კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

განათლება სწორი ქცევისა და ხედვის ფორმირებისთვის, ფინეთის გამოცდილება

0

ბავშვებმა იციან, რომ ორსულობა სექსთან ასოცირდება, მაგრამ მათი უმრავლესობა ამ ცოდნას არა სახელმძღვანელოდან, არამედ სპეციალური სწავლების მიღმა იძენს. სექსუალური განათლება ის მტკივნეული თემაა, რომლის განხილვასაც უფროსი თაობა თავს არიდებს – ჯერ ერთი ის უხერხულ განცდებს იწვევს, მეორეც, მშობლებმა და  ხშირ შემთხვევაში პედაგოგებმაც კი არ იციან, რა ფორმით უნდა ისაუბრონ რეპროდუქციულ საკითხებზე ისე, რომ მოზარდებს „არაფერი დაუშაონ“.

ვიდრე უფროსები სექსუალური განათლების ფორმებზე მსჯელობენ, ბავშვები თავად პოულობენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე, ძირითადად გლობალურ ქსელში. დიდი ალბათობით კი ეს ინფორმაცია ბავშვებისთვის სულაც არ არის განკუთვნილი.

მაგრამ უფროსი თაობა ბავშვებს სხვა არჩევანს არ უტოვებს მათი პიროვნების ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე – მოზარდად ჩამოყალიბების პერიოდში. ამდენად, სექსუალური განათლება გამუდმებით და სხვადასხვა მიზეზით მშობლების, პედაგოგიური და სამედიცინო საზოგადოების უგულებელყოფის ზონაში რჩება.

მოდით, სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, მაგალითად, ფინეთის, რომლის განათლების სისტემისთვის საქებარ სიტყვებს არავინ იშურებს.

ფინეთი მოსწავლეთა სექსუალური განათლების ხარისხით ამაყობს. ქვეყანაში სამართლიანად მიაჩნიათ, რომ სასწავლო გეგმაში სექსუალობის გაკვეთილის ჩართვა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის, მათი სწორი ქცევისა და ხედვის ფორმირებისთვის, სრულფასოვანი ჰარმონიული ოჯახის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

ფინეთის ოჯახის ფედერაცია, რომელიც 1941 წელს ოჯახების დასახმარებლად და მათი უფლებების დასაცავად შეიქმნა, გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის – „ჯანმრთელობის დაცვის“ – შეტანისა. ის აქტიურად ლობირებდა ბიუჯეტის გამოყოფას კონტრაცეფტივებისა და ორსულობის დასაგეგმი მომსახურეობებისთვის.

ამჟამად ფედერაციას სურს, დანერგოს ახალი პროგრამა, რომელიც 20 წლამდე გოგონებს კონტრაცეფციის უფასო საშუალებებით უზრუნველყოფს.

ფედერაციის საქმიანობის მთავარი პრინციპია: ყველა ბავშვი სასურველის სტატუსით და ჯანმრთელი იბადებოდეს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ფედერაციის პრეზიდენტი ოჯახისა და ბავშვთა უფლებების დამცველიცაა, რაც იმას მოწმობს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აღიარებს ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ავტორიტეტს.

ფედერაციის გენერალური დირექტორი, ეივა კოივურანტა დარწმუნებულია, რომ სექსუალური განათლების თემას ახალგაზრდები პრაგმატულად უნდა უდგებობდნენ. ამ მიმართულებით სისტემურ მუშაობას ხომ პრაქტიკული შედეგი მოაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის დასაზოგადაც.

ფედერაციის გენერალური დირექტორის თქმით, ევროპის მასშტაბით, ფინელ მოზარდებს შორის აბორტებისა და არასწრულწლოვანი დედების მშობიარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საგრძნობლადაა შემცირებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რიცხვი, ამ მიზეზებით გამოწვეული უშვილობის შემთხვევები, მოზარდებში თამბაქოს წევა და სხვ.

ბოლო წელიწად-ნახევრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ფინეთში სექსუალურ ცხოვრებას გაცილებით გვიან, საშუალოდ 17 წლის ასაკში იწყებენ, ხოლო იმ ბიჭებს შორის, ვინც ადრეულ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, სწორედ ისინი ჭარბობენ, ვისაც საგანში „ჯანმრთელობის დაცვა“ დაბალი ქულები უწერიათ.

ფინეთში დაასკვნეს, რომ სექსუალური განათლების სამყაროში ბავშვების მეგზურად სპეციალურად მომზადებული ბიოლოგიისა და ჯანდაცვის პედაგოგი, და სკოლის სამედიცინო პერსონალი გამოდგებოდა. ამ მიმართულებით ეს ადამიანები დამატებით სწავლებას  გადიან. მათთვის სპეციალური კურსიც შემუშავდა.

2004 წლიდან ფინეთის უნივერსიტეტებში, ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, მასწავლებლების მოსამზადებელი ფაკულტეტი არსებობს. საგანმანათლებლო პროცესის უშუალო მონაწილეებია სკოლის ექთანი და ექიმი (ზოგიერთ თემაზე ისინი ატარებენ გაკვეთილებს, გასცემენ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს). მოზარდების მოთხოვნის საფუძველზე მათ შეუძლიათ უფასოდ დაარიგონ კონტრაცეფტივები მათთვის, ვინც უკვე რეგულარული სექსუალური ცხოვრება დაიწყო.

ფინეთში სექსუალური განათლება მარტივად დაინერგა, მშობლებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგობის გარეშე. ყველა აცნობიერებდა, რომ ასეთი განათლება ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობის ინტერესებს მოემსახურებოდა.

ფინურ საზოგადოებაში სექსუალობისადმი დამოკიდებულება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიცვალა – მასზე უფრო ღიად დაიწყეს საუბარი, იმართებოდა ბევრი დისკუსია. თავდაპირველად ამ თემაში უფროსი თაობა გაერკვა, შემდეგ კი აღიარა, რომ სექსუალური განათლება ბავშვებსაც სჭირდებოდა.

1970 წელს „ჯანმრთელობის დაცვა“ სავალდებულო სასკოლო პროგრამაში შეიტანეს (ახლა მისი გაკვეთილი კვირაში ერთხელ ტარდება). 2000-იანი წლებიდან კი ის მე-7 კლასიდან საგანმანათლებლო დისციპლინის განუყოფელ კომპონენტად იქცა, თუმცა მანამდე ზოგიერთ რეპროდუქციულ საკითხს ბავშვები დაწყებით სკოლაში, ბუნების გაკვეთილზე ეცნობიან.

სექსუალური განათლების მიზანია, ასწავლოს ბავშვს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობას, მათ შორის რეპროდუქციულს, განავითაროს ბუნებრივი დამოკიდებულება სექსუალობისადმი, გააცნობიეროს საკუთარი გენდერული იდენტობა, ზნეობრივი ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აშენდება ურთიერთობა პარტნიორთან. ამ საკითხებს გაკვეთილზე მოცემული დროის 99% ეთმობა და მხოლოდ 1% სექსუალური კავშირის თემებს.

ჰელსინკის მუნიციპალიტეტის სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების კონსულტანტ კირსი-მარია ოროს თქმით, სექსი ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა, ისევე როგორც ძილი და კვება. განსხვავება ის არის, რომ ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა არ იწვევს ადამიანის სიკვდილს, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ქცევის დარღვევას, აგრესიას. სექსუალური განათლება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი – ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების, ემოციების მართვისა და შეგნებული „დიახ“ ან „არას“ თქმის თვალსაზრისით. სხვათა შორის, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სკოლის საგნის, „ჯანმრთელობის დაცის“ სწავლებამ სასარგებლო გავლენა იქონია სასკოლო ატმოსფეროზე, მოსწავლეთა შორის ურთიერთობაზე.

პროფესორი ოსმო კონტულა, სექსუალური განათლების სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილებით, რამდენიმე თემატური წიგნის ავტორიცაა. მისი აზრით, სექსუალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, რადგან დედები ბევრად ხშირად საუბრობენ მგრძნობიარე თემებზე გოგონებთან, ვიდრე ბიჭებთან, ხოლო მამები, როგორც წესი, საერთოდ თავს იკავებენ ასეთი საუბრებისგან. ამდენად, ბიჭები თავად ეძებენ სექსუალური ცოდნის მიღების გზებს, მათ შორის პორნოგრაფიის საშუალებით.

პროფესორი დარწმუნებულია, რომ სექსუალური განათლების მიღება სკოლაში უფრო ადრეულ,10-12 წლამდე ასაკშია საჭირო. და მართლაც, თუკი წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოჰყვეს მოზარდების სარისკო ქცევას, თავისუფლად გავიზიარებთ გამონათქვამს „უკეთესია ერთი წლით ადრე, ვიდრე ერთი დღით გვიან“.

ოსმო კონტულა ბიჭების გამოკითხვის მონაცემებსაც ხშირად იშველიებს, რომელთა თანახმად, მათ მიაჩნიათ, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, შეძლოს აუდიტორიის უხამსი ხუმრობების განეიტრალება, ისაუბროს იმაზე, თუ რა ადარდებს ბიჭებს (მაგალითად, ვარ თუ არა ნორმალური, საკმარისად ვარ თუ არა განვითარებული ჩემი ასაკისთვის, რას ფიქრობენ სექსზე გოგონები და ა.შ.). მეტიც, ფინეთში სკოლის მოსწავლეები ბევრ შეკითხვაზე იღებენ პასუხს არა მხოლოდ ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილების მსვლელობისას, არამედ როლური და კომპიუტერული თამაშების პროცესში.

მაგალითად, სექსუალური განათლების გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, დაწერონ მოკლე კომენტარი იმის შესახებ, როგორ შეაფასებდნენ საგნის ეფექტურობას წლის განმავლობაში. ასევე, ათამაშებს თამაშს, რომელიც ჰგავს კითხვებზე პასუხის გაცემას ფორმატში – „რა? სად? როდის“. ვთქვათ, შეკითხვაზე – როდის შეგიძლია გქონდეს სექსი? სწორი პასუხია – „არა უადრეს 16 წლისა, როდესაც მზად იქნები აიღო პასუხისმგებლობა  პარტნიორზე“. შეკითხვაზე – შეუძლია თუ არა გოგონას საუნაში დაორსულება, თუ მანამდე იქ ბიჭი იყო? – სწორი პასუხია „არა“. მოსწავლეები ამ თემებს ხმაურიანად და თავისუფლად განიხილავენ.

ფინეთის სკოლაში ბავშვების მიმართ პატივისცემა თვალსაჩინოა. აქ დაუშვებელია არა მხოლოდ მოსწავლეების ფოტოფირზე აღბეჭდვა, არამედ იმ რვეულების გადაღება, რომლებსაც  ბავშვები სწავლებისას იყენებენ. მასწავლებლებს და სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, აცნობოს მშობლებს, რომ მოზარდი კონტრაცეპტივებს იღებს ან ორსულობის შეწყვეტა სურს (მხოლოდ მოზარდის თანხმობით). გამონაკლისია, თუ არსებობს ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ნიშნები (მაშინ პოლიციას ატყობინებენ) ან ის დამატებით დახმარებას საჭიროებს (მაშინ სოციალურ სამსახურებს ატყობინებენ ან მოსწავლე საოჯახო კონსულტაციაში, სამედიცინო დაწესებულებაში იგზავნება).

ფინეთში არასრულწლოვან გოგონას შეუძლია ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. მას სკოლაშივე ასწავლიან, რომ თუ ის თვლის, რომ მზადაა  სექსუალური ურთიერთობებისთვის, ორსულობაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ფინეთში რეგულარულად აწარმოებენ მოსწავლეების გამოკითხვას. რესპონდენტთა პასუხებში ჩანს, რა აწუხებთ, რა თემებზე სურთ მსჯელობა კლასში, რათა კმაყოფილი დარჩნენ მიღებული ცოდნის ხარისხით.

ფინეთში კარგად მუშაობს მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი „ნდობის ტელეფონები“, სადაც მათ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზიარებენ. ქვეყანაში ხშირია კონტრაცეპტივების სარეკლამო აქციები, სადაც აქტიურად ერთვებიან ცნობილი ადამიანები და მასმედია. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოწოდებები მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე იქმნება, ხოლო გაჯეტებზე დამოკიდებული მოზარდებისთვის სპეციალური თემატური აპები მუშავდება.

ფინელ ექსპერტთა აზრით, რომელსაც საზოგადოება სრულად უჭერ მხარს, სკოლებში სექსუალური განათლება – უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის რეგიონალურ მახასიათებლებს და კულტურულ ტრადიციებს, აუცილებელია მოზარდთა ასაკის გათვალისწინებაც.

 

კეთილი კაცი ნუგზარ ზაზანაშვილი   

0

როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, მოვძებნე მისი წიგნი, დავჯექი ქარ-მზისგან გამოფიტულ მიწაზე და კითხვა დავიწყე.

„როდისაა სიკვდილის დრო?..

არასოდეს“.

………………………………………….

„- წარწერა სიგარეტის კოლოფზე,

„მწეველები კვდებიან ადრე“.

ვინ კვდება გვიან…“.

…………………………………………………

„მანიშნე,

შენ მაინც მანიშნე,

სიზმარო, –

ერთი სიცოცხლე

როგორ ვიკმარო?…“.

ეს პატარა წიგნი „ცის ლექსები“ დედამისს ეძღვნება. „ეძღვნება ცისანა ბასიშვილს, რომელმაც სოცოცხლე, მუსიკასა და მოყვასებზე ზრუნვას შეალია“.

