
“ცრემლები სამოთხეში”
შეძლებს კი 17 წლის ყმაწვილი ამერიკის განათლების სისტემის გადარჩენას?
ადამიანის ენობრივი ასლი
წინა პოსტში ვწერდი, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი თავის მსგავსი მოწყობილობა შექმნას. მე-20 საუკუნეში, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის ამ მისწრაფებას ახალი შესაძლებლობები შესძინა.
აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა
მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ადამიანის ქცევისა და მოტივაციის ასახსნელად შექმნა მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელი და მოტივაციის იერარქიის თეორია.
მასლოუს მიაჩნდა, რომ ადამიანის პიროვნება თვითრეალიზაციისა და ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამოხატულებას წარმოადგენს. მისი აზრით, თვითრეალიზაციის ტენდენცია არა მხოლოდ ადამიანური უნარია, არამედ ადამიანური მოთხოვნილებაც. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მასლოუმ მოთხოვნილებათა იერარქიის მწვერვალზე მოათავსა.
მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მესამე ნაწილი:)
განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს საჯარო განათლების სისტემის მანკიერ მხარეებს. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ ვაფასებთ ჩვენი განათლების რეფორმის მიერ განვლილ გზას და არსებული ვითარების გაანალიზებას ვცდილობთ, გვებადება კითხვა: რატომ არ აისახება სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხზე განხორციელებული ინოვაციები? ჩვენ ხშირად მივმართავთ დასავლეთის ქვეყნების განათლების სისტემათა გამოცდილებას. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ პროფესიონალებს (ჯ. გატო სამჯერ დასახელდა ქალაქ ნიუ-იორკის წლის საუკეთესო მასწავლებლად, ხოლო 1991 წელს – ნიუ-იორკის შტატის საუკეთესო პედაგოგად), რომლებიც კრიტიკულად აფასებენ მას.


„დავეხმაროთ?! – არ დავეხმაროთ?!“
“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი! ტიტუ, რა ბევრია!” – ბავშვების ბედნიერი შეძახილი ფილმიდან „იმერული ესკიზები” ალბათ ყველას გვახსოვს. ისინი ობოლი თანაკლასელის დასახმარებლად წარმოდგენას მართავენ და ფულს აგროვებენ. ალბათ გულიანადაც გვიცინია ამ ფილმის ყურებისას, მაგრამ სინამდვილეში რა შეიძლება იყოს უფრო სევდიანი, ვიდრე იმერეთის პატარა სოფელი თავისი სიკეთითა და მზრუნველობით, სოფელი, სადაც ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარების მნიშვნელობა ბავშვებსაც კი ესმით, სოფელი, რომელსაც თავისი ღარიბების დაპურება და ნუგეში შეუძლია.


კითხვის ეფექტიანი მეთოდები – “დაკარგული სიტყვები”
კეთილი დედინაცვალი, ოცდაექვსი გერი და კაპოტე



მე არ ვეძებ გენიოსებს…
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
ჰარ გობინდ კორანა დაიბადა 1922 წელს ინდოეთში. განათლება ევროპაში მიიღო და 1960 წლიდან მუშაობს აშშ-ში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ფართო საზოგადოებისათვის
მისი სახელი ცნობილი გახდა, როცა მას მ. ნირენბერგსა და რ. ჰოლდისთან ერთად 1968 წელს
ნობელის პრემია მიენიჭა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში გენეტიკური კოდის გაშიფვრაში
შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. მეცნიერების ისტორიაში პირველად კორანამ შეძლო ხელოვნური
გენის სინთეზირება.
– რამ გამოიწვია თქვენი
დაინტერესება გამოკვლევებით, რომლებიც ქიმიისა და ბიოლოგიის ზღვარზე მდებარეობენ?
