ოთხშაბათი, აგვისტო 27, 2025
27 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

დებატები – კრიტიკული აზროვნების და პრეზენტაციის უნარებისათვის

0

სადავოდ აღარავის მიაჩნია, რომ დებატები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რომელსაც შეუძლია, გაახალისოს, უფრო შემოქმედებითი გახადოს სასწავლო პროცესი. ის ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის ძალზე მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესება-განვითარებას. კიდევ შეიძლება ჩამოვთვალოთ კოგნიტური და შემეცნებითი უნარები, რომლებსაც მოსწავლეები დებატების მეშვეობით განივითარებენ: აბსტრაქტული აზროვნება, მოქალაქეობის გრძნობა, ეტიკეტის გაცნობიერება და დაცვა, თვითორგანიზება, საკუთარი თავის რწმენა, საჯარო მეტყველების კულტურა, კვლევა, გუნდური მუშაობა. და ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ.

ჩვენი თვალსაზრისით, დებატები ის აქტივობაა, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება საკმაოდ ხშირად გამოიყენოს, რადგან ისტორიის გაკვეთილებისთვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად, დებატები ისტორიის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ეხმარება ისტორიის მასწავლებელს საგნის სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. დებატები ეთანადება ისტორიის სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია არა ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ ისტორიული პროცესების გაანალიზებასა და შეფასებაზე, ისტორიული პირებისა და მოვლენების სხვადასხვა რაკურსით დანახვაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უამრავი ისტორიული მოვლენისა და პირის შესახებ დღემდე არსებობს (და ყოველთვის იარსებებს) განსხვავებული მოსაზრებები, დებატების საჭიროება ისტორიის გაკვეთილზე ბუნებრივადაც წარმოიშობა.

დებატის ფორმატს, რომელიც ამჯერად გვინდა განვიხილოთ, ლინკოლნ-დუგლასის დებატები ეწოდება. დებატების ამ ფორმატის სახელწოდება სათავეს შორეული 1858 წლიდან იღებს, როცა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და შემდგომ აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ილინოისის შტატის სენატორის არჩევნებში ნაკლებად ცნობილ მეტოქეს ს. დუგლასს დაუპირისპირდა. საარჩევნო კამპანიის დროს მეტოქეებმა შვიდი საჯარო დებატი გამართეს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მათი დებატების თემა მონობა გახლდათ. სხვათა შორის, ის არჩევნები დუგლასმა მოიგო, მაგრამ ამ დებატებმა ლინკოლნი უფრო უკეთ გააცნო ხალხს, გაზარდა მისი პოპულარობა, რისი წყალობითაც მან შეძლო 1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება.

ლინკოლნ-დუგლასის დებატების კლასიკური ფორმატით, ორი მხარე განიხილავს სადებატო თემას. შესაბამისად, დებატები იწყება საკამათო საკითხის წამოჭრით (მაგ., “ყუთლუ-არსლანის გამოსვლა – პროგრესული ისტორიული მოვლენა”). დებატებს იწყებს ის მხარე, რომელიც ეთანხმება განსახილველ საკითხს. დებატები კი ასეთი ფორმატით წარიმართება:

* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მოწინააღმდეგე შეეცდება ჩამოაყალიბოს კონტრარგუმენტები (3 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მომხრე მოპაექრეს თავის კონტრარგუმენტებს წარუდგენს (3 წთ);
* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტების შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს მომხრე გუნდის არგუმენტების შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ).
საზოგადოდ მიღებული ფორმატით, ლინკოლნ-დუგლასის დებატების დროს მოპაექრეები წინასწარ არ უნდა იცნობდნენ სადებატო თემას. სადებატო საკითხის წამოჭრის შემდეგ პრეზენტატორებს უნდა მიეცეთ დრო არგუმენტების მოსაფიქრებლად.

სასწავლო პროცესში, სხვადასხვა სასწავლო კოგნიტური მიზნებიდან გამომდინარე, ლინკოლნ-დუგლასის დებატების ფორმატი, რასაკვირველია, შეიძლება შეიცვალოს. უპირველესად, ეს ეხება დებატების მონაწილეთა რაოდენობას. დებატები შეიძლება გავმართოთ წყვილებს, სამეულებს ან ჯგუფებს შორის.

მოდი, ამჯერად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გავმართოთ ლინკოლნ-დუგლასის ფორმატის დებატი ჯგუფებს შორის, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ამის საშუალებას გვაძლევს.

ჯგუფში შეგვიძლია 6 მოსწავლე გავაერთიანოთ. ეს რაოდენობა საშუალებას მოგვცემს, თითოეულ მოსწავლეს სპეციფიკური, მისთვის განკუთვნილი დავალება დავაკისროთ, რომელზეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი. დებატები იმავე ფორმატით წარიმართება, მაგრამ როლები ჯგუფის წევრებს შორის ასე განაწილდება:

მოდერატორი – ასახელებს სადებატო თემას, აცხადებს წესებს, წარმოადგენს ჯგუფის წევრებს და მათ მოვალეობებს;
მთავარი დებატორი/კონსტრუქტორი – წარმოადგენს თავისი გუნდის მთავარ არგუმენტებს;
კონტრარგუმენტატორი – დაუსვამს შეკითხვებს მოწინააღმდეგე გუნდის კონტრარგუმენტატორის მოპასუხეს;
კონტრარგუმენტატორის მოპასუხე – დროებით საკუთარ თავზე იღებს მთავარი დებატორის ფუნქციას და პასუხობს მოწინააღმდეგე გუნდის კონტრარგუმენენტატორის შეკითხვებს;

გამბათილებელი – პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც კონტრარგუმენტატორის მოპასუხისა და კონტრარგუმენტატორის დებატების დროს წარმოიშვა მისი გუნდის მიმართ;

შემაჯამებელი – ამთავრებს დებატებს, კიდევ ერთხელ ასახელებს თავისი გუნდის მთავარ არგუმენტებს; მისი მოვალეობაა, შეძლებისამებრ გააძლიეროს დებატების დროს მისი გუნდის მთავარ არგუმენტებში თავჩენილი სუსტი წერტილები (ე.წ. “ხვრელების ამოვსება”).
ლინკოლნ-დუგლასის ფორმატი იძლევა ვარირების საშუალებას როგორც კლასში მოსწავლეთა რაოდენობის, ისე სასწავლო მიზნების შესაბამისადაც. მაგალითად, თუ მოსწავლე ცოტაა, შეგვიძლია შევამციროთ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა, შესაბამისად, ერთ მოსწავლეს ორი ფუნქცია დაეკისროს ან ზოგიერთი როლი საერთოდ გაუქმდეს. აგრეთვე შესაძლებელია, დებატებში მასწავლებელიც ჩაერთოს მოდერატორის ფუნქციით.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პირველივე ცდაზე სრული ფორმატით დებატების გამართვა რთული ამოცანაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ მასწავლებელი დებატებს შემოქმედებითად მიუდგება და თავისი კლასის საჭიროებას მოარგებს. ასევე სავსებით მოსალოდნელია, თავდაპირველად დებატებში ხალისით მხოლოდ აქტიური მოსწავლეები ჩაერთვონ.

დასასრულ, გვინდა, რამდენიმე წინასადებატო სტრატეგიაც შემოგთავაზოთ, რომლებიც გაცილებით მარტივია და მოსწავლეებს დაეხმარება სადებატო თემის უკეთ გააზრებაში, ინფორმაციის მოპოვებასა და გაანალიზებაში, რათა შემდეგ დებატების სრული ფორმატით გამართვა შეძლონ.

“სამი ბარათის” სტრატეგია – ეს სტრატეგია ყველა მოსწავლეს აძლევს შანსს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მონოპოლიზებულ იქნეს უფრო აქტიური მონაწილეების მიერ. ამ სტრატეგიის მიხედვით, მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს დებატების დაწყებამდე აძლევს სამ (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ორსაც) ბარათს, რომლებზეც წერია სიტყვები “შეკითხვა ან კომენტარი”. თუ მოსწავლეს დისკუსიაში ჩართვის სურვილი ექნება, ასწევს ბარათს, ხოლო მას შემდეგ, რაც დასვამს კითხვას ან გააკეთებს კომენტარს, ბარათს გვერდზე გადადებს და ჩააბრუნებს. მას სამჯერ ექნება დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა. ამრიგად, ეს სტრატეგია აიძულებს მოსწავლეს, კარგად დაფიქრდეს და მერე ჩაერთოს დისკუსიაში. ეს განსაკუთრებით ეხება აქტიურ მოსწავლეებს. ისინი ეცდებიან გაიაზრონ, ღირს ბარათის “დაკარგვა” იმ კომენტარად, რომლის გაკეთებასაც აპირებენ, თუ ის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული კომენტარისთვის შემოინახონ. სამივე ბარათის გამოყენების შემდეგ მოსწავლე ეთიშება დისკუსიას, სანამ ყველა მონაწილე არ გამოიყენებს თავის ბარათებს.

“დათვლის” სტრატეგია – იგი, ფაქტობრივად, ზემოთ აღწერილი სტრატეგიის იდენტურია, თუმცა შეიძლება, დებატებში უფრო გამოცდილ კლასთან გამოვიყენოთ. ამჯერად მოსწავლე ბარათების ნაცვლად ხელით იძლევა ნიშანს, რამდენჯერ მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში იმ მომენტისთვის. პირველ ცდაზე ის უბრალოდ ხელს აიწევს, მეორე ცდაზე საჩვენებელ თითს აღმართავს იმის ნიშნად, რომ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, მესამე ჯერზე კი ორ თითს ასწევს იმის ნიშნად, რომ უკვე ორჯერ გააკეთა კომენტარი და ამით ამთავრებს დისკუსიაში მონაწილეობას, სანამ ყველა დანარჩენი მოსწავლე არ მიიღებს მონაწილეობას მასში.

სტრატეგია “ერთმანეთის კვალდაკვალ” – ეს სტრატეგია ლინკოლნ-დუგლასის დებატების ფორმატის ერთგვარი ალტერნატივაა. ამ შემთხვევაში გუნდში 5 წევრია. თითოეული გუნდის წევრი წარმოადგენს სადებატო საკითხის ერთ ასპექტს. მთელ გუნდს აქვს წინასწარ განსაზღვრული დრო (ვთქვათ, 5 წუთი), შესაბამისად, თითოეულ წევრს მიეცემა თითო წუთი. გუნდის პრეზენტაციას იწყებს პირველი წევრი მთავარი არგუმენტით. მას არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ერთ წუთზე მეტხანს და თავისი გამოსვლის დასასრულს უნდა მოასწროს გუნდის იმ წევრის დასახელება, რომელიც პრეზენტაციას გააგრძელებს. პირველ პრეზენტატორს სიგნალი მეორემ უნდა მისცეს ხელის აწევით. ამ ჟესტით პრეზენტატორი მიხვდება, ვინ არის მზად პრეზენტაციის გასაგრძელებლად. არ შეიძლება გუნდის რომელიმე წევრის მეორედ დასახელება, ვიდრე თითოჯერ ყველა არ მიიღებს მონაწილეობას.

ჩემი რუსთაველი

0

ჩემი რუსთაველი სკოლის წლებში სულაც არ დაწყებულა. ალბათ, ამით ახალს არაფერს ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, აუცილებელი საზეპიროების სიმრავლის გამო “ვეფხისტყაოსნის” სწავლა მაინც ყველაზე დამქანცველ რუტინად მახსოვს. მოგვიანებით, აბიტურიენტობის დროს, იმავე ქართულის მასწავლებელმა უფრო მშვიდ გარემოში გამიხსნა პოემის უძვირფასესი საგანძური. აქედან დაიწყო ჩემი რუსთაველი, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზეც გაგრძელდა და, რასაკვირველია, საკლასო ოთახშიც, სადაც მოსწავლე კი არა, უკვე ქართულის მასწავლებელი ვიყავი.

 
რამდენჯერმე მეც ვცადე, ეს შესანიშნავი ტექსტი უფრო ახლობელი და საყვარელი გამეხადა ჩემი მოსწავლეებისთვის, ჰოდა, მინდა ამ რამდენიმე ცდის შესახებ მოგიყვეთ.
 
***
როდესაც ამ შესანიშნავი პოემის მხატვრული სტრუქტურის, კერძოდ, ტროპული მეტყველების თავისებურების შესახებ ვსაუბრობდი, გადავწყვიტე, შოთას მეტაფორების გამოფენა მომეწყო – ჩვეულებრივი ექსპოზიცია თავისი ყველა კომპონენტით. ეს იქნებოდა ცდა, ფრაზები მხატვრობის ან თუნდაც ფოტოგრაფიის სახით წარმოგვედგინა, ოღონდ ისე, რომ ნახატებსა და ფოტოებთან ერთად ტექსტიც გამოფენის ნაწილი ყოფილიყო.

ასეც მოვიქეცით. წინასწარ მოვამზადეთ ტექსტობრივი ექსპონატები. ზოგიერთი მათგანი ბავშვებმა ფოტოებად აქციეს, ზოგიერთის მიხედვით საინტერესო ნახატი შეიქმნა, ზოგიერთი კი, უბრალოდ, ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი (ვცადეთ, სხვადასხვა ხელნაწერის მხედრული გამოგვეყენებინა) თავისთავად იქცა ვიზუალური ხელოვნების ნიმუშად.

ვიზრუნეთ გამოფენის მუსიკალურ ფონზეც – მსახიობებისა და მწერლების წაიკითხულ “ვეფხისტყაოსანს” საინტერესო მუსიკალური ფონი დავადეთ, ზოგჯერ კი ტექსტი, როგორც თავისთავადი მუსიკა, ასე, უბრალოდ გავუშვით გამოფენის მიმდინარეობის დროს.

ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა, დაჭერილი კურდღლების რაოდენობას აღარ დავთვლი – გარდა ტექსტზე მუშაობისა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი ღონისძიების დაგეგმვა ისწავლეს, გაიგეს, როგორ შეიძლება ერთ სივრცეში მოახერხო ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაერთიანება და, რაც მთავარია, გაუშინაურდნენ გენიოსს – შოთა რუსთაველს.
 
***
მეორე ცდა უკვე პოემის სიუჟეტზე მუშაობისას მოსწავლეთა დაინტერესება იყო. ამიტომაც მივეცი საშუალება, ყველას თავისებურად განევითარებინა პოემის სიუჟეტი. წარმოიდგინეთ, რომ „მათ სამთა გმირთა მნათობთა” სულაც არ შეექმნათ კოალიცია და ცალ-ცალკე წასულიყვნენ ნესტანის გასათავისუფლებლად, ან თვითონ თინათინი გამგზავრებულიყო უცხო ყმის გამოცანის ამოსახსნელად; იქნებ ნესტანსა და ტარიელს თავიდანვე ექორწინათ და ქაჯებს მათი მშვენიერი ასული გაეტაცებინათ, ანდა ფრიდონს ასმათის გული მოენადირებინა; იქნებ ქაჯებიც გონს მოგებულიყვნენ და საკუთარი სამეფო ინდოეთისთვის შეეერთებინათ… მოკლედ, ეს და კიდევ მრავალი ვარიანტი და კომბინაცია წარმოადგინეს ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა, თანაც თვითონ „ვეფხისტყაოსანი” იძლევა ასეთი ვარიაციების საშუალებას, შემთხვევითი არ არის, რომ გვიანი შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა შოთას გენიალური პოემის ათასგვარ გაგრძელებას იცნობს.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კარგად გავერთეთ, ჩვენი ფანტაზიაც გავაღვიძეთ, პოემის ტექსტიც ბევრჯერ წავიკითხეთ, ძალიან მხიარული, შედეგიანი და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა.
 
 
„უცნობი შოთა რუსთაველი”

შოთა რუსთაველის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, მრავალი ცნობა მის შესახებ მითოლოგიური ან ნახევრად მითოლოგიურია, რაც კიდევ უფრო აღვიძებს ფანტაზიასა და ინტერესს.

გაკვეთილზე, რომლის თემაც ბიოგრაფიის შედგენა, ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები, ბიოგრაფიული რომანი იყო, ვცადეთ მოგვეძიებინა შოთა რუსთველის ცნობილი თუ უცნობი ბიოგრაფიები.

ერთ-ერთი რესურსი, რომელიც დავიხმარეთ, ქართული დიალექტური კორპუსი იყო. საძიებო სისტემაში „შოთას” ან „რუსთაველის” ჩაწერისას ბევრ საინტერესო ისტორიას წავაწყდით.

აი, მაგალითად, 1945 წელს მესხეთში, სოფელ მუსხში ჩაწერილი ტექსტი:

„რუსთავში უცხოვრია შოთას მამას, რქმევია იესე, გვარი – ჩახრუხაძე. ეს კაცი ძალიან მოლექსე ყოფილა. ბატონებსაო წინ უძღოდაო და ისეთ-ისეთ სიტყვიებ ეტყოდა, რომ აწყენდა ხოლმეო. ბატონებმა შური აიღეს, რომ ამან ყოველთვის ასე'ნა გვარეზილოსო და მოინდომეს იმის მოკლა.

პატრაშენში იყო ერთი სიმონ ბატონი. გაღმა-გამოღმა ყოფილან ეს რუსთავი და პატრაშენი. სიმონ ბატონს ვაჟი დიესახლებინა და ქორწილში დიეპატიჟებინა იესე ბატონი. ქორწილის დროს, რასაკურველია, სმაში ყოფილან ესენი და მაშინ მოსვლია მახარობელი იესე ბატონს, რომ შენაო ვაჟი შეგეძინაო. ამ კაც გახარებია. დაუწყვია მეტი სმა და ქეიფი. მაშინ ბატონებს უფიქრიათ, დრო ეს არიო – და მიუციათ წამალი და მოუკლიათ ეს კაცი.

შოთაჲ დარჩენილა ობოლი. აუღზრდიათ სახში. რო პატარა მოზდილა, ბიძა ყოლია იმას, უპატრონია და გამოუზდია. შემდეგ წაუყვანია, შკოლებში მიუცია. ჯერ აუყვანია ტბეთის შკოლაში, მერმე ზარზმაში გადმოუყვანია და იქ დაუსრულებია. მერე წამოსულა და რუსთავში მოსულა. რუსთავში რო დარჩენილა, ხალხს შეყვარებია. ძალიან სწავლული კაცი ყოფილა.

მანდ ერთი ქალი შეუყვარდება, სახელათ ნინაჲ რქმევია.

ამის მერე თამარ დედოფალს დაუბრია შოთაჲ, გამოუცხადებია, რომ შენაო საბერძნეთში უნდა წახვიდეო რამდენიმე წლითაო, იქ შეისწავლეო და დაბრუნდები ისევაო.

წასვლი დროს რამდენიმე სიტყვას ეტყვის შოთაჲ თავის საყვარელს:

შავარდენი გადმოფრინდა
აბრეშუმის ბუდიდგანა,
ნინამ ვაშლი ამოიღო,
შემამტყორცნა უბიდგანა:
შენებურათ შემინახე,
არ გადმიგდო გულიდგანა!

ადგა, წავიდა ეს შოთაჲ. ექვსი წელიწადი დარჩება საბერძნეთში და მობრუნდება. ამ დროს, რო გაიგებს ეს ნინაჲ, მოსულაო – და იმას არ ნახამს, ადგება თითონ, ჩაიცვამს, გამიეწყობა თავი ძმის ტანისამოსში და წავა შოთას სანახავათ. მივა, შეიხედამს ფანჯრიდან, ნახამს, რო შოთაჲ სწერამს, მისულა ერთი მშვენიერი ქალი და დაყუდებია ნიდაყვით. მაშინ იტყვის ნინაჲ, რომ: ვაი, შენ ჩემო თაოო, ექვსი წლის სიყვარულო, რა უდროოთ დაშჭკნიო, რას მოველოდი და რას მევესწარიო, ამას სხვა შეუყვარებიაო! თურმელ და ყოფილა ის ქალი, ნინას არ სცოდნია. ნინას დაუძახია შოთასთვის:

შეყვარებულის მოღალატეო,
წინ გიგია ხლართი მახეო,
შოთა ჩემო, ხმა გამე,
გულ ლახვარი ნუ დამეო!
დაუკრია ხანჯალი და მოუკლია თავი.”
 
როგორი ამბავია? 🙂
 
კიდევ ბევრი რამ ვიპოვეთ, უბრალოდ, ყველაფერს არ მოგიყვებით, თავადაც მოძებნეთ და გახადეთ დაუვიწყარი თქვენი ლიტერატურის გაკვეთილი.

 

„შიშიშ კუბო ბჭკადი!“

0

ჩვენს
კლასში ერთი ბიჭი სწავლობდა, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. მგონი,
არც თვითონ უცდია ოდესმე ყურადღების მიქცევა და არც იმის საბაბი მიუცია
ვინმესთვის, მისით დაინტერესებულიყვნენ. არ აცდენდა, არ იგვიანებდა, საშინაო
დავალებაც ყოველთვის მზად ჰქონდა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე მიდიოდა შინ.

დიდი
ხნის უნახავი კლასელები შევხვდით ამასწინათ, სკოლა გავიხსენეთ, სკოლის პერსონაჟებს
ჩამოვუარეთ სათითაოდ და, როგორც ყოველთვის, ლექსოზე ვერავინ ვერაფერი თქვა. ეტყობა,
წესიერი და ზრდილობიანი ის თვისებები არ არის, რითაც ადამიანი უნდა დაგამახსოვრდეს
სამუდამოდ, სხვაც სჭირდება ალბათ: ერთი კვიმატი სხივი, თუნდაც ფეხის ერთი გადაცდენა.

იმათ
არ იცოდნენ, მაგრამ მე კი მახსოვდა ლექსოს ისეთი საქციელი, რომელმაც მთლიანად შემიცვალა
წარმოდგენა მის შესახებ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ზოგადად წარმოდგენების (რაც კი
გამაჩნდა!) დასამსხვრევად შემამზადა.

ჩვენმა სკოლელებმა სხვა სკოლის ბიჭებთან იჩხუბეს და, როგორც ხდებოდა
ხოლმე, მთელი უფროსკლასელობა წავიდა ამბის გასარკვევად. ამ შემთხვევაში
შეურაცხყოფაც საერთოა, სიხარულივით, ამიტომ მასზე პასუხისგება ყველას სათითაოდ
გვიწევდა. მეც ჩემი „პაპკა” გადავკეცე, ქამართან ჩავიმაგრე და კუბოკრული პერანგი
გადავაფარე – არ უნდა შემტყობოდა, სწავლას მოწყურებული რომ ვიყავი, თორემ (ყოველ
შემთხვევაში, მაშინ ასე გვწამდა) შეიძლებოდა ვინმე დაეჭვებულიყო ჩვენს
ბრძოლისუნარიანობაში.

ყველაზე
უცნაური ამ ამბავში ლექსოს გამოჩენა იყო – მისი ინტერესის ფარგლებს ხომ სცილდებოდა
ყოველგვარი „კლასგარეშე”. ასე მგონია, კლასგარეშე ლიტერატურის ის სიაც არასდროს
ჩაუწერია, რომელსაც ზაფხულის არდადეგების წინ გულმოდგინედ გვკარნახობდა ქართულის
მასწავლებელი.


შენ აქ რა გინდა? – ვკითხე გაოცებულმა. გაჩერდა.


რა იყო, არ შეიძლება?! – კითხვა შემომიბრუნა, სერიოზული და შემართული ჩანდა.

რამდენიმე
წამი ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, რომ მისი საჩხუბრად წამოსვლის ნამდვილი მიზეზი
გამეგო, რაღაცაზე უნდა წამომეგო. ბოლოს ჩავაწვეთე:


მერე, რომ გცემონ? – ეს ვთქვი თუ არა, შევატყვე, როგორ გამევსო გული ბრაზით
საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, იმწუთას ცნობისმოყვარეობა რომ თრგუნავდა
სინდისს.


მცემონ, მერე რა.

– გცემონ და არაფერი? – გაკვირვებისგან პირი დავაღე.

გაეღიმა, მოტრიალდა და აჩქარებული ნაბიჯით გაეკიდა წინ წასულ ბიჭებს.
არ დავანებე:

– მოიცა, მოიცა, გცემონ, გჟეჟონ, ცხვირ-პირი დაგისისხლიანონ და…

– მერე რა?

– არ გეშინია?

მაშინ იყო, რომ გაჩერდა, შემობრუნდა, ქვემოდან ამომხედა და მკაცრად
თქვა:

– შიშიშ კუბო ბჭკადი!

ჯერ სიცილი წამსკდა, ვხარხარებდი. ფეხზე მდგომარემ რომ ვერ დავიოკე,
ჩავიკუზე, ცრემლს ვიხოცავდი და სულს ვერ ვითქვამდი. მერე, როგორც იქნა, წამოვდექი.
არავინ ჩანდა, ლექსოც სადღაც გამქრალიყო. არ გამოვდევნებივარ, არავინ არ მიძებნია,
შინისკენ დავაღერე თავი.

გზაში სულ ლექსოს სიტყვებზე მეფიქრებოდა. ისიც წარმოვიდგინე, როგორ გამოჭედავდა
ხელში ჩაქუჩ- და შალაშინმომარჯვებული ლექსო კუბოს შიშისათვის, დიდს, უზარმაზარს,
შიშის სამყოფს, სადაც ყველაფერი ჩაეტეოდა, რასაც ჩვენი დაშინება და გაბითურება
შეეძლო – აურაცხელი ყოფითი მიზეზი, პირადი ურთიერთობები, ძალაუფლების წინაშე
თავმოთნეობა… და კიდევ ათასი მოძალადე შეკითხვა: რომ მოვიდეს, რომ წავიდეს, რომ
წამართვას, რომ მცემოს, რომ… რომ… ეს კუბო ყველა შიშს დაიტევდა, ყველას შთანთქავდა.


თეონა ჭანიშვილის ნახატი 

…ახლაც ვფიქრობ, ახლაც მტანჯავს და მაკვირვებს ლექსოს გამბედაობა.
მეცინება კიდეც. სასაცილოცაა ალბათ ადამიანისგან აბუჩად აგდებული, მეტიც – ადამიანის
ხელით კუბოში ჩასვენებული შიში, რომლის რისხვაც კვალდაკვალ მოჰყვება კაცობრიობის
ისტორიას. ხანდახან დავეჭვდები: იქნებ წამოსცდა ან მე მომეყურა? რატომ თქვა
საერთოდ? წყევლა იყო თუ თავის გამხნევება? ისევ შიშმა ათქმევინა თუ ვაჟკაცობამ?
მაგრამ შიში ხომ ერთნაირად ჩასდის გულში მხდალსაც და ვაჟკაცსაც – წვეთ-წვეთად ჩაიწურება
ხოლმე.

მოძალადე კითხვებს მოიყოლებს-მეთქი და მოჰყვა კიდეც. მერე რა, რომ
ჩვენ ამ ყველაფერს „სიფრთხილედ”, „წინდახედულებად”, „თავის შენახვად”
მოვიხსენიებთ, უთქმელადაც ვიცით, რომ თუკი რაღაცის (ამ აბსტრაქტული სიტყვის ადგილას
შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერი არსებითი სახელი) შიშით შენს თავს, პრინციპებსა და
ფასეულობებს ღალატობ, „სიფრთხილე” უმალ „ლაჩრობად” იქცევა, „წინდახედულება” – „მონურ
შემგუებლობად”, „თავის შენახვა” – „თავზე ლაფის დასხმად”. 

