამებაპრეხილი ლამაზმანი რეტრო კაბითა და ვარცხნილობით, რომელიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებს და სულ უკმაყოფილოა.

ემოციები გოგონას ყოველდღიურ ცხოვრებას სამართავი პულტიდან აკვირდებიან. ბავშვის ხასიათიც იმის მიხედვით იცვლება, თუ ვინ დაასწრებს სამართავ პულტთან დაჯდომას და ერთადერთ ღილაკზე ხელის დაჭერას. თითოეულ ემოციას თავისი სიმართლე აქვს და არგუმენტირებულად მსჯელობს თავის საქციელზე.

ძილის წინ, როცა ბავშვი თავის თავთან მარტო რჩება, ემოციებს ყველაზე მეტი საქმე აქვთ. ისინი გასული დღის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონებების დაარქივებას იწყებენ. ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგონებები საერთო არქივში გადადის, მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები კი გულში რჩება, როგორც გულის მოგონება და პატრონს მუდამ თან ახლავს, მუდამ ახსოვს ისინი. ამ მოგონებებს ყველაზე ბედნიერი ან ყველაზე სევდიანი ამბების სახე აქვს. ისინი ქმნიან პიროვნებას.

მოგონებების არქივის გარდა, პატარას ტვინის ლაბირინთებში ღირებულებების კუნძულები შენდება. რაილის ოჯახის, მეგობრობის, პატიოსნების კუნძულები აქვს, რაც ბავშვს თავისი თავის პოვნაში ეხმარება.

გოგონას ტვინში კიდევ ერთი კუნჭულია, ბნელი და უფერო, მოგონებების უზარმაზარი ნაგავსაყრელი, სადაც ყველა ის ფაქტი და განცდა იყრება, რომელიც ბავშვმა დაივიწყა. იყრება და ნადგურდება. ზოგჯერ აქ ისეთი ემოციებიც ხვდება, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ღირებულებების კუნძულებიც ინგრევა და გულის მოგონებებიც შეიძლება ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს. აი, სწორედ ასეთი შემხვევებისთვის სჭირდება რაილის ყველა ემოცია. იქ, სადაც სიხარული უძლურია, ადამიანის გადარჩენა სევდას, ბრაზსა და შიშსაც კი შეუძლია.

„თავდაყირა“ დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ ჩვენს ემოციებს მიზეზი აქვთ და „კარგი“ და „ცუდი“ განცდები არ არსებობს. გავიგებთ, რომ ყველა ემოცია მისაღებია, მათ შორის „ცუდიც“. დადებითი და უარყოფითი ემოციები ადამიანებს ყველა ასაკში თანაბრად სჭირდებათ. არასასურველი ემოციების განდევნა გამოსავალი არ არის და ისინი, სახეცვლილები, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდებიან. ამიტომ ზოგჯერ მაინც მივცეთ თავს უფლება, ვიყოთ ცუდ ხასიათზე, მოწყენილი, იმისთვის, რომ განვიცადოთ ის, რასაც რეალურად ვგრძნობთ. მეტიც, მივცეთ თავს უფლება, ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე, რადგან ამაზე საუბარი ადამიანს აძლიერებს.

ამ ფილმით გაგვიადვილდება ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ სახელი დაარქვან თავიანთ განცდებს; მოუსმინონ საკუთარ თავს; მიიღონ ისეთი, როგორიც არის; შეეცადონ, მართონ თავიანთი ემოციები და მიწაზე მყარად დადგნენ.
ანიმაციური ფილმი ყველა ასაკის ადამიანისთვის თანაბრად სასარგებლოა. სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვები ფილმის ზედაპირული ყურებითაც მიიღებენ სიამოვნებას, ხოლო მოზარდები და ზრდასრულები იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე დაფიქრდებიან, რომლებითაც ადამიანის ქცევა იმართება.

პანდემიის პერიოდში სამყარო შეიცვალა. სოციალური, ეკონომიკური თუ ემოციური პრობლემების ფონზე, ჩვენ, ზრდასრულები აღარ ვართ ისეთი ძლიერი, როგორიც მანამდე ვიყავით. ანიმაციური ფილმი „თავდაყირა“ თავს გარედან დაგვანახებს და დაგვეხმარება გარესამყაროს ახლებურად აღქმაში, რაც 2021 წელს განსაკუთრებით გვჭირდება ყველას, დიდსაც და პატარასაც.

აქტივობები მშობელთა ჩართულობისთვის

0

სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ეს ალბათ თქვენც ხშირად გაგიგონიათ. სტატიაში განვმარტავ, რა გავლენას ახდენს მშობლის ჩართულობა თავად მასზე, მოსწავლესა და სკოლაზე, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას იმის თაობაზე, როგორ ჩავრთოთ უფრო მეტად მშობლები სასწავლო პროცესში და რა აქტივობები შეგვიძლია შევთავაზოთ მათ.

რას ნიშნავს „მშობლის ჩართულობა“? ეს ტერმინი აერთიანებს მასწავლებლებსა და მშობლებს, რათა ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას. „მშობლის“ ხსენებისას ხშირად მხოლოდ დედ-მამა გვახსენდება, მაგრამ ეს სიტყვა არ გულისხმობს მხოლოდ დედას ან მამას. მშობელი შეგვიძლია ვუწოდოთ ყველა იმ პირს, ვინც ბავშვის აღზრდაშია ჩართული.

რას შეიძლება მოიაზრებდეს მშობელთა ჩართულობა? განვიხილავ რამდენიმე მომენტს:

  • სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;
  • ბავშვის მიერ შესრულებული დავალების წახალისებას;
  • მასწავლებელთან შეხვედრას და ბავშვის პროგრესის განხილვას;
  • დავალების მომზადებაში დახმარებას.

რა შედეგი მოაქვს მშობლის ჩართულობას მოსწავლისთვის?

არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი – თუ მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, ბავშვს ყოველთვის აქვს მიღწევები, უფრო დადებითადაა განწყობილი სკოლის მიმართ, თავდაჯერებულია.

რა ხდება, როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში?

ამ შემთხვევაში მშობელი უფრო ობიექტურად აფასებს ბავშვის შესაძლებლობებს, უკეთ ესმის მისი, მეტ ყურადღებას უთმობს მის სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს. იმავდროულად, მეტ ყურადღებას აქცევს ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას, უფრო სრულყოფილი ინფორმაცია აქვს ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად, მეტი ინტერესი უჩნდება სასწავლო პროცესის მიმართ და ინტერესით ერთვება სხვადასხვა აქტივობაში.

რა გავლენას ახდენს მასწავლებელსა და სკოლაზე სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა?

მშობელთა ჩართულობა ამაღლებს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის ხარისხს, ეს კი მასწავლებელს ეხმარება, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომების შესამუშავებლად. გარდა ამისა, მასწავლებლები უფრო კმაყოფილნი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით.

მშობლის ჩართულობის შედეგად სკოლა იღებს მეტ მხარდაჭერას. ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს სკოლის იმიჯზეც. სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.

მშობლის ჩართულობის გაზრდის მიზნით შეიძლება მათი ინტერესების შესწავლა. ამისათვის სკოლას შეუძლია ჩაატაროს გამოკითხვა, თუნდაც ფარული; კითხვარში შეიტანოს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესახებაც მშობელს შეეძლება საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სკოლა დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას.

იმისთვის, რომ სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაცია უფრო მჭიდრო გახდეს, შეიძლება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • სკოლის შესასვლელში განათავსეთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც სიახლეები გამოიკვრება;
  • დაგეგმეთ ღია კარის დღე მშობელთათვის;
  • ორიენტაციის გასაიოლებლად გამოაკარით სკოლის გეგმა;
  • გულთბილად მიესალმეთ მშობლებს;
  • ჩაატარეთ ახალი მოსწავლეების მშობლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა;
  • შექმენით საკომუნიკაციო სივრცე მშობლებისთვის.

სასწავლო პროცესში მშობლის უკეთესი ჩართულობისთვის მასწავლებლებს შეუძლიათ, განახორციელონ შემდეგი აქტივობები:

  • დახასიათების დაწერა – სთხოვეთ მშობლებს, დაგიწერონ მოსწავლის დახასიათება (ამ აქტივობას განსაკუთრებით ეფექტურად ვიყენებ პირველ კლასში და ახალ მოსწავლეებთან). დახასიათების წყალობით თქვენ ერთგვარი წარმოდგენა გექმნებათ ახალ მოსწავლეებზე და გეგმავთ ინდივიდუალურ მიდგომებს, ითვალისწინებთ მშობლის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან საკითხებს;
  • მხიარული შეჯიბრება მშობელთა ჩართულობით;
  • მოხალისე მშობელი;
  • ვინ ვარ მე – მოიწვიეთ კლასში სხვადასხვა პროფესიის მშობლები, რომლებიც თავიანთ პროფესიაზე მოუყვებიან მოსწავლეებს;
  • გამოფენა – მოაწყვეთ სკოლის დერეფანში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ, შეაფასონ ბავშვების ნამუშევრები;
  • ღია გაკვეთილი – მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება საკლასო ოთახში, როგორ ატარებთ გაკვეთილებს, როგორ აქტიურობს ბავშვი. ეს ინტერესი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ონლაინ სწავლების დროს. ჩაატარეთ ღია გაკვეთილი ფიზიკურ გარემოშიც, გააკეთეთ განვლილი მასალის ერთგვარი შეჯამება. მშობლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ასეღ გაკვეთილზე დასწრება;
  • სურათი მშობლებთან ერთად – ამ აქტივობას ყოველთვის ვიყენებ პირველ კლასში. მოსწავლეებს ვთხოვ, მოიტანონ ოჯახური ფოტოსურათები, რომლებსაც ფორმატზე ვაკრავ. ბავშვები თითქმის ყველა დასვენებაზე ამ ფორმატთან დგანან და თანაკლასელებს ოჯახის წევრებს აცნობენ. ერთგვარად მონატრებასაც იკმაყოფილებენ, რადგან ვიცით, როგორ უჭირთ სწავლის დასაწყისში პირველკლასელებს ოჯახთან განშორება;
  • გასვლითი ღონისძიებები – დაგეგმეთ ექსკურსიები გამოფენებზე, მუზეუმებსა და კინოთეატრებში არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. შეხვდით მათ არაფორმალურ გარემოში, გაუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები, ინტერესები.

