კვირა, ივნისი 1, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

მირზა ფათალი ახუნდოვი – დასავლურ ღირებულებათა აპოლოგეტი

0

წიგნიდან „129 გვერდი ლიტერატურაზე“

მირზა იუსიფ ხანს

რაშიდი მოკითხვას გითვლით და ხელებს გიკოცნით. წელს მეშვიდე კლასში გადავიდა – სწავლობს. ერთ წელიწადში გიმნაზიას დაასრულებს. ამის მერე, ღვთის შეწევნით, ისლამური ენების (იგულისხმება არაბულ-სპარსული – ო. ქ.) სრულყოფილად შესწავლას დაიწყებს. თქვენს წერილებს, მიწერილს ჩემ თვალთა სინათლე ჰუსეინ ხანისადმი, ჩემი და რაშიდის მოკითხვაც დაურთეთ! ღმერთმა ჩვენს შვილებს – ამ ორ ძმას დღეგრძელობა და ბედნიერება აღირსოს! რაშიდმა ბოკლისა და რენანის თხზულებანი წაიკითხა და ფილოსოფია ჩემზე არცთუ ურიგოდ ესმის. ფიზიკაში მჯობს. ამ საკითხებზე ყოველთვის მეკამათება და არგუმენტებიც მოაქვს. თუმცა წელს, რამაზანში, მარხვა მთელი თავისი წესებითა და ქმედებებით სრულად დაიცვა: ამბობს, მსურს, ყველა მართლმორწმუნე მუსლიმად და შიიტად მიცნობდესო, მეც არ ვუშლი. ესეც ერთგვარი მოღვაწეობაა. რამაზანის თვეში ყოველ ღამეს ნამაზს ასრულებს, ლოცვანს კითხულობს. ამასთან, შესანიშნავად უკრავს თარზე და მუსიკის თეორიაც კარგად იცის. ამჟამად თარზე მართლაც რომ ბრწყინვალედ უკრავს.

გთხოვთ, წერილის მიღება შემატყობინოთ.

თქვენი გულწრფელი მეგობარი მირზა ფათალი ახუნდზადე

17 დეკემბერი, 1870 წ., ტფილისი

 

მაინც, რამდენს იტევს ეს მომცრო წერილი – მამობრივ სიყვარულსა და შვილისადმი აღმაფრენას, მისთვის სააზროვნოდ თავისუფალი გარემოს შექმნის სურვილსა და მცდელობას, მამობრივი ლმობიერებით შერბილებულ შენიშვნას. ასეთია მირზა ფათალი ახუნდზადეს (რუსებისთვის – ახუნდოვის) შინაგანი სამყაროს ერთ პატარა წერილში მოქცეული ნაწილი, უფრო სწორად, სული, ფილოსოფიის, მუსიკისა და მეცნიერებისადმი გახსნილი ღიობით; ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება-მოღვაწეობა შეალია არა მხოლოდ თავისი ხალხის, არამედ, საზოგადოდ, მუსლიმური აღმოსავლეთის განათლებას. რაღაც გამოუვიდა, რაღაც – ვერა. მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე ურყევად იდგა თავის მრწამსზე – რომ მოვიდოდა დრო და ყოველგვარ სიბნელეზე უარის თქმით ოდესღაც კულტურულ-პოლიტიკურად ჰეგემონი აღმოსავლეთის ხალხებიც ევროპის მოწინავე ერებს გაუთანაბრდებოდნენ. ვის, ვის და მირზა ფათალის მოეხსენებოდა, თუ რა დღეში იყო აღმოსავლეთი დასავლეთთთან მიმართებით. ამიტომაც ექიშპებოდა უმეცრებას, დასავლურ მეცნიერებათა მიღწევანი ეშმაკეულად რომ გამოეცხადებინა და ყოველგვარ მეცნიერულ ინტერესს ძირშივე სპობდა. აქაც რაღაცები აუსრულდა, რაღაცები – ვერა, მაგრამ უმთავრესი ეს არ არის. უმთავრესი ის გახლავთ, რომ იგი განსჯისკენ მოგვიწოდებს, ზოგჯერ თავისდა საზიანოდ საგანგებოდ გვიღიზიანებს სულს, რათა გვაიძულოს შევეწინააღმდეგოთ, გონება ვაფხიზლოთ, არგუმენტები მოვიძიოთ, რასაც თავისთავად ცოდნა და განათლება სჭირდება. ამით კი განმანათლებლობასთან – მისი ცხოვრების უმთავრეს მიზანთან მივდივართ.

 

***

XIX საუკუნის დადგომა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს უქადდა საქართველოს სამეფო-სამთავროებსა და აზერბაიჯანის სახანოებს, მაგრამ ამის განჭვრეტა ჯერ არც ერთს და არც მეორეს არ შეეძლო. რუსეთში ქართლ-კახეთისა და ყარაბაღის სახანო თავიანთ მოკავშირეს ხედავდნენ და არა დამპყრობელს. არ ეგონათ, საუკუნეების განმავლობაში შეჩვეულ ყოფას, წეს-წყობილებას გადამთიელის ხელი ასე თუ არევ-დარევდა, ახლებურად გადააწყობდა, სათავისო სადინარს მისცემდა, ხელერთპირად მოსპობდა და ახალ ყაიდას დაადგენდა, რითაც უცხო სხეულად შემოიჭრებოდა კავკასიის ხალხთა ყოფასა და კულტურაში. თუმცა, სანამ კავკასიაში რუსული გიმნაზია-სკოლები გაიხსნებოდა, სწავლა-განათლების პროცესი მედრესეებში მიმდინარეობდა, სადაც მოწაფეებს ასწავლიდნენ ყურანს, მის კომენტარებს, არაბულ და სპარსულ ენებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ეს სწავლებანი უფრო სულისმარგებლურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე მეცნიერულს, თუმცა იმის თქმაც ეგების, რომ აზერბაიჯანული ინტელიგენციის ის თვალსაჩინო ნაწილი, რომელიც მიესალმა განათლების ახალ სისტემას, უმეტესად სწორედ ამ მედრესეთა კურსდამთავრებული იყო. მოკლედ, აზერბაიჯანელთათვის დასავლეთთან პირველი შეხება რუსეთის სახით მოხდა, სწორედ მისი მეშვეობით გადავიდნენ ევროპული კულტურის, ფილოსოფიის, ახალი ისტორიოგრაფიის, ხელოვნების, ევროპული მუსიკის, ენების სივრცეზე და სწორედ ამ დიდი შეჯახების პერიოდში, 1812 წელს, დაიბადა მირზა ფათალი ახუნდზადე – პიროვნება, რომლის ნამოღვაწარმაც, ნააზრევმაც შემდეგდროინდელი აზერბაიჯანული კრიტიკული აზროვნების ბედი განსაზღვრა და ალაგ-ალაგ საერთომუსლიმურ სამყაროსაც გადასწვდა.

 

***

40-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, თბილისში, რომელსაც უკავშირდება მირზა ფათალის მოღვაწეობა და შემოქმედება, ქართველ თავადთა ოჯახებში გამართულ მიღება-წვეულებებში რუსი ინტელიგენტები ხშირად იღებდნენ მონაწილეობას. ზაფხულობით ღია ცის ქვეშ მუსიკის საღამოები, მცირე სასცენო დადგმებიც იმართებოდა, რისთვისაც რუსი და ევროპელი დრამატურგების ნაწარმოებებს მიმართავდნენ ხოლმე და რასაც შედეგად თეატრის გახსნაც მოჰყვა მოგვიანებით. ამასთან დაკავშირებით გრაფი სოლოგუბი გაზეთ „კავკასიაში“ წერს: „აქ განმანათლებლობის საჭიროება უკვე საგრძნობია: ადგილობრივები გაზეთ „კავკასიაში“ თავიანთ სტატიებს აქვეყნებენ, რაც ასევე ყოველთვიური ქართული გაზეთისთვის საკმაო მასალასაც ქმნის. თავადი გიორგი ერისთავი – ქართულ, ხოლო მირზა ფათალი ახუნდოვი აზერბაიჯანულ თურქულზე წერენ კომედიებს“ (გაზეთი „კავკასია“, 1851 წლის 17 თებერვალი).

მირზა ფათალი კარგად იცნობდა თავის ეპოქას, ხედავდა მის სულისკვეთებას და ამიტომაც ლექსების წერას დრამატურგია არჩია, რომლის მეშვეობითაც ერის მანკიერებებს ამხელდა, აკრიტიკებდა. „წავიდა საადის დრო, – წერდა იგი თავის წერილებში, –საადი გვმოძღვრავს, მაგრამ რომელი ნაკლი აღმოფხვრა მისმა შეგონებებმა? – არცერთი“. და ამიტომო, ჩვენ მწარედ უნდა მივაჭიროთ იარაზე ხალხს, რათა ტკივილმა შეაღვიძოს და სენს სწრაფად უწამლოსო. ამიტომაც შექმნა თავისი ცნობილი „ქემალ უდ-დოულეს წერილები“, სადაც ინდოეთის უფლისწული ქემალ უდ-დოულე ირანის უფლისწულ ჯემალ უდ-დოულეს ირანში მოუგზაურობისა და შთაბეჭდილებების შესახებ წერილებს სწერს. ქემალ უდ-დოულე ირანის გასაოცარ ჩამორჩენილობაზე მსჯელობს შეძრწუნებული და ამის მიზეზად, უპირველესად, ისლამს ასახელებს. მისი თქმით, „ხვლიკიჭამია“ არაბებმა მოსპეს ისეთი დიდი ცივილიზაცია, როგორიც ძველი სპარსეთი იყო თავისი სამართლით, კულტურით, განათლების სისტემითა თუ მაზდეანური რწმენით. ხოლო დღეს ირანი მუსლიმი სასულიერო პირებისა და შაჰის ძალაუფლების ქვეშ გმინავს, მაშინ, როცა ევროპაში ერთა შორის თავისუფლება და სხვათა უფლებების პატივისცემა მკვიდრობს.

„ქემალ უდ-დოულეს წერილები“ შარლ ლუი მონტესკიეს „სპარსული წერილების“ შთაგონებითაა შექმნილი და ალაგ-ალაგ „დავალებულიც“.უკანასკნელმა ფაქტმა არ უნდა შეგვაცბუნოს, რადგან „ევროპულად წერა“ მიბაძვისა და დასესხების გარეშე შეუძლებელია (ისევე როგორც „აღმოსავლურად“, მაგალითად).

მირზა ფათალიმ იცოდა, რომ მისი ეს თამამი ნაბიჯი საყოველთაო მრისხანებას გამოიწვევდა, ამიტომ ამ წიგნის შესავალში იგი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ მისი არგუმენტები მტკიცებულებათა საფუძველზე უარყონ და არა მართლმორწმუნეობადაჩემებული ცრურწმენით:

„ფრანგ უღვთოთაგან (ათეისტთაგან – ო. ქ.) ვოლტერის, რენოსა და სხვათა მიერ ქრისტიანული სარწმუნოების აბსურდულობასთან დაკავშირებით დაწერილი წიგნებისა და ქრისტიანთა შორის მათი გავრცელების შესახებ მოარული ამბები ყველასათვის ცნობილია. მაგრამ არც ხელისუფალთ და არც ხალხის რჩეულთ მათი შეჩერება არ უცდიათ, რადგან კარგად გაუცნობიერებიათ, რომ მათი არგუმენტები დაშინებით კი არა, საფუძვლიანი მტკიცებულებებითა და ცოდნით უნდა უკუეგდოთ. როგორც ბრწყინვალე იმამი ალი იბნ აბუტალიბი იქმდა. იგი ურწმუნოსთან ბაასისას კი არ ჯავრობდა, არამედ მის ყოველ არგუმენტს ბრძნული პასუხებით აქარწყლებდა ხოლმე. მხოლოდ ამის წყალობით იყო, რომ თვით ქემალ უდ-დოულეზე მკვეთრი პოზიციების მქონეთა აზრებს ხალხის თვალში აუფასურებდა და ძალას უკარგავდა“.

საქმე ის გახლავთ, რომ მირზა ფათალის დროს აღმოსავლეთის ჩამორჩენილობა უკვე ცხადზე ცხადი იყო. არაბულ ენას არაარაბებისთვის საიმდროოდ უკვე დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და მხოლოდ სასულიერო წრეებში და მრევლისთვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ის რეალობაც, რომ მეცნიერების ნებისმიერ სფეროში ფრანგული, გერმანული, ინგლისური ან სხვა ევროპული ენა დომინირებდა, რომლებთან შედარებითაც მუსლიმური მეცნიერება „კარგა ქვეითობდა“ (გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის – ო. ქ.), არაბულის მნიშვნელობას ძალზე აკნინებდა. ყოველ შემთხვევაში, მირზა ფათალისთვის არაბული უკვე შემეცნების ენა აღარაა და მხოლოდ გულისგამაწვრილებელ ღვლარჭნილსიტყვაობის ნიმუშს წარმოადგენს. ამიტომაც მირზა ფათალი შემეცნება-აზროვნების საკუთარ ენაზე და ახალ ანბანზე დაყრდნობით წარმართვას გვთავაზობს. მთელ თურქულენოვან სამყაროში იგი იყო პირველი, ვინც არაბულის სანაცვლოდ ლათინურ ტრანსკრიფციაზე დაყრდნობილი ანბანის ვარიანტები შექმნა, რისთვისაც მეტად მტკიცე არგუმენტი ჰქონდა – არაბული კონსონანტური (თანხმოვნებითი) დამწერლობაა და, შესაბამისად, მასზე თურქულად წერა ბევრ გაუგებრობას იწვევს.

„ქემალ უდ-დოულეს წერილებში“, გარდა ზემოთქმულისა, ევროპული და აღმოსავლური ისტორიოგრაფიის შედარებისას, მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: ირანელი ისტორიკოსი მირზა მეჰდი ასთარაბადი ნადირ შაჰის მიერ ყალიჯაელი აშრაფის დამარცხების ამბის აღწერისას არ უთითებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავდა ნადირ შაჰს და რამდენი – აშრაფს, რა ტაქტიკას მიმართა ნადირ შაჰმა, როგორ შეიცვალა ბრძოლის ბედი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ბრძოლა და ა.შ., რაც, მირზა ფათალის სამართლიანი შენიშვნით, მომავალ სტრატეგოსებს სანიმუშოდ გამოადგებოდათ. ამის სანაცვლოდ ისტორიკოსი ასეთ რამეს გვთავაზობს: ნადირ შაჰი „ისეთი შაჰი იყო, რომ თუკი ბრძოლის ველზე მისი ნება ზღვას გაჩუმებას უბრძანებდა, ტალღა ძვრასაც ვერ გაბედავდა და თუ მთას გადაადგილებას უბრძანებდა, სალი კლდეები ქვიშასავით ჩამოიფშვნებოდა. თუ უკუნ ღამეში ცეცხლის ანთებას აკრძალავდა, ელვა ვერ გაკრთებოდა და თუ დილაობით დუმილის ბრძანებას გასცემდა, ალიონი კრინტსაც ვერ დასძრავდა“.

და ახუნდოვის კომენტარი ამაზე – „მტყუანს სახლ-კარი დაექცეს“.

ირანელი მემატიანის აღმოსავლური სტილი, რომელიც უფრო პოეტური შთაგონების ნაყოფად შეიძლება მოინათლოს, ვიდრე ისტორიკოსის რაციონალურ განსჯად, მისთვის მიუღებელი და ფუყეა.

ქემალ უდ-დოულეს პასუხად, ჯელალ უდ-დოულე ისლამს იცავს. მისი შენიშვნით, სპარსებში სისხლის აღრევა, კერპთაყვანისმცემლობა, მემთვრალეობა და სიძვა იყო გამეფებული, ხოლო ისლამმა იქ მორალი და სიწმინდე შეიტანა, რითაც ირანი ღვთისმსასოებელ ხალხთა რიგში ჩააყენა. ხოლო, რაც შეეხება ინდოეთს, იგი, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ ინგლისელებს უპყრიათ, მაინც უმეცრების წკვარამში იმყოფება.

მიუხედავად ჯელალ უდ-დოულეს ასეთი არგუმენტებისა, ავტორი მაინც ქემალ უდ-დოულეს მხარესაა, რასაც ცხადყოფს თუნდაც ეს წერილი:

მირზა იუსუფ ხანს

„…თუკი ირანში იუსტიციის სამინისტროს მცდელობით გამომცემლობებს თავისუფლება მიეცემათ, ქემალ უდ-დოულეს წერილები და რუჰულ-კუდსის (ფსევდონიმი მირზა მელქუმ ხანისა, რომელიც აგრეთვე განმანათლებელი იყო – ო. ქ.) თხზულებები დაიბეჭდება და გავრცელდება, ორმოცდაათი წლის შემდეგ ირანი ევროპის მოწინავე სახელმწიფოთა რიგში ჩადგება. საჭიროა, რომ ხალხი განათლდეს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის არსებული ჩუმი დაპირისპირება მოისპოს. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, რომ ირანელმა ხალხმა ბედნიერად იცხოვროს…

28 მარტი, 1871 წ.

 

***

დღეს, როცა რელიგიასა და რწმენაზე ლაპარაკი კვლავაც ნებადართულია (განსაკუთრებით კი კრიტიკაში სხვადასხვა ნაწარმოების რელიგიის შუქზე ხშირად ნაძალადევი განხილვა მომძლავრდა), რა თქმა უნდა, ისლამზე ამ და ამაზე უფრო მწვავე მოსაზრებების მქონე მირზა ფათალის მიმართ აზერბაიჯანელთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანი გახდა. და ეს მაშინ, როცა ის უმთავრესი საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც იგი ასე ლამობდა, უფრო მივიწყებულ იქნა, ვიდრე მოგვარებული.

ლიტერატურული თამაში -კავშირები და ასოციაციები, შექმენი ტროპი

0

თამაში 1

სამაგიდო თამაშები ყველას გვიყვარს, უფროსებიც და უმცროსებიც მშვენივრად ვერთობით, ასე ერთმანეთთან კომუნიკაციაც უფრო სასიამოვნოა, ზაფხულის თუ ზამთრის საღამოების ერთად გატარებაც უფრო საინტერესო.

ჩვენ  ბევრჯერ გვისაუბრია სამაგიდო თამაშებზე, რომელთაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში ვთამაშობთ. თამაშები სხვადასხვა ფუნქციით შეგიძლიათ გამოვიყენოთ, როგორც ახალი მასალის ახსნისა და გამეორების პროცესში, ასევე, გამოკითხვის თუ შემაჯამებელი დავალების ფუნქციით.

ეს სხვადასხვა დეტალისგან აწყობილი და მომზადებული თამაშებია, თამაში, რომელიც ამ წუთში, ამ საკითხის დაძლევისა თუ თემის განხილვის ფარგლებში ყველაზე მეტად გვჭირდება.

ლიტერატურული თამაში, რომელსაც დღეს გთავაზობთ, რამდენიმე კვირაზე შეგიძლიათ გაანაწილოთ და სასწავლო პროექტადაც აქციოთ. მე მოგიყვებით თამაშის სტრუქტურის შესახებ, დეტალები თქვენი გემოვნების თუ ინტერესის მიხედვით მოამზადეთ.

  • მაშ ასე, რა გვჭირდება:

სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის 10 ტექსტი ( კურიკულუმით გათვალისწინებული თუ თავისუფალი არჩევანი)

  • 10 ბარათი, რომელზეც ამ ტექსტების ავტორი და სათაური აწერია, შეგიძლიათ წიგნის ყდაც ამობეჭდოთ და ის გამოიყენოთ ბარათად,
  • წითელი ბარათები – თემა
  • მწვანე ბარათები – ჟანრი
  • ლურჯი ბარათები- პერიოდი
  • ყვითელი ბარათები – ქვეყანა, ავტორის წარმომავლობა
  • ვარდისფერი ბარათები – პერსონაჟი

 

ნაბიჯი 1.