– შიშიშ კუბო ბჭკადი! – სადღაც შორიდან მესმის ლექსოს ხმა. ალბათ ისევ
ის ჩვეულებრივი ბიჭია, სხვებს რომ არაფრით გამორჩეული ჰგონიათ. თვითონაც დიდად არ
ანაღვლებს, რას იტყვიან, როგორ შეაფასებენ სხვები – მან ხომ ეს შიშიც მოაშთო, უფრო
სწორად, ამ შიშსაც გამოუჭედა განსასვენებელი.

შეფასების თავისებურებანი ფინეთის სასკოლო განათლებაში

0

მიხეილ ბრაჟნიკი – შეფასების თავისებურებანი ფინეთის სასკოლო განათლებაში

საზღვარგარეთული განათლების სისტემების გამოცდილების გააზრებისას ფინეთი უდავოდ დიდ ინტერესს იმსახურებს. ფინური განათლების ხარისხის მაღალი დონე მრავალი საერთაშორისო გამოკვლევით დასტურდება. PISA-ს (Programme for International Student Assessment) მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ 2006 წელს ფინეთი პირველ ადგილზე იყო საბუნებისმეტყველო განათლების სფეროში, მათემატიკასა და კითხვის კულტურაში კი მეორეზე.
რამ განაპირობა ასეთი შედეგები?

უპირველეს ყოვლისა, იმან, რომ, საზოგადოდ, განათლება და, კერძოდ, სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა პრიორიტეტს წარმოადგენს ფინეთში. მეორე – სასკოლო განათლებას დიდი ტრადიცია აქვს და, მიუხედავად განვითარების ყველა თანამედროვე ტენდენციისა, ეფუძნება საკუთარ პრინციპებსა და ფასეულობებს. მესამე – ფინეთის სასკოლო განათლების მიზანი დიდხანს იყო პიროვნების განვითარება, პიროვნებისა, რომელსაც საკუთარი ტალანტის აღმოჩენა ძალუძს. ის მუდმივად განსწავლადია და ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი აქვს. ფინური სკოლის მთავარი მიზანია, ასწავლოს მოსწავლეს სწავლა.

ფინურ საგანმანათლებლო პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა ხარისხი, ეფექტურობა და თანასწორობა. თანასწორობა საგანმანათლებლო პოლიტიკის ცენტრალური პრინციპია, რომელიც ორმოცი წელია მოქმედებს. ის გულისხმობს საგანმანათლებლო სერვისის სამართლიან უზრუნველყოფას, ხარისხიან სასკოლო განათლებას უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად სკოლების გეოგრაფიული განლაგებისა, სამეტყველო ენისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური წოდებისა და სქესისა [3, გვ. 25].

მოსწავლეთათვის თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად გამოიძებნა რეგულირების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფილნი არიან ინფორმაციით საკუთარი მუშაობის ეფექტურობასა და მიღებულ გადაწყვეტილებათა ადეკვატური შეთავსების თაობაზე, როგორც ნაციონალურ, ისე რეგიონულ დონეზე. სწორედ ასეთ ინსტრუმენტად იქცა შეფასების სისტემა. შეფასება ხდება საგანმანათლებლო სისტემის ყოველ საფეხურზე (საწყისი, საშუალო, უმაღლესი), რამდენადაც ის წარმოადგენს განათლების ნაციონალური სისტემის ჰარმონიზაციის საშუალებას დეცენტრალიზაციის პირობებში. ცოდნის შეფასება ფინეთში განათლების საყოველთაო მართვის საშუალებაც არის, რომლის მეშვეობითაც იკრიბება ინფორმაცია განათლების შინაარსისა და მუდმივად ცვალებად რეალობასთან ადაპტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად ნაციონალურ და საერთაშორისო კონტექსტში.

კვლევამ აჩვენა, რომ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში შეფასების კონცეფცია სპეციფიკურობით გამოირჩევა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ შეფასებამ ხელი უნდა შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არა ცუდი შედეგების (მოსწრების) გამოვლენისა და მათი კონსტატაციის, არამედ სასწავლო დაწესებულებებსა და განათლების პოლიტიკის მმართველებს შორის ჰარმონიის მიღწევის გზით. შეფასებამ ბიძგი უნდა მისცეს პროგრესს, ის უნდა იძლეოდეს სასწავლო დაწესებულების მუშაობის უკეთესობისკენ წარმართვის რწმენას. შეფასების ამგვარი სისტემა არ ითვალისწინებს არც წახალისებას, არც საჯარიმო სანქციებს. შეფასების მიზანი აქ, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელთა მხარდაჭერაა სკოლების მუშაობის შედეგების შესახებ მრავალფეროვანი, აქტუალური და სანდო ინფორმაციით უზრუნველყოფით. შეფასების შედეგები, ისევე როგორც ამ შეფასებისას გამოყენებული მეთოდები და მასალა ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. შედეგებს ითვალისწინებენ ეროვნული სასწავლო გეგმის შედგენისას. ის საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში მისაღებ გადაწყვეტილებებზეც ახდენს გავლენას და, რასაკვირველია, აქტიურად გამოიყენება თავად მასწავლებლების მიერ სწავლის გაუმჯობესების მიზნით. ყოველივე ამას ერთადერთი მიზანი აქვს: ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება. უნდა აღინიშნოს, რომ შეფასების შედეგები გამოიყენება განათლებაში თანასწორობის პრინციპების დაცვის კონტროლისთვისაც.

სასკოლო განათლების შეფასება ფინეთში ხორციელდება შიდა (შეფასების სუბიექტი – სასწავლო დაწესებულება) და გარე (შეფასების სუბიექტი – სპეციალური სახელმწიფო ორგანიზაციები) შეფასების საფუძველზე. ამგვარი შეფასების სისტემა შედეგებს გამოავლენს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

1) სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის თვითშეფასება (შიდა შეფასება);

2) მოსწავლეთა განსწავლის შედეგები (შიდა შეფასება);

3) ინფორმაციის მოპოვება საზოგადოდ საგანმანათლებლო სისტემის განვითარების შესახებ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაზე სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვების გზით (გარე შეფასება);

4) ინფორმაციის მიღება მიღწევათა შედეგების თვალსაზრისით საგანმანათლებლო პროცესის ცალკეულ ასპექტებზე (გარე შეფასება).

შიდა შეფასებას მიაკუთვნებენ სასწავლო დაწესებულებების თვითშეფასებასაც. თითოეულ მათგანს აკისრია ვალდებულება, ჰქონდეს შიდა შეფასების გეგმა, რომელიც მას საკუთარი საქმიანობის მონიტორინგის საშუალებას მისცემს კონკრეტულ პერიოდში. ამგვარი შეფასება გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ასპექტს: გამოცდების შედეგები, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებული პედაგოგიური პრობლემები, ასევე – სასწავლო დაწესებულების ცხოვრების მატერიალური მხარე. ყველა ეს მონაცემი ფიქსირდება ერთგვარ ანკეტაში, რომელიც წარმოდგენილია თითოეული სკოლის ვებგვერდზე. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ უპასუხონ ანკეტაში მოცემულ შეკითხვებს. ამ ანკეტების ანალიზი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში მონაწილეთა მაჩვენებელი ყოველთვის მაღალია და, როგორც წესი, 70 პროცენტს უახლოვდება.

შიდა შეფასების სხვა მაგალითია მოსწავლეთა შედეგების შეფასება. ფინურ სკოლებში 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებს საერთოდ არ აფასებენ ნიშნებით (ქულებით). დაწყებით კლასებში არც გამოცდები ტარდება. თითოეული მოსწავლე თავისი ჩვეული ტემპით ვითარდება. მოსწავლის შეფასება დაბრკოლებად ითვლება საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის გზაზე. მშობლები წელიწადში ორჯერ იღებენ ინფორმაციას შვილის მოსწრების შესახებ, ეს ინფორმაცია კი მოსწავლის სწავლის პროცესის აღწერას გულისხმობს და არა ქულებს. მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ თვითშეფასებას, ეხმარებიან საკუთარი რესურსების მობილიზებაში და იმის გაცნობიერებაში, რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს მას. ქულებით შეფასება (4-დან 10-მდე ქულა) მხოლოდ მეექვსე კლასიდან იწყება. საგნის სრული არცოდნა ფასდება „4″ ქულით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ ხელახლა უნდა გაიაროს ეს კურსი. „4″ მინიმალურ ქულად შემთხვევით არ არის შერჩეული: ფინეთში ნებადართული არ არის მოსწავლის დამცირება შეფასებით, რომელიც შეიძლება „0″ ქულით გამოიხატოს. სხვადასხვა ქულა ცოდნის სხვადასხვა დონეს შეესაბამება: „7″ – საშუალო მაჩვენებელია, „8″ – კარგი შეფასება, „10″ ქულა კი – საუკეთესო.

ეს ქულები გარკვეულ კრიტერიუმებს წარმოადგენს მაღალ კლასებში გადასასვლელად, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული ხასიათი აქვს. უფროს კლასებში შეფასება იმავე ქულების (4-10) ფარგლებში ხდება, მაგრამ იცვლება შეფასების პერიოდულობა – ეს ყოველ 6 კვირაში ერთხელ ხდება და გულისხმობს ტესტირებას რამდენიმე დღის განმავლბაში (9-დან 12 სთ-მდე). საშუალო სკოლის დასრულებისას მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ მოცემული დისციპლინის მინიმუმ 2/3 ცოდნა, რათა საშუალო სკოლის სერტიფიკატი აიღონ. ამგვარი გამოცდისას შეფასების განსხვავებული მეთოდი გამოიყენება (0-დან 7 ქულამდე). ნული ქულის მიღების შემთხვევაში მოსწავლეს საშუალება ეძლევა, ხელმეორედ გაიაროს დისციპლინა ან მცირე ხნის შემდეგ განმეორებით ჩააბაროს გამოცდა.

გარე შეფასების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ინფორმაციის მიღება მთლიანობაში საგანმანათლებლო სისტემის განვითარების შესახებ, რაც გულისხმობს მიმდინარე ტენდენციების გაანალიზებას. არსებობს შესაკრები მონაცემების ორი ტიპი:

1) მონაცემები, რომლებიც საგანმანათლებლო შედეგების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს სასწავლო წლის განმავლობაში;

2) მონაცემები, რომლებიც დეტალურად ასახავს საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობას სხვადასხვა სფეროში (საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, მათემატიკა და სხვ.) [2, გვ. 5].

გარდა ამისა, გარე შეფასების ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამ ტიპის ინფორმაციაა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შედარებითი შეფასების შედეგებიც. მიმდინარეობს ასევე ანალიზი და შეფასება ცალკეული სექტორებისა (მაგ., ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა) და კონკრეტული საგნობრივი სფეროებისა (მაგ., ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო).

საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შეფასების პროგრამაში, დეტალურ ინფორმაციას იღებენ შეფასების მიზნების, ვადებისა და შედეგის შესახებ. შეფასების ორგანიზებისას წინასწარ არის ცნობილი კრიტერიუმები და გათვალისწინებულია შესაფასებელ სუბიექტთა (პედაგოგებისა და მოსწავლეების) აზრი შეფასების პროცესის თაობაზე.

ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ ფინეთში სასკოლო განათლება მკაფიო სისტემას წარმოადგენს, რომელშიც შეფასება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განათლების ხარისხის ამაღლების საქმეში. შეფასება მარეგულირებელი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც გროვდება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ასახავს საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობას, მისი განვითარების ტენდენციასა და შედეგებს. შიდა და გარე შეფასების შედეგების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა და ღიაობა მიიღწევა ამ ინფორმაციის პუბლიკაციით ბეჭდური თუ ელექტრონული სახით (ინტერნეტის საშუალებით). შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციას იყენებენ როგორც განათლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ორგანოები ქვეყანაში განათლების სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების განხორციელებისთვის, ისე პედაგოგიური კოლექტივები თავიანთი პროფესიული საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოანია შეფასების მოტივაციური ფუნქცია. შეფასება გამიზნულია მოსწავლის დადებითი ხატის ფორმირებისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლეზე მოქმედებს დადებითად, წარმოადგენს სერიოზულ სტიმულს აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ამასთან, შეფასებას არ აქვს შეჯიბრების ხასიათი. შეფასების ამგვარი სისტემის წყალობით კლასში მინიმუმამდეა დაყვანილი სტრესი და ჩვეული ნერვიულობა. სკოლის დამთავრებამდე სტანდარტული გამოცდებისა და ტესტების არარსებობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ზომიერად და პოზიტიურად შეუფარდოს მოსწავლეს ნიშნები, რადგან მასწავლებლის მიზანია, ბავშვს ასწავლოს დამოუკიდებლად სწავლა, შესაბამისი უნარების განვითარება და საკუთარი მიღწევების შეფასება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Акулова О. В., Писарева С. А., Пискунова Е. В., Тряпицына А. П. Современная школа: опыт модернизации: книга для учителей / под общ. ред. А. П. Тряпициной. СПб.: Изд-во РГПУ им. А. И. Герцена, 2005. 290 с.
2. Луговская И. Р. Школьное обязательное образование Северных стран. Архангельск: Изд-во ПГУ, 2001. 96 с.
3. Hanna-Mari Sarlin. Finland. 2007. URL: https://www.european-agency.org/site/themes/assessment/docs/ indexed_reports/ finland.doc (дата обращения 04.11.2008).
4. Paul Robert. La Finlande: un modele educatif pour la France? Les secrets de la reussites. ESF editeur, 2008. 134 p.
5. Ritva Jakku-Sihvonen and Jorma Kuusela. Evaluation of the equal opportunities in the Finish comprehensive schools 1998-2001. Evaluation 11/2002. National board of education. URL: https://www.edu.fi/julkaisut/ evaluation11.pdf (дата обращения 21.12.2008).