ეს და სხვა აქტივობები ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მშობლების ჩართულობას, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან.

მშობლის ჩართულობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენ განათლებისთვის“ თხოვნით გავმართე დისკუსია, რომლის ნახვაც შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://youtu.be/nygHKvR8lkg

კლასიკის კითხვასა და გველეშაპებზე

0

ხელში მომხვდა და ხელახლა წაკითხვის დაუძლეველი სურვილიც ვიგრძენი. ანგლოსაქსური საგმირო ეპოსის, „ბეოვულფის“ ქართული თარგმანი ორი წლის წინ, წიგნების ფესტივალზე ვიყიდე, ახლა რომ ზღაპრის ნაწილად მოჩანს მკითხველებით სავსე, ხმაურიანი დარბაზით, მაცდუნებლად გაიაფებული ლიტერატურით. როგორც ჩანს, მეტისმეტად სწრაფად წავიკითხე – იმ ბავშვის მოუთმენლობით, მოყოლილი ამბის იდუმალებით შეპყრობილს თვალი სტრიქონზე რომ ვეღარ შეუყოვნებია. თავიდან მიბრუნება კი სულ სხვაგვარი აღმოჩნდა: ნელა ვკითხულობ, წარმოსახვით გაცოცხლებულ სურათებს ვაკვირდები და უნებურად დამახსოვრებულ სიტყვებს ვიმეორებ: „ტბას ბეოვულფი თუ შებედავდა“. შელოცვასავითაა. არ ვიცი, ვის ან რის შესალოცად ვბუტბუტებ.

ანფერთი შეკრთა და ხელიდან გაუშვა ბედი

სახელის შოვნის – ტბაში ჩასული

გმირის სახელით ამოსულიყო.

ხოლო შიში და ბეოვულფი ერთურთს ვერ ცნობდნენ,

ტბას ბეოვულფი თუ შებედავდა.

ყველა ის მონაკვეთი, სადაც ბეოვულფი გველეშაპებს ებრძვის, უმოწყალო შერკინების სულისშემძვრელი სცენები ისეთ სიამოვნებას განმაცდევინებს, თითქოს ლეგენდებისა და თქმულებების სამყაროდან არც არასდროს გამომიღწევია, თითქოს ისევ მეორე კლასში ვარ, მეზობლისგან ნათხოვარი ყვითელყდიანი წიგნი – „ქართული ხალხური ზღაპრები“ მუხლებზე მიდევს და ჯიუტად ვამბობ უარს ჯადოსნური ამბების კითხვის შეწყვეტაზე.

ისე დაფრთხნენ დანიელები, ქვეშაგებში სულ ჩაიკარგნენ,

როს სიბნელე გადაფატრა საზარელმა გმინვამ გრენდელის,

ხმამ ტკივილის და განწირულების.

ცრემლი მოსჩქეფდა გაძაგრულ ურჩხულს,

დაჭიმულ ყელზე ღვარად მოსჩქეფდა –

მძლავრ მკლავებს საით წაუვიდოდა,

არ ინახოდა რომლის მჯობიც დედამიწაზე.

ბეოვულფს საით წაუვიდოდა.

აქვეა სახსენებელი დანიელთა და ფინელთა ბრძოლის დასასრულის ეს სცენაც, გამაბრუებლად ლამაზი და დაუვიწყარი.

კვლავ დაიტირა მოთქმით ქალმა,

დაიტირა და იმღერა კიდეც მკვდრის საბოლოო სადიდებელი.

[…]

ბოლი ავარდა, აღრიალდნენ უცბად მორები,

სკდებოდა ღია ნაჭდევები და დნებოდა თავის ქალები,

დაბლა სისხლი მოთქრიალებდა,

და ცეცხლის ხარბი დემონები სისხლს სვამდნენ

და ძვლებს აყოლებდნენ,

ვიდრე გაჰქრა სუყველაფერი.

*

ამ შთაბეჭდილებებს ალბათ ჩემთვის შევინახავდი, წერილის თემად რაღაც სხვას შევარჩევდი, წიგნის ბოლოს ამოკითხული მადლობის სიტყვები რომ არა. ამერიკელი მწერალი და მთარგმნელი ბარტონ რაფელი მადლობას უხდის პროფესორებს, რომლებიც „ბეოვულფის“ ახალ ინგლისურზე თარგმნაში ეხმარებოდნენ, რჩევებს აძლევდნენ, ამხნევებდნენ. ბოლოს შვილებსაც ახსენებს: „[მინდა, მადლობა გადავუხადო] ჩემს ორ უფროს ვაჟიშვილს, ბრიანსა და ბლეიკს, რომლებიც ანგარიშს უწევდნენ ჩემს საქმიანობას, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით და ინტერესით მომჩერებოდნენ, როცა მათ ბეოვულფის ამბავს ვუყვებოდი ნაწყვეტ-ნაწყვეტად და რომლებიც (ერთი ცხრა წლისა და მეორე – რვისა) შემპირდნენ, რომ ჩემთან ერთად წაიკითხავდნენ კორექტურას – და (ერთმა ათისამ და მეორემ ცხრისამ) სიტყვა კიდეც შეასრულეს“.

გავიფიქრე, სწორედ ასე იწყება წიგნის სიყვარული-მეთქი – წაკითხულის მოყოლით, მღელვარებისა და აღფრთოვანების გადადებით, ხელის ჩაკიდებითა და ხიფათით, თავგადასავლებით სავსე შარაზე გაყვანით, ერთად სიარულით მზესა თუ დიდ ქარებში. ეპოსთან მისაახლოებელი გზა კი სულაც არ არის ადვილად გასავლელი არც სკოლის, არც უნივერსიტეტის წლებში. ადაპტირებული ტექსტების დამცველი არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვამბობ, რომ გამარტივებული ვარიანტით უნდა შეიტყუო პატარა მკითხველი დიდ ტყეში. არა – მხოლოდ მონათხრობით, წარმოსახვაში გაცოცხლებული ხატებით, აჩქარებული გულისცემით, შეცვლილი ინტონაციებით. მერე კი შეიძლება შეუფერებლად რთულ საკითხავსაც წაეტანოს, თავად მოუნდეს ბნელსა და გაუკვალავში ხეტიალი.

„ბეოვულფის“ ქართულ თარგმანს პროფესორ რობერტ კრიდის მცირე ნარკვევიც ერთვის, სადაც ავტორი გულისტკივილით იხსენებს, როგორ უწევდა სტუდენტებისთვის იმის მტკიცება, რომ ჰომეროსი დიდი პოეტი იყო და არა ფსევდოარქაულობის ნიშნით გამორჩეული პროზის მწერალი. იქვე შენიშნავს, მათ ასევე ვარწმუნებდი – „ბეოვულფი“ დიდი პოემაა და არა უხეირო პროზაო. ცხადია, ეს – მანამდე, სანამ ბარტონ რაფელის პოეტური თარგმანი გამოქვეყნდებოდა. მკვლევარი ახალ ინგლისურზე შესრულებულ ამ ნამუშევარს მაღალ შეფასებას აძლევს და დასძენს, ახლა რაღა შეგვიშლის ხელს, რომ ნებისმიერ ადგილზე გადავშალოთ „ბეოვულფი“ და ხმამაღლა კითხვა დავიწყოთო.

*

ჭაობიდან, ნისლიანი მთების ძირიდან,

გუბურებიდან – ღვთის სიძულვილი გულს რომ ედო –

აქეთ გრენდელი დაძრულიყო, ჰეროთისკენ მოსრიალებდა,

რათა მოეკლა, სადაც კი ვის მოიხელთებდა,

მსწრაფლ მოდიოდა ღამის წკვარამში,

ჭაობებიდან დაძრულიყო, ფეხაკრეფით მოსრიალებდა,

მოსრიალებდა ოქროცურვილ დარბაზისაკენ… 

რომელ ბავშვს არ მოუნდება იმის შეტყობა, მერე რა მოხდა – იმ დიდებულ, ზღაპრულ დარბაზში, ოქროსფრად მბზინვარეში.

 

ფიზიკური მოვლენების შესწავლა ვირტუალური ექსპერიმენტის საშუალებით

0

მასწავლებლის საქმიანობა ხელს უნდა უწყობდეს იდეების წარმოშობას, რაც განავითარებს მოსწავლეთა წარმოსახვის უნარს. უნდა წავახალისოთ მოსწავლეები კრეატიული აზროვნებისთვის და შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მიღებულია თავისუფალი აზროვნება, სხვათა შეხედულებების მოსმენა და განხილვა. სასწავლო პროცესი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ პერიოდულად გამოვიყენოთ ექსპერიმენტები და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ მოდელების შექმნაში, ხელი უნდა შევუწყოთ ტრანსფერის განვითარებას. წავახალისოთ და დავგეგმოთ პრაქტიკული სამუშაოები და რაიმე პროდუქტის შექმნა.

თანამედროვე სამყარო მეტწილად ვიზუალური აღქმისაა, რაც ნიშნავს, რომ ფოტოებით, ვიდეოებით, ექსპერიმენტებით, გრაფიკულად გადაცემული ინფორმაცია უფრო სწრაფიცაა და ეფექტურიც.