დრო, რომელიც ამ ათი ტექსტის წასაკითხად, განსახილველად, სხვადასხვა მეთოდით დასამუშავებლად გჭირდებათ, თავად განსაზღვრეთ, მთავარია, რომ ყველა ტექსტი კარგად წაიკითხოთ, იმუშავოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნაწარმოების თემა, ჟანრი, ლიტერატურული თუ ისტორიული კონტექსტი, ავტორი, პერსონაჟები და სხვა. ამოწერეთ ეს ინფორმაცია ბარათებზე.

 

 

ნაბიჯი 2

თამაშის დროს მოთამაშე იღებს ჯერ ტექსტის ბარათს, ხოლო შემდეგ ფერადი ბარათებიდან ერთ-ერთს და მისი დავალებაა, იმ ბარათის მიხედვით გადმოგვცეს ინფორმაცია ტექსტის შესახებ, რომელიც ამოვიდა.

 

ნაბიჯი 3

ეს უკვე ფინალური დავალებაა და ტექსტებს შორის კავშირების დანახვას ემსახურება. ამ ეტაპზე უკვე ორი ტექსტის ბარათი მოგვდის და ჩვენი ვალია, ფერადი ბარათების საშუალებით ვიპოვოთ კავშირი ამ ორ ტექსტს  შორის, მაგალითად, რითი ჰგვანან ტექსტების პერსონაჟები ერთმანეთს, იქნებ რომელიმე  ერთსა და იმავე ლიტერატურულ პერიოდის, ჟანრს ან ქვეყანას ეკუთვნის და სხვა.

 

ნაბიჯი 4

ეს ეტაპი უკვე არა ფაქტობრივ ინფორმაციას, არამედ ასოციაციასა და ფანტაზიას ავითარებს, აქ ტექსტებს შორის არა ფაქტობრივ თუ კონკრეტულ კავშირებს ვეძებთ, არამედ ასოციაციურს, რითი შეიძლება ერთი ტექსტი მეორე ტექსტს დავუკავშიროთ?

 

 

თამაში 2

შექმენი ტროპი

ეს თამაში ლიტერატურული ტერმინებისა და ტროპის სახეების სწავლების დროს დაგეხმარებათ, ეს პროცესი უფრო მხიარული და შემოქმედებითი გახადოთ.

ამისთვის საჭიროა:

  1. სხვადასხვა ფერის ბარათები, სადაც ტროპის სახეები და მცირე თეორიული განმარტება დაიწერება, რომელი ტროპი რას მოიაზრებს და როგორია მისი „შექმნის“ ინსტრუქცია.
  2. დანარჩენი ბარათებისთვის კი არჩევანი ძალიან ფართოა, აქ შეგიძლიათ დაიტანოთ ყველაფერი, საგნები, მცენარეები, ცხოველები, ფერები, მინერალები და ა.შ.
  3. მოთამაშე იღებს ორ ბარათს, ერთზე- ტროპის სახეობაა, ესაა ის მხატვრული სახე, რომელიც მან უნდა შექმნას, მეორეზე – რაიმე ცნება, ნივთი, მცენარე, ნახატი და ა.შ. მან  ამ ნახატის მიხედვით უნდა შექმნას ტროპი.  ძალიან სახალისო თამაშია, მთავარია, ფანტაზიაა არ შევზღუდოთ და კარგად გავერთოთ, თან, ვისწავლოთ კიდეც.

 

 

 

 

 

ჩანახატები მასწავლებლის ცხოვრებიდან

0

რა არის თქვენთვის შთაგონება? რა გავსებთ დადებითი ენერგიით?

უბრალო ამბების მიღმა დამაფიქრებელი სიღრმეების აღმოჩენა შეიძლება. შარშან ზაფხულს, ერთ მზისგან გაჩახჩახებულ დილას  ზღვაში ვცურავდი და წყალქვეშ თევზების ქარავანმა ჩამიქროლა. თვალგახელილი მივაპობდი წყალს და სწორედ ამ დროს შევნიშნე ვერცხლისფერი თევზები. შუადღისას მეგობარმა მიამბო, რომ მასაც შეუნიშნავს ისინი. მე რომ არ მეთქვა თევზების ქარავნის ამბავი, ნეტავ, ჩემი მეგობარი თუ მომიყვებოდა მათ შესახებ?

გადავწყვიტე, გიამბოთ პატარ-პატარა ამბები ჩემი მასწავლებლური ცხოვრებიდან, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი გახდა. ვინ იცის, რომელ მოგონებას გაგიღვიძებთ ან რაზე დაგაფიქრებთ? იქნებ დიდი თუ პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებლებს ვერცხლისფერი თევზების ქარავანივით გვაერთიანებს ამბები, რომლებსაც თუ არ მოვყვებით, დავიწყება ემუქრებათ?

 

მთის ბროლი

სოფელ უწერას თავს დაჰყურებს ბროლის მთა. მოსახლეობას იქიდან ხშირად ჩამოაქვს ბროლის ქვები. ერთ ზაფხულს მიშომ, უწერის სკოლის მოსწავლემ, ხელისგულისოდენა მთის ბროლი მაჩუქა.

მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში ტარიელ ხავთასის მოთხრობა „მოხუცი და ბროლია“ წავიკითხეთ. მოთხრობა მოხუცისა და მაწანწალა ძაღლის დამეგობრების ამბავს აღწერს. ქალაქელი ბავშვებისთვის ქვები უმეტესად ნაცრისფერია. მიშოს ნაჩუქარი მთის ბროლი სკოლაში წავიღე. ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივებს მივუშვირეთ, მზის სხივებმა ქვაში გამოიარა და ყველამ ერთად ვიხილეთ, რას ნიშნავს სიტყვა „გამჭვირვალე“.

რამდენიმე კვირის შემდეგ სახელმძღვანელოს რვეულში ლექსიკურ სავარჯიშოს ვაკვირდებოდით. ბავშვებმა დავალება შინ შეასრულეს და ერთად ვამოწმებდით. ერთ-ერთი სავარჯიშო ქვების ფერს ეხებოდა. ბავშვებმა არ იცოდნენ გიშერი, ძოწი და ზურმუხტი, მაგრამ უმეტესობას ბროლის ფერი ადვილად ამოეცნო. ყველას გაგვახსენდა გაკვეთილი, რომლის ფოტოებიც განსაკუთრებულია ჩვენთვის. ერთ ფოტოზე ასახულია, როგორ ვართ ფანჯარასთან მიხვავებული, ხელში მთის ბროლი მიჭირავს და მასში არეკლილ მზის სხივებს ვუყურებთ, მეორე ფოტო ჩემი გადაღებულია – აღვბეჭდე, როგორ გვიღებს ფოტოებს სკამზე შემხტარი ანასტასია. გაიზრდებიან და  გაეცნობიან მთის ბროლს, როგორც „ვეფხისტყაოსანის“ მეტაფორულ სახეს.

 

სლაიდები ლენინგრადიდან

ბატონი ალექსანდრე ბუკინისტია. ორი წლის წინ მასთან შევიძინე აპარატი, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი. პატარა კოლოფის დირეში ფირფიტა უნდა ჩადოთ, სინათლეს მიუშვიროთ და თქვენ თვალწინ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები ჩნდება.

ერთ-ერთი გაკვეთილი ფოტოხელოვნებასა და მხატვრობას ეხებოდა. ხელი მოვხვიე უამრავ რესურსს – ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ელენე ახვლედიანის, ვან გოგის, კანდინსკის ალბომებს და დაფასთან გამოვფინე.

მათ შორის იყო ბატონ ალექსანდრესთან ნაყიდი უცნაური აპარატი. გაკვეთილის ბოლოს სათითაოდ მოდიოდნენ და სამი მხატვრის ნახატს ეცნობოდნენ.

მეორე დღეს მეოთხეკლასელმა ნატალიმ სკოლაში მოგვიტანა ნივთები, რომლებიც მისთვის ბებიას გამოუტანებია. წარმოიდგინეთ, ჩემი სიხარული, როდესაც ამ ნივთებს შორის ისეთივე მოწყობილობა დავინახე, ბატონი ალექსანდრესგან ორი წლის წინ რომ შევიძინე.

ემოციებით სავსემ ნატალის ბებოს დავურეკე. მითხრა, რომ წლების წინ ლენინგრადში შეუძენია ნივთი, რომელსაც „სლაიდს“ უწოდებდა. სლაიდები ასახავს ფირფიტებს, რომლებზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცნობილი მხატვრების ნახატებია გამოსახული. ერთი სული მქონდა, გამეგო, რომელ მხატვარს გაგვაცნობდა ძაფით თავმოკრულ ცელოფანში დახვავებული სლაიდები. XXI საუკუნის სკოლის ოთახში XVI საუკუნის იტალიიდან ტიციანი გვეხმიანებოდა. მე და ჩემი პატარა მოსწავლეები ცალ თვალს ვჭუტავდით და მეორე, ფართოდ გახელილი თვალით, ჭუჭრუტანაში ვხედავდით მარიამ მაგდალინელს, პერსევსის დედას – არგოსის მეფის ასულ დანაეს, პაპ პავლე III-ს, სალომეას, ვენერას, კარლ V -ს.

ბებიას ნატალისთვის გამოეტანებინა ლენინგრადში ნაყიდი ფიროსმანის ალბომიც, რომელსაც 1965 წელს სათუთად გაკეთებული წარწერა ამშვენებდა. ალბომში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების ორგანზომილებიანი ფოტოები იყო დატანილი, სამენოვანი (რუსული, ინგლისური, ფრანგული) განმარტებებით. ერთ-ერთი მათგანი, რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი ნახატი, ჩემთვის უცხო იყო. ორი თვის შემდეგ სიღნაღის მუზეუმს ვესტუმრე. ვიდექი ფიროსმანის მასშტაბური ტილოს წინ და ვფიქრობდი ნატალის ბებოზე, რომელსაც მხოლოდ სატელოფონო საუბრიდან ვიცნობდი. მისი ნათქვამი სიტყვები გულს მინათებდა და ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებას უზარმაზარ აზრს სძენდა.

 

დუქ ვონცექ?

გოგა რვა წლის ბიჭია. შავი, კაკლის მურაბასავით თვალები და უკეთილესი გული აქვს. ერთხელ, ქართულის გაკვეთილის შემდეგ, მოვიდა და მითხრა – იცით, მე სომეხი ვარ, მასწავლებელოო.

რვა წლის ადამიანების ნათქვამი სიტყვები უზარმაზარ და დასაფასებელ გულწრფელობაზე დგას. არ ვიცი, რატომ მოისურვა გოგამ, მაინცდამაინც იმ გაკვეთილის შემდეგ ეთქვა ჩემთვის ვიღაცისთვის უმნიშვნელო, მაგრამ თავისთავად ბევრი რამის მთქმელი ამბავი, თუმცა, სათქმელის მოტივის ამოცნობა არ გამჭირვებია. მან, პატარა სომეხმა ბიჭმა, ქართულ სკოლაში ქართულის გაკვეთილზე იმდენად კარგად იგრძნო თავი, რომ დიდი განდობის მონაწილე გამხადა.

ამ ამბიდან რამდენიმე ხანში დაფაზე ვწერდი სიტყვებს, რომლებშიც ბავშვებს უნდა ამოეცნოთ დაკარგული ასო. გოგამ „ძუ“ ამოიკითხა და მითხრა, რომ სომხურად კვერცხს ნიშნავსო. ვთხოვე, ჩემთვის სომხური ესწავლებინა. ვკითხე, „როგორ ხარ?“ სომხურად როგორ უნდა ვთქვა-მეთქი. გოგა დაიბნა და ვერაფრით გაიხსენა.

იმ დღეს ჩემს ძმისშვილ ლუკას ბოლო ზარი ჰქონდა. მთელი ოჯახი მუხიანში მივდიოდით. სკოლის კართან ჩემი მეუღლე დამხვდა, ჩვენი 2 წლის გოგონაც მოეყვანა. ხელი მოვკიდე ლილეს და მეორეკლასელებთან ავიყვანე. ბავშვები მოგვცვიდნენ, შეშინებულმა ლილემ ხელი მაგრად ჩამკიდა და აჭყვიტინდა. ნუცა მოგვიახლოვდა, არ გინდა, ლილე, შენც გაკვეთილი ჩაგვიტარო, შენი დედიკო იცი რა საინტერესო გაკვეთილებს გვიტარებსო, ეფერებოდა. სწორედ ამ დროს მოგვიახლოვდა გოგა და ამ ხმაურსა და აურზაურში დამძახის „დუქ ვონცექ, მასწავლებელო, დუქ ვონცექ!“,  გავიხსენე, სომხურად როგორ არის „როგორ ხართ“ .

 

ნიკოს დღიურები

ზოგჯერ უსიამოვნო ამბებიც ხდება. ერთხელ მეექვსეკლასელებმა გამაბრაზეს და მოთმინებიდან გამოსულმა საკლასო ოთახი დამშვიდობების გარეშე დავტოვე. რამდენიმე ბავშვი სამწუთიან ესეის წერდა. გაცხარებულმა ნამუშევრებიც არ გამოვართვი. სახლში ქვასავით დამძიმებული გულით მოვედი. დამღლელი დღის შემდეგ ყავა მოვიდუღე და დარღვეულმა ჰარმონიამ ბოლო მომიღო. ღმერთო, როგორ უნდა გავატარო ასეთი მძიმე განწყობით მთელი დღე-მეთქი, გავიფიქრე და ისევ სკოლაში დავბრუნდი. კლასში შესულმა ბავშვებს მოვუბოდიშე – ზუსტად ისე მოვიქეცი, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხი-მეთქი. ვფიქრობ, რაც არ უნდა გაგვაბრაზონ მოსწავლეებმა, გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად უნდა ვეცადოთ ურთიერთობის მოგვარება, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს, მათზე მეტი მოგვეთხოვება. ჩვენ ვართ მათი როლური მოდელი. ხელოვნების გაკვეთილი სრულდებოდა. ქართულის გაკვეთილზე დაწყებული თავისუფალი ესეის წერას ნიკო კვლავ აგრძელებდა. მობოდიშებისა და ურთიერთშეთანხმების შემდეგ ესეები სახლში გამოვიყოლე.

ნიკოს ნაწერში მთავარი პერსონაჟი ვარ. დაწვრილებით აღწერდა ჩემს განრისხებას, მერე ნაწერში ხელოვნების გაკვეთილი გრძელდებოდა სხვა ამბებითა და სხვა პერსონაჟებით, ბოლოს კი ნიკოც ჩემთან ერთად განიცდიდა კათარზისს და კლასის სახელით მებოდიშებოდა – ოდნავ თამამ და დაუფარავად თავხედურ ტონს მოკრძალებული ტონით ცვლიდა.

 

მთელი კლასის დიორამა

მე და ჩემი მეოთხეკლასელები ორი სემესტრის განმავლობაში არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალს“  ვკითხულობდით. იმდენად საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა, ამ ყველაფრის შესახებ ცალკე სტატიაც კი დაიწერება, თუმცა, ახლა გამოძერწილ პერსონაჟებზე უნდა გიამბოთ.

წიგნიდან ამოვწერეთ პერსონაჟები, გავიხსენეთ მათი თვისებები და პლასტილინისგან გამოვძერწეთ, შემდეგ კი პერსონაჟთა გალერეა ფანჯარაზე მივაწებეთ. ფანჯრის მიღმა ნაცრისფერი კორპუსები, ბავშვების მომლოდინე მშობლები და ქარისგან მოშრიალე ხეები ჩანდა.

საღამოს მეოთხეკლასელმა გელამ ჯგუფში ფოტო ატვირთა სახელად – „მთელი კლასის ნამუშევარი“. ერთიანობის განცდა, რომელმაც მიდი მოადეს, ფრინტას, ქონდარინეს, კინა ლოკოს, სალამურას თუ ბაიას გამოძერწვისას ჩვენი გულები გააერთიანა, გელას სტატუსში გახმიანდა.

 

ყვავილის ქოთნები

მეექვსეკლასელებთან რიგით მეორე ლიტერატურული კაფე საკლასო ოთახში გავმართეთ. თითოეულ მოსწავლეს მერხი თავად უნდა გაეფორმებინა. დილას საკლასო ოთახში შესულს გული გამინათდა. ისინი სპორტის გაკვეთილზე იყვნენ. ცარიელ ოთახში ტკბილეულითა და სათამაშოებით მორთული მერხები მათზე ჰყვებოდნენ. რამდენიმე ბიჭის მერხზე ხელოვნური ყვავილების ქოთნები დამხვდა. სკოლის დღეები მსგავსი აღმოჩენების ფეიერვერკია. მთავარია, ვუბიძგოთ და წავახალისოთ. მერე დერეფნებიდან ქოთნის ყვავილები შემოვიტანეთ. წითლად აბრიალებულმა ბალბის ყვავილებმა სხვა ელფერი შესძინეს ჩვენს დღესასწაულს.

 

„მფრინავი არწივი“

ნებისმიერ ნივთს შეძლება ახალი სიცოცხლე შევმატოთ და სასწავლო რესურსად ვაქციოთ. როგორც კი ჩემმა მეუღლემ ლილეს სათამაშო არწივი მოუტანა, მაშინვე ახალი იდეა დამებადა. მერე აიშოლპან ნურგაევა გამახსენდა, არწივების მომთვინიერებელი მონღოლი გოგონა.

დახმარება მეექვსეკლასელებს ვთხოვე, რომლებმაც განსაზღვრულ დროს მესამე სართულის ფანჯრიდან ძაფგამობმული არწივი ჩამოუშვეს. მისი გამოჩენა აიშოლპან ნურგაევას შესახებ საინფორმაციო ტექსტის გაცნობას მოჰყვა. ბავშვებზე არანაკლებ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა ჩემთვის ხმაურიანი და ფრთებმოფრთხიალე არწივის გამოჩენა მეორე კლასის ფანჯრის წინ. არასდროს დამავიწყდება ბავშვების სიხარულისა და გაკვირვების შეძახილები.

 

„გარეული გედები“ და საბა

მეორეკლასელი საბა ხუთშვილიანი ოჯახის უფროსი შვილია. მის დედიკოს არ ვიცნობ. სკოლაში მამა ან ბებია აკითხავს ხოლმე.

ერთხელ ბავშვებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „გარეული გედები“ წავუკითხე. შემდეგ საყვარელი ეპიზოდის დახატვა ვთხოვე. საბამ თავის ნახატს დააწერა „მე დავხატე, რომ ელიზამ გარეთ გედი დაინახა“. მის მინიმალისტურ ნახატზე შავთმიანი ელიზა ფანჯარასთან ზურგით დგას, ჭრელი გედი კი ცაში მიფრინავს.

გაკვეთილების შემდეგ ცარიელ საკლასო ოთახში განმავითარებელი კომენტარების დასაწერად განვმარტოვდი. უფარდო ფანჯრიდან მდინარე გლდანულას ხეობა და კერძო სახლები მოჩანდა. გარეთ სწორედ იმ დროს გადავიხედე, როცა მამასთან ხელჩაკიდებული საბა სახლის გზას მიუყვებოდა. საბას ნახატი სულ ამ კადრს მახსენებს – როგორ მიდიან სახლისკენ პატარა ბიჭი და მამამისი ერთად.

 

დაჩი – კლასის მზე

მეექსვესკლასელი დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა. ის ფენილკენტონური დაავადების მქონეა. ამ იშვიათი დაავადების შესახებ სკოლის ფსიქოლოგმა, კლასის დამრიგებელმა და დაჩის ბებიამ მიამბეს.

ისე მოხდა, რომ დაჩი ჩემი გოგონას კლასელი და ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა. ეს მასთან ინდივიდუალურ მუშაობას მიადვილებდა. ხშირად ჩემი გოგონაც ამეცადინებდა წერა-კითხვაში.

დაჩის ჰიპერაქტიურობას მისი ხალასი ბუნება სულ სხვა მიმართულებას აძლევდა. მთელი წლის განმავლობაში ინდივიდუალურ, მის შესაძლებლობებზე მორგებულ ინსტრუქციებს ხალისით ასრულებდა.

