ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

დამტკიცების პედაგოგიური დანიშნულება მათემატიკაში

0
მსჯელობა-დასაბუთებას მათემატიკაში ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა. მათემატიკური შინაარსის ტექსტებში ამ პროცესს დამტკიცება ეწოდება. განს­ხვავება მათ შორის  შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა ფორმალიზებული – დამტკიცების პროცესის თითოეული საფეხური უნდა აკმაყოფი­ლებდეს ფორმალური ლოგიკის მკაცრ მოთხოვნებს. დასაბუთების დროს მსჯელობა ნაკლებად ფორმალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში დასაშვებია უზუს­ტობები და მცდარი გამონათქვამები. დასაბუთების დროს მიღებულია ნაკლები დეტალიზაცია და ზოგიერთი წარმოდგენილი არგუმენტის სიცხადეზე დაყრდნობა. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ საჭიროების შემთხვევაში ავტორს შეუძლია უფრო დეტალური არგუმენტების წარმოდგენა. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტი საზღვარი ამ ორ პროცედურას (დასაბუთებასა და დამტკიცებას) შორის არ არსებობს – ნებისმიერი დეტალური დამტკიცება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ უფრო დეტალური გავხადოთ. ამავე დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, მსჯელობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორმალური ლოგიკის კანონებს (მაგ., „ჩემპიონები სვამენ კოკა-კოლას!”. შეფარული მინიშნება, რომელიც ლოგიკურად მცდარია – „დალიე კოკა-კოლა თუ გსურს, რომ ჩემპიონი იყო!”). ფორმალური ლოგიკა, როგორც მათემატიკის ერთ-ერთი მიმართულება, არ წარმოადგენს სასკოლო მათემატიკის შემადგენელ ნაწილს. მიუხედავად ამისა, მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება მათე­მატიკის სწავლების ძირითადი მიზანია: (მოსწავლე) გადმოცემისას სწორად და ეფექ­ტიანად იყენებს მათემატიკურ ტერმინებსა და აღნიშვნებს. ადეკვატურად ირჩევს სიმკაცრის დონეს და როდესაც საჭიროა, დასაბუთებისას იყენებს მკაცრ მათემატიკურ მსჯელობას (მათ შორის ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობას) – ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივი პროგრამიდან.

 ვრცლად 

მისი აღმატებულება ფეხბურთი

0

უკანასკნელი ორი საუკუნეა, ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. ის მუდამ სარგებლობდა ბავშვების დიდი ინტერესით და მოზარდებს შორის სასკოლო პირველობებიც რეგულარულად იმართებოდა. ასეთ ტურნირებზე არაერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იქნა აღმოჩენილი. საზოგადოდ, სკოლის ფეხბურთი ეზოს ფეხბურთთან ერთად მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ფენომენად მიიჩნევა.

ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი მოზარდებისთვის დღესაც სპორტის უსაყვარლესი სახეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლებში ფეხბურთისა და, საზოგადოდ, სპორტის სწავლების დონე ისეა დაკნინებული, რომ იშვიათად ნახავთ სკოლას (გარდა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლებისა), მოზარდის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად რაიმე პირობა რომ იყოს შექმნილი.
10-15 წლის წინ ამ კუთხით საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იყო. სკოლებში ფეხბურთის სათამაშოდ ბავშვებს არავითარი პირობა არ ჰქონდათ. ისინი გარკვეული ხნის შემდეგ თავს ანებებდნენ თამაშს, ამის მიზეზად კი მხოლოდ და მხოლოდ პირობების უქონლობა სახელდებოდა. იმ პერიოდში საქართველოს ვერც ერთი ასაკობრივი ნაკრები ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნების ნაკრებები, როგორებიც არიან ინგლისი, უკრაინა და ესპანეთი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად და იოლად დასამარცხებელ მეტოქედ მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და ნახევარფინალამდე მიაღწია. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების წინსვლა ნახევარფინალში შეწყდა. ვასილ მაისურაძის გუნდი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ჰოლანდიის ნაკრებთან, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
 
გიორგი გეგენავა, სპორტული კომენტატორი: “ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების შარშანდელი წარმატება მე მაინც შემთხვევითობა მგონია და არა გეგმაზომიერი მუშაობის ნაყოფი. სანამ ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ტურნირების ტრადიცია არ აღდგება და სკოლებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ გამოსწორდება, მანამდე ხელშესახებ წარმატებას ვერც ფეხბურთში და ვერც სპორტის სხვა სახეობაში ვერ მივაღწევთ. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ესპანეთისა და ინგლისის დონის გუნდებთან შეხვედრაში იწრთობიან ბავშვები და ძალიან კარგია, რომ ამ ორი, მართლაც წამყვანი ქვეყნის ნაკრებებთან არ წავაგეთ – ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა შეემატებათ და რომ გაიზრდებიან, თამაშის დაწყებამდე არ წააგებენ შეხვედრას. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, როცა შენზე 100-ჯერ განვითარებულ ქვეყანას ეთამაშები – გინდა, სპორტული ინფრასტრუქტურით და გინდა, ეკონომიკური თვალსაზრისით. მარტო ლონდონშია იმდენი სტადიონი და ბაზა, რამდენიც მთელ საქართველოში (უფრო შორს რომ არ წავიდე), ესპანელებს კი იდეალურად აწყობილი მექანიზმი აქვთ, რაც კომპლექსური მუშაობით გამოიხატება. გავიძახით, ფეხბურთის მშენებლობა საძირკველიდან (ბავშვთა ფეხბურთიდან) იწყებაო, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ საძირკვლის ჩამყრელი – ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი – თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს? საერთო დონის ასაწევად ეს არ არის საკმარისი, დროა, პროფესიონალებმა აკეთონ საქმე და არა დილეტანტებმა, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საჭირო დონის ასამაღლებლად და ამასობაში წლებიც გარბის…”
რა მოგვიტანს წარმატებას მომავალში? რა თქმა უნდა, თაობა, რომელიც უნდა აღიზარდოს და რეალობა შეცვალოს. ამ თემის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ბევრიც დაიწერა, ტელევიზიითაც არაერთი გადაცემა გადაიცა. მიუხედავად ამისა, საკითხი ამოწურულად ვერ ჩაითვლება. თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, სკოლები უმთავრესად პიარზე გათვლილი განცხადებებით შემოიფარგლებიან, საქმე კი არსად ჩანს. აქა-იქ არის ლოკალური გამონათება ამ კუთხით, მაგრამ საერთო ფონის შეცვლა ვერა და ვერ ხერხდება.

ფეხბურთის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სანამ მასშტაბურად არ მოვიცავთ დედაქალაქსა და რეგიონებს, მანამდე 4-5 სკოლის განვითარება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის სურათს. შესაძლოა, საბავშვო კლუბმა მცირედი მოგებაც ნახოს, მაგრამ საერთო სურათი იმდენაც მძიმეა, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის ამას, თამამად შეიძლება, ზღვაში წვეთი ვუწოდოთ.
წარმატებული აკადემიის, ცენტრისა თუ სკოლის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა არსებობს: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური კადრები (დირექტორები, მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები, მასაჟისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მინდვრის მომვლელები) და, რაღა თქმა უნდა, ბავშვები, რომლებიც სათანადო დონეზე უნდა მომზადდნენ.

გიორგი გეგენავა: “ინფრასტრუქტურა არ გულისხმობს მხოლოდ მოედანს. ეს ცნება თავისი არსით მრავალ საკითხს იტევს. აქ იგულისხმება მოწესრიგებული გასახდელები, საშხაპეები თბილი წყლით, საპირფარეშოები, სადაც, ელემენტარულად, წყალი იქნება და ჰიგიენური პირობების არარსებობა არათუ ბავშვს, მოზრდილსაც კი შოკს არ მოჰგვრის; შემდგომ ამისა, ეკიპირება, ბურთები და სხვა სავარჯიშოდ საჭირო მოწყობილობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია სამედიცინო ბაზა წამლებით, ვიტამინებით, ჟანგბადით… რაოდენ საჭიროა გამართული სამედიცინო კაბინეტი, ამის მკაფიო დასტურია ლეო მესის შემთხვევა: რომ არა მედიკოსები, შესაძლოა, ფეხბურთის მოყვარულებს საერთოდ ვერ გვეხილა ეს “პატარა ჯადოქარი”… ზემოთქმულის განხორციელება შეუძლებელია, თუ ამ ყოველივეს უნარიანად არ უხელმძღვანელა დირექტორმა. მას უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება პროფესიონალი კადრების შერჩევის კუთხით. საჭიროა მწვრთნელი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და მიმართულება მისცეს საწვრთნელ პროცესს, საჭიროებისამებრ ინდივიდუალური წვრთნები დაუნიშნოს ბავშვებს, რომელთაც სხვადასხვა კომპონენტში სჭირდებათ დონის ამაღლება”.
სპორტის სპეციალისტების აზრით, განუსაზღვრელია ბავშვების აღზრდაში ფიზმომზადების მწვრთნელის როლი, რადგან ზღვარგადასულმა დატვირთვამ შესაძლოა სხეული გადაწვას და მოზარდის კარიერას წერტილი დაუსვას. ასევე გვერდს ვერ აუვლით აღდგენით პროცედურებს ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ, მასაჟებს… სამედიცინო კუთხით მუშაობა სათანადოდ, ფაქტობრივად, არც ერთ სკოლაში არ მიმდინარეობს, უამისოდ კი თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია, რადგან ყველა ბავშვის ორგანიზმი ერთნაირად არ არის მოწყობილი და განვითარებული. სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში დიეტით, ვიტამინებით, კვების სწორი რაციონის შედგენით და ა.შ. შეიძლება, “დაკარგული თაობა” ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩავაყენოთ.

“ცრემლები სამოთხეში”

0
გაგიგონიათ რამე ჯგუფზე “Cream”? ბლუზისა და ფსიქოდელიური როკის აქტიური მსმენელები ამ კითხვაზე ალბათ დადებით პასუხს გამცემენ, ფართო საზოგადოება კი “Cream”-ს, ვფიქრობ, ნაკლებად იცნობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს ჯგუფი “The Doors”-ივით, “Deep Purple”-ივით, “Led Zeppelin”-ივით ან თუნდაც “Pink Floyd”-ივით პოპულარული არ არის, “Cream”-ის ხანმოკლე არსებობაა. ბენდმა მოღვაწეობა 1966 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა შინაკონფლიქტებისა და განსაზღვრულ საკითხებზე მუსიკოსთა შეუთანხმებლობის გამო.

აღსანიშნავია, რომ “Cream-მა” 2005 წელს გრემის “ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდო” (Lifetime Achievement Award) მიიღო. ამ ჯილდოს ისეთ მუსიკოსებს ანიჭებენ, რომელთაც თავიანთი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მუსიკის განვითარებაზე. ის მიღებული აქვთ დიუკ ელინგტონს, ელა ფიცჯერალდს, ლუი არმსტრონგს, ჩარლი პარკერს, მაილს დევისს, რობერტ ჯონსონს, ჯიმი ჰენდრიქსს… სწორედ ჰენდრიქსის ერთ-საყვარელი ბენდი გახლდათ “Cream”, რომელშიც მისი კარგი მეგობარი უკრავდა.
 