მოზარდებს უნდა განვუვითაროთ უნარები, თავიანთ თავში უფრო ღრმად განმარტონ მოცემული მოვლენა თუ საკითხი, შეძლონ თეორიულად ახსნილი მასალის გადატანა სხვა ნიშანთა სისტემაში და უკვე გარკვეული მოვლენა დანერგონ პრაქტიკაში ექსპერიმენტის, მოდელის, გრაფიკული მახასიათებლების გამოყენებით, ექსპერიმენტის შედეგებზე დაფუძნებით შეძლონ შესაბამისი დასკვნების გამოტანა და განზოგადება.

სასწავლო პროცესში ექსპერიმენტების გამოყენება ხელს უწყობს მოზარდებს საკითხების სიღრმისეულად გააზრებაში. მოსწავლეებს ხშირად არ აქვთ საშუალება, რეალური ლაბორატორიის პირობებში დააკვირდნენ ამა თუ იმ მოვლენას, ამიტომ მეტი მნიშვნელობა ენიჭება საგაკვეთილო პროცესში ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებას. განსაკუთრებით – ჩვენი რეალობის გათვალისწინებით: ექსპერიმენტები და სიმულაციები დისტანციურ სწავლებას ამრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის. თუ თემატიკა და ექსპერიმენტი საშუალებას იძლევა, სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შესაბამისი ცხრილები და ლაბორატორიული გამოთვლები, რაც ხელს შეუწყობს საკითხის ძირფესვიანად შესწავლას და მოვლენის გააზრებას. ინტერნეტსივრცეში იძებნება ბევრი საინტერესო ბმული, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება დაიგეგმოს ნაყოფიერი და სახალისო სასწავლო პროცესი.

გთავაზობთ ვირტუალური ექსპერიმენტების საშუალებით მათემატიკური და ფიზიკური ქანქარას რხევების შესწავლის მეთოდს.

 

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ.XI. 5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევების და ტალღების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

– გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მექანიკური რხევების შესასწავლად, ატარებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს რხევის მახასიათებელ პარამეტრებს შორის;

– აანალიზებს რაოდენობრივ კავშირს რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის.

სასწავლო მიზნები:

– გამოყენების, ანალიზის, მონაცემების ინტერპრეტაციის უნარების განვითარება;

– რხევით მოძრაობაზე დაკვირვება.

 

მათემატიკური ქანქარას რხევების შესწავლა:

ექსპერიმენტის მიზანი:

  • მოსწავლე შეძლებს, ექსპერიმენტის საშუალებით განსაზღვროს მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ბურთულას მასაზე, რხევის ამპლიტუდასა და ძაფის სიგრძეზე.

ექსპერიმენტის ბმული:

https://phet.colorado.edu/sims/html/pendulum-lab/latest/pendulum-lab_en.html

ექსპერიმენტის აღწერა:

დააკვირდით ექსპერიმენტის დაფას.

  1. გახსენით ბმული და აირჩიეთ სამიდან ერთი ვარიანტი.
  2. მარცხენა ქვედა კუთხეში პატარა მართკუთხედში მოთავსებულია წამმზომი და სახაზავი.
  3. კურსორით გადმოიტანეთ დაფაზე სახაზავი და წამმზომი.
  4. სახაზავი დააყენეთ ვერტიკალურად და გამოიყენეთ ძაფის სიგრძის გასაზომად.
  5. წამმზომი გამოიყენეთ შესრულებული რხევების დროის ასათვლელად.

მითითება:

– ზემოთა მარჯვენა უჯრაში შეგიძლიათ ცვალოთ ტვირთის მასა;

– ზემოთა მარცხენა უჯრაში შეგიძლიათ ცვალოთ ძაფის სიგრძე;

– სახაზავით შეგიძლიათ გაზომოთ ძაფის სიგრძე.

ექსპერიმენტის საშუალებით მოსწავლე გაარკვევს, არის თუ არა დამოკიდებული მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი ამპლიტუდაზე, ბურთულას მასასა და ქანქარას სიგრძეზე.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობისა და სწავლების ფორმის გათვალისწინებით შესაძლებელია სამუშაოს ჯგუფებში განაწილება. მოცემულ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ სამი შემთხვევა.

გთავაზობთ სამივე შემთხვევის ცხრილს და განმარტებებს ექსპერიმენტის ჩასატარებლად:

 

) მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ამპლიტუდაზე

N ბურთულას მასა m (კგ)

 

ძაფის სიგრძე

l (მ)

 

გადახრის კუთხე α(გრ)

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ ძაფის სიგრძე და ბურთულას მასა (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ გადახრის კუთხე (გადახრა უნდა იყოს მცირე კუთხით) და დაითვალეთ 10 -15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული მათემატიკური ქანქარასრხევისპერიოდი ამპლიტუდაზე?

 

ბ) მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ბურთულას მასაზე

N გადახრის კუთხე

α (გრ)

 

 

ძაფის სიგრძე

l (მ)

 

ბურთულას მასა

m (კგ)

 

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ ძაფის სიგრძე და გადახრის კუთხე (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ ბურთულას მასა და დაითვალეთ 10-15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული მათემატიკური ქანქარასრხევისპერიოდი ბურთულას მასაზე?

 

გ) მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ქანქარას სიგრძეზე

N ბურთულას მასა

m (კგ)

 

 

გადახრის კუთხე

α (გრ)

 

ძაფის სიგრძე

l (მ)

 

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ გადახრის კუთხე და ბურთულას მასა (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ ძაფის სიგრძე და დაითვალეთ 10-15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი ქანქარას სიგრძეზე?

 

ექსპერიმენტის შედეგების გააზრების საფუძველზე, დისკუსიის შემდეგ, მასწავლებელს შეამოაქვს მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის გამოსათვლელი ფორმულა.

 

ახლა გთავაზობთ ზამბარიანი ქანქარას რხევის შესწავლის ექსპერიმენტს.

ექსპერიმენტის მიზანი:

– მოსწავლე შეძლებს, ექსპერიმენტის საშუალებით განსაზღვროს ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ბურთულას მასაზე, რხევის ამპლიტუდასა და ზამბარის სიხისტეზე.

ექსპერიმენტის ბმული:

https://phet.colorado.edu/sims/html/masses-and-springs-basics/latest/masses-and-springs-basics_en.html

ექსპერიმენტის აღწერა:

დააკვირდით ექსპერიმენტის დაფას.

  1. გახსენით ბმული და აირჩიეთ სამიდან ერთი ვარიანტი.
  2. მარჯვენა ქვედა კუთხეში პატარა მართკუთხედში მოთავსებულია წამმზომი და სახაზავი.
  3. კურსორით გადმოიტანეთ დაფაზე სახაზავი და წამმზომი.
  4. სახაზავი დააყენეთ ვერტიკალურად და გამოიყენეთ ზამბარის ამპლიტუდის გასაზომად.
  5. წამმზომი გამოიყენეთ შესრულებული რხევების დროის ასათვლელად.

მითითება:

– ზამბარის მარცხნივ ზემოთ მოთავსებულ უჯრაში შეგიძლიათ ცვალოთ ტვირთის მასა;

– ზამბარის მარჯვნივ ზემოთ მოთავსებულ უჯრაში შეგიძლიათ ცვალოთ ზამბარის სიხისტე;

– სახაზავის საშუალებით შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ ცვლით დეფორმაციით გამოწვეულ ამპლიტუდას.

ექსპერიმენტის საშუალებით მოსწავლე გაარკვევს, არის თუ არა დამოკიდებული ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი ამპლიტუდაზე, სხეულის მასაზე და ზამბარას სიხისტეზე. განვიხილავთ სამ შემთხვევას.

 

ა) ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ამპლიტუდაზე

N ტვირთის მასა

m (კგ)

 

 

ზამბარის სიხისტე

K (ნ/მ)

 

ამპლიტუდა

A (მ)

 

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ ზამბარის სიხისტე და ტვირთის მასა (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ ზამბარას გადახრის ამპლიტუდა და დაითვალეთ 10 -15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი ამპლიტუდაზე?

 

ბ) ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ტვირთის მასაზე

N ამპლიტუდა

A (მ)

 

ზამბარის სიხისტე

K (ნ/მ)

 

ტვირთის მასა

m (კგ)

 

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ ზამბარის დეფორმაციის ამპლიტუდა და სიხისტე (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ ტვირთის მასა და დაითვალეთ 10-15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი ტვირთის მასაზე?

 

გ) ქანქარას რხევის პერიოდის დამოკიდებულება ზამბარის სიხისტეზე

N ტვირთის მასა

m (კგ)

 

ამპლიტუდა

A (მ)

 

ზამბარის სიხისტე

K (ნ/მ)

 

 

რხევების

რიცხვი

N

 

რხევების დრო

t (წმ)

 

რხევის პერიოდი

T (წმ)

 

1.            
2.            
3.            

 

  1. აირჩიეთ ზამბარის ამპლიტურა და ტვირთის მასა (ამ სიდიდეებს არ ცვლით).
  2. კურსორის საშუალებით შეცვალეთ ზამბარის სიხისტე და დაითვალეთ 10-15 რხევის დრო.
  3. იპოვეთ შესაბამისი რხევის პერიოდი ფორმულით: T=
  4. ექსპერიმენტი გაიმეორეთ სამჯერ.
  5. გამოიტანეთ დასკვნა – არის თუ არა დამოკიდებული ქანქარას რხევის პერიოდი ზამბარის სიხისტეზე?

 

ექსპერიმენტის შედეგების გააზრების საფუძველზე, დისკუსიის შემდეგ, მასწავლებელს შეამოაქვს ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდის გამოსათვლელი ფორმულა.