ერთ-ერთი შემაჯამებელი სამუშაო – ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია –  ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ. პრეზენტაცია ოთხი დღე გაიწელა. რამდენიმე კვირაში ლიტერატურული კაფე გავმართეთ. დღის ბოლოს „საშლელების“ ავტორს, თამარ გეგეშიძეს, შევხვდით. ბავშვები სათითაოდ უსვამდნენ შეკითხვებს, ძირითადად, წიგნისა და წერის შესახებ. დაჩის ჯერი რომ დადგა, თამარს ჰკითხა, როგორი კაცი იყო ვაჟა-ფშაველაო. მისმა შეკითხვამ ბევრ რამეზე დამაფიქრა – როგორ ილექება თითოეული გაკვეთილი მოზარდების გონებაში, როგორ ფიქრებს აღძრავს და როგორი ამოუცნობია ბავშვების შესაძლებლობები.

სემესტრის ბოლოს ტორესა მოსის „ორდროშობანას“ მიხედვით პროექტის პრეზენტაცია დავგეგმეთ. კლასი წყვილებად დავყავი. დაჩის მეწყვილე ნიკა იყო. „ძველი ქართული სიტყვები „ორდროშობანაში“ – ასეთი იყო მათი თემის სათაური. მე და ჩემმა გოგონამ ბიჭები რამდენჯერმე ჩვენთან მოვიწვიეთ. ჯერ სიტყვები ამოწერეს, შემდეგ ლექსიკონში განმარტებები მოძებნეს და საინფორმაციო პლაკატზე გადაიტანეს, ბოლოს კი შესანიშნავი პრეზენტაცია გამართეს. დაჩის ყველაზე მეტად მოეწონა სიტყვა „შლეგი“.

დაბადების დღეზე კლასელებმა დაჩის პირადი წერილები მისწერეს. თითოეული თბილ სიტყვებს არ იშურებდა. აღმოჩნდა, რომ დაჩის მხიარულება, უშურველობა, გულღიაობა ყველასთვის შესამჩნევი ყოფილა. ეფერებოდნენ, იხსენებდნენ მისი გაცნობის დღეს, მასთან გატარებულ დროს. ერთმა მისწერა – ჩვენი კლასის მზე ხარო. შეუძლებელია დაჩი გაიცნოთ და თქვენც იგივე არ იფიქროთ.

 

მე აზერბაიჯანელი ვარ

სევგი 10 წლის გოგონაა. მესამე კლასში გავიცანი. წერა-კითხვა უჭირდა, მაგრამ ფუტკარივით შრომობდა და სწორედ ამ გულმოდგინებამ მოსწავლე-მასწავლებელს ორი წლის შემდეგ დიდი სიხარული მოგვანიჭა. მუდმივად ვაქებდი და მადლობას ვუხდიდი, ენას ასეთი ხალისით რომ სწავლობდა. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო სევგისთან მუშაობა, რადგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა, ორი წლის შედეგია ის, რომ სევგი შესანიშნავ წერილებს წერს.

სემესტრის ბოლოს ბავშვებმა სახელმძღვანელოს ავტორს, ნინო გორდელაძეს პირადი წერილები მისწერეს. „გამარჯობა, ნინო მასწავლებელო, მე ვარ სევგი ნუგზარკიზი. მე ვარ აზერბაიჯანელი“ – ასე იწყებს წერილს სევგი.

 

ქონდარი

„სალამურას თავგადასავლის“ პერსონაჟთა სახელები მწერალს მათი თვისებების, ხასიათისა და პროფესიის მიხედვით შეურჩევია. ქონდარეთის, ქონდარინესა თუ ქონდართუხუცესის შთაგონებით ქონდრის ყიდვა გადავწყვიტე. მინდოდა, მისი მკვეთრი სურნელი წიგნისთვის დაეკავშირებინათ. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, პატარა სასურსათო მაღაზიის კარი რომ შევაღე და ქონდარი მოვიკითხე. სურნელოვანი მცენარე არ ჰქონდათ, მაგრამ გამყიდველმა ქალმა საუბარი გამიბა და გელას ბებიად გამეცნო. გელა ერთ-ერთი იყო იმ ბავშვებიდან, რომელთათვისაც ქონდარს დავეძებდი.

 

კლასის  წიგნი

მასწავლებლისთვის მშობლებთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. როდესაც მოსწავლესა და მშობელს ერთ მთლიანობად აღიქვამ, ყველაფერი მარტივდება.

რა არის მასწავლებლის ოცნება? ოცნება მომავლის ცნებაა. ოცნებობ იმაზე, რაც არ არის და გინდა, რომ რეალობად იქცეს. ლიზის დედამ, თამარმა, ჩემი ოცნება – რომ შენი შვილის ყველა კლასელი თანაბრად გიყვარდეს და გაინტერესებდეს – სწორედ რომ რეალობად აქცია.

თამარი მანდატურია. კანონის მიხედვით, მანდატურს საკუთარი შვილების სკოლაში მუშაობის უფლება არ აქვს. დატვირთული გრაფიკის გამო თამარს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ორი წლის განმავლობაში აქტიური მიმოწერა გვაქვს სოციალურ ქსელში.

მეორე სემესტრის ბოლოს თამარმა ჯადოსნური ამბები დაატრიალა – სათითაოდ დაუკავშირდა ყველა მშობელს, მოიძია ბავშვების დაბადების თარიღები, ფოტოები, ნამუშევრები და ყველაფერი წიგნად აკინძა. თამარის ქმედებამ იმედით ამავსო – კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის სკოლა ჩვენთვის – მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის. დიდი სიყვარულით შექმნილი კლასის წიგნის თვალიერებისას მადლიერებით მევსება გული და თამარის ფუსფუსი პირად მაგალითად მექცა. ნამდვილად შესაძლებელია სხვისი შვილებიც ისე გიყვარდეს და გაინტერესებდეს, როგორც შენი. როცა ყოველდღიურობას უსამართლობა ჯანღივით დაეფარება ხოლმე, თამარს ვიხსენებ და იმედით ვივსები.

 

ჩემი მოთხრობილი ამბები კალეიდოსკოპს ჰგავს – ხელის ერთი მოძრაობით ფერებისა და ფორმების ცვლილებისას ახალი სამყარო გეშლება თვალწინ. მჯერა, რომ თითოეულ მასწავლებელს თავისი განსაკუთრებული ამბებით სავსე კალეიდოსკოპი აქვს. მთავარია, გაზიარებისა და მოყოლის სურვილი არ დაგვეკარგოს.

 

თანადგომა

0

ყველა მასწავლებელი ოდესღაც მოსწავლე იყო. ან ჯერ კიდევ არის, მაგალითად ისევე, როგორც მე და ლექტორების გარემოცვაში ისე გრძნობს თავს, თითქოს დიდი სულაც არაა.  და, ყოველ ჯერზე, როდესაც იმ კლასიდან, სადაც მასწავლებელია, იმ კლასში ინაცვლებს – სადაც მოსწავლედ ითვლება, ისეა, თითქოს თავის დიდურ საქმეებსა და მიღწევებს, სადღაც  შორს, სხვა შენობის კედლებში, ან სულაც სხვა განზომილებაში ტოვებს. ამით მარტივად აიხსნება ის, თუ რატომ მიფართოვდება თვალები ნერვიულობისგან, როცა ლექტორებმა უნდა მისმინონ. არადა ცალსახაა, რომ ზრდასრული ადამიანებით სავსე აუდიტორიის ყურადღების მიქცევა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ბავშვებით სავსე კლასის, შენს შესვლასაც რომ ვერ იგებენ, ისე ხმაურობენ. მტკიცედ მჯერა, რომ თუკი ადამიანი მეხუთე კლასელების შუაში დგას და იმდენს ახერხებს, რომ ყოველი მათგანი უსმენს და უყურებს, იგივე  ადამიანი ტრიბუნასთან რომ დააყენო მთელი მსოფლიოს ყურადღებასაც მიიპყრობს. მიუხედავად ამისა, ხანდახან განწყობის ცვლილება გარდაუვალია; ზოგჯერ ნებისმიერ აუდიტორიას ვიპყრობთ პატარებთან გამოცდილები, ზოგჯერ კი რაღაც ხდება და ყველაფერი არც ისე კარგად სრულდება, რაც შემდეგ გვიკვირს (და გვაწუხებს).  თუმცა გაჩენილ კითხვებზე პასუხების პოვნა იმაზე ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია, თუკი შევძლებთ და ჩვენს თავებს ჩვენსავე პატარა მოსწავლეებს შევადარებთ.

ერთხელ ჩემს მეორე კლასელებს გასაფერადებლად ფურცლები დავურიგე, რომელზეც სკოლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ეხატა. დავალება მარტივი იყო, შავ-თეთრ გამოსახულებაში უნდა ეპოვათ თითოეული ნივთი და იმ ფერით გაეფერადებინათ, რომელიც პირობაში ეწერა. მაგალითად, ფანქარი – ყვითლად, საშლელი – ლურჯად და ა.შ. მერე კი თავისი ნამუშევარი კლასისთვის უნდა ეჩვენებინათ და თან ინგლისურად მოკლე წინადადებები წარმოეთქვათ, იმაზე თუ რა იპოვეს და რა ფერით გააფერადეს.  ბავშვებმა მიცემულ დროში დიდი დაკვირვებით და ენთუზიაზმით იმუშავეს, თუმცა ერთ-ერთმა პატარამ ზუსტად მაშინ, როდესაც დავალების დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, გადაწყვიტა, რომ რაღაც არასწორად გააფერადა და რომ მის გვერდით მჯდომ თანაკლასელს უფრო საჭირო ფერი ჰქონდა გამოყენებული. ამიტომ, მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ვეღარ მოასწრებდა და თანაც ნახატს გააფუჭებდა, მიუბრუნდა და სასწრაფოდ დაიწყო გაფერადება. საბოლოოდ ისეთი უფორმო ნახატი მივიღეთ, რომ ვერაფრით გავარჩიეთ ზედ პენალი ეხატა თუ ტანსაცმლის კარადა.  თუმცა თვითონ დიდად არ უდარდია, რადგან ხატვისა და მუშაობის პროცესით ნასიამოვნები დარჩა. ბევრიც ვიცინეთ და ვიხალისეთ ასოციაციობანას თამაშით.

ამ ამბის მერე კარგა ხანმა განვლო, როცა მასწავლებელი ისევ მოსწავლედ გარდავისახე და ჩემი სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვის დღე დადგა. ვიდრე ჩემი გამოსვლის ჯერი დადგებოდა, სხვების მოსმენისას ათასი აზრი მომდიოდა თავში: რომ მე მსგავსი მონაკვეთი არ მაქვს, რომ ის ტექსტი, რომელიც უნდა წავიკითხო პატარაა, რომ რაღაც ჩასასწორებელია და ა.შ. თუმცა დიდურად და მასწავლებლურად ათასჯერ შევუტიე ჩემს თავს, ტექსტს ხელი არ ახლო, რაც არის ეგ არის, შეცვლის დრო აღარ არის-მეთქი. საბოლოოდ, ჩემში მეორე კლასელმა გაიმარჯვა, ერთი პარაგრაფი მთლიანად წავშალე, აქ სხვა რამეს ჩავსვამ-მეთქი.  მეორე პარაგრაფისთვის ნაშრომიდან სხვა აბზაცი ამოვაკოპირე და ჩავამატე, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ზუსტად არ დაემთხვა და გასწორება სჭირდებოდა. პარალელურად გაშლილ სხვა ფაილში ის მონაკვეთი დავკარგე, რომელიც მჭირდებოდა და ვიდრე ხუთ წამში ჩემს არეულ-დარეულ ტექსტს რამეს მოვუხერხებდი ჩემი გვარიც მომესმა. ამის გამო ავტომატური პანიკის რეჟიმი ჩამერთო და სიმშვიდე დავკარგე. საქმე იმაშია, რომ მე მეორე კლასელი ერეკლე არ ვიყავი, რომ ბოლო მომენტში გაფუჭებულ ნახატზე არ მედარდა და არც ასოციაციობანას მეთამაშა ვინმე. სინამდვილეში, უბრალოდ ყველაფერი გავაფუჭე. ბევრი რაღაც გამოვტოვე და როცა იმ პარაგრაფს მივადექი, სადაც ტექსტი ტექსტს ზუსტად არ ემთხვეოდა, საერთოდ დავიბენი, ბევრი შეცდომა დავუშვი და ჩემი პრეზენტაციაც ისეთ უფორმო გამოვიდა, როგორც ერეკლეს ხელახლა გადაფერადებული პენალი. მართალია, ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი  სამაგისტრო ნაშრომი ასეთ წარდგენას  ნამდვილად არ იმსახურებდა.

ახლა, როცა ამ ამბის მერე ცოტა დრო გავიდა, კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: რატომ არ ვითხოვე რიგის გაცვლა. უარს არავინ მეტყოდა, რომ მეთქვა, რაღაცას ვასწორებ და შემდეგი გამომსვლელი ვიქნები-მეთქი. აქ თითქოს ჩემს მეოთხე კლასელს ვგავარ: ერთხელ მინი პრეზენტაციების გაკვეთილი გვქონდა. უდარდელად დავუძახე ერთ-ერთს, აბა გისმენ-მეთქი, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან აქტიური და მამაცია, ამიტომ ყოველთვის პირველია, როცა საქმე რაიმეს დაწყებაზე მიდგება. უარი არ უთქვამს, თუმცა ორი სიტყვის თქმის შემდეგ მოულოდნელად ტირილი დაიწყო, რამაც, რასაკვირველია, თავზარი დამცა. გაირკვა, რომ სურდა ძალიან კარგად წარედგინა ყველაფერი, რის გამოც რამდენიმე წინადადება რვეულში ჰქონდა ჩაწერილი და ამ წინადადებებში ჩახედვა გამოსვლის წინ ვერ მოასწრო. დავამშვიდე და ვკითხე, რატომ არ მითხარი უარი გამოსვლაზე, ხომ იცი ამის უფლება გაქვს-მეთქი, უცებ ვეღარ მოვიფიქრეო, მომიგო. მაშინაც მივხვდი, თუმცა ახლა კიდევ უფრო უკეთ ვხვდები. პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ შენი სახელის გამოცხადებით გამოწვეულ პანიკას ვერ ძლევ და გავიწყდება თქვა, რომ მზად არ ხარ. პრობლემა ისიცაა, რომ იცი, ვერავის წარმოუდგენია, რომ შენ შეიძლება მზად არ ხარ, ამიტომ გიჭირს ამის ხმამაღლა თქმა და აღიარება. მე გამუდმებით ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს მსგავსი ბარიერები დავაძლევინო, თუმცა, როგორც ჩანს, პირველ რიგში, ამაზე მუშაობა საკუთარ თავთან მესაჭიროება.

ამის გაცნობიერებას ნამდვილად არ შევუშინებივარ. თუკი საკუთარ პრობლემებთან გამკლავება არ გიწევს და თუ სირთულეების დაძლევით არ იზრდები, პატარა ადამიანებს მაგალითს ვერ მისცემ. უბრალოდ ვერ ასწავლი მათ, რომ ერთმა წარუმატებლობამ ხელი არ უნდა ჩააქნევინოთ, თუ პირველ რიგში ამას შენ ვერ ხვდები. ალბათ პატარებს სწორედ ისეთი მასწავლებლები სჭირდებათ, რომლებიც თუნდაც სულ მცირე წარუმატებლობისას მათ მხარეს იჭერენ, ცდილობენ, პირველ რიგში, დადებითი წამოწიონ წინ, შეცდომაზე კი შთააგონონ, რომ არაფერია, ხდება ხოლმე. მსგავსი გაკვეთილები უდიდეს გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნულ ჩამოყალიბებაში არამხოლოდ მაშინ, როდესაც პატარები არიან, არამედ მაშინაც, როცა უკვე დიდები გახდნენ და საკლასო ოთახის მაგიერ უნივერსიტეტის აუდიტორიაში სხედან. პრობლემათა მასშტაბურობა მოსწავლისა და სტუდენტისთვის ცალსახად განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა ეს არცერთი წამით არ გამორიცხავს იმას, რომ ორივე მათგანს ესაჭიროება ემოციური მხარდაჭერა და დახმარება იმაში, რათა საკუთარ თავში ძალები იპოვოს. ისეთი ძალები, რომლის არსებობაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

კარგი მასწავლებელი კარგი წინამძღოლია, კარგი ხელმძღვანელი და კარგი ავტორიტეტი, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში ჰაერივით სჭირდება.  კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც ახერხებს და სულ უკანა მერხზე მჯდარ ჩუმ მოსწავლეს საუბარს აწყებინებს; სწორედ ასე დამაწყებინა საუბარი თავის დროზე ჩემმა ლექტორმა. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დამეხმარა, რომ მერწმუნა, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამის მერე უკანა მერხიდან ნელ-ნელა წინა მერხზე გადმოვინაცვლე, ის კი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი გახდა. ჭეშმარიტია, რომ თავდაჯერებულობა ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ ცოდნასაც და გამოცდილებასაც თავდაპირველად გაკვეთილის ან სემინარის ორმოცი წუთი გვაძლევს; ეს მანამდე, ვიდრე საკლასო ოთახის ან აუდიტორიის კარს გამოვიხურავთ და რეალურ ცხოვრებასთან პირისპირ უკვე გაზრდილები დავდგებით. როცა დიდი ხარ და როცა შენი ხმა მკაფიოდ ისმის, როცა შენი გაკეთებული საქმეები ყველასთვის თვალსაჩინოა,  ადვილია შენი სჯეროდეთ, მაგრამ ჩვენთვის შეუცვლელად სწორედ ის მასწავლებელი რჩება, ვინც მანამდე შეგვნიშნა და  მანამდე ირწმუნა ჩვენი, ვიდრე რამეს მივაღწევდით. ცოდნისა და გამოცდილების მიღება კი უწყვეტი პროცესია და მეტიც, თუ გსურთ რომ იყოთ კარგი მასწავლებელი, ამისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, მუდმივ მოსწავლედ დარჩეთ. შესაძლოა, ზოგჯერ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია ჩავაგდოთ, ან რაღაც ისე ვერ გამოგვივიდეს, როგორც საჭიროა. სამაგიეროდ ეს დაგვეხმარება, რომ იგივე ჩვენი მოსწავლეებისგან მარტივად მივიღოთ, დავიცვათ ისინი და ვასწავლოთ, რომ აუცილებლად მამაცურად უნდა გაუმკლავდნენ თუნდაც სულ მცირე წარუმატებლობისგან გამოწვეულ სტრესს.

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლესთან ამაზე საუბარი ან პირდაპირ შეიძლება, ან ირიბად; წარმოიდგინეთ, რომ იქ, სადაც ჩვენი წარმატება ან წარუმატებლობა უნდა გადაწყდეს, ბრძოლის ველია და, გვინდა თუ არ გვინდა, ამ ბრძოლას ბევრი ვინმე ადევნებს თვალყურს. თუ თქვენ მასწავლებელი ხართ და ხედავთ, რომ თქვენი მოსწავლის საქმე არც ისე კარგად წავიდა (ან შესაძლოა ხედავთ, რომ თავად ჰგონია, რომ არც ისე კარგად წავიდა)  ბრძოლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია უშუალოდ მოსწავლეს დაელაპარაკოთ, ან ბრძოლის ველზე ყველას გასაგონად აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის, რაც თქვენმა მოსწავლემ გააკეთა დასაფასებელია და ძალიან კარგი იყო. ეფექტი სხვადასხვანაირი იქნება, თუმცა ორივე შემთხვევაში ცალსახად – დადებითი. მაგალითისთვის, მე გაცილებით რთულად გადავიტანდი ჩემს შემთხვევას, რომ არა ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვიანებით ჩემი გაფუჭებული სიტუაცია გამოასწორა და რამდენიმე წინადადებად თქვა, რომ საბოლოო ჯამში ნაშრომზე ძალიან კარგად ვიმუშავე და კარგიც გამოვიდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ეს, ჩემი და ჩემი მოსწავლეების საყვარელი ანიმედან  ეპიზოდს დაგიტოვებთ. ეპიზოდში ბრძოლის მერე დაღლილი და დასავარდნად გამზადებული პერსონაჟის უკან უცებ მისი მასწავლებელი ჩნდება და მუხლს აშველებს, რათა მისი მოსწავლე არ წაიქცეს. სწორედ ეს არის ის ფარული,  სხვებისგან თითქმის შეუმჩნეველი ჟესტი, რომელიც მოსწავლეებს მასწავლებლისგან ასე ესაჭიროებათ; და ალბათ ჭეშმარიტი მასწავლებლის საქციელიც მუდამ ასეთი უნდა იყოს.

