ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

რატომ არ კითხულობს თანამედროვე მოზარდი კლასიკას?

0

„ჩემში არსებული ყველა სათნო, ჭეშმარიტი და ძლიერი გრძნობა უნებურად მას ევლება თავს, ვიცი, უნდა დავფარო ყოველივე ეს, უნდა ჩავიქრო ყოველივე იმედი, უნდა მახსოვდეს, რომ არ შეიძლება ვუყვარდე მას. მას ვგავარ-მეთქი, რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, თითქოს მეც გამაჩნია ისეთი ძალა და ენერგია, რომ შემეძლოს მისი მოხიბვლა და მისებური გავლენის მოხდენა. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ერთნაირი გემოვნება და გრძნობები გვაქვს. აი, რატომ უნდა მახსოვდეს: ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ დაბადებული. თუმცა, ვიდრე პირში სული მიდგას და ვაზროვნებ, ის მუდამ მეყვარება“.

„გული ძალიან სწრაფად მიცემდა და ნელ-ნელა ვიძაბებოდი, მერე ელიზაბეტმა ბრენდით სავსე კიდევ ერთი ჭიქა გამომიწოდა და იმ მომენტში ხელზე ნაზად შემეხო. ფეხი ფეხზე გადამადო და ააქანავა. მერე კისერზე მისი ხელი ვიგრძენი. ნელა მოძრაობდა, მე კი გულმა არანორმალური სისწრაფით დამიწყო ძგერა“.

ორივე ამონარიდი სიყვარულს შეეხება და მთხრობლის ემოციასა და გრძნობებს გვიზიარებს. თუმცა მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა: პირველი კლასიკად ქცეული ნაწარმოებიდან, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარიდანაა“, მეორე კი თანამედროვე მწერლის: სტივენ ჩბოსკის რომანიდან: „მარტოსულობის უპირატესობანი“. ამ ორ ავტორს ერთმანეთისგან ორი საუკუნე აშორებს, და ეს იგრძნობა არა მხოლოდ ტექსტის სტილში, პერსონაჟების ხასიათში, არამედ მათ მკითხველებშიც. კი, მკითხველი ტყუილად არ მიხსენებია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოზარდი თაობა. მათთვის კლასიკამდე მისასვლელი გზა ეკალ-ბარდებით დაიფარა და იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ის მეგზური, ვინც გზას გაუკვალავს. დიახ, მოზარდებს უჭირთ კლასიკად ქცეული ტექსტების კითხვა და დანაკლისს თანამედროვე რომანებით ინაზღაურებენ, რომლებიც ასე სოკოებივით მომრავლდა, სიუჟეტით კი ასე ძალიან წააგავს ძველ რომანებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ძველ, ათასწლეულების წინანდელ, ჩვენამდე მოღწეულ ამბებს, ზღაპრებსა და ეპოსებს: თინეიჯერობის/მოზარდობის, სრულწლოვანებაში გადასვლის პრობლემები, სიყვარული, ამბოხი, სახლიდან გაქცევა და მობრუნება საკუთარ იდენტობაში გარკვევა, ძიება, დაცემა და შემდეგ ფერფლისგან ისევ გაცოცხლება. მოკლედ, სიუჟეტური ქარგა სულ რამდენიმე არსებობს და ჩვენთვის ცნობილი და მომავალში დაწერილი თითოეული წიგნი ამ ქარგას მიუყვება. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, ვნებები და სურვილები, უკვდავება და ღმერთები, ოღონდ აქ მთავარი ისაა, ავტორი – როგორი სახეებით, პერსონაჟებით, სიტყვებით კინძავს და აბამს ამ სიუჟეტურ ძაფზე, საბოლოოდ ძვირფასი თვლებით შემკული მძივი გამოიძერწება თუ უბრალო ბიჟუტერია, ცრუ და წარმავალი ბრჭყვიალებით.

თანამედროვე რომანებს სიბრჭყვიალე და მრავალფეროვნება აკლია, ის, რითაც კლასიკური რომანები იწონებენ თავს – ეპითეტები და მეტაფორები, სიმბოლოები და პეიზაჟები, პორტრეტები და ლამის სრულყოფილი პერსონაჟები, შინაგანი დიალოგები და წიგნის ფურცლებზე გამართული ვნებათაღელვები. თანამედროვე ტექსტებში ამბავი ისე მიდის, როგორც რეალობაშია, ყოველგვარი სამკაულების გარეშე, თითოეულ წინადადებაში რაღაც ხდება, თხრობა დინამიკურია, ძალიან ახლოსაა მკითხველთა სამყაროსთან. აი კლასიკურ რომანებში, კი დრო ჩერდება, დრო ჩერდება იმიტომ, რომ მკითხველი დატკბეს კუნძულთა სილამაზითა და ოკეანეების ქარიშხლებით, ტყეების იდუმალებით და პერსონაჟების შინაგანი ბრძოლებით. რომ ჩაძვრეს მათ კანში და პერსონაჟთან ერთად იმოგზაუროს, შეიყვაროს, იბრძოლოს და შეიძლება მოკვდეს კიდეც. ოღონდ ეს სულ სხვა განზომილებაა, ის ჯადოსნური, არამიწიერი სამყარო, სადღაც „შორს“, „ოდესღაც“ მყოფი – ასე ძალიან რომ იზიდავს მკითხველს, და მოდით პირდაპირ ვთქვათ: ოცნებას რომ აჩვევს, რომ ასწავლის, იდეალებს უჩენს და საკუთარ თავთან დიალოგსაც ასწავლის.

თანამედროვე რომანები – სწორი რომანებია, აი, ზუსტად ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით. ისინი პოლიტკორექტულები და ძალიან ფრთხილები არიან. მათი მსოფლხედვა თანამედროვე ადამიანის მსოფლხედვას ემთხვევა, ფემინისტური შრეებით, უმცირესობების პატივისცემით, ეკოლოგიური ხედვით. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია! და ასეც უნდა იყოს, ეს მოიტანა დღევანდელმა დღემ, ეპოქამ. ჩვენს თაობას ისინი ძალიან სჭირდება და უნდა იკითხონ, თუმცა და აი მივადექით კიდეც ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ არ კითხულობენ მოზარდები კლასიკას? ჩემი დაკვირვებითა და გამოკითხვით რამდენიმე მიზეზია. მოდით, ჩამოვთვალოთ:

  1. არქაული ლექსიკა – არის სიტყვები, რომელთა შინაარსი მათთვის უცნობია. ბევრი უცხო სიტყვა მათ აბნევთ, ვერ იგებენ, ბრაზობენ, და საბოლოოდ წყვეტენ კითხვას.

 

  1. ჭარბი მხატვრული ხერხები – ეპითეტები, მეტაფორები, შედარებები, აღწერები, პორტრეტები, პეიზაჟები – ისინი არ არიან მიჩვეული ასეთ მეტყველებას. მათთვის ეს უცხო და ეგზოტიკურია. იღლებიან, ერთი სული აქვთ ამბის დასასრული მალე შეიტყონ, ნებისყოფა არ ჰყოფნით, და რაც ყველაზე მთავარია: არ იციან ტექსტით ტკბობა, ტექსტისგან სიამოვნების მიღება, ისინი ამბისგან იღებენ სიამოვნებას და არა ტექსტისგან. დაახლოებით ისე, როგორც ფილმებისგან. შესაბამისად, გამუდმებული სიტყვების ჩუქურთმები და ლირიკული წიაღსვლები, დაბრკოლებად იქცევა – სასურველის მიღებამდე, ანუ დასასრულამდე.

 

  1. დრო, დრო და დრო – ჩვენი ეპოქა ძალიან აჩქარებულია, თვალის დახამხამებაში გადის დღეები. მოზარდების დღის განრიგი ძალიან გადატვირთულია. ჰოდა, რთულია გამონახო დრო – ძველი საუკუნეების გაცოცხლებისთვის, მით უმეტეს, აგერ სოციალურ ქსელებში იმდენი ამბავია, ერთი ჩამოსქროლა და წამებში იგებ ანტარქტიდის პრობლემებსა თუ ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრების დეტალებს. იქვე ლაივი გელოდება: დედამიწას მეტეორი უახლოვდება, მარსზე წყალი აღმოაჩინეს და ასე შემდეგ. ჰოდა, 15 წლის მოზარდისთვის პრიორიტეტი ცხადია, რაც იქნება.

 

  1. საჭიროების ვერგაცნობიერება – ვერ ხვდებიან, რატომ უნდა წაიკითხონ, რაში გამოადგებათ? თუ გამოცდებზე დასჭირდებათ – კიდევ, ჰო, წაიკითხავდა კაცი.

 

  1. ღირებულებები – ბავშვები დღევანდელი გადმოსახედიდან აფასებენ ტექსტებს და არა მხოლოდ ბავშვები, ძალიან ბევრი ზრდასრულიც. არ მოსწონთ ძველი ქალების ყოფა, უმცირესობების ეპითეტები, რასისტული გამონათქვამები. ეპოქიდან გამომდინარე ვერ იაზრებენ, გვერდს უვლიან ისტორიას. აგერ ჩემი თინეიჯერი შვილი მეუბნება, თურმე „ბიძია თომას ქოხი“ რასისტული ყოფილაო.
  2. დიდი მოცულობა – ბევრი გვერდი აშინებს გამოუცდელ, თანამედროვე მკითხველს.

 

  1. ეკრანიზაციები – კლასიკურ ნაწარმოების უმრავლესობა ფილმებადაა ქცეული, ფილმის ნახვის შემდეგ რთულია, წიგნს მიუბრუნდე, დასასრული ხომ უკვე იცი, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ: „დასპოილერებული ხარ“.

და საერთოდ, უნდა კითხულობდნენ კი? იქნებ ეპოქის ცვლილებებმა კლასიკის საჭიროებაც გადააფასა? იქნებ სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანია? ტექნოლოგიურმა პროცესებმა, ელექტრონულმა წიგნებმა, ადაპტირებულმა კლასიკამ – გადაფარა თუ არა ძველი, კლასიკური წიგნები? მე მგონია, რომ არა და ვფიქრობ, რომ მოზარდები უნდა მივაჩვიოთ კლასიკური რომანების კითხვას: ლექსიკის გასამდიდრებლად, მხატვრული სახეებით აზროვნების მისაჩვევად, შემოქმედებითი ძალების გასააქტიურებლად, ისნპირაციებისთვის, იდეებისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინტელექტის ასამაღლებლად, განათლების მისაღებად და საბოლოოდ კარგ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. რადგან, ადამიანს ადამიანურ სიკეთეებს კარგი წიგნები ჩუქნის.

ეს გზა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის და არც ამ ეკალ-ბარდებში მეგზურობაა იოლი საქმე. ხშირად დავყრით ფარ-ხმალს, და ხშირად გაგვიჩნდება სურვილი დანებების, თუმცა შედეგად ღირს!

პირველ რიგში მოზარდებს წიგნის კითხვის სურვილი უნდა აღვუძრათ, კარგი იქნება თუ მისი ინტერესების გათვალისწინებით შევურჩევთ რომანს. საინტერესო ამბებს მოვუყვებით იმ კონკრეტულ ეპოქაზე, შესაძლოა დოკუმენტური ფილმებიც დავიხმაროთ, ანუ ჩვენი მიზანია, რომ ინტერესი გავუღვიძოთ,

წიგნის ფორმა – ბავშვებს უყვართ უცნაურობები და ეგზოტიკურობა. შესაძლოა ძალიან ძველი წიგნები მოეწონოთ, გაყვითლებული ფურცლებითა და სპეციფიკური სუნით. შესაძლოა ამ წიგნზე რაიმე ისტორიაც გქონდეთ, ან განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარი იყოს – საინტერესო წარწერით, ან ბავშვობის, გამხმარი ყვავილებით სავსე. შესაძლოა ვიღაცას ელექტრონულად ერჩიოს წაკითხვა და ამისთვის, ელექტრონული წიგნის წამკითხავიც კი აჩუქოთ. ჩემს შვილს ძალიან მოსწონდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბუკინისტური წიგნების შერჩევა, და მერე მათი კითხვა, თან თუ წარწერებიც ჰქონდათ. გამოთქვამდა ვარაუდებს, ვის ეკუთვნოდა და რატომ აღმოჩნდა ბუკინისტის ხელში.

მნიშვნელოვანია, წასაკითხი მასალა დღეებზე გადაუნაწილოთ, მაგალითად, დღეში ერთი ფურცელი. შესაძლოა მაღვიძარას დაყენება, მაგალითად, საღამოს 5 საათზე, კლასიკის დროა! ვწყვეტთ ყველაფერს და ერთ ფურცელს ვკითხულობთ. არ მგონია, რთული შესასრულებელი იყოს, თან დრო ძალიან ცოტა ეხარჯებათ, სახალისოც კია. (ერთი ფურცელი, რა თქმა უნდა, პირობითია).

უცხო სიტყვების მარკერით მონიშვნა და შემდეგ დიდ, ძველ ლექსიკონში ქექვა – ესეც საინტერესო პროცესია!

ბავშვებს უყვართ კვლევა-ძიება, აღმოჩენები – ჩვენც მივცეთ ამის საშუალება და აღმოვაჩენინოთ მეტაფორები და ეპითეტები, ვისაც ხატვა უყვარს, დავახატვინოთ პეიზაჟები და პორტრეტები.

მოკლედ მიზნად უნდა ვიქციოთ, რომ მივაჩვიოთ კლასიკის კითხვას. წიგნის დასრულებისას გრანდიოზული ჯილდოს მოფიქრებაც შეიძლება.

ვფიქრობ, ადამიანის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგი ლიტერატურა.

 

მედიაწიგნიერების  თამაშები გაკვეთილზე

0

მედია, ანუ ინფორმაციული წიგნიერება უნარების ნაკრებია, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს,  გააცნობიეროს, ,,როდის არის საჭირო ინფორმაცია და  შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“ (ნატალია ინგოროყვა).

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის  ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები ყველა მოსწავლეს უნდა განუვითარდეს, რადგან თანამედროვე სამყარო სხვადასხვა მედიასაშუალებით უამრავ ინფორმაციას ავრცელებს, რაც განსაზღვრავს  მათ მოსაზრებებს, ცოდნასა და ურთიერთობებს.  აქედან გამომდინარე, მოსწავლეს უნდა შეეძლოს როგორც  მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება,  ასევე შექმნა, გამოყენება, ინტერპრეტირება; ახალი ინფორმაციის მიღება,  გაფილტვრა, მისთვის  მნიშვნელოვანი საკითხის გამორჩევა, კრიტიკულად აზროვნება და შეკითხვების დასმა. მოსწავლე, რომელიც ამ უნარებით იქნება აღჭურვილი, არ დაიკარგება ინფორმაციის ,,უსიერ ტყეში“ .

მედიაწიგნიერება თავისთავად გულისხმობს წიგნიერებასაც, რადგან  წიგნიერება  მხოლოდ წერისა და კითხვის უნარი არ არის. წიგნიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის  დამუშავება; ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრება და ინტერპრეტირება.