ამ ბმულებით მასწავლებელმა ასევე შეიძლება ისარგებლოს კომპლექსური საკითხების სწავლებისთვის. ასეთია, მაგალითად, ნიუტონის კანონები – სხეულის წონასწორობისა და აჩქარებული მოძრაობის პირობები, სიჩქარისა და აჩქარების მიმართულების განსაზღვრა, მათემატიკური და ზამბარიანი ქანქარას მოძრაობის განხილვა ენერგიის მუდმივობის კანონის საშუალებით.

მსგავსი ექსპერიმენტების დაგეგმვა და განხორციელება შესაძლებელია არაერთი საკითხის ირგვლივ.

შეცდომის უფლება

0

ჩემმა მეგობარმა ოთარ მუზაშვილმა იცის ხოლმე თქმა: – მშობლის მთავარი მოვალეობაა, შვილს ყოველგვარ სიტუაციაში გვერდით დაუდგეს და გაამხნეოსო.

მინდა, ამის თაობაზე ჩემი ნაფიქრი გაგიზიაროთ.

შარშან ჩემმა 9 წლის შვილმა მათემ სკოლის წიგნები დაკარგა. ვიღაცას უთქვამს, ამის გამო დირექტორთან დაგიბარებენ, შენს მშობლებს ჯარიმას გადაახდევინებენ და დიდი აურზაური ატყდებაო.

ბავშვი ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა, ვერ იხსენებდა, ბოლოს სად ამოალაგა წიგნები და ორშაბათის დადგომას ელოდებოდა, რომ საკლასო ოთახში მოეძებნა.

მთელი პარასკევი საღამო, შაბათი და კვირა უხალისოდ უყურებდა მულტფილმებს, თამაშობდა და გველაპარაკებოდა.

მივხვდი, რომ გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა მის პატარა სხეულს და გონებას უკიდურესად ტანჯავდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს ჩემი, მშობლის მიერ რომელიღაც მომენტში ნებით ან უნებურად დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.

შვილების შეცდომებზე რეაგირება მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც მშობელს ზრდის როგორც პიროვნებას. თუ სხვისი პატიება გვიჭირს, შვილთან მიმართებით ბუნება ხანდახან ერთგვარ გამოცდას გვიწყობს და ასე გვაჩვენებს, რომ რაღაც ზადი გვაქვს, სადღაც გვიჭირს სრულყოფილების გზაზე და შველა გვჭირდება.

ეს გამოცდა ხანდახან უკიდურესად რთულ პერიპეტიებს მოიცავს (მაგალითად, ჰომოფობ მშობელს შვილი ჰომოსექსუალი აღმოაჩნდება) და ადრეულ ასაკში შვილთან დაშვებული უმცირესი შეცდომაც კი ზრდასრულ ასაკში მნიშნელოვან ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.

როგორ ვიქცევით, როდესაც ჩვენ შვილს თანატოლი სცემს, ან გამოცდაზე ჩაიჭრება, ან ფეხბურთის ჩემპიონატზე მისი კლუბი სამარცხვინოდ წააგებს, ან ჩვენი პატარა ონავარი ძვირფას ნივთს დაგვილეწავს?

მშობლის პასუხი თითოეულ მომენტზე უაღრესად მნიშნელოვანია და ამ ფაქტორმა, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება ჩვენი მომავალი თაობის ხასიათი, ქცევა, არჩევანი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება განსაზღვროს, რადგან ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ საკმაოდ გრძელი, რათა ის კიდევ ბევრჯერ სცემონ (პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით), ჩაიჭრას გამოცდაზე, წააგოს შეჯიბრება (თუნდაც სასიყვარულო) და კიდევ გააფუჭოს რაღაც.

სწორედ ის, თუ როგორ ედგა ასეთ წუთებში მშობელი გვერდით, განსაზღვრავს არჩევანს, რომელსაც ადამიანი პრობლემასთან შეჯახებისას გააკეთებს.

ვიღაც შვილს ეტყვის, რომ ის გენიოსია და გამომცდელები იყვნენ უტვინოები, ვიღაც მსაჯის მიკერძოებულობაზე იწუწუნებს, ვიღაც განრისხდება, ჩემს შვილს ცემა როგორ გაუბედესო, ხელს მოჰკიდებს ბავშვს და მის თანატოლებთან საქმის გასარჩევად გავარდება. იქნებიან ისეთებიც, ვინც შვილებთან კონკრეტული ამბის დეტალურად განხილვას არ დაიზარებს.

მთავარია, გვახსოვდეს: როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენი რეაქცია აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები (Kyla Haimovitz, Carol S. Dweck) მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშობლები, რომლებიც შვილებისგან ბევრს მოითხოვენ და მათ წარუმატებლობას რისხვით, წუხილით ან პრობლემისთვის თვალის არიდებით ხვდებიან, ბავშვებს დაბალი თვითშეფასებისთვის წირავენ, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაზე ტრაგიკულად აისახება.

 

მშობლებს და ალბათ მასწავლებლებსაც უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის შეცდომა და მარცხი მის ინტელექტსა და შესაძლებლობებთან კავშირში არ არის. შეიძლება, უკიდურესად ნიჭიერმა მოჭადრაკემ თავისზე სუსტ ოპონენტთან სულელურად წააგოს და ეს ტრაგედია არ არის, ბტწრყინვალე პიანისტმა დასკვნით კონცერტზე მღელვარების გამო მიუტევებელი შეცდომები დაუშვას და არც ამით დაიქცევა ქვეყანა.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენმა შვილმა წაიბორძიკა?

ა) დააკვირდით, როგორ რეაგირებს ბავშვი წარუმატებლობაზე. თუ ის გულგრილია ამ ყველაფრის მიმართ, შესაძლოა, ეს უკიდურესი დაბალი თვითშეფასების ან ფრუსტრაციის შედეგი იყოს. თუ ძალიან ბრაზობს და განიცდის, დეტალურად განიხილეთ მასთან ერთად, სად დაუშვა შეცდომა, დაგეგმეთ მომდევნო ცდა, სადაც ეცდება, საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს.

 

ბ) ნუ ჩაიციკლებით მარცხზე, იფიქრეთ გამარჯვებაზე. შეცდომების აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მომდევნო ცდაზე იმავე შეცდომაზე ფიქრი მხოლოდ ჭაობია. წაგებულ საჭადრაკო პარტიაში იმავე სვლის მოლოდინი და მის გადალახვაზე ფიქრი ისევ წაგებაა, დაშვებული შეცდომა გამოცდილებად უნდა იქცეს. გაამხნევეთ შვილი და უთხარით, რომ გამარჯვებაზე იფიქროს, ხოლო თუ არ გამოუვა, კიდევ სცდის.

 

გ) პროცესი უფრო საინტერესოა, ვიდრე შედეგი.

ამ აზრს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ შედეგია მთავარი და არა პროცესი, რასაც არ ვეთანხმები. თუ პროცესი სიამოვნებას არ გვანიჭებს, არც შედეგი ივარგებს.

 

დ) სწორად გაამხნევეთ. ხშირად ბავშვს გამხნევების ნაცვლად ვიბრალებთ: „ნუ გეშინია, ჩემო კარგო, მამიკო შენთანაა!“ „როგორ ვწუხვარ, რომ ამჯერად ვერ გაიმარჯვე!“ „შენი ბრალია, უაზრო შეცდომის გამო წააგე!“ – თუ ამ სამ ფრაზას შორის სწორ ვარიანტს იპოვით, ესე იგი სწორ გზაზე დგახართ.
ე) აუხსენით შვილს, რომ მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე არ არის დამოკიდებული, როგორი პიროვნებაა. მოუყევით ცოცხალ მაგალითებს ისტორიიდან და გაამხნევეთ (მაგალითად, მე ვუყვები ხოლმე მოსწავლეებს, რა სამარცხვინოდ გაიქცა ჩინგიზ ყაენი კარვიდან და მიატოვა ცოლი, მერე კი გაანალიზა საკუთარი საქციელი, სწორი დასკვნები გამოიტანა და ნახევარი დედამიწა დაიპყრო). აუხსენით, რომ ადამიანის ცხოვრება ცდებისა და შეცდომების კასკადია და ნურც შეურიგდებიან თავიანთ შეცდომებს, მაგრამ ნურც სიცოცხლეს შესწირავენ.

ვ) Helicopter Parenting

არსებობს ასეთი ცნება აღზრდის ფსიქოლოგიაში – Helicopter Parenting, ვითომდა შვილის დახმარების მიზნით მისი გასაკეთებლის გაკეთება. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნაწერის გასწორებისას შვილის გვერდით მჯდომი მშობლის სუნთქვა მიგრძნია, ბავშვს რომ კარნახობს, რა და როგორ დაწეროს. ეს არასწორია. თქვენ უნდა დაეხმაროთ მოზარდს, თავად იპოვოს გამოსავალი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუგეთ გვერდით ამ გზის ძიების პროცესში.

 

ზ) ხშირად უთხარით შვილებს ეს ფრაზა.
რაც უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში, თქვენ ის ყოველთვის გეყვარებათ. ბევრი იფიქრებს, ეს დანაშაულისა და უპასუხისმგებლობის წახალისება იქნებაო. არა. დამნაშავე დასჯის შიშითაც გახდება დამნაშავე. აჩვენეთ, რომ თქვენი მშობლის სიყვარული ღვთიური სიყვარულივით დიადია. მიეცით იმედი, რომ წაქცევის დროს, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, ვინც მას გულში ჩაიკრავს და გვერდით დაუდგება.

 

* * *

კვირა საღამოს დეტალურად ავუხსენი შვილს, რა შეიძლება მოჰყოლოდა წიგნების დაკარგვას. მდგომარეობა გამოუვალი არ იყო. ჯარიმის გადახდაც კი არ აქცევდა ჩვენს ცხოვრებას ტრაგედიად და სულ რომ სკოლიდან გაერიცხათ ამის გამო, არც ეს იქნებოდა ცხოვრების დასასრული. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ეს წიგნები სახელმწიფოს საკუთრებაა, რომ მათ მოფრთხილება სჭირდება, რათა მომდევნო კლასმაც ისარგებლოს.

