კვირა, აპრილი 26, 2026
26 აპრილი, კვირა, 2026

მზესუმზირამ მზეს უმზირა…

0
– მუსიე, ამ მზესუმზირებს თქვენ ყიდით?
– დიახ, მადმუაზელ. გნებავთ?
– ჯერ ფასი უნდა მითხრათ, – შევცინე გამყიდველს.
კვლავ დედის კისერზე ჩამოკიდებული სტუდენტი ვარ და ფულიც ცოტა მიდევს ჯიბეში. ხელოვნური მზესუმზირა კი მომწონს და უკვე წარმოდგენილიც მაქვს, როგორ დაამშვენებს ჩემი ოთახის მაგიდაზე მდგარ ლარნაკს. ჩრდილოეთ საფრანგეთში ვარ, სხვა სტუდენტებთან ერთად გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის ციხე-კოშკს  ვსტუმრობ. ცოცხალი გრაფი და გრაფინია პირველად ვნახე. ოღონდ წიგნებიდან რომ ვიცოდი, იმათ სულ არ ჰგვანან. მოკლედ, ეს დიალოგიც საფრანგეთში პატარა ქალაქ კომბურგში შედგა, სადაც მარტო სასეირნოდ  ხშირად დავიარებოდი. 
– ვერ დავაკლებ, მადმუაზელ, ისედაც არ ღირს ძვირი. სამაგიეროდ, მზესუმზირაზე ზღაპარს გიამბობთ. 
– ზღაპარს? – მეღიმება, – კარგით, აბა, მიამბეთ!
– ოღონდ თქვენი წარმოსახვის უნარი გვჭირდება, მადმუაზელ.
წარმოსახვის უნარი, იცოცხლე მაქვს. 
– რა წარმოვიდგინო? 
– პატარა ლოყაწითელა გოგო წარმოიდგინეთ, რომელიც მზეზეა შეყვარებული.
– წარმოვიდგინე…
– მზის ღვთაებასთან  მივიდა და შეევედრა, რომ სულ მზე ყოფილიყო, რადგან მის გარეშე გოგოს არ შეეძლო. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე. მერე, რაო ღვთაებამ?
– აუსრულა სურვილი… მზე აღარ ჩადიოდა, სულ ანათებდა და გოგო ბედნიერი იყო.  სამაგიეროდ, სიცხე ჩამოწვა, მიწა დასკდა, მოსავალი განადგურდა, წყალი აღარ იყო. ხალხი და ყველა სულიერი სულს ღაფავდა. დაიწყო შიმშილი, მადმუაზელ. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე და მერე?
– გოგოს შეეცოდა ხალხი და ღვთაებას კვლავ სთხოვა, ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. უთხრა, მე უმზეოდ მოვკვდები, მაგრამ ამდენი ხალხის საცოდაობას ვეღარ გავუძლებო. 
– უარი მიიღო? 
– არა,  ღვთაებამ თხოვნა კვლავ აუსრულა, ოღონდ თვითონ  მზესუმზირად გადააქცია. ჰოდა, მას შემდეგ ერთად არიან  – მზე და გოგო. საითაც მზე არის, მზესუმზირაც იქეთ იცქირება. წარმოიდგინეთ?
– წარმოვიდგინე…
– კიდევ გეძვირებათ?
– არაა, ვყიდულობ…  
ნავაჭრი ხელში დავიჭირე და ის-ის იყო გზას გავუყევი, რომ მკვეთრად შევტრიალდი.
– რატომ აქვს მზესუმზირას ყვითელი ფურცლები და შუაში შავი გული?
ხელოვნური ყვავილების გამყიდველმა ოდნავ თვალები მოჭუტა და კითხვა შემიბრუნა:
– თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ზღაპრის მიხედვით მაინტერესებს…
– ჰოო, გოგო ქერა იყო, წარბები კი გიშერივით შავი ჰქონდა. ეგრე იქნებოდა, რა ვიცი.
– რატომ აქვს მზესუმზირას მწვანე ფოთლები და ღერო?
– ჰმ, მადმუაზელ, მწვანე თვალები ჰქონდა გოგოს.
რატომ აქვთ ყვავილებს, ფოთლებს და საერთოდ მცენარეებს სხვადასხვა შეფერილობა? 
პიგმენტების გამო.
დღეს პიგმენტებზე ვწერ. აბა, ხომ არ იფიქრეთ  სტატიის ბოლომდე მეყვავილე მეზღაპრეზე ვისაუბრებდი? 
დღეს საგანთაშორის კავშირებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ქიმიის დიდაქტიკის წამყვანი მეცნიერები გვეუბნებიან, ეძებეთ კავშირები მეცნიერებებს შორის. ერთი შეხედვით დაკავშირება წარმოუდგენლადაც რომ მოგეჩვენოთ, არ დანებდეთ და შეხების წერტილს მიაგენითო.
ჟურნალ „მასწავლებლის” სტატიებში სწორედ ასე ვიქცევი. ჯერ იყო და ქიმია ტურიზმს დავუკავშირე, შემდეგ მუსიკას, ათასი ამბავი გავიხსენე ისტორიიდან, ბიოლოგიაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. პიგმენტები კიდევ  ისეთი თემაა, რომელსაც ისედაც რამდენიმე მეცნიერება ერთად შეისწავლის. ფიზიკური ქიმია მცენარეებიდან პიგმენტების გამოყოფას და მათ ქიმიურ აღნაგობას სწავლობს. ბიოქიმია მათი წარმოქმნის პროცესებს იკვლევს, ფიზიოლოგია კი მცენარეთა ორგანოებში მათ ლოკალიზაციას და მიგრაციას ჩაჰკირკიტებს. 
მცენარეული პიგმენტები ორგანული მოლეკულებია, რომლებსაც განსაზღვრული სიგრძის სინათლის ტალღის შთანთქმა შეუძლიათ. უმეტეს შემთხვევაში შეფერილობის გამოვლენაზე ამ მოლეკულათა გარკვეული უბნები აგებენ პასუხს და ამ უბნებს ქრომოფორები ეწოდებათ. ქრომოფორული ფრაგმენტი ატომთა ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ერთ არომატულ ჯაჭვშია გაერთიანებული და ერთმაგი და ორმაგი ბმების თანამიმდევრობისგან შედგება  (–С=С–С=С–).  რაც უფრო  ხშირად მეორდება ასეთი თანმიმდევრობა, მით უფრო ინტენსიურია ფერი. 
ახლა თვითონ პიგმენტებს გავეცნოთ.
რაო, რა თქვა ფრანგმა მეზღაპრემ? გოგოს თვალები მწვანე ჰქონდაო? ჰმ, შეიძლება ჰქონდა კიდეც, მაგრამ ყველა მცენარის სიმწვანეს პიგმენტი ქლოროფილი განაპირობებს.  თავისი აღნაგობით ძალიან წააგავს ჰემს  (რომელიც ასევე პიგმენტია, ოღონდ წითელი და ცხოველური), რკინის იონის ნაცვლად მაგნიუმის იონს შეიცავს.  მისი მეშვეობითაც ფოტოსინთეზის პროცესი ხორციელდება.  
რაო, რა თქვა ფრანგმა მეზღაპრემ? გოგოს ქერა თმები  ჰქონდაო? ჰმ, შეიძლება ჰქონდა კიდეც, ოღონდ ნებისმიერი ყვავილის ყვითელი ფურცლები ყვითელი პიგმენტების ფლავონების და ფლავინების დამსახურებაა. მოყვითალო-სტაფილოსფერი კაროტინოიდებიც აქვე შეგვიძლია მივაწეროთ. ფლავონები და ფლავინები მდგრადი ნაერთებია, თუმცა ზოგიერთი ცხელ წყალში იხსნება. შეიძლება ამიტომაც, ფლავინურ  პიგმენტებს ჩვენი წინაპრები საღებავადაც იყენებდნენ.   აღნაგობის მიხედვით  ფლავონების მსგავსი ქალკონები და აურონები არიან. მცენარეებში ისინი უფრო მეტად ყვავილის ფურცლებში შედიან.
კაროტინოიდებს რაც შეეხებათ, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი პირველად სტაფილოში აღმოაჩინეს და ამ ჯგუფში შემავალ პიგმენტებსაც მის გამო უწოდეს კაროტინოიდები. ისინი წყალში უხსნადია, თუმცა მცენარეული პლასტიდებიდან მათი გამოყოფა ორგანული გამხსნელებით შეიძლება. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის პროვიტამინია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში მცენარეულ საკვებთან ერთად მოხვედრილი ბეტა-კაროტინი წვრილი ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში A ვიტამინად გარდაიქმნება.
იასამნისფერ სპექტრს მცენარეში ანტოციანები წარმოქმნიან. ოღონდ მათზე აქ არაფერს ვიტყვი, რადგან „იისფერი ათწლეული” სწორედ ანტოციანებს მივუძღვენი.
ახლა სჯობს პიგმენტების ფუნქციაზე დავწერო. 
პიგმენტების მთავარი ფუნქცია ფოტოსინთეზია. მას ქლოროფილი ახორციელებს. თუმცა ამ საქმეში წვლილი ზოგიერთ კაროტინოიდსაც არ უნდა დავუკარგოთ. ისინი ქლოროფილის მოლეკულას ენერგიის გადაცემის შემდეგ  საწყის მდგომარეობაში აბრუნებენ და ფოტოდაჟანგვისგან იცავენ.  სხვადასხვა პიგმენტთა გამოყენებით მცენარეები ფოტოსინთეზისთვის ხილული სინათლის მთლიან სპექტრს იყენებენ. ისინივე იყენებენ ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დიაპაზონის ნაწილს. 
პიგმენტებთან დაკავშირებულია  სინათლის მიმართ მცენარეთა მდგრადობა, მეტაბოლიზმის სეზონური რეგულირება, ზრდა და ყვავილობა, თესლის გაღვივების და განვითარების რეგულირება.
  
ულტრაიისფერი სხივების შთანთქმით ფლავინური პიგმენტები ციტოპლაზმის უჯრედებს და ქლოროფილს დაშლისგან იცავენ. კაროტინოიდები, ფლავინური პიგმენტები და ანტოციანები თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაშიც მონაწილეობენ, ანუ ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებთ.  
ფლავინურ პიგმენტებს მცენარეები ზოგჯერ სოკოების და მიკრობების წინააღმდეგაც იყენებენ, ზოგჯერ კი  საკვებადაც. 
პიგმენტები კაშკაშა შეფერილობით მწერებს იზიდავენ. მწერები დამტვერვას უწყობენ ხელს. ერთი პიგმენტი ზოგჯერ მეორე პიგმენტად გარდაიქმნება   და ეს ნიადაგის pH გარემოზე, მცენარის ასაკზე და წარმოიდგინეთ გარემოს ტემპერატურაზეც კი არის დამოკიდებული. 
პიგმენტებზე ბევრის თქმა ვერ მოვასწარი. არადა,  დასაწერი უამრავია. სულ იმის ბრალია, რომ ჩემი წერილისთვის განკუთვნილი სივრცე ზღაპრის მოყოლას გადავაყოლე. ზღაპარი მზესუმზირაზე იყო… 
მზესუმზირა ადრე პატარა გოგო ყოფილა, ჰოდა მზე შეჰყვარებია… მზეს ალბათ გაეცინა, მაგრამ შორიდან სიყვარულის უფლება მიუცია. ეს სხვებს ძვირად დაჯდომიათ და მზის ღვთაებას გამოსავალი მოუძებნია… გოგო მზესუმზირად გადაუქცევია და მას შემდეგ სულ მზეს შეჰყურებს…
წარმოიდგინეთ?…
მე წარმოვიდგინე…

სექტემბერი, ბულინგი და სხვა პრობლემები

0
ერთი კვირით ადრე პირველ სექტემბრამდე, სწორედ აგვისტოს მიწურულს, იწყებოდა ჩვენი ხეტიალი მშობლებთან ერთად ბაზრობებზე. თეთრი მაისურებისა და შავი ქვედაბოლოების ძებნა, შავი ლაკის ფეხსაცმელები  და ზოგჯერ, თეთრი ბოტასები, ახალი ზურგჩანთები და ახალი წიგნები. მახსოვს, მაშინ დიდად არ გვაღელვებდა  სხვებისგან განსხვავებული სამოსი შეგვეძინა, ისედაც ვიცოდით რომ ჩვენი ჩაცმულობა ვერ იქნებოდა განსხვავებული სხვა თანაკლასელებისგან. ყველაფერი ხომ ძალიან მწირი იყო იმ დროინდელ ბაზრობებზე და ჩვენც ერთი სურვილი გვამოძრავებდა, გვქონოდა რამე ახალი, განსხვავებებს დიდად აღარ დავეძებდით. მერე სახლში მოვაგროვებდით სამი გოგოს სასექტემბრო  ტანსაცმელს, ზოგსაც სკამებზე გადავფენდით და სულმოუთქმელად ველოდებოდით პირველ სექტემბერს. მგონი, ასე არცერთ დღეს არ გვიხაროდა სკოლაში წასვლა. და მაინც, ყველა სექტემბერი სხვადასხვანაირი იყო, ახალი  სასწავლო პროგრამით და მოლოდინებით, ახალი ემოციებით და ინტერესებით. პირველი სექტემბრის თავისებურება ისიც იყო, რომ  ყველას ძალიან გვიხაროდა სასწავლო წლის დაწყება და ამ დღეს არავინ გამოაკლდებოდა ხოლმე, ფრიადოსანი იქნებოდა თუ უფრო დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე. სექტემბერში იგეგმებოდა ახალი წესები, მაგრამ რატომღაც ვერასდროს მკვიდრდებოდა  ტრადიციად, რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ უკვე   ვივიწყებდით. ერთი ასეთი იყო : სექტემბრის დილას, დირექტორის მისალმების შემდეგ, ჩვენი სკოლის კლასები ჯგუფებად განლაგდა, მოვისმინეთ  ქვეყნის ეროვნული ჰიმნი, შემდეგ ფიზკულტურის მასწავლებელმა  მსუბუქი ტანვარჯიშის მოძრაობები გაგვაკეთებინა, მაგრამ ეს წესი როგორც აღვნიშნე ტრადიციად ვერ დამკვიდრდა. ამ ვარჯიშების დროს, ჩვენ – შედარებით უმცროსები,  შემალვით ვათვალიერებდით უფროს კლასელთა ჩაცმულობას, რომელთაც სულაც არ ეცვათ თეთრი მაისური და შავი ქვედაბოლო და  საერთოდაც, მათი ქცევები უფრო თავისუფალი და უფრო ლაღი იყო. ამას გარდა, სექტემბერს ახალი მოლოდინები ახლდა, ზოგჯერ იმედგაცრუებებიც, შეცვლილი მასწავლებლები და სკოლიდან გადასული კლასელები სხვადასხვა მიზეზთა გამო, ახალი საკლასო ოთახები და სკოლის მაღალი  სართულები. ზოგჯერ, ახალი კლასელი გვყავდა, მოკლედ მაინც ყველაფერი საინტერესო იყო ახალ სასწავლო წელს.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს უკვე არ ვიცი როგორი განცდებით ხვდებიან სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დასაწყისს, რამდენად ორიენტირებული და მიზანმიმართული არიან სწავლის პროცესზე, რა აღელვებთ და რა უხარიათ, როგორი  ურთიერთობები აქვთ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან.

