სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

ახალი, საინტერესო წიგნი – მოაზროვნის სახელმძღვანელო

0
ყველა წიგნს თავისი ბიოგრაფია აქვს…

არსებობს იღბლიანი, სკანდალური, ფუნდამენტური, პოპულარული, აკადემიური, საინტერესო, აქტუალური, მოდური, ტრაგიკული, რომანტიული… … ისტორიის მქონე წიგნები. 

ზოგიერთ წიგნს რამდენიმე ბიოგრაფიაც კი  აქვს, რადგან თარგმნისას წიგნი, თითქოს, “თავიდან იბადება”.

  სულ ახლახან ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდა ძალიან საინტერესო წიგნი “მოაზროვნის სახელმძღვანელო”,  რომელიც ითარგმნა და გამოიცა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ.  

ვინ არიან წიგნის ავტორები?
 საყოველთაოდ ცნობილი ჰოვარდ გარდნერი – ჰარვარდის უნივერსიტეტის  განათლების უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი.

 დოქტორი ლინდა ელდერი განათლების ფსიქოლოგიის სპეციალ­ისტია. იგი კოლეჯში ფსიქოლოგიასა და კრიტიკულ აზროვნებას ას­წავლის. არის კრიტიკული აზროვნების ფონდის პრეზიდენტი და კრიტიკული აზროვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. დოქტორი ელდერის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა:  
აზრისა და ემოციის, კოგნიტიური და აფექტური სფეროების ურთიერთობა. 

მან ჩამოაყალიბა კრიტიკული აზროვნების განვითარების ეტაპების ახალი თეორია. ლინდა ელდერი კრიტიკული აზროვნების თემაზე დაწერილი ოთხი წიგნისა და თვრამეტი სახელმძღვანელოს ავტორია. იგი დინ­ამიკური მომხსენებელია და დიდი გამოცდილება აქვს კრიტიკული აზროვნებისათვის მიძღვნილი სემინარების ჩატარებაში. 
დოქტორი რიჩარდ პოლი კრიტიკული აზროვნების მიმდინარეო­ბის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. იგი კრიტიკული აზროვნების ცენტრის კვლევის განყოფილების დირექტორი და კრიტიკული აზ­როვნების ხელოვნების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. კრიტი­კული აზროვნების თემაზე დაწერილი აქვს 200-ზე მეტი სტატია და შვიდი წიგნი. დოქტორ პოლს ჩატარებული აქვს ასეულობით სემინარი კრიტიკული აზროვნების სფეროში და შექმნილი აქვს რვა ვიდეო-პროგრამა საზოგადოებრივი სატელევიზიო არხისთვის (PBS). მისი შეხედულებები კრიტიკული აზროვნების შესახებ განხილული იყო გაზეთებისა და ჟურნალების [New York Times, Education Week, The Chronicle of Higher Education, American Teacher, Educational Leadership, Newsweek, U.S. News and World Report, Reader’s Digest] ფურცლებზე.

 ავტორები ბევრ საინტერესო საკითხს განიხილავენ –  განსაკუთრებითაა აღწერილი გონების კრიტიკული და შემოქმედებითი ფუნქციების მნიშვნელობა.   რადგან ისინი  ერთმანეთში ისეა  გადახლართული, რომ მათი განცალკევება თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე შეუძლებელია… არც არის გასაკვირი, რამეთუ  კრიტიკულობა აფასებს,  შემოქმედე­ბითობა კი წარმოშობს.

ფაქტია,  ადამიანის გაჩენის დღიდან მნიშვნელოვანია და ფასეულია აზროვნება, რომელიც საგნების ლოგიკას სწვდება. 

      შეფასებისა და აღიარებისთვის ყველა ინტელექტუალურ პრო­დუქტს გარკვეული ლოგიკა, თანმიმდევრულობა, გასაგები და რაცი­ონალური არგუმენტებით გამყარებული სტრუქტურა სჭირდება. ეს ეხება როგორც ლექსებსა და ესეებს, ნახატებსა და ქორეოგრაფიას, ისტორიას ან ანთროპოლოგიურ ანგარიშს, ექსპერიმენტებსა და მეც­ნიერულ თეორიებს, ფილოსოფიასა და ფსიქოლო­გიას, ისე კონკრეტული მოვლენების ანგარიშს, ზოგად ფენომენებსა და კანონებს.

ძნელია, მოიძებნოს ანტითეზა ისეთი მნიშვნელოვანი თეზისა, რომლის მიხედვითაც მსჯელობა უნდა განვიხილოთ, როგორც შემოქმედებითი აქტი. 

ფართო გაგებით ყოველგვარი აზროვნება გარკვეულ სისტემაში აზროვნებაა. თუ ჩვენ მოცემულ სისტემას არ ვიცნობთ, მაგალითად:

Øარ ვიცნობთ შიდაწვის ძრავის მუშაობის, 
Øმართკუთხა სამკუთხედის თვისებებს, 
Ø დელფინის ქცევის ლოგიკას, 

 ჩვენმა გონებამ ეს სისტემა თავად უნდა შექმნას, მას ხორცი შეასხას და მისცეს იმ სტრუქტურის სახე, რომელიც აზროვნების ჩვენეულ გზას შეესაბამება. 

  ამგვარად, როცა რაიმეს შესახებ ფიქრს ვიწყებთ, ვქმნით ჩვენთვის ადვილად გამოყე­ნებად და ჩვეულ ლოგიკას, ვაყალიბებთ ახალ კავშირებს მიზნებსა და არგუმენტებს შორის, ვაყალიბებთ ახალ ვარაუდებს და კონცეფ­ციებს, ვსვამთ ახალ კითხვებს, ვაკეთებთ ახალ დასკვნებს და რაიმე საგანზე სრულიად ახალი მიმართულების წარმოდგენას გამოვიმუშა­ვებთ.  
წიგნში საინტერესოდაა განხილული თუ რა დამოკიდებულება არსებობს თანდაყოლილ ნიჭს, გარემოსა და თვითმოტივაციას შორის.
ცნობილია,  რომ  მისტიფიკაციის გარეშე შემოქმედებითო­ბის აღქმა ყველაზე უფრო ადვილი მარტივი, ყოველ­დღიური აზრების კონტექსტშია. 

წიგნი მოგვითხრობს როგორ აზროვნებდნენ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მარი კიური, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო, მიქელანჯელო, ნიუტონი, დარვინი, აინშტაინი…
ჰოვარდ გარდნერი ოცდამეერთე საუკუნის “მომავლის” აზროვნების ხუთ ტიპს განიხილავს:
1.დისციპლინირებული აზროვნება
2.სინთეზური აზროვნება
3.შემოქმედებითი აზროვნება
4.ატივისცემის გამომხატველი აზროვნება
5.ეთიკური აზროვნება

წიგნში საინტერესოდაა განხილული, როგორი უნდა იყოს  კრეატიული აზროვნება… Aამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ აზროვნების სიცხადეს, აკურატულობას, სიზუსტეს, რელევანტურობას. აზროვნების  შეფასება ხომ მხოლოდ ინტელექტუალური სტანდარტების შექმნისა და გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი… სახელმძღვანელოში განხილულია  კითხვები ინტელექტუალური სტანდარტების  შესახებ.

1. სიცხადე შეგიძლიათ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ? 
შეგიძლიათ, მაგალითი დამისახელოთ? 

შეგიძლიათ, იმის ილუსტრირება, რასაც გულისხმობთ?

აკურატულობა ამის შემოწმება როგორაა შესაძლებელი? 

როგორ შეიძლება იმის გაგება, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა? 

როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის დადასტურება ან გადამოწმება?

სიზუსტე შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად ისაუბროთ? 

შეგიძლიათ, მეტი დეტალი მომაწოდოთ? 

შეგიძლიათ, უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ?

2.რელევანტურობა როგორაა ეს ინფორმაცია დაკავშირებული პრობლემასთან? 
როგორაა ეს ინფორმაცია დაკავშირებული კითხვასთან? 

როგორ დაგვეხმარება ეს ინფორმაცია საკითხის გარკვევაში? 

3.სიღრმე რომელი ფაქტორები განაპირობებს ამ საკითხის სირთულეს? 

თუ შეიძლება, ჩამოთვალეთ რამდენიმე სირთულე, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. 

თუ შეიძლება, ჩამოთვალეთ ის სირთულეები, რომლებზე მუშაობაც მოგვიწევს. 

4.სიფართოვე საჭიროა თუ არა ამ საკითხის სხვა კუთხით განხილვა? 
საჭიროა თუ არა სხვა თვალსაზრისის გათვალისწინება? 

საჭიროა თუ არა ამ საკითხის გადაჭრის/მოგვარების სხვა გზით განხ¬ილვა? 

5.ლოგიკა რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი? 

შეესაბამება თუ არა თქვენი პირველი და ბოლო აბზაცი ერთმანეთს? 

გამომდინარეობს თუ არა მტკიცებულებებიდან ის, რასაც ამბობთ? 

6.მნიშვნელობა არის თუ არა განსახილველი პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი? 

არის თუ არა ცენტრალური იდეა ის, რომელზეც კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ? 
ამ ფაქტებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი? 

7.სამართლიანობაარის თუ არა დაკავშირებული ამ საკითხთან ჩემი პირადი ინტერესი? 
პატივისცემით წარმოვადგენ თუ არა სხვათა თვალთახედვას? 

სახელმძღვანელოს ავტორები აღნიშნავენ _ თუკი ჩვენ დასაბუთებული აზროვნებისა და ანალიზის მეშვეო­ბით პრობლემების ინტელექტულურ განხილვას ვისწავლით, მაშინ აზრების ბუნებისა და ხარისხის გონიერი კრიტიკოსები გავხდებით. გამოვა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კრიტიკულად კრეატიული და კრეატიულად კრიტიკული ადამიანები და მოაზ­როვნეები გავმხდარიყავით. 

4 მაისის მოძრაობა- საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ძალა

0
ევროპის უახლოეს წარსულში მომხდარი უამრავი მოვლენა მიგვანიშნებს, რომ რიგით მოქალაქეებსაც შეგვიძლია პოლიტიკურ პროცესზე ეფექტური ზემოქმედება. ხშირად ყველაზე ძლიერ და აქტიურ სოციალურ ძალად სტუდენტობას მოიხსენიებენ ხოლმე. სახელმწიფოს ელიტურ წრეებთან დაპირისპირებისას მათი წარმატების მთავარ წინა პირობას რევოლუციური რომანტიკა და ახალგაზრდული ენერგია წარმოადგენს. ამ კატეგორიათა კომბინაციით სტუდენტურმა მოძრაობებმა არაერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწიეს: დასავლური განათლების სისტემების ფუნდამენტური რეფორმებით დაწყებული, ლეგენდარული პოლიტიკოსის, შარლ დე გოლის ხელისუფლებიდან გასტუმრებით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდულ აქტივიზმზე მსჯელობისას აქცენტი ყოველთვის გასული საუკუნის სამოციან წლებსა და ატლანტის ოკეანის ორ სანაპიროზე აგორებულ კამპანიებზე კეთდება. სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით მასშტაბური და სერიოზული მოძრაობა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში გაჩაღდა.

1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობისას, ომის პერიოდში გაფორმებულმა ფარულმა პოლიტიკურმა გარიგებებმაც იჩინა თავი. გამარჯვებულმა ინგლისმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე. მათ პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფა გადაწყვიტეს და შანდონგის პროვინცია ჩინეთის ნაცვლად იაპონიას არგუნეს. მრავალმილიონიანი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა ფაქტობრივად უსიტყვოდ შეურიგდა იმპერიალისტთა მიერ მათთვის განსაზღვრულ ბედს. ვერავინ გაბედა მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება.

მხოლოდ პეკინისა და შანხაის უნივერსიტეტთა აუდიტორიებში შეკრებილი ახალგაზრდები ვერ შეგუებოდნენ გლობალურ უსამართლობას. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის გალაშქრება სცადეს. 4 მაისს სტუდენტებმა დედაქალაქის ქუჩებში მასობრივი დემონსტრაცია გამართეს. სტუდენტთა სიმამაცემ გაააქტიურა, გამბედაობა შემატა სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. რამდენიმე დღეში ახალგაზრდებს გვერდით ამოუდგნენ მასწავლებლებიც. მასწავლებელთა მოწოდების შემდეგ მოძრაობას მუშები, მეწარმეები, მიწათმოქმედებიც შეუერთდნენ. შედეგად წარმოიშვა საერთო ეროვნული წინააღმდეგობა, რომელმაც ყველა ქალაქში ორგანიზებული, დისციპლინირებული ფორმა მიიღო. პროტესტანტები შანდონგის პროვინციის დაბრუნების მოთხოვნით მართავდნენ მანიფესტაციებს, პერმანენტულ გაფიცვებს, საჯაროდ ანადგურებდნენ იაპონურ პროდუქციას.

ერთი შეხედვით ჩანასახშივე განწირულმა მოძრაობამ, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგსა და გამარჯვებულ იმპერიებს უპირისპირდებოდა, შედეგი გამოიღო. სტუდენტებისადმი გამოვლენილმა თანადგომამ, საყოველთაო წინააღმდეგობამ გლობალურ მოთამაშეებს სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების შეცვლა აიძულა. საბოლოოდ პროვინცია ჩინეთის შემადგენლობაში დარჩა. იმპერიალიზმი სოლიდარობამ დაამარცხა.

რით იყო განსაკუთრებული 4 მაისის მოძრაობა?