დედას

„მე გაჩუქებდი მაისის წვიმას

მთვარის შუქს

ჩვილი ბალახის სუნთქვას

მაგრამ საკუთარი  არსებობის გარდა

არაფერი მაბადია“.

პოეტი იმას ჩივის, დედის ბოლო ამოსუნთქვისას მის გვერდით რომ  არ იყო..

„დიდხანს არ უწვალიაო

ვინ იცის რამდენ ხანს გრძელდება

წამი იმ დროში…“;

ანდა ეს ნაწყვეტი:

„დედა ცუდად გამხდარა

უარესობაა

უარესობაა

უარესობაა

დედა ცუდად არის

დედა ცუდად არის თბილისში…“.

ობლის ტირილის ყურება, ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჭარმაგი ობლის ტირილის ყურება უფრო ძნელი ყოფილა.

პოეტ ნატო ინგოროყვას ცრემლიან სამძიმარს, სხვებისაც მოჰყვა. ყველა ამბობდა, როგორი კარგი კაცი იყო, როგორ ახარებდა სხვების კარგი… ყველა გულწრფელი იყო, ყველა…

ვფიქრობდი, რამდენი ბოროტი ვიცოდი გარშემო, აღდგომა დილას რომ გათქმევინებდა მასზე,  რით ვერ ამოსძვრა სულიო და უფრო მეტად დამწყდა გული კეთილი კაცის სიკვდილის გამო…

იმაზეც დავფიქრდი, ნეტავ რას იტყოდნენ ჩემზე, მეც რომ მოვკვდებოდი, ექნებოდათ საბაბი იმის თქმის, რომ კეთილი გული მქონდა და სხვისი კარგი მახარებდა?

ნახვამდის, ბატონო ნუგზარ! იქ  მონატრებული დედათქვენი დაგხვდებათ.

იქაც დაგხვდებიან ისინი, ვისაც თქვენგან კეთილი სიტყვის მოსმენა სჭირდება…

 

 

 

 

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! “მედიაწიგნიერება და სანდოობა”

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მესამე ანიმაცია “მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

კომპლექსური დავალება ფიზიკაში – ავტოსაგზაო შემთხვევა

0

პედაგოგმა მოსწავლეთა „განვითარების გზის“ ოთხი აუცილებელი კომპონენტი უნდა დაგეგმოს: მიზნები (რისთვის ვასწავლი?), სასწავლო მასალა და რესურსები (რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი), სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (როგორ ვასწავლი?) , შეფასება (როგორ ვაფასებ?).

„ახალი სკოლის მოდელის“  პროექტის ფარგლებში ამ კითხვებზე პასუხი ასეთია:

რისთვის ვასწავლი? – სამიზნე ცნება/მკვიდრი წარმოდგენები;

რას ვასწავლი? – საგნობრივი საკითხები;

როგორ ვასწავლი? – კომპლექსური დავალება;

როგორ ვაფასებ? – განმავითარებელი შეფასება SOLO-ტაქსონომიით.

კომპლექსური დავალება წარმოადგენს შემეცნებითი და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. დავალების შესრულება დააფიქრებს მოსწავლეებს საკვანძო შეკითხვაზე, ხელს უწყობს საგნობრივი საკითხის შესწავლას და  გონებაში სამიზნე ცნებებით გათვალისწინებული მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას.

ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლე სვამს შეკითხვას: რაში მჭირდება ფიზიკა? რა ვუპასუხოთ ამ დროს? ვუმტკიცოთ, რომ ფიზიკა საინტერესოა, თუ დავანახოთ ცხოვრებაში მისი ყოველდღიური გამოყენების აუცილებლობა?

ჩემი კომპლექსური დავალება „ავტოსაგზაო შემთხვევა“ ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ფიზიკა არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოებში, ის ჩვენს ცხოვრებაშია. სანამ დავალებას დავწერდი, ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოექსპერტებს და  გავეცანი რამდენიმე რეალურ ავტოტექნიკურ ექსპერტიზას. მანამდე არც კი ვიცოდი, როგორ ხდებოდა დამნაშავის დადგენა ავტოსაგზაო შემთხვევისას. როდესაც მძღოლს წარმოექმნება შეჯახების საფრთხე,  მან უმალვე უნდა მიიღოს დამუხრუჭების გადაწყვეტილება. იგი იწყებს მუხრუჭზე ფეხის დაჭერას, თუმცა ამ მოქმედების დაწყებასაც კი რაღაც დრო სჭირდება, რასაც  რეაქციის დრო ეწოდება. ფხიზელი ადამიანისთვის იგი დაახლოებით 0,6 -1,4 წმ.-ის ინტერვალში მერყეობს. ნასვამი ადამიანის რეაქციის დრო გაცილებით დიდია და ამიტომაც ამ შემთხვევას არ განვიხილავთ.  მუხრუჭზე ფეხის დაჭერისას არც მუხრუჭი იწყებს მოქმედებას მყისიერად. დრო, რომელსაც მუხრუჭის ამოქმედების დრო ეწოდება, დაახლოებით 0,4 წმ.-ია.  საერთო ჯამში გადაწყვეტილების მიღებიდან მუხრუჭის ამოქმედებამდე გადის დაახლოებით 1 წმ., რაც ნიშნავს, რომ ამ დროს ავტომობილი აგრძელებს თანაბრად მოძრაობას და თუ იგი დაახლოებით 50 კმ./სთ.-ით მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ერთ წამში იგი 14 მეტრს გაივლის და მხოლოდ შემდეგ დაიწყებს შენელებას. ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლისას.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რომლის შესასწავლი საკითხია ხახუნის ძალა, ხოლო თემა – სტატიკა და დინამიკა, მე-9 კლასი. სამიზნე ცნება, რომლის გააზრებასაც ემსახურება ეს დავალება, არის „მოძრაობა“ და ამასთან ერთად, მაკროცნება – „კვლევა“.

კომპლექსური დავალების პირობა:

     ავტოსაგზაო შემთხვევა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ექსპერტთა ჯგუფს, რომლებმაც უნდა დაადგინონ, შეეძლო თუ არა მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც გზაზე გადადიოდა. დაჯახება მოხდა იმ დროს, როდესაც ქვეითი 8 მ. სიგანის გზის გადაკვეთისას, მის შუა წერტილში იმყოფებოდა. მანქანის საწყისი სიჩქარე დაფიქსირებულია და უდრის 50 კმ./სთ.-ს. ცნობილია ხახუნის კოეფიციენტიც, µ=0,7 (იგულისხმეთ, რომ მკვეთრი დამუხრუჭებისას ოთხივე ბორბალი სრიალს იწყებს).  ქვეითის სიჩქარე გზის გადაკვეთისას იყო 7 კმ./სთ.  გაითვალისწინეთ, რომ ფხიზელი მძღოლის რეაქციის დროისა და მუხრუჭის ამძრავის ამოქმედების დროთა ჯამი დაახლოებით 1 წამია.

დაწერეთ ავტოექსპერტიზა (იხ.რესურსი), სადაც პასუხს გასცემთ ყველა იმ შეკითხვას, რომლებიც კრიტერიუმების სახით არის წარმოდგენილი. დახაზეთ საგზაო შემთხვევის ნახაზი. წარმოადგინეთ თქვენი დასკვნები პრეზენტაციის სახით თქვენთვის სასურველი ფორმით.

     ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • ავტომობილზე მოქმედი ძალები (რომელი ძალებია მნიშვნელოვანი ამ დროს); განსაზღვრეთ ტოლქმედი ძალა და იმსჯელეთ, რა ცვლილებებს შეიტანს მისი მოქმედება ავტომობილის მოძრაობაში;
  • სრული გაჩერებისთვის (დაბრკოლების დანახვიდან სრულ გაჩერებამდე) საჭირო დრო და მანძილი სრულ გაჩერებამდე. (გამოთვალეთ ორნაირად: კინემატიკის ფორმულებით და კინეტიკური ენერგიის ცვლილებით);
  • დაბრკოლების დანახვიდან შეჯახებამდე გასული დრო და გავლილი მანძილი. რა ინფორმაციას გვაძლევს მოძრაობის ეს პარამეტრები?
  • ამ მანძილების შედარებით, როგორ დავადგინოთ, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება?
  • ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს გამოთვლებში.

     პრეზენტაციის შემდგომ ისაუბრეთ:

  • როგორ გამოგვადგა ფიზიკის ცოდნა ამ ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრაში?
  • რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ მუშაობას?

ცნობილია, რომ, როდესაც ავტომობილზე წევის ძალა აღარ მოქმედებს, იგი ინერციით აგრძელებს მოძრაობას და ხახუნის და წინააღმდეგობის ძალა რომ არ მოქმედებდეს მასზე, იგი ვერც გაჩერდებოდა. ანუ, სწორედ ეს ძალები აჩერებენ ავტომობილს. ამოცანებში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ჰორიზონტალურ გზაზე მოძრავ ავტომობილზე მხოლოდ ხახუნის ძალა მოქმედებს. ასევე ვგულისხმობთ, რომ მკვეთრი დამუხრუჭებისას ოთხივე ბორბალი სრიალს იწყებს (თუმც თანამედროვე ავტომობილებში მოქმედებს ABS სისტემა, რაც მძღოლს მკვეთრი დამუხრუჭებისას აძლევს საშუალებას, მართოს ავტომობილი).

მოსწავლეებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობა. ამასთან, ეს წესები ქვეითად მოსიარულემაც უნდა დაიცვას და მძღოლმაც, თუმცა მძღოლს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მან უნდა გაითვალისწინოს სიჩქარის შეზღუდვა, გზის საფარის მდგომარეობა, გარემო პირობები და ამასთანავე, მთელი ყურადღება გზაზე გადაიტანოს. ქვეითი აკრძალულ ადგილას რომ კვეთდეს გზის სავალ ნაწილს, მძღოლმა მაინც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები. ამის შემდეგ ყველაფერი უკვე ფიზიკაა. ინერციის გამო ავტომობილი კონკრეტული საწყისი სიჩქარისა და კონკრეტული ხახუნის პირობებში  გადის რაღაც მანძილს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი, რომელიც განსხვავდება დაბრკოლების დანახვიდან შეჯახებამდე გავლილი მანძილისგან, რადგან ავტომობილი არანულოვანი სიჩქარით  შეეჯახა ქვეითს. მაგრამ თუ დაბრკოლებამდე მანძილი ნაკლებია სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილზე, ეს ნიშნავს, რომ მძღოლს დროულადაც რომ მიეღო  ზომები ავტომობილის გასაჩერებლად, მაინც ვერ მოახერხებდა შეჯახებამდე გაჩერებას. სწორედ ამას იკვლევენ რეალურ სიტუაციაში, დაუყოვნებლივ მიიღო თუ არა მძღოლმა ზომები და ამის მიხედვით ხდება იმის დადგენა, შეეძლო თუ არა მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

ქვეითის სიჩქარისა და შეჯახების ადგილის გათვალისწინებით ვიგებთ, რა დრო სჭირდებოდა მას გზის ნაპირიდან ამ წერტილამდე მისასვლელად. ამ დროის მნიშვნელობის (t) გამოყენებით გავიგებთ შეჯახებამდე გავლილ მანძილს.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1 წმ.-ის განმავლობაში მანქანა ისევ საწყისი სიჩქარით თანაბრად მოძრაობს, ხოლო (t – 1) წმ.-ის განმავლობაში ანელებს. თუ მძღოლმა უმალვე  მიიღო ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მანქანის მიერ გავლილი მანძილი შეჯახებამდე ნაკლებია, ვიდრე სრული გაჩერებისთვის სჭირდებოდა, მაშინ მას ადვოკატად „ფიზიკა“ დაუდგება: მას უბრალოდ არ შეეძლო გაჩერება ინერციის გამო. ჩვენს შემთხვევაში დაბრკოლების დანახვიდან სრულ გაჩერებამდე მანქანას 3 წმ. სჭირდება, სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი 27,9 მ. გამოდის. ხოლო შეჯახებამდე მანძილი მხოლოდ 24,4 მ. იყო, დრო კი – 2წმ. აქედან 1 წმ. რეაქციას და მუხრუჭის ამძრავის ამოქმედებას სჭირდებოდა, 1 წმ.-ის განმავლობაში კი ანელებდა, თუმცა სიჩქარე ამ დროში ვერ მოასწრებდა განულებას, ამიტომაც მოხდა შეჯახება.

ფიზიკის კომპლექსური დავალების შესრულებისას აუცილებელია იმაზე მსჯელობაც, რა შესწორებები შეიძლება შეიტანოს გამოთვლებში რეალური პირობების გათვალისწინებამ, რადგან ფიზიკის ფორმულები ხშირად გამარტივებულია, რეალურად კი მრავალი დამატებითი ფაქტორი მოქმედებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა იმაზე, თუ რა იქონიებს შესამჩნევ გავლენას გამოთვლებზე, მაგალითად, გზის საფარი არაერთგვაროვანი და არაჰორიზონტალური შეიძლება იყოს; რეაქციის დრო – მცირედით განსხვავებული; ქვეითის სიჩქარე – ნაკლებად ზუსტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  მკვეთრი დამუხრუჭებისას თანამედროვე ავტომობილების ოთხივე ბორბალი სრიალზე არ გადადის, და ა. შ. ჩვენს შემთხვევაში მანძილებს შორის სულ 3 მ.-ია განსხვავება და აქ სავსებით შესაძლებელია შედეგების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება. მთავარია, ამ საკითხებზე მოსწავლემ იმსჯელოს და მოიყვანოს არგუმენტები. მოსწავლის  მსჯელობა აბსტრაქტული დონის მაჩვენებელია, თუ მან არა მხოლოდ სწორად გამოითვალა ყველა საძიებელი სიდიდე, არამედ ამ ცოდნის ტრანსფერი მოახდინა რეალურ სიტუაციაში, რაც კომპლექსური დავალების მთავარი დანიშნულებაა.