– მრავალმა ჩვენგანმა
თავისი მეცნიერული გზა დაიწყო, როგორც ქიმიკოსმა, და მიზნად დაისახა ქიმიური მეთოდების განვითარება, რათა შემდგომში
მათი დახმარებით ბიოლოგიური პრობლემები გადაეწყვიტა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვესმოდა,
რომ, ადრე თუ გვიან, ქიმია და ბიოლოგია ერთმანეთს
შეერწყმოდა.
– გქონდათ თუ არა წარმოდგენილი,
რომ ქიმიის ამ სფეროში მუშაობა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ბოლოს და ბოლოს, გენის სინთეზამდე
მიგიყვანდათ?
– წინასწარ ეს არავინ
იცის.
– ხუთი წელი დაგჭირდათ
ბრწყინვალე შედეგის მისაღწევად, მაგრამ მუშაობის დაწყებისას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია,
დარწმუნებული ყოფილიყავით წარმატებაში. მაშ, როგორ გარისკეთ იმ პრობლემებზე მუშაობა,
რომლებიც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული და თანაც საბოლოო წარმატების გარანტიას არ იძლეოდა?
– როგორადაც არ უნდა
გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, მაინც ტრაბახად ჩამეთვლება.
ეს კი არცთუ ისე კარგია. გავიმეორებ მხოლოდ
იმას, რაც ერთ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დ. ჰამარშელდმა თქვა: არასოდეს არ ღირს მთის სიმაღლის
გაზომვა, სანამ მის წვერზე არ ახვალთ, რადგან მხოლოდ მთაზე ამსვლელი შეძლებს
დაინახოს, რომ მთა ძალიან მაღალი არ იყო… ჩემი მხრივ დავძენ, ვერასოდეს ვერ ახვალთ
მთის წვერზე, თუ სულ წვერს უყურეთ. აუცილებლად წამოკრავთ ფეხს ქვას,
რომელსაც ვერ შენიშნავთ. მთის წვერზე მაშინაც ვერ ახვალთ, თუ ასვლისას მოძრაობის მიმართულებას არ ამოირჩევთ და მხოლოდ ცხვირწინ გაიხედავთ, არ წავიბორძიკოო. ასეა ყველა საქმეში, მათ შორის მეცნიერულ მუშაობაშიც.
ჯერ უნდა ამოირჩიოთ მიზანი, მიმართულება, ხოლო
შემდეგ საჭიროა ამ მიმართულებით სვლა, ყოველგვარი სიძნელეების მიუხედავად. მართლაც, როცა მე რაიმე პრობლემას
მთლიანობაში ვხედავ, ყოველთვის ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ შესაძლებელია ვერ მოვახერხო მთელი გზის გავლა…
– თქვენ მარტო არ
მუშაობთ, თქვენს ჯგუფში მრავალი ქვეყნის ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერები შედიან იტალიიდან, ნორვეგიიდან,
ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, აშშ-დან. როგორ ირჩევთ თანამშრომლებს?
– ჩემთან მხოლოდ ის ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებსაც უკვე
გამოცდილი ქიმიკოსის კვალიფიკაცია აქვთ მიღებული. მე არ ვეძებ გენიოსებს, უპირველეს
ყოვლისა, სამუშაოსადმი ერთგულებას ვაფასებ. მუდმივი თანამშრომლები არა მყავს: ისინი
ჩემთან მოდიან, მუშაობენ ორ-სამ წელიწადს და მიდიან. საერთოდ კი მრავალთაგან, რომლებსაც
ჩემთან მუშაობის სურვილი აქვთ, ძალზე ცოტას ვარჩევ, მიყვარს, როცა ჯგუფი დიდი არ არის.
მაგალითად, ალანინური ტრნმ გენის სინთეზზე სულ ცამეტი კაცი მუშაობდა, თანაც მთელი ხუთი
წლის განმავლობაში ჯგუფი ინტერნაციონალური
დარჩა.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაზე მეტად სამუშაოსადმი ერთგულებას აფასებთ,
მართალია, რომ თქვენს ლაბორატორიაში ხალხი დღეში 16 საათს მუშაობს და თანაც პრაქტიკულად დასვენების დღეების უქონლად?