 

 

 

 

 

 

გათავისუფლება ამონარიდები მოსწავლე-მასწავლებლის დღიურებიდან

0

 

ძარღვები

(მარინეს დღიური)

9 აგვისტო.

სადილობისას თვალი მაჯისკენ გამექცა. მომწვანო ვენები  ხეების ტოტებს ჰგავს. ზეცამდე აწვდილს. მაგრამ, ესენი სისხლის ჭურჭლები არიან. ერთი ვიფიქრე: დაუსვი დანის პირი, დაამსხვრიე, გატეხე  და დამთავრდება ყველაფერი. დავიღვრები და დავიშრიტები.

დამთავრდება დედაჩემის და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი. ხანდახან შიშისაგან ისე ვპატარავდები, მგონია რომ ყვითელი  სიმინდის მარცვლად ვიქცევი ხოლმე. იმ სიმინდის,  სათითაოდ პაწაწკინტელა ორმოებში რომ ვთესავ, ბოლოს კი  ტაროებს ვამტვრევ. მერე ვსხდებით მთელი ოჯახი და ამ ტაროებს ვფშვნით დიდ ტაშტებში. ყოველი მარცვლის დანახვაზე  მახსენდება, როგორ ვიქცევი ხოლმე სიმინდად, როცა ჩემთან შავი, უკუნეთი შიში მოდის. სულ ჩხრიალ -ჩხრიალით ვვარდები რკინის ტაშტში – სიმინდად ქცეული მე.

დამთავრდება გამუდმებით იმის შეგრძნება რომ რაღაცას ვაშავებ, როდესაც ჩემს მეზობელ მუსლიმ გოგოსთან ერთად კენჭებით სახლს ვაშენებ. ჩუმად უბანში დიდი კაკლის ხის ძირას მოფარებული ვთამაშობთ და ჩურჩულით ვსაუბრობთ, რომ მე დედაჩემმა არ დამინახოს და ფატიმა კი – დედამისმა.

გადმოდგება დედაჩემი და დაიწყებს ძახილს:

  • მარინე, მარინეეეე…

მაშინვე თუ არ გააგონე, მერე ძალიან გაბრაზდება. სკოლაში აღარ გამიშვებს და მთელი დღე ქილების რეცხვა მომიწევს ან სიმინდის დაფშვნა. სახლში ბევრი საქმეა.

დედაჩემი მეუბნება, რომ  მთავარია, კარგ ოჯახში მოვხვდე, თუ გამიმართლებს ჩემს ქმარს ბევრი ცხვარი უნდა ჰყავდეს, მე კიდევ ბევრი შვილი – რა თქმა უნდა, ბიჭი.

იმ დღეს გავიგონე, დედაჩემი როგორ ეუბნებოდა მეზობლის ქალებს, ციალას მოსწონებია მარინე სარძლოდო. შევატყვე ამაყი და გახარებული იყო.

ამის მერე დავიწყე ჩემს ცისფერ ძარღვებზე ფიქრი და მიშტერება.

ძველი ავტობუსით

ანა

ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდევ არსებობდა ძველი ცისფერი ავტობუსები, მრგვალი ფანჯრებით და გახეხილტყავიანი სავარძლებით.

მძღოლს საჭისთვის ჩითის ნაჭერი ბაწრის ძაფით შემოუკვრია. წმინდანების ხატები ჩამოუკიდია და ჰამლეტ გონაშვილს უსმენს. თან გაზეთში გადახვეულ თუთუნს მონდომებით ეწევა.

კუბოკრულჩანთიანი ასაკოვანი ქალის გვერდით ვჯდები და ვიწყებ იმაზე ფიქრს, სად მივდივარ და რა დამხვდება.

ბავშვობიდან ძალიან ჩვეულებრივი ოცნებები მქონდა. მასწავლებლის პროფესია მიტაცებდა. მეტი არაფერი. ამიტომ სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი, რვეულებისგან ჟურნალებს ვაკეთებდი. ჩვენი ეზოს ღობეზე ცარცით ასოები გამომყავდა – მსმენელი  კი მეზობელი ან წარმოსახვითი ბავშვები იყვნენ. ხშირად თოჯინები და ხეებიც კი.

როგორც ჩანს ოცნებები ამისრულდა, დავამთავრე უნივერსიტეტი (ჩემების წინააღმდეგობების მიუხედავად, „აბა მასწავლებლობა რა პროფესიაა, რა შემოსავალი და რა პერსპექტივა გექნება“ შეგონებებით.) და კახეთის შორეულ სოფელში მივემგზავრები, საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ასეთ სოფლების სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, იმიტომ, რომ სოფელი ძალიან მიყვარს.

ერთხელ  ბებიაჩემმა მითხრა: ანა, შვილო, ცხოვრებას ადამიანი იქ მიჰყავს, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათო. აი, მე პაპაშენთან მომიყვანაო, პაპაშენი ჩემ გარეშე განა წარმოგიდგენიაო? რა ეშველებოდა მე რომ არ ვყოლოდი, ვინ გადაატანინებდა ამდენ სადარდებელს, ომში დაკარგულ ძმას და ნაადრევად დაღუპულ მამასო.

მეუბნებოდა ბებიაჩემი, თან დაცვარულ შუბლს თავშლის კუთხით იწმენდდა.

არა, მაინც სად მივდივარ, რა მინდა – არ მასვენებს ეჭვის ჭია. ჩემი ეჭვის ჭია მით  უფრო ძლიერდება და აუტანელი ხდება, რაც ქალაქს მოვწყდით და გზა ხრეშიანი, უდაბური გახდა. ირგვლივ მხოლოდ ჟანგიანი ღობეები, დაშლილი სახლები და ძველი საბჭოური მოსაცდელებია.   ვიღაცის ეზოში სტალინიც გაუცოცხლებიათ, მისი ყვითელი ბიუსტი მკაცრად და გოროზად იყურება. თავზარი მეცემა – მე, სტალინის და კომუნისტების მოძულე,  ნუთუ მათ „ფანკლუბში“ მოვხვდები?

მეზობლად მჯდომ ქალს ჩანთაში მამალი ჰყოლია, ისეთი დაიყივლა შიშისაგან წამოვიყვირე.  მამალმა კი თავისი წითელი თავი და გიშერივით თვალები ჩემკენ მოატრიალა, თითქოს ისიც მეკითხებოდა: შენ რაღა გინდა აქო?

შეხვედრა

(მარინეს დღიური)

სექტემბერი, ორშაბათი

არდადეგები დასრულდა. სახლის საქმეები კი – ჯერ ვერა. დედაჩემი ფიქრობს, იქნებ სკოლაში ჯერ არ გამიშვას, იმიტომ, რომ ლობიო დასარჩევია, კარტოფილი ამოსაღები. მუდარის თვალებით ვუყურებ, იქნებ გამიშვას, იქნებ.

  • კარგი წადი, ოღონდ იცოდე, თავი წესიერად დაიჭირე! ნუ დაიწყებ უაზრო სიცილს და ღრეჭვას. ცუდი თვალით არ შემოგხედოს არავინ, ემანდ თავი არ მოგვეჭრას, დიდი ხარ უკვე.

მითანხმდება დედაჩემი და დარიგებები ზვავივით მატყდება თავზე.

პირველ დღეს სკოლაში თეთრი ზედა და შავი ბოლო უნდა გვეცვას. ასეა წესი – უკვე რამდენი წელია.  რატომ მაინცდამაინც თეთრი ან შავი წარმოდგენა არ მაქვს. მეც ვიცვამ დედაჩემის ნაქონ გადაკეთებულ პერანგს, შავ გრძელ კოჭამდე ბოლოს და შავ ძველ,  რამდენჯერმე დაკერებულ, მაგრამ კარგად გაპრიალებულ ფეხსაცმელებს. ჩვენს ეზოშივე ვკრეფ რამდენიმე შემოდგომის  ყვითელ ვარდს, ვაფორმებ სუროს ფოთლებით, წითელი ლენტით ლამაზად ვკრავ. ჩემს მასწავლებელს უნდა მივართვა. ესეც წესია. დაუწერელი წესებით სავსეა ჩემი/ჩვენი ცხოვრება. ზოგჯერ კი იმდენად მოსაბეზრებელი, რომ ძალაუნებურად გაგექცევა მაჯებისკენ თვალი და დაიწყებ იმაზე ფიქრს, რა იქნება, რომ წესები არ არსებობდეს, მაგრამ წესების შეცვლა ან გაუქმება მხოლოდ ამ ლურჯი ძარღვების გახეთქვით იქნება შესაძლებელი. ლოგიკურიცაა: გავქრები მე და გაქრება წესებიც.

სკოლაში, უბნიდან რამდენიმე ბავშვი დავდივართ ერთად. შევიკრიბებით და გავუდგებით გზას. ჩვენი სკოლა არ არის ახლოს, რაც ძალიან მიხარია. იმიტომ, რომ გზაში ბევრს ვსაუბრობთ და ვხუმრობთ. მოკლედ ჩემთვის დიდი ბედნიერება მოაქვს იმას, რომ სკოლის გზა ჩემი სახლიდან შორსაა. ჩემს მეგობრებს უკვე მოსწონთ ბიჭები და ფიქრობენ, ვის მისთხოვდნენ, რამდენი შვილი გააჩინონ, როგორი ქორწილი გადაიხადონ და ასეთ რაღაცებზე. ჯერი ჩემზე რომ მოდგება ხოლმე, ვწითლდები, იმიტომ, რომ არც ბიჭი მომწონს და არც გათხოვება მინდ. მინდა კი არა, ამაზე ფიქრისას უსიამოვნო შეგრძნებისგან მბურძგლავს.

– აბა, რა გინდა? გინდა შინაბერა დარჩე? – მეკითხება ნინო და თან უკვირს. როგორ შეიძლება 14 წლის ასაკში გოგომ ბიჭზე და ქორწილზე არ იფიქროს.

მე რაღაცას ვბურტყუნებ, გაუგებრად. რომ ვთქვა, რომ სწავლა მინდა, შეიძლება გიჟად ჩამთვალონ. ამიტომ არ ვამბობ. ის კი არა, ჩემს თავსაც ძლივს ვუმხელ და არც ვფიქრობ ამაზე.

სკოლაში როგორც კი მივედი, მაშინვე შემომეხვივნენ კლასელები და მახარეს, იცი წელს ახალი მასწავლებელი გვეყოლება თბილისიდანო.

გამიკვირდა, თბილისიდან აქ რამ წამოიყვანა, ისეთი რა პრობლემა უნდა ჰქონოდა, რომ იქიდან გამოიქცა. ჩემთვის თბილისი ოცნებების ასრულების სიმბოლოა. ერთხელ, ბიცოლაჩემმა წამიყვანა და გავგიჟდი: რამდენი წიგნი იყიდებოდა! ვიფიქრე, ნეტა აქ დამსვა და არ ამაყენა სანამ ყველას არ წავიკითხავ-მეთქი. სულ ნაირნაირი ყდებითა და ამბებით.  ჩემი მეგობრები სერიალებზე გიჟდებიან, უყურებენ და მერე განიხილავენ გმირების საქციელს, გარეგნობას.  მე კიდევ კითხვა მიყვარს, დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ ხოლმე ყველაფერს, რაც წერია. პერსონაჟების ნაკვთებს, ტანსაცმელს, ღიმილს, გუნებაში ხანდახან გადავაკეთებ ხოლმე ამბებს, ან გაგრძელებებს მოვუძებნი. ხანდახან ისე გამიტაცებს ამეებზე ფიქრი, რომ აღარც კი მახსოვს, სად ვარ და ვინ ვარ. ეზოში წამოწოლილს, გასრესილი ბალახის სუნი მიღიტინებს ცხვირში, თავში კი უამრავი  რამ.

  • ადე გოგო, მოეშვი ოცნებებს, ჩამოდი მიწაზე! – მეძახის დედაჩემი და მთელი ძალით ვეხეთქები მწარე რეალობას – უკვე მოსაღამოვდა, ნახირი უნდა მოვიდეს. ჩვენს ძროხას უნდა დავხვდე.

ჩვენი ახალი მასწავლებელი ახალგაზრდა გოგო აღმოჩნდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ვუყურებდი, თითქოს იმის იქით ყველაფერს ვხედავდი, გამჭვირვალე და ძალიან თეთრი იყო. ასეთებზე ჩვენთან ამბობენ, ოჯახში არ გამოდგება, ჯანი არა აქვსო. იქნებ ამიტომაც წამოვიდა აქ ამ მიყრუებულ ადგილას, რომ სხვა არაფერი შეუძლია: არც რეცხვა, არც ქმრის მოვლა, არც ბავშვების გაჩენა.

ანა ჰქვია.

პირველივე გაკვეთილზე როდესაც გვეცნობოდა, გვითხრა, რომ ძალიან უყვარს თავისი პროფესია და  მისი ოცნება ასრულდა, როდესაც ჩვენთან მოვიდა.

პირი დამრჩა ღია, კინაღამ წამოვროშე, სულ ეგ არის თქვენი ოცნებები-მეთქი? კიდევ კარგი თავი შევიკავე.

კიდევ გვითხრა, რომ შეეცდება, გაგვაგებინოს, რა არის თავისუფლება; რატომ უნდა ვისწავლოთ და ვიკითხოთ; რაში გამოგვადგება; რატომ უნდა გვესმოდეს და ვეგუებოდეთ იმათ, ვინც ჩვენს აზრს, ან რწმენას ან გემოვნებას არ იზიარებს. კიდევ ბევრი ასეთი სისულელე ილაპარაკა. მაგრამ მომეჩვენა, რომ როცა საუბრობდა არც ისეთი სუსტი ჩანდა, პირიქით ყოველ სიტყვას დამაჯერებლად წარმოთქვამდა, ბოლოს გავიფიქრე: აი, ძლიერი ქალი-მეთქი.

ანას წითელი თმა აქვს, ღაჟღაჟა, მკვეთრი. მის თამბაქოსფერ შარვალს ძალიან უხდება. ჩვენთან არავინ იღებავს ასე – გამომწვევიაო, ამბობენ.

ანა ფერადია.  ჩვენ ყველანი კი შავ-თეთრები. ნეტავ, ოდესმე თუ ჩავიცვამ ასე.

ესეც ჩემი პირველი დღე სკოლაში. აქ ვამთავრებ წერას, მამაჩემი მეძახის ჩვენი ძროხა ნახირს არ მოჰყოლია და უნდა წავიდეთ, მოვძებნოთ.

 

თავისუფლება

ანა

იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ვიმეორებ გულში უამრავჯერ და თვალი საკლასო ოთახის ჩამონგრეული ბათქაშისკენ გამირბის.  ისე ჩამონგრეულა ეს კედელი, რომელიღაც მონასტერს წააგავს, რომელიც ავი თვალით იყურება და მანიშნებს, არც კი გაბედო აქ რაიმეს შეცვლაზე ფიქრიო.

წვიმის წყალს ჭერიც ათასგვარი ყავისფერი ორნამენტით მოუხატავს, ფანჯრებში შუშები ჩამსხვრეულა და მათ მაგივრად  ფიცრები აუკრავთ.

კლასის თვალიერებას ვასრულებ. ახლა ჩემს ახალ მოსწავლეებს ვაკვირდები.

დაღლილი სახეები. გაუხეშებული ხელები. ძველი ტანსაცმელი. სევდიანი გამოხედვა. უხერხული სიჩუმე.

ვეცნობი. შემდეგ ბავშვები მეცნობიან. ვუყვები ჩემს ამბავს და მათი გაკვირვებული თვალები ჩემს ბურღვას იწყებენ. საიდანღაც ფხუკუნიც მესმის, როცა ვამბობ, მასწავლებლობა ჩემი ოცნების პროფესიაა-მეთქი.

რა თქმა უნდა, ვღელავ.

მეორე გაკვეთილზე უკვე მომზადებული ვარ. ჩვენი საუბრის თემა სწავლისა და სკოლის მნიშვნელობას ეხება. ვამბობ, რომ განათლების მიღება უმნიშვნელოვანესია, რომ სწავლა საჭიროა სამომავლო ცხოვრებისთვის.

რაში გვჭირდება განათლება? ვსვამ კითხვას და დაფაზე პასუხების ჩამოწერას ვიწყებ:

იმიტომ, რომ  – შვილები ვამეცადინოთ.

იმიტომ, რომ  – არ ვიცი.

იმიტომ, რომ – ვფიქრობ, სულ არ გვჭირდება.

იმიტომ, რომ – კარგი სამსახური ვიშოვოთ.

იმიტომ, რომ – ჩემს მშობლებს სურთ ასე.

იმიტომ, რომ – სკოლაში ვისვენებ.

იმიტომ, რომ  – როცა შვილი გვკითხავს რაიმეს, არ შევრცხვეთ.

იმიტომ, რომ – კარგი ქმარი გვყავდეს.

იმიტომ, რომ – ასეთი წესია.

იმიტომ, რომ – თუ ვისწავლით, უფრო მეტი შანსია, თავისუფლები ვიყოთ.

მომენტალურად ვბრუნდები კლასისკენ. ბოლო პასუხის ავტორი გამხდარი, მაღალი გოგონაა. აშკარად დაპატარავებული ზედით და გრძელი წაბლისფერი თმით. ერთხანს ვაკვირდები, ვცდილობ, გამოვიცნო, რის თქმა სურს, ან იქნებ  ის მომესმა, რასაც მე გულში ველოდი. გოგონას მარინე ჰქვია.  მიყურებს. ისეთი გამოხედვა აქვს, სრულიად დარწმუნებულია თავის სიტყვებში. ვთხოვ, რომ ამიხსნას, რას გულისხმობს, რა არის მისთვის თავისუფლება.

მარინე ერთხანს დუმს. შემდეგ თავს ქინდრავს და ძალიან, ძალიან ჩუმად იწყებს:

თავისუფლებაა,  როდესაც აზრის გამოთქმის არ გრცხვენია. შენს მომავალს შენ წყვეტ. შენ წყვეტ, როგორ იცხოვრო. როდის და ვისთან უნდა შექმნა ოჯახი ან საერთოდ უნდა შექმნა თუ არა. კლასში სიჩუმეა.  გაოცებული ბავშვები მარინეს მისჩერებიან. მარინე კი გაწითლებული და დამფრთხალია.

კარგი, ვამბობ მე და ვთხოვ, რომ დაჯდეს. შემდეგ მთელ კლასს ვუბრუნდები და ვეუბნები, რომ ერთი კარგი წიგნი მინდა გავაცნო. წიგნი ძალიან მაგარ გოგოზეა, რომელმაც განათლების, სწავლის უფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა არის თავისუფლება  და რად დაუჯდა მას ამ თავისუფლების მოპოვება. გოგონას მალალა ჰქვია, რომელმაც თავისი სათქმელი ძალიან ხმამაღლა თქვა. ვხსნი ჩანთას,  ვიღებ წიგნს: „მე ვარ მალალა“ და მარინეს ვაწვდი:

  • მარინე წაიკითხე ჯერ შენ და შემდეგ კლასს წარუდგინე, უამბე ამ წიგნზე. ვინც დაინტერესდება, შემდეგ მას ვათხოვებ.

ბავშვები ისევ დაძაბული და გასუსული არიან.

ზარი ირეკება.

ამოვისუნთქე.

ამოისუნთქა მარინემაც და მთელმა კლასმაც.

 

მალალა

(მარინეს დღიური)

რომელიღაცა თვის რომელიღაცა რიცხვი

ეს რა წამოვროშე! როგორ მრცხვენია. ცხოვრებაში პირველად ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. დასვენებაზე ბავშვები რაღაცნაირად მიყურებდნენ. თუმცა, ერთ რამეს კი მივხვდი: დიდად აღარ მაღელვებდა, რას ფიქრობდნენ ჩემზე. ანა მასწავლებელმა წიგნი მომცა. გარედან ვარდისფერთავსაბურავიანი გოგონა ახატია, დიდი თაფლისფერი, წყლიანი თვალებით.