მაშინ კი, აი ასე იწყებოდა სასწავლო პროცესი. პირველი დღეები შედარებით ლაღი და მხიარული იყო, უფრო თავისუფალი და ჩვენც დრო გქვონდა, ისევ თავიდან გვეზრუნა სასწავლო რეჟიმზე, დაგვევიწყებინა მხიარული ზაფხული და არდადეგები. გარდა, სასწავლო პროგრამის სირთულისა, სასწავლო პროცესს ბევრი სირთულე  და უხერხულობაც ახლდა, ერთ-ერთი კი  მასწავლებლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა და მათ მიმართ გაუცხოება იყო,  ის რაც სწავლის პროცესში ყველაზე დიდ და გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოქმნიდა. 
როცა, ჩემს სასკოლო წლებზე ვფიქრობ, ნამდვილად არ მეჩვენება ყველაფერი დრამატულად, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს, ბევრ ისეთ შემთხვევას ამოვიღებდი ჩემი მახსოვრობიდან, რომელმაც იმ დროს ტკივილი და შეურაცხყოფა მოგვაყენა და მრავალი წლის გასვლის შემდეგ, მაინც არ დაგვავიწყდა. მახსოვს,  როგორ მეწვოდა ზურგი, როცა კედელთან პირისპირ დამაყენეს და ზურგს უკან 30 -მდე თანაკლასელის თვალები და მზერა იყო მობჯენილი, მაშინ იმდენად პატარა და იმდენად “წესიერი” მოსწავლე ვიყავი, ეხლაც ვერ ვიხსენებ რის გამო დავისაჯე. ის შეგრძნება კი ნათლად მახსოვს – კედლის პირისპირ დარჩენილი, როგორ ვუსმენდი საკუთარ სუნთქვას, სირცხვილისგან მეწვოდა ზურგი და ველოდებოდი ზარის დარეკვას, რომ  ამ დამამცირებელი სასჯელის ვადა ამოწურულიყო. 
ბაკები შემდეგ აგვაწიწკნეს, კიდევ კარგი არავინ არ გამოგვარჩიეს და არცერთი დაგვინდეს, თორემ რა გადაგვატინენებდა კლასის წინაშე შერცხვენას. თან უკვე, მეშვიდე თუ მერვე კლასელები ვიყავით და ღირსების საკითხიც მეტ-ნაკლებად გვაშფოთებდა. ეს ამბავი  მთელმა კლასმა ერთად გადავიტანეთ, ახლა რომ მახსენდება მიკვირს, რომ არც კი გაგვიპროტესტებია, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ ძალიან გავუბრაზდით საკუთარ უსუსურობას და იმ მასწავლებელსაც, რომელმაც მართლაც უსამართლოდ დაგვსაჯა. შეიძლება მე ვფიქრობ, რომ უმასწავლებლოდ მიტოვებულ კლასში მოსწავლეების ხმაური არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ყველა  მერხს ჩამოუარო და მოსწავლეებს სათითაოდ ააწიწკნო თმები ყურებთან. ალბათ, ჩემს კლასელ გოგიტასაც ახსოვს გეოგრაფიის გაკვეთილი და თითებზე გადარტყმული რუქის წვეტიანი ჯოხისგან მიყენებული სიმწარე. ტკივილმა და სიბრაზემ ისე გაამწარა, რომ ჯოხი გადატეხა და კლასიდანაც გავარდა. ჩვენ კი, ყველას ძალიან შეგვეშინდა, ჩვენი გეოგრაფიის მოხუცი მასწავლებელი არ მომკვდარიყო, რადგან ძალიან ინერვიულა. ჩვენც ძალიან ვინერვიულეთ და საბოლოოდ, გეოგრაფიის გაკვეთილზე გული ავიცრუეთ.
ეს მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შესახებ ფაქტებია, რომელიც სამწუხაროდ ბევრი გვახსოვს, მაგრამ ისეთებიც იყო, რომელიც პირდაპირ ჩვენს თავმოყვარეობას და პატივმოყვარეობას უკაკუნებდა, ოჯახსაც გადაწვდებოდა და ბოლოს შეიძლება ჩვენს გარეგნობაზე ან ჩაცმულობაზეც გადაეკრათ სიტყვა. მაგალითად : “ეგ  “კასინკა” რას დაგიხურავს თავზე? დედაშენმა და  მამაშენმა იცის რა გაცვია?  შენ ოჯახში იზრდები?” და მრავალი, სხვა ასეთი.
ძალადობა  შეუქცევადი პროცესია. თუ მასწავლებელი ძალადობს რაიმე ფორმით მოსწავლეზე, შემდეგ მოსწავლეებიც ძალადობენ ერთმანეთზე, ერთ თანაკლასელს ამოიჩემებენ , დასცინიან მას, ხელითაც  ეხებიან.  მასწავლებელს კი სამწუხაროდ არ აქვს სათანადო რეაქცია, ხშირად ყურადღებასაც არ აქცევს მსგავს შემთხვევებს და გაკვეთილი ისე გრძელდება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, ეს კი ძალადობის ჯაჭვს უწყვეტს ხდის. საბედნიეროდ, არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ძალადობის შემთხვევებზე სათანადოდ რეაგირებენ, მაგრამ უმეტესწილად მოსწავლეთა შორის ძალადობა  არ აღიქმება სერიოზულ პრობლემად. ხშირად, გამიგონია ასეთი სიტყვებიც – “ეს თავად მოსწავლემ უნდა მოაგვაროს. ბავშვმა  უნდა დაარეგულიროს ურთიერთობები თანაკლასელებთან” და ა.შ 
როგორ შეიძლება დაიცვას თავი მოსწავლემ, თუ მას გამუდმებით თავს ესხმიან და ავიწროებენ  კლასში.  შემდეგ იგი დირექტორთან გარბის და მისგან, ადმინისტრაციის უმაღლესი იერარქისგან ელის  შველას. იქნებ, იქ  მაინც მიხვდნენ როგორი მტკივნეულია, როცა თანაკლასელი მთელი კლასის წინაშე გამცირებს და შენს დასაცავად არც თანაკლასელები და არც მასწავლებელი ხმას არ ამოიღებენ.  და როცა ასეთ შემთხვევებს, არც მასწავლებელი და არც დირექტორი, პრობლემად ვერ აღიქვამენ, ან ვერ ახერხებენ პრობლემის მოგვარებას, მაშინ ერთადერთი ხანგრძლივი ოცნება გრჩება, დროზე დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი.
ერთ დღეს, ჩემმა უმცროსმა დამ, მაშინ დაწყებითი სკოლის მოსწავლე იქნებოდა, თავის სკოლაში წაიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომლის ყდაზე  წერო და ბავშვები იყო გამოსახული. ეს ადაპტირებული გამოცემა იყო ბავშვის უფლებების შესახებ და იმ დროს, მოსწავლის მხრიდან მასწავლებელთან ამ თემაზე საუბარი ცოტა არ იყოს უზრდელობად აღიქმებოდა და საზოგადოებასაც, ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა ბავშვის უფლებების შესახებ. ჩემმა უმცროსმა დამ მასწავლებელს და კლასელებს გააცნო დეკლარაცია  და ესაუბრა ძალიან მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე, რომ არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს, დაჩაგროს ან დაამციროს ის. 
მალე, ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ეს მტკივნეული პრობლემები ისევ დადგება დღის წესრიგში. ძალადობასთან ბრძოლა, მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობა არ არის, თითოეულმა ადამიანმა  უნდა ვეცადოთ არცერთ ძალადობრივ ფაქტს არ ჩავუაროთ გულგრილად და ყოველთვის ვუთხრათ ჩვენს შვილებს, რომ სხვა ადამიანის ღირსება და პატივი ხელშეუხებელია.

ჯადოსნური სამყაროს საწყისები

0
„ყველაზე ამაღელვებელი ფრაზა, რომელიც მეცნიერებაში ახალი აღმოჩენების მაუწყებელია, „ევრიკა!” კი არ არის, არამედ „რა თავშესაქცევი რამაა!
აიზეკ აზიმოვი
2008 წელია. გემის ფორმის უზარმაზარ შენობაში დავდივარ, თავი ზღაპარში მგონია, თვალებგაფართოებული ვათვალიერებ მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანებს, ტორნადოებისა და მიწისძვრის კაბინეტებს, ხმის შემცვლელებს და ენერგიის გამომმუშავებელ ველოსიპედებს. ერთ დარბაზში თეთრხალათიანი ახალგაზრდები ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებენ, მეორეში პატარა რობოტებს ტესტავენ, მესამეში სხვადასხვა ფორმის საპნის ბუშტებს ბერავენ. შიგადაშიგ ამ უცნაურ ექსპონატებთან მოფუსფუსე ბავშვების აღტაცებული შეძახილები მესმის და გული მწყდება, რომ ჩემი ხუთი წლის ძალიან ცნობისმოყვარე შვილი აქ არ არის. დავდივარ და ვფიქრობ, როგორ მოვუყვე მას ამ ყველაფერს საქართველოში დაბრუნებისას. ეს ზღაპარი ამსტერდამშია – სამეცნიერო ცენტრი „ნემო”…

მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა, აშშ-ში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემი შვილი გაიზარდა და უმცროს ძმასთან ერთად „ნემოს” მსგავსი არაერთი სამეცნიერო ცენტრი და საბავშვო მუზეუმი უნახავს. განსაკუთრებით ბევრ დროს სენტ ლუისის სამეცნიერო ცენტრში ვატარებთ, რომელიც ჩვენი პატარა ქალაქიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
დღეს აშშ-ში ექვსასზე მეტი სამეცნიერო ცენტრი და საბავშვო მუზეუმი მოქმედებს. ზოგს უბრალოდ სამეცნიერო მუზეუმს ან ცენტრს უწოდებენ, ზოგს კი ზღაპრული სახელი ჰქვია: „ექსპლორატორიუმი” თუ „მაგიური სახლი”, „აღმოჩენების ცენტრი” თუ „ჯადოსნური ლაბორატორია”. საბავშვო მუზეუმები, ჩვეულებრივ, უფრო მცირე ასაკის ბავშვების გართობა-განათლებაზეა ორიენტირებული. სამეცნიერო ცენტრები კი მთელი საბადოა ნებისმიერი ასაკის ადამიანის გონებისთვის – რამდენი რამის შემეცნება შეიძლება აქ თამაშ-თამაშით: ფიზიკის კანონების გააზრება თუ მათემატიკური თეორემების რეალური ასახვა, სპირალურ კიბეზე განაწილებული სამყაროს ევოლუცია თუ რობოტების დაპროგრამება, დიდი აფეთქება უზარმაზარ წრიულ ეკრანზე თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მოდელი, კოსმოსური ხომალდის მოდელში ფრენის სიმულაცია თუ ასტრონავტების საკვების გასინჯვა, ტელევიზიის ოთახში სიუჟეტის ჩაწერა თუ თხევადი აზოტით ღრუბლის გამოშვება, მულტფილმის შექმნა თუ ლაზერულ არფაზე დაკვრა… არჩევანი უზარმაზარია. მუდმივ გამოფენებს წელიწადში რამდენიმეჯერ სხვადასხვა თემატიკის დროებითი ექსპოზიციები ემატება… ერთი დღე სულ პატარა სამეცნიერო ცენტრის დასათვალიერებლადაც კი არ გეყოფა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სამეცნიერო ცენტრს ასე მიმზიდველს ხდის, არის ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობასა და მათთან ინტერაქციაზე გათვლილი გამოფენები. სამეცნიერო მუზეუმების ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან იწყება, მაგრამ პირველი ინტერაქტიული საინჟინრო ექსპონატები დოიჩეს მუზეუმში გამოიფინა, რომლის სრული სახელწოდება იყო „საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების შედევრთა გერმანული მუზეუმი”. დოიჩეს მუზეუმი მიუნხენში გერმანელმა ინჟინერმა ოსკარ ფონ მილერმა დააარსა 1903 წელს. ფონ მილერის მიერ დაინტერესებულ მეცენატთა მცირე ჯგუფმა 260 000 მარკა მოაგროვა, მიუნხენმა კუნძული გამოყო, პრინცმა ლუდვიგმა ამ საქმის მეურვეობა ითავა და ასე დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო მუზეუმის მშენებლობა, რომელიც 1927 წელს, ფონ მილერის დაბადების 70-ე წლისთავზე გაიხსნა, მანამდე კი მიუნხენის სხვადასხვა მუზეუმის მიერ გამოყოფილ საგამოფენო დარბაზებში შეიძლებოდა ინტერაქტიული ექსპონატების დათვალიერება.

