ხუთშაბათი, მაისი 14, 2026
14 მაისი, ხუთშაბათი, 2026

საგაკვეთილო რესურსი- ლიტერატურული თამაში ,,კარუსელი’’

0

 

„ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგნებისგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“ (ე.ს.გ., ზოგადი ნაწ.,). ამიტომ ქართულის სწავლებამ მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული ცოდნა კი არ უნდა მისცეს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების მიერ ცხოვრებისეული, სოციალური თუ სხვა სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.

მაგრამ რაოდენ ძნელია, ყოველგვარ მასალას, მით უფრო – ლიტმცოდნეობის საკითხებს, „მოარგო“ ეს „დებულება“. მოსწავლეს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თვალსაჩინოების გამოყენებით აუხსნა მასალა, მაგრამ მერე? საჭიროა ცოდნის განმტკიცება-გამოყენება. ამისთვის მოსწავლეს უნდა დავუსახოთ კონკრეტული მიზანი, მივცეთ დავალება, რომლის შესრულებაც შესაძლებელია და რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. არადა, ხშირად სწორედ დავალება აღმოჩნდება ხოლმე უინტერესო ან დამღლელი: „მოიძიე“, „ამოწერე“, „დააჯგუფე“, – გამუდმებით ესმით მოზარდებს, რაც, ალბათ, მოსაწყენია.

მოსწავლეებს ყოველთვის ვერ შევთავაზებთ  საინტერესო პროექტს (ეს ხომ ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს), მაგრამ შეგვიძლია, მივცეთ სახალისო დავალება, რომელიც საინტერესოც იქნება და ცოტა დამაინტრიგებელიც; მიზანი – ნათელი; შედეგი – მისაღები, მაგრამ არაპროგნოზირებადი. ეს გახლავთ ლიტერატურული თამაში.

მოსწავლეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ თუმცაღა ისინი დაწყებითი საფეხურიდანვე სწავლობენ ლიტმცოდნეობის ცნებებსა თუ საკითხებს (მაგ., ტროპის სახეებს), საბაზო და საშუალო საფეხურებზეც კი უჭირთ მათი გარჩევა, მოგვიანებით კი – მხატვრული ანალიზის დაწერა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მოსწავლე თეორიულად აყალიბებს „წესებს“, მაგრამ პრაქტიკული მუშაობისას ერთმანეთში ერევა, მაგალითად, შედარება და მეტაფორა.

დღესდღეობით მასწავლებლის წინაშე ბევრი ამოცანა დგას. შეიცვალა დრო და შეიცვალა მოთხოვნებიც მოსწავლეების მხრივ. მათ მეტი თვალსაჩინოება, მეტი ინტერაქტივი სჭირდებათ. ისინი ძველებურად პასიურად ვეღარ იღებენ მშრალად მიწოდებულ ინფორმაციას.

დაწყებით საფეხურზე ამ თამაშს ხშირად ვიყენებდი (მარტივი ფორმით), შემდეგ საბაზო-საშუალო საფეხურზე ვცადე „ლიტსახელოსნოს“ (ასე ვეძახით სტანდარზედა საგანს – ლიტმცოდნეობას) ბავშვებთან, მერე და მერე გამოყენების არეალი კიდევ უფრო გავაფართოე – მეშვიდე-მერვეკლასელებთან, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, და გაამართლა.

ვფიქრობ, ქართულის გაკვეთილზე ეს თამაში ძალზე მოხერხებული და შედეგიანია. ის ეფექტია იმით, რომ მასალის ათვისება-განმტკიცებასთან ერთად უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, სააზროვნო უნარებთან ერთად ავითარებს კონცენტრირების, მობილიზების, განწყობის შექმნისა და გამოხატვის ან, პირიქით, მისი დაძლევისა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანის უნარს.

თამაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შეგიძლიათ, დაისახოთ სხვადასხვა სასწავლო მიზანი (შესასწავლი თუ შესწავლილი მასალიდან გამომდინარე) და მრავალგვარი ინტერპრეტაციით ათამაშოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვები. აქტივობა მეტად სახალისოა და მოსწავლეთა ინტერესს იწვევს, მათ მოტივაციას ზრდის. ამაში თავად დარწმუნდებით.

როგორ ვითამაშოთ?

ერთი მოსწავლე ფურცელზე წერს ფრაზას და გადააწოდებს მეორეს. მეორე ცდილობს, ლოგიკურად გაარძელოს აზრი, განავითაროს მოქმედება თუ სრულყოს დაწყებული აღწერა – წერს მომდევნო წინადადებას და ფურცელს მესამეს გადასცემს და ასე შემდეგ. ფურცელი წრეზე ტრიალებს (თუ კლასი მრავალრიცხოვანია, შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ 2-ჯერ მოუწიოს წინადადების დაწერა, ანუ ფურცელმა მხოლოდ ორი წრე გააკეთოს. თუ ბავშვების რაოდენობა მცირეა, მაგ., 5-10 (ან თუ გუნდურ სამუშაოდ აქცევთ ამ თამაშს), შეგვიძლია, განსაზღვრული დრო გამოვყოთ და დროის ამოწურვამდე რამდენსაც მოასწრებენ, იმდენი წინადადება მიამატონ (ან წინასწარ განვუსაზღვროთ, რამდენი უნდა დაწეროს თითოეულმა). მოსწავლეები აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ დრო იწურება და შეეცადონ, ლოგიკური დასასრულისკენ წაიყვანონ ტექსტი.

დავალება რომ უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს (თუ ბავშვების მოუთმენლობას გავითვალისწინებთ), შეგვიძლია, მივცეთ არა ერთი ტექსტი, არამედ, რამდენიმე; თითოეულმა მოსწავლემ დაწეროს ფურცელზე პირველი წინადადება და ყველამ ერთად გადააწოდოს ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით.

თამაში, როგორც მოგახსენეთ, ლავირების საშუალებას იძლევა და ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, მოარგოს იგი საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს.

შესაძლებელია:

  • პირველი წინადადება ჩვენ შევთავაზოთ (თუ კონკრეტული თემა გვაინტერესებს);
  • შევუქმნათ განწყობა;
  • მოვასმენინოთ მუსიკა ან ვაჩვენოთ ნახატი, რომლის შთაბეჭდილებაც გახდება ტექსტის შთამაგონებელი;
  • გავამარტივოთ თამაში – თითოეულ მოსწავლეს დავაწერინოთ არა 1 წინადადება, არამედ 1 აბზაცი (2-3 წინადადება), განსაკუთრებით – თუ პირველად ვთამაშობთ ან უმცროსკლასელებთან ვატარებთ ამ აქტივობას.
  • გავართულოთ თამაში – დავასახელოთ თემა და მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ისე უნდა დაწერონ საკუთარი „წინადადება“, ერთმანეთის ნაწერი არ ნახონ, არ იცოდნენ, რა დაწერა თამაშის სხვა მონაწილემ (ამ დროს ფურცელს გადაკეცავენ და ისე აწვდიან ერთმანეთს ან ვურიგებთ პატარა ბარათებს, რომლებსაც ვკრებთ, რიგის მიხედვით ვკინძავთ და ისე ვკითხულობთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ თამაშს მხატვრული ხერხების შესწავლისას მივმართავ. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს ვაძლევ მარტივ ინსტრუქციას: შექმნან შედარებები ან მეტაფორები ან გამოიყენონ ეპითეტები და ა.შ. თუმცა თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თემისა თუ საკითხის შესწავლა-განმტკიცებისთვის. უბრალოდ, თამაშის წესებში ვამატებთ, რომ:

  • წერონ მარტივი, შერწყმული ან რთული წინადადებებით (იმისდა მიხედვით, რა საკითხის განსამტკიცებლადაც გვჭირდება);
  • გამოიყენონ შესწავლილი უცხო სიტყვები;
  • განავითარონ სიუჟეტი;
  • შექმნან ჩანახატი, ესკიზი, პეიზაჟი, პორტრეტი, დიალოგი და ა.შ.

ამრიგად, ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს, გაითავისოს მასალა, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. ამ დროს, ლოგიკურ აზროვნებასთან ერთად, აქტიურდება მისი შემოქმედებითი უნარები. გარდა ამისა, მოზარდს უჩნდება საკუთარი თავის რწმენა.

თამაში ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და, მიუხედავად ამისა, ბავშვს გუნდის წევრად აგრძნობინებს თავს, რასაც, ბუნებრივია, თავისი დატვირთვა აქვს. მასწავლებლის სტანდარტის თანახმად, პედაგოგი სწორედ ამ უნარებს უნდა უვითარებდეს და უაქტიურებდეს მოსწავლეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ აქ არავინ არაფერს იწუნებს და არავინ არავის სთხოვს პასუხს იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა ან ტექსტი შეუსაბამო გამოვიდა. პირიქით, ასეთი „შეცდომები“უფრო სახალისოს ხდის თამაშს. აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – ხშირად, შეცდომებზე უკეთ ვხედავთ და ვსწავლობთ; გააჩნია, ეს შეცდომები როგორ გამოააშკარავეს. თამაშში კი, როგორც აღვნიშნეთ, არც სახელი მიეთითება და არც ის, ვინ რა თქვა, თუმცა თავად მოსწავლე მიხვდება, მის მიერ დაწერილი ფრაზები სწორი და მაღალმხატვრული გამოვიდა თუ არა.

თამაში შედეგიანია ზემოაღნიშნული საკითხების სწავლებისას, ვინაიდან მოსწავლე უფრო კრეატიულად იწყებს ფიქრს და, რაც მთავარია, იყენებს ცოდნას, რაც, ერთი მხრივ, ამ ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, მეორე მხრივ, მის საჭიროებაში არწმუნებს და ამგვარად ამაღლებს მოტივაციას, დაბოლოს, ასტიმულირებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს. ამასთან, ეს იმდენად სახალისოა (ბავშვებს ისეთი ინტერესი უჩნდებათ, რა გამოვა ბოლოს, მით უმეტეს, როცა ერთმანეთის ნაწერს არ კითხულობენ), ვერც კი აცნობიერებენ, რომ ეს ჩვეულებრივი დავალებაა, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი.

„სწავლა თამაშით“ და „სწავლა კეთებით“ – კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის – ეს წრიული პროცესია.

სიტუაციური სავარჯიშოები ინტერკულტურული განათლებისთვის

0

 

სოციალური ცვლილება შეუქცევადია. ადამიანს, რომელმაც კითხვა ისწავლა, ამ უნარს ვეღარ წაართმევთ. ვერ დაამცირებთ ადამიანს, რომელიც სიამაყეს გრძნობს. ვერ დათრგუნავთ ადამიანს, რომელსაც აღარ ეშინია.

ცეზარ ჩავესი

მასწავლებლის ცოდნა ვითარდება და თვითსწავლის პროცესში ცალკეული მასწავლებლების აქტიური ჩართულობით სრულყოფილი ხდება. (Lau, Yu & Chan, 2008)

 

 

ხელოვნების მასწავლებელი

ჩემი ვიზიტი 20 მოსწავლისაგან შემდგარი პროგრამის ფარგლებში რუტინული იყო. როგორც სკოლის მონიტორინგის სამსახურის წევრი, რეგულარულად ვაფასებდი პროგრესს ქალაქის სკოლებში. ქალაქის ღარიბულ გარეუბანში მდებარე ეს სკოლა უკანასკნელი იმედი იყო იმ უფროსკლასელებისთვის, რომლებიც სკოლიდან გარიცხვის მუდმივი რისკის ქვეშ იყვნენ. ჰყავდათ ქალი და მამაკაცი მასწავლებლები, მათ შორის აფროამერიკელი – ჯამალი და ლათინოამერიკელი – მარია. ისინი მთელი მონდომებით ცდილობდნენ გამოემზეურებინათ მოსწავლეთა მიღწევები, თუმცა ძალზე მოკრძალებულად საუბრობდნენ პროგრამის წარმატებისთვის გაწეულ საკუთარ დაუღალავ შრომაზე.

სკოლის შემოვლისას შევნიშნე მოსწავლეების მიერ ხელით შეკერილი, მაკრამესა და სხვა ნამუშევრების სიუხვე. როცა მასწავლებლებს ვკითხე, მითხრეს, რომ სწავლის მკაცრი რეჟიმის დასაბალანსებლად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, მოსწავლეთათვის შეეთავაზებინათ შემოქმედებითი გამოცდილება. ვიცოდი, რომ სკოლას ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტი ჰქონდა, ამიტომ დავინტერესდი, როგორ შეძლეს ამ პირობებში მასწავლებლის მოწვევა. პასუხად მივიღე, რომ „ძალიან გაუმართლათ“. ეჭვიანი ბუნების გამო კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი იმის შესახებ, თუ როგორ მოიძიეს ხელფასისთვის თანხა და როგორ მიიღეს თანხმობა დამატებითი მასწავლებლის მოწვევის შესახებ. ისევ მიკიბ-მოკიბული მოკრძალებული პასუხი მივიღე. სიმართლე ჩემი ვიზიტის შემდეგ მალევე გამოვარკვიე.

ხელფასის დღეს ჯამალი და მარია საკუთარი ხელფასიდან ფულის ნაწილს კონვერტში დებდნენ და საიდუმლოდ უხდიდნენ პენსიაზე გასულ ქალბატონს. ის კვირაში ორჯერ მოდიოდა სკოლაში და მოსწავლეებს ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინათ საკუთარი შემოქმედებითი ენერგია. მოსწავლეები მას „ბებიას“ უწოდებდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ. თემში ყველამ იცოდა ეს ამბავი და იწონებდნენ.

 

  1. რას ფიქრობთ ამ ორი მასწავლებლის ქმედებაზე?
  2. რა გავლენა ექნება მათი და ხანდაზმული ქალბატონის ქმედებას მოსწავლეთა განათლებაზე?
  3. ამ ამბის საფუძველზე რის თქმა შეიძლება ქვეყნის განათლების მდგომარეობის შესახებ?
  4. საკუთარი გამოცდილების მიხედვით ახსენით, რა სირთულეების წინაშე არიან თანამედროვე მასწავლებლები. დაახარისხეთ ეს სირთულეები. ახსენით რანჟირების თქვენეული წესი.
  5. ისაუბრეთ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე?

 

როგორ უნდა მოიქცეს?

კახა 45 წლის ყოფილი პროგრამისტია და სწავლობს, რომ მასწავლებელი გახდეს. სამუშაო ცხოვრების 20 წლის განმავლობაში ის სიამოვნებას იღებდა მაღალი ტექნოლოგიების კომპანიაში მუშაობის სწრაფი ტემპით. მოუთმენლად ელოდება, რომ ამავე სიამოვნებას მიიღებს კლასის წინაშე მასწავლებლის მაგიდასთან მჯდომიც.

მასწავლებლობის პირველი პრაქტიკა პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში მოუწია, რომელიც განსხვავდებოდა ლურჯსაყელოიანთა იმ საზოგადოებისაგან, სადაც თავად გაიზარდა. ვის არ შეხვდებოდით აქ – უნივერსიტეტის პროფესორთა, მაღაზიის მეპატრონეთა თუ საწარმოს მუშების შვილებს. ბევრი იყო ემიგრანტი მოსწავლე. სკოლაში რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ. მისი ბავშვობის სკოლა სრულიად სხვაგვარი იყო – მხოლოდ ქართველი და ღირსეული ოჯახების შვილები სწავლობდნენ, რომლებიც იმ ქალაქის მკვიდრნი იყვნენ რამდენიმე თაობის განმავლობაში.

ახალი ნაბიჯების გამო დაძაბულმა პირველ დღეს რამდენიმე გასაცნობი აქტივობა შესთავაზა მოსწავლეებს, რომლებიც ხალისით აჰყვნენ. ის მოუთმენლად ელოდა ნამდვილი სწავლების დაწყებას საკუთარი ბავშვობის მოგონებებით ფრთაშესხმული – როგორ წყნარად ისხდებოდნენ მერხებთან და მთელი ყურადღებით მოუსმენდნენ მასწავლებელს მათემატიკის უცნაურობების შესახებ.