ხელს უწყობს თუ აფერხებს ტექნოლოგია ბავშვის სწავლასა და განვითარებას

0
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები გასაოცარი მოხერხებით ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს.

დღეს აღარავის უკვირს პატარა ბავშვის ხელში სმარტფონისა თუ პლანშეტური კომპიუტერის დანახვა, აღარავის აოცებს მათი თავდაჯერებული მანიპულირება ღილაკებით თუ ეკრანით.

და თუმცაღა მშობლებს ამ დროს სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ, ისინი შინაგანად მაინც შიშობენ, რომ ასეთი გასართობი მათი შვილების გონებრივ განვითარებას ავნებს.

აღმოჩნდა კი, რომ ეს ხელსაწყოები, პირიქით, სასარგებლოც კია სწავლისთვის, და რაც უფრო ინტერაქტიულია ეს გამოცდილება, მით ეფექტურია იგი განვითარების კუთხით.

ვისკონსინის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის შედეგებიც წარმოადგინა ბავშვთა განვითარების კვლევის საზოგადოებამ (Society for Research in Child Development) გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე, ცხადყო, რომ 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ისეთ ვიდეოეკრანებზე რეაგირების ხარისხი, რომლებიც შეხებას ითხოვს, უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ისეთებზე, რომლებიც არ მოითხოვს ამგვარ ინტერაქციას.
კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტად ინტერაქტიულია ეკრანი, მით უფრო “ნამდვილი” და ადვილად აღსაქმელია ის 2-3 წლის ბავშვებისთვის.

გამოკვლევის ავტორი, ჰუმანური განვითარებისა და ოჯახის კვლევის დოცენტი ჰითერ კირკორიანი, ამბობს, რომ სენსორულ ეკრანებს ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს, რაც სიტყვათა დასწავლის ტესტმაც დაადასტურა.

“ბავშვები, რომლებიც ურთიერთქმედებენ სენსორულ ეკრანებთან, უფრო მალე ვითარდებიან, ნაკლები შეცდომა მოსდით და უფრო სწრაფად სწავლობენ. ჩვენი მიზანი მათი გენიოსებად ქცევა არ არის; ჩვენ, უბრალოდ, მეტი ინფორმაციის მიღებაში ვეხმარებით მათ”, – განმარტავს ჰითერ კირკორიანი.
სასარგებლო ინსტრუმენტები

ასე რომ, შვებით ამოისუნთქეთ, ძვირფასო მშობლებო, თქვენი პატარები მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ბუნება კარნახობთ და ამ ფორმით სამყაროსთან ურთიერთქმედებენ.

ასეა თუ ისე, ტექნოლოგია, ტელეფონებისა თუ სენსორული პლანშეტების სახით, კიდევ დიდხანს იქნება ხელმისაწვდომი. სწავლის ფასილიტაციის მიზნით მსოფლიოს მრავალ დაწყებით სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში უკვე დამკვიდრებულია iPad-ების გამოყენების პრაქტიკა. საინფორმაციო ტექნოლოგიები და იმის გააზრება, რა როგორ მუშაობს, უკვე სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

“მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს, ვისაც მიაჩნია, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ შეხება მობილურ ტელეფონებთან, პლანშეტებთან და ა.შ.”, – ამბობს ადრეული განათლების საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტი ჰელენ მოილეტი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების პრაქტიკისა და ხარისხის გაუმჯობესებას. “ამ ხელსაწყოებმა შესაძლოა დიდი სარგებლობა მოგვიტანოს, თუ გამოვიყენეთ სწორად, სწავლების მიზნით, და არა გამუდმებით, ან თუნდაც სხვა რამის მაგივრად”.

ჰელენს ყველაზე მეტად აშფოთებენ მშობლები, რომლებიც ცუდ მაგალითს აძლევენ შვილებს: “მე ხშირად ვხედავ მშობლებს, რომლებიც სიარულის დროსაც კი მუშაობენ ამგვარ ხელსაწყოებთან. ისინი ისე არიან ჩართულნი ამ ხელსაწყოებში, რომ ხშირად ბავშვებთან კომუნიკაციის ბარიერიც კი ექმნებათ”.

სტირლინგის უნივერსიტეტის განათლების სკოლის უკანასკნელი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახის დამოკიდებულება ტექნოლოგიის მიმართ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისდამი ბავშვის დამოკიდებულებაზე.
ამ კვლევის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების განცდები გამომდინარეობს თითოეული ოჯახის სოციოკულტურული კონტექსტიდან და ცალკეული ბავშვის სურვილებიდან.

“ტექნოლოგია არ თამაშობს დომინანტურ როლს და არ წარმართავს ბავშვების განცდებს, მათი ჩართულობისა და ინტერაქციის ფორმებს, – ამას მათი სურვილები და ოჯახური კულტურა განაპირობებს”.

კვლევის ავტორი, სტირლინგის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ამბობს, რომ მშობელთა უმრავლესობას, დამოკიდებულებიდან და პასიურობიდან გამომდინარე, კარგად ესმის საფრთხის არსი, ამიტომ ისინი აწესებენ დროის შეზღუდვას ამგვარ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისთვის, რათა ხელი შეუწყონ ბავშვების სხვა ტიპის აქტივობას შინ თუ გარეთ.
მავნე ჩვევა

არსებობენ ექსპერტები, რომლებიც ზემოთქმულს არ ეთანხმებიან.

მაგალითად, ფსიქოლოგიის დოქტორი არიკ სიგმანი ამტკიცებს, რომ დღეს ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ მონიტორებთან, ვიდრე ოდესმე და ეს მავნე ჩვევა უნდა დაიძლიოს, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს დამოკიდებულება და დეპრესია.

მისი გამოთვლით, დღეს დაბადებულ ბავშვებს, როდესაც 7 წლისანი გახდებიან, ეკრანებზე მიჯაჭვულობის ერთი წელი შეუსრულდებათ.

თუ ეს გამოთვლა სინამდვილეს შეესაბამება, ცოტა თუ მიიჩნევს სადავოდ ამ ტენდეციის საფრთხეს.

მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამებისა და აპლიკაციების ჩამოტვირთვა, რომლებიც ბავშვების სწავლა-განათლებას შეუწყობს ხელს.

შეფილდის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი ჯეკი მარში ამბობს, რომ ეს სფერო უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.

“ჩვენ აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ სასარგებლო პროგრამების პრინციპები, რადგან ამჟამად ამ თვალსაზრისით მასწავლებლებისათვის ერთიანი რესურსი არ არსებობს”.
უნარ-ჩვევების განვითარება

ჯეკი მარშის თქმით, ხარისხიანი პროგრამები შესაძლოა წაადგეს იმ ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებსაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ინტერნეტგარემომ ბავშვებს შესაძლოა შეუქმნას ვირტუალური სივრცე, რომელიც მათ თავდაჯერებას შემატებს, ანუ მისცემს იმას, რასაც ვერ ახერხებენ ოჯახი და სკოლა.

ამასთან, პროფესორი მშობლებს აფრთხილებს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღეში 2 საათი ეკრანთან მუშაობა სავსებით საკმარისია.

არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეკრანი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
კვლევები მოწმობს, რომ ბავშვებს სწრაფად ბეზრდებათ ერთი და იგივე ხელსაწყო და სხვა ტიპის თამაშებისკენ მიილტვიან, რათა ახლა მათ დაახარჯონ მოზღვავებული ენერგია.

“ჩვენ შესაძლოა პანიკას გვგვრიდეს ეს ტენდენცია, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარენი და საზრიანები არიან”, – ამბობს ქალბატონი მოილეტი.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს ისევე იტაცებთ ტექნოლოგია, როგორც მშობლებს.
წყაროები:
Does Technology hinder or help toddlers’ learning
By Philippa Roxby Health reporter, BBC News
https://www.bbc.co.uk/news/health-22219881
Society for Research in Child Development
https://srcd.org/
Young children engaging with technologies at home: The influence of family context
https://ecr.sagepub.com/content/early/2013/01/23/1476718X12466215
Limit children's screen time, expert urges
https://www.bbc.co.uk/news/education-19870199
თარგმნა ლევან ხარატიშვილმა

ქართული ბავშვთა ფეხბურთი ესპანურ მაგალითზე უნდა განვითარდეს

0
ბოლო დროს თბილისში მრავალი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და აკადემია გაიხსნა, თუმცა ქართული ფეხბურთის განვითარებას ეს დიდად არ დასტყობია. გარდა ამისა, საქართველოს საჯარო სკოლების უმეტესობაში სპორტის გაკვეთილებზე ფეხბურთი უპირატეს სახეობად ითვლება, თუმცა სპორტის ექსპერტები აღიარებენ, რომ სწავლების დონე და ხარისხი თანამედროვე მოთხოვნებს ნამდვილად ვერ პასუხობს.

სპორტის ექსპერტ ილია ნანონაშვილს მიაჩნია, რომ ქართული ბავშვთა ფეხბურთი ესპანეთის მაგალითზე უნდა განვითარდეს. ბატონი ილიას აზრით, გამორჩეულად ნიჭიერ ბავშვებს სპეციალური სტიპენდიაც უნდა დაენიშნოთ. 
– ბატონო ილია, როგორ შეაფასებდით საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის დღევანდელ  მდგომარეობას?

– უარყოფითად. მასობრიობა დღეს უფროა, ვიდრე 90-იან წლებში, მაგრამ რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ბავშვს (უფრო სწორად, მის მშობელს) მეტისმეტად დიდი თანხის გადახდა უწევს. გარდა ყოველთვიური გადასახადისა, დაახლოებით 500-600 ლარი ჯდება თითო ბავშვის შეკრებაზე გაშვება – ურეკში, საგურამოში, წყნეთში… დაგვეთანხმებით, მრავალი ოჯახისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია. შეკრება სავალდებულო არ არი, მაგრამ აქ ვაწყდებით საკითხის მეორე მხარეს: მწვრთნელი იმათ უფრო ენდობა, ვინც შეკრებაზე წაიყვანა და შეკრებაგაუვლელი ბავშვი უკეთესიც რომ იყოს, უპირატესობას მაინც იმას მიანიჭებს, რომელიც შეკრებაზე წაჰყვა და, ასე ვთქვათ, სარჩო აშოვნინა.

რა ქნას სკოლამ? როგორ შეამციროს ან გააუქმოს გადასახადები? მწვრთნელი უფასოდ ხომ არ ავარჯიშებს ბავშვს? არადა, ბევრი კარგი მწვრთნელია ბავშვთა ფეხბურთში…

მაგრამ უცოდინარიც რომ ბევრია… 14 წლამდე შედეგი არ უნდა იყოს პრიორიტეტული; ამ ასაკის ბავშვმა ბავშვობა უნდა იგრძნოს, ფეხბურთზე მისული უნდა გაერთოს, ზოგან კი თრგუნავენ, წაგებისთვის „საცობში” ატარებენ. არის მაგალითები, როცა ასაკგადასულ ბავშვებს ათამაშებენ. რისთვის? იმისთვის, რომ მოიგონ. მოგება ავტორიტეტს აუმაღლებს მწვრთნელს, უფრო მეტი მივა მასთან სავარჯიშოდ და, შესაბამისად, შემოსავალიც მეტი ექნება. მას სულაც არ ადარდებს ხარისხი. მთავარია რაოდენობა.

რამ აიძულა მწვრთნელს ასე მოქცევა? სისტემამ! აბა, მაკონტროლებელი ჰყავდეს, თუ ასე მოიქცეოდა…

– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა?

– გამოსავალი არსებობს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს მაინც დაევალოთ თავიანთ ბავშვთა სკოლებში გადასახადების გაუქმება. ნებისმიერი კლუბი ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საწევროს იხდის. დაუმატონ ამ საწევროს 15-20 ათასი ლარი და დაავალონ კლუბის ხელმძღვანელებს, ეს თანხა ბავშვთა მწვრთნელებს ხელფასად დაენიშნოთ. ეს დიდი შეღავათი იქნება. სულ იმას რომ გავიძახით, რამდენი ტალანტი იკარგებაო, ეს ტალანტები უმთავრესად სწორედ უსახსრობის გამო იკარგებიან.

ეს ყველა სკოლას არ ეხება. ზოგან სულაც უფასოდ ემზადებიან ბავშვები, ხოლო გამორჩეულები სტიპენდიასაც კი იღებენ.
– როგორ შეაფასებდით ქართულ საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების ხარისხს?
– ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია. გააჩნია ფიზკულტურის მასწავლებლის ცოდნასა და მონდომებას. მთავარია, სკოლის დირექტორი იყოს მოწადინებული. თუ მას ეს საკითხი არ აღელვებს, მასწავლებელი მარტო ვერაფერს გააწყობს. ასე იყო კომუნისტური რეჟიმის ბოლო წლებშიც – სკოლაში დავდიოდი და ჩემს თავზე გამომიცდია. ფიზკულტურის გაკვეთილი ჩემთვის არარაობა იყო და ამის გამო ძალიან მწყდებოდა გული. თუმცა მაშინაც იყო სკოლები, სადაც ეს გაკვეთილი უფრო ხალისიანად და მიზანმიმართულად ტარდებოდა…
– რომელი ქვეყნის მაგალითი მიგაჩნიათ სანიმუშოდ ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით?
– ესპანური მეთოდი, რომელსაც საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მისდევს. ქართული ფეხბურთი ყოველთვის ტექნიკურ თამაშთან ასოცირდებოდა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც აქცენტი დაისვა კუნთმაგარ ჭაბუკებზე და ტექნიკამ უკანა პლანზე გადაიწია. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო და გარკვეულწილად ამის ბრალიცაა, რომ შედეგებმა იკლო. ყველა თავის კოზირს იყენებს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. მით უმეტეს, რომ დღეს ასეთი ფეხბურთია მომგებიანი – აზროვნებაზე, ტექნიკასა და იმპროვიზაციაზე გათვლილი.