დღეს სამეცნიერო ცენტრებსა და საბავშვო მუზეუმებში არსებული ექსპონატების მხოლოდ მცირე ნაწილია მოთავსებული დამცავი მინის უკან, დანარჩენებს კი მოჰყვება ღილაკები, პედლები, ხრახნები, სარკმლები, საკეტები და საქოქები, რასაც მნახველი აუცილებლად უნდა შეეხოს, გახსნას, შეძვრეს და ჩაძვრეს, დაატრიალოს და ამოატრიალოს, დაშალოს, შეკრას, ააშენოს, ჩასვას, ააწყოს, ზედ იცეკვოს ან იხტუნაოს.

ალბათ, არ არსებობს ბავშვი, ვისაც აღტაცებაში არ მოიყვანს ნატურალური ზომის ტირანოზავრი, რომელიც თავს ხრის, პირს აღებს და ბღავის, ან ბუზის დეტალური მოდელი, რომლის საცეცებზე აძვრომა შეიძლება. ეს სფერული ოთახი ადამიანის თვალია. ამ პატარა კაბინის კარს თუ გაიხურავთ, ნამდვილ ქარიშხალში აღმოჩნდებით. ეგზოტიკური მწერებით სავსე შუშის ყუთში დერეფანი გამჭვირვალე სფეროთი მთავრდება, საიდანაც მიკროსამყაროს ფუთფუთს სულ ახლოდან დაინახავთ. მაგნიტური ჯოხის ერთი აქნევა და ნანონაწილაკები ცეკვას იწყებენ. პედლების სწრაფად დატრიალებისას ჭერამდე ასული რკინის ლაბირინთი ცოცხლდება და ბურთებს აბზრიალებს. ბავშვის მიერ დაპროგრამებული პატარა რობოტი მთვარის მსგავს ზედაპირზე გადის და ნიმუშები ბაზაში მიაქვს. დაუჯერებელი ოპტიკური ილუზიები იოლად აიხსნება გვერდზე მიწერილი ინსტრუქციების წაკითხვით. დიდ კოსმოსურ ოთახში კი ყველაფერია ასტრონავტების ცხოვრების შესახებ – კბილის პასტის მსგავს ტუბებში მოთავსებული საჭმლით დაწყებული, უწონადობაში დასაბანად განკუთვნილი ნიჟარებითა და აბაზანებით დამთავრებული.

იოლი წარმოსადგენია, რა ხდება ამ დროს ბავშვის გონებაში, რა სისწრაფით და რა ორგანულად იღებს ის ამ ინფორმაციას, საით მიქრის მისი წარმოსახვა, როგორ ითვისებს ღრმა და მნიშვნელოვან ცოდნას ყოველგვარი ძალდატანებისა თუ მოსაწყენი ზუთხვის გარეშე და, რაც მთავარია, როგორ იბადება ჩვენ თვალწინ სამეცნიერო ინტერესის პირველი წვეთი, რომელიც მომავალში შეიძლება აღმოჩენების წყაროდ იქცეს.

იქნებ ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ ეს. აი, ასე, დავხუჭოთ თვალები და ხელშესახებად დავინახოთ ჩვენი შვილების სიხარული და აღფრთოვანება ასეთ შენობაში ყოფნისას. იქნებ ჩვენი წარმოსახვის, ჩვენი მოლოდინის ენერგია ერთად შეიკრიბოს და ვინმემ, მდიდარმა ადამიანმა, კერძო კომპანიამ, რაიმე ორგანიზაციამ მორიგი ბიზნესპროექტის განხილვისას მოულოდნელად გადაწყვიტოს, რომ კიდევ ერთი რესტორნის, დაბადების დღის ცენტრის ან სამშენებლო ობიექტის ნაცვლად სამეცნიერო ცენტრი გახსნას თბილისში…

… ჩავრთოთ ამ პროექტში უნივერსიტეტები, სამინისტროები და კომპანიები; თავისუფალ დროს სტუდენტები დასაქმდებიან, ლექტორები შაბათ-კვირას საინტერესო ამბებს მოჰყვებიან, კავშირგაბმულობის კომპანიები თავიანთ კუთხეებს მოაწყობენ სიგნალის მართვისა და გადაცემის უხილავი ამბების ასახსნელად, სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებები პატარა ლაბორატორიებს მოაწყობენ კვლევების გასაცნობად და მარტივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, კერძო სკოლები თითო ექსპონატის მეურვეობას ითავებენ, სუპერმარკეტები ყიდვა-გაყიდვის სათამაშო კუთხეებს მოაწყობენ, ტელევიზიები წამყვანებისა და ოპერატორების ოთახებს შექმნიან, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები ვიზუალური დაპროგრამებისა და რობოტიქსის საწყისი ელემენტების სასწავლო გაკვეთილებს გაუძღვებიან, გეოსაინფორმაციო სისტემების კომპანიები და ტურისტული სააგენტოები ვირტუალური მოგზაურობის კუთხეებს შექმნიან, გამომცემლობები პლაკატებსა და სამეცნიერო ბიბლიოთეკაზე იზრუნებენ, სამხატვრო აკადემია ცენტრის გაფორმებას ითავებს, ბანკები ფულის ისტორიის კუთხეს მოაწყობენ, საგზაო დეპარტამენტი ხიდების მშენებლობის სათამაშო მოდელებს დადგამს, სამშენებლო კომპანიები კონსტრუქტორებს და მაკეტებს მოიტანენ… 

ოცნებამ გამიტაცა? რთული რეცეპტია? იშვიათი ოპტიმიზმის ადამიანი ვარ და ასე ვფიქრობ: თუ სადმე რამე გაკეთდა, იმავეს გაკეთება საქართველოშიც შესაძლებელია. ზუსტად ასე, პატარა ჯგუფების ინიციატივების საფუძველზე დაარსდა ამერიკული სამეცნიერო ცენტრების უმეტესობა, მერე კი შემოწირულობების, კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობის ხარჯზე გაფართოვდა. ჰოდა, თბილისში რატომ ვერ უნდა იმოქმედოს ამ მიდგომამ? რამდენიმე წელიწადში კი მეორე ცენტრი ბათუმში გაჩნდება, მესამე – ქუთაისში, მეოთხე – თელავში და აი, ასე ჩაისახება და გაფართოვდება ჯადოსნური სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ყველაზე უცნაური და ჭკვიანური თავგადასავლები გადახდებათ თავს.

სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის მოსწავლის სიზარმაცის ბრალი არ არის

0
თქვენი ბავშვი წერისას ბევრ შეცდომას უშვებს? ვერაფრით ახერხებთ ასწავლოთ გამართული კითხვა?

გამოსავლის მოძებნამდე ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ტიპის შეცდომებს უშვებს: ორთოგრაფიულს, რომლებიც გამოწვეულია მართლწერის წესების უცოდინრობით, თუ  „სულელურად” ტოვებს ასოებს (ერთი ასოს შეცვლა სხვა ასოთი და ა. შ.)  ან იქნებ, ის პრაქტიკაში ვერ იყენებს უკვე ნასწავლს წესებს? 

ბევრ სირთულეს, იმედგაცრუებასა და პრობლემებს ხვდებიან ასეთი მოსწავლეების მშობლები. ხშირად მშობლები და მასწავლებლებიც კი დაბალ აკადემიურ მოსწრებას  მოსწავლეთა სიზარმაცეს მიაწერენ და ამბობენ: „არ ინდომებს, არ უნდა სწავლა”, მაგრამ სპეციალისტები თვლიან, რომ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების 80% სულაც არაა გამოწვეული სიზარმაცით. მაშ რისი ბრალია? 

შევეცადოთ გარკვევას!

მშობლებსა და მასწავლებლებს აშფოთებთ წერითი თუ ზეპირი მეტყველების  შეცდომები, რადგან ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. წერისას დაშვებულ შეცდომებს ეწოდება დისგრაფია, ხოლო კითხვისას დაშვებულს – დისლექსია. მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მეტყველების ცალკეული კომპონენტის ან ყველა კომპონენტის დარღვევა, რომლებიც  არაა დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან.

ეს რომ ასეა და ასეთი ბავშვების ინტელექტი რომ ნორმაშია, თვალნათლივ დავინახავთ იმ უამრავი ცნობილი ადამიანის გახსენებით, რომლებიც სკოლაში ამავე პრობლემით იტანჯებოდნენ. მაგალითად:

შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჯორჯ ბუში. ის ურევდა სიტყვებს –  ტაქტილური და ტაქტიკური, ბარიერი და ტერიერი… ექიმები მიიჩნევდნენ, რომ დისლექსიის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ამერიკაში ასეთ ბავშვებს, ასევე ცაციებს, უბრალოდ თავს ანებებენ. (ძალიანაც ნუ დაღონდებით, თუ გამართულად ვერ წერთ: მეცნიერები ამბობენ, რომ დისლექსია, როგორც წესი, რომელიმე სხვა სფეროში გენიალურობის მაჩვენებელია).

ლეონარდო და ვინჩი წერდა და ხატავდა მარცხენა ხელით და დატოვა 7 ათასზე მეტფურცლიანი დღიური, რომელიც დაწერილია სარკისებური მეთოდით, რომლის ნორმალურად წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ სარკესში ან სინათლის საშუალებით. 

შვეციის მეფე კარლ გუსტავი არასდროს ამზადებს წინასწარ საჯარო გამოსვლის ტექსტს, რადგან უბრალოდ არ შეუძლია მისი დაწერა  და ეს სულაც არაა სიზარმაცის ბრალი.

ჰანს ქრისტიან ანდერსენი – თავდაპირველად რედაქტორები უკან უბრუნებდნენ მას ხელნაწერებს ისე, რომ ბოლომდეც არ კითხულობდნენ და კოპენჰაგენში დიდხანს დადიოდა ხმები „ ბრწყინვალე გაუნათლებელ ავტორზე”. ერთ გაზეთში წერდნენ: „ადამიანი , რომელიც ასე უდიერად ეპყრობა საკუთარ ენას, შეუძლებელია იყოს მწერალი”.  ეს თითქმის სიმართლეა-ზოგადად დისლექტიკები ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც კითხვასთან და წერასთან არ არის დაკავშირებული.

ინგვარ კამპრადი ( შვეციის მოქალაქე) : დამოუკიდებლად შექმნა ( არ შეეძლო ნორმალურად წერა და კითხვა) შემოსავლის წყარო: კომპანია «Ikea»

შემოსავალი: 31 მილიარდი დოლარი.

თომას ალვა ედისონი (1847 – 1931), გამომგონებელი.

მასწავლებლები მას სულელად მიიჩნევდნენ, რადგან ცუდად საუბრობდა, ცუდად წერდა და ვერაფერს იმახსოვრებდა. მიაჩნდათ, რომ მას საერთოდ არ შეეძლო მათემატიკის შესწავლა.

თომას ედისონი 12 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხეს. ის რომ სულიერად დაცემულიყო, ვერასოდეს გამოიგონებდა ფონოგრაფს, მსოფლიოში პირველ ხმის ჩამწერ ხელსაწყოს.  

აგატა კრისტი (1890-1976), დეტექტივების ავტორი.

ცნობილი ინგლისელი მწერალი, რომელმაც 80 წიგნზე მეტი დაწერა.  ყველასთვის ცნობილია, რომ პატარა აგატას ვერაფრით ასწავლეს წერა. ის იმდენ შეცდომას უშვებდა და ისე ნელა წერდა, რომ მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს და მან სახლში გააგრძელა განათლების მიღება. სიცოცხლის ბოლომდე ის ვერ ისწავლა გამართული წერა და უშვებდა უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომას. 

ალბერტ ეინშტეინი (1879 – 1955), ფიზიკოს-თეორეტიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ის მთელი ცხოვრება ცუდად წერდა და დიდი გაჭირვებით კითხულობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, აშშ-ს პრეზიდენტისთვის  მიეწერა წერილი, რომლითაც აფრთხილებდა იმ საშიშროებაზე, რასაც გამოიწვევდა ფაშისტური გერმანიის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. 

ლინდონ ჯონსონი (1908-1973), აშშ-ს ოცდამეთექვსმეტე პრეზიდენტი. 

ჯონსონი გამოირჩეოდა სხარტი გონებით, დიდი ცოდნითა და ცუდი წერის უნარით. გადმოცემის მიხედვით, ჯონსონი მის მიერ წაკითხულ ანგარიშებზე წერდა О.К.-ს, რაც აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც «ყველაფერი სწორია». გამართულ ინგლისურ ენაზე ეს სიტყვა იწერება ასე – «All correct». დღემდე ეს  «О.К!» დარჩა და მიღებულია, როგორც ამერიკანიზმის პირველი ნიშანი. 

პეტრე I აბსოლუტურად გაუმართავად წერდა.  როგორ არ ეცადნენ მისი მასწავლებლები, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიეს. პეტრე I საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სიტყვაში გამორჩენილ ასოებს. 