მეორე დღე განსხვავებული იყო. კლასი სულ უფრო და უფრო მოუსვენრად იყო მისი შესავალი ლექციის დროს. ისინი არც წყნარად ისხდნენ და არც უსმენდნენ მის საუბარს. უარს ამბობდნენ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა, როცა მან სახელმძღვანელოდან დავალების შესრულება სთხოვა. რაკი წყნარად არ ისხდნენ და არ მუშაობდნენ, კახას ბევრჯერ მოუხდა გაკვეთილის შეწყვეტა და დისციპლინის დამყარება. ის ბეჯითად მიჰყვებოდა მასწავლებლის გზამკვლევიდან გაკვეთილის გეგმას, მაგრამ მოსწავლეები ვერაფრით აიყოლია. ზოგიერთ მოსწავლეს კარგად არ ესმოდა ქართული და დავალების შესრულებისას დახმარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, ახლად ემიგრირებულთა შვილებს მისი ფრაზეოლოგიზმები არ ესმოდათ და დაბნეულები უყურებდნენ.

მან შენიშნა, რომ ბიჭებს შორის გარკვეული დაძაბულობა იყო. გოგონები ბევრი ბიჭის საქციელის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. კლასში ერთობა არ იყო და მრავლად გაისმოდა დამცინავი და შეურაცხმყოფელი შეძახილები. ყველაფერი, რაც სწავლების შესახებ იცოდა, უსარგებლო ეჩვენებოდა…

 

  1. თქვენი აზრით, რა არის მასწავლებლის არაეფექტურობის მიზეზი?
  2. რას ურჩევდით მასწავლებელს სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად?
  3. შეადარეთ ეს სცენარი საკუთარ გამოცდილებას. ჰგავს თუ არა? თუ ჰგავს, რა მოიმოქმედეთ სიტუაციის უკეთესობისაკენ შესაცვლელად? თუკი მსგავსი გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, შეადარეთ ეს სცენარი თქვენი მოსწავლეობის, სტუდენტობის გამოცდილებას.
  4. როგორ შეიძლება მასწავლებელი უკეთ მოემზადოს სწავლებისთვის?

 

ემიგრანტი და დევნილი მოსწავლეები

ტულონი ოჯახთან ერთად ახალგადმოსული იყო საცხოვრებლად ამ ქვეყნის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. ისინი, როგორც დევნილები, რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. მათ სამშობლოში რამდენიმე წელი მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ათასობით უდანაშაულო მოქალაქე შეიწირა. ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. ორი წელი დევნილთა ბანაკში გაატარეს, სანამ რომელიმე ქვეყანა მათ მიღებაზე დათანხმდებოდა. ამ ორი წლის განმავლობაში მისი და-ძმა ავადმყოფობამ გადაიყოლა.

ტულონი ასაკის შესაბამისად მეხუთე კლასში დასვეს მისის ბიმანთან, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად არცერთი სიტყვა არ იცოდა. მას სკოლაში არასოდეს უვლია და ზარდაცემული იყო ახალი გარემოთი. მისის ბიმანმა, დამწყებმა მასწავლებელმა თავი არ დაზოგა, რომ ტულონისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, მაგრამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვერაფერს გახდა. ზოგიერთმა თანაკლასელმა სცადა ტულონთან ურთიერთობა, თუმცა, მალევე გადაიფიქრეს ენობრივი ბარიერის გამო. ზოგმა დაცინვა დაუწყო, რაც მალევე იქცა ბულინგის საბაბად. როცა კლასს მანდატური ეწვია სასაუბროდ, მისი უნიფორმით შეშინებული ტულონი გაიქცა და ტანსაცმლის კარადაში დაიმალა. თანაკლასელთა სიცილმა და ხმაურმა ბიჭი კიდევ უფრო შეაშინა და აატირა. კლასელების ნაწილი მისმა ქცევამ შეაშინა, ნაწილმა კი ისევ დაცინვა განაგრძო. ათასგვარ მეტსახელს ეძახდნენ, დერეფანში ხან მუჯლუგუნები ხვდებოდა ხან წიხლები, თუმცა, ყველაზე მძიმე განსაცდელი ავტობუსით სკოლისაკენ და უკან გზა იყო. ტულონი ვერ ხვდებოდა ასე ძლიერ რატომ ეჯავრებოდათ ბავშვებს. მისის ბიმანი ხვდებოდა, რას განიცდიდა ბიჭი. ნუთუ ტულონი და მისი ოჯახი არასაკმარისად იტანჯნენ?

ეზოში ტულონი მარტოდმარტო თამაშობდა ხეებს უკან. ის პატარა მარტოსული ბიჭი იყო, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაში მრავალი საშინელების ნახვა მოასწრო. ახლა უცნობ ახალ ქვეყანაში ის ახალი განსაცდელების წინაშე იყო.

 

  1. რა მიგაჩნიათ ტულონის საჭიროებებად?
  2. რა მიგაჩნიათ თანაკლასელებისა და სკოლის საჭიროებებად?
  3. მისი მასწავლებელი რომ ყოფილიყავით, რით დაიწყებდით?
  4. როგორ შეძლებდით მოსწავლეებისთვის იმ ცხოვრების შესახებ საუბარს, რომელიც ტულონსა და სხვა ემიგრანტებსა თუ დევნილებს აქვთ ახალ ქვეყანაში?
  5. რომელი სამოქალაქო უფლებები (კანონით გარანტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელიც გააჩნია ყოველ მოქალაქეს როგორც საზოგადოების წევრს. რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა – მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი, ან ებრაელი და ა. შ.) ირღვევა მოცემულ სიტუაციაში?

 

კარგი სწავლება კარგი სწავლებაა (თუ არა?)

1994 წელს შევიმუშავეთ 3-დღიანი კურსი „ინტერკულტურული კურიკულუმის შექმნა“. ეს ინტენსიური კურსი ეხმარებოდა მონაწილეებს ცნობიერების ამაღლებაში, ცოდნის გაღრმავებაში, ინტერკულტურული გაკვეთილების შექმნასა და შეძენილი ცოდნის გამოყენებაში.

წლების განმავლობაში მსმენელების კომენტარების მიხედვით რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ კულტურის შესახებ ცოდნის მნიშვნელობასა და კულტურის მიმართ მგრძნობიარე კურიკულუმზე. ერთ ზაფხულს ერთ-ერთი ტენდენცია მაგალითის სახით მოიყვანა ნატალიმ, დაწყებითი კლასების მუსიკის მასწავლებელმა. ნატალი კავკასიელი იყო და სკოლაში მუშაობის 5 წლის გამოცდილება ჰქონდა. როცა დასაწყისში მას კულტურის მიმართ მგრძნობიარე სწავლებისთვის მომზადების შესახებ დაუსვეს კითხვა, მან ასე უპასუხა: „აქ ჩემი მეგობრის წყალობით ვარ. უნდა ვთქვა, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ინტერკულტურული განათლების მიმართულებით ძალისხმევის შესახებ. მტკიცედ მჯერა, რომ კარგი მასწავლებელი კარგი მასწავლებელია. არ მგონია, რომ საჭირო იყოს განსაკუთრებული ყურადღება რასის, კულტურის, გენდერის, რასიზმის და დისკრიმინაციის სხვა ფორმების მიმართ. უბრალოდ, უნდა ვიცოდე, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი ვარ და კარგად ვიცი საგანი“.

3-დღიანი კურსის დასრულებისას დასკვნით შეხვედრაზე ნატალიმ აღიარა, რომ ბევრი ახალი გაიგო იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი. მან აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, თუკი სურს ყველა მოსწავლისთვის ეფექტურად წარმართოს საქმიანობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ნატალიმ საკუთარი თავის შესახებ შეიტყო ბევრი რამ. მისი აზრით, მისი, როგორც თეთრკანიანის სწავლების სტრატეგიები შესაძლოა წარმატებული იყოს თეთრკანიანებთან მუშაობისას, მაგრამ ნაკლებ წარმატებული ან სულაც წარუმატებელი – არათეთრკანიანებთან. მან ისწავლა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა დაჯგუფების წესს და სხვა გამოცდილებას, რომელიც საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მისი მრავალფეროვანი მოსწავლეებისთვის. და ბოლოს, ნატალიმ აღმოაჩინა, რომ კურსებმა მაღვიძარას როლი შეასრულა მისთვის – აიძულა გადაეხედა საკუთარი ცოდნა და ვარაუდები სწავლებისა და სწავლის შესახებ.

  1. იმსჯელეთ ნატალის განსაზღვრებაზე „კარგი მასწავლებელი, კარგი მასწავლებელია“. რას ნიშნავს ეს ნათქვამი თქვენთვის?
  2. ის ფაქტი, რომ ნატალი კავკასიელია გავლენას ახდენს თუ არა მის შეხედულებაზე კულტურის როლის შესახებ სწავლება-სწავლაში? ახსენით საკუთარი აზრი.
  3. თქვენთვისაც ნაცნობია თუ არა ნატალის სკეპტიციზმი ინტერკულტურული განათლების შესახებ? ახსენით საკუთარი აზრი.
  4. წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად მოგიწევთ ყოფნა და გჭირდებათ მისი კულტურის შესწავლა. თქვენი აზრით, კულტურის რა ასპექტების ცოდნა იქნება მნიშვნელოვანი?
  5. წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში მოგიწევთ სკოლაში სწავლა. რა გენდომებოდათ, რომ სცოდნოდათ მასწავლებლებს თქვენი და თქვენი კულტურის შესახებ, რომ წარმატებით გესწავლათ?

 

ჩვენი და სხვისი კულტურა

ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ უკეთ შეძლოთ საკუთარი და სხვების (ეს სხვა შესაძლოა იყოს მეგობარი, ნაცნობი, უცნობი, რომელსაც ინტერვიუს ვთხოვთ მოცემულ საკითხებზე) კულტურის გაცნობიერება.

 

ჩემი კულტურა სხვისი კულტურა
1. სადილობის წესი

 

 

 

 

1. სადილობის წესი
2. ჩემთვის ძვირფასი რწმენა

 

 

 

 

2. მისთვის ძვირფასი რწმენა
3. ჩემი ოჯახის ერთი ტრადიცია

 

 

 

 

3. მისი ოჯახის ერთი ტრადიცია
4. ერთი რამ, რასაც არ ვაკეთებთ (ტაბუ)

 

 

 

 

4. ერთი რამ, რასაც არ აკეთებენ (ტაბუ)

 

კითხვები:

  1. იფიქრეთ, რამ მოახდინა გავლენა კითხვებზე პასუხის გაცემისას. ახდენს თუ არა გავლენას რელიგია, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სქესი ან კულტურული იდენტობის სხვა ასპექტები თქვენსა და სხვის რწმენასა და ქმედებებზე? დაასაბუთეთ პასუხი.
  2. სწავლება-სწავლაში კულტურის მნიშვნელობის გათვალისწინებით თქვენთვის ნაცნობ სკოლაში რომელი სამი აქტივობის განხორციელებას ისურვებდით?

 

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ…

ჩვენ ყველანი აღზრდის პროდუქტები ვართ – ეს არის მშობლების, მეგობრების, რელიგიის, საზოგადოების გავლენა. ჩვენი ოჯახის წეს-ჩვეულებები, ღირებულებები, ტრადიციები, სამყაროს ხედვა, საქმიანობის წესი ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა. ქვემოთ მოცემულ საკითხებზე დაფიქრებით შევეცდებით გავიგოთ, როგორ სწავლობენ ადამიანები და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე კულტურას.

  1. დაფიქრდით იმაზე, რაც საფუძვლიანად იცით. დეტალურად აღწერეთ, როგორ შეიძინეთ ეს ცოდნა. გამოთქვით მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები.
  2. აღწერეთ რა გავლენა მოახდინა თქვენმა კულტურულმა იდენტობამ (რასა, ეთნოსი, რელიგია, ენა) თქვენთვის უპირატესი სწავლის სტილის ჩამოყალიბებაზე.
  3. აღწერეთ იმ სკოლის კულტურული ნორმები, რომელშიც სწავლობდით.
  4. რამდენად ჰგავდა/განსხვავდებოდა თქვენი კულტურა თქვენი სკოლის კულტურისაგან, შეგიმჩნევიათ თუ არა ურთიერთგავლენები?
  5. როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნას საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

 

წყარო: Howe W.A. and Lisi P. L. (2014). Becoming a Multicultural Educator, Developing Awareness, Graining Skills, and Taking Action. Sage.

მასწავლებლობის სევდა

0

მასწავლებლობა დღესასწაულია.

… მაგრამ არის რაღაც სევდის მომგვრელიც ამ დღესასწაულში.

,, … არც ის ვიცოდი, რომ მასწავლებლებიც დარდობენ საკუთარ მომავალზე: ავდგები და დავწერ ამ წყეულ დისერტაციას, იქნება რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გამოვკრა ხელი ლექტორის ადგილს. მეცნიერული საქმიანობისთვის ხომ არ მიმეძღვნა თავი? იქნებ სჯობდა, საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ? იქნებ შევეშვა ამ პედაგოგობას და სხვა სექტორში გადავბარგდე? გავთავისუფლდე ამ უმადური, მუწუკებიანი შურისმაძიებლებისაგან, ფუჭად რომ აოხრებენ ამდენ ქაღალდს და მეც სიცოცხლეს მიმწარებენ? არ ვიცოდი, რომ მაშინ, როცა მასწავლებლები საკუთარ მომავალზე არ ფიქრობენ, აუცილებლად დარდობენ საკუთარი შვილების მომავალზე, მათ სწავლა-განათლებასა და უმაღლესის დასრულების შემდეგ ცხოვრების მოწყობაზე. არ ვიცოდი, რომ მასწავლებლების თავი ასე დამძიმებული იყო მომავალზე ფიქრით. მე მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ჩემი მომავლის ჩასაქოლად იყვნენ მოვლენილნი“ – ეს სიტყვები იმ საოცარი წიგნიდანაა,რომლის რემინისცენციაც ამ სტატიის სათაურია – ,,სკოლის სევდა“ დანიელ პენაკის. და იმ ყოფილი მოსწავლის ფიქრებია, ოროსნის იარლიყით რომ იტანჯებოდა. ლამის ხელშესახებობამდე რეალურია ეს ფიქრები. მაგრამ მე კიდევ სხვა, განსხვავებულ სევდა – დარდებზე უნდა დავწერო.

სიცარიელის სევდა

ხშირად მასწავლებლის სევდა მოსწავლეების სიხარულს ემთხვევა. ყოველ წელს, როცა მოსწავლეები წარწერებიანი მაისურებითა და პერანგებით თავისუფლების ფრთებს შლიან, მიჩნდება განცდა, რომ მათი სკოლის დამთავრება ძალიან ჰგავს ზრდასრული შვილების სახლიდან წასვლას – მათი ახალი გზის დასაწყისი რომ გიხარია და თან სახლის დაცარიელების შიში და სევდა გკლავს. ზუსტად იცი: ფრენანასწავლებს არ ან იშვიათად მოენატრებათ სკოლა; სამაგიეროდ, შენ რომ სკოლაში დაბრუნდები,  ლამის მთელი შემოდგომა დაგტანჯავს  სიცარიელის შეგრძნება და ყველაზე სულელური ფიქრი: ასე სხვა ბავშვებს ვეღარ შეიყვარებ.

უკან დაბრუნების სევდა

ხანდახან ერთად გგონიათ, რომ წასვლით არაფერი შეიცვლება, ისევ ისე საჭირო, საინტერესო და აუცილებელი იქნებით ერთმანეთისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობაც ემორჩილება ცვალებადობის ღმერთის ნებას და შენი ყოველდღიური გათენების განუყოფელი ნაწილები ყოველი ახალი გათენების მერე გიუცხოვდებიან. თავიდან გწერენ, რომ მოენატრათ შენი გაკვეთილი და აუცილებლად მოვლენ ერთხელაც. სულ გინდა უთხრა, რომ არა, არ მოვიდნენ, რადგან ყველაზე მართალი სიტყვები უკან დაბრუნებაზე ერთხელ შემთხვევით მოისმინე: ,,მე აღარ მივსულვარ სკოლაში, რომელშიც ვსწავლობდი…მე აღარ მივსულვარ უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე…აღარ დავბრუნებულვარ თეატრში, რომლიდანაც წამოვედი…რადგან აღარ უნდა მიბრუნდე იქ, სადაც და რაც ძალიან გიყვარდა. იმიტომ, რომ იქ სიყვარული აღარ დაგხვდება და იქნება სიცარიელე…”– ვიღაც ამბობდა რადიოში. მერე გალაკტიონის ,,უსიყვარულოდ” წაიკითხა.