როგორც ცნობილია, კომპლექსური დავალება მოიაზრებს მოსწავლის მიერ პროდუქტის შექმნას, რითაც იგი ადასტურებს ნასწავლი მასალის ცოდნას. რას ვთხოვთ ამ დავალებაში მოსწავლეს? მან უნდა მოირგოს ავტოექსპერტის როლი და დაწეროს ავტოექსპერტიზა.

როგორ შეიძლება, შეასრულონ მოსწავლეებმა დავალება? SOLO-ტაქსონომიის მიხედვით მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების ხარისხი ხუთ დონედ შეიძლება დავყოთ. კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელმა ყოველ მოსწავლეზე უნდა დაწეროს 2 კომენტარი: „რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე“ და „რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)“.

ქვემოთ მოცემულია ამ კომენტარების შესაძლო ვარიანტები, განაწილებული დონეების მიხედვით.

 

  რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)
პრესტუქტურული დონე: მოსწავლემ ვერ შეასრულა დავალება, მას არ ესმის, რას სთხოვენ. შენ გაგიჭირდა დავალების შესრულება. დაფიქრდი, რამდენი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. შენ შეგიძლია ფიზიკის კანონებით დაადგინო, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება. გაეცანი დავალებაში მოცემულ რესურსებს და უფრო მეტს გაიგებ საკითხის შესახებ.
უნისტრუქტურული დონე: მოსწავლემ გაიაზრა მხოლოდ ერთი ასპექტი, ან დაწერა ერთი ფორმულა, რომელიც მოცემულ საკითხებთან კავშირშია. დაწერა ძალიან მოკლე თხზულება, რომელიც არ ჰგავს ექსპერტიზას.  მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ, არგუმენტების მოყვანის გარეშე ამტკიცებს, შეეძლო თუ არა მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. კარგია, რომ სწორად დაასახელე ის ძალა, რომელიც აჩერებს ინერციით მოძრავ ავტომობილს და მისი ფორმულაც დაწერე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ამ დავალების შესასრულებლად. გთხოვ, ყურადღებით გაეცნო დავალებაში მოცემულ რესურსებს, მითითებულ საკითხებს სახელმძღვანელოდან და შენ შეძლებ დავალების კრიტერიუმებზე პასუხს.
მულტისტრუქტურული დონე: მოსწავლემ გაიაზრა დავალების პირობა. სწორად დაწერა ნიუტონის მეორე კანონი და გაიგო აჩქარება. გამოიანგარიშა, რა დრო სჭირდებოდა ქვეითს შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად. მოსწავლემ იცის, რომ მკვეთრი დამუხრუჭების შემდეგ ავტომობილი ინერციით აგრძელებს მოძრაობას, მაგრამ ამ ცოდნით ვერ ასაბუთებს, რატომ ვერ შეძლებდა მძღოლი გაჩერებას. კარგია, რომ შეგიძლია ნიუტონის კანონის სწორად გამოყენება და აჩქარების პოვნა. შემთხვევის ადგილამდე დროც სწორად გიპოვია. ამ დროის საშუალებით კი შეგეძლო, შეჯახების ადგილამდე მანქანის მიერ გავლილი გზა გამოგეთვალა კინემატიკის ფორმულებით. თუმცა, ალბათ ვერ გაიაზრე, რომ გავლილი მანძილი სწორედ ამ დროის საშუალებით  უნდა გამოგეთვალა. გაიმეორე აჩქარებული მოძრაობის ფორმულები და ყურადღება გაამახვილე შემთხვევაზე, როცა აჩქარების მიმართულება სიჩქარის საპირისპიროა და შეძლებ დავალების შესრულებას.
მიმართებითი დონე: მოსწავლემ ძალიან კარგად გაიაზრა დავალების პირობა. შეძლო იმ მიზეზების დადგენა, რომელთა გამოც ავტომობილს არ შეუძლია მყისიერად გაჩერება. გამოითვალა,  რა მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდებოდა ავტომანქანა თავისით და ისიც დაადგინა, რა მანძილზე მოხდა შეჯახება. ავტოექსპერტიზაც სწორად არის დაწერილი და დასკვნები გამოტანილი, მაგრამ  მსჯელობაში ნაკლებად არის გამახვილებული ყურადღება, რა ფაქტორები შეიტანს შესამჩნევ ცვლილებას გამოთვლებში და როგორ აისახება ეს დასკვნებზე. შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება.  სწორი დასკვნებიც გაქვს გამოტანილი. თეორიული ნაწილი სწორადაა შესრულებული, მაგრამ გირჩევ, მეტი ყურადღება დაუთმო თეორიული ცოდნის რეალობაში ტრანსფერს. დააკვირდი ავტომობილების მოძრაობას დამუხრუჭების დროს, შეაფასე, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და მკვეთრ დამუხრუჭებას შორის. იმსჯელე, რა მოხდება, თუ იგივე დამუხრუჭება ხდება სველი გზის საფარის  ან გზის დახრილობის პირობებში. შეუსაბამე ეს დასკვნები თეორიულად ნასწავლ საკითხებს.
აბსტრაქტული დონე:  მოსწავლემ შესანიშნევად გაართვა თავი დავალებას. სწორად გამოთვალა აჩქარება, სრულ გაჩერებამდე გასავლელი მანძილი და საჭირო დრო. ასევე ქვეითის მონაცემების მიხედვით გამოთვალა შეჯახებამდე გავლილი მანძილი და გასული დრო. ამ მანძილების შედარებით სწორი დასკვნა გამოიტანა, რომ მძღოლს არ შეეძლო ამ პირობებში შემთხვევის თავიდან აცილება. მან  ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ფაქტორზე, რომელთა გათვალისწინებაც შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს გამოთვლებში. შენ შესანიშნავად გაართვი თავი დავალებას. მსჯელობა თანმიმდევრულია და დასკვნები სწორად გაქვს გამოტანილი. ჩანს თეორიის ტრანსფერიც რეალობაში.

დააკვირდი ავტომობილების მოძრაობას მოსახვევში. რატომ იხრება მათი კორპუსი მოხვევის საწინააღმდეგო მხარეს? რატომ ხრის ველომრბოლელი საჭეს მოხვევის მხარეს? რატომ იყენებენ დახრილ ველოტრეკებს? როგორ ვიყენებთ ფიზიკის  ცოდნას მოძრაობის უსაფრთხოებისთვის?

 

მოსწავლისთვის სწორად მიცემული განმავითარებელი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, მის თვითდაჯერებულობას საკუთარ ძალებში. რჩევების მიცემით მასწავლებელი სწორად მიმართავს მოსწავლის შინაგან ძალებს საკითხის შესასწავლად. აბსტრაქტულ დონეზეც კი მოსწავლეს უნდა მივცეთ რჩევა, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ მისი ცოდნა, მივმართოთ სულ უფრო ახლის შეცნობისაკენ.

მნიშვნელოვანია ასევე რესურსების შერჩევაც. ერთ-ერთ რესურსად რჩება სახელმძღვანელო, მაგრამ ამავე დროს დღეს უამრავ საშუალება არსებობს, რომლითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება. მთავარია, ინფორმაცია იყოს სანდო. სანდოობის დადგენაში  დიდი როლი ენიჭება მასწავლებლის კომპეტენციას. უმრავლეს შეთხვევაში მასწავლებელი თვითონ უთითებს საჭირო რესურსებს. ზოგჯერ კი შეიძლება, მოსწავლეებსაც დაავალოს მისი მოძიება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

     ამ დავალებაში მითითებული რესურსებია:

ორი რეალური ავტოექსპერტიზა, სადაც პირადი მონაცემები დაშიფრულია –

ავტოექსპერტიზა №1,

ავტოექსპერტიზა №2;

ვიდეორგოლი – ნიუტონის კანონები:

https://www.youtube.com/watch?v=pDcz4Q6Bb8g&t=1s;

სიმულაცია – ძალები და მოძრაობა:

https://phet.colorado.edu/sims/html/forces-and-motion-basics/latest/forces-and-motion-basics_ka.html;

სტატია: „რა არის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა“ (ABS-ი):

https://www.crystalauto.ge/news/1186;

სიმულაცია – გაიგეთ თქვენი რეაქციის დრო:

https://www.radian.com.hk/simulations/index.html#/details/12;

სტატია: „რაზეა დამოკიდებული ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი“:

https://auto.today/bok/5264-kak-rasschitat-i-ot-chego-zavisit-tormoznoy-put-avtomobilya.html;

სტატია: „სამუხრუჭე მანძილი და სრული გაჩერების მანძილი“ –

https://dizel.ee/pdf/peatumisteekond_rus.pdf;

სიმულაცია – სამუხრუჭე მანძილის გამოთვლა:

https://extrat.liikenneturva.fi/pysahtymismatka-auto/ru/.

ჩვენი მიზანია, მოსწავლე დავარწმუნოთ, რომ სწავლა სახალისო და ამასთანავე, საჭიროა. უნდა ვისწავლოთ, რათა ცოდნა ჩვენი ცხოვრების დონის ასამაღლებლად გამოვიყენოთ. კომპლექსური დავალება ხელს უწყობს საგნობრივი ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კომპლექსური დავალების შერჩევა. საინტერესო რესურსებით, გაკვეთილის მსვლელობისას სწორად დასმული კითხვებით მასწავლებელს  კრიტერიუმების შესრულებამდე მიჰყავს მოსწავლე და ამით მოსწავლის გონებაში ხდება სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბება. გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება და გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპლექსური დავალებების განხორციელება ხელს უწყობს ცოდნის კონსტრუირებას.

 

     გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი –

https://ncp.ge;

საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024:

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis;

ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიური მრწამსი

https://www.youtube.com/watch?v=OPi6qqS33zw&fbclid=IwAR2V1wWxx5pHAYLBsQkGRfMUTh5CUOvPazMSUzKvHHnavp_AtQeVyRJ0vXU;

სტატია: „ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკაში სამიზნე ცნება ფიქრის გამამთლიანებელია“ (თამარ ჯაყელი) –

https://akhaliganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%93/?fbclid=IwAR1Wq2PKre1Y1Ry4DND7IIaUnoYA0ELM010n-FjC3vVDP6JYtuPdffjhQLY;

სტატია: „რაზეა დამოკიდებული ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი“ –

https://auto.today/bok/5264-kak-rasschitat-i-ot-chego-zavisit-tormoznoy-put-avtomobilya.html.

 

 

 

 

ბუნება სახელმწიფო საზღვრების გარეშე

0

ჩრდილოეთის ბევრი ქვეყანა დღემდე დავობს სანტა-კლაუსის საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 1984 წელს გაერომ მის ოფიციალურ საცხოვრებლად ლაპლანდია დაასახელა, მომდევნო წელს კი იქ მისი შტაბ-ბინაც გაიხსნა, სადაც სანტა დამხმარე ელფებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ამზადებს საახალწლო საჩუქრებს ბავშვებისთვის.

სანტა-კლაუსის სოფელი ლაპლანდიის რეგიონის დედაქალაქ როვანიემიდან რვა კილომეტრითაა დაშორებული. ზამთარში სოფლის მოედანზე გორაკებს აგებენ, რომლებზეც სრიალი უფასოა. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა. უნიკალური კულტურით, ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით – ლაპლანდია მართლაც ზღაპარს ჰგავს. ყოველ ახალ წელს მას უამრავი ტურისტი სტუმრობს, რათა დატკბეს ველური ბუნებით და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩნდეს.

სანტამ, გარდა იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში კითხულობს ბავშვების წერილებს, სხვა საქმიანობაც შეითავსა: ელფებთან ერთად ზრუნავს გარემოზე, რადგან იცის, რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის საჭიროა ბუნების დაცვა. მისი მიზანი ძირითადად წიწვოვანი ტყეების დაცვაა, რომლებიც ჩრდილოეთის ზომიერ სარტყელშია გავრცელებული და იკავებს ჩრდილოეთი ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის უზარმაზარ ტერიტორიას (ჩრდილოეთ ევროპის მთიან რაიონებში, იაპონიის კუნძულებზე, ჩრდილოეთი ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე). თვითონ სანტაც ხომ ფაქტობრივად ამ ტყეში ცხოვრობს.

სანტა კლაუსი მთელი მსოფლიოსთვის შობა-ახალი წლის მისალოცად მოგზაურობას სწორედ როვანიემიდან იწყებს. აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დავინტერესდი ჩრდილოეთით, კერძოდ, ტაიგით.

ჩემი „ხეტიალის“ შედეგები შევკრიბე და ერთ კომპლექსურ დავალებად გავაერთიანე. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისი გამოყენება მე-7 კლასში, თემა „დედამიწის“ შესწავლისას, თუმცა მცირედი მოდიფიცირების შემთხვევაში ევროპის თემასაც მიესადაგება.

ამ კომპლექსური დავალების საშუალებით მუშავდება რამდენიმე ცნება და ქვეცნება: გეოგრაფიული გარსი – ტაიგა (ბუნებრივი ზონა), მოსახლეობა და მეურნეობა – ტურიზმი და მდგრადი განვითარება – ბუნებათსარგებლობა, ეროვნული პარკი.