ციფრულმა ეპოქამ  ყველას გაუადვილა მედიის შექმნა. ჩვენ ყოველთვის არ ვიცით,  ვინ შექმნა გზავნილი, რატომ შექმნა და რამდენად სანდოა. ამიტომ თანამედროვე მოსწავლე  კრიტიკულად უნდა აანალიზებდეს ყველა მედიაგზავნილს და უნდა შეეძლოს დასვას შეკითხვები:

  • ვინ შექმნა ეს პროდუქტი?
  • რა არის მისი შექმნის მიზანი?
  • ვისთვის არის განკუთვნილი?

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მედიაწიგნიერება  გულისხმობს კონტროლის დამყარებას, რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის  ზღვრის დანახვას; რომ ყველა მედიაგზავნილი იყენებს დარწმუნების ენას და რაიმე ქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს. მოსწავლისთვის შესაძლებელი რომ  იყოს რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის ზღვრის დანახვა, უნდა შევთავაზოთ ბევრი ისეთი აქტივობა, რომელიც განუვითარებს მედიაწიგნიერების აუცილებელ უნარებს. მოსწავლეები იქნებიან როგორც მედიის შემქმნელები, ასევე  მედიამესიჯის კრიტიკულად შემფასებლებიც.

 

მედიაწიგნიერების აქტივობები (დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის)

 

  • პროექტული სწავლება შესანიშნავი საშუალებაა, მოსწავლეს ციფრული უნარ-ჩვევები განუვითარდეს. ამ დროს მას სხვადასხვა ტიპის ტექსტთან უწევს ურთიერთობა, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს იყენებს; სწავლობს მიღებული ინფორმაციიდან არასასურველის  ,,გაფილტვრას“, უვითარდება ზეპირი მეტყველების,  აზრის გადმოცემისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.
  • მოსწავლეებს შეაქმნევინეთ სხვადასხვა სახის მედიაპროდუქტი: მულტიმედიური, PowerPoint-პრეზენტაციები, კომიქსები, რეკლამები, ანიმაციური ვიდეორგოლები. ამ აქტივობით მოსწავლეები მედიის შემქმნელები და კრიტიკულად შემფასებლებიც გახდებიან.
  • აქტივობა „ მცდარი ინფორმაცია“ – მოსწავლეებს მიეწოდებათ ისეთი ინფორმაცია ისტორიულ  ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დაუზუსტებელ, მცდარ მონაცემებს. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ ბავშვები მასწავლებელთან ერთად ამოწმებენ და პოულობენ  შეცდომებს ლიტერატურულ თუ ინტერნეტ წყაროებში.  მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ამოიცნონ: მცდარი ინფორმაცია, გაზვიადება, დეზინფორმაცია და სიცრუე​.
  • აქტივობა ,, ნამდვილისა და მოგონილის გარჩევა“

მოსწავლეები  ნახავენ  სატელევიზიო  სიუჟეტს  კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. აანალიზებენ ნანახს, მასწავლებელი კი უბიძგებს იმისკენ, რომ მოიძიონ მოცემული თემა სხვადასხვა წყაროში (რეკომენდებულია 10 წყარო). ამის შემდეგ მათ ევალებათ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება, შედარება ნანახთან და  საკუთარი აზრის გამოხატვა სტატიის, ნარატივის ან ესეის სახით. ამ აქტივობით მოსწავლე შეძლებს დაინახოს ზღვარი ნამდვილსა და მედიის მიერ გამოგონილ ამბებს შორის.

  • აქტივობა ,,ჟურნალისტი“

მონაწილეებს ენიჭებათ ნომრები, ირგებენ ჟურნალისტის როლს. პირველი ნომერი იწყებს ამბის თხრობას (წინასწარ შერჩეულ თემასთან დაკავშირებით), რაც გრძელდება 2 წუთის განმავლობაში. საინტერესო მომენტში წყვეტს მოყოლას ფრაზით – „გაგრძელება იქნება შემდეგ ნომერში“  და აგრძელებს მეორე მოთამაშე. აქტივობა მოსწავლეს უვითარებს  იმპროვიზაციის, მეტყველების, ფანტაზიის, მოსმენისა  და შემოქმედებით უნარებს.

მედიის შემქმნელები ცდილობენ, კონკრეტული გზავნილი მიაწოდონ მომხმარებელს, მაგრამ ადამიანები ამ გზავნილებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ, შინაარსს განსხვავებულად იგებენ.

  • აქტივობა ,, გაშეშებული კადრი“

კონკრეტულ თემაზე მოსწავლე ერთ-ერთი ფილმიდან ირჩევს პერსონაჟს, ასახიერებს და ახმოვანებს რომელიმე  კადრს, ეპიზოდს. დანარჩენებმა უნდა აღნიშნონ, რამდენად სწორად შეძლო მან მედიაგზავნილის აუდიტორიამდე მიტანა. ამ აქტივობით მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ყველა  ადამიანი ინფორმაციას – მოსმენილს, გაგონილსა თუ ნანახს თავისებურად აღიქვამს. ამიტომ აუცილებელია პირველწყაროს მოძიება/გაცნობა.

  • აქტივობა „წერილი მთავარი გმირისგან“

მოთამაშეებს სთავაზობენ, დაწერონ წერილი მთავარი გმირის სახელით; მოირგონ რომელიმე სატელევიზიო წამყვანის, ფილმის გმირის, ან სარეკლამო რგოლის შემქმნელის როლი. დავალების შესრულების შემდეგ ისინი წარადგენენ თავიანთ წერილს და სხვებმა უნდა გამოიცნონ, რომელი გმირი გაახმოვანა. ამ აქტივობით მოსწავლე თავად ქმნის მედიაგზავნილს და ავრცელებს. ეს მას უვითარებს  აღქმისა და მედიაგზავნილის გადმოცემის უნარს.

  • აქტივობა ,,რეკლამის განხილვა“

შეარჩიეთ რეკლამა  და შეაფასებინეთ მოსწავლეს – რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რის გაყიდვას ცდილობს და არის თუ არა წარმატებული; დაწუნების რა ხერხებს მიმართავს შემქმნელი? თქვენ რას დაამატებდით, როგორ გააუმჯობესებდით?  ამგვარი აქტივობით  მოსწავლე შეძლებს განსაზღვროს გზავნილის მიზნები და შეხედოს მედიას კრიტიკული თვალით.

სად ნახე რეკლამა?
ვინ არის სამიზნე აუდიტორია?

რეკლამის ანალიზისთვისს.

აღწერეთ რეკლამა.
რეკლამა
იყო რეკლამა ეფექტური?

 

  • აქტივობა ,,იაზროვნე კრიტიკულად“

 

გამოიყენეთ ვიზუალური მედია, როგორიცაა ფილმი ან სატელევიზიო შოუ, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს, გაეცნონ პერსონაჟის თვისებებს. ანახეთ წაკითხული წიგნის მიხედვით გადაღებული  ფილმი.

დაუსვით შეკითხვები:

  • რით განსხვავდება ფილმი წიგნისგან?
  • რით არის ფილმის შემქმნელის ღირებულებები მსგავსი ან განსხვავებული ავტორის ღირებულებებისგან?
  • როგორია ეს განსხვავებები?
  • ცვლის ტექსტის შინაარსს?

ამ აქტივობით მოსწავლე ეჩვევა სხვადასხვა მედიაპროდუქტით მიღებული ინფორმაციის შედარებას, განხილვას, ანალიზსა და დასკვნების გამოტანას.

  • აქტივობა ,,შექმენი რეკლამა“

მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაავალეთ, შექმნან რეკლამა. გამოიყენონ დარწმუნების სხვადასხვა მეთოდი და შეძლონ ნივთის გაყიდვა,

პროდუქტის მიმზიდველად წარმოჩენა.

რატომ  იქმნება პროდუქტი?
რა არის შენი რეკლამა?
სად უნდა იყიდონ?
სად გინდა, რომ გავრცელდეს?
რატომ დასჭირდებათ შენი პროდუქტი?
რითი ჯობია სხვა პროდუქტებს?
ვინ უნდა იყიდოს?

 

  • აქტივობა ,,ნამდვილი და მოგონილი“

სთხოვეთ მოსწავლეებს, კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ ახალი ამბები 30-წუთიანი აქტივობით. გაკვეთილი იწყება  ახალი ამბების კლიპის ყურებით. დასასრულს ჰკითხეთ კლიპის შინაარსისა და სიუჟეტის შესახებ. ეს საშუალებას გაძლევთ, გამართოთ  დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესებდნენ კლიპს. მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად. მათ  უნდა დაწერონ კლიპის შეცვლის ხუთი გზა. შემდეგ შეუძლიათ წარმოადგინონ განახლებული ახალი ამბების სიუჟეტი. ამ აქტივობით მოსწავლე არის როგორც მედიაპროდუქტის კრიტიკულად შემფასებელი, ასევე შემქმნელიც.

  • აქტივობა ,,შექმენი კომიქსი“

კომიქსი არის კითხვისა და წერის ეფექტური მეთოდი; მოსწავლეს ეხმარება წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. კომიქსებით ხდება პერსონაჟების გაცოცხლება, ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა.  ასეთი აქტივობით მოსწავლეს უვითარდება ციფრულ ტექნოლოგიასთან  ურთიერთობის  უნარი, ასევე   წაკითხულიდან, მოსმენილიდან თუ ნანახიდან ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხების გამორჩევის უნარი.

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოეწონებათ აქტივობა

,, ფოტომანიპულაცია“.   მოსწავლე შეძლებს ფაქტების გადამოწმებას და დეზინფორმაციის გაკონტროლებას. აქტივობა მოსწავლეს დაეხმარება იმის გარკვევაში, რამდენი ინფორმაციაა გაყალბებული და რამდენად შეესაბამება ფოტოში აღწერილი ამბავი რეალობას.

Google Image Search -ის საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვა შესაძლებელს ხდის, მოიძიოთ: 1) იდენტური ფოტო; 2) მასთან დაკავშირებული ტექსტი; 3) ვებგვერდები, სადაც ფოტოა განთავსებული. საძიებო სისტემა ატვირთული  ფოტოს გამოყენებით გავრცელებულ  უამრავ რესურსზე გვაძლევს წვდომას. ცხადია, ყველა მოძიებული მასალა სანდო ვერ იქნება. შესაბამისად, საჭიროა ნაჩვენებ შედეგებს შორის ყველაზე სანდო წყაროების გამორჩევა და მათი კრიტიკული ანალიზი.

მედიის მანიპულაციის, ყალბი ინფორმაციის ზეგავლენის  მსხვერპლი ბევრი ადამიანი გამხდარა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დაწყებითი საფეხურიდანვე განვუვითაროთ მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება, მედიაგზავნილის შეფასების, ანალიზის, ინტერპრეტირების უნარები. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი აქტივობები დაეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეს მედიაწიგნიერების საწყისი უნარები განუვითაროს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის წიგნი ,,გამჭოლი კომპეტენციები“

https://mastsavlebeli.ge/?p=12743

  1. მედიაწიგნიერების  გზამკვლევი  https://www.mythdetector.ge/sites/default/files/Guidelines-web.pdf
  2. https://uonovtr.narod.ru/TK/fm.pdf?fbclid=IwAR243gdxqF54PjgV7bu8bEmNdJMWGswqS_abwek1lsyr01eGD34kPHmoxlY
  3. Media Literacy Activites ( Grades 2-3)

https://www.teacherspayteachers.com/Product/Media-Literacy-Activities-Lesson-Plan-Grades-2-3-Aligned-to-Common-Core-4512883?fbclid=IwAR3-OPMgyV1xVR1nX

 

 

 

ინტეგრირებული სასკოლო პროექტი – „სპორტი და სწორი კვება“

0

თანამედროვე სკოლა უნდა ზრუნავდეს ისეთი მოსწავლის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ კონკურენტუნარიანი მოსწავლის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ ცალკეული დისციპლინის დასწავლა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, სკოლამ მოსწავლე აღჭურვოს სხვადასხვა უნარით, რაც მას საკუთარი უნარების გამოვლენაში, თვითრწმენის ჩამოყალიბებასა და საბოლოოდ, თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. სასკოლო პროექტები ამის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს ხდება არა მარტო მოსწავლის განვითარება, არამედ ხელი ეწყობა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობასაც. თავად სასკოლო პროექტის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პროექტის სახით გაწერა საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. გთავაზობთ სასკოლო პროექტის რამდენიმე მახასიათებელს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ სასკოლო პროექტის ნიმუშს.

სასკოლო პროექტის ზოგიერთი მახასიათებელი:

  • სასკოლო პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის სამიზნე ცნებასთან და მასთან დაკავშირებულ მკვიდრ წარმოდგენებთან, ინტეგრირებული პროექტების შემთხვევაში მაკროცნებასთან;
  • სასკოლო პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა პროგრესზე;
  • პროექტის შედეგები მოსწავლეს უნდა ეხმარებოდეს კომპლექსური დავალებების შესრულებაში;
  • სასკოლო პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს კათედრებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის;
  • სასურველია სასკოლო პროექტის იდეა მოდიოდეს მოსწავლეებისგან;
  • სასკოლო პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია სკოლამ მოიზიდოს დონორი ორგანიზაცია;
  • სასკოლო პროექტი შესაძლებელია გათვლილი იყოს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაზე;
  • სასკოლო პროექტის დროს მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა.

 

 

სასკოლო პროექტის დაგეგმვის დროს გასავლელი ეტაპები:

  1. პრობლემის იდენტიფიცირება;
  2. მიზნისა და ამოცანის განსაზღვრა;
  3. ინდიკატორებისა და მონიტორინგის გზების შემუშავება;
  4. პროექტის ბენეფიციარებისა და ჩართული მხარეების განსაზღვრა;
  5. რისკების შეფასება;
  6. SWOT-ანალიზი;
  7. სამოქმედო გეგმის შედგენა;
  8. პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
  9. პროექტის შეფასება.

მნიშვნელოვანია, პროექტის სათაური იყოს მოკლე და ლაკონიური, მარტივი გასაგები.

პრობლემის იდენტიფიცირებისთვის გასათვალისწინებელია მისი აქტუალურობა.

 

პროექტის სახელწოდება: „სპორტი და სწორი კვება“

 

 პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა:  5 კვირა

(მასწავლებელი ან მასწავლებლების ჯგუფი მიუთითებს პროექტის დაწყების და დასრულების სავარაუდო დროს).

 პროექტის ბენეფიციარები:

        (აქ მასწავლებელი მიუთითებს ბენეფიციარებს, კარგი იქნება, თუ პროექტი განხორციელდება რამდენიმე კლასის ბაზაზე).

 

 პროექტის მოკლე ანოტაცია:

მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ზრდასრულ ასაკში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები დაკავშირებულია კვების არასწორ რეჟიმთან და არასწორ რაციონთან. დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო მოსწავლეთა უმეტესობა (მშობლები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მოსწავლეების სწორ კვებას, ზოგჯერ წაახალისებენ კიდეც, რამდენადაც ბავშვებისთვის ჯილდო სწორედ „შაურმა“ და „მაკდონალდსის“ მენიუა) იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში, სკოლის კვების ობიექტებში, სადაც მოსწავლეებს სთავაზობენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს სწორი შეხედულება შეექმნათ კვების ნორმალური რეჟიმის მნიშვნელობაზე. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მათ უკან დგას მშობლები და და-ძმები. პროექტი ითვალისწინებს ასევე სპორტულ აქტივობებს, რაც უფრო სახალისოს გახდის მოსწავლეებისთვის სპორტის გაკვეთილებს, მით უმეტეს, რომ სკოლაში სპორტის გაკვეთილები გათვლილია ფრენბურთის შესწავლაზე.