უსაზღვრო იდეალიზმითა და სამოქალაქო ძალის არაჩვეულებრივი რწმენით, ყველა ძირითადი სოციალური ჯგუფის აქტიური მონაწილეობითა და მასშტაბური საერთაშორისო შედეგებით. მრავალი მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ კულტურულ-ინტელექტუალურ დისკურსსა და ჩინეთის ისტორიისთვის მის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.

თუმცა ჩემთვის ჩინეთის სტუდენტური მოძრაობა განსაკუთრებული სულ სხვა ნიშნით გახდა – საუკუნის დასაწისში განვითარებულმა მოვლენებმა პასუხი გასცა კითხვას, რომელ ძალას შეუძლია ახალგაზრდულ გაერთიანებებთან ყველაზე შედეგიანად პარტნიორობა. 4 მაისის საერთო-სახალხო წინააღმდეგობად გარდაქმნა პედაგოგების დამსახურებაა. მათ გარეშე პროტესტის გაფართოება საზოგადოებისთვის უტოპიად, შეუსრულებელ მისიად დარჩებოდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები

0
განათლების ხარისხის ამაღლება სკოლაში მასწავლებლის შრომის ინტენსიფიკაციას უკავშირდება. იმისათვის, რომ მოსწავლეებს 21-ე საუკუნეში საჭირო შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევები განუვითარდეთ, მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ისე სწავლება, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები და ქცევითი მოდელები წარმოაჩინონ. ამ რთული მისიის შესრულებისთვის განათლების სისტემამ მასწავლებლები უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი მომზადებით (კერძოდ, პროფესიული განვითარებით), ვიდრე ეს აქამდე ტრადიციულად ხორციელდებოდა. 

ტერმინი “პროფესიული განვითარება” ნიშნავს მოწესრიგებულ, უწყვეტ და ინტენსიურ მიდგომას მასწავლებელთა შრომის ეფექტიანობის გაუმჯობესებისადმი იმ საბოლოო მიზნით, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მოსწავლეთა მიღწევები. 

გავეცნოთ თანამედროვე მოთხოვნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართ.

I.პროფესიული განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. მასწავლებელთა პროფესიული განათლება ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი:
1.შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის განვითარების მიზნებს;

2.მიმდინარეობდეს სკოლაში თანამშრომლებთან ერთად და მას უძღვებოდნენ სკოლის დირექტორები ან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ლიდერები – მწვრთნელები, მენტორები, ფასილიტატორები და სხვა;

3.პერიოდულად ხორციელდებოდეს თანამშრომლების დადგენილ ჯგუფებში პრაქტიკის გაუმჯობესების უწყვეტი ციკლების სახით. ეს ციკლი მოიცავს:

მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის საჭიროებების ღრმა ანალიზს, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესახებ მონაცემებს ეფუძნება;

პედაგოგების განათლების მიზნების განსაზღვრას ამ მონაცემების საფუძველზე;

დასახული მიზნების მიღწევას თანმიმდევრული, უწყვეტი და მონაცემებზე დაფუძნებული სასწავლო სტრატეგიებით, როგორიცაა, მაგალითად, გაკვეთილებზე დაკვირვება და განმავითარებელი შეფასების დამკვიდრება;

სწავლებასთან დაკავშირებულ წვრთნას ან სხვა სახის დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადატანას გაკვეთილებზე;

პროფესიული განვითარების ეფექტიანობის რეგულარულ შეფასებას დასახული მიზნების, სწავლების გაუმჯობესების, მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევის მიმართულებით;

დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროცესებისა და წარმატებების შესახებ სწავლებასა და მოსწავლეთა მიღწევებში;

საჭიროების შემთხვევაში, გარე დახმარებას უზრუნველყოფას.
II.ზემოთ აღწერილი პროცესების მხარდაჭერა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების კურსები, სემინარები, ქსელები, კონფერენციები და სხვა. ეს ღონისძიებები უნდა:

1.შეესაბამებოდეს სკოლაში პროფესიული განვითარებისთვის პედაგოგების მიერ დასახულ მიზნებს; 

2.აღრმავებდეს სკოლის ბაზაზე მიმდინარე პროფესიულ განვითარებას;

3.ტარდებოდეს მოგებაზე ორიენტირებული ან არამომგებიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო მომსახურების დაწესებულებები, სპეციალისტთა/ექსპერტთა ქსელები და სხვა.

დავაზუსტოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შინაარსი, კონტექსტი და დიზაინი ამგვარი მიდგომის ფარგლებში.

პროფესიული განვითარების შინაარსი

მასწავლებელთა წვრთნა, რომელიც, ძირითადად, მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარებითა და ვორკშოპებითაა წარმოდგენილი, უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული მათი კომპეტენციების რეალურ ზრდაზე და ნაკლებად გულისხმობდეს მათთვის, უბრალოდ, სალაპარაკო ფორუმის მოწყობას. აბსტრაქტულ განხილვებთან და ხანგრძლივ დისკუსიებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს აქტიური სწავლა/სწავლების, მოსწავლეთა შეფასების, დაკვირვებისა და რეფლექსიის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობას. უმჯობესია, მასწავლებლებმა იმეცადინონ სპეციფიკური შინაარსის სწავლების ხერხების დაუფლებაზე – ეს ბევრად მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მათ პრაქტიკაზე.

მასწავლებლებიც აღიარებენ და მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე სასწავლო შინაარსი საგნობრივ-მეთოდიკური ხასიათის უნდა იყოს და, ამასთანავე, აქტიური სწავლა/სწავლების ხერხების გამოყენებით უნდა იყოს მიწოდებული. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო მჭიდროდ უკავშირდება სასწავლო მასალა ეროვნულ სასწავლო გეგმას.

პროფესიული განვითარების ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიება შესაძლოა დაიგეგმოს და განხორციელდეს ასე: სწავლის დაწყებამდე მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღონ ხუთდღიან საზაფხულო ვორკშოპში და შემდეგ, წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და მიღწევები. მათ შესაძლოა განიხილონ მოსწავლეთა შერჩეული ნამუშევრები, ან უყურონ გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს, სადაც მოსწავლეები წყვეტენ სხვადასხვა სასწავლო პრობლემას. ამ შეხვედრებზე მასწავლებლები სწავლობენ აგრეთვე მოსწავლეთა მოტივირებულობის შეფასებას, საკლასო დისკუსიების წარმართვას, მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებას რუბრიკების საშუალებით და შეფასების ინსტრუმენტების შექმნას.

პროფესიული განვითარების კონტექსტი

პროფესიული განვითარება უფრო ეფექტიანია მაშინ, როდესაც სკოლის ძალისხმევა პროფესიულ განვითარებაზე იზოლირებული არ არის სხვა სასკოლო სარეფორმო ღონისძიებებისგან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეუსაბამობები მასწავლებლების მიერ ნასწავლსა და იმ ცოდნას შორის, რისი დანერგვაც რეალურად შესაძლებელია გაკვეთილებზე, სკოლებმა უნდა დაუკავშირონ სასწავლო პროგრამა, სტანდარტები, შეფასება და სწავლების ორგანიზაცია (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემა და მეცადინეობათა განრიგი) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით, მასწავლებლებმა შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიურ ექვსკვირიან საზაფხულო კურსებში, სადაც აითვისებენ ახალ სასწავლო შინაარსსა და მეთოდიკურ მიდგომებს. სასწავლო წლის განმავლობაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ექვს სემინარში, რომლებიც მიეძღვნება სასწავლო პროგრამის თანაბარ მისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის და ავთენტურ შეფასებას. გარდა ამისა, ისინი მოთხოვნისთანავე მიიღებენ რეკომენდაციებს რეგიონული ლიდერებისგან და გაუზიარებენ კოლეგებს საკუთარ მოსაზრებებს ყოველწლიურ კონფერენციაზე.

კვლევებში გამოაშკარავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი და კოლეგიალური სასწავლო გარემო სკოლაში, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ცვლილებებს სკოლის მასშტაბით, როდესაც ინოვაცია სცილდება ერთი კლასის ფარგლებს. თუ ბევრი კლასი მონაწილეობს ინოვაციის დანერგვაში, მაშინ ისინი ქმნიან “კრიტიკულ მასას” და პრაქტიკა იცვლება მთელი სკოლის დონეზე. თუ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი ცდილობს ტრენინგ-სემინარებზე ათვისებული მიდგომების დანერგვას და საკუთარი პრაქტიკის შეცვლას, ეს, როგორც წესი, მარცხით მთავრდება, რადგან ისინი იზოლაციაში ხვდებიან – არ ჰყავთ თანამოაზრეები და თანამზრახველები კოლეგებს შორის, არ ჰყავთ მხარდამჭერები სკოლის ხელმძღვანელებს და მშობლებს შორის, ხოლო მოსწავლეები უჩივიან განსხვავებული მიდგომებისგან შექმნილ დისკომფორტს.

მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთის მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ნდობით გაჯერებულ გარემოში მასწავლებლებს შეუძლიათ წარმართონ კვლევა და რეფლექსია, წამოჭრან აქტუალური საკითხები, დილემის წინაშე უკან არ დაიხიონ _  გარისკონ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე.

პროფესიული განვითარების დიაზაინი

პროფესიული განვითარების პროგრამის დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ როგორ სწავლობენ მასწავლებლები. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე აქტიური სწავლა/სწავლების შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, გარდაქმნან საკუთარი სწავლება. ამგვარი შესაძლებლობები მოიცავს ახალი სტრატეგიების მოდელირებას, მათ გამოცდას და რეფლექსიას.

მაგალითად, გაამართლა მიდგომამ, როდესაც მათემატიკის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში ახალი კურიკულარული მოთხოვნებისა და შეფასების ნორმების გამოყენებით. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე მასწავლებლები დააკვალიანეს იმ კონცეპტუალურ შეფერხებებში (მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების გაგება), რომლებსაც მოსწავლეები აწყდებოდნენ. მასწავლებლებმა ისწავლეს, თუ როგორ განჭვრიტონ წინასწარ მოსწავლეთა მხრიდან მოსალოდნელი გაუგებრობები ახალ მასალასთან დაკავშირებით (ე.წ. ტიპური შეცდომები) და გაუმკლავდნენ ამ მხრივ წარმოქმნილ პრობლემებს ახალი კურიკულუმის სწავლებისას.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ტრადიციული ეპიზოდური, ფრაგმენტული ტრენინგები არ იძლევა სასურველ კუმულაციურ ეფექტს. მასწავლებელთა პრაქტიკა და მოსწავლეთა სწავლა, სავარაუდოდ, შეიცვლება, თუ  მასწავლებლების პროფესიული განვითარება იქნება მოწესრიგებული, უწყვეტი და ინტენსიური. კვლევამ აჩვენა, რომ ის მასწავლებლები, რომლებმაც, სულ ცოტა, 80-საათიანი პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარეს წინა წელს, მნიშვნელოვნად აღემატებიან ინოვაციების დანერგვის მხრივ იმ კოლეგებს, ვინც ნაკლები დრო დახარჯა პროფესიულ განვითარებაზე. ამასთანავე, მოსწავლეთა მიღწევების ზრდა დაკავშირებულია პროფესიული განვითარების პროგრამებში მასწავლებელთა ინტენსიურ მონაწილეობასთან და დაუფლებული ინოვაციების უფრო ფართო გამოყენებასთან. 

პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომლებიც 14 საათზე მეტს არ გრძელდება, არავითარ ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. ყველაზე დიდი ეფექტი ისეთ პროგრამებს აღმოაჩნდა, რომლებიც 30-დან 100 საათამდე გრძელდება და 6-დან 12 თვემდეა გადანაწილებული.

დასკვნები

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი მიდგომების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით (პროგრამის კოორდინატორი _ მარიამ ყუფარაძე) საქართველოში პირველად განხორციელდა პროგრამაში “აქტიური სწავლება. სწავლის მეთოდები”  (ავტორი _ პროფესორი ივან ივიჩი) ჯერ კიდევ 1998-2000 წლებში (პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან _ მიხეილ მინდაძე). 

მაგალითად, სატრენინგო ციკლებს შორის ტრენერები კურირებდნენ სკოლებს, რომელთა მასწავლებლებსაც ჩაუტარეს ტრენინგი. ყოველი ტრენერი სამი თვის განმავლობაში აგრძელებდა თანამშრომლობას მასწავლებლებთან – ეხმარებოდა გაკვეთილების დაგეგმვაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით; ესწრებოდა გაკვეთილზე და აკვირდებოდა მასწავლებლის ოსტატობის ზრდასა თუ მოსწავლეების რეაქციებს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მიდგომებზე; მასწავლებელთან ერთად განიხილავდა მიღწევებსაც და სისუსტეებსაც; რეკომენდაციებს აძლევდა მას შემდგომი განვითარებისთვის; უზრუნველყოფდა ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოგადაღებებს და ერთობლივ განხილვებს კოლეგებთან და მასწავლებლებთან.  

სწორედ ამავე პერიოდს და ანალოგიურ აქტივობებს ასახავს უცხოური კვლევების უმეტესი ნაწილი, რომელთა მიმოხილვაც მოცემულია წინამდებარე სტატიაში. მაშასადამე, ქართველი სპეციალისტები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ მსოფლიოში განვითარებულ ტენდენციებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში. სამწუხაროდ, მოვლენათა სასურველი განვითარება შეფერხდა მიმდინარე რეფორმის საწყის პერიოდში, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწორი, საგნობრივ-მეთოდიკური კალაპოტით არ წარიმართა და დავიდა ე.წ. ერთდღიან “სიმპოზიუმებში” მასწავლებელთა მონაწილეობამდე.