ჰოდა, ასე ემართებათ კიდეც. შენ კი გტანჯავს საშინელი სევდა იმისი,რომ ვერ გაუმართლე მოლოდინი, ვერ დაახვედრე მონატრებული საინტერესო გაკვეთილი და ზედმეტად იგრძნო თავი.

ვერ მოსწრების სევდა

მტანჯველი სევდაა იმაზე ფიქრი, რამდენი რამ შეგეძლო გესწავლებინა, მაგრამ ვერ მოასწარი, ან გამოგეპარა, ან გეგონა, რომ ასწავლე და თურმე სულ სხვებისთვის გისწავლებია. და რაც მთავარია, ვეღარ ასწავლი, რადგან შენს მისთვის მასწავლებლობას ვადა გაუვიდა.

შეხვედრების სევდა

როცა ქუჩაში მოულოდნელად ხვდებით ერთმანეთს, ძალიან გიხარიათ, მაგრამ წამების მერე გრძნობთ, რომ სალაპარაკო და მოსაკითხი გამოგელიათ და ზუსტად ისე ელოდებიან  შენგან საუბრის გაგრძელებას, როგორც სკოლაში ყოფნისას ელოდნენ საინტერესო გაკვეთილს. საუბარს ვერ აგრძელებ და ისევ სევდა გკლავს. ასე სევდიანი ემშვიდობები.

ხშირად თუ ხვდებით ქუჩაში, რამდენიმე შეხვედრის მერე თვალსაც გარიდებენ. უბრალოდ,სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ და რა ქნან?!

ზოგჯერ შორიდან მოკრავ თვალს, თვითონაც შეგამჩნევს, გგონია,მოვა, სწავლისა და სამსახურის ამბებს გამოკითხავ. და უცებ დაინახავ, მანქანიდან გადმოდის, სულ არაა ის ცუღლუტი ბიჭი, გაკვეთილზე რომ გეჯდა და ცმუკავდა. დამსხვილებულა, დარბაისური და საქმიანი იერი მიუღია. ასე დარბაისლურად და საქმიანად გესალმება შორიდან თავის დაკვრით და იქვე, ბანკში, შედის. დანაღვლიანდი, შორიდანაც კი შეამჩნიე, აღარ ცხოვრობდნენ მის თვალებში შენთვის ასე საყვარელი ჭინკები. და გგონია, რომ ახლა  ყველაზე სევდიანი ამბავი გაქვს მოსაყოლი.

დანაშაულის სევდა

ყოველ ჯერზე, როცა იგებ,რომ რომელიმემ ფეხი წამოიკრა, რაღაც ეტკინა, არ უნდა შეშლოდა და შეეშალა… ამის გამო მის გარშემო ქირქილებენ ან უბრაზდებიან, აუცილებლად გადასატან ტვირთივით გაწვება დარდი მხრებსა და გულზე, რომ შენც დამნაშავე ხარ – ან ფეხის წამოკვრასა და შეცდომაში, ან დაცინვასა და მრისხანებაში.

ჭეშმარიტების სევდა

მაგრამ, რადგანაც ყველანაირ სევდაზე მწერლები და პოეტები უკეთესად წერენ, ვიდრე რიგითი სტატიის ავტორები, ამიტომ:

,, ყოველ დილით,

8-ს რომ ძალიან დააკლდება 20 წუთი,

უკვე იწყება ჩემი ჩვეული, ყოველდღიური დაღლილობა.

ვარ თითქოს რაღაც უჰაერო

და უჟანგბადო ყრუ სივრცეში გამოკეტილი,

და დღეები ისე გადიან,

არ შემიძლია არც ერთ დილით,

გავხსნა კარი და უბრალოდ ვთქვა:

,,დღეს მე ვერაფერს ვერ გასწავლით,

წადით სახლში,

დღეს მე ვერაფერს ვერ გასწავლით!“

 მე არ ვიცი, ვისი ხასიათია ჩემი ხასიათი,

როცა არაფერზე ვფიქრობ.

მაგრამ ვიცი,რომ

ესაა ჭეშმარიტი ხასიათი.

 

,,ჭეშმარიტება არის

კვერცხზე კვერცხს რომ დაარტყამ“, –

უთხრა ქეთის მისმა მოსწავლემ.

 

ყოველ დილით,

8-ს რომ ძალიან დააკლდება 20 წუთი,

უკვე იწყება ჩემი ჩვეული, ყოველდღიური დაღლილობა.

თითქოს კვერცხის უჰაერო, უჟანგბადო,

 ყრუ სივრცეში ვარ გამოკეტილი

და მთელი ძალით ასკდება კედლებს

ათასი უცხო, გაუბზარავი ჭეშმარიტება.

 

მე კი არასდროს არ შემიძლია შევხსნა კარი

და უბრალოდ ვთქვა:

,,დამიბრუნეთ ყველამ ჩემი ჭეშმარიტება

და წადით სახლში“

 

მე არ ვიცი, ვისი ხასიათია ჩემი ხასიათი,

როცა არაფერზე ვფიქრობ,

და გაბზარული ნაჭუჭიდან შემოპარულ ჰაერს

გასრესილი იმედივით მუჭში ვიგროვებ:

 

მუდამ ასეა!

ვის დავაჯერებ ფანჯარაში გაშლილ ფრთებით

რომ მეც დავფრინავ.

ვის დავაჯერებ, რომ მე თვითონაც

ზოგჯერ ბავშვი ვარ მოთამაშე

და გარეული ზღარბებისთვის

ვაშენებ სახლებს.“               (ნათია ნაცვლიშვილი)

ასე მთავრდება სევდების ისტორია. ოდესმე მასწავლებლობის დღესასწაულობაზეც დავწერ.

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საგამოცდო მზადებაში

0

ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის, განურჩევლად ასაკისა, გამოცდა არასასიამოვნო განცდებს უკავშირდება. როგორც წესი, მას თან ახლავს შფოთვა, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი. გამოცდასთან დაკავშირებული შფოთვა და ნერვიულობა, გარკვეული დოზით, შეიძლება ნორმალურადაც კი ჩაითვალოს. მაგრამ, როცა ის იმდენად ძლიერდება, რომ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინება, საჭირო ხდება სათანადო ზომების მიღება და ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა. საგამოცდო სიტუაცია, მაშინაც კი, როცა მოზარდი გარეგნულად საკუთარ თავში დარწმუნებულად გამოიყურება და ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას, საკმაოდ დიდი დატვირთვაა მისი ფსიქიკისთვის და მთლიანად ორგანიზმისთვის. ამიტომ, წარმატების მისაღწევად და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, დასამშვიდებლად და დაძაბულობის მოსახსნელად, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • წინასაგამოცდო პერიოდში მღელვარებისა და შფოთვის შესამცირებლად ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მის გვერდით მყოფი უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების თანადგომა, თანაგანცდა და დახმარება სჭირდება;
  • მნიშვნელოვანია, სახლში მშვიდი, თბილი, მყუდრო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა. კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვთან ერთად შევადგენთ სამუშაო განრიგს, სწორად გავწერთ დღის რეჟიმს და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის არ იყოს ზედმეტად გადატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს დასვენების და საქმიანობის შეცვლის შესაძლებლობა. თუმცა, დასვენება მართლა დასვენება უნდა იყოს. კომპიუტერული თამაშები, ტელევიზორი, ხმაურიანი კომპანიები ტვინს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, შრომისუნარიანობა კიდევ უფრო ქვეითდება და მატულობს დაღლილობა. უკეთესი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტის მშვიდი სახეობით დაკავება და ერთ-ორ მეგობართან ურთიერთობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ აუცილებელია 15-20 წუთი დასვენება. ავუხსნათ ბავშვს, რომ თუ არ დაველოდებით დაღლას და ისე დავისვენებთ, ეს გადაღლისაგან თავის დაღწევის კარგი საშუალება იქნება;
  • ნორმალური შრომისუნარიანობისთვის აუცილებელია გამოძინება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღიზიანებასა და შფოთვას თავს ვერ დავაღწევთ. ბავშვს არანაკლებ 7 საათი მაინც უნდა ეძინოს;
  • მნიშვნელოვანია ასევე კვების რეჟიმის დაცვა. ნორმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება ვიტამინებით და ცილებით გაჯერებული საკვები;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ წინასწარ მოამზადოს თავისი სამეცადინო კუთხე, მოაცილოს მაგიდიდან ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ყურადღების კონცენტრირებასა და მუშაობაში;
  • კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვი წინასწარ დაგეგმავს სამუშაოს დღეების მიხედვით, როდის რის გაკეთებას აპირებს. ყოველდღიური გეგმის შედგენის დროს აუცილებელია ნათლად, ცხადად განისაზღვროს, თუ რა უნდა იქნეს შესწავლილი თითოეულ დღეს, რა საკითხები, თემები იქნება გავლილი. პატარა გეგმები კარგია იმიტომ, რომ მათი საშუალებით ადვილია ნასწავლის გამეორება. დროის სწორად გადანაწილების და სამუშაოს ორგანიზების უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. საუკეთესო მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ჭკვიანები კი არ არიან, არამედ, როგორც წესი, ხასიათდებიან მოწესრიგებულობით, დისციპლინირებულობით და შეუძლიათ დროის სწორად და რაციონალურად ორგანიზება;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ მეცადინეობა დაიწყოს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხებით. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო რიტმში შესვლის შემდეგ ის ადვილად შეძლებს მუშაობის გაგრძელებას;
  • გავაცნოთ ბავშვს გამოცდითვის მომზადების ეფექტიანი მეთოდიკა. ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება დიდი მოცულობის მასალის ეფექტიანად დამახსოვრება. ავუხსნათ, რომ არ არსებობს სახელმძღვანელოში მოცემული მთელი მასალის გაზუთხვისა და დამახსოვრების აუცილებლობა. უმჯობესი იქნება გაიაზროს და გაანალიზოს წაკითხული, იპოვოს ლოგიკური კავშირები მოვლენებს შორის, გააკეთოს მოკლე სქემატური ჩანაწერები და ცხრილები, თითოეულ საკითხზე შეადგინოს მოკლე გეგმები, რომლებსაც მეცადინეობის დასრულების შემდეგ გადახედავს. ასეთი გეგმების მიხედვით ის უკეთესად გაიხსენებს დასწავლილს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ წაკითხვა, თუ მას ანალიზი არ ახლავს, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კარგად დაამახსოვრდება;
  • გამოცდაზე წარმატების მისაღწევად ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი ძალების რწმენა, რომლის ამაღლებაში ჩვენ სერიოზული დახმარების გაწევა შეგვიძლია. გავამხნევოთ ის, შევაქოთ იმისათვის, რასაც კარგად აკეთებს, მოვერიდოთ კრიტიკას და საყვედურებს. ყოველივე აღნიშნული მას დაეხმარება, რომ იფიქროს წარმატებაზე და არა მარცხზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც რაც უფრო მეტად ეშინია ადამიანს მარცხის, წარუმატებლობის, მით უფრო მეტია მის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა;
  • ცნობილია, რომ მშობლების ემოციები, მათი მღელვარება, შფოთვა, ნერვიულობა ყოველთვის გადაეცემა ბავშვს. ამდენად, აუცილებელია, რომ გამოვრიცხოთ ხმააწეული ტონი, ნერვიულობა მასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით წინასაგამოცდო პერიოდში;
  • ბავშვისთვის ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად კარგი იქნება საგამოცდო სიტუაციის იმიტაცია. ამასთან, შევეცადოთ იმიტირებული საგამოცდო სიტუაციის რეალურთან მაქსიმალურად დაახლოებას – დავნიშნოთ დრო, შევქმნათ მშვიდი გარემო, მივცეთ ბავშვს საგამოცდო დავალების ანალოგიური დავალება და მუშაობის დასრულების შემდეგ მასთან ერთად გავაანალიზოთ შესრულებული სამუშაო, ვიმსჯელოთ, სად დაუშვა მან შეცდომა და რით იყო ეს განპირობებული;
  • ვთხოვოთ ბავშვს, რომ გამოცდის წინა დღეს შეწყვიტოს მეცადინეობა. გამოცდის წინ ბოლო თორმეტი საათი უნდა დაეთმოს ორგანიზმის მომზადებას, ამიტომ მას კარგად გამოძინება ესაჭიროება.

თუ ბავშვს გამოცდაზე ტესტური დავალების შესრულება მოუწევს, გამოცდისთვის მოსამზადებელ პერიოდში მას აუცილებლად უნდა გავაცნოთ შესაბამისი ხერხები ასეთი დავალების ეფექტიანად და წარმატებით შესასრულებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იქნება მიღებული დავალების თავიდან ბოლომდე გადათვალიერება იმის სანახავად, თუ რა ტიპის და რა სირთულის კითხვებია მასში წარმოდგენილი;
  • უმჯობესი იქნება დავალების შესრულება დავიწყოთ ჩვენთვის მარტივი და კარგად ნაცნობი კითხვებიდან, რომელთა ცოდნაშიც ეჭვი არ გვეპარება. საჭიროა შეკითხვების ყურადღებით, ბოლომდე წაკითხვა იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ აზრი;
  • თუ ვიცით პასუხი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, გამოვტოვოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ. ნუ გავჩერდებით ისეთ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენი მხრიდან დიდხანს დაფიქრება სჭირდება;
  • ვიფიქროთ მხოლოდ იმ დავალებაზე, რომელზეც კონკრეტულ მომენტში ვმუშაობთ. ახალ დავალებაზე გადასვლისას დავივიწყოთ წინა დავალება. გვახსოვდეს, რომ ტესტებში დავალებები არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ამიტომ, ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ერთ დავალებაში, როგორც წესი, არ გვეხმარება შემდგომ დავალებაზე მუშაობის დროს, პირიქით, შეიძლება ხელიც კი შეგვიშალოს ყურადღების კონცენტრირებაში;
  • ტესტებში ბევრი დავალების სწრაფად შესრულება შეიძლება, თუ ძებნას კი არ დავუწყებთ პასუხების სწორ ვარიანტს, არამედ თანმიმდევრობით გამოვრიცხავთ იმ პასუხებს, რომლებიც აშკარად არასწორია;
  • მოვიტოვოთ დრო იმისთვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენ მიერ შესრულებულ დავალებას და ვნახოთ რაიმე შეცდომა ხომ არ დავუშვით მუშაობისას;
  • თუ დარწმუნებული არ ვართ პასუხების შერჩევისას, ვენდოთ ინტუიციას.

ვეცადოთ, არ გავაკრიტიკოთ ბავშვი გამოცდის შემდეგ  ჩვენთვის არასასურველი ქულების გამო. პირიქით, დავარწმუნოთ ის, რომ გამოცდაზე მიღებული ქულების რაოდენობა არ არის მისი შესაძლებლობების სრული საზომი. ასეთი მიდგომა, დიდი ალბათობით, მომავალში მისი წარმატების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბავშვს უმტკივნეულოდ გაიაროს საგამოცდო პერიოდი და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

 

 

 

 

მარიო ვარგას ლიოსას თვრამეტი ძვირფასი რჩევა დამწყები მწერლებისთვის

0

მარიო ვარგას ლიოსა დღევანდელი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია. იგი 1936 წელს პერუში დაიბადა და უკვე მრავალი ათეული წელია წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს ლიტერატურულ არენაზე. ქვემოთ გთავაზობთ ლიოსას შემოქმედებითი წარმატებების მოკლე ჩამონათვალს:

  • ლიოსას დაწერილი აქვს ოცდაათზე მეტი რომანი, პიესა და ესეი – მისი შემოქმედება აღწერს და ასახავს ლათინური ამერიკის პოლიტიკას, კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას. „დეიდა ხულია და სცენარების მწერალი“, „გმირის დრო (ქართ. ქალაქი და ძაღლები)“, „საუბრები საკათედრო ტაძარში“, „კაპიტანი პანტალეონი და მისი სპეცმომსახურების ასეული“, „ომი და მსოფლიოს დასასრული“ (ესპ. La guerra del fin del mundo) – ეს იმ რამდენიმე რომანის ჩამონათვალია, რომლებმაც ლიოსას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
  • 1990 წელს ლიოსა პერუს პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდათ (თუმცა არჩევნებში პერუს სკანდალურად ცნობილ პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა).
  • ლიოსა რეგულარულად აქვეყნებს პოლიტიკურ ესეებს ამერიკისა და ევროპის გავლენიან გამოცემებში.
  • 2010 წელს ლიოსას სამწერლო შემოქმედებას შვედეთის აკადემიამ უმაღლესი შეფასება მისცა და ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭა.