„არ ღირს ასე ნერვიულობა, შვილო. ადამიანს აქვს შეცდომის უფლება. ჩვენ არ ვართ რობოტები. მეტიც, რობოტიც კი უშვებს შეცდომას. შეცდომა ხშირად გვზრდის, ძალას გვმატებს. ნუ შეგეშინდება შეცდომის, მაგრამ ეცადე, იშვიათად შეცდე“.

აი, რა ვუთხარი ჩემს შვილს.

დაკარგული წიგნები კი მეორე დღეს საკლასო ოთახში ვიპოვეთ.

გაკვეთილის თემა – სეზონები. თბილი სიტყვების შემგროვებლები

0

გაზაფხული გაღვიძების სეზონია. ის დროა, ყველა სითბოს მარცვალი თბილი ქვეყნებიდან მერცხლებთან ერთად რომ ბრუნდება, ღვივდება და იბარტყებს. წელს ძალიან დააგვიანდა გაზაფხულს. თოვლიან თებერვალს ასეთივე ცივი მარტი მოჰყვა. დიდი ქალაქის ბინადრები აპრილის შემოსვლასაც ვერ ვგრძნობთ, თუ უბნის პატარა სკვერში არ გვეგულება, ვთქვათ, ატმის პატარა ხე, რომელსაც პერიოდულად ვაკითხავთ გაზაფხულის გამოჭერის იმედით. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც გაზაფხული ვერაფრით გამოგეპარება. შეხვალ ზამთრულად მობუზული სკოლის ეზოში, შენობის კედელთან ატუზული ტყე კი ენძელებით ან ყოჩივარდებით ხელში შემოგეგებება. ჰაერიც თბილი წვიმით და ნედლი ყლორტ-ბალახების სურნელით გაჟღენთილა და ნაზამთრალი სითბოსა და სიმსუბუქის შეგრძნებით გავსებს.

ერთ დღესაც, მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი თაიგული რომ დამახვედრეს მაგიდასთან,  ზამთართან გამომშვიდობება გადავწყვიტე და „თბილი სიტყვების დღე“ მოვაწყვე. „საჩხრეკ“ მასალად რევაზ ინანიშვილის „ბედნიერება“ მოვიმარჯვე. ჯერ ბავშვებს ვთხოვე, გაეხსენებინათ მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც, თავი ბედნიერად უგრძვნიათ. შემდეგ დახუჭული თვალებით მოგზაურობის დრო დადგა. ჩემი მოსწავლეები ბედნიერ მოგონებებში დაბრუნებას და  მონატრებულ ადამიანებთან ჩახუტებული თუ პირველი თოვლის დანახვით თვალებგაბრწყინებული საკუთარი თავის დანახვას შეეცადნენ. ის, რისი აღდგენაც მეხსიერების ფოტოფირმა შეძლო, ფურცელზე შეძლებისდაგვარად გადმოხატეს და „ბედნიერების სკივრში“ შეინახეს. ბრჭყვიალა ემოციებით აღჭურვილები, მწერლისეულ სითბოში შევიყუჟეთ და მისი აივნის წინ ჩამწკრივებული სახლების, ხეების, ვენახების თუ ნაოჭებში ნისლჩამდგარი მთის იქით გადახვეწილი ქეჩოაჯაგრული განწყობები  ბედნიერი სიტყვების ქვეყანაში შემოვასახლეთ.

„მართლა რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ? ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?!“

წავიკითხეთ. ერთხანს გავყუჩდით… მერე გადავწყვიტეთ, ჩვენ-ჩვენი „ღუდღუდა“ მოგონებების მოთხრობად ქცევა გვეცადა. მაგალითი ხომ უნდა მიმეცა?! ჰოდა, მოვხსენი პირი წარსულის გუდას და მოსწავლეებს ბავშვობის ჭერქვეშ გამოზამთრებული თბილზე თბილი ამბები გავუზიარე:

დაახლოებით შვიდი-რვა წლისა ვიქნებოდი, ხის პატარა ფიცრულ ქოხში მოწყობილ კლუბში ჩემი პირველი ფილმის  „ზიტა და გიტა“ სანახავად რომ წამიყვანეს. წარმოდგენა არ მაქვს, ნაომარი, ჩაბნელებული და დამშეული ქვეყნის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში რა გზებით ჩამოაღწია ინდოეთმა. თუმცა მაშინ მსგავსი კითხვები ჯერ არ მაწუხებდა. ჩუმად ვიჯექი ხის გაურანდავ „ჯორკოზე“, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი უცნაურად მოცეკვავე გამოსახულებებს და თავი ყველაზე საოცარი მოვლენის მონაწილე მეგონა. ეს გრძელი გზაც, მეზობელი სოფლისაკენ და უკან, უფროს გოგო-ბიჭებს ადევნებულმა, ჩუმი ხვნეშით, მაგრამ დიდური სიამაყით გავიარე.

მეხსიერების კინოლენტას პატარა აღმოჩენებით გამოწვეული ბედნიერების არაერთი ნათელი კადრი შემოუნახავს. ერთ-ერთ მათგანზე ისევ ზემოაღნიშნულ სოფელში ვარ და ხევის წყლის მოვლა-პატრონობას მთელ ჩემს ბავშვურ დროსა და ენერგიას ვახარჯავ. პატარებს ხომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, გაცილებით იდუმალი და ვრცელი ეჩვენებათ. მეც ჩემი სოფლის „უზარმაზარი“ ეზოს დალაშქვრა არასდროს მბეზრდებოდა და ყოველთვის აღმოვაჩენდი-ხოლმე ისეთ ადგილს ან მოვლენას, რომელიც მხოლოდ ჩემი იყო. მაგალითად, ბლის ხეს, რომელიც ათობით ხეებს შორის გამოვარჩიე, რადგან ტოტების განლაგება მასზე აძრომას მიადვილებდა, თან კარგი ჩრდილიც ჰქონდა და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ მიგრილებდა… შემდეგ კადრში ხელში თოხი მიჭირავს და ეზოს ბოლოში ჩამომავალი პატარა ღელის კალაპოტს ვაფართოვებ, შლამისა და ათასი ჯურის ნაგვისგან ვწმენდ. ეს ის დროა, საკუთარ მდინარეზე ოცნებამ წყლის „მოშინაურება“ რომ გადამაწყვეტინა. ჯერ გუბეების ტბად ქცევა ვცადე, შემდეგ ღელისპირის გაფართოება დავიწყე. თუმცა, წვიმების სეზონს თუ არ ჩავთვლით, წყალი ისევ კოჭამდე მწვდებოდა და სასიამოვნოდ მიგრილებდა თითქმის ჩემსიმაღლე თოხის ქნევით დახეთქილ ხელისგულებს.

კიდევ ერთი კადრი, რომელიც ბავშვობის თბილი მოგონებების საცავში მეგულება და მათბობს, გაგიკვირდებათ და, პურის რიგს უკავშირდება. ოღონდ ქალაქურს კი არა, ისევ ჩემი ბავშვობის სოფლისას, პატარა საცხობის კართან ათას საინტერესო ისტორიად რომ იწერებოდა. ხანდაზმულები მეორე მსოფლიო ომის ამბებს იხსენებდნენ, აი ისეთებს, ვერც ერთ წიგნში რომ ვერ ნახავ, რადგან ვინმე რიგითი ბესარიონის იარები და შთაბეჭდილებები დიდი მსოფლიოსთვის ერთ პატარა უმნიშვნელო მოგონებას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, მსმენელებს არც თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების განხილვა-გაქილიკების გარეშე გვტოვებდნენ. ამ თანაზიარ მოგონებებში გამოჭერილი ნათელი წარსულითა და ჯერ კიდევ ბუნდოვანი მომავლის იმედით გამთბარი ახალგაზრდები, „ჯიმი, ჯიმი, აჯა, აჯას“ ღიღინით ველოდით ჩვენს წილ „პურს ჩვენი არსობისას“.

სადაცაა გაიღება ის ხის საღებავგახუნებული პატარა კარი და გამოვარდება დალოცვილი, ჟრუანტელის მომგვრელი სურნელი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე საზრდო. სწორედ ეს სურნელია იმედი იმისა, რომ ამ პატარა, ლამფის შუქით განათებულ სოფელში ხვალაც აუცილებლად გათენდება.

 

ამ ჯადოსნური დღის დასასრულს რამდენიმე მყუდრო, მოსაფრთხილებელი სიტყვის „გაცოცხლებაც“ შევძელით. ჯერ იმაზე დავფიქრდით, თუ რომელი სიტყვა-ცნება გვაბედნიერებს ყველაზე მეტად, რის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. შემდეგ პატარა მოგზაურობა მოვაწყვეთ კალიგრაფთა სამყაროში და ნამდვილი „სიტყვის მხატვრების“ ნამუშევრები დავათვალიერეთ. ბოლოს კი ჩვენი რჩეული სიტყვების კალიგრაფიული ნიმუშები შევქმენით.