ამ “კარგი მეგობრის” სახელი ბევრმა მელომანმა იცის. მისი 2-3 კომპოზიცია მაინც ყველას მოუსმენია. გაიხსენეთ:
If I Could Reach The Stars,
Pull one down for you…

ერიკ კლეპტონი – უკვე 70 წელს მიტანებული ბლუზის ლეგენდა. ადამიანი, რომლის ცხოვრებასაც თან ახლდა დიდი ტკივილი, ბევრი ალკოჰოლი, ნარკოტიკების დიდი დოზები, სასიყვარულო ურთიერთობა ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის – ჯენის ჯოპლინთან, პეტი ბოიდთან (რომელიც ჯერ ჯორჯ ჰარისონის, მერე კი თავად ერიკის მეუღლე გახლდათ) და საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისთან კარლა ბრუნისთანაც კი.

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, კლეპტონის მუსიკალური კარიერა ქუჩიდან დაიწყო. ჯერ კიდევ თინეიჯერი, კინგსტონის, რიჩმონდისა თუ ვესტ ენდის ქუჩებში უკრავდა. იქიდან ადგილობრივ კლუბებში გადაინაცვლა, 1963 წელს კი ჯგუფ “The Yardbirds”-ს შეუერთდა. ეს ჯგუფი იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა დროს მასში ჩვენი დროის სამი ლეგენდა: ერიკ კლეპტონი, ჯიმი პეიჯი და ჯეფ ბექი – ირიცხებოდა.

“Yardbirds”-იდან ერიკი 1966 წელს წამოვიდა და სწორედ იმ ბენდს შეუერთდა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. “Cream”-მა თავისი ორწლიანი არსებობის განმავლობაში მოახერხა და ბევრი დასამახსოვრებელი კომპოზიცია შექმნა. მათგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რობერტ ჯონსონის ლეგენდარული “Crossroads”-ის სრულიად ახლებური ვერსია მიმაჩნია:

ვიდეო 2005 წელს “Royal Albert Hall”-შია გადაღებული. დაშლიდან 37 წლის შემდეგ კოლექტივი კიდევ ერთხელ გაერთიანდა და დაუვიწყარი შოუ შესთავაზა მაყურებელს.

“Cream”-ის დაშლის შემდეგ კლეპტონმა მრავალ პროექტში მიიღო მონაწილეობა. 70-იანებში ნარკოტიკებსაც დაანება თავი და ბევრ სხვადასხვა სტილის მუსიკოსთან მოსინჯა საკუთარი ნიჭი. მათი სათითაოდ ჩამოთვლა ნამდვილად არ ღირს, თუმცა 1984 წელს როჯერ უოტერსთან ერთად შექმნილი ალბომი “The Pros and Cons of Hitch Hiking” ჩემთვის ერთ-ერთ ძვირფას ნამუშევრად რჩება. მუსიკის ხარისხი ძალიან მაღალია, ორი უდიდესი მუსიკოსის კოლაბორაციამ კი ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

1984 წლის შემდეგ კლეპტონი და უოტერსი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ სცენაზე ერთად. ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა ალბათ 2005 წელს ცუნამით დაზარალებულთა დახმარების ფონდისთვის გამართული შოუ გახლდათ, სადაც როჯერმა და ერიკმა უკვდავი კომპოზიცია “Wish You Were Here” აკუსტიკურად შეასრულეს.

კლეპტონის 80-90-იანი წლების წარმატებებს თან დიდი ტკივილიც ახლდა… მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის შესახებ ბევრმა ალბათ არც არაფერი იცის. საქმე ის არის, რომ 1991 წელს ნიუ-იორკში მისი 4 წლის ვაჟი კონორი ოჯახის მეგობრის ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ბინა 53-ე სართულზე მდებარეობდა… ტკივილის დაძლევაში ერიკს ისევ მუსიკა დაეხმარა. ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტი, “Tears in Heaven” (“ცრემლები სამოთხეში”) კლეპტონმა სწორედ დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ 1992 წელს აღნიშნული სიმღერისა და აკუსტიკური ალბომის წყალობით მუსიკოსმა გრემის 6 ჯილდო მიიღო.

კლეპტონი ერთადერთი მუსიკოსია, რომლის სახელიც სამჯერაა მოხსენიებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში (“Rock and Roll Hall of Fame”), ერთხელ – როგორც სოლო არტისტისა, ხოლო ორჯერ – როგორც ჯგუფების “Cream”-ისა და “Yardbirds”-ის წევრისა (ცნობისთვის, დიდების დარბაზი ოჰაიოს შტატში მდებარეობს და ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს, რომელიც როკ-ენ-როლის ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს).

ერიკი მუსიკალურ მოღვაწეობას დღესაც საკმაოდ ნაყოფიერად განაგრძობს. 2012 წლის ნოემბერში მისი ახალი ალბომი “Old Sock” (“ძველი წინდა”) გამოვიდა. ალბომში რამდენიმე სპეციალური სტუმარია მოწვეული, მათ შორის – სტივ ვინვუდი და თვით პოლ მაკარტნიც კი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ალბომი ძალიან კარგად ისმინება – ისეთივე “კომფორტულია”, როგორიც საყვარელი წინდა 🙂

მნიშვნელოვანია კლეპტონის წვლილი ბლუზის განვითარებაში. მის მიერ ორგანიზებული ფესტივალი “Crossroads”, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ბლუზის უძლიერეს შემსრულებლებს აერთიანებს ყველა ქვეყნიდან. ფესტივალში მონაწილეობა დიდი პატივია ყველა დამწყები თუ პროფესიონალი ბლუზმენისთვის. მათ საშუალება ეძლევათ, ისეთ ვარსკვლავებთან ერთად დაუკრან, როგორებიც ბი ბი კინგი, რობერტ ქრეი, ბადი გაი, თავად კლეპტონი და სხვანი არიან.

ბოლო ასეთი ფესტივალი სულ ახლახან, 12-13 აპრილს გაიმართა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერია ინტერნეტში გავრცელებული. მოუთმენლად ველი მთლიანი ვიდეოს გამოსვლას, რათა კიდევ ერთხელ ვირწმუნო ერიკ კლეპტონის, ამ უდიდესი მუსიკოსის გენიალურობა.

შეძლებს კი 17 წლის ყმაწვილი ამერიკის განათლების სისტემის გადარჩენას?

0
ამერიკული ჰაი-სქულის მოსწავლე, ავტორი და საერთაშორისო სპიკერი ნიხილ გოიალი
ავტორი: ერიკა სვოლოუ
ერთწლიანი საერთაშორისო გამოსვლების, “ნიუ-იორკ ტაიმსსა” და “ჰაფინგტონ პოსტში” გულახდილი ჟურნალისტური წერილების, ბიზნესმენებთან, განმანათლებლებთან, სტუდენტებსა და მშობლებთან ასზე მეტი ინტერვიუს შემდეგ სიოსეტის ჰაი-სქულის (Syosset High School) 17 წლის მოსწავლემ, ამერიკელმა ნიხილ გოიალმა (Nikhil Goyal), განაცხადა, რომ მალე გამოსცემს თავის პირველ წიგნს, სათაურით “ერთი ზომა ყველას ვერ მოერგება: სკოლის შეფასება მოსწავლის მიერ” (One Size Does Not Fit All: A Student’s Assessment of School).

იმ უამრავი ნაშრომის ფონზე, რომლებიც ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციების დანერგვას ეხება, ეს გახლავთ პირველი წიგნი, რომელიც სასკოლო სისტემაში მყოფმა მოსწავლემ დაწერა.

გოიალი მკითხველს სთავაზობს მოგზაურობას ამერიკული განათლების სისტემის ისტორიაში, რომელიც იწყება ადრეული მე-19 საუკუნის პრუსიული მოდელით და სრულდება უახლესი სამთავრობო პროგრამებით – No Child Left Behind და Race to the Top და ჩარტერული სკოლები დამწყებთათვის.

განათლების ამერიკული სისტემის უცხოელ “კოლეგებთან” შედარების შემდეგ გოიალი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, დიდ ყურადღებას არ აქცევს მოსწავლეთა ცოდნის საერთაშორისო შეფასების პროგრამის PISA scores-ის მაჩვენებლებს და გვთავაზობს უამრავ იდეას, – 40-ზე მეტს, – რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგანმანათლებლო სისტემის “კაპიტალური რემონტისთვის”.

გოიალი ნათლად გვიხატავს მისთვის იდეალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას და რამდენიმე ცვლილებას გვთავაზობს:

* გაუქმდეს სტანდარტიზებული ტესტები და შეფასებები და მოსწავლეთა ცოდნის შეფასება შეიცვალოს უფრო ყოვლისმომცველი სისტემით, როგორიცაა კოლეჯისა და სამსახურისთვის მზადყოფნის შეფასება;

* თავიდან იქნეს გააზრებული საკლასო ოთახის დანიშნულება და ფუნქცია; დაიწყოს ბავშვთა ჯგუფების ჩამოყალიბება შესაძლებლობების (და არა ასაკის) მიხედვით, სწავლება ეფუძნებოდეს გამოცდილების გაზიარებას (და არა ლექციებს), მოხდეს შესწავლა-გაზიარება 21-ე საუკუნის უნარებისა, რომლებშიც ავტორი გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებით აზროვნებას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას, ცნობისმოყვარეობას, რისკის გაწევასა და შეცდომების გამოსწორებას;

* მოხდეს მასწავლებლის პროფესიის ტრანსფორმაცია, მათ გადაუხადონ მეტი, გაუქმდეს ხელფასების სისტემა, რომელიც სამსახურის წლებსა და დამსახურებას ეფუძნება, შეიქმნას “მასწავლებელთა ვესტ-პოინტი”  და შეწყდეს “ალქაჯების დევნა”, რადაც გადაიქცა მასწავლებელთა შეფასება სტუდენტების მიერ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით.

გონიერი და მგზნებარე ახალგაზრდა კაცი, ნიხილ გოიალი, თავის წიგნს “ამერიკის საგანმანათლებლო სისტემის რევოლუციონირების ინაუგურაციას” უწოდებს. ცვლილებებისა და განსხვავებული მიდგომებისადმი სწრაფვა გამოარჩევს მის წიგნს ამ ჟანრის სხვა ნაშრომებისგან. გარდა ამისა, გოიალი განსხვავდება თანატოლებისგანაც, რომლებიც ამერიკის მოსაწყენი განათლების სისტემის გავლენას განიცდიან. “შეუსაბამო და ჯოჯოხეთურად მოსაწყენი” – ასე მოიხსენიებს გოიალის ფაქტებით გაჯერებული და რეალისტური წიგნი ამერიკულ სასკოლო სისტემას.