 

ქვემოთ მოყვანილია ლიოსას რჩევები დამწყები მწერლებისთვის ან იმათთვის, ვისაც ლიტერატურა და, ზოგადად, წერა უყვარს. ეს რჩევები ამოკრებილია ლიოსას ჩანაწერებიდან „წერილები ახალგაზრდა მწერლებისთვის“, რომელიც დაწერილია რაინერ მარია რილკეს „წერილები ახალგაზრდა პოეტისათვის“ სტილში. ლიოსას რჩევები თორმეტი თავისგან შედგება და ყოველი მათგანი დაწერილია როგორც წერილი წარმოსახვითი ახალგაზრდა მწერლისადმი. დამატებით გამოყენებულია მასალები მარიო ვარგას ლიოსას ინტერვიუდან, რომელიც მან 1990 წელს The Paris Review-ს მისცა და სხვადასხვა გამოსვლიდან თუ ჩანაწერიდან, რომელიც ამ თემას ეხმაურება.

 

გთავაზობთ დიდი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას თვრამეტ ძვირფას რჩევას დამწყები მწერლებისათვის ან წერის მოყვარულთათვის:

პროფესია: მწერალი

  • „მწერლობის, როგორც პროფესიის განმსაზღვრელი თავისებურება შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები, ვისაც ეს ნიჭი აქვთ, ამ საქმეს ბუნების მიერ ნაბოძებ საუკეთესო საჩუქრად აღიქვამენ. ბევრად უფრო საუკეთესოდ, ვიდრე ეს შესაძლებელია მიიღონ მათ მიერ გაკეთებული სხვა ნებისმიერი საქმიანობისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ მრავალი გაურკვევლობისა, რომელიც მწერლობას, როგორც საქმეს ახასიათებს: სადღაც ძალიან ღრმად, მისი არსების შიგნით, მწერალი გრძნობს, რომ წერის უნარი არის საუკეთესო რამ, რაც მას ოდესმე დამართნია, ან შესაძლებელია დამართნოდა…“
  • „[მწერლის პროფესია] …ბუნდოვანი მიდრეკილება, რომელიც ზოგ ქალსა თუ მამაკაცს იძულებულს ხდის, მთელი ცხოვრება მიუძღვნან საქმიანობას, რომლითაც, მათი ფიქრით, ისინი უნდა დაკავდნენ და ფაქტობრივად ვალდებულება აიღონ, გაჰყვნენ ამ საქმეს. ისინი გრძნობენ, რომ მხოლოდ ამ საქმის კეთებით – მაგალითად, მოთხრობების წერით, იქნება შესაძლებელი იგრძნონ თავი სრულყოფილად, ჰქონდეთ მშვიდობა საკუთარ თავთან. იგრძნონ, რომ ეს არის ყველაზე უკეთესი რამ, რაც მათ შეუძლიათ შექმნან, ცხოვრების უსარგებლოდ გაფლანგვის მუდმივად თანმდევი შიშის გარეშე“.

რაზე უნდა წეროს მწერალმა?

მწერლობის სურვილით შეპყრობილნი ხშირად კითხულობენ, თუ სად პოულობენ მწერლები იდეებს მოთხრობებისა თუ რომანებისთვის. ლიოსას პასუხი ასეთია:

  • „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ცხოვრება – დიდი სიტყვა, რომელსაც მე ვიცნობ, მწერალს თვითონ „უსჯის“ თემებს, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებების მეშვეობით, რომლებიც შთაბეჭდილებას ტოვებენ მწერლის ცნობიერსა თუ არაცნობიერზე, ხოლო მოგვიანებით, აიძულებენ მათ მოთხრობებად გადაქცევას და ამ ტვირთის ამგვარად მოცილებას“.
  • „…აქვს კი აზრი ვისაუბროთ მონაგონის (ინგლ. Fiction) ავთენტურობაზე, ჟანრზე რომელშიც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი იყო მატყუარა ან გაიძვერა? კი, ეს შესაძლებელია, თუმცა შემდეგნაირად: ნამდვილი ნოველისტი ის არის, ვინც მორჩილად ეთანხმება ცხოვრების მიერ ნაკარნახევ წესებს. წერს იმ თემებზე, რომლებიც მისი გამოცდილებიდან იბადებიან,  რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი, ხოლო სხვა თემებს, ის იმ მომენტში უბრალოდ უკუაგდებს… ალბათ ეს არის მწერლის ნამდვილობა და გულწრფელობა: საკუთარი დემონების უარყოფა და ამავე დროს, მათთვის საუკეთესო შესაძლებელი სამსახურის გაწევა“.
  • „ჩემი აზრით, შინაარსი თვითონ ირჩევს მწერალს. …მე არასდროს დამუფლებია გრძნობა, რომ თემა ან შინაარსი რაციონალურად, ცივი გონებით შევარჩიე. ამის საპირწონედ კი იმასაც დავამატებ, რომ ზოგჯერ, რაიმე მოვლენა ან ადამიანები, ოცნებები თუ წაკითხული ნაწარმოები, მოულოდნელად ჩემ წინ აისვეტებიან და დაუყოვნებლივ ჩემს ყურადღებას ითხოვენ“.

სტილის შესახებ

ლიოსა თავის „წერილებში ახალგაზრდა მწერლებისთვის“ აღნიშნავს საკუთარი სტილის ძებნის აუცილებლობის შესახებ:

  • „პრაქტიკული რჩევის სახით შემდეგს გეტყვით: მწერლობა შეუძლებელია თანმიმდევრული და თქვენთვის განუყრელი სტილის გარეშე, რომელიც თვითონვე უნდა იპოვოთ“.
  • „იკითხეთ მუდმივად, რადგან შეუძლებელია დაეუფლოთ მდიდარი, მრავალფეროვანი სხეულის მქონე ენას ბევრი და კარგი ლიტერატურის კითხვის გარეშე. ეცადეთ, არ გაიმეოროთ თქვენი საყვარელი მწერლების სტილი, ვინც ლიტერატურის სიყვარული გასწავლათ. გადაიღეთ მათი ყველა სხვა თვისება – თავდადებულობა, დისციპლინა; თუ იგრძნობთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, აქციეთ მათი მყარი რწმენა თქვენს რწმენად. მაგრამ ეცადეთ, თავი აარიდოთ თქვენი საყვარელი მწერლების მექანიკურ რეპროდუქციას, მათი რიტმისა და თარგების გამოყენებას, რადგან თუ ვერ შეძლებთ თქვენი პერსონალური სტილის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენს მონათხრობთან, თქვენს ისტორიებში ალბათ ვერასდროს მიაღწევთ იმ დამაჯერებლობას, რომლებიც მათ სიცოცხლეს შთაჰბერავენ“.

იუმორის, როგორც ლიტერატურული იარაღის გამოყენება

  • „მე იუმორისადმი „ალერგიული“ ვიყავი, რადგან ძალიან გულუბრყვილოდ ვთვლიდი, რომ სერიოზული ლიტერატურა არასოდეს „იღიმოდა“; რომ იუმორი შესაძლოა ძალიან სახიფათო ყოფილიყო, როცა მოთხრობებში სერიოზულ სოციალურ, პოლიტიკურ ან კულტურულ პრობლემებზე მსურდა საუბარი. მეგონა, რომ იგი ჩემს ნაწერს ზედაპირულს გახდიდა და მკითხველს მხოლოდ მსუბუქად გაართობდა. ამიტომაც, მე უარვყოფდი იუმორს. შეიძლება ეს სარტრის გამოც მოხდა, რომელიც ყოველთვის მტრულად უყურებდა იუმორს, ყოველ შეთხვევაში, თავის ნაწერებში. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ლიტერატურის მეშვეობით იუმორი ზოგიერთი ცხოვრებისეული გამოცდილების ხაზგასმის  ყველაზე ზუსტ იარაღად შეიძლებოდა მექცია. ეს მოხდა კაპიტან პანტალეონისა და მისი სპეცმომსახურების ასეულის შემთხვევაში. ამის შემდეგ, იუმორს, ცხოვრების საგანძურად და  სიცოცხლის საბაზო მოვლენად, შესაბამისად, ლიტერატურის შემადგენელ ნაწილად აღვიქვამ“.

ლიოსას სამუშაო ჩვევების შესახებ

ლიოსა თავისი შრომითი ჩვევების შესახებაც გვიამბობს:

  • „პირველ რიგში, ეს არის ფანტაზირება – რომელიმე პირის ან სიტუაციის მხოლოდ შენი ინტერპრეტაციით გადმოცემა. ამის შემდეგ წარმოდგენილზე ჩანაწერის გაკეთებას, ნარატივის თანმიმდევრულად ჩანიშვნას ვიწყებ: ვიღაც შემოდის სცენაზე აქ, გადის იქ, აკეთებს ამას. როდესაც უშუალოდ მოთხრობაზე ვიწყებ მუშაობას, ვიწყებ ისტორიის ზოგადი მონახაზის კეთებას – რომელსაც, პრინციპში, არასოდეს ვიცავ და მუდმივად ვცვლი წერასთან ერთად, მაგრამ რომელიც მიბიძგებს, დავიწყო წერა.  ამის შემდეგ ვიწყებ დაწერილის თავმოყრას, გაერთიანებას, სტილზე ყურადღების გამახვილების გარეშე. ვწერ და შემდეგ გადავწერ დაწერილს, თავიდან დავწერ სცენებს და მათში სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციებს აღვწერ…“;

 

  • „პირველი სამუშაო ვარიანტი ყოველთვის ყველაზე რთულია – ის რაღაცნაირად დემორალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას წააგავს. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერასდროს გადავლახავ წარმოშობილ სიძნელეებს. ყველაზე მეტად რაც მიყვარს – გადაწერაა. ამ დროს ვასწორებ, ვკუმშავ წინადადებებს, ვამატებ, რაც გამომრჩა და თავიდან ვაგებ სცენებს – ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია“;

 

  • „ვფიქრობ, რაც მიყვარს, საკუთრივ წერა კი არ არის, არამედ დაწერილის გადაწერა, რედაქტირება და შესწორება… ვფიქრობ, ეს წერის ყველაზე კრეატიული ნაწილია“;

 

  • „დასაწყისში ხელით ვიწყებ წერას. ყოველთვის დილაობით ვმუშაობ და დღის ადრეულ საათებში, მხოლოდ ხელით ვწერ“;

 

  • „მუშაობის გრაფიკი ყოველთვის ძალიან მკაცრი მაქვს. დილიდან ნაშუადღევის ორ საათამდე ვმუშაობ და კაბინეტიდან არ გავდივარ“;

 

  • „კვირის სამუშაო დღეებს, ორშაბათიდან შაბათამდე, დაწყებული მოთხრობის წერას ვუთმობ, ხოლო კვირა დღეს – ჟურნალისტურ საქმეებს, სტატიებსა და ესეებს;

 

  • „თუ შთაგონებას დაველოდები, წიგნს ვერასდროს დავასრულებ. ჩემთვის შთაგონება მუდმივი მცდელობის საშუალებით მოდის“;

 

  • „დღის ბოლოს, ინტენსიური შრომის შემდეგ, შინაგან მღელვარებას ვგრძნობ. ძალიან მეხმარება კინოფილმის ნახვა, რომ თავი უკეთ ვიგრძნო“.

კიდევ რამდენიმე რჩევა მწერლებისთვის მარიო ვარგას ლიოსასგან

  • „…მოთხრობამ მკითხველი არა იდეებით, არამედ იმ ფერითა და ემოციებით უნდა ჩაითრიოს, რომელსაც ქმნის გაკვირვების ელემენტითა და ყველა იმ დაძაბული და საიდუმლოებით მოცული სიტუაციით, რომელიც მოთხრობას შეუძლია დახატოს“;
  • „კარგი მოთხრობა ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. მათგან მთავარიუდავოდ დაუღალავი შრომაა“;
  • „ფოლკნერი გახლდათ პირველი მწერალი, რომელსაც კალმით ხელში ვკითხულობდი, რადგან გამაოცა მისმა ტექნიკამ. იგი პირველი მწერალი იყო, რომლის ნამუშევრის რეკონსტრუქციისათვის გამოყენება სრულიად შეგნებულად ვცადე. მსურდა, მივყოლოდი მის ნაწერში მოცემულ სხვადასხვა ელემენტს: მაგალითად, დროის ორგანიზებას, დროისა და ადგილის გადაკვეთას, წყვეტებს ნარატივში; მის უნარს, მოეყოლა სხვადასხვა კუთხით დანახული ამბავი, რაც თავის მხრივ, მოთხრობას გარკვეულ ორაზროვნებას აძლევდა და სიღრმეს ჰმატებდა“.

ბოლო სიტყვა

ლიოსა „წერილებში ახალგაზრდა მწერლებისთვის“ ბოლო აბზაცში წერს: „ჩემო ძვირფასო მეგობარო: წერილებით ვცადე, თქვენთვის მეთქვა, რომ დაივიწყოთ ყველაფერი, რაც ჩემს წერილებში მოთხრობის სტრუქტურის შესახებ წაიკითხეთ. უბრალოდ, დაჯექით და დაწერეთ“.

 

ავტორი: მარელისა ფაბრეგა

წყარო: https://daringtolivefully.com/mario-vargas-llosa-tips

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 

 

 

„მივაბიჯებ ტყეებსა და ველებში, სწორედ ისე, როგორც მსურს!“

0

73  წლის პეპი გრძელწინდას მარადიული ბავშვობა

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენი  კალენდარი თუ ჩამორჩა?  რა თქმა უნდა, პეპის მსგავსად, ღირშესანიშნავი თარიღები მაშინ აღნიშნოთ, როდესაც მოახერხებთ („კალენდრის ხელოსანთან“ მისვლას კი ყოველთვის მოასწრებთ).

დღესასწაულები იმსთვის არსებობს, საყვარელი ადამიანები რომ გავახაროთ და სულაც არ არის საჭირო წესებისა თუ განრიგის დაცვა. გახსოვთ, სიხარულის კუნძულიდან დაბრუნებულმა პეპიმ მთელი ღამე გაათენა  მეგობრებისთვის გამოტოვებული საშობაო ზეიმი რომ „აენაზღაურებინა:“ სახლისკენ მიმავალი ბილიკები ნამქრისგან გაათავისუფლა, სამზარეულოს შუაგულში დიდი, ლამაზი ნაძვის ხე დადგა, ღუმელში ცეცხლი ააგიზგიზა, ღვეზელი გამოაცხო, მაგიდაზე თხლად დაჭრილი შაშხი, ძეხვი და სხვა ნუგბარი დაალაგა, ცხენს – საკუჭნაოში, მაიმუნ ნილსონს კი ნაძვის ხეზე, ჩვიდმეტი სანთლის გარემოცვაში მიუჩინა ადგილი. არც სჩუქრები დაივიწყა: ზოგი შეკრულა დამალა, ზოგი ბუხრის თავზე დაკიდა. როგორ გაიხარეს ტომმა და ანიკამ! თბილ სამზარეულოში მოკალათებულები, გემრიელად ილუკმებოდნენ და გაიძახოდნენ: რა კარგია, პეპის ვილაში დრო რომ ჩამორჩა, თორემ წელს საშობაო ნაძვის ხეს ვეღარ ვნახავდითო!

პეპი ადამიანების გახარების  მართლაც უბადლო ოსტატი იყო.