 

არსებული სიტუაციის ანალიზი/პრობლემის იდენტიფიცირება:

პროექტის აქტივობების დაგეგმვამდე სკოლის მოსწავლეებს შორის ჩაატარეთ გამოკითხვა, რომლითაც დაადგენთ, რა ინფორმაციას ფლობენ სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. კვლევა მასწავლებელს დაეხმარება საჭიროებების დადგენასა და აქტივობების სწორად დაგეგმვაში.

 

პროექტის მიზანი:

მოსწავლეთა ინფორმირება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

 

პროექტის ამოცანები:

კვლევის ჩატარება ძირითადი საკვების გამოსავლენად;

სწორი კვების პოპულარიზაცია;

ფრენბურთის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება (საჯარო სკოლებს შერჩეული აქვთ სპორტის გარკვეული სახეობა, პროექტის ფარგლებში სასურველია სპორტის შესაბამის სახეობაში ჩაატაროთ სასკოლო ჩემპიონატი).

 

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელების შედეგად:

1) მოსწავლეები გაიუმჯობესებენ პრეზენტაციის, კვლევის, ანალიზის, შეფასების უნარს;

2) გაიზრდება ინტერესი სპორტის და საბუნებისმეტყველო დისციპლინების შესწავლის მიმართ;

3) ხელი შეეწყობა სკოლაში პროექტსა და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას.

 

 

 

დაგეგმილი აქტივობების დეტალური აღწერა:

  1. აქტივობა 1. გეგმის შედგენა და განხილვა (მასწავლებელი მათ წარუდგენს პროექტის მიზანს და გეგმას, მოახდენენ ანალიზს). (პასუხისმგებელი: აქ ჩაწერთ პასუხისმგებელ პირს, უმჯობესია იყოს მასწავლებელი)
  2. აქტივობა 2. კვლევა – კითხვარის მიხედვით (კითხვარს შეადგენენ მოსწავლეები მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ) მოხდება სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით (მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასელები). შედეგად გაირკვევა, რომელი ასაკობრივი კატეგორია რა პროდუქტით იკვებება სახლში და სკოლაში.

მიზანი: კვლევის ჩატარების გამოცდილება; კვლევის შედეგების ანალიზისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება (პასუხისმგებელი: ————-).

  1. აქტივობა 3. კვლევის შედეგების ანალიზი და ვიზუალიზაცია დიაგრამების სახით (დიაგრამის ფორმას ჯგუფები თავად შეარჩევენ) ( პასუხისმგებელი: ————- ).
  2. აქტივობა 4. თითოეული ჯგუფი ანალიზის საფუძველზე დადგენილ პროდუქტებში წინასწარ მიცემული ინსტრუქციის საფუძველზე განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ვიტამინების (C და D) შემცველობას, მიღებულ მონაცემს შეადარებენ პროდუქტის ეტიკეტზე მოცემულ მონაცემს. მოსწავლეები შედეგებს წარადგენენ და განიხილავენ მასწავლებელთან ერთად.

მიზანი: ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება. (პასუხისმგებელი: ————-).

  1. აქტივობა 5. ერთ-ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას, თუ რა ენერგიაა საჭირო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული და გონებრივი სამუშაოებით დატვირთული მოსწავლეებისთვის.

მიზანი: ინფორმაციის შეგროვებისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება. (პასუხისმგებელი: —– ).

  1. აქტივობა 6. ჯგუფები გააკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას, სადაც დაასაბუთებენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეს. გაიმართება დისკუსია ჯგუფებს შორის, დისკუსიას წარმართავს მასწავლებელი.

მიზანი: არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარის განვითარება, სხვისი მოსაზრების გაზიარება. (პასუხისმგებელი: ————-).

  1. აქტივობა 7. თითოეული ჯგუფი შემთხვევითობის პრინციპით შეადგენს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სწორი კვების დღიურ რაციონს.

მიზანი: მონაცემების დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება (პასუხისმგებელი: ——-).

  1. აქტივობა 8. თითოეული ჯგუფი მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ დაამზადებს პლაკატებს სადაც მოცემული იქნება კვების რაციონი და მეათეკლასელები გაავრცელებენ სკოლაში და თემში.

მიზანი: თანატოლების დაინტერესება სწორი კვების რეჟიმით (პასუხისმგებელი: ————- ).

  1. აქტივობა 9. საშუალო საფეხურზე ფრენბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება (პასუხისმგებელი: აქ საჭიროა სპორტის მასწავლებლის მითითება).
  2. აქტივობა 10. სპორტის მასწავლებლების დავალებით მოსწავლეები შექმნიან თამბაქოს და ჩიფსის ანტირეკლამას. (პასუხისმგებელი: აქ საჭიროა სპორტის მასწავლებლის მითითება).
  3. აქტივობა11. პროექტის შედეგების წარდგენა, ანალიზი და შეფასება. (პასუხისმგებელი: პროექტის წარდგენაზე პასუხისმგებელია მასში ჩართული ყველა მასწავლებელი).

 

პროექტის მდგრადობა:

პროექტი მიზნად ისახავს სპორტისა და სწორი კვების პოპულარიზაციას. მისი განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები თვითონ იპოვიან პასუხს კითხვაზე: რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და სპორტს მათი და მათი თანატოლების ცხოვრებაში. თუ პროექტში ჩართული მოსწავლეები მაინც შეცვლიან თავიანთი ცხოვრების წესს და აქტიურად ჩაერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში, ეს უკვე პროექტის დიდი წარმატება იქნება.

 

აქტივობების სავარაუდო ვადები:

 

აქტივობების ჩამონათვალი პირველი თვე მეორე თვე
I კვირა II კვირა III კვირა IV კვირა I კვირა
აქტივობა 1. გეგმის შედგენა და განხილვა (მასწავლებელი მათ  წარუდგენს პროექტის მიზანსა და გეგმას, მოახდენენ ანალიზს).          
აქტივობა 2. კვლევა – კითხვარის მიხედვით (კითხვარს შეადგენენ მოსწავლეები მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ) მოხდება სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით (მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასელები). შედეგად გაირკვევა, რომელი ასაკობრივი კატეგორია რა პროდუქტით იკვებება სახლში და სკოლაში.

მიზანი: კვლევის ჩატარების გამოცდილების მიღება. კვლევის შედეგების ანალიზის და კლასიფიკაციის უნარის განვითარება

         
აქტივობა 3. კვლევის შედეგების ანალიზი და ვიზუალიზაცია დიაგრამების სახით (დიაგრამის ფორმას ჯგუფები თავად შეარჩევენ)          
 აქტივობა 4. თითოეული ჯგუფი ანალიზის საფუძველზე დადგენილ პროდუქტებში წინასწარ მიცემული ინსტრუქციის საფუძველზე

განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების (C და D) შემცველობას, მიღებულ მონაცემს  შეადარებენ პროდუქტის ეტიკეტზე მოცემულ მონაცემს. მოსწავლეები შედეგებს წარადგენენ და განიხილავენ მასწავლებელთან ერთად. მიზანი: ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.

 

         
აქტივობა 5. ერთ-ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თუ რა ენერგიაა საჭირო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული და გონებრივი სამუშაოებით დატვირთული მოსწავლეებისთვის.

მიზანი: ინფორმაციის შეგროვებისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება.

         
აქტივობა 6. ჯგუფები გააკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას, სადაც დაასაბუთებენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეს. გაიმართება დისკუსია ჯგუფებს შორის, დისკუსიას წარმართავს მასწავლებელი. მიზანი: არგუმენტირებული პასუხის უნარის განვითარება, სხვისი მოსაზრების გაზიარება.          
აქტივობა 7. თითოეული ჯგუფი შემთხვევითობის პრინციპით შეადგენს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სწორი კვების დღიურ რაციონს. მიზანი: მონაცემების დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.

 

         
აქტივობა 8. თითოეული ჯგუფი მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ დაამზადებს პლაკატებს, სადაც მოცემული იქნება კვების რაციონი. მას მეათეკლასელები გაავრცელებენ სკოლაში და თემში.

მიზანი: თანატოლების დაინტერესება სწორი კვების რეჟიმით.

 

         
აქტივობა 9. საშუალო საფეხურზე ფრენბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება.          
აქტივობა 10. სპორტის მასწავლებლების დავალებით მოსწავლეები შექმნიან თამბაქოს და ჩიფსის ანტირეკლამას.          
აქტივობა 11. პროექტის შედეგების წარდგენა, ანალიზი და შეფასება.          

 

 

მონიტორინგი და შეფასება

 

N ამოცანები ინდიკატორი გადამოწმების წყაროები

(სად და რა დოკუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ამოცანის შესრულების გადამოწმება)

1 კვლევის ჩატარება ძირითადი საკვების გამოსავლენად საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებს კვლევას საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით ამოცანების შესრულების გადამოწმება შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციაში არსებული დოკუმენტაციით. ანგარიშს ყოველი ამოცანის შესრულების ბოლოს პროექტის მონაწილე მასწავლებლები წარადგენენ პროექტის წარდგენაზე პასუხისმგებელ პირთან და ადმინისტრაციაში
2 სწორი კვების პოპულარიზაცია მოსწავლეები იმსჯელებენ ჯანსაღი კვების და სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში ამოცანების შესრულების გადამოწმება შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციაში არსებული დოკუმენტაციით. ანგარიშს ყოველი ამოცანის შესრულების ბოლოს პროექტის მონაწილე მასწავლებლები წარადგენენ პროექტის წარდგენაზე პასუხისმგებელ პირთან და ადმინისტრაციაში.
3 ფრენბურთის ჩემპიონატის ჩატარება მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ჩემპიონატში ფრენბურთში ამოცანების შესრულების გადამოწმება შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციაში არსებული დოკუმენტაციით. ანგარიშს ყოველი ამოცანის შესრულების ბოლოს პროექტის მონაწილე მასწავლებლები წარადგენენ პროექტის წარდგენაზე პასუხისმგებელ პირთან და ადმინისტრაციაში. ასევე სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრაზე.

 

 

 

                                      სავარაუდო  ჯამური ბიუჯეტი

(თანხა მიუთითეთ ლარებში)

 

 

 

ხარჯვის სახეობა

დონორისგან მოთხოვნილი თანხა ორგანიზაციის წვლილი სხვა ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი/ გარანტირებული თანხა

 

 

ჯამური

თანხა

 

კომენტარი

/განმარტება

1.     სპორტის ინვენტარი   0.00 0.00    
2.     საკანცელარიო ნივთები   0.00 0.00    
   3. მაისურები   0.00 0.00    
სულ

(თანხის ჯამური ოდენობა)

 

  0.00 0.00    

 

 

დეტალური ბიუჯეტი ( ცხრილში მითითებულია სავარაუდო თანხა)

(თანხა მიუთითეთ ლარებში)

 

 

   

ხარჯვის სახეობა

 

ერთეული

 

ერთეულების რაოდენობა

 

ერთეულის ფასი ლარში

სულ

(თანხის ჯამური ოდენობა)

 

დონორისგან მოთხოვნილი თანხა თანადაფინანსების ოდენობა
  1.     სპორტის ინვენტარი            
  1.1.              ფრენბურთის ბურთი   4 40,00 160,00 160,00 0,00
  1.2.    ფრენბურთის ბადე   1 40,00 40,00 40,00 0,00
  1.3.   თასი პირველი ადგილისთვის   1 25,00 25,00 25,00 0,00
  1.4. მედალიონი მონაწილეობისთვის   20 5,00 100,00 100,00 0,00
  1.5. თასი მეორე ადგილისთვის   1 30,00 30,00 30,00 0,00
  1.6. სასტვენი   4 2,50 10,00 10,00 0,00
  2.     საკანცელარიო ნივთები            
  2.1. ვატმანი   10 1,00 10,00 10,00 0,00
  2.2. ფურცლები A4   1 8,50 8,50 8,50 0,00
  2.3. ფერადი ფურცლები   1 10,00 10,00 10,00 0,00
  2.4. მარკერი -პერმანენტის   10 1,00 10,00 10,00 0,00
  3.     მაისურები            
  3.1. მაისური

 

 

 

27

 

13,00

 

351,00 351,00 0,00
 

მთლიანი ბიუჯეტი  :

 

   

 

 

ინფორმაცია განმცხადებლის (პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის) გამოცდილების შესახებ

 

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები/აქტივობები: (აქ ჩაიწერება თქვენი სკოლის მიერ უკვე განხორციელებული პროექტები)

 

პროექტის სახელწოდება პროექტის მიზანი დაფინანსების წყარო დაფინანსების ოდენობა
       
       

 

 

სახალისო კომპლექსური  დავალება

0

მასწავლებლებს უკვე კარგად გამოსდით  კომპლექსური დავალებების შექმნა.   ჩემს სკოლაშიც   შექმნილია  კომპლექსური დავალებების ბანკი და კოლეგები მუდმივად  ვუზიარებთ  ერთმანეთს  გამოცდილებას.     მოსწავლისთვისაც  საინტერესოა  შინაარსიანი, მის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებული დავალების შეთავაზება, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.

კათედრაზე მიზანმიმართული შეხვედრებისას კოლეგებმა პრაქტიკულად გავიაზრეთ კომპლექსური დავალების მახასიათებლები. კერძოდ ის, რომ კომპლექსური დავალება:

  • განისაზღვრება სასწავლო თემების/საკითხების მიხედვით,
  • უპირატესად ღია ტიპის დავალებაა, რომლის შესრულების შედეგად მოსწავლემ უნდა შექმნას პროდუქტი, რომელიც პასუხობს საკვანძო შეკითხვებს,
  • ცოდნის სამივე კატეგორიაზეა ორიენტირებული (განსაკუთრებით პირობისეულზე),
  • გამოიყენება ცოდნის აგებისთვის (სამიზნე ცნებაზე მუშაობისთვის), თუმცა, ამასთანავე, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.

– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპლექსური დავალება  ფორმულირებისა და შინაარსის თვალსაზრისით?

მნიშვნელოვანი  –ანუ თუ   შეესაბამება ესგ მოთხოვნებსა და საგნობრივი პროგრამის შედეგებს, მოითხოვს არსებით საგნობრივ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უბიძგებს ააგონ, დახვეწონ ან გამოიყენონ მნიშვნელოვანი მოდელები/მაგალითები.

ავთენტური –  ანუ თუ  მოიცავს უშუალოდ საგნის აზრიან, საყოფაცხოვრებო გამოყენებას, არ არის ხელოვნურად შეზღუდული ამოხსნის მხრივ (მრავალნაირად შეიძლება ამოიხსნას/შესრულდეს).

მიუკერძოებელი – ანუ  თუ განსხვავებული მიდრეკილებებისა და პროფილის მოსწავლეებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნიჭის გამოსავლენად და მოსწავლეებს პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ.

მრავალწახნაგიანი  – ანუ  თუ მოიცავს პოტენციალს განვრცობისა და კავშირების გამოვლენისთვის და მოსწავლეებისგან ფორმულების/წესების/პრინციპების  საფუძველმდები იდეების გააზრებას მოითხოვს.