მილიონობით მოსწავლეს მთელ ამერიკაში ამ სისტემამ უკვე მიაყენა ზიანი – ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა, ჩვენც ხომ იქვე ვიყავით. დამამთავრებელი კლასებიდან (ჰაი-სქული) სწავლას სულ უფრო მეტი მოზარდი ანებებს თავს და ისინიც, ვინც სკოლას ამთავრებენ და უმაღლესში აგრძელებენ სწავლას, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სხვა გზის არჩევისა ეშინიათ.

გოიალი ადასტურებს, რომ განათლება გამოცდებისგან, დაკითხვებისა და გამოძიებისგან შედგება. ეს მაშინ, როცა სწავლა ადამიანს ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე სიხარულით უნდა ავსებდეს. ჩვენ უნდა ვეძებდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, ვკამათობდეთ, ვეძიებდეთ გზებს და ვსწავლობდეთ სამყაროს ჩვენ გარშემო. ნაცვლად ამისა, ჩვენ გვაიძულებენ ვისხდეთ მერხებთან, კრინტი არ დავძრათ, ვუსმინოთ და ვილაპარაკოთ მხოლოდ ხელის აწევის შემდეგ. “იმ ხნის განმავლობაში, რასაც სკოლაში ვატარებთ, – ამბობს გოიალი, – ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვიაზროვნოთ, ანუ ვიაზროვნოთ ისე, როგორც აზროვნებს ყველა ჩვენ გარშემო, ხოლო კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვფლანგავთ. ყველაზე უარესი ის არის, რომ ჩვენ თავს ვანებებთ კითხვების დასმას, ჩვენ ვუფრთხით რისკებს, რადგან ამ შესანიშნავი წლების განმავლობაში სკოლაში “სწორი პასუხების” გაცემას გვასწავლიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ესწავლებინათ კითხვების დასმა და დამოუკიდებლად ფიქრი პრობლემების გადასაჭრელად”.

გოიალს პირველად ივლისში შევხვდი. მან ყავაზე დამპატიჟა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თვითონ კაკაოს მიირთმევდა. “ყავას ჯერ არ ვსვამ”, – მითხრა ნიხილმა, როდესაც მის წიგნსა და მის საზაფხულო პარაქტიკაზე სასაუბროდ დავსხედით. საუბარი ბიზნესსკოლაში ჩემი ჩაბარებისა და GMAT-ის ტესტის მოსაწყენი მოსამზადებელი პერიოდის განხილვით დავამთავრეთ.

ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ განათლების სისტემის გოიალისეული ხედვის მოსმენის შემდეგ თავი ისე ვიგრძენი, როგორც დანომრილმა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ისე იქცევა, როგორც ეტყვიან –  აბარებს ბაკალავრიატში (კოლეჯში), რამდენიმე წელი მუშაობს, აბარებს უნივერსიტეტში.. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის გზა იყო, რომლის არჩევაც მე გადავწყვიტე, თუმცა საშუალებები, რომლებიც ამ გზას სჭირდება, კრიტიკას ვერ უძლებს.
მე სავსებით ვეთანხმებოდი გოიალს შემდეგ საკითხებში: ის თვე, რომელიც GMAT-ის დაზეპირებაში დავხარჯე, შემეძლო კოდექსის სწავლისა თუ მეწარმეობის კვლევისთვის გამომეყენებინა – იმ ორი რამისთვის, რაც უშუალოდ უკავშირდება ჩემს სამომავლო წარმატებულ საქმიანობას ბიზნესში. ამის ნაცვლად კი შინ ჩავიკეტე, მოვყევი ტესტის საკითხების ზუთხვას, ჩამოვშორდი ყოველგვარ სოციალურ აქტივობას, აღვივსე მომავლის შიშით და რეალურ განათლებას დავშორდი. ნუთუ ასეთი უნდა იყოს განათლების პროცესი? გამოვიდა, რომ ეს თვეები დავკარგე! მე მათ უკან ვეღარ დავიბრუნებ!

შემძრა გოიალის გამბედაობამ – იგი თავისუფლად ამბობს, რომ GMAT-ისა და SAT-ის სტანდარტული ტესტების გაუქმება თან ადვილად განსახორციელებელი ამოცანაა. სწორედ გოიალისმაგვარი ცნობისმოყვარე და კრიტიკული ადამიანები შეძლებენ, დაუდონ სათავე ჩვენი საზოგადოების ცვლილებას. განურჩევლად იმისა, რას გააკეთებს მომავალში გოიალი, ის იმ ტიპის ახალგაზრდაა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს სამყაროზე. ციტატა Skillshare’s მანიფესტიდან: “მომავალი ცნობისმოყვარეებს ეკუთვნით. მათ, ვისაც არ ეშინია სცადოს, გამოიძიოს, კითხვები დასვას, ძირფესვიანად შეისწავლოს და ამოაბრუნოს ის, რაც აინტერესებს”.

ამ წიგნით გოიალმა შექმნა პლატფორმა ჩვენი ყავლგასული განათლების სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის. არ დაიჯერებთ, მაგრამ გოიალი აშშ-ის განათლების ყოფილი მდივნის დაიან რავიჩის მიერ აშშ-ის განათლების მდივნად (მინისტრად) იქნა ნომინირებული. “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბავშვი, რომელსაც სკოლის დამთავრების დღეს ისევ სურს სწავლა? როცა ასე მოხდება, ჩვენ გვეცოდინება, რომ სისტემა, როგორც იქნა, მუშაობს”, – წერს გოიალი.

მსურს, გოიალის წიგნი სტუდენტების, მასწავლებლების, პოლიტიკოსესების ხელში დავინახო. ის მოგვიწოდებს ისეთი სისტემის შექმნისაკენ, სადაც მოსწავლეები “ქმნიან და აკეთებენ”, რომელიც “სწავლის ცეცხლს დაანთებს ბავშვებში”. გოიალის ენთუზიაზმი საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ თუ გავერთიანდით, ჩვენ შევძლებთ ამას… მოდი, ყველა, განსაკუთრებით – სტუდენტები და მოსწავლეები, ამ დისკუსიაში ჩავაბათ.

გოიალი თავის წიგნს შემდეგი მოწოდებით ასრულებს: “რაიმე მნიშვნელოვნის გასაკეთებლად ნუ დაელოდებით ნებართვას”. თქვენ როგორ მოიქცევით?
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
 
ამ სტატიის დედანი შეგიძლიათ იხილოთ:
https://www.forbes.com/sites/ericaswallow/2012/09/05/american-education-system-nikhil-goyal/

ადამიანის ენობრივი ასლი

0

წინა პოსტში ვწერდი, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი თავის მსგავსი მოწყობილობა შექმნას. მე-20 საუკუნეში, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის ამ მისწრაფებას ახალი შესაძლებლობები შესძინა.

ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფრენა ესწავლა და საუკეთესო გზად ფრინველების მიბაძვა ეჩვენებოდა. ძველ ბერძნულ მითში იკაროსი ბუმბულისაგან დამზადებული ფრთებით ცდილობდა გაფრენას. ლეონარდო და ვინჩის დღიურებიდანაც ჩანს, რომ იგი სწავლობდა ფრინველების ფრთების აგებულებას რათა საფრენი აპარატი შეექმნა. აი ძმები რაითები (Wright brothers) კი ფრინველთა მიბაძვის ნაცვლად პირდაპირ საფრენი აპარატის შეექმნით დაინტერესდნენ და ყველაფერი გამოუვიდათ. შესაბამისად, ადამიანის მსგავსი მექანიზმის ან არსების შესაქმნასთან ვიზუალური მსგავსება არაფერ შუაშია.
რა არის ადამიანი? უფრო სწორად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში? მისი სხეული, მისი ფორმა თუ მისი ფიქრები? იქნებ სიტყვები რომელსაც ის ამბობს? წინა სტატიაში იმ მოწყობილობების შესახებ ვიასაუბრე, რომლებიც სხვადახვა ეპოქაში იქმნებოდა, გარეგნულად ეს მოწყობილობები ცოცხალ არსებებს მოგვაგონებენ. სხვადახვა დროს მათ სხვადახვანაირად მოიხსენიებდნენ დღეს კი იმ მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდბელად შეუძლიათ ამოცანის შესრულება, რობოტი ჰქვია. თავად სიტყვა რობოტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და იგი პირველად ჩეხმა მწერალმა, კარელ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან რობოტი კიდევ ერთი ახალი სიტყვა, ბოტი წარმოიშვა — ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადახვა ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია. ბოტებს რობოტებისაგან განსხვავაებით არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან. ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობა, ჩატბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. ჩატბოტს ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა ანუ ფაქტობრივად ადამიანის სიმულაცია. ჩატბოტები ადამიანის ენობრივი ანაბეჭდები არიან. ხანდახან მათ ხელოვნურ ინტელექტად მოიხსენიებენ.
ალან ტურინგის ტესტი

ჯერ კიდევ 1956 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა (Alan Turing) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება” (Computing Machinery and Intelligence) რომელიც ოქსფორდის აკადემოურ ჟურნალში “MIND” გამოაქვეყდა შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?”. ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადიამიანსა და ერთი კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადსხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადმიანს. ტურინგი ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის აღწერისას ტურინგი მიუთითებდა შეკითხვებს შორის თანაბარი პაუზის აუცილებლობაზე. საქმე ისაა, რომ იმ დროისათვის კომპიუტერი ძალიან ნელი იყო. ამიტომ, ადამიანს ადვილად შეეძლო გამოეტანა დასკვნა — ის ვისგანაც პასუხი იგვიანებს, სავარაუდოდ კომპიუტერია. დღეს კომპიუტერს ადამიანზე გაცილებით სწრაფად შეუძლია პასუხის გაცემა, ამიტომ ასეთი ექსპერიმენტის ჩატერებისას კვლავ აუცილებელი იქნება პასუხების მიღებისას გარკვეული პაუზის შენარჩუნება.
ელიზა