რა თქმა უნდა, იმ ღამესვე დავიწყე კითხვა და გამთენიისას უკვე დასრულებული მქონდა.  მივხვდი, რატომ წამაკითხა ეს წიგნი ანამ. აქ ამბავია მთავარი, გოგონაზე, რომელსაც მალალა ჰქვია და რომელიც პაკისტანში განათლებისთვის იბრძვის.

ზუსტად ვიცი, რა უნდა ვუთხრა ბავშვებს და როგორ უნდა მოვუყვე მალალას ისტორია.

ამ დღეებში, რაც ანა მასწავლებელი  ჩვენს კლასში შემოვიდა, ერთი აღმოჩენა გავაკეთე: უფრო ნაკლებად ვფიქრობ ძარღვებზე, მათ გახეთქვაზე. ყველაფრის დასრულებაზე.

დედაჩემი ჩხუბობს, რომ სკოლა ძალიან ბევრ დროს მართმევს და სახლის საქმეები კი გასაკეთებელი რჩება. მე კიდევ ვეკითხები: თავისუფალი ხარ თუ არა? დედაჩემი გაოცებისგან დუმდება. ერთხანს უხერხულად იშმუშნება და ბოლოს ბურტყუნებს, რომ ახალმა მასწავლებელმა ტვინი სულ ამომიტრიალა. მე უკან არ ვიხევ და კიდევ ერთ კითხვას ვუსვამ: ბედნიერია თუ არა? დედაჩემი სკამზე ჯდება, თავშალს ისწორებს, გამხდარ ხელებს კალთაზე იწყობს და ჩუმი ხმით მეუბნება: ჯობს, ასეთ რამეებზე არ ვიფიქრო. ეს ყველაფერი ტყუილია და ცხოვრებაში არ გამომადგება.

ცხოვრებაში პირველად შემეცოდა დედაჩემი. იმიტომ, რომ ასე გაზარდეს. იმიტომ, რომ ამის სჯერა. იმიტომ, რომ საკუთარი თავის ტყვე არის და საკუთარი თავისგან გათავისუფლება კი ყველაზე რთულია.

მეშინია, მეც ასე არ მომივიდეს. არ მინდა ასეთი ცხოვრება და თვალი ისევ მაჯებისკენ გამირბის.

სკოლაში მივდივართ. ჩემი თანამგზავრები ჩუმად მომყვებიან. სასხვათაშორისო ამბებზე ვსაუბრობთ: ამინდზე, სერიალებზე.

გაკვეთილი რომ იწყება, გული აჩქარებით მიცემს.

დაფასთან გამოვდივარ, ხელში მალალას წიგნი მიჭირავს და ვიწყებ.

როგორ მშურს მალალასი, ნეტა ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობდნენ. თუმცა ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი ცხოვრების, საკუთარი მომავლის შეცვლა. რადგან მალალამ ეს შეძლო  და საკუთარი სიცოცხლეც კი შესწირა თავისუფლებას, განათლების უფლების მოპოვებას, ჩვენ ჩვენი სიმორცხვე, გაუბედაობა, მორჩილება უნდა დავძლიოთ. უნდა ვუთხრათ ჩვენს მშობლებს, რომ დასრულდა. დასრულდა, დრო როდესაც  ისინი წყვეტდნენ ჩვენს ნაცვლად, როდესაც ქმრები წარმართავდნენ ცოლის ცხოვრებას, როდესაც მამები გვირჩევდნენ ქმრებს, ცოლებს. უნდა ვისწავლოთ, წავიკითხოთ და ბევრი ვიფიქროთ.

თორემ,  ისეთი მძიმე და მოსაწყენია, ისეთი ერთფეროვანია ცხოვრება, ისეთი გულსაკლავია ბრძანებების მორჩილება და სურვილების, ოცნებების ჩაკვლა, დათრგუნვა, იქნებ, იქნებ …

მაჯები, მწვანე, მოცისფრო ძარღვები.

ვეღარ ვასრულებ, ყელში ბურთი მეჩხირება და ვერ ვყლაპავ, საცაა ავტირდები. ამ დროს ანა წამოხტა, მომვარდა, გულში ჩამიკრა და მიჩურჩულა: შენ ძლიერი ხარ, ყველაფერს შეძლებ.

ბავშვები ფეხზე დგებიან და ტაშს უკრავენ.

ზარი ირეკება.

შესვენებაზე კი  ყველა ბავშვს ერთნაირად მოუნდა მალალას ამბის წაკითხვა. რიგი დადგა ვინ ვის მერე წაიკითხავდა.

ოდესმე წიგნს დავწერ, იმაზე, თუ როგორ იბადება ადამიანში თავისუფლების მოთხოვნილება. იზრდება, იზრდება და როდესაც ჰაერის ბუშტივით ხმაურით და ტკაცუნით სკდება – უკვე ვეღარაფერს ვერ შეცვლი.

ასე დაემართა ამ პატარა, გაუბედურებული სკოლის მოსწავლეებსაც. ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: ღირდა კი, რომ  ეს მოთხოვნილება გავუღვიძე მორჩილებასა და ბედს შეგუებულ ბავშვებს? თუმცა ამ დროს ისევ მარინე მახსენდება. მისი შემოხედვა. მისი სიტყვები.

ხშირად, მე და მარინე, გაკვეთილების შემდეგ, გაყინულ, ღუმელჩამქრალ კლასში ვრჩებით და ვსაუბრობთ: წიგნებზე, პერსონაჟებზე, ცხოვრებაზე. მარინე ფიქრობს, რომ მასწავლებელი გამოვა და საკუთარ სოფელს დაეხმარება იმ ბურუსისგან თავის დაღწევაში,  უცოდინარობა რომ ჰქვია. მისი აზრით, განათლება ყველა პრობლემის დაძლევის გასაღებია.

მარინემ თავისი დღიური წამაკითხა. გული შემეკუმშა. ამ პატარა გოგოს რამდენი რამ გამოუცდია. ამის მერე გადავწყვიტე მისი ოჯახის გაცნობა.

ისინი ასლებივით ჰგვანან ამ სოფლის სხვა მცხოვრებლებს. ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირ სიტყვებს იყენებენ საუბრისას. ერთნაირად უკვირთ და უხარიათ, სწყინთ და ერთნაირად ბრაზობენ. თითქოს სხვანაირად მოქცევით რაღაც ხელშეუხებელს დაანგრევენ, რაღაც მათთვის წმინდას. არ უნდათ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ასე არიან მიჩვეული, ასე იყვნენ მათი მშობლები, მშობლების მშობლები. ამიტომ, როდესაც ვუხსნი, რომ მარინე ნიჭიერი, გონიერი გოგონაა და ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ისწავლოს, იკითხოს და საკუთარი გზა იპოვოს, გაოცებული მიყურებენ, თითქოს რომელიღაცა შორეული გალაქტიკიდან ეს-ესაა მათთან ჩამოვფრინდი და შვილს ვართმევ. პასუხს არ მცემენ. მხოლოდ მიყურებენ და ფიქრობენ. ალბათ იმაზე, რომ არ უნდათ ამ წრიდან მარინეს გაშვება. საბოლოოდ მამამ ამოღერღა: – ოჯახისთვის ვეღარ მოიცლის და ნასწავლი ქალი აქ ჩვენთან არავის უნდა არც ცოლად და არც რძლადო. დედა ამატებს:  – ვაითუ, ვეღარ მოასწროს ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა და გაზრდაო.  ქალს სწავლა რაში გამოადგებაო.  შემდეგ ვიწყებ და ვუხსნი, რომ ამ ყველაფრის ერთად შეთავსება შესაძლებელია, რომ მარინესთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განათლების მიღება, რომ მან  სკოლის დამთავრების შემდეგ  უნდა გააგრძელოს სწავლა, თუ გინდათ, რომ… თუ გინდათ, რომ.. (გულში ვამთავრებ:  იცოცხლოს) მათ კი ვეუბნები – რომ ბედნიერი იყოს.

აღარაფერს მპასუხობენ, უბრალოდ თავები ჩაუქინდრავთ, დაძაბულებს და გაოგნებულებს.

ვბრუნდები  სახლში. საღამოა. აქ ყველა გზა ხრეშიანი და ქვიანია. ნაპირებთან მაყვლის ბუჩქებით და ვიწრო რუებით. გზად მარინე მხვდება,  თხილის გრძელი ჯოხი უჭირავს და თავის ძროხას მოაცილებს. არ იცის, რომ მის მშობლებს ვესაუბრები. არც არის საჭირო, აღელდება და შერცხვება. ცოტა ხანს ვსაუბრობთ. მარინე მეუბნება, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა, მომავალ წელს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბაროს.  მე მიხარია და ამ სიხარულს არც ვმალავ.

ვპირდები, მის გვერდით ვიქნები და უკვე დროა, დაიწყოს მისაღები გამოცდებისთვის მომზადება. მარინე მპირდება, რომ ჩააბარებს, დაამთავრებს, დაბრუნდება თავის სოფელში და ჩემს დაწყებულ საქმიანობას გააგრძელებს.

გული მიჩუყდება, თავს ზევით ვწევ, რომ მომდგარი ცრემლი, უკან ჩავიბრუნო.

  • რა ლამაზი მთვარეა, სავსე და დიდი – ჩუმად ვჩურჩულებ, მერე მარინეს ვიკრავ გულში და წარმატებას ვუსურვებ.

რა მართალი ქალი იყო ბებიაჩემი, ბედმა სწორედ იქ მიმიყვანა, სადაც ერთ საოცარ გოგოს იმისთვის, რომ ეცოცხლა და საკუთარი თავი აღმოეჩინა, სულ პატარა ბიძგი სჭირდებოდა.

კარს მიღმა ნაპოვნი ბედნიერება

(მარინეს დღიური)

ანას გაკვეთილები ნამდვილი საოცრებაა. როდესაც მის გაკვეთილზე ვსხედვართ, მგონია, რომ დრო ჩერდება. რომ ჩავისუნთქავ, გაკვეთილის დასაწყისში, დასასრულს ამოსუნთქვას ძლივს ვახერხებ.

გვიკითხავს, გვაწერინებს, გვიყვება. გვაჩვენებს ჯადოსნური კარის სურათს და გვთხოვს, წარმოვიდგინოთ, რა ხდება კარს მიღმა. ჩვენი ფანტაზიით რა ამბები მოხდება იქ. ჩვენც ვხუჭავთ თვალებს და ვფიქრობთ, ვიგონებთ, ვთხზავთ ამბებს.

კარი პორტალია, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ. იქ უცნაური არსებები ცხოვრობენ, სოფელი აქვთ გაშენებული. მათ გამჭვირვალე სხეული აქვთ და დიდი მწვანე თვალები. გოგონებს ხორბლის თავთავის ნაწნავები, ბიჭებს მუხის ფოთლების ქოჩორი. ამ უცნაური სოფლის, უცნაურ არსებებს დიდი მისია აქვთ. მათ  სევდიანი, მოწყენილი ადამიანების გაბედნიერება ევალებათ და ჩვენს სამყაროში სწორად ამ კარით გადმოდიან.

ვიგონებ და ვიგონებ, აზრები ერთმანეთის მიყოლებით იბადება, ისე სწრაფად ჩნდებიან რომ მათ ფურცელზე გადატანას ძლივს ვასწრებ. ანას, ძალიან მოსწონს ჩემი მოთხრობა, ისე ძალიან მოსწონს, რომ მთავაზობს, იქნებ დავბეჭდოთო. მე  ვწითლდები და პასუხის გაცემას ძლივს ვახერხებ, მოხარული ვიქნები, თუ ვინმეს მოეწონება. ანა მეუბნება, რომ ძალიან კარგად ვწერ და მწერლობაზეც უნდა ვიფიქრო. თვალებს მაგრად ვიფშვნეტ, იქნებ სიზმარია, ეს ყველაფერი. იქნებ ეზოში წამოგორებულს, კითხვისას ჩამეძინა და ყველაფერს სიზმარში ვნახულობ. იქნებ ანაც არ არსებულა, წარმოსახვაა. სადაცაა დედაჩემის ყვირილი გამომაღვიძებს და დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას. ფრჩხილით კანს ვიკაწრავ, რომ ტკივილმა გამაღვიძოს.  არა, არა, ეს სიმართლეა, არ მჯერა, ჩემი მოთხრობა შეიძლება დაიბეჭდოს. ვაიმე დედა! წარმოვიდგინე, რას იტყვიან ჩემები, რა სახე ექნებათ ჩემს მეგობრებს ჟურნალში ჩემს გვარს და სახელს რომ ამოიკითხავენ. ბუნდოვნად ჩამესმის ანას ხმა, რომ შესაძლოა გაგრძელებაც მოვიფიქრო და სულაც ნაწილ-ნაწილ დაიბეჭდოს. მე ყველაფერზე თანახმა ვარ.

ჩემს ნაწერს „კარს მიღმა ნაპოვნ ბედნიერებას ვარქმევ“. გულში კი ვფიქრობ, რომ ანაა სწორად ის გამჭვირვალე არსება, რომელიც რომელიღაცა ჯადოსნური კარიდან ჩვენს სამყაროში გადმოვიდა და სიცოცხლე დამიბრუნდა, მიზანი მაპოვნინა. და არა მხოლოდ მე.

ანა ფენტეზის ჟანრზე გვესაუბრება. გვესაუბრება იმაზეც, რომ ლიტერატურა, ტექსტები ადამიანებს გვაერთიანებს. მიუხედავად ჩვენი წარმოშობისა, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობისა, ჩვენი სარწმუნოებისა თუ რაიმე ნაკლისა. გამოდის, რომ ჩემსა და ფატიმას შორის არსებულ უხილავ, მაგრამ მტკიცე კედელსაც ანგრევს და ერთ სიბრტყეზე გვაყენებს. ლიტერატურის სამყაროში ჩვენ ერთნი ვართ: ერთნაირად მოგვწონს ან არ მოგვწონს, განვიცდით და ერთნაირად ვტირით. ამ დროს ვივიწყებთ ჩვენი ღმერთების განსხვავებულობას, ამ დროს ჩვენ ერთნი ვხდებით.

აქ ვასრულებ ჩემი დღიურის წერას, რადგან ეს დრო სჯობია მოთხრობაზე მუშაობას დავუთმო. რადგან ანამ უკვე მიიღო პასუხი, რომ ძალიან მოეწონათ „კარს მიღმა ნაპოვნი ბედნიერება“ და შემდეგ ნომერში აუცილებლად გამოაქვეყნებენ.

ჰო, კიდევ აღარც მაჯებზე ვიყურები და სიმინდის მარცვლადაც აღარ ვგრძნობ თავს.

მშობლებიც სხვანაირად ფიქრობენ უკვე და საოჯახო საქმეებით აღარ მტვირთავენ. პირიქით, დედაჩემმა ჩემი მოთხრობაც კი წაიკითხა და თვალზე მომდგარი ცრემლი გახუნებული კაბის სახელოთი შეიწმინდა.

 

ჯაჭვის ერთი რგოლი

ანა

სოფელში ჩემი ყოფნის დრო იწურება. წასვლა არ მინდა. ვგრძნობ, რომ აქ კიდევ საჭირო ვარ. ამიტომ, თბილისში წერილს ვაგზავნი და ვითხოვ დარჩენას. მთანხმდებიან. მარინეს ვეხმარები გამოცდებისთვის მომზადებაში. ამ გოგოს უამრავი შესაძლებლობა აღმოაჩნდა, წყლის ღრუბელივით ისრუტავს თითოეულ სიტყვას. ჩემს თვალწინ ხდება მისი გარდაქმნა სულ სხვა ადამიანად. ძლიერი და თავდაჯერებული გახდა. ძალიან ბევრს მუშაობს, კითხულობს და წერს. მისი კლასელებიც შეიცვალნენ. გაუქრათ გულგრილი გამოხედვა, ჩემი ჩატანილი წიგნები უკვე წაიკითხეს. ახლა ველოდებით, ახალ წიგნებს როდის გამოგვიგზავნიან. სკოლაში პატარა ბიბლიოთეკაც მოვაწყვეთ, სადაც ხშირად ვატარებთ პოეზიის საღამოებს. მგონია, რომ ჩაკეტილი წრე, როგორც იქნა დაირღვა. ეს ბავშვები არასდროს დაემსგავსებიან საკუთარ მშობლებს.

ჩემი ოთახის ფანჯრებიდან ტყე მოჩანს. ზამთრის პირია და ხეები ყინვებისთვის ემზადებიან, რაღაცნაირი მოლოდინით სავსეები, ტოტებგაფარჩხულები, თითქოს უხმობენ თოვლს – მოდი, მოდი ჩქარა შეგვიმოსე ტიტველი სხეულიო.

ვუყურებ ამ სევდიან პეიზაჟს და ვფიქრობ, როგორ გამიმართლა, აქ რომ ჩამოვედი და მარინე აღმოვაჩინე. ვფიქრობ, მის მიერ დაწერილ საოცარ ამბებზე.  ალბათ, გაივლის დრო და ახლა მარინე შეძლებს უამრავი ადამიანის განთავისუფლებას საკუთარი თავისგან, შემდეგ რომელიღაც მარინეს მოსწავლე გაივლის ამავე გზას. ეს დაუსრულებელი ჯაჭვია, რომლის ერთ-ერთი სულ პატარა რგოლიც მე გამოვდექი

 

 

წიგნის თარო: მკითხველის დღიური

0

ამას წინათ, ძველი სათავსოს დალაგებისას, ბავშვობისდროინდელ ბლოკნოტს მივაგენი. მასში აღმოჩენილმა ჩანაწერებმა უცებ გამიცოცხლა თორმეტიოდე წლის გოგო და მის მიერ წაკითხული პოეტური თუ პროზაული კრებულები. მერე გავიზარდე, დღიურის წარმოება შევწყვიტე და ჩემი მეხსიერების თაროდან არაერთი შესანიშნავი წიგნი გაქრა.

ხშირად ხდება ასე – წავიკითხავთ რაიმეს, მოგვეწონება, დიდი შთაბეჭდილებაც შეიძლება მოახდინოს ჩვენზე. მაგრამ გადის დრო და არათუ წიგნის სიუჟეტი, შესაძლოა, მისი სათაურიც ვერ გავიხსენოთ. „მკითხველის დღიური“ კი ერთგვარ მოგონებების სალაროდ შეგვიძლია ვაქციოთ.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის შერჩეულ საზაფხულო საკითხავს ყოველთვის ვურთავ გარკვეული ტიპის გამოწვევას, რომელიც წაკითხული წიგნის სიღრმისეულად გააზრებისკენაა მიმართული. შედარებით მოზრდილებისთვის კი დღიურის ფორმატს ვირჩევ. მოსწავლეებს, რომლებმაც დღიური პირველად უნდა აწარმოონ, ნაცნობ ტექსტებზე დაყრდნობით ვავარჯიშებ. ამას გარდა, ბავშვებს ვაწვდი დეტალურ ინსტრუქციას, რათა დამოუკიდებლად მუშაობა გაუადვილდეთ.

„მკითხველის დღიურის“ შევსების წესი

საინტერესო წიგნები ადვილად რომ არ დაგავიწყდეს, გირჩევ, აწარმოო „მკითხველის დღიური“. მსგავსი ჩანაწერების გაკეთებას თუ მიეჩვევი, წლების წინ წაკითხული წიგნების გახსენებას სულ ადვილად შეძლებ. ამას გარდა, დღიურის წარმოება წაკითხულის უკეთ გააზრებასა და შეფასებაში დაგეხმარება.