გადავწყვიტე, გაფუჭებული კალენდარით მეც მესარგებლა და მრგვალი თარიღებისა თუ იუბილეებისთვის გვერდი ამევლო. ამიტომ 21 მაისს კი არა, „არდაბადების დღეზე,“ თქვენთან ერთად  გავიხსენებ ჭორფლიან, წითურ გოგონას აპრეხილი ნაწნავებით, 73 წლის რომ გახდა და…  ჯერაც არ გაზრდილა.

პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა გრძელწინდა.

პაჭუა ცხვირი ჭორფლით დასწინწკვლოდა, პირი ლამის ყურებამდე ჰქონდა გახეული. როცა გაიცინებდა, კბილები თეთრად  უელავდა. თავისივე შეკერილი ლურჯი კაბა ეცვა, ალაგ-ალაგ წითელ ნაკუწებჩადგმული (ეტყობოდა, ნაჭრი  არ ეყო), წვრილ კანჭებზე სხვადასხვა ფერის გძელი წინდები ეცვა, ერთი ყავისფერი, მეორე შავი.

ჩვეულებრივი გმირი ნამდვილად არ გახლდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხიარულების კუნძულის პრინცესა იყო და ღირშესანიშნავი მშობლები ჰყავდა: დედა ანგელოზი, მამა ზანგების მეფე! მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ დადიოდა,  წერა-კითხვა და ანგარიში არ იცოდა და საზოგადოებაში მიღებულ წესებსაც არ იცავდა, საოცრად სხარტი, სამართლიანი და, რაც მთავარია, კეთილი ადამიანი იყო. „დიახ, პეპის ვენდობი, ის იქნებ ყოველთვის თავაზიანად არ იქცევა, სამაგიეროდ ოქროს გული აქვს, ეს კი ყველაფერს ნიშნავს!“ – ეუბნებოდა ანიკას და ტომის დედა სკეპტიკურად განწყობილ მეზობლებს და საკუთარ შვილებს დაუფიქრებლად აყოლებდა მხიარულების კუნძულზე ოკეანის გავლით სამოგზაუროდ მიმავალ პეპის.

წაკვითხისთანავე  შეგვიყვარდა და მოგვინდა მისთვის მიგვებაძა – მასავით გვესაუბრა, გვევლო და დაუჯერებელი ამბები  შეგვეთხზა. პირველივე აბზაცებიდან მოვიხიბლეთ, იმიტომ, რომ რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა, ვილა „ყიყლიყოში“ მარტოდმარტო ცხოვრობდა და არავინ აიძულებდა შუა თმაშის დროს დაეძინა ან თევზის ქონი მაშინ დელია, როდესაც კანფეტის კნატუნი ყველაფერს ერჩივნა. გრადა ამისა,  ეფრაიმ გრძელწინდას ასულს შთამომავლობით ფანტასტიკური ფიზიკური  ძალაც გადასცემოდა: ცხენს ხელში აიყვანდა და ისე დაატარებდა, ცირკის ცნობილ მძლეოსნებს ამარცხებდა, ხარს რქებს ამტვრევდა, პოლიციელებს სახლიდან კინწისკვრით აძევებდა, მძარცველებს კარადის თავზე ტომრებივით ყრიდა. პატარებსა და სუსტებს ნამდვილმა გმირმა თითქოს ბეწვზე მოგვისწრო, ოპტიმიზმით აგვავსო და საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, პეპი დაუნდობელი მოძლადე არასდროს რომ ყოფილა, პირიქით, დამარცხებულების მიმართ დიდსულოვნებით გამოირჩეოდა –  გასაძარცვად მისულ ქურდებს დანაშაულის გამოსასყიდად გათენებამდე აცეკვებდა, ბოლოს კი გემრიელად დაანაყრებდა და ასაჩუქრებდა კიდეც (ის ხომ „ტროლივით მდიდარი“ გახლდათ, ოქროთი სავსე ჩემოდანს ინახავდა ნახევრადდანგრეულ ვილა „ყიყლიყოში“).

პეპის ტყუილებსაც იოლად ვპატიობდით, იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრობას ამით არაფერი  აკლდებოდა. გარდა ამისა, გამომგონებლობის უტყუარი მიზეზიც ვიცოდით –  „დიდხანს ცხოვრობდა კონგოში, სდაც დილიდან დაღამებამდე ტყუილებს ფქვავენ.“ ამიტომ გულიანად ვიცინოდით, როდესაც გვარწმუნებდა:

ბრაზილიაში ისე არავინ გამოვა სახლიდან, თავზე კვერცხი თუ არ წაიგლისაო;

არგენტინაში ბავშვებს საშინაო დავალებებს არ აძლევენ, ამიტომ ჩუმად იპარებიან კარადაში გაკვეთილების სასწავლად და ვაი მისი ბრალი, ვისაც დედა შეუსწრებსო;

ისეთი სკოლა ვიცი, რომელშიც კანფეტების ფაბრიკიდან  საგანგებო მილია გაყვანილი და მოსწავლეები მთელი დღე ფერად-ფერად კანფეტებს აკნაწუნებენო;

ამერიკაში ერთ გუბეს ვერ ნახავ თავისუფალს, ბავშვები მთელი დღე იქ სხედან, ზამთარში კი,  როცა გუბეები იყინება, თავები რჩებათ ამოყოფილი და დედებს ხილის წვენი და გუფთა იქ მიაქვთ თავიანთი შვილებისთვისო;  

სამხრეთ აფრიკაში ბავშვს სიცხე აუწევს თუ არა, მაშინვე ჭაღზე ფეხებით ჩამოჰკიდებენ და მანამდე აქანავებენ ვიდრე არ გამოჯანმრთელდებაო!

პეპის უცნაურობები მხოლოდ შეთხზული ამბებით როდი ამოიწურებოდა: ფეხებს ბალიშზე შემოაწყობდა და თავზე საბანწაფარებულს ეძინა, კიბეზე თავდაყირა ჩადიოდა, ფეხსაცმელებს პურის თეფშზე ალაგებდა, ქვაბში მოთუხთუხე კერძს ქოლგის ტარით ურევდა,  რომ დანაყრდებოდა, დარჩენილ რძეს ყურში ისხამდა, თაფლაკვერების ცომს კი  პირდაპირ იატაკზე აბრტყელებდა და ჭრიდა. რჩევებიც უნიკალური იცოდა: დღეს თუ არ წახვედით, ხვალ ვეღარ მოხვალთო; თუ გინდა, გაიგო, რომელია პორტუგალიის დედაქალაქი, ადექი და მისწერე პორტუგალიელებს, სიამოვნებით გაცნობებენო; კაცს მუცელი რომ ასტკივდება, ცხელი ტილო უნდა დაღეჭოს ან ცივი წყალი გადაისხას თავზეო;

ვინ მოთვლის,  კიდევ რამდენი უცნაურობის გახსენება და ჩამოთვლაა შესაძლებელი. პეპის გარშემო ხომ ნამდვილი თავგადასავლები ხდებოდა, ამიტომ მისი მეგობრები: ცხენი, მაიმუნი, ანიკა და ტომი დროს მშვენივრად ატარებდნენ. პეპის „გვერდით ყოფნა“ ჩვენც არანაკლებ გვახარბდა – მისი სიკეთე და უანგარო მეგობრობის უნარი – გადამდები, სამყაროზე წარმოდგენები კი საოცრად მიმზიდველი იყო. ჟღალთმიან გოგონასთან მიჯაჭვულობა დიდობაშიც გაგვყვა. დღესაც, ნაცნობ გვერდებს გადავხედავთ თუ არა, თითქოს გართობისა და ცელქობის ბილეთი ავიღეთო, ბავშვობაში ვბრუნდებით. ისევ გვჯერა, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებაც შეიძლება ახდეს!

Pippi Långstrump

პეპი ასტრიდ ლინდგრენის ქალიშვილიმა, კარინმა გამოიგონა, როდესაც ფილტვების ანთება ჰქონდა და დედა ყოველ საღამოს ზღაპრებს უყვებოდა. ერთხელაც უთქვამს, მოდი, პიპი გრძელწინდაზე მიამბეო, – თავისთავად და მოულოდნელად მოსვლია თავში ეს უცნაური სახელი.

ასე გაჩნდა დაუმორჩილებელი გოგონა Pippi Långstrump – დიახ პიპი, და არა პეპი, როგორც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულმა თარგმანმა დამკვიდრდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ პეპის შესახებ წიგნების მთარგმნელს ლილიანა ლუნგინას ასტრიდ ლინდგრენისთვის უთხოვია, რუსულ ენაში სკაბრეზული კონოტაციის თავიდან ასაცილებლად სახელს შევცვლიო. ლინდგრენი დასთანხმებულა და ჩვენც, როგორც ყოველთვის, საერთო საბჭოთა ქვაბში მოვიხარშეთ – ჟღალთმიანი გოგონა პეპიდ გაგვეცნო.

იმედი მაქვს, ოდესმე ჩვენი შვილებიც იხილავენ ახალ გამოცემას ორიგინალური სახელითა და სათაურით. განა ცოტა შეცდომა გამოგვისწორებია?! აკი, მთარგმნელებისა თუ გამომცემლების ძალისხმევით დავიბრუნეთ ალან მილნის ვინი ფუუჰი – ვინი პუხის ნაცვლად, ლუის კეროლის ელისი – ალისას მაგივრად, ისიც შევიტყვეთ, რომ ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარის“ მთავარი გმირი დოროთი ყოფილა და არა ალექსანდრე ვოლკოვისეულ თარგმანში სახეშეცვლილი ელი. მოთმინებით დაველოდოთ პიპის დაბრუნებასაც, განა სად გვეჩქარება, მას ხომ  „ბავშვად დარჩენის აბები“ აქვს გადაყლაპული და რაც არ უნდა ერქვას, მის გვერდით ყოველთვის და ყველგან მხიარულეად ვიქნებით.

პროექტებით სწავლა – ეფექტური მაკრომეთოდი პროფესიულ განათლებაში

0

მოდით, ცოტა ხნით ტიპური სცენარი დავივიწყოთ:

დაფასთან მდგარი, დამწკრივებულ მერხებთან მიმსხდარ მოსწავლეებს „მასალას ვუხსნით“. ინფორმაცია სტრუქტურირებულია თემატური  პრინციპით და ეს აბსტრაქტული ცოდნა რამდენადმე მოწყვეტილია სტუდენტთა საჭიროებებს. შესაძლოა, არც არის მოწყვეტილი, მაგრამ ფორმულირებულია ისე, რომ მსმენელები თავიანთ პროფესიულ გამოწვევებთან ამ ნარატივს ვერ აიგივებენ, ვერ ხედავენ აღნიშნული ცოდნის გამოყენების უახლოეს და შორეულ შესაძლებლობებს.

ვაგრძელებთ. ვსვამთ ფრონტალურ კითხვებს. აქტიური სტუდენტები, ცხადია, პასუხობენ ხმამაღლა, რაც საშუალებას არ გვაძლევს გავერკვეთ, რამდენად მიაღწია ინფორმაციამ დანარჩენ ადრესატებამდე. მათ ჩამქრალ თვალებში არ იკითხება ინტერესი, სამაგიეროდ, ჩანს ფრუსტრაცია, რასაც, საბოლოოდ, რამდენიმე ახსნას ვუძებნით: უინტერესო თაობა მოდის / სუსტი კონტინგენტი შეგვხვდა.

რას ფიქრობენ ისინი? ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ პროფესიულ კოლეჯში სწავლა უინტერესო და უპერსპექტივოა.

ასე „გავივლით მასალას“ და ხშირად არც ისე მკაფიო წარმოდგენა გვაქვს, ჩვენ მიერ გადაცემული ინფორმაცია გარდაიქმნება თუ არა სტუდენტების პრაქტიკულ კომპეტენციებად.

ალტერნატიული, ქმედებაზე ორიენტრებული (action oriented)  სცენარი, რომელმაც დიდი ხანია, განათლების არაერთ წარმატებულ სისტემაში დაიმკვიდრა ადგილი, ტრადიციული მოდელისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ეს სხვაობა ყველა დონეზე ვლინდება – სასწავლო გარემოს დიზაინიდან, მასწავლებლის ფუნქციის გააზრებამდე.

პრაგმატიზმი – პროექტებით სწავლის ფილოსოფიური კონტექსტი. პრაგმატიზმი, როგორც განათლების ფილოსოფია ჯონ დიუისა და უილიამ ჯეიმსის ნაშრომებში იძენს გამოკვეთილ სახეს. პრაგმატიზმის ქვაკუთხედი ადამიანია – მისი გამოცდილება, საჭიროებები და პრობლემები. საგანმანათლებლო პროცესიც სწორედ ამ გამოწვევების პასუხისგებას ემსახურება.

პრაგმატიზმი ცნობს ექსპერიმენტს, ემპირიას, შესაბამისად, ამტკიცებს, რომ სწავლა მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, როცა მოსწავლე თავად ამდიდრებს საკუთარ გამოცდილებას, თუნდაც, შეცდომების საშუალებით და საკუთარ საგანმანათლებლო პროცესზე თავადაა პასუხისმგებელი. ის სტუდენტს ინიციატორის, გადაწყვეტილების მიმღების როლში განიხილავს და არა როგორც ინფორმაციის პასიურ ჭურჭელს. ამიტომ მისი საყრდენი საგანმანათლებლო მიდგომებია ქმედებაზე ორიენტირებული განათლება, კეთებით სწავლა, ფავორიტი მაკრომეთოდი კი – პროექტებით სწავლა.

პრაგმატიზმი წაახალისებს ინდივიდუალურ, წყვილებს შორის და გუნდურ კვლევებს, რაც საუკეთესოდ მოქმედებს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის გაზრდაზე. კვლევა აღმოჩენის სიხარულთან და თვითრწმენის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. ის ყოველგვარი შესაძლებლობისა და აკადემიური მოსწრების სტუდენტს აძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, რასაც ვერ ვიტყვით ფრონტალურ აქტივობებზე, სადაც, როგორც წესი, მთელ კლასს აქტიური მოსწავლეების თამაშის წესების მიღება უწევთ. რაც უნდა სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული იყოს კურიკულუმი, ჩვენი გადასახედიდან, თუ მისი დიზაინის პროცესში აზრს სტუდენტებს არ დავეკითხებით და მათგან უკუკავშირს არ მივიღებთ, ჩვენი მცდელობა მათი მხრიდან მაინც თავსმოხვეულ ძალისხმევად განიხილება.

პროექტი, როგორც დასრულებული ქმედება, ფაზლის პრინციპით აერთიანებს არამხოლოდ პროფესიულ, არამედ – მთელ რიგ სოციალურ და პერსონალურ კომპეტენციებს. დაგეგმვის ეტაპზე სტუდენტები ცდილობენ საკუთარი პრობლემებისა და საჭიროებების რეფლექსიას და სახავენ მათი მართვის ეფექტურ გზებს; წყვილთან ან გუნდური მუშაობისას სტუდენტები სწავლობენ კოლაბორაციას, დისკუსიას, კონფლიქტების მართვას, პროექტის დასრულების შემდეგ უმაღლდებათ თვითშეფასება და უვითარდებათ გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პროექტებით სწავლას მსოფლიოში მიმართავენ განათლების ყველა საფეხურზე – საბავშვო ბაღიდან – უნივერსიტეტებამდე. პროფესიულ განათლებაში ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია; უფრო კი, იმგვარი პროექტებისა, რომლებიც რაიმე ნივთიერი პროდუქტის  შექმნას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში კონკრეტულ დროში მიღწეული მატერიალური შედეგი სტუდენტებს შორის სწავლისადმი მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს.

პროექტებით სწავლა, როგორც ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომის ინსტრუმენტი. პროექტებით სწავლის მეთოდი, გლობალურად, ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომის (action oriented approach) ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ მიდგომას ტრადიციული საგანმანათლებლო გამოცდილებებისგან განასხვავებს ორი მთავარი გარემოება: ქმედებაზე ორიენტირებული განათლების პროცესს არსებითად გამოხატავს ტერმინი „სწავლა“ და არა – „სწავლება“, რადგან მთავარი ფოკუსი აქ მოსწავლეა და არა – მასწავლებელი; შესაბამისად, სასწავლო პროცესი აქ ავტონომიურად (მოსწავლის მიერ) არის ორგანიზებული.