ადამიანის ენობრივი ანაბეჭდის, ან ხელოვნური ინტელექტის შექმნის გზაზე შეგვიძლია რამოდენიმე ეტაპი გამოვყოთ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს „ელიზა”-ს გამოგონება.
1966 წელს, გერმანელმა მეცნიერმა, იოსებ ვაიზენბაუმმა (Joseph Weizenbaum) შექმნა ადამიანთან მოსაუბრე პროგრამა — „ელიზა”. პროგრამის სახელი ბერნარდ შოუს პიესა „პიგმალიონიდან” არის ნასესხები. პიესის მიხედვით ფილმი, “ჩემი მშვენიერი ლედი” გადაიღეს, სადაც პოროფესორი ჰიგინსი ცდილობს ერთ უბრალო მეყვავილე გოგონას, ელიზა დულიტს, რომელსაც საშინელი გამოთქმა აქვს და არანაკლებ საშინელი მანერები, საზოგადოებაში მოქცევა და რაც მთავარია სწორად საუბარი შეასწავლოს.
მართალია ვაიზენბაუმმა თავის პროგრამას აწორად საუბარი შეასწავლა, მაგრამ იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა ლიტერატურული პროტოტიპისაგან, რადგანმას ინდივიდუალობა არ გააჩნდა. სინამდვილეში პროგრამა ფსიქოთერაპევტის ერთგვარ პაროდირებას ახდენდა. „ელიზა” მოსაუბრის ტექსტში საკვანძო სიტყვაზე დაყრდნობით წარმართავდა საუბარს. მაგალითად მომხმარებელს „ელიზასათვის” რომ დაესვა შემდები კითხვა: „რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოგწონს?”. „ელიზას” შეიძლება ეპასუხა: „და თქვენ თავად რომელი მუსიკალურ ნაწარმოებს აძლევთ უპირატესობას?”. ან მომხმარებელს საუბრისას რომ ეთქვა, ვირტუალური ფსიქოთერაპევტისათვის: დედაჩემი ვერ მიტანსო, ელიზა საკვანძო სიტყვაზე (დედაჩემი) დაყრდნობით მოსაუბრეს დაუბრუნებდა შემდეგ კითხვას: კიდევ ვინ ვერ გიტანთ თქვენს ოჯახშიო ?.
გამოსახულებაზე მოყვანილია მომხმარებლის ელიზასთან დიალოგის ნაწყვეტი

პარი

შემდეგ ეტაპად შეიძლება “პარი” ჩაითვალოს, რომელიც 1972 წელს ფსიქიატრმა კენეტ კოლბიმ (Kenneth Colby) შექმნა. პარი ელიზასგან განსხვავებით ჰიპერინდივიდუალური იყო. იმდენად ინდივიდუალური, რომ მას პარანოიდალურ შიზოფრენიით დაავადებულს ადარებდნენ. პარის ტესტირებისათვის მოდიფიცირებული ტურინგის ტესტი გამოიყენეს. გამოცდილი ექიმი ფსიქიატრები პარისა და რეალურ პაციენტებს ტესტირებას უტარებდნენ. შემდეგ ამ დიალოგების სტენოგრამული ჩანაწერი 33 ფსიქიატრისაგან შემდგარ ჯგუფს გადასცეს. ფსიქიატრებს უნდა დასეახელებინათ პაციენტთაგან რომელი იყო რეალური ადამიანი და რომელი კომპიუტერული პროგრამა. შედეგი ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა. სწორი პასუხი მხოლოდ 48% შეადგენდა. ეს პროცენტი შემთხვევით შერჩევას შეესაბამება.
პარი და ელიზა რამოდენიმეჯერ ერთმანეთთსაც ესაუბრენ, ყველაზე ცნობილი დიალოგი მათ შორის 1972 წელს კომპიტერული კომუნიკაციის კონფერენციაზე Conference on Computer Communication (ICCC) განხორციელდა.
ჩინური ოთახი

1980 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ როჯერს სერლმა (John Rogers Searle) კიდევ ერთი ექსპერიმენტის იდეა წარმოადგინა, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს ტურინგის მოსაზრებების მართებულებას. სერლი ამტკიცებდა რომ ტურინგის ტესტის ჩაბარება კომპიუტერს მხოლოდ მისთვის გაუაზრებელი სიმბოლოთა მანიპულირებით და არა გააზრებით შეუძლია.
სერლმა თავისი იდეა ესე ჩამოაყალიბა: წარმოვიდგინოთ რომ მე ვარ ოთახსში რომელშიც რამდენიმე ყუთია განთავსებული. ყუთებში ბარათები ყრია. მათზე ჩინური იეროგლიფებია გამოსახული. მე ჩინური არ ვიცი. ოთახში ასევე დევს წიგნი, რომელშიც იეროგლიფების ფორმის მიხედვითაა განმარტებულია მათით მანიპულირების წესები. იეროგლიფებით მანიპულირებისას სულაც არ არის აუცილებელი ჩინური ენის ცოდნა. სავსებით საკმარისია, რომ მე ვიცოდე განმარტებების ენა. წიგნში, მაგალითად, შეიძლება ეწეროს: „აიღეთ ესა და ეს იეროგლიფი ყუთიდან N1 და განათავსეთ იგი შესაბამის იეროგლიფთან, რომელიც ყუთ 2-შია”.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ კდელეს მიღმა არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ჩინური ენა. თუ ისინი კარების ქვეშ შემოაცურებენ ბარათებს, რომლებზეც ჩინური იეროგლიფებით ჩემთვის უცნობი ტექსტსია დაწერილი, ხოლო მე წიგნის დახმარებით, შესაბამის პასუხს დავუბრუნებ მათ, ჩინურის მცოდნეებს ეგონებათ, რომ მე ვსაუბრობ ჩინურად რაც, ბუნებრივია, არ შეესაბამება სინამდვილეს.
სერლი ამბობდა, რომ კომპუტერიც ზუსტად ასე მოქმედებს, ის მხოლოდ მისთვის გაუგებარი სიმბოლოებით მანიპულირებს და არანაირი წარმოდგენა არ აქვს შინაარსზე. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი ტურინგის ტესტის კრიტიკას წარმადგენს.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/TryOC83PH1g” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
მოკლე ვიდეორგოლი რომელშიც სერლის ექპერიმენტია ასახული.
ჩატბოტები

ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულები სხვადასხვა პროგრამისტის მიერ შექმნილ მოსაუბრე პორგრამებზე, ანუ ჩატბოტებზე. მსგავსი პროგრამები წლიდან წლამდე სულ უფრო სრულყოფილი ხდება:
https://www.dmoz.org/Computers/Artificial_Intelligence/Natural_Language/Chatterbots/
საიტზე წარმოდგენილ სიაში პირველ ადგილას ჩატბოტი სახელად ალისა გვხვდება (A.L.I.C.E. (Artificial Linguistic Internet Computer Entity)). ალისა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ჩატბოტია. იგი 1995 წელს შეიქმნა და მის სრულყოფაზე დღესაც მუშაობენ. მართალია ჯერჯერობით ვერც ალისამ გაიარა სრულფასოვნად ტურინგის ტესტი, მაგრამ მას უკვე ბევრი ჯილდო აქვს მიღებული.
ჩატბოტი რომელიც ქართულად ისაუბრებს

წინა სტატიაში უკვე ვახსენე ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართული ჩატბოტი, კიბერ გალაკტიონი უნდა შეიქმნას. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაინც ჯადოქრობას გავს. პროგრამისტები ან როგორც მათ ხშირად უწოდებენ, კოდერები მხოლოდ მათთვის და კომპიუტერისათვის გასაგები სიმბოლოებით მანიპულაციით სასწაულებს ახდენენ ხოლმე. აბა თავად წარმოიდგინეთ, მათ მონაცემთა ბაზაში შეყავთ მონაცემები. მერე ამ მონაცემებს პროგრამული კოდის საშუალებით უკავშირდებიან და ჩატბოტი ანუ ადამიანის ენობრივი ანაბეჭდი მზად არის. შეგიძლია ესაუბრო მას, შეკითხვა დაუსვა ან სულაც ეკამათო.
მალე ინტერნეტში კიბერ გალაკტიონის სატესტო ვერსია დაიდბა, და ნებისმიერ მსურველს შეეძელბა გალაკტიონის ენობრივ ალს ესაუბროს. მანამდე კი ამ პორექტით დაინტერესებულებს შეუძლიათ ფეისბუქის გვერდს ეწვიონ რმელიც შემდეგ მისამართზეა განთავსებული: (https://www.facebook.com/pages/კიბერ-გალაკტიონი/280189168779287). კიბერ გალაკტიონის იდეა ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. თავად პროექტი კი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ფარგლებში ხორციელდება. პროექტზე პროგრამისტები ალექსი ამნიაშვილი, შოთა იორამაშვილი და თამუნა კაპანაძე მშაობენ. ბოტის შექმნაში ფილოლოგი თამარ კალხიტაშვილიც არის ჩართული.

იმედია კიბერ გალაკტიონს სხვა მსგავსი პორექტებიც მოყვება.

აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა

0

მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ადამიანის ქცევისა და მოტივაციის ასახსნელად შექმნა მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელი და მოტივაციის იერარქიის თეორია.

 

მასლოუს მიაჩნდა, რომ ადამიანის პიროვნება თვითრეალიზაციისა და ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამოხატულებას წარმოადგენს. მისი აზრით, თვითრეალიზაციის ტენდენცია არა მხოლოდ ადამიანური უნარია, არამედ ადამიანური მოთხოვნილებაც. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მასლოუმ მოთხოვნილებათა იერარქიის მწვერვალზე მოათავსა.

ვრცლად

 

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მესამე ნაწილი:)

0

განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს საჯარო განათლების სისტემის მანკიერ მხარეებს. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ ვაფასებთ ჩვენი განათლების რეფორმის მიერ განვლილ გზას და არსებული ვითარების გაანალიზებას ვცდილობთ, გვებადება კითხვა: რატომ არ აისახება სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხზე განხორციელებული ინოვაციები? ჩვენ ხშირად მივმართავთ დასავლეთის ქვეყნების განათლების სისტემათა გამოცდილებას. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ პროფესიონალებს (ჯ. გატო სამჯერ დასახელდა ქალაქ ნიუ-იორკის წლის საუკეთესო მასწავლებლად, ხოლო 1991 წელს – ნიუ-იორკის შტატის საუკეთესო პედაგოგად), რომლებიც კრიტიკულად აფასებენ მას.

მეხუთე გაკვეთილი – ინტელექტუალური დამოკიდებულება.

მეხუთე, რასაც ვასწავლი ბავშვებს, არის ინტელექტუალური დამოკიდებულება. ბავშვები ყველაფერზე მასწავლებლის ბრძანებას ელოდებიან. უმნიშვნელოვანესი თეზისი, რომელსაც ისინი სკოლაში სწავლობენ, არის ის, რომ ცხოვრებაში საჭიროა და აუცილებელიც, დაეყრდნონ სხვა, უფრო ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებულია ადამიანების აზრს. მხოლოდ მე, მასწავლებელს, უფრო სწორად, მათ, ვინც ფულს მიხდის, – მე ხომ მხოლოდ შემსრულებელი ვარ, – აქვთ უფლება გადაწყვიტონ, რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. თუ მეტყვიან, რომ ევოლუციის თეორია ფაქტია და არა ჰიპოთეზა, მე ამას განხილვის გარეშე ვასწავლი, თანაც დავსჯი მათ, ვინც უარს იტყვის, იფიქროს ისე, როგორც მიაჩნიათ განათლების სისტემის წარმომადგენლებს. მე უფლება მაქვს, ვაკონტროლო ბავშვების აზრები, მათი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. ეს საშუალებას მაძლევს, მარტივად დავყო ისინი წარმატებულებად და წარუმატებლებად.