„მკითხველის დღიური“ გამოცემულია შესავსები წიგნაკის სახით, თუმცა თავადაც შეგიძლია დაამზადო – ჩვეულებრივი ბლოკნოტი სურვილისამებრ გააფორმო და ჩანაწერებიც მასში გააკეთო. თუ ხელნაკეთი დღიურის შექმნას გადაწყვეტ, იხელმძღვანელე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციით:

  1. ჩაიწერე წიგნის სათაური, ავტორი და წაკითხვის თარიღი;
  2. ამოიწერე წიგნის პერსონაჟების სახელები. შეგიძლია ერთი გვერდი გაყო ორ სვეტად, ერთში ჩამოწერო მთავარი პერსონაჟები, მეორეში კი – დანარჩენი გმირები;
  3. დაახასიათე რამდენიმე წინადადებით შენთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი. მაგალითად: სალამურა არის უშიშარი და მეგობრისთვის თავდადებული, რადგან უამრავი დაბრკოლება გადალახა ბაიას გამოსახსნელად. იგი გონიერი და მოხერხებულია, რადგან არაერთ განსაცდელს დააღწია თავი და ა.შ. (არჩილ სულაკაური, სალამურას თავგადასავალი);
  4. ამოიწერე დასამახსოვრებელი ფრაზები. პერსონაჟები ხშირად ისეთ საინტერესო დასკვნებს აკეთებენ, ისე ლამაზად, ენამოსწრებულად ამბობენ სათქმელს, რომ მათი დავიწყება არ გვინდა. ამიტომაც მათი შენახვა „მკითხველის დღიურში“ ასევე მნიშვნელოვანია. მაგალითად: ,,ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი,
    რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა“ (ასტრიდ ლინდგრენი, პეპი გრძელწინდა);
  5. დაწერე იმ მოთხრობის (კრებულიდან) ან თავის (წიგნიდან) მოკლე შინაარსი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა.

შენიშვნა: გირჩევ, შენს ხელნაკეთ დღიურში წინასწარ გაანაწილო სივრცე თითოეული რუბრიკისთვის. რაც შეეხება დასამახსოვრებელ ფრაზებს, სასურველია, კითხვის პროცესშივე მონიშნო ან ამოიწერო მოწონებული გამონათქვამები, რადგან მოგვიანებით მათი პოვნა შეიძლება გაგიჭირდეს…

აქვე გაგიზიარებთ მოსწავლეებისთვის ნიმუშის სახით მიწოდებულ მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუს“ შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს:

წიგნი #1

  1. მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, წავიკითხე 2021 წლის აგვისტოში.
  2. პერსონაჟთა სია:

ტისტუ, მამა-პატონი, დედა-ბატონი, მებაღე ულვაშა, ბატონი როხროხა, ექიმი სენწამლია, ავადმყოფი გოგონა, ტისტუს პონი, მასწავლებელი, მსახური კაროლუსი, მზარეული ამელი, ნათლიები, მეჯინიბეები, ბოტანიკოსები, მუნიციპალური საბჭოს წევრები, „ქვემეხთქალაქის ელვის“ რედაქტორი, სასაფლაოს მებაღე.

  1. გმირის დახასიათება:

ტისტუს უცნაური სახელი აქვს, უკვე სახელით მიხვდებით, რომ ყველასაგან გამორჩეულია. იგი მდიდარი და გავლენიანი ოჯახის ერთადერთი შვილია და თან ძალიან ლამაზია (ოქროსფერი თმა, ცისფერი თვალები, ვარდისფერი ლოყები). აღსანიშნავია, რომ ტისტუ სილამაზეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს და უსახურობა უსამართლობა ჰგონია. აქედან გამომდინარე, ბიჭი ყველას ცხოვრების გალამაზებას ცდილობს. მის განსაკუთრებულობას ასევე უსვამს ხაზს სკოლაში მომხდარი ინციდენტი (მასწავლებელმა ტისტუ ოჯახს დაუბრუნა, რადგან ის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა). თუმცა ბიჭუნა „ახალი მეთოდით“ (პრაქტიკული გაკვეთილები) სწავლებისას გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე ამას სკოლაში შეძლებდა. მებაღეობის პირველივე გაკვეთილზე აღმოაჩენს თავის უჩვეულო უნარს – მწვანე თითებს, რომელთა დახმარებითაც უსახური გარემოს ყვავილნარად ქცევა და ომის შეჩერებაც კი შეუძლია.

  1. საინტერესო გამონათქვამები:

„საზრუნავი უამური აზრია. გაღვიძებისას ტვინში გიღიტინებს და მთელი დღე მოსვენებას არ გაძლევს“.

„ბავშვის აღზრდა ქვემეხების ჩამოსხმაზე ძნელი ყოფილა“.

„ – თქვენი აზრით, ქალაქში რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი?

  • ბოტანიკური ბაღი! – მიუგო ტისტუმ“. (ბატონ როხროხას კი სიტყვა „წესრიგის“ გაგონება სურდა)

„უფროსებს ერთი უცნაურობა სჭირთ – რადაც არ უნდა დაუჯდეთ, აუხსნელის ახსნას ცდილობენ“.

„ომი ყველაზე დიდი და საზიზღარი უწესრიგობაა, რაც შეიძლება ქვეყნად მოხდეს, რადგან ომში ყველა კარგავს მისთვის უძვირფასესს“.

„ყვავილებმა ბოროტებას კუდით ქვა ასროლინეს, ბოროტებას სძლიეს“.

„სიკვდილი ერთადერთი უბედურებაა, რომელთანაც ყვავილებით ვერაფერს გახდები“.

  1. თავი მეოცე: აი, ვინ ყოფილა ტისტუ! (მოკლე შინაარსი)

საყვარელი მებაღის, ულვაშას გარდაცვალების შემდეგ, ტისტუს მასთან შეხვედრის სურვილი არ ასვენებდა, მის გარეშე ძალიან მოწყენილი იყო. მალე ბიჭუნამ კიბის აგება გადაწყვიტა. შუა მინდორში ადგილი შეარჩია, ჯერ მიწიდან ორი უჩვეულო, ფესვმაგარი ხე ამოიყვანა. ხეები მალე ისე გაიზარდნენ, კენწერო აღარ მოუჩანდათ. ტისტუმ მათ შორის საფეხურები გლიცინიის დახმარებით გააბა და „მსოფლიოს მერვე საოცრებაც“ მზად იყო.

ბიჭმა მხოლოდ პონის გაანდო თავისი ჩანაფიქრი. ტისტუს არწმუნებდნენ, რომ ულვაშა ზემოთ იყო. ბიჭმა ამიტომაც დაამზადა კიბე, ეგონა, მებაღე ცოტა ხნით მაინც მესტუმრებაო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ტისტუმ უფროსი მეგობრის მოძებნა გადაწყვიტა. დადარდიანებულმა პონიმ ხეების ფესვების გადაღრღნა სცადა, მაგრამ ტისტუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მებაღე იყო და მის მცენარეებს ერთი პატარა ცხენი რას მოერეოდა?! „მოვარჯიშე“ დადარდიანებული გამოემშვიდობა მეგობარს და ბალახის წიწკნა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ შიოდა. ტისტუმ კიბე აათავა, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ფეხსაცმელი დაკარგა და აღმოაჩინა, რომ კვლაც ზემოთ მიიწევდა. მალე მას დიდი თეთრი ფრთა შეეხო („რა გასაოცარია… ფრთები ჩიტების გარეშე დაფრინავენ!“) და მებაღის ულვაშების მსგავს, თეთრ და რბილ ღრუბელში შეაბიჯა…

მწვანეთითება ტისტუ დედამიწაზე აღარ დაბრუნებულა. მან ახლობლებს პონის დახმარებით მიაწვდინა ხმა – თავისი მწვანე თითები ბოლოჯერ გამოიყენა და ცხენის მიერ ამოგლეჯილი ბალახის ადგილას ოქროსფერი ბაიებით მოქარგული წარწერა დაგვიტოვა: „ტისტუ ანგელოზი იყო!“

 

 

,,ამას ხომ ისედაც ვაკეთებდით’’ … მეგზურის ფიქრები

0

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ბუნებრივია, მას ახლავს სირთულეები, მაგრამ შეიძლება ითქვას, ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყო საკლასო ოთახიდან და არა სამინისტროს კაბინეტებიდან.

სწორედ ამიტომ დიდი სურვილი მქონდა, ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვყოფილიყავი. მართლაც, რამდენიმეეტაპიანი კონკურსის შემდეგ გავხდი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის, ,,ახალი სკოლის მოდელის’’ მეგზური (ქოუჩი).

,,ქოუჩინგი’’ თანდათან უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, რადგან ეს არის პროფესიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე.

არ არის იოლი, იყო მეგზური. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, სწორად მიწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მეც მასწავლებელი ვარ და არ მიკვირს, რომ მსოფლიო  პანდემიისა და სოციალური პრობლემების ფონზე რთულია სიახლეების მიღება. მით უფრო, როცა მრავალ წელიწადს ითვლის ჩვენი კოლეგების პედაგოგიური მოღვაწეობა.

ხშირია ოპონენტთა მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის, „ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ.

„- რა არის აქ ახალი, ამას ხომ ისედაც ვაკეთებდით“…

ვცდილობ, დასაბუთებული ფაქტებით და არგუმენტებით გავამყარო, რას ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, ანუ რა იყო ამ დრომდე და რა არის ახლა.

ვხსნი ელექტრონულ საქაღალდეს, ვუყურებ საგაკვეთილო გეგმებს და გულწრფელად მიკვირს, ნუთუ შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა მასწავლებელმა ამდენი რამ დაგეგმოს ერთ გაკვეთილზე, ან რა სარგებელი ექნება მოსწავლეს ამგვარი სწავლებით?

არადა, ასე იყო და ასე არის… ფაქტობრივად, ახლაც ამგვარად ტარდება გაკვეთილები იმ სკოლებში, სადაც ჯერ არ მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა.

დამეთანხმებით, რთულია ერთი გაკვეთილის განმავლობაში უამრავი მიზნის განხორციელება, რესურსების მომზადება, პერიოდულად საათზე ყურება, წუთების თვლა.

დიახ,  მე და ბევრი თქვენგანი ვფიქრობდით გარდაუვალ ცვლილებებზე. ძალიან კარგია, რომ ასე ფიქრობდნენ განათლების სამინისტროს პროფესიონალი ექსპერტები და დადგა დრო, როცა  ნაფიქრის საკლასო ოთახში განხორციელება გადაწყვიტეს.

დავუბრუნდეთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც შესაბამისი აქტივობებით 45 წუთზეა გაწერილი.

გაკვეთილის თემა: შიო მღვიმელის მოთხრობა „პურის ანგელოზი“ – 1-ლი თავი „პურის ანგელოზის პირობა“ (მე-3 კლასი)

 

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება,  მარტივი გეგმის შედგენა და მოკლე ამბის თხრობა, პერსონაჟების შეფასება არგუმენტირებული მსჯელობით და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პრეზენტაციის წარდგენა.

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. საუბარი მთელი კლასი ფორმატზე დაწერილი  მიზნები და შეფასების კრიტერიუმები 2
2

 

გამოწვევა –

მოსწავლეებს ვაჩვენებ პურის თავთავებისა და ანგელოზის  ილუსტრაციას და ვეკითხები, რის შესახებ შეიძლება იყოს ეს მოთხრობა.

 

1 წუთის განმავლობაში მოიფიქრონ, რისი გაკეთება შეუძლია  პურის ანგელოზს. მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე,

შემდეგ წყვილებში განიხილავენ მოფიქრებულ პასუხს და კლასს

უზიარებენ.

 

ვარაუდების გამოთქმა

 

 

 

 

 

 

დაფიქრდი, დაწყვილდი,

გაუზიარე

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური, წყვილები

 

პურის თავთავებისა

და ანგელოზის ილუსტრაცია

 

5
3

 

მოსწავლეები სქემას ავსებენ ტექსტის წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ.

 

ვკითხულობ ტექსტს,  ვჩერდები საკვანძო საკითხებთან, მოსწავლეები გამოთქვამენ  ვარაუდებს, რა მოხდება.

სიტყვების გამომძიებელი

 

 

 

ორიენტირებული კითხვა;

ვარაუდების გამოთქმა;

 

მთელი კლასი დიდ ფორმატზე დაწერილი სიტყვები

 

10
4

 

 

ტექსტის გაგება-გააზრება.

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ყოფენ აბზაცებად, აყალიბებენ თეზისებს, მონიშნავენ მთავარ პერსონაჟებს,  ახლად შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს  და სიტყვა-გამოთქმებს, რომელთა  მნიშვნელობაც გაუგებარია. გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

მონიშვნებით კითხვა მთელი კლასი ფანქრები, მონიშვნებით კითხვის საილუსტრაციო სქემა

 

 

 

 

 

 

8
5

 

 

 

ახალი მასალის განმტკიცება:

I ჯგუფი აბზაცებად დაყოფილ მოთხრობას ილუსტრაციებით წარმოადგენს.

II ჯგუფი  მნიშვნელოვან მოვლენებს აღწერს თანმიმდევრობით  (მარტივი გეგმა) და გადმოსცემს პატარა ამბავს.

III  ჯგუფი ავსებს  პერსონაჟების რუკას. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. შესრულებულ დავალებებს წარადგენენ პრეზენტაციის სახით.

გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

ამბავი ნახატებად, მოვლენების ჯაჭვი, პერსონაჟის რუკა ჯგუფური სქემები: მოვლენების

ჯაჭვი, პერსონაჟთა რუკა.

18
6 გაკვეთილის შეჯამება. საშინაო დავალება:

I თავის მოკლე შინაარსი გადმოსცენ წერილობით, სურვილისამებრ, დახატონ.

კითხვა-პასუხი მთელი კლასი   2

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. III. 2. მოსწავლეს  შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

  • გამოთქვამსვარაუდსტექსტისშესაძლოშინაარსისშესახებ;
  • მარტივიგეგმისმიხედვით ჰყვებაწაკითხულიტექსტისშინაარსს.

ქართ. III. 7. მოსწავლეს  შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა.

  • ასახელებსნაწარმოებისგმირებისმოქმედებისმოტივს (რატომმოიქცაასე) დააფასებსმათ საქციელს.

ქართ. III. 10. მოსწავლეს  შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.

  • მასწავლებლისდახმარებითადგენსტექსტისმარტივგეგმასმისთვისსასურველიფორმით (სიტყვიერადანნახატებით).

შეფასება: მოსწავლეებს ვაფასებ ზეპირი განმავითარებელი კომენტარით წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, როგორ შეძლეს:

 

  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • მარტივი გეგმის შედგენა და მოკლე ამბის თხრობა;
  • პერსონაჟების შეფასება არგუმენტირებული მსჯელობით და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • პრეზენტაციის წარდგენა.

 

გაკვეთილის გეგმა უამრავი საინტერესო რესურსით და აქტივობით არის დატვირთული, მაგრამ ეს ყველაფერი 45 წუთის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ანალოგიური ტექსტი თითქმის იმავე აქტივობებით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის, „ახალი სკოლის მოდელის“ მეთოდური რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლის განხორციელებას 5-6 დღე შეიძლება დასჭირდეს.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მნიშვნელოვანი ფრაზებისა და ტერმინების გადააზრება, როგორიცაა:

  • გაკვეთილის გეგმა,
  • გაკვეთილის მიზანი,
  • გაკვეთილის ფაზები,
  • ინდიკატორი,
  • დრო.

 

დავიწყოთ იმით, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მოკლევადიანი მიზნები ჩაანაცვლა საფეხურის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით გაწერილმა გრძელვადიანმა მიზნებმა. სამიზნე ცნებებსა და შედეგებს ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ ცნებასთან მიმართებით რა განზოგადებამდე უნდა მივიყვანოთ მოსწავლე.

 

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

ტექსტი – მოთხრობა

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

 

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  4. ტექსტი  შეიძლება იყოს: მოთხრობა

 

ქვეცნებები/საკითხები:

შინაარსი, კითხვისა და წერის სტრატეგიები.

 

საკითხი:

შიო მღვიმელის  „პურის ანგელოზის პირობის“ საფუძველზე მოთხრობის შინაარსის თანმიმდევრულად დაწერა.

 

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები:

●       როგორ/რა სტრატეგიების  გამოყენებით შევქმნა მოთხრობის შინაარსი?

●       რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის  ხედვის კუთხე, მათი სიტყვები,  ფიქრები, გრძნობები, ემოციები?

 

 

კომპლექსური დავალება

მოთხრობის შინაარსის გადმოცემა

წერილობით გადმოეცი შიო მღვიმელის მოთხრობის,  „პურის ანგელოზის პირობის“ შინაარსი და სურვილისამებრ გააფორმე ილუსტრაციებით.

ნამუშევარში:

  • წარმოაჩინე, რით დაიწყო, როგორ გაგრძელდა და დასრულდა ამბავი;
  • გამოიყენე იშვიათად ხმარებული, საინტერესო სიტყვები;
  • წინადადებების ბოლოს დასვი სასვენი ნიშნები.

 

ნაშრომის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

  • რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის გასაგებად? (ტ.3)
  • რა მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების და ქმედების ამოსაცნობად? რამდენად აისახა ავტორის სათქმელი ნამუშევარში? (ტ.1, ტ.2)
  • რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის შინაარსის დასაწერად? (ტ.3, ტ4)

 

შენიშვნები:

  • დავალება შეიძლება განვათავსოთ სადემონსტრაციო დაფაზე, ფლიპჩარტზე, ფორმატის ფურცელზე ან გავაშუქოთ პროექტორისა და ეკრანის დახმარებით.
  • სასურველია, ლამაზად გაფორმებული კომპლექსური დავალების ბარათები მოსწავლეებს ინდივიდუალურად გადავცეთ.
  • კომპლექსური დავალების პირობაში, თითოეულ კრიტერიუმთან, ფრჩხილებში, შემოკლებითაა მითითებული სამიზნე ცნება: „ტექსტი“. (მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ბარათში არ არის საჭირო სიმბოლოების ჩაწერა).

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები, აქტივობები, რესურსები:

1-ლი დღე

გაკვეთილს ვიწყებ კომპლექსური დავალების ბარათის გაცნობით. მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ძალიან საინტერესო დავალება მოვამზადე მათთვის და იმისათვის, რომ ეს დავალება  კარგად შეასრულონ, უნდა შევისწავლოთ ტექსტი „პურის ანგელოზის პირობა“.

ბევრი სახალისო აქტივობა დაგვეხმარება დავალების შესრულებაში, ანუ საბოლოო პროდუქტის შექმნაში. ამისთვის დაგვჭირდება 5-6 დღე.

 

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

  • ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება თქვენგან?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • გავიხსენოთ, მსგავსი დავალება ხომ არ გაგვიკეთებია?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2.  დავალების  განხორციელება

 

უმნიშვნელოვანესია, აქტივობების გახნორციელებამდე კითხვები შევარჩიოთ არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის შესამოწმებლად, არამედ იმგვარად, რომ ცოდნის სამივე კატეგორიის: დეკლარატიულის, პირობისეულის და პროცედურულის კონსტრუირებაზე იყოს ორიენტირებული. კითხვებს გავწერთ ნაბიჯების მიხედვით და  შემდეგ შევარჩევთ საჭირო რესურსებს და აქტივობებს. ნაბიჯებს განვსაზღვრავთ შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. ქვემოთ დეტალურად არის გაწერილი, რას გულისხმობს თითოეული ნაბიჯი.

 

ნაბიჯი 1. რა  სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  უკეთ გასაგებად? (ტ.3)

ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  შინაარსის აღმოსაჩენად?

ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება:  შინაარსი

კითხვის სტრატეგიები

 

 

●        რას გეუბნება  პირველადი მინიშნებები: სათაური, ილუსტრაცია, შინაარსის  შესახებ? (აქტ.1)

●        რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?

●        როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეუძლია პურის ანგელოზს? (აქტ.2)

●        კითხვის რომელი ხერხები გამოიყენე? (პირდაპირ იყო მოცემული ტექსტში პასუხი, თუ მინიშნებაზე დაყრდნობით გამოიტანე შესაბამისი დასკვნა?)

●        რამდენად გამართლდა შენი ვარაუდები? (აქტ.3)

 

●        როგორ დავიმახსოვრო ახალი სიტყვები?  (აქტ.4, 5)

●        როგორ მოვიძიო სიტყვები ლექსიკონში?

●        როგორ ამოვიცნო უცნობი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტზე დაყრდნობით?