საქართველოში ნიჭი არ მოკვდება, უბრალოდ, მეტი ფინანსებია საჭირო მისი განვითარებისთვის. მწვრთნელი, როცა ხელფასი ექნება, ხარისხზე იფიქრებს და არა რაოდენობაზე.

სადიაგნოსტიკო შეფასების არსი და დანიშნულება

0
საქართველოში მოსწავლეთა შეფასებას ახასიათებს იმის ნიშნები, რომ ის უფრო ადმინისტრირების გაიოლების მიზნით მიმდინარეობს, ვიდრე სწავლის გაუმჯობესების მიზნით. სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა მრავალკომპონენტიანი შეფასების შემოღების შემდეგ, როდესაც მოწმდება და ფასდება არა მარტო კლასში შესრულებული ტესტური დავალებები, არამედ საშინაო დავალებებიც, გაკვეთილებზე აქტიურობაც, პრეზენტაციებიც და პროექტებიც. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია საკითხი: როგორ ხდება ისეთი შეფასება, რომლის უპირველესი მიზანია მოსწავლის მიერ სწავლის გაუმჯობესება მასწავლებლის მხრიდან მიწოდებული სწორი და დროული რჩევებისა და რეკომენდაციების შედეგად?
ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია განმავითარებელი შეფასება და მასთან შეპირისპირებულია განმსაზღვრელი შეფასება, ხოლო დასავლეთში განმავითარებელ შეფასებასთან (Formative Assessment) შეპირისპირებულია შემაჯამებელი შეფასება (Summative Assessment). რა მიმართებაა შეფასებათა შეპირისპირების ქართულ და დასავლურ ვარიანტებს შორის? _ ეს საკითხი ცალკე ანალიზს მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში ჩვენ მხოლოდ განმავითარებელი შეფასების, კერძოდ, სადიაგნოსტიკო შეფასების არსს და დანიშნულებას წარმოვაჩენთ.
თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით, განმავითარებელი შეფასება, ანუ შეფასება სწავლისთვის არის საგანმანათლებლო ფაქტების მოძიებისა და ინტერპრეტაციის პროცესი. ამ ფაქტებს მოსწავლეები და მასწავლებლები იყენებენ. ამ გზით ირკვევა, თუ რა აითვისეს მოსწავლეებმა, კიდევ რა უნდა ისწავლონ და როგორ.
ასეთი შეფასების შედეგია არა მხოლოდ მასწავლებლის მიერ კლასში სასწავლო პროცესის კორექცია შეფასების შედეგების შესაბამისად, არამედ: ა) მოსწავლეთა მიერ სწავლის ტაქტიკის ცვლილება და მისი მორგება შეცვლილ რეალობებზე, ბ) სასწავლო კლიმატის ცვლილება კლასში – სწავლება/სწავლის მიმართ ახალი მოლოდინების ჩამოყალიბება, გ) მზა, კორექტირებული სასწავლო გეგმა მოსწავლეების მომავალი თაობებისთვის, დ) ცვლილებები სკოლის მასშტაბით – სკოლაში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გაზიარებული ხედვის ჩამოყალიბება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების საშუალებით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს განმავითარებელი შეფასების როლი მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. განათლების დონის ამაღლებისათვის, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის შეფასების მიზნით, მკლევარები იყენებენ ე.წ. ეფექტის ზომას: ტესტებში მოსწავლეთა მიღწევების ამსახველი ქულების საშუალო ნაზრდს ყოფენ იმავე ტესტში მოსწავლეთა ტიპური ჯგუფის ქულათა დიაპაზონზე. განმავითარებელი შეფასების გაუმჯობესებით გამოწვეული ეფექტის ზომა 0,4-სა და 0,7-ს შორის მერყეობს. ეს მაჩვენებელი აღემატება ნებისმიერი სხვა ტიპის საგანმანათლებლო ჩარევის მაჩვენებელს. ეფექტის ზომის მინიმალური მნიშვნელობა 0,4 ნიშნავს, რომ ამგვარ პედაგოგიურ ინოვაციაში მონაწილე მოსწავლე იმავე მაჩვენებელს მიაღწევს, რასაც სხვა მოსწავლეების საუკეთესო 35%-ში მოხვედრილი მოსწავლე (რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ასეთ ინოვაციაში).
ზოგიერთი კვლევა წარმოაჩენს განმავითარებელი შეფასების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: გაუმჯობესებული განმავითარებელი შეფასება დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს უფრო ეხმარება, ვიდრე მაღალი შედეგების მქონეებს. ამის შედეგად მოსწავლეების საერთო მიღწევა იზრდება. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო ხშირად იღებენ დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები უკუგებას განმავითარებელი შეფასებისაგან. უფრო მეტიც, მკვლევართა აზრით, ყოველთვის არსებობს განმავითარებელი შეფასების გაუმჯობესების შანსი იმისათვის, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს სასწავლო გეგმასა და სწავლება/სწავლაზე.
ცხადია, ჩამოთვლილი ეფექტები მით უფრო საგრძნობია, რაც უფრო მაღალია განმავითარებელი შეფასების სადიაგნოსტიკო პოტენციალი. რამდენადაც უფრო ზუსტად და დროულად დაადგენს მასწავლებელი მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, იმდენად უფრო დიდია მართებული კორექტივების შეტანის შანსი სასწავლო პროცესში, მოსწავლეებში კი _ მიღწევების გაუმჯობესებისთვის მზაობის მუხტი. ამაზეა დამოკიდებული აგრეთვე ის, თუ რამდენად ხელშემწყობი იქნება საკლასო თუ სასკოლო კლიმატი.
დიაგნოსტიკური ტესტები აფასებს წინარე ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ისინი ორი ფორმით გვხვდება: პასუხების ანალიზი და კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასება. პასუხების ანალიზი იძლევა ინფორმაციას მოსწავლეთა გაწაფულობისა და მათ მიერ ცნებებისა და პროცედურების გაგების შესახებ. იგი შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, შეცვალოს სწავლება ისე, რომ “მოარგოს” მოსწავლეთა საჭიროებებს, შეასწოროს მათი შეცდომები. უნარ-ჩვევების ანალიზი მასწავლებელს ატყობინებს იმ სიძნელეების შესახებ, რაც ელით მოსწავლეებს მასალის გამეორებისას, ხოლო შეცდომების ანალიზი მას ეხმარება ხელახლა სწავლების დაგეგმვაში.
კოგნიტიური დიაგნოსტიკური შეფასება სპეციფიკურ კოგნიტიურ პროცესებზეა ორიენტირებული და გამოიყენება დამატებითი სწავლების პროგრამების შედგენისათვის. მაგალითად, თუ წილადების გაყოფაზე შედგენილი ტესტის შეკითხვებზე მოსწავლის პასუხების შედეგები ისეთია, როგორიც ნაჩვენებია ცხრილში (იხ. ცხრილი 1), მაშინ შესაძლებელია, გაკეთდეს დასკვნა: მოსწავლე დაუფლებულია წილადების ცნებას, იცის წილადების გამრავლების წესი, ესმის კავშირი წილადების გამრავლებასა და გაყოფას შორის; ამასთანავე, მოსწავლეს უჭირს შერეული რიცხვის გადაქცევა არაწესიერ წილადად, შებრუნებული რიცხვის გამოთვლა და გამრავლების ალგორითმის შესრულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა შეცდომების ანალიზის დროს მათი გამომწვევი მიზეზების გარკვევა სიფრთხილეს მოითხოვს – შესაძლოა განსხვავებული ინტერპრეტაციებიც. მაგალითად, ორი წილადის შეკრებისას მიღებული მცდარი პასუხი შეიძლება გამოწვეული იყოს პროცედურული დარღვევებით (მაგალითად, გაერთმნიშვნელიანებისას) ან ცნების დაუფლების პრობლემებით (მაგალითად, წილადის მნიშვნელის არსის გაუგებრობით).
იმ შემთხვევაში, როდესაც განმავითარებელი შეფასების ტესტური ფორმა ვერ არკვევს პრობლემებს მოსწავლის კოგნიტიურ პროცესებში, შესაძლებელია მოსწავლესთან გასაუბრება. გაკვეთილების განმავლობაში ჩატარებული დაკვირვებების საფუძველზე მასწავლებელი აყალიბებს ჰიპოთეზას მოსწავლის ქცევის შესახებ, არჩევს ახალ დავალებებს მისთვის, უსვამს მას შეკითხვების სერიას, რომლის საშუალებითაც არკვევს, თუ როგორ აზროვნებს იგი.
ნათელია, რომ განმავითარებელი შეფასების მეთოდიკის დანერგვა სკოლაში საშური საქმეა და ეს არ უნდა დარჩეს კერძო ინიციატივების დონეზე. განმავითარებელი, საშუალედო და განმსაზღვრელი შეფასებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად უნდა გადაიქცეს: 1) უნდა შეიქმნას და დამტკიცდეს მოსწავლეთა განმავითარებელი თუ შემაჯამებელი შეფასებისთვის განკუთვნილი ტესტების პაკეტები, ხოლო მათი ხარისხის უზრუნველყოფისთვის – შესაბამისი სტანდარტები; 2) სკოლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გადააქციონ განმავითარებელი შეფასების, კერძოდ, სადიაგნოსტიკო შეფასების, შედეგები სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად; 3) მასწავლებელები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებითა და მათი გამოყენების ინსტრუქციებით. მასწავლებელთა წვრთნა ამ ინსტრუმენტების გამოყენებაში და სადიაგნოსტიკო მონაცემების საფუძველზე სასწავლო პროცესში სათანადო კორექტივების შეტანაში უნდა გახდეს მათი საუნივერსიტეტო მომზადებისა და პროფესიული განვითარების არსებითი ნაწილი; 4) მშობლები ინფორმირებული უნდა იყვნენ სადიაგნოსტიკო შეფასების მიზნების და პროცედურების შესახებ. მათ უნდა ითანამშრომლონ მასწავლებლებთან, განსაკუთრებით, მოსწავლეთა მოტივირებისა და სასწავლო პროცესში შეტანილი კორექტივების მხარდაჭერის საქმეში; 5) განმავითარებელი, კერძოდ, სადიაგნოსტიკო შეფასების ფუნქციონირება სკოლაში უნდა დამკვიდრდეს სკოლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და პროცედურებში; 6) განმავითარებელი შეფასებების პედაგოგიური ტექნოლოგიების დამუშავება, დანერგვა და მათი ეფექტიანობის შეფასება უნდა გახდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და რესურს-ცენტრების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი; 7) საუნივერსიტეტო-პედაგოგიურ კვლევებში გამოცდილ ექპერტებსა და მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ შესაბამისი პროფილის მაგისტრანტებმა, დოქტორანტებმა და პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა.
როგორ უნდა დაინერგოს პედაგოგიკურ პრაქტიკაში განმავითარებელი შეფასების სადიაგნოსტიკო ფორმები? კვლევების შედეგების შესაბამისად, ამისათვის საჭიროა:
სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა – მასწავლებელმა სასწავლო პროცესი ისე უნდა დაგეგმოს, რომ მოსწავლეებმაც და მასწავლებელმაც მიიღონ და გამოიყენონ ინფორმაცია სასწავლო მიზნებისკენ სვლის (პროგრესის) შესახებ. დაგეგმვა მოხერხებული უნდა იყოს, რათა სასწავლო პროცესის მონაწილეებმა გაითვალისწინონ როგორც საწყისი მდგომარეობა, ასევე გზადაგზა წარმოქმნილი რეალობებიც. დაგეგმვა უნდა მოიცავდეს ისეთ სტრატეგიებსაც, რომელთა გამოყენების შედეგად მოსწავლეს ეცოდინება მისაღწევი მიზნებიც და მისი სასწავლო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებიც. ისიც უნდა დაიგეგმოს, თუ როგორ მიიღებენ მოსწავლეები ამ ინფორმაციას, როგორ მიიღებენ ისინი მონაწილეობას შეფასებაში და როგორ დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სწავლაზე – როგორ სწავლობენ მოსწავლეები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას სწავლობენ ისინი.
შეფასება სწავლისთვის უნდა იყოს აღიარებული, როგორც სასწავლო პროცესის ცენტრალური ნაწილი – საგაკვეთილო აქტივობების უმეტესობა სწორედ შეფასებებია, მაგალითად, საშინაო დავალების განხილვა, მოსწავლეთა ფრონტალური თუ ინდივიდუალური გამოკითხვა, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური სამუშაოების შედეგებზე მსჯელობა. შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოსწავლეებიც და მასწავლებელიც, მიმდინარეობს რეფლექსია, დიალოგი და მიიღება გადაწყვეტილებები.
შეფასება სწავლისთვის უნდა მიიჩნეოდეს მასწავლებლის საბაზო პროფესიულ უნარ-ჩვევად. მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ, დაგეგმონ შეფასება, დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, გააანალიზონ და განმარტონ სწავლასთან დაკავშირებული ფაქტები, მიაწოდონ შეფასებითი ინფორმაცია მოსწავლეებს და დაეხმარონ მათ თვითშეფასებაში. მასწავლებლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერით როგორც საუნივერსიტეტო განათლების მიღებისას, ასევე პროფესიული განვითარების გზაზე.
შეფასება სწავლისთვის უნდა მოხდეს ფაქიზად და კონსტრუქციულად, რადგან ყოველი შეფასება ემოციებს იწვევს. მასწავლებლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი კომენტარები და ნიშნები ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა ენთუზიაზმსა და თავდაჯერებაზე, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე. ნამუშევარის შეფასება უფრო მეტად აღძრავს მოსწავლის მოტივაციას, ვიდრე შეფასებისას პიროვნებაზე ორიენტაცია.
შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის მოტივაციის მნიშვნელობას – შეფასება სწავლისთვის უმალ პროგრესსა და მიღწევებზე უნდა ამახვილებდეს მოსწავლის ყურადღებას, ვიდრე მარცხზე. სხვა, უფრო წარმატებულ მოსწავლეებთან შედარება ნაკლებად წაახალისებს ბავშვებს. მოსწავლეებმა არ უნდა იგრძნონ თავი “ამოვარდნილად” იმ სასწავლო არეებში, სადაც ვერ მიაღწიეს წარმატებას. მოტივაცია შესაძლებელია შენარჩუნდეს და განვითარდეს შეფასების იმგვარი მეთოდებით, რომლებიც არ ხელყოფს მოსწავლის ავტონომიას და უზრუნველყოფს მის თავისუფალ არჩევანს.
შეფასებამ მოსწავლეთა შორის უნდა წაახალისოს სასწავლო მიზნების ერთგულება. მათ უნდა იცოდნენ, რას უნდა მიაღწიონ და როგორ. ისინი მიზნებს უკეთ აცნობიერებენ და მათ მიმართ უფრო მეტ ერთგულებას იჩენენ, როცა თავად მიუძღვით წვლილი ამ მიზნების შერჩევასა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეებმა უნდა მიიღონ კონსტრუქციული მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ შედეგები. მათ სჭირდებათ შემდგომი ნაბიჯების, საკუთარი ძლიერი მხარეების ცოდნა და ინფორმაცია მათი განვითარების გზების შესახებ, აგრეთვე საკუთარი სისუსტეების ცხადი სურათი და რჩევა, თუ როგორ შეიძლება მათი დაძლევა.
შეფასებამ უნდა გაზარდოს მოსწავლის თვითშეფასების შესაძლებლობები ისე, რომ იგი გახდეს მოაზროვნე და თვითწარმმართველი პიროვნება. დამოუკიდებელ მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს ცოდნა და განივითაროს უნარ-ჩვევები.
შეფასებისას უნდა წარმოჩნდეს ყოველი მოსწავლის ყველა მიღწევა – მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ საკუთარი თავი, აჩვენონ საკუთარი ”მაქსიმუმი” და მიიღონ კუთვნილი აღიარება.