ჩემი მიზანია, მოსწავლეებს ამ დავალებით დავანახო გეოგრაფიული გარსის ერთიანობა და მთლიანობა და მდგრადი განვითარების საჭიროება, ის, თუ როგორ ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობა და სახელმწიფო ტაიგის გადასარჩენად.

სანტა-კლაუსთანაც იმიტომ დავაკავშირე, რომ როგორც მისთვის არ არსებობს სახელმწიფო საზღვარი და ყველა ქვეყნის ბავშვების გულს ათბობს და ახარებს, ასევე არ არსებობს საზღვარი ბუნებისთვის. ყველაზე უკეთ რატომღაც ტაიგის ბუნებრივ ზონაში ჩანს ბუნების ერთიანობა, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პაანაჯავრის ეროვნულ პარკს ფინეთის ტერიტორიაზე მდებარე ოულანკას ეროვნული პარკი ესაზღვრება. ერთი ბუნებრივი ზონის გადასარჩენად შექმნილ ორ ეროვნულ პარკს სახელმწიფო საზღვარი ყოფს.

ამიტომაც საკვანძო შეკითხვა ასეთი ფორმით ჩამოვაყალიბე: როგორ დავანახო თანატოლებს ვოდკასტის საშუალებით, რომ ბუნებას საზღვრები არ გააჩნია და რამდენად მნიშვნელოვანია ბორეალური ტყის დაცვა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის?

 

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ სანტა-კლაუსს ეწვიე ლაპლანდიაში, ოულანკის ეროვნულ პარკში. მან ელფად აგირჩია და დაგავალა, შეგექმნა ვოდკასტი, რომლითაც შენს მეგობრებს გააცნობდი სანტას საცხოვრებელ გარემოს – ოულანკის ეროვნული პარკის ბორეალურ ტყეებს, მათ მნიშვნელობას, მათი დაცვის საჭიროებას.

 

ვოდკასტში წარმოაჩინე:

  • როგორ არის გამოხატული გეოგრაფიული გარსის კანონზომიერებები ოულანკის ეროვნულ პარკში (ტაიგაში); (გეოგრაფიული გარსი, მ. წ. 1)
  • როგორ აითვისა და შეცვალა ადამიანმა ტაიგა; (გეოგრაფიული გარსი, მ. წ. 2)
  • როგორ აისახება გეოგრაფიული გარემოს გავლენა ტაიგაში მოსახლეობის საქმიანობასა და მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე; (მოსახლეობა და მეურნეობა, მ. წ. 1, 2)
  • როგორ იმოქმედებს ბორეალური ტყის ლოკალური პრობლემები მსოფლიო ეკოსისტემასა და ადამიანის კეთილდღეობაზე; (მდგრადი განვითარება, მ. წ. 1)
  • რატომ არის აუცილებელი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ბორეალური ტყის შენარჩუნება (მდგრადი განვითარება, მ. წ. 2)

დავალების დამუშავება შემდეგი ეტაპების გავლით წარიმართება:

პირველი ეტაპი: დავალების პირობის გაცნობა და პროდუქტის, ამ შემთხვევაში – ვოდკასტის განხილვა.

პროდუქტზე დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს ვოდკასტი შევარჩიე, რადგან გეოგრაფიაში პოდკასტის გამოყენება ნაკლებსასურველია, ვიზუალიზაციის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე პროდუქტის შექმნა. თავიდან პოდკასტი მხოლოდ მოსასმენ მასალას ნიშნავდა, მაგრამ დღეს უკვე არსებობს ვიდეო პოდკასტებიც, იგივე ვოდკასტები. VOD აბრევიატურა იშიფრება როგორც Video On Demand – „ვიდეო სურვილისამებრ“.

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი. აქ გასავლელია რამდენიმე ნაბიჯი:

ნაბიჯი 1 – ვფიქრობ, პირველი ორი კრიტერიუმის დამუშავება ერთობლივად შეიძლება შესაბამისი კითხვებითა და აქტივობებით:

  • როგორ არის გამოხატული გეოგრაფიული გარსის კანონზომიერებები ოულანკის ეროვნულ პარკში (ტაიგაში)? (გეოგრაფიული გარსი, მ. წ. 1)
  • როგორ აითვისა და შეცვალა ადამიანმა ტაიგა? (გეოგრაფიული გარსი, მ. წ. 2)

 

რესურსები:

https://www.facebook.com/106222094451049/videos/419388402685268

https://www.facebook.com/106222094451049/videos/262455268727282

https://www.youtube.com/watch?v=D5aYpas76zY

ოულანკის ეროვნული პარკი

პაანაჯავრის ეროვნული პარკი

პაანაჯავრის ეროვნული პარკი

ოულანკას ეროვნული პარკი

მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე, გეოგრაფია, მე-7 კლასი. „სულაკაურის გამომცემლობა“, 2019. ნაწილი პირველი, გვ. 97-105

 

ნაბიჯი 2 – ვამუშავებთ ცნებების „მოსახლეობა“ და „მეურნეობა“ მკვიდრ წარმოდგენებს.

როგორ აისახება გეოგრაფიული გარემოს გავლენა ტაიგაში მოსახლეობის საქმიანობასა და მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე? (მოსახლეობა და მეურნეობა, მ. წ. 1, 2)

რესურსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ვებგვერდები: ოულანკის ეროვნული პარკი და ოულანკის ეროვნული პარკი.

 

ნაბიჯი 3 – მუშავდება მდგრადი განვითარების ცნების ორივე მკვიდრი წარმოდგენა.

  • როგორ იმოქმედებს ბორეალური ტყის ლოკალური პრობლემები მსოფლიო ეკოსისტემასა და ადამიანის კეთილდღეობაზე? (მდგრადი განვითარება, მ. წ. 1)
  • რატომ არის აუცილებელი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ბორეალური ტყის შენარჩუნება? (მდგრადი განვითარება, მ. წ. 2)

 

რესურსები: ფინეთის ეროვნული პარკების ისტორია და ოულანკის ეროვნული პარკი.

 

კითხვებისა და აქტივობების მოფიქრება თქვენთვის მომინდვია.

მოთხოვნითზე ჩამოვალ

0

– თუ შენ არ მეინდომებ, არ გამოვა, ბიძი, – მითხრა მამაჩემის ძმაკაცმა წლების წინ ზუგდიდში, – რაღაცები შენ უნდა მეინდომო ამ ქვეყანაში.

„მონდომებით რომ გამოდიოდეს მარტო…“

– კი, ასპროცენტიანი ხარ, მარტო მაგით არ გამოდის, ბიძი, – სიგარეტი ჩაჭყლიტა პირამდე ავსებულ ურნაზე და კვამლის ბოლო ფთილა სახეში შემაფუტა, – მაგრამ… მაგრამ, სიზარმაცეს და ფეხებზემკიდიობას რომ დაახევინებ უკან, შენს თავში მაინც ხომ დაახევინებ, და ი ტო ხლებ!

„მერე? ორ წუთში გამოვალ, ხო ხედავ, ველაპარაკები…“

– მონდომება და ხელის გამოღება გასწავლის როგორი არ უნდა იყო და რა თვისებები არ დაიტოვო. რაღაცები არ უნდა დაიტოვო! ხელის შემშლელია, ურგებელი.

„გმადლობთ, ქალბატონო მზია, რომ შეწუხდით, უღრმესი მადლობა!“

– ეს ქალაქი რომ ამ დღეშია და ერთმანეთისთვის ამაზე წუწუნით ყურები გვაქვს გამოჭედილი, ჩვენი ბრალია, მეტი არავის. წუწუნის იქით რომ არ წავიდეს კაცი, ასეა ზემოთ ჩაფიქრებული. წუ-წუ-ნი. ნი-ს იქით თუ გადააბიჯა, პიზდეც მარია პეტროვნა.

„მიხარია, რომ მოგეწონათ… იმედი მაქვს, კიდევ გვეწვევით…“

– როცა რაღაცის მოთხოვნას იწყებს, რაღაცაში რომ ეჭვდება და არ მოსწონს, იქ თუ არ მოუხაზეს, თავისუფალი ხდება მერე კაციც და ქალიც…

„მი რე თე კოჩ? ბევრი ლაპარაკი იცის… კარგი საღამო იყო, ძმას ვენაცვალე!“

– ჰოდა, არავის არ სჭირდება უქონელი და თავისუფალი კაცი, ყველას ყელზე ადგას და ყელზე დაკიდებული რომაა, არც თვითონ სიამოვნებს, მაგრამ სხვა გზა არ რჩება – უკვე მოთხოვნებზეა გადასული.

„ვისიამოვნე, ჩემო ზვიად! ბევრი ასეთი ღონისძიება, ხო ხედავ როგორ გვჭირდება ეს, როგორ ჭირდება ქალაქს!“

– ითხოვს ყველაფერს, ბრაზით ძარღვები აქვს დაბერილი, უკან არ იხევს, უკან არავინ ეგულება ტალჩოკის მიმცემი, მაგრამ რახან გაბრაზებულია, ხურდება და გაზს აჭერს.

„ნახევარწუთიანი სინქრონი მინდა, გთხოოოვ, მეჩქარება, საათის ბოლოს მასალა უნდა ავტვირთო.“

– სხვებიც ბრაზდებიან ამასობაში, ისინი, ზემოთ, იმათი შაიკა, გაზის დაჭერა მაგათ იციან თუ იციან, ჰაერში აწევენ, მიწაზე არ დაუშვებენ…

„დღეს გაიმართა ჩვენი ახალი წიგნის წარდგენა, სადაც ავტორი არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს…“

– მაგრამ სიკვდილი არ კლავს ხშირად კაცს და შიშმა რა უნდა უყოს, ბიძი. სოფლის ნიავივით არის შიში, თავიდან უცხოა ვითომ, ქალაქიდან ჩამოსული რომ ხარ, მერე შერგე და საამოც კი ხდება.

„მიჭრი-მოჭრი და რაღაც გამოვა ხო, ნათი?“

– შიში თუ არ გაგეკარა და ეს დაინახეს (მაგას უეჭველად დაინახავენ), მკვდარი თუ არ ხარ და ცოცხალი დარჩი, წინ წასული ხარ უკვე. შეგიძლია თამამად თქვა, რომ ცუდად ცხოვრობ და არ მოგწონს ეს ცუდად ცხოვრება.

„მაგას კი არა, მკვდრის და სამი დღის გაპატიოსნებულის სინქრონს ვაწყობთ, ბიჭო“.

– შეგიჭამე ტვინი, მაგრამ გჭამენ ესენიც და შენც სიხარულით ეჭმევინები, როგორც ვატყობ. მამაშენს უხარია შენი ამბავი. მარტივი კაცია და ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა – თავის გემოზე ცხოვრობს. ჩტო ზასლუჟილ, ტო ი პალუჩილ.

„რა გინდა, ტიტიჩ? რას ბურღავ ამ ბავშვს?“

– კი, ბურღვა და ნამეტანი თავის შეწუხებაა, როცა რაღაცაზე უკმაყოფილო ხარ და ლაპარაკს იწყებ. ხუთი-ათი წუთი გიძლებენ, მერე შვილისთვისაც პრობლემა ხდები და ერთხელაც იქნება… მოკლედ, რთული ბაზარია, ბიძი.

სიტყვების მუსიკასა და იმაზე, როგორ უნდა მიენდოს მასწავლებელი საკუთარ ინტუიციას

0

წერილი მისტერ ბრაუნის მაქსიმებზე

არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი – „საოცრება“. მისი ავტორი რაკელ პალასიოა, კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რომელსაც მკითხველი უფრო შემოქმედებითი ფსევდონიმით – არ ჯეი პალასიოდ (R. J. Palacio) იცნობს. წიგნი ერთ ბიჭზეა, სახელად ავგუსტზე. წიგნის ყოველი გვერდი მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის, კეთილშობილების მანიფესტია.

წიგნი ქართულად 2016 წელს გამოიცა. იმ დროს მე არაჩვეულებრივ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) მესამეკლასელებს ვასწავლიდი, რომლებისთვისაც კარგი წიგნი ნამდვილი დღესასწაული იყო. რამდენჯერ გაგვიცდენია ქართული თუ მათემატიკა იმის გამო, რომ წიგნს ვკითხულობდით და ამბავს ვერ მოვწყდით. სხვებს თუ დასვენება იმიტომ უხაროდათ, რომ ერბინათ, ეთამაშათ, ჩემები აიღებდნენ წიგნებს, მოიკალათებდნენ საკლასო ოთახის კუთხეებში, დერეფნის ფანჯრებთან ან ეზოში, ბალახზე, და კითხულობდნენ და კითხულობდნენ. მომხდარა ისეც, რომ კითხვით გატაცებულებს გაკვეთილიც დავიწყებიათ. დავდიოდი და სათითაოდ ვაგროვებდი ხოლმე… ჰოდა, რა თქმა უნდა, „საოცრება“ მაშინვე ვიყიდე და დავიწყეთ კითხვა. ვიცინოდით, ვტიროდით, ვბრაზობდით, გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და ვკითხულობდით.

წიგნში ერთი საინტერესო პერსონაჟია, ავგუსტის მასწავლებელი მისტერ ბრაუნი, რომელიც მოსწავლეებს მაქსიმებს სთავაზობს და ამ მაქსიმებზე ესეებს აწერინებს. საქმე ის არის, რომ თითოეულ მაქსიმას თავისი ისტორია და დანიშნულება აქვს, ისინი ზუსტადაა შერჩეული და ბავშვების ურთიერთობებს, პრობლემებს, შინაგან ფორიაქსა და სიტუაციების ანალიზს ესადაგება.