●        რას ნიშნავს – ნამუშაკარი, შურს ნუ გაივლებ, პირი უყო, მიატანა, ჯავრით აღარ არის, მუხლჩაუხრელად… სხვანაირად როგორ იტყოდი?

 

●        რა ხერხები გამოიყენე კითხვებზე პასუხის გასაცემად? (აქტ.6)

●        სად წავიდა სანდრო დილაადრიან?

●        რა ინატრა დაღლილმა ბიჭმა?

●        ვინ გამოეცხადა სანდროს და რა პირობა მისცა?

●        რატომ არ დაეხმარა ბიჭი მეზობლის პატარა გოგოს?

●        რა შეცდომა დაუშვა მან?

●        შენ როგორ მოიქცეოდი მსგავს სიტუაციაში?

●        რა შედეგი მოჰყვა სანდროს ქმედებას?

●        შენ როგორ ფიქრობ, პურის ანგელოზმა ბიჭს მოატყუა ?

●        ხომ არ გაიხსენებ მსგავს შემთხვევას, წიგნიდან, ფილმიდან, პირადი გამოცდილებიდან?

●        რას ურჩევდი სანდროს?

 

 

 

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

აქტივობა 2. დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.

მოსწავლეებმა ერთი წუთის განმავლობაში უნდა მოიფიქრონ, რისი გაკეთება შეუძლია  პურის ანგელოზს. ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე, შემდეგ წყვილებში განიხილავენ მოფიქრებულ პასუხს და კლასს უზიარებენ.

აქტივობა 3. ვარაუდების გამოთქმა.

აქტივობა 4. მონიშვნებით კითხვა. (ახალი ლექსიკური ერთეულების მონიშვნა)

რესურსი: სიტყვების გამომძიებელი

აქტივობა 5. სქემის – „სიტყვების გამომძიებელი“ – შევსება ტექსტში გამოყენებული სიტყვებით (წაკითხვამდე ივსება სქემის პირველი სვეტი, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ – მეორე და მესამე სვეტები).

 

სიტყვა ჩემი განმარტება სიტყვის მნიშვნელობა ტექსტის მიხედვით განმარტება ლექსიკონში
მკათათვე ივლისი ივლისის ძველქართული ხალხური სახელწოდება.
       
       
       
       

 

აქტივობა 6. ტექსტის შინაარსის დამუშავება კითხვებით.

 

მე-2 დღე

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის  უკეთ გასაგებად? (ტ.3)

გ)  რა სტრატეგიები გამოიყენე კითხვაში გასაწაფავად?

 

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ვეცნება: 

შინაარსი

კითხვის სტრატეგიები

 

●       რატომ არის მნიშვნელოვანი სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?

●        როგორ დავიცვა პაუზები, როგორ ვმართო ინტონაცია?

●        როგორ გამოვხატო მთხრობლის, სანდროს, პურის ანგელოზის  გრძნობები, ემოციები?

●         როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?

●        რამდენად და როგორ მეხმარება სასვენი ნიშნები პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში ?

 

 

 

აქტივობა: ხმამაღალი კითხვა გაგრძელებით

 

ნაბიჯი 2. რა მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად?  რამდენად იკვეთება ავტორის სათქმელი? (ტ.1, ტ.2)

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ვეცნება: 

შინაარსი, წერის სტრატეგიები

 

✔ რა დეტალები და მინიშნებები აქვს გამოყენებული   ავტორს პერსონაჟის  მახასიათებლების წარმოსაჩენად?

✔ რამდენად და როგორ ახასიათებს სანდროს, პურის ანგელოზს მათი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები?

✔ როგორ იყენებს ავტორი მინიშნებებს პერსონაჟის ხასიათის გამოსაკვეთად?

✔ როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა ან ფიქრობდა სანდრო? პურის ანგელოზი? პატარა გოგონა?

✔ როგორ წარმოაჩენს პერსონაჟის ფიქრი და ქმედება  ტექსტის მთავარ სათქმელს?

 

 

 

 

რესურსი: ტიპობრივი აქტივობების ბანკი   

 

აქტივობა 1. მინიშნებებზე მუშაობა (გვ.5-8)

რესურსი: პერსონაჟის სქემა

აქტივობა 2. სქემის შევსება

 

პერსონაჟი –
 მიზანია  
აკეთებს  
ფიქრობს  
რა შედეგი მიიღო  
 გრძნობს, განიცდის  
ამბობს  
როგორია პერსონაჟი?

მე-3 დღე

 

ნაბიჯი 3. რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის შინაარსის დასაწერად?   (ტ. 3, ტ.4)

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნებები:

შინაარსი, წერის სტრატეგიები

 

✔ სად ხდება მოქმედება?

✔ რა მოხდა დასაწყისში?

✔ რა მოხდა შემდეგ?

✔ რით დასრულდა ამბავი?

✔ როგორ გადმოეცი სანდროსა და პურის ანგელოზის აზრები და ქმედებები?

✔ რით შეიძლება გააუმჯობესო შენი ნამუშევარი?

✔ როგორ გააფორმებ ილუსტრაციებით ამბავს?

 

აქტივობა 1. იდეების გენერირება

რესურსი: თხრობის რუკა

აქტივობა 2.  თხრობის რუკის გამოყენებით პირველადი  ვარიანტის  დაწერა

მთავარი პერსონაჟები:

 

სხვა პერსონაჟები:

 

მოქმედების დრო და ადგილი:
რა მოხდა დასაწყისში შემდეგ რა მოხდა? რით დასრულდა ამბავი?
„ერთხელ…

 

 

„ამის შემდეგ…

 

„ბოლოს…

 

 

 

მე-4 დღე

 

რესურსი: კრიტერიუმების ბადე

აქტივობა 1. შინაარსის გაუმჯობესება კრიტერიუმების ბადის გამოყენებით

 

კრიტერიუმები

 

კარგია გასაუმჯობესებელია
შინაარსს აქვს სამი ნაწილი: დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული  

 

 
 

გამოყენებული მაქვს იშვიათად ხმარებული სიტყვები.

   
მართებულად მაქვს დასმული სასვენი ნიშნები.    
მინიშნებებზე დაყრდნობით გამოკვეთილია პერსონაჟების ფიქრები და ქმედება.    

 

აქტივობა 2. მოთხრობის შინაარსის საბოლოო ვარიანტის შექმნა, გაფორმება.

 

მე-5  და მე-6 დღე

აქტივობა: ნამუშევრების წარდგენა

რესურსი: მსმენელის დღიური

აქტივობა: მოსწავლეები ავსებენ მსმენელის დღიურს

 

  რა მომეწონა? რით იყო საინტერესო, დასამახსოვრებელი? რით ჰგავს, რით განსხვავდება ჩემი ნამუშევრისგან
გამომსვლელი 1.    
გამომსვლელი 2.    

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (საჭიროებისამებრ შეირჩევა)

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად მოთხრობის შინაარსია?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შეგისრულებია თუ არა სხვა დროს მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება? გამოგიყენებია თუ არა მსგავსი სტრატეგიები?
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?

 

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების წარდგენის პროცესი, რადგან მასწავლებლის მიერ დასმულ მეტაკოგნიტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოსწავლე აკეთებს რეფლექსიას, ერთხელ კიდევ დაფიქრდება თითოეულ ნაბიჯზე, რა როგორ განახორციელა.

ფაქტობრივად, ყველა განხილული აქტივობა მასწავლებლებისთვის ნაცნობია, მაგრამ სიახლე სწორედ ის გახლავთ, რომ 45 წუთის განმავლობაში რის გაკეთებასაც ცდილობდა თითოეული ჩვენგანი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, „ახალი სკოლის მოდელის“ მეთოდური რეკომენდაციების გათვალისწინებით, სიღრმისეული სწავლების პრინციპზე დაყრდნობით, დავალების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი 6 დღეზე. ცხადია, დღეების რაოდენობას მასწავლებელი საჭიროებისამებრ განსაზღვრავს. მთავარია, არავინ გვაჩქარებს და წუთებს და წამებს არ ვითვლით, როგორმე მოვასწროთ ყველა აუცილებელი აქტივობის განხორციელება. შესაბამისად, სიღრმისეულად ხდება ტექსტის გაგება-გააზრება, რომელიც მოსწავლეთა მეხსიერებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება.

მასწავლებელს გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების გათვალისწინებით შეუძლია სხვა ტიპის კომპლექსური დავალების შექმნა, სასურველი რესურსებისა და აქტივობების შერჩევა.

ამგვარი მიდგომით ნამდვილად შევძლებთ ყველა მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებას და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების შედეგი აუცილებლად იქნება წარმატება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა – გზამკვლევი ანბანის შემდგომი პერიოდიდან IV კლასის ბოლომდე;
  2. ტიპობრივი აქტივობების ბანკი

(შედგენილია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).

 

ვინ იყო პატრის ლუმუმბა?

0

საბჭოთა პროპაგანდა თავისი მიზნებისთვის უამრავი თავდადებული ადამიანის ბედისწერას იყენებდა. კრემლის სააგიტაციო მასალებში აღმოჩენილ მებრძოლებს ხაზი არ უნდა გადავუსვათ და დავიწყების მორევში არ უნდა მივუჩინოთ ადგილი. პირიქით, მათი ღვაწლი მეოცე საუკუნის კლიშეების გარეშე თანამედროვეობის შუქზე გადააზრებას იმსახურებს.

ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკა მოსაწყენი, ერთფეროვანი, მხოლოდ ინტრიგებითა და შუღლით სავსე საქმეა. შესაბამისად, ძნელია პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებულისა და განუმეორებელის აღმოჩენა. ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანებს მარტივად შემიძლია გავუქარწყლო თავიანთი შთაბეჭდილებები. მთავარია, 1960-იანი წლების აფრიკაში, კონგოში გამომყვნენ და ცალი თვალით მაინც დააკვირდნენ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიალს. მსოფლიოს ლიტერატურისა თუ თეატრალური ხელოვნების არაერთ შედევრს შეშურდებოდა ის ატმოსფერო, დრამატიზმი, დინამიკა და მშვენიერება, რომელიც მოვლენის მონაწილეებმა შექმნეს. დაპირისპირებულ ლიდერებს შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ, სხვადასხვა სტატუსის მქონე პოლიტიკოსთა მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ღონისძიება დაუვიწყარ ისტორიულ ჩანახატად აქციეს.

1960 წლამდე კონგო ბელგიის კოლონია გახლდათ. ცენტრალურ აფრიკაში მდებარე ქვეყანა ევროპელი მონარქის პირადი საკუთრება იყო. ურანითა და კობალტით, ოქროთი და სპილენძით, მანგანუმითა და თუთიით, ალმასებით მდიდარ რეგიონს მეტროპოლია თავისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის შედეგიანად იყენებდა. ბელგიელთა სიმდიდრის წყაროდ იქცა კაუჩუკის, წითელი ხისა და ბამბის წარმოებაც. ცხადია, მონარქს აფრიკაში მუშახელი სამშობლოდან არ ჩაჰყავდა. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში უმძიმეს შრომას ადგილობრივი შავკანიანები ეწეოდნენ. ცხადია, კონგოელების 8-საათიან სამუშაო დღეზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და ცხოვრების ღირსეულ პირობებზე არავინ ზრუნავდა. პირიქით, ბელგია წლიდან წლამდე აძლიერებდა კოლონიაში თავის სამხედრო წარმომადგენლობას, რათა საშინელი ჩაგვრისთვის, ექსპლუატაციისთვის, ხალხის დამცირებისთვის წინააღმდეგობა არავის გაეწია. პატარა ევროპული სახელმწიფო ვრცელ აფრიკულ რეგიონში მხოლოდ ისეთ ინფრასტრუქტურას აშენებდა, რომელიც საწარმოო მიზნებისათვის იყო გამოსადეგი. ქარხნებისა და ფაბრიკების, რკინიგზის სადგურების მიღმა ქვეყანა ავადმყოფობისა და შიმშილის წყვდიადში იყო ჩაძირული. მხოლოდ ზოგიერთ ადგილობრივ ბავშვს უმართლებდა, თუ კოლონიზატორები თავიანთი პატარებისთვის გასართობად აფრიკელი თანატოლის მიყვანას გადაწყვეტდნენ.

მრავალი ტომისგან შემდგარი კონგოელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური წინააღმდეგობის გადალახვას, გაერთიანებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წარმატების დასრულებას. 1950-იან წლებში კი ასპარეზზე გამოვიდა ერთი ფოსტის მუშაკი, პროფკავშირელი, რომელსაც ცოდნა თვითგანათლების წრეებში ჰქონდა შეძენილი, კარგად იცნობდა კოლონიზატორთა ბუნებასა და შეეძლო ადამიანებს შორის მტკიცე კავშირების შენება. შესანიშნავმა ორგანიზატორმა და მჭევრმეტყველმა მალევე მოახერხა პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც კონგოს ყველა რეგიონში იყო წარმოდგენილი და მცირე ჯგუფების ინტერესების ნაცვლად საერთო ეროვნულ მიზნების ემსახურებოდა. პატრის ლუმუმბას პარტია ამ თვალსაზრისით ერთადერთი და განუმეორებელი იყო. 1960 წლისთვის, მრავალი დარბევის, დაპატიმრების, სახალხო მღელვარების შემდეგ კონგომაც მიაღწია შეთანხმებას დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, პატრის ლუმუმბა კი ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

30 ივნისს კონგოს პარლამენტში დაუვიწყარი სცენა გათამაშდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიალზე პარლამენტისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ ბელგიის მეფე ბოდუენ I და რესპუბლიკის პრეზიდენტი კასავუბუ. ევროპელმა მონარქმა აღნიშნა, რომ ბელგიის წყალობით კონგოელი ხალხი ცივილიზაციასთან ზიარების გზას დაადგა, განვითარდა, ისწავლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ყოფილმა კოლონიზატორმა დიდი დრო დაუთმო ევროპელთა აფრიკული მიღწევების ჩამოთვლასა და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას. საკმაოდ ზოგადი და უღიმღამო გახლდათ პრეზიდენტ კასავაბუს საზეიმო სიტყვაც, რომელიც ძირითადად კონგოს „ნათელ მომავალზე“ სვამდა აქცენტს. მეფისა და სახელმწიფო მეთაურის გამოსვლების შემდეგ ისტორიული კრება უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად, პროტოკოლის წესების დარღვევით ტრიბუნასთან ქვეყნის უმსხვილესი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ლუმუმბა მივიდა. ალბათ ვერ გაუძლო იმ სიყალბესა და უსამართლობას, რომელსაც ევროპელი ორატორი ქადაგებდა. აფრიკელმა გამათავისუფლებელმა ვერ აიტანა ის სიმხდალე და კონფორმიზმი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა გამოავლინა.

პატრის ლუმუმბამ ისტორიული და მონუმენტური სიტყვა წარმოთქვა, რომელმაც მეფე განარისხა, აფრიკის მთელი კონტინენტი აღაფრთოვანა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების გულებში იმედი გააღვივა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა (ნაწყვეტი): „არცერთმა კონგოელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ დამოუკიდებლობა ბრძოლით მოვიპოვეთ და ამ ბრძოლისთვის საკუთარი სისხლი და ძალა გავიღეთ… ეს იყო კეთილშობილური და სამართლიანი ბრძოლა. ეს ბრძოლა გახლდათ გარდაუვალი, მის გარეშე ვერ გავთავისუფლდებოდით დამამცირებელი მონობისგან, რომელიც ძალით მოგვახვიეს თავს… ჩვენი ჭრილობები ძალიან ახალი და ტკივილის მომგვრელია იმისათვის, რომ სწრაფად გაქრეს ხალხის მოგონებებიდან.

ჩვენ შევიცანით დაცინვა, შეურაცხყოფა, ცემა, რომელსაც ვიტანდით დილით, შუადღეს და საღამოს მხოლოდ იმიტომ, რომ შავები ვართ…

ჩვენ ვნახეთ, როგორ ნაწილდებოდა ჩვენი საკუთარი მიწა მხოლოდ ძლევამოსილთა სასარგებლოდ შექმნილი კანონების მიხედვით… ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი მოსახლეობის ნაწილისთვის ხელსაყრელი იყო, უმრავლესობისთვის კი სასტიკი და არაადამიანური…

ძმებო და დებო, ერთად ჩვენ ვიწყებთ ახალ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას მშვიდობამდე, კეთილდღეობამდე და დიდებამდე მიიყვანს…

…გაუმარჯოს დამოუკიდებელ კონგოსა და აფრიკის ერთიანობას!“.

ცხადია, ბელგიის მეფეს პირკატა ეცა, რადგან მისი ქვეყანა ძალადობის, ჩაგვრისა და განადგურების თანაავტორად გამოცხადდა. მონარქმა ვერ აიტანა კოლონიზაციის თანმხლებ უბედურებებზე პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოწოდება. მას პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად უნდოდა კონგოს დატოვება, მაგრამ მრჩევლებმა დემარში გადააფიქრებინეს. მათ ლუმუმბას დასჯისთვის უკეთესი გეგმები ჰქონდათ შემუშავებული.

კონგოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე რესპუბლიკის უმდიდრესი რეგიონი კატანგა აჯანყდა და უარი განაცხადა ლუმუმბას მთავრობის მორჩილებაზე. მმართველობის პირველივე დღეებში აფრიკის გულში მდებარე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. პრეზიდენტმა რამდენჯერმე გადააყენა თანამდებობიდან ფოსტის ყოფილი მუშაკი, მაგრამ პარლამენტმა ლეგენდარული პოლიტიკოსი კვალავ დააბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მოგვიანებით ლუმუმბას პატიმრობა მიუსაჯეს, პატიმრობიდან გაქცეულ ლიდერს კი საკუთარი არმიის ხელმძღვანელობამ უღალატა. შეპყრობილი პრემიერი კატანგაში სეპარატისტულ რეგიონში გაამგზავრეს, სადაც იგი სასტიკად აწამეს და მოკლეს.

ლუმუმბას მკვლელობას ევროპიდან ორგვარად გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა მთავარმა ბელგიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე საზეიმო სათაური გამოიტანა: „სატანა მკვდარია!“. გენიალურმა ფრანგმა მოაზროვნემ, ჟან-პოლ სარტრიმ კი განაცხადა: „მას შემდეგ, რაც პატრის ლუმუმბა გარდაიცვალა, მან შეწყვიტა ადამიანად, პიროვნებად ყოფნა და მთელ აფრიკად იქცა“.

პატრის ლუმუმბას მაგალითი და ისტორია შესანიშნავი წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის კოლონიალიზმის შესახებ გაკვეთილის ჩასატარებლად.

 

ადიქცია და მასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა

0

„ყველა მასწავლებელმა უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, არა იმიტომ, რომ კომპეტენცია აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ შეუძლიათ იყვნენ უკეთესი“ — ეს სტატია  მინდა, დავიწყო დილან უილიამის ამ სიტყვებით. სწორედ ამიტომ არასოდეს ვამბობ უარს სხვადასხვა პროექტსა თუ ტრენინგ-სემინარში მონაწილეობაზე.

2-11 ივლისის პერიოდში თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 8 ქვეყნის (თურქეთი, საქართველო, ალბანეთი, სერბეთი, ესპანეთი ჩეხეთი, უკრაინა და ლიეტუვა) წარმომადგენლები მონაწილეობას ვიღებდით საერთაშორისო გაცვლით ტრენინგკურსში – „ახალგაზრდული მუშაკები ადიქციის წინააღმდეგ“ (Youth Workers Against Addictions), რომლის მთავარი თემა იყო ადიქცია და მისი პრევენციის ეფექტური მექანიზმები.

ევროკავშირის ათდღიანი პროგრამის „Erasmus+“-ის ფარგლებში, მონაწილეებს გავაცანით ჩვენს ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. შევიმუშავეთ ადიქციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები და პრევენციის მექანიზმები. პროგრამის ბოლოს შევქმენით 20 სამოდელო სემინარის გეგმა, რომელთა ჩატარება შესაძლებელია, როგორც ახალგაზრდებთან, ასევე მათ მშობლებთან, პედაგოგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. მომავალ წერილებში აუცილებლად გაგიზიარებთ აქტივობებს მათ შესახებ.