მაისის მოგონება

0

ჩემი ერთი მასწავლებელი, რომელიც სკოლიდან შორს გავიცანი, ძალიან ჰგავდა მაისს. იმ მაისს, რომელიც უკვე მერამდენედ მოგვადგა კარს და გვიკაკუნებს. და ამ მსგავსების გამოა, რომ ეს რაღაც ყოველთვის მაისის მოახლოებისას მემართება ხოლმე – ვერაფერ სხვაზე ვერ ვწერ და ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც არა სკოლაში, არამედ სადღაც სხვაგან შეხვდით. არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც სკოლასთან მას შემდეგ არ ჰქონიათ არანაირი შეხება, რაც საშუალო განათლება მიიღეს, არადა, შეძლეს და ყველაზე ეთიკური და სევდიანი კვალი დატოვეს ჩვენზე. უკვე 4 წელია მაისის ყოველი მოახლოებისას სხვაზე ყველაფერზე წერა ძნელია, იმიტომ, რომ:

იქ, სადაც ჩემი ეზო მთავრდება და სხვა ეზო იწყება, დღეს მკვდარი სახლია დაყუდებული მოგონებების მონუმენტივით. შემიძლია ავდგე, შევიდე და არათუ ვირუსი, სულიერიც კი არ გამომეგებება ვინმე და მეტყვის: „არა მგონია იმდენად პრიმიტიული არსება იყოს ღმერთი, რომ ჯოჯოხეთში ადუღებულ ქვაბებს დასტრიალებდეს და ხალხს ტანჯვას აიძულებდეს“. იმიტომ, რომ ის, ვინც წესით ეს უნდა თქვას, აღარ არის და აღარც იქნება, რადგან სამყარო არაფერს ეკიდება იმდენად დიდი პასუხისმგებლობით, როგორც სიკვდილის საკითხს. 4 წლის წინ კი იმ სახლში, რომელსაც ახლა ფანჯრიდან ვუყურებ, ჩემი დიდი მეგობარი და მასწავლებელი ცხოვრობდა, ჩემზე ორჯერ უფროსი, ბავშვობიდან ჩამოყალიბებული რწმენის თუ ცრურწმენის მიხედვით კი, ყველაზე იდუმალი დედამიწაზე. ამიტომ იყო, რომ რაც კი რამ დამიწერია ოდესმე იმ კაცს ვარიდებდი და ერთხელ, როცა ფოთში იმ დროისთვის ახალდაბრუნებული და ქალაქისკენ რაღაც საჩქარო საქმეზე მიმავალი ვაპირებდი მისი სახლისთვის გვერდი უჩუმრად ამევლო, მოულოდნელად დავინახე, როგორ იჯდა ეზოში მძიმე ინფარქტგადატანილი, თავზე ქუდი ეხურა და მკერდით მზეს ეფიცხებოდა. შევედი, მოვიკითხე. მისაყვედურა და ჩემი სადებიუტო წიგნის ამბავი მკითხა. მე კი ვუთხარი, რომ რამდენიმე საათში დავბრუნდებოდი, გადმოვიტანდი იმ წიგნსაც და მართალია, ძველებურად ღვინოს ვერ დავლევდით, მაგრამ ბევრს ვილაპარაკებდით. მახსოვს, როგორ გამოვიხურე ჭიშკარი და მიყურებდა. იმ თვალებში კი ისევ ჰქონდა ირონიის ნაპერწკალი და მომეჩვენა, რომ რაღაც ისეთი იცოდა, მე რომ არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. მერეც, როცა უკვე მივეფარე თვალს, კარგა ხანს ვხედავდი იმ თვალებს – ქუჩაში, აფთიაქში, ყველა მოსახვევში, სადაც კი იმ დღეს მოვხვდი და როცა სახლში დავბრუნდი, თავის ეზოში აღარ დამხვდა. მითხრეს, რომ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. საჩქაროდ რაღაც წავაწერე წიგნს და რადგან მისი მონახულების უფლება არ მქონდა, გავუგზავნე ექიმის ხელით. ერთ კვირაში წავიდა, მოწყდა პაწაწინა ყვავილივით, ჩემსა და მის ეზოებს შორის მდგარ ტყემლის ხეს რომ სცვივა ახლა ყოველ გაზაფხულზე და, რაც მთავარია, პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა: წაიკითხა თუ არა წიგნი? არ უღალატა ჩემი ბავშვობის ცრურწმენას და ისეთივე დარჩა, როგორიც ყოველთვის მეგონა, რომ იყო: იდუმალი და ზომიერად ირონიული.

ახლა, როცა რაღაც ამაზრზენ სტატისტიკას მიჩერებული დედამიწის მკვდრებს საკუთარი ოთახებიდან ვითვლით, ბევრი დრო გვრჩება ფიქრისთვის როგორც მას, ვინც უკვე იფიქრა და ვერ იპოვა ერთი მიზეზიც კი, რატომ უნდა გაგრძელებულიყო სიკვდილის მერე თუნდაც წამით სიცოცხლე, მარადიულ არსებობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

და რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ, მით უფრო მივხვდებით, რომ ამ არსებობას მყარი დასაყრდენი არასდროს გააჩნდა.

ბოლოს წავა ალბათ ეს ვირუსიც და გაზაფხული გაცილებით ხელშესახები როცა გახდება, ვიდრე ფანჯრებიდან ჩანს, მისი ბოლო თვე ისევ იმ მასწავლებლის სიტყვებს გამახსენებს, ერთადერთი ტყემლის ხის მიღმა რომ ცხოვრობდა 4 წლის წინათ და ახლა იქ აღარ არის. და გავიმეორებ:

„მაისის ეს დღე, ჩვეულებისამებრ მზიან-ლირიკულია და ფიქრებითაც, უფრო დიდი სიამოვნებით მოგონებათა კრიალოსანს მარცვლავს, სევდანაფერი ღიმილით, ვიდრე მომავლის იმედიან ყიჟინას აყურადებს“.

 

სტაჟირება, როგორც სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა (ნაწილი პირველი)

0

 

რა არის work shadowing (შემდგომში სტაჟირების დღე)?

პირდაპირი თარგმანით ეს ტერმინი ვინმეს „სამუშაო ჩრდილქვეშ“ ყოფნას ნიშნავს. ეს არის გამოცდილების მიღების ერთგვარი ფორმა, რომელიც გულისხობს სამუშაოს შემსრულებლის საქმიანობაზე დაკვირვებას და იმის გარკვევას, როგორ ასრულებს ის კონკრეტულ საქმეს და/ან რომელ უნარებს იყენებს მის შესასრულებლად. აღნიშნული მკვეთრად განსხვავდება სტაჟირების ტრადიციული ფორმისგან, რადგან მოკლევადიანია (შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე ან რამდენიმე საათი), არ არის ანაზღაურებადი, მიზნად ისახავს შეხედულების შექმნას გარკვეულ სამუშაოზე და არა უშუალო გამოცდილების მიღებას.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნები მუდმივად ეძებენ ისეთ მიდგომებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. მაგალითად, არსებობს მეთოდი, რომელიც გულისხმობს, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას. შესაბამისად ვთანხმდებით, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად უნდა უკავშირდებდეს ცხოვრებისეულ რეალობას. ეს, შეიძლება ითქვას როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაზე. მსგავსი მიდგომა, მომავალში, ზრდის გამოწვევბისადმი მდგრადობას.

ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას Work shadowing, ანუ სტაჟირების დღე წარმოადგენს, რასაც ძალიან კარგად იყენებს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო მოდელის მქონე ესტონეთი. თვითმართული სწავლების ფარგლებში გიმნაზიის მოსწავლეები სხვა აქტივობების პარალელურად აკვირდებიან მათთვის სასურველ და საინტერესო პროფესიაში დასაქმებულ პირებს და შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთსა და მენტორს.

2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ტალინის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინოვაციისა და ლიდერობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, სალომე ხურციძის დახმარებით მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების მოსწავლეები მენტორინგის პროგრამაში ჩავრთე, რომელიც თვითმართული სწავლების ნაწილს წარმოადგენს (თვითმართული სწავლების არსს სიღრმისეულად განვიხილავ შემდგომ სტატიებში). პროგრამის დაწყებისთანავე სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. ამის გამო მისი განხორციელება დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელეთ. ასეთ ფორმატში შეუძლებელი იყო სტაჟირების კომპონენტის სრულყოფილი ამოქმედება…

…თებერვლის დასაწყისში, ფიზიკურ გარემოში დაბრუნებისთანავე დავიწყეთ სტაჟირების დღის დაგეგმვა. სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ დავგემოთ სტაჟირების დღე, ისე, რომ იყოს შემეცნებითი და დატვირთული ახალი გამოცდილებით.

როგორ დავგეგმოთ მოსწავლეთა სტჟირება?

  • გავაცნოთ სტაჟირების ძირითად პრინციპები;.

მთავარია, ერთად გავიაზროთ, რომ ეს სტაჟირება არ გულისხმობს რაიმე სამუშაოს შესრულებას ან დახმარებას. მათ მოუწევთ, შერჩეულ ორგანიზაციაში დააკვირდნენ ერთ კონკრეტულ თანამშრომელს ან მცირე ჯგუფს წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

გონებრივი იერიშის პრინციპით ჩამოვთვალეთ ორგანიზაციები/დაწესებულებები, რომლებთანაც შეგვეძლო კომუნიკაცია. ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა. პირველსავე ეტაპზე გამოკვეთილი შესაძლო ვარიანტები დავჰყვავით საჯარო და კერძო სექტორებად.

  • შევიმუშაოთ დაკვირვების ფორმა.

ყოველკვირეული შეხვედრების ფორმატში შევიმუშავეთ დაკვირვების ფორმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რაზე მოუწევთ დაკვირვების წარმოება. ეს შეიძლება იყოს ისეთი კომპეტენციების გამოვლენა, როგორებიცაა: ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, თანამშრომლობა, კრეატიული მიდგომა, მოქალაქეებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა. ჩვენს შემთხვევაში, აქცენტი გავაკეთეთ 21-ე საუკუნის უნარებზე, კომუნიკაციაზე, ვალდებულებების გადანაწილებაზე და სტრესულ გარემოზე.