წარმატებული ბავშვები ფიქრობენ ისე, როგორც ეუბნები, არ გიწევენ წინააღმდეგობას და გარკვეულ ენთუზიაზმსაც იჩენენ. იმ მილიონობით საგნიდან, რომლებიც შესწავლის ღირსია, მე, უფრო სწორად, ჩემი დამქირავებლები წყვეტენ, რაზე შეჩერდეს მოსწავლეთა ყურადღება. არჩევანი მათზეა, ვერ შეედავები. ჩემს საქმიანობაში ცნობისმოყვარეობა არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს, ფასდება მხოლოდ კონფორმიზმი.

წარუმატებელი ბავშვები ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით არც კი იციან, რას ებრძვიან, მაინც იცავენ უფლებას, თვითონ გადაწყვიტონ, რა და როდის ისწავლონ. შეუძლია მასწავლებელს, მათ ამის უფლება მისცეს? რასაკვირველია, არა. საბედნიეროდ, არსებობს ასეთ მეამბოხეთა მოტეხის ნაცადი მეთოდები. უფრო რთულადაა იმ ბავშვების საქმე, რომელთაც ზურგს მშობლები უმაგრებენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის რეპუტაცია ეცემა, ასეთი მშობლები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან. არც ერთი მშობელი, რომელიც მე შემხვედრია, არ აღიარებს, რომ შეიძლება ცდებოდეს სკოლა და არა ბავშვი. ეს საოცარი ფაქტია და წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, რა ემართებათ ოჯახებს, სადაც მშობლებმა არაჩვეულებრივად აითვისეს სასწავლო გეგმის შვიდი ძირითადი “საგანი”.

გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ “საგნების” ათვისებაზეა დამოკიდებული. დაფიქრდით, რა მოხდება, ჩვენი ბავშვები სხვაზე დამოკიდებული რომ არ იყვნენ: აღარ იარსებებს სოციალური მომსახურება; შემცირდება ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი; გაქრება სხვადასხვა კომერციული გასართობი საშუალებები ტელევიზიის ჩათვლით, რადგან ადამიანები ისწავლიან საკუთარი თავის გართობას; რესტორნები, ნახევარფაბრიკატები და მზა საკვები, აგრეთვე – სხვა მომსახურებები, რომლებიც საზკვებასთან არის დაკავშირებული, საგრძნობლად დათმობენ პოზიციებს, თუ ჩვენ მათზე აღარ დავამყარებთ იმედს; საგრძნობლად შემცირდება მოთხოვნა იურიდიულ, სამედიცინო და საინჟინრო მომსახურებაზე, ისევე როგორც ტანსაცმლის კერვასა და მოსწავლეთა მომზადებაზე.

ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებთ, თუ სკოლები წლიდან წლამდე გააგრძელებენ უსუსური, სხვებზე დამოკიდებული თაობების გამოშვებას. ნუ იჩქარებთ, ხმა მისცეთ რადიკალურ სასკოლო რეფორმას, თუ გინდათ, რეგულარულად მიიღოთ ხელფასი. ჩვენ ავაშენეთ სისტემა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ ადამიანებმა უნდა აკეთონ ის, რასაც ეუბნებიან, რადგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ეს ის მთავარი გაკვეთილია, რომელსაც მე ვასწავლი.

მეექვსე გაკვეთილი – თვითშეფასების დამოკიდებულება სხვათა აზრზე

მე ვასწავლი ბავშვებს, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენას სხვების აზრი განსაზღვრავს. თუ ოდესმე გიცდიათ გეკონტროლებინათ ბავშვი, რომელსაც მშობლებმა ჩააგონეს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ეყვარებათ, ნახავდით, რა ძნელია შინაგანად ძლიერი ადამიანების დამორჩილება. ჩვენი საზოგადოებრივი სისტემა ვერ დაიტევს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების ნაკადს, ამიტომ ვასწავლი მათ, რომ მათი თვითშეფასება დამოკიდებული უნდა იყოს სპეციალისტის აზრზე. ჩემი მოსწავლეები მუდმივად გადიან ტესტირებასა და შეფასებას. გაუთავებელი ტესტირებები აფასებს ყველას და ყველაფერს. სწავლა ზოგჯერ ტესტებისთვის დაუსრულებელ მზადებას ემსგავსება. ზოგიერთი მოსწავლისთვის სწავლის ერთადერთ მიზნად ტესტში მაღალი ქულების დაგროვება ქცეულა. განათლების სპაციალისტები და საზოგადოების “ავტორიტეტული” წარმომადგენლები გაუთავებლად აპელირებენ ციფრებით და პროცენტებით, რომლებიც ტესტირებების შედეგად არის მიღებული.

სწავლების ახლანდელი სისტემის არსებობის პირობად, ისევე როგორც ეკონომიკის შენარჩუნების წყაროდ, ითვლება ნეგატიური და სხვის აზრზე დამოკიდებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. თვითშეფასება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე წარმოშობილი ყველა სერიოზული ფილოსოფიური სისტემის საფუძველს წარმოადგენს, მთლიანად იგნორირებულია. ძირითადი დასკვნა, რაც ბავშვებს ატესტაციებიდან, შეფასებებიდან და ტესტებიდან გამოაქვთ, არის – არ ენდო საკუთარ თავს და მშობლებს, ენდე მხოლოდ დიპლომირებულ სპეციალისტებს. ადამიანებს სჭირდებათ მიუთითონ, რა არის მათი ფასი.
 
მეშვიდე გაკვეთილი – სრული კონტროლი ანუ დამალვა შეუძლებელია

მეშვიდე გაკვეთილი დადის იქამდე, რომ გარეშე კონტროლისგან დამალვა შეუძლებელია. მე შთავაგონებ მოსწავლეებს, რომ ისინი ჩემი და ჩემი კოლეგების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ არ აქვთ საკუთარი სივრცე და საკუთარი დრო. ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში გადასასვლელად გამოყოფილია მხოლოდ სამასი წამი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ბავშვებს შორის არაფორმალური ურთიერთობა. წახალისებულია დასმენა – არათუ ერთმანეთისა, მშობლებისაც კი. რასაკვირველია, მეც მოვუწოდებ მშობლებს, შემატყობინონ მათ ქცევაში ნებისმიერი გადახრის შესახებ. ოჯახი, რომელიც მიჩვეულია ერთმანეთის დაბეზღებას, ვერავითარ საიდუმლოს ვერ დამალავს. სკოლა ბავშვზე გავლენას ინარჩუნებს სახლშიც, საშინაო დავალების სახით, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამგვარად, მუდმივი მეთვალყურეობის შეგრძნება გრძელდება ოჯახშიც, სადაც, თუ თავისუფალი დრო დარჩა, ბავშვი შეძლებს გაიგოს რაიმე საინტერესო მშობლებისგან, ანდა ისწავლოს რამე საკუთარი გამოცდილებით თუ სხვა, ჭკვიან ადამიანზე დაკვირვებით. სკოლაში სწავლების იდეისადმი არალოიალურობა – აი, რისი ეშინია სკოლას.

მუდმივი ზედამხედველობა და პირადი სივრცისა და დროის უარყოფა ნიშნავს იმ ფაქტის აღიარებას, რომ არავის არ უნდა ენდო. ბავშვების პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, უკანონოდაა აღიარებული. ზედამხედველობა წარმოადგენს ძველ იმპერატივს, რომელსაც მხარს უჭერს ზოგიერთი გავლენიანი ფილოსოფოსი. საზოგადოებაში მკაცრი, ცენტრალიზებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭიროა, ბავშვები იყვნენ მუდმივი კონტროლის ქვეშ. თუ ვერ მოხერხდა მათი მწკრივში ჩაყენება და რაზმის მეთაურისთვის გაყოლება, თითოეული მათგანი საკუთარ ლიდერს გაჰყვება, ეს კი დაუშვებელია.

ასეთ საზოგადოებას თავის გადასარჩეად სჭირდება სავალდებულო სასკოლო განათლება, რომელიც სახელმწიფო მონოპოლიის ქვეშ იქნება. წინათ სკოლა ჩვენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა. ის იყო, მაგრამ არ ართმევდა ბავშვებს ამდენ დროს, თანაც ყველას შეეძლო ესწავლა იმდენი, რამდენსაც მიიჩნევდა საჭიროდ. ამასთან, ბავშვები შესანიშნავად სწავლობდნენ კითხვას, წერას და ანგარიშს. რატომ?

მოტივირებულ ადამიანს კითხვის, წერისა და არითმეტიკის შესასწავლად, საერთო ჯამში, სჭირდება ასი საათი. მთელი ეშმაკობა ის არის, რომ დაელოდო, როდის გაუჩნდება ბავშვს სწავლის სურვილი და შემდეგ დაუყოვნებლივ იმოქმედო, სანამ ის არ გაუქრება. მილიონობით ადამიანი თვითონ ეუფლება ამ მეცნიერებებს, ამაში არაფერია რთული. მაგალითად, აიღეთ ძველი მეხუთე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო – ნახავთ, რომ შინაარსით იგი შეესაბამება დღევანდელი კოლეჯის დონეს. დაუსრულებელი ლაპარაკი “საბაზისო უნარების” განვითარების აუცილებლობაზე – ეს არის ფარი, რომელსაც ეფარება მიზანი, წაართვან ბავშვებს ცხოვრების თორმეტი წელი, რათა შეასწავლონ ის შვიდი საგანი, რომელთა შესახებაც ახლა ვსაუბრობთ.

ცენტრალიზებული კონტროლი, რომლის ქვეშაც იმყოფება მთელი საზოგადოება, გავლენას ახდენს ყველაფერზე – ტანსაცმელზე, რომელიც გვაცვია, საკვებზე, რომელსაც ვჭამთ, ცხოვრების წესზე, რომელსაც მივდევთ. ეს ყველაფერი ცენტრალიზაციის პროდუქტია. ჩემი აზრით, ნარკომანიის, სუიციდის, განქორწინებების, ძალადობის, სისასტიკის ეპიდემია, საზოგადოებრივი კლასების კასტებად ტრანსფორმირება წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების დეჰუმანიზაციის, ასევე პიროვნების, ოჯახის, თემის როლის დაქვეითების შედეგს. ეს ყველაფერი გამოიწვია ცენტრალიზებულმა ხელისუფლებამ. მსხვილი საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსი გასაგებია – ისინი ყველაფრის ჩაყლაპვისკენ მიისწრაფიან. სკოლა ჩვენს ბავშვებს უკარგავს სულ მცირე შესაძლებლობასაც კი, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არსობრივად, ის თვითონ ანადგურებს საზოგადოებრივ ცხოვრებას იმით, რომ ბავშვების აღზრდას ანდობს დიპლომირებულ სპეციალისტებს. შედეგად ჩვენი შვილები სრულფასოვან ადამიანებად ვერ დაიზრდებიან. არისტოტელე ამბობს,რომ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების გარეშე შეუძლებელია გახდე სრულფასოვანი ადამიანი. ის ალბათ მართალი იყო. ამაში დასარწმუნებლად მიიხედ-მოიხედეთ, როცა სკოლის ან მოხუცებულთა თავშესაფრის სიახლოვეს აღმოჩნდებით.