თუ შევაჯამებთ კვლევების შედეგებს, მივიღებთ შემდეგ სურათს:

I.კვლევები მხარს უჭერს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:

გააღრმავებს მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა სასწავლო შინაარსისა და სწავლების მეთოდების ცოდნას;
დაეხმარება მასწავლებლებს, ისწავლონ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები სპეციფიკურ სასწავლო მასალას;
შეუქმნის მათ აქტიური სწავლის ხელმისაწვდომ შესაძლებლობას;
აათვისებინებს მასწავლებლებს ახალ მასალას, გამოაყენებინებს მათ პრაქტიკაში და მოახდენინებს რეფლექსიას მიღებულ გამოცდილებაზე (კოლეგებთან გაზიარების ჩათვლით);
არის სკოლის სარეფორმო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც უკავშირებს სასწავლო პროგრამას, სტანდარტებს, შეფასებას და სწავლების ორგანიზაციას (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემას და მეცადინეობათა განრიგს) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას;
თანამშრომლობითი და კოლეგიალურია;
ინტენსიურია და უწყვეტია დროში.
II.კვლევები არ უჭერს მხარს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:
ეფუძნება ერთჯერად ვორკშოპებს;
შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებელთა წვრთნით სწავლების ახალ ტექნიკაში ან ქცევაში;
არ არის დაკავშირებული მასწავლებლის კონკრეტულ სასწავლო გარემოსთან და სასწავლო გეგმასთან;
ეპიზოდური და ფრაგმენტულია;
მასწავლებლისგან ელის ცვლილებების განხორციელებას იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე;
არ უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში.

სწორედ ასეთ მიდგომებს მოიცავს “მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” სატენდერო განაცხადი. კერძოდ, ხაზგასმითაა შემოთავაზებული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი და სპეციალური სტატუსით აღჭურვილი სპეციალისტების მუშაობა სკოლაში. ესენი არიან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვთარების კოორდინატორები. შემოთავაზებულია აგრეთვე სპეციალური საგნობრივ-მეთოდიკური გზამკვლევების მომზადება, რომელთა სავარაუდო შინაარსი მოიცავს კლას-კომპლექტებთან მუშაობას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას, დიაგნოსტიკურ სწავლა/სწავლებას, მოსწავლეთა მოტივირების ხერხებს, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხერხებს. 

“მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ტრადიციულ ტრენინგებთან ერთად, განიხილება მასწავლებელთათვის მისაღები ტემპით დაგეგმილი ონ-ლაინ ტრენინგებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; დისტანციური სწავლება, ვირტუალური საინფორმაციო რესურს-ცენტრის ამოქმედება საკუთარი ვებ-გვერდით, ონ-ლაინ კონფერენციებისა და ვორკშოპების მოწყობა მიზნობრივი აუდიტორიისთვის (მაგალითად, პროფესიული განვითარების კოორდინატორებისთვის) და სხვა.

ხელოვანი და დრო

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– როგორც ხელოვანი,
პირუთვნელი მოწმის როლს ხომ არ ამჯობინებთ?

– ამის არც პრეტენზია
მაქვს  და არც მოწოდება. პირადად მე  არავითარ  როლს  არ
ვკისრულობ,  მოწოდება  კი  ერთი  მაქვს: ვითარცა ადამიანი, ბედნიერებას ვესწრაფვი,  როგორც ხელოვანი, ვიმედოვნებ, რომ წინ კიდევ ბევრი
საქმე მიდევს, ბევრი პერსონაჟი მსურს გავაცოცხლო. ამისათვის კი არც ომებია აუცილებელი
და არც სამხედრო ტრიბუნალები. სხვებისა არ იყოს, მეც ეპოქის ფერხულში ვარ  ჩაბმული. გარდასული დროის ხელოვანთ შეეძლოთ მორჩილად
აეტანათ  ძალმომრეობა. დღევანდელი ტირანები
უფრო დახვეწილი არიან და  დუმილი ან ჩაურევლობა  ახლა უკვე  არავის ეპატიება. ან მათი მომხრე უნდა  იყო, ან მოწინააღმდეგე. ჰოდა,  თუ  კი ასეა,
მოქიშპეთა ბანაკში მიგულეთ.

მაგრამ ეს სრულიად
არ ნიშნავს, თითქოს მოწმის მეტად მოხერხებულ და 
კომფორტულ  პოზიციას ვირჩევდე.  მხოლოდ იმის თქმა მსურს,  რომ  ეპოქა
ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც იგი სინამდვილეშია. ერთი სიტყვით, შენი საქმე უნდა აკეთო.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ  დღეს  მოსამართლე, ბრალდებული და  მოწმე ერთურთისაგან ძნელი გასარჩევი  ხდება. თუ 
კი ოდესმე არჩევანზე მიდგება საქმე, მერწმუნეთ,   ბევრი ჩვენი ფილოსოფოსის საწინააღმდეგოდ, მსაჯულის
სავარძელზე უარს ვიტყვი. ადამიანური მოქმედების არე  საკმაოდ ვრცელია.

– თქვენი ნაწარმოებების
კითხვისას შთაბეჭდილება გექმნება, რომ  ხელოვანის
როლს იდეალისტურ და რომანტიკულ ან, თუ გნებავთ, დონკიხოტურ ელფერს ანიჭებთ.

–  დროთა  განმავლობაში ცნებებმა,  შესაძლებელია, სახეიცვალონ, მაგრამ პირვანდელ მნიშვნელობას მათ მაინც ვერ წავართმევთ. ჩემთვის
აშკარაა, რომ  რომანტიკოსი, უპირველეს ყოვლისა,
ის არის, ვინც ისტორიის მარადიულ მდინარებას უწყობს  ფეხს, გრანდიოზულ ეპოსს ქმნის
და სასწაულებრივ მოვლენებს ქადაგებს. მე  კი
ადამიანისა და  ისტორიის ერთობას ვამტკიცებ,
ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სინათლე და სიმჭვირვალე შევძინო ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას
და წინ აღვუდგე  საკუთარი თავისა  და სხვების დეგრადაციას.

წმინდა იდეალიზმი
ისაა, რომ ყოველი ქმედება და ადამიანური ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის აზრს
დაუკავშირო, რომელიც ამქვეყნიურ  მოვლენებში
არ  ცხადდება  და  რომელიც
რაღაც მითიურ მიზანს გულისხმობს, მაგრამ საკითხავია, შეიძლება თუ  არა  რეალისტად
მივიჩნიოთ ის, ვინც ისტორიის ერთადერთ კანონად მომავალს სახავს, ე. ი. იმას, რაც ჯერ
კიდევ ისტორიის კუთვნილებად არ ქცეულა და რომლის შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც არა  აქვთ?!

მე კი ყოველგვარ ლოგიკას
მოკლებული, მომაკვდინებელი მითოლოგიისა და ბურჟუაზიული ყაიდის რომანტიკული ნიჰილიზმის
საპირისპიროდ ჭეშმარიტი რეალიზმის მხარეზე დგომას ვარჩევ. ერთი სიტყვით, რომანტიზმისაგან
შორს მდგომი, გარკვეული წესრიგისა და წესების აუცილებლობის თავგამოდებული დამცველი
გახლავართ. განა საოცარი არ იქნებოდა, რომ 
ჩვენთვის  ესოდენ საჭირო წესრიგის დაფუძნებას
სწორედ ამ უწესრიგო და ქაოტური საზოგადოების ან კიდევ დღევანდელი სქელშუბლა დოგმატიკოსებისაგან
გამოველოდეთ?

– რა ძალუძს ხელოვანს
დღევანდელ სამყაროში?

– მთავარი  ის არის, რომ ფხიზელი თვალით შევხედოთ სინამდვილეს
და გავითავისოთ ტანჯვა, რომლის მსხვერპლადაც ისტორია ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანებს
აქცევს. მთხოვთ საკუთარი აზრი მოგახსენოთ, მეც გულახდილად გიპასუხებთ. როგორც ხელოვანს,
შეიძლება არც  კი მომეთხოვებოდეს სამყაროს  საქმეებში ჩარევა, მაგრამ   მე, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ვარ.  უზომო  ექსპლუატაციით
სიკვდილის პირას მიყვანილი, ჩაგრული და დაბეჩავებული მაშვრალნი, რომელთა რიცხვი დედამიწის
უზარმაზარ სივრცეზე დღითი დღე  იზრდება, ითხოვენ,
რომ  ყოველი ჩვენგანი, ვისაც კი სიტყვის თქმა
ძალუძს, გამოეპასუხოს მათ დუმილს და მათი ჭირის მოზიარე  შეიქმნეს. და  როცა  გზნებით სავსე წერილებს  ვწერ  ან კიდევ საერთო ბრძოლაში ვმონაწილეობ, სულაც არ
ვითხოვ იმას, რომ სამყარო ბერძნული ქანდაკებებით ან სხვა რამ ხელთუქმნელი შედევრებით
დამშვენდეს. რა თქმა უნდა, სულის სიღრმეში მსგავს სურვილსაც ვმალავ, მაგრამ გაცილებით
მიჯობს ჩემივე წარმოსახვით მოვლენილ პერსონაჟებს შევასხა ხორცი. იმ დღიდან მოყოლებული,
რაც კალამს მოვკიდე ხელი, დღემდე, ჩემს ბოლო წიგნამდე, ერთი დიდი მიზნით ვსულდგმულობ:
მუდამ იმათ გვერდით დავრჩე, ვისაც დღეს  უჭირს,
ვინც იტანჯება და ვისაც ესოდენ  თრგუნავს სამყაროს
ბოროტება. ისინი ხომ იმედით ცოცხლობენ და, თუკი არავინ ილაპარაკებს ამ იმედზე, ბედის
ანაბარა შთენილთ, უკურნებელ უსასოებაში  გადაჩეხვა
ელით. ამას კი ვერ  დავუშვებთ  და, თუ კი ასეა,  მაშ, “სპილოს ძვლის კოშკშიც”  აღარ დაგვედგომება.

რაღაც ზეადამიანური
სათნოების სახელით კი არ ვიღვწით, უბრალოდ ამდენი უბედობის ხილვა და ატანა აღარ ძალგვიძს.
ისიც კარგად ვუწყი,  რომ  ბევრი თვალს იბრმავებს  და ყურებს იხშობს. მერწმუნეთ, მათი სიმშვიდისა არ
მშურს!

თქმა არ უნდა, ხელოვანის
ბუნება და მრწამსი რაიმე სოციალური რეცეპტების ძიებას არ უნდა შეეწიროს. სხვა დროსაც
მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: დღეს ხელოვანის არსებობა უფრო აუცილებელია, ვინემ ოდესმე,
მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩარევა ჩვენს მხატვრულ  მეტყველებას  ხომ არ დაამჩნევს  კვალს? თუკი ჩვენმა ენამ მხატვრულობა დაკარგა, რაღა ხელოვანი გვეთქმის? მთავარი  ერთია:
თუ  მართლაც მებრძოლები ვართ და ერთხელ და სამუდამოდ
აქტიური პოზიცია ავირჩიეთ, ხოლო ჩვენს ნაწარმოებში უდაბნოსა  და  ეგოისტურ
სიყვარულზე ვწერთ,  ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება
ამ  სიყვარულსა და  ამ  უკაცრიელ
უდაბნოს ადამიანურ სითბოს  შესძენს  და  ცოცხალი
არსებებით დაასახლებს. ჰუმანიზმის ღირებულებათა დაცვა შემოქმედების ღირებულებათა უგულებელყოფას
სრულიადაც არ გულისხმობს, მით უფრო ახლა, როცა ესეს არის ნიჰილიზმის ტყვეობას დავაღწიეთ
თავი.  ჩემთვის ღირებულებათა ეს ორი რკალი განუყოფელია
და ხელოვანის (მოლიერი, ტოლსტოი, მელვილი) სიდიადეს იმით ვზომავთ, თუ როგორ ახერხებს  იგი მათ გაწონასწორებას. დღეს საქმე იმგვარად აეწყო,
რომ  ეს წონასწორობა  თუ  თანხვდომა
ჩვენს ყოველდღიურობაშიც უნდა  გადმოვიტანოთ
და დავამკვიდროთ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ბევრი ხელოვანი ტვირთის სიმძიმეს ვერ  უძლებს და “სპილოს ძვლის კოშკს” აფარებს
თავს. ამას  კი აშკარა ღალატის  სუნი ასდის. ჩვენ ერთდროულად მშვენიერებასაც უნდა
ვემსახუროთ და ადამიანური ტკივილის დაამებაც ვცადოთ. ხანგრძლივი თმენა და ძალისხმევა,
რასაც ჩვენი ამოცანა ითხოვს, სწორედ ის სიქველეებია, საიდანაც ესოდენ აუცილებელი აღორძინება
გაიკვირტება.