– თანამშრომლების
სამუშაოსადმი დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თავდავიწყება. ვფიქრობ,
ყოველ ხელმძღვანელს შეუძლია მიაღწიოს თავისი თანამშრომლების თავდავიწყებას, თუ მათ საკუთარ მაგალითს უჩვენებს. არ მიყვარს, როცა
სხვები ჩემზე მეტს მუშაობენ, მომწონს, როცა
ისინი ჩემთან ერთად მუშაობენ, ერთ უღელში ვართ შებმული. არა მგონია, ჩემმა თანამშრომლებმა
თავიანთი სურვილით იმდენი იმუშაონ, რამდენსაც
მე ვმუშაობ, მაგრამ, როცა ხედავენ, თუ როგორ ვმუშაობ მე, ისინიც სულ უფრო ინტენსიურ მუშაობას იწყებენ. შემდეგ თავად ხედავენ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და ა. შ. ეს
კი მათ აღაფრთოვანებთ და უჩნდებათ შემოქმედებით წარმატებათა მიღწევის სურვილი…
– რომელი ასეთი მიღწევა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
– იყო ძალიან ამაღლებული
შემთხვევები. მაგალითად, როცა პირველად გამოვიყენეთ დნმ-ლიგაზა და დავრწმუნდით, რომ მისი საშუალებით შეიძლებოდა ოლიგონუკლეოტიდების
შეკავშირება. ამგვარი დღეები იშვიათია. მაგრამ
გვქონდა სხვა, მათი მსგავსი დღეებიც. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გენის სინთეზირებას
დავიწყებდით, საღამოს თერთმეტის ნახევარზე დავადგინეთ, რომ დნმ-ს პატარა ნაწილაკები
შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს კორბერგის მიერ აღმოჩენილი დნმ-პოლიმერაზის დახმარებით. კარგად მახსოვს, ლაბორატორიიდან რომ გამოვედით, შუაღამე გადასული იყო, ყველაფერი დაკეტილი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ მაინც შევცვივდით
ერთ-ერთ ბარში და ვსვით ლუდი. ვიცოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეს ყოველთვის მეტად
ამაღელვებელი მომენტია.
– რა იმედებს ამყარებთ
მეცნიერების მომავალ განვითარებაზე?
– ვფიქრობ, მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია თანამედროვე
კაცობრიობის წინაშე დაყენებული იმ ურთულესი პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა, მაგალითად, კაცობრიობისათვის საკმარისი სურსათის წარმოება ან ჩვენი საცხოვრებელი
გარემოს შენარჩუნება.
– მაგრამ თქვენ ზოგადად
ლაპარაკობთ მეცნიერებაზე. რას ფიქრობთ პირადად თქვენი მუშაობის შედეგებზე?
როდესაც პრესაში ინფორმაცია გამოჩნდა გენის სინთეზირების თაობაზე, ადამიანის მემკვიდრეობითობის
მართვის შესაძლებლობას წმინდა ფანტაზიად არ აღიქვამდნენ, ამგვარმა შესაძლებლობამ ხალხში საკმაოდ ბუნებრივი
განგაში გამოიწვია.
– განგაში პრაქტიკულად
ნებისმიერმა სამეცნიერო სამუშაომ შეიძლება გამოიწვიოს. უფრო მეტიც, ცოდნის ამ ორგვარი გამოყენების პრობლემას
ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს. მაგალითად, ადამიანმა ისწავლა ცეცხლის მიღება, ცეცხლით მას შეეძლო როგორც საკუთარი საცხოვრებლის
გათბობა, ისე მეზობლის სახლის გადაწვა… ამ პრობლემას ნობელიც წააწყდა: დინამიტს იყენებენ როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო მიზნით. ამიტომ მთავარია მეცნიერული
მიღწევების გონივრულად გამოყენება. თუ ეს ასე
არ მოხდა, შედეგები შეიძლება ძალზე სავალალო აღმოჩნდეს.