სკოლა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, გარკვეული სოციალური მოწყობის მოდელის საფუძველია. ეს მოდელი ავალდებულებს ადამიანთა უმრავლესობას, იყოს პატარა ქვა პირამიდაში, რომელიც, რაც უფრო უახლოვდება ძალაუფლების წვეროს, მით უფრო ვიწროვდება. სკოლა – ეს არის სტრუქტურა, რომელიც მოწოდებულია დაგვანახვოს საზოგადოების პირამიდული მოწყობის აუცილებლობა. ჩვენ რეალობად ვაქციეთ ის, რისკენაც ოდითგანვე ისწრაფოდნენ ეგვიპტელი ფარაონები: საყოველთაო სუბორდინაცია. სწორედ ამ საიდუმლოს ამჟღავნებს უნებლიეთ პლატონი “რესპუბლიკაში” (გლაუკონი და ადემანტუსი ეკითხებიან სოკრატეს, როგორ მიიღწევა სახელმწიფოს სრული კონტროლი პიროვნებაზე, რა არის აუცილებელი ისეთი საზიგადოების გამართლებისთვის, რომელშიც ადამიანთა ერთი ნაწილი იღებს იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნის). სოკრატე ეუბნება: “მე გეტყვით, როგორ შექმნათ ასეთი შეშლილი საზოგადოება, მაგრამ თქვენ ეს არ მოგეწონებათ”. სწორედ აქ არის პირველად აღწერილი შვიდსაგნიანი სკოლის იდეა.

თანამედროვე დებატები ერთიანი ნაციონალური სასწავლო გეგმის შესახებ პროფანაციაა. ასეთი სასწავლო გეგმა უკვე არსებობს და ის იმ შვიდი საგნისგან შედგება, რომლებიც ახლახან აღვწერე. მისი დანერგვის შედეგია ფიზიკური, მორალური და ინტელექტუალური დამბლა. ამ სასწავლო გეგმის შინაარსით შევსება ვერ გადაწონის მის საშინელ ზემოქმედებას. კითხვები, რომლებიც დაისმება გაუარესებული აკადემიური მაჩვენებლების გარშემო, საერთოდ არ პასუხობს პრობლემის არსს. სკოლა ასწავლის იმას, რისთვისაც მოწოდებულია: როგორ იყო კარგი ეგვიპტელი და დარჩე პირამიდაში შენს ადგილზე.

„დავეხმაროთ?! – არ დავეხმაროთ?!“

0

“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი! ტიტუ, რა ბევრია!” – ბავშვების ბედნიერი შეძახილი ფილმიდან „იმერული ესკიზები” ალბათ ყველას გვახსოვს. ისინი ობოლი თანაკლასელის დასახმარებლად წარმოდგენას მართავენ და ფულს აგროვებენ. ალბათ გულიანადაც გვიცინია ამ ფილმის ყურებისას, მაგრამ სინამდვილეში რა შეიძლება იყოს უფრო სევდიანი, ვიდრე იმერეთის პატარა სოფელი თავისი სიკეთითა და მზრუნველობით, სოფელი, სადაც ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარების მნიშვნელობა ბავშვებსაც კი ესმით, სოფელი, რომელსაც თავისი ღარიბების დაპურება და ნუგეში შეუძლია.

არ ვიცი, როდის დაკარგა ქველმოქმედებამ მნიშვნელობა ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის – მაშინ, როცა დავიჯერეთ, რომ აყვავებულ საბჭოთა საქართველოში გაჭირვება არ არსებობდა თუ მოგვიანებით, როცა საყოველთაო სიღარიბისა და შიმშილის სუნმა ყველა შეგრძნება დაგვაკარგვინა და სხვისი ჭირი მართლაც ღობეს ჩხირად გვიქცია. არ ვიცი, როდის დავუკეტეთ კარი ერთმანეთს და ჩემმა იმერულმა სოფელმა როდის შეაქცია ზურგი საკუთარ ტკივილს – ღარიბ მეზობელს. არადა, ჩემი არც ისე შორეული ბავშვობიდან კარგად მახსოვს ორი უმნიშვნელოვანესი სიტყვა: „სოფელმა შეინახა”.
დღეს სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით მათ ფოტოებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, იქვე მითითებული ტელეფონის ნომრებითა და საბანკო ანგარიშებით. ზოგჯერ ვრეკავთ, ზოგჯერ ანგარიშზე არ გვაქვს, ზოგჯერ ბანკში მისვლა გვეზარება და ვამბობთ: „ხვალ, ხვალ გავივლი, რას წყვეტს ერთი დღე?” არადა, ხანდახან ერთი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს – შეიძლება, ხვალ უკვე გვიან იყოს, შეიძლება, ჩვენზე სწრაფი სხვა აღმოჩნდეს, სხვა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია და რომელიც მრავალგვარია – შიმშილით, სიცივით, ავადმყოფობით, თქვენ წარმოიდგინეთ, უიმედობით გამოწვეულიც კი. აქედან მომდევნო ეტაპი იწყება – ერთმანეთისკენ თითის გაშვერის. ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, არასამთავრობო სექტორი, მედია – ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. გამოვიჩენ თავხედობას და ვიტყვი, რომ ჩვენ მოგვწონს ეს პროცესი: ქოთქოთი, ვიშვიში, თავების სინანულით ქნევა და სხვის ფონზე კარგ ტიპად გამოჩენა.
ამბობენ, რომ სიკეთე ყველა ადამიანშია. მე მჯერა ამის, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ სიკეთის კეთების უნარს ხშირად სწავლა, უფრო სწორად, გამომუშავება სჭირდება. გიფიქრიათ, რამდენ ოჯახს აქვს საშუალება, თუნდაც ერთი ზედმეტი საჩუქარი შეიძინოს საშობაოდ, ან ყოველთვიურად მიზერული თანხა გადარიცხოს ფონდში, რომელიც ადამიანებს გაუსაძლის ცხოვრებას შეუმსუბუქებს? ალბათ, არც ისე ცოტას, მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, სიკეთის კეთების კულტურა ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია.
როცა ამ პოსტზე ვფიქრობდი, ვაპირებდი, ევროპულ და ამერიკულ სკოლებში ესოდენ პოპულარული საქველმოქმედო აქტივობების შესახებ დამეწერა, მომეყოლა, როგორ ყიდულობენ მშობლები ერთმანეთის გამომცხვარ ნამცხვრებს სასკოლო ბაზრობაზე და როგორი გულმოდგინებით ამზადებენ ბავშვები ხელნაკეთ სათამაშოებსა თუ სხვა ნივთებს თანატოლების დასახმარებლად. მერე კი ერთი შესანიშნავი ტრადიცია გამახსენდა, რომელიც ასევე სკოლას უკავშირდება, ჩემს სკოლას.

ქუთაისის მესამე საშუალო სკოლის წინ გიმნაზისტი გოგონას ძეგლი დგას, ერთ მკლავზე კალათი ჩამოუკიდია, მეორე ხელში კი გვირილა უჭირავს. „სავარდო და სამაისო” ქუთაისში მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთი ტრადიცია არსებობდა: მაისის დასაწყისში ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად სამდღიან „გვირილობას” მართავდნენ. „გვირილების დედოფალი”, წარჩინებული და პატივსაცემი ქალბატონი, ქალაქის ქუჩებში დადიოდა. მას თან გიმნაზიელი გოგონა და ვაჟი დაჰყვებოდნენ. ვაჟს ყულაბა დაჰქონდა შემოწირულობის შესაგროვებლად, გოგონა კი ქველმოქმედებს გულზე გვირილას ამაგრებდა. ამბობენ, რომ კალათში გვირილები პირველად ქუთაისში სილამაზით ცნობილმა საშა ჩიქოვანმა ჩააწყო და ყვავილი სიკეთის სიმბოლოდ აქცია. არც ერთი თავმოყვარე ქუთაისელი თანხის გაღებაზე უარს არ ამბობდა, იმერული თავმოყვარეობისა და თავმომწონეობის ამბავი კი ყველას მოგეხსენებათ. ქალაქის მეხსიერება დღემდე ინახავს არაერთი ქალბატონისა და გოგონას სახელს, რომლებიც არა მარტო გარეგნობითა და განათლებით, არამედ სიკეთითაც გამოირჩეოდნენ და „გვირილობის” ტრადიციას აცოცხლებდნენ. მრავალი მათგანი ქუთაისის ქალთა გიმნაზიის (ახლანდელი მესამე სკოლის) კურსდამთავრებული ან მოსწავლე იყო.

თუ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მოხვდებით, ნუ ჩაუვლით გულგრილად „გიმნაზისტკას” ძეგლს, რომელიც გიღიმით და გვირილას გიწვდით. ეს ხომ ვინმე კონკრეტული ადამიანის ძეგლი არ არის, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, – ეს სიკეთის ძეგლია. ტრადიცია კი მხოლოდ სადღეგრძელო და მოლხენა არ არის, ქველმოქმედებაც ტრადიციაა და სიკეთის კეთებაც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. მთავარია, გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ გაღებული „ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი”.

არადა, სანამ ჩვენ სოციალურ ქსელებში აღშფოთებული კომენტარებს ვწერთ, პასუხისმგებლობის ტვირთს მხრებიდან ვიხსნით და სხვებს ვკიდებთ, სანამ ერთმანეთთან მისასვლელი გზა ვერ გვიპოვია და ინტერნეტში დაკარგულები ვირტუალურ თანაგრძნობას ვჯერდებით, გარეთ ჯადოსნური გაზაფხულია – მაისი მოდის, კალათების გვირილებით ავსების თვე.

 

კითხვის ეფექტიანი მეთოდები – “დაკარგული სიტყვები”

0
კითხვა ერთიანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთო განვითარებას და რომლის დახასიათება შეიძლება სამი ასპექტის მიხედვით:

1.კითხვა არ ნიშნავს ცალკეული ასოების, მარცვლების, სიტყვების ან თუნდაც ცალკეული წინადადებებისა და ფრაზების ამოკითხვას. კითხვა, როგორც სასწავლო ქმედება, აქტი, ხორციელდება მაშინ, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტის წაკითხვის უნარ-ჩვევა ერთიანდება მთლიანი ტექსტის გასაგებად.

2.კითხვა ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგია. მხოლოდ მუდმივი ვარჯიშის შემდეგ უვითარდება მოსწავლეს გააზრებული და დამოუკიდებელი კითხვის უნარ-ჩვევა.

3.კითხვა კომპლექსური კომუნიკაციური პროცესია, საუბარია მკითხველსა და ავტორს შორის, სოციალური აქტია, რომელიც ფიქრსა და თანამონაწილეობას მოითხოვს. კითხვა ყოველთვის გულისხმობს ინტერპრეტაციას, რომელსაც წინ უძღვის გაგების პროცესი; წაკითხულის გაგების ხარისხი კი დამოკიდებულია მკითხველის მომზადების დონეზე, კითხვის მიზანსა და წასაკითხი ტექსტის შინაარსზე.