და ბოლოს, კიდევ ერთი:
ჩვენს ქმედებას საფრთხე და გულისტკივილი ახლავს. მაშ, თვალი ვუსწოროთ სიძნელეებს: კაბინეტებში
გამოკეტილი მწერლების დრომ თავისი მოჭამა. მაგრამ ტკივილსა და უიმედობას  ქედს ნუ მოვუდრეკთ! ყოველი ხელოვანის ერთი დიდი
სწრაფვაც ხომ ის არის, რომ სხვების თანამოძმედ და თანამდგომად დაიგულოს თავი.  ხელოვანი სხვების  დონეზე უნდა დადგეს,  არც ზემოთ და არც ქვემოთ, ზუსტად
იმათ დონეზე, ვინც შრომობს  და იბრძვის. ის
მონობის მოძულეა. მისი მოწოდებაა, ძალით შეანგრიოს დილეგის კარი, აახმიანოს ადამიანების
ტანჯვა და სიხარული. სწორედ ამით მოიძიებს ხელოვნება საკუთარ გამართლებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ იგი არავის
მტრობას არ ეპირება. ერთი კი უეჭველია: მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით იგი შორს
ვერ წავა და სამართლიანობას და თავისუფლებას ვერ დაამკვიდრებს, მაგრამ უიმისოდაც ადამიანის
აღორძინება სათანადო ფორმას ვერ შეიძენს, ესე იგი ვერც  იარსებებს. უკულტუროდ შთენილი თვით სრულქმნილი საზოგადოებაც
კი ჯუნგლებს ემსგავსება.

რევაზ სირაძეს, გულითადობით

0

მისი სახელი მოულოდნელად
გავიგე – მეგობარს ადევნებული სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ნესტან ფიფიასთან, ქალაქში
კარგად ცნობილ ფილოლოგთან. მაგიდას ჩემიტოლა გოგო-ბიჭები უსხდნენ და ისე უბრალოდ და
ჩვეულებრივად მიმიღეს ახალმოსული, რომ ცოტა გამიკვირდა კიდეც. გაოცება მერე გენახათ,
როცა მათმა ქართულის მასწავლებელმა პირადად ჩემთვის იმდენი უცნობი გვარ-სახელი ახსენა
მეცადინეობის დროს, რომ ერთიხანობა ვიფიქრე, ავდგები და წავალ, სანამ თავი მომეჭრება
საბოლოოდ, ეს რა ხალხში მოვხვდი-მეთქი.

მეორე დღესვე
ბიბლიოთეკიდან გამოვიწერე რევაზ სირაძის „სახისმეტყველება” და კარგახანს ვკითხულობდი,
ნელ-ნელა, დადინჯებით, სვენებ-სვენებით. შეიძლება ითქვას, ეს სულსწრაფი და მაძიებელი
მეცხრეკლასელის იძულებითი დადინჯება იყო, რომელსაც დახვეწილი და უზადო ოსტატობით დაწერილი
წიგნი იმდენად აღიზიანებს, რომ მისი თავიდან ბოლომდე წაკითხვა გადაუწყვეტია, თუნდაც
სხვების ჯიბრზე.

სიღრმე და სისადავე
– ალბათ ეს ეპითეტები ყველაზე უკეთ შეეფერება
რევაზ სირაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას: სამეცნიერო მონოგრაფიებს, წერილებს, ესეებს,
თარგმანებს. მისი აზროვნების მასშტაბი კი არ გთრგუნავს (როგორც ეს ხდება ხოლმე ზოგიერთი
მკვლევარის ოპუსთა გაცნობის შემდეგ), არამედ ძალას გაძლევს, მეტი იფიქრო და ბოლომდე
გაეხსნა სამყაროს – ღმერთის, ადამიანისა და ტექსტის იდუმალებას. აქ კი, ისევე
როგორც ყველა სხვა ნამდვილი მწერლის შემთხვევაში, არსად ჩანს ავტორი, ყოველ შემთხვევაში,
აშკარად აღარ გხვდება თვალში, არ გაღიზიანებს, პირიქით, ჩრდილში ყოფნით უფრო მეტადაც
კი ამბობს თავის სათქმელს.

რევაზ სირაძეც
ჩრდილში იდგა. თუკი პედაგოგიურ საქმიანობას არ ჩავთვლით, იგი ძალზე იშვიათად ჩნდებოდა
ტრიბუნაზე, თუმცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ღონისძიებებზე ხშირად მინახავს.

პირველად, ამ
რამდენიმე წლის წინ, საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში, ივანე ამირხანაშვილმა მაჩვენა
ოდნავ მოშორებით მდგომი, ნოემბრის ქარში თბილად ჩაცმული კაცი. მერე ახლოს მივედით და
რეზო სირაძეაო, რომ თქვა, სიხარულისა და მღელვარებისგან ისე დავიბენი, გვიან შევნიშნე
ჩემკენ გამოწვდილი ხელი. დიდხანს არ გავჩერებულვართ, არც ბევრი გვისაუბრია. თანდათან
სხვებიც შემოგვიერთდნენ, ესალმებოდნენ ერთმანეთს, ბატონ რეზოსაც, ის კი ყველას თავს
უკრავდა, ხელს ართმევდა და სათითაოდ ამხნევებდა: „იცოცხლე!”

„იცოცხლე!” –
იმ დღისგან ეს ერთადერთი სიტყვა დამამახსოვრდა და ახლა რომ ვუკვირდები, რევაზ სირაძე
ჩემთვის ეს სიტყვაა.

გრიგოლ რობაქიძეს
თუ დავესესხებით, „ცეცხლი” და „სიცოცხლე” ერთი ფუძიდან მომდინარეობს, და რარიგ გაიხარებდა
ჰერაკლიტე ეფესელი, ეს რომ სცოდნოდა: სიცოცხლე ხომ უსასრულო წვააო.

თუმცა მანამდე,
სიცოცხლის საბედისწერო დაფერფვლამდე თითოეული ჩვენგანი ცხოვრობდა რევაზ სირაძის ყოველდღიურობაში,
მის გვერდით. ისმენდა მის ღრმა, გულშიჩამწვდომ, სიბრძნითა და დიდი გამოცდილებით დაპურებულ
საუბრებს, ცხოვრებისეულ ამბებს.

– 1990 წელს რუსთველოლოგიის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი
ლიტერატურის ინსტიტუტში. წლიური თემები უნდა დაგვემტკიცებინა და თანამშრომლებმა გამომიცხადეს,
ქვეყანას ცეცხლი უკიდია, ჩვენგან შველა უნდა და ამ დროს რა გული გაგვიძლებს სამეცნიერო
ნაშრომების საწერადო. რას ვეტყოდი… მაგრამ საქმე თავისას მოითხოვდა: თემები უნდა
დაემტკიცებინა მეცნიერებათა აკადემიას და წლის ბოლოს მოხსენებებიც უნდა ყოფილიყო…
საგონებელში და სადარდებელში ვარ ჩავარდნილი და ამ დროს, იღება კარი და შემოდის ზვიადი,
მოაქვს გამზადებული ყველაფერი! ისე გამიხარდა, გულზე მომეშვა, ჩამოვუარე ყველას, –
აგერ, ეს კაცი, დღედაღამ იქ ტრიალებს, თქვენ რა დაგემართათ-თქო…  

ეს ამბავი ზვიად
გამსახურდიას 70 წლისთავიდმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე გაიხსენა. და მას შემდეგ,
ამ მოგონებასთან ერთად, რამდენჯერმე ვთხოვე, „ჩანაწერების” სერიისთვის დაეწერა დიდი
ხნის წინ, პეტრიწონის მონასტერში ყოფნის შთაბეჭდილებები. „ყველაფერი გონებაში მაქვს,
გუშინდელივით მახსოვს, ცოტა დრო მჭირდება და მივხედავო”, – მამშვიდებდა.

…ტრაგიკული
აღსასრულის შემდეგ, ზედიზედ ორ წიგნში დაიდო ბინა. მთარგმნელმა და კრიტიკოსმა ოქტაი ქაზუმოვმა წერილებისა და ესეების
კრებული მიუძღვნა წარწერით – „რეზო სირაძის ნათელ ხსოვნას”, ხოლო ირაკლი კაკაბაძემ,
ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წიგნში „თურქული სიმღერების
გზამკვლევი”, პროფესორი რეზა სარაქოღლუ თავისი სტუდენტობის ბნელი და უფერული წლების
ბედნიერ გამონათებად მოიხსენია: „იმის მიუხედავად, რომ სტუდენტთა უმრავლესობას დიქციისა
და ხმის დაბალი ტემბრის გამო საერთოდაც არაფერი არ ესმოდა მისი… პროფესორ სარაქოღლუს
ცქერასა და მოსმენას მაინც არაფერი სჯობდა”. და იქვე, ორიგინალური და ზუსტი შეფასება:
„მისი წიგნები პოეზია უფროა, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურა, გეგონება სამეცნიერო პრობლემები
ჰაიკუებისა და ტანკების ტექნიკით აქვს დაწერილი”.

ვისაც კი რევაზ
სირაძისგან საჩუქრად წიგნი მიუღია, მაშინვე თვალში ეცემა მისთვის დამახასიათებელი სადა,
ღრმა და ლაკონური წარწერა. ხშირად გამჩენია სურვილი, მისი სიტყვებით დამეწერა ის მიძღვნა, რომლითაც ძვირფას და
პატივსაცემ ადამიანს წიგნს ვუსახსოვრებდი. ამ წერილის სათაურზეც დიდხანს ვფიქრობდი,
სანამ 2011 წელს გამოცემული „ესსები და თარგმანები” არ გადმოვიღე თაროდან. წარწერაში
მხოლოდ ადრესატი შევცვალე:

„რევაზ სირაძეს,
გულითადობით”.

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება

0
თეორიული საფუძვლები 

სწავლა/სწავლების ისეთ ინდუქციურ მეთოდებს შორის, როგორიცაა შემთხვევების ანალიზი, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (PBL), როლური და სიტუაციური თამაშები, გამოკითხვით სწავლა, პროექტებით სწავლა, აღმოჩენის გზით სწავლა და ა.შ., თანამშრომლობით სწავლას გამორჩეული ფუნქცია და გამოყენება აქვს სასწავლო პროცესში. თანამშრომლობითი სწავლა ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც კლასის გარეთ _  ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მეთოდებთან შერწყმით ან დამოუკიდებლად. 

ზემოთ ჩამოთვლილ ინდუქციურ მეთოდებს შორის თანამშრომლობითი სწავლა ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანია. იგი შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვის, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლის, პროექტებით ან აღმოჩენით სწავლის ელემენტებს. 

თავისი არსით, თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია. დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწვალა/სწავლების ამოსავალი წერტილი მოსწავლეა, მასწავლებელს კი შედარებით პასიური დამკვირვებლის როლი ენიჭება. სწორედ ამ მიზეზით, წერილში “თანამშრომლობითი სწავლის” ტერმინს შემოგთავაზებთ და არა “სწავლების”, რადგან სწავლება მასწავლებლის წამყვან როლზე მიუთითებს. 

თანამშრომლობითი სწავლის უპირატესობები 

ვიგოტსკის თანახმად (1978), მოსწავლეები უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ კოლაბორაციულ გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას. 

ჯონსონის მიხედვით (1989), თანამშრომლობითი სწავლა კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს; ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი; გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).

როგორც აღვნიშნეთ, კოლაბორაციული სწავლის პროცესის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. მათ თემა უკეთესად იციან და თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ. 

ვიგოტსკის რომ დავუბრუნეთ, თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა. 

ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზეც, რომ თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ხშირად არის ხაზგასმული, რომ თანამშრომლობითი სწავლა, გარკვეულწილად, პროფესიული გარემოს სიმულაციას წარმოადგენს და მოსწავლეებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა, მოსწავლეები სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. 

სწავლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვის მიზნით, თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკის გამოყენება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით, მას შეუძლია, სასწავლო მიზნის მისაღწევად დავალება სხვადასხვა ჭრილში შეადგინოს. მოსწავლეს შეიძლება მოვთხოვოთ ინფორმაციის მოკვლევა, საკითხის კვლევა, გარემოებების ანალიზი და შედარება, დიაგნოსტიკა, საკითხის გავრცობა, ჰოპოთეზის ჩამოყალიბება, პრიორიტეტების დადგენა, ფაქტების შეჯამება, პრობლემის გადაჭრა, გარემოებების ინტერპრეტაცია, საკითხის კრიტიკა და შეფასება, ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ. (Davis, 1993, McKeachie, 1999 in Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მოდელები 

თანამშრომლობითი სწავლის ორი გავრცელებული მოდელი, რომლებიც ემიჯნება ჯგუფური მუშაობის მოდელს, ჯონსონის და კაგანის მოდელებია. 

ჯონსონის თანამშრომლობითი სწავლის მოდელის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (Johnson and Johnson, 1993). ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ცოცხალი ინტერაქცია უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართვას პროცესში და სასწავლო შედეგების მიღწევას. სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა პოზიციების ეფექტურად გაზიარებას განაპირობებს, ჯგუფური ანალიზი კი _ შედეგიანობას.  

კაგანის თანამშრომლობითი სწავლის მოდელიც ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომლებიც შინაარსით ჯონსონის მოდელის იდენტურია. თუმცა კაგანის მოდელი თავისი მეთოდიკითა და პრაქტიკული გამოყენებით არსებითად განსხვავდება ჯონსონის მოდელისაგან. ჯონსონის მოდელი ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობითი გაკვეთილის დაგეგმვაზე, მაშინ, როცა კაგანის მოდელის ხერხემალია თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკა (სტრუქტურები), რომელიც განსაზღვრავს პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედებას. განსხვავება ისიცაა, რომ კაგანის სტრუქტურულ სქემაში ინტეგრირებულია მოსწავლეთა თანაბარი მონაწილეობის განმაპირობებელი წესები და ინსტრუქციები, ჯონსონი კი  თითოეული მონაწილის აქტიურ ჩართულობას სოციალური უნარ-ჩვვების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე მოელის. ჯონსონისგან განსხვავებით, კაგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გუნდის ერთიან შეფასებას, რადგან თვლის, რომ გუნდისათვის საერთო ქულის დაწერა მოსწავლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უგულებელყოფს,  ზოგიერთ მოსწავლეს უსამართლობის განცდას უჩენს, ამცირებს მოტივაციას და ა.შ. (www.kaganonline.com). 