– პრესაში გამოჩნდა
ცნობა, რომ მოლეკულური ბიოლოგიის ზოგიერთმა სპეციალისტმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა აქტიური მეცნიერული
მუშაობისათვის, რადგან ამ მეცნიერების
მიღწევები მომავალში შეიძლება კაცობრიობის საზიანოდ იყოს მიმართული. როგორ აფასებთ
ასეთ მოქმედებას?
– ვფიქრობ, უაზროა
შეწყვიტო მუშაობა არჩეული მიმართულებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცი, რომ ამ მუშაობის შედეგები შეიძლება ადამიანის
საზიანოდ გამოიყენონ. ის, რაც ერთმა არ გააკეთა, ადრე თუ გვიან სხვა
გააკეთებს. ასე რომ, მეცნიერული საქმიანობიდან
პასიური გასვლა არაფერს მოგვცემს.
– რას ფიქრობთ, შეიძლება თუ არა თავიდან
ავიცილოთ მეცნიერული, კერძოდ, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიღწევების გამოყენება
ადამიანის საზიანოდ?
– იმედი მაქვს, რომ მემკვიდრეობითობის ხელოვნური მართვა
რეალური გახდება, ხალხი საკმაო სიბრძნეს გამოიჩენს, რათა ჭკვიანურად გადაწყვიტოს ამგვარი
პრობლემები. ამჟამად კაცობრიობის წინაშე მრავალი პრობლემა დგას. მათ შორის, მაგალითად,
აღსანიშნავია კოსმოსური სივრცისა და თანამედროვე ცივილიზაციის ხელთ არსებული ძალების
გამოყენების პრობლემები. ცხადად შეინიშნება ამგვარი პრობლემების გონივრულად გადაწყვეტის
ტენდენცია. ის კი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ალბათ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გარკვეულ
მნიშვნელობას შეიძენს. ვფიქრობ, იმ დროისათვის კაცობრიობა მნიშვნელოვნად დაჭკვიანდება.
– ზოგიერთი მეცნიერი
უარყოფითად ეკიდება მეცნიერული ცოდნის პოპულარიზაციას, რადგან პოპულარიზაცია დაკავშირებულია სამეცნიერო სამუშაოს არსის გამარტივებასთან. ხომ
არ ფიქრობთ, რომ თუნდაც გარკვეული გამარტივების
ხარჯზე მიღწეული საჯაროობა კაცობრიობას მისცემს უფრო აზრიანად, ე. ი. უფრო ჭკვიანურად, მიუდგეს იმას, რაც მომავალში ელის?
– რასაკვირველია. საჯაროობას, მეცნიერული პრობლემების ფართო განხილვას საზოგადოების ცხოვრებისათვის მხოლოდ დადებითი მნიშვნელობა აქვს.
ლევან ლეონიძის მწარე ფრაზა
ლიტერატურის მკვლევარებისთვის და მეოცე საუკუნის ქართული
პერსონალიით დაინტერესებულ პირთათვის ლევან ლეონიძე დიდი პოეტის – გიორგი ლეონიძის
ძმაა, ევროპაში განათლებამიღებული, სპეციალობით ზოოტექნიკოსი, გერმანიაში, ქალაქ კილში
ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნების
შემდეგ – ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი, თავისი საქმის შესანიშნავად მცოდნე.
პირადად ჩემთვის კი ლევან ლეონიძე, პირველ ყოვლისა, ის მწარე ფრაზაა, რომელიც მან ძმასა
და ტიციან ტაბიძეს უთხრა კახური პირდაპირობით:
– მძ...ერს რომ ჭამთ, ჭამეთ, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ მერე
ნუ იძახით, იფ, იფ, რა გემრიელი არისო.