ბევრ ნიჭიერ ადამიანს ასეთი ნაკლის გამო ბავშვობაში სულელებად მიიჩნევდნენ. ელექტრონული ნათურის გამომგონებელი თომას ედისონი და ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი მაიკლ ფარადეი ერთდროულად იყვნენ დისლექტიკებიც და დისგრაფიკებიც. ედისონი 12 წლის ასაკში სკოლიდანაც კი გარიცხეს… ალბერტ აინშტაინსაც კი სულელად თვლიდნენ სკოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად წერდა და კითხულობდა…

ცნობილი სამოსნები

ისააკ ნიუტონი (1643-1727) – უდიდესი ფიზიკოსი, მიზიდულობის კანონის აღმომჩენი, კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა, ვიდრე ამხანაგმა არ სცემა. ამის შემდეგ ნიუტონმა მისი დამარცხება დაისახა მიზნად სწავლაშიც და ჩხუბშიც და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ის კლასში პირველი მოსწავლე იყო.  

ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821) – ფრანგი იმპერატორი და დიდი მთავარსარდალი. მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა. 

ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898) – გერმანიის იმპერიის კანცლერი. გააერთიანა გერმანია, თუმცა ბავშვობაში ძალიან ცუდად სწავლობდა. 

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827) – ცნობილი კომპოზიტორი. სწავლობდა ცუდად, წერდა შეცდომებით. ცხოვრების ბოლომდე ვერ ისწავლა მიმატება და გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. 

ალექსანდრე დიუმა-მამა (1802-1870) – დიდი ფრანგი მწერალი. ვერაფრით ისწავლა გამრავლება და გაყოფა.

სერგეი კარალიოვი (1906/07-1966) – მეცნიერი და კონსტრუქტორი. მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრი, კოსმოსური ხომალდები “Восток” და”Восход”. იყო სამოსანი მოსწავლე.

ვლადიმირ მაიაკოვსკი (1993-1930) – პოეტი. ისე ცუდად სწავლობდა, რომ „ანა კარენინა” ბოლომდეც კი ვერ წაიკითხა, რითაც ამაყობდა კიდეც. 
სხვადასხვა შეცდომებს წერისას ის ბავშვებიც უშვებენ, რომლებიც არ არიან დისგრაფიკები. თუმცა მხოლოდ დისგრაფიკების შეცდომები ატარებენ განმეორებით ხასიათს. 

ყველაზე მეტი დისგრაფიკული შეცდომა კარნახში გვხვდება. ეს შეიძლება გადაწერითაც იყოს გამოწვეული.

დისგრაფიკულ შეცდომები ლოგოპედური ბუნებისაა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გამოასწოროს. მაგრამ ვიყოთ რეალისტები: ლოგოპედები არ გვყავს ყველა სკოლაში. ამიტომაც ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და რეკომენდაციას, რომლებიც გამოგადგებათ ასეთ ბავშვებთან მუშაობისას.  
დისგრაფიკული შეცდომები და დისგრაფიკი ბავშვის დახმარება.

  

როგორ მოვიქცეთ?

განვავითაროთ მეტყველების ფონემური მხარე.

გამოვასწოროთ ოპტიკური შეცდომები, რომლებსაც საფუძვლად უდევს მხედველობითი აღქმის დარღვევა. ბავშვები ურევენ ასოებს, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად: ბავშვი ვერ ხედავს ვერანაირ განსხვავებას : ს – ხ, ხ – ძ, შ – წ, ჭ – ჯ-ს  წერისას.

როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები? ბავშვს განვუვითაროთ სივრცეში ორიენტაცია და მხედველობითი ანალიზატორი. თუ ბავშვი ჯიუტად ურევს ერთმანეთში ბგერებს, რთულად იმახსოვრებს ასოებს, მაშინ შეიძლება პრობლემური ასოები პლასტილინისგან გამოვძერწოთ,  კონსტრუქტორ „ლეგოს” დახმარებით ავაწყოთ სიტყვები, ამოვქარგოთ, დავხატოთ ქაღალდსა და თოვლზე და ა. შ. აუცილებელია, ამის შემდეგ მიღებული შედეგები შევადაროთ ასო-ბგერებს. შეიძლება ბავშვს დახუჭული თვალებითა და ხელის შეხებით ამოვაცნობინოთ ასოები, ასევე შევთავაზოთ ხელისგულზე მოხაზვით  დაწერილი ასოების გამოცნობა. ვთხოვოთ, აღწერონ რომელიმე ასო გარეგნულად (მასწავლებელი აღწერს-ბავშვები ცდილობენ ამოცნობას, შემდეგ თავად აღწერენ რომელიმე ასო-ბგერას). ჩავრთოთ თამაშში „ვაქციოთ სხვა ასოდ”, რამდენიმე არასწორად დაწერილი ასოებიდან ვაპოვნინოთ ერთი სწორად დაწერილი, მოვაძებნინოთ სხვადასხვა სურათებში, გეომეტრიულ ფიგურებში დამალული ასო-ბგერები…

რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც ბავშვს დისგრაფიისგან თავის დახწევაში დაეხმარება: 

1. ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში (მეტი დაუშვებელია) ნებისმიერი სახის ტექსტში (საგაზეთო სტატიის გარდა) გაუხაზეთ ასოები. უნდა დაიწყოთ ერთი რომელიმე  ხმოვნით, შემდეგ გადახვიდეთ თანხმოვანზე. ვარიანტი უამრავი შეიძლება იყოს. მაგალითად: გაუხაზეთ ასო-ბგერა ა, ხოლო ასო-ბგერა ო შემოუხაზეთ, შეიძლება მისცეთ წყვილი თანხმოვნები ან ის ასო-ბგერები, რომლის წარმოთქმისასაც მოსწავლეს პრობლემები ექმნება. მაგალითად: რ-ლ, ს-შ და ა. შ. 

ასეთი 2–2,5 თვიანი მეცადინეობის შემდეგ (მაგრამ პირობით – ყოველდღიურად და არაუმეტეს 5 წუთისა!) წერის უნარი უმჯობესდება. 

2. ყოველდღიურად აწერინეთ კარნახი ფანქრების გამოყენებით. პატარა ტექსტები ბავშვს არ დაღლის და ის ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს (რაც ძალიან გაახარებს). აწერინეთ 150 – 200 სიტყვიანი ტექსტები და შეუმოწმეთ. ტექსტში ნუ შეასწორებთ შეცდომებს. უბრალოდ მონიშნეთ რვეულის მინდორზე მწვანე, შავი ან იისფერი ფანქრით (არავითარ შემთხვევაში წითელი ფანქრით!), შემდეგ ნაწერი დაუბრუნეთ მოსწავლეს შესასწორებლად. ბავშვს ექნება შესაძლებლობა, რომ კი არ გადახაზოს შეცდომით დაწერილი ასოები, არამედ წაშალოს და მართებულად დაწეროს. მიზანი მიღწეულია: შეცდომებს თავად მოსწავლე პოულობს, ასწორებს და ტექსტიც უშეცდომოდ გამოიყურება.

3. მიეცით ბავშვს პატარა ტექსტი ნელა, ხმამაღლა გამომეტყველებით წასაკითხად და გადასაწერად. 

როდესაც ბავშვს ამეცადინებთ, გახსოვდეთ რამდენიმე ძირითადი წესი: 

oმეცადინეობის განმავლობაში ბავშვისთვის აუცილებელია კეთილგანწყობილი ატმოსფერო და დამოკიდებულება. უამრავი ცუდი ნიშნის, მშობლების მხრიდან არასასურველი საუბრების შემდეგ მან უნდა მიიღოს თუნდაც პატარა, მაგრამ წარმატების განცდა. 
oუარი თქვით ბავშვის სწრაფად კითხვის უნარის შემოწმებაზე.
oგახსოვდეთ, არასოდეს მისცეთ ბავშვებს სავარჯიშოდ ისეთი ტექსტები,რომელშიც შეცდომებია დაშვებული. 

4.მიდგომას – მეტი კითხვა და წერა – შედეგი არ მოაქვს. 

უმჯობესია გააკეთოს ცოტა, მაგრამ  ხარისხიანად. ნუ წააკითხინებთ დიდ ტექსტებს და ნუ დააწერინებთ დიდ კარნახებს. დასაწყისში უნდა იმუშაოთ ზეპირი მეტყველების გაუმჯობესებაზე. დიდი კარნახების წერისას დაშვებული უამრავი შეცდომა ბავშვის მეხსიერებაში მხოლოდ უარყოფით გამოცდილებად დაფიქსირდება.
5. ზედმეტად ნუ შეაქებთ პატარა მიღწევებისთვის. უმჯობესია, არ უსაყვედუროთ და არ დაადარდიანოთ, როდესაც რაღაც არ გამოუვა. 

  6. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციები ბავშვისთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს: არ გაბრაზდეთ, არ გაღიზიანდეთ, ზედმეტად არ გამოხატოთ სიხარული. 
პ.ს. ამ პრობლემამ მუშაობის დაწყებისთანავე დამაფიქრა. მეგონა, მოსწავლის ცუდად წერისა და კითხვის უნარი გამოწვეული იყო მისივე სიზარმაცით და თავის დროზე (დაწყებით კლასებში) მასწავლებლისა და მშობლის არასათანადო მუშობით (რა თქმა უნდა, ზოგიერთ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით ეს ასეც არის, ყველა არაა დისგრაფიკი და დისლექტიკი). ჩემზე გამოცდილი პედაგოგებიც მიიჩნევდნენ, რომ ცუდად კითხვისა და წერის უნარი ბავშვების სიზარმაცის ბრალი იყო, მეც დავიწყე სავარჯიშოების მიცემა საკითხავად და საწერად, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე, მდგომარეობა უფრო გავაუარესე: ბავშვებს აღარ უნდოდათ სკოლაში მოსვლაც კი. ამასთან ვამჩნევდი, რომ ჩვეულებრივ საუბარში უპრობლემოდ მეტყველებდნენ თანატოლებთან და სხვა საგნებსაც მშვენივრად ითვისებდნენ.  მაშინ მივხვდი, რომ რაღაც სხვა იყო მიზეზი და გამოსავალი სხვაგან უნდა მეძებნა. ამ ძებნამ „აღმომაჩენინა”  ეს ფენომენები: დისგრაფია და დისლექსია… 

უამრავი სამეცნიერო სტატიის გაცნობის შემდეგ მსურს გითხრათ ყველას – ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც:

უპირველეს ყოვლისა ნუ შეგეშინდებათ ნურც სიტყვის (დისგრაფიის) და ნურც იმის, რაც მის უკან დგას. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ თქვენი შვილი ისეთი არაა, როგორიც ყველა. მით უფრო, რომ დღეს მოდური აღარაა იყო ისეთი, როგორიც ყველაა (ეს ხუმრობით). დისგრაფია ავადმყოფობა არაა. ეს წესია. სხვანაირი, გამონაკლისი. ეს არ არის დეფექტი. ეს არის უკვე კარგად დავიწყებული შიში მასწავლებლის, სქელი წიგნის, გადაჯღაბნილი რვეულის და 24-ხაზიანი საზეპირო ლექსის მიმართ, რომელიც მეორე დღისთვის აუცილებლად ზეპირად უნდა გცოდნოდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.dyslexia.ru/
https://dic.academic.ru/dic.nsf/ruwiki/325945
https://www.logoped.ru/nar06.htm
1. Друбачевская И. “Избавимся от двоек”.
2. Самоукина Н.В. “Игры в школе и дома”.
5. Локалова Н.П. “Как помочь слабоуспевающему школьнику”.
6. Т.Д. Марцинковская “Диагностика психического развития детей”.
7. А.Ф. Ануфриев, С.Н. Костромина “Как преодолеть трудности в обучении детей”.
რუსუდან გონაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

რობერტ კიოსაკის „ორი მამის“ მეტაფორა

0
ცოდნა, რომელიც საგნის მიღმაა
კიოსაკიმ ჩემი ყურადღება მეტაფორებით მიიპყრო, რაკი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერს მეტაფორების სათვალით ვხედავ. ერთი უტყუარი სემიოტიკური ნიშანი, რომელიც აღმოვაჩინე, ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც წერაში, მეტყველებაში და საუბარში მეტაფორებს არ მიმართავენ, არ არიან შემოქმედებითები და საინტერესოები, რადგან მათ ჰყოფნით სალექსიკონო სიტყვები აზრის გამოხატვისთვის… რაც სინამდვილეში, სტანდარტულ და სტერეოტიპებით მოაზროვნე ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს. შესაბამისად, ყველა ვინც აზრის გამოთქმისას ანალოგიის ამ შემოქმედებით ფორმას, მეტაფორას, მიმართავს, უკვე საინტერესოა. 

არა და, საუბარი ეხება ფულს… დიახ, დიახ, ფულს… ჩვენ ყოველთვის გვიყვარს საუბარი მაღალ მატერიებზე, სულზე, სულიერებაზე, პოეზიაზე, მხატვრობაზე, თეატრზე და არასდროს ვსაუბრობთ ფულზე… ფული ეს ის არის, რაც „ბინძურია”, რაც „ადამიანს აფუჭებს…”; უფრო მეტიც, ადამიანებს ფულის შიში აქვთ, როგორც რამ ეშმაკეულის… არა და, ფული, ისევე, როგორც ძალაუფლების სხვა ფორმები, მხოლოდ ადამიანთა ბუნების გამოვლენის საშუალებაა და, ასეთ შემთევევაში, შიში რასაც ნიშნავს, ალბათ გასაგებია მკითხველისთვისაც.