პედაგოგი კითხვის სწავლების ისეთ სტრატეგიებს უნდა იყენებდეს, რომლებიც მოსწავლეს სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურებასა და გამოყენებაში დაეხმარება. იმავდროულად ის ასწავლის მოსწავლეებს, როგორ განსაზღვრონ კითხვის მიზანი (რისთვის წაიკითხონ); როგორ შეარჩიონ საკითხავი მასალა (შინაარსი – რა წაიკითხონ) და რა ხერხები და საშუალებები, კითხვის რომელი სტრატეგიები გამოიყენონ (როგორ წაიკითხონ). ყოველივე ეს მიიღწევა, თუ მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს კითხვის პროცესი. კითხვის პროცესს კი იგი მართავს არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასის გარეთაც, ოღონდ ისე, რომ არ ზღუდავს მოსწავლის დამოუკიდებლობას, არჩევანის თავისუფლებას. მასწავლებელი გზამკვლევია კითხვის უსასრულო და საინტერესო სამყაროში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვის პროცესი ორგვარია: ხელმძღვანელობითი და დამოუკიდებელი. მასწავლებლის საქმიანობები ხელმძღვანელობითი კითხვის დროს ხელს უწყობს პროცესის გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობისა და მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებას. Dდამოუკიდებელი კითხვისას მოსწავლეები იყენებენ იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ხელმძღვანელობითი კითხვისას შეიძინეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობითი კითხვის პროცესში მოსწავლეებს მივაწოდოთ ისეთი ეფექტიანი სტრატეგიები, რომელთაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ დამოუკიდებელი კითხვის დროს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა “დაკარგული სიტყვები”.

როგორც ცნობილია, ეფექტური კითხვის მნიშვნელოვანი ასპექტი სიტყვათა მარაგის გაფართოება და სიტყვებს შორის კავშირების დამყარებაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაეუფლონ უცნობ სიტყვებთან მუშაობის ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა კონტექსტური გასაღებების გამოყენება, სიტყვის ნაწილების გააზრება, სიტყვებს შორის კავშირების დამყარება და ა. შ. (კითხვის ეფექტური მეთოდები, I ნაწილი). “დაკარგული სიტყვები”, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სიტყვებთან მუშაობის სხვა ეფექტიანი სტერატეგიებითაც ამდიდრებს მოსწავლეებს. ამასთან, ის ეხმარება მათ ტექსტის შინაარსის გაგებასა და მნიშვნელობის კონსტრუირებაში.

მეთოდის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მხატვრულ, ისე სასწავლო, ინფორმაციულ, სამეცნიერო-პოპულარულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამ სტრატეგიის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის ნიმუშს.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: მეექვსე
გაკვეთილის თემა: “კოპალა” (ტექსტი მითოსური გმირის შესახებ მხატვრული ელემენტებით).
ხანგრძლივობა: 45 წუთი

გაკვეთილის მიზნები:
. ტექსტის მახასიათებლების ამოცნობა

. კონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოტოვებული სიტყვების აღდგენა

. კითხვის ეფექტიანი სტრატეგიების გააქტიურება

გაკვეთილის შედეგების კავშირი ეფექტური კითხვის კომპონენტებთან: 

. კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება

. წინარე ცოდნის გააქტიურება; ტექსტის შინაარსის გაგება და მნიშვნელობის კონსტრუირება
გაკვეთილის შედეგების კავშირი ესგ-სთან:

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

·ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან.
·ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
·გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

·თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით.

ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება. 

·კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს; კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას. 

·სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ.

·ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს.

·საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

გამოყენებული მეთოდები

. ვარაუდების გამოთქმა – სქემა “მგონია, იმიტომ რომ… / სინამდვილეში…”
. დაკარგული სიტყვები
. “დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე”
. “ხმამაღლა ფიქრი” – სასწავლო გამოცდილების გაზიარება კლასისთვის
. ხუთწუთიანი წერა
საჭირო რესურსები:

ტექსტის ქსეროასლები; საწერ-კალმები; ფურცლები; “ქართული ენა და ლიტერატურა”, მეექვსე კლასის სახელმძღვანელო, ნათელა მაღლაკელიძე, ნანა ღონღაძე
გაკვეთილის მსვლელობა (სამფაზიანი მოდელით): 

I ფაზა 

მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში ურიგებს მოსწავლეებს სქემას “მგონია, იმიტომ რომ… / სინამდვილეში…” და მიმართავს მათ: “დღეს ჩვენ შევისწავლით ტექსტს, რომელსაც ჰქვია “კოპალა”. როგორ ფიქრობთ, რა ან ვინ არის კოპალა? რა სახის იქნება ტექსტი? რატომ გგონიათ ასე? გთხოვთ, თქვენი ვარაუდები ჩაწეროთ სქემის პირველ სვეტში”.
რამდენიმე მოსწავლე აცნობს კლასს საკუთარ ვარაუდს.
II ფაზა
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ტექსტს გამოტოვებული სიტყვებით და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: “ვმუშაობთ ინდივიდუალურად. ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, შეეცადეთ იფიქროთ თქვენ მიერ შევსებული სქემის პირველ სვეტში გაკეთებულ ჩანაწერებზე და თან აღადგინოთ ტექსტში გამოტოვებული სიტყვები. სიტყვები დანომრეთ ისევე, როგორც ტექსტშია” (ტექსტი იხ. ქვემოთ).
კოპალა

ძველად არაგვის ხეობაში დევები ბატონობდნენ. მთავარი ბუდე ციხეგორაზე ჰქონდათ, სოფელ აკუშისთან. აქ იყო მათი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე და ხალხს ცხვარ-ძროხა იოლად ვერ დაუდიოდა (–– 1 ––). უწმინდურები კაცსაც სანსლავდნენ და (–– 2 ––).
ერთხელ დევებმა პატარა (–– 3 ––) კოპალა შეიპყრეს.
– ეს ვის ეყოფა შესაჭმელადო, – თქვა უფროსმა (–– 4 ––), – გაიზარდოს და მერე მივირთვათო.
იუმცროსებდნენ დევები კოპალას. ხან წყალს აზიდვინებდნენ, ხან – შეშას. დასძახებდნენ: – ჰაიტ, შე ტყის ბუკაკავ, შენაო, და თავში უბარტყუნებდნენ ხოლმე.
ბრაზობდა კოპალა, პატარა კოღოს რომ ადარებდნენ. ნატრობდა, მალე (–– 5 ––) და დევებისათვის სამაგიერო გადაეხადა. გაიზარდა და დავაჟკაცდა კიდეც, დევები კი ნერწყვის ყლაპვით იღრჩობოდნენ. იგრძნო კოპალამ, რომ ისინი მალე (–– 6 ––) გამოასალმებდნენ და ერთ უკუნეთ (–– 7 ––) ციხიდან გაიპარა. გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან. იქ დილიდან საღამომდე (––8 ––) ევედრებოდა, იმდენი ძალა მომეცი, დევებს ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შევარჩინოო.
ღმერთმა იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთა მომრავლების ამბავი, ისმინა კოპალას (–– 9 ––) და მისცა დიდი ძალ-ღონე. იგრძნო ერთ დღეს კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში, მისწვდა იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად (–– 10 ––). რაკი ძალა შეემატა, გადაწყვიტა, საბრძოლველად შებმოდა დევებს, საომრად გაიმზადა ლახტი, რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.
წავიდა კოპალა და ციხეგორაზე ნაცნობ დევებს მიადგა. ამ დროს ისინი ქვის სროლაში (–– 11 ––) ერთმანეთს – ჯილდაობდნენ. კოპალამ საწყლურად სთხოვა დევებს, ქვა მეც მასროლინეთო. დევებმა სასაცილოდ აიგდეს – შენ რა მსროლელი ხარ ამოდენა ქვებისაო. სამასხროდ კი ერთი რკინის ზოდი გადმოუგდეს, მისცეს ერთი პირშესქელებული ცული და უთხრეს: თუ ბიჭი ხარ, შეანაფოტეო.
კოპალამ შემოჰკრა ცული და ნაფოტებად აქცია. დევებს (–– 12 ––) ეცვალათ. ჰკითხეს:
რამ მოგიყვანა ჩვენთან და რა გინდაო?
რა მინდა და ეს ადგილები ჩემია და აქედან აიყარენითო, – შეუბღვირა კოპალამ დევებს.
მაშ, ვიჯილდაოთ და ვინც გაიმარჯვოს, ციხეგორაც იმას დარჩესო, – (–– 13 ––) დევებმა კოპალას. 
კარგიო, – დაეთანხმა კოპალა.
აიღეს სასროლი ლოდები და ირემაანთ კალოზე უძილაურის მთაზე ავიდნენ. ციხეგორელმა დევებმა იქიდან ხევსურეთისა და ფშავის მთების დევებს გასძახეს, მოწმეებად დაგვიდექითო.
ციხეგორელმა დევებმა (–– 14 ––) კალოზე ფეხის მოსამაგრებლად დიდი სიპები დაიდგეს. იქ ახლაც არის ეს სიპები მიწაში. ირგვლივ ყველგან რბილი მიწაა, მარტო იმ კალოსხელა მიწაზე ვერ ჩაარჭობს კაცი მარგილს, თუნდაც რკინისა იყოს. ციხეგორელი დევები სიპებზე დადგნენ და ისე ისროლეს სახლისოდენა (–– 15 ––) ციხეგორისაკენ.
დევებს ციხეგორაზე ქაჯები დაეყენებინათ ნამალევად: თუ კოპალამ გვაჯობოს, მისი ნასროლი ლოდი ჩვენი ნასროლი ლოდების აქეთ გადმოაგორეთო.
კოპალამ ნასროლი ლოდი სამოცი ნაბიჯით გადააცილა დევების ნასროლ ლოდებს. ქაჯებმა დიდი წვალებით გადმოაგორეს კოპალას ნასროლი ლოდი, მაგრამ დევების ერთ ლოდს წამოსდვეს. დაეჯაჯგურნენ და ამ დროს მოცილენიც წამოადგნენ თავს. ახლა კი (–– 16 ––) კოპალა, თავისი ლახტით დაერია დევებს და სულ გაწყვიტა.
იმ დღიდან კოპალა ციხეგორაზე ცხოვრობდა და ხალხს სხვა დევებისაგან (–– 17 ––).
ლექსიკონი:

ბუკაკა – გამოშტერებული, გამოლენჩებული (დამამცირებელი მეტსახელი)
ლახტი – ტყავის ქამარი
ჯილდაობდნენ – მიზანში ესროდნენ (ჯილდა – სამიზნე)
ზოდი – ლითონის მთლიანი ნაჭერი
კალო – მოსუფთავებული და დატკეპნილი მომრგვალო ადგილი
შეანაფოტე – ნაფოტებად აქციე
მარგილი – თავწათლილი მსხვილი სარი, იყენებენ ღობის გასაკეთებლად
(როგორც ვხედავთ, ტექსტს თან ერთვის მცირე ლექსიკონი ისეთი სიტყვებისა, რომელთა არცოდნამაც შეიძლება გაურთულოს მოსწავლეებს სასწავლო ამოცანა. ლექსიკონის დართვით მოწმდება ისიც, რამდენად შეუძლიათ ლექსიკონით სარგებლობა და გამოიყენებენ თუ არა ისინი აქ მოცემულ ახალ ლექსიკურ ერთეულებს გამოტოვებული სიტყვების აღსადგენად).