ლევან ლეონიძემ ამ ფრაზით საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი
როგორც საბჭოთა წყობილებასთან შეურიგებელმა, მტკიცე ნების კაცმა. ალბათ ამიტომაც ვერ
გადაურჩა სისხლიან 37-ს.
ამ ფრაზის სიმწარეს თქვენი თაობა ვერ გაიგებსო, – შეიძლება
გვითხრან უფროსებმა და ეს ნაწილობრივ მართალიც იქნება. ოღონდ – ნაწილობრივ: რეპრესიები
ჩავლილია, განსხვავებული აზრისთვის შეიძლება არავის ხვრეტენ, მაგრამ იმის ცდუნება კი
ნამდვილად არსებობს, რომ ზოგიერთმა მლიქვნელმა და მაამებელმა პატივისა და კეთილდღეობის
გამო ქაქსა და სიბინძურეზე თქვას, – ასეთი მშვენიერი რამ აქამდე არ მინახავსო. ნაგავი
ცხოვრების წესად გამოაცხადოს.
აქ კი ლევან ლეონიძის გაუბზარავი პიროვნება
დგას (ალბათ ამიტომაც მოანათვლინა მას და გრიგოლ რობაქიძეს თავისი უმცროსი ქალიშვილი
რუსუდანი მიხეილ ჯავახიშვილმა), რომელიც არ განასხვავებს სისტემასთან
ნებით თუ ძალდატანებით შერიგებულებს, რადგან მისთვის მნიშვნელობა არა აქვს – შიში გიკარნახებს
დიქტატორულ რეჟიმთან დაზავებას თუ გამორჩენის, კარიერისტული აღმასვლის სურვილი.
იმ მწარე, ეპოქალური ფრაზის გარდა, ლევან ლეონიძისგან
სამაგალითო ბევრი სხვაც დარჩა:
ჩეკას საპატიმროდან
გამოგზავნილი წერილები, სადაც არაადამიანურ პირობებში მყოფი საოცარი სიყვარულითა და თანაგრძნობითაა
გამსჭვალული. დედისადმი: „ძვირფასო დედავ! გაკოცებ ბევრს, ჩემი დარდი ნუ გექნება”;
მეუღლის – მარია ჰოფმანისადმი: „მე კარგად ვარ და ჩემი დარდი ნუ გექნება, მალე მოვალ
სახლში. აქ კარგია. იყავი ყოჩაღად. გული არ გაიტეხო. ბევრს გაკოცებ”; ისევ მეუღლისადმი:
„ჩემო საყვარელო მარო! შენი წერილი მივიღე. ძალიან გამეხარდა, რომ კარგათა ხართ…
ქალაქში ძალიან ცხელა და ტყუილად ნუ ჩამოხვალ. როცა სოფელში ხართ, მაშინ არაფრის დარდი
არა მაქვს. თუ გინდა ჩამოდი 22-ში. მე ძალიან კარგად ვარ და ჩემი დარდი ნუ გექნება.
დედაჩემი ხომ კარგად არის? გაკოცებთ ყველას, ბევრს, ბევრს!.. შენი ლევანი,
5/VIII.37″.

ოჯახი: გერმანელი
ცოლი მარია ჰოფმანი (რომელსაც შინაურობაში მაროს ეძახდნენ) და შვილები – ლილი და ლევანი. სხვათა შორის, გაუგონარი რეპრესიების შემდეგ,
როცა დაპატიმრებულთა და გადასახლებულთა შინ დაბრუნების იმედი ყველას გადაეწურა, გერმანიაში
დარჩენილმა ძმებმა მარიას სამშობლოში შვილებთან ერთად დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ
მან უარი შეუთვალა – როცა ლევანი დაბრუნდება, მე, მისი ცოლი, აუცილებლად
შინ უნდა დავხვდეო! ამ დიდი სიყვარულის ამბავს – ბევრ საიდუმლოს და გულწრფელ აღსარებას
მეუღლის აჩრდილთან მკითხველი სულ ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნში გაეცნობა (მადლობას
იმსახურებს ნინო ჩხიკვიშვილი, რომელმაც შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა
დაურთო ლევან ლეონიძისა და მარია ჰოფმანის დღიურებს).