ცხრილი 1

შეკითხვების ნომერი

კოგნიტიური ატრიბუტები

მოსწავლის პასუხების სისწორე

წილადის ცნების გაგება

შერეული რიცხვის გადაქცევა არაწესიერ წილადად

წილადების გამრავლების წესის ცოდნა

წილადების გაყოფასა და გამრავლებას შორის კავშირის ცოდნა

რიცხვის შებრუნებულის პოვნისა და გამრავლების ალგორითმების
ფლობა

1

+

 

 

 

 


2

+

 

 

 

 


3

+

 

 

 

 


4

+

+

 

 

 


5

+

+

 

 

 


6

+

+

 

 

 


7

+

+

+

 

 


8

+

 

+

 

 


9

+

 

+

 

 


10

+

 

+

 

 


11

+

+

+

+

 


12

+

 

+

+

 


13

+

 

+

+

 


14

+

+

+

+

 


15

+

 

+

+

+


16

+

 

+

+

+


17

+

+

+

+

+


18

+

+

+

+

+


19

+

 

+

+

+


20

+

+

+

+

+


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკური წიგნიერების განვითარება სკოლაში

0

„მალე სტატისტიკური აზროვნება გახდება ისევე აუცილებელი სრულფასოვანი მოქალაქისათვის, როგორც წერისა და კითხვის უნარი” – ეს არის ციტატა, სამუელ უილკსის (Samuel Stanley Wilks, 1906 – 1964), პრეზიდენტისადმი მიმართვიდან. იგი იყო ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეას­რულა მათემატიკური სტატისტიკის განვითარებაში, განსაკუთრებით მისი პრაქ­ტიკული გამოყენებების თვალსაზრისით. როგორც ამბობენ, ეს არის პერეფრაზი ცნო­ბილი მწერლის, ჰერბერტ უელსის (Herbert George Wells, 1866 – 1946) ტექსტისა მისი ერთ-ერთი წიგნიდან (Mankind in the Making ), რომელიც დაკავშირებულია, ზოგადად, რაოდენობრივი წიგნიერების როლთან საზოგადოების განვითარებაში – „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ფინანსურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების უდიდესი ნაწილის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების უმეტესობის გააზრება ხელმისაწვდომია მხოლოდ მისთვის, ვისაც აქვს მნიშვ­ნელოვანი კომპეტენცია რაოდენობრივი ანალიზის მიმართულებით. ვისაც შეუძლია გამოთვლების ჩატარება, მაქსიმუმების, მინიმუმების და საშუალოების დადგენა და მათი გააზრება, ისეთივე წარმატებით როგორც შეუძლია კითხვა და წერა.”

სიტყვა სტატისტიკა-ს აქვს რამოდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა, რომელთაგან ზოგიერთი სხვებზე უკეთესადაა განსაზღვრული. თვით ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება გერმანელ მოაზროვნეს ჰერმან კონრინგს (1606 – 1681), რომელმაც ნაბეჭდ მასალაში ეს ტერმინი (Statistik) გამოიყენა 1660 წელს. სიტყვის პირველი ნაწილი წარმოადგენს სიტყვა state – ის (გერმანულად – Staat, სახელმწიფო) მოდიფიკაციას. იგი გამოიყენებოდა იმ საქმიანობის სახელწოდებად, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების შესახებ სხვა­დასხვა სახის (ძირითადად, შობადობა და სიკვდილიანობა ) ინფორმაციის შეგრო­ვებასთან. თანამედროვე სტატისტიკა გაცილებით ფართე და ღმა მნიშვნელობის მქონე ცნებაა, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ სახელმწიფო-ბიურო­კრატიული შინაარსის საქმიანობასთან, არამედ ადამიანის საქმიანობის ისეთ სფერო­ებთან როგორებიცაა ფინანსები, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და თვით ხელოვნებაც კი.

განსხვავებით ისეთი მეცნიერებებისაგან, როგორებიცაა მაგ., ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სტატისტიკას არ გააჩნია მისი საკუთარი ემპირიული შესწავლის ობი­ექტი. შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკის მიზანია იმ ხერხების და მეთოდების შემუშავება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ემპირიული მონა­ცემების (მათ შორის მეცნიერული) გადაქცევა სასარგებლო, სტრუქტურირებულ ცოდნად.

ალბათობის თეორიამ და სტატისტიკამ, სასკოლო მათემატიკური განათლების მნიშვ­ნელოვან შემადგენელ ნაწილად გადაქცევა დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლე­ბიდან. ამ სიახლის აუცილებლობა განპირობებული იყო იმ ორი ახალი მიზნით, რომ­ლებიც დაისახეს განათლების დარგის სპეციალისტებმა:

·ყველა მოსწავლეს, როგორც მომავალ სრულფასოვან მოქალაქეს, ჩამოუყა­ლიბდეს კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს გააზრებული გადაწყვეტი­ლებების მიღებას მონაცემთა ანალიზის საფუძველზე;

·მოსწავლეების ნაწილს მიეცეს საბაზო ცოდნა და ჩამოუყალიბდეს ინტერესი იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ სტატისტიკის, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ წამყვან დარგში მოღვაწეობა.

ამ მიზნებიდან სწორედ პირველი გულისხმობს ე.წ. სტატისტიკური წიგნიერების ჩამოყალიბებას, რომელიც რაოდენობრივი წიგნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რაოდენობრივი წიგნიერების ჩამოყალიბება კი, სასკოლო განათლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის საფუძ­ველი, რომელსაც იძლევა მაღალი ხარისხის საბაზო ცოდნა სტატისტიკის მიმართუ­ლებით, დაეხმარება მომავალ მეცნიერებს ფორმალური სტატისტიკის უკეთ შეს­წავლაში. სწორედ დაწყებით და საბაზო საფეხურზე უნდა მოხდეს ალბათობის და მონაცემების შესახებ ინტუიციური წარმოდგენების და ხედვის ჩამოყალიბება. ამ ჩამოყალიბების პროცესის ხელშემწყობი პირობა იქნება, მასწავლებლების და განათლების პროცესის სხვა მონაწილეების მიერ იმის გააზრება, რომ

·სტატისტიკური წიგნიერება არის მიზანი, რომელიც მოიცავს სასკოლო კურიკულუმის მრავალფეროვან შინაარსს და ე.წ. გამჭოლ უნარებს;

·მოსწავლეების კომპეტენციების ჩამოყალიბება ადვილად დაკვირვებადია, გავლენას ახდენს სხვა კომპეტენციებზე, რაც ამარტივებს პედაგოგიური სტრა­ტეგიების ადეკვატურ მოდიფიკაციას;

·გააზრებულად შერჩეული დავალებების და აქტივობების გამოყენებით შესაძ­ლებელია მიღწევის დონეების ზუსტი დადგენა და მომავალი სასწავლო გზის დაგეგმვა.

შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკური წიგნიერების ჩამოყალიბების საწყისები დაკავშირებულია ისეთი ძირითადი სტატისტიკური ცნებების და პროცედურების გააზრებასთან (შერჩევა, წარმომადგენლობითობა, შესაძლებლობა, დასკვნა, ვარიაბელურობა და ა.შ.), რომლებიც წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების, მათი ანალიზის და დასკვნის ჩამოყალიბების საფუძველს. ცხადია, რომ ყველა კუსდამ­თავრებულს არ ექნება იმის უნარი და შესაძლებლობა (ისევე, როგორც საჭიროება), რომ წარმართოს სტატისტიკური კვლევა, მაგრამ ყველა მათგანს უნდა შეეძლოს სტატისტიკურ მოსაზრებებზე დაფუძნებული გამონათქვამების (მაგ., სოციალური კონტექსტის მქონე გამონათქვამების) კრიტიკული შეფასება და საკუთარი მოსაზ­რებების დაფუძნება მონაცემთა ანალიზის შედეგებზე.

ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის მიმართულების სწავლებისას დაკავშირებულია არა მხოლოდ სასწავლო მასალის მოცულობასთან, არამედ, ასევე მის ხარისხთან. ტრადიციულად, ამ მიმართუ­ლებასთან დაკავშირებული აქტივობების დროს მოსწავლეებს ეძლევა მცირე მოცუ­ლობის, მეტ-ნაკლებად ორგანიზებული მონაცემები, რომელთა საფუძველზე მათ უნდა ააგონ სხვადასხვა სახის დიაგრამები, გამოთვალონ სტატისტიკური მახასია­თებლები (მაგ., საშუალო, მედიანა ან მოდა) და უპასუხონ მარტივ კითხვებს, რომლებზე პასუხიც პირდაპირი გამოთვლებით მიიღება. ამგვარი, ფორმალურ პროცედურებზე დაფუძნებული მიდგომის შედეგად, მოსწავლეთა სტატისტიკური წიგნიერება ძალიან დაბალ დონეზე რჩება (სტატისტიკური „უწიგნურობა”).

სტატისტიკის სწავლებისას, თანამედროვე მეთოდიკა, თვით დაწყებითი საფეხურის შემთხვევაშიც კი, გულისხმობს ე.წ. მონაცემებზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ მიდგომისას აქტივობების უმეტესობა დაკავშირებული უნდა იყოს კვლევის წარმარ­თვასთან რაც გულისხმობს: კვლევის საკითხვების განსაზღვრას (კითხვების დასმას), მონაცემთა მოპოვების ხერხების დაუფლებას და მათ გამოყენებას (დაკვირვება, კითხ­ვარი, ექსპერიმენტი), მონაცემთა ორგანიზებას, მათ დამუშავებას, შედარებას, დასა­ბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას და ხშირად, კვლევის შედეგებზე დაფუძ­ნებულ პროგნოზირებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მონა­ცემებს, რომლებიც დაკავშირებულია არა ხელოვნურ, არამედ, აზრიან კონტექსტთან. ასევე მნიშვნელოვანია რეალური კონტექსტის მქონე დასკვნების კრიტიკული ანალიზი, მონაცემების და სტატისტიკური ხერხების არასწორად გამოყენების შემთხვევების ამოცნობა.

სტატისტიკა, როგორც ინსტრუმენტების ერთობლიობა შედგება ორი ძირითადი მიმართულებისაგან: აღწერითი სტატისტიკა (Descriptive Statistics) და დასკვნითი სტატისტიკა (Inferential Statistics).

აღწერითი სტატისტიკა მოიცავს პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება იმ პოპულაციის აღსაწერად, რომელსაც შევისწავლით. მონაცემების შეგროვება ხდება შერჩევის ან სრული პოპულაციის საფუძველზე, მაგრამ შედეგები გამოიყენება ამ მონაცემების აღსაწერად. შეიძლება ითქვას, რომ აღწერითი სტატისტიკის შედეგების გავრცობა არ ხდება შესწავლის ჯგუფის გარეთ. აღწერითი სტატისტიკის ძირითად ცნებებს შორისაა სიხშირეების განაწილება, ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა) და სხვადასხვა სახის დიაგრამები, რომლებიც გამოიყენება მონაცემების ვიზუალიზაციისათვის.