პროექტი, როგორც ნებისმიერი, ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდი, ექვს ძირითად ეტაპს ითვალისწინებს:

  1. ინფორმაციის შეგროვება

მოსწავლეები განსაზღვრული საკითხის გარშემო სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას. ეს პროცესი ახლო დგას გონებრივი იერიშის მიკრომეთოდთან, როდესაც საკითხში გარკვევის, მის გარშემო ცნობიერების განვითარების საშუალებით ხდება მეხსიერებაში დალექილი გამოცდილებების სტიმულირება და პროექტის მიმართ მოტივაციის გაზრდა.

  1. დაგეგმვა

დაგეგმვის ფაზაში, უპირველეს ყოვლისა, პროექტის იდეის, კონცეფციის განვითარება მოიაზრება – რა კეთდება, რისთვისა და ვისთვის კეთდება, ასევე, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს გარემოება თვით სტუდენტებმა განსაზღვრონ. ეს დაეხმარება მათ გარემო და შინაგანი პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის სტრატეგიების შემუშავებაში.

დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრება, რა ტიპის პროექტების განხორციელება იგეგმება. იქნება ეს მარტივი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ერთი სამუშაო შესრულდება, თუ კომპლექსური – მრავალგანზომიებიანი პროექტი, რომელიც სხვადასხვა ამოცანებსა და შესაბამის აქტივობებს მოიცავს. პროექტი შესაძლოა მიზნად ისახავდეს რაიმე ნივთიერის შექმნას, პრობლემის გადაჭრას ან რომელიმე ცალკეული უნარის განვითარებას.

  1. გადაწყვეტილების მიღება

ზოგადი მონახაზის შემუშავების შემდეგ სპეციფიკური დეტალების განსაზღვრის დრო დგება. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფები / ინდივიდები ინაწილებენ ამოცანებს და ქმნიან შესაბამის ფუნქციურ სქემას, მაგ. გამოკითხვის ჩატარება, პროდუქტის კონცეფციის ჩამოყალიბება, პროდუქტის დიზაინი და სხვ. აქტივობათა სქემის განვითარების პრინციპი შეიძლება იყოს დრო, რა შემთხვევაშიც  პროექტი ჩაიშლება თანმიმდევრულ აქტივობებად – დღეების / კვირების / თვეების მიხედვით. შესაძლოა სამუშაო პაკეტები დაიყოს სივრცულად – განსახორციელებელი ადგილების (საწარმო, სარეალიზაციო ობიექტი, სკოლა და სხვ) მიხედვით. განისაზღვრება თითოეული სამუშაო ჯგუფის მოქმედებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები, აგრეთვე სამუშაო პაკეტებზე პასუხისმგებელი სტუდენტები.

დაგეგმვის ფაზა, სასურველია, დასრულდეს, პროექტის გეგმის ვიზუალიზაციით, სამუშაო პაკეტებად ჩაშლილი მატრიცის სახით.

  1. განხორციელება

პროექტი სრულდება გეგმის შესაბამისად, თუმცა სტუდენტები, ამასთანავე, უნდა იყვნენ განხორციელების თანამდევი გამოწვევების ადეკვატურები, შეძლონ მათზე სპონტანური რეაგირება და არ მოექცნენ გეგმის, როგორც თავისთავადი მოცემულობის ტყვეობაში.

  1. მონიტორინგი

პროექტის მსვლელობისას საგანგებოდ შერჩეული სტუდენტები აკვირდებიან საკუთარი / სხვა ჯგუფების საქმიანობას – რამდენად შეესაბამება პროექტის ამოცანებსა და საბოლოო მიზნებს მისი განხორციელების პროცესი; რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს გუნდის თითოეული წევრი; რამდენად შედეგიანად მიმდინარეობს კოლაბორაცია;

პროექტის მონიტორინგის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს მასწავლებელიც, თუმცა ეს უკანასკნელი იმ გეგმითა და პრინციპებით იხელმძღვანელებს, რომლებიც წინასწარ სტუდენტებს ექნებათ შემუშავებული. პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში, მონიტორის მითითებით, პროექტის შემსრულებლები შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ სტრატეგიებს.

  1. შეფასება

შეფასება ნებისმიერი საგანმანათებლო აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელი ხდება პროექტის პროცესისა და შედეგების რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი.

მნიშვნელოვანია, რომ შეფასების წესი და კრიტერიუმები სტუდენტებმა თავად განსაზღვრონ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე. კარგი იქნება, თუ სასურველი შედეგების კონკრეტული ინდიკატორების სქემას გაწერენ, რაც შეფასების პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს საკუთარი მოსაზრება პროექტის შედეგების გაზომვის, მისი ეფექტიანობის შეფასების თაობაზე. სასურველია, თუ აქცენტი არამხოლოდ შედეგზე გაკეთდება (რა გაკეთდა), არამედ – საკუთრივ მუშაობის პროცესზეც (როგორ გაკეთდა), რადგან პროექტებით სწავლის მთავარი მიღწევა არამხოლოდ ტექნიკური და პროფესიული ცოდნითა და უნარებით აღჭურვაა, არამედ სწორედ საკვანძო (სოციალური, მეთოდოლოგიური და ინდივიდუალური) კომპეტენციების განვითარებაა არანაკლებ მნიშვნელოვანი.

სასწავლო გარემო და საათებრივი ბადე. როგორც აღვნიშნეთ, პროექტებით სწავლის შემთხვევაში, აუდიტორიის დიზაინიც განსხვავებულია – მერხები, როგორც წესი, არა მწკრივებადაა განლაგებული, არამედ შეესაბამება პროექტის სოციალური ორგანიზაციის ფორმას – ინვივიდუალურს, ჯგუფურსა თუ გუნდურს.

მასწავლებელი თავის უცვლელ პოზიციას (დაფის მიმდებარედ, მასწავლებლის მაგიდასთან) თმობს და მუდმივად გადაადგილდება აუდიტორიაში. ის ყურადღებას აქცევს სტუდენტების მუშაობას და კითხვების შემთხვევაში, მუდმივ მზადყოფნაშია, უპასუხოს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

პროექტები, ცხადია, მხოლოდ კონტაქტური საათებითა და ერთი აუდიტორიით არ შემოიფარგლება. ის შეიძლება გაგრძედეს ლაბორატორიაში, საწარმოში, სახლში, მეურნეობაში და სხვ. საგანმანათლებლო სიტუაციების ხშირი ცვლა, რუტინის დარღვევა სტუდენტების  დაინტერესებას ზრდის და ეხმარება მათ სასწავლო მიზნებზე კონცენტრირებაში.

პროექტების მეთოდის მთავარ სისუსტედ განიხილება ის გარემოება, რომ მას სასწავლო საათებრივი ბადიდან საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ზოგიერთი მასწავლებელი მისი გამოყენებისგან თავს იკავებს, მიიჩნევს რა, რომ იმავე ცოდნის გადაცემა სტუდენტებისთვის უფრო ლაკონური ფორმით – 1-2 დეფინიცითაც შეიძლება, გაცილებით მოკლე დროში.  თუმცა არაერთი მტკიცებულება მოწმობს, რომ საგანმანათლებლო შედეგების ეფექტურობის, პროფესიული, სოციალური, პერსონალური და მეთოდოლოგიური კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, პროექტების მაკრომეთოდს ტრადიციული სამკუთხედი თავისი მზა ფორმულირებული ნარატივებითა და რუტინული გარემოებებით ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს.

მასწავლებლის როლი. იმისათვის, რომ პროექტებით სწავლა არ დარჩეს ფორმალურ, იდეას მოწყვეტილ, მოდურ მეთოდად, არამედ გახდეს შედეგზე ორიენტირებული აქტივობა, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაა მასწავლებლის მიერ საკუთარი როლისა და ფუნქციის სწორი ხედვა. მასწავლებელი ამ მოდელში არა ექსპერტის, არამედ – ფასილიტატორის საქმეს ასრულებს. ის  არის იმ გარემოს შემოქმედი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ დამოუკიდებლები, მკვლევარები, გადაწყვეტილების მიმღებნი და გარკვეულწილად, მასწავლებლის თანამშრომლები.

ბევრი თვლის, რომ რადგან ქმედებაზე ორიენტირებულ მეთოდებში მასწავლებლის აქტივობის ხარისხი მცირდება, თითქოს, მისი ფუნქცია ამით რამენაირად კნინდებოდეს. პირიქით, სტუდენტზე ორიენტირებული, მის ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული დემოკრატიული გარემოს შექმნა, მოსწავლის არჩევანის პატივისცემა გაცილებით მეტ ცოდნასა და პერსონალურ კომპეტენციებს ითხოვს, ვიდრე საგანმანთლებლო რესურსების, დროსივრცისა და ინფორმაციის საკუთარი შეხედულებების ყალიბში მოქცევა. ამდენად, პროექტების – ამ უაღრესად ეფექტური მაკრომეთოდის წარმართვას, ალბათ, მხოლოდ განსაკუთრებით უნარიანი მასწავლებლები შეძლებენ.

ცხოვრებისთვის საჭირო უნარები

0

“- ჩემი ბიჭი 16 წლის არის და საერთოდ არ აინტერესებს ის, რასაც მე ვაკეთებ. სპორტსმენია, ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ერთი-ორი წელიც და გავუშვებ მერე ამერიკაში. იქ კი ამისთანა სპორტსმენი მილიონია, მაგრამ მეტი არაფერი უნდა და ვქნა. იცი რა კარგად მღერის? ჩუმად ვიწერ ხოლმე, როცა მღერის. ჩემი ცოლი წინდებსაც კი თვითონ აცმევს.  ფეხსაცმელებს საწოლთან ახვედრებს, არაფერზე არ უწევს შეწუხება, მაინც არაფერი არ უნდა სპორტის გარდა” – მიყვება ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და ხმის ტონების ცვალებადობაზე ვხვდები, რომ დედის მხრიდან შვილზე გადამეტებული  მზრუნველობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით, ცოტა მოწონს კიდევ, მაგრამ მისი საქმით რომ არ ინტერესდება ყმაწვილი, ამით ნამდვილად უკმაყოფილოა. 

 

“- აი სკოლას რომ დაამთავრებს, მარტო გადავიდეს საცხოვრებლად და მიეჩვევა თავის მოვლას და იმაზეც უკეთ დაფიქრდება, რა უნდა, რა უფრო აინტერესებს და თავის მომავალზეც თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა” – ვუთხარი მშვიდად.

 

“- რას ამბობ, მარტო რას გააკეთებს. “ზბორებზე” რომ მიდის, მაშინაც ყოველდღე რეკავს, აქაური საჭმელი არ მომწონს, ფული გამომიგზავნეთ, სადმე  რამე ვჭამოო და ეგ მარტო მიხედავს თავს? უარესი თავისტკივილი იქნება.“

 

რა თქმა უნდა, აღარაფერი მითქვამს.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო კარგად ვხვდები, როგორი მოუმზადებელია ქართველი ახალგაზრდა მარტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ცხოვრებისთვის. 16-17-20 წლის ასაკში ვერც კი ხვდები, რომ რაღაცეებს ვერ იგებ, არასწორად აკეთებ ან საერთოდ ვერ აკეთებ, მაგრამ დრო გადის და  რაღაცნაირად გებრალება შენი თავი, ასეთი რომ იყავი და ბრაზდები უფროსებზე, რომლებმაც არაფერი ან ვერაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ  ცხოვრებისთვის საჭირო უნარებით ყოფილიყავი აღჭურვილი. ჩვენს რეალობაში საგანმანათლებლო დაწესებულებები და ოჯახები ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეს და ორივეს უჭირს აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე. კარგ შემთხვევაში გადარჩენისთვის და ორიენტაციისთვის მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება დამოუკიდებლად გვიწევს და ეს პროცესი ცოტათი ბნელ ოთახში ხელის ცეცებას გავს, ცუდ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ველოდებით ვიღაცას, ვინც საწოლთან ფეხსაცმელებს დაგვიწყობს, წინდებს ჩაგვაცმევს და საკვების ფულით მოგვამარაგებს.

პირადი მაგალითებით და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვებით რამდენიმეპუნქტიანი სია შევქმენი იმ  უნარების და ცოდნების, რაც მოზარდს კარგი იქნება მანამ ჰქონდეს, სანამ ზრდასრულობას მიაღწევს. ზოგი მათგანი ბანალური და ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოც კი იყოს, ზოგი შედარებით დამაჯერებლად გამოიყურება. ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია ცხოვრებაში და საჭიროებიდან გამომდინარეობს და უნივერსალური ვერც ეს და ვერც სხვა ამგვარი სია ვერ იქნება, მაგრამ დაფიქრებად ალბათ ღირს.

 

მაშ ასე:

 

  1. პირადი სივრცის მოწყობა, ნივთების და საცხოვრებლის მოწესრიგება, საშინაო საქმეებისთვის დროის გონივრულად და ეფექტურად განაწილება;

 

რასაკვირველია, სახლის გენერალურად დასუფთავება ბავშვს არ უნდა მივანდოთ და ადრეულ ასაკში ფანჯრების გაწმენდა ან მთელი ოჯახისთვის პერანგების გაუთოვება არ უნდა დავავალოთ, სჯობს დრო უფრო საბავშვო საქმეების კეთებაში გაატაროს, მაგრამ პირადი ნივთების მოწესრიგება და პირად სივრცეზე პასუხისმგებლობის აღება ადრეული ასაკიდან შეგვიძლია ვასწავლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

  1. საქმიანი წერილების წერა, ოფიციალური დოკუმენტების წარმოება; საბუთებში გაწერილი პუნქტების და პირობების ყურადღებით გაცნობის აუცილებლობა ხელის მოწერამდე;

 

როცა მუშაობა დავიწყე, მეც მიჭირდა სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ისე დამელაგებინა სათქმელი, რომ არც ფამილარული ყოფილიყო, არც ზედმეტად ოფიციალური, თან გასაგები ყოფილიყო, თან ამისთვის ბევრი სიტყვები და გრძელი წინადადებები არ დამჭირვებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები, რომელი პლატფორმა გამოიყენო ელექტრონული ფოსტისთვის, ყურადღებით გაეცნო ნებისმიერ საქმიან დოკუმენტს, გაეცნო მათში გაწერილ საკითხებზე და გაურკვევლობის შემთხვევაში დასვა კითხვები, სანამ თანხმობას განაცხადებ ხელმოწერით.

  1. საჭმელების მომზადება;

ყველაზე ნაკლებ სასარგებლო საკვებს მარტო ცხოვრების პირველ წლებში ვჭამდი, რაც ცხადია, ცუდად ისახებოდა ჩემს წონაზეც და ჯანმრთელობაზეც. ჯანსაღი კვების პრინციპების ცოდნა, მარტივი და სასარგებლო საჭმელების მომზადება ახალგაზრდებს სწრაფი კვების ობიექტების არც თუ ისე ჯანმრთელი საკვებისგანაც დაიცავს და ეკონომიის გაკეთების საშუალებასაც მიცემს.

  1. ბიუჯეტის განაწილება, პრიორიტეტების დალაგება და დანაზოგის მნიშვნელობა;

ფული არასოდეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ბევრი ინტერესები და მოთხოვნილებები აქვთ და შედარებით ნაკლებანაზღაურებად სამსახურებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად იცოდნენ არსებული ფინანსების სწორად განაწილება ისევ მათი დამოუკიდებლობისა და სიმშვიდისთვის.