მესაქონლეობის
ლექსიკონი. ზოოტექნიკოსების
შეფასებით, – „ამ წიგნმა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის
შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით
(ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების,
მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი
ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული,
ანდა ნაკლებ ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის”. წიგნს მაღალ შეფასებას
აძლევდნენ ენათმეცნიერები – ქეთევან ლომთათიძე და მიხეილ ჭაბაშვილი. ნაშრომი ლევან
ლეონიძემ ივანე ჯავახიშვილს მიუძღვნა.
რა დარჩა კიდევ?
გიორგი ლეონიძის
ცნობილი ლექსი „არ დაიდარდო, დედაო”, რომელსაც ასეთი ეპიგრაფი აქვს:
„1949 წ.ნოემბერს ტამანის ნახევარკუნძულზე ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი, ლევანი რქმეოდა“.
ეპიგრაფი მისტიფიცირებულია. ცხადია,
რომ ძმის დაღუპვით, უახლოესი ადამიანის გაქრობით გამწარებული და შეურაცხყოფილი პოეტი
მთელი ცხოვრება დაატარებდა ტკივილსა და სინანულს, მაგრამ ამის პირდაპირ თქმა და გამოქვეყნება მაშინ შეუძლებელი
იყო, ამიტომ სტრიქონებში გააპარა:
„მე არ დამკარგავს სამშობლო, / სულ
ვეხსომები ლევანი, / სანამდის საქართველოში / იწურებოდეს
მტევანი…”
ხოლო რისი ლექსში გაპარებაც არ შეიძლებოდა,
ლადო ასათიანის დასაფლავებაზე თქვა:
„შენ
ბედნიერი ხარ, გულზე საქართველოს მიწა მაინც გაცვივა და შენს თბილ საფლავს ნათესავები
და ტოლ-მეგობრები დასტირიან. რამდენი შენი ამხანაგის საყვარელი ძვლები დნება ახლა უკუბოოდ და უმისამართოდ ბრძოლის ველზე, განა რამდენ შინმოუსვლელს დავიტირებთ ასე, შენსავით!” (სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ გიორგი ლეონიძე მთელი ცხოვრება პატრონობდა ობლად
დარჩენილ ძმის ოჯახს).

ამ ყველაფერთან ერთად – შალვა აფხაიძის მოგონებაა
საგულისხმო, სადაც ლევან ლეონიძე იმ პრობლემას ეხება, რომელიც დღესაც თანამედროვე,
აქტუალური და მტკივნეულია:
„– დაანებე, ბიჭო, ამ ლექსებს თავი. – ეუბნებოდა ხუმრობით ლევანი ძმას. მის სიტყვებში
ირონიაც იგრძნობოდა, – ლექსებით ჩვენ ხალხს ვერ გამოვკვებავთ, მას მდიდარი პოეზია აქვს,
ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი მატერიალური დოვლათი, – დაუწყებდა იუმორით შეზავებულ მტკიცებას:
– მეტი კარაქი, შაშხი, რძე… ხალხი ეკონომიკურად უნდა მოღონიერდეს, კუჭი ამოივსოს,
მაშინ მისი სულიერი კულტურაც ამაღლდება, თორემ მშიერსა და გაძვალტყავებულ ხალხს რა
ელექსება”.
და კიდევ, ყოველთვის, როცა ჩვენში შემოაღწევს მოძალადე
სისტემასთან შერიგებისა და კარიერისტული აღმასვლის სურვილი, სულ უნდა გვახსოვდეს ლევან
ლეონიძის ის მწარე ფრაზა.



ვრცლად