დასკვნითი სტატისტიკის ამოცანაა შერჩევასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე დასკვნების და პროგნოზების ჩამოყალიბება მთლიანი პოპულაციის შესახებ. ამ შემთხვევაში, გარდა სტატისტიკური მეთოდების ადეკვატურად გამოყე­ნებისა, მნიშვნელოვანია შერჩევის წარმომადგენლობითობის საკითხი. ამ შემთხვე­ვაში, ტერმინები პოპულაცია და შერჩევა მოიაზრება არა მხოლოდ, როგორც დაკვირ­ვების ობიექტების რომელიმე ერთობლიობა, არამედ რომელიმე მოვლენის ხდომი­ლება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ წმინდა მათემატიკური დისციპლინა. მათემატიკა (მათ შორის – სასკოლო) იძლევა მხოლოდ აპარატს, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური ხერ­ხებით და მეთოდებით ოპერირებისას. ამიტომ, თუ სტატისტიკის სწავლება და მასთან დაკავშირებული კომპეტენციების ჩამოყალიბება სკოლაში მთლიანად დარ­ჩება მხოლოდ მათემატიკის ფარგლებში, ეს ხელს შეუშლის სტატისტიკური წიგნიე­რების განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეში ალბათობის თეორია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მათემატიკური დისციპლინა (ზომის თეორიის ერთ-ერთი მიმარ­თულება), რომელსაც გააჩნია თავის შესწავლის ობიექტი და მეთოდები, იგი წარმო­ადგენს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის ძირითად ინსტრუმენტს. მონაცემთა ანალიზის შედეგების გავრცობისათვის, დასკვნითი სტატისტიკა იყენებს ალბათურ ცნებებს და პროცედურებს. მარტივად რომ ვთქვათ, დასკვნას და პროგნოზს აქვს არა დეტერმინისტური, არამედ ალბათური ხასიათი: საუბარია არა ამა თუ იმ ხდომილების წინასწარმეტყველებაზე, არამედ მისი მოხდენის ალბათობაზე. სწორედ ამიტომ, ალბათობის თეორია საბაზო და საშუალო საფეხურზე უნდა გახდეს არა მხოლოდ, როგორც წმინდა მათემატიკის ერთ-ერთი დამატებითი მიმართულება, არამედ იგი უნდა დაუკავშირდეს მონაცემთა ანალიზისა და სტატის­ტიკის საკითხებს.

ალბათობის სწავლა-სწავლებას გააჩნია ისეთი მახასიათებელი, რომელიც არ გვხვდება მათემატიკის სხვა მიმართულებებში. უფრო მეტიც, ბუნებისმეტყველების გარდა, ეს მახასიათებლები უცხოა სხვა სასწავლო დისციპლინებისთვისაც. გარდა იმისა, რომ ამდიდრებს მათემატიკის სასწავლო შინაარს, ეს განმასხვავებელი ნიშნები ქმნის საინტერესო გამოწვევებს პედაგოგიური თვალსაზრისით. მაგ., შემთხვე­ვითობის ცნებასთან დაკავშირებული კოგნიტური უნარების განვითარებაზე და ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა იმ დეტერემინიზმის საპირისპიროდ, რომელიც დაკავშირებულია სასკოლო მათემატიკის ტრადიციულ შინაარსთან; ალბათობის ცნების გააზრების რამოდენიმე სხვადასხვა მიდგომის მიწოდება მოსწავლე­ებისათვის: სუბიექტური ალბათობა, კლასიკური (თეორიული) ალბათობა, სიხში­რული (ექსპერიმენტული) ალბათობა; მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლო­ბებისა და მიდრეკილებების ამოცნობა და მათი გათვალისწინება; საგანთაშორისი კავშირების და რეალური კონტექსტის წინა პლანზე გადმოტანა ალბათობის ცნებების და პროცედურების სწავლებისას.

კომპიუტერი როგორც სხეულის ნაწილი

0

არცთუ დიდი ხნის წინ “გუგლმა” მაღალტექნოლოგიური სათვალის გამოსვლა დააანონსა. დღეს უკვე მისი შეძენაც შესაძლებელია. მართალია, “გუგლის” სათვალე მასობრივად არ იყიდება, მაგრამ კომპიუტერული პროგრამებისა და მობილური აპლიკაცების შემქმნელებს უკვე შეუძლიათ ამ ინოვაციური პროდუქტის შეძენა და ტესტირება.

სათვალე-კომპიუტერი
“გუგლის” სათვალე ანუ Google Glass სათვალეში ჩამონტაჟებული მიკროკომპიუტერია. ეკრანის მაგივრად იგი აღჭურვილია მინიატურული პროექტორით, რომელიც პირდაპირ ადამიანის თვალზე ახდენს გამოსახულების პროეცირებას. სათვალის მიერ მიწოდებული გამოსახულება უბრალოდ ზევიდან ედება გარემოს იმ სურათს, რომელსაც ადამიანი ხედავს. სათვალეში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერაც – მომხმარებელს შეუძლია, გადაიღოს ის, რასაც უყურებს. სათვალეს არ გააჩნია სამართავი პულტი, ის ხმოვანი სიგნალით იმართება, ანუ მომხმარებელს შეუძლია, პირდაპირ უთხრას სათვალეს: “გადაიღე ვიდეო”, – და ისიც ვიდეოჩაწერის რეჟიმში გადავა. თუ მომხმარებელი შეხედავს რაიმე ობიექტს და ჰკითხავს სათვალეს, რა არისო, ის მოიძიებს ინფორმაციას იმ ობიექტის შესახებ, რომლისკენაც მომხმარებლის მზერაა მიმართული და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მას.
ამ სათვალეს მინებიც კი არ სჭირდება; მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ლინზები თავად მოარგოს გაჯეტს. თუ ამ სათვალით გადაღებული ფოტოებისა და ვიდეორგოლების კომპიუტერში გადაწერა მოგინდებათ, ამას USB კაბელით მოახერხებთ.
27 თებერვალს, ტედის (TED) კონფერენციაზე, “გუგლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა განაცხადა, რომ თანამედროვე ტელეფონები, ე. წ. სმარტფონები, ხალხს ურთიერთობაში ხელს უშლის. ხშირად წააწყდებით სიტუაციას, როდესაც ერთად შეკრებილი ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის ნაცვლად ტელეფონების ეკრანებს დაჰყურებენ. მისი თქმით, “გუგლის” სათვალე ამ სიტუაციას შეცვლის, ვინაიდან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საით გაიხედავს ადამიანი – მისთვის საინტერესო ინფორმაცია ზევიდან დაედება იმას, რასაც ის მოცემულ მომენტში ხედავს.
სერგეი ბრინმა აღნიშნა: “როდესაც 15 წლის წინ “გუგლი” დავაარსეთ, მე მიმაჩნდა, რომ არ უნდა იყოს საჭირო ინფორმაციის გამოძახება – ის თავად უნდა მოდიოდეს შენთან, როცა დაგჭირდება”.
ამ სარეკლამო ვიდეორგოლში ნაჩვენებია, როგორ აძლევენ მომხმარებლები ხმოვანი სიგნალის საშუალებით სათვალეს ამა თუ იმ დავალებას, როგორ ხდება სათვალის სხვა მომხმარებლისათვის სასურველი ინფორმაციის გაზიარება.

<iframe
width=”560″ height=”315″
src=”https://www.youtube.com/embed/6BTCoT8ajbI”
frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>


მიუხედავად იმისა, რომ “გუგლის” სათვალის მასობრივი გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, მას უკვე მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთმა კანადურმა ბარმა განაცხადა, რომ “გუგლის” სათვალის მომხმარებლისთვის მისი კარი დაკეტილი იქნება. ბარის მეპატრონეებმა ეს იმით ახსნეს, რომ სათვალის მფლობელებს შეუძლიათ, შეუმჩნევლად აწარმოონ ვიდეოგადაღება, ეს კი ზრდის ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრის რისკს.
დაიწყო იმაზე საუბარიც, რომ ავტომობილის მართვისას სათვალის ტარება უნდა აიკრძალოს.
მოდი, გავიკეთოთ კომპიუტერი
“გუგლის” სათვალემ და Apple-ის ერთ-ერთმა პროდუქტმა, მინიატურულმა აიპოდმა, რომელიც მაჯის საათის ფუნქციას ასრულებს, ექსპერტები კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ახალ ეტაპზე აალაპარაკა.

<iframe width=”560″ height=”315″
src=”https://www.youtube.com/embed/C-K-piRoT8A”
frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>

პირველი კომპიუტერები იმდენად დიდი იყო, რომ მთელ ოთახს იკავებდა. მერე ისინი საგრძნობლად დაპატარავდა და ჩვენს საწერ მაგიდებზე გადმოინაცვლა. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და კომპიუტერები ჩვენს ჯიბეებში აღმოჩნდა სმარტფონებისა და ტაბლეტების სახით. როგორც ჩანს, მალე კომპიუტერის ტრანსფორმაციის ახალი ეტაპის მომსწრენი გავხდებით – ამჯერად მისი სხეულზე მიმაგრება იქნება შესაძლებელი…

ინტერვიუ საკუთარ თავთან

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– რამდენად  ეწყობით  თქვენ, ჩიკაგოელი პროზაიკოსი, ამერიკული ცხოვრების
წესს? არსებობს ლიტერატურული სამყარო, რომელსაც ეკუთვნით?

– როდესაც რამდენიმე წლის წინათ პარიზის რესტორან “ვოლტერში”  შევედი მწერალ ლუი გიუსთან ერთად და ოფიციანტმა მას მეტრი უწოდა,  აღარ  ვიცოდი,
შემშურებოდა თუ  გამეცინა. არავის არასოდეს
მოუმართავს ჩემთვის ამგვარი  მოწიწებით. ჯერ
კიდევ სტუდენტობისას, ჩიკაგოში  წამიკითხავს
სალონებისა და წრეების, ფლობერის, ტურგენევისა და სენტ-ბიოვის საღამოთა შესახებ

– ვკითხულობდი და  ვსასოობდი.
კარგი დრო იყო! მაგრამ  გიუბრეტონელი, ყოფილი
ლევტისტი – თითქოსდა შეცბა ამ ტიტულით. შესაძლოა, რომ პარიზშიც კი ლიტერატურულ კულტურას
ამჟამად მხოლოდღა  მლიქვნელი მეტრდოტელები იცავდნენ,
ხელაღებით არ ვამტკიცებ ამას, მაგრამ  ამერიკაში  დანამდვილებით არაფერი გაგვაჩნია ამის მსგავსი
– არავითარი  მეტრები, გარდა სადილისა, არავითარი
ლიტერატურული სამყარო, არავითარი ლიტერატურული საზოგადოება. ბევრი ჩვენგანი კითხულობს,
ბევრს უყვარს ლიტერატურა, მაგრამ არ გვაქვს ლიტერატურული ტრადიციები, სისტემატური ლიტერატურა.
არ ვამბობ, ეს ცუდია-მეთქი, მხოლოდ  იმის კონსტატაციას
ვახდენ, რომ ჩვენი საზოგადოება არაა იმათთაგანი, მსგავსს რომ ქმნის. ნებისმიერი ახლადჩენილი
ქვეყანა, რომელსაც მემკვიდრეობით არ რგებია, ამას ვერ  მოიპოვებს.

ამერიკელი მწერლები სულაც არ არიან მიტოვებული, ზოგჯერ ისინი კლასიკოსებშიც
კი ერევათ, ისინი თეთრ სახლშიც შეიძლება აღმოჩნდნენ მიწვეული, მაგრამ იქ არავინ გაესაუბრება
მათ ლიტერატურის შესახებ. მისტერ ნიქსონი (“ინტერვიუ საკუთარ თავთან”)

1976 წელს დაიბეჭდა რუსულ ემიგრანტულ ჟურნალ “კონტინენტში”

– მთარგმნელი არ სწყალობდა მწერლებს და გადაჭრით უარყოფდა მათთან
ურთიერთობას; თუმცა მისტერ ფორდი პატიჟებს მათ მსახიობებთან, მუსიკოსებთან,  სატელევიზიო მიმომხილველებსა და პოლიტიკანებთან
ერთად. ამ შესანიშნავი საღამოების მსვლელობისას აღმოსავლეთის ოთახს  ავსებენ ხოლმე გამოჩინებულნი,  რომლებიც ექსტაზს მისცემიან სხვა გამოჩინებულთა
ხილვით. მდივანი კისინჯერი და დენი კეი ერთიმეორეს ეხვევიან. კერი გრანტი სენა- ტორთა
ცოლების ტყვეობაშია… არავინ მსჯელობს ენისა და სტილის, რომანის სტრუქტურის, ფერწერაში
მიმართულებათა შესახებ. მწერალმა პოვა შემთხვევა, დარწმუნებულიყო თავის პოპულარობაში.
სენატორმა ფულბრაიტმა, თურმე, მისი სახელიც კი იცის და ამბობს:

“თქვენ ესსეისტი ხართ, ხომ მართალია? დარწმუნებული ვარ, ერთი
მათგანი მახსოვს კიდეც”. ხოლო პატივცემული სენატორი, როგორც ყველამ უწყის, ოდესღაც
როდსის ფონდის სტიპენდიანტი გახლდათ (იგულისხმება: სწავლობდა ოქსფორდში).

მწერლისათვის მართლაცდა სასიამოვნოა ამგვარ საღამოზე მოხვედრა,  როდესაც იგი, ნახევრადჰაეროვანი არსება,  განრიდებული
უმნიშვნელო საუბრებს, დაბორიალობს ოთახიდან ოთახში, ათვალიერებს და აყურადებს. მან
იცის, რომ  ჭეშმარიტ საზოგადო მოღვაწეთ არ ძალუძთ
ქვეყნის მართვა შეუხამონ ლიტერატურის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის თემებს. მათი სამყარო
მაღალვოლტიან გადაცემათა სამყაროა და არა  ყვავილების
კორომი ბულვარში. ათი წლის წინათ ქალაქის თავმა დეილიმ სითი-ჰოლში მცირე ცერემონიისას
მადლენდის მწერალთა საზოგადოების  სახელით გადმომცა
500 დოლარიანი ჩეკი.

“ბატონო მერო, “ჰერცოგი” წაგიკითხავთ?” – შეეკითხა
ერთი დამსწრე რეპორტიორი.