მე ვფიქრობ, რომ სამყაროში საგნები სულიერებად და მატერიალურებად არ განიყოფებიან… დედამიწაზე, მატერიალურ სამყაროში, ყველაფერი ფორმაა, იდეის ფორმა, მთავარია, როგორ და რა იდეას ვდებთ ამა თუ იმ ფორმაში, თორემ ყველაზე უფრო „სულიერი” საგანიც შეიძლება ყველაზე „მატერიალური” აღმოჩნდეს. ისევე, როგორც პოეზიაში ნებისმიერი საგანი ან მოვლენა შეიძლება გამოდგეს პოეზიის ფაქტად, მოვლენად… მთავარია, იმ კონკრეტულ კონტექსტს როგორ მოარგებ. არ შეიძლება ვთქვათ, რომ მთავრე და აყვავებული ალუბლები უფრო პოეტურია, ვიდრე კარტოფილის ამოღება. აქ თქვენ აუცილებლად გაგახსენდებათ ბესიკ ხარანაულის მშვენიერი ლექსი „კარტოფილის ამოღება”. იმის თქმა მინდა, რომ მოგვიწევს დავარღვიოთ სტერეოტიპი: „ფული აფუჭებს”, იმის მიუხედავად, რომ ის ძალიან ბევრს მართლაც „აფუჭებს”.

ამ შესავლის შემდეგ ისევ კიოსაკის და ფულს დავუბრუნდები. კიოსაკი ასწავლის, როგორ გამდიდრდნენ ადამიანები და ამ დროს მისი საუბარი და დიალოგები ბრძენთან საუბარს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს, რომელიც ფულზე გელაპარაკება…  კიოსაკი ამბობს, რომ ფული ილუზიაა…  რომ ადამიანები უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას, როცა ისინი „ფულისთვის მუშაობენ”… სინამდვილეში კი უნდა იყოს პირიქით… როცა ამას ვკითხულობ კიოსაკის წიგნში ან ვუსმენ, ვატყობ, რომ „ფული” შეგიძლია ნებისმიერი სხვა რამით ჩაანაცვლო და ხელთ რაც შეგრჩება, ეს არის სიბრძნე… ღრმა ფიქრისა და ანალიზის შემდეგ ადამიანის გონებას აქვს თვისება, რომ გააღწიოს მის მიღმა… ილუზიაა ფული… დიახ… და სხვა რომელ საგანზე არ შეგვიძლია ვთქვათ იგივე…? 

მთავარი სხვაა: იმას, რასაც აკეთებ, უნდა აკეთო ძალიან ღრმად… მხოლოდ ეს მოგცემს საშუალებას, გასცდე  ფორმას და მოიპოვო ის ცოდნა, რომელიც საგნის მიღმაა…
„ღარიბი მამა” და „მდიდარი მამა”
მაშა ასე: რობერტ კიოსაკის ორი მეტაფორა: „ღარიბი მამა” და „მდიდარი მამა”. კიოსაკის ამ სათაურით წიგნიც აქვს გამოცემული (რომელიც, სხვათაშორის, ქართულადაც უთარგნიათ). ეს მხოლოდ წიგნის სათაური არ არის, ეს არის კიოსაკის აზროვნების სტილი: კონტრასტების საშუალებით დაგანახოთ განსხვავება, რათა შეძლოთ არჩევანი, ქმედითი არჩევანი… რადგან უმოქმედო არჩევანი საერთოდ არ არის არჩევანი; დიახ და ამ შემთხვევაშიც რუსთაველი უცილობლად გამომადგება: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა”. კიოსაკი კი იტყვის: „მოქმედება ყოველთვის ამარცხებს უმოქმედობას”.

როგორც კიოსაკი განმარტავს, ღარიბი და მდიდარი მამის მეტაფორებს რეალური პიროვნებებიც შეესაბამება. „ღარიბ მამაში” იგი საკუთარ მამას, ფილოსოფიის დოქტორს და პედაგოგს მოიაზრებს, რომელიც სახელმწიფო სამსახურშია (ეს სამსახური მაღალანაზღაურებადია და სიტყვა ღარიბს ასევე მეტაფორულად შეესაბამება), ხოლო „მდიდარ მამაში” თავისი მეგობრის მილიონერ მამას. ერთის შეხედულებები ტრადიციული და სტერეოტიპულია, ხოლო მეორის _ ყოველთვის განსხვავებული და საპირისპირო… მათი იდეების დაპირისპირებით საკუთარ თავს და მსმენელსაც კიოსაკი არჩევანს სთავაზობს…

რობერტი ერთსა და იმავე კითხვას უსვამს ღარიბ და მდიდარ მამას. მაგალითად: რა არის ყველაზე დიდი ინვესტიცია? ღარიბი მამა პასუხობს, რომ ყველაზე დიდი აქტივი _ ეს არის შენი სახლი; ხოლო მდიდარი მამის პასუხია: თუ შენი სახლი ყველაზე დიდი ინვესტიცია გგონია, მაშინ შენ სერიოზული პრობლემები გაქვს…
_მამა, მოდი რა, ეს ვიყიდოთ?

ღარიბი მამა: _ არ შემიძლია, ამის უფლება მივცე ჩემს თავს.
მდიდარი მამა: _ მოდი, ვიფიქროთ, ეს როგორ გავაკეთოთ…
_ მამა, მილიონერი მინდა გავხდე.
ღარიბი მამა:  _ შენ ვერასდროს გახდები მილიონერი.

მდიდარი მამა: _ არასდროს არ თქვა, რომ რაღაც არ შეგიძლია, შენს თავს ჰკითხე: როგორ შემიძლია, ეს გავაკეთო?
მე ორივე მამა მიყვარდა, _ ამბობს კიოსაკი, ორივეს ჩემთვის ბედნიერება სურდა, მაგრამ განსახვავებული გზებით… ამ გზებზე და გზის არჩევაზე კიოსაკი ძალიან ბევრს ფიქრობდა და ამასვე ურჩევს იგი სხვებს. 
არასდროს არ თქვათ სიტყვა” „არ შემიძლია” _ ეს უბრალო სიტყვა არ არის, ეს აზრია, რომელიც ურთიერთქმედებაში შედის რეალობასთან და თქვენს ტვინს აიძულებს, რომ გაჩერდეს და არ ეძებოს გამოსავალი…

გამოსავლის ძიებაში კიოსაკი ბევრს ფიქრობდა, ეძიებდა… წიგნში ცალკე ნაწილად აქვს გამოყოფილი პატარა თავი: გაკვეთილი რობერტ ფროსტისგან. ფროსტი მისი საყვარელი ავტორია და მის ლექსში გამოხატული აზრი სრულიად შეესაბამებოდა მის ძიებებს:

Robert Frost
The Road Not Taken
TWO roads diverged in a yellow wood, 
And sorry I could not travel both 
And be one traveler, long I stood 
And looked down one as far as I could 
To where it bent in the undergrowth;       
  
Then took the other, as just as fair, 
And having perhaps the better claim, 
Because it was grassy and wanted wear; 
Though as for that the passing there 
Had worn them really about the same,        
And both that morning equally lay 
In leaves no step had trodden black. 
Oh, I kept the first for another day! 
Yet knowing how way leads on to way, 
I doubted if I should ever come back.      
I shall be telling this with a sigh 
Somewhere ages and ages hence: 
Two roads diverged in a wood, and I— 
I took the one less traveled by, 
And that has made all the difference.

ქართულად ეს თარგმანი მოვიძიე, რომელიც ალბათ საუკეთესო არ არის, მაგრამ ძირითად აზრს მაინც ინარჩუნებს:
რობერტ ფროსტი
 
გზა რომელიც არ ამოირჩიეს
ყვითელი ტყეა და გზა გზას ასცდა,
თანაც ორივე თავისკენ მიწვევს,
რადგან ვარ მარტო, მჭირდება დაცდა,
რომ კარგად ვნახო, თვალიც თუ გამწვდა.
სავალად რომლის არჩევა მიწევს
და ვირჩევ ერთ-ერთს, რომელმაც თითქოს
მომთხოვა მეტად წაყოლა მისი,
სიმწვანეც თავის გაკვალვას ითხოვს,
თუმცა მეორეც, კაცმა რომ მკითხოს,
არ უნდა იყოს ნავალი სხვისი.
და გზაც ორივე სერავენ რა ტყეს,
ჩანან მწვანეში ფრიად უვნებლად,
ოხ, ამ გზას რასაც წავყევი ამ დღეს,
არ ვიხმარ უკან დასაბრუნებლად.
და ვიმეორებ, დღეა თუ ღამე,
რომ სანამ მოსვლას სიკვდილის ველი,
ორი გზა გადის ამ ტყეში და მე
მივდევ მას, რაზეც არ მოსჩანს რამე
და ეს აღმოჩნდა სხვაობა მთელი.
თარგმნა კოტე ყუბანეიშვილმა
რობერტ კიოსაკი და კენ რობინსონი თანამედროვე განათლების სისტემის შესახებ
კიოსაკი თანამედროვე განათლების შესახებ იმავეს ამბობს, რასაც კენ რობინსონი. იმის მიუხედავად, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ სფეროებს ეკუთვნიან, ორივე პროგრესულია და კარგად ხედავს, რომ ასეთი განათლებით თაობები შორს ვერ წავლენ. „სისულელეა იმის დაშვება, რომ თანამედროვე განათლების სისტემა თქვენს შვილებს რეალური ცხოვრებისათვის მოამზადებს. თითოეულ ბავშვს ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი და განსხვავებული განათლება. დღეს ყველაზე საშიში რჩევა, რომელსაც თქვენს შვილებს მისცემთ, არის: „წადი სკოლაში, მიიღე კარგი განათლება, მოძებნე მაღალანაზღაურებადი სამსახური” _ ეს მოძველებული რჩევაა (რობერტ კიოსაკი). ეს რჩევა იმიტომ არ გამოდგება, რომ, კიოსაკის აზრით, სკოლები ზრდიან მომსახურეებს და არა სამსახურების შემქმნელებს. სკოლებში არ არსწავლიან ბავშვებს, რა არის ფული და როგორ შეიძლება მისი მოპოვება. ეს თემა ტაბუირებულია; 
ხშირად მეკითხებიან, ამბობს კიოსაკი, _ : “თუ არ არის საჭირო ფული, რომ ფული ვაკეთოთ, და სკოლაში არ გვასწავლიან, როგორ გავხდეთ ფინანსურად და მატერიალურად თავისუფალი, მაშინ, აბა, რა მოგვეთხოვება?”

ჩემი პასუხი ასეთია: მოგეთხოვებათ ოცნება და დიდი გამბედაობა. სწრაფად მოქმედებებისა და სწავლის მზადყოფნა. და უნარი სწორად გამოიყენოთ ღვთის მიერ ბოძებული შესაძლებლობები და პიროვნული აქტივები. (წიგნიდან “ფულის ნაკადის კვადრანტი”).

კენ რობინსონი ერთ-ერთი ლექციის დროს (როგორ დავაღწიოთ თავი განათლების სიკვდილის ხეობას) ასეთ არაჩვეულებრივ ამბავს ჰყვება და საინტერესო მეტაფორას ქმნის: 

ჩემი საცხოვრებლიდან არც ისე შორს, არის ადგილი, სახელად „სიკვდილის ხეობა”, ეს ყველაზე ცხელი და მშრალი ადგილია ამერიკაში. იქ არაფერი იზრდება, არაფერი იზრდება, რადგან არასდროს წვიმს. 2004 წლის ზამთარში მოულოდნელად იწვიმა ხეობაში, მსხვილი წვეთები ცვიოდა მცირე ხნით. 2005 წლის გაზაფხულზე სასწაული მოხდა: სიკვდილის ხეობის მთელი მიდამო დაიფარა ყვავილებით. რას ამტკიცებს ეს? ეს ამტკიცებს, რომ „სიკვდილის ხეობა” არ არის მკვდარი, უბრალოდ, თვლემს. ზუსტად ზედაპირის ქვეშ არის შესაძლებლობების მარცვლები, რომლებიც ელოდებიან შესაბამის პირობებს, რომ გამოჩნდნენ და ორგანული სისტემით თუ პირობები ზუსტია, სიცოცხლე გარადაუვალია, ის ყოველთვის მიმდინარეობს… იღებ ერთ ადგილს: სკოლას, უბანს… ცვლი პირობებს, აძლევ განსხვავებულ საშუალებებს და განსხვავებულ მოლოდინს, სთავაზობ მოქმედების თავისუფლებას, ეხმარები, იყვნენ ინოვაციურები იმაში, რასაც აკეთებენ და სკოლები, რომლებსაც აკლდა ეს, ივსებიან სიცოცხლის წყურვილით. 

კენ რობინსონის მიხედვით, ჭეშმარიტი როლი განათლების ლიდერობაში არ არის და არც უნდა იყოს ბრძანება და კონტროლი. ლიდერობის მთავარი როლი არის კლიმატის კონტროლი, შესაძლებლობების კლიმატის შექმნა.

საუბრის ბოლოს იგი ბენჟამენ ფრანკლინის გამონათქვამს იმოწმებს და მეც ამით დავასრულებ: 

მსოფლიოში არსებობს სამი სახის ადამიანი: ის, ვინც უძრაობაშია _ ადამიანი, რომელიც ვერ იგებს და არც უნდა გაიგოს; ის ვინც მოძრაობაშია _ ვინც ხედავს ცვლილებების საჭიროებას და ის, ვინც ამოძრავებს…

თუ შევძლებთ მეტი ადამიანის წახალისებას მოძრაობისკენ, ისინი შექმნიან ერთ დიდ მოძრაობას და თუ ეს მოძრაობა საკმარისად ძლიერი იქნება, ეს იქნენა სიტყვა „რევოლუციის” საუკეთესო აღქმა _ ეს არის ის, რაც გვჭირდება!

პედაგოგიური ამოცანები გადაჭრის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

0
მასწავლებლის პროფესიული ოსტატობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად წარმატებულად შეუძლია მას გადაჭრას მის წინაშე წამოჭრილი პრობლემები, ანუ   პედაგოგიური ამოცანები. 

ტერმინი “ამოცანა” გამოიყენება სხვადასხვა მეცნიერებაში და ის განიმარტება  არაერთმნიშვნელოვნად, არაცალსახად. 