ჩემი მესამეკლასელები ისე აღაფრთოვანა მასწავლებლის ამ იდეამ და მაქსიმების შინაარსმა, რომ მთხოვეს, ჩვენც დავწეროთო. უარი არ მითქვამს, ამოვწერე ყველა მაქსიმა, ჩავყარე ჩვენს დიდ ხის სკივრში და სათითაოდ ამოვაღებინე. ვისაც რომელი შეხვდა იმაზე დაწერა. ზოგმა – ესე, ზოგმა – მოთხრობა, ზოგმა – ჩანახატი. ილუსტრაციებიც დაურთეს და საბოლოოდ წიგნადაც ავკინძეთ, მოვიწვიეთ მშობლები და ჩვენი ნაშრომი წარვუდგინეთ.

ძველი კომპიუტერის ფაილების დალაგებისას რამდენიმე ნამუშევარს წავაწყდი და მინდა, გაგიზიაროთ, როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მივცეთ მოსწავლეს არჩევანი და თავისუფლება და ასეთი შესანიშნავი ამბები მივიღოთ. მათი ავტორები მესამეკლასელები არიან.

 

ნინია:

„რაც ლამაზია, კარგია და ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი “.

საფო

საფო შეიძლება ავგუსტს (მომავალ ავგუსტს) გულისხმობდა. მეც თითქოს ვეთანხმები, თუმცა ვინც ლამაზია, ხშირად არ არის კარგი. ავგუსტი ამის კარგი მაგალითია. ის უშნო იყო, დეფექტურს ეძახდნენ, მაგრამ ძალიან კეთილი გული ჰქონდა, ხოლო ზოგიერთ ლამაზს და მდიდარს დიდი ვინმე ეგონა თავი და ამით სარგებლობდა. ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი – ესეც ავგუსტია. ბოდიში, რომ ხშირად ვახსენებ ავგუსტს, მაგრამ სხვა არავინ ვიცი მისნაირი. თან ის, ფაქტიურად, არავის უყვარდა. ნუ, ჯუნისა და ჯეკის გარდა. თუ ადამიანი უშნოა, არ ნიშნავს რომ კეთილი არ არის. ვინც უშნოა, არ ნიშნავს, რომ ცუდია. ისეცაა, რომ ზოგი შეიძლება მთლად კარგი არც აღმოჩნდეს. ახლა თქვენ მეტყვით: ეგეთი არავინ არსებობსო. არა, შეცდით. მალიფისენტი. მას ორი რაღაც აქვს სიკეთის: 1. აურორა შეიწყალა და 2. მისი კარგად ყოფნა სურდა.

ახლა ალბათ მეტყვით, რომ ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. უნდა გამოვტყდე, გამომიჭირეთ, ამიტომაც მეორე პუნქტი, მოდით, არ ჩავთვალოთ.

 

ანა:

სიყვარული სხვა რაღა გინდა?

ეს სიტყვები მამამ გარდაცვალების წინ თქვა. ჩვენ ლოურენსების ოჯახი ვართ.

სანამ მამა გარდაიცვლებოდა, სკოლაში ის მატარებდა. ერთხელ კლასშიც შემომყვა და დაინახა, პატარა ბიჭი კუთხეში მოღუშულიყო, სახეზე ფერი არ ედო. აქეთ-იქით იხედებოდა, როგორც ბუზი კრაზანების გარემოცვაში. სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა, მამა მისტერ ტაკუმენთან მივიდა და რაღაცა უთხრა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც გაკვეთილზე ავგუსტთან გადამსვეს. სახეში შეხედვას ვერ ბედავდა. რამდენიმე თვის შემდეგ დავმეგობრდით. კარგი ბიჭი ჩანდა ისეც და სწავლაშიც.

ერთ დღეს ის სკოლაში აღარ დამხვდა. გამიკვირდა. ავგი სკოლას არასდროს აცდენდა. გაკვეთილების მერე მის სახლში მივედი და ავგის დედამ მასთან ოთახში შემიყვანა. ძალიან ცუდად იყო, რომ დამინახა, სახეზე ცოტა ფერი მოუვიდა. ერთი საათი დავრჩი მასთან. ავგი გამოკეთდა, მას ხომ მეგობრის სიყვარული სჭირდებოდა.

როცა სახლისკენ მივდიოდი, მამას ბოლო სიტყვები გამახსენდა: „სიყვარული სხვა რაღა გინდა“.

 

ლიზი:

არ კმარა, მეგობრულად იყო განწყობილი; მეგობარი უნდა იყო.

წარმოიდგინეთ სკოლა, რომელიც ვარდის ფურცლებისგან არის აშენებული, სადაც აფროდიტეს შადრევნები ჩქეფს, მათ გარშემო კი მეგობრობის მარწყვის მათრობელა ტყეა. ამ სკოლაში ერთი განსაკუთრებული გოგო ანანიანია სწავლობდა, მაგრამ ყველა ანანიას ეძახდა. ის სკოლაში ყველაზე უცნაური გოგო იყო, ის ყველასთან მეგობრობდა, დანარჩენები კი მხოლოდ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. ანანიას ბავშვობა იმაზე მეტყველებს, რომ არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო. მაგალითად, მომენტი, როდესაც ანანია ნიანასთან მეგობრობდა (ანანიას მშობლები არ ჰყავს), მისთვის ერთადერთი იყო. სანამ ანანია ნიანას გაიცნობდა, მეგობრულად იყო განწყობილი, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და ისე მოხდა, რომ მეგობარი დაკარგა. ამის შემდეგ ის ცდილობს, ყველასთან იმეგობროს და ყოველ დილას თავის თავს ეუბნება: არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო, მეგობარი.

 

თეკლა:

ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია მაინც!

იყო ერთი ელფი. მას ეოვენი ერქვა. ის ისეთი ელფი იყო, რომ თუ ვინმეს თვალწინ წარუდგებოდა, სახეზე აღტაცება არავის ეხატებოდა. უკვე მის საუკეთესო მეგობარსაც კი ეოვენი უნიჭო ეგონა. ერთ დღეს ეოვენს ღონისძიება ჰქონდა, ყველას ლექსი უნდა დაეწერა. ის მასწავლებელს წინ დაუდგა და ლექსი წაუკითხა. უფრო სწორად, მასწავლებელს ეგონა, რომ ის ლექს წაიკითხავდა, ის კი თავის შესახებ მოჰყვა:

– გამარჯობა, მე ეოვენი ვარ. ჩემს ძმას გომერი ჰქვია. ვიცი, ჩემგან ბევრს არ ელით, მაგრამ ცხოვრებაში ყველას ერთი აღტაცება მაინც უნდა ერგოს. – და აი, ის მოჰყვა ყველაფერს თავის ცხოვრებაზე, ტკივილსა და წყენაზე, იმედგაცრუებაზე და სიხარულზე. როდესაც დაასრულა, მაყურებლები ფეხზე ადგნენ და ტაშის ცემას მოჰყვნენ, რის შემდეგაც ეოვენმა გაიფიქრა:

– ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია და ტაშის დაკვრა მაინც!!! ერთხელ მაინც!!!

 

 

ნია:

„ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული“.

ერთ პატარა ქოხში პატარა გოგონა იავი ცხოვრობდა. ის ძალიან კარგ სკოლაში დადიოდა, მაგრამ არავინ ემეგობრებოდა. რატომ? ეს არავინ იცოდა. მისი კლასელები სულ ერთად თამაშობდნენ, მაგრამ იავის არავინ ათამაშებდა. იავი ძალიან, ძალიან კეთილი იყო. ერთხელ იავიმ დაინახა, რომ მისმა კლასელებმა იჩხუბეს: ერთმა მეორე ძირს დააგდო. იავი მაშინვე მასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. წაქცეულმა უთხრა:

– გადი აქედან! მე შენი დახმარება არ მჭირდება!

იავი ნაწყენი წავიდა მერხისკენ.

როდესაც იავი სახლისკენ მიდიოდა, ერთმა გოგომ, სახელად მუკიმ შეამჩნია, რომ იავი მოწყენილი იყო. მუკი მივიდა მასთან და ჰკითხა:

– იავი, რატომ ხარ მოწყენილი?

იავის გაუკვირდა:

– ჩემი სახელი საიდან იცი?

– შენს ჩანთას აწერია…

– მე კლასში არავინ მემეგობრება

– რატომ???

– ეს არავინ იცის.

– იავი, შეიძლება, მე შენი მეგბარი ვიყო?

– მართლა?

– ჰო, მართლა.

იავიმ დაიყვირა:

– ჰოო, მინდა, რა თქმა უნდა მინდა!!!

 

მარიამი:

ჯობს, ზოგიერთი კითხვა იცოდე, ვიდრე ყველა პასუხი.

მე კითხვების დასმა ძალიან მეხმარება. რაში მეხმარება? იმაში, რომ ბევრი რამ გავიგო. აი, მაგალითად, ამ კითხვამ დამაინტერესა: რა საჭიროა სკოლა? ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვკითხე მასწავლებელს. მასწავლებელმა მიპასუხა: რომ ვიყოთ უფრო ჭკვიანები და გონიერები, რომ გვქონდეს ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი სწავლა მომიწევს იმისთვის, რომ როდესაც გავიზრდები, ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კითხვა უნდა დამესვა და მისი პასუხიც გამეაზრებინა. ერთ ფილმში, სახელად „ანგელოზის სწავლა“, ასეთი რამ ხდება: ერთი ანგელოზი ცხოვრობს საფრანგეთის სასახლეში და ჰყავს მილიონი მოსამსახურე, ლიმუზინები და მოკლედ ძალიან დიდი ქონება აქვს. ერთ მოსამსახურეს დაუსვა იგივე შეკითხვა: რად გვინდა სკოლა? მოსამსახურემ უპასუხა, არ ვიციო. ამ შემთხვევაში ანგელოზს პასუხი ვერ უთხრეს და კითხვაც არასწორ ადამიანს დაუსვა. ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის რა უნდა ვკითხოთ.

 

აქვე მესამეკლასელების რამდენიმე ლიტერატურული შედევრსაც გაგიზიარებთ, რომლებიც საკუთარი სურვილით შექმნეს. რატომ მოუნდათ წერა? შესაძლოა, არც ერთ მეთოდურ მითითებაში ან სწავლების თეორიაში არ ჯდება, მაგრამ ძალიან ხშირად ვკითხულობდით დიდების პოეზიას: გალაკტიონს, ანა კალანდაძეს, ბესიკ ხარანაულს. სიტყვები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა, მთავარი იყო, ჟღერადობა და მუსიკა აღმოეჩინათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც შინაარსი ყოფილა მეორეხარისხოვანი. ისმენდნენ და ღრმად ინახავდნენ, მერე კი, აი, ასეთ რამეებს წერდნენ:

 

თეკლა

უსათაურო

თოვლია – თეთრი და ფუმფულა.

სოფელს გადაეფინა ეს თეთრი უცნობი.

მბზინავი სითბო, სადღაა ნეტავ?

არსად! ის გაქრა და სიცივეა ახლა.

განსაკუთრებით მაშინ როცა

მზე მთებს მიღმა ჩავა.

მუხას სცივა.

და საერთოდ ყველა ხეს სცივა.

ბაბუაწვერას სძინავს.

დედამიწასაც სცივა.

თვალი დაეხუჭა და დაიძინა.

 

თეკლა

ჩემი გაზაფხულის ხასიათი

ჩემში გაზაფხული დგას,

მითხარ, მითხარ, რატომ?

ძალიან კარგად ვარ.

თავს მშვენივრად ვგრძნობ.

სიმშვიდეა ჩემში.

მე ვგრძნობ

მე შინაგანად ვგრძნობ

სიკეთეს, სიყვარულს, სილამაზეს.

სიმშვიდეს ვგრძნობ.

ვგრძნობ, ვგრძნობ.

ყველაფერს ვგრძნობ.

ვგიჟდები მოლივლივე წყალზე,

როგორ მიჰქრის ნაზად ნაზი სიო.

როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს დრო.

მიყვარს ჩემი დრო. მიყვარს მთები დათოვლილი.

გზები.

ღრუბლებით მორთული ცა.

ყვავილებით შეკაზმული ხეები.

არასოდეს დავივიწყებ ამ დროს!

როცა თოვს,

ჩემში დარდი დადის. გული მეჩეხება.

ტირილი მინდება.

მახსენდება ჩემი დარდი და გაუკვალავი ცა!!!

 

სოფიო

ჩემში შემოდგომა დგას

ჩემში შემოდგომა დგას,

ახლა ძალიან მშვიდად ვარ.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს სხეულში ფოთლები იზრდება.

შემოდგომა არც ის არის რაც თქვენს ტვინებს ჰგონიათ.

არც ცუდია, არც კარგია, არც საშუალო ბრძანდება.

ან საშუალო როგორ იყოს? ჩემი ხასიათია…

ახლა კარგად ვბრძანდები, ახლა მშვიდად ვბრძანდები.

ჩემში შემოდგომა დგას.

მაგრამ გარეთ ზამთარი.

წელიწადის დრო ტრიალებს ჩემში, ჩემს სხეულში.

არ წვიმს, არც თოვს, ნაზი სიო უბერავს.

ალბათ უკვე კარგად მიხვდით, შემოდგომა რას ნიშნავს.

 

თეკლა

ჭიას

ჩემო ლამაზო პატარა ჭია,

ვიცი, სხვებისთვის არაფერი ხარ,

მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ხარ.

როგორ მომწონს შენი პატარა სიშავე.