თანამშრომლობითი სწავლის პროცესი

თანამშრომლობითი სწავლა გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული. გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა დონის/ სწავლის სტილის/ შესაძლებლობის/ ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები. გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს. ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვლის. თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს გუნდის კომპოზიცია, დავალება ისე შეადგინოს, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა, ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი, ორიენტირები განუსაზღვროს მოსწავლეებს გუნდის საბოლოო მიზნებთან და თანამშრომლობის წესებთან დაკავშირებით.

თანამშრომლობითი სწავლის მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია წყვილებში, სამეულებსა და მცირე ჯგუფებში. ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია, ოთხ-ხუთ მოსწავლეს არ აღემატებოდეს. ტრადიციულ სასწავლო გარემოში, სადაც მოსწავლე მიჩვეულია მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილებს, თანამშრომლობითი სწავლის დანერგვა გარკვეულ დროს,  მოსწავლეთა მოქნილობას, მასწავლებლის მომზადებას და მოთმინებას მოითხოვს. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები წაახალისეთ, გამოიყენონ ცოდნა ახალი იდეების გენერირებისთვის, კრიტიკულად განიხილონ თემატიკა, არ შეუშინდნენ შეცდომებს, გააკეთონ აღმოჩენები, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები, გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით. 

მასწავლებლისთვის საყურადღებოა ამ მეთოდის ეფექტურობისთვის საჭირო მონიტორინგის პრინციპების და სამართლიანი შეფასების გათვალისწინებაც. თანამშრომლობითი სწავლის კრიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ამ ორ სირთულეზე. მათი მოსაზრებით, თანამშრომლობით სწავლაზე აგებული დავალების შესრულებისას მასწავლებელმა შესაძლოა დაკარგოს კლასზე კონტროლი, ვერ უზრუნველყოს მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა, ვერ შეძლოს თითოეული მოსწავლის შედეგის/მიღწევის იდენტიფიცირება და ობიექტურად შეფასება. მონიტორინგისა და შეფასების სირთულეების დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობითი სწავლების ტექნიკის და სტრუქტურული მოდელების ცოდნა, ისევე, როგორც თითოეული მათგანის გამოყენებისას _ კონკრეტული კლასის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების დადგენა.  

თანამშრომლობითი სწავლების რამდენიმე სტრუქტურული მოდელი 

ერთობლივი/ჯგუფური სწავლა: ჯგუფური სწავლის მოდელის მრავალი ვარიაცია შეიძლება შესთავაზოს მასწავლებელმა მოსწავლეებს თემატიკისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. თავისუფალი განხილვის დროს მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობენ საკითხზე. განხილვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მოდერირებული განხილვა მოითხოვს ჯგუფში ლიდერის შერჩევას, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობას. ქვეჯგუფებში განხილვა ორგანიზებულია სამწევრიან კლასტერებში, განხილვის შედეგების გაზიარება ხდება ორ ქვეჯგუფს შორის. ჯგუფის გამოკითხვა გულისხმობს ჯგუფის თითოეული წევრის გამოკითხვას შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდება შედეგების შეჯერება და ჯგუფის საერთო აზრის ჩამოყალიბება. დებატების დროს ჯგუფი ორ ნაწილად ან ქვეჯგუფებად იყოფა, მოსწავლეები მსჯელობენ და კამათობენ შერჩეულ საკითხზე. დებატების მოდელის გამოყენება ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობთ სადებატო საკითხს და დროს ვაძლევთ თავიანთი არგუმენტების და ჯგუფის სტრატეგიის მომზადებისთვის. გუნდური ვიქტორინა ბლიც-შეკითხვებზე აგებული შეჯიბრია და ცოდნის გამეორების, გახსენებისა და გამყარებისთვის ეფექტური მეთოდია. ჯგუფური მოკვლევა, დებატების მსგავსად, მოსამზადებელ სამუშაოს ითხოვს. მოსწავლეები თავად ირჩევენ თემას, ინაწილებენ თემის სეგმენტებს, აწარმოებენ ინფორმაციის კვლევა-გამოძიებას და ქმნიან ერთობლივ პრეზენტაციას. პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ სხვა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი შეფასება გაუზიარონ ჯგუფს. შეფასების ზუსტი კრიტერიუმების წინასწარ დადგენის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფებს შორის შეჯიბრიც მოაწყოს საუკეთესო პრეზენტაციის გამოვლენის მიზნით. 

ჯგუფური მატრიცა: ჯგუფური მატრიცის ტექნიკა შესასწავლი თემის ანალიზს, კლასიფიცირებას, ინფორმაციის ორგანიზებას მოითხოვს. მასწავლებლის მიერ შექმნილი სქემის გამოყენებით, მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს და განალაგებენ წინასწარ მომზადებულ სქემაზე. ბოლოს მასწავლებელი მათ აჩვენებს სქემის სწორ ვერსიას. ჯგუფურ მატრიცაზე მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ორგანიზება– რეორგანიზებაში; ეფექტურია, როცა მოსწავლეებს დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვთ ასათვისებელი და გასაანალიზებელი. 

სეგმენტური მეთოდის, როლური თამაშის და სიმულაციის მეთოდები დეტალურადაა აღწერილი ინტერნეტ-გაზეთ “მასწავლებლის” სტატიებში, ამდენად, ამ მოდელებზე აღარ შევჩერდებით (იხილეთ: სეგმენტური მეთოდი, 16 ნოემბერი, 2012  https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=124, როლური თამაში, 2 მაისი, 2012 https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=39). 

წყვილში განხილვა: ამ ტექნიკის არსი მოსწავლეების მიერ იდეების და მოსაზრებების წყვილში გაზიარებაა. მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, პასუხები წერილობით ჩაინიშნონ, შემდეგ წყვილში განიხილონ და მოსაზრებები შეაჯერონ. მასწავლებელს შეუძლია, პასუხები/შედეგები გამოიყენოს ჯგუფური განხილვის ფასილიტაციის ან ახალი მასალის ახნისთვის. ამ ტექნიკის გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან ცნებებზე, აგრეთვე ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიციას მოსაზრებების შედარებითა და ცოდნის დანაკლისის გამოვლენის გზით. ის მასწავლებელს კარგ წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, თუ რამდენად სიღრმისეულად იცნობს ან იაზრებს ჯგუფი მოცემულ თემატიკას.  

წყვილში განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივაა წყვილში პრობლემის გადაჭრა. ამ ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის მათეულ ხედვას/სტრატეგიას. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასახელებს პრობლემას ან დაარიგებს ბარათებს პრობლემის აღწერით, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, ჩანაწერები გააკეთოს და დასახოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. შემდეგ ისინი მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გეგმებს. სტრატეგიის გაზიარებისას მსმენელის როლში მყოფი მოსწავლე წაახალისებს მოსაუბრეს, განავრცოს თავის იდეები და უწყვეტად ისაუბროს დანიშნული დროის განმავლობაში. ამ ტექნიკის მთავარი უპირატესობა პროცესზე ფოკუსირებაა. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოაყალიბონ იდეები, მიიღონ გამოცდილება თავიანთი მოსაზრებების პრეზენტაციის დროს, განივითარონ თანმიმდევრულობა, გამოავლინონ თავიანთი ნაკლოვანებები ან დამატებითი ცოდნის/ინფორმაციის საჭიროება. მასწავლებლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევებს (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).  

ურთიერთსწავლება: მოსწავლეები მასწავლებლის როლს ირგებენ ჯგუფებში. ისინი ერთობლივად კითხულობენ ტექსტს ან ასრულებენ დავალებას და შემდეგ ინაწილებენ მასალას სწავლებისთვის. თითოეული მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ სწავლების მეთოდს (ჯგუფური განხილვა, მასალის შეჯამება, კითხვების დასმა, საკითხის გარჩევა). დავალების ამ ფორმატში შესრულებისას მოსწავლეებს შეიძლება გადაეცეთ პირველწყაროები, დამატებითი სტატიები, არტეფაქტები, ხელნაწერები, სტატისტიკა, მულტიმედია მასალა და ა.შ. ამ ტექნიკის გამოყენება მათ უვითარებს პირველწყაროებთან მუშაობის, სტატისტიკის, არტეფაქტებისა თუ კრიტიკული მიმოხილვის ანალიზის უნარს. მასწავლებლის როლის მორგება საკუთარი თავის მონიტორინგსა და მასალის ახლებურად რეკონსტრუირებას უწყობს ხელს, ასევე, მოსწავლეებს მასალის ინტერპრეტირების მრავალმხრივობასთან აზიარებს  (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მრავალ ტექნიკას შორის მხოლოდ რამდენიმე შემოგთავაზეთ ამ წერილში. თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის გამოყენებისას უნდა ვეცადოთ, რომ თემატიკისა და მოსწავლეების საჭიროებებისა თუ ინტერესების შესაბამისად ავირჩიოთ თანამშრომლობითი სწავლის მოდელები. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, სასწავლო მიზნების, თემატიკის, ვადების, მოსწავლეთა მომზადების დონის გათვალიწინებით, სწავლების სამი მოდელიდან (დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი) რომელი მოდელი ან მოდელების კომბინაცია იქნება ეფექტური.  