  1. დროის ეფექტურად მათვა, საქმეების სწორად განაწილება;

ფულის განაწილების უნარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის სწორად მართვა. როცა თან სწავლა, თან მუშაობა და თან გართობა გინდა, რთულია ყველაფრის მოსწრება. უამრავი შემთხვევა მახსენდება მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან, როცა რამდენიმე “დედლაინი” ერთ დღეს ემთხვევა, რამდენიმე ადგილას ერთსა და იმავე დროს უნდა ვიყო და ყველაფერი მნიშნელოვანია. თუ დროს სწორად ვერ ანაწილებ, საქმეც ფუჭდება, რეპუტაციაც და ნერვებიც. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებენ ბავშვები დროის ეფექტურად გამოყენებაზე ფიქრს, მით უკეთ შეძლებენ ზრდასრულ ასაკში დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

  1. “არა”-ს თქმა და საკუთარი პოზიციის დაცვა;

ვითომ დიდი არაფერი უნდა “არას” თქმას, მაგრამ ზოგჯერ არგუმენტირებული უარი პრინციპულად მნიშვნელოვანია. უფროსებს გვირჩევნია ხოლმე რომ პატარებს ჩვენი პატივისცემის, გავლენის, სიყვარულის ან სულაც შიშის გამო ის ვაკეთებინოთ და ისე ვაცხოვროთ, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, მაგრამ რამდენად სწორია ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ? დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანს უნდა შეეძლოს მორიდებასა და  უხერხულობაზე მაღლა დადგომა და უარის თქმა იმაზე, რაც არ უნდა, არ მოწონს, არ აინტერესებს ან მისთვის მიუღებელია და ამას ერთ დღეს ვერ ისწავლი, 20, 25 ან სულაც 18 წლის ასაკში. საკუთარი სურვილების მოსმენას და პოზიციების დაცვას ბავშვობიდან უნდა შევაჩვიოთ ბავშვები სახლებსა და სკოლებში, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თითოეული “არა” უფროსებისთვის.

  1. საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება;

დამოუკიდებლობა ცალსახა პრივილეგია, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ ნებისმიერ პრივილეგიას თან პასუხისმგებლობა ახლავს. მარტო ცხოვრება და სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ გააზრებულად თუ გაუზრებლად ვიღებთ, ჩვენს ცხოვრებას კონკრეტულ ფორმას აძლევს და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ფორმა და შინაარსი. გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება მარტივი არჩევანების პროცესით იწყება და ალბათ არასოდეს არ მთავრდება, სანამ ადამიანის ცოცხალია.

  1. პირველადი სამედიცინო დახმარება;

არასოდეს იცი, რას გიმზადებს ცხოვრება და ისეთი მარტივი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მანიპულაციებისთვის, როგორიც არის ნემსის გაკეთება ან ხელოვნური სუნთქვა, სჯობს მზად იყო.

  1. ემოციების მართვა;

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა, წარმოგიდგენია ან გიყვებიან. ზოგჯერ ყველაფერი უკეთ არის, ზოგჯერ ცუდად. იმისათვის, რომ მყარად იდგე მიწაზე და სწორად შეძლო ორიენტირება, მნიშვნელოვანია ემოციების მართვა და მეტ-ნაკლებად რადიონალურად მოქმედების უნარის გამომუშავება.

  1. სექსუალური ცხოვრების დაგეგმვის აუცილებლობა;

არც კი ვიცი, როგორ შეიძლება მშობლებმა ან მასწავლებლებმა სათანადოდ მოამზადონ ახალგაზრდები ბედნიერი და მშვიდი სექსუალური ცხოვრებისთვის იმ რეალობაში, როცა თავად უფროსებმაც კი ცოტა რამ იციან რეპროდუქციისა და ადამიანის ორგანიზმის თავისებურებების შესახებ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ტაბუები კიდევ უფრო ართულებს სხვადასხვა თაობებში ჯანსაღ კომუნიკაციას, მაგრამ ვიცი, რამდენად საჭიროა ახალგაზრდების მომზადება და მათი დაცვა სპონტანური და დაუცველი ურთიერთობების თანმხლები გართულებებისგან.

10 . სოციალურ ქსელებში პირადი ინფორმაციის დაცვა;

რაც ხდება ინტერნეტში, თითქმის არასოდეს რჩება ინტერნეტში და მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ როგორც პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტში, ასევე იმ მასალების სწორად მოხმარება, გაგება და ინტერპრეტირება, რასაც ციფრულ სამყაროში ყოველდღიურად მოიხმარენ.

 

 

ნასტასია არაბული

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლე, მასწავლებელი და გამოხატვის თავისუფლება

0

ეი, შენ, მანდ უკანა რიგში, ხმა ჩაიწყვიტე! – უყვირის მასწავლებელი მოსწავლეს გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობის დროს

ეს მოგონილი ამბავია, მაგრამ საჭირო.

კარგია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ბავშვთა უფლებების კონვენციას ვირტუალურად გლობალური გამოყენება

და აღიარება აქვს, თუმცა ეს არასაკმარისია. მასწავლებელი რომ გაკვეთილზე ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ესეც კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

 

ადამიანის უფლებების სწავლებას დიდი აზრი არ აქვს, თუ სასწავლო პროცესი ისეთ გარემოში არ ტარდება, სადაც ადამიანის უფლებებს აღიარებენ, პატივს სცემენ და იცავენ.

 

წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობს და მოსწავლეს ეუბნება, შენ ხმა ჩაიწყვიტეო, როგორ ფიქრობთ, ისწავლის ეს მოსწავლე რაიმეს გამოხატვის თავისუფლების შესახებ? ალბათ, არა. გამოხატვის თავისუფლებას არა, მაგრამ ძალაუფლების მიმართ კი გაუჩნდებათ ინტერესი.

 

მოსწავლემ შეიძლება გაუცნობიერებლად გადაიღოს მასწავლებლის ქცევები. ამიტომ, რაც არ უნდა კარგად ასწავლოს მასწავლებელმა, შეიძლება მოსწავლემ მეტი ცოდნა მასწავლებლის ქცევიდან მიიღოს.

 

რასაც თეორიულად ასწავლით, პრაქტიკაში საწინააღმდეგოს არ უნდა აკეთებდეთ.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების დროს კარგია  შემდეგი მეთოდების თუ ინსტრუმენტების გამოყენება:

 

  • გონებრივი იერიში

 

ეს მეთოდი შესაძლებელია გამოიყენოთ, როდესაც გსურთ თეორიული ან პრაქტიკული პრობლემის გადაჭრა. მეთოდის გამოსაყენებლად აუცილებელია პრობლემის ანალიზი და პრობლემის გადაჭრის დასაბუთება. გონებრივი იერიში ახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას პრობლემის გადაჭრის პროცესში.

 

  • კაზუსების ამოხსნა

 

მოსწავლეები პატარა ჯგუფებში მუშაობენ რეალურ ან მოგონილ კაზუსზე. კაზუსის შინაარსიდან გამომდინარე, საჭირო უნდა იყოს ადამიანის უფლებების სტანდარტების გამოყენება. კაზუსების გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან კარგი მეთოდია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ მოსწავლემ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანოს.

 

  • ,,არტისტული გამოხატვა”

 

ხელოვნებით შესაძლებელია მოსაზრებების, თეორიების და კონცეფციების დაკონკრეტება, აბსტრაქციების პერსონალიზება. მოსწავლეს შეიძლება სთხოვოთ მოთხრობის ან ლექსის დაწერა, გრაფიკული არტის შექმნა,  სიმღერა, ცეკვა. ნახეთ ბობ დილანის სიმღერები: ’The Times They Are a-Changin’, ‘Maggie’s Farm’, ‘Chimes of Freedom’,‘Hurricane’,‘With God on Our Side’, ‘The Lonesome Death of Hattie Carroll’  ან ‘A Hard Rain’s a-Gonna Fall’. მოსმენაც არაა აუცილებელი, შეგიძლიათ ეს სიმღერები წაკითხოთ, შეხედოთ როგორც პოეზიას. ადამიანის  უფლებების დასაცავად, რომელიმე პროფესორს, მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტარს ამათზე ეფექტური ტექსტი დაუწერია? ეჭვი მაქვს, არა.

 

წაახალისეთ ხელოვნებით მოსაზრებების გადმოცემა.

 

 

  • ვიზიტები დაწესებულებებში

 

მოსწავლეებისთვის კარგია სკოლის ფარგლებს გარეთ, საზოგადოებაში გასვლა სასწავლო მიზნებით. შესაძლებელია ისეთი ადგილების დათვალიერება, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის თემა აქტუალურია: სასამართლოები, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები.

 

  • ინტერვიუირება

 

ინტერვიუირება პირდაპირი სწავლების საშუალებაა და ამ დროს შესაძლებელია საკითხებისა და ისტორიის პერსონალიზება. ინტერვიუირების ჩატარება შესაძლებელია ოჯახის წევრებთან, საზოგადოების წევრებთან, აქტივისტებთან, ლიდერებთან ან მოწმეებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

  • კვლევითი პროექტები

 

ადამიანის უფლებების თემატიკა იძლევა დამოუკიდებელი კვლევების ჩატარების საშუალებას. ეს შეიძლება იყოს ფორმალური კვლევა, როდესაც იყენებთ საბიბლიოთეკო მასალებს ან ეძებთ ლიტერატურას ინტერნეტში. კვლევა ჯგუფური იქნება თუ ინდივიდუალური, ავითარებს დამოუკიდებელი კრიტიკული ანალიზის, ფიქრის და მონაცემთა ანალიზის უნარებს, ასევე აღრმავებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას.

 

  • როლური თამაშები/სიმულაციები

 

როლური თამაში არის ერთგვარი მოკლე დრამა, რომელიც გათამაშდება კლასში. იმპროვიზაციის შესაძლებლობები დიდია და შეიძლება გაკეთდეს, როგორც ისტორია (ნარატივით და ძირითადი პერსონაჟებით)  ან გათამაშდეს სიტუაცია. ასეთი მიდგომის მიზანია, მოსწავლეები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ადამიანის უფლებების რომელიმე თემატიკის მიმართ. როლური თამაშები მაშინ ამართლებს, როდესაც ის მოკლეა და დროში გაწელილი არ არის.

 

 

 

 

 

 

 

 

შუაღამის მისტერია – გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამის” სწავლებისათვის

0

როდის და როგორ იწერება ლექსი? რა ასაზრდოებს პოეზიას? ამ კითხვებს ხშირად სვამენ მკითხველნი და შემოქმედნიც ათასნაირად პასუხობენ.

პოეზიის შექმნის მისტერია კი კვლავ საიდუმლოდ რჩება.

სწორედ ამ საიდუმლოს გვაზიარებს გალაკტიონი ამ ლექსში.

1914 წელს გამოცემულ გალაკტიონის ლექსების პირველ კრებულს, (რომელშიც „მე და ღამეც” დაიბეჭდა) ტიციან ტაბიძე გამოეხმაურა წერილით და გალაკტიონს მარტოობის ორდენის კავალერი უწოდა. ტიციან ტაბიძემ გაიმეორა ცნობილი ფრანგი სიმბოლისტის, სტეფან მალარმეს, სიტყვები, ნათქვამი ფრანგ პარნასისტ პოეტ ვილიე დე ლილ ადანზე: „ჩვენთან არავინ მოსულა ასეთი უცნაური ჟესტით, გაქანებული ილუზიის ქარით, უხილავი ნაბიჯით, როგორც ეს უჩვეულო და უტეხი ჭაბუკი, რომელიც ამბობდა: აი, მეო! ჭაბუკობისას არავისთვის გაუმჟღავნებია მას ის ბედისწერა, სადაც ანათებს აზრის ბრწყინვალება, რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილია მის მკერდზე მარტოობის ორდენის ბრილიანტით”.

ტიციან ტაბიძე საქართველოში მარტოობის პირველ კავალრებად ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მამია გურიელს მიიჩნევდა, გალაკტიონ ტაბიძეს კი – ამ ორდენის ყველაზე გამორჩეულ რაინდად. მართლაც, „მე და ღამე”  ყველაზე უფრო მეტად გამოხატავს პოეტის  მარტოობასა და სულიერ ობლობას. გალაკტიონი მხატვრული სახეების კონტექსტში წარმოაჩენს სასოწარმკვეთ მარტოსულობას, რაც განსაკუთრებით შუაღამისას, სიჩუმისა და იდუმალების ფონზე უფრო მძაფრად ვლინდება.

ეს ლექსი ეხმიანება ბარათაშვილის „სული ობოლს”. აქაც იგივე ტკივილია, იგივე ნაღველი, იგივე სიძნელე მარტოსულობისა და უნუგეშობისა, ადამიანთა უნდობლობისა და გაუტანლობისა. რა იწვევს სულიერი ობლობის ამ მტანჯველ განცდას, რომელსაც ვერ ანელებს „სიამენი სოფლისა”. რა აქცევს პოეტს, ამ ყველასგან გამორჩეულ ადამიანს, ღვთის ნიჭით მომადლებულ კაცს კრულად, დაწყევლილად. იქნებ, უპირველესად, სწორედ ნიჭი შემოქმედებისა.

პოეტი სულიერი ობლობის გაუსაძლის ტკივილს ფურცელზე უმშვენიერეს სტრიქონებად ამოწერს, ამით ტანჯვას ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს. ამიტომაცაა, რომ ეს ნაღველი გიზიდავს, რადგან იგი მხოლოდ ტკივილი აღარაა, არამედ მშვენიერებაა, რომელიც სულიერად  განწმენდს და ამაღლებს ადამიანს.

გალაკტიონის ერთ წერილში ვკითხულობთ: „ბოდლერს აქვს ერთი შესანიშნავი ლექსი, რომელსაც ჰქვია „ლოცვა-კურთხევა”, მაგრამ აქ არავითარი კურთხევა არ არის, აქ არის მხოლოდ წყევლა და მხოლოდ წყევლა…  ლექსი გამოხატავს მგოსნის ამქვეყნად მოსვლას, დაბადებას. ღვიძლი დედისთვის მგოსანი არის მარტოოდენ საგანი გაკვირვებისა და ზიზღისა – დედას რცხვენია საკუთარი შვილის ყოლა. მგოსანი იტანს დაცინვას სულელებისგან, იტანს შურსა და სარკაზმს. მგოსანი ხანდახან მსხვერპლი ხდება რომელიმე სისხლისმსმელი დალილასი, რომელიც თავისუფლებას მისცემს მას შემდეგ, რაც უკანასკნელ სისხლს ამოსწოვს” (გალაკტიონი „ძვირფასი საფლავები”).

„მე და ღამის” მარტოობის უნუგეშობაში სწორედ  ეს „წყევლაც” იგულისხმება. პოეტი იკეტება საკუთარ შინაგან სამყაროში, რათა განერიდოს ყოველდღიურობის ეკლებს, წარმავლობის სასტიკ ბრჭყალებს და როგორმე დაიცვას თავი სულიერი განძარცვისაგან.

„მე და ღამის” ფონი  შუაღამეა. ფერადოვნებისაგან, ერთი შეხედვით, დაცლილი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი თვალისთვის. მთვარით დაფენილ სხივებში საგნები დღისგან განსხვავებული ფერადოვნებით მოჩანან. თანაც, შუაღამე იხსნება შინაგანი მზერისთვის და თვალები ხედავენ დაუნახავსა და გამოუთქმელს. ლექსში არა რეალური, არამედ სულიერი პეიზაჟები მოჩანს, არანაკლებ თვალწარმტაცი და მიმზიდველი. თვითონ გალაკტიონი ერთგან წერდა: „განა შუაღამეს არა აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე. როგორც, მაგალითად, მზის ამოსვლას”. ამ თვალსაზრისით, გალაკტიონს განსაკუთრებით მოსწონდა ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ”.

შუაღამე თითქოს ამძაფრებს იმ საიდუმლოს, რომელიც დღის სინათლეზე მტანჯველ კითხვებად გამოიკვეთება: რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? გალაკტიონისთვის იდუმალება ყველაზე ძვირფასი რამ იყო, ამიტომაც მის ყოველ ლექსში არის უცნაური, „გაუგებარი”, აუხსნელი სახეები და სიმბოლოები. გალაკტიონი ამის თაობაზე თვითონ წერდა: „ბევრი მგოსანთაგანი, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარებისა, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ იმით კმაყოფილდება, რომ შეაქვს ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრის მასში იმ საიდუმლოს წვეთებს, რომლებიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში”.

ამ თვალსაზრისით, გალაკტიონი, ერთი მხრივ, ხვდება ბარათაშვილს (რომანტიზმი), რომელმაც საიდუმლოს მისტიკურ ფენომენს სულიერი ტკივილების გამოსახატავად მიმართა, მეორე მხრივ, სიმბოლისტებს, რომელთაც მთელი სამყარო სიმბოლოებში დაშიფრულ საიდუმლოდ გამოაცხადეს.  „მე და ღამის”, ერთი შეხედვით, რეალისტური სახეები, თანდათან რომანტიკული განწყობებით იბურება და ჩნდებიან სიმბოლოები. ყველაზე დიდი საიდუმლო თვითონ შუაღამეა (წუთისოფლის სიმბოლო), რომელიც გაჟღენთილია მზის მოსვლის (ღვთის მოლოდინის) რწმენით.