  • შევთანხმდით სტაჟირების დღეს მიღებული გამოცდილების გაზიარების ფორმატზე.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, როგორი საშუალებით მოუწევთ სტაჟირების დღის შთაბეჭდილებების გაზიარება. ეს შეიძლება იყოს მარტივი პრეზენტაცია, პოსტერი, ვიდეო და სხვა. მთავარია, წინასწარ იყვნენ მზად ამისთვის. მომზადებული პრეზენტაცია უნდა სცემდეს პასუხებს შემდეგ საკითხებს:

  • სად იყავით სტაჟირების დღის გასავლელად?
  • რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული გამოცდილებით?
  • ჩამოთვალეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები, რაც თქვენ მიერ არჩეულ ორგანიზაციაში დასაქმებულს სამუშაოს შესასრულებლად სჭირდება;
  • დაასახელეთ, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სტაჟირების დღის შედეგად ისწავლეთ;
  • დაასახელეთ, რომელი პიროვნული თვისებები სჭირდება ამ პროფესიაში დასაქმებულ პირებს…
  • გამოვკვეთოთ ინტერესები და მოსწავლეთა საჭიროებები.

მარნეულში ბევრი ორგანიზაცია და დაწესებულებაა და შესაბამისად, არჩევანიც დიდია. შესაძლებელია, სოფელში დაწესებულებების ნაკლებობა იყოს. ამის გამო არ დანებდეთ, რადგან თითქმის ყველგან არსებობს  მაღაზია, ამბულატორია, საბავშვო ბაღი თუ სხვა სივრცე, სადაც სტაჟირების ფორმატში საინტერესო და ინფორმაციული დაკვირვება წარიმართება. თუ არ იქნება ორგანიზაციების/დაწესებულებების სიმრავლე, დაყავით მოსწავლეები მცირე (3-4-კაციან) ჯგუფებად.

  • პროტოკოლის წესების შეთანხმება.

მოსწავლეებმა განსაზღვრული საათები უნდა გაატარონ მათთვის უცხო გარემოში. მნიშვნელოვანია, მიიღონ თანხმობა ფოტო/ვიდეოგადაღებაზე, არ დაარღვიონ დადგენილი ქცევის წესები, დაიცვან კოვიდშეზღუდვები და ა.შ.

პანდემია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად მოგვევლინა. სწორედ ამის გამო საჯარო სექტორის წარმომადგენლები ნაკლებად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. მოსწავლეებმა მიმართეს იუსტიციის სახლს, მაგისტრანტ სასამართლოს, ცენტრალურ საავადმყოფოს და სხვა ორგანოებს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს. სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ოთხ ორგანიზაციაში განხორციელებულ წარმატებულ სტაჟირებას, მოსწავლეების დაკვირვების შედეგებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებს.

გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

მასალის გრაფიკული სახით ორგანიზაცია აზროვნების პროცესის დემონსტრაციის პოპულარული მეთოდია. გრაფიკული (ვიზუალური) ორგანიზატორები, ანუ კოგნიტური დიაგრამები წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციის ინსტრუმენტია, რომელიც გრაფიკული ხერხით – მოდელებით, ნახატებით, ნახაზებით, სქემებით, დიაგრამებით და სხვ. – ახდენს ცოდნის, იდეების, მათ შორის კავშირების რეპრეზენტაციას. ისინი შინაარსის თავლსაჩინოდ გადმოსაცემად გამოიყენება და ინფორმაციის ორგანიზებაში გვეხმარება, რათა გაგვიადვილდეს მისი დამახსოვრება, ათვისება, ანალიზი და გამოყენება.

გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს ეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში, არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში; რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სტრატეგიის ტრანსფერს სხვა მასალის დამუშავების დროს.

შესაბამისად, გრაფიკული ორგანიზატორების საშუალებით მოსწავლე ანაწევრებს და  ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას, შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას, ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

კოგნიტური დიაგრამები გამოიყენება, როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე, მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს; ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების დროს; საშინაო დავალების, ან საკლასო სამუშაოს დროს; ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს. როგორც დიდაქტიკური საშუალება, ისინი ილუსტრაციულ, კომუნიკაციურ და კოგნიტურ ფუნქციას ასრულებს და გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ მოსწავლეთა საქმიანობის გამოხატავად საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვისას, პრობლემის გადაჭრისას, გადაწყვეტილების მიღებისას და კვლევების წარმოებისას.

გრაფიკული (ვიზუალური) ორგანიზატორების შემდეგი სხვადასხვა სახე არსებობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

დროის სკალა, რომელიც მოვლენებს, პროცესებს, ამბებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცემს, მაგ, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება, საქართველოს ტერიტორიის ფორმირება, კონტინენტების წარმოშობის ისტორია და სხვ.

მოვლენათა ჯაჭვის გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როცა საჭიროა მოქმედებათა ეტაპების ორგანიზება, მოვლენათა თანმიმდევრობის აღნიშვნა, ობიექტის, მოვლენის ან პროცესის მოქმედებებისთვის თვალ-ყურის მიდევნება, მოვლენის უმნიშვნელოვანესი მომენტების ჩაწერა, მაგ: ვულკანის ამოფრქვევის, მეწყერის წარმოქმნის ეტაპები.

ციკლური (წრიული) დიაგრამები ციკლის ცალკეულ იტერაციებს გვიჩვენებს – და გამოიყენება ერთი და იმავე თანმიმდევრობის მქონე მოვლენათა სერიის, მაგ: წყლის წრებრუნვის გამოსახატად.

შედარებისა და შეპირისპირების სქემები – ვენის, „სამყურას ფოთლის“ და T -დიაგრამები გამოიყენება ორი ან რამდენიმე კატეგორიის ობიექტის, მოვლენის, პროცესის მსგავსება-განსხვავების იდენტიფიკაციისთვის. ვენის დიაგრამას, ჩვეულებრივ, იყენებენ ორი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ერთი ფაქტის, მოვლენის, პრობლემის, ტექსტის და ა.შ. შესახებ ინფორმაციის შესადარებლად. თუ ადარებენ სამ სხვადასხვა ობიექტს, გამოიყენება „სამყურას ფოთლის“ დიაგრამა. მაგ: გერმანიისა და საფრანგეთის გეოგრაფიული მდებარეობის შესადარებლად ვენის დიაგრამის გამოყენებაა მიზანშეწონილი, ხოლო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესადარებლად – „სამყურა ფოთლის“.

T – დიაგრამა საკითხის ყველა მხარეს ასახავს, მაგ: მხარდამჭერ და საწინააღმდეგო არგუმენტებს, პლუსებსა და მინუსებს, ფაქტებსა და მოსაზრებებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა, მაგ: აშენდეს უნდა თუ არა სვანეთში  ჰიდროელექტროსადგური, უნდა გაწევრდეს თუ არა საქართველო ნატოში და სხვ.

იერარქიული ორგანიზატორების საშუალებით ხდება ობიექტების, ელემენტების, მნიშვნელობების, ცნებების თანმიმდევრობით დალაგება მათი რანგის, თვისებების, მნიშვნელობების საფუძველზე. მათ მიეკუთვნება სამკუთხა (პირამიდალური) დიაგრამა, რომელშიც დონის (ფენის) სიმაღლე მის სტატუსს წარმოადგენს იერარქიაში, ხოლო სიგანე – ამ დონის შემცველი ელემენტების რაოდენობას; ხეები ობიექტის, მოვლენისა და პროცესის სტრუქტურასა და კლასიფიკაციას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. ასეთი პირამიდები შეიძლება გამოყენებული იქნეს მთებში სიმაღლებრივი სარტყლურობის, ლანდშაფტების გავრცელებისა და სხვ. საჩვენებლად.

კონცეპტუალური ორგანიზატორები განსახილველი თემის მთავარი იდეების, შინაარსის არსს – ფაქტებს, თვისებებს, საკვანძო სიტყვებს ხსნიან. ასეთია მენტალური (აზრობრივი) რუკა, ანუ ინტელქტრუკა, რომელიც ფოკუსირებულია ერთ რომელიმე ცენტრალურ იდეაზე და რომლის დეტალიზაცია ამ იდეასთან დაკავშირებული კატეგორიების მიხედვით რადიალური იერარქიის ან ხისმაგვარი სტრუქტურის მეშვეობით ხდება. მაგ: თემა ორიენტირების შესწავლისას შესაძლებელია ასეთი მენტალური რუკის შედგენა.

მონაცემთა გრაფიკული ორგანიზატორები – გრაფიკები, ბადეები, ცხრილები – გამოიყენება რაოდენობრივი მონაცემების სქემატური სახით წარმოსადგენად.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მათი საშუალებით შესაძლებელია შემდეგი პედაგოგიური ამოცანების შესრულება: აპრიორული (წინარე) ცოდნის აქტუალიზაცია და ახალ ინფორმაციასთან დაკავშირება; ცოდნისა და განათლების მიღების პროცესის მხარდაჭერა და გააზრება (კლასიფიკაცია, გენერალიზაცია, სხვადასხვა ტიპის ასოციაციის გამოვლენა და სხვ.); კრიტიკული აზროვნების უნარებისა და მაღალი დონის კოგნიტური პროცესების – ანალიზის, შეფასებისა და შექმნის – განვითარება; საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგების დოკუმენტირება, მოსწავლეთა მიღწევების შეფასება (წინარე, შუალედური და საბოლოო კონტროლი).

 

 

 

„გოჭი პეპა“ – უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი გზავნილები ბავშვებს

0

 ბავშვის სრულფასოვან განვითარებაში, თავისუფალ, ლაღ ადამიანად ჩამოყალიბებაში ოჯახის შემდეგ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ანიმაციურ ფილმებსა და წიგნებს. თუ დავკონკრეტდებით, იმ პერსონაჟებს, რომლებიც უყვართ, მოსწონთ და აღაფრთოვანებთ.

ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟების ხედვა, მოსაზრებები, ცხოვრების სტილი – მისაბაძი და საოცნებო ხდება. და სწორედ ამ დროს იტვირთება მათ ცნობიერში მათი სამომავლო „მე“, ის „მე“ როგორადაც მათ სურთ ყოფნა. ეს იმდენად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია, რომ არასოდეს ხუნდება და გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, აზროვნებასა და ღირებულებებზე.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთია ბრიტანული მულტსერიალი „გოჭი პეპა“, რომელშიც სწორად რომ ბავშვების სამყაროა წარმოდგენილი – ნათლად და გასაგებად. პერსონაჟები მარტივად არიან დახატული, ზედმეტი გადატვირთულობის გარეშე. პასტელის თბილი ფერები, უკან – სადა, მარტივი ფონი ბავშვს არ აღიზიანებს და მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს. უნდა აღინიშნოს მუსიკაც, რომელიც ასევე სიმშვიდისა და ბედნიერების განწყობას ქმნის.

ანიმაციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ოჯახს, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ, ყველა გადაწყვეტილებას, უმნიშვნელოსაც კი ერთად იღებენ, ერთმანეთს წყენას პატიობენ და პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

მულტსერიალის ყველა სერია იწყება: ოჯახის გაცნობით – დედა და მამა ღრუტო, გოჭი – გოგო პეპა და უმცროსი ძმა – ბიჭი ჯორჯი. შემდეგ კადრი მათ სახლზე გადადის – როგორც ოჯახის მთლიანობის სიმბოლოზე.

პეპას ოჯახი ნამდვილად ბედნიერია და მათი ემოციები, ყოველთვის მკაფიოდ, ბავშვებისთვის გასაგებად, მარტივადაა გამოხატული. ეს იქნება მოწყენა – ამობრუნებული რკალით თუ იმ მხიარულებით, ოჯახის ყველა წევრის გულიანი სიცილი რომ მოსდევს.

პეპას ისტორიები მხოლოდ ბავშვებისთვის როდია, მშობლებისთვისაც აუცილებელი სანახავია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მამა და დედა ღრუტოებისგან. მაგალითად, იმის, რომ ჩვენს შვილებს ვესაუბროთ, შეცდომები ვაპატიოთ და კარგი საქციელისთვის შევაქოთ.

ამ ძალიან საყვარელ ოჯახს, საკუთარი „ოჯახური“ თამაშებიც აქვს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის.  მაგალითად, როდესაც პატარა ძამიკო ჯორჯს თავისი საყვარელი დინოზავრი დაეკარგება – მის ძიებაში მთელი ოჯახია ჩართული. მამა ღრუტო აცხადებს, რომ მისი პოვნა გამომძიებლის საქმეა.

– და ვინ არის გამომძიებელი? – კითხულობს პეპა, რასაც მამა ღრუტოს პასუხი მოსდევს და ცნობისმოყვარე, აქტიური პეპა მაშინვე გამომძიებლად იქცევა. აბა, როგორი საქმეა, საყვარელ ძამიკოს საყვარელი დინოზავრი დაეკარგა და ის მოწყენილია, დროა გამხიარულდეს. პეპას გამომძიებლობაში მთელი ოჯახი ეხმარება, აძლევენ მითითებებს, რჩევებს – დასასრულ კი სათამაშოს პოულობენ და ყველა ბედნიერია, პეპას კი მამა ღრუტო აქებს, ის მშვენიერი გამომძიებელი და დაიკოა.

ხშირად, შევამჩნევთ ასეთ კადრს: მამა და პეპა ჭადრაკს თამაშობენ, დედა კი წიგნს კითხულობს – ეს სწორედ რომ ოჯახური იდილია და ნორმაა. პატარა ასაკიდანვე ოჯახის რაობაზე მსგავსი წარმოდგენების შექნა მეტად საჭირო და აუცილებელია.

გარდა ამისა, ეს ეპიზოდი – წიგნიერებისა და ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციასაც ეწევა.

როდესაც პეპას ოჯახზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ არის გადანაწილებული მის ოჯახში მამისა და დედის როლები. მაგალითად, სერიაში „დედა ღრუტო მუშაობს“ – დედას ბევრი სამუშაო აქვს კომპიუტერთან, მამა ღორი კი სამზარეულოში წვნიანს ამზადებს. შემდეგ, როდესაც მამა დედას კომპიუტერის შეკეთებას ცდილობს, დედა ღრუტო წვნიანს ამზადებს. აქ არავინ არაფერს თაკილობს, პირიქით ერთმანეთს ეხმარებიან და ოჯახში იმ საქმეს ჰკიდებენ ხელს, რომლის გაკეთებაც საჭიროა იმ მომენტისთვის. სამომავლო სწორი გენდერული წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის პეპას სერიალი ბავშვებს მნიშვნელოვან გზავნილებს აწვდის.

მულტფილმში გვხვდება მკვეთრი ინსტრუქციაც, რომელთა ცოდნა მათი მაყურებლებისთვის აუცილებელია. მაგალითად: „პეპა, თუ გუბეში ხტუნვას დააპირებ, ჩექმები აუცილებელია“ და სხვ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბავშვების აღზრდა-განათლებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბებია და ბაბუაც. როცა პეპა სასკოლო სპექტაკლისთვის როლს სწავლობს, მას ოჯახის ყველა წევრი ეხმარება და ამხნევებს.

პეპას და მისი ოჯახის ამბების ნახვა არც მასწავლებლებს აწყენდათ. პეპას ბაღის მასწავლებელი ქალბატონი თხა იდეალური მასწავლებელია. როდესაც პეპა წუხს იმის გამო, რომ მის ძმას ხატვა კარგად არ გამოსდის, მასწავლებელი ეუბნება: იქნება, შენ სცადო და დაეხმაროო. თუმცა, როდესაც პეპას მიერ ნასწავლი ყვავილი ჯორჯის ფურცელზე დინოზავრი გამოდის, მასწავლებელი ორივეს ნამუშევარს აქებს და კედელზე გამოფენს. მისი თითოეული სიტყვის მოსმენისას, რჩება შთაბეჭდილება თითქოს მასწავლებლის სახელმძღვანელოს ვკითხულობდეთ, რთულ მომენტში რა უნდა ვთქვათ და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია ბავშვებს.

პეპას ჯგუფში მხოლოდ ღორები არ სწავლობენ. აქ შეხვდებით თეთრ ბაჭიას, შავ ლეკვს, ყვითელ კნუტს და სხვ. ეს განსხვავებულობა არავის ადარდებს, საუკეთესო მეგობრები არიან და ერთად მშვენიერ დროსაც ატარებენ. რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვებში ტოლერანტული ხედვის, განსხვავებულის მიმღებლობისა და ემპათიის ჩამოყალიბებაში.

პეპას პერსონაჟი ძალიან კეთილი და ცნობისმოყვარეა. მას არასდროს ავიწყდება საკუთარ ძმაზე ზრუნვა, „მადლობისა“ და „ბოდიშის“ თქმა. პეპა უშვებს შეცდომებს, ზუსტად ისეთივეს როგორსაც უშვებენ ამ ასაკის ბავშვები. მაგალითად, ძალიან ჩვეულებრივს და ნაცნობს: უფროს დას არ უნდა, რომ მის ჯგუფში მისმა უმცროსმა ძმამ იაროს, რადგან მას საკუთარ მეგობრებთან თამაში სურს და არა ჯორჯთან. თუმცა შემდეგ ამ შეცდომებს ასწორებს და მაყურებლებსაც ასწავლის პრობლემების გადაჭრის გზებს.

პეპას ძალიან უყვარს საკუთარი ოჯახი, დედიკოს დაბადების დღეზე სიურპრიზის მომზადებაში მთელ ოჯახთან ერთად აქტიურადაა ჩართული.

საინტერესოა დედა ღრუტოს დაბადების დღე – რომელიც იწყება საუზმით ლოგინში. საუზმეს – ერთ ცალ ვარდთან, პეპას და ჯორჯის მისალოც ბარათთან ერთად მამა ღრუტო მიართმევს. დედა ღრუტო საოცრად გახარებულია.

ტორტზე დასანთები სანთლები არ კმარა, თუმცა ეს რა მოსატანია, მერე რა, იყოს სამი სანთელი, მთავარია, რომ წვეულება გაგრძელდეს და დედა ღრუტო ბედნიერი იყოს. დაბადების დღეზე სტუმრად ბებია და პაპაც მოდიან, საჩუქრად კი იუბილარი ულამაზეს კაბას იღებს. და სწორად იმ დროს, როდესაც დედა ღრუტო, ახალ მბზინვარე კაბაშია გამოწყობილი მამა ღრუტო უცებ პიჯაკის ჯიბიდან ორ ბილეთს იღებს და მეუღლეს საყვარელ სპექტაკლზე ეპატიჟება. სანამ დედა გადაწყვეტს, ბებია მაშინვე პასუხობს, რომ არ არის პრობლემა ბავშვებს ის დაიტოვებს, რაც ძალიან ამხიარულებს პეპას და ჯორჯს. ნაცვლად იმისა, რომ მანაც თეატრში წასვლის სურვილი გამოთქვას. ყველა ბედნიერია.

ბავშვები კი სწავლობენ, როგორ გაუგონ და შეიყვარონ, როგორ გააბედნიერონ მშობლები, ძმები, მეგობრები, ოჯახის სხვა წევრები.

ძალიან ბევრის თქმა შეიძლება პეპას ოჯახზე, მის პერსონაჟზე და იმ გზავნილებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესი, საჭირო და აუცილებელია, თუ ჩვენი შვილების სწორ ღირებულებებით აღზრდა, კეთილ, მოსიყვარულე, ტოლერანტულ, მეგობრულ და მშვიდ ადამიანებად ჩამოყალიბება გვინდა. რომლებისთვისაც ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქნება ამქვეყნად, ხოლო სახლი კი – საუკეთესო ადგილი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...