ალბათ, არ მოგწონს, რომ დაგცინიან ჩემი მეგობრები.

მაგრამ ნახავ, ჩემო ჭიავ,

ხვალ ინანებენ,

რაც შენზე თქვეს.

მაგრამ არ გეწყინოს,

ჩემო ჭიავ,

მალე შენ გახდები

ლამაზი პეპელა!

 

ლიზიკო

ციცინათელები

უცებ მთვარე დიდმა, უზარმაზარმა, სქელმა ღრუბელმა დაფარა. მე ჩირაღდანი ჩავაქრე, უფრო სწორად, ქარმა დაუბერა და ჩააქრო. ცაზე კი პატრა მოციმციმე ვარსკვლავები ბრილიანტის ციცინათელებად გადაიქცნენ. შემომეხვივნენ და ერთად დავეშვით სიზმრების მთიდან…
ის-ის იყო, მთიდან ჩამოვედით, რომ უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ციცინათელები ნაპრალზე ხიდად გადაიჭიმნენ და ნელ-ნელა ჩაქრნენ. მხოლოდ იქ ანათებდნენ, სადაც მე ვიდექი. როცა გადავედი, ერთი ხის ძირას ჩამოვჯექით. მოგვიანებით ფრენბურთი ვითამაშეთ, შემდეგ ამბებიც მოვყევით. ამასობაში ციცინათელები გაფრინდნენ. ერთიც აღარ ჩანდა. ახლა უკვე სანატრელი იყო ის ღამე, – ვფიქრობდი მე. უცებ ჩემს მხარზე პატარა მძინარე ციცინათელა შევნიშნე. მივხვდი, ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იყო და ციცინათელებს ვეღარასოდეს ვნახავდი. მაგრამ ჩემთვის ეს ღამეც საკმარისი იყო და ყოველთვის მომენატრებოდა ჯადოსნური ღამე და ჩემი ახალი ბრილიანტის მეგობრები.

 

ნიაკო

***

აღარ გაბედოთ, არ მოჭრათ!

ეს საცოდავი ხეები.

იცით რას გრძნობენ სიკვდილის დროს

ეს საცოდავი ხეები?!

ტირიან, სტკივათ ფეხები…

საცოდავები ისინი.

ტყუილად ფიქრობთ,

რომ მკვდრები არიან ხეები.

არა, ცოცხლობენ, ნამდვილად

ცად აზიდული ხეები.

 

ჰოდა, გვერდზე გადადეთ ყველანაირი მეთოდური სახელმძღვანელო, დახუჭეთ თვალები და მიჰყევით სიტყვის მუსიკას. ის აუცილებლად გაპოვნინებთ მოსწავლეების გულებს.

ჩემს მესამეკლასელებს, ახლა უკვე მერვეკლასელებს, ვუგზავნი უზარმაზარ სიყვარულს. მე მუდამ მჯეროდა და მჯერა თქვენი, ჩემო არაჩვეულებრივო ბავშვებო.

სამოქალაქო განათლებისათვის

0

კეხიჯვარი, რომელიც XIX საუკუნემდე ლეკთა დაუსრულებელი თარეშის გამო მიტოვებულიც კი ყოფილა, ძამის ხეობის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დღეს ის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, საჯარო სკოლის ჩათვლით, სადაც სჯერათ – აქტიური მოქალაქის აღზრდა-ჩამოყალიბება სწორედ სკოლის კედლებიდან იწყება და სამოქალაქო განათლების საშუალებით ხდება.

კეხიჯვარის სკოლაში იციან, რომ სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო და გამოწვევებით აღსავსე ზრდასრულ ცხოვრებაში თამამად შეაბიჯო, როდესაც  ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით და პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით აღიჭურვები. სამოქალაქო განათლების მიზანიც ეს არის – ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში, საზოგადოებრივ საქმიანობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

დღეს კეხიჯვარის სკოლის ეზოში ჯგუფებად დაყოფილი შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე-პედაგოგები სტუმრებს ელიან: სამოქალაქო განათლების პროგრამების განმახორციელებელ PH International-ისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მასპინძლებმა მათ სამოქალაქო პროგრამის – „მომავლის თაობის“ ფარგლებში შესრულებული პროექტების შესახებ საკუთარი პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ.

ორგანიზებულად გაშლილ თემატურ სტენდებთან საზეიმო მღელვარება იგრძნობა, მათ შორის ოსიაურის საჯარო სკოლის სტენდთანაც. ამ სკოლის XI კლასის მოსწავლეს, გიორგი ძამანაშვილს მიაჩნია, რომ აქტიური მოქალაქე ისაა, ვისაც სამოქალაქო, იურიდიული, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია, აცნობიერებს საკუთარ მოვალეობებს და სხვისი უფლებების დაცვაც შეუძლია მას შემდეგ, რაც პრობლემებს აღმოაჩენს და მათ გადაჭრაზე მშვიდობიანი გზით იზრუნებს. ეს კი მხოლოდ იმ უნარ-ჩვევების დახმარებით და ცოდნითაა შესაძლებელი, რასაც მოსწავლეები სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ინტერაქტიული მეთოდების – დისკუსიების, დებატებისა და პროექტული სწავლების გამოყენებით იღებენ.

გიორგის სტენდთან ხელნაკეთი ფოტოწიგნი – „თავისუფლების მწერლებია“ წარმოდგენილი. აქ, ოსიაურის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ, ბოლო სამი წელიწადში განხორციელებული პროექტების შედეგებია თავმოყრილი.

„ჩვენს კლუბში 30-მდე განსხვავებული ასაკის მოსწავლეა. გვიხარია, რომ ახალი თაობა ახალი იდეებით წამოგვეწია და ახლა შეგვიძლია, მას საკუთარ გამოცდილება გავუზიაროთ. უმეტესად იმ თემებზე ვმუშაობთ, რომლებიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან – ძალადობა, გარემოს დაცვა, უფლებები და სხვა. მაგალითად, არჩევნების წელს შევნიშნეთ, რომ მოსახლეობა არჩევნების მიმართ გულგრილი იყო. ცესკოსთან თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით სპეციალური წიგნაკი ზრდასრული მოსახლეობისთვის, სადაც არჩევნების შესახებ ინფორმაციას თავი მოვუყარეთ. ამავე თემაზე ჩავატარეთ ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან. გამოვიკვლიეთ პროექტის უკუკავშირი,“ – ყვება გიორგი.

USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია PH International-მა 2011 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დახმარება გაუწია 1450 სკოლას. სამოქალაქო ინიციატივებში 171980 უფროსკლასელი მონაწილეობდა. მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სკოლის დირექტორებმა და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელებმა კი 1069 გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფია ქიტიაშვილმა წელს სურამის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასი დაამთავრა. კეხიჯვარში მისი სკოლა ყოფილი პარტნიორი სკოლის სტატუსით დაპატიჟეს. სოფიას სტენდზე წარმატებით განხორციელებული ინიციატივის სახით „მედიაწიგნიერებაა“ მითითებული. ეს პროექტი სოფელში გავერანებული ადგილის ბავშვებისთვის თავისუფალ სივრცედ გადაქცევას მოემსახურა. ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. სოფიას თქმით, ადგილობრივი თვითმართველობის დაპირებით, ახლო მომავალში ტერიტორია შემოიღობება და გამწვანდება კიდეც.

სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დალი ბროლიძე ამბობს, რომ ამ პროექტის შესახებ პრეზენტაცია, 2020 წელს მედიაწიგნიერების თემაზე ორგანიზებულ ვენის კონფერენციაზეც კი წარადგინა. დალი მასწავლებელი 1918 პედაგოგს შორის ერთ-ერთია, ვინც პროფესიული განვითარების მიმართულებით, პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რამდენიმე ტრენინგი გაიარა.

სურამელები ამაყობენ, რომ პროექტის განხორციელება პრაქტიკულად „ცარიელი ხელებით“ დაიწყეს, მაგრამ შედეგი მიიღეს – მოსწავლეებმა საკუთარ ტერიტორიაზე ზრუნვა და მისი მოვლა ისწავლეს. არც შემდგომში აპირებენ უკან დახევას.

აქვე დავამატებ, რომ 2010 წლიდან Initiatives.ge გახდა პირველი ქართული ონლაინ გრანტების პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სკოლებში სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას, რის მერეც საპროექტო მუშაობა ბევრგან ერთგვარ კულტურად დამკვიდრდა.

სულ PH International-ის მიერ მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა 872 პროექტი დაფინანსდა, რომლითაც 361823 -მა ადამიანმა ისარგებლა. ამისათვის კი ორგანიზაციამ 465053 აშშ დოლარი გასცა.

სამოქალაქო განათლების დაფინანსებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაჭრას. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეთა ინიციატივა მსხვილი კომპანიების ბიზნესინტერესებთან იკვეთებოდა და მისი შესრულება რთულდებოდა. „რუსთავის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და ჰაერის დაბინძურების შესახებ პეტიცია შეადგინეს, ისინი საწარმოებისთვის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ, მოამზადეს ბუკლეტები, ვიდეორგოლი. უნდოდათ, რომ მუშა საწარმოებში ჰაერის დაბინძურების მექანიზმი მეტად კონტროლირებული ყოფილიყო. მოსწავლეებმა ასევე მიმართეს რამდენიმე საწარმოს, რათა გაერკვიათ, რა ზომებს მიმართავდნენ ისინი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, პასუხი მხოლოდ ერთი საწარმოსგან მიიღეს. მოსწავლეებისთვის ესეც საჭირო გამოცდილება იყო“, – იხსენებს „მომავლის თაობის“ პროგრამების ხელმძღვანელი მარინა უშვერიძე.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზოგა­დო­ე­ბას ხან­გრ­ძ­ლი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ აქვს, სამოქალაქო განათლებაც ახალი საგანია და ეს მიუხედავად იმისა, რომ PH International 1989 წლიდან რამდენიმე ათეული პროგრამით ცდილობს  ხელი შეუწყოს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების გაზრდას და დასაქმების ხელშეწყობას, სახალხო დიპლომატიას, სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების განვითარებას და სხვ. სამოქალაქო განათლება მუდმივად მოიცავს აქტუალურ თემებს, მაგალითად, ორგანიზაციის პროგრამები ხშირად არის მიმართული ოჯახური ძალადობის პრევენციაზე და ქალების როლის  გაძლიერებაზე რეგიონებში.

კეხიჯვარის სკოლის ეზოში ჩვენც აღმოვაჩინეთ ქვემო გომის საჯარო სკოლის სტენდზე საკლუბო პროექტი „ქალის ხმა“, რომელზეც მოსწავლეები 2018 წლიდან მუშაობენ.

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ჩავატარეთ. სოფლის მოსახლეობას დავურიგეთ ბუკლეტები და ფლაერები ოჯახურ ძალადობასა და მასზე რეაგირების შესახებ. ზოგი კარიკატურებით იყო გაფორმებული, რომ მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. გამოვკითხეთ 50 ოჯახი, გამოიკვეთა ბევრი საყურადღებო ტენდენცია, მაგალითად, 25-მა გამოკითხულმა მამაკაცმა გვითხრა, რომ ქალი მისი ნების უპირობო შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. მოვიწვიეთ მოსახლეობა გენდერულ თანასწორობაზე სასაუბროდ. გვქონდა კვლევის პრეზენტაცია,“ – ყვება ამავე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე ილია რევაზიშვილი.

კეხიჯვარის სკოლის ეზოში შეკრებილმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათთვის საპასუხისმგებლო მისიაა მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება.

„გარდა ამისა, სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ბევრი ფერადი და ლამაზი დღე გვაჩუქა, დაგვამეგობრა სხვა სკოლების კოლეგებთან, რომლებთანაც ახლაც ვაგრძელებთ პარტნიორობას. მიხარია, რომ მასწავლებლის შრომა დამიფასდა და განათლების პროგრამის ფარგლებში, მივიღე ჯილდოები, რომლებმაც მომცეს სტიმული, გამეგრძელებინა ჩემი განვითარება და საქმიანობა,“ – ამბობს 2018 წელს სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვის ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგი თეა ლომიტაშვილი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების რესურსის ხელმისაწვდომობა. რესურსს განსაკუთრებით კარგად იყენებენ პედაგოგები, რომელთაც სურთ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გამოუვიდეთ.

ცნობისათვის: PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში პედაგოგებისთვის რამდენიმე ათეული გამოცემა შეიქმნა, მათ შორის ბოლოა (პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში შექმნილი) – „პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელო“.

გარკვეული წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში, სამოქალაქო აღზრდამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. 2006 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა შედარებით ახალგაზრდა საგანმა მოსწავლეთა მოტივაციისა და სასკოლო ცხოვრების ხარისხი უდავოდ აამაღლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავას თქმით, PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ დიდი წვლილი შეიტანა განათლებაში, მით უფრო პროექტული სწავლების კუთხით. ამჯერად, განათლების ექსპერტები კი იმასაც განიხილავენ, ექნება თუ არა მე-10-11-12 კლასებში ამ საგანს საგაკვეთილო ფორმატი, თუ ის სემესტრების განმავლობაში განსახორციელებელი ვრცელი პროექტის სახით იარსებებს.    

„ალბათ გსმენიათ გამოთქმა: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. „გამაკეთებინე და გავიგებ“ არის ის, რაც არ უნდა იყოს მხოლოდ „სამოქალაქოს“ კუთვნილება, ის სხვა საგნებსაც უნდა ეხებოდეს და ეს რეფორმა განათლების სამინისტროში უკვე დაწყებულია.