ბავშვის ფიზიკური მზაობა სკოლისათვის

0
სკოლაში სწავლისათვის მზაობის ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია. მისი მიზანია ბავშვის მრავალმხრივი განვითარება. განასხვავებენ ზოგად და სპეციალურ მზაობას. ზოგადი  მზაობა, ძირითადად, განისაზღვრება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების დონით. სპეციალური მზაობა გულისხმობს ბავშვებში ისეთი წარმოდგენებისა და უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც შემდეგი სასწავლო საგნების სწავლების საფუძველს ქმნიან: მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და სხვ. 
სკოლაში სწავლისათვის მზაობას განიხილავენ, როგორც  ბავშვში ისეთ კომპეტენციათა არსებობას, რომლებიც აუცილებელია მოსწავლის სტატუსის ჩამოსაყალიბებლად. ამავდროულად, საბავშვო ბაღში და ოჯახშიც ძირითად ყურადღებას, როგორც წესი, აქცევენ სპეციალურ განათლებას, ხოლო ფიზიკური განათლება, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილში რჩება. ამის გამო სკოლამდელთა დიდ ნაწილს არ აქვს ჩამოყალიბებული მზაობა ფიზიკური აქტივობების შესასრულებლად, სწორი ტანადობის განსამტკიცებლად, სასიცოცხლო ფიზიკური უნარ-ჩვევების დასაუფლებლად და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება ფიზიკური აღზრდა-განათლებისადმი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე, რომელზეც უნდა ვიფიქროთ ბავშვის დაბადებიდანვე (უფრო სწორად, მუცლად ყოფნის პერიოდიდან). ყველა პირობა უნდა შევქმნათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვებში კიდევ უფრო იმატებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სკოლიოზი, კიფოზი, სისხლძარღვთა სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევა და სხვ.  ცნობილია, რომ უმცროს სკოლამდელ ასაკში ბავშვთა 15-25%-ს უკვე აქვს ქრონიკული პათოლოგიები, ხოლო 6-7 წლისათვის ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
სკოლამდელთა ფიზიკური აღზრდისა და განათლების სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად  სხვადასხვა გზა არსებობს. მთავარია, რომ ინიციატივებს არ ჰქონდეს ტემპების დაჩქარების ხასიათი. უპირველეს ყოვლისა, ისინი მიზნად უნდა ისახავდნენ ბავშვისათვის შესაფერისი პირობების შექმნას, მისი მონაცემებისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. 
ოჯახი და პედაგოგები სისტემატურად უნდა ზრუნავდნენ სკოლაში სწავლისათვის ბავშვის მომზადებაზე. მათ უნდა შეაჩვიონ ბავშვი, რომ დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი და მიაღწიოს განვითარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს იმ ცოდნისა და უნარ–ჩვევების  დაუფლებას, რაც აუცილებელია სკოლის სასწავლო პროგრამის  წარმატებით დაძლევა–ათვისებისათვის. 
ფიზიკური აღზრდის საშუალებებია: ფიზიკური ვარჯიში, ჰიგიენური ფაქტორები და ბუნებრივი პირობები. ბავშვთა ფიზიკური განვითარებისათვის იყენებენ სამივეს, მაგრამ მათ შორის ძირითად საშუალებად ითვლება ფიზიკური ვარჯიში, რომელიც სისტემატური ხასიათის უნდა იყოს. 
სწავლების დაწყებით საფეხურზე ფიზიკურ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარების თვალსაზრისით. იგი დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებსა და ნივთიერებათა ცვლაზე. ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის ემოციურ სფეროს, იწვევს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას (ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე და მოქნილობა). ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა, კეროდ კი, თავის ტვინის ქერქი მნიშვნელოვნად ვითარდება და ბავშვები შედარებით ადვილად იწყებენ ფიზიკური ვარჯიშის ათვისებას, რადგან ყურადღება უუმჯობესდებათ.  
სწავლების დაწყებით საფეხურზე ფიზიკური ვარჯიშის დროს გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი სისტემა ინტენსიურად ვითარდება, სხეულის წონა ყოველწლიურად იზრდება 2-3 კგ-ით, სიმაღლე – 2-4 სმ-ით, გულ-მკერდის გარშემოწერილობა  – 2-4 სმ-ით, ძვლები შედარებით ელასტიკურია, ხოლო კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. ამიტომ ამ ასაკში მერხთან ხანგრძლივმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და გულ-მკერდის ფორმის პათოლოგიური გადახრა. 
სწორი ტანადობის განვითარებისას პირველი ამოცანაა სამოძრაო აპარატისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ხელშემწყობი „ძირითადი დგომის” („გამართული ტანადობის”) ჩვევის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განმტკიცება. ეს ამოცანა წყდება სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობითი მოქმედებების (სიარული, რბენა და სხვ.) ტექნიკის დაუფლებისას ფიზიკური თვისებების გამომუშავებით (ძალა და მოქნილობა, სტატიკური და დინამიკური წონასწორობის დაცვის უნარის განვითარება). 
პირველ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას ტანადობის შესახებ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა. განმარტებისა და დემონსტრირების მეთოდებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად მიმართავენ სტატიკურ ვარჯიშებს. ამ დროს მოსწავლემ უნდა დაიცვას „იძულებით” დავალებული რაციონალური პოზა (ვარჯიში სპორტულ კედელთან, ვარჯიშები ტანვარჯიშის ჯოხებით და ა.შ.). თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთმა ვარჯიშებმა არ უნდა გამოიწვიოს გადაღლა, ისინი მრავალფეროვანი და შეძლებისდაგვარად, საინტერესო უნდა იყოს. სწორი ტანადობის დაცვის აუცილებლობის შესახებ დასაწყისში, რაც შეიძლება, ხშირად უნდა მოვაგონოთ მოსწავლეებს. უმცროსი ასაკის ბავშვებთან მეცადინეობის დროს უნდა მოქმედებდეს წესი: ყოველი გაკვეთილი, ყოველი ფიზკულტურული პაუზა და ყოველდღიური დილის ტანვარჯიში „გამასწორებელი” ვარჯიშით და ტანადობის კონტროლით უნდა დაიწყოს.
დგომის სწორი პოზის ათვისებისათვის მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება მის ძირითად ელემენტებზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მივაქციოთ ყურადღება დგომის დროს თავის სწორ მდგომარეობას (საფეთქლის ხაზი, პრაქტიკულად, მიმართული უნდა იყოს ჰორიზონტალურად; მზერა წინ მიპყრობილი, კისერი სწორად გამართული და არა ზედმეტად დაძაბული, მხრები გადაშლლილი და არა აწეული). ამასთან ერთად ვერტიკალური მდგომარეობის დროს ტანის ზედა რგოლების მდგომარეობა ბევრად განისაზღვრება ქვემოთ მდებარე საყრდენი რგოლების, უპირველეს ყოვლისა, ქვედა კიდურების მდგომარეობით. ამიტომ ძირითადი დგომის ელემენტების ათვისებისა და მათ სისწორის კონტროლის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა:
1.ტერფების მდგომარეობა. დგომისას ისინი თითქმის პარალელურად უნდა იყოს, რამდენადმე გაშლილი. 
2.ფეხების სრული გამართვა მუხლის სახსრებში. ფეხების გამართვის დროს წვივითა და ბარძაყით სწორი ხაზი უნდა იქმნებოდეს. 
3.მენჯის სახსრებსა და წელის არეში გაშლა. უნდა დავდგეთ გამართულად და თავის ზედმეტად დახრის გარეშე დავინახოთ ფეხის თითები. 
4.სხეულის ზედა რგოლების გაწყობა. დგომისას ბეჭებისა და მხრების სწორი გამართვა, გულმკერდის „გაშლილი” მდგომარეობა და თავის სწორი მდგომარეობა. 
ამრიგად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის ტანადობის ჩამოყალიბებას. ეს ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს სისტემატურ მეცადინეობებს ბავშვის ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების დონის გათვალისწინებით.
მეცადინეობისათვის ირჩევენ სხვადასხვა კუნთოვანი ჯგუფის ვარჯიშებს: მხრის სარტყლის, ზურგის, მუცლის პრესისა და ქვედა კიდურებისათვის. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, დაბალი საწყისი მდგომარეობების გამოყენება (წოლელა, ჯდომელა, ჩოქბჯენში), რომელიც ხელს უწყობს ხერხემლის სწორი აღნაგობის შენარჩუნებასა და მასზე დატვირთვის შემცირებას. დატვირთვის მოცულობა და ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს თანდათანობით.
ფიზიკური ვარჯიშების ჩატარებისას რეკომენდებულია სხვადასხვა  სავარჯიშო იარაღის გამოყენება (ტანვარჯიშის ჯოხი, სალტე, ბურთი, სილის პარკუჭი და სხვ.), რაც ახალისებს მეცადინეობას. ამასთან ერთად, ხდება თავისა და სხეულის მდგომარეობის ფიქსაცია, რაც დადებითად მოქმედებს სწორი ტანადობის ჩამოყალიბებაზე.
გთავაზობთ ფიზიკური ვარჯიშების რამდენიმე კომპლექსს სწორი ტანადობის გასამტკიცებლად.

ვარჯიშები ტანადობის ჩამოსაყალიბებლად
1)ს.მ. (საწყისი მდგომარეობა) – ძირითადი დგომი, ხელისგულები კეფაზე, იდაყვები გაშლილი;
თვლაზე 1-2 – გაზნექით ფეხის ცერებზე აწევა, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
2)ს.მ – ძირითადი დგომი, ღუნწინმკლავი, თითები გადახლართულია;
თვლაზე 1-2 – ზემკლავი ნების ზევით შებრუნებით, ფეხის ცერებზე აწევა, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
3)ს.მ. – ძირითადი დგომი, მკლავები ტანსუკან, თითები გადახლართული, ნები გარეთ;
თვლაზე 1 – მკლავების ენერგიულად უკან გაწევა, ნები შიგნით;
თვლაზე 2 – ფეხის ცერებზე აწევა, გაზნექი,   შესუნთქვა (თავი პირდაპირ);
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
4)ს.მ. – ძირითადი დგომი, ხელები მოხრილი იდაყვის სახსარში და მოთავსებული მხრებზე;
 თვლაზე 1-4 – მკლავების წრიული მოძრაობა წინიდან უკან;
თვლაზე 5-8 – მკლავების წრიული მოძრაობა უკნიდან წინ.
5)ს.მ. – პირაღმა წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1-2 იხრება თავი, ტერფები და ხელის მტევნები;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
6)ს.მ. – პირაღმა წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1 მარჯვენა ხელის და მარცხენა ფეხის აწევა 45° კუთხით;
თვლაზე 2-3-4 ნელი ტემპით დაბრუნება საწყის მდგომარეობაში;
იგივე მეორდება მარცხენა ხელით და მარჯვენა ფეხით.
ს.მ. –  პირქვე წოლი, ზემკლავი;
თვლაზე 1-2 – გაზნექი თავისა და მკლავების  მაღლა აწევით, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამოსუნთქვა.
7)ს.მ. –  პირქვე წოლი,  ღუნგანმკლავი;
თვლაზე 1-2 – გაზნექი, ბეჭების შეერთება, შესუნთქვა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
8)ს.მ. –  პირქვე წოლი, ზემკლავი;
თვლაზე 1-2 – მარცხენა მკლავისა და მარჯვენა ფეხის ზეაქნევი და გაზნექი, თავის ზევით აწევა;
თვლაზე 3-4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება;
თვლაზე 5-8 – იგივე მარჯვენა მკლავითა და მარცხენა ფეხით.
9)ს.მ. –  პირქვე წოლი, ხელები ტანის გასწვრივ;
თვლაზე 1 გაზნექი თავის, მკლავების და ფეხების მაღლა აწევით, მკლავები და ფეხები ოდნავ განზე;
თვლაზე 2-3 აღნიშნულ პოზაში გაჩერება;
თვლაზე 4 – საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ყველა ვარჯიში მეორდება 6-8-ჯერ.

ვარჯიშები მუცლის კუნთებისათვის (პრესის ვარჯიშები)

1)პირაღმა წოლი, ზეტანის აწევა (ფეხები დამაგრებულია);
2)პირაღმა წოლი, მოხრილი ფეხების აწევა;
3)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების რიგრიგობით აწევა 45°-ით;
4)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების რიგრიგობით აწევა 45°-ით და განზე გატანა;
5)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა 90°-ით;
6)„მაკრატელა”. პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა, განზე გაშლა და შემხვედრი მოძრაობით გადაჯვარედინება;
7)„ველოსიპედი”. პირაღმა წოლი, ფეხების მოხრა და ჰაერში წრიული მოძრაობის გაკეთება (წინ და უკან);
8)პირაღმა წოლი, გამართული ფეხების აწევა მაღლა, თავს უკან ფეხის თითებით იატაკის შეხება.
ვარჯიშები ტერფის გამაგრებისათვის
1)სიარული:  ფეხის ცერებზე;  ქუსლებზე; ტერფის გარეთა და შიგნითა ნაწილით;
2)სხვადასხვა საგნის ჩავლება და გადაადგილება ფეხის თითებით (ტანვარჯიშის ჯოხი, სახტუნელა და სხვ.);
3)სპორტულ კედელზე ცოცვა ფეხის თითების ჩავლებით.
ვარჯიშები ტანვარჯიშის ჯოხით

1)ს.მ. – ძირითადი დგომი, ჯოხი ქვევით.
თვლაზე 1 – ჯოხი მკერდზე;
თვლაზე 2 – ჯოხი ზევით (უყურებთ ჯოხს);
თვლაზე 3 – ჯოხი მკერდზე;
თვლაზე 4 – დაბრუნება საწყის მდგომარეობაში.
2)ს.მ. – ფეხშლით დგომი, ჯოხი მხრებზე;
თვლაზე 1 – ზეტანის მარჯივნივ ბრუნი (ჯოხი ზევით);
თვლაზე 2 – ს.მ.;
თვლაზე 3-4 იგივე მეორე მხარეს.
3)ს.მ.  – ძირითადი დგომი, ჯოხი ქვევით;
თვლაზე 1 – ბუქნი, ჯოხი წინ;
თვლაზე 2 – ს.მ.
4)ს.მ. – ჯდომი, გამართული ფეხები ერთად, ჯოხი მუხლებზე (ორივე ხელშია);
თვლაზე 1 – წინზნექი, ჯოხით ცერებზე შეხება;
თვლაზე 2 – ს.მ.
ყველა ვარჯიში მეორდება 6-8 ჯერ.
ვარჯიშები სალტით

1)ს.მ. – ძირითადი დგომი, სალტე ქვევით, ორივე ხელში;
თვლაზე 1-2 – მარჯვენის უკუფეხი ცერზე, სალტე ზევით (უყურებთ სალტეს);
თვლაზე 3-4 – ს.მ.
2)ს.მ. – ძირითადი დგომი (სალტე ამოტაცით ორივე ხელშია);
თვლაზე 1-2 – გაქნევით სალტე მარჯვნივ (მარჯვენა ხელით);
თვლაზე 3-4 – ს.მ.;
5-8 – იგივე მეორე მხარეს მარცხენა  ხელით.
3)ს.მ. – ძირითადი დგომი, ზემკლავი, სალტე ორივე ხელშია;
თვლაზე 1-2 – წინზნექი, სალტის შეხება იატაკთან (მკლავები გამართული);
თვლაზე 3-4 – ზემართი ს.მ. 
4)ს.მ. – ჯდომბჯენი, ფეხები მოღუნული, სალტე ტანსწინ იატაკზეა;
თვლაზე 1 – მარჯვენა ფეხის გამართვა, სალტეში მოთავსება;
თვლაზე 2 – ს.მ.;
თვლაზე 3-4 – იგივე მარცხენა ფეხით.
ყველა ვარჯიში მეორდება 6-8 ჯერ.

ნაციონალური ფოტოგრაფია

0
არის ერთი კარგი, მხიარული ფილმი, მთავარ როლს ჟიული დელპი ასრულებს – “ორი დღე პარიზში” ჰქვია. თვითონ ფილმი – დიდი არაფერი, ასეთი რომანტიკული მელოდრამა ათასობითაა, მაგრამ, აი, ჟიული დელპის გმირი პატარაობისას კი ხშირად მახსენდება – უცნაური, დაბნეული ბავშვია, კონცენტრაციის პრობლემები აქვსო, უფროსები რომ იტყვიან ხოლმე, “სხვაგან რომ ქრის მისი გონება”, ეგეთი.

და აი, მას, პატარა დაბნეულ გოგონას, რომელიც სინამდვილეში იმას ხედავს, რასაც სხვები – ვერ და ის აინტერესებს, რაც სხვებს – ნაკლებად, მშობლები ფოტოაპარატს აჩუქებენ. კამერა გოგონას ცხოვრებას ცვლის: ის იწყებს ლოკოკინების, ფოთლების, ხეების, ადამიანების გადაღებას. საბოლოოდ პროფესიადაც ფოტოგრაფობას ირჩევს.

მართალია, მე პროფესიით ფოტოგრაფი არ ვარ, მაგრამ მეც დაახლოებით ამ გოგონას ხნის გახლდით, პირველი “კოდაკი” რომ მაჩუქეს. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. დავდიოდი და ყველაფერს ვიღებდი სერიულად, 36-36 კადრად. მერე ფირები ძალიან უჟმურ კაცთან, ფოტოგრაფ გივისთან მიმქონდა გასამჟღავნებლად და იმ ნახევარ საათს, სანამ ჩემს დაჭერილ კადრებს დაბეჭდილს ვნახავდი, გული გამალებით მიცემდა.