დაძლევადი  – ანუ თუ   მოსწავლისთვის ასაკობრივად/განვითარების დონის შესაფერისია, შესრულებადია და არ გამოიწვევს სტრესს

 ცხადი –  ანუ თუ  გარკვეულია, რას ითხოვს იგი მოსწავლისგან.

მოსწავლის ჩართულობაზე ორიენტირებული, თუ მოსწავლე ასრულებს სამუშაოს და იღებს გადაწყვეტილებებს ან ურთიერთობს სხვებთან, იყენებს საგნობრივ მოდელებს/მაგალითებს პრობლემის წვდომისა და გადაჭრისთვის.

ხელმისაწვდომი მოსწავლეთა ფართო ფენებისთვის, თუ მოსწავლეთა საგნობრივი შესაძლებლობების ფართო სპექტრის არსებობის შემთხვევაშიც კი ყველა მოსწავლეს ძალუძს დავალებაზე აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა.

მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი კომპლექსური დავალების შექმნის ისტორია, რომლის შინაარსისა და დიზაინისაკენ მიბიძგა იმ გარემოებამ, რომ  ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებს აქვთ ნოსტალგია,  რადგან პანდემიის გამო ვეღარ ახერხებენ მათთვის საყავრელ ადგილებში სტუმრობას. მათ შორისაა „მაგდონალდი“  სადაც ხშირად ერთმანეთს დაბადების დღეებზეც ეპატიჟებოდნენ პანდემიამდე.  ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა  კომპლექსური დავალება  ზემოთაღნიშნული ცხოვრებისეული კონტექსტის გათვალისწინებით.

  ჩვენს მიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შვიდი თანმიმდევრული ნაბიჯი ასე გამოიყურება:

პირველი ნაბიჯი – გადავხედე სტანდარტის მოთხოვნებს (სტანდარტის მოთხოვნები – მათ.დაწყ.( I I I). 3.    მათ.დაწყ.( I I I).4 ).

მეორე ნაბიჯი –  ვიზრუნე მოსწავლეთა  შეფასებაზე.

მასწავლებლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია  ზუსტად იცოდეს რა უნდა შეფასდეს და ამ დავალებაზე მუშაობისასაც  ჩემთვის ცალსახად იყო გამოკვეთილი რა უნდა შემეფასებინა. ანუ მე მაინტერესებდა: რამდენად შეუძლია მოსწავლეს  გამრავლება-გაყოფის მოქმედების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებასთან და ერთმანეთთან დაკავშირება და ამაზე დაყრდნობით ცხოვრებისეული კონტექსტის მქონე ტექსიანი ამოცანის ამოხსნა.

ასევე მოსწავლეებისთვის ჩამოვაყალიბე შეფასების კრიტერიუმები:

  1. მოსწავლე ახორციელებს ადეკვატურ მათემატიკურ მოქმედებებს,
  2. მოსწავლე ახერხებს ტექსტიანი ამოცანის ტექსტში და ცხრილში მოცემული მონაცემების გამოყენებით  შესაბამისი მათემატიკური მოქმედებების განხორციელებას,
  3. მოსწავლე ახორციელებს ამოცანის ამოხსნას საფეხურებრივად,
  4. მოსწავლე იღებს სწორ პასუხს ცხოვრებისეული კონტექსტის მქონე ამოცანის ამოხსნისას.

 

მესამე ნაბიჯი – კომპლექსური დავალების ტექსტის  შექმნა

მოვიფიქრე და  შევქმენი კომპლექსური დავალების ტექსტი რომელიც ასე იკითხება:

 

სახალისო, კომპლექსური  დავალება –  მეგობრები მაკდონალდში

 

მომზადება შესაბამისი საპროგრამო მასალებზე (თემატური ერთეული)  მუშაობით წარიმართა. უბრალოდ სახელმძღვანელოში მოცემული რამდენიმე მაგალითი გადავაკეთე  ტექსტიან დავალებად და სხვადასხვა ცხოვრებისეული კონტექსტი შევიტანე მათში.

მეექვსე ნაბიჯი  – კომპლექსურ დავალებაზე  მუშაობა

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარიმართა მათემატიკის გაკვეთილზე და მოსწავლეები დროში  კარგად ჩაეტიენ.

მეშვიდე ნაბიჯი – კომპლექსური დავალებების შეფასება და ანალიზი

 მოსწავლეების დიდმა ნაწილმა კარგად გაართვა თავი  დავალებას.  მათ წარმატებით გამოიყენეს ტექსტიანი ამოცანის დანართში (ცხრილში) მოცემული მონაცემები და განახორციელეს ადეკვატური მათემატიკური მოქმედებები (გამრავლება, მიმატება..)  ჰოლისტური შეფასების  სქემამ აჩვენა რომ მოსწავლეები იმყოფებიან  მიმართებით და გაფართოებულ (ექსპერტის) დონეზე.

მოსწავლეთა შეფასების ანალიზმა აჩვენა,  რომ  მოსწავლეთა  მცირე ნაწილი იმყოფება  მულტისტრუქტურულ დონეზე   და იკეთება   ინფორმაციის ტრანსფორმაციაში მცირე ხარვეზები  (ცხრილიდან მონაცემების  დაკავშირება ტექსტის მონაცემებთან).

ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვყავი  სავარჯიშოების კომპლექტი, რომელთაც  უახლოესი ერთი თვის მანძილზე გამოვიყენებ  და მიმდინარე გაკვეთილებისას „ჩავაშენებ“ გაკვეთილებში, როგორც „მხიარულ მათემატიკურ სავარჯიშოებს-  თამაშებს“  ხშირად გამოვიყენებ განმავითარებელ სტრატეგიებს – „დაგვეხმარება მხიარული  ცხრილი/სქემა“  და „ემოციური შუქნიშანი“

ფაქტია კომპლექსური დავალებების გაცნობა მასწავლებელს აძლევს საშუალებას შეამჩნიოს/შენიშნოს (1)  ტიპური შეცდომები თუ ხარვეზები, რაც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს დავგეგმოთ (2)  აქტივობები, რომლებსაც „ჩავაშენებთ“ ჩენს სასწავლო კურსში და  განვახორციელებთ (3)  იმ აქტივობებს, რაც დავგეგმეთ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამის შემდეგ კი  გადამოწმება (4) აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკვე ყველაფერი გამოსწორდა და რეალურად დავეხმარეთ მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა  მათემატიკა (2018-2024)
  2. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf

 

კომპლექსური დავალება და შეფასების რუბრიკა

0

მოსწავლე წერას სწავლების პირველ წელს სწავლობს. წერაში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლეებმა წერონ ხშირად და მიზანმიმართულად. სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტების შედგენაზე მუშაობა თავდაპირველად უნდა წარიმართოს მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საყრდენების/მინიშნებების გამოყენებით ან მოდელის მიხედვით.

მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით, მრავალფეროვანი და შინაარსიანი კონტექსტის მქონე წერითი დავალებების შესრულების გზით მოსწავლეები თანდათან იწაფებიან წერაში,  იქმნიან გარკვეულ წარმოდგენას წერის პროცესზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას წერის სამივე ეტაპზე: წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ.

წერის აქტივობებიდან მინდა გამოვყო ილუსტრაციის მიხედვით წერა, რომელსაც ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე და ამ გზით ჩემს მოსწავლეებს ბევრი სირთულე დავაძლევინე. ჩემი მოსწავლეები  ფლობენ ამ ტიპის დავალების შესრულებას  შვიდსაფეხურიან სტრატეგიას:

პირველი საფეხური –  ჩამოწერე სიტყვები, რაც კავშირშია ილუსტრაციასთან და სათაურთან.

მეორე საფეხური – დაწერე შეკითხვები, რაც გიჩნდება ილუსტრაციასთან დაკავშირებით.

მესამე საფეხური – გამოიყენე შენი ფანტაზია, ილუსტრაცია, სათაურის შინაარსი და  დასვი მინიმუმ სამი შეკითხვა 1) ტექსტის შესავალი ნაწილისთვის 2) ტექსტის ძირითადი ნაწილისთვის 3) ტექსტის დასასრულისთვის.

მეოთხე საფეხური – უპასუხე ჯერ პირველ შეკითხვას შემდეგ მეორე  შეკითხავას, შემდეგ მესამეს  ისე, რომ პირველ საფეხურზე გამოყენებული სიტყვები გამოიყენო და  სათაურთანაც იყოს კავშირში.

მეხუთე საფეხური –  ეცადე  შეკითხვებზე პასუხები ამბებად გადააკეთო, მოიგონე წინადადებები  და ჯერ პირველი ამბავი დაწერე მერე მეორე მერე მესამე.

მეექვსე საფეხური – მიღებული ამბები ერთმანეთს დაუკავშირე რისთვისაც შეადგინე ახალი წინადადებები და მიღებული ტექსტი გაარედაქტირე.

მეშვიდე საფეხური –   მიღებულ ტექსტი დაასრულე ისე რომ სათაურს პასუხობდეს.

ახლა კი მინდა გაგიზიაროთ   ჩემს  მიერ შექმნილი წერის კმპლექსური დავალება, რომელზე მუშაობაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის.

 

კომპლექსური  დავალება  –  საინტერესო ამბავი ილუსტრაციის მიხედვით

წერილობით გადმოეცი  ამ ილუსტრაციის მიხედვით შენი ფანტაზიით გამოგონებული ამბავი.  ისე, რომ არც სათაური დაივიწყო.  დააკვირდი,  ილუსტრაციას. მასზე გამოსახულ პერსონაჟებს დაამატე შენი გამოგონებულიც. აღწერე პერსონაჟები  რას ფიქრობენ, რას გრძნობენ,   რა სურვილები აქვთ.მოიფიქრე ამბის დასაწყისი, ამბის განვითარება და დასასრული.

წერისას:

  • ილუსტრაციაზე და ფანტაზიაზე დაყრდნობით, წარმოაჩინე – ფაქტები, მოვლენები – ილუსტრირებული და მოგონებული პერსონაჟის ხედვის კუთხიდან (ტექსტი, მკვ. 1, 3);
  • გამოიყენე დიალოგები, მრავალფეროვანი სიტყვები და წინადადებები (წერა, მკვ. 2, 4);
  • გადმოეცი ამბავი თანამიმდევრულად, დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა ტექსტის ნაწილებს შორის (წერა, მკვ. 3);
  • დაიცავი აბზაცები, გამოიყენე  სასვენი ნიშნები (წერა, მკვ. 5).

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

  • რა მინიშნებებსდაეყრდენი ამბის მოგონებისას? (ტექსტი, მკვ. 3);
  • რა ხერხები გამოიყენე წერის დაწყებამდე, წერისას (წერა, მკვ. 6)

 

წინასწარ შევარჩიე ილუსტრაციები, ილუსტრაციებზე გადმოცემულ სიუჟეტებს გავუკეთე ისეთი სათაურები რამაც მოსწავლეთა წარმოსახვით აზროვნებას გარკვეული სტიმული უნდა მისცეს.

ეს კი იმ სამუშაო ფურცლების ვარიანტების ნაწილია, რაც ინდივიდუალურად მოვამზადე მოსწავლეებისთვის და   “გავათამაშე” შემთხვევითი განაწილების პრნციპით (მაგიდაზე  დავალაგე გადაბრუნებული ვერსიები და მოსწავლეები მოდიოდნენ, იღებდნენ სათითაოდ).

მოსწავლეთა მიერ ინდივიდუალურად შესრულებული ამ დაველებების პრეზენტაციების შემდეგ  მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც შესრულდა A3  ზომის ფორმატის ქაღალდზე ავკინძეთ და შევქმენით „დიდი წიგნი“.

მოსწავლეთა ნაწერების  შეფასება მოვახდინე სოლო ტაქსონომიის საფუძველზე შექმნილი შეფასების სქემით:

შეფასების სქემა – სოლო ტაქსონომიით

პრესტრუქტურული დონე უნისტრუქტურული დონა მულტისტრუქტურული დონე მიმართებითი დონე გაფართოებული დონე
1.ნაშრომში მოსწავლის მოსაზრებები არ არის ან არაადეკვატურია 2.მოსწავლე იყენებს არაადეკვატურ ლექსიკას 3. წერილი სტრუქტურულად  არაორგანიზებულია 4. არ არის დაცული პუნქტუაცია.

 

1.ნაშრომში მოსწავლის მოსაზრებები  მწირია 2.მოსწავლე იყენებს მწირ   ლექსიკას 3. ნაშრომს არ აქვს სტრუქტურული მახასიათებლები. 4. არ არის დაცული პუნქტუაცია.

 

1.ნაშრომში მოსწავლის მოსაზრებები   ფრაგმენტულია 2.მოსწავლე იყენებს საჭირო   ლექსიკას

3. ნაშრომს მეტ-ნაკლებად აქვს სტრუქტურული მახასიათებლები

. 4. ძირითადად  დაცული პუნქტუაცია.

 

1.ნაშრომი წარმოდგენილია მოსწავლის იდეები,ილუსტრაციისა და წარმოსახვაზე დაყრდნობითაა გამოთქმული და  მკაფიოა.2.მოსწავლე იყენებს საჭირო ლექსიკას და განვრცობილ წინადადებებს 3. მოსწავლე იცავს ჟანრის სტრუქტურას

4. მოსწავლე იცავს პუნქტუაცია.ს

 

1.ნაშრომში წარმოდგენილია მოსწავლის ორიგინალური იდეები, მოსაზრებები, ემოციები რაც ნაკარნახევია ილუსტრაციისგან და მოსწავლის შემოქმედებითი მიდგომისგან  2.მოსწავლე იყენებს საჭირო ლექსიკას, მხატვრულ ხერხებს და  განვრცობილ წინადადებებს

3. მოსწავლე იცავს ჟანრის სტრუქტურას და ითვალისწინებს  სამიზნე აუდიტორიას

4. მოსწავლე იცავს პუნქტუაციას.

 

 

განმავითარებელი შეფასება მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლისათვის ისე მასწავლებლისთვის.  ზოგადად შეფასების ეს ფორმა არის  საშუალება მოსწავლეთა ნაშრომების ანალიზის შედეგად   გამოიკვეთოს თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მასწავლებელმა მუშაობა.

მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნაშრომების ანალიზის შედეგად შევამჩნიე, რომ  მოსწავლეთა ნაწილის ნაწერები სტრუქტურულად არ იყო გამართული. არ იყო დაცული ნაწერის სტრუქტურა, რის გამოც დავგეგმე „ილუსტრაციის მიხედვით ერთობლივი წერის სტრატეგია“ რაც განვახორციელე მომდევნო გაკვეთილებზე. შემდეგ კი  მსგავსი დავალებით  გადავამოწმე რამდენად მოახერხეს მოსწავლეებმა ხარვეზის გამოსწორება.

 

შემჩნევა

 

დაგეგმვა განხორციელება გადამოწმება
მოსწავლის  ნაშრომი სტრუქტურულად არ არის გამართული.

 

შემდეგი გაკვეთილისთვის  დავგეგმე აქტივობა ილუსტრაციის მიხედვით –  „საშობაო არდადეგები“ (ერთობლივი წერის სტრატეგია) აქტივობა პირველი –    რა ჩანს ილუსტრაციაზე? რა შეიძლება ვივარაუდოთ? კითხვა-პასუხით. აქტივობა მეორე – ეთობლივი წერის ფორმატის შეხსენება.