“დამითვალიერებია”, – არ თმობდა პოზიციებს დეილი, ხელოვნება
არაა  მისი საყვარელი კერძი და ან რანაირად  შეიძლება იყოს? მე ბატონი მერის ზერელობა მიჯობს
იმ ინტერესს, სტალინი რომ ამჟღავნებდა პოეზიისადმი, როცა  ურეკავდა პასტერნაკს, რათა ელაყბა მასთან მანდელშტამზე,
ხოლო ცოტა მოგვიანებით კი მოუსავლეთში გაემგზავრებინა იგი.

 

– თქვენ ადასტურებთ, რომ თანამედროვე  ინდუსტრიული საზოგადოება  ხელოვნებას აბათილებს?

–  სრულიადაც არა,  ხელოვნება ერთი  იმგვარი სათნოებაა, რომლის მიმართაც საზოგადოება
კეთილგანწყობილია, საკმაოდ გულისხმიერია, მაგრამ ის, რაც რესკინმა (ჯონ რესკინი – ცნობილი
ინგლისელი ხელოვნებათმცოდნე და სოციოლოგი) ბრძანა ინგლი- სური  საზოგადოების შესახებ 1871 წელს,  სავსებით  გვესადაგება ჩვენც: “ამგვარი  სულიერი მდგომარეობის მქონე ხალხისათვის შეუძლებელია
კითხვით გატაცება. დიდი მწერლების არავითარ სენტენციას არ ხელეწიფება მათი გონს მოყვანა”…

“ამგვარი  სულიერი
მდგომარება” – სტრესი გახლავთ. ჩვენ ვიმყოფებით არაჩვეულებრივ რევოლუციურ ვითარებაში,
რომელსაც დასასრული  არ უჩანს.  კაფე-ბარებში ადვილად  შეამჩნევთ,  სასადილო მაგიდებთან, ყველგან,  თითქმის ყველა ამერიკელი, მეგარდერობიდან მოკიდებული
თეთრი სახლის მობინადრემდე, ერთი და იმავე პრობლემით არის შეპყრობილი. ჩვენი ამერიკული
ცხოვრებაა ჩვენივე ვნებათა საგანი, ჩვენი საზოგადოებრივი და ნაციონალური ცხოვრება სამყაროს
ფონზე არის გაზეთებისა და ტელევიზიის მიერ მოწოდებული ყოველდღიური გრანდიოზული სპექტაკლი:
ჩვენი ქალაქები, ჩვენი დამნაშავეები, მანქანები, სექსუალური და რასობრივი პრობლემები,
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი…

– კარგ წიგნს ჯერ კიდევ შეუძლია ასიათასობით მკითხველის მოძიება. თქვენ კი ამბობთ, რომ არ არსებობს  ლიტერატურული საზოგადოება.

– საინტერესო წიგნი, ჩანს, თვითონვე ქმნის საკუთარ პუბლიკას. როდესაც
“ჰერცოგი” (სოლ ბელოუს ყველაზე ცნობილი რომანი, 1964 წ.) გამოიცა, გავაცნობიერე,
რომ ამერიკაში მოიძევება, სულ მცირე, 50 000 ადამიანი, რომელთაც სურდათ ჩემი რომანის
წაკითხვა. ცხადია, ისინი ელოდნენ რაღაც ამგვარს. სხვა მწერლებსაც, უსათუოდ, შემთხვევიათ
ამგვარი რამ, მაგრამ ასეთი  პუბლიკა დროებითი
მოვლენაა. არ არსებობს ლიტერატურული გარემო, რომელიც ნიადაგ მოიცავდა თავის თავში ყველა
ამ მკითხველს.

ჰო,  მაგრამ უნივერსიტეტები?  ნუთუ მათ არაფერი მოუმოქმედებიათ შეხედულებათა  ჩამოყალიბებისა  და გემოვნების განვითარებისათვის?

 

– პროფესორთა უმრავლესობისათვის  რომანი უზენაესი კულტურული მნიშვნელობის საგნად
ისახება. მისი იდეები, სიმბოლური სტრუქტურა, მისი ადგილი რომანტიზმის თუ რეალიზმის
ანდა მოდერნიზმის ისტორიაში, მისი  მაღალი მხატვრული
მხარე მოწიწებით შესწავლას მოითხოვს. ლიტერატურის სწავლება  მუდამჟამს ერთი უბედურება იყო. მოწაფესა და წიგნს
შორის, რომელსაც იგი კითხულობს, ძევს პირქუში მოსამზადებელი ზონა, ნამდვილი ჭანჭრობი.
მან უნდა გადალახოს ეს კულტურული ლაფი, ვიდრე ნებას დართავენ, გადაშალოს “მობი
დიკი” და წაიკითხოს: “მე ისმაილს მეძახიან”.  მას აიძულებენ, თავი უმეცრად, შედევრებისათვის უღირსად
იგრძნოს, იგი შეცბუნებულია, წიგნების მიმართ ზიზღს გრძნობს. ხოლო თუკი მეთოდი წარმატებულია,
ის წარმოშობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრებს, რომელთაც ძალუძთ განმარტონ, თუ  რატომ ტოვებს “პეგოდი” ბოღაზს  შობა დილით. ზოგიერთი პროფესორი სამეცნიერო ტირადებს
გაცილებით საინტერესოდ მიიჩნევს, ვიდრე თვით რომანებს. მათ ისეთივე მიმართება აქვთ
პროზასთან, როგორიც ეკლესიის მამებს  ბიბლიის
მიმართ,  ორიგენე ალექსანდრიელი (ალექსანდრიელი
ქრისტიანი ღვთისმეტყველი, ბიბლიის განმმარტებელი) კითხულობდა, ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ
თუ  არა, რომ თითქოს მამაზეციერი იმ დროს შევიდა
სამოთხეში, როდესაც ადამი და ევა ბუჩქებში დაიმალნენ? წმინდა წიგნის სიტყვა-სიტყვით
გაგება არ შეიძლება. მან უნდა მიგვაახლოს გაცილებით მაღალ აზრს…

–  თქვენ ეკლესიის მამებს  ლიტერატურის პროფესორებს ადარებთ?

– არცთუ სავსებით.  წმინდა
მამებს ღმერთსა და ადამიანზე ამაღლებული წარმოდგენები ჰქონდათ.  თუკი ჰუმანიტარული დარგის პროფესორები იმ პოეტებსა
და ფილოსოფოსებზე, რომლებსაც შეასწავლიან, გაცილებით მაღალი აზრისა იქნებოდნენ, ისინი უნივერსიტეტების ყველაზე მძლავრ, ცხოველ ძალად იქცეოდნენ.

– მაშ, რატომღა მოღვაწეობს უნივერსიტეტებში ამდენი მწერალი?

– კარგი შეკითხვაა. მწერლებს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი არ გააჩნიათ.
ისინი  დაკავშირებული არიან დაწესებულებებთან,
ირჯებიან ჟურნალ-გაზეთებისა და გამომცემლობების, კულტურული ფონდების,  სარეკლამო სააგენტოებისათვის,
ყველა ასწავლის. მხოლოდ რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალი დარჩა  ძველებური იერისა და ისინიც წელიწადში  რამდენჯერმეღა გამოდის.  დიდ ეროვნულ ჟურნალებს არ სურთ პროზის დაბეჭდვა.  მათ გამომცემლებს სწადიათ, გააშუქონ ყველაზე მეტად
ნიშანდებული საშინაო და საგარეო საქმეები, სურთ გაამახვილონ ყურადღება “ღირსეულ”
კულტურულ საკითხებზე. “ღირსეულად” კი პოლიტიკურ საკითხებს  მიიჩნევენ. ჩვენი ინტელიგენცია მთლიანად პოლიტიზებულია,
უყვარს ყველაფრის ანალიზი და არ იჩენს დიდ ინტერესს ლიტერატურისადმი. ამ ელიტის წარმომადგენლებმა
თავიანთი ლიტერატურული ულუფა იგემეს სტუდენტობისას და ახლა მისგან მოშორებით დგანან.

ხანდახან ვაცნობიერებ: ისინი გრძნობენ, რომ მწერლის მისია იკისრეს.
კულტურული ბიზნესი, რომლითაც ისინი არიან დაკავებული, ოდნავ შეფერილია ლიტერატურით,
უფრო სწორად – მოგონებებით ლიტერატურაზე. მე უკვე ვსაუბრობდი იმის  შესახებ, რომ ჩვენივე საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვენი ყველაზე უფრო მგზნებარე ზრუნვის  საგნად ქცეულა.  შეიძლება კი მარტოსულის, რომანის გმირის ბედი უფრო
საინტერესო შეიქნეს, ვიდრე საზოგადო ბედი, ახალი კლასის – კულტურული ინტელიგენციის
ზრდა?

– მაშასადამე, თქვენ ამტკიცებთ, რომ პოლიტიკით ასე გატაცების  გამო ჩვენ ვკარგავთ  პიროვნებისადმი ინტერესს?

– დიახ, სახელდობრ! და კიდევ ის, რომ ასეთი ინტენსიური პოლიტიზაციისას
ლიბერალური საზოგადოება დიდხანს  ვერ  დარჩება ლიბერალური. რომანზე თავდასხმებს მივიჩნევ
საკუთრივ თავისუფლების პრინციპებზე შეტევად. ჭეშმარიტი ხელოვნების ქმნილების ძალა იმგვარია,
რომ  იწვევს  აქტიურობის დროებით შეჩერებას, მჭვრეტელობით გაოცებულ
და – მე ამაში  სავსებით დარწმუნებული ვარ,  – საკრალურ მდგომარეობას სულისას.

– წუთიერად კვლავ ლიტერატურული სამყაროს საკითხს  თუ დავუბრუნდებით…

– აღარ  იმართება  ჩაის საღამოები ჰერტრუდა სტაინთან, აღარ არსებობს
“კლოზერი დე ლილი”, აღარც ბლომსბერის საღამოები, არც სასეირო შეტაკებები
ჯორჯ მურსა და უ. ბ. იეიტს შორის. ფრიად საამურია მსგავსი ამბების შესახებ ლიტერატურის
კითხვა, ოღონდ ვერ  ვიტყვი, რომ  მენატრება ეს ყოველივე,  რადგანაც არც  ოდეს ვყოფილვარ მათი შემსწრე. მენატრება  რამდენიმე გარდაცვლილი მეგობარი,  მწერალი, ხოლო ის, რომ  მოლიერი დგამდა კორნელის
პიესებს, და თავად ლუდოვიკო XIV, შეიძლებოდა, გადაცმული გამოსულიყო მოლიერის კომედიაში
– ამგვარი ამბები წიგნებშია საამური. ძნელად წარმოვიდგენ  ნიუ-იორკის მერს, დეილის, რომელიც ჩემს კომედიაში  მონაწილეობს; იგი მხოლოდ  საკუთარში თამაშობს. ოდესღაც ვესწრებოდი ხოლმე კომუნისტურ
ქვეყნებში მწერალთა კლუბების შეკრებებს და ვერ ვიტყვი, რომ დიდად განვიცდი ჩვენში მათ არარსებობას.

– მაგრამ  ასეა თუ  ისე,  ლიტერატურული  კულტურა მაინც არსებობს…

– მომიტევეთ,  რომ  გაწყვეტინებთ, მომაგონდა, რომ  მას ტოლსტოიც მიესალმებოდა. ახალ  შესაძლებლობებს  ჭვრეტდა მასში, ოღონდ იგი არ იყენებდა ლიტერატურულ ტრადიციებს და სძაგდა პროფესიონალიზმი
ხელოვნებაში.

– უნდა შეურიგდნენ თუ  არა  მწერლები აკადემიურ “სპილოს ძვლის კოშკს”?

– თავის სტატიაში  “გონს  მოდით!” ტოლსტოი გვირჩევს,  თითოეულმა იმ წერტილიდან
უნდა  დაიწყოს, საცა  იმყოფებაო. მგონი, ისევ  ამგვარი კოშკი  სჯობს, ვიდრე ალტერნატივა  ღვინის სარდაფისა, ბევრი მწერალი რომ ამჯობინებს.
ამასთანავე, ამჟამად უნივერსიტეტი უფრო მეტად კი არაა “სპილოს ძვლის კოშკი”,
ვიდრე ჟურნალი “თაიმი”  მისთვის დამახასიათებელი
სამყაროს  აღქმის საკვირველი ხელოვნურობით,
მისი დაჟინებული მიდრეკილებით ყოველივეს გამარტივებისაკენ. სპილოს ძვლის კოშკი  ერთი მანკთაგანია, აფორიაქებულ მწერლურ გონს რომ
აუკვიატებია. რამდენადაც  არ ვსარგებლობთ ლიტერატურული
სამყაროს არც ერთი უპირატესობით, იმდენადვე ძალგვიძს, გავთავისუფლდეთ მისთვის დამახასიათებელი
ბანალობებისაგან. სულიერი დამოუკიდებლობა გონს მოსვლას  მოითხოვს. ამისათვის  უნივერსიტეტი ისეთივე მოსახერხებელი ადგილია, როგორც
სხვა დანარჩენი… ოღონდ გონს მოგებისას ერიდეთ ცენზიან მწიგნობრობას.  მასწავლებლობა – კი, ბატონო, ზოგიერთები მეცნიერებაშიც
პოვებენ ადგილს, მაგრამ უაღრესი საფრთხე მწერლისათვის უნივერსიტეტში – აკადემიური საფრთხეა.

– ხომ ვერ  მისცემდით შესაფერის
მოკლე განსაზღვრებას ტიტულოვან სწავლულს?

– თავისუფლად  დავსჯერდები
პროფესორის ტიპს, რომელსაც ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე შეხვდებით. ოუენ ბერფილდი თავის
ერთ-ერთ წიგნში  მიუთითებს “სუბლიმაციის
მუდმივ პროფესიულ მექანიზმს ლაყბობისა” იმის შესახებ, რაც არსებითია, რომელიც ცვლის საკუთრივ ამ არსებითს. იგი ამბობს, რომ
ამან დაღალა. ამან ბევრი ჩვენგანიც დაღალა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...