ხსენებული ფილმიც და ჩემი პირველი კამერაც ამ რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, ძველი ფოტოების თვალიერებისას. ჟიული დელპის გმირისგან განსხვავებით, 10-11 წლისა უმეტესად ეკლესიებს, ციხეებს, მთებს და მდინარეებს ვიღებდი თურმე. არანაირი ცხოველები, ფრინველები, ადამიანები – მხოლოდ ლანდშაფტი და კულტურული ძეგლები. დიდი არაფერი ფოტოები, საინტერესო თითქმის ვერაფერი ვნახე.

დავსევდიანდი იმაზე ფიქრით, აქ, ჩვენს ქვეყანაში, რა პატარებს გვაჩვევენ, რომ ქვეყანა ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, რომ ჩვენი სამშობლო კულტურული ძეგლები, ლამის მითოლოგიად ქცეული ფასეულობები და ისტორიული ნარატივებია ძლევამოსილ ომებსა და დაუჯერებელ გამარჯვებებზე, ჩვენი კულტურა კი – მეხუთე საუკუნიდან ფეხადგმული მწერლობა. როგორ გვეკარგება ამ დროს ჩვენი რეალობისთვის უფრო მეტად დამახასიათებელი შტრიხები, ვერ ვამჩნევთ ისტორიული შენობების გვერდით დაყრილ ნაგავს, არ ვფიქრობთ იქ, მთებში, მარტო მცხოვრებ ადამიანებზე, არ ვწუხვართ ჩვენს ქუჩებში მოწანწალე უპატრონო ცხოველებზე, ვერ ვხედავთ ჩვენს მეზობლად გაზრდილი ბავშვების სევდას და მათი მშობლების გაჭირვებას, არ ვიცნობთ თანამედროვე ხელოვნებას და მწერლებს, მხატვრებს და არტისტებს მხოლოდ სატელევიზიო შოუებში ვხედავთ, ნაციონალური ღირებულებებს ამოფარებულები ზოგჯერ გაუმართლებელ ძალადობას ვჩადით. ძველი ამბების ჰიპერბოლიზებით ვირთობთ თავს, ის კი, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს, შეუმჩნეველი გვრჩება.

აი, ამ ძველი ფოტოების თვალიერებისას საოცრად მომინდა, მათზე მეპოვა ჩვენი მეზობელი თამარა ბებო, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელიც დიდი ხანია აღარ არის, ჩემი ძაღლი, რომელიც საღამოობით მუხლებზე მეჯდა და ხელებს მილოკავდა, ბუები, რომლებიც ჩვენს ეზოში ბინადრობდნენ და ციყვები, რომლებიც ჩვენი სახლის წინ მდებარე პარკში დახტოდნენ, კესანეები, გვიმრები, დედაჩემის გამომცხვარი მურაბიანი ღვეზელები, ხევსურეთის სახლის ჭერხოში ჩამოკიდებული საქანელა და ბაბუაჩემის კატები, ის ჩანთა, რომლითაც ბიძაჩემს ახალი წიგნები მოჰქონდა ჩვენთან, დეიდაჩემის სახლში გაკრული “ბითლზის” ვეებერთელა პლაკატი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩემი ბავშვობის ნაწილია… მაგრამ არა, მსგავსი არაფერი – ეკლესიები, ციხეები, მთები.

გარემო იყო ეგეთი ჩვენთვის, ოთხმოცდაათიანებგამოვლილი ბავშვებისთვის. ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ და საკუთარ ფეხზე ჯერ კიდევ სუსტად მდგარ ქვეყანაში ყოველი კუთხიდან “სამშობლო” ისმოდა.

ვინაიდან ჩემს ბავშვობას, საყვარელი პერსონაჟებითა და ნივთებით, უკან ვერ დავაბრუნებ, ტრაფარეტული ფოტოების გამო წუხილს აზრიც არ აქვს. ამ ამბავსაც იმიტომ მოგიყევით, რომ იქნებ ყველამ ერთად როგორმე დავძლიოთ ცდუნება, ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დავანახოთ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მოვაწონოთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს და ვასწავლოთ ისე ფიქრი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ – იქნებ მათ ჩვენზე უკეთესი რამეები მოეწონოთ, უფრო საინტერესო გზები აირჩიონ, უფრო მყარი დასაყრდენი იპოვონ და რეალობის უკეთ აღქმა შეძლონ.
თანამედროვე რეალობის ილუსტრაციად კი ერთი გერმანელი ფოტოგრაფის საქართველოში გადაღებული ფოტოებისგან შედგენილ კოლაჟს გიტოვებთ. ასეა, უცხო თვალი უკეთ ხედავს.

საშიში ახლობელი

0
 მამა რომ მომიკვდა, ხუთი წლის ვიყავი.
იმ დიდ ოთახში, სადაც სუდარაგადაფარებული მამაჩემი, ექიმების უცოდინრობის მსხვერპლი, ესვენა, მე არ მიშვებდნენ. 

მითხრეს, რომ ჩემი მამიკო მივლინებაში წავიდა. რაკი მამის შინ არყოფნა, მისი რთული და საპასუხისმგებლო სამსახურის გამო, ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც არაფერი გამკვირვებია. ერთადერთი, რაც ბავშვურ ცნობისწადილს მიღვიძებდა, ჩვენი სახლის შემოსასვლელში ყვავილის გვირგვინების სიმრავლე იყო, მაგრამ, ვინაიდან არ ვიყავი ისეთი ბავშვი, უფროსებს ათას კითხვას რომ უსვამენ, არც ამის მიზეზი მიკითხავს.

სამზარეულოდან მანდარინით სავსე პარკი მოვიპარეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა, ეზოში, ხის სკამებზე ვისხედით, ვჭამდით და თან რიცხვობანას ვთამაშობდით. იცით, ეს რა თამაშია? დანამდვილებით არც მე მახსოვს, ისევე როგორც ჩემი ბავშვობის ბევრი სხვა თამაში. ერთი მონაწილე რომ დედა იყო და ყველაფერს ის წყვეტდა, ესღა ჩამრჩა მეხსიერებაში.

ამ დროს მეზობლის “დიდი” გოგო მოვიდა და მითხრა, რა გიხარია, მამაშენი მოკვდაო. ბევრი ვერაფერი გავიგე, სახლში ავედი, იმ დიდ ოთახში შევირბინე და შავოსან დედაჩემს ვკითხე: მამაჩემი მართლა მოკვდა-მეთქი? პასუხი და რეაქციები აღარ მახსოვს.

მერე სიკვდილი შინაური და ახლობელი გახდა, მარადიული მდგმურივით ჩაგვისახლდა ბინაში, ერთი ოთახი კი სულაც დაისაკუთრა – ბიბლიოთეკა, სადაც კედლებზე ახალგაზრდა და გაღიმებული მამაჩემის უამრავი სურათი ეკიდა: ზოგი – ფოტო, ზოგიც – ვიღაც უცნობი მხატვრის დახატული. დარღვეული პერსპექტივა ჩემს ცხოვრებაში ამ სურათით დაიწყო. ახალბედა მხატვარი თუ იყო…

მერე? მერე საფლავზე დავდიოდით. პირველ ხანებში – ხშირად, მერე  და მერე – უფრო და უფრო იშვიათად. მიყვარდა იქაურობა – ულამაზეს ვარდებს ახარებდა დედა, რომელი დეკორატიული ბაღი შეედრებოდა. საფლავის გვერდით, ბეტონმოსხმულ ბანზე, სკამები და მაგიდა იდგა. აღდგომის მეორე დღეს საფლავზე მიგვქონდა წითელი კვერცხები და პასქა. მიყვარდა იქაური ტრაპეზი.

მერე ის ბეტონი ლეღვმა ამოტეხა. არ ამოვთხარეთ. ახლა უზარმაზარი ხეა, ისეთი მსხმოიარე, როგორიც არსად მინახავს.
რამ გამახსენდა ეს ამბები?

ამას წინათ ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში ქექვისას კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, როგორ მეგობრობს ქართული ცნობიერება სიკვდილთან, მეტიც – დროდადრო მეტისმეტად ფამილარულიცაა. თუ, მაგალითად, ლიტვაში სუფრაზე ერთი ზედმეტი თეფში იდება ჯერ არმოსული მეგობრისთვის, ლეჩხუმში ასეთ თეფშს მიცვალებულისთვის დებენ.

ყველაფერი ზღაპრებით იწყება. აბა, გაიხსენეთ – ქართულ ზღაპრებში გმირი ისე ადვილად კვდება და ცოცხლდება, თითქოს არაფერი, თითქოს სულ უბრალო რამაა, დევს მოჭრილი თავის ადგილას ახალი ამოსდიოდეს, მარჩენალი ძროხა დაგიკლან და მის საფლავზე მოლაპარაკე ხემ გაიხაროს. „კოკროჭინა” ან „ფისასოს ზღაპარი” გახსოვთ? ძალიან დიდი დოზით გვყავს ოჯახში სიკვდილი, ძალიან…

ერთი უცნაური ზღაპარიც ვიპოვე, ნათლია-სიკვდილზე.
მთელ ტექსტს არ გადმოვწერ, მოკლე შინაარსს მოგიყვებით:

გლეხმა ნათლიის ძებნა დაიწყო, რომელიც სრულიად უანგაროდ, უსაჩუქროდ მოუნათლავდა ერთადერთ შვილს. ასეთი მხოლოდ სიკვდილი იპოვა… სიკვდილმა შვილი მოუნათლა და თან დაუახლოვდა, გაამდიდრა, ცხოვრება მოუწყო. გლეხმა ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოეშორებინა თავიდან ეს საშიში ახლობელი. რა თქმა უნდა, მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან ახლობლობა მასთან არ ჭრიდა და ქრთამი… ეს ისეთი ნათლიაა, რომ არასდროს დაავიწყდები.

ერთ ხალხურ ლექსში, ნახეთ, როგორი ამბები ხდება:
„ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა,
მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა”.

სიკვდილი ზოგჯერ ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლაა, ზოგჯერ – ბაცალიგოს თოვლის დნობა და ლამაზი ცოლის ტირილი, ზოგჯერ – შვება ბეჩავი იერემასთვის, ზოგჯერ – ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ომში მყოფი ვაჟკაცი დაამარცხოს. ლიტერატურა, სხვა ყველაფერთან ერთად, სიკვდილზე წერა, სიკვდილთან შეგუება და სიკვდილთან ახლობლობაცაა. 

“შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა”, –

ესეც სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნათლულის სიტყვებია.

ნინო ჩაკვეტაძე – ორშრიანი დუპლექსის მიღმა

0
რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემომედავოთ, პატარა უფლისწული რა შუაშიაო და მხატვარსაც ხომ ის საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ მისი ნახატების ხილვის დროსაც ზუსტად ისევე გავლღვი, როგორც ხეები – თებერვლის ბოლოს. მე არ მახსოვს სხვა მწერალი, გარდა ეგზიუპერისა, რომელსაც თავისი ბავშვურ-დიდური ფილოსოფიით და უნივერსალური სიკეთით ჩვენი გაუხეშებული მერქანი კარაქივით დაერბილებინოს და სხვა მხატვარი, რომელსაც ასე შესძლებოდეს, გამოვეძვრინეთ მანქანების ნერვული ხმაურიდან, ოფისების ალიაქოთიდან, ერთი სიტყვით, მთელი ამ დიდური რუტინიდან და მშვიდ ბავშვობაში დავებრუნებინეთ. მისი ფერწერა ერთგვარი ტრანსპორტია, უფრო კი მატარებლის სინქრონული ხმაური, რომელსაც პირდაპირ დასაწყისისკენ მივყავართ.
ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედების დასაწყისი ერთგვარი ძიება იყო, რომელმაც ჩვენთვის ასეთი “მატარებელი” გამოაგონებინა:
“ახლა როგორსაც ხედავთ ჩემს ნამუშევრებს, უფრო ბოლო პერიოდს ეკუთვნის. ბევრს არ ვმუშაობდი და არც ხშირად გამოჩენის პრეტენზია მქონია, პატარები მყავდა შვილები. ნიკოლაძე დავამთავრე, მერე – სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. კლასიკურად, ვხატავდით ფანქარში ნატურას ან პორტრეტს და ფერში – კომპოზიციებს თავისუფალ თემაზე. ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვხატავდი ბებია-ბაბუას და ბავშვებს. სულ ძიების პროცესში ვიყავი. ირაკლი ფარჯიანი მიყვარდა ძალიან. ახლაც მიყვარს. იმდენად მომწონდა, ერთ დროს მის გავლენასაც კი განვიცდიდი, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, სწავლის და ძიების ჩვეულებრივი გზაა. ახლა გავთავისუფლდი გავლენებისგან.
პროპორციების დარღვევის მიუხედავად, ჩემი ნახატები არ არის აბსტრაქტული. სამი წლის წინ მივხვდი, რომ ეს იყო ორგანული ჩემთვის, აქ უნდა ვყოფილიყავი, ასეთ ნამუშევრებში. ასე თუ ისე, გაამართლა და თავსაც კომფორტულად ვგრძნობ, ცოტა დავმშვიდდი, რაღაცას მაინც მივაგენი-მეთქი”.
შესაძლოა, მიაგნო საფულეში ჩარჩენილ ფულს, გადავიწყებულ კაბას, საჭირო მისამართს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთჯერადია: ფულს დახარჯავ, კაბას გაცვეთ, რომელიმე ქუჩის რომელიმე ნომრიდანაც ერთსაათიანი ვიზიტის შემდეგ წამოხვალ. მისი ნახატები კი ისევე ვერ იქნება ერთჯერადი, როგორც ჩვენი ძალიან, ძალიან ნოსტალგიური ბავშვობა. ამ ბავშვობას, ამ სენტიმენტალურ მეხსიერებას მუდამ და ყველგან თან ვატარებთ. 