აქტივობა სამი – ერთობლივად ტექსტის შედგენა (იდეები, შავი ვარიანტი, რედაქტირება)

მოსწავლეებს ვთხოვე – ერთობლივი წერის შედეგად შექმნილი ნაშრომის სტრუქტურის გათვალისწინებით – შექმნან  ნაშრომის  ახალი, საკუთარი ვერსია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა ქართული (2018-2024)
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf

 

 

 

მედიაგზავნილები  და მოსწავლის არჩევანი

0

კაცობრიობის განვითარების ისტორია მოწმობს, ადამიანი როგორ იძენდა იმ უნარებს, რომლებიც გარემოსთან ურთიერთობისათვის სჭირდებოდა. უძველესი დროიდან ქვისა თუ ხისაგან გამოთლილი იარაღით აღჭურვილი  ჰომო საპიენსი არა მხოლოდ თავს იცავდა, არამედ იკვლევდა იმ სივრცეს, რომელშიც სულიერ-მატერიალურად არსებობდა. მისი სიცოცხლე თანდათან უფრო მრავალფეროვნდებოდა და აღმოჩენების გზებით იქსელებოდა. ერთი უმთავრესი და გამორჩეული გზა კი მედიუმების პოვნას გულისხმობდა – იმგვარ ტექნიკას, რომელიც სამყაროს სიღრმისეულ ათვისებასა თუ საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარებოდა. ცივილიზაციის განვითარების წყალობით, ადამიანს დღეს მძლავრი იარაღი – ელექტრონული მედია აქვს იმისთვის, რომ მოვლენების ცენტრში იყოს და უშორეს პერიფერიებსაც კი მისწვდეს ინტერნეტის საშუალებით. თანამედროვე  მულტიმედიური ტექნოლოგიები მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ცოდნის შეძენის  გზაზე კომფორტსა და საფრთხეს თანაბრად უქმნის. როგორც კვლევები ადასტურებს,  ჭარბი ინფორმაცია  არა მხოლოდ გადატვირთავს გონებას, არამედ რეალობის აღქმასაც აზიანებს, ეს კი ცხოვრებისეული პრობლემების  წყაროდ შეიძლება იქცეს.

აქამდე თუ გამორჩეულნი იყვნენ ის ისტორიული პიროვნებები (მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონი და სხვანი), რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება შეეძლოთ, ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. მოზარდს შეუძლია იჯდეს გაკვეთილზე, პარალელურად ჩართული იყოს გლობალურ ქსელში,  ვიდეოთამაშით გაერთოს, წეროს ტექსტური შეტყობინებები, მოუსმინოს მუსიკას და სხვ. ამიტომაც  გაჩნდა ტერმინი „მედიათაობა“, რომელსაც თანამედროვე სამყარო უამრავ არჩევანს სთავაზობს. შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობაც,  რომ მოსწავლე იყოს მედიაწიგნიერი, შეძლოს მასმედიის შემოთავაზებულ მრავალფეროვნებაში ორიენტირება და თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

შეიძლება დავსვათ კითხვა: თანამედროვე სამყაროში არჩევანის სიმრავლე სიკეთეა თუ უბედურება? ერთიცაა და მეორეც.  ეს  ხშირად ერთგვარ ტერორს უთანაბრდება, რომელიც სიმართლისა და სიყალბის გარჩევის უნარს აჩლუნგებს და კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, ანალიზის, სინთეზისთვის დროს არ ტოვებს,  სწრაფი, გაუაზრებელი, მოჩვენებითი გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს.

სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინფორმაციისა თუ სასწავლო მასალის სიმდიდრე, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური ეპოქის დიდი მონაპოვარია. ამაზე არავინ დავობს. ამავდროულად, ეს მოსწავლისგან ახალ უნარებს მოითხოვს, რომლებიც სწორედ ახლა ყალიბდება. ცხადია, პედაგოგს საქმე ემატება, რადგან ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს ამ აჩქარებულ დროს და არათუ ძველმოდური არ უნდა გამოჩნდეს მოსწავლეთა თვალში, არამედ, მეტაფორულად თუ ვიტყვით, ინფორმაციის ოკეანეში ცურვა უნდა ისწავლოს და მოზღვავებული ნაკადების მორევში არ ჩაინთქას. ჯეიმს პოტერმა ჩვენი კულტურა „მედიაგზავნილების უზარმაზარ სუპერმარკეტს“ შეადარა – რაღაცებს „ვყიდულობთ“, მაგრამ იმაზეც ვფიქრობთ, რასაც „არ ვყიდულობთ“. თუ მის ამ მეტაფორულ აზრს მივყვებით, საკუთარ თავსაც იოლად გავიხსენებთ მსგავს სიტუაციაში, როცა იმასაც ვყიდულობთ, რაც არ დაგვიგეგმავს და არაფერში დაგვჭირდება, მაგრამ საგნებმა „იძალადეს“,  თავი გვაყიდვინეს, ფინანსური რესურსი  უაზროდ გაგვაფლანგვინეს.

ასე ხდება მაშინაც, როცა საჭირო ინფორმაციას დავეძებთ და დროს, ენერგიას ძიების გზაზე შემხვედრ უამრავ ინფორმაციაზე ვხარჯავთ, გვიტაცებს სათაურები, ფოტოები, რეკლამები და გვიან ვაცნობიერებთ, საერთოდ, რისთვის შემოვყავით თავი ამ საძიებო სისტემაში. ასე ემართებათ მოსწავლეებსაც, რომლებიც მედიაგზავნილების ქაოსში ინთქმებიან და თავგზა ებნევათ.  როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დიდი რაოდენობით ინფორმაცია მეხსიერებას კი არ ავითარებს, არამედ აქვეითებს.

ჯეიმს პოტერი საუბრობს კოდებზე, რომლებსაც ადამიანში არა მხოლოდ გარემო, სკოლა, ოჯახი, მეგობრები, არამედ მედიასაშუალებებიც  აპროგრამებენ (წარმოდგენები, შეხედულებები, სტერეოტიპები). ასე რომ, მრავალფეროვანი არჩევანი შეიძლება ხანდახან მოჩვენებითიც იყოს, რადგან ადამიანი თუ არ არის კრიტიკულად, თავისუფლად და შემოქმედებითად მოაზროვნე, მაშინ შეიძლება მხოლოდ „შემოთავაზებულ“ ინფორმაციას დაეწაფოს და სრულიად დაკარგოს არჩევანის გაკეთების სურვილიცა და ძალაც.

იმისათვის, რომ მოსწავლემ თავი დააღწიოს უსარგებლო, უფრო მეტიც, საზიანო ინფორმაციას, საჭიროა, მასწავლებელი დაეხმაროს მას საორიენტაციო რუკისა თუ გზამკვლევის შექმნაში. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს ინფორმაციის გაფილტვრას, რისთვისაც აუცილებელია, მას ჰქონდეს სხვადასხვა მედიაწყაროს შედარების, ანალიზის, შეფასების, დაჯგუფების, ინდუქციის, დედუქციის, სინთეზისა და აბსტრაჰირების უნარები.

ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, თანდათან ყალიბდება და ვითარდება. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს, რომ ცხადად წარმოიდგინოს სასწავლო მიზნები, შემდეგ კი შეძლოს შესაბამისი ცოდნის სტრუქტურირება (ე.ი. კონკრეტული საკითხების დამუშავება).  ჩვენი აზრით, მოსწავლემ უნდა იფიქროს:

  1. რატომ არჩევს ამა თუ იმ მედიაგზავნილს?
  2. როგორ არის დაკავშირებული ეს მის მიზანთან?
  3. როგორ დაეხმარება ეს თემის მრავალმხრივ დამუშავებაში?
  4. პრეზენტაციისას როგორ შეძლებს აუდიტორიაზე ზემოქმედებას?

როდესაც მოსწავლეს კონკრეტული საკითხი ძალიან აინტერესებს, მაშინ  ის ძიების პროცესს სხვადასხვა მიმართულებით წარმართავს, ეცნობა არაერთ წყაროს, აგროვებს მასალას და, შესაბამისად, შედეგსაც იღებს. სკოლა ცხოვრების ნაწილია, ამიტომაც მოსწავლე ამ სივრცეშიც იძენს გამოცდილებას. გაკვეთილებზე მოსწავლე კონკრეტულ სასწავლო მიზნებზე კონცენტრირებას ეჩვევა, მას ის უნარებიც გამოუმუშავდება, რომლებიც დაეხმარება, რომ ცხოვრებაში იყოს ბედნიერი, ამისთვის კი სწორად შეარჩიოს პროფესია. მედიაწიგნიერება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, იცხოვროს საკუთარი და არა მედიის მიერ შემოთავაზებული წესებით.

მოსწავლეები მასწავლებელთა გარეშეც აქტიურად ეცნობიან სხვადასხვა მედიაინფორმაციას.  საჭიროა, მასწავლებელმა გაკვეთილებზე გამოიყენოს მედიაგზავნილები, მოსწავლეებთან ერთად კრიტიკულად გააანალიზოს და შეაფასოს. ეს მოსწავლეებს დაეხმარება, რომ დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად გამოიყენონ ინტერნეტში ატვირთული აუდიო-ვიდეო თუ ტექსტური მასალა.

მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს ისეთი სავარჯიშოები, რომელთა შესრულებაც დაეფუძნება კონკრეტული მედიაინფორმაციის დეკოდირებას. გთავაზობთ ჩვენ მიერ მოფიქრებულ რამდენიმე აქტივობას.

აქტივობა 1. მასწავლებელმა წინასწარ შეარჩიოს საგაკვეთილო თემის შესაბამისი ვიდეო  და მოსწავლეებს აჩვენოს. ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელონ შემდეგ საკითხებზე:

  1. თემა როგორ იყო დამუშავებული ვიდეოში (ღრმად თუ ზედაპირულად)?
  2. ავტორებმა მხოლოდ ფაქტები წარმოაჩინეს თუ ამ ფაქტთა საკუთარი ინტერპრეტაციებიც?
  3. ავტორებმა რა წყაროები გამოიყენეს?
  4. როგორ იყო ტექსტური მასალა მოწოდებული?
  5. როგორი იყო ფოტომასალა (ავთენტური თუ ინტერნეტით მოძიებული)?
  6. როგორი იყო ტექსტის შრიფტი?
  7. როგორი იყო დიზაინი?
  8. როგორ იყო გამოყენებული ხმა (მუსიკალური ეფექტები)?
  9. როგორ იყო ფერები ერთმანეთთან შეხამებული?
  10. როგორი კომპოზიცია ჰქონდა ვიდეოს?
  11. იყო თუ არა თემა „ამობრუნებული პირამიდის ეფექტით“ მოწოდებული? (ჯერ თემასთან დაკავშირებული მთავარი ინფორმაცია: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? შემდეგ თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები, შემდეგ ნაკლებმნიშვნელოვანი, მეორე რიგის ინფორმაცია, რომელიც თემას ავსებდა და ამდიდრებდა);
  12. რა ემოციური ზემოქმედება მოახდინა მოწოდებულმა მასალამ?
  13. რა იყო ახალი და საინტერესო მოცემულ ვიდეოში?
  14. მომცა თუ არა ვიდეომ სტიმული თემის უფრო ღრმად გასაცნობად?
  15. თემის დამუშავება მომეწონა თუ არა?
  16. დაბადა თუ არა ვიდეომასალამ ახალი იდეები?
  17. სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას ვიდეო ავსებდა, იმეორებდა თუ განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენდა?

ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს დასაბუთებულ კრიტიკული ანალიზში.

პედაგოგმა მოსწავლეებს შეიძლება დაავალოს ამავე თემაზე ვიდეოს  დამოუკიდებლად (ჯგუფურად, ინდივიდუალურად) შექმნა. მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ის კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც გამოითქვა და თავიანთ ვიდეოში იგივე  შეცდომები არ დაუშვან. კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე შექმნიან ვიდეოებს.

შემფასებელთა ჯგუფს (რომელშიც შევლენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას არ მიიღებენ დავალებაში)  ექსპერტის ფუნქცია ექნება. მასწავლებლის დახმარებით ისინი მოიფიქრებენ შეფასების კრიტერიუმებს, რათა მაქსიმალურად გამორიცხონ სუბიექტური ნიუანსები და ობიექტურად განსაზღვრონ შესრულებულ დავალებათა ღირსება-ნაკლოვანება. ამის შემდეგ შეიძლება ექსპერტებმა იმ ვიდეოს, რომელიც მაღალ ქულას მიიღებს, სასკოლო (ან საკლასო) ვებგვერდზე, ბლოგსა თუ ფეისბუქგვერდზე ატვირთვის რეკომენდაცია მისცენ.

საინტერესო იქნება იმ კომენტარების ანალიზიც, რომლებსაც ვიდეოს მნახველები დაწერენ (შეიძლება, ამ თვალსაზრისით,  სხვა კლასების ან სხვა  სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც).

აქტივობა 2. მასწავლებელმა  წინასწარ შეარჩიოს ორი ან სამი მოკლე ვიდეო იმ თემაზე, რომელსაც შეასწავლის (შეიძლება თემის დასრულების ეტაპზეც). ვიდეოებში თემა განსხვავებული თვალთახედვით უნდა იყოს წარმოჩენილი (ე.ი. განსხვავებული თვალსაზრისები უნდა იყოს გამოთქმული).

მოსწავლეებმა ვიდეოები ერთმანეთს უნდა შეადარონ  და დასაბუთებულად იმსჯელონ:

  1. რომელ ვიდეოში გამოთქმულ თვალსაზრისებს ეთანხმებიან?
  2. რომელ ვიდეოში მიაღწიეს ავტორებმა დამაჯერებლობას?
  3. ავტორებმა რა სტრატეგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ თავიანთი თვალსაზრისები გამოეხატათ?
  4. რომელმა აუდიო-ვიზუალურმა ეფექტებმა მოახდინა გავლენა, რომ მოწოდებული ინფორმაცია უკეთესად გაეაზრებინათ?

რა თქმა უნდა, შეიძლება კითხვების გამრავალფეროვნება და მოდიფიცირება კონკრეტული საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით. კარგი იქნება, თუ ვიდეოების განსახილველ კითხვათა თუ შეფასებათა კრიტერიუმების შედგენაზე მოსწავლეები დამოუკიდებლად იმუშავებენ,  შემდეგ ერთმანეთთან  შეაჯერებენ და მასწავლებელს წარუდგენენ (მათ ამგვარი სქემის შედგენის გამოცდილება უკვე ექნებათ).

მოსწავლეები იმსჯელებენ ვიდეოს შესახებ – თუ რას შეცვლიდნენ, დაამატებდნენ, გამოაკლებდნენ. შეიძლება მასწავლებელმა მისცეს დავალება, რომ მოცემული ვიდეოებისგან ახალი შექმნან, გამოიყენონ ის, რაც მოეწონათ და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს. დავალებად შეიძლება მიეცეთ, აგრეთვე, ახალი ვიდეოს შექმნა მოცემულ თემაზე.