პედაგოგიკაში გამოყოფენ პედაგოგიურ ამოცანათა სამ დიდ ჯგუფს:

კარლ როჯერსი-კითხვები, რომლებსაც დავუსვამდი საკუთარ თავს, მასწავლებელი რომ ვიყო

0

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში კარლ როჯერსის იდეები კოლოსალურ გავლენას ახდენდნენ თანამედროვე განათლების მეთოდებსა და პრაქტიკაზე.. მან შექმნა სწავლების საკუთარი კონცეფცია-პიროვნებზე ცენტრირებული ალტერნატიული პედაგოგიკა. იგი გამოდის ტრადიციული პედაგოგიკის ზოგიერთი მიდგომის წინააღმდეგ და ყურადღებას ამახვილებს სწავლების პროცესში გააზრებული შესწავლის მიზნით განხორციელებულ ფასილიტაციაზე. ფასილიტაცია, როჯერსის აზრით, არის მოსწავლისათვის სწავლის პროცესის შემსუბუქება და სტიმულირება. ეს ნიშნავს საკლასო ოთახში ემოციური და ინტელექტუალური გარემოს, ასევე პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ატმოსფეროს შექმნას. იგი განიხილავს მასწავლებელ-ფასილიტატორის სამ ძირითად მახასიათებელს: 1. მასწავლებლის “კონგრუენტულობა”, ანუ მისი “ნამდვილობა”. იგი გულისხმობს, რომ მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში. 2. “ნდობა”, “მიღება”, რაც ნიშნავს მასწავლებლის შინაგან თავდაჯერებულობას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარებში, მათ უპირობი მიღებას,. 3. “ემპათიური გაგება”. ეს არის მასწავლებლის უნარი დაინახოს თითოეული მოსწავლის შინაგანი სამყარო. თუკი ეს 3 აუცილებელი შემადგენელი არ არსებობს, მასწავლებელი, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნებაზე.

გთავაზობთ კ.როჯერსის ერთ-ერთი გამოსვლიდან მცირე, მაგრამ მეტად საინტერესო ნაწილს:

მომმართეს თხოვნით, გამოვსულიყავი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სახელით და მომეთხრო, თუ რისი მიცემა შეგვიძლია დღეს ჩვენ იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც, როგორც წესი,”ნიჭიერებს”, “ტალანტებს” ვუწოდებთ. თუმცა ის, რასაც დღეს ვიტყვი, შეეხება ყველა ბავშვს. დარწმუნებული ვარ, რომ თითეული ბავშვი ფლობს შემოქმედებითი შესაძლებლობების უდიდეს გამოუმჟღავნებელ პოტენციალს. არ გამოვრიცხავ, რომ დარბაზში მყოფთ გაუმართლათ და მუშაობენ ისეთ ბავშვებთან, რომელთაც უფრო მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნიათ, ვიდრე სხვებს.

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მზადაა გამოთქვას მოცემული პრობლემის შესახებ რაიმე ძალიან სასარგებლო. არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი და არც უნივერსიტეტის სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამრიგად, არ ვიცი ის სიტუაცია, რომელსაც თქვენ პირისპირ ეჯახებით ყოველ დღე საკლასო ოთახში. ამიტომ, მე ავირჩიე შემდეგი გზა: შევეცადე წარმომედგინა, თუ რა კითხვებს დავუსვამდი საკუთარ თავს, ნიჭიერი ან სრულიად ჩვეულებრივი ბავშვების მასწავლებელი რომ ვიყო.

კითხვა პირველი. რას ნიშნავს იყო ბავშვი, რომელიც “არა პროგრამით”, არამედ თვითონ, დამოუკიდებლად სწავლობს რაიმეს.

ეს არის პირველი კითხვა, რომელსაც მე დავუსვამდი საკუთარ თავს ბავშვებთან მისვლამდე. გავიხსენე ჩემი ბავშვობა, სიტუაცია, როცა მე თვითონ ვსწავლობდი შემოქმედებითად. 13 წლის ასაკში შემთხვევით ხელში ჩამივარდა წიგნი ღამის პეპლების შესახებ. ამავე დროს, ყურადღება მივაქციე ძალიან ლამაზ ღამის პეპელას, რომელსაც მწვანე ფრთებზე წითელი კანტები ჰქონდა. დღემდე თვალწინ მიდგას ის პეპელა ისეთი, როგორც მაშინ, ბავშვის თვალით დანახული- მწვანე ოქროთი მობრჭყვიალე, ლავანდისფერი არაჩვეულებრივი ხალებით. მოვიხიბლე მისით. ვიპოვე ყუთი და საცხოვრებელი მოვუწყვე. პეპლების ოჯახმა გამოიყვანა ჭია და დავიწყე მათი გამოკვება. ნელ-ნელა ვისწავლე მათი მოვლა და დავაგროვე დიდი გამოცდილება. ჩემს თვალწინ ხდებოდა სასწაული: ერთი ციცქნა ფრთები იზრდებოდნენ 5-7 დიუმამდე. ეს იყო ფანტასტიურად საინტერესო, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ მძიმე შრომა, რომელსაც არავინ მაიძულებდა. ყოველ დღე ვაგროვებდი მათთვის ფოთლებს, ვეძებდი შესაფერისი ჯიშის ხეებს, გრძელი ზამთრის განმავლობაში ვუვლიდი ჭუპრის პარკებს. ასე თანდათან აღმოვჩნდი დიდ კვლევით სამუშაოში ჩართული. 15 წლის ასაკში უკვე ვიყავი ამ სფეროს კარგი სპეციალისტი. ბევრი რამ ვიცოდი ამ სახეობის შესახებ, იმ პირობების შესახებ, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, იოლად ვარჩევდი ხეების იმ ჯიშებს, რომლებზეც შეიძლებოდა მათი პოვნა და ა.შ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ არასოდეს ვუყვებოდი მასწავლებელს ჩემი გატაცების შესახებ. საქმიანობა, რომელშიც მთლიანად ვიყავი ჩაფლული, არ იყო ჩემი ოფიციალური განათლების ნაწილი. განათლება იყო მხოლდ ის, რაც იწყებოდა სკოლის კედლებში. მასწავლებლებს არ აინტერესებდათ ჩემი გატაცებები. ამას გარდა, მოცემულ საკითხზე მე გაცილებით ბევრი ვიცოდი მათზე. თუმცა, სწორედ მათ უნდა ესწავლებინათ ჩემთვის და არა პირიქით. სკოლაში გვყავდა რამოდენიმე მასწავლებელი, რომლებიც მე მომწონდა. მაგრამ, ის რაც მაინტერესებდა იყო რაღაც პირადული და არ ეხებოდა მასწავლებლებს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მე მქონდა ნამდვილი საქმე, რომელსაც მივუძღვენი რამდენიმე წელი. ეს საქმე მოითხოვდა შრომას, დისციპლინას, ცოდნას, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მაგრამ იმ ბიჭისათვის, რომელიც რეალურად სწავლობდა ასეთი თავდადებით , ეს არ იყო სწავლა.

დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი სწავლა ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია: იგი სხვადასხვაგვარია გოგონებისათვის და ბიჭებისათვის, ჩამორჩენილი ბავშვებისათვის და, პირიქით, წარმატებულთათვის. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ძალიან სერიოზულად ვიფიქრებდი იმაზე, თუ რას ნიშნავს სწავლა კონკრეტული ბავშვისათვის. ვეცდებოდი მისი თვალებით შემეხედა იმ სამყაროსათვის, რომელშიც იგი სწავლობს, რაიმეს ითვისებს. ყველაზე ცოტა, რასაც გავაკეთებდი ის არის, რომ შევეცდებოდი გადამექცია სკოლა მეგობრულ სახლად, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლებოდა შემოეტანა თავისი სამყარო.

კითხვა მეორე.. გავბედავდი თუ არა ჩავკეტილიყავი ჩემი მოსწავლეებისათვის, თუ ვიქნებოდი მათთვის ის, ვინც ვარ სინამდვილეში- ადამიანი, რომელმაც ხშირად რაღაც არ იცის, რომელიც ხშირად ყოყმანობს, ეშლება და ეძიებს?-წავიდოდი თუ არა ასეთ რისკზე და რას მომცემდა ეს?

მართლაც, ასეთ საქმეში რისკი არსებობს. თუმცა არის რაღაც, რაც ამ რისკად ღირს. მოვიყვან მაგალითს. ერთ ფილმში მონაწილეობდნენ მასწავლებელი, მოსწავლე ბიჭი-ნარკომანი და პოლიციელი. ფილმში გადმოცემული იყო ერთერთი ფსიქოლოგიური ჯგუფის რეალური სიტუაცია. ჯგუფის მუშაობის დამთავრების შემდეგ, ერთერთმა მისმა მონაწილემ (უფროსკლასელმა) თქვა:” მე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებელი, პოლიციელი და ნარკომანი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილები, იმედები, მიზნები და თავიანთი სამყარო. ადრე ამას ვერ დავიჯერებდი!” მართლაც, სასკოლო ცხოვრებაში მოზარდს არასოდეს უნახავს ასეთი გახსნილი ურთიერთობები, როგორიც ამ ჯგუფში იყო..

ჩვენ ჩავატრეთ ფართო ექსპერიმენტი საწარმოო ურთიერთობების ჰუმანიზაციის კუთხით ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში. თითოეული ჩვენგანისათვის აღმოჩენა იყო ის, რომ ხელმძღვანელობა: დეკანები, ფაკულტეტის საბჭოს წევრები- ყველა ეს ადამიანები ისეთივე პიროვნებები არიან, როგორც ჩვენ. მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ანალოგიური ცდა ჩავატარეთ ერთერთ კოლეჯში. იქაც აღმოვაჩინეთ, თუჲ როგორ პერსპექტივებს შეიცავს თავის თავში ჰუმანიზირებული ურთიერთობა სტუდენტებისათვის, მოსწავლეებსა და მასწავლებელთათვის. ყველა მათგანისათვის ეს იყო ურთიერთობის, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სრულიად ახალი ფორმა.

გასაგებია, რომ ყველა ჯგუფში ვერ გავრისკავთ ასეთი ურთიერთობის დამყარებას, მასწავლებლის კვარცხლბეკიდან ჩამოსვლას და იმ ადამიანად გადაქცევას, რომელიც სწავლობს იმათგან, ვისაც ასწავლის. თუმცა, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოვიქცეოდი. მე წავიდოდი რისკზე და, სამაგიეროდ, მოიგებდა ყველა.
კითხვა მესამე. რა აინტერესებთ ჩემს მოსწავლეებს? შეიძლება ვცდები, მაგრამ, მგონია, რომ არც ისე ძნელია გაიგო, რითი არის მოსწავლე დაინტერესებული ყველაზე მეტად. ეს შეიძლება გააკეთო პირდაპირ, უბრალოდ შეეკითხო მას, ან ირიბად. თუმცა, ყველაზე კარგია შექმნა შემოქმედებისა და ნდობის ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ეს ინტერესები გამომჟღავნდება ბუნებრივად.

მახსოვს, ერთხელ ბავშვობაში რვეულის მინდორზე, სადაც თხზულება მეწერა, აღმოვაჩინე მასწავლებლის შეკითხვა: ” რატომ, კარლ?”

ბევრი წელი გავიდა, ბევრი რამ დამავიწყდა, თუმცა მასწავლებლის შეკითხვა მახსოვს დღემდე. გგავიდა სამოცი წელი და მასწავლებლის გულწრფელი არაფორმალური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ მე მეხებოდა კარგად მახსოვს. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად იშვიათად ინტერესდება მასწავლებელი ბავშვის ცხოვრების რაღაც მოვლენით და არ მისდევს მხოლოდ რაღაც დიდაქტიკურ მიზანს და იმას თუ როგორ აღიქმება ის.
კითხვა მეოთხე. როგორ დავუჭიროთ მხარი და როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა.

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სასკოლო სწავლების პერიოდში ბავშვები კარგავენ ინტერესს სწავლის მიმართ. ეს არის სასკოლო სწავლების ერთერთი ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი.

ჶერთხელ კალიფორნიის უნივერსიტეტის რექტორმა მითხრა, რომ იგი აარჩევდა ბავშვებს მხოლოდ ერთადერთი მაჩვენებლით-ცნობისმოყვარეობით. მე ხშირად ვფიქრობ, რომ ზოგიერთი უცნაური გარემოებების გამო, სკოლა აკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვმა დაკარგოს ცოცხალი, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, იმ სამყაროს ძიების სურვილი , რომელშიც ის ცხოვრობს.