„გულზე მჯიღის ცემით ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვერც კარგი მამულიშვილები ვიქნებით, ჩვენ  აქტიური მოქალაქეები გვჭირდება, ვინც  ნაბიჯ-ნაბიჯ საქმის კეთებით ააშენებენ ქვეყანას,“ – დარწმუნებულია მარიამ ჩიქობავა და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფინანსური მხარდაჭერა დასრულდა, სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი ამის გამო არ  განელებულა.

 

ქალაქისოდენა ღამე

0

“ხევსურეთში ჟამიანობის დროს ავადმყოფები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამებში და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი. “შემორჩენილია იქვე, კედლებზე, დატოვებული წარწერებიც.

თეთრად გავათენე. ფიქრმა, დარდმა, შიშმა და სინანულმა ერთად დამრია ხელი. დილით ძლივს ავწიე ტანი ჭილობიდან… ჩემთან ერთად თითქოს „ჩემს სახლს ასტკივდა კედლები და ღია ფანჯრები“. დაყოვნება აღარ შეიძლება… მეც უნდა წავიდე გაღმა სოფელში…

მივედი…

„გარეთ დავტოვე ცხენი. სახლი. ჩემი ბავშვობა“. სახლში კი „სიცოცხლის მძევლად ჩემი ცოლი დავტოვე“.

აქ ბევრნი დამხვდნენ. ბევრნი – ამ პატარა ოთახის კვალობაზე, თორემ კიდევ უფრო მეტი აღარ დამხვდა. თითებზე ჩამოთვლი სოფელში დარჩენილებს. ახლა უმეტესობა აქ ვართ ან უნდა ვყოფილიყავით. სინათლიდან შემოსულს ბნელ ოთახში ხედვა მიჭირს. „ვცდილობ, ფეხი არ დავაბიჯო მკვდარსა და ცოცხალს“.

თვალი ნელ-ნელა ეჩვევა ამ ახალ ყოფასა და სამყოფელს. უკვე სახეებსაც ვარჩევ, თუმცა გაბზარულ ხმებს ვეღარ ვცნობ. თავისუფალი კუთხე მოვხელე და ჩუმად ჩამოვჯექი სულის მოსათქმელად. „ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი აკვანს არწევს – იქ კი გოგოა, წინა ზაფხულს დაბადებული“. მოშორებით „სხედან სიკვდილშეყრილი ქალები, ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ“.

სიჩუმეს ფანდურის ხმა არღვევს… „რა გამღერებს, მინდიავ, სიკვდილს აშინებ?“ – ეკითხება ვიღაც. ეჰ, „მეც სიკვდილი ვარ, ფანდურითა და არყით ხელში“, – მოკლედ პასუხობს და დუმდება ისევ.

„აბა, როგორა ხართ?“ – ვკითხულობ სიჩუმისა და უხერხულობის გასაფანტავად. „სიკვდილში ვდგავარ, სიცოცხლეში – ვეღარ გავიგე“, – მპასუხობს ვიღაც, ბნელ კუთხეში მიწოლილი. „სიკვდილის მძევლები ვართ”, ძმობილო სიკვდილის მძევლები, – გვეხმაურება სხვა. და მე მაოცებს „ჩემი სიმშვიდე – უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული“.

იქით ვიხედები, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის. „სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან და შემობერილ ნიავს თვალებით ეფერებიან“. „სარკმლის გარეთ ჰაერია, შიგნით – სიჩუმე“. „იხმაურეთ“, – ასე ვარიგებთ ბავშვებს, ბეღურებივით შემოსახლებულებს, სიკვდილშეყრილებს“.

„აღარ იტიროთ“, – ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

„მარტოკაი ხარ, დარეჯან?“ – ვეკითხები იმ სოფლის მეზობელს. „ჩემი შვილებიც აქ არიან. მე აღარ ვსუნთქავ, რომ ჰაერის მარაგი დარჩეს“, – მოკლედ მპასუხობს. თვალს ისევ იქით ვაპარებ, საიდანაც დღის შუქი ძლივს აღწევს. „ამ წვრილ სარკმელში ღმერთიც ვეღარ შემოეტევა“, ჰაერი როგორ შემოაღწევს.

მოულოდნელად ფრთების ფრთხიალი არღვევს სიჩუმეს. „შემოფრენილმა გულწითელამ თითქოს სიცოცხლე შემოიტანა, ისე ავღელდით“.

სანამ მთლად ჩამობნელდება, ფეხმოთრევით მივდივარ კედელში დარჩენილ ღიობთან, ფანჯრის როლს რომ ასრულებს. გარეთ ვიხედები… მომეჩვენა, რომ „გაღმასოფელში ასკილი ყვავის“. „სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები, მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია“. კი, ასეა, აქ „შავ-თეთრი სოფელი მაქვს“. ვუცქერი მზის ჩასვლას და ვხედავ, რომ „ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის“.

ქვევით მდინარეს ჩავხედე. „ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს“, რომ იქნებ როგორმე ჩვენი ხმა მისწვდეს მის ყურს. „ყვავილები [ც კი უთანაგრძნობენ და] არ საუბრობენ“. „ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ, ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს“, რადგან ჩვენ „აქ უსაფლავოდ ვარ[თ] დარჩენილი.“

„წყალგაღმა მოჩანს საფლავების თეთრი ლოდები და მათი ჩრდილი აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს“. იქ „მკვდრებიც სუნთქავენ“, აქ ცოცხლებსაც გვიჭირს სუნთქვა. იქ, იმ სასაფლაოზე, „მკვდრებიც დგებიან და წვებიან, როგორც ჩრდილები“, აქ კი ადგომა და კართან მისვლა ბევრს ენატრება უკვე…

საღამოს „ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა: „ღმერთო“. ჩავაცვით“. მერე „დედა ტიროდა: „ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…“ პირზე სიტყვაშემშრალი ვუცქერდი ხან ერთს, ხან მეორეს „მე – ორჯერმკვდარი“.

ვცდილობ, იმედი არ დავკარგო, თუმცა „მკვდარი რწმენა ვარ“.

დაღამდა… როგორც ამბობენ, „დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია“ აქ.

„მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და ძილი არ გვეკარება…“ „რა სიჩუმეა, სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ“. აღარც გათენებას დაადგა საშველი. „ქალაქისოდენი ღამეა“.

მერე „მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით“. „სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს, მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან…“

„წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა ცოცხალი დამიტირა“. „შენ გამაჩინე, დედაჩემო, – შენი ტკივილი“. შენა ხარ „ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი“.

„ვწევარ და სიკვდილს ველოდები, როგორც გაღვიძებას“.

თენდება… „დღეს მგონი ვკვდები. ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარც ვიცინი…“

„…აქ გაღმერთებაც შეიძლება, ოღონდ მოვკვდები“.

 

მინაწერი:

ასე გაღმერთდა ბოლო ანატორელი და დაიბადა თავად ანატორი .

ეს მოხდა სულ ცოტა ხნის წინ, დედაქალაქიდან ხელის გაწვდენაზე, პატარა სოფელში, რომლის მკვიდრთა უმეტესობას ქალაქი თვალითაც არ ენახა, მაგრამ ჰქონდა უმაღლესი მოქალაქეობრივი შეგნება, თანაც ისე, რომ ამისთვის არც სკოლის მერხი და არც ტრენერები თუ მასწავლებლები დასჭირვებია.

მეორე წერილი

0

  ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  მე-5 საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებს

 

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, იმედი მაქვს, კარგად ხართ. ვიცი, რომ მეორე წერილი უსაშველოდ გამეწელა, მაგრამ უნდა მაპატიოთ.

მაშ ასე, ახლა პირდაპირ მეორე საკითხზე გადავიდეთ, რომელიც წინა წერილში ასე ჩამოვაყალიბეთ- „როგორ არის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში კაცის კვლის „წყევლა-კრულვიანი“ საკითხი განხილული?“.  ამ თემას, ძირითადად, ოთხი პოემის მიხედვით განვიხილავთ, ესენია – „ალუდა ქეთელაური“,  „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“ და „ბახტრიონი“.

ზოგადად ვაჟა-ფშაველა თავის პოემებში მკითხველ-მსმენელის თანამონაწილეობას ითხოვს და ამიტომაცაა, რომ ყველანი თავს მისი პოემების ერთ-ერთ პერსონაჟად წარმოვსახავთ ხოლმე. ვაჟა ამბის აღმწერია, იგი პირუთვნელად გადმოსცემს ყველას პოზიციას და თავად არ ერევა არაფერში (თუმცა შესაძლოა, გარკვეულ სიმპათიას ავლენდეს, განსაკუთრებით საქართველოს წარსული დიდებისადმი). რით აღწევს იგი ამ ყველაფერს? – რა თქმა უნდა, „დიდი დაეჭვებებით“. სწორედ დაეჭვებებია ის ძირითადი მუხტი, რაც ამოძრავებს მის რომელიმე მთავარ გმირს. თუმცა ეს დაეჭვებაც უმიზეზოდ და უსაგნოდ არ ჩნდება – რაღაც შემთხვევა ესაბაბება ხოლმე. მაგრამ  საინტერესოა, რომ ეს ემართებათ რჩეულებს, რჩეულებს ორი თვალსაზრისით – საკუთარ საზოგადოებაში გამორჩეულებს, ეტალონებს ამავე საზოგადოებისთვის და ამავდროულად,  დიდბუნებოვან ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან რაღაცებში გამოუტყდნენ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფ საზოგადოებასაც – მთელი წარსული ნაღვაწისთვის ხაზის გადასმა რომ მოუწევთ, იმის მიუხედავად.

„დიდი დაეჭვება“ დგება მაშინ, როცა თავად იწყებ აზროვნებას და გრძნობ, რომ ირგვლივ რაღაც ვერ არის. ადამიანი ხომ დაბადებისთანავე გარკვეულ მოცემულობაში ხვდება და შემდეგ სამყაროს აღქმას  იმ მზა კლიშეებით იწყებს, რომლებსაც აწვდიან. ეს კლიშეები სწორი და მართებულიც შეიძლება იყოს და მცდარიც.  გემახსოვრებათ, იოანე საბანისძე როგორ მწუხარებს, რომ დაბადებით ქრისტიანები ისე მტკიცენი ვერ არიან სარწმუნოების მიმართ, ვიდრე ახლადმოქცეული  (ჰ)აბო. რატომ? იმიტომ, რომ  ნებისმიერი რელიგიის მიმდევრების უმრავლესობა იმ რელიგიით ნაკვებ კულტურაში კი იბადება, მაგრამ ეს უკანასკნელი მისი საკუთარი არჩევანი არ არის. მას ეს გაუცნობიერებლად, პატარაობიდანვე მიეცა, ხოლო ვინც თავისი სულიერ-გრძნობიერ-გონებრივი  საწყაოდან გამომდინარე ირჩევს მრწამსს თუ იდეოლოგიას, იგი გაცილებით ერთგულია მისი, არ ეთმობა, რადგან ამისათვის ჯაფა გასწია. ყოველმა ასეთმა ადამიანმა (მუჰამად ალიმ, მალკოლმ იქსმა, ევსტათი მცხეთელმა და ა.შ.) კარგად იცის, თუ რა არის ნიშნეული მათ მიერ შერჩეულ რელიგიაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ თქმული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს  რომელიმე რელიგიის წიაღში დაბადებულ ადამიანს არ ძალუძს მისი ჭეშმარიტების შეგნება ან გულწრფელი ვერ იქნება მისთვის მიყოლაში. მხოლოდ ესაა, გაგება, როგორც ასეთი, იწყება დაეჭვებებით, გამოძიებით, გამოკვლევით, ჩაწვდომითა და ბოლოს, ან გულწრფელი სიყვარულით, ანდა გულწრფელად უარის თქმით.

დაეჭვებები და „დიდი დაეჭვებები“ მხოლოდ რელიგიას არ ეხება. ესაა სტერეოტიპულ აზროვნებათა წინააღმდეგ გალაშქრება, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად, დამოკიდებულება ადამიანებთან, ცხოველებთან, საკუთარ თავთან, სამშობლოსთან, მოყვარესთან დაბოლოს, მტერთან.  ამ უკანასკნელის მიმართ სტერეოტიპი ნეგატიური ხასიათისაა და სტერეოტიპზე მეტად დემონიზაციის ხასიათს ატარებს, ხოლო დემონიზაცია ჩვენს თვალში მოწინააღმდეგის ყოველგვარი ადამიანური თვისებებისაგან დაცლას გულისხმობს. შედეგად, არც მისი კუთვნილი რელიგია შეიძლება იყოს კაცთმოყვარე, უფრო მეტიც, მის ასეთად ყოფნას სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აპირობებდეს.