შუაღამე, სიმბოლურად, პოეტისთვის საკუთარი სულიცაა, რომლის ბნელ კუნჭულებსაც გულდასმით მოიხილავს. ამ თვალსაზრისით, ლექსი ერთგვარ რელიგიურ მედიტაციადაც შეიძლება გავიაზროთ, როცა პოეტი ღრმავდება საკუთარ სულში  საკუთარი თავისვე შესაცნობად. დელფოს სამისნოს ცნობილი წარწერა „შეიცან თავი შენი” აქაც თითქოს წინ მიუძღვება პოეტს, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა შეიძლება იქცეს სამყაროს „ახსნის” საფუძვლად. გალაკტიონი კი თავისი პოეზიით სწორედ ამისკენ მიისწრაფვის, რომ ჩასწვდეს სამყაროს არსს, სიცოცხლის საზრისს და ამ გზით საკუთარი „მეს” ამქვეყნიური დანიშნულება გაიაზროს. ასე რომ, ლექსის ამგვარი ინტერპრეტაციისას, წინა რიგში ერთგვარი მისტიკური განცდები წამოიწევს.

შუაღამის ფენომენი, საერთოდ, მრავალმნიშვნელოვანია და მკითხველს სხვადასხვაგვარი ახსნისკენ უბიძგებს. დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის ნათქვამი რომ გავიხსენოთ, „მოვა შუაღამე, როცა ყველამ თავისი ნიღაბი უნდა მოიხსნას”. გალაკტიონიც „მე და ღამეში” თითქოს ნიღაბს იხსნის და საკუთარ თავსვე წარუდგება შიშველი და ნამდვილი სახით. თუმცა, მტანჯველია საკუთარი სულის „ბნელ კუნჭულებში” შეხედვა, მაგრამ ეს ერთგვარად განმწმენდი და ამამაღლებელია.

„ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება“.

პოეტი მეტაფორით წარმოაჩენს გარემოს – „შუაღამე იწვის, დნება“. შუაღამე, საზოგადოდ, დიდი საიდუმლოს გამხელის ჟამია. გავიხსენოთ, საღვთისმეტყველო „მზე შუაღამისა” – ღვთის სიმბოლო.

პოეტს, ფიქრებისგან რომ ვერ დაუღწევია თავი, მოსვენება დაუკარგავს, ვერ იძინებს. მას, ადამიანებისგან გარიყულს, ბუნება ეგულება ნუგეშად: სიო უამბობს ველთა ზღაპარს. პოეტს ესმის ბუნების ენა. გავიხსენოთ ბარათაშვილი: „მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო, უსაკოთაც და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა, არს მნიშვნელობა მათის საუბრის” („ჩინარი”).

ეს არის პოეტის რომანტიკული განცდა – მას ბუნება თანაუგრძნობს, ემეგობრება. ეს არის უანგარო მეგობრობა, რადგან ბუნება მარადის ერთგულია, უღალატო და არაფერს მოითხოვს მისგან.

„მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს“.

პოეზიისთვის და განსაკუთრებით გალაკტიონის პოეზიისთვის დამახასიათებელია საოცარი მუსიკა, რომელიც იქმნება კეთილხმოვანი რითმებითა და რიტმით. აქ პარალელური რითმებია. ეს ჯადოსნური ძალა მუსიკისა ისეთი ძლიერია, მაგიურია, რომ ხშირად მსმენელი უპირველესად მას აღიქვამს და აღარც მისდევს აზრს. განიცდის რაღაც ამაღლებულს, რომელიც ადამიანს მიწას მოწყვეტს და ზეცას მიაახლებს.

აქაც მთვარე იდუმალების ბურუსით მოსავს ირგვლივ ყოველივეს. მისი შუქი საბანივით ეფარება მიწას. ეს საბანი ვერცხლისფერია. იდუმალების განცდას ამძაფრებს სურნელი, რომელსაც იასამანი აფრქვევს. ასე რომ, ყოველივე  ხელს უწყობს იმას, რომ პოეტმა ერთგვარი ექსტაზი განიცადოს, ყოფის ჩვეულებრივ მდინარებას თავი დააღწიოს და ჩაღრმავდეს საკუთარ თავში. ლექსში მეტაფორითა და შედარებებით არის წარმოჩენილი სათქმელი:

„ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული”.

პოეტი ერთმანეთთან აკავშირებს თავის ლექსსა და ზეცას. ორივე გრძნობებით არის სავსე, ოღონდ ამას შედარებებით გამოხატავს. ცა გრძნობებით ისეა სავსე, როგორც ლექსი – რითმებით, ან როგორც სავსეა პოეტის გული „უხვ გრძნობებით”.  ხოლო  ეს კავშირი პოეტის გულსა და ზეცას შორის იდუმალია, ამიტომაც არის ირგვლივ ყოველივე საიდუმლო შუქით დაფარული, შესუდრული.

„დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ“.

პოეტი საუბრობს საიდუმლოზე, რომელსაც არავის უმჟღავნებს. აქ ყურადღებას იქცევს: „ნიავსაც კი არ ვაკარებ”. ლექსის წინა სტრიქონებში კი საუბარი იყო იმაზე, თუ სიო ველთა ზღაპარს როგორ უამბობდა, თუმცა აქ სხვაგვარადაა. ამ საიდუმლოს ნიავსაც კი არ ანდობს.

გვახსენდება ბარათაშვილის სტრიქონები: „მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულის მე საიდუმლო”  („მერანი”).

„რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული“.

საერთოდ, მეგობრებისადმი უნდობლობა გალაკტიონის პოეზიაში არაერთხელ არის გამოხატული. გავიხსენოთ: „ოჰ, ჩემი გული ბევრს დაიმონებს, მეგობრები კი არ მეყვარება” („შენ ერთი მაინც”), ან „მე მიღალატეს ძველმა რითმებმა, ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს” („სიბერე”).

ამგვარ უნდობლობას განაპირობებდა რეალური ცხოვრება, სავსე მლიქვნელობით, პირფერობით, შურით, სიხარბითა და ღალატით. ბარათაშვილიც ხომ ასეთივე გულდაწყვეტით წერდა მაიკო ორბელიანს: „ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა? სად მიიდრიკოს თავი?” მსგავსი გულგატეხა გალაკტიონსაც ხშირად ჰქონია. ამ უმეგობრობისა და სულიერი ობლობის დასტურია გალაკტიონის თვითმკვლელობის მცდელობა, რომელზედაც ნოდარ ტაბიძე გვიამბობს, რომ 1909 წელს 18 წლის გალაკტიონმა კარბოლმჟავა დალია და თავი მოიწამლა. საბედნიეროდ, დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ამ დროს გალაკტიონი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. უფრო გვიან კი, 1959 წ. 17 მარტს, კვლავ თვითმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე. არავინ იყო, ალბათ, გვერდით, რომ ეთქვა: „რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსაო” (რუსთველი).

გალაკტიონის ეს „უმეგობრობა” შეიძლება სხვანაირადაც გავიაზროთ, როგორც საკუთარი თავიდან  გარეთ გასვლის წადილის უქონლობა. „გარეშე” თითქოს დაარღვევს იმ სიმყუდროვეს, რომელიც მას საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას აქვს მოპოვებული. საკუთარ თავთან „დიალოგში” სხვისი ჩართვა შეუძლებელია. ეს არის თვითჩაღრმავების მტკივნეული პროცესი.

გალაკტიონისთვის პოეზია ცხოვრებაზე უფრო რეალური განზომილება იყო. აქ, წარმოსახულ სამყაროში იგი  ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, აქ მისი ოცნება ფრთებს ისხამდა, ხოლო მეგობრად და მანუგეშებლად მთელი სამყარო ევლინებოდა. „მე და ღამის” მიხედვით კი, უპირველესად, სარკმლით მონაქროლი სიო, რომელიც ველთა ზღაპარს უამბობს, მთვარე, რომელიც ირგვლივ ვერცხლის სხივებს აფენს და იდუმალების ბურუსში ახვევს ყველაფერს, სარკმლის წინ დარხეული იასამანი, თავბრუდამხვევი სურნელით რომ აბრუებს. ამ სამყაროში იგი მეფეა და შემოქმედი. ვაჟა-ფშაველა გვახსენდება, „სიმღერაში” რომ წერს, სიღარიბით ვარ ცნობილი, მაგრამ „მთლად მე მეკუთვნის ქვეყანაო” და, ამგვარად, რეალურ-მატერიალურ სიღატაკეს მთელი ქვეყნის შემოქმედებითი მფლობელობის ამაყსა და დიდებულ განცდას უპირისპირებს.

გალაკტიონის „მე და ღამის” ფიქრის ნაკადი სულის სიღრმეში მიედინება, იმ საიდუმლოსკენ, რომელსაც პოეტი ვერავის გაუმხელს და ვერც ვერავინ გაამხელინებს (ვერც საყვარელი ქალი, ვერც უამესი წუთები…). ეს საიდუმლო მის გულში „საუკუნოდაა” შენახული და სამარეში ჩაჰყვება. ეს საიდუმლო მხოლოდ მარადისობისთვისაა გახსილი, ამიტომაც გაუგებარი იქნება კონკრეტული დრო-სივრცისთვის. ეს საიდუმლო პოეტს სამყაროსკენ უხსნის გზას, მისი შუაგულისაკენ, მასთან შესარწყმელად. ეს საიდუმლო აქცევს გალაკტიონს პოეტად, შემოქმედად, თუმცა, ამ საიდუმლოს დაშიფრულად, სიმბოლოებით, პოეტური სახეებით თავის პოეზიაში განფენს. მხოლოდ ღამემ იცის მისი საიდუმლო, თეთრად გათენებულმა ღამემ, იცის მისი წამებისა და ტანჯვის, მისი სულიერი ობლობის შესახებ.

სწორედ შუაღამისას უნდა დაიწეროს ლექსი, ე. ი. პოეტი სწორედ ასეთი თვითჩაღრმავებისას უნდა მიემსგავსოს ღმერთს და საკუთარ თავში გამოავლინოს თავისუფალი ნება და უკვდავების წყურვილი. თითქოს ცარიელდება მთელი სამყარო და ერთმანეთის პირისპირ რჩებიან მხოლოდ ორნი: პოეტი და ღამე – იდუმალებით სავსე და ვრცელი ორი სამყარო, ერთმანეთის სიღრმეებს რომ განწონიან და ერთმანეთში ირეკლებიან.

აქ აღარ არის ღამე ილიასეული განცდით, ღამე, როგორც უმოძრაობისა და ბოროტების სიმბოლო (გავიხსენოთ „მგზავრის წერილები”), პირიქით, გალაკტიონის შუაღამე სულიერი აქტივობის, თავბრუდამხვევი სულიერი მოძრაობის, შემოქმედებისა და აღმაფრენის დროა. ამ დროს ხომ ყველაზე მძაფრად შეიგრძნობა მარტოობის სიტკბო-სიმწარე.

ამ განწყობილებებს ეხმიანება შარლ ბოდლერის, გალაკტიონის სათაყვანო ფანგი პოეტის, ერთი ლექსი პროზად „ღამის პირველი საათი”, რომელშიც ვკითხულობთ: „ბოლოს და ბოლოს ძლივს მარტი დავრჩი! ქუჩიდან რამდენიმე დაგვიანებული, ქანცმილეული ეკიპაჟის ხმაურიღა მოისმის. სიმშვიდეში თუ არა, მდუმარებაში მაინც გავატარებ რამდენიმე საათს. ძლივს მეღირსა მარტო დარჩენა.  ადამიანთა სახეების ტირანია დამთავრდა. ასე რომ, ახლა მარტოოდენ საკუთარი თავიღა დამტანჯავს…”. „ყველაფრით უკმაყოფილოს, საკუთარი თავით უკმაყოფილოს, რარიგ მსურს გამოვისყიდო ყოველივე და მცირეოდენი ხალისი მაინც ვპოვო ღამეულ სიჩუმესა და სიმარტოვეში! სულნო, ვინც მიყვარდით, სულნო, ვისაც გიმღერდით, განმაძლიერეთ, განმამტკიცეთ, განმარიდეთ სიცრუე და ხრწნადი ოხშივარი ამა სოფლისა, ხოლო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ჰყავ წყალობა და შემეწიე რამდენიმე მშვენიერი ლექსის შექმნაში, რითაც მე დავუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არა ვარ კაცთა შორის უკანასკნელი და არც მათზე მდაბალი, ვინცა მძულს!”

ამა სოფლის „ხრწნად ოხშივარს” განრიდებული, თავის თავსა და საიდუმლოსთან მარტო დარჩენილი გალაკტიონიც, ღვთის ძალით და შემწეობით, მთლიანად ეძლევა შემოქმედებას. ამ ლექსით, როგორც ტიციან ტაბიძე წერს: „გალაკტიონი თითქოს შენში ტირის შენივე თვალებით” და „ამღერდება სიჩუმე და მარტოობა მწუხარე ღამეში”.

მიუხედავად ღამის ამგვარი თაყვანისცემისა, გალაკტიონისთვის უპირველესი საკუთარი „მეა”. სწორედ ამ „მედან” იბადება ეს პოეტური ღამე, რომელიც გაშლის თავის იალქნებს და პოეტს ოცნების მხარეში სამოგზაუროდ წაიყვანს. დილით კი ფრთებს დაკეცავს და დღის ამაოების ზვირთებში ჩაიკარგება. ხსოვნა კი ღამისა, პოეტური აღფრთოვანების წამებისა, საიდუმლოდ ჩაიმარხება პოეტის სულის „ბნელ კუნჭულებში”. მერე კი ისევ, როდესაც შუაღამე კვლავ „დაიწვება”, ყველაფერი კვლავ „გაცოცხლდება” და სიჩუმეც ამღერდება.

შემთხვევითი არც ისაა, რომ პოეტი ახსენებს „წვას” და „დნობას”, რაც, უპირველესად, ანთებული სანთლის ასოციაციას იწვევს. ამგვარად, განათებული ღამე შეიძლება რწმენის სიმბოლოდაც გავიაზროთ, პოეტის გულში გაჩენილი საიდუმლო კი – ღმერთთან მიახლების წადილად. სიყვარულით, სასოებითა და რწმენით განათებულ, გადათეთრებულ ღამეში პოეტი ბუნებას ერწყმის, ესმის სიოს ენა და „ველთა  ზღაპრებს” აყურადებს. მთვარის სხივებით შევერცხლილი არემარე კი ჯადოსნურ ელფერს იძენს. და პოეტი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შემოქმედებითი ენერგიით ივსება.

საზოგადოდ, გალაკტიონისთვის მთვარე შემოქმედების ცინცხალი და გემოტკბილი წყაროა. მუზები თითქოს სწორედ მთვარიდან ეახლებიან, ამიტომაც არის, რომ როგორც ცა არის დასერილი სხივებით და სავსე გრძნობებით, ასევეა მისი ლექსიც რითმებით გალამაზებული. მთვარის სახე უფრო მეტ სიღრმესა და იდუმალებას გალაკტიონის შემდეგ დაწერილ ლექსებში შეიძენს. მათ შორის, უპირველესად, „მთაწმინდის მთვარესა” და „სიკვდილი მთვარისაგან”.

ლექსი უმშვენიერეს მელოდიას ემსგავსება, ბეთჰოვენის „მთვარის სონატის” შორეული ასოციაციით. სამყარო გულს იხსნის და პოეტი ჭეშმარიტებას ეზიარება, მაგრამ მხოლოდ ტანჯვისა და ვნების, გაუსაძლისი მარტოობისა და სულიერი ობლობის ფასად. ამ შუაღამის „ხილვას” პოეტი საიდუმლოდ ინახავს, რადგან იგი არც გაიმხილება. დღის სინათლე მას გააფერმკრთალებს, სიცხადე კი ჯადოსნურ ძალას დაუკარგავს. ამგვარად, ღამე პოეზიის სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ, ხოლო სულიერი ობლობა – შემოქმედების მტანჯველ იმპულსად.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...