შეგვიმჩნევია, რომ ხუთი წლის ბავშვი მომენტალურად ითვისებს უცხო ენას, თუკი ის აღმოჩნდება უცხო ჻ქვეყანაში და თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ეხლა სცადეთ ასწავლოთ ბავშვს უცხო ენა და თქვენ დაინახავთ, რომ ენის ათვისების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება. ამ შემთხვევაში იკარგება მთავარი- რაღაც ახლის მოძიების სურვილი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთერთი პროფესორი მწერს: “მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვეცადე ჩემი სტუდენტების ჯგუფში გამომეყენებინა ის ჰუმანისტური სწავლების პრინციპები, რომლებიც თქვენ აღწერეთ წინგში „სწავლის თავისუფლება”(1969). მე მოვიქეცი შემდეგნაირად: სტუდენტებს დეტალურად ავუხსენი იმ პრინციპების შესახებ, რომლებზეც იქნებოდა დაფუძნებული სწავლება. ასევე ვუთხარი, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჯგუფში 60 სტუდენტი იყო. ეს იყო ყველაზე საუკეთესო კურსი, რომელიც კი ოდესმე ჩამიტარებია. აღმოჩნდა, რომ სტუდენტები არანაკლებ გაიტაცა ჩვენი მეცადინეობების ატმოსფერომ. სტუდენტების მუშაობა იყო ისეთ მაღალ შემოქმედებით დონეზე, როგორსაც აქამდე იშვიათად შეხვედრილვარ. დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მუშაობის ტალღა: ანგარიშები, ინფორმაცია, დამოუკიდებელი კვლევები, პროექტები და ა.შ. ეს ამაღლებული განწყობა გადაედოთ სხვა ჯგუფის სტუდენტებსაც. ისინი მოდიოდნენ ჩემს „ცდისპირებთან” და თხოვდნენ გაეზიარებინათ მათთვის ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული. ეს კი თვით სტუდენტების შეფასებებია: ” არცერთ კურსზე აქამდე არ მიგვიღია იმდენი ცოდნა, რამდენიც ამჯერად…” ან ”პირველად ცხოვრებაში მასწავლებელი მეკითხებოდა, რისი შესწავლა მსურდა…” თუმცა, შესაძლებელია, ყველაზე სასიამოვნო იყო იმ სტუდენტების გამოხმაურება, რომლებიც წერდნენ: ” მე არ მისწავლია იმდენი, რამდენიც შემეძლო”. და რაც მთავარია, კარლ, არაჩვეულებრივად სასიამოვნო იყო იმ სიტუციაში ყოფნა, რომელშიც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესწავლად ისე, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად. და როგორ თავისუფლად ვგრძნობდი მე თვითონ თავს არა მასწავლებლის, არამედ იმ ადამიანის როლში, რომელიც ეხმარება სწავლაში და თვითონაც სწავლობს მათგან!”

კითხვა მეხუთე. როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთათვის ისეთი მასალის მიწოდება, რომელიც დაინტერესებს და გაიტაცებს მათ, უპასუხებს მათ მიდრეკილებებსა და შესაძლებლობებს, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მოსწავლისათვის სასურველ თავისუფალ არჩევანს. ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც კარგმა მასწავლებელმა უნდა დაუთმოს მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის 90%. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელშიც ბავშვს არ შეუძლია არ ისწავლოს და მეტიც, გააკეთოს ეს სიამოვნებით. ერთერთი გზა არის მდიდარი და ფანტაზიის განმავითარებელი მასალის შექმნა.

ჩემი შვილი ექიმია. რატომ? ერთხელ, როდესაც ის მაღალი კლასის მოსწავლე იყო,, ყველას მისცეს რამოდენიმე კვირა იმისათვის, რომ მოეძებნათ სამუშაო და სტაჟირება გაევლოთ, გამოეცადათ თავისი თავი რაიმე საქმეში. ჩემმა შვილმა მოახერხა ერთი ექიმის კეთილგანწყობის მოპოვება და მასთან ერთად გაატარა ეს რამდენიმე კვირა. იგი დაყვებოდა პალატებში, ოპერაციებზე. დდევიდი რაღაც დროით ჩაერთო ნამდვილ სამედიცინო პრაქტიკაში და ამან ისე გაიტაცა, რომ დროებითი ინტერესი შეცვალა მუდმივმა. მას ვიღაც დაეხმარა. მე ვისურვებდი იმ ადამიანის ადგილზე ყოფნას.

კითხვა მეექვსე. მაქვს თუ არა მე საკმარისი მოთმინება და ვაჟკაცობა იმისათვის, რომ მივეხმარო მოსწავლეს მისი შემოქმედებითი იდეების დაბადებაში?

მიმაჩნია, რომ მასწავლებლისათვის განკუთვნილ ყველა მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში უნდა იყოს თავი “ბავშვებში (თუნდაც) ერთი ბეწო შემოქმედებითი აზრების განვითარებისათვის ზრუნვა”. ახალდაბადებული შემოქმედებითი აზრები ისეთივე უსუსურნი არიან, როგორც ახალდაბადებული სუსტი, დაუცველი ბავშვი. ყოველგვარი ახალი იდეა ყოველთვის წააგებს უკვე ჩამოყალიბებულ და აღიარებულ იდეასთან. ბავშვები სავსენი არიან ახალი შემოქმედებითი იდეებით, მაგრამ ეს იდეები, როგორც წესი, იკარგება სკოლის აურზაურში. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები გიზელი და ჯექსონი წერენ, არის განსხვავება მათ შორის, ვინც უბრალოდ ნიჭიერია და ვინც ნიჭიერია და შეუძლია რაიმეს შექმნა. შემოქმედებითი ადამიანები ნაკლებად პროგნოზირებადნი და მეტად მოუსვენარნი არიან. შევძლებ კი მე, მასწავლებლის როლში, დავეხმარო მათ თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოვლენაში? უმეტესობა გენიალური აზრებისა ხომ დაიბადა და გამომჟღავნდა მაშინ, როცა ყველა ამტკიცებდა, რომ ისინი ტრივიალური და უინტერესო იყო.თომას ედისონს სულელად თვლიდნენ. მე ვისურვებდი, რომ ჩემს კლასში შექმნილიყო ურთიერთპატივისცემისა და თავისუფალი თვითგამოხატვის ატმოსფერო. იგი აუცილებლად მისცემს შემოქმედებით ადამიანს საშუალებას დაწეროს ლექსი, შექმნას ნახატი, გამოსცადოს ახალი სარისკო სიტუაციები და არ ეშინოდეს იმისა, რომ ამისათვის გახდება განსჯის საგანი. მინდა ვიყო მასწავლებელი, რომელიც ასეთ ბავშვს დაიცავს.

კითხვა მეშვიდე. შევძლებ თუ არა ჩემს მოსწავლეებში არა მარტო შემეცნებითი, არამედ გრძნობების სფეროში განვითარების უზრუნველყოფას?

ყველას კარგად გვესმის, რომ სწავლების არსებული სისტემის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ წამყვანი და ძირითადი აქცენტი მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებაზე კეთდება. მე განვიხილავ დევიდ ჰებერსტენის წიგნს («Лучшие и талантливые»), როგორც ამ ტრაგედიის გამოხატულებას. კენედისა და ჯონსონის ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველანი ნიჭიერები იყვნენ. მაგრამ, როგორც ჰებერსტენი წერს, იმ წლებში ამ ადამიანების მუშაობის პრინციპს განაპირობებდა ერთი მოსაზრება: მხოლოდ ინტელექტს და რაციონალობას შეუძლია გადაჭრას ადამიანის წინაშე მდგარი ნებისმიერი პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხედულება ჩამოყალიბდა სწორედ სკოლაში. ეს აბსოლუტიზირებული დაყრდნობა მხოლოდ ინტელექტზე იყო მიზეზი იმ სამხედრო და სხვა შედეგებისა, სადამდეც მიიყვანა ქვეყანა სათავეში მყოფმა ადამიანთა ამ ჯგუფმა .

კომპიუტერები, რომელთა შეხედულებებითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებდნენ არც გრძნობებს და არც შავ კოსტიუმებში ჩაცმული იმ ადამიანების საქმისადმი ემოციურ ერთგულებას, რომლებიც ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ ვიეტნამში. ადამიანური ფაქტორის ამ გაუთვალისწინებლობამ დამარცხება გამოიწვია. ადამიანური ფაქტორი არ იყო ჩადებული კომპიუტერში, რადგან მაკნამარა და სხვები ამ ადამიანების ემოციურ ცხოვრებას არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას. მე ვისურვებდი, თუკი ვიქნებოდი მასწავლებელი, გამეკეთებინა ისე, რომ ჩემს კლასში სწავლება მიმდინარეობდეს, ისე, რომ მან მოიცვას მთელი ადამიანი, მთელი მისი პიროვნება. ეს ძნელია, მაგრამ აუცილებელი.

ცოდნის სისტემატიზაციის, გამეორებისა და განზოგადების ფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში

0

გაკვეთილი – ეს რთული საგანმანათლებლო სისტემაა, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ღირებულებების ფორმირებისკენ, გონებრივი განვითარებისკენ, პიროვნული ჩამოყალიბებისკენ. ამავე დროს იგი სწავლების დინამიკური და ვარიანტული ფორმაა, რომელშიც აისახება ორი ურთიერთსაპირისპირო ელემენტი – ნორმატიული და შემოქმედებითი. სადღეისოდ გაკვეთილს აღარ განიხილავენ მხოლოდ განათლების გადაცემის ფორმად; იგი განიხილება როგორც მოსწავლეთა განვითარების წყარო, მათი შემეცნებითი ძალებისა და საშუალებების გამომზეურების საშუალება.

 ვრცლად

მუსიკალურ თეატრში მოგზაურობა (II ნაწილი)

0
ჟანრმა, რომლის შესახებაც წერილის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში ლიდერის პოზიცია დაიკავა. ის უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც მიუზიკლის მიმართ ფართო ინტერესს ბადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლის ისტორია და ჟანრულ-სტილებრივი განსაკუთრებულობა სხვადასხვა მიდგომით ამ ჟანრის კლასიფიკაციას ართულებს, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ. მიუზიკლის კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი კრიტერიუმებით: სტრუქტურა, შინაარსი, სიუჟეტი, მუსიკალური ენა, შექმნის ადგილი და ა.შ.

სტრუქტურული თვალსაზრისით მიუზიკლი შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს:

● მიუზიკლი დიალოგებით – „მუსიკის ჰანგები”, „ჩიკაგო”;
● სასიმღერო მიუზიკლი – „განკიცხულნი”, „ოპერის მოჩვენება”;
შინაარსობრივად:
● მიუზიკლი-ზღაპარი – „ჯეკი და ჰეიდი”;
● მიუზიკლი-საგა – „განკიცხულნი”, „რეგტაიმი”;
● მიუზიკლი-დრამა – „მევიოლინე სახურავზე”;
● მიუზიკლი-კომედია – „პროდიუსერები”;
სიუჟეტურად: 
● ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით – „რომეო და ჯულიეტა”;
● ფილმების მიხედვით – „ტიტანიკი”;
● ანიმაციური ფილმების მიხედვით – „მზეთუნახავი და ურჩხული”;
● ოპერის მიხედვით – „აიდა”;
მუსიკალური ენის მხრივ:
● პოპ-მიუზიკლი – „ვარსკვლავური ექსპრესი”, „რომეო და ჯულიეტა”;
● როკ-მიუზიკლი – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”, „მოცარტი. როკ-ოპერა”)
● ბროდვეის თეატრის სტილის მიუზიკლები, სადაც ძირითადი მუსიკალური ენაა ჯაზი – „პროდიუსერები”;
შექმნის ადგილის მიხედვით: 
● აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი.

მიუზიკლის როგორც დამოუკიდებელი ჟანრის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა ხელოვნების ისეთმა მიმართულებებმა, როგორებიცაა კომიკური ოპერა, ოპერეტა, მენესტრელების თეატრი, ბურლესკი და ვოდევილი. მოდი, თვალი გადავავლოთ თითოეულ მათგანს.

ოპერა მუსიკის ყველაზე მდიდარი და რთული ჟანრია. ის აერთიანებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას, დრამატურგიას, სახვით ხელოვნებას, ქორეოგრაფიას. ოპერაში ვხვდებით მუსიკის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა სოლო სიმღერა, რეჩიტატივი, ანსამბლი, გუნდური სცენები, ცეკვა, საორკესტრო ნომრები.

ვინაიდან ოპერის დრამატული სიუჟეტები მაყურებელს მოდუნებისა და დასვენების საშუალებას არ აძლევდა, კომპოზიტორები უფრო და უფრო ხშირად ქმნიდნენ კომედიური შინაარსის ოპერებს. სწორედ საზოგადოების „დაკვეთამ” განაპირობა სერიოზული ჟანრის, ოპერის სახესხვაობის – კომიკური ოპერის დამკვიდრება.

ბურლესკი /პატარა სახუმარო-პაროდიული ოპერა/, ევროპაში სერიოზულ თეატრალურ წარმოდგენებზე აღმოცენებული პაროდია, ამერიკაში მრავალფეროვან, ორაზროვნებითა და უხამსობით გაჯერებულ საესტრადო ნომრებად გადაიქცა, მე-19 საუკუნის ბოლოს კი ბურლესკში თანდათან სტრიპტიზული ნომრებიც გაჩნდა.

ვოდევილი კომედიური პიესაა. ის უბრალო სიუჟეტებით, ქალაქური პატარ-პატარა სიმღერა-კუპლეტებით და ცეკვებით არის გამორჩეული. ვოდევილის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს რევიუ.

ერთადერთი მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, რომელმაც ამერიკაში თავისი ევროპული ფესვები შემოინახა, იყო ოპერეტა. ოპერეტა ანუ პატარა ოპერა მუსიკალურ-სცენური წარმოდგენაა, სადაც ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს ენაცვლება სალაპარაკო სცენები (არა რეჩიტატივი, არამედ უბრალო მეტყველება). მე-19 საუკუნის ბოლოს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისელი, ფრანგი და ავსტრიელი ავტორების ოპერეტები. 
***
აშშ-ის თეატრალური ხელოვნება მე-19 საუკუნის ბოლომდე რთულად, განსაკუთრებული გზით, ევროპულთან კავშირის გარეშე ვითარდებოდა. ახალაღმოჩენილ ქვეყანაში გადმოსახლებულთა უმრავლესობა ინგლისელი პურიტანელები იყვნენ, რომლებმაც ამერიკელებს საშუალება არ მისცეს ისე განვითარებულიყვნენ, როგორც ევროპა ვითარდებოდა. მათ ხელოვნების, განსაკუთრებით კი თეატრალური ხელოვნების მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი რწმენისა და ცხოვრების სისუფთავისთვის იბრძოდნენ და პრაქტიკულად 200 წლის განმავლობაში ხალხს თავს ახვევდნენ ასკეტიზმის იდეოლოგიას, რომ ადამიანის სულიერი განვითარება მხოლოდ ასკეტიზმითა და ინტელექტით არის შესაძლებელი, ხოლო თეატრი „დაბალი, ფარისევლური ჟანრია”. მიუხედავად ამისა, ამერიკული თეატრი არ გამქრალა (თუმცა ზოგიერთმა ჟანრმა დღის სინათლე ვერ იხილა), მაგრამ მისი განვითარება რამდენადმე თავისებურად წარიმართა.