გაიხსენეთ თქვენი მზერა, რომელსაც ბავშვობაში კაკლის მურაბის ქილას აბჯენდით. გაიხსენეთ თქვენი მომლოდინე ბებიები და პაპები. გაიხსენეთ ხის კენწეროები, რომლებიც ხანდახან არაკეთილსინდისიერად გექცეოდნენ და მიწაზე გაბრუნებდნენ. გაიხსენეთ დიდი ხნის ნახმარ ჩანთასავით გადატყავებული თქვენი მუხლები. გაიხსენეთ სასკოლო ზეიმები, რომლებზეც რაც უფრო ხმამაღლა იტყოდით ლექსს, პათოსი მით უფრო დაგიფასდებოდათ ერთით მეტი მანდარინით ან კანფეტით. გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი ფინჯნები ზედ მიხატული გეტრებიანი გოგოთი და პატარა ობობათი. გაიხსენეთ თქვენი საბავშვო ოთახის შპალერი ცხოველებით, გნომებით და ზღაპრული სამყაროთი… მერე ისიც ისევე გააქრეს, როგორც სხვა ყველაფერი, – ადგნენ, ააფხრიწეს და სტრუქტურული ვინილით, მეტალირებული შპალერით თუ ორშრიანი დუპლექსით შეცვალეს. დიდობისას ინტერიერი უნდა შეიცვალოს გამძლე პროდუქციით…
და როცა ამ დიდობის ინტერიერიდან გაქცევა გინდება, ნინოს “მატარებელი” ყველაზე სწრაფი და მშობლიური ტრანსპორტია, თუმცა ცოტათი სევდიანიც – რაც მეტად გენატრება, მით მეტად სენტიმენტალური ხდები: 

“ჩემი სევდიანი პერსონაჟების გამო ხშირად ჰგონიათ, რომ მწარე ბავშვობა მქონდა. არადა, მოსიყვარულე მშობლები მყავდა, არც ბებია-ბაბუას გავუზრდივარ, თუმცა კი ისინი ისევე ზრუნავდნენ ჩემზე, როგორც მსოფლიოს სხვა ბებია-ბაბუები – საკუთარ შვილიშვილებზე… სევდიანი ნახატები ალბათ იმიტომ გამომდის, რომ არანორმალურად მენატრება ის დრო. 18 წლისა საბოლოოდ მივხვდი – უკვე ძალიან დიდი ვიყავი, თან არეული 89 წელი იდგა. ახალ თაობას ვერც კი წარმოგვედგინა, რომ თავისუფლება ასე ახლოს იყო…”
ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მერე რამდენიმე წელი იქვე ასწავლიდა, უფრო მერე – სკოლაში. ამბობს, რომ სტაბილური სამსახური დროის კარგვაა, ეს დრო შეიძლება უფრო კარგი საქმეების საკეთებლად  გამოიყენო. აი, მაგალითად, “ბაკურ სულაკაურის” ან “პალიტრა L-ის” წიგნები გააფორმო, ან პერსონალურ გამოფენას მიხედო, ან ხიმენესის ქართული თარგმანის დასურათებაზე იოცნებო. ასეთი ოცნება სწორედ რომ საქმეა, მით უმეტეს, თუ მის ასახდენად რამდენიმე ნახატსაც შექმნი:

“პლატერო და მე” ძალიან ჩემია. დიდი ხნის წინ წავიკითხე რამდენიმე ფრაგმენტი ამ წიგნიდან, დაბეჭდილი “ლიტერატურულ საქართველოში”. ძალიან ამაღელვა. სათაური არ დამამახსოვრდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ესპანელი მწერლისა იყო. სულ ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მიმეგნო ამ წიგნისთვის. ინტერნეტშიც ვეძებე ყველა სავარაუდო სახელით. შარშან კი დეიდაშვილის მეგობარი მესტუმრა. ხელში წიგნი ეჭირა და ამ სიტყვებით გადმომცა: “ვფიქრობ, აუცილებლად მოგეწონება, საშენოაო”. დავხედე და ჩემი დიდი ხნის ნაძებნი “პლატერო და მე” შემრჩა ხელში. ძალიან გამიხარდა. ეს წიგნი ამ ქალბატონისთვის მთარგმნელს, მანანა გიგინეიშვილს უჩუქებია. მერე კი თავად მთარგმნელმა ნახა ჩემი ნამუშევრები ფეისბუქზე და ავტოგრაფით გამომიგზავნა ხიმენესი. გავიგე ტელეფონის ნომერი, რომ მადლობა გადამეხადა. მან მითხრა, რომ მოხიბლული იყო ჩემი ნამუშევრებით, აღნიშნა, შენი ნახატები ამ წიგნს ძალიან ჰგავსო და მისი დასურათება შემომთავაზა. ასე რომ, იდეა არის, მაგრამ რამდენიმე გამომცემლობამ უარი თქვა – მომგებიანი არ იქნებაო… ერთ-ერთი ნოველის სიუჟეტი დავხატე კიდეც: ბავშვები ლამპის შუქზე ვახშმობენ, ვირუკა პლატერო ფანჯარას მოადგება, ბავშვებს შეეშინდებათ და გაცვივდებიან, ეს კი იყურება თავისი უზარმაზარი თვალებით… მერე კიდევ დავხატე ერთი პლატერო, ხიმენესთან ერთად რომ მიდის… პერსონაჟები მხოლოდ მაშინ მიყვარდება, თუ ამაღელვეს”.
ილუსტრაციებზე მუშაობა სპონტანურად დაიწყო, მაკა მიქელაძისა და ნინო ჩაკვეტაძის დუეტი, მათი განხორციელებული იდეები კი, დარწმუნებული ვარ, მომგებიანი ინვესტიციაა გამომცემლობებისთვის. ამგვარი ინვესტიციები მხოლოდ მატერიალურ მოგებას არ ნიშნავს – ბავშვების გემოვნების დახვეწა უფრო საინტერესო, უფრო დიდი  საქმეა. ამას შეიძლება მომავლის ინვესტიციაც დავარქვათ:
“ჯერ კიდევ ბავშვობაში რვეულებში ვიწერდი ლექსებს და ვაფორმებდი. დედას შენახული აქვს ეს მცირე “არქივი”. მერე, დაახლოებით 2000 წელს, “დილაში” მიმიყვანა ახლობელმა, მიმიღეს და ბედნიერი ვიყავი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში თითო-თითო გვერდს ვაფორმებდი. ეს ჩემთვის დასაწყისივით გახლდათ. მერე ერთხანს ჩემთვის ვხატავდი საბავშვო თემატიკაზე. ერთხელ, დიდი ხნის წინ, მე და მაკა მიქელაძე ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით აგარაკზე. დროს კი ასე ვკლავდით: მაკამ ჩემი ილუსტრაციის ტიპის ნახატები ნახა და ამით შთაგონებულმა, რამდენიმე ლექსი დაწერა. დაგვიგროვდა ასეთი ლექსები და განვიზრახეთ მათი გამოცემა. სწორედ მაშინ ინერგებოდა საქართველოში კარგი ხარისხის გამოცემის პრაქტიკა. სერიაც გავაკეთეთ – ოთხი სხვადასხვა ფორმის წიგნი: მზის ფორმისა – მზის ბავშვის ამბავი, მთვარის ფორმისა – მთვარის ბავშვის ამბავი, ვარსკვლავისა – ვარსკვლავის ბავშვის ამბავი და ღრუბლისა – ღრუბლის ბავშვის ამბავი. დიდი მონდომებით შევუდექით საქმეს, მაგრამ წიგნად ჯერ არ გამოგვიცია, თუმცა გამომცემლებს მოეწონათ. თუ გამოვეცით, ბევრი რამის შეცვლა მომიწევს, რადგან ძველ ნამუშევრებს უკვე კრიტიკული თვალით ვუყურებ, ეს კი საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამგვარად გაფორმებული წიგნი იმდროინდელი საქართველოსთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნებოდა. 

2007 წელს პირველად მოვხატე სერიოზული წიგნი – “ბერძნულ-რომაული მითები”, რომლის ტექსტიც ასევე მაკა მიქელაძეს ეკუთვნის. ეს “ბაკურ სულაკაურის” პროექტი გახლდათ. გამაკეთებინეს რამდენიმე საცდელი ილუსტრაცია, მოეწონათ და ამიყვანეს. თავად არ ვარ აქტიური პიროვნება და მიჭირს გამომცემლობაში ამბიციებით მისვლა. პროექტმა გაამართლა, დღემდე კარგად იყიდება ეს წიგნი. ვთანამშრომლობ სულაკაურის და “პალიტრის” გამომცემლობებთან. 
მულტფილმებიდან გამომდინარე, ბავშვები უფრო პრიმიტიულ ტიპაჟებს ამჯობინებენ, რასაც აწვდიან, ის მოსწონთ. მე ძველი, კლასიკური ილუსტრაციები მირჩევნია. კარგი ნახატების გარეშე ბავშვს გემოვნება ვერ დაეხვეწება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ხელოვნების სწავლება და ბავშვებისთვის მისი სწორად, მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. გული მწყდება, რომ ხელოვნება ისევე იჩაგრება, როგორც, მაგალითად, ფიზაღზრდა: თუ ფიზიკური უნარები, რომლებიც არაგონებრივ, სავსებით ხორციელ რესურსებს მოითხოვს, ყველა ბავშვისათვის ვერ იქნება ადვილი საქმე, არც ისე რთულია, თითოეულმა ბავშვმა თავი გაართვას საგანს, რომელიც არა კუნთების, არამედ გონების მუშაობის შედეგად იქნება მისაწვდომი”.
ნინოს ნახატებში “მომავლის ინვესტიციის” დაბანდება ერთ ჩეხ ქალბატონსაც სურდა, რომელიც ნინოს ინტერნეტით დაუკავშირდა და ცნობილი გადაინგლისურებული ჩეხური ზღაპრის დასურათება შესთავაზა. შეთანხმება შედგა, თუმცა საგამომცემლო სირთულეთა გამო წიგნი ვერ გამოიცა: 
“ილუსტრაციები დიდხანს მეწყო, მერე იმ ქალისგან ნებართვა ავიღეთ, ქართულად გვეთარგმნა და გამოგვეცა. “პალიტრა L-ს” მოეწონა ძალიან და სულ რამდენიმე კვირაა, რაც წიგნის თაროებზე იან კარაფიატის “ციცინათელები” გამოჩნდა.

მე საბავშვო მხატვარს მიწოდებენ, თუმცა ჩემს ნახატებზე მეტი რეაქცია უფროსებს აქვთ. ილუსტრატორი ნამდვილად საბავშვო ვარ. არიან მხატვრები, რომლებსაც არ ადარდებთ ხალხის რეაქცია და არ აქტიურობენ, არ მართავენ გამოფენებს, ჩემთვის კი ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ახალი იდეებიც, მაგალითად, დედა-შვილის დუეტი: მინდოდა, “შობის დილიდან” ერთ პერსონაჟზე, დიდთვალება გოგოზე დამეწერა, საინტერესო ტიპაჟია და მისი ამბები პატარებს, ვფიქრობ, დააინტერესებდათ. ჩემს თექვსმეტი წლის შვილს, რომელსაც წერა ემარჯვება, ვთხოვე, ერთად გვემუშავა ასეთ პროექტზე – ის დაწერდა, მე დავხატავდი. შეშინდა, ვერ გამომივაო…”
ოჯახის გარემოცვაში მუშაობა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები მეტისმეტად პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიგონ: მათი დედა მხოლოდ დედა არ არის, მხატვარიცაა.
“როცა მივხვდი, რომ არ მექნებოდა მუშაობისთვის იდეალური პირობები: დიდი, ნათელი სახელოსნო თბილისის ლამაზი ხედით და ბევრი სიმშვიდე, – გადავწყვიტე, ყოველგვარ სიტუაციას მოვრგებოდი და გამომივიდა. მართალია, ყოფითი, ყოველდღიური წვრილმანები მეხება, რადგან ოჯახი მაქვს, მაგრამ ვინაიდან არსად ვმუშაობ დილიდან საღამომდე მკაცრად განსაზღვრული რუტინული გრაფიკით, სახატავად დრო ნამდვილად მრჩება.
ის კი აუცილებლად უნდა დამრჩეს, რომ ადამიანებისგან დადებითი მუხტი მივიღო. ერთმა კარგმა მხატვარმა მითხრა, რა წარმატებული გამოფენა გქონდაო და მეორე დაეთანხმა, ჰო, მოენატრა ხალხს ლირიკაო. ჩემთვის ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და არც მხოლოდ თვალს ახარებს – ბევრი გამოცდილი ფერმწერისა თუ ხელოვნებათმცოდნისგან გამიგონია გულწრფელი აღტაცება. ძალიან მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემი და ზაზა აბზიანიძის წარდგენაც ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. ვნახოთ, რა იქნება”.
ნინოს დარჩენილი დრო ჩვენ გვეკუთვნის: მათ, ვისაც მოენატრა ლირიკა, მათ, ვისი ბებიებიც ისეთივე ტკბილები და დანაოჭებულები იყვნენ, როგორც მათივე დამზადებული ჩირი, ასხმულებად რომ კიდებდნენ სამზარეულოს კედლებზე, მათ, ვისაც შეეძლო, ბაბუაწვერებში ეთამაშა და ალერგია არ დასწყებოდა და მათ, ვისაც დღეს უკვე ქარის ყოველ შემობერვაზე აცემინებს.
სალომე შენგელიძე

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...