წყვილები ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევრებს და ამ პროცესში შეიძლება ერთი სიტყვის ნაცვლად დაგროვდეს რამდენიმე სავარაუდო პასუხი. ისინი მსჯელობენ და მიუწერენ “საკუთარ” სიტყვებს განსახვავებული ფერის კალმით, რომ შემდეგ ადვილად გაარჩიონ.

მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სწორ ვარიანტს და მოსწავლეებს შესწორებები შეაქვთ თავიანთ ნამუშევრებში (შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლის მიერ შერჩეული სიტყვა უფრო ადეკვატური იყოს, ვიდრე ტექსტშია, შეიძლება სინონიმებზე აქცენტის გაკეთებაც. მნიშვნელოვანია სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება. მაგალითად, რატომ “ამოგლიჯა” და არა “ამოთხარა”?). მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, როგორ შეარჩიეს ესა თუ ის სიტყვა, რას ეყრდნობოდნენ/იყენებდნენ ამ დროს (ეს შეიძლება იყოს ტექსტის მთლიანი შინაარსი, სუბიექტური ცხოვრებისეული გამოცდილება, აბზაცის კონტექსტი და სხვა). მასწავლებლის მიზანია, დაადგინოს, რომელ კონტექსტურ გასაღებებსა და კითხვის რომელ სტრატეგიებს იყენებდნენ მოსწავლეები. ამისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ სიტყვაზე ცალკეული მოსწავლის პასუხის მოსმენა. მრავალფეროვანი პასუხები ამდიდრებს მათ სტრატეგიებს. მოსწავლეთა პასუხებს (ყველა ეს პასუხი შეიძლება განვიხილოთ როგორც კითხვის სტრატეგია) მასწავლებელი წერს დაფაზე/ფორმატზე. ფაქტობრივად, იქმნება გამოყენებული სტრატეგიების ჩამონათვალი. ამის შემდეგ მოსწავლეები კიდევ ერთხელ წაიკითხავენ ტექსტს, ამჯერად სახელმძღვანელოდან, თავად პოულობენ მსგავსება-განსხვავებას საკუთარ ნამუშევრებთან და ავსებენ სქემის მეორე სვეტს, რომელშიც წერენ, რა აღმოჩნდა სინამდვილეში. 
III ფაზა

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წერით დავალებას: მათ კალმის ხელაუღებლად უნდა დაწერონ “რა მივიღე/რა შევიძინე ამ გაკვეთილიდან?” (თუ მოსწავლეებისგან მყისიერი უკუკავშირის მიღება გვინდა, წერითი დავალება შეიძლება შეიცვალოს იმავე შეკითხვაზე ზეპირი გამოკითხვით). 
ძირითადი დასკვნები 

როგორც ვხედავთ, გაკვეთილზე დაცული იყო სამფაზიანი მოდელი. 
·პირველ ფაზაში გააქტიურდა მოსწავლეთა არსებული ცოდნა და გამოცდილება.

·მეორეში მოსწავლეები “იძულებულები გახდნენ”, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, რათა აღედგინათ გამოტოვებული სიტყვები და შეემოწმებინათ საკუთარი ვარაუდები. ლექსიკური მარაგის გააქტიურებასთან ერთად ხელი შეეწყო ტექსტის მთლიანობაში გაგებასა და გააზრებას, ამასთან, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კითხვის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს უბიძგა იმ სტრატეგიების გააზრებისკენ, რომლებიც გამოიყენეს კითხვის პროცესში სიტყვების აღსადგენად. ხმამაღლა ფიქრმა თითოეულს “აღმოაჩენინა” საკუთარი სტრატეგია, ამასთან, გაამდიდრა თითოეულის არსენალი სხვა სტრატეგიებით. ერთდროულად მოხდა მოსწავლეთა დიაგნოსტირებაცა და მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაც.

·მესამე ფაზაზე “ხუთწუთიანმა წერამ” მოსწავლეები დააფიქრა გამოყენებული სტრატეგიების ეფექტიანობაზე, მათ მნიშვნელობაზე, მასწავლებელს საშუალება მისცა, მოსწავლეთა ნაწერების საფუძველზე შეეფასებინა არა მარტო მოსწავლეები, არამედ საკუთარი საქმიანობაც.

კეთილი დედინაცვალი, ოცდაექვსი გერი და კაპოტე

0
აღარც კი მახსოვს, როდის, – ალბათ, უფრო მაშინ, როცა თავი დიდები და ყოვლისშემძლეები გვეგონა, – “ბალახის სიმღერა” წაგვაკითხეს. მაშინ სიმღერის წაკითხვა შეუძლებელ ამბად გვეჩვენებოდა, ვიყავით თხუთმეტი წლისანი და, რომ ვიხსენებ, გამონაყარი უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე პრობლემა. პირიქით კი გვეგონა. ყველაფერი უკუღმა რომ იყო, ამას მერე მივხვდით, როცა გამონაყარი გაქრა და პრობლემები მომრავლდა.
მოზარდებს კი, რომლებსაც თავი მოზრდილებად მოაქვთ, სულაც არ სიამოვნებთ, მასწავლებელი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას რომ აიძულებთ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ხუთი წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილიყო და როგორც ათი წლის ბავშვებს, დედები ისევ კარაქს გვაყლაპებდნენ. ჩვენ კი ახლა უკვე დილაობითაც აღარ ვსაუზმობდით. მაგრამ გადაწყდა: გამონაკლისის დაშვება ქართულის მასწავლებლისთვის მაშინ შეიძლება, როცა ის საშინაო დავალებად საზღვარგარეთულ ლიტერატურას გვაძლევს. თანაც მაშინაც გვეგონა და დღემდე დარწმუნებულები ვართ, რომ ის საუკეთესო მასწავლებელია მსოფლიოს ყველა მასწავლებელს შორის, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი საშუალო დონის უცხოელ პედაგოგსაც კი არასდროს შეხვედრია.
მან კარგად იცოდა, რომ ეს სახიფათო თამაში იყო: შესაძლოა, ბოროტი დედინაცვალივით გამოსვლოდა, გერს ზამთრის არარსებული მარწყვის მოსატანად ყინვაში რომ გააგდებს. მგონი, უნდოდა კიდეც, ზუსტად ასე გამოსვლოდა და ჩვენ, ოცდაექვსი “გერი”, საშოვარზე შეგნებულად გაგვგზავნა. ოღონდ ჩვენი ბავშვური ყოვლისშემძლეობის იმედი ჰქონდა და არა სასწაულმოქმედი ჯუჯებისა.
მგონი, მაშინ შემიყვარდა ამერიკული ლიტერატურა და მგონი, მაშინ პირველად არ დავაგვიანეთ გაკვეთილზე. არდაგვიანების მიზეზი ჩვენი ნამტირალევი თვალები გახდა – ადრე ასეთი თვალები დაგვიანების მიზეზად თუ გამოგვადგებოდა.

მას შემდეგ ტრუმენ კაპოტეს არასდროს მოვიხსენიებ ჩემი საყვარელი მწერლების სიაში, რადგან ვისიმე ან რისამე მოხსენიება ისედაც ყოყლოჩინობა მგონია და “ბალახის სიმღერა” სრულიად არაყოყლოჩინური ამბავია. თავად კაპოტე დიდი კარიერისტი ვინმე რომ იყო, მერე გავიგე, აი, მაშინ, გამონაყარი სრულიად რომ გამიქრა. ბავშვობაში კოსმონავტობაზე რომ არ უოცნებია და იმ დროიდანვე დღეში სამ საათს წერას უთმობდა, ესეც მერე გავიგე. მასზე გადაღებული ფილმების, მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციების და ტრუმენისა და ჰარპერ ლის ბავშვობის მეგობრობის ამბავიც მერე შევიტყვე. ტრუმენის “ლიტერატურული ჟურნალისტიკის” (რომანი “ცივსისხლიანი მკვლელობა”) ამბავიც… მწერლების ბიოგრაფიებით დაინტერესება მოზრდილების თვისებაა.

კაპოტეს პერსონაჟების თვისება კი ძებნაა. ისინი დაკარგული ნივთის პოვნის ბავშვურ იმედს მაგონებენ და წარმოსახულ დამხმარეს, ჩვენს ბავშვობაში რატომღაც ჭია რომ იყო: “ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე…” ზუსტად ასე ეძებენ გზებს, ასე ეძებენ ურთიერთობებს, გულწრფელ ურთიერთობებს. ეძებენ ისეთ უცნაურ ადგილებშიც კი, როგორიც ჭადრებზე აგებული სახლია. ოღონდ ძებნას და მოძრაობას ერთ ადგილას დიდხანს დგომის შემდეგ იწყებენ და სულაც არ დარდობენ იმაზე, რომ არსებობს დაგვიანებული რაღაცები და არსებობენ დაგვიანებული ვიღაცები. უფრო სწორად, მათთვის დაგვიანება არც ისეთი ტრაგიკულია, როგორიც ჩემთვის – ღამის თერთმეტზე 135 ნომერი სამარშრუტო ტაქსის ცალი ბორბლით გასწრება. თანაც მათი სამზარეულოები ზამთარში ისეთი თბილია, როგორიც მხოლოდ ბებოს სოფლური სამზარეულო შეიძლება იყოს. იმ სამზარეულოებიდან დარიჩინიანი ფუნთუშების სურნელი გამოდის და ეს ძალიან სევდის მომგვრელია, რადგან ჩემს სამზარეულოს ჯამ-ჭურჭლისა თუ ქურის მუდმივი ძილის გამო ლითონის სუნი დაჰკრავს. იმ სამზარეულოებში, ხის სახლებში და რაილის ხელით აშენებულ ხის ფარდულებში სულ ჭკვიანურ რამეებს ამბობენ, ეს ჭკვიანური რამეები კი ზოგჯერ საშიშია. გიჟად შერაცხვის საზოგადო შიში მით უფრო მძაფრია, რაც უფრო უბრალო, მარტივ ჭკვიანურ ფრაზებს ამბობ. 

ამ შიშისგან რომ გათავისუფლდე, ალბათ, ან დოლი ტელბო უნდა იყო, ან რაილი ჰენდერსონი, ან თუნდაც მოსამართლე კული. ან ჩვენ, ოცდაექვსი მოზარდი, რომლებიც ერთ შორეულ ზამთარს ერთმა კეთილმა დედინაცვალმა საშოვარზე გაგზავნა. იქნებ ჰოლი გოლაითლივით (“საუზმე ტიფანისთან”) სულ ჩალაგებული უნდა გქონდეს ჩემოდანი, – ვინ იცის, ხვალ სად მოგიწიოს გამგზავრებამ შენი სახლის საპოვნელად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...