აქტივობა  3. მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემდეგ გაკვეთილებზე შესასწავლი თემა და  დაავალოს შეთავაზებულ თემაზე სხვადასხვა ტიპის მედიაგზავნილის შექმნა; ინფორმაცია მოიძიონ, დაახარისხონ  და  გადაიღონ ვიდეო ან PowerPoint-ში გააკეთონ პრეზენტაცია (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად).  ამგვარად, მასწავლებელმა თემის ახსნა, წარმოდგენა მოსწავლეებს უნდა დაავალოს. აქაც წინასწარ უნდა შექმნას ექსპერტთა ჯგუფი (სურვილის მიხედვით), რომელიც წარმოდგენილ მასალას, მაგალითად,  შემდეგი პოზიციიდან შეაფასებს:

  1. ავტორებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თუ არა ახალი თემა?
  2. რა იყო ახალი მოსწავლეთა შექმნილ მედიაგზავნილში?
  3. დაკავშირებული იყო თუ არა აქამდე შესწავლილ მასალასთან?
  4. თუ იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალის მიწოდების გზები?
  5. ჩანდა თუ არა ავტორთა სუბიექტური დამოკიდებულება საკითხის მიმართ (თუ ობიექტური, ნეიტრალური პოზიციიდან იყო წარმოდგენილი)?
  6. კრიტიკულად იყო თუ არა გადამუშავებული მოძიებული მასალა, თუ, უბრალოდ, კოპირებული იყო ამა თუ იმ საიტიდან?
  7. დაცული იყო თუ არა საავტორო უფლებები? ე.ი. მითითებული იყო თუ არა იმ ვებგვერდთა მისამართები, საიდანაც ისარგებლეს ტექსტური, აუდიო თუ ვიდეომასალით?
  8. როგორ იყო წარმოდგენილი მასალის სტრუქტურა და კომპოზიცია?
  9. შეთავაზებული იყო თუ არა დამატებითი ინფორმაციის მისამართები?

ეს აქტივობები მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობას გაუმძაფრებს, დამოუკიდებლად შრომას მიაჩვევს, თავდაჯერებულობას შესძენს;  რაც მნიშვნელოვანია, განუვითარებს შემდეგ უნარებს (რომლებიც არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც გამოადგებათ):

  1. მასალის მოძიება და კლასიფიკაცია;
  2. სათანადო დოკუმენტების შერჩევა;
  3. პირველხარისხოვან მონაცემთა გამორჩევა;
  4. დამატებითი ფაქტების თავმოყრა;
  5. აუდიო-ვიზუალური და ფოტომასალის მოძიება;
  6. ავთენტური აუდიო-ვიდეო და ფოტომასალის შექმნა;
  7. მნახველზე ზემოქმედების სტრატეგიების შემუშავება.
  8. ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება;
  9. ესთეტიკური გემოვნების განვითარება და სხვ.

ამგვარად, მედიასამყაროში მოგზაურობა უბრალო და უაზრო ხეტიალს რომ არ დაემსგავსოს, მოსწავლე მიეჩვევა  მიზანმიმართული „მარშრუტების“ შედგენას, გზამკვლევთა შექმნას, რათა საინფორმაციო გზავნილი იყოს კარგი საშუალება, ინსტრუმენტი დასახული სასწავლო მიზნების მისაღწევად, თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად.

მდინარე, რომლის ხმაურიც არავის ესმის  

0

2018 წელს ესტონეთის განათლების სისტემის გასაცნობად ტალინში ვიმყოფებოდი. ქალაქის ძველ უბნებში თვალში გეცემოდათ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ჯგუფები, რომლებიც სასწავლო დროს სკოლის გარეთ, ქალაქში ატარებდნენ. სპეციალური ამოსაცნობი ჟილეტებით შემოსილები, ურბანული სივრცეების შესასწავლად და აღმოსაჩენად პედაგოგებთან ერთად დადიოდნენ.

სწავლა-სწავლების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირების სხვადასხვა გზა არსებობს. ერთი მათგანია საგანმანათლებლო city walks (ფეხტური ქალაქში). სანამ ამ მეთოდით ტურის დაგეგმვაზე გადავიდოდე, ჩვენი რეალობიდან აღებულ რამდენიმე საინტერესო მაგალითს გაგიზიარებთ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შეადგინა ისტორიული ტურები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. მარშრუტების მიზანია საბჭოთა წარსულის გააზრების ხელშეწყობა ქალაქებში შემორჩენილი ნაგებობების მონახულების გზით. 2021 წლის ნოემბერში კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღე თელავის ტურში, რომელსაც მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი უძღვებოდა. მოსმენილმა ამბებმა და შენობების კედლებზე შემორჩენილმა გზავნილებმა გააცოცხლა ტრაგედიები, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ დატრიალდა საქართველოში.

გავიხსენებდი ასევე ტფილისის ჰამქარის ფეხტურებს ძველ თბილისში…

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან პარტნიორობითა და გერმანული ფონდის EVZ – Remembrance, Responsibility, Future – მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „საგანმანათლებლო сity walks“. პროექტი ითვალისწინებდა ქართველი და გერმანელი მასწავლებლების მომზადებას და საჭირო უნარებით აღჭურვას, რათა დამოუკიდებლად დაგვეგეგმა ფეხტურები ჩვენი მოსწავლეებისთვის შემდეგი მიმართულებებით:

 

  • Un-Read Stories – არწაკითხული ისტორიები
  • Un-heard People/Voices – არგაგონილი ადამიანები/ხმები
  • Un-seen Art and Un-Dreamed Utopia – არდანახული ხელოვნება და არნაოცნებარი უტოპია

 

რა თემატიკაზე და სად შეიძლება დაიგეგმოს საფეხმავლო ტურები?

საფეხმავლო ტურების მოწყობა შესაძლებელია როგორც დიდ და პატარა ქალაქებში, ისე სოფლადაც. თემატიკა შეზღუდული არ არის. მარშრუტი შეიძლება ეხებოდეს გარემოს დაცვის საკითხებს, ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას, ურბანულ პრობლემებს, ქუჩის ხელოვნებას, სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას (მაგალითად, თბილისში მოკლე მანძილზე შეიძლება პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და უზენაესი სასამართლოს ნახვა), განათლებას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს, სატრანსპორტო პოლიტიკას, საბჭოთა წარსულის გააზრებას, კონფლიქტებს, სპორტს და სხვ. მასწავლებელს ფართო არჩევანი აქვს, რათა მოსწავლეები სკოლის გარეთ დააფიქროს თუნდაც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე.

სასურველია, მარშრუტი დაგეგმვის ეტაპზე, წინასწარ შემუშავდეს. Google maps-ი ტერიტორიის მონიშვნის, შესაბამისი ინფორმაციის დატანისა და მიმართულებების განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობა საინტერესოა. ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნება, ქალთა და ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე დაკვირვება, საბჭოთა წარსულის ნაკვალევი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც შესაძლებელია აქტუალური საგანმანათლებლო city walks-ის დაგეგმვა და განხორციელება. ქალაქში მწვავე პრობლემაა დაბინძურება, ამიტომ სწორედ მას დაეთმო ჩვენი პირველი ფეხტური სახელწოდებით „მდინარის ხმაური, რომელიც არავის ესმის“.

პედაგოგი კარგად უნდა იცნობდეს იმ ტერიტორიას, სადაც მოსწავლეების მიყვანას აპირებს. სივრცის კარგად შესწავლა საჭიროა იმისთვისაც, რომ სიარულის დროს ესაუბროს მონაწილეებს იმ საკითხზე, რომელსაც ეთმობა კონკრეტული მარშრუტი. ამიტომ პირველ ეტაპზე შევისწავლე მდინარე ალგეთის კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაბინძურებული. ამის შემდეგ Google maps-ის აპლიკაციაში შევქმენი რუკა თავისი მინიშნებებით (ფეხტურის განხორციელების შემდეგ დავამატე შესაბამისი ფოტოები).

საგანმანათლებლო city walks-ში მარნეულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ალგეთი. მდინარე და მისი ხეობა მოსახლეობის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო ძლიერ ბინძურდება.

საგანმანათლებლო сity walks-ის დაგეგმვის პროცესში ჩამოვაყალიბე საკვანძო კითხვები, რომლებზეც გავცემდი პასუხებს და მოვისმენდი მათ მოსაზრებებს.

  1. როგორ ექცევა ქალაქი მდინარეს?
  2. რატომ არ არის მდინარე ქალაქის ორგანული ნაწილი?
  3. რამდენად შესაძლებელია მდინარის ნაპირებზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ხეობის ათვისება?
  4. რას გვეტყოდა მდინარე, ლაპარაკი რომ შეეძლოს?

 

ტური დავიწყეთ ადგილიდან, სადაც ქვის პატარა საწარმო მდებარეობს. საწარმოდან გამოედინება არხი, რომელიც იქვე, ახლოს, უერთდება მდინარე ალგეთს. დამუშავებული ქვები ირეცხება. ნარეცხი წყალი სწორედ ამ არხის საშუალებით ჩაედინება მდინარე ალგეთში.

 

მოვინახულეთ მდინარის ჭალა, სადაც შეიძლება მოეწყოს სკვერი ან ტყე-პარკი. ფეხტურის მონაწილეებმა მეორე დღეს სკოლაში წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და სურვილები.

მესამე გაჩერება იყო ძველი სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ცენტრში. ეს ადგილი უპატრონოდაა მიტოვებული, დგას ხეები, იქვე მიედინება მდინარე. ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პატარა ქალაქი ასეთ ადგილას მოაწყობდა ძალიან ლამაზ რეკრეაციული ზონას.

ბოლო გაჩერება იყო ადგილი, სადაც მდინარე ყველაზე ახლოს მოდის სკოლასთან. აქ მდინარეში ყველაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყრება. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმის თაობაზე, როგორ შეიძლება მდინარის დაცვა მსგავსი ქმედებებისგან და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც იმსჯელეს.

 

მოსწავლეებმა აღმოაჩინეს მდინარე, რომლის ხმაური არავის ესმის. ჩვენი მიზანია, მდინარის გადარჩენის მიზნით დავიწყოთ ადვოკატირების კამპანია. ვაპირებთ ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მოწვევას, რათა უფრო მეტი ადამიანის ყურამდე მივიტანოთ მდინარის გასაჭირი.

გლობალური გარიგება ბუნებისთვის

0

დედამიწის კეთილდღეობა ადამიანის კეთილდღეობის საწინდარია.

გლობალური შეთანხმება (გარიგება) ბუნებისთვის (GDN) დედამიწაზე სიცოცხლის მრავალფეროვნებისა და სიმრავლის გადასარჩენად შექმნილი გეგმაა. პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან ერთად GDN-ის მიზანია, თავიდან აგვაცილოს კლიმატის კატასტროფული ცვლილება, შეინარჩუნოს სახეობები და უზრუნველყოს ეკოსისტემის აუცილებელი სერვისები. ახალი კვლევები აქტუალობას მატებს ამ გაერთიანებას: ხმელეთის ნახევარზე ნაკლები ხელუხლებელია, მაგრამ ეკოსისტემების შესანარჩუნებლად საჭიროა, გლობალური ტემპერატურის საშუალო ცვლილება 1,5°C-ს არ აღემატებოდეს. GDN მიზნად ისახავს, დედამიწის 30% ოფიციალურად იყოს დაცული, რაც შეამცირებს გადაშენების საფრთხეს და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. აუცილებელია დედამიწის მინიმუმ 20%-ის დაცვა, რათა ეს მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

ბუნების დაცვის ისეთი მცდელობები, როგორიცაა კლიმატის ცვლილების პოლიტიკა, ხელახლა ფასდება პლანეტარული საგანგებო მდგომარეობის დროს. კლიმატის ცვლილებამ სამართლიანად გამოიწვია 2015 წლის პარიზის შეთანხმება, რომელმაც ხელი შეუწყო კოორდინირებულ გლობალურ ქმედებებს არა მხოლოდ მთავრობებს, არამედ კომპანიებს, ქალაქებსა და მოქალაქეებს შორისაც. მას შემდეგ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ კლიმატის სტაბილიზაციისა და >1,5°C დათბობის არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მცდელობები მოითხოვს მიწის ათვისებისა და გარდაქმნის სწრაფ შემცირებას და მორატორიუმს დაახლოებით 2035 წლისთვის. მოახლოებული კრიზისის თავიდან აცილების ყველაზე ლოგიკური გზაა დედამიწის ტერიტორიის მინიმუმ 50%-ზე ხელუხლებელი ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება და აღდგენა ენერგიის გარდამავალ ღონისძიებებთან ერთად. ეს ზომები თავისთავად, სავარაუდოდ, არ იქნება საკმარისი – უნდა გაძლიერდეს აღდგენითი ღონისძიებები, რათა შემცირდეს უარყოფითი სათბურის გაზების ემისიის გავლენა.

ბუნებრივი ეკოსისტემები   სამყაროში ადამიანის კეთილდღეობის შენარჩუნების გასაღებია. პარიზის შეთანხმების ხელმომწერთა 65%-მა იკისრა ეკოსისტემების აღდგენისა და შენარჩუნების ვალდებულება. ხელუხლებელი ტყეები, განსაკუთრებით – ტროპიკული ტყეები, ორჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს, ვიდრე დარგული მონოკულტურები. ეს აღმოჩენა გლობალურ დათბობასთან ბრძოლისას ტყის კონსერვაციას კრიტიკულ მიდგომად აქცევს. იმის გამო, რომ დედამიწაზე არსებულ სახეობათა დაახლოებით ორი მესამედი ბუნებრივ ტყეებში გვხვდება, ხელუხლებელი ტყის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასობრივი გადაშენების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ნახშირბადის კონცენტრაციის რეგულირება სცდება ტროპიკულ ტყეებს: ტორფები, ტუნდრა, მანგროები და უძველესი მდელოები ასევე მნიშვნელოვანია ნახშირორჟანგის დაგროვებასთან ბრძოლისას. გარდა ამისა, ხელუხლებელი ჰაბიტატების მნიშვნელობა ვრცელდება მტკნარ და საზღვაო სფეროებზე, კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ნაკლებად დარღვეული ჭაობები და სანაპირო ჰაბიტატები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე დარღვეული ტერიტორიები. ყველა ეს ეკოსისტემა ინარჩუნებს მცენარეთა და ცხოველთა განსხვავებულ ერთობლიობას და აქვს თავისი როლი გლობალური კლიმატის სისტემის დაბალანსებაში.