ჩვენს ქვეყანაში საგნის – „მოქალაქეობა“ – სტანდარტით, VII კლასში ერთ-ერთი სასწავლო თემა ეთმობა ჯანსაღ ცხოვრებას. სწორედ ამ თემის ფარგლებში შემოთავაზებული საკითხია  ადიქცია. მოსწავლემ შესასწავლი საკითხის ფარგლებში უნდა შეძლოს ადიქციის სხვადასხვა ფორმის მავნე ზემოქმედების შედეგების გაანალიზება, პრობლემის დანახვა და მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა.

სამედიცინო განმარტების მიხედვით ადიქცია არის სახიფათო და დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულება. ფართო გაგებით იგი განიხილება, როგორც ადამიანის მიჯაჭვულობა მავნე საქმიანობისადმი. გამოყოფენ ადიქციური ქცევის ოთხ გამოვლინებას/ფორმას:

  1. დამოკიდებულება სიგარეტზე;
  2. დამოკიდებულება ალკოჰოლზე;
  3. დამოკიდებულება ნარკოტიკზე;
  4. დამოკიდებულება თამაშებსა და ტექნოლოგიებზე, აზარტულ და ვიდეოთამაშებზე.

ეს უკანასკნელი  შედარებით ახალია. მისი ფართო გავრცელება უკავშირდება ინტერნეტის და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებას.

ადიქციას მსოფლიოს ქვეყნები სერიოზულ პრობლემად განიხილავენ. მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულებების გამოვლინება ყველაზე სახიფათოა ბავშვებსა და ახალგაზრდებში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მოზარდებში აზარტული თამაშების  გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა.

სტამბოლის პროექტის ფარგლებში გვქონდა სასწავლო ვიზიტები ადიქციის თემაზე მომუშავე უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაციაში. „მწვანე მთვარე/Green Crescent“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც  მთელი თურქეთის მასშტაბით ჩართულია ადიქციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შემუშავებული აქვთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მუშაობს როგორც პრევენციის, ასევე ინტერვენციის დონეზე. აქვთ საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ ადიქციის პრევენციისა და ინტერვენციის პროგრამებმა დაიმსახურა. მოსწავლეებში ადიქციის ოთხივე ფორმის პრევენციის მიზნით სკოლებში ატარებენ ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიებს/კვირეულებს, სპორტულ-შემეცნებით აქტივობებს, ეხმარებიან მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, მუშაობენ მათთან ერთად ინტეგრირებულ პროგრამებზე, ქმნიან და ავრცელებენ ვიზუალურ მასალებს და ა.შ.

„მწვანე მთვარეს“ მთელი თურქეთის მასშტაბით აქვს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები/პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც სპეციალისტები (სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები) მუშაობენ ინდივიდუალურად დამოკიდებულებაგამოვლენილ პირებთან (უშუალოდ სტამბოლში ასეთი თორმეტი ცენტრია). არასრულწლოვანი (14 წლიდან) ბენეფიციარების მიღება ხდება მშობლების მიმართვის საფუძველზე, ხოლო სრულწლოვანი მოქალაქეების პირადი განცხადების/სატელეფონო ზარის საფუძველზე. ფსიქოლოგთან ინტენსიური კურსის შემდეგ ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინებით ხდება მისი ჩართვა კონკრეტულ  პროგრამაში.

სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სწავლობენ ხეზე მუშაობას, ფერწერას, ვებდიზაინს, პროგრამირებას, გრაფიკულ დიზაინს, კულინარიას, ხელოვნების სხვადასხვა დარგს და სხვა… თითოეულ მსგავსს სარეაბილიტაციო ცენტრს ინდივიდუალური პროფილი აქვს, რაც დამოკიდებულია იმ ქალაქში/უბანში/კვარტალში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.

მნიშვნელოვანია, რომ სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ, მაშინვე არ სრულდება ბენეფიციარებთან ურთიერთობა. აქ მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ ორ საკითხზე:

  1. ორგანიზაციას ჰყავს უამრავი პარტნიორი კერძო სექტორში. ბენეფიციარებს, რომლებმაც გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი და შეისწავლეს კონკრეტული პროფესია სთავაზობენ დასაქმებას რესტორნებში, სასტუმროებში, ქარხანა-ფაბრიკებში და ა.შ.
  2. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტარდება გასაუბრება ბენეფიციართან, მის დამსაქმებელთან, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელთან. გასაუბრების მიზანია სარეაბილიტაციო კურსისა და შემდგომი პერიოდის შეფასება, მისი ეფექტურობის განსაზღვრა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.

სამწუხაროდ, საქართველოში სრულფასოვნად არ არის გამოკვლეული, მოზარდების რა რაოდენობა მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოს, ნარკოტიკსა და ტექნოლოგიებს.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

კანონი კრძალავს მაგარი სპირტიანი სასმლის პოპულარიზაციას ნებისმიერი ფორმით და განსაზღვრავს მსუბუქი ალკოჰოლის შემცველი პროდუქციის რეკლამის განთავსების წესს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა; აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს თამბაქოს ნაწარმის რეკლამასთან დაკავშირებით. აკრძალულია 18 წელს მიუღწეველ პირებზე ალკოჰოლიანი პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა, ასევ იკრძალებამათი ჩართვა აზარტულ თამაშებში.

უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული რეგულაციები არ არის ეფექტური, რადგან ზოგადი დაკვირვებითაც ჩანს, რომ ახალგაზრდებში ხშირია ადიქციის ოთხივე ფორმა. ცხადია, რეკლამისა და გაყიდვების აკრძალვებმა შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს მოზარდებსა და ზრდასრულებში ადიქციის პრევენციის კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მაგალითისათვის, შეგვიძლია ვნახოთ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის  „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ“ ერთ-ერთი რეკომენდაცია – „აზარტულ თამაშებზე მოთხოვნილების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიღებისა და განხორციელების გზით“.

მწვანე მთვარესა და მის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში სასწავლო ვიზიტის დროს გაგვაცნეს კონკრეტული ციფრები, რომლებიც შთამბეჭდავია. სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ერთვება სარეაბილიტაციო პროგრამებში. შედეგად ისინი თავს აღწევენ ადიქციის საკმაოდ რთულ ფორმებს, უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ოჯახებს.

გამოყენებული წყაროები:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/31840?publication=28

https://befriend.mes.gov.ge/article/?id=24

https://www.yesilay.org.tr/en/

https://tinyurl.com/3e6eyhtc

მოსწავლის შეფასება

0

ამერიკელი მასწავლებლის რჩევები კოლეგებს

მაღალ ნიშნებზე ზრუნვა საკმაოდ დამქანცველი პროცესია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ორივე მხარეს სურს სასწავლო პროცესით ტკბობა და ეს შესაძლებელია. კრისტალ ფრომერტი, განათლების მაგისტრი და მათემატიკის მასწავლებელი 20-წლიანი გამოცდილებით, საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მუდმივ წუხილს ქულებზე. აი რას გვიზიარებს ის:

„ჩემი მოსწავლეები კლასში შესრულებული საშინაო დავალებით მოდიან, ისინი აშკარად მომზადებული არიან და თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მისვამენ. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, მიიღებენ თუ არა ქულებს დავალებისთვის – ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ ცოდნისთვის კეთდება… შემდეგ კი ვიღვიძებ.

რეალობა ასეთია: მოსწავლეები მუდმივად ამოწმებენ თავიანთ შეფასებებს ონლაინდღიურებში და სვამენ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა:

„რამდენს დამაკლებთ, თუ რაიმე თემა დამავიწყდება?“

„რამდენ ქულას დამაკლებთ არასწორი გაფორმებისთვის?“

„რა უნდა გავაკეთო უფრო მაღალი ქულა რომ მივიღო?“

მრავალი წელი ვაკვირდებოდი, როგორ წუხდნენ მოსწავლეები ნიშნების გამო და დავფიქრდი იმაზე, შეეძლო თუ არა ჩემს ქცევას ამაზე რაიმე გავლენის მოხდენა. აღიარების მრცხვენია, მაგრამ ადრე მოსწავლეებს ხშირად ვაქებდი მაღალი ქულების და არა მათი ძალისხმევის ან წინსვლის გამო. მშობლებთან შეხვედრის დროს ყოველთვის ვამახვილებდი ყურადღებას ნიშნებზე და არა სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.

ფიქრის დროს მივხვდი, რომ ჩემს სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც ჩემსავით დაიღალნენ ნიშნებზე კონცენტრირებით. ჩვენ ერთმანეთს სხვადასხვა მიდგომა და სტრატეგია გავუზიარეთ. გვინდოდა, ბავშვები სწავლაზე გადართულიყვნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გვიწევს ქულების წერა. თუმცა გვაქვს რჩევების მთელი ჩამონათვალი, როგორ აღარ უნდა შეგვაწუხოს  შეფასებაზე აკვიატებულმა წუხილმა:

  1. შეცვალეთ თქვენი მიდგომა ბავშვებთან და მათ მშობლებთან საუბრის დროს: არ ღირს ნიშნებზე ჩაციკვლა. თუ ადრე ჩემს მოსწავლეებს დავალების შესრულების დროს მოულოდნელად ეკარგებოდა მოტივაცია, მე მათ ასე ვეუბნებოდი: „შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო, რადგან მე უნდა შევაფასო შენი ნამუშევარი“. ახლა, მსგავს სიტუაციებში ვცდილობ, მოსწავლეები წავახალისო და ვუთხრა: „თქვენ კარგად გაართვით თავი რადიკალების გამარტივებას და ახლა ველი როდის შეგეძლებათ, გამოიყენოთ თქვენი ცოდნა პითაგორას თეორემაში“.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ყოველთვის არ ჭრის. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ჩემს ნათქვამს შეუძლია, ბავშვებს ყურადღება არა ქულებზე, არამედ სწავლაზე გადაატანინოს, მეხმარება მხოლოდ ქულებისთვის ბრძოლასთან გამკლავებაში.

მშობლებთან სხვანაირად ვსაუბრობ. წერილებში ან სატელეფონო საუბრებში, როდესაც რომელიმე მოსწავლეს განვიხილავთ, ვლაპარაკობ იმაზე, თუ რა იდეებს გვთავაზობს მათი შვილი, რა უნარ-ჩვევების მიღებას და დემონსტრირებას ახდენს და  აღარ ვამახვილებ ყურადღებას ნიშნებზე.

და თუ მშობლები მაინც ჩამეკითხებიან ბავშვის წარმატებაზე ქულათა სისტემის მიხედვით, ვპასუხობ: „დევონმა წინა დავალებაში 42 ქულიდან 35 მიიღო. მე ვურჩევდი, რომ გაიმყაროს ცოდნა ძირითადი მამრავლების შესახებ, რათა უკეთ მოემზადოს შემდეგ თავში მოცემული მასალისთვის“. თუ მათემატიკის ენაზე ვესაუბრები, ცოტას ვეშმაკობ, რადგან 42 შესაძლოდან 35 ქულა ოთხიანად იქცევა. მაგრამ ამით მე ვახერხებ მშობლების ყურადღების გადატანას არა ქულებზე, არამედ სხვა რამეზე.

  1. მასწავლებლებო, ისაუბრეთ მოსწავლეებთან მათ შედეგებზე ქულებზე ყურადღების გამახვილების გარეშე. ეს აზრი მას მერე მომივიდა, რაც ჩემი კოლეგა კრისტი ლოუდენის ბლოგი ვნახე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების მოტივირება, რომ მათ მოუსმინონ მასწავლებლების რჩევებსა და რეკომენდაციებს. კრისტი გვირჩევდა საბოლოო ქულების გამოცხადების ნაცვლად, მოსწავლეებთან გვესაუბრა მათ წარმატებებზე, პროგრესზე და თემებზე, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. და უმჯობესია, გაწეული სამუშაო საერთოდ არ შეფასდეს ქულებით, თუ ეს შესაძლებელია.

კრისტი ინგლისურის პედაგოგია, ამიტომ მის კლასებში ბავშვები უამრავ ესეის წერენ, მაგრამ ზოგიერთს ის შეგნებულად არ აძლევს შეფასებებს, თუმცა აკეთებს ჩანაწერებს რვეულის მინდვრებზე და ურჩევს, რა შეიძლება გააუმჯობესოს მუშაობაში და როგორ უნდა გაკეთდეს ეს.

მე და ჩემმა კოლეგამ, მათემატიკის მასწავლებელმა, შევისწავლეთ კრისტი ლოუდენის სტრატეგია. ჩვენ შევაფასეთ ტესტები და დამოუკიდებელი ტესტები „კლასიკურად“: თითოეულს მივანიჭეთ ქულა და თან მოკლე კომენტარებიც დავურთეთ. ნიშნები ცალკე სიაში ჩავწერეთ, მოსწავლეებს კი თავიანთი ნამუშევრები ჩვენი რეკომენდაციებითურთ დავუბრუნეთ, ნიშნების გარეშე. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს შენიშვნებიანი რვეულები მივეცით, ვთხოვეთ, დაფიქრებულიყვნენ ჩვენს კომენტარებზე და გამოესწორებინათ უზუსტობები. გამოვიდა, რომ ჩვენ ვიმუშავეთ შეცდომებზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს შესწორებების გაკეთებაში და მათთან ერთად განვიხილოთ მათი ნამუშევრები და არა ქულები, რომლებიც მიიღეს.

თავიდან ეს ბავშვებს აღიზიანებდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მეტი ყურადღება მიაქციეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს. თუ მათ დასჭირდებოდათ ნიშნის გაგება, თითოეულ მოსწავლეს ცალკე ვესაუბრებოდით წინასწარ დანიშნულ დღეს და ყველაფერს ვუხსნიდით. მიუხედავად იმისა, რომ თავი დავაღწიეთ საკლასო ოთახებში ნიშნებზე საუბარს, სკოლა მაინც მოითხოვდა ყველა შედეგის დაფიქსირებასა და ქულების გამოთვლას.

  1. ნუ მოსთხოვთ უკიდეგანოდ ბევრს. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საშინაო დავალებებში მიღებული ნიშნები, მაგალითად, ტრიმესტრის, არ შეიძლება იყოს საბოლოო და შეუქცევადი. ნაცნობ პედაგოგთა უმეტესობა საშინაო დავალებაში ქულებს წერს. მე ამის გაკეთება რამდენიმე წლის წინ შევწყვიტე – უბრალოდ, ჩემთვის მოვინიშნავდი ხოლმე, ვინ როგორ ასრულებდა დავალებას, იმისათვის, რომ პირადი შეხვედრების დროს ამაზე მესაუბრა მოსწავლესთან და მის მშობლებთან.

კლასში შევთანხმდით: საშინაო დავალება საჭიროა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მეტი გაიგონ მათთვის საინტერესო თემებზე ან უფრო საფუძვლიანად იმუშაონ რთულ საკითხებზე. ჩემს მოსწავლეებზე ზეწოლა რომ არ მომეხდინა, გამოვაცხადე, რომ შემდეგ სემესტრში გამოკითხვებისა და ვიქტორინების ყველა დაბალი ქულა ჩემი ჟურნალიდან გაქრებოდა და ჩვენ ნულიდან დავიწყებდით. ამ გადაწყვეტილებამ გააქრო ბავშვების წუხილი და ცრემლები.

  1. გამოიყენეთ გადაბარების სისტემა. ტესტები და ნამუშევრები, რომლებსაც მოსწავლეები ქულების გამო აბარებენ, ვერასოდეს დაეხმარება მათ ცოდნის შევსებაში, ვერ მოუტანს მათ სარგებელს. როდესაც უფროსკლასელი ვიყავი, მათემატიკის გაკვეთილებზე სემესტრის განმავლობაში შეგვეძლო გვესარგებლა გადაბარების უფლებით, რათა გამოგვესწორებინა ის ნიშნები, რომლებიც არ მოგვწონდა.

თუ თქვენი სკოლა არ იძლევა გამოცდის, საკონტროლო, დამოუკიდებელი და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოს შეფასების შესწორების შესაძლებლობას, დაიცავით საგნის ხელახლა გადაბარების სისტემა! შეგიძლიათ ინიციატივით გამოხვიდეთ და აუხსნათ ყველას, რომ ამას ცოდნა მოითხოვს და არა ქულების დაწერის საჭიროება.

  1. იქნებ მოსწავლეებმა თავად შეაფასონ თავიანთი ნამუშევრები? ხშირად ჩემი მეთოდები ვიღაცისთვის მიუღებელია: მეკითხებიან, როგორ მოვამზადო ბავშვები კოლეჯისთვის ან უნივერსიტეტისთვის ნიშნების გარეშე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა პრობლემები ექნებათ ჩვენს მოსწავლეებს, როდესაც ისინი უმაღლესი განათლების მიღებას შეუდგებიან, მაგრამ ახლა კოლეჯების ბევრ მასწავლებელს შორის უკვე ინერგება სისტემა „უნიშნოდ“.

როგორც განათლების მრავალი ექსპერტი ამბობს, არსებობს ნიშნების მოხსნის კარგი საფუძველი: აღმოჩნდა, რომ ნიშანი გავლენას ახდენს სწავლების გარე და არა შინაგან მოტივაციაზე, რის გამოც ერთ ცუდ შეფასებას შეუძლია, გაანადგუროს მოსწავლის სურვილი – ისწავლოს და ისიამოვნოს სასწავლო პროცესით. ასევე, ნიშანი  ზრდის წარუმატებლობის შიშს, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეს წარმატების მიღწევაში ვერ ეხმარება.

პედაგოგებს შეუძლიათ, ებრძოლონ ტრადიციული შეფასების ამ ზიანისმომტან შედეგებს, მისცენ მოსწავლეებს საშუალება, შეაფასონ საკუთარი ნამუშევრები. ეს მეთოდი ძალიან მარტივია: სთხოვეთ ბავშვებს, გამოყონ ადგილი საკუთარი თავისთვის ქულების მინიჭებისას, სამუშაოს წარდგენისას. მიეცით საშუალება, მიუთითონ, თუ რას იმსახურებენ. შემდეგ თითოეულ მათგანს გაესაუბრეთ თავიანთი ნამუშევრის შესახებ. ზოგჯერ მოსწავლის შეფასება შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე თქვენ შეაფასებდით – ეს შესანიშნავი საბაბიცაა მოსწავლესთან პროდუქტიული საუბრისთვის.

როდესაც მოსწავლე პასუხისმგებელი ხდება თავის შეფასებაზე, ის გრძნობს, რომ მართავს სასწავლო პროცესს. ეს ზრდის მის მეტაკოგნიტურ უნარებს – მიზნად ისახავს, ადამიანის დახმარებას, რომ მან შეძლოს საკუთარი მოქმედებების, აზრების და სწავლის პროცესების გაკონტროლება. ასეთ უნარებში შედის მიზნების დასახვა (რა უნდა გავაკეთო?), დაგეგმვა (როგორ შემიძლია მიზნის მიღწევა?), გარკვეულ ეტაპზე მიღწევების მონიტორინგი, შედეგების შეფასება.

ზოგჯერ ვოცნებობ, რომ ერთხელაც დადგეს დღე, როდესაც ყველა მასწავლებელი ერთდროულად შეწყვეტს ნიშნების წერას და მოსწავლეებიც, თავის მხრივ, სიამოვნებით შეასრულებენ ჩვენს დავალებებს. მაგრამ ჩვენს რეალობაში შეფასების სისტემა მთელი თავისი ხარვეზებით განსაზღვრავს რეიტინგებს და აუცილებელიცაა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ხარისხის გასაანალიზებლად. ამის გამო ნუ დაითრგუნებით, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია, ვიყოთ კრეატიული და ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი შეფასება მოსწავლის რეალურ პროგრესს ასახავდეს, იყოს უფრო ზუსტი და არ იწვევდეს ამდენ სტრესსა და შფოთვას“.

წყარო: Edutopia.orgCultofpedagogy.com

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...