ალუდაც ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანია. მასაც თემის მიერ ჩამოყალიბებული შეხედულებები უპირობო ჭეშმარიტებად მიაჩნია. მისთვისაც ქისტების თუ ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა, იმავდროულად „არაჭეშმარიტ“ რელიგიასთან ომიცაა, ხოლო მასში გამარჯვება ღვთისმოსაობის ტოლფასია, სიკვდილი კი  – მოწამეობის.  მართალია, თავად მრავალზე „სცადა ფრანგული ფხიანი“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი  მისი შეხედულებების შესაცვლელად, რადგან იგი ჯერ თავისნაირს არ გადაჰყრია. და განგების ნებით თუ შემთხვევის გამოისობით, ასეთ კაცად მუცალი შეხვდება. მუცალთან სროლაში ჩაბმული ალუდა, მოწინააღმდეგის ღირსეულობას მაშინვე აღიქვამს. მუცალის ნასროლი ტყვია ზედ მკერდთან რომ ჩაუვლის და დენთის შესანახ რქას რომ გაუტეხს, ხვდება, რომ შემთხვევით გადარჩა. საინტერესოა მათი ურთიერთშეყივლება „არც ახლა გჭირსა რჯულ-ძაღლო“. რატომ „რჯულ-ძაღლო“ და არა მაგალითად, „მამაძაღლო?!“.  აქაც სწორედ ერთმანეთის რელიგიის დამცირების, უფრო სწორად, არასწორი წარმოდგენიდან გამომდინარე, დემონიზაციის მომენტთან გვაქვს საქმე. თორემ არც ქრისტიანობა ამბობს ასეთ რამეს სხვა რელიგიებზე და არც ისლამი, პირიქით, ისლამისთვის ქრისტიანობა „ზეციურ რელიგიათაგანია“. ბოლოს მაინც ალუდა დასცემს მუცალს.  მუცალი მოასწრებს და კიდევ ერთხელ ესვრის, თუმცა ვერც ამჯერად მოარტყამს, რის შემდეგაც თოფს გადაუგდებს „ახლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“- დააყოლებს.  მუცალისგან რჯულის ეს უკანასკნელი შეხსენება („კიდევ მიხსენა რჯულია”) უკვე აღარაა ღვარძლიანი ამოძახილი, პირიქით, სითბოც კი დაჰკრავს, რადგან იგი ითქმის ისეთ კონტექსტში, რომელიც ალუდას ღირსეულ ვაჟკაცად წარმოაჩენს. ალუდა გაოცებულია მით, რომ კაცი, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა, მის მიმართ ბოღმის ნთხევის მაგიერ, იარაღს ჩუქნის. ე.ი. თავის მტერში/მკვლელში ადამიანობას პირველი მუცალი ამჩნევს და აფასებს. სწორედ აქედან იწყება ალუდას „დიდი დაეჭვებაც“. მისი ცრემლები („ატირდა როგორც ქალიო“),  მტრობის ყინულის გალღობაა. ალუდა ამ ტირილით მუცალსაც იგლოვს და თავისთავსაც. ხოლო შემდეგ იწყება  ამ ყველაფრის გადააზრება უკვე სახლისკენ მიმავალ გზაში. პირველი ეტაპი არის მტრობა/ სისხლისღვრის უაზრობაზე ჩაფიქრება: („ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია“…), მეორე ეტაპი კი იმ დასკვნამდე მისვლაა, რომ მხოლოდ ჩვენი თავის, ჩვენი რელიგიისა თუ ადათების საკრალიზაცია, ხოლო მტრისა თუ სხვისი პირიქით – დამდაბლება არ არის სწორი, რადგან მაშინ მუცალს ასეთი სულიერი სიმაღლე, უშიშარობა, სიმტკიცე, შეგნება არ უნდა ჰქონოდა, არა და აქვს. ალუდა სწორედ  ამას განაზოგადებს. მისი „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი“ უკვე მონოლითურ მრწამსადაა ჩამოქნილი, რომელსაც უშიშას შეგებებული   შეცხადება – “რას ამბობ? ქისტის ცხონება, არ დაწერილა რჯულადა“ ძვრას ვერ უზამს. ზოგადად უშიშას სახით თემი რელიგიის სახელით სტერეოტიპულად აზროვნებს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა რელიგიას საუკუნეთა განმავლობაში ბევრი ისეთი ადათ-წესი თუ ჩვეულება მიეტმასნა, რომელიც „რჯულზე უმტკიცესად“ გვესახება, უფრო მეტიც, რჯულზე უფრო „რჯული“ გვგონია (ამასთან დაკავშირებით მეტად მოსწრებულად, დაახლოებით ასე თქვა ამჟამად კონფლიქტოლოგმა, ხოლო განათლებით თეოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა – „ჩვენი რწმენა ქრისტეს მიმართ უფრო წარმართული წარმოდგენაა“) . ამის მსგავსი  სურათია „ბახტრიონშიც“, სადაც ზეზვა ლუხუმს ამუნათებს, რომ „შენ შაგებრალა ურჯულო, მოგიწყლიანდა თვალები. უთუოდ, საით ენახვე, მოგაფურთხებდნენ ქალები“. იგი ამ მიდგომას ორი არგუმენტით ამყარებს – „ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?“  და „სიკვდილი თვითონ უფალსა, გაუჩენია მტრისადა“.  პირველი არგუმენტი ეგზისტენციალურია -გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს, ხოლო მეორე ისევ რელიგიის/ღმერთის სახელით მანიპულირებაა. პოემის ფინალში შემზარავი გველისგან – „ადამი ტომის მტრისაგან“ -ლუხუმის შებრალება და მისი მოვლა, ლუხუმის მხოლოდ როგორც სამშობლოსათვის თავგადაგებული გმირის კი არა, მისი იმ ადამიანური თვისების გამოცაა, მოკლული მტრის სიბრალულით თვალები რომ უწყლიანდება.

ახლა გადავიდეთ „სტუმარ-მასპინძელზე“.  ეს პოემა შებრუნებული პერსპექტივაა ალუდა ქეთელაურისა, რადგან   საკითხი იგივეა, ოღონდ ამჯერად ქისტების მხრიდან დანახული. ზემოთ „რჯულისა“ და „ადათების“ ურთიერთმიმართებასა და წინააღმდეგობრიობაზე ვილაპარაკეთ. ქისტების შემთხვევაშიც ასე გვაქვს საქმე. აქაც რელიგიას მიეწერება ისეთი რამეები, რაც ისლამს არ ახასიათებს. ასეთი გახლავთ თუნდაც ადამიანის (ამ შემთხვევაში მტრის) მიცვალებულის საფლავზე მოკვდინება და თან იმ რწმენით, რომ ის იმქვეყნად მსახურად ექმნება მას, ვისთვისაც მოიკლა (გავიხსენოთ ადამიანისთვის მარჯვენა მკლავის მოჭრა და ქავის კარზე მიჭედება, რასაც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს და ალბათ, მტრის მოკვდინების დასასაბუთებლად სჭირდებოდათ). პლუს ამას ქისტები ზვიადაურს ნელა, ანუ წვალებით კლავენ, რაც ისლამისთვის მიუღებელია. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?  ვაჟას მკვლევარი გრიგოლ კიკნაძე წერს, „სტუმარ-მასპინძელში“ ტრაგედიას ქმნის ის, რომ თემი, ზვიადაურის შემთხვევაში, საკუთარ ადათებსვე ეწინააღმდეგება. მაგალითად, როგორიცაა სტუმრის მიღების ადათი ან შემოხიზნული მოსისხარის ოჯახში ყოფნის დათმენა. იმდროის კანონების მიხედვით, თუ ადამიანი შემოგეხიზნებოდა, ოჯახში შემოდგამდა ფეხს, სანამ შენს ოჯახში იყო მისი მოკვლის უფლება არც შენ გქონდა და არც სხვა ვინმეს.  რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო, უნდა გესმია და გეჭმია მანამ, სანამ თავად არ ინებებდა წასვლას. ხოლო როცა ოჯახს გასცილდებოდა, მერე უნდა გასწორებოდი, თუ ეს გწყუროდა. სტუმრის მკვლელის გვარს სამუდამო შერცხვენა ელოდა, მას კეთროვანივით მოექცეოდნენ. ეს წესი საერთო იყო მთის ქრისტიანებისა თუ მუსლიმებისთვის (სხვათა შორის, როგორც ჩანს, არც იტალიელებისთვის იყო უცხო ეს წესი, რადგან როგორც ფრანგი მწერალი პროსპერ მერიმე თავის ნოველა „მატეო ფალკონეში“ აღწერს, მატეომ ერთადერთ, მცირეწლოვან ვაჟს მის ოჯახში შემოხიზნული სახელგანთქმული ყაჩაღის ჟანდარმებისთვის გაცემა არ აპატია და თვითონვე მოკლა თოფით). თუმცა, მიუხედავად ჯოყოლას ხვეწნისა, რომ ის დღეს სტუმარია მისი,  „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, თემს ეს არ ანაღვლებს. იგი ისეა სიძულვილით დაბრმავებული, რომ არც რელიგიას მიჰყვება და არც თავისივე კანონებს/ადათებს. ამიტომაცაა, რომ შემდეგ სინანულიც შეიპყრობთ, თუმცა ჯოყოლას მაინც ამრეზით უყურებენ – ვერ პატიობენ, რომ ისიც არ გაისვარა მათთან ერთად ამ საქმეში, რომ იგი მართალია და დანარჩენები კი მტყუანნი.

ზემოთ მოცემულ მაგალითებში ვაჟა ადამიანის მკვლელობის შემზარაობას გვითვალცხადებს. მისთვის ეს მით უფრო ძნელი ასატანია, როცა ღირსეულთა შორის მეგობრობის დიდი პოტენციალი ძევს, რაც ბევრი სასიკეთოს საწინდარი იქნებოდა. ვაჟა ამბობს, რომ იქ, სადაც სიძულვილი, გონგადასული ღვარძლი მეფობს, სიყვარულის ადგილი არ არის და ვინც ამ სიტყვას თავში თუ გულში  გაივლებს, ამა თუ იმ გზით მოიშთობა. თუმცა ვაჟა მთლად არც „ერთ ლოყაზე თუ გაგარტყეს, მეორე მიუშვირეს“ კონცეფციას იზიარებს. იგი ამოდის „მშვიდობისთვის იძულების“ (რაც ნატოს დევიზია) პრინციპიდან – როცა შეგონება არ ჭრის, ხელი, დიახაც, უნდა გამოიღო, მაგრამ აქაც დადგენილ მორალურ კანონებს არ უნდა გადაუხვიო. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ  ოთხივე პოემაში („გველისმჭამელშიც“ და მეხუთე „გოგოთურ და აფშინაშიც“) ქართველები თავდაცვით ომს აწარმოებენ, ანუ მომხვდურებს ებრძვიან (მართალია, „სტუმარ -მასპინძელში“ ზვიადაური მტრის ტერიტორიაზეა, მაგრამ ამჯერად სამტროდ არ მიდის და თან ზოგადად, ის იმიტომ კლავს ქისტებს, რომ თავისი მხარე დაიცვას), თუმცა რეალურად ეს მთლად ასე არ იქნებოდა, ვგულისხმობ, რომ ხევსურები მხოლოდ თავდაცვით ომში არ იქნებოდნენ ქისტების წინააღმდეგ ჩაბმულნი. მაშასადამე, ვაჟა ამ საჩოთირო ამბავს უშვებს და განიხილავს, როგორც უკიდურეს ქმედებას და არ იზიარებს მის გამართლებას რელიგიის სახელით უკვე „გველისმჭამელში“. მინდიას მიერ ცხოველ-ფრინველ-ხეების დამცველობა არ ეპიტნავებათ ხევსურებს და განაქიქებენ:

„ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი…
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს, ყოველთი.

მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ,
გეტყვით, მისმინეთ, მე რასა:
მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ
მინდია სდგამდეს გორასა.
რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც
კლვისას არ გვაძლევს ნებასა,
მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა
ჩვენსა დაარღვევს შვებასა,
ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა,
ან გვიშლის რჯულის ცნებასა.
მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს
მტრისად შაქცევას ხელისას.

თუკი „ალუდა ქეთელაურსა“ და „ბახტრიონში“ მტრისადმი დამოკიდებულება „რჯულის“ მოშველიებით იძენს გამართლებას,  „გველისმჭამელში“, ადამიანის, თუნდაც მტრის, მკვლელობას რჯულთან რომ ხელი არ აქვს, ხაზგასმულია. ხოლო სიტყვები: „მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა ჩვენსა დაარღვევს შვებასა მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს…“ უფრო ადამიანური ლოგიკით ნავარაუდები (ნასურვილები) გამართლებაა, რაც ასეც შეიძლება იყოს და არც იყოს.

ზოგადად, მტრისადმი საკადრისი პასუხის გაცემის არაერთი შემთხვევა გვაქვს ბიბლიის „ძველი აღთქმის“ ნაწილში, რომელსაც დიდი წინასწარმეტყველები და პატრიარქები უდგანან სათავეში. მტრის მკვლელობა იქაც ღვთის ნების აღსრულებად არის მოცემული.

დასასრულს, ორი რამ გვახსოვდეს – „სტუმარ-მასპინძელში“ ზვიადაურის მკვლელობა ისლამით ნაკარნახევი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ისლამი ლინჩის წესით მკვლელობებს გმობს, გარდა ამისა პატიებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს (იხ. პირველი წერილი). მეორე კი ის გახლავთ, რომ ადამიანის მკვლელობა ვაჟას ძალიან აწუხებს და ამიტომაცაა, მის უმთავრეს პოემებში ეს თემა სხვადასხვა რაკურსით განხილული. იგი ამ აქტს იაზრებს, როგორც უკიდურეს ქმედებას, სხვა გამოსავლის უქონლობას  და ისიც მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში.

პ. ს. რა თქმა უნდა, ეს მეორე წერილიც და მეათასეც ვერ ამოწურავს ვაჟას. ნებისმიერი მონოგრაფია თუ დისერტაცია მხოლოდ მცდელობაა მისი დანახვისა. დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენი არგუმენტები გაქვთ და რაღაც-რაღაცებში არ დამეთანხმებით, რაც წინდაწინვე მახარებს.

პატივისცემით, თქვენი მეგობარი

ოქტაი

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...