კლიმატის ცვლილების მოდელები აჩვენებს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით გარდამტეხ მომენტს: თუ ჰაბიტატის გარდაქმნისა და ემისიების მიმდინარე ტენდენციები 2030 წლისთვის პიკს მიაღწევს, შეუძლებელი გახდება ტემპერატურის ზრდის მაჩვენებლის 1,5°C-ის ფარგლებში შენარჩუნება. ანალოგიურად, თუ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მიწის დეგრადაციის პროცესი, ბრაკონიერთა მიერ დიდ ცხოველებზე ნადირობა და სხვა საფრთხეები საგრძნობლად არ შემცირდა ან არ შეჩერდა, მრავალი ეკოსისტემისთვის შეუქცევად პროცესებს მივიღებთ. ცხადი გახდა, რომ 1,5°C-ის მიღმა პლანეტის ორგანიზმები სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდებიან, რადგან ეკოსისტემები ფაქტობრივად დაშლას დაიწყებს. ბუნებრივი გარემოს დეგრადაცია ასევე ამცირებს ცხოველთა რაოდენობას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და იწვევს ადამიანთა მიგრაციას სუფთა სასმელი წყლის, მნიშვნელოვანი საარსებო კულტურების მორწყვისა და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავების გამო. არსებითი ჩარევის გარეშე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარება უფრო და უფრო დამძიმდება. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვებისა და ზღვის დონის აწევის გამო ადამიანთა მიგრაცია ექსტრემალურ ამინდთან ერთად მოიმატებს. 2050 წლისთვის შესაძლოა 100 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდეს, ძირითადად – სამხრეთ ნახევარსფეროში.

პარიზის შეთანხმების თანმხლებმა პაქტმა შესაძლოა უზრუნველყოს კლიმატის მიზნების მიღწევა, თავიდან აგვაცილოს სახეობათა გადაშენება და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების სწრაფი ეროზია ხმელეთის, მტკნარი წყლისა და საზღვაო სფეროებში.

GDN-ის როგორც პოლიტიკის მექანიზმის კონცეფცია წარმოიშვა ადრეული კვლევის შედეგად, რომელიც შემოიფარგლებოდა ხმელეთზე ბიომრავალფეროვნების დაცვით. ეს მიდგომა არა მხოლოდ იცავს ბიომრავალფეროვნებას, არამედ ყველაზე იაფი და სწრაფი ალტერნატივაცაა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და არ არის დამოკიდებული ნახშრორჟანგის თავიდან აცილების ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც, ნაკლებსავარაუდოა, ეფექტური ან მასშტაბური აღმოჩნდეს მიმდინარე ორმაგი კრიზისების დროში შეზღუდულობის გამო. აქ მოცემულია პრობლემის გადაჭრის გზები, რომლებიც მეცნიერულ მითითებებზეა დაფუძნებული. მას შეუძლია დააკავშიროს ბუნება და კლიმატური გარიგებები, გააძლიეროს და რეკომენდაცია გაუწიოს დროში განსაზღვრულ ეტაპებსა და მიზნებს. კვლევაში ასახულია ბიომრავალფეროვნების დაკარგვის კონკრეტული საფრთხეები და მამოძრავებელი ფაქტორები და განხილულია GDN-ის განხორციელების ხარჯები.

ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება ურთიერთდაკავშირებული მოვლენებია. ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევ ოთხ ფაქტორთან ერთად (საარსებო გარემოს დეგრადაცია, ჭარბი მოპოვება, გარემოს დაბინძურება და ახალი სახეობების ინვაზია), კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზადაა აღიარებული. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას და, შესაბამისად, წარმოადგენს ეკოსისტემების მიერ მოწოდებული სერვისების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ფუნქციასთან ერთად, ენიჭება უმნიშვნელოვანესი როლი კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილებასა და ადაპტაციაშიც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების როლი ისეთი პროცესების რეგულირებაში, როგორიცაა მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმების რეგულირება, მიკროკლიმატის ჩამოყალიბება და სხვა. ბიომრავალფეროვნების შემცირება ქმნის პოტენციურ საფრთხეს ეკოსისტემური სერვისებისთვის.

დღესდღეობით ეკოსისტემების მენეჯმენტი განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კლიმატის ცვლილების მიტიგაციის პროცესში.

ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის შერბილების ამ თანადამოკიდებულებას ეხება ნაშრომი „გლობალური გარიგება ბუნებისთვის (GDN): სახელმძღვანელო პრინციპები, ეტაპები და მიზნები“. ის გვთავაზობს გაბედულ ხედვას იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს ბიოსფეროს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური ტემპერატურის მატების გამო. GDN ეფუძნება მეცნიერულ პრინციპებს, რომლებსაც შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს და ამგვარად გააძლიეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორი განსხვავებული კონვენცია – კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (აგრეთვე – პარიზის შეთანხმება) და კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ. ნაშრომში წარმოჩენილია სამი მიმართულება, რომლებსაც, ერთად აღებულს, შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა დედამიწაზე: კლიმატის ცვლილების შერბილება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემებისა და სახეობების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შემცირება.

ნაშრომი წარმოაჩენს მკაფიო მიზეზშედეგობრივ კავშირს კლიმატის ცვლილებასა და ბიომრავალფეროვნების გაღარიბებას შორის. თუ კლიმატის კრიზისი არ აღმოიფხვრა, ვერც ბიომრავალფეროვნების კრიზისი აღმოიფხვრება და პირიქით – თუ ტყეებისა და სხვა ჰაბიტატების განადგურება ვერ შევაჩერეთ, სავარაუდოდ, ვერ დავრჩებით ზღურბლის ქვემოთ. და აი, რატომ:

ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით ნახევარი ამჟამად ბუნებრივ მდგომარეობაშია და შეუძლია მოქმედი ეკოსისტემების მხარდაჭერა. სინამდვილეში ეკოსისტემები, რომლებიც აბალანსებს კლიმატს და შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს დედამიწაზე, საფრთხის ქვეშაა. მიუხედავად პროგრესისა, ტროპიკული ტყეები, რომლებიც შთანთქავს მსოფლიოს ნახშირორჟანგის უმეტეს ნაწილს, უახლოვდება გადაშენების ზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ტყეების ჩეხვას, მიწების ძარცვასა და დაბინძურებას ისე, რომ შედეგზე არ ვფიქრობთ.

მაგრამ რატომ დავიცვათ მსოფლიოს მიწების ნახევარი?

პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მხოლოდ ეს დარჩა.

ნაკლებად შეცვლილი მიწები

 

ახალი კლიმატის მოდელი, რომელიც Springer Nature-მა გამოაქვეყნა 2019 წლის დასაწყისში პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, გვიჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს, 1,5°C-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ საშუალო გლობალური ტემპერატურის მატება და დავასრულოთ ტყეებისა და სხვა ბუნებრივი მიწების გარდაქმნა 2030 წლისთვის. კონსერვაციისთვის ძალისხმევას ნიადაგი უნდა გაუმყაროს ტყის აღდგენის პროცესმა და სხვა გადაწყვეტილებებმა ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღების მიზნით („უარყოფითი გამონაბოლქვის“ უზრუნველყოფა), ნახშირორჟანგის გარეშე ენერგიის მიღებამ ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია.

GDN მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას ამბიციური კონსერვაციის ახალ ეპოქას, რომელშიც საერთაშორისო ინსტიტუტები, მთავრობები და ხალხი ერთად ზრუნავენ ბუნების გადასარჩენად – ნამიბიის დამარალანდის თავშესაფარში ლომებისა და სპილოების დაცვის მხარდაჭერით დაწყებული, ამაზონის ჯუნგლებით დამთავრებული. აქვე იგულისხმება ეკოსისტემების დაცვა და უსაფრთხო თავშესაფრების შექმნა იაგუარებისა და იშვიათი პრიმატებისთვის, ბორეალური ტყეების ხელუხლებლად შენარჩუნება  კანადაში, რუსეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში.

ვინაიდან ბუნების დაცვის ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და დედამიწაზე სიცოცხლე არათანაბრად ნაწილდება, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაცვა.

მსოფლიოს ხმელეთის ეკორეგიონები

მუქ მწვანედ მონიშნულია ეკორეგიონები, რომლებსაც უკვე აქვს 30%-ზე მეტი დაცული ტერიტორია;

ბაც მწვანედ – ეკორეგიონები, რომლებსაც აქვს საკმარისი ჰაბიტატი, რათა მიაღწიოს 30%-ს;

ნარინჯისფრად – ეკრეგიონები, რომლებიც გარკვეულ რესტავრაციას საჭიროებს;

წითლად – ეკრეგიონები, რომლებიც მნიშვნელოვან რესტავრაციას მოითხოვს.

გაითვალისწინეთ, რომ წითლად მონიშნულ რეგიონებში დარჩენილი ჰაბიტატი საშუალოდ მხოლოდ 6%-ია. აქ დაცული ტერიტორიების 10%-მდე გაზრდა მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.

 

დედამიწის კეთილდღეობა საფუძვლად უდევს ადამიანის კეთილდღეობას, მაგრამ ჩვენ მას მაინც ვივიწყებთ. დროა, დედამიწისკენ მივაპყროთ ყურადღება, ვიდრე არსებული მრავალფეროვნების დაკარგვის შედეგად ჩვენი სულისკვეთება და ცხოვრების დონე კიდევ უფრო არ დაეცემა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, ტექნოლოგიის ბოლოდროინდელი მიღწევები და გლობალურად ხელმისაწვდომი დედამიწის საინფორმაციო სისტემები, რომლებიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად, თუ ამისთვის ვიბრძოლებთ.

ბუნების შესახებ გლობალური შეთანხმება საშუალებას მისცემს კაცობრიობას, განავითაროს ძლიერი ეკონომიკა გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით, ხოლო დედამიწაზე დარჩენილი სიცოცხლისთვის ადგილი დატოვოს, რაც ამ საუკუნისთვის კონსერვაციის ძირითადი პარადიგმა გახდება.

გლობალური შეთანხმება ბუნების შესახებ და პარიზის კლიმატის შეთანხმება ერთად ხელს შეუწყობს ბუნებისა და კაცობრიობის ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა სახეობისა და მომავალი თაობისთვის.

 

გამოყენებული რესურსები:

https://advances.sciencemag.org/content/5/4/eaaw2869.full https://natureneedshalf.org/2019/04/scientists-call-for-a-global-deal-for-nature/ https://www.globaldealfornature.org

„პირველად იყო რატომ“, ანუ რატომ უნდა შევიყვაროთ შეკითხვები

0

ამასწინათ ელექტრონული ბიბლიოთეკის თვალიერებისას შემთხვევით გადავაწყდი საიმონ სინეკის (ბრიტანელი წარმოშობის ამერიკელი ავტორი და ინსპირაციული სპიკერი) წიგნს „პირველად იყო რატომ“. ბიზნესის მართვისა თუ ფინანსების მოზიდვის თემით არასდროს დავინტერესებულვარ, თუმცა სათაურმა მომხიბლა და წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. აქვე დავძენ, რომ მიზნობრივი შეკითხვების სწორად ფორმულირება/დასმა მხოლოდ ორგანიზაციული ქცევის პრეროგატივა არაა. იგი მედიაწიგნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას წარმოადგენს და საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელი ნაწილია.

https://www.ted.com/talks/simon_sinek_how_great_leaders_inspire_action

სინეკის თქმით, წარმატებულ კომპანიებს დანარჩენებისგან კითხვა „რატომ“ განასხვავებს. ამ კონცეფციის განსამარტად იგი ე.წ. ოქროს წრეს წარმოგვიდგენს:

როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს და შესაძლოა, ბირთვში მოთავსებულ მთავარ შეკითხვაზე არც კი დაფიქრდეს. სინეკი კი ყველასაგან გამორჩეულ ორგანიზაციებს უწოდებს იმათ, ვინც ჯერ თავიანთი საქმიანობის მიზანს განსაზღვრავს და შემდეგ იწყებს მოქმედებას, რადგან „ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი ყიდულობენ მიზეზს, რატომაც აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სინეკას „ოქროს წრის“ კონცეფციის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, კონკურენციის თემაა. „აჯობეთ საკუთარ თავს!“ – გვირჩევს ზემოაღნიშნული კონცეფციის ავტორი. საკუთარი წინსვლის დანახვა და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა წარმატების ერთგვარ ფორმულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამგვარ დამოკიდებულებას (მოსწავლეთა ინდივიდუალური პროგრესის მიხედვით შეფასება) სწავლა-სწავლების პროცესშიც აქტიურად მივმართავთ, რითაც მოტივაციისა და თვითეფექტურობის გაზრდას მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს.

რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? ეს კითხვა საკუთარ თავს გამუდმებით უნდა დავუსვათ, რადგან იგი ყველაზე უკეთ შთაგვაგონებს და მოქმედების მოტივაციას გვიქმნის. ალბათ დამეთანხმებით, თითოეული ჩვენგანი დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ისეთ საკითხებზე, რომლებისაც სჯერა და მხარს უჭერს. ბუნებრივია, თუ თავად არ გჯერა იმ მიზნის, რომლისკენაც ისწრაფვი, სხვებს შენი შრომის ნაყოფის უპირატესობაში როგორღა დაარწმუნებ?!

ხშირად ხდება ასე, ჩვენს თავში იბადება საინტერესო იდეა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო (მოუცლელობა, რესურსების ნაკლებობა, სიზარმაცე და სხვ.) ვერ განვახორციელებთ. რაღაც დროის შემდეგ კი ვხედავთ მას – საკუთარ იდეას, სხვის მიერ ხორცშესხმულსა და წარმატებულს. ამიტომ უნდა გავაკეთოთ „დღეს“ და არა – „ხვალ“. ეს კი არც თუ ისე ადვილია, რადგან საკუთარი თავისთვის სწორი შეკითხვების დასმის ხელოვნებას ვერა და ვერ დავეუფლეთ.

საზოგადოების დიდი ნაწილი კითხვებს უმეტესად ლოკალური/პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სვამს. ქაოსური და არათანმიმდევრული შეკითხვები ვერ ქმნის ჩვენს თავში ინფორმაციის სრულ ხატს და იძლევა არასრულ მონაცემებს, რომელთა სასურველი მიმართულებით ფორმირება ადამიანის სუბიექტური ბუნების ჩვეული საქმიანობაა. შედეგად ვიღებთ პარალელურ რეალობას, რომელში ცხოვრებაც თავად გვაწყობს და მნიშვნელოვნად ვცდებით აწმყოს, რომლის გაუმჯობესებისთვის ვერაფერს მოვიმოქმედებთ, რადგან, უბრალოდ, „შინ არ ვართ“.

უკვე აღარავინ კამათობს იმაზე, რომ თანამედროვე ცხოვრებაში სწრაფად და ეფექტურად ორიენტირება რთულია, თუ არ ფლობ მედიაწიგნიერების ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიცაა: საჭირო ინფორმაციის მოძიება, მთავარის მეორეხარისხოვნისაგან გამოყოფა, წყაროების სანდოობის/ვალიდურობის განსაზღვრა და ა.შ. ზემოაღნიშნული უნარების გამომუშავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიტუაციის ანალიზის მეთოდი (Case-study). მოდით, განვიხილოთ ერთ-ერთი სიტუაცია:

თქვენ გსურთ საოფისე სივრცის დაქირავება 8-10 ადამიანის მოსათავსებლად. თქვენი თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია: სიმშვიდე, სუფთა და აუცილებელი კომუნალური მომსახურებით (გათბობა/გაგრილება, წყალი, შუქი, ინტერნეტი…) უზრუნველყოფილი სამუშაო გარემო, მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი (მაგიდები/სკამები, თაროები…), მოწესრიგებული სველი წერტილი, ცალკე სივრცე ლანჩისთვის (ყავის/ჩაის გამზადების და წახემსების შესაძლებლობა), პარკირების ზონა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა.