მე-19 საუკუნეში ამერიკული თეატრის არაოფიციალური იდეოლოგიის არსებობამ ყველაზე უბრალო და უხეში ფორმების განვითარებას შეუწყო ხელი, რომლებიც გამოუცდელ, უბრალო, უპრეტენზიო მაყურებელზე იყო გათვლილი. ევროპიდან გადმოსახლებული თეატრალური დასები და ცალკეული მსახიობები, არცთუ ნიჭიერნი, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბევრს ვერაფერს მატებდნენ ამერიკულ ხელოვნებას. ამ ეპოქაში ძალზე გავრცელდა მოხეტიალე დასები. მათი რეპერტუარი მათივე მცირერიცხოვნებამ განაპირობა – ესენი გახლდათ უმთავრესად კომიკური ნომრები, სკეტჩები, მუსიკალური ან პატარა საცეკვაო სცენები. მე-19 საუკუნის შუა წლებში აშშ-ში თეატრის ძირითადი მიმართულება გასართობი და თავშესაქცევი ჟანრები იყო. ერთ-ერთ ასეთ გასართობ წარმოდგენაში, „მინსტრელ შოუ”, „თეთრი” მსახიობები ზანგების ყოფა-ცხოვრებაზე სასაცილო პაროდიებს ქმნიდნენ (მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი „მინსტრელ-შოუ” („მენესტრელების შოუ”) XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა). შავების კულტურით ამგვარმა გატაცებამ „მინსტრელ შოუში” ჯაზი ჩასახა, რამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ამერიკის მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების ფორმირებაში.

საინტერესოა, რომ თეთრი პლანტატორებისა და შავი მონების ცხოვრება გვერდიგვერდ მიედინებოდა. პლანტატორები ერთობოდნენ ზანგების მანერებით – როგორ დადიოდნენ, როგორ ეცვათ, როგორ მღეროდნენ, როგორ ცეკვავდნენ, როგორი აქცენტით ლაპარაკობდნენ. ყველაფერი ეს მათ ძალზე კომიკური ეჩვენებოდათ. „მინსტრელ-შოუში” თეთრი არტისტები სცენაზე შავი გრიმით გამოდიოდნენ და ფსევდოზანგური ტიპაჟებით პაროდიებს განასახიერებდნენ.
    
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გაჩნდნენ ზანგების დასები, რომლებმაც თეთრი მენესტრელების ტრადიციები გააგრძელეს – შექმნეს საკუთარი „მინსტრელ-შოუ”, სადაც თეთრების მიერ ზანგების პაროდირების პაროდირებას ეწეოდნენ. ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე ეს პროცესი, როდესაც თეთრები და შავები კარიკატურულად განასახიერებდნენ ერთმანეთს, კეთილ ურთიერთდამოკიდებულებას ბადებდა მათ შორის. „მინსტრელ-შოუს” პოპულარობის პიკი 1870 წელს დასრულდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, ამერიკის, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს კულტურის განვითარებაში რევოლუციური შემობრუნება მოხდა – გაჩნდა ჯაზი როგორც მუსიკალური ხელოვნების ახლებური გაგება. პრიმიტიული ზანგური მუსიკიდან ის თანდათან მუსიკალური აზროვნების სახეობად იქცა. ჯაზი მხატვრული კულტურის ყველა სფეროში შეიჭრა, ჯაზური კომპოზიციები უფრო და უფრო პოპულარული გახდა და 1940-იანი წლების დასაწყისში ძნელად თუ მოიძებნებოდა მუსიკალურ-კომედიური ჟანრის სპექტაკლი ჯაზური ნომრების გარეშე.

1920-იან წლებში, ხმოვანი კინოს ჩასახვასთან ერთად, მიუზიკლებმა თეატრიდან კინემატოგრაფში გადაინაცვლა. პირველი ხმოვანი ფილმი – ალან კროსლენდის სენტიმენტალური კომედია „ჯაზის მომღერალი” – 1927 წელს გადაიღეს. სინამდვილეში ფილმი მაინც უხმო იყო, მასში მხოლოდ რამდენიმე სასიმღერო ნომერი და ერთი ფრაზა ჟღერდა. „დიდი მუნჯი” „დიდმა ხმოვანმა” შეცვალა, რამაც კინოინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

რაც შეეხება ჰოლივუდურ ფილმებს, შეუძლებელია დაგვავიწყდეს 1941 წლის ბრწყინვალე მუსიკალური კომედია „მზიანი ველის სერენადა”, რომელიც უკვდავყვეს ჯაზის გამოჩენილმა მუსიკოსმა გლენ მილერმა და მისმა ორკესტრმა. საინტერესოა, რომ ჩანაწერისთვის „Chattanooga Choo Choo” გლენ მილერი მუსიკის ისტორიაში „ოქროს დისკის” პირველი მფლობელი გახდა.

სწორედ ჯაზურმა აზროვნებამ გააერთიანა ახალ პრინციპებზე აგებული ერთმანეთისგან არცთუ განსხვავებული მუსიკალურ-სანახაობრივი ჟანრები და მათ მსუბუქ და ზერელე ხასიათს მოულოდნელი სიღრმე მიანიჭა. ამან დრამატურგიული საფუძვლების პრინციპული ცვლილება გამოიწვია და მოჩვენებითად შეუთავსებელი მხატვრული მიმართულებების გადაკვეთაზე აღმოცენდა მიუზიკლი.

როგორც ვიცით, მიუზიკლის სამშობლოდ აშშ მიიჩნევა. განვითარების ამერიკული გზა პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროში განსაკუთრებულად უნდა ჩაითვალოს. ყველა ქვეყნის ისტორიკოსებმა დაუფიქრებლად აღიარეს „ამერიკული გზა”.

როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს საკლასო ოთახში

0

ტბის იხვების მსგავსად: როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს საკლასო ოთახში

ავტორი: ბენ ჯონსონი, ავტორი, ადმინისტრატორი და განმანათლებელი

13 აპრილი, 2014 წელი
წყარო:https://www.edutopia.org/blog/wood-ducks-finding-peace-in-the-classroom
 
 
სკოლაში გატარებული დამღლელი დღის შემდეგ ხშირად ჩამოვჯდები ხოლმე შინ ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ვუცქერ მაგიდის თავზე ჩამოკიდებულ ნახატს, რომელზეც ტბის მშვიდ ზედაპირზე მოცურავე დედალ-მამალი ტბის იხვებია გამოსახული. მამალი ჭრელი, ლამაზნახატიანი ბუმბულით არის შემოსილი, დედალი კი მთლიანად ნაცრისფერია და თითქმის ერწყმის თავისი შეფერილობით ტბის წყლის მოლურჯო-მონაცრისფრო ზედაპირს. მიუხედავად ასეთი გარეგნული სხვაობისა, ისინი სრულ ჰარმონიაში და მშვიდობაში არიან ერთმანეთთან.

მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემისას, სწავლების პროცესმა შესაძლოა დაანგრიოს ჩვენი შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები ეწინააღმდეგებიან ჩვენს საუკეთესო ზრახვებსა და ძალისხმევას. მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც დამეხმარა დავრჩენილიყავი ზემოთ ნახსენები ტბის ზედაპირზე მოცურავე იხვებივით მშვიდი.

არ მიიღოთ პირადულად

ზოგი მოსწავლე კლასში თავისი ემოციური ტვირთით მოდის და, ერთი შეხედვით, მას მასწავლებლის ამბები არ ადარდებს. მათთვის მასწავლებელი ძალაუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან კლასში მოქცევის წესები, მათი ცუდი საქციელი იმის მანიშნებელია, რომ მოსწავლე ამას სპეციალურად სჩადის. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეები, ხშირად უპირისპირდებიან მათზე ძლიერებს და გარკვეული ძალაუფლების მქონეებს.

მიუხედავად ამ ცოდნისა, დამეთანხმეთ, ძნელია განასხვავო „მასწავლებელი” და „მე”, როდესაც მოსწავლე ზრდილობიანად დასმულ შეკითხვაზე ან დავალებაზე, უხეშად გპასუხობს. აღმოვაჩინე, რომ, თუ მე კლასში წარმატებით გავართვი თავი ჩემს ამოცანას, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაც მიადვილდება. საუკეთესო გზა, ზემოთ აღწერილის თავიდან ასაცილებლად, არის ის, რომ მოსწავლეებს, შესასრულებელი დავალება თუ ამოცანა მოსალოდნელი რეაქციების გათვალისწინებით დავალების მიცემამდე უნდა გადავცეთ სწორად.

თუ თქვენ სწორად აღუწერთ მოსწავლეებს იმას, თუ რას მოელით მათგან და აღმოაჩენთ, რომ ისინი დავალებას არასწორად ასრულებენ, უმჯობესია შესთავაზოთ დახმარება მიცემული დავალების სრულყოფილად შესრულებისათვის. თუ ეს მიდგომა არ იმუშავებს, საბოლოოდ შესაძლოა იკითხოთ, რატომ არ ასრულებენ დავალებას და შეეცადოთ, დაანახოთ ის შედეგები, რაც დავალების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს.

იყავით მომზადებული

ჩემი კარიერის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ, რაც უფრო უკეთ ვარ მზად გაკვეთილისთვის, მით უფრო ადვილია კლასში სიმშვიდის შენარჩუნება. რადგან მომზადებული ვარ, შემიძლია მშვიდად შევხვდე მოსწავლეებს კართან გაკვეთილის დასაწყისში და მივესალმო ყველა მათგანს.

ამ დროს შემიძლია დავაკვირდე მათ რეაქციებს მისალმებაზე და წინასწარ დავგეგმო, როგორ დავეხმარო მათ იმ დღის წარმატებულად გატარებაში. მოსწავლეები საკლასო ოთახში ჩემი ხალისიანი მისალმებისა და პოზიტიური კომენტარების ფონზე შემოდიან და იმ დღეს უკეთ იქცევიან.

სულ მაინტერესებდა, რატომ უხდიან ბიზნეს-კომპანიები კარებში მდგომ და კლიენტისათვის სალმის მთქმელ შვეიცარს ფულს? ბანკებმა იციან, რომ კარის გამღები უსაფრთხოების კიდევ ერთი საშუალებაა, რადგან ამით ირღვევა მომსვლელის ანონიმურობა. მაღაზიებში ამ საშუალებით მცირდება ქურდობების და იზრდება გაყიდვების რაოდენობა, რადგან „მიმსალმებელი” კლიენტს რაღაც დროით აყოვნებს კარებში და არ იშურებს მისთვის სალამსა და პოზიტიურ სიტყვებს.

შეეხმიანეთ მშობლებს

უმეტეს შემთხვევაში, თუ მოსწავლე კლასში მოუსვენარია ან არ მონაწილეობს კლასის მუშაობაში, მშობლებთან ჩვეულებრივმა სატელეფონო ზარმა, შესაძლოა მისი ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალოს. მშობლებთან საუბრისას ვცდილობ მშობელს მოსწავლეზე ვესაუბრო, ვიდრე მის ცუდ საქციელზე. ეს, როგორც წესი, მშობლებისთვის თავდაცვითი პოზის თავის დაღწევის საშუალებაა, რომელიც მათ შვილებთან საუბარში მათი პრობლემის მოგვარებისთვის განაწყობთ.

ყოველდღიურად გააანალიზეთ თქვენი სამუშაო დღე

შესაძლოა, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელიც მეხმარება, ვიყო ეფექტური განმანათლებელი და მმატებს რწმენას, ჩემი ყოველდღიური მოქმედებების ანალიზია. როდესაც სკოლიდან სახლისკენ მიმავალ ავტობუსში ვზივარ, განვლილ დღეს და იმ დღეს მომხდარ მოვლენებს ვუფიქრდები ხოლმე. ამ ყოველდღიური ერთსაათიანი მოგზაურობისას ვიხსენებ განვლილი დღის წარმატებებს და ვცდილობ გავარკვიო, მოსწავლეებთან ურთიერთობაში ჩემს რომელ ქმედებებს სჭირდება დახვეწა.

ვიხსენებ იმ შეცდომებსაც, რომლებიც დღის განმავლობაში უნებურად ჩავიდინე და ვცდილობ გამოვასწორო ყველა ქმედება, რომელიც შორს იყო სიმშვიდისგან. საინტერესოა, რომ მოსწავლეებს ურჩევნიათ ყოველი ახალი დღის ახლიდან, „სუფთა ფურცლიდან” დაწყება. შესაბამისად, მეც იმავეს გაკეთება მიწევს (რომელიმე სტუდენტისადმი ბრაზისა თუ უსიამოვნების გახსენება, ჩემი დაკვირვებით, ანგრევს ჩემს შინაგან წონასწორობასა და სიმშვიდეს). ამ საკითხებზე დაფიქრების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მომავალი დღისთვის ეფექტური გეგმის მოფიქრება და წარსულის შეცდომების გამოსწორებაც.

ტყის იხვებს ველურ ბუნებაში საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვთ: ჭიაყელებზე ნადირობა, ცივ წყალში ცურვა, ცუდ ამინდთან გამკლავება, მტაცებლებისგან თავის დაცვა (ადამიანი იქნება ეს თუ მათი ბუნებრივი მტერი). მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წონასწორობა. საკუთრი საქციელის გაანალიზება და საქმისთვის ეფექტური გეგმის მოფიქრება საშუალებას მაძლევს დავიჯერო, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...