თქვენი მიზანია, სატელეფონო ზარის დახმარებით შეაგროვოთ საჭირო ინფორმაცია, რათა დრო არ დახარჯოთ ყველა გასაქირავებელი ფართის დათვალიერებაზე და მხოლოდ თქვენი საჭიროების შესაბამისი ვარიანტები მოინახულოთ. რა ტიპის კითხვებს დაუსვამდით გამქირავებლებს?

ზემოაღნიშნული აქტივობის შესასრულებლად ჯგუფური სამუშაო ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. რაც შეეხება წინარე ცოდნის გააქტიურებას, მოსწავლეები უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას შეკითხვათა ტიპების (ფაქტობრივი, დამაზუსტებელი, შეფასებითი, შემოქმედებითი) შესახებ, კითხვარის შედგენისა და ინტერვიუს წარმართვის უნარებს. დავალების შესრულებამდე შეგვიძლია ერთობლივად ვიმსჯელოთ, თუ რა ტიპის შეკითხვები გამოგვადგება მოცემულ სიტუაციაში და პირველი შეკითხვა ერთად ჩამოვაყალიბოთ. აქვე შემოგთავაზებთ ზემოაღნიშნული „ქეისის“ შესაბამისი კითხვების სავარაუდო ჩამონათვალს:

  1. რამდენი კვადრატული მეტრია თქვენი საოფისე სივრცე?
  2. გაქვთ თუ არა დამონტაჟებული გათბობა-გაგრილების სისტემა, დენი, წყალი ინტერნეტი?
  3. აქვს თუ არა თქვენს საოფისე ფართს საკუთარი სველი წერტილი და სამზარეულო?
  4. თქვენს ქუჩაზე დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობაა? კორპუსში მხოლოდ ოფისებია განლაგებული თუ ოჯახებიც ცხოვრობენ?
  5. როგორ (რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით) შეიძლება მოვიდე თქვენს ოფისამდე? შესაძლებელია თუ არა ოფისთან ახლოს მანქანის დაყენება?
  6. საოფისე ავეჯით აქირავებთ ფართს, თუ მის გარეშე? თუ – კი, რა ტიპის ავეჯი დამხვდება ოფისში?

შენიშვნა: პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ქირის რაოდენობა, რათა ჩვენი ბიუჯეტისთვის შეუსაბამო ვარიანტის გაცნობაზე დრო არ დავხარჯოთ.

კითხვარის შედგენის შემდეგ სიტუაციის გათამაშების დრო დგება. მოსწავლეები შესაბამის როლებს მოირგებენ  და შეკითხვების რელევანტურობას ინტერვიუს ფორმატში გამოცდიან, მიღებული შედეგების საფუძველზე კი არჩევანს ყველაზე შესაფერის ვარიანტზე შეაჩერებენ.

სინეკის ოქროს წრეს რომ მივუბრუნდეთ, ბავშვები ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას „რატომ“, მაგალითად: „რატომ უნდა ვისწავლო (მაგ., გამრავლების ტაბულა), რაში მჭირდება, რაში გამომადგება?“ ზრდასრულების (მასწავლებელი, მშობელი) გარკვეულ ნაწილს არ გამოსდის პრობლემის შედეგად ქცევა, ამიტომ მათი პასუხი თავდაცვითი ხასიათისაა: „სავალდებულოა, უნდა ისწავლო და მორჩა!“. აღნიშნული პრობლემის მაგალითს საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვან:

ახლაც მწარედ მახსოვს, როგორ ვწვალობდით, როცა ამა თუ იმ საგნის ხელმძღვანელი მცირე დროში დიდი მასალის დამუშავებას გვთხოვდა, თუმცა ჩვენთვის ე.წ. სწრაფი კითხვა არავის უსწავლებია. ვიცოდით, რომ სავალდებულო შრომას ვერ ავცდებოდით. ამიტომ ვისხედით, ღამეებს ვათენებდით, ვიზუთხავდით, მიღებულ ინფორმაციას ყოველგვარი დახარისხების გარეშე ვაკონსპექტებდით… მთავარი იყო, „სავალდებულო“ მასალა მეხსიერების საკანში გამოკითხვის ჩატარებამდე გაგვეჩერებინა, შემდეგ კი დაუნანებლად ვთავისუფლდებოდით მისგან.

აქვე გავიხსენებ ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთ მოთხრობას ,,კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი“, სადაც მოთხრობის მთავარი გმირი სწორედ დინამიკური კითხვის ნიჭით არის დაჯილდოებული. თანამშრომლებს ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებს კაპიტონი წაუკითხავად, მხოლოდ თვალის ერთი შევლებით, წერილის შინაარსის გაგებას, მთავარი აზრის გამოტანას. ჩვენთვის კი უკვე ცნობილია, რომ სწრაფი მკითხველები:

  1. კითხულობენ ვერტიკალურად (ზემოდან ქვემოთ) და არა – ჰორიზონტალურად (მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით);
  2. ტექსტს აღიქვამენ ერთ მთლიანობად, ანუ ამოიკითხავენ სიტყვათა ჯგუფს და არა – ცალკეულ სიტყვებს;
  3. იშვიათად ჩერდებიან წაკითხულ მონაკვეთთან მისაბრუნებლად (გაუგებარი სიტყვის თუ მონაკვეთის დაზუსტების მიზნით).

დღეისათვის სწრაფი კითხვის უნარი ღვთით ბოძებულ ნიჭად აღარ მიიჩნევა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ სწრაფად, ანუ რა არის სწრაფი კითხვის მთავარი  მიზანი? რა თქმა უნდა, მას კონკრეტული დანიშნულება აქვს. დინამიკური კითხვის ტექნიკა დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად დახარისხებასა და არსებითი საკითხების აღმოჩენაზეა ორიენტირებული.

როგორც ვხედავთ, სწრაფი კითხვისა თუ სწორი კითხვების დასმის უნარები, ინფორმაციის სწორად მოპოვება-დამუშავების გარდა, პირადი ინტერესებისა და შეხედულებების ფორმირებაშიც გვეხმარება, რაც საკუთარი თავის გაცნობისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საკუთარი თავის (მიზნების, ინტერესების, მისწრაფებების) გაცნობა კი იწყება კითხვით „რატომ“, რომლის დასმისაც ნურასდროს შეგეშინდებათ.

 

 

ქერიმ ანყოსი – ქართველი ქურთების ლიდერი

0

ჩვენი ხალხი ცუდად იცნობს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ. მათი ღვაწლი ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან მხოლოდ ერთი ერის შვილებისთვის არის თვალსაჩინო. არადა, ასეთი ადამიანების ცხოვრება, წარუმატებლობები და მიღწევები ქვეყნის ისტორიას აირეკლავენ და საზოგადოების განვითარების დონეზეც მიანიშნებენ. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები სხვადასხვა ეთნიკურის ჯგუფების წინამძღოლთა საქმიანობის განხილვას დაეთმოს.

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი პერიოდიდან დღემდე სხვა ხალხებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ ქურთები. ჩვენს ქვეყანაში ქურთთა ყველა ჯგუფს შეხვდებით. თბილისში ერთმანეთის გვერდიგვერდ მოღვაწეობენ ქრისტიანი, მუსლიმი და იეზიდი ქურთები. მათ თვითორგანიზებისა და საზოგადოებრივი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც მეტწილად კონკრეტული ადამიანის – ქერიმ ანყოსის დამსახურება გახლავთ.

ვინ იყო ქერიმ ანყოსი?

თავის ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისის იეზიდური ტაძრის მშენებელმა, ბ-ნმა სულიკო სიმაევმა აღნიშნულ შეკითხვას უცნაური პასუხი გასცა. იეზიდმა მეწარმემ აღნიშნა, რომ ქერიმ ანყოსს ერთი პროფესია არ ჰქონია, ის აკეთებდა ყველაფერს, რაც საქართველოში მცხოვრებ ქურთებს სჭირდებოდათ. თავისი თანამემამულეების საჭიროებებიდან გამომდინარე ქერიმ ანყოსი მრავალმხრივ ადამიანად ჩამოყალიბდა, რომელიც ცდილობდა თავისი სხივები მრავალი დარგისა თუ საქმისთვის მიეწვდინა. თუმცა, პირველი შედეგების მიღწევამდე ქართველ ქურთთა მოამაგემ ურთულესი გზა განვლო.

ქერიმ ანყოსი 1910 წლებში ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოში გამოქცეული ლტოლვილების ოჯახში დაიბადა. მისმა მშობლებმა განადგურების პირას მყოფი სახელმწიფოს უკანასკნელი რეპრესიები საკუთარ თავზე იწვნიეს. თბილისში ჩამოსულებს წლების განმავლობაში უწევდათ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება. გადმოსახლებულთა შორის ზოგიერთი ავტორიტეტი ღიად უჭერდა მხარს ქურთ-იეზიდთა თემის იზოლაციას, ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის მსურველებს ისინი მოწინააღმდეგეებად და ნაკლებად პრინციპულ ადამიანებად აცხადებდნენ. სიღარიბე, ჩაკეტილობა, მეორე მსოფლიო ომი და მისგან გამომდინარე შედეგები 1937 წელს დაბადებულ ქერიმ ანყოსს განათლების მიღებაში ხელს უშლიდა. ურთულესი წინააღმდეგობების მიუხედავად, დევნილმა ქურთებმა შვილი მაინც მიაბარეს საშუალო სკოლაში, სადაც მოსწავლემ განსაკუთრებული სიბეჯითე გამოავლინა. მომავალმა ლიდერმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი გეზი მეცნიერებისკენ აიღო და აკადემიის ორიენტალისტიკის ინსტიტუტს შეაფარა თავი.

ბ-ნ ანყოსს თავისუფლად შეეძლო წარმატებული საბჭოთა მეცნიერის რუტინით ეცხოვრა, ეკვლია სპარსული ენა და პოეზია, ირანის ისტორია, მაგრამ მან უარი თქვა მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებაზე. ქერიმ ანყოსი ხვდებოდა, რომ მხოლოდ მისი პირადი წარმატება, ინდივიდუალური წინსვლა საქართველოს ქურთების ემანსიპაციისთვის საკმარისი არ იქნებოდა. მისთვის საკმარისი არ გახლდათ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის კეთილდღეობა, ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნეს სურდა, რომ გზა დანარჩენებისთვისაც გაეკაფა. აქედან გამომდინარე, სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო საქართველოს ქურთებისთვის სასარგებლო საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ადრეული წლებიდან ღრმა სიბერემდე ბ-ნ ქერიმს მისთვის დაკისრებული მისიისთვის არ უღალატია და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ემსახურებოდა საქართველოსა და თავის ხალხს. მისი ყველა მიღწევის ჩამოთვლა შორის წაგვიყვანს, ამიტომ ლიდერის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები  ჩამოვთვალოთ.

1960-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი ქურთული ორგანიზაცია დაუარსებიათ. სტუდენტებზე ზრუნვისთვის არსებობდა „ქურთ ახალგაზრდებთან მუშაობის საბჭო“, მასწავლებელთა მომზადებისა და დარაზმვის მიზნით საქმიანობდა „ქურთ პედაგოგთა საქალაქო ორგანიზაცია“, ცოდნის მასობრივად გავრცელებისთვის შეიქმნა ქურთთა სახალხო უნივერსიტეტი, საქართველოს მხატვართა კავშირის შემადგენლობაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოიყო ქურთი მხატვრების გაერთიანება და ა.შ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქურთული ორგანიზაციები ერთ ასოციაციად – საქართველოს ქურთ მოქალაქეთა საზოგადოებად შეიკრნენ. თითქმის ყველა ქურთული ორგანიზაციის დამფუძნებელი ბ-ნი ქერიმ ანყოსი გახლდათ. ის იღებდა ხოლმე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას – ერთმანეთთან დაეკავშირებინა ადამიანები, დაენაწილებინა შრომა, საერთო მიზნების მისაღწევად გადაედგა თანმიმდევრული ნაბიჯები.

ორგანიზაციების დაარსებისა და მართვის გარდა, თბილისელი ქურთი უამრავ დროს ხარჯავდა საკუთარი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და ისტორიის კვლევისთვის, შესწავლილი საკითხების საჯაროდ განხილვისა და პოპულარიზებისთვის. ბ-ნ ანყოსს ათობით წიგნი აქვს გამოცემული, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართველებისა და ქურთების ერთმანეთთან დაახლოებას, მათ შორის ურთიერთპატივისცემის გაღვივებას. მაგალითად, მან შეაგროვა და დაარედაქტირა ქურთი პოეტისა და მწერლის – ჯარდოე ასადის მიერ კურმანჯიზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, რომელიც 2000-იან წლებში „კავკასიურ სახლში“ გამოიცა. ქერიმ ანყოსი გახლდათ ქურთული ენის არაერთი სახელმძღვანელოს, ანბანისა და ლექსიკონის ავტორი, იეზიდთა რწმენისა და წარსულის შესახებ გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაციის შემოქმედი.

ქურთი ლიდერისათვის უცხო არ გახლდათ ხელოვნების სფერო. ის თავად წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მთელ მსოფლიოში ცნობილი სიმღერების ტექსტებს. საფუძველს უყრიდა საბავშვო და პროფესიულ ფოლკლორულ ანსამბლებს, თეატრალურ დასებს, ეხმარებოდა მათ ფინანსების მოძიებასა და განვითარებაში, პრესტიჟული გალერეების კარს უღებდა ადგილობრივ ქურთ მხატვრებს და ა.შ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 1978 წელს საქართველოს ტელერადიო კომიტეტის შემადგენლობაში ანყოსის თაოსნობით შექმნილი ქურთული რედაქცია. საქართველოს რადიოს ქურთულმა რედაქციამ ასობით გადაცემა მოამზადა ქურთი ხალხისა და მისი კულტურის შესახებ და უნიკალური არქივი შემოუნახა მკვლევრებს, რომლებიც საქართველოს იეზიდთა წარსულის შესწავლას გადაწყვეტენ. რადიო მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა სამჭედლოდაც იქცა.

საქართველოს რადიოს ქურთული განყოფილების მთავარი რედაქტორი საერთაშორისო მოძრაობის გამორჩეული ფიგურაც გახლდათ. აღმოსავლეთმცოდნე ბევრს მოგზაურობდა სსრკ-შიც და მის ფარგლებს გარეთაც, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში ქურთთა თვითმყოფადობისა და ერთიანობის დაცვის სასარგებლოდ ექადაგა, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ განხილვებში ქურთთა ინტერესები დაეცვა.

ორი წლის წინ ბ-ნი ქერიმი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა ადგილობრივი იეზიდური, ქურთული თემი. პატარა რეპორტაჟი მოამზადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. უმრავლესობას არც მისი გზა და არც მისი წასვლა არ შეუმჩნევია. არადა, ქერიმ ანყოსი საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის შეიძლება იქცეს ნამდვილ იდეალად, საკუთარი თანამემამულეებისა და მრავალეროვანი ქვეყნის ერთგულების ნიმუშად. ჩვენი ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს ბ-ნი ანყოსის მსგავსი ლიდერი რომ ჰყავდეს, გაცილებით ახლოს ვიქნებოდით დემოკრატიულ სამყაროსთანაც და უფრო დინამიკური, მშვიდობიანი, საქმიანი საზოგადოების წევრებადაც ვიგრძნობდით თავს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...